სამშაბათი, აპრილი 29, 2025
29 აპრილი, სამშაბათი, 2025

„დევები“ უბანში

0

ჩემს ბავშვობაში თბილისი მწვანე ქალაქი იყო. მე ასე მახსოვს. ჰაერიც ნორმალური გვქონდა. ესეც მახსოვს. აგვისტოშიც კი ბუღის გარეშე ვსუნთქავდით. რა შეიცვალა?

ახლა უნებურად იკითხავ:

„… ნეტა ვინ აზიდა,
ან როგორ აზიდა,
რა ხელმა აზიდა…“,

ოღონდ, ვერ გააგრძელებ:

„…აქ რომ თაღებია,
სვეტთა შეკონება,
ისე ნაგებია,
სიზმრის გეგონება…“.

ჰო, ასე ვერ გააგრძელებ, რადგან არც თაღებია, არც სვეტთა შეკონება, ერთნაირი ფორმის ცემენტის ნაგებობებით გადაივსო ქალაქი და ეგ არის. შესაძლოა, ვინმე შემეკამათოს კიდეც, ლამაზიაო – მითხრას. ყველას თავისი აზრი აქვს, მე კი ერთფეროვან „დევებს“ უფრო მაგონებს, ვიდრე სილამაზეს. თუმცა, წერილი ამაზე არ არის, რადგან მე არც დიზაინერი გახლავართ და არც მხატვარი. აქ საუბარი უბრალოდ, ჩვენთვის-თქვენთვის და ჩემთვის, აუცილებელი ჟანგბადის არსებობაზეა.

 

არადა, ჩამოცხა და უკვე ჭირს სუნთქვა, ვერ გრძნობთ?

 

სხვა ქალაქებში უარესიაო, მეტყვის ვინმე.

ერთ-ერთი მწვანე ქალაქი, რაც ამ წუთს მახსენდება მოლდოვას დედაქალაქი ჩიშინაუა. ორჯერ ვარ ნამყოფი და ისეთ სიმწვანეშია ჩაფლული, შუა აგვისტოშიც კი ქალაქის ცენტრში სუფთა ჟანგბადი გცემს სახეში და გაოცებას ვერ მალავ. ჰოდა, რაღა დელის, პეკინს, ლოს-ანჯელესს და „გარემოს ქიმიის“ სახელმძღვანელოებში განხილულ სხვა სამოდელო (დაბინძურების მხრივ) ქალაქებს მივბაძოთ. ხომ შეიძლება ჩიშინაუსავით ბევრი მწვანე ადგილი გვქონდეს.

საქართველოდან NATO-ს მიერ დაფინანსებული პროექტის თანადირექტორი ვარ. პროექტში კიდევ ორი პარტნიორია, ერთი ვენეციის უნივერსიტეტი, მეორე კი ამერიკის, პერდუს უნივერსიტეტი გახლავთ. პროექტი მიზნად ისახავს ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის, განგაშის სისტემის შექმნას ტერორისტული ან სხვა ტიპის თავდასხმის შემთხვევაში, ასევე რეაგირების პროტოკოლების შემუშავებას ატმოსფერული ჰაერის განსაკუთრებით საშიში ქიმიური აგენტებით დაბინძურების შემთხვევაში. თუმცა, ე.წ. ჩვეულებრივი დამაბინძურებლებიც გაკონტროლდება.

სწორედ ამაზე სასაუბროდ შევიკრიბეთ რომში (https://iliauni.edu.ge/ge/siaxleebi-8/axali-ambebi-36/natos-programis-mecniereba-mshvidobisa-da-usafrtxoebis-farglebshi-iliauni-partnior-instituciebtan-ertad-atmosferuli-haeris-qimiuri-dabindzurebis-monitoringisa-da-shetyobinebis-sistemebs-qmnis.page?fbclid=IwAR3NHpxeK81Oh2dbAjwd4rUPUQmM7GpzaTnPzhMD1WrxhrnsR6WLMthCYu4#prettyPhoto) და ჩემს პრეზენტაციაში სოციალურ ქსელში, ე.წ. საჯაროდ გავრცელებული ვიდეოს ფრაგმენტიც წარმოვადგინე. ვიდეოს თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ და პრესტიჟულ უბანში მცხოვრები მოქალაქე იღებს. ამავე უბანში წლებია რამდენიმე „დევის“ მსგავსი ნაგებობა შენდება. ჯერ ხომ იერ-სახეს ამახინჯებს და გარდა ამისა, ვიდეოზე აღბეჭდილია, როგორ ფხეკენ რაღაც აპარატით გარეთა კედლებს. არ ვიცი, რას აკეთებენ. ჩემი აზრით, ფხეკენ ან კედლის ზედაპირს ასწორებენ, თუმცა აქ სხვა რამეა მნიშვნელოვანი. ჰაერში წვრილი ნაწილაკების მთელი კასკადი ეშვება. აი, ასე თავისუფლად ჩვენი სასუნთქი ჰაერი PM ნაწილაკებით ივსება. ჰოდა, აქ მცხოვრებმა ადამიანმა, ვისაც გული შესტკიოდა, ეს ამბავი თავისი აივნიდან გადაიღო და ხალხს გაუზიარა. მეც ავდექი და რომში გავაზიარე პრეზენტაციაზე. შემდეგ კიდევ არაერთხელ სტუდენტებსაც ვაჩვენე, რადგან ქალაქის დაუდევრობით დაბინძურების კლასიკურ შემთხვევასთან გვაქვს საქმე.

ჰოდა, მთავარ სათქმელსაც მივადექი. დღეს ატმოსფერული ჰაერის აეროზოლებით და იქ შეტივტივებული PM ნაწილაკებით დაბინძურებაზე დავწერ.

EPA -https://www.epa.gov/pm-pollution/particulate-matter-pm-basics გვერდის განმარტებით: PM (Particular Matter) უმცირესი ზომის მყარი ნაწილაკებია, რომლის მთავარი კომპონენტი მტვერია. წარმოქმნის აეროზოლს, ანუ ჰაერში არსებული მყარი ნაწილაკების ნარევს უმცირესი ზომის წვეთებთან. ზოგიერთი ნაწილაკი, მაგ. ჭუჭყი, კვამლი, მტვერი საკმაოდ დიდი ზომისაა და შეუიარაღებელი თვალით დანახვაც შეიძლება. ზოგიერთი კი მცირეა და მხოლოდ ელექტრონული მიკროსკოპით აღმოაჩენთ. თუმცა, არსებობენ და ზიანსაც გვარიანს გვაყენებენ.

რას იწვევენ?

თვალების გაღიზიანებას, მუდმივ ცრემლდენას და ქავილს; ასთმას, ბრონქიტს, ფილტვის დაზიანებას, სიმსივნეს; აზიანებენ გულსისხლძარღვთა სისტემას; იწვევენ მძიმე ლითონებით მოწამვლას. ისინი გავლენას ახდენს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზეც.

ნაწილაკები არსებობს PM2.5 და PM10 ზომის.

PM10 – ჩასუნთქვადი (ინჰალაციური) ნაწილაკებია, რომელთა დიამეტრი არის 10 მიკრონი. შეიძლება უფრო ნაკლებიც იყოს. მათ ფილტვის ქსოვილში ღრმად შეღწევა და იქ ჩარჩენა შეუძლიათ. საქართველოს რეგულაციებით ზღვრულად დასაშვები ნორმა არის 50მკგ/მ3-ია.

PM2.5 უფრო მცირე ზომისაა და უფრო სახიფათოა ჯანმრთელობისთვის. მას შეუძლია გასცდეს ფილტვის ბარიერს და სისხლის მიმოქცევის სისტემაში აღმოჩნდეს. დასაშვები ნორმა 25 მკგ/მ3-ია.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ვებგვერდიდან სპეციალურად მოვიძიე სწორედ ზემოთ ნახსენებ უბანში ამ ნაწილაკების რაოდენობა დღეისათვის. ასევე, მაქვს შესაძლებლობა გაჩვენოთ, რა ხდება ამ მხრივ, მაგ. პალიასტომის ტბაზე (სადაც ერთ-ერთი პროექტის სენსორი დგას). მოდით, შევადაროთ.

  PM2.5 PM10.
თბილისის ცენტრალური უბანი (იქ, სადაც „დევები“ დგანან) 24.73 48.09
პალიასტომის ტბა 0 0

 

ერთი შეხედვით, მონაცემები ნორმის ფარგლებშია, ოღონდ, ე.წ. ზედა ზღვართან. ამ ნაწილაკების მონაცემები დღის განმავლობაში იცვლება, მერყეობს. შემდეგ ხდება მათი დაჯამება და საშუალო მონაცემის გამოყვანა. მე უშუალოდ წერილის წერის დროს ჩავხედე და რაც დამხვდა, ის შევიტანე ცხრილში. უბრალოდ, თვალსაჩინოებისთვის.

შესაძლოა, თბილისის „დევების უბნისა“ და პალიასტომის ტბის ერთმანეთთან შედარება მთლად მართებული არ იყოს. უბრალოდ, რადგან სენსორის მონაცემთან ხელი მიმიწვდებოდა, ჩავხედე მაინც. თქვენ გარემოს ეროვნული სააგენტოდან შეგიძლიათ თბილისი – რუსთავს, ან ქუთაისს, ან იმავე თბილისის სხვა უბანს შეადაროთ. გაკვეთილზე გააკეთეთ – ბავშვებისთვის სასარგებლო ინფორმაცია იქნება.

შემოდგომიდან ქალაქს NATO-ს პროექტის სენსორებიც დაემატება და სურათი კიდევ უფრო გამოიკვეთება.

ატმოსფეროსკენ მიმავალი მომწამლავი ნარჩენები ან პირველადია ან მეორეული წარმოშობისაა. მეორეული ნიშნავს, რომ ატმოსფეროში მოხვედრილმა პირველადმა ნარჩენმა ქიმიური გარდაქმნის შედეგად მეორეული დამაბინძურებელი წარმოქმნა. შესაძლოა, მესამეულიც იყოს. მაგ. მეორეულის რეაქციის დროს წარმოქმნილი პროდუქტი პირველად აეროზოლს, იგივე PM ნაწილაკებს დაუკავშირდეს. ზოგიერთი ორგანული ნარჩენი მეორად დამაბინძურებლებთან ერთად ფოტოქიმიური სმოგის წარმოქმნას უწყობს ხელს.

 

მარკო პოლოს თავის სათავგადასავლო წიგნში ჩინეთის ამბები აქვს აღწერილი. ეს ცოტა საკამათო საქმეა, რადგან მკვლევართა ნაწილი მიიჩნევს, რომ მარკო ჩინეთში სულაც არ ყოფილა და მხოლოდ კონსტანტინოპოლამდე ჩავიდა. იქ კი ჩინეთში მართლა ნამყოფი ვაჭრების მოყოლილი მოისმინა და დაიბრალა, თავად ვნახეო. ზოგიერთი იმასაც ეჭვობს, წიგნი მარკომ კი არ დაწერა, მას ეს ამბები თავის საკანში მჯდომმა რუსტიკელომ გადასცა, მარკომ უბრალოდ მოგვითხრო.

ეს ისტორიის მკვლევრებმა გაარკვიონ. მთავარია, რომ წიგნში წერია ქალაქ იან ჯოუში ჩინეთის ხანზე, რომელმაც ბრძანება გამოსცა. ქალაქი სავაჭრო ყოფილა, ამიტომ გზაზე სულ ცხენებისა და სამგზავრო ფაეტონების მიდი-მოდი იყო. ჰოდა, ხანს უთქვამს, ჰაერი მტვერიანდებაო და გზის გასწვრივ ყოველი ოთხი ნაბიჯის დაშორებით დამატებით ხეების დარგვა უბრძანებია.

გესმით? მეცამეტე საუკუნეში, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, ჩინეთის ხანმა დამატებით ხეების დარგვა ბრძანა!…

ჩვენთან კი ხეების ხარჯზე „დევი“ კორპუსების უბნები იქმნება და ვინ მოთვლის რამდენი PM ნაწილაკი იფრქვევა გარემოში.

შემდეგ ჩვენ ვსუნთქავთ და ავად ვხდებით!

 

 

 

 

 

 

მეგობრებთან სტუმრობა – როგორც სასწავლო გამოცდილება

0

„ნეტა, კირინის კუნძულზე ვცხოვრობდეთ, ჩვენი მეგობრები ჩვენს სახლში ატარებდნენ ზაფხულს, ათას თავგადასავლებში ვეხვეოდეთ და შენ ყოველ დილით მურაბიან ბლინებს გვიცხობდე”, – ინატრეს ჩემმა შვილებმა, როდესაც ენიდ ბლაიტონის „ცნობილი ხუთეულის” ერთ-ერთი წიგნი დაამთავრეს.

წიგნები ნამდვილად განგვაწყობს საოცნებოდ და თუ ვინმეს თავგადასავლები, მეგობრებთან ყოფნა და ამ მოცემულობით ტკბობა უყვარს, პირველ რიგში ბავშვები არიან, რომელთაც ჯერ არ დაუკარგავთ თამაშის, ახალი შთაბეჭდილებებისა და სამყაროს შემეცნების ხალისი. მიუხედავად იმისა, რომ სამყარო ხშირად დაუნდობელ სიურპრიზებს გვიწყობს, მოულოდნელ თავგადასავლებში გვხვევს, ბავშვებს, საბედნიეროდ, მაინც აქვთ ხალისი იოცნებონ, საკუთარ ოცნებებს ფრთები შეასხან და ახალი გამოცდილების მისაღებად საინტერესო თავგადასავლები წამოიწყონ. ასე მგონია, თუ ბავშვს ეს შესაძლებლობა ბავშვობაში ხშირად ეძლევა, ეს მისთვის უდიდეს ცხოვრებისეულ გამოცდილებად და ბედნიერებად გარდაიქმნება, რომელიც მომავალში, სხვადასხვა რთულ გამოწვევასთან გამკლავებაში დაეხმარება მას.

მეც არ ვიტყოდი უარს, კირინის კუნძულზე მეცხოვრა, საღამოს, ზღვისპირას ლაჟვარდისფერი ცისთვის მეცქირა და უბრალოდ დავმტკბარიყავი ცხოვრებით, მაგრამ, რადგან ჩვენი ცხოვრება აქ და ახლა, ცხოვრების აჩქარებულ რიტმში, ყოველდღიური საზრუნავით დახუნძლულ დღეებში მიედინება, ჩემს შვილებთან ერთად ვცდილობ, შევქმნა ისეთი წუთები, სადაც ისინი ბედნიერი, კმაყოფილი და უფრო ლაღი იქნებიან.

იმისთვის, რომ ბავშვები გავაბედნიეროთ, ამ ყველაფრის უზრუნველყოფას არ სჭირდება დიდი ფინანსები, ჩვენგან – მშობლებისგან სჭირდება მონდომება, ენერგიის გაღება, მათი ინტერესების დანახვა და იმის ჩვენება, რომ ჩვენ შეგვიძლია მართლაც ძალიან შემჭიდროებული რეჟიმიდან გამოვყოთ დრო მათთვის, მათი ინტერესებისა და სურვილების დასაკმაყოფილებლად. შეგვიძლია გამოვყოთ თვეში ერთი ან ორი დღე, როდესაც მათ მეგობრებს მოვიწვევთ სტუმრად (დარჩენით!) და არეულ სახლზეც არ ვინაღვლებთ დიდად, პირიქით, ვისიამოვნებთ იმით, რომ ჩვენი ბავშვები კარგად არიან, ბედნიერი არიან და რაღაც ახალს სწავლობენ ერთად ყოფნით და ერთად თამაშით. შეგვიძლია გამოვყოთ დრო და შვილებთან და ჩვენი შვილების მეგობრებთან ერთად წავიდეთ მუზეუმში, ან ლაშქრობაზე, ან პიკნიკზე, კინოში, ქალაქგარეთ სადმე, ანდა უბრალოდ გავისეირნოთ ქალაქის ქუჩებში, ვილაპარაკოთ ბევრი და ნაყინი ვჭამოთ ერთად, ესეც უნიკალური გამოცდილება იქნება ყველასთვის; ანდაც, როცა გვესტუმრებიან ბლინები გამოვაცხოთ, როგორც მაშინ დიდთოვლობისას, მოვადუღოთ ცხელი შოკოლადი და ბლინებიც მოვრთოთ ფერადი მოსართავებით. ყველა ასეთი შემთხვევის დროს ხელის გულზე გვყავს ჩვენი შვილები, მათი მეგობრები, კიდევ უფრო კარგად ვხედავთ მათ პიროვნებას, მათ ურთიერთობებს. ვხედავთ, როგორ იუმჯობესებენ სოციალურ უნარებს და სამომავლო მეგობრულ კავშირებსაც განამტკიცებენ.

პანდემიამ ცუდ ამბებთან და ავადმყოფობის შიშებთან ერთად, ემოციურადაც ძალიან დაგვაზიანა. უფროსებს ამაზე ლაპარაკი და ამის იდენტიფიცირება თავისუფლად შეგვიძლია, ბავშვებს კი შეიძლება გაუჭირდეთ იმის ახსნა, როგორ არიან, რას გრძნობენ და რის შედეგად გრძნობენ თავს არც ისე კარგად. პანდემიური ჩაკეტილობის პერიოდში, ბავშვებს ისეთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინტერესების ხორცშესხმის საშუალება შეეზღუდათ, როგორიც არის კომუნიკაცია თანატოლებთან, გართობისა და დროის ეფექტურად გატარების საშუალება, სწავლა სკოლაში და ა.შ. ამას თან დაერთო ეკრანების გადაჭარბებული მოხმარება ყველა ასაკში, რამაც განსაკუთრებით უარყოფითად იმოქმედა ბავშვების ფიზიკურ თუ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე და სხვადასხვა პრობლემა კიდევ უფრო გააღრმავა. ბავშვებისთვის პანდემიისგან მიყენებულ ზიანს ალბათ დიდხანს ვერ დავითვლით, მაგრამ პატარ-პატარა ნაბიჯებით შეგვიძლია გამოვასწოროთ ეს ყველაფერი და დავეხმაროთ მათ სოციალიზაციაში, დროის ეფექტურად და ხალისიანად გატარებაში და ახალი მეგობრების შეძენაში.

როდესაც ბავშვის აკადემიურ განვითარებაზე ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია ყურადღების მიღმა არ დაგვრჩეს მათი სოციალური განვითარება და ამ მხრივ ხელშეწყობა. სოციალურ განვითარებას კი ბავშვი ყველაზე კარგად თავის თანატოლებთან, მეგობრებთან ერთად ახერხებს და დიდ გამოცდილებასაც იღებს ასეთ დროს.

შეიძლება კირინის კუნძულზე ზაფხულობით მცხოვრები ბავშვებისგან განსხვავებით, ჩვენს შვილებს უფრო ნაკლებად ფათერაკიან თავგადასავალში გახვევის უფლება მივცეთ, მაგრამ მეგობრებთან ერთად ყოფნა და მათთან ურთიერთობა ნამდვილად მისცემს მათ კმაყოფილების საფუძველს.

 

 

 

 

საკვლევ შეკითხვაზე დაფუძნებული სწავლებისთვის

0

გენმოდიფიცირებული ორგანიზმები და გარემო

სტატიაში წარმოდგენილია გარემოზე გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გავლენის შესწავლის მიზნით დაგეგმილი სამუშაოს მიმდინარეობის ეტაპები. საკუთარი კლასის საჭიროებების გათვალისწინებით მასწავლებელმა სამუშაოს შესაძლოა, მისცეს პროექტის სახე ან გაკვეთილის ფორმა. ასევე შესაძლებელია, გამოიყენოს საკვლევ შეკითხვაზე დაფუძნებული სწავლება.

მიზანი: მოსწავლემ უნდა:

  • აღწეროს ექსპერიმენტი, რომელშიც გამოიყენება გენური ინჟინერია სიმინდის მოსავლიანობის მაქსიმალურად გასაზრდელად;
  • დააკვირდეს რეზისტენტობის ჩამოყალიბებას და აღწეროს მისი კონტროლის მეთოდი;
  • შეადგინოს გარემოზე GMO-ს დადებითი და უარყოფითი ეფექტი;
  • განსაზღვროს გზები, რომლითაც გაიზრდება მოსავლიანობა ისე, რომ გარემო ნაკლებად დაზიანდეს;
  • მოსწავლე შეაფასებს გენმოდიფიცირებული სიმინდის მოყვანის დადებით და უარყოფით ეფექტს;
  • შეცვლის პესტიციდების რაოდენობას.

სიმულაცია მიზნად ისახავს ფერმაში მიღებული გადაწყვეტილების მოდელირებას და არ ადასტურებს გენმოდიფიცირებული კულტურების გამოყენებას. (ინსტრუქცია)

აქტივობა 1: მოსწავლე ერთმანეთს ადარებს არაგენმოდიფიცირებული და გენმოდიფიცირებული სიმინდის ზრდას, ერთი წლის განმავლობაში; სამუშაო ფურცელი 1;

აქტივობა 2: მოსწავლე აკვირდება მცენარის გამრავლებას 30 წლის განმავლობაში, განმარტავს რეზისტენტობის ჩამოყალიბების პროცესს; სამუშაო ფურცელი 2;

აქტივობა 3: მოსწავლე შეისწავლის ქიმიური ნაერთების გრძელვადიან გავლენას გარემოსა და სიმინდის მოსავლიანობაზე; სამუშაო ფურცელი 3.

სამუშაოს სავარაუდო მიმდინარეობა:

წინარე სამუშაო: 15-30 წთ.

სთხოვეთ მოსწავლეებს, დაასრულონ გენეტიკური ინჟინერიის შესაბამისი სიმულაცია, სადაც ისწავლეს გენური ინჟინერიის ტექნიკის გამოყენება GMO-ს ჩამოყალიბებაში. ეს ორგანიზმები რეზისტენტულია მავნე მწერების მიმართ და ტოლერანტულია ჰერბიციდების მიმართ. შემდეგ გამართეთ დისკუსია GMO-ს შესაძლო სასარგებლო და უარყოფით გვერდით ეფექტებზე, როგორც ფერმერისთვის, ასევე გარემოსთვის.

Gizmos გამოყენებამდე: 10-15 წთ.

კომპიუტერთან მუშაობის დაწყებამდე მოსწავლეებს დაურიგეთ სამუშაო ფურცელი N1 და სთხოვეთ, უპასუხონ წინარე ცოდნის გასააქტიურებელ ორ შეკითხვას. დროის ამოწურვის შემდეგ განიხილეთ პასუხები, თუმცა არ გამოკვეთოთ სწორი პასუხი. ამის შემდეგ პროექტორის გამოყენებით აჩვენეთ, როგორ უნდა იმუშაონ სიმულაციაში, როგორ გააკეთონ სქრინი და ჩასვან ის სამუშაო ფურცელში.

Gizmos-ს აქტივობები: 15-20 წთ. თითოეულ აქტივობაზე

აქტივობები სრულდება კომპიუტერულ კლასში ინდივიდუალურად ან მცირე ჯგუფებში. ასევე შესაძლებელია, ჩატარდეს მთელ კლასთან მასწავლებლის ხელმძღვანელობით, რომელიც გამოიყენებს პროექტორს.

სადისკუსიო შეკითხვები: 15-30 წუთი.

  1. რატომ არის საჭირო სიმინდის მოსავლიანობის გაზრდის გზების ძიება?

(მსოფლიოს მოსახლეობის რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდის შესაბამისად მნიშვნელოვნად იზრდება მოთხოვნილება საკვებზე. თუ ფერმერი მიიღებს დიდი რაოდენობით მარცვლეულს, ეს შეამცირებს გასაყიდ ფასს, ასევე ხელს შეუწყობს ველური ჰაბიტატების შენარჩუნებას).

  1. რა შეიძლება იყოს გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შტამების გამოყენების ზოგიერთი ნაკლი?

(ჰერბიციდებისადმი მდგრადი რეზისტენტული სიმინდი ფერმერს უბიძგებს, უფრო მეტი ჰერბიციდი გამოიყენოს, რაც ზიანს აყენებს ნიადაგისა და წყლის ეკოსისტემებს. მწერებისადმი რეზისტენტულმა სიმინდმა შესაძლოა, გამოიწვიოს მათი პოპულაციის ცვლილება. სიმინდის მიერ გამომუშავებული ტოქსინები შესაძლოა, საზიანო აღმოჩნდეს ადამიანისა და ცხოველისთვის, ამ სიმინდის საკვებად გამოყენების დროს).

  1. რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ გენმოდიფიცირებული სიმინდის გამო ადაპტირებული მწერების გამრავლების პრობლემა?

(დარწმუნდი, რომ გარემოში არის ინსექტიციდებისადმი არარეზისტენტული მწერები, რომლებსაც შეუძლიათ შეწყვილდნენ ინსექტიციდებისადმი რეზისტენტულ მწერებთან. ეს შესაძლოა, გაკეთდეს ჩაკეტილი მინდვრების გამოყენებით).

  1. რატომ არის მნიშვნელოვანი გენმოდიფიცირებული კულტურების ახალ-ახალი შტამების მუდმივი გამოყვანა?

(რაც არ უნდა კარგად იყოს გააზრებული დაცული ველების გამოყენების სტრატეგია, მწერი შეეგუება რეზისტენტულ სიმინდთან ცხოვრებას და სიმინდის ტოქსინი გარკვეული დროის შემდეგ ვეღარ იმოქმედებს მწერებზე. ასევე შესაძლებელია, ჩამოყალიბდეს სარეველებისადმი რეზისტენტული სიმინდი და ამან გამოიწვიოს ჰერბიციდების გამოყენების საჭიროება, რაც დადებითად იმოქმედებს გარემოზე.

შემაჯამებელი აქტივობა: 10 წთ.

სთხოვეთ მოსწავლეებს, შეაჯამონ მიღებული ცოდნა და გამოცდილება, და შეაფასონ გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გამოყენების დადებითი და უარყოფითი ასპექტები.

დამატებითი ინფორმაცია:

სიმინდის მოსავლიანობაზე გავლენას ახდენს ორი ფაქტორი: 1. მავნე მწერები აზიანებენ სიმინდს და 2. სარეველები კონკურენციას უწევენ მარცვლეულს. ფერმერს შეუძლია გამოიყენოს ქიმიური ჰერბიციდები და ინსექტიციდები სარეველებთან და მწერებთან საბრძოლველად. ჰერბიციდებმა შესაძლოა, დააზიანოს მგრძნობიარე სიმინდი. ორივე სახის ქიმიური ნივთიერებები გავლენას ახდენენ გარემოზე. ამ საკითხების მოგვარების ერთი გზაა გენმოდიფიცირებული პროდუქტების გამოყენება. შემუშავებულია მწერების მიმართ რეზისტენტული და ჰერბიციდების მიმართ ტოლერანტული გენმოდიფიცირებული სიმინდი. გენური ინჟინერია არის ორგანიზმის გენომზე ჩატარებული მანიპულაცია ბიოტექნოლოგიის გამოყენებით. ეს მიდგომა აღწერილია სიმულაციაში Genetic Engineering Gizmos-ში. მასში მოსწავლეები გამოიყვანენ არამოდიფიცირებულ, მწერებისადმი რეზისტენტულ, ჰერბიციდებისადმი ტოლერანტულ და ორივესადმი გამძლე სიმინდის შტამებს.

მოსავლიანობის გაზრდის მიზნით დიდი სარგებელი აქვს მწერების მიმართ რეზისტენტული სიმინდის შტამების გამოყვანას, რადგან ის ამცირებს ან ელიმინაციას უკეთებს ქიმიური ინსექტიციდების რაოდენობას. ასევე ამცირებს ფერმერის გადასახადებს და გარემოს დაზიანებას.

მწერების მკვლელი სიმინდის გამოყენებისას  პოტენციური უარყოფითი შედეგია ის, რომ ჩამოყალიბდნენ ისეთი მწერები, რომლებიც რეზისტენტულები იქნებიან სიმინდის მიერ გამოყოფილი ტოქსინების მიმართ. იმუნიტეტის ჩამოსაყალიბებლად შესაძლოა, ე.წ. „თავშესაფრების“ გამოყენება, სადაც ზრდიან ისეთ სიმინდს, რომელიც არ გამოიმუშავებს ტოქსინებს. ასევე მას არ უყრიან ინსექტიციდებს. „თავშესაფარი“ მწერს აძლევს საშუალებას, იყოს დაცული და გამრავლდეს გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისგან დამოუკიდებლად, მათი ზეწოლის გარეშე. არამუტანტი მწერები, თავშესაფრიდან, შესაძლოა შეწყვილდნენ გენმოდიფიცირებულ ტოქსინებისადმი რეზისტენტულ მწერებთან. ეს კი იწვევს ტოქსინებისადმი მდგრადი სიმინდის რაოდენობას პოპულაციაში. ჰერბიციდ-რეზისტენტული სიმინდის გამოყენებამ შესაძლოა გაზარდოს ჰერბიციდების მოხმარება. ქიმიურ ჰერბიციდებსა და ინსექტიციდებს შეუძლია, გამოიწვიოს გარემოს დაბინძურება, ინსექტიციდებმა შესაძლოა, გაანადგურონ უხერხემლოები. ეს სახეობები კი სასარგებლოა ეკოსისტემის მდგრადობისთვის. მაგალითად, ობობები, რომლებიც არეგულირებენ მწერების პოპულაციებს. თუ პესტიციდები ნაკადულში და შემდეგ მდინარეში ჩაჟონავს, დაიხოცებიან მწერები, რომლითაც წყლის უხერხემლოები იკვებებიან. შესაძლოა, ასევე საფრთხე შეექმნას წყლის მცენარეებს, რომლებიც ჟანგბადით ამარაგებენ წყლის ორგანიზმებს.

მოსახლეობის რაოდენობის მკვეთრი ზრდა საკვების რაოდენობის შეუცვლელად.

ჯერ კიდევ 1930 წელს საფუძველი ჩაეყარა ინიციატივას „მწვანე რევოლუცია“, რომლის მიზანი იყო საკვების რაოდენობის გლობალური ზრდა. ინიციატივა მოიცავდა მცენარეთა ჰიბრიდული ჯიშების გამრავლებას, მინდვრების დამუშავებას პესტიციდებითა და წყლის უხვი რაოდენობით. გამოიყვანეს სიმინდის, ხორბლისა და ბრინჯის უხვმოსავლიანი ჯიშები. ამან განვითარებად ქვეყნებში მნიშვნელოვნად გაზარდა მოსავლის რაოდენობა. მოგვიანებით კიდევ უფრო უხვმოსავლიანი ჯიშები გამოიყვანეს, რის შედეგადაც კიდევ უფრო გაიზარდა საკვების მარაგი. თუმცა ისინი მეტ წყალსა და პესტიციდებს საჭიროებენ. 1960 წელს მოსახლეობის რაოდენობა გაორმაგდა. კიდევ უფრო მეტი პროდუქტი გახდა საჭირო მისი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. გენურ ინჟინერიას შეუძლია გაზარდოს მოსავლის რაოდენობა და შეამციროს ქიმიური ნაერთების გამოყენება. გენმოდიფიცირებული შტამები რეზისტენტული ხდება მწერებისა და დაავადების სხვა გამომწვევის მიმართ.

 

 

 

 

 

 

“ჭეშმარიტება, დაძონძილი ოდისევსივით”

0

(ესმა ონიანის ჩანაწერები, ესეები და წერილები)

მიუხედავად იმისა, რომ თავად წერს: “არავითარი ქრონოლოგია – სხვადასხვა რვეულებში გაბნეული გადმოვწერეო”, – ესმა ონიანთან ყოფიერების წვდომის კონცეფცია ასეთია: მარადიული > სამყარო (წუთისოფელი) > ადამიანი (სამშობლო, შემოქმედება) – და ის წრიულია, ერთმანეთში გადაედინება, მთლიანობაა, სისავსეა, რომელზეც ეს გამორჩეული შემოქმედი და დიდი მოაზროვნე გამუდმებით საუბრობს… და ეს სათქმელი “არავითარი ადამიანური მიზნით არ არის ნათქვამი, გარდა იმისა, რომ ემსახურება თავის თავს, თავის გარდაუვალ ობიექტურ ჭეშმარიტიანობას” (305).

“ხელოვნების ნაწარმოებები მარტონი არია” – ეს რილკეა. უნდა ახვიდე იქ, იმ სიმარტოვეში. შევეცადოთ ამას ესმა ონიანთან ერთად. განა ყველანი მიღმიერიდან არ მოვდივართ? ვის არ გვიგრძნია ეს (“რასაც შეეხები, უნდა დაიწყოს და გადმოვიდეს ბურუსიდან” (306). “ნამდვილი ნაწარმოებები ერთმანეთში ცხოვრობენ და ის, ვინც თავდავიწყებით ქმნის პროცესშია, ამავე დროს “მარტო” დარჩენილებსაც ატარებს მუცლით”, – ეს უკვე ესმა ონიანია.

“ვისაც აქვს მარადიულის, მთავრის, უმაღლესის, უკეთესის ხსოვნა-სარჩული, ამით შინაგანი სისავსე-სიმაძღრე, – ის აქაურობაში არ კარგავს ღირსებას, გონებას; არ ხარბდება, არ წვრილმანდება, არ გამოედევნება და არ გააფთრდება აქაურ ფასეულობებზე; არ მოეშლება გაჭირვებით სახე; – დაახლოებით ასე რომ წარმოვიდგინოთ: – აი, ოჯახი, ან ადამიანი, რომელსაც რაღაც მიზეზთა გამო მოუხდა სადღაც გაჩერება (მგზავრობისას) ხრიოკ, უბადრუკ, მწირ ადგილას, მატარებელში, სადაც ცუდი პირობებია; ხოლო მას იქ, საიდანაც არის, საიდანაც მოდის და მიდის, აქვს უმშვენიერესი სასახლე, მზიანი ნათელი სარკმლებით, სურნელოვანი ოთახებითა და დახვეწილი საგნებით; სპეტაკი, ფუშფუშა ლოგინი, ყვავილები, ვარდები, შრიალა ხეები, ნათელი ხეივნები, მხიარული მწერ-ბზუილა ბაღები; – ის გაცოფებული არ მივარდება რაღაც პლასტმასის კოვზსა და რაღაც სხვას, რომელსაც უკვე რამდენიმე ჩაფრენია და თავისკენ ქაჩავს, – ან გაყვითლებულ, აშმორებულ, საეჭვოდ გარეცხილ თეთრეულისთვის თუ კუპეში უკეთესი ადგილისთვის არ გაავდება და არ დაიწყებს ბრძოლას და კბენას; არ დახარბდება უბადრუკი ხედის დასანახად მაინცდამაინც ფანჯარასთან დაიკავოს ადგილი, – მას ნამდვილი სიმშვენიერის ხსოვნა ავსებს” (306) – ეს გურამ რჩეულიშვილის მეგობრისთვის შესაფერისი აზროვნებაა. ესმა ონიანის ლექსებში, ნახატებში ნიჭია, მაგრამ მის ნაწერებში ღვთაებრივი გონია, ხედვა, აზროვნება, როგორც მემკვიდრეობა, არანაკლები კულტურაზე. თუ ის განათლებულია, სამყაროს ჭვრეტის სიმაღლეზეა, უნდა მისცე სილაღე, გაქანება. თუ შეცდა, შეიძლება ნიცშესავით ჩიხში მოექცეს და გაგიჟდეს, მაგრამ თუ სწორი გზით იარა, პასკალივით დიდ სინათლესთან მივა და იქ დაივანებს. ეს ხომ ყოველივე გენიალურის უკანასკნელი ნავსაყუდელია!..

მარადიულს გამოეყოფა ადამიანი და ასე მოდის არყოფნიდან ყოფნაში, მიღმიერი საკრალური ხსოვნით, რომელიც ბავშვობაში უფრო ცინცხალია, მაგრამ უმეტესობა, ასაკის მატებასთან ერთად, შორდება უნივერსუმს, “იძირება შემოგროვილ ჩენჩოში”, სულიც უძველდება, იზრდება “ადამიანური განაპრალების სიღრმე” (358). დიდი მადლია, ყველა ასაკში შეინარჩუნოს კაცმა ბავშვური აღქმის სიმძაფრე და სამყაროთი გაკვირვების უნარი, რადგან ეს უკანასკნელი, ესმა ონიანის აზრით, სწორედ ამიტომ არსებობს.

“მე სიხარულით გაბრწყინებული, ღიმილით, ცეკვა-თამაშით ჩავეშვი ჩემს ადამიანურ ნავსაყუდელში”, – ასე ამაყად, უშიშრად იბადებიან გენიალურად მოაზროვნები თუნდაც 1938 წლის სიბნელეში. შემოქმედებაც დაბადებაა, თანაც მარადი, მრავალჯერადი: “მაღალი ნაწარმოები ყოველჯერად აღქმაზე აღმქმელის დონის შესაბამისად ყოველჯერადად იქმნება-იბადება (სხვადასხვა დონეზე სხვადასხვანაირ “საკვებს” იღებს აღმქმელი), რადგან მარადიულ ნაწარმოებში მატერიალურ-გარეგნული, დროისმიერი ჩარჩო განლეულია სულიერ-მარადიულით” (308). შემოქმედება სწორედ ისაა, რაც ადამიანს არ აძლევს პირველსაწყისის, მივიწყებულის, ძირეულის, ამავე დროს, თითქოს, ნაცნობ-ჩვეულებრივისაც, დავიწყების საშუალებას. ესმა ონიანს საკუთარი შემოქმედების დანიშნულებადაც ეს “შეხსენება” მიაჩნია. ადამიანის მისიაც ეს უნივერსალურობისკენ ლტოლვაა: “გაერთებულად ყოფნის, სიმართლის სრულყოფილი აღქმის ხსოვნა ადამიანის არსშია… რაც უფრო სრულყოფილია ნაწარმოები, მით მეტად უახლოვდება წინააღმდეგობათა, დაპირისპირებულებათა – იდეაში ნაგულისხმევ მთელად გაერთიანების “გემოს”, – პოეზიასთან შეხებისას ჩვენ ერთდროულად ვიქცევით იმად, რაც ვართ და იმად, რაც ვიყავით” (357). ეს ღვთის ხსოვნაა – დაკარგულის გემო. ანუ ჯერ იყო სული და მერე განსხეულდა. აი, ესმა ონიანის სიზმარი: “ავფრინდი, დინებას დავასკუპდი, ველოდები ჩემს სხეულს, პეპელასავით მოფარფატე სანამ მოვა ამ ადგილამდე” (120), – და ეს სიზმარი ამქვეყნიური სამყაროა. მარადისობა “უსასრულობის უშეღავათო ულმობელობაა”, რადგან მიუწვდომელია წუთისოფელში (“გვაქვს უთვალავი ფერითა”), რომელიც ნაკლულოვანებათა წინააღმდეგობებია და რაც მეტია ეს უკანასკნელი, მით უფრო სრულფასოვანია ის ერთი მთელი, უფრო მთლიანდება და ზოგადდება. მასთან მიახლოებას ესწრაფვის ჭეშმარიტი ტალანტი და “სხვანაირი ქმედების აბსოლუტური შეუძლებლობით” ცდილობს დაგვანახვოს ჩვენც, ვინც მის შემოქმედებას ეზიარება “თავისუფლების მკაცრ საკანში” – ადამიანური არსებობის მატერიალურით შემოსაზღვრულობაში. თუმცა ესმა ონიანი ფიქრობს, რომ “ჭეშმარიტების სრულფასოვნად, სისრულით ამომცნობი ისევე ცოტაა, როგორც თავად ჭეშმარიტი” (319). ასე შევდივართ “ნამდვილობის ხეივანში”, სადაც დრო მკვდარია და მუდმივი სიცოცხლე სუფევს. ასე მარცხდება დრო შემოქმედებით, ადამიანით, გენიოსით, კლასიკოსით. მაგრამ გამოვდივართ კიდეც მარადისობიდან (ისე ყველა მასში ვიმყოფებით), რომ “სიცოცხლის რამდენიმე “წამში” შევხედოთ მას” (350). საგნები იღებს სახეკოდებს, ხატებს, თუმცა მათი ერთმანეთთან დამოკიდებულება და “გამომეტყველება” ასე მზამზარეულად უკვე არსებობდა, არ გამომდინარეობს სიცოცხლეში განვლილი ფიზიკური არსებობიდან და ჩვენ ეს “ვიცით”. ეს ერთგვარი ნეოპლატონიზმია ესმა ონიანის აზროვნებაში, რომელიც, აშკარად, მამაკაცური სიძლიერისაა. წერს კიდეც: “საერთოდ არ მიყვარს ლექსში ქალის სახით ლაპარაკი, პირიქით, ვცდილობ თითქოს კაცის მაგიერ ვწერო” (225). აქ აუცილებლად გაგვახსენდება ისევ ის მარადიული მთელი და პირველსაწყისში ჰერმან ჰესესეული “ჰერმაფროდიტული სისავსე” – ჩვენი ჯერ არ ყოფნა თუ უკვე აღარ ყოფნა.

არის ერთი პირობითობა თუ ხანდახან უცვლელი ბედისწერა ამსოფლად – ესაა გარემო. წარმოუდგენელია ადამიანი მის გარეშე. ის შეიძლება გალიად იქცეს და ჩაკლას კაცის სული. აი, როგორია ესმა ონიანისეული საბჭოეთის აღქმა: “ადამიანებს უფუჭდებათ გემოვნება, ზნეობა, სიყალბე შეიჟონება მათში. ყოვნდებიან სულები ამაღლებულ სწრაფვაში, იჟღინთებიან, ცრუ-ყალბ-მოჩვენებითი ციმციმით ერთობიან, ეფლობიან უფრო და უფრო და აღარ ახსოვთ ნამდვილი, უბიწო, უანგარო, ბუნებრივი, თავისთავადი მშვენიერება!.. მაგრამ ესეც საერთო მოვლენაა და ცხადია, ჩვენთან საბჭოურად ასჯერ გაზრდილი” (333). თუმცა ასეთი გარემოც კი ვერ შეცვლის, მისი აზრით, პიროვნების ნამდვილ არსს, თუ ის თავად არ არის კნინი. ადამიანობა, თუ მას გაცნობიერებული აქვს თავისი საიდუმლო კანონზომიერება, ზუსტი, კონკრეტული მიზანი (სწრედ ამ გარემოს, ადგილს რომ შეესაბამება), თუ შეუძლია ამ მიზნის ამოცნობა და განხორციელება, დიდი ჯილდოა (ამიტომ ეს პასუხიცაა ჩემს კითხვაზე: ღირს კი იდეალისტობა ამ წუთისოფელში?!) – “ნუ დაეცემით, თუნდაც არავის სწამდეს, თუნდაც არავინ იცოდეს თქვენი მისიის, თქვენი მეციხოვნეობის შესახებ”. ამას წერს იგი თავის ჩანაწერში “ქარი” და არ შეიძლება არ გაგახსენდეს ბესიკ ხარანაული: “არ არიან, ქარია”. ქარი ესმა ონიანთან მეტია, ვიდრე მეტეოროლოგიური მოვლენა; ეს ხეების სიარულია, სიცოცხლეა, სამშობლოს “გამუდმებული ხლებაა”. ესაა მშობლიურობის უძლიერესი და ნაზი სიცხადე, სანუკვარის გამოღვიძება, გაცოცხლება საკუთარ თავში, “გულის მწურავი სამშობლოობა”. სწორედ ესაა მარადიულის, უსასრულობის მეციხოვნეობაც, ესმა ონიანის აზრით: “რაც უნდა გიჭირდეს, ბავშვურობით, უცოდინრობით, უსუსურობით მონდობილებს რომ დაინახავ, უნდა გაქვავდე, უნდა გააცოცხლო შენში შენი პირველადი, უხსოვარი ცოდნა – სამშობლო. დამალო შიში და შეშფოთება და რწმენის ღიმილით გადაეფარო მონდობილებს” (327). ესმა ონიანის აზრით, ერის, სამშობლოს სიყვარული ღვთისმიერია, აბსოლუტური უანგარობაა უნივერსუმის სიყვარულივით, “სულისმიერი ზე-სამშობლოს დასხივება”. ეს თითქოს მარტივი კონსტრუქციაა, – “რომელია ყველაზე უანგარო, მიწიერი მიბაძვით ნამდვილთან მიახლოებული? – სამშობლოს სიყვარული; რატომ? ყოველ ადამიანს მიწაზე გაჩენით დადებული აქვს ვალი, აუცილებელი, გარკვეული ქმედების მიწიერი ვალდებულება… მიწიერ ასპარეზზე ყველაზე ნაკლებ ეგოისტური, მიწიერად შესაძლებლად უანგარო – სამშობლოს, ერის, საერთო საქმის სამსახური” (275). “პირველადი, უხსოვარი ცოდნა – სამშობლო” არ მოგვცემს სულიერი სიპატარავის უფლებას, თუმცა ვინც კარგავს სულიერ საწყისს, სიმაღლეს, ის კარგავს აქაური სამშობლოს განცდასაც. ასე იწყება “უცხოურ არენაზე” მშობლიურისთვის “თავში წამოკვრის”, მშობლიურზე გაცინებით სახელ-პოპულარობის მოხვეჭა” (265), ცალმხრივი ხედვა, მხოლოდ სხვისით სნობური აღატაცება, პოზიორობა, არასწორად გაგებული დემოკრატიობანა, “ევროპული დახვეწილობანას თამაში” და ღალატი გმირებისა, მებრძოლებისა, შთამაგონებელთა და მათ მოსიყვარულეთა, რომლებიც არსებობენ ადამიანური სინამდვილის განმავლობაში. “განა რა არის ასეთი ჩვენი ინტერესები, რომ ჩვენი საწყალი, დაღლილი და გულგასიებული ქართველი ადამიანები, ერი გავიუცხოოთ, ცხვირი ავუბზუოთ?!”(279), – არ გეჩვენებათ, რომ შემოქმედი დღევანელობაზე წერს? ეს იმიტომ, რომ ეს ტენდენცია დღეს არ დაწყებულა, რომ დიდი ხელოვანი დროზე ამაღლებული, მისი მძლეველი და მარად თანამედროვეა. იგიც ჩვენსავით ფიქრობს, რომ სანამ საკუთარ ხალხს ახლანდელ უზნეობას ვუკიჟინებთ, დავფიქრედეთ: იქნებ ამის ხელშემწყობი მიზეზი ბევრი ჩვენგანის მიერ საკუთარი თავის “ვერცნობაა”, თორემ, აბა, ამდენი არაკეთილმოსურნის გარემოცვაში, ასე კარგად რომ ართმევენ თავს ჩვენს განქიქებას, სამტრო საქმეს არ გავაკეთებდით… ესმა ონიანი წერს ცნობილ ქართულ “ჭირზე”, რომელსაც მე “სტალინის კომპლექსი” დავარქვი. ძნელია, იპოვო კაცმა ამაზე ზუსტი შეფასება ამ მოვლენისა, რომელიც არ არის “ამ სიძულვილში რაოდენი სიყვარულია”, ესაა ყოველგვარი მშობლიურისადმი ნიჰილიზმი: “როდესაც ადამიანს არ აქვს საკუთარი მყარი პოზიცია, ის ადვილად დაიდებს სხვების წინაშე თავმოსაწონებელ “ელფერს”. თუ ეს “მოდურია”, ადვილად გაიმეტებს ქართულს, შეიძლება ძალიანაც გადადოს თავი იმის საჩვენებლად, თუ როგორი ცივილიზებული, მშობლიურზე “ამაღლებული” პიროვნებაა თავად. “მცირე” ერის წარმომადგენლის და პროვინციელის გარკვეულმა კომპლექსმა შეიძლება ცდა არ დააშურებინოს, რათა ქართულის ძაგების ხარჯზე “თანამედროვედ” და “ფართო თვალსაწიერის” მქონედ გამოჩნდეს. არ ჰყოფნის რა სინამდვილეში “ცნობის” უნარი, ჭეშმარიტ მაგალითებს ქართული სულისა და კულტურისა ერთი ხელის მოსმით ჩაყრის “ყუთში”. თავად იმდენად არ “იცის” ჭეშმარიტება, რომ არც აფიქრებს, იყოს კრიტიკული საკუთარი თავისადმი და მცირედ მაინც დაეჭვდეს საკუთარ შესაძლებლობებში” (265). ესაა, ესმა ონიანის რწმენით, ჩვენს მარად ძნელბედობაში გაჩენილ “ქიმერათა” შინაგანი მრწამსი: განურჩევლობა არა მარტო ეროვნულის, არამედ ზოგადადამიანური პრობლემების მიმართაც. ისინი თითქოს, ორიენტირებულნი არიან მსოფლიო, თანამედროვე მონაპოვარზე, მასში მონაწილეობენ კიდეც ვითომ, მაგრამ სინამდვილეში წარმოდგენა არ აქვთ, ფასეულია თუ არა ის. ესეც, მიუხედავად გარეგნული, ბრჭყვიალა “კეთილშობილებისა”, პირადულზე ზრუნვისა და მისი წარმოჩენის იმპულსებია მხოლოდ. ალბათ ამაზეც წერს შემოქმედი: “ვიღაც ახლანდელი ადამიანები თავისი ახლანდელი “ცივი” საქმეებით და ჩვეულებრივი, ძველებური ყეფა ძაღლისა”, რომელიც ყეფს და “ქარავანიც მიდის”…

ადამიანის ყოფაში სულიერის ერთგვარად მატერიალურად დაფიქსირების საშუალება ხელოვნებაა, რომელიც ამას სწორედ მოუხელთებელი, ძალდაუტანებელი თუ ინტუიციური გზებით აღწევს. ასე რჩება ის სწორედ მატერიალურისგან თავდასაღწევად – დროიდან გამოსვლით დროისვე შექმნით და მარადისობასთან მისი შერწყმით: “მუსიკა, პოეზია ადამიანური დრო-სივრცის განუყოფლობაში დროიდან გამოდიან და დროში ქმნიან სივრცეს; ფერწერა კი სივრცეში ქმნის დროს” (229). ესაა დროისა და სივრცის ღვთაებრივთან წილნაყარი გაადამიანურება. მიუხედავად საბჭოური “მასობრივი ხელოვნების” მოძულებისა, თვით ამ პერიოდშიც კი ჭეშმარიტი ხელოვნება აქტიური ცნებაა და გაუქმებას დაუქვემდებარებელი, ინარჩუნებს რა ცხოველმყოფელობასა და გემოვნებას. ესმა ონიანი დიდი მოვლენაა, თითქოს, იდუმალი ჭეშმარიტების ჩამონატეხია! ამიტომ ძალიან საინტერესოა მისი შეფასებები და აღქმა დიდებული ხელოვნებისა. შემფასებელი მათი, “ვინც რაც უნდა ცხოვრებას, “ვაჰ, სოფელოს” ეთრია და ეგვემა, მაინც ძირში გაუთიშავ პიროვნებებად რჩებოდნენ”. ესაა, რაც გვეხმარება, სულიერი დაღმასვლისა და გადაღლილობისას გამძლეობა არ დავკარგოთ, ყველა შემთხვევაში ადამიანში არსებული კეთილი სულიერი გარსი, აურა შევინარჩუნოთ. მათ წინაშე მოვალეა მთელი კაცობრიობა, რადგან ისინი აცოცხლებენ ჩვენს სულებს, რადგან “ისინი კი არ გვესაუბრებიან სულიერი ძალმოსილების შესახებ, არამედ ქმნიან ამგვარ სულიერ ძალმოსილებას ჩვენი არსების ხეშეში ნაწილებისგან” (259).

ნიკო ფიროსმანით დავიწყოთ. ჭეშმარიტი ტალანტი სწორედ “ჯაჭვების წყვეტის” შემდეგ იშვება. მათი კანონზომიერება კი თავისუფალია, მაგრამ მათივე, ნებით თუ უნებლიეთ, დადგენილ მკაცრ კანონებს დამორჩილებული, ეს მათი ცალკე განზომილებაა. “მცოდნე” მოგვიყვება და აღგვიწერს, როგორია “ვაშლი”, ხოლო შემოქმედი გვაგემებს მას. თუნდაც ყურძენი ფიროსმანის ნახატზე ისეთი ბუნებრივია, ალალი, მარტივად გენიალური, როგორც ყველაფერი ღვთაებრივი, როგორც თუნდაც ქართული ტაძრები, მიწიდან ამოზრდილებს რომ ჰგვანან და დაგაეჭვებენ, ადამიანმა შექმნა მართლა ისინი?! – “გაიხსენეთ ყურძნის მტევნის ფერი (არც მჭკნარი რომაა და არც სულ “გატიკნილი”); ფორმა თუ არც გამოითქმის, რა აძლევს ასეთ საოცრად ნაცნობ, გარდაუვლად ყურძნულ იერს – ყურძენს ფიროსმანის (ქიზიყის) მუზეუმში გამოფენილ აბრაზე – ისეთი ლაკონიურია, ისეთი “გაუკეთებელი” (344). გასაოცარია ფიროსმანი, ეს უდიდესი ფიგურა ფერწერაში, ესმა ონიანისთვის, როგორც მთაგრეხილი, “რაღაცის გამოყოფა, რაღაცის დასაწყისი და რაღაცის შეჯამება”. მისი სიღრმე და სინაღდე ისეთია, როგორც თუნდაც ვაჟას პოეზიაში, მისი “მასალისმიერი კეკლუცობა კი არა, მარტო ამაღლებულობით, საჭიროებით ცხებულობა” (281).

ყველა დიდი შემოქმედი შეიძლება გააანალიზო, მაგრამ დაუშვებელია ვინმეს “გააჯიბრო”, რადგან ჭეშმარიტი ნაწარმოებები უკვე დამოუკიდებელი სამყაროა, სინამდვილე, როგორც ხე, მზე, წყალი და ა.შ. თავიანთი თვითნაბადი და სრულიად დამოუკიდებელი თვისებრიობით. მოკლედ, ფიროსმანს ვერ შევადარებთ თუნდაც მატისს, რომელიც ასევე საოცრადაა აღქმული ესმა ონიანის მიერ როგორც შემოქმედი: “მატისს აქვს უნარი, მოიცვას ყოველივე, რათა შემდეგ გადაშალოს და უკიდურესად მიმქრალ, გაქრობის ზღვარზე მოგვაკვრევინოს თვალი. მატისს შეიძლება მივუსადაგოთ სპარსელების “იცოდე და დაივიწყეს” პრინციპი, მოიხელთებს რა მოვლენა-საგნის ყველა საფეხურს, მოიხილავს რა მის სიღრმეებს, მატისი ჩაგვაბრუნებს საგნის არსული ჩანასახისკენ, პირველყოფილი ხილვებისკენ, ადამიანური ფორმისთვის საერთო, ერთ-ფრესკული ხსოვნისკენ” (234), – არ გეჩვენებათ, რომ ეს შეფასება ცალკე შემოქმედებაა? არადა, ვიღაცამ ეს სიღრმე შეიძლება ვერც შეიცნოს და მისთვის მატისი დარჩეს მხოლოდ დეკორატიული პლანის მხატვრად და ვერ დაინახოს მასში აზროვნების ის სიმდიდრე, რომელიც ამ დაუქუცმაცებელი, წყნარი, თვითმყოფადი მხატვრული სანახების მიღმაა. ასეთივე ინტელექტს ხედავს ესმა ონიანი დავით კაკაბაძის მხატვრობაშიც, რომელშიც შეკრულ-გაერთიანებულია “ყველა ის აუცილებელი მინიშნება, რომელთა დანახვა-აღმოცენება უაღრესად საჭირო და მნიშვნელოვანი თვისებებით გაამდიდრებს ქართულ ფერწერას და მისი განვითარების სწორი გზით წარმართვას შეუწყობს ხელს” (232). კაკაბაძის “გრძნობადობის უშველებელი კუზი… მისი შუბლის სინათლეში გადაინთქმება” გამოხატვის საოცარი დიციპილინით, მაორგანიზებელი ნების ბატონობით, გაფაქიზებული, “სრულქმნის ნაზ სუნთქვამდე მისული” ქმნით და არა თხრობით. ეს დიდი მხატვარი ხედავდა აღმოსავლეთისა და დასავლეთის გადაჯაჭვულობის, გაუთიშველობის თავისებურებებს, თუმცა, ესმა ონიანის აზრით, აღმოსავლური მარადიულობისკენ იხრებოდა.

ესმა ონიანი მოესწრო გალაკტიონს. საინტერესოა მისი განწყობა პოეტების მეფის დასაფლავების დღეს: ეს არ იყო წუხილის, წასვლის, სიკვდილის სიმძიმის შეგრძნება, არამედ უდიდესი, საზეიმო დარჩენისა და განმტკიცებისა. ესმა ონიანი თვლის, რომ გალაკტიონს არაფერი ჰქონდა შესაცოდი, გამოსაგლოვი. დღესაც, როგორც ზოგიერთი წერს, “არც უფიქრია”, რომ ეწვიმა: “ის იდგა მაღალი, ნათელი და უსასრულო”. გალაკტიონისნაირი ადამიანი თავად არის მატარებელი მსოფლიო პოეზიისა და მისი შესაძლო განვითარების გზებისა. გააკეთა კიდეც ის, რასაც სხვა სხვა ქვეყანაში რამდენიმე პოეტი ქმნიდა: ენის ახალი “ცხრაკლიტული გახსნა”, უხვად და დაუმადლებლად დაგვიტოვა მისი სიმდიდრე, მასში ლავირების თავისუფლების შეგრძნება და განხორციელების პერსპექტივაც.

ესმა ონიანთან არის კიდევ ერთი უჩვეულო აღქმა შემოქმედისა – აქაურების უნაზესი სიყვარულით სავსე ტერენტი გრანელისა, რომელსაც შეცდომით “სიკვდილისა და ტირილის” პოეტად მიიჩნევენ. “ადამიანური არსებობის ვერ ცოდნა, ვერ შეთვისება და თანაც მისკენ უდიდესი სიყვარულითა და ცრემლით ლტოლვა” – ესაა ტერენტი გრანელის პოეზია და სულის “ბიოგრაფია”.

დაბოლოს, გურამ რჩეულიშვილი, რომლის ძლიერი სულიერი ძალმოსილების პიროვნებითაც დღემდე შთაგონებულია, “ცოცხალია” მისი ნაწარმოებები. “ყველაფერი, რაც აბსტრაქტულად სამშობლოდ, მშობლიურად გაიაზრებოდა ჩემში, გურამში იძენდა ფორმას და ხელშესახებ რეალობას”, – წერს ესმა ონიანი და მისთვის ის არა მარტო გარდაცვლილი მეგობარია, რომელთან განშორებამაც, შეგრძნებამ, რომ გურამი ვეღარასოდეს შექმნიდა ვერაფერს, რაღაც ჭეშმარიტებასთან, სიცოცხლესთან ზიარების ბედნიერება დაუკარგა, არამედ მისი საქმის გამგრძელებლი, როგორც პირდაპირი (ციკლი “გურამის მაგიერ თქმული ლექსებისა”), ისე გადატანითი მნიშვნელობით…

“ყოველთვის როგორ მსიამოვნებს ჰაე-ს დაწერა, როგორც სიტყვა გარდაცვალება” – წერს ესმა ონიანი. მანაც მოხაზა ეს “ჰაე”, რომელიც როგორც ჭეშმარიტება, თავის წუთს მრავალჯერ მოესწრება მასთან მზიარებელში…

 

 

ციტატები ესმა ონიანის წიგნიდან “ისევ მე ვარ?! ისევ მოვსულვარ!” (არტანუჯი, 2021)

სკოლის ბაზაზე პროფესიული განვითარების საკითხები და ბევრი სხვა: ინტერვიუ ნიკა მაღლაფერიძესთან

0

ნიკა მაღლაფერიძე პანდემიის პერიოდში, 2020 წელს, ჩვენს ანუ განათლების კოალიციის მიერ განხორციელებული პროექტის ფარგლებში გავიცანი. მას შემდგომ, არაერთხელ შევხვედრივართ ონლაინ და გაგვიცვლია მოსაზრებები განათლების პოლიტიკის ზოგად თუ კონკრეტულ საკითხებზე. ნიკა მასწავლებელი და განათლების მკვლევარია. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ მისი კვალიფიკაციისა და გამოცდილების ადამიანის მოსაზრებების მოსმენა საინტერესო უნდა იყოს მკითხველისათვის.

ნიკა, გთხოვთ, მოკლედ მოგვიყვეთ თქვენ შესახებ და შემდგომ გადავიდეთ ინტერვიუს ძირითად საკითხზე – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სისტემაზე.

უკვე წლებია, რაც მასწავლებლად ვმუშაობ და ვეხმარები სკოლებს სასწავლო პროგრამების და ეფექტური სწავლა სწავლების მეთოდოლოგიების დანერგვა-გაუმჯობესებაში. 2017 წელს გავხდი ჩივნინგის სტიპენდიატი და დავასრულე ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის (UCL Institute of Education) სამაგისტრო პროგრამა განათლებისა და საერთაშორისო განვითარების განხრით. გარკვეული პერიოდი ვმუშაობდი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარებაზე  მასწავლებელთა გადამზადების მიმართულებით.

ამჟამად, ვმუშაობ ბულგარეთში, ქალაქ ვარნას ერთ-ერთ კერძო სკოლაში და ვეხმარები ორგანიზაციული განვითარების კუთხით, კონკრეტულად, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მიმართულებით. ძალიან მალე, სექტემბრიდან ვაგრძელებ სწავლას სტირლინგის უნივერსიტეტის (შოტლანდია) სადოქტორო პროგრამაზე.

 მასწავლებლის უწყვეტი პროფესიული განვითარება, რა გამოწვევებს ხედავ ამ კუთხით საქართველოში, სისტემურ დონეზე და შემდგომ ვისაუბროთ უკვე საერთაშორისო პრაქტიკაზე და გარკვეულ რეკომენდაციებზე.

საქართველოში ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა სისტემის ცენტრალიზებულობაა. მასწავლებლებს არ აქვთ არჩევანის თავისუფლება, თუ რა გზით სურთ პროფესიული განვითარება. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს ისეთი მოდელი, რომელიც პრაქტიკულ ასპექტს არ იყენებს. მაგ., მასწავლებლები სადღაც მიდიან, გარკვეულ ცოდნას პასიურად იღებენ და  მოლოდინია, რომ ისინი წავლენ და საკლასო ოთახში ამ ცოდნის საფუძველზე რაღაცას დანერგავენ. სამწუხაროდ, ცოდნის ტრანსფერი საკლასო ოთახში ასე არ ხდება. არიან გამონაკლისები, მაგრამ გამონაკლისებზე ხომ არ ავაგებთ ჩვენს სისტემას?! ჩემი აზრით, ეს აქვს ძალიან სუსტი მხარე სისტემას და მასწავლებლები, ამ მხრივ, არიან მარტო და საკუთარი თავის ანაბარა. აქედან გამომდინარე, მე ვთვლი, რომ აღნიშნული მოდელი უნდა შეიცვალოს.

პრაქტიკულ ელემენტში რას გულისხმობთ?

მაგ., ეს შეიძლება იყოს „იმიტირებული“ საკლასო ოთახი, ე.წ. deliberate practice რასაც ეძახიან, სადაც ვიღაც უკუკავშირს გიბრუნებს. დღეს არავინ დავობს, რომ პრაქტიკული ელემენტი მნიშვნელოვანია, უბრალოდ მსჯელობენ იმაზე, თუ როგორი ბალანსი უნდა იყოს თეორიასა და პრაქტიკას შორის. უამრავი ადამიანი იზიარებს იმ აზრს, რომ მასწავლებლის უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემაში პრაქტიკული ელემენტი კიდევ უფრო მეტად უნდა იყოს წინ წამოწეული.

რაც ძალიან მნიშვნელოვანია, პრაქტიკული ელემენტი დაფუძნებული უნდა იყოს სკოლის ბაზაზე. ეს შეიძლება იყოს ქოუჩინგი, მენტორინგი, სასწავლო ჯგუფები, კრიტიკული მეგობარი, იაპონური გაკვეთილის კვლევა და ა.შ. შესაძლოა, ეს  ლოჯისტიკურად რთული იყოს ან ფინანსურად – ძვირი, მაგრამ სწორედ განათლებაში უნდა ჩაიდოს ინვესტიცია, რათა შესაბამისი ამონაგები გვქონდეს.

 

ვთქვათ, არსებობს ასეთი პრაქტიკული ელემენტი. რა უპირატესობები აქვს მას?

სწორედ პრაქტიკის შემდეგ არის შესაძლებელი ისეთი საბაზისო საკითხების სწავლა, როგორიცაა კლასის მართვა, ინსტრუქცია, ტრანსდისციპლინური ინსტრუქციული უნარები, როგორიცაა განმავითარებელი შეფასება, შემაჯამებელი შეფასება, მეტაკოგნიტიური და კოგნიტიური სტრატეგიები. ცალკე არის საგანზე დაფუძნებული უნარები და მიდგომები, რომლებიც სპეციფიკურია.

სამწუხაროდ, ბევრია ისეთი მასწავლებელი, რომელიც გამოცდილია, მაგრამ საბაზისო უნარები არ აქვს. ბუნებრივია, მათთან მუშაობა უფრო რთული იქნება, მაგრამ თუ მასწავლებელმა კლასის მართვა არ იცის, იქ ხომ სწავლაზე საუბარი სრულიად ზედმეტია?!

საქართველოს შემთხვევაში, სამწუხაროდ, ფოკუსირებული უკუკავშირი ფაქტობრივად არ გვაქვს. მასწავლებლებიც, ბევრი მიზეზის გამო, არ საუბრობენ ამაზე და მათიც მესმის. კლასის მართვაზე ინგლისში სულ საუბრობენ და მუდამ მზად არიან ამისთვის, იმიტომ რომ პრაქტიკული ელემენტი მათთან ძალიან დიდია. როცა მასწავლებლის მომზადება  ხდება, ისინი უკვე გარკვეულები არიან საბაზისო საკითხებში, როგორიცაა: ტრანზიციები აქტივობიდან აქტივობაზე, მოსწავლეების დაჯგუფება, როგორ არ შეგაწყვეტინონ გაკვეთილი, ძალადობასთან დაკავშირებული საკითხები, როგორ შექმნა წესები მოსწავლეებთან, როგორ იყო თანმიმდევრული  და ა.შ. ამას პრაქტიკულად უნდა გასწავლიდნენ საკლასო ოთახში ის ადამიანები, ვინც არიან გამოცდილები. ნაწილობრივ, ეს ყველაფერი დაკვირვების ხარჯზე ხდება. ჩვენ შემთხვევაში, დაკვირვებას უფრო შემაჯამებელი და განსჯადი ხასიათი აქვს და მოწყვეტილია იმას, თუ რას ნიშნავს ქოუჩინგი და რას ნიშნავს მასწავლებლის განვითარება. იგივე არის პრაქტიკის კვლევებთან დაკავშირებით.

 

როგორ ფიქრობ, რა წინაპირობებია საჭირო იმისათვის, რომ სკოლაზე დაფუძნებული პროფესიული განვითარების მიდგომები თუ სისტემა შეიქმნას სკოლებში?

პირველ რიგში, მნიშვნელოვანია ვთქვათ, რომ სკოლების დაფინანსების მოდელი უნდა შეიცვალოს. ამ ყველაფერს, რაზეც ვისაუბრეთ, ბუნებრივია შედეგი აქვს, მაგრამ ამ შედეგის მისაღწევად მეტი რესურსია საჭირო და ამ რესურსების ეფექტიანად თუ ხარჯთეფექტურად გამოყენება. ამ ტიპის სისტემის ასამუშავებლად საჭიროა ქოუჩების მომზადება, რისთვისაც რესურსები მნიშვნელოვანია. ანალოგიურად, აუცილებელი იქნება სასკოლო ლიდერების თუ სკოლის დირექტორების გადამზადება, მათ შორის ლოჯისტიკურ საკითხებში. შესაბამისად, თუ დაფინანსების მოდელი არ შეიცვალა, სულ რომ სტრატეგიაში გვქონდეს აღნიშნული საკითხები ასახული, ეს იქნება სრული ფორმალობა.

თუ სკოლის დონეზე ვისაუბრებთ, ბუნებრივია, მნიშვნელოვანია, არსებობდეს ნება, რისთვისაც აუცილებელი იქნება მოტივირებული და გაბედული ადამიანების შემოკრება. შესაბამისად, პირველ რიგში, იმ ადამიანების იდენტიფიკაციაა საჭირო, ვინც გამოცდილია, მოტივირებულია და შეძლებს სხვების მხარდაჭერას. არ არის აუცილებელი, აღნიშნული მიდგომები მთელს სკოლაში ერთიანად გამოიყენო და ყველას ერთი და იგივე მოსთხოვო. პირიქით, საჭიროა ამ ყველაფრის ფაზებად დაყოფა და ეტაპობრივად განხორციელება, როგორც ეს ევერეთ როჯერსს აქვს, ინოვაციების დიფუზიის თეორიაში.

ამის პარალელურად უნდა ხდებოდეს მასწავლებელთა ინფორმირება, რადგან სკოლებში სიურპრიზები ნამდვილად არ მუშაობს. თუ აქვს სკოლას საშუალება, ძალიან კარგი იქნება, კონკრეტულად ამ მიმართულებაზე პასუხისმგებელი პირები ჰყავდეს, როგორიცაა teaching and learning leads. სხვა შემთხვევაში, კათედრების ხელმძღვანელებს შეუძლიათ შეითავსონ. ამის შემდგომ უნდა შეიქმნას პროგრამის კონცეფცია და სამოქმედო გეგმა, რომლებიც სკოლის განვითარების გეგმას მოერგება.

საბოლოოდ, ინსტრუქციული ქოუჩინგი, სასწავლო ჯგუფები, მასწავლებლის პროფესიული ჯგუფები, გაკვეთილის კვლევა (lesson study) განსხვავდებიან ფორმატით, მაგრამ პრაქტიკული ელემენტი ყველგან არის, რომ ვიღაც კი არ განგსჯის, არამედ გაძლევს უკუკავშირს. რაც მთავარია, ეს არის დროში განგრძობითი, ხანგრძლივი პროცესი. მე სადაც მიმუშავია, მთხოვენ, რომ მათთან შევიდე და გაკვეთილზე დავესწრო, იმდენად მოტივირებულები არიან. და ეს იმიტომ, რომ მათ აქვთ არჩევანის საშუალება და რაც აინტერესებთ, იმ საკითხზე ხდება მხარდაჭერა.

სხვათა შორის, ამ საკითხებში მნიშვნელოვანი იქნება საგანმანათლებლო რესურსცენტრების როლი, სწორედ მათ შეუძლიათ სკოლების ორგანიზაციული მხარდაჭერა.

 

და ბოლოს, იმ ადამიანებისათვის, რომელთაც  მეტის გაგება სურთ ამ საკითხების შესახებ, რა საკითხავ ლიტერატურას ურჩევდი? აქვე დავამატებ, რამდენიმე ხნის წინ, კოალიციის მიერ, მომზადდა ძალიან კარგი გზამკვლევი სკოლის დონეზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მხარდასაჭერად. მისი ავტორია მანანა რატიანი და ყველა დაინტერესებულ ადამიანს ვურჩევ, რომ ამ დოკუმენტს გაეცნოს. ანალოგიურად, მე პირადად, ყველას ვურჩევ, გაეცნოს ნიკას  სტატიას mastsavlebeli.ge-ზე – სკოლის დონეზე პროფესიული განვითარების მიდგომების შესახებ.

იცით რა არის, საკმაოდ ბევრი იწერება ამ საკითხებზე, მაგრამ შევეცდები რამდენიმე ძირითადი და ჩემთვის ყველაზე საინტერესო გითხრათ. ესენია:

ავტორი ნაშრომი
Jim Knight (ჯიმ ნაითი) –          Instructional Coaching: A Partnership Approach to Improving Instruction

–          The Impact Cycle: What Instructional Coaches Should do to Foster Powerful Improvements in Teaching

–          The Definitive Guide to Instructional Coaching: Seven Factors for Success

Elena Aguilar (ელენა აგილარი) –          The Art of Coaching: Effective Strategies for School Transformation
Sue Swaffield (სუ სვოფილდი) –          Leadership for Professional Learning
Rachel Lofthouse (რეიჩელ ლოფტჰაუსი) –          CollectivEd
Haili Hughes (ჰაილი ჰიუზი) –          Mentoring in Schools: How to Become an Expert Colleague
Michael Bungay Stanier (მაიკლ ბუნგაი სტანიერი) –          The Coaching Habit: Say Less, Ask More & Change the Way You Lead Forever
Mark Priestley (მარკ პრისტლი); Gert Biesta (ხერტ ბიესტა) –          Teacher Agency: An Ecological Approach
Pete Dudley (პიტ დადლი) –          Lesson Study: Professional Learning for Our Time
Chrstian van Nieuwerburgh (კრისტიან ვან ნიუვერბურგი) –          An Introduction to Coaching Skills: A Practical Guide
Mary Kennedy –          Praising the Practice of Teaching

 

მასწავლებლის მნიშვნელოვანი ჩანაწერები

0

  მასწავლებელი წლის განმავლობაში საკმაოდ ბევრ ჩანაწერს აკეთებს.  მათგან განსაკუთრებით საყურადღებოა ის მასალები, რომლითაც მასწავლებელი აანალიზებს მოსწავლის მიერ შესრულებულ  შემაჯამებელ სამუშაოებს. ამ ანალიზს დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორც მოსწავლისთვის ასევე თვითონ მასწავლებლისთვის. ანალიზზე დაყრდნობით მასწავლებელს  შეუძლია  მის მიერ განხორციელებული სასწავლო პროცესის  ჰოლისტური  გადააზრება და ისე მოახდინოს თვითშეფასება. ხოლო მოსწავლეების შედეგებზე დაყრდნობით მათ მისცეს ქმედითი და ინსტრუქციული უკუკავშირი.

   ფაქტია, ყველა მასწავლებელი თემატური ერთეულის ფარგლებში გეგმავს კომპლექსურ/შემაჯამებელ  დავალებას, ამზადებს კლასს ამ დავალებისთვის, ატარებს შემაჯამებელ სამუშაოს, მოსწავლეთა ნამუშევრებს აფასებს სოლო ტაქსონომიაზე დაყრდნობით და  შედეგები  შეაქვს  რეესტრის ფორმაში, რომელიც შესაძლოა ასე გამოიყურებოდეს:

კომპლესური/შემაჯამებელი  დავალებების რეესტრი

კლასი – 3

საგანი – ბუნებისმეტყველება

სემესტრი – პირველი

# სახელი და გვარი #1 შემაჯამებელი/

თემა – მზის სისტემა

#2 შემაჯამებელი/

თემა – ყვავილოვანი მცენარეები

#3 შემაჯამებელი/

თემა – ბუნებრივი მოვლენები

შენიშვნა
1 ნინო ნინუა მულტისტრუქტურული მიმართებითი მიმართებითი
2 მარი ანუა მიმართებითი მიმართებითი მიმართებითი
3 გიორგი მხეიძე მიმართებითი

 

 

გაფართოებული გაფართოებული
4 საბა ბუაძე მულტისტრუქტურული მულტისტრუქტურული მულტისტრუქტურული
5 ნანა ვადაჭკორია უნისტრუქტურული მულტისტრუქტურული მიმართებითი

 

 მოკლედ მიმოვიხილოთ  სოლო ტაქსონომიის თითოეული დონე

პრესტრუქტურული –  მოსწავლე ვერ აყალიბებს საკითხს, მოსწავლე ვერ ახერხებს საუბარს თემაზე, იყენებს შეუსაბამო არარელევანტურ ინფორმაციას.

უნისტრუქტურული – მოსწავლეს  შეუძლია მხოლოდ ერთი ასპექტის გათვალისწინება და მარტივი ზედაპირული ინფორმაციის ფლობა  საკითხთან მიმართებაში.

მულტისტრუქტურული – მოსწავლეს  შეუძლია  საკითხზე რამდენიმე ასპექტის გათვალისწინება, მათ შორის არსებული მიმართებების გაგების გარეშე.

 მიმართებითი – მოსწავლეს შეუძლია გაიგოს რა მიმართებებია   ამ საკითხებთან დაკავშირებულ საკვანძო ასპექტებს შორის, ასევე როგორ უკავშირდებიან ისინი ერთმანეთს და ქმნიან მთელს, მთლიანობას.

გაფართოებული – მოსწავლეს  შეუძლია მოცემულის/შეთავაზებულ საკითხების /ცნებების  მიღმა  სტრუქტურის განზოგადება, სტრუქტურის აღქმა მრავალი სხვადასხვა პერსპექტივიდან და იდეების გადატანა ახალ სფეროში

კომპლექსური/შემაჯამებელი დავალებების შედეგების გაანალიზება თითოეული მოსწავლისთვის ნამდვილად რუტინულია, მაგრამ კარგ სურათს იძლევა, როცა თითოეული მოსწავლის პროგრესის თუ რეგრესის დონეზე გავაანალიზებთ სიტუაციას.  ასევე ეფექტურია მასზე დაყრდნობით ჩვენ მიერ განხორციელებული  სასწავლო კურსის თვითშეფასებაც მოვახდინოთ.

გთავაზობთ ზემოთ მოცემულ მასალებზე დაყრდნობით მასწავლებლის მიერ გაკეთებული   ანალიზების მინი – ნიმუშებს

 მოსწავლე -ნანა ვადაჭკორია

კლასი – 3

საგანი ბუნებისმეტყველება

ნანამ მიმდინარე სასწავლო წლის პირველ სემესტრში  დაძლია მასალა, კარგი პროგრესი აჩვენა და სერიოზულ წარმატებებს  მიაღწია.  ბუნებისმეტყველების პირველი თავის შესწავლისას მან შეძლო  მხოლოდ ცალკეული ასპექტის გათვალისწინებით  ამ თავის (მზის სისტემა) ძირითადი ცნებების ათვისება  საკითხთან მიმართებაში.  მეორე თავის(ყვავილოვანი მცენარე) შესწავლისას  კი მან შეძლო შესასწავლ საკითხზე   რამდენიმე ასპექტის გათვალისწინება,  თუმცა მათ შორის არსებული მიმართებების გაგების გარეშე. მესამე თავის (ბუნებრივი მოვლენები) შესწავლისას კი  მან წარმატებით გაიაზრა, რა  მიმართებებია საკვანძო ასპექტებს შორის, ასევე როგორ უკავშირდებიან ისინი ერთმანეთს და ქმნიან მთელს, მთლიანობას.

მოსწავლე -ნინო ნინუა

კლასი – 3

საგანი ბუნებისმეტყველება

ნინომ მიმდინარე სასწავლო წლის პირველ სემესტრში წარმატებით დაძლია მასალა და  მნიშვნელოვან წარმატებებს  მიაღწია.  ბუნებისმეტყველების  პირველი თავის შესწავლისას (მზის სისტემა)    მან შეძლო შესასწავლ საკითხზე   სხვადასხვა ასპექტის გათვალისწინება,  თუმც მათ შორის არსებული მიმართებების გაგების გარეშე. მეორე და მესამე თავის ( ყვავილოვანი მცენარე, ბუნებრივი მოვლენები) შესწავლისას კი  მან წარმატებით გაიაზრა, რა  მიმართებებია საკვანძო ასპექტებს შორის,  შეუძლია ახსნას,  როგორ უკავშირდებიან ისინი ერთმანეთს და ქმნიან მთელს, მთლიანობას.

მოსწავლე -გიორგი მხეიძე

კლასი – 3

საგანი ბუნებისმეტყველება

გიორგიმ მიმდინარე სასწავლო წლის პირველ სემესტრში ბრწყინვალედ  დაძლია მასალა, ბუნებისმეტყველების პირველი, მეორე და მესამე თავის შესწავლისას წარმატებით გაიაზრა, რა  მიმართებებია საკვანძო ასპექტებს შორის,  კრიტიკულად გაიაზრა, როგორ უკავშირდებიან  ისინი ერთმანეთს და ქმნიან მთლიანს. მეორე და მესამე თავის შესწავლისას  წარმატებით შეძლო შესასწავლი ცნებების  მიღმა  სტრუქტურის განზოგადება, სტრუქტურის აღქმა მრავალი სხვადასხვა პერსპექტივიდან და იდეების გადატანა ახალ  კონტექსტში.

ყველა მასწავლებელს ჩანაწერების გაკეთების თავისებური სტილი აქვს, თუმცა შემაჯამებელი დავალების შედეგებზე დაყრდნობით განხორციელებული ანალიზი მასწავლებლის მიერ განხორციელებული აქტივობებიდან ერთ-ერთი არსებითი კომპონენტია.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. Collis, K. (1982). Evaluating the Quality of Learning: The SOLO Taxonomy. New York: Academic Press.
  2. https://ganatldi.ge/app/uploads/2019/03/განმავითარებელი-შეფასება-და-დიფერენცირებული-სწავლება.pdf
  3. ვულფოლკი, ა. (2009). განათლების ფსიქოლოგია. თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოცემა .
  4. https://mastsavlebeli.ge/?p=32092

 

ანალიზი, სინთეზი და შეფასება

0

ბლუმის ტაქსონომია გულისხმობს სწავლის მეთოდისა და შეფასების კლასიკურ სტრუქტურას: ცოდნას, განწყობას , ჩვევებს. ეს მოდელი საშუალებას იძლევა სასწავლო მიზნები, სწავლება და სწავლის შედეგები ეფექტურად იქნას შეფასებული. ბლუმის მიხედვით განათლების მიზანი უნდა იყოს არამხოლოდ ცოდნის დაგროვება, არამედ – მაღალი სააზროვნო უნარის ჩამოყალიბება.

  ბლუმის ტაქსონომია ადამიანის აქტივობის სამ სფეროს აღწერს:

  1. კოგნიტიური  (შემეცნებითი);
  2. აფექტურს (ემოციურს);
  3. ფსიქომოტორულს.

ბლუმის ტაქსონომიის კოგნიტიური ანუ შემეცნებითი სფერო მოიცავს ექვს დონეს:

  1. ცოდნა;
  2. გაგება;
  3. გამოყენება;
  4. ანალიზი;
  5. სინთეზი;
  6. შეფასება.

თითოეული გულისხმობს აზროვნების, ინტელექტუალური მოქმედების განსხვავებულ დონეებს -მარტივიდან რთულისაკენ.

მასწავლებელს შეუძლია ბლუმის ტაქსონომიის კოგნიტიური  სფეროს დონეები წარმატებით გამოიყენოს კონკრეტული გაკვეთილის დაგეგმვისას.

 წარმოგიდგენთ მე-7 კლასის მასალას მათემატიკაში ალგებრული გამოსახულებები. ქვესაკითხები:

  • მოქმედებები ერთწევრებზე და მრავალწევრებზე.
  • შემოკლებული გამრავლების ფორმულები.

მას შემდეგ, რაც მოსწავლეებს გავაცნობ მიმდინარე გაკვეთილის თემას, მოსწავლეებს შევახსენებ: როგორ გამოსახულებას ეწოდება რიცხვითი გამოსახულება, ალგებრული გამოსახულება? რა განსხვავებაა რიცხვით გამოსახულებასა და ალგებრულ გამოსახულებას შორის? რას ეწოდება ერთწევრი, მრავალწევრი? როგორ ერთწევრებს ეწოდება მსგავსი? როდის შემიძლია ერთწევრების შეკრება და გამოკლება? წინარე ცოდნის გააქტიურების შემდეგ მოსწავლეებს ვთავაზობ აქტივობას, რომელიც მათ ეფექტურად შეაფასებს ბლუმის ტაქსონომიის მიხედვით მე-4, მე-5, მე-6 დონეზე,  რაც გულისხმობს მაღალი სააზროვნო უნარის ჩამოყალიბებას.

დავალების პირობა:

გეომეტრიული მოდელების მეშვეობით მოახდინე ალგებრული გამარტივების ვიზუალიზაცია და დაადგინე ფორმულის მართებულობა.

მოსწავლის დავალებაა:

     დახაზეთ თქვენთვის სასურველი სხვადასხვა ფორმის ნაკვეთები, დაყავით მართკუთხედებად და კვადრატებად და სცადეთ თითოეული ნახაზის ფართობის  გამოსათვლელი  ფორმულის გამოყვანა.

 მუშაობის დაწყებამდე  დაფიქრდით რისი ტოლია ფართობი?

რამდენი სხვადასხვა გზით შეიძლება ვიპოვოთ მართკუთხედის ფართობი? 

არის თუ არა მართკუთხედის ფართობი მისი შემადგენელი ნაწილების ფართობების ჯამი?

დააკავშირეთ მოცემული ცოდნები ერთმანეთთან, გამოიყვანეთ ფორმულა და წარმოადგინეთ ფორმულის ვიზუალური მხარე.

განიხილეთ ჯერ რიცხვების შემთხვევაში გააანალიზე წესი, შემდეგ ცვლადის  შემთხვევაში, შეადარეთ  და   ეცადეთ ჩაწეროთ ფორმულა.

 

ნახ3

მოსწავლეები ატარებენ კვლევას. მართკუთხედის ფართობი, ერთი მხრივ

      აღნიშნული  ტიპის აქტივობა ეფუძნება კონსტრუქტივიზმის პრინციპებს. მოსწავლე საკუთარი გამოცდილების საფუძველზე ახალი ცოდნის აგებას ახდენს, ანუ სწავლობს აღმოჩენებით. თუ მოვიშველიებთ ბრუნერის თეორიას ,,ცოდნა პროცესია და არა პროდუქტი“, ასეთი ტიპის აქტივობები სწორედ ბრუნერის თეორიას იზიარებს.

აღნიშნული აქტივობა ხელს უწყობს მოსწავლის კვლევითი უნარ-ჩვევების განვითარებას, უღვიძებს ცნობისმოყვარეობას და მოტივაციას.

გამოყენებული ლიტერატურა:

https://math.ge/meshvide-klasi/.

განვითარებისა და სწავლის თეორიები. ონლაინ სახელმძღვანელო ავტორი მანანა ბოჭორიშვილი. (მასალები მომზადებულია სსუ მასწავლებლის მომზადების სამოცკრედიტიანი პროგრამის შესაბამისად)

 

რა არის ზურმუხტის ქსელი?

0

ზურმუხტის ქსელი   პანევროპული ეკოლოგიური ქსელია, რომელიც ევროპის ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას ემსახურება. იგი ევროპის ველური ბუნებისა და ბუნებრივი ჰაბიტატების დაცვის კონვენციის (ბერნის კონვენცია, 1979) დანერგვის ერთ-ერთი მთავარი მექანიზმია.

ევროკავშირში ბერნის კონვენციის აღსრულება1992 წლის 21 მაისის საბჭოს დირექტივით – „ბუნებრივი ჰაბიტატებისა და ველური ფაუნისა და ფლორის კონსერვაციის შესახებ“ (ჰაბიტატების დირექტივა)  ხდება. ბერნის კონვენცია ევროპის ბუნების დაცვის პოლიტიკის ქვაკუთხედია. რადგან ბერნის კონვენცია ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებსაც (მაგ., შვეიცარია, უკრაინა, საქართველო და სხვ.) მოიცავს, ანუ მისი გეოგრაფია  უფრო ფართოდა და  ევროკავშირის ფარგლებს სცდება, სწორედ ამიტომ ზურმუხტის ქსელი, როგორც პანევროპული ეკოლოგიური ქსელი ისე განიხილება, ხოლო „ნატურა 2000“ პრაქტიკულად მის ნაწილს წარმოადგენს. უნდა აღინიშნოს, რომ  შესაძლოა დროთა განმავლობაში  ამ ორი ქსელის სრული შერწყმაც კი მოხდეს. ზურმუხტის ქსელი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების ფაზაშია და ამ პროცესის დასრულების შემდეგ, იგი მსოფლიოს უდიდესი ეკოლოგიური ქსელი იქნება, რომელიც   ევროპასა და ჩრდილოეთ აფრიკაში მდებარე დაცულ ტერიტორიებს გააერთიანებს.

ბერნის კონვენცია ეყრდნობა პრინციპს, რომ სახეობების გრძელვადიანი გადარჩენა შეუძლებელია იმ ჰაბიტატების დაცვის გარეშე, სადაც ისინი ბინადრობენ. შესაბამისად, ბერნის კონვენცია მთავარ აქცენტს სწორედ ბუნებრივი ჰაბიტატების შენარჩუნებაზე აკეთებს. ამისათვის მთელ ევროპაში ხდება ისეთი ადგილების შერჩევა, რომლებიც განსაკუთრებით მდიდარია ბერნის კონვენციის დაცვის ქვეშ მყოფი ჰაბიტატებითა და სახეობებით. ასეთ ტერიტორიებს ენიჭებათ „სპეციალური კონსერვაციული მნიშვნელობის მქონე ტერიტორიების“ (Areas of Special Conservation Interest-ASCI) განსაკუთრებული კონსერვაციული მნიშვნელობის მქონე სტატუსი და ისინი ერთიანდება ე.წ. „ზურმუხტის ქსელში“. ხშირად მათ „ზურმუხტის ქსელის ტერიტორიებს“ ან „ზურმუხტის ტერიტორიებსაც“ უწოდებენ.

საქართველო, ბერნის კონვენციას, პარლამენტის 2008 წლის ბოლოს შეუერთდა და  ამით სახელმწიფომ ვალდებულიება აიღო  მონაწილეობა მიიღოს ზურმუხტის ქსელის შენარჩუნებასა და გაფართოებაში.

ზურმუხტის ქსელის მიზანი იმ სახეობების დაცვაა, რომელთა გრძელვადიანი გადარჩენა შეუძლებელია თუ არ მოხდა  მათი ბუნებრივი ჰაბიტატების შენარჩუნება.    ეს სახეობები  და  ჰაბიტატები ბერნის კონვენციის მიხედვითაა განსაზღვრული. ჩამონათვალში შესულია ევროპაში გავრცელებული  1000-მდე სახეობა და 200-მდე სხვადასხვა ტიპის ჰაბიტატი, საიდანაც  200-ზე მეტი სახეობა და   50-ზე მეტი ჰაბიტატი  გვხვდება საქართველოში.  შესაბამისად, საქართველო ვალდებულია დაიცვას ესჰაბიტატები.

ტერიტორია ზურმუხტის ქსელის ნაწილად ანუ ზურმუხტის ტერიტორიად შეიძლება გამოცხადდეს, თუ იგი  აკმაყოფილებს ჩამოთვლილი კრიტერიუმებიდან სულ ცოტა ერთს მაინც:

ა) მას მნიშვნელოვანი წვილილი შეაქვს ენდემური და საფრთხის წინაშე მყოფი სახეობებისა და/ან ბერნის კონვენციის პირველ და მეორე დანართებში მითითებული სახეობების დაცვაში;

ბ) ტერიტორია მდებარეობს ბიომრავალფეროვნებით განსაკუთრებით მდიდარ რეგიონში და წარმოადგენს საბინადროს სახეობების მნიშვნელოვანი რაოდენობისთვის ან ერთი, ან რამდენიმე სახეობის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პოპულაციისთვის;

გ) წარმოადგენს საფრთხეში მყოფი ჰაბიტატის სანიმუშო ტერიტორიას ან მოიცავს ასეთი ჰაბიტატის მნიშვნელოვან მონაკვეთს;ზურმუხტის ქსელი შეიძლება მოიცავდეს სრულიად სხვადასხვა ტიპის ეკოსისტემას: ტყეებს, ტბებსა და მდინარეებს, საზღვაო ეკოსისტემებს, მდელოებს, მღვიმეებსა და გამოქვაბულებს და ა.შ. ასევე სხვადასხვა სამართლებრივი სტატუსის მქონე ტერიტორიას. მაგ., ნებისმიერი კატეგორიის დაცულ ტერიტორიას ან მის ნაწილს, სახელმწიფო თუ კერძო საკუთრებაში არსებულ მიწებს, სასოფლო-სამეურნეო მიწებს, ურბანულ ზონებსაც კი.

2017 წელს საქართველოს მთავრობის ინიციატივით ზურმუხტის ქსელის 3 ტერიტორია (ლაგოდეხი, ვაშლოვანი და ბაწარა) ოფიციალურად გამოცხადდა ზურმუხტის ქსელის ტერიტორიებად, რაც პირველი პრეცედენტია კავკასიის რეგიონში.

2021 წლის მდგომარეობით, საქართველოში ზურმუხტის ქსელის ფართობი 1 307 501 ჰ-ია, რაც  ჩვენი ქვეყნის ფართობის 18.75%  შეადგენს და ზურმუხტის ქსელის 66 ტერიტორიას მოიცავს, რომელთაგანაც 46 დამტკიცებულია, 16 შეთავაზებული და 4  ჯერ კიდევ  შეთავაზებული კანდიდატია.  მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ზურმუხტის ქსელის 44%  საქართველოს დაცულ ტერიტორიებს ემთხვევა.

ზურმუხტის ქსელის გეოგრაფია  საქართველოში (წყარო: ორგანიზაცია  „ნაკრესი“ )

აღსანიშნავია, რომ „ზურმუხტის ქსელს“, განსხვავებით კლასიკური დაცული ტერიტორიებისგან, არ შემოაქვს სტანდარტული შეზღუდვები ადამიანის საქმიანობაში. თითოეული კატეგორიის დაცული ტერიტორიის დაარსება გულისხმობს მის ფარგლებში ამ კატეგორიისთვის კანონით განსაზღვრული შეზღუდვების დაწესებას და, შესაბამისად, ეს შეზღუდვები ერთნაირია ყველგან, სადაც ამ კატეგორიის დაცული ტერიტორია იქმნება. ზურმუხტის ტერიტორიებზე კი ადამიანის საქმიანობის შეზღუდვები შეიძლება განსხვავებული იყოს სხვადასხვა ტერიტორიაზე, რადგან აქ ნებადართულია პრაქტიკულად ყველა საქმიანობა, რომელიც ზიანს არ აყენებს ბერნის კონვენციით დაცულ კონკრეტულ სახეობას ან ჰაბიტატს, რომელიც ამ ტერიტორიაზე გვხვდება და რომელთა დასაცავადაც შეიქმნა მოცემული ტერიტორია.

ზურმუხტის ქსელის ტერიტორიის დაარსების შემდეგ, აუცილებელია შემუშავდეს ამ ტერიტორიის კონსერვაციული მიზნები/ამოცანები და მართვის გეგმა, სადაც მითითებული იქნება ის სახეობები და ჰაბიტატები, რომელთა დაცვა აუცილებელია ტერიტორიის ფარგლებში;  ერთადერთი, რასაც ზურმუხტის ქსელი ცალსახად კრძალავს, არის უარყოფითი ზემოქმედება ბერნის კონვენციით დაცულ ჰაბიტატებსა და სახეობებზე.

გამოყენებული ლიტერატურა:

Emerald Network of Areas of Special Conservation Interest  – https://www.coe.int/en/web/bern-convention/emerald-network

https://emerald.eea.europa.eu/

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო – https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/17069

ზურმუხტის ქსელი – ველური ბუნების შენარჩუნების ისტრუმენტი. 2018   – https://www.undp.org/ka/georgia/publications/%E1%83%96%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%9B%E1%83%A3%E1%83%AE%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A5%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A9%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%98-2018
ზურმუხტის ქსელი – ინსტრუმენტი ევროპის ბუნებრივი ჰაბიტატების დასაცავად – https://rm.coe.int/16806a6d04

ზურმუხტის ქსელი – კითხვები და პასუხები – https://www.nacres.org/files/pdf/georgian_zurmukhti.pdf

ნატურა 2000 –https://ec.europa.eu/environment/nature/natura2000/index_en.htm

შუქნიშნის დამზადება პროგრამა GeoGebra-ში

0

რთულია საგზაო მოძრაობის წესების წარმოდგენა მოძრაობის გამარტივების მთავარი ინსტრუმენტის გარეშე, რაც არის შუქნიშანი. იგი შექმნილია როგორც სატრანსპორტო საშუალებების, ასევე ფეხით მოსიარულეთა მოძრაობის რეგულირებისთვის და გასაადვილებლად.

დღეს ყველას ესმის, რა არის შუქნიშანი. ფერები: წითელი, ყვითელი და მწვანე ნაცნობია ბავშვისთვისაც კი.

თუმცა იყო დრო, როცა ეს ოპტიკური მოწყობილობები არ არსებობდა და არც ისე ადვილი იყო ქუჩის გადაკვეთა. განსაკუთრებით დიდ ქალაქებში გამვლელებს დიდი ხნით უწევდათ გაუთავებელი ცხენებით გაყვანილი ურმების გაშვება.

იყო დაბნეულობა და გაუთავებელი კამათი გზაჯვარედინზე.

5 აგვისტოს აღინიშნება შუქნიშნის საერთაშორისო დღე, რომელიც უკავშირდება 1914 წელს. ამ დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქალაქ კლივლენდში გამოჩნდა შუქნიშნის წინამორბედი მოწყობილობა, მას ჰქონდა მხოლოდ ორი ფერის ფანარი, წითელი და მწვანე. ფერთა მონაცვლეობის დროს გადამრთველი მოწყობილობა იძლეოდა ხმოვან სიგნალს.

პირველი შუქნიშნის გამოგონება უკავშირდება ინგლისელ ჯეი ნაიტს ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში. შუქნიშნის ტიპის აპარატი დამონტაჟებული იყო ლონდონში 1868 წელს პარლამენტის შენობასთან ახლოს. სამი წლის შემდეგ აღნიშნული მოწყობილობა მწყობრიდან გამოვიდა და აფეთქდა, რის შედეგად დაშავდა პოლიციელი. ამის შემდეგ შუქნიშნის არსებობა დაივიწყეს 50 წლის განმავლობაში, მხოლოდ 1910 წელს შეიმუშავეს და დააპატენტეს პირველი ავტომატური ორფერიანი შუქნიშნის მოწყობილობა. თანამედროვე სამფერიანი შუქნიშანი პირველად 1920 წელს გამოჩნდა ამერიკაში, კერძოდ დეტროიტსა და ნიუ-იორკში. დროთა განმავლობაში შუქნიშანი იმდენად პოპულარული გახდა, რომ მთელს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპაში გავრცელდა.

შუქნიშნის დამზადება პროგრამა GeoGebra-ში

თანამედროვე ბავშვი ცხოვრობს ელექტრონულ სამყაროში. იცვლება მასწავლებლის როლი და დანიშნულება საინფორმაციო ტექნოლოგიების სწავლებაში. შესაბამისად, მასწავლებელი უნდა ფლობდეს თანამედროვე ტექნიკას და ახალ სასწავლო ტექნოლოგიებს უკავშირებდეს საგაკვეთილო პროცესს.

GeoGebra არის დინამიურ- მათემატიკური პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც ერთმანეთში აერთიანებს  გეომეტრიას, ალგებრას, ელექტრონულ ცხრილებს, ფუნქციებს, დიაგრამებისა და სტატისტიკის თემებს ერთ მარტივად გამოყენებად პაკეტში. მასში ონლაინ მუშაობაც შესაძლებელია და ასევე შესაძლებელია მისი გადმოწერა და ინტერნეტის გარეშეც მუშაობა.

GeoGebra-ს გამოყენება შესაძლებელია მათემატიკის ყოველ გაკვეთილზე. ეს პროგრამა ერთ-ერთი საუკეთესო საგანმანათლებლო რესურსია განათლების სიჩქარის გასაზრდელად, განსაკუთრებით  მათემატიკაში. მასწავლებლებს შეუძლიათ გამოიყენონ ამ პროგრამის შესაძლებლობები თავიანთი მოსწავლეების სწავლების პროცესის გასაუმჯობესებლად ნებისმიერ დონეზე.

მოცემულ სტატიაში წარმოდგენილია პროგრამა GeoGebra-ში შუქნიშნის დამზადება, რომელიც მოითხოვს მოსწავლეებისაგან სხვადასხვა გეომეტრიული აგებების ცოდნას, რომლის გაკეთებაც შეიძლება შევთავაზოთ მოსწავლეებს კომპლექსური დავალების სახით საბაზო საფეხურზე (უფრო მარტივი ვარიანტი შესაძლებელია დაწყებით საფეხურზეც გაკეთდეს), რაც აამაღლებს მოსწავლეთა მოტივაციას და ხელს შეუწყობს ცოდნის განზოგადებას.

I ნაწილი – შუქნიშნის დამზადება

გავხსნათ პროგრამა GeoGebra (შესაძლებელია ონლაინ მუშაობაც), ავირჩიოთ სახატავი არე და ალგებრის ფანჯარა და შევუდგეთ შუქნიშნის დამზადებას.

ავიღოთ ხელსაწყო წრეწირი ცენტრითა და რადიუსით და

სახატავ არეზე შემოვხაზოთ სამი ტოლი წრეწირი  (პირობითად ავიღოთ 0.9 ერთეული რადიუსის წრეწირები  ცენტრით (10,-1),(10,1) და (10,3))  და გავაფერადოთ შუქნიშნის ფერებში  (წითელი, ყვითელი, მწვანე). მოვათავსოთ მართკუთხედში, რომელსაც მივცეთ შავი შეფერილობა. ამ მართკუთხედის ქვედა ბოლოზე შუაში ვერტიკალურად აღვმართოთ ერთეული სიგრძის მონაკვეთი, რომელიც სტილის ზოლიდან შეგვიძლია გავამსხვილოთ და მივცეთ შავი შეფერილობა. შემოვიღოთ სრიალა მთელი რიცხვი 1-დან 45-მდე (20 წამი წითელი, 5 წამი ყვითელი და 20 წამი -მწვანე)

 

მოცემულ წრეებს ჩავურთოთ პირობები, თუ რა შემთხვევაში გამოჩდნენ (შესაბამის წრეზე მაუსის მარჯვენა ღილაკზე დაწკაპებით შევდივართ მის თვისებებში და ვირჩევთ -დეტალური-პირობა ობიექტის საჩვენებლად). მწვანე n<=20, ყვითელი 20<n<=25 და წითელი 25<n<=45. თუ ჩავურთავთ სრიალას ანიმაციას (სრიალაზე მაუსის მარჯვენა ღილაკზე დაწკაპებით ანიმაციის ჩართვა), მორიგეობით გაჩნდება ხან ერთი, ხან მეორე და ხან მესამე წრე. ეს ანიმაცია უნდა იყოს ზრდადი და თანაც სიჩქარე ისე შევცვალოთ, რომ სრიალის ცვლილება წამში მოხდეს. შევიდეთ სრიალას თვისებებში (მარჯვენა ღილაკით) და ანიმაციის სისწრაფედ დავწეროთ 1/6 და რხევადის ნაცვლად ავირჩიოთ ზრდადი.

ჩვენ შეგვიძლია გამოვსახოთ ტაბლო, რომელზეც გამოსახული იქნება დროის მნიშვნელობა კლებადობით, რა დროც დაჭირდება, რომ ჩაქრეს წრე. მართკუთხედის ზედა მარჯვენა კუთხეში ჰორიზონტალურად გამოვაბათ მონაკვეთი, რომელიც გავამსხვილოთ და ხელსაწყოთი -მრავალკუთხედის აგება მივამაგროთ ტაბლო.

შეტანის ველში ჩავწეროთ a=20-n, რომელიც გამოჩნდება ალგებრის ფანჯარაში და n-ის ზრდასთან ერთად იქნება კლებადი. როცა a ერთნიშნა იქნება წინ დავუწეროთ 0 და გამოვიტანოთ ტექსტის სახით. ამისათვის შეტანის ველში ჩავწეროთ:

თუ(a < 10, “0” + a, “” + a)

ეს ტექსტი გამოჩნდება სახატავ არეზე, რომელსაც შეგვიძლია მივცეთ სასურველი ზომა და მწვანე შეფერილობა. შევიდეთ მოცემული ტექსტის თვისებებში (დეტალური) და პირობა ობიექტის საჩვენებლად ჩავწეროთ n<=20. წავიღოთ ტექსტი და ტაბლოზე დავამაგროთ. ასეთი ტექსტი გავაკეთოთ წითელი წრისთვის. შეტანის ველში ჩავწეროთ b=45-n და იგივე პრინციპით, რომ იყოს ორნიშნა შეტანის ველში ჩავწეროთ:

თუ(b < 10, “0” + b, “” + b)

 

მივცეთ მიღებულ ტექსტს სასურველი ზომა და წითელი ფერი და დავამაგროთ ტაბლოზე. შევიდეთ მის თვისებებში და პირობა ობიექტის საჩვენებლად ჩავწეროთ n>=26.

ტექსტები და ობიექტები დავამაგროთ (მოვნიშნოთ და ჩავკეტოთ ბოქლომი ან მარჯვენა ღილაკი-დააფიქსირე ობიექტი), გამოვურთოთ აღნიშვნები, ასევე დავმალოთ არასასურველი  წერტილები (მარჯვენა ღილაკით) და ჩვენი შუქნიშანიც მზადაა.

II ნაწილი – მანქანის ჩასმა და შუქნიშნის მიხედვით მოძრაობა

 

ჩავსვათ მანქანა სურათის სახით და ავამოძრაოთ შუქნიშნის მიხედვით. ამისათვის ავიღოთ რაიმე მონაკვეთი (NO), მასზე დავსვათ რაიმე წერტილი (P) და მის მარჯვნივ და მარცხნივ მოვზომოთ თითო ერთეულის ტოლი ახალი წერტილები. შეგვიძლია ეს შეტანის ველით გავაკეთოთ. შეტანის ველში ჩავწეროთ:

P+(1,0) და  P-(1,0) (P მონაკვეთზე დასმული წერტილია).

მიღებული წერტილები (R და Q) მოვნიშნოთ, შევიდეთ სურათის ჩასმა, ავირჩიოთ წინასწარ გამზადებული სასურველი მანქანის სურათი, რის შემდეგაც მოხდება სურათის ჩასმა. თუ P წერტილს ჩავურთავთ ანიმაციას მანქანა დაიწყებს მოძრაობას მარცხნიდან მარჯვნივ. შევიდეთ სურათის თვისებებში (დეტალური) და სურათს მივცეთ შრე – 1. შეგვიძლია გავაკეთოთ გზის ეფექტი ორმაგი უტოლობის დახმარებით. შეტანის ველში ჩავწეროთ: -5<=y<=-3 (აქ რიცხვები პირობითია და დამოკიდებულია სახატავი არის ზომასა და მდებარეობაზე), მივიღებთ ზოლს რომელიც შეგვიძლია სასურველ ფერში გავაფერადოთ. დავარედაქტიროთ N წერტილი N=(-20,-4.5) და O წერტილი O=(20,-4.5) და მონაკვეთის ბოლოები აღარ გამოჩნდება. მონაკვეთი და წერტილები შეგვიძლია დამალოთ (მარჯვენა ღილაკი-აჩვენე ობიექტი-გამორთვა).

როგორ შეიძლება მანქანა გაჩერდეს წითელზე შუქნიშანთან ახლოს? (პირობითად თუ აღმოჩნდება Q წერტილის აბსცისა 6-დან 9-მდე, მაშინ გაჩერდეს, თუ წითელი ანთია)

შევიდეთ სრიალას თვისებებში. გადავიდეთ სკრიპტის წერა განახლებაზე და ჩავწეროთ:

თუ(n<=20,ანიმაციისდაწყება(P,true),თუ(6<=x(Q)<=9,ანიმაციისდაწყება(P,false)))

ჩვენ შეგვიძლია შემოვიღოთ ანიმაციის გაშვების ღილაკი და სრიალა დავმალოთ. ამისათვის ავიღოთ ღილაკი  დავარქვათ ანიმაცია და სკრიპტში ჩავწეროთ:

ანიმაციის დაწყება(n)

სრიალა, ბადე და ღერძები დავმალოთ ჩავრთოთ ანიმაცია და ვნახავთ, თუ როგორ მოძრაობს მანქანა შუქნიშნის მიხედვით.

 

ხოლო დამზადებული რესურსი ატვირთულია GeoGebra-ს ოფიციალურ გვერდზე:

https://www.geogebra.org/m/bvtuxr5y

მოცემული რესურსის მსგავსია რესურსი ,,გზაჯვარედინი“:

https://www.geogebra.org/m/wkdks6qj

ამდენად, სასწავლო პროცესში პროგრამა GeoGebra-ს გამოყენება მნიშვნელოვნად აუმჯობესებს განათლების ხარისხს, ააქტიურებს პროცესს, ზრდის მოსწავლეთა შესწავლის ინტერესს  და ეფექტურობას სასწავლო პროცესში, საშუალებას იძლევა უფრო სიღრმისეულად გავიგოთ  საგანმანათლებლო მასალა.

 

 

ყრუ-უსინათლო პირთა სწავლების საუკეთესო გამოცდილება და ნიშნები

0

ყრუ-უსინათლო ბავშვთა განათლება 1837 წლიდან იწყება, როცა პერკინსის უსინათლოთა სკოლამ პირველი ყრუ-უსინათლო მოსწავლე, ლაურა ბრიჯმანი მიიღო და მისი სწავლება მკაცრად რეგლამენტირებული პროგრამით დაიწყო. სწორედ ლაურას განათლებამ შექმნა მოდელი, რომლის მიხედვითაც ათწლეულების განმავლობაში პერკინსში ყრუ-უსინათლო სტუდენტებს ასწავლიდნენ. ლაურა ბრიჯმანის შემდეგ პერკინსში, ათწლეულების განმავლობაში ბევრმა ყრუ-უსინათლო ბავშვმა მიიღო განათლება. 50 წლის შემდეგ, პერკინსში ჰელენ კელერის მოსვლასთან ერთად არამნიშვნელოვნად, თუმცა რამდენადმე შეიცვალა მოსწავლეთა სწავლების მიდგომები. ასწავლიდნენ ინდივიდუალურ ძლიერ მხარეებზე დაყრდნობითა და საჭიროებების გათვალისწინებით.

დღესაც, ყრუ-უსინათლო ბავშვების სწავლებისას ინდივიდუალური მიდგომით ხელმძღვანელობენ. მნიშვნელოვანია, ყველა ბავშვს ჰქონდეს ინდივიდუალური სასწავლო პროგრამა, რომელიც დაეხმარება მას ზრდასა და წარმატებაში. შესაძლოა, დროთა განმავლობაში სწავლების მეთოდები შეიცვალა, მაგრამ საკვანძო საკითხები ახლაც აქტუალურია, მათ შორის:

  • როგორ დავეხმაროთ მოსწავლეებს ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობების შენებაში ოჯახის წევრებთან, თანატოლებთან და მათი ცხოვრების სხვა მნიშვნელოვან ადამიანებთან?
  • როგორ უზრუნველვყოთ პროგნოზირებადი რუტინა, რომელიც გაამართლებს მათ მოლოდინს და მოახდენს კომუნიკაციის სტიმულირებას?
  • როგორ განვავითაროთ მოსწავლის უნარი, გამოიყენოს კომუნიკაციის მრავალფეროვანი ფორმები და მეთოდები (მაგ., ჟესტები, საგნები, სურათები, მინიშნებები, მეტყველება), რომლითაც მიიღებენ და გასცემენ ინფორმაციას?
  • როგორ შევქმნათ ისეთი სასწავლო გარემო, რომელიც აღძრავს კომუნიკაციის სურვილს და გააღრმავებს და გაამრავალფეროვნებს მოსწავლის ინტერესებს?
  • როგორ უზრუნველვყოთ ისეთი კონცეფციის განვითარება, რომელიც სოციალური, აკადემიური და ფუნქციონალური უნარების განვითარებასთან მიგვიყვანს?
  • როგორ დავეხმაროთ მოსწავლეს, ააგოს და შეინარჩუნოს სოციალური ურთიერთობები?
  • გაიგოს ფიზიკური გარემოს ორგანიზაცია?
  • როგორ დავეხმაროთ მოსწავლეს უსაფრთხოდ გადაადგილებაში და იმაში, რომ იყოს თავდაჯერებული სხვადასხვა ფიზიკურ გარემოში?
  • როგორ გამოვიწვიოთ მოსწავლის ცნობისმოყვარეობა და განვავითაროთ პრობლემის გადაჭრის უნარები?
  • როგორ უზრუნველვყოთ მოსწავლე რეალური ცხოვრებისეული სასწავლო გამოცდილებებით?
  • როგორ მოვამზადოთ მოსწავლე სკოლიდან ზრდასრულ ცხოვრებაში ტრანზიციისთვის?
  • როგორ დავეხმაროთ მოსწავლეს, იცხოვროს აზრიანი და ბედნიერი ცხოვრებით?

მანამდე კი აუცილებელია, განათლებაში ჩართულმა ადამიანმა შეძლოს კონკრეტული ნიშნების ამოცნობა, რომელიც სმენა-მხედველობის ნაწილობრივ თუ თანდათანობით დაკარგვის შესახებ ინფორმაციას მიაწვდის მას.

ყრუუსინათლობის ნიშნები

როგორც წესი, ყრუ-უსინათლო პირთა უმრავლესობას შენარჩუნებული აქვს გარკვეული ხარისხის სმენა და/ან მხედველობა. ამასთან, ისიც ცნობილია, რომ ყრუუსუნათლობა შესაძლოა იყოს როგორც თანდაყოლილი, ასევე შეძენილი. შეძენილი ყრუუსინათლობის დროს ბევრ შემთხვევაში ორივე სენსორი თანდათანობით ქვეითდება და, შესაძლოა, დასაწყისში შეუმჩნეველიც კი დარჩეს. არსებობს კონკრეტული ნიშნები, რომლებიც დაგვეხმარება ამოვიცნოთ, აქვს თუ არა პირს სმენის და/ან მხედველობის დაქვეითება.

სმენის დაქვეითების ნიშნები:

  • ხშირად ითხოვს თანამოსაუბრისგან ნათქვამის გამეორებას;
  • ხმამაღლა უსმენს ტელევიზორს/რადიოს;
  • უჭირს უკანა მხრიდან მომავალი ხმის გაგონება;
  • ძირითადად თავად საუბრობს, რათა მოსმენა აირიდოს თავიდან;
  • აქვს საუბარში, განსაკუთრებით, რამდენიმე მოსაუბრის პირობებში, ჩართვის პრობლემა;
  • არ ესმის ისეთი ხმები, როგორებიცაა კარზე კაკუნი ან ზარის ხმა;
  • მოსაუბრეს სთხოვს, ისაუბროს უფრო ხმამაღლა, ნელა და გასაგებად;
  • მოსაუბრესთან უფრო ახლოს მიდის ან თავს ხრის მისი პირის აპარატისკენ, რათა უკეთ გაიგოს ხმა;
  • უჭირს მეტყველების გაგება ტელეფონზე საუბრისას;
  • უფრო მეტად უჭირს ბავშვისა და ქალის მეტყველების გარჩევა;
  • უჭირს მეტყველების გაგება ხმაურში და ა.შ..

უმცროსი ასაკის ბავშვებში სმენის დაზიანებისას:

  • ბავშვი არ რეაგირებს ხმამაღალ ბგერებზე;
  • არ ეძებს ან ვერ განსაზღვრავს ბგერის წყაროს;
  • წყვეტს ტიტინს და ხმების გამოცემას – საკუთარი ხმით ექსპერიმენტირებას;
  • ტიტინებს, თუმცა არ გადადის უფრო გასარჩევ მეტყველებაზე;
  • არ რეაგირებს ზრდასრულის ხმაზე, მაშინაც კი, როდესაც ხელში უჭირავთ და ბგერის წყაროსთან ახლოსაა;
  • შეიძლება ჰქონდეს ანომალიური ყურის ნიჟარა.

რაც შეეხება წინა სასკოლო და სკოლის ასაკს, შესაძლოა სმენის დაზიანების ეჭვი გაგვიჩნდეს, თუ სახეზეა შემდეგი ნიშნები:

  • არ აქვს რეაქცია მიმართვაზე;
  • არ ასრულებს/ვერ იგებს მარტივ მითითებებს, მაგ., „დაიხურე ქუდი!“;
  • განიცდის სირთულეებს კომუნიკაციისას;
  • მეტყველებისა და კომუნიკაციის უნარები ჩამორჩება განვითარებაში;
  • საუბრობს ძალიან ხმამაღლა;
  • ტელევიზორს უსმენს მაღალ ხმაზე;
  • ვერ იგებს ნათქვამს, თუკი უშუალოდ მოსაუბრეს არ უყურებს;
  • არასწორად პასუხობს შეკითხვებზე;
  • ვერ საზღვრავს, საიდან მოდის ბგერა;
  • სკოლის შემდეგ შესამჩნევად დაღლილია, რადგან უწევს დიდი ძალისხმევის გაწევა გაგებისთვის;
  • თავს იჩენს ქცევასთან დაკავშირებული პრობლემები;
  • თავს იჩენს სირთულეები ურთიერთობების დამყარებისას;
  • თავს იჩენს სირთულეები აკადემიური მოსწრების კუთხით.

მხედველობის დაქვეითების სიმპტომები:

  • უჭირს დანახვა დაბალი ან კაშკაშა სინათლის პირობებში;
  • უჭირს ნაცნობი ადამიანების სახეების ამოცნობა;
  • უჭირს სახის გამომეტყველების გარჩევა;
  • ჩვეულებრივზე უფრო ხშირად იყენებს შეხებას საგნების საპოვნელად და ამოსაცნობად;
  • წიგნი ან გაზეთი სახესთან ძალიან ახლოს უჭირავს ან ძალიან ახლოს ჯდება ტელევიზორთან;
  • კითხვისას სჭირდება დამატებითი სინათლე;
  • უჭირს გადაადგილება უცნობ ადგილებში – ხშირად ეჯახება ან ფეხს წამოჰკრავს საგნებსა და ობიექტებს;
  • ეჯახება ავეჯს ოთახში გადაადგილებისას;
  • არ უყურებს მოსაუბრეს პირდაპირ ან ვერ ამყარებს შესაბამის თვალით კონტაქტს.

მხედველობის პრობლემის შესაძლო ნიშნები უმცროსი ასაკის ბავშვებში:

  • თვალების სწრაფი, სპონტანური ციმციმის ან ბიძგისებური მოძრაობა (ნისტაგმი);
  • არ აყოლებს თვალს უფროსის სახეს ან საგნებს;
  • არ ამყარებს თვალით კონტაქტს ოჯახის წევრებთან;
  • არ რეაგირებს კაშკაშა შუქზე;
  • აქვს მომატებული მგრძნობელობა შუქზე;
  • თვალის გუგები უფრო თეთრი ან ბუნდოვანი/მღვრიეა, ვიდრე შავი;
  • აქვს გაწითლებული ქუთუთოები;
  • თავი გადახრილი აქვს ერთ მხარეს;
  • აქვს ჭარბი ცრემლდენა.

მხედველობის პრობლემის შესაძლო ნიშნები სკოლის ასაკის ბავშვებში:

  • ჩივილი დისკომფორტსა და დაღლილობაზე;
  • თვალების ხშირი სრესა და ხამხამი;
  • ყურადღების ხანმოკლე კონცენტრაცია;
  • კითხვისა და სხვა მსგავსი აქტივობებისაგან თავის არიდება;
  • ხშირი თავის ტკივილი;
  • ცალი თვალის დახუჭვა/დაფარვა;
  • საკითხავი მასალის სახესთან ძალიან ახლოს ჭერა;
  • გაორებული ხედვა;
  • სირთულეები კითხვისას – სტროფის დაკარგვა, ადგილის არევა და ა.შ.;
  • შუქზე მომატებული მგრძნობელობა;
  • უკეთესი ხედვა დღის შუქზე;
  • წაკითხულის დამახსოვრების სირთულე.

სმენის განსხვავებული მდგომარეობები

სმენის დაზიანება არის მდგომარეობა, როცა ადამიანის სმენის შესაძლებლობა შეზღუდულია, რაც ართულებს მეტყველებისა და სხვა ხმების გაგონებას.

სმენის დაზიანების სამი ძირითადი ტიპი არსებობს: სენსონევრალური, კონდუქტიური და შერეული.

სენსონევრალურია სმენის დაქვეითება, როცა დაზიანება ეხება შიდა ყურსა და სმენის ნერვს. ამ ტიპის სმენის დაზიანება, ჩვეულებრივ, სახეზეა მაშინ, როცა დაზიანებულია სმენის ორგანოს  – ლოკოკინას წამწამოვანი უჯრედები.

სენსონევრალური სმენის დაქვეითება სმენის დაზიანების ყველაზე გავრცელებული ტიპია. ის შესაძლოა გამოწვეული იყოს ხანდაზმულობით, ხმაურის ზემოქმედებით, ტრავმებით, სხვადასხვა დაავადებით, მედიკამენტებითა და მემკვიდრული მდგომარეობით. როგორც წესი, ამ ტიპის სმენის დაზიანების მკურნალობა შეუძლებელია მედიკამენტური ან ქირურგიული ჩარევით. თუმცა, სენსონევრალური სმენის დაზიანების მქონე ბევრი ადამიანი წარმატებით იყენებს სმენის აპარატებსა და კოხლეარულ იმპლანტს.

კონდუქტიური სმენის დაზიანება მოიცავს გარე და შიდა ყურს და ართულებს შიდა ყურში ბგერის გადაცემას. ბგერის წინაღობად შესაძლოა იქცეს გოგირდის საცობი ან სასმენ მილში არსებული სხვა უცხო სხეული. რაც შეეხება შუა ყურს, აქ, შესაძლოა, პრობლემის წყაროდ იქცეს ჩაგროვილი სითხე, ინფექცია ან ძვლების ანომალიები. ასევე, შესაძლოა, დაზიანებული იყოს დაფის აპკი.

კონდუქტიური სმენის დაქვეითების მკურნალობა ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლებელია სამედიცინო და ქირურგიული ჩარევით. ამ ტიპის სმენის დაზიანება ხშირია ბავშვებში და გამოწვეულია ყურის ინფექციებითა და სასმენ მილში უცხო სხეულების მოხვედრით.

შერეული სმენის დაზიანება სენსონევრალური და კონდუქტიური სმენის დაზიანების კომბინაციას წარმოადგენს.

იმის გათვალისწინებით, თუ რა სიმძიმითაა გამოვლენილი სმენის დაქვეითება, მის სხვადასხვა ხარისხს განარჩევენ.

ცხრილში (2) მოცემულია სმენის დაზიანების ხარისხის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული კლასიფიკაცია.

სმენის დაქვეითების ხარისხი სმენის დაქვეითების დიაპაზონი (დბ)
ნორმალური სმენა -10 – 15
მსუბუქი 16 – 25
ზომიერი 26 – 40
საშუალო 41 – 55
ზომიერად მძიმე 56 – 70
მძიმე 71 – 90
უმძიმესი 91+

ცხრილი (2)

მხედველობის განსხვავებული მდგომარეობები

მხედველობის დარღვევის ძირითადი ტიპები

  1. ცენტრალური მხედველობის დაზიანება, როცა ცენტრში მხედველობა გაბუნდოვანებულია ან დაფარულია ბნელი წერტილით/ლაქით, პერიფერიული მხედველობა კი უცვლელი რჩება. ამ ტიპის მხედველობის დაზიანებისას თავს იჩენს სირთულეები კითხვისას, სახეების ამოცნობისას, შორი მანძილიდან საგნების დეტალების გარჩევისას. გადაადგილებაზე, როგორც წესი, არ ახდენს გავლენას, რადგან პერიფერიული მხედველობა შენარჩუნებულია.
  2. პერიფერიული მხედველობის დაზიანება, ასევე ცნობილია, როგორც გვირაბისებური მხედველობა. ხასიათდება პერიფერიული ხედვის შეუძლებლობით, ცენტრალური ხედვა კი შენარჩუნებულია. ამ ტიპის მხედველობის დაზიანების მქონე ადამიანს არ შეუძლია საგნის დანახვა თუკი ის, უშუალოდ, მის წინ არ არის მოთავსებული. პერიფერიული მხედველობის დაზიანება დაბრკოლებებს წარმოშობს ყოველდღიურობაში. გავლენას ახდენს ზოგად ორიენტაციაზე, გადაადგილების შესაძლებლობაზე და ღამე/სიბნელეში ხედვაზე.
  3. ბუნდოვანი ხედვა – მხედველობის სიმახვილის დაქვეითება, როცა ხედვა გაბუნდოვანებულია, საგნები ვერ ექცევა ფოკუსში. ამ ტიპის მხედველობის დაზიანება შესაძლოა დაფიქსირდეს როგორც ორივე, ასევე ერთ თვალში და მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ადამიანის ცხოვრების ხარისხზე. მის პირობებში გართულებულია ისეთი ყოველდღიური ამოცანების შესრულება, როგორიცაა მანქანის მართვა, კითხვა, კომპიუტერთან მუშაობა და ა.შ.
  4. გადაჭარბებული მგრძნობელობა სინათლის მიმართ, როცა სტანდარტული განათება ძლიერ აღიზიანებს მხედველობის სისტემას, აბუნდოვანებს გამოსახულებას და ამცირებს მხედველობის შესაძლებლობას. ამ ტიპის მხედველობის დაზიანების მქონე პირები, როგორც წესი, განიცდიან ტკივილსა და დისკომფორტს სტანდარტული/ნორმალური დონის განათებისგან.
  5. ღამის უსინათლობა –  ღამე, სიბნელეში და სუსტად განათებულ ინტერიერში – მაგ., ქუჩაში ვარსკვლავების ან მთვარის შუქზე, რესტორანში, კინოთეატრებში და ა.შ. – ხედვის შეუძლებლობა.

 

ტექნოლოგიების ეპოქაში ეკრანებსა თუ ყურსასმენების მოხმარებაზე მიჯაჭვულობის მაღალი მაჩვენებელიც ზრდის ჩვენს საკლასო ოთახებში სმენა-მხედველობის ერთდროული დაქვეითების მქონე  მოსწავლეების არსებობის ალბათობას. ამდენად, მათი მდგომარეობის შესახებ სათანადოდ ინფორმირებულობა და მართებული თუ დროული ჩარევა  მოგვცემს საშუალებას, სწორად დაიგეგმოს  ამგვარი მოსწავლის სასწავლო პროცესი და თანდათანობით შედეგებიც ისეთივე თვალსაჩინო იყოს, როგორც ეს სკოლები მსოფლიოს წამყვან ქვეყნებშია.

[1] სტატია მომზადდა პოლონელ ექსპერტებთან და მათ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ფარგლებში მიღებული ცოდნის კვალობაზე. წყარო: https://deafblind.ge/resources-geo/publications-geo/

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...