ორშაბათი, ივლისი 21, 2025
21 ივლისი, ორშაბათი, 2025

მწერლის ენა და ლიტერატურული სამართალი

0

ლიტერატურულ ემოციებსაც სოციალური პროცესები განაპირობებს და ლიტერატურის ტექსტურ ქსოვილთა გაცნობიერების პროცესიც იმთავითვე მოიაზრებს სტრუქტურის უნივერსალური დომინანტების (ადამიანის, დროის, სივრცის) გაცნობიერების პროცესს. უკანონობისა თუ კანონიერების გამოძიების ფაქტების ასახვით კი ამ სამსჯავროზე შიშვლდება ცალკეული მოვლენები და მათ შემოქმედთა თუ მონაწილეთა ხასიათები. მათთან შეხვედრით კვლავ და კვლავ ვრწმუნდებით, რომ სამართლის, კანონისა და სასამართლო სჯა-პაექრობის სფერო სულაც არ არის დაშორებული ლიტერატურის საუფლოს, როგორც “საღმრთო წრეს” (ίερός κύκλος-ს), რომელშიც მოსამართლეა გამოსახული აქილევსის ფარზე და ორი ტალანტი ოქროც აქვეა მათთვის, ვინც ყველაზე სამართლიან მსჯავრს გამოიტანს .

ქართული ლიტერატურის პრესუპოზიციული კონტექსტის გადააზრება მოითხოვს, ერთმანეთისაგან გაიმიჯნოს კანონის როგორც პიროვნების უკან მდგომი ერთობის ვიტალური ინტერესების და ზნეობრივი კანონის როგორც “ღმრთაებრივი სერიოზულობის” ცნებები, რომელთა არსებობა სამართალაღსრულების სივრცეში უმთავრეს ფუნქციას ითავსებს, შედეგად კი, უმეტესად, ვიღებთ კანონით დასჯილ, თუმცა ზნეობრივად გამართლებულ პერსონაჟებს, რომელთა ნაწილი ლიტერატურული გმირის სიმაღლეს აღწევს. იკვეთება კანონისა და ზნეობრივი კანონის, პროცესისა და შედეგის, “დასჯილისა” და “გამართლებულის”, სოციალური სივრცის სამართლებრივად აღქმისა თუ არასწორად შეფასების დიქოტომიები. ქართულ ლიტერატურულ დისკურსში ასახული გამოძიება და პროცესი გმირისა თუ დამნაშავის გამოვლენის კუთხით პირობითად ასეთ შედეგს იძლევა:

კანონით დასჯილი (ზნეობრივად დასჯილი)

კანონით დასჯილი (ზნეობრივად
გამართლებული)

კანონით გამართლებული (ზნეობრივად გამართლებული)

 

კანონით გამართლებული (ზნეობრივად
დასჯილი)

წიწოლა (ვაჟა-ფშაველა, “ბახტრიონი”);

ალუდა ქეთელაური (ვაჟა-ფშაველა, “ალუდა ქეთელაური”)

ზაზა ნაკაშიძე (ნ. დუმბაძე, “თეთრი ბაირაღები”)

აფშინა
(ვაჟა-ფშაველა, “გოგოთურ და აფშინა”)

ონისე (ალ. ყაზბეგი, “ხევისბერი გოჩა”)

ჯოყოლა ალხასტაისძე (“სტუმარმასპინძელი”)

 

ლაზარე (ბაჩილა) ჩიჩილაშვილი (მ.
ჯავახიშვილი, “ორი განაჩენი”)

ექვთიმია (ნიკო ლორთქიფანიძე, “სანახავათ”)

გუგუა (ალ. ყაზბეგი, “ხევისბერი გოჩა”)

 

ვიკა
ბასილაია (ირაკლი ლომოური, “
მკვლელობა ჩოგბურთის კლუბში“)

მურტალო (ნ. დუმბაძე, “კუკარაჩა”)

პეპია (ილია ჭავჭავაძე, “გლახის ნაამბობი”)

 

 

ტიგრან გულოიანი, ლიმონა… (ნ.
დუმბაძე, “თეთრი ბაირაღები”)

გაბრიელი (ილია ჭავჭავაძე, “გლახის ნაამბობი”)

 

 

ლევან გაფრინდაშვილი

(გრ. აბაშიძე, “ყორნალი”)

მაგდანა (ეკ. გაბაშვილი, “მაგდანას ლურჯა”)

 

 

 

ლამბალო (მიხ. ჯავახიშვილი,”ლამბალო და ყაშა”)

 

 

 

ქეთი
ბარათელი
 (ნანა
ჯანელიძე, “მონანიების” კინოსცენარი

 

 

 

ვახტანგ
კოტეტიშვილი
(ვახუშტი კოტეტიშვილი, “წითელი ინკვიზიცია”)

 

 

და
სხვა.

თანამედროვე ადამიანისთვის სასამართლო პროცესი, უპირველეს ყოვლისა, სამართლიანისა და უსამართლოს გარჩევაა; მოგებასა და წაგებას აქ მეორეხარისხოვანი მნიშვნელობა აქვს. არქაული სამართლის გააზრება კი ეთიკურ ღირებულებებზე ამგვარი მიჯაჭვულობისგან გათავისუფლებას ითხოვს. სამართლის წარმოების მაღალგანვითარებული ფორმებიდან კულტურის უფრო დაბალ საფეხურებზე ყურადღების გადატანისას ერთი შეხედვით ჩანს, რომ აქ მოგებისა და წაგების იდეა, ე. ი. წმინდა აგონიური მომენტი, რამდენადმე გადაწონის სამართლიანისა და უსამართლოს იდეას, ანუ ეთიკურ-იურიდიულ მხარეს. ლიტერატურა ის სამსჯავროა, სადაც ერთნაირი სიცხადით თამაშდება ღვთაებრივი და ადამიანური (საზოგადოებრივ-თემობრივი, სამოქალაქო) სამართლის სცენები. ღმრთაებრივი სასწორი, რომელზეც ზევსი “ილიადაში” სასიკვდილო ხვედრს წონის (“ოქროს სასწორზე მამამ დადო ორი წილხვედრი, სიკვდილის წილი, გაუღვიძარ ძილში შთანთქმული _ მხედარ ტროელთა, კურტაკიან აქაველ სპათა”), იგივეა, რაც ზევსის მსჯავრი (δικάζειν). წარმოდგენები ღვთის ნებაზე, ბედისწერასა და შემთხვევითობაზე აქ ერთმანეთშია ათქვეფილი.

“მართლმსაჯულების სასწორი” – ეს მეტაფორა უთუოდ ჰომეროსისეული სახისგან მომდინარეობს და მოგების მერყევ შანსს გამოხატავს. ზნეობრივი სამართლის გამარჯვებაზე, იმაზე, რომ სამართლიანობა უფრო მეტს იწონის, ვიდრე უსამართლობა, აქ ჯერ ლაპარაკიც კი არ არის, ისევე როგორც პირველყოფილთა გამოქვაბულში, სადაც, ტომისა და ბელადის განაჩენით, სხვებისგან განსხვავებული მაღალი ქარაფიდან “დიდი დაძინების ხახაში ჩაეშვება”. აქვე იკითხება მეტაფორაში ჩამალული სიდიადე ლიტერატურული გმირისა, რომელიც, ჰერმან ჰესეს “ტყის კაცისგან” განსხვავებით, მხოლოდ საკუთარი თავგანწირვის ხარჯზე ტოვებს ტომს წელგამართულს (ქარაფის პირას უკანასკნელად მდგომი “იგის სხეულში დიდი სისწრაფით შემოიჭრა რიცხვმრავალი ტომი. ყველა გამართული იყო, ყველა _ მხრებში გაშლილი…”).

მიხაილ ბატინი ამბობს: რადგანაც ენა სოციალური ფენომენია, ჩვენ მიერ ხმარებული სიტყვები და გამოთქმები გაჯერებულია სხვა მოუბართა ინტენციებითა და აქცენტებით. ლიტერატურულ ტექსტებში შემხვედრ ყველა გამონათქვამში ისმის ერთგვარი ექო სხვა გამონათქვამებისა. ჯ. ქარჩხაძის “იგი” შიდალიტერატურული ინტერტექსტია ვაჟა-ფშაველას პოემებისა: “ალუდა ქეთელაური” და “სტუმარ-მასპინძელი”, – ინტერტექსტი, სადაც, ავტორის ბიოგრაფიული შტრიხების გათვალისწინებით, ტრანსსემიოტიკურ ტექსტუალობასთან გვაქვს საქმე. ექსპლიციტურ განსხვავებულობას ქმნის არა მხოლოდ პოეტური დისკურსი, არამედ თვისებრივად ახალი პოეტური ენა, მდიდარი როგორც ცალკეული ზმნური თუ სახელური მორფემებით, ისე მეტაფორული სინტაგმებით, უნივერსალური გამომსახველობითი საშუალებების სიმრავლით (“წაიტყვის უგვანს სიტყვასა…”, “ვეება ჭანდარს აიღებს, წიწკრად გაიდებს მხარზედა…”(“გოგოთურ და აფშინა”); “მკერდზე ნაკრავმა ტყვიამა გაუნაძოძა გულია…”; “ჯიხვნი მაებნენ მყინვარსა, მადლი რქათ ადგა ღვთისაო…”; “შატილს ჯერ არ ჩასწდომია შუქი შუადღის მზისაო, არ ჩაუშვებენ ჩამსვლელსა, ცა ახურია კლდისაო…”; “ვერვინ მაჰრივა იღბალი, ვერავინ უყვა ავია, გველმა ვერ გასჭრა ლიბოი, დღესაც ცოცხალი არია…”(“ალუდა ქეთელაური”).

პოსტსტრუქტურალიზმის ფუნდამენტური დებულების თანახმად, გამონათქვამის მნიშვნელობა უცხო სიტყვებისა და ღირებულებების, სხვადასხვა კულტურის, სოციალური და პროფესიული ენის ურთიერთქმედების შედეგად წარმოიშობა. ტექსტი როგორც დასრულებული დებულება არ არსებობს და თითოეული ტექსტი წარმოადგენს “გლობალური ტექსტის”, ე. წ. “ტექსტების კოსმოსის”, ნაწილს. ამდენად, ვაჟას ალუდასა და შექსპირის შაილოკის (“ვენეციელი ვაჭარი”), თუნდაც იმავე ალუდასა და იბსენის ექიმ სტოკმანის (“ხალხის მტერი”) ფიქრები ინტერტექსტობრივი ელემენტია, რომელიც მოცემული დისკურსების უნივერსალურ კულტურულ ღირებულებებად გააზრების საშუალებას იძლევა.

ერთი შეხედვით, ამავე საშუალებას იძლევა ლაზარე ჩიჩილაშვილის (მ. ჯავახიშვილის “ორი განაჩენი”), ორესტეს (ესქილეს “ევმენიდები”), რიჩარდ III-ის, (შექსპირის ამავე სახელწოდების პიესა), რასკოლნიკოვის (დოსტოევსკის “დანაშაული და სასჯელი”) დანაშაულთა და სასჯელთა გახსენება. თუკი დოსტოევსკი დიდებულად აყენებს მოთხოვნებს, მისეული გადაწყვეტა, მოაგვაროს პრობლემა “ახალი ქრისტიანობით”, საქმეს ვერ შველის. “ლამის ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ იგი ქრისტეს იყენებს როგორც გამოგონილ საშუალებას. “დანაშაული და სასჯელის” გადაწყვეტა მეტაფიზიკურ და უნივერსალურ პრობლემათა პიროვნული გადაწყვეტაა. რასკოლნიკოვი მხოლოდ ამ საზოგადოებრივი უთანხმოების შედეგია. მის მსგავსთათვის ის ფაქტი, რომ ინანიებენ, მზად არიან სასჯელის მისაღებად და ცნობენ პიროვნულ ღმერთს, სრულიადაც არ არის უფლის მიერ მათი შეწყნარების გარანტია. ეს იმას ჰგავს, რომ გეომეტრიული ამოცანის ამოხსნა პირველი კლასის არითმეტიკის ცოდნით დააპირო”.

ზუსტად მიგნებული იმპლიციტური სიგნალებისა და განსხვავებული ენობრივი კოდების, აღწერის ტიპების მისეული გამოყენებით მსოფლიო ლიტერატურაში ღირსეულ ადგილს იჭერს მიხეილ ჯავახიშვილის თხრობა. ლამბალოს სასჯელი ეპოქის განაჩენია. “ძალადობა მთელს სამყაროში არსებობს…სიტყვა “ჰუმანიზმი” სასაცილო გახდა… სიტყვა “გულს” მარტო სამედიცინო მნიშვნელობა შერჩა…” სწორედ ამიტომ წუხს ეჟენ იონესკო ადამიანებზე ნადირობის გამო. ხოცვა-ჟლეტის მიზეზები მხოლოდ ეკონომიკური და კლასობრივი ხასიათისა როდია; ეს სულელური სტერეოტიპი მარტო გონებრივად ჩამორჩენილი ადამიანებისთვისაა დამაჯერებელი”, – აცხადებს იგი. მაშადი ჰასანისა და მისი პროტოტიპის “წითელი ყაშას” სახეებს, გარდა ისტორიული დამოკიდებულებისა, სხვაგვარი, ცხოვრებისეული გამოცდილებაც უნდა კვებავდეს, ყაშასეული ტიპი, რომელიც ამ პერსონაჟში მხატვრულად განსხეულდა, ასევე – სამართალაღსრულების პროცესები მწერლისთვის კიდევ უფრო თვალშისაცემი გახდა საბჭოთა საქართველოში, სადაც ბოლშევიკური რეჟიმის ბატონობა მრავალი პატარა თუ დიდი ყაშას აღზევებას ნიშნავდა. მოგვიანებით მათ ხომ თავად მწერალსაც გაუსწორეს ანგარიში იმ პროცესთათვის, რომელთაც მისი შემოქმედება სარკესავით ირეკლავდა.

იმპრესიონიზმისთვის დამახასიათებელი სისხარტითა და მოქნილობით გვიხატავს ნიკო ლორთქიფანიძე სასამართლო პროცესის შედეგს ნოველაში “სანახავათ”. აქ ექვთიმია უსუსური დამნაშავეა, რომელმაც ცოლის თაყვანისმცემელი სიკვდილით დასაჯა, მერე საკუთარი ცოლიც ძლივს გამოგლიჯეს ხელიდან. ამიტომაც მზადაა, სასჯელი დამსახურებულად მოიხადოს. ნოველაში იმერელი ბავშვის ენით, თვალთაღქმითა და განცდით იჭრება ამბები, რომლებსაც ავტორი ერთიან ქარგაში ამთლიანებს. საბოლოოდ კი იკვეთება აზრი, რომ დამნაშავის მიმართ საზოგადოება (ოჯახი, ცოლი, რომელიც იმის გამო სცემა, რომ ძველი შეყვარებული აედევნა) მიმტევებელი და მეტად დამნდობია, ვიდრე კანონი.

გულუბრყვილო, უნიადაგო და გამაღიზიანებელია დასკვნები, რომლებიც გრიგოლ აბაშიძის “ყორნალში” გამომძიებელ ოთარ გამრეკელს გამოაქვს. აქ ვითარება იმდენად გამჭვირვალეა, რომ გამოსაძიებელი არაფერი რჩება. მიუხედავად ამისა, გამრეკელი ღია კარის შესამტვრევად იმტვრევს თავს და სიბრალულს უფრო იმსახურებს უკიდურესად დაბალი პროფესიონალიზმის გამო, ვიდრე მოწიწებასა და პატივისცემას, როგორც თავისი საქმის კარგად მცოდნე მიუკერძოებელი მსაჯული. რომანისტის ღრმააზროვანი ჩანაფიქრი “ყორნალში” დროდადრო იაფფასიანი დეტექტივის ჩარჩოებში ექცევა და მძაფრი სიუჟეტური მდინარება ხშირად შეუზღუდავი აღმოჩნდება, – ამის მაგალითი “ყორნალში” მრავლად მოიპოვება; მიუხედავად ყოველივე ზემოთქმულისა, ათეიზმის მძვინვარების ეპოქაში გრიგოლ აბაშიძემ შეძლო შეექმნა ანტიკური ტრაგედიის ბადალი ვრცელი ეპიკური ტილო, წარმოეჩინა უღმერთობის საუკუნის მსხვერპლის (ლევან გაფრინდაშვილის) მძაფრი სულიერი დრამა, რომელიც სწორედ რწმენისგან განზე განდგომამ გამოიწვია. მერე რა, რომ საკუთარი გაბედულებით მოგვრილი სიხარულისა თუ გაუცნობიერებელი შიშის გამო ავტორს ოსტატობა იქ ღალატობს, სადაც ყველაზე მეტად იყო მოსალოდნელი.

ამ და სხვა ტექსტების პრაგმატული ანალიზის მეთოდით სიღრმისეული კვლევა არაერთ საგულისხმო შედეგს მოგვცემს ქართულენობრივი ლიტერატურული დისკურსის ფსიქოლოგიური, სოციალურ-პოლიტიკური თუ სამართლებრივი საფუძვლების გამოსავლენად, უკეთ დაგვანახვებს, რამდენად მსგავსია ან განსხვავებული, მკაცრია ან მყიფე საზოგადოებათა, რეჟიმთა, ეპოქათა განაჩენი.

მოხსენება წაკითხულ იქნა შედარებითი ლიტერატურის მე-3 საერთაშორისო კონფერენციაზე “გამოძიება და პროცესი ლიტერატურასა და ხელოვნებაში”. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (თბილისი, საქართველო); ლორანსიენის უნივერსიტეტი (სედბერი, ონტარიო, კანადა). თბილისი, 27 – 29 ივნისი, 2012 წელი.


 

Club 27: ჯენის ჯოპლინი – ორსახოვანი ქალღმერთი

0

ხელოვანთა “სხვანაირობის” შესახებ ალბათ მრავალ ჩვენგანს გაუგონია. თავს ვერ დავდებ, რომ ყველაფერი, რასაც “ამბობენ”, მართალია, მაგრამ ვერც იმას ვიტყვი, თავიდან ბოლომდე გამონაგონია-მეთქი. ალბათ, ამ “სხვანაირობის” მიზეზიც გასაგებია – თუკი ამქვეყნად არსებობს სივრცე, სადაც შეგიძლია უკიდურესი თავისუფლება იგრძნო, ეს სწორედ ხელოვნებაა. პიროვნული თავისუფლება შემოქმედის უმთავრესი თვისებაა და სწორედ ეს თვისება ხდის მას განსაკუთრებულს, “სხვანაირს”.

რა არის თავისუფლება და რატომ არის ის ყველაზე მნიშვნელოვანი? ვფიქრობ, ამ კითხვაზე იმდენი პასუხი არსებობს, რამდენიც ადამიანია. პირადად ჩემთვის თავისუფლება წარმოუდგენელია როკ-ენ-როლის გარეშე, როკ-ენ-როლი კი – ჯენის ჯოპლინის გარეშე.

კარგად მახსოვს, როდესაც პირველად მოვისმინე ჯენისის სიმღერა, ვინატრე, ნეტავ 50 წლით ადრე დავბადებულიყავი-მეთქი… ასეთი გრძნობა მხოლოდ იმ მუსიკოსების მოსმენისას მიჩნდება, რომლებიც ჩემი პიროვნების ნაწილად მიმაჩნია. ჯოპლინის პირველივე ჩახლეჩილი, ხრინწიანი, მაგრამ, იმავდროულად, მუსიკალურად საოცრად სუფთა ბგერა ალბათ სიცოცხლის ბოლომდე მემახსოვრება: “Sit There… Count Your Fingers…”

ჯენისი 1943 წელს დაიბადა ტეხასში – შტატში, სადაც მე-20 საუკუნის დასაწყისიდან ყვაოდა ბლუზი, ჯაზი, ქანთრი მუსიკა თუ გოსპელ კულტურა. ბავშვობაში აქტიურად უსმენდა ბილი ჰოლიდის, ბიგ მამა თორნტონს და Texas Blues-ისა და რიტმ ენდ ბლუზის სხვა გამოჩენილ შემსრულებლებს.

სკოლაში საქმეები მთლად კარგად ვერ მისდიოდა. თანაკლასელები ხშირად დასცინოდნენ, რადგან ცუდად გამოიყურებოდა – ზედმეტი წონისა და კანის პრობლემა აწუხებდა. ისინი, რა თქმა უნდა, ვერც კი წარმოიდგენდნენ, რომ როკის მომავალ ქალღმერთთან ერთად იღებდნენ განათლებას… უკვე პოპულარულმა ჯოპლინმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ სკოლის დამთავრებისადმი მიძღვნილ ყოველწლიურ შეკრებაზე მისვლა სურდა, რათა მის თანასკოლელებს დაენახათ, რამდენს მიაღწია ადამიანმა, რომელსაც ისინი ცუდად ეპყრობოდნენ.

საკუთარი გარეგნობის კომპლექსი სკოლის შემდეგაც აწუხებდა. როგორც ჩანს, ბავშვობაში გადატანილმა ტრავმამ მძიმე კვალი დაატყო მის ფსიქიკას.

17 წლისა იყო, როდესაც ამღერდა. ჯერ ფოლკლორს ასრულებდა, მერე კი რამდენიმე მეგობარი შეიძინა, რომლებმაც ე.წ. “შავი მუსიკა” ცოცხლად მოასმენინეს. ბლუზი, ჯაზი – ეს ის იყო, რაც ჯოპლინს ყველაზე დიდი სასიცოცხლო ენერგიით მუხტავდა. მანამდე, სანამ ალკოჰოლს მიეძალებოდა და ჰეროინს აღმოაჩენდა.

კოლეჯში ყველასგან გამოირჩეოდა – დადიოდა ფეხშიშველი; მუდამ თან დაჰქონდა მუსიკალური ინსტრუმენტი, ავტოარფა, რათა ემღერა, როდესაც მოუნდებოდა; რამდენიმე კონცერტზეც გამოვიდა, თუმცა იმხანად ცნობილი მომღერალი ნამდვილად არ ეთქმოდა. ნარკოტიკებს კი ახალგაზრდობიდანვე შეეჩვია, რამაც დროთა განმავლობაში ღრმა კვალი დაატყო მის ცხოვრებას.

1966 წელს ის ჰიპებს შორის მეტ-ნაკლებად პოპულარულ ბენდში, Big Brother and the Holding Company-ში, მოხვდა. მუსიკოსებმა საკმაოდ კარგად აუღეს ალღო ჯოპლინის ვოკალს და ერთად რამდენიმე საკმაოდ მნიშვნელოვან კონცერტში მიიღეს მონაწილეობა. ნელ-ნელა ჯოპლინი უბრალო ვოკალისტობიდან ნამდვილ ვარსკვლავად იქცა. თუ ბენდის აფიშებზე მისი სახელი თავდაპირველად გამოკვეთილი არ იყო, ცოტა ხანში წარწერა “Big Brother and the Holding Company” “Janis Joplin and Big Brother and the Holding Company-თ შეიცვალა.

1967-ში ჯგუფი მონტერეის პოპფესტივალზე გამოვიდა. ეს იყო ჯენის ჯოპლინის პირველი მტკიცე ნაბიჯი ვარსკვლავობისკენ. გამოსვლას ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

მონტერეიდან მცირე ხნის შემდეგ მუსიკოსებმა სადებიუტო ალბომი გამოუშვეს. ამას მოჰყვა კონტრაქტები, ტურები შტატების სხვადასხვა ქალაქში, ბევრი კარგი გამოსვლა, მათ შორის – ისეთი მუსიკოსების გვერდითაც, როგორებიც იყვნენ ჯიმი ჰენდრიქსი, ბადი გაი და ჯონი მიტჩელი. ნელ-ნელა ჯოპლინმა პრესის ყურადღებაც მიიპყრო. მასზე თითქმის ყველგან წერდნენ, ჟურნალმა Vogue-მა კი ჯენისი ყველაზე ძლიერ ქალ როკვოკალისტადაც კი დაასახელა.

სამწუხაროდ, რაც უფრო მეტ წარმატებას აღწევდა, ნარკოტიკებსაც მით მეტად მოიხმარდა. მისი ბენდის წევრები ამბობდნენ, რომ ჯოპლინში ორ სხვადასხვა ადამიანს ხედავდნენ: ერთი მხიარული, ოდნავ შეშლილი და ძალიან თამამი გოგო იყო, სცენაზე ნამდვილ შოუს რომ დგამდა, მეორე კი – სრულიად სხვანაირი, ჩაკეტილი და მარტოსული არსება, რომელსაც საკუთარი გარეგნობის კომპლექსი ტანჯავდა და გამუდმებით პრობლემები ჰქონდა მეგობრებთან. როგორც ჩანს, ჯენისი სწორედ ამ პრობლემებისგან გასაქცევად ეძალებოდა ალკოჰოლსა და ნარკოტიკულ საშუალებებს.

1969 წელს პოპულარობის პიკზე მყოფმა ჯენისმა მიატოვა “Big Brother and the Holding Company” და სოლო კარიერას მიჰყო ხელი. შექმნა ახალი ბენდი და ლეგენდარულ ვუდსტოკის ფესტივალზე ერთ-ერთ ჰედლაინერად გამოვიდა. ნარკოტიკებით იყო გაბრუებული და სცენაზე ათას სისულელეს სჩადიოდა, სიმთვრალის გამო რამდენიმეჯერ ხმაც ჩაუწყდა, თუმცა ყველაფერი მაინც იმდენად კარგი გამოვიდა, რომ სცენიდან გასვლის შემდეგ ბისზე სიმღერაც კი მოუხდა. თავად ჯოპლინი არ იყო კმაყოფილი ვუდსტოკის გამოსვლით, ამიტომ მისი წარმოდგენის უდიდესი ნაწილი ფესტივალის ოფიციალურ ვიდეოში არ შესულა.

1970 წლისთვის ჯენისი უკვე შემდგარი ვარსკვლავია. მის ალბომს “Pearl” (“მარგალიტი”) სულ მალე მილიონობით ადმიანი მოუსმენს, მაგრამ, სამწუხაროდ, თავად ამას ვერ მოესწრება.

1970 წლის 3 ოქტომბერს მომღერალი სტუდიაში იმყოფებოდა და ძალიან კმაყოფილი იყო ალბომის ჩაწერის პროცესით. ბენდთან ერთად ის ერთ-ერთ კომპოზიციაზე მუშაობდა. ბედის ირონიით, კომპოზიციას “Buried Alive in Blues” (“ბლუზში ცოცხლად დამარხული”) ერქვა. მუსიკოსები შეთანხმდნენ, რომ ჯენისის ვოკალს მეორე დღეს, 4 ოქტომბერს ჩაწერდნენ, მაგრამ საბოლოოდ ალბომში კომპოზიციის ვოკალის გარეშე შეტანა მოუხვდათ, რადგან 4-ში, შუადღისას, ჯოპლინი საკუთარ ნომერში გარდაცვლილი იპოვეს. სიკვდილის მიზეზი ჰეროინის ზედმეტი დოზა იყო. ოქტომბრის პირველ კვირას ამავე მიზეზით ლოს ანჯელესში კიდევ რამდენიმე ახალგაზრდა დაიღუპა. როგორც ამბობენ, მათ და ჯენისს ერთი და იგივე ნარკოდილერი ამარაგებდა, რომელმაც ზედმეტად “ძლიერი” ჰეროინი გაყიდა…

ალბათ ღირს იმის აღნიშვნაც, რომ ჯენის ჯოპლინი ლეგენდარული გიტარისტის, ჯიმი ჰენდრიქსის სიკვდილიდან ზუსტად 16 დღის შემდეგ გარდაიცვალა. ორივე ნარკოტიკებისგან დაიღუპა და ორივენი სულ რაღაც 27 წლის იყო.

ჯოპლინის სხეულს კრემაცია გაუკეთეს, ფერფლი კი კალიფორნიის ერთ-ერთ სანაპიროსთან, წყნარ ოკეანეში, მიმოაბნიეს თვითმფრინავიდან. ამ რიტუალით ის თითქოს სამყაროს შეერწყა…

ჯენისი უნიკალური იყო – ხმის ტემბრით, სასცენო მოძრაობებით, ბრწყინვალე ვოკალური ფრაზებით, მაგრამ მის შემოქმედებაში მთავარი სიმღერის ტექნიკა კი არა, ის ენერგიაა, რომლითაც ჯოპლინი მილიონობით ადამიანს აკვირვებდა და აყვარებდა თავს. სიმღერის დროს ის ნამდვილი იყო: მეამბოხე, მხიარული, გიჟური… მაგრამ ნამდვილი იყო სცენის გარეთაც, როცა მოიღუშებოდა, თავს მარტოსულად იგრძნობდა და ალკოჰოლს მიეძალებოდა.

აი, ასეთი იყო როკის ორსახოვანი ქალღმერთი ჯენის ჯოპლინი – პირველი როკვარსკვლავი ქალი.

ვარსკვლავი, რომელიც 27 წლისა ჩაქრა.

P.S. პოსტის დასასრულს ჯენისის უკანასკნელ ჩანაწერს გიტოვებთ:

 

 

 

 

განათლების ფილოსოფია და პედაგოგიური პროცესის მართვის პრობლემა თანამედროვე სკოლაში

0
მარინა ზაბორსკაია

ცხოვრების ყველა სფეროში ამჟამად მიმდინარე სიღრმისეული ცვლილებები სასკოლო განათლების საფუძვლებსაც ეხება. საკამათო არ არის, რომ საგანმანათლებლო კონცეფციებში არსებული პლურალიზმი ჩვენი საზოგადოების ცხოვრების მონოლოგური ფორმიდან პლურალისტულისკენ გადასვლის პროცესს ასახავს, მაგრამ ამასთანავე რთულ თეორიულ და პრაქტიკულ პრობლემებსაც უდებს სათავეს. დიფერენციაცია და სპეციალიზაცია სასკოლო დაწესებულებებისა და მრავალფეროვნება საგანმანათლებლო პროგრამებისა შესაბამისობაშია პროფესიული საქმიანობის ახალი სახეობების წარმოშობასთან, საზოგადოების სოციალური სტრუქტურის გართულებასთან და მასში თავისი ინტერესების მქონე სოციალური ჯგუფების გამოყოფასთან, რომლებიც ხშირად ახდენენ იდეოლოგიურ, პოლიტიკურ, ფინანსურ თუ სხვაგვარ გავლენას ბავშვების აღზრდა-განათლებაზე, ასევე – მრავალი მასწავლებლის მისწრაფებაზე, რეალიზება გაუკეთონ თავიანთ ინდივიდუალურ მიდგომას საკუთარ პროფესიაში.

ამ პროცესის მეორე მხარეა შეუსაბამობა სწავლების მიზნებს, მეთოდებსა და ფორმებს შორის. საყოველთაოდ აღიარებული საგანმანათლებლო სტანდარტების არარსებობისას რთულდება ერთი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან მეორეში გადასვლა, სწავლის გაგრძელება უფრო მაღალ საფეხურებზე. ამასთან, აქტუალური ხდება ეფექტური სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავების პრობლემა სასკოლო განათლებასთან მიმართებით, რომელიც თანამედროვე საზოგადოების უმნიშვნელოვანესი სოციალური ინსტიტუტია და რომელიც სტაბილურად ვერ განვითარდება. საგანმანათლებლო სისტემის მოწესრიგების დროს სახელმწიფო ნაკლებად ბიუროკრატიული უნდა იყოს, არ უნდა ახდენდეს სასკოლო განათლების უნიფიკაციას და არ უბრუნდებოდეს მართვის ავტორიტარულ ფორმებს (სახელმძღვანელოთა მრავალფეროვნების შემცირება, ერთიანი გამოსაშვები გამოცდების დაწესება, ისეთი სახელმწიფო სტანდარტის შემუშავების მცდელობა, რომელიც განსაზღვრავს არა მხოლოდ სასწავლო დისციპლინები, არამედ სახელმძღვანელოების შინაარსიც და სხვ.).

განათლების სისტემის რეფორმა არ დაიყვანება მის სტრუქტურულ გარდაქმნამდე, მართვის ადმინისტრაციული მეთოდების გაძლიერებამდე. ის უფრო სიღრმისეულ ტრანსფორმაციას გულისხმობს, რომლის წარმატებაც შეუძლებელია მის საფუძვლებთან დაკავშირებული ფილოსოფიური რეფლექსიის გარეშე. ნებისმიერი პედაგოგიური თეორია თუ საგანმანათლებლო პროექტი ეფუძნება წინასწარ დაშვებათა მთელ წყებას, ამიტომ ფილოსოფიური კვლევა ხელს უწყობს სტრატეგიული ამოცანებისა და საგანმანათლებლო პრაქტიკის მართებულ შემუშავებას. განათლების სისტემის ელემენტების თანაფარდობა, მათი იერარქია, შინაარსი, მნიშვნელობა როგორც საზოგადოების, ისე კონკრეტული ინდივიდის ცხოვრებაში განისაზღვრება განათლების მიზნების, მნიშვნელობისა და არსის ისტორიულად განპირობებული გაგებით, საბოლოო ჯამში კი – ადამიანის ცხოვრების საზრისის გაგებით, საზოგადოებაში მისი დანიშნულებით.

სასკოლო განათლების საფუძვლების ფილოსოფიური ანალიზი იმავე წინა პირობებს ემყარება, რასაც განათლების სხვა საფეხურების ანალიზი. მიუხედავად ამისა, მას აქვს თავისი სპეციფიკა და სირთულე. თუკი უმაღლესი განათლების მიზანია პროფესიულად მოამზადოს ადამიანი, რომელმაც მეტ-ნაკლებად გაცნობიერებული არჩევანი გააკეთა, თანამედროვე სასკოლო განათლებას იმდენად ცოდნის გადაცემის პრობლემასა და მოსწავლის პროფესიულ მომზადებასთან არ აქვს საქმე, რამდენადაც იმ მეთოდების გამომუშავება-ათვისებასთან, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლის პიროვნების განვითარებას.

სასკოლო განათლების ფილოსოფიური ანალიზის სირთულე დაკავშირებულია არა იმდენად პედაგოგიური იდეების პლურალიზმთან, რაც თანამედროვე საზოგადოებას ახასიათებს (და ეს სავსებით ბუნებრივია ყოველი საზოგადოებისთვის, რომელიც დინამიკურად იზრდება), რამდენადაც მათი ეკლექტიკური შეერთების ფართოდ გავრცელებულ მცდელობებთან აქსიომურ განსხვავებათა გაუთვალისწინებლად. ეს ასევე გულისხმობს იმგვარი საგანმანათლებლო პროექტების შექმნას, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნის თანამედროვე კულტურის თავისებურებებთან არ არის დაკავშირებული.

თანამედროვე ფილოსოფიაში გამოყოფენ რაციონალობის ორ საერთო ისტორიულ ტიპს – კლასიკურს, რომელიც მე-19 საუკუნის შუა ხანებამდე დასავლურ კულტურაში იყო დომინანტური (საბჭოთა კავშირში კი მე-20 საუკუნის შუა პერიოდამდე) და არაკლასიკურს, რომელიც მე-19-20 საუკუნეთა მიჯნაზე წარმოიშვა და რომელმაც დომინანტური პოზიცია დაიკავა მე-20 საუკუნის 80-იანი წლების საბჭოთა კულტურაში. რაციონალობის სხვადასხვა ტიპის ფუნდამენტური პრინციპების გამოყენება საშუალებას გვაძლევს, განათლების პროცესი განვიხილოთ როგორც იმ პარადიგმების ცვლა და თანაარსებობა, რომლებიც შედარებითი სისრულით გამოირჩევა. ამ კუთხით განათლების ფილოსოფიის მთავარ ამოცანად გვევლინება რაციონალობის ასეთ ცვალებად სახეობებში გარკვეულ კანონზომიერებათა გამოვლენის აუცილებლობა, რათა გეგმაზომიერად მოხდეს ზემოქმედება განათლების ორგანიზაციის სტრუქტურაზე ინდივიდისა და საზოგადოების საჭიროებებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით.

კლასიკური რაციონალიზმის ობიექტივიზმმა და უნივერსალიზმმა მოახდინა განათლების ორიენტირება აღზრდა-განათლების საყოველთაო კანონზომიერების ძიებაზე, მათ ფორმებსა და მეთოდებზე, რაც, ერთი მხრივ, ხელს უწყობდა განათლების დემოკრატიზაციას, მაგრამ, მეორე მხრივ, მიჰყავდა იგი უნიფიკაციისკენ, პედაგოგიური საქმიანობის რეგლამენტაციისკენ.

განათლების ფილოსოფიაში, რომელიც არაკლასიკური რაციონალობის პრინციპებს ეფუძნება, განათლება გაგებულია მოსწავლის ინდივიდუალური, შემოქმედებითი საწყისის განვითარებისკენ მიმართულ პროცესად, რათა ხელი შეეწყოს მისი როგორც პიროვნების ჩამოყალიბებას. ინდივიდუალური თვისებების საწყისი უთანასწორობის შესახებ იდეას ეს პროცესი ყოველმხრივ განვითარებული ჰარმონიული პიროვნების შესახებ იდეალის უარყოფამდე მიჰყავდა. ადამიანური სუბიექტურობის განვითარებამ ხელი შეუწყო სამყაროს შესახებ მრავალი სურათის გაჩენასა და სინამდვილის შესახებ იდეებისა და შეხედულებების პლურალიზაციას, რომლებიც, ბუნებრივია, შეესაბამება როგორც მოსწავლეების, ისე მასწავლებლების ინტერესებს, მოთხოვნებსა და ფასეულობებს. აქედან მომდინარეობს უნივერსალური საგანმანათლებლო სისტემის შექმნისა და პედაგოგიური მეთოდიკის დამუშავების უარყოფა, რომელიც მოსწავლის პიროვნების თავისებურებას ითვალისწინებს. როგორც არ უნდა გაიგებოდეს პედაგოგიკა, მკაცრ მეცნიერებად თუ ხელოვნებად, მისი ყურადღების ცენტრშია მოსწავლე როგორც განუმეორებელი ინდივიდი.

პიროვნების მთლიანობაზე აქცენტის გადატანამ, როდესაც რაციონალურ აზროვნებაზე არანაკლებ როლს ასრულებს შემოქმედებითი აქტივობის წყაროდ მიჩნეული ირაციონალური და არაცნობიერი, სწავლებასა და აღზრდას შორის არსებული საზღვრების წაშლა განაპირობა. სწავლების მიზანი იყო მოსწავლის ინტელექტუალური შესაძლებლობის განვითარება სამეცნიერო დისციპლინათა მეთოდების და არა მათი შედეგების ათვისების გზით. რეალურად კი აღზრდის ყველა სახეობასთან ერთად ხელი უნდა შეეწყოს მოსწავლის ინდივიდუალური მონაცემებისა და შესაძლებლობების განვითარებას.

მრავალი სხვადასხვა პროფილის სასწავლო დაწესებულების არსებობის პირობებში, სადაც ფუნქციობს სპეციალიზებული სასწავლო პროგრამები, რომლებიც მოსწავლისადმი ინდივიდუალური მიდგომის რეალიზებისკენ ისწრაფის, განათლების მთელი სისტემა ღია ხასიათს იძენს და აქ მოქმედებს სხვადასხვა ტენდენცია, რომლებიც პასუხისმგებელია საზოგადოების მრავალგანზომილებიანობის ზრდაზე და, საზოგადოდ, სოციალური სტრუქტურის განვითარებაზე. მოსწავლეზე როგორც უნიკალურ პიროვნებაზე აქცენტის გაკეთება ეწინააღმდეგება განათლების უნივერსალური ფორმების, მეთოდებისა და შინაარსის უნიფიკაციას. მართვა, ამ სიტყვის ტრადიციული გაგებით, არაეფექტურია, რადგან ის ბოჭავს პედაგოგთა შემოქმედებით ინიციატივას. ამ პირობებში საუბარი უნდა იყოს არა იმდენად განათლების მართვაზე, რამდენადაც მისი ძირითადი კალაპოტის განსაზღვრაზე, რომელიც იძლევა პროცესის ინტეგრალურ მახასიათებლებზე გავლენის მოხდენის, სასურველი ტენდენციის უზრუნველყოფის ან, პირიქით, არასასურველი გადახვევების თავიდან აცილების საშუალებას. ეს თვალსაზრისი არ უარყოფს პროგნოსტიკული სქემების აუცილებლობას, რომელთა დანიშნულება თანამედროვე საზოგადოების შეუქცევადი განვითარებაა. დღეს უკვე მართვაში უნდა იგულისხმებოდეს საგანმანათლებლო დაწესებულებების საქმიანობის კოორდინაცია საზოგადოების ღირებულებითი ორიენტირების შესაბამისად.
თარგმნა დავით თინიკაშვილმა

ბუფერული ხსნარები

0

სრულად

კითხვა რიტუალია

0

კითხვა რიტუალია, ბევრისთვის – საკრალურიც. რატომაც არა – დროსა და სივრცეში დაშორებული ორი ადამიანი, მწერალი და მკითხველი, მედიუმის, ლიტერატურის საშუალებით საუბრობს. ერთმანეთს ამბებს უცვლის, საინტერესო ამბებს. უინტერესოსაც, ხდება ხოლმე…

საინტერესო პროცესია ლიტერატურული რიტუალი. სინერგია ადამიანსა და ადამიანს შორის. ლიტერატურული რიტუალის დროს წიგნი და ავტორი უმთავრესი სარიტუალო შესაწირავია. საკუთარი თავისთვის მიძღვნილი სწორად შერჩეული სარიტუალო ძღვენით კი შეგიძლია, თავი ცოტა ხნით ლიტერატურულ სამოთხეში წარმოიდგინო, დატოვო დრო და სივრცე და ლიტერატურის განზომილებაში გადაინაცვლო, სადაც შესაძლოა მგელი და ცხვარი ერთად არ ძოვდნენ ბალახს, ანდა, პირიქით, ზღაპრულ ჰარმონიას აღწერდეს მწერალი, – გააჩნია, როგორი შესაწირავი გხიბლავს. პირადად მე – პოსტმოდერნული.

ხშირად კითხვის დაწყებაც რიტუალია: ველოდებით სათანადო განწყობას, ადგილს, ფონს – სიმშვიდეს, თოვლს თუ ზღვის ხმაურს, რათა თაროდან ყველაზე სქელტანიანი, დიდი ხანია შეგულებული წიგნი ჩამოვიღოთ, რათა მისგან მოგვრილი ემოცია უკეთ დაგვამახსოვრდეს. ცხადია, თავისუფალი დროც საჭიროა… განწყობის ამბავია, თორემ კარგად დაწერილ 800-გვერდიან რომანს სამ დღეში თავისუფლად წაიკითხავს კაცი, თუ მისი ავტორი უმბერტო ეკოა და რომანს “ვარდის სახელი” ჰქვია.

თუ ჯერაც არ აგირჩევიათ საშობაო არდადეგებზე წასაკითხი ლიტერატურა და უმბერტო ეკოს ეს რომანიც დღემდე არ წაგიკითხავთ, ალბათ, მასზე უკეთესს ვერაფერს გირჩევდით – გარემო, ამინდი, აპოკალიფსური მოლოდინი იდეალური ფონია, განსხვავებული რაკურსით დავინახოთ მიმდინარე მოვლენები. ჩვენ ხომ თითქმის არაფერი გვაშორებს იმ ამბებისგან, რომანში რომ ხდება. მერე რა, რომ მწერალი შუა საუკუნეების მონასტერზე მოგვითხრობს – არც ჩვენთვისაა უცხო ათასწლეულის ფობია, მისტიკური დროის მოახლოების შიში, დროისა, რომელიც აღსასრულთან გვაახლოებს.

“ვარდის სახელი” იტალიელი მწერლის, სემიოლოგისა და შუა საუკუნეების მკვლევრის უმბერტო ეკოს პირველი რომანია. წიგნი 1980 წელს დაიბეჭდა და პოსტმოდერნისტული ლიტერატურის კლასიკად ითვლება. შუა საუკუნეები, დათოვლილი მონასტერი, მკაცრი ტიპიკონი და ბერების ცხოვრება – სათნოებებითა და შეცოდებებით, სინანულითა და მიტევებით. სიკვდილისა და სიცოცხლის ჭიდილი. საიდუმლოებით მოცული ბიბლიოთეკა და იდუმალებით მოცული მკვლელობების სერია. წიგნი ერთსა და იმავე დროს ისტორიული რომანივით მასშტაბური, გოთიკურივით პირქუში და დეტექტიურივით მძაფრია. ის იმდენად დრამატულია და ჩამთრევი, რომ მისი კითხვის დაწყებამდე, უმჯობესია, ყველა სხვა საქმე გადადოთ.


წიგნში მოქმედება 1327 წელს იტალიის ჩრდილო დასავლეთით მდებარე ბენედიქტელთა მონასტერში ხდება. ფრანცისკანელი ბერი უილიამ ბასკერვილელი და მისი ახალგაზრდა თანამგზავრი ადსო მონასტერში მომხდარ საზარელ მკვლელობათა გამოძიებას ცდილობენ. საიდუმლოებები და ბოლო ჟამის მინიშნებები თითოეული ახალი მკვლელობის შემდეგ მეტ სიცხადეს იძენს, თუმცა მოულოდნელად ჯაჭვი წყდება. ბერები, რომლებიც დარწმუნებულნი არიან, რომ ჟამი იწურება და ანტიქრისტეს მოსვლამდე სულ უფრო მცირე ხანი რჩება, ამბის განვითარებას ვერ ხსნიან. რა საიდუმლოს მალავს მონასტრის ბიბლიოთეკა, ვინ იცავს იდუმალ წიგნს? წიგნი ერთი ამოსუნთქვით იკითხება და ფიქრისთვისაც დიდ სივრცეს ტოვებს. ფიქრი კი ყველაზე მნიშვნელოვანი რამაა წიგნთან ურთიერთობისას.


წიგნი ქართულად 2011 წელს ითარგმნა. მის ბოლოთქმაში უმბერტო ეკო დაწვრილებით მოგვითხრობს “ვარდის სახელის” ისტორიას, რომელიც თავად რომანზე არანაკლებ საინტერესოა. მწერალი დეტალურად აღწერს პროცესს, რომელიც უმეტესად რიგითი მკითხველის თვალთახედვის მიღმა რჩება. მისი გაშიფვრა კი რომანის ერთგვარი დესაკრალიზაციაა…


გონებრივი რუკა

0

ნინო ჭიაბრიშვილი

სრულად

მე ხომ ევროპის შვილი ვარ – როჟე მარტენ დიუ გარი

0
ასეთ ბრწყინვალე საზოგადოებაში ყოფნა – საზოგადოებაში, რომელიც დღეს აქ შეიკრიბა მისი უმაღლესობის, მემკვიდრე პრინცის პატრონაჟით – კიდევ უფრო აძლიერებს ჩემს მღელვარებას, განსაკუთრებით ახლა, როდესაც ამ საპატიო ადგილას ვდგავარ და ეს-ესაა მოვისმინე ჩემი მისამართით ნათქვამი საქებარი სიტყვები. საკუთარი თავი იმ ბუს მაგონებს, რომელსაც დღისით-მზისით ბუდიდან წამოაგდებენ და, სიბნელეს შეჩვეულსა და დამფრთხალს, დღის კაშკაშა სინათლით თვალს მოსჭრიან.

მაგრამ, როგორც არ უნდა ვამაყობდე იმ განსაკუთრებული პატივით, რომელიც შვედეთის აკადემიამ მომაგო, არა და არ ძალმიძს გაოცებისა და დაბნეულობის დაფარვა. სწორედ იმის გამო, რომ კარგად მესმის, თუ რაოდენ წონადია – მეტისმეტად წონადი – ეს ჯილდო, საკუთარ თავს ვეკითხები, თუ რითი შეიძლება აიხსნას აკადემიის არჩევანი.

თავდაპირველად ყველაფერი ჩემს სამშობლოს დავუკავშირე. ბედნიერი ვარ, რომ პატივცემულმა შვედმა აკადემიკოსებმა წელს არჩევანი ფრანგ მწერალზე შეაჩერეს, რითაც, შესაძლოა, სურდათ გამორჩეული პატივი მიეგოთ ფრანგული ლიტერატურისათვის. მაგრამ უნდა ითქვას, რომ ჩემს თანამემამულეთა შორის მრავლად არიან ბრწყინვალე მწერლები, კეთილშობილებით გამორჩეული დიდი მოაზროვნენი, რომელნიც წაქეზებასა და დაფასებას ჩემზე მეტად იმსახურებენ. მაშ, რატომ აღმოვჩნდი ამ საპატიო ადგილას დღეს სწორედ მე?

პატივმოყვარეობის დემონმა, რომ­­ლის ძლევა არცთუ ისე ადვილია, მაშინვე მომაწოდა ჩემი თავმოყვარეობისთვის საამო რამდენიმე ვარაუდი. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ გავიფიქრე, იქნებ ამ ნაბიჯით აკადემიას, რომელმაც ჩემი სახით ჯილდო მიაკუთვნა “დოგმებისგან თავისუფალ ადამიანს”, – ნება მომეცით განვაცხადო, რომ მე ასეთად მიმაჩნია საკუთარი თავი, – იმის აღნიშვნა-ხაზგასმა სურდა, რომ ჩვენს დროში, როდესაც ყოველ ადამიანს რაღაცისა “სწამს” და რაღაცას “ამტკიცებს”, ალბათ საჭიროა, რომ იყვნენ “მერყევნიც”, “ეჭვით შეპყრობილნიც” და “კითხვათა დამსმელნიც”-მეთქი, ანუ ის დამოუკიდებლად მოაზროვნენი, რომელ­ნიც არ ნებდებიან წინასწარშექმნილ იდეოლოგიათა ჰიპნოზს, რამეთუ მათი ერთადერთი საზრუნავი ისაა, საკუთარი ცნობიერება განავითარონ და “მკვლევარის სული” შეინარჩუნონ იმდენად თავისუფალი, არაწინასწარშეგონებული და პატიოსანი, რამდენადაც ეს საერთოდ ხელეწიფება ადამიანს.

ჩემთვის სასიამოვნო იქნებოდა იმის გაფიქრებაც, რომ ეს მოულოდნელი ჯილდო შესაძლოა გარკვეულ – ჩემთვის ძვირფას – პრინციპთა დაფასებაზე მეტყველებდეს. შესაძლოა, “პრინციპები” მეტისმეტად მტკიცედ იყოს ნათქვამი იმ ადამიანის მხრიდან, რომელიც მუდამ მზადაა, ხშირ-ხშირად გადასინჯოს ისინი; და მაინც, უნდა გამოგიტყდეთ, რომ ჩემს შემოქმედებაში მე გარკვეული ორიენტირები დავისახე და მუდამ ვცდილობდი მათი მიმართულებით მევლო.

ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა ვიყავი, როდესაც ინგლისელი მწერლის, ტომას ჰარდის რომანში წავაწყდი ასეთ აზრს, რომელსაც ავტორი გამოთქვამს თავის ერთ-ერთ გმირთან მიმართებით: “ცხოვ­რების ჭეშმარიტ ღირებულებად მას წარმოუდგებოდა არა იმდენად მისი მშვენიერება, რამდენადაც ტრაგედია”. ეს აზრი ძალზე ზუსტად გამოხატავდა იმას, რასაც ვფიქრობდი, ზუსტად ემთხვეოდა ჩემს სიღრმისეულ ინტუიციას, რომელიც მჭიდრო კავშირში იყო ჩემს მწერლურ მოწოდებასთან. ამის შემდეგ მე იმ დასკვნამდე მივედი (და ეს ახლაც მიმაჩნია სწორ მოსაზრებად), რომ რომანისტის უმთავრესი ამოცანა ცხოვრების ტრაგედიის გადმოცემაა. დღეს მე დავამატებდი: ინდივიდუალური ცხოვრების ტრაგედიისა, “განხორციელების პროცესში მყოფი ადამიანური ბედის” ტრაგედიისა.

და აქ, მე არ შემიძლია არ გავიხსენო უკვდავი მაგალითი ტოლსტოისა, რომლის წიგნებმაც ჩემზე გადამწყვეტი გავლენა მოახდინა. რომანისტს, რომელიც მართლა რომანისტადაა დაბადებული, როგორც წესი, ცნობენ ხოლმე მისი მგზნებარე მისწრაფებით შეაღწიოს ადამიანის ცნობიერების ყველაზე დაფარულ სიღრმეებში და თითოეულ გმირში ის ინდივიდუალური მხარე, ის თავისებურება გვიჩვენოს, რომელიც მას განუმეორებლობას სძენს. დარწმუნებული ვარ, ხანგრძლივი სიცოცხლე მხოლოდ იმ რომანს უწერია, რომელშიაც ავტორი შეძლებს ინდივიდუალურ ცხოვრებათა რაოდენობრივი და თვისებრივი მრავალფეროვნების შერწყმას. მაგრამ ეს – ყველაფერი როდია. რომანისტს ზოგადად ცხოვრების აზრი უნდა ესმოდეს აუცილებლად; მის ნაწარმოებებში სამყაროს ავტორისეული აღქმა უნდა ჩანდეს. ამაში კი ტოლსტოი უდიდესი მასწავლებელია. მეტ-ნაკლებად ყველა მისი პერსონაჟი იტანჯება ფილოსოფიურ საკითხთა გადაწყვეტით; ნე­ბისმიერი ადამიანური ბედის თხრობა, ტოლსტოის ნაწარმოებებში, მჭიდრო კავშირშია არა მარტო ადამიანის გამოკვლევა-შესწავლასთან, არამედ აღძრავს მარადიულ კითხვასაც ცხოვრების საზრისზე. სიმართლე რომ გითხრათ, მე მინდა მჯეროდეს, რომ სინამდვილეში, ჩემი მწერლური შრომის დაგვირგვინებით, შვედეთის აკადემიის წევრებმა სწორედ ამ მიუღწეველი მოდელის მოწიწებული სიყვარული დამიფასეს, დააფასეს ის ძალისხმევა, რომელიც დამჭირდა იმისათვის, რათა ტოლსტოის გენიის გაკვეთილებით მეც მესარგებლა.

დასაშვებია სხვა, უფრო სერიოზული ვარაუდიც, რომელზედაც შევჩერდები, მიუხედავად იმისა, რომ სულაც არ მსურს დღევანდელი ზეიმის ბრწყინვალება მწუხარებით დავჩრდილო და კვლავ აღგიძრათ ის მტანჯველი ფიქრები, ყოველ ჩვენგანში რომ ჩასახლებულა: შესაძლოა, შვედეთის აკადემიას განსაკუთრებული განზრახვა ამოძრავებდა, როდესაც იგი არ შეუშინდა საგანგებო მინიშნებას და ინტელექტუალური სამყაროს ყურადღება “1914 წლის ზაფხულის” ავტორისკენ მიმართა.

ასე ჰქვია ჩემს ბოლო ნაწარმოებს. გამოირჩევა თუ არა აღნიშნული წიგნი განსაკუთრებული ლიტერატურული ღირებულებით? ამაზე მსჯელობა სხვათათვის მიმინდვია. ყოველ შემთხვევაში, ის კი დანამდვილებით ვიცი, თუ რისი მიღწევა მინდოდა: ამ სამ ტომში, მე მსურდა აღმედგინა 1914 წლის მობილიზაციამდელი ევროპის მშფოთვარე ატმოსფერო; მე მინდოდა მეჩვენებინა მაშინდელ მთავრობათა სიმხდალე, გაუბედაობა, დაუდევრობა, მათი ფარული მიზნები; და, რაც ყველაზე მთავარია, მე მინდოდა თვალსაჩინოდ მეჩვენებინა მშვიდობიანად განწყობილი მასების საოცარი პასიურობა იმ კატასტროფის მოახლოებისას, რომლის მსხვერპლადაც მალე თავად იქცნენ, კატასტროფისა, რომელმაც ცხრა მილიონი ადამიანი შეიწირა, ათი მილიონი კი სამუდამოდ სახიჩრად დატოვა.

როდესაც გავიგე, რომ მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე კომპეტენტურმა და ღირსეულმა ლიტერატურულმა ჟიურიმ ჩემს წიგნებს თავისი უდავო ავტორიტეტით დაუჭირა მხა­რი, საკუთარ თავს ვუთხარი, იქნებ ასე იმიტომ მოხდა, რომ ეს წიგნები იცავენ გარკვეულ ღირებულებებს, რომელსაც კვლავ საფრთხე ემუქრება, და შეუძლიათ ომს, ამ დამღუპველ, დემონურ სენს ებრძოლონ-მეთქი.

მე ხომ ევროპის შვილი ვარ, სადაც სულ უფრო და უფრო ხმამაღლა გაისმის იარაღის ჩხარუნი! რამდენადაც ჩვენ აქ 10 დეკემბერს, ალფრედ ნობელის, ამ მებრძოლი ადამიანის (და არა “კულისებში მყოფი კაცის”), გარდაცვალების დღეს შევიკრიბეთ, – ადამიანისა, რომელიც არამც და არამც არ იყო ილუზიებისადმი მიდრეკილი და რომელმაც, ცხოვრების დასასრულს, თავისი უკანასკნელი იმედი ხალხთა ძმობაზე დაამყარა, – ნება მომეცით ვაღიარო, თუ რაოდენ სასიამოვნო იქნებოდა ჩემთვის იმის გაფიქრება, რომ ჩემი შემოქმედებით, რომელიც მისი სახელობის ჯილდოს ღირსი გახდა, შემიძლია არა მხოლოდ ვემსახურო ლიტე­რატურას, არამედ მშვიდობისთვისაც ვიბრძოლო! ამ შფოთვით აღსავსე დროს, რომელშიც ვცხოვრობთ, როდესაც დედამიწის ორ უკიდურეს წერტილში სისხლი უკვე იღვრება, როდესაც ჰაერი თითქმის ყველგან სიღარიბით დასენიანებული და ფანატიზმით წაბილწულია, ხოლო სამიზნეებისკენ უკვე მიმართულ ზარბაზანთა გარშემო ვნებები სულ უფრო და უფრო მძაფრდება, მაშინ, როცა ყოველივე მოწმობს ფარულ კაპიტულანტურ განწყობასა და მორჩილების იმ საყოველთაო სულისკვეთებაზე, რომელიც სწორედ ომის გაღვივებას უწყობს ხელს, ახლა, მთელი კაცობრიობისათვის ამ უაღრესად სერიოზულ მომენტში, მე ვისურვებდი, – ყოველგვარი პატივმოყვარეობის გარეშე, თუმცა კი წუხილითა და მღელვარებით აღსავსე გულით, – რომ ჩემი “1914 წლის ზაფხული” მუდამ იკითხებოდეს, განიხილებოდეს და შეახსენებდეს ყველას – მოხუცებსაც, რომელთაც გულმავიწყობა დასჩემდათ, და ახალგაზრდებსაც, რომელთაც არაფერი იციან და არც უნდათ, რომ იცოდნენ – წარსულის ტრაგიკულ გაკვეთილებს.

სპორტის ექსპერტები სკოლებში სპორტის სწავლების შესახებ

0
ქართული სპორტის ისტორიას არაერთი შემთხვევა ახსოვს, როდესაც დიდი წარმატებისთვის სკოლის მოსწავლეებს მიუღწევიათ. სპორტული განათლების სპეციალისტების აზრით, ამის მიზეზი კონკრეტულ საჯარო სკოლებში სპორტული განათლების მაღალი ხარისხი იყო, რადგან ახალგაზრდა სპორტსმენებმა საბაზისო სპორტული განათლება სწორედ სკოლაში უნდა მიიღონ. დღეს სპორტის სწავლების კუთხით სათანადო დონეზე მდგომი სკოლა საქართველოში, სამწუხაროდ, ძალიან ცოტაა. მსოფლიო გამოცდილება კი გვაჩვენებს, რომ მოზარდისთვის სპორტის გაკვეთილებს მართლაც დიდი მნიშვნელობა აქვს.
სპორტის ექსპერტსა და სპორტულ კომენტატორს ვახტანგ გეგელიას მიაჩნია, რომ ქართული სკოლებისთვის ავსტრიული მოდელი ყველაზე მისაღები უნდა იყოს. ბატონი ვახტანგის თქმით, ავსტრიაში სპორტული განათლება სასკოლო ასაკიდანვე მაღალ დონეზე დგას და ეს განსაკუთრებით სპორტის ზამთრის სახეობებს ეხება. 
ვახტანგ გეგელია: “არაერთი ქვეყნის სპორტული განათლების სისტემა მინახავს, ბევრის შესახებაც წამიკითხავს და დავრწმუნდი, რომ ავსტრიის მაგალითია ჩვენთვის ძალიან საინტერესო. ავსტრიაში, ჩვეულებრივ სახელმწიფო სკოლებთან ერთად, სპორტული სკოლებისა და ინტერნატების ფართო ქსელია გაშლილი. ბავშვებს განსაკუთრებით ზამთრის სახეობებში ავარჯიშებენ და ზამთრის ოლიმპიადებზე ამ ქვეყნის ასეთი კარგი შედეგებიც სწორედ სპორტის სწავლების მაღალი ხარისხის დამსახურებაა. ზამთრის სპორტი, რასაკვირველია, ჩვენთანაც აქტიურად უნდა ისწავლებოდეს, მაგრამ, ალბათ მაინც საქართველოსთვის ტრადიციულ სახეობებზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი. ესენია ძიუდო, ჭიდაობა, ფეხბურთი, რაგბი, კალათბურთი… ავსტრია, საქართველოს მსგავსად, პატარა ქვეყანაა, მაგრამ იქ უკვე იმდენს მიაღწიეს, რომ ავსტრიელი სპორტსმენები მრავალ სახეობაში ყველასთვის ანგარიშგასაწევ ძალად ითვლებიან. ვფიქრობ, ჩვენც სწორედ ამისაკენ უნდა ავიღოთ გეზი”.
სპორტის სპეციალისტები ჩვენთან საუბრისას ამბობენ, რომ დღეს ქართულ საჯარო სკოლებში სპორტის სწავლების მნიშვნელობა, სამწუხაროდ, ძალზე დაკნინებულია და ამ პრობლემის მოსაგვარებლად სპორტის მასწავლებლების მომზადება-გადამზადება არ კმარა. საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ფიზიკური მომზადების მწვრთნელი, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, ავთანდილ ბერიძე მიიჩნევს, რომ ახალ ქართულ სახელმწიფოს, საბჭოთა კავშირისგან განსხვავებით, არ გააჩნია ახალგაზრდობის სპორტული აღზრდის გეგმა და სტრატეგია. ასეთი სტრატეგიის არსებობის შემთხვევაში მწვრთნელებსა და სპორტის მასწავლებლებს ზუსტად ეცოდინებოდათ, რა შედეგები სჭირდება ქვეყანას და რა უნდა იყოს ბავშვისთვის მინიმალური სპორტული მონაცემების ზღვარი.
ავთანდილ ბერიძე: “ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის სწავლებისას ზუსტი და სწორად გათვლილი სტანდარტების დაწესება. საბჭოთა კავშირის დროს სპორტის მასწავლებლებს განათლების სამინისტრო მიუთითებდა, საშუალოდ რა მანძილზე უნდა ერბინათ მოზარდებს, რა მანძილზე უნდა გადამხტარიყვნენ ქვიშაში, რამდენი აზიდვა უნდა გაეკეთებინათ ტურნიკზე და სხვა. ეს იყო მინიმალური ზღვარი, რომლის გადალახვაც მცირედი მონდომების შემთხვევაში, ნებისმიერ მოსწავლეს შეეძლო. ახლა, სამწუხაროდ, ეს ნორმები ბევრმა სპორტის მასწავლებელმა არ იცის და ხშირად ყველაფერი მათ სურვილზეა დამოკიდებული.
რა თქმა უნდა, ყველა მოზარდს ერთნაირი მონაცემები ვერ ექნება, თუმცა საშუალო დონე განსაზღვრული უნდა იყოს. ერთ სამწუხარო რამეს გეტყვით: რომ დააჯამოთ, მაგალითად, 80-იან და 90-იან წლებში დაბადებულთა სპორტული მაჩვენებლები, სამწუხარო შედეგებს მიიღებთ. აშკარაა, რომ ყოველი მომდევნო თაობა ჩვენს ქვეყანაში მთლიანობაში უარეს სპორტულ შედეგებს აჩვენებს (სირბილში, გამძლეობაში, ხტომაში და სხვა), ვიდრე წინა. არც 2000-იანების თაობაა უკეთესი. რა თქმა უნდა, ის უფრო ბევრ რამეში ერკვევა, უკეთ იცნობს კომპიუტერულ ტექნოლოგიებს, მაგრამ სპორტში ერთობ არასახარბიელო მონაცემები აქვს. სრულიად სხვა მდგომარეობაა ევროპაში, სადაც მოზარდების ზოგადი მაჩვენებლები წლიდან წლამდე უმჯობესდება”.
თანამედროვე სპორტში ძალიან გაიზარდა ფიზიკური დატვირთვა, რაც სპორტის ბევრ სპეციალისტს არ მოსწონს. ზოგიერთი ფიზიოთერაპევტი იმასაც კი ამბობს, რომ ასეთი დატვირთვით ახლანდელ ბავშვებს ჭარმაგ ასაკში შესაძლოა გულთან დაკავშირებული დაავადებები განუვითარდეთ. თუმცა არსებობს სხვა მოსაზრებაც, რომლის თანახმად, სპორტში ზედმეტი დატვირთვა არ არსებობს და ადამიანის ორგანიზმს რისი ატანაც შეუძლია, იმაზე მეტს, უბრალოდ, ვერ იგუებს.

ავთანდილ ბერიძე: “არაერთი ცნობილი სპორტსმენი მივარჯიშებია. ძიუდოისტით დაწყებული, ფეხბურთელითა თუ კალათბურთელით დამთავრებული, ვისაც ფიზიკური კონდიციის ამაღლება სურს, ჩემთან მოდის. ყოფილა შემთხვევა, როდესაც მოჭადრაკეს სირბილში ფეხბურთელისთვის გაუსწრია. ეს იმიტომ, რომ ის ფეხბურთელი ბავშვობიდან სპორტულად არასწორად აღზარდეს. ზოგიერთ მწვრთნელსა და სპორტის მასწავლებელს მიაჩნია, რომ თუ მოზარდს სპორტული ტექნიკა განუვითარეს, ეს სავსებით საკმარისია და მხოლოდ ტექნიკით შეიძლება ფონს გასვლა. ეს მიდგომა საფუძველშივე მცდარია. ამის ყველაზე ნათელი მაგალითი ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა სახეობაში მოთამაშე ასაკობრივი ნაკრებებია. ჩვენი ჭაბუკები სასკოლო ასაკში ძალიან კარგად ასპარეზობენ, ბევრ ტიტულსაც იგებენ, მაგრამ მიაღწევენ 17-18 წელს და ვეღარაფერს აკეთებენ. მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ არასწორი ფიზიკური აღზრდის გამო კონკურენციას ვეღარ უწევენ უცხოელ თანატოლებს, რომლებიც ბავშვობიდანვე მთელი დატვირთვით ემზადებიან და ჭაბუკობისას უკვე დიდ ტალანტებად გვევლინებიან. სწორედ აქედან მოდის ქართველი სპორტსმენის შესახებ გავრცელებული წარმოდგენა. უცხოელებმა იციან, რომ ქართველი ტექნიკურია, მაგრამ ფიზიკურად სუსტი და მისი დაჩაგვრა უშუალო შერკინების დროს, თუნდაც სათამაშო სახეობებში, ყოველთვის შეიძლება. აი, ამას უნდა ვებრძოლოთ ყველა!”
ზემოთ ნახსენები პრობლემების კვლევას კვლავ სკოლასთან, უკეთ, სკოლებში სპორტის უხარისხო სწავლებასთან მივყავართ. საქმეს ისიც ართულებს, რომ მოსწავლეთა მშობლების ნაწილს სპორტის სწავლების ხარისხი დიდად არ ანაღვლებს. სპორტის გაკვეთილებს დღეს ძალიან ცოტა ბავშვი ესწრება, საგანი არაპოპულარულია. ვახტანგ გეგელიას მიაჩნია, რომ გამოსავალი კარგი ევროპული მაგალითების გადმოღება და სწორად განხორციელებაა. მისი თქმით, სკოლებში სპორტის სწავლების საქმეს ის ხალხი უნდა წარუძღვეს, ვინც არა მხოლოდ კარგი პედაგოგი, არამედ კარგი ფსიქოლოგიც იქნება და სპორტიც ეყვარება.
ვახტანგ გეგელია: “50 წლის გავხდი და კარგად მახსოვს, ჩემი მოსწავლეობის დროს ფიზკულტურის გაკვეთილი გამორჩეული სიყვარულით სარგებლობდა. მაშინ არ იყო კომპიუტერი და სხვა ასეთი გასართობები, თუმცა მხოლოდ ეს არ ყოფილა მიზეზი, რომ ფიზკულტურა გვიყვარდა – თავად მიდგომა, დამოკიდებულება იყო სხვანაირი. სპორტსმენები გმირებად მიგვაჩნდა და გვსურდა, მათ დავმსგავსებოდით. მომავალ თაობასაც სწორედ ასეთი გმირები სჭირდება და არა ცრუგმირები, რომელთა მიბაძვა არც სწორია და არც რაიმე ღირებულს შეგვძენს.
ჩემი აზრით, ყოფილი სპორტსმენების სასწავლო პროცესში ჩაბმა ძალიან კარგი იდეაა. მათი გამოცდილება და ავტორიტეტი ბევრ მოზარდს გაუღვიძებს სპორტისადმი ინტერესს და ყველა ბავშვისგან დიდ სპორტსმენს თუ არა, ჯანსაღ პიროვნებასა და კარგ მოქალაქეს მაინც მივიღებთ.
აუცილებელია ბავშვებზე მუდმივი სამედიცინო დაკვირვება და სპორტთან დაკავშირებით ექიმების რეკომენდაციათა გათვალისწინება. ტალანტები არ გვაკლია; უბრალოდ, ამ საქმის სწორი ორგანიზაციაა საჭირო”.
ვახტანგ გეგელიას თქმით, უცხოეთის ზოგიერთ ქვეყანაში სახელმწიფო სპეციალურ პროგრამებს ახორციელებს, რომელთა მიხედვითაც, ცნობილი სპორტსმენები სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ სკოლებში მასწავლებლებად მიდიან. გაამართლებს თუ არა ეს პროექტი საქართველოში, ჯერ, რა თქმა უნდა, არავინ იცის, თუმცა სპორტის ქართველი სპეციალისტები ამ აზრს განიხილავენ და უკვე ბევრი მხარდამჭერიც ჰყავთ.
როდესაც უკანასკნელ ზაფხულის ოლიმპიადაზე, ლონდონში, ოქროს მედალი 20 წლის ქართველმა ძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვა, სააგენტო “როიტერის” ბრიტანელ ჟურნალისტს საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის ერთ-ერთი წევრისთვის უთქვამს:” თქვენს პატარა ქვეყნაში იმდენი ცნობილი მოჭიდავე გაიზარდა, ქართველი ბავშვები ალბათ ჭიდაობის მეტს არაფერს აკეთებენო”. ჟურნალისტის გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც გაიგო, რომ საქართველოში სულ რამდენიმე ჭიდაობის სკოლაა და ისინიც, მცირე ფინანსების გამო, სათანადოდ ვერ ფუნქციობს. არადა, მთელ მსოფლიოში ყველა აღიარებს, რომ სპორტი პირველ რიგში ბავშვებსა და მათ მომავალზე დგას!

ბრძენი მზეთუნახავი და მისი ოინები

0
ჰოროსკოპების თუ გჯერათ? მე – არა, თუმცა, ცოდვა გამხელილი სჯობია და საჯაროდ გამოვტყდები, რომ მაინც ვკითხულობ. 2013 წელი გველის წელია – ბრძენი მზეთუნახავისა. მე გველებისა მეშინია, ვერც მათ სიბრძნეს ვამჩნევ და ვერც სილამაზეს, თუმცა ეს მათდამი ჩემი განწყობაა, სხვა არაფერი.

წლების წინ, როდესაც ერთ-ერთ გაზეთთან ვთანამშრომლობდი, რედაქტორის დავალებით სპორტის სასახლეში წავედი. ის ეგზოტიკური ქვეწარმავლების გამოფენას მასპინძლობდა და ამ გამოფენის “ვარსკვლავთან”, ალბინოს გველ გრიშასთან მევალებოდა სურათის გადაღება. გრიშა მახრჩობელა იყო, თეთრი და სლიპინა. ეტყობა, კარგად გახლდათ ნასადილევი, რადგან როდესაც კისერზე საყელოსავით მომარგეს, მხოლოდ წითელი თვალები შემომანათა ზანტად – ეს ვის ყელზე მოვკალათდიო. გადავიღეთ მე და გრიშამ რამდენიმე ფოტო და მშვიდობიანად დავშორდით ერთმანეთს. მას შემდეგ ბრძენ მზეთუნახავს აღარ შევხვედრივარ და გულწრფელად ვისურვებდი, არც არასოდეს შევხვდებოდე, თუმცა დღეს სწორედ მათ შესახებ მინდა გესაუბროთ.

იცით თუ არა, როგორ ხვდება ქვეწარმავლის შხამი ჩვენს ორგანიზმში? რა თქმა უნდა, ნაკბენიდან. კბენისას ჩვენი კანის ეპიდერმისში შემავალი რთული ჰეტეროგენური ნახშირწყალი, კანის “ცემენტი”, ჰიალურონის მჟავა, შხამში შემავალი ფერმენტის ჰიალურონიდაზას მეშვეობით იშლება. შხამი სისხლში ხვდება და მოქმედებას იწყებს.
გველის შხამის სამკურნალო თვისებები ცნობილია (ოღონდ წამლად მას მხოლოდ სათანადოდ დამუშავებულს იყენებენ). ალბათ ამიტომაც არის მედიცინის სიმბოლო ფიალაზე შემოხვეული გველი, თუმცა, ზოგიერთი მოსაზრების თანახმად, ეს უფრო ანკარაა, სიმშვიდისა და სიკეთის ნიშანი.

ალერგია, გაფანტული სკლეროზი, ალცჰეიმერის დაავადება, ინსულტის შემდგომი პერიოდი, საჭმლის მომნელებელი სისტემის ზოგიერთი პათოლოგია, პოტენციის დაქვეითება, ცხიმოვანი ცვლის დარღვევა მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ დაავადებებისა, რომელთა სამკურნალოდ გველის შხამი აქტიურად გამოიყენება. თუმცა დაგესლილი ადამიანი რომ სასიკვდილოდაა განწირული, ესეც ვიცით. მხოლოდ სასწაული თუ გადაარჩენს და ეს სასწაული დროული და ეფექტური მკურნალობაა. ეს სწორედ ის შემთხვევაა, როდესაც თითოეული წამი ძვირფასია.

რისგან შედგება გველის შხამი?

ქიმიას ვერც აქ გავექცევით.

გველის შხამს ძალიან რთული ქიმიური შემადგენლობა აქვს. შეიცავს ცილებს, ცილა-ფერმენტებს (ჰიდროლაზები, პროტეაზები, ნუკლეაზები, ფოსფონუკლეაზები, კატალაზები, ოქსიდაზები), პეპტიდებს, ცალკეულ L-ამინმჟავებსა და იმ ნივთიერებათა ფრაქციებს, რომლებიც სისხლის შედედებაში მონაწილეობენ. გველის შხამში შემავალი ზოგიერთი ნივთიერება მოქმედებს კუნთებზე, ცვლის გულის ფუნქციას და აძლიერებს ლეიკოციტების მოძრაობას.
გველის შხამი გამჭვირვალე ან მღვრიე სითხეა, არც სუნი აქვს და არც რაიმე დამახასიათებელი გემო. წყალში კარგად იხსნება, გაშრობისას ადვილად კრისტალდება. გამომშრალი, თუ სწორად შევინახეთ, აქტიურობას 20 წელი ინარჩუნებს.

თბილსისხლიან ორგანიზმებზე მოქმედების მიხედვით შხამების ორ ჯგუფს გამოყოფენ: ნეიროტოქსინებს, რომლებიც ნერვულ სისტემაზე მოქმედებს და ჰემოტოქსინებს, რომლებიც სისხლის შედედებას იწვევს. ნეიროტოქსინებში უფრო მეტად გვხვდება პეპტიდები. ზოგიერთი მათგანი შედარებით მოკლეა, 60-62 ამინმჟავური ნაშთისგან შემდგარი, სადაც მხოლოდ 4 დისულფიდური ხიდაკია, ზოგი კი გრძელი – 71-74 ამინმჟავური ნაშთითა და 5 დისულფიდური ხიდაკით. ზოგიერთი სახეობის გველის შხამი შეიცავს ფერმენტებს, რომლებიც უჯრედის მემბრანას შლის. აფრიკული გველის ზოგიერთი სახეობა კაუდოქსინს შეიცავს, რომლის სასიკვდილო დოზა ადამიანისთვის 0,18 მგ-ია სხეულის ყოველ კილოგრამზე.

სიკვდილს უმეტესად შავი მამბას, კობრას, უდაბნოს გველის, ზღვის გველების ნაკბენი იწვევს.
არ დაიჯერებთ და, გველები ალერსიანი და ცხოველები ყოფილან და თამაშიც ჰყვარებიათ. ერთ კაცს სახლში გველი ჰყოლია. მოგეხსენებათ, მას ყოველდღიური კვება არ სჭირდება. ჰოდა, იმ კაცსაც დაუპურებია თავისი მცურავი და თვითონ რამდენიმე დღით საქმეზე წასულა. ამასობაში მის სახლში ქურდები შეპარულან. გველი კი დიდი ონავარი გამოდგა – საიდანღაც გამოსრიალდა და ერთ-ერთ ქურდს კისერზე ჩამოეკიდა. ავი ზრახვა გულშიც არ გაუვლია, – ოჯახის მეგობარი ეგონა და გაეთამაშა. ვერ გაუგეს ხუმრობა – ერთი ქურდი ფსიქიატრიულში მოხვდა, ორი დანარჩენი კი კარდიოლოგიურ კლინიკაში…

და მაინც, როგორ გადავურჩეთ გველების “რისხვას”?

იქ, სადაც გველია გავრცელებული, დახურული, სქელი ტყავის ფეხსაცმლით უნდა ვიაროთ; თუ დავინახეთ, ფრთხილად უნდა ავუაროთ გვერდი – ისე, რომ არ შევეხოთ; ხშირ ბალახში სიარულისას ფხიზლად უნდა ვიყოთ, რომ უნებურად ფეხი არ დავადგათ (ყველა გველების ცნობილი დამჭერი ოსტინ სტივენსი ვერ იქნება https://austinstevens.net/. ზაფხულის ღამით ბუნების წიაღში სეირნობისას ფარანი არ უნდა დავივწყოთ. თუ ტყეში ღამის გათევა გვინდა, არ უნდა დავწვეთ იმ ხეების ქვეშ, რომლებსაც ფუღურო აქვთ, ან რომელთა მახლობლად სოროსმაგვარი ჩაღრმავებაა.

თუ ვინმე ჩვენ თვალწინ დაკბინეს, საავადმყოფოში წაყვანამდე უმოქმედოდ ნუ ვისხდებით. შხამი ჭრილობიდან უნდა ამოიწოვოს, ოღონდ ეს ფაქტობრივად კბენისთანავე უნდა მოხდეს და ვინც ამას გააკეთებს, პირის ღრუში ჭრილობა არ უნდა ჰქონდესმ თორემ შესაძლოა, თვითონვე დავზარალდეთ. დაგესლილი მშვიდად და გაუნძრევლად უნდა იწვეს, დაკბენილი კიდური არ ამოძრაოს. ასვით რაც შეიძლება მეტი სითხე. ყველაფერს სჯობია საშუალო სიმაგრის თბილი, ტკბილი ჩაი. ეფექტურია ანტიჰისტამინური (ალერგიის საწინააღმდეგო) პრეპარატების მიღებაც. დაბოლოს, რაც შეიძლება სწრაფად მიიყვანეთ სამედიცინო პუნქტამდე – პროფესიული სამედიცინო დახმარება აუცილებელია!

სკოლის მოწაფე ვიყავი, როდესაც ახლობელმა მე და დედა გარგარზე დაგვპატიჟა. რუსთავის ახლოს ჰქონდა სოფელი და თვითონვე წაგვიყვანა. გარგარი ძალიან მიყვარს, მით უმეტეს – საკუთარი ხელით დაკრეფილი, ამიტომ მიწვევაც სიხარულით მივიღე, თუმცა იქ უფრო დიდი სიურპრიზი მელოდა – ოჯახმა სახელდახელო სუფრა და ძალიან საინტერესო სტუმარი, გემის კაპიტანი და მწერალი როდამ ჩაჩანიძე დაგვახვედრა. ენაწყლიანი გამოდგა ბატონი როდამი. მისმა ნაამბობმა კინაღამ გარგარის გარეშე დამტოვა… ბატონმა როდამმა გვიამბო, როგორ გადასანსლა ცოცხლად დიდმა ანაკონდამ მისი ექსპედიციის ადგილობრივი გამყოლი. მსხვერპლის მეგობარი არ დაიბნა და გველს სპეციალური ისარი ესროლა. ანაკონდამ ადამიანი უკანვე ამოანთხია, – სამწუხაროდ, უკვე გვიანი იყო…

ისეც ხდება, რომ ადამიანი მიირთმევს გველს. ზოგიერთს მიაჩნია, რომ გველის ხორცი ადამიანის ორგანიზმისთვის შეუცვლელ ამინმჟავებს შეიცავს. ასეთ ეგზოტიკურ საკვებზე საუბრისას ექიმ-ალქიმიკოსის პარაცელსის სიტყვები მახსენდება. ის ამბობდა, ყველაფერი, რასაც ვჭამთ, წამალიცაა და შხამიც – ულუფას გააჩნიაო.

მე მხოლოდ ის ვიცი, რომ გველის ხორცის ჭამით ჩვენ ვერ გაგვაოცებენ… გახსოვთ ვაჟა?
ბოლოს სთქვა: “თავსა მოვიკლავ, 
ასეთ სიცოცხლეს სჯობია!”
ქაჯთათვის ცეცხლზე ნადგამი
სადილად ნახა ქობია.
იცოდა, გველსა ჰხარშავდნენ,
იმასა სჭამდნენ ხშირადა;
ქაჯნი ქაჯობით იტანდნენ
გველის მიღებას პირადა…
წერილი ჰოროსკოპზე საუბრით დავიწყე. 2013 წელი გველის წელია და თურმე ჩემისთანა მერწყულებს წარმატებას უქადის. მოდი, ამჯერად დავუჯერებ…

ხილულის მიღმა

0

დღეს თოვს… თოვდა მაშინაც, როცა პირველი ბლოგი დავწერე… მას შემდეგ თითქმის წელიწადი მიილია… ისევ გავცქერი ფანჯრიდან ჰაერში მოფარფატე ფიფქებს – კრისტალებად დაჯარულ წყლის მოლეკულებს… თვალს ვაყოლებ მიწაზე დაცემულებს და ვიგონებ ჩავლილ დღეებს, მოვლენებს…

ახლა საუკეთესო დროა ანალიზისთვის, სინანულისა და იმედისთვის. უკანასკნელ მოსახვევში შევიდა ამ წლის მატარებელი, ბოლო ვაგონებიღა მოჩანს და სანამ ისინიც მიეფარებიან თვალს, კიდევ ერთხელ ვცდილობთ წარსულის აღდგენას, გაცოცხლებას, თავის დროზე ვერდანახულის დანახვას… თითქოს ერთხელ წაკითხულ წიგნს ხელახლა ვკითხულობთ, ოღონდ ვკითხულობთ გულისყურით. ყური ძველ საქართველოში “დღევანდელ” თვალს ერქვა, ამიტომ “გულისყურით დაკვირვება” გულით ხედვას, ზედაპირზე გამოუტანელის დანახვასა და სტრიქონებად დაუწერელის წაკითხვას ნიშნავს.

როგორ ვკითხულობთ ქიმიურ რეაქციებს? მათაც ხშირად გულისყურით უნდა წაკითხვა. თუ გვინდა, პარტიტურის კითხვისას მუსიკის მთელ ხმოვანებას ჩავწვდეთ, ნოტად გამოსახული თითოეული ბგერის უკან დირიჟორის ხელის მოძრაობაც უნდა წარმოვიდგინოთ. ასე ქიმიაშიც, ფურცელზე “ნოტებად” – ქიმიურ სიმბოლოებად – ჩაწერილი თითოეული რეაქციის მიღმა უნდა ვხედავდეთ ქიმიკოს-ექსპერიმენტატორის ხელის მოძრაობასაც. ფურცელი ბევრ რამეს იტანს, ფურცელზე მარტივი და ურთულესი გარდაქმნის ჩაწერას ერთნაირი ძალისხმევა სჭირდება, კოლბაში კი სულ სხვანაირად არის საქმე. მრავალი პროდუქტი ფურცელზე ერთი ხელის მოსმით მიიღება, რეალურ პროცესში კი შესაძლოა არაერთი მომქანცველი ღამის გათენებისა და დღის დაღამების მოწმენი გავხდეთ.

მოდი, რომელიმე რეაქცია განვიხილოთ. ავიღოთ თუნდაც წინა ბლოგში განხილული ციკლოჰექსანი და მივიღოთ ერთ-ერთი ქრესტომათიული მეთოდით – ჰექსანის დეჰიდროციკლიზაციით:

რა ჩანს ერთი შეხედვით? ჰექსანის მოლეკულა შესაბამის კატალიზატორზე გაცხელებით წარმოქმნის ციკლოჰექსანსა და წყალბადს. მაგრამ რა ხდება რეალურად? რა არის ის, რაც ერთი შეხედვით არ ჩანს? ცხადია, იმ მოქმედებას არ ვგულისხმობ, ექსპერიმენტატორი რომ ასრულებს ამ რეაქციის ჩასატარებლად, – ბოლოს და ბოლოს, ვინმეს შეუძლია, ლაბორატორიაში გვერდით დაუდგეს მკვლევარს და დატკბეს მისი ვირტუოზული “ტექნიკით”. მინდა, თქვენი ყურადღება იმ პროცესებს მივაპყრო, რომლებიც ექსპერიმენტის მსვლელობის დროსაც კი უხილავია.

ჰექსანი ერთ-ერთი სტაბილური ნაერთია და იმ მოლეკულამაც, ჩვენ რომ ავიღეთ რეაგენტად, ვინ იცის, რამდენი მილიონი წელი იცხოვრა თავისი ცხოვრებით. ახლა კი, მას შემდეგ, რაც კოლბაში მოვათავსეთ და მის სუსტ წერტილს გასაღებიც მოვარგეთ კატალიზატორის სახით, იძულებულია, ახალი ცხოვრების დასაწყისი ეძებოს. პირველ რიგში, უნდა გადაწყვიტოს, რა ნაერთად გარდაიქმნას. არჩევანი დიდი აქვს: ჰექსანის ატომებს, გარდა ციკლოჰექსანისა, შეუძლიათ მიიღონ, მაგალითად, მეთილციკლოპენტანის, ეთილციკლობუტანის, დიმეთილციკლობუტანების, პროპილ-, მეთილეთილ- და ტრიეთილციკლოპროპანების სახე. მაგრამ მშვიდ და სტაბილურ ცხოვრებას შეჩვეული ჰექსანის მოლეკულა ყველაზე სტაბილურს – ცილკოჰექსანს ამჯობინებს.

თუმცა უხილავი პროცესები ამით არ მთავრდება.

ატომები ციკლოჰექსანის წიაღში ერთად ცხოვრებას გადაწყვეტენ თუ არა, მაშინვე იწყებენ ფიქრს, როგორ მიაღწიონ ახლებურ ყოფაში მაქსიმალურ სტაბილურობას. ამისთვის თითოეული მათგანი ეძებს ისეთ პოზიციას, რომ მეზობლისგან რაც შეიძლება შორს იყოს, ოღონდ ისე, რომ მათ შორის არსებული ქიმიური კავშირი არ დაირღვეს. უფრო მეტიც – ყველა ბმა ერთი და იმავე სიგრძისა უნდა იყოს, ბმებს შორის კუთხეც – ერთნაირი.

სწორედ მათზეა დამოკიდებული მოლეკულის “მეობა”. ციკლოჰექსანის ატომებმა კარგად იციან – შიდა უთანხმოების გამო ერთი ბმაც რომ გაუწყდეთ, სახეს დაკარგავენ და სხვა მოლეკულად გარდაქმნას ვერ გადაურჩებიან, ამიტომ მოლეკულის დეფორმაციებით გამოწვეულ კონფლიქტებს ჩაკეტილი სისტემის (მოლეკულის) შიგნითვე აგვარებენ. ციკლოჰექსანის ყველაზე სტაბილურ, მშვიდ სტრუქტურას – კონფორმერსაც, შესაბამისად, მუდამ სავარძლის ფორმა აქვს. სულ რაღაც 11 კკალ/მოლი ენერგიაა საჭირო, რომ მოლეკულაში სიმშვიდე დაირღვეს, ამ ენერგიის “პოვნა” კი სრულიადაც არ არის ძნელი – საკმარისია, ბროუნის მოძრაობით თავბრუდახვეული ორი მოლეკულა ერთმანეთს გარკვეული ძალით შეეჯახოს ან რომელიმე მათგანი დიდხანს მიეფიცხოს მზის გულს, რომ ატომებს შორის ვნებათა ღელვა იმატებს, ატომები ერთმანეთის მიმართ მდებარეობას იცვლიან და წარმოქმნიან ციკლოჰექსანის სხვა კონფორმერებს – ნავს, ტვისტს, ნახევარსავარძელს… მაგრამ ატომებს “გამყოლი გული არ აქვთ”, უთანხმოებას მალე ივიწყებენ და ისევ სტაბილურ სავარძლის ფორმას უბრუნდებიან.

ეს “ემოციებისაგან განტვირთვა” უწყვეტი, პერმანენტული პროცესია. ღელავენ ატომები მოლეკულის შიგნით, ეძიებენ თანაცხოვრების ახალ-ახალ ფორმებს, მაგრამ ბოლოს ისევ საწყისს უბრუნდებიან. ასეთია ატომების თანაცხოვრება ციკლოჰექსანის შიგნით… გარეშე თვალისთვის კი იგი ყოველთვის ციკლოჰექსანია.

ციკლოჰექსანსა და კლასს, ოჯახს, საზოგადოებას შორის პარალელი მკითხველმა, დაე, თავად გაავლოს.

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...