სამშაბათი, ივნისი 3, 2025
3 ივნისი, სამშაბათი, 2025

რუსთველის ნურადინ-ფრიდონი თანამედროვე პოსტმოდერნისტულ ნარატივში

0

(აკა მორჩილაძის „ფრიდონიანის“ მიხედვით)

 პოსტმოდერნიზმი თანამედროვეობის ენაა და, სხვა ღირსებებთან ერთად, მისი ესთეტიკის ხიბლი იმაშიცაა, რომ ის ახალ სიცოცხლეს სძენს ჩვენ მიერ უკვე კარგად გააზრებულ არქეტიპებს. თანაც ეს ახლებური გააზრება, რასაკვირველია, არ არის გადამღერება; ის შეიცავს უცხოს, საოცარის, ნოვატორულის, მიგნების, აღმოჩენის, ახალი წახნაგების გამოკვეთის სიხარულს. პოსტმოდერნი პირობითად და მეტაფორულად 3D ტექნოლოგიაა მწერლობაში. ის მოიცავს ძველი (რელიგიური, მითოსური, ისტორიული, ლიტერატურული პლასტების) და მეოცე საუკუნის დასაწყისის მოდერნისტული ესთეტიკის დაშიფრული, კოდირებული, ორიგინალური ენობრივი თამაშების, ალუზიების, ალეგორიების ეკლექტიკას და ამასთან ერთად – თანამედროვეობის აქტუალურ ქვეტექსტებსა თუ აქცენტებს. ამიტომაც მიმზიდველია პოსტმოდერნისტული ტექსტი. ის მრავალშრიანია, დამაფიქრებელი, კვლევა-ჩხრეკისკენ უბიძგებს მკითხველს. არ არის მასისთვის, გარკვეული ინტელექტუალური რესურსის გარეშე მისი გაგება-გააზრება შეუძლებელია.

„ვეფხისტყაოსნის“ მეორეხარისხოვანი პერსონაჟებიც კი იმდენად უკვდავ არქეტიპებად არიან ქცეულნი ჩვენთვის, რომ მათთან დაკავშირებული სიახლეებიც არ უნდა იყოს მოულოდნელი, მაგრამ აკა მორჩილაძეს ნამდვილად ეხერხება მკითხველის გაოცება ექსტრავაგანტული თემებით, იდეებითა და მათი გადაწყვეტის შოკისმომგვრელი მეთოდებით. ჩემთვის ამის ნიმუშია მისი მოთხრობა „ფრიდონიანი“, სადაც მან ჩვენთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი გმირი, მულღაზანზარის მეფე ნურადინ-ფრიდონი, სულ სხვა რაკურსით გააცოცხლა. დაარქვით ამას, თუ გნებავთ, მწერლური ეპატაჟი, ლიტერატურული პროვოკაცია, მთავარია, რომ ის იზიდავს მკითხველს, საინტერესოდ იკითხება, დამაფიქრებელია, ანალიზისა და სინთეზის უმაღლეს რეგისტრებზე გაჰყავს მოსწავლეები, აბიტურიენტები, სტუდენტები, მკვლევრები, უბრალოდ ლიტერატურის მოყვარულები. თანაც მწერალი ამ დამაინტრიგებელ ამბებს ყოველგვარი მანჭვა-გრეხისა და სიყალბის გარეშე, გულწრფელად, დამაჯერებლად გვიყვება.

მოთხრობის ფაბულა ასეთია: ზღვისრეთის გამგებელი ნურადინ-ფრიდონი ისე დაბერდა, რომ საკუთარი ასაკიც აღარ ახსოვდა. ვარსკვლავთმრიცხველები ამბობდნენ, სულიერების ისეთ წერტილს მიაღწია, აღესრულება, როცა თავად გადაწყვეტსო. მაგრამ ის სიცოცხლით ტკბებოდა და სიკვდილზე არ ფიქრობდა. ქალები აღარ აინტერესებდა. ზღვის სანაპიროზე სეირნობდა ფეხშიშველი. მისი გაზრდილი 38 მირზა განაგებდა 38 ქვეყანას. ქვეყნიერების ფადიშაჰი თაყვანს სცემდა ნურადინს. ის არაფერს ჭამდა, მხოლოდ ხურმის ჩირს გეახლებოდათ და ადამიანის მთავარ საკვებად წყალი მიაჩნდა. მოხუცი მეფის ერთადერთი ვნება საკუთარი საგმირო-სარაინდო ამბების ეპოსად ქცევა და სახელის უკვდავყოფა იყო. ნაირგვარ ფურცლებზე იწერებოდა მისი თავგადასავლები, გარდა ღორის ტყავისა (აქ მინიშნებაა ნურადინის არატოლერანტულ ბუნებაზე – მ.ს.). მუდმივად უკირკიტებდა 16 წიგნს, რომლებშიც მისი ხოტბა ეწერა. მისი მსახური ჩელები 7 წელი აგროვებდა ამ წიგნებს და მეორე 7 წელი იმახსოვრებდა. 15-წლიანი მივლინების შემდეგ დაბრუნდა სასახლეში და მეფეს მუხლებში ჩაუვარდა მათი ჩაწერის ნებართვის მოსაპოვებლად. კარის მეხოტბე აბუ ქააბ ალ სარი წუხდა, მელექსე აქ ვარ და გარედან მოტანილი ბოდვები რა საჭიროაო?

რამდენიმე ხნის შემდეგ ჩელებმა დაწერა, რომ ხალხის მიერ გამოთქმული „ნურადინ-ნამეს“ 16 წიგნის ჩაწერა დაასრულა. ჩელები ამ წიგნებს ყოველდღე უკითხავდა ნურადინს. ბოლო არ უჩანდა მათ ჩასწორებას. უსაზღვრო იყო ჩელების მოთმინება და ერთგულება. ბოლოს ეჭვიც კი ეპარებოდა, ნუთუ სწორედ ეს ამბები მოვიტანე დიდი ხნის წინო?

ერთხელ ნურადინმა შირვანშა საით მუმისგან წერილი და საჩუქარი მიიღო. მადლიერი შვილობილი ნურადინს უგზავნიდა ურჯულოთა ენიდან თარგმნილ წიგნს, რომელშიც ავტორს ნურადინის ამბავიც შეეტანა. წიგნს „ჰუნდურელ-ნამე“ ერქვა. შირვანშა მამობილს სთხოვდა, ამ წიგნის შესახებ თავისი აზრი მოეწერა.

ნურადინმა საპასუხო წერილში ჩელებს უკარნახა, რომ „ჰუნდურელ-ნამეში“ აღწერილი ამბავი საგმიროდ კი გამოიყურებოდა, მაგრამ „არ მომხდარიყო და ვერასოდეს მოხდებოდა“. მას ახსოვდა ორი კაცი, რომლებიც ნურადინს დახმარებას სთხოვდნენ, მაგრამ მათ სიტყვებში მიზეზი საგმირო საქმისა ვერ დაენახა და უარით გაესტუმრებინა.

ერთხელაც ნურადინმა ჩელებს სთხოვა, ასუიტელი ბრძენი ალ ქაუსი მოეწვია მასთან. ალ ქაუსი დაბადებიდან კუტი და ბრმა იყო. ნურადინი ალ ქაუსს „ჰინდურელ-ნამეს“ შესახებ ესაუბრებოდა. ამბობდა, რომ ქაჯთა ქალაქში არასდროს ყოფილა, მავრები მხოლოდ ალეპოში ჰყავდა ნანახი – ქუჩაში დანით ჩხუბობდნენ ხოლმე. მას არასოდეს გაუტაცია ქალი ქაჯთა ქალაქიდან. „განა ქალის მოტაცება შესაძლებელია? ან რატომ უნდა მოიტაცო ქალი, როცა მისი ყიდვა შეგიძლია?“ – კითხულობდა ნურადინი. ქალის გატაცება ქურდობად მიაჩნდა. ალ ქაუსი ამბობდა, რომ ურჯულოთა ქვეყნებში ეს საგმირო საქმეა, რომ დრო ყველას ყველაფერს ავიწყებს, ნურადინის არსებობას და საგმირო საქმეებსაც დაივიწყებენ, დარჩება მხოლოდ ხსოვნა ჩელებისა, რომელსაც მისი ამბები მოუგონია. ნურადინი შეძრა ბრძენის სიტყვებმა და დილას მისი გაქრობით დამფრთხალმა მსახურებმა საჯინიბოში იპოვეს, დამწუხრებული იმეორებდა: „ჩვენ გავქრებით, როგორც ცხენის ნაკელი, მიწას შევერევითო“… ნურადინმა ალ ქაუსთან გაიხსენა, რომ არც ყმაწვილი იყო და არც ახლანდელივით თვალმიბლეტილი, როცა ურჯულოს წიგნში მოხსენიებული ორი კაცი ესტუმრა. ფრიდონმა წყალი და ჩირი გაუგზავნა სტუმრებს და შეუთვალა, რომ წყალს მაგრილობელი შარბათი შეცვლიდა, ხოლო ჩირს – ჯეირნის მწვადი, მაგრამ უცხოებმა მოსვენება არ მოისურვეს. მავრებთან საომრად მიდიოდნენ და ფრიდონს სარდლობას სთხოვდნენ. ჯარი არ ჰყავდათ. მისრელი ჭაბუკი ტკბილად საუბრობდა. ინდო უტყვი იყო. ინდოზე მისრელი ამბობდა, ტახტის მემკვიდრეა, ხოლო მე სპასპეტი ვარო. ფრიდონს ეუცხოვა უჯარო სპასპეტი. მისგან 200 კაცს ითხოვდნენ, პატივსა და ალაფს ჰპირდებოდნენ. ფრიდონს ეჭვი შეეპარა. ვერ გაეგო, რა გასჭირვებოდათ ისეთი, რომ მათ სამოსს ორი ფრჩხილი მტვერი ედო. ისინი გამოტყდნენ, რომ მავრებისგან ქალი ჰყავდათ მოსატაცებელი. ფრიდონმა მისრელს უთხრა, რომ ვერ გაეგო, როგორ შეეძლო ქალის ქურდობა. ჭაბუკმა მიუგო: „…არ არის ქურდობა… ეგებ ეს ყველაზე კარგი საქმე იყოს, რის მოხერხებაც ალაჰმა დამავალა“…

ფრიდონმა ისიც გაარკვია, რომ ქალი ინდოს საცოლე ყოფილიყო. სტუმრებს უთხრა, რომ მზად იყო, მიეცა ყველაფერი, მაგრამ ქალის გულისთვის ყმათა ხოცვის ცქერა არ შეეძლო, მებრძოლის წესად არ მიაჩნდა ქალის გამო ცეცხლის გაჩენა. ერჩივნა, ოქრო და ვერცხლი გაეღო ქალის გამოსასყიდად. მისრელმა თქვა, რომ ქალს მათ არ მიჰყიდიდნენ. ფრიდონს არ მოეწონა მისრელის საუბარი და ინდოსთან ახლობლობა, არც ინდოს მდუმარება. როცა უთხრა, რომ ქალის დასაუფლებლად მახვილის ხმარება გაუმართლებლად მიაჩნდა, მისრელმა მიუგო: „არის ქვეყანა ამ ქვეყნის გარდა“… მოყმეთა წასვლის შემდეგ ფრიდონმა თავის მარჯვენა ხელს, ყასიმ საიბს, სთხოვა, 200 კაცით უკან გაჰყოლოდა, მოხეტიალე მშვილდოსნად გასცნობოდა, შეეთავაზებინა ალაფის მეათედის ფასად სალაშქროდ წაყოლა.

ყასიმი შემოდგომაზე დაბრუნდა, ქალის გამოხსნისა და ინდო ჭაბუკის ბედნიერების ამბები მოუტანა, მაგრამ მისი მონათხრობი „ჰინდურელ-ნამეს“ სიუჟეტს არ ჰგავდა. ამ წიგნში ეწერა, რომ ფრიდონი, ინდო და მისრელი წავიდნენ, გააცამტვერეს ქაჯთა ქალაქი, საიდანაც ქალი გამოიხსნეს. ფრიდონი დაბეჯითებით იმეორებდა: „არა ვყოფილვარ ქაჯთა ქალაქში! ანდა მავრები რა მეომრები არიან?“ თურმე ყასიმს მოუკლავს 27 ისრით და 14 ხმლით. ფრიდონი დარდობდა, რომ ვერ მიისაკუთრებდა გმირობას, რომელიც არ ჩაუდენია და დასძენდა, რაც იქ არის აღწერილი, საამოა, მაგრამ ტყუილიაო.

ალ ქაუსი ნურადინს არწმუნებდა, რომ მას არასოდეს დაივიწყებდნენ იმ ამბის გამო, რომელიც არ ჩაუდენია, სხვა გმირობებს კი არ დაიჯერებდნენ. ამ სამს საუკუნო ძმებად გამოაცხადებდნენ. ფრიდონი წუხდა, დაეწერათ, რომ ორმა აიღო ის წყეული ციხეო, რაზეც ბრძენმა მიუგო: „მათ მიაჩნიათ, რომ ყველაფერს სამი აკეთებს… თქვენც სამნი ხართ. თქვენ სამნი რჩებით“.

ნურადინ ფრიდონის უკანასკნელი სიტყვები იყო: „მაინც არავინ დაიჯერებს“…

პატრონის სიკვდილის შემდეგ ჩელები ჰამიდ სალამ ჰაჯი ჩელებად იქცა, რადგან მექა მოვლო, ფადიშაჰის ერთ-ერთ დივანში მსახურობდა ყალმოსნად. „ზღვისრეთ-ნამეს“ წიგნებს ზანდუკში ინახავდა, ხოლო როცა სთხოვდნენ, გვიამბე რამე ნურადინ-ფრიდონის შესახებო, ჰყვებოდა, როგორ გამოიხსნეს მისმა პატრონმა და ორმა ჭაბუკმა მავრთა ტყვეობიდან მზეთუნახავი. სხვა ყველაფერი ზღაპარიაო, – ამბობდა.

„ვეფხისტყაოსნის“ ნურადინ-ფრიდონი და აკა მორჩილაძის ზღვისრეთის მეფე რომ შევადაროთ, ასეთ კონტრასტულ სურათს მივიღებთ:

ზღვისრეთის მეფე ნურადინ-ფრიდონი მულღაზანზარის მეფე ნურადინ-ფრიდონი
მოხუცი ახალგაზრდა
38 ქვეყნის მბრძანებელი პატარა ქალაქ-სახელმწიფოს მმართველი
მუსლიმი და არატოლერანტული ტოლერანტული და მიმღები
საკუთარი უკვდავებით დაინტერესებული თავმდაბალი
ფლეგმატური ემოციური
ეჭვიანი მიმნდობი
პირქუში ლაღი, ხალისიანი

 

ნურადინ-ფრიდონი მხოლოდ ერთ რამეში ეთანხმება „ვეფხისტყაოსნის“ ესთეტიკას. ის ისევე მოიხსენიებს ვაჭრებს, როგორც – ავთანდილი: „ვაჭრად!“ – სუნთქვა გაუჭირდა ნურადინ ფრიდონს, – „ვის გაუგია ვაჭართა გმირობა… ვაჭარნი ჯაბანნი არიან“. პოსტმოდერნისტული ტექსტის ირონიული ხასიათი სწორედ ამგვარ დეტალებში ცხადდება. თანამედროვე პოსტმოდერნისტული პროზის საინტერესო ავტორი ზურაბ ქარუმიძე პოსტმოდერნიზმის შესახებ წერდა, რომ მისი მახასიათებელია ერთგვარი სიმულაკრუმების შექმნა და აი, სწორედ ამგვარ სიმულაკრუმად მიგვაჩნია ეს დეტალი აკა მორჩილაძის ტექსტში.

აკა მორჩილაძის ეს მოთხრობა საუკეთესო მასალაა მასწავლებლისთვის მეათე კლასში „ვეფხისტყაოსნის“ სრულ ტექსტზე მუშაობის და მეთორმეტე კლასში სააბიტურიენტო აქტივობების დროს, ვინაიდან იძლევა ანალიზისა და სინთეზის შესაძლებლობას, ხატოვანია, გამომსახველი, დამაინტრიგებელი, მკვეთრი და მეტყველი. კოლეგებს ვურჩევ, აკა მორჩილაძის „ფრიდონიანი“ წააკითხონ საშუალო საფეხურის მოსწავლეებს, დაგეგმონ „ვეფხისტყაოსანთან“ მისი კავშირის თემაზე რეფერატები, სლაიდშოუები, სინთეზირების თხზულებები და ლიტერატურული ესეები, შექმნან სხვადასხვა ესთეტიკის ლიტერატურული პორტრეტები, კომიქსები, ახალი სცენარები, კომენტარების უჯრები. ეს უკანასკნელი ჩემი უსაყვარლესი აქტივობაა. ახალი ტექსტის კითხვის დროს თავადაც ვაკეთებ და მოსწავლეებსაც ვთავაზობ. ვორდის ფაილში ვაწყობ დაახლოებით ამგვარ მარტივ სქემას:

კომენტარების უჯრები.

ტექსტის ავტორი და სათაური ————————————————

წიგნის გვერდი ეპიზოდი, თავი,

ნაწყვეტის დასათაურება

ვრცელი კომენტარი
გვ. — თავი V ემოცია, გმირისა ან მოვლენის შეფასება, გმირის მახასიათებელი, ახალი საგულისხმო ინფორმაცია, ლიტერატურული პარალელი, ალუზია, ინსპირაცია, ციტატა, განსხვავებული თვალსაზრისი, ახალი ენობრივი და სტილებრივი მარკერი
გვ. — ეპიზოდი ————————-
გვ. —

 

მსგავსი სქემა მკითხველს ეხმარება ტექსტის აღქმა-გააზრებაში, მკვლევარს – წერასა და აღმოჩენაში, მოსწავლეს – მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებასა და სხვადასხვა ტიპის ანალიტიკური ტექსტების შექმნაში.

ჰარი პოტერი და პოლიტიკური იდეები

0

ლიტერატურა მხოლოდ ფილოლოგების კვლევის საგანი არ არის. შედევრებით მხოლოდ ლიტერატურათმცოდნეები და ფილოსოფოსები არ ინტერესდებიან. დიად წიგნებს განსაკუთრებული ყურადღებით კითხულობენ სოციალურ მეცნიერებათა წარმომადგენლები, მათ შორის – პოლიტოლოგებიც.

პოლიტოლოგიის დასავლური სკოლების გამორჩეული ინტერესის საგნად მიიჩნევა „ჰარი პოტერი“. პოტერის თავგადასავალი დახუნძლულია პოლიტიკის მეცნიერებისთვის საინტერესო უამრავი კატეგორიით. ჯადოსნურ სამყაროში ვხვდებით სოციალურ მოძრაობებს, სხვადასხვა იდეოლოგიას, მმართველობის ურთიერთგანსხვავებულ სისტემებს, საერთაშორისო ურთიერთობათა თეორიებს და ა.შ. ყველა საკითხის ერთბაშად მიმოხილვა შეუძლებელია, ამიტომ გთავაზობთ, ყურადღება ერთ დეტალზე შევაჩეროთ.

პოლიტიკა ძალაუფლებრივი ურთიერთმიმართებების პროცესია. ძალაუფლება პოლიტიკურ სივრცეში გადამწყვეტი მნიშვნელობის ფენომენია. საინტერესოა, ძალაუფლების რომელ წყაროებს ვხვდებით გენიალური ბრიტანელი მწერლის მიერ შექმნილ მაგიურ სამყაროში.

წიგნის ერთ-ერთი ყველაზე ძლევამოსილი პერსონაჟი ლორდი ვოლდემორტია. ძალაუფლების მოხვეჭის გზაზე მან ყველა უპატიოსნო მეთოდი გამოიყენა, დაარღვია დაწესებული კანონები, დაიხმარა ბნელი ძალები, სასტიკად გაუსწორდა მოწინააღმდეგეებს, ხელი შეუწყო ტერორისა და ძალადობის, უსამართლობისა და განუკითხაობის დამკვიდრებას. ტომ რიდლი (ასეთია ლორდ ვოლდემორტის ნამდვილი სახელი და გვარი) ხელმძღვანელობდა პრინციპით, რომლის თანახმადაც, სიკეთე და ბოროტება არ არსებობს; არსებობს მხოლოდ ძალაუფლება, რომლის ხელში ჩაგდება სუსტებს არ შეუძლიათ.

ბნელი ლორდის მეთოდები საკმაოდ ნაცნობია მაგლების (არა-მაგების) სამყაროსთვის. წიგნის მთავარი ანტაგონისტის პროტოტიპებს აღმოვაჩენთ მეოცე საუკუნის ევროპელ თუ აზიელ დიქტატორებს, დესპოტებს, „რეალპოლიტიკის“ მიმდევარ ლიდერებს შორის. მათთვის მიზანი ამართლებს საშუალებას, მიზანი კი ძალაუფლებაა. ასეთი ადამიანებისთვის ხელისუფლების მთავარი წყარო ძალადობაა.

დიდი ბრიტანეთის მაგიურ ნაწილში განსაკუთრებული გავლენა აქვთ რამდენიმე საგვარეულოს წარმომადგენლებს. ისინი თავს სუფთა სისხლის ჯადოქრებად მოიხსენიებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ ოჯახებში ყოველთვის ჯადოქრები იბადებოდნენ და არა ჩვეულებრივი ადამიანები. ტრადიციულად, ასეთ საგვარეულოთა წარმომადგენლები ძირითადად ერთმანეთზე ქორწინდებიან და მაგების საზოგადოებაში პრივილეგიებით სარგებლობენ. სოციალურ პრესტიჟს „ჰარი პოტერის“ სამყაროშიც თან ახლავს უკეთესი ფინანსური მდგომარეობა და მასთან დაკავშირებული სხვა სიკეთეები. მაგიური არისტოკრატიის თვალსაჩინო წარმომადგენლებად შეგვიძლია მივიჩნიოთ მალფოები. ისინი, ფაქტობრივად, აკონტროლებენ მაგიის სამინისტროს ბიუროკრატიას, არიან ჯადოქრობის საუკეთესო სკოლის, ჰოგვორტსის, მზრუნველთა საბჭოს წევრები, ცხოვრობენ მდიდრულ სასახლეებში, აქვთ შთამბეჭდავი კაპიტალი ბანკში… რაც მთავარია, სოციალურ იერარქიაში მათი გაბატონებული მდგომარეობა დროებითი არ არის და თაობიდან თაობას გადაეცემა. სუფთა სისხლის მქონე ოჯახები ძალაუფლებას კარგავენ, თუ იერარქიის მაღალი საფეხურიდან ჩამოსვლას გადაწყვეტენ, თანასწორ კავშირს დაამყარებენ მაგლური წარმოშობის ჯადოქრებთან და საზოგადოების სხვა, შედარებით „დაბალი რანგის“ წევრებთან. მაგალითად, უიზლების საგვარეულოც უძველეს არისტოკრატიას მიეკუთვნება, მაგრამ უიზლებმა განსაკუთრებული სიმამაცით გაიბრძოლეს აბსოლუტური ძალაუფლების წინააღმდეგ, უარი თქვეს საზოგადოების სუფთასისხლიანებად და ბინძურსისხლიანებად დაყოფაზე, შესაბამისად, დაკარგეს მოწინავე ადგილი ჯადოსნური საზოგადოების სტრუქტურაში.

ამრიგად, ჯოან როულინგის წიგნში აღწერილი ძალაუფლების ეს ფორმა მემკვიდრეობითია, არისტოკრატული, წარმოშობაზე დაფუძნებული, ოღონდ ჯადოსნური პატრიციატი ძალას კარგავს, თუ მისი წარმომადგენლები ტრადიციულ მსოფლმხედველობას იცვლიან ან ღარიბდებიან, თანასწორობის იდეალების თანახმად ცხოვრებას გადაწყვეტენ. მაშასადამე, „ჰარი პოტერის“ დიდებულთა კლასი ოლიგარქიის ნიშნებსაც ატარებს.

დესპოტიისა და ოლიგარქიული შეფერილობის მქონე არისტოკრატიის გვერდით როულინგის რომანში დემოკრატიის უმცირესი გამოვლინებების აღმოჩენაც არის შესაძლებელი. თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ ჯადოსნური სამყარო ერთმნიშვნელოვნად არადემოკრატიულია. მისთვის უცხოა მმართველობის აღნიშნული ფორმა. დიდი ძიების შემდეგ დემოკრატიის ნიშნებს „დამბლდორის არმიაში“ მიაკვლიეს. „დამბლდორის არმია“ ერთგვარი იატაკქვეშა გაერთიანებაა, რომელიც წინააღმდეგობას უწევს ჰოგვორტსში სამინისტროს მიერ დანიშნულ ავტორიტარ მმართველს და მის მიერ დადგენილ უსამართლო წესრიგს. „არმიაში“ გაერთიანებულნი არიან სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც ერთხმად აირჩიეს ლიდერად ჰარი პოტერი. ჯგუფში პოტერს სრული „სახალხო ლეგიტიმაცია“ აქვს, მის ძალაუფლებას თანამებრძოლთა ნდობა და თანადგომა უდევს საფუძვლად. თუმცა აქვე ჩნდება კითხვა: ჰარი პოტერი თავისი განსაკუთრებული ბედისა და გამოცდილების გარეშეც „დაბლდორის არმიის“ ასეთივე ერთპიროვნული ლიდერი იქნებოდა? ალბათ, არა, მაგრამ სახალხო ლეგიტიმაციაც ხომ ხშირად ქარიზმული, რჩეული მოღვაწეების ხვედრია.

პოლიტიკის მეცნიერების ყველა წარმომადგენელმა იცის, მმართველობის როგორ ფორმას ემხრობოდა პლატონი. ძველი ბერძენი ფილოსოფოსი გატაცებით მსჯელობდა სახელმწიფოზე, რომლის სათავეშიც „მეფე-ფილოსოფოსები“ იქნებოდნენ თავმოყრილნი. როულინგის შემოქმედებაშიც ვხვდებით ანტიკური მოაზროვნის იდეების გამოძახილს. დააკვირდით მაგიისა და ჯადოქრობის სკოლას. ჰოგვორტსს ნამდვილი „მეფე-ფილოსოფოსი“ ალბუს დამბლდორი ხელმძღვანელობს. მისი ძალაუფლება სიბრძნეზე დგას, სიბრძნე კი განსწავლულობის, გონიერების, ცოდნისა და სიკეთის შერწყმის საფუძველზე აღმოცენდება.

სამოქალაქო განათლების მასწავლებელთა იმ ნაწილს, რომელსაც წაკითხული აქვს ბრიტანული ლიტერატურის ეს მონუმენტური ძეგლი, თავისუფლად შეუძლია, ჯადოსნური სამყარო მოსწავლეებისთვის ძალაუფლების კლასიკური თეორიების უკეთ გასაცნობად გამოიყენოს.

ფაზლი, როგორც ბავშვის განვითარების ხელშემწყობი საშუალება

0

ვფიქრობ, ნებისმიერი ადამიანი, ვისაც ბავშვთან ყოველდღიური შეხება აქვს, კარგად იცნობს პატარების ინტერესებს, მიდრეკილებებს, სურვილებს, დამეთანხმება იმაში, რომ ბავშვების უმრავლესობისთვის ფაზლი განსაკუთრებით საინტერესო და საყვარელ სათამაშოს წარმოადგენს. ამასთან, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ფაზლი არა მხოლოდ საინტერესო და გასართობი, არამედ ძალიან დიდი სარგებლის მომტანი, განმავითარებელი სათამაშოა. მას უზარმაზარი სიკეთის, სარგებლის მოტანა შეუძლია ბავშვის განვითარების მიმართულებით. ხშირად, როცა მშობელი ბავშვისთვის სათამაშოს ყიდვისას არჩევანს ფაზლზე აკეთებს, იმ იმედით, რომ ის ცოტა ხნით მაინც ერთ ადგილას გააჩერებს პატარას, რომელიც უფროსებისათვის შემაწუხებელი აღარ იქნება, ალბათ ნაკლებად ფიქრობს იმაზე, თუ რა დიდი სარგებლის მომტანი შეიძლება აღმოჩნდეს ფაზლი მისი შვილის საერთო განვითარებისთვის.

    

როგორ შეიძლება დაეხმაროს ფაზლით თამაში, ფაზლის აწყობა ბავშვის განვითარებას:

 

  • ფაზლი ხელის წვრილი მოტორიკის განვითარების ძალიან კარგ საშუალებას წარმოადგენს. როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, იმ ბავშვებს, რომლებიც საკმაოდ ადრეული ასაკიდან მიჩვეულები არიან ფაზლის აწყობას, ხელის წვრილი მოტორიკა სასკოლო სწავლების დაწყების წინ ბევრად უკეთესად აქვთ განვითარებული, ვიდრე მათ, ვისაც საერთოდ არ ჰქონია შეხება ფაზლთან. ხელის წვრილი მოტორიკის განვითარება მომავალში დაეხმარება ბავშვს, სწრაფად ისწავლოს წერა. ამასთან ერთად, თავიდან ააცილებს მას ხელწერასთან და მეტყველებასთან დაკავშირებულ პრობლემებს, რადგან წვრილი მოტორიკა პირდაპირ გავლენას ახდენს მეტყველების განვითარებაზე;
  • ხელის წვრილი მოტორიკის განვითარების პარალელურად, ფაზლის აწყობა მოძრაობების კოორდინაციის, უფრო კონკრეტულად კი თვალისა და ხელის კოორდინირებული მოძრაობის უნარის განვითარების მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ხდება. იმისათვის, რომ ფაზლის ცალკეული ნაწილები სწორად განალაგოს, ბავშვი იყენებს ცდისა და შეცდომის მეთოდს. შედეგად მოძრაობები იძენს მეტ სიზუსტეს და კოორდინირებულ ხასიათს;
  • ფაზლის აწყობის დროს ბავშვი იგებს, შეიმეცნებს კავშირს ნაწილსა და მთელს შორის, ეხმარება, განასხვაოს ნაწილი მთელისაგან, უვითარდება ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება;
  • ფაზლით მუშაობა ამოცანის სხვადასხვა მხრიდან დანახვის, პრობლემის გადაწყვეტის უნარის განვითარების კარგ საშუალებას წარმოადგენს. ფაზლი შედგება ნაწილებისაგან, რომლებიც სწორად უნდა იქნეს მიერთებული ერთმანეთთან სასურველი შედეგის მისაღებად. ეს ბავშვის წინაშე აშკარად აყენებს პრობლემას, რომელიც გადაწყვეტას მოითხოვს. ამასთან მან კარგად იცის, რომ სწორი გადაწყვეტილება მხოლოდ ერთი შეიძლება იყოს. ამიტომ ის აგრძელებს მცდელობებს სანამ არ მიაღწევს წარმატებას. ასეთი დაჟინებულობა, თავის მხრივ, ნებელობასაც უვითარებს ბავშვს;
  • გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღებისა და პასუხის დამოუკიდებლად, უფროსების დახმარების გარეშე მოძიების უნარის განვითარება ასევე შეიძლება ფაზლის, როგორც განმავითარებელი სათამაშოს გამოყენების მნიშვნელოვან შედეგად მივიჩნიოთ. სრული თავისუფლება ქცევის სტრატეგიის შერჩევისას ფაზლის აწყობის დროს საშუალებას მისცემს ბავშვს, ირწმუნოს საკუთარი ძალების; დარწმუნებულობა საკუთარ თავში იზრდება, ბავშვი ხდება უფრო დამოუკიდებელი მოქმედებაში, რაც შემდგომში დაეხმარება მას, დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება სხვადასხვა ცხოვრებისეულ სიტუაციაში;
  • ფაზლი ავითარებს ყველა ძირითად ფსიქიკურ ფუნქციას, მაგრამ, პირველ რიგში, ის აღქმის განვითარების ხელშემწყობი ხდება. ფაზლის აწყობის დროს ბავშვს უწევს ფერის, ფორმის აღქმა, ილუსტრაციების მთლიანობაში აღქმა. ამასთან, პატარა სწავლობს ფორმის აღქმას, როგორც ვიზუალურად, ასევე შეხებით;
  • ფაზლის საშუალებით ხდება წარმოსახვის, ფანტაზიის, სივრცითი აზროვნების, ყურადღების, მეხსიერების განვითარება. თუ ბავშვი ცუდად იმახსოვრებს ინფორმაციას, ფაზლს დიდი დახმარების გაწევა შეუძლია – ის შესანიშნავად გაავარჯიშებს ბავშვის მეხსიერებას. ფაზლის აწყობის დროს ბავშვი სწავლობს სურათის დამახსოვრებასა და გამოსახულების მეხსიერებაში მუდმივად შენარჩუნებას. მას უწევს ხატოვნად წარმოიდგინოს ის, რის აწყობასაც აპირებს და შეინარჩუნოს ეს ხატი, გამოსახულება მეხსიერებაში, „შეაბრუნოს“ სურათი გონებაში, გაერკვეს სივრცით მიმართებებში, მოუძებნოს მას შესაფერისი ადგილი, რაც, თავის მხრივ, ფანტაზიასაც ავითარებს. ფანტაზია კი პირდაპირ დაკავშირებულია მეხსიერებასთან. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ბავშვებს უყვართ ერთი და იგივე ფაზლის განმეორებით, რამდენჯერმე აწყობა, რაც ასევე მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მათ მეხსიერებას. ისინი ჩერდებიან, ფიქრობენ და იხსენებენ, როგორ უნდა ააწყონ კონკრეტული ფაზლი; სწავლობენ, ყურადღების კონცენტრირება მოახდინონ კონკრეტულ მოქმედებაზე, რაც თავის მხრივ, ყურადღების განვითარების ხელშემწყობიც ხდება;
  • ფაზლი სოციალური უნარ-ჩვევების განვითარების საშუალებადაც შეიძლება გამოვიყენოთ. თუ პატარა ფაზლს ააწყობს მეგობრებთან, და-ძმებთან ან მშობლებთან ერთად, ეს მას სოციალურ უნარ-ჩვევებს მნიშვნელოვნად განუვითარებს.

 

იმისათვის, რომ ფაზლი ზემოაღნიშნული დადებითი შედეგების მომტანი აღმოჩნდეს, აუცილებელია გარკვეული პირობების დაცვა მისი როგორც შეძენის, ისე გამოყენების დროს:

 

  • ფაზლის შერჩევის დროს, უპირველეს ყოვლისა, გავითვალისწინოთ ბავშვის ასაკი. მართალია, ფაზლის შეთავაზება 1,5-2 წლიდან დაწყებული ნებისმიერი ასაკის ბავშვისთვის შეგვიძლია, მაგრამ, რაც უფრო პატარაა ბავშვი, მით უფრო მარტივი უნდა იყოს ფაზლი, როგორც შინაარსით, ასევე ფორმითაც. დეტალების რაოდენობა 4-ს არ უნდა აჭარბებდეს, დამზადებული უნდა იყოს ისეთი მასალისგან, რომ ბავშვისთვის ასაღებად და ხელში დასაჭერად მოსახერხებელი იყოს, არ უნდა შედგებოდეს პატარა დეტალებისაგან, რომლებიც შეიძლება ბავშვმა პირში ჩაიდოს და გადაყლაპოს კიდეც. სურათი უნდა იყოს ნათელი, მარტივი. 4 წლამდე ასაკის ბავშვისთვის უკეთესი იქნება ფაზლზე ისეთი სურათის შერჩევა, სადაც მისთვის კარგად ნაცნობი საგანი და პერსონაჟია წარმოდგენილი. თუ პატარას თავიდანვე არ ეცოდინება, როგორ გამოიყურება ესა თუ ის საგანი, საეჭვოა მან შეძლოს იმის გაგება, როგორ ააწყოს სურათი, რომელზეც ის ნაწილებად არის გამოსახული;
  • მას შემდეგ, რაც ბავშვი ისწავლის 4-დეტალიანი ფაზლის აწყობას, შეიძლება მას უფრო რთული ვარიანტებიც შევთავაზოთ. დეტალების რაოდენობის ზრდასთან ერთად შეიძლება თანდათან გავართულოთ ფაზლზე გამოსახული ნახატიც. თუ ძალიან პატარა ბავშვისთვის გამოდგება კარგად ნაცნობი საგნების სურათები, უკვე 3 წლიდან ბავშვებს შეიძლება შევთავაზოთ მარტივი სიუჟეტები, მაგ. ილუსტრაციები ნაცნობი მულტფილმებიდან ან ზღაპრებიდან, ცოტა უფროს ბავშვებს კი – ფაზლი განმავითარებელი შინაარსით, მაგ. ანბანის გამოსახულება, ცხოველების, მცენარეების კლასიფიკაცია და ა.შ.;
  • ფაზლის აწყობის პირველი მცდელობისას დეტალები ბავშვის წინ ისე უნდა განვალაგოთ, როგორც სურათზე იქნება მოცემული, იმისათვის, რომ დეტალების შერჩევის დროს ბავშვს არ დასჭირდეს მათი ტრიალი, შებრუნება-შემობრუნება;
  • ფაზლის შერჩევის დროს გავითვალისწინოთ ბავშვის არა მხოლოდ ასაკი, არამედ მისი ინტერესები და შესაძლებლობებიც;
  • ვიყოთ ფრთხილი ფაზლის სირთულის მიხედვით შერჩევისას. გვახსოვდეს, რომ ზედმეტად მარტივი ფაზლი პატარას სწრაფად მოსწყინდება, ძალიან რთული კი დაუკარგავს ინტერესს;
  • ფაზლი უნდა იყოს ხარისხიანი, დეტალები მჭიდროდ ჯდებოდეს ერთმანეთში და ხელის უბრალო შეხებით არ უნდა იშლებოდეს;
  • ფაზლის აწყობისას, განსაკუთრებით პირველი ფაზლის აწყობისას ბავშვი მარტო არ უნდა დავტოვოთ. ნუ ვიფიქრებთ, რომ პატარა დამოუკიდებლად, ჩვენ გარეშეც კარგად ააწყობს თავის პირველ ფაზლს. ყველა განმავითარებელი მეცადინეობისას უფროსის დასწრება აუცილებელია – სწორედ ახლობელ უფროსებს შეუძლიათ გამოიწვიონ ბავშვში ინტერესი ახალი მეცადინეობებისა და სათამაშოების მიმართ. თუ ჩვენ თავად დავიწყებთ ფაზლის აწყობას, დაკვირვების პროცესში პატარა დაინტერესდება და შეეცდება ჩვენს „დახმარებას“. ამასთან, გავითვალისწინოთ ისიც, რომ უფროსის გვერდით ყოფნა არ ნიშნავს იმას, რომ ბავშვი მუდმივად დამკვირვებლის როლში ვამყოფოთ და ჩვენ „გავერთოთ“ ფაზლის აწყობით;
  • თუ ბავშვი არ ამჟღავნებს ინტერესს ფაზლის მიმართ, ნუ ვაიძულებთ მას მათი აწყობით დაკავდეს, რადგან დაძალებით შეიძლება საერთოდ გაუქრეს ინტერესი ამ საქმის მიმართ. უკეთესი იქნება, თუ ცოტას მოვითმენთ და გარკვეული დროის შემდეგ შევთავაზებთ პატარას უფრო საინტერესო ფაზლის აწყობას;
  • არ დაგვავიწყდეს შევაქოთ ბავშვი სწორად აწყობილი ფაზლისთვის, ვუთხრათ, როგორი ჭკვიანი, ყოჩაღი და გონიერია. გულწრფელად გავიხაროთ მისი მიღწევებით. ეს ყოველივე მას მიანიჭებს შთაგონებას და თავდაჯერებულობას, რაც მისი შემდგომი წარმატებების წინაპირობა შეიძლება გახდეს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, როდესაც ბავშვისთვის ფაზლს, როგორც სათამაშოს ვარჩევთ, ჩვენ მას არა მხოლოდ დასვენების დროის საოცრად გატარების შანსს ვაძლევთ, არამედ ხელს ვუწყობთ მასში მთელი რიგი უნარ-ჩვევების განვითარებას, რადგანაც ის იდეალური ინსტრუმენტია ბავშვის განვითარებისთვის. ასე რომ, ფაზლის, როგორც განმავითარებელი სათამაშოს გამოყენება საკმაოდ ადრეული ასაკიდან მშობლების მეთვალყურეობის ქვეშ დიდ დახმარებას გაუწევს ბავშვს სხვადასხვა უნარების განვითარებაში.

 

 

„როგორც სოფელში, ისე ქალაქში სახიფათოა ცეცხლთან თამაში!“

0

იმ ადამიანების რიცხვს ვეკუთვნი, რომლებიც ელექტროხელსაწყოებს ესაუბრებიან. ეს ნიშნავს, რომ შინიდან გასვლის წინ ყველას უნდა ჩამოვუარო და თითის დაქნევით განვუცხადო, რომ გამორთულები არიან.

ლაბორატორიიდან გამოსვლისას იმავე რიტუალს ვასრულებ და შეიძლება ითქვას, რომ ამ კუთხით ნამდვილად „ავად ვარ“.

ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ მეორეკლასელი მოსწავლე დედას სტუმრად გავყევი. ისე მოხდა, რომ სწორედ იმ დროს მასპინძელი ოჯახის მეზობლად ხანძარი გაჩნდა და მთელი სადარბაზო სტუმრებიანად გარეთ გამოგვხიზნეს. ვერ აღვწერ, რაც იქ ხდებოდა. ცეცხლის ალი აივნიდან გარეთ გამოიჭრა და უკვე სხვების სახლებში ცდილობდა შეჭრას.

მალე სახანძრო სამსახურის მანქანაც მოვარდა და მეხანძრეები ცეცხლის ჩაქრობას შეუდგნენ, მე კი კარგად დავიმახსოვრე, რომ ცეცხლის სტიქია საშიშია და თავის გზაზე ყველაფრის განადგურება შეუძლია.

რამდენიმე დღის შემდეგ დედამ ფერადი წიგნი მომიტანა, სადაც მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ხანძრები იყო აღწერილი.

პირველი ხანძარი, რომლის შესახებ ცნობებმაც ჩვენამდე მოაღწია, იმპერატორ ნერონის მმართველობის დროს რომში გაჩენილა. ცეცხლი მთელ ქალაქს მოსდებია და ექვსი დღე და შვიდი ღამე ვერ ჩაუქრიათ. ბევრი ადამიანი დაღუპულა, ბევრსაც ყველაფერი დაუკარგავს. ზოგიერთ ისტორიკოსს მიაჩნია, რომ ხანძარი ვიღაცამ განგებ გააჩინა.

1666 წლის 2 სექტემბრის ღამეს ლონდონში ხანძარმა იფეთქა, რომელიც ოთხი დღე მძვინვარებდა. ღამის ორ საათზე თომას ფერინორის საცხობში გაჩენილი ცეცხლი მალევე მოედო მიმდებარე სახლებს და მეზობელ უბნებს, რადგან სახლები მაშინ ჩალით იყო გადახურული. ცეცხლმა 13.500 სახლი გაანადგურა. ხანძარს შეეწირა 87 ეკლესია.

ლისაბონის დიდი ხანძარი 1755 წელს, ყველა წმინდანის ხსენების დღეს დაწყებულა. ამჯერად მიზეზი ძლიერი მიწისძვრა და ზედ დართული ცუნამი იყო. ოცი ეკლესია დაინგრა, ქალაქის უდიდესი ნაწილი განადგურდა, თუმცა, გონიერი მმართველის წყალობით, ლისაბონი მალევე აღადგინეს.

ვერ გეტყვით, მაშინ ცეცხლის ჩასაქრობად რას იყენებდნენ, მაგრამ ჩემს ბავშვობაში და დღესაც ცეცხლს ძირითადად ქაფით აქრობენ.

ქაფი დისპერსიული სისტემაა, რომელშიც სადისპერსიო არე სითხეა, ხოლო დისპერსიული ფაზა – ჰაერი. ქაფს ყოველდღიურ ცხოვრებაშიც ყოველ ნაბიჯზე ვხვდებით. ეს შეიძლება იყოს პირსაბანი ქაფი, საპარსი ქაფი, შამპუნის ქაფი, ზღვის ქაფი, ლუდის ქაფი…

ქაფი არასტაბილური კოლოიდური სისტემის მაგალითად გამოდგება. მისი მდგრადობისთვის ზოგჯერ ისეთ დეტერგენტებს იყენებენ, როგორიცაა საპონი, ცილა ან სხვა სტაბილიზატორი. ქაფი, რომელსაც მეხანძრეები იყენებენ, წარმოიქმნება ნახშირორჟანგისგან, რომლის გაზის ფაზაც დისპერსირებულია წყლის თხევად ფაზაში. ამ ტიპის ქაფი ცეცხლს სამი მიმართულებით ებრძვის. ქაფში არსებული ნახშირბადის დიოქსიდი ხელს არ უწყობს წვას და ჰაერზე მძიმეა. როდესაც ქაფის ფენა ცეცხლს დაფარავს, ნახშირორჟანგი შებოჭავს ცეცხლს, წყალი კი მას გააცივებს. ქაფი, თავის მხრივ, წარმოადგენს ფიზიკურ ბარიერს, რომელიც ჰაერს და, მაშასადამე, ჟანგბადს ალამდე არ უშვებს. ამასთან, ქაფს ძალიან დაბალი სიმკვრივე აქვს და ნებისმიერი ცეცხლწაკიდებული საგნის ზედაპირზე ფარფატი შეუძლია.

ლაბორატორიაში შეგვიძლია შევქმნათ ქაფი, რომელიც ნახშირბადის დიოქსიდისა და წყლისგან შედგება. ნახშირორჟანგს ვაწარმოებთ ძმარმჟავასა და ნატრიუმის ჰიდროკარბონატის წყალხსნარის ურთიერთქმედებით. ეს პროცესი შემდეგი რეაქციით შეიძლება გამოვსახოთ:

 

CH3COOH+NaHCO3=H2O+CH3COONa+CO2

 

ამ რეაქციის შედეგად წარმოქმნილი ნახშირორჟანგი გაზის ფაზაშია, წყალი კი თხევად ფაზაში იმყოფება. მდგრადობისთვის ჭურჭლის სარეცხ დეტერგენტებს იყენებენ. ქაფის სილამაზისთვის საკვები საღებავის გამოყენებაც შეიძლება.

100 მლ ძმარი (ან ძმარმჟავა) ჩაასხით 250 მლ-იან ჭიქაში. დაამატეთ 1 მლ (20 წვეთი) ჭურჭლის სარეცხი სითხე. კარგად მოურიეთ. ჩაასხით 100 მლ ონკანის წყალი 150 მლ-იან ქიმიურ ჭიქაში. გახსენით მასში 7.5 გ ნატრიუმის ბიკარბონატი (საჭმელი სოდა). ერთმანეთში აურიეთ ორივე ჭიქის შიგთავსი და დაამატეთ რამდენიმე წვეთი საკვები საღებავი. დააკვირდით, როგორი ქაფი წარმოიქმნება.

ტყის ხანძრები ცალკე თემაა და, ჩემი აზრით, როგორც საკუთარ სახლს ვუფრთხილდებით, გარემოსაც ზუსტად ისევე უნდა მოვუფრთხილდეთ, რადგან ამქვეყნად ისე გავჩენილვართ, რომ სუნთქვის გარეშე ვერ ვიცოცხლებთ, სუნთქვისთვის ჰაერი გვჭირდება… ჰაერი კი აეროზოლებს შეიცავს.

აეროზოლები მყარი და თხევადი ნაწილაკებია. აეროზოლის შემადგენელი ნაწილაკების ატმოსფეროში დარჩენის ხანგრძლივობა არაერთ ფაქტორზეა დამოკიდებული. უფრო დიდი ზომის ნაწილაკები დიდხანს რჩება, მცირე ზომისები კი მალევე კოაგულირდება უფრო დიდი ზომის ნაწილაკებად. მათ სხვადასხვა სახელწოდება აქვთ, რომელიც აეროზოლის წყაროზეა დამოკიდებული.

მცირე ზომის მყარი ნაწილაკები შეიცავს ნახშირს, ვერცხლის იოდიდს, საწვავის წვის პროდუქტებს, ზღვის მარილის ნამცეცებს, უფრო დიდი -ცემენტის, ქარის მიერ მოტანილი ნიადაგის, ფეროშენადნობების საწარმოო მტვერს. თხევადი ტიპის მასალაში წვიმის წვეთები, ნისლი და გოგირდმჟავას კვამლიც შედის. ზოგიერთი ნაწილაკი ბიოლოგიური წარმომავლობისაა. მათ მიეკუთვნება ვირუსები, ბაქტერიები, ბაქტერიების და სოკოების სპორები, მტვერი. მასალა შეიძლება იყოს ორგანული ან არაორგანული, ორივე მათგანი ატმოსფეროს მძლავრ დამაბინძურებელს წარმოადგენს.

დისპერსიული აეროზოლები, როგორიცაა, მაგალითად, მტვერი, ფორმირდება 1 მიკროგრამი სიდიდის მყარი ნაწილაკებისგან. მათ უერთდება ტრანსპორტის გამონაბოლქვი, საბადოების მტვერი, ეროზიული პროცესების შედეგად წარმოქმნილი მტვერი.

ნაწილაკების ფორმირების წყარო ძირითადად წვის პროცესია, მათ შორის – წიაღისეულის წვა, კოცონები, ღუმლები და ბუხრები, ასევე – ცემენტის ქარხნები. ბუნებრივ წყაროებს მიეკუთვნება ტყეები, ტყის ხანძრები და აქტიური ვულკანები. ასეთი მცირე ზომის ნაწილაკები განსაკუთრებით სახიფათოა, რადგან უფრო იოლად აღწევს ფილტვის ალვეოლებში. ამავე დროს, მათ იოლად უკავშირდება მომწამლავი მძიმე მეტალებისა და დარიშხანის იონები.

წვის ერთ-ერთი მაგალითია პირიტის შემცველი ნახშირის წვის პროცესი:

3FeS2+8O2=Fe3O4+6SO2

ორგანული ვანადიუმი ნარჩენი საწვავია, რომელიც ვანადიუმის ოქსიდს წარმოქმნის. ნახშირის ფერფლში შედის კალციუმის კარბონატი, რომელსაც სითბო კალციუმის ოქსიდად გარდაქმნის.

 

CaCO3 (მაღალი ტემპერატურა)=CaO+CO2

 

გოგირდმჟავას კვამლის წარმოქმნა აეროზოლებში შემდეგი რეაქციით მიმდინარეობს:

 

2SO2+O2+2H2O=2H2SO4

 

აეროზოლში წარმოქმნილი გოგირდმჟავა რეაქციაში შედის იქ უკვე არსებულ ამიაკის ორთქლთან ან მყარ კალციუმის ოქსიდთან. რეაქციები განსაკუთრებით კარგად წარიმართება ნესტიან გარემოში.

 

H2SO4+2NH3(გაზი)=(NH4)2SO4

 

H2SO4+ CaO=CaSO4+H2O

 

ქართულ მხატვრულ ფილმში „სიყვარული, ხანძარი და პომპიერო“ მეხანძრე პატარა სავლე მოხალისე მეხანძრეებს ფანცქალას და კიკილოს, თანამედროვე ტერმინი რომ გამოვიყენოთ, ტრენინგს უტარებს.

 

ჩამაქრე!..

არაყი და ხანძარი მეგობრები არიან!..

გახსოვდეს, არ გაგიხარდება არყის სახდელი ქვაბი თუ აფეთქდება!..

გაინტერესებთ, რა არის ხანძარი? ხანძარი ადამიანის მტერია. ის საზოგადოების განვითარებას აფერხებს, სახალხო დოვლათს ანადგურებს, საფრთხეს უქმნის ადამიანთა სიცოცხლეს. ხანძარი სტიქიაა. სტიქიასაც ჰყავს მტერი და ეს წესრიგი და ორგანიზებულობაა.

და კიდევ – ქაფი, რომელიც ქიმიის გაკვეთილზე თავად შეგვიძლია მივიღოთ.

რამდენ საათში ჩავფრინდები? – კომპლექსური დავალება

0

სამიზნე ცნება: დამოკიდებულება

თემა: შეფარდება; პროპორცია; მასშტაბი

მე-6 კლასი

დრო: 7-8 საათი

სამიზნე ცნებასთან დაკავშირებული მკვიდრი წარმოდგენები:

  • დამოკიდებულება აღწერს, როგორ არის დაკავშირებული რაოდენობები, ობიექტები ან/და მოვლენები ერთმანეთთან.
  •             სიდიდეებს, ობიექტებს, რაოდენობებს შორის არსებული დამოკიდებულებების გამოსახვა შესაძლებელია სხვადასხვა ხერხით: ცხრილი, სქემა, გრაფიკი (გამოსახულება);

საკვანძო შეკითხვა: როგორ ვიყენებთ მასშტაბს რეალურ ცხოვრებაში გაზომვის საშუალებად?

თემას ვიწყებთ სიტუაციური მაგალითის განხილვით:  ნინო მაღაზიაში ყიდულობს ქსოვილს. გამყიდველს ეუბნება, რომ  5-ჯერ მეტი ქსოვილი ესაჭიროება.

ნინომ ქსოვილის მახასიათებლის აღსაწერად, რომელიც მას სჭირდება, იგი სხვა ქსოვილს შეადარა. ანუ დაამყარა კავშირი მათ შორის. თანაფარდობა ნინოს ნაყიდი ქსოვილის სიგრძესა და ქსოვილის სიგრძეს შორის, რომელიც მან გამოიყენა, არის 5:1.

კონცეფციის უკეთ გასააზრებლად მოსწავლეებს ვთხოვე, შეედარებინათ ქერათმიან მოსწავლეთა რაოდენობა შავთმიანებთან.

პროპორციის ცნების გაცნობისა და რამდენიმე პროცედურული სავარჯიშოს შესრულების შემდეგ მოსწავლეებმა შეასრულეს დავალებები ცხოვრებისეული პრობლემებზე.

მოგითხრობთ რამდენიმე აქტივობის შესახებ, რომელთა შესრულებით მოსწავლეებმა უკეთ გაიაზრეს საკითხი და დაინახეს მისი გამოყენების აქტუალურობა.

აქტივობა 1: სახლის გეგმა

მოსწავლეებს ვაჩვენე საჯარო რეესტრის მიერ დამოწმებული საკადასტრო გეგმის ავთენტური ნიმუშები. (მათი აღება შეიძლება მედიიდან).

დავალება ჯგუფური იყო. ოთხ ჯგუფად განაწილებულ მოსწავლეებს დაურიგდათ ავთენტური საკადასტრო გეგმები.

დავალება 1. მოსწავლეებს გეგმაზე მითითებული მასშტაბის მიხედვით უნდა დაედგინათ ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობების რეალური ზომები.

დავალება 2. საკარმიდამოს მეპატრონემ გადაწყვიტა, სახლის უკან ააგოს მართკუთხა პარალელეპიპედის ფორმის შენობა  საცურაო აუზისათვის. აუზის სიგრძე და სიგანე შესაბამისად 10მx5მ. გაითვალისწინეთ სივრცის დასატოვებელი არეები: აუზის ყველა მხრიდან ცარიელი სივრცე 2,5მ-ია, ხოლო შენობა სახლის კედლის პარალელურია და კედელს დაცილებულია არანაკლებ 5 მ-ისა.

დაეხმარეთ სახლის მეპატრონეს საკადასტრო გეგმას დაუმატოს აუზისათვის განკუთვნილი შენობის „მასშტაბური“ ნახაზი.

ეს დავალება მოსწავლეებს ეხმარება, გადაჭრან პრობლემა მასშტაბის ფაქტორების, თანაფარდობისა და პროპორციის გამოყენებით, რომელიც იზომება ფიგურის მასშტაბური ნახაზით.

მოსწავლეებს საშინაო დავალებად მიეცათ, შეექმნათ და კლასის წინაშე წარმოედგინათ თავიანთი სახლის ან ერთი ოთახის გეგმა.

შენი ბინის (ან ეზოს ან ოთახის) გეგმა

შეასრულე საჭირო გაზომვები.

შეარჩიე მასშტაბი.

დახაზე შენი ბინის (ან ეზოს ან ოთახის) გეგმა.

წარმოადგინე ნახაზი კლასის წინაშე.

უპასუხე კითხვებს: რა თანაფარდობაა ოთახის (ბინის ან ეზოს) სიგრძესა და სიგანეს შორის?

როგორ შეარჩიე მასშტაბი?

რამდენი კვადრატული მეტრია შენი ბინის ფართობი?

 

მოსწავლეებმა გაიაზრეს, რომ მასშტაბური „სურათი“ გეგმა უნდა იყოს ორიგინალის პროპორციული.

აქტივობა 2. რუკის გამოყენება

ოთხ ჯგუფად განაწილებულ მოსწავლეებს ვურიგებ საქართველოსა და მსოფლიოს ფიზიკურ რუკებს. დავალება რუკაზე – აირჩიეთ რომელიმე ორი ქალაქი და იპოვეთ მათ შორის რეალური მანძილი. რუკაზე აირჩიე მდინარე და იპოვე მისი რეალური სიგრძე. ნამუშევრების პრეზენტაციის შემდეგ საძიებო სისტემების გამოყენებით მოსწავლეებმა გადაამოწმეს არჩეულ ქალაქებს შორის მანძილი და მდინარეების სიგრძე.

პროცესი საინტერესო იყო. მნიშვნელოვანი იყო გამოთვლილი რეალური მანძილების გადამოწმება. ზომებს შორის ცდომილების აღმოჩენა და მსჯელობა, რამ გამოიწვია ის.

აქტივობა 3. კომპლექსური დავალება

მოსწავლეები უკვე მზად არიან, შეასრულონ კომპლექსური დავალება, რომლის შინაარსი მათ თემის დასაწყისში გავაცანი. თუმცა ამ დავალების ერთ-ერთ ეტაპს საკლასო სივრცეში შევასრულებთ, რადგან რესურსები (რუკები) საკლასო ოთახში უფრო ხელმისაწვდომია.

რამდენ საათში ჩავფრინდები?

ზაფხული ახლოვდება. გეგმავ საოცნებო მოგზაურობას. სატრანსპორტო საშუალებად თვითმფრინავს ირჩევ.

შენი დავალებაა:

აირჩიე ქალაქი (სადაც აეროპორტია)  შესაძლებელია ტრანზიტიც.

განსაზღვრე მანძილი ქალაქებს შორის რუკის დახმარებით. შეარჩიე თვითმფრინავის გონივრული სიჩქარე და გამოთვალე რა დროში ჩაფრინდები დანიშნულების ადგილზე?

დავალების შესასრულებლად დაგეხმარება შემდეგი ინფორმაცია: https://www.flightradar24.com/33.81,38.71/4

https://airtaxi.ge/ge/passenger-aircraft-guide/

https://prosemenov.ru/ka/na-kakoi-skorosti-vzletaet-samolet-aerobus-kak-vzletaet-i-letaet/

დავალების პირველი ეტაპი. „სად აპირებ მოგზაურობას?“

აირჩიე სამოგზაუროდ საოცნებო ქალაქი.

გაარკვიე არის თუ არა იმ ქალაქში აეროპორტი. გესაჭიროება თუ არა ტრანზიტი?

მოიძიე ინფორმაცია სამგზავრო თვითმფრინავების მოდელებისა და  სიჩქარის შესახებ?

დავალების მეორე ეტაპი: „რუკა და მასშტაბი“

მას შემდეგ, რაც პირველი ეტაპის სამუშაოებს შეასრულებ, ისარგებლე საკლასო ოთახში არსებული რუკებით.

დაადგინე ქალაქებს შორის მანძილი.

დავალების მესამე ეტაპი: „დროის გამოთვლა“.

დაადგინე დანიშნულების ადგილზე ჩასაფრენად დახარჯული დრო.

დავალების მეოთხე ეტაპი: „პრეზენტაცია“.

პრეზენტაცია წარმოადგინე რომელიმე ციფრულ საპრეზენტაციო პროგრამაში. ისაუბრე: რატომ აირჩიე სამოგზაუროდ ეს ქალაქი?

როგორ დაადგინე აეროპორტის არსებობა ქალაქში და რა გზას მიმართე ტრანზიტის დასაგეგმად? (თუ ასეთი დაგჭირდა).

დაგეხმარა თუ არა საძიებო სისტემებით მოპოვებული ინფორმაცია?

რა სიჩქარეს ავითარებს შენი თვითმფრინავი?

როგორ დაადგინე ფრენისათვის დახარჯული დრო.

მოიძიე ინფორმაცია „კვანძის“ შესახებ და გამოთვალე შენი თვითმფრინავის სიჩქარე ამ ერთეულით.

კომპლექსური დავალების სრული ბარათი იხილეთ აქ: კომპლექსური დავალების ბარათი.

მოსწავლეების ნამუშევრებს ფოტო მასალა იხილეთ აქ.

ცნებების რეალური ცხოვრებაში გამოყენება და მრავალფეროვანი სიტუაციური ამოცანები ამდიდრებს სწავლა-სწავლების პროცესს, მოსწავლეებში აღძრავს ცნობისმოყვარეობას და მოსწავლე მზად არის საჭირო ძალისხმევა გაიღოს პრობლემის გასაგებად, დასაგეგმად, გადასაწყვეტად და გასააზრებლად.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ეროვნული სასწავლო გეგმა

https://ncp.ge/ge/curriculum?subject=36&subchild=198

 

  1. მათემატიკის გზამკვლევი კურიკულუმის შესადგენად. დამხმარე რესურსი მასწავლებლებისათვის. (მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით) ქეთი ცერცვაძე.

https://clck.ru/SkNrc

 

 

ოულანკის ეროვნული პარკი – რესურსი კომპლექსური დავალებისთვის

0

პაანაჯარვის ეროვნული პარკის შემდეგ ტაიგის კიდევ ერთი მშვენების – ოულანკის ეროვნული პარკის შესახებ მინდა გიამბოთ. ორივე ეროვნული პარკი ერთი ბუნებრივი ზონაა, რომელიც ორ ნაწილად არის გაყოფილი სახელმწიფო საზღვრით. ამავე დროს ორივე მათგანი წყლის ერთიან სისტემას უკავშირდება. ეს სისტემა იწყება ფინურ ქალაქ სალოსთან ახლოს მდებარე ჩრდილოეთ სამთო-სათხილამურო კურორტებზე, რომლის ქვედა კვანძია ოულანკის ეროვნული პარკი.

ოულანკის ეროვნული პარკი მდებარეობს ჩრდილოეთ ოსტრობოტნიასა და აღმოსავლეთ ლაპლანდიის მაღალმთიან რეგიონში, რუსეთის საზღვრის გასწვრივ.

ოულანკის ეროვნული პარკი განსაკუთრებული ბუნებრივი სიმდიდრით არის ცნობილი. რთულმა სატრანსპორტო ქსელმაც კი ვერ შეუშალა ხელი ყველაზე ცნობილ ნატურალისტებს, ოულანკისკენ მიემართათ ყურადღება. ისინი აღფრთოვანებული აღწერენ კირქვულ კლდოვან ფერდობებსა და კორომებს. ოულანკაში ფლორისა და ფაუნის სახეობების რაოდენობა დადგენილი არ არის, მაგრამ დღესდღეობით ცნობილია, რომ ამ მხარეში თითქმის 400 დაცული სახეობა ცხოვრობს და იზრდება მინიმუმ 4400 ჰაბიტატში.

მრავალი სახეობის – განსაკუთრებით მცენარეთათვის – ოულანკა ერთადერთი ცნობილი ჰაბიტატია ფინეთში. ეროვნული პარკის განსაკუთრებული ბუნება მეტყველებს იმაზე, რომ ამ სივრცეში რეგულარულად გვხვდება მეცნიერებისათვის უცნობი სახეობები. ასეთ სახეობებს მიეკუთვნება, მაგალითად, ლიქენები Atla oulankaensis და Verrucaria oulankaensis, რომლებიც მეცნიერებმა სულ ახლახან აღმოაჩინეს. ჰაბიტატების მრავალფეროვნება აისახება სახეობების სიმრავლეში.

ეროვნული პარკის ჩრდილოეთი ნაწილი წარმოდგენილია დაბალი, მაგრამ რთული რელიეფით. ტერიტორია გამოირჩევა მინდვრების, ტბებისა და ტბორების, ვიწრო, მრუდე მდინარეებისა და დაბალი მზარდი ტყეების მომხიბლავი პეიზაჟებით. ერთადერთი გამორჩეული სიმაღლეა კეროჰარჯუს ქედი, რომელიც ჩამოყალიბდა გამყინვარების პერიოდში. ამ მიდამოში მდებარეობს ძველი ნაძვის ტყეები, მდინარე ოულანკახოკის ხეობაში კი ფიჭვნარი ტყეებია.

ოულანკა მდიდარია მრავალფეროვანი ჭაობებით, ისევე როგორც აყვავებული გვიმრების კორომებით. ბუნების სანახაობებით აღტაცება სულაც არ შემოიფარგლება გრანდიოზული პეიზაჟებით, რადგან მცირე დეტალებშიც არის სილამაზე. Laurilia sulcata სოკო იზრდება ხეებზე, რომლებიც ვრცელდება მდინარეებზე, ხოლო სელიგერიის ხავსებს „საცხოვრებლად“ სჭირდებათ შიშველი ქვის მხოლოდ რამდენიმე სანტიმეტრი.

მდინარეები ოულანკაოკი და კიტკაჯოკი სრულიად განსხვავებული ტიპისაა. ყავისფერი მდინარე ოულანკაოკი წყალსა და მწარე ჰუმუსის მჟავებს იკრებს სალას ჭაობისგან, მდინარე კიტკაჯოკის სუფთა წყალი კი მოდის კოილიზმას რეგიონის უდიდესი ტბის აუზიდან, კიტკაჯირვის ტბიდან, რომელიც იკვებება სუფთა მიწისქვეშა წყლებით. მყინვარის უკან დახევის შემდეგ გამოჩნდა მდინარე კიტკაჯოკის შესძლებლობები. თანამედროვე კიტკაჯოკი არის სწრაფი ჩანჩქერები, ძლიერი დინებები და ტბები, რომლებიც მილიკოსკის ჩანჩქერის შემდეგ გადაიქცევა შთამბეჭდავ, კილომეტრიანი სიგრძის აალოკოკოსკის ჩანჩქერად. იგი ციცაბო ხეობაში გაედინება. მდინარე კიტკაჯოკი კოლიზმაას რეგიონში ყველაზე ძლიერი და ჩქარია. იგი წყნარად დინებას იწყებს მას შემდეგ, რაც რუსეთის საზღვართან უფრო მშვიდ მდინარე ოულანქაჯოკს უერთდება. გაზაფხულზე ჩრდილოეთით ჭაობებში ყინულები და თოვლი დნება, ხიდების მხარეს წყლის დონე იზრდება და იტბორება მდელოები. წყალდიდობა შლის მდინარის ქვიშიან ნაპირებს. ყოველწლიურად მდინარე ოულანჯაკოკის გადააქვს უამრავი ქვიშა საზღვრის გადაღმა, ისევე როგორც ეს ათასობით წლის განმავლობაში ხდებოდა. საუკუნეების წინ, მდინარის ხეობა ბოლომდე სავსე იყო ქვიშით, მაგრამ ბოლო გამყინვარების პერიოდიდან მდინარემ ქვიშის დონე 30 მეტრით შეამცირა. ტერიტორია, რომელიც ახლა ოულანკის ნაციონალური პარკია, უკვე მე-19 საუკუნის ბოლოდან იყო ცნობილი თავისი განსაცვიფრებელი, ველური ბუნებითა და განსაკუთრებული მცენარეებით.

ეროვნული პარკის დაარსების პროცესი შეფერხდა მეორე მსოფლიო ომის პერიოდში. შემდეგ კი, 1950-იან წლებში, ხელი შეუშალა კონფლიქტმა, რომელიც მდინარეების ოულანკაოოკისა და კიტკაჯოკზე ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობით იყო გამოწვეული. ბოლოს და ბოლოს ხალხმა გააცნობიერა, რომ ბუნების შენარჩუნება ხელს შეუწყობდა ტურიზმს და ბუნებაც უვნებელი დარჩებოდა. ეს არის ტაიგისა და ადამიანის ურთიერთობა.

ოულაკის ეროვნული პარკი შეიქმნა 1956 წელს და გაფართოვდა 1982 – 1989 წლებში.

 

ოულანკას ეროვნული პარკი მოიცავს ათობით კილომეტრზე გადაჭიმულ მდინარეს – ჩამდინარე წყლებს, ძლიერ დინებებს, ციცაბო და ჩქარ ჩანჩქერებს. ოულანკის ხეობის შიშველი დოლომიტის კედლები ვერტიკალურად ზევით იწევს და დიდებულ, ყველაზე მაღალი ტყით დაფარული კვარციტის მწვერვალებს ქმნის, რომელიც მდინარე ულანჯაკოკის ხეობის თავზე მდებარეობს.

დაცული ტერიტორიების მთავარი ამოცანაა არა მხოლოდ ჩრდილოეთ ტაიგის ტიპური ლანდშაფტების შენარჩუნება, არამედ ბუნებრივი პროცესების შესწავლა. ამისთვის საჭიროა ბიოსფეროს ყველა კომპონენტის მდგომარეობის მუდმივი კონტროლი, ანთროპოგენული გავლენის ქვეშ მყოფი მათი მდგომარეობის ცვლილების შეფასება და პროგნოზირება, ანუ გარემოსდაცვითი მონიტორინგი. ეს იძლევა დიდ შესაძლებლობას, შეფასდეს ადამიანის გავლენა ბუნებრივ სისტემებზე მისი აქტიური საქმიანობის საწყისი ეტაპებიდან.

კუუსამოსა და სალას მუნიციპალიტეტებში მდებარე ულანკის ეროვნული პარკი დაარსდა 1956 წელს, ფინეთის სხვა ექვს ეროვნულ პარკთან ერთად. თუმცა მოლაშქრეებისა და მკვლევრებისთვის იგი პოპულარული ბევრად ადრე გახდა. მრავალმა მკვლევარმა შეისწავლა ოულანკა, რომლის მრავალფეროვანმა ბუნებამ ხელი შეუწყო მის მომავალ ეროვნულ სტატუსს. Karhunkierros-ის საფეხმავლო ბილიკის გახსნამ 1954 წელს ასევე გააძლიერა რეგიონის პოპულარიზაცია, როგორც რეკრეაციული დანიშნულების ადგილისა და ახალი ეროვნული პარკის.

დღეს ოულანკის ეროვნულ პარკს ყოველწლიურად 200 000-ზე მეტი ადამიანი სტუმრობს. აქ ხორციელდება სხვადასხვა განვითარების ღონისძიებები იმის უზრუნველსაყოფად, რომ მომავალმა თაობებმა ულანკას ძვირფასი და მრავალფეროვანი ბუნებითა და მისი შესანიშნავი დეკორაციებით სარგებლობა შეძლონ.

პარკს კვეთს ორი მდინარე, რომელთა ყველაზე ცნობილი ციცაბოები, კიუტაკენგოსი მდინარე ოულანკაჯოკში და მდინარე კიტკაჯოკი, წარმოადგენენ ფინური უნიკალური ბუნების ნაწილს. ოულანკაში ყველაზე მშფოთვარე პერიოდი 1950-იანი წლების დასაწყისში დაიწყო.

ოულანკის ეროვნული პარკის დაარსების სამუშაოები მე-19 საუკუნის ბოლოს დაიწყო. პირველი საკმაოდ ვრცელი გეგმები 1917 წლითაა დათარიღებული, როდესაც შოკოლადის მწარმოებლის, კარლ ფაზერის დაფინანსებით ჩატარებულმა ექსპედიციამ ოულანკის ტერიტორია შეისწავლა. გასული საუკუნის 20-იან წლებში, ცნობილმა ბოტანიკოსმა და კონსერვაციოლოგმა პროფესორმა, კაარლო ლინკოლამ ჩაატარა გამოკვლევა ოულულკასა და ჯუუმას (კიტკანნიემი) ბუნების შენარჩუნებუბის მიზნით. ამასთან, 1938 წელს ოულანკის ეროვნული პარკი ფინეთის პირველ ეროვნულ პარკებს შორის ვერ მოხვდა. ამის მიზეზი იყო მიწის საკუთრების გაურკვეველი საკითხები და არსებული პოლიტიკური სიტუაცია. 1939-1945 წლებში დაწყებულმა ომებმა ასევე შეაჩერა პროექტი. 1954 წელს Karhunkierros ბილიკის მარკირებამ ლაშქრობისა და ტურიზმის ბუმი გამოიწვია. ოულანკას ბუნებამ მოიზიდა როგორც ტურისტები, ასევე ადგილობრივი მცხოვრებლები.

ოულანკის ეროვნული პარკის ისტორია სავსეა ჩრდილო-აღმოსავლეთ ფინური კულტურული მახასიათებლებით. ფინელი და საამების ხალხების თანაცხოვრებამ ადგილობრივ ტოპონიმიკაშიც თავისი კვალი დატოვა, მაგალითად, საამურ ენაზე „kiutaköngäs” ნიშნავს „დიდ ბალანსს ღრმა ხევში”; „ოულლანკა“ მოდის ფინური სიტყვიდან „oula“ ან „oulu“, რაც ნიშნავს „წყალდიდობას“.

ოულანკის კანიონი

ოულანკის მდელოებზე ადგილობრივი მოსახლეობა აგროვებდა თივას, რომელსაც მეცხოველეობისთვის იყენებდნენ.

მდინარე ულანჯაკოკის ალუვიური მდელოები მდიდარი იყო ბალახოვანი მცენარეულობით, რადგან მდინარე ზრუნავდა მათ განაყოფიერებაზე. საგაზაფხულო და შემოდგომის წყალდიდობებისას მდელოები წყლით იფარებოდა, რაც მომდევნო წელს მისი ნაყოფიერების ზრდას უზრუნველყოფდა. რამდენიმე საუკუნის განმავლობაში ას ჰექტარზე მეტი ალუვიური მდელო გაიწმინდა. საკვები პროდუქტების მოთხოვნილების ზრდასთან ერთად ხალხმა თივის მოშენება ჭაობიან მდელოებზეც დაიწყო. რიუტიპურო ბრუკის მდელო ფინეთის ბოლო დარჩენილი მდელოა, რომელსაც ტრადიციულად თივის მოსაგროვებლად იყენებენ. მდელოები წარმოადგენს ჰაბიტატს იმ სახეობებისთვის, რომლებიც საჭიროებენ უამრავ სინათლესა და ღია ადგილს, მაგალითად, მცირე გვიმრები და მთვარის ხეები (Botrychium spp.). ოულანკის ალუვიურ მდელოებზე ასევე გავრცელებულია ადგილობრივი იშვიათი სახეობები, როგორიცაა Lonicera caerulea და Erigeron acris ssp. სოფლის მეურნეობის განვითარებასთან ერთად ტრადიციული მეთოდები ნელ-ნელა მივიწყებული იქნა. 50-იანი წლებიდან მდელოები, რომლებიც ერთ დროს სახეობის მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა, თანდათანობით ტყეებად იქცა. დღესდღეობით მდელოები ფინეთის ბუნებაში ყველაზე მეტად დგას გაქრობის საშიშროების წინაშე. ზაფხულის დასაწყისში ალუვიური მდელოები დაფარულია მრავალფეროვანი ყვავილებით და ტურისტებს ძველი ბეღლების დათვალიერებისას ამ ადგილის ისტორიული მემკვიდრეობის შეგრძნებაც კი შეუძლიათ. ოულანკას ეროვნულ პარკში წლიურ მოხალისეობრივ ღონისძიებებში შენარჩუნებულია მდელოების ტრადიცია.

 

ვფიქრობ, ეს სტატიაც კომპლექსური დავალებისთვის კარგი რესურსია. დამატებითი რესურსების მოძიება შეგიძლიათ ინტერნეტგვერდებიდან: https://www.nationalparks.fi/oulankanp/nature; https://www.nationalparks.fi/oulankanp/history

საზაფხულო  თავგადასავლები დავალებად

0

წლევანდელი სასწავლო წელი ძალიან მალე მიიწურა. როცა წლის დასასრული მოახლოვდა, დავიწყე ფიქრი იმაზე, მოსწავლეებისთვის საზაფხულოდ რომელი წიგნი, რომელი სავარჯიშოები მერჩია. მოკლედ რომ ვთქვა, ისეთი რა დავალება მიმეცა, რომელსაც წუწუნის გარეშე შეასრულებდნენ. ამ ფიქრებით მშობლებს საკომუნიკაციო სივრცეში წერილი მივწერე, რომ უახლოეს დღეებში მშობელთა კრებას ონლაინ ჩავნიშნავდი, სადაც სასწავლო წელს შევაჯამებდი და საზაფხულო დავალებებსაც გავაცნობდი. ერთ-ერთი წარჩინებული მოსწავლის მშობლის კომენტარი არამარტო თვალში, არამედ გულზეც მომხვდა. წერდა, რომ ჩემი წერილი ხმამაღლა წაიკითხა, რის შემდეგაც ჩემს წარჩინებულ მოსწავლეს შემდეგი კომენტარი გაუკეთებია: მეგონა, წელს გადავრჩებოდიო. ამ სიტყვებზე ბევრი ვიფიქრე. მივხდი, რომ იმ მოსწავლისთვისაც კი, რომელიც მთელი წელი დავალებებს ზედმიწევნით კარგად ასრულებდა, ჩემი დავალება ტვირთი იქნებოდა. დავიწყე ფიქრი, რა შეიძლებოდა, განსხვავებული შემეთავაზებინა მათთვის? გაგიზიარებთ ჩემს ჯერ კიდევ განხორციელების ეტაპზე მყოფ გეგმას, რომელიც შესაძლოა, საინტერესო აღმოჩნდეს თქვენი მოსწავლეებისთვის. მაშ ასე:

საზაფხულო თავგადასავლები. ინსტრუქცია მოსწავლეებს:

  1. აირჩიე ერთი ანიმაციური ფილმი, რომელიც შენთვის საინტერესოა და აუცილებლად მომწერე მეც, რომ მეც ვუყურო.

არჩევნის საშუალებით მოსწავლეებს მეტ ინტერესს ვუჩენთ.

 

  1. აიღე ერთი რვეული (წიგნაკი), რომელსაც გააფორმებ შენი სურვილის მიხედვით. გამოიყენე სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების საგანში მიღებული ცოდნა. გააფორმე ის სხვადასხვა მასალის (საღებავი, პასტელი, ფანქარი, ფლომასტერი და ა.შ ) გამოყენებით. შეგიძლია გააფორმო ორნამენტებით ან შენთვის სასურველი სხვა ფიგურით. რვეული (წიგნაკი) უნდა იყოს შენი მეგობარი, რომელსაც შთაბეჭდილებებს გაუზიარებ.

წიგნაკის გაფორმებით მოსწავლეებს გავუაქტიურებთ სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში მიღებულ ცოდნას. ისინი გაიხსენებენ შესწავლილ მასალას და პრაქტიკულად განახორციელებენ მას.

 

  1. მოკალათდი კომფორტულად და უყურე ანიმაციურ ფილმს. შეეცადე, ყურადღება მოქმედ გმირებზე, სიუჟეტის მოქმედებაზე, გარემოზე გაამახვილო და იფიქრე ფილმის მთავარ სათქმელზე.

ამ ნაბიჯით მოსწავლეებში გავაღვივებთ დაკვირვების უნარ-ჩვევას. ხელს შევუწყობთ აზროვნების განვითარებას.

 

  1. შენს წიგნაკში დახატე ფილმის გმირები. აალაპარაკე ისინი შენთვის სასურველი ეპიზოდის მიხედვით და გაიხსენე, როგორ იქმნება კომიქსი. მნიშვნელობა არ აქვს რამდენ გმირს დახატავ. შეგიძლია, შექმნა მათი საშუალებით როგორც კომიქსი, ისე პორტრეტი.

ქართულ ენასა და ლიტერატურაში ხშირად ვიყენებთ კომიქსებს, რომლებიც მოსწავლეებს ძალიან მოსწონთ. ამ ნაბიჯით მათი დავალების შესრულების პირველი ნაბიჯები სახალისო იქნება და განწყობაც პოზიტიური შეექმნებათ.

 

  1. აღწერე (სიტყვიერად, ილუსტრაციით), წელიწადის რომელი დროა ანიმაციურ ფილმში? საიდან მიხვდი ამას? შენთვის რომელიმე ნაცნობი ბუნებრივი მოვლენა ხომ არ შეგხვდა? ეცადე, ყველაფერი შენს წიგნაკში გადმოიტანო.

ამ დავალებით მოსწავლეებს ბუნებისმეტყველებაში მიღებულ ცოდნას გავუაქტიურებთ. მოახდენენ ბუნებაზე დაკვირვებას, გამოუმუშავდებათ კვლევა-ძიების უნარი.

 

  1. გაიხსენე „მე და საზოგადოებაში“ შესწავლილი თემები. ფილმში მოცემულმა რომელიმე ეპიზოდმა ხომ არ გაგახსენა განვლილი მასალა? თუ – კი, მაშინ აუცილებლად გაანდე შენს წიგნაკს.

აღნიშნული დავალებით მოსწავლეები სიტუაციურ დონეზე გააანალიზებენ „მე და საზოგადოებაში“ შესწავლილ თემებს, გაავლებენ პარალელს მათ შორის.

 

  1. აირჩიე შენთვის სასურველი ეპიზოდი ან მთლიანი ფილმის შინაარსი და შეადგინე ამოცანები, ტოლობები. დახაზე ნაცნობი ფიგურები.

ამ დავალებით მოსწავლეები შეძლებენ მათემატიკის საგანში მიღებული ცოდნის გამოყენებას. სახალისოდ შეადგენენ ამოცანებს, მაგალითებს და თავად გახდნენ მისი ავტორი.

 

  1. ჩაწერე შენთვის ყველაზე საინტერესო ეპიზოდის მოკლე შინაარსი. შეგიძლია ის სურვილისამებრ გააფორმო.

მოსწავლეებს უჭირთ მოკლე შინაარსის ან სათქმელის წერილობით გადმოცემა. ამ სავარჯიშოთი კი მათ განუვითარდებათ ტექსტის მოკლე შინაარსის წერილობით გადმოცემის უნარ-ჩვევა.

 

  1. ანიმაციურ ფილმში მოქმედი გმირები ალბათ ძალიან ბევრს მოძრაობენ. შეიძლება დაფრინავენ კიდეც. მოიფიქრე თამაში, რომელსაც სკოლაში დაბრუნების შემდეგ შენს თანაკლასელებთან ერთად ითამაშებ თავისუფალ დროს. თამაშის მოფიქრებისას გამოიყენე ფიზიკური აღზრდის გაკვეთილებზე მიღებული ცოდნა.

მოსწავლეებს ძალიან მოსწონთ, როცა ფიზიკური აღზრდის გაკვეთილები დატვირთულია სხვადასხვა თამაშით. ამ დავალებით კი არაჩვეულებრივი შანსი გვეძლევა მასწავლებლებს, რომ მოსწავლეების მოფიქრებული თამაშები საგაკვეთილო პროცესში ჩავრთოთ.

 

  1. შეგიძლია, სურვილის მიხედვით გამიზიარო შენი ზაფხულის შთაბეჭდილებები, ზემოთ მოცემული დავალებები გამოიყენო საკუთარი ზაფხულის დღეების მიხედვით. მაგალითად, თუ სოფელში შენ და დაიკოს ბებიამ ღვეზელი გამოგიცხოთ და თქვენც გემრიელად შეექეცით, ამაზეც კი შეგიძლია, შეადგინო ამოცანა. შენი სურვილით გადაწყვიტე, მოცემულ დავალებებს ნანახი ანიმაციური ფილმის მიხედვით შეასრულებ, შენი ზაფხულის თავგადასავლების მიხედვით თუ… თუ არ შეასრულებ, ნება შენია.

 

ვფიქრობ, მოცემული დავალება განსხვავებულია რუტინულად მოცემული სავარჯიშოებისაგან. არის ბევრად უფრო სახალისო და შემოქმედებითი.

 

მე კი დაველოდები მოსწავლეების მიერ შერჩეულ ანიმაციურ ფილმებს, რომ მზად ვიყო მათი საზაფხულო თავგადასავლების წასაკითხად, რომლებსაც ფარულად „საზაფხულო დავალებები“ ჰქვია.

 

ილიასეული შემოქმედებითი უნივერსალიზმი ვაჟა-ფშაველასთან

0

საინტერესოა ვაჟა-ფშაველას ღირებულებრივი სისტემის მანიფესტაცია მის მხატვრულ შემოქმედებასა და პუბლიცისტიკაში, თუ რა განსხვავებულ სამეტყველო სტრატეგიებს იყენებს ვაჟა პუბლიცისტურ და მხატვრულ დისკურსში ერთი და იმავე პრობლემატიკისა და თემატიკის ასახვისას, როგორია ამა თუ იმ მოვლენის ჟურნალისტური თუ მწერლური შეფასება, როგორ ვლინდება ან როგორ ამთლიანებს ამ ორ სხვადასხვა, ლოგიკურსა თუ გრძნობად-ემოციურ ნაკადს ვაჟა-ფშაველას ლინგვოპერსონა და როგორ ხდება მათი შერწყმა მწერლის მსოფლმხედველობაში. ცნობილი ფაქტია, რომ მე-19 საუკუნის დიდი ქართველი მწერლები საუკეთესო ჟურნალისტებიც იყვნენ და სწორედ მათ განავითარეს ქართული პრესა. მათ პრესის მეშვეობით უფრო ფართო აუდიტორიასთან მიჰქონდათ თავიანთი შეხედულებები. ამან კი ის განაპირობა, რომ ქართული პრესა ძალიან თავისებურია, ის გამხატვრულებულია. ეს იმითაც იყო განსაზღვრული, რომ ცარიზმი ყველანაირად აფერხებდა ცალმხრივად პოლიტიკური პერიოდული ორგანოების მშობლიურ ენაზე გამოცემას.

 

ამგვარად ქართველმა მწერლებმა პრესა გამოიყენეს ესთეტიკურ-პოლიტიკური თუ იდეური სრულყოფისათვის და იყვნენ არაჩვეულებრივი ჟურნალისტებიც, ეხმაურებოდნენ რა თავისი დროის ყველა პრობლემურ საკითხს და მიზანმიმართულად, გონივრულად წარმართავდნენ კიდეც ქართულ საზოგადოებრივ ცხოვრებას.

 

ანალიზი გვაჩვენებს, რომ ქართული ჟურნალისტიკა დიდადაა დავალებული ლიტერატურისგან და პირიქითაც. იდეათა ამგვარმა ურთიერთგაცვლამ განაპირობა სტილისტური რესურსების ურთიერთგამდიდრება და გამრავალფეროვნება, რამაც ხელი შეუწყო საერთო მიზნების მიღწევას. ვაჟა-ფშაველა დიდი მოქალაქე და მოაზროვნეა არა მარტო „ალუდა ქეთელაურში”, „სტუმარ-მასპინძელსა” თუ „გველის მჭამელში”, არამედ საკუთარ სტატიებშიც, რომლებსაც იგი ათეული წლების განმავლობაში აქვეყნებდა თავისი დროის პერიოდულ გამოცემებში და, გარკვეულწილად, წარმართავდა კიდეც ქართულ საზოგადოებრივ აზრს. მწერლის შემოქმედებითი კრედოს გარკვევისას არ შეიძლება მისი პუბლისცისტიკის იგნორირება. ვაჟას ჟურნალისტური ნაღვაწი, რომელიც ერწყმის და ავსებს მის შედევრებს, უფრო სიღრმისეულად წარმოგვიდგენს გენიოსი პოეტისა და ჰუმანისტის შინაგან სამყაროს, იმდენად ღირებულია, რომ არაფრით შეიძლება მხატვრული შემოქმედების დანამატად გამოვაცხადოთ.

 

ვაჟას აქტიური მუშაობა ჟურნალისტიკაში (პუბლიცისტური წერილები, კორესპონდენციები, ფელეტონები) სწორედ ეპოქის სირთულემ და ორიგინალურობამ განაპირობა. სწორედ იმდროინდელმა ცხოვრებამ წამოაყენა წინა პლანზე პუბლიცისტურობა, რომელიც ფაქტის პირდაპირ შეფასებასა და მოვლენაზე სწრაფ რეაგირებას გულისხმობს. პოეზია მასკომუნიკაციისგან განსხვავავებულ ინტელექტუალურ ადრესატს მოითხოვს. ამიტომ ამ პერიოდში ნაკლებ მოთხოვნადი იყო. მასობრივი მკითხველისათვის უფრო საჭირო იყო ფაქტისა და მოვლენის პუბლიცისტური კვალიფიკაცია. კვლევისას გამოიკვეთა, რომ ვაჟასთვის (რომლის წერილებშიც თემისა და ფორმის მრავალფეროვნებაა), როგორც პუბლიცისტისთვის, მნიშვნელოვანია: ა) საზოგადოებრივი ინტერესის პრიორიტეტი; ბ) ქვეყნის სიყვარული და გ) ობიექტურობა, „მართლის თქმის“ პრინციპი, რომელიც ასე ნიშანდობლივია ქართული ლიტერატურისთვისაც. ვაჟა, თავისი სიდინჯით, ეპიკური სტილით, არა ემოციაზე, როგორც აკაკის სჩვეოდა, არამედ არგუმენტებზე გათვლილი მსჯელობით, ხანდახან კი მეცნიერულ დონეზე აყვანილი პუბლიცისტურობით, მხოლოდ ილიას შეიძლება ამოვუყენოთ გვერდით.

 

მრავალმხრივია ვაჟა-ფშაველას ცხოვრება და მოღვაწეობა: პოეტი, ბელეტრისტი, დრამატურგი, ჟურნალისტი, ეთნოგრაფი, ფოლკლორისტი და მან ღრმა კვალი დატოვა ყველა დარგში. ფართო საუბრის თემაა ვაჟა-ფშაველას ჟურნალისტური მოღვაწეობა, რომელიც გულისხმობს არა მარტო გამოქვეყნებულ წერილებს, კორესპონდენციებს, ფელეტონებს, არამედ რედაქციებში მის პრაქტიკულ, ჟურნალისტურ საქმიანობასაც. ვაჟას სამწერლო მოღვაწეობა ჟურნალისტობით დაუწყია. ეს კავშირი ხალხთან და მის გულისთქმასთან არასდროს გაუწყვეტია. ამიტომაც მისი პოეტური მრწამსის, მსოფლმხედველობისა და მოქალაქეობრივი ინტერესების გასაცნობად მეტად მნიშვნელოვანია მისი პუბლიცისტური მემკვიდრეობის შესწავლა.

 

რა მოვლენებს არ ეხება იგი: მთიელთა დაბეჩავებული, მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა, ცრუმორწმუნეობისა და ზოგიერთი ჩვეულების მავნებლობა, სწავლა-განათლების საკითხები. მიუხედავად იმისა, რომ თავის ფელეტონებსა და კორესპონდენციებში ფშავ-ხევსურეთის შესახებ წერდა, მათში საქართველოს ყველა კუთხის ცხოვრების ანარეკლს ვხედავთ, მთიელთა ცხოვრებაზე კი მოგვითხრობს იმიტომ, რომ ეს ნაკლებად შუქდებოდა იმდროინდელ პრესაში. აკი თვითონაც აღნიშნავდა ამას. ვაჟას პუბლიცისტიკაში წამოჭრილია და, გარკვეულწილად, გადაწყვეტილი, საფუძვლიანად განხილული იმდროინდელი საქართველოს საჭირბოროტო საკითხები: ეროვნული, სოციალური, ეკონომიკური, ეთნოგრაფიული, განათლების, ქალთა და ა.შ.

 

ვაჟას პუბლიცისტიკას ახასიათებს ჟანრობრივი მრავალფეროვნება: ფელეტონი, პამფლეტი, შენიშვნა, სტატია, კორესპონდენცია. მწერალი იცნობს ისეთ ცნობილ სახელებს, როგორებიცაა: ბერნე, სპენსერი, ბოკლი, კონტი და ზოგჯერ ანალიტიკურად, კრიტიკით უდგება, აფასებს მათს ნააზრევსაც. ილიას, აკაკისა და ნიკო ნიკოლაძის პუბლიცისტური მემკვიდრეობის გვერდით ვაჟა-ფშაველას პუბლიცისტიკას გამორჩეული ნიშა უჭირავს და საყურადღებო მოვლენაა ქართული ჟურნალისტიკის ისტორიაში, საზოგადოებრივი აზრის შესწავლისა და განვითარების თვალსაზრისით.

 

ვაჟას პუბლიცისტიკის საერთო ტენდენცია თუ სულისკვეთება მძლავრადაა გამჟღავნებული მის მხატვრულ ნაწარმოებებშიც. მწერალზე მთლიანი, მსოფლმხედველობრვი შთაბეჭდილების შესაქმენლად საჭიროა პუბლიცისტიკისა და მხატვრული ნაწარმოებების ურთიერთმიმართებითი განხილვა. ამ მხრივ ვაჟა-ფშაველასთან აცდენები არ არის. თუმცა ვაჟას ჟურნალისტურ მემკვიდრეობაში ისეთი ფაქტები და მოვლენებიცაა აქცენტირებული, რომლებიც ნაკლებად შეგვხვდება მის ნაწარმოებებში. აქვე უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ მის წერილებში თემები და საკითხები მეტი სიმწვავითა და მჭრელი პირდაპირობითაა გაშუქებული.

 

როგორ მკითხველს გულისხმობს ვაჟა ფშაველას პუბლიცისტიკა თუ მხატვრული შემოქმედება? ამ უკანასკნელს რაც შეეხება, როგორც მარტივისა და გენიალურის გამაერთიენებელი მოცემულობა, გულის გულამდე აღწევს სწორედ თავისი ექსპრესიულობით, დააფიქრებს, ყოფიერების, ადამიანის სულის სიღრმეებში ჩაახედებს თვით ყველაზე ნაკლებგანათლებულ კაცსაც კი. რაც შეეხება ვაჟას პუბლიცისტიკას, აქ ცოტა სხვაგვარადაა საქმე და მისი მკითხველიც განსწავლული უნდა იყოს, რომ ჩასწვდეს, კარგად გაერკვეს იმ სოციალურ, ეროვნულ თუ ზოგადსაკაცობრიო პრობლემატიკაში, რომელსაც მწერალი აწვდის და ალღო აუღოს პუბლიცისტის მიზანდასახულობას, რომ დაგვარწმუნოს რაღაცაში, თანაგანცდა აღძრას და შეიძინოს მწერლის, როგორც ენობრივი პიროვნების, აპერცეფციული ბაზა, ანუ მოცემული მასალა დამკვიდრდეს მკითხველის მეხსიერებაში, როგორც მნიშვნელოვანი გამოცდილება.

 

ასე რომ, ვაჟას მხატვრულ შემოქმედებასა და პუბლიცისტიკაში, მიუხედავად გამოხატვის ხერხების განსხვავებულობისა, ლოგიკური თუ სახეობრივი აზროვნების შერწყმით გაუბზარავი მსოფლმხედველობრივი კრედოს მქონე, გამთლიანებული მწერლის ლინგოპერსონა გვიმზერს, რომელშიც არაა რომელიმეს დომინირება და დაბალანსებულადაა შერწყმული აზროვნების ორი სხვადასხვა, ლოგიკური და გრძნობად-ემოციური ნაკადი.

 

 

 

 

ლიტერატურულ კონკურსი ქართველი მწერლებისთვის – „ვწერ მასწავლებლისთვის“

0

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის საინფორმაციო-საგანმანათლებლო რესურსები, ჟურნალი „მასწავლებელი“ და ინტერნეტგაზეთი „mastsavlebeli.ge“, ლიბერთი ბანკის მხარდაჭერით უკვე მეხუთედ აცხადებენ ლიტერატურულ კონკურსს ქართველი მწერლებისთვის „ვწერ მასწავლებლისთვის“.

კონკურსის მიზანი მასწავლებლის პროფესიის მხარდაჭერაა. საუკეთესო მოთხრობა უნდა ემსახურებოდეს სწორი ღირებულებების დამკვიდრებას სასკოლო გარემოში, აღწერდეს თანამედროვე სასკოლო ცხოვრებას, მასწავლებლისა და მოსწავლის ურთიერთობის სირთულეებს და სახავდეს მათი დაძლევის გზებს.

კონკურსის სპეციალური ჟიური შეარჩევს ათ საუკეთესო მოთხრობას, რომელთაგან გამოვლინდება სამი გამარჯვებული.

საუკეთესო ათეული დასახელდება მიმდინარე წლის 23 სექტემბერს, ხოლო სამი გამარჯვებული მოთხრობა დაჯილდოვდება 30 სექტემბერს, საზეიმო მიღებაზე. ავტორებს გადაეცემათ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სპეციალური პრიზები და ფულადი ჯილდო კონკურსის პარტნიორ ლიბერთი ბანკისგან:

I ადგილი – 1000 ლარი;

II ადგილი – 700 ლარი;

III ადგილი – 500 ლარი.

კონკურსის სიმბოლო გადაეცემა კონკურსის გამარჯვებულს.

ათი საუკეთესო მოთხრობა გამოქვეყნდება ინტერნეტგაზეთ „mastsavlebeli.ge“-ზე და მიეძღვნება ჟურნალ „მასწავლებლის“ სპეციალური ნომერი.

 

კონკურსში მონაწილეობისთვის მოთხრობები უნდა გამოგზავნოთ ელექტრონულად, მისამართზე: mastsavlebeli.ge@gmail.com.

მოცულობა: 5-დან 15 გვერდამდე.

ჟიური განიხილავს მხოლოდ საკონკურსო პერიოდში დაწერილ ლიტერატურულ ნაწარმოებებს.

მოთხრობების გამოგზავნის ბოლო ვადაა მიმდინარე წლის 20 აგვისტო.

გზავნილში მითითებული უნდა იყოს ავტორის ვინაობა და საკონტაქტო ინფორმაცია.

გთხოვთ, წერილის თემაში მიუთითოთ: “ლიტერატურული კონკურსისთვის”.

ტექსტების მოშინაურება

0

სახელმძღვანელო სავსეა რთული ტექსტებით. XXI საუკუნეა, ციფრული ტექნიკის ეპოქა. ბავშვის თითები სწრაფად დასრიალებენ ეკრანებზე. ირგვლივ ათასი გასართობია. გაწაფული კითხვა უჭირთ. შენ, ქართულის მასწავლებელმა, მცირე დროში ათასი რამ უნდა მოასწრო.

„ჩუგლუგი“, „ტაგანი“, „ჟამთააღმწერელი“, „დეკა“, „ბუერა“, „ჩადუნიანი“… – დღეს ვინღა იყენებს ამ სიტყვებს? ვფიქრობ, ძველი ტექსტების გაცნობა ჰაერივით აუცილებელია, თუმცა ეს პროცესი ბეწვის ხიდზე სიარულს ჰგავს – ყოველ წამს შეიძლება, ჩაწყდეს და თან გაიყოლოს ინტერესი, გულმოდგინება, პატივისცემა, ისტორიული მეხსიერება და ყველაზე მთავარი, სიტყვის სიყვარული.

მე და ჩემს მეექვსეკლასელებს ერთი სემესტრის განმავლობაში დაგვიგროვდა მრავალფეროვანი აქტივობები, რომლებიც მკაფიო მიზნით გამოვიყენე – ტექსტების მოსაშინაურებლად. აქტივობების აღწერილობას დროდადრო სოციალურ ქსელში ვაქვეყნებდი. გადავწყვიტე, მათ ერთ სტატიაში მოვუყარო თავი და ამგვარად თქვენც გაგიზიაროთ.

პირველ რიგში რეალობას თვალს ვუსწორებ – ასაკის თავისებურებებისა და ზოგადი სოციალური ფონის გათვალისწინებით, მოტივაციის არქონას ჩვეულებრივ ამბად მივიჩნევ და მომართული ვარ მათი მოწყენილობისა და უინტერესობის დასამარცხებლად.

როგორც წესი, რამდენიმე მოსწავლე ყველა საგანს თითქმის ერთნაირი ინტერესით სწავლობს. მათ შორის არის ჩემი 11 წლის გოგონაც, რომლის მასწავლებელი ვარ. მას პერფექციონიზმის წყალობით, ყველაფრის დაზუთხვა შესანიშნავად გამოსდის, თუმცა, არის კი ეს საკმარისი?! ჩემი დაკვირვებით, თუ გულით არ შეიყვარებს იმას, რასაც სწავლობს, გონება მალევე ათავისუფლებს ადგილს სხვა ტექსტისთვის. რა უნდა ქნას კლასის უმრავლესობამ, ბავშვებმა, რომლებსაც წაკითხვაც კი ეზარებათ? როგორც ვხედათ, პრობლემა მწვავეა და მის გადასაჭრელად დროული ჩარევაა საჭირო.

ძვირფასი ტექნოლოგიები

პანდემიის გამო სასწავლო პროცესში აუცილებელი გახდა რამდენიმე პლატფორმის ჩართვა. ჩემს გოგონას აქამდე არასდროს ჰქონია ფეისბუკი, მესენჯერი. დისტანციურმა სწავლებამ სოციალური ქსელის შექმნის საჭიროება დაგვანახა. ვფიქრობ, ხისტი აკრძალვა სწორი არ არის, მიუხედავად იმისა, რომ სოციალური ქსელის გამოყენებისას დროის ლიმიტის დაცვა მოზარდებს ნამდვილად უჭირთ. შექმნეს კლასის ჩატი და მეც დამამატეს. თვალს ვადევნებდი მათ მიმოწერას და გული მწყდებოდა იმაზე, რომ, თუკი საშინაო დავალების წერისას გრამატიკული შეცდომები მინიმალური იყო, ონლაინმიმოწერისას პირისა და სასვენი ნიშნები უმოწყალოდ უგულებელყოფილნი იყო. ერთი რამ კი თვალნათელი იყო – ჰაერივით სჭირდებოდათ ემოციების გაზიარება.

ამასობაში ფარნავაზის გაცნობის დროც დადგა. XI საუკუნიდან ლეონტი მროველი გვეხმიანებოდა: „ესე ფარნავაზი იყო კაცი გონიერი, მხედარი შემმართებელი და მონადირე ხელოვანი“. კლასის ჩათში კი მოფახფახებული ფრაზები მიმოქრიან, მაგალითად, ისეთი, როგორიც არის – „ქართულში რა გვაქ დავალება?“

 

ფარნავაზის მესენჯერი

ფარნავაზის შესახებ ლეონტი მროველი „ქართლის ცხოვრებაში“ მოგვითხრობს. ლეგენდარული მეფის ისტორია განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს ზღაპრული ჩანართებით – სიზმარს ვგულისხმობ – სარკმლიდან შემოჭრილი მზის სხივები ჭაბუკს წელზე შემოერტყმება და მინდვრად გაიყვანს. ძირს ჩამოსულ მზეს ცვარს მოჰხოცავს და სახეზე იცხებს. საყვარელი ეპიზოდის გარდა, ტექსტი სავსეა ისტორიული თუ ლეგენდარული ფაქტებით, პირთა სახელებით.

ვფიქრობდი, რა გზა გამომეძებნა 11-12 წლის გოგო-ბიჭების ინტერესის გასაღვივებლად. ფარნავაზის მესენჯერის იდეაც მაშინ დამებადა. სოციალური მახასიათებლების გათვალისწინებით შევქმენი მარტივი სქემა და შევარჩიე რამდენიმე პერსონაჟი.

თამაშის წესი მარტივი იყო: თითო თაბახის ფურცელი წყვილებად დაყოფილ კლასს დავურიგე. პერსონაჟები გადაინაწილეს და მიმოწერა გააჩაღეს. ზოგი აზონი იყო, ზოგი – ქუჯი, ზოგიც ფარნავაზი ან მისი დედა და და.

ინსტრუქცია ამგვარი იყო:

  • წარმოიდგინე, რომ ფარნავაზ მეფეს აქვს მესენჯერი და დედას სწერს თავისი უცნაური სიზმრის შესახებ. მოიფიქრე, რას უპასუხებდა დედა. „გამოიყენე“ სათანადო ემოციის გამომხატველი ღიმილაკი.
 

ფარნავაზი

 

დედა

 

ფარნავაზი

 

დედა

 
ჩემი კომენტარი ამ დავალების შესახებ

 

 
 

 

 

 

 

  • წარმოიდგინე, რომ ფარნავაზს აქვს მესენჯერი და განძის აღმოჩენის შესახებ თავის დას სწერს. მოიფიქრე, რას უპასუხებდა ფარნავაზს და.

 

  • წარმოიდგინე, რომ ფარნავაზს აქვს მესენჯერი და ეგრისის ერისთავ ქუჯის დახმარებას სთხოვს. მოიფიქრე, რას უპასუხებდა ფარნავაზს ქუჯი.

 

სქემის შედგენისას გასათვალისწინებელია დრო და მათი შესაძლებლობები. შემიძლია თამამად გითხრათ, რომ „ფარნავაზის მესენჯერი“ დღემდე დაუვიწყარ გაკვეთილად დარჩა მათ მეხსიერებაში. ჩემი საქაღალდე კი საგულდაგულოდ ინახავს ფარნავაზისა და მისი გარემოცვის „მიმოწერას“.

 

გამოძერწილი სიტყვები

საკუთარ თავს ხშირად ვეკითხები – რა არის ჩემი მიზანი? ბევრი ფიქრისა და დიდი დაკვირვების შემდეგ მე მაქვს მკაფიო პასუხი, სახლში დაბრუნებამდე ყველა ბავშვის გააქტიურება უნდა მოვახერხო. ჩანაფიქრის შესასრულებლად ყველაზე ნაყოფიერი კეთებით სწავლებაა. იმ დროს, როცა ჯგუფური მუშაობისგან თავს ვიკავებთ, კეთებით სწავლებისას თითოეული მოსწავლის ჩართულობა მაინც შესაძლებელია. ყველას ნამუშევარმა საბოლოო პროდუქტის სახით შეიძლება თავი მოიყაროს კოლაჟზე, დიორამაზე ან საგამოფენო თაროზე.

პლასტილინით ამგვარად გავაცოცხლეთ ფარნავაზის ეპოქის სიტყვები: „ჩუგლუგი“, „სანელსაცხებლე“, „ბეჭედი“, „სამაჯური“ თუ „სამკლაური“.

შემაჯამებელი ტესტის ერთ-ერთი საკითხი იყო – დაასახელეთ სიტყვა, რომელიც ყველაზე მეტად დაგამახსოვრდათ და თქვენი პასუხი დაასაბუთეთ. უმეტესობამ „ჩუგლუგი“, „რკინის კომბალი“ გამოარჩია და კლასის გამაერთიანებელი სიტყვა უწოდა.

 

კლასში ჟამთაღმწერელია

აკაკის ბრჭყვიალა წებოვანი ქაღალდისგან გამოჭრილი ულვაშები მივაწებეთ. მელანში ძველებურ კალამს აწებს და ქაღადზე ჭრიალით გამოჰყავს საუკუნეების წინ დაწერილი სიტყვები: „განდგომილება ვგონეთ თქვენ ქართველთა და აქ ვინათგან ჰყავ სათნოება კეთილი, ყოველთა ქართველთა შენ მოგანიჭებთ, და შენდა მონდობილ ვართ“.

ყველა მას უყურებს. იცინიან. ერთი სული აქვთ გაიგონ, როგორ გაგრძელდება გაკვეთილი. სანამ აკაკის ხელნაწერს მელანი შეაშრება, ჩვენ როლური თამაშისთვის ვემზადებით.

 

დეტალები – მოსასხამი დიდებულებისთვის და ფარ-ხმალი

მწვანე მოსასხამი და ჩემი პატარა ბიჭის ფარ-ხმალი კოხტასთავის შეთქმულთათვის ჩავიფიქრე. ამგვარი დეტალები ცნობისმოყვარეობას აღვივებს და მერე რთული ტექსტის გაგებაც იოლდება.

როლური თამაში

სანამ როლურ თამაშს შევუდგებოდეთ, დაფაზე ჩამოვწერე კოხტასთავის შეთქმულთა სახელები – „კუპრი შოთა“, „ვარამ გაგელი“, „ეგარსლანი“, „ყვარყვარე“, „თორღაი“… რიტმული მუსიკა ჩავრთე და ყველა ავმღერდით. სიმღერის ტექსტად პერსონაჟთა სახელებს ვამბობდით. მანამდე პერსონაჟები სათითაოდ დახატეს და გამოჭრეს. მართალია, კუპრი შოთა ანიმეს გმირს უფრო ჰგავდა, ვიდრე XIII საუკუნის ადამიანს, მაგრამ თუნდაც ეს შემთხვევა საკმარისი აღმოჩნდა მის დასამახსოვრებლად.

როლების გადანაწილებისას მწვანე მოსასხამი და ფარ-ხმალი ცოტნე დადიანს შეხვდა, ბიჭს, რომელსაც დიდი მცდელობის მიუხედავად ტექსტი ვერაფრით წავაკითხე. ვუამბეთ, რას წერდა ჟამთაღმწერელი და ამის შემდეგ ხალისით ჩაება თამაშში.

ბიჩუ და ანგურგის როლები გოგონებს ერგოთ. გამოჭრილი ულვაშები მიიმაგრეს, ხმა გაიმკაცრეს და ასე წაასხეს ტყვეები ანისში, ჩორმაღან ნოინთან, რომლის როლს მარიამი თამაშობდა.

კლასის დამრიგებელი, ნინო მასწავლებელი, კლასში იმ დროს შემოვიდა, როდესაც მუხლდაჩოქილი ქართველი ტყვეები თაკარა მზის ქვეშ იტანჯებოდნენ. არასდროს დაგვავიწყდება მისი გაოცებული სახე.

 

ვაჟას ბიოგრაფია და ჩრდილების თეატრი

მშრალ ფაქტებს, რომლებიც მოზარდებისთვის გაუგებარი შეიძლება აღმოჩნდეს, ჩრდილების თეატრით ახალი სიცოცხლე ვაჩუქეთ. მეორე შემაჯამებელიც ჩრდილების თეატრს დავუკავშირეთ – წინასწარ გამოჭრილი პერსონაჟები უნდა აელაპარაკებინათ. უმეტესობამ ვაჟა-ფშაველა და მისი დედ-მამა, გულქანი და პავლე, პირველ პირში ასაუბრა.

„მე გულქანი ვარ, ლუკას დედა. ყმაწვილქალობისას ხილვა მქონდა, ციდან ორი ოქროსფერი ჯაჭვი იყო წამოსული და ზედ ორი ცეცხლის ბალღები ადი-ჩამოდიოდნენ, თან ტკბილ ხმაზე გალობდნენ“, – კლასში გულქანის მონათხრობს კულა გლდანელის ხმა ცვლიდა, რომელიც გვიამბობდა, როგორ გამართა ჭიდაობა თიანეთში ვაჟას პეტერბურგში გასამგზავრებელი თანხის მოსაგროვებლად.

ამ ამბიდან რამდენიმე კვირის შემდეგ თამარ გეგეშიძეს შევხვდით დისტანციურად. დაჩიმ თამარს ჰკითხა, როგორი კაცია ვაჟა-ფშაველაო. მას ჩრდილების თეატრში პერსონაჟი არ გაუცოცხლებია, თუმცა, როგორც ჩანს, ოთხდღიანი პრეზენტაციების მოსმენისას მკაფიოდ დაამახსოვრდა ვაჟა-ფშაველა და მის შესახებ მეტის გაგების სურვილიც გაუჩნდა.

მინი-დიორამები   

         ვაჟა-ფშაველას ენა თანამედროვე ბავშვებისთვის რთული გასაგებია. ჩემი სიყვარული და ხმამაღალი კითხვა ტექსტის მოსაშინაურებლად საკმარისი არ არის. მგონია, რომ მოთხრობების – „ია“ და „მთის წყარო“ – სამყაროში გადასაბიჯებლად მინი-დიორამა დაგვეხმარა. რატომ მინი-დიორამა? იმიტომ, რომ უფრო მოსახერხებელია, დრო და რესურსიც ნაკლები სჭირდება. მოზრდილი ყუთების ნაცვლად ასანთის კოლოფები გამოვიყენეთ. მინი-დიორამა რომ არა, ყურადღების მიღმა დარჩებოდათ ჩადუნიანი, ლოდებს შორის მორაკრაკე წყარო, ქედანი, ბუერა, იის ფოთლებზე დაცემული ქედნის სისხლის წვეთები.

თანამედროვე მდიდარი მამაკაციდან ტარიელამდე

         საღეჭი რეზინის მარკები, რომლებზეც მანქანებია გამოსახული, უცხო მოყმის გასაცნობად გამოვიყენე. დამეთანხმებით, დამაბნეველი დასაწყისია გაკვეთილისთვის, მაგრამ რატომ არ შეგვიძლია გავავლოთ პარალელი გერმანულ „მერსედესსა“ და ტარიელის შავ ცხენს შორის?

შემდეგ ჩამოვწერეთ მსოფლიოში ცნობილი და ძვირადღირებული სათვალის, საათის, შარვლის, სპორტული ფეხსაცმლის, პერანგის სახელწოდებები. ბიჭებმა XXI საუკუნის ტარიელის პროტოტიპს Nike-ის კაპიუშონიანი სვიტერი შეურჩიეს. შემდეგ უკვე ტექსტის გაცნობისა და წაკითხვის დრო დადგა. გაკვეთილის უცნაურმა დასაწყისმა ბავშვებში ცნობისმოყვარეობა აღძრა, რაც საშინაო დავალებასაც დაეტყო – ჟურნალისტის როლი მოირგეს და სტატია დაწერეს სკოლის ეზოში შემჩნეულ მდიდრულად ჩაცმულ მამაკაცზე.

 

ვფიქრობ, არასდროს დაავიწყდებათ ფარნავაზი, ცოტნე დადიანი, ჟამთააღმწერელი, მონღოლი დამპყრობლები, ვაჟას ოჯახი და ფშავის მოლაპარაკე ბუნება. მე კი მადლიერი ვარ, ჩემთვისაც რომ უფრო ახლობელი გახადეს ისტორიული თუ ლიტერატურული პერსონაჟები. საგულდაგულოდ შენახულ ნამუშევრებს დროდადრო ვკითხულობ. სტატიის ბოლოს 11 წლის თიკოს ჩანაწერს გთავაზობთ:

ფარნავაზი: გამარჯობა, ქუჯი. უთვალავი განძი მაქვს. მოვალ შენთან, ძმებივით ვიყოთ და აზონს ერთად დავესხათ თავს.

ქუჯი: გამარჯობა, ფარნავაზ. მოდი ჩემთან, განძს ნუ დაიშურებ. სანამ აზონს თავს დავესხმებით, მაგ განძით ლაშქარს გაგიმრავლებ.

ფარნავაზი: ოკ.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...