ორშაბათი, ივლისი 14, 2025
14 ივლისი, ორშაბათი, 2025

გასტეხს ქვასაცა მაგარსა… ანუ დაკარგული მოსწავლეების აღმოჩენის გზაზე

0

ვერ ვიტან სკოლას.

ამქვეყნად ყველაზე მეტად ეგ მეზიზღება.

არა, უფრო მეტადაც…

გამიმწარა ცხოვრება.

 

ანა გავალდა, „35 კილო იმედი“

ეპიგრაფი თუ გეცნოთ და გზაჯვარედინზე მდგარი, უიმედო, დაღლილი, სკოლისგან და მშობლების ჩიჩინისგან გაწამებული ჯადოსნურხელებიანი და შემოქმედებითი იდეებით სავსე ბიჭი გაგახსენდათ და სევდა მოგერიათ, ე.ი. თქვენ სხვა ასეთ ბავშვებსაც იცნობთ, იცნობდით, მათ სევდაზეც ბევრი გიფიქრიათ და გამოსავლის გზებიც გიძებნიათ. ნეტავ თუ იპოვეთ?

მე ვეძებ. ხახვის ფურცლებს მივყვები და ვცდილობ, არ დავიკარგო. ზოგჯერ, როცა ქარი ამოვარდება და ამ ფურცლებს აქეთ-იქით მიმოფანტავს, მთავარ გზას ავცდები ხოლმე, მაგრამ ამ დროს გრეგუარის მიერ ბაბუის სამუშაო მაგიდაზე ამოტვიფრული ჯადოსნური სიტყვა მახსენდება – „დამეხმარე“ და ამ სიტყვას თან მოაქვს ძალიან ნათელი პორტრეტები მხრებში მოხრილი, დაპატარავებული, გასაქრობად მზად მყოფი მოზარდებისა, რომლებმაც იფიქრეს: ისეთ სიტუაციაში ვიყავი, რაღაცის აშენებას რომ გადაწყვეტ, მაგრამ აღმოაჩენ, რომ ამისთვის არაფერი გაგაჩნია: არც პროექტი, არც მოდელი, არც გეგმა, არც მასალა და ხელსაწყოები. სულ არაფერი. და ახლა შველად მხოლოდ გაქრობა ესახებათ ან თავის წყალწაღებულად აღიარება, რადგან, როგორც პენაკი იტყვის „რომანივით საკითხავში“, არაფერს ისეთი სულიერი სიმშვიდე არ მოაქვს, როგორც მუდმივ ორიანს მათემატიკასა და მართლწერაში: გამოსწორების შესაძლებლობის სრული გამორიცხვა მცდელობებით გამოწვეულ შფოთვას უსვამს წერტილს. და კიდევ, ის ფერადი ბავშვი მახსენდება ანიმაციიდან, მშობლისა და საზოგადოების დიდურ შეხედულებებს (განათლებაზე, სამსახურზე, ცხოვრებაზე) რომ ეწირება, ნელ-ნელა ბაცდება და ნაცრისფერდება.. და ეს პორტრეტები, მტკივნეულად ნამდვილი სურათ-ხატები გამომაფხიზლებენ და გზაზე დამაყენებენ ხოლმე. მაგრამ, ერთია, თავად იდგე სწორ გზაზე, მეორე – შუქნიშნად გამოადგე ვიღაცას და მესამე – სწორი მიმართულების მაჩვენებლად.

ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში პროფესიულ გა­ნათ­ლე­ბა­ში ზოგადსაგანმა­ნათ­ლებ­ლო კომ­პო­ნენ­ტის ინ­ტეგ­რი­რე­ბა დაიწყო და ცხრაკლასდამთავრებულთათვის ახალი შესაძლებლობები გააჩინა, ისინი სასურველი პროფესიის დაუფლების პროცესში ინტეგრირებულად გაივლიან იმ საგნებს, რომლებიც სკოლის საშუალო საფეხურზე უნდა ესწავლათ, ოღონდ არა განყენებულად, არამედ თავიანთ პროფესიასთან მჭიდრო კავშირით/ინტეგრირებით და საბოლოოდ, პროფესიულ დიპლომთან ერთად სრული ზოგადი განათლების ატესტატსაც მიიღებენ, რაც გზას გაუხსნით, სამომავლოდ, უმაღლესი სასწავლებლებისკენ. მე ეს იდეა, მისი მიზანი და ხორცშესხმის მეთოდები ბევრი მიზეზით მომწონს, ამიტომ შუქნიშნობა სწორედ პროფესიული მასწავლებლის ამპლუაში გადავწყვიტე.

იმისათვის, რომ ვინმესთვის სწორი მიმართულების ჩვენება შეძლო, ჯერ უნდა გაიგო, მგზავრს საით უნდა წასვლა, ჰოდა, მეც, როცა ლექციაზე შევდივარ, ყველას გაცნობას ერთი კითხვით ვასრულებ: აქ რატომ ხარ? და რეალურად, ამ კითხვაზე პასუხების მოსმენით ვიწყებ მათ გაცნობასა და იმ გზების დაგეგმარებას, რომლებიც შუქნიშნით უნდა გამოუჩნდეთ.

სტუდენტების 80% მპასუხობს, რომ სკოლიდან აგდებდნენ და… სკოლაში მაინც არაფერს აკეთებდა და… 15%-ს გააზრებული აქვს, რა უნდა და რატომ, ძალიან კონკრეტული მიზნითაა მოსული – უკვე მუშაობს ამ სფეროში და უნდა კვალიფიკაცია ჰქონდეს ან პერსპექტივა აქვს ამ სფეროში და დიპლომი სჭირდება და ა.შ.  5% კი ამ პროფესიაზე ბავშვობიდან ოცნებობდა. არც ისე სახარბიელო შედეგია, ხომ?! კი, მაგრამ, პროფესიული სასწავლებელი თავშესაფარია თუ რა? – თქვენც გაიფიქრეთ ხომ?! წარმოგიდგენიათ, რა დაბალი წარმოდგენა აქვთ პროფესიულ სწავლებაზე? მაგრამ, ამის მიზეზებზე საუბარი შორს წაგვიყვანს, ამიტომ..

ვისაც კონკრეტული სფერო აინტერესებს, მისთვის სწავლება გამოწვევაა, ვისაც აქამდე არაფერი აინტერესებდა და არც იცის, რამ შეიძლება დააინტერესოს – ორმაგი გამოწვევა – ჯერ უნდა დაინტერესდეს, მერე დაიჯეროს, რომ გამოსდის და მერე შენიანი გახდეს, ანუ შუქნიშად გაღიაროს. მაგრამ, სანამ ისინი გაღიარებენ, ჯერ შენ უნდა აღიარო. ამისათვის, პირველი რაც სჭირდებათ, არის:

ინდივიდუალიზაცია – შემჩნევა რამე ისეთის, რაც მათ სხვებისგან გამოარჩევს და ამისი ხშირი ხაზგასმა, შეხსენება. პროფესიული კოლეჯი, თავისი არსით, ისედაც ამას ემსახურება (რამდენად კარგად გამოსდის, ეს სხვა საკითხია), აქ ინტერესების მიხედვით იქმნება ჯგუფები და არა ასაკის, სქესის, აკადემიური მოსწრებისა თუ სხვა კრიტერიუმების გათვალისწინებით.

პასუხისმგებლობა – „ბავშვებო“ – გთხოვთ, დაივიწყეთ ეს მიმართვა. ისინი აქ სტუდენტის სტატუსით არიან, ამიტომ, ესაუბრეთ ისე, როგორც სტუდენტებს შეეფერებათ, რათა იგრძნონ ვალდებულება და პასუხისმგებლობა, იცოდნენ, რომ აქ თავიანთი ნებით არიან, ყოფნა კი გარკვეული მოვალეობების შესრულებას გულისხმობს.

თავისუფლება – ნაკლები დირექტიული ტონი და მეტი თანამშრომლობა.

გულშემატკივრობა – უნდა გჯეროდეთ მათი, ვითომ-ვითომ კი არა, მართლა უნდა გჯეროდეთ.

და უნდა გჯეროდეთ საკუთარი თავისაც. მე მჯერა, რომ მასწავლებლებს ყველაფერი შეგვიძლია, მჯერა რომ ძალიან მნიშვნელოვნები ვართ და თქვენ თუ ჯერ კიდევ გეპარებათ ეჭვი, აიღეთ ხელში საყვარელფერიანი კალამი, ქათქათა თაბახის ფურცელი და მასწავლებლობასთან დაკავშირებული ყველა ასოციაცია შეუჩერებლად ჩამოწერეთ, თუ ერთი ფურცელი არ გეყოთ, დაიმატეთ და როცა დაასრულებთ, გადაიკითხეთ თქვენი ცნობიერ-არაცნობიერი ნარატივი და თუ ღიმილი დაღლას გადაგიწონით, ჩათვალეთ რომ ღირდა, ღირს და მომავალშიც ისე შეძლებთ საქმის კეთებას, რომ ღირდეს.

სწავლა-სწავლების ღირებულებას რა განსაზღვრავს? პროცესი, რომელიც გრძელვადიან მიზანზეა ორიენტირებული და მოსწავლეს სამომავლოდ მნიშვნელოვანი უნარების გამომუშავებას კი არ ჰპირდება, არამედ ახლა და აქ მის დაინტერესებას, საჭიროებების გამოკვეთას, უნარების გამოყენებას, შესაძლებლობების წარმოჩენას, წინარე ცოდნის აქტუალიზებას, სწავლის სწავლას უწყობს ხელს და ინტერესების შესაბამისი განათლების მიღების პროცესს სა-ჭირ-ო კი არა, ცხოვრების სასიამოვნო ეტაპად უქცევს. გრეგუარსაც ხომ სწორედ ის მასწავლებელი დაამახსოვრდა, რომელიც არ ელოდა დედის დღეს, რათა რამე მოეფიქრებინა. მის გაკვეთილებზე მოსწავლეებს მუდამ ჰქონდათ ნაირ-ნაირი ნივთების შექმნის საშუალება, რადგან მარი მასწავლებლის აზრით, წარმატებული მხოლოდ ის დღე იყო, როდესაც რამე ახალს ქმნიდნენ.

ძალიან მინდა, მარი მასწავლებლის საქმით თანამოაზრეები გავხდეთ და ერთად მოვიფიქროთ რამე, მოსწავლეების/სტუდენტების წარმატებული დღეებისთვის, რათა გრეგუარივით ყველა მიხვდეს ერთ მარტივ ჭეშმარიტებას: ამქვეყნად ყველაზე საინტერესოა მათი ხელები, ტვინები, ფიქრები, დამოკიდებულებები, წარმოსახვა და ის, რაც მათი მეშვეობით შეუძლიათ შექმნან. რეფორმის ნაწილად ყოფნა და ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვა კი მეტი არაფერია, თუ არა ამ შესაძლებლობების დანახვის, დაფასებისა და განვითარების ხელშეწყობა.

რისთვის ვასწავლო, რა ვასწავლო, როგორ ვასწავლო და თან ისე, რომ სამივე კითხვაზე პასუხი მოსწავლის შესაძლებლობების აღმოჩენას, განვითარების ხელშეწყობასა და სიამოვნებას მიემართებოდეს? ამ კითხვაზე პასუხია კონსტრუქტივისტული მეთოდებით წარმართული სასწავლო პროცესი და კომპლექსური დავალება, რომელიც უნდა იყოს არა ბევრი, არამედ მრავლისმომცველი – მოსწავლეს თავისი თავის მრავალი მიმართულებით გამოხატვის საშუალებას უნდა აძლევდეს.

მსგავსი მიდგომები და დავალებები აქამდეც რომ იყო, ვიცით. შემოქმედებითი მასწავლებლებიც რომ ყოველთვის გვყავდა, ესეც ვიცით. მაგრამ, ახლა ამ მიდგომით პედაგოგთა უმცირესობამ კი არა, აბსოლუტურმა უმრავლესობამ უნდა ასწავლოს. მე არ ვაპირებ შედარებებით ლაპარაკს და კონტრასტების ჩვენებას, უბრალოდ მოგიყვებით ერთი კომპლექსური დავალების შესახებ და ჩემი გზავნილის მიზანი თავად განსაზღვრეთ.

დავალებაზე მუშაობისას გამოგადგებათ შემდეგი რესურსები

ჩვენი გაკვეთილის პოლიტიკა ასეთია: „Nihil de nobis, sine nobis“, რაც ნიშნავს იმას, რომ აქ არაფერი ხდება ჩვენი უშუალო თანამონაწილეობის გარეშე, მათ შორის არც კომპლექსური დავალების პირობის შედგენა. კომპლექსური დავალების (პირობა, კრიტერიუმები) გაცნობის შემდეგ აქტივობებზე ვიწყებთ მუშაობას და უცებ რომელიმე მათგანი იტყვის, „მე უკვე ვიცი, როგორც გავაკეთებ“. მერე მეც მომდის იდეები. ერთმანეთს ვუზიარებთ და დავალების პირობაში ისეთი ცვლილებები შეგვაქვს, რომ მაქსიმალური თავისუფლება გვქონდეს მუშაობის პროცესში. პირველ პირში იმიტომ ვსაუბრობ, რომ დავალების განმხორციელებლად ჩემს თავსაც მოვიაზრებ. მის რელევანტურობას კი იმით ვამოწმებ, თავად რა იდეები მაქვს მასთან დაკავშირებით, თუ იდეები მოდის, თუ შემოქმედებითობა შემიპყრობს, ე.ი. დავალება ვარგა (იხ. ჩემ მიერ შესრულებული კომპლექსური დავალება).

ხოლო, თუ რომელიმე თქვენგანი მაინც სკეპტიკურად იკითხავს, „ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ თქვენ ამას აკეთებთ ონლაინსწავლების პირობებში?“ გეტყვით, რომ დიახ, ჩვენ – მე, როგორც მასწავლებელი, მე – როგორც სტუდენტი და ისინი – როგორც მაძიებელი ადამიანები, ამას აკეთებენ და აკეთებენ არა ჩემთვის, არამედ წლების განმავლობაში დაკარგული თავის აღმოსაჩენად. და ყველაფერი რომ მართლაც მათი აღმოჩენის, შესაძლებლობების, ინტერესების სამზეოზე გამოტანას ემსახურება. ამაზე მათი ნამუშევრები მეტყველებს.  და ზოგჯერ არშესრულებული ნამუშევრებიც.

გისურვებთ, თქვენს მოსწავლეებს აღმოეჩინოთ, რომ „ქულები არაფერს ნიშნავს, არსებობს კიდევ მოტივაცია..“. და სწორედ თქვენ ყოფილიყავით მათი მოტივაციის წყარო და უკუკავშირიც არ დააყოვნებს.

 

 

 

 

ადამიანად ყოფნის ტკივილი

0

„რამ შემქმნა ადამიანად, რატომ არ მოველ წვიმადა?“- წუხს ვაჟა-ფშაველას ლექსის ლირიკული გმირი. ეგზისტენციალური კრიზისი, რომელიც ადამიანად არსებობის უაზრობას ამხელს, არაერთ მხატვრულ ტექსტში წარმოჩნდება განსხვავებული ვარიაციით, მწერლის   ფილოსოფიურ-რელიგიური თუ ესთეტიკურ-მსოფლმხედველობრივი კონტექსტების შესაბამისად. ვაჟას ლექსში („რამ შემქმნა ადამიანად?“) მთავარი საფიქრალი   მოკვდავობის, ადამიანის დროში ხანმოკლე არსებობის როგორმე გადალახვაა, „სიკვდილის გაწბილება“ და იმგვარი თავისუფლების მოპოვებაა, ბუნებას რომ ახასიათებს.

ავტორის ფიქრის ნაკადები მიიმართება ადამიანის დანიშნულების გასარკვევად, გასააზრებლად. აქაც აქტუალურია ბარათაშვილისეული კითხვა: „მაინც რა არის ჩვენი ყოფა-წუთისოფელი, /თუ არა ოდენ საწყაული აღუვსებელი?“. ლექსში ამქვეყნიური ყოფა წარმოჩენილია, როგორც დაუსრულებელი სატანჯველი:

„არ გამწირავდა პატრონი,

ასე ოხრად და ტივლადა“.

პატრონი ღმერთია, რომლის შემწეობის იმედიც დაუკარგავს ლირიკულ გმირს. ქვეტექსტურად, აქ გაისმის სახარებისეული გოდება ჯვარზე გაკრული იესოსი:   „ღმერთო ჩემო, რაისთვის დამიტევებ მე“ (მათე, 24, 46). ეს მორწმუნე ადამიანის ტკივილია, ღვთისმოსავი კაცისა, რომელსაც სჯერა, რომ არ გაიწირება, მიუხედავად უამრავი დაცემისა და შეცოდებისა, ღვთის ღალატისა და გაცემისა. გვახსენდება გურამიშვილის, ვაჟას   „წინამორბედისა“ და „უძვირფასესი პაპის“   მოთქმა-გოდებაც:

„აწ შენ, ჩემო საყვარელო, იმყოფები სადა?

ქვეყნად შენგან უკეთესი მე არავინ მყვანდა.

ქვესკნელსა ვარ, ვერა გხედავ, მეგულვები ცადა;

გეაჯები, ნუ გამწირავ, წამიყვანე მანდა!“.

„ქვესკნელად“ ქცეული წუთისოფლის სიბნელიდან თავდაღწევის სურვილი მოისმის ვაჟს ლექსიდანაც: ცა და მიწა ერთმანეთს უპირისპირდება, ღვთაებრივ ზესკნელში მხოლოდ ხორცისგან განძარცული „აღიტაცება“, ბუნების ნაწილობა შეაძლებინებს იმ ჰარმონიული სიმშვიდის მოპოვებას, რომლის განცდაც   საკუთარ დანიშნულებას აღმოაჩენინებს. ამგვარად, ლექსში შემოიჭრება ჭეშმარიტების ძიების წყურვილი. ლირიკული გმირი ოცნებობს ღმერთთან სიახლოვეზე, რომელიც თავისუფლებას მიანიჭებს:

„ცაშივე ამიტაცებდა,

თან მატარებდა შვილადა.

ასე არ დამჭირდებოდა

სულ მუდამ ყოფნა ფრთხილადა“.

საკუთარ თავსა თუ სამყაროსთან გამუდმებულ ჭიდილში დაღლილ ლირიკულ გმირს სურს დაუსრულებელ მშვენიერებასთან ზიარება. რთულია, რომ „ბალახი იყო სათიბი“,   რადგან არა გწადია „ცელობა“: „ცხვრადვე მამყოფე ისევა,/ ოღონდ ამშორდეს მგელობა“. მაგრამ სწორედ ამ წინააღმდეგობებთან ბრძოლაში გამოტანჯვით იბადება   პიროვნება, რომელიც მხოლოდ მაშინ არის ბედნიერი, როცა „შეწუხებულია“ („ჩემი ვედრება“) და რომელსაც ფიქრის ეკლიანი „კაცობის გვირგვინი“ ადგას.

ლექსის სხვადასხვა   წარმოსახული სივრცე   ერთმანეთს ენაცვლება. ლირიკული გმირი ცდილობს, გაარღვიოს ცხოვრების ჯურღმული, ამოვიდეს ღია სივრცეში, სადაც არაფერი შეზღუდავს მის ნებას. ერთი მხრივ, ტკივილითა და სიკვდილით დაბინდული მიწაა, რომელიც მას არ აურჩევია, მეორე მხრივ, ზეცაა – სინათლით, მარადისობით, სიხარულით აღბეჭდილი. მას სურს გაცნობიერებული არჩევნით სიცოცხლეს, საკუთარ არსებობას აზრი მიანიჭოს. აქაც შემოიჭრება ბარათაშვილისეული სწრაფვა: „გულისთქმა ჩემი შენს იქითა ეძიებს სადგურს,/ ზენაართ სამყოფს, რომ დაშთოს აქ ამაოება“ („შემოღამება მთაწმინდაზედ“).

ლექსის ლირიკული გმირი ეჭვებით დაღლილი, განწირულების ფიქრით დაღდასმულია, თითქოს აღარ შეუძლია ამ ცხოვრებისეული დაქსაქსული გზების გაკვლევა, „სულ მუდამ ფრთხილად ყოფნა“, ათასგვარ საცდურთან გამკლავება, უფსკრულის თავზე ქანაობა. ეს უფსკრული, უპირველესად, მისი სხეულია, საიდანაც სურვილები, ოცნებები დაუსრულებლად ამოიფრქვევა. „ცხოვრება ხომ ჩვენი სურვილების მიხედვით გვტანჯავს“ (ბესიკ ხარანაული). წუთისოფელი   გაუსაძლისია,   „ორგემაგე“, ფლიდი, მატყუარაა. როგორც რუსთველი ამბობს: „ყოვლი შენი   მონდობილი ნიადაგმცა ჩემებრ ტირსა“. ლექსის სტრიქონებში ეკლესიასტეს გოდებაც გაისმის.

ლექსზე ფიქრისას მეხსიერებაში გოდერძი ჩოხელის „ადამიანთა სევდის“ ფინალური აკორდებიც შემოიჭრება: „რა არის სიცოცხლე? – სიცოცხლე სევდა არის, ადამიანად ყოფნის ტკბილი სევდა. – სიკვდილი? – სიკვდილიც სევდა არის, ადამიანად არყოფნის სევდა“.   ამ სევდის ფერებითა და არომატებითაა სავსე ვაჟა-ფშაველას ეს მშვენიერი ლექსიც.

დაცარიელებული ზეცის ხატიც უჩნდება მკითხველს და კამიუ გაახსენდება, ყოფის აბსურდულობის აღიარებით. ლირიკული გმირიც სიზიფეს მიაგავს, ლოდის მწვერვალისკენ ატანა მიუსჯიათ ღმერთებს, კამიუს სიზიფე ბედს შერიგებულია, მან იცის, რომ სიცოცხლე აბსურდულია და ამის გაცნობიერებით საკუთარ უბედურებაზე   მაღლა დგება. მწვერვალზე ყოფნის წამებით ტკბება. როგორც აკაკი ამბობს:

„ერთი წამიც კი სიცოცხლის,

თუ სხივების მომფენია,

უსინათლოს და უგრძნობელს

საუკუნეს მირჩევნია“. („რაც არ იწვის, არ ანათებს“).

სიზიფე შემოქმედი ადამიანის სიმბოლოდაც შეიძლება გავიაზროთ. მწვერვალზე ყოფნა შთაგონების, ექსტაზის წამია, როცა ჩნდებიან იდეები და პოეტური ხატები. მაგრამ ამ ლოდის გარეშე, ტანჯვის გარეშე არც ეს წამები იქნება. მსხვერპლის გარეშე   ღირებულს ვერავინ შექმნის.

გოეთეს ფაუსტი მზად არის   მეფისტოფელს ხელშეკრულებაზე ხელი მოუწეროს, ოღონდ ერთი პირობით:

„მომეცი ხელი!

თუ წამს მიმავალს როდისმე ვეტყვი:

„შეყოვნდი, წამო, ხარ მშვენიერი”!

დამდე ბორკილი, დამეც შენს ფერხთით,

ჩამასვე ჭანგი ქვესკნელიერი!

განთავისუფლდე იმავ წამიდან,

რა მსახურებაც გაქვს ნაკისრები,

შედგეს საათი – ჟამი წავიდა! –

ძირს ჩამოცვივდეს მისი ისრები“ (დავით წერედიანის თარგმანი).

ვაჟას ლექსის ლირიკული გმირისთვისაც დროს გააუქმებს მზესთან ტრფიალების მშვენიერი წამები. სტრიქონებში ქვეტექსტურად შეიგრძნობა ის სიცარიელე, რომელსაც „უპატრონობის“,   ღვთისგან მიტოვებულობის განცდა იწვევს.    თითქოს ღმერთიც აღარ დაეძებს, რადგან არა მხოლოდ უძღები შვილია, საკუთარი სახლიდან თავისი ნებით წასული და გზააბნეული,   არამედ „უძებნი შვილიცაა“ (ბესიკ ხარანაული),   რაც მეტ ტრაგიკულობას ბადებს .

ვაჟას აზრით, წვიმად ქცევა, ბუნების ნაწილობა, უპირველესად სიკვდილის,   მოკვდავად ყოფნას გადალახვის გზაა. ბუნებამ არ იცის სიკვდილის ტკივილი, აქ ყოველივე ტრანსფორმირდება, იცვლება, განახლდება. სიცოცხლე ციკლურია და დაუსრულებლად მეორდება:

„მზის მოტრფიალე ვივლიდი

სიკვდილის გამაწბილადა;

მაღლა ცა, დაბლა ხმელეთი

მე მექნებოდა წილადა“.

მზის ტრფიალება იქნებოდა უღალატო, რადგან დაცემა ადამიანის ხვედრია. ბუნება კი სიკეთისა და ბოროტების მიღმაა:

„ბუნება მბრძანებელია,

იგივ მონაა თავისა,

ზოგჯერ სიკეთეს იხვეჭავს,

ზოგჯერ მქნელია ავისა;

ერთფერად მტვირთველი არის

საქმის თეთრის და შავისა;

საცა პირიმზეს ახარებს,

იქვე მთხრელია ზვავისა…

მაინც კი ლამაზი არის,

მაინც სიტურფით ჰყვავისა!..   („ღამე მთაში“).

ლექსში ჩანს დარდი ადამიანური გარჯის უნაყოფობისა. ბუნებაში კი ყველაფერი კანონზომიერია. აქ სხვისთვის მსახურება ბუნებრივია, ეს არსებობის კანონია. „ოფლის ღვრა“ სამყაროს საკეთილდღეოდ, სიცოცხლის   დასტურია, მისი გამართლებაა:

„გავიხარებდი, მთა-ბარსა

ოდეს ვნახავდი მწვანედა,

მორწყულსა ჩემის ოფლითა,

ყვავილებს შიგნით, გარეთა.

გადავუშლიდი გულ-მკერდსა

დღისით მზეს, ღამით მთვარესა.

სიცოცხლეს ვაგრძნობინებდი

მომაკვდავ არე-მარესა“.

წვიმა, წყალი სიცოცხლის სიმბოლოა. მითოლოგიური თვალსაზრისით, წყალი განმაახლებელია. მეცნიერული თვალსაზრისითაც, სიცოცხლე წყლიდან წარმოიშვა.

ვაჟას სამყაროში პოეტური ნიღბების მრავალფეროვნებაა, მისი ალტერ ეგო ხან დაჭრილ არწივად, ხან ნაიალაღარ ხარად, ხან მთად თუ ნისლად გარდაისახება. პოეტი მეტაფორებით შთამბეჭდავად წარმოაჩენს იმ შეგრძნებებს, რომლებიც წვიმად გადაქცევისას ექნებოდა. აქ წვიმის სურნელით გაჟღენთილ-გაწმენდილი სამყაროა დახატული:

„თოვლად ქცეულსა გულშია

ცეცხლად იმედი მრჩებოდა,

რომ ისევ ჩემი სიკვდილი

სიცოცხლედ გადიქცეოდა

და განახლებულ ბუნებას

ყელ-ყურზე მოეხვეოდა“.

ლექსში ჩანს პიროვნული რეალიზების სურვილი, საქმე აკეთოს და დაინახოს ამ საქმის, ზრუნვის, სიყვარულის შედეგი. ეს საოცარი სახარებისეული უშურველობა კი, რომელიც მხოლოდ გაცემას ემყარება, სავსეა ნეტარებით.   დავით მეფსალმუნის „ყოველი სული აქებდით უფალსა“ გვახსენდება. ეს აკაკისეული სიმთვრალეცაა:

სხვებმა სვან ღვინო, მე უღვინოდაც

მთვრალი ვარ პირად ბედნიერებით

და ნეტარებას მიმრავალკეცებს

მიდამო მისის მშვენიერებით.

ვიშ, ამ საღამოს,   მშვიდსა, საამოს,

ტკბილ ნეტარებით შეზავებულსა!..

რა უცნაურად,   მაღლით ციურად

სამოთხისაკენ იტაცებს გულსა“ („ქებათა-ქება“),

ვაჟას ლექსში „სამოთხის“ შეგრძნება წარმოსახულია, ოცნებისეული სივრცეა, რადგან ილუზია ჩნდება, რომ ამოხსნილია სიცოცხლის საიდუმლო. ლექსის მიღმა სამყაროში კი ჯოჯოხეთური უპასუხო კითხვებია, რომლებიც ანატრებინებენ „ადამიანად არყოფნას“.

ამ ლექსთან დაკავშირებით არსებობს ვაჟას ქალიშვილის, გულქან რაზიკაშვილის ლამაზი მოგონება: „წვიმდა ჩქეფითა, მაშინ ცხრა-ათის წლისა ვიქნებოდი. ძროხაში ვიყავ. ყველას მოუვიდა პატრონი და სახვევები მოუტანეს, მე კი არა, არავინა. მამა ჩარგალს არ იყო. ჩამდიოდა წკრიალასა წყალი კაბის ბოლოზედა და ვიდეგ აი, იქა… გამყინა. მოვიდა უცებ ცხელი მზე. გავთბი. მომშივდა კიდეცა. ზაფხული იყო, მომშივდა და ერთი პატარა პურაი მქონდა, ისიც გამხმარი, დავფიქრდი: მე რო ობოლი არა ვყოფილიყავ, განა ეგრე ვიქნებოდიო. დავფიქრდი და ვთქვი:

რად გამაჩინე, უფალო,

რატომ არ მოვედ წვიმადა

ამითვისებდენ ღრუბელნი,

თან მატარებდენ შვილადა…

ჩემი ობლობა და მწყემსობა ემაგ ორ-სამ სიტყვაში ჩავხატე. შენა მყვანდიო, – მითხრა, – შენაო, პირველად მაშინ მაკოცა. შევნანდი მამასა და იმითა. მამამ მითხრა, რო ეგაო ძალიან გენიოსური სიტყვაა, შენაო, გოგოო, ჩემზე მეტი ნიჭი გქონიაო. დაწერე, როცა რა მოგაგონდეს ესეთი, ქვებზე და მომიტანე, ჩავწერო.

 

დავწერდი, გაიავდრებდა, გადამირეცხდა, დავწერდი ქვაზედა, ძროხები დამიბზიკავდებოდნენ, მივბრუნდებოდი, ადგილი გადამიბრუნდებოდა, დავკარგავდი, ეეე!.. მამა მთხოვდა, ქვებზე წერე და მოიტანეო…“

„განგების გასართობნი ვართ“, – წერს ვაჟა ერთ ლექსში და მკითხველს შეაგრძნობინებს ბედისწერის გარდაუვალობას, მაგრამ პოეზიით გამოდის ამ ჩაკეტილი წრიდან და, მიუხედავად იმისა, რომ „სიცოცხლე სამოთხე არ არის“ და „მოსვლაში არა ყრია რა“ („იას უთხარით ტურფასა), მაინც დაბადებას არჩევს, რადგან მხოლოდ ამ შემთხვევაშია    ოცნებისეული მეტამორფოზები შესაძლებელი, იმგვარი გარდასახვა, როდესაც უბედურება ბედნიერებად იქცევა და არაფრის მქონე კოსმოსის მფლობელად გადაიქცევა:
„მთლად მე მეკუთვნის ქვეყანა:

მთაში – მთა, ბარად – ბარია,

ზღვა და ხმელეთი ერთიან,

ცას -ვარსკვლავების ჯარია“. („სიმღერა“).

ვაჟა-ფშაველას ამ ფილოსოფიურ ლექსში ლირიკული გმირი სვამს კითხვებს, რომლებითაც დგება სამყაროსა და საკუთარი თავის შემეცნების დაუსრულებელ გზაზე. ეს გზა ტკივილითა და სიხარულით სავსეა, იმგვარი ფიქრის აღმძვრელია, რომელიც აწუხებს, მაგრამ თანვე აბედნიერებს   („მხოლოდ მაშინ ვარ ბედნიერ,/ როცა ვარ შეწუხებული“ („ჩემი ვედრება“), ამიტომაც   გულწრფელი აღტაცებით აღმოხდება:

„დიდება ქვეყნის შემოქმედს,
რა კარგად დაუწერია! („სოფლისა წესი ასეა“).

 

 

 

 

 

 

 

 

 

ციფრული ეპოქა: რა ქნას სკოლამ ასეთ დროს?

0

ამერიკელი ავტორის, სპიკერისა და განმანათლებლის ერიკ შენინგერის 2019 წელს გამოცემული წიგნი, „Digital Leadership“, სასკოლო განათლების თანამედროვე გამოწვევებს ეძღვნება. ავტორი ცდილობს, გაგვიზიაროს თავისი დამოკიდებულება სკოლების ტრანსფორმაციის მიმართ და მონიშნოს სირთულეები, რომლებიც ყოველთვის თან ახლავს ასეთ ფუნდამენტურ ცვლილებებს. მიუხედავად აშშ-სა და სხვა ინგლისურენოვან ქვეყნებში წიგნის პოპულარობისა, ავტორის ტონი ნათლად გვიჩვენებს, რა მძიმედ მიმდინარეობს სასკოლო სამყაროს „დიგიტალიზაცია“ციფრული ტექნოლოგიების საშუალებებზე გადასვლათვით აშშ-ის სასკოლო განათლების სექტორში.

საინტერესო და დასაფასებელია ერიკ შენინგერის შემართება და მისი ჯანსაღი დამოკიდებულება ცვლილებების ნელი ტემპისა და სირთულეებისადმი. აქ კარგად ჩანს ავტორის ადამიანური, ჰუმანისტური დამოკიდებულება მასწავლებლისადმი, ადამიანებისადმი, რომლებსაც პროფესიულად ევალებათ ჩვენს ბავშვებთან მუშაობა, მათთან მრავალი საათის გატარება და რომელთათვისაც საკმაოდ მტკივნეულია ტრადიციული საგანმანათლებლო სამყაროდან „ციფრულ რევოლუციურ“ მეთოდებზე გადასვლა ტექნოლოგიების ასეთი ტემპით განვითარებისა და ცვლილებების დროში.

გთავაზობთ ერიკ შენინგერის 2020 წლის დეკემბერში გამოქვეყნებულ ბლოგ-სტატიას „დირექტორის ფიქრები: როგორ მივაღწიოთ წონასწორობას საკლასო ოთახში დღეს“.

 

წონასწორობის განცდა ყოველთვის გამოწვევა იყო მასწავლებლებისთვის. მახსოვს, ჩემს ახალგაზრდობაში, როდესაც მასწავლებელი ვიყავი, ყოველ საღამოს სრულიად გამოფიტული ვბრუნდებოდი შინ. გარწმუნებთ, ყოველდღიური 45-წუთიანი მოგზაურობა სახლიდან სკოლამდე და უკან არ ყოფილა ამ დაღლილობის მიზეზი. მთავარი მიზეზი საკლასო ოთახში გატარებული 45-წუთიანი გაკვთილები გახლდათ და კიდევ ის, თუ როგორ ვიყენებდი ამ დროს ბავშვებთან ურთიერთობისას. იმხანად, რაკი დიდად არ ვფიქრობდი რისკზე და თან დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩემი სამუშაოს მთავარი ასპექტი სასწავლო პროგრამის გულდასმით მიყოლა იყო, დარმუნებული გახლდით, რომ ფიკუსირება პირდაპირ ინსტრუქტაჟსა და საგნის სწავლებაზე უნდა მომეხდინა. მასწავლებლის შეფასებებიდან და მოსწავლეთა გამოხმაურებებიდან გამომდინარე, გამოდიოდა, რომ ჩემი მასწავლებლობა საკმაოდ კარგად მიმდინარეობდა და მეც კარგად ვართმევდი თავს მოვალეობებს. მახსოვს, შაბათ-კვირას ხშირად დავდიოდი ადგილობრივ საკანცელარიო მაღაზიაში, სადაც სლაიდების გასაშვები პროექტორისთვის სხვადასხვა თემატიკის სლაიდებს ვიძენდი ხოლმე – იმ დროს სლაიდ-პროექტორი გახლდათ პირველი რანგის ტექნოლოგია, რომელსაც სწავლებისთვის ვიყენებდი.

მაშინ დარწმუნებული ვიყავი, რომ ელექტროპროექტორის გარეშე ძალიან გამიჭირდებოდა გაკვეთილების ჩატარება და ძალიან ვაფასებდი იმ ფაქტს, რომ პროექტორი მიმცირებდა დაფასთან გასატარებელ დროს (თუმცა ჩემი პიჯაკის სახელოები მაინც სულ დასვრილი იყო ცარცით!). შემდეგ, 2000-ში, მოხდა რაღაც ჯადოსნური და სკოლების სამეცნიერო განყოფილების დეპარტამენტმა ჩვენთვის სატელევიზიო კომპლექტები შეიძინა – ახლა უკვე შემეძლო, ამ დიდი ყუთების მეშვეობით პერსონალური კომპიუტერიდან გამეშვა სასწავლო მასალა და პრეზენტაციები – ელექტროპროექტორების დრო დასრულდა და ჩემი საყვარელი ხელსაწყო პენსიაზე გავიდა! ჩემს ცხოვრებაში ის შეიცვალა, რომ ამჯერად მთელ დროს Power Point-ის პრეზენტაციების მომზადებაში ვატარებდი, რომლებშიც სასწავლო მასალა უნდა ამესახა.

ამ მცირე ექსკურსმა ჩემი მასწავლებლობის ისტორიაში და წარსულზე დაფიქრებამ, მოსწავლეთა მოსაზრებების მოსმენამ და იმის კვლევამ, თუ რატომ ვიყავი მუდმივად დაღლილი და გამოფიტული, იქამდე მიმიყვანა, რომ ერთ მშვენიერ დღეს მივხვდი, რომ საჭირო იყო, „სცენაზე მდგომი ბრძენის“ როლისთვის თავი დამენებებინა და უფრო სწავლების პროცესის ფასილიტატორი (ხელშემწყობი, წარმმართველი) გავმხდარიყავი. ნელ-ნელა გადავედი სხვადასხვა სახეობის სწავლებისა და კოოპერაციული დასწავლის სტრატეგიებზე, რომლებიც სხვადასხვა სახითა და დოზით ხორციელდებოდა გაკვეთილზე. ამ დროს უკვე გამოჩნდა პროექტებზე დამყარებული სწავლების კონცეფციები და მეთოდები. ეს ცვლილება ძალიან ბუნებრივი იყო – მე ხომ საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მასწავლებელი გახლდით! რა თქმა უნდა, პირდაპირი ინსტრუქცია კვლავ გაკვეთილის ნაწილი იყო, მაგრამ ახლა ეს მეთოდი შეიზღუდა და მას დაახლოებით 15 წუთი ეთმობოდა. როდესაც პასუხისმგებლობები ნელ-ნელა მოსწავლეების მიერ კლასში გაწეულ სამუშაოზე გადავიდა, კლასში აშკარად უკეთესი წონასწორობა დამყარდა და მეც ნელ-ნელა უფრო ეფექტურ და საინტერესო მასწავლებლად ვიქეცი.

ეს ისტორია იმიტომ გაგიზიარეთ, რომ ეს ყველაფერი ხდებოდა იმ მომენტში ჩემს თავს.

დღეს, როდესაც ტექნოლოგიური გარღვევები და პანდემიით გამოწვეული შოკი ერთად მოქმედებს, მასწავლებლებსა და სკოლებს დიდ სტრესთან უწევთ გამკლავება და შესაძლოა, რეაქციამ ბევრ შემთხვევაში წონასწორობის რღვევა გამოიწვია.

შედეგად ბევრგან მივიღეთ ის, რომ ბევრი მასწავლებელი მასწავლებელზე ფოკუსირებულ სწავლებაზე გადავიდა, ხოლო სხვებმა უფრო დიდი ნდობა ტექნოლოგიებზე დამყარებულ სწავლებას გამოუცხადეს. შედეგად მივიღეთ დისტანციური სწავლება და ძნელად სამართავი ჰიბრიდული მოდელები.

დარწმუნებული ვარ, აქ არავის ბრალეულობა არ იკვეთება. ასეთ დროს განმანათლებლებს სურთ რისკები შემცირება და, საზოგადოდ, სულიერი წონასწორობის შენარჩუნება.

ამ შემთხვევაში ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია იმაზე დაფიქრება, როგორ უნდა ავაგოთ და როგორ გამოვიყენოთ გაკვეთილი.

თუ სტუდენტების სწავლისთვის იყენებენ ტექნოლოგიებს ან პირდაპირ ინსტრუქტირებას, ამ დროს ჩნდება როგორც გამოწვევები, ისე შესაძლებლობები, რომელთა დროსაც საპოვნელია ის ბალანსი, რომელიც ამოცანებსა და სტრატეგიებს შორის უნდა დავამყაროთ.

ქვემოთ გთავაზობთ რამდენიმე იდეას, რომლებიც დაგვეხმარება, დავაბალანსოთ ჩვენი ქმედებები, უზრუნველვყოთ ჩართულობა და მოვამზადოთ ნიადაგი მოსწავლეთა უფლებებით აღსაჭურვად, სწავლების პერსონალიზაციის საშუალებით:

* პირდაპირ ინსტრუქციებს დაუთმეთ მინი-გაკვეთილი – ათი-თხუთმეტი წუთი მთელი გაკვეთილის განმავლობაში.

* გამოიყენეთ სხვადასხვაგვარი სტრატეგია საკითხის განხილვაში მოსწავლეთა ჩასართავად:

. დაინტერესების ეფექტი;

. დამაინტრიგებელი კითხვები ან მენტალური ხატები;

. სურათები, რომელთა შესახებაც დასვამთ კითხვებს და მოსთხოვთ დანახულის მოკლე აღწერას;

. შესთავაზეთ რომელიმე რეალურად არსებული პრობლემის განხილვა;

. ან მიმდინარე მოვლენა და პირადი ისტორია;

. ღია/თავისუფალი სახის თემა, რომელიც გაააქტიურებს შემოქმედებით აზროვნებას ან გამოიწვევს ინტერესს;

. გამოცანა,

. მოკლე, დამაინტრიგებელი ვიდეო, რომელსაც მოკლე საუბარი მოჰყვება;

. გაესაუბრეთ რომელიმე საკითხზე, რომელიც სენსორულ/გრძნობიერ აღქმას გულისხმობს.

. გამოიყენეთ ციფრული ტექნოლოგიებით აღჭურვილი ოთახი სურათების/ნახატების/ვიდეო-ფაილების დახმარებით მსჯელობისა და თანამშრომლობისთვის;

. გამოიყენეთ აქტივობები, რომლებიც გულისხმობს მოძრაობას და მოითხოვს რაიმე საკითხზე დაფიქრებას, საკითხის გააზრებას;

. გადადით ტრადიციულ პედაგოგიურ სწავლებაზე და შესთავაზეთ მოსწავლეებს ტექნოლოგიური და არატექნოლოგიური სწავლების ნარევი;

. ჩართეთ სწავლების პროცესში, როდესაც ეს შესაძლებელია, ასინქრონული დავალებები (მაგ., დავალება, რომელსაც თითოეული მოსწავლე მისთვის კომფორტული სიჩქარით ასრულებს) და უზრუნველყავით ინდივიდუალური ან მცირე ჯგუფის დახმარება მათთვის, ვისაც ყველაზე მეტად ჭირდება დახმარება;

. გამოიყენეთ ან მოითხოვეთ პროფესიული მხარდაჭერა დისტანციური ან ჰიბრიდული სწავლებისას.

. გამოიყენეთ „შეცვლილი/გადაბრუნებული“ საკლასო ოთახის მიდგომა (ე.წ. flipped classroom approach, ინგლ.) – ამ დროს მოსწავლეები ჯერ წაიკითხავენ/ნახავენ ვიდეოზე დავალების თემას, სახლში გაეცნობიან მას, ხოლო კლასში ისაუბრებენ და იკამათებენ მოცემულ საკითხზე. ამ დროს მასწავლებელი, შუამავლის ან წარმმართველის როლშია და ეხმარება დისკუსიას, აზუსტებს საკითხების ფორმულირებას და სხვა.

გახსოვდეთ, რომ ეს მხოლოდ იდეებია. სწორი ბალანსის პოვნა, პერსონალური მოგზაურობაა სწავლების სამყაროში და მოიცავს ხელმისაწვდომ დროს, მხარდაჭერას და თანასწორობას.

ჩვენ შეგვიძლია, დავეთანხმოთ ერთმანეთს იმაში, რომ ტექნოლოგია ბავშვებს იმ შესაძლებლობებს აძლევს, რომლებზეც ჩვენ არც კი გვიოცნებია. თუმცა ისეთ დროს, როგორიც ახლა გვიდგას, ტექნოლოგიური სამყარო ვერ გახდება ჩვენი მთავარი საყრდენი. ტექნოლოგიებისა და ციფრული პლატფორმების როლი დღესაც იგივეა, რაც პანდემიამდე იყო – ეს საშუალებებია, რომლებიც სწავლების პროცესის დახვეწასა და გაძლიერებაში გვეხმარება, მაგრამ არ მართავს მას. მთავარი წინადადებაა: ყოველთვის გვახსოვდეს ის ჯადოსნობა, რომელიც სწავლებას ახლავს თან. რაღაც ისეთი, რასაც ტექნოლოგია ვერასდროს ჩაანაცვლებს.

როდესაც ყველაფერი უკვე ნათქვამი და გაკეთებულია, სწავლების პროცესში ბავშვების ჩართულობა ემყარება მოსწავლის უშუალო შეგრძნებას, თუ რატომ სწავლობს ის რამეს და როგორ შეძლებს ნასწავლის გამოყენებას (აღქმულს და დანახულს მისივე შეგრძნებებით) რეალურ სამყაროში.

 

 

მე პლასტმასის ეპოქაში ვცხოვრობ

0

თუ როდესმე მემუარებს დავწერ, აუცილებლად ვიტყვი, რომ მე პლასტმასის ეპოქაში ვცხოვრობდი. ჰო, რა გასაკვირია… მავანი, ქვის ან ბრინჯაოს ეპოქაში თუ  იყო, მე პლასტმასებში მომიწია ცხოვრებამ, დრომ მოიტანა ასე.

გარშემო თუ მიმოიხედავთ, სულ პლსტმასებით ვართ გარშემორტყმული. კალამი, სახაზავი, კომპიუტერი, ტელეფონი, საათი (ყველა მოდელი არა, ბუნებრივია), ერთჯერადი ჭურჭელი, ტანსაცმელშიც კი პლასტმასები ურევია…

პირველი პლასტმასი შემდეგნაირად გამოჩნდა.  1869 წელს ამერიკაში ერთი კაცი ცხოვრობდა.  ჯონ უელს ჰიაკი ერქვა და მისი პროფესია ქიმია სულაც არ ყოფილა.  საგამომცემლო საქმეში იყო და სახლში დაბრუნებისას გულის გადასაყოლებლად, ქიმიური ცდებით ერთობოდა. ერთ საღამოსაც ჯონმა გაზეთში წაიკითხა, რომ „ ფილინ ენდ კოლინდერის“ ფირმა ათი ათას დოლარად შეიძენდა  პატენტს  ახალ მასალაზე ბილიარდის ბურთების გასაკეთებლად. თავისი თვისებებით მასალა სპილოს ძვალს ტოლს არ უნდა უდებდესო, ეწერა განცხადებაში.  ჯონს ინგლისელი ალექსანდრე პარქსის აღმოჩენა გაახსენდა.  პარქსმა შვიდი წლით ადრე  ნიტროცელულოზისგან უცნაური მასალა დაასინთეზა.

ჰოდა, მოკლედ აქეთ ჩახედა, იქეთ გადმოხედა და ახალი პლასტმასის მიღების ტექნოლოგია შეიმუშავა. მისი დასახელებაც დააპატენტა-ცელულოიდი.

ცელულოიდი ცელულოზას ნიტრატის საფუძველზე შექმნილი პლასტმასია.  შეიცავს პლასტიფიკატორს (დიბუტილფტალატი ან სხვა დანამატი) და საღებავს.

სხვათა შორის, ფირმამ, ვისთვისაც ჯონმა იღვაწა, ცელულოიდი ბილიარდის ბურთებისთვის გამოუსადეგრად მიიჩნია და ჯონს დაპირებული ჯილდო არ გადაუხადა.  თუმცა, ჯონს არაფერი დაუკარგავს, რადგან ისტორიაში მისი სახელი სწორედ პირველი პლასტმასის შექმნის გამო შევიდა. ამან კიდევ ფოტოგრაფირების და კინომატოგრაფის განვითარებას შეუწყო ხელი.  ეს ახლა ვაჩხაკუნებთ მე და თქვენ ციფრულ ფოტოაპარატებს, თორემ ადრე ფოტო და ვიდეო ფირებს იყენებდნენ. პირველი ფოტოფირი კი ცელულოიდის ბაზაზე  შეიქმნა.

მანამდე, სულ პირველი ფოტო 1826 წელს ვინმე ფრანგ ჟოზეფ ნიეპსეს გადაუღია. გამოსახულება სპეციალური კამერით, ასფალტით დაფენილ თხელ ფენაზე გამოუსახავს. სინათლის მოქმედებით ასფალტი გამყარდა. ის ნაწილები კი, სადაც სინათლე არ მოხვდა, ლავანდის ზეთით დაამუშავა და შედეგიც მიიღო. მართალია, პროცესი რვა საათს  გაგრძელდა, თუმცა ლოდინად და წვალებად ეტყობა ღირდა. სურათი კი ხედს ასახავდა, რომელიც ავტორის სახელოსნოდან იშლებოდა.

ფოტოფირის გამოყენების დაწყებისას, საქმეში ქიმია ცოტა ღრმად ჩაერთო.  პირველად ფირზე, ე.წ. დაფარული გამოსახულება ჩნდებოდა. საჭირო იყო მისი გამჟღავნება. გამამჟღავნებელი რთული შემადგენლობის ხსნარი გახლდათ და შედგებოდა ნივთიერებებისგან, რომლებიც სინათლის მსგავსად მოქმედებდნენ და გამოყოფდნენ მეტალურ ვერცხლს. ეს ხსნარი პირველ რიგში ფირის იმ უბნებზე მოქმედებდა, სადაც სინათლე ხვდებოდა. შედეგად, ნათელ გამოსახულებას ღებულობდნენ. თუმცა, სურათის დამზადებისას მეორე ხსნარსაც იყენებდნენ და მას ფიქსატორი ეწოდებოდა. ის ფირიდან ვერცხლის მარილების იმ ნარჩენებს ჩამორეცხავდა, რომლებმაც გამოსახულების გამჟღავნებაში მონაწილეობა არ მიიღეს.

დღეს ცელულოიდისგან დამზადებულ ნივთებს იშვიათად ნახავთ, რადგან თავად მასალას ცეცხლი იოლად ეკიდება და  ხანძარსაშიშია. მასზე უარი 2014 წლიდან თქვეს. თუმცა, მაგ. მაგიდის ტენისის ბურთებს დღემდე ამ მყარი და ხისტი მასალისგან ამზადებენ.

ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ ზოგადად, პლასტმასი რა არის? ორგანული მასალაა, რომელთა ფუძეს სინთეზური  ან ბუნებრივი  მაღალმოლეკულური  ნაერთები, ანუ პოლიმერები წარმოადგენენ.

წყლის მოლეკულა ხომ ვიცით, მისი ფარდობითი მოლეკულური მასა სულ რაღაც 18-ია. გლუკოზა, მარტივი შაქარი კი, რომლის მასა 180-ია,  წყალთან შედარებით დიდი ჩანს. თუმცა, თუ გლუკოზას მოლეკულას პოლიმერს შევადარებთ, მაგ. ცელულოზას, გლუკოზა განსაცვიფრებლად პატარა გამოჩნდება.  თავად სიტყვა-პოლიმერი-ბერძნული სიტყვებიდან-„პოლის“ ბევრი და „მერას“ნაწილი-წარმოდგება. პოლიმერები მონომერებისგან შედგებიან, რომლებიც თავის მხრივ, სულ რამდენიმე ატომს შეიცავენ. თვალსაჩინოებისთვის ჩვეულებრივი მძივი შეიძლება წარმოვიდგინოთ, სადაც თავად მძივი პოლიმერია, შემადგენელი ქვები კი მონომერები.  ეს მონომერები შეიძლება სწორხაზოვნად განლაგდნენ, ან ბურთის ფორმა მიიღონ, ან კიდევ, ბადესავით ფაშარი ფორმის პოლიმერი წარმოქმნან.  მოლეკულის ფორმაზეა დამოკიდებული პოლიმერის ფიზიკური თვისებები.  მაგ. გვაქვს პლასტმასი, რომლის შემადგენელი მოლეკულები ბურთივით მსრგვალ და კომპაქტურ ფორმას ქმნიან. ფორმა მტკიცე არ არის, რადგან მხოლოდ სუსტი მოლეკულათშორისი ურთიერთქმედებით ნარჩუნდება. თუ ასეთ პოლიმერს გავაცხელებთ, მაშინ მოლეკულები ერთმანეთს იოლად დაშორდებიან,  პლასტმასი რბილი გახდება, გალღვება. ასეთი პლასტმასის ჩაღვრა ნებისმიერ ფორმაშია შესაძლებელი, სადაც გაციებისას ის კვლავ გამყარდება. ასეთ პოლიმერებს თერმოპლასტიკურებს, ან უბრალოდ თერმოპლასტებს  უწოდებენ. მაგ. პოლიეთილენი სწორედ თერმოპლასტებს მიეკუთვნება.

პატარა ექსპერიმენტის ჩატარება შეიძლება. ავიღოთ სადილის კოვზი, რომელსაც ქიმიური ცდებისთვის გაიმეტებთ. სხვათა შორის, ასეთი ფორმით ჩატარებულ ცდებს მე „კოვზზე ჩატარებული“ ქიმია დავარქვი და ზოგიერთი მათგანის ნახვა აქ შეგიძლიათ:

კოვზზე მოვათავსოთ პოლიეთილენის ნაჭერი, მივიტანოთ სპირტქურის ალზე და დავიწყოთ მისი გალღობა. კოვზის ტარი  რაიმე საჭერით ან სპეციალური ხელთათმანით დაიჭირეთ, რადგან გაცხელდება.  პლასტმასი მთლიანად გავალღოთ და სილამაზისთვის რაიმე საღებავი დაუმატოთ. კარგად ავურიოთ, რომ საღებავი გადანაწილდეს და რაიმე მყარ ზედაპირზე მოვათავსოთ გასაციებლად. მიეცით ნებისმიერი ფორმა და ახალი ფორმის ფერად პლასტმასს მიიღებთ, რომლის გადალღობაც კვლავ  შესაძლებელი იქნება.

ასეთ გასართობ ცდას ვერ ჩაატარებთ იმ პლასტმასებთან, რომლებიც ბადისებრი ფაშარი ფორმის მოლეკულებისგან შედგებიან.  ე.წ. ბადისებრ პოლიმერებში ჯაჭვები ერთმანეთთან ხიდაკებითაა დაკავშირებული, რომლებიც სხვა არაფერია, თუ არა ქიმიური ბმები. მათი გახლეჩა არც ისე მარტივია. ასეთ პლასტმასებს თერმორეაქტიულებს, ან უბრალოდ რეაქტოპლასტებს  უწოდებენ.  მათ სინთეზუსი ცვილებისგან ღებულობენ, რომლებიც გამყარებისას მინისმაგვარ პოლიმერებს წარმოქმნიან.  პირველი სინთეზური ცვილი   1872 წელს გერმანელმა ქიმიკოსმა ბაიერმა ფორმალდეჰიდის და კარბოლმჟავას შერევით მიიღო.  გაცხელებისას ეს ნარევი მყარ და უხსნად ნივთიერებად გარდაიქმნებოდა. მხოლოდ 35 წლის შემდეგ ბელგიელმა მკვლევარმა ლეო ბაკელანტმა მიაკვლია ამ ნივთიერების მიღების საწარმოო მეთოდს. თავად ნოვთიერებას კი ბაკელიტი უწოდა. ეს პლასტმასი ცელულოიდთან შედარებით გაცილებით პოპულარული და მოხმარებადი გახდა და ბილიარდის ბურთერბსაც, სწორედ მისგან აკეთებდნენ.  ბაკელიტი საკმაოდ მაღალ ტემპერატურას უძლებს და ამიტომ ყველანაირ შტეფსელებს, ჩასართველ-გამოსართველებს, შესაერთებლებს სწორედ მისგან ამზადებდნენ.  დღეისათვის ეს მასალა სილიკონმა ჩაანაცვლა.

ადრე ბებიას სოფელში ფირფიტების დასაკრავი ჰქონდა (დღესაც შემორჩენილია). თავად 45 წლის გამოცდილების მქონე პედაგოგი გახლდათ და თავისი პროფესიით ძალიან ამაყობდა. დღესაც, სოფლის სახლში მისი მოსწავლეების უამრავი წერილი ინახება, რომლებიც  უკვე დიდი ქალები და კაცები, თავის პირველ ქეთო მასწავლებელს წერდნენ და ცხოვრებისეულ პრობლემებზე კვლავ რჩევას ეკითხებოდნენ. ბებიაც არ იზარებდა და უკლებლივ ყველას პასუხობდა.

ჰოდა, რადგან სიტყვამ მოიტანა, აქვე იმასაც ვიტყვი, რომ ბებოსავით ქეთო, რომ მქვია და  მასავით მასწავლებელი ვარ, ძალიან, ძალიან მეამაყება.

ეს ფირფიტების საკრავიც სკოლამ რაღაც იუბილეს აღსანიშნავად აჩუქა და ბებიაც დიდის ამბით ინახავდა. ერთ დღეს რომელიღაც ფირფიტა გადმოვიღე, დავუკარი, შენახვისას კი ხელიდან გამივარდა და გამიტყდა. ბებოს კი დაწყდა გული, მაგრამ ეგ არაფერიო დამამშვიდა. ფირფიტა ძველი იყო და ამიტომაც სულ მცირე  მექანიკურ ზემოქმედებასაც ვერ გაუძლო, გატყდა.  ფირფიტების შემდეგ თაობებს კი ვინილმა უშველა.

ვინილის რადიკალს ქიმიკოსები უწოდებენ ეთილენის მოლეკულას, სადაც წყალბადის ერთი ატომი არ გვაქვს.  მეცხრამეტე საუკუნის 30-იან წლებში იუსტუს ლიბიხმა ვინილქლორიდი მიიღო. მისმა მოსწავლე ანრი რენიონმა კი აღმოაჩინა, რომ სინათლის ზემოქმედებით  ეს გაზისებრი ნივთიერება თეთრ ფხვნილად გარდაიქმნებოდა. ამ ფაქტს არავინ არ მიაქცია ყურადღება. ასი წლის შემდეგ კი ამერიკელმა მეცნიერმა ვოლტერ სიმონმა  ვინილქლორიდის საწარმოო მიღებისთვის  პატენტი მიიღო. დღეს მთელ მსოფლიოში ამ ნივთიერებას უზარმაზარი რაოდენობით აწარმოებენ. რა საჭიროა ამ გაზის დიდი რაოდენობით წარმოებაო-იკითხავს ახლა რომელიმე მოსწავლე. თან ეს გაზი მომწამლავიცაა და მაინც აწარმოებენ. პოლიმერიზაციის უნარი აქვს, გაცხელებისას თეთრ ფხვნილად გარდაიქმნება, ანუ პოლივინილქლორიდად.  ეს უკანასკნელი კი აბსოლუტურად უსაფრთხო და ქიმიურად ინერტული მასალაა. ლინოლეუმი, სააბაზანოს ფარდები, სადენების საიზოლაციო მასალა, ხელოვნური ტყავი, ზღვის სამაშველო გასაბერი რგოლები, გასაბერი ლეიბები, გასაბერი ბურთები, გასაბერი აუზები, ფეხსაცმლის ძირები და უამრავი სხვა რამ პოლივინილქლორიდისგანაა დამზადებული.

პოლივინილქლორიდს ზოგჯერ უბრალოდ ვინილს უწოდებენ.   ჰოდა, სწორედ ვინილის ფირფიტებმა ხმის ჩაწერის ინდუსტრიაში ნამდვილი გადატრიალება მოაწყეს. ასეთი ფირფიტები მოსახერხებელიც იყო, უფრო მეტი მუსიკაც ეტეოდა  და არც ტყდებოდა.  ბუნებრივია, დღეს ვინილის ფირფიტებს აღარავინ იყენებს. თუმცა, ზოგიერთ მელომან კოლექციონერებს დღესაც საპატიო ადგილზე აქვთ თავიანთ კოლექციებში.

რამ გამახსენა ახლა ვინილის ფირფიტები? სოფელში  ჩემი ქეთო ბებოს ფირფიტებს ვაწესრიგებ  და ფიქრებში წავედი.

 

სკრაიბინგი –  ვიზუალური აზროვნების ინსტრუმენტი

0

დღევანდელ დღეს მეტად პოპულარულია სკრაიბინგტექნოლოგია არა მხოლოდ ბიზნესისა და რეკლამის სფეროში, არამედ განათლებაშიც.

რა არის სკრაიბინგი და რაში მდგომარეობს მისი უპირატესობა?

სკრაიბინგი (ინგლ. „scribe” – ესკიზებისა და ნახატების მონახაზი), ანუ ინფორმაციის გრაფიკული ასახვა (graphic recording) პრეზენტაციის უახლესი ფორმაა. იგი ბრიტანელმა მხატვარმა, ენდრიო პარკმა შექმნა ბრიტანული ორგანიზაციისთვის, რომელიც სამეცნიერო ცოდნის პოპულარიზაციას კრიპტოგრაფიის ასიმეტრიული ალგორითმის – Rivest Shamir Adleman-ის (RSA) საშუალებით ეწეოდა.

სკრაიბინგტექნოლოგია წარმოადგენს ნებისმიერ სფეროში და ნებისმიერ თემაზე ინფორმაციის, დავალების პირობის, მასალის გაცნობის უნივერსალურ საშუალებას.  სკრაიბინგი კონფერენციების, ფორუმების სპიკერების გამოსვლების, ორგანიზაციების ნებისმიერი მნიშვნელოვანი ღონისძიების ვიზუალური ასახვის საშუალებაა. მისი გამოყენებით შესაძლებელია გამომსვლელთა პარალელურად იოლად და ეფექტურად შევქმნათ ვიზუალური გამოსახულება, რისთვისაც არ არის აუცილებელი, გვქონდეს მხატვრობის განსაკუთრებული ნიჭი.

სკრაიბინგი გრაფიკული ხერხია აუდიტორიის ყურადღების მისაპყრობად და მათთვის დამატებითი ინფორმაციის მისაწოდებლად. სკრაიბინგი პრეზენტაციის თეზისებს სიტყვებად და ნახატებად გარდაქმნის. ვიზუალიზაციის ეს ტექნოლოგია მუდმივად ვითარდება.

სკრაიბინგის შესაქმნელად საჭიროა 4 ძირითადი ნაბიჯი:

  1. სამუშაო გეგმის შედგენა – ჩაიწერეთ ყველაფერი, რისი გაშუქებაც გსურთ, სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია აუდიოჩანაწერის გაკეთებაც;
  2. ანალიზი – გააანალიზეთ ყველაფერი, რისი თქმაც გსურთ და რომელი ვიზუალური ნახატების გამოყენებას აპირებთ თქვენი იდეების თუ საგაკვეთილო მასალის პრეზენტაციისას. პრეზენტაცია გასაგები უნდა იყოს არა მხოლოდ თქვენთვის, არამედ სხვებისთვისაც;
  3. ვიზუალიზაცია – ვიზუალიზაციის პროცესში გამოიყენეთ როგორც მარტივი, ისე რთული ნახატები, ასევე აუდიო- და ვიდეორგოლები. განსაზღვრეთ მთელი სამუშაოს ხანგრძლივობა;
  4. თაიმინგი – ძალიან მნიშვნელოვანია დროის ფაქტორი. გახსოვდეთ, რომ თქვენი სიტყვა, მოხსენება გარკვეულ დროში უნდა „ჩაატიოთ“.

 

სასწავლო პროცესის ვიზუალიზაცია განვითარების უზარმაზარ პერსპექტივებს გვაძლევს. ცნობილია, რომ ადამიანები და, განსაკუთრებით, მოსწავლეები უკეთ აღიქვამენ ინფორმაციას, როცა ის ვიზუალურადაა წარმოდგენილი. გარდა ამისა, ინფორმაციის ვიზუალური ხერხებით გადაცემისას ხდება საგაკვეთილო დროის  ეფექტურად გამოყენება და დაზოგვა. მოსწავლე ამ დროს იძენს ისეთ უნარებს, რომლებიც მომავალში მისი დასაყრდენი გახდება. ესაა ლოგიკური, წარმოსახვითი, კრეატიული და კრიტიკული აზროვნება, ასევე გუნდში ეფექტურად მუშაობისა და პრაქტიკული გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარი.

 

სკრაიბინგტექნოლოგიის უპირატესობებია:

  1. ეფექტურობა – დროის მცირე მონაკვეთში შესაძლებელია ხარისხიანად და გასაგებად ავხსნათ მასალა, გავაცნოთ ინფორმაცია, მივაწოდოთ იდეა;
  2. ვიზუალიზაციის უნივერსალობა – ნახატის ენა ყველასთვის გასაგებია;
  3. მინიმალური დანახარჯები – სკრაიბინგის შესაქმნელად აუცილებელია ზედაპირი (დაფა ან ფურცელი) და მარკერები (ფლომასტერები). ვიდეოს გადასაღებად, გასახმოვანებლად, დასამონტაჟებლად აუცილებელია კომპიუტერი, მონიტორი, ხმის გამაძლიერებლები, მიკროფონი, ვიდეოკამერა  ეს ტექნიკური საშუალებები დღეს უკვე შესაძლებელია მხოლოდ ერთი სმარტფონით ჩანაცვლდეს;
  4. ინფორმაციის  გააზრება და პრეზენტაციის ძირითადი, საკვანძო მომენტების დამახსოვრება; ასევე ორიგინალურობა და ლაკონურობა;
  5. პრეზენტაციის მსვლელობისას მსმენელებთან მუდმივი კონტაქტის შესაძლებლობა, რაც ძალიან ხელსაყრელია მასწავლებლისთვის, რადგან მას გაკვეთილზე ეფექტური ურთიერთზემოქმედების ორგანიზების საშუალება აქვს;
  6. სკრაიბინგის  გამოყენება ყველა გაკვეთილზე და გაკვეთილის ყველა ეტაპზე;
  7. პარალელურად მიდევნების, მიყოლის ეფექტი – გამომსვლელის სიტყვა პარალელურ რეჟიმში ილუსტრირდება თეთრ დაფაზე ნახატებით ან ფურცელზე ფლომასტერით. ამ დროსა თითქოს ადგილი აქვს, ე.წ. „პარალელური მიყოლის ეფექტს“, როცა რაც გვესმის, იმასვე ვხედავთ.
  8. კრიტიკული აზროვნების განვითარება – სკრაიბინგის მომზადებისას მოსწავლეები დამოუკიდებლად ეძებენ, აანალიზიბენ, აფასებენ, გადაარჩევენ და აორგანიზებენ ინფორმაციას;
  9. გამოყენების უნივერსალობა – სკრაიბინგ-ტექნოლოგიის გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერ საგნობრივ მიმართულებაში, როგორ ფორმალური, ისე არაფორმალური განათლების დროს, ასევე ინტეგრირებული პროექტული მუშაობისას.
  10. თავსებადობა – სკრაიბინგი შესაძლებელია გამოვიყენოთ, როგორც ცალკე ტექნოლოგია, და ასევე, თანამედროვე საგანმანათლებლო ტრენდების (სასწავლო სტრატეგიების), მაგალითად, შებრუნებული საკლასო ოთახის, ვებტექნოლოგიის, პედაგოგიური სახელოსნოს და ა.შ. ფარგლებში.

 

კომპიუტერული სკრაიბინგების შესაქმნელად შეგვიძლია ვსარგებლოთ შემდეგი ინტერნეტგვერდებით:

 https://www.vyond.com/  (საშუალებას იძლევა, პრეზენტაცია გადავაქციოთ ანიმაციურ ფილმად);

https://www.powtoon.com/;

https://www.moovly.com/;

https://www.videoscribe.co/en/.

 

ამრიგად, სასწავლო პროცესში სკრაიბინგტექნოლოგიის გამოყენება საკმაოდ მოსახრეხებელია, განსაკუთრებით კომპლექსური დავალებებზე მუშაობისას.

 

მოდელირება – ,,ხმამაღლა ფიქრის’’ ტექნიკა

0

პატარაობისას, როცა საბავშვო ბაღში დავდიოდი, ასეთი რამ გადამხდენია თავს:

ამხანაგმა გამაბრაზა. დავდექი თურმე ჩემთვის და საკმაოდ ხმამაღლა ვთქვი:

–  დაიცადოს ,,მაგან’’! დედამისს   ვეტყვი, გაუბრაზდება და გატყეპავს!

შემდეგ შევჩერდი… და იქვე, ჩემთვის:

-მაგრამ მერე რომ შემეცოდება და ვიტირებ?..

და მე თვითონ ჩავეხუტე…

თითქოს საკვირველი არაფერია. ამ ასაკის ბავშვებს სჩვევიათ ნაფიქრის გახმოვანება.

მეც, რამდენჯერმე, ასე ხმამაღლა გამომითქვამს ჩემი ფიქრები…

ამის გამო, თურმე, გულიანად იცინოდნენ  ბაღის ძალიან კარგი მასწავლებლები და დედას ეუბნებოდნენ, როგორ ,,ტაქტიკურად’’ ვიყენებდი აღმზრდელობით სტრატეგიებს ბაღის აღსაზრდელი ,,მეტიჩარა’’ გოგონა…

არავის ახსოვს ჩემს ,,ხმამაღალ ფიქრებს’’  თანატოლებისგან მსგავსი ქმედების განხორციელება მოჰყვა თუ არა, მაგრამ ერთი რამ ცალსახად ცხადია, თურმე, აბსოლუტურად გაუცნობიერებლად ვვარჯიშობდი და ვემზადებოდი, რომ ბევრი წლის შემდეგ მოდელირების მეთოდით მესწავლებინა ბავშვებისთვის ტექსტის გაგება-გააზრების სტრატეგიები…

ეს ხუმრობით…

რეალურად, როდესაც ტექსტის გაგება-გააზრების უნარზეა საუბარი, თვალწინ წარმოგვიდგება საკმაოდ რთული პროცესი, რომელიც იწყება წაკითხვამდე, მიმდინარეობს კითხვის დროს და გრძელდება წაკითხვის შემდეგ.

სწორედ ამიტომაა, რომ დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები ვერ ეუფლებიან ამ უნარს მარტივად. კვლევებით დადასტურებულია, წაკითხულის გაგება-გააზრების უნარი ყველაზე კარგად ვითარდება, როცა მასწავლებელი ჩვენების, ახსნისა და მართული პრაქტიკის სტრატეგიებს იყენებს, ანუ, ექსპლიციტურად, პირდაპირი გზით ასწავლის.

ექსპლიციტური სწავლება მიმდინარეობს ოთხ ეტაპად:

  • პირდაპირი ახსნა-განმარტება
  • მასწავლებლის მიერ მოდელირება, ანუ მაგალითის ჩვენება
  • მართული პრაქტიკა
  • დამოუკიდებლად გამოყენება

გაგება-გააზრების სტრატეგიების სწავლებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვუჩვენოთ მოსწავლეებს, როგორ ვიყენებთ კონკრეტულ სტრატეგიას ჩვენ.

ამისთვის მივმართავთ მოდელირებას, ,,ხმამაღლა ფიქრის’’ტექნიკას.

მინდა, გაგიზიაროთ საგანმანათლებლო ვებპორტალზე https://kargiskola.ge/ განთავსებული მინიგაკვეთილი, მოდელირების საუკეთესო ნიმუში, ჯანი როდარის ზღაპრის, ,,ტროლეიბუსი № 75-ის’’ მაგალითზე.

მინიგაკვეთილის შესავალი

მასწავლებელი იღებს წიგნს და შეამზადებს მოსწავლეებს ხმამაღლა ფიქრის აქტივობისთვის (მინიგაკვეთილისთვის). ის აყალიბებს კითხვის მიზანს, შემდეგ მიმოიხილავს სათაურს, ათვალიერებს წიგნის გვერდებს და ლაპარაკობს ტექსტის ელემენტების შესახებ (ქვესათაურები, გამუქებული სიტყვები, ილუსტრაციები). კითხულობს სათაურს და ხმამაღლა ამბობს, რა იცის უკვე. აყალიბებს ვარაუდებს და სვამს შეკითხვებს.

– დღეს მე გიჩვენებთ, თუ როგორ კითხულობს კარგი მკითხველი. ამისათვის მე ჩემს ფიქრებს ხმამაღლა გამოვთქვამ. თქვენ დაინახავთ და გაიგონებთ, რა ხდება ჩემს გონებაში, როცა მე ვკითხულობ. ასე რომ, დღეს ძალიან საინტერესო მოგზაურობა გელით.  თქვენ ჩემი ფიქრების სამყაროში იმოგზაურებთ.

– მაშ, ასე, დავიწყოთ. პირველ რიგში, სათაურს წავიკითხავ და დავფიქრდები.  სათაური ხომ საკმაოდ მნიშვნელოვანია. წიგნის სათაურია ,,ტროლეიბუსი №75’’.

წინარე ცოდნის გააქტიურება

– რა ვიცი უკვე ტროლეიბუსზე? ვიცი, რომ ის ტრანსპორტია, რომ ქალაქში მოძრაობს, გადაადგილდება ბიგელების მეშვეობით, რომლებიც დენის მავთულებზეა ჩაბმული, ბიგელების გარეშე ადგილიდანაც ვერ დაიძვრება, რადგან საწვავზე არ მუშაობს.

– ჰო, კიდევ ისიც ვიცი, რომ ნომრები აქვს, № 27, 51, 75… ეს ნომრები იმისთვისაა საჭირო, რომ ადამიანები ადვილად მიხვდნენ, საით მიდის და ამის მიხედვით ჩასხდნენ შიგ. საიდან ვიცი? ვმჯდარვარ, თან საკმაოდ ხშირადაც პატარაობისას ბაბუასთან ერთად ზოოპარკში ტროლეიბუსით მივდიოდი ხოლმე, ოღონდ რა ნომრით, ეგ აღარ მახსოვს… ახლაც ხომ ვისაუბრეთ და კიდევ რაღაცები გავიხსენეთ მის შესახებ.

– აბა, ვნახოთ რაზე იქნება მოთხრობა, რომელსაც, ცოტა არ იყოს, უცნაური სათაური აქვს. მოდი, ახლა პირველ წინადადებას წავიკითხავ.

ტექსტის წაკითხვა ხმამაღლა ფიქრით

მასწავლებელი ხმამაღლა კითხულობს პირველ წინადადებას.

– ვერასდროს გამოიცნობთ, რა მოხდა ერთ მშვენიერ, თითქოსდა ჩვეულებრივ დილას!

მასწავლებელი ხურავს წიგნს, თავს მაღლა სწევს, აკეთებს მცირე პაუზას და იწყებს საუბარს.

ვარაუდების გამოთქმა `

– ნეტავ რა უნდა მომხდარიყო ასეთი უცნაური და არაჩვეულებრივი? თან ისეთი, ვერასდროს რომ ვერ გამოვიცნობთ? ჩემი აზრით, ტროლეიბუსი აღარ დახვდა მძღოლს სადგომზე. შეიძლება ტროლეიბუსში მოხდა ჩხუბი მგზავრებს შორის? ან, ალბათ, შუა გზაში გაფუჭდა.

საუბრის შემდეგ აგრძელებს კითხვას, კითხულობს რამდენიმე მომდევნო წინადადებას.

– ტროლეიბუსი № 75, რომელიც საერთოდ პარკიდან მოედნამდე დადის, ჩვეული გზით კი არ წავიდა, გარეუბნისკენ გადაუხვია… ჯერ ორ წუთსაც არ გაევლო, რომ იმხელა ტროლეიბუსმა ქალაქი უკან მოიტოვა და ტრიალ მინდორზე დარეტიანებულივით გავარდა.

შეკითხვების დასმა

-კი მაგრამ, შეიძლება, რომ ტროლეიბუსმა ბიგელების გარეშე იმოძრაოს? თუ რაღაც განსაკუთრებული ტროლეიბუსი იყო? იქნებ მძღოლი ნასვამი იყო და საჭე ვეღარ დაიმორჩილა? მაგრამ დილაადრიან სად დათვრებოდა… იქნებ გამოუძინებელი იყო და ჩაეძინა საჭესთან საწყალს…

შემდეგ მასწავლებელი ისევ ჩერდება და აგრძელებს ლაპარაკს.

ვიზუალიზება

-აბა, ერთი წამით თვალები დავხუჭოთ და ყველამ წარმოვიდგინოთ ეს მომენტი… მასწავლებელი თავადაც ხუჭავს თვალებს და ბავშვებსაც იმავეს სთხოვს. ახლა დავინახე, როგორ მიქრის დარეტიანებული ტროლეიბუსი მინდორზე, ბიგელები ცაში აქვს აშვერილი და შხუილით ჩაუქროლებს ხალხს, ხეებს… რა სანახავი იქნებოდა!..

მინიგაკვეთილის შეჯამება

მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, ისაუბრონ მოდელირებული სტრატეგიების შესახებ. სთხოვს მოსწავლეებს გამოიყენონ მოდელირებული სტრატეგიები მართული კითხვისა და დამოუკიდებელი კითხვის დროს.

-რას იტყვით, რა დაგამახსოვრდათ? რომელი სტრატეგიები გაჩვენეთ? რა მოგეწონათ? როგორ გამოიყენებთ ჩემ მიერ ნაჩვენებ სტრატეგიებს კითხვის დროს?

-ახლა გთხოვთ, თქვენ გააგრძელოთ ტექსტის წაკითხვა და გამოიყენოთ ჩემ მიერ მოდელირებული სტრატეგიები.

რას ხედავენ და რას ხვდებიან  ბავშვები?

ფიქრის გახმოვანებისა და ილუსტრირების მეთოდის დახმარებით ბავშვები აკვირდებიან და ხვდებიან, როგორ მიმდინარეობს გაგება-გააზრების პროცესი და მოდელირებულ ქმედებას იმეორებენ, როცა დამოუკიდებლად იწყებენ კითხვას.

სასურველია, მასწავლებლის მიერ მოდელირება ,,ხმამაღლა ფიქრის’’ ტექნიკის გამოყენებით მხოლოდ რამდენიმე წუთს გაგრძელდეს.

ჩვენ არ ვიცით, რას ფიქრობენ ჩვენი მოსწავლეები ნაწარმოების წაკითხვისას ან საერთოდ ფიქრობენ იმ მომენტში თუ არა.

სამაგიეროდ შეგვიძლია, მოდელირების გზით ვუჩვენოთ, რას უნდა ფიქრობდეს მკითხველი წიგნის წაკითხვამდე, კითხვის პროცესში და დასრულების შემდეგ.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

https://kargiskola.ge/teachers/resource_books/kitxva/resursi_kitxva.pdf

ნუ დააყენებთ მოსწავლეს ფეხზე

0

ადამიანის გული დღე-ღამის განმავლობაში დაახლოებით იმდენივე სისხლს გადაისვრის პარკუჭში, რამდენი ლიტრი დიზელიც 12 მეტრიან ნავთობ მზიდში ჩაეტევა და მაინც, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი გული გამუდმებით ფეთქავს, თურმე, რეალურად, ის მხოლოდ 19 საათი მუშაობს 24 საათიდან, დანარჩენ დროს კი უბრალოდ ისვენებს.

ბუნებამ ისე მოაწყო ადამიანის სხეული, რომ დასვენება ჩვენი ბუნებრივი მდგომარეობაა, რომელიც ყველა ინდივიდს სხვადასხვაგვარად სჭირდება.

მეორე მსოფლიო ომის დროს, 70 წლის ვინსტონ ჩერჩილი 16 საათი მუშაობდა დღის განმავლობაში. გარკვეული დრო გადაადგილებას, ბანაობას, ჭამას და სულაც ოჯახის წევრებთან გამოლაპარაკებას ხომ დასჭირდებოდა და ფაქტობრივად, მას 18 საათიანი სამუშაო დღე ჰქონდა და ეს მთელი 4 წელი გაგრძელდა. იქნებ ვინმემ თქვას, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს ამ უკიდურესად რთულ ვითარებაში ძილისთვის არ ეცალაო, არადა, ვის-ვის და ცნობილ ძილისგუდას, ძია ვინის სწორედაც რომ რჩებოდა დრო საფუძვლიანად დაესვენა და დღეში 6 საათი მაინც გამოეძინა ისე, რომ მხნედ ყოფილიყო და კოალიციის ჯარების მეთაურობაც ეტვირთა.

როგორ? ვინსტონ ჩერჩილი ღამის განმავლობაში 4 საათს, ვახშმის წინ კი 2 საათს აუცილებლად გამოიძინებდა სულ რომ დედამიწა დაქცეულიყო. სამუშაოს ნაწილს კი ისე გეგმავდა, რომ საწოლში კოტრიალისას ტელეფონზე დაერეკა, საბუთებზე ხელი მოეწერა, მოხსენებები წაეკითხა და სულაც – შეხვედრები ეწარმოებინა.

ძილისა და ზოგადად დასვენების მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა უამრავ ადამიანს. და ვინჩი ოთხ საათში ერთხელ იძინებდა, როკფელერს კი, სიესტას რომ მოიწყობდა ხოლმე სამხრობის შემდეგ, ატომური დაბომბვა რომ დაწყებულიყო და პირადად ამერიკის პრეზიდენტს დაერეკა, არავინ გააღვიძებდა (98 წლამდე იცოცხლა).

მოცარტის თქმით, ვერაფერს დაწერდა გვარიანად რომ არ დაესვენა ხოლმე, ხოლო ზიგმუნდ ფროიდი ამტკიცებდა – ადამიანის ენერგეტიკული მარაგის ავზი სწორედ დასვენების დროს ივსება პირთამდე და ის, ვინც მუდმივად გადაღლილია, ვერასოდეს იმუშავებს Perpetuum Mobile-ს პრინციპითო.

მაიკლ ესიენი, ვეტერანი ფეხბურთელი, ვისზეც მწვრთნელი ჟოზე მოურინიო წერდა, შეუძლია ჩემპიონთა ლიგის ორი მატჩი ზედიზედ ითამაშოსო, თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში აღნიშნავს, რომ შეხვედრამდე 2-3 საათით ადრე კომფორტულად წამოკოტრიალდებოდა ხოლმე გასახდელში ან საკუთარ ნომერში და თვლემდა. რომ არა ეს თვლემა, 20 წუთი სირბილიც გამიჭირდებოდაო.

ამხელა შესავალი მხოლოდ იმისთვის დამჭირდა, რომ მასწავლებლებისთვის ჩემი აღმოჩენა გამეზიარებინა, აღმოჩენა, რომელიც საკუთარ მოსწავლეებთან რამდენიმე წლიანი მუშაობის შედეგად გავაკეთე:

ჩვენი ცხოვრების რითმი იმგვარია და სასწავლო პროცესიც ისეა დაგეგმილი, რომ ბავშვები (აღარაფერი ვთქვათ ჩვენზე, მასწავლებლებზე) მუდმივი მუშაობის რეჟიმში, ერთგვარი სტრესის ქვეშ ვფუნქციონირებთ. დიახ, ეს ტექნიკური ტერმინი ზუსტად ასახავს მდგომარეობას, რომელშიც, მაგალითად ჩემი 11 წლის მოსწავლე ანა ჰყავს ჩაყენებული საკუთარ ოჯახს: დღის განმავლობაში ის 5 საათი სკოლის გაკვეთილებს ესწრება (სკოლის შესვენება კი, ყველამ იცის დასვენება არასოდესაა), რის შემდეგაც მუსიკაზე მიდის. სადილს, როგორც წესი, გზაში, „ანტრეს“ ბურგერს ჭამს, მუსიკის შემდეგ კი ინგლისური, ჩოგბურთი ან ცურვა აქვს. მისი საღამო სკოლის გაკვეთილების მომზადება და (თუ საამისო დრო ჩაიგდო ხელში, ძირითადად კი ამას საპირფარეშოში შესვლისას აკეთებს) Brawl Stars_ის თამაშია.

მეორე დღე იგივე წრეზე, შაბათ-კვირას კი მშობლებს საკვირაო სკოლაში და არტ-თერაპიის კურსებზე დაჰყავთ.

როდისღა ისვენებ? – ვკითხე ანას მისი ბედით შეწუხებულმა. როცა მძინავს. – ჰქონდა დაზეპირებული პასუხი.

დასვენების (ნამდვილი დასვენების) საჭიროებაზე მსოფლიოს ფსიქოლოგები წლებია ლაპარაკობენ. ფსიქიატრთა უმრავლესობა კი დასვენებას, როგორც დაავადებათა მიმართ მედეგობის, ნერვული აშლილობების თავიდან არიდებისა და ბედნიერების წამალს ისე მოიხსენებენ.

ამერიკის ჯარის წვრთნა (ყველამ ვიცით, როგორი მობილიზებულია ამ ქვეყნის სამხედრო კონტიგენტი) დასვენებაზეა აგებული. ალბათ ბევრი იტყვის, სისულელეა, ამერიკელ ჯარისკაცებს ლიმონივით წურავენო, მაგრამ ეს სტერეოტიპული დამოკიდებულება უფროა, ძირითადად ჩვენი წარმოდგენა, რომელიც ფილმებიდან გვექმნება, სინამდვილეში კი, ამერიკული ბიჰეივიორისტული სკოლის ფსიქოლოგებმა ფიზიოლოგებთან ერთად წვრთნის იმგვარი რეჟიმი შეიმუშავეს, რომ სამხედროს არც წვრთნა სწყინდება და ორგანიზმიც მუდმივად მხნე მდგომარეობაში აქვს – მას უბრალოდ ხშირად ასვენებენ.

მიფიქრია, როგორი შედეგი შეიძლება მოიტანოს განათლების სისტემაში საათობრივი ანაზღაურების იმგვარად დანერგვამ, რომ მასწავლებლებს დასვენებაშიც ფულს უხდიდნენ. არადა, მასწავლებელს, ალბათ ცოტა ვინმეს თუ კიდევ დედამიწაზე, როგორ ჭირდება დასვენება, უბრალოდ დასვენება, როცა ის ენერგიას სრულად აღიდგენდა და ახალი ძალით, გაღიზიანების გარეშე, სიხარულით შევიდოდა კლასში მოსწავლეებთან (ეს პრობლემა განსაკუთრებით ეხებათ ქალ პედაგოგებს, რადგან მათი ტვირთი სახლში მისვლისას ორმაგდება).

ჩერჩილი ამბობდა: არასოდეს გაიქცე თუ სეირნობით მისვლა შეგიძლია დანიშნულების ადგილამდე, არასოდეს იდგე ფეხზე თუ ჩამოჯდომის საშუალებაა, სადაც წამოწოლა შეგიძლია იქ კი ჯდომაზე ნუ დაიხარჯები, ხოლო როცა წევხარ და ძილის საშუალება გაქვს, ჩათვლიმე, ეს აუცილებლად გამოგადგებაო.

არ ვიცი როდის დადგება ჩვენ ქვეყანაში ის დრო, როცა მასწავლებლებს დასვენების საშუალება ექნებათ, როცა დასვენების კულტურა, როგორც კულტურა ჩვენში განხილვის საგანი იქნება, როცა მშობლები შვილებს ბავშვობას კი არ დავუმახინჯებთ ყველაფრის ერთბაშად თავში ჩატენვით, არამედ ზომიერად, დინჯად და ზედმეტი დატვირთვის გარეშე მივიყვანთ ცოდნამდე ისე, რომ სწავლა არ შევაძულოთ, მანამდე კი უბრალოდ მინდა ვთხოვო მასწავლებლებს, ნუ დააყენებთ ფეხზე მოსწავლეებს გაკვეთილის მოყოლისას თუ მათ ეს არ უნდათ – ცხოვრება ისედაც აიძულებს მათ თქვენსავით მუდმივად ფეხზე იდგეს.

 

 წარმოსახვითი გაკვეთილები ირემზე, როცა სკოლაში დავბრუნდები.

0

თქვენს წინაშეა მისი უდიდებულესობა, ირემი!

                                                      

ქორბუდა, რქა ბორჯღლიანი, ოქროს რქიანი, რქებით რომ ცას წვდება და ზეცასთან მიმავალ კიბედ იქცევა ადამიანებისთვის.

ალბათ, ასე დავიწყებდი გაკვეთილს მეოთხე ან მეხუთე კლასელებთან, შესაძლოა მეექვსეებთანაც კი,  და ვთხოვდი რომ გამოეცნოთ ეს კეთილშობილური, დიდებული და მშვენიერი არსება. მოეყოლათ რა იციან და რას ფიქრობენ მასზე, ასევე ვთხოვდი გაენდოთ ჩემთვის რის გაგებას ისურვებდნენ – ირემზე, რომელიც ერთი კვირა – ჩვენი მეგობარი და სტუმარი გახდებოდა .

შესაძლოა ასეთი სქემაც გამომეყენებინა:

მთელი ერთი კვირა ჩვენ ვისაუბრებთ, წავიკითხავთ, მოვყვებით, დავწერთ, დავხატავთ, ვუყურებთ მხოლოდ და მხოლოდ ირემს.

თუ მოვიძიებთ ირმის პლაკატს კარგი იქნება, ან ფანჯრებს მოვხატავთ ირმის გამოსახულებით, ან დიდ ფორმატზე დავხატავთ და კლასში თვალსაჩინო ადგილას ჩამოვკიდებთ. ასე განწყობის შექმნასაც შევუწყობთ ხელს.

დღე პირველი –  ირემი და მითოლოგია

ვიწყებ მითოლოგიით, რა არის მითი? რომ ეს არის უძველესი ხალხური ამბები, თქმულებები ქვეყნიერების გაჩენისა, სიცოცხლის წარმოშობის, ღმერთებისა და გმირების თავგადასავლების შესახებ. სადაც გადმოცემულია ადამიანის წარმოდგენები სამყაროზე და ბუნების საიდუმლოებებზე. აქვე პრეზენტაციას ვუჩვენებ უძველესი ირმების ნახატებითა და სურათებით, თან ვუყვები:

ირემი უძველესი ხალხებისთვის წმინდა ცხოველი, სიკეთის სიმბოლო და ღმერთებთან შუამავალი იყო. კელტები, ინდოევროპული ტომები, ირმის რქებს ხის ტოტებს უკავშირებდნენ, ხე კი მათთვის უაღრესად წმინდა მცენარედ ითვლებოდა. ირმის რქებს განახლების უნარი აქვთ, ისევე როგორც ხის ტოტებს ფოთლების შემოსვის.  ის განახლების, ბუნების გამოღვიძების სიმბოლო იყო. მას ასევე მზის სხივებად აღიქვამდნენ და ღმერთამდე მისვლაში ეხმარებოდათ, ხოლო თეთრი ირემი განსაკუთრებული მაგიური ძალების მქონედ მიაჩნდათ.

ქართულ მთებში ირემი მზისა და მთვარის ასულის მხლებელია, ნადირობის ქალღმერთი დალი ირმად იქცევა ხოლმე, ის სამყაროს ღერძია, სამი სამყაროს გამაერთიანებელი – ქვესკნელის  – ფეხებით, შუასკნელის (ადამიანების სამყოფელი) – ტანით, და ზესკნელის – რქებით.

(წყარო: სამეცნიერო ჟურნალი: კავკასიოლოგიური ძიებანი, N5)

ქართულ ხალხურ ზღაპრებში ირემი გმირებს ზრდის ან გაჭირვების დროს ეხმარება მათ.

ვეკითხები რომ ხომ არ გაახსენდათ რომელიმე ზღაპარი სადაც ირემი ფიგურირებს? დაფაზე ვწერ ბავშვების პასუხებს.

ვაძლევ დავალებას:

მოიგონონ ამბავი ჯადოსნურ ირემზე, ამბავი უძველეს სამყაროზე უნდა იყოს და თქმულებას ჰგავდეს. კარგი იქნება თუ კი ილუსტრაციას დაუხატავენ.

დღე მეორე – ირემი და ლიტერატურა

გაფრთხილება: ერთი გაკვეთილი არ ეყოფა, დროს ნუ განსაზღვრავთ თავიდანვე, იყოს იმდენი რამდენიც დაგჭირდებათ, ამ ერთხელ გათავისუფლდით და მიენდეთ ინტუიციას. არ აჩქარდეთ, ნელ-ნელა, მშვიდად წაიყვანეთ პროცესი, დარწმუნდით რომ ბავშვები ჩაწვდნენ მთავარ სათქმელს.

ვკითხულობთ: გოდერძი ჩოხელის „დამიბრუნეთ ჩემი ირმები“ https://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/40100/1/Dila_1990_N01.pdf

და ვაჟა-ფშაველას „ირემი“ https://kids.ge/story?id=6

განვიხილავთ ირმის მხატვრულ სახესა და დატვირთვას თითოეულ მოთხრობაში, ვსაუბრობთ რა აქვთ საერთო და რით განსხვავდებიან, ან როგორ ფიქრობენ რის სიმბოლო შეიძლება იყოს ირემი ამ ორ ტექსტში?

ირმები დღეს საქართველოში ცოტანი არიან შემორჩენილები, რადგან მათზე ადამიანები ნადირობდნენ – ამ საკითხზე ბევრს ვფიქრობთ და ვმსჯელობთ, ადამიანმა უნდა ისწავლოს საკუთარი სურვილების გაკონტროლება. ორივე მოთხრობაში მთელი სიმძაფრითაა ეს პრობლემა წარმოჩენილი, რომ ამ ქვეყნად ცხოვრება ყველას უნდა. ვეხებით ეკოლოგიასაც.

დავალება: ვთხოვთ სახლში კიდევ წაიკითხონ კარგად ორივე ტექსტი, მათთვის უცხო სიტყვების მნიშვნელობა მოძებნონ და ამოიწერონ ონლაინ- ლექსიკონის დახმარებით. https://ena.ge/explanatory-online

შეარჩიონ ერთ-ერთი მოთხრობა, შეცვალონ დასასრული და საკუთარი ვერსია შექმნან. შეუცვალონ სათაურიც. კარგი იქნება თუ დაასურათებენ.

დღე მესამე – ირემი  როგორც ირემი

ამ დღეს ირემზე, როგორც ცხოველზე ისე ვსაუბრობთ.  ვნახავთ ირმის შესახებ დოკუმენტურ ფილმს:

ვსაუბრობთ ირმების „ხავერდოვან პერიოდზე“, როცა გაზაფხულზე რქებს იცვლის. რაც უფრო დიდია რქები, მით უფრო ადრე ხდება მისი მოცვლა. ე.ი. ჯერ დიდი ხარები იცვლიან და შემდეგ ახალგაზრდები. რქების ცვლა მარტში იწყება. მაისში კი ახალი რქები ამოდის, რომლებიც შემოსილია ხავერდისებული კანით და ამიტომ ირმის ცხოვრების ამ პერიოდს ხავერდოვანი პერიოდი ეწოდება. ხავერდით დაფარული რქები ნაზი და მგრძნობიარეა. ზაფხულში კანი ხმობას იწყებს და ირმები ცდილობენ, ხეებზე რქების ხახუნით მოიშორონ შემხმარი კანი. ამ დროს შეიძლება ნახოთ ირემი, რომელსაც კანი ფოჩებად ან გირლიანდებივით ჰკიდია რქებზე. შემოდგომისთვის რქები კანისგან თავისუფლდება და ისევ იარაღის ფუნქციას იძენს.

(წყარო: ბიბლიოვიკი,  საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მონაცემთა ბაზა)

ვაჩვენებთ ვიდეოს: ირმების მყვირალობა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში.

 

დღე მეოთხე – ირემი მხატვრობაში

ირემი ძალიან ლამაზი და მშვენიერი ცხოველია, ამიტომ მხატვრები ხშირად ხატავენ. სილამაზის გარდა, მხატვრებს აინტერესებთ ირემის სიმბოლური მნიშვნელობებიც. ვიწყებ ფიროსმანის ირმების ჩვენებას. ვეკითხები თუ იცნობენ ფიროსმანს, და თუ ახსოვთ, თუ უნახავთ მისი ირემი?

მაშ ასე, ფიროსმანის ირმები:

მონადირე

ირემი

მიმავალი ირემი

ირემი

ირმები და გაზაფხული

შველი

ირემი

ირმების ოჯახი

სამი ირემი წყაროსთან

 

 

ირემი

ირემი

 

სულ თერთმეტი ირემი. ბავშვები მსჯელობენ რა საერთო აქვთ ერთი მხატვრის 11 ირემს და რა ასხვავებს მათ ერთმანეთისგან.

ვაჩვენებ სხვა ცნობილი მხატვრების ნამუშევრებსაც:

ედვინ ლანდსერი „გლენის მონარქი“

ფრანც მარკ „წითელი ირემი“

 

შენ კონგ  „ჩინური ირემი“

ჯესიკა ბუმანი „ოჰ, ეს ირემი“

ფრიდა კალო „დაჭრილი ირემი“

ჯიმ ლეინი „ფლორა და ფონი“

ბავშვები თითოეულ მათგანზე გამოთქვამენ საკუთარ მოსაზრებებს, თუ რა ემოცია აღუძრათ ნამუშევარმა, რა ხდება სურათზე, რის თქმა, ჩვენება სურდა მხატვარს.

დავალება:

დახატე შენი ირემი, ისე როგორც შენ გინდა. შეარჩიე ფერები განწყობის მიხედვით, შენი ნამუშევარი აუცილებლად დაასათაურე.

დღე მეხუთე – ირემი, შეჯამება

ეს დღე შეჯამებასა და შთაბეჭდილებების გაზიარებას ეთმობა. ამ დროს ვავსებთ გრაფას: რა გავიგე ახალი და მნიშვნელოვანი?

ვსაუბრობთ ფილმებზე და ანიმაციებზე, რომლების პერსონაჟები ირმები ან შვლის ნუკრები არიან. ვნახულობთ ნაწყვეტებს „ბემბიდან“. ვნახულობთ პატარა, შთამბეჭდავ და ემოციურ ანიმაციებს.

https://youtu.be/ruKMVOx8z9

ვსაუბრობთ მათ შინაარსზე, იდეაზე, მბრწყინავ გულზე, სიკეთეზე, მეგობრობაზე.

ბავშვებს ვთხოვ სახლში ნახონ ფილმი: „სანტას ირემი ბრუნდება“.

https://www.adjaranet.com/movies/16351/Prancer-Returns?lang=GEO&quality=HD

 

ბოლოს კი შეიძლება მშობლებიც მოვიწვიოთ და წარვუდგინოთ ჩვენი ერთი კვირის განმავლობაში შექმნილი ნამუშევრები, გამოვფინოთ ნახატები, ტექსტები შესაძლოა აიკინძოს ხელნაკეთ წიგნადაც და ბავშვებმა საკუთარი მოთხრობები წაიკითხონ.  ამ საღამოს სახელსაც მოვუფიქრებთ ალბათ „ეს, საოცარი ირმები“ – რაღაც ასეთს დავარქმევთ, მოსაწვევებსაც დავამზადებთ და აფიშასაც.

ჰოდა, როცა სკოლაში დავბრუნდები პირველივე კვირის სტუმრად აუცილებლად, ეს დიდებული, მშვენიერი, კეთილშობილური, ქორბუდა ირემი გვეყოლება.

,, წყლის  ყვავილობაზე“ მოქმედი ფაქტორები  – ბიოლოგიური სიმულაცია

0

 საბუნებისმეტყველო საგნებში მოსწავლეების მოტივაციისა და ჩართულობის გაზრდის ერთ-ერთ საშუალებას სასწავლო პროცესში ექსპერიმენტებისა და კვლევითი პროცედურების ჩართვა წარმოადგენს. მნიშვნელოვანია, მასწავლებელმა თეორიულ მასალასთან მიმართებაში შეარჩიოს კვლევა; გაითვალისწინოს მოსწავლეების ინტერესები;  დეტალურად გააცნოს მოსწავლეებს კვლევის ჩატარების ინსტრუქცია, რათა თავიდან აიცილოს მოსწავლეების მხრიდან განსხვავებული ინტერპრეტირება.  პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციებიდან გამომდინარე გართულებულია მოსწავლეების მიერ ცდის ჩატარება. ჩემი აზრით, უფრო ეფექტურია ვირტუალური ლაბორატორიებისა და სიმულაციების გამოყენება.  რა თქმა უნდა, ქართულ ენაზე შექმნილი სიმულაციის ან ლაბორატორიის გამოყენება მასწავლებლისთვისაც და მოსწავლეებისთვისაც უფრო მოსახერხებელია, მაგრამ რესურსების ნაკლებობის გამო მინდა, გაგაცნოთ ერთი, ჩემი აზრით, საინტერესო საიტი: Jon Darkow.com

https://sites.google.com/site/biologydarkow/home

საწყისი გვერდი ასე გამოიყურება:

Ecology-ზე დაწკაპებით ჩამოიშლება სიმულაციების სათაურები:

სტატიაში მიმოვიხილავ პირველ Algal Blooms and Trophic Dynamics in Aquatic Ecosystems-სა და მეექვსე Limiting Nutrients with Data Analysis-ს.

  1. Algal Blooms and Trophic Dynamics in Aquatic Ecosystems

პირველი სიმულაცია გამოსახავს ეკოსისტემაში სხვადასხვა ბიოტური და აბიოტური ფაქტორის გავლენას პოპულაციის ზომაზე, სიმჭიდროვეზე. მისი საშუალებით ასევე შესაძლებელია გამძლეობის საზღვრებისა და ტროფიკული დინამიკის დადგენა. სიმულაციის გამოყენებით შეძლებთ კვებითი ჯაჭვების, კვებითი ქსელისა და ტროფიკული დონეების დახასიათებას. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ის გვიჩვენებს, რა გავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანის საქმიანობას ეკოსისტემაზე. მაგალითად, როგორ ცვლის ეკოსისტემაში პოპულაციების რიცხოვნობას ადამიანის საქმიანობით გამოწვეული წყლის ტემპერატურის ცვლილება და წყალში ფოსფატების კონცენტრაციის ზრდა.

სიმულაციის გამოყენებით შეიძლება შეიქმნას ორი სახის ეკოსისტემა: ოლიგოტროფული და ევროტროფული.

ოლიგოტროფულ ტბაში საკვების რაოდენობა მცირეა, ასევე მცირე რაოდენობით არის პროდუცენტებისა (ციანობაქტერიები) და რედუცენტების რიცხვი. პირველი რიგის კონსუმენტები ტბაში დიდი რაოდენობითაა. წყალში მაღალია ჟანგბადის კონცენტრაცია და წყალი სუფთაა.

ევროტროფული ტბა დიდი რაოდენობით საკვებ ნივთიერებებს შეიცავს, ციანობაქტერიები საშუალო რაოდენობითაა, მომხმარებლების რაოდენობა მცირეა, წყლის დაბინძურების ხარისხი დაბალია, ჟანგბადის რაოდენობა ნაკლებია (წყალი ჰიპოქსიურია).

  1. Limiting Nutrients with Data Analysis.

საკვები – შემზღუდველი ფაქტორი

სიმულაციის მიზანია, დადგინდეს, რომელი საკვები ნივთიერებაა შემზღუდველი ფაქტორის როლში წყლის თითოეულ ეკოსისტემაში.

სიმულაციის საშუალებით ხდება წყალმცენარეების რაოდენობის აღრიცხვა 28 დღის განმავლობაში. მისი განზომილებაა უჯრედი/მლ. სიმულაციის საშუალებით შესაძლებელია ოთხი სხვადასხვა ეკოსისტემის შესწავლა. ეს არის ერის ტბა, ჰუდსონის ყურე, სარგასის ზღვა და St. Mary-ს ტბა. სიმულაციის გამოყენებით შესაძლებელია ასევე ბიოლოგიის გეოგრაფიასთან ინტეგრირება. თუ მოსწავლე შეისწავლის კონკრეტული ზღვისა თუ ტბის გეოგრაფიულ მდებარეობას, მათში მცხოვრები წყალმცენარეების სახეობებს, დინებების სახეებს, რომლებიც ამ ეკოსისტემების ირგვლივაა, მაშინ ადვილად ახსნის ვირტუალური კვლევის შედეგებს. დაადგენს, რომ ერის ტბაში წყალმცენარეებისთვის შემზღუდველი ფაქტორია აზოტისა და ფოსფორის რაოდენობა; ჰუდსონის ყურეში მცხოვრები წყალმცენარეებისთვის – ფოსფორის რაოდენობა, სარგასის ზღვის წყალმცენარეებისთვის – რკინის კონცენტრაცია, St. Mary-ის ეკოსისტემისთვის  კი – ფოსფორის რაოდენობა.

 

მულტიმედია რესურსები საქართველოს პირველი რესპუბლიკის ასახსენლად

0

ას წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს პირველი რესპუბლიკა შეიქმნა   და ასი წელი იმის შემდეგ, რაც ამ რესპუბლიკამ დამოუკიდებლობა დაკარგა. ახლაც, როცა იმაზე ვლაპარაკობთ, როგორი ქვეყანა გვინდა და რა საფრთხეები შეიძლება ემუქრებოდეს ჩვენს დამოუკიდებლობას, ხშირად ახსენებენ 1918-1921 წლებს, მაშინდელ პოლიტიკოსებს, მათ ხედვას მომავალზე, პირველ კონსტიტუციას, დებატების კულტურას, დამოკიდებულებას განათლების მნიშვნელობაზე, თავდადებულ ბრძოლებს და იმასაც, რომ ეს პერიოდი სათანადოდ ჯერაც არ არის შესწავლილი.

 

მახსენდება ხოლმე ჩემი სკოლაში გავლილი საქართველოს ისტორია, სადაც გაცილებით დეტალურად იყო ახსნილი წინა საუკუნეების ამბები, ვიდრე იმ საუკუნის მოვლენები, რომელშიც ვცხოვრობდით. მეოცე საუკუნის მიწურულის ისტორიის წიგნებში თანამედროვე ისტორიასა და ლიტერატურას გაცილებით პატარა წილი ეჭირა, ვიდრე მაგალითად, მეხუთე, მეშვიდე, მეთორმეტე საუკუნის ამბებს და საბოლოოდ სკოლას უახლესი ისტორიისა და ლიტერატურის მწირი ცოდნით ამთავრებდი. მაშინ არავინ აკეთებდა აქცენტს იმაზე, რომ, მაგალითად, პირველი რესპუბლიკის დროს კონსტიტუციაში არსებობდა ჩანაწერი, რომელიც სახელმწიფოს ავალდებულებდა, დაწყებით კლასებში ბავშვებს „საზრდო, ჩასაცმელ-დასახური და სასწავლო ნივთები უფასოდ” უნდა მისცემოდათ და ამაზე ადგილობრივი თვითმმართველობები იყვნენ პასუხისმგებელნი. მწირზე მწირი ბიუჯეტის ნაწილი კი საზღვარგარეთ განათლების მისაღებად ნიჭიერი ახალგაზრდების გასაგზავნად იხარჯებოდა. ასე აღმოჩნდნენ ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში ლადო გუდიაშვილი და დავით კაკაბაძე, შალვა ქიქოძე და ცნობილი ქართველი ავიაკონსტრუქტორი ალექსანდრე ქართველი. რესპუბლიკა ზრუნავდა მასწავლებლების გადამზადებაზეც და ისიც ესმოდა, რომ განათლების ისეთი სისტემა უნდა შეექმნა, რომელიც ყველას მისცემდა განვითარების საშუალებას.

 

პირველ რესპუბლიკაზე ლაპარაკისას ჩემი შვილებიც მახსენედება, რომლებიც ჯერ პატარები არიან, მაგრამ ყოველ ჯერზე მონუსხულნი დგანან ხოლმე საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმში. ჯერ კარგად ვერ ხვდებიან მასობრივი ტერორის, რეპრესიების და ჩეკისტების განმარტებებს, მაგრამ ხვდებიან იმას, რომ ეს დარბაზი რაღაც მნიშვნელოვანს, საინტერესოსა და თან საშიშ ისტორიას ჰყვება. როცა პატარა ვიყავი არც ოკუპაციის მუზეუმი იყო და არც ინტერნეტი გვქონდა – შესაბამისად, არც ის მულტიმედია რესურსები არსებობდა, რომელზეც ახლა მინდა მოგიყვეთ და რომლებიც მგონია, მასწავლებლებს პირველი რესპუბლიკის სურათის ისე დახატვაში დაეხმარება, თანამედროვე ბავშვებისთვის უკეთ გასაგები და აღსაქმელი რომ იყოს. თავად მოსწავლეებს კი ისტორიის გადმოცემის თანამედროვე ხერხებს გააცნობს, რომელიც ვინ იცის, შესაძლოა მომავალში მათ საქმედაც კი იქცეს. ისტორიის სწავლისას, მის დასახარისხებლად და გასაგებად, თხროის უნარის გამომუშავება არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე მხოლოდ ფაქტების ცოდნა.

 

არქივი

 

პირველი რესპუბლიკის შესახებ დოკუმენტების ძირითადი ბაზა საქართველოს არქივში ინახება. ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტები და ფოტოებიც მათ ვებსაიტზეა განთავსებული.  აქ ნახავთ, მაგალითად, მასწავლებლის მოწმობას, რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის ამსახველ კადრებს, სადაც ნაჩვენებია  თბილისის თავდაცვის მარჯვენა და ცენტრალური სექტორის კადრები, სანგრებში მყოფი ჯარისკაცები, რუსი ტყვეების შემოყვანა თბილისში, ქართული არმიის უკან დახევა თბილისიდან. ნახავთ რესპუბლიკის გერბისა და სამხედრო არმიის ფორმის ესკიზებსაც, რუკებს, ფულს და ფრაგმენტებს პუბლიკაციებიდან.

 

მედია

 

ქართული ონლაინმედია ბოლო წლებია, აქტიურად მუშაობს პირველი რესპუბლიკის დანატოვარის გაცოცხლებაზე. აი რამდენიმე პროექტი:

 

„რადიო თავისუფლების“ პროექტი დამოუკიდებლობის 100 წელი საარქივო მასალაზე დაყრდნობით ისტორიკოსის კომენტირებული პროექტია, რაც არა მხოლოდ დოკუმენტაციის დათვალიერების, არამედ შეფასებისა და გააზრების საშუალებასაც იძლევა.

 

Civil.ge-ს ვიდეოების სერიაა „რესპუბლიკა ჩვენი ისტორია”, რომელიც პირველი რესპუბლიკის ცხოვრების წესის სხვადასხვა ასპექტს მიმოიხილავს. ამ სერიაში ნახავთ, მაგალითად, როგორ იგებოდა განათლების სისტემა და რა როლი ეჭირა მას დამოუკიდებელი სახელმწიფოს მშენებლობაში – https://fb.watch/4r_BqaSY2y/ [ ვიდეოს ბმულია, რომელიც მგონი შეიძლება სტატიაში].

 

საზოგადოებრივი მაუწყებლის პროექტ „ტელესკოლას“ მიერ მომზადებული ვიდეოების სერია „თბილისის დაცვის ქრონიკები”, რომლებიც კარგად ვიზუალიზებული, ვრცელი თხრობის შემცველი მასალაა და ზუსტად ასი წლის ამბებს აცოცხლებს – გვიყვება იმ ხალხის შესახებ, რომლებიც სიცოცხლის ფასად იცავდა დამოუკიდებლობას იმ ადგილებიდან, სადაც მნიშვნელოვანი ბრძოლები გაიმართა. მეგზური ამ დროის მოგზაურობაში ისტორიკოსი დიმიტრი სილაგაძეა.

 

საინტერესოა გიო ჯინჭარაძის ნახატებით ილუსტრირებული ვიდეო, რომელიც ასევე საზოგადოებრივ მაუწყებელს ეკუთვნის და რომელიც იუნკერ ნიკოლოზ მათიკაშვილის მოგონებებს აცოცხლებს.

 

 

სხვა წყაროები

 

აკადემიური გამოცემებისა და სრული სურათის მოყვარულებს შეგვიძლია პირველი რესპუბლიკის ენციკლოპედია გირჩიოთ, შედარებით მსუბუქი საკითხავების ფრაგმენტებისთვის ბლოგი პირველ რესპუბლიკაზე.

 

არსებობს ერთი საინტერესო ონლაინპროექტი, სახელად „პირისპირ”,  რომელიც არა უშუალოდ პირველ რესპუბლიკას, 1921 წლის შემდეგ საბჭოთა ტერორის მსხვერპლთა ზეპირ ისტორიებს კომპიუტერული თამაშის ფორმატში გვიყვება. იმის მიუხედავად, რომ ეს ამბები ტოტალიტარული სისტემის წინაშე მარტო დარჩენილი და განადგურებული ადამიანების მოგონებებია, გარკვეულწილად სწორედ ისტორიის სრული სურათის აღდგენაში გვეხმარება – რისთვის იბრძოდნენ ის ადამიანები 1921 წლამდე, ვინც გასაბჭოების შემდეგ კომუნისტების ხელში აღმოჩნდნენ. როგორი მყიფე ზღვარია დამოუკიდებლობასა და ოკუპირებულ მდგომარეობაში ყოფნას შორის და რა მნიშვნელოვანია იბრძოლო მაშინაც, როცა ამას თითქოს აზრიც კი აღარ აქვს.

 

 

დაბოლოს, ახალგაზრდა მუსიკოსების სიმღერა ყველასთვის ცნობილ ახალგაზრდა მედდაზე, 19 წლის მარო მაყაშვილსა და იუნკერზე, რომელიც კოჯრის ტყეებში სიკვდილს მოელის.

 

 

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...