სამშაბათი, სექტემბერი 2, 2025
2 სექტემბერი, სამშაბათი, 2025

დაკარგული ბავშვობა

0

ერთ დღეს მდიდარმა ფრანგმა, სახელად ლუი დიდემ, ღარიბი მეშახტისგან 6 წლის გოგო იყიდა და შეჰპირდა, რომ ღირსეული ცხოვრებით უზრუნველყოფდა. როდესაც ბავშვი 18 წლის გახდა, დიდიემ ცოლად შეირთო. წყვილს ქალიშვილი შეეძინა. მოუსვენარმა დიდემ გადაწყვიტა საკუთარი ბავშვისგან სუპერმენი შეექმნა, რომელიც ინტელექტუალურად და ფიზიკურად პლანეტის ყველა ადამიანზე ზეაღმატებული იქნებოდა.

ეს უჩვეულო ამბავი ასე დაიწყო: 1936 წელს ჩრდილოეთ საფრანგეთში დაიბადა გოგონა, სახელად ჟანინი. მისი მშობლები უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობდნენ: დედა დიასახლისობდა, მამა კი მაღაროელი იყო. ბავშვის დაბადება მათთვის ტვირთად იქცა და არა სიხარულად.

6 წლის შემდეგ მეშახტის ოჯახი ოცდათოთხმეტი წლის მდიდარმა ფრანგმა, ლუი დიდიემ გაიცნო და შესთავაზა უმცროსი ქალიშვილი ჟანინის გაყიდვა დიდძალი თანხის სანაცვლოდ, ასევე, გოგონას საუკეთესო ცხოვრებით უზრუნველყოფა. ერთადერთი პირობა ის იყო, რომ დედ-მამას კატეგორიულად ეკრძალებოდა ქალიშვილთან შეხვედრა. მშობლები დათანხმდნენ.

დიდემ პირობა შეასრულა – ჟანინი დიდ ქალაქში გადაიყვანა, განსხვავებული ცხოვრება აჩვენა, განათლების მიღების საშუალება ჯერ პანსიონში, შემდეგ კი უნივერსიტეტში მისცა.

ლუი დიდიე გოგონას მკაცრად ზრდიდა, ცდილობდა მასზე ფსიქოლოგიური ექსპერიმენტების ჩატარებას. დიდიე მოწამლული იყო სუპერადამიანის შექმნის იდეით და, როგორც მას მოეჩვენა, ჟანინი ამ როლისთვის მშვენივრად გამოდგებოდა.

მოგვიანებით დიდიე მიხვდა, რომ მისი ექსპერიმენტი განწირული იყო. 6 წლის ასაკშიც გოგონა უკვე საკმარისად დიდი იყო აღზრდისთვის. ამიტომ მან გადაწყვიტა სხვა გეგმა განეხორციელებინა და ზეადამიანი საკუთარი შვილისგან შეექმნა.

ლუი დიდიე ჟანინზე მაშინ დაქორწინდა, როდესაც ის 18 წლის გახდა. 1957 წლის 23 ნოემბერს მათ ქალიშვილი შეეძინათ. გოგონას მოდი დაარქვეს. დიდიემ მთელი თავისი აქტივები გაყიდა, ცნობისმოყვარე თვალთაგან მოშორებით სახლი იყიდა და ოჯახთან ერთად საცხოვრებლად იქ გადავიდა.

დაბადებიდანვე დიდი ქალიშვილს სპარტანულ პირობებში ზრდიდა. მას თხელ და მყარ ლეიბზე ცალკე ოთახში ეძინა. ოთახი არ თბებოდა. ბავშვი მხოლოდ ბრინჯს და ახალ ბოსტნეულს ჭამდა. ის არასდროს იყენებდა თბილ ან ცხელ წყალს.

მოდს არ ჰქონდა სათამაშოები, არც ის იცოდა, რომ საბავშვო გასართობები არსებობდა. გოგონა არ იცნობდა თანატოლებს. ოჯახში იკრძალებოდა რაიმე გრძნობისა და ემოციის გამოვლენა, ამიტომ მოდი ისჯებოდა სიცილის, ღიმილის, ცრემლებისთვის. მამამ გოგონას უბრალოდ ლაპარაკის უფლებაც კი აუკრძალა. მას ეჩვენებოდა, რომ ეს ყველაფერი ბავშვს მთავარ მიზანს ააცდენდა. ლუის მიაჩნდა, რომ ზეადამიანი ყოველთვის მშვიდი და გაწონასწორებული უნდა ყოფილიყო.

„მამაჩემის პედაგოგობის მიზანი ის იყო, რომ სპარტანულ პირობებს შევჩვეოდი. ნებისმიერი ყურადღების გამფანტავი ფაქტორები უნდა შეზღუდულიყო. რაც შეიძლება ნაკლები ძილი უნდა მესწავლა, რადგან ძილი დროის კარგვად ითვლებოდა. ყოველგვარ სიამოვნებაზე უარის თქმა მომიწია, მათ შორის გემრიელ კერძებზე, რადგან ეს სისუსტედ მიიჩნეოდა. ხილის, იოგურტის, შოკოლადის ჭამის უფლება არასოდეს მქონდა და არც ახალი პური გამისინჯავს“, – ჰყვებოდა მოდი.

ამავდროულად, გოგონას მშობლები ნორმალური ცივილიზებული ცხოვრებით ცხოვრობდნენ. ჩვეულებრივად მოიხმარდნენ ელექტროენერგიას, დილით ახალ პურს საცხობში ყიდულობდნენ, შხაპს აბაზანაში იღებდნენ.

ჟანინი ქალიშვილის ინტელექტუალურ შესაძლებლობებზე იყო პასუხისმგებელი: მასთან ერთად სწავლობდა მუსიკას, ასწავლიდა კითხვას. მამა ბავშვში გამძლეობასა და ნებისმიერ პირობებთან ადაპტაციის უნარს ავითარებდა.

„მამა სულ მიმეორებდა, რომ ყველაფერს, რასაც აკეთებდა, ჩემთვის აკეთებდა. რომ მან მთელი ცხოვრება შესწირა ჩემს სწავლას, აღზრდას, უმაღლეს არსებად ჩამოყალიბებას. ამბობდა, რომ დაბადებამდე უკვე ვუყვარდი. მას ყოველთვის სურდა ჰყოლოდა ქალიშვილი, რომელსაც მოდს დაარქმევდა. მოდი, როგორც რობინ ჰუდის თანამოაზრე – გამოჩენილი ქალი, მეომარი, ამაზონელი, თავისი სიყვარულის ერთგული სიკვდილამდე“.

„თავს ზედმეტად სუსტად ვგრძნობ, ზედმეტად მოუხერხებლად, ზედმეტად სულელურად. ძალიან მეშინია მისი! მეშინია მისი (მამის) ჭარბწონიანი სხეულის, დიდი თავის, გრძელი თხელი ხელების და ფოლადისფერი თვალების. ისე მეშინია, რომ მასთან მიახლოებისას ფეხები მეკეცება. კიდევ უფრო საშინელი ის არის, რომ მარტო ვდგავარ ამ გიგანტის წინაშე. დედისგან არავითარი კომფორტის ან დაცვის მოლოდინი არ მაქვს. ბატონი დიდიე მისთვის ნახევარღმერთია”, – ამბობდა მოდი.

ყოველწლიურად ლუის მოთხოვნები ქალიშვილის მიმართ იზრდებოდა. როდესაც გოგონა 5 წლის იყო, „უშიშრობის გამოცდა“ მოუწყო, აიძულებდა გაუნძრევლად მჯდარიყო სავარძელში ოთხი ან მეტი საათის განმავლობაში. სასტიკად ეკრძალებოდა საზურგეზე მიყრდნობა. ასე, მისი აზრით, მხოლოდ სუსტები და ზარმაცები იქცეოდნენ. თუ ქალიშვილს სახეზე ერთი კუნთი მაინც შეუტოკდებოდა, გამოცდა თავიდან იწყებოდა.

მოდის დაბადების დღეზე, 23 ნოემბერს, უფლება მიეცა უფრო დიდხანს ესწავლა. მშობლებმა ეს ჯილდოდ მიიჩნიეს.

როდესაც რომელიმე მშობელი დღესასწაულს აღნიშნავდა, ქალიშვილი წერილებს უწერდა, ოღონდ მათივე კარნახით. ისინი ყოველთვის იწყებდა კეთილი სიტყვებით, სიყვარულის გამოცხადებით. ჟანინს საშინლად აღიზიანებდა ლაქები და შეცდომები, ამიტომ მოდს შეეძლო ერთი წერილი რამდენიმე საათი ეწერა. წერაზე დახარჯული დრო მისი ძილის საათებს აკლდებოდა. და მაინც, მოდისთვის ეს წერილები იყო ერთადერთი შესაძლებლობა, სადაც ის თბილ სიტყვებს გამოიყენებდა, მაგალითად, „ძვირფასო დედას“. ეს მისთვის ძალიან უცნაურად ჟღერდა. სხვა დღეებში ხომ აკრძალული ჰქონდა გრძნობების გამოხატვა.

როდესაც მოდი ცხრა წლის იყო, მამამ მისი კვების რაციონში ალკოჰოლის დამატება დაიწყო. მას სჯეროდა, რომ ცნობიერების დაბინდვა თავშეკავების შესანიშნავი გამოცდა იყო. ალკოჰოლში გრადუსების რეგულარული მატების პარალელურად ლუი მოითხოვდა, რომ მის ქალიშვილს სიფხიზლე არ დაეკარგა.

სკოლის ასაკში გოგონამ მსოფლიოს ყველა მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრა იცოდა, ასევე, დაკავებული იყო ცხენოსნობით, ფარიკაობით, ცურვითა და ტანვარჯიშით. მის განრიგში არცერთი თავისუფალი წუთი არ იყო.

ერთ ღამეს ლუიმ მოულოდნელად გააღვიძა მოდი და უთხრა გაჰყოლოდა მას. ისინი სარდაფში ჩავიდნენ, დედამ კარი ჩაკეტა, მამამ სკამზე ანიშნა და თქვა: „აქ დაჯდები უძრავად“.

„წარმოდგენა არ მქონდა, რას ნიშნავდა ეს, მაგრამ არც კი ვცდილობდი, გამეგო. მეტს რაღას ითხოვენ ჩემგან? რაღა უნდა დამმართონ მეტი, ვფიქრობდი. აქ ხომ არ დამტოვებენ… თუ დამტოვებენ? ახლა კი ჩემი ყველაზე საშინელი შიში რეალობად იქცა: მესმის, როგორ მტოვებენ, შემდეგ კი სარდაფში შუქები ქრება. კიბეებიდან მცირე ხნით მკრთალი ნათება მოდის. შემდეგ კი სრულ სიბნელეში ვრჩები. ამ სიბნელეში რაღაცის დანახვას უშედეგოდ ვცდილობ. მხოლოდ რაღაც შარიშური მესმის და ეს რაღაცა საშინელების უფსკრულში მაგდებს. სიბნელეში მოძრავი პატარა ცხოველების საზიზღარი ხმაა. ისინი უაზროდ დარბიან. მე გამეტებით ვყვირი, მაგრამ ჩემი ხმა გარეთ არავის ესმის, რადგან სინამდვილეში ტუჩები მოკუმული მაქვს და ისე ვკანკალებ“.

მოდს ესმის, რომ შიშთან მარტო დარჩა. გოგონა სიბნელეში თავს ატრიალებს და ქვანახშირის გროვის უკან სარდაფის კუთხეში ვირთხებს ამჩნევს: „მე შიშის საცოდავი გუბე ვარ. ვცდილობ, რაც შეიძლება ნაკლებად ვიმოძრაო და ვისუნთქო. კანკალს ძლივს ვერევი და ლოყებს შიგნიდან ვკბენ, რომ კბილები არ ვაკაწკაწო. ვცდილობ, გავქრე, გავხდე გამჭვირვალე, შევწყვიტო არსებობა“.

რამდენიმე წუთის შემდეგ შუქი ირთვება. ჟანინი ქალიშვილს სახლში აბრუნებს. მამა კი დასცინის. გამბედაობის ტესტი შემდეგ თვეშიც მეორდება, მერე კიდევ და კიდევ. დავალება რთულდება – მოდის ჟინჟილაკებიან ჟილეტს აცმევენ, რომ უკეთ გაიგონ, როდის გაინძრევა ან როდის აკანკალდება. ნებისმიერი მოძრაობა სასჯელის ტოლფასია. მამას მიაჩნია, რომ ქალიშვილმა ყოველგვარი შიში უნდა დაძლიოს.

რაღაც მომენტში მოდის ცხოვრება წამობრივად კონტროლდება. მამა წამზომს რთავს – 30 წამი რომ გაიღვიძოს და ჩაიცვას, 15 წამი – ოთახიდან ბაღში მისასვლელად. მამა ქალიშვილს მხოლოდ საჭირო და მნიშვნელოვან წიგნებს აძლევს წასაკითხად. ჯერ მარქსის „კაპიტალს“, შემდეგ კაფკას, ნიცშეს, დიუმას.

მამა გამუდმებით აშინებს ქალიშვილს ციხით, ომით, ქუჩაში მოსალოდნელი საფრთხით და ბავშვების გამტაცებლებით. მოდი შიშით უყურებს ღობის მიღმა ცხოვრებას და ძალიან ეშინია ზღვრის გადალახვის, მაგრამ ის მაინც ოცნებობს თავისუფლებაზე, რომლის შესახებ არაფერი იცის. „მინდა, ვნახო ჩვენი ერთ-ერთი მეზობელი. ძალიან მომწონს ეს სიტყვა – მეზობელი“.

ერთ დღეს, ლუის მამულში, გალავნის მახლობლად, ერთი კედელი ჩამოინგრევა. ლუი იძულებულია მშენებლები გამოიძახოს ლითონის ბოძების დასამონტაჟებლად და მავთულის გასაჭიმად. ეს მისი შვილის დღის განრიგს არღვევს. მოდიმ პირველად დაინახა, როგორი იყო ცხოვრება სახლის გარეთ. ერთ დღესაც კი გადაწყვიტა ამ ადგილთან მიახლოება:

„როდესაც კედელთან მივდივარ, ემოციებით ვივსები. სწრაფად ვწევ ბრეზენტს და მავთულებში ვძვრები. აი, მე მეორე მხარეს ვარ! ჩემი ფეხები გარე სამყაროს მყარ ნიადაგზეა. პირველად ვარ გარეთ მარტო, მშობლების გარეშე, თითქმის თავისუფალი. გაოცებული ვიყურები: ჩემ ირგვლივ ყველა მიმართულებით, სადაც თვალი მიმიწვდება, მინდვრებია გადაჭიმული. თითქოს მეტ ჟანგბადს ვსუნთქავ, თითქოს აქ ჰაერიც უფრო ტკბილია“.

1973 წელს ლუი ავად ხდება და ვეღარ ამეცადინებს ქალიშვილს მუსიკაში. იძულებულია მასწავლებელი უქირავოს. მასწავლებელი, ბატონი მოლინი, უტკბესი ადამიანია. ის მომენტალურად ამჩნევს, რომ ბავშვი დაშინებულია.

მოდიც გრძნობს მასწავლებლის სიკეთეს და პირველივე გაკვეთილის შემდეგ უამბობს ყველაფერს, რასაც მამამისი უკეთებს. მასწავლებელი ახერხებს დიდიეს დარწმუნებას, რომ მუსიკის გაკვეთილები ბევრად ეფექტური იქნება, თუ მოდი თავად ივლის მასთან.

ასე დაიწყო მოდიმ გარე სამყაროს – გალავნის მიღმა ცხოვრების გაცნობა. ცოტა მოგვიანებით, მოლინმა მოდს მუსიკალურ მაღაზიაში დასაქმება შესთავაზა – ისიც დასთანხმდა და თანდათან ისწავლა ჩვეულებრივი ცხოვრება, რაც მისთვის არც ისე ადვილი იყო. ის დიდ დროს ატარებდა საავადმყოფოებსა და ექიმებში – მას ჯანმრთელობასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები ჰქონდა.

იმავე მაღაზიაში გოგონამ გაიცნო მამაკაცი, რომელიც შეიყვარა. 18 წლის ასაკში ის გათხოვდა.

ასაკოვანი ლუი დიდიე არ იყო ქორწინების წინააღმდეგი, მაგრამ ქალიშვილს სთხოვა დარჩენილიყო მის მამულში, რათა მასზე ეზრუნა. ეს იყო მისი ერთადერთი თხოვნა. მოდი არ დასთანხმდა, მაგრამ მის სანახავად მოდიოდა ხოლმე. ახლა მოდი 64 წლისაა. პარიზში ცხოვრობს, ჰყავს ორი შვილი და მუშაობს ფსიქოთერაპევტად.

„40 წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც ბავშვობისდროინდელი სახლი დავტოვე და გავთხოვდი. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვერავისთან ვსაუბრობდი ჩემს წარსულზე, მათ შორის ვერც მეუღლესთან, მეგობრებთან და თუნდაც ჩემს თერაპევტთან. ისე გამიხარდა გაქცევა, რომ უკან დაბრუნებაზე არასდროს მიფიქრია. მაგრამ ყოველ კვირას ვსტუმრობდი ჩემს მშობლებს, საშინლად უხერხულად ვგრძნობდი თავს მათი დატოვების გამო“, – წერს მოდ ჟიულიენი თავის ახალ წიგნში „ქალიშვილის მონათხრობი. 18 წლის განმავლობაში მე ვიყავი მამაჩემის პატიმარი“, სადაც ის საუბრობს ყველაფერზე, რაც ბავშვობაში განიცადა.

 

მოამზადა ირმა კახურაშვილმა

ფრანკლინის მეთოდი – თუ „წერა არ შეგიძლია“, სცადე ეს!

0

„წერა არ შემიძლია“, „წერის ნიჭი არ მაქვს“, „წერილობით აზრების მოწესრიგება არ გამომდის“ – ამ ფრაზებს ხშირად იმეორებენ ისინი, ვინც დარწმუნებულია, რომ წერას რაიმე განსაკუთრებული ტალანტი, წინაპირობა, ნიჭი სჭირდება.

არადა, ჩემი პირადი მრავალწლიანი გამოცდილება ადასტურებს – წერა შეუძლია ყველას, ვისაც ფიქრი შეუძლია. თუ შეგიძლია ფიქრი, ნაფიქრის სიტყვებში მოქცევა და ფურცელზე გადმოტანა მხოლოდ ტექნიკური საკითხია.

წერილობითი მეტყველება – ესაა უნარი, რომელსაც ყოველდღიური, რამდენიმეწუთიანი ვარჯიშით აუცილებლად განივითარებ. საკვანძო სიტყვა კი – შრომაა. სისტემატური შრომა ნაყოფს აუცილებლად გამოიღებს.

ერთ-ერთი საუკეთესო მეთოდი წერილობითი მეტყველების გასაუმჯობესებლად, ნებისყოფის განსამტკიცებლად და ჩვევის ჩამოსაყალიბებლად არის ფრანკლინის მეთოდი. ამ მეთოდს დღესაც აქტიურად იყენებენ უნივერსიტეტებსა და სკოლებში.

ვინ იყო ბენჯამინ ფრანკლინი?

ის არ იყო ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, როგორც ხშირად ჰგონიათ ხოლმე ( J ). სამაგიეროდ, ის იყო:

ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთი „დამფუძნებელი მამა“;

 პოლიტიკოსი;

მეცნიერი, გამომგონებელი;

 გამომცემელი;

 მოქალაქე;

 საზოგადო მოღვაწე

 დიპლომატი;

 მკვლევარი.

მას ხელი აქვს მოწერილი ამერიკის შეერთებული შტატების, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნისთვის უმნიშვნელოვანეს დოკუმენტებზე. უშუალო მონაწილეა როგორც სახელმწიფოს  შექმნის, ისე აღმშენებლობის.

გარდა ამისა, ის იყო ადამიანი, რომელმაც თვითაღზრდის, თვითდისციპლინის წყალობით მიაღწია ამ ყველაფერს, იცხოვრა ხანგრძლივი, ნაყოფიერი, საინტერესო თავგადასავლებით სავსე ცხოვრებით და უკეთესობისკენ შეცვალა არამარტო საკუთარი, არამედ ქვეყნის ცხოვრება.

ყველა ქვეყანას ჰყავს ეროვნული გმირი, გამორჩეული ადამიანი, რომელსაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ქვეყნის ისტორიაში. არიან ადამიანები, რომლებიც თავიანთი ქმედებით, იდეებით, საქმით ეპოქალურ ძვრებს ახდენენ. ასეთ იყო ბენჯამინ ფრანკლინი. ის დაიბადა მე-18 საუკუნის დასაწყისში. გარდაიცვალა ამავე საუკუნის ბოლო ათწლეულში.

რამდენიმე ბიოგრაფიული ცნობა

ბენჯამინი 16-შვილიანი ოჯახის ნაბოლარა ბიჭი იყო (მის შემდეგ ერთი გოგონა ჰყავდათ). მამა  ხელობით არჩენდა ოჯახს. სკოლაში შესვლა მხოლოდ 8 წლისამ შეძლო, მაგრამ 2 წელიწადში უსახსრობის გამო სკოლის დატოვება მოუხდა. სისტემური განათლება მას შემდეგ არასდროს მიუღია. ბენჯამინმა თავად, დამოუკიდებლად, წიგნების საშუალებით შეისწავლა არითმეტიკა, შეიმუშავა მეთოდი, რომლის გამოყენებითაც გაიუმჯობესა წერითი მეტყველება, დაინტერესდა ნავიგაციით და ამ დარგშიც გათვითცნობიერდა.

ბენჯამინ ფრანკლინის ოჯახს არ ჰქონდა საშუალება, სათანადო განათლება მიეცა ბიჭისთვის. მამას სურდა, შვილს რაიმე ხელობა ესწავლა და თავი ისე ერჩინა. ადრეულ ასაკშივე ბენჯამინს ტიპოგრაფიას შეასწავლიან და ოსტატის თანაშემწედ დაიწყებს მუშაობას. ტიპოგრაფია საგამომცემლო საქმიანობის წინაპარია, ერთი მხრივ, ბენჯამინს საშუალება მიეცა, საყვარელი წიგნები წაეკითხა, მეორე მხრივ კი მას მოგზაურობა, სიახლეების შეცნობა და საკუთარი გზის პოვნა სურდა.

 17 წლის ბენჯამინი მამის ოჯახიდან გაიქცევა და გემით ფილადელფიაში ჩავა. ჯიბეში ერთი დოლარითა და რამდენიმე შილინგით. ქალაქში – სადაც  არავის იცნობდა. ხელობის წყალობით ბენჯამინმა მალევე იშოვა სამუშაო, მცირე ხანში მოახერხა საკუთარი საქმის წამოწყება და ამ საქმეში ერთ-ერთი ავტორიტეტიც გახდა. მას შემდეგ ბენჯამინ ფრანკლინი ფილადელფიაში დაფუძნდა.

ორი საინტერესო მოგონება მისი ბავშვობიდან:

      პატარა ფრანკლინი და მისი მეგობრები მდინარის ნაპირთან დიდ დროს ატარებდნენ. მდინარესთან ჩასასვლელი შლამიანი და ტალახიანი იყო. ფრანკლინმა შემოიკრიბა ბიჭები და მოშორებული ადგილიდან ქვების გადმოზიდვას შეუდგა „ჭიანჭველების პრინციპით“. ცოტა ხანში წყლის დონეს აცდენილი „პირსი“ მზად იყო. მართალია, ბიჭებს გვარიანად მოხვდათ მშენებლებისგან, რომლებმაც ეს ქვები თავიანთი საქმისთვის სჭირდებოდათ. ავტობიოგრაფიაში ბენჯამინი აღნიშნავს, რომ ორი მნიშვნელოვანი გაკვეთილი ამ პირსის მშენებლობისას მიიღო – ერთი: ადამიანების გაერთიანება რაიმე საქმის გასაკეთებლად ადვილია, თუ დაარწმუნებ საყოველთაო სიკეთეში, თუ დაანახვებ, რომ ერთობლივი საქმე ყველას წაადგება და მეორე – არაკეთილსინდისიერი გზით რაიმეს მოპოვება, თუნდაც საკეთილდღეო საქმისთვის არ შეიძლება.

      ბენჯამინმა ცურვა ადრევე ისწავლა, თავის მეგობრებსაც ასწავლა და დაიწყო იმაზე ფიქრი და ზრუნვა, როგორ ეცურათ მათ უფრო სწრაფად, უფრო მოხერხებულად. დაკვირვების შედეგად მან „აღმოაჩინა“, რომ ადამიანის ტერფები და მტევნები, ზომისა და ფორმის გამო, საგრძნობლად ანელებენ სისწრაფეს. ამიტომ მან ოვალური ფორმის მტევნებსა და ტერფებზე ჩამოსაცმელი პატარა „ნიჩბები“ გააკეთა, დაიმაგრა და სწრაფადაც გაცურა.

დამკვირვებელი და მოქმედი, სასიკეთო ცვლილებების შემოქმედი

დაკვირვება, სასიკეთო ცვლილებების დაგეგმვა და განხორციელება – ამგვარი ცხოვრებისეული დამოკიდებულების წყალობით მან შეძლო ქალაქის ყოველდღიურობა გაეუმჯობესებინა. მოიფიქრა, როგორ უნდა გაენათებინათ ბნელი ქუჩები იაფად და ისე, რომ ხშირად არ დასჭირვებოდათ ლამპიონების შეკეთება, მოიფიქრა ისეთი წყალსადინარი სისტემა, რომელიც წვიმის დროს წარმოქმნილ ნიაღვარს გამოიყენებდა ქუჩების დასასუფთავებლად. ამ დროს სითბოს მთავარი წყარო სახლებში ღუმელები იყო. ფრანკლინმა შემიმუშავა ღუმლის ახალი ფორმა, რამაც გათბობა უფრო ეკონომიური გახადა. როდესაც პატენტის გაკეთება შესთავაზეს, უარი თქვა. „საზოგადოებისთვის სასარგებლო გამოგონებისგან მოგების მიღება არ მსურს. მე ბევრით ვარ დავალებული კეთილი ადამიანებისგან. უანგაროდ მიღებული სიკეთე ასევე უანგაროდ უნდა გაიცეს“ – ამბობდა ის. მან დააარსა ბიბლიოთეკა (დაიწყო პატარა სამკითხველოთი. დღეს ეს სამკითხველო ამერიკის შეერთებული შტატების პირველ საჯარო ბიბლიოთეკადაა ცნობილი), სასწავლებელი, რომელიც დღეს ამერიკის ერთ-ერთი წამყვანი კვლევითი უნივერსიტეტია ( პენსილვანიის უნივერსიტეტი), შექმნა ქალაქის სახანძრო უსაფრთხოების სამსახური და პატრულირების სისტემა, რამაც ფილადელფია უსაფრთხო, მოწესრიგებულ, მშვიდ, მოწინავე ქალაქად აქცია.

ბენჯამინ ფრანკლინის გამოგონებათა შორისაა ასევე მეხამრიდი.

ფრანკლინის მეთოდი – ასწავლე წერა საკუთარ თავს!

როდესაც ბენჯამინ ფრანკლინმა აღმოაჩინა, რომ არ შეეძლო სათანადოდ გამოეხატა საკუთარი მოსაზრებები წერილობით, დაიწყო წერითი მეტყველების უნარის გაუმჯობესება. მის მიერ შემუშავებულ მეთოდს დღესაც წარმატებით იყენებენ მასწავლებლები. ფრანკლინის მეთოდი ასეთია:

ბენჯამინი ხარბად ეწაფებოდა წიგნებსა და პერიოდულ გამოცემებს. მისი ერთ-ერთი საყვარელ ჟურნალში იბეჭდებოდა სადა, მარტივი, ნათელი, დახვეწილი ენით დაწერილი სტატიები. ბენჯამინმა ჩვევა შემოიღო ყოველდღიურად ჟურნალიდან საუკეთესო სტატიების დამუშავება. დამუშავებაში შედიოდა კითხვა, ლექსიკური სამუშაო და წერა.

  • თავდაპირველად ის ყურადღებით კითხულობდა ტექსტს.
  • შემდეგ ყოფდა მონაკვეთებად და თითოეული მონაკვეთის მიხედვით წერდა მთავარ საზრისს, ერთი ან ორი წინადადებით, საკუთარი სიტყვებით გადმოჰქონდა აზრი რვეულში. ორი ან სამი დღის შემდეგ ის უბრუნდებოდა საკუთარ თეზისებს და მეხსიერების მიხედვით აღადგენდა სტატიას. ცდილობდა, რაც შეიძლება მიემსგავსებინა საკუთარი ნაწერი ორიგინალთან.
  • ამის შემდეგ ის ამოწმებდა ნაწერს და აჯერებდა ჟურნალის სტატიას. ყველა ცდომილებას ცალკე ამუშავებდა.

ლექსიკური მარაგის გასამდიდრებლად და გასააქტიურებლად ხშირად თხზავდა ლექსებს – „ეს მეხმარებოდა სწორი სიტყვების გახსენებასა და აზრის ცხადად გამოხატვაში. ლექსების წერამ კარგად გამიწაფა წერითი მეტყველება. ყველასთვის საბედნიეროდ, მეყო გონება ან უბრალოდ, გამიმართლა და არ გავხდი პოეტი“ – ხუმრობს ის თავის ავტობიოგრაფიაში.

ბენჯამინ ფრანკლინის მეთოდი თავადაც შეგიძლია გამოიყენო. შედეგს აუცილებლად შეამჩნევ.

      ბენჯამინ ფრანკლინი იყო იშვიათი დისციპლინისა და ნებისყოფის მქონე ადამიანი. ცხოვრების გარკვეულ პერიოდში მან უარი თქვა ხორცეულის ჭამაზე. ასე დროც ეზოგებოდა ( საკვების მიღების პროცესი უფრო სწრაფი იყო) და ნებაც იწრთობოდა. მან თავად შეიმუშავა რამდენიმე პრინციპი, რითაც მთელი ცხოვრება ხელმძღვანელობდა. მისი ცხოვრებისეული პრინციპების შესახებ წაიკითხე ჩვენს ვებსაიტზე ეს მასალა (მზია ტუღუშის თარგმანი).

      ბენჯამინ ფრანკლინი იყო მონებით ვაჭრობის წინააღმდეგი. გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე, როგორც ფერადკანიანთა მონობისგან განმათავისუფლებელი საზოგადოების თავმჯდომარემ, ფრანკლინმა კონგრესისადმი დაწერა პეტიცია, რომლითაც ითხოვდა  მონობის გაუქმებას.

მხარდამჭერი ტექნოლოგიები სპეციალურ განათლებაში

0

მოლაპარაკე კალკულატორებს, სკუტერებს, ფანქრის სახელურებს, სასმენ სისტემებს… ­ –  მოიაზრებენ დამხმარე მოწყობილობებად, რომელთა საშუალებით შეზღუდვების მქონე მოსწავლეები სრულყოფილად ერთვებიან სასწავლო პროცესში. საერთაშორისო ტერმინოლოგიით, ყველა ტიპის პროდუქტს, მოწყობილობას თუ სისტემას, რომელიც აძლიერებს შეზღუდვების მქონე პირების სწავლას, მუშაობას თუ ყოველდღიურ ცხოვრებას – მხარდამჭერ ტექნოლოგიას უწოდებენ[1].

უფრო ზუსტი განსაზღვრით, დამხმარე ტექნოლოგია არის ნებისმიერი ელემენტი, აღჭურვილობის ნაწილი, პროგრამული უზრუნველყოფა ან პროდუქტების სისტემა, რომლებიც გამოიყენება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ფუნქციური შესაძლებლობების გასაზრდელად, შესანარჩუნებლად ან გასაუმჯობესებლად.

დამხმარე მოწყობილობები შეიძლება იყოს:

  • დაბალტექნოლოგიური, როგორიცაა: მუყაოსა ან მსუბუქი ქეჩისაგან დამზადებული საკომუნიკაციო დაფები.
  • მაღალტექნოლოგიური, როგორიცაა სპეციალური დანიშნულების კომპიუტერები.
  • აპარატურა, რომლების მოიცავს: პროთეზირებას, სამონტაჟო სისტემებს და გადაადგილების მოწყობილობებს.
  • კომპიუტერული ტექნიკა, როგორიცაა: სპეციალური კონცენტრატორები, კლავიატურა და საჩვენებელი მოწყობილობები.
  • კომპიუტერული პროგრამები, როგორიცაა: ეკრანის წამკითხველი და საკომუნიკაციო პროგრამები.
  • ინკლუზიური საგანმანათლებლო ან სპეციალური სასწავლო მასალა და სასწავლო გეგმების დამხმარე საშუალებები.
  • სპეციალური სასწავლო პროგრამული უზრუნველყოფა.
  • ელექტრომოწყობილობები, ეტლები, თვითმავლები, აჭიმები, საგანმანათლებლო პროგრამული უზრუნველყოფა, ელექტროლიფტები, ფანქრის დამჭერები, მხედველობის მოწყობილობები, თავის ფიქსატორები და მრავალო სხვა.

მხარდამჭერი ტექნოლოგია ეხმარება ადამიანებს, რომელთაც უჭირთ: საუბარი, წერა, ტექსტის აკრება, დამახსოვრება, მითითება, ხედვა, მოსმენა, სწავლა, სიარული თუ  მრავალი სხვა რამ. ადამიანები განსხვავებული შეზღუდვებით საჭიროებენ არაერთგვაროვან მხარდამჭერ ტექნოლოგიებს.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა განათლების უცხოური აქტები (IDEA) განსაზღვრავს დამხმარე ტექნოლოგიას, როგორც „ნებისმიერ საგანს, აღჭურვილობას ან პროდუქტების სისტემას, იქნება ეს შეძენილი კომერციულად თაროდან,  შეცვლილი თუ მორგებული, და გამოიყენება ფუნქციური შესაძლებლობების გასაზრდელად, შესანარჩუნებლად ან გასაუმჯობესებლად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვისთვის/პირისთვის[2].

საქართველოს კანონში ზოგადი განათლების შესახებ დამხმარე ტექნოლოგიების შესახებ მხოლოდ შემდეგი ჩანაწერი იძებნება: „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, საჭიროების შემთხვევაში, მხედველობის დარღვევის მქონე მოსწავლესთან გამოიყენება ბრაილის სისტემა ან/და შესაბამისი დამხმარე ტექნოლოგიები, ხოლო იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, სადაც განათლებას მხოლოდ მხედველობის დარღვევის მქონე მოსწავლეები იღებენ, სავალდებულოა ბრაილის სისტემის ან/და შესაბამისი დამხმარე ტექნოლოგიების გამოყენება[3].

„სპეციალური პროფესიული განათლების შესახებ საქართველოს კანონში“ კი დამხმარე ან მხარდამჭერი ტექნოლოგიების შესახებ არაფერია თქმული.

უცხოეთში არსებული გამოცდილების თანახმად, დამხმარე ტექნოლოგიების შეძენის საკითხი დამოკიდებულია მომხმარებელზე, გამოყენების წესსა და და თავად ტექნოლოგიაზე. ზოგი მათგანი იაფი, ზოგიც კი ძალიან მაღალი ღირებულებისაა. თუმცა მათ შეძენას მაინც აფინანსებენ:

  • საგანმანათლებლო სისტემა
  • სახელმწიფო პროგრამები
  • კერძო სადაზღვევო უწყებები
  • რეაბილიტაციის და სამუშაო პროგრამები
  • შშმ პირთა დამქირავებლები
  • არასამთავრობო და სხვა კერძო საქველმოქმედო ფონდები თუ ორგანიზაციები

მხარდამჭერი ტექნოლოგიების გამოყენება მიზანშეწონილია არაერთი შეზღუდვის დროს. ეს შეზღუდვები მოიცავს:

  • ინტელექტუალურ ჩამორჩენას
  • დაუნის სინდრომს
  • ენა-მეტყველების შეფერხებებს
  • სმენის და მხედველობის დაქვეითებას
  • დაბალ ემოციურ ინტელექტს
  • ორთოპედიული დარღვევები, როგორიცაა მოტეხილობა ან ცერებრალური დამბლა
  • აუტისტური სპექტრის აშლილობა
  • თავის ტვინის ტრავმული დაზიანება
  • დასწავლის უნარის დაქვეითება, როგორიცაა დიგრაფია ან დისლექსია
  • მრავლობითი შეზღუდვები
  • ჯანმრთელობის დარღვევები, მაგ., დიაბეტი ან ყურადღების დეფიციტის და ჰიპერატიულობა-იმპულსურობის სინდრომი (ADHD)

სპეციალურ განათლებაში მხარდამჭერი ტექნოლოგიების როლსა და დარღვევის ტიპთან მათი მიმართების შესახებ ჩვენს მომდევნო წერილში ვისაუბრებთ.

[1] https://www.atia.org/home/at-resources/what-is-at/#what-is-assistive-technology

[2]https://sites.ed.gov/idea/regs/b/a/300.39?fbclid=IwAR1Az4kKt7saoxJiVRZh3h0_sS8ytArGRsdTjBEDhWef9gzy4tAditNylro

[3] https://eqe.ge/res/NewFolder%204/NewFolder%201/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5.%20%E1%83%99%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%98%20%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%90%E1%83%93%E1%83%98%20%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%97%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1%20%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%91.pdf#

წარმოდგენითი ცხენი, წარმოდგენითი თივა

0

„ყველაფერი ყირამალა“ – ისე მოხდა, რომ დონალდ ბისეტის ზღაპრების წიგნი დედამაც მიყიდა და დეიდამაც. შორეული 80-იანების დასაწყისში, როცა, საერთო შეფასებით, ასაკისთვის შეუფერებელი ლიტერატურის კითხვა უფრო მომწონდა. იცოდნენ, რომ წაუკითხავი არ დამრჩებოდა და ალბათ იმედიც ჰქონდათ – ბავშვობას ცოტა ხნით მაინც გამიხანგრძლივებდნენ. წიგნიც, ილუსტრაციებიც ისეთი აღმოჩნდა, მათ გარეშე სიცოცხლე ვეღარ წარმომედგინა, მერე რა, თუ ფურცელ-ფურცელ იშლებოდა, გარეკანისგან კი არაფერი დარჩა სამ-ოთხ თვეში. ზღაპრები ზეპირად ვიცოდი და რამდენიმეს – გამორჩეულად საყვარელს – უკვე სხვა ათწლეულში, სხვა ქვეყნის აურზაურში ძმისშვილებს ვუყვებოდი ხოლმე. ზოგჯერ ვცვლიდი, დეტალებს ვამატებდი, გაგრძელებებს ვუძებნიდი…

ჯოს გასეირნება

ვეფხვის ბოკვერი, ზოლები რომ დაკარგა

ნელსონი და ქათამი

ხოჭო-ფილოსოფოსი და სხვები

პატარა ავტობუსი, სიბნელისა რომ ეშინოდა

დავიწყებული დაბადების დღე

სათაურების კითხვაც კი მახარებს და მაბედნიერებს. მართალია, ახალ გამოცემაში ახალი ილუსტრაციებია, რომლებსაც თვალს ვერა და ვერ ვაჩვევ, მაგრამ ყველა საყვარელი სიტყვა თავის ადგილასაა – რევაზ ინანიშვილის მომნუსხველ თარგმანს რა უნდა დაკლებოდა?! მახსოვს, სწორედ ამ წიგნის გვერდებზე შემხვდა პირველად ნარშავი, ღვია, იონჯა, თივთიკი, ნაალი, იაკი, ჩვამა, ჩიჩვირი… იმის გახსენებაც შემიძლია, რომელს რომელ ზღაპარში გადავეყარე.

მოკლე ისტორიები მოულოდნელი გადაწყვეტილებებით, მარტივად დასანახი სიმართლით. მოსაწყენი ახლაც არ იქნება, იმიტომ რომ სხვა პასუხების დრო დამდგარა, რაღაც სხვასთან შედარების, უცხო სინათლეში დანახვის. დაკარგული ზოლების მოსაძებნად წასულ ვეფხვის ბოკვერზე ისე ვეღარ გაგეღიმება, როგორც უწინ. მთვარეზე რომ მერი ცხოვრობს, მის შეკითხვასაც შეცვლილი ინტონაციით გაიმეორებ: „შემწვარ პურს ხომ არ ინებებთ, ძვირფასო არწივო?“

ხალიჩის ქვეშ კი, არც მეტი, არც ნაკლები, წარმოდგენთი ცხენი წარმოდგენით თივას ახრამუნებს. რა თქმა უნდა, შენც იქვე ხარ და ცდილობ, მიხვდე, რა უნდა იყოს ამ ამოყირავებულ სამყაროში დონალდ ბისეტის და რა – რევაზ ინანიშვილის.

გასართობს რა გამოლევს!

თივა, ნამცხვარი ყველას სამყოფია.

და აქვე შეკითხვები: სად უნდა იყოს ბურუსის სამშობლო? რატომ ბნელა კიბის ქვეშ? რატომ შეიძლება უღრენდეს პატარა ბიჭი ვეფხვებს?

დაივიწყეთ, რომ წიგნი „მოსწავლის ბიბლიოთეკის“ სერიითაა გამოცემული და ყდაზე მინაწერიც აქვს: „7-9 წელი“. შეგიძლიათ არც დაივიწყოთ და წარბაწეულმა დაიწყოთ ამ ზღაპრის კითხვა:

„პადინგტონის სადგურის უფროსის ქალიშვილი თავისი სახლის სახურავს წელიწადში ერთხელ მაინც რეცხავდა. მაშინ იქ მცხოვრებ ჭოტებს ცუდი დღე უდგებოდათ, სახურავი საშინლად სიპდებოდა და სულ კოტრალ-კოტრიალით ცვიოდნენ ძირს“ („ჯოს გასეირნება“).

ან ამის: „მთიანი უელსის ერთ მაღალ კლდეზე ერთი არწივი ბუდობდა. ერქვა დევიდი. დევიდს მაღლა, ძალიან მაღლა უყვარდა ფრენა და აი, ერთხელ ისე მაღლა აფრინდა, რომ ვარსკვლავზე მოხვდა“ („არწივი და ბატკანი“).

ან ამის: „ერთხელ ერთი გოჭი, სახელად იკაროსი, ჯადოსნურ წყაროსთან მივიდა და ერთი ნატვრის ასრულება სთხოვა. ნატვრად კი ეს ჰქონდა: ნეტავი ფრენა მასწავლაო“ („როგორ სწავლობდა გოჭი ფრენას“).

ან ამის: „ერთ საღამოს, ის იყო, თითქმის ჩამეძინა, რომ უცებ გავიგონე, ფანჯარაზე ვიღაც აფხაჭუნებდა და თან მე მეძახდა. წამოვხტი, ფანჯარა გამოვაღე და მთვარეზე გაცნობილი მეგობარი დავინახე – ჯორჯი“ („თაგვები მთვარეზე“).

ან ამის: „იყო ერთი პოლიციელი, სახელად არტური, რომელსაც ჰყავდა ცხენი ჰარი; ორივენი დიდი ონავრები გახლდნენ“ („პოლიციელი არტური და მისი ცხენი ჰარი“).

გული მწყდება, რომ ყველა დასაწყისს ვერ გადმოვწერ.

გული მწყდება, რომ არავინ მყავს, ვისაც ახლავე წავუკითხავდი ხუთ-ექვს ზღაპარს.

 

სასკოლო პროექტი – ხელნაკეთი წიგნების გამოფენა-გაყიდვა

0

ოთხი წლის წინ შტუტგარტის ახალ ბიბლიოთეკაში სტუმრობისას ჩემი ყურადღება მიიპყრო საბავშვო სივრცემ, რომელსაც მეორე სართული ჰქონდა დათმობილი. ერთ-ერთ თაროზე ხელნაკეთი წიგნები ეწყო – მუყაოს ყდა და ფურცლები ძაფებით აეკინძათ, გვერდებზე ეწერა რამდენიმე წინადადება და შესაბამისი ილუსტრაციები ეხატა. გერმანული ენა არ ვიცი, მაგრამ „კითხვაში“ ნახატები დამეხმარა.

ხელნაკეთი წიგნების სტენდთან უხილავი ენერგეტიკა ტრიალებდა – უცნობი მასწავლებლებისა და მათი მოსწავლეების ნაფიქრალი და ნაშრომი მნახველს შთაბეჭდილებებით ავსებდა. იქვე განთავსებული ბროშურებისა და ბუკლეტების მიხედვით დავასკვენი, რომ სასკოლო პროექტისთვის ქალაქის მთავარ ბიბლიოთეკაში მიეჩინათ ბინა, რაც პატარა მკითხველების მოტივაციის ამაღლებას უწყობდა ხელს.

ერთ მშვენიერ დღეს ჩემს შვილებთან ერთად ხელნაკეთი წიგნი დავამზადე. შემდეგ პანდემია დაიწყო და მსგავსი პროექტის მოსწავლეებისთვის დაგეგმვა-განხორციელება ოცნებად დამრჩა.

ოთხი წლის შემდეგ ისევ ვესტუმრე შტუტგარტის ახალ ბიბლიოთეკას. საბავშვო სივრცეში ხელნაკეთი წიგნები ისევ დამხვდა. სამყარო თითქოს ჩემს ფიქრებსა და ინტერესს გამოეხმაურა, იქვე შევამჩნიე მონიტორი, რომელზეც კადრებად გადიოდა ხელნაკეთი წიგნების დამზადების პროცესი: მაგიდაზე ქაოსურად მიმოფანტულიყო ფურცლები, შტამპები, ყდები… ბავშვების სახეებზე შემოქმედებითი ფუსფუსი იკითხებოდა. ერთ-ერთი კადრი კი ინსპირაციის წყაროდ მექცა, კერძოდ, ღია სივრცეში მოსწავლეები და მშობლები ხელნაკეთ წიგნებს ერთმანეთს უკითხავდნენ. თვალწინ გამიელვა ჩვენი სკოლის ღია სივრცემ და ძალიან მომინდა, ჩემი მესამეკლასელებისთვის მსგავსი პროექტი დამეგეგმა.

პირველი ხელნაკეთი წიგნი გავწერე კომპლექსურ დავალებად, რომელიც შემდეგ სტატიაშიც დაწვრილებით აღვწერე. რევაზ ინანიშვილის მოთხრობა „ფუღუროს“ შესწავლის შემდეგ მთელმა კლასმა დავამზადეთ ხელნაკეთი წიგნი სახელად „მშვენიერი ობობა“, მერე კი ბავშვებმა ინდივიდუალურად შექმნეს ხელნაკეთი წიგნები.

მეორე სემესტრში მიზანმიმართულად ვმუშაობდი წიგნის მახასიათებლების (სათაური, ავტორი, გამომცემლობა, ყდა, გვერდები, თავფურცელი, ილუსტრაციები, აბზაცები, წინადადებები, სასვენი ნიშნები) სწავლებაზე. კლასი ჯერ ჯგუფებად დავყავი და რამდენიმე წიგნი დავამზადებინე, რასაც პირადი ინიციატივით ხელნაკეთი წიგნების შექმნა მოჰყვა. საბოლოოდ საკლასო ბიბლიოთეკაში ბავშვების ხელით შექმნილი 80-მდე წიგნი დაგვიგროვდა.

სემესტრის მიწურულს ქართული ხალხური ლექსი „საბრალო დედაბრისასა“ ვისწავლეთ. ლექსში ძალიან ბევრი პერსონაჟია: ცხოველები, ფრინველები, დევები, ჭინკები და ანგელოზები საერთო მიზანს გაუერთიანებია – საბრალო დედაბრის დახმარებას ცდილობენ. ბავშვებს შევთავაზე, დაეწერათ თითოეული მათგანის დღის ჩანაწერი, რომლებიც შემდეგ ხელნაკეთ წიგნად აქციეს.

გადავწყვიტე, მოგვეწყო ხელნაკეთი წიგნების გამოფენა-გაყიდვა, რომელშიც მოსწავლეთა ოჯახის წევრები და სასკოლო თემი მიიღებდნენ მონაწილეობას, მოგროვებული თანხით კი ჩრდილების თეატრ „ბუდრუგანა გაგრაში“ სტუმრობა დავგეგმეთ.

უნდა აღვნიშნო სხვა საგნის მასწავლებლების ჩართულობაც. კერძოდ, მათემატიკის მასწავლებელი ფასზე, ხურდის დაბრუნებაზე ესაუბრა ბავშვებს, ხელოვნების გაკვეთილზე მოსაწვევი ბარათები დაამზადეს ოჯახის წევრებისთვის, მუსიკის მასწავლებელმა კი ღონისძიებისთვის კლასიკური მუსიკა შეგვირჩია. სიტყვა „მეწარმის“ განმარტება რომ ვიკითხე, მითხრეს, „მე და საზოგადოების“ მასწავლებელმა აგვიხსნა, რასაც ნიშნავსო.

ეროვნულ სასწავლო გეგმაში ერთ-ერთი გამჭოლი კომპეტენცია მეწარმეობის განვითარებაა:

მეწარმეობა არის ცოდნის, უნარებისა და დამოკიდებულებების ერთობლიობა, რომელიც ხელს უწყობს ეკონომიკური იდეების რეალიზებისთვის ხელსაყრელი პირობების დანახვას და მათზე დროულად რეაგირებას. მეწარმე არ არის მენეჯერის იდენტური ცნება“.

წიგნიერების უნარებზე მუშაობა მეწარმეობისთვის საჭირო კომპეტენციების განვითარებას დავუკავშირე. ამ ჭრილში პროექტის მიზნების განხილვამ მოსწავლეების მოლოდინს ხიბლი შემატა.

წინა დღეს დავამზადეთ აფიშები. გაკვეთილის დაგეგმვაში „კითხვის ეფექტური მეთოდების“ ვიდეოჩანაწერები დამეხმარა, კერძოდ, „აფიშის/წიგნის ყდის/ წიგნის დამზადება“.

აფიშები გამოვაკარით სკოლის შესასვლელში, დერეფანში, სამასწავლებლოში, ბაღისა და უბნის ბიბლიოთეკის კარებზე, რამაც მთელი დასახლების ყურადღება მიიპყრო.

ხელნაკეთი წიგნების გამოფენა-გაყიდვა სკოლის სტადიონზე დავგეგმეთ, თუმცა წვიმის გამო საკლასო ოთახში გადანაცვლება მოგვიხდა.

სტუმრებისთვის შინ გამომცხვარი ორცხობილები მოვიმარაგეთ.

თითოეულ მერხთან სამი-ოთხი მოსწავლე იდგა. თითოეულ ჯგუფს ფულის აღებასა და ხურდის გაცემაში ერთი მშობელი ეხმარებოდა. ჩემი მეგობარი მასწავლებლის, ხათუნა რაზმაძის, რჩევით, ფულისთვის დავამზადეთ პატარა კოლოფები და დამხმარე მშობლებს „არგონავტები“ ვუწოდეთ.

ღონისძიება რომ გაჭიანურებულიყო და ბავშვები არ გადაღლილიყვნენ, თითოეულმა მოსწავლემ აუდიტორიას საკუთარი თავი გააცნო, ხელნაკეთი წიგნის სათაური და პირველი წინაადადება წაუკითხა, რომ მსმენელის ინტერესი გაეღვივებინა.

მოულოდნელად ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი და საბავშვო წიგნების ავტორი გიორგი ჭაუჭიძე გვესტუმრა. ჩემთვის, მშობლებისა და მოსწავლეებისთვის გიორგის მხარდაჭერას ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა და სკოლის სახელით მადლობას ვუხდი მას.

ხელნაკეთ წიგნებთან ერთად გასაყიდად ილუსტრაციები, კედლის გაზეთები და ღია საფოსტო ბარათები მოვამზადეთ.

წიგნების სათაურები მრავალფეროვანი იყო: „გვრიტების დაბადების დღე“, „შეყვარებული თხები“, „საწყალი გნოლი“, „გაბრაზებული საცოდავი ირმები“, „გულნატკენი ჩხიკვები“, „შაშვების კარგი გუნდი“, „ერთი პეპელა“…

არანაკლებ საინტერესო იყო წიგნის გარეკანზე დატანილი „გამომცემლობების“ სახელები: „დალი მასწავლებლის კლასი“, „ჩემი სახლი“, „ნახატა“, „ქათქათა ოჯახი“, „გვირილების სახლი“, „ცომის გუნდა“…

გვესტუმრნენ დედები, მამები, და-ძმები, ბებიები, უფროსკლასელები… ყველაზე სახალისო ეტაპი ხელნაკეთი რესურსების გაყიდვა აღმოჩნდა. სტუმრებისა და ოჯახის წევრების დახმარებით „არგონავტმა“ მშობლებმა 399 ლარი და 50 თეთრი დაითვალეს. ჩემმა მეგობარმა მასწავლებელმა, ნათია ფურცელაძემ, თავისი გოგონებისთვის დისტანციურად შეიძინა ღია საფოსტო ბარათები და ილუსტრაციები.

ერთი კვირის შემდეგ ჩრდილების თეატრს ვესტუმრეთ. გვითხრეს, რომ გარეუბნიდან პირველი სკოლა ვიყავით. წარმოდგენის შემდეგ მეჩრდილე მსახიობებმა მოსწავლეები სარეპეტიციოში შეიყვანეს, თითოეულს საგულდაგულოდ უხსნიდნენ თითებით სხვადასხვა ცხოველის გამოსახვის წესებს. უფროსები ვუყურებდით, როგორ მოძრაობდნენ ბავშვების პატარა ხელები და მათ ამაღლებულ განწყობას ვიზიარებდით.

„ბუდრუგანა გაგრას“ ფეისბუკგვერდზე ჩვენი სტუმრობის ამსახველი ფოტოები ატვირთეს, რომლის აღწერა შემდეგი სიტყვებით იწყებოდა: „საკუთარი შრომით…“

ბავშვებისთვის საკუთარი შრომით თეატრში სტუმრობა ნამდვილად შთამბეჭდავი და დაუვიწყარი აღმოჩნდა. მათ დაინახეს, სასწავლო პროცესში აქტიურობას, მოსმენას, საშინაო დავალებების შესრულებას როგორი შედეგი შეძლება მოჰყვეს; რომ მშობლებისა და კლასის დამრიგებლის, დალი მასწავლებლის, მხარდაჭერის გარეშე მსგავსი ღონისძიების გამართვა შეუძლებელი იქნებოდა; როგორ მოვიდნენ მანდატურები, რათა საღამოს საათებში ჩვენი უსაფრთხოებისთვის ეზრუნათ; როგორ შეცვალა დათო მასწავლებელმა ნათურები საკლასო ოთახში; როგორ არ შეუშინდა თავსხმა წვიმას გიორგი მასწავლებელი და რა საგულდაგულოდ ყიდულობდა ხელნაკეთ წიგნებს თითოეულ ჯგუფთან; როგორ გვესტუმრნენ უფროსკლასელები; როგორ დაეძებდნენ ბებიები დიდ ფურცელს, რომელზეც შთაბეჭდილებების დაწერა ვთხოვეთ; როგორ ასწავლიდნენ მსახიობები ჩრდილების გამოსახვას; როგორ უღებდა თითოეულ მათგანს ფოტოგრაფი სურათს; როგორ შეაფასეს ჩვენი კლასის თეატრში სტუმრობა… და ამგვარი ამბების ჯაჭვი უწყვეტია. დარწმუნებული ვარ, ის ბევრი ახალი რგოლით შეივსება და ჩვენი ბავშვები კარგ მოქალაქეებად ჩამოყალიბდებიან.

ჩვენ მიერ შესწავლილი ტექსტებიდან საბრალო დედაბერს ზეციური და მიწიერი სამყარო ეხმარება, წიქარა – ბიჭუნას, კოპალა – ადამიანებს. ამ სამი ტექსტის მთავარი სათქმელი დახმარება, სირთულეების დაძლევა და საყოველთაო სიხარულში მონაწილეობაა. საბოლოოდ, ჩვენი ხელნაკეთი წიგნების გამოფენა-გაყიდვის მთავარი მიზანიც ეს აღმოჩნდა – ურთიერთდახმარება და სწავლა-სწავლებით მოგვრილი სიხარულის გაზიარება.

ტოპონიმიკა – სახელების პოეზია

0

ხშირად ვფიქრობთ, ისეთი თემატიკა შევარჩიოთ, ისე დავგეგმოთ გაკვეთილი, რომ ჩვენს მოსწავლეებს თავიანთი ქვეყანა შევაყვაროთ, თავიანთ ქვეყანაზე ცოტა მეტი ვუამბოთ.

ამისთვის ტოპონიმიკა – მშვენიერი რესურსია, ერთი მხრივ, ენათმეცნიერებაზე, სახელდებისა და სიტყვაწარმოების საკითხებზე, გრამატიკაზე (ვთქვათ, საკუთარი სახელების ბრუნებასა და მრავლობითი რიცხვის წარმოებაზე), ისტორიულ, ეთნოგრაფიულ, გეოგრაფიულ საკითხებზე სასაუბროდ და, რაც მთავარია, სახელების ჯადოსნურობის, პოეტურობის ამოსახსნელად.

დაჰკვირვებიხართ ადგილს, სადაც ცხოვრობთ, რატომ ჰქვია სწორედ ეს სახელი და არა სხვა? ჩვენი გაკვეთილის პირველი საკითხი სწორედ ეს იქნება, რა ჰქვია თქვენს ქალაქს თუ სოფელს, როგორია ამ ტოპონიმის ეტიმოლოგია? შეიცვალა თუ არა? შეგვიძლია თუ არა, დავაკვირდეთ ტოპონიმის წარმოებას, როგორ გაჩნდა ეს სახელი, სიტყვაწარმოების რა ნიუანსებია გამოყენებული და სხვა.

როგორ არქმევს ადამიანი სახელს ადგილს, რომელსაც მოიშინაურებს? რის მიხედვით? რა არის მისთვის მნიშვნელოვანი? როგორ ირჩევს ერთგვარ საზღვარს თუ სახურავს თავისი ყოფიერების სახლისთვის?

რასაკვირველია, თავდაპირველად ტერმინი „ტოპონიმი“ უნდა განვმარტოთ, რა არის ტოპონიმი და ტოპონიმიკა, რა ფუნქცია აქვს მას? გამოგვადგება ეს მშვენიერი დეფინიცია გურამ ბედოშვილის „ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონიდან“ – „ტოპონიმებში მისი შემქმნელი და მომხმარებელი ხალხის ძველი და საინტერესო თავგადასავალია მოთხრობილი”, გაკვეთილის მთავარი კონცეფციაც სწორედ ეს იქნება — ამოვხსნათ ჩვენი ისტორია და თავგადასავალი, რომელიც გეოგრაფიულ სახელებშია ჩამალული. რადგან, როგორც ივანე ჯავახიშვილი წერდა: „გეოგრაფიული სახელების ეტიმოლოგიების წამოყენებისა და პირველადი მნიშვნელობის გამორკვევის დროს მკვლევარმა უპირველესად ამა თუ იმ ადგილის მდებარეობისა და თვისების დამახასიათებელი გარემოებანი უნდა გაითვალისწინოს და ჩაუკვირდეს სხვა იქაურ მსგავსივე გეოგრაფიული სახელების აგებულებასა და მნიშვნელობას“.

დავიწყოთ ჩვენი ქალაქის ან სოფლის სახელწოდებით, ჯერ ავხსნათ სახელდების წესები, რას და როგორ ვარქმევთ, რომელი უძველესი ტოპონიმები ვიცით, შეგვიძლია ძველი ისტორიკოსების ტექსტები მოვიშველიოთ, მაგალითად, „არგონავტიკა“.

შეგვიძლია ხალხური ეტიმოლოგიის შესახებ მოვყვეთ და ბავშვებს გამოსაცნობად მივცეთ ესა თუ ის ტოპონიმი, ერთმანეთს შევადაროთ ეტიმოლოგიის ნამდვილი და ხალხური ვერსია.

საინტერესო იქნება სახელდების პროცესების იმიტაციაც, ამისათვის, რომელიმე უცნობ ქალაქს, სოფელს, მთას ან მდინარეს მოვუფიქრებთ სახელს მისი მდებარეობის, განლაგების ან სხვა მანიშნებლების მიხედვით.

მცირე ექსპერიმენტი უნდა მოვიშველიოთ – ადამიანი ნებისმიერ გეოგრაფიულ ობიექტს სახელს იმისთვის არქმევს, რომ სივრცეში მარტივად მოახერხოს ორიენტირება, შესაბამისად, ირჩევს მთავარ ნიშანს, რომლითაც ამ ერთ ობიექტს მეორისგან განარჩევს. ვცადოთ, სახელი დავარქვათ ჩვენს უბანს, ჩვენს სოფელს, ან სულაც ქუჩას, რომელზეც ვცხოვრობთ.

შეგვიძლია დავაკვირდეთ ლიტერატურულ ტოპონიმებს, როგორც რეალურ, ისტორიულ სახელებს, ასევე გამოგონილ, მხოლოდ ლიტერატურაში არსებულ დასახელებებს.

უფრო ღრმა ლინგვისტური კვლევებით „თამაშიც“ შეიძლება, მაგალითად, ტოპონიმების გარკვეულ ჯგუფზე დაკვირვებით, შეგვიძლია მოსწავლეებს დავავალოთ, ამოიცნონ ტოპონიმის ყველაზე გავრცელებული მაწარმოებელი, ან ტოპონიმების წარმოების დიალექტოლოგიური განპირობებულობა, ხომ არ არის ესა თუ ის წარმოება უფრო გავრცელებული რომელიმე კუთხისთვის, ხომ არ ამოიხსნება ეს იმ კუთხის დიალექტით და ა.შ.

შეგვიძლია ტოპონიმთა შინაარსობრივი კლასიფიკაციის „ბადე“ მოვამზადოთ, სადაც გამოიყოფა გეოგრაფიული სახელები, რომელთა საწარმოებლად გამოიყენება ფლორის, ფაუნის, რელიეფის, ისტორიის, მითოლოგიის, რელიგიის შინაარსის გამომხატველი სიტყვები, ცალკე გამოვყოფთ მემორიალურ ტოპონიმებს, აქ სიციო-ლინგვისტური საკითხებიც შემოგვეშველება, როგორ გადაერქვა სოფლებსა და ქალაქებს უძველესი სახელები წითელი ტერორის დროს, როგორ დაიკარგა შიდა ქართლის სოფლები 2008 წელს და მხოლოდ ტოპონიმებიღა შემოგვრჩა.

შეგვიძლია კონკურსიც გავმართოთ, მოსწავლეებს დავავალოთ, იპოვონ ყველაზე საინტერესო, ლამაზი ან პოეტური ტოპონიმი, იპოვონ სოფლების ისეთი სახელები, რომლებიც სხვადასხვა კუთხეში მეორდება, იმსჯელონ, რატომ ხდება ტოპონიმების გამეორება და სხვა.

შეგვიძლია ტოპონიმები შემოქმედებითი წერის თემადაც გამოვიყენოთ, აბა, გადახედეთ ქართულ ტოპონიმებს, როგორი სახელები გვაქვს : „სამღერეთი“, „ჭივჭავი“, „მზეთამზე“, „სამტრედო“, „საბურეთი“ და რამდენი ასეთი, როგორი კარგი იქნებოდა შემოქმედებითი წერის სავარჯიშოები მოგვეფიქრებინა, მოქმედების ადგილად გვექცია, აღგვეწერა. ვფიქრობ, მოსწავლეებსაც ძალიან მოეწონებოდათ.

 

არ შეიცავს ტყვიას!…

0
  • ძვლები საერთოდ აღარ მაქვს, – ჩამესმა ყურში ვიღაც კაცის ხმა.

ავტობუსით ჩემს საქმეზე მივდიოდი და ცოტა შემაღლებულ ადგილას ვიჯექი. ამიტომ, დიდად თავი არ შემიწუხებია იმის გასარკვევად, ვის აღარ ჰქონდა ძვლები. მხოლოდ მაშინ გამოვფხიზლდი, როდესაც ხელით შემეხნენ და ოდნავ მიბიძგეს, მიპასუხეო:

  • ქალბატონო, თქვენ გაქვთ ძვლები?

მივიხედე და საკმაოდ ასაკოვანი კაცი, რომელიც ჩემ გვერდით სკამზე მოკალათებულიყო, ჩემივე ძვლების ამბავს მეკითხებოდა.

  • დიახ, მე ჯერ მაქვს, – თითქოს ოდნავ მობოდიშებით უპასუხე, რადგან ნახეთ, როგორი საქმე იყო, იმას აღარ ჰქონდა და მე მაქვს…

საერთოდ, დაკვირვებული ვარ, რომ ადამიანების უმეტესობა სხვას ადარებს თავს. არადა, ეს შედარება ოდნავ სასაცილოდაც კი გამოიყურება.

მაგალითად, დედასთან სამსახურში ერთი ქალი მუშაობდა, სახელად თინიკო. იცით, როგორი ტიპაჟი იყო? აი, მუდამ ახალგაზრდა, რომ არის. არა, სულით და გულით მუდამ ახალგაზრდად დარჩენის მომხრე ვარ, მაგრამ ცოტა შენს ბიოლოგიურ ასაკსაც უნდა სცე პატივი და შესაბამისად გამოეწყო. თორემ, თუთიყუშივით მორთვაც შეიძლება, რითაც მტერს გააცინებ, მოყვარეს დაამწუხრებ. ჰოდა, თინიკო ჩემზე სადღაც 25 წლით მაინც უფროსი გახლდათ. არადა, სკოლიდან დედასთან სამსახურში მისულს, სულ მე მადარებდა თავს და გულწრფელად უკვირდა, რომ მე თვალთან ნაოჭი არ მქონდა, მას კი ემჩნეოდა და რატომ?

  • თინააა, იმედია ჯანმრთელად და კარგად ხარ და თუ შემთხვევით ამ წერილს წაიკითხავ, თვალთან ნაოჭი მეც მემჩნევა უკვე. მართალია, კარგად ვუვლი, მაგრამ ზოგჯერ დაღლილზე მაინც გამოიჭყიტავს ხოლმე, აქ ვარო.

ჰოდა, ავტობუსში ამ უცხო კაცსაც თინასავით დაემართა.

მაცალეთ ბატონო, მივიდე თქვენს დრომდე და იქნება ძვლები მეც გამიქრეს, ან სულაც პირიქით, ძვლები უხორცოდ დამრჩეს და მთლად „უშიშარი, ვითარცა უხორცო“ შევიქმნა.

ამ დიალოგმა ერთ ამბავზე დამაფიქრა. პლუმბიზმი გაგიგონიათ? ასე ორგანიზმის ტყვიით მოწამვლის მდგომარეობას ჰქვია და სხვა სამიზნესთან ერთად, ჩვენს ძვლოვან ქსოვილს ემუქრება.

ტყვია ორგანიზმში საჭმლის მომნელებელი სისტემის ან სასუნთქი გზების მეშვეობით ხვდება. სისხლი მას მთელ ორგანიზმში ანაწილებს. ტყვიის მტვრის ჩასუნთქვა გაცილებით საზიანოა, ვიდრე საკვებთან ერთად მიღება. ქალაქში ეს საფრთხე გაცილებით მაღალია, თუნდაც მეთილირებული ბენზინის გამო.

ტყვია ძვლოვან ქსოვილში გროვდება და კალციუმის ფოსფატში კალციუმს ანაცვლებს. რბილ ქსოვილებში (კუნთები, თირკმელები, ღვიძლი, თავის ტვინი) დაგროვებისას ის დაავადება პლუმბიზმს იწვევს. ისევე როგორც სხვა მძიმე მეტალების იონები, ტყვია ზოგიერთ ფერმენტს ბლოკავს. თუ ტყვიის კონცენტრაციამ სისხლში ათჯერ მოიმატა, ფერმენტთა აქტიურობა ასჯერ შემცირდება. გარდა ამისა, განვითარდება ანემია, გართულდება თირკმელების მუშაობა, დაქვეითდება ინტელექტი.

ღრძილებზე რუხი ნადები მოწამვლის პირველი და უტყუარი ნიშანია. თუ ადამიანს განწყობა უმიზეზოდ ეცვლება და პირში ლითონის გემოც აქვს, საფუძვლიანი ეჭვია, რომ მოწამლულია.

ტყვიაზე და ორგანიზმში მისი მოხვედრის გზებზე ორჯერ დავწერე:

წვიმად მოსული ზევსი

საშიში სათამაშო

თუმცა, დღესაც იმავე თემას მინდა შევეხო. ოღონდ, ამჯერად ტყვიასთან ერთად ჩვენს ორგანიზმში სხვა მძიმე მეტალი კადმიუმიც შეიძლება მოხვდეს. საქმე თანამედროვე ჭურჭელს შეეხება. აი, იმ უამრავ და მრავალფეროვან ჭიქა-თეფშებს, ჩვენი თუ სხვა ქალაქების მაღაზიების თაროებზე რომ განუთავსებიათ და მომხმარებელსაც თვალები გაურბის, არ იცის, რომელი შეარჩიოს.

დიახ, სწორედ ლამაზად მოხატული ჭურჭლიდან ჩვენს ორგანიზმში შესაძლოა მძიმე მეტალები -ტყვია და კადმიუმი გადავიდეს, რადგან მათი იონები კაშკაშა ფერის საღებავებში შედის. სხვათა შორის, ძალიან ხშირად თავად მწარმოებელი წერს თეფშსა თუ ფინჯანზე, რომ ის მხოლოდ დეკორატიული გამოყენებისთვისაა, ანუ სახლში, ოთახში სამშვენისის როლს შეასრულებს. სხვებს აწერიათ, რომ თეფშზე მხოლოდ ცივი კერძის დადება შეიძლება.

სხვათა შორის, ასეთი დეკორატიული თეფშები სახლში მეც მაქვს. ძველი ჩინური ნივთია და ჩემს დაბადებამდეა შეძენილი. ძალიან ლამაზია. მთლიანად ოქროსფერია და ზედ თეთრი დრაკონებია გრავირებული. უკან რაღაცები ჩინურად აწერია. წარმოდგენა არ მაქვს, რა დააწერეს, მაგრამ შეხედავ თუ არა, მიხვდები, რომ დეკორატიულია და დიდი-დიდი ზედ გარეცხილი გარგარი ან ალუბალი დადო და დიდხანს არ გააჩერო, მაშინვე მიირთვა.

აქვე ერთი ლირიკული გადახვევა მინდა გავაკეთო და ჩინელ ხალხს მივმართო.

  • ძვირფასო ხალხო, გავიგეთ, რომ თქვენი ენა ძალიან გიყვართ და ჭურჭელს ჩინურად აწერთ, მაგრამ ქიმიური ლაბორატორიის დანადგარებს რომ ამზადებთ, საერთაშორისო ექსპორტზე რომ გაგაქვთ, მერე ტენდერში გამარჯვებული, ჩემი ცოდვით სავსე რაღაც ფირმა, რომ თქვენგან ყიდულობს, ჩემთან მოაქვს და წარწერა-ინსტრუქციები სულ „უწკუ-პუწკუ“ იეროგლიფებით წერია, ეგ საქმე როგორ იქნება, ნეტა? ანუ, ჩინური უნდა ვისწავლო, თუ თარჯიმანს ვუხადოთ ფული ან მე, ან უნივერსიტეტმა. დააწერეთ ინგლისურადაც, თორემ მე აწი ჩინურის მსწავლელი ვერ ვარ, აქვე გაფრთხილებთ.

ჰოდა, ისევ ჩემს თეფშებს დავუბრუნდები. წლების წინ, დედასგან დაუკითხავად ერთ თეფშს ზურგის მხრიდან ოქროსფერი საღებავი ჩამოვაფხიკე, ლაბორატორიაში წავიღე და ტყვიის იონებზე შევამოწმე. თვისებითმა რეაქციამ დადებითი აჩვენა. თუმცა, დარწმუნებული ვარ, თეფშს უკან იეროგლიფები რომ ახატია, უეჭველი გვეუბნება, შეხედე მხოლოდ და ზედ ცხელ-ცხელი ხაჭაპური არ დადოო.

კადმიუმზე სინჯი არ ჩამიტარებია, მაგრამ შეიძლება ეგეც დადებითი ამოსულიყო. კადმიუმიც მძიმე მეტალია, პერიოდულ სისტემაში მეორე ჯგუფის თანაურ ქვეჯგუფში მოძებნით, თუთიასა და ვერცხლისწყალს შორის. ხშირად თუთიის საბადოების კვალის ელემენტია და გარემოში ვრცელდება.მისი სიმკვრივე 8,64გ/სმ3-ია.

კადმიუმით ქრონიკული მოწამვლა დაავადება იტაი-იტაის იწვევს. ეს საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებაა, რომლის დროსაც ძვლოვანი ქსოვილიდან კადმიუმით კალციუმის გამოძევება ხდება. კადმიუმზე უფრო ვრცლად ამ წერილში ნახეთ

უკაცრავად, თქვენ პარაცელსი ბრძანდებით?...

უნდა გვახსოვდეს, რომ ნებისმიერი სხვადასხვა კაშკაშა საღებავით (განსაკუთრებით, ყვითელი, სტაფილოსფერი და ამ გამის) მიხატულ-მოხატული ჭურჭელი, მათ შორის, ძველი წლების ანტიკვარიატიც, შესაძლოა საღებავში ტყვიას და კადმიუმს შეიცავდეს. ამიტომ, უბრალოდ უნდა შევძლოთ ასეთ ჭურჭელთან სწორი მოქცევა. გამოვიყენოთ ხილის, კონფეტების, თხილეულის დასალაგებლად და სუფრის გასალამაზებლად, რადგან ასეთი ჭურჭლიდან მძიმე მეტალები შესაძლოა ორგანიზმში გადმოვიდნენ, თუ:

– მათზე ცხელ საჭმელს მივირთმევთ და ან სუფრაზე დავდებთ სტუმრებისთვის გადასაღებად. მაღალი ტემპერატურა მეტალთა იონების საკვებში მიგრაციის პროვოცირებას იწვევს.

– მიკროტალღოვან ღუმელში გავაცხელებთ.

– თუ ასეთი ჭურჭლიდან მჟავა pH საკვებს მივიღებთ ან სტუმრებისთვის გადასაღებად გამოვიყენებთ. მაგ. სოიოს სოუსი, დაჭრილი, კანგაცლილი ციტრუსები, პომიდრის სალათი ან საწებელი, კომბოსტოს მწნილი ან სხვა მწნილეულობა, სალათის საკმაზი, რომელიც ძმარს შეიცავს და ა.შ.

ერთი ექსპერიმენტის თანახმად, ამერიკაში 1970 წლამდე დამზადებულ კაშკაშა ემალით მოხატულ ჭურჭელში ათავსებდნენ 4% ძმარმჟავას და აჩერებდნენ 24 საათის განმავლობაში. ძმარში ტყვიის კონცენტრაცია 610მკგ/მლ-ს აღწევდა, კადმიუმის კი-15მკგ/მლ (https://pubmed.ncbi.nlm.nih.gov/9151439/).

 

იმავე დღეს, სახლში დაბრუნებამდე ერთ სუპერმარკეტში საყიდლებზე შევიარე. ჩაის განყოფილებაში ჩაის კოლოფის და ჭიქის ტანდემს მივაქციე ყურადღება. საგანგებო წარწერაც ამშვენებდათ:

  • არ შეიცავს ტყვიას!

 

ჟურნალ “სკოლის მართვის” ახალი ნომერი გამოიცა

0

„დღემდე ჯერ მხოლოდ სამასი ისეთი ქალი მოუმზადებია, რომელნიც მასწავლებლად
არიან აქა თუ იქ, ან საკუთარი სახელოსნოები აქვთ გურია-სამეგრელოს სხვადასხვა
სოფელში. მოწაფენი ჰყავს გურია-სამეგრელოდან და ქართლ-კახეთიდანაც კი…“ – ეს
გახლავთ ამონარიდი იოსებ იმედაშვილის საუკუნის წინანდელი წერილიდან, რომლითაც მადლობას უხდის და წარმატებას უსურვებს ნოტიო ლოლუას სკოლასა და
მის მასწავლებლებს, რომლებიც მუყაითად და მხნეობით ემსახურებოდნენ ქალების
თვითმოქმედება-განვითარების საქმეს.

არც ამ ნომერში ვღალატობთ ჩვენს გადაწყვეტილებას, რომ დღეისთვის არსებული
ყველაზე აქტუალური და ყველაზე პროგრესული იდეებისა და საჭიროებების პასუხად
მაგალითები ჩვენივე წარსულიდან მოვიყვანოთ. დღეს ბევრს ვსაუბრობთ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების, ცოდნის ეკონომიკის, რეალურ ცხოვრებისეულ საჭიროებებზე

ორიენტირებული სკოლის შესახებ. ნოტიო ლოლუას სკოლა კი, გასული საუკუნის დასაწყისში, სწორედ ამ პრინციპებს ემსახურებოდა და რეალური ცვლილებებიც შეჰქონდა საზოგადოების განვითარებაში.ცვლილებები ვახსენეთ და – ამ ნომერში, ასევე, გაგაცნობთ იმ თეორიებს, რომლებიც დაგვეხმარება სასკოლო კულტურის განვითარებაში.

არაფორმალური განათლება ჩვენი საგანმანათლებლო რეფორმის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, გაგაცნოთ ის საერთაშორისო პოლიტიკური ჩარჩოები, რომელთა გათვალისწინებაც ევროინტეგრაციის გზაზე მდგარ ქვეყანას, განათლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, აუცილებლად სჭირდება.

ასევე, გაგაცნობთ კვლევას, რომელიც კიდევ ერთხელ დაგვაფიქრებს სკოლის გარეთ
არსებული რესურსების გამოყენების შესაძლებლობებზე.

ამ ნომერში კათედრების საქმიანობასთნ დაკავშირებული ძალიან წარმატებული
პროექტის შეჯამებასა და პროექტის მონაწილე სკოლების პრაქტიკულ გამოცდილებასაც გაეცნობით. სკოლის ავტონომიისა და გარე კონტროლის მექანიზმებთან დაკავშირებული სტატია დაგეხმარებათ, გადაავლოთ თვალი ამ მიმართულებით დაწესებულ
საკანონმდებლო რეკომენდაციებს.

და ბოლოს – დემოკრატია ჩვენი არჩევანია, რომლის შენებაშიც სკოლას უდიდესი
წვლილი მიუძღვის, სადაც ყველას თავისი როლი აქვს – მასწავლებელს, დირექტორს,
მშობელს. იმედი გვაქვს, მულტილინგვური ვებგვერდი www.living-democracy.com
და სპეციალურად ქართულენოვანი მკითხველისთვის მოცემული მასალა ღირებულ
დახმარებას გაგვიწევს ჩვენი სკოლის დემოკრატიულად მართვაში, შესაბამისად, საზოგადოების დემოკრატიულ განვითარებაში.

რედაქტორი : ნათია ნაცვლიშვილი

ნომრის ავტორები:

ლელა მახოხაშვილი, იოსებ იმედაშვილი, ბერიკა შუკაკიძე, სიმონ ჯანაშია, ჰელმუტ ფენესი, გია მურღულია, მორის დანდურიშვილი, ლალი ხაჩიძე, დენის წურწუმია, ნათია ნაცვლიშვილი,

ჟურნალის წაკითხვა  და ჩამოტვირთვა შესაძლებელია ბმულიდან: 

სკოლის მართვა #2

მუსიკოსები ავტორიტარიზმის წინააღმდეგ

0

მუსიკა ავტორიტარულ რეჟიმთან ბრძოლის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. მოსაზრებას ორი ანტიდემოკრატიული სისტემის გამოცდილება და ისტორია ადასტურებს. საბჭოთა კავშირშიც და გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაშიც ოპოზიციის ყველაზე ძლევამოსილი მოღვაწეები პარტიული და პროფკავშირული ლიდერები, სოციალური მოძრაობების მეთაურები არ ყოფილან. დისიდენტურ წრეებში პოლიტიკოსებზე მეტი გავლენა მუსიკოსებსა და მუსიკალურ ჯგუფებს ჰქონდათ. განვიხილოთ ორი მკაფიო და თვალსაჩინო მაგალითი.

1970-იანი წლების ბოლოსა და 1980-იანი წლების დასაწყისში საბჭოთა კავშირში „უძრაობის ხანამ“ დაისადგურა. მოსახლეობას შიმშილის, უსახლკარობის, უმუშევრობის პრობლემა ნაკლებად აწუხებდა, ელემენტარული სოციალური კეთილდღეობა თითქმის ყველასთვის გახლდათ უზრუნველყოფილი. პარტიასაც ღრმად ჰქონდა გადგმული ფესვები საზოგადოების ყველა ფენაში, პარაზიტოლოგიის ინსტიტუტიდან დაწყებული არმიით დასრულებული – ყველა დაწესებულებაში გადამწყვეტი სიტყვა პარტიულ მუშაკებს ეთქმოდათ. რეპრესიული ეპოქისა და მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ქვეყანაში აქა-იქ თუ შენიშნავდით წინააღმდეგობის მბჟუტავ, უსუსტეს კერებს, რეჟიმის ყველა მტერი განეიტრალებული გახლდათ. უშიშროების სამსახურებს ყოვლისმომცველი ძალაუფლება ჰქონდათ მოხვეჭილი, ყველასა და ყველაფერს აკონტროლებდნენ. ჯერ კიდევ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ საბჭოეთი ოდესმე მსოფლიოს რუკიდან გაქრებოდა.

რა ბერკეტები ჰქონდა ხელთ მაშინდელ ახალგაზრდებს სისტემისგან თავისუფალი ცხოვრების მოსაწყობად?

ღია წინააღმდეგობა პატიმრობისა და გადასახლების წინაპირობა გახლდათ. ყველას არ შეეძლო სახაროვისა და მერაბ კოსტავას მსგავსი ტვირთით ცხოვრება, ამიტომ რეჟიმისგან თავის დასახსნელად უფრო მარტივ გზებს ეძებდნენ. ბევრმა მიიჩნია, რომ კომუნისტურ პარტიასთან შუბლით დატაკება უაზრობა იქნებოდა. მათ გადაწყვიტეს ეცხოვრათ ისე, თითქოს რეჟიმი არც არსებობდა. მაშასადამე, საბჭოეთის მოწინააღმდეგეთა ნაწილმა სისტემის იგნორირების, მისგან განრიდების, მისი თვალსაწიერიდან გაქრობის მიმართულება აირჩია. მაშინდელმა ხელოვანებმა თავისუფლების ამგვარ კუნძულად საბჭოთა როკი აქციეს. როკ-ჯგუფები პროვინციულ თეატრებში იკრიბებოდნენ, მათი კონცერტები მიყრუებულ ტყე-პარკებში, სარდაფებსა თუ ბინებში იმართებოდა. არაოფიციალურ კონცერტებს ცენზურის გავლა არ უწევდათ. საბჭოთა მაკონტროლებელ უწყებებს უჭირდათ რენტგენის სურათებისგან დამზადებული ფირფიტების შინაარსის რედაქტირებაც. აქედან გამომდინარე, ნელ-ნელა, ბრეჟნევის მმართველობის მიწურულს რუსულ როკში მუსიკალურ კომპოზიციაზე მნიშვნელოვანი სიმღერის ტექსტი გახდა. როკერები აღარ მღეროდნენ მხოლოდ პირად პრობლემებსა და განსაცდელზე, მათ აქცენტები ირიბად დასვეს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გამოწვევებზე. ცხადია, როკმა მალევე დაიპყრო მოსაწყენი ყოველდღიურობისგან დატანჯული ახალგაზრდების გულები. სარდაფებიდან და სოფლის ბოლოს აღმართული ფიცარნაგებიდან საბჭოეთისათვის უჩვეულო მუსიკამ თითქმის ყველა საუნივერსიტეტო ქალაქში გადაინაცვლა.

რუსული როკის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მოვლენა ჯგუფი DDT გახლდათ. მუსიკის მოყვარულები დღემდე ვერ თანხმდებიან, თუ რატომ შეარჩიეს კოლექტივის წევრებმა თავიანთ სახელწოდებად აღნიშნული აბრევიატურა. ლეგენდარული იური შევჩუკი პირდაპირ ამბობს, რომ მათი შთაგონების წყარო მწერებისა და მღრღნელების საწინააღმდეგო ხსნარის დასახელება გახლდათ – „ჩვენ გვინდოდა ჩვენი შემოქმედებით ტარაკნები გაგვენადგურებინა ადამიანთა თავებში“. DDT-ს ადრეული ალბომებში შესული კომპოზიციების მოსმენაც კი საკმარისია იმის გასაგებად, თუ როგორ უპირისპირდებოდნენ იური შევჩუკი და მისი მეგობრები გაბატონებულ შეხედულებებს. მათ შეეძლოთ, რომ ავღანეთის ომის მიმდინარეობისას მრავალრიცხოვან აუდიტორიაში ხმამაღლა ემღერათ ანტისაომარი, პაციფისტური ნაწარმოები „Не стреляй“ („არ ისროლო“). როკერთა შემოქმედების პირველ ნიმუშებს შორის გადააწყდებით სიმღერებს, რომელთა მიზანიც საბჭოთა ელიტის წევრებისა და მათი შვილების ყოფითი კულტურის კრიტიკაა („Мальчики-мажоры“). რუსეთის დემოკრატიულ წრეებში დღემდე ჰიტად რჩება სიმღერა წვიმის შესახებ. ტექსტის დასასრულს ავტორი თავისი ნატვრის თაობაზე მოგვითხრობს, შევჩუკი ნაწარმოებში მხიარული ადამიანებით სავსე ქუჩებზე, ქუჩებში სიმღერით გამოსულ მოქალაქეებზე, შიშისგან გათავისუფლებულ ხალხსა და გაზაფხულის მანიშნებელ ქუხილზე მღერის … ცხადია, პოლიტიკური უფლებებისგან გაძარცვული ახალგაზრდების ნაწილი კომპოზიციას სასურველი მომავლის ფერმკრთალ, მაგრამ იმედიან კონტურად აღიქვამდა.

იური შევჩუკმა და მისმა ჯგუფმა „პერესტროიკის“ ეპოქამდე აამოძრავეს საზოგადოება, ხაზი გაუსვეს ხალხში არსებულ საპროტესტო განწყობილებებს და ხელი შეუწყვეს მასობრივ მობილიზაციას, რომელიც გორბაჩოვის პერიოდში დემოკრატიზაციის მთავარ საფუძვლად იქცა.

DDT-ს სოლისტი მხოლოდ საბჭოთა ავტორიტარიზმს არ ებრძოდა, ის დღემდე რჩება პუტინის მოწინააღმდეგედ და ქვეყნის სხვადასხვა მხარეში აქტიურად უმართავს ხელს სამართლიანო მოთხოვნებით ქუჩაში გამოსულ ხალხს. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ხელისუფლებამ შევჩუკის წინააღმდეგ უკვე გამოწერეს ოქმი, სადაც მას „რუსეთის არმიის დისკრედიტაციაში“ ადანაშაულებენ.

გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში ვითარება ოდნავ განსხვავებული იყო. აღმოსავლეთ გერმანულ ავტორიტარიზმთან მებრძოლ მთავარ მუსიკოსად და დისიდენტად ვოლფ ბირმანს მოიხსენიებენ. ბირმანი ძალიან საინტერესო და ტრაგიკული ბიოგრაფიის კაცი გახლავთ.

ბირმანი ებრაელი კომუნისტის ოჯახში დაიბადა, მამა და მისი ნათესავების ნაცისტურ საკონცენტრაციო ბანაკებში დაიხოცნენ. ოჯახის კომუნისტური ტრადიციებიდან და ტრავმებიდან გამომდინარე, დასავლეთ გერმანიაში აღმოჩენილმა ახალგაზრდა ბირმანმა მშობლიური ჰამბურგის დატოვება გადაწყვიტა და საბჭოეთის ბანაკში აღმოჩენილ რესპუბლიკაში გადასახლდა. ახალგაზრდულ ასაკში მას გულმხურვალედ სწამდა, რომ სოციალისტების მიერ მართული გერმანია შეძლებდა ნაცისტურ ეპოქაში ჩადენილი დანაშაულის გამოსყიდვას და გერმანელთათვის თავისუფალი განვითარების შესაძლებლობების შეთავაზებას. თუმცა, მისი ყველა ილუზია ბერლინის კედლის მშენებლობამ დაამსხვრია.

ბერლინის კედლის აშენების შემდეგ დაიწყო ვოლფ ბირმანის ოპოზიციონერ ხელოვანად გარდაქმნა. 1961 წელს მან აღმოსავლეთ ბერლინში მშრომელთა თეატრი დააარსა, დედაქალაქის ორად გახლეჩის შემდეგ კი გადაწყვიტა საკითხის შესახებ სპექტაკლი დაედგა მუშათა კლასისთვის განკუთვნილ სცენაზე. ცხადია, „სოციალისტური ერთიანობის პარტიის“ მესვეურებმა სპექტაკლი ჩაშალეს და ბირმანს არ მისცეს საშუალება საკუთარი სევდიანი განწყობილების გამოსახატად. სევდაც კი პროტესტად და რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლად აღიქვეს. კომუნისტმა ბიუროკრატებმა მტრულ აქტად ჩათვალეს გერმანელი ბარდის მიერ გამოქვეყნებული ბალადა, რომელიც ჰაინრიხ ჰაინეს ცნობილ პოემას „გერმანია – ზამთრის ზღაპარი“ ეხმაურებოდა. ჰაინეც და ბირმანიც თავიანთ სამშობლოს ჩაკეტილობის, განახლების ენერგიის არქონისათვის, რევოლუციის სტაგნაციის გამო აკრიტიკებდნენ. სპექტაკლის აკრძალვის შემდეგ, ხელოვანს უკვე ბალადის გამოქვეყნების უფლებაც შეეზღუდა. საბოლოოდ, პარტიის ცენტრალურმა კომიტეტმა ანტისახალხო საქმიანობისთვის საერთოდ წაართვა ჰამბურგელ პოეტს საჯაროდ გამოსვლის უფლება. თერთმეტი წელი ბირმანი კონცერტებს სახლში, თავის ბინაში ატარებდა. მისი სასტუმრო ოთახი იქცა აღმოსავლეთ გერმანიის დისიდენტთა თავშეყრის მთავარ ადგილას, ანტისისტემური ლექსები და სიმღერები ერთი პატარა მისაღების საზღვრებს არ სცილდებოდა. მიუხედავად მოკრძალებული აუდიტორიის, „შტაზის“ წარმომადგენლები ამჩნევდნენ, რომ ბირმანის ტექსტები მაინც პოპულარობით სარგებლობდნენ. ნელა, კუს ნაბიჯებით, მაგრამ მაინც ოპოზიციური შემოქმედება ხალხის ყურამდე აღწევდა. იური შევჩუკისგან განსხვავებით, ებრაელი კომუნისტების შთამომავალი ქვეყნიდან გააძევეს. გდრ-ის მთავრობამ გაძევების განსაკუთრებული მეთოდი გამოიყენა… ბირმანი კიოლნში, დასავლეთში გასტროლებზე გაუშვეს, შემდეგ კი შინ დაბრუნების ნებართვა არ მისცეს, თან სამშობლოს წინააღმდეგ მოქმედების გამო მოქალაქეობაც ჩამოართვეს და ამგვარად შეძლეს მისი თამაშგარე დატოვება. ცინიკურმა ძალმომრეობამ მუსიკოსი ვერ გატეხა, ულვაშებიანი გიტარისტი კონცერტს კონცერტზე მართავდა ევროპის თავისუფალ ნაწილში და სამყაროს გდრ-ის რეჟიმის ნაკლოვანებებსა თუ არაადამიანურ ხასიათზე მოუთხრობდა. გაძევებული ბირმანი უფრო საშიში აღმოჩნდა, ვიდრე ბინაში გამოკეტილი დისიდენტი. შევჩუკის მსგავსად, ბირმანიც ბევრი აღმოსავლეთ გერმანელისთვის იქცა პატარა შუქურად, რომელიც მათ პოლიტიკურად თავისუფალი სამყაროს არსებობაზე მიანიშნებდა.

ცხადია, ბარდს არც გაერთიანების შემდეგ შეუწყვეტია აქტიურობა, ის დღემდე სისხლსავსე საზოგადოებრივ ცხოვრებას ეწევა. თუმცა, მის ბიოგრაფიის ერთ-ერთ ყველაზე დასამახსოვრებელ მომენტად „შტაზის“ შენობაში ხელოვანის სამკვირიან შიმშილობას მიიჩნევენ. დემოკრატიზაციის შემდეგ ფედერალურ მთავრობას განზრახული ჰქონდა, რომ უშიშროების არქივები ჩაეკეტა და საზოგადოება „პანდორას ყუთის“ ეფექტისაგან დაეცვა. ბირმანმა იბრძოლა და მისი შიმშილობის შემდეგ ცვლილებები შევიდა კანონმდებლობაში, რომლის მიხედვითაც ადამიანებს თავიანთი დოსიეების ნახვის შესაძლებლობა მიეცათ.

მეოცე საუკუნის ავტორიტარიზმის გამოცდილება ცხადყოფს, რომ ხანდახან დემოკრატიისთვის ბრძოლის საუკეთესო იარაღი, არც მეტი და არც ნაკლები, გიტარა გახლავთ.

აქ, ჩვენთან . ზაზა ხალვაშის სამყარო

0

„ფილმის გადაღება მინდოდა სიჩუმეზე…“

ფიქრი რამდენჯერაც შევარხიე, მხოლოდ ხატებად ამოიზიდა: ნისლის კორომში წვერამოჩენილი სიმშვიდე, ტბის პირას ჩახრილი მშვენიერება, წვიმის ნედლ თქორში გამხელილი საიდუმლო სადღაც იქვე, შორიახლოს, ზღვის არსებობაზე… ეს ხატები ქმნიან იგავებს, ერთგვარ მითოსურ სამყაროს, რომელშიც თავდაპირველი განცდით მეტყველებს ყოველი არსი.

ეს ზაზა ხალვაშის სამყაროა – იგავი მარტოობის მშვენიერებაზე, ანაც პირიქით.

წარმოუდგენელია, შეუძლებელიც, ამ სამყაროს გააზრება მისი განცდის გარეშე დაიწყო. განცდაში მხოლოდ ემოციას როდი ვგულისხმობ, მიუხედავად იმისა, რომ ზაზა ხალვაშის სამყარო ამ მხრივაც განსაკუთრებულია – ემოციური ინტელექტით გამსჭვალული. განცდაში ვგულისხმობ, უპირველესად, ღვთაებრივ რეფლექსიას, მეტაფიზიკურ დინამიკას, რომელშიც მის კინოსთან თუ სიტყვასთან შეხებისასვე ვარდები, როგორც კენჭი მორევში. ყოველი ახალი წრე, შენს თავს თუ შენში დატრიალებული, ახალი სივრცეების აღმოჩენაა, იდეათა და სახე-ხატთა ახალი ფერხულია, შენ კი ბრუნავ ამ ფერხულში ყუჩი დერვიშივით და ივსები აზრით, რომ ამ ცეკვას არასოდეს დაივიწყებ!..

ცოტა ხნის წინ, გამომცემლობა „ინტელექტმა“, წიგნის მაღაზია „შაქრო ბაბუაში“ საინტერესო კვირეულს უმასპინძლა. „კინო და ლიტერატურა“ – ასე ერქვა ამ კვირეულს და მის ფარგლებში იმ კინოსურათებისა და ლიტერატურული ტექსტების კოლაბორაციაზე, თანხვედრაზე, ასოციაციურობაზე ისაუბრეს, რომლებიც ბოლო წლებში, საქართველოში შეიქმნა.

ამ კვირეულზე აჩვენეს ზაზა ხალვაშის ფილმი „სოლომონი“ და წარადგინეს მისი ორი ახალი კრებული – ჩანაწერების წიგნი „მუჭში დამალული კენჭები“ და სცენარები – „იქ ჩემთან“. ორივე მათგანი მოულოდნელი და მნიშვნელოვანი სიხარული აღმოჩნდა ზაზა ხალვაშის შემოქმედების თაყვანისმცემლებისთვის. მოულოდნელი იმიტომ, რომ მას, ძირითადად, როგორც კინორეჟისორს, ისე იცნობდნენ; მნიშვნელოვანი კი თავად ამ კრებულების მხატვრული ხარისხის გამო – ეს წიგნები მართლაც დიდი საჩუქარია კინოსა და ლიტერატურის გურმანებისათვის.

„იქ, ჩემთან“ 1988-2014 წლებში დაწერილ ოთხ სცენარს უყრის თავს. ორი მათგანი („მიზერერე“, „კოლხური მისტერია“) მწერალ ლაშა იმედაშვილის თანაავტორობითაა შექმნილი. ეს სცენარები ზაზა ხალვაშმა ფილმადაც აქცია, თუმცა ისინი ისედაც სრულყოფილი ლიტერატურული ტექსტებია, ერთგვარი კინო-ნოველები, სავსე მხატვრული ესთეტიკითა და თხრობის პოეტური ექსპრესიით. თითოეული მათგანი თავისუფლად შეიძლებოდა რომანადაც ქცეულიყო, იმხელა შინაგან მასშტაბს ფლობს. ეს ფაქტი კი, როგორც აღმოჩნდა, ზაზას უახლოესი მეგობრებისთვისაც დიდი სიურპრიზი იყო. „უცნაურია, დიდი ხანია იცნობ ადამიანს. მეგობრობ. მეგობრობ მის ოჯახთან. თითქოს ბევრი რამ იცი მის (მათ) შესახებ. საერთო ინტერესები, პოზიცია, შეხედულებები გაკავშირებს. თანადგომითა და გულშემატკივრობით გატარებული დრო და ის უხილავი თუ უთქმელი კავშირები, რომლებიც არსებობენ, მაგრამ რომლებზეც არ ლაპარაკობ. და ერთ დღესაც შეიტყობ, რომ თურმე ყველაფერი არ გცოდნია. მაინც არსებობს რაღაც, დიდი და მნიშვნელოვანი, რაც თავიდან აღმოგაჩენინებს ადამიანს და ახლებურად დაგანახებს მასაც და მის სამყაროს. ასეთი იყო ჩემთვის ზაზა ხალვაშის, როგორც, არ მომერიდება ვთქვა, მწერლის აღმოჩენა“, – წერს კინოსა და თეატრის კრიტიკოსი ლელა ოჩიაური, კრებულის შესავალში.

ზაზა ხალვაშის სამყარო ავთენტურია, უნიკალურია – მას მშობლიური ტოპოსიც განაპირობებს – აჭარა. მისი ლიტერატურული ოჯახი (მამა – ცნობილი პოეტი, ფრიდონ ხალვაში) არამხოლოდ აჭარის, არამედ ზოგადად, ქართული კულტურული სივრცის ნაწილია. ფრიდონ ხალვაშის პოეზიით დაწყებული დიდი ქართული იდეა კი მისი ვაჟის შემოქმედებაში გაგრძელდა. „ქართულმა იდეამაც“ არავინ შეაშინოს, ვიწრო ნაციონალურ კონტექსტად არ გაიაზროს. ეს ის იდეაა, ვაჟა-ფშაველას „პატრიოტიზმი და კოსმოპოლიტიზმი“ რაზეც საუბრობს. ეროვნული საზრისიდან ამოზრდილი ზოგადკაცობრიული სიყვარული, მშობლიური ენის (თავდაპირველი სამშობლოს) წიაღში შეცნობილი გარე სამყაროს მადლი. ეს სიყვარულიც და მადლიც ზაზა ხალვაშის შემოქმედებაში საოცრად სახიერია. მშობლიური სივრცე (ენა, ტოპოსი) მისი მხატვრული მღელვარებისა და რეფლექსიის წყაროა, არც არასდროს დაუმალავს და მით უფრო, არ უთაკილია ეს სინამდვილე, პირიქით, უდიდესი პასუხისმგებლობით, სამოქალაქო შეგ(რძ)ნებით და პირუთვნელი სიმართლით ეკიდება იმას, რაც ჭეშმარიტად ძვირფასია მისთვის.

ზაზა ხალვაშს ადამიანი აინტერესებს – ბუნებაში, ქალაქში, სოფელში, მარტომყოფიც და ხალხში ჩავარდნილიც, განწირულიც და გამარჯვებულიც. ადამიანი აინტერესებს კანონების, რელიგიების, სისტემების მიღმა – მისი შესაძლებლობების არეალი, მისი დაცემის და აღდგომის ხარისხი. მის კინოსცენარებში – მხატვრულ რემარკებში და ძუნწ დიალოგებში – სწორედ ადამიანი იბრძვის, ეპოქის/დროის ქიმერების წინაშე („მიზერერე“, „სოლომონი“), იბრძვის სტიქიის წინაშე, ბუნებასთან მარტო დარჩენილი, ისევე, როგორც მრავალრიცხოვან ოჯახში – მაინც მარტო, მაინც განაპირებული („იქ, ჩემთან), იბრძვის მითოსურ სამყაროში, არქეტიპულ ვნებებში, სიყვარულის ძალაუფლების სახელით („კოლხური მისტერია“)… ეს ბრძოლაც ისევე ძველია, როგორც ადამიანი, ზაზა ხალვაში ყოველთვის ხაზს უსვამს ამ სიძველეს, და სწორედ ეს დელიკატური ხაზგასმა წარმოაჩენს ქმნადობის ამ პროცესს სრულიად არაკონვენციურად.

ხოლო შემოქმედებითი სიმწიფის ამ ხარისხამდე მისაღწევ გზას თქვენ მის ჩანაწერების კრებულში აღმოაჩენთ. „მუჭში დამალული კენჭები“ ზაზა ხალვაშის ოთხწლიანი (2000-2004) შემოქმედებითი ძიების თავგადასავალია, ისეთივე სინაღდით და გულწრფელობით დაწერილი, როგორიც მთელი მისი მხატვრული სამყარო. ის დღიურებს აწარმოებდა – ზოგჯერ ყოველდღე ინიშნავდა რაღაცას, ზოგჯერ რამდენიმედღიანი ინტერვალით. დღიურის ფორმაც, როგორც მასშივე ირკვევა, საკუთარ თავში ახალი ენერგიის მოსაკრებად მოიშველია. ამ გადასახედიდან, ეს კრებული ხიდივით მოჩანს – ერთი დროითი ნაპირიდან მეორემდე გადებული, რომელიც შემოქმედის მაძიებლურ ხეტიალს ერთგვარ „აღთქმულ მიწასთან“ აკავშირებს.

„სადაც ვჩერდები, კი არ ვრჩები, უბრალოდ ვჩერდები – ხვალ ისევ გზაში“… – წერს ზაზა ხალვაში. ჩანაწერების კრებულში ეს დინამიკა, ასე ვთქვათ – ეგზისტენციალური მოუსვენრობა, მკაფიოდ იგრძნობა. საერთოდაც, ეს კრებული ძალიან სასარგებლო იქნება ლიტერატურასა და კინოში ბედის მაძიებელი ადამიანებისთვის. მასში ხომ იმ სამზადისის გამოცდილებაა, რომელიც შემოქმედს თავისი მხატვრული ამოცანების განსახორციელებლად სჭირდება. ეს ჩანაწერები დაუნდობელი თვითკრიტიკითაც გამოირჩევა. ზაზა ხალვაში, უპირველესად, საკუთარი თავის მიმართაა მკაცრი და მომთხოვნი, მით უფრო, რომ მისთვის შეცდომა მხოლოდ მეტაფიზიკური კატეგორია არაა, მას ბევრად უფრო ღრმა სულიერ პლანში, ცოდვა-მადლის საზრისებში განიცდის და ებრძვის.

ბევრი კითხვა აქვს, რომლებზეც გზადაგზა პასუხობს, ზოგჯერ არც ეს პასუხები აკმაყოფილებს, ბევრად მეტ ინტელექტუალურ ვნებას მათ უპასუხობაში (უფრო სწორად, მუდმივ მსჯელობაში, ფიქრში) განიცდის. რა არის ხელოვნება? ამ კითხვაზე მისი რამდენიმე განმარტება ამოვწერე:

„ხელოვნება სიცოცხლის სიბრძნეა“;

„სხვად გადაქცევის სურვილისგან იბადება ხელოვნება“.

ბევრს მსჯელობს კინოსა და ლიტერატურაზე. „კინოენა და ლიტერატურის ენა – ორი სხვადასხვა ბუნება – პრინციპებიც კი განსხვავებული აქვთ, მიზანზე რომ არაფერი ვთქვათ“. ეძებს საკუთარი კინოს კეთების გზებს, ამ კინოს ყველგან ხედავს – აწმყოშიც და მომავალშიც, ამიტომ დაუღალავად მიდის მისკენ. „ზღაპარივით უნდა მოყვე ფილმი…“ – ამბობს ერთგან და მისი კინოსურათები გახსენდება, მართლა ზღაპარივით მოყოლილი, გამჭვირვალე და თან საოცრად ღრმა, დიდებულიც და უბრალოც…

ამ ჩანაწერებში მისი ოჯახის პორტრეტიც იკვეთება, როგორც ძვირფასი გრავიურა: მისი მშობლები, მეუღლე და სამი მშვენიერი ქალიშვილი. განსაკუთრებული პატივისცემა გმსჭვალავს, როცა მათ დამოკიდებულებებზე კითხულობ; თავადაც განუზომელი სიფრთხილით წერს, დიდი სინაზით და სიფაქიზით, თითქოს ამ სამყაროში – მისი ოჯახის სივრცეში, ფეხაკრეფით დადიოდეს, უნებლიედ ვინმეს მყუდროება რომ არ დაარღვიოს, რომელიმეს უხილავი საზღვარი არ გადალახოს… ამგვარი დამოკიდებულებაც ზაზა ხალვაშის კულტურული აქტია, ტრადიციისა და მარადიული ღირებულებების მიმართ. ოჯახი მისი ფიზიკური სუბსტანციის ძირია, საიდანაც მისი მეტაფიზიკური საზრისები იტოტება, მის საბოლოო და უმშვენიერეს მარტოობაში ვარჯებგაშლილი.

მასწავლებლებზეც წერს: „რეზოსგან (რეზო ჩხეიძე) კინო არ მისწავლია, ვისწავლე მიზნისკენ მოთმინებით სვლა… კინო თენგიზ აბულაძისგან ვისწავლე – როგორ უნდა იყოს შემოქმედი შეპყრობილი და მთელი არსებით გამსჭვალული შთაგონებითა და შექმნის სურვილით“.

უზადო მოსწავლე აღმოჩნდა – მოთმინებით და შთაგონებით იარა მიზნისკენ, უკიდურესი თვითჩაღრმავების მისტერიით მიაგნო თავისი კინოს ფესვებს, მერე ამ ფესვებიდან ამოზარდა სამყარო, რომელიც ასე გვხიბლავს, ასეთი თავისთავადი და განუმეორებელია.

დროის გადახვევა რომ შეიძლებოდეს, სულ რამდენიმე წლით უკან დაბრუნება, ამ შესაძლებლობის სულ ერთი შანსი რომ გვქონდეს, ახლა ვფიქრობ, რომ აუცილებლად გამოვიყენებდი იმისთვის, ზაზა ხალვაშს აჭარაში, თავის მშობლიურ გეგელიძეებში რომ ვსტუმრებოდი, აღტაცებული მადლობის სათქმელად. იქნებ ვერაფერიც ვერ მეთქვა, უბრალოდ, მასთან ერთად გამეხედა ნისლით შესუდრული მთებისთვის, მისი სიჩუმის მისტერიას დავსწრებოდი უნებლიედ, მუდამ მოღიმარი, სულისმიერი მზერით რომ აღასრულებდა ალბათ თავის ჰორიზონტებთან…

ეს მადლიერება ხომ მაინც დარჩება ჩემთან. და რაც მთავარია – ზაზა ხალვაშის დიდი, მშვენიერი სამყარო, ღვთაებრივი მარტოობის იგავი.

 

 

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...