სამშაბათი, აგვისტო 26, 2025
26 აგვისტო, სამშაბათი, 2025

განმავითარებელი შეფასების სისტემა, მოსწავლეთა განათლების ხარისხის გაუმჯობესებისთვის

0

თანამედროვე განათლების სისტემაში გასული ათწლეულის განმავლობაში მოხდა ცვლილებები – განათლების მთავარი აქცენტი საგნობრივი ცოდნიდან, უნარებიდან და შესაძლებლობებიდან ზოგადსაგანმანათლებლო უნარების ჩამოყალიბებაზე, საგანმანათლებლო მოქმედებების დამოუკიდებლობის განვითარებაზე გადავიდა, რამაც გამოიწვია შეფასების სისტემის ცვლილება.

მოთხოვნა, რომელსაც თანამედროვე საზოგადოება განათლების სისტემას აკისრებს, არის აქტიური პიროვნების ჩამოყალიბება, რომელსაც შეუძლია გარკვეული სიტუაციების დამოუკიდებლად შეფასება. სკოლის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა დამოუკიდებელი, პასუხისმგებლობიანი ადამიანების აღზრდა, რომლებსაც შეუძლიათ სწორი ორიენტირება და საზოგადოებაში საკუთარი ადგილის პოვნა. მასწავლებლის დღევანდელი ამოცანაა არა მხოლოდ ცოდნის გადაცემა, არამედ თვითგანვითარების უნარის მქონე პიროვნების ჩამოყალიბება. ყოველივე ამას ხელს უწყობს განმავითარებელი შეფასების სისტემა.

შეფასების პროცესი წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით უნდა ასახავდეს მოსწავლეთა მიღწევებს. ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნების შესაბამისად, მუსიკალური განათლების მიზანია მოსწავლეების მუსიკალური კულტურის ფორმირება, როგორც მათი კულტურის ნაწილი. ასე რომ, მოსწავლეების ჩამოყალიბებული მუსიკალური კულტურა სასწავლო პროცესის საბოლოო პროდუქტად უნდა იქცეს.

განათლების მოდერნიზაციის კონცეფციის ერთ-ერთი საკითხია მოსწავლეების მიღწევების შეფასება. თანამედროვე პირობებში შეფასება უნდა გახდეს უფრო ინფორმაციული, ობიექტური და დიფერენცირებული.

  • შეიძლება თუ არა განისაზღვროს კრიტერიუმები, რომლითაც შესაძლებელია მუსიკალური განათლების შედეგების შეფასება?
  • როგორ გავზომოთ მუსიკის გავლენა ბავშვის შინაგან სამყაროზე?

მასწავლებლის შეფასება მიმართული უნდა იყოს მოსწავლეთა საგანმანათლებლო და შემეცნებითი აქტივობის სტიმულირებისკენ. ბავშვებს ძალიან უნდათ, რომ მათი შრომა მასწავლებელმა დაინახოს და შეაფასოს.

მუსიკის საგნის სწავლების პროცესში შეფასება –

– არის ბუნებრივად ინტეგრირებული მიმდინარე პროცესი;

– მისი მიზანია იმ შედეგების მიღწევა, რომლებიც შეესაბამება სასწავლო მიზნებს;

– შეფასების კრიტერიუმები წინასწარ არის ცნობილი როგორც მასწავლებლებისთვის, ასევე მოსწავლეებისთვის და შესაძლებელია მათი ერთობლივად შემუშავება.

განმავითარებელი შეფასებით ვაფასებთ მოსწავლეთა ემოციურ, ღირებულებით დამოკიდებულებას მუსიკალური ხელოვნების მიმართ. ამით ფასდება, რამდენად შეუძლია მოსწავლეს მუსიკაზე ფიქრი, მოსმენილ მუსიკალურ ნაწარმოებთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციის გამოხატვა, მუსიკალური ნაწარმოების მიმართ საკუთარი დამოკიდებულების განსაზღვრა.

მასწავლებელი ვალდებულია, მუსიკის გაკვეთილზე შექმნას მეგობრული, მშვიდი, შემოქმედებითი ატმოსფერო. მომთმენი, ინტელექტუალური, ტაქტიანი და ფაქიზი მასწავლებელი ყოველთვის დაეხმარება მორცხვ მოსწავლეს, გაამხნევებს მას; შეძლებს დავალების დიფერენცირებას ისე, რომ მოსწავლეებიც განვითარებასაც შეუწყოს ხელი. მუსიკის მასწავლებლის მთავარი „იარაღი“ შექებაა.

საჯარო სკოლაში გამოიყენება შემოქმედებითი შესაძლებლობების განვითარების სხვადასხვა ხერხი:

  • სიმღერის შესრულება;
  • მუსიკალური ნაწარმოების რიტმული თანხლება;
  • ვოკალური და ინსტრუმენტული იმპროვიზაცია;
  • ნაწარმოებების შედარება.

საჯარო სკოლაში პირველი კლასიდან მეხუთე კლასის მეორე სემესტრამდე იწერება მხოლოდ განმავითარებელი შეფასება, შემდეგ კი შემოდის განმსაზღვრელი, 10-ქულიანი შეფასების სისტემა.

  • როგორია აკადემიურ მოსწრებაზე განმავითარებელი შეფასების როლი?

ეს კითხვა აწუხებს როგორც მასწავლებლებს, ასევე მშობლებს. წარმატებული სწავლისთვის აუცილებელია თითოეული მოსწავლის განვითარების დინამიკის მონიტორინგი, სასწავლო პროცესის დროული კორექტირება. ჩემი აზრით, პირველკლასელებს შორის სწავლისადმი გაუცხოებული დამოკიდებულების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია, თამაშიდან საგანმანათლებლო რეალობაზე გადასვლა, ანუ მისი წარმოჩენა.

სკოლამდელ ბავშვს აქვს თამაშის გამოცდილება. მოსწავლის წარმატებისთვის აუცილებელია სრულფასოვანი საგანმანათლებლო გამოცდილების შეთვისება. ეს გამოცდილება კი გულისხმობს ბავშვისთვის შესაძლებლობების შექმნას:

  • მოსწავლე ითვისებს კლასის სტრუქტურას, მასწავლებელთან და ბავშვებთან ურთიერთობის ტიპებს, საგნობრივ მასალასთან მუშაობის ფორმებს;
  • მოსწავლეს აქვს საკუთარი მოტივები და მიზნები ზოგიერთი დავალების შესასრულებლად;

დაუშვებლად მიმაჩნია პირველკლასელის ცოდნის შეფასებისას, როგორც განმსაზღვრელი შეფასების, ქულის, ასევე რაიმე ნიშნის სიმბოლიკის გამოყენება. საჭიროა გამოვიყენოთ მხოლოდ დადებითი, სტიმულის მომცემი სიტყვიერი შეფასება.

მასწავლებლის შეფასებითი საქმიანობა მიზნად ისახავს მოსწავლეთა საგანმანათლებლო და შემეცნებითი აქტივობის სტიმულირებას. 6-7 წლის ბავშვებს ძალიან დიდი მოთხოვნილება აქვთ, რომ მათი შრომა მასწავლებელმა დააფასოს.

 მუსიკის გაკვეთილზე ჩემი სიტყვიერი შეფასებებია:

„ყოჩაღ!”

„შესანიშნავია!”

„ჭკვიანი!”

„მომწონს შენი შესრულება!”

„სასიამოვნო იყო შენი მოსმენა!”

„შენ ყველაფერი გამოგივა!”

„შენ მიაღწევ წარმატებას!”.

ვამყარებ არავერბალურ კომუნიკაციასაც:

ღიმილი;

თავი დაქნევა;

კეთილგანწყობილი ინტონაცია;

ეს ყველაფერი სტიმულს აძლევს მოსწავლეს. სამოდელო მოქმედებები ასწავლის ბავშვებს შედეგის დანახვასა და მის შეფასებას.

ვთხოვ მოსწავლეებს:

„იმღერე ჩემსავით!”;

„მოისმინე და გაიმეორე ჩემ შემდეგ”.

 

განმავითარებელი შეფასებისთვის ვიყენებ „ინდივიდუალური მიღწევების ფურცელს“. ეს საშუალებას მაძლევს, დავაფიქსირო თითოეული ბავშვის ინდივიდუალური პროგრესი, აღვნიშნო ბავშვის საგანმანათლებლო მიღწევების დონე სხვადასხვა გზით.

ინდივიდუალური მიღწევების ფურცელი

ბავშვის გვარი და სახელი ______________________________

ასაკი _________________________________________________

თარიღი: დადგენის ეტაპი (1) ___________________________

შუალედური ეტაპი (2)__________________________________

საკონტროლო ეტაპი (3) _________________________________

მოსწავლეთა ჯგუფური შეფასება

მუსიკის გაკვეთილებზე ვამოწმებ მოსწავლის მიერ ტექსტის ცოდნასა და სიმღერის სწორი ინტონაციით შესრულებას. ამისთვის ვთხოვ მათ სოლო-სიმღერის შესრულებას. დანარჩენი მოსწავლეები ხდებიან ექსპერტ-მსმენელები. მათ ეძლევათ დავალება, შეაფასონ თანაკლასელის შესრულება. ბავშვების წინაშეა კითხვა: რისთვის შეაქებდით მას?

რამდენიმე პასუხიდან ყოველთვის არჩეულია ერთ-ერთი, მაგალითად:

  • სიმღერის ზუსტი შესრულება;
  • ინტონაციის სისუფთავე;
  • ტექსტის ცოდნა;
  • ემოციურობა.

გაკვეთილზე თითოეულ მოსწავლეს შეუძლია, მიიღოს „დაჯილდოების ფურცელი”, რომელზეც წერია, რისთვის შეაქეს. (დღეს ყველამ ძალიან კარგად იმუშავა. მინდა, თითოეულ თქვენგანი შევაქო, მაგრამ თითოეულს აქვს თავისი უპირატესობები. ნია, ირაკლი და დათა ძალიან კარგად მღეროდნენ. მარიამმა და გიორგიმ ზუსტად ამოიცნეს ჟანრები. ქეთიმ, ლიკამ და მაშომ ზუსტად განსაზღვრეს ბგერების რაოდენობა და ა.შ.).

მედლები „ყველაზე აქტიური“, „საუკეთესო შემსრულებელი“, „საუკეთესო მსმენელი“ ბევრი ბავშვისთვის ძლიერი სტიმულია. ეს ეხმარება ბავშვებს, გააკონტროლონ, შეაფასონ საკუთარი თავი და შემსრულებელი, განივითარონ მეტყველება. მასწავლებელი შეფასებისას თავიდან ყურადღებას ამახვილებს შესრულების დადებით მხარეებზე და აღნიშნავს იმ დადებითი ემოციის შესახებ, რომელიც სიმღერამ მასში გამოიწვია:

„მე მომეწონა…”

„მე გამახარა…”

„მოხარული ვარ…”

– მე მომეწონა, როგორ შეასრულა ლიკამ სიმღერა. მან ყველა სიტყვა სწორად იმღერა. შეასრულა გამომსახველად.

– მე მომეწონა საბა როგორ მღეროდა, მაგრამ მას სიტყვები დაავიწყდა, ჩუმად მღეროდა, სიმღერა კი მხიარული და ხალისიანია, უნდა იმღეროს ხმამაღლა და ა.შ.

და მხოლოდ ამის შემდეგ მათ უნდა გამოხატონ შენიშვნები, კომენტარები კეთილგანწყობილი ფორმით:

„მე ვისურვებდი…”

„კიდევ სცადე…”

„გაიმეორე ჩემ მერე…”.

განმავითარებელი შეფასების თავისებურება არის ის, რომ მოსწავლის თვითშეფასება წინ უნდა უსწრებდეს მასწავლებლის შეფასებას.

– ლუკა, მოგეწონა შენი შესრულება? ყველაფერი ისე გამოვიდა, როგორც შენ გინდოდა? რაღაცის შეცვლა გინდა?

– მე კარგად გამომივიდა!

– მეც გამიხარდა შენი სიმღერა, მაგრამ მინდა, უფრო გარკვევით წარმოთქვა სიტყვები, რათა კარგად გაიგოს მსმენელმა, რომელმაც ეს სიმღერა არ იცის. შეეცადე, იმღერო უფრო აქტიურად.

განხილვის საგანი ხდება ამ ორ შეფასებას შორის შეუსაბამობა. შეფასებისა და თვითშეფასებისთვის მხოლოდ ისეთ დავალებებს ირჩევენ, სადაც არის შეფასების ობიექტური ცალსახა კრიტერიუმი (მაგალითად, მუსიკალური ბგერების რაოდენობა) და არ არის შერჩეული ის, სადაც შეფასების სუბიექტურობა გარდაუვალია (მაგალითად, შესრულების ექსპრესიულობა).

ბავშვებისთვის ყველაზე რთულია – საკუთარი თავის შეფასება, შეცდომების აღმოჩენა და მათი გამოსწორება, რითაც განუვითარდებათ შეფასების უნარი.

წარმატებული სწავლის ერთ-ერთი მთავარი პირობაა ბავშვების ინტერესი, მათი ცოცხალი, ემოციური დამოკიდებულება ყველაფრის მიმართ, რასაც ისინი სწავლობენ მუსიკის გაკვეთილებზე. მუსიკალური განათლების ამოცანა დაკავშირებულია ბავშვის მორალური და ესთეტიკური გრძნობების, შემოქმედებითი და მუსიკალური შესაძლებლობების განვითარების მთელ სპექტრთან.

შეფასება განათლების პროცესის მნიშვნელოვანი და აუცილებელი ნაწილია, რადგან ასრულებს უკუკავშირის ფუნქციას, ავლენს მოსწავლეების განვითარების დონეს, მოქმედებს როგორც მარეგულირებელი ელემენტი, რომელიც ხელს უწყობს მთლიანობის ერთიანობის შენარჩუნებას.

პედაგოგიური კონტროლი და შეფასება გულისხმობს მოსწავლეთა წარმატებებისა და წარუმატებლობის თანაბრად გათვალისწინებას. აუცილებელია კონტროლის ისეთი მეთოდების გამოყენება, რომლებიც ხელს შეუწყობს მოსწავლეებში ინტერესისა და მოტივაციის გაზრდას.

ზოგადად მიღებულია, რომ შემოქმედებითი პროცესი მუდმივი ძიებაა. საჯარო სკოლაში მუსიკის გაკვეთილზე შეფასების სისტემის ახალი მიდგომები ეხმარება მასწავლებელს, მიაღწიოს პედაგოგიური საქმიანობის ინდივიდუალური სტილის გამომუშავებას.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ელექტრონული ჟურნალი https://mastsavlebeli.ge/;
  2. ბავშვის უფლებათა კონვენცია;
  3. ესგ 2018-2024;
  4. მარიანა ხუნძაყიშვილი. სარა ბივერი (2018) „განმავითარებელი შეფასება,დიფერენცირებული სწავლება”;
  5. ნ. ედიშერაშვილი, (2016). შეფასების რუბრიკების მნიშვნელობა სწავლა-სწავლების პროცესში და მათი ტიპები. ჟურნალი „მასწავლებელი,“ N5;
  6. ს. გორგოძე, (2016). ეფექტური განმავითარებელი შეფასება. ჟურნალი „მასწავლებელი,“ N5 ;
  7. https://old.tpdc.ge/uploads/pdf_documents/jurnali1.pdf;
  8. https://kargiskola.ge/teachers/resource_books/kitxva/resursi_kitxva.pdf;
  9. https://www.edutopia.org/blog/tech-friendly-formative-assessment-tools-monica-burns;
  10. Trumbull, E., & Lash, A. (2013). Understanding formative assessment: Insights from learning theory and measurement theory. San Francisco: WestEd;
  11. Ruscio, J. (2001). Administering quizzes at random to increase students’ reading. Teaching of Psychology, 28, 204-206;
  12. Tuckman, B. W. (1999, August). A tripartite model of motivation for achievement: Attitude/drive/ strategy. Paper presented at the Annual Meeting of the American Psychological Association. Boston.

 

 

რა უნდა ვიცოდეთ ჭექა-ქუხილის შესახებ

0

ჩვენ, მასწავლებლები,  მუდამ უნდა ვცდილობდეთ ყურადღების ისეთ საკითხებზე გამახვილებას, რომლებიც მოსწავლეებში სასწავლო საგნის მიმართ ინტერესის გააღვივებს. ფიზიკა ხომ  საბუნებისმეტყველო  მეცნიერებაა, რომელიც   ბუნებაში მიმდინარე ცვლილებებს სწავლობს.  სიტყვა ფიზიკა პირველად თავის ნაშრომში არისტოტელემ გამოიყენა.  „ფიუზის“ ბერძნული სიტყვაა და ბუნებას ნიშნავს.

ჩვენ ირგვლივ მუდამ რაღაც მოვლენა ხდება. ბევრ მათგანს ყოველდღიურობად ვხვდებით და არ ვაკვირდებით მისი წარმოშობის მიზეზებს. მაგ. ცოცხალი ორგანიზმების არსებობა და მოძრაობა, გათენება, დაღამება, საოცარი ფერები ჩვენ ირგვლივ და მრავალი სხვა. მასწავლებელს ასეთი  საკითხებზე საინტერესოდ საუბარი და ახალგაზრდის დაინტერესება შეუძლია. არის ისეთი მოვლენებიც, რომლებიც გაოცებას იწვევს მოზარდებში და  ხშირად თვითონ ითხოვენ ამ პროცესების ახსნას. ერთ-ერთი ასეთია  ჭექაქუხილი ბუნებრივი მოვლენა, რომელიც მრავალი ათასი წლის განმავლობაში  ადამიანებში შიშსა და გაკვირვებას იწვევდა.

რომაელები თვლიდნენ, რომ ელვა ღმერთთა ღმერთის – იუპიტერის მუქარა იყო…  XVIII საუკუნის შუა წლებში, ელექტრობის მკვლევრებს გაუჩნდათ ვარაუდი, რომ ელვა თვისობრივად ისეთივე ნაპერწკალია, როგორიც ჰაერში ლეიდენის ქილის (კონდენსატორის) განმუხტვისას წარმოიქმნება.

მიუხედავად იმისა, რომ ცდები, რომლებითაც ცდილობდნენ, დაედგინათ ელვის ელექტრული ბუნება, სიცოცხლისთვის სახიფათო იყო, მაინც ჩატარდა და დადგინდა, რომ ელვა არის უზარმაზარი ელექტრული განმუხტვა ატმოსფეროში. ამ ფაქტის დადგენაში დიდი წვლილი შეიტანა ამერიკელმა მკვლევარმა და სახელმწიფო მოღვაწემ – ვენიამინ ფრანკლინმა (1706-1790).

ზაფხულის ერთ ღრუბლიან დღეს, ვენიამინ ფრანკლინმა და მისმა ვაჟმა ფრანი  გაუშვეს. როგორც კი წვიმამ თოკი დაასველა, მისი ბუსუსები ყალყზე დადგა, რაც ფრანის დამუხტვის მაჩვენებელი იყო. თოკზე დაკიდებულ ლითონის გასაღებთან ხელის მიახლოებისას ხელსა და გასაღებს შორის ნაპერწკალი გახტა და გაისმა დამახასიათებელი ტკაცანი, რომელიც თან სდევს ელექტრულ განმუხტვას. ფრანკლინმა გასაღების ჩაშვებით ლეიდენის ქილაში მისი დამუხტვა მოახერხა, შემდგომი განმუხტვით კი ელვის ელექტრული ბუნება საბოლოოდ დამტკიცდა.

     ფრანკლინმა დაადგინა, რომ ღრუბლებიდან აღებულ მუხტს ისეთივე თვისება აქვს, როგორიც ხახუნით მიღებულს. ღრუბლების დამუხტვის მიზეზი მრავალგვარი შეიძლება იყოს, მაგრამ ძირითადი ალბათ მზის გამოსხივების გავლენაა და დამუხტვისთვის, ანუ მუხტების განცალკევებისთვის საჭირო ენერგიაც სწორედ მზისგან მოდის. მზის გამოსხივება არათანაბრად ათბობს დედამიწის ზედაპირს (სხივები ზოგან თითქმის მთლიანად შთაინთქმება, ზოგან თითქმის მთლიანად აირეკლება). აქედან ჩნდება თბილი და ცივი ჰაერის ფენების ძლიერი ნაკადი. ამ დროს წვიმის წვეთები ერთმანეთს ან ყინულის ნამცეცებს ეხახუნება, რასაც თან ახლავს ღრუბლების შემადგენელი ნაწილების დამუხტვა.

  ფრანკლინს ეკუთვნის მეხამრიდის იდეაც. ვინაიდან მეხი ძირითადად მაღალ ხეებს ან შენობებს ეცემა, შენობის სახურავზე, რაც შეიძლება მაღლა, ლითონის ღეროს ამაგრებენ. მეხამრიდის დანიშნულებაა არა დარტყმის მიღება, არამედ მისი აცილება. ჯოხის წაწვეტებულ ბოლოზე გროვდება ღრუბლების მუხტის საწინააღმდეგო ნიშნის მუხტი, რაც სახურავის გარშემო ასუსტებს ველს და ამით ამცირებს მეხის დაცემის საშიშროებას.

ატმოსფერული ელექტრობა გულისხმობს ატმოსფეროს ელექტრულ ველსა და ელექტრულ მოვლენებს ატმოსფეროში. ატმოსფეროს ყველაზე ქვევითა, დედამიწის მიმდებარე ფენის – ტროპოსფეროს – სიმაღლე პოლარულ სარტყელში 8-დან 10 კმ-მდეა, ეკვატორთან კი – 16-18 კმ-ის ფარგლებში. ტროპოსფეროში ღრუბლები, ნალექი, ნისლი, მტვერი ელექტრულად დამუხტულია. სუფთა ატმოსფეროშიც კი მუდმივად არსებობს ელექტრული ველი.

გამოკვლევამ აჩვენა, რომ დედამიწის ზედაპირთან მუდმივი ელექტრული ველია და დედამიწას აქვს უარყოფითი, დაახლოებით –3.105 კულონის ტოლი ელექტრული მუხტი. ატმოსფერო კი მთლიანად დადებითად არის დამუხტული. დედამიწის ელექტრული ველი ძლიერია საშუალო განედზე, ხოლო პოლუსებთან და ეკვატორთან – შედარებით სუსტი. ელექტრული ველი დედამიწის ზედაპირიდან ზემოთ სუსტდება. ატმოსფეროს ელექტროგამტარობა დედამიწის ზედაპირთან ძალიან მცირეა, ატმოსფეროს ზედა ფენებში კი იზრდება.

ატმოსფეროს  მოლეკულების  იონებად დაშლას  (იონიზაციას)  ძირითადად იწვევს: 1. კოსმოსური სხივები (კოსმოსიდან ატმოსფეროში შემოჭრილი დამუხტული ნაწილაკების ნაკადი);  2. დედამიწასა და ჰაერში არსებული რადიოაქტიური ნივთიერებების გამოსხივება;      3. მზის გამოსხივება. დედამიწის მთელ ზედაპირზე გადის დაახლოებით 1800 ამპერი დენი.   დედამიწის საშუალო მუხტი არ იცვლება იმის გამო, რომ არსებობს ატმოსფერული ელექტრული „გენერატორები“, რომლებიც მუხტავენ დედამიწას.  მტვრის ქარიშხალი და ვულკანის ამოფრქვევა, ქარბუქი და ნალექები, მრეწველობის მიერ შექმნილი ორთქლი და ბოლი არის ატმოსფეროს ელექტრობის „გენერატორები“ და მაინც, ატმოსფეროსა და დედამიწის დამუხტვაში ყველაზე დიდ როლს ღრუბლები და ნალექები ასრულებს. გაელვებასა და მეხს იწვევს ელექტრული მუხტი, რომელიც ღრუბლებში წყლის წვეთებისა და ყინულის წვრილი კრისტალების ერთმანეთთან და ჰაერთან ხახუნის შედეგად გროვდება. ღრუბლის ზედა ნაწილი იმუხტება დადებითად, ქვედა ნაწილი კი – უარყოფითად.

ამ დროს ელექტრული ველი ღრუბელსა და დედამიწას შორის, ღრუბელსა და მაღალ შენობას შორის ან ორ ღრუბელს შორის შეიძლება იმდენად ძლიერი იყოს, რომ ელექტრულმა ძალებმა გაარღვიოს ჰაერის ფენა და დაიწყოს ელექტრული განმუხტვა. თუ განმუხტვა ორ ღრუბელს შორის ხდება, წარმოიქმნება ელვა. ღრუბელსა და დედამიწას შორის განმუხტვისას კიმეხი. ნაპერწკლის გამოჩენამდე ძაბვა ღრუბლის ზემოთა და ქვემოთა ნაწილებს შორის შეიძლება 100 მილიონ ვოლტამდე გაიზარდოს. განმუხტვის არეში ჰაერი ხუთჯერ უფრო ცხელია, ვიდრე მზის ზედაპირი – იგი 33 000 ℃ -მდე ხურდება.

   ელ-ჭექის  წინ ღრუბლებზე მნიშვნელოვანი სიდიდის ელექტული მუხტი გროვდება. უმეტეს შემთხვევაში ღრუბლის ქვედა მხარე უარყოფითად იმუხტება, ხოლო ზედადადებითად. ღრუბლებს შორის ძაბვა 100 000 000 ვოლტს აღწევს. ჰაერი ელექტრონების გამტარი ხდება და შედარებით მცირე წინაღობის უბანზე, უარყოფითად დამუხტული ღრუბლიდან დადებითისკენ (ან დედამიწისკენ) ელექტრონების მოძრაობა იწყება, აღძრული ელექტრული დენი ჰაერს ძალიან აცხელებს, თითქმის მზის ზედაპირის ტემპერატურამდე (6000°C), თუმცა განმუხტვა წამზე უფრო მცირე ხანს გრძელდება. თვალის მომჭრელ სინათლესთან ერთად ჰაერის გავარვარებული ფენების სწრაფი და ძლიერი გაფართოება წარმოშობს ბგერით ტალღებს (ზებგერითსაც. ბგერის სიჩქარე ჰაერში ≈340 მ/წმ), რასაც ჩვენ ელ-ჭექის სახით აღვიქვამთ.

ჭექა-ქუხილი შეიძლება მოხდეს ნებისმიერ დროს მთელი წლის განმავლობაში. მაგრამ უფრო მეტად, სავარაუდოდ, გაზაფხულის და ზაფხულის თვეებში და შუადღის და საღამოს საათებშია მოსალოდნელი.   დადგენილია, რომ ყოველდღიურად ჩვენს პლანეტაზე დაახლოებით ჭექა-ქუხილის 1800 შემთხვევა ხდება.
ქუხილი ელვით არის გამოწვეული. მას შემდეგ, რაც სინათლე გაქრება, ჰაერში ვრცელდება ბგერითი ტალღა, რომელიც გვესმის.  ქუხილი გვესმის მოგვიანებით, იმიტომ, რომ სინათლის სიჩქარე   300 000 კმ/წმ-ია, ხოლო ბგერის სიჩქარე   კი 0,33 კმ/წმ. თუ დავინიშნავთ დროს სხვაობას გაელვებასა და ხმის გაგონებას შორის, შეგვეძლება გავიგოთ, რა მანძილითაა დაშორებული ჩვენგან  ჭექა-ქუხილის ადგილი.

თუ ელვის დროს გარეთ ხართ, არ დაელოდოთ წვიმის დაწყებას. თუ ჭექა-ქუხილის ხმა გესმით, სასწრაფოდ გაემგზავრეთ უსაფრთხო ადგილას.  საუკეთესო თავშესაფარია შენობა ან მანქანა, მაგრამ დარწმუნდით, რომ მანქანაში ფანჯრები დახურულია. თუ თქვენ გარშემო თავშესაფარი არ არის და  ხეებიც მოშორებითაა, გაშალეთ ფეხები, ხელები კი ყურებზე მიიფარეთ, რათა აირიდოთ სმენის დაზიანება. ასევე, ნუ დადგებით წყალში და მოერიდეთ მეტალთან შეხებას. მოერიდეთ წყალს, ის ელექტროენერგიის გამტარია. არ მიიღოთ შხაპი, არ გამოიყენოთ კაბელიანი ტელეფონი. ნუ გამოიყენებთ ელექტრომოწყობილობებს, როგორიცაა კომპიუტერი და ტექნიკა.

 

მეხი ბუნების ყველაზე საშიში მოვლენაა, მას შეუძლია დაანგრიოს შენობები, ელექტროგადამცემი ხაზების საყრდენები, ფაბრიკა-ქარხნების მილები, გააჩინოს ხანძარი. მისი დარტყმა სასიკვდილოა ყველა ცოცხალი არსებისთვის. მეხი უფრო ხშირად მაღალ და წვეტიან სხეულებს ეცემა. თანაბარი სიმაღლის სხეულებიდან კი იმას, რომელიც უკეთესი გამტარია.

    აუცილებელია ადამიანებმა ჭექაქუხილის დროს დაიცვან უსაფრთხოების ზომები.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

ქ.ტატიშვილი – ფიზიკის სასკოლო სახელმძღვანელო;

https://docs.google.com/document/d/1-ekEU-1OwODqEV_Ct5ZaTCwLnD2FETACfkuT6xmZ1_M/edit

https://www.britannica.com/science/thunderstorm/Thunder

 

 

 

 

 

STEMერი – ბიზნესის უნარ-ჩვევების პროგრამის თამაში

0

თამაში STEMერი ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტის (G-PriEd) მიერ შექმნილი საგანმანათლებლო კომპიუტერული პროექტია, სახელწოდებით STEMერი, რომელიც ორიენტირებულია ეგრეთ წოდებული STEM (მეცნიერების-S, ტექნოლოგიის-T, ინჟინერიის-E და მათემატიკის-M) უნარების განვითარებაზე.

STEMერი VI კლასის პროგრამის, „ჩვენი ქვეყნის“ ნაწილია, რომელიც პირველი ქართული 3D ფორმატის საგანმანათლებლო თამაშია და ხელს უწყობს მოსწავლეებში კონკრეტულად STEM უნარების გამომუშავებასა და განვითარებას, როგორიცაა:

  • თამაშში მოყვანილი პროფესიების შესახებ წარმოდგენის შექმნა და პროფორიენტაცია
  • ლოგიკური აზროვნებისა და პრობლემის გადაჭრის გზების მოძიება
  • მრავალკომპონენტიანი დავალებისთვის თავის გართმევა
  • გარემოზე მორგება და მასთან შეგუება
  • იმედგაცრუებასთან და ცვლილებებთან შეგუება
  • რისკების განსაზღვრა
  • კონცენტრაცია და ნებისყოფა
  • მიზანდასახულობა და ნავიგაცია
  • ინსტრუქციის გაანალიზება და მისი თანმიმდევრობით შესრულება
  • ტექნოლოგიებთან დამეგობრება
  • დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღება

თამაშის მთავარ გვერდზე განთავსებულია ზოგადი ინსტრუქცია და ყველა მიმართულება.

 

სასურველ ღილაკზე დაწკაპებით იხსნება ინსტრუქციის ფანჯარა, რომლის გაცნობის შემდეგ შესაძლებელია თამაშის დაწყება.

 

S – მეცნიერება

ჭრელი პეპელა სჭირდება შენს ქალაქს, რადგან მისი ჭუპრები მოსავლის დამაზიანებელ პარაზიტებს ჭამენ. იმისათვის, რომ ჭრელი პეპელა არ გაგვიფრინდეს, მისთვის მოსაწონი ყვავილები უნდა გავზარდოთ. პეპელას იზიდავს მხოლოდ რომელიღაც გარკვეული  ყვავილი, მაგრამ არავინ იცის, როგორი.

აქ მოცემულია 20 მახასიათებელი ხუთ სხვადასხვა კატეგორიაში: ყვავილის ფურცლის ფერი, ფურცლის ფორმა, ფურცლების რაოდენობა, ყვავილის გულის ფორმა და გულის ფერი.

შენ როგორც მეცნიერს გევალება, სამეცნიერო მეთოდით და გამორიცხვის ხერხით დაადგინო, ყვავილის რომელი მახასიათებლები იზიდავს ჩვენს პეპელას.  აბა, ავაყვავოთ!

ინსტრუქცია

  1. ჩამოსაშლელი მენიუდან აირჩიე 5 მახასიათებელი და შექმენი შენი ყვავილი.
  2. შეამოწმე, შენი ყვავილი მოსწონს თუ არა პეპელას. შედეგები შენს დაფაზე გამოჩნდება, თითო შემოწმება = 1 სვლას.
  3. შეადგინე იმდენი ყვავილი, რამდენიც დაგჭირდება იმის გასარკვევად, თუ რომელი კანონზომიერებით აწყობილი მახასიათებლები იზიდავს პეპელას.
  4. როდესაც მოგინდება, რომ გამოიცნო, დააწკაპუნე ღილაკს „გამოცნობა“ და აირჩიე მახასიათებელი. თითო გამოცნობა = 5 სვლას.

შეგიძლია გამოარკვიო, ყვავილის რომელი მახასიათებლები იზიდავს პეპელას?

 

T – ტექნოლოგია

ბევრი პროგრამისტის მსგავსად, უნდა შექმნა კოდი, რომელიც მართავს თამაშის მოქმედებებს „თუ … მაშინ…“ წინადადებების გამოყენებით. მაგალითად: თუ მოთამაშე დააჭერს X ღილაკს… მაშინ თამაშის გმირი ახტება ჰაერში“. შენი ამოცანაა, დააპროგრამო სამკუთხედები ისეთი „თუ … მაშინ …“ კომბინაციების შერჩევით, რომელიც სხვადასხვა ფერის ბურთებს შესაბამისი ფერის სადგომში შეიყვანს.

ინსტრუქცია

დააპროგრამე ფერადი სამკუთხედები ისე, რომ ლურჯი, ყვითელი და წითელი მათი შესაბამისი ფერის სადგომებისკენ მიმართოს.

  1. დააწკაპუნე სამკუთხედზე, რათა შეგეძლოს მისი კოდის დაპროგრამება მიმართულების „თუ… მაშინ…“ უჯრაში, რომელშიც ფერადად მოცემული მიმართულებები მათზე დაწკაპუნებით იცვლება.
  • პირველ რიგში, აირჩიე მიმართულება, საითაც გინდა, რომ სამკუთხედმა გადააადგილოს ერთ-ერთი ფერადი ბურთი.
  • შემდეგ აირჩიე მიმართულება, საიტაც გინდა, რომ სამკუთხედმა დანარჩენი ორო ბურთი გადააადგილოს.
  • როდესაც მორჩები ამ სამკუთხედის დაპროგრამებას, დააწკაპუნე „OK“ .
  1. დააპროგრამე ყველა სამკუთხედი, რომელიც, შენი აზრით გჭირდება ბურთების სწორ სადგომებში შესაყვანად. დაფიქრდი, რა მოუვა თითოეულ ბურთს, როდესაც ის შენი არჩევანის შესაბამისად ჩამოვარდება.
  2. დააჭირე „ბურთების ჩამოყრას“, რათა ბურთები სამკუთხედებში შეუშვა და ნახო, სწორად დაუპროგრამე თუ არა გზა თითოეულ ბურთს.
  3. შეგიძლია, გადატვირთვით ბურთები ისევ დასაწყისში დააყენო იმავე თავსატეხით ხელახლა დასაპროგრამებლად ან სცადო თავსატეხის ახალი ვარიანტი.

E – ინჟინერია

ნახე, თუ შეძლებ ფილების ისე განლაგებას, რომ ააგო შემოსავლელი გზა ამ საინჟინრო თავსატეხში.

ინსტრუქცია

ინჟინრები ქმნიან რთულ სისტემებს მრავალი საბაზისო სამშენებლო ბლოკისგან. ისინი გეგმავენ, ცდიან და ხვეწენ, ისევ და ისევ, სანამ საუკეთესო შედეგს არ მიიღებენ.

ამ საინჟინრო თავსატეხის საშუალებით შეიძლება იმის ჩვენება, თუ როგორ მუშაობენ ინჟინრები. შენი დავალებაა, ისე შეცვალო საბაზისო ბლოკები ამ რთულ სისტემაში, რომ მოძრავ ობიექტს სწორი გზა შეუქმნა.

  • გადააგეგმარე წრიული ლაბირინთი ისე, რომ ბურთმა წერტილებიან ხაზებზე გაიაროს.
  • დააწკაპუნე ოთკუთხედ ფილებზე მათი ფორმის შესაცვლელად. ბურთმა აუცილელად წეტილებიან სამიზნე გზაზე უნდა გაიაროს.

წარმატებული გადაგეგმარების შედეგად ჯილდოდ მიიღებ ღიმილაკს  და ახალ წყვეტილ ბილიკს ამოსახსნელად.

თავსატეხის დასასრულებლად მოიპოვე 5 ღიმილი.

 

M – მათემატიკური კვადრატი

როდისმე გსმენია გასართობ მათემატიკაზე? ასეთი მათემატიკა მხოლოდ სახალისოდ არსებობს. ბევრი თავსატეხი თუ სხვა გონების სავარჯიშო ეყრდნობა მათემატიკურ პრინციპებს. მაგალითად, ერთი ასეთი გასართობია სუდოკუ. შენ გევალება, ეს მათემატიკური თავსატეხი რაც შეიძლება ნაკლებ სვლაში ამოხსნა.

ინსტრუქცია

  • გადააადგილე იასამნისფერი ბურთულები ისე, რომ რიგებშიც და სვეტებშიც სწორი ტოლობები მიიღო.
  • დააწკაპუნე ორ იასამნისფერ ბურთულაზე და ისინი ადგილებს გაცვლიან.

ნაცრისფერ

  • ბურთულებს ადგილი არ ეცვლება.
  • როდესაც ბურთულების ერთ წყობას ამოხსნი, ახალი, უფრო რთული წყობა მოგეცემა.

ამოხსენი ბურთულების 3 წყობა და თავსატეხი ამოხსნილი იქნება.

 

 

იქიდან გამომდინარე, რომ ბიზნესის უნარ-ჩვევების პროგრამის ერთ-ერთი მიმართულება სწორედ დასაქმებისთვის მზაობაა, თამაშში მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას 51 პროფესიის შესახებ, რომელიც მათ ნათელ წარმოდგენას შეუქმნის თითოეული პროფესიის შესახებ და დაეხმარება პროფესიული მიმართულების არჩევანში.

თამაშის გადმოწერა შესაძლებელია ვებგვერდიდან:

https://www.jag.ge/index.php?page=game

 

გამოყენებული რესურსი:

ვებგვერდი – ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველო

https://www.jag.ge/index.php?page=game

 

გამოსაშვები ღონისძიება დაწყებით კლასში

0

სასწავლო წლის ბოლოს ბევრი მასწავლებელი იწყებს იმაზე ფიქრს, რა ღონისძიება ჩაატაროს. სხვა ღონისძიებებისგან განსხვავებით, წლის ბოლოს ჩატარებულ ღონისძიებას თავისი დატვირთვა აქვს. ის შესაძლოა, იყოს გამოსაშვები (მაგალითად, მეოთხე კლასის), ან უბრალოდ წლის შემაჯამებელი. ღონისძიება მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის ემოციური კავშირის დამყარების ერთ-ერთი ფორმაც მგონია, ვინაიდან ამ დროს უკეთ წარმოჩინდება მოსწავლეების შესაძლებლობები.

ჩემი აზრით, ყველაზე ამაღელვებელი და ემოციური, მაინც გამოსაშვები ღონისძიებაა, ვინაიდან სრულდება ერთი ეტაპი და იწყება ახალი. ეს დღე ცრემლების გარეშე არასდროს სრულდება. სწორედ გამოსაშვები ღონისძიების მოსამზადებლად საჭირო რჩევებით დავიწყებ ჩემს წერილს, რომელიც მეოთხე კლასს შეეხება.

ჩემი პირველი სადამრიგებლო კლასის გამოსაშვებ ღონისძიებაზე ფიქრი ზაფხულშივე დავიწყე. ჩამოწერილი მქონდა იდეები, რომლებსაც ნელ-ნელა ვავსებდი. ჩემთვის პირველი სადამრიგებლო კლასი იყო, მათთვის კი პირველი მასწავლებელი ვიყავი. ამიტომ მინდოდა, ეს დღე განსაკუთრებული ყოფილიყო. ვინაიდან მაშინ კერძო სკოლაში ვასწავლიდი, გადავწყვიტე ღონისძიების ფორმატი სკოლისთვისაც მომერგო. მოგეხსენებათ, რომ კერძო და საჯარო სკოლას განსხვავებული სპეციფიკა აქვს. ყველა მშობელს აინტერესებს – რას აკეთებს თავისი შვილი სკოლაში, რას სწავლობს, რა უნარ-ჩვევებს ეუფლება. ღონისძიება კი ამ კითხვებზე პასუხს თვალსაჩინოდ იძლევა.

მიუხედავად იმისა, რომ ჩემი იდეების ნუსხა გამზადებული მქონდა, მოსწავლეებმაც ყველაფერში მიიღეს მონაწილეობა. 9-10 წლის მოსწავლეებს უკვე შეუძლიათ, მოგაწოდონ იდეები, რომ ერთად მოიფიქროთ საინტერესო სცენები. ამიტომაც ეს შესაძლებლობა გამოვიყენე და მოსწავლეებთან ერთად წლის დასაწყისშივე შევუდექი მზადებას.

სცენების მიხედვით შესაბამისი კოსტიუმები გვქონდა მომზადებული. ყველა მოსწავლეს ეცვა მაისური, სადაც საერთო ფოტო იყო დატანილი. მაისური „ბოლო ზარის“ შესაბამისი შევარჩიეთ, სადაც მოსწავლეებმა ერთმანეთს სასურველი ფრაზები წაუწერეს. კოსტიუმებს მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს, ისევე როგორც სცენის დეკორაციას. ამიტომ ამაზე ნამდვილად ღირს ყურადღების გამახვილება.

ღონისძიება დაყოფილი მქონდა ფასეულობების მიხედვით. გამოვყავი მნიშვნელოვანი საკითხები – სიყვარულის თემა, მშობლის როლი, მეგობრობა, ადამიანი და ა.შ. მოსწავლეებს გადანაწილებული ჰქონდათ სიტყვები და თემატიკის მიხედვით საუბრობდნენ. გამოყენებული იყო როგორც ჩემ მიერ დაწერილი, ასევე რამდენიმე მწერლის ციტატები.

ყველა კლასში გვყავს მოსწავლეები, რომლებსაც სხვადასხვა ჰობი აქვთ. ზოგი ცეკვავს, ზოგი მღერის, ხატავს და ა.შ. ამიტომაც მინდოდა, ეს ყველაფერი სხვებისთვისაც გაგვეზიარებინა. შესაბამისად, მოსწავლეებმა თავიანთი ინტერესები მაყურებელს გაუზიარეს. (იქიდან გამომდინარე, რომ სკოლა კერძოა და სხვადასხვა სპორტისა თუ ხელოვნების წრეს მოიცავს, ყველა მონაწილეს ჰქონდა იმის შესაძლებლობა, რომ დამოუკიდებლად თუ არა, სკოლის წრეზე მიღებული გამოცდილება წარმოეჩინა).

ღონისძიების მიმდინარეობა:

  1. ,,ფლეშ მობი“

დარბაზი სავსე იყო მაყურებლებით. მოსწავლეები მიმოფანტულნი იყვნენ მათ შორის. ჩაირთო მუსიკა. მოსწავლეები ნელ-ნელა იკავებდნენ სცენას, სადაც ღონისძიება ჩვენი ერთობლივად მოფიქრებული ცეკვით გახსნეს. ამის შემდეგ იყო ჩემი მისალოცი სიტყვა და ღონისძიების გეგმის გაცნობა. ვინაიდან ღონისძიება საკმაოდ დიდ ხანს გრძელდებოდა, მნიშვნელოვანი იყო მაყურებლებს სცოდნოდათ, რას მოიცავდა ის.

  1. ფოტო-კოლაჟი

მომზადებული მქონდა ფოტო-კოლაჟი ოთხი წლის განმავლობაში გადაღებული მნიშვნელოვანი, დასამახსოვრებელი და ერთობლივი ფოტოებით. ვიდეო პროექტორის საშუალებით გადიოდა. ყველა მაყურებელს შეეძლო, თვალი ედევნებინა მისთვის.

  1. მოსწავლეების მისალმება

მოსწავლეები იკავებდნენ სცენას და საუბრობდნენ დღის მნიშვნელობაზე. იმაზე, თუ რას ნიშნავდა ეს ოთხი წელი მათთვის, როგორი იყო სკოლაში გატარებული დღეები, რას აკეთებდნენ სკოლაში, რა დამოკიდებულება ჰქონდათ მასწავლებლებთან და ერთმანეთთან. (შეგიძლიათ თქვენი სკოლის სპეციფიკას მოარგოთ მოსწავლეების სიტყვები და შესაბამისად შეადგინოთ).

  1. ფასეულობები

სიყვარული – მოსწავლეებმა ისაუბრეს სიყვარულზე, რომელიც აქვთ მშობლის, მეგობრის, სამშობლოს მიმართ.

მშობელი – მოსწავლეებმა აღნიშნეს, რაოდენ მნიშნელოვანია მათთვის მშობლები. ამის შემდეგ კი გოგონებმა იცეკვეს ვალსი მამებთან. ეს იყო ძალიან ემოციური მომენტი. განსაკუთრებულად ლამაზი სანახაობა. ამისათვის ბევრი ვიშრომეთ და მამებიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი, თავის პრინცესებთან რომ ეცეკვათ. დედაზე საუბრის დროს მოსწავლეები ნოდარ დუმბაძეს დაესესხნენ.

მასწავლებლის მიმართ დამოკიდებულება – ვიდეოში მოსწავლეები საუბრობდნენ, რას ნიშნავს მათთვის მასწავლებლები, სკოლა. რას ნიშნავდა ეს ოთხი წელი. ამაღელვებელი და ემოციური იყო მათი საუბარი.

მეგობრობა – მოსწავლეებმა ყურადღება გაამახვილეს მეგობარზე და მეგობრობაზე. ისაუბრეს და საკუთარი დამოკიდებულება მაყურებელს გაუზიარეს. ამ თემაზე საუბრის ბოლოს კი კლასის ორმა საუკეთესო მეგობარმა მეგობრობაზე უცხოენოვანი სიმღერა შეასრულა.

სამშობლო – მოსწავლეებმა ისაუბრეს სამშობლოს მნიშვნელობაზე, მათ დამოკიდებულებაზე, ბოლოს კი შეასრულეს რამდენიმე ქართული ცეკვა.

ერთობლივი ცეკვა ვალსი – მოსწავლეებმა შეასრულეს ვალსი, სადაც მონაწილეობა მეც მივიღე. ჩემი მეწყვილე მოსწავლე იყო. მასწავლებლებო, არ მოგერიდოთ, მოსწავლეებთან ერთად ცეკვა, სიმღერა. მათთვის უმნიშვნელოვანესია თქვენი ჩართულობა არამარტო ღონისძიების დაგეგმვაში, არამედ უშუალოდ მისი განხორციელების დროს.

გოგონები და ბიჭები – მოსწავლეებმა დადგეს ცეკვა, სადაც ცდილობდნენ საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენას. თანამედროვე სიმღერითა და ილეთებით, არაჩვეულებრივი დადგმა გამოვიდა. გოგოები და ბიჭები ცეკვითა და ჟესტიკულაციით ცდილობდნენ, გაეცვალათ აზრები ერთმანეთის შესახებ. ეს არ იყო მხოლოდ ცეკვა, არამედ შეტყობინებების გაგზავნა სხეულის ენით.

ნომინაციები – ამის შემდეგ დადგა სახალისო ნომინაციების ჯერი. მოსწავლეებმა მასწავლებლებს გადასცეს სიგელები სხვადასხვა ნომინაციაში: „წლის დახვეწილობა“, „ყველაზე მოდური“, „ყველაზე მეგობრული“, „ყველაზე აქტიური მასწავლებელი“ და ა.შ. ასევე, მოსწავლეებმა ერთმანეთსაც შეურჩიეს ნომინაციები: „ყველაზე ზრდილობიანი“, ,,მისტერ ღიმილი“, ,,ყველაზე მოწესრიგებული“ და ა.შ.

მადლობა – მოსწავლეებმა მადლიერება გამოხატეს მასწავლებლების, სკოლის პერსონალის მიმართ. მადლიერების განცდის გაღვივება მოსწავლეებში და მისი გამოხატვა – ძალიან მნიშვნელოვანია,

სიურპრიზი – ღონისძიების დასრულება საფინალო სიმღერის გარეშე თითქმის წარმოუდგენელია. ჩვენც გვქონდა სიმღერა სკოლაზე, რომელიც ერთად უნდა გვემღერა, მაგრამ აქ იყო ერთი „მაგრამ“… მაშინ, როდესაც მოსწავლეებს ეგონათ, რომ უნდა შეგვესრულებინა სიმღერა, ჩემი სიურპრიზი გავუმხილე. მოსწავლეებისთვის დავწერე სიმღერის ტექსტი, რომელიც ერთ-ერთ მუსიკას მოვარგე და ასე მოულოდნელად ვუმღერე. ძალიან ემოციური იყო ეს ყველაფერი ჩემთვისაც და მათთვისაც. რა თქმა უნდა, არც ამას ჩაუვლია უცრემლოდ. არ არის აუცილებელი სიმღერის ჩამწერ სტუდიაში წასვლა ან რომელიმე კომპოზიტორთან სიმღერის ტექსტის დაკვეთა. მარტივად შეგიძლიათ თავად მოიფიქროთ ტექსტი და მინუს ფონოგრამაზე იმღეროთ, როგორც მე გავაკეთე.

ღონისძიების დასასრულ სკოლის ეზოში ვაფრინეთ ფერადი ბუშტები ჩაფიქრებული სურვილებით და ერთმანეთს ფერად კვამლში გახვეულ სივრცეში დავემშვიდობეთ.

გიტოვებთ ღონისძიების ვიდეოს ბმულს

 

 

 

ჩემსა და ევროპას შორის გამყოფი ხაზი

0

ეს ის შემთხვევაა, სათაური თავიდანვე რომ ჩამოვაყალიბე, როცა გუგლის საძიებო სისტემა მოვიშველიე, რათა გადამემოწმებინა ჩემი ცოდნა შემდეგი ტერმინების მნიშვნელობებისა: ალიანსი, ინტეგრაცია, ევრო-ატლანტიკური, ატლანტის ოკეანის სანაპირო ზოლის ქვეყნები, ევროპისა და აზიის საზღვარი, კუმა-მანიჩი

ნუ მოიწყენთ, არ ვაპირებ თითოეულის მნიშვნელობა განვიხილო, ზუსტად ისე, თითქოს გაკვეთილს იმეორებდეთ. ეს ხომ ისედაც იცით, შეიძლება ჩემზე უკეთაც.

ემპირიული ცოდნა-მეთქი. ჩემი ბავშვობის გამოცდილება განსხვავებულ გეოპოლიტიკურ არეალში გროვდებოდა. მე ვიყავი „საბჭოთა ბავშვი“ და, შესაბამისად, დიდი „ოქტომბრელი“ და დიადი „პიონერი“…

„ჩემი პატარა სამშობლო საქართველოა, ხოლო ჩემი დიდი სამშობლო – საბჭოთა კავშირი“ – ამ კომუნისტური იდეოლოგიით თავგამოტენილ მოსწავლეებს ევროპა მხოლოდ მსოფლიოს ფიზიკური თუ პოლიტიკური რუკიდან გაგვაცნეს და იქვე დასვეს მსხვილი თვალსაჩინო წერტილი სკოლის სახელმძღვანელოში.

ჩემსა და ევროპას შორის გამყოფი ხაზიც პირველად შევნიშნე გეოგრაფიის გაკვეთილზე, თბილისზე უფრო პატარა ქალაქის, ქუთაისის, საშუალო სკოლაში. მაშინ მე-6 კლასის მოსწავლე გახლდით, ხოლო გეოგრაფიას მასწავლიდა იოსებ მასწავლებელი – თმათეთრი ბუზღუნა პატივცემული ბატონი. სიმკაცრისა და ლმობიერების, ღიმილისა და აგრესიის უწყინრად შემზავებელი, ხალისის მომგვრელი მოქმედებებითა და მიმართვებით გამორჩეული.

იმ კლასის გეოგრაფიის საგნობრივი პროგრამიდან სხვა არაფერი მაგონდება, გარდა პასუხი კითხვაზე: – სად გადის საზღვარი ევროპასა და აზიას შორის?

ბატონი იოსები სიაში ამოკითხული გვარების დასახელებით გაგვიძახებდა, საჩვენებელი ჯოხით კედელზე მიმაგრებული რუკისკენ მიმართულებას გვიჩვენებდა, იმავე ჯოხს გადმოგვცემდა, წარბებს შეჭმუხნიდა და ომახიანად მოითხოვდა ევროპასა და აზიას შორის  ხაზის გავლებას ზუსტად ამ ჯოხით, რომელსაც თვინიერი ცხენივით უკვე დაემახსოვრებინა მონიშნული გზა.

ეს საკითხი იყო ისეთივე საზეპირო გეოგრაფიაში, როგორც გამრავლების ტაბულა – მათემატიკაში და ბრუნვების სახელწოდებები – ქართულ გრამატიკაში. შესაბამისად, აუცილებლად გვკითხავდა ხოლმე.

პროცესი ერთობ სახალისო იყო. ჩვენ სხაპასხუპით უნდა ჩამოგვეთვალა გამყოფი ზოლის წერტილები შემდეგი თანმიმდევრობით – სამხრეთიდან ჩრდილოეთისკენ: დარდანელისა და ბოსფორის სრუტე, შავი ზღვა, კავკასიონის ჩრდილოეთ დაბოლოება, მდინარე მანიჩი, კუმა-მანიჩის ღრმული, მდინარე კუმა, მდინარე ემბა, მდინარე ვოლგა, ურალის მთები და პირიქით – ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ. – ვინც შეყოვნდებოდა, ან არასწორად მიანიშნებდა, აღმოჩნდებოდა ბატონი იოსების „წყევლის“ მსხვერპლი. – შენ ჩეიხჩვი(იმერულად) მაგ შავ ზღვაში! – შენ წაგიღო ვოლგამ! – შენ ჩავარდი მაგ ღრმულში! – შენ გადმოვარდი მაგ მთიდან! და სხვა მსგავსი.

მასწავლებლის მიერ ამგვარი უკუკავშირი იწვევდა საყოველთაო გაუბედავ სიცილსა თუ დაცინვას.

ამასობაში საჩვენებელი ხის ჯოხი საქართველოს ტერიტორიას გადაკვეთდა და გადმოკვეთდა, გადახაზავდა და გამოხაზავდა ისე, რომ ამ ქვეყნის სახელწოდების ხსენებაც არ იყო. საბჭოთა კავშირის სიცოცხლისუნარიანობის პირობებში გამოკვეთილი, დაკონტურებული, საზღვრებიც არ ჰქონდა საქართველოს იმ რუკაზე.

ასე დამკვიდრდა ჩემს ცნობიერებაში ცნება „ევროპა.“

-რა იყო შემდეგ?!

„ბნელი“ 80-იანი წლებიდან „ნათელი“ 90-იანი წლებისკენ.

რატომ „ბნელი“?! – სიბნელეში თვალს დაკარგული აქვს საგნების შემჩნევის უნარი. ზუსტად ასევე, დახშულ სივრცეში ადამიანის გონება უძლურია, შეამჩნიოს დანარჩენი მსოფლიო.

რატომ „ნათელი“?! – ქართველი კაცის მზერამ გააღწია საზღვრებს მიღმა, ჯერ მხოლოდ მზერამ! და იხილა „სხვა მსოფლიო“ ზუსტად ისე, როგორც საგნები განათებულ ოთახში. თუმცა, იმ მსოფლიოსა და  ჩვენს შორის შორის გამყოფი ზოლი, შესამჩნევად ბაცია.

ევროპისკენ, წინ გრძელი გზაა,  რომელზეც სკოლაში მიღებულმა განათლებამ უნდა გვატაროს, ვერ ვიქნებით გონიერი ცხენის მოიმედე მხედრები.

 

 

,,ბეისბოლი და …კომპლექსური დავალება“

0

ქიმია, ბიოლოგია და ფიზიკა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად რომ არ არსებობს – ეს უკვე ყველასთვის ცნობილია. სპორტის ნებისმიერი სახეობაც ამ სამ დისციპლინას სხვადასხვა კუთხით უკავშირდება. მოსწავლეების უმეტესობას ბეისბოლი მხოლოდ ფილმებში თუ უნახავს. ამ დროს თბილისში ჩემი (N143 საჯარო) სკოლის ეზოში ბეისბოლის სტადიონია, რომელზეც სპორტის გაკვეთილებიც ტარდება. ბევრჯერ გვინახავს სხვა ქვეყნებიდან ჩამოსული სტუმრები. ამავე სკოლის მოსწავლეები ბეისბოლის ნაკრების წევრებიც არიან. ალბათ უკვე მიხვდით მთავარ მიზეზს, რატომ ავირჩიე „ბეისბოლი“ ჩემი კომპლექსური დავალების თემად. ეს არის სპორტი, რომლის გამოკვლევისას მოსწავლე ეცნობა ქიმიის, ფიზიკის, ბიოლოგიისა და სპორტის საკითხებს. დავალება შეიძლება განხორციელდეს სასწავლო პროექტის სახით და მის მიმდინარეობაში მონაწილეობა მიიღოს სპორტისა და საბუნებისმეტყველო დისციპლინების მასწავლებლებმაც. ეს არა მხოლოდ მოსწავლისთვის საინტერესო და შემოქმედებითი დავალება იქნება, ამავე დროს ხელს შეუწყობს მასწავლებლებს შორის თანამშრომლობას და სკოლაც მიიღებს სარგებელს.

სასწავლო პროექტზე მუშაობა შესაძლებელია საგნების მიხედვით. შემდეგ პროდუქტების პრეზენტაციაც უნდა მოხდეს ერთ საერთო გაკვეთილზე. გიზიარებთ პროექტის ეტაპებს დეტალურად:

I ეტაპი – პროექტის წარდგენა და ფუნქციების განაწილება

კლასი დავყავი 5 მოსწავლისგან შემდგარ გუნდებად. მათთვის Teams-ის კლასში შევქმენი დახურული ჯგუფები, სადაც ჯგუფის წევრები მუშაობდნენ თავისთვისვე მისაღებ დროს. უზიარებდნენ ერთმანეთს მასალას.

თითოეული ჯგუფი მუშაობდა რამდენიმე მიმართულებით:

  1. ბეისბოლის, როგორც სპორტის სახეობის დახასიათება – სპორტის მიმართულება;
  2. რომელი კუნთები უვითარდება ბეისბოლის სხვადასხვა პოზიციაზე მოთამაშეს და რატომ – ბიოლოგიის მიმართულება;
  3. როგორია ბურთის აგებულება და მისი ქიმიური შედგენილობა – ქიმიის მნიშვნელობა;
  4. ბეისბოლის ბიტას აგებულება და ფორმა – ფიზიკის მიმართულება;
  5. რა მნიშვნელობა აქვს ბურთის ქიმიურ შემადგენლობას იმისთვის, რომ იგი შორ მანძილზე გადაადგილდეს;
  6. როგორ აისახება იმპულსის და ენერგიის შენახვის კანონები ბეისბოლის თამაშის დროს.

II ეტაპი – პროექტის განხორციელება

ჯგუფის წევრებმა საკუთარი სურვილით გაინაწილეს ფუნქციები და ორი კვირის განმავლობაში მუშაობდნენ პროექტზე. სამუშაოს პროდუქტს წარმოადგენდა ვიდეომასალა. მოსწავლეებმა საპრეზენტაციო მასალა მოამზადეს PowerPoint-ში და შეინახეს ვიდეოს ფორმით. ნამუშევრები წარადგინეს კლასში.

ნაშრომში წარმოდგენილი უნდა ყოფილიყო:

  1. ბეისბოლის გუნდის მოთამაშეების რაოდენობა, პოზიციების შესაბამისი სახელები, მოედანზე მათი განაწილება და სპორტსმენის აღჭურვილობა;
  2. რით განსხვავდება ბეისბოლის მოთამაშის კუნთოვანი სისტემა ფეხბურთის ან ჰოკეის მოთამაშის კუნთოვანი სისტემისგან;
  3. რა განსხვავებაა 2014 და 2017 წლების ბეისბოლის ბურთების ქიმიურ შედგენილობებს შორის; რა მნიშვნელობა აქვს ბეისბოლის ბურთში რეზინს, როგორც პოლიმერს;
  4. რატომ აქვს ბეისბოლის ბიტას კონკრეტული აგებულება, სად მდებარეობს მისი სიმძიმის ცენტრი. რა განსხვავებაა მოყვარულებისა და პროფესიონალურ დონეზე სათამაშოდ გამოყენებულ ბიტას შორის, რა მნიშვნელობა აქვს ამას;
  5. როგორ ვლინდება ბეისბოლის თამაშისას იმპულსისა და ენერგიის შენახვის კანონები;
  6. რა გავლენას ახდენს ბურთის აგებულება (ფორმა, ზომა, ქიმიური შედგენილობა) და დარტყმის მიმართულება ფრენის სიშორეზე, ფრენის სიმაღლესა და ბურთის სიჩქარეზე.

 

III ეტაპი – ვიდეომასალის პრეზენტაცია და ნამუშევრების შეფასება.

მოსწავლეებმა შეაფასეს საკუთარი და ერთმანეთის ნამუშევრები.

 

დამხმარე მასალა:

  1. ბეისბოლის ბურთი

2015 წლიდან ბეისბოლის მთავარი ლიგის მატჩების დროს ეჭვქვეშ დადგა გამოყენებული ბურთების დამზადების სიზუსტე. ფიქრობდნენ, რომ ბირთვები შეგნებულად შეცვალეს, რის შედეგადაც ბევრი ძლიერი გუნდი დამარცხდა. შესწავლილი ჰქონდათ მოთამაშეების ბიომექანიკა და თამაშის ფიზიკა. თუმცა ქიმიური შედგენილობა ნაკლებად იყო შესწავლილი. სწორედ ამიტომ მიმართეს ქიმიკოსებს, რათა დეტალურად გამოეკვლიათ ბურთების შედგენილობა. ბეისბოლის ბურთი შედგება რამდენიმე კომპონენტისგან:

გარეთა ვარდისფერი რეზინის ფენა

შუა – შავი რეზინის ფენა

შიდა – კორპის ბირთვი

 

 

 

გარეთა – ვარდისფერი რეზინის ფენა, შუა – შავი რეზინის ფენა, შიდა – კორპის ფენა.

კალიფორნიის კეკის სამეცნიერო სკოლის მეცნიერებს მიმართა ბეისბოლის საერთაშორისო ორგანიზაციამ. მათ კომპიუტერული ტომოგრაფიის სკანერით შეისწავლეს ბურთები. მარცხნივ 2014-2015 წლებში გამოყენებული ბურთია წარმოდგენილი, მარჯვნივ – 2017 წლიდან დღემდე გამოყენებული ბურთი.

გარეთა რეზინის ფენა

შიდა მასიური ფენაკორპის გარე გარსი

კორპის ცენტრი

კორპის შუა შრე

2014-2015 წლებში გამოყენებული ბურთები 56.7%-ით უფრო მკვრივი იყო, ვიდრე 2017 წლიდან გამოყენებული ბურთები. ახალი ბურთები 10%-ით ნაკლებ სილიციუმს შეიცავდა და უფრო ფოროვანი იყო. ნაკლებად მკვრივმა, უფრო ფოროვანმა ბურთმა, ვინაიდან ის უფრო მსუბუქია, შესაძლოა უფრო გვიან მიაღწიოს დანიშნულების ადგილს. ასეთ ბურთს უფრო დიდი ძალით დარტყმა დასჭირდება. ბურთის მასა შეიძლება იყოს 141.7-დან 148.8 გრამამდე. წრეწირის დიამეტრი კი 22,8-დან 23,5 სმ-მდე. რეზინი პოლიიზოპრენია. ის შედის ჩანთის შიდა ნაწილში, ფეხსაცმელში. ბურთი დაფარულია თეთრი ტყავით ან მჭიდროდ ნაქსოვი ბამბისგან წარმოქმნილი ტილოთი.

  1. ბეისბოლის მოთამაშეები და სტადიონი

ბეისბოლის გუნდში თამაშობს ცხრა მოთამაშე. მოედანზე კუთხეებს ეწოდება: ,,სახლი“, ,,პირველი ბაზა“, ,,მეორე ბაზა“ და ,,მესამე ბაზა“.

მოთამაშეების სახელები და ფუნქციები ასეთია:

Pitcher – პიჩერი/ჩამწოდებელი;

Hitter/biter– ბიტერი/მომგერიებელი;

Catcher – ქეჩერი /დამჭერი.

  1. სავარაუდო დავალების პირობა ფიზიკაში:

ძირითადი ლიგის ბეისბოლის მოთამაშე ხვდება მფრინავ ბურთს. ბურთი ხელთათმანიდან გამოდის 41მ/წმ სიჩქარით, ჰორიზონტისადმი 720 კუთხით. სახლიდან რა მანძილზე უნდა იდგეს მოთამაშე, რომ მან იმავე სიმაღლეზე დაიჭიროს ბურთი, რა სიმაღლიდანაც ის გაისროლეს.

  1. ბეისბოლი ბიტა – სამოყვარულო დონეზე მოთამაშეები გამოიყენებენ ალუმინისგან დამზადებულ ბიტას; პროფესიონალურ დონეზე კი ხისგან (არყის ან ნაცრის ხის) დამზადებულ ბიტას იყენებენ.

გამოყენებული ლიტერატურა

https://bit.ly/3suEB3K

https://bit.ly/3bImpN1

რუსთაველი- ენობრივი რევოლუცია-სასკოლო პროექტების თემატიკისათვის

0

ენა პოეზიაა და თავის შესაძლებლობას ყველაზე უკეთ პოეზიით ავლენს. როგორ დაიწყო პოეზია? ამბობენ, რომ სიმღერასა და ცეკვასთან ერთად, რიტუალსა და შელოცვებთან, ჩუმი, სარიტუალო ბუტბუტით და თავაწყვეტილი რიტუალური ცეკვებით, მერე? მერე რად იქცა? ზოგჯერ სწავლებისა და ერის წინამძღვრობის ფუნქცია დაეკისრა, ხან უბრალო დიალოგის, ხან – სიყვარულში გამოტყდომის, მკვდრის დატირების, ბავშვისთვის პირველი სიტყვების სწავლების და ა.შ. ზოგჯერ კი, სრულიად წარმოუდგენელი ჟღერადობის სიმფონიური პოემის-„ვეფხისტყაოსნის“ ახმიანებაც შეძლო ენის  ორკესტრმა.

დღეს როგორაა? პოეზიისა და სამეტყველო ენა ერთი იგივეა თუ სხვადასხვა? არა, სამი სტილის თეორიაზე არ მოგახსენებთ და არც ენის სოციალურ კლასებსა და გამოხატვის თავისებურებებზე. სხვა რამეს ვგულისხმობ. პოეტი ენისათვის ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ვთქვათ ჟანგბადი ცეცხლის ასანთებად.  რატომ?  რატომ პოეტი და არა, ვთქვათ, პროზაიკოსი? იმიტომ რომ პოეტებს აქვთ ენის ინტუიცია, ისინი ბედავენ ახალი ფორმების შექმნას, ისინი ქმნიან ენის აწმყოს და განაპირობებენ, ზოგჯერ წინასწარმეტყველებენ კიდეც მის მომავალს. ამიტომაა, რომ ზოგჯერ შესაძლებელია პოეტის ენა, რომელიმე პოეტური ტექსტის ენობრივი ქსოვილი თანადროული არ იყოს სამეტყველო ენასთან, მას უსწრებდეს, გეოგრაფიულ თუ დროით პარალელებს მოიცავდეს, ახალ ფორმას აწარმოებდეს.  ენა ქმნის პოეტს და პოეტი ქმნის ენას, გამოავლენს მის შესაძლებლობას თუ შესაძლო განვითარებისა და ცვლილებების გზას.

ამ თვალსაზრისით, ყველაზე რთული, მრავალმხრივი, საინტერესო დაკვირვებისათვის სწორედ ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი ტექსტი „ვეფხისტყაოსანია“ ზედგამოჭრილი, მით უფრო, თუ ამ დაკვირვებას მოსწავლეებთან ერთად ვაწარმოებთ.

ჩვენი სასკოლო პროგრამა სხვადასხვა კლასში ითვალისწინებს ამ საოცარი ტექსტის სწავლებას, თუმცა, რატომღაც მაინც ვერ ვახერხებთ, სრული წარმოდგენა შევუქმნათ მოსწავლეებს, რატომ არის ეს პოემა საოცარი, ყველაზე მნიშვნელოვანი, რატომ განაპირობებს ჩვენი ქვეყნის კულტურულ იდენტობას.  რატომღაც, მაინც ვერ ვახერხებთ მათ გულებამდე მივიტანოთ თავგადასავლებით, სილამაზით, სიკეთით, სიბრძნით სავსე პოემა. იქნებ ამ პრობლემის ერთ-ერთი წახნაგი ენობრივ საკითხებზე ყურადღების ნაკლებად გამახვილებაა?  „ვეფხისტყაოსანი“ ხომ ერთი მხრივ, ქართული ენის შესაძლებლობის გენიალური ილუსტრაციაა და, მეორე მხრივ, თავად განაპირობებს ქართულ ენას.

მოდი, ჩამოვთვალოთ რამდენიმე საკითხი, რომელიც  „ვეფხისტყაოსნის“ ენობრივი სურათის საკვლევ პროექტად გამოგვადგება სკოლაში.

  1. „ვეფხისტყაოსანი“ -ძველი და ახალი ქართულის მიჯნაზე;
  2. „ვეფხისტყაოსნის“ ენობრივი რევოლუცია- როგორ იქმნება ახალი ქართული ენა;
  3. „ვეფხისტყაოსნის“ ენობრივი საიდუმლო, ლინგვისტური გამოძიება- რატომ გვხვდება ტექსტში ძველი და ახალი ქართულისთვის დამახასიათებელი პარალელური ფორმები;
  4. საკუთარი სახელები „ვეფხისტყაოსანში“;
  5. რომელ დიალექტზე მეტყველებდა შოთა რუსთაველი?
  6. არის თუ არა ერთმანეთისგან განსხვავებული შოთა რუსთაველის პერსონაჟთა მეტყველება?
  7. ემოციის გამომხატველი საშუალებები და „ვეფხისტყაოსანი“;
  8. „ვეფხისტყაოსნის“ სინტაქსური სიახლეები;
  9. რას ნიშნავს პოეზიის ენა?
  10. „მეტაფორების“ ენობრივი საშუალებები;
  11. დიალოგი „ვეფხისტყაოსანში“;
  12. სიტყვათწარმოება „ვეფხისტყაოსანში“;
  13. „ვეფხისტყაოსნის“ ბგერების სამყარო-ფონეტიკური კვლევები;
  14. სახელი „ვეფხისტყაოსანში“;
  15. „ვეფხისტყაოსნის“ ზმნათა სისტემა.
  16. იპოვე ახალი ქართულისთვის დამახასიათებელი ფორმა;

და ა.შ.

თემატიკა მრავალფეროვანი შეიძლება იყოს, ეს ტექსტი ხომ ენის ნებისმიერი საფეხურისათვის ძალიან საინტერესო მასალას გვაძლევს. სკოლის ასაკში კი თუნდაც ერთ პაწია კვლევას, ერთ მცირე აღმოჩენას ან თუნდაც ძველი თეორიის ხელახალ დადასტურებას წარმოუდგენელი მნიშვნელობა აქვს. ასე ვზრდით მეცნიერებს და რუსთაველის უკვდავ ტექსტზე შეყვარებულ მკითხველს.

 

 

 

როცა ზღვა დაკეტილია, რევოლუცია – დაგვიანებული.

0

ლია სტურუას ერთი ლექსის შეფასება

არსებობს ლექსები, რომლებზეც შეიძლება ტომები დაიწეროს. სულ რამდენიმესტრიქონიანი ლექსები. დაწყებ მათზე წერას ან საუბარს და არ გეყოფა არც ქაღალდი და არც ვირტუალური მეხსიერება. ასეთ ლექსებს სკოლებში კვირეულები უნდა მიუძღვნა და მასთან ერთად სხვა დისციპლინებიც შემოგესწავლება, სხვა წიგნებიც შემოგეკითხება. ეს ლექსები მუდამ აქტუალურია და მუდამ ცოცხალი. მინდა, ერთ ასეთ ლექსზე მოგიყვეთ.

ლია სტურუას „ზღვა დაკეტილია“. მისი სათაურიც პარადოქსულია, ისევე როგორც „თავის ქალა არტისტული ყვავილებით“. ზღვა ხომ ყოველთვის ღიაა, მისი ჰორიზონტი თვალისთვის მიუწვდომელია. როდის შეიძლება ადამიანისთვის ზღვა დაიკეტოს? მოდი, გავიხსენოთ ისტორია, ლიტერატურა, რეალობა, ადამიანური სისუსტეები და ემოციები. წლების წინ, როცა მეთერთმეტეკლასელებს ეს კითხვა დავუსვი, ასეთი პასუხები მივიღე: „როცა ადამიანსა და ზღვას შორის კედელი აღიმართება“; „ბევრმა გემმა შეიძლება დაკეტოს ზღვა, თვალთახედვა“; „შესაძლოა, შიშმა დაკეტოს ზღვა“; „როცაზღვისთვის ვერ იცლი“; „ზღვა შესაძლოა ადამიანის გულის სიმბოლო იყოს, გულის ჩაკეტვა ზღვის ჩაკეტვის გამოხატულებად იქცეს“; „შეიძლება, უბრალოდ ზღვაზე წასვლა აგიკრძალონ და, რა თქმა უნდა, შენთვის ზღვა ჩაიკეტება“…

„მტკივა. ცოფიანი ძაღლი

მყავს მუცელში, უნდა ამოვიღო,

ამოვიხიო, ამოვიგლიჯო

ეს წითელი ბაირაღი!“

აქ უკვე სიმბოლოთა მთელი ჯარია. ასოციაციების რუკის შევსება ბავშვებს მიიყვანს მთავარ იდეამდე: რას ნიშნავს წითელი? რასთან ასოცირდება ეს ფერი? შიშთან, სიკვდილთან, სიყვარულთან, ცეცხლთან, ბრძოლასთან, საბოლოოდ – მძაფრ ემოციებსა და გრძნობებთან, – ასეთი იყო ჩემი მოსწავლეების ასოციაციები. ბაირაღი ზოგმა დროშად წარმოიდგინა ზოგმა – ყელსახვევად. თუმცა ლექსის გაგრძელებამ უკვე ყველა ერთ აზრამდე მიიყვანა:

„რევოლუცია?

სადღა შემიძლია. პირიქით, ვწერ

და ეს ძაღლი მინათებს,

ანუ ტკივილი…“

აღმაფრენას, წითელ ბაირაღებს და სტრიქონებიდან გამოპარულ ბრძოლის წყურვილს ფრთები ეკვეცება და ძირს ეხეთქება, თითქოს გაცოფებულმა ჰელიოსმა ცაში მონავარდე იკაროსის ფრთები დაადნო და ისიც ბზრიალ-ბზრიალით ეშვება დაბლა. პირიქითაც: ავტორის არსში ჩაბუდებული მტერი – ცოფიანი ძაღლი ტკივილად ქცეულა და ტკივილი – ძალად, ტკივილი – სიტყვებად, რომლებიც საბოლოოდ დაღლილი ლირიკული გმირის ბოლო ამოთქმაა. სიტყვა „რევოლუციამ“, რა თქმა უნდა, ცნობილ რევოლუციებთან მიგვიყვანა და მისი არსის ჩაწვდომაც ვცადეთ, ვიმსჯელეთ, ცოტა ისტორიასაც გადავწვდით და დავასკვენით, რომ რევოლუცია მხოლოდ მატერიალურ სამყაროში მომხდარ გადატრიალებას არ გულისხმობს – ხშირად რევოლუცია ადამიანის სულში ხდება და ის გარდაქმნის, განახლების, ძველზე უარის თქმის წინაპირობაა. ჰოდა, ამ გაგებით ავტორი უარს ამბობს ცვლილებაზე, მას აღარ შეუძლია, დაღლილია – უნდა, მაგრამ ვერა, ძალა აღარ აქვს, ნებდება. როდის ნებდება ადამიანი? „როცა დაღლილია“, „როცა სხვა გზა არ დარჩა, არჩევანი არ აქვს“, „როცა შეუძლებელია არდანებება“, „როცა ვიღაც ან რაღაც აიძულებს დანებებას“. ლექსს ვაგრძელებთ და თანდათან ცხადი ხდება ზღვის დაკეტვის მიზეზიც, ავტორის დაღლილობა და აპათიაც.

„ზღვას კონვერტითაც ვერ გამომიგზავნის,

მარკიანი, ბეჭდიანი, საქმიანი კონვერტით,

რომელსაც მისამართი აწერია…

სწორედ ეს მისამართი შეჭამეს,

თავის მელნიან-შტამპიანად“.

ფიქრები აფხაზეთისკენ გარბის. ბავშვები ეძებენ ინფორმაციას აფხაზეთის ომის შესახებ. დავალებად აქვთ, ახლობლებში, ნათესავებში, მეზობლებში იპოვონ ის ადამიანები, რომლებსაც ახსოვთ აფხაზეთის ისტორია, ან დევნილები არიან, ან იმ დროის შემსწრეები, მოვლენების თვითმხილველები და ინტერვიუ ჩამოართვან, აუცილებლად ჰკითხონ შეგრძნებებზე, ემოციებზე, მონატრებაზე, ნოსტალგიაზე. რას განიცდიან, როგორ უმკლავდებიან წარსულის მძიმე ამბებს. კლასში ემოციების მთელი კალეიდოსკოპი მოაქვთ. დაფაზე ვწერთ იმ სიტყვებს, რომლებიც პოეტურად გამოხატავს მონატრებას, ვიწერთ შედარებებს, მეტაფორებს. ამ სიტყვებით ვერლიბრის, თეთრი ლექსის შექმნას ვცდილობთ, ვეუბნები, რომ მთავარი სიტყვები და გრძნობებია, ისინი თავად იპოვიან კალაპოტს, თავად შექმნიან რიტმს, თავად აეწყობიან და მართლაც ასე ხდება, ჩვენ თვალწინ ახალი ისტორია იბადება ლექსად. /ჭუჭყიანი, ნაცრისფერი კორპუსის პაწაწინა ფანჯრიდან ლურჯი ცის ნაგლეჯი მოჩანს, ფიქრები სოხუმისკენ გარბიან, ცის ნაკუწი უცებ მღელვარე ზღვად იქცევა, თეთრი ღრუბლები მასზე მოლივლივე იალქნებია. დღეები მონატრებას აქვავებს და ლოდებად აქცევს, ეს ლოდებია, სიხარული რომ დამავიწყა…/ და ასე ვაგრძელებთ, ბავშვურად, მაგრამ ამავე დროს გულში ჩამწვდომად, ინტერვიუდან ვწურავთ შეგრძნებებს, სიტყვებს და ახალ რეალობად ვაქცევთ.

ლექსს კიდევ ერთხელ ვკითხულობთ, ვაანალიზებთ, სიღრმეებში ჩავდივართ. რამდენიმე ბავშვი მხატვრულად, ემოციურად კითხულობს, ცდილობენ, ავტორის ენერგია ამოიცნონ. ვმსჯელობთ და განვიხილავთ მხატვრულ ხერხებს, მეტაფორებს, სიმბოლოებს, ეპითეტებს.

ბავშვები ავტორის სხვა ლექსებითაც ინტერესდებიან, კითხულობენ, მსჯელობენ, ერთმა გოგონამ ილუსტრაციის შექმნა სცადა, ვიღაცას ავტორის მოწვევის იდეა გაუჩნდა, ვიღაცა პირობას დებს, რომ ოდესმე აფხაზეთში წავა. მოკლედ, „დაკეტილი ზღვის“ კვირეული ნამდვილად შედგა.

ლურჯ ზოლიანი დროშის ისტორია

0

უკრაინელი ხალხის მიმართ სოლიდარობის გამოხატვის მიზნით გამართულ დემონსტრაციებზე ახალი, ძალიან უცნაური და ბევრისთვის უცნობი დროშა გამოჩნდა. დროშა თეთრია, მისი ცენტრალური ნაწილი კი ლურჯი ზოლით არის გადაკვეთილი. ლურჯ ზოლიანი ალამი პირველად თბილისში ააფრიალეს, დღეს კი მისი შემჩნევა თითქმის ყველა კონტინენტზეა შესაძლებელი. რუსეთის მიერ გაჩაღებული ომისა და პუტინის რეჟიმის მოწინააღმდეგეთა მრავალათასიან მსვლელობებს უცხო სიმბოლო წინ მიუძღვის ვანკუვერსა და ადელაიდაში, ბუენოს-აირესსა და კიშინოვში, მსოფლიოს სხვა დიდ ქალაქებსა თუ ადმინისტრაციულ ცენტრებში.

აღსანიშნავია, რომ ამ ალამს ძირითადად რუსეთის მოქალაქეების ან რუსეთიდან პოლიტიკურ ემიგრაციაში წასული ადამიანების ხელში თუ შენიშნავთ. მიუხედავად ამისა, ლურჯ ზოლიან დროშას ვერც ერთ სასკოლო ატლასსა თუ სახელმძღვანელოში ვერ მიაკვლევთ. თავად ვექსილოლოგიით გატაცებული მოსწავლე გახლდით. ყოველთვის დიდი ყურადღებით ვაკვირდებოდი წიგნებში აღმოჩენილ ბაირაღებსა და ვიმპელებს. შემდეგ მათ დახატვასაც ვცდილობდი, ხანდახან თავად ვიგონებდი ახალ-ახალ ჰერალდიკურ ნიშნებს. მიხარია, რომ საქართველოს სკოლებში სტუმრად ყოფნის დროს ხშირად ვხვდები ხოლმე მოზარდებს, რომელთაც ჩემზე მეტად უყვართ ფერად-ფერადი ნაჭრებისგან შეკერილი, ნაციონალური თუ სამხედრო სიმბოლოების შესწავლა. აქედან გამომდინარე, შევეცდები, რომ ლურჯ ზოლზე მსჯელობით მათი ცნობისმოყვარეობა დავაკმაყოფილო.

მაშ ასე, საიდან გაჩნდა საერთაშორისო პოლიტიკურ სარბიელზე ახალი, ლურჯ ზოლიანი ალამი?

საქართველოში ხშირად ამტკიცებენ, რომ „ორი რუსეთი“ არ არსებობს და ყველა რუსი ერთნაირია. დასავლეთისგან განსხვავებით ჩვენ ქვეყანაში არაფრად აგდებენ რუსეთის იმ მოქალაქეების ბრძოლას, რომლებიც დემოკრატიისთვის, პოსტ-საბჭოთა ქვეყნებთან მშვიდობიანი და კეთილმეზობლური თანამშრომლობისთვის, თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობისა და რუსეთის ევროპულ სახლში გაწევრიანებისთვის თავს სწირავენ. მათი წამება, დევნა, უკანონო პატიმრობა ბევრს შეუმჩნეველი რჩება. შეიძლება ასეთი ადამიანები ბევრი არ არიან, მაგრამ ისინი არსებობენ და სიცოცხლის ფასად ცდილობენ უკრაინელი ხალხის დაცვას კრემლის აგრესიისაგან. სწორედ ამგვარი რწმენა-წარმოდგენების მქონე რუსებმა, ანტიპუტინისტმა, ანტიმილიტარისტმა და ანტიიმპერიალისტმა რუსებმა გადაწყვიტეს, რომ შეექმნათ ახალი დროშა, რათა თავიანთი ხმა მიეწვდინათ დანარჩენი სამყაროსთვის და რიგით რუს მოქალაქეში ადამიანობის, ჰუმანურობის გამოღვიძების გაიშვიათებული შემთხვევები წარმოეჩინათ უკრაინის დასაცავად დარაზმული საერთაშორისო საზოგადოებისათვის.

დროშას ერთი კონკრეტული ავტორი არ ჰყავს. ახალი დიზაინი თითქმის ერთდროულად, პარალელურად შექმნეს რუსეთში მცხოვრებმა ანონიმურმა ბლოგერებმა და ემიგრაციაში მყოფმა დიზაინერებმა. თეთრი, ლურჯი და თეთრი ზოლებით გაწყობილ დროშას სოციალური ქსელების მომხმარებლებმა უმალვე მიანიჭეს უპირატესობა. ახალი ბაირაღის გამოყენების მომხრეთა რაოდენობა ერთ კვირაში გეომეტრიული პროგრესიით გაიზარდა. რამ განაპირობა ოპოზიციონერთა სიმბოლოს უპირატესობა? რა შინაარსის ამოკითხვას ცდილობენ ალამში მის ირგვლივ გაერთიანებული ადამიანები.

  1. უკრაინაში ომის მოწინააღმდეგეები აცხადებენ, რომ ლურჯ ზოლიანი დროშა ძალიან მარტივად წარმოიქმნა. ისინი მიანიშნებენ, რომ ახალი სიმბოლო რუსეთის ფედერაციის დღეს მოქმედ დროშაზე უკანასკნელი, წითელი მესამედის წაშლის შედეგად მიიღეს. მათ სურთ, რომ რუსეთის დროშიდან წითელი ზოლის გაქრობას რუსეთის საგარეო პოლიტიკის სტრატეგიიდან სისხლიანი ავანტიურების ორგანიზების გაქრობაც მოჰყვეს. ოპოზიციონერებს რცხვენიათ, რომ რუსეთის ხსენებისას ხალხს ომის, ნგრევის, უდანაშაულო ადამიანთა ხოცვის სცენები წარმოუდგებათ თვალწინ.
  1. თავისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში ერთიანი რუსეთი არასდროს ყოფილა დემოკრატიული ან თანამედროვე რესპუბლიკური მმართველობის სახელმწიფო. რუსეთის დაქუცმაცებულობის პერიოდიდან შეგვიძლია გავიხსენოთ რამდენიმე პატარა შემთხვევა, როდესაც ჩრდილოეთის ხალხებმა დეცენტრალიზებული, მოქალაქეების თანამონაწილეობის საფუძველზე მართული პოლიტიკური სისტემის შექმნა გადაწყვიტეს. ერთ-ერთი ასეთი უპრეცედენტო გამონაკლისი შუა საუკუნეების დიდი ნოვგოროდი გახლდათ.

ახალი ეპოქის დაწყებამდე დიდი ნოვგოროდი სავაჭრო ქალაქი და ჩრდილოეთ ევროპის უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო კვანძი გახლდათ. აქ იყრიდნენ თავს ბალტიის ნაპირებზე მდებარე სახელმწიფოთა სავაჭრო გემები, რუსეთის დიდ მდინარეებზე გადაადგილებით გამდიდრებული კომერსანტები, ცვლიდნენ პროდუქტს, ცოდნას, სარგებლობდნენ ერთმანეთის მომსახურებით, ქმნიდნენ ბლოკებსა და კოალიციებს. ევროპის ქალაქებში განსაკუთრებულად დიდი მოთხოვნა ნოვგოროდის ირგვლივ მდებარე ტყეებში დაჭერილი ცხოველების ბეწვზე ყოფილა.

ნოვგოროდის მდიდარი და შეძლებული, ვაჭრებისგან, მრეწველებისგან, მესაკუთრეებისა და მაღალი რანგის ხელოსნებისგან შემდგარი საზოგადოება ხშირად არ ემორჩილებოდა რუსეთის სხვა კუთხეებში გაბატონებულ დესპოტიას. დამოუკიდებელი პოლიტიკის გასატარებლად მათ ცალკე რესპუბლიკა შექმნეს. რესპუბლიკას ვეჩე, მოქალაქეთა და ბოიართა კრება მართავდა, კრება ირჩევდა ქალაქის თავს, ქალაქის სამხედრო გარნიზონის ხელმძღვანელს, წყვეტდა ომისა და მშვიდობის ბედს, იღებდა კანონებს. ვეჩეს წინაშე ანგარიშვალდებული იყო დიდი ნოვგოროდის თავადიც, მას გადაწყვეტილებების დროს ლეგიტიმაციის მიღება კრებისაგან სჭირდებოდა. 1478 წელს დიდი ნოვგოროდის რესპუბლიკა პუტინისა და იმპერიალისტი რუსებისათვის მისაბაძმა ისტორიულმა ფიგურამ, მოსკოვის მთავარმა ივანე მრისხანემ დაამხო და წერტილი დაუსვა ადრეული რუსული დემოკრატიის ჩამოყალიბების მცდელობას.

გარკვეული პერიოდის განმავლობაში თეთრი, ლურჯ ზოლიანი ქსოვილი დიდი ნოვგოროდის დროშა გახლდათ. შესაბამისად, 2022 წელს დაწყებული ანტისაომარი მოძრაობის წევრები ნოვგოროდის ძველ შტანდარტის გამოყენებით რუსეთის ისტორიაში არსებულ ერთადერთ, მეტ-ნაკლებად თავისუფალ რესპუბლიკასთან იდეური კავშირის დამყარებას ესწრაფვიან.

  1. რუსი ოპოზიციონერების ალამი ტყუპისცალივით ჰგავს თავისუფალი ბელორუსის დროშას, რომლის ცენტრშიც  წითელი ჰორიზონტალური ზოლია გავლებული. აღნიშნული მსგავსებით დემოკრატ აქტივისტებს იმის თქმა სურთ, რომ პუტინისა და ლუკაშენკოს განუყრელ კავშირის წინააღმდეგ თავისუფალი რუსები და ბელორუსებიც აპირებენ ალიანსის შეკვრას, ერთმანეთის გაძლიერებას.

 ვილნიუსში, ბორის ნემცოვის სახელობის სკვერში შეკრებილმა მომიტინგეებმა მოკლედ ამგვარად შეაფასეს ახალი სიმბოლოს მნიშვნელობა: „იგი გვათავისუფლებს კრემლთან კავშირისაგან, ამ დროშის დემონსტრირებით, ჩვენ – რუსები ბრძოლას ვუცხადებთ ომს, დიქტატურასა და ცენზურას, ლურჯ ზოლიანი ალამი არ არის სახელმწიფო ნიშანი, ის ხალხის გაერთიანებას გამოხატავს“.

კაბინეტებსა და სასახლეებში შექმნილი სიმბოლოები დიდ ხანს ვერ ძლებენ. ადამიანთა გულების დაპყრობა მხოლოდ ბრძოლაში გამოცდილ და გამარჯვებულ ნიშნებს შეუძლიათ. იმედია, Z-ით დადაღული ჯარისკაცების ნაცვლად ლურჯ ზოლიანი დროშით ხელში ქუჩებში გამოსული პატიოსანი მოქალაქეები გაიმარჯვებენ.

იშენ ქუგორლუაფუდა…

0

თვალსაზრისები ქართველურ ენათა დაცვის თემებზე

 14 აპრილს, ქართული ენის დაცვის დღეს, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ გახმოვანებულმა ინიციატივამ მეგრული და სვანური ენების სკოლებში სწავლებასთან დაკავშირებით საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. ახლა, როცა სოციალური ქსელებით ყველას თვალსაზრისი და დამოკიდებულება მოვლენებისადმი ნათლად იკითხება, ადვილია ჩვენი საზოგადოების რეაქციების აღქმა. დამღლელია ყველა საჭირბოროტო საკითხზე საზოგადოების პოლარიზაცია, განსხვავებულ პოზიციებზე მდგომთა აგრესია ერთმანეთის მიმართ, მაგრამ ალბათ ეს ყოველივე თანამედროვე ცხოვრების თანმდევი პროცესებია და უნდა გავუძლოთ. განსხვავებული თვალსაზრისების ჭიდილი ყველა ეპოქაში ყოფილა, თუმცა იყო დრო, როცა საჯაროდ გამოხატვის შესაძლებლობები არ არსებობდა. როგორც სხვა ყველაფერს, ამ პროცესსაც თავისი დადებითიც აქვს და უარყოფითიც. უარყოფითი მხარეა ის, რომ გამოფენილია ყველა და ყველაფერი და საზოგადოების დაყოფა-დაპირისპირება ზოგჯერ გროტესკულ სახეს იღებს; ხოლო დადებითი ისაა, რომ ნათლად იკვეთება ყველა მოვლენისადმი საზოგადოებრივი მიმართების შუქ-ჩრდილები.

2017 წელს განათლების სამინისტრომ და თბილისის კლასიკურმა გიმნაზიამ, სადაც ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად ვმუშაობ, სენეგალის დედაქალაქ დაკარში მიმავლინა ბრიტანეთის საკონსულოს მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც ლოკალური ენების პრობლემებს ეძღვნება ხოლმე. ეს იყო მე-13 საერთაშორისო კონფერენცია, რომლის ჩატარება სენეგალში სიმბოლური იყო იმის გათვალისწინებით, რომ სენეგალი საფრანგეთის ყოფილი კოლონიაა, ქვეყნის სრული ფრანკიზაცია რეალობაა, ოფიციალური სახელმწიფო ენა ფრანგულია, ყველა ფრანგულად ლაპარაკობს და ქვეყნის 14-მილიონიან მოსახლეობას მშობლიური ენები თითქმის დავიწყებული აქვს. ადგილობრივ ენებზე ერთ წარწერასაც კი ვერ შენიშნავთ დედაქალაქში. ეროვნული ენების სტატუსი აქვთ შემდეგ ენებს: ბალანტა, ჰასანია, ჯოლა-ფონი, მანდინკა, მანდიაკი, მანკანია, ნუნი, პულაარი, სერერი, სონინკე და ვოლოფი, რომელიც ლინგვა ფრანკაა (ანუ აფრიკული ფრანგულია). მიუხედავად ასეთი მდიდარი ენათა ოჯახისა, სენეგალი დღეს ლოკალური ენების სიკვდილის რეალობის წინაშე დგას, რადგან ახალი თაობა მხოლოდ ფრანგულად და ინგლისურად საუბრობს და ამ ენების გადარჩენის შანსი მინიმალურია. კონფერენციაზე ბრიტანეთის საკონსულოს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ევროპა დაინტერესებულია ლოკალური აფრიკული ენების გადარჩენის პოლიტიკით, რადგან ენა მრავალფეროვან კულტურულ კოდებს ინახავს და მსოფლიო კულტურული მრავალფეროვნება წაიშლება ენათა გაქრობის შემთხვევაში. ევროპა, რომელიც 1-2 საუკუნის წინ კოლონიზატორულ პოლიტიკას ეწეოდა აფრიკაში, დღეს აფრიკელ ხალხს მხარს უჭერს საკუთარი ენების დაცვაში. რამდენადაც ვიცი, იუნესკომ, ე.წ., მილევადი ენების ნუსხაში შეიტანა ქართველური ენებიც, მეგრული და სვანური, ხოლო ჩვენი სახელმწიფო ვერაფერს აკეთებს მათ დასაცავად. სალომე ზურაბიშვილის ინიციატივა ნასაზრდოები იყო სწორედ ამ საერთო ევროპული დამოკიდებულებით, თუ ეს საკითხი სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილი გახდება, მოიგებს ყველა, მოიგებს ჩვენი ქვეყანა.

სოციალურ ქსელში ფართოდ გავრცელდა ასტროლოგისა და მწერლის, რამაზ გიგაურის ჩანაწერი ქართველურ ენათა ოჯახის თემაზე. ვფიქრობ, უადგილო არ იქნება, თუ ამ ჩანაწერს აქ შემოგთავაზებთ: „ინდოეთში ყოფნისას უდაიპურისკენ მიმავალ გზაზე, ინდოელი გიდი შემეკითხა:

– ალბათ, ქართული ენა ინდოევროპულ ოჯახს განეკუთვნება არა?

– არა, ქართულ ენას თავისი, საკუთარი ოჯახი აქვს.

– რამდენი ხართ ქართველები? – მოწკურა თვალები დამცინავად.

– საქართველოში დაახლოებით 4.5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. საქართველოში ქართველები ვიქნებით ალბათ ასე 3 მილიონი… – ვუპასუხე მე.

– და 3 მილიონ ადამიანს საკუთარი ენათა ოჯახი გაქვთ? შეუძლებელია! – შეიცხადა.

– დაგუგლე, სუშანტ, – ვუთხარი მე, რადგან იგი ინტერნეტს აქტიურად იყენებდა. დაგუგლა… არის ჩუმად, ხმას არ იღებს… იყურება ფანჯარაში… კიდევ დაგუგლა, კითხულობს… ისევ ჩუმად იყურება ფანჯარაში.

– რაო? რა წერია? – ვერ მომითმინა გულმა, უცბად მოტრიალდა გიჟივით:

– თითქმის მთელი ევროპის ენები ინდოევროპულ ენათა ოჯახს ეკუთვნის და ვინა ხართ თქვენ, ქართველები, რომ ასეთ მცირე ხალხს ენის საკუთარი ოჯახი გაქვთ?

უცებ ამიდუღდა სისხლი:

– ჩვენ, ქართველები… – აქ ჩამეხრინწა ხმა და ვეღარ ამოვიღე. თვალები ცრემლით ამევსო, ახლა მე გავიხედე ფანჯარაში. მანქანა მიქროდა უდაიპურისკენ და მე გულში ვიმეორებდი: „ჩვენ, ქართველები”…

ჩემდა გასაოცრად, ამ ინიციატივის მოწინააღმდეგეებმა ისევ და ისევ მეგრულ და სვანურ სეპარატიზმზე დაიწყეს საუბარი. მტკიცება იმისა, რომ მსგავსი საფრთხე არ არსებობს, აბსურდულად მიმაჩნია. როგორც იტყვიან, არ ღირს მტკიცება იმისა, რომ ვარდისფერი სპილოები არ ვართ.

როგორც პროფესორმა მზექალა შანიძემ განაცხადა, არასდროს მეგრელებს და სვანებს მიდრეკილება სეპარატიზმისკენ არ ჰქონიათ, ხოლო თუ აქა-იქ გამოჩნდა რამე მსგავსი მეცხრამეტე საუკუნეში, ეს იყო სწორედ რუსეთის იმპერიის რუსიფიკატორული პოლიტიკის შედეგი. დღემდე თუ სადმე გაიელვებს სამეგრელოში სეპარატისტული იდეა, მისი პოპულარიზატორი ყოველი პირი რუსეთის სპეცსამსახურების მიერ საგანგებოდ დამუშავებული ოდიოზური ფიგურაა და არასოდეს, მთელი პასუხისმგებლობით ვიტყვი, არასოდეს სამეგრელოს ყურადღება არ მიუქცევია მათთვის. ეს იყო საზოგადოებისგან აბსოლუტურად გარიყული, მარგინალური, კომპრომეტირებული ჯგუფი. ისინი ხან გაზეთებს და საინფორმაციო ბუკლეტებს გამოსცემდნენ, მაგრამ არასოდეს ჰყოლიათ მიმდევრები და ხალხში ამ იდეებს არასდროს ეწერა რეალიზაცია. მეტსაც გეტყვით, სეპარატიზმის საფრთხეს ის კი არ ქმნის, რომ ქართულმა სახელმწიფომ უნიკალური ლინგვისტური საგანძურის დაცვაზე იზრუნოს, არამედ პირიქით, სეპარატიზმის საფრთხე გარკვეულმა მარგინალურმა ჯგუფებმა შეიძლება გააღვივონ სწორედ იმ მოტივით, რომ ენას ემუქრება გაქრობა და ამ ფონზე ჩვენი სახელმწიფო ინერტულია.

სოციალურ ქსელებში იხილავდნენ დაბრკოლებებს, რომლებიც მოსალოდნელია ამ ენების სწავლებისას. ძირითადად საუბარი იყო იმაზე, რომ:

  1. არ იქნება ინტერესი და მსურველები არ ეყოლება მეგრულისა და სვანურის შესწავლას, ვინაიდან არ არსებობს მათი ცოდნის საჭიროება და რეალიზაციის ასპარეზი;
  2. არ გვეყოლება მასწავლებელთა კვალიფიციური კადრები, რომლებიც თავს გაართმევენ ამ საქმეს;
  3. არ გვაქვს რესურსები და მათი შექმნა დიდ პრობლემებთან, სოლიდურ ფინანსურ პასუხისმგებლობებთან იქნება დაკავშირებული.

ეს ყველაფერი მოგვარებადია. თუკი სურვილი გვექნება, იდეა არ მოკვდება. „თუ გული გულობსო“… ნათქვამია. თუ მეოცე საუკუნის 70-იან წლებში ვინმე თამაზ ნოდიამ თაღლითურად მოახერხა, რომ მაგადანში ჩუქჩებისთვის ქართული ანბანით ესწავლებინა მეგრული, 21-ე საუკუნეში, ციფრულ ეპოქაში, რა გაგვჭირვებია საიმისო, რომ ენა ვერ ვასწავლოთ ბავშვებს?! სახელმწიფო მზრუნველობა ქართველური ენებისადმი აუცილებელია თუნდაც იმიტომ, რომ ხალხში ამაღლდეს ლინგვისტური ცნობიერება, თუნდაც ეროვნული თვითშეგნება, რომ ეს უძველესი და უმდიდრესი ენები თავიანთი საოცარი ფოლკლორით არ დაიკარგოს. ცალკეული მცდელობები მეგრული ან სვანური პოეზიის ანთოლოგიის გამოცემისა საქმეს ვერ უშველის. ჩვენ გვყავს ორენოვანი პოეტები, რომელთა შემოქმედებაც მეგრული ენის გადარჩენისთვის საგანძურია. გარდასულთაგან დავასახელებ ლაშა გახარიას, ხოლო თანამედროვე ავტორთაგან: ბათუ დანელიას, რაულ ჩილაჩავას, გურამ ფეტელავას (გური ოტობაიას ფსევდონიმით) შუკო ჯიქიას, ზაალ ჯალაღონიას, სხვაც ბევრია და ნუ მიწყენენ. მათი ტექსტები ინახავენ მეგრული ენის მადლსა და სიღრმეს.

რაც შეეხება ხალხის ცნობიერებას, შორს რომ არ წავიდე, საკუთარი ოჯახის მაგალითზე ვიტყვი. დედა და ბებია დაწყებითი კლასების მასწავლებლები იყვნენ და დაუშვებლად მიაჩნდათ, რომ ბავშვებისთვის მეგრული ესწავლებინათ. მე და ჩემმა ძმამ ისე მივაღწიეთ სასკოლო ასაკს, რომ მეგრული არ გვსმენია, ოჯახში მხოლოდ ქართულად გვესაუბრებოდნენ და სკოლაში რომ მივედით, თანაკლასელებისგან არასაგაკვეთილო დროს ვსწავლობდით მეგრულად მეტყველებას. ასეა ახლაც. სამეგრელოს ოჯახების უმრავლესობაში ნორმაა ის, რომ ბავშვებს პრინციპულად უკრძალავენ მეგრულად მეტყველებას. რომელ სეპარატიზმზეა საუბარი?! 1993 წლის სამოქალაქო ომის დროს „მხედრიონის“ თარეშს და ყოველივე მეგრულის დემონიზაციას დიდსულოვნად გაუძლო სამეგრელომ, არასდროს წამოსცდენია საყვედურიც კი დედა-სამშობლოსადმი, არასდროს გამოკლებია საერთო ქართულ საქმეს და არასდროს ყოფილა უკანასკნელი საქვეყნო საზრუნავში. ახლა სად ხედავენ ნეტა შავ კატას ბნელ ოთახში? თანაც მაშინ, როცა ის იქ არ იმყოფება.

ქართული სრულყოფილი ენაა (ამას ხელს ვაწერთ და ვაღიარებთ ყველა კუთხის ქართველები!), სხვა ქართველური ენების დარდი აღარ გვქონდეს? სად არის ლოგიკა? ნიკო მარი კი გახლდათ იმპერიაში ცნობილი ქართველოლოგი, მაგრამ ეს ის ნიკო მარი არ არის, ილია ჭავჭავაძეს რომ მიწასთან ასწორებდა და შეურაცხყოფილი სტუდენტი კონსტანტინე გამსახურდია რომ შეეწინააღმდეგა, უნივერსიტეტიდან გაარიცხვინა? ვგონებ, ეს ის ნიკო მარია, რომელიც „ვეფხისტყაოსანს“ დასცინოდა, თარგმანად ასაღებდა და კარგა ხანს ამტკიცებდა, რომ ბრიტიშ მუზეუმში პოემის სპარსული ორიგინალი იპოვა? ნიკო მარს ვენდოთ და მამა-შვილ შანიძეებს, არნოლდ ჩიქობავას, ვარლამ თოფურიას, გიორგი ახვლედიანისა და სხვა დიდ ენათმეცნიერთა მოსაზრებები დავივიწყოთ?

სამეგრელოსა და სვანეთის ვითარება ამ მიმართულებით ცნობილი მეგრული სიმღერის „ვაგიორქო მა“ ლირიკული გმირის ყოფას მაგონებს. ამ სიმღერაში მთავარი ლირიკული გმირი უარყოფილი მიჯნურია, რომელიც უგულო სატრფოს ასე მიმართავს: „ვაგიორქო მა? ვამორწონქო მა? იშენ ქუგორლუაფუდა, სკანი ჭირი მა“… არ გიყვარვარ? არ მოგწონვარ? მე მაინც შემოგევლე, შენი ჭირი მეო…

ჰოდა, მეგრელებს (სვანებიც დამეთანხმებიან, ვიცი!) მხოლოდ ესღა გვაქვს სათქმელი შენთვის, ჩვენო თვალხატულა საქართველოვ: „იშენ ქუგორლუაფუდა“…

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...