ოთხშაბათი, ივლისი 16, 2025
16 ივლისი, ოთხშაბათი, 2025

იდეატორთა კლუბი და „ძველი ეზოს თამაშები“ ეფექტიანი სასწავლო გარემოსთვის

0

კოვიდის პანდემიამ გამოწვევების წინაშე დააყენა განათლების სისტემა. პანდემიით გამოწვეული ჩაკეტილობის გამო მოსწავლეები შეეჯახნენ სხვადასხვა ხასიათის პრობლემებს, მათ შორის – წიგნიერების, კრიტიკული და კრეატიული აზროვნების განვითარების, ერთმანეთსა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეფიციტს. შემეცნებითი პროექტები და კლუბური მუშაობა სააზროვნო ოპერაციების შესრულებას, აქტიურ სოციალიზაციასა და მოსწავლეზე ორიენტირებული გარემოს შექმნას უწყობს ხელს. USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამამ ამ მიმართულებით საინტერესო პროექტები განახორციელა. ერთი მათგანია სკოლებში იდეატორთა კლუბების შექმნა.

იდეატორთა კლუბი ახორციელებს კლასგარეშე აქტივობებს, დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს უვითარებს კრიტიკული აზროვნების, ეფექტური კომუნიკაციის, გუნდური მუშაობისა და პრობლემების კრეატიულად გადაწყვეტის უნარ-ჩვევებს, ხელს უწყობს ინოვაციებს, უბიძგებს ბავშვებს, საკუთარი იდეები რეალურ ცხოვრებაში გადაიტანონ.

USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელშეწყობით, 2022 წლის გაზაფხულზე მცხეთა-მთიანეთის რეგიონის მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანის ნიკო ბაგრატიონის (ბურის) სახელობის N1 საჯარო სკოლაშიც შეიქმნა იდეატორთა კლუბი. სკოლის, მოსწავლეებისა და მასწავლებლების საჭიროებათა გაცნობის შემდეგ გადაწყდა, კლუბს უნივერსიტეტთან თანამშრომლობით მოემზადებინა და განეხორციელებინა პროექტი „ძველი ეზოს თამაშები“.

„ძველი ეზოს თამაშები“ ითვალისწინებდა მე-4, მე-5, მე-6 კლასების მოსწავლეთა მიერ (ასაკი – 10, 11, 12 წელი) ძველი თამაშების მოძიებას, გაცოცხლებასა და პოპულარიზაციას, კერძოდ, ხელნაწერი წიგნის, კომიქსების (მულტიპლიკაციური ფორმის) და ბუკლეტის მომზადება-პრეზენტირებას. ეს ყველაფერი დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს:

  • ერთი მხრივ, განუვითარებდა XXI საუკუნის უნარ-ჩვევებს – კრიტიკული აზროვნების, ეფექტური კომუნიკაციის, გუნდური მუშაობისა და პრობლემების კრეატიულად გადაწყვეტის, კოგნიტიურ, კრიტიკულ, წარმოსახვით, შემოქმედებით, თანამშრომლობით, დამოუკიდებელი მუშაობის უნარ-ჩვევებს;
  • გაუღვივებდა ტრადიციებისადმი პატივისცემას, გაუზრდიდა ინტერესს წარსულის მიმართ;
  • მეორე მხრივ, განუვითარებდა/განუმტკიცებდა საგნობრივ ცოდნასა და კომპეტენციებს, რადგან დასახული მიზანი ემსახურებოდა ეროვნული სასწავლო გეგმის შედეგების მიღწევას (ქართ. დაწყ.(I). 2. 5. 9. 10. 14; საზ. მეც. დაწყ.(I). 17; ფ. ა. დაწყ. (I). ფ. ა. დაწყ.(I). 5; ს. გ. დაწყ.(II). 3; ის. ტექნ. დაწყ. 2. 3. 4. 5; ასევე – „მე და საზოგადოების“ სტანდარტი (III-IV კლასები); „ჩვენი საქართველოს“ სტანდარტი (V-VI კლასები). სახელდობრ, მოსწავლე:
  • ილუსტრაციებს უკავშირებს მოსმენილ ტექსტს და განალაგებს მათ მოქმედებათა თანამიმდევრობის მიხედვით – ქართ. დაწყ.(I). 2;
  • საკომუნიკაციო მიზნის შესაბამისად იყენებს ნიმუშებს, საყრდენებს; ადგენს მარტივი სახის მოკლე ჩანაწერებს (ჩაინიშნავს მნიშვნელოვან სიტყვას/სიტყვებს, სხვათა და/ან საკუთარ მოსაზრებას, კონკრეტულ საკითხს და სხვ.) – ქართ. დაწყ.(I). 5;
  • გამოხატავს და ახსნის წაკითხული ტექსტის მიმართ პირად დამოკიდებულებას; აფასებს ტექსტს, თემას და/ან მასში განხილულ კონკრეტულ საკითხებს. ქართ. დაწყ.(I). 9;
  • ნაცნობ თემატიკაზე ქმნის სხვადასხვა ტიპის მცირე ზომის ტექსტებს – ქართ. დაწყ.(II). 10;
  • გადაჭრის პრობლემებს გამოთვლების, ვარიანტების დათვლის და ობიექტებსა და მათ თვისებებს შორის მიმართებების გამოყენებით – მათ. დაწყ.(II). 14;
  • ზრუნავს ბუნებრივ გარემოსა და ისტორიულ მემკვიდრეობაზე – საზ. მეც. დაწყ.(I). 17;
  • ხალხურ ტრადიციებს აკავშირებს ლოკალურ გარემოსთან – საზ. მეც. დაწყ.(II). 2;
  • მონაწილეობს ფიზიკურ აქტივობაში და წარმოაჩენს მოძრაობით უნარ-ჩვევებს; აკავშირებს ფიზიკურ აქტივობას სხეულის მდგომარეობასთან – ფ. ა. დაწყ.(I), ფ. ა. დაწყ.(I). 5;
  • საკუთარ ინტერესებსა და გამოცდილებაზე დაყრდნობით, სახვითი ხელოვნების ელემენტებსა და პრინციპებს იყენებს მიზანმიმართულად, ნამუშევარში გადმოსცემს ჩანაფიქრს, იდეას, გუნება-განწყობას (ემოციებს) და შთაბეჭდილებებს – ს. გ. დაწყ.(II). 1;
  • თანაკლასელებთან თანამშრომლობით (წყვილში, გუნდში) გეგმავს შესასრულებელ სამუშაოს შემოქმედებითი და საორგანიზაციო პრობლემის გადასაჭრელად და ახორციელებს მას – ს. გ. დაწყ.(II). 3;
  • ორიენტირებს დროსა და სივრცეში, ინტერპრეტაციას უკეთებს ფაქტებს, იყენებს და ქმნის თვალსაჩინოებებს; სამშობლოსა და მისი კულტურის მიმართ გამოხატავს პოზიტიურ დამოკიდებულებას; საგანგებო სიტუაციებში აფასებს რისკებს, მოქმედებს უსაფრთხოდ – „მე და საზოგადოების“ სტანდარტი (III-IV კლასები); „ჩვენი საქართველოს“ სტანდარტი (V-VI კლასები);
  • ეფქტიანად იყენებს ისტ-ს, მოიძიებს ინფორმაციას სხვადასხვა წყაროდან, ინახავს, ამუშავებს, აანალიზებს და გამოაქვს დასკვნები; ქმნის ციფრულ პროდუქტს, ფლობს კომუნიკაციისა და თანამშრომლობის ციფრულ საშუალებებს – ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სტანდარტი ის. ტექნ. დაწყ. 2. 4. 5.

პროექტის ფარგლებში კლუბის წევრებმა:

 

  • მოსწავლეებმა მოიძიეს დამატებითი მასალა და გადაამუშავეს, რითაც დაეუფლნენ ინფორმაციის მოძიებისა და ინტერვიუს ხერხებს როგორც ეფექტური კომუნიკაციის გზას და გუნდური მუშაობის პრინციპებს;
  • მოპოვებული მასალებით შექმნეს: პოსტერი; საინფორმაციო ბუკლეტი; 3D წიგნი; ხელნაწერი წიგნი; ორი მაკეტი; ვიდეორგოლი; პრეზენტაცია; ორი ელექტრონულ-ანიმაციური ფილმი-კომიქსი (მულტიპლიკაციური ტექნიკით), მათში აღწერეს და ასახეს ტრადიციული, ხალხში მივიწყებული ძველი ეზოს თამაშები, გააცოცხლეს ისინი (საჭირო რესურსები: მუყაო, თეთრი ფურცლები, წებო, მაკრატელი, ცარცი; სპორტული თამაშებისთვის განკუთვნილი რესურსები; კომპიუტერული ტექნიკა);
  • მოაწყვეს შეჯიბრებები, გაიუმჯობესეს საგნობრივი ცოდნა, ციფრული, სოციალური, სამოქალაქო და ზოგადი კომპეტენციები (3D წიგნის, ბუკლეტის, კომიქსების შექმნისა და პრეზენტირების, პრობლემების კრეატიულად გადაჭრისა და საგნობრივი ცოდნის ცხოვრებისეულ კონტექსტში გამოყენების უნარები;
  • პოპულარიზაცია გაუწიეს:
  • ცხოვრების ჯანსაღ წესს და წინაპართა ტრადიციების დაცვას;
  • სკოლის, უმაღლესი სასწავლებლისა და საერთაშორისო ორგანიზაციების თანამშრომლობას.

 

ელექტრონული ბმულები:

პროექტი „ეზოს ძველი თამაშები“ – ვიდეორგოლი (ძველი ეზოს თამაშების გაცოცხლება, 3D წიგნი, ბუკლეტი, კომიქსები) და პრეზენტაცია

 

https://emis188-my.sharepoint.com/:p:/r/personal/pirchkhadze_maia_teachers_gov_ge/_layouts/15/Doc.aspx?sourcedoc=%7B6BAAF4D7-0F2D-40B5-93BB-2EE7D773B381%7D&file=%E1%83%9B%E1%83%A3%E1%83%AE%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1%20%E1%83%98%E1%83%93%E1%83%94%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%90%20%E1%83%99%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%91%E1%83%98.pptx&_DSL=1&action=edit&mobileredirect=true

 

https://emis188-my.sharepoint.com/personal/dalakishvili_ia_teachers_gov_ge/_layouts/15/stream.aspx?id=%2Fpersonal%2Fdalakishvili%5Fia%5Fteachers%5Fgov%5Fge%2FDocuments%2F%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%94%E1%83%A5%E1%83%A2%E1%83%98%20%2C%2C%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%A1%20%E1%83%AB%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98%20%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1%2C%2C%20%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90%2Emp4&ga=1

 

შედეგად, მოსწავლეზე ორიენტირებული საგანმანათლებლო სივრცის ორგანიზების ხელშეწყობით და კონკრეტული კომპონენტების გააქტიურებით ამაღლდა მოსწავლეთა მოტივაცია, გაუმჯობესდა საგნობრივი შედეგები და შეიქმნა გაცილებით ეფექტიანი სასწავლო გარემო.

აღზრდა – განსხვავებული ხედვები

0

„კეთილი იყოს თქვენი მობრძანება იმ ბავშვების, მოზარდებისა და ზრდასრულების კლუბში, რომლებიც საზღვრების დაწესების მომხრეები არიან, მაგრამ არ მოსწონთ, როცა სხვა ადამიანები იწყებენ მათთვის ამ საზღვრების დაწესებას“.ასე იწყება წიგნი სათაურით: „როგორ აღვზარდოთ პასუხისმგებლობიანი მოზარდი“, რომლის ავტორები არიან დოქტორები: Henry Cloud და John Townsend. (Henry Cloud – არის ბესტსელერებად ქცეული მრავალი წიგნის თანაავტორი John Townsend-თან ერთად. ავტორმა ფსიქოლოგიაში ბაკალავრის ხარისხი სამხრეთ მეთოდისტურ უნივერსიტეტში მიიღო, დოქტორის ხარისხი კლინიკურ ფსიქოლოგიაში -ბიოლის უნივერსიტეტში. Henry Cloud იღებდა თეოლოგიის გაკვეთილებს ტალბოტის სემინარიაში. ავტორები არიან კალიფორნიაში არსებული Cloud- Townsend Resources-ის დამფუძნებლები და აქვთ კერძო პრაქტიკა. John Townsend-ს აქვს ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხი ფსიქოლოგიაში, დალასის თეოლოგიური სემინარიის მაგისტრის ხარისხი თეოლოგიაში და ბიოლის უნივერსიტეტის დოქტორის ხარისხი კლინიკურ ფსიქოლოგიაში. 2015 წელს John Townsend-მა კალიფორნიის კონკორდის უნივერსიტეტის ბაზაზე დააფუძნა ლიდერობისა და კონსულტირების ინსტიტუტი).

„ბავშვები მიიჩნევენ (სიმართლე უნდა ითქვას, რომ ბევრი უფროსიც ასე ფიქრობს), რომ ის, რაც მე მახარებს „კარგია“ და რაც მაბრაზებს – „ცუდი“. ამიტომ ისინი ყოველთვის ეწინააღმდეგებიან საკუთარ ცხოვრებაზე პასუხისმგებლობის აღებას. მშობლების მიზანი კი უნდა იყოს, დაეხმაროს შვილს პასუხისმგებლობის, თვითკონტროლისა და არჩევანის თავისუფლების აღების უნარების განვითარებაში.

ამერიკელი ავტორები მიიჩნევენ, რომ აღზრდას – კავშირი აქვს, ბავშვის აწმყოსა და მომავალთან. ადამიანის ხასიათი მისი ბედისწერაა და ის მრავალ ასპექტში მის მომავალ ცხოვრებას განსაზღვრავს. აღზრდა ასევე, ხასიათის ფორმირების პროცესში მშობლის/აღმზრდელის მხარდაჭერასაც გულისხმობს. ხასიათი კი სწორედ, ზრდასრული ცხოვრების უსაფრთხოების, საიმედოობის, სიამოვნების განცდის უზრუნველყოფის აუცილებელი პირობაა.

ჩვენს სამყაროში ადამიანების ამა თუ იმ ქცევას უამრავი ახსნა მოეძებნება, მაგრამ ყველას არ შეუძლია ახსნას რატომ არ „აეწყო“ მისი ცხოვრება. ადამიანების ცხოვრების მრავალი სირთულე მათივე ხასიათის სისუსტის ბრალია. იმ გარემოში, სადაც პიროვნება შინაგან სიძლიერეს იჩენს, წარმატებასაც აღწევს, მაშინაც კი, როცა ბევრი წინააღმდეგობა ეღობება. მშობლები ქმნიან შვილების მომავალს. ხასიათის თავისებურებები ადრეული ასაკიდანვე წამყვან როლს ასრულებს ქცევითი შაბლონების ფორმირებაში.

ხასიათი – განმარტავენ ავტორები – არის საქმის კეთების უნარი თუ უუნარობა, მორალური სახე, ურთიერთობის სტილი და დასახული ამოცანის გადაჭრის უნარი, რას და როგორ აკეთებს ადამიანი გარკვეულ სიტუაციაში. როდესაც რეზულტატის დემონსტრირება ხდება საჭირო, რამდენად შეესაბამება ის რეალობას? შეუძლია თუ არა ადამიანს პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება? ამჟღავნებს თუ არა ბავშვი სხვა ადამიანების მიმართ ემპათიას? შეუძლია თუ არა საკუთარი ტალანტის განვითარება? რამდენად შეუძლია ცხოვრებისეული პრობლემების გადაჭრა? აქვს თუ არა სიყვარულის უნარი? ფლობს თუ არა წარუმატებლობასთან გამკლავების სტრატეგიებს? ეს იმ კითხვების ნაწილია, რომლებზე პასუხების პოვნის შემთხვევაში ხასიათის გარკვეული შტრიხების გახსნაა შესაძლებელი. შაბლონების შემუშავება თავის მხრივ მშობლებთან ურთიერთობებისას ფორმირდება. Henry Cloud-ისა და John Townsend-ის წიგნის მიზანია, დაინტერესებულ მკითხველს გააცნოს ავტორების მოსაზრება უფროსების მიერ ბავშვების აღზრდის პროცესში, ე.წ. საზღვრების დაწესების აუცილებლობის შესახებ. დასაწყისისთვის უნდა ვიცოდეთ, როგორები იყვნენ ის ადამიანები, რომლებსაც ბავშვობაში საზღვრების პრობლემები ჰქონდათ:

  • მათ არ შეეძლოთ ეთქვათ „არა“ მჩაგვრელებისთვის ან იმ სხვა ადამიანებისთვის, რომლებიც ცდილობდნენ რაიმე უღირსი ეკადრებინათ ბავშვისთვის;
  • არ შეეძლოთ ეთქვათ „არა“ საკუთარი დესტრუქციული იმპულსებისთვის;
  • ვერ ახერხებდნენ, წარმატებულად გადაეჭრათ გარკვეული ამოცანები, მიეღწიათ მიზნისთვის;
  • მათ აღმოაჩნდათ მიდრეკილება, ჰქონოდათ ურთიერთობა ისეთ უპასუხისმგებლო ადამიანებთან, რომლებიც მუდმივად შეურაცხყოფას აყენებდნენ გარშემომყოფებს;
  • პასუხისმგებლობას იღებდნენ სხვა ადამიანების ქცევებზე;
  • ჰქონდათ მანიპულაციებისადმი და სხვა ადამიანების გაკონტროლებისადმი სწრაფვა;
  • ჰქონდათ ახლო ურთიერთობების შიში;
  • არ შეეძლოთ ყოფილიყვნენ გულწრფელი ახლობლებთანაც კი;
  • არ შეეძლოთ კონფლიქტების განეიტრალება;
  • განსხვავებულ ცხოვრებისეულ სიტუაციაში მუდმივად დამნაშავის როლში იყვნენ.

ბავშვობაში შეთვისებული ქცევითი შაბლონები ზრდასრულ ასაკშიც მყარია. სწორედ, ამიტომ უჭირთ ადამიანებს შემდგომ მათი შეცვლა.

 

„მზრუნველი“ დედები ცდილობენ, შვილებს ყველაფერში დაეხმარონ, მათ ნაცვლად აკეთონ საქმეები მაშინაც კი, როდესაც ამისი საჭიროება საერთოდ არ არის. ასეთ ჰიპერმეურვეობის პირობებში აღზრდილ შვილებს უყალიბდებათ სტერეოტიპი, რომ მოითხოვონ ნებისმიერი ადამიანის დახმარება. მსგავსი სტერეოტიპები გავლენას ახდენს ბავშვის ურთიერთობებზე, როგორც სკოლაში, ასევე გარშემომყოფ სოციუმშიც. დედები მუდამ სიხარულით აწესრიგებენ შვილების მიერ დატოვებულ არეულობას საკუთარ ოთახში და ხშირად მთელ სახლში. დედისთვის ნებისმიერი საქმე, რომელსაც ის შვილის ნაცვლად აკეთებს, არის საბაბი კიდევ ერთხელ დაუდასტუროს მას დედობრივი სიყვარული. მაგრამ დედებს არ უნდა დაავიწყდეთ, რომ ისინი ამავე დროს ქალები და მეუღლეები არიან. პარალელურად, დედებმა შვილების მომავალსაც ობიექტურად უნდა შეხედონ და გააცნობიერონ, რომ მათი აღზრდილი შვილები ზრდასრულ ცხოვრებაში თითქმის ყოველთვის ეცდებიან საკუთარი პასუხისმგებლობა სხვებს გადააბარონ. ეს არცთუ ისე სახარბიელო პერსპექტივაა, რამაც დედებს აღზრდის სტილის შეცვლისკენ უნდა უბიძგოს. საბოლოო ჯამში პიროვნების განვითარებისთვის აუცილებელია, მან განივითაროს პასუხისმგებლობა, იფიქროს იმაზე, თუ რა გავლენას ახდენს მისი ქცევა გარშემომყოფებზე, ანუ სურთ თუ არა მათ სხვა ადამიანების ცხოვრების ნაწილად გახდომა. აი, ზუსტად ამას გულისხმობენ ამერიკელი ავტორები, როდესაც ამბობენ, რომ მომავალი იწყება ზუსტად ამ წამიდან.

 

მაშ ასე, შევთანხმდით, რომ უკიდურესად მნიშვნელოვანია, შვილებს ვასწავლოთ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება, რადგან, როდესაც მოზარდი პირველად შეეჩეხება თუნდაც საცხოვრებელი გარემოს დალაგების საჭიროებას, აღმოაჩენს, რომ არ შეუძლია სრულად გაისიგრძეგანოს, რომ:

 

  • აუცილებელია მისი საცხოვრებელი სივრცის დალაგება. რადგან, მისთვის ძირითადად, დედა იყო ის ადამიანი, რომელიც სრულად და მთელი სიმძაფრით შეიგრძნობდა ამ აუცილებლობას;
  • მოზარდს არ აქვს შესაბამისი ქმედების განხორციელების მოტივაცია. მთელი მისი წინა ცხოვრების განმავლობაში ხომ დედა იყო ის ადამიანი, რომელიც სრულად შეიგრძნობდა ამ აუცილებლობას;
  • მოზარდი არ გეგმავდა და არც დროს ხარჯავდა საკუთარი ოთახის მილაგებაზე. არ გაგიკვირდებათ, თუ ვიტყვით: დედა მაქსიმალურად მოტივირებული იყო, ყოველთვის თავად დაელაგებინა შვილის არეული ოთახი;
  • მოზარდს არ ჰქონდა არანაირი წარმოდგენა, როგორ მოეწესრიგებინა საკუთარი საცხოვრებელი სივრცე. ახლა უკვე ყველასთვის ნათელია, რომ ამას მის ნაცვლად დედა აკეთებდა.

 

როგორ მოხდა, რომ ასეთმა მოზარდმა მაინც მოახერხა და ისწავლა პასუხისმგებლობის თავზე აღება? თანდათანობით, აუჩქარებლად დედა (როგორც ცოდნის, ინფორმაციის გამცემი) გადასცემდა შვილს საკუთარ უნარ-ჩვევებს, რომლებსაც აღზრდის პროცესში გაუჩნდა მიმღებლობა, შეეცვალა არამართებული ქცევები. ანუ შედეგად, დედას უქრება მოტივაცია და აღარც მოთხოვნილება რჩება, შვილის ნაცვლად აკეთოს მისი საქმეები. შვილი თავად ასრულებს თავის მოვალეობებს. აღზრდის პროცესში შემუშავებული ქცევითი ჩარჩოები, უყალიბებს შვილებს შინაგან მოთხოვნილებას, საკუთარ ცხოვრებაზე თავად აიღონ პასუხისმგებლობა. ამ სტატიის დასასრულ, Henry Cloud და John Townsend – განმარტავენ, რა შინაარსს დებენ ტერმინ „ხასიათში“. ანუ თუ აღზრდის პროცესში და შვილებთან ურთიერთობებში მშობლები თანამიმდევრულად და მკაფიოდ იცავენ საზღვრებს, ზრდასრულ ასაკში მათ ექნებათ გაცილებით მეტი მოტივაცია, ისწავლონ საკუთარი მომავლის დაგეგმვა, გახდნენ პასუხისმგებლობიანი, თავისუფალი, კრეატიული, სიყვარულით სავსე წარმატებული ადამიანები.

 

 სტატია მოამზადა  ქეთევან კობალაძემ

ჩანაწერები

0

2004 წელს შეყვარებული დამშორდა. დრამატული იყო განშორება – ისეთი უცნაური სცენარით, მხოლოდ მე რომ მემართება ხოლმე. სხვა ასაკამდე თუ მივაღწიე, ალბათ ძალიან მოსაყოლი ამბავიცაა. მერე – სიბერეში. ჰოდა, ის ამერიკაში წავიდა, მე – ოზურგეთში. უნივერსიტეტი იმ წელს დავამთავრე. წესით მაგისტრატურაში უნდა ჩამებარებინა, მაგრამ საბუთების ნაცვლად იმედები ჩავაბარე ეშმაკს, სახლს დავუბრუნდი, ბავშვობის ოთახში დავწექი და ექვსი თვე მხოლოდ საჭმელს მაწვდიდა დედაჩემი. ლაპარაკიც ავუკრძალე. ვიწექი, ჭერზე წვიმისგან გამოხაზულ უცნაურ ფიგურებს რაღაც ცხოველებს ვამსგავსებდი და ვფიქრობდი, რომ ისინიც კი, უსულო და გამოგონილი არსებები ჩემზე გაცილებით ბედნიერები იყვნენ. საღამოს ფანჯარასთან მივდიოდი, ფარდას ოდნავ ვწევდი და ვხედავდი, როგორ ჭრიდა დაჩოქილი მამაჩემი ძროხისთვის ნამგლით ბალახს. ამ სცენას ვიკვიატებდი და ძილში, სიზმრებშიც ასე შრომობდა მამა. ერთხელ, მორიგი შეღამებისას, მოულოდნელად ჩემს ოთახში ამოვიდა, საწოლის ბოლოში ჩამოჯდა, შემომხედა, მიწისა და ბალახის ფერებაზელილი მტევნები გადმოატრიალა და თქვა: ,,დევიღალე”. თაობების დაღლა იყო მოყოლილი ამ ნათქვამში, მისი, ბაბუაჩემის, ბებიაჩემის, დიდი ბაბუის და იმის მამის და იმის დედის. უშედეგო დაღლების სერიის ტკივილი ვიგრძენი და წამოვჯექი. მეორე დილით, ცხადად მახსოვს, როგორ დავიბანე პირი, სარკეში თავს თვალს ვარიდებდი და ბოლოს მაინც ჩავიხედე. თვალი გავუყარე თვალში დამარცხებულ საკუთარ თავს და გადავწყვიტე, ყველა დაღლის გამო შური მეძია. მეზობელ ქალს, ნარის, რომელსაც ,,ბუტკა” ჰქონდა, 30 ლარი ვესესხეთ და წამოვედი თბილისისკენ. შემიფარა ჩემმა მეგობარმა ზაქარია ქიტიაშვილმა. დიდი წილი მასთან, დედამისთან და დეიდამისთან ვცხოვრობდი, იშვიათად – სასულიერო აკადემიის საცხოვრებელში ჩემს მამიდაშვილთან. მაშინ გადავწყვიტე, შემეწყვიტა ადრინდელივით სხვის კარზე კაკუნი და თვითონ ამეშენებინა სახლი, ანუ არამეტაფორულად რომ ვთქვათ, თვითონვე შემექმნა ახალი თაობის ლიტერატურული ჯგუფი. კონცეფცია მე და ზაალ ჩხეიძემ დავწერეთ. ახლა საჭირო იყო გაზეთი. გაზეთისთვის – ფული.

იყო მისი ვერპოვნა და ღამის გათევა ყარაულის ვაგონში და იმ ყარაულთან შუაღამისას სტუმრების მოსვლა, მათი სმა და თვალის გამოპარება ჩემკენ, როგორც გაუგებარი მაწანწალისკენ, ვითომ რომ მეძინა და მათკენ იქით ვაპარებდი თვალს და გულში ვტიროდი. ვტიროდი მერეც, როცა ნასესხები ფულით მანდარინები ვიყიდეთ აჭარა-გურიაში და აზერბაიჯანის საზღვარზე ნაწილი დაგვილპა, ნაწილი მოგვპარეს. გაზეთისთვის იყო ეს საქმეც წამოწყებული. მოკლედ ბევრი მარცხი და არდანებება. ერთხელ, სასულიერო აკადემიის საცხოვრებლის შეგუებულ ლოგინზე მიგდებულს, მამა დავითმა, იგივე გელამ, მითხრა: მოდი, შორენასთან მიდი ჩემი სახელით და ეგებ ცოტა წაგეხმაროსო ამ ამბავში. გულისხმობდა პატრიარქის სამდივნოს უფროსს, შორენა თეთრუაშვილს. ავდექი და წავედი, ჭკუა დამიშლიდა თუ ხასიათი? მოსაცდელში მცირე რიგი იყო, ჩემ წინ ორი ქალი იჯდა, ერთი მათგანი, ნატო შავლაყაძე, გამესაუბრა და გურიასთან გამოვძებნეთ კავშირი. ამ ლაპარაკში მისი მოსვლის მიზეზიც მითხრა – რუსთავის ციხეში პროექტს ვიწყებთ, პატიმრებს ქართულ ლიტერატურაზე პატარა გაკვეთილები უნდა ჩავუტაროთ და ერთი მათგანი ქალბატონი შორენას თანაშემწეა, რეზო შარაბიძე (ახლაც იქ მუშაობს, საპატრიარქოში) და მეორეს ვეძებთ, ცხადია, ბიჭი უნდა იყოს, ფილოლოგი და არც ციხეში შესვლის უნდა ეშინოდესო. მთელი წინა წელი სამსახურს ვეძებდი და აგერ უცებ – ბიჭი, ფილოლოგი, ციხეში შესვლის დიდად არმოშიში ჩემი მძებნელის წინაშე ვიჯექი და მეტი სასწაული რაღა გინდათ? ვიყვირე, კაცო, სად ეძებთ, აგერ ვარ, ლიტერატურაც ვიცი, ლექსებსაც ვწერ და ლაპარაკიც მეხერხება ცოტა-მეთქი! ქალბატონ შორენასთან აღარც შევსულვარ და ასე დავიწყეთ მე და რეზომ გაკვეთილების ჩატარება რუსთავის ციხეში. მერე ზაალი ჩავრთე ამ საქმეში და იქაური ხელფასით გამოვეცით პირველი გაზეთი – „ლ’ილ”. ფრანგულად კუნძულს ნიშნავს ლ’ილ. მთავარ რედაქტორად გამოგონილი პერსონაჟი რაფაელო მიურა ,,დავნიშნეთ”. არაერთი ნომერი გამოვეცით და უამრავი ნიჭიერი ავტორი გამოვაქვეყნეთ იმ თაობის. მერე ელექტრონულ ბიბლიოთეკა lib.ge – დ გადავაკეთეთ.

 

 

ზუსტად რვა თვის წინ, სარეაბილიტაციო ცენტრ ,,სახლში’’ ვიწექი, კედლისკენ გადაბრუნებული, უკვე ფეხზე თითქმის ვეღარ ვდგებოდი, 55 კილოგრამი ვიყავი, დღეში ორ კოვზ მაწონს ვჭამდი, მაკანკალებდა, გულისრევის მხოლოდ შეგრძნებაღა მქონდა, საშინელი შიშები ტრიალდება გონებაში, თვითგვემა, დეპრესია, მტანჯველი ობსესიები, საზარელი დერეალიზაცია – სამყაროსგან მოწყვეტის განცდა, მეძინა ორი საათი, შეუჩერებლად მასლოკინებდა ამ ორსაათიანი ძილისას თურმე (მორიგე ექიმები მეუბნებოდნენ მერე), ფეხებში და გულმკერდთან ძლიერ ჟრუანტელს და ფხაჭნას ვგრძნობდი. ნელ-ნელა ბენზოდიაზეპინების დოზას მიკლებდნენ და მისი განდევნის სინდრომი ანუ ,,ლომკა” ცალკე ჯოჯოხეთი იყო – ძვლები მეწვოდა, ხომ უცნაურად ჟღერს, მაგრამ მართლა მეწვოდა. დაკლებული დოზის მიღებიდან დაახლოებით ათ წუთში მოდიოდა გაბრუების სამი წამი, ყველაზე სასიამოვნო სამი წამი, რომელიც დავიმახსოვრე და ის ათი წუთი მაგ სამ წამს ველოდი. დანარჩენი დღე იყო ამ ტანჯვათა უიმედო ჯამი. თავის მოკვლა უკვე ერთხელ ნაცადი მქონდა და უფრო გარანტირებულ ფორმებზე ვფიქრობდი. ოთხ დღეში ერთხელ იკრიბებოდა ფსიქიატრების კონსილიუმი და ბოლოს ბუნდოვნად ვამჩნევდი, რომ მოსული ნევროპათოლოგები და ფსიქიატრები თითქმის დანებებული იქნევდნენ თავს. მაგრამ არ დანებდნენ. არც მე მომცეს ამის უფლება. და მერე, ერთ მოულოდნელ დღეს ვიგრძენი მოულოდნელივე ნებელობა და ნელი ნაბიჯებით გავყევით გზას გამარჯვებისკენ და ახლა აქ ვარ – არნახულად ძლიერი და ახალი, დიდი ოცნებებით. ხან სიზმარი მგონია, მგონია გამეღვიძება და ისევ ის ტანჯვა დაიწყება. გასულ თვეს, თითქმის ყველაფერი მოხდა, რომ უკან შემეცურა იმ მრუმე მდინარეში. მტკიოდა, განა არ მტკიოდა, მაგრამ თან საოცარ სიმტკიცეს ვგრძნობდი, რაც ადრეც კი უცხო იყო ჩემთვის.

თუ საქართველოს პატარა ქალაქების ბაზარში მოხვდებით, მიხვდებით, რომ უსცენარო სპექტაკლია ეს ბაზრები. გადაძახილების, დიალოგების, დარდიანი პაუზების, ყალბი და გულწრფელი ღიმილების, გაწბილების, დაკვირვების, გაკვირვების ფერადი სცენა. მოვაჭრე მოვაჭრეს ელაპარაკება, ინდაური – ინდაურს, თხა – თხას და შეიძლება თხა -ინდაურს. რას გაიგებ. ჩვენ ხომ ლაპარაკის ქვეყანა ვართ. მნიშვნელოვანია ამ დიალოგებში მოულოდნელად შეჭრილი მყიდველი დილიდან ნამეცადინები როლით – ,,ცოტა არ დააკლდება? ბოლო ფასი მითხარი!’’. თუმცა მყიდველი უცხო როდია, შეიძლება კარის მეზობელიცაა, მაგრამ ამ კითხვას მაინც უცნობივით სვამს. ,,სიფთა ხარ და მაგიტომ დაგიკლებ ცოტას’’ – უბრუნებენ პასუხს. ოღონდ ეგაა, უკვე მეოთხე ,,სიფთაა’’ დღეს ეს კაცი, ანუ მეოთხე პირველი მყიდველი. ამიტომაც ბაზარი არის ტყუილი. ოღონდ აუცილებელი, შეთანხმებული და სრულიად უბოროტო. ბაზარი არის მეყველეთა ცხარე კამათი და არის თუთუნის გამყიდველი კაცის ჩაფიქრება მიწას დაბჯენილი მზერით. ბაზარი არის მიშტერება და ჭორი, ოღონდ სიმართლეა ის ჭორი და სხვა დანარჩენიც, რადგანაც, როგორც გითხარით, სპექტაკლია პატარა ქალაქის ბაზარი საქართველოში, სპექტაკლში კი ყველაფერი ხდება და რაც ხდება, ყველაფერი ნამდვილია.

 

 

ხუთი გრძნობა და ბევრი ამბავი

0

კატო ჯავახიშვილის საბავშვო წიგნის „სიყვარულით, ელლი“ შესახებ

„მხოლოდ ის გაძლებს, რაც მარტოობაში ჩაისახა, ღმერთის პირისპირ“ – ეს „სადიდო აზრი“ ემილ ჩორანს ეკუთვნის. თუმცა მასში ზუსტად ის დვრიტაა, რასაც ყველა ბავშვი თავისებურად მოაწერდა ხელს, უფრო სწორად რომ ვთქვათ – საკუთარ თავში ბავშვობაშენახული ყველა ადამიანი – ვეებერთელა და შეუცნობელ სამყაროში, ღმერთის პირისპირ მარტოდმარტო მოთამაშე სული.

ამ აზრითაა დამუხტული პოეტ კატო ჯავახიშვილის საბავშვო წიგნი „სიყვარულით, ელლი“ (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა). ეს პატარა, ელეგანტური წიგნი ავტორის დებიუტია საბავშვო ლიტერატურაში. ვინც კატო ჯავახიშვილის პოეზიას იცნობს (და ასეთი ბევრია!), მისთვის განსაკუთრებულად მოულოდნელი და საინტერესოა საბავშვო ტექსტი ავტორისგან, რომელიც უკიდურესი სიმძაფრით, სიურრეალისტური კოშმარებით და დაუნდობლად გაშიშვლებული ტკივილებით ქმნის მხატვრულ სამყაროს, დანტე ალიგიერისეული კარიბჭის ეპიგრაფით: „თქვენ აქ მომსვლელნო, იმედები დატოვეთ ყველა…“, თუმცა, სწორედ ეს წარმოსახვითი ფეიერვერკი, მრავალფეროვანი ვიზუალური იდეები და ემოციური ინტელექტის ზღაპრული ვიბრაციები დაეხმარა პოეტ კატო ჯავახიშვილს, შეექმნა ეს მშვენიერი ტექსტი, რომელიც თანაბრად სასიამოვნო და რაც მთავარია, საგულისხმო წასაკითხია როგორც ბავშვებისთვის, ასევე უფროსებისთვის.

საგულისხმოც და საკურნებელიც. „სიყვარულით, ელლი“ თერაპიული ტექსტია, რომელიც მხატვრული სიტყვის/ამბის ზემოქმედებით ბავშვური სულის და ფსიქიკის ჭრილობებს ძალიან ფრთხილად და ფაქიზად ეხება.

ყველაფერი კი დიდი მარტოობით იწყება. პატარა გოგოს – ლილეს მარტოობით. ამ მარტოობას თავისი მიზეზი აქვს – გოგონას დედა გარდაიცვალა. ამ ტკივილით დაბნეული მამა ვეღარ ახერხებს შვილთან ურთიერთობას, ამიტომ ყველაზე მარტივ გზას ირჩევს – გაურბის მას, ფორმალური სიმკაცრით და „მშობლური“ კანონებით ცდილობს მისი ყურადღების მოპოვებას. ბებია იტალიაშია სამუშაოდ, მამაც სულ სამსახურშია – „მოწყენილობის კომიტეტში“, როგორც ლილე ეძახის. საერთოდაც, ყველაფერი მის გარშემო მოწყენისფერი ხდება. ამას ის გარემოებაც ამძაფრებს, რომ დედის სიკვდილზეც უცნაურად ელაპარაკებიან – ატყუებენ, თითქოს უცხო ქვეყანაშია წასული. არადა, ლილე ყველაფერს ხვდება. ეს ტყუილები, ენის მოჩლექა, გაუგებარი დამოკიდებულებები ლილეს დღითიდღე საკუთარ ნაჭუჭში კეტავს. ტანჯავს განცდა, რომ მისი არავის ესმის, რომ ყველამ პირი შეკრა მის წინააღმდეგ.

სწორედ ასეთ დროს ჩნდება მის ცხოვრებაში ზღაპრული მეგობარი, რომელიც, ცოტა ხნის წინ, ძალიან ყოფით გარემოში თვითონ დახატა – მწვანეთვალება, ორი ცეცხლისფერი ნაწნავით, ფეხზე ბებიას გამოგზავნილი ბოტასით, მწვანე ქურთუკით და თავზე პომპონიანი ქუდით, და რაც მთავარია – ზუსტად იმ ჭრელი კაშნეთი, რომელიც ოდესღაც მამამ დედას აჩუქა. ასე დაიბადა ელლი, გოგონა, რომელიც ლილემ ჯადოსნური კალმით ჩაიფიქრა და რომელმაც ამ კალმით მისთვის ზღაპარი დაწერა.

წარმოსახვითი მეგობრის იდეა ნაცნობია ლიტერატურაში. ის ერთგვარი ფსიქოლოგიური ხერხიცაა, რომელიც პერსონაჟის მხატვრული სამყაროს ახალ პლასტებს ხსნის. ასეა ამ ტექსტშიც – ელლი ლილეს ანარეკლია, მისი „სხვაა“ – მისი განუხორციელებელი ოცნებების რეალიზება, მისი ყველა დაფარული შესაძლებლობის ამოფრქვევა და მთელი სამყაროს შემორიგება. სახელებიც ხომ მსგავსი აქვთ – ერთი აკუსტიკით და სემანტიკით – ელლი/ლილე – მზის შვილები, მზის ენერგიით დამუხტულები.

ელლიმ ლილეს მგრძნობიარე ბუნებას ტკივილისა და შიშის საბურველი უნდა ახადოს. ამ მიზნით იწყება მათი მოგზაურობა შეგრძნებების სამყაროში – ხედვა, ყნოსვა, შეხება, გემო და ყურთასმენა – ეს ხუთი მოვლენაა შესაცნობი და „მოსაშინაურებელი“. ელლი ამ ჯადოსნურ თავგადასავალში ისეთ პერსონაჟებს იშველიებს, რომლებმაც თავის დროზე ზუსტად ეს გზა გაიარა – შიშების მოთვინიერების და მგრძნობელობის კოსმიურ რეგისტრში დაუნჯების გზა.

გალაკტიონ ტაბიძე, ნიკო ფიროსმანი, ჰამლეტ გონაშვილი, ბარბარე ჯორჯაძე და მარიამ დემურია – ეს ხუთი სამყარო ამოიზრდება ლილეს და ელლის საოცარ მოგზაურობაში.

ყველამ ვიცით, რომ თოვლი თეთრია. მაგრამ როცა ციდან დაფრქვეულ თოვლში იისფერს დაინახავ, თან დაამატებ, რომ ის „ირიბია და ალმაცერი“, ეს უკვე მზერის ისეთი სიმაღლეა, სადაც მარტოობა არათუ ტანჯვად, არამედ ღვთაებრივ დღესასწაულად მოგეჩვენება; როცა ზოოპარკში გამომწყვდეული ჟირაფის თავისუფლებაზე ისე ძალიან ოცნებობ, რომ ხატვას იწყებ და ამ თავისუფლებას მას შენს ნახატში ანიჭებ, მაშინაც უნდა იცოდე, რომ ზოგჯერ ეს შენი დახატული ოცნება ამქვეყნად ყველა სინამდვილეზე ნამდვილია, თავისუფლებას კი იმ დროს განიცდი, „როცა ლომივით გშია, მაგრამ ჟირაფს წასვლის ნებას აძლევ“.

მაშინაც იმარჯვებ, როცა მერცხლისთვის მოქნეული ქვა ყველაზე მეტად შენ გეტკინება და ეს ტკივილი გულიდან სიმღერად წაგსკდება. უნდა იცოდე, რომ ასეთი სიმღერა სამყაროს ხმას გამოსცემს და როგორც დიდ წიგნში „ვეფხისტყაოსანშია“, მასზე „სმენად მხეცნიც მოვიდიან“… სამყარო სურნელის მრავალფეროვნებაცაა და რაც უფრო მეტად გაარჩევ ერთმანეთისგან ამ სურნელებებს, მით უფრო მეტად მოგაჯადოებს მშვენიერება და სიყვარული…

ტექსტს კომპოზიციურად კრავს ვირტუალური თეატრის ეპიზოდი – მარიამ დემურიას სამყაროში მოხვედრილი ლილე და ელლი სახელდახელო სპექტაკლის მონაწილეებად იქცევიან, სადაც საკუთარი თავი უნდა ითამაშონ. ამ სპექტაკლის უჩვეულობა იმაშია, რომ პიესაში არცერთი სიტყვა აღარაა – ყველა სიტყვა და ამბავი გამქრალია ფურცლებიდან. ამ თავსატეხს ლილეს მამა ამოხსნის – მათ მთავარი ამბავი უნდა იპოვონ, რომელიც ფურცელზე/სცენაზე დრამატურგიას დააბრუნებს. უფრო მარტივად რომ ვთქვათ – რეალობაში ცხოვრებას დააბრუნებს. ეს მთავარი ამბავი კი, აი რა ყოფილა:

„ახლა მივხვდი, რომ როგორი მწარეც არ უნდა იყოს, სიმართლის თქმა სჯობს. მივხვდი, რომ ჩემი გოგონასთვის მხოლოდ მამა კი არა, მეგობარიც უნდა ვყოფილიყავი“, – ეს ლილეს მამის, სანდროს აღსარებაა. ჭეშმარიტებაც გაცხადებულია – „თურმე, როცა ადამიანები საჭირო სიტყვებს ვერ პოულობენ, ამბები გარბიან. და გარბიან არა მხოლოდ წიგნებიდან, არამედ ჩვენი მეხსიერებიდანაც. აი, უკვე წიგნებშიც ყველაფერი თავის ადგილზეა. ყველა ამბავი დაბრუნებულა. თვალის ახელა ხომ ერთმანეთის პოვნას ნიშნავს“…

ამ წიგნის მნიშვნელოვანი პერსონაჟია ფსიქოლოგი, რომელიც, მართალია ყველაზე მცირე დოზითაა ტექსტში, თუმცა მისი ენერგია ყველა ეპიზოდში იგრძნობა. ის ერთგვარი ფარული „დირიჟორია“, რომელიც ამ თავგადასავალის მუსიკას ხელმძღვანელობს.

ცალკე აღნიშვნის ღირსია წიგნის მხატვრობაც – თეა აკობიას არაჩვეულებრივი, ნატიფი ილუსტრაციები, რომლებიც ამ თავაგდასავლის უზუსტეს ვიზუალიზაციას ქმნიან. თითოეული ნახატი დაუვიწყარი შთაბეჭდილებაა, ერთდროულად ნაცნობი და უცნობი აქცენტებით, ბავშვობის სურნელითა და იდუმალებით სავსე.

ამბავი, რომელიც დიდი და მტკივნეული მარტოობიდან დაიწყო, თვითცნობის დღესასწაულით სრულდება – ლილემ საკუთარ თავთან ერთად, მამაც დაიბრუნა და მთელი სამყაროც. ზუსტად ისევე, როგორც წიგნებმა – სიტყვები, მარიამ დემურიას სპექტაკლში. ელლი კი სხვა ზღაპრებისთვის ემზადება, ის ტოვებს მეგობარს, რადგან ლილეს მარტოობა ახლა უკვე აღარაა საშიში. სამაგიეროდ, მისი ზღაპრები სხვა გოგონებს დასჭირდება, სხვა ბიჭებს, შესაძლოა უფროსებსაც კი… ყველას, ვინც შიშის და ტკივილის სიბნელეში ჩაწოლილა და დახმარება სჭირდება.

ეს წიგნი აცოცხლებს იმედს, რომ ამ სიბნელიდან გამოსასვლელი ძალა ყველა ადამიანშია. მთავარია, სწორად გამოიხმოს ის. ჩვენ ყველას გვყავს ჩვენი წარმოსახვითი მეგობარი, ვისთვის მფარველი ანგელოზი, ვისთვის ხილული სულიერი – ჩვენი „სხვა“, სამყაროს სარკეში ყველაზე უტყუარი პირადი ანარეკლი, რომელიც ზუსტად იმ თავგადასავალში შეგვიძღვება, რომელსაც თავად განვაპირობებთ, ჩვენი არაცნობიერი ენერგიითა და მეხსიერების ლაბირინთებით.

„სიყვარულით, ელლი“ ხელოვნების ძალასაც ეძღვნება. ძალას, რომელიც გადარჩენის/გამოსავლის გზას ყველაზე ღვთაებრივ ნათელში, ყველაზე კოსმიურ ფერებში გამოატარებს.

SOS – Save Our Stories!

0

***

ერთი გამძლე პალტო მაქვს, მეორე წიგნის ჰონორარით ნაყიდი. არ ვიცი, პალტო რამ მაფიქრებინა, თუ გალაკტიონი არ მყავდა შეჩენილი. ამბავი უფრო ისაა, რომ ჯიბეები სამი წლის მერე აღმოვაჩინე. ჰო, გალას ეს არ დაემართებოდა, არაფრით!

***

მოხუცს ახალგაზრდა ქალი მოჰყვა ექიმთან, შენ აქ დამელოდე და რეგისტრატურაში მე გავარკვევ ყველაფერსო. მეორე მოხუცი მარტოა მოსული, გვერდით მიუჯდა და ეკითხება:

– ეგა გოგოა შენი თუ რძალი? როგო დაგტრიალებს!

***

დილანის ფოტოს ვეძებთ, ჩარჩოში გვინდა ჩავსვათ. სადაც იდო, იქ არ დაგვხვდა. სადაც ადრე იდო, არც იქ. შეეშევი, უჟმურია, მეუბნება ლევანი. კაცი ნობელის გადასაცემად ვერ იპოვეს და ახლა ჩარჩოში ჩასასმელად გამოგვეცხადება, ვპასუხობ მე. არადა, კარგი ფოტოა.

***

აკა მიყვარს, მაგრამ მუსია უფრო. ეგაა ნაღდი ლიტერატურა, როდესაც მწერალზე მეტად პერსონაჟი გიყვარდება.

***

ამ ყინვაში ერთი ბიჭი მოკლესახელოებიანი მაისურით დადის ჭავჭავაძეზე. დღეს ჩაის მაღაზიაში შევედი და თურმე იქ მუშაობს კონსულტანტად. ხან ერთი ჩაი მირჩია, ხან მეორე. მეთქი, თქვენ რას სვამთ, თქვენ. რატომ მეკითხებითო. შუადღეს ჭავჭავაძეზე დაგინახეთ-მეთქი. გასაგებიაო, გაეღიმა. ჩაი კი ნამდვილად კარგი გვაქვს, მაგრამ ვერ შეგპირდებით, რომ ზამთარში მაისურით არ შეგცივდებათო.

***

ჩვენი სოფლის ფოსტალიონი ველოსიპედით ჩამოივლიდა ხოლმე და ჭიშკრის ხვეულში გაარჭობდა გაზეთებს. თუ დაიძახებდა, ესე იგი დეპეშა იყო მოსული ან პენსია. მე განსაკუთრებით ხონის გაზეთი მიყვარდა, სადაც პირველ გვერდზე ასეთ რამეს ამოიკითხავდით: „ხონის ცენტრში ურცხვად დათარეშობდა ჯ.ბ.-ის ღორი თავისი გოჭებით.“

***

იმერეთში თუ მაღაზიისკენ მიმავალ მეზობელს ბავშვები დიდხანს გაუბამენ ლაპარაკს, დროულად უნდა მიაძახო  – ჰე, ბაღნებო, გოუშვით ახლა და ჩამეიარს კიდო! მერე მეტი დამაჯერებლობისთვის მეზობელსაც უნდა ჰკითხო –  ხო ჩამეიარ ისევლე იქითობისას? იმანაც უნდა გიპასუხოს  – ა, პესოკს ვიყიდი და ჩამევიარ, აბა, რას ვიზამ!

 

***

მატასიმ ხვალ ტესტს ვწერთ იმერეთზეო. მეკუთხია რომ ვარ, დავჯექი და განსაკუთრებულად ვამეცადინე. ყოველ დაყოვნებულ პასუხზე მამაჩემის ინტონაციით ვეუბნებოდი –  კარგი, ბაბუ, ახლა! ეს კი უნდა იცოდე იმერელმა გოგომ!

***

დედაჩემს აეროპორტის ძველ ამბებს ვაყოლებ და სადისპეტჩეროს ერთ თანამრშომელზე მეუბნება, სამსახურიდან იმიტომ გაუშვეს, მითითებების გარდა, პილოტებს სხვა რაღაცებსაც ელაპარაკებოდა და ეთერს ანაგვიანებდაო. წარმოიდგინეთ, თქვენს საქმეშიც რომ არ შეიძლებოდეს მიდებ-მოდება, რამდენი დრო გამოგითავისუფლდებოდათ.

***

– ელე, გაუხარდა მატოს, შენ რომ მიაკითხე სკოლაში?

– არ ვიცი, დავურეკე, მოვედი-მეთქი და ვერ მიცნო. თურმე ჩემი ნომერი არ უწერია.

სხვადასხვა ათასწლეულში დაბადებული დები.

***

ჯონ მაქსველ კუტზეე ამბობს, რომ გარკვეული ასაკის შემდეგ ყველა ურთიერთობა სერიოზულია, გულის შეტევისა არ იყოსო. ანჟელიკ კუტზეე კი გვაფრთხილებს, რომ ომიკრონი გარკვეული ასაკის აუცრელ პაციენტებთან უფრო მძიმედ წავაო.

დავუჯეროთ სამხრეთაფრიკელებს, ან ასეც შეგვიძლია ვთქვათ  – მწერლებსა და ექიმებს.

***

ფანჯრიდან გავიხედე, კაცი მომესალმა მანქანიდან. არ მეცნო, ალბათ ხშირად დადის ამ გზაზე. როდესაც წითელი ანთია, მეც ხშირად ვაკვირდები მძღოლების ჟესტებს, უნებისყოფოთა ამოსაცნობად. ისინი კიდევ ჩვენი კორპუსისკენ იყურებიან, თითქოს უმისამართო მზერით. ზოგი ისე გაერთობა ხოლმე, უკან მდგომის სიგნალი აფხიზლებს. ასეთია შუქნიშანთან ცხოვრება.

**

გუშინ ჯგუფურ ჩატში ამ მძიმე დროისა ვთქვით და მერე ერთმა მეგობარმა მოიწერა, ჩვენ ხო ვიცით, რისი გამკეთებლები ვართ ერთმანეთისთვის და ჰოდა, ეს გვიხაროდესო.

***

მახსოვს, პირველი ორსულობის დროს ოცი კილო მოვიმატე. მეშვიდე თუ მერვე თვეში ახალი პალტოს შეკერვა მოვინდომე. სულ იმის წარმოდგენაში ვიყავი, გავაჩენ, წონას მალევე დავიკლებ და გამოვეწყობი-მეთქი. ამოვარჩიე რედაქციაში ერთი კოხტა თანამშრომელი, შენს ზომაზე უნდა შევაკერინო-მეთქი და მთელი შემოდგომა „პრიმერკებზე“ ვატარე. მოაზომებდა მკერავი დაბლანდულ პალტოს, ამოვუდგებოდი სარკესთან ზურგს უკან, საყელოს გავუსწორებდი და ეგეთი ვიყავი-მეთქი, ვიტყოდი. განა მართლა პალტოს დარდი მქონდა, გოგოობას ვერ ველეოდი.

***

– კი, მაგრამ ეს არ არის ფოტინია, მაგნოლიაა.

– შენ რომელი გინდა? ფოტინია-მაგნოლიაა ეს!

ისევ ჩემს ძვირფას მეგრელ მენერგეს მოვაკითხე.

***

ჩვენი უბნის სასურსათო მაღაზია რამდენიმე კვირის წინ დაკეტეს, გავარემონტებთ და ისევ გავხსნითო. კარგი საქმეა, აბა, თქვენ იცით-მეთქი. გავხედე წეღან ქუჩის მეორე მხრიდან და  ძველის ნაცვლად „სპარი“ გაუხსნიათ. შორიდანვე შევიცხადე: ვაიმე, შორენა! მაღაზიას გირემონტებენ-მეთქი და სულ უსამსახუროდ დარჩი, გოგო! შევვარდი ქოთქოთით ბუშტებით მორთულ „სპარში“, ხან აქედან მოვუარე დახლებს, ხან იქიდან და რას ვხედავ – დგას შორენა გამოპრანჭული, თმა კოხტად დაუვარცხნია და დოინჯშემოყრილი მეძახის – „გავსპარდით, მაშ!“

***

აი, რაღაც რომ მოხდება ნიშანდობლივი და ქრაშთა ვოლებს გადახედავ, რამე სისულელე ხომ არ დაპოსტესო. სად იყო ადრე ეგეთი შიშიანობა.

***

ბიძაჩემი მთელი ცხოვრება რკინიგზაში მუშაობდა, დედაჩემი და დიდი პაპა – აეროპორტში, მამაჩემი ახლაც გზებს აპროექტებს. გზის ხალხი ვართ და გზა არ გვიყვარს. ახლა ნიჩბისიდან თბილისში წამოხეტებაც კი მეზარება.

***

მატასიმ ჯერ ქართული იმეცადინა, აფორიზმები გაიმეორა და მერე მათემატიკა. აურია რაღაცები, ვუსაყვედურე, მეტი ყურადღებით წერე-მეთქი და ატირდა, ეს რა ნაზრახი სიცოცხლე მაქვსო.

***

წუხელ კლასელმა ბიჭებმა მოიწერეს, არ დაგავიწყდეთ, წელს სკოლის დამთავრებიდან 30 წელი სრულდებაო. გოგოებმა, ჩვენ 20 გვახსოვდაო. გადაწყდა, ორი სხვადასხვა თარიღი ერთად აღვნიშნოთ.

***

განა რამდენი უნდა ელაპარაკო ხილ-ბოსტნეულის გამყიდველს, ბოლოს ჯარის ამბები რომ მოგიყვეს.

ვაგროვებ და ვაგროვებ, წერისთვის ვერ ვიცლი.

***

მწერლების საწინააღმდეგო მდუმარე აქცია დამესიზმრა. ხალხი იყო მოსული ტრანსპარანტებით:

SOS

Save Our Stories!

მოვიდა უხუცესი და ხელები გაშალა: წიგნებს ვერ ვწერთ, მაგრამ რაღა არ გადაგვხდენია, სულ თქვენს ამბებს რომ ჰყვებით, იქნებ ჩვენიცა თქვათო.

 

გაჭიანურებული საშინაო დავალებების დასაძლევად

0

ბარბარა ოკლი დარწმუნებულია, რომ ყველა მოსწავლეს შეუძლია შესანიშნავი შედეგების ჩვენება. ბარბარა ოკლი ერთ-ერთი ავტორია წიგნისა „შეუძლებლის სწავლება. როგორ დავეხმაროთ მოსწავლეებს ნებისმიერი საგნის დაუფლებაში გამოცდების შიშის გარეშე“. წიგნში გამოცდილი პედაგოგები გვიზიარებენ, როგორ გამოიყენეს „პომიდორის მეთოდი“ და რატომ აჭიანურებენ ბავშვები (და ზოგჯერ უფროსებიც) სასკოლო საქმეების კეთებას. ვაქვეყნებთ ამონარიდს ქვეთავიდან „გაჭიანურების წამლები“.

 

„ოთახში გამეფებულ დაძაბულობას თითქოს შენც გრძნობ. ალისია, ვიდრე ამის შესაძლებლობა აქვს, ბოლოჯერ უყურებს კონსპექტს. ის ნერვიულად აკაკუნებს ფანქარს და ამით მეზობელ მაიკლს აღიზიანებს. დიეგო თითებს იტკაცუნებს, თამიკა კი მოუსვენარი თავდაჯერებულობით ისწორებს თმას.

მაგრამ სემი… ოჰ, სემ! როგორც ჩანს, ის უბრალოდ ძალიან დაიღალა. სემი ყოველთვის ნამძინარევი გამომეტყველებით ელოდება გამოცდის დაწყებას. ერთხელ გამოცდის დროს ჩაეძინა და ფურცელზე მონიშნული რამდენიმე დავალება დადორბლა კიდეც, თუმცა ამ დავალებებს მაინც გასცა პასუხი (ალბათ გახსოვთ, როგორ ფრთხილობდით, რომ არ შეხებოდით ასეთ ფურცლებს შეფასების დროს).

ზოგჯერ მოსწავლეები საკლასო ოთახში იღლებიან, რადგან სახლში პრობლემები აქვთ, მაგრამ სემზე ამას ვერ ვიტყვით. დიახ, მისი მშობლები ხშირად შემორჩებიან ხოლმე სამსახურს, თუმცა უყვართ შვილი და კარგი ურთიერთობა აქვთ როგორც სემთან, ასევე ერთმანეთთან. სემი ჭკვიანი ბიჭია, მაგრამ მისი დაინტერესება შეიძლება მხოლოდ იმით, რაც პრაქტიკაშია სასარგებლო. შეგიძლიათ დაივიწყოთ მათემატიკა, მაგრამ თუ ძრავის კაპიტალური შეკეთება გჭირდებათ, ცამეტი წლის სემი ზუსტად ის არის, ვინც ამაში დაგეხმარებათ.

რატომ უჭირს სემს გამოცდების ჩაბარება?

 

პროკრასტინაცია (გაჭიანურება): მოსწავლეების მთავარი პრობლემა

ქვეთავის სათაურიდან მიხვდებოდით, რომ სემი პროკრასტინაციის ოსტატია. მაგრამ, ამავე დროს, მას ეშინია, მშობლებს იმედი არ გაუცრუოს. ეს მოტივაციური კონფლიქტი აიძულებს, სწავლა ბოლო მომენტამდე გადადოს – ვთქვათ, გამოცდისწინა შუაღამემდე. სემი ცდილობს, რაც შეიძლება მეტი დაიმახსოვროს, მერე კი გათენებამდე რამდენიმე საათით ადრე იძინებს. მიუხედავად იმისა, რომ ჭკვიანი ბავშვია, დროის ზეწოლის სტრესულ პირობებში სწავლობს.

ალბათ უამრავი მოსწავლე გინახავთ, რომლებიც სემზე მეტად აჭიანურებენ საქმეს. ზოგჯერ ისინი გულწრფელად აპირებენ სწავლის დაწყებას, მაგრამ ყველაფერს ბოლო წუთამდე დებენ და მეტისმეტად გვიან ხვდებიან, რომ საკუთარი თავი ხაფანგში გააბეს. სასოწარკვეთილებს, დაზეპირებაც კი არ შველით და იმედს კარგავენ.

მოსწავლეების ძირითადი პრობლემების ჩამონათვალს თუ შეადგენთ, დაინახავთ, რომ გაჭიანურება ჩამონათვალის სათავეში მოექცევა. ფსიქოლოგ პიერს სტელის შეფასებით, „კოლეჯის სტუდენტების 80-95 პროცენტი დროდადრო აჭიანურებს მუშაობას, დაახლოებით 75%-ს შეუძლია, საკუთარ თავს პროკრასტინატორი უწოდოს, ხოლო თითქმის 50% რეგულარულად აჭიანურებს სწავლის დაწყებას და ამას პრობლემად მიიჩნევს“. კოლეჯის სტუდენტები ასე იქცევიან, რადგან სკოლის წლებში მათ გამოუმუშავდათ გადადების ჩვევა. ჩვენ შეგვიძლია, უკეთესობისკენ შევცვალოთ მოსწავლეთა ცხოვრება, თუ გაჭიანურების ტენდენციას რაც შეიძლება ადრე შევებრძოლებით.

 

რა ხდება ტვინში, როდესაც მოსწავლეები აჭიანურებენ

პირველესად, სასარგებლოა იმის ცოდნა, რა იწვევს გაჭიანურებას. ფსიქოლოგები ათეულობით მიზეზს ასახელებენ. მთავარი ალბათ ეს არის: როდესაც სემი და გაჭიანურებისადმი მიდრეკილი სხვა მოსწავლეები (თქვენც კი!) ფიქრობთ იმაზე, რაც არ მოსწონთ ან არ სურთ აკეთონ, ტვინის ქერქში აქტიურდება ტკივილის სიგნალები. როგორ შეიძლება ამ არასასიამოვნო გრძნობასთან გამკლავება? იოლად. სემმა უბრალოდ უნდა იფიქროს რაღაც სხვაზე, რაც იმწამიერი ტკივილისგან იხსნის.

 

თავის ტვინის ქერქი

როგორც კი მოსწავლეებს გაეფიქრებათ რამეზე, რაც არ მოსწონთ ან რისი კეთებაც არ სურთ, ჩნდება დისკომფორტისა და ტკივილის შეგრძნება ტვინის ცენტრალურ ნაწილში, რომელიც პასუხისმგებელია ტკივილის სიგნალების დამუშავებაზე.

ეს ტკივილი დაბრუნდება, მაგალითად, შუაღამის სტრესის და გამოცდაზე ძილიანობის სახით. უფრო უარესი: „ახალი ცოდნის, ახალი კავშირების” პროცესში სემს მოკლე ჩართვა ემართება. მის ტვინს დრო სჭირდება ინფორმაციის კონსოლიდაციისთვის და ახალი ნერვული კავშირების შესაქმნელად. როდესაც სემს გამოცდის წინა ღამეს ძილი არ ჰყოფნის, მისი ტვინი უბრალოდ ვერ იმახსოვრებს იმ ინფორმაციას, რომლის დამახსოვრებასაც ცდილობს და ახალი ცოდნა საცერში ჩასხმული წყალივით გაედინება.

 

როგორ აჭიანურებენ მრბოლელი“ მოსწავლეები

რა უცნაურიც უნდა იყოს, „მრბოლელები“ შეიძლება ყველაზე უარესი პროკრასტინატორები იყვნენ. მათ აქვთ გაჭიანურების ჩვევა, რადგან დაწყებით კლასებში სწავლა ეადვილებოდათ. საკმარისი იყო, ბოლო მომენტში გადაეხედათ თემისთვის, რომ ითვისებდნენ, მაგრამ მაღალსიჩქარიან „მრბოლელთა“ ქულები მკვეთრად იკლებდა, თუ მასალა რთულდებოდა. საშუალოდან მაღალ კლასებში ან კოლეჯში გადასვლა „მრბოლელთათვის“ შეიძლება განსაკუთრებით პრობლემური იყოს, რადგან მათ უბრალოდ არ იციან, როგორ ისწავლონ კლასთან ერთად.

 

როგორ აჭიანურებენ „ფეხმავალი ტურისტები“

ნაკლები მუშა მეხსიერების მიუხედავად, „ფეხმავალ ტურისტ“ მოსწავლეებს შეუძლიათ, ოსტატურად აჯობონ „მრბოლელებს“. ამის მიღწევაში მათ ეხმარება გრძელვადიანი პრაქტიკა, რომელიც „ფეხმავლების“ ხანგრძლივ მეხსიერებაში კავშირების ფართო სპექტრს აყალიბებს. მიუხედავად იმისა, რომ მათი მუშა მეხსიერება ძალიან ტევადი არ არის, დეფიციტს ანაზღაურებს ხანგრძლივ მეხსიერებაში ჩამოყალიბებული კავშირების ჯაჭვები იმ ინფორმაციის დამუშავებით, რომელსაც მუშა მეხსიერება ვერ ინახავს. „ფეხმავლებს“, ისევე როგორც „მრბოლელებს“, შეუძლიათ რთული მონაცემების ინტელექტუალური დამუშავება, მაგრამ დამუშავება უდიდესწილად მათ ხანგრძლივ და არა მუშა მეხსიერებაში ხდება.

თუმცა არის ერთი ნიუანსი: „ფეხმავალ ტურისტებს“ მეტი პრაქტიკა სჭირდებათ, ვიდრე „მრბოლელებს“ – მათ დრო სჭირდებათ ხანგრძლივი მეხსიერების კავშირების დასამყარებლად. ამავე მიზეზით გაჭიანურებამ შესაძლოა „ფეხმავლებს“ ცხოვრება გაურთულოს. საბედნიეროდ, მოტივირებული „ფეხმავლები“ ადრევე აცნობიერებენ, რა სახიფათოა პროკრასტინაცია. „მრბოლელები“, პირიქით, შესაძლოა დიდხანს იყვნენ გაუგებრობაში და მერე გაცილებით მეტად გაუჭირდეთ გაჭიანურების ჩვევის დაძლევა.

 

რა შეიძლება ითქვას მოტივაციაზე?

ალბათ გაიფიქრეთ: „ნუთუ ნეირომეცნიერებას არაფერი აქვს სათქმელი მოტივაციის შესახებ?“ რა თქმა უნდა, აქვთ. ნეირომეცნიერება ამბობს, რომ „გონივრულმა“ მოტივაციურმა მიდგომამ – სწავლებამ სახალისო და საინტერესო გზით – შესაძლოა, პირიქით, გააუარესოს შედეგები. მოტივაციას უფრო დეტალურად მე-7 თავში განვიხილავთ.

ახლა კი ალბათ ჯობია, სწავლისთვის მოტივირებაზე ისე ვიფიქროთ, როგორც ველოსიპედის მართვის სწავლებაზე. ველოსიპედის მართვის სწავლა ადვილი არ არის: გეშინია დაცემის, დაშავების, მაგრამ სურვილი, შეუერთდე სხვა ველოსიპედისტებს, რომლებიც ოსტატურად და მშვიდად მოძრაობენ, გაიძულებს სცადო, მიუხედავად გარდაუვალი დაცემისა და ტკივილებისა.

გამოცდილი მასწავლებლები ეხმარებიან მოსწავლეებს თემის ურთულესი ასპექტების დამუშავებაში, ამხნევებენ მათ. ამდენად, ჯილდო უფრო ხელმისაწვდომი ჩანს და ყოველდღიური სწავლის შედეგები – უფრო მნიშვნელოვანი. მთავარია, მოსწავლეები ჰორიზონტზე ხედავდნენ ნაპირს – გრძნობდნენ, თანდათან როგორ ეუფლებიან მასალას. ნიჭიერი მასწავლებლები მოსწავლეებში აღვიძებენ შთაგონებას და მოტივაციას, მაგრამ ამ პროცესის კომპონენტებად დაშლა ჯერ მაინც არ შეგვიძლია.

 

როგორ გავუმკლავდეთ გაჭიანურებას პომოდორს მეთოდით

გაჭიანურებასთან გამკლავების ერთ-ერთი საუკეთესო მეთოდი, რომელიც ასევე გასწავლით, შეინარჩუნოთ კონცენტრაცია და ერთდროულად ორ კურდღელს არ აედევნოთ, არის პომოდოროს ტექნიკა (tecnica del pomodoro). იტალიელმა ფრანჩესკო ჩირილომ ეს მიდგომა 1980-იან წლებში შეიმუშავა. მეთოდის სახელწოდება მომდინარეობს ჩირილოს ტაიმერისგან, რომელსაც პომიდვრის ფორმა ჰქონდა. ახლა უკვე ვიცით, რომ ჩირილოს მიდგომა მშვენივრად შეესაბამება ნეირომეცნიერებათა მონაცემებს ყურადღების განაწილების შესახებ.

პომოდოროს მეთოდი საკმაოდ სწორხაზოვანია. როდესაც მნიშვნელოვანი ამოცანა გაქვთ შესასრულებელი, მაგრამ ძალიან გინდათ მისი გადადება, აი, როგორ უნდა მოიქცეთ:

  1. გვერდზე გადადეთ ან გამორთეთ ყველაფერი, რამაც შეიძლება ყურადღება გაგიფანტოთ, განსაკუთრებით – სმარტფონის შეტყობინებები.
  2. დააყენეთ ტაიმერი ოცდახუთ წუთზე და ამ ხნის განმავლობაში შეძლებისდაგვარად კონცენტრირდით სამუშაოზე.
  3. ხუთი წუთით დაისვენეთ, განტვირთეთ გონება.
  4. გაიმეორეთ წინა პუნქტები, რამდენჯერაც საჭიროა.

მესამე ან მეოთხე პომოდოროს შემდეგ მოიწყვეთ ნახევარსაათიანი შესვენება.

პომოდოროს მეთოდის თანახმად, დასვენება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ჩვენ, მასწავლებლები, ხშირად ვფიქრობთ, რომ სწავლება მხოლოდ მაშინ მიმდინარეობს, როდესაც მოსწავლეები უწყვეტად არიან კონცენტრირებულნი დავალებაზე. სინამდვილეში ჰიპოკამპს სჭირდება ხშირი ხანმოკლე შესვენება თავის ტვინის ქერქში ცოდნის გადასატანად. ახალი ინფორმაციის გადატანით ტვინი სწავლობს, მაშინაც კი, როდესაც გვეჩვენება, რომ მოსწავლეები უბრალოდ ისვენებენ.

 

არანაკლებ მნიშვნელოვანია, რას აკეთებენ მოსწავლეები შესვენების დროს

თუ ისინი ტელეფონებს ეცემიან შეტყობინებების შესამოწმებლად ან სოციალურ ქსელს სიახლეების ჩამოსასქროლად, მათი კონცენტრაცია შეფერხდება და ახალმა ინფორმაციამ შესაძლოა გამოდევნოს ახალშეძენილი ცოდნა ჰიპოკამპიდან, სანამ ის მის გადმოტვირთვას მოასწრებს.

შესვენებები შექმნილია ტვინის განმუხტვისთვის: დახუჭე თვალები, გაიარე დერეფანში, დაისხი წყალი, შეიარე საპირფარეშოში, ძაღლს მოეფერე, მოუსმინე საყვარელ სიმღერას.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ გირჩევთ ტელეფონის გამოყენებას, უნდა ვაღიაროთ, რომ არსებობს უამრავი „პომოდოროს“ აპი (განსაკუთრებით პოპულარულია აპლიკაცია Forest), რომელიც ამ მეთოდს სახალისო თამაშად აქცევს. დიახ, პომოდოროს მეთოდი საუკეთესოდ გამოიყენება შინ, მაგრამ მისი მოდიფიცირება და კრეატიულად გამოყენება საკლასო ოთახშიც შესაძლებელია.

მიეცით მოსწავლეებს დავალება. დაე, სიმშვიდეში შეასრულონ, მერე კი მცირე ხნით დაისვენონ. რა თქმა უნდა, დროის პერიოდები უნდა იყოს ადაპტირებული გაკვეთილის ხანგრძლივობასთან და მოსწავლეთა დამოუკიდებლად მუშაობის უნართან.

ზოგადი წესი, რომელიც ვახსენეთ ყურადღების კონცენტრაციაზე საუბრისას, აქაც გამოიყენება. თუ გრძნობთ, რომ მოსწავლეები ჯერ კიდევ მეტისმეტად პატარები არიან ოცდახუთწუთიანი უწყვეტი მუშაობისთვის, შეამცირეთ დრო მათი ასაკის შესაბამისად: ასაკს პლუს ერთი წუთი. მაგალითად, ცხრა წლის ბავშვებს შეუძლიათ, ტაიმერი ათ წუთზე დააყენონ.

 

რატომ აჭიანურებენ მოსწავლეები?

მე ვაჭიანურებ. თქვენ აჭიანურებთ. ყველა ვაჭიანურებთ, განსაკუთრებით – მოსწავლეები. აი, რა გვიპასუხეს მეშვიდეკლასელებმა ენის ხელოვნების ჯგუფიდან, როდესაც მათ დავუსვით ორი კითხვა: „რატომ აჭიანურებთ?“ და „რა შედეგები მოჰყვება ამას?“

– ვაჭიანურებ მეცადინეობას, როცა არ ვიცი, როგორ შევასრულო დავალება.

– ვიღებ ცუდ შეფასებას და დამცინიან.

– მირჩევნია ჯერ მარტივი დავალება შევასრულო, მერე კი რთულზე გადავიდე. თუ ვერ შევასრულე, მასწავლებელს ვეუბნები, რომ მაქსიმალურად ვეცადე.

 

პროკრასტინაციის წამალი

ზოგჯერ მოსწავლეები ფერხდებიან, როცა არ იციან, საიდან დაიწყონ. ასეთი მოსწავლეების სწორ გზაზე დასაბრუნებლად, სწავლის დასაწყისში შეგიძლიათ ინდივიდუალურად ან მცირე ჯგუფებში იმუშაოთ.

ბევრ მოსწავლეს უჭირს რთულ დავალებებზე ყურადღების კონცენტრირება. როცა უფრო რთულ მასალაზე გადადიხართ, პირდაპირ მიდით მათთან, რათა შეამოწმოთ, როგორ მისდით საქმეე. საჭიროების შემთხვევაში შესთავაზეთ დახმარება.

„ვაჭიანურებ, როცა საშინაო დავალებას ვასრულებ. როგორც წესი, ვითიშები და ყურადღება მეფანტება. როცა ვხვდები, რომ ვაჭიანურებ, გონებას ვიკრებ და სწრაფად ვუბრუნდები სამუშაოს“.

„უბრალოდ ვზივარ, მივშტერებივარ დავალებას და ვფიქრობ ყველაფერზე, გარდა დავალებისა. ჩვეულებრივ, მუშაობას ვიწყებ, როცა მასწავლებელი დამიყვირებს“.

პომოდოროს მეთოდი იდეალურია შინ და სკოლაში სამუშაოდ იმ მოსწავლეებისთვის, რომლებმაც იციან, რა უნდა გააკეთონ, მაგრამ კონცენტრაცია უჭირთ. თუ მოსწავლეები მოუთმენლად ელიან ხანმოკლე შესვენებას მეგობრებთან სასაუბროდ, წასახემსებლად ან მოკლე YouTube-ვიდეოების საყურებლად, მათ ნაკლებად გაეფანტებათ ყურადღება.

ზოგიერთი მოსწავლისთვის პომოდორის მეთოდი შესაძლოა საკმარისი არ იყოს. ხშირად მიაკითხეთ მათ, რათა დარწმუნდეთ, რომ მუშაობას არ აჭიანურებენ.

დაუსახეთ მათ უფრო ზუსტი და მოკლევადიანი მიზნები. მაგალითად: „ორი წუთი გაქვს პირველი დავალების შესასრულებლად“. მერე დაუბრუნდით და შეამოწმეთ, აქვს თუ არა წინსვლა.

მაგალითად, ერთი გოგონა გვიყვება: „მე ვაჭიანურებ, როდესაც სასკოლო პროექტი მაქვს შესასრულებელი. გამოცდის წინა ღამეს ველოდები, მერე კი დედა მიყვირის, მაგრამ ეს ყველაფრის დროულად გაკეთებაში მეხმარება“.

ამ მოსწავლემ გააცნობიერა, რომ დედა ყოველთვის დაეხმარება მას, რაც მხოლოდ უძლიერებს საქმის გადადების ჩვევას. ჩვენ, მასწავლებლებს, შეგვიძლია დავეხმაროთ მას ყოველდღიური მიზნების დასახვაში: ბავშვები მიაღწევენ მათ შინ ან სამკითხველოში თვითსწავლის დროს პროექტის ჩაბარების დღემდე.

თუ თქვენ საშუალო სკოლაში ან დაწყებითი სკოლის ბოლო კლასებში ასწავლით, შეგიძლიათ აცნობოთ მოსწავლეთა მშობლებს პროექტისა და ყოველდღიური მიზნების შესახებ დღიურის ან მეილის მეშვეობით, რათა მათ აკონტროლონ შვილების პროგრესი.

მოსწავლეები ათასი მიზეზის გამო აჭიანურებენ სწავლას. ზოგს „სტრესულ სიტუაციებში უკეთ მუშაობისაც“ კი სჯერა. მაგრამ თქვენ ხომ იცით სიმართლე. თქვენ გინახავთ მათ მიერ ნაჩქარევად გაკეთებული საქმე.

თანამედროვე მოსწავლეები მართლაც მოუცლელები არიან. ისინი არ ტყუიან, როცა ამბობენ: „ძალიან ბევრი საქმე მაქვს“. გარდა სკოლისა, ისინი დადიან დამატებით გაკვეთილებზე, სპორტზე, ცეკვაზე, შეჯიბრებებზე, სხედან სოციალურ ქსელებში, იღებენ ვიდეოებს YouTube-ისთვის, მუშაობენ… გაკვეთილების ყველაზე დიდი ზვავი ბავშვებს მცირე ასაკში ატყდებათ თავს. გასაკვირი არ არის, რომ მოსწავლეები დავალებების შესრულებას ბოლო წუთამდე დებენ. ისინი პრიორიტეტს ანიჭებენ იმას, რაც სასწრაფოდ გადასაწყვეტია და არ აწყობენ გეგმებს მომდევნო დღეებისა და კვირებისთვის.

 

რატომ არის გაჭიანურება განსაკუთრებით საზიანო მოსწავლეებისთვის

თქვენ, რა თქმა უნდა, გინახავთ სასოწარკვეთილი მოსწავლეები, რომლებიც გამოცდამდე რამდნიმე საათით ადრე ცდილობენ თავიანთ კონსპექტების ათვისებას – სასადილოში, სამკითხველოში, დერეფანში. დავუშვათ, მოსწავლეები ემზადებიან გამოცდისთვის და მათ უნდა დაიმახსოვრონ აშშ-ს კონსტიტუციის ოცდაშვიდივე ჩასწორება. ზოგიერთმა მათგანმა ბოლო დღეები, საათები და წუთები თემის შესწავლასა და საკუთარი თავის გამოცდას დაუთმო. წარჩინებულმა მოსწავლეებმა კი წინა ღამემდე აჭიანურეს საქმე, ორიოდე საათში ყველაფერი დაიმახსოვრეს და გამოცდა შესანიშნავად ჩააბარეს. თუმცა იმავე წარჩინებულმა მოსწავლეებმა ვერ ჩააბარეს დემოკრატიული პრინციპებისა და უზენაესი სასამართლოს ფუნქციების შესახებ ტესტი. რატომ?

რაკი კარგი სწავლა ყოველთვის ხანგრძლივ მეხსიერებაში კავშირების დამყარებას გულისხმობს, ტერმინების დამახსოვრება საკმარისი არ არის. ღრმა სწავლა ხშირად მოიცავს რთული კონცეფციების დაუფლებას. ასეთი ცოდნის ჩამოყალიბებას დრო სჭირდება, განურჩევლად იმისა, მოსწავლე საბავშვო ბაღში დადის, საშუალო სკოლაში თუ კოლეჯში.

რატომ მოითხოვს ღრმა ცოდნა დროს? იმიტომ, რომ ასეთი ვარჯიშით ყალიბდება ახალი შემოქმედებითი ნეირონული კავშირები.

ეს არ არის დუნე პროცესი, რომლის დროსაც ზოგიერთი ნეირონი შემთხვევით უკავშირდება სხვა მეგობრულ ნეირონებს სამეზობლოში.

პირიქით, ახალი ნეირონული კავშირები შემთხვევით ჩნდება და თუ ეს კავშირები მოსწავლეს კონცეფციის გაგებაში ვერ დაეხმარებიან, მათ ახალი კავშირები ენაცვლება. ზოგჯერ რთულ კონცეფციაში გასარკვევად კავშირების რამდენიმე სრულიად განსხვავებული ჯაჭვია საჭირო!

 

რა ხდება ტვინში

როდესაც მოსწავლეები ეუფლებიან ახალ რთულ თემას, ნერვული კავშირების ქვეცნობიერი შერჩევა კადრს მიღმა ხდება.

ამ მოულოდნელი ახალი კავშირების მოსაძებნად და დასამყარებლად საუკეთესო გზაა ტვინის გადართვა ფოკუსირებული ყურადღების რეჟიმიდან გაფანტული ყურადღების რეჟიმზე.

ფოკუსირებული ყურადღების რეჟიმში თქვენ მთელ ყურადღებას უთმობთ იმ პრობლემას, რომლის გადაჭრასაც ცდილობთ (განსაკუთრებით ჯიუტი მოსწავლეები მთელ ყურადღებას ამახვილებენ პლანშეტზე, როგორც კი ის ხელში ჩაუვარდებათ).

კონცენტრირებული ყურადღების რეჟიმში მუშა მეხსიერება აყალიბებს კავშირებს ჰიპოკამპის ნეირონებსა და ახალ ქერქს შორის. მეორე მხრივ, ყურადღების გაფანტვის რეჟიმში ტვინი აღარ ფოკუსირდება გარე ფაქტორებზე და „შესვენებას“ იწყობს. ამ რეჟიმში მუშა მეხსიერება არ არის ჩართული და ტვინი ქვეცნობიერად იწყებს შემთხვევითი კავშირების შექმნას.

ფოკუსირებული ყურადღების რეჟიმსა და გაფანტული ყურადღების რეჟიმზე გადართვა-გადმორთვისას მოსწავლეები უკეთ ითვისებენ ახალ რთულ კონცეფციებს.

 

ასწავლო შეუძლებელი

ოცნების, დერეფანში ხეტიალის, შხაპის მიღების დროს თუ ძილის წინ ადამიანს გაფანტული აზროვნება ერთვება. კონცენტრირებული აზროვნება ბევრად უფრო ცნობიერი პროცესია, ვიდრე გაფანტული.

მნიშვნელოვანია მოსწავლეებს აუხსნათ, რომ სავსებით ნორმალურია რთული მასალის ვერგაგება პირველივე ცდაზე. ზოგი მოსწავლე ერთ წერტილში იყინება, ზოგი კი მეტჯერ ცდის. მასწავლებლები ხშირად ამბობენ, რომ მთავარია, არ დანებდე, მაგრამ ზოგი მალე ნებდება, როგორც ბანქოსგან აშენებული სახლი, რომელიც სუსტ ნიავსაც კი ვერ უძლებს. ის ზიზღით ამბობს: „მე უბრალოდ ჰუმანიტარი ვარ“, „არ შემიძლია…“ ან, რაც ყველაზე უარესია, – „მეზიზღება…“ არ აქვს მნიშვნელობა, უთხრეს თუ არა ამ მოსწავლეებს, რომ მათი შესაძლებლობები პრაქტიკასთან ერთად გაიზრდება – ემოციებმა უკვე აჯობა ლოგიკას. უსუსურობის განცდა მათ აიძულებთ, დანებდნენ, რათა ასცდნენ ტკივილს თავის ტვინის ქერქში.

მაგრამ სწორედ მაშინ, როცა მოსწავლეს იმედი ეკარგება, მან უკან უნდა დაიხიოს და შეწყვიტოს კონცეფციაზე ფიქრი. მხოლოდ მაშინ, როდესაც კონცეფციაზე აღარ იქნება ფოკუსირებული, შეძლებს გადაიტანოს ის გაფანტული ყურადღების რეჟიმში.

გაფანტული აზროვნება მოსწავლის ტვინს საშუალებას აძლევს, იმუშაოს კულისებში და შემთხვევით გამოიკვლიოს ახალი კავშირები, ვიდრე ის ისვენებს, სადილობს ან ერთობა. მოგვიანებით ის ერთბაშად დაიძვრება მკვდარი წერტილიდან და გაუგებარი დავალება უცებ სავსებით გასაგები მოეჩვენება!

სწავლა გულისხმობს მუდმივ გადართვა-გადმორთვას კონცენტრირებული ყურადღების რეჟიმიდან გაფანტულზე და პირიქით (დროთა განმავლობაში, მეცნიერება, ალბათ, იპოვის გზას, ერთი მდგომარეობიდან მეორეში სუნთქვითი ვარჯიშებით გადაგვიყვანოს). წაახალისეთ მოსწავლეები, ისწავლონ მანამდე, სანამ არ გაიჭედებიან, მერე კი დაისვენონ. ისინი შეძლებენ იმასთან დაბრუნებას, რაც აწუხებდათ, რამდენიმე საათში ან გამოძინების შემდეგ,  მეორე დღეს.

გახსოვდეთ: ძილის დროს ტვინის ქიმიური ნივთიერებები ხელს უწყობს სწავლას.

ძნელი მისახვედრი არ არის, რომ რეჟიმიდან რეჟიმზე გადართვა-გადმორთვა გარკვეულ დროს მოითხოვს. სწავლას დრო სჭირდება. და სწორედ ეს დრო აკლდებათ მოსწავლეებს, როცა ბოლო წუთამდე აჭიანურებენ დავალების შესრულებას.

აჩვენეთ მოსწავლეებს, რომ მათ უნდა იმუშაონ რთული კონცეფციის დაუფლებაზე, სანამ ჩიხში არ მოექცევიან. ამ დროს უმჯობესია დავალების განზე გადადება და სხვა რამის კეთება ან დასვენება გაფანტული ყურადღების რეჟიმის ჩართვით. როდესაც მოსწავლეები მიუბრუნდებიან კონცეფციას, ისინი აღმოაჩენენ, რომ საოცრად შორს წავიდნენ. ეს ცოტათი ქაღალდის თვითმფრინავის გაშვებას ჰგავს: მთავარია, კარგად გაუშვათ, მერე ის თვითონვე, დაუხმარებლად გააგრძელებს ფრენას.

როდესაც ჩიხში მოექცევით, სხვა რამის კეთებაზე გადადით ან შეისვენეთ. ამით თქვენ გამოიყენებთ სწავლის ფასეულ მეტაუნარს. ის განსაკუთრებით გამოსადეგია გამოცდების ჩაბარებისას, როცა მოსწავლეები თავს კუთხეში იმწყვდევენ და გამოსავალს ვერ პოულობენ.

 

„ჯერ ის, რაც რთულია“

მოსწავლეებს, რომლებმაც ბევრი დრო დაუთმეს სწავლას, მიდგომა „ჯერ ის, რაც რთულია“ გამოცდის კარგად ჩაბარებაში დაეხმარება. ამ მეთოდის გამოსაყენებლად მოსწავლემ სწრაფად უნდა ჩაიკითხოს საკითხვი, მოძებნოს ყველაზე რთული და ამით დაიწყოს, მაგრამ როგორც კი იგრძნობს, რომ გაიჭედა, ეს საკითხი გვერდზე გადადოს და უფრო მარტივ კითხვებზე გადავიდეს: გაფანტული ყურადღების რეჟიმი პარალელურად იმუშავებს რთულ ამოცანაზე. მოგვიანებით, როდესაც მოსწავლე მიუბრუნდება რთულ კითხვას, ის შეძლებს მასზე პასუხის გაცემას ან, სულ მცირე, მკვდარი წერტილიდან მის დაძვრას.

„ჯერ ის, რაც რთულია“ მიდგომა გაცილებით ეფექტიანია, ვიდრე თავდაპირველად მარტივი პრობლემების გადაჭრა და ყველაზე დამაბნეველი კითხვის იმ დროისთვის მოტოვება, როდესაც მოსწავლე უკვე დაღლილი და განერვიულებულია იმის გამო, რომ ცოტა დრო რჩება.

რთული ამოცანა საშუალებას გაძლევთ, ისარგებლოთ გაყოფილი ყურადღების რეჟიმით: ორბირთვიანი პროცესორის მსგავსად, ტვინი რთულ კითხვაზე ფონურად ფიქრობს.

რა თქმა უნდა, თუ მოსწავლე საკმარისად არ არის მომზადებული, უმჯობესია, დაიწყოს მარტივი კითხვებით და უპასუხოს იმდენს, რამდენსაც შეძლებს.

მოამზადა ირმა კახურაშვილმა

ღმერთებზე შურისძიება

0

უძველესი დროიდან ადამიანი  უფერული და რუტინული ყოფითი, მატერიალური რეალობიდან მითების, ზღაპრების, ლეგენდების, ტრადიციების, წეს-ჩვეულებების, რიტუალების სამყაროში გადაინაცვლებდა. ამ მრავალფერიან განზომილებებში დარღვეული იყო დრო-სივრცის  ჩვეულებრივი აღქმა, მოკვდავობის ჩარჩოები და ადამიანი ფანტასმაგორიული წარმოსახვების გზით უხილავს ეზიარებოდა. ტექნოლოგიების განვითარებამ ადამიანს გაუქრო პირველსაწყისებთან ერთიანობის განცდა და წყურვილი. საკრალური თანდათან განიდევნა და ადამიანი აღმოჩნდა სიცარიელის წინაშე, რომელმაც ათასნაირი შიში, სასოწარკვეთილება წარმოშვა. დანტესეული ჯოჯოხეთის წარწერამაც თითქოს დაბადების კართან გადმოინაცვლა: „თქვენ, აქ მომსვლელნო, იმედები დატოვეთ ყველა“ (ქება მესამე, კონსტანტინე გამსახურდიას თარგმანი).

კულტურისა და ცივილიზაციის დაპირისპირების მრავალმნიშვნელოვანი თემა ნაირგვარი ვარიაციულობითაა წარმოჩენილი მსოფლიოსა თუ ქართულ ლიტერატურაში. ამჯერად ბორხესის ნოველა „რაგნაროკი“ გავიხსენოთ. მწერალი  თავის საყვარელ ჟანრს, ფილოსოფიურ ნოველას ირჩევს სათქმელის გამოსახატავად. იგი ჩვეული ლაკონიურობითა და ირონიით წარმოაჩენს ზოგადსაკაცობრიო სატკივარს, ღირებულებათა დაკარგვას, ადამიანური ყოფის სივრციდან ირაციონალურის, მისტიკურის, მეტაფიზიკურის გაქრობის ტკივილს.

„ღმერთების დაღუპვის“ თემა ამ ნოველაშიც ბორხესისთვის ჩვეული პალიმფსესტური თხრობის სტილით წარმოჩნდება. მკითხველის ინტელექტსა და ინტუიციაზეა დამოკიდებული, მხატვრული ქსოვილის რა სიღრმეებამდე ჩააღწევს მისი გული, სული და გონება. ჩვენი აზრით, იგი ეხმიანება ოსვალდ შპენგლერის „ევროპის დაისს“, რომელშიც ავტორმა ევროპული კულტურის დაბერება და კვდომა იწინასწარმეტყველა. მისი აზრით: „ყოველ კულტურას აქვს თავისი საკუთარი ცივილიზაცია… ეს არის აღსასრული, რომელიც მოსდევს ჩამოყალიბებას, როგორც სიკვდილი სიცოცხლეს, გაქვავება – განვითარებას, გონებრივი მოხუცებულობა და გაქვავებული, ქვის მსოფლიო ქალაქი – სოფელსა და სულიერ ბავშვობას, რომელიც დორიკითა და გოთიკით გამოიხატება. ცივილიზაცია აღსასრულია, რომელიც შინაგანი აუცილებლობის გამო ყოველთვის რეალურია.

მხოლოდ ასე შეიძლება გავიგოთ რომაელები როგორც ელინთა მემკვიდრეები. უსულგულონი, ფილოსოფიისგან შორს მდგომნი, ხელოვნებას მოკლებულნი, რასობრივი, ხშირად მხეცობამდე მისული ინსტინქტებით, ისინი დგანან ელინურ კულტურასა და სიცარიელეს შორის. მათი ფანტაზია, მიმართული მხოლოდ პრაქტიკისკენ, ხასიათის ის მხარეა, რომელიც საერთოდ არ გვხვდება ათენში. ბერძნული სული და რომაული ინტელექტი – აი, რა არის ეს. ასე განსხვავდება კულტურა და ცივილიზაცია“; „მსოფლიო ქალაქს ეკუთვნის არა ხალხი, არამედ მასა, რომელიც გულგრილია ყოველგვარი ტრადიციისადმი, რაც ნიშნავს კულტურის წინააღმდეგ ბრძოლას. კულტურული ადამიანის ენერგია მიმართულია შიგნით, ცივილიზებულისა – გარეთ“ (ოსვალ შპენგლერი, „ევროპის დაისი“).

სწორედ კულტურის წინააღმდეგ ბრძოლას ვხედავთ ბორხესის ამ ნოველაში. თავდაპირველად მთხრობელი მკითხველს სიზმრების არსში გაარკვევს: „სიზმრების ჩვენება კი არ იწვევს შეგრძნებებს, როგორც ჩვეულებრივ ჰგონიათ ხოლმე, – შეგრძნებებს ისინი მხოლოდ ასახავენ. ჩვენ იმიტომ კი არ განვიცდით საშინელებას, რომ სფინქსი გვახრჩობს, – სფინქსი იმიტომ წარმოგვესახება, რომ გასაგები გახდეს საშინელების ეს განცდა“. შემდეგ მთხრობელი ჰყვება თავის უჩვეულო სიზმარს, იმ შეშფოთების, ჟრუანტელის, შიშისა თუ აღტაცების თანხლებით, რისგანაც მისი  სიზმარი გამოიძერწა. მის სიზმარში  ერთადერთი სცენაა, რომელზეც წარმოსახული დრამა თამაშდება.

ავტორი ყოველივეს ისეთი დეტალებით წარმოაჩენს, რომელთა საშუალებითაც მკითხველი იოლად გააცოცხლებს მონათხრობს ვიზუალურ ხატებად.  პირველ პირში თხრობა ამბავს დამაჯერებლობას მატებს და მკითხველს მთხრობლის ნაამბობში აღარაფერი აეჭვებს, სჯერა მისი გულწრფელობისა.

ნოველის მოქმედება საღამო ხანს, უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და ლიტერატურის ფაკულტეტის აუდიტორიაში  ხდება. მთხრობელი   ესწრება ხელმძღვანელობის არჩევნებს. იგი ესაუბრება პედრო ენრიკეს ურენიას, „სინამდვილეში დიდი ხნის წინათ გარდაცვლილს“. თითქოს არაფერი ხდება, მაგრამ მოულოდნელად ჩნდება დაძაბულობა:  „უეცრად დემონსტრაციისა თუ ხალხმრავალი ზეიმის ღრიანცელმა გაგვაყრუა. ბახოს მხრიდან ჩვენკენ მოგორავდა ხალხის ღრიალი და მხეცური ღმუილი. ვიღაცამ ამოიგმინა: მოდიან! ამას მოჰყვა ძახილი: ღმერთები, ღმერთები მოდიან!“  აუდიტორია, ერთი შეხედვით,  სიხარულით ხვდება ღმერთების დაბრუნებას: „ოთხი თუ ხუთი კაცი ამოძვრა ამ ჭაპანწყვეტიდან და დიდი დარბაზის სცენაზე ავიდა. ჩვენ ტაშს ვუკრავდით და ცრემლებით გვევსებოდა თვალები: ღმერთები ბრუნდებოდნენ საუკუნოვანი დევნილობიდან!“

საგულისხმოა, როგორ ხატავს მწერალი სამყაროდან განდევნილ ღმერთებს: „ბრბოზე ამაღლებული, მხრებში გამართული და ყელმოღერებული ღმერთები ქედმაღლურად გადმოსცქეროდნენ ჩვენს თაყვანისცემას. ერთს ხელთ ეპყრა სიზმრის უბრალო მცენარეულის მსგავსი რტო. მეორეს წინ ლაღად ჰქონდა გაშვერილი ბრჭყალიანი ხელი. იანუსის სახე შიშნარევ მზერას ესროდა თოთის მოკაუჭებულ ნისკარტს. მათგან ერთ-ერთს, ახლა უკვე აღარ მახსოვს, რომელს, ალბათ ჩვენი ოვაციისაგან გულმოცემულს, უცებ გამარჯვების ყიჟინა აღმოხდა – აუტანლად მკვეთრი ყაშყაშის, სტვენისა თუ ყელში წყლის გამოვლების მსგავსი ხრიალი“.

მკითხველის მოლოდინი, რომ დრო და სივრცე ტრანსფორმირდება და რაღაც ახალი დაიწყება, არ მართლდება. პირველი აღტაცება აუდიტორიას მალევე უნელდება და ჩნდება ეჭვი: „იმ წუთიდან ყველაფერი შეიცვალა. დაიწყო იმ ეჭვით (როგორც ჩანს, გაზვიადებული), რომ ღმერთებმა არ იციან ლაპარაკი. მთასა და ბარში საუკუნოვანმა ხეტიალმა და ველურმა ცხოვრებამ მათში ამოძირკვა ყველაფერი ადამიანური. ისლამურ ნახევარმთვარესა და რომაულ ჯვარს გულმოწყალება არ გამოუჩენიათ დევნილებისადმი. წაქანებული შუბლი, ყვითელი კბილები, მეჩხერი ულვაშები, მულატებსა და ჩინელებს რომ მოგაგონებდათ, და პირუტყვის მსგავსად გადმობრუნებული ლაშები ოლიმპიელთა მოდგმის გადაგვარებაზე მეტყველებდა. მათი ტანისამოსი არ იწვევდა სათნო და პატიოსან სიღარიბეზე წარმოდგენას და უფრო ბახოს ბორდელებისა და სამორინე სახლების პირქუში ბრწყინვალების მოგონებას აღძრავდა. უბის კილოში სისხლივით წვეთავდა მიხაკი, ტანზე შემოტმასნილი პიჯაკის ქვეშ თვალნათლივ იბურცებოდა ბებუთის ტარი. და უცებ ჩვენ მივხვდით, რომ მათ ისროლეს უკანასკნელი კარტი, რომ ისინი საჩიხეში მომწყვდეული გააფთრებული მხეცებივით ვერაგნი, სასტიკნი და ბრმანი არიან და თუ ჩვენ შიშს დავნებდით ან თანაგრძნობა გამოვიჩინეთ – იმწამსვე გაგვანადგურებენ“.

თანამედროვე ადამიანისთვის კულტურული წარსული გაუცხოებულია. ისეთი ღრმა და  ფართოა უფსკრული, რომელიც რაციონალიზმმა გააჩინა, რომ ირაციონალურისთვის საერთოდ აღარ დარჩა ადგილი. ამიტომაც ადამიანები არა ნამდვილ ღმერთებს, არამედ მათ კარიკატურულ, გროტესკულ, დამახინჯებულ სახეებს ხედავენ. გონების სარკე უძლურია, მთლიანობაში აღიქვას ხილულ-უხილავი და ამიტომაც დამსხვრეულ-დაშლილი, თანამედროვეობის კონტექსტსა თუ ჭრილში  ახსნილ-განმარტებული ირეკლება.

ღმერთების გამოჩენის ამ ინტერპრეტაციაში აუდიტორია დავიწყებული წარსულის გამოცდილების აწმყოზე შურისძიებას ხედავს. ნოველის კულმინაცია მოულოდნელი და შთამბეჭდავია: „და მაშინ ჩვენ ამოვიღეთ დამბაჩები (სიზმარში სადღაც ისინიც მოიძებნა) და სიამოვნებით დავცხრილეთ ისინი“. ადამიანებმა ღმერთები დახოცეს და, ამგვარად, მოიჭრეს გზა იმ შორეული წარსულისკენ, მითების სამყაროსკენ, ყოველივე იმისკენ, რაც კულტურას ასაზრდოებს და რასაც, ამ შემთხვევაში, ღმერთები განასახიერებდნენ.

მირჩა ელიადე ფენომენზე, რომელსაც რაგნაროკი ჰქვია, წერს: „ესქატონი (ბერძ. უკანასკნელი, მითები სამყაროს მოსალოდნელი აღსასრულის შესახებ), რომელსაც წინასწარმეტყველებდნენ და ელოდნენ ძველი გერმანიკული ტომები, სინამდვილეში რაგნაროკი, ანუ ქვეყნიერების კატასტროფული დასასრული იყო. ეს საკუთარ თავში მოიცავდა ღმერთებსა და დემონებს შორის გიგანტურ ბრძოლას, რომელიც ყველა ღმერთისა და ყველა გმირის დაღუპვით და მსოფლიოს ქაოსისკენ საბოლოო რეგრესით უნდა დასრულებულიყო. თუმცა ისიც სათქმელია, რომ რაგნაროკის შემდეგ სამყარო ხელახლა უნდა აღდგეს (ძველი გერმანელებისთვის ასევე ცნობილი იყო კოსმოსური ციკლების დოქტრინისა და სამყაროს შექმნისა და განადგურების  განმეორებადობის მითის შესახებ); და მაინც, ქრისტიანული მითოლოგიის ნორდიკულით შეცვლა ნუგეშით და დაპირებებით მდიდარი ესქატოლოგიის (ვინაიდან ქრისტიანებისთვის „სამყაროს აღსასრულით“ მთავრდება და, იმავდროულად, აღორძინდება ისტორია) დაუფარავად პესიმისტური ესქატოლოგიით ჩანაცვლების ნიშანია. პოლიტიკის ენაზე თუ გადავთარგმნით, ეს სუბსტიტუცია დაახლოებით ამას ნიშნავს: მიატოვეთ თქვენი ძველი იუდეურ-ქრისტიანული ზღაპრები და თქვენი სულის სიღრმეში კვლავ გააცოცხლეთ თქვენი წინაპრების, გერმანიკელების რწმენა; შემდეგ მოემზადეთ ჩვენს ღმერთებსა და დემონურ ძალებს შორის გადამწყვეტი დიდი ბრძოლისთვის; ამ აპოკალიფსურ ბრძოლაში ჩვენი ღმერთები, ჩვენი გმირები და მათთან ერთად ჩვენც დავიღუპებით. ეს იქნება რაგნაროკი, მაგრამ მოგვიანებით ახალი მსოფლიო დაიბადება“ (მირჩა ელიადე, „თანამედროვე სამყაროს მითები“, წიგნში: „მითები, სიზმრები და მისტერიები“).

ვფიქრობთ, ღმერთების დახოცვით ადამიანები თითქოს დემონური ძალების მხარეს დგებიან და  ილუზიურ თავისუფლებას მოიპოვებენ. მირჩა ელიადეს აზრით,  „არქაული და ტრადიციული კულტურის ადამიანს ისტორიის ტერორისგან თავის დაცვა მითის, რიტუალისა და ცერემონიალის საშუალებით შეეძლო“. ახლა კი, ნოველისეული ფინალის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ადამიანი მარტო დარჩა და თავისუფლება სასჯელად ექცა, ეგზისტენციალური კრიზისი გამოიწვია.

ბორხესის ნოველაში მხოლოდ ღმერთები იღუპებიან, ეს კი, ჩვენი აზრით, პესიმისტური ფინალია და ზუსტად აირეკლავს თანამედროვე ცხოვრებას, რომელიც სულიერებას მოკლებულია და სჭირდება „ახალი დაბადება“, რათა მარადიულის წყურვილით განიმსჭვალოს, სიყვარულის, სიკეთის, სამართლიანობის, იმედის იდეალები დაამკვიდროს და მხოლოდ მატერიალური კეთილდღეობის, კომფორტის, პრაგმატულ-მომხმარებლური სულისკვეთებით არ იცხოვროს.

შეფასების კომპონენტების გავლენა სწავლა-სწავლების პროცესზე

0

ეროვნული სასწავლო გეგმა მოსწავლის განმსაზღვრელი შეფასების  სამ კომპონენტს  ითვალისწინებს: მიმდინარე საშინაო დავალება, მიმდინარე საკლასო  დავალება და შემაჯამებელი დავალება.

მინდა ჩემი და კვლევის შედეგების ანალიზზე დაყრდნობით, ჩემი კოლეგების და მოსწავლეების აზრი გაგიზიაროთ  სწავლა-სწავლების პროცესზე განმსაზღვრელი შეფასების კომპონენტების გავლენის შესახებ.

ზოგადი განათლების რეფორმა და კომპლექსური დავალებებით სწავლების მეთოდი ამყარებს ჩემს მოსაზრებებს განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასების კომპონენტების შესახებ. სამიზნე ცნების მიმართებაში, მოსწავლის ხანგრძლივ მეხსიერებაში, მკვიდრი წარმოდგენები რამდენად ჩამოყალიბდა, ვერ გაიზომება და განმსაზღვრელი ქულით ვერ შეფასდება თემის შესწავლის პროცესში მიმდინარე საშინაო/საკლასო დავალების  საშუალებით. თემის ფარგლებში დაუფლებული ცოდნის  შესაფასებლად, სწავლების დასრულების შემდეგ, უმჯობესია შემაჯამებელი დავალება გამოვიყენოთ.

მოსწავლეთა  შეფასების ფორმები, ინსტრუმენტები, მეთოდები და კრიტერიუმები მრავალფეროვანია და დიდი ცოდნა და გამოცდილებაა დაგროვილი ამ მიმართულებით. მე მუდმივად ვზრუნავ პროფესიულ განვითარებაზე,  გავლილი მაქვს სტატუსის შესაბამისი სავალდებულო თუ არასავალდებულო ტრენინგები და შემაჯამებელი დავალებების შეფასების ფორმებზე და კრიტერიუმების დახვეწაზე სასკოლო პროექტიც განვახორციელე კოლეგებთან ერთად. მიუხედავად მასწავლებლების მონდომებისა და განათლების სამინისტროს ხელშეწყობისა,  მოსწავლეთა შეფასება მაინც დიდ პრობლემად რჩება როგორც მასწავლებლებისთვის, ასევე მოსწავლეებისთვის.

სასწავლო პროცესის მუდმივი მონიტორინგი და  მოსწავლეთა შედეგების ანალიზი მეხმარება მიზნების ჩამოყალიბებაში, საჭირო აქტივობების, მეთოდების შერჩევაში და მოსწავლის საჭიროებებზე ორიენტირებული, დიფერენცირებული გაკვეთილების დაგეგმვაში.

განმსაზღვრელი შეფასება არის გარეგანი მოტივაცია, თუმცა ჩემს  პადაგოგიურ  პრაქტიკაზე დაკვირვებით შემიძლია ვთქვა, რომ  ხშირად, შეიძლება   ხელისშემშლელი აღმოჩნდეს სწავლა-სწავლების პროცესში. მოსწავლე საკუთარი აზრის გამოთქმას, კითხვის დასმას და  პრობლემის გაზიარებას ერიდება დაბალი შეფასების მიღების გამო. ასეთ  სასწავლო  გარემოში  მასწავლებელსაც უჭირს მოსწავლეთა საჭიროებების დადგენა, რაც უარყოფითად აისახება ეროვნული სასწავლო გეგმის/საგნობრივი სტანდარტით გათვალისწინებული შედეგების მიღწევაზე  და  შეფასების  სანდოობაზე.

ჩემი აზრით, ყოველ გაკვეთილზე თემის/საკითხების დამუშავების პროცესში, მოსწავლე არ უნდა ფასდებოდეს განმსაზღვრელი ქულით. პირიქით, სწავლების პროცესში მონიტორინგი და  განმავითარებელი კომენტარების გამოყენება იქნება ეფექტიანი. ბოლოს, როცა დასრულდება საკითხის შესწავლა, მხოლოდ მაშინ უნდა მოხდეს  განმსაზღვრელი ქულით შეფასება შემაჯამებელი დავალებით.  უმჯობესია ქულა აფასებდეს საკითხს ან თემას და არა წიგნის ერთ პარაგრაფს,  გამთლიანებულ ცოდნას და არა ფრაგმენტს,  ფაზლის ერთი ფრაგმენტი არაფრის მთქმელია, ხოლო გამთლიანებული ფაზლით კი შეიძლება შესანიშნავი სურათი შევქმნათ.

შეფასების კომპონენტების მიმართ ჩემი დიდი ინტერესის გამო დავგეგმე და განვახორციელე  მასწავლებელთა და მოსწავლეთა დამოკიდებულებების კვლევა –  სწავლა-სწავლების პროცესზე  განმსაზღვრელი შეფასების კომპონენტების გამოყენების  გავლენის მიმართ.

კვლევამ აჩვენა, რომ მასწავლებლების უმრავლესობა განმსაზღვრელ შეფასებას იყენებს ყოველდღე ან კვირაში ერთხელ მაინც, მასწავლებლების 81% მიიჩნევს  შემაჯამებელი დავალების ქულას უფრო  სანდოდ და გამჭვირვალედ, ვიდრე მიმდინარე საკლასო ან საშინაო დავალების განმსაზღვრელ შეფასებას.   ლოგიკურია, რომ  63,6% -ს აქვს სურვილი მოსწავლეთა განმსაზღვრელი შეფასება მოხდეს მხოლოდ შემაჯამებელი დავალებებით.

კვლევაში ასევე  მიიღო მონაწილეობა განსხვავებული აკადემიური მოსწრების მქონე 49 მოსწავლემ.

გამოკითხულ მოსწავლეთა ნახევარზე მეტმა ყოველთვის, ან ხშირად, იცის შეფასების კრიტერიუმები, რაც მასწავლებლების პროფესიონალიზმსა  და განმსაზღვრელი შეფასებისადმი ინტერესსა და სიფრთხილეზე მიუთითებს.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეთა უმრავლესობა, ისევე როგორც მასწავლებლების დიდი ნაწილი,  შემაჯამებელ დავალებას თვლის სანდოდ, გამჭვირვალედ და ცოდნის ზუსტი შეფასების ინსტრუმენტად.

მოსწავლეთა აზრით ახალი საკითხის/თემის სწავლების პროცესში ყოველდღიური, მიმდინარე განმსაზღვრელი შეფასება მოტივაციას ზრდის, მაგრამ ასევე იწვევს დაბალი შეფასების შიშს, ამიტომ კვლევაში მონაწილეთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ სწავლების პროცესში უმჯობესია ცოდნის მიღებასა და უნარ-ჩვევების გამომუშავებაზე ორიენტაცია და არა ნიშანზე. კითხვაზე-მხოლოდ შემაჯამებელი ქულების საშუალო არითმეტიკულით სემესტრული შეფასება მიგაჩნიათ თუ არა მართებულად, მოსწავლეთა მხოლოდ 32,7 % უპასუხა დადებითად.

ჩემთვის გასაკვირი აღმოჩნდა კვლევის მიგნება:  ორი ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრება გამოიკვეთა. მოსწავლეთა უმრავლესობა  შემაჯამებელ დავალებას თვლის სანდოდ და  გამჭვირვალედ, ხოლო სწავლის პროცესში გამოყენებული მიმდინარე საშინაო/საკლასო კომპონენტით  განმსაზღვრელი შეფასება დაბალი ქულის მიღების შიშს უჩენთ. მსჯელობა,  დისკუსიები და კითხვების დასმა  თამამად არ შეუძლიათ,   მაინც 67,3%- არ სურს  თემის/საკითხის დასრულების შემდეგ მხოლოდ შემაჯამებელი კომპონენტით  მიღწეული შედეგების  გაზომვა.

მოსწავლეებისგან განსხვავებით გამოკითხულ მასწავლებელთა 63,6%-ის სურვილია მხოლოდ თემის /საკითხის დასრულების შემდეგ   შემაჯამებელი კომპონენტით  გაზომოს მოსწავლის შედეგების დონე.  საინტერესოა რატომ? მაინც ნიშანზე მოტივირებული ახალგაზრდობა გვყავს და არა  ცოდნაზე? ან უფრო ხშირად ხომ არ უნდა გამოვიყენოთ განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტები, მოსწავლის სწავლების ტიპის, ცოდნის დონის და ინტერესების  შესაბამისი დიფერენცირებული სწავლების მეთოდები? ვფიქრობ, მოსწავლეებს უნდა დავანახოთ, რა სიკეთეების მოტანა შეუძლია განმავითარებელ შეფასებას, რომელიც მოსწავლის ძლიერი და სუსტი მხარეების გამოვლენას და  მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის დაგეგმვას ემსახურება.

მოსწავლეებთან დისკუსიაში გამოიკვეთა, რომ მიმდინარე საკლასო/საშინაო დავალებით შემაჯამებელი ქულის ამაღლების იმედი არ უნდათ დაკარგონ.

მასწავლებლები სწავლის მამოტივირებლად თვლიან მომდინარე განმსაზღვრელ შეფასებას და საფრთხეს ხედავენ ამ ძლიერი გარეგანი მოტივაციის არქონაში, შეიძლება  მოსწავლემ ყოველდღიურად აღარ იმეცადინოს და ბოლოს დაგროვებული მასალა ერთად ვეღარ აითვისოს და მივიღოთ აკადემიური  ჩამორჩენა.

ჩემი დაკვირვებით და  მოსწავლეებთან დისკუსიით დავრწმუნდი რომ მოსწავლე შემაჯამებელი დავალებისთვის, ან დამოუკიდებელი წერისთვის განსაკუთრებით ემზადება. თუ მოსწავლეს ეცოდინება, რომ მხოლოდ  შემაჯამებელი წერის ქულა განსაზღვრავს მის სემესტრულ  შეფასებას და არ ექნება მიმდინარე საკლასო ან მიმდინარე საშინაო დავალებით ქულის ამაღლების საშუალებამეტი ყურადღებით იქნება გაკვეთილებზე, უკეთ მოემზადება შემაჯამებელი დავალებისთვის, სწავლების პროცესში არ ექნება შიში და დაძაბულობა.  ჩემი ღრმა რწმენით, მხოლოდ შემაჯამებელი დავალების კომპონენტით შეფასება მოსწავლეს შეუქმნის უფრო ძლიერ  მოტივაციას, განმსაზღვრელი შეფასება კი იქნება ცოდნის შესაბამისი.

 

ინტელექტუალური ვარიაციები – ნათია გიორგაძის „ღმერთის დიაპაზონი“

0

არსებობს წიგნი-სავანეები, რამე უვარგისის წაკითხვის შემდეგ რომ უნდა მიაშურო მოსასვენებლად და სიამოვნებისათვის. ასეთ წიგნებს პირველივე ფრაზიდან ეტყობა, რომ კარგია. ასეთი წიგნები პირველივე პწკარიდან თავს მკითხველად გაგრძნობინებს. ნათია გიორგაძის ახალი პოეტური კრებული „ღმერთის დიაპაზონი“ (გამომცემლობა „ინტელექტი“, 2022) სწორედ ამგვარი წიგნია.

„ღმერთის დიაპაზონი“ ინტელექტუალი ავტორის მიერ ინტელექტუალი მკითხველისათვის შექმნილი პოეზიაა. აკი ერთ-ერთ ლექსში პირდაპირაა გაცხადებული კრებულის ეს თავისებურებაც:

„სათქმელი მხოლოდ თავში მქონდა

და ენის წვერზე არასოდეს დამიტკბია.“ (გვ. 89)

მაინც რა არის ღმერთის დიაპაზონი? საიდან სადამდეა გაბნეული ღმერთი?

უცნაური კითხვაა, თუმცა არა – პოეზიისათვის. მით უფრო მაშინ, როცა ჩვენ წინაშე კონცეპტუალური კრებულია. „ღმერთის დიაპაზონიც“ სწორედ ასეთია, სამი ნაწილისაგან შედგება: „ფლობის უფლება“, „გადაბიჯება“, „ჰაერის ბუსუსები“.

„ფლობის უფლებაში“ თავმოყრილი ლექსების გამაერთიანებელი თემა ქონასა და არქონას შორის მიმართებაა. აქვეა დანაკარგიც:

„[…]ძლივს გასაგონი

ხმით ვფიქრობ, ჩემმა კახელმა

მეგობარმა, თმაში თოგალგარეულმა,

როგორ დამტოვა სამუდამოდ

და როგორ წავიდა სხვა ალაზნის

საძებნელად.“ (გვ.15)

აქვეა უხვად ბიბლიური ალუზიებიც, ამ ნაწილში შემავალ თითქმის ყველა ლექსშია.

და მაინც, რა არის ჩვენი და რა არ არის ჩვენი? როგორ გავცეთ ამ შეკითხვას პასუხი? ან ეგებ მხოლოდ უნდა დავსვათ, პასუხი კი უმნიშვნელოა? დავსვათ, მაგალითად, ასე:

„ადამიანმა მიიჩვია ძაღლი და ტურა,

ძაღლი დარჩა და ტურა წავიდა.

ხოლო ხეებიდან ერთ-ერთი

საფლავშიც ჩამომყვება,

არადა, მისთვის არასოდეს

სიტყვა არ მითქვამს.“ (გვ. 26-27)

აქ ყველა დეტალი შენიშნული და აღნუსხულია, სიტყვით მოხელთებული, ლექსის კომპოზიცია კი სწორხაზოვნებასა და სიმწყობრეს უარყოფს. დასაწყისში ნახსენები მოტივი ბოლოსკენ მოულოდნელად გვიბრუნდება, არადა, შუაში სრულიად სხვა სახე-ხატებს უთმობს ადგილს, როგორც, მაგალითად, ამ ლექსში:

„სახლები სხვადასხვა ფერის

სახურავებით, შიმშილით,

ტანჯვით, უპატივცემულობით,

ყოველი ღამე იყო ბნელი,

ყოველი დილა – სიბნელეზე

გამარჯვება.

გაყინულ თითებში ვაჩხაკუნებ,

სუსტი შუქი აქვს, მაგრამ მაინც

ძალიან მიყვარს.“ (გვ. 28-29)

„გაყინულ თითებში ვაჩხაკუნებ“ რას? ღამეს? დილას? სიბნელეს? წინა სტრიქონებში სწორედ მათზეა საუბარი.

არა – ძველ დასაქოქ ფარანს ლექსის დასაწყისში გამოყენებული შედარებიდან:

„ქალაქში ბევრი ტაძარია,

როგორც ძველი დასაქოქი ფარანი.“ (გვ. 28)

და ამ ფრაგმენტულ, დანაწევრებულ სამყაროში რა შეიძლება, ჰქონდეს პოეტს? ან რა უ ნ დ ა  ჰქონდეს?

„ყველამ, ვინც მიყვარს,

ერთ მშვენიერ დღეს

პირი რომ შეკრას,

ზურგი მაქციოს,

მე კი არ მქონდეს იარაღი

თავდასახსნელად,

მხოლოდ დუმილის უფლება მქონდეს.

ამიტომ ლოცვაში ამოვიღო:

„უფალო, შეუნდევ მოძულეთა

და მაჭირვებელთა ჩვენთა…“

ხმამაღლა სათქმელად,

გულში კი დავიტოვო,

რა დამაძინებს ამის მერე?

ან დაძინებულს რა გამაღვიძებს?“ (გვ. 32)

პასუხიც ამავე ლექსშია: ეს ასეა საჭირო, რადგან:

„ცაში დაფრინავს ჭოტი,

ღამე ათია მანაც,

წყალს უნდა კალაპოტი,

პოეტს – ათასი ჭირი.“ (გვ. 33)

მაგრამ ყველაფერი წარმავალია, მათ შორის, ფლობაც. ამიტომ სანამ გაქვს, უნდა მოუფრთხილდე, უნდა მოასწრო, რაც გასაკეთებელია – ამ სათქმელით სრულდება „ფლობის უფლების“ ნაწილი:

„წყენა მეწყერივით მიწისაა,

როცა დაიძვრება, მაშინ იყოს,

თქვენ კი მოასწარით ახლა იმ დროს,

წადით, გოგოებო!“ („სანამ“, გვ. 34)

„გადაბიჯებაში“ თავმოყრილი ლექსების გამაერთიანებელი სხვადასხვა ონტოლოგიურ მდგომარეობებს შორის არსებული ზღვარია. ეს შეიძლება, იყოს ზღვარი ხელოვნებასა და ცხოვრებას შორის, ეს საერთოდ, შეიძლება, იყოს პოეზია, როგორც პრობლემა, რომელსაც აბიჯებ ან ვერ აბიჯებ („***რომ წაიკითხო სულის გაყრის ლოცვა და მიხვდე“, „პოეზიას“, „კარლო კაჭარავა“), რადგან არაფერი იცი მისი წარმომავლობის შესახებ ან იმის შესახებ, რეალობას როგორ უკავშირდება:

„იკითხავენ, სად არის აქ პოეზია?

მე კი ვუპასუხებ,

დაუსაბამოა მისი ორთქლი, ფანჯრის მინაზე განმბნეული.“ (გვ. 71)

ან ეგებ პოეზია, ქმნის პროცესია თავად გადაბიჯება („მოქმედი პირის გააზრებისათვის“)? ან იქნებ რეალობაა ის, რასაც უნდა გადააბიჯო, რათა პოეზია შექმნა? ყოველდღიური რუტინაა ის, რაც უნდა უარყო? და თუ ასე არ მოიქეცი, ის თავად კი არ გადაგაბიჯებს, გაგსრესს და მერე დაუწერელი ტექსტების გამოგლოვა მოგიწევს ამგვარად:

„მიშველეთ, ჩემო მაქებრებო,

მომაძებნინეთ წყალში გადაყრილი

ლექსები, ხელგაშვებული ლექსები,

ვერ გამოგლოვილები! […]

რატომ მიატოვეთ სამსახური?

-აღარ მიღირდა სატალახოდ.

რასაც იტყვით, აქ დარჩება.

-რასაც არა? – ამოგაძრობთ! […]

შავო შაშვო, ისე, როგორც „თეთრო ბატო“.

სადღა არიან ნამდვილი პოეტები?“ (გვ. 68-69)

ან ეგებ ეს არის ზღვარი რეალურსა და ირეალურს შორის („*** ხმოვნებმა შეასწრეს ციხესიმაგრეში“) ან ლინგვისტური ზღვარი სემანტიკურ ოპოზიციებს შორის („*** დავხედე სიტყვას გამარჯვება“)?

სადაც გადაბიჯებაა, იქ დროც პირობითია – სულიერი მდგომარეობა, შეიძლება, წამიერად შეგეცვალოს და ერთი დღე საუკუნედ გექცეს:

„დილაა, მეგობარი მიგზავნის ფოტოს,

ფოტო გუშინდელია.

ის იღიმება, მეც ვიღიმები.

დიდი ხანია, ასე არ ვყოფილვარ!

შენ, ზღვის შუაგულში მყოფო,

შენ, ნაძვის ხესავით წიწვიანო,

როგორც უდაბნოში მეწალკოტე

ან კუტი ირემი რქების მომედე,

დიდი ხანია, ასე არ ვყოფილვარ! […]

ამიტომ ეს ფოტო ძალიან გამიხარდა.

სხვანაირი, სულ სხვანაირი

დილაა!“ (გვ. 55)

არის კიდევ ერთი ზღვარი – სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის. ამ ზღვარზე მაშინაც ხარ, როცა გგონია, რომ კვდები. „მსტვინავი ღამის ანამნეზი“ სწორედ ამ განცდას გადმოგვცემს, საკმაოდ უჩვეულოდ და ორიგინალურად, აქ შეტევითი ხველა ასე აღიწერება:

„ხი-ხი, ხი-ხი, ხიხინებენ

დანარჩენი მგზავრები,

ჩუმად ვარ, სიკვდილს

ვიკავებ პირით, ასე უკრავენ

სალამურზე ან ფლეიტაზე,

ასე ეძებენ ყურით რამე სასიამოვნოს.

ასე ხედავენ,

როგორც ვარსკვლავის მოწყვეტისას მოსწყდება ცრემლი

ვარსკვლავთ აღმრიცხველს,

შორ მანძილზე მოანგარიშეს.“ (გვ. 76-77)

ამ ნაწილის ლექსებიდან კიდევ აუცილებლად უნდა ვახსენოთ „Goalkeeper“. ამ ლექსის ლირიკული გმირის მსგავსი ადამიანები არასოდეს გადალახავენ არავითარ ზღვარს, ისინი მარად იმად რჩებიან, რაც არიან. ასეთია მათი სულიერი და გონებრივი მდგომარეობა:

„გიჟებს შორის ყველა მართალია,

ზოგჯერ სიყვარულის გაძლება

გვიჭირს.

-მიყვარხარ, დაი, – დამირეკავს

გულნატკენი და უიღბლო ბიჭი.“ (გვ. 48)

თავად სიყვარული კი, რა თქმა უნდა, ყოველგვარ ზღვარს მიღმაა, უზღვროობაა, სრულყოფილება:

„სადღაც ხომ უნდა არსებობდეს ტბა,

რომელიც სავსე იქნება ბაყაყებით,

ჩემი ბავშვობის მეგობარი

მთხოვს, ცოლად გავყვე

და ტბის გარშემო ავაყვავო

ლილიები…

მე უარს ვეტყვი, რა თქმა უნდა,

რადგან ჩემს სიყვარულს

არა აქვს საზღვარი,

რადგან მე არ მაქვს

არაფერი იმ ქოხის გარდა,

სადაც ყოველთვის შემიძლია

მარტო დარჩენა.“ (გვ. 64)

კრებულის ბოლო ნაწილი კი, „ჰაერის ბუსუსები“ დაგვირგვინებაა ყველა იმ შეკითხვის, ყველა იმ ფიქრისა და ფრაზის, პირველ ორ ნაწილში რომ გახმიანდა. აქ ყველაფერი გაერთიანებულია: სიკვდილი და სიცოცხლე, აწმყო და წარსული, ბავშვობა და დიდობა, მშვიდობა და ომი. ალბათ, ესაა ღმერთის დიაპაზონიც – მისივე შექმნილი სამყარო, რომელშიც ყველაფერი თანაარსებობს და ერთმანეთს აწონასწორებს.

ლექსი კი მხოლოდ შინაარსი როდია, ის, უწინარესად, ფორმაა. ამიტომ დასასრულს, ფორმაზეც უნდა ვთქვათ ორიოდე სიტყვა:

ნათია გიორგაძის ლექსებს სპეციფიკური რიტმი ახასიათებს. ეს რიტმი ხან სტრიქონების დანაწილებით მიიღწევა და ხანაც – ძველი სალექსო საზომების გამოყენებით (აქ არის მაღალი შაირის, თოთხმეტ- და თხუთმეტმარცვლიანი საზომების მაგალითები). მეორე შემთხვევაში ხშირად სალექსო საზომის ტაეპი არ ემთხვევა ლექსის სტრიქონს. ასეთ დროს რითმა სადღაც სტრიქონშუა მიიმალება ხოლმე. ეს შეიძლება, გამოწვეული იყოს ანჟამბემანით ან, პირიქით – მისი არარსებობით. დავაკვირდეთ „ჰაერის ბუსუსების“ პირველსავე ლექსს „ალილოზე სიარული“:

„დედამ, ასე, ორმოცი წლის

წინ რომ შობა დგებოდა,

მაშინ მითხრა, დედის ნათქვამს

ვინ არ ეკიდებოდა რიდით?

და მეც მივდიოდი ჩემს ტოლებთან,

სამ უბანს ერთად გავცდით,

თოვლს ვტკეპნიდი, დედაჩემის

საუბარს ვაყოლებდი სიბნელეს, […]“ (გვ. 81)

აქ, თუ ლექსის მუსიკას ყურს მივუგდებთ, „ეკიდებოდას“ შემდეგ რამდენიმე ანჟამბემანი უნდა გვქონოდა ანუ ლექსის გრაფიკული ფორმა ამგვარი უნდა ყოფილიყო (სარითმო ერთეულები ხაზგასმულია):

„დედამ, ასე, ორმოცი წლის

წინ რომ შობა დგებოდა,

მაშინ მითხრა, დედის ნათქვამს

ვინ არ ეკიდებოდა

რიდით? და მეც მივდიოდი

ჩემს ტოლებთან, სამ უბანს

ერთად გავცდით, თოვლს ვტკეპნიდით,

დედაჩემის საუბარს

ვაყოლებდი სიბნელეს, […]“

მაგრამ ავტორს ასე არ დაუწერია. ამით მან ლექსის შუაში მუსიკა, ჟღერადობა შეცვალა, რადგან თუკი ტაეპებს ისე მივაყოლებთ ერთმანეთს, როგორც ავტორისეულ ჩანაწერშია, სულ სხვა რიტმს მივიღებთ.

რიტმის ამგვარ ვარიაციას კრებულში ხშირად შეხვდებით. აი, კიდევ ერთი მაგალითი ორიგინალური სახე-ხატით (რიტმის ცვლილება რომ ცხადი იყოს, ლექსის თავსა და ბოლოს ამოვწერ):

„როგორც მინდორი ხელახლა ვიბადები,

ახალბალახივით ვიხარებ,

ცის ქვეშ მითები და ზღაპრებია,

ცაში თავდახრილი, ლომის ქანდაკება. […]

მე სულ უფრო გეუბნები, მიყვარხარ,

შენ სულ უფრო იფერებ და ჩუმად

თვალს აპარებ თითქმის წარმოუდგენელ

ქალაქების დაცემაზე უმად-

ური ნუ იქნები ოღონდაც,

ნოემბრამდე ისევ დიდი დროა,

სახლს დავათბობ,

ჩაიდანსაც შემოვდგამ

გაზქურაზე,

ყვავილების ჩაისთვის.“ (გვ. 108-109)

ლექსი დაიწყო, როგორც ვერლიბრი, იქცა თეთრ ლექსად, შემდეგ – კონვენციურ ლექსად და კვლავ თეთრ ლექსად დასრულდა. ამასთან, მიაქციეთ ყურადღება რითმას ჩუმად/უმად, რომელშიც „უმად“ სიტყვის „უმადური“ ნაწილია. ამ სიტყვის გაკვეთამ სიტყვების თამაში მოგვცა – ური ძველი შუმერული ქალაქია, წინა ტაეპში კი ქალაქების დაცემაა ნახსენები.

სულ ესაა, რისი თქმაც წერილში შეიძლება. ვფიქრობ, საკმარისი რაოდენობით მოვიხმე ამონარიდები, რათა „ღმერთის დიაპაზონის“ გემო შეგეგრძნოთ და კრებულის მოხელთების წადილი აღგძვროდათ. იმასღა ვიტყვი, რომ კრებულთან მიბრუნების სურვილიც გაგიჩნდებათ პირველი წაკითხვის შემდეგ – წიგნმა-სავანეებმა ასე იცის…

 

კურარეს სამყაროში

0

1987 წელს, როცა ცოტაც და საქართველოში არეულობა დაიწყებოდა, მე, ჩვეულებისამებრ, სწავლით ვიყავი დაკავებული და არ ვიცოდი, ოკეანის გაღმა, სადღაც ლოს ანჯელესში, ვინმე მარგო ტიბომ ქმრის მოკვლა რომ გადაწყვიტა. თუმცა, ამ ჩანაფიქრის სისრულეში მოყვანა რთული აღმოჩნდა და მისი სამივე მცდელობა კრახით დასრულდა.

რატომ?

  • კილერების პირველი ჯგუფი ვერ მივიდა დანიშნულების ადგილამდე, რადგან გზაში მოძრაობის წესების დარღვევის გამო პოლიციამ დააჯარიმა და საბუთები წაართვა;
  • მეორე დაკვეთისას უკვე სხვა კილერმა მსხვერპლის ოფისს ვერ მიაგნო. დიდხანს იბოდიალა ლოს ანჯელესის ქუჩებში, ბოლოს ნერვები აეშალა, მოშივდა და სახლში დაბრუნდა;
  • მესამე მცდელობაც ჩაიშალა, რადგან მარგომ უარი განაცხადა, ლოს ანჯელესში ჩამოსასვლელად მკვლელისთვის თვითმფრინავის ბილეთი ეყიდა. მხოლოდ ის სთხოვა, რომ მისთვის შხამი კურარე ფოსტით გადაეგზავნა. ქალმა ყველაფრის თავად გაკეთება გადაწყვიტა. თან მკვლელისთვის მხოლოდ ჰონორარად ათი ათასი დოლარი უნდა ჩაეთვალა, ამას ბილეთების ფულიც ემატებოდა. კურარეს კი მხოლოდ 250 დოლარად შეიძენდა.

 

შემდეგ ამ შხამით უნდა დაეფარა ქმრის ავტომობილის საჭე. ქმარი საჭეს ხელს მოჰკიდებდა, კურარე კანიდან სისხლში შეაღწევდა და მორჩა, საქმე მოგვარდებოდა.

 

ეს მცდელობაც ჩაიფუშა, რადგან მარგოს თანამოაზრე გაბრაზდა ასეთ სიძუნწეზე და ქალი პოლიციაში დააბეზღა. პოლიციამ მარგო აიყვანა, მაგრამ მასზე ყველა იცინოდა, ოპერ მუშაკები თუ გამომძიებელ-მოსამართლეები, რადგან კურარეთი ვერავის მოკლავთ, ვერც სხეულზე წასმით და ვერც ჩაიში ჩაყრით.

 

სხვადასხვა შხამი სხვადასხვაგვარად მოქმედებს. კურარემ კი ზოგადად ძალიან ბევრი სარგებელი მოუტანა კაცობრიობას. მის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა თანამედროვე მედიცინისა და ქირურგიის განვითარება. მისი კომპონენტების გარეშე ვერც თანამედროვე ანესთეზია და ფსიქიატრია მიაღწევდა დღევანდელ შედეგამდე. მას დღესაც იყენებენ სხვადასხვა მოწამვლით გამოწვეული დაავადებების მკურნალობის დროს.

 

კურარეს შხამს ისრებზე უსვამდნენ და ისე ესროდნენ მსხვერპლს. ეს ჯერ კიდევ ჰერეკლემ იცოდა და კენტავრს კლავდა ისრით, რომელიც ჰიდრას სისხლში იყო ამოვლებული. სიტყვა „ტოქსინი“ და „ტოქსიკური“ ძველბერძნული გამოთქმიდან – „ტოქსიკონ ფარმაკონიდან“ მოდის და ნიშნავს „მეისრეთა შხამს“. ისრების წვერზე შხამის წასმის მეთოდს, საბერძნეთის გარდა, მთელ მსოფლიოში იყენებდნენ. შხამს მოიპოვებდნენ მცენარეებიდან, ბაყაყებიდან და გველებიდან. არც მწერებზე ამბობდნენ უარს.

 

ასე რომ, მე-16 საუკუნეში, როცა კოლუმბი თავის ხალხთან ერთად ამერიკაში ჩავიდა, ადგილობრივი აბორიგენების მიერ გამოსროლილი წვრილი ნემსისებრი ისრები სულაც არ გაჰკვირვებიათ. ვინმე ალონსო პერეს დე ტოლოსმა აღწერა კიდეც ინდიელი აბორიგენების მიერ გამოსროლილი ისრების ტექნიკა. თუმცა, ის იმით იყო გაოცებული, რომ ვისაც ეს ისარი მოხვდებოდა 3-4 საათის განმავლობაში მოძრაობის უნარს კარგავდა. ეს კი ინდიელებისთვის ტყეში გასაქცევად სრულიად საკმარისი დრო გახლდათ. თავად მოძრაობაშეზღუდულ ადამიანს კი სასიცოცხლო ძალები სრულად უბრუნდებოდა.

 

ეს კურარე იყო. სიტყვა კურარეს ფუძე არის „ის, რაც კლავს ჩიტებს“ (ეს უკანასკნელი მთლად ზუსტად არ ვიცი, მაგრამ, მგონი, ასე უნდა იყოს). ფილოლოგები ჯერაც იკვლევენ ამ სიტყვის ფუძეს: Coorare, Woorari, Woorali, Ourare, Urari. ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში ყველა ტომს კურარეს თავისი რეცეპტი ჰქონდა და მის შხამად გასაიდუმლოებულ მცენარეებს იყენებდა. ბოლოს ნათელი გახდა, რომ შხამ კურარეს მოიპოვებენ ორი სახეობის შხამიანი ლიანებისგან. პირველი მათგანია Chondrodendron tomentosum, რომელიც ალკალოიდ ტუბოკურარინს შეიცავს. მეორე – შეიცავს ტოკსიფერინს და მას Strychnos toxifera ეწოდება. სწორედ ეს ორი მცენარე შეიცავს ჩონჩხის კუნთების დამბლის გამომწვევ ალკალოიდებს. სხვათა შორის, დაუპატიჟებელი ევროპელი სტუმრები გაოცებას ვერ მალავდნენ, როგორ არ ეშინოდათ აბორიგენებს კურარეთი მოპოვებული ნანადირევის ჭამა. კურარეშეყვანილი მსხვერპლის ჭამა მოწამვლას არ იწვევს, მით უმეტეს არ იწამლები მისი კანზე მოხვედრით (რის იმედადაც იყო მარგო). კურარეთი დამბლის გამოწვევა, მხოლოდ მისი სისხლში მოხვედრითაა შესაძლებელი.

 

თავად კურარეს მომზადება საფრთხილო საქმე გახლდათ, რადგან მართალია, მთავარი ზემოთ დასახელებული ორი ალკალოიდია, მაგრამ სხვადასხვა ტომი მასში ათასნაირ დამატებით კომპონენტს ურევდა. ასევე, ასრულებდნენ მაგიურ რიტუალსაც, რადგან ღრმად სწამდათ, რომ შხამის მოქმედება სწორად შესრულებულ მაგიაზე იყო დამოკიდებული. კურარეს დამზადების პროცესში ქალები არ დაიშვებოდნენ, რადგან მაგიისთვის ისინი უწმინდურად იყვნენ მიჩნეული. ასე რომ, პიეტრო დანგერის მიერ წიგნში „De Orbe Novo”-ს (ახალი სამყარო) აღწერილი სურათი, როგორ ხარშავდნენ კურარეს სიკვდილმისჯილი დამნაშავე ქალები, როგორ ისუნთქავდნენ ნახარშის ოხშივარს, როგორ კვდებოდნენ და მათი სიკვდილისთანავე კურარე გამზადებულად ითვლებოდა, სიმართლეს არ შეესაბამება.

 

კურარეზე კიდევ ათას უცნაურობას წერდნენ. მაგალითად, ცნობილი მეკობრე პოეტი სერ უოლტერ რაილი თავის წიგნში „ახალი, ლამაზი და მდიდარი იმპერიის აღმოჩენა“ (ამერიკას გულისხმობდა), ამტკიცებდა, რომ კურარესგან დაგვიცავდა შაქარი, თუთუნი და ნიორი. რაც თავისთავად აბსურდია, ისევე, როგორც მე-18 -ე საუკუნემდე დაწერილი ყველა ჩანაწერი კურარეზე.

 

როდესაც ესპანეთის იმპერია დაემხო, ცნობისმოყვარე ხალხი ახალ აღმოჩენილ მიწებზე ამოუცნობი მოვლენების შესწავლას შეუდგა. ერთ-ერთი მათგანი ფრანგი ასტრონომი, გეოლოგი და ვოლტერის მეგობარი შარლ მარი დე ლა კონდამინი იყო. ათასი მიზეზით, მთელი ათი წელი იბოდიალა სამხრეთ ამერიკაში. სინამდვილეში ქინინის მოპოვების საიდუმლოს ამოცნობა სურდა. ეს უკანასკნელი ესპანელებს მოჰქონდათ და ევროპაში ძალიან ფასობდა. ქინინი იპოვა თუ არა, არ ვიცი, მაგრამ ევროპაში კარგი, კონცენტრირებული შავი ცვილი – კურარე ჩამოიტანა.

 

ევროპელი ექიმებიც მაშინვე ცდების ჩატარებას შეუდგნენ. ვისზე? საბრალო კატებზე… და აღმოაჩინეს, რომ კურარე თიშავს ჩონჩხის კუნთებს და გლუვ მუსკულატურაზე არ მოქმედებს. და თუ ზოგჯერ სიკვდილი მაინც დგება, ამას სუნთქვაში მონაწილე კუნთების დამბლა იწვევს და მსხვერპლი ბოლომდე აცნობიერებს, რაც მის თავს ხდება. ამავე დროს, არც განძრევა და არც რაიმე ნიშნის მიცემა არავისთვის არ შეუძლია.

 

ვინმე ჩარლზ როტერტონმა კურარე ვირს გაუკეთა.

 

იცით ეს, ვინ არის? მოგვიანებით, რომ ბევრ ფულს დააგროვებს, ძვირფასი საჩუქრების გაკეთება რომ მისი ჰობი ხდება და მისი ინგლისის მამულში მისვლაზე რომ ყველა იოცნებებს. ასაკში ერთი ახირებული ჩვევა კი დასჩემდება… მაგიდის ქვეშ ძვრება და სტუმრებს ფეხზე კბენს. ყველამ იცის, ვინც იკბინება, მაგრამ ყველა სტუმარს ისეთ საჩუქრებს ჩუქნის, რომ კბენის მოთმენად და თვალის დახუჭვად უღირთ.

 

ჩარლზი კბენას სიბერეში დაიწყებს. მანამდე გვიანაში გაემგზავრება, სადაც მისი ოჯახი მამულს ფლობს. იქ ადგილობრივი ფლორა-ფაუნით დაინტერესდება და ფაქტობრივად ბიოლოგობას მიჰყოფს ხელს. კურარესაც შეისწავლის და დაადასტურებს, რომ სიკვდილი სასუნთქი კუნთების დამბლით დგება. ჰოდა, ერთ დღესაც კურარეს თავის ვირუკას გაუკეთებს. შემდეგ კი მისი ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციას დაიწყებს. მთელი ორი საათი ვირის ნაცვლად „სუნთქავს“. შემდეგ, ცხოველი ნელ-ნელა აზრზე მოვა და კიდევ 25 წელი ბედნიერად იცოცხლებს. აქედან ფანტასტიკური აღმოჩენა კეთდება – კურარე არ კლავს, უბრალოდ იწვევს დამბლას და თუ ამ დროს პაციენტს სუნთქვაში დავეხმარებით, ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდება. შესაბამისად, კურარეს გამოყენება მედიცინაში იმ დაავადებების დროს შეიძლება, რომლებიც კუნთების მკვეთრი სპაზმით მიმდინარეობს, მაგ. ტეტანუსი, ცოფი, სტრიქნინით (ალკალოიდია) მოწამვლა და ა.შ. ეს როტერტონის ვარაუდი გახლდათ. მოგვიანებით დადგინდა, რომ ცოფის დროს არა, მაგრამ ტეტანუსის და სტრიქნინის დროს კურარეს გამოყენება შესაძლებელი მართლაც არის.

 

ცოტა უფრო მოგვიანებით ფრანგმა ფიზიოლოგმა, კლოდ ბერნარმა ორგანიზმში კურარეს მოქმედების მექანიზმი შეისწავლა. თუმცა, კიდევ უფრო გვიან ამ მექანიზმის სრულად გაშიფვრისთვის ნობელის პრემიას ოტტო ლევი და ჰენრი დეილი მიიღებენ.

 

თუმცა, მანამდეც, 1887 წლიდან გაყიდვაში გამოვიდა კურარეს აბები, თითო 5, 5 მგ-იანი, 8 შილინგის ფასად. ამ აბებისგან საინიექციო ხსნარს ამზადებდნენ და ტეტანუსისა და სტრიქნინით მოწამვლისას ავადმყოფს უკეთებდნენ.

 

მეოცე საუკუნიდან მედიცინაში კურარეს ფართოდ იყენებენ. 1930 წლიდან ფსიქიატრიაში კრუნჩხვითი თერაპიის გამოყენება დაიწყეს. წარმოდგენა არ მაქვს, რატომ, მაგრამ ძლიერი კრუნჩხვები, თურმე ფსიქიკურ შეტევებს ამსუბუქებს (ასე ამოვიკითხე და იმედია, სწორია). კრუნჩხვებს წამლებით ან ელექტროშოკით იწვევდნენ. ჰოდა, ტრავმების თავიდან ასაცილებლად, პაციენტს კურარეს უკეთებდნენ და მერე შოკს დასცხებდნენ ხოლმე. თანაც, გაირკვა, რომ შოკი მოდუნებული კუნთებით, ტვინისთვის მაინც სასარგებლო იყო.

 

ამ გამოცდილების შემდეგ ნელ-ნელა კურარე ქირურგიაშიც „შეიპარა“. საქმე ის გახლავთ, რომ ოპერაციის დროს, მართალია ანესთეზიას უკეთებდნენ, მაგრამ კუნთების მთლიანი მოდუნება არ გამოდიოდა და შესაძლოა პაციენტს კუნთების უნებლიე სპაზმი დასწყებოდა. კურარეს საჭირო დოზები კი კუნთის მთლიან მოდუნებას იწვევდა. თანამედროვე ქირურგიაში კურარე მთლიანად შეცვლილია მისი მოქმედების მექანიზმის მსგავსი და უფრო უსაფრთხო ანალოგებით.

 

მე კიდევ ზოგჯერ ბავშვივით ოცნება მიყვარს ხოლმე. აი, წარმოიდგინეთ, რომ თქვენს სახლში ქურდები შეიპარნენ. ამ დროს, თქვენც მიდიხართ, თავზე ადგებით და სათადარიგოდ გადანახულ, კურარეთი დამუშავებულ ისრებს ესვრით. ქურდებს და რეგვენებს კუნთების დამბლა უვითარდებათ. შენ კი ამასობაში 112-ში რეკავ და პოლიციას იძახებ, რომლებსაც კურარეთი დადამბლავებულ ქურდ-რეგვენებს პირდაპირ აბარებ.

 

ხომ არაჩვეულებრივად კარგი იქნებოდა, არა?…

 

 

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...