ჟურნალი “მასწავლებელი”, ინტერნეტგაზეთი “mastsavlebeli.ge”, სამეცნიერო რეფერირებადი ჟურნალი “განათლების მეცნიერება,” გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!
ყველაზე კარგი ჩინური ჩაი (ჩანაწერები საზოგადოებრივი გეოგრაფიის გაკვეთილებისთვის)
პირველი ნაწილი
ლეგენდის თანახმად, ჩვენს წელთაღრიცხვამდე 2737 წელს ჩინეთის იმპერატორი შენ ნუნგი (ე.წ. მეორე მმართველი, ჩინეთის ლეგენდარული იმპერატორებიდან მეორე) ხის ჩრდილში ისვენებდა. ამასობაში მისი მსახური წყალს ადუღებდა. ამ დროს წყალში ხის რამდენიმე ფოთოლი ჩავარდა. შენ ნუნგმა, რომელიც ცნობილი იყო მცენარეებისადმი სიყვარულით (შენ ნუნგს შემდგომ ჩინური მცენარეული მედიცინის მამას დაარქმევენ), გადაწყვიტა გაესინჯა ნახარში, რომელიც მისმა მსახურმა შემთხვევით მოამზადა. ხე, რომლის ქვეშაც იმპერატორმა ფოთლების ნახარში დააგემოვნა, ჩინური კამელია (ლათ. Caméllia sinénsis), გახლდათ – ის მცენარე, რომელსაც დღეს ჩვენ ჩაის ვეძახით. სწორედ ლეგენდარული შენ ნუნგის დამსახურებაა უძველესი სამედიცინო წიგნის, „შენ ნუნგ ბენჩაუ-ჯინგის“ შექმნა, ჩაის ფოთლის, ლეგენდარული ჟენ-შენის ფესვისა და ოთხასამდე სხვა მცენარის სამკურნალო თვისებების პირველი აღწერა.
ჩაის მოყვარულებმა სარეკლამო განცხადებებისა და კლიპების გარეშეც კარგად იციან ნამდვილი ჩინური მწვანე ჩაის გემო და ფასი. მაგრამ, გულახდილად რომ გითხრათ, ყოველთვის მაწუხებდა ერთი კითხვა: „და მაინც, რომელია საუკეთესო ჩინური ჩაი?“ პასუხი ვერავინ გამცა. ინტერნეტში იმდენი ვერსია ამოხტა, რომ ვერაფერი გავიგე. თან როგორია ასობით ჩინური დასახელებიდან ერთ-ერთის ან წაკითხვა, ან არჩევა?
მოკლედ, ძველებურ, „გუგლამდე“ არსებულ გზას მივმართე: ჩემს ჩინელ ნაცნობებს გავუგზავნე კითხვა. პასუხებმაც არ დააყოვნა (ჩინელი ჩინურ ჩაიზე როგორ დაგამადლის ერთ-ორ სიტყვას?), მაგრამ ეს პასუხები ზუსტად ისეთი იყო, როგორსაც მოველოდი: ზრდილობიანი და ზოგადი. დაახლოებით ასეთი: „ასე ზუსტად ვერავინ იტყვის, ჩვენთან ათასობით სახეობა არსებობს“, „პროვინციების მიხედვით თუ ჩამოგითვლით…“, „როგორი ფერმენტაციის ჩაის გულისხმობ?“ მაგრამ დიდია ღმერთი, არ გამწირა ბოლომდე. დავაკვირდი და შევამჩნიე, რომ თითქმის ყველა წერილში ფიგურირებდა ერთი დასახელება: ლუნგ-ჯინ ჩა (Longjing Cha). ეს ლუნგ-ჯინი რა ჩაია-მეთქი? – ვიკითხე. კარგად მიკითხავს. დაიწყო, მაგრამ რა დაიწყო: ასეთია, ისეთია, დრაკონის ჭის ჩაია, იმპერატორების საყვარელი ჩაია, სამკურნალო თვისებებით და ნიგვზის მსგავსი უნიკალური გემოთიო. მოკლედ, საწადელს მივაღწიე, როგორც იქნა, ვათქმევინე ჩინელებს მათი საყვარელი, დაფასებული და აღიარებული ჩაის სახეობის სახელი. თქვენც დაიმახსოვრეთ: ლუნგ-ჯინ ჩა – დრაკონის (ჩინ. ლუნ) ჭის (ჯინ) ჩაი (ჩა), აღმოსავლეთ ჩინეთის, ქალაქ ჰანგჟოუს (ჟეი-ჯანის პროვინცია, შანხაის სამხრეთ-დასავლეთით) ახლომდებარე დასავლეთის ტბის მიდამოებიდან, ჩინური მწვანე ჩაის ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული სახეობა, ნაზი, რბილი და ოდნავ მომწარო გემოთი, ჟეი-ჯიანის ტყეთა ფოთლებზე დაპკურებული დილის ნამისა და ნედლი კაკლის არომატით.
ალბათ ისიც საინტერესოა, რომ ჟეი-ჯანის პროვინცია, რომელიც შანხაის მუნიციპალიტეტის სამხრეთით მდებარეობს, ყველაზე ახლოს არის იაპონიის უკიდურეს სამხრეთთან, რიუ-კიუს კუნძულებთან – კარატეს სამშობლოსთან. რიუ-კიუ, კარატესა და ნუნ-ჩაკოს გარდა, ცნობილია უმაღლესი ხარისხის მწვანე ჩაითაც, თუმცა ოკინავურ ჩაიზე სხვა დროს ვისაუბროთ.
ამრიგად, ჩინელი ნაცნობების გულწრფელი დახმარებით მივაკვლიე ერთ-ერთ საუკეთესო ჩინურ ჩაის – ლონგჯინ ჩას, რითაც ამოვხსენი ჩინეთის მთავარი გამოცანა: ყველა ჩინური პროდუქტი, რომელიც მოგვწონს ან არ მოგვწონს (მოწონება-პარმოწონება სხვა საკითხია და მას აქ არ შევეხები), საიდანღაც მოდის, სადღაც არის დამზადებული, მაგრამ არასოდეს ან თითქმის არასოდეს, არ ვიცით, საიდან.
ჩვენთვის, „მომხმარებლებისთვის“ (ახლა ხშირად ხმარობენ ინგლისურ ტერმინს „კონსუმერები“, რაც დაახლოებით იმავეს ნიშნავს), როგორც წესი, უცნობია, ჩინეთის რომელი პროვინციიდან, კულტურიდან, კლიმატიდან თუ ბუნებრივი ზონიდან მოდის ჩვენამდე ეს პროდუქტი. ამჯერად „ჩინური ჩაის“ (რაც თითქმის არაფერს ნიშნავს) წარმომავლობა დავადგინე.
ჩემთვის უცნობი ეს სახელი, ლუნჯინ ჩა, ჩინეთის აღმოსავლეთი პროვინციიდან, ჟეი-ჯიანიდან ყოფილა (მკითხველისთვის კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს პროვინცია ახლოსაა შანხაისთან, რაც ამ შემთხვევაში ფასეული ინდიკატორია).
მაგრამ კვლავ გამოცანად რჩება დანარჩენი პოპულარული ჩინური პროდუქციის წარმომავლობა. ვიმეორებ: რეალური წარმომავლობა უზარმაზარი ჩინეთიდან. მაგალითად, თქვენთვის ალბათ გასაგებია ასეთი სიტყვათშეთანხმებები: „ჩეხური ლუდი“, „ქართული შოთის პური“, „რუსული ხიზილალა“, „ამერიკული ჯინსები“. „მაისენის ფაიფური“, „პარმული ყველი (პარმეჯანი/პარმეზანი)“, „თუშური ყველი“… მაგრამ რა ვუყოთ „იუნანურ ქათმის წვნიანს“, „ლანჟოუურ მაკარონს ძროხის ხორცით“, „ღორის ხორცს ხარბინულად“? როგორ მოვახდინოთ მათი იდენტიფიკაცია? სამწუხაროდ, ჩინურის თითქმის სრული არცოდნისა და ჩინეთის გეოგრაფიის საკმაოდ სუსტი ცოდნის გამო, ჩვენ (სინოლოგებისა და სხვა იშვიათი გამონაკლისების გარდა) გვიჭირს წარმოვიდგინოთ ამ გიგანტურ ქვეყანაში არსებული კულტურული თუ სხვა სახის განსხვავებები, არაფერი ვიცით იქ მცხოვრებ ასამდე ეთნიკური ჯგუფზე (არაჩინური წარმოშობის ხალხებზე), რომლებიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ ჩინეთის სამყაროს მრავალფეროვნებაზე.
არა, ნუ იფიქრებთ, რომ საქმე ასე ცუდად არის. ჩვენ შესაძლოა ყოველდღიურად არ გვახსოვდეს, მაგრამ ნამდვილად ვიცით, ან გაგვიგონია „სიჩუანის ცხელი ქვაბი“, „იხვი პეკინურად“, „ქათმის გუნ-ბაო“. მაგრამ ეს ხომ ჩინური სამზარეულოს მხოლოდ 0.00001 პროცენტია?
ვინაიდან ზემოთ დასმული კითხვები უპასუხოდ მრჩებოდა, ხოლო ეგზისტენციალური საკითხები – გადაუწყვეტელი, გადავწყვიტე „იდენტიფიცირებული“ და მართლაც ცნობილი ჩაი – „დრაკონის ჭის ჩაი“ გამესინჯა. ანუ აქ, საქართველოში მეპოვნა.
ჩინეთში ორჯერ სტუმრობისას ამ საკითხებს ასე არ ვუყურებდი (უფრო ახალგაზრდა ვიყავი და, შესაბამისად, ზედაპირულიც) და საშუალოსტატისტიკური უცხოელი ტურისტივით გავიძახოდი: „მომიტანეთ ჩინური ჩაი!“ ან „გავსინჯავდი ნამდვილ “ჩინური კერძს“, ან „მინდა, სახლში ჩინური სუნელები ჩავიტანო“… ახლა ვხვდები, რაოდენ ზერელე იყო ჩემი დამოკიდებულება ამ უზარმაზარი კულტურისადმი და როგორი ბუნდოვანი (ან დაბინდული) – ჩემი წარმოდგენა ამ მილიარდ-ნახევრიანი მოსახლეობის მქონე ქვეყანაზე… და ალბათ რა უცნაურად ჩაესმოდათ უცხოელის წარმოთქმული ვითომდა ჩინური დასახელებები დარბაისელ და მუდამ მოღიმარ ჩინელებს!
შესაძლოა, მხოლოდ მოგზაურობისას ვხვდებით, რამდენი რამ არ ვიცით, თუმცა სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ეს ყველაფერი – ახალი ცოდნა, ახალი შეგრძნებები, ახალი დასკვნები, მიდგომები, გადაფასებული თუ გადასაფასებელი ღირებულებები, რომლებიც უცხო მხარის ნახვამ, უცნობმა ადამიანებმა და მათთან ურთიერთობამ გაგვიჩინა – მეორე- ან მესამეხარისხოვანი ხდება და რუტინა, ჩვენი „შეუცვლელი“ ყოველდღიურობა, ძველი თუ ახალი პრობლემები, კვლავ გვაბრუნებენ იმ წარმოსახვით წონასწორობაში, რომელსაც ჩვენი შექმნილი და ჩვენითვე მართული ცხოვრება ჰქვია.
ლეგენდას ლონგ-ჯინის ჩაისა და ჩინეთის იმპერატორზე მაინც ვერ მოგიყევით… გპირდებით, ჩანაწერს გავაგრძელებ და პირდაპირ ამ ლეგენდით დავიწყებ.
(პირველი ნაწილის დასასრული)
ელექტროფორეზი ვირტუალურ ლაბორატორიაში
საშუალო საფეხურზე მეთერთმეტეკლასელებს თითქმის უკვე არჩეული აქვთ პრიორიტეტული საგნები. სამწუხაროდ, ბიოლოგია, ქიმია, ფიზიკა მათი უმრავლესობისთვის მეორეხარისხოვანია.
საბუნებისმეტყველო დისციპლინების მასწავლებლებს განსაკუთრებული ძალისხმევა გვჭირდება, რომ მოსწავლეები დავაინტერესოთ და სასწავლო პროცესში ,,შემოვიტყუოთ“. ამისთვის ექსპერიმენტი საუკეთესო საშუალებაა, თუმცა არსებობს ისეთი საკითხებიც, რომელთა შესაბამისი რეალური ექსპერიმენტების ჩატარება რესურსების სირთულისა და ხანგრძლივობის გამო სკოლის პირობებში შეუძლებელია. ასეთია ელექტროფორეზი. გამოცდილების გაზიარების მიზნით გთავაზობთ რამდენიმე სიმულაციაში მუშაობის ინსტრუქციას:
გელ-ელექტროფორეზი გამოიყენება ბიომოლეკულების, მაგალითად, დნმ-ს ან რნმ-ს დაყოფისთვის. პროცესი მიმდინარეობს აგაროზას გელზე. გელი სხვადასხვა ზომის ფორებს შეიცავს, გელი ატარებს მუხტს. ელექტრული დენი იწვევს გელში მოლეკულების გადაადგილებას საპირისპირო ნიშნის მქონე ელექტროდის მიმართულებით. რადგან დნმ-ს ფრაგმენტს აქვს მცირე უარყოფითი მუხტი, ის ყოველთვის დადებითი ელექტრონისკენ გადაადგილდება. მცირე ზომის მოლეკულები ფორებში უფრო სწრაფად მოძრაობენ, ვიდრე დიდი ზომისა. გელ-ელექტროფორეზის დროს გამოიყენება საღებავი ნივთიერების ვიზუალიზაციისთვის.
საწყის ეტაპზე განვიხილოთ მარტივი ექსპერიმენტი.
https://javalab.org/en/dna-electrophoresis/
სიმულაციაში მოსწავლე დააკვირდება ელექტროფორეზის ძირითად ეტაპებს და მის მიმდინარეობას. პირველ სლაიდზე ჩანს ელექტროფორეზის აპარატი.
მას შემდეგ რაც ჩაირთვება აპარატი, მასალა დაიწყებს გადაადგილებას:
თითოეულ ხაზთან კურსორის მიტანისას გამოჩნდება აღმოჩენილი დნმ, რომელსაც მითითებული აქვს მასა. ულტრაიისფერი სხივების გამოყენებისას სურათი ასეთია:
უფრო რთული და დეტალიზებულია მეორე სიმულაცია. ჩემთვის აღმოჩენა იყო labxchange.org გვერდზე განთავსებული რესურსები. აქ გაერთიანებულია ტრანსკრიფციის, ტრანსლაციის, დნმ-ს რეპლიკაციისა და უამრავი სხვა პროცესი. საიტზე განთავსებულია როგორც სიმულაციები, ასევე ინტერაქტივები და ვიდეოებიც.
https://www.labxchange.org/library/items/lb:LabXchange:9548bee3:lx_simulation:1
სიმულაცია 1:
ექსპერიმენტის მიმდინარეობის დროს მოსწავლე თავად ამზადებს გელს, პიპეტით იღებს ნივთიერებებს და ასრულებს ყველა ეტაპს.
დეტალური მიმდინარეობა წარმოდგენილია ვიდეოინსტრუქციაში.
აქვე გთავაზობთ ექსპერიმენტის ბოლოს მოცემული ქვიზის კითხვებისა და პასუხების ქართულ შესატყვისს:
- დააკვირდი შენ მიერ მიღებულ შედეგს და ამოირჩიე ერთი სწორი პასუხი:
ა) S1 დამოკიდებულია გადაადგილებაზე;
ბ) S2 დამოკიდებულია ნაწილაკების ზომაზე;
გ) S3 დამოკიდებულია რაოდენობაზე;
- როგორი მუხტები აქვთ ნაწილაკებს?
ა) ყველა ნაწილაკი დადებითია, რადგან მოძრაობს დადებითი ელექტროდისკენ;
ბ) ყველა უარყოფითია, რადგან მოძრაობს დადებითი ელექტროდისკენ;
გ) ყველა ნეიტრალურია, რადგან მოძრაობს სხვადასხვა მიმართულებით.
- შენ მიერ დაყოფილი ნიმუშებიდან მიიღება სამი ფერის ზოლები: ნარინჯი (ყვითელი), ბრომფენოლის ლურჯი (იისფერი) და ქსილენის ციანოლი (ლურჯი). ეს ზოლები დნმ-ს ფრაგმენტები რომ იყოს, რომელი ფერი იქნებოდა ყველაზე მცირე ზომის ნაწილაკის შესაბამისი?
ა) ყვითელი, რადგან ის ყველაზე სწრაფად მოძრაობს;
ბ) ლურჯი, რადგან ის ყველაზე დიდ მანძილზე გადაადგილდა;
გ) იისფერი – მისი ზომის გამო;
- ორი მოლეკულის შედარებისას მათი ერთნაირი ფერის შემთხვევაში რა დასკვნის გაკეთებას შეძლებდი?
ა) მათ აქვთ ერთნაირი ფერი;
ბ) მათ აქვთ ერთნაირი ზომა;
გ) მათ აქვთ ერთნაირი ზომა და მუხტი;
- როგორ გადაადგილდება გელში დადებითად დამუხტული ნაწილაკი?
ა) დადებითი მუხტის გამო მოლეკულა მოძრაობს უარყოფითი ელექტროდისკენ;
ბ) დადებითი ნაწილაკები თავსდებიან დადებით და უარყოფით ველებს შორის;
გ) დადებითი მოლეკულები მოძრაობენ დადებითი ელექტროდისკენ.
„როცა დედოფალი ვიყავი“ -ესმა ონიანის პოეზია
„ადამიანო, შენ წინა ვარ, თუ რამეს ეძებ…“
ღმერთთან ინიციაცია – ნიჭიერება – ხანდახან გასაოცარი მრავალმხრივობით მჟღავნდება ადამიანში, როგორც დასტური სრულყოფილის არსებობისა. ესმა ონიანის უნივერსალიზმი ისაა, რომ მისი მხატვრობა ლინგვისტურია – მოგვითხრობს, პოეზია კი ფერწერული – გვიხატავს. ხოლო, საზოგადოდ, მისი თვითგამოხატვის მანერა სინკრეტულია: თითქოს პირველქმნილი, უხინჯო, ინტუიციური წვდომაა სამყაროსი – მუსიკით, ფერითა და სიტყვით, რომელიც არცთუ ისე კონკრეტულია, რადგან მრავალ განცდას აერთიანებს, როგორც ი გ ი, „რომელმან შექმნა სამყარო“… ისიც ხომ სიტყვაა. მასთანაც, როგორც სხვა შემოქმედებთან, სამყაროს მოდელია მოცემული, სრულიად თვითმყოფადი და ორიგინალური. ეს არის განცდები, ასოციაციები, სააზროვნო კატეგორიები, პირობითობები თუ მათი რღვევის ნება, ფარულიცა და გაცხადებულიც. როგორიც იყო წუთისოფელი თუნდაც ფიროსმანის შემთხვევაში – შავი ნათებით, „ვერცხლისფერი კალმახების ცინცხალ ლაღობით“; ტერენტი გრანელთან – „დახარბებული მოფერებას“, ბავშვები „გიჟის“ ძახილით და ტაშით რომ მიაცილებდნენ, მისი სიცხიანი „დაო ზოზიათი“ და სიკვდილთან შეფიცულის მარადი შეცხადებით: „ყველაფერი მოგონილი, უსიცოცხლო დანაზოგია; ან ვაჟასეული თუ ესმას მეგობარ გურამ რჩეულიშვილისეული სულიერი სისპეტაკე, ყვავილის ან ბავშვის სიყვარულში გამონაშუქი: „მინდვრის პატარა ყვავილთან/ მოვახერხებდი ტრფიალსო“. გურამის მოთხრობა „ნათელა” მახსენდება, დიდი თუ პატარა ბავშვის გაუგებრობისთვის განწირული სიყვარულის სისუფთავე თუ სიალალე, უცნაური ბედნიერების შეგრძნება, აუხდენელი სიზმარივით. ესაა ჭეშმარიტებასთან სიახლოვის მძიმე სიმსუბუქე:
„რადგან ვინც იგრძნო გაელვებული,
აყვავებული სურნელი მიღმა,
უათკეცდება ცოდვის სიმძიმე,
მისთვის სიმძიმედ ბუმბულიც კმარა“ (155).
მოდი, მივყვეთ მხატვრული სახეების ზოგჯერ იდუმალ, მომნუსხველ გაურკვევლობას, როგორც „მზის კომშისფერ ბილიკს იატაკზე“ ბიოკლინისეული მისტიკური კაეშნით („ნაძვების სიკვდილიან სიმწვანით“), პეპლის მიმოზას მსგავსი ფერფლით, უცოდველი ამაოებით, „ღვინისფერი საღამოებით“, მშვენიერი ინფანტას „დატალღული ფურცლის სისველით“, გადამხდარისა თუ არგადამხდარის გახსენების სინანულის მუსიკით და ერთ მძივად ავკინძოთ ეს „მარცვლები“ ესმა ონიანის განუმეორებელი წუთისოფლისა.
თავისუფლება – და მე კი ყველას მონა ვარო, ვაჟა რომ წერდა ბუნებისა და ადამიანის ჰარმონიულობის პრინციპზე, ახლა ესმა ონიანს მოვუსმინოთ:
„რიდით უცქერენ ჩემს დღესასწაულს და გაოცებით,
აღარც რა უნდათ წამიერი, ნაავხორცები.
გამოუვალი სიკეთისკენ მისდრეკთ გონება,
ენატრებათ უსასრულო ეს დამონება“ (6).
„გამოუვალი სიკეთე“ ღმერთია უთუოდ და მასთანმყოფობის თავისუფლება ანუ ზნეობრიობა. ესაა თავისუფლება „დანის პირზე ბასრად ანთებული სიტყვასავით“, ტყვიასავით მძიმე, სისხლის „მზეების გამოსასხმელად“ – მკაცრი საკანი მაღალი სულიერებისა. არის თავისუფლების სხვა დეფინიციებიც ესმა ონიანთან – ყოფა, თავისი ურბანული ჯუნგლებითა („დაგეშილი ჟიგულები“) თუ მშვიდი პასტორალურობით („ნასწავლ-ხსოვნაში გლეხი, ხარი და ურემია“), მისი ტყვეობა, ყველას თავს გადახდენილი და ჩვენი ღირსების „ლაკმუსის ქაღალდი“: „გინდა გასხლტე უნამდვილო სინამდვილისგან…/ ჩემმიერობა ყვითელ ჩალმასავით მეხვევა თავზე“ („ტყვე“, 112) და საკანშიაც თავისუფლება, რომელსაც გამუდმებით ეძებს და იშვიათად, დიდი სულიერი სიმტკიცის შემთხვევაში, მოიპოვებს ადამიანი: „გუმბათებიდან ჩიტების ჭყივილს, კუკიას, მტრედებს/ რას გამოველით, დაბზარულ ხმებით/ რომელი კარის გასასვლელს ვეძებთ?“
ღმერთი – უარყოფილი, ჯვარცმული სრულყოფილება, რომელსაც მთელი ცხოვრება მიელტვის ადამის მოდგმა, გულნატკენი მაცხოვარი: „ის გულის ტკენა (თუმცა ყველაფრის გაგება ძალგიძს),/ თანაგრძნობის ალერსიან მკლავისკენ ლტოლვა,/ ადამიანურ სიუხეშით უნებურად უპასუხოდ დარჩენილი, დღემდე გაღელვებს“ („გარდამოხსნა“, 46). მისი „არწივივით გაშლილი“ ჯვარცმის ქვეშ, სამყაროს რომ დაჰყურებს, დგას ადამიანი უხსოვარი დროიდან დღემდე და მარადი მონანიებით ცდილობს, შეიმსუბუქოს უცვლელად, კვლავ განმეორებით ცოდვილი ბუნების სიმძიმე:
„მონანიეს, დაბნეულს, –
რა ინანოს, რა – არა,
როდის არის მართალი, როდის ავი გამხდარა.
ჩემს სულს გზა გაუნათე,
შინისაკენ გაუძეხ,
შიში სიტკბოდ უქციე,
ტანჯვა – გამქრალ სიზმრებად,
აპატიე, რაც სცოდა,
სიყვარული აუწყე!“ (152).
სამშობლო – უხილავი „შინისკენ“ სწრაფვაზე ვწერდით და ხილული – საქართველოა („ვარ-დის სუნი, ოქროს-ფერი სა-ქარ-თვე-ლო…“), ტრაგიკულობით ასე გადაჯაჭვული ღმერთთან.
„ფრესკებს ვნახავდით ტაძრებში
მოქნილ ხაზიანს, მკრთალსაო,
ზედ სახეები მდუმარე
ჩვენ მოგვაბჯენდნენ თვალსაო.
გარეთ ვნახავდით ქალწულებს,
რომ მოარხევდნენ ტანსაო,
იმ ფრესკებს მივამსგავსებდით –
წინაპართ სისხლი ჩანსაო“ (157).
ქვეყანა, რომელშიც ძველებურად ტირიან „თავო ჩემოზე“, მისთვის ანთებული გულებით. რომელთანაც ჩვენი ბედი საუკუნოდ გადაჯაჭვულა. აქ ხანდახან არის „არაფრის ქარი – არა რა ფერი” (გვახსენდება: „არ არიან, ქარია“), დაკარგულა ქართული სიბრძნე. ღმერთო, შენ კი ამ დროს:
„სიოთ მოგვივლენ, ზესურნელით ჟღენთილ-ნართაულთ –
ვინც ვერ გიწამა, ვინც ვერ მოგყვება,
ზე-ბედკრული იგი ვიტიროთ…
ვისშიც არ ფეთქავს ხსოვნა ნეტარი,
ყოველივეში მშობლის თბილ სუნთქვას არ სცნობს მადლიერ,
ვის არ აეჭვებს თვისი ჭაობი,
სიმძიმე ჯაჭვავს უგნურ-კადნიერს“.
დღეს კი, ამასწინათ ნანახი პატარა ემიგრანტი ბიჭი კითხვაზე, რა არის მისთვის საქართველო, ცდილობს პასუხის გაცემას და უცბად ატირდება. რა არის ეს, თუ არა „სამშობლოს განცდა გასაკვირველი“? ის ხომ ჯერ არ ყოფილა სამშობლოში?! რა არის ეს, თუ არა გენეტიკის ყივილი, „ცოდნა“, რომ „სისხლის ბილიკით შემოსული სინათლის ფეთქვა… ჩემში ვატარებ, გამუდმებით აღმოჩენილსა და მოღალატეს“ (31)?
ქართულ უნიკუმში, სიმღერაში, ხომ ეს ყველაფერი გამოხატულია („და გაისმოდა დების სიმღერა“, გალაკტიონისეული):
„თვალდაორთქლილ ქალთა ხატებით…
შიგ ჩაფლეთილი ტკბილი ქართულით…
სიყვარულით, სიყვარულით დაისრულების“ (44).
ქართული ყოფის, ისევე როგორც ჭეშმარიტების, მძიმე სიმსუბუქის ფილოსოფიაცაა ესმა ომიანთან…
ადამიანი – ქრისტესი არ იყოს, შემოქმედიც, ღვთაებრივი ქმნადობის მიწიერი ასლი, ადამიანში იბადება. ამ ერთიანობის შეუმჩნევლად, რომელიც მას განსმჭვალავს, „ორგანულ მთელად კრავს“, მას ბევრი აკლდება – უამისოდ ხომ ყველაფერი უფასურდება ამა სოფლად. ეს ორკესტრირება შემოქმედებისა ადამიანის გარეთაცაა და შიგნითაც. მთელის ნაწილიც ხარ და პატივსაცემი ავტონომიაც (იქნებ ესაა მიღმიერი არსებობის ფორმაც?). და როცა შენ შიგნით მოგესმის „უსასრულობის გუგუნა ოდა“, ჩვენი „განათლებული“ სიცარიელის, უცოდნელობის მიუხედავად, აღვფრთოვანდებით: „ნუთუ ეს მე ვარ?!/ ისევ მე ვარ?!/ ისევ მოვსულვარ!“ (21). ვართ პატარებიც: სისუსტეებს, ჩვენს სიბრმავეს ვერ ვღალატობთ პირობითობის ჯაჭვებიან ჭრიალა კართან და ვეძებთ საყრდენს, როგორც სიმტკიცეს, „როგორც დასტურს მართალზე მართლის“. თუ ეს კარი განგვეღო („ყველაფერი ღვთის ნებაა“ და აქ აუცილებლად ჩვენი ნებაც, სინერგიაც, ჩვენთვის სასიკეთოც მოიაზრება), ვირწმუნებთ: „შენ დიადი ხარ, ადამიანო“, ან „მე ისევ მოვალ ადამიანად“, – ეს ადამიანის ჰეგემონიით და არა ვაჟასეული „რატომ არ მოვედ წვიმადა“. ადამიანად ყოფნა და მისი ყველაზე დიდი, ეკლესიასტეს ფილოსოფია, ამაოება ამაოებათა. ეს იგივეა, რაც თანასწორუფლებიანობის ღვთაებრივი პრინციპი: „სიცრუეა შედარება, დახარისხება ღვაწლთა, ამაგთა/ სასაცილოა მნიშვნელოვნის მოძიება, როგორც ფეხზე გამძვრალი ქოშის“. ადამიანი, რომელიც ხანდახან უბრალოდ, უღალატოდ სიცოცხლის ფერხულშია ჩაბმული და ცდილობს, თუნდაც სიყვარულით ამოიცნოს მისი ფარული არსი ყველაფერში:
„მიყვარხართ, ვენახებო, მთვლემარე რამინა,
მაყვლიანი ბუჩქების სუნო…
ნეხვო, ჭიებო, თბილო, გამხმარი ბალახის ჩხვლეტავ,
დამპალო ვაშლო,
ჭის სახელურის სადღაც ჭრიალო,
მე თქვენ მიყვარხართ, მე თქვენ მიყვარხართ“ (25).
ადამიანი – „წინაპართა მოცისკროვნე, მზიან სისხლით წარბებშემართული“, დაჯვარულფანჯრებიანი, სინათლით „ჩამოჯვარული“ კედლებიანი ტაძრების თაყვანისმცემელი და თავად ტაძარი ამიტომ. იგი ხომ ყოველთვის გრძნობს და ამბობს:
„მე ვარ დიადი, არარა ვარ, მე ვარ ფიტული,
უნაყოფო, მწიფე მტევან ნაყოფ მოსხმული,
ხმელი ნერწყვი, შემზარავი ბედნიერება,
მიბმული ვარ გამუდმებით მოქანავე, სულ ასაშვები“ (29).
ესმა ონიანი პოეტთან ერთად მხატვარიცაა და იცის „ნაზჭერმისფრად“ მანათობელი სამოთხე, საღამო „დამწვარი შაქრისფერი“, „მელნისფერი ბინდი“ – ეს პირველქმნილი სამყაროს აღქმაა, თითქოს პირველყოფილი ადამიანის შეგრძნებების ერთიანობაა, რომლებსაც ძნელად დაერქმევა სახელი, რომლებსაც ის სინკრეტულად გამოხატავდა კიდეც: ცეკვითაც, სიმღერითაც, ხატვითაც. ეს შეგრძნებები როდი შეცვალა ცივილიზაციამ, როგორც „ეს მუქი მზე და მისი სქელი ოქროვანი ჩამოვანება“ (15). სამყაროს მძაფრი, ქაოსური, სინქრონული შეგრძნებებით აღქმა „ფერების ჩუმ ბორძიკად, ფშვინვად, მთვარედ ციმციმებს“. ეს სინთეზი უცნაური სისავსეა, სანამ „სქესად დაყოფის უცნაურ მიწიერებას: შეიგრძნობდა (ჰერმან ჰესეს „ჰერმაფროდიტული სისავსე“) ბუნებასთან შეზრდილი ყოფიერება და იქნებ სიახლოვეც პირველსაწყისთან, რომელიც ასეთივე გამოუთქმელია.
ბავშვობა, დედა, მამა, სიკვდილი – დედის ტკბილი ჩაით „დაპურებები“ და მისი მიღმიერში მადლად წასული ეს რუტინული ღვაწლი („ყვავილოვან ცისფერ ჟორჟეტის კაბით მოჩანს დედა სარკეში“), რომელიც თითქოს გესიზმრა, როგორც ბავშვობა, „მზის ბურუსში ყველაფერი“ – როგორ მოკურცხლავს სადღაც ბავშვი, მისი ნაბიჯების ექო. „ფარდა წითელი შუქით აივსო,/ დედას შევხედე, ისე მომშივდა“, – თითქოს ჩვილის, საერთოს, მიღმიერს ახლად გამოყოფილი არსების შეგრძნებებია, რომელიც ჯერ ისევ ახლოა პირველსაწყისთან. ჩვენი სიცოცხლის ყველაზე ნაღდი ხანა, როცა „ფრიადზე ვწერდი თემებს და… უცოდინრობის მწვავდა სახმილი“ და მისი გახსენება, „გლეხის ბავშვების თითებწაყინულ შიშველ მტევნებით ბეღურასავით აბუზული გამოცხადება“.
მამისა და სიკვდილის განცდა ესმა ონიანთან ერთმანეთს უკავშირდება და ძალიან ემთხვევა ჩემს შეგრძნებებს სწორედ მამაჩემსა და მის გარდაცვალებასთან. მისი პოეტური მხატვრობის სიკვდილის ყვითელი დაემთხვა ჩემი ყვითლის გაცდას, რომელიც ასევე ასოცირდება სიკვდილთან, რომლითაც „სიცოცხლე შვენობს“. „ყოვლისმოცვილი ყვითელი ჩრდილი“, „თოთო სიბავშვით განათებული ყვითელი ელდა“, – იდენტური განცდები ადამიანად ყოფნის ბოლო, მტკივან წუთებზე. მამა, „სუფთა, მხრებამოყრილ ფრინველივით/ დიდი მოწყენით წყლიან თვალებით… დაუცველი სიკვდილისპირა ბავშვის იმედით“ და დიდის სიმარტოვით. მეც ასეთი მახსოვს მამაჩემი მისი სიცოცხლის ბოლოს („შუქი სახეში ყვითლად ჩაქვავებოდა“).
სიკვდილი, „თოხქვეშ მიწის თხელი ხრიალით“, როგორც ისევ გათანაბრება მიღმიერთან, როგორც სიმსუბუქე, გაქრობა და გასინათლება, „უსასრული სიჩქარეა – ერთბაშ-ყოველი“. ისევ გალაკტიონი გვახსენდება: „სიკვდილის გზა არრა არის, ვარდისფერ გზის გარდა“. მიღმიერის დინამიკის, სიცოცხლის მარადიული ბრუნვის ეს განცდა ძალიან დამაიმედებელია ჩემთვის. ეს მოხდება სიცოხლეებისა და სიკვდილების მრავალჯერ გამეორების შემდეგ (ბევრჯერ „ვკვდებით“ და „ვიბადებით“, არა?).
„გასისხამდება სისხლის ამოსხმა,
აბღავლდებიან სოფლის ბატკნები,
საკუთარ სულის მოსახსენებელს
გაკაპასებულ გარჯით დატკეპნის“ („სოფლის სიკვდილი,“ 138).
…და გახსენდება: „სიკვდილი დედა ყოფილა, სიცოცხლე – დედინაცვალი“.
ვიცით, რაც გვიყვარს და რასაც ვტოვებთ:
„იქ ჩაინთქმება მიწად თამაში, ადამიანად,
აყვავებული სასაცილო ხეები და ნაკადულები,
ნიავი, სუნი, შრიალა ქარის ქროლვა-ხალისი,
გაფუყული მოლანდებები,
სიყვარულის მარყუჟით მოქანავე ხორხების შეხრა,
ამ ყოველივეს – ტკბილ თრობით, გაუმაძღრად ვეღარ მოვეშვით…“
(„სვიმონ ბაბუა“, 52)
მაგრამ ამ შუქთა ქარბუქში ანუ „ციდან ცამდე“ არ ვიცით, „თუ იკვირტება ნეტავ იქაც რაიმე ნდომა“.
მხატვრობა, სამყაროს ფერები, ხმები, სუნი – ესმა ონიანის პოეზია მხატვრის ხედვა, აღქმა უფროა. თითქოს ნახატს უყურებ, მხატვრული სახეები ფუნჯის მონასმებია, უნდა დაშორდე, რომ აღიქვა ერთიანობაში ეს უცნაური ფერები („აქა-იქ დამამჩნევს ძეწკვის ბრწყინვა ოქროს სველ ნაკვალევს“; „უნაბისფერი ოთახი“; „ოქრო-ვარდისფერ ლექსში ვეშაპთა მოშავოდ მბზინავი ნაფრცქვენი“; „ძვლისფერი სინათლე“). სუნსაც კი ფერი აქვს: „მონგოლთა ძველი ვარდების ფერი სუნი“, დროს – გამოსახულება: „სარკის ქარებში აორთქლებული სუნამოები“. ფერს კი გემოც აქვს: „კარაქისფერი კამეოს ნუში გულზე დამკვდარი“. თითქოს ამ შეგრძნებების ერთიანობა ცდაა, ჩასწვდე ყოფიერებას.
„აჰა, შენითაც მიბმული ვარ, ფერწერავ – დიდო, ფარულო!
უძლიერესი გამოფურჩქვნით ჩემიდან იძვრი;
მუსიკა? – შენთან შედარებით ანგელოზია,
ის ფარული შრიალია უსხეულო,
სასრულობის უსხეულო სადინრებისა,
ამოვსებული შავი ბუთბუთა ხავერდის ფოთლით, თეთრი ფთილებით“ (34).
მკითხველი გრძნობს, რომ ეს შემოქმედი, უპირველესად, მხატვარია და მერეა პოეტი. მისი პოეზიის ფერებიც საღებავებია, „გამოხმობილა დაპრესილი, ფხვნილიანი მოკვდინებიდან“ ანუ მიღმიერიდან, არყოფნიდან. ყვითელი – „აღგზნებული ზაფრანაა; კვერცხისგულის ამოფენა ნაღვლიანი სადინრებიდან; ინდოეთის ყვითელ ალმურში მანგოს ფოთლებით ნაკვებ ძროხების; ოქროს შროშანებიან (აბრეშუმზე); ფრესკის ფრთაჭრელ ფრთოსნებში“; შავი – არმსტრონგივით „ამოხეთქილ ხახის ვარდებით“; შავისა და სუნის კავშირი; ატმის კურკების, ნაჭუჭების შავი გურგური, გამჭვარტლული ოთახების ლამფის ყელის შავი არშია; ბებიის, ღაბუასა და ღაბაბიანის, შავ-ჭრელი თავშლის ფერი; „ბავშვების შავი პეპლებივით ცეცხლში ჩაფერფლა!“; წითელი – წითლის გრადაცია, რომელიც გაგრძნობინებს, რომ ეს ის ფერია, ყველაზე უკეთ რომ გამოხატავს ყოფიერების ტრაგიზმს, კაეშნიან ვნებას. ესმა ონიანის მეწამულის პრიორიტეტს თუ გავითვალისწინებთ, თავად სიცოცხლის გამოხატვაზე, მისი აღქმის უჩვეულო სიმძაფრეზე, დიდ სიყვარულზეა მისი ლექსები თუ ნახატები. საბჭოურ სინამდვილეში წითლის ასე გაიდუმალება, გარომანტიკულება და არსობის სრულქმნილების, სისავსის გამომხატველად გადაქცევა, უდავოდ, მისი დამსახურებაა. თორემ კომუნისტურ დროშას კი ჰქონდა სისხლისა და ძალადობის ფერი, მართლაც, რომელსაც შემოქმედმა „ცოდვა“ მოსწმინდა და გააკეთილშობილა. „ღვინისფერი ვარდების კონა“, „ენდროს ფესვები… სისხლი მოშივდა… მეწამული ყვავილების დიდი გუნდებით პირის ავსება“; მეწამული ესმა ონიანის ფერია, „ჩამავალ მზეში შეფაკლულ კედლებს“ რომ აქვს, ბავშვობის ოცნებების სიმძაფრის ფერი, ბროწეულის ყვავილების, „აღმოსავლეთის სიმცხუნვარის უცნაური ძალის“ შეგრძნება; ვარდისფერი – ეს იყო წითლის დასაწისი…“ ნაზად ხარობდა… ამოიცნობა ცნობამიხდილი ხსოვნის სიცხადის მოტკბო ვარვარად“; ნარინჯისფერი – „ნარინჯისფერ საღამოს მღვიმეს კვიპაროსების შავის შოლტებით“; ლურჯი – „ჩამობნელებულ ცის რუხ-ლურჯი ღელე მიდის ფანჯრებში“, „ტკბილი სიძველის სიყვითლეს… ლურჯად მოგვბერს“ – ესაა დები იშხნელების მუსიკის ფერი. მათი ხმისა, „დაბზარულ ეშხით“, „დამჭკნარ ვარდების, ტრფობის, ვედრების“.
სამყაროს ხმებიც ერთობლივია: ადამიანის, ბუნების, მუსიკის, – „ნეკნების, გულის, სასულის შერწყმული ხმები/ თბილ ნაკადად მანანას ხმად ტუჩების ხატში, წარბთა რკალში ცხადლივ ამოდის“ და ღვთაებრივი: „მამადავითის დგაფუნი ფრთათა“; მხატვრული სახეები, ტროპები ღრმა თუ ზედაპირული ქვეტექსტებით ერთდროულად. ხოლო სუნის შეგრძნება („რომლის კანქვეშ უცაბედი უფსკრული ქშინავს“) ზოგჯერ ისეთი დახვეწილია და არქაული („სუნი კეთილი – საკრებულო ნეტარ ხსოვნათა“), თითქოს საკმევლისაა, ისევ და ისევ, მყიფე თუ სერიოზული განცდებით, რომ „ყოფის სინათლით გაჭოლილი უყოფნობის ბაღებში ვთვრებით“ (49). იქნებ ეს საკუთარი არასრულყოფილების დაუკმაყოფილებლობით თრობაა?
შეგრძნებათა, ასოციაციათა ფრაგმენტები, რომლებიც აბსტრაქტულ, ავანგარდულ, სხვადასხვა ტექნიკით შესრულებულ ნახატებად ერთიანდება – ფუტკრის „ეჭვიანი სიფიცხე“, „შავი ტყემლები, როგორც ძმის თმები“, „ლაპლაპა ბროწეულების გადაპარსული თავების სხდომა“, ნეფერტიტის ზეთით გაზელილ მუცელზე „ხბოს ნესტოსავით“ მბზინავი ჭიპი – და მას პირობითად შეიძლება დაერქვას: „ვა, სოფელო, რაშიგან ხარ, რას გვაბრუნებ, რა ზნე გჭირსა?“ ან „ჩვენი ცხოვრების გზა სიზმარია“.
ბოლოს ერთად რჩებიან ღმერთი და ადამიანი:
„ღვთისმშობლის თეთრი სტუმრები…
სიყვარულის, ახლობლობის მტვერში არიან“.
ეს კი იგივეა, რაც „ნაწვიმარ სილაში ვარდი“ – ხილულის მიღმა შეფარული უდიდესი საიდუმლო ყოფიერებისა, რომელსაც დაბადებიდან გრძნობ. ის უფაქიზეს, მგრძნობიარე სიმებს ეხება ჩვენი სულისა, მაგრამ როცა გამოხატვაზე მიდგება საქმე, ვერ არქმევ სახელს, არ იცი, რა არის… ამისთვისაა პოეზიაც.
იქნებ მართლა ცოდნით არცოდნაა ჩვენი ცხოვრება? –
„ბრმები ბრეიგელისა და ბრმები მეტერლინკისა შეხვდნენ ერთმანეთს:
„ჰაიტ, თქვე ბრმებო!“ – შესძახეს და განაგრძეს გზები“ (204).
ბრმანი ვართ, ნეტარნი თუ ტრაგიკულნი, ჭეშმარიტად!.. ამას ემატება შეუცნობლის, სიბრძნის, ჭეშმარიტების შემეცნების სიმძიმე და ასე იქცევა პოეზია პროზად ანუ წუთისოფლად, მასში გამკრთალი სრულყოფილის ნამცვრევებით ისე, როგორც ჩამავალი მზე მოლიცლიცე წყლის ზედაპირზე: თვალისმომჭრელიც, დამატყვევებელიც, შემაძრწუნებლად იდუმალიცა და დიდი იმედის მიმანიშნებელიც, როგორც უკვე ხსენებული ღვთისა და ადამიანის ერთიანობა.
ესეც ესმა ონიანის „წუთისოფლის მძივი“.
ციტატები წიგნიდან „ესმა ონიანი – ისევ მე ვარ?! ისევ მოვსულვარ!” (არტანუჯი, 2021)
დავაპროგრამოთ, შევქმნათ და გამოვიყენოთ თამაშები
ფაქტია, რომ ბავშვებს უყვართ თამაში და თამაშით სწავლა. ნებისმიერი ტექნოლოგიური მოწყობილობაც მათი ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილების ყველაზე საყვარელი გზაა. როგორ შეიძლება ეს ყველაფერი ტექნოლოგიების გაკვეთილზე გამოიყენოს მასწავლებელმა?
მოგეხსენებათ ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა, სხვა უნარებთან ერთად, ითვალისწინებს მოსწავლეებისათვის ალგორითმული აზროვნების და შემოქმედებითი უნარების განვითარებას. რისი მიღწევის ერთერთი გზაც სხვადასხვა აპლიკაციის თუ პროგრამების გამოყენებაა, მათ შორისაა პროგრამა „scratch“.
„scratch“ არის ვიზუალური პროგრამირების გარემო, სადაც შეგიძლიათ დააპროგრამოთ თქვენი საკუთარი ინტერაქტიული მოთხრობები, თამაშები, ანიმაციები და გაუზიაროთ თქვენი ქმნილებები სხვებს. ეს პროგრამა მოსწავლეებს უვითარებს შემოქმედებით თუ თანამშრომლობით უნარებს, ასწავლის სისტემურ აზროვნებას, რაც ასე მნიშვნელოვანია XXI საუკუნის მოქალაქისათვის. შექმნილია 8-დან 10 წლამდე ასაკის მოზარდებისათვის, თუმცა მილიონობით ადამიანი იყენებს მას საკუთარი პროექტის შესაქმნელად სხვადასხვა გარემოში: სახლში, სკოლაში, ბაღში, ბიბლიოთეკაში და სხვა.
პროგრამის ინტერფეისი წარმოდგენილია ფერადი ბლოკების სახით, რაც მარტივად აღქმადია და მომხმარებელს აძლევს საშუალებას იოლად მოერგოს სამუშაო სივრცეს, ააწყოს სასურველი კოდი და შექმნას სახლისო და შემეცნებითი ანიმაცია.
მინდა გაგაცნოთ პროგრამა „scratch“ -ის გამოყენებით შესრულებული კომპლექსური დავალება:
საგანი: კომპიუტერული ტექნოლოგიები
მიმართულება : კომპიუტერული ტექნოლოგიები
სამიზნე ცნება: ალგორითმი/ პროგრამული კოდი
საკითხი: ვიწყებთ თამაშის კეთებას
შედეგები:
- ალგორითმი არის პრობლემის გადასაჭრელად საჭირო მოქმედებების თანამიმდევრული ერთობლიობა
- პროგრამული კოდი გამოიყენება პროგრამების შესაქმნელად
- პროგრამული კოდი პროგრამულ ენაზე იწერება
კომპლექსური დავალების პირობა:
წარმოიდგინე რომ ხარ რომელიმე ზღაპრის ანიმაციური პერსონაჟი. მოიფიქრე სცენა, სადაც პერსონაჟი გადაადგილდება ისრებიანი ღილაკების დახმარებით. თამაშისათვის შეარჩიე ფონი, ობიექტები და შექმენი შენი საკუთრი თამაში საიტზე https://scratch.mit.edu/ შენ მიერ შექმნილი თამაში გაუგზავნე მასწავლებელს და გაუზიარე შენს მეგობრებს.
სცენის შესაქმნელად სავარაუდოდ დაგჭირდება შემდეგი ბლოკები:
- როდესაც აჭერ დროშას
- თუ.. მაშინ..
- ეხება
- მუდმივად
- გადაერთე ფონზე
- მომდევნო კოსტუმი
- დაიმალე
- გამოჩნდი
- ისრიალე x, y-სკენ
- როდესაც აჭერ ღილაკს „დაშორება“
ნაშრომის წარდგენისას წარმოაჩინე:
- ალგორითმი შედგენილია ლოგიკურად
- გამოყენებულია ციკლები
- მარტივი თამაშის შექმნის უნარი
პრეზენტაციის შემდეგ ისაუბრე:
- შეძელი თუ არა შენი თამაშის შექმნა?
- როგორია შენი ალგორითმი?
- რატომ გაგიჩნდა სურვილი სწორედ ასეთ გარემოში და ასეთ ალგორითმით შეგექმნა შენი თამაში
- რა ახალი შესაძლებლობები აღმოაჩინე https://scratch.mit.edu/ პლატფორმაზე მუშაობისას
- თავიდან რომ იწყებდე მუშაობას რა ახალ შესაძლებლობებს დაამატებდი შენს თამაშს
პრაქტიკული რჩევები კომპლექსურ დავალებაზე სამუშაოდ:
- მოიფიქრე გარემო სადაც განათავსებ შენ ვირტუალურ გმირს.
- მოიფიქრე, პერსონაჟები, ვისაც გინდა რომ შენი გმირი შეხვდეს.
- მოიფიქრე სავარაუდო ბარიერები(წინაღობები) და სცენები, რომელთა გადალახვაც მოუწევს შენს ვირტუალურ პერსონაჟს
- გამოიყენე ხმოვანი ეფექტები
- გადადი ელექტრონულ საგანმანათლებლო რესურსზე და გაიარე დავალების შესასრულებლად საჭირო ნაბიჯები
კომპლექსური დავალების ფარგლებში დასმული საკვანძო შეკითხვები:
- როგორ შევიმუშავო თამაშის ალგორითმი
- როგორ გავამარტივო ჩემი ალგორითმი (ციკლების გამოყენება)
- როგორ შევქმნა მარტივი თამაში
პირველ ნაბიჯზე, კომპლექსური დავალების გაცნობის შემდეგ მოსწავლეებს დავუსვი შეკითხვები: რომელია თქვენი საყვარელი კომპიუტერული თამაში, რა სცენარით ვითარდება მასში მოვლენები. როგორ გადაადგილდება მთავარი გმირი, რა წინაღობების გადალახვა უწევს მას, რა მოვლენას აქვს ადგილი თუ მთავარი გმირი დაბრკოლებას ვერ გადალახავს, ან პირიქით, გაივლის ყველა დაბრკოლებას. შეგიძლიათ scratch-ში იპოვოთ მოვლენების განყოფილება და ის ღილაკები, რომლებიც საჭიროა მოქმედების სისრულეში მოსაყვანა, ანუ რაიმე მოვლენის დასაწყებად? დავსვი შეკითხვა, თქვენი აზრით, მოქმედების სისრულეში მოყვანის ღილაკი საკმარისია ობიექტის ასამოძრავებლად? მოდით, ვცადოთ. გაიხსენეთ საკოორდინატო სიბრტყე. როგორ შეიძლება განვსაზღვროთ ის, რომ ობიექტი ზემოთ/ქვემოთ(y, -y), ან მარჯვნივ/მარცხნივ (x, -x) გადაადგილეს? ამის შემდეგ მოსწავლეებს ვაჩვენე მარტივი სცენა, სადაც პერსონაჟი გადაადგილდება სხვადასხვა ღილაკის დახმარებით: ისარი მარჯვნივ, ისარი მარცხნივ, ისარი ზემოთ, ისარი ქვემოთ და ასევე კლავიატურაზე არსებული ნებისმიერი ღილაკის გამოყენებით. მოსწავლეებმა დამოუკიდებლად შემოიტანეს სასურველი ფონი და ააწყვეს მოძრაობა სასურელი ღილაკების გამოყენებით
მომდევნო ნაბიჯზე მოსწავლეებს დავუსვი კითხვა. თქვენი საყვარელი თამაშის პერსონაჟი როცა დაბრკოლებას ხვდება, რა მოვლენას აქვს ადგილი? თქვენი აზრით, როგორ შეიძლება დაფიქსირდეს მთავარი გმირის შეჯახება დაბრკოლებასთან, შეგიძლიათ იპოვოთ შესაბამისი ბლოკები პროგრამაში, რომელთა დახმარებითაც შევძლებთ ობიექტების ერთმანეთთან შეხების დაფიქსირებას? ამის შემდეგ მოსწავლეებს ვუჩვენე როგორ შეიძლება დაფიქსირდეს ობიექტის შეჯახება ლაბირინთის კედელთან, სხვა ობიექტთან. მოსწავლეებმა შექმნეს ლაბირინთი, ობიექტისათვის კი შეადგინეს კოდი, რომლის მიხედვითაც მთავარი პერსონაჟი ლაბირინთის კედელთან შეხების დროს უბრუნდებოდა საწყის წერტილს, ხოლო მეორე ობიექტთან შეხების დროს ამბობდა რაიმე ფრაზას. დავუსვი შეკითხვა, თქვენი აზრით, საკმარისია რომ ერთჯერადად მოხდეს შეხების დაფიქსირება, თუ საჭიროა მოქმედების განმეორება მრავალჯერადად/მუდმივად? მოსწავლეებმა შემოიტანეს მუდმივობის კოდი და ასევე მოვლენის ასამოქმედებლად საჭირო კოდიც
ფინალურ ნაბიჯზე მოსწავლეებს შევახსენე კომპლექსური დავალების პირობა. დავუსვი შეკითხვა: როგორ ფიქრობთ, მზად ხართ თავად მოიფიქროთ სცენა და შექმნათ საკუთარი თამაში, სადაც თქვენ მიერ შერჩეული პერსონაჟები თქვენ მიერ გაწერილ წესებს დაექვემდებარებიან? დავალების შესასრულებლად დაგჭირდებათ მოიფიქროთ სცენა, სადაც პერსონაჟი გადაადგილდება ისრებიანი ღილაკების დახმარებით. თამაშისათვის შეარჩიეთ ფონი, ობიექტები, მოიფიქრეთ ალგორითმი, რომელიც თქვენი სცენარის ამოქმედებისათვისაა საჭირო. დავალების შესრულების შემდეგ კი წარადგინეთ თქვენი ნამუშევრები და ისაუბრეთ შთაბეჭდილებებზე.
მოსწავლეებმა მოიფიქრეს და შექმნეს სახალისო თამაშები. მათ მიერ შექმნილი ნიმუშები დავაფიქსირე მობილურის კამერით. რომელთა ნახვა შეგიძლიათ ბმულზე. ვფიქრობ საინტერესო კომპლქსური დავალება გამოვიდა და მოსწავლეებმაც ძალიან იხალისეს. ყველა მათგანმა შეძლო დამოუკიდებლად შეექმნა თამაშის საკუთარი ვერსია. ვთვლი რომ მიზანი, მოსწავლეებმა შეძლონ პროგრამული კოდის გააზრება, ალგორითმის ჩამოყალიბება, ობიექტის შეჯახების დაფიქსირება თუ ციკლური პროცესების გამოყენება, მიღწეულია.