კვირა, მაისი 18, 2025
18 მაისი, კვირა, 2025

უცხოვარ დროში

0

ყოველ ღამე ამ რიტუალით ვიბრუნებ ძილს, მეორედ თუ მესამედ გამოღვიძებული: ვდგები, ცალ-ცალკე ოთახებში გაფანტულ ბავშვებს ჩამოვუვლი, მათ სუნთქვას მივაყურადებ და „ექსკურსიიდან“ ჩაწყნარებული ვბრუნდები.

უცხოვარ დროში. უცხოვარი დრო – დემეს საშინაო დავალების რვეულში თითქოს ბუნებრივად გაჩენილმა კორექტურამ კიდევ ერთხელ დამაფიქრა იმაზე, რაც ამ დრომდე გამოვიარეთ 2020-ში. ამდენი ემოციისა და ინფორმაციის გატარებამ გულსა და გონებაში ბევრჯერ სიკვდილი და იძულებით გაცოცხლება გვაიძულა. გაცოცხლებულებმა თავი კი მოვიყოჩაღეთ, მაგრამ იმასაც მივხვდით, რომ ძველ ტყავს ვერ დავიბრუნებდით. თავიდან ვიჩემებდით, ადამიანის სიცოცხლის ასე მოსხეპით გაქრობას ვერ შევეგუებითო, მაგრამ ეს მტკიცებაც იოლად ჩაგვეფშვნა ხელებში.

უცხოვარ დროში გვეგონა, რომ საგზალი მოვიმარაგეთ – პროდუქტები, ფული და მოჩვენებითი სიმშვიდე, მაგრამ სიზმრებში გამოირიყა შიში და ღამის საათები გაუთენებელ საუკუნეებად გვექცა.

უხსოვარ დროში კი, როცა ცხოვრება ჯერ კიდევ იყო და ღამის სიმშვიდეს შიგადაშიგ გაფხიზლებულ-გაფაციცებული ძაღლების ყეფა არღვევდა, ჩათბუნებულ ძილში მხოლოდ ის ფიქრი მიმყვებოდა, რომ ბაბუაჩემისთვის სანადიროდ წაყვანა მეთხოვა და დამეთანხმებინა. სხვა ბაბუებს შვილიშვილები არ დაჰყავდათ სანადიროდ, დილის ცვარში და მზის სხივით გაუპობელ დილაბნელში ბავშვების ფეხზე წამოგდებას არ რისკავდნენ. ალბათ არც უნდოდათ ათასკითხვიანი არსების ჩაჩხერა მაშინ, როცა სიჩუმე უპირობო მოკავშირეა და ყოველი ჩქამი – გამსხლტარი ნადირი. „ფხიზლად უნდა ვიყო! არ უნდა ჩამეძინოს!“ ვბორგავდი ლოგინში, თბილი საბნიდან ხელს ვყოფდი, ღრმად რომ არ ჩამძინებოდა, ერთი სიზმრისგან თავდაღწეული ჭერს – ჭერის სიბნელეში წარმოსახულ წერტილს – თვალს ვუსწორებდი, მჯეროდა, ის ფხიზელს დამტოვებდა, თვალიდან შუქს არ ამომაცლიდა… ხმაურზე მეღვიძებოდა. საბნით შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე ზამთარს ვერ შემოეღწია, ვერც სიცივეს. ქვედა სართულიდან ბაბუას ხმამაღალი საუბარი და კმაყოფილი შეძახილები მატყობინებდა, რომ მას ველზე გასვლაც მოესწრო და დაბრუნებაც. თვალების ფშვნეტით და ფეხათრევით ჩავიზლაზნებოდი კიბეზე, გამწყრალი და საყვედურნარევი მზერით ჩამოვუდგებოდი წინ და მათი ღიმილის პასუხად პირს მოვმუწავდი. „რატომ არ გამაღვიძე! ხომ უნდა გაგეღვიძებინე?!“ რძიან ჩაის უგემურად მოვწრუპავდი და ფანჯარაში გავიხედებოდი უადგილო სიჩუმის მოსაგერიებლად.

– არ გეწყინოს, რონჩო, – მეტყოდა ბაბუა და თავზე ხელს გადამისვამდა, – თბილად გეძინა, თოთო ლეკვივით, ცოდვის კითხვა იქნებოდა შენი გაღვიძება…

– არააა! ხომ შემპირდი!

– ხო, შეგპირდი, მაგრამ გინდა ერთ რამეს გეტყვი?.. შენ რომ მამა და ბაბუა გახდები, თუ გინდა მერე გადამიხადე სამაგიერო.

– როგორ?

– შენი შვილები და შვილიშვილები რომ თბილ ლოგინში იწვებიან, დილით ადრე რომ ექნებათ ასადგომი და შეგეხვეწებიან ძილის წინ, შვიდზე, არა, შვიდის ნახევარზე გამომაღვიძეო, ადექი დილით მაგ დროს, თავთან მიუჯექი და უყურე, რა ლამაზი და მშვიდია ბავშვის ძილი…

…ყოველთვის არა, მაგრამ ხშირად იგვიანებენ ჩემი შვილები ონლაინ გაკვეთილებზე. უცხოვარ დროში – ათასი ყოფითი ვალდებულებისგან გამოღვიძებული – უთენია ჩამოვდგები ხოლმე მათ საწოლებთან, თვალს მივაშტერებ და სანამ წუთები არ დააკლდება გაკვეთილებზე შესვლას, ვუყურებ ბავშვის ძილს დახარბებული. ვუყურებ და ბაბუაჩემის სიტყვები მიფეთქავს ყურში.

დატოვებული ანაბეჭდები…

0

სახლში ყოფნა უცებ ისეთი გაუსაძლისი გახდა, რომ სასწრაფოდ  მოვემზადე და გარეთ გავედი. საქმე არაფერი მქონდა, ყველაფერმა ახლა კომპიუტერში გადაინაცვლა და დასაქმებულებიც სწორედ  იქ ვართ- ვირტუალურ სამყაროში.  თუმცა, ახლა უბრალოდ გარეთ გასვლა მჭირდებოდა და სადმე  თუნდაც, სრულიად უმიზნოდ წასვლა. აი, ისე არსად, რომ არ გეჩქარება, მიდიხარ, ხალხს ათვალიერებ და არაფერზე ფიქრობ.

ავტობუსი ცარიელი იყო, მყუდროდ მოვიკალათე და საკუთარ თავს მივაყურადე,  ხომ სწორად ვსუნთქავდი თვალებამდე აწეულ პირბადეში. ნელ-ნელა ხალხიც შემოემატა და ჩემი ყურადღება ერთმა ახალგაზრდამ მიიპყრო, რომელსაც  პირბადიდან ცხვირი ამოეჩარა და ხალხის შენიშვნებს, ჩაყავი ბიჭო ცხვირიო, არაფრად აგდებდა. მერე თითქოს კიდევ უფრო ჯიბრით ავტობუსის ფანჯრის მინაზე ერთი მეორეს მიყოლებით თითების მიჭყლეტა დაიწყო.

-ჰმ, ანაბეჭდებს ტოვებს თავის ჭკუით, გამიელვა თავში და მაშინვე ვიფიქრე, რომ ტყუილად სულაც არ გამოვსულვარ, რადგან ახალი სტატიის თემა ვიპოვე.

არა, ეს ბიჭი ახალს კი არაფერს აკეთბდა, ჩვ.წ.აღ. 221-206 წლის ცინის დინასტიის  ჩინურ ჩანაწერებშიც   თითის ანაბეჭდების დატოვების და გამომჟღავნების ტექნიკაა აღწერილი. მათი მეშვეობით ყაჩაღებს ებრძოდნენ.

მე-14-ე საუკუნის ირანულ ჩანაწერებით კი  თითის ანაბეჭდების მიხედვით ადამიანების ამოცნობას ისწავლით.

1685 წელს დანიელმა ანატომიის სპეციალისტმა ბიდლომ  თავის წიგნში აღწერა ადამიანის თითის ანაბეჭდის უნიკალურობა.

ასეთ ჩანაწერებს ბლომად იპოვნით და რა გასაკვირია, რომ ფარული თითის ანაბეჭდის გამოვლინებით კრიმინალური ქიმია ადრევე დაინტერესდა. ფარული ანაბეჭდი მინაზე, მეტალის  და სხვა პრიალა ზედაპირზე შეიძლება გამოვლინდეს  მათზე მკვეთრი ფერის მქონე წმინდა ფხვნილის მობნევით. თუმცა ფარული ანაბეჭდი ქაღალდზე და მსგავს მასალაზე ამავე მეთოდით ძნელად ან საერთოდ ვერ გამჟღავნდება.

იოდის ორთქლის გამოყენება ერთ-ერთი პირველი მეთოდი იყო ქაღალდის ზედაპირზე ფარული თითის ანაბეჭდის გამოვლენისთვის. ქაღალდი იოდის რამდენიმე კრისტალთან ერთად  უნდა მოთავსდეს კამერაში.  იოდი გაცხელებისას განიცდის სუბლიმაციას და იისფერი ორთქლი წარმოიქმნება. მისით დაიფარება მასალა და ანაბეჭდი გამოჩნდება. საქმე იმაშია, რომ იოდი კონდენსირდება მყარ ნივთიერებად და არჩევითად  ეკვრის ცხიმის ნაკვალევს, რომელიც ანაბეჭდშია და მათ ღია ნარინჯისფერ ლაქებად გამოავლენს.  ფაქტიურად, იოდი მოქმედებს, როგორც  ანაბეჭდის მარკერი. იოდის აორთქლება კონცეპტუალურად ფხვნილის მიმობნევის მსგავსია, რადგან იოდის ორთქლში შემავალი ნაწილაკები, ძალიან წვრილი ფხვნილის მსგავსად მოქმედებენ. იოდის ორთქლი დღესაც გამოიყენება. მისით  აღმოჩენილი თითის ანაბეჭდები თანდათან გაქრება. ამიტომ, გაქრობამდე უნდა სურათი გადაუღოთ ან სახამებლის 1%-იანი წყალხსნარით დაამუშავოთ. ანაბეჭდი ლურჯად შეიფერება, რომელიც მას მყარად დააფიქსირებს.

მეორე მეთოდი, რომელიც ძველი დროიდან გამოიყენებოდა ქაღალდზე ან მის მსგავს მასალაზე ფარული თითის ანაბეჭდების გამოსავლენად, იყო ვერცხლის ნიტრატი. ნიმუშზე ასხურებდნენ ან ფუნჯით დაატანდნენ ვერცხლის ნიტრატის 3%-იან ხსნარს. რეაგენტი  ურთიერთქმედებდა ანაბეჭდში არსებულ მარილთან და  ვერცხლის ქლორიდის სახით თეთრი ნაფიფქი წარმოიქმნებოდა.

NaCl+AgNO3=AgCl+NaNO3

ზოგჯერ ნიმუშს გამოხდილი წყლით გადარეცხავდნენ, რომ ჭარბი ნიტრატი მოეცილებინათ და შემდეგ მზის შუქით ან  ულტრაიისფერი ლამფით გააშუქებდნენ. ულტრაიისფერი გამოსხივების შემდეგ ანაბეჭდის ადგილი მოშავო გახდება. ეს მეთოდი იოდთან შედარებით უფრო იშვიათად გამოიყენება, რადგან ვერცხლის ნიტრატი უფრო ძვირი და სახიფათოა.

თითის ანაბეჭდის გამოვლენის კიდევ ერთი მეთოდი ეფუძნება იმ ფაქტს, რომ თითების კვალში რჩება ამინომჟავების ნარჩენები. ნინჰიდრინი (ტრიკეტოჰიდრიდენ ჰიდრატი C9H6O4) რეაგირებს ამინომჟავებთან და წარმოქმნის მუქ ლურჯ ან მოლურჯო-ალისფერ საღებავს, რომელსაც რუჰემანის მეწამული ეწოდება. ნიმუშს ასხურებენ 0,5% ან 1%-იან  ნინჰიდრინის სპირტხსნარს (აცეტონშიც შეიძლება გაიხსნას). ოთახის ტემპერატურაზე ანაბეჭდზე  ფერის ცვლილება ნელა გამჟღავნდება და სრული გამოვლინებისთვის ერთი ან ორი საათი დასჭირდება. თუ ნიმუშს გავაცხელებთ, პროცესიც დაჩქარდება.

ამ სამი მეთოდიდან პრაქტიკაში პირველად ყოველთვის იოდს იყენებენ, შემდეგ ნინჰიდრინის ტესტს და ბოლოს ვერცხლის ნიტრატს. ვერცხლის ნიტრატის  ბოლოს გამოყენებას ის მნიშვნელობაც აქვს, რომ ის ნიმუშიდან გამორეცხავს ცხიმის და ამინომჟავების ნარჩენებს. შესაბამისად, თუ მან ანაბეჭდი ვერ გაამჟღავნა, იოდს და ნინჰიდრინსაც უკვე აზრი აღარ ექნება.

ჩვენ სამივე მეთოდს შედარებით მარტივი ფორმით გავაკეთებთ, რადგან არ ვართ პროფესიონალი კრიმინალისტები.

რა გვჭირდება:

  1. ხელთათმანები; სათვალეები და ხალათი; 2. სპირტქურა; 3. შტატივი და მისი სადგამი; 4. დიდი ზომის ქიმიური ჭიქა და მისივე ზომის საათის მინა, რომ ზედ დავაფაროთ; 5. გამადიდებელი შუშა ნიმუშის დასათვალიერებლად; 6.  აზბესტის საფარი და პატარა ბოთლი პულვერიზატორით (სამი ცალი); 7. სამი ნიმუში თითის ანაბეჭდით ქაღალდზე; 8. იოდის კრისტალები (1გრამი); 9. სახამებლის ხსნარი (1გრამი გახსნილი 25მლ წყალში); 10. ვერცხლის ნიტრატის ხსნარი (0.3გ ვერცხლის ნიტრატი გახსენით 10მლ გამოხდილ წყალში); 11. ნინჰიდრინის ხსნარი (0.1გ ნინჰიდრინი გახსენით 10მლ 95%-იან ეთანოლში);

გაფრთხილება: თითოეულ რეაქტივთან იყავით ფრთხილად, ასევე სპირტქურის ალი ფრთხილად გამოიყენეთ. თუ იოდის ორთქლი მოგხვდათ ტანსაცმელზე, ნატრიუმის თიოფულფატის ხსნარით შეგიძლიათ მისი ლაქების მოცილება. იოდის ორთქლი მომწამლავია და იწვევს ლორწოვანი გარსის გაღიზიანებას.  ამიტომ, ყველა ტესტი ამწოვ კარადაში ან ღია ფანჯარაში უნდა ჩატარდეს. ვერცხლის ნიტრატის ხსნარი იწვევს ტანსაცმლის და კანის დალაქავებას. კანში ლაქა ერთ კვირამდეც შეიძლება დარჩეს. ნინჰიდრინიც ასევე ტოქსიკურია.

ექსპერიმენტის მსვლელობა-იოდის კრისტალები.

შტატივის სადგამზე მოათავსეთ  ქიმიური ჭიქა, ისე, რომ მის ქვემოთ სპირტქურის დადგმა შეიძლებოდეს.

ჭიქის ფსკერზე მოათავსეთ იოდის რამდენიმე კრისტალი.

ქაღალდი, რომელზეც თითის ანაბეჭდია, ანუ ჩვენი ნიმუში, მავთულით ისე ჩაკიდეთ ჭიქაში, რომ ფსკერს არ შეეხოს. ჭიქას დაახურეთ საათის მინა ან პეტრის ჯამი, რათა არ მოხდეს იოდის ორთქლის ამოფრქვევა.

ნიმუშს დააკვირდით 30 წამის ან ცოტა მეტი დროის მანძილზე. ოთახის ტემპერატურაზე იოდი იოლად აორთქლდება.

თუ ნახევარი საათის განმავლობაში ნიმუშზე არავითარი კვალი არ გამოჩნდა, მაშინ ჭიქაში არსებული იოდის კრისტალები ფრთხილად შეათბეთ. ეს ან ამწოვ კარადაში გააკეთეთ ან გარეთ, გაშლილ სივრცეში.

გაცხელებისას იოდი სუბლიმაციას დაიწყებს და ჭიქაში იოდის ორთქლი გამოჩნდება.

დააცადეთ, სანამ იოდის ორთქლი ჭიქის კედლებზე არ კონდენსირდება. დაათვალიერეთ ნიმუში, მასზე უნდა გამომჟღავნდეს თითის ანაბეჭდი.

ამოიღეთ ნიმუში ჭიქიდან და დააკვირდით გამადიდებელი შუშით. თითის ანაბეჭდებს გადაუღეთ სურათი.

ნიმუშს მიასხურეთ სახამებლის წყალხსნარი, ანაბეჭდი მოლურჯო ფერს მიიღებს.

 

ექსპერიმენტის მსვლელობა-ნინჰიდრინის სინჯი

განათავსეთ ნიმუში რაიმე ზედაპირზე და მიასხით ნინჰიდრინის ხსნარი. ზედაპირზე მუშამბა გადააფარეთ, რათა ნინჰიდრინისგან დაიცვათ და არ დალაქავდეს. ოთახის ტემპერატურაზე ნინჰიდრინს მოქმედებისთვის 24 საათი სჭირდება, თუმცა, ზოგიერთი ნიმუში უფრო მალე მჟღავნდება. ანაბეჭდი ვარდისფერ შეფერილობას ღებულობს.

სხვა, დამატებითი,   ნიმუში შეგიძლიათ ასევე ნინჰიდრინით დაამუშაოთ და გაათბოთ, რათა  გამჟღავნების პროცესი დაჩქარდეს.

 

ექსპერიმენტის მსვლელობა-ვერცხლის ნიტრატის  სინჯი

განათავსეთ ნიმუში რაიმე ზედაპირზე და მიასხით ვერცხლის ნიტრატის  ხსნარი.

ნიმუშს დააკვირდით მზის შუქზე ან „უი“ ლამფის შუქზე. ანაბეჭდები გამჟღავნდება მოყვითალო ლაქების სახით. დროის გასვლის შემდეგ ანაბეჭდი ჯერ მეწამული გახდება, შემდეგ გაშავდება. ამ შემთხვევაში შესაძლებელია მაქსიმუმ ერთი საათი დაჭირდეს სრულ გამჟღავნებას.

ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ ქიმია, ხომ მუდმივ ფიქრსა და კვლევას მოითხოვს. ჰოდა,

სთხოვეთ მოსწავლეებს დამოუკიდებლად მოიძიონ და წარმოადგინონ ანაბეჭდების გამჟღავნების მეთოდი წებოს შემადგენლობაში შემავალი ციანოაკრილატის გამოყენებით  https://www.instructables.com/Super-Glue-Fingerprint-Fuming/

სხვათა შორის, შიმპანზის, გორილას და ადამიანის  თითის ანაბეჭდები ერთმანეთს  ძალიან გავს. არსებობს კიდევ ერთი სასაცილო დათუჩა, რომლის თითის ანაბეჭდიც ჩვენი მსგავსი ყოფილა.

რომელია? https://animals.mom.com/animal-other-primate-fingerprints-1983.html

 

ავტობუსიდან დაგეგმილზე ადრე ჩამოვედი. გზას უკვე ფეხით გავაგრძელებ თქო, ვიფიქრე. თანაც, მონიტორის და სკამის ტყვეობაში აღმოჩენილს, ფეხით სიარული უფრო წამადგებოდა. ჩასვლისას ისევ იმ ბიჭს გავხედე. მონდომებით აგრძელებდა მინაზე თითის ანაბეჭდების დატოვებას…

ოღონდ, სანაძლეოს დავდებ, მათი გამჟღავნების შესახებ არც არაფერი იცოდა, რადგან მის ქიმიის მასწავლებელს ეს ცდები ჯერ არ უჩვენებია…

 

 

ტრიუმფალური თაღი

0

მსოფლიოს დიდი ქალაქებიდან ვენა გამორჩეულად მიყვარს.

ეს ის ქალაქია, სადაც გემოვნებით ერწყმის ერთმანეთს ძველი და თანამედროვე არქიტექტურა, გარდასული იმპერიული სულისკვეთება და თანამედროვე დემოკრატიული, მშვიდი, ზედმიწევნით მოწესრიგებული ქვეყნის ცხოვრების სტილი.

და კიდევ – მუსიკა. მოცარტი. ყოველ ნაბიჯზე, ყოველ კუთხე-კუნჭულში რომ გახსენებს თავს.

ვინც ვენაში ყოფილა, დამეთანხმება, რომ ვენის გული შტეფანპლაცია. ამ პატარა მოედნისკენ უამრავი ვიწრო ქუჩა მიემართება. მიუყვები ქუჩებს და ქვემოთ დახედვას ვერც კი ახერხებ, ზემოთ იმდენი ლამაზი და ორიგინალური ფასადი, დარაბა და ფერი იტაცებს თვალს. ყველას ერთნაირი ხელწერა ატყვია, და მაინც – არც ერთი არ ჰგავს სხვას. შიგადაშიგ თანამედროვე ფასადებიც გამოერევა, მაგრამ თვალს არ ჭრის, საერთო სურათს არ აფუჭებს.

მოედნის სიახლოვეს სუნით გრძნობ – ცხენის ოფლის სუნით, რომელსაც ყავის ნაზი არომატი შერევია. პირველად ჩასულს, გაკვირვებს ეს უჩვეულო სუნი, მაგრამ უფრო დიდი გაკვირვება ქუჩის ბოლოს გელოდება: მოედანზე შეაბიჯებ თუ არა, თავს დაგადგება შტეფან დომი ცამდე აწვდილი შპილებით და ჟამთასვლისგან ხავსმოდებული, ჩაშავებული კედლებით. განცვიფრება გარდაუვალია. ამ პატარა მოედანზე ყველაფერს შეიძლება ელოდო, გარდა ასეთი გრანდიოზულობისა.

მაგრამ ვენა მარტო შტეფანპლაცი არ არის, ამიტომ თავს არ ვზოგავთ და სიცივის, დაღლილობისა და ფეხების ტკივილის მიუხედავად, ვცდილობთ, რაც შეიძლება მეტის ნახვა მოვასწროთ. მუზეუმების კვარტალს გავცდით და ქალაქის შედარებით ფართოქუჩებიან ნაწილში ამოვყავით თავი. აქ თვალსაწიერი უფრო ფართოა. შორს მოედანი ჩანს, რომლის შუაგულში თოფიანი კაცის ქანდაკება აღმართულა. დეჟავიუს განცდა მეუფლება, არადა პირველად ვარ ვენაში. ვუახლოვდები და უკვე აშკარად ვარჩევ – “თოფი” დეგტიარევის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევია. განცვიფრებას ვერ ვასწრებ, რომ ჯარისკაცის ჩაფხუტზე ხუთქიმიანი ვარსკვლავი ისახება…

ინტერესმა ისე ამიტანა, არ დავიზარე, ქუჩა გადავკვეთე და ქანდაკებასთან მივედი – საბჭოთა განმათავისუფლებელი არმიის ობელისკი აღმოჩნდა.

შევცბი. ცოტა არ იყოს, ნირიც წამიხდა… უკან დაბრუნებულს მთელი გზა ამ ობელისკზე მეფიქრებოდა. თავს ძალას ვატანდი, რომ ცივი გონებით განმესაჯა. ფაქტია, ავსტრიას ბედმა გაუღიმა, წითელი არმია მისთვის მართლა განმათავისუფლებელი აღმოჩნდა, რასაც ვერ ვიტყვით ბევრ მის მეზობელზე, სადაც დღეს ასეთი ობელისკების ნაცვლად ოკუპაციის მუზეუმებია.

გონებით სხვა ქვეყნების შემოვლას ვიწყებ. თვალწინ მიდგება ევროპასა და წინა აზიაში უხვად მიმოფანტული ტრიუმფალური თაღები, რომაელებმა რომ აღმართეს ოდესღაც. დღეს 52 ასეთი თაღია შემორჩენილი. 32 მათგანი – იტალიის საზღვრებს გარეთ. საფრანგეთში ყველაზე მეტია – რვამ გაუძლო ისტორიის ქარტეხილებს. ლიბიაში ოთხია, ალჟირში, ტუნისსა და ესპანეთში – სამ-სამი, საბერძნეთსა და თურქეთში – ორ-ორი, თითოც – ისრაელში, იორდანიაში, ლიბანში, მაროკოსა და სირიაში.

ორი ათას წელზე მეტი გავიდა მათი აღმართვიდან და დღეს ისინი ამ ქვეყნების კულტურულ მემკვიდრეობად ითვლება, როგორც „ნაშთი ძველი დიდებისა“. მაგრამ საკითხავია, ვისი დიდებისა? პარიზში მოხვედრილ რომაელს შეუძლია, სიამაყით წარმოთქვას: „ტრიუმფალური თაღი!“ მეც, როგორც უცხოს, შემიძლია აღტაცებით შევხედო მას. მაგრამ… რისი სიმბოლოა ის ფრანგისთვის?

ჟურნალ “სკოლის მართვის” ახალი ნომერი

0

ეს ჩვენი ჟურნალის 2020 წლის ბოლო ნომერია. რა თქმა უნდა, არ იყო მარტივი წელიწადი – ყველა მიმართულებით (პოლიტიკა, ეკონომიკა, ჯანდაცვის სფერო, კულტურა) არაერთი გამოწვევა და პრობლემა დაგვიტოვა. მათ შორის, განათლებაშიც ბევრი დასაფიქრებელი და გასაკეთებელი დაგროვდა.
ამ მიმართულებით რეფორმის გატარება ურთულესი ამოცანა იყო ყოველთვის – მათ შორის იმ ქვეყნებშიც, რომლებსაც არც ფინანსური და არც ორგანიზაციული შესაძლებლობების დეფიციტი არ ჰქონიათ. პანდემიამ ეს სირთულე რამდენიმეგზის გაზარდა და თვისებრივად ახალი ნიუნსებით დახუნძლა.
სკოლის მმართველები (ისევე, როგორც ყველა სხვა დონის მენეჯერები) იძულებულნი გახდნენ მართვის აქამდე არსებული პარადიგმა არსებითად შეეცვალათ, ურთიერთობის პრაქტიკულად დისტანციურ მოდელზე გადასულიყვნენ და, ყოველდღიურ გადაწყვეტილებათა მიღებისას, თვისებრივად განსხვავებული რეალობა გაეთვალისწინებინათ. თანდათანობით შეიქმნა კიდეც სკოლის მართვის ახალ ვითარებაზე მორგებული კულტურა – ადამიანებმა ისწავლეს დისტანციური სწავლებისა და მართვის ანბანი და შექმნეს კიდეც საკუთარი პრაქტიკა. სკოლის საკმაოდ ბევრი ხელმძღვანელი კარგად გაუმკლავდა ახალ გამოწვევებს. ახლა უკვე დროა, ეს პრაქტიკა (როგორც სხვათა, ისე საკუთარ გამოცდილებაზე დაფუძნებით) თეორიულადაც გავიაზროთ და ყველა გონივრული გადაწყვეტილება და ალგორითმი ერთმანეთს გავუზიაროთ – ამით მხოლოდ გავაძლიერებთ სკოლებს და მეტი წარმატების შესაძლებლობას მივცემთ ჩვენს საერთო საქმეს. როდესაც ყველაფერი ჩაივლის, ქართული სკოლა მეტი
ცოდნითა და გამოცდილებით გააგრძელებს საკუთარ გზას პროგრესისკენ.

რედაქტორი– გია მურღულია

 

 

კორექტორი– მაია წიკლაური
დიზაინერი  ბესიკ დანელია

ნომრის ავტორები გიორგი ჭანტურია, თამარ გურგენიძე, მერი ქადაგიძე, თამარ კაპანაძე, ნინო გორდეზიანი,  გურამ სულაქველიძე,  მიხეილ იაშვილი, ნინო გაგელიძე, ლია კილაძე

სარედაქციო კოლეგია:
ბერიკა შუკაკიძე – განათლების დოქტორი; მასწავლებელთა პროფესიული განვითარების
ეროვნული ცენტრის დირექტორი
ნატალია ინგოროყვა- სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი; მასწავლებელთა პროფესიული
განვითარების ეროვნული ცენტრის საინფორმაციო- საგანმანათლებლო
და მეთოდური რესურსების პროგრამის მენეჯერი
არჩილ სუმბაძე- ბაქსვუდის სკოლის დირექტორი
ავთანდილ აბდუშელიშვილი- სკოლა „შავნაბადას“ დირექტორი
გიორგი გახელაძე- ევროპული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორიგიორგი ჭანტურია – კოალიციის „განათლება ყველასათვის“ დირექტორი

ამ ნომერში წაიკითხავთ:

სკოლის მართვა #4

 პაატას (ენობრივი) პრაქტიკა

0

ორმოცდაათზე მეტი ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი ანაკლიის სასტუმროს დიდ დარბაზში ვართ შეკრებილი. ტრენინგს პაატა პაპავა გვიტარებს.

— ახლა მე მინდა თქვენთან ერთად მცირე ტექსტი დავწერო. გინდათ?

— გვინდა!.. საინტერესოა!.. რა ტექსტი?! გვინდა!.. — ავშრიალდით მასწავლებლები.

— აი, ჩვეულებრივი ტექსტი, რომელსაც ერთად მოვიფიქრებთ, თქვენ მიკარნახებთ და მე დავწერ აი, აქ, — თქვა პაატამ და გაშლილი მარჯვენა ხელით ფლიპჩარტზე მიგვანიშნა.

ინტერესით მოვემზადეთ. შევტრიალდ-შემოვტრიალდით და სმენად ვიქეცით. პაატას პერფორმანსებით მანამდე არ ვიყავით განებივრებულები და პირველადაც რომ მოხვედრილიყო ადამიანი იმის ტრენინგზე, იგრძნობდა, რომ საინტერესო რამ ელოდა.

(პირადად მე, მახსოვს, სად და როდის აღმოვჩნდი მის ტრენინგზე პირველად და როგორ ვუსმენდი პირდაღებული და ვიწერდი და ვიწერდი საოცრად საინტერესო მესიჯებს და ვაცნობიერებდი, რომ ეს იყო სულ სხვა პედაგოგიკა… უფრო სწორად, ვფიქრობდი და ვფიქრობდი, რა უყო ამ კაცმა ჩემს პედაგოგიკას-მეთქი… თუ რა პედაგოგიკაზე ვსაუბრობ, შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:

— ჯერ შევარჩიოთ თემა. ანუ რის შესახებ დავწეროთ ტექსტი. კარგი? თუ წინააღმდეგი არ იქნებით, თემას მე შევარჩევ… მოდი, ჩვენი დღევანდელი ტექსტი დავწეროთ ამინდის შესახებ… ხედავთ, როგორი ამინდია?!

— წვიმს, — ერთხმად წამოვიძახეთ — გარეთ ხომ მართლაც ანაკლიურად გულის გამაწვრილებლად წვიმდა…

— გიყვართ წვიმა? — თითქოსდა, რა შეკითხვა ესაა, მაგრამ რატომღაც ყველას, ორმოცდაათივეს გვინდა ვუპასუხოთ, ვისაუბროთ, თითქოსდა პირველად გვეძლევა წვიმაზე საუბრის საშუალება, — დიახ, გისმენთ!..

— წვიმა რომ მძულს, ისე არაფერი მძულს ცხოვრებაში, — დაიწყო ერთმა კოლეგამ, რომელსაც მოკრძალებით გამოერთმია პაატასგან მიწოდებული მიკროფონი, — წვიმის დროს ჩემი მივიწყებული სახლი მახსენდება ხოლმე სოფელში, რომელსაც რამდენიმე ადგილას კრამიტი აქვს გატეხილი… თითქოს ყურში ჩამესმის საძაგელი წვიმის წვეთების წვეთვა…

— დიახ, გისმენთ! — პაატამ  მეორე მსურველს გადააწოდა მიკროფონი.

— მე მიყვარს წვიმა. წვიმა ხომ ბუნების საოცარი მოვლენაა… მე მახსოვს, პირველად როდის ვნახე წვიმა… პატარა ვიყავი და დედასთან ერთად მაღაზიაში მივდიოდით. უცებ წვიმის წვეთი დამეცა ხელზე და შემეშინდა. ტირილი დავიწყე… დედამ ამიყვანა და გაიცინა, ნუ გეშინია, ეს კარგი წვიმააო, მითხრა და ჩამიხუტა. მე მივხვდი, რომ წვიმა კარგი რამე იყო და ახლაც, როდესაც წვიმაში მოვყვები ხოლმე, დედაჩემის ჩახუტება მახსენდება და ეს ძალიან მსიამოვნებს.

— დიდი მადლობა!.. დიახ, გთხოვთ!

— მე უბრალოდ ვიტყვი: წვიმა ბუნების საოცარი მოვლენაა…

— დიდი მადლობა! ვფიქრობ, უკვე უნდა დავიწყოთ ჩვენი ტექსტის ჩაწერა და მე გთავაზობთ, სწორედ ამ წინადადებით დავიწყოთ: წვიმა ბუნების საოცარი მოვლენაა, — პაატამ ჩვენი კოლეგის ბოლოს ნათქვამი წინადადება გაიმეორა და მარკერით პირველი სიტყვის დასაწერად მოემზადა.

უცებ საწერად შემართული ხელი ფლიპჩარტზევე შეაჩერა და გვერდულად გამოგვხედა:

— სათაური? რა დავარქვათ ჩვენს ტექსტს? — უკვე სრულად მოტრიალებულიყო და სათაურის ვარიანტებს ელოდა ჩვენგან.

—  შხაპუნა წვიმა… წვიმა… ბუნების საოცრება… ცხრასახელა მოვლენა… ბუნების მაცოცხლებელი… „რატომ არ მოველ წვიმადა”…

ბოლოს, ხმათა უმრავლესობით გადავწყვიტეთ და „წვიმა” დავარქვით.

— წვიმა… — გაიმეორა პაატამ და დიდის ამბით წაიღო ხელი ფლიპჩარტის ქვედა მარჯვენა კუთხისკენ, ისისიყო უნდა დაეწერა „წ…”, რომ:

— არაააა!.. — აღმოგვხვდა შეძახილი.

პაატამ  მკვეთრად მოაბრუნა ვითომგაკვირვებული სახე. ჩვენ კი ორმოცდაათი ხელი გავიშვირეთ და სათაურის ადგილი მივუთითეთ.

— ააა!.. აქ უნდა დავწერო?! — პაატამ ახლა ფლიპჩარტის მარცხენა მხარეს, ოღონდ დაბალ კუთხეში გადაიტანა ხელი.

— არააა! — კიდევ უფრო ხმამაღლა გავიმეორეთ ჩვენ და კიდევ უფრო მაღლა ავწიეთ 50-ვე ხელი.

— აქ უნდა დავწერო, — თქვა ბოლოს და თავის ადგილზე დიდი მოწიწებით გამოიყვანა ასოები:

წ ვ ი მ ა

— რა ვთქვით, რომელი წინადადება უნდა დავწეროთ პირველად? — პაატა ისევ ჩვენკენ იყო მოტრიალებული და მახსოვრობას გვიმოწმებდა.

— წვიმა ბუნების საოცარი მოვლენაა… წვიმა ბუნების საოცარი მოვლენაა… წვიმა ბუნების საოცარი მოვლენაა… — გაისმა აქეთ-იქიდან.

„წვიმა ბუნების საოცარი მოვლენაა” — ფლიპჩარტზე პირველი წინადადება გამოისახა. პაატამ ფლიპჩარტსადგრის წინ გაიარ-გამოიარა და ხმამაღლა საუბარი დაიწყო:

— ზოგ ადამიანს უყვარს წვიმა, ზოგ ადამიანს კი არ უყვარს… ერთმა ჩვენგანმა საკუთარი სახლი გაიხსენა, რომელშიც წვიმა ჩამოდის… ამის გამო დანაღვლიანდა. ერთს კი დედა გაახსენდა და ესიამოვნა… შეიძლება ზოგჯერ მოგვწონდეს წვიმა და ზოგჯერ კი არა…

— შეიძლება ზოგჯერ სასარგებლო იყოს წვიმა, ზოგჯერ კი — საზიანო, — შეეშველა ვიღაც ჩვენგანი.

— დიახ… სასარგებლო, საზიანო… მოდი, ეს ყველაფერი ამ ფურცელზე გადავიტანოთ და გავაგრძელოთ ჩვენი ტექსტი, — პაატამ კიდევ ერთხელ გაიმეორა წინადადება „ზოგ ადამიანს უყვარს წვიმა, ზოგ ადამიანს კი არ უყვარს” და წერა განაგრძო:

„ზოგ ადამიანს უყვარს წვიმა”.

პაატამ მოულოდნელად შეწყვიტა წერა და ისევ ჩვენკენ მობრუნდა.

— „ზოგ ადამიანს კი არ უყვარს”, — ორმოცდაათმა თუ არა, ოცამდე ხმამ მაინც გაიმეორა.

— ხომ არავის უნდა, დაწერაში დამეხმაროს? — იკითხა პაატამ მარკერგამოწვდილი ხელით.

პაატამ მარკერი გამოიწოდა?! როგორ არ გვინდა დახმარება?! მაგრამ სანამ უმრავლესობა სიტუაციას შევაფასებდით, ერთი ჩვენგანი უკვე ფლიპჩარტთან იდგა და წინადადებას აგრძელებდა:

„…ზოგ ადამიანს კი არ უყვარს”.

— დიდი მადლობა!

პაატამ შემდეგ ისევ თვითონ გააგრძელა წერა, მერე ისევ ერთ-ერთი ჩვენგანი გაიძახა, მერე  — სხვა… ბოლოს კი ასეთი ტექსტი მივიღეთ:

წ ვ ი მ ა

წვიმა ბუნების საოცარი მოვლენაა.

ზოგ ადამიანს უყვარს წვიმა,

ზოგ ადამიანს კი — არ უყვარს.

ზოგ ადამიანს სასიამოვნო მოგონებები

აქვს წვიმაზე, ზოგს კი — არცთუ.

წვიმა ზოგჯერ სასარგებლოა,

ზოგჯერ კი — საზიანო.

ჩვენ გვიყვარს წვიმა.

სანამ პაატა ბოლო წინადადებას დაწერდა, დარბაზში გაცხარებული კამათი გაიმართა, დაგვეწერა თუ არა წინადადება წვიმის სიყვარულზე. ბოლოს გადავწყვიტეთ, რომ კენჭისყრით განგვესაზღვრა, გვიყვარდა თუ არა წვიმა. უფრო სწორად, თუკი უმრავლესობას ეყვარებოდა წვიმა, მხოლოდ იმ შემთხვევაში დავწერდით. თუკი უმრავლესობას არ ეყვარებოდა, მაშინ არ დავწერდით. 48% წვიმის მოძულე აღმოჩნდა, ხოლო 52%-ით წვიმის მოყვარულებმა გავიმარჯვეთ. შესაბამისად, ჩვენმა ტექსტმაც (დიახ, ის ჩვენი ტექსტი იყო!) სწორედ ასეთი სახე მიიღო.

— გინდათ წავიკითხოთ ჩვენი ტექსტი?! — პაატას მარკერი ფლიპჩარტსადგრის რაფაზე დაედო და ახალ გამოწვევას გვთავაზობდა.

ღმერთო! ორმოცდაათი საკმაოდ გამოცდილი მასწავლებელი, თითქმის ყველა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტის კურსდამთავრებული, მათგან რამდენიმე პროფესორი და ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ვსხედვართ უზარმაზარ ტრენინგდარბაზში და წვიმის შესახებ დაწერილ რვასტრიქონიან ტექსტზე პაატა პაპავა გვეკითხება, წავიკითხოთო?!

— გვინდა! გვინდა! გვინდა! — სანამ ჩემს ღიმილიან-გაოცებიან თანხმობას მეც ამოვთქვამ, პაატას თავისი გაშლილი მარჯვენა ხელისგული სათაურზე უდევს და მისი ხელის მოძრაობის გაყოლებით ერთად, ხმამაღლა ვიწყებთ კითხვას:

წ ვ ი მ ა

წვიმა ბუნების საოცარი მოვლენაა.

ზოგ ადამიანს უყვარს წვიმა,

ზოგ ადამიანს კი — არ უყვარს.

ზოგ ადამიანს სასიამოვნო მოგონებები

აქვს წვიმაზე, ზოგს კი — არცთუ.

წვიმა ზოგჯერ სასარგებლოა,

ზოგჯერ კი — საზიანო.

ჩვენ გვიყვარს წვიმა.

მართლა ხმამაღლა, მართლა ორმოცდაათივემ, მართლა ერთდროულად წავიკითხეთ ჩვენი „წვიმა”.

— ახლა, იმათ ვთხოვ წაკითხვას, ვისი წინადადებაც არ წერია ამ ტექსტში, — ამბობს პაატა და ისევ სათაურისკენ მიაქვს თავისი გაშლილი მარჯვენა ხელისგული.

ჩვენ ისევ ვაყოლებთ თვალს პაატას ხელის მოძრაობას და ისევ ხმამაღლა ვკითხულობთ, ოღონდ ისევ ორმოცდაათივე — განა ვინმემ უარი თქვა წაკითხვაზე, აქაოდა, ჩემ მიერ ნათქვამი წინადადება წერია ტექსტშიო:

წ ვ ი მ ა

წვიმა ბუნების საოცარი მოვლენაა.

ზოგ ადამიანს უყვარს წვიმა,

ზოგ ადამიანს კი — არ უყვარს.

ზოგ ადამიანს სასიამოვნო მოგონებები

აქვს წვიმაზე, ზოგს კი — არცთუ.

წვიმა ზოგჯერ სასარგებლოა,

ზოგჯერ კი — საზიანო.

ჩვენ გვიყვარს წვიმა.

პაატამ შემდეგ ჟღალთმიანებს წააკითხა ჩვენი ტექსტი (ამ დროს ქერები, წაბლისფერთმიანები და შავგვრემნები შურით შევცქეროდით მკითხველებს. ისინი კი ბედნიერებისგან თვალებგაბრწყინებულები თან პაატას ხელის მოძრაობას არ აცილებდნენ თვალს, თან ჩვენკენ იხედებოდნენ — აქაოდა, შემოგვხედეთ, რა ყოჩაღები ვართო!..), შემდეგ — ცისფერთვალებებს (აქამდე არ გამიმხელია და აქ დავწერ: ეჭვი მაშინვე მქონდა და არც დღემდე გამქრობია, რომ ზოგიერთი ჩვენგანი იტყუებოდა და „უკანონოდაც“, რომ არ ეკუთვნოდა, მაინც კითხულობდა!..).

— გინდათ კიდევ წავიკითხოთ? — მგონი, მეხუთედ დასვა პაატამ შეკითხვა და როდესაც მეხუთედაც „გვინდა, გვინდა” მოისმინა, რაღაცნაირად ჩაიცინა და ჩვენი ტექსტისკენ მიბრუნდა.

ეს იმას ნიშნავდა, რომ პაატამ, აწ უკვე, როგორც ტრენერმა, მასწავლებლების, ანუ ჩვენს რეალურ, ტყავში დაგვაბრუნა და ტრენინგის შემდეგი ეტაპი დაიწყო. მან ჩვენი ტექსტი აფურცლა, გადაშალა და ცარიელი ფურცელი გამოაჩინა.

— რა გავაკეთეთ ჩვენ ახლა? — იკითხა მან უკვე სრულიად საქმიანტრენერული სახით და ჩვენი პასუხების ჩასაწერად მოემზადა.

— ტექსტის დაწერა გადავწყვიტეთ წვიმაზე, რისთვისაც დავიწყეთ საუბარი, გავიხსენეთ ჩვენი მოგონებები, დამოკიდებულებები წვიმაზე… მერე შევარჩიეთ სათაური და დავწერეთ ტექსტი — ჩვენ გკარნახობდით და თქვენ წერდით… ჩვენც ვწერდით ზოგიერთ სიტყვას, წინადადებას… მერე წავიკითხეთ ჩვენი დაწერილი ტექსტი… სხვადასხვანაირად წავიკითხეთ…

— იყავით თუ არა ჩართული? როგორ გრძნობდით თავს ამ პროცესში? რას გრძნობდით?

— ჩემთვის ძალიან საინტერესო პროცესი იყო… სასიამოვნო იყო… მიუხედავად იმისა, რომ წვიმა წვიმაა და ათასჯერ გვინახავს, ერთი სული გვქონდა, რაიმე გვეთქვა მის შესახებ… ჩვენ ბედნიერი ვიყავით, როდესაც საშუალება გვეძლეოდა სიტყვა ან წინადადება, თუნდაც, ერთი ასო დაგვეწერა „ჩვენს ტექსტში”… მე ძალიან გამიხარდა, როდესაც სულ ბოლო წინადადების ბოლოს წერტილი ჩემი მითითების მიხედვით დაწერეთ…

ეს ბოლო წინადადება მე ვუთხარი, რაზე საპასუხოდაც პაატამ თავი დამიქნია და მითხრა, მჯერაო.

— მართლა ძალიან გამიხარდა, — არ დამაკმაყოფილა მისმა პასუხმა და დაბეჯითებით გავიმეორე.

(გაივლის წლები და USAID საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტის ოფისში, ჭავჭავაძის მეორე შესახვევში, პაატა პაპავას სწორედ ამ მომენტს გავახსენებ, ქვემოთ მითითებულ ჯიპრაიდის სარესურსო წიგნზე მუშაობისას და მეტყვის, მახსოვსო. მაშინაც დაბეჯითებით გავუმეორებ, მართლა ასე გითხარი-მეთქი, და მართლა მახსოვსო, დამარწმუნებს).

— მართლა მჯერა! — უფრო დამაჯერებელი ღიმილით მიპასუხა პაატამ და ახალი შეკითხვა დასვა, — როგორ იგრძნობდით თავს, თქვენ რომ მეორეკლასელი მოსწავლე ყოფილიყავით?

— ძალიან კარგად… სიხარულით ვიხტუნავებდით… ბედნიერები ვიქნებოდით… მთელი სულითა და გულით ჩავერვებოდით წერისა და კითხვის პროცესში… ადვილად დავწერდით და წავიკითხავდით…

— როგორ ფიქრობთ, როგორც მასწავლებლები, რამდენად სასარგებლო იქნებოდა ეს პროცესი მეორეკლასელი მოსწავლეებისთვის? მესამეკლასელებისთვის?

— ვფიქრობთ, ძალიან სასარგებლო იქნებოდა მათი კითხვისა და წერითი უნარების გაწაფვისთვის… სასარგებლო იქნებოდა უკლებლივ ყველა მოსწავლისთვის, განურჩევლად მათი მზაობისა და საჭიროებისა… სასარგებლო იქნებოდა, როგორც მეორე, ასევე მესამე და პირველკლასელებისთვისაც კი…

— პირველკლასელებისთვისაც?! მიხარია, ამას რომ ვისმენ…

— დიახ, პირველკლასელებისთვისაც — განა, რა უნდა იყოს იმაზე სასარგებლო პირველკლასელი მოსწავლეებისთვის, ვიდრე მამოტივირებული, მათთვის საინტერესო თემაზე წარმართული წერისა და კითხვის აქტივობა?!

— გეთანხმებით. მიუხედავად იმისა, რომ პირველკლასელებისთვის ბევრი ასო შეიძლება უცნობიც იყოს და არც მათი ცნობა იცოდნენ და არც დაწერა, ისინი მაინც სიამოვნებით მიიღებენ ასეთ პროცესში მონაწილეობას. მოიფიქრებენ წინადადებებს, სიტყვებს, დაწერენ ასოებს, სიტყვებს… წაიკითხავენ თავიანთ დაწერილს და ა. შ.

— პირველკლასელებისთვის ძალიან კარგი იქნებოდა, თუკი ილუსტრაციასაც დავხატავდით რამეს… არამხოლოდ პირველკლასელებისთვის… ილუსტრაცია მართლაც გაამდიდრებდა წერაკითხვის ამ პროცესს. ყურადღება მიაქციეთ, წერაკითხვას შეგნებულად ვამბობ და არა წერა-კითხვას…

— ბრწყინვალე იდეაა, — აიტაცა პაატამაც და იქვე განაგრძო, — კიდევ ერთი შეკითხვა მინდა დავსვა: როგორ ფიქრობთ, როგორ ვგრძნობდი ამ პროცესში თავს პირადად მე?

— თქვენ? ვფიქრობთ, თქვენც სიამოვნებას განიცდიდით… თქვენც ხალისით წარმართავდით ამ პროცესს… არა?!

— კიი, — დაგვეთანხმა პაატაც, — თქვენი თავი რომ წარმოიდგინოთ მასწავლებლის როლში, მოგეწონებოდათ ეს როლი? რაიმე დამაბრკოლებელს ხომ ვერ ხედავთ ასეთ გაკვეთილებში? რაიმე განსაკუთრებული რესურსული უზრუნველყოფა ანდა მეთოდიკური სირთულე ხომ არ დაგაბრკოლებდათ?

— მოგვეწონებოდა… არა, რა სირთულე?! სრულიად გასაგები და ადვილად განსახორციელებელი აქტივობაა…

— მიხარია ამის მოსმენა… სულ ორი შეკითხვა დამრჩა და შევისვენოთ კიდეც, სადილის დროც მოვიდა, — პაატამ საათზე დაიხედა, ვისღა ახსოვდა სადილის დრო?! — როგორ შეიძლება ამ აქტივობის გამრავალფეროვნება ჩვენს მოსწავლეებთან? ერთი იდეა უკვე ვახსენეთ, ილუსტრაციის დახატვის შესახებ. სხვას ხომ არაფერს დაამატებდით, როგორც კითხვისა და წერის განმავითარებელ აქტივობებს?

— შეგვიძლია, ასეთ ფორმატში შექმნილი ტექსტი გამოვიყენოთ მომდევნო გაკვეთილებზე, როგორც საკითხავი რესურსი… შეგვიძლია ის ტექსტი დავჭრათ წინადადებებად, სიტყვებად და პირველ-მეორეკლასელები ვავარჯიშოთ ტექსტისა თუ სიტყვების გამთლიანებაში… მეტიც, შესაძლებელია ამ ტექსტის სიტყვები ასო-ასო დავჭრათ და სიტყვებად აწყობაში ვივარჯიშოთ… იმ ტექსტს თუკი ამოვბეჭდავთ A4 ფორმატის ფურცლებზე, დავჭრით და ისე დავურიგებთ, ფლიპჩარტზე ერთობლივად დაწერილი ტექსტის მიხედვით ააწყობენ და ჩააწებებენ თავიანთ რვეულებში…

— ძალიან საინტერესო და სასარგებლო იდეებია… რომ შევაჯამოთ, კარგი საფეხური გამოდის მოსწავლეების მიერ დამოუკიდებელი წერისა და კითხვის უნარის დასაუფლებლად… გამიხარდება, თუკი თქვენი მოსწავლეები ასეთ აქტივობებში იქნებიან ჩართული… დიდი მადლობა და დროებით! — პაატამ ისევ დაიხედა საათზე და მარკერი კვლავ ფლიპჩარტსადგარის რაფაზე ჩამოდო.

წამოვიშალეთ. სადილი გველოდა. მინდოდა, ჩემი შთაბეჭდილებები სხვებისთვის გამეზიარებინა. განსაკუთრებით, ჩვენს პროგრამას წელს შემომატებული ახალგაზრდა კოლეგების აზრები მაინტერესებდა. ერთი სული მქონდა, როდის მივუჯდებოდი მათ მაგიდას…

* * * * * * *

…„ენობრივი პრაქტიკის” მეთოდის შესახებ დაწვრილებით აღწერილია USAID საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტის ფარგლებში შექმნილ წიგნში „კითხვისა და წერის სწავლება დაწყებით საფეხურზე”, რომელიც განთავსებულია პორტალზე „კარგი სკოლა”. ამავე პროექტის ფარგლებში გადაღებულია თამარ ჭანტურიას ვიდეოფილმი და მისი ნახვაც თავისუფლადაა შესაძლებელი USAID/G-PriEd-ის იუთუბარხზე:  https://www.youtube.com/watch?v=IQMD-uEW3v4&t=3s

  1. S. როდესაც სადილისთვის ჩემთვის სასურველ კერძებს ფართო თეფშზე ვილაგებდი და ჩემი ახლგაზრდა კოლეგების მაგიდისკენ გზას მივიკვლევდი, არცთუ გულში და არცთუ ხმადაბლა ვიმეორებდი:

წ ვ ი მ ა

წვიმა ბუნების საოცარი მოვლენაა.

ზოგ ადამიანს უყვარს წვიმა,

ზოგ ადამიანს კი — არ უყვარს.

ზოგ ადამიანს სასიამოვნო მოგონებები

აქვს წვიმაზე, ზოგს კი — არცთუ.

წვიმა ზოგჯერ სასარგებლოა,

ზოგჯერ კი — საზიანო.

ჩვენ გვიყვარს წვიმა.

 

ბავშვი და ბუნება-რას და როგორ ვასწავლით მათ შინ და სკოლაში

0

კადრები ყოველდღიური ცხოვრებიდან:

 

საყვარელი ბიჭუნა თავის თანატოლს გატაცებით უყვება რაღაცას და გზად შემხვედრ ბუჩქს გაუცნობიერებლად წაატეხავს რტოს. საუბარში გართული, იქნევს, მალევე ძირს აგდებს;

 

სახლში სამი მცირეწლოვანი ბავშვია. ოჯახმა კნუტი შეიფარა. გადაწყვიტეს, რომ ბავშვებისთვის კარგი იქნება, თუ ოთხფეხა მეგობარი ეყოლებათ. ბავშვები კუდით ათრევენ კატას („თამაშობენ“), სამივეს ერთდროულად უნდა კნუტთან გართობა, ვერ იყოფენ, ერთმანეთს ხელიდან ღლეტენ;

 

სკვერში სამი ბიჭუნა თამაშობს. გადაწყვეტენ, მინდორში დაგდებული ქვა რაღაცის ასაშენებლად გამოიყენონ, ქვას ამოატრიალებენ. მიწის ბინადარი ჭიაღუები, ხოჭოები, პაწაწა მწერები ქვის ღრმულიდან ამოფუთფუთდებიან. ბიჭები მწერების სრესას იწყებენ. გატაცებით, მხიარულად, ჭყივილით;

 

პატარა გოგონა მდელოზე ყვავილებს კრეფს. ზოგჯერ არასასურველი ფერის ან ფორმის თუ ამოჰყვება, დაუნანებლად აგდებს და ფეხით თელავს. ბაბუაწვერებს არ სწყალობს. თაიგულისთვის არ უნდა, მაგრამ მაინც კრეფს და ყრის;

 

ქუჩის მიუსაფარ, გამხდარ, პატარა ტანის ძაღლს პატარა ბიჭუნა ფეხს უბაკუნებს და იცინის, როცა უსუსური ლეკვი ცდილობს, ოთხად მოიკაკვოს, დაპატარავდეს და საფრთხე აირიდოს;

 

სკოლის ეზოში რამდენიმე ბავშვს პატარა წრე შეუკრავს. წრის შუაგულში დიდი ზომის შავი ხოჭოა. ფრთები აქვს დაზიანებული. ერთ-ერთი ბავშვი ხის წკირით ცდილობს, მოსცხოს ხოჭოს. აკვირდებიან, როგორ ცდილობს აფრენას ხოჭო. ცდილობს და არ შეუძლია.

 

ბავშვი და ბუნება

 

  • რა დამოკიდებულება აქვს ბავშვს ბუნებასთან? ფლორასა და ფაუნასთან?
  • რა პასუხისმგებლობა აქვთ უფროსებს მათ წინაშე?
  • რას და როგორ ვასწავლით ან არ ვასწავლით ბავშვებს ფლორასა და ფაუნაზე?

 

მოზარდების დამოკიდებულება, განწყობა, ჩვევები ცოცხალი არსებების, ბუნების მიმართ, მეტწილად განპირობებულია იმით, რას და როგორ ვასწავლით მათ შინ და სკოლაში.

 

 

ზღაპრების, ამბების, თხრობის სიკეთეებზე ამ წერილში არაფერს ვიტყვი. მხოლოდ იმას შევნიშნავ, რომ პატარა ასაკიდანვე ბავშვებისთვის კითხვა, მათთან ერთად ილუსტირებული წიგნების თვალიერება, მარტივად, მათთვის გასაგებ ენაზე მათთან მნიშვნელოვან საკითხებზე საუბარი ფასდაუდებელი გამოცდილებაა.

 

მშობლების ერთ-ერთი პასუხისმგებლობა გარემოსადმი, ბუნებისადმი, ფლორისა და ფაუნისადმი სწორი დამოკიდებულებების ჩამოყალიბებაცაა და ყოველთვის, როცა ზემოთ აღწერილ სიტუაციებს ვაანალიზებ, ვხვდები, რამდენი მნიშვნელოვანი მომენტი აქვთ გამოტოვებული უფროსებს მათთან ურთიერთობაში.

 

მშობლები, ბავშვი და ბუნება

 

  • როგორ ვაგრძნობინოთ ბავშვებს, რომ ფლორასა და ფაუნაზე, ცოცხალ არსებებსა და მცენარეებზე ზრუნვა ჩვენი პასუხისმგებლობაა?
  • როგორ გავუღვივოთ ცხოველების სიყვარული, პატივისცემა, თანაგრძნობის განცდა?
  • როგორ მივაჩვიოთ მათთან სწორად მოქცევას?

 

რას ვურჩევდი მშობლებს, რომლებსაც სურთ, სწორი დამოკიდებულებები ბავშვობიდანვე ჩამოუყალიბონ შვილებს?

 

სეირნობის დროს

ბავშვთან ერთად გარეთ, სუფთა ჰაერზე სეირნობის დროს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ქალაქის სკვერში ან ქუჩაში ხართ, პატივი ეცით და აქცენტი გააკეთეთ ცოცხალ არსებებსა ან მცენარეებზე. ბავშვებს გარკვეული ემოციები უნდა აღეძრათ ფლორისა და ფაუნის წარმომადგენლების მიმართ.

უფროსის განწყობა-დამოკიდებულებები ირეკლება ბავშვებში.

თუ ერთად ყოფნისას ჩვენ აღვნიშნავთ, რომ „მტრედი მშვენიერია“,  „ცუგა საყვარელია“, „ბუჩქი ლამაზია“,  „ხოჭო საქმიანი და საყვარელია“ და ამას ბავშვსაც ვაგრძნობინებთ, ისიც ისწავლის მათ სიყვარულს.

 

ცხადია, მნიშვნელოვანია უსაფრთხოებაზე ზრუნვაც – ქუჩის ფისოები და ცუგები არ უნდა შევაწუხოთ. ისეთი მიმართვები, როგორიცაა – „არ მიხვიდე, გიკბენს“ ან „ არ მიეკარო, ხომ ხედავ რას ჰგავს/როგორ ყარს/რა ბინძურია“ – ნეგატიურ ემოციებს დაუტოვებს ან შიშს ჩაუნერგავს ბავშვს.

„ცუგა ისვენებს, მოდი, არ გავაღვიძოთ“ ან „ფისო მზეზე ნებივრობს, მოდი, ხელი არ შევუშალოთ“.

ასწავლეთ და აჩვენეთ ბავშვს ზრუნვის მაგალითები.

ის აუცილებლად იმავეს გაიმეორებს.

 

წიგნები ცხოველებსა და მცენარეებზე

შეარჩიეთ ისეთი წიგნები და ტექსტები, სადაც მთავარი მოქმედი გმირები ფლორისა და ფაუნის წარმომადგენლები იქნებიან. იკითხეთ ბავშვებთან ერთად, ისაუბრეთ ტექსტების პერსონაჟების შესახებ, შეეცადეთ, ცხოველებისა და მცენარეების სარგებლიანობას გაუსვათ ხაზი; მოაწონეთ და შეაყვარეთ ბავშვს პერსონაჟი ცხოველები და მცენარეები. გარეთ გასვლისას კი „ამოიცანით“ ისინი ბუნებაში. ხატეთ ილუსტრაციები ან სულაც, მოიგონეთ ამბები თავად, პერსონაჟებად კი სკვერში ნანახი ცხოველები და ფრინველები წარმოადგინეთ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ბავშვებს ნებისმიერი ცოცხალი არსების მიმართ პატივისცემის გრძნობა გაუჩნდეთ. ფუმფულა ლეკვის და ჭრელა კნუტის შეყვარება ადვილია, მაგრამ მწერების, მიწის ბინადარი ჭიაღუებისა და სხვა ცოცხალი არსებების შემჩნევა და დაფასებაც გვმართებს.

 

შინაური ცხოველები

 

მოვლილი, აცრილი, ჯანმრთელი შინაური ცხოველები არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენენ ბავშვებისთვის. პირიქით, კვლევებით დადასტურებულია, რომ ბავშვები, რომელთაც ჰყავთ შინაური ცხოველები, ნაკლებად ავადმყოფობენ, ვინაიდან სახლში ძაღლის ან კატის არსებობა „აიძულებს“ ორგანიზმს იმუნიტეტი გამოიმუშაოს ინფექციების მიმართ. ამასთან ერთად, ქვეითდება ბავშვში ალერგიის აღმოცენების რისკი. ცხოველებთან ურთიერთობა ბავშვისთვის ემოციური განვითარების მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ხდება. შინაური ბინადრების მიმართ სწორი დამოკიდებულების ჩამოყალიბებაც მშობლის პასუხისმგებლობაა.

„რა უჭირს, ლეკვია, გაერთობა ბავშვი“ – მსმენია ეს პასუხი მშობლისგან, რომელიც უყურებს, როგორ უხეშად ერთობა ბავშვი ლეკვთან.

 

ევროპის ბევრ ქვეყანაში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში სპეციალური პროგრამები მუშაობს, რაც მცირეწლოვანი ბავშვებისა და ბუნების შვილების დამეგობრების მიმართულებით აქტივობებს მოიცავს. მინახავს, როგორ ზრუნავენ გერმანიაში, კარლსრუეში, ბაღის მოსწავლეები კურდღლებზე, ვირუკელასა და პონიზე. მათ მოვალეობებში კვება, სათავსოს დასუფთავება და სხვა, ასაკის შესაბამისი აქტივობები შედის.

რა კარგი იქნება, სკოლამდელი და სასკოლო ასაკის ბავშვებსაც მეტი გამოცდილება ჰქონდეთ ამ მიმართულებით.

 

 

 

 

რა გაამდიდრებს თანამედროვე ქართულ ხელოვნებას?

0

ვინ ახდენს ყველაზე დიდ გავლენას ინტელექტუალის სულიერებაზე? – მწერალი!

ვინ დახატა უფლის მიერ უთვალავი ფერით შექმნილი სამყარო ახალი ფერებით? – მწერალმა!

ვის ეთაყვანება საზოგადოება მომეტებულად? – მწერალს!

ვისი ხილვა და მოსმენა უხარიათ ადამიანებს განსაკუთრებულად? – მწერლის!

ვისით ამაყობენ ერები გამორჩეულად? – მწერლით!

რად ვერ იქცევა ადამიანი ზეგარდმო ნიჭის გარეშე? – მწერლად!

წოდებითი ბრუნვაღა დამრჩა და ვინაიდან წოდებითში დასმულ სახელს მიმართვა ჰქვია, გავკადნიერდები და მივმართავ მას, ვინც ყველაზე მეტად ახერხებს ჩემს აღელვებას და გაკეთილშობილებას: მწერალო, შენი სიტყვა ის არის, რაც ყველაზე მეტად სჭირდებათ ადამიანებს და ისინიც იქნებ შეუძლებელს ითხოვენ შენგან? სულებში ალმასების მთესველს არასდროს პატიობენ ამ ალმასების ნაკლებად ძვირფას თვლებზე გაცვლას. შენ მაგი ხარ და ლოგოსის მაგიით გვიპყრობ, გვახელებ… მერე უძლეველ ტორეადორად იქცევი და სამწერლო კორიდის მაყურებლები არაფერს შეგარჩენთ! ხარი უნდა დასცე, დაიმორჩილო, მერე მოგვიყვე საგმირო ამბებს… თუკი ვერ შეძელი, თუკი ხარმა დაგიბრიყვა, გაგრიყავენ, უარგყოფენ, დაგივიწყებენ… უმძიმესია შენი ხვედრი, გზაა ციცაბო, მაგრამ ხომ შენი არჩევანია?

ჩვენი სამწერლო საგანძურის პატრონს „სხვისი შესაშური რა მჭირს, თვარა კი!“ მაგრამ რაც მუდამ მშურდა, როცა დასავლურ მწერლობას ვეცნობოდი, ეს იყო თერგივით მღელვარე სალიტერატურო პროცესი. სამი რამ მშურდა მათი: 1. მწერალი, რომელსაც სხვა საზრუნავი არ გააჩნია, ჩაკეტილია თავის სამყაროში და ქმნადობის პროცესით (დიდოსტატ კონსტანტინეს თქმით, „შემოქმედებითი ორსულობით“) იწვის; 2. შემართული გამომცემლები, რომლებიც მზად არიან, კალმის აწრიპინებამდე (ამჯერად უკვე მაუსის აწკაპუნებამდე) გამოსტაცონ მწერალს ტექსტი ნებისმიერ ფასად; 3. კრიტიკოსთა არმია, რომელიც პაპარაცული ჟინით ჩასაფრებია ახალ ტექსტს. და რა არის შედეგი ამ მრავალფეროვანი დუღილისა? – არნახულად გამდიდრებული კლასიკა და ბედნიერი მკითხველი.

რა ხდებოდა ამ მხრივ ჯერ საბჭოეთში და მერე თავისუფალ საქართველოში? 1. მწერალი, რომლისგანაც ლამის ეროვნული მოძრაობის ლიდერობას ან პოლიტიკოსად ქცევას ითხოვდა საზოგადოება; 2. გამომცემლები: საბჭოეთში – აღჭურვილნი ილიას სისხლის გამაშრობელი ლუკა ისარლოვისეული ცენზურული ფუნქციებით, ხოლო თავისუფალ საქართველოში – გამწარებულნი წამგებიანი საგამომცემლო ბიზნესით; 3. კრიტიკოსები: საბჭოთა ეპოქაში – ძირითადად უნიჭოთა უაზრო დითირამბებით დაკავებულნი, თავისუფალ საქართველოში კი მკითხველის აპათიის გამო დადუმებულნი და ხელმოცარულნი. შედეგი? – სალიტერატურო პროცესი სრულ წყვდიადში, უაღრესად საინტერესო ლიტერატურული დისკურსების იგნორი! ლიტერატურული საიტები, კონკურსები და დაჯგუფებები, სადაც კლანურობა, შეფასებათა არაობიექტურობა და უნიჭოთა აღზევება ჩვეულებრივ მოვლენად ქცეულა.

იქნებ ვამუქებ, მაგრამ „თუ კაცმა ვერ სცნო ჩვენი გული, ხომ იცის ღმერთმა, რომ წმინდა არის განზრახვა და სურვილი ჩვენი“… გულწრფელად მხოლოდ ერთი რამ მეოცნებება: თანამედროვე ქართული სალიტერატურო პროცესის გაჯანსაღება, რისი სიმპტომებიც უკანასკნელ პერიოდში ნამდვილად შეინიშნება. წიგნის მაღაზიათა თაროები ახალი გამოცემებით იტვირთება (ფუი, ეშმაკს, იმედია საგამომცემლო საქმე მომგებიანი გახდა!) და ჩემს პედაგოგიურ სარბიელზე ახალ თაობაში შემჩნეული კითხვისადმი მზარდი ინტერესიც მახარებს.

აღიარებული ჭეშმარიტებაა, რომ ხელოვნების პოლიტიზება უმალ ანტიხელოვნებად იქცევა, მაგრამ, ვფიქრობ, ქართულ ლიტერატურაზე საუბარი წარმოუდგენელია ეპოქალური კონტექსტებისა და კონიუნქტურის გაუთვალისწინებლად. ალბათ არცერთი ლიტერატურათმცოდნე არ შემედავება, რომ ქართული მწერლობა საუკუნეთა განმავლობაში თვითგადარჩენისთვის მებრძოლი ერის მწერლობაა და ჩვენში, დავით გურამიშვილიდან მოყოლებული, დამკვიდრებული სტანდარტია მწერლის ეროვნულ ლიდერად ქცევა, რისი აპოგეაც იყო ილიას სიტყვები: „მე ცა მნიშნავს და ერი მზრდის, მიწიერი ზეციერსა, ღმერთთან მისთვის ვლაპარაკობ, რომ წარვუძღვე წინა ერსა“…

ამასწინათ ორი ახალგაზრდა მწერალი ამტკიცებდა, რომ კრიზისები მისწრებაა ხელოვნებისთვის, რადგან ქაოსი გვაწვდის შემოქმედებით ინსპირაციებს… პირადად ჩემთვის კრეატივი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი კრიზისები თუ მწერლებს იმპულსებით ამარაგებს, მზად ვარ, სული ეშმაკს მივყიდო და ვთქვა: დაე, იყოს კრიზისები! მაგრამ ასე არ არის… ბევრს საუბრობენ შემოქმედებაში ავტორის პიროვნული ტრაგიზმის სიკეთეებზე და უამრავი მაგალითიც არსებობს იმისა, რომ ტრაგიზმით სულშეძრული ხელოვანის გამომსახველობა იზრდება… თანამედროვეობა სხვა რეალიებს გვთავაზობს: სულაც არ არის აუცილებელი, კარგი რომანის დასაწერად ავტორმა გოლგოთაზე იაროს. როცა ფეისბუქზე დავსვი კითხვა: საიდან მოდის ინსპირაცია კრეატივისთვის? – მენიშნა ორი ხელოვანის პასუხი. ფილოსოფიაში განსწავლულმა ნიჭიერმა მხატვარმა და რეჟისორმა მიპასუხა: „ყოველდღიური შრომიდან“, – ხოლო ნიჭიერმა პოეტმა ქალმა მიპასუხა: „…და თავგადასავლიდან“.

მეოცე საუკუნის დასაწყისში ლიტმცოდნეებს შორის გაჩნდა სკეფსისი ქართული რომანის მიმართ. ამტკიცებდნენ, რომ ვინაიდან მეცხრამეტე საუკუნის ქართულმა მწერლობამ ვერ შვა რომანი, ის ვერც მომავალში შეიქმნებოდა. მცირე ერის ასპარეზი არ იძლეოდა მასალას სქელტანიანი რომანის ფაქტურის ასაგებად. შემოქმედი ვერ ხედავდა ისეთ კოლიზიებს, რომლებიც მას დიდი მოცულობის ტექსტს შთააგონებდა. მაგრამ ეს სკეფსისი მალევე გაიფანტა: ვასილ ბარნოვმა, კონსტანტინე გამსახურდიამ, გრიგოლ რობაქიძემ, მიხეილ ჯავახიშვილმა, დემნა შენგელაიამ, ნიკო ლორთქიფანიძემ, ლეო ქიაჩელმა და სხვებმა ზედიზედ შექმნეს რომანები, რომლებსაც მსოფლიო მწერლობის საგანძურიც ვერ დაიწუნებდა.

რაზე ვოცნებობ? ქართველი რომანისტი ქმნიდეს ისე, რომ მოგვიანებით მასზე ენციკლოპედიაში დაიწეროს რამე ისეთი, რაც ჯოისის რომანზე დაიწერა: „ულისე“, რომლის 600 გვერდი ეთმობა დუბლინელი ებრაელის ლეოპოლდ ბლუმის ერთი დღეს (1904 წლის 16 ივნისს), ისე ფართოდ განიხილავს დუბლინს, რომ, თავად ავტორის მტკიცებით, დუბლინის დანგრევის შემთხვევაში წიგნზე დაყრდნობით შესაძლებელი იქნებოდა მისი აღდგენა. 16 ივნისი მთელ მსოფლიოში ჯოისის თაყვანისმცემელთა მიერ აღინიშნება როგორც ბლუმის ღე (Bloomsday).“

მე კი ამ დროს ოთარ ჭილაძის „აველუმზე“ ვფიქრობ და ისევ ირლანდიელი მკითხველისადმი შური მხრავს. შავბნელ 90-იან წლებში დაწერილი ეს რომანი ასახავს ქვეყანაში მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებს, სამოქალაქო ომის ქარცეცხლში გახვეულ თბილისს, რომელსაც მწერლის ორეული – მთავარი გმირი აველუმი (შუამდინარულად – „თავისუფალი მოქალაქე“) აკვირდება. დიდი მწერლის ოსტატობა ამ წიგნში მთელი ძალით საცნაურდება, მაგრამ ის მაინც ვერ გახდა ქართველი მკითხველის რომანი. „ბლუმსდეისგან“ განსხვავებით, თბილისში არასდროს აღინიშნება „აველუმსდეი“. ვოცნებობ: ქართველმა რომანისტმა შექმნას გმირი, რომელიც არასდროს დამავიწყდება, რომელიც ახალ ჰოლდენ კოლფილდად მოევლინება ახალ თაობას.

თუ მეოცე საუკუნის დასაწყისში მოახერხეს ქართველმა პროზაიკოსებმა მოახერხეს მოდერნიზმის ენით (კონსტანტინე გამსახურდია ერთგან წერს, რომ იმპრესიონიზმი, ექსპრესიონიზმი და სიმბოლიზმი მათთვის ერთგვარი ახალგაზრდული სახადი იყო) ქართველი მკითხველისთვის ახლობელი სიტყვის თქმა, რაღა დაემართა ქართულ მწერლობას ასი წლის შემდეგ?

თანამედროვე ქართული პროზა, სტილური თავისებურებების გათვალისწინებით, ჩემთვის სამ ნაწილად იყოფა. ერთია აღიარებულ მწერალთა გონგორიზმის იდეებივით ღვლარჭნილი სტილი, რომელიც ხშირად გემოვნებიანი მკითხველისთვისაც გაუგებარია. მეორე – ბულვარული, ყვითელი, საგაზეთო სტილი, რომელსაც შუა თაობის გაწაფული ავტორები მისდევენ. ისინი ზოგჯერ ტელეეთერით ახდენენ ყველაზე ინტიმური შემოქმედებითი პროცესის დემონსტრირებას, პროდუქტიულები არიან, მაგრამ ვერასდროს დაიმკვიდრებენ ადგილს კლასიკაში. მესამეა უკიდურესად სკაბრეზული სტილი. პირველს უკვდავების მაძიებლის სტილი დავარქვი, მეორეს – სტილი წარმატებული მარკეტინგისთვის, მესამე კი – ეპატაჟი იაფფასიანი პოპულარობისთვის.

ფილოსოფიური ცოდნით აღჭურვილმა ხელოვანმა მირჩია: სავალალო ყოფაშია თანამედროვე ქართული პროზა; უნდა დაიწყოს დისკუსია და ამ ჯანსაღი პროცესის წიაღში იქნებ იშვას რამე ახალი და ღირებული, როგორც ნეორეალიზმი იშვა გასული საუკუნის 40-50-იანი წლების ევროპულ ხელოვნებაში პრესაში გაჩაღებული ცხარე დებატების შედეგადო. ძალიან მდიდარია ჩვენი მინიატურული პროზა, რასაც ვერ ვიტყვით თანამედროვე ქართულ რომანზე. მან ახალი ასპარეზი, ახალი კოლიზიები, ახალი სახეები და ახალი სტილი უნდა ეძიოს…

გამოსავალი სად მეგულება? იმდენი საინტერესო მოვლენა, გმირი, საზოგადო მოღვაწე გვყავს გასაცოცხლებელი მწერლობასა და კინოში, ამ საქმეს უფრო მონდომებით რომ მოჰკიდონ ხელი ჩვენმა მწერლებმა, რეჟისორებმა, სცენარისტებმა, არნახულად გამდიდრდება თანამედროვე ქართული ხელოვნება. როგორ? არ უნდა გვქონდეს ერთი რომანი ან ტელესერიალი ილია ჭავჭავაძის საარაკო ცხოვრებაზე?! ან ნიკოლოზ ბარათაშვილზე?! ალექსანდრე ყაზბეგზე?! რომელი ერთი გავიხსენოთ? იმედი მაქვს, საამაყო სახელების ტექსტებსა და ფილმებში გაცოცხლებისა და უკვდავყოფის კულტურა ჩვენშიც აღორძინდება. ეს განსაკუთრებით სჭირდებათ ახალ თაობებს ღირებულებათა ამ უღმერთო დევალვაციის ეპოქაში.

სასწავლო მენიუ – დიფერენცირებული სწავლების ინსტრუმენტი

0

შეფასება სწავლა-სწავლების პროცესის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. შეფასების საშუალებით შეიძლება დადგინდეს მიღწევების შესაბამისობა ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან. 2018-2024 წლების ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, დიდი ყურადღება ეთმობა სკოლაში განმავითარებელი შეფასების გამოყენებას. განმავითარებელი შეფასება გვაძლევს ინფორმაციას სკოლის, კლასის, მოსწავლის, მასწავლებლის წინსვლის, მიღწევებისა და, ამასთან ერთად, არსებული პრობლემების შესახებ. მასწავლებელი ხედავს, რამდენად კარგად სწავლობენ მოსწავლეები და რამდენად კარგად ასწავლის თვითონ.

პედაგოგები, რომლებიც პედაგოგიურ პრაქტიკაში იყენებენ მიმდინარე განმავითარებელ შეფასებას, აგროვებენ ინფორმაციას მოსწავლეების შესახებ. ამის შემდეგ მასწავლებელი ცდილობს, ისე დაგეგმოს სასწავლო პროცესი, რომ მოსწავლეებს სასწავლო მიზნების მიღწევაში დაეხმაროს.

სწორედ ამ დროს მიმართავს მასწავლებელი დიფერენცირებულ სწავლებას.

დიფერენცირებული სწავლება და განმავითარებელი შეფასება ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია.

დაიან ჰიკოქსის განმარტების მიხედვით, დიფერენცირებული სწავლება ნიშნავს სწავლების ტემპის, სირთულის ან მეთოდის ცვლას თითოეული მოსწავლის საჭიროებების, სწავლის სტილისა თუ ინტერესების მიხედვით (Heacox, 2002).

დიფერენცირებული სწავლების ინსტრუმენტებია:

  • სასწავლო მიზანი;
  • სასწავლო გაჩერებები;
  • სასწავლო მენიუ;
  • შეარჩიე საკითხავი მასალა;
  • აირჩიე პროექტი;
  • კითხვები ინტერესების მიხედვით;
  • „რაფთ“ წერითი დავალება.

ჩამოთვლილთაგან ყველაზე ხშირად ვიყენებ „სასწავლო მიზანს“, „სასწავლო გაჩერებებს“ და „სასწავლო მენიუს“. ამჯერად მინდა, გაგიზიაროთ საკუთარი გამოცდილება ქიმიის ერთ-ერთ გაკვეთილზე სასწავლო მენიუს გამოყენების შესახებ.

სასწავლო მენიუ ერთგვარ მეგზურობას უწევს მოსწავლეს. ის გამოიყენება სწავლის ფასილიტაციისთვის. სასწავლო მენიუ მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს, საკუთარი სწავლის ტემპის (ერთი ან რამდენიმე გაკვეთილის განმავლობაში, ან საკლასო/სა­შინაო სამუშაოებთან ერთობლიობაში), ინტერესებისა თუ მზაობის დონის მიხედვით აირჩიონ სასწავლო მენიუში მოცემული აქტივობები. მოსწავლეს შეუძლია, არჩეული აქტივობის შეს­რულება დაიწყოს გაკვეთილზე და დაასრულოს სახლში, როგორც საშინაო დავალება“ (ხუნძაყიშვილი 111).

სასწავლო მენიუს ფარგლებში მოსწავლეს ეძლევა სამი ტიპის დავალება (მათი სახელწოდება შეიძლება შეარჩიოს მასწავლებელმა მოსწავლეთა ასაკის გათვალისწინებით):

  1. სავალდებულო ანუ ძირითადი – მისი შესრულება აუცილებელია;
  2. არჩევითი – მოსწავლემ აუცილებლად უნდა შეასრულოს ჩამოთვლილთაგან ერთი, მისთვის სასურველი დავალება მაინც;
  3. არასავალდებულო – მოსწავლეს შეუძლია, შეასრულოს ერთი, ერთზე მეტი დავალება ან ან არ შეასრულოს არცერთი.

სასწავლო მენიუ თემა „ატომის შედგენილობის“ სწავლებისას გამოვიყენე. დავალებები შევადგინე მოსწავლეთა სწავლის სტილის გათვალისწინებით. თავდაპირველად მათ ავუხსენი სასწავლო მენიუს ცნების შინაარსი, მისი გამოყენების მექანიზმი. შემდეგ გავაცანი გაკვეთილის თემა, მიზანი და ამ მიზნის მისაღწევად შედგენილი სასწავლო მენიუ, რომელსაც აქვე წარმოგიდგენთ:

საგანი: ქიმია

თემა: ატომის შედგენილობა

კლასი: მერვე

ქიმ.VIII.11 – მოსწავლეს შეუძლია ნივთიერებათა თვისებების დაკავშირება ატომის ელექტრონულ აღნაგობასთან.

სასწავლო მიზანი:

მოსწავლე შეძლებს:

  1. მსჯელობას ელემენტის ატომის ფუნდამენტურ ნაწილაკებზე;
  2. ელემენტის ატომის მოდელის შექმნას სიმულაციით, ნახაზით.

სავალდებულო (უნდა შეასრულოთ ყველა დავალება)

  1. „დაფიქრდი-დაწყვილდი-გააზიარე“ პრინციპით სახელმძღვანელოში (ქიმია, VIII კლ., მ. ვარდიაშვილი) მოცემული ტექსტის მიხედვით წარმოადგინეთ დავალება „ატომის შედგენილობა“ ზეპირი ან წერილობითი ფორმით.
  2. სქემაზე მოცემული ინფორმაციის მიხედვით სიმულაციით (საიტზე https://phet.colorado.edu/sims/html/build-an-atom/latest/build-an-atom_en.html) ან ნახაზით შეადგინეთ ბორის ელემენტის ატომის მოდელი.

 

  1. ამოიცანით და გაასწორეთ მცდარი დებულება:

ორი ჭეშმარიტი – ერთი მცდარი

  1. ატომბირთვი დამუხტულია დადებითად, რადგან შეიცავს ნეიტრონს.
  2. ნეიტრალურ ატომში პროტონებისა და ელექტრონების რაოდენობა თანაბარია.
  3. ატომურ-მოლეკულურ მოძღვრებაში „ატომი რთული შედგენილობისაა“ არ ეწერებოდა, რადგან დალტონის პერიოდში ატომი განუყოფელ ნაწილაკად ითვლებოდა.

არჩევითი (უნდა შეასრულოთ ჩამოთვლილთაგან ერთი მაინც)

  1. ერთ წუთში დაასრულეთ ლითიუმის ელექტრონეიტრალური ატომის მოდელის მანიპულატივი და ერთი წინადადებით გადმოეცით ლითიუმის ატომის შედგენილობა.
  2. შეასრულეთ სახელმძღვანელოში (ქიმია, VIII კლ., მ. ვარდიაშვილი) 123-ე გვერდზე მოცემული დავალება.

იმუშავეთ ჯგუფებში და მოამზადეთ ტექსტი სათაურით „ჩვენ ვხედავთ ელექტრონს“. შეეცადეთ, ელექტრონი სამყაროს რომელიმე ობიექტს შეადაროთ.

 

 

 

 

არასავალდებულო ( შეგიძლიათ, მოცემული დავალებებიდან შეასრულოთ ერთი, ერთზე მეტი ან არცერთი)

  1. ინდივიდუალურად ან წყვილებში მოიფიქრეთ ორი ჭეშმარიტი-ერთი მცდარი წინადადება; გაუზიარეთ კლასს.
  2. საიტზე https://learningapps.org/display?v=p3v0y61hk19 ინდივიდუალურად შეასრულეთ დავალება „ ატომის აგებულება, ატომის შემადგენელი ნაწილაკები“.
  3. ცნობარად გამოიყენეთ მოცემული სურათი და მიუჩინეთ ადგილი ინფორმაციებს ეპოქის ღერძზე.

 

.                                        .                                      .

XVIII                                  XIX                              XX

 

სავალდებულო დავალებებიდან მოსწავლეებმა განსაკუთრებული ხალისით იმუშავეს ატომის სიმულაციური მოდელის შექმნაზე.

არჩევითი დავალებებიდან მოეწონათ პირველი და მესამე. ჯგუფებმა ორიგინალურად წარმოადგინეს ტექსტი „მე ვხედავ ელექტრონს“.

არასავალდებულო დავალებებიდან, ჩემდა გასაკვირად, ორი შეასრულეს. თავიანთივე სურვილით დაწყვილდნენ და დიდი პასუხისმგებლობით იმუშავეს დავალებაზე „ორი ჭეშმარიტი – ერთი მცდარი“. წყვილებმა გაცვალეს დებულებები და შეეჯიბრნენ ერთმანეთს მცდარი დებულებების ამოცნობაში. აქტივობა ხალისიანად წარიმართა. ერთ-ერთი წყვილის მიერ მოფიქრებული დებულებებიდან ნათლად ჩანდა საკითხის სიღრმისეული ცოდნა. სხვა წყვილის დებულებები მხოლოდ ფაქტობრივ ცოდნას ეყრდნობოდა.

დიდი ხალისითა და მონდომებით იმუშავეს ინდივიდუალურად, Learningapps.org.ge-ს თავიანთ გვერდებზე, ჩემ მიერ შექმნილ ინტერაქციულ დავალებაზე „ატომის აგებულება, ატომის შემადგენელი ნაწილაკები“.

რამდენიმე მოსწავლემ კი გამოთქვა მესამე დავალების სახლში შესრულების სურვილი, რისი ნებაც დიდი სიამოვნებით დავრთე.

მე არაფორმალურად ვაკვირდებოდი მოსწავლეთა მუშაობას, ვინიშნავდი მნიშვნელოვან ინფორმაციას, ვპასუხობდი კითხვებს და ვცდილობდი, მოსწავლეები თავიანთი შეცდომების გაანალიზებით მისულიყვნენ სწორ პასუხამდე. თითოეული აქტივობის შემდეგ ვაძლევდი ზეპირ უკუკავშირს, რომლითაც ყურადღებას ვამახვილებინებდი მათ ძლიერ/სუსტ მხარეებზე. საბოლოოდ გავაანალიზე თითოეული აქტივობის შედეგი და შესრულებული დავალებების თაობაზე მოსწავლეებს მივაწოდე დეტალური უკუკავშირი.

ამ გაკვეთილზე დავინახე, რომ მოსწავლეებს ძალიან მოსწონთ, როცა მათ არჩევანის უფლებას აძლევენ. ასევე მოსწონთ და ახალისებთ განმავითარებელი შეფასების სხვადასხვა ინსტრუმენტისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენება საგაკვეთილო პროცესში, რასაც აუცილებლად გავითვალისწინებ სხვა გაკვეთილების დაგეგმვისას.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ეროვნული სასწავლო გეგმა, 2018-2024 წ.წ.
  2. ლ. თევზაძე, ნ. ჯავახიშვილი. ქიმია. VIII კლასი. თბილისი, „დიოგენე“, 2007
  3. მ. ხუნძაყიშვილი, ს. ბივერი. განმავითარებელი შეფასება და დიფერენცირებული სწავლება (სახელმძღვანელო მასწავლებლებისთვის). მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, 2018

 

 

გავაუმჯობესოთ მოსწავლეთა ჩართულობა, სწავლება და შედეგები

0

გაგრძელება, ნაწილი VII

ამერიკელი ავტორის, სპიკერისა და განმანათლებლის, ერიკ შენინგერის 2019 წელს გამოსული წიგნის, Digital Leadership-ის ეს ნაწილი ეძღვნება სასკოლო განათლების დღევანდელ გამოწვევებს. ავტორი, მკითხველთან საუბრისას, ცდილობს, გაგვიზიაროს თავისი დამოკიდებულება სკოლების ტრანსფორმაციასთან მიმართებაში და აღნიშნოს ის სირთულეები, რომლებიც ყოველთვის თან ახლავს ასეთი ტიპის, ფუნდამენტური ხასიათის ცვლილებებს. მიუხედავად წიგნის პოპულარობისა, აშშ-სა და სხვა ინგლისურენოვან ქვეყანაში, ავტორის ტონი და ემოცია ნათლად გვიჩვენებს, რამდენად მძიმედ მიმდინარეობს სასკოლო სამყაროს „დიგიტალიზაცია“ – ციფრული ტექნოლოგიების საშუალებებზე გადასვლა – თვით აშშ-ის სასკოლო განათლების სექტორში. საინტერესო და დასაფასებელია ერიკ შენინგერის შემართება და მისი ჯანსაღი დამოკიდებულება ცვლილებების ნელი ტემპისა და სიძნელეებისადმი. აქ კარგად ჩანს ავტორის ადამიანური, ჰუმანისტური დამოკიდებულება მასწავლებლისადმი, ადამიანებისადმი, რომლებსაც პროფესიულად ევალებათ ჩვენს ბავშვებთან მუშაობა, მათთან მრავალი საათის გატარება და რომელთათვის, საკმაოდ მტკივნეულია ტრადიციული საგანმანათლებლო სამყაროდან, „ციფრულ რევოლუციურ“ მეთოდებზე გადასვლა, ტექნოლოგიების ასეთი ტემპით განვითარებისა და ცვლილებების დროში.

მარტივი შეკითხვა, რომელსაც [ახლა] დავსვამთ, ასე ჟღერს: „როგორ შეიცვალა ბავშვის ცხოვრება ბოლო 150 წლის განმავლობაში?“. ამ შეკითხვაზე პასუხი იქნება: „ძნელია სფეროს მოძებნა, სადაც ის არ შეცვლილა!“ მაგრამ, თუ დღევანდელ და 100 წლის წინანდელ სკოლებს შევადარებთ, ვნახავთ, რომ ისინი ერთმანეთს უფრო ჰგვანან, ვიდრე განსხვავდებიან.

პიტერ სენჯი, წამყვანი ლექტორი, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტი,

სლოუნის მენეჯმენტის სკოლა (MIT Sloan School of Management)

სკოლა რეალურ ცხოვრებას უნდა ასახავდეს

ბევრ ჩვენგანს სჯერა, რომ ტექნოლოგიას საკმარისი პოტენციალი აქვს სკოლაში სწავლებისა და სწავლის კულტურის ტრანსფორმაციისათვის.

მიუხედავად ტექნოლოგიების გამოყენებისა, გაკვეთილის ეფექტურობის გასაზრდელად, ნასწავლის შესაფასებლად, მოსწავლეთა ჩართულობის გასაზრდელად თუ შემოქმედებითი უნარების გამოსავლენად, მათ განსაზღვრული როლი აკისრიათ სკოლის მრავალგვარ ფუნქციათა შორის.

მიუხედავად ჩემი მრავალჯერადი მოწოდებებისა, ბევრი სკოლა აგრძელებს ფუჭ მცდელობებს, მოამზადოს ბავშვები იმ სამყაროში საცხოვრებლად, რომელიც უკვე დიდი ხანია აღარ არსებობს; სამყაროსათვის, რომელშიც ტექნოლოგია უფრო ლამაზი დეკორაცია, ან უარეს შემთხვევაში, მიმზიდველი გასართობია და რომელსაც მნიშვნელობა არ აქვს მოსწავლეთა სწავლებაში.

ბევრი მოსწავლისათვის, სკოლა ვერ ასახავს რეალურ ცხოვრებას, რაც თავის მხრივ, მოსწავლეებში იწვევს სასწავლო და სწავლის პროცესისადმი სხვადასხვა დონის გაუცხოებას.

ამ შემთხვევაში, შეკითხვა ასე უნდა დაისვას: „როგორ შევძლოთ ისეთი სკოლების ტრანსფორმაცია, რომლებიც ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებენ მათი მოსწავლეების სწავლების სხვადასხვა საჭიროებას და ერთ ადგილს ტკეპნიან?“ ეს ძალიან მნიშვნელოვანია თუ მართლაც გვსურს ისეთი განათლების რეფორმა, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ექნება მოსწავლეებისათვის.

ჩვენს მოსწავლეებს სურთ, იყვნენ კრეატიული, ისწავლონ თანამშრომლობის ატმოსფეროში, გამოიყენონ ტექნოლოგიები სწავლისთვის, დაუკავშირდნენ სხვა მოსწავლეებს, ახლო თუ შორს, გააცნობიერონ ის გზავნილები, რომლებსაც მედიიდან იღებენ და გადაჭრან რეალური სამყაროს პრობლემები.

ის სკოლები და საგანმანათლებლო სისტემები, რომლებიც არ იყენებენ ციფრულ სწავლებას და აქცენტს სტანდარტიზაციაზე აკეთებენ, ყოველთვის უარყოფით რეაქციას გამოიწვევენ ჩვენს მოსწავლეებში.

აუცილებელია გავითვალისწინოთ ტექნოლოგიის ძალა, რომელიც გარკვეულწილად, იმ კატალიზატორს წარმოადგენს, რომელიც საჭიროა მოსწავლეთა ჭეშმარიტი ჩართულობისა და მათთვის გაზიარებული კონცეფციების რეალურ ცხოვრებაში გამოსაყენებლად.

თუ სკოლა საშუალებას აძლევს მოსწავლეს, გამოიყენოს ციფრული საუკუნის საშუალებები სწავლის პროცესში (რომლებსაც ისინი ისედაც იყენებენ სკოლის კედლების მიღმა), მაშინ სკოლას აქვს შანსი მოსწავლეთათვის იპოვოს მეტი შესაბამისობა და არსი იმ მასალაში, რომელსაც ისინი მათ ასწავლიან.

სკოლის მართვა ციფრულ ეპოქაში, ან სხვაგვარად „ციფრული ეპოქის ლიდერშიფი“ – ინგლ. Digital leadership – შეიძლება აღვიქვათ, როგორც დამოკიდებულებებისა და მიდგომების სპეციფიკური ნაკრები, რომელიც მიმართულია სკოლის კულტურის ტრანსფორმაციაზე და ხელს უწყობს ბავშვების შემოქმედებითი ნიჭის გამომზეურებას, ახალი მეთოდებით ახალი არტეფაქტების შექმნას და სასწავლო მასალის შემეცნებითი შინაარსის დემონსტირებას.

„ახალი“ სასწავლო მასალა და „ახალი“ მართვა ციფრულ ეპოქაში, აღნიშნავს მოსწავლეთათვის ცოდნისა და უნარების ეფექტურად გადაცემას და მათში იმ თავდაჯერებულობის ჩამოყალიბებას, რომელიც მათთვის აუცილებელი იქნება კოლეჯში, უნივერსიტეტში, სამუშაო ადგილზე სწავლისა თუ შრომისას; რომელიც საფუძველს ჩაუყრის მათ წარმატებას სამომავლოდ; რომელიც ხელს შეუწყობს მათ წარმატებას ისეთ სამუშაო ადგილებზე და პროფესიებში, რომლებიც დღეს ჯერ კიდევ არ არსებობენ, ან ჯერ არ შექმნილან.

ყველაზე მნიშვნელოვანი კი „ციფრული ეპოქის ლიდერობაში“ გახლავთ განათლების კონსტრუქტივისტული, ჰეუტაგოგიური (ინგლ. Heutagogy[1]) მიდგომა სწავლებისადმი და თვით სწავლისადმი.

საინტერესოდ გვეჩვენება, რომ მასწავლებლები, მოსწავლეები, ქსელები, კავშირები, რესურსები და საშუალებები (ინგლ. Tools), ერთობაში ქმნიან უნიკალურ ობიექტ-ერთეულს, რომელსაც აქვს პოტენციალი, ინდივიდუალურად დააკმაყოფილოს მოსწავლის, განმანათლებლებისა და თვით საზოგადოების საჭიროებები (Gerstein, J., 2013).

ციფრული საშუალებები შესაძლებელს ხდიან გავამდიდროთ და განვავრცოთ ცოდნა, გავაზიაროთ გამოცდილება, გავაკეთოთ პრაქტიკის რეფლექსია და თავიდან გავიაზროთ იგი, შევისწავლოთ უკუკავშირი და რეაქციები და ხელი შევუწყოთ სწავლის პროცესს სხვებისთვის. სამეცნიერო კვლევებმა აჩვენეს, რომ ციფრულ სწავლას თან სდევს დადებითი ეფექტები მოტივაციისა და სწავლების შედეგების მხრივ, თუ მათ ტრადიციულ სწავლებას შევადარებთ (Gerstein, J., 2013).

ამის მიღწევა კი შესაძლებელი იქნება თუ მოსწავლეებს უზრუნველვყოფთ რეალურ სამყაროში არსებული საშუალებებით, რომელთა გამოყენებითაც ისინი შეძლებენ, ისწავლონ და შექმნან ახალი ცოდნა თავიანთთვის. სპეციფიკური ტექნოლოგიების გამოყენებაზე აქცენტირებით, უფრო ადვილია მოსწავლეების ჩართულობის გაზრდა, რაც თავის მხრივ, გააუმჯობესებს სწავლების შედეგებს. ეს რეალური გახდება მაშინ, როდესაც შეიცვლება სკოლების კულტურა  და ის ორიენტირებული გახდება ციფრულ ეპოქაში მოსწავლეთა საჭიროებებზე.

პატივი ეცი თითოეულ მოსწავლეს

ყველა ბავშვში არის დამალული რაღაც დიადი. მასწავლებლის ამოცანაა დაეხმაროს მას, იპოვოს და „გახსნას“ ეს „დიადი“.

თითოეული მოსწავლის პატივისცემა გახლავთ ის იარაღი, რომლითაც 21-ე საუკუნის ყველა „ციფრული“ ლიდერი უნდა აღიჭურვოს. ეს საჭიროა ისეთი სკოლების შესაქმნელად, რომლებშიც ციფრულ „იარაღებს“ პასუხისმგებლობით გამოიყენებენ ყოველდღიურ სასწავლო პროცესში.

ჩვენ აუცილებლად გვჭირდება საუბარი ჩვენს მოსწავლეებთან. მოსწავლის/სტუდენტის პატივისცემა ნიშნავს მათთვის დროისა და ენერგიის დათმობას, განსაკუთრებულ ყურადღებას მათ მიერ დასმულ შეკითხვებზე, მათი მიღწევების აღნიშვნას, მათი პრობლემებისადმი ყურადღებას, მათ დაფასებას, ძლიერი მხარეების ხაზგასმას და მათზე უბრალოდ ზრუნვას (Tomlinson, 2011).

მოსწავლეები უნდა იყვნენ ტრანსფორმაციული ცვლილებისა და ღონისძიებების ნაწილი და მათ ხმებს, ნათქვამს თუ ნაწერს, შეუძლია ძალიან ღირებული წვლილი შეიტანოს ყველაფერში: იქნება ეს კურიკულუმი თუ პედაგოგიკა, ტექნოლოგიის შეძენა თუ სწავლისათვის გამოყოფილი დროის განაწილება.

პატივისცემა ასევე მოიცავს პროფესიული ზრდის ახალი გზებისა და ბილიკების ძიებას, რაც საშუალებას მოგვცემს, აღმოვაჩინოთ და განვახორციელოთ სიახლეები მათთან ერთად და მათი სახელით. ჩვენს სკოლებში ყველა ბავშვი იმსახურებს ისეთ ზრდასრულ ადამიანებს, რომლებსაც სჯერათ მათი.

 

[1] Heutagogy, ჰეუტაგოგია (დაახლ. თვითმართვადი სწავლა) – ახალი ტერმინი პედაგოგიკაში, რომელიც 21-ე საუკუნეში გაჩნდა (Kenyon and Hase, 2001) და გამოიყენება ახალი, მოქნილი სწავლებისათის, როდესაც მოსწავლე, მასწავლებელთან მოლაპარაკებით, თვითონ განსაზღვრავს სასწავლო მიმართულებას, მასალას და სწავლების მიმართულებას. პროცესი, როგორც ამას მეცნიერები აღნიშნავენ, გულისხმობს მოსწავლის ავტონომიას და მჭიდრო კავშირსა და დახმარებას მასწავლებლის მხრიდან. იხ. წყარო: https://www.teachthought.com/pedagogy/a-primer-in-heutagogy-and-self-directed-learning/

როგორ ვამუშაოთ დემოკრატია

0

სამოქალაქო განათლებისა თუ ისტორიის გაკვეთილებზე, დარწმუნებული ვარ, დღემდე ბევრს კამათობენ დემოკრატიის ცნების შესახებ და ერთ საერთო განსაზღვრებაზე ვერ თანხმდებიან. კამათი მხოლოდ საქართველოს სკოლებში არ მიმდინარეობს, დემოკრატიის არსის თაობაზე შეთანხმება ასწლეულებია უჭირთ ფილოსოფოსებსა და მეცნიერებსაც. პრინციპში, შეიძლება დავსვათ კითხვა: საჭიროა კი საზოგადოებასთან, მის განვითარებასთან დაკავშირებული მოვლენები უნივერსალური ტერმინებით აღვწეროთ? მრავალმხრივ ფენომენს, რომელიც საზოგადოებრივი ცხოვრების უამრავ დარგს მოიცავს, მარტივი ფორმულებითა და კანონებით ვერ შემოვფარგლავთ. ყოველთვის იარსებებს უამრავი ინტერპრეტაცია. აქედან გამომდინარე, ყველაზე მოხერხებული იქნება, თუ მოვლენის გააზრების რაც შეიძლება მეტ მცდელობას შევისწავლით, გავიაზრებთ და შევადარებთ მანამდე აღმოჩენილ მოდელებს.

მინდა, ჩვენს მკითხველს წარვუდგინო მსოფლიოსთვის ოდნავ მოძველებული, მაგრამ საქართველოსთვის უაღრესად აქტუალური და თანამედროვე ავტორი რობერტ პატნემი. წარმოიდგინეთ, მისტერ პატნემი ოცდაათი წლის განმავლობაში იკვლევდა და შეისწავლიდა იტალიის პოლიტიკურ სისტემას. იმის გასარკვევად, როგორია დემოკრატია რეალურ ცხოვრებაში, რეგიონების დონეზე. პატნემის კვლევითი ჯგუფი ცნების ზუსტი დეფინიციის ჩამოყალიბებაზე არ მომცდარა – იტალიელი და ამერიკელი მკვლევრები ეძებდნენ პასუხს კითხვაზე, როგორ ვამუშაოთ დემოკრატია.

კლასიკურ ნაშრომად ქცეულ წიგნში დემოკრატიის ასამუშავებლად აუცილებელ არაერთ ინდიკატორზეა საუბარი. ურთულესი და ჩახლართული დიაგრამების განხილვა არ ღირს, უმჯობესია, ყურადღება დემოკრატიის ეფექტიანი მუშაობისთვის აუცილებელ წინაპირობებზე გავამახვილოთ.

პატნემის კვლევა კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ დემოკრატია სტაბილური და სიცოცხლისუნარიანია იქ, სადაც საზოგადოება სოციოეკონომიკური მოდერნულობის გზას ადგას. მაშასადამე, დემოკრატიის სრულყოფილი ფუნქციონირებისთვის მხოლოდ სიმდიდრე და მდიდარი უმრავლესობის არსებობა არ არის საკმარისი. დემოკრატიას მედეგობასა და სიმტკიცეს სძენს თანამედროვე ტექნოლოგიებზე, ეკონომიკის რეალურ დარგებსა და მასობრივ დასაქმებაზე დაფუძნებული სამეურნეო ცხოვრება. ასეთ საზოგადოებებში ადამიანები დაკავებულნი არიან სტაბილურ და მეტ-ნაკლებად ღირსეულად ანაზღაურებად სამუშაო ადგილებზე, არ განიცდიან დეპრივაციას ანუ თავი უსარგებლო, უფუნქციო არსებებად არ მიაჩიათ. სოციოეკონომიკური თვალსაზრისით მოდერნულ საზოგადოებებში მაღალია კეთილდღეობის დონეც, ხალხისთვის ხელმისაწვდომია ჯანდაცვისა და განათლების მომსახურება. პატნემი თავის წიგნში წერს: „კეთილდღეობა ამსუბუქებს საზოგადოებრივ თუ პირადულ ტვირთს, ხელს უწყობს პიროვნების სოციალურ, დემოკრატიულ გარემოზე მორგებას“.

მხოლოდ სოციოეკონომიკური მოდერნულობის ხარჯზე დემოკრატიისთვის ბრძოლაში ფონს ვერ გავალთ. შედარებითი პოლიტიკის ლეგენდარული სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ შედეგიანი და სამართლიანი მმართველობა ვერ შედგება სამოქალაქო ჩართულობის, სამოქალაქო მონაწილეობის გარეშე. პატნემს სურს დაგვანახოს, რომ კერძო ინტერესსა და ალტრუიზმს შორის გადაულახავი, დაუძლეველი დაპირისპირება არ არსებობს. პირიქით, შესაძლებელია კერძო და საჯარო ინტერესების ურთიერთშეთავსება: „სამოქალაქო თემში მოქალაქეები, ტოკვილის თქმით, მისდევენ „სწორად გაგებულ კერძო ინტერესს“, რაც გულისხმობს, რომ კერძო ინტერესი ფართო საზოგადოებრივ საჭიროებათა კონტექსტით განისაზღვრება, „გონების შუქითაა მოსილი“, „უმეცრების ნაჭუჭში არ არის გამომწყვდეული“ და იგი მხოლოდ სხვათა ინტერესებთან ერთად, სხვათა ინტერესების კონტექსტში ცოცხლობს“. სამოქალაქო ჩართულობის ენერგია იქმნება იქ, სადაც ადამიანი საკუთარ ეგოიზმს, მარტოობას დაძლევს და გააცნობიერებს, რომ „საჯარო სფერო უფრო მეტია, ვიდრე საბრძოლო არენა, რომელზეც ადამიანმა მხოლოდ თავისი კერძო ინტერესი უნდა გაიტანოს“.

დემოკრატიის გამართული მუშაობის წინაპირობად პატნემის თეორიაში სახელდება საზოგადოებაში ურთიერთნდობის, შემწყნარებლობისა და სოლიდარობის არსებობაც. უბრალო სამოქალაქო ჩართულობა შეიძლება გაუთავებელ კონფლიქტებსა და დაუნდობელ დაპირისპირებაში გადაიზარდოს. სამოქალაქო მონაწილეობა ხშირად გამხდარა საზოგადოების დაქუცმაცებისა და ნაწილ-ნაწილ დაშლის განმაპირობებელი ფაქტორი. დემოკრატიული ინსტიტუტები მდგრადობას მხოლოდ იმ შემთხვევაში ინარჩუნებენ, როცა საზოგადოების ერთიანობას, ჯგუფების ურთიერთჭიდილის, მიუხედავად, ნგრევა არ ემუქრება. რა არის აუცილებელი ერთიანობის უზრუნველსაყოფად? პატნემი იტალიის სხვადასხვა რეგიონში ადამიანებს, სოციალურ ფენებს შორის ნდობის, შემწყნარებლობისა და სოლიდარობის ხარისხს აკვირდებოდა. მის მიერ შეკრებილი მონაცემების მიხედვით, დემოკრატიის დონესა და მოქალაქეთა შორის ურთიერთნდობისა და ურთიერთთანადგომის მაჩვენებლებს შორის პირდაპირპროპორციული დამოკიდებულებაა.

დემოკრატიისთვის ხელსაყრელ ნიადგს ქმნის თანამშრომლობის სოციალური სტრუქტურების მრავალფეროვნებაც. ასეთ სტრუქტურებად, ჩვეულებრივ, ასოციაციაებს მიიჩნევენ. პატნემი არ საუბრობს მაინცდამაინც პოლიტიკური კავშირების წევრობაზე. ის აქცენტს ნებისმიერი ტიპის ერთობებზე – მაგალითად, სპორტულ კლუბებზე, შემოქმედებით წრეებზე, სამრევლოებზე სვამს. ნდობის, შემწყნარებლობის, სოლიდარობის, ჩართულობის პრინციპები უნდა რეალიზდეს, მათ გამოსავლენად უნდა არსებობდეს სივრცეები. ამგვარი პლატფორმების გარეშე დემოკრატიისთვის აუცილებელი უნარების „გავარჯიშება“ არ ხდება.

რაც მთავარია, დემოკრატია არ მუშაობს თანასწორობის გარეშე. მოქალაქეებს არ უნდა ჰქონდეთ შეგრძნება, რომ ვიღაცების მონები არიან, ვიღაცების მბრძანებლურ სისტემას ექვემდებარებიან. ისინი უნდა გრძნობდნენ, რომ კანონის წინაშე თანასწორნი არიან და რომ არ არსებობს ორი სამართალი – ერთი ბატონებისთვის, მეორე კი ძალაუფლების არმქონე პირებისთვის.

ნუ დახარჯავთ ბევრ დროს უზუსტესი განმარტებების მოსაძებნად, იმსჯელეთ გარემოებებზე, წინაპირობებზე, რომლებიც სამართლიან და ეფექტიან ინსტიტუტებს ქმნიან და ამუშავებენ.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...