ოთხშაბათი, აპრილი 8, 2026
8 აპრილი, ოთხშაბათი, 2026

რეზონანსი

0

სიტყვა “რეზონანსი” მრავალი ჩვენგანისთვის ნაცნობია. მას უპირატესად ფიზიკიდან ვიცნობთ და არცთუ იშვიათად ვიყენებთ პირდაპირი თუ გადატანითი მნიშვნელობით. მაგრამ მას კიდევ ერთი – ქიმიური – მნიშვნელობა აქვს. რეზონანსი ქიმიაში ერთ-ერთი ფუნდამენტური ცნებაა ნაერთთა აღნაგობის დასახასიათებლად.

მოლეკულათა აღნაგობის დახასიათებისა და გამოსახვისთვის ხშირად ვიყენებთ ლუისის თეორიას, თუმცა მისი ერთ-ერთი ნაკლი ის არის, რომ იგი მოლეკულაში ელექტრონებს უძრავ მდგომარეობაში განიხილავს. სინამდვილეში ელექტრონები ატომებზე არ არიან ფიქსირებულნი და განსაზღვრულ მდგომარეობაში უნარი შესწევთ, ერთი ატომიდან მეორეზე გადაინაცვლონ. ამ შემთხვევაში ერთი და იმავე სტრუქტურისთვის (ელექტრონების სხვადასხვა განაწილებით) შესაძლებელია რამდენიმე ლუისის სტრუქტურის დაწერა.
მეტი სიცხადისთვის მოვიყვანოთ კარბონატ იონის მაგალითი. ჩვენ შეგვიძლია დავწეროთ სამი განსხვავებული, მაგრამ ეკვივალენტური სტრუქტურა (1–3):
ყურადღება მივაქციოთ ორ მნიშვნელოვან გარემოებას. პირველი: ყოველ ატომს გარე სავალენტო შრე შევსებული აქვს. მეორე და უაღრესად მნიშვნელოვანი: ერთი სტრუქტურის მეორედ გარდაქმნა შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონების გადაადგილებით და არ არის საჭირო ატომბირთვების გადანაცვლება. ამ შემთხვევაში ელექტრონების გადაადგილებას მოხრილი ისრების საშუალებით აღწერენ. ისარი გადასაადგილებელ ელექტრონებთან უნდა იწყებოდეს და მის ახალ პოზიციასთან მთავრდებოდეს. ქვემოთ მოყვანილ სქემაზე ჩანს, რომ ისრებით ნაჩვენები ელექტრონების გადანაცვლებით (ატომბირთვების დაუძრავად) სტრუქტურა 1 გარდაიქმნება სტრუქტურა 2-ად:
ეს ორი სტრუქტურა, მართალია, არ არის იდენტური, მაგრამ ეკვივალენტურია.
კიდევ ერთი საინტერესო მომენტი: კარბონატ იონის რენტგენოსტრუქტურულმა ანალიზმა აჩვენა, რომ ნახშირბადსა და ჟანგბადატომებს შორის ბმა უფრო გრძელია, ვიდრე ორმაგი ბმა. ზემოთ მოყვანილი სამი ლუისის სტრუქტურისთვის ლოგიკური იქნებოდა, რენტგენოსტრუქტურულ ანალიზს ეჩვენებინა, რომ კარბონატ იონში ორი C-O ბმის სიგრძე კლასიკური ორმაგი ბმის სიგრძისაა, ხოლო ერთი C-O ბმა – კლასიკური ერთმაგი ბმის სიგრძის.
რა განაპირობებს ექსპერიმენტული შედეგებისა და თეორიული მოსაზრების განსხვავებას? რომელია ჭეშმარიტებასთან უფრო ახლოს? თუ დავეყრდნობით ექსპერიმენტულ მონაცემებს, რომ კარბონატ იონში ყველა ბმა თანაბარი სიგრძისაა, მაგრამ განსხვავებული კლასიკური ერთმაგი და ორმაგი ბმის სიგრძის, როგორ მივუსადაგოთ იგი ლუისის სტრუქტურას?
ამ პრობლემის მოგვარების ერთ-ერთი გზაა ე.წ. რეზონანსის თეორია. ამ თეორიის თანახმად, თუ მოლეკულა ან იონი გამოისახება ორი ან მეტი ელექტრონის განაწილებით განსხვავებული, მაგრამ ეკვივალენტური სტრუქტურების სახით, სამართლიანია შემდეგი ორი პოსტულატი:
1. აღნიშნული სტრუქტურებიდან (რომლებსაცრეზონანსული სტრუქტურები ეწოდება) არც ერთი არ შეესაბამება რეალურ სტრუქტურას; არც ერთი მათგანი არ იქნება სრულ თანხვედრაში მოლეკულის ან იონის რეალურ ქიმიურ და ფიზიკურ თვისებებთან.
2. რეალური მოლეკულა ან იონი უნდა გამოისახოს თითოეული რეზონანსული სტრუქტურის ჰიბრიდის სახით.
აქედან გამომდინარე, თუ მოლეკულისთვის შესაძლებელია დაიწეროს რეზონანსული სტრუქტურები, ეს ნიშნავს, რომ ისინი რეალური მოლეკულის მხოლოდ ჰიპოთეზური სტრუქტურებია და მხოლოდ ფურცელზე არსებობს. მათი გამოყოფა ინდივიდუალური სახით შეუძლებელია.
როგორ გამოვსახოთ 1-3 რეზონანსული სტრუქტურების ჰიბრიდული სტრუქტურა? ამისათვის არსებობს ორი მეთოდი.
პირველი მეთოდის თანახმად, უნდა დაიწეროს ყველა რეზონანსული სტრუქტურა და მათ შორის განთავსდეს ორთავიანი («) ისარი, რომელსაც რეზონანსული ისარი ეწოდება. აქვე შევნიშნავ, რომ შექცევადი ისარი (ურთიერთსაპირისპიროდ მიმართული ორი ისარი) წონასწორობას აღნიშნავს, ამიტომ მისი გამოყენება რეზონანსულ სტრუქტურებში არ შეიძლება.
ამ სახით სტრუქტურების ჩაწერისას უნდა გვახსოვდეს, რომ ისინი მხოლოდ ფურცელზე არსებობს, რეალური სტრუქტურა კი სადღაც მათ მიღმაა, მათი ჰიბრიდიზაციით არის მიღებული.
მეორე მეთოდის საშუალებით ბმები უნდა გამოისახოს უწყვეტი და წერტილოვანი ხაზებით:
ასეთი ბმა მიუთითებს, რომ იგი არც ორმაგია და არც ერთმაგი – მათი გასაშუალებული ბმაა.
განვიხილოთ კიდევ ერთი მაგალითი. ნიტრატ იონის ჩაწერის ერთ-ერთი ფორმაა:
მაგრამ რენტგენოსტრუქტურული ანალიზითა და ქიმიური ექსპერიმენტით დადგენილია, რომ ჟანგბადის სამივე ატომი იდენტურია. რა განაპირობებს მათ იდენტურობას? ახსენით რეზონანსის თეორიის საშუალებით.
მოყვანილი სტრუქტურიდან ჩანს, რომ შესაძლებელია, ელექტრონების განაწილების ვარირებით დაიწეროს სამი განსხვავებული, მაგრამ იდენტური რეზონანსული სტრუქტურა:
რეალური სტრუქტურა იქნება სამი რეზონანსული სტრუქტურის ჰიბრიდი, რომელიც შეიძლება ასე გამოისახოს:

“ხელოვნების ამბავი” როგორც ზოგადი პედაგოგიკის სახელმძღვანელო

0
როდესაც ხელოვნების თეორეტიკოსი ერნსტ გომბრიხი ნახევარი საუკუნის წინ საგანგებოდ მკითხველთა ფართო წრისთვის გასაგებ ენაზე “ხელოვნების ამბავს” წერდა, ბუნებრივია, ვერ წარმოიდგენდა, რომ ეს წიგნი მსოფლიო ბესტსელერი გახდებოდა. იგი ვერც იმას იფიქრებდა, რომ მრავალი წლის შემდეგ ერთი ქართველი პედაგოგი მის წაკითხვას დაჟინებით ურჩევდა კოლეგებს.

წიგნი, რომელიც ქვეყნების, ეპოქებისა და მიზეზშედეგობრივი ჯაჭვის გათვალისწინებით მოგვითხრობს ხელოვნების ისტორიას, მრავალი წელია, სახელოვნებო სკოლებში სახელმძღვანელოდ არის ქცეული. მას ეცნობოდნენ და სწავლობდნენ თბილისის სახელოვნებო სასწავლებლებშიც, თუმცა ქართულ ენაზე მხოლოდ ამ ცოტა ხნის წინ გამოსცა “ლოგოს პრესმა”. არც მისი მთარგმნელები – ქართველ ხელოვნებათმცოდნეთა ჯგუფი – და არც გამომცემელი არ გაიკვირვებენ, თუ ვიტყვი, რომ ხელოვნების სპეციალისტებზე მეტად (რადგან მათ უამრავი სხვა ლიტერატურის გაცნობა-შესწავლაც უწევთ) “ხელოვნების ამბავი” სკოლის მასწავლებლებს სჭირდებათ, მაგრამ არა ხელოვნებისას ან მხოლოდ ჰუმანიტარული საგნებისას, არამედ ყველას, განურჩევლად სპეციალობისა.

ალბათ არც ერთი პროფესიის ადამიანს არ უწევს დღის განმავლობაში იმდენ კითხვაზე პასუხის გაცემა, რამდენზეც მასწავლებელს. ეს ბუნებრივიცაა – შემეცნების პროცესი ხომ გამუდმებით რაღაცის გარკვევას, ახსნას და დაზუსტებას გულისხმობს. თუმცა მასწავლებელს უხდება, პასუხი გასცეს კითხვებს არა მხოლოდ საკუთარი საგნის გარშემო, არამედ იმ საზოგადოებრივ გარემოში წამოჭრილ უამრავ მოსაზრებაზეც, რომელშიც ბავშვები ცხოვრობენ. ვერ ვიტყვით, სახელდობრ რა თემებზე უწევს მსჯელობა მოსწავლეებთან ევროპისა თუ ამერიკის, თუნდაც აზიის ქვეყნების სკოლის მასწავლებელს, მაგრამ საქართველოში ეს სწორედ ის საკითხებია, რომელთა შესახებ ჩვენი შვილები ყოველდღიურად ისმენენ ტელევიზიით ან სოციალურ ქსელებში კითხულობენ. ქვეყანაში არსებული პოლიტიკურ-საზოგადოებრივი პრობლემები მათ არეალშიც ღრმად იჭრება, ხოლო მასწავლებელს, განურჩევლად იმისა, რომელ საგანს ასწავლის, უწევს, პასუხი გასცეს ამგვარ კითხვებს: სწორია თუ არა სტალინის ძეგლის აღდგენა? რაში გვჭირდება ე.წ. იმელის შენობა? ხელოვნებაა თუ არა მესტიაში დადგმული თამარ მეფის ძეგლი? რა დაიკარგა ბაგრატის ტაძრის რესტავრაციისას? რატომ გაუჩნდა ადამიანთა გარკვეულ ჯგუფს მწერალ ზაზა ბურჭულაძის ცემის სურვილი? უნდა მივიღოთ თუ არა მონაწილეობა სოჭის ოლიმპიადაში?

საყურადღებოა, რომ წმინდა პოლიტიკური საკითხები სასკოლო ასაკის ახალგაზრდებს ნაკლებად აღელვებთ. საყურადღებოა ისიც, რომ მათ აზრს ამა თუ იმ საკითხზე ოჯახი და გარემო აყალიბებს – თავად არ გააჩნიათ სათანადო ცოდნა, რათა მოვლენები სწორად გააანალიზონ, ამიტომ მათთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს მასწავლებლის როგორც ერთ-ერთი ავტორიტეტის აზრს. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ე.წ. წმინდა თემები არც საზოგადოებაში არსებობს და ფილმის გადაღება იქნება თუ რომელიმე შენობის დანგრევა-აღმართვა, საყოველთაო მღელვარებას იწვევს, რამდენადაც ეს საზოგადოებრივ-კულტუროლოგიური პრობლემა ხდება.

ქართული საზოგადოების ერთ-ერთი თვისება ხელოვნებისადმი ინტერესია. ეს უაღრესად დადებითი თვისებაა და ერის ინტლექტუალურ განვითარებაზე მიუთითებს, თუმცა კი სწორედ ხელოვნების ნიმუშებზე საუბარს მოჰყვება ხოლმე საზოგადოების მხრივ არასწორი ინტერპრეტაციები, საფუძველს მოკლებული კრიტიკა, აგრესიაში გადაზრდილი დისკუსია, სადაც პროფესიონალთა აზრს ყველაზე ნაკლებად ითვალისწინებენ. სკოლის მასწავლებელი კი საზოგადოების ის რგოლია, რომელსაც ახალგაზრდა თაობის სწორი აზროვნების ჩამოყალიბება აკისრია. მაგრამ პედაგოგები ხშირად ექცევიან ჩიხში და არა მხოლოდ იმიტომ, რომ რაიმე საკითხი არ იციან (რაც სულაც არ არის სირცხვილი და დანაშაული), არამედ პრობლემაში გარკვევის, სტერეოტიპების გადალახვის, განსხვავებული აზრის მიღების, მსოფლიო პროცესების გააზრებისა და გაანალიზების უუნარობის გამო.

ჩემი დაჟინებული რჩევა, სკოლის მასწავლებლებმა წაიკითხონ ერნსტ გომბრიხის ნაშრომი “ხელოვნების ამბავი” იმით არ არის გამოწვეული, რომ ხელოვნების ისტორიის ცოდნა ყველა ზოგადსაკაცობრიო კითხვაზე იძლევა პასუხს; უბრალოდ, ამ წიგნს ერთი უცნაური თვისება აქვს – იგი სამყაროს ახლებურ ხედვას გვასწავლის. არის რამდენიმე ასპექტი, რაც “ხელოვნების ამბავს” ამ თემატიკაზე შექმნილი უამრავი სხვა ნაშრომისგან გამოარჩევს და რამაც მას ფართო საზოგადოების სიყვარული მოუტანა: ეს, შეიძლება ითქვას, ერთ-ერთი უდიდესი პედაგოგიური ნაშრომია კაცობრიობის ისტორიაში. იგი ხელოვნების ნიმუშებზე დაყრდნობით მიგვითითებს იმ მართებულ თუ მცდარ მოსაზრებებზე, რომლებსაც ადამიანთა უმრავლესობა ამა თუ იმ საკითხზე მსჯელობისას გამოთქვამს.
რა არის სილამაზე? რას ნიშნავს მისი რეალისტური ასახვა? რას მოვითხოვთ ადამიანები სამყაროსგან? რა პრინციპებით ვითარდება კაცობრიობა გამოქვაბულიდან დღემდე? რა განსაზღვრავს პრიორიტეტებს, რითაც ადამიანთა აზროვნება ვითარდება?

როდესაც გომბრიხი ამ წიგნს წერდა, საკუთარ თავს რამდენიმე ამოცანა დაუსახა: დახმარებოდა მკითხველს, სიცხადე და წესრიგი შეეტანა ხელოვნების სამყაროში არსებულ სახელებში, პერიოდებსა და სტილებში, ამიტომ ეწერა პოპულარული და არა სამეცნიერო ენით, იქვე დაემოწმებინა ილუსტრაციები და გადმოეცა არა შედევრების ქება-დიდება, არამედ მიეთითებინა ხელოვანთა სავარაუდო განზრახვაზე – რატომ, რის შედეგად შეიქმნა ესა თუ ის ნიმუში, განეხილა ნაწარმოები ისტორიულ კონტექსტში და, ამრიგად, ოსტატთა მხატვრული ამოცანების გარკვევაში დაგვხმარებოდა.

მაგრამ რა არის ხელოვნება? როდის არის ესა თუ ის ნახატი, სკულპტურა, არქიტექტურული ძეგლი ხელოვნების ნიმუში? წიგნის ავტორი ფერწერული და გრაფიკული ნაწარმოებების გვერდით ქანდაკებას, არქიტექტურას, ბოლოს კი ფოტოგრაფიასაც განიხილავს და მე-20 საუკუნის შუა წლებამდე, ანუ თავის თანამედროვეებამდე მოდის. ერნსტ გომბრიხის მიზანი ხელოვნების ისტორიის კიდევ ერთხელ მოყოლა კი არ ყოფილა, – ამისთვის უამრავი ანთოლოგია უკვე არსებობდა, – არამედ იმის ახსნა, რა არის ხელოვნება. მას, როგორც ხელოვნების მკვლევარსა და თეორეტიკოსს, მრავალჯერ მოუსმენია მსჯელობა იმის შესახებ, რატომ არ მოსწონთ, ანდა, პირიქით, აღაფრთოვანებთ ესა თუ ის ნამუშევარი. ადამიანთა საქციელსა და ემოციაზე დაკვირვებით მკვლევარმა დაასკვნა, რომ მათ უმრავლესობას სურათებზეც ის მოსწონს, რისი ნახვაც ცხოვრებაში სიამოვნებს – ლამაზი პეიზაჟები, ადამიანთა მშვენიერი სახეები, სასიამოვნო ნივთები, რაც სავსებით ბუნებრივია, მაგრამ მან ისიც იცის, რომ სილამაზით ამგვარი გატაცება შესაძლოა დამაბრკოლებლადაც გვექცეს ხელოვნების ნიმუშების სწორად აღქმისას და ნაკლებად სასიამოვნო საგნების გამომსახველი ნაწარმოებების უარყოფამდე მიგვიყვანოს. წიგნის ავტორი ილუსტრაციებზე დაყრდნობით გვიხსნის და გვასწავლის, რაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება ხელოვნების ნაწარმოების ცქერისას, რა დავაფასოთ და რამ არ დაგვაფრთხოს. იგი, პირდაპირი გაგებით, ახალ თვალს გვიხელს და სხვაგვარად ფიქრს გვასწავლის, რაც თურმე შესაძლებელია, უბრალოდ, აქამდე არ გვიცდია. ებრაული წარმოშობის, ავსტრიაში დაბადებული და ინგლისში მოღვაწე მეცნიერი ერნსტ გომბრიხი, რომელსაც ხელოვნების კვლევაში შეტანილი წვლილისთვის ინგლისის დედოფალმა რაინდის წოდება უბოძა, ამ წიგნით კიდევ ერთ რამეს გვასწავლის – მსჯელობისას თუ შეფასებისას არასოდეს ვიყოთ კატეგორიულები და ყოველი ფაქტი და მოვლენა ტრადიციისა და თანამედროვეობის კონტექსტში გავიაზროთ.

როცა ვუყურებთ საუკუნეებგამოვლილ ფერწერისა თუ ქანდაკების ნიმუშებს, რომელთა შესახებ მრავალ ავტორიტეტს გამოუთქვამს აზრი, ჩვენ მათ იშვიათად განვსჯით – ავტორიტეტთა გავლენის ქვეშ ვექცევით და მოგვწონს თუ არა, ვეთანხმებით. მაგრამ საქმე რთულდება, როცა ჩვენ გვერდით არსებულ, თანამედროვე ხელოვნების ნიმუშებზე მსჯელობაა საჭირო. აქ უკვე ხელოვნების განვლილი გზის, მისი ისტორიისა და ტრადიციების ცოდნა, ანალიზის, დაკვირვებისა და სიახლის აღქმის უნარი ერთნაირად გვჭირდება. ეგვიპტელები მეტწილად იმას ხატავდნენ, რისი არსებობაც იცოდნენ, ბერძნები კი იმას, რასაც ხედავდნენ, შუა საუკუნეების მხატვარი ცდილობდა, თავისი სურათით ისიც გამოეხატა, რასაც გრძნობდა და არც ერთი ტრადიცია არ მოითხოვდა მხატვრისგან, დაეხატა ის, რასაც ხედავდა. მხატვრები მუდმივ ძიებაში იყვნენ და ეს ძიება დღესაც გრძელდება, ამიტომ ნურც თანამედროვე ავტორებისგან მოვითხოვთ იმის გაკეთებას, რაც უკვე შეფასებული და დაფასებულია; პირიქით, როცა ჩვენს ქვეყანაში გასული საუკუნეების მიბაძვით შესრულებულ, ცხენზე ამხედრებული მეფეებისა და მხედარმთავრების ფიგურათა დაუსრულებელ ჯაჭვს ვხედავთ, ეჭვი შევიტანოთ ამგვარი სერიულობის სისწორესა და ფასეულობაში, რაც უნდა ტიტულოვანნი იყვნენ მათი ავტორები. ხოლო როცა მოსწავლეებთან ერთად დავიწყებთ მსჯელობას, რამდენად ცუდია, ანდა, პირიქით, კარგია და ფასეული ჩვენ მიერ გამოფენაზე თუ ღია სივრცეში ნანახი თანამედროვე ავტორის ნაწარმოები, აქ ალბათ ყველაზე მეტად დაგვეხმარება ერნს გომბრიხის სიტყვები: “ნიჟარაში რომ სრულყოფილი მარგალიტი გაჩნდეს, მასში რაიმე ნივთიერების ნაწილაკი, ქვიშის მარცვალი ან პაწაწინა ნატეხი უნდა მოხვდეს, რომლის გარშემოც მარგალიტი შეიკვრება. ამ მკვრივი ბირთვის გარეშე ის შეიძლება უფორმო მასად იქცეს. მხატვარსაც, თუ სურს, ფერისა და ფორმის მისეული განცდა სრულყოფილ ქმნილებად დაკრისტალდეს, ამგვარი მყარი ბირთვი – განსაზღვრული ამოცანა – სჭირდება, რომელსაც იგი თავისი ნიჭის დახმარებით სრულყოფს”. და ჩვენც სწორედ, აი, ამ ამოცანაზე ვიფიქროთ, მისი დანახვა ვცადოთ და ისე შევაფასოთ.

ვარაზისხევიდან ღიმილიან აღლუმამდე

0

იმ დროს თესალონიკში ვსწავლობდი “ერასმუს მუნდუსის” სტიპენდიით. ჩემმა მეგობარმა, რომელიც ჰარვარდის უნივერსიტეტის დიპლომით ხელდამშვენებული ბრუნდებოდა საქართველოში, გადაწყვიტა, რამდენიმე დღით საბერძნეთში შემოევლო. ცოდვა გამხელილი ჯობია – ჩვენ, პირველ ქართველ “ერასმუსელებს”, ყოველთვის გვრჩებოდა ცოტა დრო მზისა და ზღვისთვის, ჩემს ამერიკიდან ჩამოსულ მეგობარს კი მთელი წლის უძილობაც და ბოსტონის უამინდობაც ერთი შეხედვით ეტყობოდა სახეზე, ამიტომ ჰარვარდის შესახებ ბევრი არაფერი მიკითხავს, ჩემით გადავწყვიტე, რომ იქ მხოლოდ სწავლობენ. თურმე ვცდებოდი. მოგვიანებით ბევრი საინტერესო ამბავი მოვისმინე. ჰარვარდის სტუდენტური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია Primal Scream-ი – სწავლით გადაღლილი სტუდენტები გამოცდების დაწყებამდე უნივერსიტეტის ეზოში, არც მეტი, არც ნაკლები, შიშვლები დარბიან! უფრო მეტიც – თუ ბაკალავრიატის სტუდენტმა ამ ღონისძიებაში მონაწილეობა არ მიიღო, ის ნამდვილ ჰარვარდელად არ მიაჩნიათ – ეს დაუწერელი კანონია. იმისთვის, რომ ყველაფერმა მშვიდობიანად ჩაიაროს, მობილიზებულია ექიმების, მეთვალყურეებისა და მოხალისეების მთელი ჯგუფი, რომლებიც მონაწილეებს თბილი პლედებითა და ცხელი სასმელებით ამარაგებენ. ღონისძიების მთავარი ორგანიზატორი კი სტუდენტური თვითმმართველობაა.

ეს ისტორია ხანდახან თავს მახსენებს – მაშინ, როცა ახალგაზრდების მიერ ღირებულებათა გადაფასებაზე ჩამოვარდება ლაპარაკი, როცა უფროსი თაობა სტუდენტობას ჩვენი საზოგადოებისთვის უცხო წეს-ჩვეულებების სწრაფ შეთვისებაში ადანაშაულებს, ყველაზე მეტად კი მაშინ, როცა ქართული უნივერსიტეტების სტუდენტური თვითმმართველობების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებს განიხილავენ. ამგვარი განხილვა კი ჩემ გარშემო არც ისე იშვიათია…

წარმოიდგინეთ, რა მოხდება, მსგავსი განტვირთვა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა რომ მოიწყონ. ვფიქრობ ამაზე და თვალწინ მიდგას სატელევიზიო ანონსები, საგაზეთო ჰედლაინები, აღშფოთებული უფროსი თაობა, რამდენიმე შეშფოთებული ორგანიზაცია და “ბრალდებული” სტუდენტები, რომლებიც თავს იმართლებენ. მსგავს შემთხვევაში ჰარვარდის ავტორიტეტიც ვერაფერს შეცვლის – ის, რაც მიუღებელია, მიუღებელია და მორჩა.

რადგან ჩემი ბერძნული უნივერსიტეტი უკვე ვახსენე, აქვე ვიტყვი, რომ სტუდენტური თვითმმართველობის ერთ–ერთი რიგითი არჩევნები სწორედ ჩემი იქ სწავლის პერიოდში ჩატარდა. პროცესი ხმაურიანად მიმდინარეობდა – სამხრეთულად. მახსოვს ბევრი წითელი დროშა უნივერსიტეტის ეზოში და შავი წარწერები კედლებზე, რუპორებით მორბენალი ლიდერები და აღტაცებული სტუდენტობა. არჩევნებს პოლიციაც ადევნებდა თვალყურს, ოღონდ შორიდან, უნივერსიტეტის ეზოში ფეხის შემოდგმაც კი არ უფიქრიათ.

თვითმმართველობა, ანუ საკუთარი თავის მართვა, დღემდე წარმოადგენს აქტუალურ პრობლემას ჩვენი საზოგადოებისთვის. ამის შესახებ წერდნენ საუკუნის წინაც, წერენ დღესაც და ალბათ ხვალაც დაწერენ. სტუდენტობა კი საზოგადოების ყველაზე პროგრესული და მუდმივად ყურადღების ცენტრში მყოფი ნაწილია და ბუნებრივია, რომ საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში სტუდენტური თვითმმართველობების გაჩენას დიდი ინტერესი და არაერთგვაროვანი შეფასებები ახლდა თან. ასეა დღემდე. “როგორ, თქვენთან სტუდენტური თვითმმართველობის ღონისძიებებზე ტელევიზიები მოდიან? ჩვენთან ასეთი რამ არასოდეს მოხდებოდა!” – გულწრფელი გაკვირვებით მითხრა ერთხელ ჩემმა გერმანელმა მეგობარმა.


(ჯონ ჰარვარდი 1607-1638)

ცხადია, სტუდენტურ თვითმმართველობას მომხრეებიც ჰყავს და მოწინააღმდეგეებიც, თუმცა მე არ ვაპირებ მათი არგუმენტებისა და კონტრარგუმენტების განხილვას – ვშიშობ, როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი სტუდენტური თვითმმართველობის წევრი, ობიექტურ მსაჯულად ვერ გამოვდგები. უბრალოდ, მგონია, რომ ისევე, როგორც ყველა ტიპის საზოგადოებრივ აქტივობას, სტუდენტურ ცხოვრებასაც სჭირდება ორგანიზება, რაც სულაც არ გულისხმობს სტუდენტთა ერთი ჯგუფის მიერ სხვების ინტერესების უკან გადაწევას; პირიქით, თვითმმართველობის იდეა სწორედ ინიციატივების აკუმულირება და მათ გარშემო სტუდენტების გაერთიანებაა. მთავარია, თვითმმართველობამ და სხვა სტუდენტებმა სხვადასხვა ჯგუფის წევრებად არ იგრძნონ თავი, რადგან ასეთი დამოკიდებულება თავდაპირველ იდეას უქმნის საფრთხეს – სტუდენტების ერთიანობის იდეას, რომელიც უმნიშვნელოვანესია ყველა უნივერსიტეტისთვის, რომელიც ყველა ჯანსაღ საზოგადოებას წინსვლისკენ უბიძგებს.

ჩემთვის ბევრჯერ უკითხავთ, რატომ გადავწყვიტე, თვითმმართველობის წევრი გავმხდარიყავი, მაშინ როდესაც ჩემი როგორც სტუდენტის ცხოვრება ისედაც მრავალფეროვანი და საინტერესო იყო. რა თქმა უნდა, კარგად მესმის, რომ ცვლილებები შეიძლება დაიწყოს ქუჩიდან, დაიწყოს “ზემოდან”, დაიწყოს ხელოვნურად ან მაშინ, როცა სხვა გზა აღარ რჩება, თუმცა ჩემთვის ყველაზე საინტერესო ის პროგრესი და ცვლილებებია, რომლებიც შიგნიდან იწყება. ამიტომ ყოველთვის მიმაჩნდა, რომ სტუდენტური თვითმმართველობის საქმიანობაში სწორედ ის ადამიანები უნდა ჩაერთონ აქტიურად, ვისაც, თავისი სისხლსავსე სტუდენტური ცხოვრებიდან გამომდინარე, თავისი ჯგუფელების, კურსელების პრობლემებისა და საჭიროებების შესახებ ნათელი წარმოდგენა აქვს.

ჩემი ღრმა რწმენით, ცვლილებები შიგნიდან სწორედ ამით იწყება – გარემოებების ცოდნითა და სწორი შეფასებით.

წლებია, რაც სტუდენტი აღარ ვარ და, შესაბამისად, სტუდენტური თვითმმართველობების საქმიანობასაც სხვებივით შორიდან ვადევნებ თვალყურს. მიხარია ყველა წარმატებული ნაბიჯი, რომელსაც ისინი დგამენ, ყველა უსიამოვნება კი იმ საშიშროებას მახსენებს, რომლის შესახებაც ზემოთ უკვე დავწერე ორიოდე სიტყვით, და სულ უფრო და უფრო ხშირად მახსენდება ჩემი კიდევ ერთი, ამჯერად ვილნიუსის უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა _ კეთილგანწყობილი ადამიანები და ფერადი ოთახები, საუნივერსიტეტო ტრადიციები, რომელთაც ასე უფრთხილდებოდნენ 1579 წელს დაარსებულ უნივერსიტეტში. მახსენდება სტუდენტური აღლუმი სასწავლო წლის დასაწყისში, მოღიმარი სტუდენტებითა და ფაკულტეტების დროშებით, აღლუმი, რომლის ნახვისას იოლად დარწმუნდებით იმაში, რომ არსებობს მართლაც მშვიდობიანი და ლამაზი მსვლელობები, რომელთაც არც საბჭოთა ტრადიციებთან აქვთ რაიმე საერთო და არც ძალის დემონსტრირებასთან, აღლუმი, რომლებშიც უნივერსიტეტის სიყვარულისა და საკუთარი პრესტიჟის გამო მონაწილეობენ.

სპორტის მასწავლებლები სკოლებში სპორტის სწავლებაზე

0

დაახლოებით სამი წლის წინ ბრაზილიის პარლამენტმა სპორტის განვითარება ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად აღიარა და საჯარო სკოლებში მომუშავე სპორტის მასწავლებლების ხელფასი ლიცენზირებული “ბ” კატეგორიის მწვრთნელებისას გაუტოლა. ასეთსავე კანონზე მუშაობენ არგენტინასა და ესპანეთში. რეალობა თვალნათლივ გვაჩვენებს, რომ სკოლის ასაკიდანვე სპორტის სწავლება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში პრიორიტეტული გახდა და სპორტის მასწავლებლებს ამ ქვეყნებში აფასებენ.

ქართულ საჯარო სკოლებში მოღვაწე სპორტის მასწავლებლების უმრავლესობა აღიარებს, რომ სპორტი ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად პოპულარული სასკოლო საგანია და ამის მთავარ მიზეზად მასწავლებელთა მოტივაციის სიმცირეს ასახელებენ. სპორტის მასწავლებელი ელგუჯა ჯანელიძე ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ საქართველოს საჯარო სკოლებში სპორტის მასწავლებლის ხელფასი სხვა მასწავლებლებისაზე გაცილებით ნაკლებია და ასეთი ანაზღაურებით ძნელია, მასწავლებელს განსაკუთრებული შედეგები მოვთხოვოთ.

ელგუჯა ჯანელიძე, პედაგოგი: “ალბათ, დიდი აღიარება არ სჭირდება იმას, რომ სკოლებში სპორტის გაკვეთილები არ ტარდება და სადაც ტარდება, ვერც იქ არის სასურველი დონისა და ხარისხის. ამაში ჩვენი, სპორტის მასწავლებლების, ბრალიც დიდია, მაგრამ მე ჩემი კოლეგებისაც მესმის. ძალიან ძნელია, 150 და 200 ლარზე მომუშავე პედაგოგს მნიშვნელოვანი სტიმული შეუქმნა, მით უმეტეს, როდესაც იგი ხედავს მისი საგნისადმი მოსწავლეებისა და მშობლების, ცოტა არ იყოს, აგდებულ დამოკიდებულებას… იყო შემთხვევა, როდესაც მოსწავლეს დამსახურებულად დავუწერე დაბალი ნიშანი და ამის გამო მეორე მოსწავლის მშობლისგან დიდი შეურაცხყოფის ატანა მომიხდა. მშობლებს ჰგონიათ, რომ სპორტი ნაკლებად მნიშვნელოვანი საგანია და მათ შვილებს, იმსახურებენ თუ არა, ყოველთვის კარგი ნიშანი უნდა ეწეროთ. ზოგიერთმა მასწავლებელმა ვერ გაუძლო ასეთ წნეხს, დათმო და იმ ნიშნებს წერს, რასაც მშობლები სთხოვენ. ჩემგან ასეთი რამ გამორიცხულია. სამწუხაროდ, ჩვენში ბევრმა არ იცის პრინციპულობის ფასი”.

საქართველოს საჯარო სკოლებში მოღვაწე სპორტის მასწავლებლები, გარდა ანაზღაურების სიმცირისა, სპორტული ინვენტარის უქონლობასაც უჩივიან. საჯარო სკოლებში სპორტული ინფრასტრუქტურის მხრივ რომ მართლა დიდი პრობლემებია, ეს სპორტის ექსპერტებმაც დაგვიდასტურეს. სპორტის მასწავლებლები კი ირწმუნებიან, რომ დღეს ქართული საჯარო სკოლების უმრავლესობაში არსებული ინფრასტრუქტურა ძველი და ამორტიზებულია; ის კი არა, ისეთი სკოლებიც არსებობს, რომლებსაც არათუ სათანადოდ აღჭურვილი სპორტული დარბაზი, უბრალო სავარჯიშო თოკიც კი არ გააჩნია.

ევგენი ოზეროვი, ყოფილი ფიზკულტურის მასწავლებელი: “სკოლიდან სამი წლის წინ წამოვედი, თუმცა საკუთარი ინიციატივით, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე, ბავშვებს მძლეოსნობაში ვავარჯიშებ და, შეიძლება ითქვას, პედაგოგიურ მოღვაწეობას საზოგადოებრივ საწყისებზე ვაგრძელებ. ჩვენი ქვეყნის სკოლებში სპორტის სწავლებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე დაწვრილებით სასაუბროდ ალბათ რამდენიმე დღე დამჭირდება, ამიტომ მოკლედ გეტყვით – ეს სფერო თავიდან ბოლომდე მისახედია!

დავიწყოთ იმით, რომ სკოლების აბსოლუტურ უმრავლესობას ვარჯიშისა და მომზადების არავითარი პირობა არ გააჩნია. სპორტული დარბაზები მართლაც ბევრ სკოლაში გააკეთეს, რისთვისაც მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის. მაგრამ მხოლოდ ესაა საქმე?! იმ დარბაზში აუცილებლად უნდა იდგეს მინიმუმ ორი სპორტული ტაიჭი, უნდა იყოს მინიმუმ სამი კალათბურთის ბურთი, ამდენივე ხელბურთის ბურთი, რამდენიმე მძლეოსნობის ჭოკი, ბადეები და ბაგირები, რათა ბავშვებმა სპორტის სხვადასხვა სახეობაში თანაბარი დატვირთვით ივარჯიშონ და ეს მათთვის გართობაც იყოს. სამწუხაროა, რომ ეს ყველაფერი ჯერ კიდევ ფუფუნებაა ჩვენი ქვეყნის სკოლებისთვის.
ამას წინათ ჩემთან უფასო ჯგუფში სავარჯიშოდ მოვიდა 13 წლის ბიჭი, რომელიც სიგრძეზე არასოდეს გადამხტარა. არადა, წესით, სწორედ მის ასაკში უნდა ყალიბდებოდნენ ბავშვები სპორტსმენებად.

ამ ყველაფერში ზოგიერთი სპორტის მასწავლებლებს ადანაშაულებს, რაც მცდარი შეხედულებაა. ეს სიტუაცია ძალიან მაგონებს ცნობილ ანეკდოტს – ქუთაისელ ბავშვებს რომ დაჰპირდებიან, თუ კარგად მოიქცევით, აუზში წყალსაც ჩაგისხამთო…”

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა რამდენჯერმე განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში ხელისუფლება პედაგოგების ხელფასების გაზრდას გეგმავს. ეს პერსპექტივა სპორტის მასწავლებლებსაც უჩენს მომავლის იმედს. ისინი იმედოვნებენ, რომ მათი ხელფასების ზრდას სპორტული ინფრასტრუქტურის ხარისხის გაუმჯობესებაც მოჰყვება, რადგან ხარისხიანი მოედნები და დარბაზები არა მხოლოდ სასურველი, არამედ აუცილებელიცაა.

სლავა ცეცხლაძე, სპორტის მასწავლებელი: “ალბათ გახსოვთ, ამ სამი წლის წინ რა უბედურებაც დატრიალდა თბილისის ერთ-ერთ ახალაშენებულ მინი სტადიონზე – სტადიონის რკინის კარი კარგად არ იყო დამაგრებული, ბავშვები თამაშობდნენ, ბურთის ძლიერი დარტყმისგან კარი წამოიქცა, 10 წლის გიორგი ქინქლაძეს დაეცა და ადგილზე მოკლა. არ ვიცი, ამისთვის ვინმეს პასუხი მოსთხოვეს თუ არა, მაგრამ ფაქტია, ასეთი საშინელება არც ერთ ქვეყანაში არ უნდა ხდებოდეს. თან რა სიმბოლურია, რომ გარდაცვლილი ბავშვი უკანასკნელი პერიოდის ერთ-ერთი საუკეთესო ქართველი ფეხბურთელის სეხნია და მოგვარე იყო. ვინ იცის, მისი სახით ქართულმა სპორტმა ახალი გიორგი ქინქლაძე დაკარგა… ეს მავანთა უყურადღებობისა და უპასუხისმგებლობის გამო მოხდა.

შვიდიოდე წლის წინ ამსტერდამში მომიწია ჩასვლა და გაოცება ვერ დავმალე, როდესაც “აიაქსის” ცნობილი საფეხბურთო სკოლა ვნახე. ჰოლანდიელები მინიმალური დანახარჯით მაქსიმალური შედეგების მიღებას ახერხებენ და ამას სახელმწიფოს დაუხმარებლად აკეთებენ. ნიდერლანდებში კარგად იციან, რა ფაქიზია ბავშვის ორგანიზმი და ყოველი გაკვეთილის დაწყებამდე და გაკვეთილის შემდეგ მოსწავლეებს ექიმი სინჯავს. ამ გზით მრავალ პრობლემას იცილებენ თავიდან. თანაც მთავარმა მწვრთნელმა დაწვრილებით იცის, რა ფიზიკურ კონდიციას ფლობს ესა თუ ის მოზარდი და რა კუთხით სჭირდება განვითარება. უხარისხო მოედნებზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია… ზოგიერთ სკოლას ისეთი სტადიონი აქვს, ჩვენთან ბევრ უმაღლესი ლიგის გუნდს რომ არც კი დაესიზმრება”.

როგორც უკვე ითქვა, საქართველოს საჯარო სკოლებში სპორტის სწავლების კუთხით ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემაა მოსწავლეებისა თუ მასწავლებლების მიერ გაკვეთილების გაცდენა. სპორტის მასწავლებლები ჩვენთან საუბარში აღიარებენ, რომ ზოგიერთი მათი კოლეგა მართლაც ხშირად გაურბის პასუხისმგებლობას და ბავშვებს ამა თუ იმ საბაბით გაკვეთილებს არ უტარებს. თუმცა პედაგოგები იმასაც ამბობენ, რომ ბევრ ენთუზიასტ მასწავლებელსაც გაუქრა ხალისი, რადგან მოსწავლეები “შატალოზე” ხშირად სწორედ სპორტის გაკვეთილების დროს მიდიან და ეს სხვა საგნების გაცდენაზე “ნაკლებ დანაშაულად” მიიჩნევა.
საქართველოს საჯარო სკოლების სპორტის მასწავლებლები თანხმდებიან, რომ მათ საგანთან მიმართებით ბევრი რამ არის შესაცვლელი, თუმცა უმთავრეს პრობლემად ხელფასების სიმცირესა და სპორტული ინვენტარის უხარისხობა-უქონლობას ასახელებენ.

 

სადბერის სკოლა – ხედი ირაოს სიმაღლიდან

0

ფსიქოლოგიის დოქტორმა დარია ბრეზინსკიმ ინტერვიუ ჩამოართვა ქ-ნ მიმსი სადოფსკის, სადბერის სკოლის (Sudbury Valley School) თანადამფუძნებელს. ეს ინტერვიუ ეთერში გავიდა ბრეზინსკის პირდაპირ რადიოშოუში “Children Come First” (აუდიო: https://www.sacredlivingtraditions.com/?page_id=1455). მისი აუდიოვერსია ხელმისაწვდომია სადბერის სკოლის პრესგანყოფილებაში. ინტერვიუს ჩანაწერს 2012 წელს ჩაუტარდა რედაქტირება მიმდინარე პრაქტიკის უკეთ ასახვისთვის.

დარია ბრეზინსკი, ჟურნალისტი: როგორ და როდის დაარსდა სკოლა და რა იყო მისი შექმნის მიზეზი?
მიმსი სადოფსკი, სადბერის სკოლის ერთ-ერთი დამფუძნებელი, რამდენიმე წიგნის ავტორი და სადბერის სკოლის მასწავლებელი: სკოლა 1968 წელს დაარსდა. ადამიანთა ჯგუფმა, რომელიც დაინტერესებული იყო განათლების საკითხებით და მასთან ერთად – რამდენიმე ეთუზიასტმა მშობელმა გადაწყვიტეს, ხორცი შეესხათ თავიანთი წარმოდგენისთვის იმის შესახებ, რას ნიშნავს ახალგაზრდების განათლება, დაეფუძნებინათ სკოლა ცარიელ ადგილზე და ეპოვათ გზა. მათ უარყვეს იმ დროისთვის არსებული სასკოლო მოცემულობები და ამოსავალ წერტილად აიღეს ფაქტი, რომ ბავშვები, ისევე როგორც ყველა ადამიანი, ბუნებით ცნობისმოყვარენი არიან და გამუდმებით ცდილობენ სამყაროს შესახებ ცოდნის გამდიდრებას. მათ მიაჩნდათ, რომ არ იყო აუცილებელი ამ პროცესის დაჩქარება, რადგან ადამიანი მთელი სიცოცხლის განმავლობაში ძალდაუტანებლად, ნელ-ნელა, ისედაც უამრავ ინფორმაციას იღებს და ამუშავებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ადამიანი იმისთვის კი არ სწავლობს, ვთქვათ, არითმეტიკას, რომ თვლა იცოდეს, ანდა წერა-კითხვას – ნიშნების გასარჩევად, არამედ ცხოვრება კარნახობს ამას.

დარია: იმის თქმა გსურთ, რომ ბავშვებისთვის სწავლის პროცესს, თუ თვისობრივად ვილაპარაკებთ, საქმე აქვს მნიშვნელობასთან – მისი მნიშვნელობისა და ცხოვრებასთან შესაბამისობის გამო, ვიდრე საგნების შესწავლის აუცილებლობასთან – საგნებისა, რომლებიც შესაძლოა სრულიად არ შეესაბამებოდეს ბავშვის ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენებს?

მიმსი: რა თქმა უნდა. ცხოვრება ყველა ჩვენგანისთვის თავისი გზით მიედინება, ჩვენი ინტერესებიც იცვლება, სხვაფერდება და უფრო და უფრო რთულდება. ჩვენ ველით, რომ იგივე მოხდება ნებისმიერი ბავშვის ცხოვრებაში.
დარია: თუ შეიძლება, მოგვიყევით, რა ხდება თქვენთან. ბავშვები არ სხედან საკლასო ოთახებში და არ სწავლობენ ინგლისურს, სოციალურ მეცნიერებებს, მათემატიკას. რას აკეთებენ ისინი ახლა, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ?
მიმსი: თამაშობენ კალათბურთს და ველოსიპედებით დაქრიან, კითხულობენ წიგნებს, ერთმანეთს უყვებიან, რას აკეთებდნენ შაბათ-კვირას, საუბრობენ პოლიტიკურ საკითხებსა და ნებისმიერ სხვა თემაზე, რომელიც კი შეიძლება წამოიჭრას საუბრისას, იძენენ ახალ ნაცნობებს, ერთობიან, ჭამენ, აკეთებენ ყველაფერს, რაც შეიძლება გააკეთოს ადამიანმა დიდ ოჯახში – მართლა ძალიან დიდ ოჯახში, რადგან ჩვენ 210 ბავშვი გვყავს. აი, ამით არიან დაკავებულნი ჩვენი ბავშვები. ეს კი ნიშნავს, რომ ზოგიერთი სწავლობს ტრადიციულ საგნებს ტრადიციული წესებით, ხოლო უმეტესობა – არა. თუ დიდ წვეულებაზე (ამერიკულ პარტიზე) წახვალთ, სადაც 200 კაცია შეკრებილი, იქ შეხვდებით ადამიანებს, რომლებიც ცალკე ისხდებიან სადღაც კუთხეში თან მოტანილი თუ იქვე, თაროზე ნაპოვნი წიგნის საკითხავად, ანდა სპორტით, ბანქოთი თუ სხვა სამაგიდო თამაშებით იქცევენ თავს.
დარია: თქვენი დაწესებულება ძალიან, ძალიან დიდი სახლია, აქვს უზარმაზარი ეზო და ტერიტორია. როგორ აღუწერდით ამ გარემოს მათ, ვინც აქ არ ყოფილა?

მიმსი: ეს ლამაზი ადგილია. იგი მდებარეობს ახალ ინგლისში (აშშ-ის ჩრდილო-დასავლეთი ნაწილი – ლ.ა.), ათაკრიან (დაახლ. 4 ჰექტარი – ლ. ა.) მშვენიერ მიწის ნაკვეთზე. ამ ტერიტორიაზე დგას გრანიტის შენობა და ნაგებობა, სადაც ადრე დიდი ფერმა იყო. არც ერთი მათგანი წუთითაც არ ცდება. ფერმის ყოფილ შენობაში აუდიოიზოლირებული მუსიკაში სავარჯიშო ოთახებია უამრავი სხვადასხვა სახის აპარატურით. იქვეა ვიდეოთამაშებისთვის გამოყოფილი სივრცეც. ამავე შენობაშია ოთახი შეხვედრებისა და შეკრებებისთვის, სადაც წარმოდგენებიც იმართება ხოლმე. მთავარ შენობაში მდებარეობს სამზარეულო, ფოტოლაბორატორია, ხელოვნების დარბაზი, ინტერნეტოთახი კომპიუტერებით, რომლებიც ძალიან სწრაფი ინტერნეტით არის უზრუნველყოფილი, სკოლის ოფისი და უამრავი სხვადასხვა ზომის ოთახი, რომლებიც ამ სკოლის უმნიშვნელოვანესი სივრცეებია, რადგან მათი გამოყენება ნებისმიერი სახის აქტივობისთვის შეიძლება.



დარია: გამოდის, რომ თქვენთან ვერც ერთ ოთახზე ვერ ვიტყვით: “ეს ინგლისური ენის ან მათემატიკის საკლასო ოთახია?”

მიმსი: ალბათ ასეა, რადგან მათემატიკასა და ინგლისურს არ სჭირდება ჩვენს სკოლაში სპეციფიკური სივრცე. თუ თქვენ გსურთ, იმუშაოთ რამდენიმე ადამიანთან ერთად და გჭირდებათ დაფა, – გვაქვს ასეთი ოთახებიც, ოღონდ სულ სამი, და მოგიწევთ, მათი დაცლა ითხოვოთ.

დარია: მასწავლებლები გყავთ სკოლაში?

მიმსი: ჩვენ გვყავს ზრდასრული ადამიანები. მათ “თანამშრომლებს” ვეძახით და ისინი ხანდახან ასწავლიან კიდეც. ისევე, როგორც მრავალი ბავშვი ჩვენს სკოლაში. თანამშრომლების მთავარი დანიშნულებაა, იყვნენ სკოლის, ასე ვთქვათ, რესურსი – ისინი ყურადღებას აქცევენ სკოლის ფუნქციობას, ასევე წარმოადგენენ მაგალითს იმისა, რას ნიშნავს იყო “ზრდასრული” ადამიანი. იმედია, ჩვენ თანახმა ვართ, ვიყოთ “ზრდასრულები”.

დარია: გამოდის, რომ თქვენ არ გყავთ სპეციალური შტატიანი თანამშრომლები, როგორიცაა, ვთქვათ, მდივანი, დამლაგებელი, ინგლისურის მასწავლებელი, ხელოვნების მასწავლებელი…

მიმსი: მმმ… თან გვყავს და თან არა. არიან თანამშრომლები, რომლებსაც შეგიძლიათ მიმართოთ რაიმე სპეციფიკური თხოვნით. მაგალითად, თუ დასარტყამ ინსტრუმენტებზე დაკვრით ხართ დაინტერესებული, მაშინ მე არ უნდა მომმართოთ; ჩვენ გვყავს მუსიკოსი, რომელსაც გაესაუბრებით იმის თაობაზე, როგორ დაიწყოთ სწავლა და როგორ გამოიყენოთ ინსტრუმენტები. ზოგიერთი ჩვენგანი გენერალისტია, ზოგიერთი – სპეციალისტი. ყველანი ერთი წლით ვართ არჩეულები არა სწავლების სპეციფიკური უნარების, არამედ პიროვნული თვისებების გამო. ძირითადად იმ საქმიანობას ვეწევით, რომელიც ყველაზე უკეთ ვიცით და არა იმიტომ, რომ სწორედ ამ საქმის კეთებაში უნდა გავატაროთ დროის უმეტესი ნაწილი.

დარია: თქვენ ამბობთ, რომ არჩეული ხართ ერთი წლის ვადით; ეს არ არის შრომითი კონტრაქტი და ერთწლიანი სამუშაოს ქონა არ ნიშნავს, რომ გაისადაც იმავეს გააგრძელებთ. როგორ ტარდება არჩევნები? ვინ გირჩევთ და, საერთოდ, როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი?

მიმსი: ყოველ გაზაფხულზე იმართება სასკოლო შეხვედრა-კონგრესი, რომელიც ემსახურება სკოლის პერსონალის არჩევნებს და დისკუსიას ამ საკითხზე. აქვე სთავაზობენ კონტრაქტებს მათ, ვინც არჩევნებით შეირჩა.

დარია: გამოდის, სტუდენტები ირჩევენ მათ, ვინც მომავალი ერთი წლით პერსონალის წევრი გახდება…

მიმსი: დიახ, ასეა. მეც ერთი ხმა მაქვს, მაგრამ, ამავე დროს, ხმის უფლება აქვს პერსონალის 11 წევრსა და 201 მოსწავლეს. როგორც ხედავთ, ხმას ძირითადად მოსწავლეები აძლევენ, ისინი ირჩევენ ამ კანდიდატებს.

დარია: ატარებს თუ არა პერსონალი წინასაარჩევნო კამპანიას? როგორ ხდება ეს?

მიმსი: თუ ადამიანი არჩევნებამდე პერსონალის წევრი არ ყოფილა, მაშინ მან საკმაო ხანი უნდა გაატაროს სკოლაში, რათა გაიცნოს ხალხი და მოსწავლეებმა და პერსონალის წევრებმაც კარგად გაიცნონ ის, ჩამოუყალიბდეთ წარმოდგენა მასზე და სკოლაში მისი მუშაობის ალბათობაზე.

დარია: ეს უაღრესად დემოკრატიულ პროცესს ჰგავს…

მიმსი: ეს ძალიან დემოკრატიული პროცესია. სკოლის ძირითადი იდეაც სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ განათლება მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, – თავადაც გეკისრება პასუხისმგებლობა მთელ თემზე, სხვა ხალხთან კავშირებზე. ეს ყველას დაანახვებს, რომ საკუთარ განათლებაზე პასუხისმგებლობა ზღაპარი კი არა, რეალური, პრაგმატული პროცესია, რადგან ეს რეალური თემია სავსებით რეალური პასუხისმგებლობებით და რეალური საჭიროებით, მისმა ყოველმა წევრმა მიიღოს მონაწილეობა ყოველდღიური საკითხების გადაწყვეტაში.

დარია: თქვენი სკოლა კერძოა. სერტიფიცირებულია თუ არა ის მასაჩუსეტსის შტატის მიერ?

მიმსი: მასაჩუსეტსის შტატში სკოლების ფუნქციობის საკითხებს ქალაქი წყვეტს და 1968 წლიდან ამას ქალაქ ფრემინგემის სასკოლო ჩინოვნიკები არეგულირებენ. ჩვენ მათთან დიდი ხნის, ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს.

დარია: როგორ გვარდება სკოლაში წამოჭრილი პრობლემები? ამას იმიტომ ვკითხულობ, რომ თქვენთან, ასე ვთქვათ, ადმინისტრაცია არ არსებობს, ასევე არ არიან, ფორმალურად, მასწავლებლები. როგორ აგვარებთ დისციპლინის საკითხებს, მაგალითად, თუ ერთმა ბავშვმა მეორეს დაარტყა? როგორ მუშაობს ეს თქვენი დემოკრატიული პროცესის ფარგლებში?

მიმსი: ამის თაობაზე მოგვიანებით მოგახსენებთ. ჯერ იმას ვიტყვი, რომ აქ, ჩვენთან, ძნელი წარმოსადგენია, ერთმა ბავშვმა მეორეს თავში ჩაარტყას. აქ ძალზე არაძალადობრივი გარემოა და ეს ერთ-ერთი ის საკითხია, რომელსაც განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ მოსწავლის მიღებისას. ამას ახსნაც აქვს – ჩვენს სკოლაში ყოველი ბავშვი თავისუფალია, ნებისმიერ მათგანს შეუძლია იქ ყოფნა, სადაც სურს, რაც იმას ნიშნავს, რომ უზედამხედველოდ გვყავს ოთხი, ხუთი, ექვსი თუ შვიდი წლის პატარები, ამიტომ ჩვენ ძალიან ფრთხილად ვარჩევთ მოსწავლეებს, რათა ვერიდებით ისეთი ბავშვების მიღებას, სხვებს რომ სცემენ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ პრობლემები არ გვაქვს ან ყველა იდეალურად იქცევა.

ჩვენს სკოლაში არის, ასე ვთქვათ, სასამართლო სისტემა, რომელიც წარმოადგენს სკოლის კონგრესის ერთ-ერთ ხელს. სასამართლო ყოველდღე იკრიბება და განიხილავს წერილობით განცხადებებს წესების დარღვევის შესახებ. ეგრეთ წოდებული სასამართლო კომიტეტი (სკ) მოსწავლეებისგან შედგება. ორი მათგანი არჩეულია, ხოლო ხუთი სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფიდან არის შერჩეული. მათ ემატება პერსონალის წარმომადგენელი, რომელიც ყოველდღიურად იცვლება. სკ იკრიბება ყოველდღე, დილის 11 საათზე. სკოლაში ყველას, 4 წლისა იქნება თუ 44-ის, შეუძლია დაწეროს საჩივარი ნებისმიერ შემთხვევაზე, სადაც, მისი აზრით, დაირღვა წესი. კომიტეტი შეისწავლის და იძიებს შემოსულ საჩივრებს, იღებს გადაწყვეტილებას და ახმოვანებს საკუთარ დამოკიდებულებას მომხდარისადმი. შესაძლოა, ამ “განაჩენს” საერთო არაფერი ჰქონდეს იმასთან, რაც მომჩივანმა დაწერა საჩივარში, ან ეგონა, რომ ისე მოხდა, როგორც აღწერა. სკ-ს გამოძიებისა და ანალიზის შედეგად შეუძლია თქვას, რომ მავანმა დაარღვია წესები. ეს წააგავს პატარა სასამართლოს და, მერწმუნეთ, არ არის საშიში. სკ უფრო საგამოძიებო ერთეულია. როდესაც პირს დაადანაშაულებენ, მას აქვს უფლება, ცნოს ან არ ცნოს თავი დამნაშავედ. თუ არ ცნო – იწყება პროცესი, სადაც პირს შეუძლია, სთხოვოს ვინმეს მისი დახმარება და დაცვა. დაცვა ნებისმიერს შეიძლება სთხოვოთ; ვინ იქნება “ბრალმდებელი”, სკ გადაწყვეტს. პროცესი წესების დაცვით მიმდინარეობს. მაგრამ ასეთი პროცესები იშვიათია, რადგან, თუ არაფერი ჩაუდენია, არავის ასამართლებენ. სკ დიდ სიფრთხილეს იჩენს მუშაობისას და თუ ვინმემ რამე დააშავა, ძირითადად ამბობს კიდეც: “დიახ, ეს მე ჩავიდინე”, – რადგან ჩვენთან ასეთი ატმოსფეროა. ასე რომ, “პროცესები” ჩვენთან იშვიათობაა. გარჩევების უმეტესობა წესების ინტერპრეტაციას ეხება. ხშირად ამბობენ: “მე არ ვიცოდი, რომ ეს წესის დარღვევა იყო”, – კომიტეტი კი პასუხობს: “დიახ, ეს წესის დარღვევაა”. სკ-ს შეუძლია მრავალნაირად “დასაჯოს” “დამნაშავე”. “განაჩენი” უმეტესად ასე ჟღერს: “გაფრთხილებულია, რომ ასეთი რამ მეტად აღარ ჩაიდინოს”, ან “დღეს ამ ოთახში შესვლა ეკრძალება”, ან “რიგგარეშე გაიტანს ნაგავს”, ან რაიმე ამის მსგავსი.

დარია: თქვენ ამბობთ, რომ პროცესი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე შესაძლო შედეგი?

მიმსი: დიახ, ასეა. შესაძლო შედეგი, საზოგადოდ, ყოველთვის მსუბუქია. მრავალი წლის განმავლობაში ამის შემხედვარეს, შემიძლია ვთქვა, რომ ადამიანებს ურჩევნიათ, განაჩენი მოისმინონ და ცოდვა გამოისყიდონ, ვიდრე წლების განმავლობაში ან სამუდამოდ იტანჯებოდნენ ფიქრით: “რა სულელი ვიყავი”.

დარია: მოსალოდნელია, რომ ვინმემ ისეთი რამ ჩაიდინოს, როგორიცაა, მაგალითად, ფულის მოპარვა? ალბათ, იგი უბრალოდ მაჯაში ჩარტყმით ვერ გავა ფონს…

მიმსი: მეც მგონია, რომ ვერა. ასეთი ქმედება ალბათ სკოლაში დასწრების შეჩერებას გამოიწვევს. ეს სკოლა უმთავრესად პატივისცემასა და ნდობას ეფუძნება, ასეთი ტიპის თემში კი ქურდობა განიხილება როგორც ნდობის გაცრუება და უმძაფრესი დესტაბილიზატორი. აქ ჩვენს პირად ნივთებს, სადაც მოგვიხდება, იქ ვტოვებთ და ველით, რომ სხვები ამ ნდობას პატივს სცემენ. ასე რომ, ქურდობაზე – თუ ასეთი რამ მოხდა, რაც ძალიან იშვიათია ჩვენი სკოლის ისტორიაში – რეაქცია ძალიან მძაფრი იქნება.

დარია: მოდი, ახლა სკოლის სწავლების სტრატეგიას დავუბრუნდეთ. ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ნებისმიერი ბავშვი სწავლობს თავისი ინდივიდუალური რიტმით, სიჩქარით და სწავლობს, რადგან ამის სურვილი, განზრახვა ან ვნება აქვს. იქნებიან თუ არა ეს ბავშვები მზად კოლეჯისთვის, თუ SAT-ის (აშშ-ში, სკოლის შემდგომ, კოლეჯში შესასვლელად საჭირო ტესტი – ლ.ა.) ქულები დასჭირდათ, ან კოლეჯის სრულიად განსხვავებულ გარემოში ყოფნისა და სწავლისთვის?

მიმსი: ბავშვები, რომლებიც ჩვენი სკოლიდან მიდიან, როგორც წესი, ძალიან კარგად არიან მომზადებულნი კოლეჯისთვის. უპირველეს ყოვლისა, მათ კარგი ცოდნა აქვთ და ძალიან კარგად მეტყველებენ. თუ ვინმეს სურს, სწავლა გააგრძელოს კოლეჯში, რომლისთვისაც SAT-ის ქულებია საჭირო (რაც ყველა კოლეჯზე არ ვრცელდება), ეს ის საქმეა, რომლის საკეთებლადაც მოტივაციაც უნდა გქონდეს და შენც ყველაფერს აკეთებ, რათა SAT-ისთვის კარგად მოემზადო. ეს აზრი არ არის უცნაური. ცოტა ხნის წინ სკოლაში სტუმარი გვყავდა. მან თქვა: ” აა, მე ვიცნობდი თქვენი სკოლის კურსდამთავრებულს”, – სტუმარი მასწავლებელი გახლდათ, – “მე მას (მოსწავლეს) მათემატიკაში მომზადებაში ვეხმარებოდი. მოსწავლეს თქვენი სკოლა ჰქონდა დამთავრებული და მიუხედავად იმისა, რომ მათემატიკაში ცოტა რამ იცოდა, სურდა, SAT-ი ჩაებარებინა. ექვს კვირაში მან ისწავლა ყველაფერი, რისი სწავლებაც მე მინდოდა”. ეს მოტივაციაზე მეტყველებს. ეს ბავშვი სკოლაში ყოფნისას მათემატიკით არ იყო დაინტერესებული, სანამ ის SAT-ისთვის არ დასჭირდა და როდესაც დასჭირდა, მან მალევე აითვისა ეს საგანი. ვფიქრობ, კოლეჯები დიდად არ განსხვავდება სადბერის სკოლისგან (რასაც ვერ ვიტყვით High School-ზე), რადგან კოლეჯში მეტი ავტონომია გაქვს და გაცილებით მეტი პასუხისმგებლობა გაკისრია. კოლეჯში აკეთებ იმას, რაც გჭირდება, ხოლო “ჰაი სქულში” ყველასთვის სავალდებულო კლასებს ესწრები.

დარია: ამრიგად, თქვენ ამბობთ, რომ როდესაც ბავშვები მოტივირებულნი არიან, გაცილებით მალე სწავლობენ, ნაცვლად იმისა, რომ ნელ-ნელა, ნაწილ-ნაწილ მიიღონ ინფორმაცია, რაც დღევანდელ სკოლებში ხდება. როდესაც ისინი მოტივირებულნი არიან – უცბად ითვისებენ მასალას.

მიმსი: შესაძლოა, უცბად ვერა, მაგრამ ჩქარა – ნამდვილად. იგივე SAT-ი მოტივაციის სერიოზული ფაქტორია. რაც მნიშვნელოვანია მისთვის, რაც აინტერესებს ან რის მიმართაც ვნებას განიცდის, იმას ადამიანი ადვილად ითვისებს. ამიტომ მაინცდამაინც არ გვადარდებს, რომ ბავშვები ცოტა დროს უთმობენ აკადემიურ სამუშაოს – ჩვენ ვიცით, რომ მათ შესანიშნავად შეუძლიათ იმის კეთება, რისიც სურთ.

დარია: ეს ცოტა ირონიულად ჟღერს.

მიმსი: მართლა უცნაურად და ირონიულად ჟღერს, არა? მაგრამ არა უშავს, – მერწმუნეთ, ეს ის არის, რასაც ადამიანი მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლობს. ყველამ უნდა იცოდეს პრიორიტეტების განსაზღვრა და შემდეგ – მათი ხორცშესხმა.

დარია: ძირითადად რას აკეთებენ ბავშვები სადბერის სკოლაში?

მიმსი: ბავშვები უამრავ რამეს სწავლობენ, მაგრამ არის ორი რამ, რაც ყველა მათგანმა უნდა იცოდეს, რადგან სადბერიში ყოფნისას უამისობა შეუძლებელია.

ერთია ეზოში ყოფნა და თამაში. ბავშვებს შეუძლიათ, იმდენი დრო გაატარონ ეზოში, რამდენიც სურთ. ეს ძალიან სასარგებლოა მათი გონებისთვის, გულისთვის, სულისა და სხეულისთვის. არ არსებობს სადბერის კურსდამთავრებული, რომელიც არ ლაპარაკობდეს გარეთ თამაშისა და დროსტარების მნიშვნელობაზე.
მეორეა სკოლის მართვის იდეა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბავშვებს გამუდმებით უწევთ ფიქრი და დისკუსია ეთიკასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ბავშვები სადბერის სკოლიდან ამას თავს ვერ აარიდებენ.
როდესაც ამ საქმეებს შეისწავლი, მერე ნებისმიერი რამის შესწავლა შეიძლება – ფიზიკისა, ხელოვნებისა, მუსიკისა თუ სხვა დისციპლინებისა, – ყველაფერისა, რაც მოგწონს ან რისკენაც ისწრაფი, ან შემთხვევით გადაეყარე, ან აღმოაჩინე, ან ხშირად აწყდები. ჩემს ერთ-ერთ შვილს (ჩემი ყველა შვილი ამ სკოლაში დადიოდა) კოლეჯში სწავლისას უცხო ენა უნდა ჩაებარებინა და მან ესპანური აირჩია. მე ვუთხარი: “ამას ვერ შეძლებ! შენ არ იცი, რას ნიშნავს არსებითი სახელი და ზმნა!” მან მიპასუხა: “როგორ არ ვიცი”. “კარგი”, – ვუთხარი მე, რადგან ჩავთვალე, რომ ამქვეყნად ალბათ ყველამ იცის, რა არის ზმნა, – “მაგრამ არაფერი იცი ნაცვალსახელებზე, ზედსართავზე, ზმნიზედაზე!” (როგორი დედა ვარ? ვითომ შვილის მხარდამჭერი!) მან კი მიპასუხა: “როგორ არ ვიცი!” “როგორ? საიდან?” – ისევ ვკითხე. “ლექსიკონიდან, რომელშიც ხშირად მიწევდა ჩახედვა სქრაბლის თამაშისას”. ეს მართალი აღმოჩნდა და მან ესპანურის ტესტი ჩააბარა. აღმოჩნდა, რომ გრამატიკიდან ბევრი რამ იცოდა. ეს არის მაგალითი იმისა, როგორ შეიძლება რამის შესწავლა სრულიად შემთხვევით, სხვაგვარად – ინციდენტური სწავლა. თუმცა შესაძლოა, ეს ამბავი სხვაგვარად იყო – მან, როდესაც ლექსიკონში სიტყვების პოვნა დასჭირდა, დაინახა და დაიმახსოვრა ის საკითხები, რომლებიც მე და თქვენ შესაძლოა ვერ შეგვემჩნია.

დარია: თქვენ ამბობთ, რომ მოსწავლეები სწავლობენ თავისით, ინდივიდუალური ტემპით იმ საგნებსა თუ საკითხებს, რომელთა სწავლაც სურთ და საბოლოოდ ვიღებთ უფრო ფართო პერსპექტივის მქონე ახალგაზრდებს მეტი რესურსით, კრიტიკული აზროვნების უნარით, გარემოს სიყვარულით და ეთიკური პრობლემების მოგვარების გამოცდილებით.

მიმსი: დიახ, თქვენ ზუსტად ბრძანეთ. ყველაზე შთამბეჭდავი, რაც აქ მყოფ ბავშვებს ახასიათებთ, აი, რა არის – ისინი გრძნობენ, რომ თავიანთ ცხოვრებას თვითონ მართავენ. რა თქმა უნდა, ყველა ჩვენგანმა იცის, რომ ჩვენი ბედი მთლიანად ჩვენს ხელთ არ არის, – ყველაფერი შეიძლება მოხდეს, – მაგრამ ბავშვები, რომლებიც სადბერიში დადიან, კარგად ხედავენ, რომ შეუძლიათ, ნებისმიერი გზით მოახდინონ გავლენა თავიანთ ცხოვრებაზე და ამით – გარე სამყაროზეც. ეს საოცარი რამ არის: არავინ გაწვება, არ გაიძულებს, შეგიძლია, შენ თვითონ მიხედო შენს ცხოვრებას და აკეთო ის, რის კეთებაც გინდა. სხვაგვარად მათ ვერც წარმოუდგენიათ.

დარია: ეს მართლაც გამაოგნებელია, რადგან ბავშვების უმეტესობა გრძნობს, რომ ვერ აკონტროლებს საკუთარ ცხოვრებას; ისინი იქცევიან მოზრდილებად, რომლებსაც ასევე ჰგონიათ, რომ ვერ აკონტროლებენ თავიანთ ცხოვრებას და ხშირად განწყობილნი არიან, აიღონ ის, რაც შეხვდებათ ცხოვრების გზაზე, ბიზნესი იქნება ეს, განათლების კონტროლი, კანონმდებლობა თუ ნებისმიერი სხვა საქმე. ამ ბავშვებს კი სრულიად საპირისპირო ხედვა აქვთ. ეს მართლაც განსაკუთრებული რამ არის. ბევრი წიგნი დაწერილა სადბერის სკოლაზე, გამოქვეყნებული თქვენივე გამომცემლობის (Sudbury Valley School Press) მეშვეობით. თქვენ ასევე გაქვთ ვიდეო- და აუდიოჩანაწერები. სად შეიძლება ადამიანმა ეს ყველაფერი ნახოს?

მიმსი: სიას ჩვენს ვებგვერდზე იპოვით (www.sudval.org). იქვეა შეკვეთის წესებიც. შეგიძლიათ, დაგვიკავშირდეთ (ვებგვერდის კონტაქტით) და ყველაფრის სიას მოგაწვდით.

დარია: ხალხს ვურჩევ, შეიძინონ თქვენი სკოლის შესახებ იაპონელების მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმი, რადგან აქ უამრავი ინფორმაციაა თავმოყრილი. როგორ მოხდა ამ ფილმის გადაღება?

მიმსი: ადამიანთა ჯგუფი – კინემატოგრაფისტები ენ-ეიჩ-ქეიდან (NHK), იაპონიის მთავარი საგანმანათლებლო არხიდან – ჩამოვიდა ჩვენთან ფილმის გადასაღებად და ერთი კვირა გაატარა სადბერის სკოლაში. ამან ჩვენც ძალიან საინტერესო გამოცდილება შეგვძინა. ვფიქრობ, ყველა სტუმარმა (სულ ოთხნი იყვნენ) იგრძნო ცვლილებები ამ გადაღებისას. შევიცვალეთ ჩვენც, რადგან სათანამშრომლოდ ძალიან საინტერესო და კარგი ხალხი აღმოჩნდა. მათი პროგრამა შეიცავდა ჩვენს კომენტარებს ჩვენს განათლების ფილოსოფიაზე, რამდენიმე ცნობილი მკვლევარ-კომენტატორის აზრს, რომლებსაც ბავშვებთან მუშაობისა და სწავლების დიდი გამოცდილება აქვთ იაპონიაში. კომენტარები საკმაოდ პოზიტიური აღმოჩნდა, რამაც გაგვახარა. წინასწარ, რა თქმა უნდა, არ ვიცოდით, რა გამოვიდოდა ამ გადაღებებიდან…

დარია: რატომ ჩამოვიდნენ თქვენი სკოლის სანახავად?
მიმსი: მოკლედ რომ ითქვას, იმიტომ, რომ მათ (იაპონელებს) დიდი არეულობა აქვთ განათლების სიტემაში. მიუხედავად იმისა, რომ განათლების იაპონურ სისტემას ბევრი მოდელად იყენებს (განსაკუთრებით – აშშ-ის ზოგიერთ ნაწილში), ისინი გრძნობენ, რომ ვერ ავითარებენ ბავშვების კრეატიულობას და მათი განათლების სისტემა დიდ სტრესში ამყოფებს მოზარდებს. მათ ბავშვთა თვითმკვლელობის მაღალი მაჩვენებელი აქვთ. უფრო მაღალია სწავლის მიტოვების მაჩვენებელი. კოლეჯის სტუდენტები ხშირად სრულიად გამოფიტულნი არიან სწავლისგან. სტუმრები ცდილობდნენ, ეპოვათ ცვლილების გზა. დღეს იაპონიაში უამრავი ხალხია, ვინც ჩვენსავით მუშაობს. შესაძლოა, მთლად ჩვენსავით არა, მაგრამ მათაც გზის თავისუფალი არჩევანი აქვთ.

დარია: მოდი, სადბერის სკოლას დავუბრუნდეთ. თუ ბავშვმა საბაზო ცოდნის მიღება არ გადაწყვიტა, რა გამოვა აქედან? უბრალოდ, წლიდან წლამდე დროის კარგვა? რა მოხდება, თუ ვინმემ გადაწყვიტა, რომ სწავლის მაგივრად ადგეს და ითევზაოს? – ერთ-ერთ წიგნში თქვენ ასეთი მაგალითი მოგყავთ…

მიმსი: ბავშვი, რომელმაც თევზაობა გადაწყვიტა, არ იყო საბაზო ცოდნას მოწყვეტილი. იგი კითხულობდა თევზაობის შესახებ, იკვლევდა თევზებს და სხვა თემებს, რომლებიც თევზაობასთან არიან კავშირში. ჩვენი აზრით, როდესაც რაიმეს “საბაზოს” ვუწოდებთ, ყველა ხვდება, რომ მათთვის ეს საჭიროა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა ბავშვი, როგორც კი 6 წელი შეუსრულდება, გადაწყვეტს იკითხოს, რადგან ეს “საბაზო განათლების” ნაწილია. ზოგი ამას 4 წლისა აცნობიერებს, ზოგი კი ამ აზრამდე შესაძლოა 10 წლის ასაკში მივიდეს. ჩვენ ამას არ ვაფასებთ, რადგან ეს ნიშნავს, რომ ამ ბავშვისთვის წიგნის კითხვა არ იყო აუცილებელი, ვთქვათ, 10 წლამდე; კითხვა არ იყო ის, რაც მას სჭირდებოდა ცოდნის მისაღებად. ბევრი ცოდნას კითხვით იღებს, ბევრი – საუბრისას ან ვიზუალური სტიმულაციისას, ამიტომ ჩვენ ამ “საბაზო” ცოდნის საკითხი არ გვაღელვებს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ თუ რაიმე “საბაზოა”, ყველა თავისით მიხვდება ამას და ასეც ხდება. ეს ისე არ გაიგოთ, რომ ბავშვები აქ იზოლაციაში იმყოფებიან, არა… აქ ისინი დღეში 6-7 საათს ატარებენ, მერე კი იმ სამყაროს უბრუნდებიან, საიდანაც მოვიდნენ, ანუ მათ ძალიან კარგი წარმოდგენა აქვთ სამყაროზე, რომელშიც ცხოვრობენ, უსმენენ თავიანთ თანასკოლელებს და კარგად იციან, რა არის მნიშვნელოვანი ან რა არის მართლაც “საბაზო” ცოდნა.
დარია: თუ შეიძლება, უფრო მეტი მოგვიყევით მეთევზე ბიჭზე, რადგან, ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. როგორ მოხვდა თქვენთან და მერე რა მოხდა?
მიმსი: ორი ბიჭი გვყავდა, რომლებიც მხოლოდ თევზაობით იყვნენ დაკავებულნი. პირველი საჯარო სკოლიდან გადმოვიდა. დიდი არ იყო – რვა ან ცხრა წლისა იქნებოდა. მას არ მოსწონდა, როდესაც ძველ სკოლაში გამუდმებით მიუთითებდნენ, რა უნდა ეკეთებინა, – ეს ჩვეულებრივი ამბავია 6-7 წლის ბავშვების უმეტესობისთვის, ვინც ჩვენს სკოლაში გადმოვიდა. ბიჭი იმ სკოლაში თავს უბედურად გრძნობდა და მშობლებმაც გადაწყვიტეს, რომ ეს მისთვის ცუდი იყო; მათ მიიჩნიეს, რომ უკეთესი იქნებოდა, ბავშვს თვითონ გადაეწყვიტა, რა ეკეთებინა. ვფიქრობ, მშობლები, რომლებსაც მაღალი თვითმოტივაციის მქონე შვილები ჰყავთ, მათი სკოლაში მიყვანის შემდეგ გრძნობენ, რომ ბავშვის თვითმოტივაცია მცირდება… მოკლედ, ეს ბიჭუნა ჩვენთან გადმოვიდა და აღაფრთოვანა ჩვენი სკოლის ტერიტორიაზე არსებულმა ტბამ და მასში თევზაობის პერსპექტივამ. აქვე შეხვდა მეორე ბიჭს, რომელსაც მალე დაუმეგობრდა. იმ დღიდან მოყოლებული, ეს ორი ერთად თევზაობდა. საკმაოდ ხშირად არღვევდნენ წესებსაც. ხმაურიანი ბიჭები იყვნენ, თანაც საკმაოდ ურჩები, თუმცა ჩაკეტილები სულაც არ ყოფილან და ბევრი მეგობარიც გაიჩინეს. უმეტეს დროს თევზაობის შესახებ კითხვასა და ამ საქმის კვლევაში ატარებდნენ, უყურებდნენ სათევზაო ვიდეოებს, რომლებიც მანამდე არც კი მეგონა, თუ არსებობდა, კითხულობდნენ ყველანაირ წიგნს იქთიოლოგიაზე და შედეგად მივიღეთ მეთევზეობის კარგად მცოდნე ახალგაზრდები. თუმცა დღეს არც ერთი აღარ არის მეთევზე; თევზები ალბათ ძალიან უყვართ, მაგრამ თევზაობა აღარ არის მათი ფოკუსირების მთავარი ობიექტი, – ერთი მათგანი კომპიუტერულ მეცნიერებაში მუშაობს, ხოლო მეორე მუსიკოსია. მათთვის, მათი განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო რომელიმე საქმეზე ფოკუსირების ძლიერი უნარი. დღეს მათ უკვე სხვა ინტერესები გაუჩნდათ, მაგრამ ისინი კვლავ ძლიერი მოტივაციის მქონე და ერთგული ადამიანები არიან და წარმატებით უძღვებიან თავიანთ დღევანდელ საქმეებს.
დარია: გამოდის, რომ მათთვის ეს იყო სწავლის, ერთ თემაზე ფოკუსირების სწავლის პერიოდი; ეს მხოლოდ გარდამავალი ფაზა იყო.
მიმსი: არ ვიცი, როგორ ვთქვა – როდესაც ეს 3-4 წელი გრძელდება, ამას გარდამავალ ფაზას ვეღარ დაარქმევ, მაგრამ, დიახ, ეს იყო ფაზა, რომელიც დასრულდა.
დარია: და აქედან რა დასკვნა შეიძლება გამოვიტანოთ? რომ მათ თევზაობისას ისწავლეს მოთმინება, მოხერხებულობა, ისწავლეს, როგორ უნდა ჩაატარონ საგნის კვლევა, როგორ შეძლონ საკითხზე დიდი ხნით ფოკუსირება, განსაკუთრებით მაშინ, თუ შედეგი იგვიანებს; თევზაობის თანმხლებმა ქვემიზნებმა და მოტივაციებმა ბიჭებს ალბათ განუვითარა უამრავი ახალი უნარი, რომლებიც გარეშე თვალისთვის შესაძლოა უხილავი იყოს. ისინი ჰგავდნენ ორ ზარმაც ბიჭუნას, რომლებიც თევზაობის გარდა არაფერს აკეთებდნენ… მე მართლაც ტაშს გიკრავთ იმისთვის, რომ ასე გჯერათ, გესმით და პატივს სცემთ ბავშვების თანდაყოლილ უნარს სწავლისადმი და იმას, რომ დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რას სწავლობენ.

მიმსი: მე მგონია, რომ თევზაობა დღევანდელი ვიდეოთამაშების 70-იანების ვერსია იყო, რადგან ხალხი დღეს ვიდეოთამაშებსაც ისევე აღიქვამს, როგორ მაშინ თევზაობას. საზოგადოება უყურებს ბავშვებს, რომლებიც ჩვენთან დადიან და უმეტეს დროს ვიდეოთამაშებთან ატარებენ და ეს გონებისთვის საზიანოდ მიაჩნია. ჩვენ ვიცით, – რადგან საქმე გვაქვს ბავშვებთან და ბევრი რამ ვიცით მათ შესახებ, – რომ ეს არანაირად არ არის საზიანო. ვიცით, რომ ბავშვები რომელიმე ერთ თამაშს მანამდე თამაშობენ, სანამ ბოლომდე არ დახვეწენ, არ მიაღწევენ მიზანს, მერე კი სხვა თამაშზე ან სხვა საქმიანობაზე გადადიან. ამავე დროს, უნდა გვახსოვდეს, რომ ისინი უაღრესად სოციალურ გარემოში თამაშობენ სხვა ბავშვებთან ერთად, თამაშისას გამუდმებით საუბრობენ, ავითარებენ ამ სოციალურ ურთიერთობებს. ვიცით ისიც, რომ კონცენტრირება, რომელსაც მოითხოვს ვიდეოთამაში, გონება კი არ აჩლუნგებს, ავითარებს; მაგრამ ხალხს მაინც მიაჩნია, რომ ვიდეოთამაშები ისევე უსარგებლოა, როგორც იმ ბიჭების თევზაობა. ვიდეოთამაშები იმ სათევზაო ისტორიის თანამედროვე ვერსიაა.

დარია: ამავე დროს, შეიძლება ითქვას, რომ ვიდეოთამაშებისა და კომპიუტერების კონტექსტია ფაქტი, რომ ადამიანი ამ დროს იზოლირებულია, მარტოა. თქვენ ამას დაუმატეთ ახალი, სოციალური ელემენტი – ბავშვების მუდმივი კომუნიკაცია ერთმანეთთან. ეს დიალოგი, როგორც ახლა ვიცით, ხელს უწყობს სწავლის პროცესს და ბავშვს აძლევს შესაძლებლობას, მეტი აითვისოს. მე ვფიქრობ, აქ განსხვავებული გარემოებასთან გავქვს საქმე და არა მხოლოდ ვიდეოზე თამაშთან. მე მინდა, ამ თემაზე მეტხანს შევჩერდეთ, რადგან ის, რაც სადბერიში ხდება და კეთდება, სწორედ სოციალურ კონტექსტშია მოქცეული, ისევე როგორც გარემოს კონტექსტში. ზოგადად, ნათელია, რომ ეს უბრალო, იზოლირებული შემთხვევა არ არის. მიუხედავად იმისა, რომ აქ ვხედავ ბავშვებს, რომლებიც კუთხეში სხედან და წიგნებს კითხულობენ, მათ მაინც მუდმივი ურთიერთობა აქვთ სხვა ბავშვებთან. აქ, როგორც ჩანს, უფრო მეტი რამ ხდება, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. ეთანხმებით ჩემს ნათქვამს?

მიმსი: მართალი ბრძანდებით. ეს ის თემაა, რომელზეც ბევრს ვსაუბრობთ ხოლმე, როდესაც ხალხისგან გვესმის: “კარგი რა, მაშინ სახლში ვამეცადინებ ბავშვებს, რისთვისღა გავუშვა სკოლაში?” ჩვენ გვგონია, რომ ის, რაც ხდება ასეთ ადგილას, სადაც ბევრი ბავშვია, – მათნაირი, მათი თანაბარი, მათი ტოლი, – ძალიან განსხვავდება იმისგან, რაც სახლში შეიძლება ხდებოდეს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ რაც სახლში ხდება, ცოდნის შეძენაში არ გვეხმარება, მაგრამ ვფიქრობთ, რომ სადბერისნაირ ადგილას მიღებული ცოდნის ღირებულება ძალიან მაღალია.
დარია: თქვენი კურსდამთავრებულები თუ აბარებენ კოლეჯებში, ან რა ტიპის კარიერა აქვთ მათ?

მიმსი: ყოველგვარი ტიპისა. ჩვენ შევისწავლეთ, რა მოსდით ჩვენს ბავშვებს სკოლის დამთავრების შემდეგ და გავარკვიეთ, რომ დაახლოებით 80% კოლეჯში აგრძელებს სწავლას. რაც უფრო მეტ ხანს გაატარებ სადბერიში, მით უფრო მოსალოდნელია, რომ კოლეჯში გააგრძელო სწავლა. წასვლისას ბევრს უთქვამს: “ოდესმე ალბათ კოლეჯში წავალ”, ანდა: “გაისად სამოგზაუროდ წავალ, ან ვიმუშავებ, დავაგროვებ ფულს და კოლეჯში ჩავაბარებ”, ან ასე – “იცი, ძალიან მიმზიდველი სამუშაო ვიშოვე კომპიუტერების სფეროში”, ან “მე ვიცი, რისი კეთებაც მინდა და ვიცი, როგორ ვიმუშაო იმაზე, რისი კეთებაც მსურს, ამიტომ კოლეჯი არ მჭირდება, ის ვერაფერს მომცემს”. ამიტომ ჩვენ არასოდეს განსვჯით, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ახალგაზრდები სკოლის დამთავრების შემდეგ. ხანდახან მგონია, რომ ყველაზე კონცენტრირებული და გამორჩეულად ჭკვიანი ბავშვები ისინი არიან, ვინც ალბათ ყველაზე ნაკლებად წავა კოლეჯში სასწავლად.

დარია: როდის დაასკვენით, რომ საჭიროა, თავი დააღწიოთ ბავშვების შესახებ უწინდელ მოსაზრებებს, რწმენებსა და შეფასებებს და როგორ მოახერხეთ მათი დაძლევა?

მიმსი: გავიზარდე ისე, როგორც უმეტესობა; შევედი კოლეჯში, როგორც ბევრი სხვა ბავშვი; მერე მეყოლა შვილები, როგორც ყველას. მოულოდნელად აღმოვაჩინე, რომ სახლში მყავს პირველკლასელი, რომელიც მე და ჩემს ქმარს გადასარევი, გონიერი ბავშვი გვეგონა, სკოლაში კი აღმოჩნდა, რომ მას ყოველდღე აწუხებს მუცელი და ყოველდღე ჩივის ამის შესახებ. მომდევნო ექვსი წლის განმავლობაში ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ რაც უფრო ნაკლებად ვერეოდით იმ საქმეში, რომლის კეთებაც ჩვენს შვილს სურდა, მით უფრო ბედნიერი იყო იგი და, შესაბამისად, ბედნიერნი ვიყავით ჩვენც, მშობლებიც. როდესაც მივხვდით, რომ ტრადიციულ სკოლაში ბავშვი თავს უბედურად გრძნობდა, ვუთხარით ერთმანეთს: “იქნებ ეს ბავშვის ბრალი არ არის, იქნებ სისტემაა არასწორი”. ეს 60-იანების მიწურული იყო და ჩვენ გადავწყვიტეთ, ჩაგვეტარებინა პატარა კვლევა განათლების სიტემის შესახებ. თანაც ეს ის დრო იყო, როდესაც ამ თემაზე ბევრი წიგნი დაიწერა. ჩვენ წავიკითხეთ Summerhill-ის შესახებ და ვთქვით: “ვაა! როგორც ჩანს, მას (ბავშვს – ლ.ა.) თავისუფლება სჭირდება და არა სტრუქტურა”.

დარია: გამოდის, თქვენ ეს სკოლა საკუთარი შვილებისთვის დააარსეთ თანამოაზრეებთან ერთად…

მიმსი: დიახ, ეს იყო პირველადი მოტივაცია. იდეას რომ ჩაეჭიდები, მერე ძნელია, ასეთ საინტერესო საქმეს თავი დაანებო. ვერ წარმოიდგენთ, რამხელა სამოვნებას იღებ, როდესაც ისეთ ადგილას ხარ, სადაც ბავშვები გექცევიან როგორც პიროვნებას და არა ვინმე ისეთს, ვისიც ეშინიათ ან ვის წინაშეც კარგად უნდა მოიქცნენ. ეს გარემო მოზრდილსაც ათავისუფლებს; შესანიშნავია, როდესაც პატარები ასე გეპყრობიან.
დარია: არსებობს სადბერისნაირი სხვა სკოლები?

მიმსი: დიახ, არსებობს. რამდენიმე – აქ, ჩვენთან, აშშ-ში, რამდენიმე – სხვა ქვეყნებში. უფრო და უფრო მეტს მუშაობენ ასეთი სკოლების დასაარსებლად და კიდევ უფრო მეტს საუბრობენ მათზე. ამ სკოლების ჩამონათვალს ჩვენს ვებგვერდზე ნახავთ.

დარია: ცოტა ქაოსური ხომ არ არის ყოველდღიური ცხოვრება სადბერის სკოლაში? მე ვნახე ორასამდე ბავშვი ყველგან – შენობებშიც და გარეთ, ეზოშიც. აქ მუდამ მოძრაობაა, ნებისმიერ დროს, და ეს ქაოსად მეჩვენება, თუმცა თქვენთან საუბრის შემდეგ ვფოქრობ, რომ ამ ქაოსს მიმართულება აქვს და გარკვეული განზრახულობაც სდევს თან.

მიმსი: თუ ამ ყველაფრის ნაწილი არ ხართ, ყოველი ადამიანის მოძრაობის ტრაექტორია და განსაკუთრებით –
გადაადგილება 210 ადამიანისა, რომლებიც თავიანთი სურვილისამებრ მიდი-მოდიან, შესაძლოა ქაოსად მოგეჩვენოთ. იდეა თავისთავად ქაოსურია. იგი ნაკლებად ქაოსური ხდება, როდესაც თქვენ მის ნაწილად იქცევით, რადგან ადამიანებმა ძალიან კარგად იციან მათ გარშემო მიმდინარე მოძრაობის შესახებ, იმ თემის (საზოგადოების – ლ.ა.) შესახებ, სადაც ცხოვრობენ და, უბრალოდ, მოძრაობენ თავიანთ საქმეებზე ამ გარემოში. ერთი შედარება, რომელიც მახსენდება: დაწყებით სკოლებში შესვენების დროს ბავშვები გამოცვივდებიან ხოლმე სკოლის შენობიდან და ცოტა ველურადაც იქცევიან. ბავშვები ჩვენთან, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ემოციურენი არიან, ველურებივით არ იქცევიან. ამიტომაც მიმაჩნია, რომ პროცესი ჩვენთან ქაოსური არ არის. ცალკეული ადამიანი თავისი საქციელით არასოდეს არის ქაოსური. არც მათი ქმედებებია ქაოსური – ისინი თამაშობენ, არიან ბედნიერნი, ხალისიანნი, ბევრს დარბიან, მაგრამ მათში სიველურე არ გამოსჭვივის.

დარია: ხალხს აძლევთ უფლებას, მოვიდნენ და გაეცნონ სკოლას?

მიმსი: ოჯახებს, რომლებიც ჩვენთან ბავშვის მოყვანაზე ფიქრობენ, შეუძლიათ მოვიდნენ და გაეცნონ სკოლას რამდენიმე სხვა სტუმართან ერთად. ნახვის მსურველი ძალიან ბევრია, მაგრამ ჩვენ, უბრალოდ, არ გვაქვს ფიზიკური თუ ადამიანური რესურსი ამ რაოდენობის მნახველის მისაღებად. ამასთან, ბავშვებს არ მოსწონთ, როდესაც მათ ოქროს თევზებივით გარედან აკვირდებიან.

დარია: რაიმეს დამატებას ხომ არ ისურვებდით? იქნებ რაიმე მნიშვნელოვანი გაქვთ სათქმელი სადბერის სკოლის დახასიათების სისრულისთვის, რაც, შესაძლოა, გამოგვრჩა?
მიმსი: მე მგონია, რომ ეს არის ბავშვების განათლების შესანიშნავი გზა. ვფიქრობ, ასეთი სწავლების შედეგად ვიღებთ ბავშვებს, რომლებიც კარგად გრძნობენ თავს და ასეთივე დამოკიდებულება აქვთ ცხოვრებისა და საკუთარი პიროვნებისადმი. თუ ხალხი დაინტერესებულია ასეთი ბავშვების აღზრდით, ჩვენ მათ მრავალნაირად ამოვუდგებით მხარში, შევთავაზებთ უამრავ მასალას, რომელიც მათ სკოლის დაარსებაში დაეხმარება. იქნებ ეს ის საქმეა, რომელიც დასაწყებია მათ ქალაქსა თუ სოფელში…

კიდევ ერთი კითხვა, რომელსაც ხშირად მისვამენ: “როგორი უნდა იყოს ადამიანი, რომ თქვენ სკოლაში სამუშაოზე აიყვანოთ?” ჩემი პასუხი: ეს უნდა იყოს ადამიანი, რომელიც ესწრაფის კარიერულ განვითარებას, რომელიც მისთვის მნიშვნელოვანი და მრავალფეროვანია. ჩვენ ყოველთვის ვეძებთ ხალხს, ვისაც ძლიერი აღმასრულებელი უნარები აქვს, იციას ინსტიტუციის მართვა, მოსწონს იმ გუნდის ნაწილად ყოფნა, რომელიც სკოლის პროგრესულობას და მუდმივ განვითარებას ინარჩუნებს. ამ პიროვნებას უნდა ჰქონდეს ნება, სრული პატივისცემით მოექცეს ბავშვებსა და მოზრდილებს, უნდა ჰქონდეს სათანადო გამოცდილება.

ყველა, ვისაც სურვილი გაუჩნდება, შემოურთდეს სადბერის სკოლას და გახდეს ჩვენი თანამშრომელი, უნდა დაგვიკავშირდეს.

თარგმნა ლევან ალფაიძემ

აღზევანს წავალ მარილზე…

0
„აღზევანს წავალ მარილზე, მარილს მოვიტან ბროლსაო. ჯერ დედას გადავეხვევი, მერე შვილსა და ცოლსაო…”  სუფრის მარილი ხომ ყველამ ვიცით. ჰოდა, მასზე უნდა გესაუბროთ – სიცოცხლის და სიკვდილის საწყისზე. 
696 წელი დგას. მამაცი ვიკინგი ბიზანტიისკენ მიდის, გადაუდებელი საქმეები აქვს. მოულოდნელად ორმოში ვარდება, თეთრ ქათქათა ორმოში… მლაშე გემო აქვს ორმოს, სიქათქათიდან თითქოს ვიღაც წმინდანი  უღიმის. უღიმის და ხელს უწვდის… ეს დღე ვიკინგის ცხოვრებაში გარდამტეხი გამოდგა, ის ღმერთის მსახური გახდა და მარილის მღვიმე  აღმოაჩინა. ეს ყველაფერი პოლონეთის ტერიტორიაზე, ქალაქ  ველიჩკაში მოხდა, სადაც დღესაც შეგიძლიათ ნახოთ მარილის მღვიმე, რომელიც  მისი მოპოვების ერთ-ერთი ადგილიც არის და 1978 წლიდან იუნესკოს მსოფლიო საგანძურშიც შედის. დღეს ეს მღვიმე სამკურნალო დანიშნულებითაც გამოიყენება. ჰაერი იმდენად სუფთა და კრიალაა, რომ ასთმის, ალერგიის და სასუნთქი გზების სხვა დაავადებათა მკურნალობისთვის შეუცვლელია. გასაკვირი არცაა, მარილი მიკრობების მტერია. ქალაქ კრაკოვთან მარილის კიდევ ერთი სხვა მღვიმე ყოფილა. აქ სალომცველოა გახსნილი და ყველაფერი ქვამარილისგანაა გამოძერწილი. შუა საკუნეებში ავადმყოფებს ამ მღვიმეში მონაზვნები უვლიდნენ თურმე.

ამ ყველაფრის შემდეგ, არც არის გასაკვირი, რომ ერთი პოლონური ლეგენდის თანახმად სასურველ საცოლედ ის ქალი ითვლებოდა, ვისაც ხელის დიდი მტევანი ჰქონდა. რატომ? თურმე პატარძალს მარილით თვით მეფე ასაჩუქრებდა. ოღონდ იმდენით, რაც მუჭში დაეტეოდა. რაც უფრო ხელის დიდი მტევანი ჰქონდა პატარძალს, მით მეტ მარილს აიღებდა და ოჯახშიც ბარაქას შეიტანდა. 

ჩინეთში ცნობები მარილზე უძველესი დროიდან არსებობს. ამავე  ტერიტორიაზეა მარილის უძველესი ტბა.
მარილის ქალ-ღმერთი  ინდიელი ყოფილა. ერთ პატარა სოფელში უცხოვრია და სხვა ქალების მსგავსად თავის ქმარს, შვილებს და კერას უვლიდა თურმე. სხვა ქალებისგან არც არაფრით გამოირჩეოდა, გარდა იმისა, რომ მის მიერ მომზადებული სადილი სხვანაირად  გემრიელი გამოდიოდა. ერთ დღესაც ქმარს უყურებია ჩუმად, როგორ აგროვებდა ქალი სხეულიდან რაღაც თეთრ ფხვნილს და საკვებს უმატებდა. ეს ფხვნილი მარილი იყო და სადილს განსაკუთრებულ გემოს სწორედ ის აძლევდა. თუმცა, ქმარმა რატომღაც ხელი აღმართა ცოლზე და ისიც წავიდა, ზღვას შეერია და მასში გაქრა. ამის შემდეგ ზღვას მლაშე გემო აქვს…

ზღვის წყლის დალევა არ შეიძლება, მაგრამ მსოფლიო მოგზაურთა ჩანაწერებში არა ერთ შემთხვევას ნახავთ, როდესაც გემის ჩაძირვას გადარჩენილი მეზღვაურები, გემის ნანგრევებზე დღეების განმავლობაში ყოფილან გაშლილ ზღვაში და ზღვის მარილიანი წყალი უსვიათ მხოლოდ.  ჩანაწერები კი  ირწმუნებიან, გადარჩნენო მეზღვაურები, შემთხვევით ჩამოვლილ სხვა ხომალდებს ცოცხლები დახვდნენო.

და მაინც, ზღვის წლის დალევისგან ჯობს თავი შევიკავოთ. თუმცა, ზღვის მარილის აბაზანები, რომ სასარგებლოა და უამრავ მინერალს შეიცავს, ამაზე მგონი კამათიც არ ღირს. ისრაელი, ინგლისი, საფრანგეთი-იმ ქვეყნების ჩამონათვალია, რომლებიც ზღვის მარილს აწარმოებენ. 

ადრე მარილი ფუფუნება იყო. ძველ რომში ჯარისკაცების დაცვით გადაჰქონდათ. ინგლისურ ენაში სიტყვა ჯარისკაცი სწორედ აქედან იღებს სათავეს (მარილი salt, ჯარისკაცი- soldier). გასამრჯელოს ნაცვლადაც მარილს არიგებდნენ თურმე. აქედან, კიდევ ერთი ინგლისური სიტყვის სათავე: ხელფასი-salary.

 „მარილიანი შეთანხმება”-ძველ ებრაული გამოთქმაა. როდესაც ორი მხარე რაღაც საქმიან შეთანხმებას დებდა, ხელმოწერის შემდეგ ზედ მარილი უნდა მოებნიათ. ეს იმის მანიშნებელი იყო, საქმე უტყუარად აეწყობოდა, ორივე მხარე კეთილსინდისიერად მოიქცეოდა და ერთმანეთის ნდობა შეეძლოთ. „მარილიანი შეთანხმების” დარღვევა არ შეიძლებოდა. შეიძლება აქედან მოდის გამოთქმა: მარილიანი კაციაო, მარილიანი სიტყვა აქვსო.

ძველ ებრაულ ტრადიციას განეკუთვნება აგრეთვე მარილიანი წყლის გამოყენება ქალის უნაყოფობის წინააღმდეგ. თუ ქალს დედობა სურდა, მარილიანი ზღვის წყლით უნდა განბანილიყო და თითქოს პრობლემაც მოგვარდებოდა.
ლეგენდებში მარილს მისტიურ დატვირთვასაც ანიჭებენ. ეშმაკებს და მათ მეგობარ ავ სულებს მარილის ეშინიათ. სწორედ ამიტომ, როდესაც ორფეოსი მიცვალებულთა სამყაროში ჩავიდა, ყოველი შემთხვევისთვის მარილი წაიყოლა თან. ეს სანახევროდ იმის გარანტია იყო, რომ „იმ” სამყაროდან უვნებელი დაბრუნდებოდა. 

ლეონარდო და ვინჩის „საიდუმლო სერობას” თუ დააკვირდებით, იუდას გვერდით მარილი უდევს. რატომ მიუხატა მაინც და მაინც იუდას მარილი დიდმა მხატვრამა, ეს არ ვიცი. რა აზრია ამაში ჩადებული, ეს შეიძლება ხელოვნებათმცოდნეებმა გვითხრან. ერთი რამ მწამს, და ვინჩი ტყუილად ერთ დეტალსაც კი არ დახატავდა.
1434 წელს სამხრეთ საფრანგეთის ქალაქ კოლმარში ჭირის ეპიდემიამ იფეთქა. საქმეს ისეთი პირი უჩანდა, რომ ავადმყოფობა შეიძლებოდა მთელ ევროპაში გავრცელებულიყო. ალქიმიკოსმა პარაცელსმა, რომელიც ამავე დროს ექიმიც იყო   პროცესის შეჩერება შეძლო. კოლმარის მკვიდრნი გულწრფელ მადლობას უძღვნიდნენ პარაცელსს და მის „ჯადოსნურ ალქიმიას”. თუმცა, როგორც გაირკვა პარაცელსი სამკურნალოდ ჩვეულებრივ სუფრის მარილს იყენებდა.

იგივე ალქიმიკოსი პარაცელსი ოქროს ტრანსმუტაციისთვის ფილოსოფიურ ქვას ეძებდა. ჯერ კიდევ მეშვიდე საუკუნეში არაბმა ალქიმიკოსმა ჯაბირმა შემოიტანა „იქსირის” ცნება. ეს იყო რაღაც, რაც სხვა მეტალისგან ოქროს მიღებას დააჩქარებდა. ეს რაღაც ფხვნილი უნდა ყოფილიყო. ფხვნილი არაბულად „იქსირია”. თუ არაბულ არტიკლსაც დავუმატებთ „ალ იქსირი” გამოვა. მოგვიანებით ამ ტერმინს ევროპელები გაალამაზებენ და მივიღებთ „ელექსირს”, იგივე ფილოსოფიურ ქვას. პარაცელსის აზრით, ეს თვით „მესამე ელემენტი”, ნატრიუმის ქლორიდი- სუფრის მარილი იყო. მისივე აზრით, მარილი აზროვნებდა. მხოლოდ ქების ღირსია პარაცელსი, რადგან დღეს ედინბურგის უნივერსიტეტის მეცნიერები  ხელოვნურად ზრდიან მარილის კრისტალებს და ექსპერიმენტულად უკვე დადასტურებულია, რომ მარილის კრისტალს ინფორმაციის დამახსოვრება შეუძლია. ამიტომ, უკვე ხვალინდელი დღეა ისიც, რომ კომპიუტერულ მეხსიერების ბარათებს სპეციალურად დამუშავებული მარილის კრისტალებით შეცვლიან.

გთხოვთ, ნუ დამაყრით ჭრილობაზე მარილს,-ალბათ, ერთხელ მაინც გაგვიგია   ეს ფრაზა. მარილს ჭრილობაზე მართლაც აყრიდნენ. იმიტომ, რომ ჭრილობა ბაქტერიებისგან დაეცვათ და ემკურნალათ, ან პირიქით, აუტანელი ტანჯვა მიეყენებინათ ვინმესთვის. 

გურჯაანში სოფელია ასეთი, ვაზისუბანი. სტადიონთან ორი დიდი ცაცხვის ხე დგას. სწორედ ამ ხეებზე ჩამოკიდა სოფელმა ორი ავაზაკი, რომლებმაც უდანაშაულო ქვრივ-ობლად დარჩენილი დედა-შვილი ჯერ აბუჩად აიგდეს, შემდეგ კი მოკლეს. დიდი იყო სოფლის რისხვა. სამართალდამცავი ორგანოებიც კი ვერ ჩაერივნენ, ასე შორიდან უყურებდნენ, როგორ აჭრიდა ხალხი ავაზაკებს ხორცს და სისხლმდინარ ჭრილობაზე აყრიდა მარილს. ეს ამბავი  დიდი ხნის წინ მოხდა, მაგრამ სოფელს დღემდე ახსოვს და ორი მდუმარე მოწმე, ორი უხუცესი ცაცხვის ხეც იქ დგას, სტადიონთან…

მეცხრამეტე საუკუნის შუა წლები დგას. ჩარლზ დარვინი საჯარო ლექციას მართავს. მოულოდნელად ის იღებს ჭიქას, შიგნით მარილს ყრის და ხსნის წყალში. ჭიქას მაღლა სწევს და გაოცებულ სტუდენტებს ეუბნება: „ამ ჭიქაში ჩვენ ვცხოვრობთ” და მართლაც, დარვინს სწამდა, რომ სიცოცხლე მარილიან წყალში ჩაისახა. 

მარილი, რომ ჩვენთვის აუცილებელია, ეს ფაქტია. თუნდაც იმიტომ, რომ ის კარგი ელექტროლიტია და სააზროვნო იმპულსების გადაცემისთვისაა შეუცვლელი. თუმცა, მას სრულიად სამართლიანად „თეთრ სიკვდილსაც” უწოდებენ, რადგან მის გადაჭარბებულ მიღებას ორგანიზმის დაშლაც შეუძლია.  მთავარი, მოხმარებული ულუფაა, არ უნდა „გადავამლაშოთ” და ორგანიზმს მხოლოდ მისთვის აუცილებელი რაოდენობა მივაწოდოთ. მარილის სრულად ამოღება საკვები რაციონიდან კატეგორიულად დაუშვებელია. სხვაობა სასიკვდილო და სიცოცხლისთვის აუცილებელ ულუფას შორის მხოლოდ 25 გრამი ყოფილა.

მეოცე საუკუნეში მარილმა კიდევ ერთი დატვირთვა შეიძინა. მას იოდით ამდიდრებენ. თავდაპირველად, მარილს კალიუმის იოდიდს KI უმატებდნენ.  მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში ტექნოლოგია შეცვალეს და ახლა ასეთი მარილის შემადგენლობაში კალიუმის იოდატი KIO3 შედის. 

მე-19-ე საუკუნის პარიზში გასეირნებაზე რას იტყოდით? მონმარტის ერთ-ერთ რესტორანში ვახშმად შევიხედოთ. არა, სვანური მარილის პატრონებმა მთლად გაოცება არ შევიმჩნიოთ, მაგრამ აქ 19 დასახელების მარილს შემოგვთავაზებენ- ფერების და   შიგ შემავალი მინერალების მიხედვით. თუ ოდნავ ზედმეტს გადავიხდით, მარილის სომალიეც მოგვემსახურება, რომელიც შეკვეთილი კერძისთვის შესაფერის მარილს შეგვირჩევს.
ის ყველგან და ყველაფერშია- წყალში, მიწაში, ზეცაში და ბავშვის სპეტაკ ცრემლში. ერთ-ერთმა ბოლო ექსპედიციამ  მარსზეც აღმოაჩინა.  ის ყოველთვის იყო და იქნება. ის მარილია…მარილი, რომლის ქიმიზმზეც არც არაფერი დამიწერია, ამას ხომ ქიმიის წიგნშიც ნახავთ. მე  შევეცადე მარილიანი წერილი დამეწერა… მარილიანი გაკვეთილისთვის…

სწავლა თამაშით

0
რომელი თამაში შეიძლება გამოვიყენოთ მუსიკის სწავლების დროს
თამაშით შემეცნება ბავშვისთვის ბუნებრივი პროცესია, ამიტომ პედაგოგიკა მუდმივად იყენებს თამაშს როგორც სწავლების მეთოდს. უკანასკნელ ხანს ამ მიმართულებით დიდი გარღვევა მოხდა: ბავშვისთვის ხელმისაწვდომი გახდა ინტერნეტი – დიდი და მრავალფეროვანი სამყარო. თამაშები, რომლებსაც ინტერნეტში წააწყდებით, ძირითადად ორი ტიპისაა: გასართობი და შემეცნებითი. პირველი ტიპისა პედაგოგების კრიტიკის საგანია, ვინაიდან მათი უმეტესობა შეიცავს აგრესიულ კომპონენტს. მათ ხელმისაწვდომობასა და ფართო გავრცელებას ფსიქოლოგები საგანგაშოდ მიიჩნევენ. მეორე ტიპის, შემეცნებითი თამაშები კი სწორედ ის რესურსია, რომელიც ინტერნეტის მეშვეობით შეიძლება მივაწოდოთ მოზარდს და ამგვარად ავარიდოთ ფართოდ გავრცელებულ მდარე და სახიფათო პროდუქციას.

ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დარგობრივი თამაშები სასკოლო დისციპლინების მიხედვით. მათი სწორი შერჩევის შემთხვევაში მასწავლებელს ხელთ ექნება სერიოზული დამხმარე რესურსი სასწავლო პროცესის წარმართვისთვის.

პროფესიული ინტერესებიდან გამომდინარე, წერილში დაწვრილებით განვიხილავთ ამგვარი რესურსის, ჩვენი აზრით, ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშს – სან-ფრანცისკოს სიმფონიური ორკესტრის საბავშვო-საგანმანათლებლო ვებ-გვერდს – https://www.sfskids.org .
საიტს მარტივი სტრუქტურა აქვს და მასზე მოძრაობა ადვილია. მთავარ გვერდზე, სარჩევში, ტრადიციულთან ერთად (საიტის რუკა, ძიება, დახმარება და სხვ.) მოცემულია შემდეგი რუბრიკები:
. საორკესტრო საკრავები;
. მუსიკალური ლაბორატორია;
. რა ხდება სიმფონიურ მუსიკაში;
. რადიო.
თითოეული რუბრიკა დამოუკიდებელია და მასში შემავალი ქვეკომპონენტები თამაშის პრინციპითაა აგებული.
ვებგვერდის გახსნისთანავე საზეიმო განწყობილებას გვიქმნის მუსიკა (ლ. ბეთჰოვენი, V სიმფონია, IV ნაწილის მთავარი თემა), რომლის ფონზეც ჩარჩოში იხსნება თეატრალური ფარდა. ეს ანიმაციური ხერხი საორკესტრო საკრავების გაცნობის დროსაც არის გამოყენებული. ბმულ საორკესტრო საკრავების არჩევისას იხსნება ორკესტრის განლაგების სქემა. ამ სქემაზე ინსტრუმენტთა რომელიმე ჯგუფზე დაწკაპუნებით სცენაზე მისი განლაგების სივრცე მოინიშნება, რითაც ბავშვის მეხსიერებაში აღიბეჭდება სცენაზე ამ ჯგუფის განლაგება. თითოეული ჯგუფი – სიმებიანი, ხის ჩასაბერი, ლითონის ჩასაბერი, დასარტყამი, – თავის მხრივ, წარმოადგენს ცალკე ბმულს, რომელშიც გრაფიკული და ტექსტური ბმულების მეშვეობით მთელი ჯგუფია წარმოდგენილი. აქედან შესაძლებელია საკუთრივ საკრავებზე გასვლა, სადაც ნათლად და ლაკონურადაა აღწერილი თითოული მათგანი, მოცემულია მათი სოლო და ორკესტრში ჟღერადობის მაგალითები, ასევე – საკრავის გამოსახულება სხვადასხვა რაკურსით, დეტალების გამოყოფის შესაძლებლობით.

რუბრიკით მუსიკალური ლაბორატორია ბავშვებს სთავაზობენ სხვადასხვა სახის თამაშობაში ჩართვას, განსხვავებულ ინტერპრეტაციებს შორის არჩევანის გაკეთებას, რითაც სახალისო ფორმით, ძალდაუტანებლად, მარტივად აცნობენ მუსიკის თეორიის ძირეულ ცნებებს. თითოეულ ცნებას მოსწავლეები ჟღერადობით, გრაფიკულად, ანიმაციით ეცნობიან. მათ თან ახლავს ბავშვისთვის ადაპტირებული ტექსტიც.
მუსიკალურ ლაბორატორიაში მოცემული ბმულებია: 

* მუსიკის თეორიის საფუძვლები, სადაც საინტერესო, სახალისო ფორმით გვაცნობენ მუსიკალური დამწერლობის საფუძვლებს – ხუთხაზიან სანოტო სისტემას, გასაღებებს, ზომას და ა. შ;

* ტემპი. აქ შეიძლება მოვისმინოთ მელოდია ძალიან ნელ, ნელ, საშუალო, ჩქარ, ძალიან ჩქარ ტემპში, რაც ანიმაციურადაც – მეტრონომის მოძრაობით და დასარტყამ ინსტრუმენტებზე შემსრულებლის აჩქარება-შენელებით – არის ილუსტრირებული.

* რიტმი. ამ ბმულის თანმხლებ ანიმაციაზე ტაქტი სახლია, ხოლო თითოეული თვლა – ოთახი. ბავშვი უსმენს “ოთახებში” განლაგებულ სხვადასხვა რიტმულ ნახაზს.

* ბგერის სიმაღლე. ხუთხაზიან სისტემაზე განლაგებული რვა ბგერის განსხვავებულ ჟღერადობას შესაბამისი ოქტავის ფარგლებში კლავიშებზე დაჭერით ვეცნობით. ავტორები თავს არიდებენ ინფორმაციით ბავშვის გადატვირთვას და ნიმუშად აძლევენ ფა ბგერათრიგს (და არა ფა-მაჟორს, რაც ალტერაციის ნიშნის გაჩენას გამოიწვევდა), რომელიც სანოტო სისტემაზე ჩაწერისას არ მოითხოვს დამატებით ხაზებს.

* ჰარმონია, სადაც მომხმარებელს ეძლევა მოკლე მელოდია და მისი ჰარმონიზაციის სამი ვარიანტი – ბედნიერი, სევდიანი, შიშისმომგვრელი. მასალა ისეა მიწოდებული, რომ მოსმენისას ბავშვი უნდა მიხვდეს – ერთი და იმავე მელოდიის ბედნიერი, სევდიანი და შიშისმომგვრელი ჟღერადობა ჰარმონიის ცვლილებით იქმნება. შთაბეჭდილების გასაძლიერებლად განწყობილების ცვლა ანიმაციურადაც გამოისახება. მაგალითად, შიშის განწყობილებას ამძაფრებს ღამე, ჭოტი და სიბნელეში მფრინავი ღამურები.

* სიმბოლოები, სადაც სანოტო ჩანაწერში ამა თუ იმ სიმბოლოს შეტანა მუსიკალური ფრაზის სხვადასხვაგვარად აჟღერებას იწვევს.

* ორკესტრობა, სადაც სამხმიანი მელოდიის თითოეული ხმა სხვადასხვა ტემბრით: I – ფლეიტა, II – ვიოლინო, III – ტუბა, – სრულდება. მომხმარებელი თვითონ ირჩევს, რომელ ხმას ან ხმათა რომელ კომბინაციას მოუსმინოს.

* მუსიკალური ნაწარმოების შესრულება, სადაც ვირტუალურ კლავიატურაზე დანომრილი და სხვადასხვაგვარად შეფერადებულია 10 ბგერა. რამდენიმე ცნობილი მელოდიის სანოტო ჩანაწერიც ამავე პრინციპითაა დანომრილი და გაფერადებული. მომხმარებელ-ბავშვს ამგვარი ჩანაწერი დაკვრაში დაეხმარება. იქვე ამ მელოდიასაც მოვისმენთ.

* მუსიკალური კომპოზიციის შექმნა, სადაც მომხმარებელმა რვა დამოუკიდებლად მოცემული ტაქტი სურვილისამებრ უნდა დაალაგოს, მოისმინოს და მათ შორის საუკეთესო აარჩიოს (ცხადია, ეს მელოდია იმგვარადაა შექმნილი, რომ ყველა თანამიმდევრობა მეტ-ნაკლებად მისაღები იყოს).
რუბრიკით რადიო ბავშვები გაეცნობიან პროფესიული მუსიკის მაღალმხატვრულ ნიმუშებს. რადიოს გამოსახულებას 6 ღილაკი – “ტალღა” – აქვს და თითოეულ მათგანზე 7 მუსიკალური ფრაგმენტია მოცემული. რეპერტუარი ფართოა: ი. ს. ბახის, ჯ. როსინის, ი. სტრავინსკის, ვ. ა. მოცარტის, ე. ელგარის, ა. კოპლენდის, პ. ჩაიკოვსკის, რ. შტრაუსის და სხვა კომპოზიტორთა ნაწარმოებებიდან. თითოეული ფრაგმენტი 2-3 წუთის განმავლობაში ჟღერს.

რუბრიკა რა ხდება სიმფონიურ მუსიკაში სან-ფრანცისკოს სიმფონიური ორკესტრის საკონცერტო აფიშას წარმოადგენს, სადაც მსმენელს სთავაზობენ:

* საოჯახო კონცერტების სერიას; 
* საბავშვო კონცერტებს – პროგრამის, აუდიტორიის სავარაუდო ასაკის (საბავშვო ბაღის საფეხურების ჩათვლით) და კონცერტის ხანგრძლივობის მითითებით; 
* ჩინურ ახალ წელს;
* მუდმივმოქმედ საკონცერტო პროგრამას – ს. პროკოფიევის “პეტია და მგელს”, რომელიც საორკესტრო საკრავთა გაცნობის ქრესტომათიულ ნიმუშად ითვლება.

ვებგვერდი იძლევა მუსიკასთან დაკავშირებული თემატიკის ღია ბარათის გაგზავნის საშუალებასაც. 
იქნებ ვინმეს ეხამუშოს საიტის მხატვრული გაფორმება, მაგრამ, ვფიქრობთ, მასაც ახალგაზრდობის მიზიდვის ფუნქცია აკისრია და წარმატებითაც ართმევს თავს პოპულარული საბავშვო სატელევიზიო არხის – JETIX-ის (jetixtv.com) სტილის განმეორებით.
მასწავლებელებს შეიძლება მივაწოდოთ სხვა სასარგებლო ბმულებიც:
 
ასეთი ვებრესურსი მრავლადაა სხვა სასკოლო, როგორც ჰუმანიტარული, ასევე საბუნებისმეტყველო დისციპლინებისთვისაც. მიგვაჩნია, რომ ეს სფერო, მიუხედავად იმისა, რომ ახალია, სერიოზულ ინსტრუმენტს წარმოადგენს სკოლის მასწავლებლების დასახმარებლად.

რა არის კონტენტის მართვის სისტემა ანუ CMS-ი

0
ჟურნალი “Time” ყოველი წლის ბოლოს წლის პიროვნებას ასახელებს. ეს ტრადიცია 80 წელიწადზე მეტია არსებობს. ამ ტიტულის მფლობელი ის ადამიანი ხდება, რომელმაც წლის განმავლობაში ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე. 2012 წელს წლის პიროვნებად უკვე მეორედ დაასახელეს ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა, 1982 წელს კი ეს საპატიო წოდება ჟურნალმა საერთოდაც კომპიუტერს მიანიჭა.

ნომინაციაზე, მისი ისტორიის განმავლობაში, ბევრი საკამათო პიროვნება იყო ნომინირებული, მაგალითად, 1938 წელს – ადოლფ ჰიტლერი, ხოლო 1939 და 1942 წლებში – იოსებ სტალინი.

ჩემი აზრით, ყველაზე საინტერესო არჩევანი ჟურნალმა 2006 წელს გააკეთა, როდესაც წლის პიროვნებად აბსტრაქტული “შენ” (YOU) დაასახელა – თითოეული ჩვენგანი, ისინი, ვინც თანამედროვე ინტერნეტს ვქმნით: ინტერნეტში ფოტოებს ვაქვეყნებთ, YouTube-ზე ვიდეოჩანაწერებს ვტვირთავთ, ვწერთ ბლოგს და კომენტარებს ვტოვებთ.

თავდაპირველად ინტერნეტში ჩართვა ძვირი სიამოვნება იყო, რის საშუალებაც მხოლოდ დიდბიუჯეტიან ორგანიზაციებს ჰქონდათ. მოგვიანებით, 90-იან წლებში, ინტერნეტთან დაკავშირება სატელეფონო ქსელის საშუალებით გახდა შესაძლებელი. ინტერნეტკავშირის უზრუნველსაყოფად საჭირო იყო პერსონალური კომპიუტერი და სპეციალური მოწყობილობა – მოდემი, რომელიც უკვე არც ისე ძვირი ღირდა. ამ დროიდან ინტერნეტის ნამდვილი ბუმი დაიწყო. ინტერნეტაუდიტორია სწრაფად იზრდებოდა, რამაც ბიზნესის ინტერესი გამოიწვია. ბიზნესი მარტივი წესით ხელმძღვანელობს: იქ, სადაც დიდი აუდიტორიაა, ყოველთვის შეიძლება ფულის შოვნა. იმხანად ზოგიერთს ინტერნეტის კომერციალიზაცია დაუშვებლად მიაჩნდა, ვინაიდან მისი ძირითადი დანიშნულება სამეცნიერო დაწესებულებებს შორის ინფორმაციის თავისუფალი გაცვლა იყო, მაგრამ დრომ ყველაფერს თავისი ადგილი მიუჩინა. ბიზნესი ინტერნეტში აქტიურად დაიძრა, პროგრამისტები და დიზაინერები დაიქირავა. ის, ვინც იმხანად ინტერენტში ინფორმაციას ათავსებდა, ვებგვერდს ქმნიდა, ამაში გარკვეულ ანაზღაურებას იღებდა. შესაბამისად, ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ინტერნეტში ინფორმაციას ათავსებდა, ეს მისი სამსახური იყო.

ვინ აყალიბებს ინტერნეტის სახეს

ჟურნალ “ტაიმის” აზრით, 2006 წლისთვის ვითარება რადიკალურად შეიცვალა. თუ თავდაპირველად ადამიანები ძირითადად გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ ათავსებდნენ ინფორმაციას ინტერნეტში, მოგვიანებით გაჩნდა უამრავი ინტერნეტსერვისი (youtube, facebook, flickr, twitter და სხვა), რომელთა მეშვეობითაც ინტერნეტის რიგითი მომხმარებლები ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე დღესაც აქტიურად აგრძელებენ ინტერნეტში ინფორმაციის განთავსებას.

დღეს ინფორმაციის უმეტეს ნაწილს ინტერნეტში ჩვეულებრივი ადამიანები ათავსებენ. ინტერნეტი ისეთია, როგორსაც ჩვენ, ინტერნეტის რიგითი მომხმარებლები, ჩვენი პოსტებით, ვიდეოებით, კომენტარებით ვქმნით.

როგორ შევქმნათ ვებგვერდი

 

მიუხედავად იმისა, რომ ინტერნეტში ინფორმაციის განთავსება ბევრისთვის ჩვეულებრივ, ყოველდღიურ საქმიანობად იქცა, ვებგვერდის შექმნა მაინც რთულ ამოცანად რჩება. ზოგიერთს მიაჩნია, რომ ეს საქმიანობა HTML კოდებსა და პროგრამირებასთან არის დაკავშირებული. არადა ინტერნეტის განვითარებასთან ერთად გაჩნდა ახალი ტექნოლოგიები, რომლებიც არაპროგრამისტს ძალიან უადვილებს ვებგვერდის შექმნას.

კონტენტის მართვის სისტემები (Content Management System (CMS)

 

კონტენტის მართვის სისტემა ფაილების ერთობლიობას წარმოადგენს, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია კონტენტის, დიდი ოდენობის ინფორმაციის, მართვა ინტერნეტში. ასეთი სისტემა ბევრია. ზოგიერთი მათგანის სახელი იქნებ გაგიგონიათ კიდეც:
WordPress.org https://wordpress.org/
და სხვ.
კონტენტის მართვის სისტემები (CMS-ები) ვებგვერდის შექმნის საშუალებას იძლევა.
ასეთი სისტემების დიდი ნაწილი უფასოა. ინტერნეტიდან მათი გადმოტვირთვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. მათთან მუშაობა არ მოითხოვს პროგრამირების ცოდნას; საჭიროა მხოლოდ მათი მართვის შესწავლა.
კონტენტის მართვის სისტემის საშუალებით ვებგვერდის შესაქმნელად:
1. მომხმარებელმა უნდა შეიძინოს ჰოსტინგი (ადგილი ინტერნეტში, რომელზეც განათავსებს თავის კონტენტის მართვის სისტემას (CMS-ს) ანუ ვებგვერდს)
2. და დომეინი (ანუ სახელი. ნებისმიერ ვებგვერდს ჭირდება თავისი სახელი).
მომდევნო ნაბიჯი ინტერნეტიდან გადმოწერილი კონტენტის მართვის სისტემის დაინსტალირებაა. ზოგიერთ უცხოურ ჰოსტინგს (ანუ ადგილს, სადაც ვებგვერდის განთავსება შეიძლება) ავტომატურად მოჰყვება ჩაშენებული კონტენტის მართვის სისტემები. მომხმარებელმა მხოლოდ უნდა გააქტიუროს ისინი.

თემფლეითები ანუ საიტის დიზაინი

 

ძირითადი სამუშაო მას შემდეგ იწყება, რაც კონტენტის მართვის სისტემას გავააქტიურებთ. თითოეული ჩამოთვლილი კონტენტის მართვის სისტემისთვის ინტერნეტში უამრავი თემფლეითი მოიძებნება. თემფლეითი ერთგვარი ჩარჩოა, რომელიც თქვენი საიტის ვიზუალურ მხარეს განსაზღვრავს (საიტის ფერებს, მენიუს ღილაკების ზომებს, ძირითადი ტექსტის, სათაურების, ქვესათაურების სტილებს და ა. შ.). აღსანიშნავია ისიც, რომ ზოგიერთი თემფლეითი ფასიანია, თუმცა თითოეული კონტენტის მართვის სისტემისთვის ინტერნეტში უამრავი უფასო თემფლეითის მოძიება შეიძლება.

როდესაც კონტენტის მართვის სისტემა დაინსტალირებულია და მისთვის თემფლეითიც შერჩეულია, შეგიძლიათ, თქვენი საიტისთვის მენიუს შექმნაზე იზრუნოთ და მის თითოეულ ღილაკს საიტის შესაბამისი, თქვენ მიერვე შექმნილი სექცია დაუკავშიროთ. ერთი სიტყვით, საიტის სტრუქტურა გამართოთ. ამ პროცესში თქვენს კონტენტის მართვის სისტემას (CMS-ს) შეგიძლიათ დაუყენოთ ფლაგინები, რომლებიც დამატებით შესაძლებლობებს შესძენს საიტს. მაგალითად, დააინსტალიროთ ფლაგინი, რომელიც თქვენს საიტზე ფეისბუქის კომენტარების ფანჯარას გააჩენს ან მრავალფუქციური ფოტოგალერეის შექმნის საშუალებას მოგცემთ. თითოეული ზემოთ ჩამოთვლილი კონტენტის მართვის სისტემისთვის ისეთივე რაოდენობის ფლაგინი არსებობს, რამდენიც დიზაინის თემფლეითი, ანუ ძალიან ბევრი.
როგორც ხვდებით, კონტენტის მართვის სისტემა კომპიუტერული პროგრამის მსგავსად მუშაობს, რომლის შესაძლებლობები დამატებითი ფლაგინებისა და თემფლეითების საშუალებით შეგიძლიათ საგრძნობლად გაზარდოთ, საბოლოო შედეგი კი გამართული მაღალპროფესიონალური ვებგვერდი იქნება.

ფრანგული გაკვეთილები

0

ჰა-ჰა, ერთი თვე გასულიყოს მას შემდეგ, რაც კეკელიძის ქუჩაზე ასეთ სცენას შევესწარი: ორი მოზარდი, ასე, მეოთხე-მეხუთეკლასელები, ომობანას თამაშობდნენ. არა, ისინი არ ებრძოდნენ ერთმანეთს, როგორც ეს ჩემს ბავშვობაში ხდებოდა ხოლმე; მათ საერთო მტერი ჰყავდათ – ჩინელები. “შეხედე, ჩინელი, დროზე ესროლე, არ გაგვექცეს!” – დაიყვირა ერთმა მათგანმა. ამას ისიც დაერთო, რომ ერთ-ერთი საჯარო სკოლის ეზოში საარაკოდ არატოლერანტულ დამოკიდებულებას შევესწარი ეთნიკურად ქართველი მოსწავლეების მხრიდან. მინდა მჯეროდეს, რომ სხვა ერების სიძულვილი ქართულ სკოლებში არ ისწავლება. იმედი მაქვს, არც ოჯახებში მოძღვრავენ შვილებს ამგვარად, მაგრამ ფაქტი ხომ ფაქტად რჩება?! ისიც ნაღდია, რომ მოზარდის აღზრდის პროცესში სკოლა და ოჯახი ერთმანეთს ავსებენ და რაშიც ერთი მოიკოჭლებს, მეორემ უნდა გამოასწოროს.

ამ ამბებმა ერთი ფრანგული ფილმი გამახსენა – “კლასი” ჰქვია. სურათი 2008 წელს ვნახე, როცა მან ოქროს პალმის რტო დაიმსახურა. ბოლო 21 წლის განმავლობაში ეს ერთადერთი ფრანგული პროექტი იყო, რომელმაც კანის კინოფესტივალის მთავარი ჯილდო მიიღო.

კინო ფრანსუა ბეგადოს წიგნის “Entre les murs” მიხედვითაა გადაღებული, სცენარის ერთ-ერთი ავტორიც თავად გახლავთ და ფილმში მთავარი როლიც თავად შეასრულა.

“კლასის” ხელახლა ნახვა მოზარდებში ტოლერანტობასთან დაკავშირებული პრობლემების დაძლევის ფრანგული გამოცდილების გასაცნობად გადავწყვიტე. გონივრული ეჭვი მქონდა, საფრანგეთის დარ მრავალეროვან ქვეყანას ამ მხრივ საუკეთესო გამოცდილება უნდა ჰქონოდა. ნურას უკაცრავად! ფილმში მოზარდებს შორის ტოლერანტობის პრობლემის დასაძლევად გამიზნულ ნაბიჯებს ვერ ნახავთ, რადგან… ის იქ უკვე დაძლეულია. ფილმში ფრანგული საგანმანათლებლო სივრცე სხვა ეტაპზეა გადასული. კი, აქ შეხვდებით საუბრებს არაბების, მაროკოელების, ალჟირელების, ჩინელების, კოტ-დ’ივუარელების შესახებ, მაგრამ ეროვნებათა შეჯახება ფეხბურთის თემას იშვიათად სცდება. მაგალითად, მოსწავლეები დავობენ იმის შესახებ, დიდიე დროგბა უფრო მაგარია თუ ტიერი ანრი, მაგრამ მათ საუბარში ნიშნის მოგებისა და ბოღმის ნატამალიც კი არ არის. საერთოდაც, თუ კარგად დააკვირდებით, მიხვდებით, რომ მერვე კლასში მთავარი გამხურებელი სულეიმანია, ბიჭი მალის რესპუბლიკიდან, და როცა საქმე საქმეზე მიდგება, მთელი კლასი, სხვადასხვა ეროვნების მოზარდები, მას თავგამოდებით იცავს.

სამაგიეროდ, “კლასში” არანაკლებ რთულ სხვა პრობლემებს ვაწყდებით. ეს ის პრობლემებია, რომლებიც ადრე თუ გვიან შეიძლება ქართული საგანმანათლებლო სივრცის წინაშეც დადგეს. მოქმედება ფრანგული ენის მასწავლებლის, ფრანსუა მარინის ირგვლივ ვითარდება, რომელიც იმავდროულად მერვე კლასის ხელმძღვანელიცაა. ის ახალგაზრდა კაცია, ჩვენებურად რომ ვთქვა, მოქეიფე, ჯან-ღონით სავსე თამადის ანტიპოდი. რბილი ხასიათისა და მანერების გამო მოზარდებთან ურთიერთობა უჭირს – ისინი მას სერიოზულად ვერ აღიქვამენ, თუმცა ეს პრობლემაც მხოლოდ ზოგიერთ შემთხვევაში იჩენს თავს.

ფრანსუა ცდილობს, ოქროს შუალედი გამონახოს, მოსწავლეები ერთმანეთის აგრესიისა და დაცინვისგან დაიცვას, მაგრამ გაგონილი გექნებათ, გამშველებელს მეტი ხვდებაო და მოზარდების მთელი აგრესია მის კისერზე გადადის.

ფილმი ზედმეტი პრანჭვის გარეშეა გადაღებული. მოძიებაც არ არის საჭირო – შუბლზე აწერია, მცირებიუჯეტიანია. ოპერატორს რეჟისორისგან ზუსტი დავალება აქვს მიღებული – მოქნილი იყოს, რათა სურათს დოკუმენტურობის ელფერი დაედოს, რაც მაყურებელს გარემოს უკეთ აღქმაში ეხმარება და იქაურ ამბებში მთლიანად ხლართავს. ფილმის მიმდინარეობისას მთელი სისავსით გრძნობთ ფრანსუა მარინის განცდებს, რომლისთვისაც სწავლება მხოლოდ სამსახური არ არის. ვფიქრობ, ეს არც მისი მოწოდებაა, მაგრამ თავის საქმეს ფრანსუა გულით აკეთებს. ის ცდილობს მოსწავლეებთან კომუნიკაციის დამყარებას, მაგრამ იშვიათად გამოსდის, როცა გაკვეთილი ცხოვრებისეულ თემებზე გულწრფელ საუბარს მოითხოვს და მათ მგრძნობიარე წერტილებზე აჭერს.

ქართველი მასწავლებლებისთვის ეს ფილმი ალბათ ზედმეტად ისტერიული და მეტ-ნაკლებად უცხო აღმოჩნდება. ისინი ჩვეულნი არ იქნებიან მოსწავლეებთან ასეთ დაძაბულ კომუნიკაციას. ზოგიერთი საკითხი ალბათ მათ ღირსებასაც დაარტყამს. მართლაც, ფრანსუა მარინი შავ დღეშია: უხერხულ შეკითხვებზე პასუხის გაცემა უწევს; ხანდახან იძულებულია, შეურაცხყოფას წაუყრუოს და საუბარი განაგრძოს; მოზარდებთან სიტყვები წინასწარ შეარჩიოს. როცა ამას ვერ ახერხებს – ძვირად უჯდება. შესაძლოა, ზოგჯერ მაყურებელს სურვილი გაუჩნდეს, რომელიმე მოსწავლეს გვარიანი ალიყური წამოსცხოს, მაგრამ საფრანგეთში ეს დაუშვებელია და მხოლოდ თავის დამშვიდებას კი არ შეეცდებით, არამედ მოგინდებათ, როგორმე ეკრანს მიღმა გაძვრეთ და მასწავლებელსაც ურჩიოთ, ნერვები დაიწყნაროს.

ერთი სიტყვით, ლორენ კანტეს ხოშიანი ფილმი გამოუვიდა. ის არც ქართველი მასწავლებლებისთვის უნდა აღმოჩნდეს ურიგო სანახავი. ზოგიერთ მომენტში მათ პრობლემების პრევენციაში დაეხმარება. ეს იქნება ერთგვარი აცრა. თუმცა ამდენს რატომ მალაპარაკებთ.?! თავად შეაფასეთ.

სულთა დაახლოება – ანრი ბერგსონი

0
ანრი ბერგსონი ვერ დაესწრო 1927 წლის 10 დეკემბერს სტოკჰოლმის, “გრანდ-ოტელში” ნობელის პრემიის გადაცემასთან დაკავშირებით გამართულ ბანკეტს, მის მიერ გამოგზავნილი წერილი წაიკითხა ფრანგმა დესპანმა არმან ბერნარმა.

მსურს ვისარგებლო შემთხვევით, რათა შორიდან მაინც სიტყვიერად გადმოგცეთ ის გრძნობები, რომელსაც განვიცდი. ნება მომეცით, ჩემი ხმა ფრანგი დესპანის, ბ-ნ არმან ბერნარის მეშვეობით მოგაწვდინოთ, რომელმაც თავაზიანად იკისრა ამ მისიის შესრულება. მთელი გულით ვუხდი მადლობას შვედეთის აკადემიას, რომელმაც უდიდესი პატივი მომაგო, პატივი, რომელსაც არათუ არ ველოდი, ამაზე ფიქრსაც ვერ გავბედავდი. მე მით უფრო ვხვდე­ბი მის მნიშვნელობას და, ამასთან, მით უფრო მეტად ვღელავ, როდესაც ვაცნობიერებ, რომ აღნიშნული ჯილდო, რომელიც, ჩემი სახით, ფრანგ მწერალს მიანიჭეს, შეიძლება განვიხილოთ, როგორც საფრანგეთის მიმართ სიმპათიისა და კეთილგანწყობის ნიშანი.

პრესტიჟი ნობელის პრემიისა აიხსნება მრავალი მიზეზით, მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, მისი ორმაგი თვისებით – იდეალის­ტურითა და ინტერნაციონალურით: იდეალისტურით, რამეთუ იგი მაღალი იდეებით შთაგონებული ნაწარმოებებისთვისაა განკუთვნილი, და ინტერნაციონალურით, რადგანაც მისი მინიჭება ხდება სხვადასხვა ქვეყნის მიღწევათა საგულდაგულო შესწავლისა და მთელი მსოფლიოს ინტელექტუალური მოღვაწეობის შეჯამების შემდეგ. ყოველგვარი მეორეხარისხოვანი მოსაზრების უარყოფით, – აქ მნიშვნელობა მხოლოდ სულიერ ღირებულებებს ენიჭება, – მსაჯულნი გონებით გადადიან იმ სფეროში, რომელსაც ფილოსოფოსები “გონის საზოგადოებას” უწოდებენ, რითაც მათ ზედმიწევნით მოჰყავთ სისრულეში ფონდის დამაარსებლის ჩანაფიქრი. თავის ანდერძში ალფრედ ბერნჰარდ ნობელი აცხადებს, რომ სურს ემსახუროს იდეალიზმსა და ხალხთა შორის ძმობის დამკვიდრების საქმეს. მან ზუსტად განსაზღვრა თავისი მიზანი, როდესაც ლიტერატურისა და სამეცნიერო მოღვაწეობისათვის დაწესებულ ჯილდოებთან ერთად დააწესა “მშვიდობის პრემიაც”.

ეს დიდი ჩანაფიქრი იყო იმ გენიალური გამომგონებლისა, რომელიც, როგორც ჩანს, არ იზიარებდა თავისი დროის ერთ ძალზე გავრცელებულ ილუზიას. XIX საუკუნეში, რომელმაც ტექნიკურ გამოგონებათა სფეროში არნახული აღმავლობა მოიტანა, ძალზე ხშირად გამოთქვამდნენ ვარაუდს, რომ ამ გამოგონებებს, მატერიალურ მიღწევათა უბრალო დაგროვების გზით, უნდა აემაღლებინა კაცობრიობის ზნეობრივი დონეც. მაგრამ ისტორიულმა გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ საზოგადოების ტექნიკური პროგრესი ჯერ კიდევ არ უზრუნველყოფს ამ საზოგადოების წევრთა ზნეობრივ სრულყოფილებას, ხოლო იმ მატერიალურ რესურსთა გამრავლებას, რომელსაც ფლობს კაცობრიობა, თან სდევს დიდი საფრთხეებიც, თუკი ამ პროცესს არ ახლავს შესაბამისი სულიერი ძალისხმევანი. ჩვენ მიერ შექმნილი მექანიზმები ხელოვნური ორგანოებია, რომელიც ბუნებრივ ორგანოებს ერწყმის, მათ გაგრძელებას ქმნის და, ამგვარად, ადამიანის, კაცობრიობის სხეულს აფართოებს. იმისათვის, რათა მთლიანად ამოივსოს სხეული და მოხდეს მისი მოძრაობების მართვა, აუცილებელია, რომ, თავის მხრივ სულიც გაფართოვდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, წონასწორობა დაირღვევა და ჩვენ სერიოზულ პრობლემებს შევეჯახებით როგორც სოციალურს, ასევე პოლიტიკურს, ეს პრობლემები კი სხვა არაფერია, თუ არა ანარეკლი იმ დისპროპორციისა, რომელიც არსებობს ადამიანის სულსა – რომელიც ისეთივე დარჩა, როგორიც იყო – და კოლოსალურად გაზრდილ სხეულს შორის. აი, ყველაზე განსაცვიფრებელი მაგალითიც: თითქოს ისე ჩანდა, რომ ორთქლისა და ელექტრობის გამოყენებას, მანძილის შემცირებასთან ერთად, თავისთავად მოჰყვებოდა ხალხთა ზნეობრივი დაახლოება. დღეს ჩვენ ვიცით, რომ ეს ასე არაა და რომ ანტაგონიზმი არათუ არ გამქრალა, არამედ შეიძლება უფრო გაღრმავდეს კიდეც, თუკი არ იქნა სულიერი პროგრესი და მგზნებარე სწრაფვა ძმობისკენ. სულთა დაახლოებას ხელს უწყობს საზოგადოებრივი ინსტიტუტები, რომელნიც თავიანთი არსით ინტერნაციონალურია და რომელთაც იდეალისტური სულისკვეთება აერთიანებს. სწორედ ასეთად მესახება ნობელის ფონდი.

გასაკვირი არაა, რომ ალფრედ ნობელის ჩანაფიქრი დაიბადა და განხორციელდა ისეთი მაღალი ინტელექტუალური კულტურის მქონე ქვეყანაში, როგორიც შვედეთია, იმ ხალხის წიაღში, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა ზნეობრივ საკითხებს, რომელიც მიხვდა, რომ მათ გადაწყვეტაზეა დამოკიდებული ყველა სხვა პრობლემის გადაჭრა, ხალხისა, რომელმაც – თუნდაც ერთი მკაფიო მაგალითით რომ ცხადვყოთ – პირველმა გააცნობიერა, რომ პოლიტიკური პრობლემები მეტწილად აღზრდის პრობლემებიდან იღებს სათავეს.

ამგვარად, ნობელის ფონდის მნიშვნელობა მით უფრო გრანდიოზულ მასშტაბს იძენს, რაც უფრო ღრმა აზრს დავინახავთ მის ამოცანებში და ამიტომ პატივი, რომელიც წილად მხვდა ნობელის პრემიის სახით, მით უფრო ღირებული და წონადია. ამ პრემიის მნიშვნელობას მე მთელი სიგრძე-სიგანით ვაცნობიერებ. აი, ეს გახლდათ, რაც მსურდა მემცნო ფრიად პატივცემული აუდიტორიისათვის, ახლა კი ნება მიბოძეთ იმით დავამთავრო, რითიც დავიწყე და კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩემი თქვენდამი ღრმა მადლიერება.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...