ჩვენს ერთგულს მკითხველებს, საინტერესო, განსაკუთრებულ ავტორებს, დიზაინერს, მხატვარ-ილუსტრატორს, რედაქტორ-კორექტორებს, თითოეულ ადამიანს ვისაც თავისი წვლილი შეაქვს ამ რესურსების შექმნაში, ჩვენს ქვეყანას, ჩვენს მოსწავლეებს, მასწავლებლებს, სკოლის დირექტორებს, მშობლებს, გილოცავთ შობა- ახალ წელს!
პოეზია მედიტაციაა
„ლიტერატურაში არსებობს ორი ურთიერთსაპირისპირო მიმართულება: ერთი ისწრაფვის, ენა გარდაქმნას უწონო ელემენტად, რომელიც ღრუბელივით დაცურავს (ან, უფრო უკეთ, მაგნიტური ველივით), მეორე – ენას მისცეს წონა, სიმკვრივე და ობიექტთა და სხეულთა კონკრეტულობა“.
იტალო კალვინო, „სიმსუბუქე“ („ექვსი შენიშვნა მომავალი ათასწლეულისთვის“)[1]
„მედიტაცია მოგვაგონებს ცეკვას, მხატვრობას, პოეზიას. შესაბამისად, მას შეგვიძლია ხელოვნება ვუწოდოთ“.
ოშო
ხელოვნება – საზღვრების დარღვევაა და მატერიალური სამყაროს მიღმა გახედვა. ამიტომ გვიზიდავს ხელოვნების ჭეშმარიტი ქმნილებები, რომლებსაც იდუმალი ძალით გადავყავართ სხვა განზომილებაში, სადაც ფორმები აღარ არსებობს, თუმცა სწორედ ფორმაა ის, რამაც შეუცნობლის საიდუმლო კარი გაგვიღო. ამ თემას ეძღვნება იტალო კალვინოს ესეი „სიმსუბუქე“.ერთგან კალვინო წერს: „ყოველ ჯერზე, როდესაც მეჩვენება, რომ კაცობრიობა განწირულია სიმძიმისთვის, მინდა, ის გადავიტანო სხვა განზომილებაში. მე არ ვგულისხმობ ფანტაზიის სამყაროში გაქცევას – ვგულისხმობ სამყაროს სხვა რაკურსით ხედვას, სხვა ლოგიკით და შეცნობის სხვა მეთოდებით“.ეს ერთგვარი მედიტაციის მდგომარეობაა – გაიხედო საგანთა სხვა მხარეს და არა მხოლოდ საგანთა, არამედ ფიზიკური სამყაროსა და საკუთარი თავის სხვა მხარესაც. საზოგადოდ, ფორმათა მიღმა: არაფერში… და იქცე არაფრად, გახდე არავინ… სწორედ ისე, როგორც ემილი დიკინსონის ამ ლექსშია:„- მე ვარ არავინ – შენ ნეტავ ვინ ხარ? – ნუთუ შენც დღემდე არავინ იყავ?- კეთილი, მაგრამ ნურავის ვეტყვით, – ყველა არავინ იმქვეყნად მიჰყავთ. ვიყოთ მე და შენ ბედის ანაბრად, კიდევ კარგი, რომ არვინ არა ვართ – როგორ იოლად ავცდით ორივე, აურზაურს და დავიდარაბას…“(„მე ვარ არავინ“)ხედავთ, როგორ დაკარგა ადამიანმა საზღვრები და იქცა აბსტრაქციად, არაფრად? ის, რაც დროში ხდება, ადამიანურ საზღვრებშია, ხოლო მარადიული – უცვლელია. პოეტურ მედიტაციებში დრო და მარადისობა ხვდება ერთმანეთს, ან, უბრალოდ, ადგილებს უცვლის. დაახლოებით ისე, როგორც გალაკტიონის ამ ლექსშია:„რომ ყოველივე მიმდინარეობს, და იმავე დროს დგას ყოველივე“.ბარათაშვილის „შემოღამება მთაწმინდაზედ“ ასეთივე პათოსითაა სავსე:„მე, შენსა მჭვრეტელს, მავიწყდების საწუთროება,
გულის-თქმა ჩემი შენს იქითა… ეძიებს სადგურს,
ზენაართ სამყოფთ, რომ დაშთოს ის ამაოება…
მაგრამ ვერ სცნობენ, გლახ, მოკვდავნი განგებას ციურს!“სიტყვებით აღწერილი მედიტაციური მდგომარეობაა გამოთქმული ამ სტრიქონებით. თითქოს სული მიმოიქცევა ორ ნაპირს შორის. პოეზიაში ძალიან კონკრეტული საგნები ბუნდოვანდება და გადადის აბსტრაქციაში და პირიქით: სულის ხილვები ზოგჯერ ისეთ ხელშესახებ ფორმებს იძენს, თითქოს მართლა არსებობდნენ ფიზიკურ სამყაროში.ამ ოპოზიციის საუკეთესო წარმომადგენლებად იტალო კალვინო კავალკანტისა და დანტე ალიგიერის ასახელებს. თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ ერთი პოეტის შემთხვევაშიც შესაძლებელია კონკრეტულიდან აბსტრაქტულისკენ და აბსტრაქტულიდან კონკრეტულისკენ პოეტური სახეების მიმოქცევა. აგერ ბარათაშვილის „ძალიან კონკრეტული“ ხილვაც… ლამპარის ფონზე:„ვპოვე ტაძარი შესაფარი, უდაბნოდ მდგარი;მუნ ენთო მარად უქრობელი წმიდა ლამპარი.ანგელოსთაგან იკროდა მუნ დავითის ქნარი,და განისმოდა ციურთ დასთა გალობის ზარი!(„ვპოვე ტაძარი“)
„პოეტი ისაა, ვინც ხედავს ზეზღვრულ, აბსოლუტურ ჭეშმარიტებას. როდესაც ფიზიკურ, ვიტალურ, მენტალურ, დროდადრო ფსიქიკურ პლანზე შევნიშნავთ განსაკუთრებულ პოეტს, რომელიც მთელ სამყაროს სთავაზობს თავის განძს, ჩვენ მას ვაფასებთ, ჩვენ მისით აღფრთოვანებულები ვარ. მაგრამ თუ პოეტში დავინახავთ ჭეშმარიტების მაძიებელს, ჭეშმარიტების მოყვარეს, ნამდვილ რეალობას პოეტის ხილვაში, მაშინ ერთი ნაბიჯით წინ წავიწევით. ჩვენ აღმოვაჩენთ განუყოფელ ერთობას პოეტთან“ (შრი ჩინმოი, „პოეზია – გზა აღტაცებისკენ“).
პოეზია მედიტაციაა. ცნობიერების შეცვლილი მდგომარეობა, სხვა განზომილება, სხვა რაკურსი, სხვა აღქმა და შემეცნება.
„არც გონებაა და არც ფორმა, მე მხოლოდ ვარსებობ;
ყველა აზრი და სურვილი გაქრა.
საბოლოოდ დასრულდა ბუნების ცეკვა.
ვისაც ვეძებდი, ის ვარ.
აღტაცების სამეფოს კარი გაიხსნა;
შეცნობილისა და შემცნობის მიღმა
მე უსაზღვრო სიმშვიდით ვტკბები;
და ვუმზერ მხოლოდ ერთს.
ცხოვრების საიდუმლო გზები განვვლე,
მე მიზნად ვიქეცი.
უცვლელი ჭეშმარიტება გაიხსნა ჩემ წინ:
მე ვარ გზა და სული-უფალი.
სულმა შეიცნო ყველა სიმაღლე, ვდუმვარ მნათობის გულში.
მე არ მეხება არც დრო და არც საქმენი;
დასრულდა ჩემი კოსმიური თამაში“.
(შრი ჩინმოი, „აბსოლუტი“)[2]
სხვა განზომილებაში გადასული ადამიანი თავს გრძნობს კოსმოსად. „ვდუმვარ მნათობთა გულში“ – იტყვის ჩინმოი, ხოლო თანამედროვე ქართველი პოეტი, რატი ამაღლობელი, კოსმოსს ასე განიცდის:
„წარმოიდგინე თავის ნაცვლად,
ან გულის ნაცვლად
მზე გაქვს,
მთვარე კი,
პლანეტები და ვარსკვლავები –
არიან შენი შინაგანი ორგანოები.
ღვიძლი, ფილტვები, თირკმელები,
სულაც თვალები,
მოქსოვილია მათი შუქით,
ნისლოვანებით“.
(„სული“)
საოცარია: აზრი სიტყვების მეშვეობით აქციო მატერიად და მერე ეს მატერია ისევ სიტყვების მეშვეობით დაშალო და აქციო არაფრად…
ეს შეუძლია პოეზიას.
ეს არის პოეზია.
ეს კი შალვა ბაკურაძეა:
„სიტყვები, თითქოს ბალახია, ერთი შეხედვით,მაგრამ კარგად თუ დააკვირდი, მათი ფეხებივაზის ფესვივით ცეცხლგამძლეა და უფრო მეტიც -მე მათზე ვსახლობ, მათზე მძინავს, მათზე დავდივარ…“
[1] https://www.paranteza.info/post/calvino-six-memos-1 (ქართულად თარგმნა მალხაზ ხარბედიამ)
[2] შრი ჩინმოი – ინდოელი გურუ, პოეტი, ფილოსოფოსი, მხატვარი
ჩვენი მეგობარი პადინგტონი
ჩემი მესამეკლასელი მოსწავლეებისთვის კითხვის პროექტის განსახორციელებლად წიგნს ვეძებდი. ბიბლუსში შევიარე, სადაც ახლობელი ახალგაზრდა გოგონა მუშაობდა, ვიცოდი, ძალიან უყვარდა საბავშვო ლიტერატურის კითხვა. მისი რჩევით მაიკლ ბონდის „დათვი, სახელად პადინგტონი” შევარჩიე. ასე დაიწყო ჩვენი თავგადასავლები საუცხოო სამყაროში.
ქართულ ენაზე, ჯერჯერობით სამი წიგნია ნათარგმნი ამ პატარა, უსაყვარლეს დათუნიაზე: ,,დათვი, სახელად პადინგტონი”, ,,პადინგტონი გვეხმარება“ და ,,პადინგტონის ახალი თავგადასავალი“.
ჩვენს პროექტს დავარქვით ,,ჩვენი მეგობარი პადინგტონი“. გთავაზობთ აქტივობებს, რომლებიც ამ პროექტის ფარგლებში განვახორციელეთ:
აქტივობა პირველი – პატარებთან ერთად პროექტის გახსნის დღე დავთქვით, მოვრთეთ საკლასო ოთახი საზეიმოდ, გავალამაზეთ იგი ჩვენი საყვარელი სათამაშო დათუნიებით. გავაკარით პადინგტონის ფოტოები, გამოვთქვით ვარაუდები წიგნის შინაარსთან დაკავშირებით; ჩამოვწერეთ ფურცლებზე ჩვენი მოლოდინები, ვნახეთ ნაწყვეტები პადინგტონის თავგადასავლების მიხედვით გადაღებული ფილმებიდან; ვიმსჯელეთ, ვისაუბრეთ ნანახის ირგვლივ და ერთმანეთს პირობა მივეცით, რომ წიგნის კითხვის დასრულებამდე, ფილმს არ ვნახავდით. ბოლოს კი კალათში ჩავყარეთ ჩვენი დათუნიას საყვარელი ნუგბარი – მარმელადი და ფლაერებთან ერთად მთელს სკოლაში დავარიგეთ. ასე მოვუწოდებდით ყველას, რომ ჩვენთან ერთად დაეწყოთ ამ წიგნის კითხვა.
აქტივობა მეორე – ერთ დღეს თოჯინა პადინგტონი გვესტუმრა კლასში. ეს თოჯინა ერთ-ერთი მოსწავლის დედიკომ მოგვიქსოვა. საყვარელი თოჯინა მალე ყველამ შეიყვარა. პატარებს მორიგეობით მიჰყავდათ სახლში, უვლიდნენ, დაჰყავდათ სტუმრად, ერთად მეცადინეობდნენ, სეირნობდნენ, იძინებდნენ და მეორე დღეს ისევ მოჰყავდათ სკოლაში. ჩვენი საყვარელი თოჯინა ხშირად გვესწრებოდა გაკვეთილებზე, დაგვყავდა ექსკურსიებზე.
აქტივობა მესამე – მოვაწყვეთ ,,მარმელადობა”. ერთ-ერთი მოსწავლის დედიკომ წიგნის პერსონაჟი მისის ბირდი განასახიერა და პატარებთან ერთად დათუნიას ფორმის მარმელადი მოგვიმზადა. მარმელადის მომზადების რეცეპტი გულდაგულ ჩავიწერეთ, რათა სახლში კიდევ ერთხელ დაგვეგემოვნებინა საოცარი ნუგბარი.
აქტივობა მეოთხე – ერთ დღეს მოსწავლეებს მათემატიკური ამოცანები მოვუმზადე, რომლის გმირებიც პადინგტონი და მისი ოჯახის წევრები იყვნენ. მოსწავლეებმა ხალისით ამოხსნეს საყვარელი გმირების მიხედვით შედგენილი ამოცანები. გაგაცნობთ რამდენიმე ამოცანას:
- პადინგტონი წიგნს კითხულობდა, რომელიც 400-გვერდიანია. წაიკითხა 100 გვერდი. რამდენი გვერდი დარჩა წასაკითხი?
- პადინგტონმა 41 მარმელადი იყიდა. პირველ დღეს შეჭამა 12 ცალი. მეორე დღეს – 25. რამდენი მარმელადი დარჩა პადინგტონს?
- ჯუდიმ ამოხსნა 8 ამოცანა, ჯონათანმა – 3-ჯერ მეტი. რამდენი ამოცანა ამოხსნა ჯონათანმა?
- მისტერ ბ რაუნმა 16 ბანანი გაწურა, მისის ბრაუნმა 2-ჯერ ნაკლები, ვიდრე მისტერ ბრაუნმა, ხოლო პადინგტონმა 12-ით მეტი, ვიდრე მისის ბრაუნმა. რამდენი ბანანი გაწურა პადინგტონმა?
- მისის ბირდმა ლანგარზე დადო 36 ორცხობილა. რამდენი ორცხობილა შეჭამა პადინგტონმა, თუ ლანგარზე დარჩა 12 ორცხობილა?
აქტივობა მეხუთე – არც პოეზია დავიწყებიათ პატარებს და ხუთსტრიქონიანი ლექსის წერის შესწავლისას საინტერესო ლექსები მიუძღვნეს პადინგტონს. დაწერეს ფერად ფურცლებზე, გააფორმეს და საკლასო ოთახში გამოფინეს. ლექსების წერისას ლექსიკური მარაგიც გაიმდიდრეს და უამრავი საფერებელი სიტყვაც მიუძღვნეს საყვარელ დათუნიას. საკუთარ ლექსებს ისე მხატვრულად და სითბოთი უკითხავდნენ ერთმანეთს, რომ მათ მოსმენას არაფერი სჯობდა.
აქტივობა მეექვსე – შევხვდით წიგნის მთარგმნელს, ქალბატონ თეა ბაკურაძეს. შეხვედრამ ძალიან საინტერესოდ ჩაიარა. ქალბატონმა თეამ პატარებს მოუყვა პადინგტონის თარგმნის ისტორია, უპასუხა მათ შეკითხვებს. დაახატვინა საყვარელი ეპიზოდი ნაწარმოებიდან. ესაუბრა წიგნებზე, თარგმანებზე, საკუთარ პროფესიაზე. ჩვენმა სტუმარმა ბავშვებს დიდი სითბო და სიყვარული აჩუქა. ვფიქრობ, მათ ეს დღე არასოდეს დაავიწყდებათ.
აქტივობა მეშვიდე – პროექტის დახურვა საზეიმოდ მოვაწყვეთ. ჩავატარეთ ვიქტორინა, გავაკეთეთ პადინგტონის აპლიკაცია, გავაცოცხლეთ ნაწარმოების ოთხი პერსონაჟი, ეს როლი მშობლებმა მოირგეს. ,,მამიდა ლუსიმ” პატარებს უსაყვარლესი ძმისშვილის, პადინგტონის შესახებ მოუყვა ბავშვებს, შემდეგ კი საინტერესო მოთხრობა წაუკითხა, დარიგებები მისცა და ქილებში საგულდაგულოდ ჩალაგებული მარმელადებით გაუმასპინძლდა. მისის ბრაუნი თავისი შვილების ჯუდისა და ჯონათანის შესახებ ესაუბრა პატარებს და ,,ცხელ-ცხელი” საიდუმლოებებიც გაანდო მათ. მისის ბირდმა ამჯერად წიგნის მიხედვით შედგენილი გამოცანები წაუკითხა ბავშვებს, ხოლო მისის კლაიდმა პირობა დადო, რომ აღარასოდეს მოიქცეოდა ცუდად. ბოლოს მისის ბირდმა და მისის კლაიდმა ულამაზესი სიმღერა შეუსრულეს ბავშვებს, რომლის ტექსტის ავტორიც ჩვენი ერთ-ერთი მოსწავლის დედიკო გახლდათ. ბოლოს ყველამ ერთად ვიცეკვეთ პადინგტონისადმი მიძღვნილ ულამაზეს სიმღერაზე (Paddington sang).
ასეთი იყო პადინგტონთან ერთად ჩვენი თავგადასავალი სამი თვის განმავლობაში, რომელმაც დიდ სიამოვნებასთან ერთად დაგვიხვეწა კითხვის უნარები, გაგვიმდიდრა ლექსიკური მარაგი, შეგვაყვარა ცხოველები, გვასწავლა მზრუნველობა, ფიქრი, აზროვნება, ერთობლივი მუშაობა, სხვა კუთხით დაგვაახლოვა დედიკოებთან და გვაზიარა ბევრ სითბოსა და სიყვარულს.
კანონი ჩვენს მხარეს
როგორ ავუხსნათ ბავშვებს კანონმორჩილების მნიშვნელობა
ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მიხედვით კანონმორჩილი მოქალაქის აღზრდა სკოლის ერთ-ერთი მთავარი მიზანია. შესაბამისად, სკოლაში 12 წლიანი ყოფნის დროს, სხვადასხვა საგნის სწავლების პროცესში, ბავშვებს უნდა ავუხსნათ, რას ნიშნავს კანონის დაცვა და წესების კრიტიკულად გააზრება. გააზრება მეტად მნიშვნელოვანია, რადგან სიტყვებს – „კანონი“ და „წესრიგი“ – ავტორიტარული რეჟიმებიც მართვის მთავარ მექანიზმად იყენებენ. სწორედ ამ გამოწვევის პასუხად, სკოლის ამოცანა არა მხოლოდ კანონმორჩილი ადამიანის აღზრდა უნდა იყოს, არამედ მოაზროვნე ადამიანის, რომელიც ემორჩილება კანონს, რომლის სულისკვეთებაც ესმის; რომელიც იაზრებს, რა საფუძველი ჰქონდა ამა თუ იმ კანონის მიღებას და რით განსხვავდება კანონმორჩილება დემოკრატიულ და ავტორიტარულ სახელმწიფოში.
როგორ მივაღწიოთ ამას ბავშვებთან, მაშინ როცა მათი მშობლების ასაკის მოქალაქეებსაც კი უჭირთ ერთმანეთისგან გამიჯნონ უპირობო მორჩილება და გააზრებული კანონმორჩილება? მარტივად – ჩავრთოთ ბავშვები სასკოლო წესების, შინაგანაწესის, წესდების შემუშავებაში. მივცეთ შესაძლებლობა, გადახედონ და შეაფასონ უკვე დადგენილი რეგულაციები, რომელიც უსამართლოდ მიაჩნიათ. გააკრიტიკონ, იმსჯელონ, დისკუსიები მოაწყონ იმ საკითხებზე, რაც მათ ეხებათ, თუმცა მხოლოდ ზრდასრულების დაკანონებულია. წავახალისოთ მოსწავლეთა თვითმართველობა, იმუშაოს თანატოლებთან. წავახალისოთ ოპოზიციური აზროვნება, საწინააღმდეგო აზრის გამოხატვა, არგუმენტირებული მსჯელობა, განსხვავებული მოსაზრებების მქონე თანატოლების მშვიდობიანი თანაარსებობა სასკოლო სივრცეში. ამით ჩვენ მოსწავლეებს ბავშვობიდან მივაჩვევთ, რომ ნებისმიერი კანონი, რომელიც შენ გეხება, უნდა გაიაზრო, ამის შემდეგ კი ან დაეთანხმო და დაემორჩილო ან გააპროტესტო, შეცვლა მოითხოვო, უკეთესის შემუშავებისთვის დრო და რესურსი გამოყო.
სამართლებრივი ცნება „კანონის უზენაესობა“ ყოველდღიური საუბრებისთვის ზედმეტად მკაცრად ჟღერს და ერთი შეხედვით მხოლოდ პოლიტიკურ და სასამართლო პროცესებთან ასოცირდება.
სინამდვილეში, ეს ცნება ყველა ჩვენგანის ყოველდღიურობას ეხება. კანონის უზენაესობა გარანტიაა, რომ ჩვენ, ერთმანეთისგან განსხვავებული ადამიანები, ჩვენი უფლებრივი მდგომარეობით ერთმანეთის თანასწორი ვართ. კანონი ეს იგივეა, რაც ჩარჩო მშვიდობიანი თანაცხოვრებისთვის. კანონი წესრიგის საფუძველია. კანონის უზენაესობა გვჭირდება რიგით ადამიანებს, მათ შორის, მოსწავლეებს, მასწავლებლებს, მშობლებს, რადგან ის გვიცავს მათგან, ვინც ფლობს ძალაუფლებას, გვიცავს ერთპიროვნული მმართველობისგან.
ბავშვობიდან თუ სასჯელით, პოლიციით, კანონით შევაშინებთ მოსწავლეებს, დიდი შანსია, სამართალდამცავი სისტემის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება ჩამოუყალიბდეთ. კანონი არა მათ მხარეს, არამედ მათ წინააღმდეგ წარმოიდგინონ, რაც, ცხადია, გაზრდის სხვადასხვა რისკებს.
ბავშვებმა უნდა იცოდნენ, რომ წესებს და კანონებს ვინმე ერთპიროვნულად არ იღებს. საქართველოს პარლამენტის მიღებულ ყველა კანონს თავისი არგუმენტები აქვს და ახსნა-განმარტებითი ბარათი ახლავს, სადაც აღწერილია, რატომ დადგა ამ კანონის მიღების საჭიროება. არგუმენტები საჯაროა და ყველა მოქალაქეს აქვს უფლება გაეცნოს თითოეული კანონის სულისკვეთებას. ბავშვებმა უნდა იცოდნენ, რომ არც მათ სკოლაში აქვს ვინმეს უფლება დააკანონოს რაიმე ერთპიროვნულად, ფაქტობრივი (და არა ფიქციური) განხილვისა და დისკუსიების გარეშე.
ბავშვებმა უნდა იცოდნენ, რომ კანონები მათი შეზღუდვისთვის კი არ იქმნება, არამედ თანასწორობისთვის და საზოგადოებრივი წესრიგისთვის. თუ ამის გააზრებაში დავეხმარებით, იქნებ, აღარ დაეთანხმონ საზოგადოებაში გავრცელებულ მოსაზრებას: „კანონი იმისთვის არსებობს, რომ უნდა დაარღვიო“.
პრაქტიკული განმარტებისთვის შეიძლება შუქნიშნის მაგალითი გამოგვადგეს: როდესაც შუქნიშანზე ვჩერდებით, ამ მოქმედებით ჩვენ გზას ვუთმობთ სხვა ადამიანს. ანალოგიურად იქცევა სხვა, როცა ჩვენ ვკვეთთ გზას. თუ ჩვენ არ დავუთმობთ სხვას, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ იმ ადამიანზე უპირატესად მივიჩნევთ ჩვენს თავს, მას კი ვამცირებთ. ეს დაარღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და შექმნის დაპირისპირების რისკებს.
ყველას გვინახავს საცობში მიმავალი მანქანების რიგები და სულსწრაფი მძღოლები, რომლებიც მოძრაობის წესების დარღვევით ცდილობენ გადაუსწრონ წინ მდგომ მანქანებს. რაც არა მხოლოდ კანონდარღვევად შეიძლება შეფასდეს, არამედ სხვა ადამიანების ღირსების შელახვადაც, რასაც არც თუ იშვიათად მოჰყვება ხოლმე ხმაურიანი გარჩევები.
ცხოვრებისეული სიტუაციური ამოცანების სიღრმისეული განხილვა დაეხმარებოდა მოსწავლეებს, კანონის უზენაესობის მნიშვნელობის გააზრებაში. ასეთ საკითხებზე მსჯელობით მოსწავლეები შეიძენენ და განივითარებენ სამართლიანობის კულტურას, საზოგადოებაში ქცევის წესებს, პასუხისმგებლობიანი მოქალაქის ქცევებს.
ასეთი გაკვეთილებით დავეხმარებით მოსწავლეებს, გაიაზრონ მოქალაქეობის არსი და შეცვალონ დამოკიდებულება ძალაუფლების გამოყენების მიმართ, რაც ასეთი პოპულარულია ჩვენში საბჭოთა კავშირის დაშლიდან სამი ათეული წლის შემდეგაც კი.
მოსწავლეების პიროვნულ და სოციალურ ტრანსფორმაციებს სკოლაში მიღებულმა ფორმალურმა და არაფორმალურმა განათლებამ უნდა შეუწყოს ხელი, რაც ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებით 2004 წლიდან გვაქვს განსაზღვრული.
გამოყენებული ბმულები:
https://matsne.gov.ge/ka/document/view/11098?publication=0
https://www.facebook.com/mshoblebiganatlebistvis/videos/694793335555075
„ყოველთვის შეგიძლია იპოვო უკეთესი ვერსია“

„განათლებაში რევოლუციას ახდენს არა ტექნოლოგია, არამედ სამყაროს აღქმა“
ემრე ფირატი თურქი პედაგოგია, რომელმაც თავისი საგანმანათლებლო გზა მათემატიკის მასწავლებლობით დაიწყო. ამჟამად ის სტამბოლის რობერტ-კოლეჯის სასწავლო პროგრამების დეკანია და მიაჩნია, რომ პროფესიული წინსვლისთვის უწყვეტი განვითარებაა საჭირო. მსოფლიოში, სადაც ტექნოლოგიები მუდმივად ვითარდება და იცვლება, ემრე ფირატი განათლებას ფუტურისტული პერსპექტივიდან უყურებს და ხელმძღვანელობს დევიზით – „ყოველთვის შეგიძლია იპოვო უკეთესი ვერსია“.
უნდა მიჰყვეს თუ არა სკოლა თანამედროვე ტექნოლოგიებს და როდის შეძლებენ მასწავლებლები, ყურადღება მიაქციონ ყველა მოსწავლეს? – ამ საკითხებზე მას თავისი შეხედულებები აქვს:
„დღევანდელ მსოფლიოში სასკოლო სისტემას ყველა უჩივის. ეს იმიტომ ხდება, რომ ჩვენ ჯერ კიდევ მხარს ვუჭერთ მოძველებული სწავლის მოდელს, რომელიც ინდუსტრიული რევოლუციის შემდეგ შეიქმნა.
სკოლაში ახლა მთავარი პრობლემა ის არის, რომ ერთ მასწავლებელზე ძალიან ბევრი მოსწავლე მოდის. მეტიც, მასწავლებლები ჯერ ისევ ასწავლიან კლასებში და ისინი მოსწავლეებთან ერთად 6-8 საათი სხედან მერხებთან. ბავშვებს არ სურთ ასე სწავლა. მათ უფრო მეტად სწავლების ჰიბრიდული ფორმატი აინტერესებთ. ერთი მხრივ, მათ სურთ სოციალიზაცია და ექსპერტებთან, ოფლაინ მასწავლებლებთან ურთიერთობა. მეორე მხრივ, ისინი არ არიან მზად სკოლის შენობაში დღის მეოთხედი ან მესამედი გაატარონ. სხვათა შორის, არც მასწავლებლები.
COVID-19 პანდემია უდავოდ ტრაგიკული მოვლენაა, მაგრამ მან მთლიანად შეცვალა ჩვენი წარმოდგენა სწავლის შესახებ. მივხვდით, რომ ონლაინსწავლა უჩვეულო და რთულია, მაგრამ მაინც შესაძლებელი. დღევანდელ ბავშვებს სურთ პერსონალიზებული სწავლა და აქ ისევ ვაწყდებით მასწავლებლების ბავშვებისადმი დამოკიდებულების პრობლემას.
მასობრივი სწავლის მოდელი ყველას არ უხდება. ზოგჯერ ერთი მასწავლებელი ერთდროულად 30-40 ბავშვზეა პასუხისმგებელი. როგორ ვიპოვოთ ინდივიდუალური მიდგომა თითოეული ბავშვის მიმართ? ზოგიერთი სკოლა ცდილობს ამ მოდელისგან თავის დაღწევას და, როგორც ჩანს, ეს მუშაობს.
პრობლემა ის არის, რომ განათლების შეცვლით შედეგს მაშინვე ვერ ვხედავთ. ამიტომ საზოგადოება შეშფოთებულია იმით, რომ ჩვენ არ გვაქვს მტკიცებულება იმისა, რომ ექსპერიმენტული სკოლები მომგებიანია.
პრობლემის გადასაჭრელად შეგიძლიათ შექმნათ უფრო მცირე კლასები, გადაანაწილოთ პასუხისმგებლობები სკოლის პერსონალს შორის და შეამციროთ მასწავლებლების დატვირთვა. შესაძლოა ხელოვნური ინტელექტის საშუალებით, რომელიც მხარს უჭერს მასწავლებლებს, სკოლის ადმინისტრატორებს, ბავშვებს, გვექნება ღირსეული გამოსავალი. თუ მასწავლებელს მეტი დრო გამოუჩნდება თითოეული მოსწავლისთვის, ბავშვი შეძლებს მასწავლებლისგან მაღალი ხარისხის უკუკავშირის მიღებას. ეს დაეხმარება, მიაღწიოს მეტ წარმატებას კლასში.
რა თქმა უნდა, საკმაოდ რთულია ამ ყველაფრის საჯარო სკოლებში განხორციელება. ყველა სახელმწიფოს არ აქვს ბიუჯეტი და რესურსები მსგავსი ცვლილებებისთვის. ზოგიერთ ქვეყანას აქვს გარკვეული ბიუჯეტი განათლების რეფორმებისთვის, მაგრამ მათ შეიძლება არ ჰქონდეთ საკმარისი სახსრები ყველა სკოლისთვის. ჩნდება ეთიკური დილემა: მე, მაგალითად, როგორც განათლების სამინისტროს ხელმძღვანელმა, თუ არ მომეპოვება საკმარისი რესურსი, რომელიც საკმარისი იქნებოდა ყველა სკოლაში რეფორმების გასატარებლად, შემიძლია გავაუმჯობესო განათლება სკოლების მხოლოდ 20%-ში?
რა თქმა უნდა, სკოლებს სჭირდებათ საინფორმაციო და ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიები. პანდემიის დროს სწორედ IT უჭერდა მხარს სწავლას. თუმცა, ჩვენი ფოკუსი არ უნდა იყოს მხოლოდ ტექნოლოგია. აქცენტი ყოველთვის უნდა იყოს გადატანილი მოსწავლეებზე. თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება მაშინ ღირს, თუ ისინი მართლა სასარგებლოა მოსწავლეებისთვის.
არსებობს მრავალი გზა, რომ დაინერგოს IT განათლებაში ისე, რომ დააკმაყოფილოს მოსწავლეთა საჭიროებები. მაგალითად, ზოგიერთ ბავშვს, რომელიც შორს ცხოვრობს, დილის ხუთ საათზე უწევს ადგომა, რომ სკოლაში პირველ გაკვეთილს მიუსწროს. ასეთ სიტუაციაში სავსებით მიზანშეწონილია პირველი გაკვეთილის ჩატარება Zoom-ის მეშვეობით. მივცეთ ბავშვებს უფლება დანარჩენ გაკვეთილებზე დიდი შესვენების დროს მოვიდნენ. სირთულე ისევ ის არის, რომ ჩვენ არ გვაქვს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ ასეთი ცვლილებები სარგებელს მოუტანს ბავშვებსა და მასწავლებლებს. ეს მხოლოდ ჰიპოთეზაა.
მეტიც, სკოლაში თანამედროვე ტექნოლოგიების შესწავლა შინაარსიანი უნდა იყოს. მასწავლებლებმა და კურიკულუმების შემქმნელებმა უნდა ჰკითხონ საკუთარ თავს: „რატომ სჭირდებათ ბავშვებს ეს ინფორმაცია? როგორ შეუძლია მას დაეხმაროს მათ?“
მაგალითად, კრიპტოვალუტა არის შედარებით ახალი ტექნოლოგია, რომელიც პირდაპირ ცვლის თანამედროვე ეკონომიკას. თქვენ შეგიძლიათ უბრალოდ უთხრათ ბავშვებს, რა არის ეს ან შეგიძლიათ იფიქროთ იმაზე, როგორ დაეხმარება ეს ცოდნა ცხოვრებაში და სამაგიეროდ არა მხოლოდ იმსჯელოთ კრიპტოვალუტაზე, არამედ დააყენოთ ფულის საკითხი ადამიანის ცხოვრებაში. რა არის ვალუტა? რა განსაზღვრავს მის ღირებულებას? როგორ უნდა მართოთ თქვენი ფინანსები?
როდესაც გვეცოდინება, რატომ გვჭირდება კონკრეტული ტექნოლოგიები განათლებაში, ტექნოლოგიები დაიწყებენ ჩვენს დახმარებას. ჩემს გაკვეთილებზე ზოგიერთი ბავშვი ამჯობინებს iPad-ის გამოყენებას. ვინაიდან ეს ნამდვილად ეხმარება მათ ინფორმაციის შესწავლასა და ათვისებაში, ასევე ეხმარება იმაში, რომ არ გადატვირთონ ზურგჩანთები მძიმე სახელმძღვანელოებით. მე მათ ვაძლევ გაჯეტების გამოყენების უფლებას.
ყოველ ჯერზე, როცა საზოგადოებაში ახალი ტექნოლოგიები ჩნდება, ხალხი დარწმუნებულია, რომ ისინი რევოლუციას მოახდენენ განათლებაში. ასე იყო ტელევიზიით, ონლაინთამაშებით, ვირტუალური რეალობით. თუმცა, ვიდეოკონფერენცია ჩვენთან თითქმის 20 წელია არსებობს, მაგრამ მე არ მინახავს სკოლები, რომლებიც მათ რეგულარულად იყენებდნენ კორონოვირუსულ პანდემიამდე. განათლებაში რევოლუციას ახდენს არა ტექნოლოგია, არამედ სამყაროს აღქმა.
ტექნოლოგია ავითარებს ბავშვებში უმაღლესი დონის სააზროვნო უნარებს – შექმნის, შეფასებისა და ანალიზის უნარს. გარდა ამისა, თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით მოსწავლეებს უვითარდებათ კრიტიკული აზროვნება გარე სამყაროსთან მიმართებაში: მათ აქვთ ინფორმაციის მრავალი წყარო და, შესაბამისად, მისი გადამოწმების მეტი გზა. გარდა ამისა, გაჯეტები ეხმარება მათ კომუნიკაციის უნარების განვითარებაში.
თანამედროვე საზოგადოებაში ძნელია გაიზარდო ადამიანად, რომელსაც არ დასჭირდება ონლაინურთიერთობა.
სწორედ ამიტომ, ტექნოლოგიის გონივრულად გამოყენება დაეხმარება ბავშვებს სოციალიზაციაში კომპიუტერის გამოყენებით.
ტექნოლოგია ასევე სასარგებლოა, როდესაც საქმე ეხება უკუკავშირს. სპეციალური პროგრამების წყალობით მასწავლებელს შეუძლია არა მხოლოდ დღიურში ჩაინიშნოს შეფასება, არამედ დატოვოს კომენტარები და დამატებითი ბმულები შესასწავლად, რაც დაეხმარება მოსწავლეს შეცდომებზე მუშაობაში.
სასკოლო განათლებაში მნიშვნელოვანია, რომ შევინარჩუნოთ ზომიერება ტექნოლოგიებთან დაკავშირებით: ბავშვებს ეს არ მოსწონთ. მათ არ უხარიათ ზედიზედ 7-8 გაკვეთილი ეკრანს უყურონ. სკოლას უნდა ჰქონდეს ტექნოლოგიური და ადამიანური ურთიერთქმედების ბალანსი – წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ დავკარგავთ მნიშვნელოვან სოციალურ კავშირებს.
წარსულში ინდივიდებმა კაცობრიობა წინ წასწიეს – ახლა კი ამას გუნდები აკეთებენ. მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებმა ისწავლონ გუნდში მუშაობა. ამიტომ გამოიყენეთ ონლაინკონფერენციები, Zoom-ოთახები, გაზიარებული დოკუმენტები, სადაც ყველას შეუძლია ცვლილებების შეტანა, აკეთეთ პროექტები მთელი მსოფლიოს მოსწავლეებთან ერთად. ასე სწავლობენ ბავშვები ერთმანეთთან თანამშრომლობას.
გაამდიდრე ციფრული მასალა, დაამატეთ ციფრული წიგნები, YouTube-ვიდეოები, 3D მოდელები. რა თქმა უნდა, ყველაფრისთვის ერთად დრო არასაკმარისია, მაგრამ თუ გაქვთ შესაძლებლობა, დაეხმაროთ ბავშვებს რაიმე ტექნოლოგიის დახმარებით ახალი მასალის შესწავლაში, შეეცადეთ გამოიყენოთ ის.
მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებლები მუდმივად იყვნენ გადამზადებული ციფრულ ტექნოლოგიებში. მასწავლებლები, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში ასწავლიან, შეიძლება ვერ ორიენტირდებოდნენ ტექნოლოგიებში, მაგრამ დღევანდელ სამყაროში ეს აუცილებელია, თუ გსურთ ბავშვებთან მათთვის გასაგებ ენაზე ისაუბროთ. ტექნოლოგია სწრაფად ვითარდება: ერთ წელს იყენებ რაღაცას, შემდეგ წელს კი ის არავის სჭირდება. ამიტომ, მასწავლებელი, ისე როგორც არავინ, უნდა მისდევდეს ტექნოლოგიურ ინოვაციებს“.