ხუთშაბათი, აპრილი 9, 2026
9 აპრილი, ხუთშაბათი, 2026

ის

0

ის ერთ-ერთი მათგანი იყო. არც ნაბოლარა, არც პირველი…

ისინი ერთად ცხოვრობდნენ ერთ დიდ სახლში… ისიც მათთან ერთად ცხოვრობდა…

ისინი ერთად თამაშობდნენ სახლობანას, ხელისჩაჭიდობანას, დაჭერობანას… ისიც მათთან ერთად ერთობოდა, თუმცა მხოლოდ რამდენიმე მათგანისთვის ახერხებდა თამაშში აყოლას…

დრო გადიოდა და იზრდებოდნენ. იზრდებოდა ისიც… ახლა ისიც და ისინიც უფრო სერიოზულები ჩანდნენ. უფროსები ერთმანეთთან საქმიან კავშირებს ამყარებდნენ. ამ კავშირების წყალობით ჩანდნენ ყველგან. მათზე ხშირად წერდნენ, ხშირად მიმართავდნენ დახმარებისა თუ სხვა საჭიროებისთვის… ისიც მათთსავით იყო, თუმცა დანარჩენებივით არ ბრწყინავდა…

ისინი სულ უფრო და უფრო ხვეწდნენ ურთიერთობის ხელოვნებასა და ფორმებს. მათ უკვე ყველგან ნახავდით – სოფლად თუ ქალაქად, მაღაროში თუ სცენაზე, გასტრონომსა თუ აფთიაქში, კვარცხლბეკზე თუ სატუსაღოში… მოკლედ, ისე გამრავლდნენ, რომ მთელი ქვეყანა ისინი იყვნენ… მაგრამ ყოველი მათგანი ერთი და იმავე წესით ცხოვრობდა, ერთსა და იმავე გატკეპნილ ბილიკს მიუყვებოდა და არც ერთ მათგანს არ მოუვიდოდა აზრად ამ გზიდან გადახვევა… ისიც მიუყვებოდა ამ ნაცად ბილიკებს, მაგრამ ხშირად თვალი გვერდით წამომართული მთის კალთებისკენ გაურბოდა… იქ ჯერ არავის გაევლო, იქ ჯერ არ იყო გზა, ბილიკი, სულის მოსათქმელი ჩერო თუ დაღლილი მგზავრის მხსნელი ანკარა წყარო…

ერთ დღესაც, როდესაც ყველა ერთად მიუყვებოდა უკვე წესად ქცეულ ბილიკს, მან ნაბიჯი გვერდით გადადგა… უმალ უკან დააბრუნეს და გაკიცხეს. ის ჯერ პატარა იყო და წინ ვერ აღუდგა მათ, მორჩილად დაუბრუნდა საერთო ფერხულს…

დრო გადიოდა… ცხოვრების რიტმი და ტემპი სულ უფრო და უფრო ჩქარდებოდა. ახლა ისინი უკვე მთელი სისწრაფით დაქროდნენ ამ გატკეპნილ ბილიკზე, ეშურებოდნენ ერთმანეთთან მირბენას, რაღაცის გადაცემას თუ გამორთმევას, მერე ისევ ვიღაცასთან გაქცევას და ასე დაუსრულებლად ყოველდღე, ყოველ საათს, ყოველ წამს, დღისით თუ ღამით… შორიდან მათი ფუსფუსი ერთ დიდ და უსასრულო როკვას წააგავდა. ამით ისარგებლა მან და ისევ გამოეყო საერთო ფერხულს…

მთის წვერი იზიდავდა. იქ, სადაც ყოველ ცისმარე დღეს შემოსკუპდებოდა ხოლმე მზე და უნათებდა სავალ ბილიკებს… ეგონა, მთის მწვერვალს თუ მიაღწევდა, იქ მზე დახვდებოდა და ხელით შეეხებოდა…

ჰოდა, ერთხელაც შეუყვა მთის ვარდყვავილიან და ნარეკლიან კალთას. გზა არ იყო და იგი თავად მიკვალავდა ბილიკს…

მათ ის ისევ შეამჩნიეს და აურზაური ატეხეს. ვინ ევედრებოდა, ვინ უყვიროდა, ვინ ლანძღავდა, გაკიდებით კი არავინ გაჰკიდებია, რადგან ზოგს სიმაღლისა ეშინოდა, ზოგს – ნარ-ეკლისა, ზოგს კი ეთალიკებოდა კიდეც იქ სიარული.

ის კი სულ წინ და წინ მიიწევდა. გზა მართლა ძალიან ძნელი იყო, მაგრამ მზესთან შეხების სურვილი სძლევდა ტკივილებს. თან უკან დასაბრუნებელი გზაც აღარ ჰქონდა… ახლა ყოველი ტანჯვით გადადგმული ნაბიჯი აშორებდა “თავისიანებს”, მაგრამ აახლოებდა მთის მწვერვალთან…

ისინი კი მტკიცედ იდგნენ თავიანთ ბილიკზე და მას გასცქეროდნენ. ზოგი ისევ ხელს უქნევდა და დაბრუნებას სთხოვდა, ზოგი ისევ თათხავდა, ზოგი ცნობისმოყვარეობას ვერ ელეოდა…
და ერთხელაც მან მიაღწია “თავის მწვერვალს”…

ეს მოხდა გამთენიისას…

და როცა მზე ამოვიდა, ის ახლოს აღმოჩნდა მზესთან. თავადაც აენთო.

ისინი მას აღარ უცქეროდნენ, რადგან მზისათვის თვალის გასწორება არ შეეძლოთ…

აი, ასეთი გზა განვლო ნახშირბადის ელემენტმა. როდესაც აღმოჩინეს, როგორც სხვა ელემენტებს, მასაც მიუჩინეს სამუდამო სამყოფელი მეორე პერიოდის მეოთხე ჯგუფში და ამით ვერდიქტი გამოუტანეს – ისევე ეცხოვრა და მოქცეულიყო, როგორც ცხოვრობდნენ და იქცეოდნენ დანარჩენი ელემენტები. ამ წესებით, ის ორვალენტიანი უნდა ყოფილიყო. თუმცა მას სხვა მისწრაფებები ჰქონდა. ამ არასტანდარტულობის გამო დიდხანს არ ესმოდათ მისი ქცევა და ანომალიური ელემენტის ტიტულიც დაიმსახურა.

პირველად მაშინ გადაუხვია “საერთო ბილიკიდან”, როცა აღმოჩნდა, რომ სხვა ელემენტებისთვის მიღებული ჟანგვითი რიცხვის ცნება მისთვის გამოუსადეგარი იყო (მაგალითად, გამოვთვალოთ ჟანგვითი რიცხვი Al2O3-სა და C3H8-ში). დანარჩენ ელემენტებში თუ შეგვიძლია, ერთი საერთო წესის გამოყენებით ზევიდან დახედვით გამოვთვალოთ დაჟანგვის რიცხვი, ნახშირბადისთვის მოლეკულის შიგნით ჩახედვაა საჭირო. სანამ ამას მიხვდებოდნენ მეცნიერები, ნახშირბადი გარიყული იყო. მეცნიერებს ვინ დაეძებს, ვატიკანიც არ სწყალობდა – ანათემას გადასცეს. ამიტომ, როგორც ასეთ დროს ხდება ხოლმე, ნახშირბადიც თითქოს თავის თავში ჩაიკეტა და თვითრეალიზაციის საკუთარი გზა აირჩია. ელექტრონებით თუ ენერგეტიკული დონეებით მდიდარი ელემენტები მრავალფეროვნების გამოსახატავად ლამის ტყავს იძრობენ – იცვლიან დაჟანგულობის რიცხვს, იყენებენ თავისუფალ ორბიტალებს, “სუსტ” წყალბადურ და კოორდინაციულ ბმებზეც არ ამბობენ უარს, რომ როგორმე ახალ-ახალი ნაერთების სახით მოიწონონ თავი ჩვენ წინაშე. ნახშირბადატომი კი განსაკუთრებულია. მან თვითრეალიზაციის უნიკალურ მეთოდს მიაკვლია. ის ერთადერთი ელემენტია, რომელსაც შეუძლია წარმოქმნას ნახშირბადოვანი ჩონჩხი თუ ციკლური სტრუქტურები, თავისი “ფანტაზიის” წყალობით მოგვევლინოს მილიონობით ნაერთში და იმავდროულად იყოს “ანომალიურად”, მაგრამ უცვლელად ოთხვალენტიანი…

კლასში, სამეგობროში, სამეზობლოში თუ ვინმე ისე არ იქცევა, როგორც დანარჩენები, კარგად დავაკვირდეთ – ვინ ისიც, იქნებ ის “ის” არის…

ენობრივი გარემოს ცვლილებების შესახებ

0

არ მახსოვს, მითქვამს თუ არა თქვენთვის, რომ ზოგადი ენათმეცნიერების სპეციალისტი ვარ. დედამიწის ზურგზე ყველაზე მეტად ენობრივი კვლევები და ენობრივი თამაშები მიტაცებს.

ბევრი რელიგიური დღესასწაული მიყვარს, მაგრამ ყველაზე მეტად – სულთმოფენობა, ენათმეცნიერების დაბადების დღე, როცა სხვადასხვა ენებზე საუბრის ნიჭით დაჯილდოებული მოწაფეები მაცხოვარმა საქადაგებლად გაუშვა დედამიწის ოთხივე მხარეს.

რაღა დაგიმალოთ და, ბაბილონის გოდოლის დანგრევაც არ მიმაჩნია დიდ სასჯელად უფლის მხრიდან. უფრო მგონია, რომ ენების არევით მან ადამიანებს უთხრა – ჯერ ერთმანეთთან სალაპარაკო ენა ისწავლეთ და ჩემამდე ამოსვლა მერე დააპირეთო.

ჰოდა, უკვე რამდენი ხანია, ერთ საბავშვო წიგნს ვწერ, “დიმიტრი და ლექსიკონები” ჰქვია და პატარა ბიჭზეა, რომელსაც დაბადებიდან უცნაური ნიჭი აქვს – ყველა ენაზე ლაპარაკობს.

“მისი ნიჭის შესახებ პირველად მაშინ გაიგეს, როცა საბერძნეთში სამუშაოდ წასულმა დედამ და მამამ ორი წლის ბავშვი თავიანთ ბერძენ მამიდას დაუტოვეს რამდენიმე კვირით – ცოტას ავეწყობით, ბინას ვიქირავებთ და წავიყვანთო.

მამიდა გააოცა ბიჭის საქციელმა – ის ერთი კვირით დადუმდა, სიტყვა არ უთქვამს, ნაღვლიანი თვალებით დედას ეძებდა და არაფერს, სულ არაფერს ამბობდა. ერთი კვირის თავზე კი ისეთი ბერძნულით ალაპარაკდა, ყველას უკვირდა – არც ერთი შეცდომა, არასწორად დასმული მახვილი თუ ბრუნვის ნიშანი.

მერე მშობლებმა წაიყვანეს. მამამისი ერთ-ერთ კუნძულზე სასტუმროში მუშაობდა ადმინისტრატორად, ჰოდა, ერთ დღეს ბიჭმა და დედამ მიაკითხეს სამსახურში. სანამ მამა გამოვიდოდა, დედა ვიღაც ბერძენ ქალთან საუბრით გაერთო და ვერც შეამჩნია შვილი, რომელიც შვედი ტურისტების ტყუპ გოგონასთან ცხარე კამათში ჩაება: – რა ჯობია, მზე ზღვაში რომ ჩადის თუ ზღვის ზედაპირს რომ ანათებს, თუ სულაც ღამით უკეთესია? – რა თქმა უნდა, დიმიტრიმ ვერც კი შეამჩნია, რომ ის და გოგონები ერთ ენაზე საუბრობდნენ – შვედურად.

მერე ბიჭი გაიზარდა და ბერძნულ სკოლაში შევიდა. ძალიან კარგად სწავლობდა, განსაკუთრებით – უცხო ენებს, ადვილად საუბრობდა რუსულად, ინგლისურად, ქართულად, თურქულადაც კი, რაც მთავარია, ამაში განსაკუთრებულს და საკვირველს ვერაფერს ხედავდა, რადგან იმ წუთშივე თავისთავად იმ ენაზე იწყებდა მეტყველებას, რომელ ენაზეც მისი თანამოსაუბრე.

ჩემთვის ეს ბიჭი მთელი სამყაროა, თანამედროვე სამყარო. ახლა გერმანიაში ცხოვრობს, საბერძნეთის კრიზისის გამო მისმა მშობლებმა სამსახური დაკარგეს, შედეგად მან – თავისი ბერძნული სახლი და ბერძენი მეგობრები.

გერმანულ სკოლაში სწავლობს და თარგმანისა და ლექსიკონების გარეშე ახერხებს ემეგობროს გერმანიაში მყოფ თურქ, ბერძენ, არაბ, ქართველ, რუს, რუმინელ, აფრიკელ ემიგრანტ თუ დევნილ ბავშვებს, ვინც საკუთარი ქვეყნებიდან ომმა თუ შიმშილმა გამოაძევა”.

ეს ნამდვილი ამბავია, იქნებ ოდნავ გაზვიადებული, მაგრამ ნამდვილი.

სულ იმაზე ვფიქრობ, რა შედეგს გამოიღებს თუ რა კვალს დაამჩნევს მომავალში ჩემი დიმიტრის ფაქიზ სულსა თუ ფსიქიკას (რომლის ერთ-ერთი საძირკველი თუ განმაპირობებელი სწორედ ენობრივი ქცევის უნარია) ეს ენობრივი ცვლილებები, შეცვლის თუ არა მას როგორც ადამიანს, გახსნის თუ ჩაკეტავს მისი გონებისა და ინტელექტის უჯრებს, როგორ მოახერხებენ მის ტვინსა თუ სამეტყველო აპარატში თანაცხოვრებას სხვადასხვა სტრუქტურის ენები.

ამ ყველაფერზე პასუხს ალბათ დიდი ხნის შემდეგ მივიღებთ მეც და მრავალი მსგავს ენობრივ სიტუაციაში ჩავარდნილი ბავშვის მშობელიც, რადგან ასეთ სიტუაციაში ენობრივი საზღვრის გავლება უფრო რთული საქმეა, ვიდრე ისრაელსა და პალესტინას შორის ურთიერთობის მოწესრიგება.

მანამდე კი, სანამ შედეგებს მოვიმკიდეთ, შეგვიძლია მაქსიმალურად გავუფრთხილდეთ და მოვეფეროთ ჩვენს შვილებს, რომელთა გულებშიც ენობრივი ქარიშხლები მძვინვარებს.

საკუთარი თავის მართვა

0

პიტერ დრუკერს მენეჯმენტის მამად მოიხსენიებენ. გასული საუკუნის 40-იანი წლებიდან მოყოლებული მრავალი მსხვილი კონცერნი „დრუკერის პრინციპებით” ხელმძღვანელობს. დრუკერს ეკონომიკური პროგრესისა და სოციალური ჰარმონიის თანაარსებობის სჯეროდა. მისი სტატია „საკუთარი თავის მართვა” (Managing Oneself), რომლის შემოკლებულ ვერსიასაც გთავაზობთ, შესულია წიგნში „მართვის ამოცანები 21-ე საუკუნეში” (Management Challenges for the 21st Century. HarperCollins, 1999).

ჩვენ უმაგალითო შესაძლებლობების ეპოქაში ვცხოვრობთ: თუ ადამიანს ამბიცია აქვს და გონიერია, შეუძლია თავისი პროფესიის მწვერვალზე მოექცეს, მიუხედავად იმისა, საიდან დაიწყებს.
თუმცა შესაძლებლობებს თან სდევს პასუხისმგებლობაც. დღეს კომპანია კი არ მართავს თავისი თანამშრომლების კარიერას, არამედ თვით ცოდნის მუშაკები მართავენ. თქვენზეა დამოკიდებული საკუთარი ადგილის პოვნა, კურსის ცვლილების დროის განსაზღვრა, ასევე ისიც, ეფექტურად და ნაყოფიერად იმუშავებთ თუ არა. საქმის კარგად შესასრულებლად საკუთარი თავის სიღრმისეულად შესწავლა გჭირდებათ – არა მხოლოდ საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეების, არამედ იმის შესწავლაც, როგორ სწავლობთ ან მუშაობთ სხვებთან ერთად, რა ღირებულებები გაქვთ და რა წვლილის შეტანა შეგიძლიათ სხვებზე უკეთ. მხოლოდ საკუთარ ძლიერ მხარეებზე დაყრდნობით შეგიძლიათ ნამდვილი უპირატესობის მოპოვება.
დიდ ადამიანებს – ნაპოლეონს, ლეონარდო და ვინჩის, მოცარტს – საკუთარ თავზე მუშაობა შეეძლოთ. მათი მიღწევები, მნიშვნელოვანწილად, სწორედ ამით აიხსნება. თუმცა ისინი გამონაკლისები არიან და მათი ცხოვრებისეული გამოცდილება ნაკლებად გამოადგება ჩვეულებრივ მოკვდავს. უმრავლესობამ – ვინც ბუნებამ ასე უხვად არ დაგვაჯილდოვა – საკუთარი თავის მართვა, საკუთარი უნარების განვითარება უნდა ვისწავლოთ, ის საქმე უნდა ვიპოვოთ, რომელიც თვითრეალიზებას შეგვაძლებინებს.
თითქმის ყველა ვფიქრობთ, რომ ვიცით, რა გამოგვდის კარგად და რა – არა, თუმცა ხშირად ვცდებით.

რაშია ჩემი უპირატესობა?
საკუთარი ნიჭის გამოვლენის შესაძლებლობას ე.წ. შედეგების ანალიზის მეთოდი გვაძლევს. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისას დაწერეთ, რისი მიღწევის იმედი გაქვთ. ერთი წლის შემდეგ კი შეადარეთ, რამდენად შეესაბამება რეალობა თქვენს პროგნოზს. ეს მეთოდი ჯერ კიდევ XIV საუკუნეში შეიმუშავა არაფრით გამორჩეულმა გერმანელმა თეოლოგმა. 150 წლის შემდეგ ის დამოუკიდებლად “აღმოაჩინეს” ჟან კალვინმა და იგნასიო ლოიოლამ. სწორედ მეთოდის არსი – წარმატებაზე ორიენტაცია – ხსნის კალვინიზმისა და ასევე, იეზუიტთა ორდენის იმ უდიდეს გავლენას ევროპაში, რომელიც მას დაარსებიდან 30 წლის შემდეგ ჰქონდა.
შედეგების მუდმივი ანალიზის საშუალებით, 2-3 წელიწადში შესაძლებელია საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენა. თქვენ გეცოდინებათ, რა სფეროში გჭირდებათ დამატებითი ცოდნა, კვალიფიკაცია და გამოცდილება. რაც მთავარია, განსაზღვრავთ, რომელია ის პროფესია, რომელშიც ვერასოდეს იქნებით წარმატებული, რადგან საამისოდ მონაცემები არ გაქვთ.
შედეგების ანალიზის მეთოდი მოქმედების ერთგვარი გზამკვლევის შექმნის საშუალებას გაძლევთ: 1) პირველ რიგში, საკუთარ ძლიერ მხარეებს დაეყრდენით და ისეთი სამუშაო იპოვეთ, სადაც თქვენი ღირსებების წყალობით მეტ წარმატებას მიაღწევთ; 2) განივითარეთ პროფესიონალიზმი და ნიჭი; 3) ეცადეთ, გამოავლინოთ და დაძლიოთ უცოდინრობის ხელშემწყობი თავდაჯერებულობა. ბევრ ჩვენგანს, განსაკუთრებით, გამოცდილ სპეციალისტებს, “უცხო” სფეროს ცოდნის მიმართ ქედმაღლური დამოკიდებულება აქვს. უცოდინრობა მარცხის წინაპირობაა. მუდამ გამოიყენეთ ახლის სწავლის შესაძლებლობა.
მოლოდინებისა და შედეგების შედარებით გაიგებთ, რომელ საქმიანობაზე უნდა თქვათ უარი.

როგორ ვმუშაობ?
საოცარია, მაგრამ, ჩვეულებრივ, არ ვიცით ხოლმე, როგორ ვაღწევთ წარმატებას. ამიტომ ხშირად სხვებს ვბაძავთ, სხვების მეთოდებსა და სტრატეგიას ვიყენებთ და საკუთარ თავს მარცხისათვის ვწირავთ.
პირველ რიგში, გაარკვიეთ, რომელ კატეგორიას მიეკუთვნებით – “მკითხველს” თუ “მსმენელს”. ბევრმა ამ კატეგორიების არსებობაც კი არ იცის, რაც შესაძლოა დამღუპველი აღმოჩნდეს.
ჟურნალისტები აღმერთებდნენ ეიზენჰაუერს, როგორც მთავარსარდალს, მაგრამ 10 წლის შემდეგ იგივე ჟურნალისტები აუგად მოიხსენიებდნენ პრეზიდენტ ეიზენჰაუერს. ისინი აცხადებდნენ, რომ პრეზიდენტი არასოდეს პირდაპირ არ პასუხობს შეკითხვებს და იწყებს ვრცელ მსჯელობას განყენებულ საკითხებზე. როგორც ჩანს, ეიზენჰაუერმა არ იცოდა, რომ “მკითხველის” კატეგორიას მიეკუთვნებოდა. მთავარსარდლობისას ის პრესკონფერენციამდე ნახევარი საათით ადრე ეცნობოდა ჟურნალისტების შეკითხვებს და არაჩვეულებრივად პასუხობდა. პრეზიდენტის პოსტზე ის ორი “მსმენელის” – რუზველტისა და ტრუმენის – მემკვიდრე აღმოჩნდა, რომლებსაც პრესკონფერენციაზე იმპროვიზება შეეძლოთ. ალბათ ეიზენჰაუერმა იფიქრა, რომ მათთვის უნდა მიებაძა. შედეგად, ის თითქმის ვერასოდეს ვერ იგებდა სათანადოდ, რას ეკითხებოდნენ ჟურნალისტები.
არანაკლებ მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, როგორ ვსწავლობთ. როცა სწავლის საკუთარ სტილს განსაზღვრავთ და აგრეთვე იმას, „მკითხველის” კატეგორიას ეკუთვნით თუ „მსმენელისას”, არ შეჩერდეთ. გაარკვიეთ, როგორ უფრო გეხერხებათ მუშაობა – სხვებთან ერთად თუ დამოუკიდებლად, რა როლი მოგწონთ. დაფიქრდით იმაზეც, შეგიძლიათ თუ არა გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება, მრჩევლის როლი უფრო გიზიდავთ თუ არა. ხშირად კარგი მრჩეველი თავს არიდებს გადაწყვეტილების მიღების პასუხისმგებლობას. სწორედ ამის გამო ხელმძღვანელის პოსტზე დანიშნული ყოფილი მოადგილე ხშირად უმწეოდ გრძნობს თავს.
 
როგორია ჩემი ფასეულობები?
საკუთარი ცხოვრებისა და კარიერის მართვისათვის კარგად უნდა ვიცნობდეთ ფასეულობათა საკუთარ იერარქიას. თუ ისეთ ორგანიზაციაში მუშაობთ, რომლის ფასეულობათა სისტემა თქვენსას ეწინააღმდეგება, მუდმივი შინაგანი ბრძოლა გექნებათ და ვერასოდეს მიაღწევთ სასურველ შედეგს. ერთ-ერთი კომპანიის ერთ-ერთ წარმატებული ხელმძღვანელი მშვენივრად უძღვებოდა საკუთარ საქმეს: მას ევალებოდა კანდიდატების შერჩევა ხელმძღვანელ თანამდებობებზე. ის დარწმუნებული იყო, რომ გარედან ადამიანების მოზიდვა მხოლოდ მაშინ იყო აუცილებელი, როცა კომპანიის შიდა რესურსებს ამოწურავდნენ. მოგვიანებით, როცა მისი კომპანია უფრო მსხვილმა კორპორაციამ შეისყიდა, ახალმა ხელმძღვანელებმა ჩათვალეს, რომ მხოლოდ გარედან მოწვეულებს შეეძლოთ კომპანიაში სიახლეების დანერგვა. რა თქმა უნდა, ორივე თვალსაზრისს თავისი დადებითი მხარე აქვს, მაგრამ ისინი ურთიერთგამომრიცხავ ფასეულობებს ემყარება: განსხვავებულ შეხედულებებს ორგანიზაციასა და თანამშრომლებს შორის ურთიერთობების შესახებ. რამდენიმე წლის შემდეგ მმართველი თავისი ნებით წავიდა სამსახურიდან.
როგორც წესი, ჩვენი უნარები და მუშაობის მანერა ერთმანეთს არ ეწინააღმდეგება, თუმცა ფასეულობათა სისტემასა და უნარებს შორის კონფლიქტი მოსალოდნელია. ადამიანი შესაძლოა სპეციალისტი იყოს იმ პროფესიაში, რომელიც არ შეესაბამება მის ფასეულობებს. ამ შემთხვევაში, არ ღირს ცხოვრების ან მისი ნაწილის მიძღვნა ასეთი საქმისადმი. საკუთარი ცხოვრებიდან მოვიტან მაგალითს: XX საუკუნის 30-იან წლებში წარმატებით ვმუშაობდი ლონდონის ერთ-ერთ საინვესტიციო ბანკში. საქმე აქტივებთან მქონდა და ვხვდებოდი, რომ ადამიანები უფრო მაინტერესებდა, ვიდრე ფული. არ მქონდა სხვა სამსახურის პოვნის საშუალება. მიუხედავად იმისა, რომ დიდი დეპრესიის წლები იდგა, სამსახურს თავი დავანებე, და ვთვლი, რომ სწორედ მოვიქეცი.
რა სარგებლობის მოტანა შემიძლია?
საუკუნეების განმავლობაში ადამიანებს არ სჭირდებოდათ იმაზე ფიქრი, რა სარგებლობის მოტანა შეეძლოთ. რა და როგორ უნდა ეკეთებინათ, მათი დაბადებისთანავე იყო განსაზღვრული. XX საუკუნის 50-60-იან წლებშიც კი გონებრივი შრომის მუშაკები თვლიდნენ, რომ მათ კარიერას კადრების განყოფილება განსაზღვრავდა. 60-იანი წლების ბოლოს უცებ აღმოჩნდა, რომ არავის სურდა მუშაობა სხვისი კარნახით. ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანი გახდა მათივე სურვილები. მათ ასწავლიდნენ, რომ მთავარი „საკუთარი თავის პოვნა” იყო. თუმცა ეს მიდგომაც მცდარი იყო. ის დრო, როცა ადამიანები მხოლოდ იმას აკეთებდნენ, რასაც ავალებდნენ, წარსულს ჩაბარდა.
ვნახოთ, როგორ მოქმედებდა დიდი საავადმყოფოს ახლად დანიშნული დირექტორი. ერთ დროს საავადმყოფო წარმატებული იყო, თუმცა ბოლო 30 წლის განმავლობაში არასახარბიელო მდგომარეობაში აღმოჩნდა. დირექტორმა მიზნად დაისახა, ორ წელიწადში ერთი განყოფილების მდგომარეობა მაინც გამოესწორებინა. მან არჩევანი შეაჩერა სასწრაფო დახმარების განყოფილებაზე, რომელიც საავადმყოფოს ერთგვარი სავიზიტო ბარათია. ერთი წლის შემდეგ ეს განყოფილება საუკეთესო გახდა, ხოლო 2 წლის შემდეგ მთელი საავადმყოფო გარდაიქმნა. ზოგადად, მკაფიო და კონკრეტული გეგმა, მაქსიმუმ, წელიწადნახევარზე უნდა იყოს გათვლილი. ამიტომ კარგად უნდა ვიცოდეთ, რისი მოსწრება შეიძლება ამ დროში. უნდა გავითვალისწინოთ რამდენიმე გარემოებაც:
·დასახული ამოცანა რთული, მაგრამ რეალისტური უნდა იყოს;
·ის გააზრებული უნდა იყოს;
·შედეგები თვალსაჩინო უნდა იყოს.
კოლეგებთან ურთიერთობა
პირველ ყოვლისა, უნდა ვაღიაროთ, რომ ზოგადად, ადამიანები და კერძოდ, კოლეგები, ჩვენნაირები არიან. მათაც აქვთ ძლიერი მხარეები, ფასეულობათა სისტემა, მუშაობის სტილი, რომელიც უნდა ვიცოდეთ.
მიუხედავად ნათქვამის სიმარტივისა, ხშირად ვტოვებთ ამ საკითხს უყურადღებოდ. აი, ერთ-ერთი ცნობილი ამბავი: პირველ სამსახურში თანამშრომელი ანგარიშებს წერდა, რადგან მისი უფროსი „მკითხველი” იყო. ახალ სამსახურში ის უსარგებლო ანგარიშების წერას განაგრძობს თავისი „მსმენელი” ხელმძღვანელისთვის. უფროსი, რასაკვირველია, დარწმუნებულია, რომ ახალი თანამშრომელი სულელი, ზარმაცი, არაკომპეტენტურია და ვერ ასრულებს მოვალეობებს.
ამგვარი სიტუაციის თავიდან აცილება შესაძლებელია. უნდა გვახსოვდეს, რომ უფროსი ჩვეულებრივი ადამიანია და უფლება აქვს, ისე იმუშაოს, როგორც მოსწონს. თანამშრომელი უნდა დააკვირდეს, რათა ზუსტად გაიგოს, როგორი სტილი აქვს მის უფროსს. სწორედ ამაშია „მართვის” საიდუმლო. ამავეს თქმა შეიძლება კოლეგებზეც.
გარდა ამისა, აუცილებელია კოლეგებთან ურთიერთობა, მათთან საკუთარ სამუშაოზე საუბარი. როცა კონსულტანტი პირველად მიდის ორგანიზაციაში, თანამშრომლები კონფლიქტების შესახებ იწყებენ საუბარს. მიზეზი ერთია: მათ არ იციან, რას აკეთებენ კოლეგები, როგორია მათი წვლილი საერთო საქმეში და რა შედეგების მიღწევას ცდილობენ. არ იციან, რადგან ერთმანეთს არ ეკითხებიან. თანამედროვე ორგანიზაცია ურთიერთნდობას ემყარება. ურთიერთნდობა ყოველთვის ურთიერთსიმპატიას არ გულისხმობს: ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ადამიანებს ერთმანეთის ესმით. აუცილებელია, კოლეგებთან ურთიერთობების მოგვარება შეგვეძლოს და პასუხისმგებლობას ვგრძნობდეთ ამ ურთიერთობების გამო.
ცხოვრების მეორე ნახევარი
ბოლო დროს ხშირად საუბრობენ მმართველებში „საშუალო ასაკის კრიზისზე”. 45 წლის ასაკში მრავალი მათგანი თავისი კარიერის მწვერვალს აღწევს. მომავალი 20–25 წელი ისინი ასეთივე შრომისუნარიანნი იქნებიან.
ახალი საქმის პოვნა სხვადასხვაგვარად შეიძლება. პირველ რიგში, შეიძლება სამსახურის გამოცვლა. ადამიანები ხშირად სხვა ორგანიზაციაში გადადიან. ზოგი უფრო გამბედავია: მაღალი რანგის ჩინოვნიკი სასულიერო პირი ხდება, მენეჯერი კი იურიდიულ განათლებას იღებს და პატარა ქალაქში ადვოკატობას იწყებს.
მომავალში პირველი წარმატებული კარიერის მქონე ადამიანები კიდევ უფრო ხშირად დაიწყებენ მეორე კარიერაზე ზრუნვას. ბევრი, მნიშვნელოვანი პროფესიული წარმატების მიღწევის შემდეგ, ძირითად სამუშაოს არ ტოვებს და ახალს პოულობს, როგორც წესი, საქველმოქმედო ორგანიზაციაში. ზოგი, ბრწყინვალე კარიერის შემდეგ, საზოგადო მოღვაწე ხდება. მათ უყვართ, მაგრამ უწინდებურად ვეღარ ხიბლავთ საკუთარი საქმე. ამიტომ მას თავს არ ანებებენ, ისე ერთვებიან სოციალურ პროექტებში.
მუდამ მცირერიცხოვანნი იქნებიან ის ადამიანები, რომლებიც სერიოზულად ემზადებიან ცხოვრების მეორე ეტაპისთვის. თუმცა მაგალითი სწორედ მათგან უნდა ავიღოთ, რადგან მათ სურთ, სანამ ძალა შესწევთ, სასარგებლონი იყვნენ საკუთარი თავისა და საზოგადოებისათვის. თუ მათ რიცხვში მოხვედრა გსურთ, მზადება დროულად უნდა დაიწყოთ. ცნობილი საქველმოქმედო ორგანიზაციების დამფუძნებლები და სოციალური პროექტების ხელმძღვანელები მეორე კარიერას ჯერ კიდევ მაშინ იწყებენ, სანამ პირველი კარიერის მწვერვალზე ავლენ. საზოგადოებაში, სადაც წარმატება ასე ფასობს, უბრალოდ, აუცილებელია, ძირითადი სამუშაოს გარდა, სხვა საქმის კეთებაც. წარმატების გზაზე მარცხი გარდაუვალია. სწორედ ამიტომაც, აუცილებელია „სხვა საქმეც” გვქონდეს, რომლის საშუალებითაც თვითრეალიზაციას და სარგებლობის მოტანას შევძლებთ.
ბევრი მიიჩნევს, რომ საკუთარი თავის მართვა უადვილესი ამოცანაა. სინამდვილეში კი ეს ყველასგან ახლებური გადაწყვეტილებების მიღებას მოითხოვს. დღეს ყოველმა ჩვენგანმა, არსებითად, მენეჯერის მსგავსად უნდა იაზროვნოს. ფიზიკური შრომიდან, რომლის დროსაც ადამიანი იმას აკეთებს, რასაც ავალებენ, გონებრივ შრომაზე გადასვლა საზოგადოების სტრუქტურის ძირეულ ცვლილებებს იწვევს. არსებული საზოგადოება ორ პრინციპს ემყარება: ორგანიზაცია თავის თანამშრომლებზე დიდხანს „ცოცხლობს” და ადამიანთა უმრავლესობა იშვიათად იცვლის სამსახურს. დღეს სულ უფრო ხშირად ვაწყდებით რადიკალურად განსხვავებულ სიტუაციას: ის, ვინც „ინტელექტუალურ” სფეროში საქმიანობს, ხშირად ორგანიზაციაზე დიდხანს ცოცხლობს და მთელ ცხოვრებას ერთ საქმეს არ უძღვნის. საკუთარი თავის მართვა ნამდვილი რევოლუციის საწინდარია.
 

451° ფარენჰაიტით და ლუარსაბ თათქარიძე

0

როდესაც მეგობრობაზე ვსაუბრობ, განსაკუთრებით მითბება გული და ვრწმუნდები, რომ ამაზე წრფელი და ნამდვილი გრძნობა არ არსებობს. იგია ყველაფრის სათავე და მამოძრავებელი ძალა, საერთო ინტერესები და ღირებულებები კი ამ ურთიერთობას უფრო მეტად აღრმავებს. მეგობარი რომ არა, შესაძლოა ეს წერილიც არ დამეწერა, რადგან მან მირჩია, წამეკითხა წიგნი, რომელმაც მომავალში გადამისროლა და დამარწმუნა, რომ ადამიანები ერთმანეთს უნდა გავუფრთხილდეთ, რათა უსულო მანქანებს არ დავემსგავსოთ.

როგორი იქნება ჩვენი მომავალი? რა გველის? იქნება თუ არა ყველაფერი იმაზე უკეთ, ვიდრე ახლაა? სადამდე მიიყვანს კაცობრიობას ტექნიკური მიღწევები? ეს ის კითხვებია, ასე რომ აწუხებს თითოეულ ჩვენგანს. ვინ იცის, რამდენი მხატვრული ფილმი გვინახავს მომავალში მოგზაურობასა და რკინის კაცუნებზე, დროის მანქანებზე, რომელთა მეშვეობით უსასრულოდ შეიძლება წარსულში ან მომავალში გადანაცვლება, მაგრამ რეალურად ძალზე ძნელია წარმოიდგინო, რა იქნება ხვალ, გასცდე ჰორიზონტს და უსასრულობაში გადაიხედო.
წიგნი, ზემოთ რომ ვახსენე, რეი დაგლას ბრედბერის კალამს ეკუთვნის. ამერიკელი მწერალი საზოგადოებამ ფანტასტიკური ლიტერატურით გაიცნო, ყველაზე დიდი პოპულარობა კი მას 1953 წელს გამოცემულმა წიგნმა “451° ფარენჰაიტით” მოუტანა, რომელიც მომავლის წინასწარმეტყველებაა. სწორედ ამ ნაწარმოებმა შთამაგონა წერილის იდეა, რადგან მასში აღწერილი მოვლენები იმ რეალობად წარმოვიდგინე, კარს რომ მოგვდგომია და სულ მალე დაგვატყდება თავს. ეს არის ფანტასტიკა სინამდვილის ელემენტებით.

თანამედროვე მსოფლიოს შესაძლოა სულ მალე პრობლემად ექცეს ტექნიკური წინსვლა და გადაჭარბებული კომპიუტერიზაცია, რაც ასე ძალიან აღელვებს დღევანდელ საზოგადოებას. რას ვგულისხმობთ? თუნდაც იმას, რომ ადამიანები ვეღარ ვახერხებთ ერთმანეთთან პირისპირ კონტაქტს, უშუალო კომუნიკაციას. დღეები, თვეები გადის, ჩვენ კი მხოლოდ სოციალური ქსელის მეშვეობით ვუმზერთ ერთმანეთის ფოტოებს, შორიდან ვესიყვარულებით მონატრებულ ადამიანებს. გარდა ამისა, ინტერნეტმა ინფორმაციის მიღება ისე გაამარტივა, იმდენად ხელმისაწვდომი გახადა იგი, რომ წიგნს ამისთვის თითქმის აღარავინ იყენებს… დღევანდელი დღის წარმოდგენა ინფორმაციული ტექნოლოგიების, ინტერნეტის, ტელეფონის გარეშე შეუძლებელია. სიმარტივესთან ერთად, დროც ნაკლები იხარჯება და ცხოვრებაც უფრო იოლი გვეჩვენება, აღარ გვჭირდება ბიბლიოთეკაში საათობით ჯდომა, თაროებზე სასურველი წიგნის ძებნა – ახლა ყველაფერი ინტერნეტში შეგვიძლია ვნახოთ. სწორედ წიგნიერი განათლების გაქრობა და მოლაპარაკე კედლებით სულიერების ჩანაცვლება გახლავთ რეი ბრედბერის ნაწარმოების მთავარი თემა. ხშირად ვამბობთ, რომ თანამედროვე ადამიანი ზედმეტად პრაგმატულია, აღარ ახსოვს ბუნება, აღარ მიისწრაფის მასთან სულიერ ჰარმონიაში თანაარსებობისკენ, ამ პრობლემამ კი ბრედბერის წიგნში ფართოდ გაშალა ფრთები და დაგვანახვა, რა შეიძლება მოხდეს, თუ ადამიანი დროულად არ მოეგება გონს. შესაძლოა, ყველაზე საოცარი ფანტასტიკაც კი სულ მალე რეალობად გვექცეს.

ნაწარმოების სიუჟეტი თავზარდამცემია. ახალ ეპოქაში ადამიანებს აღარაფერი აინტერესებთ, დაკარგულა ნდობა, ურთიერთგაგება, სიყვარული, ყოველი გრძნობა გულს მიღმა დარჩენილა. აღარავის ახსოვს ლიტერატურა – კაცობრიობის ეს უდიდესი მონაპოვარი ადამიანთა მტრად გამოუცხადებიათ. წიგნი დამღუპველია, მასში აღწერილი გრძნობები, მოვლენები კი არაფრის მომცემი. საზოგადოება ისე გადაგვარებულა, რომ შეუქმნია მეხანძრეთა საგანგებო ჯგუფი, რომელსაც წიგნების დაწვა ევალება, რათა ისინი აღარავინ წაიკითხოს. ვისაც სახლში წიგნს აღმოუჩენენ, სასტიკად სჯიან. ადამიანები აღარ ენდობიან ერთმანეთს, რადგან დასმენა ჩვეულებრივი რამ არის. თუ გაიგო, რომ წიგნი გაქვს, მეზობელი აუცილებლად გიჩივლებს. მეხანძრეებს დავიწყებიათ თავიანთი მოვალეობა და იმის მაგიერ, რომ ხანძარი ჩააქრონ, თავად ქცეულან ამ სტიქიის გამომწვევ ძალად. ისინი უმოწყალოდ წვავენ წიგნებს, სახლებს, სადაც მათ იპოვიან და ზოგჯერ ადამიანებსაც, რომელთაც მსოფლიოს ყველაზე დიდი საგანძური შემოუნახავთ. ფერფლად ქცეულა ბიბლია, შექსპირი, ჰომეროსი, ესქილე, სოფოკლე, პლატონი, შოპენჰაუერი…

ნაწარმოების მთავარი გმირი, მეხანძრე მონტეგი, ამ სასტიკი რეალობის მსხვერპლია. ისიც წვავს, ანადგურებს. საბედნიეროდ, ერთხელ იგი შეხვდება პატარა კლარისას, რომელიც შეძრავს მის სულს, დაანახვებს სამყაროს მშვენიერ ფერებს და აღუძრავს ნამდვილი სიცოცხლის წყურვილს. კლარისა იღუპება, მაგრამ მისი სიკვდილი სამყაროს გადარჩენის დასაწყისია. ის ერთადერთი ამჩნევს წვიმას, ყვავილებს, ცაზე მოფარფატე ღრუბლებს და მონტეგის სულში მიძინებულ ადამიანს აღვიძებს.

მონტეგი იწყებს თავგანწირულ ბრძოლას წიგნების გადასარჩენად, მიწაში ფლავს მათ და ცდილობს, რაც უკვე წაიკითხა, ღრმად ჩაიბეჭდოს გონებაში, რადგან მხოლოდ ასე შეიძლება მათი დაცვა და შენახვა. მეხანძრეთა უფროსი, ბიტი, საინტერესო პერსონაჟია, რომელიც მკაფიოდ აყალიბებს თავის მოსაზრებას იმის თაობაზე, რატომ არის წიგნი მავნე. იგი დამაჯერებელი არგუმენტებით ცდილობს, მონტეგი კვლავ მეხანძრეთა გუნდს დაუბრუნოს, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი დაპატიმრება ან მოკვლა მოუწევს.

მკითხველი იკითხავს: რა შუაშია ლუარსაბიო? მართლაც, სად თანამედროვე ამერიკელი ფანტასტი და სად ილიას პერსონაჟი… ბიტის სიტყვებმა გამახსენა ჩვენი თავადი. მეხანძრეთა უფროსი ამბობს: “რა საჭიროა რაიმეს სწავლა, ცხოვრება ხანმოკლეა… უამრავი გასართობია…” ლუარსაბიც ხომ წიგნიერების, განათლების, გონებრივი განვითარების მტერია. მისთვის სკოლა ეშმაკის მანქანაა, რომელიც ახალმა დროებამ შემოგვაპარა, რათა დაღუპოს და გადააგვაროს ადამიანთა მოდგმა, ქართველებს ფერი დაუკარგოს. არადა, სმა-ჭამასა და უქმად ყოფნას რა სჯობია, ან რა ვაჟკაცის საქმეა წიგნი – დედაკაცებს უფრო შეეფერებათ; სწავლა კი ჭირია, სენი, რომლისგანაც ქვეყანა დროულად უნდა იხსნან.

ლუარსაბი განზოგადებული სახეა – უამრავი ადამიანის ერთობლიობა, რომელსაც სინამდვილეში არც სახე აქვს, არც სახელი და არც სქესი. ლუარსაბიც “მეხანძრეა”, ოღონდ ზარმაცი და არც ისე ბოროტი; რომ შეეძლოს, სკოლებსაც დაანგრევდა და წიგნებსაც მოსპობდა, მაგრამ, საბედნიეროდ, ეზარება.

ლუარსაბისთვის პატიოსნება წიგნიერებას ვერ შეთვისებია, არადა, სულ მგონია, რომ კეთილშობილება და ჰუმანიზმი წიგნის სიყვარულთან ერთად უღვივდება ადამიანს. რასაკვირველია, კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდა, თორემ წიგნიერი ბოროტებაც არსებობს და ის უფრო საშიშია. მახსენდება რობაქიძისეული “ჯუღა” და მე-20 საუკუნის სისხლიანი ქრონიკა, როდესაც განათლებულ ადამიანებს ხალხის მტრებად აცხადებდნენ. ჩვენთან ეს უკვე იყო… რეი ბრედბერისთვის კი ეს მომავალია. მეხანძრეთა უფროსი ამბობს: “დიახ, წიგნი გატენილი თოფია, რომელიც კარის მეზობელს დაუმიზნებია შენთვის. დაწვით იგი და თოფი უტყვიოდ დარჩება. ადამიანის გონება უნდა აილაგმოს… ჩვენ ვიცავთ კაცობრიობას ამ პატარა ჯგუფისგან”. ასე დაცული და გაპატიოსნებული კაცობრიობა ერთიანად ეფლობა ჭაობში და იქიდან ამოსვლა ძალიან უჭირს. თუმცა ნაწარმოების ფინალი და მკითხველს იმედის ნაპერწკალს უღვივებს. გეშინია და იმავდროულად ფიქრობ, რომ გადარჩენა შესაძლებელია. მონტეგი პოულობს ადამიანებს, რომელთაც წიგნების გადარჩენა მოახერხეს, ღრმად ჩაიბეჭდეს გონებაში თითოეული სიტყვა, რათა მომავალ თაობებს გადასცენ. ტყეში “იმალებიან” არისტოფანე, მაკიაველი, ბაირონი, მაჰათმა განდი… და მონტეგსაც აგონდება ფრაზები წაკითხული წიგნიდან. აგონდება მეუღლესთან პირველი შეხვედრა, თითქმის დავიწყებული რომ ჰქონდა; გრძნობს მიწის სუნს… მასში ხელახლა იბადება ადამიანი და მან უკვე იცის, რას შემოუნახავს შთამომავლობას.
…როცა კითხვა დავასრულე, აღმოვაჩინე, რომ სახლში ნივთებიდან რაც ყველაზე მეტად მიყვარს, ჩემი წიგნებია და არ ვიცი, რა დამემართებოდა, ვინმეს მათი დაწვა რომ მოესურვებინა…

ინტეგრირებული გაკვეთილი კლიმატის ცვლილების შესახებ

0

თუ იცით რა არის
“სათბურის ეფექტი”? გსმენიათ რაიმე იმაზე, რომ ჩვენი პლანეტა სულ უფრო თბილი ხდება?
როგორ ფიქრობთ რა განსხვავებაა გლობალურ დათბობასა და კლიმატის ცვლილებას შორის?

ვრცლად

 

ოპერაცია “ერთი ამოცანა და ათი მაგალითი”

0
სექტემბერი სკოლის დროა. სკოლის დრო ყველა სხვა თვეცაა ზაფხულის თვეების გარდა, მაგრამ სექტემბერს წიგნის სუნი უდის და ის მაინც განსაკუთრებით არის სკოლის დრო. ახალი სახელმძღვანელოების სუნი მსოფლიოში ყველაზე ზარმაცი მოსწავლისთვისაც კი მადის აღმძვრელია და მე ყოველთვის ყველა სუნამოს სურნელს მერჩივნა. დღემდე ასეა: ახალი წიგნის სუნს ვერც ერთი პოპულარული სუნამო ვერ უწევს მეტოქეობას და მეც წიგნს უფრო მეტს ვყიდულობ, ვიდრე სუნამოს. რაღა თქმა უნდა, წიგნს ვერ იპკურებ, Marc Jacobs Daisy კი სწორედ ამისთვის შეიქმნა; წიგნის სუნს ვერ ჩაატარებ და კილომეტრზე ვერ დატოვებ, Chanel No.5-ის მაცდუნებელ სურნელს კი მთელ ქუჩას მოსდებ… ალბათ სისულელეა, მაგრამ ყოველთვის, როცა სუნამოს ყიდვას გადავწყვეტ, პატრიკ ზიუსკინდი მახსენდება ხოლმე და მე-18 საუკუნის საფრანგეთის შვილი, უცნაური პარფიუმერი ჟან-ბატისტ გრენუი. ეს საკმარისია, რომ მაღაზიიდან ცივად გამოვიდე. ამ წიგნის შესახებ – მერე; სახელმძღვანელოებსა და სექტემბერზე ვლაპარაკობდი.

ისევე, როგორც ყველა ბავშვმა, მეორეკლასელმა თომამაც სასკოლო წიგნები ჯერ კიდევ სექტემბერში შეიძინა. ისევე, როგორც ყველა ბავშვმა, მანაც იგრძნო ის მადის აღმძვრელი სუნი, რომელიც სწავლას გვაიძულებს და ძალიან მოუნდა ამ წიგნების დაგემოვნება, მაგრამ ნურას უკაცრავად: სიტყვები გაასინჯეს, ციფრები – არა. მისმა დამრიგებელმა რატომღაც გადაწყვიტა, რომ მათემატიკის სახელმძღვანელო, რომელიც, ობიექტურად, კარგად შედგენილი და, ამავე დროს, სახალისოც გახლავთ, მის სტანდარტებს არ აკმაყოფილებს და თომაც აგერ მეორე წელია ვალდებულია, თითქმის ყოველდღე “თავის მიერვე” შედგენილი ათი მაგალითი და ერთი ამოცანა მიიტანოს. ვინც ჩემს პოსტებს კითხულობს, ალბათ, იცნობს კიდეც ჩემს პატარა ძმისშვილს, მე კი სულაც არ მქენჯნის სინდისი, წყალივით მილიონჯერ ნახსენები თომა მილიონმეერთედ ვახსენო. ერთი სიტყვით, შვიდი წლის ბავშვი, რომელსაც თვალი თავისი ფერადი სახელმძღვანელოსკენ გაურბის, ვალდებულია, ეს ავტონომიური და მორბენალი თვალები დასაჯოს და რვეულის ნაცნობი ინტერიერით – კვადრატულად დახაზული პრინტით დაკმაყოფილდეს. ჩვენ კი, მისი ოჯახის წევრები, ვიგონებთ ამოცანებს 2011 და 2012 წელს წეროების მიერ მოყვანილი ბავშვების რაოდენობაზე, თომას ბებიის ასხმული ჩურჩხელებისა და თედოს ბებიის ასხმული ჩურჩხელების რაოდენობრივ სხვაობაზე, კარლსონს ყველა ქილა მურაბას ვუთვლით, რაც კი ოდესმე შეუჭამია და პეპის წინდების ზოლების რაოდენობასაც ვადარებთ ზებრის ზოლების რაოდენობას.

თომასაც და ჩვენც უკვე შემოგველია დასათვლელი, შესაკრები თუ გამოსაკლები საგნები და დავფიქრდით ერთ უცნაურ სენზე, რომელიც ქართველ მასწავლებლებს ხანდახან აწუხებთ: სახელმძღვანელოებისადმი განდგომისაკენ ლტოლვაზე.
არადა, დაბალი კლასის მოსწავლეებისთვის განკუთვნილი წიგნები მხოლოდ ფერადი ილუსტრაციების სიუხვით კი არ ახარებს თვალს, შინაარსობრივადაც არანაკლებ საინტერესოა. მათემატიკის სახელმძღვანელოში მოყვანილი მაგალითები და ამოცანები ზედმიწევნით გათვლილია ბავშვის ინტერესებზე, გონებრივ რესურსებსა თუ გემოვნებაზე. თომა კი იძულებულია, მათემატიკის წიგნის სურნელით იშვიათად დატკბეს, ხოლო მშობლები – საშინაო დავალების შესრულებაში კი არ დაეხმარონ, უშუალოდ მოუმზადონ ის. სხვაგვარად თომა “კარგი ბიჭი ვერ იქნება”, სახლში ათიანს ვერ მოიტანს და ვერ გაგვახარებს. სხვაგვარად თომას მასწავლებელი შუბლს შეიჭმუხნის და რადგან თომას, ისევე როგორც პატარების უმეტესობას, მასწავლებელი უგემრიელეს შოკოლადსაც კი ურჩევნია, ეწყინება, რომ დავალების შეუსრულებლობის გამო აწყენინა და მის შუბლზე წამიერად გაჩენილი ნაოჭების მიზეზი გახდა.

სასწავლო პროგრამასთან დაკავშირებული შენიშვნები და, საერთოდ, ჯანსაღი კრიტიკა, რა თქმა უნდა, მისასალმებელია. მაგრამ თუ ეს შენიშვნები კულუარებში რჩება, ადრესატამდე ვერ აღწევს და საბოლოოდ მოსწავლეებს ატყდება თავს, რბილად რომ ვთქვათ, უხერხულია. დაწყებითი კლასები იქით იყოს და, მე კარგად მახსოვს მითქმა-მოთქმა თამაზ ვასაძის მიერ შედგენილ მე-10 კლასის ქართული ლიტერატურის სახელმძღვანელოზე და ამ მითქმა-მოთქმის უცნაური მორალი – “ქართველობის დაკარგვა”. ეს კი მხოლოდ იმიტომ, რომ წიგნი უცხოური ლიტერატურის გააზრების საშუალებასაც აძლევს მოსწავლეებს. გალანძღული სასწავლო წიგნების სია დიდია, ხშირად – უსამართლოც, და თომასაც, რომლისთვისაც მასწავლებელი ღმერთია, ვერ გაუგია, ვის დაუჯეროს: ღმერთს, რომელიც ათი მაგალითის ჩამოწერის პრინციპს ისევე არ გადაუხვევს, როგორც ათ მცნებას თუ საკუთარ თვალებს, რომლებიც ჯიუტად გარბიან მათემატიკის ილუსტრირებული სახელმძღვანელოსკენ.

„პორტო“, „მონაკო“ და ფიზკულტურის გაკვეთილები

0
2004 წლის მაისი განსაკუთრებულად მახსოვს. პირველ კურსს ვამთავრებდით. გოგოები  გამოცდებისთვის ისე ვემზადებოდით, თითქოს სხვას არავის დასწოლია მხრებზე მსგავსი პასუხისმგებლობა. კურსზე სულ რამდენიმე ბიჭი გვყავდა, რომლებსაც აშკარად ეტყობოდათ, რომ კარს მომდგარ გამოცდებზე მეტად სხვა რამ აღელვებდათ _ ჩემპიონთა ლიგა. ფინალში ერთმანეთს „პორტო” და „მონაკო” ხვდებოდნენ. სიმართლე უნდა ითქვას, მანამდე ფეხბურთით არასოდეს დავინტერესებულვარ, სპორტის ეს სახეობა ჩემთვის დევიდ ბექჰემით იწყებოდა და მთავრდებოდა, ამიტომ დღემდე არ ვიცი, რამ გადამაწყვეტინა ლიგის ფინალის დიდ ეკრანზე საყურებლად წასვლა. ალბათ, ჩემი ყველა მეგობარი მიდიოდა და არ ჩამოვრჩი. თამაში დაიწყო და აი, აქ მე ხმადაბლა და მორიდებით ვიკითხე: „პორტო” და „მონაკო” კლუბებია თუ ნაკრებები?” ბიჭების გამაყრუებელი სიცილი ახლაც ყურში ჩამესმის.
დიახ, ფეხბურთის და საერთოდ, სპორტის შესახებ მაშინ ძალიან ცოტა რამ ვიცოდი. უბრალოდ, სკოლაში სწავლისას ერთი „სპორტული” ოცნება მეც მქონდა _ მინდოდა, ჩვენს სკოლას საფეხბურთო გუნდი ჰყოლოდა, ხშირად ეთამაშათ მეზობელი სკოლის გუნდთან, ყოველთვის მოეგოთ (ამ ორ სკოლას შორის რატომღაც ყოველთვის არსებობდა ისტორიული შუღლი), ჩვენ კი, გოგოები, მატჩებს დავსწრებოდით და ისე გვეგულშემატკივრა, როგორც ამერიკულ ფილმებშია. გარდა იმისა, რომ ხსენებული ფილმების წყალობით ეს ყველაფერი საოცრად რომანტიკულად და ამაღელვებლად მეჩვენებოდა, ყოველთვის მეგონა, რომ სკოლა, რომელსაც სპორტული გუნდი ჰყავს, სხვანაირია, მის კედლებში სულ სხვა ხალისი ტრიალებს, მოსწავლეები სხვანაირად ამაყობენ ერთმანეთით, მეგონა, რომ სპორტი აახლოვებს და აკავშირებს ადამიანებს. დღეს კიდევ უფრო ღრმად ვარ დარწმუნებული სპორტის ყოვლისშემძლეობაში, უფრო მეტიც, ზუსტად ვიცი, რომ საერთო მოგებასა და წაგებას საოცარი ძალა აქვს, წარმოუდგენლად ბევრი, სხვადასხვანაირი ადამიანის ერთად შემკვრელი ძალა.
არადა, ჩემს მართლაც საუკეთესო სკოლაში ცუდად ერთადერთი საგანი, ფიზკულტურა ისწავლებოდა. ვიმარჯვებდით ოლიმპიადებში, ვდგამდით სპექტაკლებს, გამოვცემდით გაზეთს, ვმღეროდით, ვცეკვავდით, მაგრამ სპორტის რომელიმე სახეობაში გუნდი არასოდეს გვყოლია. ფიზკულტურის დარბაზში სულ ერთი ფარი ეკიდა, სხვათა შორის, საკმაოდ მაღლა, რის გამოც ბურთის კალათში ჩაგდება ჩემთვის დიდ სირთულეს წარმოადგენდა. ერთი შეღავათი ის იყო, რომ როგორც პატარა, მწკრივში ბოლოდან მეორე ვიდექი და ჩემი ჯერი სულ ერთხელ მოდიოდა _ კლასში ორმოცდარვა ბავშვი ვიყავით. ალბათ ხვდებით, რომ სასკოლო გუნდის გულშემატკივრობაზე ოცნება მაღალ კლასებამდე არც მიმყოლია, გადავწყვიტე, რომ ჩემთვის  ხელმისაწვდომი ერთადერთი სპორტი თავისუფალი თემების წერა იყო.
დევიდ ბექჰემი ზემოთ უკვე ვახსენე. მე ის დღემდე მიყვარს. როგორც ბევრმა სხვამ, ფეხბურთის თამაში მანაც სკოლის პერიოდში დაიწყო. „პროფესიონალური ფეხბურთისკენ მიმავალი გზა ჩემთვის  სკოლის გუნდში თამაშით დაიწყო.” _  წერს ბექჰემი თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში „ჩემი მხრიდან” _ „სასკოლო ფეხბურთს ხშირად აკრიტიკებენ და ამბობენ, რომ აქ ყველაფერი ბურთის გაგორებაზე, სისწრაფესა და ზუსტ დარტყმაზეა დაფუძნებული, მაღალ კლასებში კი ყოველთვის მოიძებნებიან ბიჭები, რომლებიც თამაშის მოგებას ახერხებენ. მე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ორივე სკოლაში, სადაც ვსწავლობდი, ყველა იმ გუნდში, სადაც ბავშვობაში მითამაშია, საქმე სხვაგვარად იყო.” ბექჰემის წიგნის კითხვისას კიდევ ერთხელ დავფიქრდი სასკოლო სპორტის მნიშვნელობაზე. დარწმუნებული ვარ, საქართველოს სკოლებში დღესაც სწავლობენ ბავშვები, რომლებიც ჯერ არავის აღმოუჩენია _ ქართული სპორტის მომავალი ვარსკვლავები. სკოლა ხომ, სინამდვილეში, სულაც არაა ის ადგილი, სადაც იძულებით ასწავლიან ზუსტ მეცნიერებებს და შავი ასოებით დაბეჭდილ წესებს. სკოლის დანიშნულება სხვაა _ გზა იქით გაგვიხსნას, საითაც ჩვენ თვითონ გვინდა სიარული.

საკუთარმა გამოცდილებამ დამანახა, რომ სპორტის შეყვარება, ისევე, როგორც საერთოდ, შეყვარება, არასოდესაა გვიან. არასოდესაა გვიან იმის აღმოჩენა, რომ არსებობს რაღაც, თავისუფალი თემების წერაზე უფრო აზარტული. ერთი წლის წინ, როცა ბარსელონაში, „ნოუ კამპზე” ლაიონელ მესისთვის ოქროს ბურთის გადაცემის საზეიმო ცერემონიალს დავესწარი, ჯერ ჩემი მეგობრები გამახსენდნენ, სწორედ ისინი, წლების წინ „პორტოსა” და „მონაკოს” შესახებ დასმული კითხვით რომ გავამხიარულე, მერე კი, რატომღაც, ფეხბურთის გუნდი, რომელიც ჩემს სკოლას არასოდეს ჰყოლია.

ინფორმაციის ვიზუალიზაცია

0
წინა სტატიაში https://mascavlebeli.ge/index.php?action=page&p_id=19&id=147 ვისაუბრეთ ციფრულ ჰუმანიტარიაზე და ვახსენეთ ინფორმაციის ვიზუალიზაცია როგორც მისი ერთ-ერთი ძირითადი მიმდინარეობა.

იქ, სადაც დღეს მონაცემების ვიზუალიზაციას შეისწავლიან და ავითარებენ, ცხადია, ტერმინებიც შემუშავებული აქვთ და მათი განმარტება/დეფინიციებიც ცნობილია. ინფორმაციის ვიზუალიზაციას მაიკლ ფრინდლი განმარტავს როგორც სწავლებას მონაცემების/ინფორმაციის ვიზუალური წარმოდგენის შესახებ. ინფორმაციის ვიზუალიზაცია უამრავი მიმდინარეობისგან შედგება და ერთ-ერთი მათგანია სამეცნიერო ვიზუალიზაცია.

ვინაიდან მონაცემთა ვიზუალიზაცია სწავლებაა, ე.ი. მას შესასწავლი საგანიც აქვს. მაშ, რომელია ეს საგანი? იმავე მაიკლ ფრინდლის მიხედვით, მონაცემთა ვიზუალიზაცია ორ სფეროს მოიცავს: სტატისტიკურ გრაფიკებსა და თემატურ კარტოგრაფიას. მონაცემთა ვიზულიზაციის შესახებ ჩატარებულმა ერთ-ერთმა პირველმა კვლევამ Data
Visualization: Modern Approaches, August 2, 2007
 შინაარსის მიხედვით განიხილა მონაცემთა ვიზუალიზაცია და შვიდი ტიპი გამოყო: 1. “აზრის რუკები” Mind maps; 2. სიახლების ამსახველი; 3. მონაცემების ამსახველი; 4. მიმართებათა ამსახველი; 5. ინტერნეტრუკები; 6. სტატიებისა და წყაროებისა (ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი ასახავს მსოფლიო სამეცნიერო თანამშრომლობას 2005-2009 წლებში https://collabo.olihb.com/collabolinks.jpg დაბოლოს, 7. ტექნიკური ინსტრუქციები. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ტიპი მჭიდრო კავშირშია, ერთი მხრივ, გრაფიკულ დიზაინთან, მეორე მხრივ კი კომპიუტერულ მეცნიერებასთან.

ინფორმაციის ვიზუალიზაციას ყოველ ნაბიჯზე ვხვდებით, როგორც on-line, ისე off-line სამყაროში. კარგი მასწავლებელი/ლექტორი ყოველთვის მიმართავს ეფექტურ ვიზუალიზაციას და თუ ბედმა გაგიღიმათ და ასეთი გყოლიათ, ე.ი. ინფორმაციის ვიზუალიზაციას ნამდვილად გადაყრიხართ. ცხადია, ინფორმაციის/მონაცემთა ვიზუალიზაციის უამრავი ტიპი არსებობს, რასაც სხვა მიზეზებთან ერთად ისიც განაპირობებს, რომ ინფორმაციაც და მონაცემებიც ათასნაირი შეიძლება იყოს.

ჯერ დევიდ მაქქენდლესის ბესტსელერ “ინფორმაცია მშვენიერია”-ს David McCandless, “Information is Beautiful” წარმოგიდგენთ.
 
წიგნის ავტორი პროფესიით ჟურნალისტია და, როგორც თავად ამბობს, დიზაინი არასდროს უსწავლია, თუმცა ამას მისთვის ხელი არ შეუშლია, ერთი მხრივ, მსოფლიო ბესტსელერის ავტორი გამხდარიყო, მეორე მხრივ კი უამრავი მშვენიერი ვიზუალიზაცია შეექმნა, მათ შორის – მსოფლიო შიშების ვიზუალიზაცია –https://www.informationisbeautiful.net/visualizations/mountains-out-of-molehills/

დაწვრილებით ამ ადამიანისა და მისი ნამუშევრების შესახებ მის პერსონალურ ვებგვერდზე https://www.informationisbeautiful.net შეგიძლიათ წაიკითხოთ. წიგნმა ისე აღმაფრთოვანა, გადავწყვიტე, მეთარგმნა კიდეც, მაგრამ მერე გადავიფიქრე, რადგან ჩავთვალე, რომ უბრალოდ ვიზუალიზაციების თარგმნა არაფრის მომცემი იქნებოდა და სხვა მიმართულებით დავიწყე მუშაობა. პერიოდულად ვამოწმებ ხოლმე მაქქენდლესის ვებგვერდს და ერთხელაც დამხვდა ინფორმაცია, რომ წიგნის ესპანური თარგმანი გამოიცა. ასევე ითარგმნა დევიდ მაქქენდლესის ძალიან საინტერესო ლექცია, რომელიც მან TED-ისთვის ჩაატარა https://www.ted.com/talks/david_mccandless_the_beauty_of_data_visualization.html

თავდაპირველად ვიფიქრე, იქნებ ღირდეს თარგმანის იდეასთან მიბრუნება-მეთქი, მაგრამ ის, რომ წიგნი ესპანურენოვანი მკითხველისთვის საინტერესო გახდა და ითარგმნა, თარგმნისთვის საკმარის საფუძველს არ მაძლევდა – ესპანური ხომ მეორე ენაა ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, შესაბამისად, ვიზუალიზაციები, რომლებიც, მაგალითად, ამერიკისავე განათლების სისტემას ეხება, ამერიკის ესპანურენოვანი მოქალაქისთვის საინტერესო იქნება. ცხადია, კარგად შედგენილი ვიზუალიზაციის გაცნობა რომელიმე ქვეყანაში განათლების შესახებ არც ქართველ მკითხველს დააკლებდა რამეს, მაგრამ მივიჩნიე, რომ წიგნის სათარგმნელად ეს არ იყო საკმარისი არგუმენტი.

მონაცემების/ინფორმაციის ვიზუალიზაცია, რა ტიპისაც არ უნდა იყოს ის – სამეცნიერო თუ სხვა, ერთმნიშვნელოვნად ანალიზის ინსტრუმენტია. სტენფორდის უნივერსიტეტის კვლევამ Journalism in the Age of Data https://datajournalism.stanford.edu  ბევრი საინტერესო ტენდენცია გამოავლინა. ერთ-ერთი რესპოდენტი ამბობს, რომ უამრავი მშვენიერი ვიზუალიზაცია უნახავს, რომლებსაც არავითარი ინფორმაციული ღირებულება არ გააჩნდა, ანუ ამოსავალი დატა ვიზუალიზაციისთვის მონაცემების სწორი ანალიზია. ვიდეოში ნახავთ ისეთ ჟურნალისტებსაც, ვისთვისაც ვიზუალიზაცია თვითგამოხატვის ძალიან კომფორტული საშუალებაა და ისეთებსაც, ვისთვისაც ეს ტენდენცია თავსმოხვეულია. მართლაც, დასავლურ წამყვან ბეჭდვით მედიაში ვიზუალიზაციის ნამდვილი ბუმია The New Yorker, The Wall Street Journal, e.c. შეიძლება ითქვას, ეს ერთგვარი მოდაცაა (იმის გამო, რომ უამრავი ვიზუალიზაცია იქმნება, უხარისხო პროდუქტის ოდენობაც შესაბამისია). თუმცა, ცხადია, მონაცემთა ვიზუალიზაციის ლაბორატორიები წამყვან უნივერსიტეტებში მხოლოდ მოდურობის გამო არ გაჩენილა – გაჩნდა მათი აშკარა აუცილებლობისა და გავლენის გამო. საქმე ისაა, რომ ადამიანთა მნიშვნელოვანი ნაწილი ინფორმაციას ვიზუალური ხერხებით უკეთ და უფრო სწრაფად აღიქვამს. სწორედ ამიტომ ბევრი ორგანიზაცია მრავალგვერდიანი კვლევების შედეგების ფართო აუდიტორიასთან მისატანად სულ უფრო ხშირად მიმართავს ინფორმაციის ვიზუალიზაციას. კარგი მაგალითია ერთ-ერთი საავადმყოფოს დაკვეთით შესრულებული ვიზუალიზაციები: https://sandroasatiani.com/_tamara/?p=59

 

2008 წელს არჩევნებში გამარჯვებულ ბარაკ ობამას საარჩევნო გუნდში მონაცემთა ვიზუალიზაციის ჯგუფი ჰყავდა. მათ მიერ შექმნილ ვიზუალიზაციათაგან ყველაზე ეფექტურად მიიჩნევა ის, რომელიც მნახველს  საშუალებას აძლევს შეადაროს, პრეზიდენტ ბუშის პოსტზე გატარებულ უკანასკნელ წელს რამდენმა მოქალაქემ დაკარგა სამსახური და რამდენმა დაიწყო მუშაობა ობამას პირველ საპრეზიდენტო წელს https://flowingdata.com/2010/02/17/road-to-recovery-is-the-recovery-act-working

მომავალში მონაცემთა ვიზუალიზაცია უდავოდ გახდება ინტერნეტმთავრობის e-government – https://en.wikipedia.org/wiki/E-Governmentმთავარი ინსტრუმენტი, შესაბამისად, მას იმხელა გავლენა ექნება, რამხელაც შუა საუკუნეების ფრესკებს ჰქონდა https://www.vatican.va/various/cappelle/sistina_vr/index.html.

ღვინო და ქიმია

0
მამა მეღვინე იყო. როგორც ამბობენ, კარგი მეღვინე. კარგ ღვინოს აყენებდა. აი, ისეთს, კონკურსებიდან მხოლოდ მედლებით რომ აბრუნებენ. პატარა ვიყავი, როცა გარდაიცვალა, სულ ტყუილად, სულ ახალგაზრდა… წარმოსადეგი იყო და მუდამ მზემოკიდებული დადიოდა. მაშინ მიკვირდა. ახლა ვხვდები, რომ ზვრებში სიარულისგან იყო ასეთი… მახსოვს, დამკრახულ მტევანს თვალებმოჭუტული გახედავდა და იტყოდა, ყოჩაღ, შაქარი კარგად აუკრეფია, ამისგან კარგი ღვინო დადგებაო.

ერთ ამოჩემებულ სიმღერას უსმენდა ხშირად: “ღვინოვ კახურო, ვარ შენი მსმელი, გინდ თეთრი იყავ, გინდა წითელიო…” სიმღერას დავით გამრეკელი ასრულებდა.

ვზივარ და ვისვენებ, თან ინტერნეტში რაიმე კარგ სიმღერას ვეძებ და უცებ იმ გამრეკელისეულ ჩანაწერს ვპოულობ, ბავშვობიდან რომ მაქვს გონებაში ჩაბეჭდილი. ვუსმენ და რაღაცნაირი სითბო მეღვრება სხეულში. დასვენება გადავიფიქრე, წერილი უნდა დავწერო, ღვინოზე.

ეს ყველაფერი – კარგიო, იფიქრებთ, მაგრამ სად ღვინო და სად ქიმიაო… არადა, მათ შორის უშუალო კავშირია. თუნდაც იმიტომ, რომ ღვინო ხსნარია, თუმცა ამჯერად ხსნარებზე საუბარს არ ვაპირებ, ღვინის ქიმიურ შემადგენლობასა და მის სამკურნალო თვისებებზე გესაუბრებით.
ქართული ღვინოების უმრავლესობაში მოცულობის 13% ანუ წონის 10% ალკოჰოლია. სუფრის ღვინისთვის ალკოჰოლის ასეთი შემცველობა დიდად მიიჩნევა. ისეთი ღვინოებიც არსებობს, 11% ალკოჰოლს რომ შეიცავს… ალკოჰოლის სიჭარბე ღვინოს  თურმე “ავადმყოფობისგან” – დაძმარებისა და ბრკის მოკიდებისგან – იცავს. ალკოჰოლი ღვინოში შაქრის დუღილის შედეგად წარმოიქმნება – 100 წონაწილი შაქრიდან,  როგორც პასტერი წერდა, 48 წონაწილი ალკოჰოლი. დუღილს იწვევენ დამდუღებელი სოკოები Saccharomyces, რომლებიც საკვებად შაქრის 5%-ს იყენებენ. დანარჩენი შაქარი კი დუღილის დროს ალკოჰოლის წარმოქმნაზე იხარჯება.

ყოველივე ამას და ბევრ სხვა რამეს ამოიკითხავთ ვრცელ სტატიაში, ცნობილმა ქართველმა ქიმიკოსმა პეტრე მელიქიშვილმა რომ დაწერა ქართულ ღვინოზე. ამავე სტატიიდან გაიგებთ, რომ ქართული ღვინო შეიცავს გლიცერინს, ქარვისა და ღვინის მჟავებს, რაც ღვინის დედის მოქმედების შედეგად წარმოიქმნება.

ისევე, როგორც ნებისმიერი ალკოჰოლი, ღვინოც ადამიანის ორგანიზმში დაჟანგვისას ნახშირორჟანგსა და წყალს წარმოქმნის. ღვიძლის პარენქიმული უჯრედების ციტოპლაზმაში არსებული ფერმენტის, ალკოჰოლდეჰიდროგენაზას, ზემოქმედებით ეთანოლი აცეტალდეჰიდამდე იჟანგება:

 
აცეტალდეჰიდი კი მეორე ფერმენტის, ალდეჰიდდეჰიდროგენაზას მეშვეობით ძმარმჟავად გარდაიქმნება:
 
სწორედ ძმარმჟავა წარმოქმნის საბოლოოდ ნახშირორჟანგსა და წყალს.
თუ ეს პროცესი ფერმენტების პასიურობის გამო ან სხვა მიზეზით ნელა წარიმართა, ადამიანი თავს უსიამოვნოდ გრძნობს, თავი სტკივა, პირი უშრება, გამუდმებით სწყურია.

ალკოჰოლის გადაჭარბებული მიღების შემთხვევაში კი იზრდება ფსიქიკური აშლილობისა და ფიზიკური დეგრადაციის რისკი. აცეტალდეჰიდის დაგროვება ზრდის ონკოლოგიური დაავადებების წარმოშობის ალბათობას, შლის ღვიძლს. 

იმავე ქიმიურ პროცესს, ანუ ეთილის სპირტის დაჟანგვას, ნასვამი მძღოლების გამოსავლენად იყენებენ. ლაბორატორიაში რეაქცია შემდეგნაირად წარიმართება: სინჯარაში ვათავსებთ 6 მლ ქრომის ნარევს და 2 მლ სპირტს; ნარინჯისფერი ქრომის ნარევი მწვანდება; მიიღება დამახასიათებელი სუნის მქონე ძმრის ალდეჰიდი.
როგორ უნდა მოვამზადოთ ქრომის ნარევი?

100 მლ 30%-იან გოგირდმჟავაში ვათავსებთ კალიუმის ბიქრომატის ფხვნილს და ნარინჯისფერ ხსნარს ვიღებთ:
 
 
ნასვამი მძღოლების შესამოწმებელ აპარატშიც იგივე რეაქცია ხდება: თუ მძღოლი ნასვამია, სპეციალური ფირფიტა ფერს იცვლის, მწვანდება.
ღვინო უნიკალური მკურნალია. სამედიცინო სტატისტიკაში ამის დამადასტურებელი მრავალი ფაქტი მოიპოვება. თურმე ფრანგები, რომლებიც სადილობისას ყოველთვის სვამენ თითო ჭიქა ღვინოს, გაცილებით იშვიათად იღუპებიან გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებით. ბურგუნდიაში ღვინით მკურნალობის სპეციალური ცენტრებიც კია გახსნილი – მათ ენოთერაპიის ცენტრებს უწოდებენ. აქ მკურნალობის შემდეგი პრინციპია დანერგილი: სვით თითო ჭიქა ღვინო ყოველდღე. ღვინის დადებით ზემოქმედებას ამერიკელებიც ადასტურებენ. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ის, ვინც ყოველდღე 200-300 მლ ღვინოს სვამს, ლოთებსა და არამსმელებზე მეტხანს ცოცხლობს.

ღვინის თერაპიის შესახებ წარწერა შემორჩენილია ეგვიპტეში, პლა-ხოტეპის (ძვ. წ. IV ათასწლეული) საფლავის ქვაზე. ასეთივე წარწერა აღმოაჩინეს ქალაქ ნიპურის გათხრებისას – ის ძვ. წ. III ათასწლეულით თარიღდება. მედეას (ძვ. წ. XIV ს.) სამკურნალო 40 მცენარის ნუსხაში ვაზიც ნახსენებია. ცნობილია, რომ ჰიპოკრატე (ძვ. წ. 372-287 წ.წ.) ღვინის კომპრესებს ჭრილობებისა და რევმატული ტკივილების მოსაშუშებლად იყენებდა.

ქრისტიანობის გავრცელებამ უფრო მეტად შეუწყო ხელი ენოთერაპიის განვითარებას. ღვინო, ქრისტიანული ტრადიციით, არა მხოლოდ სიცოცხლისა და მშვიდობის წყაროა, არამედ ღვთიური და ადამიანური კავშირის სიმბოლური მოციქულიც. ალბათ, ამიტომაცაა იგი 450-ჯერ მოხსენიებული ბიბლიაში, ბაბილონის თალმუდში კი იხსენიება როგორც ეფექტური სამკურნალო საშუალება. ღვინო ორგანიზმს მაკრო- და მიკროელემენტებით, ვიტამინებით, ამინმჟავებით ამარაგებს, მდიდარია მთრიმლავი, საღებავი, პექტინოვანი, ფენოლური ნივთიერებებით. წითელი ღვინის პოლიფენოლებს 50-ჯერ უფრო მძლავრი ანტიოქსიდანტური (ანუ თავისუფალი რადიკალების შემბოჭავი) მოქმედება აქვს, ვიდრე E ვიტამინს, რომელიც, როგორც იცით, ანტიოქსიდანტური მოქმედების ეტალონად არის მიჩნეული. წითელ ღვინოში შემავალი პოლიფენოლები რადიაციის დროს წარმოქმნილ თავისუფალ რადიკალებსაც კი თავისუფლად უმკლავდება.

ენოთერაპიას (ღვინით მკურნალობა) და ამპელოთერაპიას (ყურძნით მკურნალობა) საქართველოშიც ღრმა ფესვები აქვს. მეეჭვება, ვინმეს კიდევ ჰქონდეს ვაზის სადიდებელი ისეთი მდიდარი ხალხური სიტყვიერება, როგორიც ჩვენ გვაქვს: “ვაზის ჭირიმე, ვაზისა, უფლისგან კურთხეულისაო”, “ვაზო, შვილივით ნაზარდოო…” წმინდა ნინოსაც ხომ “ჯვარი ვაზისა” ეპყრა ხელთ… ვიცით ქართველებმა ვაზისა და მისი ნაჟურის ფასი, ხუთასი ჯიშის ყურძენი მოდის ამ ერთი ბეწო მიწაზე. მე-17 საუკუნეში ფრანგი მოგზაური შარდენი აღნიშნავდა: არც ერთ ქვეყანაში იმდენ და ისეთ დიდებულ ღვინოს არ სვამენ, რამდენსაც საქართველოშიო. თუმცა… კონსტანტინე გამსახურდია ერთგან წერდა, თუ ნადირი დაინდე, თვითონ არ დაგინდობსო; ღვინოზეც იგივე ითქმის – თუ სმა დროზე არ შეწყვიტე, არ დაგინდობს, მოგსპობსო.

მე ასე ვიტყოდი: თუ ღვინო არ დაინდე და ზომაზე მეტი შესვი, არც თვითონ დაგინდობს და შეიძლება ტალახშიც გაგორაოს.
ვიდეოლექციები ალკოჰოლის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართზე:

გოლდა – პედაგოგი და პრემიერი

0

არის ხალხი, ვისაც მიაჩნია, რომ უმაღლესი რანგის პოლიტიკაში ქალთა აქტიური მონაწილეობა უშედეგო და არაფრის მომცემია. ამ გენდერულმა სტერეოტიპმა, დიდი ხანია, ჩვენს საზოგადოებაშიც მყარად მოიკიდა ფეხი. მაგალითად, საქართველოს პარლამენტის 150 წევრიდან მხოლოდ თექვსმეტია ქალი, ხოლო მუნიციპალურ საკრებულოთა მრავალი ასეული დეპუტატიდან – სულ რაღაც 13-14%. პოლიტიკოს ქალთა საწინააღმდეგო არგუმენტების გასაბათილებლად მეოცე საუკუნის ისტორიის ზედაპირული მიმოხილვაც კი კმარა. გასული ასწლეულის უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ მოვლენებში საკვანძო როლს ხშირად ქალი ლიდერები ასრულებდნენ. მათ შორის გახლდათ ებრაელი მასწავლებელი გოლდა მეირიც.

მომავალი პოლიტიკოსი 1898 წელს კიევში, ღარიბი ებრაელი დურგლის ოჯახში დაიბადა. ბავშვობა უკიდურეს გაჭირვებასა და “პოგრომების” – ანტისემიტური დარბევების – მუდმივ შიშში გაატარა. იუდეველთა მიმართ დისკრიმინაციული პოლიტიკის მქონე იმპერიას ოჯახი აშშ-ში გაექცა და ვისკონსინში, ქალაქ მილოუკიში დასახლდა. იმ დროს გოლდა 8 წლის იყო. იქვე დაამთავრა სკოლა და პედაგოგიური კოლეჯი და მალე პატარა ებრაული სკოლის მასწავლებელი და მემარცხენე სიონისტური მოძრაობის აქტივისტიც გახდა. მოსწავლეთა და სხვა თანამემამულეთა მხარდასაჭერად გოლდა ხშირად მართავდა პოლიტიკურ თუ საქველმოქმედო აქციებს. სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო მტკიცე და შეუვალ ლიდერად მისი ჩამოყალიბება.

1921 წელს ახალგათხოვილი მეირი აღთქმულ მიწაზე, ერთ-ერთ კიბუციში (კოოპერატიულ მეურნეობაში) გადასახლდა. ახალგაზრდა ქალი საზოგადოებრივ საქმიანობას წარმატებით ართმევდა თავს. მთელი 20-30-იანი წლების განმავლობაში მას გაძლიერებულ ებრაულ პროფკავშირში წამყვანი თანამდებობები ეკავა. მისი მთავარი ამოცანა ევროპიდან გამოხიზნული ებრაელებისთვის საცხოვრებლების მომზადება და პალესტინის ინგლისური ადმინისტრაციის წინააღმდეგ მოქმედება იყო.

მეორე მსოფლიო ომის დასრულებისთანავე გოლდა ისრაელის სახელმწიფოს დამაარსებლის, დავიდ ბენ-გურიონის, უახლოეს თანამებრძოლად იქცა. იგი ხან არაბ ქალად გადაცმული აწარმოებდა მოლაპარაკებებს ტრანსიორდანიის მეფესთან, ხან ფინანსების მოსაზიდად მოგზაურობდა ჩრდილოეთ ამერიკაში. 1948 წელს 50 წლის ქალბატონი მორიგი ამერიკული ვიზიტიდან წარმოუდგენლად დიდი კაპიტალით – 50 მილიონით დაბრუნდა. ამ თანხით ჩაეყარა კიდეც საფუძველი ისრაელის სუვერენიტეტს.

დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ გოლდა მეირი ჯერ ელჩად დაინიშნა მოსკოვში, მოგვიანებით შვიდი წელი სათავეში ედგა შრომის სამინისტროს და ქმნიდა კეთილდღეობის მყარ ინსტიტუტებს, ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მტკიცე სისტემებს, ეფექტურად ებრძოდა უმუშევრობას. მომდევნო ათი წელი, მიუხედავად იმისა, რომ ლიმფომით იყო ავად, იგი საგარეო საქმეთა მინისტრი გახლდათ, ისტორიული მოხსენებებით გამოდიოდა გაეროს ტრიბუნიდან და გვერდით ედგა ახალგათავისუფლებულ აფრიკულ ქვეყნებს.

71 წლის გოლდა მეირი პრემიერ-მინისტრის სტატუსით დააბრუნეს აქტიურ პოლიტიკაში. ხუთი ურთულესი წლის განმავლობაში ებრაელი ერის “კეთილშობილმა ბებიამ” ძალზე სერიოზული მოლაპარაკებები აწარმოა საერთაშორისო თანამეგობრობასთან და გამარჯვებით დაასრულა “იომ ქიფურის” უმძიმესი ომი.

როგორ მოახერხა რიგითმა ებრაელმა პედაგოგმა ეროვნულ ლიდერად და მნიშვნელოვან ისტორიულ ფიგურად ჩამოყალიბება?

მის მთავარ ღირსებად პრინციპულობასა და თავდაჯერებულობას, მომავლის ურყევ რწმენას ასახელებენ. ერთხელ პრემიერმა აღნიშნა კიდეც: “მინდა გულახდილად გითხრათ, რომ მე არასდროს დამისახავს მიზნად ჩემი მოქმედებით პირადი წარმატების მოპოვება. თუ ვაცნობიერებდი საქციელის მართებულობას, დასახული მიზნისთვის, შესაძლო შედეგების გაუთვალისწინებლად, ვაკეთებდი ყველაფერს, რაც ჩემზე იყო დამოკიდებული”.

პოლიტიკის ისტორიის მკვლევარებს შეუმჩნეველი არ დარჩენიათ ამ ებრაელი ქალის გულწრფელობა, სილაღე და იუმორის გრძნობა. ბევრს კარგად ახსოვს მისი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოხსენება, რომლის დროსაც მეირმა მოულოდნელად განაცხადა: “მოსემ 40 წელიწადი გვატარა უდაბნოში, რათა მივეყვანეთ ახლო აღმოსავლეთის ერთადერთ მიწაზე, სადაც ნავთობი არ მოიპოვება”. მისი ხასიათის კლასიკურ დემონსტრირებად მიიჩნევენ ექსპრემიერის შეხვედრას ქნესეთში სტუმრად მყოფ ეგვიპტის პრეზიდენტთან

თუმცა, გოლდა მეირის მოღვაწეობის ყველაზე მნიშვნელოვან თავისებურებად ჰუმანური ღირებულებებისა და სოციალური სახელმწიფოს იდეის განსაკუთრებულ ერთგულებას მიიჩნევენ.

ეგებ საქართველოს სკოლებში მიმოფანტულ ყოველ მეორე პედაგოგს არ შეეძლოს გოლდა მეირის მსგავს ლიდერად ჩამოყალიბება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მათ შორის ბევრია ისეთი, ვინც შესანიშნავად გაუძღვება ადგილობრივ ხელისუფლებას.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...