ხუთშაბათი, ივნისი 12, 2025
12 ივნისი, ხუთშაბათი, 2025

ხარისხის უზრუნველყოფა როგორც სასკოლო კულტურის ნაწილი 

0

სწავლის შედეგებზე სასკოლო კულტურის გავლენა მრავალი კვლევით არის დადასტურებული. საინტერესოა, როგორია სკოლაში ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის წილი სასკოლო კულტურის ჩამოყალიბებაში; განსხვავდება თუ არა სკოლის ტიპის მიხედვით სასკოლო კულტურა და ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა; რა როლს ასრულებს ღირებულებითი ნაწილი ხარისხის უზრუნველყოფის სისტემაში და როგორია სასკოლო კულტურაზე მისი გავლენა.სკოლაში შიდა შეფასების დროს ან, საზოგადოდ, ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების ჩამოყალიბებისას ყურადღება უმთავრესად სასწავლო პროცესზე, მის მიმდინარეობასა და მოსწავლეთა შედეგებზე მახვილდება. რა თქმა უნდა, ეს არსებითად მნიშვნელოვანია, თუმცა იმ ფაქტორების შესწავლა, რომლებიც გავლენას ახდენს სასკოლო შედეგებზე, ასევე აუცილებელია. თუ სასწავლო პროცესს მხოლოდ კონკრეტული საგნობრივი კომპეტენციების ჭრილში არ განვიხილავთ და გავითავისებთ, რომ ის ღირებულებით ნაწილსაც მოიცავს, ცხადი გახდება, რომ სამოქალაქო კომპეტენციები ხშირად შეფასების მიღმა რჩება. თუმცა სასკოლო განათლების სისტემებში არსებობს ისეთი პრაქტიკები, სადაც სამოქალაქო კომპეტენციების სიღრმისეული შეფასება და საგნობრივი კომპეტენციების შეფასებასთან ინტეგრირება ხდება. განვიხილავთ გერმანიის ერთ-ერთი მიწის მოდელს, სადაც ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა აქცენტს სწორედ სამოქალაქო კომპეტენციების შეფასებაზე სვამს. ამ მოდელის მიხედვით, განისაზღვრება შეფასების ოთხი სფერო, რომლებიც, თავის მხრივ, თორმეტ მიმართულებად იშლება:
1. სწავლის შედეგებია) სასკოლო მიღწევები;ბ) პიროვნული და სოციალური განვითარება;გ) სამომავლო განვითარება (მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის უნარი).
2. საგაკვეთილო პროცესია) გაკვეთილისთვის დათმობილი დროის ხანგრძლივობა;ბ) გაკვეთილის ხარისხი;გ) სირთულეები სწავლის დროს.
3. პროცესები სასკოლო დონეზეა) სკოლა როგორც სასწავლო გარემო;ბ) სკოლა როგორც სოციალური გარემო;გ) სკოლა როგორც სამუშაო გარემო.
4. სასკოლო გარემოა) სკოლა და მშობლები;ბ) სკოლა და თემი;გ) სკოლა და მაკონტროლებელი.
სწავლის შედეგები:სასკოლო მიღწევები – აქ მოიაზრება არა მხოლოდ წლისა თუ საფეხურის ბოლოს მიღებული განმსაზღვრელი შეფასება, არამედ სასწავლო პროცესის ყოველდღიური, თვისებრივი შეფასება. კითხვები, რომლებსაც სკოლამ უნდა უპასუხოს, შეიძლება შემდეგნაირად ჩამოყალიბდეს: რა ცოდნა, უნარები და კომპეტენციები მიიღეს მოსწავლეებმა კონკრეტულ საფეხურზე? როგორ გამოიყურება აღნიშნული მიღწევები წინა წელთან შედარებით – მოსწავლეთა მიმართ არსებულ მოლოდინთან შედარებით მაღალია თუ დაბალი? როგორია მაღალი და დაბალი მიღწევების მქონე მოსწავლეთა შორის განსხვავება, იზრდება თუ მცირდება ყოველწლიურად?მიღწევების შეფასებისას ერთ-ერთ მეთოდად გამოიყენება მოსწავლეთა პორტფოლიო. ზოგადი განათლების სისტემებში მოსწავლეთა მიღწევები მეტწილად იმის მიხედვით იზომება, როგორი წარმატებით აბარებენ ისინი გამოსაშვებ გამოცდებსა და ტესტებს. მსგავსი ინდიკატორით განისაზღვრება, რა ცოდნასა და კომპეტენციებს ფლობენ მოსწავლეები კონკრეტულ სფეროში დროის იმ მონაკვეთში და არა საზოგადოდ მიღწევების მაჩვენებელი. ამ დროს მოსწავლეთა პორტფოლიოების შესწავლა, რომლებიც მოიცავს ერთი წლის ან სემესტრის განმავლობაში მოსწავლეთა სასკოლო ნამუშევრებს, ნამდვილად იძლევა ზოგადი სურათის აღქმის შესაძლებლობას.მოლოდინები – რადგან სკოლები მოსწავლეთა შერეულ ჯგუფებთან მუშაობენ, ყოველი მოსწავლის წარმატების მაჩვენებელი ცალკეულ შემთხვევად უნდა იქნეს განხილული და მხედველობაში უნდა მივიღოთ ის პროგრესი, რომელიც, მაგალითად, მოსწავლეებმა წინა წლის შედეგებთან შედარებით აჩვენეს. ამ შემთხვევაში ე.წ. მატების კოეფიციენტი განისაზღვრება მოსწავლის მიერ სკოლის დასრულებისას და მას ადარებენ სავარაუდო მაჩვენებელს – რა მოლოდინებიც არსებობდა კონკრეტულად მის მიმართ. მოლოდინის კოეფიციენტის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება მოსწავლის სოციალურ-ეკონომიკური სტატუსი, მიმდინარე შეფასებები და ასაკობრივი თავისებურებები. საფეხურის დამამთავრებელი ჯგუფები როგორც ინდიკატორი – თუ სკოლაში სამივე საფეხურზე მიმდინარეობს სწავლება, შეგვიძლია გამოვთვალოთ, ყოველი ასი მოსწავლიდან, რომლებმაც, მაგალითად, სწავლა დაიწყეს 2001 წელს, რამდენმა მიაღწია წინასწარ დადგენილ შედეგებს და ა.შ.კოლეგიური შეფასება (peer review) – ხარისხის კრიტერიუმები, რომლებსაც სასკოლო შეფასებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება, ყველაზე კარგად იზომება ტესტისა და გამოცდის შედეგებთან შედარებისა და შეპირისპირებისას. პროცესში გამოყოფენ შიდასასკოლო, სკოლების დონეზე და რეგიონის დონეზე არსებულ მიდგომებს. შიდასასკოლო შეფასებისას ტესტისა და გამოცდის შედეგების შეფასება ხდება ერთი და იმავე საგნის სხვადასხვა მასწავლებლის მიერ. განიხილება შეფასებებს შორის არსებული განსხვავებებიც. სასკოლო დონეზე ამ მიდგომის გამოყენებისას მასწავლებელთა ჯგუფი (კონკრეტული საგნის) ეძებს მსგავს სკოლებს და სთხოვს ამ სკოლების მასწავლებლებს, მათგან დამოუკიდებლად შეაფასონ მოსწავლეთა ნამუშევრები. რეგიონულ დონეზე კი მიდგომის განვრცობა ხდება განსხვავებული ტიპის სკოლებზე.
პიროვნული და სოციალური განვითარება პიროვნული და სოციალური განვითარება განიხილება როგორც სწავლის შედეგების არსებითი შემადგენელი ნაწილი. მოკლედ რომ ვთქვათ, კონკრეტულ საგნობრივ კომპეტენციებში მაღალი ნიშნები არ წარმოადგენს სწავლის შედეგის მიღწევის დასტურს. პიროვნული და სოციალური განვითარება გულისხმობს როგორც ზოგადი განათლების მიზნების მთლიანობას, ასევე კონტექსტს, შინაარსს, სადაც ყოველი მოსწავლის მიღწევა აზრს იძენს. კითხვები, რომლებსაც სკოლამ ამ ნაწილში უნდა უპასუხოს, შეიძლება ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:* რამდენად წარმატებულია სკოლა მოსწავლეების ისეთი უნარების განვითარების თვალსაზრისით, როგორიცაა საკუთარი თავის, მოქალაქეებისა და სხვების პატივისცემა? გუნდურობა, ინიციატივის გამოჩენა და მომავლისადმი პოზიტიური და შემოქმედებითი მიდგომა?* რამდენად გათვალისწინებულია სასკოლო გარემოში სოციალური მდგომარეობის, სქესთა შორის განსხვავებების, განსხვავებული შესაძლებლობებისა და სხვა ასპექტებით გამოწვეული უთანასწორობისა და არათანაბარუფლებიანობის დაძლევის გზები?* რამდენად ხშირად მიმდინარეობს მასწავლებლებთან ღირებულებებსა და პირად თუ სოციალურ განვითარებაზე მსჯელობა და არის თუ არა კოლექტივში თანხმობა ღირებულებით საკითხებზე?* რა მტკიცებულებებს ვეყრდნობით პერსონალური და სოციალური განვითარების შეფასებისას და როგორ მიმდინარეობს მოსწავლეთა თვითშეფასების პროცესი?სამოქალაქო კომპეტენციების (როგორც პიროვნული და სოციალური განვითარების ერთ-ერთი კომპონენტის) შესაფასებლად გამოიყენება სხვადასხვა მეთოდი. ერთი მათგანია კითხვარი, რომელიც აუცილებლად უნდა იძლეოდეს ინფორმაციას იმაზე, რა ღირებულებების მატარებელნი არიან მოსწავლეები. მაგალითად, კითხვარში უნდა იყოს ისეთი მორალური დილემები, როგორიცაა კანონის დარღვევა და პასუხისგება („შემიძლია დავარღვიო კანონი, მთვარია, არ დამიჭირონ“), გენდერული თანასწორობა („ქალმა შეიძლება ისევე კარგად მართოს თვითმფრინავი, როგორც მამაკაცმა“), სიტყვის თავისუფლება („ვინც არ ეთანხმება მთავრობის პოლიტიკას, შეუძლია ქუჩაში აქციით გააპროტესტოს“) და ა.შ.კრიტიკული სიტუაციების როლური თამაში შეფასების ერთ-ერთ მეთოდად განიხილება. ამ შემთხვევაში საშუალება გვაქვს, დავაკვირდეთ და შევაფასოთ ქცევა, სამოქალაქო კომპეტენციები. მაგალითად, რასისტული ქცევა, ფულით სავსე საფულის პოვნა, ფიზიკური ძალადობის გამოვლინება და ა.შ.Q-SORT – მოსწავლეებს ეძლევათ გამოგონილი პერსონაჟები ხასიათის მკვეთრად გამოხატული თვისებებით. მაგალითად, გიორგიმ მეგობარს გადააბრალა დანაშაული, მაშინ როდესაც თავად იყო ინციდენტის ინიციატორი. მოსწავლეებს ურიგდებათ ბარათები, რომლებზეც ფრაზებია დაწერილი და მათ ისინი ოთხ კატეგორიად უნდა გაანაწილონ („ზუსტად ისეთი პერსონაჟია, როგორიც მე ვარ“, „დაახლოებით ჩემნაირია“, „ცოტათი მგავს“, „არანაირი მსგავსება არ გვაქვს“).ფოკუსჯგუფები – დროდადრო მასწავლებლები პატარა ჯგუფებად იკრიბებიან და მსჯელობენ მოსწავლეებში პიროვნული და სოციალური კომპეტენციების განვითარების დონის შესახებ. აზრთა გაცვლა-გამოცვლისა და დისკუსიის ფორმატში შესაძლებელია მოსწავლეთა განვითარების კონკრეტული ფაზის განსაზღვრა. შეიძლება გამოვიყენოთ კითხვარი როგორც დამხმარე ინსტრუმენტი. როდესაც დისკუსიის ფორმატში მიღწეულ იქნება შეთანხმება კონკრეტული მოსწავლის პირადი თუ სოციალური პრობლემების შესახებ, გროვდება სხვადასხვა მონაცემი ეთიკური პრინციპების დაცვით და დგება სტრატეგია ამ კომპეტენციაში მოსწავლის შედეგების გაუმჯობესებისთვის. დოკუმენტური ანალიზი – მოსწავლეთა მიერ სასწავლო წლის განმავლობაში შექმნილი მასალები გროვდება და ფასდება სამოქალაქო კომპეტენციების ჭრილში. ეს შეიძლება იყოს საკლასო და სასკოლო პროექტების შედეგები. საორიენტაციო კითხვები შესაძლებელია ამგვარად ჩამოყალიბდეს: როგორ წარმოადგენს თავად მოსწავლე მასალას? შექმნილი მასალა რა ტიპის/ როგორი ხასიათის მოსწავლეზე მიუთითებს? რა სამოქალაქო კომპეტენციებს ფარავს პროექტის შექმნით მიღებული შედეგი?
სამომავლო განვითარება (მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის უნარი)ამ ნაწილში ფასდება მოსწავლის შესაძლებლობები სკოლის დასრულების შემდეგ – შეძლოს საზოგადოებაში ადაპტაცია, სამუშაო ადგილის პოვნა/შექმნა, სამომავლო განვითარება და ა.შ. კითხვები, რომლებსაც სკოლამ პასუხი უნდა გასცეს, შეიძლება ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: როგორ ხედავენ მოსწავლეები საკუთარ მომავალს (სად აპირებენ სწავლის გაგრძელებას)? რამდენად შეესაბამება მათი გეგმა მათ რეალურ კომპეტენციებსა და პიროვნული განვითარების უნარს? რა წვლილი შეიტანა სკოლამ ამ გარდამავალი ეტაპისთვის მოსწავლეების მომზადებაში? მოსწავლეთა მოლოდინები პროფესიულ მომავალთან მიმართებით განსხვავდება თუ არა მათი სქესის, სოციალური კაპიტალისა და ეთნიკური ნიშნის მიხედვით?შეფასების მეთოდად შეიძლება გამოვიყენოთ კითხვარი, ანგარიშების შესწავლა და მეორადი მონაცემების ანალიზი.
გამოტანებისკოლაში შიდა შეფასების დროს ან, საზოგადოდ, ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების ჩამოყალიბებისას ყურადღება უმთავრესად სასწავლო პროცესზე, მის მიმდინარეობასა და მოსწავლეთა შედეგებზე მახვილდება.
თუ სასწავლო პროცესს მხოლოდ კონკრეტული საგნობრივი კომპეტენციების ჭრილში არ განვიხილავთ და გავითავისებთ, რომ ის ღირებულებით ნაწილსაც მოიცავს, ცხადი გახდება, რომ სამოქალაქო კომპეტენციები ხშირად შეფასების მიღმა რჩება.

კომპლექსური დავალების ადაპტირება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლისთვის

0

სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლის განათლებაში ჩართული პირებისთვის ჯერჯერობით კვლავაც გამოწვევასთან ასოცირდება სწავლა-სწავლების მიზნების კომპლექსური დავალების ფორმასა და ხარისხზე მორგების საკითხი.

არადა, კომპლექსური დავალების მორგება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის შესაძლებლობაზე რომ შესაძლებელი და არც ისე რთულია, მრავალი ჩვენგანის გამოცდილებამ აჩვენა. ექსპერტებიც დაბეჯითებით გვეუბნებიან, რომ კომპლექსური დავალებების გამოყენებით სწავლა-სწავლების პროცესის წარმართვისას მასწავლებელს შეუძლია, სხვადასხვა მოსწავლისთვის ჩამოაყალიბოს კომპლექსური დავალების სხვადასხვა პირობა მათი ინტერესებისა და საჭიროებების გათვალისწინებით. უბრალოდ, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლისთვის კომპლექსური დავალების ადაპტირების პროცესში უფრო მეტი ნიუანსის გათვალისწინებაა საჭირო.

ინდივიდუალური სასწავლო გეგმის ახალი, ინკლუზიური განათლების 2021 წლის გზამკვლევის[1] თანახმად, არსებობს წესები, რომელთა გამოყენება მესამე თაობის ესგ-ს წარმატებით დანერგვაში ყველა ჩვენგანს დაეხმარება:

 

* სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლისთვის მასწავლებელი ადგენს ინდივიდუალურ გრძელვადიან მიზნებს, თუმცა ასევე აწვდის კომპლექსური დავალების მოდიფიცირებულ ვერსიას.

* თემა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლისა და მისი

თანატოლებისთვის ერთია. მაგალითად, საგანში „მე და საზოგადოება“ ცნებების დასამუშავებლად მასწავლებელი განსაზღვრავს თემას „სკოლა, მეგობრები და თანატოლები“. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლისთვის ადაპტირებული კომპლექსური დავალებაც ამავე თემის კონტექსტში უნდა განიხილებოდეს.

* სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სასწავლო პროცესი თანხვდება კლასში მიმდინარე სასწავლო პროცესს. მასწავლებელმა ერთი საკითხი უნდა შესთავაზოს კლასს და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეს. მაგალითად, მასწავლებელი დაამუშავებს საერთო საკითხებს მოსწავლეთა ჯგუფში, თუმცა მზად იქნება იმისთვის, რომ შერჩეული საკითხი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლემ შესაძლოა განსხვავებული ფორმით დაამუშაოს და განსხვავებულ დონეზე დაეუფლოს მას. თუ გეოგრაფიის მასწავლებელი ჩრდილოეთი ამერიკის თემის კონტექსტში ირჩევს საკითხს „ტორნადოების ხეივანი“, შესაბამისად, კომპლექსური დავალებაც ამ საკითხზეა აგებული.

ლასში ერთ საკითხზე მუშაობა უმეტესად შესაძლებელია. გამონაკლისს წარმოადგენს ის საგნობრივი პროგრამები, რომელთა ფარგლებში კონკრეტულ საკითხს შესაძლოა ჰქონდეს გარკვეული წინაპირობა ქვეცნების ან საკითხის სახით. ამ შემთხვევაში განსაზღვრული საკითხის ათვისება შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ დაძლეულია მის წინაპირობად განსაზღვრული საკითხი და ამით მომზადებულია ნიადაგი მიმდინარე საკითხის დასამუშავებლად / ასათვისებლად.

* თუ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეს არასრულად ან არასაკმარისად აქვს დამუშავებული და ათვისებული წინაპირობად განსაზღვრული საკითხი, გაუმართლებელი იქნება კლასისთვის განსაზღვრული საკითხის მისთვის წარდგენა. მასწავლებელს მოუწევს კომპრომისზე წასვლა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლისთვის რელევანტური, მის საგანმანათლებლო საჭიროებას მორგებული, თუნდაც კლასისგან განსხვავებული საკითხის შეთავაზება.

* ამგვარი ცვლილება მასწავლებელმა შეიძლება ნებისმიერი მოსწავლისთვის განახორციელოს.

* სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის ცოდნისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით, მასწავლებელს შეუძლია შეცვალოს და დააზუსტოს კომპლექსური დავალების სხვადასხვა კომპონენტი.

 

 

კომპლექსური დავალების კომპონენტების ადაპტირება
მასალის მოცულობა ქვეცნებები, კომპლექსური დავალების კრიტერიუმები

 

მასალის ფორმა რესურსები, ქვეცნებები
შესრულების ფორმა კომპლექსური დავალების წარდგენა, პროდუქტის შექმნა
შესრულების პირობა კომპლექსური დავალების პირობა

მაგალითად, თუ კომპლექსური დავალების პროდუქტია პრეზენტაცია, ხოლო მოსწავლე ამ ეტაპზე არ ფლობს ტექნოლოგიების გამოყენების საკმარის უნარებს, შეიძლება, პრეზენტაცია სხვა პროდუქტით ჩანაცვლდეს, მაგალითად, პოსტერით, პლაკატით, ვიდეორგოლით. გარდა ამისა, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის კითხვის, წერის, მოსმენილი ინფორმაციის გაგების უნარების გათვალისწინებით, მასწავლებელმა შესაძლოა კომპლექსური დავალების პირობა მარტივი ფრაზების, მოსწავლისთვის ნაცნობი სიტყვებისა და მოკლე წინადადებების სახით ჩამოაყალიბოს.

 

კომპლექსური დავალების პირობა კლასისთვის

 

კომპლექსური დავალების პირობა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლისთვის
სახატავი საშუალებების ან ციფრული რესურსის „ვსწავლობთ თამაშით“ გამოყენებით დახატეთ კომიქსი მოთხრობის (მაგ., იაკობ გოგებაშვილის მოთხრობის „ანდროკლე და ლომი“) მიხედვით. სახატავი საშუალებების გამოყენებით დახატე კომიქსი მოთხრობის „ანდროკლე და ლომი“ მიხედვით.

 

 

ვხედავთ, რომ პროდუქტი (კომიქსი) უცვლელი რჩება, მაგრამ თუ მოსწავლეს გაუძნელდება ციფრული რესურსის გამოყენება, მხოლოდ დახატვას ვთავაზობთ. შესაძლოა, პირიქითაც – ზოგიერთი სსსმ მოსწავლისთვის შესრულების ციფრული ფორმის შეთავაზება უფრო ხელსაყრელი იყოს.

კომპლექსური დავალების პირობა შედარებით მარტივი წინადადებითაა ჩამოყალიბებული, მოსწავლის საჭიროებებიდან და წინარე ცოდნიდან გამომდინარე, დაზუსტებულია კომპლექსური დავალების შეფასების კრიტერიუმები. თუ სხვა მოსწავლეები მთელი მოთხრობის შინაარსს თანმიმდევრულად, ყველა ეპიზოდის ჩათვლით წარმოადგენენ, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეს მხოლოდ ორი ეპიზოდის წარმოდგენა ევალება.

 

ცნება „ტექსტი“

მკვიდრი წარმოდგენები

ზოგადი კრიტერიუმები კრიტერიუმები (კლასი)

 

კრიტერიუმები (სსსმმ)

 

1. თითოეული ჟანრის ტექსტს აქვს თავისებური შინაარსი, ენა და აგებულება. კონკრეტული ჟანრის ტექსტის (მაგ., მოთხრობის, იგავის)

შინაარსობრივი მხარის, ენობრივი საშუალებების,

აგებულების ცოდნა

 

. წარმოადგინე ეპიზოდები

თანმიმდევრობის

დაცვით.

. გამოსახე

თითოეული

ეპიზოდის მონაწილე

პერსონაჟები.

. დახატე ორი

ეპიზოდი,

დასაწყისი და

დასასრული.

. გამოსახე

მთავარი

პერსონაჟები.

 

2. ყველა ტექსტი შექმნილია რაიმე თემაზე,

პრობლემაზე/საკითხზე,

რომელიც ჩვენს ცხოვრებას

უკავშირდება; ტექსტის

მეშვეობით ავტორი

გვიზიარებს თავის სათქმელს, იდეებს.

 

ტექსტის თემა ან/და

მთავარი იდეა, ან/და

საკითხი/პრობლემა;

ან/და ტექსტის კავშირი

ცხოვრებასთან

. ისაუბრე იმაზე, რა

გაგახსენა, რაზე

დაგაფიქრა

ნაწარმოებმა.

. გადმოეცი, რაზეა

მოთხრობა.

 

 

 

კომპლექსური დავალების შექმნისა და განხორციელების ძირითადი კომპონენტებია:

  • ცნება, მკვიდრი წარმოდგენები, შედეგები;
  • თემა, საკითხი, დავალების პირობა, პროდუქტი;
  • შეფასების კრიტერიუმები;
  • დავალების პრეზენტაციის ფორმა;
  • რესურსები, აქტივობები.

ამათგან კლასისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლისთვის უცვლელი რჩება ცნება და თემა. რეკომენდებულია საკითხისა და პროდუქტის შენარჩუნება, ხოლო ზუსტდება: მკვიდრი წარმოდგენები, შედეგები, საკითხი, დავალების პირობა, პროდუქტი, შეფასების კრიტერიუმები, დავალების პრეზენტაციის ფორმა, რესურსები და აქტივობები.

 

 

 

[1] ავტორები: მაია ბაგრატიონი, შორენა ტყეშელაშვილი, ლია ქურციკიძე.

ფოთლები უფრო ლამაზად ბერდებიან

0

– რა გქვია?

– ფოთოლა.

– ლამაზი ხარ, გიხდება ყვითელი ჯუბა.

– ეჰ, იქნებ მიხდება კიდეც, მაგრამ ეს შემოდგომის სამოსია.

– გიხდება. ანათებ. რაც მზემ სხივები მოგვაკლო, თქვენ მივსებთ ამ დანაკლის.

– მზის სხივები ჩვენც მოგვაკლდა. მან გაგვიხუნა ყმაწვილქალობა.

– მზეს რას ერჩი, სითბო არ გიყვარს?

– სიცივე არ მიყვარს. როგორც კი ნამი თრთვილად იქცევა, ჩვენც ვიხოცებით.

– თქვენ? ყველა ერთად?

– ყველა. ყუნწის ბოლოზე წყლის წვეთი გვეყინება, ფართოვდება, ხეთქავს უკანასკნელ უჯრედებს, რომლებითაც თავს ვიმაგრებთ  და ჩვენც ვცვივით.

– სევდიანი ამბავია… თუმცა ერთურთის დაკარგვის ტკივილი არ გეცოდინებათ.

– რისი ტკივილი?

– …აი, იმას რა ჰქვია, ხევის გაღმა რომ მოჩანს, წითელკაბიანს?

– არ ვიცი, შორია და ხმას ვერ ვაწვდენთ ერთმანეთს. ისე, არც მათ უყვართ სიცივე. მზე რომ მოაკლდებათ, ჩვენსავით უხუნდებათ ქლოროფილი. სიბერეს ვერ ეგუებიან და წითლად იღებებიან. კეკლუცობენ, თუმცა სულ ტყუილად – პირველი ყინვები დააჭერს თუ არა, ვეღარ შველით ანტოციანინები და მათი წითელი ფერი.

– თქვენც ხომ იღებებით ყვითლად?

– ჩვენ? როგორ გეკადრება. ყვითელი ფერი ჩვენი კაროტინოიდების დამსახურებაა, რომლებიც დაბადებიდანვე გვაქვს. უბრალოდ, ზაფხულში ქლოროფილის აბჯარს ვისხამთ, რომ ქვეყნიერებას ჟანგბადი მივაწოდოთ… თანდათან ქლოროფილის პერანგი გვიცვდება და ვრჩებით კაროტინოიდების ამარა.

– არ ვიცოდი…

– თქვენ როგორ ბერდებით?

– რაღაცით თქვენ გგავართ. ჩვენ მელანინი გვაქვს, რომელიც თანდათან გვიხუნდება, სხვა პიგმენტი კი არ გაგვაჩნია, ამიტომ ვთეთრდებით. ამას ჭაღარას ვეძახით.

– ესე იგი როცა საკუთარ თმაში ჭაღარას შეამჩნევთ, მაშინ იწყება თქვენი სიბერე?

– არა.

– აბა?

– მაშინ, როცა შვილის თმაში შეამჩნევ…

სამუშაო მოტივაციის მოტივები

0

რაც დრო გადის, მით უფრო ჩქარდება თანამედროვე ადამიანის ცხოვრების პულსი. მას დღის განმავლობაში არაერთ გამოწვევასთან უწევს გამკლავება. ამას გარდა, ფსიქიკამ უნდა გაუძლოს ე.წ. რეალით შოუს – ქვეყნის შიგნით თუ მის გარეთ მიმდინარე უმძიმეს მოვლენებს, რომლითაც უხვად გვკვებავს მედიასაშუალებები. გასაკვირი სულაც არაა, რომ ადამიანები შეიკეტნენ საკუთარ თავში, როგორც ერთადერთ საიმედო თავშესაფარში და იმდენად უმძიმთ „ბაკნის“ დატოვება, ორშაბათის დადგომისთანავე სამუშაო კვირის დასრულებაზე ოცნებობენ. მეც ხშირად დამიჩივლია ახლობლებთან სამუშაო მოტივაციის დაკარგვის თაობაზე. მეტიც, გარკვეული ფაქტორების (პასუხისმგებლობა, საჭიროება, თვითიძულება და სხვ.) ზემოქმედების გარეშე, თანამედროვე ნაცარქექიად გადაქცევის რეალური საფრთხე დამემუქრებოდა.

მოტივაციის ცნება მომდინარეობს ლათინური სიტყვიდან „movere“, რაც მიზანსწრაფულობას, მოძრაობის სურვილს ნიშნავს. დუაიტ დ. ეიზენჰაუერის (აშშ-ის 34-ე პრეზიდენტი) განმარტებით, მოტივაცია არის უნარი, ადამიანი იქამდე მიიყვანოთ, რომ გააკეთოს ის, რაც საჭიროა, როცა საჭიროა და როგორც საჭიროა, იმიტომ, რომ ეს თვითონ მას სურს.

დღეს იშვიათად ნახავთ ადამიანს, ვისაც გარეგანი და შინაგანი მოტივაციის შესახებ არაფერი სმენია. ორიოდე სიტყვით მიმოვიხილავ ამ ორი მამოძრავებელი ძალის შემადგენელ ელემენტებს, ესენია: ნეგატიური და პოზიტიური მოტივაცია, რომლებიც უარყოფით (დასჯა, არასასურველი გამოცდისთვის მზადება და სხვ.) ან  დადებით (შექება, მიღწეული წარმატება და ა.შ.) გამღიზიანებლებს წარმოადგენენ და მოქმედებისკენ გვიბიძგებენ.

არსებობს მოტივაციის სხვადასხვა თეორია და ყოველი მათგანი ცდილობს უპასუხოს კითხვას „რატომ?“. აბრაჰამ მასლოუს საჭიროებების იერარქია მოტივაციის თეორიის ერთ-ერთი უძველესი საყრდენია. აქვე გავიხსენებ იქსის და იგრეკის თეორიებსაც. იქსის შემთხვევაში, მხოლოდ ნეგატიური მოტივაციის გზით შეგვიძლია მივაღწიოთ სასურველ მიზანს (იძულება, დაშინება, მუდმივი კონტროლი). იგრეკის თეორია კი შინაგან პოზიტიურ მოტივაციაზე აკეთებს აქცენტს და მამოძრავებელ ძალად პირად პასუხისმგებლობას, სამუშაო პროცესისგან სიამოვნების მიღებას და კმაყოფილებას ასახელებს.

ტერმინი „შრომის მოტივაცია“ მენეჯმენტის ერთ-ერთ ფუძემდებელს ფედერიკო ტეილორს უკავშირდება. მან შეიმუშავა პერსონალის შრომის ორგანიზების სისტემა, რომელიც შრომის ხარისხსა და მის ანაზღაურებას შორის მჭიდრო კავშირს უსვამდა ხაზს. ტეილორის აზრით, დაქირავებულებს მხოლოდ გარეგანი მოტივატორი ამოძრავებდათ. როგორც მოსალოდნელი იყო, ამ თეორიას არც თუ ისე ბევრი თანამოაზრე გაუჩნდა, რამაც საბოლოოდ მმართველი გუნდისა და თანამშრომლების დაპირისპირება გამოიწვია. ასე გაჩნდა ინდივიდუალურ-პიროვნული ფაქტორების შესწავლის საჭიროება, რამაც ფსიქოლოგები გარკვეულ დასკვნებამდე მიიყვანა და შრომითი ურთიერთობები გაცილებით მოქნილი და ურთიერთპატივისცემაზე ორიენტირებული გახადა. მათი მთავარი საკვლევი კითხვა კი ასე შეგვიძლია ჩამოვაყალიბოთ: რა მიზეზები ამოძრავებს ადამიანს, საერთო საქმესაც ისე მიუდგეს, როგორც პირად პასუხისმგებლობას?!

შინაგანი მოტივაციის ხარისხზე პირდაპირ ზემოქმედებს ადამიანის სოციალური სტატუსი ჯგუფში, რომელთან ერთადაც იგი ასრულებს კონკრეტულ სამუშაოს. რაც უფრო აღიარებულია პიროვნება თავის წრეში, ანუ პატივს სცემენ და ენდობიან, მისი სამუშაო განწყობაც, როგორც წესი, ამაღლებულია. თუმცა ინდივიდის მოტივაცია, გარეგან სტიმულატორებთან ერთად, პირად საჭიროებებსა და მიზნებსაც მოიცავს. გამოდის, რომ ადამიანისთვის მნიშვნელოვანია საერთო საქმისა და საკუთარი ჩართულობის საჭიროების განცდა და ამ საქმიანობის გარკვეულ ასპექტში ლიდერის პოზიციაზე აღმოჩენა. ყველას გვინდა გვჯეროდეს, რომ დამქირავებელი სამართლიანად მოგვექცევა და თუ ჩვენი მოლოდინები გამართლდება, ორგანიზაცია კიდევ ერთ ერთგულ და თავდაუზოგავ თანამშრომელს შეიძენს.

მიზნის დასახვის თეორია, პიროვნების მოტივირებასთან ერთად, ხარისხიანი სამუშაო პროცესის წარმართვასაც განაპირობებს. რა უნდა გაკეთდეს, როგორ, რა საშუალებებით/რესურსით, რამდენ ხანში?! ამგვარი კითხვები კონკრეტული და გაზომვადი მიზნის ფორმულირებას გვიადვილებს. მონიტორინგი და კონსტრუქციული უკუკავშირი ეფექტიანი სამუშაო პროცესის უცვლელ ინსტრუმენტებად რჩება. ამასთან, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ადამიანები საკუთარი მიზნების ერთგულები არიან. აქედან გამომდინარე, მმართველი ძალა უნდა შეეცადოს, რომ საერთო მიზანი დამქირავებლის პირად ინიციატივად გარდაქმნას.

ფსიქოლოგები მოტივაციას ხუთ უმთავრეს დანიშნულებასთან აკავშირებენ:

ქცევის ბიოლოგია გულისხმობს იმ შინაგანი მდგომარეობის კვლევას, რომელიც სხეულს მოქმედებისკენ უბიძგებს (სხეულის ფუნქციონირება).

ქცევის  ცვალებადობაზე დაკვირვება მოტივაციის განსხვავებულ მოტივებს აღმოგვაჩენინებს. ზოგჯერ ადამიანები ერთსა და იმავე მოქმედებას სხვადასხვა დროში, თუმცა უცვლელ გარემოში, სხვადასხვანაირად ასრულებენ. ხშირად ამ მოვლენას გამოცდილების გაზრდას უკავშირებენ, არადა, შესაძლოა, მიზეზი მოტივაციის ცვლილება იყოს.

ადამიანის შეუპოვრობის, სურვილის სიძლიერის ახსნა მნიშვნელოვან საკვლევ თემას წარმოადგენს. მასზე დაკვირვება განსაკუთრებით საინტერესოა მაშინ, როცა მოტივაციის ზემოაღნიშნული ფორმა არახელსაყრელ, მიზნის მიღწევისთვის დამაბრკოლებელ გარემოში ვლინდება (დადგენილია, რომ რთული ამოცანების ამოხსნა მეტად მამოტივირებელია, ვიდრე მარტივი დაბრკოლებების გადალახვა).

პიროვნული პასუხისმგებლობის საკითხი მოტივაციის უმთავრესი ნაწილია. იგი შინაგანი მოტივების სიღრმისეულ გააზრებას და მაღალი დონის თვითკონტროლს გულისხმობს.

შინაგან მდგომარეობაზე სწორი დასკვნების გაკეთება ამა თუ იმ ემოციის გამომწვევი მიზეზების დადგენას გვიადვილებს. იმის გააზრება, შინაგანი ფაქტორია პასუხისმგებელი ჩვენს ემოციურ „ამინდზე“ თუ  – გარეგანი, ემოციების დაბალანსების მთავარ წინაპირობას წარმოადგენს.

საგანმანათლებლო გარემოში სასწავლო მოტივაციის გაჩენასა და შენარჩუნებაზე ყველა საგნის მასწავლებელი ზრუნავს. ბუნებრივია, რაც უფრო მაღალია მოტივაცია, სწავლის ხარისხიც უმჯობესდება. სამოტივაციო აქტივობების დაგეგმვისას აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ მოზარდების ნაკლები ცხოვრებისეული გამოცდილება და მიზნის მნიშვნელობის გააზრების პრობლემა. მოზარდებს ხშირად უჭირთ ამა თუ იმ მოქმედების საჭიროების დანახვა, თან, მუდმივად ცვალებადი განწყობის ფონზე, უძნელდებათ სამუშაო პროცესზე სრულფასოვნად კონცენტრირება. თუმცა ბავშვები ყველაზე ხშირად სვამენ კითხვებს, რაც შესაძლებლობას გვაძლევს, მათ რთული ამოცანების დაძლევა მოვანდომოთ (ზრდასრულებისგან განსხვავებით, პატარებს სირთულესთან შეჯახებისას მოტივაცია უქვეითდებათ).

ყოველივე ზემოთქმულის საერთო მიზნად ფორმულირებას რომ მთხოვდნენ, მას ასე ჩამოვაყალიბებდი: ხშირად დავუსვათ საკუთარ თავს კითხვა „რატომ?“, მაგალითად: რატომ ვდგები ან ვერ ვდგები დილით ადრე?! რატომ არ გამომდის ესა თუ ის საქმიანობა დღეს, როცა მას ყოველდღე წარმატებით ვახორციელებდი?! რატომ ვთამაშობ, მიუხედავად იმისა, რომ სულ ვაგებ?! რატომ არის მნიშვნელოვანი ჩემი ყოფნა იქ, სადაც მივდივარ?! რატომ მეტირება, როცა გარეთ მშვენიერი ამინდია, არაფერი მაწუხებს და ჩემი ახლობლებიც მშვიდობით არიან?! და ა.შ. პასუხს აუცილებლად მივაგნებთ. მას ან გარემო გვიკარნახებს, ან – საკუთარი თავი.

იმედს ვიტოვებ, რომ დროთა განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზრდება იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებსაც თავიანთი ყოველდღიური საქმიანობა აბედნიერებს და თავს საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილად აგრძნობინებს.

 

 

 

 

 

ღამის მატარებელი

0

ვითომ ზაფხულია და თან ისეთი მწველი, ქალაქიდან სოფლად ჩასულები კაკლის ჩრდილში მონებივრე მოაგარაკეებს რომ ეტყვიან – თბილისში დუღს ყველაფერი! სულ იმ დუღილში მინდოდა დაგვა, სულ იმ დუღილს მარიდებდნენ ჩემები.

ვითომ სოფელში მივდივართ – ჩემი და, დედაჩემი, ჩვენი ნათესავი გოგო და მე. სანამ მატარებელი დაიძვრება, მამა ვაგონიდან არ ჩადის, ფანჯრის საკეტს ამოწმებს, ხალხს ათვალიერებს.

ვითომ ვაგონის ბოლოს ბიჭების სიმღერა ისმის, მამა უახლოვდება და რაღაცას ეკითხება. ომში მივდივართო, პასუხობენ. გზას ულოცავს და გულს იმშვიდებს, კარგი ხალხი ჩანს, არაფერს გაგიჭირვებენო.

ვითომ მატარებლის დაძვრისთანავე ვაგონში ხელჩართული ჩხუბი იმართება. კაცი ამბობს, რომ ყველაფერი დაინახა და ასე მოქცევა არ შეიძლება.

ვითომ ბიჭები კაცს გამეტებით ურტყამენ. ჩვენ ხმამაღლა ვყვირით და გვემუქრებიან – თუ არ გაჩუმდებით, ცუდად წაგივათ საქმე.

ვითომ ეს კაცი კარისკენ მიჰყავთ და მერე უმისოდ ბრუნდებიან. შაოსანი ქალი ფანჯარაში იხედება და ჩურჩულებს – გადააგდეს.

ვითომ მთელ ვაგონში დაზაფრული სიჩუმე ისადგურებს, უახლოეს სადგურამდე კი ჯერ კიდევ შორია.

ვითომ მომღერალ-მოჩხუბართაგან ერთ-ერთი დგება და ყველას გასაგონად ამბობს: როგორც კი მატარებელი გაჩერდება, ალბათ მილიცია ამოვა. თუ ვინმე გაბედავს და იტყვის, რა მოხდა, დაგვიჭერენ, მაგრამ მშვიდი მგზავრობა არც თქვენ გელით, ჩვენი ძმები სხვა ვაგონებშიც არიან და პასუხს მოგთხოვენო.

ვითომ ყველანი ვდუმდებით და ერთმანეთს სიტყვასაც აღარ ვუცვლით, რადგან ჯერ კიდევ გვახსოვს კაცი, რომელიც მატარებლიდან გადააგდეს.

ვითომ ერთ-ერთ გაჩერებაზე მილიცია ამოდის, დედას ვეჩურჩულებით, რომ სხვა გზა არ არის, როგორღაც მათი გული უნდა მოვიგოთ.

ვითომ დედა უპირობოდ გვთანხმდება – ოღონდ მშვიდობით ვიმგზავროთ, ოღონდ მშვიდობით ჩავაღწიოთ.

ვითომ მილიციელები ყველას სათითაოდ გვეკითხებიან, რა მოხდა და ვინ რა დაინახა. მერე მოჩხუბართაგან ყველაზე საეჭვო გარეგნობისას დაკვირვებით უყურებენ და დედა ესარჩლება, – ჩემი შვილიაო.

ვითომ მილიციელი კითხვას იმეორებს, მაგრამ ყველა ერთსა და იმავეს პასუხობს, რომ არაფერი მომხდარა, არავის არაფერი დაგვინახავს.

ვითომ მილიციელი თვალს გვავლებს და ამბობს – რახან ასეა, დანარჩენი საკუთარ თავს დააბრალეთ.

ვითომ მატარებელი სვლას აგრძელებს, მოჩხუბრები ჩვენ გარშემო იკრიბებიან და დედაჩემს ეუბნებიან, რომ მათი ძმის შეფარების ფასად ჩვენს ვაგონს ხელს არ ახლებენ.

ვითომ იმავე წამს, როგორც კი ვხვდებით, რომ მატარებელი მძარცველების ხელშია, ერთი მგზავრი დგება, ჩვენკენ მოემართება და ჩუმად გვეუბნება – ამათ ყველას ვიცნობ, ერთი ქალაქიდან ვართ, ვეტყვი, რომ ახლობლები ხართ და მშვიდად ჩაგიყვანთ იქამდე, სადაც მიდიხართო.

ვითომ მეტი დამაჯერებლობისთვის სახელს და გვარსაც გვეუბნება, გვერდით გვიჯდება და თვალით გვანიშნებს, რომ მშვიდად ვიყოთ.

ვითომ მე ხელს მაგრად ვუჭერ, ვთხოვ, წამით აღარ დაგვტოვოს და არც იფიქროს, რომ საპირფარეშოში გასვლას მაინც შეძლებს.

ვითომ შუაღამისას, როდესაც მგზავრები იძინებენ, ჩვენს ვაგონში თავს იყრის მთელი მატარებლის ნაქურდალი – ტყავის ქურთუკები, სამკაულები, ფეხსაცმელები, კომპოტები, ჟურნალ-გაზეთები, ათასი წვრილმანი.

ვითომ ზოგი ჩანთა გაუხსნელად მოაქვთ და იქვე ინაწილებენ ნადავლს, უსარგებლო ნივთებს კი ფანჯრებიდანვე ყრიან.

ვითომ ნაშუაღამევს გვეუბნებიან, რომ მათ ატამანს ჩვენი გაცნობა სურს. ცოტა ხანში სხვა ვაგონიდან ახალგაზრდა კაცი მოდის, დიდი ოქროს ჯაჭვითა და ჯვრით. სანთებელას ანთებს, ჩვენს სახეებთან ახლოს მოაქვს და ისე გვათვალიერებს.

ვითომ დედას განსაკუთრებულ მადლობას უხდის და საჩუქარსაც ჰპირდება. ბრძანებს, მოიყვანონ ბიჭი, რომელიც ჩვენთვის იმღერებს.

ვითომ ცოტა ხანში ერთი კაფანდარა ბიჭი მოჰყავთ, რომელსაც ეუბნებიან – ქართულ ფულს მოგცემთ, ქართულად იმღერებ, რუსულ ფულს მოგცემთ – რუსულად იმღერებ.

ვითომ ამ ბიჭმა არცერთი სიმღერა არ იცის, იქვე იგონებს სახელდახელოდ გაურითმავ ტექსტებს და ხურდების სანაცვლოდ მონდომებით მღერის.

ვითომ ატამანი გვტოვებს, თავის კუპეს უბრუნდება, შეკვეთილი სიმღერა კი ჩვენს ჩასვლამდე გრძელდება და ეს უფრო შემზარავად მეჩვენება, ვიდრე მიმავალი მატარებლიდან კაცის გადაგდება.

ვითომ სანამ ჩვენს სადგურამდე მივაღწევთ, ერთი მძარცველი სამახსოვროდ ჩემს დას მზის მოპარულ სათვალეს, მე კი მუნდშტუკს მჩუქნის. ვითომ ჩასვლამდე ტელეფონის ნომერს გვეკითხება და ჩვენ ერთ ციფრსაც ვერ ვიტყუებით.

ვითომ ბაქანზე ნახევრადშიშველი ხალხი დარბის, ზოგი შარვალს დაეძებს, ზოგი პერანგს, ზოგიც პირად ნივთებს.

ვითომ მხოლოდ ჩვენი ვაგონის მგზავრები არ იღებენ ხმას – ჩვენთვის არაფერი მოუპარავთ, ჩვენ ყველაფერი ვიცით.

ვითომ მატარებელი გზას აგრძელებს, ჩვენ კი  ბარგზე ვსხდებით და ვტირით. მერე ფოსტაში გავრბივართ, თბილისში ვრეკავთ, მამას ვეუბნებით, რომ კარგად ვიმგზავრეთ, მაგრამ უცხომ თუ დარეკა და გვიკითხა, უთხრას, რომ ჩვენ იქ არ ვცხოვრობთ.

ვითომ სოფელში ჩასვლისთანავე ამ ამბავს დაწვრილებით ვყვებით და ნაშუადღევს დაღლილ-დაქანცულები ვიძინებთ.

ვითომ ჩემი და ჩემი დის ძილი რამდენიმე დღეს გრძელდება, დროდადრო გვაფხიზლებენ, გვაპურებენ და შეშინებულისას გვილოცავენ.

ვითომ ეს ძილი უსიზმრო ძილია ისევე, როგორც ეს ამბავი არასოდეს დამსიზმრებია, რადგან…

1992 წელი იდგა, ზაფხულის გასატარებლად თბილისიდან სამტრედიაში მივდიოდით. ღამის რეისს გავყევით და ვიმგზავრეთ უსაშველოდ დიდხანს. მატარებელი რკინიგზას 4-ის ნაცვლად 10 საათი მიუყვებოდა, დროდადრო დენი ითიშებოდა და სადგურებს შორის გულის გამაწვრილებლად დიდხანს ჩერდებოდა…

ბევრი წლის  მერე ფეისბუქის საძიებო ველში იმ ბიჭის სახელი და გვარი ჩავწერე, მხსნელად რომ მოგვევლინა. მხოლოდ მაშინ დავიჯერე, რომ ეს ყველაფერი ჩვენს დასამშვიდებლად სახელდახელოდ მოფიქრებული ფინტი იყო, მაგრამ ის კი ცხადად მახსოვს, რომ ხანგრძლივი და მტანჯველი მგზავრობისას ერთი წამით არ დავუტოვებივართ. მერე ამ ყველაფერზე მოთხრობაც დავწერე – „თამაში ფორცას ხაფანგში“. მართალია, ამბავი ისე გადასხვაფერდა, რომანტიკული თავგადასავალი უფრო გამოვიდა, მაგრამ მთავარი შიში ბოლოსკენ მაინც გავამხილე:

„ფული! ჩემი ჩანთა! დედაჩემის ბეჭედი! – ყველა თავისას გაჰყვიროდა. ვიდექი ბაქანზე და სათვალის მიღმა ცხელი ცრემლი მდიოდა. „თქვენ ჩემი სათვალე გიკეთიათ!“,  – მამაკაცის ხმამ შემაკრთო. „თქვენ გიკეთიათ ჩემი სათვალე!“ – კიდევ უფრო ხმამაღლა დაიწყო ყვირილი და ღამის რეისის გაძარცვული მგზავრები შემოიკრიბა. „ეს იქნება!“ – სათვალე ჩამომგლიჯა შუახნის ქალმა. მზემ მთელი ღამის უძინარი და ცრემლიანი თვალები მომჭრა, ერთბაშად გამომეცალა ძალა და უდაბნოს ქვიშისფერ ჩემოდანზე ჩამოვჯექი, როგორც საბრალდებო სკამზე…“

ხანდახან, როდესაც ისევ დაუჯერებლად მეჩვენება 18 წლის ასაკში გადახდენილი ამბავი, ისევ ცხადისა და სიზმრის მიჯნაზე ამყვება ფიქრი:

ვითომ ზაფხულია და თან ისეთი მწველი, ქალაქიდან სოფლად ჩასულები კაკლის ჩრდილში მონებივრე მოაგარაკეებს რომ ეტყვიან – თბილისში დუღს ყველაფერი! სულ იმ დუღილში მინდოდა დაგვა, სულ იმ დუღილს მარიდებდნენ ჩემები…

 

ზრდასრული შვილების მშობლობა

0

ძვირფასო მშობლებო/აღმზრდელებო, გთავაზობთ ამონარიდს ბრიტანელი ავტორების – Gill Hines და Alison Baverstock, Gill Hines და Alison Baverstock – წიგნიდან: „თქვენი ზრდასრული შვილები“. წარმოგიდგენთ დაპირებულ კითხვარს. მაშ ასე, როგორი მშობელი ხართ?

1 კითხვა

თქვენი ზრდასრული შვილი უნივერსიტეტიდან ბრუნდება. ის ძალიან გახარებულია, რადგან სხვა 99 სტუდენტთან ერთად მოხვდა სიაში, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია მომავალში პრესტიჟული სასწავლო პრემიის მფლობელი გახდეს. თუ ახალგაზრდა მოიგებს მას, ის შეძლებს სამხრეთ ამერიკაში ერთთვიან მოგზაურობაში წავიდეს ხუთ სხვა გამარჯვებულთან ერთად. გამარჯვებულებს კი მთელი ქვეყნის მასშტაბით შეარჩევენ. ახლა წაიკითხეთ ვარიანტები და მონიშნეთ, როგორ მოიქცევით თქვენ:

ა. დაწვრილებით გამოჰკითხავთ შვილს დეტალებს და წარმატებას უსურვებთ;

ბ. სიხარულისგან პირდაპირ ხტუნვას იწყებთ და ყველანაირად აქებთ შვილს;

გ. ეუბნებით შვილს, რომ 99 კონკურენტი ეს ძალიან ბევრია და ამიტომ მოგების შანსი საკმაოდ მცირეა. ამას გარდა, აღნიშნავთ, რომ სამხრეთ ამერიკაში მოგზაურობა არცთუ ისე უხიფათოა და ამიტომ იქნებ სულაც არ იქნება ცუდი, თუ ეს პრემია სხვას შეხვდება?

2 კითხვა

თქვენს შვილს პირადი დრამა აქვს. ის დაშორდა შეყვარებულს, რომელსაც ერთი თვის განმავლობაში ხვდებოდა. მას ძალიან უყვარდა გოგონა და საჩუქრებს ჩუქნიდა პარტნიორს. ყურადღებიანი და მოსიყვარულე იყო. თქვენ (მშობლები) პოზიტიურად უდგებოდით შვილის არჩევანს, მოგწონდათ და ოჯახში ის ყოველთვის სასურველი სტუმარი იყო. მაშ ასე:

ა. მზაობას გამოხატავთ იმდენჯერ მოუსმინოთ შვილს, რამდენჯერაც მას თანამოსაუბრე დასჭირდება. შემდეგ, როდესაც ის ცოტათი მაინც მოიშუშებს სულიერ ჭრილობას, შეეცდებით გარკვეული რჩევა მისცეთ, როგორ მოიქცეს ამის შემდეგ;

ბ. დაიწყებთ შვილის ყოფილი შეყვარებულის „ლანძღვას“. ეცდებით, დაარწმუნოთ შვილი, რომ ის ყველაზე უკეთესია და რომ არავის უნდა მისცეს უფლება, მას ცუდად მოექცეს. კიდევ ურჩევთ, რომ აუცილებლად შეხვდეს „ყოფილს“ და უთხრას ყველაფერი, რასაც ის „უმადური“ იმსახურებს;

გ.  თქვენ აუხსნით შვილს, რომ ეს არცთუ ისე მნიშვნელოვანი დანაკარგია და თანაც ეტყვით, რომ სამომავლოდ უნდა დაიმახსოვროს, რომ როდესაც პირველივე შემხვედრს გულს გადაუხსნის, სწორედ ასეთი ფიასკო ელოდება. და იქვე დაუმატებთ, რომ შემდეგ ჯერზე გაცილებით უფრო ფრთხილად უნდა იყოს პარტნიორის არჩევისას, თუ არ უნდა, რომ კვლავ იმედგაცრუებული დარჩეს.

3 კითხვა

თქვენმა ცოტა არ იყოს უჟმურმა და ბუზღუნა მეზობელმა საყვედური გითხრათ, რომ, როდესაც სახლში არ ხართ, სწორედ მაშინ ძალიან ხმამაღალი მუსიკის ხმა გამოდის თქვენი სახლიდან. ამ შეტყობინებაზე თქვენი რეაქცია ასეთია:

ა. ოჯახურ წრეში განიხილავთ ამ პრობლემას და თანხმდებით, რა ნიშნულზე იყოს ტელევიზორის ხმა დღისით და რა ნიშნულზე იყოს საღამოს;

ბ. თქვენს არაკეთილგანწყობილ მეზობელს „ჯანდაბაში“ გაგზავნით და თანაც ეტყვით, რომ ოჯახის წევრებს საკუთარ სახლში შეუძლიათ ის აკეთონ, რაც მოესურვებათ. მით უმეტეს, რომ ისინი ყველანი სრულიად ჯანსაღად აფასებენ სიტუაციას;

გ. აუხსნით თქვენს ზრდასრულ შვილს, რომ მეზობლების განაწყენება არ არის კარგი საქციელი, მით უფრო, რომ მშობლებს მოუწიათ მის ნაცვლად მობოდიშება. კიდევ ვეტყვი, რომ ის ძალიან ეგოისტურად იქცევა და მის მიმართ ნდობა, როდესაც სახლში მარტო რჩება, მშობლების თვალში თანდათან ეცემა.

4 კითხვა

თქვენმა ზრდასრულმა შვილმა გადაწყვიტა, დამოუკიდებლად მოემზადებინა სადილი მთელი ოჯახისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დახვეწილი მენიუ შეადგინა, საბოლოოდ კერძები არცთუ ისე გემრიელი გამოუვიდა, რამაც მას ძალიან დასწყვიტა გული, რადგან ოჯახზე შთაბეჭდილების მოხდენა მთელი გულით სურდა. ამ სიტუაციაში თქვენ:

ა. აუცილებლად ეტყვით შვილს, რომ ამაყობთ მისით. შეუქებთ კულინარიულ ამბიციებს და კრეატიულობას. დაარწმუნებთ, რომ მას ყველაფერი კარგად გამოუვიდა და ოჯახის დანარჩენ წევრებსაც სთხოვთ, დაგეთანხმონ. საბოლოოდ, შეეცდებით ასწავლოთ შვილს, როგორ გამოასწოროს დაშვებული უმნიშვნელო შეცდომები;

ბ. „გამოუტყდებით“ შვილს, რომ ცხოვრებაში ამაზე უკეთესი არაფერი გაგისინჯავთ და თავს აიძულებთ, მთელი ულუფა შეჭამოთ. თუ დაინახავთ, რომ ახალბედა კულინარი უხასიათოდაა, ეტყვით, რომ სულ ტყუილად განიცდის, რომ სადილი მართლაც შესანიშნავი გამოუვიდა;

გ. შვილთან ერთად განიხილავთ მის ნახელავს, შეუქებთ იმას, რაც კარგად გამოუვიდა და გულწრფელად მიუთითებთ შეცდომებზე. იქვე დასძენთ, რომ აუცილებელია დროის მენეჯმენტის კონტროლი, და შესთავაზებთ დახმარებას, რათა მომავალში ყველა კერძის ერთდროულად მომზადება შეძლოს.
5 კითხვა

თქვენი ზრდასრული შვილი სასწრაფოდ სადღაც გავარდა ისე, რომ არც საკუთარი ოთახი მიულაგებია და არც სამზარეულო, რომელშიც ბლომად დასარეცხი ჭურჭელი დაგროვდა. თქვენ:

ა. ტელეფონზე შეტყობინებას უგზავნით და აფრთხილებთ, რომ აუცილებლად უნდა მიალაგოს ყველაფერი საღამომდე, სანამ ოჯახი საღამოთი სახლში შეიკრიბება. და იქვე მიაწერთ, რომ სულაც არ გაინტერესებთ ამისათვის მას საკუთარი გეგმების კორექტირება მოუწევს თუ არა;

ბ. თავდაპირველად ცოტათი განაწყენდებით, მაგრამ შემდეგ გაგახსენდებათ, რომ ახალგაზრდობა ცხოვრებაში ერთხელაა და თანაც საკმაოდ ხანმოკლე. ამიტომაც, სწრაფად მიალაგებთ ელემენტარულ ნივთებს და სრულად წესრიგის დამყარებას საღამოს სამსახურის შემდეგ განაგრძობთ;

გ. ძალიან გაბრაზდებით, მაგრამ მაინც ყველაფერს მიალაგებთ. ხოლო როდესაც „დამნაშავე“ შინ დაბრუნდება, ეჩხუბებით მას. ეტყვით, რომ საშინლად ეგოისტია და რომ თქვენ უამრავი საქმე გაქვთ და ზრდასრული შვილის ნაცვლად გიწევთ მუდმივად სახლის ლაგება.

 

6 კითხვა

თქვენს ვაჟს მალე 18 წელი უნდა შეუსრულდეს. მას სურს, სახლში მეგობრები დაპატიჟოს დაახლოებით თხუთმეტი მოზარდი. პრობლემა კი ის არის, რომ იუბილარი ითხოვს იმ დღეს მშობლებმა მარტო დატოვონ ის და მისი სტუმრები. თქვენ:

ა.  ოჯახთან ერთად განიხილავთ, შესაძლებელია თუ არა ამ წინადადების შესრულება. თანაც, იუბილარს სთხოვთ, გარკვეულ თანხაში ჩაეტიოს და მასთან ერთად განიხილავთ, დღესასწაულის დანარჩენ დეტალებს. რადგან ახალგაზრდები მარტო იქნებიან, უამრავი წვრილმანის გათვალისწინება იქნება საჭირო. ნამდვილად იმდენი მეგობარი მოვა, რამდენიც დაპატიჟებული იქნება? გაუფრთხილდებიან თუ არა ძვირფას ნივთებს? მეზობლებს სჭირდებათ წინასწარი შეტყობინება, რომ მათი სახლიდან გარკვეული დროის განმავლობაში ხმამაღალი მუსიკის ხმები გამოვა. შვილი საგულდაგულოდ უნდა იყოს გაფრთხილებული იმ შემთხვევისათვის, თუ ფორსმაჟორული სიტუაცია შეიქმნება. კიდევ სთხოვთ შვილს, რომ იმ დრომდე დაფიქრდეს და ყველა შესაძლო დეტალი განიხილოს მშობლებთან ერთად;

ბ.  თქვენ ძალიან გაგიხარდებათ, რომ შვილს ასეთი სერიოზული იუბილეს გადახდა სახლში მოუნდა. ანუ ოჯახი მისთვის ბევრს ნიშნავს! თან იფიქრებთ, რომ რადგან მუდამ ენდობოდით და ენდობით ვაჟს, რომელმაც ეს მშვენივრად იცის, ამიტომ დატოვებთ მას მეგობრებთან ერთად და ამ შაბათ-კვირას თავადაც საკუთარ მეგობრებთან გაერთობით;

გ. კატეგორიულ უარს განაცხადებთ.

მოდით, ახლა განვიხილოთ, რას ნიშნავს როდესაც თქვენს პასუხებში ჭარბობს „ა“ ვარიანტი:

თქვენ კეთილი, დაფიქრებული მშობელი ხართ. კარგად გამოგდით შვილის გამხნევება, წახალისება, ბიძგის მიცემა. მაგრამ, ამავე დროს ადვილად ამჩნევთ ნებისმიერ სირთულეს. თქვენ ეხმარებით შვილს, თავად გაუმკლავდეს საკუთარ პრობლემებს და არ ცდილობთ, ყველაფერი მის ნაცვლად გააკეთოთ. თქვენთვის გაცილებით მნიშვნელოვანია შვილის კეთილდღეობა, ვიდრე საკუთარ პოპულარობაზე ზრუნვა და მის თვალში კეთილგანწყობილი მშობლის სტატუსის მოპოვება. ამ ყველაფერს აქვს პლუსი – შვილი გენდობათ, გიზიარებთ საკუთარ პრობლემებს, რადგან დარწმუნებულია, რომ მას უსმენენ. მინუსი – შვილები თქვენ „სუპერ მშობლად“ არ ჩაგთვლიან და თანაც ამ თქვენს თანამიმდევრულ პრაგმატულობას შესაძლოა მოსაწყენი, მუდო ტიპის იარლიყო მიაკერონ.

თუ თქვენი შეკითხვების უმეტესობაზე „ბ“ პასუხი შემოხაზეთ: თქვენ „ბრმა ენთუზიასტი“ ყოფილხართ. მუდამ შვილის მხარეს იჭერთ, მიუხედავად ყველაფრისა. რაც არ უნდა თქვას და გააკეთოს ბავშვმა, თქვენ ყოველთვის მას ემხრობით. მისი კრიტიკის უფლებას არავის აძლევთ და თავადაც ძალიან იშვიათად აკრიტიკებთ. ამასთან, შვილს მუდამ ანებივრებთ, ბევრის უფლებას აძლევთ და ხშირად ამხნევებთ. პლუსი – შვილის თვალში თქვენ მშობელი კი არა, უბრალოდ საოცნებო ადამიანი ხართ. ასეთებზე ამბობენ, რომ ისინი ძალიან გულისხმიერი არიან და მუდამ მზაობას გამოხატავენ დახმარების გასაწევად, ამიტომ მათ წარმატებით ანდობენ საკუთარ პრობლემებს, რათა თავი დააღწიონ  რთულ სიტუაციებს. თქვენი შვილი მუდამ თქვენი მფარველობის ძიებაში იქნება და ეცდება, სულ გვერდით ჰყავდეთ. მინუსი – არის რისკი, რომ შვილი არასდროს გაიზრდება, რადგან მშობელს არ უსწავლებია მისთვის პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება. არსებობს სხვაობა თავმოყვარეობასა და საკუთარი თავის სიყვარულს შორის და სწორედ „ბრმა ენთუზიასტების“ აღზრდილ ადამიანებს შესაძლოა გადაჭარბებული თვითშეფასება ჰქონდეთ და გარშემომყოფ ადამიანებთან შედარებით უპირატესობას განიცდიდნენ. შესაძლოა, ასეთმა ბავშვმა ვერ ისწავლოს თანაგრძნობა და სხვებზე ზრუნვა. მათ ძალიან გაუჭირდებათ კრიტიკის მიღება და წესებისა და ავტორიტეტებისადმი დამორჩილება.

თუ პასუხების უმეტესობის შემთხვევაში „გ“ ვარიანტი აირჩიეთ – თქვენ ხართ  მშობელი კრიტიკოსი. გიყვართ ნაკლოვანებებზე მითითება, რადგან დარწმუნებული ხართ, რომ სრულყოფილების მისაღწევად საჭიროა ნაკლოვანებების ხაზგასმა. თქვენი მიზანია, დაეხმაროთ შვილებს, გახდნენ უფრო უკეთესი, თუნდაც მუდმივად ძაბავდეთ მათ შენიშვნებით. პლუსები – საკუთარი შესაძლებლობების ზღვრის შესახებ ინფორმირებულობა კარგია. როდესაც ბავშვები ისეთ ატმოსფეროში იზრდებიან, როცა მკაფიოდ და ნათლად იციან, რა არის კარგი და ცუდი, მათ შეუძლიათ ბევრს მიაღწიონ. კრიტიკოსი მშობლები დარწმუნებული არიან საკუთარი პოზიციის მართებულობაში, ცდილობენ, მისდიონ მას. ისინი შვილებს სხვა ადამიანებზე ფიქრსა და საკუთარ ქმედებებზე პასუხისმგებლობის აღებას ასწავლიან. მათი შვილები მასშტაბურად აზროვნებენ და წვრილმანებზე ყურადღებას არ ამახვილებენ. მინუსი – თქვენ ძალიან მკაცრი ხართ, რაც შესაძლებელია თქვენს შვილს აფიქრებინებს, რომ ის ყოველთვის ყველაფერს არასწორად აკეთებს. ბავშვები ხანდახან არაგულწრფელი არიან თქვენთან და არ გენდობიან, რომ კიდევ ერთი კრიტიკა არ დაიმსახურონ. ცნობილია, რომ თუ ზედმეტად „ტვინს უბურღავთ“ შვილებს, ისინი თანდათან აღარ მოგისმენენ და ასაკთან ერთად საერთოდ იგნორირებას გაუკეთებენ თქვენს გადაჭარბებულ კრიტიკას.

 

 

სკოლაში მოწყობილი მუზეუმი

0

მეოთხეკლასელებისთვის  მუზეუმის მნიშვნელობა და მუზეუმში მოქცევის წესები უნდა მესწავლებინა, სხვა დროს პირდაპირ მუზეუმში წავიყვანდი და რეალურ გარემოში ვაჩვენებდი ყველაფერს, ახლა კი პანდემიის გამო ვერ მოვახერხეთ, თუმცა  სტანდარტული გაკვეთილის ჩატარება მაინც არ მინდოდა, ამიტომ გადავწყვიტე მუზეუმი სკოლაშივე მომეწყო.

  1. მზადების პროცესი

სახლში მოძებნე ნივთები, რომელთა შესახებ ისტორიის მოსმენა მოსწავლეებისთვის საინტერესო იქნებოდა. თავი მოვუყარე ტრადიციულ სამოსს, ძველ წიგნებს, სამკაულებს, ჭურჭელს, ტექნიკას,  ხელნაკეთ ნივთებს, რუკებს და ა.შ. შევარჩიე ნივთები, რომელთაც  ექსპონატად გამოვიყენებდი და ვეცადე ლოგიკური თანმიმდევრობით განმეთავსებინა.

თითოეული მოსწავლისთვის მოვამზადე ქცევის წესების ფურცელი, რომელიც  ბილეთების ფუნქციასაც შეასრულებდა. ვინც გაეცნობოდა წესებს და თანხმობას განაცხადებდა მათ დაცვაზე, ისინი შეძლებდნენ მუზეუმში სტუმრობას.

გაკვეთილზე მოსწავლეებს ძველ და ახალ წელთაღრიცხვაზე ვესაუბრე, რას ნიშნავს ძველი, რა პერიოდს მოიცავს, რას ნიშნავს ახალი, რატომ ვამბობთ ქრისტეშობამდე ან ქრისტეშობის შემდგომ  და ჩვენს მუზეუმში წარმოდგენილი ექსპონატებიც  სწორედ ამ თანმიმდევრობით გადავანაწილე.

  1. ვიზიტი მუზეუმში

I ექსპონატი – არგო

პირველად არგოს და არგონავტების მითს გაეცნენ, მოვუყევი კოლხეთსა და მედეაზე, ოქროს საწმისზე, ვისაუბრეთ ნაოსნობაზე, ავუხსენი, რომ ადრე შავ ზღვას ძველი ბერძნები სხვა სახელით მოიხსენიებდნენ.

 

 

 

II ექსპონატი – რუკა და სამკაულები

ძვ.წ VI-III საუკუნეების რუკებზე მოსწავლეებს ვაჩვენე, რომ ტერიტორიების საზღვრები დროდადრო იცვლებოდა და ჩვენს ქვეყანას  იმ დროისთვის საქართველო არ ერქვა. ამავე სტენდთან მოსწავლეებმა დაათვალიერეს ძვ.წ VI-III საუკუნეებში  აღმოჩენილი სამკაულების სურათები.  ვისაუბრეთ, თუ რა როლს ასრულებს  არქეოლოგია ძველი ნივთების აღმოჩენაში.

III ექსპონატი – დამწერლობა  და ვეფხისტყაოსანი

ბავშვებმა გაიხსენეს, რაც იცოდნენ ქართულ დამწერლობაზე და დაათვალიერეს ასომთავრული, ნუსხური და მხედრული დამწერლობები. ამავე სტენდზე იყო განთავსებული „ვეფხისტყაოსანი“, როგორც ქართული და მსოფლიო კულტურის ღირსშესანიშნავი და ფასდაუდებელი მემკვიდრეობის ნიმუში.

 

IV ექსპონატი – მხატვრობა

მომდევნო სტენდთან ვიზიტისას მოსწავლეებს ვესაუბრე  კლდის მხატვრობის შესახებ, ასევე დაათვალიერეს გუდიაშვილის მიერ შექმნილი ნახატი „ვეფხისტყაოსნის“ თემატიკით და დააკავშირეს წინა ექსპონატთან.

V ექსპონატი  – ტრადიციული სამოსი

მოსწავლეები  ხევსურულ, ტრადიციულ სამოსს გაეცნენ, მათი ყურადღება მიიპყრო  ქართულმა ორნამენტებმა. გაიხსენეს მანდილის მნიშვნელობა. ამავე სტენდთან დაათვალიერეს ყაზახური ქუდი და ფეხსაცმელები.

VI ექსპონატი – სამკაულები

ამ სტენდთან მოსწავლეებს სარესტავრაციო სამკაული ელოდათ, რომელიც სპეციალურად ჩავდე დამატებით შეფუთვაში, თანაც განსხვავებული განათება შევურჩიე.  ავუხსენი, რომ ზოგჯერ, მუზეუმში განსაკუთრებით ძვირფასი და ძველი ნივთები დამატებითი სიფრთხილით აქვთ შენახული, სადაც სპეციალურად არის შერჩეული განათება, ტემპერატურა და ა.შ.  ვესაუბრე რესტავრაციის მნიშვნელობაზე.

 

VII ექსპონატი –  ჭურჭელი

მოსწავლეებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს ლითონის, მინის და ხის ხელით დამუშავებული და მოჭიქული ჭურჭელი. ლითონისგან დამზადებული ჭურჭელი საკმაოდ ძველი იყო და განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ბავშვებში.

 

 

VIII ექსპონატი – ფული  

მოსწავლეებს გავახსენე ფულის ისტორია, ვაჩვენე სხვადასხვა ქვეყნის მონეტა და ქაღალდის ფული. ასევე ვისაუბრეთ ვირტუალური ფულის შესახებ.

 

IX ექსპონატი – ტექნიკა 

ამ სტენდზე მოსწავლეებმა დაათვალიერეს ძველი მობილურები და თანამედროვე სმარტფონები. ვინილი, CD დისკი და მეხსიერების ბარათი. დავაკვირდით განსხვავებებს,  ვიმსჯელეთ, როგორ ვითარდება ტექნიკა და რამდენად მნიშვნელოვან როლს ასრულებს ის ჩვენს ცხოვრებაში.

მუზეუმის დასათვალიერებლად სულ 35 წუთი დაგვჭირდა და დრო გაკვეთილის შეჯამებისთვისაც დაგვრჩა. როგორც აღმოჩნდა, მოსწავლეების ნაწილი მუზეუმში ჯერ არ ყოფილა და ახლა უკვე ერთი სული აქვთ, როდის ესტუმრებიან რომელიმე მათგანს.

შემიძლია ვთქვა, რომ ამ აქტივობამ გაამართლა, მოსწავლეებმა უკვე იციან, რას ნიშნავს მუზეუმი, როგორ უნდა მოვიქცეთ მუზეუმში სტუმრობისას, რომ მუზეუმში  პატარა ნივთსაც თავისი ისტორია აქვს და როგორი საინტერესოა ამ ისტორიის მოსმენა, როგორ იცვლება ყველაფერი დროსთან ერთად, რატომ არის მნიშვნელოვანი კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება, ეს ყველაფერი კი, მოგეხსენებათ, ჩვენი საგნობრივი საკითხებია.

eTwinning-ი მედიაწიგნიერებისათვის! მედიაწიგნიერება, ინფორმაციის ცოდნად გადაქცევისთვის.

0

2021 წელს eTwinning-ი უძღვნის მედიაწიგნიერების თემას, მთელი წლის განმავლობაში პროგრამის გუნდი შეეცდება ხელი შეუწყოს მედიაწიგნიერების შესახებ ცნობიერების ამაღლებას მრავალი აქტივობის საშუალებით.

პირველი ანიმაცია- “მედიაწიგნიერების რაობა”, დაეხმარება მასწავლებლებს მედიაწიგნიერების  მნიშვნელობის, მისი შესაძლებლობის და საჭიროების   გაცნობასა და გააზრებაში.

მეორე ანიმაცია -“მედიაწიგნიერება და კრიტიკული აზროვნება”, დაეხმარება მასწავლებლებს გაიზრონ თუ რა არის კრიტიკული აზროვნება მედიაწიგნიერებისთვის, ხოლო მედიაწიგნიერება  – კრიტიკული აზროვნებისთვის.

მესამე ანიმაცია -“მედიაწიგნიერება და სანდოობა”, იმის გარკვევაში დაგვეხმარება, როდის რომელი კითხვა დავსვათ და როგორ ავაგოთ საკლასო დისკუსია ისე, რომ  მედიაშეტყობინებათა ანალიზისთვის აუცილებელ, საკვანძო კითხვებზე პასუხები მივიღოთ.

მედიაწიგნიერება და სანდოობა

მეოთხე ანიმაცია -“მედიაწიგნიერება- ინფორმაციის ცოდნად გადაქცევისთვის” , თუ გვსურს, რომ მოსწავლეებმა თავად მიიღონ გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ რომელი საინფორმაციო წყაროების გამოყენებაა საუკეთესო ინფორმაციის ცოდნად გადაქცევისთვის, სკოლის შიგნით და მის გარეთ, მაშინ მათ უნდა ვასწავლოთ, თუ როგორ უნდა განსაჯონ ეს წყაროები და რატომ არის მათი განსჯის კრიტერიუმები მნიშვნელოვანი.

მოზარდის თვალით დანახული სკოლა, გაკვეთილი, მასწავლებელი, დავალება და სახელმძღვანელო

0

ჩვენ, მასწავლებლები და ჩვენ, მშობლები ძალიან ბევრს ვსაუბრობთ, როგორი უნდა იყოს სკოლა, გაკვეთილი, სახელმძღვანელო, დავალება, შიგადაშიგ ექსპერტებიც ერთვებიან და გამოთქვამენ მოსაზრებებს. ყველაზე მთავარი კი გვავიწყდება – ვკითხოთ აზრი, ამ ამბის ყველაზე მნიშვნელოვან წარმომადგენელს, მას, ვისთვისაც იქმნება ეს ყველაფერი. რა მოსწონთ, რა არ მოსწონთ მოსწავლეებს, როგორია მათთვის იდეალური სკოლა? რა თქმა უნდა, ჩემს 13 წლის შვილს, თეკლას მივადექი. თეკლას ყველაფერზე საკუთარი მოსაზრება აქვს, ხან კრიტიკული, ხან ზედმეტად პრინციპული, ხისტი, ვიღაცისთვის მიუღებელიც კი. თუმცა, ეს მისი აზრია, 13 წლის მოზარდი გოგონასი, რომელიც მერვე კლასელია და ხშირად ბრაზობს, ხშირად კი აღფრთოვანებულიცაა. თითოეულ პუნქტში მხოლოდ თეკლას მოსაზრებებია, მე უბრალოდ ვიწერდი. რაღაცებში ვეთანხმებოდი, რაღაცებს ვაპროტესტებდი, თუმცა ის არგუმენტირებულად მიხსნიდა და მგონი, მარწმუნებდა კიდეც.

 

იდეალური მასწავლებელი

მოდი, დავიწყოთ, როგორი არ უნდა იყოს. არ უნდა ყვიროდეს, თუ მოსწავლეს რაიმე შეეშლება, მაშინვე არ უნდა მისცეს შენიშვნები. მნიშვნელობა არ აქვს რამდენჯერ ახსნა გაკვეთილი, თუ მოსწავლემ ვერ გაიგო, კიდევ ერთხელ უნდა აუხსნას. არ უნდა მეშინოდეს კითხვების დასმის, კომფორტული გარემო უნდა შექმნას კლასში. უნდა შეეძლოს ბავშვების ხუმრობების, ცელქობის ატანა – ამისთვის მას მყარი ნერვები უნდა ჰქონდეს, ადვილად არ უნდა გამოდიოდეს წყობიდან. იუმორის გრძნობა თუ ექნება, ძალიან კარგია, ბავშვებს აჰყვეს ხუმრობებში, მათთან ურთიერთობა უნდა სიამოვნებდეს. თუ შეკითხვა დავუსვი, რომელიც არ არის კავშირში მის საგანთან, შესაძლოა პასუხი არ ჰქონდეს, ვერ გვიპასუხოს, მაგრამ პასუხის პოვნაში უნდა დაგვეხმაროს. გარდა ამისა, მოსწავლე უნდა ენდობოდეს, მეგობარი უნდა იყოს, თუ ბავშვი რაღაცას ეტყვის და სთხოვს, რომ მშობელს არ უთხრას, არ უნდა უთხრას და საიდუმლო შეინახოს; თუ მოსწავლე გაუმხელს საკუთარ პრობლემებს, უნდა მოუსმინოს და ასწავლოს პრობლემების მოგვარების გზები. ცხოვრებაზე, სამსახურებზე, თავის დაცვაზე უნდა ესაუბროს, როგორ ამოიცნოს მოძალადე, მსხვერპლი. როდესაც კლასში ბულინგის შემთხვევაა, ამ დროს მასწავლებლის მხრიდან მხოლოდ დალაპარაკება მჩაგვრელთან და მსხვერპლთან არ შველის. თუ მსხვერპლს ეუბნები, რომ უბრალოდ მოძალადეს კარგად მოეპყროს და აჩვენოს როგორი კეთილია, ასე არ გამოვა, რადგან მოძალადე გამოიყენებს ამ სიკეთეს და მანიპულატორად იქცევა. მასწავლებელმა უნდა მიმართოს ორივე მხარის მშობლებს, თუ შედეგი არ დადგა – შემდეგ დირექტორს, ამის შემდეგ კი ბავშვთა დაცვის ორგანიზაციას, პოლიციას. მასწავლებელმა ჩაგვრის არცერთი შემთხვევა არ უნდა დატოვოს უყურადღებოდ, თუნდაც სულ უმნიშვნელოდ მოეჩვენოს. საბოლოოდ კი, იდეალური მასწავლებელი მოსწავლის მეორე მშობელი ხდება.

 

იდეალური გაკვეთილი

გაკვეთილი მხოლოდ მოსმენა არ არის, თუმცა მოსწავლის ძალით გააქტიურება არ არის კარგი. იქნებ იდეა არ მაქვს და რატომ უნდა დამაძალოს. უნდა მომინდეს აქტიურობა, საკუთარი იდეების გაჟღერების არ უნდა მეშინოდეს. საინტერესო აპლიკაციები, საიტები, რესურსები უნდა გვირჩიოს მასწავლებელმა. ოღონდ ესეც იძულებით არა, უნდა დაგვაინტერესონ. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ მხოლოდ სახელმძღვანელოები არ გამოიყენონ გაკვეთილზე, იქ მოცემული ინფორმაცია განავრცონ, დაუმატონ საინტერესო ფაქტები, ისტორიები, ამბები. მხოლოდ თეორიით არ უნდა შემოიფარგლოს მასწავლებელი. მნიშვნელოვანია ვიზუალური მხარე, ექსპერიმენტები, მაგალითად, ბიოლოგიაში ბანანიდან დნმ-ის ამოღება და სხვა. სხვადასხვა საგნების გაერთიანებით დაგეგმილი გაკვეთილებიც საინტერესო იქნებოდა.

 

იდეალური დავალება

დავალება არ უნდა იყოს ერთფეროვანი, მოსაბეზრებელი, კარგია თუ იქნება სახალისო, საინტერესო. უნდა მოგინდეს რომ შეასრულო. არ არის აუცილებელი ყოველდღე გვქონდეს დავალებები. მნიშვნელოვანია, ბავშვებს პირადი დრო ჰქონდეთ, რაშიც უნდათ, იმაში რომ გამოიყენონ. მაგალითად კარგი იქნება, თუ კი ისეთ საკითხზე მოგვცემენ სამუშაოს, რაც გვაინტერესებს. მაგალითად, ბიოლოგიაში სიამოვნებით შევასრულებდი დავალებას, თუ მეტყოდნენ, რომ იმაზე მომემზადებინა პრეზენტაცია, მომეძიებინა ინფორმაცია, რომელმა საკითხმაც დამაინტერესა. რაოდენობაც გასათვალისწინებელია, ბევრი ერთფეროვანი, რუტინული სავარჯიშოების შესრულება დაღლას, გულის აცრუებას და უმოტივაციობას იწვევს. მაგალითად, ქართულში, თუ კი მივხვდი, ჩავწვდი, რის დაწერასაც მთხოვს მასწავლებელი, თუ გავუგე დავალებას, მაშინ საინტერესო და სახალისო ხდება პროცესი. კარგი იქნება უფრო მეტი თავისუფალი წერა, თავისუფალი ესეები – ქართულშიც და ინგლისურშიც.

 

იდეალური სკოლა

ჩემთვის იდეალურია სკოლა, რომელიც პირად თავისუფლებას არ ზღუდავს. არ მომწონს სკოლა, სადაც ჩაცმის სტილს გიკონტროლებენ, რომ მიგითითებენ, აი მოკლე არ ჩაიცვა, აი მხრები არ გამოაჩინო, მხოლოდ გოგონებს რომ უკრძალავენ, ბიჭებს კი საერთოდ არანაირი აკრძალვა რომ არ აქვთ. ფორმები მისაღებია, ოღონდ გააჩნია – არ უნდა ზღუდავდეს ადამიანის თავისუფლებას და ბავშვებს უნდა მოსწონდეს ასეთი ტანსაცმელი.

პრობლემურია დასვენებების საკითხიც, 40-წუთიანი გაკვეთილის შემდეგ 5-წუთიანი დასვენება არასაკმარისია, ამ დროში შეუძლებელია რაიმეს მოსწრება.

კარგი იქნება, თუ კვება სკოლებში უფასო იქნება, ან რასაც ყიდიან ის იყოს ნორმალური, გემრიელი, ჭამა შეიძლებოდეს. იქნებ არ შემიძლია ყოველდღე სახლიდან ვატარო?

კარგი სკოლა, უნდა ზრუნავდეს, რომ მოსწავლეებმა მიიღონ ისეთი ცოდნა, ინფორმაცია, ყოველდღიურ ცხოვრებაში რომ გამოადგებათ. მაგალითად, მოიწვიონ სპეციალისტები და ბავშვებს გაესაუბრონ სექსუალურ ცხოვრებაზე, ურთიერთობებზე, უსაფრთხოებაზე (სამომავლოდ შეცდომები რომ არ დაუშვან), პირად ჰიგიენაზე, პრაქტიკულ ჩვევებზე – ბანკთან, პოლიციასთან, სასწრაფოსთან ურთიერთობა, მავნე ჩვევებზე და სხვა.

სკოლა უნდა ზრუნავდეს, მოსწავლეებს შეუქმნას საინტერესო, საგანმანათლებლო, სახალისო გარემო. დაგეგმოს ღონისძიებები, მაგალითად: ფესტივალები, კარნავალები, საღამოები.

ექსკურსია არის ძალიან პრობლემური, ხუთჯერ ერთსა და იმავე ადგილას ვიზიტი არ არის საინტერესო. კი ძალიან ლამაზი და მნიშვნელოვანია, თუმცა ყოველთვის ეკლესიები და მუზეუმები მოსაბეზრებელია. უფრო მეტად კრეატიული მიდგომა არ იქნებოდა ცუდი. სხვა რელიგიების წარმომადგენლებსაც აქვთ უძველესი, კულტურული კერები, რატომ არ შეიძლება მათი მონახულება?

სპორტს უნდა მიაქციოს სკოლამ ყურადღება, ჯანსაღი ცხოვრების წესს პოპულარიზაცია უნდა გაუკეთოს. ისეც მომხდარა, რომ სპორტის მასწავლებელს მხოლოდ ბიჭები ჩაურთია აქტივობებში, გოგონები კი ასე, უსაქმოდ ვისხედით. თუმცა მყავდა ჩოგბურთის მასწავლებელი, ვფიქრობ, რომ იდეალური იყო. ცდილობდა ყველა ბავშვი ჩაერთო გაკვეთილში, ძალიან სახალისო რამეებს იგონებდა, მან შემაყვარა ჩოგბურთი, თან პირადად მესაუბრებოდა. სპორტს ასეთი მასწავლებელი ძალიან უხდება.

 

იდეალური სახელმძღვანელო

ყველაზე მთავარი, ყველაზე მნიშვნელოვანი – გასაგები, ადამიანური სიტყვებით უნდა ეწეროს გაკვეთილი. შედარებებიც რომ ჩვენი ასაკისთვის გასაგები იყოს, მაგალითად, საიდან უნდა ვიცოდე, როგორ იწვება რკინა? ერთ შედარებას მოვიყვან, ქიმიის სკოლის წიგნი ჩემთვის არის საშინელი. გაკვეთილის სწავლას რომ ვიწყებ, ტირილი მინდება. არ მესმის, სკოლისთვის ყველაზე საშინელი სახელმძღვანელოებს რატომ არჩევენ? ხომ შეიძლება ისეთი ტექსტები შეარჩიონ, რომლებიც ჩვენს ასაკს შეესაბამება. ქართულის წიგნში „რომეო და ჯულიეტას“ მხოლოდ ნაწყვეტი შეიტანეს, რაც მსოფლიო კლასიკაა, თუმცა შეიტანეს „ეშმაკის ქვა“ – რომელმაც შემძრა, არაკომფორტულად მაგრძნობინა თავი. არ მინდა, წავიკითხო იმის შესახებ, როგორ გაგიჟდა და მერე მოკვდა ახალგაზრდა გოგო და ამაზე მერე ვიმსჯელო და ესეი დავწერო. ახლა ვკითხულობ ელიზბარ ელიზბარაშვილის წიგნს: „ქიმია ყველასთვის“, რატომ არ შეიძლება ასეთი იყოს სკოლის სახელმძღვანელო? არ არის აუცილებელი, მასწავლებელი მხოლოდ სახელმძღვანელოს მიჰყვეს, არსებობს ინტერნეტი, სხვა უამრავი რესურსი, მხოლოდ სახელმძღვანელოთი სწავლება არანაირ საჭიროებას არ წარმოადგენს.

კიდევ ბევრი ვისაუბრეთ, თუმცა ამ ყველაფერს ერთ წერილში ვერ ჩავტევ. ვფიქრობ, რომ თეკლამ, შესაძლოა ასაკისთვის დამახასიათებელი გაზვიადებით, თუმცა აქცენტები სწორად დასვა. ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია, მოსწავლეებმა საკუთარი მოსაზრებები გაგვიზიარონ, ჩვენ ხომ მათთვის ვქმნით და ვფიქრობთ.

                                   

 

ცხოვრების გამოცანები

0

ცხოვრება სავსეა ათასგვარი ხიფათითა და დაბრკოლებით. ბავშვობიდანვე ეჩვევა ადამიანი სამოთხისა და ჯოჯოხეთის ერთდროულ არსებობას. ყველა სიხარული და ტკივილი ილექება ქვეცნობიერში და სხვადასხვა გზით ვლინდება. პიროვნების ჩამოყალიბებაზე კი ბევრი რამ ახდენს გავლენას: ოჯახი, გარემო, პოლიტიკურ-სოციალური თუ კულტურული მოვლენები. გაუცხოება, უსაზრისობა, თაობათა ურთიერთობა, ოჯახი, სიყვარული, მეგობრობა, სამსახური, წარსული, აწმყო და მომავალი – სწორედ ამ თემებს უტრიალებს თანამედროვე ავსტრიელი მწერალი პაულუს ჰოხგატერერი თავის გახმაურებულ რომანში „სიცოცხლის სიტკბოება“. ადამიანის ფსიქიკის ღრმა შრეების მხატვრულ გამოსახვას ისიც უწყობს ხელს, რომ ავტორს ფსიქიატრიული გამოცდილებაც აქვს. იგი რამდენიმე რომანისა და მოთხრობათა კრებულის ავტორია. მისმა ამ რომანმა კი ევროსაბჭოს ლიტერატურული პრემია დაიმსახურა.

 

რომანს ეპიგრაფად უძღვის ჯონ ლოკის სიტყვები: „რადგან ბავშვებში შიშის გამომწვევი მთავარი მიზეზი ტკივილია, შიშისა და საფრთხის წინააღმდეგ გამოწრთობისა და შეიარაღების საუკეთესო საშუალებაა, შევაჩვიოთ ისინი ტკივილის ატანას“. შიშისა და ტკივილის სპექტრი კი მრავალგვარია. განსაკუთრებით მძაფრი და ამოუხსნელი სიკვდილთან შეხვედრაა. რომანის მხატვრულ განზომილებაში გაშლილია, რეალური და მეტაფიზიკური საფრთხეები რა გავლენას ახდენენ ადამიანის ყოველდღიურ ყოფაზე. სხვადასხვა სიუჟეტური ხაზი, რომლებსაც ავითარებენ და ამდიდრებენ განსხვავებული პერსონაჟები, თავს იყრიან ცენტრალური ამბის, მკვლელობის ირგვლივ.

 

რომანის პოსტმოდერნისტულობა მჟღავნდება, უპირველესად, ორმაგ კოდირებასა და თხრობის რაკურსთა ცვალებადობაში. ნაწარმოების სტრუქტურა კოლაჟურ-მოზაიკურია, სხვადასხვა პერსონაჟთა ამბების ნაკრებია. რომანს საინტერესო კომპოზიცია და სტრუქტურა აქვს, თავების სახელწოდებად გამოტანილია რიცხვები – 0-დან 23-ის ჩათვლით, ყოველ თავში განსხვავებული პერსონაჟები ჩნდებიან, თავიანთი ისტორიით, სიხარულითა და ტკივილით, თავგადასავლებით, შეხედულებებით. ისინი თავიანთი გეოგრაფიულ-სივრცული არეალით დაკავშირებული არიან კრიმინალურ დრამასთან. ერთ ეპიზოდში ჩანს, რომ გიმნაზიის მასწავლებელს კლასში 23 მოსწავლე ჰყავს, ყველა ბავშვი სხვადასხვა ბუნების, ინტერესებისაა. არავინ იცის, რა ელით, რა გამოცანებს უმზადებთ ცხოვრება, ზოგი ამოხსნისა და თავისუფლების გზას აირჩევს, ზოგი ვერა და ფსიქოპათად იქცევა. ამ ბავშვებს შორის არიან რომანის უცნაური პერსონაჟებიც: კატარინაც და ბიორნიც. ყურადღებას იქცევს მწერლისეული თხრობის მანერაც: ავტორისეული და პერსონაჟთა თხრობა ერთმანეთს გადაეწვნება და, ამგვარად, მკითხველს მოვლენათა თანადამსწრეობის ეფექტი ექმნება.

 

რომანი საოცრად კინემატოგრაფიულია, მონტაჟური ტექნიკით, ახლო და შორი ხედების მონაცვლეობით მკითხველი დეტალურად აღიქვამს პერსონაჟთა სახეზე აღბეჭდილ უმცირეს მოძრაობას, ემოციურ განწყობასა თუ გარემოს ცვალებადობას.

 

მწერალი დეტექტიური ამბის თხრობით, თანმდევი სასპენსებით გამუდმებულ დაძაბულობაში ამყოფებს მკითხველს. გამოძიების პროცესში მკითხველი გრძნობს, რომ პოტენციურად ყველა შეიძლება იყოს დამნაშავე. თან ზედაპირულად და ქვეტექსტურად, ამ „გამოძიებასთან“ ერთად, მკითხველის ფიქრის ნაკადები მიემართება თითოეული პერსონაჟის სულის სიღრმეებისაკენ. მწერალი ახერხებს ყოფითი დრამების ეგზისტენციალურ ჭრილში დანახვასა და გამოხატვას. ამგვარად, იგი თანამედროვე „აბურდულ“ სამყაროში გამძაფრებულ გაუცხოების ტკივილს გამოხატავს. რომანის ერთ ეპიზოდში ვკითხულობთ: „მინდა მოვეხვიო, გულში ჩავიკრა“, – გაიფიქრა ჰორნმა. უკვე იცოდა, რომ ამით დიაგნოზიც დასვა – დეპრესია. ამ დროს პაციენტს წამალს უნიშნავენ. არადა, დეპრესიულის ერთადერთი სურვილია, გულში ჩაიკრან“. ჩახუტება, სითბო, გულწრფელი თანაგრძნობა, სიყვარული აკლიათ ადამიანებს.

 

რომანი ქალაქგარეთ ოჯახური მყუდრო გარემოს აღწერით იწყება, ეს ერთგვარი პრელუდიაა. 86 წლის ბაბუა და შვილიშვილი, შვიდი წლის გოგონა კატარინა, ერთმანეთს ეთამაშებიან. შვიდი სიმბოლურად ბავშვობის ციკლის დასასრულის მაუწყებელია. მწერალს ბავშვი ამგვარად გამოჰყავს „სამოთხიდან“ და ცხოვრებისეულ ჯოჯოხეთში შეჰყავს. ეს თამაში თითქოს თავიდანვე სიმბოლურად მიანიშნებს ცხოვრებისეულ დიდ თამაშზე, რომელშიც ასევე გაგორდებიან კამათლები, მოთამაშეებსაც ან გაუმართლებთ ან არა, როგორც რეალურ ყოფაში. ეს ერთგვარი ნულოვანი საწყისია, ზამთრის სითეთრის ფონით, საიდანაც შემდეგ სხვა რიცხვები და ფერებად დაშლილი პერსონაჟები წამოიშლებიან. პირველსავე თავში იკვრება თხრობის კვანძი, ბავშვის ოცნებისეულ, ლამაზ, ლაღ, წარმოსახვებით სავსე სამყაროში სიმახინჯე შემოიჭრება. გოგონა ეზოში მკვდარ ბაბუას პოულობს, რომელსაც თავი გასრესილი აქვს. გოგონა მკვლელობის მთავარი მოწმეა, პირველად მან ნახა მოკლული და ამან თავზარი დასცა, დაადუმა.

 

ყურადღებას იქცევს ისიც, რომ მკვლელობა 26 დეკემბერს მოხდა, საშობაო დღეებში. ამ დროს ხომ სამყაროში განმეორდა მისტერია, ქრისტე დაიბადა, რათა სამყაროში სიყვარული და სიმშვიდე კვლავ აღორძინდეს, თანამედროვე ადამიანის ქაოსურ არსებობას ცოტა ხნით მაინც აზრი და მნიშვნელობა შესძინოს, ხანმოკლე საშობაო რიტუალებით ადამიანი საკრალურს, მარადიულს აზიაროს. ადამიანებს, ყოფით წვრილმანებში ჩაკარგულთ ხელიდან უსხლტებათ მთავარი. სიმბოლურია კრიმინალური პოლიციელის, კოვაქსის რჩევაც: „გაითავისუფლეთ თავი ფიქრებისგან და, უბრალოდ, დააკვირდით გარემოს. ნურაფერზე გაამახვილებთ ყურადღებას და სწორედ მაშინ დაინახავთ ყველაზე მნიშვნელოვანს“.

 

შემთხვევითი არც ის არის, რომ ერთი პოლიციელი შემდეგ, მსხვერპლის დანახვისას, იტყვის: „როგორ ჯვარცმულივით წევს“. ყოველი მკვლელობა და სისასტიკე ქრისტეს ჯვარცმის მისტიკური გამეორებაა, ღვთის წამებაა. კრიმინალურ პოლიციელსაც, ლუდვიგ კოვაქსს, რომელმაც დანაშაულ უნდა გახსნას, ჯვარცმული წამებულები გაახსენდა. რამდენიმე ეპიზოდში საეკლესიო სივრცეც იხატება. ადამიანები ღვთის შემწეობას მოელიან, თუმცა სახარებისეული ამბები და ფრაზები თითქოს ცოცხალ ზემოქმედებას ვეღარ ახდენენ ადამიანებზე. თითქოს ღმერთი აკაკუნებს მათი გულის კარზე, მაგრამ ისინი ჩაკეტილან თავიანთი ეგოს სამყაროში და შიშით ვეღარც ამ კაკუნს გრძნობენ და რომც გაიგონონ, გულის კარის გაღებისთვის თითქოს არც ძალა და არც რწმენა არ ეყოფათ.

 

რომანი მკითხველში ბევრ კითხვასა და დიდ საფიქრალს აღძრავს, პასუხების ძიებაში კი საკუთარი თავის შემეცნების გზაზე დგება და სულის სიღრმეებისაკენ მიემართება. მთავარი ამბები გოგონასა და ამ მკვლელობის გარშემო ტრიალებს. სიუჟეტური თვალსაზრისით, ორ ძირითად კითხვას უნდა გაეცეს პასუხი: რა დაემართა გოგონას, რომელიც ამ ამბის შემდეგ ხმას არ იღებს და ვინ მოკლა მისი ბაბუა, სებასტიან ვილფერტი, ერთი უბრალო მოხუცი, რომელიც არავის არაფერს უშავებდა. თითქოს დროთა კავშირიც დაირღვა, როგორც ჰამლეტი იტყოდა.

 

მწერალი რომანში ყველა პერსონაჟის გამორჩეულსა და დასამახსოვრებელ სახეებს ქმნის. ერთ-ერთია ზემოთ ნახსენები რომანტიკოსი პოლიციელი კოვაქსი, რომელსაც უყვარს ვარსკვლავებზე ტელესკოპიით დაკვირვება. ერთი თანამშრომელი იტყვის: „ჩემი შეფი ვარსკვლავთმრიცხველი გახდაო“. მისთვის არც ის იყო სულერთი, რომ მისი კოლეგები ამით წამდაუწუმ აღიზიანებდნენ. ერთხელ სტრეკმა ჰკითხა: „მაინც, რისთვისაა კარგი საათობით ტელესკოპში ყურებაო“. მან უპასუხა: „ღმერთს ვეძებ – ამისთვისაა კარგიო“. ყველას ენა ჩაუვარდა. ამის მერე აღარც არაფერი უთქვამთ“. ესეც სიმბოლურად აღიქმება. ღმერთს აღარავინ ეძებს და, რაღა თქმა უნდა, არც მისი სამსჯავროში ეიმედებათ, ამიტომ ადამიანებში გახშირდა მანიაკური დეპრესიები.

 

თხრობაში ნელ-ნელა იჭრებიან ახალი პერსონაჟები, თავიანთი ყოფით, ფიქრებით. ეს კი ამბებისა და მოვლენების ჰორიზონტალურ-ვერტიკალურ ჭრილებს ქმნის, რომელთა საშუალებით იცვლება მატერიალურ-სულიერი გარემო და დრო. ყველა პერსონაჟს თავისი საფიქრალ-სატკივარი აქვს. ასეა ექიმი ფსიქიატრი ჰორნიც, რომელიც გაუცხოებულია სამყაროსგან, ამბობს კიდეც: „თავს შინ ვერსად ვგრძნობ“. მისი აზრით, მხოლოდ სიყმაწვილეშია ადამიანი ბედნიერი, „როცა შინაგან თავდაჯერებულობას გრძნობს და ჰგონია, რომ რაღაცის შეცვლა შეუძლია“. საავადმყოფოს სივრცე მწერალს იმისთვის შემოაქვს, რომ პაციენტთა ისტორიებით ადამიანური ყოფის სპექტრი გაამრავალფეროვნოს. ეს ათასგვარი ცხოვრებისეული მიზეზით ფსიქიკადარღვეული ადამიანები, უცნაური ვნებით, იდეით შეპყრობილი, ნარკოტიკებითა და ალკოჰოლით გამოწვეული ჰალუცინაციებით გონებაარეული და გაუბედურებული ადამიანები მისგან მოელიან შველას. აქ არის ახალგაზრდა პაციენტიც, რომელიც „ამტკიცებდა, რომ მისი ახალდაბადებული გოგონა ეშმაკი იყო“. სტუდენტი ჰაიდემარია, რომელსაც „დეპრესია უტევს“ და თვითმკვლელობის მეთოდებზე ფიქრობს. „იცით, ყველაზე საშინელება რა არის? – განაგრძო ჰაიდემარიამ ცოტა ხნის შემდეგ, – როცა ადამიანი გრძნობს, როგორ კარგავს თავს. იმას, რაც კარგი გგონია შენში, ბოლომდე რომ გამოგწოვენ. დაბოლოს, ადამიანისგან რჩება მხოლოდ ცარიელი ტომარა, სხვა არაფერი“.

 

წარსული ტრავმები რომ არ იკურნება, ეს კარგად წარმოჩნდება, მკვლელის ამბითაც. იგი ჰორნის პაციენტთაგან ერთ-ერთია, 77 წლის იოახიმ ფუქსი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე. იგი ჯერ ფოსტალიონად მუშაობდა, მერე მეფუტკრეობამ გაიტაცა. ის ჰყვება ამბავს ფუტკრების ტკიპის შესახებ და მერე ამას ასე აზოგადებს: „რაღაც მწერია. კეფაში ჩაგაფრინდება, გამოგწოვს სისხლს და დაგასახიჩრებს, – თქვა იოახიმ ფუქსმა. ძალიან გადაღლილის შთაბეჭდილებას ტოვებდა“. რომანის თავში ,„ოცდაორი“ რომ ჰქვია, ფოქსი თვითონ ჰყვება მკვლელობის ამბავს. იგი დაწვრილებით ჰყვება ჩადენილი სისასტიკის შესახებ, რომელიც მისი ძველი ჭრილობის მალამოდ იქცა. როგორც ირკვევა, მეორე მსოფლიო ომის დროს ის პასიურად მონაწილეობდა უდანაშაულო ადამიანების დასჯაში. მისმა ძმამ კი მის თვალწინ, უფროსის ბრძანებით, ერთი ოჯახი დაარბია მხოლოდ იმის გამო, რომ ბავშვის ნახატებს შორის თეთრი დროშა დაინახა. მამა-შვილი ჩამოახრჩვეს. ძმამ ამ ამბის შემდეგ თავი მოიკლა. თვითონაც წლების მერე არაერთხელ სცადა თავის ჩამოხრჩობა. თვითმკვლელობისკენ მიდრეკილებამ აქცია ის ჰორნის პაციენტად: „დიდხანს ვიფიქრე, იქნებ მეც ასე მოვქცეულიყავი. საქმე ისაა, რომ ნახევარიღა დავრჩი. იმის სახე, ვინც ეს ბრძანება გასცა, ყოველდღე თვალწინ მედგა. თანაც ვიცოდი, სად შემეძლო მისი პოვნა. ერთხელაც უკან მივდიე. ვერ მიცნო. მისთვის მხოლოდ ერთი უცნობი ვიყავი, შავი ჩანთით…“. როგორც ჩანს, ის უცნობი ფაშისტი მოკლული მოხუცი სებასტიან ვილფერტი იყო. ექიმს სჯერა, „პოსტტრავმული სიმპტომები შეიძლებოდა ათწლეულების შემდეგაც ამოტივტივებულიყო. თანაც უფრო ძლიერადაც კი“.

 

მწერლის აზრით, დრო ტკივილს ვერ აქრობს, არსებობს სულიერი ტრავმები, რომლებიც არასდროს იკურნებიან. განსაკუთრებით სახიფათო ძალადობის ეპიზოდებია, რომლებიც ამახინჯებენ სულს, ადამიანში სისასტიკეს ბადებენ. რომანის ერთ ეპიზოდში იოახიმ ფუქსი ექიმ ჰორნს გაყვითლებულ ფოტოს აჩვენებს, რომელზეც ფორმიანი ყმაწვილი ჯარისკაცები აღბეჭდილიყვნენ: „ორი ჯარისკაცი ისე ჰგავდა ერთმანეთს, ტყუპები გეგონებოდათ. ყველას აშკარად ეტყობა, უბედურად გრძნობენ თავს“, – გაუელვა ჰორნს. წინ იდგა ერთი ვიღაც, რომლის სახეც აღარ გაირჩეოდა. მის ადგილას მხოლოდ თეთრი ლაქა ანათებდა. თითქოს ვიღაც ხელს ხშირად უსვამდა იმ ადგილს. ალბათ ფოტოების დათვალიერებისას საკუთარ თავს წარამარა თითებით ეხება და ამგვარად სურს ამ ფოტოდან თავისი სახის წაშლა… ჰორნს ესმოდა იოახიმისა, რატომაც სურდა იმ დროიდან საკუთარი თავის ამოშლა“.

 

რომანში ეკლესიის სივრცეც იხატება, სულიერი საზრდოსთვის მოცემული ადამიანები მატერიალურს ვერ აღწევენ თავს. „შეხეთ ღმერთის კრავს! იგი საკუთარ თავზე იღებს სამყაროს ცოდვებს“. მღვდელიც ტრავმირებულია, მამამ ბავშვობაში მიატოვა და რელიგიაში იპოვა შვება. ეკლესიაში ჯერ თერთმეტი ადამიანია და მერე მე-12 შეემატება. სახარებისეული ამბები და ციტატებიც ბუნებრივად ქმნიან ახალ სააზროვნო სიბრტყეებს და რომანის ქვეტექსტურ შრეებს აღრმავებენ.

 

ექიმ რაფაელ ჰორნისა და მოკლულის შვილიშვილის, კატარინას, გზებიც ამგვარად გადაიკვეთება. ჰორნი ცდილობს საუბრებით გოგონა შოკიდან გამოიყვანოს და საბოლოოდ ახერხებს კიდეც ამას: „ბავშვის წინა ვიზიტი გაახსენდა. გოგონა შებოჭილი იყო. ინჰიბიცია – ესაა ფენომენი, რომელსაც ამოუხსნელი გაორება ან შიში იწვევს. შიში ბავშვებში სხვადასხვა სახით ვლინდება. ჰორნმა დაუშვა, რომ თავად იდგა მოხუცის წინ, რომელსაც ტრაქტორმა გადაუარა თავზე და მარტო ამის წარმოდგენამაც კი ენა წაართვა“.

 

რომანი პოლითემატურია. თანამედროვეობისთვის სხვადასხვა აქტუალურ საკითხთა შორის წარმოჩნდება მოხუცთა თავშესაფრების თემაც, რომელიც ადამიანთა გაუცხოებას უფრო გამოკვეთს: „ავსტრიის მოხუცებულთა სახლები სიმახინჯის განსახიერებაა. კაცი სამართლიანი თუა, უნდა აღიაროს, რომ მოხუცთა თავშესაფრები შვეიცარიაში, გერმანიასა და ნორვეგიაშიც ასეთივე მახინჯია. თავად კი არ უნახავს. ისე, ნორვეგიაში ალბათ ყველაზე ნაკლებ, გერმანიაში კი, სავარაუდოდ, ასეა. უამრავი ჩარაზული აივანია. ეშინიათ, სკლეროზიანი მოხუცები არ გავიდნენ და არ გადახტნენ. შესასვლელში პალმები და უზარმაზარი ფიკუსები დგას, რომლებზეც ჯოხებზე ჩამოცმული ნაჭრის თუთიყუშები დაუმაგრებიათ“.

 

პერსონაჟთაგან ყურადღებას იქცევს „ღამის მორბენალი“, ბაუერი, რომელიც გარემოს გამძაფრებული აღქმით გამოირჩევა. ის ამჩნევს სირბილისას შემხვედრ და გაელვებულ შენობებს, აბრებს, ხეებს, ფანჯარაში გამკრთალ ადამიანებს, ფიქრებიც ასე თავბრუდამხვევად იცვლებიან. ეს სირბილი თითქოს თანამედროვე ადამიანის მთავარი განმსაზღვრელია. ამ სიჩქარეში სადღაც ეკლესიის გუმბათიც გაკრთება, როგორც სამყაროდან გასაქრობად განწირული სულიერების სიმბოლო. სტრიქონები სიმღერისა, რომელსაც პერსონაჟი უსმენს („ღამის მამა…“), კარგად ასახავს ადამიანის ბნელ ქვეცნობიერს, სულის უფსკრულებს: „თვალის დახამხამებაში ბილიკი წვრილ-წვრილ, მავთულისებრ ძაფებად იქცა და მის თავში ჩაიხლართა. სულ მალე ისიც კი გადაავიწყდა, რომ ამ შავ უფსკრულში ყველაფრის ნამსხვრევებად მქცეველი ეშმაკი სახლობდა“. ბაუერმა ექიმ ჰორნს უთხრა ერთხელ: „გამუდმებით ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს მთელ სხეულში ასაფეთქებლები მიწყვია და ერთ დღესაც ყველა ერთდროულად აფეთქდება“. კიდევ ერთი უცნაურობა სჭირდა: დღედაღამ დარბოდა და თან თავისი აიპოდით მუსიკას უსმენდა. იგი სხვას ადანაშაულებდა თავის ტანჯვაში. ჰორნმა სცადა წარმოედგინა, როგორ იდგა ბაუერი კლასში და უხსნიდა მოსწავლეებს სივრცეში განზომილებების ამბებს. შიგადაშიგ კი ისეთ რაღაცებსაც ამბობდა, გაკვეთილს სულ რომ არ შეეფერებოდა. ის წარმოსახულ სამყაროში ცხოვრობდა, სადაც არ არსებობდა არანაირი უკმაყოფილება, არანაირი ამბივალენტობა, არანაირი კონფლიქტი“.

 

რომანში საინტერესო პერსონაჟთაგან გამორჩეულია სულით ავადმყოფი ბიჭი, ბიორნი, ის მშობლებს, გარემოს თავისებურად აღიქვამს. უსიყვარულო გარემოა მათ ოჯახში. მისი ძმა დანიელ გაზელიკი „სიცარიელით ამოვსებულთვალებიანი“ მოძალადეა, რომელიც ბიორნს იარაღად იყენებს. მასწავლებელი ასე იხსენებს დანიელს: „თვალები მხოლოდ მაშინ თუ აენთებოდა, როცა კლასში ვინმე ტიროდა. გაახსენდა, როგორ დაუფლითა გვერდით მჯდომს დანიელმა წიგნები, როგორ ჩალეწა კარადის კარი. მასწავლებლებმა აშკარად შვებით ამოისუნთქეს, როცა მამამ მათი თხოვნით თავისი ვაჟი სასულიერო გიმნაზიიდან საშუალო სკოლაში გადაიყვანა. ახლაც თვალწინ ედგა თორმეტი წლის დანიელი, ერთხელ რომ უთხრა: „ყველა მღვდელი ჯვარს უნდა აცვან. ასე ამბობს მამაჩემი. მეც ასე ვფიქრობ“. დანიელი ფსიქოპათად ჩამოყალიბდა და სხვადასხვა დანაშაული ჩაიდინა, თუმცა ციხეს დაუსხლტა. დედას არ აინტერესებდა ბავშვის სწავლა-განათლება, მამა ფიზიკურად სჯიდა. ეს ოჯახური გარემო ხელს უწყობდა მოზარდში ცხოველური ინსტინქტების გააქტიურებასა და სააშკარაოზე გამოტანას, მგლური კანონებით ცხოვრებას უნერგავდა. „სამყარო უსამართლოა, – თქვა დანიელმა, – სამყაროსთვის აბსოლუტურად სულერთია, მშვიდობისმოყვარე ადამიანი ხარ თუ არა“. ამიტომ, ამ ლოგიკით, თითქოს შურისძიება უნდა მთელ სამყაროზე. ბიორნს დანით მალულად ქათმებს, იხვებს, ზაზუნებს, ზღვის გოჭებს, კატებს ახოცვინებს. ტრაქტორგადავლილი ფუტკრის სკები როცა ნახა კოვაქსმა, თქვა: „ალბათ ის აკეთებს ამას, ვისაც სიცოცხლის სიტკბოება აკლია“.

 

რომანი ვერდის „აიდას“ ტრიუმფალური მარშის ფონზე მთავრდება. კოვაქსს მობილურის ზარად აქვს დაყენებული ეს მუსიკა. იგი თაფლისფერ ტბას გაჰყურებს და ქარს ელოდება. სიმბოლურად, ქარი სულს განასახიერებს, რომელმაც ადამიანს სიცოცხლის სიტკბოება უნდა განაცდევინოს, რათა დაძლიოს საკუთარ არსებაში ცხოველური საწყისი. თაფლისფერი კი იმ მკვლელ მეფუტკრეს უკავშირდება, იოახიმ ფუქსს, რომელიც გოგონამ იცნო და ჰორნთან საუბარში „თაფლის კაცად“ მოიხსენია. მკითხველს სჯერა, სიცოცხლის ნამდვილ სიტკბოებას მხოლოდ სული შეაგრძნობინებს ადამიანს, სული, რომლის გარეშე ყოველივეს აზრი ეკარგება. სიტკბო და სიმწარე კი ცხოვრების ორი ძირითადი „საყრდენია“.

 

რომანი შესანიშნავად თარგმნა ამ საქმეში გამოცდილმა მაია პეტერ-მირიანაშვილმა და გამომცემლობა „იბისმა“ გამოსცა (2021 წელი). ქართველ მკითხველს კი კიდევ ერთი შესაძლებლობა აქვს, გაეცნოს თანამედროვე ევროპული ლიტერატურის ტენდენციებს.

 

 

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...