კვირა, ივნისი 29, 2025
29 ივნისი, კვირა, 2025

ვინც ქარხნის კვამლით ვარსკვლავებს ჰგვიდა- კარლო კაჭარავა

0

მეშინია მარტის, გაზაფხულს ისეთი ცუდი დასაწყისი აქვს ხანდახან, გაგრძელება აღარ მოგინდება, მიუხედავად იმისა, რომ სინოპტიკოსები ყოველთვის იმედიან პროგნოზებს გვთავაზობენ, მზითა და, რაც მთავარია, ნაკლები წვიმით. ეს ყველაფრის მკადრებელი მარტი კი ფსიქოლოგიურად ყველაზე გაუწონასწორებელი თვეა. თორმეტივე თვეს აქვს რაღაც ადამიანური. მარტი “ხასიათის” თვეა. მარტი ციციკორეა, ჩვენ კი მარიტები ვართ, ერთი განსხვავებით: ტალახის აბაზანები ყოველდღე გარანტირებული გვაქვს. თუმცა მარტი ფილანთროპი არ გახლავთ და ბალნეოთერაპიის სიკეთე სულ არ ანაღვლებს. ჩემი ბიბლიოფილური მიდრეკილებები კი ხშირად ითვალისწინებს ისეთ რამეებს, როგორიც დრო, სეზონი, ადგილი, გარემო და სხვა წვრილმანებია. წიგნის ჭიას ის განასხვავებს აბრეშუმის ჭიისგან, რომ ამ უკანასკნელისთვის აქტიური პერიოდი მხოლოდ ზაფხულია, ჩვენ კი წელიწადის ყოველი დრო და თვე საკუთარ მწერლებს გვახვედრებს. ეს, რა თქმა უნდა, ისეთივე ინდივიდუალურია, როგორიც სიგარეტის მოწევა უზმოზე თუ, პირიქით, ჭამის შემდეგ. მე კარლო კაჭარავას ყოველი ხელახალი სიყვარული მარტში მეწყება.

არ მახსოვს, რამდენი წლის ვიყავი. იმდენის მაინც ვიქნებოდი, მივმხვდარიყავი, რომ საქმე კორპუსისხელა კი არა, უფრო დიდ, ვეებერთელა ავტორთან დავიჭირე. შიში რომ შეიქმს სიყვარულს, ეგ დამემართა: ცოტათი შემეშინდა, უფრო კი გამიკვირდა და საბოლოოდ შემიყვარდა. მახსოვს, ისევე შემეშინდა, როგორც მუხიანის პირველად ნახვისას: ბევრი რუხი, მასიური კორპუსი თან მთრგუნავდა, თან მასშტაბურობის გამო ოდნავ მომწონდა კიდეც. მე დღემდე მეშინია კარლოსი: ის, რა თქმა უნდა, არამზიანია და ყველაზე ნაკლებად საქართველოს “მზიურობაზე” წერს. მისი დეტალები საშიშად მომხიბვლელია და ხანდახან ტუალეტის სუნი გცემს და გიკვირს, რადგან ტუალეტის ჩარეცხვის ტრადიცია შენ, ცივილიზებულ და, შესაბამისად, ჰიგიენურ ადამიანს, ძვალსა და რბილში გაქვს გამჯდარი. მერეღა ხვდები, წინ გელის “ხანგრძლივი მოგზაურობა ღამეებს მიღმა” და აღმოჩენა, რომ შენი ღამეები სხვის დღეებზე უკეთესია, მაგრამ თავს განსაკუთრებულად მაინც ვერ იგრძნობ; ხვდები, ისეთივე ჩვეულებრივი ხარ, როგორიც დეზერტირების ბაზარზე დახლზე გამოფენილი ვითომდა სხვადასხვა ხარისხისა თუ წონის გაპუტული ქათმები გრძელი, უსიცოცხლო კისრებით. აქედან ვის სპეციალური აბებით კვებავდნენ და აფუებდნენ, ვის ნატურალური საკენკით აპურებდნენ და მოსიყვარულე პატრონები ხანდახან “ძიო-ძიოთიც” მოუხმობდნენ. საბოლოოდ კი დეზერტირების ბაზარი დაიმკვიდრეს, რადგან მე არაფერი გამიგონია ქათმების საიქიოზე.

პოეტი, მხატვარი, ხელოვნების კრიტიკოსი კარლო კაჭარავა 1964 წელს დაიბადა. რაღა თქმა უნდა, ყველა ეს ნიჭი ჩვილობიდან არ დაჰყვებოდა, თოთოობისას ერთადერთი ნიჭი და შესაძლებლობა გენიოსებისთვისაც და სხვებისათვისაც საფენებისადმი (ახლა უკვე პამპერსებისადმი) ბოროტი და არაკეთილსურნელოვანი მოპყრობაა. 1981 წელს კარლო თბილისის პირველ ექსპერიმენტულ სკოლას ამთავრებს, 1986 წელს კი სამხატვრო აკადემიას. ის ახლა უკვე ხელოვნებათმცოდნეა. არითმეტიკულად მისი შემოქმედება მოიცავს: 40-მდე სამეცნიერო სტატიას, 900-მდე ფერწერულ და 3700-მდე გრაფიკულ ნამუშევარს, 1500-მდე ლექსს, 4 პოემასა და დაუმთავრებელ წიგნს სათაურით: “თანამედროვე ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი”, არაარითმეტიკულად კი – ერუდიტის ჩანაწერებს, თეორეტიკოსის კვლევებს, ავანგარდისტის ნამუშევრებს და დასავლურ არტისტულ სამყაროს.

 

კაჭარავას შემოქმედება ერთი დიდი ავადმყოფობაა. ეს ჰგავს მტკივან კბილზე კბილის დაჭერის მაზოხისტურ სიამოვნებას. ეს არ არის პეპლების ჭერისას, ბადით ჰაეროვნად ფარფატისას წარმოსათქმელი ან წასამღერებელი ლექსები და ანგელოზებიც კი არ დაფარფატებენ, მძიმედ დააბიჯებენ: “ავადმყოფები ბაძავენ ანგელოზებს და სადღაც სარკმლისაკენ იშვერენ ხელებს/ნამდვილი ანგელოზები კი მათ ამ სარკმლიდან უთვალთვალებენ/ხელებში ნავთის ლამპებით”. სურვილები ღამეებივით იკარგებიან და კონიაკს თრობის სიამის ნაცვლად სარკმელთა მიღმა ჩაკეტილი სხვისი ბედნიერება მოაქვს სუსტად, ნიავივით: “მე ვკარგავ ამ სურვილს როგორც ღამეებს./ვიღაც გრძელცხვირა ქალიშვილი თამაშით ცეკვავს რკინიგზაზე,/მატარებელი შედის მასში, ისევე როგორც ნისლში. -/ამ მატარებელში შენ ზიხარ/მთვარეთა შორის მოგზაური./ღარიბ, დამწვარ მიწაზე, რომელსაც კიფერი აწერს: “ჩემი მიწა”./მთვარის შესახებ კი პატარა ლუკა ცეცხლაძემ თქვა:/”თვითმფრინავს დიდი შუქი დარჩა ცაზე და ისე გაფრინდა”/ჯენი ჰოლზერმა თითქოს ჩვენს შორის თქვა:/”მიხსენით იმისაგან, რაც მინდა !”/ზაფხულის ქარი ვერცხლისფრად ელავს სახურავებზე./ამ დროს ქუჩაში ჩვენ ვსვამთ კონიაკს ვიღაცის სადარბაზოსთან./და ჩვენ გვგონია სასეირნოდ გამოყვანილი შოტლანდიური ნაგაზი/ქუჩის პანორამა./და სადღაც სარკმელთა მიღმა ჩაკეტილი ბედნიერება”.

საბჭოური ჩაკეტილი ბედნიერების სრულიად არაპოეტური ფონი მაშინ ვის როგორ ტექსტებს აწერინებდა… ეს არაპოეტური ქსოვილი კარლო კაჭარავამ ძალიანაც პოეტურად გამოიყენა და წვიმაში დარჩენილი ქარხნის ფონზე (წარმოიდგინეთ კადრი რომელიმე საბჭოური იდელოგიის მქონე ფილმიდან: მუშის გაზმორვის სურათი და უკან, ფანჯრის მიღმა, ბოლადენილი მეტალურგიული ან არამეტალურგიული ქარხნები) ბავშვებს ღარიბი სიმღერა და სველი პური გაატანა: “მუშათა ბავშვებს ნისლში მიჰქონდათ/ღარიბი სიმღერა და სველი პური/და ყველაზე წინ რომელიც მირბოდა/კვდებოდა ხელებში ქაღალდის ფულით./ჩვენ კი ვიწექით და ერთმანეთში გვეწყო ენები./ჩონჩხებათქცეულთ ყველა გზის მიღმა./სევდიანი და დაბნეული გრძელი ხელებით,/ვიღაც ქარხნის კვამლით ვარსკვლავებს ჰგვიდა./”
ძალიან, ძალიან სევდიანი, პირქუში და გენიალურია კარლო კაჭარავა. ოცდაათი წლის ასაკში ანევრიზმით სიკვდილი კი მით უფრო დასანანია, რომ ხვდები – შესაძლოა, მასთან საუბარიც კი მოგეხერხებინა, სიცოცხლეს თავად თუ მოახერხებდა, ბოლოს და ბოლოს, ჩემზე სულ რაღაც ოცდახუთი წლით არის უფროსი. საუბრისას კი ერთხელაც აუცილებლად ვეტყოდი, რომ ყოველთვის, როცა ქარხნის კვამლის მიერ დაგვილ ვარსკვლავებზე ვკითხულობ, ფერადი, სრულიად სულელური ასოციაცია მიჩნდება “პიქსარის” მოკლემეტრაჟიან მულტფილმთან, ოცდამეერთე საუკუნის ბედნიერ შვილზე.

მარიონეტების ფაბრიკა. სკოლის მასწავლებლის აღსარება

0

ჩვენი სკოლა სერიოზული პრობლემების წინაშე დგას. გამოსავლის ძიებაში, ხშირად მივმართავთ სხვა ქვეყნების განათლების სისტემების გამოცდილებას. ერთ–ერთი ასეთი ქვეყანაა აშშ. ეს ქვეყანა, ამავე დროს, სერიოზული პარტნიორია ჩვენი განათლების სისტემის განვითარების საქმეში. ამერიკის განათლების სისტემა საინტერესოა თავისი მრავალფეროვნებით და დამოუკიდებლობით, ცალკეული შტატის თუ სკოლის დონეზე.

ამ ქვეყანაში, ფრიად მნიშვნელოვან მოვლენას წარმოადგენს თავისუფალი განათლების მიმართულება, რომლის ერთ–ერთი თანამედროვე წარმომადგენელია ჯონ ტეილორ გატტო.

ჯონ ტეილორ გატტო – 30 წლიანი გამოცდილების მქონე ამერიკელი პედაგოგია, რომელიც ასევე არსებული ამერიკული საჯარო განათლების სისტემის კრიტიკოსია.
სამჯერ დასახელდა ქალაქ ნიუ–იორკის წლის საუკეთესო მასწავლებლად და 1991 წელს ნიუ–იორკის შტატის საუკეთესო პედაგოგად. ის არის მწერალი და პუბლიცისტი. მრავალი ჯილდო აქვს მიღებული, მათ შორის 1997 წელს ალექსის ტოკვილის * სახ. ჯილდო „გამორჩეული მიღწევებისათვის განათლებაში თავისუფლების ხელშეწყობისათვის”. მიუხედავად იმისა, რომ განათლების ზოგიერთი პროფესიონალი მას მიკერძოებულობაში ადანაშაულებს, მაინც სკოლის შესახებ უამრავ მის თეზისს არსებითად ეთანხმებიან.
მისი ყველაზე ცნობილი ნაშრომია – „მარიონეტების სკოლა – სკოლის მასწავლებლის აღსარება”. ვფიქრობ, დღეს აქტუალურია სკოლაში მიმდინარე პროცესების ის ხედვა, რომელსაც გატტო წარმოადგენს. ასევე საინტერესოა შესავალი სიტყვა რუსული გამოცემისათვის, რომლის თარგმნილ და მცირედ კორექტირებულ ვარიანტს წარმოგიდგენთ. საინტერესოა რომ ამერიკის, რუსეთის და საქართველოს საჯარო სკოლებში არსებული პრობლემები საერთოა. კითხულობ ამ წიგნს და ხვდები, რომ საქმე მარტო ქვეყნის სოციალურ–ეკონომიურ თუ პოლიტიკურ მდგომარეობაში არ არის. არსებობს უფრო ღრმა, ფარული პრობლემები, რომლებიც ახასიათებს საჯარო განათლების სიტემას, საზოგადოებამ უნდა გახსნილად ისაუბროს ამ თემაზე. ჩვენი შვილების ბედზე, ოჯახი და საზოგადოებაა პასუხისმგებელი. არ შეიძლება ყველა პრობლემის გადაჭრა სკოლას დაეკისროს, რადგან გარკვეული საკითხების არსებითად მოგვარება, შეუძლებელია საჯარო განათლების სისტემაში. სამომავლოდ გვინდა შემოგთავაზოთ თავად ჯონ გატოს ორიგინალური ნაშრომი.

„მაშ ასე, თქვენს წინაშეა ჯონ გატტო— ცნობილი ამერიკელი პედაგოგი. წიგნის წაკითხვის შემდეგ, გრძნობ ,რომ მისი მონათხრობი რეალურია. მათთვის, ვინც განათლების სისტემას წარმოადგენს, ვინც ათწლეულების განმავლობაში მიჩვეული არიან გარკვეულ წესებით მუშაობას, ძნელია დაინახონ შიგნიდან თუ რა ხდება დღეს ამ სისტემაში.
 
გატტო, რომელსაც სკოლაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს , ძირეულად იცნობს სკოლაში მიმდინარე პროცესებს, იძლევა მთლიანად სისტემის მიზნების და ამოცანების ზუსტ ანალიზს, და ეს შეხედულება ეხმარება იმ ნეგატიური მოვლენების თვალნათლივ დანახვაში, რომელსაც სკოლაში აწყდებიან ბავშვები, მშობლები და მასწავლებლები. მიუხედავად იმისა, რომ აქ ლაპარაკია ამერიკულ სკოლაზე, ნათქვამი საოცრად ჰგავს სიტუაციას, რომელიც დამახასიათებელია ჩვენი სკოლებისთვისაც. სწორედ ამიტომაა საინტერესო ეს წიგნი .
 
ბავშვები დროის დიდ ნაწილს ატარებენ სკოლაში. სკოლა დიდ გავლენას ახდენს ადამიანის შეხედულებების და მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში. თანამედროვე ცხოვრება ისეთია, რომ მშობელს სულ უფრო ნაკლები დრო რჩება შვილების აღზრდისთვის და მათთან ურთიერთობისთვის. ამიტომ უფრო ადვილია იმედი იქონიო, რომ ამას გააკეთებს სკოლა. არ გვაქვს დრო დავფიქრდეთ, თუ რა ხდება იქ – სკოლაში, რას ასწავლიან მათ იქ.
გატტო წერს, რომ სკოლა პირველ რიგში ასრულებს საზოგადოებრივ დაკვეთას, ამზადებს რა ბავშვებს თავისი ამოცანების შესრულებისთვის. სკოლა-ეს არის მარიონეტების ფაბრიკა. საყოველთაო განათლების სისტემის საფუძველია – გახადოს ადამიანი უფრო შეზღუდული, მორჩილი, მართვადი. დეკლარილებული მიზნები შეიძლება იყოს სხვადასხვა, მაგრამ საბოლოო მიზანი სწორედ ასეთია და საჭიროა გავაცნობიეროთ ეს–ამბობს გატტო. ბავშვის ინდივიდუალურობა, მისი ფიქრები და ოცნებები, პიროვნული თვისებები არ არის მოთხოვნადი.
კონკრეტული ცოდნის გარდა, სკოლა ბავშვს აძლევს ბევრ ნეგატიურ ჩვევებსაც. ის უყალიბებს დამოკიდებულებას საკუთარ თავთან, სხვა ადამიანებთან, საქმესთან, საერთოდ მთელ სამყაროსთან. აი ძირითადი ნეგატიური გაკვეთილები, რომელსაც სკოლა იძლევა:
პირველი გაკვეთილი –ესაა უსისტემობის გაკვეთილი. ყველაფერი, რასაც ასწავლიან ბავშვებს, ეძლევათ ყოველგვარი კონტექსტის გარეშე. არაფერი არაა მასთან დაკავშირებული.

 
მეორე გაკვეთილი –ადამიანები საჭიროა დაიყონ ჯგუფებად, ნათქვამია ყველამ თავისი ადგილი უნდა იცოდესო. (სკოლის ასაკის მოახლოებასთან ერთად იწყება ბრძოლა პრესტიჟულ სასწავლებელში მოხვედრაზე და ბავშვები, რომლებიც პრივილეგირებულ სასწავლებლებში მოხვდნენ, ზემოდან უყურებენ თანატოლებს , რომლებიც ჩვეულებრივ სკოლებში სწავლობენ.)

 
მესამე გაკვეთილი – საქმისადმი ზერელე დამოკიდებულების გაკვეთილი. ზარის დარეკვასთან ერთად ბავშვებმა უნდა შეწყვიტონ საქმიანობა, რაც არ უნდა მნიშვნელოვანი იყოს ის, და გაიქცნენ მომდევნო გაკვეთილზე. შედეგად, ისინი არასოდეს არაფერს არ სწავლობენ ბოლომდე.

მეოთხე გაკვეთილი–ემოციური დამოკიდებულების გაკვეთილი. ვარსკვლავების, წითელი ხაზების, ღიმილიანი და მოწყენილი სახეების, პრიზების, ჯილდოების და სასჯელების საშუალებით სკოლა ასწავლის ბავშვებს დაემორჩილონ ბრძანებას.

მეხუთე გაკვეთილი–ინტელექტუალური დამოკიდებულების გაკვეთილი. მოსწავლე ელოდება მასწავლებლის ბრძანებას. ფაქტიურად მათ ყოველგვარი შეფასებების და ინიციატივების გარეშე, უნდა გამოხატონ ის, რაც მათში ჩაიდო.

მეექვსე გაკვეთილი–სკოლა ასწავლის ბავშვებს იმას, რომ მათი შეხედულებას საკუთარ თავზე განსაზღვრავს გარშემომყოფების აზრი.

 
მეშვიდე გაკვეთილი–სრული კონტროლი. მათ ფაქტიურად არ აქვთ პირადი სივრცე, პირადი დრო.
ძნელია არ დაეთანხმო ამ მტკიცებულებებს. გრანდიოზული საგანმანათლებლო სისტემა არსებობს თავისთვის. ის ფუნქციონირებს და ვითარდება თავისი წესებით, ხოლო ბავშვი თავისი პრობლემებით და ინტერესებით რჩება გვერდით. ავიღოთ თუნდაც ყველა სკოლაში მოქმედი მოსამზადებელი ჯგუფები: იქ ბავშვებს ასწავლიან წერას, კითხვას, თვლას, უცხო ენებს და არ ითვალისწინებენ გრანდიოზული პროგრამის შესაბამისობას ამ ცოდნის აუცილებლობასა და მიზანშეწონილობასთან, ბავშვების შესაძლებლობებსა და მოთხოვნილებებთან, ამიტომ ხშირად აზიანებენ მათ ფსიქიკურ და ფიზიკურ განვითარებას. არსებული განათლების სისტემა ხელს უწყობს თაობებს შორის გახლეჩვას და შეუძლებელს ხდის ცხოვრებისეული ცოდნის გადაცემას უფროსებიდან უმცროსებზე. ცოდნა, რომელსაც სკოლა იძლევა, ხშირად აბსტრაქტულია და მოწყვეტილია რეალურ ცხოვრებას.
როგორია სიტუაციიდან გამოსავალი? რა გავაკეთოთ, რომ ბავშვებმა არ დაკარგონ სწავლისადმი ცოცხალი ინტერესი, არ გახდნენ კომფორმისტები და ცინიკოსები?
 
გატტო, გამოსავალს ხედავს, ყველას მიეცეს საშუალება თავისუფლად აირჩიოს სწავლების ფორმა, გაიზარდოს ოჯახის როლი ბავშვების აღზრდასა და განათლებაში. ენდეთ ოჯახებს, , ადამიანთა ჯგუფებს, თვითონ იპოვონ პასუხი კითხვაზე: “რისთვის გვჭირდება განათლება?”.
ეს პასუხი შეიძლება იდეალისტურად მოგეჩვენოთ. მაგრამ მთავარია ამ წიგნმა დააფიქროს მასწავლებლები და მშობლები იმაზე, თუ როგორ მოქმედებს არსებული განათლების სისტემა ჩვენ შვილებზე.

 
ჩვენ არ გვინდა, რომ გატტოს წიგნი აღქმული იყოს როგორც სკოლის საწინააღმდეგო მანიფესტი, როგორც მოწოდება „რევოლუციისკენ”. ვფიქრობთ ჩვენ, რომ ბავშვები საერთოდ არ უნდა მივიყვანოთ სკოლაში? რასაკვირველია არა, თუმცა ესეც შესაძლებელია. იქნებ ჩვენ ვფიქრობთ, რომ საჭიროა გადავაკეთოთ მასწავლებლები, ვაიძულოთ ისინი შეიცვალონ თავიანთი პროფესიები და ცხოვრებისეული წესები? აგრეთვე არა, რადგან არსებული სისტემის ჩარჩოებში ეს შეუძლებელია და არც არის საჭირო. მივმართოთ განათლების ჩინოვნიკებს? აზრი არ აქვს. მაშ რისთვისაა საჭირო ეს წიგნი? პასუხი ერთდროულად მარტივიცაა და რთულიც.

 
ჩვენ პირველ რიგში მივმართავთ მშობლებს. მშობლები სხვადასხვანაირები არიან. მათ შორის არიან ისეთები, რომლებიც არ ფიქრობენ რა ემართებათ მათ შვილებს. ზოგიერთი პირიქით, თვლის რომ უნდა აკონტროლოს და მუდმივად მის გვერდით იყოს. ზოგიერთს თვითონ არ უყვარდათ სკოლა და გადასცემენ ამ დამოკიდებულებას შვილებს. სხვები ფიქრობენ, რომ სწორედ სკოლა ზრდის მათ შვილებს ადამიანებად. ყველაფერი შეიძლება სხვადასხვანაირად იყოს, მაგრამ ძალიან ხშირად, შეიძლება ითქვას თითქმის ყოველთვის, სკოლა აღიქმება რაღაც გარდაუვალად, როგორც აუცილებელი ცხოვრებისეული ეტაპი, რომელიც აუცილებლად უნდა გაიარო, მიუხედავად ყველაფრისა. თუ გაგიმართლა, სკოლის პერიოდი იქნება გააზრებული და სიცოცხლით სავსე ეტაპი შენს ცხოვრებაში, თუ არა და ის უაზროდ გაიწელება, გაიწელება… მაგრამ ვერაფერს ვერ იზამ, უნდა მოითმინო.
 

შეიძლება ყველაფერი შეცვალო. შეცვალო სკოლა, პედაგოგები, ბოლოს და ბოლოს სახლში შეიძლება ასწავლო ბავშვს. შეიძლება მოინახოს ბევრნაირი გამოსავალი, რომელიც დაეხმარება, ზოგ შემთხვევაში კი გადაარჩენს კიდეც მას. მაგრამ ამისთვის საჭიროა გამბედაობა, რომელიც მიიღწევა საკუთარი თავისადმი და შვილისადმი რწმენით. როდესაც მშობლები ორიენტირებული არიან სასკოლო სისტემის მოთხოვნებზე და ვერ აცნობიერებენ, რომ ამ სისტემას აქვს თავისი მიზნები, ისინი ვეღარ გრძნობენ ბავშვს, აღარ სჯერათ მისი და არც საკუთარი თავის. მთავარი მიზანი ხდება – დარჩნენ სისტემაში, ნებისმიერ ფასად შეესაბამებოდნენ მას.

 
გავრცელებულია აზრი, რომ სკოლა აჩვევს ბავშვს ცხოვრების მკაცრ კანონებს. მაგრამ ეს ასე არ არის. თავის ცხოვრებას ადამიანი ირჩევს თვითონ და არ არის აუცილებელი ის იყოს ისეთი როგორიც სკოლაშია. თქვენ ცხოვრობთ თქვენი ცხოვრებით, ამიტომ ღირს დაფიქრდეთ – აქვს კი აზრი შეუზღუდო ბავშვს შენს სივრცეში ყოფნის დრო და ენდო სისტემას, რომელიც თქვენი ცხოვრებისეული შეხედულებებისგან შეიძლება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს? სკოლაში ჯობს ნაკლები დრო გავატაროთ–ამბობს გატტო. თქვენ გინდათ ბავშვებს თქვენი ფასეულობები გადასცეთ? მაშინ მიეცით ბავშვს საშუალება შეიგრძნოს ეს ფასეულობები, იცხოვრეთ მასთან ერთად, ყური მიუგდეთ საკუთარ და მის მოთხოვნილებებს. ამას ბევრად მეტი შედეგი ექნება, ვიდრე მის ყოფნას თქვენი ქალაქის საუკეთესო გიმნაზიაში.

 
კარგი იქნება, თუ მშობლები შეეცდებიან მეტი ყურადღება დაუთმონ ბავშვებს, გახდნენ უფრო მოქნილები, ნაკლებად კატეგორიულები, როდესაც ის სკოლიდან მოსული თავის განცდებს გიზიარებს ,არ უთხრათ: ’’ასეა საჭირო. მოითმინე. იყავი ისეთი როგორც ყველა, დაუჯერე უფროსებს”, ეცადეთ გაერკვეთ პრობლემებში. პედაგოგებმა კი დაიწყონ შეფასება თავიანთი მოსწავლეების უფრო მეტად ორიგინალური და დამოუკიდებელი ნამუშევრების, მისცენ მათ თავისუფლება მათთვის საინტერესო თემების არჩევაში და საკუთარი აზრის გამოთქმაში.
სოციალური ფილოსოფოსი ჰანნა არენდტი წერდა: “სახელმწიფო განათლების მიზანი არასოდეს ყოფილა შეხედულებების ჩამოყალიბება. მისი მიზანი იყო გაენადგურებინა ამ შეხედულებების დამოუკიდებლად ჩამოყალიბების შესაძლებლობა”.

პედაგოგებს რომ ჰკითხოთ, რას თვლიან ისინი განათლების სისტემის მიზნებად, ეჭვი მაქვს ყველას პასუხი იქნება განსხვავებული. ასევე ვვარაუდობ, რომ ამ ჩამონათვალში არც ისე ხშირად შეგხვდებათ ისეთები, რომლებიც ფიქრობენ თუ რამდენადაა დაკავშირებული საკუთარი შეხედულებების ჩამოყალიბების უნარი იმასთან, რას და როგორ ასწავლიან სკოლაში, და კრიტიკულად აზროვნებას, რომელიც ეფუძნება საკუთარ გამოცდილებას. სავარაუდოდ, შეხედულება, რომ ის რაც ხდება სკოლის კედლებში ნაკლებადაა დაკავშირებული განათლების სისტემის დეკლარილებულ მიზნებთან, პედაგოგების უმეტესობას მოეჩვენება ცრურწმენად.

 
ჩვენ როგორც მშობლებს, ჩვენი შვილებისთვის გვინდა საუკეთესო. მაგრამ ჩვენი საკუთარი ქმედებები და ცხოვრების სტილი, ასევე მოთხოვნები, რომელსაც ვუყენებთ განათლების სიტემას, გვიჩვენებს რომ „უკეთესი” ჩვენთვის ხშირად ნიშნავს „უფრო მეტს”. გადასვლა ხარისხიდან რაოდენობისკენ, პიროვნების სულიერ განვითარებაზე ზრუნვიდან, სახელმწიფო განათლების ნახევრად მონოპოლიური სისტემის ინსტიტუტების განვითარებამდე.

 
ხომ არ დავსვათ კითხვები იმასთან დაკავშირებით სადამდე მიგვიყვანს დევნა, რომ ვუზრუნველყოთ ჩვენი შვილებისთვის „მაქსიმალური შესაძლებლობები” სამყაროში, სადაც უსწრაფესად მცირდება ბუნებრივი რესურსები? რას ასწავლის ჩვენს ბავშვებს გიჟური, ხშირად მკაცრ კონკურენციაზე დაფუძნებული ბრძოლა – მასწავლებლისთვის ხელფასის მომატება, დამატებითი ინვენტარის შეძენა, სკოლებისთვის დამატებითი ხარჯების გამოყოფა? როგორ უნდა აღიქვან ეს გიჟური ბრძოლა იმ ბავშვებმა რომლებიც თავისი ნების გარეშე ამ კონკურენციაში მუდმივად აგებენ? და თუ ჩვენი ბავშვების შეხედულებები უნდა ფორმირდებოდეს მათი გამოცდილებით, მაშინ ეს სიტუაცია როგორ აისახება საზოგადოებაზე? (შეიძლება ჩვენ უკვე ვიწვნევთ ამ შეხედულებების ფორმირების შედეგებს ძალადობის, ნარკომანიის, ნაადრევი ორსულობის და ბევრი სხვა პრობლემების ზრდით, რომელმაც დააავადა თანამედროვე ახალგაზრდობა.)

 
ეკლექტური, სახალისო, რომელიც ძნელად ექვემდებარება კლასიფიკაციას და დაფუძნებულია პირად გამოცდილებაზე, ჯონ გატტოს შეხედულება, გვაიძულებს გადავხედოთ ზოგიერთ ჩვენთვის ძვირფას პრინციპებს. ის არ იძლევა მზა რეცეპტებს და არც ოპტიმისტურ პროგნოზებს. ის ისწრაფვის, და ამის დადასტურებაა მისი ოცდაექვს წლიანი პედაგოგიური მოღვაწეობა, პირველ რიგში, მისცეს საშუალება ყველა ბავშვს, მათ შორის ღარიბი და ნაკლებად უზრუნველყოფილი ოჯახებიდან, მიიღონ ხარისხიანი განათლება და მეორეს მხრივ, მიაჩვიოს თავისი მოსწავლეები კრიტიკულ აზროვნებას, რათა მათ შეძლონ გააანალიზონ და გაიგონ, თუ რას უშვება მათ სასკოლო განათლების სისტემა.

 
ჩვენი საზოგადოებრივი წყობა ავტორს მიაჩნია მძიმედ, მაგრამ არა უიმედოდ. იმედის სხივს ის ხედავს თავისუფლად და კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანთა გაერთიანებებში, რომლებიც შეძლებენ გამოასწორონ სოციალური პრობლემები და წაგვიყვანონ უკეთესი მომავლისკენ.”
ნათარგმნია – «Фабрика марионеток. Исповедь школьного учителя»: Генезис; М.; 2006
* ტოკვილი ალექსის (1805-1859)
ფრანგი ისტორიკოსი, სოციოლოგი და პოლიტიკური მოღვაწე. საყოველთაოდ ცნობილია მისი თვალსაზრისი საფრანგეთის დიდი რევოლუციის შესახებ: ,,მე ეჭვი არ მეპარება, რომ ყოველივე, რაც რევოლუციამ გააკეთა, ურევოლუციოდაც გაკეთდებოდა”. ესაა ციტატა მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწარმოებიდან ,,ძველი რეჟიმი და რევოლუცია”.
წყარო: რელიგია, საზოგადოება და სახელმწიფო : წაკითხულ ლექციათა მასალები / ჰაინრიხ ბიოლის ფონდის სამხ. კავკასიის რეგიონ. ბიურო ; [რედ.: ლევან აბაშიძე] – თბ. : ბიბლიურ-თეოლოგიური ინ-ტის გამ-ბა, 2005 [2006]
 
 
მოამზადა კახა ჟღენტმა

1918-1921 წლების საქართველოს ისტორიის გასააზრებლად

0

ბოლო ოცი წელია, 25 თებერვალს საქართველო ისე აღარ აღნიშნავს, როგორც მანამდე, თითქმის 70 წლის განმავლობაში აღნიშნავდა. 1918-1921 წლების საქართველოს ისტორია, შეიძლება ითქვას, ხელახლა გადასახედი და გადასაწერია. ამ წლების ანალიზს კომუნისტური იდეოლოგია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯებით გვთავაზობდა, თუმცა კი დღესაც ბევრი რამ არის გამოსაკვლევი, დღემდე არსებობს უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა, შესაფასებელია პიროვნებები, გადასახედია შედეგები, რომლებიც მაშინდელ პოლიტიკურ ლიდერთა ქმედებებმა გამოიწვია.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივს უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში უამრავი ახალი დოკუმენტი შეემატა, რომელთა შესწავლა ხელს შეუწყობს საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიის გააზრებას. მათ შორისაა გურამ შარაძის მიერ არქივისთვის გადაცემული ფონდები ჰარვარდიდან და ლევილიდან, რომლებიც წლების განმავლობაში მუშავდებოდა, ხოლო ამჟამად უკვე ხელმისაწვდომია მკვლევარებისთვის. 

ამ ცოტა ხნის წინ კი ეროვნულმა არქივმა წიგნად გამოსცა სოციალ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი ლიდერის ნიკოლოზ (კოლია) ჭუმბურიძის მოხსენება “საბჭოთა საქართველოს ცხოვრებიდან – ბოლშევიკების ექვსი თვის ბატონობის სურათი”, რომელიც მან 1921 წლის 20 სექტემბერს წარუდგინა სტამბოლში მყოფ ჟორდანიას მთავრობას. დოკუმენტი მოიცავს თვითმხილველის მიერ საქართველოში ბოლშევიკების ბატონობის პირველი ექვსი თვის დეტალურ აღწერას. ეს ტექსტი აქამდე უცნობი იყო ქართული ისტორიოგრაფიისთვის, იგი ინახებოდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არქივის ჰარვარდისა და ლევილის კოლექციებში და საზოგადოებისთვის ახლაღა გახდა ხელმისაწვდომი. 

მოხსენება მოიცავს პერიოდს 1921 წლის 17 მარტიდან 28 აგვისტომდე და დაყოფილია 14 ძირითად ნაწილად და რამდენიმე ქვეთავად: მთლიანი სურათის გადმოცემის სირთულე; ბათუმის პირველი დღეები და ქემალისტებთან ბრძოლა; ბოლშევიკური ლიბერალიზმის ხანა; მართვა-გამგეობის აპარატი – რევკომები, ადმინისტრაცია, ჩეკა, რაბკინი, სასამართლო, ციხე, წითელი არმია. მოხსენების ავტორი განიხილავს მიწის საკითხს, რკინიგზას, ეკონომიკურ, ფინანსურ და საგარეო პოლიტიკას, აღწერს ცხოვრების სიძვირესა და გაჭირვებას. კოლია ჭუმბურიძე ასევე დაწვრილებით ინფორმაციას გვაწვდის პოლიტიკური პარტიების: კომპარტიის, კავბიუროს, სოციალისტ-ფედერალისტების, სოცრევოლუციონერების, ნაციონალ-დემოკრატების, სოციალ-დემოკრატების – შესახებ და განწყობას პარტიებს შორის. იგი საუბრობს ხალხის სულიერ განწყობასა და დემოკრატიული მთავრობის გავლენაზე, ამ მთავრობის წარსულ საქმიანობასა და ნაკლზე.

მოხსენების დასაწყისში გადმოცემულია ბათუმისთვის ბრძოლისა და ჟლობას კავალერიისა და რუსული ნაწილების თურქებთან ბრძოლაში პირდაპირ ჩაურევლობის დეტალები. საინტერესოა ავტორის მიერ აღწერილი დიალოგი რუს წითელარმიელებსა და ქართველ მებრძოლებს შორის რკინიგზის ერთ-ერთ სადგურზე ომის დასრულების შემდეგ: “სადგურზე ყველგან ბევრი ხალხი იყო, განსაკუთრებით რუს. არმიელები, ჩვენი გვარდიელები და ჯარის კაცები, იყო ყველგან გახურებული კამათი. წითელი არმიელები ჩვენებს უმტკიცებდნენ, ჩვენ თქვენს განსათავისუფლებლათ მოვედითო. ჩვენები ამით შეურაცყოფილათ გრძნობდნენ თავს და თავისი დამტვრეული რუსულით “ბდღვირს ადენდნენ” რუსებს”. მოხსენებაში საუბარია ბოლშევიკების მიერ ხალხის მომადლიერების მცდელობაზე, რა მიზნითაც მათ გახსნეს საწყობები და ხალხს დაურიგეს იქ დარჩენილი პური და შაქარი, რაც ერთჯერად ეფექტზე იყო გათვლილი. ალბათ ამით თუ აიხსნება მოგვიანებით ემიგრანტულ ლიტერატურაში გავრცელებული აზრი, თითქოს საქართველოს მთავრობამ ქვეყანაში არსებული მატერიალური თუ სამხედრო რესურსი არ გამოიყენა მტრის წინააღმდეგ და შემდეგ ბოლშევიკები დიდხანს კვებავდნენ ამ სურსათით მოსახლეობას. მოკლე ხანში ხალხმა დაინახა დამპყრობლის ნამდვილი სახე და ბოლშევიკების მიერ “ლიბერალობანას” თამაშის მცდელობასაც ბოლო მოეღო.

მეტად საინტერესოა ავტორის მიერ აღწერილი მართვა-გამგეობის ორგანოები, ამ ორგანოებში მომუშავე პირთა პროფესიული და მორალური სახის აღწერილობა, მათ შორის არსებული წინააღმდეგობები.

სხვადასხვა წყაროდან კარგადაა ცნობილი სტალინის ვიზიტი გასაბჭოებულ საქართველოში 1921 წლის ივლისში და მისი ფიასკო ნაძალადევის მუშათა სასახლეში გამოსვლისას. ნიკოლოზ ჭუმბურიძის მოხსენება ამ ამბავს ახალი და საინტერესო დეტალებით ავსებს: “ალექსანდრე დგებუაძემ ასე დაიწყო: “ორი კვირაა, რაც ციხიდან გამოველ, ვიცი, ამ სიტყვის გამო ისევ ჩეკაში გამგზავნიან, მაგრამ მაინც უნდა ვილაპარაკოვო”. ბოლოს ასე დაათავა: “თუ კაცი ხარ, კობა, ის, რაც აქ ხდება და ნახე, გადაეცი ყველაფერი ლენინსო”. ამაზე კობამ უპასუხა: “ამხანაგებო, ჩვენ არ ვფიცავთ, რომ რუსეთის წითელი არმია მოვიყვანეთ საქართველოში”. “თქვენ ამას არ ფიცავთ აქ, ჩვენთან, – უპასუხა ალექსანდრემ, – ასეთ უტიფრობას ვერ გამოიჩენთ, რადგან ეს ხალხი თვითონ გებრძოლათ თქვენ და აბა როგორ შეგიძლიანთ ამის დამალვაო, მაგრამ თქვენ ამას უმალავთ რუსეთისა და ევროპის მუშებს”. ალექსანდრეს სიტყვებზე ხალხმა ერთ ხმათ დაიძახა: “ვებრძოდით, ვებრძვით და ვებრძოლებითო”. იქვე – “ერთმა მუშამ კობას უთხრა: “ჩვენ ორი კაცი გვასწავლიდა სოციალიზმს, ერთი ლენინი და მეორე ჟორდანიაო. ლენინი გვეუბნებოდა: მარქსიზმი მე მესმის სწორათ და ჩემი მოძღვრება არის სწორიო. ჟორდანია გვასწავლიდა – მარქსიზმი და სოციალიზმი ის არის, რასაც მე გეუბნებით და არა ის, რასაც ლენინიო. დღემდის შეიძლება ვყოყმანობდით კიდევ და არ ვიცოდით, ვინ იყო ამაში მართალი, ხოლო ახლა ეს ნათლათ გავიგეთ და ამიტომ, თუ კაცი ხარ, კობა, მოგვშორდი და შენი წითელი არმიაც წაიყვანეო”. ასე დათავდა “დიდი კაცის” გამოსვლა ნახალოვკაში. ამის შემდეგ იგი აღარსად არ გამოსულა და საქართველოს დანარჩენი ნაწილი არ უნახავს. იგი ძლიერ წყნარად გაიპარა საქართველოდან, კომუნისტურ გაზეთებს არც კი აღუნიშნავთ. სამაგიეროთ ყოველივე ეს ჩეკამ აღნიშნა და რამდენიმე ჩვენი ამხანაგი დაიჭირა”.

ნიკოლოზ ჭუმბურიძე მოხსენებას შემდეგი სიტყვებით ასრულებს: “ბოდიშს ვიხდი, რომ ამდენი წერით შეგაწუხეთ, მაგრამ მგონია, რომ ყოველივე ეს თქვენთვის საინტერესოა”.

ნიკოლოზ ჭუმბურიძის მოხსენება ალბათ საინტერესო იყო მაშინდელი მთავრობისთვის, მაგრამ არანაკლებ საინტერესოა ის დღეს, ასი წლის შემდეგ, როდესაც სიმართლის გარკვევას ასე ნაკუწ-ნაკუწ ვცდილობთ.

როგორც ეროვნული არქივის საისტორიო ცენტრალური არქივის დირექტორმა ანტონ ვაჭარაძემ აღნიშნა, ნიკოლოზ ჭუმბურიძის მოხსენება იმდენად უშუალო და ლაღი ენითაა დაწერილი, მას ინტერესით წაიკითხავენ არა მხოლოდ ისტორიის მკვლევარები, არამედ ფართო საზოგადოებაც, მათ შორის – მოსწავლეები და სტუდენტები. 

თავად ნიკოლოზ (კოლია) ჭუმბურიძე სოციალ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი გამორჩეული წევრი და ორგანიზატორი იყო დასავლეთ საქართველოში. მან განათლება პეტერბურგისა და პრაღის უნივერსიტეტებში მიიღო, საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, დაახლოებით ექვსი თვე, საქართველოში დარჩა და ერთხანს გრიგოლ ლორთქიფანიძესა და შალვა მაღლაკელიძესთან ერთად ჩეკას სარდაფებშიც მოუწია ჯდომა. იგი 1921 წლის მაისში დააპატიმრეს. მეგობრების დახმარებით მოახერხა ციხიდან გამოსვლა და ემიგრაციაში წავიდა, სადაც თანამშრომლობდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებთან: “კავკასიონი”; “მხედარი”; “ბრძოლა”; “სამშობლოსათვის”; “დამოუკიდებელი საქართველო”. იბეჭდებოდა “კაჟისა” და “ალფას” ფსევდონიმით. საინტერესოა ჟურნალ მხედარში 1931 წელს “კაჟის” ფსევდონიმით მის მიერ გამოქვეყნებული ნარკვევი “წითელი არმია”, სადაც აღწერილია წითელ არმიაში არსებული ტენდენციები, მისი მატერიალური და მორალური მდგომარეობა, პროპაგანდის სახე და სხვა საინტერესო დეტალები.

საქართველოს ეროვნულ არქივში დაცულია პირველი დემოკრატიული მთავრობის საქმიანობის ამსახველი შემდეგი ფონდები: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის საქმეთა მმართველობა; საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო გვარდიის მთავარი შტაბი; იმ დროს მოქმედი სამინისტროები, მათ შორის უმნიშვნელოვანესი საგარეო საქმეთა სამინისტრო და საერთაშორისო წარმომადგენლობები;  ასევე კარლო ჩხეიძის, ნოე ჟორდანიას, ნოე რამიშვილის, აკაკი ჩხენკელის და სხვათა პირადი ფონდები.

ანტონ ვაჭარაძე, ეროვნული არქივის საისტორიო ცენტრალური არქივის დირექტორი: “თანამედროვე მკვლევარებს უკვე შეუძლიათ, საქართველოს ისტორიის 1918-1921 წლების შესახებ მასალები მოიძიონ დასავლურ პრესაშიც, რაც ინტერნეტმა კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახადა. გარდა ამისა, ამ წლების საქართველოს საგარეო ურთიერთობების შესასწავლად ახალი მასალები, ძირითადად – ფრანგულენოვანი, უკვე ხელმისაწვდომია ჩვენს არქივშიც. ჩვენი არქივის მიზანია, ხელი შევუწყოთ ნებისმიერი სამეცნიერო კვლევის გააქტიურებას, მათ შორის – საქართველოს ისტორიის კუთხით”.

ყველა თაობას საკუთარი დამოკიდებულება აქვს თავისი ქვეყნის ისტორიისა და მისი გმირების მიმართ, ჩვენს თაობას კი ერთგვარად ხარვეზების გამოსწორებისა და თეთრი ლაქების ამოვსების მისიაც აკისრია. ვფიქრობთ, ნიკოლოზ ჭუმბურიძის ნაშრომი საქართველოს ისტორიის მასწავლებლებს მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს.

 

განათლების სისტემის ოქროს რგოლი

0

სხვადასხვა კონტინენტზე მცხოვრები ათასობით ახალგაზრდა ცოდნის ასამაღლებლად ევროპაში დამკვიდრებას ცდილობს. მეცნიერთა მნიშვნელოვან ნაწილსაც მიაჩნია, რომ ევროპული ტიპის განათლების სისტემა ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და შედეგიანია.

რა განაპირობებს მის პროდუქტიულობას?

გონივრულად ორგანიზებული საბავშვო ბაღები, რამდენიმე საფეხურზე გაშლილი მრავალფეროვანი სასკოლო სტრუქტურები, თვითრეალიზებაზე ორიენტირებული უმაღლესი სასწავლებლები (კოლეჯები), კვლევისა და სწავლების ერთიანობის პრინციპზე დაფუძნებული უნივერსიტეტები უდავოდ ქმნიან ხელსაყრელ გარემოს ხარისხიანი განათლების მომგებიანად გავრცელებისთვის, თუმცა არის კიდევ ერთი, ოქროს რგოლი, რომელიც ამ სისტემების მუშაობაში შეუცვლელ ფუნქციას ასრულებს.

მრავალ ევროპულ ქალაქში ან მათ ახლოს ნახავთ პატარა სასწავლო ცენტრებს, დამოუკიდებელ საგანმანათლებლო სახლებსა თუ საკვირაო სკოლებს. უამრავ მოსწავლეს, აბიტურიენტს, სტუდენტსა და ახალგაზრდა მკვლევარს აქვს ამ დაწესებულებებში თავისუფლად გართობის, ცოდნის მიღების, სხვადასხვა შინაარსის ღონისძიებათა დაგეგმვის, ადგილობრივი რესურსებით სარგებლობის  შესაძლებლობა.

ერთ-ერთი უძველესი ასეთი ცენტრი გერმანიაში, პატარა დასახლება ვერფტფულში მდებარეობს და კურტ ლიოვენშტაინის სახელს ატარებს.

ვინ იყო კურტ ლიოვენშტაინი? იგი რიგითი გერმანელი პაციფისტი გახლდათ, რომელსაც თეოლოგია-ფილოსოფიის ფაკულტეტი ჰქონდა დამთავრებული და განსაკუთრებით პედაგოგიკის საკითხები აინტერესებდა. ამასთან, ახალგაზრდობიდანვე აქტიურად იყო ჩართული პოლიტიკურ ცხოვრებაში, მონაწილეობდა ომისა და კაიზერის მმართველობის საწინააღმდეგო მოძრაობებში. გახლდათ ვაიმარის რესპუბლიკის ყველა მოწვევის რაიხსტაგის წევრიც. თუმცა გერმანელმა პარლამენტარმა ისტორიაში ადგილი სხვა საქმიანობით – პედაგოგიური მოღვაწეობით დაიმკვიდრა. 1920 წელს მან ბერლინში თანამოაზრეებთან ერთად დააარსა ცენტრი, სადაც ხელმოკლე ახალგაზრდებს, ფაქტობრივად, უფასოდ შეეძლოთ უმაღლესი განათლებისთვის მოსამზადებელ მაღალკვალიფიციურ კურსებზე სწავლა. აქვე დამატებითი ცოდნის მიღების საუკეთესო შანსი ეძლეოდათ ინდუსტრიის სფეროში დასაქმებულ ადამიანებს. ეს ცენტრი მრავალი მოსწავლისა და სტუდენტისთვისაც იქცა ახალი უნარების შეძენის არაფორმალურ წყაროდ. ლიოვენშტაინი და მისი თანამოაზრეები მსმენელებს დაუღალავად ამარაგებდნენ ბიბლიოთეკის წიგნებით და დაწესებულების სტუმართა ცხელი სადილით გასამასპინძლებლად აუცილებელ სახსრებს ეძებდნენ.

მეოცე საუკუნის გამორჩეულმა მოღვაწემ თავისი საქმიანობით მოახერხა შეექმნა საგანმანათლებლო კერა, რომელმაც პირველ მსოფლიო ომში დამარცხებული ხალხის ყველაზე ღარიბ ფენას უბიძგა თვითრეალიზებისა და სამოქალაქო კულტურის განვითარებისკენ, გაუღვივა მას იმედის ნაპერწკალი. თუმცა ნაცისტურმა რეჟიმმა კურტ ლიოვენშტაინიც და მისი ცენტრიც უმოწყალოდ გაანადგურა. საბედნიეროდ, იდეა გადარჩა…

ჩვენს ქვეყანაში ასობით მდიდარი და შეძლებული მეცენატია. ხანდახან ისინი თავიანთი მშობლიური მხარეების დახმარებასაც ახერხებენ, აშენებენ ეკლესიებს, აგებენ გზებს, გაჰყავთ ბუნებრივი აირის მილები. ეს შესანიშნავია, მაგრამ თითქმის არავის მოსდის აზრად, დააფუძნოს თუნდაც ძალიან პატარა საგანმანათლებლო ან სამოქალაქო აქტიურობის ცენტრი, ხელი შეუწყოს საკვირაო სკოლების მუშაობას და ამ კეთილი საქმით ახალი პერსპექტივა შეუქმნას ნიჭიერ მოსწავლეებსა და ახალგაზრდებს. იმავდროულად, სახელმწიფო სხვა, უფრო მნიშვნელოვანი ბარიერების პირისპირ დგას და ამ საქმისთვის ჯერ არ სცალია. აქედან გამომდინარე, დიდი სიამოვნებით ვიქნებოდი იმ ჯგუფის რიგითი მოხალისე, რომელიც საქართველოს რომელიმე რეგიონში, ევროპული გამოცდილების შესაბამისად, ყველასათვის ხელმისაწვდომ, კარგად აღჭურვილ პატარა საგანმანათლებლო ცენტრს დააფუძნებდა.

“მახინჯი ჭუკის” სინდრომი მოზარდებში

0

14 წლის ასაკში ჩემს მეგობარს ასეთი რამ შეემთხვა: ერთ მშვენიერ დღეს გადაწყვიტა, რომ ძალიან ულამაზო ცხვირი ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ სინამდვილეში ასე არ იყო, ვერავინ გადაარწმუნა – ვერც მშობლებმა, ვერც მეგობრებმა. ნელ-ნელა ყველაფერი გართულდა. ჩემი მეგობარი ქუჩაში გასვლას ერიდებოდა, სკოლას აცდენდა და მასწავლებლებისგან საყვედურებს იღებდა. ის განუწყვეტლივ სთხოვდა დედას, მისთვის ცხვირის ოპერაცია გაეკეთებინა, მაგრამ ესეც შეუძლებელი იყო – მაშინდელი ჯანდაცვის კანონი უკრძალავდა ექიმს არასრულწლოვანი და ჯანმრთელი მოზარდისთვის ოპერაციის გაკეთებას. ჩემი მეგობარი ღრმა დეპრესიაში ჩავარდა, შიმშილობა გამოაცხადა. მის სიცოცხლეს რეალური საფრთხე დაემუქრა. ერთ თვეში ექიმებმა ჩემი მეგობრის მდგომარეობა დისმორფოფობიად შეაფასეს და გამონაკლისის სახით ქირურგს ნება დართეს, მისთვის ცხვირის ოპერაცია გაეკეთებინა.

დისმორფოფობია მოზარდებში გავრცელებული დაავადებაა. ყველაფერი მაშინ იწყება, როდესაც გოგონას ან ვაჟს საკუთარ მომხიბვლელობაში ეჭვი ეპარება. მიზეზად შეიძლება იქცეს დაცინვა ან მასმედიის გავლენა, რომელიც სრულყოფილი გარეგნობის ხატს აყალიბებს, ასევე – ჭარბი წონა, გამონაყარი ან უტაქტო შენიშვნა, რომელსაც მშობელი ბავშვს გარეგნობის შესახებ აძლევს. მოზარდი იწყებს სარკესთან საათობით ტრიალს, საკუთარ გარეგნობაში დეფექტების ძებნას, უჩივის სხეულის ერთი ან რამდენიმე ნაწილის სიმახინჯეს.

მოზარდების უმრავლესობა ამ უსიამოვნო განცდებს თავისით ერევა, მაგრამ არა ყველა. ერთი შეხედვით, პრობლემა, რომლის მოგვარება დროულად შეიძლება, რთულდება და უკვე ფსიქოლოგის ან ფსიქიატრის ჩარევას მოითხოვს.

დღეს დისმორფოფობია ფსიქიკურ დაავადებათა სიაში შედის. ლიტერატურაში მის პირველ შემთხვევას (1886 წელს) იტალიელი მკვლევარი ენრიკე მორსელი ახსენებს. 1987 წელს დაავადება სადიაგნოსტიკო კატეგორიის სტატუსს იძენს.

საინტერესოა, რომ საკუთარი გარეგნობით უკმაყოფილოთა ჩამონათვალში შეხვდებით მშვენიერ მერილინ მონროს, არაჩვეულებრივ სარა მიშელ გელარისა და ექსტრავაგანტულ ლედი გაგას. ყველაზე სახელმოხვეჭილი დისმორფომანი კი გახლავთ მაიკლ ჯექსონი, რომელმაც 13 მასშტაბური პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა. “მძულს ჩემი სახე. მინდა, ვერავინ ხედავდეს”, – უთქვამს მომღერალს ერთ-ერთ ინტერვიუში.

სხვათა შორის, დისმორფოფობიის მქონეთა უმრავლესობას ხშირად აქვს სხვა დარღვევებიც: დეპრესია, ანორექსია, ბულიმია, – და ეს არც არის გასაკვირი. ალბათ გეხსომებათ რამდენიმე წლის წინ თინეიჯერებში ფართოდ გავრცელებული “ბარბის სინდრომი”, როდესაც მოზარდებს სურდათ, თოჯინის გარეგნობა ჰქონოდათ. ქერა თმა, გამომწვევი მაკიაჟი და, რა თქმა უნდა, ავადმყოფური სიგამხდრე. რაკი მოზარდების უმეტესობა ამას ვერ აღწევდა, საკუთარი სხეულისადმი ზიზღი უჩნდებოდა და ანორექსიის მსხვერპლი ხდებოდა.

დისმორფოფობიისადმი მიდრეკილ მოზარდებს ჩვევიათ სხეულის ტატუირებით დაფარვა, ტანორექსია (ძლიერი გარუჯვა), პირსინგითა და კოსმეტიკით გატაცება.

ასევე, დისმორფოფობიისთვის დამახასიათებელია: მარტოობა, სოციალური ფობია – დისმორფოფობიის მქონეთ ეშინიათ ხალხში ყოფნის, რადგან ჰგონიათ, რომ საკუთარი გარეგნობის გამო დაცინვასა და შეურაცხყოფას დაიმსახურებენ, შფოთვა, დაბალი თვითშეფასება, სირცხვილის განცდა, საქმიანობის უუნარობა საკუთარ გარეგნობაზე მუდმივი ფიქრის გამო და ა. შ.

ამ ყველაფერს ხელს მასობრივი კულტურაც უწყობს, რომელიც ღაღადებს, რომ წარმატებულია მხოლოდ ლამაზი ადამიანი. ამიტომ რეალური დეფექტი – დიდი ხალი, დეფორმირებული ძვალი ან რბილი ქსოვილი, კანის დაავადება – მოზარდს დამატებით კომპლექსებს უჩენს. ამ შემთხვევაში უფროსების მხარდაჭერისა და ფსიქოლოგიური კორექციის გარეშე ბავშვს პიროვნული დეფორმაციის ყველა შანსი აქვს.

დისმორფოფობიის მკურნალობაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ფსიქოლოგიურ მიდგომას. ეფექტურია კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპია, როდესაც მოზარდს ძირეულად უცვლიან საკუთარ გარეგნობასთან დაკავშირებულ მცდარ შეხედულებებს. არანაკლებ ეფექტურია ოჯახური თერაპია. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ საზოგადოებრივი ატმოსფეროა, სადაც პრიორიტეტული სულიერი ღირებულებები იქნება და არა ე.წ. “სილამაზის ეტალონი”.
ვინაიდან მოზარდი დიდ დროს სკოლაში ატარებს, მასწავლებელმა უნდა იცოდეს, როგორ ამოიცნოს დისმორფოფობია: საეჭვოა, თუ მოზარდმა წონა დაიკლო, მუდამ დათრგუნულია ან უგუნებოდაა, უარს ამბობს თანაკლასელებთან ურთიერთობაზე, იკეტება საკუთარ თავში, თავს არიდებს სასკოლო ღონისძიებებში მონაწილეობას, არ სურს ფოტოსურათების გადაღება, აცდენს გაკვეთილებს, ცდილობს “დეფექტის” დამალვას სამოსით ან ვარცხნილობით.

თუ მოზარდი მასწავლებლის მიმართ კეთილგანწყობილია, ამ უკანასკნელს შეუძლია, მას გულწრფელად გაესაუბროს. მოუყვანოს პოზიტიური მაგალითები, ვთქვათ, ჩარლი ჩაპლინის, ბარბარა სტრეიზანდის, ვუპი გოლდბერგის – ისინი სულაც არ გამოირჩეოდნენ სილამაზით. ყველაფერთან ერთად, ჩაპლინი ძალიან ტანდაბალი იყო, სტრეიზანდს უსწორმასწორო კბილები და ჰოლივუდში ყველაზე ულამაზო ცხვირი ჰქონდა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, კაშკაშა ვარსკვლავები იყვნენ. ცნობისათვის: ანჯელინა ჯოლი დღესაც უჩივის ტუჩების სისავსეს, მეგან ფოქსს კი თავისი გრძელი თითების რცხვენია…

მასწავლებელმა ან მშობელმა დელიკატურად უნდა აუხსნან ბავშვს, რატომ არის აუცილებელი პირადი ჰიგიენის დაცვა: ყოველდღიურად შხაპის მიღება, კბილების გამოხეხვა, სუფთა სამოსის ჩაცმა. მშობელმა ყურადღება უნდა მიაქციოს მოზარდის გარდერობს – სასურველია, ის თანამედროვე ტენდენციებს პასუხობდეს, შეურჩიოს მოზარდს მისი ასაკისთვის შესაფერისი თავის მოვლის საშუალებები.

თუ მოზარდის გარეგნობა ქირურგიულ კორექციას საჭიროებს, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. დაარწმუნეთ მოზარდი, რომ მისი დეფექტი მოგონილია ან 18 წლის ასაკში აღმოფხვრით. იქნებ ასაკის მატებასთან ერთად მისდამი დამოკიდებულებაც შეეცვალოს.

შესთავაზეთ მოზარდს, ჰქონდეს ჰობი და, რაც მთავარია, გამოხატეთ მის მიმართ თანადგომა, მხარდაჭერა, ხშირად შეაქეთ, მიეცით სტიმული და გიყვარდეთ ისეთი, როგორიც არის.

ძვირფასი ალუმინი

0

1860 წელი დგას. მენდელეევი ჰაიდელბერგში სწავლობს და შემთხვევით იგებს, რომ კარლსრუეში კეკულეს ინიციატივით ქიმიკოსების პირველი კონგრესი იმართება. შესაძლებლობას ხელიდან არ უშვებს და დაუყოვნებლივ მიემგზავრება. მნიშვნელოვანი საკითხია განსახილველი: ელემენტების სისტემატიზაციისას რომელ მასას უნდა მიექცეს უპირობო ყურადღება – ატომურს, მოლეკულურს თუ ეკვივალენტურს. იტალიელი ქიმიკოსი კანიცარო ბრწყინვალე მოხსენებით გამოდის, თავისივე თანამემამულის, ავოგადროს, კვლევებს იშველიებს და ამტკიცებს, რომ სისტემატიზაციისთვის მთავარი ატომური მასაა. თავის მოხსენებას ბროშურად დაბეჭდილსაც დაარიგებს დარბაზში და მენდელეევიც არაერთხელ დაუბრუნდება ამ ტექსტს.

სამშობლოში ჩასულმა, პრობლემაზე ბევრი იფიქრა და 1869 წელს პერიოდულობის კანონი და სისტემა გამოაქვეყნა.
მენდელეევს უცნაური კაცის სახელი ჰქონია. მეზობლებს არც კი სცოდნიათ, რომ დიდი მეცნიერი იყო. იცოდნენ მხოლოდ ის, რომ უბადლოდ კერავდა ჩემოდნებს. თუმცა ლონდონის ქიმიკოსთა სამეფო საზოგადოებამ მისი ღვაწლი დააფასა, მიიწვია და იმ დროისთვის უძვირფასესი საჩუქარი – ალუმინის ჭიქა გადასცა. ბევრი მოშურნეც ჰყოლია მენდელეევს, ბევრისთვის დაუფრთხია ძილი მის წარმატებას, თუმცა ეს არახალია. ჩვენს დროშიც არის ხალხი, რომელსაც სხვისი კარგი მოსვენებას აკარგვინებთ, ცუდი კი გულზე სალბუნად ედებათ.
უნებურად ამეკვიატა: “შენ რატომ უნდა გეძინოს ცუდად, მე თუ რაღაცით ვარ ბედნიერი, ან რატომ უნდა გეძინოს კარგად, როცა მე ვწევარ სისხლის გუბეში?..”

მენდელეევის ჯილდოს, ალუმინის ჭიქას დავუბრუნდეთ, – ალუმინისა, იმ დროს უძვირფასეს მეტალად რომ მიიჩნეოდა.
გავრცელების მხრივ ალუმინს მესამე ადგილი უჭირავს ჟანგბადისა და სილიციუმის შემდეგ. მათთან ის გეოქიმიურადაა დაკავშირებული, უმთავრესად – ორმაგ სილიკატებში, მინდვრის შპატებსა და ქარსებში, აგრეთვე გამოფიტვის პროდუქტებში – თიხებში. ალუმინი ქიმიურად აქტიური ლითონია, ამიტომ თავისუფალი სახით ბუნებაში არ მოიპოვება. ალუმინის ოქსიდი (Al2O3) გვხვდება მინერალების – კორუნდისა და ზუმფარის, აგრეთვე ბოქსიტის (Al2O3·nH2O) და კრიოლითის (AlF3·3NaF) სახით.
ალუმინსილიკატებიდან აღსანიშნავია ცეოლითები, ორთოკლაზი, ალბიტი, ანორთიტი, კაოლინი (საფაიფურე თიხა, Al2O3 ·2SiO2·2H2O). დედამიწის ქერქში ალუმინის შემცველობა 8,8%-ია.
სითბოსა და ელექტრობის გამტარობის მიხედვით ალუმინი მეოთხე ადგილზეა ვერცხლის, სპილენძისა და ოქროს შემდეგ, თუმცა გარე გაყვანილობებში სპილენძთან შედარებით სწორედ ალუმინის მავთულებს ანიჭებენ უპირატესობას. რატომ? ის კოროზიას არ განიცდის. ჰაერის ჟანგბადთან შეხებისას ალუმინის ზედაპირზე ოქსიდური ფენა წარმოიქმნება. ეს ფენა აბრკოლებს მეტალში აირებისა და სითხეების შეღწევას და იცავს მას შემდგომი დაჟანგვისგან. გამოდის, რომ ალუმინი თავს თვითონვე იცავს.
ქიმიურ თვისებებშიც თავისი ხელწერა აქვს. მაგალითად, მაღალ ტემპერატურაზე მეტალებს და მათ ნაერთებს აღადგენს. მეტალურგიაში ამ პროცესს ალუმინოთერმიას უწოდებენ. ტიგელში მოვათავსოთ Fe2O3-ის ფხვნილი და Al-ის ბურბუშელა (ან ფხვნილი). რეაქციის ინიცირებისთვის ნარევის შუაში Mg-ის ლენტი მოვათავსოთ და ავანთოთ. რეაქცია მყისიერად დაიწყება. ამ დროს ენერგია სითბოსა და სინათლის სახით გამოიყოფა.
 
ალუმინოთერმიით არა მარტო რკინის – სხვა მეტალების აღდგენაც ხდება, მაგ., Mn-ისა, Cr-ისა.
ალუმინი ის მეტალია, რომელიც სიამოვნებით ურთიერთქმედებს როგორც მჟავასთან, ასევე ტუტესთანაც. ალუმინის თხელი ფირფიტა სინჯარაში მოვათავსოთ და დავასხათ ნებისმიერი მჟავა, თუნდაც მარილმჟავა. ალუმინი მაშინვე გახსნას დაიწყებს, მჟავადან წყალბადს გამოაძევებს და ალუმინის ქლორიდს წარმოქმნის.
ავიღოთ ალუმინის კიდევ ერთი ფირფიტა და ჩავუშვათ ტუტის – მაგ., ნატრიუმის ტუტის – ხსნარში. იგი აქაც დაიწყებს გახსნას წყალბადის გამოყოფით.
ფრანგი დიდგვაროვნები შვილებს მეტისმეტად ანებივრებდნენ. მათი შვილები განსაკუთრებულები იყვნენ და ყველაფერი განსაკუთრებული უნდა ჰქონოდათ. საფრანგეთის პატარა ცისფერსისხლიანთა სათამაშოები მხოლოდ უძვირფასესი მეტალისგან – ალუმინისგან მზადდებოდა.
მაინც რატომ ითვლებოდა ალუმინი ძვირფას მეტალად? იმიტომ, რომ თავისუფალი სახით მისი მიღება ძვირი ჯდებოდა. თუმცა, მოდი, ყველაფერს რიგის მიხედვით მოგითხრობთ.
1808 წელს ჰამფრი დევი ელექტროლიზის მეშვეობით Al2O3-დან ალუმინის გამოყოფას ცდილობდა. მაშინ ეს მეტალი თავისუფალი სახით ჯერ არც არავის ენახა, დევი კი მის არსებობაში დარწმუნებული იყო. არ გაუმართლა მეცნიერს – მხოლოდ ალუმინისა და რკინის შენადნობის მიღება მოახერხა, თუმცა მეტალის ნათლია სწორედ ის გახდა – წერდა: თუ ბედმა გამიღიმა და მივიღე მეტალი, რომელსაც ვეძებ, ალუმინს დავარქმევო.
ალუმინის მისაღებად ცდები ჰანს ერსტედმა განაგრძო და 1825 წელს ალუმინის ქლორიდის მიღება შეძლო, მერე კალიუმის ამალგამასთან შეალღო და ტყვიის მსგავსი მეტალი გამოყო. ამის შესახებ მან მაშინვე აცნობა ერთ-ერთ სამეცნიერო ჟურნალს და ექსპერიმენტები შეწყვიტა. ესტაფეტა ფრიდრიხ ველერმა გადაიბარა. 18-წლიანი მუშაობის შემდეგ მან სუფთა ალუმინის მიღება მოახერხა, თუმცა ეს ძვირი, ძალიან ძვირი ჯდებოდა.
1854 წელს ფრანგმა ქიმიკოსმა სენ-კლერ დევილმა მეთოდი შედარებით გააიაფა – ალუმინის მიღების პროცესში ძვირად ღირებული აღმდგენი კალიუმი შედარებით იაფი ნატრიუმით შეცვალა – და თავისი მეთოდი 1855 წელს პარიზში, გამოფენაზე სახელწოდებით “ვერცხლი თიხისგან” წარადგინა. იმპერატორი ნაპოლეონ მესამე ამ მეთოდმა აღტაცებაში მოიყვანა. ის დიდი ხანია სასახლეში ამ მსუბუქი მეტალისგან დამზადებულ ჭურჭელს იყენებდა, მაგრამ ახლა თავისი ჯარისთვისაც მოუნდა მისი დამზადება, ამიტომ მეცნიერს დიდი ფინანსური დახმარება აღუთქვა, ოღონდ კი მეთოდი დანერგილიყო. დევილმა რამდენიმე ქარხანა ააგო, მაგრამ… ალუმინის წარმოება კვლავ ძვირი იყო, ეს მეტალი კვლავ საოცნებოდ რჩებოდა, ამიტომ მისგან მხოლოდ სამკაულებსა და ფუფუნების საგნებს ამზადებდნენ.
მეთოდი მეცხრამეტე საუკუნის დასასრულს გაიაფდა. პრობლემაზე ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მუშაობდა ორი ქიმიკოსი – ამერიკელი სტუდენტი მარტინ ჰოლი და ფრანგი ინჟინერი პოლ ერუ. ისინი კრიოლიტში გახსნილი ალუმინის ოქსიდის ელექტროლიზს აწარმოებდნენ. შედეგი მშვენიერი იყო, მაგრამ ელექტროენერგიის დიდი დანახარჯი ახლდა თან. ქარხნის აგების შემდეგ ეს პრობლემა მოგვარდა. ქარხანა შვეიცარიაში ააგეს, რაინის ჩანჩქერის გვერდით. მარტინ ჰოლი იმ დროს 21 წლის იყო. მოგვიანებით მას არაერთი პრემია მიენიჭა. ოჯახი არ შეუქმნია – როგორც მისი ძმა წერდა, კოლეჯი იყო მისთვის ცოლიც, შვილიც და მთელი ცხოვრებაც. მეცნიერმა კოლეჯს თავისი მემკვიდრეობის დიდი ნაწილი – 5 მილიონი დოლარი დაუტოვა. იგი 54 წლისა ლეიკემიით გარდაიცვალა, მის მშობლიურ ქალაქში, კოლეჯის წინ კი მისი ძეგლი დგას, მის მიერვე მიღებული ელექტროლიზური ალუმინისგან ჩამოსხმული.
ალუმინს დავუბრუნდეთ. მიღებული მეტალი ყველაფრით კარგი იყო, გარდა ერთისა – გამოყენების ზოგიერთი სფეროსთვის საკმარისად მდგრადი არ გახლდათ. ეს პრობლემა გერმანელმა ქიმიკოსმა ალფრედ ვილმა გადაჭრა – ალუმინი ცოტაოდენ სპილენძთან, მაგნიუმსა და მანგანუმთან შეალღო. შენალღობი მიღებიდან რამდენიმე დღის შემდეგ განსაცვიფრებელ სიმტკიცეს იძენდა. შენადნობის პირველი ნაწილი 1911 წელს გერმანიის ქალაქ დიურენში გამოუშვეს და დურალუმინი უწოდეს, 1919 წელს კი მისგან პირველი თვითმფრინავი ააგეს. ალუმინის ძალიან თხელ ფურცლებს კვების და ფარმაცევტულ წარმოებაში პროდუქტებისა და პრეპარატების შესაფუთად იყენებენ. ალუმინის ფხვნილი საღებავად გამოიყენება. სხვათა შორის, ცნობები ამ საღებავის შესახებ ჯერ კიდევ ჰეროდოტეს თხზულებაში მოიპოვება. ხელოვნური კორუნდის მონოკრისტალებს (კერძოდ, ლალს) დიდი სიმაგრის გამო ზუსტ მექანიზმებში, კვანტურ გენერატორებში (ლაზერებში) იყენებენ. ალუმინის შაბი ქაღალდის, საღებავებისა და ტყავის წარმოებაში გამოიყენება. ალუმინს ფეთქებად (ამონალი, ალუმოტოლი) ნივთიერებათა დასამზადებლადაც იყენებენ.
ასე დაიწყო ალუმინის ტრიუმფალური სვლა მსოფლიოში. ის გაიაფდა და მისი გამოყენება სხვადასხვა სფეროში ხელმისაწვდომი გახდა. თუმცა, იყო დრო, ოქროზე ძვირად ფასობდა. აკი სწორედ მისგან დამზადებული ჭიქის მიძღვნით გამოხატა ლონდონის ქიმიურმა საზოგადოებამ მადლიერება მენდელეევის მიმართ მისი აღმოჩენებისთვის.
ამ დროს კი, პატარა ადამიანების სულში შური შეპარულიყო…
“…შენ რატომ უნდა გეძინოს ცუდად, თუ მე რაღაცით ვარ ბედნიერი,
ან რატომ უნდა გეძინოს კარგად, როცა მე ვწევარ სისხლის გუბეში?..”

კიბერდანაშაული და ბავშვის მიერ დაწერილი კომპიუტერული ვირუსი

0

რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთი ანტივირუსის მწარმოებელი კომპანიის, AVG-ს, წარმომადგენელმა ბი-ბი-სის ეთერში განაცხადა, რომ მათ 11 წლის ბავშვის მიერ შექმნილი კომპიუტერული პროგრამა აღმოაჩინეს, რომელსაც “ინფიცირებული” კომპიუტერებიდან განსაზღვრული ინფორმაციის “მოპარვა” შეეძლო. “ვინაიდან უფრო და უფრო მეტ სკოლაში ასწავლიან პროგრამირებას ასეთი მცირე ასაკის ბავშვებს, ვიდრე ეს ბავშვები თავიანთი საქმიანობის შედეგებს გაიაზრებენ, ამგვარი შემთხვევები გამეორდება და გახშირდება”, – თქვა AVG-ს წარმომადგენელმა. მართლაც, დღესდღეობით მსოფლიოს მრავალ სკოლაში პატარებს არა მარტო კომპიუტერის გამოყენებას, არამედ პროგრამების შექმნასაც ასწავლიან.

თავად პროგრამა, რომელზეც ანტივირუსის მწარმოებელი კომპანია საუბრობდა, კლასიკური კომპიუტერული ვირუსი არ ყოფილა. ის მომხმარებელს სთავაზობდა ვირტუალურ ფულს, რომელიც მას ერთ-ერთ კომპიუტერულ თამაშში გამოადგებოდა, ამის ნაცვლად კი ამ თამაშთან დაკავშირებული მომხმარებლის პირად ინფორმაციას იპარავდა და ამ მავნე პროგრამის შემქმნელს უგზავნიდა.

 


 

AVG-ს წარმომადგენელმა დასძინა: “ჩვენ ვასწავლით ბავშვებს, რომ არ შეიძლება მაღაზიიდან სათამაშოს წამოღება, თუ ამაში გარკვეული საფასური არ გადაიხადე; ვფიქრობ, პატარებს ასეთი გზავნილები მაშინაც უნდა მივაწოდოთ, როდესაც ისინი კომპიუტერული პროგრამების წერას სწავლობენ”.

კომპიუტერული ვირუსი

კომპიუტერულ ვირუსს უწოდებენ დესტრუქციულ პროგრამას, რომლის მუშაობის შედეგად ზიანდება კომპიუტერი ან მასში არსებული მონაცემები გარეშე პირისთვის ხდება ხელმისაწვდომი. ვირუსები, როგორც წესი, კომპიუტერული ქსელების, მაგალითად, ინტერნეტის, და ინფორმაციის გადამტანი მოწყობილობების (CD, DVD, FlashDrive და სხვ.) საშუალებით “მრავლდება”. ვირუსს ძირითადად თავად მომხმარებელი ააქტიურებს ინფიცირებული ფაილის ან პროგრამის “გაშვებისას”.

ტერმინ “კომპიუტერული ვირუსით” ხშირად ყოველგვარი ტიპის დესტრუქციულ, მავნე პროგრამებს აღნიშნავენ. არადა, ამ პროგრამებს სხვადასხვა ფუნქცია აქვს და, შესაბამისად, სხვადასხვა კატეგორიად იყოფა. მათ შორის ყველაზე გავრცელებულია: ზიანის მომტანი ვირუსები (Malware), ჯაშუში ვირუსები (spyware), კომპიუტერული ჭიები (computer worms) და სხვ.

ზემოხსენებული ვირუსი ზიანის მომტანი ვირუსების (Malware) ტიპს მიეკუთვნებოდა, ვინაიდან ერთ-ერთი კომპიუტერული თამაშის მონაწილეებს პირად ინფორმაციას ჰპარავდა და ამით მათ ზიანს აყენებდა.

კიბერდანაშაული

ერთი შეხედვით უწყინარი ბავშვური გართობა შესაძლოა სერიოზულ პრობლემად ექცეს არასრულწლოვანს, რომელიც იქნებ ვერც კი აცნობიერებდეს საკუთარი საქციელის მნიშვნელობას.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXV თავის სათაური მოკლე და გასაგებია: კომპიუტერული დანაშაული. ამ თავში სამი მუხლია:

მუხლი 284. კომპიუტერულ ინფორმაციასთან არამართლზომიერი შეღწევა. კომპიუტერში ან კომპიუტერულ ქსელში არამართლზომიერი შეღწევა, რამაც შეიძლება ინფორმაციის განადგურება, მოდიფიცირება ან მოპოვება გამოიწვიოს, ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ორ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით. თუ ამგვარმა ქმედებამ მძიმე შედეგი გამოიწვია, იგი ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით, ორიდან ხუთ წლამდე ვადით.

მარტივად რომ ითქვას, თუ ვინმემ სხვის კომპიუტერში ან კომპიუტერულ ქსელში შეაღწია, შემდეგ რაიმე წაშალა, არსებული მონაცემები შეცვალა ან ამ გზით განსაზღვრული ინფორმაცია მოიპოვა, ის კანონის წინაშე დამნაშავედ იქნება მიჩნეული.

მუხლი 285. ეგმის (ელექტრონული გამომთვლელი მანქანის) დამაზიანებელი პროგრამის შექმნა, გამოყენება ან გავრცელება. კომპიუტერის დამაზიანებელი პროგრამის შექმნა ან არსებულ პროგრამაში ცვლილებების შეტანა, რამაც შეიძლება არსებული ინფორმაციის განადგურება, ბლოკირება, მოდიფიცირება ან კომპიუტერის გამართული მუშაობის მოშლა გამოიწვიოს, ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით სამ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით. თუკი ამგვარმა ქმედებამ მძიმე შედეგი გამოიწვია, სასჯელი კიდევ უფრო მკაცრია – თავისუფლების აღკვეთა სამიდან ხუთ წლამდე ვადით.

მუხლი 286. ეგმის, ეგმის სისტემის ან მათი ქსელის ექსპლუატაციის წესის დარღვევა. კომპიუტერის ან კომპიუტერული ქსელის ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც შეიძლება კანონით დაცული ინფორმაციის განადგურება, ბლოკირება, მოდიფიცირება ან გადაღება გამოიწვიოს, ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით, ვადით ას ოთხმოციდან ორას საათამდე, ანდა თავისუფლების შეზღუდვით ვადით ორ წლამდე. იგივე ქმედება, თუ მან მძიმე შედეგი გამოიწვია, ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით ორიდან ოთხ წლამდე.

ამრიგად, თუ ვინმეს დაუდევრობით ან უყურადღებობით რომელიმე კომპიუტერში არსებული ინფორმაცია დაზიანდა ან მისი კოპირება მოხდა, ეს შესაძლოა სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საბაბად იქცეს.

 

<object classid=”clsid:d27cdb6e-ae6d-11cf-96b8-444553540000″ width=”512″ height=”400″ id=”movie_name” align=”middle”> <param name=”movie” value=”https://www.bbc.co.uk/emp/worldwide/player.swf”/> <param name=”quality” value=”high” /> <param name=”wmode” value=”direct” /> <param name=”allowFullScreen” value=”true” /> <param name=”allowScriptAccess” value=”always” /> <param name=”flashvars” value=”playlist=https://playlists.bbc.co.uk/news/technology-21380123A/playlist.sxml&config=https://www.bbc.co.uk/player/emp/2_0_55/config/default.xml&uxHighlightColour=0xff0000&config_settings_showPopoutButton=false&config_settings_showUpdatedInFooter=true&companions=slot:companion|size:300×60|type:adi|domId:bbccom_companion_21380123;&config_settings_autoPlay=true&fmtjDocURI=/news/technology-21371609&companion1Id=bbccom_companion_21380123&config_plugin_fmtjLiveStats_edition=International&domId=emp-21380123-149313&preroll=https://ad.doubleclick.net/pfadx/bbccom.live.site.news/news_technology_content;slot=preroll;sz=512×288;sectn=news;ctype=content;news=technology;referrer=nonbbc;domain=www.bbc.co.uk;referrer_domain=;rsi=J08781_10008;rsi=J08781_10119;rsi=J08781_10040;rsi=J08781_10053;rsi=J08781_10048;rsi=J08781_10051;rsi=J08781_10128;rsi=J08781_10132;rsi=J08781_10480;rsi=J08781_10573;rsi=J08781_10576;rsi=J08781_10375;rsi=J08781_10601;rsi=J08781_10609;rsi=J08781_10610;rsi=J08781_10611;rsi=J08781_10617;rsi=J08781_10622;rsi=J08781_10623;rsi=J08781_10628;headline=kids’writingmalicioushackcode’;asset_type=story;story_id=21371609;keyword=;iframe=yes;tile=1&embedReferer=&mediatorHref=https://open.live.bbc.co.uk/mediaselector/5/select/version/2.0/mediaset/journalism-pc/vpid/{id}&companion1Size=300×60&config_plugin_fmtjLiveStats_pageType=eav2&holdingImage=https://news.bbcimg.co.uk/media/images/65782000/jpg/_65782410_65782409.jpg&enable3G=true&embedPageUrl=https://www.bbc.co.uk/news/technology-21371609&config_settings_showShareButton=true&companion1Type=adi&config_plugin_fmtjLiveStats_pageType=eav6&config_settings_autoPlay=false&config_settings_showFooter=true&config_settings_showPopoutButton=false&config_settings_showPopoutCta=false&config_settings_addReferrerToPlaylistRequest=true”/> <!–[if !IE]>–> <object type=”application/x-shockwave-flash” data=”https://www.bbc.co.uk/emp/worldwide/player.swf” width=”550″ height=”400″> <param name=”movie” value=”https://www.bbc.co.uk/emp/worldwide/player.swf”/> <param name=”quality” value=”high” /> <param name=”wmode” value=”direct” /> <param name=”allowFullScreen” value=”true” /> <param name=”allowScriptAccess” value=”always” /> <param name=”flashvars” value=”playlist=https://playlists.bbc.co.uk/news/technology-21380123A/playlist.sxml&config=https://www.bbc.co.uk/player/emp/2_0_55/config/default.xml&uxHighlightColour=0xff0000&config_settings_showPopoutButton=false&config_settings_showUpdatedInFooter=true&companions=slot:companion|size:300×60|type:adi|domId:bbccom_companion_21380123;&config_settings_autoPlay=true&fmtjDocURI=/news/technology-21371609&companion1Id=bbccom_companion_21380123&config_plugin_fmtjLiveStats_edition=International&domId=emp-21380123-149313&preroll=https://ad.doubleclick.net/pfadx/bbccom.live.site.news/news_technology_content;slot=preroll;sz=512×288;sectn=news;ctype=content;news=technology;referrer=nonbbc;domain=www.bbc.co.uk;referrer_domain=;rsi=J08781_10008;rsi=J08781_10119;rsi=J08781_10040;rsi=J08781_10053;rsi=J08781_10048;rsi=J08781_10051;rsi=J08781_10128;rsi=J08781_10132;rsi=J08781_10480;rsi=J08781_10573;rsi=J08781_10576;rsi=J08781_10375;rsi=J08781_10601;rsi=J08781_10609;rsi=J08781_10610;rsi=J08781_10611;rsi=J08781_10617;rsi=J08781_10622;rsi=J08781_10623;rsi=J08781_10628;headline=kids’writingmalicioushackcode’;asset_type=story;story_id=21371609;keyword=;iframe=yes;tile=1&embedReferer=&mediatorHref=https://open.live.bbc.co.uk/mediaselector/5/select/version/2.0/mediaset/journalism-pc/vpid/{id}&companion1Size=300×60&config_plugin_fmtjLiveStats_pageType=eav2&holdingImage=https://news.bbcimg.co.uk/media/images/65782000/jpg/_65782410_65782409.jpg&enable3G=true&embedPageUrl=https://www.bbc.co.uk/news/technology-21371609&config_settings_showShareButton=true&companion1Type=adi&config_plugin_fmtjLiveStats_pageType=eav6&config_settings_autoPlay=false&config_settings_showFooter=true&config_settings_showPopoutButton=false&config_settings_showPopoutCta=false&config_settings_addReferrerToPlaylistRequest=true”/><!–<![endif]–><a href=”https://www.adobe.com/go/getflash”><img src=”https://www.adobe.com/images/shared/download_buttons/get_flash_player.gif” alt=”Get Adobe Flash player”/></a><!–[if !IE]>–> </object><!–<![endif]–> </object>

სტივენ ვაინბერგი – რატომ არის ყველაფერი ისე, როგორც არის?

0

გვერდის პარტნიორია გამომცემლობა “ინტელექტი”

ტეხასის შტატის (აშშ) ფიზიკისა და ასტრონომიის პროფესორ სტივენ
ვაინბერგს (ორ მის კოლეგასთან ერთად) 1979 წელს ნობელის პრემია მიენიჭა ფიზიკის დარგში
უმნიშვნელოვანეს სამუშაოთა იმ ციკლისათვის, რომელმაც ელექტრომაგნეტიზმსა და სუსტ ბირთვულ
ურთიერთქმედებებს შორის კავშირი დაასაბუთა. ამით მან და მისმა თანამშრომელმა მკვლევარებმა
ბუნების
  ოთხი ძირითადი ძალიდან ორი ერთმანეთთან  დააკავშირეს, რითაც მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა
“ერთიანი თეორიის” შექმნის გზაზე.
 უფრო ადრე, 1977 წელს, მის მიერ  გამოქვეყნებული
წიგნით – “პირველი სამი წუთი: თანამედროვე თვალთახედვა სამყაროს წარმოქმნის შესახებ”
– ვაინ ბერგმა ფართო საზოგადოებრიობის
  ყურადღება
მიაპყრო “დიდი აფეთქების” თეორიას.
 ჟურნალისტ ბილ მოიერსისათვის მიცემულ ამ ინტერვიუში, რომელიც მცირეოდენი შემოკლებით
გამოქვეყნდა ჟურნალ “დიალოგი – აშშ”-ში (მოგვიანებით კი ქართულად დაისტამბა
ჟურნალში “მეცნიერება
  და ტექნიკა”),  ნათლად გამოჩნდა ვაინბერგის  მისწრაფება – ბოლომდე გაჰყვეს ლოგიკურ ჯაჭვს – “რატომ
ხდება ასე”.

 

 

– რატომ შეისწავლით ფიზიკას, რას  გძენთ იგი?

– ეს ტვინის შესანიშნავი ვარჯიშია. დღემდე ვერაფრით შევეგუე იმას,
რომ შეიძლება უბრალოდ, საწერ მაგიდასთან მჯომმა, მათემატიკური განტოლებების მეშვეობით
საკუთარი იდეები შეამოწმო და სწორი ან არასწორი ფიზიკური პრინციპების აღმოჩენა შეძლო.
ეს კი ზოგჯერ რეალური სამყაროს შესახებ ახლის თქმის საშუალებას გვაძლევს. შესაძლოა
ექსპერიმენტის  შედეგი  ან ახალი ნაწილაკის არსებობა იწინასწარმეტყველო,
ბუნების ძალების შესახებ ახალი რამ თქვა, ანდა ის, თუ  რა ევოლუციას განიცდის სამყარო. ყოველივე ეს წმინდა
აზროვნების შედეგი  იქნება.


 

ცხადია, ეს მხოლოდ წმინდა აზროვნება არ არის, ყოველთვის ექსპერიმენტული
მონაცემები გვიბიძგებენ  და იმის  იმედი გვაქვს, რომ ჩვენს წინასწარმეტყველებას ექსპერიმენტატორები
შეამოწმებენ და სისწორეს დაადასტურებენ. უფრო ხშირად ეს უბრალოდ წმინდა აზროვნებაა
საწერ მაგიდასთან და საოცარია, რომ ამას რაღაც შედეგი  მოსდევს.

– მართალია, თქვენ იმდენად მცირე ზომის სტრუქტურებთან გაქვთ საქმე,
რომ ისინი მხოლოდ ჩვენს წარმოდგენაში არსებობენ?

დიახ, ასეა, მაგრამ  მათი
აღწერა მათემატიკის საშუალებით მაინც შეიძლება. ამ საგნებს ინგლისურ ენაზე ვერ  აღწერ; ამისათვის  აუცილებელია ხელოვნური ენა, რომელიც მრავალი საუკუნის
მანძილზე ბუნების  შემეცნების ცდის  შედეგია.

ზოგიერთ მათემატიკოსს მიაჩნია, რომ მათემატიკის ენა ღვთიური ენაა
იმ გაგებით,  რომ  მისი  საშუალებით
სინამდვილის საბოლოო ინსტანციის გამოსახვა შეიძლება.

მათემატიკაში არის რაღაც ჯადოსნური,  ხშირად ხდება, რომ ფიზიკოსები, რომლებიც ახალ თეორიაზე
მუშაობენ (ისევე როგორც აინშტაინი მუშაობდა ფარდობითობის ზოგად თეორიაზე),  აღმოაჩენენ ხოლმე, რომ  მათემატიკა მათთვის უკვე მომზადებულია, დამუშავებულია
მათემატიკოსების მიერ,  რომლებსაც ფიზიკაში
მისი  კონკრეტული გამოყენების შესახებ წარმოდგენაც  კი არ ჰქონდათ.

სხვა მაგალითებიც არსებობს. ჯგუფთა თეორია, რომელიც ძალზე მნიშვნელოვანია
მეოცე საუკუნეში ატომური ფიზიკის გაგებისათვის, მათემატიკური პრობლემების გადასაწყვეტად  მეცხრამეტე საუკუნეში წინ გვისწრებენ  და როგორ ხდება ეს, ვერაფრით გაგვიგია.

მრავალი მოსაზრება  არსებობს
იმის  შესახებ, თუ  რატომ არის მათემატიკა ასე ეფექტური. ჩემი  აზრით, ჩვენ ვიმყოფებით გიგანტური განმანათლებელი
მანქანის – სამყაროს გამგებლობაში, რომელიც ძირითადად ალალბედზე მოქმედებს. მილიარდობით
წლის განმავლობაში  ბუნებრივი შერჩევის გზით
მოქმედმა შემთხვევითმა პროცესმა წარმოშვა ფრინველები, ყვავილები და ადამიანები. ასევე
ხდება იდეების ბუნებრივი შერჩევაც – რომელი იდეაა სამართლიანი, რომელი არა; რომელი
მათგანი გამოდგება ბუნების  აღსაწერად. Aმ პროცესს  მათემატიკური იდეების  განვითარებისაკენ მივყავართ იმ შემთხვევაშიც კი,
როდესაც ჩვენ წარმოდგენაც კი არა  გვაქვს, თუ  როგორ შეიძლება მათი ფიზიკაში გამოყენება სწორედ
იმიტომ, რომ ჩვენ ისეთნი ვართ, როგორებიცა ვართ, რადგან სამყაროს მიერ დასმული ამოცანის  ამოხსნის მცდელობის მრავალსაუკუნოვანი გამოცდილება
გვაქვს.

მათემატიკური აღწერა, გარკვეული მოსაზრებით,  უეჭველად საიმედოა. ფიზიკურმა წარმოდგენებმა შეიძლება
საშინელ ხაფანგში მოგვამწყვდიოს, მაგრამ მაინც ყოველთვის ამით ვსარგებლობთ.

– რა გსურთ იცოდეთ სამყაროს შესახებ?

მხოლოდ ერთი რამ: მინდა კონკრეტულად ვიცოდე, რატომ არის ყველაფერი
ისე,  როგორც არის. ჩვენ ხომ ამ მიმართულებით  უკვე საკმაოდ დიდი გზა გავიარეთ. თქვენ თუ შემეკითხებით
– “რატომაა ცა  წითელი?”  ან “რატომაა  წყალი  სველი?”  – ამ  კითხვებს  ნამდვილად ვუპასუხებთ.  მაგალითად, ჩვენი პასუხი  პირველ კითხვაზე დამყარებული იქნება სინათლის გარემოში
გავრცელების თვისებებზე; გრძელი ტალღის მქონე სხივთან შედარებით მოკლე ტალღის მქონე
სინათლის სხივი ჰაერის მოლეკულებისა და მტვრის უმცირესი ნაწილაკების საშუალებით უფრო
მეტად გაიბნევა.

თქვენი  შემდეგი შეკითხვა  იქნება: “რატომ ხდება ეს ასე, რომ ერთი ტალღის
სიგრძის სინათლის სხივი ისე არ გაიბნევა, როგორც მეორე ტალღის სიგრძის სინათლის სხივი?”
ამ კითხვასაც შეიძლება ვუპასუხოთ, ოღონდ ამჯერად უფრო ფუნდამენტური აღწერის საფუძველზე
კვანტური მექანიკის გამოყენებით.

შემდეგ  ჩვენ  ვკითხულობთ: “რატომ არის  ყველაფერი ისე, როგორც
არის?” ჩვენ ხომ დიდი გზა გავიარეთ და გვაქვს ელემენტარული თეორია, რომელიც
გამოსხივების  კვანტურ თეორიასთან შედარებით
უფრო ფუნდამენტურია.

მსურს ყველა ამ “რატომის” ჯაჭვს ბოლომდე ჩავყვე და გავაგრძელო
კითხვები: “რატომაა ასე?” როცა პასუხს მიიღებთ,  იტყვით:

“ძალიან კარგი, მაგრამ რატომაა  ეს ასე?”  საოცარია. ასე ჩვენ შეიძლება ძალზე შორს წავიდეთ და ამ გზაზე  აღმოვაჩინოთ სამყაროს ზოგიერთი
არაჩვეულებრივი კანონზომიერება, მაგალითად, ჩვენ შეიძლება დავინახოთ, რომ  ამ ახსნათა ჯაჭვები  თითქოს ერთ წყაროსთან იყრიან თავს, რადგან თქვენს
კითხვებს – რატომაა ცა ცისფერი ან რატომაა წყალი სველი, ელემენტარულ ნაწილაკებამდე
მივყავართ.

თუ  თქვენ საუბრობთ  ბიოლოგიის ან ასტრონომიის  შესახებ, მოგიწევთ სხვადასხვა
ფაქტის მოშველიება, მაგალითად  ასეთისა: სამყარო  უკვე  რამდენიმე
მილიარდი წლისაა და  მასში უამრავი პროცესი
მიმდინარეობს, მაგრამ, როდესაც თქვენ ფესვებს უახლოვდებით, ამჩნევთ, რომ  ყველაფერი მარტივდება.

– რა გაქვთ მხედველობაში, როდესაც ამბობთ – “მარტივდება”?

– მაგალითად, თუ  თქვენ
ქიმიას ეუფლებით, რწმუნდებით, რომ საქმე  გაქვთ
მილიონობით ნაერთთან. შეიძლება  გაამარტივოთ
ეს სიტუაცია, თუ  შეიმეცნებთ, რომ  ყველაფერი 92 ელემენტამდე დადის. დღეს  ამ  ელემენტების
რიცხვი მეტია,  რადგან ზოგიერთი მათგანი ხელოვნურად
შევქმენით. მაგრამ  ამ  შემთხვევაშიც კი თქვენ შეგიძლიათ ამ ელემენტების
ახსნა გაცილებით უფრო მცირე ნაწილაკების ერთობლიობით.

რაც უფრო სიღრმულ დონეებს აღწევთ, ელემენტარულ ნაწილაკთა რიცხვის
შემცირება არაა აუცილებელი, მნიშვნელოვანია ის, რომ პრინციპები უფრო მარტივდება, ერთობ
მცირეა პრინციპების რაოდენობა ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკაში. ჩვენ იმისი შეგრძნება გვეუფლება, რომ  ნამდვილად ვუახლოვდებით
ფესვებს.

– შეგიძლიათ ამ “რატომს” იმდენად შორს გაჰყვეთ, რომ შეძლოთ
იმის თქმა, თუ რა მოხდა ჩვენი სამყაროს შექმნის პირველი მეასედი წამის ან პირველი სამი
წუთის  განმავლობაში?

– ცხადია, შესაძლებელია, ჩვენი დაკვირვებები ისევე  გამოვიყენოთ, როგორც პალეონტოლოგებმა,  რომლებიც  ცხოველების, ვთქვათ,  დინოზავრების გაქვავებულ ნაშთებს აკვირდებიან და ახდენენ იმის  რეკონსტრუქციას, რაც დედამიწაზე ასი  მილიონი წლის წინათ იყო. ჩვენც ასევე შეგვიძლია
ავიღოთ ჩვენი ნამარხები, რომლებსაც მთელ სამყაროში ვპოულობთ – ნაწილაკები, რადიაცია,
ვარსკვლავების ქიმიური შედგენილობა და ყოველივე ეს იმისათვის გამოვიყენოთ, რათა გავყვეთ
ისტორიას მის საწყის პირველ სამ წუთამდე ან პირველ მეასედ  წამამდე. კოსმოლოგები მიიჩნევენ, რომ პირველი მეასედი
წამიდან მოყოლებული, საკმაოდ კარგად გვესმის სამყაროს ისტორია. თუ უფრო შორს წავალთ,
წავაწყდებით ფიზიკის კიდევ უფრო რთულ პრობლემებს და აქ მეტი  თავშეკავებულობა გვმართებს.

ჩვენ უბრალოდ კვალდაკვალ მივყვებით  ისტორიის მთელ გზას თავისი საწყისისაკენ. ეს სულ
არ წარმოადგენს იმ კითხვის პასუხს, თუ,  საერთოდ,
რატომ გაჩნდა სამყარო, რატომაა “რაღაცა”  “არაფრის” ნაცვლად? ჩვენ არ ვიცით ყოველთვის
ცალკე გამოიყოფა თუ  არა  ეს კითხვა. შესაძლებელია, ბოლოს და ბოლოს, ფიზიკა
და სამყაროს ისტორია გაერთიანდეს და მაშინ აღარ დაგვჭირდება საწყისებზე სპეციალური
წარმოდგენების  შექმნა.

მართლაცდა რამდენიმე წლის წინათ იყო იმის ცდა, რომ გარკვეულიყავით
სამყაროს წონასწორობის თეორიაში, რომლის მიხედვითაც საწყისი არ არსებობს. როგორც
ვთქვი, მეცნიერებაში მიღებული შეიძლება არასწორი აღმოჩნდეს. სამყაროს წონასწორობის
თეორიაც არასწორი აღმოჩნდა, იმის მიუხედავად, რომ ეს თეორია მეცნიერთა ერთ ნაწილს მოსწონდა.

– თქვენს წიგნში წერთ: “თავდაპირველად იყო აფეთქება”.
ეს დეკლარაციული განცხადებაა, რომელიც სხვა შესაძლებლობას გამორიცხავს.

– რას  იზამ, უნდა ვაღიარო,
სადღაც  მაქვს მართლაც ნათქვამი, რომ სამყაროს
განვითარების იმ ფაზაში, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით, თავდაპირველად აფეთქება მოხდა და
იგი ისეთი ტემპერატურ- ისა და სიმკვრივის უკიდურეს პირობებთან იყო დაკავშირებული, რომ
ვერ  შევძელით  ისტორიას უფრო შორს გავყოლოდით; არა  გვაქვს საფუძველი მივიჩნიოთ ამ  “ადრეს” არსებობა,  უფრო ზუსტად, არ ვიცით, იქნებ, იყო კიდეც ეს “ადრე”.  არ შეგვიძლია გვქონდეს ამაზე საბოლოო შეხედულება.

– ჰგავს ეს აფეთქება  ვეებერთელა
შუშხუნას?

– ჰგავს და  არცა ჰგავს.
ეს აფეთქება  შუშხუნას ჰგავდა მხოლოდ იმ აზრით,
რომ აფეთქებისას შუშხუნის  თითოეული ნაწილი
ერთმანეთს  სცილდება.  თუ დავითვლით შუშხუნის  ნაწილაკების რაოდენობას  მოცულობის ერთეულზე,  დროთა განმავლობაში  ეს რიცხვი შემცირდება და სივრცეში გავრცელებისდაკვალად ისინი თანდათან  გაცივდება, მაგრამ შუშხუნა ხომ ისეთ ატმოსფეროში
ფეთქდება, რომელიც სხვა შუშხუნებით არაა გაჯერებული. ამიტომ უნდა  ითქვას, რომ  აფეთქებულ  შუშხუნას გარკვეული ზედაპირი აქვს, რომლის იქითაც
ის აღარ  ვრცელდება. სამყაროს  აფეთქება სხვანაირად წარმოგვიდგენია. როცა ვლაპარაკობთ
სამყაროს შესახებ, წარმოვიდგენთ სივრცეს, როგორც სასრულს, ასევე უსასრულოსაც, მაგრამ
ყოველ შემთხვევაში მეტ-ნაკლებად ერთგვაროვნად შევსებულს მატერიით.  როდესაც ვსაუბრობთ აფეთქების შესახებ, მხედველობაში
გვაქვს ის გარემოება, რომ  მატერიის თითოეული
ნაწილაკი ერთმანეთს სცილდება, სამყარო თანდათან ცივდება და მისი  სიმკვრივე კლებულობს, მაგრამ  მას არავითარი ზედაპირი არ გააჩნია.

– თუ  სამყარო დიდი აფეთქების
შედეგად შეიქმნა, არსებითია თუ  არა  ის,  რომ  ყველაფერი, რაც დღეს  არსებობს, ოდესღაც ერთიანი ძალის ნაწილი იყო?

– მეცნიერისათვის ძნელია იმისი ახსნა, თუ რატომაა საინტერესო სამყაროს
შესახებ ახლის გაგება. ეს უბრალოდ ასეა, როგორც არის. არ ვიცი, როგორ აგიხსნათ,  რატომაა მუსიკა ასე მშვენიერი. იმისი შნო  უნდა  გქონდეთ,
რომ  გაიგოთ, რატომ არის  ყველაფერი ისე, როგორც არის და საიდან  არის ეს ყველაფერი, თუ  ამისი  შნო
და უნარი არა  გაქვთ, ლაპარაკით არაფერი გამოვა.
მგონია, ადამიანი ამ  უნარს ფლობს. ვფიქრობ,
უმრავლესობისათვის ეს კითხვები მიმზიდველია.

– შეგიძლიათ წარმოიდგინოთ სამყაროს ბოლო სამი წუთი?

ეს მეტად  საყურადღებო მეცნიერული  კითხვაა, რამდენადაც იგი თანამედროვე  ასტრონომიულ
დაკვირვებებთანაა დაკავშირებული; ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ  რამდენი მატერიაა სამყაროში. თუ  მატერიის რაოდენობა
საკმარისია, მაშინ სამყაროს გაფართოება შეწყდება და პროცესი უკუმიმართულებით განვითარდება.
მოხდება შეკუმშვა  და  ყველაფერი დიდი ჭახაჭუხით შთაინთქმება.

– ეს დაახლოებით 50 მილიარდი წლის შემდეგ მოხდება?

დიახ, ეს საკმაოდ სწორი შეფასებაა. სინამდვილეში, როდესაც ჩვენ
უკეთესად გვეცოდინება სამყაროში მატერიის სიმკვრივე, შეგვეძლება  იმის  თქმა,
თუ  რამდენად  შორსაა ჩვენგან ეს დიდი ჭახაჭუხი. მეორე მხრივ,  შეიძლება აღმოჩნდეს, რომ შეკუმშვის პროცესისათვის
მატერია არაა საკმარისი და გალაქტიკები გააგრძელებენ  ურთიერთგანმაშორებელ სრბოლას, მაშინ  ყველაფერი სამარადისოდ გაცივდება და მოკვდება.

– შეგიძლიათ გაიხსენოთ, თუ პირველად როდის გაიღვიძა თქვენმა ცნობისმოყვარეობამ
და როდის გადაწყვიტეთ მეცნიერი გამხდარიყავით?

–  ზუსტად ვერ   გეტყვით, მაგრამ  მახსოვს, როცა საშუალო სკოლაში ფიზიკაში პოპულარული
წიგნების კითხვა დავიწყე, ვერც ერთი სიტყვა ვერ გავიგე. ისინი შავ მაგიად – იდუმალებით მოცულად და  მომხიბვლელად მეჩვენებოდა,  მაგრამ ვხვდებოდი, რომ
ასეთ ფიზიკოსებს მართლა შეეძლოთ ისეთი ბუნების მოვლენების წინასწარმეტყველება, რომლებიც შემდგომ იქნა აღმოჩენილი. მათ იწინასწარმეტყველეს
ანტიმატერიის არსებობა  და ის აღმოაჩინეს კიდეც.
მათ იწინასწარმეტყველეს ბირთვების  გახლეჩის
შედეგად ენერგიის მიღების  შესაძლებლობა  და იგი მიიღეს კიდეც. მე  მესმოდა, რომ  ეს არ იყო ცარიელი ლაპარაკი და  მათ ნამდვილად რაღაცა იცოდნენ. “ეს საოცარია”
– ვფიქრობდი მე. ადამიანის ტვინს შეუძლია ჩასწვდეს იდეებს გამრუდებული სივრცისა და
დროის შესახებ, შეიცნოს ელექტრონები, როგორც ტალღები. ყოველივე ეს შეიძლება აბსურდულად
მოგეჩვენოთ, მაგრამ, თუ ამ ჯებირს მაინც გადალახავთ, შეგიძლიათ  რაიმე  მნიშვნელოვანი
თქვათ  რეალური სამყაროს შესახებ.

– ოდესმე თუ  გინანიათ,
მეცნიერი რომ გახდით?

– არა,  ეს წარმტაცი ცხოვრებაა,
იგი გაცილებით რთული აღმოჩნდა, ვიდრე ვფიქრობდი, რადგან უნდა შეეგუო უამრავი  დროის უქმად ხარჯვას; უნდა მიეჩვიო საწერ მაგიდასთან
კირკიტს, იდეებს, რომლებიც თითქმის არასოდეს მართლდება; უნდა ცხოვრობდე იმის იმედით,
რომ  ეს იდეა,  ბოლოს და ბოლოს, გამართლდება.

– სამყაროს თვისებების თქვენ მიერ მიგნებული განჭვრეტიდან რომელმა
გაგაოცათ  ყველაზე  მეტად?

– ბუნების სიმარტივემ. ეს უფრო ხშირად სიმეტრიის პრიციპებითაა განპირობებული.
მაგალითად, ბუნების კანონებში ისეთი არაფერია ჩადებული, რომ  გავარჩიოთ ჩრდილოეთი აღმოსავლეთისაგან. არც ბუნების  ფუნდამენტურ კანონებშია მოცემული  განსხვავება ელექტრონსა და ნეიტრონს შორის. ალბათ,
ბუნების  კანონები  არ იცვლება, როდესაც ნეიტრონში ან ელექტრონში გარდაქმნები
ხდება.

სიმეტრიის ეს პრინციპები დიდი ხანია ცნობილია. ისინი ერთობ დიდი
ძალისანი  არიან, რადგანაც ბუნების  კანონთა ფორმას კარნახობენ. ალბათ, შეიძლება ეს
ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი რამ იყოს მათ შორის, რაც კი ფიზიკაშია ცნობილი.

– ყველაზე მნიშვნელოვანი? ამით რა გსურთ თქვათ?

–  ყველაზე  მნიშვნელოვანი იმ გაგებით,   რომ,  თუ   თქვენ გააგრძელებთ შეკითხვას  “რატომ”, აუცილებლად მიხვალთ სიმეტრიის
პრინციპებამდე. ყველა  იმ აღმოჩენას შორის,
რომლებშიც მონაწილეობა  მიმიღია, ყველაზე დიდი
სიამოვნება იმ აღმოჩენამ მომანიჭა, რომ სიმეტრია მართლაც გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია,
ვიდრე ამის წარმოდგენა შეიძლებოდა.

– და რას  გძენთ იგი?

იმას, რომ ბუნება გაცილებით უფრო მარტივი და თვალწარმტაცია, ვიდრე
ეს ადრე ეგონათ.  თუ  გადახედავთ ელემენტარული ნაწილაკების ცხრილს, შეამჩნევთ სხვადასხვა მასისა და თვისებების
იდუმალი ნაწილაკების ერთობლიობას. ყველაფერი ეს ვეებერთელა ზოოპარკს მოგვაგონებს და
თქვენ მას ვერაფერს გაუგებთ. შემდეგ შეიძლება გაარკვიოთ,  რომ  ფუძემდებელი
პრინციპები  საკმაოდ მარტივია და ყველა ეს ნაწილაკი
ძალზე მარტივი განტოლებების მხოლოდ სხვადასხვა ამონახსენს წარმოადგენს…

როდესაც ბოლოს და  ბოლოს
ბუნების  ძირითად კანონებამდე მივალთ, ისინი
იმდენად მარტივი და მშვენიერი  იქნება, რომ  ჩვენ გაგვაოცებს, თუ  რატომ არ იყო ეს თავიდანვე  ცხადი.

– ვისთან ისაუბრებდით ცხოვრების სირთულეებზე: შექსპირსა თუ  აინშტაინთან?

– ცხადია, ცხოვრების სირთულეებთან დაკავშირებით შექსპირს მივმართავდი.

–  აინშტაინს, ალბათ, სიმარტივის  შესახებ დაუსვამდით შეკითხვას?

– დიახ,  რომ  გამეგო, თუ რატომაა  საგნები  ისეთი, როგორიც არის, ის კი არა,  თუ  რატომ არიან ადამიანები ასეთები  (რადგან, ეს რომ  გავიგოთ, აუცილებელი იქნება მიხვედრების ძალზე დიდი
ჯაჭვი),  მაგრამ ცხოვრების არსში რომ გავერკვეთ,
ორივე საჭიროა, შექსპირიცა და  აინშტაინიც. შექსპირი შეიცნობდა ცხოვრებას, როგორც დრამას.
პერსონაჟები, რომლებიც უდიდესი მოვლენების მონაწილე იყვნენ, თავიანთ თავს დრამაში მონაწილე
მსახიობებად შეიცნობენ, ხოლო ცხოვრება ამით დამატებით ცოდნას იძენს. ჩემი აზრით, შესანიშნავია
საკუთარი თავის შეცნობა დრამის გათამაშებაში და, როდესაც ამას ვაკეთებთ, არ შეგვიძლია
მეცნიერული აღმოჩენები აღვიქვათ,  როგორც ჩვენი
დრამის სცენარი.

– ხშირად მესმის ხოლმე გამოთქმა: “ეს  ლამაზი თეორიაა”, მაგრამ არასოდეს მიფიქრია,
თუ  რა ხდის თეორიას ლამაზს.

– “ლამაზი  თეორია”  – ეს არცთუ ისე  მოსწრებული გამოთქმაა,  რადგან მასში გადაკვრით
არის ნათქვამი, რომ  ფიზიკოსები უბრალოდ ესთეტები
არიან, რომ  ჩვენ ვირჩევთ ისეთ თეორიებს, რომლებიც
ჩვენს ფანტაზიას აღაგზნებენ. გარკვეული მოსაზრებით, ეს შეიძლება სონატის სილამაზეს
შევადაროთ. ეს სილამაზეა, რომელშიც ცოდნაა ნავარაუდევი, რომ  ყველაფერი ისეა, როგორც
უნდა  იყოს, რომ  არ შეიძლება თუნდაც ერთი ნოტის შეცვლა ისე, რომ  არაფერი გაფუჭდეს,  მაგრამ  ხელოვნების ყოველი ნაწარმოები შეიცავს  მსგავს თვისებას.  შექსპირის პიესები უდიდესი  და რთული ნაწარმოებებია, რომლებიც გარკვეულწილად
ცხოვრების სირთულეებს ასახავენ, მაგრამ, თუ ავიღებთ  შედარებით ნაკლებად მასშტაბურს, მაგალითად  სონეტს, იმის  შეგრძნება დაგეუფლებათ, რომ მასში
არაფრის შეცვლა არ შეიძლება, რომ იგი სრულყოფილია იმ სახით, როგორიც არის; არ შეიძლება
მისი გაუმჯობესება. სწორედ ამას ვეძებთ ჩვენ ფიზიკურ თეორიაში.

– ამჟამად მიმზიდველია ფიზიკოსობა?

– დიახ, რასაკვირველია, მაგრამ ელემენტარული ნაწილაკების პრობლემების სფეროში მომუშავე  ფიზიკოსებისათვის  არც ისე წარმტაცი, როგორც ამ  თხუთმეტიოდე წლის წინათ.  იმ დროს თეორიასა და  ექსპერიმენტს შორის ძალზე აქტიური ურთიერთობა არსებობდა.
ყოველდღიურად თეორეტიკოსები რაღაც ახალს წინასწარმეტყველებდნენ, რომელსაც შემდეგ ექსპერიმენტატორები
ადასტურებდნენ ან ექსპერიმენტატორები აღმოაჩენდნენ რაღაც ახალს და თეორეტიკოსებს აიძულებდნენ
საწერ მაგიდას მისხდომოდნენ. ეს ურთიერთობა შესუსტდა. ჩვენ გვაქვს  თეორია, რომლის საშუალებითაც საკმაოდ დამაკმაყოფილებლად
შეგვიძლია ავხსნათ ყველაფერი, რასაც ლაბორატორიაში ვხედავთ, მაგრამ არა  გვაქვს იმ ექსპერიმენტების ჩატარებისათვის საჭირო
დანადგარები, რომლებიც ჩვენი დღევანდელი ცოდნის საზღვრებს გააფართოებდა.

– თქვენ და რამდენიმე ფიზიკოსმა აშშ-ის მთავრობას მიმართეთ  წინადადებით, აგებულიყო რაღაც ზეგამტარული  ზეამაჩქარებელი, რომელიც 4-5 მლრდ. დოლარი უნდა  დაჯდეს. რა არის ეს?

– ეს გახლავთ 85 კმ  სიგრძის
მიწისქვეშა ოვალური გვირაბი. გვირაბში, რომლის სიგანე  დაახლოებით 3 მ-ია, უნდა  აჩქარდეს ნაწილაკების ორი ნაკადი.  ეს ნაწილაკები ერთმანეთის საწინააღმდეგო  მიმართულებით მოძრაობენ. მათი სიჩქარე  თანდათანობით იზრდება და ამიტომ ამ დანადგარს ამაჩქარებელი  ეწოდება. როცა ნაწილაკების  ენერგია 20 ტრილიონ  ელექტრონვოლტს  მიაღწევს, ნაწილაკების ამ ორ ნაკადს ერთმანეთს შეაჯახებენ
და ჩვენ მატერიის ახალი ფორმის მიღებას შევძლებთ.

ეს უნიკალური დანადგარი საშუალებას მოგვცემს გამოსაკვლევი ნაწილაკების
ენერგია 10-ჯერ გავზარდოთ. ამ დროს ფიზიკური მოვლენების ახალი სამყარო გადაიშლება.
ეს იგივეა, რომ ასტრონომმა ცა  ახალი ტალღის
სიგრძის  საშუალებით გამოიკვლიოს ან მყარი სხეულების
ფიზიკის დარგში მომუშავე მეცნიერს საშუალება მიეცეს 10-ჯერ შეამციროს ტემპერატურა.
ყოველთვის, როდესაც ასეთი შესაძლებლობა იქმნება, ხდება ფიზიკური მოვლენების მთელი ახალი
სამყაროს აღმოჩენა.

ზედამჯახებელი მომგებიანი საწარმოა. მისი  საშუალებით გარკვეულ  კითხვებს გავცემთ  პასუხს, მაგრამ,  როგორც გამოცდილებით ვიცით, ის კითხვები კი არ
აღმოჩნდება ყველაზე მნიშვნელოვანი, რომლის პასუხებსაც ელით, არამედ ის, რომელთა შესახებ შეიძლება წარმოდგენაც კი არ გქონდათ. ეს არის მოვლენების ახალი სამყაროს აღმოჩენა. აქ პრობლემაა არა  ჩვენი სამუშაოების ეფექტიანობის გაზრდა, არამედ,
საერთოდ, სამუშაოების ჩატარების შესაძლებლობა. თუ თქვენ გსურთ ფიზიკის ძირითადი კანონების ცოდნა, მაშინ ეს ერთადერთი გზაა. მე  არ მსურს ვამტკიცო, რომ ფიზიკაში ყველაფერი უმოძრაოდაა და ყველა ზედამჯახებელს ელოდება.
მრავალი რამეა ისეთი, რომელიც უიმისოდაც შეიძლება გაკეთდეს.  მაგრამ არსებობს განსაზღვრული კითხვა – “რატომ?”,
“რატომ?”, რატომ”?” რომელსაც ახსნათა ჯაჭვის სულ ბოლო რგო- ლამდე
მივყავართ, მასზე პასუხის მიღება მხოლოდ ასეთი დანად- გარის  საშუალებითაა შესაძლებელი.
ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკის  დარგში  მომუშავე ამერიკელი  მეცნიერები  არ ეჭვობენ, რომ  საჭიროა სწორედ ასეთი  ამაჩქარებლის აგება.

– რას  უპასუხებდით იმ მეცნიერს,  რომელიც განაცხადებდა, რომ  ფუნდამენტური აღმოჩენისათვის  უფრო იაფი მეთოდები არსებობს,  ვიდრე ეს გიგანტური პროექტებია?

– ეს სწორედ ის კითხვებია, რომლებზედაც პასუხის გაცემის სხვა გზა
არ არსებობს. ჩვენ შევეცადეთ. მზად ვარ ყველაფერი ეს მარტომ გავაკეთო. მომეცით რამდენიმე
ფანქარი და ხაზებიანი რვეული და მუშაობას შევუდგები. ჩემზე არცთუ ისე ბევრი დაიხარჯება.
მაგრამ ვერ  შევძლებ  ამის გაკეთებას. ვცდილობდი, მაგრამ ვერც მე, ვერც
ჩემი კოლეგები ვერაფერს გავხდით. მხოლოდ წმინდა აზროვნებაზე დაყრდნობით წინ ნაბიჯს
ვეღარ  გადავდგამთ.

რატომ უნდა დაიხარჯოს
მილიარდობით დოლარი იმისათვის, რომ  გავიგოთ,
თუ რა მოხდა ჩვენი სამყაროს არსებობის პირველი მეასედი წამის განმავლობაში  ან ფართოვდება თუ  არა  ჩვენი
სამყარო?
– რას  უპასუხებდით იმ ადამიანს, რომელიც შეშფოთებულია მისი გადასახადების მნიშვნელოვანი ზრდით? 

– ჩვენს საზოგადოებაში მრავალი ისეთი რამაა, ურომლისოდაც შეიძლება
არსებობა,  მაგრამ არის ისეთიც, რისთვისაც ღირს  სიცოცხლე და, ვფიქრობ, რომ  სამყაროს შეცნობა ერთ-ერთი ასეთი რამაა.

ამასთანავე,  არ შეიძლება  თანამედროვე ტექნოლოგიის  განვითარება ფართო მეცნიერული
სპექტრის არსებობის გარეშე, ფუნდამენტურიდან დაწყებული და გამოყენებითი  მეცნიერული მიმართულებებით დამთავრებული. ჩვენი
კონკურენტებიც ამ დასკვნამდე მივიდნენ.  ჩვენ
მივიჩნიეთ,  რომ  ფუნდამენტური მეცნიერებები აუცილებელია, როგორც  საფუძველი, რომელზედაც აგებულია ტექნოლოგია. უსაფუძვლოდ
მას  ფუნქციონირება არ შეუძლია. შემიძლია ზედამჯახებლის
პრაქტიკული გამოყენების რამდენიმე მაგალითის მოყვანა. მაგრამ ამ პროექტის დასაცავად
მე არ ვაპირებ მათზე დაყრდნობას. ამ  პროექტის
სულიერი ღირებულებების მიმართ ეს არასამართლიანად მეჩვენება.

– სულიერი ღირებულებები?

– და კიდევ რა?  ჩვენ აღმოვაჩენთ,  თუ  რა არის
ეს სამყარო და როგორია მისი წესები. ეს დიდ კმაყოფილებას მოჰგვრის არა მარტო ფიზიკოსებს,
რომლებმაც თავიანთ მუშაობაში შეიძლება გამოიყენონ მიღებული ცოდნა, არამედ საერთოდ ყველას…
ეს ისაა, რითაც ჩვენ ვამაყობთ, ისევე, როგორც ჩვენ ვამაყობთ  ველური ბუნების შენარჩუნებით, ვამაყობთ, რომ  ასეთ რამეებს ვახერხებთ.

– ახლა ქრისტეფორე კოლუმბი რომ დაბრუნდეს და დაიწყოს ახალი სამყაროს
ძიება, როგორ გგონიათ, ის ფიზიკოსი გახდებოდა?

– ქრისტეფორე კოლუმბი, ალბათ, გამოყენებითი ფიზიკის დარგში დაიწყებდა
მუშაობას, რადგან მის მიერ ინდოეთის აღმოჩენა ფრიად ეკონომიკურ ინტერესს – ახალი სავაჭრო
გზების გამოძებნას ემსახურებოდა.

– ანალოგია აქ ისაა,  რომ  თქვენ დგახართ ახალი სამყაროს აღმოჩენის ზღურბლთან

– არა ატლანტის ოკეანის გაღმა მდებარე კონტინენტისა, არამედ ახალი სამყაროსი, სადღაც
იქ, კოსმოსში. თქვენ ხომ ამას ეძებთ?

– ვიმედოვნებთ  რაიმე  გავიგოთ ახალი სამყაროების  შესახებ.

ლაბორატორიებში მართლაც ვქმნით ახალ სამყაროს. ვქმნით ისეთ ნაწილაკებს,
რომლებიც, ალბათ, არასოდეს და არსად არ არსებობდნენ ჩვენი სამყაროს პირველი მემილიონედი
წამის შემდეგ, მაგრამ ამას იმიტომ ვაკეთებთ, რომ ვცდილობთ იმ კითხვებზე პასუხის გაცემას,
რომლებიც “რატომის” ჯაჭვის ბოლოშია. რატომ არის სამყარო ისეთი, როგორიცაა?
ვცდილობთ სწორედ სამყაროს შეცნობას. ჩვენ  ლაბორატორიებში
ვქმნით სრულიად ხელოვნურ პირობებს, მაგრამ იმისთვის კი არა, რომ ნაწილაკების ერთმანეთთან
შეჯახება მოგვწონს, არც იმისათვის, რომ ყველაზე მძიმე და ყველაზე ეგზოტიკური ნაწილაკების
მიღებაში მსოფლიო რეკორდების დამყარება გვინდა, არამედ მხოლოდ იმისათვის, რომ ვცადოთ პასუხი  გავცეთ ამ გრძელი ჯაჭვის ბოლო “რატომს”.

– და ეს ბოლო “რატომ” არის?

 

– ბოლო “რატომამდე” ჩვენ ჯერ კიდევ არ მივსულვართ. უნდა მეთქვა არა  ბოლო, არამედ ბოლო ცნობილთა შორის.

ზოგჯერ ჩვენ თავს ვეკითხებით, მივალთ კი ოდესმე ბოლომდე, ნამდვილად
ბუნების  ბოლო კანონამდე, რომელსაც ზოგჯერ “ყველაფრის
თეორიას” უწოდებენ. ზოგი ფიქრობს, რომ ეს პრინციპული თვალსაზრისით შეუძლებელია.
სხვებს მიაჩნიათ, რომ შესაძლებელია, მაგრამ გაცილებით უფრო ადრე ჩვენ ყველა ფული შემოგვეხარჯება
და პასუხსაც  ვერ  გავიგებთ, რადგან ვერც  შევძლებთ ჩვენს თავს ამდენი
ხარჯის ნება მივცეთ. არსებობს მოსაზრება, რომ უბრალოდ, ადამიანი არასაკმარისად მოაზროვნე
არსებაა, ისე, როგორც ძაღლს არ შეუძლია გაიგოს ნიუტონის მექანიკა, იქნებ, ჩვენც არა  გვაქვს იმისი საშუალება, რომ  გარკვეული ზღურბლი გადავლახოთ.
სხვა შესაძლებლობაც არსებობს, რომელიც მე ჩემი ცხოვრების ძირითად პრინციპად გავიხადე.
ის იმ რწმენას ემყარება, რომ ჩვენ მივაღწევთ ბოლოს, “რატომის” ჯაჭვის ბოლო
რგოლს, და იქ ვიპოვით რამდე- ნიმე მარტივ პრინციპს, რომლებიც ყველაფერს მართავენ.

ეს ყველა სამეცნიერო პრობლემას მაინც ვერ  გადაწყვეტს. მეცნიერება  ყოველთვის გააგრძელებს თავის არსებობას.  ამას  ხაზი მინდა გავუსვა, რადგან არ მინდა ისეთი შთაბეჭდილება
შეიქმნეს, თითქოს ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკა – ეს მთელი მეცნიერებაა. ბუნების  ყოველ დონეზე ახალი პრობლემები ჩნდება, თუნდაც იმიტომ,
რომ განვითარების ამ დონეზე ბევრი სიახლე წარმოიქმნება. როდესაც თქვენ ადამიანებთან
გაქვთ საქმე, თქვენ ბიოლოგიისა და პიროვნების საკითხები გაინტერესებთ, რომლებიც  საერთოდ
არ წარმოიქმნება, როცა საქმე ატომებსა და მოლეკულებთან  გაქვთ.

– მაგრამ, როცა თქვენ საქმე გაქვთ ისეთ ნაწილაკებთან, რომელთა მხოლოდ
წარმოდგენა შეიძლება, საიდან  იცით, რომ მართალი
ხართ?

– ძირითადი პასუხი  ამ  კითხვისა ისაა,  რომ  თქვენ
ექსპერიმენტის  განაჩენიდან გამოდიხართ. საერთოდ  ეს სწორი პასუხია. მაგრამ კერძო შემთხვევაში თქვენ
იცით, რომ მართალი ხართ, რადგან ყველაფერი ერთმანეთს ისე მშვენივრად ემთხვევა, რომ
ეს აუცილებლად ასე უნდა იყოს. ზოგჯერ, როგორც ამას აინშტაინის “ფარდობითობის სპეციალური  თეორიის” შემთხვევაში ხდებოდა, თქვენ გარკვეული  დროის განმავლობაში  იღებთ ისეთ შედეგებს, რომლებიც ექსპერიმენტულ  მონაცემებს ეწინააღმდეგება  მანამ, სანამ  ექსპერიმენტატორები  არ შეაჯამებენ თავიანთ შედეგებს და  ცდის შედეგები თეორიულს  არ დაემთხვევა, მაგრამ, ბოლოს
და ბოლოს, რაც არ უნდა  ლამაზი იყოს თეორია,
თუ  სხვადასხვა ლაბორატორიაში  ჩატარებული ექსპერიმენტების შედეგები  დაბეჯითებით მიუთითებენ, რომ  თეორია არასწორია, იძულებული ვხდებით, უარვყოთ ეს თეორია.

იუნკრები – საამაყო ქართული ისტორია

0
“ეს სანახაობა იმდენად ტრაგიკული იყო, რომ გაოცებასთან შეერთებული მოკრძალების გრძნობას იწვევდა კომუნისტებისა და წითელარმიელების რიგებში და ახალ ადმინისტრაციას აზრადაც არ მოსვლია, ამ პროცესიისათვის ხელი შეეშლა”, – იხსენებდა გერონტი ქიქოძე. იდგა 1921 წლის 26 თებერვალი, საქართველოს გასაბჭოების მეორე დღე. თბილისელებმა რუსთაველის პროსპექტზე დიდი სამგლოვიარო პროცესია გამართეს. წინ მოჰქონდათ შავი კუბოები, რომლებშიც ქართველი ჭაბუკების ცხედრები ესვენა, ხოლო უკან მდუმარე და თავჩაქინდრული ხალხი მოაბიჯებდა. თბილისი კოჯორ-ტაბახმელას მიდამოებში დაღუპულ იუნკრებს და 20 წლის მოწყალების დას – მარო მაყაშვილს დასტიროდა. 20-23 წლის იუნკრები რუსთაველის გამზირზე ალექსანდრე ნეველის სახელობის ეკლესიის ეზოს მიაბარეს. დღეს ამ ადგილზე საქართველოს პარლამენტის შენობაა.
იუნკერთა სკოლა

იუნკერი (ჟუნკერ) გერმანულად თავადაზნაურული წარმოშობის უნტერ-ოფიცერს ნიშნავს. თუმცა ქართულ იუნკერთა სკოლის ისტორია არა გერმანიას, არამედ მეფის რუსეთს უკავშირდება. იმხანად თბილისის იუნკერთა სასწავლებელში მეფის არმიისთვის საშუალო რანგის ოფიცრებს ამზადებდნენ. დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ გადაწყდა, ეროვნული არმიისა და მაღალი ჩინის ოფიცერთა კორპუსის შესაქმნელად გახსნილიყო ქართული სამხედრო სკოლა, რომელსაც იუნკერთა სასწავლებელი დაერქვა. ამ იდეის განხორციელება ბრწყინვალე მხედართმთავარს, გენერალ გიორგი კვინიტაძეს დაევალა. 1919 წლის აგვისტოში იუნკერთა სკოლას 90 მსმენელი უნდა მიეღო, რომლებიც ოთხ ძირითად სპეციალობაზე განაწილდებოდნენ: სამოცი კურსანტი ქვეითი ჯარის განყოფილებაში ჩაირიცხებოდა, თხუთმეტი საარტილერიო საქმეს შეისწავლიდა, ათს საინჟინრო საქმეში მოამზადებდნენ, ხოლო ხუთს – კავალერისტად. კურსანტები სკოლაში სწავლების ორწლიან კურსს გადიოდნენ. სასწავლებელში დღე დილის 6 საათზე იწყებოდა. იუნკრებს სამხედრო საქმის ისტორიას, ტოპოგრაფიას, ფორტიფიკაციას, ტაქტიკას და სხვა სამხედრო საგნებს ასწავლიდნენ. დილით თეორიული მეცადინეობა იმართებოდა, შუადღის შემდეგ კი სროლაში, ჯირითსა და სამწყობრო საქმეში ავარჯიშებდნენ. სკოლის პროგრამაში საერო საგნებიც შედიოდა. ისტორიაში ლექციებს უნივერსიტეტის პროფესორი ივანე ჯავახიშვილი კითხულობდა, მწერალი ვასილ ბარნოვი კი იუნკრებს ლიტერატურაზე ესაუბრებოდა. სკოლის ხელმძღვანელი გიორგი კვინიტაძე მომავალ ოფიცრებს ტაქტიკისა და სამხედრო ისტორიის კურსს უკითხავდა.

მასწავლებლებს სკოლაში სასაცილო ხელფასს უხდიდნენ, მათი ჯამაგირი ტრამვაის ბილეთსაც კი არ ჰყოფნიდა, მაგრამ ისინი ქვეყნის წინაშე თავიანთ მოვალეობას მაინც პირნათლად იხდიდნენ. მაგალითად, გენერალი გიორგი კვინიტაძე თვეში 9 ათას მანეთს იღებდა, მაშინ როდესაც გირვანქა პური თბილისში – 750, კილოგრამი კარაქი – 4 ათასი, ხოლო ხორცი 12 ათასი მანეთი ღირდა. გაჭირვების მიუხედავად, იუნკერთა სკოლაში სასწავლო პროცესი ერთი დღითაც არ შეწყვეტილა.

ქართულ არმიაში იუნკრებს გამორჩეული ადგილი ეკავათ. ეს იყო ყველაზე დისციპლინირებული და ბრძოლისუნარიანი ქვედანაყოფი. ლამაზ ფორმაში გამოწყობილ ახალგაზრდა კურსანტებს საზოგადოება სიყვარულით ეკიდებოდა. არ ყოფილა შემთხვევა, იუნკერს ქალაქში წესრიგი დაერღვიოს. თბილისში უცხოური დელეგაციის ჩამოსვლისას იუნკრებს, როგორც საჩვენებელ ნაწილს, საპატიო ყარაულში აყენებდნენ.

გარდა ოფიცრებისა, იუნკერთა სასწავლებელი უნტერ-ოფიცრებსაც ამზადებდა. იმხანად უნტერ-ოფიცრებს ქართულ შესატყვისს – ნაცვლებს (დღევანდელი სერჟანტები) უწოდებდნენ. ნაცვალთა კურსებზე სკოლამ პირველი შევსება 1919 წლის 15 ნოემბერს მიიღო – დაახლოებით 800 მსმენელი. იუნკრებისგან განსხვავებით, ნაცვალთა კურსი სულ ექვსთვიანი იყო, რის შემდეგაც მათ მოქმედ არმიაში ანაწილებდნენ.

1919 წლის 27 აპრილს გიორგი კვინიტაძე საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად დაინიშნა. მის ნაცვლად სასწავლებლის ხელმძღვანელი გენერალი ალექსანდრე ანდრონიკაშვილი გახდა.

საბრძოლო ნათლობა

 

1920 წლის აპრილის მიწურულს, აზერბაიჯანის ძალისმიერი გასაბჭოების შემდეგ, ბოლშევიკურმა რუსეთმა მსგავსი ოპერაციის ჩატარება საქართველოს წინააღმდეგაც გადაწყვიტა. XI არმია საქართველოს საზღვარს 30 აპრილს მოადგა. გეგმის თანახმად, საზღვარზე სამხედრო მოქმედებების პარალელურად თბილისში ადგილობრივ კომუნისტებს მთავრობის საწინააღმდეგო გამოსვლები უნდა გაემართათ და სტრატეგიული ობიექტები დაეკავებინათ. 1920 წლის 1 მაისს, დაახლოებით ღამის 2 საათზე, ბოლშევიკები იუნკერთა სამხედრო სკოლაში შეიჭრნენ. თავდასხმის მიზანი იუნკრებისა და ნაცვალთა ბატალიონის ბოლშევიკთა მხარეზე გადაბირება და სასწავლებელში არსებული იარაღის ხელში ჩაგდება იყო. ბოლშევიკთა ოცდაათკაციანი შეიარაღებული ჯგუფი იარაღის საწყობში შევარდა. თუმცა ნახევარსაათიანი ბრძოლის შემდეგ კურსანტებმა სკოლა გაათავისუფლეს. თავდასხმის დროს დაიღუპა იუნკერი მიხეილ მაყაშვილი.

თავდასხმის მეორე დღეს მთავრობამ იუნკრებს სიმამაცისთვის მადლობა გადაუხადა.
ამის შემდეგ ქართველ იუნკრებს ბოლშევიკბთან შეტაკება კიდევ რამდენჯერმე მოუხდათ, თუმცა მთავარი ბრძოლა 9121  წლის თებერვალში საქართველოში მე-11, მე-9, მე-3, მე-13 არმიების, ბუდიონისა და ჟლობის კავალერიების შემოჭრისას გაიმართა.

კოჯორ-ტაბახმელა – საბედისწერო ბრძოლა

 

1921 წლის 11 თებერვალს საქართველოს წითლებმა რამდენიმე მიმართულებით, მათ შორის ზერბაიჯანის მხრიდანაც შეუტიეს. ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა. მიუხედავად იმისა, რომ იუნკრებმა ომის პირველსავე დღეებში მოითხოვეს ფრონტზე გაგზავნა, ისინი ბრძოლაში მხოლოდ 17 თებერვალს გაიწვიეს. სამხედრო სკოლას ფრონტზე 560 მებრძოლი გაჰყავდა. გარდა შაშხანებისა, იუნკერთა შეიარაღებაში შედიოდა ორი სამთო, ორი საველე ზარბაზანი და ექვსი ტყვიამრფქვევი.

ბრძოლის ველზე გამგზავრების წინ იუნკრებს სიტყვით სკოლის ხელმძღვანელმა, გენერალმა ალექსანდრე ანდრონიკაშვილმა მიმართა:

“ყმაწვილებო! ბედნიერი ვარ მოგილოცოთ, რომ საშუალება გეძლევათ, თქვენი მოქმედებით დაადასტუროთ თქვენი სურვილი სამშობლოს სამსახურისა. მე, თქვენს მასწავლებელს და უფროსს, ეჭვი არ მეპარება, რომ ზუსტად შეასრულებთ მხედრულ მოვალეობას და პირნათლად წარსდგებით ქართული ისტორიის სამსჯავროს წინაშე. არ დაივიწყოთ ველად ყოფნისას, რომ ყოველ თქვენს ნაბიჯს მოწმედ ეყოლება იგივე ცა, მიწა და ბუნება, რომელიც არაერთხელ გაკვირვებულა ქართველთა გმირობით და უდრეკლობით სიკვდილის წინაშე. გაუმარჯოს ჩვენს საქმეს, გაუმარჯოს საქართველოს და ქართულ ჯარს ვაშა!”

ხალხი ცრემლითა და ყვავილებით მიაცილებდა თხელ პალტოებში გამოწყობილ, მწყობრი ნაბიჯით მიმავალ 20-23 წლის ბიჭებს. სკოლის კოლონას ცხენით ანდრონიკაშვილი და სასწავლებლის ოფიცრები მიუძღოდნენ. შემდეგ მიდიოდნენ ქვეითები, არტილერისტები და ცხენოსნები. მწკრივს უნტერ-ოფიცერთა ახალწვეული ბატალიონი ასრულებდა.

თბილისის დაცვის ხაზი სამ ძირითად რაიონად იყოფოდა. იუნკრები დედაქალაქის მარჯვენა ფრთას ამაგრებდნენ. მათ ტაბახმელიდან კოჯრამდე არსებული რვაკილომეტრიანი მონაკვეთი უნდა დაეცვათ.

17 თებერვლის ღამემ იუნკერთა პოზიციებზე მშვიდად ჩაიარა. იმ ღამეს ყინვა 8-9 გრადუსს აღწევდა. თბილი ტანსაცმლის გარეშე მყოფი მებრძოლები სანგარში გათბობას სიმღერითა და ცეკვით ცდილობდნენ. ბოლშევიკებს ტაბახმელის პოზიციებზე იერიში არც მეორე დღეს მიუტანიათ. იუნკერთა პოზიციებზე პირველი მასირებული შეტევა 19 თებერვალს დაიწყო. როდესაც ბოლშევიკებმა სოღანლუღთან მაზნიაშვილის დაცვა ვერ გაარღვიეს, მათ მთელი ძალები ტაბახმელის მონაკვეთისკენ მიმართეს. მტერმა იერიში დილის 8 საათზე მიიტანა. იუნკერთა რიგებში პირველი მსხვერპლი გამოჩნდა – მოკლეს მაიორი ანანიაშვილი. 12 საათისთვის მოწინააღმდეგე ხიშტით შეტევაზე გადავიდა, მაგრამ სანგრებამდე ვერ მიაღწია – იუნკერთა ტყვიამფქვევმა მტერი შეაჩერა. თუმცა რამდენიმე საათში მდგომარეობა გართულდა. რუსებმა იუნკრების გვერდით სახალხო გვარდიის პოზიციები გაარღვიეს და სოფელი წავკისი დაიკავეს. კურსანტების ერთი ოცეული გაშლილ მინდორზე კონტრიერიშზე გადავიდა. მიუხედავად იმისა, რომ მოწინააღმდეგემ ინტენსიური ცეცხლი გახსნა, არც ერთი იუნკერი არ დაწოლილა. ხელჩართულ ბრძოლაში იუნკერთა სკოლის ოცდასამმა კურსანტმა მოწინააღმდეგის ასეული დაამარცხა. მტერი უკუიქცა და ბრძოლის ველზე უამრავი მოკლული დატოვა. იუნკრებს რვა კაცი დაეღუპათ, მათ შორის – კაპიტანი ქარუმიძე და კაპიტანი თოიძე.

ბოლშევიკების გააფთრებული იერიშების მიუხედავად, იუნკრებმა პოზიციების შენარჩუნება შეძლეს. ქართველი მებრძოლები ყოველდღე მტრის სამ შეტევას მაინც იგერიებდნენ. რუსებთან ერთად იუნკრები სახალხო გვარდიასაც ებრძოდნენ. 24 თებერვალს 152 იუნკრიდან მწყობრში მხოლოდ 85 იყო დარჩენილი.

მე-11 არმია გადამწყვეტ შეტევაზე გადავიდა. ტაბახმელისკენ გადაისროლეს ბაქოს წითელ კურსანტთა ბრიგადა, რომელსაც ყველაზე აგრესიული კომკავშირლებისგან შედგებოდა.

შალვა ერისთავი

გააფთრებული ბრძოლების შედეგად წითელმა კურსანტებმა ნაცვალთა ბატალიონის შევიწროება მოახერხეს და მათი სანგარი დაიკავეს. ღია მინდორზე კონტრიერიშზე გადასულ ქართველ იუნკრებს რუსებმა დაკავებული სანგრიდან ტყვიამფქვევით უპასუხეს. გარდაუვალი დაღუპვისგან ქართველ იუნკერთა ასეული კურსანტმა შალვა ერისთავმა იხსნა. თბილისში ფეხბურთის საუკეთესო მოთამაშე და შეუდარებელი მორბენალი,22 წლის შალვა ერისთავი სანგარში შევარდა, ხიშტით განგმირა მემიზნე ოფიცერი და ტყვიამფქვევი საკუთარი სხეულით დაფარა. ამის შემდეგ ქართველებმა სანგარი დაიბრუნეს.

მარო მაყაშვილი

 

იუნკრებთან ერთად 19 თებერვალს დაიღუპა მოწყალების და მარო მაყაშვილიც. იგი საარტილერიო დაბომბვას შეეწირა. მარო, რომელიც ცნობილი პოეტის კოტე მაყაშვილის შვილი იყო, ფრონტზე მოხალისედ ჩაეწერა. უნივერსიტეტის სიტყვიერებისა და სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტისთვის სამშობლო ყველაფერზე წინ იდგა. როდესაც ომი დაიწყო, მარო წითელი ჯვრის რაზმში ისე ჩაეწერა, რომ ოჯახში არავინ იცოდა. მშობლებმა მისი გადარწმუნება ვერ შეძლეს. უკანასკნელი წერილი მარო მაყაშვილმა სახლში 18 თებერვლის საღამოს გაგზავნა. როდესაც მეორე დღეს ოჯახის წევრებმა წერილი მიიღეს, მარო უკვე ცოცხალი აღარ იყო: “ჩვენ ახლა ტაბახმელაში ვართ. იუნკრებს მიგვაწერეს. მათთან ერთად ვივლით. დარდი ნუ გაქვს. მტერი ძალიან შორს არის. აქ კარგ პიროვნებებთან ვარ. თქვენს თავს გაუფრთხილდით… ამ ერთ საათში ზევითკენ მივდივარ. შესაძლებელია, კოჯორში არ წავიდეთ, არამედ დაბლა, ტაბახმელაში. გკოცნით. ნუ გეშინიათ, გავიმარჯვებთ სახელოვნად. თქვენი მარო”.

***

1921 წლის 24 თებერვალს იუნკრებთან ბრძოლაში ბაქოს წითელ კურსანტთა პოლკმა პირადი შემადგენლობის თითქმის ნახევარი დაკარგა. მძიმე დანაკლისი განიცადეს იუნკრებმაც – დაჭრილ-დახოცილთა რიცხვმა 35-ს მიაღწია. მიუხედავად ამისა, პოზიციებს კვლავ ქართული ნაწილები აკონტროლებდნენ. რვა დღის განმავლობაში იუნკრებმა რუსებს ტაბახმელასთან გამართული ყველა შეტაკება მოუგეს. არნახული გმირობის მაგალითი აჩვენა იუნკერთა ოფიცერმა ყიფიანმა. მისმა ნაწილმა, რომელიც ძირითადად მოხალისე მებრძოლებისგან შედგებოდა, მტრის შეტევას ვერ გაუძლო და პოზიციების დატოვება დაიწყო. ამის შემხედვარე ყიფიანმა ნაგანიდან მკერდში ოთხი ტყვია დაიხალა. იგი ძლივს გამოათრიეს სანგრიდან. საბედნიეროდ, ჭრილობები სასიკვდილო არ აღმოჩნდა. როდესაც პოლკოვნიკმა ჩხეიძემ მას ჰკითხა, რატომ მოიქცა ასე, ყიფიანმა უპასუხა: “ბატონო პოლკოვნიკო, მე ვერ შევასრულე თქვენი ბრძანება და ეხლა ყველას შეუძლია თქვას, რომ კაპიტან ყიფიანს ბრძოლაში ჯარისკაცები გამოექცნენ!”

ბრძოლაში დამატებითი ძალების ჩართვის მიუხედავად, რუსებმა ტაბახმელა ვერ აიღეს. სამაგიეროდ, შეავიწროეს ქართული ნაწილები სოღანლუღისა და ლილოს მონაკვეთზე. თბილისს ალყის საფრთხე დაემუქრა. ამის გამო მთავარსარდალმა დედაქალაქის დაცლისა და მთავრობის ევაკუაციის გადაწყვეტილება მიიღო.

იუნკრები ბრძოლის ველს ტოვებენ 

 

იუნკრებმა პოზიციების დატოვების თაობაზე ბრძანება 24 თებერვალს, ღამის 12 საათზე მიიღეს. მათ სამთავრობო მატარებლის დაცვა დაევალათ, რომელიც ბათუმისკენ მიდიოდა. გზაზე სრული ქაოსი სუფევდა. 25 თებერვალს ბოლშევიკებმა თბილისი დაიკავეს. XI არმიის სხვა ნაწილებთან ერთად საქართველოს დედაქალაქში შემოვიდა ბაქოს წითელ კურსანტთა პოლკიც, რომელიც პლეხანოვზე, ქართველ იუნკერთა სკოლაში განთავსდა.

ქართველი იუნკრები კი იმ დროს უკვე ბათუმში იყვნენ. ნოე ჟორდანიას მთავრობა ემიგრაციაში მიემგზავრებოდა. იუნკრებს გამოუცხადეს, რომ სურვილის შემთხვევაში საქართველოდან წასვლა მათაც შეეძლოთ. საბოლოოდ, მარტის მიწურულს, ქართველი იუნკრები ბათუმიდან გემით სტამბულში ჩავიდნენ, იქიდან კი საბერძნეთის, საფრანგეთისა და პოლონეთის სამხედრო სასწავლებლებში გადანაწილდნენ. მრავალმა მათგანმა გმირული კვალი დატოვა უცხო ქვეყნების ისტორიაში.

პრაქტიკული რჩევები ინგლისური ენის მასწავლებელთათვის

0


ბრიტანეთის საბჭოს მიერ შემოთავაზებული რესურსების მიხედვით მოამზადა ნონა პოპიაშვილმა 


მასწავლებლების უმრავლესობა აღიარებს, რომ გაკვეთილის
წინასწარ დაგეგმვა აიოლებს სწავლებას და პედაგოგს საკუთარი თავის რწმენას განუმტკიცებს.

არის თუ არა სახელმძღვანელო “მზაგაკვეთილის გეგმა”?

თითოეული მასწავლებლის შემთხვევა ინდივიდუალურია, თუმცა
ყოველ მათგანს აქვს სილაბუსი და სახელმძღვანელო,
რომელსაც ფეხდაფეხ უნდა მისდიოს. სახელმძღვანელო ნამდვილად წარმოადგენს ზოგად ჩარჩოს
და გვკარნახობს, რა ენობრივი მასალა უნდა დავფაროთ, თუმცა ის ყოველთვის არ იძლევა საშუალებას,
ოთხივე უნარ-ჩვევა თანაბარი სიძლიერით განვივითაროთ. გაკვეთილის სწორად დაგეგმვა დაგვეხმარება,
შევთავაზოთ მოსწავლეებს ის სავარჯიშოები თუ აქტივობები, რაც მათ კომუნიკაციურ უნარ-ჩვევებს განუვითარებს.

რა კომპონენტები უნდა ჩავრთოთ გაკვეთილის გეგმაში?

სხვადასხვა მასწავლებელი სხვადასხვანაირად წერს გაკვეთილის
გეგმას, მაგრამ არის რამდენიმე მომენტი, რომლებსაც ამ პროცესში გვერდს ვერ ავუვლით:

მიზნები: მკაფიოდ უნდა განვსაზღვროთ, რის მიღწევა გვსურს გაკვეთილის
ბოლოსთვის.

მაგ., გაკვეთილის ბოლოსთვის მოსწავლეები შეძლებენ, ითხოვონ
ნებართვა სამი სხვადასხვა ფორმით: Can I … ? Could I … ? May I … ?

რესურსები: ჩვენ გვაქვს სახელმძღვანელო, მაგრამ კიდევ რა რესურსებია
ჩვენს ხელთ, რომელთა მეშვეობითაც მოსწავლეები უფრო მეტად დაინტერესდებიან საგაკვეთილო
პროცესით? გახსოვდეთ, “რესურსი” შესაძლოა იყოს მრავალი სხვადასხვა რამ: თქვენ
თვითონ, თქვენი მოსწავლეები, მათი სამყარო, თქვენი მოთხრობები (story-telling), დიაგრამები,
სურათები დაფაზე…

ეტაპები: და მაინც, როგორ მოვახერხოთ ოთხივე უნარ-ჩვევის განვითარება
ერთ გაკვეთილზე?

აუცილებლად მოიფიქრეთ და გამოიყენეთ warmer (მოთელვა/გამოწვევა) – ეს აქტივობა
გაახალისებს და უფრო მეტ მოტივაციას შესძენს მოსწავლეებს. იმავდროულად ზეპირმეტყველების
გააქტიურებაშიც დაგეხმარებათ. იფიქრეთ ახალი ლექსიკის სწავლებაზე, არ დაგავიწყდეთ,
მოსწავლეებს მისცეთ განსაზღვრული დრო სხვადასხვა სავარჯიშოს შესასრულებლად, შემდეგ
– ნასწავლის გამეორება და ბოლოს – საშინაო დავალება.

ინტერაქცია: დააბალანსეთ თქვენი სალაპარაკო და მოსწავლეების წყვილებად და ჯგუფებად მუშაობის დრო. არ დაივიწყოთ, რომ კლასში მოსწავლეები ხშირად სხვადასხვა
დონისანი არიან. კარგად მოიფიქრეთ, როგორი აქტივობები შეურჩიოთ მოწინავეებს და, პირიქით,
როგორ დაეხმაროთ შედარებით სუსტებს.

ყველაზე მნიშვნელოვანია, გახსოვდეთ, რას სწავლობენ მოსწავლეები და მუდმივად შეინარჩუნოთ
მათი ინტერესი.

აი, გაკვეთილის გეგმის როგორი მოდელი შემოგვთავაზა ერთ-ერთმა
მასწავლებელმა:

დრო(წუთები)

ეტაპი

აქტივობა

ინტერაქციის
მოდელი

5

warmer

წინა გაკვეთილზე ნასწავლი
ლექსიკის გამეორება, თამაში “ზურგით დაფისკენ”

მასწავლებელი – მთელი
კლასი

მოსწავლე – მოსწავლე
– მოსწავლე

5-10

თემის წარდგენა

მოსწავლეები ჯგუფურად
მუშაობენ,
რათა უპასუხონ შეკითხვებს
1-5 გვ. 56

ჯგუფური მუშაობა

25-30

საკითხავი დავალება

მოსწავლეები კითხულობენ
სტატიას, გვ. 57-58

მოსწავლეები მუშაობენ
ინდივიდუალურად

საკლასო აქტივობა
“ზურგით დაფასთან”

warmerგაკვეთილის საწყის
ეტაპზე ჩინებული
საშუალებაა, მოვამზადოთ მოსწავლეები გაკვეთილისთვის, უფრო მეტად მოვახდინოთ მათი ფოკუსირება.

როგორ მოვახერხოთ მოსწავლეების მობილიზება და გავამეორებინოთ
წინა გაკვეთილზე ნასწავლი სიტყვები?

მოსწავლეები მუშაობენ ორ ან სამ ჯგუფად. თითოეული ჯგუფიდან
თითო მოხალისე ზურგით დაფისკენ დგება ან ჯდება.

მასწავლებელი დაფაზე წერს სიტყვას, ჯგუფის წევრები კი
ცდილობენ, აუხსნან ეს სიტყვა მოხალისეს მათი ჯგუფიდან, სანამ ის არ გამოიცნობს და ქულას
არ მოუტანს გუნდს.

მოხალისე იცვლება და მთელი პროცესი თავიდან მეორდება.

ასე ამოიცნობენ 6 ან 7 სიტყვას.

შეგიძლიათ აირჩიოთ თამაშის ორი ვარიანტი – ან შედარებით
ხმაურიანი, რომლის დროსაც მოსწავლეები წამოიყვირებენ მინიშნებებს, ან უფრო მეტად კონტროლირებადი,
სადაც ისინი მორიგეობით ილაპარაკებენ.


 

ცნებების განმარტება:

კომუნიკაციური უნარ-ჩვევების განვითარებაარის ენის გამოყენება იმგვარად, რომ ხდება ინტერაქცია და ინფორმაციის გაცვლა. მაგალითად,
კითხვა-პასუხი ოჯახის შესახებ და სხვა.

ჯგუფური მუშაობა – ინტერაქციის მოდელი: კლასი იყოფა პატარა ჯგუფებად, რომლის
შიგნითაც მოსწავლეები მუშაობენ რაიმე აქტივობაზე. მაგ., დისკუსია თემაზე “ჩემი
საყვარელი სპორტის სახეობა”

წყვილებს შორის მუშაობა
ორი მოსწავლე მუშაობს ერთად. მაგ., წაკითხული ტექსტის
შემდეგ კითხვებზე პასუხის გაცემა.

სილაბუსი – იმ ენობრივი
ერთეულების ერთობლიობა, რაც უნდა ვასწავლოთ მოსწავლეებს კურსის განმავლობში.

Warmer (მოთელვა/გამოწვევა) – ხანმოკლე, ცოცხალი აქტივობა გაკვეთილის დასაწყისში, რომლის დროსაც ხდება მოსწავლეთა ყურადღების მობილიზება.
ამ აქტივობის მეშვეობით შეიძლება გავამეორებინოთ მოსწავლეებს წინა გაკვეთილზე ნასწავლი
მასალა.


 

გაკვეთილის გეგმაზე მუშაობისას არ დაგავიწყდეთ:

. რის სწავლება გსურთ;

. რა სავარჯიშოები გამოდგება ამ კონკრეტული
ამოცანის შესასრულებლად;

. ნასწავლის გამეორება;

. საშინაოდავალება.


 

გახსოვდეთ, რომ:

.
კომუნიკაციური აქტივობები ყველაზე მნიშვნელოვანია, ენის სწავლა – ეს კომუნიკაციის სწავლაა.

.აუცილებლად გაუზიარეთ გაკვეთილის გეგმა კოლეგებს და მათთან ერთად
განიხილეთ, მიგიყვანთ თუ არა თქვენ მიერ შემუშავებული გეგმა დასახულ მიზნამდე.

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...