კვირა, აპრილი 12, 2026
12 აპრილი, კვირა, 2026

„ციხე შიგნიდან ტყდება“ ანუ ფესვების ძიებაში

0

როცა პატარა ვიყავი, მთელ ზაფხულს მშობლიურ სოფელში ვატარებდი. ჩემი სოფელი გურიაში, ჩოხატაურის რაიონში მდებარეობს. აქ, ჩემი აზრით, ყველაზე ენაკვიმატი და ენასწრაფი ხალხი ცხოვრობს. გურულების თავშეყრის ადგილას ყოველთვის იბადება ახალი ანეკდოტი ან ჩაკრიმანჭულებული შაირები. ერთხელ, სადილობისას, გვეწვია ბაბუას ძველი მეგობარი, სანდომიანი და სასიამოვნო მოსაუბრე. მაშინ ოჯახში ახალი აღმოჩენილი ჰქონდათ ჩემი სათქმელის არცთუ წელში გამართული, მაგრამ მაინც გარითმული ფორმით გადმოცემის ნიჭი და ბაბუამ, როგორც სჩვეოდა, სტუმართან წაიტრაბახა, ჩემი შვილიშვილი ლექსებს წერსო. მოხუცს გაეღიმა და მითხრა: ლექსს რა დაწერა უნდა, ბაბუ, საუზმეს, სადილსა და ვახშამს ჭიქა ღვინოსავით ვაყოლებო.

ეს გულწრფელი „გაკვირვება” გულში ჩამრჩა. დიდხანს ვუარე გარშემო უკარო ციხესავით და მივხვდი, რომ ციხე მართლა შიგნიდან ტყდება. ლექსით უნდა დაავადდე, მის ნაჭუჭში შეძვრე, რომ გაიგო, უფრო კი იგრძნო, რა აქვს ასეთი განსაკუთრებული, რაშია მისი მაგნეტიზმი და ხიბლი. მართალია, ლექსის წაკითხვისა და გაგების რეცეპტი არ არსებობს, მას ყველა თავისებურად აღიქვამს და ითავისებს, მაგრამ მე მაინც შევეცდები, პასუხი გავცე თუნდაც იმ ერთ კაცს, უფრო კი ჩემს თავს, რატომ არ არის ლექსი ადვილი და რომ პოეზია, თუნდაც ხალხური, ერთსტროფიანი შაირით არ ამოიწურება.

ქართველები, განსაკუთრებით – მთის მოსახლეობა, უხვად არის დაჯილდოებული ნიჭით, რომელსაც მე სალექსო სმენას დავარქმევდი. მათ სისხლში აქვთ გამჯდარი სხარტი იუმორი, რითმისა და რიტმის გრძნობა. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი მათი ნათქვამი შაირების შენახვა არა მარტო ზეპირი, არამედ ბეჭდური გზითაც. ამიტომ უნდა ჩაიწეროს თუნდაც ისეთი ლექსი, რომელსაც ჩვენი ენამოსწრებული სტუმარი სადილს ჭიქა ღვინოსავით აყოლებდა… და რაკი ლექსი მისთვის შაირია და სხვა არაფერი, შაირი კი სათავეა ქართული პოეზიისა, ამიტომ მეც თავიდან, ანუ ფესვებიდან დავიწყებ.
***
ამას წინათ გიორგი ლეონიძის „ყივჩაღის პაემანი” გვქონდა გაკვეთილად. დავიწყე ცისფერყანწელი გოგლა ლეონიძის გავლილი გზის გახსენებით, მერე ზემოხსენებულ ლექსზე შევჩერდი. ყურადღება გავამახვილეთ ყივჩაღებთან დაკავშირებულ ისტორიულ ფაქტებზეც. ლექსის დაბადების ისტორიამ, პოეტის ერთგვარმა მუზამ, „მუხრანულმა”, და მისმა ლირიკულმა გმირმა დიდი ინტერესი გამოიწვია მოსწავლეებში. დიდხანს იმსჯელეს ყივჩაღთან შეხვედრის ხალხურ ვერსიაზე, როგორც არაერთი პოეტის შთაგონების წყაროზე, ისტორიული და ლიტერატურული ყივჩაღის სახეთა მსგავსება-განსხვავებაზე… მოკლედ, ბავშვები ძალიან გაიტაცა ლექსის ფესვების ძიებამ. გავიდა რამდენიმე კვირა და გურამ დოჩანაშვილთან დაკავშირებული გაკვეთილისთვის მზადება დავიწყე, მაგრამ მისი შემოქმედებიდან ერთი ნაწარმოების ამორჩევა ძალიან გამიჭირდა. უცებ გამახსენდა ყივჩაღის ლეგენდით აღფრთოვანებული კლასი და შვებით ამოვისუნთქე:

„თავფარავნელი ჭაბუკი ასპანას ქალსა ჰყვარობდა, ზღვა ჰქონდა წინად სავალი, გასვლას შიგ არა ზარობდა. ქალი ანთებდა სანთელსა, სანთელი კელაპტარობდა. ერთი ავსული ბებერი ვაჟისთვის ავსა ლამობდა, სარკმელზე ანთებულ სანთელს აქრობდა, აბეზარობდა, თან ამას ეუბნებოდა: – წინადაც ეგა გყვარობდა! ვაჟი მიანგრევს ტალღებსა, გულმკერდი არა ჩქამობდა. ცალ ხელით დოლაბი მიაქვს, ცალ ხელით ნიავქარობდა, ზღვის გაღმა ერთი სანთელი გამოღმა კელაპტარობდა. ღამე ჩამოდგა წყვდიადი, უკუნს რამესა ჰგვანობდა, ტალღა ტალღაზე ნაცემი ვაჟის ჩანთქმასა ლამობდა. დაჰკარგა ფონი, შეშჭირდა, მორევი ბობოქარობდა, გათენდა დილა ლამაზი, კეკლუცის თვალებს ჰგვანობდა, წყალსა დაეხრჩო ჭაბუკი Wოროხზე ეგდო, ქანობდა, წითელი მოვის პერანგი ზევიდან დაჰფარფარობდა, ლეშს დასჯდომოდა ზედ ორბი, გულს უგლეჯავდა, ხარობდა”.

ჯერ ბალადას წავუკითხავ, შემდეგ ვეტყვი, რომ პირველად 1882 წელს ჩაიწერა და ჩვენამდე მისმა რამდენიმე ვარიანტმა მოაღწია. ჰეროსა და ლეანდრეს მითსაც გავახსენებ. ასოციაციური ჯაჭვის გაბმის შემდეგ ბავშვებს ისევ ფესვებთან დავაბრუნებ. ვეტყვი, რომ ბალადას ჯავახური ფოლკლორის პირმშოდ მიიჩნევენ (სოფელი ასპანა ჯავახეთის ტბის ახლოს მდებარეობს), ამ კუთხის ფოლკლორული ნიმუში კი ძალიან ცოტაა შემორჩენილი. მერე ასოციაციურ ჯაჭვს ერთ რგოლსაც ჩავაბამ და პაპანაქება სიცხეში მინდორში ცივი წყლით სავსე კოკით ხელში მდგომ მორცხვ თებრონესა და ლაღ მოვისპერანგა ჭაბუკთან აღმოვჩნდები:

გ. დოჩანაშვილის მოთხრობის გმირი, მზეჭაბუკს რომ მოჰგავს, ცელით მიარღვევს ბალახის ზღვას, რადგან „მიწა -დიდი ქალი” მუდამ თავდაუზოგავ შრომას მოითხოვს. ჭაბუკს, მიუხედავად თანასოფლელი ლამაზმანების გადამეტებული ყურადღებისა, მაინც შორი სიყვარული აწვალებს და გული ზღვისკენ ეწევა („სიტყვის დედოფალი დაინახა თავფარავნელმა, წამსვე შეიცნო სიტყვის მსახურმა თავისი მბრძანებელი”). დედამ იცის, რომ მისი შვილი, ალვის ხე, წასაქცევად განწირულია, მაგრამ ბედისწერისა თუ თავისუფალი ნების პატივისცემის გამო ხელს ვერ უშლის ვაჟის გადაწყვეტილებას.

„ალვის ხე რომ წამოიქცა, ნეტავ, დედავ, რაო… შვილო, შენი ტანი არის, ვაჰ, შენს დედასაო!”

ჭაბუკი სიძნელეებს მაინც არ ეპუება, სანამ ლამპარი ანთია, სანამ მიზანი ჩანს, შეყვარებული ჭაბუკი ყოველთვის უძლეველია. მაგრამ…

„წარმავალია ნათელი, სულ მოსაჩვენრად ბწყინდება. ბინდისფერია სოფელი, უფრო და უფრო ბინდდება”.
მოთხრობაში ზღვის გაღმა მცხოვრებ ავსულ დედაბერს დამხმარეც ჰყავს – ორბი, რომელიც ლამპარს კი არ აქრობს, ფრთით აბნელებს. ამ მცირედი განსხვავების მიუხედავად, მათაც იგივე ,,მისია” აკისრიათ, რაც ბალადის ავ პერსონაჟს:

„ლისო, ლისო, ქარი ქრისო – ლისიმ დალალეო, ჩემი ორბი ფრთასა შლისო – ლისიმ დალალეო, ხორცი არ გინდა, ხორცი?”

ბალადის მსგავსად, მოთხრობაშიც გზას იძნელებს ჭაბუკი („დოლაბდაკრული, მძიმედ შედიოდა ზღვაში. ჯიუტი ცურვა უნდა ესწავლა”, – „ცალ ხელით დოლაბი მიაქვს, ცალ ხელით ნიავქარობდა”), ბოროტს კი ისევ სწყურია ცხელი სისხლი და სიყვარულის შუქს სიძულვილით აბნელებს და… „ფსკერი იგრძნო თავფარავნელმა”.

ალბათ, ამ ფრაზასთან ისევ ისე გავჩუმდები, როგორც პირველად წაკითხვისას და ისევ ვარდნის შეგრძნების მსგავსი ელდა მომიწურავს გულს.

ისღა დამრჩენია, ბავშვებს დანაპირები შევუსრულო და კიდევ ერთხელ ჩავუყვეთ ქართულ სიტყვას – ფესვებამდე.

ირაციონალური რიცხვების გეომეტრია

0
სასკოლო მათემატიკის ერთ-ერთ მიმართულებას ეწოდება „რიცხვები და მოქმე­დებები”.  ეს მიმართულება თავიდან ბოლომდე უწყვეტად გასდევს მათემატიკის საგნობრივ პროგრამას და შეიძლება ითქვას რომ მათემატიკის სწავლების საფუძველს წარმოადგენს. მათემატიკური აზროვნების პირველი ნაბიჯები სწორედ რიცხვებთან და რაოდენობებთან დაკავშირებული ცნებების და პროცედურების გააზრებასთანაა დაკავშირებული. ამასთან, რიცხვები და მათზე მოქმედებები წარმოადგენს მათემატიკის სხვა მიმართულებების აუცილებელ საყრდენს. სწორედ მათი საშუა­ლებით ხდება გეომეტრიული ობიექტების თვისებების კვლევა, ალგებრული ცნებე­ბის შემოტანა ეფუძნება რიცხვებთან დაკავშირებული შესაბამისი ცნებების განზო­გადებას, ხოლო მონაცემთა ანალიზის ყველა ძირითადი პროცედურა დაკავშირე­ბულია რაოდენობრივი (რიცხვითი) მახასიათებლების გამოყენებასთან. ყოველივე აქედან გამომდინარე, რიცხვითი სისტემების და მათი თვისებების ღრმად გააზრება აუცილებელია ყველა სხვა მათემატიკური სტრუქტურების შესწავლისათვის.

 ვრცლად

ოთარ ჭილაძის ქართულ-ამერიკული ამბავი

0
ყველაფერი 1492 წელს დაიწყო – მაშინ, როცა კოლუმბმა ახალი მიწა აღმოაჩინა. მოგვიანებით კონტინენტს ამერიგო ვესპუჩის პატივსაცემად ამერიკა ეწოდა და ევროპელებმა ჩრდილოეთ ამერიკის კოლონიზაცია დაიწყეს. მანამდე თანამედროვე აშშ-ის ტერიტორია დასახლებული იყო ინდიელებითა და ესკიმოსებით, რომლებიც პირველყოფილი თემური წყობილების სხვადასხვა საფეხურზე იმყოფებოდნენ. ეს იყო ბრძოლა მიწისათვის, რომელსაც თან ახლდა ინდიელთა მასობრივი ხოცვა-ჟლეტა.

მე-18 საუკუნის 70-იანი წლებიდან ჩრდილოეთ ამერიკაში დაიწყო ეროვნულ-განმათავისუფლებელი და ანტიფეოდალური მოძრაობა, რომელიც თომას ჯეფერსონის დამოუკიდებლობის დეკლარაციით დაგვირგვინდა. 1776 წლის 4 ივლისს შეიქმნა ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებელი სახელმწიფო. სულ მალე, 1783 წელს, ინგლისმა ცნო აშშ-ის დამოუკიდებლობა. ქვეყნის პირველი პრეზიდენტი გახდა დამოუკიდებლობისთვის ომში ამერიკული ჯარის მთავარსარდალი ჯორჯ ვაშინგტონი.

ასე და ამგვარად, ნელ-ნელა, რევოლუციების, სამოქალაქო დაპირისპირებების, უამრავი შიდა კონფლიქტის მოგვარების შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატები იქცა ერთიან, ძლევამოსილ სახელმწიფოდ, რომელსაც მსოფლიო პოლიტიკურ ასპარეზზე განსაკუთრებული როლი და ადგილი აქვს.

ამერიკის ჩრდილოეთ და სამხრეთ კონტინენტებს ერთმანეთისგან ყოფს პანამის ყელი. ამერიკის მეხუთე პრეზიდენტის ჯეიმზ მონროს ცნობილი დოქტრინა, „ამერიკა ამერიკელებისთვის”, გულისხმობდა ორივე კონტინენტის გაერთიანებას, სავაჭრო-ეკონომიკურ განვითარებას. 1903 წელს აშშ-მა ხელშეკრულების საფუძველზე მუდმივ მფლობელობაში მიიღო პანამის ტერიტორია წყნარი და ატლანტის ოკეანეების დამაკავშირებელი არხის გასაყვანად. ეს იყო კაბალური დოკუმენტი, რომელიც ამერიკამ თავს მოახვია პანამას. სამწუხაროდ, გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან ამერიკა-პანამას შორის ურთიერთობა მეტად დაიძაბა. 1989 წელს ამერიკის არმია პანამაში შევიდა ე.წ. „სამართლიანი მიზეზით”. ოპერაცია სამი დღე გაგრძელდა და მას 345 ამერიკელი ჯარისკაცი ემსხვერპლა.

ეს ამ წერილის ისტორიული ნაწილია, რომელიც, ვფიქრობ, მკითხველისთვის საინტერესო დეტალებს უნდა შეიცავდეს. არ ვიცი, ამერიკა-პანამის კონკრეტულად რომელ ბრძოლაზე იყო საუბარი იმ საგაზეთო სტატიაში, რომელიც დიდი ქართველი მწერლის პოემის წყაროდ იქცა, მაგრამ ერთი რამ ცხადია: ისტორიული სინამდვილე ლიტერატურის ერთ-ერთი მთავარი საყრდენია.

ოთარ ჭილაძის შემოქმედება თანამედროვე ლიტერატურის კლასიკაა. სასკოლო პროგრამაში მისი რამდენიმე ლექსია შეტანილი, მათ შორის – პოემა „ადამიანი გაზეთის სვეტში”. ეს ნაწარმოები თეთრი ლექსის კარგი ნიმუშია.
თეთრი ლექსი, როგორც ვიცით, ურითმო ლექსს ჰქვია. მისი ავტორი მკითხველს მიანიშნებს, რომ მთავარი აზრია და არა რითმებით გამოწვეული ეფექტი. ცნობილია, რომ განვითარების პირველ ეტაპზე ქართული ლექსი ურითმო იყო. მოგვიანებით რითმა იმდენად შეერწყა ლექსს, რომ ურითმოდ მისი წარმოდგენაც კი აღარ შეეძლოთ. დღესაც მკითხველი განსაკუთრებულ ყურადღებას ამ უკანასკნელზე ამახვილებს. კარგია, როდესაც ლექსის სტროფები მუსიკის ჰანგებივით ჟღერს და თითოეული ბგერა მღერის.

პოეზიას მიზიდულობის ძალა და ერთი მეტად უცნაური თვისება აქვს – მკითხველს მივიწყებულ სევდას უღვიძებს და მიჩქმალულ ცრემლს მოადენს ხოლმე. ერთხელ მეგობარმა მითხრა, ლექსებს მაშინ ვკითხულობ, როდესაც ძალიან მოწყენილი ვარ და მინდა, უფრო მეტად მოწყენილი ვიყოო. დავფიქრდი და აღმოვაჩინე, რომ ზოგჯერ მართლა ასეა, სენტიმენტები გვიბიძგებს ლექსის წასაკითხად. კარგი პოეტის ლექსის თითოეული სტროფი, სიტყვა ავტორის გულივით ფეთქავს. ის პოეზიაა ყველაზე უფრო მოსაწონი, რომელსაც ნამდვილი, წრფელი ხელოვანის ნათელი ახლავს. ლექსში ყველა იმას პოულობს, რაც სურს. პოეტი ხშირად არღვევს გაბატონებულ ფორმებს და ახალ, საინტერესო აღმოჩენებს გვთავაზობს, რადგან ენა მდინარეს ჰგავს და არასდროს არის ერთნაირი.

ოთარ ჭილაძის შემოქმედებაც ასეთია, განსხვავებული და ყველასთვის „მისი”. პოემა ამერიკელი ჯარისკაცის სიცოცხლის უკანასკნელ წუთებზე მოგვითხრობს. ეს არის სიკეთისა და ბოროტების ჭიდილი, რომელიც ავტორმა პოეტური სისადავით გადმოსცა. ეს არის გაგრძელება პანამის არხში მომხდარი სისხლიანი ამბისა – როგორ მოკლეს ამერიკელებმა თავიანთი თანამოძმე მხოლოდ იმიტომ, რომ მან არ მოინდომა, უდანაშაულო ხალხზე აღემართა ხელი. მეგობრების მიერ მოკლულმა, სულის ხორცთან გაყრისას ცხოვრების უმთავრესი აზრი და ღირებულებები აღმოაჩინა.

პოემის მთავარი გმირი კრუს ხიმენესი სისხლის გუბეში ცურავს და…

ამ პოემას, მიუხედავად იმისა , რომ ეროვნულ მოტივებზე არ არის შექმნილი, ქართული სული დაჰყვება თან. სულ მგონია, რომ ქართველია ეს ჯარისკაციც, რომელსაც სიცოცხლე, ადამიანები და სამშობლო ყველაზე მეტად უყვარს, მისი აღსასრული კი რაღაც ახლის, სასიკეთოს, გამარჯვების დასაწყისია. არიან ადამიანები, რომლებიც ბრმად მიჰყვებიან ცხოვრების დინებას, უსიტყვოდ ასრულებენ ვიღაცის ბრძანებებს და არასოდეს დაფიქრდებიან, რა დგას ამ ყველაფრის მიღმა. მონობა საოცარი რამაა, ზოგჯერ გრძნობ მას, ზოგჯერ – ვერა. ადამიანები კანონების, დოგმების, გრძნობების ტყვეობაში ხშირად ექცევიან, მაგრამ განსჯის უნარს არ უნდა კარგავდნენ. ჯარისკაცი ვალდებულია, სიცოცხლის ფასად დაიცვას ქვეყანა, მაგრამ არსებობს ადამიანური მოვალეობა, რომელიც პროფესიულ ვალდებულებებს აღემატება. ომში უდანაშაულო ხალხის დახოცვა კაცობრიობის წინაშე დიდი დანაშაულია. მავანი იტყვის, რომ ომს თავისი დაუწერელი კანონები აქვს. კრუს ხიმენესი ის იშვიათი გამონაკლისია, რომელიც უსამართლობას წინ აღუდგა, ბრმა მორჩილება დაამარცხა და შეეწირა კიდეც მას სიცოცხლის სახელით – როგორც თავად ამბობს: „ჩემი სიკვდილის ერთადერთ მიზეზს სიცოცხლე ჰქვია”.

ოთარ ჭილაძემ ამ გმირს ქართული სული შთაბერა, კითხულობ და გრძნობ, რომ ძალიან შენია, ახლობელი და ასე ნაცნობი. ჩვენი ისტორიაც არაერთ ასეთ გმირს იცნობს, სამშობლოსთვის, იდეებისთვის შეწირულს საკუთარი ძმების ხელით, მაგრამ მათი აღსასრული გზის დასაწყისია და არა პირიქით. ზოგჯერ ძალიან ძნელია, იპოვო ყველა საჭირო სიტყვა, რათა შენი ფიქრი მკითხველთან მიიტანო. სწორედ ამიტომ პოეზია ნამდვილი ხელოვნებაა, ისევე როგორც მხატვრობა. ვან გოგი ბერნარს სწერდა: „განა საგნის სიტყვებით კარგად გამოხატვა ისევე საინტერესო და ძნელი არ არის, როგორც მისი დახატვა ფერებით?” პოეზიაში საკმარისი არ არის საგნის დასახელება – ამისთვის კონტრასტები, შორეული გზით სვლაა საჭირო. პოეტმა ლექსად უნდა აქციოს ადამიანის ცხოვრება, მხატვრული ფერებით მორთოს იგი და დანარჩენებსაც უწილადოს. ქართველმა პოეტებმა ნამდვილად კარგად იციან ეს ხელოვნება. ქართული ლექსი ადამიანის გულის ძარღვებს ისე ეხება, რომ ზოგჯერ ფიზიკურ ტკივილსაც კი განაცდევინებს.

ოთარ ჭილაძე თავის პოემაში ისეთ ცხად, ნათელ და მკითხველისთვის გასაგებ სურათს ხატავს, რომ პოეტური ხერხების გადამეტებული გამოყენება აღარ არის საჭირო. ბიბლიური ალუზია და გმირის განცდები დიდ ეფექტს ახდენს მკითხველზე, სხვა ყველაფერი კი ზედმეტია. ეს არის ტრაგედია ინდივიდისა, რომლის ღირებულებები არ თანხვდება მასის ღირებულებებს. ის, რაც სხვა მეომრებისთვის უბრალო დავალებაა, ბრძანება, კრუს ხიმენესისთვის მიუღებელი და ამორალური საქციელია. ეს არის კეთილი მარცვალი ბოროტთა შორის, ერთი ბევრის წინააღმდეგ, თუმცა ბრძოლა გამართლებული და მოგებულია.

პოემა გამომსახველობითი და ნამდვილია, რეალური გმირით, რომელსაც პროტოტიპი ნებისმიერი ერის ცხოვრებაში მოეპოვება. გმირები ყველგან და ყოველთვის არიან. დასანანია, რომ ადამიანს სიკვდილი ეხმარება, გმირად აღიარონ. ქართულ სინამდვილეშიც ასეა, ვინმე უნდა შეეწიროს, რომ გზა ხსნისა გამოჩნდეს და ის ყველამ დაინახოს. პოემის მთავარი აზრი ფინალშია გაცხადებული, ეს არის ზოგადსაკაცობრიო პრობლემა – ადამიანის მიერ სიცოცლის საზრისის, საკუთარი თავის პოვნა. 

გამოჩენილ ფრანგ პოეტს ვერლენს უთქვამს: „მე მგონია, რომ მკითხველმა ჩემს ლექსებში უნდა იგრძნოს ჩემი ცხოვრების გოლფშტრემის დინება”. მართლაც, ოთარ ჭილაძის შემოქმედებაც ასეთია, ნაღველით, ტკივილებით, განცდებითა და ქარტეხილებით აღსავსე, რომელსაც მზის თბილი სხივებივით ათბობს მისი პოეტური სული და ენა.

რა შეუძლიათ კურსდამთავრებულებს

0

ჩემს ბლოგში უკვე მერამდენედ მიწევს იმის გამეორება, რომ საქართველოს განათლების სისტემის ყველა საფეხურს დამატებითი ფინანსური მხარდაჭერა სჭირდება. არც ის მავიწყდება, რომ ჩვენ ღარიბი ქვეყნის მოქალაქეები ვართ და ხანდახან ჩვენს სახელმწიფოს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დარგებისთვისაც კი ენანება სერიოზული მატერიალური რესურსების გამოყოფა. შესაბამისად, ცოდნის სფეროს განვითარების ტემპი და მაჯისცემა საგრძნობლადაა შეფერხებული, მაგრამ იქ, სადაც ადამიანებს გულწრფელად სურთ თანამოქალაქეთა, მომავალ თაობათა წიგნიერებაზე ზრუნვა, გადაულახავი ბარიერები არ არსებობს. მსოფლიო პრაქტიკაში უნივერსიტეტებისა თუ სკოლებისადმი სამოქალაქო პასუხისმგებლობის უამრავ მაგალითს აღმოვაჩენთ. სოლიდარობის ამგვარმა აქტებმა სამეცნიერო პროგრესი გამოიწვია.

წლებია, ნიუ-იორკის შტატში ფუნქციობს აშშ-ში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი, მეტ-ნაკლებად ძლიერი მრავალპროფილური სასწავლებელი – ვების ინსტიტუტი. ეს დაწესებულება, სამწუხაროდ, არ იმყოფება სახელმწიფოს სრულ დოტაციაზე. იგი არც რომელიმე მულტიმილიონერის საკუთრებაა, რომ კერძო კაპიტალის გამოყენებით ცდილობდეს ფონს გასვლას. სხვათა შორის, შერჩევის უმკაცრესი კრიტერიუმების გამო ვების ინსტიტუტში მოხვედრას ყველა ვერ ახერხებს, ამიტომ სტუდენტთა კონტინგენტი შედარებით მოკრძალებულია. შესაბამისად, მათ მიერ გადახდილი სწავლის ქირით შეუძლებელია ეფექტური საგანმანათლებლო სტრუქტურის ორგანიზება და მისი სიცოცხლისუნარიანობისა თუ ხანგრძლივი სტაბილურობის უზრუნველყოფა. მიუხედავად ამისა, ეს სასწავლებელი კონკურენტთა შორის ხშირად იკავებს მოწინავე პოზიციებს.

ცხადია, ჩნდება კითხვა: რა არის ამ სკოლის წარმატების საიდუმლო?

ინსტიტუტის კურსდამთავრებულთა 70%-ზე მეტი ყოველთვიურად ხელფასის, სულ მცირე, ერთ მეასედს რიცხავს თავისი „ალმა მატერის” ანგარიშზე. მაშასადამე, სასწავლო დაწესებულების განვითარების პოტენციალის ამაღლება მეტწილად ძველი სტუდენტების, კურსდამთავრებულების ხარჯზე ხდება. გასათვალისწინებელია, რომ ვების ინსტიტუტი კონტექსტიდან ამოვარდნილ, სპეციფიკურ შემთხვევას არ წარმოადგენს – დამატებითი ფინანსური სახსრების პოვებას ანალოგიური ხერხებით ცდილობენ სხვა სასწავლებლებიც, მათ შორის – საერთაშორისო მასშტაბის მქონე პრისტონის უნივერსიტეტი და კარტონ კოლეჯიც.

მოქალაქეთა მხრიდან განათლების სისტემის მხარდასაჭერად არსებობს კიდევ ერთი გზა. ეს გზა კურსდამთავრებულთა გონივრულ ქველმოქმედებაზე გადის. ამ შემთხვევაში Alumni-მეწარმეები მყისიერ პირად მოგებაზე უარს ამბობენ და მზად არიან გრძელვადიანი, არარენტაბელური ინვესტიციის განსახორციელებლად.

2008 წლამდე დევიდ ბუტს ერთ-ერთი უდიდესი საინვესტიციო ფონდის დირექტორად იცნობდნენ. იგი რიგითი, არაფრით გამორჩეული მდიდარი ადამიანი გახლდათ, მაგრამ ერთმა შემთხვევამ სრულიად შეცვალა მისდამი საზოგადოების დამოკიდებულება. სასწავლო წლის დაწყებამდე DFA-ს მთავარმა მესვეურმა მოულოდნელად 300 მილიონი დოლარი გადაურიცხა საკუთარ სასწავლებლს – ჩიკაგოს უნივერსიტეტს. შედეგად ათობით სხვადასხვა სამეცნიერო კვლევასა და პროგრამას, ულტრათანამედროვე სასწავლო კურსს მიეცა გასაქანი. ბუტმა დაიმსახურა საზოგადოების მნიშვნელოვანი მხარდაჭერა და ისტორიაში განათლების სექტორის ყველაზე დიდი წამხალისებლის სახელით შევიდა.

ჩვენთან ძნელად იპოვით ცოდნის სფეროსთვის რამდნიმე ასეული მილიონის გამმეტებელ მეწარმეს. დრო არ ითმენს, ასობით მოძველებულ სასკოლო ლაბორატორიას, დარბაზსა თუ ბიბლიოთეკის განახლება სჭირდება. მერხებს, რომლებთანაც ადრე ჩვენ ვისხედით, დღეს სხვები უსხედან და თანამედროვე, ხარისხიანი განათლება სჭირდებათ. სახელმწიფო უსწრაფესად ვერ რეაგირებს მათ ყველა საჭიროებაზე. მგონი, ჯერი ჩვენზე, კურსდამთავრებულებზეა. დარწმუნებული ვარ, ჩვენი სკოლებისთვის გაღებულ სიმბოლურ თანხასაც კი შეუძლია ბევრისთვის სასიკეთო შედეგების მოტანა.

გუნდური მუშაობა

0
რით არის მნიშვნელოვანი მოსწავლეებისთვის გუნდური მუშაობის სწავლება და როგორ მივაღწიოთ ამას?

სოციალური მედიის მზარდი გამოყენების პირობებში სულ უფრო მეტი ადამიანი ამყარებს ერთმანეთთან კავშირს. უფროსკლასელებს შორის ინტერნეტსივრცეში ჩართულთა პროცენტული მაჩვენებელი, სავარაუდოდ, დიდად არ უნდა ჩამოუვარდებოდეს 100%-ს. ამის საწინააღმდეგო რა უნდა გვქონდეს, თუმცა ვისურვებდით, გაზრდილიყო ინტერნეტის სასწავლო მიზნით გამოყენების ხვედრითი წილი. ჩნდება მოსაზრება, რომ მოსწავლეები სულ უფრო ნაკლებად ურთიერთობენ ერთმანეთთან პირდაპირი, უშუალო კომუნიკაციის გზით. ამის გამო მათ ეკარგებათ უშუალო ურთიერთობის აუცილებელი უნარები. ვფიქრობთ, კარგი იქნება, ამ უნარების დაუფლება სასწავლო პროცესში, უშუალოდ გაკვეთილზეც მოხდეს. ონლაინ კომუნიკაციის არნახული ზრდის მიუხედავად, პირდაპირი კომუნიკაცია არასოდეს დაკარგავს მნიშვნელობას. ადამიანები, რომლებიც დაუფლებული იქნებიან უშუალო ურთიერთობის საჭირო უნარებს, მეტ წარმატებას მიაღწევენ, ვიდრე ამ უნარებს მოკლებულები.

გუნდური მუშაობის უკეთ დასაუფლებლად არსებობს უამრავი უკვე აპრობირებული აქტივობა, რომლებიც ასწავლის მოზარდებს ერთმანეთთან პოზიტიურ და პროდუქტიულ კომუნიკაციას. ასეთებია: პროექტები, რომლებიც მოსწავლეებმა შეიძლება ერთად აკეთონ, სხვადასხვა აქტივობები, რომლებიც ერთად მუშაობას მოითხოვს და უამრავი საგანმანათლებლო თამაში, რომლებიც ასევე უზრუნველყოფს გუნდური მუშაობის წარმატებით დაუფლებას.

მოსწავლეებს გუნდური მუშაობა რომ ვასწავლოთ, საჭიროა, მასწავლებელმა მკაფიოდ აუხსნას მათ ჯგუფური მუშაობის მნიშვნელობა. მოსწავლეები ჯგუფურ მუშაობაში უნდა ჩავაბათ მას შემდეგ, რაც მათთან ერთად განვიხილავთ რამდენიმე აუცილებელ საკითხს. მოსწავლეებმა უნდა გააცნობიერონ, რომელ საჭირო უნარებს განუვითარებს მათ გუნდური მუშაობა, რა უნარები უნდა ჰქონდეთ მათ, რომ გუნდური მუშაობა ეფექტური აღმოჩნდეს. მასწავლებელმა მოსწავლეებს უნდა შესთავაზოს და მათთან ერთად განიხილოს გუნდური მუშაობის დროს დასაცავი წესებიც. 

მოდი, შევჩერდეთ რამდენიმე მნიშვნელოვან უნარზე, რომლებიც სწორად წარმართული გუნდური მუშაობით შეიძლება განვუვითაროთ მოსწავლეებს (შეგიძლიათ განიხილოთ თქვენს მოსწავლეებთან ერთად).
მოსმენა

მოსწავლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ მოსმენის უნარი აუცილებელია. იგულისხმება, რომ ყველა მოსწავლეს უნდა შეეძლოს აზრის ისე გამოთქმა, არ შეაწყვეტინონ. აგრეთვე ყველა მოსწავლემ უნდა იცოდეს, რა საკითხი განიხილება, რათა არ გამოეთიშოს განხილვის პროცესს. შეგვიძლია შემოგთავაზოთ ერთი უბრალო საშუალება ამის მისაღწევად: მივცეთ მოსწავლეებს რაიმე პატარა საგანი და დავთქვათ, რომ ლაპარაკობს მხოლოდ ის, ვისაც ხელში ეს საგანი უკავია. საამისოდ გამოდგება პატარა ფუმფულა სათამაშო ან სულაც ჩვეულებრივი ფანქარი.

საუბარი 

მოსწავლეები უნდა დავარწმუნოთ, რომ მათ სჭირდებათ აზრის გამოთქმის უნარი. მათ უნდა შეეძლოთ თავიანთი იდეებისა და მოსაზრებების გამოთქმა და სხვისი იდეებისა და მოსაზრებების შეფასება. მოსწავლეთა უმეტესობა არავითარ სირთულეს არ აწყდება მეგობრებთან საუბრისას, მაგრამ ჯგუფში რაიმე საკითხის განხილვა და გადაწყვეტილების მიღება სულ სხვა უნარებს მოითხოვს. აქ საჭიროა, მოსწავლემ აზრი არა ერთ ან ორ მეგობარს, არამედ ჯგუფის რამდენიმე წევრს გაუზიაროს, თანაც ისე, რომ მისი იდეები სხვებისთვისაც ადვილი გასაგები იყოს. მნიშვნელოვანია, აზრის გადმოცემისას მოსწავლემ გაითვალისწინოს დროის ფაქტორიც. თუ ის დიდხანს მოუნდა თავისი მოსაზრების ჩამოყალიბებას, მის მეგობრებს ყურადღება გაეფანტებათ და შესაძლოა, მისი სავსებით სწორი მოსაზრება დაიკარგოს. მეტისმეტად დიდხანს ლაპარაკი ერთსა და იმავეზე ან ერთი მოსაზრებიდან მეორეზე გადახტომა სასურველ შედეგს ვერ გამოიღებს.
თავდაჯერება

ჩვენი რწმენით, ჯგუფური მუშაობა ხელს უწყობს თავდაჯერების გამომუშავებას. ჯგუფში წარმატებული მუშაობისთვის მოსწავლეებს სჭირდებათ თვითრწმენა, საკუთარი თავის რწმენა. მათ თავიანთი აზრები გაბედულად უნდა გამოთქვან და მიიღონ ნეგატიური უკუკავშირი ისე, რომ არ განაწყენდნენ და მუშაობის გაგრძელება შეძლონ. თავდაჯერების, თვითრწმენის ჩამოყალიბება რთული, ხანგრძლივი პროცესია, მაგრამ რაც უფრო მეტად მიიღებს მოსწავლე ჯგუფურ მუშაობაში მონაწილეობას, რაც უფრო უკეთ ისწავლის სხვების მოსმენას და აზრის გამოთქმას, მეტად თავდაჯერებულიც გახდება.

ჯგუფური მუშაობა მხოლოდ ზემოთ განხილული უნარების განვითარებას როდი უწყობს ხელს – რასაკვირველია, კიდევ ბევრის ჩამოთვალა შეიძლება: ურთიერთპატივისცემა, ლიდერობის გრძნობა, როლების განაწილება, პასუხისმგებლობა და სხვ. თუმცა მიგვაჩნია, რომ მოსმენა, საუბარი და თავდაჯერება წარმოადგენს იმ ფუნდამენტურ უნარებს, რომელთა განვითარებაც ჯგუფური მუშაობით არის შესაძლებელი.

ოპტიკური იზომერია

0
სახალიდან გასვლისას, სარკეში ჩახედვა და “საკუთარი თავისთვის” თვალის შევლება, თითოეული ჩვენთაგანისათვის  თითქმის ინსტიქტის დონემდე დაყვანილი, აუცილებელი პროცედურაა. ვიმზირებით სარკეში და გვგონია, საკუთარ თავს ვხედავთ. მაგრამ, ის ვინც სარკეში მოსჩანს, ჩვენ არ ვართ. თუ კარგად დააკვირდებით, ნახავთ, რომ მას ყველაფერი უკუღმა აქვს… ჩვენი სარკული გამოსახულება ჩვენ ისევე გვგავს, როგორც ჩვენი მარჯვენა ხელი ჰგავს მარცხენას… ერთი შეხედვით, ორივე ხელი ხომ ერთნაირი გვაქვს, მაგრამ მათ შორის სხვაობას ადვილად “დავიჭერთ”, თუ ერთ მარტივ ექსპერიმენტს ჩავატარებთ: მოხსენით თოჯინას მარცხენა ხელი და შეეცადეთ დააყენოთ მარჯვენა ხელის ადგილას. 

მაშასადამე, სარკეში რასაც ვხედავთ  ჩვენი ანარეკლია, სარკული გამოსახულებაა. ქიმიაში მას ენანთიომერი (სტერეოიზომერი) ეწოდება. სტერეოზომერები კი  ეწოდებათ ისეთ ნაერთებს, რომლებიც შედგებიან ერთდაიმავე მიმდევრობის, ერთიდაიმავე ატომებისაგან, მაგრამ აქვთ განსხვავებული სივრცითი აღნაგობა. 

ყველა მოლეკულას შეიძლება ჰქონდეს სტერეოზომერი?  ცხადია არა. სტერეოზომერიის გამოვლინებისათვის მოლეკულა ერთ განსაკუთრებულ თვისებას უნდა ატარებდეს. მას უნდა ჰქონდეს ქირალური ცენტრი – ანუ ისეთ ნახშირბადატომს უნდა მოიცავდეს, რომელსაც ოთხი ჩამნაცვლებელი აქვს და იმავდროულად ოთხივე განსხვავებული.

 
ტესტი ქირალობაზე ადვილი ჩასატარებელია. თუ სხეულს (მოლეკულას) გააჩნია სიმეტრიის ღერძი, მაშინ მას ქირალური ცენტრი არ ექნება და აქირალური იქნება. მაგალითად, 2-ქლორპროპანში C2 ატომი მხოლოდ სამ განსხვავებულ ჩანმაცვლებელს მოიცავს, ამიტომ მასზე სიმეტრიის სიბრტყის გატარება შეიძლება. შესაბამისად იგი აქილარულია. 2-ქლორბუტანში C2ატომზე სიმეტრიის სიბრტყის გატარება შეუძლებელია და ამიტომ იგი ქირალურია. შესაბამისად მას ექნება შესაბამისი ოპტიკური იზომერი.
 
 

მოლეკულა შეიძლება მოიცავდეს ერთზე მეტ ქილარულ ცენტრსაც. ასეთ შემთხვევაში ენენთიომერების რიცხვი მნიშვნელონდა იზრდება და შეიძლება გამოითვალოს ფორმულით: ენენთომერების რაოდენობა = 2n, სადაც n- ქირალური ცენტრების რაოდენობაა. შესაბამისად, ღვინომჟავას, რომელსაც ორი (C2 და C3) ქირალური ნახშირბადი აქვს, 4 ენანთიომერი გააჩნია. 
 



ოპტიკური იზომერიის მოვლენა მოლეკულებზე ჯერ კიდევ ბერცელიუსის დროს იქნა შენიშნული. ბერცელიუსმა აღმოაჩინა, რომ ერთიდაიგივე შედგენილობისა და ქიმიური თვისებების მქონე ღვინომჟავის კრისტალები მასზე დაცემულ ბრტყლად პოლარიზებულ სხივს ან მარჯვნივ გადახრიდნენ, ან კუთხის იმავე მნიშვნელობით მარცხნივ. ვინაიდან მოლეკულები ქიმიურად ერთნაირად იქცოდნენ, ეს განსხვავებულობა კრისტალურ სტრუქტურას მიეწერა. ბერცელიუსი ამ აღმოჩენას სტუდენტებს ყოველთვის დიდი ენთუზიაზმით აცნობდა წლების განმავლობაში, სანამ მის კლასში არ  მოხვდა  ლუი პასტერი. პასტერმა, რომელიც ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა იყო, ლექციაზე მხცოვან პროფესორს შეკადრა და განუცხადა მთელი აუდიტორიის წინაშე, რომ იგი ცდებოდა. სხივის გადახრა არა კრისტალის, არამედ მოლეკულის თვისება იყო, ვინაიდან მარჯვნივმაბრუნებელი ღვინომჟავის წყალხსნარი ისევე იქცეოდა, როგორც მისი კრისტალები. ბერცელიუსმა სასტიკად გაკიცხა საჯაროდ ლუი პასტერი და მას თავხედი და პოპულისტი უწოდა. მაგრამ პასტერი იმდენად იყო დარწმუნებული თავის განცხადებაში, რომ მას შესთავაზა ექსპერიმენტით თავისი მოსაზრების დამტკიცება… დაინიშნა სამეცნიერო “დუელი”. ლუი ჩაკეტეს ლაბორატორიაში ღვინომჟავის კრისტალებთან ერთად. მას მეორე დღემდის უნდა მოესწრო მარჯვნივ და მარცხნივ მაბრუნებელი ღვინომჟავის კრისტალების  ცალ-ცალკე გადაწყობა… მეორე დღეს იმავე აუდიტორიის წინაშე ლუი პასტერმა დაამტკიცა, რომ სხივის გადახრა მოლეკულის თვისება იყო და არა კრისტალის… 

ბერცელიუსმა სოკრატეს ცნობილი  ფრაზა მოიშველია: “მე ის ვიცი ქიმიაში, რომ არაფერი ვიციო” და ისევ ბუმბერაზ მეცნიერად დარჩა…

 შეცდომის დაშვებისაგან არც ჩვენ ვართ დაზღვეულები…. მთავარია, მათი აღიარება და გამოსწორება შევეძლოთ.

„მეგობრობა გზად და ხიდად“…

0

განსხვავებული აზრის გამო ჯერ არც ერთი მეგობარი არ დაგიკარგავთ? საჯარო თუ პირად საუბრებში მიწასთან არავის გაუსწორებიხართ? არასდროს უთქვამთ, რომ თქვენი აზრი თუ თეორია მხოლოდ იმიტომაა ცუდი ან გაუგებარი, რომ განსხვავებულია? მოკლედ, ფეისბუქის ენით რომ ვთქვა, არავის წაუშლიხართ „ფრენდებიდან” ან არ „დაუბლოკიხართ”? თუ ასეა, თქვენ იშვიათ გამონაკლისთაგანი ბრძანდებით.

 

ფილოლოგიის ფაკულტეტის პირველსავე კურსზე, ქართული ენის შესწავლის ისტორიის ლექციასა თუ ძველი ქართული ენის სემინარზე, ხშირად ვკითხულობდით და ვსწავლობდით ქართულ სამეცნიერო ეპისტოლოგიას, ანუ დიდ მეცნიერთა წერილებსა თუ გამოხმაურებებს მნიშვნელოვანი სამეცნიერო საკითხების ირგვლივ.

საკმარისია გავიხსენო ცნობილი წერილების ციკლი წოდებითი ბრუნვის წამოშობასა თუ ბრუნვა-არბრუნვად მისი მოხსენიების საკითხებზე – აკაკი შანიძე, ვარლამ თოფურია, არნოლდ ჩიქობავა… ბრუნვაა თუ არა წოდებითი, ეს სხვა საკითხია, მაგრამ ამ წერილების ერთიან, ერთგვარად დრამატურგიულ სქემაში წარმოდგენისა და კითხვისას ჩემ წინაშე ცოცხლდება მეოცე საუკუნის ქართული სამეცნიერო ინტელიგენცია, ამ სიტყვის საუკეთესო მნიშვნელობით – მეცნიერი, რომელიც საოცრად ფრთხილად და კორექტულად შენიშნავს ოპონენტის მცდარ აზრსა თუ არასწორ მიგნებას.

ამას წინათ შესანიშნავი ენათმეცნიერის, ნიკო მარის შესახებ მასალების ძებნისას მისი და ექვთიმე თაყაიშვილის საოცარი მეგობრობის ამბავს გადავაწყდი, კიდევ ერთხელ დამწყდა გული, რომ სუბიექტურობის ღობეშემოვლებულ ჩვენს ეზოში ხშირად ყველაზე ახლობლებსაც კი არ ვუშვებთ, თუ ზუსტად ჩვენნაირად არ ფიქრობენ.

წარმოიდგინეთ ორი სხვადასხვაგვარად დიდი ადამიანი: ნიკო მარი და ექვთიმე თაყაიშვილი.

ნიკო მარი – ადამიანი-ვულკანი, გენიალური აღმოჩენებისა და გენიალური შეცდომების, ზოგჯერ ფანტასტიკური თეორიების ავტორი, უდიდესი გაქანებისა და დიაპაზონის, დაულაგებელი, იმპულსური, აფექტური, „მსოფლიო მეცნიერი ქართული ქოხიდან”, რომელიც ყველაზე ხშირად თავად ამტკიცებდა საკუთარი ჰიპოთეზების უარმყოფელ და საპირისპირო თეორიებს.

ექვთიმე თაყაიშვილი – მეცნიერი-ფუტკარი, უსაზღვროდ მშვიდი, ერთგული, ჩუმი, საქართველოს ხაზინადარი, ყველა საკითხის ძირისძირობამდე გამომკვლევი, სკრუპულოზური და თავმდაბალი მეცნიერი (საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი).

მათი წერილები სავსეა გულწრფელი მეგობრული სიყვარულითა და გულშემატკივრობით, ზოგჯერ ფრთხილი და ზომიერი კრიტიკით, ზოგჯერ – არანაკლებ ფრთხილი შექებით.

ექვთიმე თაყაიშვილი გულახდილად წერს, ნიკო მარმა არაერთგზის აღნიშნა „შეცდომები ჩემ მიერ ძველი ტექსტების კითხვაში”, მისი „შენიშვნები სწორი იყო და ხელს უწყობდა ჩემი შემდგომი მუშაობის გაუმჯობესებას”, „მეც ვაზუსტებდი ზოგ-ზოგ წაკითხვებს მარის პუბლიკაციებში და თვითონ მეუბნებოდა: დაწერე ეგაო, არა, მე არ ვწერდი”.

მიუხედავად იმისა, რომ ერთ-ერთ თავის პუბლიკაციაში ექვთიმე თაყაიშვილი ზომიერად აკრიტიკებს მარის იაფეტურ თეორიას, მოგვიანებით წერს: „ჩვენთვის მთავარია არა იაფეტური თეორია, არამედ ის, რომ დიდი და დაუფასებელია ღვაწლი ნიკო მარისა ქართული და ქართულის მონათესავე ენების საფუძვლიან შესწავლაში, ასეთივეა მისი ღვაწლი ძეგლების გამოცემაში, სომხური და საერთოდ კავკასიის კულტურის შესწავლაში”.

ნიკო მარის თეორიებმა აზრთა დიდი სხვადასხვაობა და კრიტიკა დაიმსახურა, ზოგჯერ – ბოღმიანი და ბოროტიც. ასეთ სიტუაციებში ექვთიმე ყოველთვის იცავდა მეგობარს და ნიკოსაც ბავშვივით სჯეროდა მისი, მაგალითად, როდესაც მორიგ შხამიან წერილზე პასუხის გაცემას ექვთიმე აუკრძალავდა, ნიკო მარი აუცილებლად ემორჩილებოდა.

ცინიკური გამოხმაურებების ავტორ ზოგიერთ კრიტიკოსს ასე ურჩია ექვთიმე თაყაიშვილმა: „პროფესორ მარზე, მის მეცნიერულ შრომებზე და მის მოღვაწეობაზე წერილის წერას თავი გაანებოს, ვინაიდან წელზევით ვერ ახტება და სასაცილო კი გახდება”.

მერეც, როდესაც ნიკო მარი გარდაიცვალა, ექვთიმე თაყაიშვილი ყოველთვის დადარაჯებულად კითხულობდა თავისი მეგობრის შესახებ ყველა გამოხმაურებას და თუ საჭირო იყო, ღირსეულადაც პასუხობდა ოპონენტებს.

ვკითხულობ ამ ორი გენიოსის მიმოწერას და კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ სულაც არაა აუცილებელი, ვინმე შენნაირად ფიქრობდეს იმისთვის, რომ შეიყვარო და გული გაუზიარო.

ადამიანი გიყვარს მისი მსოფლმხედველობითა და თეორიებით, მისი ჩვევებითა და მანერებით, გიყვარს სამუდამოდ – ისევე როგორც ორ სრულიად განსხვავებულ მეცნიერსა და ადამიანს, ექვთიმე თაყაიშვილსა და ნიკო მარს, უყვარდა ერთმანეთი.

 

 

პედაგოგიური ექსპერიმენტი და სასწავლო პროცესი

0
პედაგოგიკის საკითხებზე საუბრისას ხშირად იბადება კითხვები, როგორ მიიღება ესა თუ ის თეორიული დასკვნა, რამდენად სწორად ასახავს ის სინამდვილეს, ვენდოთ თუ არა მას.

იმ გზებსა და საშუალებებს, რითაც ხდება ობიექტური რეალობის შემეცნება, კვლევის მეთოდებს უწოდებენ. მათი საშუალებით ხდება ნებისმიერ საგანზე ინფორმაციის მოპოვება, შესწავლა, გაანალიზება და მონაცმების დამუშავება. კვლევის ტრადიციულ მეთოდებში შედის: გამოცდილების შესწავლა, დაკვირვება, სასკოლო დოკუმენტაციის ანალიზი, მოსწავლეთა შემოქმედების შესწავლა, საუბრები და სხვ.

ნებისმიერი სამეცნიერო-პედაგოგიური კვლევის საფუძველს პედაგოგიური ექსპერიმენტი წარმოადგენს. იგი თანამედროვე პედაგოგიურ კვლევებში ერთობ აქტუალურია.

პედაგოგიური ექსპერიმენტი – ეს პედაგოგიური პროცესის ორგანიზების მეცნიერულად დასაბუთებული და კარგად მოფიქრებული სისტემაა, რომელიც წინასწარ შემუშავებული მეცნიერული შეხდულებებისა და ჰიპოთეზების შემოწმება/დადასტურების საფუძველზე მიმართულია ახალი პედაგოგიური ცოდნის აღმოჩენისკენ. 
თავად “ექსპერიმენტი” ლათინური სიტყვაა და ნიშნავს გამოცდილებას, ცდას, შემოწმებას. პედაგოგიურ ექსპერიმენტს შემოქმედებითი ხასიათი აქვს და მან შეიძლება მოიცვას არა მარტო მოსწავლეთა ცალკეული ჯგუფები, არამედ კლასი, სკოლა და რამდენიმე სკოლაც კი ერთდროულად. შესაძლებელია რეგიონული კვლევების წარმოებაც.

საზოგადოდ, პედაგოგიური ექსპერიმენტი – ესაა:

* პედაგოგიური პროცესის ორგანიზების მეცნიერულად დასაბუთებული სისტემა, რომელიც მიმართულია ახალი პედაგოგიური ცოდნის აღმოჩენისკენ;

* სამეცნიერო ჰიპოთეზების სანდოობის შემოწმება;

* პედაგოგიური სისტემის ცალკეულ ნაწილებს შორის კავშირისა და ურთიერთობის გამოვლენა;

* მკვლევარის აქტიური ჩარევა პედაგოგიურ პროცესში უკვე არსებული პრაქტიკის კანონზომიერებისა და ცვლილებების აღმოჩენის მიზნით;

* შემეცნების მეთოდი, რომელის დახმარებითაც ხდება პედაგოგიური მოვლენების, ფაქტების, გამოცდილების გამოკვლევა;

* მასწავლებელთა და მოსწავლეთა პედაგოგიური მოვაწეობის ორგანიზება წინასწარ შემუშავებული თეორიული შეხედულებების ანდა ჰიპოთეზების შემოწმებისა და შესწავლის მიზნით;

* პედაგოგიური პროცესის გამოცდილების გარდაქმნის (განვითარების) უზრნველყოფა კონკრეტული პირობების შესაბამისად;

* სპეციალურად ორგანიზებული დაკვირვება მიმდინარე პედაგოგიურ პროცესზე მისი სისტემური ცვლილებების მიზნით, რომლისთვისაც, ამავე დროს, საჭიროა ინფორმაციის შეგროვება გარკვეული მონაცემების, კონკრეტული პირობებისა და სასწავლო მასალების შესახებ.

პედაგოგიური ექსპერიმენტის ორი ძირითადი სახეობაა ბუნებრივი და ლაბორატორიული ექსპერიმენტები, რომლებსაც მრავალი ქვესახეობა აქვს.

ბუნებრივი პედაგოგიური ექსპერიმენტი მიმდინარეობს ჩვეულებრივი სასწავლო რეჟიმის პირობებში და ამ დროს ხდება ახალი სასწავლო გეგმების, სახელმძღვანელოების შემოწმება.

ლაბორატორიული პედაგოგიური ექსპერიმენტი წარმოადგენს მეცნიერული კვლევის გაცილებით ღრმა ფორმას. ამ დროს პედაგოგიური პროცესის კონტექსტიდან გამოყოფენ განსაზღვრულ მხარეს, ხელოვნურად ქმნიან პრობლემას, ზუსტად აკონტროლებენ მას და მოქმედებენ სიტუაციის შესაბამისად.

პედაგოგიური ექსპერიმენტები სხვადასხვა სახისაა, ხშირია მათი კომპლექსური გამოყენებაც. 

მიზნის კვალობაზე, განასხვავებენ: 

1) მაკონსტატირებელ (ფაქტის დამადასტურებელ) ექსპერიმენტებს, რომელთა დროსაც ხდება პედაგოგიური თეორიისა და პრაქტიკის საკითხების რეალურ პედაგოგიურ პროცესში შესწავლა. ეს ექსპერიმენტი ტარდება კვლევის დასაწყისში შესასწავლი პრობლემის დადებითი და უარყოფითი მხარეების გამოსავლენად;

2)სანდოობის დამამტკიცებელ, დამაზუსტებელ, შემმოწმებელ ექსპერიმენტს (ამ დროს ხდება პრობლემის გააზრებისას წამოჭრილი ჰიპოთეზის სანდოობის შემოწმება);

3)შემოქმედებით ანუ ახალი პედაგოგიური ტექნოლოგიის მაკონსტრუირებელ ექსპერიმენტს (როცა შემოაქვთ ახალი სასწავლო გეგმები, სწავლა-აღზრდის მეთოდები და სხვ.). ჰიპოთეზის სანდოობის დამტკიცებისას მიღებული მონაცემების საფუძველზე ტარდება სამეცნიერო-თეორიული ანალიზი და გამოაქვთ შესაბამისი დასკვნები;

4)საკონტროლო – ეს კონკრეტული პრობლემის დამამთავრებელი ეტაპია. მის მიზანს წარმოადგენს, ერთი მხრივ, მიღებული შედეგებისა და პედაგოგიური პრაქტიკის მეთოდიკის შემოწმება, მეორე მხრივ, სხვა სასწავლო დაწესებულებების მეთოდებისა და პედაგოგების აპრობაცია. თუ საკონტროლო ექსპერიმენტი ამტკიცებს მიღებულ შედგებს, მკვლევარი ახდენს ამ შედეგების როგორც პედაგოგიკის თეორიული და მეთოდური მიღწევის აპრობაციას (იყენებს პრაქტიკაში). 

ყველზე ხშირად ბუნებრივ და ლაბორატორიულ ექსპერიმენტებს იყენებენ. პირველს – ბუნებრივ პირობებში, მიმდინარე გაკვეთილებსა და კლასგარეშე მეცადინეობებზე. მისი არსი ისაა, რომ მკვლევარი, აანალიზებს რა ამა თუ იმ პედაგოგიურ მოვლენას, მიისწრაფის შექმნას იმგვარი პედაგოგიური სიტუაცია, რომ მან არ დაარღვიოს საგაკვეთილო პროცესი და მეცადინეობა ბუნებრივად გაგრძელდეს. ბუნებრივი ექსპერიმენტის საგანს ძირითადად წარმოადგენს გეგმები და პროგრამები, სახელმძღვანელოები და სასწავლო საშუალებები, მეთოდები და სწავლა-აღზრდის ფორმები. 

ლაბორატორიული კვლევა პედაგოგიურ პრაქტიკაში არც ისე ხშირად გამოიყენება. იგი გულისხმობს ხელოვნური სიტუაციის შექმნას არაკონტროლირებადი ფაქტორების, ობიექტური და სუბიექტური პირობების გამოსამჟღავნებლად და მათ მინიმუმამდე დასაყვანად. ლაბორატორიული ექსპერიმენტი, რომელიც ყველაზე ხშირად გამოიყენება დიდაქტიკაში, შეიძლება იყოს ერთი ან რამდენიმე პატარა ჯგუფის ექსპერიმენტული სწავლება სპეციალურად შემუშავებული მეთოდიკით, რომლის დროს სპეციალურ ტექნიკურ საშუალებებსა და მოწყობილობებსაც გამოიყენებენ. გასათვალისწინებელია, რომ ექსპერიმენტი ამარტივებს იმ პედაგოგიურ გამოცდილებას, რომელიც თვალსაჩინო იყო “სუფთა” სახით, ბუნებრივ პირობებში. ეს “ხელოვნურობა” არის კიდეც ამ ტიპის ლაბორატორიული სამუშაოს ნაკლოვანი მხარე. მთავარია სიფრთხილე შედეგების ინტერპრეტაციისას: ძირითადი დასკვნები უნდა გაკეთდეს არალაბორატორიულ, ბუნებრივ პირობებში, ანუ იქ, სადაც სინამდვილეში უნდა გავრცელდეს ამ სამუშაოს შედეგები. 

ამავე დროს, ექსპერიმენტის დაწყებამდე მკვლევარმა ყურადღებით უნდა შეისწავლოს ის საკითხები, რომლებიც არასათანადოდაა გამოკვლეული პედაგოგიკაში. 
პედაგოგიური ექსპერიმენტის ეტაპები

პედაგოგიური ექსპერიმენტის ეტაპებია:
·დაგეგმვა;
·ჩატარება;
·შედეგების ინტერპრეტაცია.

დაგეგმვა გულისხმობს ექსპერიმენტის მიზნისა და ამოცანის დასახვას, მოსალოდნელი შედეგების გათვლას, ექსპერიმენტის რაოდენობას და ჩატარების განრიგს, მიღებული შედეგების შემოწმების მეთოდს. ექსპერიმენტის ორგანიზება და ჩატარება უნდა წარიმართოს წინასწარ შემუშავებული გეგმით. ინტერპრეტაციის ეტაპზე ხდება მონაცემების შეკრება და დამუშავება. 

ექსპერიმენტი სანდო რომ იყოს, აუცილებელია შემდეგი პირობების დაცვა:

1. ცდებისა და გამოსაცდელი ობიექტების ოპტიმალური რაოდენობა;
2.კვლევის მეთოდიკის საიმედოობა;
3.სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავებების გამოვლენა. 

ექსპერიმენტის მსვლელობისას რამდენიმე მეთოდის შერწყმა იძლევა პედაგოგიური კვლევის ეფექტურობისა და ხარისხის ამაღლების საშუალებას. ამას ხელს უწობს ექსპერიმენტის შედეგების სწორად გამოთვლაც (რისთვისაც აქტიურად იყენებენ მათემატიკურ მეთოდებსაც).

ექსპერიმენტის დაწყებისას მკვლევარი დაწვრილებით გათვლის მიზანსა და ამოცანებს, განსაზღვრავს ობიექტს და კვლევის საგანს, შეადგენს კვლევის პროგრამას, გამოთვლის მოსალოდნელ შედეგებს და მხოლოდ ამის შემდეგ იწყებს თავად ექსპერიმენტის ეტაპობრივ დაგეგმვას. მასში გამოიკვეთება ჩასატარებელი რეფორმების ხასიათი, თითოეულის როლი და ადგილი ექსპერიმენტში, გათვალისწინებეული იქნება პედაგოგიური პროცესისთვის ხელის შემშლელი შესაძლო მიზეზები, მითითებული იქნება ექსპერიმენტის ჩატარების საშულებებიც. 

მკვლევარისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თვალყური ადევნოს მთელ ექსპერიმენტულ პროცესს როგორც მიმდინარეობის, ისე შედეგების ანალიზის თვალსაზრისით. 

პედაგოგიური ექსპერიმენტი შეიძლება ემსახურებოდეს: 

სწავლების კონცეფციის შემუშავებას, განათლებას, სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის კანონზომიერების განსაზღვრას;
პიროვნების ფორმირებისა და განვითარების პირობების გამოვლენას;
ცოდნის ათვისების ხელშემწყობი ფაქტორების წარმოჩენას, ახალი პედაგოგიური პრობლემების გამოვლენას;
ჰიპოთეზის დამტკიცებას ან უარყოფას;
კლასიფიკაციის შემუშავებას (გაკვეთილებისა, სწავლის მეთოდებისა, გაკვეთილის ტიპებისა და სხვ.);
სწავლების ანალიზის და ა.შ.

პედაგოგიური ექსპერიმენტის შედეგებს საერთო სტრუქტურა აქვთ. ისინი ძირითადად სამი ურთიერთდაკავშირებული კომპონენტისგან შედგება: ობიექტური, გარდაქმნაზე, ცვლილებაზე ორიენტირებული კომპონენტისა და მაკონკრეტებელი კომპონენტისგან.

ობიექტური კომპონენტი ხელს უწყობს შედეგების გამოვლენას სხვადასხვა დონეზე. ის შეიძლება წარმოდგენილი იყოს ცოდნის სხვადასხვა ტიპით (ჰიპოთეზა, კლასიფიკაცია, კონცეფცია, პარადიგმა, მიმართულება, რეკომენდაცია, პირობები და ა.შ.). 

გარდაქმნაზე, ცვლილებაზე ორიენტირებული კომპონენტი ხელს უწყობს იმ ცვლილებათა გამოვლენას, რომლებიც ხდება ობიექტურ კომპონენტთან დაკავშირებით (დამატებითი საკითხების საჭიროების კუთხით). 

ამ კომპონენტის შედეგების განსაზღვრისას გასათვალისწინებელია შემდეგი საკითხები:
1.შეიმუშავა თუ არა მკვლევარმა სწავლა/აღზრდის ახალი მეთოდი;
2. განსაზღვრა თუ არა სწავლის პროცესის ეფექტურობის ამაღლების გზები;
3.გამოავლინა თუ არა თეორიული და მეთოდური პრინციპები;
4.შესთავაზა თუ არა მოდელი შემდგომი განვითარებისთვის; 
5.შეამოწმა თუ არა კლასის ხელმძღვანელის მოღვაწეობის ეფექტური ფუნქციობის მოდელი.

მაკონკრეტებელი კომპონენტი აზუსტებს პირობებს, ფაქტორებსა და გარემოებებს, რომლებშიც მიმდინარეობს ობიექტური და გარდაქმნაზე აქცენტირებული კომპონენტები, ანუ იგი:

• აკონკრეტებს ადგილსა და დროს, რომლის ფარგლებშიც მიმდინარეობს კვლევა;
• მიუთითებს სწავლისთვის, მოსწავლეთა აღზრდა-განვითარებისთვის აუცილებელ პირობებს;
• ჩამოთვლის სასწავლო პროცესში გამოყენებულ მეთოდებს, კონტროლის საშუალებებს, პრინციპებს, მიღებულ მონაცემებს;
• აზუსტებს ამა თუ იმ პედაგოგიური ამოცანის გადაწყვეტისთვის საჭირო მიდგომებს. 
კომპონენტი ავსებს ერთმანეთს, ამიტომ კვლევა შეიძლება წარმოვიდგინოთ როგორც ერთი მთლიანი პროცესი. ცხადია, ყველა ელემენტი უნდა აისახოს შედეგებში, წინააღმდეგ შემთხვევაში მიზანი მიღწეულად ვერ ჩაითვლება. 

ექსპერიმენტის მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვან პირობებს მიეკუთვნება:

* მოვლენის წინასწარი დაწვრილებითი თეორიული და მეთოდური ანალიზი;

* ჰიპოთეზების დაკონკრეტება, მასში სიახლის გამოვლენა, გამოვლენა არსებულ შეხედულებებს შორის არსებული წინააღმდეგობებისა, რომლებიც მოითხოვს ექსპერიმენტულ დადასტურებას;

* მკაფიო ფორმულირება ექსპერიმენტის მიზნებისა, განსაზღვრა ნიშნებისა, რომლებითაც მოხდება მოვლენების შესწავლა, შეფასების კრიტერიუმებისა;

* კონკრეტული ექსპერიმენტისთვის საჭირო ობიექტების მინიმალური რაოდენობის განსაზღვრა.

ექსპერიმენტის წარმატებისთვის სწორად უნდა იყოს გათვლილი დროც ანუ ექსპერიმენტის ხანგრძლივობა, რისთვისაც შესაძლებელია წინა კვლევების გამოცდილების გამოყენებაც. 
ნიმუში: პედაგოგიური ექსპერიმენტი (საგანი – გეოგრაფია)

ექსპერიმენტისთვის იქმნება ორი ჯგუფი 10-10 მოსწავლით (მაგ., მე-8 კლასის მოსწავლეები), ერთი – საკონტროლო, მეორე კი ექსპერიმენტული ხასიათისა, რომლებიც წელიწადში ორჯერ, გაზაფხულზე და ზაფხულში (თითო პროგრამა – 2-3 ვიზიტი) ესტუმრებიან საველე სადგურს. 

ექსპერიმენტულ ჯგუფში მეტ ყურადღებას უთმობენ იმ მოტივაციური უნარების წინ წამოწევას, რომლებიც აუცილებელია დამოუკიდებელი კვლევისთვის. 

მეცადინეობის წინ მოსწავლეებს კიდევ ერთხელ შეახსენებენ ბიოსადგურზე სტუმრობის საგანმანათლებლო მიზანს, მიუთითებენ წესრიგზე. ამით მოსწავლეებს უყალიბდებათ სამუშაო განწყობილება და ასევე განსაკუთრებული დამოკიდებულება ბიოსადგურის როგორც სასწავლო და არა როგორც დასასვენებელი ცენტრის მიმართ. 

ექსპერიმენტის დროს მასწავლებლები მოსწავლეებთან ერთად მუშაობენ საველე პირობებში. ასეთი თანამშრომლობა აჩვენებს მოსწავლებლეებს, რომ კვლევის პრაქტიკული მეთოდები არ არის რთული და რომ ისინი მათთვისაც მისაღწევია. ამით მოსწავლეთა თვალში დაინგრევა სტერეოტიპი, რომ კვლევის ჩატარება მხოლოდ სამეცნიერო ლაბორატორიისა და ინსტიტუტის პირობებშია შესაძლებელი და მათი ინტერესი გაიზრდება. 

ექსპერიმენტის განმავლობაში გეოგრაფიისადმი ინტერესის გაღვივება ხდება სხვადასხვა ფორმით: ფაქტობრივი მასალის გამოყენებით, პრობლემური კითხვების წინ წამოწევით, ლაბორატორიული სამუშაოთი, სასწავლო ექსკურსიით, დემონსტრაციით, ადგილზე პრაქტიკული სამუშაოებით, თამაშის წესებით და ა.შ. მოტივაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მოსწავლის კვლევის შედეგების გამოყენება გეოგრაფიის გაკვეთილზე, კონკურსში მონაწილეობით, სასკოლო გაზეთში პუბლიკაციით და ა.შ.

ამ დროს დავალებები შესაძლოა ასეთი იყოს:

* როგორ უნდა გამოითვალოს ძველი ნამარხი ბიომასალის ასაკი?
* ხეობის ძირში იპოვეთ რაც შეიძლება მეტი სხვადასხვა მინერალი;
* ახსენით, როგორ შეიძლებოდა მათი ერთად მოხვედრა;
* დახატეთ და შეადარეთ ერთმანეთს რელიეფის ფორმები;
* ითამაშეთ: “ვინ დაასახელებს ყველაზე მეტ რელიეფის ფორმას?”

* გამართეთ კონფერენცია თემაზე: “რით დამთავრდა სასწავლო კვლევა და როგორ უნდა წარვუდგინოთ იგი საზოგადოებას” (კვლევისა და მისი შედეგების შესახებ საუბრისას საგანგებოდ გამოყავით პრიორიტეტები)
და ა.შ. 

კვლევის წინასწარი დემონსტრაციისას მოსწავლეთა დაინტერესებისთვის წინ წამოიწევა შემდეგი საკითხები:

* ბუნების რომელი კომპონენტები შეიძლება შევისწავლოთ და რა საშუალებებით?

* რომელი ინსტრუმენტებით შეიძლება შევისწავლოთ დედამიწის ზედაპირი, მისი შემადგენლობა, ფორმები, აგებულება?

* თქვენი აზრით, რა თემებზე შეიძლება ბუნების გამოკვლევის წარმოება?

თუ ექსპერიმენტი საველეა, უმჯობესია მოსწავლეების დაყოფა ჯგუფებად და წყვილებად. ექსპერიმენტისას (საველე მუშაობისას) იმ უნარების ფორმირებისთვის, რომლებიც სჭირდება მომავალ მკვლევარს (ანალიზი და სინთეზი, შედარება, აბსტრაჰირება, დაკონკრეტება, განზოგადება, კლასიფიკაცია, წინააღმდეგობების დანახვა, შედეგების ფორმირება) შეიძლება ასეთი დავალებების შეთავაზება: 

* გამოიყენეთ მინერალებისა და ქანების შესახებ თქვენი ცოდნა და მოპოვებული მასალები დაყავით ჯგუფებად: მინერალები და მთის ქანები;

* მოიგონეთ რაც შეიძლება მეტი კრიტერიუმი, რომელთა მიხედვითაც რელიეფის არსებული ფორმები შეიძლება დაიყოს ჯგუფებად და ჩამოთვალეთ ეს ჯგუფები;

* გამოიყენეთ გეომეტრიის ცოდნა გრაფიკის აგების შესახებ, სასკოლო ნიველირი, საზომი ხელსაწყო და მოფიქრეთ, როგორ გაზომავთ ფერდობის დაქანებას.

* შეეცადეთ წარმოიდგინოთ, რელიეფის რა ფორმებია თქვენს წინ, როგორ წარმოიშვა, რა ასაკისაა;

* იპოვეთ რაც შეიძლება მეტი სხვაობა/მსგავსება ხეობასა და მაღლობს შორის;

* რა მნიშვნელობა აქვს ადამიანისა და მისი სამეურნეო საქმიანობისთვის რელიეფის ფორმებს? 
მსგავსი ექსპერიმენტის დროს შესრულებულ დავალებას შესაძლოა ასეთი სახე ჰქონდეს:
მოსწავლეთა მიერ რელიეფის ფორმის განსახილველი ალგორითმი
როცა ექსპერიმენტი დროშია შეზღუდული, მოსწავლეებისთვის უმჯობესია ვიწრო, პატარა თემების შერჩევა. შეიძლება, თემები თავადაც მოიფიქრონ. ცხადია, მასწავლებელმა თავისი ვარიანტიც უნდა შესთავაზოს – ეს მათ მუშაობას სერიოზულობას შემატებს. 

სამუშაოს მაგალითები:

* მცენარეული საფარის ცვლილების შესწავლა (რელიეფისგან დამოუკიდებლად);
* მდინარე მტკვრის ხეობის შესწავლა და სხვ.

კვლევის პროცესში მასწავლებელმა წინასწარ უნდა მოამზადოს საჭირო ინსტრუქცია, სქემები, ბარათები ჩანაწერებისათვის, თეორიული მასალა, რომელსაც პრაქტიკულად გამოიყენებენ მოსწავლეები. 
მაგალითად, ინსტრუქციის ბარათებს თემაზე “რელიეფის ფორმები” შესაძლოა ასეთი ფორმა ჰქონდეთ: 

• დასახელება (ლაკონური მითითება, იგი გაკეთდება ბარათის შუაგულში მხვილი შრიფტით);
• პირობითი ნიშნების აღწერა (თუ გვხვდებიან ისინი);
• მასშტაბი (თუ საჭიროა ვერტიკალური და ჰორიზონტალური გათვლებისათვის);
• სამუშაოს ავტორი (მოკლედ).

ექსპერიმენტის დასასრულ, დასკვნითი კონფერენციის გასამართავად აუცილებელია შედეგების გამოთვლა და კიდევ ერთხელ თვალის გადავლება შესრულებული სამუშაოსათვის. კონფერენციაზე დაწვრილებით შეჯამდება შედეგები. პრეზენტაციები შესაძლოა გაიმართოს ჯგუფურადაც. 

სამუშაოს დასრულების შემდეგ მასწავლებლემა და მოსწავლეებმა უნდა შეაფასონ თითოეული წევრის მუშაობა, გამოყონ ძლიერი და სუსტი მხარეები. 

რაც შეეხება საკონტროლო ექსპერიმენტს, აღსანიშნავია, რომ საკონტროლო ჯგუფს არ ევალება ყურადღების გამახვილება მოტივაციასა და უნარების ფორმირებაზე. აქ მთავარი აქცენტი კეთდება ჩვეულებრივ, კონკრეტულ, სქემატიზებულ ფორმატზე; მთავარია მოსწავლეთა შემეცნებითი ინტერესის გაღვივება და არაა სავალდებულო მეთოდების შერჩევა მათი შემდგომი გააქტიურებისათვის; ასეთ დროს კვლევა არ იგეგმება სპეციალურ დაწესებულებებში, იგი არც ინსტრუქციის ბარათებს მოითხოვს და ძირითადად მოკლე კითხვარით შემოიფარგლება; არც კონფერენციაზეა მასწავლებელი აქტიური და შეფასებაც კი ლაკონურია და სქემატური. 

პედაგოგიური ექსპერიმენტი მეცნიერული კვლევის კომპლექსური მეთოდია, რომელიც გვთავაზობს მთელი რიგი სხვა, კერძო მეთოდების ერთდროულ გამოყენებას, ისეთებისას, როგორიცაა დაკვირვება, საუბარი, ინტერვიუ, ანკეტური გამოკითხვა, დაიგნოსტიკური საკონტროლო სამუშაოები, სპეციალური სიტუაციების შექმნა. 

პედაგოგიური ექსპერიმენტი გვიჩვენებს მოსწავლეთა ინტერესს საგნისა და, საზოგადოდ, ექსპერიმენტული მეთოდებით სწავლების მიმართ, წარმოაჩენს მთელი რიგი მეთოდური რეკომენდაციების აუცილებლობას მასწალებლებისთვის სწავლების საკითხებთან დაკავშირებით, ხელს უწყობს მოსწავლეთა და მასწავლებელთა მოტივაციის ამაღლებას აქტიური კომუნიკაციისათვის და წარმატებით შეიძლება მისი გამოყენება სასწავლო პროცესში.

მოსწავლეთა “ცუდი ქცევის” ფსიქოლოგიური მოტივები, პრევენცია, მართვა (ნაწილი მეოთხე)

0

 წარუმატებლობის შიში როგორც ქცევის მოტივი

მოსწავლეები, რომელთაც წარუმატებლობისა ეშინიათ, “ამრევებისგან” განსხვავებულად იქცევიან. ასეთი მოსწავლე მასწავლებელმა შესაძლოა მეტისმეტად გვიან ამოიცნოს. ისინი ცდილობენ, შეუმჩნეველნი დარჩნენ, არ არღვევენ დისციპლინას და არ ქმნიან კლასში ქაოსს. პირიქით, იშვიათად შედიან მასწავლებელთან კონტაქტში, ისწრაფიან იზოლაციისკენ. როგორია ამ ტიპის მოსწავლის მიერ მოწყობილი “საბოტაჟი?” მაგ., გია ზის უკანა მერხზე, კუთხეში, არ მუშაობს და ფანჯარაში იყურება, მასწავლებლის შეკითხვას არ პასუხობს, თვალებში არ უყურებს, მხრებს იჩეჩავს. ფსიქოლოგი ამბობს, რომ მისი ინტელექტუალური შესაძლებლობები ნორმალურია, მაგრამ გიას სასკოლო მოსწრება ამას არ ადასტურებს. ამ ტიპის მოსწავლეები არ უნდა აგვერიოს ისეთებში, რომლებიც ამა თუ იმ პრობლემის გამო დროებით მიმართავენ განრიდების ტექნიკას – აქ ის მოსწავლეები იგულისხმება, რომლებიც ამ ხერხს თავდაცვის მიზნით მუდმივად იყენებენ, რაც იწვევს აკადემიურ ჩამორჩენას და აფერხებს მათ სოციალურ განვითარებას.

ამ ტიპის ქცევაც ორი სახისაა: აქტიური და პასიური.

აქტიური ფორმა იშვიათია. მისი ერთადერთი გამოხატულებაა სრული უმწეობის დროს მოსწავლის განრისხება, ისტერიკული შეტევა. მოსწავლე ყვირის, ტირის, ამტვრევს ნივთებს. ასეთი აგრესია უფრო სხვა შემთხვევებში გვხვდება, მაგ., შურისძიების ან აღიარების მიზნით, იშვიათად – წარუმატებლობის დაფარვის შიშის გამო.

პასიური ფორმა მრავალნაირია:

ა) გადადება-გადაბრალება. „რომ მომენდომებინა, გავაკეთებდი”, „დამჭირდება და გავაკეთებ”, „ცოტა დრო მქონდა”, – აი, მოსწავლეთა ტიპური პასუხები. ვინაიდან წარუმატებლობა ხშირად მეორდება, მოსწავლეს თანდათან უჩნდება სურვილი, თავი წარმოაჩინოს ნიჭიერ ადამიანად, რომელიც არ ცდილობს, არ აინტერესებს და მისი წარუმატებლობის მიზეზიც ესაა. ნიჭიერი და ზარმაცი უკეთესია, ვიდრე ბეჯითი და უნიჭო, – მიაჩნია მას და მიმართავს გადადება-სხვისთვის გადაბრალების თავდაცვით მექანიზმებს.

ბ) საქმის ბოლომდე მიყვანის უუნარობა – აი, მათი მეორე თავისებურება. „დაუმთავრებელს მაინც არ შემიფასებენ”, – ფიქრობს მოსწავლე.

გ) დროებითი უუნარობა. ზოგიერთი მოსწავლე შესანიშნავად ახერხებს, თავი, კბილი, მუცელი აიტკივოს, რათა, მაგ., ფიზკულტურის გაკვეთილზე არ გამოჩნდეს მისი მოუქნელობა. მერე ყველაფერი უცებ გაუვლის.

დ) ოფიციალური სამედიცინო დიაგნოზი. ესეც თავის დაცვის მშვენიერი ფორმაა. ექიმებსაც კი უჭირთ დიაგნოსტირება, რადგან ეს სიმულაცია კი არა, არაცნობიერი თავდაცვაა. ძნელი დასადგენია, არ შეუძლია მოსწავლეს თუ არ უნდა. ეს მან თავადაც არ იცის. ასეთ მოსწავლეებს დახმარება სჭირდებათ, ხშირად – სერიოზულიც, მასწავლებელს კი – მათი კონსულტირება,

როდესაც მასწავლებელი ამ ტიპის ქცევას აწყდება, შეუძლია, მისი ზუსტი იდენტიფიცირება მოახდინოს საკუთარი რეაქციებითაც. ამისთვის საჭიროა ორი რამის გაცნობიერება: საკუთარი ემოციებისა და საკუთარი უშუალო იმპულსებისა.

პირველი არსებითი მომენტი მასწავლებლის ემოციაა. ხშირად მასწავლებელი ასეთ მოსწავლესთან ურთიერთობისას პროფესიულ არაკომპეტენტურობას გრძნობს, არ იცის, რა მოუხერხოს მას, რადგან ამ ტიპის მოსწავლე ბუნტისთავი არ არის, ის არ გვიშლის ნერვებს.

მეორე არსებითი ნიშანი მასწავლებლის იმპულსური მოქმედებაა. პირველი, რისი გაკეთების სურვილიც მას უჩნდება, არის მოსწავლის გამართლება, რაიმე დიაგნოზის მოშველიება და რჩევა, მიმართონ ექიმს ან ფსიქოლოგს. მეორე იმპულსი ასეთია: დავანებოთ მოსწავლეს თავი, დავუთმოთ, რადგან ჩვენი მცდელობები უშედეგოა.

როგორია მოსწავლის რეაქცია მასწავლებლის ჩარევაზე? ის დახმარებას მოელის, თვითონ კი არაფერს აკეთებს. ასეთი მოსწავლეები, მასწავლებლის მოთხოვნის მიუხედავად, არ სწავლობენ. ყველაფერს გააკეთებენ, ყველანაირ სამსახურს გაგიწევენ, ოღონდ კი სწავლა არ მოსთხოვოთ.

რატომ უნდა იქცეოდეს მოსწავლე ასე, რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?

ა) „წითელი ფანქრის” დამოკიდებულება. ეს ერთგვარი პროფესიული თავისებურებაა მასწავლებლისა. როდესაც მისი შეფასება, მითითება დავალებას ან საკონტროლოს ეხება, ეს სავსებით გასაგებია და მისაღები, სავალდებულოც კი, მაგრამ როდესაც ეს დამოკიდებულება პიროვნული ურთიერთობის სფეროში გადაინაცვლებს, მას ხშირად უარყოფითი შედეგი მოაქვს. მასწავლებელი მიუთითებს შეცდომებზე, აქცენტს სვამს სისუსტეებზე, არ აღნიშნავს მოსწავლის მიღწევებსა და მონდომებას, თუნდაც უმნიშვნელოს… ეს სტილი უიმედოა და უეფექტო. ზოგიერთ მასწავლებელს მიაჩნია, რომ შეცდომებზე მითითება ბავშვს მოტივაციას მატებს, აღარ გაიმეოროს ისინი. ეს არასწორია, პირიქით, აქცენტი წინსვლაზე უნდა გაკეთდეს. მასწავლებლის ასეთი დამოკიდებულება შეიძლება იქცევს წარუმატებლობისგან გაქცევის მოტივით გამოწვეული არასასურველი ქცევის მიზეზად.

ბ) გაუმართლებელია ზედმეტი მოლოდინიც. როცა ბავშვისგან ბევრს მოელიან და ის ვერ ამართლებს მოლოდინს, მას შესაძლოა დაეუფლოს წარუმატებლობის შიში. ძნელად მისაღწევ მიზანთან დაკავშირებით იმედგაცრუება ადვილი გადასატანია, თუ მას სიზარმაცის საბურველში გავახვევთ. მოსწავლისთვის უფრო „პრესტიჟულია”, იყოს ზარმაცი, ვიდრე უუნარო.

გ) პერფექციონიზმი. ზოგიერთი მოსწავლე ცდილობს, იყოს სრულყოფილი. ასეთ მოსწავლეებს არ ესმით, რომ შეცდომა სწავლის პროცესის ბუნებრივი კომპონენტია. მათთვის ეს ტრაგედიაა, რომელსაც ყველანაირად უნდა არიდო თავი. და, აი, შედეგიც – წარუმატებლობის შიში.

დ) აქცენტი შეჯიბრებაზე. თუ მოსწავლეები ალტერნატივის წინაშე დავაყენეთ: „ან მოგება, ან წაგება”, – ზოგიერთი მათგანი თამაშზე საერთოდ უარს იტყვის. ზოგ მასწავლებელს მიაჩნია, რომ ეს მოდელი მოტივაციას ამაღლებს, რომ მოსწავლეებს ეს ცხოვრებაში გამოადგებათ. ნუ დაგვავიწყდება, რომ სკოლა და სამუშაო სხვადასხვა რამაა. პროფესიას ჩვენ ვირჩევთ. მოსწავლეებს, სამწუხაროდ, არ აქვთ არჩევანის საშუალება. ისინი თორმეტი წლის განმავლობაში ათობით საგანს სწავლობენ, უმეტესად – ისე, რომ არ ესმით სწავლის პიროვნული საზრისი, სწავლობენ, რადგან უფროსები მოითხოვენ ამას – რასაკვირველია, მათივე კეთილდღეობისთვის. ახლა კიდევ შეჯიბრება! შედეგიც სახეზეა – განრიდებისა და გაცლის სურვილი, საკუთარ თავში ჩაკეტვა.

ძლიერი მხარეები. ამ ტიპის მოსწავლეთა მხოლოდ მცირე ჯგუფს, ისევ პერფექციონისტებს, აქვთ შედარებით მეტი შანსი, სირთულეებს თავი დააღწიონ. იყო წარმატებული – მათთვის ეს ნიშნავს მხოლოდ მნიშვნელოვან წარმატებებს, თუნდაც ერთ სფეროში. მათთან საჭიროა კორექციული მუშაობა. დანარჩენებს კი ძლიერ მხარეს ძნელად თუ უპოვი. ისინი დაბალი თვითშეფასებით გამოირჩევიან, მათ სპეციფიკური დახმარება სჭირდებათ.

მასწავლებელი უნდა ითვალისწინებდეს ორ არსებით პრინციპს: 1. შეეცადოს, შეცვალოს მოსწავლის დამოკიდებულება „მე არ შემიძლია” დამოკიდებულებით „მე შემიძლია”; 2. დაეხმაროს მოსწავლეს ურთიერთობაში არსებული ბარიერების გადალახვაში და ის საერთო სასარგებლო საქმიანობაში ჩართოს.

როგორ მოიქცეს მასწავლებელი, როცა ცუდი ქცევის მიზეზი წარუმატებლობის შიშია?

ვინაიდან ასეთი ტიპის მოსწავლეების მიმართ ძირითადად გამოიყენება სიტყვა „არ” (არ ჩხუბობენ, არ გვიშლიან ხელს, არ სწავლობენ…), ისინი ფიქრობენ, რომ უუნარონი არიან მრავალი თვალსაზრისით – სწავლაში, საქმიანობაში, ურთიერთობაში. საჭიროა, დავეხმაროთ მათ, გააცნობიერონ თავიანთი შესაძლებლობები ყველა თვალსაზრისით (ამ საკითხს მოგვიანებით სპეციალურ სტატიას მივუძღვნით).

პედაგოგიური ზემოქმედების ტექნიკები, რომლებიც შემატებს მოსწავლეებს რწმენას, რომ მათ სწავლა შეუძლიათ, შეიძლება 8 სტრატეგიად დავაჯგუფოთ. განვიხილოთ თითოეული ცალ-ცალკე:

1. შევცვალოთ ახსნის მეთოდები. ორი ტექნიკა, რომელიც მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს დაბალი თვითშეფასების მქონე მოსწავლეებს, ასეთია: ა) კონკრეტული მასალის გამოყენება და ბ) ერთ ჯერზე ერთი რამის სწავლება. 

ჯერ კიდევ მარია მონტესორიმ შენიშნა, რომ ჩამორჩენილი მოსწავლეები, წარმატებულთაგან განსხვავებით, ვერ ითვისებენ აბსტრაქტულ მასალას. ისინი წარმატებებს აღწევენ, როდესაც მასალას პრაქტიკულად ეხებიან, იგი მიმზიდველია, საინტერესო, გასაგები და თვითკონტროლის შესაძლებლობას იძლევა – გეუბნება, რომ შეცდომაა დაშვებული და თანაც ეს მხოლოდ შენ იცი. ამით ბავშვი იმასაც სწავლობს, რომ შეცდომა მისაღებია და მისი გამოსწორება შესაძლებელია, ხოლო მასალა შეიძლება განმეორებითი გამოვიყენოთ. ეს პრინციპები დღესაც აქტუალურია. მათი განხორციელება, გარდა შეხებისა, კომპიუტერული სწავლებითაც ხერხდება. ასევე მნიშვნელოვანია ერთ ჯერზე ერთი ნაბიჯის გადადგმა – გაშლილი ალგორითმის სახით და უკუკავშირით.

2. სწავლების ახალი მეთოდების დასანერგად მოამზადეთ წარუმატებელი ბავშვებისთვის ინდივიდუალური სასწავლო გეგმა, სპეციალური დიაგნოსტირებით დაადგინეთ მათი განვითარების დონე – ინტელექტუალური და სხვა, უზრუნველყავით წყვილებში მუშაობა (ძლიერი-სუსტი, თანატოლთა რეპეტიტორობა და სხვა), შესაძლებელია მშობელთან მოლაპარაკება რეპეტიტორის აყვანის თაობაზე და სხვ.

3. პოზიტიური თხრობა საკუთარ თავზე. დაეხმარეთ მოსწავლეებს, იფიქრონ, რომ: შეუძლიათ, გააკეთებენ, გამოუვათ, ძნელი არ არის და სხვა. შეიძლება, კლასში გაიკრას პლაკატები: „მე ამას გავაკეთებ”, „ვეცადოთ და გამოგვივა”, „შემწევს უნარი, სამუშაო კარგად შევასრულო” და სხვა.

შემოიღეთ წესი „ორი პლუსი ერთ მინუსზე”: როგორც კი მოსწავლე რაიმე უარყოფითს იტყვის საკუთარ თავზე („მე ამას ვერ ვისწავლი”), ხმამაღლა ათქმევინეთ ორი დადებითი რამ (ორი რამ, რაც შეუძლია, გამოსდის). თავდაპირველად ბავშვებს ეს უჭირთ, მაგრამ მალე ეჩვევიან. რეპლიკები უნდა იყოს კონკრეტული. შეიძლება, რთული ამოცანის შესრულების წინ მოსწავლემ ჩაილაპარაკოს: „მე ამას გავაკეთებ”.

4. შეცდომა ნებადართულია და საჭიროც კი. ბავშვს შეცდომისა არ უნდა ეშინოდეს. შეიძლება, გამოვიყენოთ ასეთი ხერხი: ვუამბოთ ტიპურ შეცდომებზე, მათ სარგებლიანობაზე, ვუთხრათ, რომ უარყოფითი შედეგიც შედეგია, მინიმუმამდე დავიყვანოთ შეცდომის უარყოფითი შედეგები.

5. წარმატების რწმენის ფორმირება. ამისთვის გამოიყენეთ ასეთი ხერხი: აღნიშნეთ ყოველი უკეთესობა, აღიარეთ მოსწავლის თითოეული წვლილი საერთო საქმეში, მოუყევით სხვებს მისი ძლიერი მხარეების შესახებ და სხვა.

6. წარსულის წარმატებებზე კონცენტრირება. სასიამოვნო მოგონებები შეიძლება ახალი წარმატებების ფუნდამენტად იქცეს. გააანალიზეთ ისინი და განამტკიცეთ განმეორებით.

7. ხელშესახები შედეგი ასევე დიდი სტიმულია მოსწავლისთვის. ამ მიზნით კარგია პორტფოლიოს, მიღწევების ალბომის შექმნა, თხრობა იმის შესახებ, რა იყო გუშინ, რა არის დღეს და რა იქნება ხვალ.

8. აღნიშნეთ მიღწევები აპლოდისმენტებით, ვარსკვლავებით, სტიკერებით, „მედლებითა” და სხვა ჯილდოებით, გამოფენებით, თვითშექებით, დადებითი იზოლაციით, მაგ., „საპატიო სკამზე”.

ამ და წინარე სამ სტატიაში განხილული საკითხები წამოდგენილია შემაჯამებელ ცხრილში: 

ცუდი ქცევის მოტივები/პარამეტრები

ყურადღების მპყრობა

ძალაუფლება

შურისძიება

წარუმატებლობის შიში

სოციალური მიზეზები

მშობელთა ემოციური
გულგრილობა, ცუდ ქცევას უფრო მეტად ექცევა ყურადღება, ვიდრე

კარგს

გარემოში „ძლიერი პიროვნების”
მოდა, ბავშვთან კონსტრუქციული ურთიერთობის ხერხების უცოდინრობა

ძალადობის ზრდა საზოგადოებაში

გადაჭარბებული მოთხოვნები
მასწავლებლისა და მშობლების მხრიდან

ქცევის არსი

ყურადღების მიპყრობის
სურვილი

„ვერაფერსაც ვერ მიზამ!”

წყენაზე საპასუხო მავნებლობა

„არც კი ვცდი, მაინც
არაფერი გამომივა”

ქცევის ძლიერი მხარე

მასწავლებელთან კონტაქტის
მოთხოვნილება

გავლენისადმი წინააღმდეგობის
გაწევის უნარი, გაბედულება

უნარი, დაიცვას საკუთარი
თავი ტკივილისა და წყენისგან

თითქმის არა აქვს

მასწავლებლის

რეაქცია-ემოციები

გაღიზიანება, გაბრაზება,

გულისწყრომა

ბრაზი, მოუსვენობა,
შიშიც კი

წყენა, ტკივილი, შიშსა
და აღშფოთებასთან ერთად

 

პროფესიული უმწეობა

მასწავლებლის რეაქცია-იმპულსები

შენიშვნის მიცემა

მოსწავლის გამოხტომის
შეწყვეტა ფიზიკური

ზემოქმედების გზით

სიტუაციაზე დაუყოვნებელი
პასუხი ან გაქცევა

თავის მართლება, საკუთარი
წარუმატებლობის ახსნა სპეციალისტის მოშველიებით

მოსწავლის რეაქცია

ცუდი ქცევის დროებითი
შეწყვეტა

მოსწავლე შეწყვეტს
გამოხტომებს მაშინ, როცა ამას საჭიროდ ჩათვლის

მოსწავლე შეწყვეტს
გამოხტომებს მაშინ, როცა ამას თვითონ გადაწყვეტს

ხდებიან მასწავლებელზე
დამოკიდებულები აგრძელებენ უსაქმურობას

პრევენციის ხერხები

ვასწავლოთ მოსწავლეებს,
მოითხოვონ ყურადღება მისაღები ფორმით,

ყურადღება მივაქციოთ
სწორი ქცევის განხორციელებისას

კონფრონტაციაზე

უარის თქმა,

მისთვის

საკუთარი

ორგანიზაციული

ფუნქციების

ნაწილობრივი

გადაცემა

 

მოსწავლესთან ურთიერთობის
აგება მზრუნველობის პრინციპით

დახმარება, რათა მოსწავლის
განწყობა „არ შემიძლია” შევცვალოთ განწყობით „შემიძლია”

მომდევნო სტატიებში განვიხილავთ, როგორ დავეხმაროთ მოსწავლეებს აკადემიური, კომუნიკაციური და თანამშრომლობითი კომპეტენციების განვითარებაში.

 

პიტერ გრეი- როგორ სწავლობენ ბავშვები თავისით (პირველი ნაწილი)

0
ბუნების ძალით, ბავშვებს ყოველგვარი შესაძლებლობა აქვთ, თავისით მიიღონ ცოდნა.
ჩვენ, მოზრდილებს, გარკვეული პასუხისმგებლობა გვაკისრია ჩვენი შვილებისა და, საზოგადოდ, მსოფლიოს ბავშვების მიმართ. ჩვენ ვაგებთ პასუხს მათთვის უსაფრთხო, ჯანმრთელობისთვის ხელსაყრელი, ურთიერთპატივისცემით განმსჭვალული გარემოს შექმნაზე, რომელშიც ბავშვებს განვითარება შეეძლებათ. ჩვენვე გვეკისრება, უზრუნველვყოთ მათთვის ამ გარემოში ჯანსაღი საკვები, სუფთა ჰაერი, არატოქსიკური ადგილი სათამაშოდ და მრავალი სხვა რამ, რაც ბავშვებს უცხო და სხვადასხვა ასაკის ადამიანებთან თავისუფლად ურთიერთობის საშუალებას მისცემს. დაბოლოს, ჩვენი მოვალეობაა, ვიყოთ ბავშვებისთვის ადამიანური წესიერების მაგალითი. ერთადერთი, რაზეც  შეიძლება არ ვიდარდოთ, მათი სწავლებაა.

ნუ ვინერვიულებთ სასწავლო პროგრამებზე, გაკვეთილის გეგმაზე, სწავლისთვის ბავშვების მოტივირებაზე, მათ გამოცდებსა და უამრავ სხვა საკითხზე, რომლებსაც რუბრიკა “პედაგოგიკა”აერთიანებს; მოდი, ეს ენერგია მოვახმაროთ ისეთი გარემოს შექმნას, რომელშიც ბავშვებს თამაშის საშუალება ექნებათ. ბავშვების განათლება ბავშვებისავე პასუხისმგებლობაა და არა ჩვენი. ეს მარტო მათ შეუძლიათ. ისინი სწავლისთვის არიან შექმნილნი. განათლებასთან მიმართებით ჩვენი ამოცანაა, განზე გავდგეთ და ამ მოვლენას მოხდენის საშუალება მივცეთ. რაც უფრო მეტად ვცდილობთ ვაკონტროლოთ განათლების პროცესი, მით უფრო მეტად ვვნებთ მას.

როდესაც ვამბობ, რომ განათლება თავად ბავშვის პასუხისმგებლობაა და ის ბუნებრივადაა შექმნილი ამ პასუხისმგებლობისთვის, არ ველი, რომ ამ აზრს ყველა გაიზიარებს. ჩვენ ისეთ სამყაროში ვცხოვრობთ, სადაც ასეთი აზრების სიცხადისა აღარ სჯერათ. ჩვენ ისეთი მსოფლიოს ნაწილი ვართ, სადაც თითქმის ყველა ბავშვსა თუ მოზარდს სკოლაში გზავნიან. ჩვენ ისეთ გარემოში ვიმყოფებით, სადაც ტერმინ “სკოლას” გარკვეული სტანდარტული შინაარსი აქვს. ჩვენ განათლებას ქულებითა და სასკოლო სისტემაში ერთი დონიდან მეორეზე წარმატებული წინსვლით ვზომავთ. სწავლას კი, ბუნებრივია, ავტომატურად განვიხილავთ მოვლენად, რომელიც სკოლებში სპეციალისტებისა და პედაგოგიკაში განსწავლული ადამიანების მიერ არის შექმნილი, მათ მიერ, ვინც იცის, როგორი ნაბიჯებით “ატარონ” ბავშვები სკოლის სისტემაში და მათი ნედლი პოტენციალი განათლებულ “პროდუქტად” აქციონ.

ამიტომაც ჩემი ამოცანაა, წარმოგიდგინოთ არგუმენტები ჩემი განცხადების დასამოწმებლად.

ჩემ მიერ წარმოდგენილი არგუმენტების მთავარი ხაზი მოდის იმ გარემოდან, სადაც თვალნათლივ შეიძლება დავინახოთ ბავშვების თვითგანათლება და ცოდნის მიღება “სკოლის გავლის” (თარგმანი ინგლისური ტერმინისა “schooling” (“სქულინგ”), ანუ “სკოლის მეშვეობით განათლების მიღება” – ლ.ა) გარეშე. წარმოგიდგენთ სამ ასეთ გარემოს, რომელთა მეშვეობით და რომელთა შესახებაც ვეცდები წარმოვაჩინო ჩემი მოსაზრებები ჩემს ყოველკვირეულ ბლოგში.

1. ცოდნის მიღების, სწავლის უნარი დიდწილად ბავშვის სკოლაში მისვლამდე იჩენს თავს.

ბავშვების თვითგანსწავლის უნარი, რომელიც, თუ, თვალებს გავახელთ, ყველა ჩვენგანისთვის აშკარაა, კარგად ჩანს მათი ცხოვრების პირველი 4-5 წლის განმავლობაში, მანამდე, სანამ საერთოდ ვინმე ეცდება მათთვის რამის სისტემატიზებულად სწავლებას. იფიქრეთ იმაზე, რის სწავლას ახერხებენ ბავშვები ამ პერიოდში. ისინი სწავლობენ სიარულს, სირბილს, ხტუნვას, ცოცვას. ისინი შეისწავლიან თავიანთ ფიზიკურ შესაძლებლობებს, მათ გამოყენებას, მათთვის ხელმისაწვდომ სამყაროში არსებული ნივთებითა და ობიექტებით მანიპულირებას. სწავლობენ მშობლიურ ენას, რაც, დამეთანხმეთ, კოგნიტიურად ერთ-ერთი ურთულესი ამოცანაა, რომელსაც ნებისმიერი ადამიანი ოდესმე ასრულებს. ბავშვები ამ მცირე ასაკშივე ფლობენ საბაზო ფსიქოლოგიას – როგორ ასიამოვნონ სხვას, როგორ გააღიზიანონ, როგორ მიიღონ ის, რის მიღებაც სურთ. ყოველივე ამას ბავშვები ვინმეს მიერ ჩატარებული გაკვეთილების კი არა, თავისუფალი თამაშის, გაუმაძღარი ცნობისმოყვარეობისა და სხვა ადამიანების ქცევაზე დაკვირვების ბუნებრივი ნიჭის წყალობით სწავლობენ. ჩვენ ვერ შევაკავებთ ამ პროცესს, თუ, რა თქმა უნდა, ბავშვები ოთახებში არ გამოვკეტეთ.

2. მონადირე-შემგროვებელთა კულტურაში ბავშვები ყოველგვარი სკოლის გარეშე ხდებოდნენ წარმატებული ზრდასრული ადამიანები.
დედამიწაზე თავისი ისტორიის უდიდესი ნაწილი ადამიანს მცირე, ნომადური (მომთაბარე) ტიპის ჯგუფებში აქვს გატარებული. ჩვენი, ადამიანური ხასიათის ძირითადი თვისებები – თამაშისადმი მიდრეკილება და ხალისიანობა, ცნობისმოყვარეობა და სწავლის წყურვილი, სხვადასხვა ტიპის ბიოლოგიური ადაპტაციები სწორედ ამ ტიპის (მომთაბარე-მონადირული) ცხოვრებისთვის დამახასიათებელი კონტექსტიდან მომდინარეობს. მონადირე-შემგროვებელთა ზოგიერთმა ჯგუფმა დღემდე მოახერხა ამ ტიპის ცხოვრებისა და შესაბამისი კულტურის შენარჩუნება. ანთროპოლოგები, რომლებიც შეისწავლიან ასეთ ჯგუფებს აფრიკაში, აზიაში, ახალ ზელანდიაში, სამხრეთ ამერიკაში და სხვაგან, ერთ საკითხში თანხმდებიან: მიუხედავად ამ კულტურათა გეოგრაფიული განსხვავებებისა, ყველა ჯგუფს ახასიათებს თანამიმდევრული დამოკიდებულება ბავშვების მიმართ. ყველა ამ კულტურაში ბავშვებსა და მოზარდებს სრული უფლება აქვთ, ითამაშონ და ზრდასრულთა ჩაურევლად, თავიანთი ინტერესების მიხედვით იცხოვრონ – აისიდან დაისამდე, გამონაკლისების გარეშე. ამ ხალხის რწმენა, რომელიც ათასწლოვან გამოცდილებას ემყარება, ამბობს, რომ ახალგაზრდები სწავლობენ თამაშით, გარემოს კვლევითა და თავგადასავლებით, მერე კი, როდესაც თავს მზად იგრძნობენ, შეძენილ ცოდნას წარმატებით იყენებენ თავიანთი ჯგუფის კეთილდღეობისთვის. ცხოვრებისეული გამოცდილებით, კვლევითა და თამაშით მონადირე-შემგროვებელთა ბავშვები ითვისებენ უზარმაზარ ცოდნას და უამრავ საჭირო უნარს თავიანთ კულტურაში წარმატებულ ზრდასრულ ადამიანებად ყოფნისთვის.

3. .ბავშვები წარმატებულ ზრდასრულ ადამიანებად ყალიბდებიან ჩვენი ცივილიზაციის ზოგიერთ “არატრადიციულ /არასკოლურ” სკოლაშიც, საყოველთაოდ მიღებულ საგანმანათლებლო სკოლებში სწავლის გარეშე.

წლების განმავლობაში ვსწავლობდი და ვაკვირდებოდი ბავშვებსა და მოზარდებს სადბერი ველის სკოლაში (ფრამნიგემი, მასაჩუსეტსი, აშშ). ეს სკოლა 40 წლის წინ დააარსა იმ ხალხმა, რომელთა წარმოდგენებიც სწავლასა და განათლებაზე შესამჩნევად ემთხვეოდა მონადირე-შემგროვებელთა შეხედულებებს. ეს სკოლა განკუთვნილია ბავშვებისათვის 4 წლის ასაკიდან “ჰაი-სქულამდე” და არაფრით ჰგავს ტიპურ სკოლებს. ეს დემოკრატიული სკოლაა, სადაც ბავშვებსა და მოზრდილებს ერთნაირი ძალაუფლება აქვთ და სადაც მოსწავლეები მთლიანად საკუთარი აქტივობების მეშვეობით სწავლობენ ყველაფერს. ეს სკოლა, უმთავრესად, წარმოადგენს დაცულ, უსაფრთხო გარემოს, რომელშიც ბავშვებს შეუძლიათ ითამაშონ, იკვლიონ, აიღონ პასუხისმგებლობა და თავისუფლად იურთიერთონ ნებისმიერი ასაკის ბავშვებთან. აქ არ არის ტესტები, არც ოქროს ვარსკვლავები და მსგავსი ჯილდოები, არ არსებობს ჩათვლა და არჩათვლა, არც საგნები თუ საშინაო დავალებები. ამ სკოლაში არავის აძალებენ სწავლას, არც საჩუქრით “თაფლავენ”, რათა დავალება შეასრულებინონ. აქ არ ესინიათ, რომ სკოლის პერსონალს პასუხს მოსთხოვენ ბავშვების მოსწრების გამო. უკვე ასობით ბავშვმა დაამთავრა ეს სკოლა და, არა, ისინი მონადირეები და შემგროვებლები არ გამხდარან – ისინი გახდნენ ხელოსნები, მსახიობები, მზარეულები, ექიმები, ინჟინრები, იურისტები, მუსიკოსები, მეცნიერები, სოციალური მუშაკები თუ კომპიუტერული სოფტის დიზაინერები. სადბერის სკოლის კურსდამთავრებულებს შეხვდებით სხვადასხვა პროფესიაში და სამუშაოზე, რომლებიც დაფასებულია ჩვენი კულტურის მიერ.
მოამზადა ლევან ალფაიძემ 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...