პარასკევი, ივლისი 4, 2025
4 ივლისი, პარასკევი, 2025

სასარგებლო ბმულები ინგლისურის მასწავლებლებისთვის

0

„წესით, მეოთხე კლასამდე ბავშვებს მშობლიური ენის გარდა, სხვა არცერთ ენას არ უნდა ვასწავლიდეთ“, ამბობს სამხრეთ აფრიკელი მწერალი და განათლების სპეციალისტი იოჰან ვან ლილი, რომელიც განათლების საკითხებში ჩვენი სკოლის კონსულტანტია. დაფიქრებული ვუსმენ და მახსენდება, რამდენჯერ გამისწორებია პირველ ან მეორეკლასელთა რვეულებში ორ სხვადასხვა ანბანზე დაწერილი ერთი ენის სიტყვები, მაგალითად დog ან bოll. რამდენჯერ გამიმეორებია, რომელი ასოებია ეს უცნაურად დაბეჭდილი a და g, რომელიც მე დაფაზე არასდროს დამიწერია (!) და რომ ისინი ზუსტად ისე არ უნდა გადმოხატონ, როგორც წიგნშია. მახსენდება, რამდენჯერ მომისმენია გულგატეხილი ფრაზა – „მას, რა მოხდება, როგორც კითხულობენ, ისე რომ წერდნენ“. ან რამდენჯერ გამინეიტრალებია მორიგი A-ის კარნახისას დაფაზე დაწერილი ei-ით გამოწვეული დაძაბულობა ინგლისურის ანბანის 26 ასოზე მოყოლილი ზღაპრებით – რომ ყველა ასოს საკუთარი სახელი აქვს და ყოველთვის საჭირო არაა ამოკითხვისას სრული სახელებით მივმართოთ. სჯობს შევამოკლოთ, მაგ, როგორც „გიო“ და „თეო“, „გიორგის“ და „თეონას“ ნაცვლად, რადგან მათ ასე მოსწონთ. მახსენდება, რამდენჯერ გამიმეორებია, რომ მტკიცებით წინადადებას კითხვით წინადადებად ვერ გადავაქცევთ ბოლოში ინტონაციის უცნაური ცვლილებით, რომ ამ შემთხვევაში do ჩვენი საუკეთესო მეგობარია. ამავდროულად ვიხსენებ, რამდენჯერ მომიყოლია ამბავი to be ზმნაზე, რომელიც ისეთი მაგარი ტიპი აღმოჩნდა, რომ კითხვითი და უარყოფითი ფორმის საწარმოებლად სულელი do-ს დახმარება სულაც არ დასჭირდა, დაეჭიდა და დაამარცხა. მახსენდება ყველა შეცდომა, რომელიც ხშირად ტრაგედიად ეჩვენებათ ხოლმე და მეცინება ყველა ჩემს ახლა უკვე ტკბილ მოგონებებად ქცეულ გამოწვევებზე: დაწყებითი კლასების მასწავლებლობა თავისებურად ყველაზე რთული და ამავდროულად ყველაზე მაგარი რამაა.

გამოდის, რომ თურმე მეოთხე კლასამდე ბავშვებს საშუალებას უნდა ვაძლევდეთ ჯერ თავიანთ მშობლიურ ენას დაეუფლონ კარგად და, პარალელურად, მეორე ენის სწავლებით აღარ უნდა ვღლიდეთ. და რადგან რეალობაში ასე მაინც არ გამოდის, ყველანი მუდამ ვეძებთ და ვცდილობთ, რომ რამენაირად უცხო ენის გაკვეთილი ისეთი იყოს, რომ თამაშით ისწავლონ, ბევრს უყურონ, ბევრს უსმინონ, ბევრი ხატონ და ბევრი იმღერონ, შესაბამისად ნაკლები იზეპირონ და დაისტრესონ. დამეთანხმებით, დაწყებითი კლასებისთვის განკუთვნილი წიგნებიც უმეტესად ამ პრინციპზეა აგებული. თუმცა გარდა წიგნისა, გაკვეთილზე უამრავი რესურსის გამოყენება შეგვიძლია. თუ ინგლისურის მასწავლებელი ხართ, ამ მხრივ ძალიან გაგიმართლათ! ინტერნეტი სავსეა ისეთი საიტებითა და აპლიკაციებით, რომელთა გამოც ბავშვებს „საძაგელი წესების“ არსებობა სულ ავიწყდებათ და ინგლისურის გაკვეთილამდე, როგორც თავად ამბობენ „სულ წუთებს ითვლიან“.

ჩემს სარეკომენდაციო ჩამონათვალში პირველ ადგილს, რა თქმა უნდა, ქუიზლეტს

დავუთმობ.  ქუიზლეტი ორნაირად შეგიძლიათ გამოიყენოთ, როგორც საიტი და როგორც აპლიკაცია. დარეგისტრირებისას მიუთითეთ, რომ მასწავლებელი ხართ. ამის შემდეგ შეგიძლიათ იპოვოთ ან თავადვე შექმნათ საკუთარი ფლეშქარდები, იმის მიხედვით, თუ რა სიტყვებს ასწავლით მოცემულ მომენტში. სიტყვის შეყვანისას პლატფორმა თავად გთავაზობთ, რომელ ენაზე გსურთ განმარტების მითითება. ჩამონათვალში ქართულიც არის, თუმცა უმჯობესია, ქართული განმარტების ნაცვლად სურათი გამოიყენოთ. ასე ბავშვები უფრო სწრაფად ახერხებენ დამახსოვრებას. სიტყვის შესაფერისი ფოტო შეგიძლიათ თავადვე ატვირთოთ ან ქუიზლეტის მიერ შემოთავაზებულთაგან ერთ-ერთი აირჩიოთ.

ქუიზლეტს სწავლების, ტესტირებისა და დასაკავშირებელი თამაშის ფუნქციები აქვს. სწავლების ფუნქცია მოსწავლეს საშუალებას აძლევს ნელა და ნაბიჯ-ნაბიჯ გაჰყვეს თითოეულ სიტყვას და საფუძვლიანად დაიმახსოვროს. ტესტირების საშუალებით ცოდნის შემოწმება შეუძლიათ. ხოლო დასაკავშირებელი თამაში სწორედ ისაა, რისი ხათრითაც, მაგალითად, ჩემი მოსწავლეები მუდამ სწავლობენ ახალ სიტყვებს. გამარჯვებული ისაა, ვინც ყველაზე ნაკლებ დროში მოახერხებს სიტყვისა და მნიშვნელობის ან სიტყვისა და შესაბამისი სურათის დაკავშირებას. ამ თამაშს ხშირად ვიყენებ უშუალოდ სიტყვების ახსნის დღესაც, ასე ბავშვები კლასშივე ახერხებენ სიტყვების ნაწილის კარგად დამახსოვრებას. ქუიზლეტის აპლიკაცია შეგიძლიათ ტელეფონებშიც ჩამოტვირთოთ. თუკი მოსწავლეები საიტზე ან აპლიკაციაში თავიანთ ანგარიშებს გახსნიან და თქვენს კლასს შემოუერთდებიან, საშუალება გექნებათ, რომ მათი პროგრესი და შედეგები მუდამ აკონტროლოთ, დაინახავთ როდის ითამაშეს ან იმეცადინეს.

ქუიზლეტის შემდეგ ყველაზე ხშირად ლაივვორქშითს ვსტუმრობ.

საკუთარი ტესტების შედგენა და ატვირთვა აქაც შეგიძლიათ, თუმცა ეს საიტი სავარჯიშოების უზარმაზარი ბანკია და მასზე ნებისმიერ დროს შეძლებთ თქვენთვის სასურველი ტესტის ფურცლის პოვნას (და არამხოლოდ ინგლისურის გაკვეთილისთვის). რაც მთავარია, აქ ტესტების უმეტესობა ინტერაქციულია. მოსწავლეებს შეუძლიათ, ეკრანზევე ჩაწერონ, დააფიქსირონ, შემოხაზონ ან დააკავშირონ სწორი პასუხები, ბოლოს კი შემოწმების ფუნქციით გაიგონ, რას უპასუხეს სწორად, რას არასწორად და, შესაბამისად, 10-ბალიანი სისტემით შეფასდნენ. მოსწავლეებისთვის ბოლო ნაწილი განსაკუთრებით ამაღელვებელია ხოლმე.

საიტზე დარეგისტრირების შემთხვევაში ასევე შეგიძლიათ ზოგიერთი ტესტის ფურცელი ჩამოტვირთოთ, დაბეჭდოთ და საჭიროების შემთხვევაში ასე მიაწოდოთ მოსწავლეებს.

მესამე ადგილს თავისუფლად გავუნაწილებ კაჰუტსა და ქუიზიზს

იმ განსხვავებით, რომ კაჰუტი საკლასო ოთახის რესურსი უფროა, ცოდნის შესამოწმებლად, ქუიზიზი კი საშინაო დავალების რესურსად შეგვიძლია ვაქციოთ. კაჰუტზე დარეგისტრირების შემთხვევაში თავადაც შეგიძლიათ ტესტების აწყობა. საიტის უფასო ვერსია საშუალებას გაძლევთ მხოლოდ ერთი ტიპის ტესტი შექმნათ. კითხვების რაოდენობაში შეზღუდული არ ხართ და ლამაზი გაფორმებაც იქვე შეგიძლიათ აარჩიოთ. ტესტირებისას მოსწავლეები ეკრანზე ხედავენ შეკითხვას სავარაუდო პასუხებით. სავარაუდო პასუხებს პირობითად მინიჭებული აქვს რომელიმე გეომეტრიული ფიგურა და ფერი. კაჰუტის აპლიკაციის ან პირდაპირ საიტის საშუალებით მოსწავლეებს მარტივად შეუძლიათ, ტესტირებას სპეციალური ეკრანზევე მითითებული პინით შემოუერთდნენ. მათ უნდა შეძლონ სწორი პასუხის ფიგურისა და ფერის დაფიქსირება თავიანთი მოწყობილობის ეკრანზე. ყოველი შეკითხვის მერე ლიდერთა დაფა ახლდება და მოსწავლეებს სწორი პასუხების მიხედვით სხვადასხვა რაოდენობის ქულები ენიჭებათ.

ქუიზიზე თქვენს გაკვეთილის თემასთან დაკავშირებული ქვიზების პოვნა მარტივადაა შესაძლებელი. თითოეულ ქვიზს თავისი პინი აქვს, ამ პინის გაზიარება ლინკთან ერთად შეგიძლიათ. იმისთვის, რომ ქვიზი ჩაირთოს, აუცილებელია ერთზე მეტი მოსწავლე იყოს შესული. ასე სასწავლო ქვიზი ნამდვილ კომპიუტერულ თამაშს ემსგავსება და მოსწავლეებს მოტივაცია ეძლევათ, რომ როგორმე პირველ ადგილზე მოხვდნენ – მათ შორის ქვიზის რამდენჯერმე შესრულებითაც, რის დროსაც ბოლოს და ბოლოს ყველაფერს იმახსოვრებენ, რაც კი ქვიზშია და ასე და ამგვარად მასწავლებლის მიზანიც მიღწეული ხდება.

მეოთხე ადგილისთვის რეკომენდაციას ერთ სასარგებლო და ამასთანავე სუპერ სახალისო საიტს – ბამბუზელს ვუწევ.

ამ საიტის არსებობის შესახებ ცნობები სულაც ჩემი მოსწავლეებისგან მივიღე. საიტზე თამაშების სექციაში ათასობით ქვიზია ასობით სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით. საიტის უფასო ვერსია საშუალებას გაძლევთ, კლასიკური რეჟიმით შექმნათ ორი გუნდი (გუნდში მოსწავლეთა რაოდენობას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, თუმცა ქაოსისგან რომ თავი დაიზღვიოთ, გირჩევთ, მთელი კლასი მხოლოდ ორ გუნდად არ გაყოთ), თითოეულ გუნდს ენიჭება სახელი, რომელიც თავად სურთ. ამის შემდეგ ეკრანზე გამოჩნდება 15 კვადრატი. რიგრიგობით ხელის დაჭერით კვადრატები ტრიალდება და მოსწავლეები შეკითხვას ხედავენ. ყველა შეკითხვას სირთულის მიხედვით მინიჭებული აქვს ქულები. შიგადაშიგ კვადრატის უკან შესაძლებელია იყოს ისეთი შეტყობინება, რომელიც გუნდს აუწყებს, რომ მოწინააღმდეგე გუნდს ქულები უნდა აჩუქოს, ან მისგან იჩუქოს, ან ქულები სულ უნდა გაუნულდეთ, ან გაეცვალოთ – ეს დამატებითი მხიარულებაა. ყველაზე მთავარი – ამ საიტზე ყველა საგანთან დაკავშირებული თამაშების პოვნა შეიძლება, ასევე სხვადასხვა თემატიკისაც, როგორებიცაა, ფილმები, ანიმაციები, დროშები, ლოგოები და ა.შ.

გამომდინარე იქიდან, რომ ბავშვებს ფერადი და სახალისო გრაფიკული გამოსახულებებით თამაშები სულ იტაცებთ, შიგადაშიგ შეგვიძლია მშობლებს მათთვის ტელეფონში სპეციალური აპლიკაციების ჩაწერა ვთხოვოთ. მაგალითად, პირველკლასელებს ძალიან გამოადგებათ ABC Kids.

ეს თამაში საშუალებას გვაძლევს ავირჩიოთ 26 ასოდან ერთ-ერთი და მასთან დაკავშირებული მარტივი დავალებები შევასრულოთ, მაგალითად, გავაყოლოთ ფორმას თითი და ა.შ. რაც მთავარია, თამაშს ორი უსაყვარლესი გმირი ჰყავს, რომლებიც დავალებების შესრულებისას გვეხმარება, გვამხნევებს და მინიშნებებს გვაძლევს (ასოს დასახელებასაც სულ გიმეორებს).

მაღალკლასელებისთვის ტელეფონში ჩასაწერად easy5verbs,  Phrasal verbs და Grammar by British Council  გამოდგება.

easy5verbs ბრწყინვალე პლატფორმაა არაწესიერი ზმნების ფორმების დასასწავლად. წინასწარ შედგენილი პროგრამა მოსწავლეებს საშუალებას აძლევს სწავლის პროცესი გაკვეთილებად დაყონ და თითოეულ გაკვეთილში მაქსიმუმ სამი ან ოთხი არაწესიერი ზმნის დასწავლას დაუთმონ დრო. Phrasal verbs ფრაზულ ზმნებზეა კონცენტრირებული, Grammar by British Council კი ენის ნებისმიერი დონის მცოდნისთვის მოიცავს სხვადასხვა გაკვეთილებს.

მსგავსი ჩამონათვალი უსასრულოდ შეიძლება გაგრძელდეს. არსებულ რესურსებს კი უამრავი რამ შეიძლება დაემატოს. მთავარია, არ გაგვიჭირდეს იმ ფაქტის მიღება და გააზრება, რომ ეპოქის გათვალისწინებით იმ პატარების მასწავლებლობა მოგვიწია, რომლებსაც ტექნიკა და კომპიუტერული თამაშები განსაკუთრებით უყვართ. ჰოდა, ზომიერების ფარგლებში რატომ არ უნდა მივაწოდოთ მასალა ისე, როგორც მათ უყვართ?!

 

ბმულები

https://quizlet.com/

https://quizizz.com/?lng=en

https://kahoot.com/

https://www.liveworksheets.com/

https://www.baamboozle.com/

https://apps.apple.com/us/app/abc-kids-tracing-phonics/id1112482869

 

 

 

 

 

რა არის ნეიროკომუნიკაცია, ანუ დომინოს პრინციპი და პეპლის ეფექტი

0

ჩვენ ძალიან ცოტა ვიცით ადამიანის, ანუ ჩვენ შესახებ. ვიცით მხოლოდ ნაწილობრივ რაღაც, მაგრამ ვერ ვხედავთ მას მთლიანობაში. როგორც ვერ ვხედავთ მთლიანად აისბერგს ოკეანეში. მაგალითად, თუ ვსწავლობთ ფილოლოგიას, ვფიქრობთ, რომ ბიოლოგია არაფერ შუაშია; თუ ვსწავლობთ მათემატიკას, ლიტერატურა ზედმეტად გვეჩვენება და ასე შემდეგ. არადა, სამყაროში და ადამიანში (როგორც სამყაროში) ყველაფერი ურთიერთკავშირშია და არა მხოლოდ ურთიერთკავშირში, არამედ – ურთიერთგავლენაში და იმის მიუხედავად, ჩვენ ამ ყველაფერს ვამჩნევთ თუ არა. ერთ მშვენიერ დღეს კი აღმოვაჩენთ, რომ რაღაც ჩვენი არ არის, ჩვენ არ გვეკუთვნის (აზრი, ფიქრი, მოქმედება…), ვიწყებთ კვლევას და გამოძიებას – საიდან და როგორ მოვიდა მისი „ხმა“ ჩვენთან? საერთოდ რა არის ის, რაც ჩვენ გვეკუთვნის ან არ გვეკუთვნის? რას ნიშნავს ცოდნის ფლობა? ამ კითხვებს მივყავართ თვითგამოძიებამდე და თვითცნობიერების გაფართოებამდე, მაგრამ დიდი ლაბირინთის გავლა მოგვიწევს, ვიდრე სამყაროს და ადამიანს ამოვხსნიდეთ, გავიგებდეთ ჩვენი ბიოლოგიური მანქანის/სხეულის მართვის პარამეტრებს და გავაცნობიერებდეთ, პროგრამების მიხედვით და კვალად არსებობას. ესეც რომ აღმოაჩინო, ჩნდება შემდეგი კითხვა: შემიძლია თუ არა შევცვალო ის, რაც არ მომწონს და ეს როგორ უნდა მოვახერხო? სადამდეა ჩემი თავისუფალი ნება? რის შეცვლა შემიძლია და რის არა?

აი, ასე… ნებისმიერი მეცნიერებიდან თუ ცხოვრებისეული შემთხვევებიდან გადავდივართ უფრო დიდ სივრცეში, სადაც ჩვენი ღირებულებები, მსოფლხედვა და ასე შემდეგ, ნაცრად და კოსმიურ მტვრად იქცევა… შენც ამ მტვერთან ერთად იფანტები და ცდილობ, მოიხელთო, რა დარჩა შენგან, რაც არ გაიფანტა, რაც არ გაქრა…?

ოდესმე გიფიქრიათ, როგორ მუშაობს ჩვენი ტვინი სინამდვილეში? კონკრეტულად რა ხდება ჩვენს პატარა დანაოჭებულ ბურთში, სანამ ამ ტექსტს კითხულობთ? რა იმპულსი-რეაქციების მაჭარი ჩუხჩუხებს?

არ ვიცი, რამდენად „ტაბულა რაზა“ ვიბადებით, მაგრამ ერთი ცხადია: ამ ცხოვრების გამოცდილება პირველი დღეებიდანვე იწერება ახალშობილის ტვინში… მუშაობას იწყებს პირობითი და უპირობო რეფლექსები… იმპულსი და რეაქცია, ანუ მიზეზ-შედეგობრიობა ჩვენში იმთავითვე ქმნის ალგორითმების მთელს გროვას. ყველაფერი ეფუძნება გამოცდილებას – ჩვენი და სხვა ადამიანების…. ვსწავლობთ ბუნებას, გარემომცველ სამყაროს და მერე ეს ინფორმაცია შედის ჩვენი ცნობიერების მონაცემთა ბაზაში. ჩვენი ტვინი ჩვენი პატარა გუგლია. თუ არ გჯერათ, დააკვირდით საძიებოს სისტემების და ჩვენი ტვინის საძიებოს მუშაობას.

თანამედროვეობა განსაკუთრებით ხელსაყრელი აღმოჩნდა ახალი ცნობიერების ადამიანის ფორმირებისთვის: არა მხოლოდ ადამიანი – კიბორგის, რომლის გარდაუვალობაზე გვიყვებიან მეცნიერები, არამედ უფრო მაღალი ცნობიერების ადამიანის, რომელიც ტექნოლოგიებზე დაკვირვებით იღებს ახალ ცოდნას ადამიანის ცნობიერების, ტვინის მუშაობის შესახებ. და იმის გაცნობიერებაც იწყება: კიდევ რა ვართ ტვინის გარდა? ნუთუ ყველაფერს მხოლოდ ინფორმაცია და ენერგია განაგებს…? სად ცხოვრობს ჩვენი თავისუფალი ნება? ტვინში…? თუ სადმე სხვა სამალავი აქვს? თუ ჩვენი ტვინისთვის სულერთია, ნამდვილად ხდება მოვლენა თუ ვირტუალურად, – მაშინ რა აზრი აქვს საერთოდ ჩვენს „გარეთ გასვლას“, მოგზაურობას და ცხოვრების სხვა მოვლენებს? იქნებ ამიტომ ადამიანი სულ უფრო მეტად შეიკეტა „შავ სარკეში“, სადაც დაკარგა თავი, რადგან უფრო დიდ თავში აღმოჩნდა… სად არის გამოსავალი?

ყველაფერი, რასაც ჩვენ გამოცდილების სახით ვიღებთ ცხოვრებიდან, იწერება ჩვენს ნერვულ ქსელებში და კარგად ინახება ჩვენი ტვინის მონაცემთა ბაზაში. შესაბამის დროს კი საძიებოში ავტომატური ძებნა უმალ ცნობიერების ზედაპირზე ამოგვიგდებს ალგორითმს: შესაბამის სიტუაციებში შესაბამისი ქცევების პროგრამებს. ჩვენ ცხოვრებას ვიადვილებთ, ვეყრდნობით რა წარსულის გამოცდილებას და აღარ ვეძებთ გადაწყვეტის ახალ გზებს. მაგალითად, ბიჭთან/გოგოსთან სასიყვარულო ურთიერთობა მოზარდისთვის ტრავმული აღმოჩნდა – ეს ინფორმაცია კარგად შეინახა მისმა ტვინმა და შესაბამისი იმპულსის გაჩენისას პირველი რა ემოციაც წამოვა, ეს იქნება წარსულიდან მომავალი შედეგი: ეს ვიცი, ერთხელ როგორ დასრულდა, შესაბამისად, ცნობიერება მოემზადება ახალი საფრთხისთვის. ასე ხდება ყველა შემთხვევაში მანამ, სანამ არ გადაფასდება წარსულის გამოცდილება, რომელიც აწმყოში გვიქმნის პრობლემებს. ბევრი პროგრამა გვეხმარება და ბევრიც – გვაზიანებს. მაგალითად, „ცეცხლში თუ შეხვალ – დაიწვები“ – ეს ალგორითმი თქვენზე ზრუნავს, მაგრამ არსებობს ფსიქიკურ პროგრამებზე დაფუძნებული პროგრამები, რომლებიც გვაფერხებენ და ხელს გვიშლიან ცხოვრებაში.

მეცნიერებებიდან ცნობილია, რომ ბიოლოგიური ნერვული ქსელი არის ადამიანის ნერვული სისტემის ნაწილი, რომელიც მდებარეობს ტვინში. ეს არის ნეირონების ერთობლიობა, რომელიც გვეხმარება, ვიფიქროთ და მივიღოთ შესაბამისი გადაწყვეტილებები, აღვიქვათ და და შევიგრძნოთ ჩვენ გარშემო არსებული სამყარო.

 

 

და რა შუაშია ნეიროკომუნიკაცია…? ეს ყველაფერი, რაც აღვწერეთ, ნეიროკომუნიკაციაა და ახლა თუ ამ ყველაფერს გადავიტანთ ჭკვიან პროგრამებზე, ჭკვიან ტექნოლოგიებზე, ჭკვიან კამერებზე – მივიღებთ სრულიად სხვა პირად და სოციალურ ცხოვრებას; ეგეც საკითხავია, პირადი ცხოვრება დარჩება თუ არა?

ჭკვიანი პროგრამები აქეთ გვსწავლობენ: შეუძლიათ სახის ამოცნობა, იდენტიფიკაცია, ჩვენი იმპულსი-რეაქციების შესწავლა და, შესაბამისად, ჩვენი მართვაც, რადგან მათ ყველაფერი ეცოდინებათ ჩვენზე. ამას უკვე აკეთებენ სოციალური ქსელები.

ზოგ ქვეყანაში უკვე დაინერგა სკოლებში ჭკვიანი კამერები, რომლებიც ბავშვის განწყობას ამოიცნობენ და თუ 3 დღის განმავლობაში ისინი მოწყენილები იქნებიან, მშობლებს და მასწავლებელს უგზავნიან შეტყობინებას, რომ ბავშვს ესაჭიროება ფსიქოლოგი. მათ აგრეთვე შეუძლიათ შეაფასონ მოსწავლის ქცევები და გადახვევების შემთხვევაში განგაში ატეხონ, რომ მოსწავლე არაშესაბამისად იქცევა სკოლის დერეფანში გაკვეთილების მიმდინარეობისას. ყველაფერი, ერთი შეხედვით, მოსწავლისთვის კეთდება.

ნეიროკომუნიკაცია – დღეს ერთ-ერთი პოპულარული მიმართულებაა. ერთ მხარესაა ბიოლოგიური ნეირონული კავშირები – ადამიანის თავის ტვინი და მისი მუშაობის პრინციპები, ხოლო მეორე მხარეს – ხელოვნური ნეირონული ქსელები, რომლებიც ჩვენი ტვინის მუშაობის ანალოგიით არის შექმნილი. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხელოვნური ინტელექტის სახით ჩვენ საქმე გვაქვს გლობალურ ქსელთან, რომლის მონაცემთა ბაზაშია არა ერთი და ორი ტვინის გამოცდილება. შესაბამისად, ის ჩვენზე ძლიერია და გადაწყვეტილებებსაც უფრო სწრაფად იღებს. მას შეუძლია ჩვენი შესწავლა უფრო უკეთ, ვიდრე მშობელს.

რა გვრჩება, ჩვენ რომ გავაკეთოთ?

 

დომინოს პრინციპი და პეპლის ეფექტი

დომინოს პრინციპით ავხსნიდი ჩვენი ტვინის პროგრამებს: როცა გარკვეული იმპულსი იწვევს გარკვეულ რეაქციას და წარმოქმნის ელექტროქიმიური მოქმედებების ჯაჭვს. მაგალითად: ბავშვობის (ან ნებისმიერი წარსული დროის) ტრავმების გახსენებით ჩვენ უბრალო ფაქტს კი არ ვიხსენებთ, არამედ ჩნდება წარსულის ემოცია აწმყოში, რაც უკვალოდ კი არ ქრება, არამედ წარმოქმნის სტრესის ჰორმონებს: ანუ წარსული გადმოგვაქვს აწმყოში… ხშირად ამის გაკეთება კი ახალი სტრესების წყარო ხდება. ეს არის დომინოს პრინციპი. თუ ჩვენ დომინოს ბოლოს წაქცეულ ფიგურებს წამოვაყენებთ, ამით სურათი არ შეიცვლება. უნდა წავიდეთ სათავისკენ და გამოვიკვლიოთ და შევცვალოთ ის, რაც დომინოს პრინციპით გვაზიანებს.

შეგახსენებთ, რა არის პეპლის ეფექტი.

პეპლის ეფექტი არის ზოგიერთი ქაოსური სისტემის თვისება. სისტემაზე უმნიშვნელო გავლენამაც კი შეიძლება გამოიწვიოს ცვლილებები.

ასე რომ, თუ ჩვენ მოვახერხებთ პატარა ცვლილებას, ეს აუცილებლად აისახება ჩვენს ცხოვრებაზე და არა მარტო.

მაგალითად, თუ გამოვიკვლევთ, რა იწვევს სტრესის ჰორმონების წარმოქმნას და ჩვენი ნებელობის ძალით შევცვლით მას: უბრალოდ, გავანეიტრალებთ (როგორ და რა გზებით – ამაზე შემდეგ წერილებში გესაუბრებით), პატარა ცვლილება დიდ ცვლილებას გამოიწვევს.

 

 

 

 

 

 ნანატრი ზეცა

0

/დავით ფირცხალავას ფილმის „დიდი შესვენება“ შესახებ/

 

დავით ფირცხალავა მესხეთის თეატრში გავიცანი, იოანე ხუციშვილის სპექტაკლის – „დიდი შესვენება“ – პრემიერაზე. სპექტაკლი მისი პიესის მიხედვით დაიდგა. იქვე გავიგე, რომ დათა (ამ სახელით იცნობენ მეგობრები და მეც მივცემ თავს უფლებას, ასე მოვიხსენო) მხოლოდ დრამატურგი კი არა, რეჟისორიცაა და მისი შემოქმედებითი ვნება თეატრთან ერთად კინოცაა. ღრმა და შიშველი, გაუპრანჭავი სევდით დამამახსოვრდა და მაშინვე აღმიძრა ინტერესი, მისი ყველაფერი მენახა და წამეკითხა.

ასე ვიქეცი დავით ფირცხალავას შემოქმედების გულშემატკივრად. ეს კი სიხარულთან ერთად ტკივილსაც გულისხმობს. ფიქრის, სინდისის, ადამიანური ვალისა და სიმართლის მსუსხავ ტკივილს.

„დიდი შესვენება“ განსაკუთრებული ტექსტი აღმოჩნდა – პიესიდან სცენარში ტრანსფორმირდა და კინოდ იქცა. კარგ კინოდ, მნიშვნელოვან კინოდ. ცოტა ხნის წინ თბილისის კინოთეატრებში გამოჩნდა დავით ფირცხალავას სრულმეტრაჟიანი ფილმი „დიდი შესვენება“, რომელმაც უკვე არაერთი ჯილდო მოიპოვა და ამჯერადაც წარდგენილია საერთაშორისო კონკურსებსა და კინოფესტივალებზე.

„დიდი შესვენება“ სკოლის თემაზე შექმნილი (კინო)ტექსტია, რომელიც ჩვენი წარსულის ტრავმებს, კომპლექსებს, ეპოქალურ თუ პიროვნულ ქიმერებს ირეკლავს. მსახიობთა ვარსკვლავური პალიტრა (შაკო მირიანაშვილი, გიორგი შერვაშიძე, სანდრო კალანდაძე, გაგა შიშინაშვილი და სხვები), ბერდია არაბულის მხატვრობა, ნიკა ფანიაშვილის (ავი მუსაიფი), ნოდარ ნოზაძის და დათა ფირცხალავას მუსიკა – მთლიანობაში მედიტაციურ, ღრმა და მომნუსხველ სამყაროს ქმნის. ეს სამყარო ჩვენი შიშების და ტკივილების, სისუსტეების და ცოდვების ლაბირინთს ჰგავს, საიდან თავის დაღწევაც, ერთი შეხედვით შეუძლებელია. თუმცა, ამ ფილმის განსაკუთრებულობა ის არის, რომ ის გამოუვალსა და შეუძლებელზე კი არაა, არამედ – შესაძლებელსა და სანუგეშოზე.

დათას რამდენიმე კითხვა დავუსვი. პასუხები წერილობით გამცა. უამრავი რამ მაინტერესებს, ყველა დეტალზე მინდა საუბარი, მით უფრო, რომ ამ ფილმში დეტალების ფერწერას ლამის ლიტურგიკული ფუნქცია აქვს – სიმბოლოებით და მეტაფორებით იქმნება ერთი ფატალური ღამის ატმოსფერო, რომელიც თავისი არსით სახარებისეული საიდუმლო სერობის ალუზიას ქმნის. თუმცა, საუბარი სულ თავიდან დავიწყეთ. იქიდან, როცა აწმყოში ჩნდებიან და მტკივნეულად იკბინებიან –

კითხვები წარსულიდან

დ.ფ.: „დიდი შესვენება“ სამეფო უბნის თეატრში, ბატონი თემურ ჩხეიძის სახელოსნოში სწავლის დროს დაიწერა. სადიპლომო ნამუშევრების დაწერის დრო მოდიოდა, მე კი ხელთ არაფერი მქონდა. ფიქრისას, თავში სკოლა ამომიტივტივდა, რომლის გახსენებაც ყოველთვის უსიამოვნო შეგრძნებებს იწვევდა ჩემში და დავსვი ასეთი კითხვა: რა მოხდება, თუ ძველი კლასელები შეიკრიბებიან სკოლაში, ერთი შეხედვით უწყინარი მიზეზით, რომ ძველი დრო გაიხსენონ და მოილხინონ, მაგრამ შეხვედრის ინიციატორს, წარუმატებელ და ჯერ კიდევ თავის თავში ვერგარკვეულ ბიჭს, ექნება ფარული მოტივაცია – პასუხი აგებინოს ბავშვობის მეგობარს, რომელიც სკოლის პერიოდში მჩაგვრელი იყო?“.

 

ფილმის ექსპოზიციურ ნაწილში ასეთი ეპიზოდია: ერთ-ერთი გმირის სახლში ტელევიზორია ჩართული. ეკრანზე გოდერძი ჩოხელის „ცოდვის შვილები“ გადის. გამჭოლი პარალელიც ადვილი მოსახელთებელია – დავით ფირცხალავას ფილმი ცოდვის შვილობის წყევლაზეა, ცოდვის მემკვიდრეობის ტრაგიზმზე, რომლის კათარსისად ქცევაც ადამიანური ძალისხმევითაა შესაძლებელი. ნიუანსებით იქმნება მთელი ეს დრამა ვიზუალურ სახისმეტყველებად. დათა ფირცხალავა საუბრობს იმ გზაზე, რაც განვლო „დიდმა შესვენებამ“ –

სცენიდან ეკრანამდე

დ.ფ.: „სცენარი, პიესის დაწერიდან 4 წლის შემდეგ დავწერე. სიუჟეტს დაემატა პერსონაჟები, სცენები. ვფიქრობ, რომ კინო უფრო მოუხდა ამ ამბავს, გაკეთდა უფრო ზუსტი აქცენტები, მომეცა სცენების შეცვლის საშუალება და ამან მრავალფეროვნება შემატა ფილმს. ბატონი თემურიც სულ მაგას მეუბნებოდა, რომ მსხვილი კადრი, აქცენტების დასმა და პერსონაჟის შეფასება გაამდიდრებდა ამ ამბავს. პიესის წერის დროს, სკოლის პერიოდს, საფუძვლიანად პირველად ვეხებოდი. სცენარის წერის დროს კი ბევრი რამ გაანალიზებული მქონდა და მქონდა გამოკვეთილი პოზიცია, რომ პერსონაჟებმა, ვისაც წარსულში დაუჩაგრავს და ამის გამო, საკუთარ წარსულს გაურბის, ვინც დაუჩაგრავთ და მჩაგვრელს ვერ პატიობენ, ან საკუთარ თავს – სისუსტის გამო – ასეთმა გმირებმა, როგორ იცხოვრონ? სად შეიძლება იყოს ხსნა, შვება, გამოსავალი? არსებობს რამდენიმე ფილმი, რომელიც სკოლის პერიოდში არსებულ პრობლემებსა და ამ პრობლემების შედეგებს ასახავს, თუმცა ყველა მათგანი (მე რაც მინახავს) ტრაგიკულად მთავრდება: ჩაგრულს შურისძიების წყურვილი იპყრობს, რასაც ფატალური შედეგი მოჰყვება. მე სხვა ამოცანა დავისახე: როგორ შეიძლება, რომ სკოლის პერიოდის სისასტიკე, ტკივილი, გახდეს ადამიანისთვის გამოცდილების მომცემი და სასარგებლო“.

 

ყოფილი სკოლის ბუფეტში ღამით შეკრებილი ყოფილი კლასელები არქეტიპულ მიზანსცენას ქმნიან – თითოეულმა მათგანმა, ერთმანეთის შუქზე, თავისი ჩრდილი უნდა იპოვოს. ეს პროცესი დიდი და ნატიფი გულწრფელობითაა დახატული. ყველა ამბავი ისეთი ნაღდია, გრჩება განცდა, რომ ეს შენი პირადი ისტორია იყო…

დათა ფირცხალავა პროტოტიპებსა და არქეტიპებზე:

დ.ფ.: „რამდენიმე გმირს ჰყავს თავისი პროტოტიპი, რამდენიმე კი ჩემი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპს განასახიერებს. ისტორიებიც ნამდვილია, გამოცდილებით შეძენილი, მხოლოდ ამ ყველაფრის აკინძვა და საინტერესოდ წარმოჩენა ვცადე. მაგალითად, ერთი გმირი გაურბის საკუთარ წარსულს, იმიტომ, რომ მჩაგვრელი იყო და ისეთ სასტიკს, როგორიც სკოლის პერიოდში იყო, ვერ იღებს თავის თავს, ცდილობს, დამალოს. ნაცნობი მდგომარეობაა. მეორე, თავის ყველა წარუმატებლობას სხვას აბრალებს, ესეც არაერთგზის ხდება ცხოვრებაში. მესამე, საკუთარი ღირსეულობა რომ დაამტკიცოს, სურვილის საწინააღმდეგოდ, ირჩევს გზას, რომელიც მისი არ არის. მეოთხე გაციებულ ურთიერთობებს ვერ ეგუება, ადამიანებს უგრძნობ რობოტებს ადარებს და რეალობას სასმელით გაურბის. მეხუთე ფიქრსა და სევდას კლუბური ნარკოტიკებით გაურბის. მეექვსე სისუსტეს ვერ პატიობს საკუთარ თავს, როცა ის დაჩაგრულს ვერ გამოესარჩლა. მეშვიდე საერთოდ შეკრებაზე არ მოდის, იმიტომ, რომ სკოლაში, დამამცირებელ ზედმეტსახელს ეძახდნენ. და აი, დგება მათ ცხოვრებაში ისეთი მომენტი, როცა მათი წარსული, აქტუალური და თემატური ხდება, მტკივნეული, არასასიამოვნო, მტანჯველი, მაგრამ აუცილებელი, რომ მოინელონ, მოინანიონ, აპატიონ, თავისუფლად სუნთქვა შეძლონ და მომავალში მიეცეთ იმის გარკვევის საშუალება, თუ ვინ არიან და რატომ გაჩნდნენ ამ ქვეყანაზე“.

 

„დიდ შესვენებას“ ყოფილი მოსწავლეები „ესწრებიან“. არსად ჩანან მასწავლებლები, თუმცა ყველა კადრი, ყველა მოქმედება მათი აჩრდილებითაა გამსჭვალული, სკოლის კედლებზეც თითქოს მათი შეცდომების თუ მადლის შუქ-ჩრდილები ირეკლება. ერთადერთი „უფროსი“, ვინც ამ ღამეული სერობის თანამეინახეა, სკოლის დარაჯია. საინტერესო, მკაფიო და საგულისხმო პერსონაჟი, რომლისგანაც ინიციაციის გზა იწყება. დათა ფირცხალავა იმ მასწავლებლებს იხსენებს, რომელთაგანაც ყველაზე მთავარი გადაგვდებია –

ნამდვილი დარდი

დ.ფ.: „ვფიქრობ, რომ ხელოვნება, და ამ შემთხვევაში კინო, რენტგენივით აშუქებს ავტორს. შეიძლება ფილმი არც იყოს ავტობიოგრაფიული, მაგრამ ავტორის სათქმელი, თემისადმი დამოკიდებულება – მასზე ბევრს მეტყველებს. საკუთარი თავისადმი დაუნდობელი მოპყრობა, მხილება, შესაძლებელია, მხოლოდ საკითხავია, რა შედეგი შეიძლება მოიტანოს ამან? რას გამოიწვევს ეს მაყურებელში? მოტივაცია განსაზღვრავს ქმედებას.

ერთხელ, კინო-სასცენარო ახალი დამთავრებული მქონდა, როცა სცენარი დავწერე და ჩემს პედაგოგს, ბატონ კოტე ჯანდიერს წავაკითხე. სცენარი ოსტატურად იყო დაწერილი, სტრუქტურა – გამართული, დიალოგები – ტარანტინოს სტილში, მაგრამ ერთი უდიდესი ნაკლით – ის არ იყო ჩემი, და შესაბამისად, არ იყო ნამდვილი. რამდენიმე ადამიანი გენიალურს უწოდებდა და მეც, შეგულიანებული, ჩემი პედაგოგისგან შექებას ველოდი, საპასუხოდ კი მწვავე კრიტიკა მივიღე. განსაკუთრებით დამამახსოვრდა მისი წერილის ბოლო სიტყვები: „ამისთვის ტაშს დაგიკრავენ, მაგრამ მთავარი ეს არ არის“. ამ შემთხვევამ მთლიანად განსაზღვრა ჩემი დამოკიდებულება შემოქმედებისადმი. დიდი მადლობა ჩემს პედაგოგს სიმართლისთვის, მხილებისთვის, რომელიც ერთი შეხედვით დაუნდობელი და სასტიკი იყო, მაგრამ გააზრების შემდეგ – სასიცოცხლო მნიშვნელობის.

ეს ფილმი არის მცდელობა იმ გამოცდილების გაზიარებისა, რომელიც მე მომცა უსიამოვნო წარსულის გაანალიზებამ. ეს არის ფილმი – სინანულზე, ამ უდიდეს მაცოცხლებელ ძალაზე, სიხარულის წინდზე სულში, რომლის შემდეგაც, ადამიანს ეძლევა მორალური უფლება, აღადგინოს ურთიერთობა ღმერთთან“.

 

„დიდი შესვენება“ მკაფიოდ ქრისტიანული ფილმია. ამ აზრში, უპირველესად, იმ კულტურულ პარადიგმებს ვგულისხმობ, რაც ქრისტიანობის საზრისებს ქმნის. ქრისტიანობა არა მხოლოდ როგორც რელიგია, არამედ სიცოცხლის ძალა, სიყვარულის შესაძლებლობა, გაზრდის/აღზრდის ენერგია. როცა ერთი შეხედვით ყველაზე ბანალურ სიტუაციებსაც ამ შუქზე უყურებ, ხედვაც და რეფლექსიაც სხვა სიღრმეებს იძენს, ეს პროცესი კი შინაგან წვას ემსგავსება. წვას, რომელმაც ცეცხლი კი არა, სინათლე უნდა შვას.

ფილმის ფინალურ მომენტში, ერთი გმირი ამბობს: „ჭირმა თავი უნდა მოჭამოს, უნდა დამთავრდეს“. ჩემი აზრით, ამ ფრაზაშია ფილმის უმთავრესი სათქმელი. ჩვენ ბევრი დრო დავხარჯეთ საკუთარი „ჭირის“ ხარშვაში, დღემდე ამ მორევში ვიჯიჯგნით თავებს. სკოლა ის სივრცეა, სადაც ამ ჭირთაგან თავის დაღწევის გზებიც უნდა გასწავლონ, სადაც გაზრდის აქტი, უპირველესად, სულიერ-კულტურულ ჭრილში უნდა შედგეს. ასე მოდის ის, რასაც თანამედროვე ცივილიზებული სამყარო ლამის რელიგიურ ფეტიშად რაცხს, თუმცა მისი საზრისიც ზედაპირულ, ბრჭყვიალა, ხელოვნურ ფასადებს მიღმაა. ეს არის –

წარმატება

დ.ფ.: „ფილმი ახლა კინოთეატრებში გადის, ასევე მსოფლიოს მასშტაბით, საერთაშორისო ფესტივალებზე იღებს მონაწილეობას. ძალიან მინდა, რომ რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა ნახოს, ჩვენთან, საქართველოში, რადგან ფილმი, უპირველესად ქართველი მაყურებლისთვის არის შექმნილი.

ჩვენ, ყველა, მნიშვნელოვანი საქმისთვის გავჩნდით, ხოლო თუ რისთვის, ამის გარკვევისკენ სწრაფვაში, ხშირ შემთხვევაში, წარსულზე უაზრო გოდება და თვითგვემა გვიშლის ხელს, აწმყოს გვპარავს. ჩემთვის უდიდესი სიხარული იქნება, თუ ფილმი, მაყურებელს მისცემს ბიძგს, შევიდეს მისთვის უსიამოვნო სივრცეში და იპოვოს მომხდარის ჭეშმარიტი მიზეზი. ეს დაგვამშვიდებს, ამოგვასუნთქებს და მოგვცემს საშუალებას, ვეძებოთ და ვიპოვოთ პასუხი კითხვაზე – რატომ, რა საქმისთვის გავჩნდით, რა არის ჩვენი ამქვეყნად მოვლინების არსი, ჩვენი მისია, რას ელის ჩვენგან ღმერთი“.

 

თავის ერთ-ერთ გახმაურებულ ფილმში „მამა“, დავით ფირცხალავა ასეთ ფინალურ სცენას ხატავს: ორი ძმა ღამით ოთახში მამის ნაჩუქარ ნივთს ხსნის – კოლოფში ჭერზე მისაკრავი ფოსფორის ვარსკვლავებია. ისინი ვარსკვლავებს გააკრავენ, ლოგინზე პირაღმა გაწვებიან და „გაჩახჩახებული“ ზეცის ყურებით ტკბებიან.

ეს მათი ნანატრი ზეცაა – სახლიდან წასული მამის ნაჩუქარი და პირველი ცხოვრებისეული გამოცდით მოპოვებული.

დავით ფირცხალავას შემოქმედება ამ შინაგან სულიერ-კულტურულ ძალისხმევას ეძღვნება. მასში მუდმივად „ანთია“ ზეცა, რომლის ვარსკვლავებქვეშაც, დიდი დარდებისა და ტკივილების მიუხედავად, მაინც შეგიძლია იდღესასწაულო ადამიანად ყოფნა.

 

 

ციხისთავის რებუსი

0

ის ოთახი განსაკუთრებით მიყვარდა – ჭერამდე თაროებით, იშვიათი წიგნებით, საწერი მაგიდით, რბილი სავარძლებით, დიდი სარკით, ფერადი ხალიჩებითა და მრავალფეროვანი ნუგბარით. გულთბილ მასპინძლებთან საუბრისას საკუთარი ნათქვამიც და დეიდა ჟანას დარიგებებიც სხვანაირად ჩამესმოდა, რადგან ბინის შუაგულში მოქცეულ მრუმე, მაგრამ მყუდრო კაბინეტში ქუჩისა და ეზოს ხმაური ნაკლებად აღწევდა. კედელზე მუქ ფერებში დახატული პორტრეტი ეკიდა, რომელზეც ციხისთავების გადასახლებული პაპა იყო გამოსახული. ეს ამბავი თამუნასგან, ჩემი ბავშვობის მეგობრისგან, მაშინაც ვიცოდი და ამის გამო კაბინეტში ყოფნა თითქოს როგორღაც მერიდებოდა. მერე, როგორც წესი, სხვა ოთახში გადავინაცვლებდით და უფრო გავლაღდებოდით ხოლმე, გიტარის თანხლებითა და ფლირტის ძველი ბარათებით.

ლუკა ციხისთავის ამბავი დაწვრილებით ბევრი წლის მერე გავიგე, როდესაც შვილიშვილებმა – ნანამ, ნინომ და თამარმა – გულაგიდან გამოგზავნილ წერილებს თავი მოუყარეს და წიგნად გამოსცეს, როგორც დოკუმენტური ბრალდება ტოტალიტარული რეჟიმის წინააღმდეგ. შესავალ სიტყვაში კი განსაკუთრებული მადლობა იმ უცნობ ადამიანებს გადაუხადეს, რომლებაც სასტიკ დროს გაბედეს და რეპრესირებულთა ქუჩაში ნაპოვნი წერილები საფოსტო ყუთებში ჩაყარეს.

კრებულში ლუკა ციხისთავის ბიოგრაფიაც არის მთხრობილი, რაც კიდევ უფრო ავსებს წერილებში ფრაგმენტულად ამოკითხულ სიუჟეტურ ხაზებს. ყოფილა ასეთი კაცი – ფონ ჰეიკენი, ტყეების მფლობელი თელავის მაზრაში. ამ მიწებს თურმე ლუკას მამა, იოსებ ციხისთავი, პატრონობდა და კუთვნილ ჯამაგირს შვილების განათლებას ახმარდა. ჰეიკენის რჩევით, სემინარიის დამთავრების შემდეგ, ლუკა და მისი და-ძმა გერმანიაში უნდა გამგზავრებულიყვნენ განათლების მისაღებად, მაგრამ ჯერ 1917 წლის რევოლუციამ, შემდეგ კი საქართველოს გასაბჭოებამ მათი ცხოვრების გზა სამუდამოდ შეცვალა.

ლუკამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაამთავრა, სადაც მოგვიანებით ისტორიის ფაკულტეტსაც ხელმძღვანელობდა. რამდენიმე წელიწადში, როდესაც ქუთაისში უნივესტიტეტის ფილიალი გაიხსნა,  კოლეგებთან ერთად სამუშაოდ იქ გადავიდა. თუმცა, 1937 წლის 13 ივლისს ლუკა მოულოდნელად დააპატიმრეს… მეუღლემ, ნინა გუჩმაზაშვილმა, ეს ამბავი ბაკურიანში შეიტყო, 5 წლის ლეილა და 9 წლის ირაკლი ბინის მეპატრონეს დაუტოვა და სასწრაფოდ გაემგზავრა ქუთაისში, მაგრამ ვერც ქმარი ნახა და ვერც დაპატიმრების მიზეზი გამოარკვია. ბაკურიანში დაბრუნებულს საშინელი ამბავი დახვდა. ვირუსული მენინგიტით უგონოდ მყოფ ლეილას საავადმყოფოში ძლივს მიუსწრო. როგორც ექიმმა, საკუთარი პასუხისმგებლობით გამოიხსნა და თბილისში წამოიყვანა. მართალია, ლეილამ მას შემდეგ დიდხანს იცოცხლა, მაგრამ ვერაგმა დაავადებამ თავისი დაღი დაასვა და მარადიულ ბავშვად დარჩა.

ლუკა თბილისში გაასამართლეს, ათი წელი მიუსაჯეს და ურალზე, სოლიკამსკში გადაასახლეს. ბანაკის ადმინისტრაციის წინააღმდეგ მოწყობილ საპროტესტო გამოსვლებში მონაწილეობისთვის კი ათი წელი დაუმატეს. ნინა ორჯერ წავიდა ლუკას სანახავად ციმბირში, სპეციალურად ჩაეწერა მოხალისე ექიმად, ტყვეებისა და ჯარისკაცების ეშელონების გამყოლად, გრძელი და მტანჯველი გზა გაიარა, მაგრამ ქმრის ნახვა ვერცხერთხელ ვერ მოახერხა.

ერთადერთი ხსნა და შვება კვლავ წერილები იყო, რომლის გამოგზავნის უფლებაც პატიმრებს  წელიწადში მხოლოდ ორჯერ ჰქონდათ, ხოლო საპასუხო ბარათები გადასახლებულებთან ძნელად თუ აღწევდა. იმისთვის, რომ დასჯილებს თავი სრულიად მარტო ეგრძნოთ და მეტად გაწამებულიყვნენ, ამანათებიდან ბარათებს იღებდნენ. შესაბამისად, ნინას წერილების უმეტესობამ ლუკამდე ვერც მიაღწია.

სხვა პოლიტიკური პატიმრების მსგავსად, ლუკა ციხისთავიც ძირითადად ხე-ტყის ჭრაზე და მშენებლობებზე მუშაობდა. საბოლოოდ კი ყარაგანდაში ჩაასახლეს და სიცოცხლის ბოლომდე იქ დარჩენა მიუსაჯეს… საყოველთაო რეაბილიტაციის  გამოცხადების შედეგად, 1956 წელს  ლუკა სამშობლოში დაბრუნდა. კვლევ სამეცნიერო საქმიანობას, მათ შორის ილია ჭავჭავაძის მონოგრაფიაზე მუშაობას, შეუდგა და წარსულს არასოდეს იხსენებდა.

ანკი როგორი გასახსენებელი იყო ის შემზარავი, დამამცირებელი და მტკივნეული ამბები, რაზეც ოცი წლის განმავლობაში დაუღალავად წერდა:

„ასეთია დღეს ჩემი და მრავალი ასიათასი და მილიონის – მონის ცხოვრება… ყოველ წუთს შებორკილი, შელანძღული, ყველას მიერ შეგინებული თუ შეუგინებლად მოძულებული, ტიტველი, მშიერი, მწყურვალი, გაყინული – აი ჩემი ბედის ადამიანის მოკლე მკრთალი სურათი.“

„უმუშევრად ყოფნა არ შეიძლება, ეს განსაკუთრებული ადგილია იშვიათი მხეცებისთვის.“

„ყოველ შემთხვევაში მონა ვარ, მაგრამ მონათმფლობელებს ვერ და არავითარ შემთხვევაში  არ მოუხრი ქედს.“

„ჩემი ცხოვრება ერთფეროვანია, ყოველგვარი შთაბეჭდილებებების გარეშე. დილით სამუშაოზე, საღამოს უკან, გვერდებიდან ხიშტები, ხელები უკან, თავზე. ზურგზე, წინ უშველებელი ნომრები.“

„როცა მიგზავნით, პაპიროსის მაგიერ თუთუნი გამომიგზავნეთ. პაპიროსი უფრო ძვირია, თუთუნი კი მეტი გამძლე. შავი ფანქარი ამაზე უკეთესი, რითაც ვწერ, კონვერტები და ღია ბარათები და თუ ძვირი არა ღირს ნუცუბიძის თარგმნილი „ვეფხისტყაოსანი“ და ახალი რამე საქართველოს ან რუსეთის ისტორიიდან.“

„თითქოს მე ყველაფერს გაუძლებ და უძლებ კიდეც, ხოლო ჩემი მახლობელის უსიამოვნება- უბედურება, საშინლად მოქმედებს ჩემზე – ამიტომაა, რომ თქვენი ამბის კარგად ყოფნის უცოდინარობა ჩემს გაჭირვებათა შორის ყველაზე მეტად მოქმედებს.“

 

„ვერ გავიგე რისთვის, რაზედ, რა დანაშაულისთვის მსჯიან მეოთხედი საუკუნის მანძლზე, ერთხელ მაინც გამომიცხადონ, თუნდაც დამტკიცებულად, რომ ისჯები ამა და ამ საქმისთვის და სხვა.“

„ჩემი საქმე გაურკვეველ რებუსად ჩათვალეთ, თუ გვეღირსა შეხვედრა ამ რებუსს ადვილად გაარკვევთ, თუ არადა მაინც მომავალი იტყვის, შენ თუ არა ირაკლი და მისი შთამომავალი გაიგებს  – იყავი მხნედ, როგორც გჩვევია და სწიე უღელი მანამდე ძალა გაქვს.“

„მოკითხვა ყველას, ვისაც არ ეწყინება და არ შეეშინდება ჩემგან შემოთვლილი მოკითხვა.“

 

პორტრეტის ამბავი კი, რომლის გამოც კაბინეტში ყოფნა მერიდებოდა, ასე ყოფილა:

„ამ წერილთან ერთად გიგზავნით ჩემ სურათს ბანდეროლით. სექტემბერში ჩემდა დაუკითხავად, როდესაც საღამოხანს ეზოში ვიჯექი განმარტოებით, ერთმა ნაცნობმა დამხატა. თითქოს ცუდათ არ გამოუვიდა, ეგ არის ცოტა გასუქებულად გამომიყვანა…“

წლებია, თამუნა ვენაში ცხოვრობს. რამდენიმე დღის წინ დაბადების დღის მისალოცად დავურეკე, ლუკას წერილების კითხვაში დამათენდა შენი დღე და იქნებ მცირე სტატიაც დავწერო-მეთქი. ეს ჩემთვის ყველაზე დიდი საჩუქარი იქნებაო… სიტყვებით არა, ხმით მივხვდი ყველაფერს.

 

 

 

 

ეკოგენეტიკა, სიყვარული და გარემოსდაცვა

0

დედამიწა რის გარშემო ბრუნავს? საკუთარი ღერძის გარშემო? მზის? არა ბატონებო, დედამიწა ჩვენი შვილების/მოსწავლეების გარშემო ტრიალებს. არ მეთანხმებით??

მე ასე ვფიქრობ. რატომ? იმიტომ, რომ…

ბევრი სასაცილო ამბავი გვახსოვს თითოეულ ჩვენგანს. არაერთხელ გაგვიხსენებია ჩვენი მასწავლებლების ფრაზები. ვიცი, ჩემი სტატიების მკითხველებს შორის ჩემი სკოლელებიც არიან, სულაც არ არის საჭირო ფრაზების ავტორების დასახელება, ყველა მიხვდება.

– შე უხერხემლო, შენა – ამ ფრაზის ავტორი აბა ვინ უნდა იყოს, თუ არა ბიოლოგიის მასწავლებელი, განუმეორებელი ზაირა მასი, მე-20 საუკუნეში ფილმების გამოყენებით რომ გვასწავლიდა ბიოლოგიას. დღესაც მახსოვს ის უზარმაზარი ფილმების გამშვები, არაერთხელ რომ დავჯახებივართ და გვიტკენია თავი.

– ინდაურო, ინდაურო – აი, ამ ფრაზის ავტორის დადგენა (თუ არ გახსოვთ) ცოტა გაჭირდება. ეს გეოგრაფიის მასწავლებლის ფრაზაა. ამას რომ იტყოდა, ეგრევე ცოცხალ აფოფრილ ინდაურს წარმოვიდგენდი ხოლმე და მეცინებოდა. მაპატიეთ, ვისაც ეს პატივი გრგებიათ, ჩემს ღიმილიან სახეს თუ ხედავდით და ბრაზობდით. ჩემთვის ხომ არასოდეს არ უთქვამს. გამოგიტყდებით და ცოტა არ იყოს მწყინდა. ვერასოდეს ვერ წარმოვიდგინე, როგორი ვიქნებოდი ინდაურის როლში.

ახლა იტყვით, რა არის ამაში სასაცილოო. მართალიც იქნებით, მაგრამ რატომ მოვიყვანე იცით ეს ფრაზები და ჩემი ემოციები?? მიუხედავად იმისა, რომ ბევრ წარმატებას თუ წარუმატებლობას ჩვენი აღზრდის დროს დაშვებულ შეცდომებს ვაბრალებთ, მაინც შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი მასწავლებლები გვიყვარდა. არა, ეს ის არ არის, შიში შეიქმს სიყვარულსო. არა ეს ის ხალასი სიყვარულია, რომელიც ბავშვებს აქვთ. ჩვენ თაობას კი რაც არ უნდა დავაბრალოთ სიყვარული გვქონდა და გვაქვს. სიყვარულით ცხოვრება ხომ უფრო ადვილია? ისე მეც დამიჭერია შენიშვნებისა თუ ჩვეული საუბრის დროს გეოგრაფიული ტერმინების გამოყენება: გაიხსენე დედამიწა ღერძის გარშემო ტრიალებს – მითქვამს ნარცისიზმით შეპყრობილისთვის. არადა, მანაც და დანარჩენებმაც იციან ჩემი მათდამი დამოკიდებულება, -რომ ჩემთვის დედამიწა ბავშვების გარშემო ტრიალებს. სავარაუდოდ, ჩემებსაც გაჰყვებათ ჩემი საყვარელი ფრაზები, რომლებსაც ხშირად ვიყენებ და გაიხსენებენ წლების შემდეგ. ნეტავ რას და რა კონტექსტში გამიხსენებენ? რამდენიმე ფრაზა უკვე ვიცი…

მოკლედ, რა მინდოდა მეთქვა ამით? არც კი ვიცი რა. უბრალოდ სიყვარულის ნიჭზე მინდოდა საუბარი. ნიჭზე, რომელსაც გალაქტიონიც კი უბრალოდ ამბობდა: – ნიჭი, ძამიკო, ნიჭიო.

დიახაც ნიჭი სიყვარულისა, რომელიც ვფიქრობ, რომ გენეტიკურია. ბიოლოგებო, არ მეკამათოთ, ვიცი გენეტიკა მარტივი საკითხი არ არის და ასე ხელაღებით არ უნდა ვახსენებდე, მაგრამ მე თუ არა, გალაქტიონს მაინც დაუჯერეთ.

დაკვირვებული ვარ სიყვარულზე წერა არდადეგების დროს მინდება ხოლმე. ამ დროს ყველაზე მეტად მენატრებიან ჩემი გადარეულები და გაკვეთილები. ახლაც, არდადეგების მიწურულს, როცა თან შევეჩვიე „უქმად“ ყოფნას და თან ვგეგმავ მომავალ სასწავლო პროცესს, ვხვდები, რომ ეს ჩემი ცხოვრების ნაწილია, რომლის გარეშეც უბრალოდ აღარ არსებობ.

მოკლედ, მომენატრნენ და მინდა, მათზე მოგიყვეთ, ჩემს მეთერმეტეკლასელებზე. გახსოვთ, რამდენიმე წლის წინ გაგაცანით? ეს „პანდემიის ბავშვები“ არიან მე-8, მე-9 და ნაწილობრივ მე-10 კლასიც ონლაინსწავლებაზე რომ იყვნენ. არც იქ ვიწყენდით, მუდამ ხმაურიანი და საქმიანი გაკვეთილები გვქონდა, წარმატების სივრცეში სწორედ მათზე მოგიყევით. თუმცა სკოლაში დაბრუნების შემდეგ ჩვეულ რეჟიმში რომ დავბრუნებულიყავით, გარკვეული დრო დაგვჭირდა. ახლა კი უკვე მე-11 კლასში არიან. ისევ ისეთი ხმაურიანები და ინტერესიანები, კრეატიულები და შემოქმედებითობით გამორჩეულები. ერთი კია, რომ თუ საკითხით არ დაინტერესდნენ დავალებას შეასრულებენ, როგორც ამბობენ, ჩემი ხათრით, მაგრამ აქ უკვე ჩემი პროფესიული ამბიციები ერთვება და ერთად ვიწყებთ საკითხების შერჩევას.

მათთან გაკვეთილი მიხარია. როგორც ორუელი ამბობს – ყველა დასაწყისს უკვე აქვს დასასრული. ვეთანხმები. ჩვენც ხომ უპირველეს ყოვლისა, გაკვეთილის დასაწყისი და დასასრული გვახსოვს. მოსწავლეებმა ღიმილით უნდა დატოვონ გაკვეთილი, გაიხარონ და გაიგონ, რომ ის შესანიშნავი იყო. მინდა, რომ საინტერესოსთან ერთად სახალისო და თავისუფალი იყოს. თავისუფალი ქვეყნის მაშენებლები ხომ ისინი არიან.

მოკლედ, უფროსკლასელების დაინტერესება არც ისე ადვილია. მოგეხსენებათ მე-11 კლასი ძველი პროგრამით მიდის. შესაბამისად სახელმძღვანელოებიც მოძველებულია. განახლებული მათ ვერ უსწრებს. ამიტომაც შემაქვს ახალი საკითხები. რამდენიმე გაკვეთილი ერთად განვიხილავთ მათთვის საინტერესო და აქტუალურ თემას, შემდეგ საკითხებად ვშლით და იწყება პრეზენტაციები. კომპლექსური დავალებების ფორმატიც გამოგვდის. ხან გადაცემებს მიწყობენ სტუდიებითა და მაყურებლის შემოსული ზარებით, ხან სტატიებს წერენ, ხანაც ცხარე დებატებს აწყობენ. ორივე მხარე ვცდილობთ, ბოლო სასწავლო წელი საინტერესო იყოს. წელს კიდევ 2 კლასს ვემშვიდობები. განსხვავებული და საინტერესო ადამიანები არიან, მათთან ყოველი გაკვეთილი არაჩვეულებრივია შინაარსითაც და ფორმატითაც, ორივე მხარე სიურპრიზებისთვის მზად ვართ. ჩვენს ურთიერთობას ლაიტმოტივად სიყვარული გასდევს. პროვოკაციული კითხვებიც ყოფილა, პასუხები ჯერ არ შემშლია, ყოველ შემთხვევაში ისინი ასე თვლიან.

სწორედ მათ მიერ გაკვეთილზე შესრულებული დავალება მინდა გაგაცნოთ. განსაკუთრებით დაინტერესდნენ გარემოსდაცვითი საკითხებით. გარემოსდაცვითი კომპეტენციის ჩამოყალიბება გარემოსდაცვითი ცოდნის დაუფლებას გულისხმობს, რაც ხელს უწყობს საზოგადოებისა და ბუნების ურთიერთქმედებისას წარმოშობილი პრობლემების მნიშვნელობის გაცნობიერებას. იგი საფუძველს უყრის ახალგაზრდა თაობის ეკოლოგიურ ცნობიერებასა და მსოფლმხედველობას.

გარემოსდაცვითი განათლება მიზნად ისახავს ადამიანის ჰოლისტიკური მსოფლმხედველობის, ინდივიდის ღირებულებების, ბუნებისადმი პასუხისმგებლობიანი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას, მისი დაცვის აუცილებლობის რწმენის განმტკიცებას.

ეს თემაც რამდენიმე საკითხად დავშალეთ. ანკამ (კილაძე) და სულამ (ანა სულაძემ) მოდის მიმართულება აირჩიეს. ერთ-ერთი საინტერესო პრეზენტაცია წარმოადგინეს. მთავარი ის არის, რომ ეს ჩვეულებრივი პრეზენტაცია არ იყო. გოგონები საუბრობდნენ, ფაქტებზე დაყრდნობით მსჯელობდნენ და დასკვნებს აკეთებდნენ. ასეთი ანკა და ანა მიყვარს. მომავალი დიზაინერებისთვის გარემოსდაცვითი საკითხები საინტერესო და საჭიროაო – დაასკვნეს.

ურო (ანი უროტაძე) როგორც ყოველთვის თანმიმდევრული და აკადემიური იყო. მისთვის ჩვეული პრეზენტაციის უნარით ყველა ჩაგვრთო და დაგვაინტერესა, თან გვიხსნიდა რატომ დაინტერესდა და რა კითხვებზე მიიღო პასუხი.

ქურთუ (ნინო ქურთუბაზე) და გოგი (ანასტასია გოგიშვილი) მომავალი ექიმები არიან. გაკვეთილებზე საკითხის განხილვისას ცხარე დისკუსია გაიმართა. ორივე ერთხმად გვიმტკიცებდა, რომ ყველა დაავადება არ არის დაკავშირებული გარემოს დაბინძურებასთან. კვლევის მიმართულებაც გამოიკვეთა. ერთი სიამოვნება იყო მათი მოსმენა – აკადემიურად და საინტერესოდ წარმოადგინეს მოკვლეული ინფორმაცია, რომელსაც გთავაზობთ ამონარიდების სახით:

„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, გლობალური გარემოსდაცვითი საკითხები ყოველწლიურად 12,6 მილიონზე მეტ სიკვდილს იწვევს. აქ აღნიშნულ საკითხებთან ერთად, ეს შეიძლება მოიცავდეს ნიადაგის დაბინძურებას, ულტრაიისფერ გამოსხივებას და ბიომრავალფეროვნების დაკარგვას. მონაცემების მიხედვით, 100-ზე მეტი დაავადება და დაზიანება შეიძლება პირდაპირ კავშირში იყოს გარემოს ჯანმრთელობის პრობლემებთან. ხშირად ეს საკითხები ყველაზე დიდ გავლენას ახდენს ღარიბ თემებზე და მათზე, ვისაც უკვე აქვთ ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი მოწყვლადობა“.

„კლიმატის ცვლილება არღვევს ბუნებრივ სამყაროს მრავალი გზით, რამაც შეიძლება შეასუსტოს ჯანმრთელობა და გაზარდოს დაუცველობა დაავადების მიმართ. მათ შორისაა პლანეტის ტემპერატურის მატება და უფრო ხშირი ძლიერი წვიმები და ჩამონადენი. სხვადასხვა ზემოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს უფრო დაუცველობა ნერვული და რესპირატორული დაავადებების, დიარეის და სხვა.

გარდა ამისა, კლიმატის ცვლილება ზრდის სტიქიური უბედურებების სიხშირეს. ტყის ხანძრები, ქარიშხლები, ციკლონები და გვალვები მხოლოდ რამდენიმე მაგალითია“.

„გარემო, რომელშიც დღეს ვცხოვრობთ, თავისებურია. ერთი მხრივ, მასში გაჩნდა ფაქტორები, რომლებსაც ადამიანი ადრე არ შეხებია – დღეს გარემოში ჩვენ მიერ სინთეზირებული 4,5 მილიონზე მეტი სახეობის ქიმიური ნივთიერებაა, მეორე მხრივ კი – გარემო ძალზე სწრაფად იცვლება.

 

ადამიანის პოპულაციის გენოფონდი ვეღარ ასწრებს ადეკვატურად უპასუხოს გარემოს ცვალებადობის ტემპს. შეცვლილ ეკოლოგიურ პირობებში წარმოიშობა ახალი ტიპის მემკვიდრეობითი დაავადებები – ეკოგენეტიკური დაავადებები“.

„ეკოგენეტიკა ადამიანის გენეტიკის დარგია, რომელიც შეისწავლის გენეტიკური ფაქტორების როლს ორგანიზმის იმ რეაქციაში, რომელიც გარემოს სხვადასხვა აგენტის ზემოქმედების პასუხად ვითარდება“.

რაც ძალიან მომეწონა ორივე გვიხსნიდა სამედიცინო ტერმინებს, ფაქტობრივად კითხვის დასმის საჭიროებას აღარ გვიტოვებდნენ. ეკოგენეტიკას კი, სავარაუდოდ, ექიმების ამპლუაში შეისწავლიან.

სხვა საინტერესო პრეზენტაციებზე შემდგომში მოგიყვებით.

მოსწავლეებმა გააცნობიერეს, რომ ეკოლოგიური ცოდნა არის ადამიანის გარემოსადმი ადეკვატური დამოკიდებულების საფუძველი.

მთავარ კითხვაზეც – შეუძლია თუ არა ჩვენს ქმედებებს რეალურად მოახდინოს ცვლილება დედამიწის მომავალზე? – პასუხი გაცემულია.

პასუხი არის – დიახ, ნამდვილად შეუძლია! იმიტომ, რომ თუ ჩვენ ვეცდებით, ვიცხოვროთ ისე, რომ გადავარჩინოთ სამყარო, ჩვენ მარტო არ ვიქნებით. ჩვენი მაგალითი წაახალისებს ჩვენს მეგობრებს და ოჯახს, იგივე გააკეთონ. შემდეგ ისინი ეტყვიან თავიანთ მეგობრებს…

ჩვენ შეგვიძლია სამყაროს შეცვლა ცოდნითა და სიყვარულით.

 

რა საფრთხის შემცველია დუმილით, იგნორირებით დასჯა

0

ერთხელ სრულიად შემთხვევით აღმოვჩნდი სიტუაციაში, სადაც სკოლამდელი ასაკის ბავშვების მშობლები ერთმანეთს უზიარებდნენ საკუთარ გამოცდილებას შვილების აღზრდის თაობაზე, კონკრეტულად კი იმის შესახებ, რა სახის სასჯელს იყენებდნენ ბავშვთან მათთვის მიუღებელი ქცევის აღმოსაფხვრელად – „მე თუ რაიმე არ მომწონს ჩემი შვილის ქცევაში, მასთან ყვირილით, ხმამაღალი ტონით ვიწყებ ლაპარაკს, რადგან ტკბილად საუბარი მასზე არ მოქმედებს“ – განაცხადა ერთმა ქალბატონმა. „აი, ჩემს გიოსთან კი არც ტკბილ საუბარს და არც ყვირილს არანაირი შედეგის მოტანა არ შეუძლია, ერთი-ორჯერ თუ არ მივტყიპე, ფიზიკურად არ დავსაჯე, თავისას არ მოიშლის“ – გაუზიარა საკუთარი გამოცდილება მეგობრებს პატარა გიოს დედამ. „მე არც ვუყვირი და არც ფიზიკურად ვსჯი ჩემს ნანუკას. თუ რაიმე არ მომეწონა მის ქცევაში, უბრალოდ იგნორირებას ვუკეთებ მას, დუმილით ვსჯი, ვეუბნები, რომ მისნაირი შვილი მე არ მჭირდება, მისი დედა აღარ ვიქნები და შეიძლება მთელი დღის განმავლობაში ხმა საერთოდ არ გავცე, ვერც კი „შევამჩნიო“. რომც იტიროს, რასაც ხშირად აკეთებს ასეთ დროს, მე ხმას მაინც არ ვცემ“ – თავმომწონედ განუცხადა მეგობრებს პატარა ნანუკას დედამ.

დღეს ბევრი მშობელი ხვდება, რომ ბავშვის ფიზიკურად დასჯა ჰუმანური არ არის და არც ყველა მშობელია მზად იმისათვის, რომ დასჯის მიზნით სათამაშოები წაართვას ბავშვს და მისთვის საყვარელი საქმის კეთება აუკრძალოს, რადგან არ სურს, რომ „ბოროტ“ ადამიანად ჩათვალოს შვილმა. მაგრამ, განაწყენება, დუმილი და ბავშვის მომართვაზე რეაგირების არქონა, იგნორირება, მისი აზრით, ცუდი გამოსავალი არ არის შექმნილი სიტუაციიდან. ერთი შეხედვით, მართლაც რა არის ამაში ცუდი, თუ დედა ან მამა, ან ორივე ერთად მიუღებელი საქციელის გამო დასჯის მიზნით პატარას ეტყვის – „მე არ გელაპარაკები იმიტომ, რომ …..“ და შეწყვეტენ რეაგირებას ბავშვის ნებისმიერ მომართვაზე. ბავშვს ხომ არ სცემენ, არ ართმევენ სათამაშოებს და მას ეძლევა დრო, იფიქროს თავის ქცევაზე, იმაზე, რაც ჩაიდინა.

ნუთუ მართლა ასეთი უსაფრთხო და ეფექტიანია დუმილით დასჯა? ჩვეულებრივ აღზრდის მიუღებელი მეთოდები ასოცირდება ყვირილთან, მუქარასთან, დაშინებასთან, ფიზიკურ დასჯასთან, თუმცა არანაკლებ გამანადგურებელი, მატრავმირებელი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ბავშვის ფსიქიკაზე დასჯას დუმილით, იგნორირებით. საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ბავშვის იგნორირება დასჯის უსაფრთხო მეთოდი ნამდვილად არ არის. მშობლის დუმილი ბავშვისთვის ძალადობის პასიურ-აგრესიული მეთოდია. თავისი შედეგებით ხშირად ის ფიზიკურ დასჯასაც კი უტოლდება. როგორც წესი, მსგავს ტაქტიკას, ბავშვის დუმილით, იგნორირებით დასჯას მშობლების ორი ტიპი მიმართავს:

  • პირველ რიგში, დუმილით დასჯის მეთოდს აქტიურად იყენებენ ავტორიტარი მშობლები, რომლებიც ტოტალური იგნორირების ტაქტიკასთან ერთად დემონსტრირებას უკეთებენ საკუთარ ძალას ბავშვზე – მათზეა დამოკიდებული, ელაპარაკონ თუ არა ბავშვს, როდის დაიწყონ საუბარი, შეუნდონ, აპატიონ პატარას, თუ კვლავ გააგრძელონ მისი იგნორირება;
  • დუმილით, იგნორირებით დასჯას შეიძლება ასევე აქტიურად იყენებდნენ ის მშობლები, რომლებმაც ბავშვობაში თავად გაიარეს აღზრდის მსგავსი გზა და წარმატებით იყენებენ მას საკუთარ ზრდასრულ ცხოვრებაში: პარტნიორთან ურთიერთობისას, შვილების აღზრდისას და რამდენადაც უცნაურად არ უნდა მოგვეჩვენოს, საკუთარ მშობლებთანაც კი, რომლებმაც თავად ასწავლეს მას ეს.

დუმილით თამაში შეიძლება საკმაოდ სახიფათო აღმოჩნდეს ბავშვის ფსიქიკური განვითარებისთვის. როგორც უკვე ითქვა, ბევრი მშობელი ამ მეთოდს აღზრდის უხეში ფორმების თავიდან აცილების მიზნით იყენებს, რადგან თვლის, რომ მოცემული მეთოდი საკმარისად მსუბუქია თავისი ზემოქმედებით. მაგრამ, თუ შედეგებით ვიმსჯელებთ, ყველაფერი ასე მარტივად ნამდვილად არ არის.

რა შედეგების მომტანი შეიძლება აღმოჩნდეს ბავშვის დუმილით, იგნორირებით დასჯა:

  • მშობლების მხრიდან იგნორირების დროს ბავშვი განიცდის უძლიერეს შიშს და პანიკაში ვარდება;
  • ბავშვი, რომელსაც მშობლები ხშირად სჯიან დუმილით, თავს დაუცველად გრძნობს. ამ დროს შეიძლება მასში თავი იჩინოს შფოთვამ, გაურკვევლობამ, საკუთარ თავში დაურწმუნებლობამ. იგნორირების მომენტში ბავშვი ვერ გრძნობს მშობლების მხრიდან სიყვარულს და საკუთარ საჭიროებას მათთვის, იწყებს ფიქრს, რომ ის აღარ უყვართ. და ეს მაშინ, როცა მშობლების სიყვარული ბავშვისთვის ყველაზე აუცილებელი და მნიშვნელოვანი რესურსია. ამიტომ, ამ სიყვარულის დაკარგვა, რაც მისთვის მშობლის დუმილით და მისი იგნორირებით გამოიხატება, მტკივნეული და ძნელად გადასატანია;
  • ბავშვი სამყაროსთან ურთიერთობას, პირველ რიგში, დედასთან და მამასთან ურთიერთობით, მათი მეშვეობით სწავლობს, ამიტომ, თუ მას დუმილით სჯიან და იგნორირებას უკეთებენ, შეიძლება პრობლემებმა სამყაროს შემეცნების პროცესშიც იჩინოს თავი;
  • მშობლები, რომლებიც სასჯელად იყენებენ იგნორირებას, არ პასუხობენ ბავშვის შეკითხვებს და მის არსებობასაც კი არ ამჩნევენ, სერიოზული საფრთხის წინაშე აყენებენ მის განვითარებას. ასეთ დროს ბავშვს შეიძლება ეჩვენებოდეს, რომ მთელი სამყარო მის წინააღმდეგაა;
  • დუმილით დასჯა ბავშვის ფსიქიკაზე მატრავმირებელი ზემოქმედების სიძლიერის მიხედვით შეიძლება გავუტოლოთ ფიზიკურ დასჯას. ასეთი დასჯის მომენტში ბავშვს ან ბრაზი და მრისხანება იპყრობს, ან შიში, უმწეობა, დეპრესია, უსუსურობა, მარტოობა და ა.შ. აღნიშნული გრძნობები კი ნამდვილად ვერ გახდება ბავშვის პიროვნების ჰარმონიული და წარმატებული განვითარების ხელშემწყობი და ვერც მისი ქცევის კორექციაში დაგვეხმარება;
  • დუმილით, იგნორირებით დასჯა ხშირად საკუთარ თავში დაურწმუნებლობის მაპროვოცირებელი ხდება. ასეთი ბავშვი იწყებს საკუთარი თავის დადანაშაულებას მაშინაც კი, თუ ის არაფერშია დამნაშავე. ბავშვს უჩნდება შიში, რაიმე ისე არ გააკეთოს, რომ გაანაწყენოს უფროსი და არ დასაჯონ, უარი არ თქვან მასზე. ბავშვობაში მიღებული ტრავმა მას შეიძლება დიდობაშიც გაჰყვეს და ხელი შეუშალოს გარშემომყოფებთან ურთიერთობაში. ადამიანს, რომელიც ბავშვობაში დუმილით ისჯებოდა, უჭირს ვერბალური კომუნიკაციის დამყარება ადამიანებთან და რაიმეზე შეთანხმება. მისთვის დუმილი უფრო კომფორტული ხდება, ვიდრე პრობლემების განხილვა. ასეთი აღზრდა არ ასწავლის ბავშვს ყველაზე მნიშვნელოვანს – იმის გაგებას, თუ რა უნდა გააკეთოს საკუთარი შეცდომების გამოსასწორებლად.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თუ გვსურს, რომ ბავშვმა გაიგოს, გააცნობიეროს, რა არის მის საქციელში არასწორი, რა უნდა გამოასწოროს და რაც მთავარია – როგორ, მაშინ უნდა დაველაპარაკოთ, ვესაუბროთ მას. მთავარია, ასეთი საუბრის დროს დავარწმუნოთ ბავშვი, რომ ჩვენ ის ძალიან გვიყვარს, უბრალოდ მისი ქცევაა ჩვენთვის მიუღებელი და არმოსაწონი. რა თქმა უნდა, ახსნა-განმარტებებს შეიძლება ბევრი დრო დასჭირდეს, ამიტომ ის ჩვენგან დიდ მოთმინებასა და გამძლეობას მოითხოვს. მაგრამ ეს არის ერთადერთი გზა ბავშვის ფსიქოლოგიურად ჯანსაღ, სტაბილურ პიროვნებად ჩამოსაყალიბებლად, რომელსაც მომავალში შეეძლება წარმატებული თვითრეალიზება და მტკიცე ემოციური კავშირების დამყარება სხვა ადამიანებთან.

 

თანამშრომლობა თუ კონკურენცია?

0

(გაგრძელება)

„თვალი თვალის წილ, მთელს მსოფლიოს ბრმებად გადააქცევს“.

მაჰათმა განდი

ბავშვებს ბუნებრივად სურთ ერთმანეთთან თანამშრომლობა, მაგრამ ჩვენ მათ კონკურენციისკენ ვუბიძგებთ. რა ზიანი მოაქვს კონკურენციას, რომელსაც ხელს ვუწყობთ ბავშვებში სკოლასა და სკოლის გარეთ?

ბოსტონის კოლეჯის პროფესორის, ბავშვთა ფსიქოლოგიის დოქტორის, პიტერ გრეის მოსაზრება ბავშვებში კონკურენციასა და თანამშრომლობის საკითხებზე.

…იმის შესახებ, თუ როგორ აძალებენ უფროსები ბავშვებს კონკურენციას

ბოსტონის კოლეჯის პროფესორი, პიტერ გრეი: „სამწუხაროა, მაგრამ როდესაც ჩვენ, მოზრდილები ბავშვების თამაშის განკარგვასა და მასში წესების შემოღებას ვიწყებთ (როგორც ეს ხდება დღევანდელ სამყაროში), ჩვენ სპორტსა და აქტივობას მაშინვე შეჯიბრად ვაქცევთ. ჩვენ ამას ჩავდივართ დასვენების დროს, ვთქვათ, როდესაც ბავშვები ბეისბოლს ან ტენისს თამაშობენ. ჩვენ, ჩვენი წესებით, აქტივობას, რომელიც სასიამოვნო და სახალისოა ბავშვებისათვის, რომელიც მათ აახლოებს უცხო ბავშვებთან და მათში მეგობრობის, ერთად გართობის სასიამოვნო სურვილს ბადებს, გადავაქცევთ ხოლმე შეჯიბრად, რომელიც მოგებას, სხვის დამარცხებასა და მატერიალური ჯილდოების მოპოვებას გულისხმობს. ამიტომაც ხდება ასე ხშირად ის, რომ ბავშვები, რომლებიც შედიან ისეთ სპორტზე, რომლის ზედამხედველობაც უფროსებს შეუძლიათ, მალევე მიატოვებენ ხოლმე მას. ეს იმიტომ ხდება, რომ ამ სპორტული აქტივობებიდან მთელი ხალისი „გამოწურულია“ და ისინი აღარ არის სასიამოვნო ბავშვისათვის [რადგან ემყარება მოგებისა და შედეგად, ჯილდოს მიღების ფილოსოფიას, ლ.ა.]. თუ ბავშვი რეგულარულად არ იგებს, არ ჯილდოვდება და ვერ იმსახურებს შექებას, ეს აქტივობა აღარ არის ბავშვისთვის სასიამოვნო. შედეგად, შენ მონაწილიდან მაყურებლად გადაიქცევი, უყურებ სხვის თამაშს და თავად აღარ თამაშობ.

შეიძლება ვთქვათ, რომ დაახლოებით იგივე ხდება, თან უფრო ტრაგიკულად, ჩვენი განათლების სისტემაშიც. ბავშვები ბუნებრივად არიან მოსწავლეები და ახლის მიმღებნი. ისინი უწყვეტად იკვლევენ მათ გარშემო არსებულ სამყაროს, თანამშრომლობენ ერთმანეთთან ამ „კვლევის“ დროს და სიამოვნებთ ეს საქმე. ისინი ერთად იკვლევენ გარემოს და სიამოვნებით უზიარებენ ერთმანეთს ამ „კვლევების შედეგებსა“ და „აღმოჩენებს“. ამის საპირისპიროდ, სკოლებში, სადაც უფროსები ვართ, ყველაფერი კონკურენციას (დამყარებულს ჯილდოსა და ქებას) ეფუძნება, რომელიც თავის მხრივ აქებს და ადიდებს „მოგებულებს“ და არცხვენს „წაგებულთ“. ვინც „A”-შეფასებას მიიღებს, ისგ პატივცემული ხდება და ეს ანგრევს, სწავლისა და ახლის აღმოჩენის მთელ სიამოვნებას.

ზუსტად ამიტომ ხდება ისიც, რომ ბავშვები აღარ თამაშობენ ეზოში, რადგან მათ მოგებისთვის უწევთ თამაში სხვაგან (სკოლაში, სკოლაში სასპორტო წრეზე), სადაც აქტივობას თან ხალისი აღარ სდევს. იქ წარუმატებლობის შემთხვევაში, ბავშვები ხშირად სკოლითაც განიხიბლებიან და მასაც ტოვებენ. მიტოვებაში ამ შემთხვევაში არ იგულისხმება სკოლის მიტოვება და სახლში წასვლა! მოსწავლეთა უმეტესობას ეს არ შეუძლია, რადგან ეს აკრძალულია კანონით, მაგრამ ეს მოსწავლეს ხელს არ უშლის გონებით მიატოვოს სკოლა და აღარ იყოს ჩართული სასკოლო სწავლაში. ის ბავშვები, რომლებიც მუდმივად „იგებენ“ ან „იმარჯვებენ“, აგრძელებენ სწავლას. თუმცა ეს უმეტესად განპირობებულია არა სწავლისადმი ინტერესით, არამედ მოგების ჟინითა და უფროსებისგან მომდინარე ქება-დიდებით.

 

საზოგადოება, რომელიც გადაჭარბებით აფასებს კონკურენციას

დოქტორი პიტერ გრეი: „ჩვენ განსაკუთრებით აქ, აშშ-ში ვფიქრობთ, რომ ვცხოვრობთ ძალიან კონკურენტულ საზოგადოებაში. ბევრი ჩვენგანი ამით ამაყობს კიდეც. ზოგი ამას შეცდომით უკავშირებს ან დარვინიზმს, ან თავისუფალ მეწარმეობას, ან მერიტოკრატიას[1], ან ცივ ინდივიდუალიზმს. თუმცა ყველას გვავიწყდება, რამდენად ვართ ყველანი დამოკიდებული სხვა ადამიანებთან ნორმალურ და კეთილგანწყობილ ურთიერთობებზე და რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენ შორის თანამშრომლობა. შეუძლებელია მუდმივად ვიღაცის დამარცხებაზე იყო ორიენტირებული. (დიახ, მე ვიცი, რომ თქვენ შეგიძლიათ დამისახელოთ ვინმე, ვინც კონკურენტუნარიანია, თუმცა ამას ტყუილითა და თაღლითობით აღწევს; არ შეუძლია აღიაროს მარცხი; რომ ეს ვიღაც დიდი ფულის მფლობელია და აირჩიეს კიდეც მაღალ თანამდებობაზე და მიმდევრებიც კი ჰყავს. მაგრამ აქ მთავარი კითხვა ასე ჟღერს: ეს პიროვნების წარმატებაა თუ საშინელი მარცხი?)

ჩემი გამოცდილებით, ცხოვრებაში ნამდვილად წარმატებული ადამიანი, ვინც თვითონ არის კმაყოფილი და ბედნიერი საკუთარი თავით, საკუთარი ცხოვრებით, კარიერითა და ოჯახით; უყვართ მეგობრებსა და კოლეგებს; და ვინც მსოფლიოს უფრო მეტს აძლევს, ვიდრე მისგან იღებს – ზუსტად ის არის, ვინც უფრო მეტად თანამშრომლობაზეა ორიენტირებული, და არა შეჯიბრსა და კონკურენციაზე. რეალურად ვერავინ იმარჯვებს მარტო. თუ რაიმეს ვაღწევთ, ვაღწევთ იმიტომ, რომ ამ გზაზე სხვები დაგვეხმარნენ; დაგვეხმარნენ იმიტომ, რომ მათ ჩვენ მოვწონდით, ჩვენ ისინი მოგვწონდა და არ ვაპირებდით მათ დამარცხებას.

„ამიტომაც“ – გვეუბნება დოქტორი გრეი – „მიეცით ბავშვებს საშუალება ითამაშონ, დაეხმარონ ერთმანეთს თამაშისას, იცხოვრონ ცხოვრება დედა-ბუნებასთან ერთად ისე, როგორც ბუნებამ განსაზღვრა მათთვის და მათი ზრდასრულობის პერიოდი იქნება კეთილი, თუ, რა თქმა უნდა, ჩვენ მანამდე არ გავანადგურებთ იმ გარემოს, რომელიც ჩვენმა შვილებმა ჩვენგან მემკვიდრეობად უნდა მიიღონ. ჩვენ ჩვენი ბავშვების „გამოძერწვაზე“ კი არ უნდა ვიდარდოთ, არამედ იმაზე, როგორ შევარბილოთ კლიმატის მიმდინარე ცვლილება და სხვა განადგურების მექანიზმები, რომლებიც ჩვენ თვითონვე შევქმენით დედამიწაზე, ჩვენივე სიხარბის წყალობით.

 

(სტატიის დასასრული)

 

[1] მერიტოკრატია – მმართველობის ფორმა, როდესაც თანამდებობები გადაიცემა და სხვადასხვა პასუხისმგებლობა ადამიანებს ენიჭებათ მათ მიერ დემონსტრირებულ ნიჭისა და შესაძლებლობების მიხედვით.

როცა ფორტუნა იღიმის…

0

მოდით, ერთხელაც ბავშვებს ვუთხრათ – „ფორტუნამ გაგიღიმა“ და მათი მასწავლებელი ხართ, ბავშვები აუცილებლად დაინტერესდებიან, ვინ არის ფორტუნა? რატომ იღიმის? საიდან იცნობთ? მერე თქვენ იქით შეეკითხებით, თქვენ როგორ ფიქრობთო? და წამოვა აზრებისა და ვარაუდების კორიანტელი. თითოეულ აზრს რომ მოისმენთ და დაფაზე ჩამოაწიკწიკებთ, ამის შემდეგ გაუმხელთ ნამდვილ ამბავს ფორტუნაზე:

თუ ფორტუნა ერთხელ მაინც გაგიღიმებთ, ჩათვალეთ, რომ თქვენ იმ იღბლიანთა რიცხვს ეკუთვნით, რომლებმაც დიდებული და მშვენიერი ქალღმერთის, ფორტუნას, ღიმილი დაიმსახურა. ფორტუნას გაღიმება – გამართლებას, წარმატებასა და მოულოდნელ სიხარულს ნიშნავს.

ფორტუნა ბედნიერებისა და იღბლის რომაული ქალღმერთია, თავდაპირველად ის მოსავლის, სიუხვის მომტანად და დაბადებათა მფარველად ითვლებოდა.

მისი სახელობის პირველი ტაძარი რომის მეექვსე მეფეს, სერვიუს ტელიუსს აუგია.

დრო გადიოდა, დროსთან ერთად ქალღმერთი ფორტუნაც იცვლებოდა. უცვლელი რჩებოდა მისი სახელი – ფორტუნა. ამ სახელს მოსდევდა იმის აღმნიშნავი წოდება, ეს საოცარი ქალღმერთი კონკრეტულად რას ან ვის მფარველობდა, იმ კონკრეტული ეპოქის, იმ კონკრეტულ დროში.

ქალღმერთი ფორტუნა პრიმიგენია – ახალშობილთა მფარველია, ფორტუნა პრივეტა – ოჯახის მფარველი, ფორტუნა პუბლიკა – საზოგადო საქმეებისა, ფორტუნა ეკვესტრი – მხედრებისა, ფორტუნა მულიებრი – ქალებისა, ფორტუნა ვირილი – კაცებისა, ფორტუნა ვიქტრისი – გამარჯვებისა, ფორტუნა დუკსი – მთავარსარდლების და სხვა. საბოლოოდ კი ფორტუნა დარჩა უბრალოდ ყველა ადამიანის მფარველ მუდმივ ღვთაებად.

ფორტუნას გამოსახვა ძველად ძალიან უყვარდათ, რადგან მიაჩნდათ, რომ ქალღმერთი მათ გაუღიმებდა და წარმატებას მოუტანდა. ხატავდნენ, როგორც დიდებულ ქალბატონს, რომელსაც ხელში სიუხვის რქა ეჭირა და ამ რქიდან ოქროს მონეტებს ფანტავდა. რადგან ფორტუნას ცვლილება, ბედის ცვლილებასაც უკავშირდება, ქალღმერთს ბორბლითაც გამოსახავდნენ, როგორც ბედის ტრიალის სიმბოლოს. მისი გამოსახულება ამშვენებდა, ბეჭდებს, გულსაკიდებს, გემებს, მონეტებს…

შენ, ვინც ამ ტექსტს კითხულობ, გისურვებდი, რომ ამ მშვენიერ ქალღმერთს შენთვის ხშირად გაეღიმოს.

ლექსიკონი

სიუხვე – ხელგაშლილობა, გულუხვობა

 

წაკითხული რომ კიდევ უკეთ გავიგო

რას ნიშნავს „ფორტუნამ გამიღიმა“?

სადაური ქალღმერთია ფორტუნა?

ვინ ააგო ქალღმერთ ფორტუნას სახელობის ტაძარი პირველად?

რატომ გამოსახავდნენ ნივთებზე ფორტუნას?

რას უკავშირდება ქალღმერთის ბორბლით გამოსახვა?

როგორ ფიქრობ, როდესაც ფორტუნას მფარველობის ქვეშ მყოფები იცვლებოდნენ, შესაბამისად იცვლებოდა თუ არა ქალღმერთის გარეგნული სახეც? პასუხი დაასაბუთე, რატომ ფიქრობ ასე.

ფორტუნას წოდებები დააკავშირე მათთან, ვისაც/რასაც ქალღმერთი მფარველობდა.

ვირილი ოჯახი

პუბლიკა ახალშობილი

ეკვესტრი საზოგადო საქმეები

პრიმიგენია მთავარსარდლები

ვიქტრისი ქალები

პრივეტა მხედრები

მულიებრი კაცები

დუკასი გამარჯვება

დაუკვირდი მაგალითს, შეეცადე მოცემულ სიტყვებს მიუწერო მსგავსი შინაარსის სიტყვა ან სიტყვათა შეთანხმება. კარგი იქნება, თუ მინიმუმ სამ სიტყვას ან სიტყვათა შეთანხმებას მოიფიქრებ.

მაგალითი: გამართლება, წარმატება, მოულოდნელი სიხარული…..

ბედნიერება…..

დრო გადიოდა ……

დიდებული ქალბატონი ……

ბედის ცვლილება ……

სიუხვე ……

როგორ გესმის გამონათქვამი „ბედის ტრიალი“? დაწერე შენი მოსაზრება.

აირჩიე ერთ-ერთი წოდების ფორტუნა და შენი წარმოსახვით შექმენი მისი ილუსტრაცია.

დაწერე პატარა თხზულება სათაურით: „ფორტუნამ გამიღიმა“, გაიხსენე შენი ცხოვრებიდან მომენტი, როდესაც შენ წარმატება და მოულოდნელი სიხარული გეწვია. ამბავი მოჰყევი პირველ პირში. არ დაგავიწყდეს სასვენი ნიშნები. კარგი იქნება თუ დაასურათებ კიდეც.

მოცემულ ჩარჩოებში ჩახატე სხვადასხვა წოდების ფორტუნა

უმისამართო ცეცხლი

0

შარშან დეკემბერში ერთი ვიდეო ჩავწერე

 

საახალწლოდ გაშვებული ფეიერვერკების მავნებლობაზე ვსაუბრობდი. მანამდე ორ სხვადასხვა ინტერნეტ გამოცემიდან დამიკავშირდნენ და გარემოს დაბინძურების შესახებ განმარტება მთხოვეს. ისინიც ფეიერვერკების საწინააღმდეგო სტატიებს ამზადებდნენ.

შემდეგ რამდენიმე ცნობილი ადამიანის ვიდეო მიმართვაც გავრცელდა, ცხოველებს ეშინიათ და არ ვისროლოთო. საგანგებოდ ზოოპარკის თანამშრომლებიც იხვეწებოდნენ, დავინდოთ ცხოველები, სტრესი უვითარდებათო, ჩიტუნები იხოცებიანო… და ადამიანები? ამ წლების განმავლობაში რამდენი ბავშვი მოხვდა საავადმყოფოში კიდურების და თვალების დაზიანებით? რამდენი სახლი დაიწვა? არა ბატონო, შეაყარე კედელს ცერცვი! შარშანაც და ახლაც ისეთი ბათქი –ბუთქი იყო ატეხილი, სულ ერთი ცნობილი სიმღერა მაგონდებოდა იეზიდური ფოლკლორიდან „შერვანოზე“ (ქართულად მეომარს ნიშნავს), რომელიც გაუჩერებლად იბრძვის.

ახლა იანვრის პირველის ქრონიკებს გადავხედოთ: „გურამ ბაღდოშვილს პიროტექნიკა ხელში აუფეთქდა-შეფი კლინიკაშია გადაყვანილი“; „ არქის კორპუსში პიროტექნიკის არასწორი გამოყენების გამო, მუხიანში ორი საცხოვრებელი ბინა დაიწვა“ … ასეთი უამრავი მასალა იყო გავრცელებული.

იყო კადრები, როგორ დარბიან შეშინებული ქუჩის ცხოველები აქეთ-იქეთ. შარშან ჩემს მოპირდაპირე კორპუსშიც დაიწვა ბინა და მთელი დასახლება ახალ წელს უშუქოდ ვისხედით, რადგან თელასი იძულებული იყო გამოერთო.

გასაგებია ადამიანებს ცეცხლი აინტერესებთ და მას შემდეგ, რაც ცეცხლი აღმოაჩინეს აქტიურად დაიწყო მისი გამოყენება. იყენებდნენ ყველაფერში, გასათბობად, საჭმლის მოსამზადებლად, სიგნალის და ამბების გადასაცემად. ბოლოს, რა თქმა უნდა, საომრად და სხვა ადამიანების დასახოცად. ჩვ.ერ-დე. მეცხრე საუკუნეში ასირიელებმა აალებადი ნარევები გამოიგონეს, თუმცა მანამდე იყო „კალენიკეს ბერძნული ცეცხლი“. ეს უკანასკნელი ვინმე ბერძენმა კალენიკემ მოიფიქრა და რადგან იმ დროისთვის საბერძნეთს ეგვიპტე ჰყავდა დაპყრობილი და ერთად თანაცხოვრება უწევდათ, ამ ნარევს ეგვიპტეშიც კარგად იცნობდნენ.

ჰოდა, როდესაც მეშვიდე საუკუნეში არაბების მთელი ფლოტილია ეგვიპტის ნაპირებს დასაპყრობად მიადგა, მათ „კალენიკეს ცეცხლიანი“ ჭურჭელი დაუშინეს. ახლა, დროა განვმარტოთ მისი შედგენილობაც – 1:1:2 თანაფარდობით გოგირდს, ნავთობს და ზეთს შეიცავდა. როდესაც, ასეთი ნარევით სავსე ჭურჭელი რაიმე ზედაპირს დაასკდებოდა, მაშინვე ცეცხლი გაჩნდებოდა და მას წყლით ვერ ჩააქრობდით. პირიქით, რაც უფრო მეტ წყალს დაასხამდით, უფრო ჩაღდებოდა ცეცხლი.

წარმოიდგინეთ რა დაემართებოდა არაბების ხისგან ნაგებ გემებს. რამდენიმე მაინც გადარჩენილა, უკან გაბრუნებულა და თან ამბავი წაუღია ჯადოსნური ქემეიას ძალის შესახებ.

აზიაც არ ჩამორჩებოდა საერთო ფეხის ხმას. მარკო პოლოს „საიდუმლოებათა დიად წიგნში“ აღწერილია ჩინეთში არსებული ზეცის ცეცხლები, ანუ ფეიერვერკები. დღეს არსებული პიროტექნიკის ნახევარზე მეტი ასევე ჩინეთშია დამზადებული. ჩინეთს უკავშირდება პიტარდებიც, რომლის დასამზადებლად ბამბუკს იყენებდნენ. მათი ხმაური და გამოსროლილი ცეცხლი ადამიანებს არა მხოლოდ ართობდა, ბოროტი სულების დაფრთხობაშიც შეჰქონდა წვლილი. მათ ასე სწამდათ.

ჰანამიზე თუ გსმენიათ რამე? ეს იაპონური ტრადიციაა, როდესაც აყვავებული საკურის ქვეშ რაიმე ნაჭერს შლიან, ზედ წვებიან და ასე ტკბებიან საკურას ყვავილობით. ფეიერვერკებს იაპონურად ჰანაბი ჰქვია. „ჰანა“ იაპონურად ყვავილს ნიშნავს და „ბი“ არის სიტყვა „ჰი“-ის რბილი ვერსია, ნიშნავს ცეცხლს. ბუნებრივია, მთელი ეს ცეცხლი დენთის გარეშე ვერ შეიქმნებოდა.

სხვადასხვა წყაროები სხვადასხვას ამბობენ. ერთგან წერია შვედმა ბერმა ბერნარდ შვარცმა აღწერაო, სხვაგან წაიკითხავთ, რომ ინგლისის მეფე ედუარდ მეორის კარზე, როჯერ ბეკონმა შეაგროვა მასზე ინფორმაციაო. ერთზე ყველა თანხმდება, რომ დენთი ჩინეთში ვიღაც კაცმა გამოიგონა. დიახ, ვიღაც კაცმა, რადგან მისი სახელი უცნობად დარჩა.

დენთის აფეთქების შედეგად დიდი რაოდენობით აირი და სითბო გამოიყოფა. გამოყოფილი აირები სწრაფად ფართოვდება და ქმნის აფეთქების ეფექტს. კალიუმის ნიტრატი, ნახშირი და გოგირდი, 75:15:10 თანაფარდობით, დენთის შემადგენლობაა. თუმცა, ეს ფორმულა დროთა განმავლობაში ბევრჯერ შეიცვალა და ახალი, უფრო ეფექტური ნარევები შეიქმნა. კალიუმის ნიტრატი ასევე ბენგალური ცეცხლის მთავარი კომპონენტია.

მოსწავლეებს, რომ ვკითხოთ, რა იციან ამ მარილის შესახებ, უეჭველი გვეტყვიან, რომ ის აზოტშემცველი ნაერთია, შეიცავს ტუტე მეტალს-კალიუმს და აზოტმჟავას მარილს წარმოადგენს. შეიძლება, ზოგიერთმა, ქიმიაში უფრო ჩახედულმა მოსწავლემ, ისიც თქვას, რომ ეს მარილი ნატრიუმის ნიტრატთან ერთად სასუქად გამოიყენება.

მე-19-ე საუკუნემდე ფეიერვერკები განსაკუთრებული სიფერადით არ გამოირჩეოდა. იტალიელმა ოსტატებმა ცეცხლს სიფერადეც შემატეს და სპეციალურ ფორმებში შეფუთვაც მათი დამსახურება გახლავთ. სიფერადე შემდეგი ლითონების მარილების დამატებით ხდება: წითელი-სტრონციუმი, ლითიუმი; ვერცხლისფერი და თეთრი-ტიტანი, მაგნიუმი; მწვანე-ბარიუმი; ფირუზისფერი/მწვანე-სპილენძი; ყვითელი და ნარინჯისფერი-კალციუმი, ნატრიუმი; ახლა განვიხილოთ რა პროცესები მიმდინარეობს ზეიმის შემდეგ ატმოსფეროში.

მეტალების მარილების და ფეიერვერკის სხვა კომპონენტების ჰაერში გაფრქვევის შემდეგ ჰაერში შეწონილი ნაწილაკების კონცენტრაცია იზრდება. შეწონილ ნაწილაკებს PM (particular matter) აღნიშნავენ და ზომის მიხედვით შეიძლება იყოს, მაგ. PM 10, PM 2,5. ეს ბოლო, მცირე ზომის ნაწილაკები განსაკუთრებით საზიანოა, რადგან ბრონქების ალვეოლებში იოლად აღწევს. ჰაერში იზრდება გოგირდის და აზოტის ოქსიდების რაოდენობა. ამ უკანასკნელთ ე.წ. სმოგის აგენტებს უწოდებენ. რატომ? სმოგის საწყისი რეაქცია გახლავთ N2+O2↔2NO 2NO+O2=NO2 ასე ხდება ჩვეულებრივ პირობებში, ფეიერვერკების სროლის შემდეგ კი უკვე გამზადებული აზოტის დიოქსიდი გამოიტყორცნება ატმოსფეროში.

გავაგრძელოთ… NO2+H2O=NO+2·OH (ეს რამდენიმე რეაქციის შეჯამებული ვარიანტია); ჰიდროქსილ რადიკალი ნახშირწყალბადებთან და მათ წარმოებულებთან განაგრძობს ურთიერთქმედებას. ეს უკანასკნელნი ასევე ფეიერვერკების გასროლის პროდუქტებია. და ა.შ. სანამ ალდეჰიდები არ წარმოიქმნება. შემდეგ უკვე თანაური პროდუქტების მეორეული რეაქციები იწყება და ასე დაუსრულებლად რეაგენტების ამოწურვამდე. პროცესს ფოტოქიმიური სმოგი ეწოდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მაღალი ტემპერატურა და მზის სინათლეა აუცილებელი. კლასიკური ფოტოქიმიური სმოგი იმიტომ არ დგება, რომ ღამე ვისვრით, მაგრამ მაღალი ტემპერატურა იცოცხლე, იქმნება და ნაწილი რეაქციების მაინც წარიმართება, მით უმეტეს, რომ გამზადებული ოქსიდებით ვავსებთ გარემოს.

გარდა ამისა, გამოყოფილი გოგირდის და აზოტის ოქსიდები მჟავა ბუნებისაა, რაც ნიშნავს, რომ ატმოსფეროში რეაქციაში შევლენ წყლის ორთქლთან და მჟავა ნალექების წარმოქმნას შეუწყობენ ხელს. გოგირდის დიოქსიდი უფერო გაზი გახლავთ, წყლის ორთქლში გახსნისას გოგირდმჟავად გარდაიქმნება. ურთიერთქმედებს ჰაერში არსებულ სხვა ნივთიერებებთან და მეორად მყარ ნაწილაკებს წარმოქმნის. ჯანმრთელობაზეც საგრძნობი გავლენა აქვს-თვალების გაღიზიანება, საცრემლე ჯირკვლის გაღიზიანება, სიმძიმის შეგრძნება გულმკერდის არეში, სუნთქვის გახშირება, სასუნთქი სისტემის დაზიანება.

ერთი საინტერესო ცდის ჩატარებაა შესაძლებელი. აიღეთ კოლბა და შიგნით სხვადასხვა მცენარის და ყვავილის ფურცლები მოათავსეთ. აიღეთ რკინის გრძელტარიანი ქიმიური კოვზი, მოათავსეთ მასზე გოგირდის ფხვნილი, გაახურეთ სპირტქურის ალზე და კოლბის შიგნით შეიტანეთ. გოგირდი დაწვას დაიწყებს და გოგირდის დიოქსიდით გაივსება კოლბა. გარკვეული დროის შემდეგ დაათვალიერეთ კოლბაში არსებული ფოთლები. ისინი გაუფერულებული იქნება.

ანუ, რა გამოდის?

გოგირდის დიოქსიდი ქლოროფილის და სხვა პიგმენტების დაშლას უწყობს ხელს. ქლოროფილი არ არის-ფოტოსინთეზიც არ არის და მაშასადამე, მცირდება ჟანგბადის რაოდენობა.

ახლა აზოტს მივხედოთ. აზოტის დიოქსიდი ყავისფერი, მაღალი რეაქციის უნარის მქონე გაზია. არც ის არის ჯანმრთელობისთვის კარგი-რესპირატორული ინფექციებისადმი მაღალი მგრძნობელობა, სასუნთქი სისტემის გაღიზიანება და რესპირატორული სიმპტომები .

სხვათა შორის, ბავშვობაში ფეიერვერკები მეც მიხაროდა. შემდეგ, გავიზარდე და გავაცნობიერე, რომ ზიანის მეტი არაფერი მოაქვს. ამიტომ, სწორედ ჩვენზე, უფროსებზეა პასუხისმგებლობა ავუხსნათ მოზარდებს, რომ ჯობს ყოველგვარი ცეცხლის გარეშე შევხვდეთ ახალ წელს. სინამდვილეში ხომ ჩვენზეა დამოკიდებული, რამდენად ბედნიერები ვიქნებით და არა ჰაერში უმისამართოდ გასროლილ ცეცხლზე.

ბანანა-თევზის სიმაძღრე – სულის სიკვდილი

0

არ მეგულება წიგნიერი ადამიანი, ჯერომ დევიდ სელინჯერის ცხოვრებისა და შემოქმედების დამფასებელი და მოყვარული რომ არ იყოს. ამ ადამიანმა შექმნა არა მხოლოდ მკითხველის გულთამპყრობელი ტექსტები, არამედ თავისი ცხოვრებითაც აჩვენა მაგალითი იმისა, თუ რამდენად საინტერესო და იდუმალი შეიძლება იყოს მწერლის სამყარო. ბევრი იწვალა თანამედროვე ფრანგმა მწერალმა ფრედერიკ ბეგბედერმა, რათა ჯერომ სელინჯერისა და უნა ო’ნილის სასიყვარულო თავგადასავლის დასაწერად ცნობები მოეპოვებინა სელინჯერის ან უნასა და ჩარლი ჩაპლინის შთამომავლებისგან, მაგრამ – ამაოდ. თუმცა რომანი „უნა და სელინჯერი“ ნამდვილად თანამედროვე მსოფლიო პროზის მშვენებაა. ბეგბედერისეული სადა, თანამედროვე, პოპულარული ენით თვალწინ გვეშლება ამერიკული შემოქმედებითი ელიტის წარმომადგენელი ორი უმშვენიერესი ადამიანის სასიყვარულო თავგადასავალი, ნათლად იკვეთება მათი უზომოდ მომხიბვლელი ბუნება, უზადო არტისტიზმი და კრეატიული ბუნება, სიღრმე და სილაღე. ამერიკული თავისუფალი სულის ულამაზესი გამობრწყინებაა უნაც და სელინჯერიც. ორივე უსწრებდა ეპოქებს და ჰქონდათ თანამედროვე სამყაროს განსხვავებული აღქმა, მათ ღრმად ესმოდათ ადამიანის სულის ყოველი მოძრაობისა, ინტერესებისა და ლტოლვების ხვეულები.

ყველა დროის ბესტსელერი „თამაში ჭვავის ყანაში“ უთუოდ არის სელინჯერისეული თავისუფალი სულისა და ჰუმანიზმის უმაღლესი გამოვლინება, მაგრამ მსგავსი სულისკვეთება ასევე იკითხება მის მოთხრობებში. 1940-იან წლებში იწერებოდა და 1953 წელს გამოიცა სელინჯერის „ცხრა მოთხრობა“ („Nine Stories”). ამ კრებულის პირველი მოთხრობა „ბანანა-თევზის ამინდი“ („A Perfect Day for Bananafish”) სელინჯერის magnum opus-ებს შორის გამორჩეულია. „ბანანა-თევზის ამინდი“ იწყებს სელინჯერის ეპიკურ ციკლს, გლასების ოჯახზე საგას. მოთხრობა 1948 წელს დაიწერა, ხოლო გლასების ისტორიები გრძელდება მოთხრობებში: „ფრენი და ზუი“ (1961), „ჭერი ასწიეთ, დურგლებო“ (1963) და „სიმორი“ (1963).

მოთხრობის გმირია ახალგაზრდა კაცი – სიმორ გლასი, რომელსაც, როგორც მისი მეუღლის, მიურიელისა და დედამისის სატელეფონო დიალოგიდან ვარკვევთ, სერიოზული ფსიქიკური თუ ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს. სიმორი და მიურიელი ნიუ-იორკიდან ფლორიდაში ჩასულან ზღვაზე დასასვენებლად, თუმცა აშკარაა, რომ ახალგაზრდა ცოლ-ქმარს არაფერი აქვს საერთო. მეოცე საუკუნის 30-იანი წლების „დიდი დეპრესიის“ ხანის კრიზისების დროსაც და მოგვიანებით, უკვე 40-იან წლებში აქტუალური იყო ადამიანის გაუცხოების, სულიერი ტკივილისა და მარტოსულობის გადმოცემა. სელინჯერი – დიადი განდეგილი – საოცარი ოსტატობით ჰყვება თავისი გმირების სულიერ პრობლემებზე.

სიმორ გლასი და მისი პრანჭიკელა მეუღლე მიურიელი ზღვაზე დასასვენებლად ჩასულან, მაგრამ ერთად ყოფნის ბედნიერება მათ ურთიერთობაში არ შეიმჩნევა. მიურიელი სიძის ფსიქიკური პრობლემებით დამფრთხალ დედას ტელეფონზე უყვება თავისი მოგზაურობის ამბებს. როცა დედა ეკითხება, იმ საშინელებას ისევ გეძახისო, ქალი პასუხობს, რომ ახლა ახალი სახელი – 1948 წლის გამოშვების წმინდა მაწანწალა უწოდა ქმარმა. მიურიელს ფრჩხილებზე ლაქის ოსტატურად წასმა ბევრად უფრო აღელვებს, ვიდრე ქმართან სიახლოვე. სიმორი კი მარტო მიდის პლაჟზე, სადაც სიბილს ხვდება და როცა გოგონა ცოლზე ეკითხება, „ის ქალი სად არისო“, ასე პასუხობს: „ის ქალი? მაგას ჩვენ რას მივხვდებით, სიბილ? ათას ადგილზე შეიძლება იყოს. ან პარიკმახერთან იქნება თმის შესაღებად, ან თავის ოთახში ზის და ღარიბ ბავშვებს ტიკინებს უკერავს… სხვა რამე მკითხე“…

სიმორის მარტოსულობა ეპოქის სენია. ის არ არის მარტივი ადამიანი, მისი ფაქიზი სული იტანჯება და ვერაფერში პოულობს შვებას. ვერც ლამაზი ცოლი, ვერც სიბილი, ვერც მოგზაურობა ან ზღვის საამური პეიზაჟი მის სულიერ ტკივილებს ვერ შველიან…

სიბილ კარპენტერი სიმორისთვის ბევრად საინტერესო ადამიანია, ვიდრე მიურიელი. სიბილი „დორიან გრეის პორტრეტის“ სიბილ ვეინს გვაგონებს და მისი სახელიც შემთხვევითი არ უნდა იყოს. სიბილები ხომ ბერძნულ მითოსში ზეშთაგონებული წინასწარმეტყველი ქალები იყვნენ. ასევე სიმბოლურია სიბილის გვარი – კარპენტერი. ეს სიტყვა ინგლისურად დურგალს, ხის ნივთების დამამზადებელს ნიშნავს. სიბილისთვის სიმორი განსაკუთრებული ადამიანია, მისი სახელი აჯადოებს და იზიდავს გოგონას. ის პერსევერაციულად იმეორებს სიმორის სახელს. მოთხრობის ქართულ თარგმანში აკვიატებული აქვს ფრაზა „სიმორ გლასი – შინ მოსვლაში“, თუმცა ეს მთარგმნელის ხრიკია, ხოლო ორიგინალში სიბილის ფრაზა ასე ჟღერს: “See more glass… Did you see more glass?”. სიმორის სახელი ინგლისური ტრანსკრიფციით ასე იწერება – Seymour. სიბილის აკვიატებული ფრაზა სიმორის სახელთან დაკავშირებული ოსტატური კალამბურია. სელინჯერის სიტყვათა თამაში მკითხველს მუდამ განსაკუთრებით იზიდავს. სიბილის ფრაზის ქართული თარგმანი იქნება „დაინახე მეტი შუშა“, თუმცა ამ მაგიურ ფრაზას ბევრად ღრმა დატვირთვა აქვს. Glass ინგლისურად არის შუშაც, სათვალის მინაც, ლინზაც, ჭოგრიტიც, ბინოკლიც, ტელესკოპიც, ლუპაც, მიკროსკოპიც, ასევე აქვს არეკვლის, ხედვის მნიშვნელობა. სიბილისთვის სიმორი მთელი სამყაროა. სიმორის გვარი – გლასი – ამ გმირის მისიაზე მიგვანიშნებს. სიმორი არის ახლებური ხედვა, ძიება, მიგნება, აღმოჩენა. გოგონა ბოლომდე მიენდობა მას, ბოლომდე ისრუტავს მეგობრის ყოველ სიტყვას, ესმის მისი.

მოთხრობის მთავარი იდეა დაკავშირებულია ბანანა-თევზის პრობლემასთან. სიმორი სთავაზობს სიბილს, რომ ბანანა-თევზის დაჭერა სცადონ. სიბილს არაფერი სმენია ამ არსებებზე. სიბილის მეორე აკვიატებული კოდური ფრაზაა „შრიალა ტყე. კონექტიკუტი“, გოგონა ამბობს, რომ იქ ცხოვრობს. მისი გვარი კარპენტერიც ალბათ შრიალა ტყის მისტიკასთან არის დაკავშირებული. მისტიკური და იდუმალია სულიერი კავშირი სიბილსა და სიმორს შორის. გოგონა ეკითხება, „პაწაწინა შავი სამბო“ თუ წაგიკითხავსო, რაზეც სიმორი პასუხობს, „რა უცნაურია, სწორედ წუხელ დავამთავრეო“. სიმორი ლეიბზე აწვენს სიბილს და წყალში შეაცურებს, დამფრთხალ გოგოს დაამშვიდებს და თან ურჩევს, წყალში იყურე, იქნებ ბანანა-თევზი შენიშნო, დღეს სწორედ ბანანა-თევზის ამინდიაო.

მოთხრობას ქართულ თარგმანში ჰქვია „ბანანა-თევზის ამინდი“, ხოლო ინგლისურად – „A Perfect Day for Bananafish”, რაც ზუსტ თარგმანში ნიშნავს – საუკეთესო დღე ბანანა-თევზისთვის. სიმბოლურია, რომ ბანანა-თევზისთვის იდეალური დღე სიმორის თვითმკვლელობის დღე აღმოჩნდა.

აი, რას უყვება სიმორი სიბილს ბანანა-თევზის შესახებ: „უცნაური თევზია, ძალიან უცნაური… ძალიან უბედური ცხოვრება აქვთ… ადგებიან და ბანანებით გამოტენილ დარანებში შეძვრებიან. როცა შიგ მიცურავენ, ნამდვილ თევზებსა ჰგვანან, მაგრამ, შევლენ თუ არა დარანებში, ღორებს დაემსგავსებიან. ერთი თევზი ვიცი, შეძვრა ბანანას დარანში და სამოცდათვრამეტი ბანანა შესანსლა… ისე გაიყეყებიან, რომ გარეთ ვეღარ გამოდიან, კარებში ვეღარ გამოეტევიან“…

სიბილს აინტერესებს, რა მოსდით ბანანა-თევზებს მას შემდეგ, რაც დარანებში „გაიჭედებიან“… სიმორი პასუხობს: „თქმაც კი მიმძიმს, სიბილ, კვდებიან… ბანანის ხურვება კლავთ. საშინელი ავადმყოფობაა“… სიბილი სიმორს ატყუებს, აი, ბანანა-თევზი დავინახეო… სიმორმა კარგად იცის, რომ მის მიერ გამოგონილი მისტიკური არსების დანახვა შეუძლებელია და ჩვეული მახვილი იუმორით ეკითხება, პირში ბანანა ვერ დაუნახეო? – „როგორ არა? ექვსი ერთად!“- პასუხობს სიბილი.

ბანანა-თევზი სიმორის (სელინჯერის) ფანტაზიის ნაყოფია და ეს არის სიმბოლურ-ალეგორიული მხატვრული სახე, რომელიც ადამიანური ყოფის ამაოებასა და ადამიანის ბიურგერულ სინდრომებს განასახიერებს. ადამიანთა უმეტესობას ბიურგერული ყოფა, ძღომა მიაჩნია ცხოვრების აზრად, ისინი დარანებში მარჯვედ შედიან, რათა რაც შეიძლება მეტი ბანანა მოიხელთონ და ძღომას ვერ იგებენ, ეს კი სიკვდილია სულისთვის. სიმორს ასე ცხოვრება არ შეუძლია, ის იაზრებს ყოფის ამაოებას და ბანანა-თევზის სინდრომით დაავადებას ახალგაზრდობაში სიკვდილს არჩევს. მოთხრობის ფინალში მისი თვითმკვლელობა მოულოდნელი, უცნაური და გამაოგნებელია.

სიმორი გვაგონებს ჭოლა ლომთათიძის ფსიქოლოგიური მოთხრობის გმირს, რომელიც ამბობს, რომ „დაჭკვიანება სიკვდილია ადამიანის და ზეიმია ღორის“… „დაჭკვიანებაში“ მწერალი გულისხმობს ბიურგერული ყოფის რუტინას, რასაც მაძიებელი სულები ვერ ეგუებიან.

სელინჯერის მოთხრობა მდიდარ მასალას იძლევა სინთეზირებისთვის. ბანანა-თევზის მსგავსი გმირია რევაზ ინანიშვილის „ნეკერჩხლის წითელი ფოთლის“ პერსონაჟი მაჩვი, რომელსაც ძღომის მანია სულიერებისგან დაცლილ არსებად აქცევს და უკვირს ნეკერჩხლის წითელი ფოთლის სიყვარული ხარ-ირმისადმი.

ასევე მორგებული ლიტერატურული პარალელი იქნება „ბანანა-თევზის ამინდი“ ილია ჭავჭავაძის „კაცია-ადამიანის?!“ სწავლებისას. თათქარიძეები ბანანა-თევზები არიან, „ბანანით გაყეყილები“ სხედან თავიანთ ბნელ დარანში და გარეთ გამოსვლა აღარ შეუძლიათ. მათთვის ცხოვრების აზრი მეტი და მეტი ბანანის მოპოვებაა. ისინიც იხოცებიან ბანანა-თევზებივით. ძღომის მანია კლავს სულს და სხეულსაც მუტანტად აქცევს.

ამავე იდეური დატვირთვის მატარებელი პერსონაჟია „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში“ გაცოცხლებული ცქირი – „ღვარძლი იფქლთა შორის“, რომლის აღსასრული მკვლელისა და დამანგრეველის დამსახურებული სასჯელია – ის თევზს მიაძღა და მოკვდა. ლუარსაბიც ასე მოკლა ილიამ. არ ვიცი, რამდენად იყო ილია გიორგი მერჩულის ტექსტით შთაგონებული, თუმცა ეს პარალელი ნიშანდობლივია. თევზის სახე-სიმბოლოს მნიშვნელობაზე ქრისტიანულ კულტურაში აქ საუბარს აღარ გავაგრძელებთ, ისედაც საყოველთაოდ ცნობილია. თევზის ბერძნულ სახელს – ΙΧΘΥΣ (“იხთუს”) – ასე შიფრავდნენ: „იესო ქრისტე, ძე ღმრთისა, მაცხოვარი” („ისუს ხრისტუს თეუს ჰუიოს სოტერ”).

ლიტერატურის მასწავლებლებს ვურჩევ, რომ სელინჯერის „ბანანა-თევზის ამინდი“ უთუოდ გამოიყენონ მეათე-მეთერთმეტე კლასებში „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებისა“ და „კაცია-ადამიანის?!“ სწავლების დროს.

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...