ოთხშაბათი, აპრილი 30, 2025
30 აპრილი, ოთხშაბათი, 2025

სახალისო  აქტივობები საგაკვეთილო პროცესში

0

ხშირად მიკითხავს საკუთარი თავისთვის, როგორ გავუადვილო და გავუხალისო ჩემს მოსწავლეებს სასწავლო პროცესი? როგორ დავგეგმო და განვახორციელო გაკვეთილი ისე, რომ შესაძლებლობა მივცე ბავშვებს, გამოამჟღავნონ დამოუკიდებელი  და თანამშრომლობითი მუშაობის სურვილი. გამოავლინონ  კრიტიკული აზროვნებისა და არგუმენტირებული მსჯელობის უმნიშვნელოვანესი უნარი.

ჩემი პროფესიული გამოცდილებიდან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ფრიად  მოტივირებულია მოსწავლე იმ გაკვეთილზე, რომელზეც თავისუფლად გამოხატავს საკუთარ აზრს. სწავლა-სწავლების პროცესის გახალისებისთვის  მუდმივად ვგეგმავ ისეთ აქტივობებს, რომელიც ამ მიზნის მიღწევაში დამეხმარება.

თამაში მხოლოდ გართობა როდია. პირიქით, განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი პროცესია, რაც ბავშვს  აძლევს შესაძლებლობას შეიმეცნოს  გარე სამყარო. უფრო მეტიც, სწავლა-სწავლების პროცესს მორგებული თამაში მოსწავლეებს გონებრივ განვითარებაში ეხმარება, საშუალებას აძლევს, ჩამოიყალიბოს საკუთარი აზრი და გაუზიაროს სხვებს. თამაში  მნიშვნელოვანად ამაღლებს მოტივაციას.     გთავაზობთ საგაკვეთილო პროცესში გამოყენებულ რამდენიმე აქტივობას.

  1. გაკვეთილის თემა: „ვეფხისტყაოსნიდან“ ნაწყვეტი და იგავი „ჭაში ჩავარდნილი კაცისა“.

მოგახსენებთ, შოთა რუსთველის ლექსიკა  შინაარსის გაგების  სირთულესაც  უკავშირდება და ვრცელი ნაწარმოების დაძლევის  შიშსაც. ამის შესახებ არაერთგზის  მიმიმართავს მოსწავლეებისთვის  შეკითხვით, მინი-კვლევაც ჩავატარე, თუ როგორ წარმოედგინათ „ვეფხისტყაოსნის“ შესწავლის  მარტივი გზა( იგივე ითქმის იგავებზე).  უმეტესობას ეძნელებოდა ტექსტი და სურდა, მხოლოდ სახალისო აქტივობით გადაელახა დაბრკოლება. ამასთან დაკავშირებით უამრავი  აქტივობა  გამოვიყენე,  რათა მათთვის  მოტივაცია  აღმეძრა  და სასურველი  შედეგისთვის  მიმეღწია.

ბავშვებს დავავალე, სტროფების მიხედვით შეექმნათ ილუსტრაციები, დაეხატათ, დაეყოთ ეპიზოდებად და ასე მარტივად გადმოეცათ ამბავი.

ეს  მეთოდი ბავშვებს  სტრიქონის და სიტყვის გააზრებაში ეხმარება. მიხარია, მიზანს მივაღწიე, თითოეული მოსწავლე ჩასწვდა „ავთანდილის იუმორის არსს“.

 

  1. მინდა გაგიზიაროთ ჩემი ერთ-ერთი აქტივობა, ქართული ენის (გრამატიკის) სწავლებასთან დაკავშირებით.

მოგეხსენებათ, გრამატიკის სწავლა-სწავლება დიდ გამოწვევას წარმოადგენს. ჩემთვის, როგორც მასწავლებლისთვის, ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, გრამატიკის სწავლება სახალისო და საინტერესო პროცესად ვაქციო. საჭირო და აუცილებელია, თითოეული აქტივობა  შეესაბამებოდეს მოსწავლის ინტერესსა და შესაძლებლობებს.

მოსწავლეებს უკვე ნასწავლი ჰქონდათ არსებითი სახელის ბრუნვები. ბევრი ვიფიქრე,  თუ როგორ  გაეხსენებინათ და დაემახსოვრებინათ ბრუნვის ნიშნები.

მომაფიქრდა, – კომიქსით!

კომიქსით როგორ?

მოეფიქრებინათ ერთი არსებითი სახელი, დაეხატათ პერსონაჟები და ეს სიტყვა გადაეყვანათ შვიდივე ბრუნვის ფორმაში. მაგალითად, „ფიფქია და 7 ჯუჯა“ დაეკავშირებინათ 7 ბრუნვასთან.  რაში გვეხმარება კომიქსი?

 

კომიქსი გვეხმარება  გრამატიკული საკითხი ( გნებავთ ტექსტი)  უფრო მეტად გავიგოთ, გავიაზროთ და დავიმახსოვროთ. აღნიშნულ დავალებას ბავშვებმა შესანიშნავად გაართვეს თავი.

  1. „სიტყვობანა“

თამაშის მიზანი გახლავთ, ლექსიკური მარაგის გამდიდრება , მეხსიერების ვარჯიში. „სიტყვობანა“ შეიძლება ვითამაშოთ ერთი ან რამდენიმე შესწავლილ ნაწარმოებში გამოყენებული სიტყვებით.

შევაგროვე კენჭები, შევღებე, მეორე მხარეს დავაკარი სტიკერები, შევკერე ქისა და კენჭები მოვათავსე ქისაში.

კლასი დავყავი ჯგუფებად, ჯგუფებს დავურიგე რამდენიმე  კენჭი და მივეცი შემდეგი დავალება: მითითებული სიტყვების გამოყენებით მოეფიქრებინათ ჩანახატი, მინიატიურა. დრო 6 წუთი.

შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა. ზოგმა ჩანახატი  დაწერა, ზოგმა ლექსი, ზოგმა კი დახატა. გამარჯვებული ჯგუფი დაჯილდოვდა წიგნის სანიშნეებით.

  1. „ააგე შენი სვეტიცხოველი!“

„თბილისის წიგნის ფესტივალზე“ შემთხვევით შევამჩნიე „სვეტიცხოვლის ფაზლები“. შევიძინე რამდენიმე, რათა გამომეყენებინა  სასწავლო პროცესში, ჩემს მოსწავლეებთან ერთად „ამეგო სვეტიცხოველი“.

გაკვეთილის თემა : „სამშობლო“, ი. გოგებაშვილის  „მეფე დემეტრე თავდადებული“ (მოგეხსენებათ, მეფე დემეტრე  II-ს 1289 წ. ყაენის ბრძანებით თავი მოჰკვეთეს. თბილისელმა  ვაჭრებმა გამოისყიდეს ცხედარი და საქართველოში ჩამოასვენეს. დაკრძალულია სვეტიცხოვლის ტაძარში).

გაკვეთილი დავგეგმე, კლასი დავყავი ჯგუფებად. გაკვეთილის ახსნის შემდეგ, ფაზლებით ერთად „ავაგეთ სვეტიცხოველი!“ ძალიან საინტერესო აქტივობა გამოგვივიდა.

 

 

 

 

 

წარმოსახვითი მეგობარი – ნორმა თუ პათოლოგია?

0

ერთხელ ოთხი წლის გოგონას დედამ შემომჩივლა: „მგონი, ჩემს შვილს რაღაც სჭირს, ვშიშობ, რამე სერიოზული არ იყოს. რამდენიმე დღის წინ, მის ოთახში შესული, უცნაური სცენის მოწმე გავხდი: მეგონა, უკვე ეძინა, ის კი ემოციურად ლაპარაკობდა, თითქოს ვიღაცას რაღაცას უმტკიცებდა. შევშფოთდი, რადგან ოთახში არავინ იყო. როცა ვკითხე, ვის ელაპარაკები–მეთქი, მიპასუხა, ჩემს მეგობარს, ლიკასო. გაოგნებულმა, იქვე სკამზე ჩამოჯდომა დავაპირე, მაგრამ მან შემაჩერა – არ დაჯდე, მაგ სკამზე ლიკა ზისო. საგონებელში ვარ ჩავარდნილი, არ ვიცი, როგორ მოვიქცე“.

ეს ქალბატონი არ არის გამონაკლისი. ადრეული ასაკის ბავშვები ხშირად უცხადებენ მშობლებს, რომ მეგობარი ჰყავთ და ის ყველაზე უკეთესია. თავდაპირველად დედას უხარია, რომ მისი შვილი ვიღაცასთან მეგობრობს, რადგან იცის, რომ მეგობრობა მნიშვნელოვანია ბავშვისთვის, მაგრამ მის სიხარულს მალე დაბნეულობა ცვლის, მერე კი შიში, რადგან აღმოაჩენს, რომ მეგობარი ნამდვილი კი არა, გამოგონილია.

მართლა საშიშია თუ არა წარმოსახვითი მეგობრის ყოლა?

წარმოსახვითი მეგობრები ყველაზე ხშირად 3-დან 5-წლამდე ასაკის პატარებს ჰყავთ. ეს სავსებით ნორმალური მოვლენაა, ამა თუ იმ ფორმით სკოლამდელი ასაკის თითქმის ყველა ბავშვის ცხოვრებაში შეინიშნება და პირდაპირ კავშირშია შემოქმედებითი უნარებისა და წარმოსახვის განვითარებასთან. ბავშვის განვითარებაში არსებულ გადახრებსა და დარღვევებზე ის არ მიუთითებს. უბრალოდ, პატარები ცხოვრობენ ჯადოსნურ სამყაროში, რომელიც მათივე ფანტაზიის ნაყოფია. ამასთან, წარმოსახვითი მეგობარი ბავშვისთვის მუდამ თამაშის ნაწილს წარმოადგენს. ის შეიძლება იყოს როგორც ზრდასრული ადამიანი, ისე თანატოლიც, სუპერგმირი, პრინცესა, ნებისმიერი ცხოველი თუ ჯადოსნური არსება.

როგორ მოვიქცეთ, თუ შევამჩნიეთ, რომ ბავშვს წარმოსახვითი მეგობარი ჰყავს?
უპირველეს ყოვლისა, ამის მიზეზზე დავფიქრდეთ.
მიზეზი, გარდა ბავშვის მდიდარი ფანტაზიისა, შესაძლოა იყოს:

• მარტოობა და ურთიერთობის დეფიციტი – წარმოსახვითი მეგობრები უმეტესად იმ ბავშვების ცხოვრებაში ჩნდებიან, რომლებიც თავს მარტოსულად გრძნობენ. მაგალითად, იმის გამო, რომ ოჯახში მეორე ბავშვი გაჩნდა და მშობლები მასზე არიან გადართულნი, ან თავიანთი საქმეებით არიან დაკავებულნი და შვილისთვის ვერ იცლიან. წარმოსახვითი მეგობრის გაჩენის ალბათობა მკვეთრად იზრდება, თუ ბავშვი დედისერთაა. პატარა შესაძლოა უფრო მეტად გახდეს დამოკიდებული თავის წარმოსახვით მეგობარზე, თუ რეალობაში თავისი ასაკის მეგობრების პოვნა გაუჭირდა.

• განუხორციელებელი სურვილები – ხშირად წარმოსახვითი მეგობრის საშუალებით ბავშვი თავისი იმ სურვილების რეალიზებას ახდენს, რომლებიც რეალურ ცხოვრებაში ვერ აისრულა. მაგალითად, უნდა, ჰყავდეს ძაღლი, მაგრამ მშობლები ვერაფრით დაიყოლია, ამიტომ მას თავის გამოგონილ სამყაროში „იღებს“.

• გადაჭარბებული მეურვეობა, ჰიპერმზრუნველობა, ზეწოლა – თუ მშობლები ყველაფერს უკრძალავენ და მცირე გადაცდომისთვისაც კი სჯიან, ბავშვი შესაძლოა კუთხეში აღმოჩნდეს მომწყვდეული და საკუთარი თავის სხვაგვარად გამოხატვა ვერ შეძლოს, გარდა იმისა, რომ გაიჩინოს წარმოსახვითი მეგობარი. მასთან „ურთიერთობაში“ ის მშობლის როლს ირგებს და ზუსტად იმეორებს თავისი დედ–მამის ქცევას – კიცხავს და სჯის გამოგონილ მეგობარს. უფროსებისთვის ეს შესანიშნავი საშუალებაა, შორიდან შეხედონ საკუთარ თავს და გარკვეული დასკვნები გამოიტანონ.
• დანაშაულის გრძნობა – ბავშვს შესაძლოა აშინებდეს თავისი საქციელის შედეგები, მშობლების უკმაყოფილება, გაუგონრობისთვის მოსალოდნელი სასჯელი. დანაშაულის გრძნობით გამოწვეული დაძაბულობა სუსტდება, როდესაც პატარა თავდავიწყებით გადაეშვება წარმოსახვით სამყაროში და სასჯელის თავიდან ასაცილებლად ყველაფერს წარმოსახვით მეგობარს გადააბრალებს.

• ერთფეროვანი ცხოვრება და შთაბეჭდილებების ნაკლებობა – რეალურ სამყაროში შთაბეჭდილებების ნაკლებობის დროს ბავშვი ქმნის წარმოსახვით სამყაროს, რომელშიც თავის გამოგონილ მეგობრებთან ერთად გამუდმებით ხვდება რთულ სიტუაციებში, მოგზაურობს საინტერესო ადგილებში და ა.შ. მას უჩნდება სურვილი, მოგვიყვეს ჯადოსნურ სამყაროზე, ზღაპრულ არსებებზე, წარმოუდგენელ თავგადასავლებზე.

• მატრავმირებელი მოვლენები – საცხოვრებელი ადგილის შეცვლა, მშობლების დაშორება, მძიმე ავადმყოფობა, ოჯახის წევრის გარდაცვალება ასევე შეიძლება გახდეს ბავშვის ცხოვრებაში წარმოსახვითი მეგობრის გაჩენის მიზეზი.

როგორ მოვიქცეთ, თუ შევამჩნიეთ, რომ ბავშვს წარმოსახვითი მეგობარი გაუჩნდა?
ასეთ დროს უფროსების სწორი მოქმედება ძალიან მნიშვნელოვანია. დაუშვებელია ბავშვის გაკიცხვა, დასჯა, მისი ფანტაზიის დაცინვა და უპატივცემულობა, ისეთი ფრაზების გამოყენება, როგორიცაა: „შეწყვიტე ბოდვა!“; „რა სისულელეა!“; „ასეთი მეგობრები არ არსებობენ“. წარმოსახვითი მეგობარი ბავშვისთვის სრულიადაც არ არის სისულელე, ჩვენ კი ასეთი ქცევით შეგვიძლია, უწყინარი ფანტაზია მარტივად გადავაქციოთ პათოლოგიად ან მივაღწიოთ იმას, რომ ბავშვმა ჩვენდამი ნდობა დაკარგოს. ჩვენი არასწორი რეაქციის კიდევ ერთი შედეგი ის იქნება, რომ ბავშვი დაივიწყებს ოცნებას და თავს დაანებებს ფანტაზიორობას.

კარგი იქნება, თუ ვთხოვთ, მეტი გვიამბოს თავისი „ახალი“ მეგობრის შესახებ. უფრო უკეთესი იქნება, თუ მას აღმზრდელობითი მიზნებისთვის გამოვიყენებთ, მაგალითად, წარმოსახვითი მეგობრის დახმარებით შეგვიძლია გავიგოთ, რას ფიქრობს სინამდვილეში ბავშვი საბავშო ბაღზე, აღმზრდელებზე, მის ცხოვრებაში მომხდარ მოვლენებსა და თავად მშობლებზე. იმას, რისი თქმაც ბავშვს პირადად არ შეუძლია, აუცილებლად გვეტყვის თავისი წარმოსახვითი მეგობრის დახმარებით.

ბავშვის ქცევაზე დაკვირვებით, როდესაც ის თავის წარმოსახვით მეგობარს ეთამაშება, შეიძლება გავიგოთ ისეთი რამ, რაზეც ეჭვიც არასოდეს გაგვჩენია. ასეთ თამაშებში როგორც თავად ბავშვის, ისე მთელი ოჯახის შინაგანი, დაფარული პრობლემები აისახება. წარმოსახვით მეგობართან ბავშვის „ურთიერთობაზე“ დაკვირვებამ შესაძლოა დაგვანახოს, რა აწუხებს ბავშვს და თავიდან აგვაცილოს პრობლემის შემდგომი პროგრესირება.

თუ ბავშვი წარმოსახვით მეგობარს გვიმალავს, ეს ჩვენდამი მის შიშსა და უნდობლობაზე მეტყველებს, რაც, ბუნებრივია, უარყოფითად აისახება ჩვენს ურთიერთობაზე.

ამრიგად, თუ ბავშვის ცხოვრებაში წარმოსახვითი მეგობარი გაჩნდა, ნუ ატეხთ განგაშს. 3-4 წლის ასაკში მისი არსებობა გადახრაზე კი არა, ნორმალურ ფსიქიკურ განვითარებაზე მეტყველებს. ხშირად წარმოსახვითი მეგობარი ეხმარება პატარას, თავი გაართვას ამა თუ იმ პრობლემას და შეიძინოს სოციალური ჩვევები. წარმოსახვით მეგობართან ურთიერთობის წყალობით ბავშვს უვითარდება საკომუნიკაციო უნარები: ის სწავლობს თანამოსაუბრის მოსმენას და მის კითხვებზე პასუხის გაცემას.

სკოლაში შესვლის შემდეგ წარმოსახვითი მეგობარი ხშირად თავისთავად ქრება. უფროსების სწორი დამოკიდებულების შემთხვევაში ის ისევე მოულოდნელად მიდის ბავშვის ცხოვრებიდან, როგორც გამოჩნდა. ამიტომ მივუდგეთ მის გამოჩენას, როგორც ბავშვის განვითარების ბუნებრივ ეტაპს.

პეტრუსოვას ბუსტერი

0

„უჟმურო დედიანო, უჟმურო მამიანო, შენი დედა ტირის, შენი მამა ტირის, შავგულე დოუკლავენ, ულიფაში შოუნახავენ, ადრე მიხვალ, კი გაჭმევენ, გვიან მიხვალ, არ გაჭმევენ…“

ბებიის შელოცვა შვილიშვილზე არ ჭრის, მაგრამ მაინც ბუტბუტებს და ირწევა იმის დასაზუსტებლად, ნამდვილად უჟმური მაქვს თუ არა აყოლილი. თუ მთქნარება დაეწყო და ცრემლმა დაუბინდა მზერა, წყალი არ გაუვა, ის არის… უჟმური, როგორც წესი, გვიან საღამოს ციებით და კუნთების ტკივილით იწყება – სწორედ იმ დროს, მოხუცებს მთქნარება რომ მოეძალებათ ხოლმე. ეს იმას ნიშნავს, რომ განაჩენი შეციებისთანავე გამოტანილია.

თანდათან კონსილიუმი იკრიბება, შემოსწრებული მეზობლები მიზეზის დადგენას ცდილობენ:

–         დღეს წყალთან ხო არ გითამაშია?

–         კი.

–         ჰოდა, აყობოდა, შე ქალო, აბა, რა იქნებოდა! გოუხეთქეთ ბებიაშენს გული!

ან ასე:

–         ამ საღამოს წისქვილზე ხო არ ყოფილხარ?

–         არა.

–         ცვრიდან ვერ აყობოდა თუ რაი?! განტროვს სახსრებში? ჰოდა, მაგია…

თქმულების თანახმად, მიზეზი წყალია. ჩემი სოფელი კი კოლხეთის დაბლობზე და წყალზე დგას. ბარი რომ დაარტყა მიწას, წყალი ამოვა, უჟმურს დიდი ძებნა არ სჭირდება.   ჩასვლისთანავე მაინც გაფრთხილებენ, გუბეს თუ გადაახტი და ხიდი თუ გადაიარე, უნდა მიბრუნდე, სამჯერ „ფუი-ფუი“ დაიძახო და  ეშმაკს მიაფურთხო.

უჟმურისგან საშველი მხოლოდ შელოცვაშია, რისთვისაც სამი ქალი უნდა მოიძებნოს. პირველი, ვინც მოჰყავთ, მანიაა იმიტომ, რომ იქვე, გვერდით ეზოში ცხოვრობს. მეტიც, ჩვენი ეზოს ნაწილს, რომელიც მის ეზოს ემიჯნება, მანიას გორა ჰქვია.

„უჟმურო, დაგკიდებ ოჯინჯალაზე, ქვემოდან ცეცხლს შეგინთებ, დაგწვავ, დაგდაგავ, დაგბუგავ…“ – ჩამესმის სიცხიანს.

გასვლის წინ მანია ბებიას ამშვიდებს, რომ უჟმური დილამდე გაიპარება…

მეორე დილით ბებია დღის მენიუს მითანხმებს. წესია ასეთი, თუ ვინმეა ავად, მისი სურვილის მიხედვით მზადდება სადილი. „დედალი შევწვა თუ მოვხარშო, ტყემალში ჩავაწყო თუ ნიორწყალში? გადავქნა ყველი სულგუნად? მოხარშული ხაჭაპურები? კვაწარახის ფაფა?“  სირისტიანი თბილისელი ბავშვისთვის კარტოფლიც იწვება, მაგრამ ამ ჩამონათვალში რა მოსატანია. მე კიდევ დედა მინდა…

რაც მეკრძალება უჟმურის დროს, დედისთვის შეტყობინების გაგზავნაა. ბებიაჩემის მტკიცებით, ამის გამგონე დედაჩემი ჭკუას დაკარგავს. არადა, ერთხელ მაინც მოვახერხე, ინგლისურად მივწერე დედას ჩემი ავადმყოფობის შესახებ და თბილისში წამსვლელ მეზობელს გავატანე. ინგლისურად იმიტომ, რომ ვიცოდი სხვების წაუკითხავად ეს წერილი დედამდე მაინც ვერ მიაღწევდა. თან ვიფიქრე, დედაჩემს ვასიამოვნებდი, რომ ინგლისური ზაფხულშიც კი „აქტივში მაქვს“ და ტყუილად არ მიდევს თბილისიდან წამოღებული ოსკარ უალდი და ედგარ პო.

მეორე დღეს ახალი შემლოცველი მოჰყავთ, აქეთ-იქით ხელკავით. თამარას კბილები არა აქვს, მაგრამ მე მაინც მესმის, რას ბუტბუტებს. წლებია ასე მკურნავენ:

„უჟმურო, თავში თუ ხარ, ტანში ჩამოდი, ტანში თუ ხარ, წელში ჩამოდი, წელში თუ ხარ, მუხლში ჩამოდი, მუხლში თუ ხარ, კოჭში ჩამოდი, კოჭში თუ ხარ, ფრჩხილში ჩამოდი, ფრჩხილში თუ ხარ, გარე გამოდი, გამოდი, გამეეცალე…“

დილამდე გაიპარება, თამარაც იგივეს პირდება ბებიაჩემს. უჟმური არ მიდის და ყოველთვის 3-5 დღე გრძელდება.

მესამე დღეს მთავარი მისანი მოდის. მარო პეტრუსოვა შორს ცხოვრობს, ბებიაჩემის გასაჭირს შეთვლის გარეშე ვერ გაიგებს. ვიღაც უნდა აფრინონ ველოსიპედით, რომელმაც ჭელიძეების კუთხემდე სამი წყარო, უჟმურების სამი სამყოფელი უნდა გაიაროს.

მარო არ ჰგავს სხვა მოხუცებს, ჭაღარა თმა წითლად აქვს შეღებილი და გამოსალოცად ბაფთიანი გიტარით დადის.  მისი სტუმრობა ისეთ სიხარულს მგვრის, ვეღარავინ მეხუმრება, შენისთანა უჟმურს (უხასიათოს) უჟმური როგორ აგყვაო…

„ფუი, ასე გააქარე, ფუი, ასე გააქარე, ფუი, ასე გააქარე“,  – ზამბარებიან საწოლზე წამომჯდარს თმას მაჭრის მარო და ცეცხლს უკიდებს. ბებია სახელდახელოდ დამშვენებული ტაბლათი უმასპინძლდება. მარო თხილისა და არყის გარდა პირს არაფერს აკარებს, ოჯახის სადღეგრძელოს ამბობს, გიტარას იღებს და სიმღერას იწყებს…

დილით ნაუჟმურევი ვიღვიძებ და შელოცვის ტექსტიდან აკვიატებულ ფრაზას ღიღინით ვიმეორებ:

„წამოი, მე გაგიძღვები წინ-წინ-წინ-წინ,

წამოი, მე გაგიძღვები სინ-სინ-სინ-სინ…“

ყველა საკუთარ საქმეს უბრუნდება, აღარავინ არაფერს მეკითხება, მაგრამ შემწვარ ვარიას წითელ ტყემალში იმ დღეს არაფერი მირჩევნია.

 

 

კითხვის თავისუფლება – დანიელ პენაკის  „ რომანივით საკითხავი“

0

ამ სტატიაში მინდა, ჩემი ბავშვობის  უსაყვარლეს გასართობზე, წიგნის კითხვაზე გესაუბროთ.  დღეს  ეს პროცესი  ჩემი პროფესიის საიმედო და ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტია.

ძალიან საინტერესო წიგნზე მინდა გესაუბროთ – დანიელ პენაკის „რომანივით საკითხავზე“. ისეთი ამბავია, სათაური კითხვის სურვილს რომ  გიღვიძებს.  ეს წიგნი იმაზეა, როგორ უნდა შევაყვაროთ ბავშვებს კითხვა,  კი არ ვაიძულოთ, ძალა დავატანოთ, არამედ შევაყვაროთ,  პენაკი იქვე გვაფრთხილებს: „უმორჩილესად გთხოვთ, ეს წიგნი პედაგოგიური ტანჯვა-წამების იარაღად არ გამოიყენოთ“. სანამ გადაშლით, უკანა გვერდს დააკვირდით, იქ მკითხველის ხელშეუვალი უფლებებია ჩამოთვლილი. ეს ათპუნქტიანი, თითქოს ხუმრობითა და თამაშ-თამაშით ჩამოწერილი ფრაზები დღეს მკითხველის უფლებათა ,,კონვენციად“ გახლავთ აღიარებული. შესაძლოა, პარადოქსულად მოგეჩვენოთ, მაგრამ მკითხველის უფლებათა კონვენცია სწორედ იმ ადამიანმა ჩამოაყალიბა, პატარაობიდან მწყარალად რომ გახლდათ წიგნებთან და კითხვასთან.

პენაკი სკოლაში საკმაოდ სუსტ მოსწავლედ ითვლებოდა, წერა-კითხვის სწავლა უჭირდა, ერთი წელი დასჭირდა ასო „ა“ რომ დაემახსოვრებინა. მამამისი მასხრობდა: „ასე თუ გააგრძელა, ჩვენი დანიელი 26 წლის იქნება ანბანს სრულად რომ აითვისებსო.“ თუმცა, თანდათან, რამდენიმე კარგი მასწავლებლის ზეგავლენით მდგომარეობა საგრძნობლად შეცვლილა, პენაკს წარმატებისთვის მიუღწევია, საბოლოოდ კი ისე გაწაფულა ფრანგულ ენასა და ლიტერატურაში, რომ სწორედ ამ სპეციალობით დაუმთავრებია საბალკალავრო პროგრამა და კოლეჯში სწავლების ლიცენზიაც მოუპოვებია (პარიზის მახლობლად, სუანსონის სკოლაში ლიტერატურის მასწავლებლად დაუწყია მუშაობა).

წავიკითხოთ „რომანივით საკითხავი“ და მის ენაზე ვესაუბროთ ახალგაზრდებს, იქ მითითებულ სქემას გავყვეთ, ისე მოვიქცეთ, როგორც პენაკი გვირჩევს: კომპიუტერთან ჯდომა და თამაში წაკითხული გვერდებისთვის ჯილდოდ არ ვაქციოთ. ყველაფერში ნუ დავადანაშაულებთ ციფრულ ტექნიკას, რომლის გამორთვაც ხშირად თავად გვავიწყდება, მაგრამ მისი სწორად გამოყენებაც შეგვიძლია ჩვენც და მოზარდებსაც. ვეცადოთ, ლიტერატურისა და კითხვის სიყვარული ვასწავლოთ ბავშვებს. „ტელევიზია, კინემატოგრაფი ყველაფერს გამზადებულს გვაწვდის, იქ ყველაფერი დაღეჭილია, კითხვის დროს კი წარმოსახვა მუშაობს, ამიტომაა კითხვა მუდმივი შემოქმედების აქტი.“

კითხვის დროს გზადაგზა ვიხსენებდი  ჩემს პირველ შეხვედრას წიგნთან და გასეირნებას ჯადოსნურ სამყაროში, ასევე გამახსენდა რაიონის ბიბლიოთეკა და მკითხველები ბიბლიოთეკიდან, საყვარელი ბიბლიოთეკარი თავისი ლამაზი სათვალეებით, იქაური წიგნის  სურნელი და შესანიშნავი გარემო.  წიგნში საკუთარი თავი აღმოვაჩინე.  შემიძლია თამამად ვთქვა, რომ წიგნის სიყვარული დედამ ჩამინერგა, მან შემაყვარა ლიტერატურის  სამყარო, სადაც შემეძლო სახლიდან გაუსვლელად მემოგზაურა.

ფერადი ზღაპრების უხილავი ძაფებით   დაიწყო ჩემი და წიგნების ჯადოსნური კავშირი. ჩემი პირველი ზღაპრები იყო: ნაცარქექია, წითელქუდა, ცეროდენა, სამი გოჭის ამბავი, ასტრიდ ლინდგრენის საოცრებათა სამყარო: ასტრიდ ლინდგრენის „პეპი გრძელწინდა“, „ბიჭუნა და სახურავის ბინადარი კარლსონი“,  „ყაჩაღის ასული რონია“, ეგზიუპერის  „პატარა პრინცი“, ძმები გრიმების ზღაპრები, ღრმა ფილოსოფიური აზრები, დახვეწილი იუმორი, საშიში და მისტიკური ამბები.

ზღაპრების სიყვარული იმდენად მართობს, მავიწყებს ყველაფერ ცუდს, მახალისებს, მამსუბუქებს. ჩემი აზრით, ზღაპრების წასაკითხად ასაკი არ არსებობს.  ბავშვობაშიც და ახლაც  ხშირად მჩუქნიან  წიგნებს,  ვფიქრობ,    ეს  ახალი სამყაროს აღმოჩენის შესაძლებლობაა და მოგზაურობა ჯადოსნურ ამბებში.  სასიამოვნო ემოციებით მახსენდება  ჩემი სკოლა,  თბილი გარემო  და  პროფესიონალი  მასწავლებლები. ადგილი, რომელიც ჩემი და წიგნების ურთიერთობის სასიამოვნო  მოგონებებს უკავშირდება. სწორედ,  ეს გარემო და ადამიანები გახდნენ   ჩემი პროფესიის არჩევის ინსპირაცია.

სკოლაში მქონდა შესაძლებლობა მესარგებლა ბიბლიოთეკით, ჩვენი ბიბლიოთეკარი ღიმილით გვხვდებოდა და მახსოვს რამდენიმე წიგნი , რომელიც სახლიდან მომიტანა და მაჩუქა, უბედნიერესი ვიყავი მისი ამგვარი საქციელით!  წიგნის კლუბიც გვქონდა და განვიხილავდით  წაკითხულ ლიტერატურას, თავადაც ვირჩევდით წიგნებს და  ვსაუბრობდით მათზე.

ჩემ ირგვლივ თუ რომელიმე ბავშვთან მიმიწვდება ხელი, მასთან „ჯადოსნური“ წიგნებით მივდივარ, ვცდილობ, მათთვის საჭირო და ასაკის შესაფერისი  ლიტერატურა შევარჩიო. ზოგჯერ იმასაც კი ვახერხებთ, წაკითხვის დროს განცდილი სიამოვნება ერთმანეთს გავუზიაროთ.

ისევ პენაკს დავუბრუნდეთ. როგორც  მომავალ მასწავლებელს პენაკმა   შემახსენა – იკითხეთ, რათა იცხოვროთ. წიგნის ბოლოს მან ჩამოგვიწერა მკითხველის ათი უფლება – იკითხე სადაც გინდა, როგორც გინდა, საიდანაც გინდა… გამოვიყენოთ ეს  საჭირო და აუცილებელი უფლება.

 

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. https://eon.ge/wp-content/uploads/2020/03/%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%
  2. მაკა დლოკონენი -ვუძღვნი დანიელ პენაკს-

 

https://edu.aris.ge/news/ardadegebze-wasakitxi-wignebis-taviseburebani.html

 

 

აქტივობები, მდგრადი განვითარებისთვის

0

გარემოს დაცვაზე არაერთხელ დამიწერია. ბოლო პერიოდში ჩემი ყველა აქტივობა მდგრად განვითარებაზეა ორიენტირებული. თანამედროვე სკოლაში გეოგრაფია უნდა გახდეს ის რგოლი, რომელიც დაეხმარება მოსწავლეს, გააცნობიეროს ბუნებისა და საზოგადოების, ბუნებრივი და სოციალური დისციპლინების მჭიდრო ურთიერთკავშირი. გეოგრაფია ეხმარება მოსწავლეს ცნობიერების ჩამოყალიბებაში, ეს კი, თავის მხრივ, ეხმარება მას, გააცნობიეროს საკუთარი პასუხისმგებლობა იმ ყველაფერზე, რაც სამყაროში ხდება.

ძალიან საინტერესოა, რას ფიქრობენ ჩვენი მოსწავლეები გარემოს დაცვაზე. მათი აზრებისა და დამოკიდებულებების მიმართ ინტერესი განსაკუთრებით ძლიერდება წლის ბოლოს, როცა კიდევ ერთ თაობას უშვებ დამოუკიდებელი ცხოვრების გზაზე, როცა თან გიხარია და ამაყობ და ამავე დროს უზომოდ გიჭირს განშორება. წელს ხომ ჩემი ანანო ამთავრებს სკოლას.

ანანო, ნუცა, თამარი, ანა… გახსოვთ, რამდენი სტატიის თანაავტორები და გმირები არიან?

აი, რას წერს ანანო გაფრინდაშვილი (ჩემი ანანო):

„ის შეუფასებელია, ყველასა და ყველაფერშია და სიცოცხლე ჰქვია. მას ამ სამყაროში, ამდენ გალაქტიკასა და პლანეტას შორის, შეიგრძნობ მხოლოდ ერთადერთზე – დედამიწაზე.

რას ემსახურება ეკოლოგიური განათლება? იმას, რომ ჩვენი რეალური სახე დავინახოთ. დიახ, ჩვენი და არა სხვისი, რადგან ეს რამდენადაც მე მეხება, ზუსტად იმდენადვე გეხებათ თქვენ და სხვებს.

ეკოლოგიური განათლება ფაქტობრივ ცოდნასთან ერთად გულისხმობს ემპათიას, რის გარეშეც ვერ იარსებებს დედამიწაზე სიცოცხლე და თანაცხოვრება. სწორედ ემპათიის ნაკლებობის გამოა, აქამდე რომ მოვედით. გავიგოთ, რა სჭირს დედამიწას და მისი გაჭირვება ჩვენ როგორ გვავნებს, ან ჩვენ თუ ჯერ ვერ გვავნებს, მაშინ დავფიქრდეთ ჩვენს წვლილზე პრობლემაში.

მართალია, რთულია, მოსთხოვო ამ სახის ემპათია ადამიანს, რომელსაც მასლოუს პირამიდის წვერამდე ჯერ კიდევ დიდი გზა აქვს გასავლელი და საკუთარი თავის გადასარჩენად იბრძვის ყოველდღე. თუმცა ეს ადამიანები გაცილებით ცოტა ზიანს აყენებენ დედამიწას, იმათთან შედარებით, ვისაც ქონება, რაღაც სახის ძალაუფლება და ძალაუფლებასთან ერთად მეტი და მეტი ამბიცია აქვთ.

ადამიანურმა ამბიციებმა განვითარების ზენიტში აიყვანა მსოფლიო. გამოთქმაა ასეთი – „რაც არ გვკლავს, გვაძლიერებს“, ხოლო ჩვენს ყოფას დღევანდელი გადმოსახედიდან ასე შევაფასებდი: „რაც გვაძლიერებს, ის გვკლავს“.

ჩვენი მოვალეობაა, გავიაზროთ, რომ ადამიანის, ცხოველის, მცენარის, წვიმის, მზისა თუ თოვლის არსებობა შეუფასებელი და ერთადერთია“.

სტატიის სათაური კი ნუცა სეხნიაშვილის ესედან არის აღებული:

„ბავშვი სათავეა, დასაწყისია დიდი ადამიანისა“, – თქვა ილია ჭავჭავაძემ. შესაბამისად, ის, თუ როგორ პიროვნებად ჩამოყალიბდება ადამიანი, ბავშვობაში წყდება და სკოლას აქვს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გავლენა მის აზროვნებასა და ცოდნაზე. მაშასადამე, აუცილებელი ყოფილა ბავშვისთვის სკოლაშივე გარემოს სიყვარულისა და მოფრთხილების ჩანერგვა, რათა ზრდასრულობაშიც გაითვალისწინოს დედაბუნების ინტერესები“.

„დაუვიწყარია სტუმრობა გეოგრაფიულ საზოგადოებაში, ჩვენი სახელმძღვანელოების ავტორთან, მაია ბლიაძესთან შეხვედრა. რადგან ყველა ვერ დაესწრო, ჩვენ მოვაწყვეთ სემინარი და ქალბატონი მაიასგან მიღებული ინფორმაცია გავაცანით ჩვენი სკოლის უფროსკლასელებს. თამაშებისთვის დავამზადეთ ბარათები და პლაკატები. იმედი მაქვს, რომ ჩვენმა ძალისხმევამ შედეგი გამოიღო და იმ დღეს ვიღაც სახლში ოდნავ უფრო მეტი ცოდნითა და შეგნებით წავიდა.

გერმანულის გაკვეთილიც ხშირად ქცეულა ბუნების დაცვაზე არგუმენტების მოყვანის, დასაბუთებისა და ახალი ინფორმაციების შეცნობის სივრცედ, ოღონდ, რა თქმა უნდა, გერმანულად და ბოლოს ნასწავლი სიტყვების გამოყენებით. ლეონარდო და ვინჩიმ თქვა, ბუნება ისეა მოწყობილი, რომ ყველგან რაღაცას ასწავლისო. არც ეს შემთხვევაა გამონაკლისი და ვიტყოდი, რომ ახალ-ახალი ინფორმაციები ბუნების დაცვაზე ყველგან გვხვდება: დასვენებაზე ისტორიის მასწავლებლისგან, წინა დღეს რომ შეამჩნია, ვიღაცა სიგარეტის ნამწვავს მანქანიდან აგდებდა და თავაზიანად სთხოვა, აიღე და გადააგდეო; კლასელისგან, სკოლის შემდეგ ავტობუსის გაჩერებაზე ახალ ნიღაბს რომ იკეთებდა და გადაკვრით გვითხრა, თურმე სამედიცინო ნიღბის საყურეებში ჩიტები იხლართებიან ნაგავსაყრელზე და გადაგდებამდე მათი დაძრობა ჯობიაო; ხშირად მასწავლებლები ექსკურსიების, პიკნიკის ან საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვების შემდეგ გარემოს დასუფთავებას რომ იწყებენ, ბავშვებს მაგალითს აძლევენ და იმავეს გაკეთებისკენ უბიძგებენ. გარემოსდაცვითი განათლება არ არის კონკრეტული საგანი, ის ყველა სხვა საგნის და ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია“.

აი, ასეთი მოსწავლეების გაცილება მიწევს ამ სასწავლო წელს. თითქოს გუშინ მოვიდნენ სკოლაში, ბედნიერები და ცოტა დამფრთხალი სახეებით, თვალებციმციმა ვარსკვლავები.

„ეკოლოგიური პრობლემები თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა, მათი გადაჭრის გზების გამონახვა კი კაცობრიობისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი ამოცანაა. ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა საკითხი, მისი მოგვარების ქვაკუთხედიც განათლებაა“, – წერს მეთერთმეტეკლასელი თამარ გადელია.

თამარი იქითა საქართველოდან არის. ყველა ჩვენგანის საოცნებო საქართველოდან.

– მასწ, ხომ არ გგონიათ, ომი იქ დამთავრდა? უკვალოდ არ გამქრალა, ომი მთელი ცხოვრება გრძელდება, ის ჩვენშია. თაობებზე გადმოვიდა და… – მითხრა თამარმა. ვიგრძენი, რომ ორივეს ბურთი გაგვეჩხირა ყელში და ცრემლი მოგვაწვა.

„ჩვენ დაგვავიწყდა, როგორ ვიყოთ კარგი სტუმრები, როგორ ვიაროთ დედამიწაზე მსუბუქად, ისე, როგორც ამას მისი სხვა ბინადრები აკეთებენ“, – არ ვიცი, ვისი სიტყვებია ეს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს უნდა იყოს ნებისმიერი ადამიანის ყოველდღიური სამოტივაციო ციტატა. სწორედ ასეთი აზროვნება ვისწავლე და დავუკავშირე მას ჩემი ცხოვრება, რომელიც, ვცდილობ, იყოს ენერგოეფექტური და ეხმარებოდეს გარემოს მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებაში. ხოლო იმისათვის, რომ დაიწყო რაიმე საკითხის მოგვარების გზების ძიება, მნიშვნელოვანია ჯერ მისი შესწავლა და ფაქტების ანალიზი. ჩემთვის ცნობილია, რომ დღეს არსებული გარემოს პრობლემების მოსაგვარებლად კომპლექსური მოქმედებაა საჭირო. ამის გამო, მიმაჩნია, რომ ჩვენ ვართ ერთი დიდი სისტემის ნაწილი, რომლის თითოეული კომპონენტის ფუნქციონირება ერთნაირად გამართული უნდა იყოს, ერთ-ერთის მორღვევა კი გამოიწვევს მთელი მექანიზმის მოშლას. ამიტომ, თუ ფეხით დავდივარ, არ ნიშნავს, რომ შემიძლია ვიხმარო განუსაზღვრელი რაოდენობის პლასტმასა ან ქაღალდი. როგორც სკოლის მოსწავლეს, ზემოთ ხსენებული მასალებისგან დამზადებული პროდუქცია ნამდვილად მჭირდება, მაგრამ გამოსავალი შემდეგშია – ერთჯერადის ნაცვლად ვიყენებ მრავალჯერად მინის ბოთლს. მაქსიმალურად ვავსებ რვეულის თითოეულ გვერდს, სანამ მეორეზე გადავალ. ჩემი ცხოვრება სავსეა ასეთი მარტივი ელემენტებით“.

აი, ასეთია თამარი. ხან მხიარული და ხმაურიანი, ხან კი დაფიქრებული და სევდიანი. მიზეზი არ ვიცოდი. ძალიან ჭკვიანი და გონიერი თამარი გამორჩეული და წარმატებული მოსწავლეა. არჩევანი გავაკეთეო, მახარა ცოტა ხნის წინ – გარემოს დაცვის მიმართულებით მინდა გავაგრძელო სწავლაო. სადაც უნდა იყოს და რასაც უნდა აკეთებდეს, ვიცი, წარმატებული იქნება.

„ადამიანმა ბუნების შესწავლა ჯერ კიდევ ანტიკური დროიდან დაიწყო. ადამის შვილებსა და ბუნებას შორის ურთიერთობა დროთა განმავლობაში განვითარდა, შემგროვებლებისა და მონადირეების დროიდან ტექნოლოგიურ ხანამდე. მოგვიანებით ბერძნულ და რომაულ ისტორიაში საწვავი და გემთმშენებლობისთვის საჭირო საშენი მასალების მოსაპოვებლად ხმელთაშუა ზღვის აუზში მრავალი მთის ფერდობზე გაიჩეხა ტყე და ამის შედეგად გახრიოკებული ლანდშაფტების ნახვა დღესაც შეიძლება“, – ეს მეთერთმეტეკლასელი თბილი და მოღიმარი ელენე გოჭოშვილია, რომელსაც მუდამ აქვს პასუხი.

მეცხრეკლასელებიც მინდა გაგაცნოთ. ეს ის ასაკია, როცა უკვე კარგად ვუგებთ ერთმანეთს. იციან, რა და როგორ უნდა გააკეთონ. პატარა გამოგონებაც კი აქვს უკვე ლიზი კახეთელიძეს, რომელიც შრომისმოყვარეობით გაგაოგნებთ:

„ნიადაგის დაბინძურებაზე უფრო დეტალურად სკოლაში შევიტყვე და გადავწყვიტე, შემექმნა ორი ნივთი, რომლებითაც გარემოს დაცვას მცირედ შევძლებდი. პირველ გამოგონებაში დაპატარავებული ტანსაცმელი გადავაკეთე ჩანთებად. ამით შევამცირე პოლიეთილენის გამოყენება, რომელიც საკმაოდ დიდ გავლენას ახდენს გარემოზე. ზუსტად პოლიეთილენის პარკების გამო იღუპება უამრავი წყალქვეშა ცხოველი, რადგან მათ ის საკვები ჰგონიათ. მე ასევე შევძელი გადამემუშავებინა ორი რამ – წყლის ბოთლი და ყურის საწმენდი ბამბა. მივიღე მექანიზმი, რომლითაც მცენარეებს ვრწყავ. ბოთლის თავსახურს გავუხვრიტე თავი, შემდეგ კი იქ გავუკეთე ყურის საწმენდი ბამბა. ბოთლში წყლის ჩასხმის შემდეგ მცენარეები მარტივად, უჩემოდ ირწყვება“.

ყველაზე მეტად კი ეთო აბულაძემ და ანა წილოსანმა გამაკვირვეს. მათ ხომ, არც მეტი, არც ნაკლები, მისი უდიდებულესობა მოდა და გარემოზე მისი გავლენა გააკრიტიკეს:

„უამრავი პრობლემიდან ჩემთვის ყველაზე საინტერესო აღმოჩნდა მოდა და მისი გავლენა გარემოზე. გიფიქრიათ, ყოველწლიურად რამდენ ტანსაცმელს ვყიდულობთ, რომლებსაც რამდენიმე გამოყენების შემდეგ ნაგავსაყრელზე მოვისვრით ცუდი ხარისხის გამო? იაფფასიანი სამოსის ყიდვა შემდგომში ნივთის მოხმარების ხანგრძლივობაზე აისახება. ეს ყველაფერი სწრაფი მოდაა, რომელიც იმდენად მალე ცვდება, რამდენად სწრაფადაც შეიქმნა. ტრენდის სწრაფი წარმოება, რეპლიკაცია, დაბალი ფასები – ეს ყველაფერი მნიშვნელოვან ზიანს აყენებს არა მხოლოდ გარემოს, არამედ მყიდველსა და წარმოებაში ჩართულ ადამიანს“, – წერს ეთო.

„სწორედ ამ დროს იძენს განსაკუთრებულ მნიშვნელობას სამოქალაქო მოძრაობები და სწორი პროტესტი. ყველამ უნდა იგრძნოს პასუხისმგებლობა, რომ წინ აღუდგეს მსგავს უსამართლობას სიტყვით თუ საქმით. იმისთვის, რომ ჩვენ, ცალკეულმა ინდივიდებმა, ხელი შევუშალოთ სწრაფი მოდის რისკებს, შეგვიძლია შევიძინოთ ტანსაცმელი მეორადი მაღაზიებიდან, განვაახლოთ ან შევაკეთოთ ჩვენი ძველი სამოსი და ფეხსაცმელი, გავაჩუქოთ და გავყიდოთ ჩვენი ნივთები და ა.შ. ადამიანი ათასობით წელია ზემოქმედებას ახდენს გარემოზე, თუმცა მისი საქმიანობა არასოდეს ყოფილა ისეთი დამაზიანებელი, როგორიც ახლაა. სწორედ ამიტომ გვაქვს მორალური ვალდებულება, მეტი ვაკეთოთ მომავალი თაობებისთვის, რათა შევუნარჩუნოთ ის, რაც ჩვენამდე მოვიდა“, – ასე ზრუნავს ანი გარემოზე.

გლობალურ პრობლემებზე საუბრისას ახალი იდეაც დაიბადა. ნიკა კალანდიას სიტყვები – „დედამიწასთან ლაპარაკი“ – დღის ფრაზად გამოვაცხადეთ. ნომინაციებიც დავაწესეთ: თვის და წლის ფრაზა.

– მასწ, თავიდან მე-7 კლასში განსხვავებულმა გაკვეთილებმა ჯერ გამაკვირვა, მერე მომეწონა და ახლა ვიცი, რომ მაგარი ხართ, – მითხრა თამარმა.

მაგრები, გონიერები, ჭკვიანები თქვენ ხართ. უკეთეს ქვეყანასაც თქვენ ააშენებთ და იქნებ დაბრუნდეთ კიდეც იქითა საქართველოში.

ნუცას სიტყვებით დავასრულებ: „რადგან თანამედროვე სამყაროში ნაკვალევის გარეშე ცხოვრება შეუძლებელია, გარმოსდაცვითი განათლება დამეხმარა შუალედის პოვნაში, რომლისთვისაც ჯერ ვერ მიმიღწევია, მაგრამ მისკენ სვლას ვაგრძელებ“.

 

 

გაკვეთილის თემა – ინანიშვილის მორიგი ჯადოქრობა

0

პანდემიამდე და პანდემიის შემდეგ… ჩვენი ცხოვრება უკვე ასე დაიყო… დისტანციური გაკვეთილების მეხუთე სემესტრი მიმდინარეობს. არც კი მჯერა. მოსაწყენია ონლაინგაკვეთილები. მასწავლებლებიც დაძაბული ვართ და ბავშვებიც. ნელ-ნელა ერთმანეთს ვშორდებით. გვიჭირს კომუნიკაცია, თანამშრომლობა, ურთიერთგაგება. საშინელი გაუცხოება გამეფდა… უკვე აღარ ვიცი, დადგება კი ოდესმე პოსტპანდემიური პერიოდი? იმედი ძნელად მოსახელთებელ ტურასავით გარბის. თუკი მოგვიახლოვდება ეს ნანატრი დრო, დღის წესრიგში უთუოდ დადგება პანდემიით გამოწვეული ფსიქოლოგიური ტრავმების დაძლევის გზების ძიება. არ არის იოლი დასაგეგმი ის, რომ დისტანციურ გაკვეთილებზე 30-წუთიანი ჩართვა ინტერაქტიური და ნაყოფიერი იყოს. საკლასო ოთახის მერხებთან უამრავი ტიპის გაკვეთილსა და აქტივობას ვგეგმავდით. სპონტანურადაც გვიკეთებია საინტერესო და შემოქმედებითი აქტივობები და კარგად გაწერილი სქემების მიხედვითაც. ბავშვები ყოველთვის იძლევიან იმპულსებსა და ინსპირაციას. მიგანიშნებენ, ითხოვენ საინტერესო პროცესს, გკარნახობენ და მასწავლებელიც სიამოვნებით ჰყვება ხოლმე ყველა გამოწვევას. მან იცის, როგორ მოაქციოს ქაოსი კალაპოტში, ოღონდ ისე, რომ პროცესი შემეცნებითიც გამოვიდეს, ინტერაქტიურიც, თანამშრომლობაზე დაფუძნებულიც, სახალისოც, სულიერად და გონებრივად გამამდიდრებელიც. და აი, ასე ვზრდით ერთმანეთს მოსწავლეები და მასწავლებლები. სახელმძღვანელო ძირითადი ინსტრუმენტია, მაგრამ უამრავი სხვა რესურსის ინსტრუმენტად ქცევაც შეიძლება და ამის მაგალითებს რა დაგვილევს?

მცირდება დისტანციური გაკვეთილების რაოდენობა კვირის განმავლობაში და გაკვეთილის ხანგრძლივობაც. ქართულ ენა-ლიტერატურას სკოლაში ვატარებდით 5 X 0,45 საათს, ანუ 2 საათი და 25 წუთი იყო ჩვენს განკარგულებაში (კვირაში). ონლაინრეჟიმის დროს კი გვაქვს კვირაში 3 X 0,30 საათი, ანუ მხოლოდ 90 წუთი გვეძლევა ვირტუალური კონტაქტისთვის. არ ვთვლი 2 ასინქრონულ გაკვეთილს, სადაც მოსწავლე-მასწავლებელი ერთმანეთს ვერ ხვდებიან, მასწავლებელი მხოლოდ დავალებებსა და რესურსებს ტვირთავს.

საშუალო საფეხურზე მოსწავლეთა უმრავლესობას უკვე გაცნობიერებული აქვს ცოდნის მიღების აუცილებლობა, ჩართული აქვს მეტაკოგნიციის  უნარები, ესმის მოცულობითი მასალის დამუშავების ტექნოლოგიები. ან არჩეული აქვს სწავლა და მიჰყვება მასწავლებლის მიერ მითითებულ გეზს, ან უარს აცხადებს სწავლაზე და… აქ აღარ გავაგრძელებ. ეს პრობლემა სხვა წერილის თემა და სხვა ტიპის კვლევების საგანია.

ძალიან ბევრს ვფიქრობ გაკვეთილის დაგეგმვაზე დაწყებითი და საბაზო საფეხურის კლასებთან. მხოლოდ ერთი მეექვსე კლასი მყავს წელს დაწყებით საფეხურზე, დანარჩენი სამი კლასი საშუალო საფეხურზეა, მაგრამ ონლაინსწავლების პროცესში ამ ერთი კლასის აქტიურად ჩართვა, ბავშვების დაინტერესება და ნაყოფიერი გაკვეთილების ჩატარება ჩემთვის მუდამ დამღლელი ფიქრის საგანია. შევთანხმდით, რომ პარასკევს, ე.წ. კლასგარეშე ლიტერატურის კითხვის გაკვეთილი გვექნებოდა. ბევრი ვიფიქრე, რა ამერჩია – რომელიმე უცხოელი თუ ქართველი  მწერლის ნაწარმოები? ხან რა მოვსინჯე, ხან – რა, ხან გავიფიქრე, რომ ეს ტექსტი უცხო და გაუგებარი იქნებოდა, ის – მოსაწყენი, ის – არააქტუალური და არაფრისმომცემი. მოკლედ, ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, ისევ ინანიშვილის მოთხრობების კრებულს ჩავუყევი და გონებაც განათდა – „თოთიაურების კუნძული“. გიზიარებთ ცხელ-ცხელ ემოციას. გაკვეთილი ჩატარდა და საღამოს უკვე ამ წერილის წერას ვიწყებ, რომ კოლეგებს გაგიზიაროთ. თუ გინდათ, მოხიბლოთ მეექვსეკლასელები, გამოიწვიოთ მათში საყვარელი ბავშვური ჟივილ-ხივილით გაჯერებული ემოციები, დააფიქროთ, გული აუჩუყოთ, მოაგონოთ უამრავი ლამაზი ეპიზოდი თავიანთი თუ სხვების ცხოვრებიდან, ეს მოთხრობა უნდა წაუკითხოთ.

მოთხრობის ქრონოტოპი – კუნძული

ყველა დიდი მწერლის მთავარი მახასიათებელი ისაა, რომ საკვირველი ოსტატობით ძერწავს თავისი ტექსტის სამყაროს. მოთხრობის ქრონოტოპი (დრო-სივრცე) უკვე მხატვრული ღირებულებაა. „თოთიაურების კუნძულის“ სამყარო სადა, იდილიური, სოფლურად უშფოთველი, მაგრამ საოცრად შთამაგონებელი, იდუმალი და მომაჯადოებელია. აი, წამით „მივუგდოთ ყური“: ძაღლუაანთ ხევის წყალი სამ სოფელს ჩამოივლის, ბოლოს ძველსოფელში ორად განიტოტება და სანამ ისევ გამთლიანდება, თოთიაურების სამოსახლო კუნძულს შექმნის. კუნძულზე ხოხონა თოთიაურის დაძველებული, თაღოვანსარკმლებიანი სახლი დგას, ხოლო მოშორებით, წყლის მარცხენა ტოტთან „ბუმბერაზული“ ვერხვი გადმომდგარა, კანდაშაშრული, ნუჟრებდაყრილი, დაგუმბათებული, ტოტებძირსჩამოწვდილი.

ხოხონა და მისი ცოლი თავთუხა ვერხვის ძირას ძელსკამზე ჩამოსხდებიან ხოლმე დასასვენებლად. სოფელში გასვლა არ უყვართ, წეწიკო თამარას რატრატში ხომ არ გავცვლით ამ წყლის რუკრუკსა და ვერხვის შრიალსო? თავთუხა ძაფს ართავს, თითისტარს აბზრიალებს, ძაღლი ფარეხა იქვე წევს, იშვიათად თუ დაიყეფებს, ხოლო ვერხვის ხეზე ჭოტი ბინადრობს და ეძახის კუნძულელებს: ჭოოტ! ჭოოტ! ჭოოტ! გაზაფხულობით ვერხვთან ფუტკრების საამური პუტუნი ისმის, ისინი სადინდგლე ღალას აქედან ეზიდებიან, ხოლო შემოდგომით ყვითელი ფოთლების ტკაპატკუპი ატკბობს სმენას.

სულ ესაა! ვითომ ხომ არაფერი, მაგრამ ეს სამყარო დაკვირვებული სულიერი თვალისთვის მთელი მისტიკაა, უნიკალურია თავისი ყოველი დეტალით.

როცა ხოხონას დაკრძალვაზე მისი შვილების ქალაქელი ახლობლები ჩამოვიდნენ, კუნძულმა ყველა გააოგნა და შვილებს ურჩევდნენ, აქაურობას ჩაეჭიდეთ, არ დაკარგოთო… ხოხონასა და თავთუხას ვერხვის ძირას ჯდომის სცენა დაუვიწყარი კინოკადრია, გნებავთ – უკვდავი ფერწერული ტილო. ვისაც ოდნავ მაინც გააჩნია ხატვის ნიჭი, ამ მოთხრობის წაკითხვისას მისი ილუსტრირების სურვილი გაუჩნდება. რამდენიმე სცენას დავხატავდი: 1. ძაღლუანთ ხევის მარცხენა ტოტის სანაპირო კუნძულზე, ცოლ-ქმარი ვერხვის ხის ძირას ძაღლის თანხლებით, ხეზე ჭოტი და ფუტკრების შემოსევა; 2. მეზობლების სტუმრობა ხოხონასთან და მისი სიკვდილი; 3. ვერხვის ძირას მარტო დარჩენილი თავთუხა და ფარეხა, თავთუხა – ჭოტის კივილით გაანჩხლებული; 4. სოფლის ბირჟის ბიჭებთან ჭოტის მოკვლის თხოვნით გამოსული თავთუხა; 5. წითური შოთას მიერ „ცენტრალკით“ ჭოტის ჩამოგდება; 6. დიდი ბიჭები დაჭრილ ჭოტს აძლევენ პატარა ბიჭებს, რომლებიც ფრინველს გოგონებისკენ მიარბენინებენ; 7. ბირჟაზე გამოსული მონანიე თავთუხა, დაშვებული ხელებით, მუხლებზე რომ ირტყამს სინანულის ნიშნად; 8. ჭოტის დაბრუნება და შაოსანი თავთუხას ძლივს გაღიმებული სახე.

საყვარელი გმირები და სახე-სიმბოლოები

რევაზ ინანიშვილს „პერსონაჟების კიდობანში“ მწერლის ჰუმანისტური იდეების ხორცშესასხმელად ყოველთვის მოიძებნება გმირი, რომელიც მკითხველს აოცებს თავისი ქცევით, მეტყველებით, სამყაროსა და ადამიანებისადმი დამოკიდებულებით. სულიერი თუ უსულო აქ უჩვეულოდ „ცოცხალი“ და გამომსახველია. გაპიროვნების ხერხი ინანიშვილის კალმის წყალობით კეთილ ჯადოქრობად გარდაიქმნება ხოლმე. „თოთიაურების კუნძულის“ უსულო სახე-სიმბოლოებიც კი „გველაპარაკებიან“, სიყვარულით უცნაურად გამთბარ, საოცარ, ახალ სამყაროს ქმნიან. ბავშვებმა სათითაოდ მონიშნეს ისინი:  რუკრუკა ძაღლუაანთ წყალი, ძველსოფელი, ფოთოლშრიალა ვერხვი (კანდაშაშრული, ნუჟრებდაყრილი, დაგუმბათებული), ვერხვის ხესთან სადინდგლე ღალის მოპოვებით აფუსფუსებული ფუტკრები, ტკაპატკუპით ჩამოცვენილი ყვითელი ფოთლები, ჭოტი, რომელიც სულში უძვრება ადამიანებს, თითქოს გრძნობს, როდის აბეზრებს მათ თავს და როდის მოისაკლისებენ, უწყინარი  ძაღლი ფარეხა, აჩრდილივით რომ დასდევს პატრონს.

შვიდივე სახე-სიმბოლო საოცარ ანსამბლს, ჰარმონიას ქმნის, სწორედ მათი დახმარებით აცოცხლებს ავტორი მოთხრობის იდუმალ, ქართულად მშობლიურ, თბილ და სიყვარულით გაჯერებულ გარემოს, ქართული სოფლების მომაჯადოებელ ხიბლს კიდევ ერთხელ განგვაცდევინებს. ყოველი მათგანი ცალ-ცალკე და ერთად ისეთ ანტურაჟს ქმნის, რომ მათ წიაღში უაღრესად დამაჯერებლად გამოიყურებიან ადამიანები, თითქოს ისინი ჩვენი ძველი ნაცნობები ყოფილიყვნენ, ძალიან ჰგვანან ჩვენს ნაცნობებს, გვემშობლიურებიან, გვამახსოვრდებიან. აი, ისინიც: ცოლ-ქმარი ხოხონა და თავთუხა თოთიაურები, წითური შოთა, წეწიკო თამარა – სოფლის ჭორიკანა და  მეტიკიანთ ბაბე – ჭოტს რომ ამსგავსებენ.

ეს ორი უკანასკნელი პასიური პერსონაჟია, მათ მხოლოდ თითოჯერ გაკვრით ახსენებენ, მაგრამ იმდენად მეტყველია მათი სახელები, რომ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ მათი გარეგნობაც და ხასიათის თვისებებიც კი.

აქტუალური პრობლემა და მისი გადაწყვეტა

რევაზ ინანიშვილის განუმეორებელი ხელწერის გენიალური მახასიათებელი უპირველესად ალბათ ისაა, რომ ამ ავტორს შეუძლია ერთი შეხედვით სრულიად უამბიციო, უწყინარ, უშფოთველ, ამბებსა და გმირებს უღრმესი მნიშვნელობა მიანიჭოს, მკითხველი დააფიქროს მარად აქტუალურ პრობლემებსა და მათი გადაწყვეტის გზებზე. წამოწიოს ფილოსოფიური, ფსიქოლოგიური, მორალურ-ეთიკური პრობლემები, რომელთა გარშემო ფიქრიც გვაკეთილშობილებს, თვალს გვიხელს,  გვაფიქრებს, ჩხრეკა-განსჯის გუნებაზე გვაყენებს. „თოთიაურების კუნძულის“ კოლიზიებმა იმდენი საინტერესო სადისკუსიო კითხვა აღძრა ბავშვებში და ისეთი დასკვნები გამოიტანეს, რომ მათი მოსმენა დიდი სიამოვნება იყო. გამოიკვეთა რამდენიმე მთავარი პრობლემა:

  1. საქართველოს ლამაზი სოფლების დაცლა ახალგაზრდებისგან და უმწეო მოხუცების დაუცველი სიბერე;
  2. ადამიანის კავშირი ბუნებასთან და ფლორა-ფაუნის როლი ჩვენს ცხოვრებაში;
  3. სიკეთისა და სიყვარულის უძლეველობა.

სამივე ეს პრობლემა უწყვეტ კავშირშია თანამედროვეობასთან. ჩვენი დაცლილი სოფლები და თავკომბალად ქცეული დედაქალაქი საქართველოს სოციალური, ეკონომიკური და ჰუმანიტარული პრობლემაა დღესაც. გაუკაცრიელებულია მთელი რიგი რეგიონები. იცლება მთიანეთი. ბავშვებმა აქტიურად გაშალეს ეს თემა და ჩაუღრმავდნენ პრობლემას. მიუხედავად მცირე ასაკისა, მათ მაინც მოახერხეს გააზრება იმისა, თუ რა სირთულეებს უქმნის სახელმწიფოს შიდა მიგრაცია სოფლებიდან დიდი ქალაქებისკენ.

რაც შეეხება ადამიანის მიმართებას ცხოველებისა და ფრინველებისადმი, ეს ჩვენი ბავშვების საყვარელი თემაა, მათი უმრავლესობა ცხოველთა და ფრინველთა მოყვარულია და ეკოსისტემის პრობლემებზე საკმაოდ ნათელი წარმოდგენა აქვთ. ჩემთვის მოულოდნელი იყო იმის წარმოდგენა, რომ ჭოტის სახეს ბავშვები მწერლობაში ასევე ფართოდ გავრცელებულ გველისა და ყორნის სახე-სიმბოლოებთან დააკავშირებდნენ და იმსჯელებდნენ, რამდენად მნიშვნელოვანია ეკოსისტემისთვის ყოველი არსება. ბავშვების თქმით, ადამიანისგან უსამართლოდ შეძულებული ზოგიერთი სახეობა სულაც არ იმსახურებს ჩვენს ფობიას, ისინი განუმეორებელ როლს ასრულებენ და მათი გადაშენებისგან დაცვა გვმართებს.

სიკეთისა და სიყვარულის უალტერნატივობა – ეს ის თემა და იდეაა, რომელიც რევაზ ინანიშვილის მთელ შემოქმედებას გასდევს და ყოველ ნაწარმოებში ახლებური ხიბლით ცოცხლდება. ბავშვებს შეუმჩნეველი არ დარჩენიათ ხოხონა თოთიაურის, ერთი შეხედვით არაკომუნიკაბელური, გულცივი, მკაცრი და პირქუში კაცის საოცარი სტუმართმოყვარეობა და სიკეთე, სასიკვდილო სარეცელზე მწოლიარე გმირი როგორი მზრუნველობით ეკიდებოდა თავის მნახველებს და როგორ სთხოვდა მეუღლეს, რომ სტუმრებზე ეზრუნა. ასევე სიკეთის განსახიერებაა თავთუხა თოთიაური, მისი სახელიც კი ასოციაციურად ატარებს სიკეთისა და ბარაქის მნიშვნელობას. მას ჭოტზე მალევე მოუბრუნდა გული, დააკლდება ის და დიდი სინანული შეიპყრობს იმის გამო, რომ მისი თავიდან მოშორება გადაწყვიტა. არც სოფლის ბირჟის წინაშე შერცხვენია საკუთარი სინანულის გამჟღავნება და ცოდვის აღიარება. თითქოს ამ სიკეთის ჯილდო იყო ჭოტის დაბრუნება ვერხვის ხეზე, თითქოს ჭოტმაც იგრძნო, რომ მასპინძელს მოენატრა თავისი მიკროკოსმოსის ბინადარი.

მოთხრობამ ჩემს პატარა მკითხველებს მრავალი ასოციაცია აღუძრა, გავავლეთ უამრავი ლიტერატურული პარალელი. გაგვახსენდა ინანიშვილის ნოველა „გველი“, რომელიც გველს შეგვაყვარებს, ანა კალანდაძის ლექსი „ლოცულობს გველი“, გოდერძი ჩოხელის ნოველები: „ყორნები“ და  „ყვავი“, რომლებშიც ამ ორი „თვალბედითი“ (ბ. ბარათაშვილი) სიმბოლოს კეთილი საწყისია გამოკვეთილი. „თოთიაურების კუნძულის“ თემები საუკეთესო სადისკუსიო მასალაა საშუალო საფეხურის კლასებშიც და ლიტერატურული პარალელების რაოდენობაც ბევრად გაიზრდება. თუნდაც მეთერთმეტე კლასში ვაჟას „ბახტრიონის“ გმირი, ლუხუმის გადამრჩენელი გველი  იშვიათი სახეა ამ მიმართულებით.

ინანიშვილს ეხერხება, რომ უსასრულოდ ბევრი საფიქრალ-საჩხრეკი აღუძრას მკითხველს, გრძნობების ზღვაში ჩაძიროს ადამიანი, ასწავლოს ჰუმანიზმის მწვერვალებზე ასვლა. და იცით, ჩვენ რა დაგვემართა „თოთიაურების კუნძულის“ თემაზე გაკვეთილის მიმდინარეობისას? საერთოდ დაგვავიწყდა დრო და 30 წუთის ნაცვლად გაკვეთილმა რომ ერთ ასტრონომიულ საათს გადააჭარბა, მაშინ „გამოვფხიზლდით“… სამაგიეროდ კი ვიგრძენით არა დაღლა, არამედ – ფრენის სიმსუბუქე… თოთიაურების კუნძულის უჩვეულო ნათელი სამარადჟამოდ სულის უღრმეს კუნჭულებში ჩარჩა…

გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება დაწყებითი კლასების მოსწავლეებში

0

გარემოს დაცვა გულისხმობს ყველა იმ ღონისძიებას, რომლებიც მიზნად ისახავს ადამიანისა და ბუნების გაჯანსაღებას და გარემოში არსებული დაზიანებების აღმოფხვრას. აქ წინა პლანზე იწევს ადამიანის მიერ გარემოსთვის მიყენებული ზიანის განეიტრალებისა და მასზე სასიკეთო ზემოქმედების პრობლემა.

გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნვა ადრეული ასაკიდან არის საჭირო. ამ მიმართულებით მუშაობის გაძლიერება მნიშვნელოვნად გაზრდის გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას მოსწავლეებში.

გთავაზობთ, რამდენიმე აქტივობას, რომლებიც საინტერესო შეიძლება აღმოჩნდეს მოსწავლეთათვის.

  • დაწერე მოთხრობა

პერსონაჟი: ადამიანი

თვისება: წინდაუხედავი

პრობლემა: გარემოს უდიერად მოეპყრო, ამიტომ დედამიწა ატირდა.

დაფიქრდი! როგორ შეიძლება მოგვარდეს ეს პრობლემა. რა უნდა გავაკეთოთ, რომ დედამიწამ აღარ იტიროს.

მოსწავლეები მოცემული მინიშნებების გათვალისწინებით ქმნიან თხზულებას.

  • გასვლითი გაკვეთილის ჩატარება ბუნებაში

კარგია, თუ არის შესაძლებლობა, სტუმრად ეწვიო ბოტანიკურ ბაღს, ტყე-პარკს, სკვერს და ა.შ. სადაც მოსწავლეებს შეუძლიათ დააკვირდნენ მცენარეებს.

მოსწავლეები დაათვალიერებენ სხვადასხვა ჯიშის ხეს და დაინახავენ მათ შორის განსხვავებას. დააკვირდებიან ფოთოლცვენას, როგორც ბუნებრივ მოვლენას; ასევე – ბუჩქებს, მარადმწვანე და ფართოფოთლოვან ხეებს. ერთმანეთს წერილობით გაუზიარებენ მიღებულ შთაბეჭდილებებს, შექმნიან კომპოზიციებსა და ნახატებს.

მსგავსი აქტივობის მიზანია:

  • მოსწავლეთა თვალსაწიერის გაფართოება;
  • ბუნებრივ მოვლენებზე დაკვირვება;
  • მცენარეებზე დაკვირვება;
  • გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება.

 

  • ფრინველთათვის თავშესაფრის გაკეთება

ეს აქტივობა შეიძლება ჩატარდეს შემოდგომაზე. მოსწავლეები წინასწარ ამზადებენ ხის პატარა სახლებს. შემდეგ მშობლებისა და მასწავლებლის დახმარებით მათ ხეებზე ჰკიდებენ. ამით გადარჩენაში ეხმარებიან იმ ჩიტებს, რომლებმაც ჩვენთან უნდა გამოიზამთრონ. აქტივობა მოსწავლეებში აყალიბებს ჰუმანურობის გრძნობასა და ასწავლის მათ ფრინველებზე ზრუნვას.

  • გასაუბრება/შეხვედრა გარემოსდამცველებთან, მეტყევეებთან ან იმ ადამიანებთან, რომლებსაც პროფესია გარემოზე ზრუნვას ავალდებულებს.

ასეთი შეხვედრები კარგია, რადგან ეს ადამიანი მოსწავლეებისთვის ცოცხალი მაგალითის მიმცემი იქნება და მეტ ინტერესს გააღვივებს მოსწავლეებში. საუბრის თემატიკა შეიძლება შეირჩეს მიზნობრივად, ასაკობრივი ჯგუფის გათვალისწინებით იმ მრავალფეროვანი თემებიდან, როგორებიცაა: რატომ უნდა დავიცვათ ბუნება; რატომ უნდა დავრგოთ ხე; რა მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის ტყეს; რა არ უნდა დავაბინძუროთ გარემო; როგორ უნდა მოვიქცეთ გარემოში სეირნობისას და ა.შ.

საინტერესო და მნიშვნელოვანი რესურსი ამ მიმართულებით არის სახელმძღვანელო – ,,გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში”. მასწავლებელს საშუალება აქვს, შეარჩიოს საინტერესო აქტივობები, დაგეგმოს და განახორციელოს მეცადინეობები როგორც ფორმალური, ასევე არაფორმალური განათლების ფორმით.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

სახელმძღვანელოები „გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში;.

 

მხატვრული წერის გაკვეთილები – ნაწილი პირველი

0

მწერალი სრულიად შემთხვევით გავხდი. ეს გრძელი, მოსაწყენი ამბავია, მე მინდა, სხვა რამ მოგიყვეთ:

როდესაც ჯერ სკოლაში, მერე კი  „აზროვნების აკადემიაში“ საავტორო კურსის წაყვანა დავიწყე, მივხვდი, რომ უამრავ ბავშვს აქვს თავისი სათქმელი, სათქმელი, რომელიც სრულიად უნიკალურია.

რაც უფრო იზრდება ადამიანი, მით მეტად შორდება თავის ამ უნიკალურობას და ემსგავსება სხვას, რომელიც, თავის მხრივ, ვიღაც სხვის ანარეკლია.

მაშინ მივხვდი, რომ უბრალოდ არ მქონდა უფლება, მოსწავლეებისთვის არ მიმეცა შანსი, მათაც დაეწყოთ წერა, მხატვრული წერა, როგორც ნამდვილ ავტორებს.

წერილების ეს ციკლი თვითმასწავლებელია და ყველას, ვისაც საკუთარი მხატვრული ტექსტის შექმნაზე უფიქრია, გამოადგება. გამოადგებათ პედაგოგებსაც, რადგან დაეხმარებიან პატარებს, თავიანთი უნიკალური და საინტერესო სამყარო შექმნან.

გამოადგებათ მშობლებსაც, რათა დაინახონ, რას ფიქრობენ, რას გრძნობენ და რა აწუხებთ ან უხარიათ მათ შვილებს.

რამდენიმე თვეში ამ თვითმასწავლებელს წიგნად გამოვცემ, რომელიც პედაგოგებისთვის შეიძლება ერთგვარი დამხმარე სახელმძღვანელო გახდეს, ბავშვებისთვის კი ერთგვარი სათამაშოც. მანამდე, გადავწყვიტე, ჟურნალ „მასწავლებლის“ აუდიტორიას გავუზიარო გამოცდილების ნაწილი, როგორ ასწავლონ მოზარდებს მხატვრული წერა.

ტექსტის ინსტრუქცია მარტივია: მოზარდი იღებს კონკრეტულ დავალებას, რომლის შესრულებაც გაკვეთილიდან გაკვეთილამდე ევალება. პედაგოგი ამოწმებს ამ ნაწერს და ცალკეული სავარჯიშოების პარალელურად დამატებით დავალებასაც არ იშურებს მოსწავლისთვის.

ტექსტში მეტი სიცხადის შესატანად გადავწყვიტე, დავალებების ნაწილი ჩემი 10 წლის შვილისთვის, მათესთვის მიმეცა. შინაარსობრივ და მხატვრულ მხარეში არ ჩავრეულვარ, მხოლოდ მცირედი კორექტურა გავაკეთეთ ერთად (ეს ცალკე სავარჯიშოა, როდესაც მისივე შექმნილ „ნაწარმოებზე“ ასწავლი ბავშვს გრამატიკის ძირითად წესებს).

მხატვრული წერის გაკვეთილები რამდენიმე ნაწილად გამოქვეყნდება ჟურნალ „მასწავლებლის“ გვერდზე. პირობითობა რომ დავიცვათ, თითო ჯერზე თითო თავს შემოგთავაზებთ.

პირველი თავი

სავარჯიშო პირველი

მოდი, მოვიფიქროთ ნამდვილი პერსონაჟი

 

იმისთვის, რომ დავწეროთ ჩვენი წიგნი, უპირველესად საჭიროა გამოვიგონოთ პერსონაჟი, რომელიც ძალიან დასამახსოვრებელი იქნება.

როგორ შევქნათ ასეთი გმირი?

საამისოდ საჭიროა, თვითონ ვიცნობდეთ მას, ვისზეც დავწერთ. გასაცნობად რამდენიმე კითხვას უნდა ვუპასუხოთ გუნებაში, მერე კი ამ კითხვებზე პასუხების მიხედვით დავწეროთ პირველი სავარჯიშო, რომელიც მოგვიანებით ძალიან, ძალიან გამოგვადგება.

 

რა ჰქვია და რა გვარია თქვენი გმირი? მეტსახელი თუ აქვს?

რა ასაკისაა?

როგორი გარეგნობა აქვს? (დეტალურად აღწერეთ გარეგნობა)

რა მიზნები აქვს?

რა სურვილები?

რაზე ოცნებობს?

რა უყვარს, რას ვერ იტანს?

რისი ეშინია? (ამ კითხვას ბევრი გაურბის, მაგრამ აუცილებელია, რადგან თუ გვეცოდინება, რისი ეშინია გმირს, ადვილად მოვუფიქრებთ განსაცდელებსაც, რაც თავგადასავლისთვის მნიშვნელოვანი მომენტია)

რა საიდუმლოს მალავს?

დაწერეთ ერთი მნიშვნელოვანი (დიახ, მნიშვნელოვანი და არა უბრალო) ამბავი თქვენი გმირის ცხოვრებიდან.

 

მაგალითი (ამ და ყველა სხვა მაგალითის ავტორია მათე მეგრელიშვილი, 10 წლის):

იყო ერთი 12 წლის ბიჭი, სახელად ბუსი, რომელსაც შავი, ტალღოვანი თმა, წაბლისფერი თვალები, გარუჯული კანი, ღონიერი ხელ-ფეხი და ოდნავ წვრილი, სასაცილოდ წვრილი ხმა ჰქონდა.

ბუსის გველების ეშინოდა. არასოდეს ენახა, მაგრამ წარმოდგენაზეც კი აკანკალებდა, ამიტომ ისეთ ადგილებს უფრთხოდა, სადაც ქვეწარმავლები ბუდობენ ხოლმე. სიმართლე რომ ვთქვათ, ლომების, ზვიგენების და სხვა მტაცებლებისაც ეშინოდა, მაგრამ ისე არა, როგორც გველების, რომელთა ხსენებაზეც ენაზე იკბენდა ხოლმე.

ბუსის საყვარელი საქმიანობა ვარჯიში, ვიდეოთამაშები და კითხვა იყო. ოცნებობდა გამხდარიყო მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი და მერე სხვებს დახმარებოდა, ამისთვის კი ცდილობდა, კარგად ესწავლა, მიუხედავად იმისა, რომ საერთოდ არ მოსწონდა სწავლის პროცესი.

ბუსი ვერ იტანდა, როდესაც რამეს უსამართლოდ აბრალებდნენ. ამ დროს ძალიან ბრაზდებოდა და თავის მართლებას იწყებდა, რაც არც თვითონ და არც მის მეგობრებს არ მოსწონდათ.

ბუსის ერთი საიდუმლო ჰქონდა, რომელსაც ყველაზე ახლობელ ადამიანებსაც არ უზიარებდა, მაგრამ ამაზე სხვა თავებში მოგიყვებით.

მანამდე კი მინდა მოგითხროთ ერთი საინტერესო ისტორია, რაც ბუსის გადახდა თავს: როდესაც ის 10 წლის იყო, ბიძაშვილებთან ერთად აგარაკის უკან მდებარე უღრან ტყეში სოკოს მოსაგროვებლად წავიდა. მოულოდნელად ცა მოიქუფრა, გაწვიმდა და ბავშვებს გზა აებნათ. რამდენიმე საათი ტყეში გაატარეს, გაცივებას კი გადაურჩნენ. იკითხავთ, როგორ? ტანზე გაიხადეს და ტანსაცმელი დიდი ქვის ქვეშ დაალაგეს, რადგან ბუსის სადღაც წაეკითხა, რომ წვიმის დროს ტანსაცმელს თუ დამალავ, სხეული მალე გაშრება და მშრალ სამოსში აღარ გაცივდები.
როდესაც წვიმამ გადაიღო, მზემ გამოანათა, მაგრამ სახლისკენ მიმავალი ბილიკი დაკარგეს. ბავშვებს შეეშინდათ და ის-ის იყო, ტირილი უნდა მოერთოთ, რომ ბუსიმ აქაც იმარჯვა და სიხარულით თქვა: მოდი, ნაკადული ვიპოვოთ. რაკი წყალი თავდაღმართზე მიდის, სოფლამდე ჩავალთ და იქ უფროსები სახლის მოძებნაში დაგვეხმარებიანო. მართლაც, მოძებნეს პატარა მდინარე და გაუყვნენ გზას. ჩავიდნენ მეზობელ სოფელში და მერე სახლამდეც მშვიდობით მივიდნენ.

 

შეავსეთ თქვენი სურვილისა და ფანტაზიის მიხედვით, სულ ბოლოს კი შეაჯერეთ ინფორმაცია და მიეცით თხრობითი ფორმა, როგორც მაგალითშია ნაჩვენები.

 

რა ჰქვია და რა გვარია თქვენი გმირი?

 

რა ასაკისაა?

 

როგორი გარეგნობა აქვს? (დეტალურად აღწერეთ გარეგნობა)

 

რა მიზნები აქვს?

 

რა სურვილები?

 

რაზე ოცნებობს?

 

რა უყვარს, რას ვერ იტანს?

 

რისი ეშინია? (ამ კითხვას ბევრი გაურბის, მაგრამ აუცილებელია, რადგან თუ გვეცოდინება, რისი ეშინია გმირს, ადვილად მოვუფიქრებთ განსაცდელებსაც, რაც თავგადასავლისთვის მნიშვნელოვანი მომენტია)

 

რა საიდუმლოს მალავს? (ყველა ჩვენგანს აქვს რაღაც საიდუმლო. ეს საიდუმლო უნდა ჰქონდეს თქვენს გმირსაც, რომელიც იცის მან, თქვენ და მალე ჩვენც, მკითხველებიც გავიგებთ. თუ ეს საიდუმლო კიდევ ვინმეს მოეხსენება, ესეც აღნიშნეთ, ამასაც გამოვიყენებთ ქვევით, როდესაც წიგნის წერას შევუდგებით).

 

დაწერეთ ერთი მნიშვნელოვანი (დიახ, მნიშვნელოვანი და არა უბრალო) ამბავი თქვენი გმირის ცხოვრებიდან.

სერჰი ჟადანის „ინტერნატი“: მასწავლებლის ომი

0

როგორ უნდა წერო ომზე, თუ სწორედ ომზე წერა გინდა და იმის დანახვა, რასაც სხვაგვარად ვერ დაინახავ? არა, მწერლის ამოცანა დამზაფვრელი სურათებით მკითხველის გაოგნება არ არის, არც სწორი პასუხების ძებნა, არც რაიმეს ახსნა. იქნებ ვცდები, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ თანამედროვე უკრაინელი მწერალი სერჰი ჟადანი მიზნად არ ისახავს სამყაროზე სხვისი წარმოდგენის შეცვლას ან რაღაც ისეთს მიგნებას, რასაც შეიძლება ხმამაღლა ვუწოდოთ სიმართლე.

მომწონს მწერლის გადაწყვეტილება – არაფერი ამტკიცოს და კიდევ, მისი რომანების ამაღელვებელი ენა, პოეტური მონოლოგები, ისეთი მეტაფორები და შედარებები, რომ კითხვა უნდა შეწყვიტო და ვიღაცას, რაღაცას მადლიერმა შეხედო. რა კარგია იმ სამყაროში ყოფნა, სადაც ყოველთვის იციან, როდის უნდა გამოგიწოდონ ხელი.

„ინტერნატი“ – სერჰი ჟადანის, ალბათ, საუკეთესო ნამუშევარი. მისი მთავარი გმირი უკრაინული ენის მასწავლებელი პაშაა, რომელსაც რთული გზებით დაატარებს ავტორი. ხან იმის დამალვა უხდება, რომელ საგანს ასწავლის (ცოტ-ცოტას – ყველაფერსო, ამბობს), ხან კი თავის საქმიანობას პირადობის მოწმობასავით აფარებს თვალებზე უცხოებს. მასწავლებელია და მისთვის შეიძლება. მასწავლებელია და მისი არ უნდა ეშინოდეთ. ზოგ შემთხვევაში მოზარდის გულუბრყვილობად მოჩანს ამ სიტყვის ფარად გამოყენება და შენც მაშინვე გებრალება განსაცდელში ჩავარდნილი კაცი, ცალ ხელზე თითები რომ გახევებია.

ასეთია – ყინვასთან, შიშთან ბრძოლისას ნაწილობრივ დამარცხებული. ნაწილობრივ მგრძნობელობადაკარგული. არ უნდა, რომ რომელიმე მხარეს დადგეს, რომ პასუხისმგებელი იყოს იმაზე, რაც ბავშვებს უთხრა, თვალნათლივ დაანახა, საგულდაგულოდ დაამახსოვრებინა. „და რა შემეძლო, რომ მათთვის მეთქვა? – ფიქრობს პაშა. – გრამატიკის გარდა, მათთვის რისი სწავლება შემეძლო?“ მსგავს კითხვებს ხშირად სვამს და თითქოს თავის მართლებაც არ უძნელდება – ხელის გაწვდენაზეა დამამშვიდებელი პასუხები. მაგრამ მაინც რომ ვერ ახერხებს დამშვიდებას?

დისშვილის – საშას წამოსაყვანად მიდის ინტერნატში, რომელიც არც ისე შორსაა, მაგრამ პოსტაპოკალიფსურ სამყაროში მანძილებიც შეცვლილია და მარშრუტებიც. რამდენიმე ჯოჯოხეთია გასავლელი. ჯიუტად უნდა გააგრძელოს გზა, ყველა შესაძლო ხერხი უნდა გამოიყენოს, უნდა დაივიწყოს, როგორი ენაჩავარდნილი იყო ყოველთვის, როგორ არ უყვარდა გადაწყვეტილებების მიღება, სხვების ყურადღების მიპყრობა. „ვაიძულებ, დაიზუთხონ ბნელი და გაუგებარი მაგალითები, – ფიქრობს თავის მოსწავლეებზე, – ვასწავლი იმ გრამატიკულ წესებს, რომლებსაც არასდროს გამოიყენებენ, ვასწავლი იმას, რომ საუბრისას შეცდომები არ დაუშვან და არ ვასწავლი ყველაზე მნიშვნელოვანს – ილაპარაკონ ისე, რომ მოუსმინონ და გაუგონ. ეს მე თვითონაც არ შემიძლია“.

საშა კი გამუდმებით ეკითხება ბიძას, თუ ვის მხარესაა – სროლა რომ მოუწიოს, ვის ესვრის? რაღაც გაუგებარ, დამაბნეველ პასუხს იღებს – როგორ შეიძლება, არავისკენ იყო და პროფესიას ისე ამოეფარო, როგორც ხშირფოთლიან ბუჩქს? პაშა სხვა თანამოსაუბრესთანაც იმეორებს: „ჩემ წინააღმდეგ არც არავინ ომობს […] მე არავის მხარეს არ ვარ“. „და როდესაც თქვენს დისშვილს ესვრიან, მაშინაც არავის მხარეს არ ხართ? – ეკითხებიან. – როდესაც იმ ინტერნატისკენ მიფრინავენ ჭურვები, სადაც ის ცხოვრობს?“

გზის კანონია – მოგზაური უნდა შეცვალოს და ბოლოს უკრაინული ენის მასწავლებელიც იმ კაცად იქცევა, ვინც ცოტა უფრო მეტი იცის ცხოვრებაზე, ვინც უფრო თამამად გაუსწორებს თვალს სარკეში საკუთარ ანარეკლს. ამოცანა, ერთხანს რომ შეუძლებლად მოჩანდა, წვრილ-წვრილ დავალებებად დაშალა და დარწმუნდა, რომ შიშის დასაძლევად, სიცოცხლის გასაგრძელებლად საკმარისი ძალა აქვს…

სერჰი ჟადანის „ინტერნატი“ – წიგნი ომზე, ომის გაკვეთილებსა და იმაზე, რომ თუ გადაარჩენ, გადარჩები.

 

 

 

ჟურნალ “მასწავლებლის” 2022 წლის მესამე ნომერი გამოიცა!

0

არ ვიცი, დამეთანხმებით თუ არა, მაგრამ მგონია, რომ სიტყვებს თავისი დრო აქვთ. სიტყვებისთვის ყავლის გასვლას არ ვგულისხმობ, არც ერთი სიტყვის იმავე მნიშვნელობის სხვა სიტყვით ჩანაცვლებას. დგება დრო, როდესაც რამდენიმე სიტყვა აქტიურდება და ჩვენს გარემოში მედია-მედიუმებისგან ყველაზე ხშირად გვესმის.

დამეთანხმებით, რომ ბოლო დროს ყველაზე ხშირად ვიყენებთ სიტყვებს: „ევროკავშირი“, „ევროპული ღირებულებები“, „თავისუფლება“, „მშვიდობა“… მოკლედ, ამ სიტყვების დროა, სწორედ ამას ვგულისხმობდი.

მაგრამ სიტყვები, რომლებსაც ხშირად ისე ვამბობთ, რომ მათი მნიშვნელობა არ გვესმის, იღლებიან და ადრესატამდე იმ ენერგიით და დამაჯერებლობით ვეღარ აღწევენ, ჩვენ რომ გვინდა.

ეს დღეებია, იტალიელი პედაგოგისა და პოეტის ლორის მალაგუცის ეს ლექსი ამოვიჩემე – სინამდვილის თვალსაჩინო რეპრეზენტაციის ნიმუში:

ბავშვს აქვს ასი ენა,

ასი ხელი,

ასი აზრი,

ფიქრის, თამაშის, ლაპარაკის ასი გზა.

ასი, ყოველთვის ასი

გზა მოსმენისთვის,

აღტაცებისა და სიყვარულისთვის,

ასი სიხარული

სიმღერისა და გაგებისთვის,

ასი სამყარო აღმოჩენისთვის,

ასი სამყარო გამოგონებისთვის,

ასი სამყარო საოცნებოდ.

ბავშვს აქვს ასი ენა

(და ასჯერ, ასჯერ, ასჯერ მეტი)…

მაგრამ მათ ჰპარავენ ოთხმოცდაცხრამეტს.

ჟურნალის ამ ნომრის ერთ-ერთ სტატიაში ასეთ სიტყვებს ამოიკითხავთ: „გაკვეთილზე მასწავლებელმა ათასი გზით შეიძლება გაუღოს კარი თავისუფლებას. ეს მისავე შინაგან თავისუფლებაზეა დამოკიდებული, რომელსაც ანიჭებს მას შემოქმედებითობა, არაშაბლონური აზროვნება, განათლებისა და შემეცნებისკენ მუდმივი სწრაფვა, სხვათა გამოცდილების გაზიარების უნარი, სიახლეების მუდმივი გაცნობა და მათი დანერგვის წყურვილი, ძველი და ახალი გზების ორიგინალური სინთეზის სურვილი, მეთოდებისა და სტრატეგიების თავისი კლასისთვის მოდიფიცირების ჩვევა“.

ასეა. სკოლის კარი ყოველთვის ღია უნდა იყოს თავისუფლებისთვის, ხოლო მასწავლებელი უნდა იყოს თავისუფალი ადამიანი. სხვაგვარად ჩვენ მიერ ნათქვამ სიტყვებს დამაჯერებლობა მოაკლდება, ნდობას არ გამოიწვევს და ჩვენი მოსწავლეებისთვის მნიშვნელობას ვეღარ შეიძენს. ასე რომ არ იყოს, აღარ მოგვიწევდა უკვე მერამდენედ ქუჩაში გამოსვლა და ევროპელობისთვის ბრძოლა.

მთავარი რედაქტორი – ნატო ინგოროყვა

რედაქტორები: მანანა ბოჭორიშვილი, ნანა მაჭავარიანი, ირმა ტაველიძე, ქეთევან  ნიკოლეშვილი

დიზაინერი– ბესიკ დანელია

მხატვარ-ილუსტრატორი – მამუკა ტყეშელაშვილი

ნომრის ავტორები:   მაია ფირჩხაძე, მაია ჯალიაშვილი, , მანანა სეხნიაშვილი,  თემურ სუყაშვილი, მეგი კავთუაშვილი, ქეთევან ოსიაშვილი, მაია მენაბდე, ნინო ლომიძე,  ქეთევან კობალაძე, ლელა კოტორაშვილი, თინათინ ზარდიაშვილი, გურამ მეგრელიშვილი, ლელა მანგოშვილი, თამთა დოლიძე, ინა იმედაშვილი, შორენა ტყეშელაშვილი, ირმა კახურაშვილი, ნასტასია არაბული.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...