კვირა, აპრილი 26, 2026
26 აპრილი, კვირა, 2026

ჩემი ლამაზი და გამბედავი გოგო

0
როდესაც მე ვიყავი ჟორჟის სტუდენტი, მან მითხრა, ფრანგები ამბობენ, ქალი უნდა იყოს ლამაზი  და ჩუმადო. ახლა ისინი არიან ჩემი სტუდენტები და ზედმიწევნით აკმაყოფილებენ ამ მოთხოვნებს _ თითქმის ყველა ძალიან ლამაზია და თითქმის ყველა ერთთავად ჩუმად ზის, თუმცა ისინი სულაც არ არიან ფრანგები, ისინი აზერბაიჯანელი გოგონები არიან, დადიან ჯგუფებად, ზოგი მეტისმეტად სადაა, ზოგიც _ ზედმეტად გამოპრანჭული; ერთმანეთთან ხანდახან საუბრობენ და ჩუმად კისკისებენ, მაგრამ როგორც კი სემინარი დაიწყება, უხმოდ სხდებიან და დაძაბული მისმენენ, შუბლის შეჭმუხვნაზე ვატყობ, რომ საშინაო დავალები არსი ვერ გაიგეს, მაგრამ მაინც არაფერს მეკითხებიან; ,,მოდით ჩემთან!” ვეძახი ზარის დარეკვისთანავე და ყველაფერს დაწვრილებით ვუხსნი _ ,,გაიგეთ?”_ ვეკითხები ბოლოს. თავს მიქნევენ. შემდეგ კვირას კი ზოგი ხელცარიელი მოდის, ზოგს სხვა რამ აქვს მოტანილი _ რაც ინტერნეტში იპოვა ან ქართველ მეგობარს გამოართვა; ზოგი, განსაკუთრებით კეთილსინდისიერი და მონდომებული, წერს ისე, როგორც შეუძლია _ მე მათ ქულას ვუწერ, ძალიან აინტერესებთ რა მიიღეს, ყელყელაობენ, რომ თვალი მოჰკრან ჩემს ბლოკნოტში მოხაზულ ციფრს, ვერ ხედავენ, მაგრამ მაინც არაფერს მეკითხებიან. გადის სემესტრი და მე ვერაფერს ვიგებ მათ შესახებ, ერთი ეს ვიცი, თუ მავანმა ქრისტიანმა სტუდენტმა საბოლოო პრეზენტაციების წარდგენისას ისლამის რომელიმე წესის არასწორი ინტეპრეტაცია მოახდინა, მათი უკმაყოფილო ზუზუნი გადაუვლის ხოლმე მთელ აუდიტორიას _ ესაა და ეს. ასრულებენ  სემესტრს და ჩვენ ერთმანეთს ვივიწყებთ _ ისინი მე და მე _ მათ. რა თქმა უნდა, დროდადრო გამონაკლისებიც მხვდებიან _ შედარებით თვალშისაცემები, ბეჯითები და მიზანდასახულები. ბოლოს ისიც გამოჩნდა _ დოჩანაშვილი მასზე იტყოდა ,,სამოთხრობეაო”, მე მაგდენი არ შემიძლია, ამიტომ ,,სასტატიედ” ვაქციე…

საიდა, როგორც ყველა შემდეგ სემინარზე, პირველადაც დაგვიანებით შემოვიდა. ყველა იქ მყოფზე ერთი თავით მაღალი იყო და ასე გულამოვარდნილი და ხმამაღლა მსუნთქავი განსაკუთრებით ძლიერი ჩანდა.  ზარის დარეკვისთანავე მომიახლოვდა და არა მხოლოდ იმდღევანდელი დავალება ამახსნევინა  საგულდაგულოდ, არამედ კიდევ უამრავი რამ მკითხა საგანთან დაკავშირებით, კბილიც მომისინჯა, რამდენად იოლად დავუწერდი ნიშანს სემესტრის ბოლოს. იჯდა და კითხვას კითხვაზე მისვამდა, აშკარად საუბრის გაგრძელება სურდა, მე კი უკვე ექვსი სემინარი მქონდა ჩატარებული და ერთი სული მქონდა, სახლში, შვილთან, წავსულიყავი. 

მეორე კვირას სემინარი ჩამაბარა, გამართული ქართულით ჩაწიკწიკებული, აშკარად საიდანღაც გადმოწერილი. 

_ ეს შენი დაწერილი არაა! _ ვუთხარი.
– ცოტა იქიდან… ცოტა აქიდან… ხომ ხვდებით… _ ეშმაკურად გამიღიმა.
_ მე შენი დაწერილი მინდა.
_ მე ისეთი ქართული არ იცის…
_ როგორი ქართულიც იცი, ისე დამიწერე.

_ ეგრე როგორ შეიძლება, ქართველი მეგობრები გაიცინებენ! _ მტკიცე და შეუვალი კილოთი მითხრა. და მაშინ შევხედე პირველად ყურადღებით. ადამიანები, რომელთაც ღირსება აქვთ, ჩემი სისუსტეა. შევხედე _ იღიმებოდა და უცებ აღმოვაჩინე, რომ არაჩვეულებრივად, დედოფლურად ლამაზი იყო და ისეთი შემართული, მივხვდი, ვერასოდეს მოითმენდა ოდესმე ვინმეს მისთვის ზემოდან გადმოეხედა. იმ დღეს ჯგუფური დავალება მივეცი და ყველაზე გულისხმიერი გოგოს ჯგუფში ჩავსვი, შენ მიხედე და დაეხმარე-მეთქი. სემინარის ბოლოს ისევ მოვიდა:
_ მე რა ვქნა, მასწავლებელო?

_ ანა გეტყვის და ყველაფერში დაგეხმარება.

_ ანააა? _ თვალით აზომდაზომა გულითადად მომღიმარი გოგონა. სახე შეეცვალა იმის გაფიქრებაზე, რომ  უცხოსთვის ტელეფონის ნომერი უნდა გაეცვალა, შეხვედრა დაეთქვა, მასთან ესაუბრა და ემუშავა, მისი დახმარება მიეღო. თვალებით შემევედრა, ეს ყველაფერი მისთვის ამერიდებინა, მაგრამ მზერა ისე არხეინად და უტეხად გავუსწორე, მიხვდა, აღარაფერს შევცვლიდი. ჩემზე არა, საკუთარ მორიდებულობაზე განრისხდა და ბრაზით წამოიძახა:

_ ეს იმის გამოა, კიბისქვეშ რომ ვზივარ!

ერთი წამით წარმოვიდგინე სტუდენტი, რომელიც ეროვნული უმცირესობებით დასახლებული სოფლიდან ჩამოვიდა, კიბის ქვეშ ცხოვრობს, ოღონდ უნივერსიტეტში იაროს და ცოდნის წყაროს… ფიროსმანისეული ლანდები ერთ წუთში გაქრა, მივხვდი, რომ გოგონამ უბრალოდ სიტყვასიტყვით თარგმნა იდიომი, რომელიც მის მშობლიურ ენაზე კარჩაკეტილ ადამიანს ნიშნავს. ამის შემდეგ უფრო მეტი ინტერესი გამიჩნდა მის მიმართ და უკვე ხალისით ველოდები ჩვენს საუბრებს ლექციის შემდეგ.

მას საიდა ჰქვია _ ულამაზესი აღმოსავლური სახელი. ერთადერთი გოგოა თავისი სოფლიდან, რომელიც სწავლობს. ,,კიდევ ერთმა ჩააბარა ჩემთან ერთად, გრანტი აიღო, მაგრამ მოსკოვში გათხოვდა და ასე ჩამოვიდა სოფელში” _ ხელებით მუცელთან დიდ წრეს რკალავს. ,,…ეს, _ ისევ წრეს ხაზავენ მისი გრძელი მკლავები, _ როცა გინდა, მაშინ იქნება, სწავლის შანსი კი ერთხელ”… _ და თვალები ენთება. ,,…ადრე სირცხვილი იყო ქალის სწავლა, ახლა, მე რომ ვსწავლობ, სხვებსაც მოუნდათ ჩემს სოფელში”. ,,…მე ბევრი ვიტირე და ჩემმა ძმამ გამომიშვა, მამა არ მყავს” _ ყოველთვის იოლად უწყლიანდება თვალები და გვერდით იხედება. ,,…ოღონდ შეყვარებული არ უნდა გავიჩინო, მარტო სწავლა!” _ ეშმაკურად იღიმება: სულ არ ენაღვლება, კაცებზე ძალიან ცუდი წარმოდგენისაა. ,,…ჩვენთან ხშირად სცემენ ქალებს, სულ მიწას უნდა უცქირონ, თუ თავი ასწიეს, ურტყამენ”_ მისი სახე მახსენდება, როდესაც იუკადრისა, დამცინებენო და წინასწარ შემეცოდა ის მამაკაცი, რომელიც მომავალში მისგან მორჩილი და დამცირებული ცოლის შექმნას შეეცდებოდა. ,,…ვერ ვიტან კაცებს, არა კაცებს!” _ და თვალებში მტკიცე გადაწყვეტილება აქვს აღბეჭდილი. ,,…მე უკვე ოცი წლის ვარ, სამი წლით გადავცდი ასაკს, მე აღარავინ მითხოვს” _ ქალურად  სწყდება გული _ მეცინება, ვიცი, ვისაც თვალს დაადგამს, მისი იქნება, მაგრამ სხვა რამეზე აქვს თვალი დადგმული: ,,_ახლა ინგლისურს ვისწავლი. მერე ისევ ვისწავლი, სტომატოლოგი უნდა გავხდე, ჩემს სოფელში ვიმუშავებ, ჩემი ფული მექნება, ვერავინ დამჩაგრავს!”

ამ დროს მახსენდება, რამდენჯერ მდომებია რაღაც, უცხოური სტიპენდია, სწავლა საზღვარგარეთ, პუბლიკაცია, თარგმანის გამოცემა… სულ ბოლო დღისთვის ვდებდი ყველაფერს, ბევრ რამეს გულგრილად ვეკიდებოდი, ბევრ შანსს უდარდელად ვუშვებდი ხელიდან, ბევრ რამეს ვერ მივაღწიე, იმიტომ რომ არც უკან მეგულებოდა საძულველი ჭაობი და არც წინ ველოდი ბრილიანტის ნამსხვრევებით მოსარკულ გზას. მისთვის კი სწავლა, წინსვლა, გადარჩენის შანსია, წუმპედან ამოსვლის ერთადერთი შანსი _ ამიტომ მორბის ყოველდღე თავისი სოფლიდან ლექციებზე გულამოვარდნილი, ამიტომ დაადგება ხოლმე ლექტორებს ფოსფორისფერი მარკერით ხელში, რომ ტექსტში ყველაზე არსებითი მოანიშნინოს, ამიტომ იხდის სახელმძღვანელოების თარგმნაში უკანასკნელ გროშებს, იმიტომ წერს რეფერატებს მისთვის ურთულეს ლიტერატურის თეორიაში, რომ წინ ხსნა ეგულება. თუმცა… ,,…მართალი ყოფილა ჩემი ძმა, ქალაქში ბევრი უწესო ხალხია” _ უკვე წააწყდა პირველ იმედგაცრუებას. ,,ნუ გეშინია, _ ვეუბნები, _ თუ შენ შიგნით კარგი ხარ, ყველგან კარგი იქნები, ვერავინ გაგაუწესოებს”. თავს სწევს, იცის, რომ კარგია, ისევე, როგორც იცის, რომ ლამაზია, როგორც იცის, რომ სხვებს არ ჰგავს…

მაგრამ ის სხვები, ჩუმები და მიყუჟულები, ერთ დღეს თვითონ დაემგვანებიან საიდას. ერთ დღეს აუცილებლად მოუნდებათ მეტი, ვიდრე მიწის ყურება, ლილოში ვაჭრობა და ხელპულტიანი ბრძანებლის მორჩილებაა. ჩვენ მათ ყველანაირად უნდა დავეხმაროთ, ყოველგვარი პათეტიკის გარეშე: დავუმეგობრდეთ, მივცეთ სასწავლო რესურსები, გავუადვილოთ ფეხის მოკიდება, ვასწავლოთ ქართული, არა მხოლოდ ერთწლიან მოსამზადებელ კურსებზე, არამედ უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად, მთელი ოთხი წლის მანძილზე.

_ თუ ჩემზე წერთ, ერთი კითხვა დასვით: კაცებო, რატომ გეშინიათ ჭკვიანი ქალების, რატომ? _ ცხარობს საიდა. მე კი ჟორჟი მახსენდება, დარდიმანდი და გამოწკეპილი ჟორჟი. იქაც კი, სად მოხვედრაზეც საიდა ჯერჯერობით ოცნებასაც ვერ ბედავს, გამოწკეპილი და დარდიმანდი კაცები ნატრობენ, რომ მათი მსოფლიოში ყველაზე დახვეწილი, ჭკვიანი და განვითარებული ქალები ლამაზები იყვნენ და ჩუმად ისხდნენ. ნურას უკაცრავად, მესიე ჟორჟ, ნურას უკაცრავად!

ძმები ერთ კლასში

0

– თქვენ ამათ გიღალატეს, პრინციპულ თამაშზე არ მოვიდნენ. მაგათ გამო წააგეთ და ღირსები არიან, სამაგალითოდ დაამუშავოთ! – ბრაზი და სიმკაცრე იფრქვეოდა ფიზკულტურის მასწავლებლის პირიდან და ჩვენ თავის აწევას ვერ ვბედავდით, რომ შემობრუნებული კლასელებისთვის შეგვეხედა.

 


„რა უნდა ვთქვა? ღმერთო, თავი რითი უნდა ვიმართლო”, – პირი გამიშრა და ჩემს ძმას გადავხედე. რაც თავი მახსოვს, სულ ჩემ გვერდით იჯდა – პირველი კლასიდან. იმ დროიდან, როცა სკოლიდან მის გამო გამომიყვანეს – დაელოდე და ერთად იქნებით, ერთმანეთს დაეხმარებით და ცხოვრებაშიც არ გაგიჭირდებათო.


ახლა რომ ვუკვირდები, ამაზე უაზრო არგუმენტი ბევრი არც მახსენდება. ამას მერე მივხვდი, როცა გვერდიგვერდ, ერთ მერხზე მსხდომ ძმებს განსხვავებული შეხედულებები, სურვილები და ინტერესები აღმოგვაჩნდა. როცა არა მხოლოდ ჩვენ, გარშემომყოფებიც მიხვდნენ, რომ მე მშობლიურ ლიტერატურას უფრო ვეწყობოდი, ჩემს ძმას კი ამოცანების ამოხსნა ემარჯვებოდა, მე დავით აღმაშენებლის საშინაო პოლიტიკაზე მთელი გაკვეთილი შემეძლო მესაუბრა, მას კი მოხდენილი გეომეტრიული ფიგურების დახაზვა იტაცებდა. მახსოვს, ერთხელ, გეოგრაფიის გაკვეთილზე მასწავლებელმა რომ დაგვიბღვირა ორივეს: „თქვენ ერთ სახლში არ ცხოვრობთ?”


მაშინ ვერ მივხვდი, რომელიმე შეგვაქო თუ ორივეს ერთად წაგვკბინა – შენ, ძაან ბეჯითი რომ ხარ და თავი მოგაქვს, გერჩივნა, ძმისთვის მიგეხედა, შვეიცარიის დედაქალაქი რომ არ იცისო. ან კიდევ: შენ, თუ არ გინდა, შენი ძმის ხუთიანების ქვემოთ შენი ორიანები და სამიანები ჩავამწკრივო ჟურნალში, რუკაზე ჰუდსონის ყურე მაინც მაჩვენეო.


სულ მშურდა ძმების, რომლებიც ერთ კლასში არ სწავლობდნენ – მათ არ უხდებოდათ ერთმანეთის შეცდომებზე ნერვიულობა, მერე, სკოლიდან სახლამდე ერთმანეთის გამო ათასი მიზეზის მოფიქრება, რომ მშობლებს არაფერი გაეგოთ.


მაგრამ იყო რაღაც, რასაც მათ ინდივიდუალობასა და დამოუკიდებლობაში არასდროს გავცვლიდი: ფეხბურთი! სანამ მე და ჩემი ძმა ერთ გუნდში ვიყავით, თითქმის არავინ მახსენდება სკოლაში, ჩვენთვის მოეგოს. აქ ინტერესები ერთიანდებოდა, აქ ათასი ზღვის, მთის, მოგონილი თუ რეალური პერსონაჟის ნაცვლად, მხოლოდ ორი კარი იყო: კარი, რომელიც უნდა დაგეცვა და კარი, რომელშიც უნდა გაგეტანა!


პირველი გოლი რომ გამიტანეს, ვინატრე, ან დანა მომცა, ან ისეთი ბასრი კბილები, ეს ბადეში მოფართხალე ბურთი ნაკუწებად დავფლითო-მეთქი და გამიმართლა, ორ წუთში იმავე ბურთით უკვე ჩემმა ძმამ რომ გაიტანა გოლი მოწინააღმდეგის კარში. ცენტრის ხაზთან გაქვავებულ ბურთს მზერით ვხვრეტდი და კბილებს ვაღრჭიალებდი – „ხომ დაგაჩმორეს!”. იმ წუთიდან თითქოს ბურთი ჩვენს ნებაზე აცეკვდა.


– აბა, ლიხტენშტაინის დედაქალაქი კითხე, თუ ეცოდინება, – ვუთხარი ერთხელ ჩემს ძმას და მანაც გეოგრაფიის მასწავლებელს გამომცდელად გახედა. გაბრაზებული ვიყავი – აღარ მოასვენა, ყელში ამოადინა ცოდნაც და უცოდინრობაც. სჩვევია ხოლმე ზოგიერთ მასწავლებელს ბავშვის ამოჩემება, თუ სუსტ წერტილს უპოვის, არ მოეშვება, ბოლომდე გაამიზეზებს, იქამდე, სანამ ბავშვი არ გატყდება.


– და რომ არ იცოდეს? – თვალი ჩამიკრა, – არ ტეხავს?


– გეცოდება? – ვკითხე გაკვირვებულმა.


– არა, უბრალოდ მეც არ მახსოვს ლიხტენშტაინის დედაქალაქი.


თითქოს მეუბნებოდა – უშენოდაც მივხედავ (მოვიგერიებ) ამ ქალს, ასეთი იაფი ილეთები არ მჭირდებაო. ამაზე უფრო მეტად გავბრაზდი: კიდე მე გამოვდივარ ცუდი ტიპი, ამის გამო რომ თავი გამოვიდე-მეთქი.


…ჩვენ გამო კი არავინ აპირებდა თავის გამოდებას. ალბათ ეგონათ, ძმები არიან, ერთმანეთს მიხედავენ, გამოესარჩლებიან, რამეს მოიგონებენო, მაგრამ არც ერთს არ აგვიწევია თავი.


წინა დღეს ბებიაჩემმა ფეხი მოიტეხა, სოფელში მოგვიწია დარჩენა და მეორე დილას სკოლაში დანიშნულ თამაშებზე ვერ მივედით. ჩვენს არყოფნაში ჩვენებს ზედიზედ ორი თამაში წაუგიათ თურმე და იმათ ალბათ არა, მაგრამ ფიზკულტურის მასწავლებელს კი საქვეყნოდ გამოუხატავს თავისი გულისწყრომა. ეტყობა მხოლოდ ეს არ იკმარა, კლასშიც მოგვაკითხა და დამრიგებლისა და კლასელების თვალწინ მეხთატეხა მოაწყო.


„ოღონდ დროზე გავიდოდეს და ფეხბურთის დედაც!” – გული მიდუღდა და ცრემლი მაწვებოდა, ის კი იოლად დანებებას არ აპირებდა, მაგათ გამო წააგეთ და ღირსები არიან, სამაგალითოდ დაამუშავოთო. ეს ბოლო სიტყვა – „დაამუშავოთ” – ისე მწარედ მომხვდა, გავიფიქრე, ვიღაცას რომ მართლა გაუწყრეს ღმერთი და ჩვენი საქვეყნოდ გაჯორვა მოინდომოს, ყველაფერს ფეხებზე დავიკიდებ-მეთქი. წამით წარმოვიდგინე რასაც ვიზამდი, მაგრამ მივხვდი, ძალიან სახიფათო ჩანდა, ულაპარაკო გარიცხვას უდრიდა და სიმართლე გითხრათ, მაშინ შეპასუხების თავი არც მე მქონდა და არც ჩემს ძმას – შეცდომას ვაღიარებდით.


„ისე გაგვლახა, რომ ხელი არ გაგვინძრევია” – მერხიდან არ ავმდგარვართ გაკვეთილების ბოლომდე. ხანდახან თუ გადავხედავდით ერთმანეთს და უხალისოდ გადავშლიდით სახელმძღვანელოს და რვეულს, რაღაცები რომ ჩაგვენიშნა. „ეს დამრიგებელიც რომ ეთანხმებოდა?! იქნებ მაგასაც ეგონა, ძმები არიან, პირველი კლასიდან ერთად მოდიან, ერთმანეთი იციან და რამეს მოიფიქრებენ, ერთმანეთს დაიცავენო”.


ჩვენი ერთსემესტრიანი დისკვალიფიკაცია რომ მორჩა, პირველივე თამაშში უძლიერეს გუნდს შევხვდით და მძიმე ბრძოლაში 2:1-ზე გავტეხეთ. რამდენიმე წლის შემდეგ კი, უკვე სხვა სკოლაში გადასულებს, ერთმა ტიპმა წამოგვაძახა, თქვენ ის არა ხართ, საქვეყნოდ რომ გამოაჭენა ფიზკულტურის მასწავლებელმაო? მგონი, რაღაც ნიძლავზე ვთამაშობდით და მათ კარგი გუნდი ჰყავდათ. წვიმდა და მაშინ ალბათ ვერავინ შენიშნა, გახეხილი ხელთათმანებით როგორ მოვიწმინდე დაგუბებული ცრემლი და ჩემს ძმას გავხედე: აღელვებული ჩანდა. ცამეტი გოლი გავუტანეთ და ბოლოს, მეცამეტეზე, პენალტის დასარტყმელად აუჩქარებლად, ძუნძულით გადავჭერი მთელი სტადიონი. მოკლე გამორბენი და ძლიერი დარტყმა. სუნთქვა შემეკრა და მეგონა გული გამისკდებოდა.


იმ დღის შემდეგ ფიზკულტურის მასწავლებელს რამდენჯერმე შევხვდი – თბილად, საქმიანად მოვიკითხეთ ერთმანეთი და რის გამო, არ მახსოვს, მაგრამ ერთხელ შემაქო კიდეც. „კარგად გიმუშავიაო” – ასე მითხრა. თითქოს რაღაც მეცნო: „გიმუშავია”. „მუშაობა”. „დავამუშავოთ”.


ჩემი ძმა კი მეცხრე კლასიდან კოლეჯში გადავიდა. მას შემდეგ ჩვენ ერთ გუნდში არასოდეს გვითამაშია.

პრეზენტაციის უნარების განვითარება

0
კარგ პრეზენტერად არავინ იბადება, საჯარო საუბრის ხელოვნება შეძენლი კომპეტენციაა
პრეზენტაციის მეშვეობით მასწავლებელი მოსწავლეებს ინფორმაციას, ხედვას თუ იდეას გადასცემს. ეფექტური პრეზენტაცია ხელს უწყობს შესწავლას, მოსწავლეთა ჩართულობას და საკითხის ნათლად გაგებას. საჯარო პრეზენტაციის უნარი ერთ-ერთი ლიდერული უნარ-ჩვევაცაა. არსებობს სტერეოტიპი იმის თაობაზე, რომ ადამიანები საჯარო გამოსვლის უნარით იბადებიან. ცნობილ და წარმატებულ საჯარო გამომსვლელთა ისტორიები კი საპირისპიროს ამტკიცებს. ალბერტ აინშტაინი, ჯონ კენედი და მარტინ ლუთერ კინგი აღნიშნავენ თავიანთ ჩანაწერებსა თუ ინტერვიუებში, თუ როგორ ეშინოდათ, როცა თანატოლების წინაშე უწევდათ გამოსვლა. სხვადასხვა კვლევა ამტკიცებს, რომ საჯარო გამოსვლისა და პრეზენტაციის უნარი შეძენილია და მას მუდმივი პრაქტიკა და დახვეწა სჭირდება. 

მასწავლებლის მაღალი საგნობრივი კომპეტენცია ავტომატურად არ გულისხმობს პრეზენტაციის უნარის სრულყოფილად ფლობას. ამდენად, მასწავლებელი შესაძლოა საგნის სიღრმისეული ცოდნით გამოირჩეოდეს, მაგრამ ცოდნის გადაცემის უნარი სათანადოდ განვითარებული არ ჰქონდეს. ყურადსაღებია, რომ არაეფექტური პრეზენტაცია სწავლისთვის დამაბრკოლებელი ფაქტორი შეიძლება გახდეს. შესაძლებელია, მან გამოიწვიოს დემოტივაცია, შეამციროს მოსწავლის ჩართულობა და მასწავლებლის მიმართ ნდობა. პრეზენტაციის მეთოდების, ტექნიკის, დამხმარე საშუალებების სწორად შერჩევა უმთავრეს როლს ასრულებს პრეზენტაციის ეფექტურობის უზრუნველყოფაში. ცნობილი ფსიქოლოგი სტივენ პინკერი და ფილოსოფოსი რებეკა ნეუბერგერ გოლდშტაინი იმედგაცრუებული დარჩნენ ერთ-ერთი საჯარო გამოსვლის შემდეგ, რადგან მსმენელთა დაინტერესება ვერ მოახერხეს. საჯარო დისკუსიას მრგვალი მაგიდის პრინციპით წარმართავდნენ და მსოფლიო ისტორიაზე ადამიანის გონისა და არაცნობიერის გავლენაზე მჯელობდნენ. საჯარო დისკუსიის დროს ფასილიტატორი აუდიტორიისგან ზურგშექცევით იჯდა. საჯარო გამოსვლის ასეთმა ფორმატმა დიდწილად განაპირობა გამომსვლელთა წარუმატებლობა. შეცდომის გამოსწორების მიზნით პინკერმა კოლეგებს შესთავაზა, თავიანთი საჯარო მსჯელობა ანიმაციად გადაექციათ. იდეამ გაამართლა და კომუნიკაცია ავტორებსა და მაყურებლებს შორის წარმატებით შედგა. 

მასწავლებლმა ინფორმაციის პრეზენტაცია ეფექტური კომუნიკაციის მეთოდებით უნდა განახორციელოს. კომუნიკაციის პროცესი ექვს ფუნდამენტურ კომპონენტს მოიცავს, რომელთა განსაზღვრა და გათვალისწინება აუცილებელია: 1) ინფორმაციის გადამცემი, 2) ინფორმაციის გადაცემის გზები (მოსმენა, დანახვა, შეგრძნება და ა.შ.), 3) ინფორმაცია/შინაარსი, 4) ინფორმაციის მიმღები, 5) ხმაური (შიდა და გარე ფაქტორები, რომლებიც აბრკოლებს ინფორმაციის გადაცემას ან მიღებას, მაგალითად, ყურადღების გაფანტვა, ნერვიულობა, ტრანსპორტის ხმა), 6) უკუკავშირი (აუდიტორიის რეაქცია და პრეზენტერის რეაგირება). აღნიშნული კომპონენტებიდან პრეზენტერი უშუალოდ აკონტროლებს პირველ სამს, ხოლო დანარჩენ სამ კომპონენტზე გარკვეული გავლენის მოხდენა შეუძლია. 

პრეზენტაციის ორი ძირითადი ტიპი არსებობს: ინფორმაციული და დამარწმუნებელი. ინფორმაციული პრეზენტაციის სტრუქტურა სამი ფაზით განისაზღვრება: 1) აუდიტორიის მომზადება/შესავლის სახით პრეზენტაციის თემის და მთავარი საკითხების გაცნობა; 2) ინფორმაციის მიწოდება; 3) გაზიარებული ინფორმაციის შეჯამება. ინფორმაციული პრეზენტაციის ტიპი ყველაზე გავრცელებულია აკადემიურ და ბიზნეს-საქმიანობაში და უმეტეს შემთხვევაში ქრონოლოგიური პრინციპით იწყობა. გაკვეთილის დროს მასწავლებლებს მუდმივად უწევთ ინფორმაციის გადაცემა. იმისათვის, რომ ინფორმაციული პრეზენტაცია მოსაბეზრებელი არ იყოს, მასწავლებელმა უნდა გამოიყენოს მულტისენსორული მეთოდები. 

დამარწმუნებელი პრეზენტაციის მიზანია, კონკრეტულ აუდიტორიას შეაცვლევინოს აზრი, პოზიცია, დამოკიდებულება ან ქცევა. სტრუქტურულად ასეთი ტიპის პრეზენტაცია ხუთი ფაზისგან შედგება: 1) პრობლემის დასახვა, 2) პრობლემის გააზრება, 3) პრობლემის გადაჭრის შემოთავაზებული გზის გაცნობიერება, 4) პრობლემის გადაჭრის გზის ვიზუალიზაცია, 5) აუდიტორიის მიერ შემდგომი ქმედებების გაცნობიერება. პრეზენტაციის დროს მნიშვნელოვანია, დასახული პრობლემა დაუკავშირდეს აუდიტორიის საჭიროებას, შემდგომ ეტაპებზე კი აუდიტორია ჩაერთოს პრობლემის გადაჭრის გზების გააზრებასა და მომდევნო ქმედებების შემუშავებაში. 

არავერბალური კომუნიკაციის როლი

აუდიტორიის მიერ საკითხის გაცნობიერება, როგორც ვერბალური, ისე არავერბალური ფორმით, ინფორმაციის მიწოდებას მოითხოვს. დადგენილია, რომ უმეტეს შემთხვევაში ვერბალური გზით გადაცემული ინფორმაციის 1/3 და არავერბალური გზით გადაცემული ინფორმაციის 2/3 ნარჩუნდება. გახსოვდეთ, რომ თქვენი არავერბალური სიგნალები ვერბალურ კომუნიკაციასთან Aთავსებადი უნდა იყოს და სიტყვიერად მიწოდებულ ინფორმაციას არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს. არავერბალური სიგნალები როგორც ცნობიერი, ისე არაცნობიერი გზით _ ჟესტებით, ჩაცმულობით, მანერებით, გამომეტყველებით, სხეულის მოძრაობით, ენთუზიაზმის  ხარისხით და ა.შ. გადაიცემა.

ფუნქციური ენის როლი

პრეზენტერისთვის ასევე ყურადსაღებია ფუნქციური ენის როლი წარმატებულ პრეზენტაციაში. პრეზენტაციის თითოეული ფაზისთვის რეკომენდებულია სპეციფიკური ფუნქციური ენობრივი მასალის გამოყენება, რომელსაც ქვემოთ ცხრილის სახით წარმოგიდგენთ. ფუნქციური ენა არა მხოლოდ სტრუქტურულად კრავს პრეზენტაციას, არამედ აუდიტორიის კონცენტრაციის უნარის შენარჩუნებაშიც ეხმარება პრეზენტერს. 

შესავალი/თემის
გაცნობა

დღეს, მე ვისაუბრებ…

როგორც მოგეხსენებათ…

დღეს მე შემოგთავაზებთ…

ამ გამოსვლაში მე გავაანალიზებ

ამ გამოსვლაში ძირითადად ყურადღებას გავამახვილებ…

დამატებითი
არგუმენტები

პირველ რიგში/უპირველეს ყოვლისა

ამასთან ერთად/უფრო მეტიც

გასათვალისწინებელია კიდევ ერთი საკითხი…

ახლა მინდა, შემდეგ საკითხზე გადავიდეთ

სულ ეს მინდოდა მეთქვა პირველ საკითხზე…

ეს არგუმენტი შემდეგ საკითხსაც უკავშირდება.

საწყის თეზისთან დაბრუნება

იმედი მაქვს, ამ დროისთვის გაერკვიეთ, რომ…

დავუბრუნდეთ პირველ შეკითხვას…

დავუბრუნდეთ ჩემს ძირითად არგუმენტს…

 

დახურვა

დასკვნის სახით…

ცხადი გახდა, რომ…

დასასრულს მინდა ვთქვა…

მიმოხილვა

საკითხი, რომელიც მსურს თქვენთან განვიხილო (პერსონიფიკაცია
მნიშვნელოვანია ამ ეტპაზე)

მნიშვნელოვანია, პირველ რიგში აღვნიშნოთ…

მნიშვნელოვანია რამდენიმე
ფაქტორის გათვალისწინება ამ საკითხის განხილვისას…

შეკითხვები

მადლობა ყურადღებისთვის,
მზად ვარ, თქვენს შეკითხვებს ვუპასუხო.

პირველი თეზისი

ჩემი აზრით…

ვფიქრობ, რომ…

ჩემი მოსაზრება/ხედვა ასეთია…

ეს მნიშვნელოვანია, რადგან…

ძირითადი მიზეზი ჩემ მიერ
ამ საკითხის არჩევისა არის ის, რომ…

ერთი მხრივ… მეორე მხრივ…

შეჯამება

ვისაუბრეთ იმაზე, რომ…

დასასრულს მინდა შევაჯამო…

ძირითადი საკითხები, რაც
დღეს განვიხილეთ…

საერთო ჯამში…

 

როგორ ვუპასუხოთ უპასუხო შეკითხვებს

ეს საინტერესო შეკითხვაა,
ამჟამად არ მაქვს პასუხი და მოგვიანებით დაგიბრუნდებით.

არაჩვეულებრივი შეკითხვაა, მე არ მაქვს პასუხი და თქვენ რას ფიქრობთ?

სამწუხაროდ, ეს საკითხი ჩემს კომპეტენციაში არ შედის.

არგუმენტების
წარმოდგენის ტიპური ტექნიკები

პრეზენტაციის ძირითადი არგუმენტების წარმოსადგენად მრავალი
გზა და მეთოდი არსებობს. ქვემოთ წარმოგიდგენთ ძირითადი ტექნიკების ჩამონათვალს. ვიდრე
აღნიშნული მეთოდებიდან რომელიმეს გამოყენებას გადაწყვეტდეთ, აუცილებლად დაუსვით თავს
შემდეგი შეკითხვები:

·რამდენად
შეესაბამება მეთოდი ჩემს მიზანს? რამდენად დამეხმარება მიზნის მიღწევაში?

·რა დრო მჭირდება
მომზადებისთვის?

·რა რესურსები
მჭირდება და ხელმისაწვდომი იქნება თუ არა ისინი?

მიზეზ-შედეგობრივი

წარმოადგენთ
მიზეზებს და მსჯელობთ შედეგებზე.

ქრონოლოგიური

მასალა
თანმიმდევრობითაა წარმოდგენილი.

იდეების
რუკა

ძირითადი
იდეის გარშემო მსჯელობთ და გამოავლენთ მასთან დაკავშირებულ იდეებს თუ მოსაზრებებს.

დადებითი
და უარყოფითი მხარეები

თქვენი
მიზანია, საკითხის მრავალმხრივი განხილვით ობიექტური სურათი დახატოთ.

პრობლემა
– გადაჭრა

პრობლემის
დასახვა, გაცნობიერება და გადაჭრის გზებზე მსჯელობა

პროცედურული

გარკვეული
მიზნის შესრულებისთვის საჭირო ნაბიჯებს განიხილავთ ლოგიკური თანმიმდევრობით.

სისტემური

საკითხის
დანაწევრებას და თითოეული კომპონენტის განხილვას ახორციელებთ ერთმანეთთან მიმართებაში.

ანალოგიები

ისეთ
ცნებებს შორის პარალელების გავლება, რომელთა შორის, ტრადიციულად, ანალოგიები არ ჩნდება

შედარებები
და კონტრასტები

მსგავსებების
და განსხვავებების წარმოჩენა

ამბის
თხრობა

დრამატურგიული
შედეგის მისაღწევად მოკლე ისტორიების თხრობა

განსაზღვრებები

ცნების
ან სიტყვის გაშლა მნიშვნელობის გაცნობიერების მიზნით

მაგალითები/ინდუქცია

ზოგადი
ცნებების გააზრების მიზნით მაგალითების ნიმუშების განხილვა

სტატისტიკა

რაოდენობრივი
მაჩვენებლების გამოყენება დაზუსტების, დადასტურების, დამტკიცების ან გამყარების მიზნით

ციტატები

საკითხის
მნიშვნელობის ან გავლენის წარმოსაჩენად სხვადასხვა წყაროს გამოყენება

ყველა ასპექტი
მნიშვნელოვანია – 10 ძირითადი რჩევა

1.დაიცავით
დროის ჩარჩო – დაგეგმილ დროს გადაცილება დისკომფორტს და უკმაყოფილებას იწვევს მსმენელში;
ასევე, რეკომენდებულია, ერთ საპრეზენტაციო სლაიდზე ისაუბროთ 2 წუთი.

2.გამოიყენეთ
ინფლექსია – სასურველია, ხმის ტემბრის დრო და დრო შეცვლა ახალ საკითხზე გადასვლის,
მსმენელის ყურადღების მიქცევის, ენერგიის მოკრების მიზნით. გაითვალისწინეთ, რომ ნერვიულობა
ხმის ტემბრის ისეთ ცვლილებას იწვევს, რომელიც ვნებს პრეზენტაციის ხარისხს.

3.გამოიყენეთ
მრავალფეროვანი სტრატეგიები და ტექნიკა.

4.პოზიტიური ენერგია/ენთუზიაზმი გადამდებია და გამოიხატება
ხმით, ტემბრით, ჟესტებით, აქტიური ლექსიკის გამოყენებით. კვლევებით დადგინდა, რომ პრეზენტერის
ენთუზიაზმი ზრდის აუდიტორიის ჩართულობის და ინფორმაციის აღქმის ხარისხს.

5.გამოიყენეთ მხედველობითი კონტაქტი.

6.გამოიყენეთ ვერბალური მარკერები: “ეს მნიშვნელოვანია”,
“გთხოვთ, ყურადღება მიაქციოთ ამ ფაქტს”.

7.არავერბალური
კომუნიკაცია თავსებადი უნდა იყოს ვერბალურთან.

8.ნუ გამოიყენებთ
ვიზუალურ თვალსაჩინოებებს დამარწმუნებელი წინადადებისთვის, ემოციური ან რიტორიკული
განცხადებისთვის.

9.ალტერნატიული
მიდგომის/ხედვის არსებობის შემთხვევაში, აუცილებლად ჩართეთ ის პრეზენტაციაში.

10.პრეზენტაციის
წინ დაუსვით თავს მოსამზადებელი შეკითხვები (ვინაა აუდიტორია? რამდენი ადამიანი დაესწრება
თქვენს პრეზენტაციას? სად ტარდება პრეზენტაცია? რა ზომისაა ოთახი? რა აღჭურვილობაა
ოთახში? გაქვთ თუ არა დაფა და მარკერი, პროექტორი, ეკრანი, ადაპტორი, დამაგრძელებელი,
დამატებითი დოკუმენტები?).

პრეზენტაციის უნარის დახვეწას დიდი დრო და პრაქტიკა სჭირდება.
ამ უნარის კარგად დაუფლების ერთ-ერთი მეთოდი შეიძლება იყოს ცნობილი პრეზენტაციების
მოსმენა და ანალიზი. გირჩევთ მოუსმინოთ ცნობილი ადამიანების გამოსვლებს ან ღია გაკვეთილების
ვიდეოჩანაწერებს, გააანალიზოთ თქვენი პრეზენტაციების ვიდეოჩანაწერები. ეს ხელს შეგიწყობთ
რეფლექსიის უნარის განვითარებასა და გამოცდილების მიღებაში.

არასრულფასოვნებისა და უპირატესობის განცდა – განვითარების მამოძრავებელი თუ შემაფერხებელი ძალა?

0
„მხოლოდ გამბედავ ადამიანებს, რომლებიც ამ სამყაროში თავისუფლად გრძნობენ თავს, შეუძლიათ ისარგებლონ როგორც ამქვეყნიური ცხოვრების სიკეთეებით, ისე მისი სირთულეებითაც. მათ არ აშინებთ ცხოვრებისეული პრობლემები, რომლებიც, როგორც წესი, სოციალური პრობლემებია; ადამიანად ყოფნა სოციალური ქცევისთვის მზაობას მოითხოვს” (ა. ადლერი).
ა. ადლერის ინდივიდუალურ ფსიქოლოგიაში განვითარების პირველად, ძირეულ მოტივად მიჩნეულია არასრულფასოვნების განცდა და მისი კომპენსაციის მექანიზმები. ვიცით, რომ ორგანიზმი აკომპენსირებს თავის სისუსტეს (მაგ., ცალი თირკმლის დაზიანების შემთხვევაში მის ფუნქციას მეორე იღებს). ასევე ცდილობს ადამიანი, მოახდინოს თავისი ორგანული სისუსტის კომპენსაცია ვარჯიშითა და წვრთნით (მაგ., დემოსთენე, რომელსაც მეტყველების დეფექტი ჰქონდა, ვარჯიშით ერთ-ერთი უდიდესი ორატორი გახდა). ეს მექანიზმი მუშაობს, საზოგადოდ, ფსიქიკაში. საკუთარი ფსიქოლოგიური და სოციალური უმწეობის გამო ადამიანს უჩნდება არასრულფასოვნების სუბიექტური განცდა. ეს განცდა სათავეს იღებს ბავშვობიდან, როდესაც პატარა დიდხანს არის მიჯაჭვული უფროსს. ამგვარი    გამოცდილება მასში, ერთი მხრივ, ბადებს არასრულფასოვნების განცდას, მეორე მხრივ კი უბიძგებს ბრძოლისკენ – თვითონვე წარმოშობს ამ განცდის დაძლევის ტენდენციას – მოიპოვოს უპირატესობა უფროსებზე. ის აღვივებს უპირატესობის გრძნობას (მისი უკიდურესი ვარიანტია ძალაუფლებისკენ სწრაფვა), რომელიც თანდაყოლილია და ადამიანის ცხოვრების ძირითად მამოტივირებელ ძალას წარმოადგენს. იგი ზოგადი, პირველადი და ნორმალური ტენდენციაა, პიროვნების განვითარების სტიმულია, მაგრამ ერთი პირობით: თუ ადამიანს აქვს ერთობის განცდა, პოზიტიური განწყობა ცხოვრებისა და საზოგადოების მიმართ. ამგვარად, ადლერის თეორიის თანახმად, ადამიანის განვითარებაში უმნიშვნელოვანესი როლი ენიჭება ლტოლვების სოციალურ მიმართულებას.

არასრულფასოვნების დაძლევის ამოცანა ყველა ადამიანის წინაშე დგას და მას ყველა თავისებურად წყვეტს. ეს მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული: პიროვნების ტიპზე, ბავშვის დაბადების რიგითობაზე, საზოგადოდ, სოციალიზაციის პროცესის თავისებურებებზე. სოციალიზაციის პროცესში ყალიბდება სოციალური გრძნობა, რომელიც სამ სფეროში ვლინდება: პროფესიულ საქმიანობაში, სოციალურ კონტაქტებსა და სიყვარულში. პიროვნება, რომლის სოციალური გრძნობა შესუსტებულია, სრულყოფილად ვერ რეალიზდება. შედეგად ვიღებთ სხვადასხვა დარღვევას – ადამიანი, ნაცვლად კომპენსაციის „ნორმალური” საშუალებების ძიებისა, „მირბის ავადმყოფობაში”. არასრულფასოვნებისა და უპირატესობის გრძნობის ზედმეტად მაღალი ხარისხი იწვევს არასრულფასოვნების კომპლექსს – საკუთარი სისუსტის, შეუმდგარობისა და უმწეობის ძლიერ განცდას. ა. ადლერი გამოყოფს არასრულფასოვნების კომპლექსის სამ მიზეზს: რომელიმე ორგანოს არასრულფასოვნებას, მშობლების მხრივ ბავშვის განებივრებას (ჰიპერმზრუნველობა) ან, პირიქით, უარყოფას. ზოგადი კანონზომიერებიდან გამომდინარე, არასრულფასოვნების კომპლექსს ინდივიდი პასუხობს ჰიპერკომპენსაციით -უპირატესობის კომპლექსით. იგი ვლინდება საკუთარი ფიზიკური, სოციალური და ინტელექტუალური უნარების გადაჭარბებული შეფასებით. ვიდრე უპირატესობისკენ სწრაფვა საზოგადოებრივი ინტერესებით შემოიფარგლება, ადამიანის აქტიურობა კონსტრუქციულია და მის ქმედებებს სარგებლობა მოაქვს, ხოლო როცა საზოგადოებასთან მისი ერთობის განცდა დაქვეითებულია, ადამიანი არაადეკვატურად იქცევა: ან დეპრესიას ეძლევა და უმოქმედო ხდება, ან საკუთარ თავს იმაზე უკეთესად წარმოაჩენს, ვიდრე სინამდვილეშია და არასრულფასოვნების გრძნობას ამ ყალბი წარმატებით ინაზღაურებს. ეს არ არის დაბრკოლებათა გადალახვისკენ მიმართული ჯანსაღი სწრაფვა. ამ დროს ადამიანი ტრაბახაა, ეგოცენტრული, სარკასტული და ქედმაღალი. იქმნება შთაბეჭდილება, რომ მას არ შესწევს უნარი, მიიღოს საკუთარი თავი ისეთი, როგორიც არის (დაბალი თვითშეფასების გამო) და თავის მნიშვნელოვნებას მხოლოდ მაშინ გრძნობს, როდესაც სხვებს ამცირებს.

რა გავლენას ახდენენ ოჯახი და სკოლა არასრულფასოვნების კომპლექსის ჩამოყალიბებაზე? მათი გავლენა უმნიშვნელოვანესია, რადგან აქ დაშვებული შეცდომები ძალიან ძვირად უჯდება ადამიანს. ბავშვობის შთაბეჭდილებები უდევს საფუძვლად პირველად ნიმუშებს (პროტოტიპებს), რომლებიც 4-5 წლის ასაკში ფორმირდება. ეს შთაბეჭდილებები გაცილებით მრავალფეროვანია, ვიდრე უფროსებს წარმოგვიდგენია.

უგულებელყოფილი და უარყოფილი ბავშვების მდგომარეობა გასაგებია, მაგრამ არანაკლებ დრამატულია განებივრებული ბავშვების ბედი. მათაც გარიყვა მოელით, რადგან ცხოვრება ისეა მოწყობილი, რომ არც ოჯახსა და არც საზოგადოებას არ სურთ ადამიანზე უსასრულოდ ზრუნვა. ოჯახში განებივრებული ბავშვი მალე, ჯერ – საბავშვო ბაღში, მერე კი სკოლაში, ეჯახება ცხოვრებისეულ პრობლემებს. ასეთ ბავშვს უჭირს სხვებთან კონტაქტი , არ უნდა თამაში, მისმა გამოცდილებამ ჯერ ვერ მოამზადა იგი სოციალური ურთიერთობებისთვის, ეშინია და ეძებს მეურვეს. როგორია მშობლის მდგომარეობა? თუ დასაჯა ან სასტიკად მოექცა ბავშვს, მას გული უმძიმდება, ბავშვი კი ეძებს ტანჯვის შემსუბუქების გზებს და ხშირად გამოსავალს განრიდებაში პოვებს. მაგ., აგრესიული მამის აღზრდილი გოგონა შესაძლოა გაურბოდეს მამაკაცებს, ხოლო მკაცრი დედის აღზრდილი ვაჟი – ქალებს. შესაძლოა, ბავშვი გახდეს მორცხვი, ჩამოუყალიბდეს გაუკუღმართებული სქესობრივი ქცევა და სხვა. ეს უკანასკნელი, ა. ადლერის აზრით, თანდაყოლილი თვისება არ არის, ის იმ გარემოს გავლენით ფორმირდება, რომელშიც იზრდება ბავშვი. ამ შემთხვევაში შენიშვნები და რჩევა-დარიგება საქმეს არ შველის. როცა არც ბავშვმა და არც მოზრდილმა არ იციან, რისი შეცვლაა საჭირო, შეგონებები უნაყოფოა, დასჯა და რჩევა-დარიგება მიზანს ვერ აღწევს. აქ სპეციალისტის ჩარევაა საჭირო, რათა აღმოჩენილ და შეცვლილ იქნეს ამ სირთულეთა საფუძვლები (პირველადი ხატები).

საზოგადოდ, ის, რაც მიესადაგება ბავშვს, შეიძლება ყველა ადამიანს მივუსადაგოთ – სისუსტე, რომლის გამოც ბავშვი ცხოვრობს ოჯახში, იმ სისუსტის ანალოგიურია, რომელიც მოზრდილ ადამიანს საზოგადოებაში ცხოვრებას აიძულებს. ყველა ადამიანი ითრგუნება ცხოვრების სირთულეებით და ყველას სჭირდება ადამიანთა ჯგუფი ამ სირთულეებთან გასამკლავებლად. სუსტი ცხოველები ჯოგებად ცხოვრობენ, რადგან გადარჩენის მეტი შანსი აქვთ. ასეა ადამიანიც. სოციალური ცხოვრების პირველმიზეზი სწორედ ადამიანის სისუსტეა. კარგად დაბალანსებული საზოგადოება ეხმარება ადამიანებს. სოციალური პროგრესი – ეს არის ისტორია იმისა, როგორ თანამშრომლობდა ერთი ადამიანი სხვებთან. სწორად ორგანიზებულ საზოგადოებაში ახერხებს ადამიანი თავის ნაკლოვანებათა კომპენსირებას. ენაც ინდივიდუალურმა ნაკლოვანებამ გააჩინა, ყურადღების მიპყრობისა და სურვილები დაკმაყოფილების მოთხოვნილებამ. ადამიანები სირთულეებს საღი აზრის დახმარებით ძლევენ, ის კი სოციალური ჯგუფის ერთობლივ გონებას მოიაზრებს.
რით გამოიხატება ძლიერი არასრულფასოვნების გრძნობა? სირთულეების მშვიდად გადალახვის უუნარობა ადამიანს მოუთმენლს ხდის. თუ პიროვნების ქმედებას ძლიერი ემოცია ახლავს თან, მოუთმენელია და მოჩხუბარი, ეს არასრულფასოვნების კომპლექსზე მიუთითებს. ამ რეაქციათა დამანგრეველი ძალა სხვადასხვა გარემოებაზეა დამოკიდებული. ზოგჯერ კომპლექსი ძნელი ამოსაცნობია – შესაძლოა, რომელიმე სფეროში ის არ წარმოჩნდეს, მაგრამ სხვაგან აშკარად ჩანს. მაგ., ადამიანი სამსახურში თავდაჯერებულია, ოჯახში კი დეპრესიული ან გაუწონასწორებელი და აგრესიული. ნიშნები განსაკუთრებით აშკარაა დაძაბულ, რთულ სიტუაციებში. გამოთქმები: „მე ამას მოვუვლიდი, მაგრამ…”, „მე ამას გავაკეთებდი, მაგრამ…” ასევე კომპლექსზე მიუთითებს. მოყოყმანე ადამიანის ქმედება მისსავე გამონათქვამებს შეესაბამება (ა. ადლერი).

მომდევნო სტატიაში კომპლექსის ზოგადი სიმპტომებისა და ბავშვების სასკოლო კომპლექსების შესახებ ვისაუბრებთ, ახლა კი გთავაზობთ ტესტს. 
უპასუხეთ კითხვებს და დათვალეთ ქულები:

1. ჩემი არ ესმით.
ხშირად (0)
იშვიათად (3)
არასოდეს (5)

2. ისეთი განცდა მაქვს, თითქოს ამქვეყნად ჩემი ადგილი არ მიკავია.
არასოდეს (5)
სიტუაციას გააჩნია (3)
ძალზე იშვიათად (0)

3. ოპტიმისტი ვარ
კი (5)
გამონაკლის შემთხვევებში (3)
არა (0)

4. ყველაფერი გამხიარულებდეს –
სისულელეა (0)
გეხმარება რთულ სიტუაციებში (3)
ღირს ამის სწავლა (5)

5. მსურს, მქონდეს ისეთივე უნარები, როგორიც სხვებს აქვთ
კი (0)
ზოგჯერ – კი (3)
არა, თვითონვე მაქვს საჭირო უნარები (5)

6. ბევრი ნაკლი მაქვს
დიახ, ასეა (0)
სულაც არ მიმაჩნია ასე (3)
არ არის ასე (5)

7. ცხოვრება მშვენიერია 
დიახ, ასეა (5)
ძალიან ზოგადი ნათქვამია (3)
სულაც არა (0)

8. არავის ვჭირდები
ხშირად მგონია ასე (0)
ზოგჯერ ასე მგონია (3)
იშვიათად მგონია ასე (5)

9. ჩემი ქცევა ირგვლივ მყოფთათვის გაუგებარია
ხშირად (0)
ზოგჯერ (3)
იშვიათად (5)

10. მეუბნებიან, რომ იმედები ვერ გავამართლე
ხშირად (0)
ზოგჯერ (3)
ძალიან იშვიათად (5)

11. მრავალი ღირსება მაქვს
კი (5)
გააჩნია სიტუაციას (3)
არა (0)

12. პესიმისტი ვარ
კი (0)
გამონაკლის შემთხვევებში (3)
იშვიათად (5)

13. როგორც ყველა მოაზროვნე ადამიანი, მეც ვაანალიზებ ჩემს საქციელს
ხშირად (0)
ზოგჯერ (3)
იშვიათად (5)

14. ცხოვრება მოსაწყენი რამ ყოფილა
დიახ, ასეა (0)
მეტისმეტად განზოგადებული დასკვნაა (3)
არა, ასე არ არის (5)

15. სიცილი ჯანმრთელობაა
ბანალური ნათქვამია (0)
რთულ სიტუაციებში ასე ვფიქრობ (3)
სრულიადაც არა (5)

16. ადამიანები ვერ მაფასებენ
სამწუხაროდ, ასეა (0)
ამას დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ (3)
სრულიადაც არა (5)

17. სხვებს ადვილად განვიკითხავ
ხშირად (0)
ზოგჯერ (3)
იშვიათად (5)

18.წარუმატებლობას ყოველთვის წარმატება მოსდევს
მჯერა, თუმცა ვიცი, რომ ეს ნიშნავს, სასწაული ირწმუნო (5)
შესაძლოა ასე იყოს, მაგრამ ამის მეცნიერული დასაბუთება არ არსებობს (3)
სასწაულებისა არ მჯერა (0) 

19. აგრესიულად ვიქცევი
იშვიათად (0)
ხშირად (3)
ძალიან ხშირად (0)

20 მარტოსულად ვგრძნობ თავს
იშვიათად (5)
ზოგჯერ (3)
ხშირად (0)

21. ადამიანები არ არიან კეთილგანწყობილნი
უმეტესობა (0)
ზოგიერთი (3)
სრულიადაც არა (5)

22. არ მჯერა, რომ შეიძლება, სასურველს მიაღწიო
ამისთვის ჯერ არავის მიუღწევია (0)
ზოგჯერ ასეც ხდება (3)
მე მჯერა (5)
23. ცხოვრებისეული სირთულეების გადალახვა ჩემს ძალებს აღემატება
ხშირად (0)
ზოგჯერ (3)
იშვიათად (5)

24. ალბათ, ყველა ადამიანი უკმაყოფილოა თავისი გარეგნობით
ალბათ, კი (0)
ზოგჯერ კი (3)
არა მგონია (5)

25. როდესაც რამეს ვაკეთებ ან ვლაპარაკობ, ჩემი არ ესმით
ხშირად (0)
ზოგჯერ (3)
ძალზე იშვიათად (5)

26. ადამიანები მიყვარს
კი (5)
მეტისმეტად ზოგადი განცხადებაა (3)
არა(0)

27. ზოგჯერ ეჭვი მეპარება ჩემს უნარებში
ხშირად (5)
ზოგჯერ (3)
იშვიათად (0)

28 საკუთარი თავით კმაყოფილი ვარ
ხშირად (5)
ზოგჯერ (3)
იშვიათად (0)

29 მიმაჩნია, რომ საკუთარი თავის მიმართ უფრო კრიტიკული უნდა იყო, ვიდრე სხვების მიმართ
კი (0)
არ ვიცი (3)
არა( 5)
30. მჯერა, რომ მეყოფა ძალა მიზნის მისაღწევად
კი (5)
ზოგჯერ კი (3)
არა (0)
თუ მოაგროვეთ ერთნაირი ქულები შემდეგ კითხვებში/წყვილებში: 3 და 18, 9 და 25, 12 და 22, მაშინ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ თქვენი მონაცემები სანდოა.

0-40 ქულა – სამწუხაროდ, თქვენ კომპლექსები გაქვთ, საკუთარ თავს უარყოფითად აფასებთ, გამუდმებით ებრძვით მას, რაც კიდევ უფრო აღრმავებს კომპლექსს და საქმეს გირთულებთ. გაიხსენეთ ა. ადლერის სიტყვები: „თუ ადამიანი ამბობს, რომ ის რამეს ვერ შეძლებს, დიდი ალბათობით, მისი ქმედებაც შესაბამისი იქნება”. შეიცვალეთ საკუთარი თავისადმი დამოკიდებულება, ეცადეთ აღმოაჩინოთ საკუთარი ღირსებები, ძლიერი მხარეები და მათზე გაამახვილოთ ყურადღება. მიმართეთ სპეციალისტს, თუ ამის აუცილებლობას გრძნობთ. 

41-80 ქულა – მშვენივრად შეგიძლიათ, თვითონვე მოუაროთ საკუთარ კომპლექსებს, რომლებიც ხელს გიშლით ცხოვრებაში. დროდადრო გაურბიხართ საკუთარი ქცევის ანალიზს. ნუ მიიღებთ სირაქლემას პოზას. მეტი გამბედაობა გმართებთ. „შეგიძლიათ, დამოუკიდებლად გაუმკლავდეთ სირთულეებს და გადაჭრათ თქვენი ცხოვრების სხვადასხვა პრობლემა. ეს ადამიანისთვის საკუთარი თავის რწმენის დაბრუნებისა და არასრულფასოვნების ძლიერი განცდისგან თავის დაღწევის საუკეთესო ხერხია” (ა. ადლერი).

81-130 ქულა – ისევე როგორც ყველა ნორმალურ ადამიანს, თქვენც გაქვთ ერთგვარი არასრულფასოვნების განცდა, მაგრამ მშვენივრად უმკლავდებით პრობლემებს, ობიექტურად აფასებთ საკუთარ ქცევასა და შესაძლებლობებს. თქვენი განცდები თქვენი პიროვნების ჯანსაღი განვითარების სტიმულია. ასე გააგრძელეთ!

131-150 ქულა – თავს ნუ მოიტყუებთ. ასეთი თვითშეფასება საშიშიც კია – კომპლექსები ხომ იმისთვის არსებობს, რომ გავუმკლავდეთ მათ და არა იმისთვის, რომ გვიყვარდეს. ასე ცხოვრება გაგიჭირდებათ.

ფეხბურთელები შავით თეთრზე

0
ამას წინათ ერთმა ჩემმა ნაცნობმა თქვა: ლეო მესი „ათას ერთ ღამესავით” კაცია – კითხულობ, კითხულობ და ბოლო არ უჩანსო. ისე კარგად გამოუვიდა, რომ მეც დავფიქრდი, ჰგვანან თუ არა ფეხბურთელები წიგნებს და შეიძლება თუ არა, ისინი, როგორც, საზოგადოდ, ადამიანები, კონკრეტულ წიგნებთან გავაიგივოთ.

მე თუ მკითხავთ, ჩვენი თემურ ქეცბაია ფრანგული ბულვარული რომანივითაა. კითხულობ გულმოდგინედ, ცდილობ, ჩასწვდე მწერლის ლინგვისტურ აბდაუბდას, მაგრამ რაც უფრო მეტს ფურცლავ, მით უფრო უინტერესო ხდება და ბოლომდე წაკითხვაც კი გეზარება.

სამაგიეროდ, კრიშტიანუ რონალდუ სხვა არაფერია, თუ არა შუა საუკუნეების ევროპული სარაინდო ამბების კრებული. წიგნის ფურცლებიდან გამუდმებით ხმლების ჭახაჭუხი მოისმის და ბოლოს ყველაფერი თეთრ ცხენზე ამხედრებული რაინდის ციხე-კოშკში შესვლითა და მეფის ასულთან ქორწინებით მთავრდება. ეს არის, რონალდუ ჯერ არ დაქორწინებულა ირინა შეიკზე (და, ისეთი პირი უჩანს, შესაძლოა არც დაქორწინდეს), თორემ სხვა ყველაფერი სწორედ იმ ძველი ამბებივით მიდის.

რაკი ლეო მესით დავიწყეთ, მოდი, არგენტინის ნაკრებში მესის თანაგუნდელი – კარლოს ტევესი გავიხსენოთ და ვიფიქროთ, რომელი წიგნი მიესადაგება ამ უხიაგ და გიჟმაჟ კაცს… ყველაზე მეტად, ალბათ დავით კლდიაშვილის მოთხრობები – გამუდმებით ბავშვობაში გამოვლილ გაჭირვებაზე საუბრობს, კლუბიდან კლუბში დაწანწალებს და ვერა და ვერ მოიგო გულშემატკივრების გული.

ზლატან იბრაჰიმოვიჩი ტოლკინის „ბეჭდების მბრძანებელია” თავისი ორკებით, გობლინებით, ნაზგულებით, დრაკონებითა და სხვა ეშმაკ-ქაჯებით. ზლატანი, ისევე როგორც ტოლკინის თხზულებები, გითრევს და გაშინებს, მაგრამ იცი, რომ ბოლოს არაგორნი მაინც მეფე გახდება და ყველა აღიარებს ელფთა და გნომთა ძმობის განსაკუთრებულობას.

ანდრეს ინიესტა ნიკო ლორთქიფანიძის მინიატურებია. ყველაფერი თავის ადგილზე აქვს, აფეთქებაც სჩვევია, მაგრამ ძალიან პატარაა და ამის გამო ყოველთვის გიტოვებს ნაკლოვანების შეგრძნებას. თუმცა არიან ადამიანები, რომლებიც მოცულობას უბრალოდ არ აქცევენ ყურადღებას.

ანდრეა პირლო ართურ კონან დოილის მოთხრობებივით კაცია. სულ ფუთფუთებს, თამაშის დროს მუდამ რაღაც ფარულ ხვეულებსა და კვანძებს ხლართავს და კაცი ვერ გაიგებს, რა უდევს გულში. ეს კვანძი სწორედ მაშინ იხსნება, როცა ყველაზე ნაკლებად ელი და ანდრეა პირლო უკვდავი შერლოკ ჰოლმსივით მთელი სიდიადით წარმოგვიდგება.

უეინ რუნი ჩეხოვის მოთხრობებივით ვინმეა. სხარტი, მოქნილი და აზრიანი. თუმცა მაინც გემოვნების საქმეა რუნის ფეხბურთის შეყვარება. არიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ ჩეხოვის მოთხრობებსაც და რუნის თამაშსაც ზედაპირულობის ელფერი დაჰკრავს, მაგრამ ყველა მაინც აღიარებს დიდ ნიჭსა და ენერგიას, რომელიც შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს.

ფრენკ რიბერი თეოდორ დოსტოევსკის რომანებივითაა – დინჯი, ღრმა, სულში ჩამწვდომი და ყოვლისმომცველი. რიბერიმ, ისევე როგორც დოსტოევსკიმ, დანდობა არ იცის და რაც გასაკეთებელია, აუცილებლად გააკეთებს; მოწინააღმდეგეს იოტისოდენა შანსსაც არ უტოვებს, მის სიდიადეში ეჭვი შეიტანოს და, რაც მთავარია, დოსტოევსკისა არ იყოს, რიბერიმაც კარგად იცის, რომ რიბერია!

მინდოდა, ჟოზე მოურინიოზეც მეთქვა რამე, მაგრამ ნაგიჟარ ჟოზეს კიდევ წიგნთან შედარება უნდა?!

როგორ განვიხილოთ გარემოსდაცვითი საკითხები?

0
ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის მეორე პუნქტში, რომლის სახელწოდებაც არის „ბუნებრივი გარემო პირობების შენარჩუნება და დაცვა” აღნიშნულია, რომ “მოზარდმა უნდა იცოდეს, რა ბუნებრივ გარემოში ცხოვრობს, რა ზიანი შეიძლება მიაყენოს გარემოს ადამიანის ამა თუ იმ მოქმედებამ, როგორ შეინარჩუნოს და დაიცვას ბუნებრივი გარემო”.

 დღეს არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, როდესაც არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში სულ უფრო ხშირად ისმის განცხადებები ეკოლოგიური პრობლემებით გამოწვეული საფრთხეებისა და მიღებული შედეგების შესახებ, განსაკუთრებით აქტუალურია გარემოსდაცვითი განათლება და მასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა. სკოლა კი სწორედ ის ადგილია, სადაც მოსწავლემ სიღრმისეულად უნდა გაიაზროს და გაითავისოს, თუ რას ნიშნავს გარემოს დაცვა, რა პოზიტიური თუ ნეგატიური შედეგი შეიძლება მოუტანოს მას თითოეული ადამიანის და, ზოგადად, საზოგადოების დამოკიდებულებამ და ქმედებამ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ადამიანის ჯანმრთელობას, ცოცხალი ორგანიზმების საარსებო პირობების შენარჩუნებას, მის გაუმჯობესებას და ა.შ., მისი სწავლება კომპლექსურ ხასიათს უნდა ატარებდეს. ეს არა მარტო საბუნებისმეტყველო და საზოგადოებრივი მეცნიერებების, არამედ სხვა საგნების სწავლების კომპონენტსაც უნდა შეადგენდეს. მაგალითად, ქართულის მასწავლებელმა შესაძლებელია კონკრეტული მასალის შესწავლისას უბიძგოს მოსწავლებს, აღმოაჩინონ ნაწარმოებში მოცემული გარემოსდაცვითი საკითხები და იმსჯელონ, თუ როგორ ხედავს ავტორი მოცემულ პრობლემას და მოგვარების რა გზებს გვთავაზობს, თავად როგორ გადაწყვეტდნენ ამ პრობლემას, რა ალტერნატივები არსებობს და ა.შ. მათემატიკის მასწავლებელმა შესაძლებელია არსებული მონაცემების საფუძველზე შეადგენინოს ან თავად მისცეს მოსწავლეებს გარემოს დაცვასთან დაკავშირებული საკითხების შემცველი ამოცანები და ა.შ.


რა არის გარემოსდაცვითი განათლება?

გარემოსდაცვითი განათლება, რომლის მთავარი მიზანიც გარემოსდაცვითი თვალსაზრისით განათლებული საზოგადოების ჩამოყალიბებაა, შეისწავლის და იკვლევს ადამიანის ქმედების ზეგავლენას გარემოს მდგომარეობაზე, გარემოსდაცვით პრობლემებსა და მათი მოგვარების გზებს, ბუნებრივი გარემოს შენარჩუნების, დაცვისა და გაუმჯობესების საშუალებებს.

სტატიაში წარმოდგენილია რამდენიმე ზოგადი ხასიათის რეკომენდაცია და სტრატეგია, რომელთა გათვალისწინებაც ეფექტურ შედეგს იძლევა არა მარტო გარემოსდაცვითი საკითხების შესწავლისას, არამედ სხვა დისციპლინებშიც _ პრობლემური სიტუაციების განხილვისას.


როგორ შევარჩიოთ პრობლემა?

პრობლემა რომ საინტერესო განსახილველი და შედეგის მომცემი იყოს, მისი შერჩევისას საჭიროა, რამდენიმე დამხმარე კითხვა გამოვიყენოთ:

·პრობლემა დაძლევადია?

პრობლემის შერჩევისას მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს მოსწავლეთა ასაკობრივი და ფსიქოლოგიური თავისებურებები, ინტერესების სფერო, გამოცდილება და უნდა შეარჩიოს ისეთი საკითხი, რომლის დაძლევასაც შეძლებენ ისინი. ასეთ შემთხვევაში მოსწავლეებს ემატებათ საკუთარი თავის რწმენა და უჩნდებათ მოტივაცია, რომ ხელახლა გამოსცადონ საკუთარი შესაძლებლობები მსგავსი დავალებების შესრულებისას.

·პრობლემა დაძლევადია, მაგრამ არ არის მარტივი?

იმ შემთხვევაში, თუ ყველა პრობლემა, რომელთა გადაჭრაც მოსწავლეებს ევალებათ, მარტივი იქნება, მაშინ ისინი ვერ ირწმუნებენ, რომ შეუძლიათ რთული პრობლემების მოგვარებაც. წაახალისეთ ისინი, თქვენთან ერთად სცადონ რთული პრობლემების გადაჭრა, გამოთქვან ვარაუდები და საკუთარი მოსაზრებები თავისუფლად. ასწავლეთ მოსწავლეებს, როგორ დაშალონ ისინი მარტივ, ცალკეულ საკითხებად, როგორ გააკეთონ გამომწვევი მიზეზების ანალიზი, როგორ დაგეგმონ მოგვარების გზები და ა.შ.

პრობლემა რეალურ სიტუაციას ეფუძნება?

მნიშვნელოვანია, რომ განსახილველი პრობლემა, განსაკუთრებით გარემოსდაცვითი საკითხების სწავლებისას, რეალური ცხოვრების მაგალითს ეფუძნებოდეს. ასეთ შემთხვევაში, მასწავლებელმა უნდა უბიძგოს მოსწავლეებს, იმსჯელონ არა მარტო დასმული საკითხის ირგვლივ, არამედ გაიაზრონ საკუთრი როლი და პასუხისმგებლობა პრობლემის მოგვარების პროცესში. პიროვნულ კონტექსტში გააზრებული საკითხი უფრო მეტად ამახსოვრდება და აფიქრებს ადამიანს.

·პრობლემა იძლევა ვიზუალურად გამოხატვის საშუალებას?

დიაგრამების, ცხრილების, რუკებისა და სხვა გრაფიკული ორგანიზატორების საშუალებით პრობლემის გამოსახვა ხელს უწყობს მოსწავლეებს, უკეთესად აღიქვან და გაიაზრონ მათ წინაშე დასმული ამოცანა, ადვილად დაადგინონ პრობლემისა და მისი გამომწვევი მიზეზების ურთიერთდამოკიდებულება, მოაწესრიგონ და დაახარისხონ მიწოდებული ინფორმაცია.

·პრობლემა საინტერესოა და იწვევს დისკუსიას?

შინაგანი მოტივაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი საკითხის მიმართ ინტერესის აღძვრაა. განსახილველი პრობლემა ისე უნდა იყოს შერჩეული და მიწოდებული, რომ მოსწავლეთა დაინტერესებასა და მსჯელობის სურვილს იწვევდეს. მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეები დისკუსიის წარმართვამდე გაეცნონ საკითხის ირგვლივ სხვადასხვა წყაროდან მოძიებულ ინფორმაციას (მაგ.: მეცნიერთა მოსაზრებები, კვლევების შედეგები, არსებული ფაქტები და ა.შ.), იმსჯელონ არგუმენტირებულად და გამოთქმულ მოსაზრებებსა და არსებულ ფაქტებზე დაყრდნობით შეიმუშაონ პრობლემის გადაჭრის რელევანტური გზები.

·არსებობს პრობლემის შესახებ ინფორმაცია სხვადასხვა ფორმატში?

საკითხის გააზრებას ასევე ხელს უწყობს ინფორმაციის სხვადასხვა ფორმატით მიწოდება. ტექსტური, ვიდეო, აუდიო თუ ელექტრონული მასალის ერთობლიობა მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, უკეთესად ჩაწვდნენ პრობლემის არსს.

პრობლემის განხილვის სტრატეგიები

განსახილველი პრობლემის შერჩევის შემდეგ ბუნებრივად ჩნდება შეკითხვა: როგორ განვიხილოთ საკითხი? რომელი გზა იქნება უფრო ეფექტური სასურველი შედეგის მისაღწევად?

მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეები ფლობდნენ პრობლემის გადაჭრის სხვადასხვა სტარტეგიას და, სიტუაციიდან გამომდინარე, შეეძლოთ მათი ადეკვატურად გამოყენება.

ქვემოთ მოყვანილია რამდენიმე სტრატეგიის მაგალითი, რომლებიც მიესადაგება როგორც გარემოსდაცვითი განათლების საკითხების შესწავლას, ასევე გამოდგება სხვა დისციპლინებშიც.

1.პრობლემა – გავლენა – მიზეზი – გადაჭრის გზა

ეს სტრატეგია მოსწავლისგან მოითხოვს პრობლემის შესახებ ინფორმაციის მიღებისას შემდეგი მიმართულებით დაფიქრებას (იხ. ცხრილი 1):

პრობლემა

გავლენა

მიზეზი

გადაწყვეტა

(რა პრობლემას

ხედავთ?)

(რაზე ან ვისზე ახდენა გავლენას?)

(რა არის მისი გამომწვევი მიზეზები?)

(როგორ შეიძლება მოგვარდეს?)

ცხრილი 1.

“პრობლემა” – ამ გრაფის შესავსებად მოსწავლეებს სთხოვეთ, ინფორმაციის მიღებისთანავე მოინიშნონ ის პრობლემები, რომლებსაც მნიშვნელოვნად თვლიან და შეავსონ ცხრილისპირველი გრაფა.

“გავლენა” – ეს გრაფა პასუხობს კითხვაზე, თუ რა გავლენას ახდენს მოცემული პრობლემა გარემოზე, პირადად მასზე, სხვა ცოცხალ ორგანიზმებზე და ა.შ. შესაძლებელია დასახელდეს გავლენის მასშტაბები ან სხვა მონაცემები, რაც უკეთესად წარმოაჩენს პრობლემას.

“მიზეზი” – აღნიშნული გრაფის შესავსებად მოსწავლეებს დასჭირდებათ პრობლემის გამომწვევი ძირითადი მიზეზების დასახელება და იმის დასაბუთება, თუ რატომ თვლიან ასე.

“გადაწყვეტა” – პრობლემის მოგვარების გზებისთვის განკუთვნილი გრაფაა. სთხოვეთ მოსწავლეებს, დაფიქრდნენ და დაწერონ ის კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც ეფექტური იქნება მოცემული საკითხის გადასაჭრელად.

მას შემდეგ, რაც მოსწავლეები დაასრულებენ ცხრილის შევსებას, წარმოადგენენ საკუთარ ნამუშევრებს და დაიწყებენ არგუმენტირებულ მსჯელობას თითოეულ გრაფაში წარმოდგენილი ინფორმაციების შესახებ, მაგ.: რატომ არის ეს პრობლემა მნიშვნელოვანი? რამდენად მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მოცემული პრობლემა ბუნებრივ გარემოზე? პრობლემის გადაჭრის რა ალტერნატიული გზები არსებობს? და ა.შ.


1.

პრობლემა – ფაქტორები – რისკები – გადაწყვეტა

აღნიშნული სტრატეგიის გამოყენებისას მოსწავლეებს ევალებათ ინფორმაციის შემდეგი პარამეტრების მიხედვით დახარისხება (იხ. ცხრილი 2):

პრობლემა

ფაქტორები

რისკები

გადაწყვეტა

(რაში მდგომარეობს პრობლემა?)

(რა ფაქტორები უშლის ხელს მის მოგვარებას?)

(რა მოხდება, თუ პრობლემა ვერ მოგვარდება?)

(როგორ შეიძლება მოგვარდეს ის?)

ცხრილი 2.

პირველი გრაფაში _ “პრობლემა” _ აღწერეთ პრობლემა და დაასახელეთ მისი გამომწვევი მიზეზები.

მეორე გრაფაში – “ფაქტორები” _ ჩამოთვალეთ ყველა ის ხელისშემშლელი ფაქტორი, რაც, თქვენი აზრით, ხელს უშლის პრობლემის მოგვარებას.

მესამე გრაფაში – “რისკები” _ დაწერეთ ის მოსალოდნელი შედეგები, რისკები და საფრთხეები, რაც შეიძლება პრობლემის მოუგვარებლობას მოჰყვეს შედეგად.

მეოთხე გრაფაში – “გადაწყვეტა” _ დაწერეთ პრობლემის მოგვარების კონკრეტული ნაბიჯები.


2.

პრობლემა – საქმიანობა – შედეგი _ რესურსი

აღნიშნული სტრატეგია, გარდა საგაკვეთილო პროცესში საკითხის განხილვისა, ეფექტურია ისეთი პრობლემების გადასაწყვეტად, რომლებიც ადგილობრივ გარემოში რეალურად არსებობს და მათი მოგვარება მოსწავლეთა ძალისხმევითაც არის შესაძლებელი (იხ. ცხრილი 3):

პრობლემა

საქმიანობა

შედეგი

რესურსი

(რაში მდგომარეობს პრობლემა?)

რის გაკეთებას შევძლებდი?

რას მივიღებ შედეგად?

რა დრო და რესურსი დამჭირდება?

ცხრილი 3.

მეორე და მესამე ცხრილის პირველი გრაფა _ “პრობლემა” _ ერთი და იმავე დანიშნულებას ატარებს.

მეორე გრაფაში – “საქმიანობა” – ჩამოთვალეთ ყველა ის აქტივობა, რის გაკეთებასაც თავად შეძლებთ პრობლემის მოსაგვარებლად.

მესამე გრაფაში – “შედეგი” _ დაწერეთ ის მოსალოდნელი შედეგები, რასაც, თქვენი აზრით, პრობლემის მოგვარების შემდეგ მიიღებთ.

მეოთხე გრაფაში – “რესურსები” – უპასუხეთ შემდეგ კითხვებს და ჩაწერეთ აღნიშნულ გარფაში: რა დროში შეძლებთ პრობლემის მოგვარებას? რა რესურსი დაგჭირდებათ? ვისი დახმარება იქნება საჭირო?

პირველი სტრატეგიის მსგავსად, მეორე და მესამე ცხრილების შევსების შემდეგაც მოსწავლეები მართავენ დისკუსიას და იხილავენ თითეულ გრაფაში მოცემული ინფორმაციის რელევანტურობას, ეფექტურობას და ა.შ.

სასწავლო პროცესში პრობლემების გადაჭრაზე ორიენტირებული დავალებები მოსწავლეებს უვითრებს უნარებს, რომლებიც არა მარტო სასკოლო საგნებში წარმატების მისაღწევად, არამედ მთელი სიცოცხლის მანძილზე გამოადგებათ. პრობლემის განსაზღვრის, მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დადგენის, პრობლემის გადაწყვეტის გზების ძიების, რისკების გამოკვეთის და ა.შ. უნარები, საბოოლო ჯამში, აყალიბებს პროაქტიურ, კრიტიკულ აზროვნებას.

 


როგორ განვუვითაროთ ბავშვს მათემატიკური აზროვნების უნარი

0
მათემატიკის როლი ბავშვის ინტელექტუალურ განვითარებაში უაღრესად დიდია. ის აზროვნების, შემეცნებითი და შემოქმედებითი უნარების განვითარების მძლავრ ფაქტორს წარმოადგენს, ამიტომ ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენი ბავშვების უმრავლესობას მათემატიკა არ უყვარს და მისი სწავლა უჭირს. ამ საგანში ცუდი ნიშნის მიღებისას ისინი, როგორც წესი, ამბობენ, რომ მათემატიკის ნიჭი არ აქვთ და ვერასოდეს შეძლებენ ამ საგანში სასურველი ნიშნის მიღებას. ბუნებრივია, იბადება კითხვა: რისი ბრალია, რომ ჩვენს სკოლებში არცთუ ისე ბევრია მოსწავლე, რომლისთვისაც მათემატიკა საყვარელი საგანია და რომელიც მას სიამოვნებითა და გატაცებით სწავლობს? ნუთუ მართლა საჭიროა სპეციფიკური მათემატიკური ნიჭი, რათა ბავშვმა მათემატიკის სასკოლო კურსი დაძლიოს?

პრაქტიკა მოწმობს, რომ სასკოლო მათემატიკა არ არის იმდენად რთული, რომ მის არს მხოლოდ განსაკუთრებით ნიჭიერი ბავშვები ჩასწვდნენ, თუმცა უნდა ითქვას, რომ სასკოლო საგნებს შორის ის ყველაზე მეტად მოითხოვს თანმიმდევრულობასა და სისტემატურობას. არც ერთი სასკოლო საგანი არ არის ისე მგრძნობიარე არათანმიმდევრულობისა და არასისტემატურობის მიმართ, როგორც მათემატიკა. ისტორიაში, გეოგრაფიასა თუ ნებისმიერ სხვა საგანში ორი-სამი საკითხის გამოტოვების შემდეგ ბავშვმა მომდევნო საკითხი შესაძლოა კარგად ისწავლოს და მაღალი შეფასებაც დაიმსახუროს, მათემატიკაში კი ეს თითქმის შეუძლებელია. რა თქმა უნდა, თანმიმდევრულობა და სისტემატურობა ნებისმიერი საგნის შესწავლას სჭირდება, მაგრამ მათემატიკა ამ მხრივ სრულიად განსაკუთრებულია. მათემატიკის მასწავლებელს ბავშვის ცოდნის აგებისას ჯაჭვის რგოლებივით უწევს საკითხების ერთმანეთთან დაკავშირება. ხშირად ამ ჯაჭვიდან ერთი რგოლის ამოვარდნაც კი საკმარისია, რომ ის დაირღვეს და დიდი ძალისხმევა დაგვჭირდეს მის აღსადგენად. თუ ბავშვს აღნიშნული პრობლემის დაძლევაში დავეხმარებით, ეს საგრძნობლად შეუწყობს ხელს მისი აზროვნების განვითარებას, რაც, თავის მხრივ, მას დიდად დაეხმარება სხვა საგნების სწავლაში. ბავშვი, რომელმაც კარგად იცის მათემატიკა, სხვა საგნებშიც მაღალი აკადემიური მოსწრებით გამოირჩევა. ამაში მას სწორედ მათემატიკური აზროვნება ეხმარება.

მათემატიკა აზროვნების განვითარების ერთ-ერთი ძირითადი საშუალებაა. აზროვნების მათემატიკური სტილი არც ისე რთულია, როგორც ბევრს ჰგონია. სავსებით შესაძლებელია, ბავშვი საკმაოდ ადრე, თანაც ყოველგვარი სირთულის გარეშე დაეუფლოს მათემატიკურ აზროვნებას და მათემატიკა ისეთივე ახლობელი და ბუნებრივი გახდეს მისთვის, როგორიც სამეტყველო ენაა. საკმარისია, მივაწოდოთ მას „საზრდო” მათემატიკური უნარების განვითარებისთვის. ეს იმას არ ნიშნავს, რომ რაც შეიძლება ადრე ვასწავლოთ ბავშვს ასამდე თვლა, შეკრება-გამოკლება, გამრავლება-გაყოფა. ერთადერთი აუცილებელი რამაა, ბავშვმა რაც შეიძლება ადრე აითვისოს ძირითადი მათემატიკური ცნებები, რაც ადვილად ხერხდება თამაშით.

ბავშვს მათემატიკა ჯერ კიდევ სკოლამდელ ასაკში უნდა გავაცნოთ სახალისო ფორმით, რათა მომავალში მისი სრულყოფილად დაუფლების სურვილი გაუჩნდეს. ამისთვის კარგი იქნება მათემატიკური ცნებების გაცნობა მხიარულ გარემოში, ბავშვის ცხოვრების ბუნებრივი რიტმის დარღვევისა და ინფორმაციის თავს მოხვევის გარეშე. მაგ., ბავშვს ადვილად შეიძლება ვასწავლოთ თვლა ყოველდღიურ ცხოვრებაში – სუფრის გაშლისას ვთხოვოთ, მაგიდაზე დააწყოს 5 კოვზი და 5 ჩანგალი, გამოიღოს კარადიდან 10 კანფეტი და 5 ვაშლი, ვკითხოთ, რამდენი ყური აქვს მის საყვარელ ცუგას, წიგნის კითხვისას შევჩერდეთ და ვკითხოთ, რამდენი ცხოველი და რამდენი ადამიანი შეგვხვდა წაკითხულ ნაწილში.

უნდა გვახსოვდეს, რომ ძალდატანებითი სწავლება უშედეგოა, ამიტომ სწავლა-სწავლების პროცესი რაც შეიძლება სახალისო უნდა იყოს. სახალისო მათემატიკა ნიღბავს იმ მათემატიკას, რომელსაც ბევრი მშრალ, უინტერესო, ცხოვრებისგან შორს მდგომ მეცნიერებად მიიჩნევს.

მართალია, ბავშვების უმრავლესობას მათემატიკა ყველაზე რთულ საგნად მიაჩნია, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ მათემატიკის სწავლება სკოლაში მისვლისას არ იწყება; ბავშვს სკოლამდელ ასაკშივე უნდა ჰქონდეს ელემენტარული მათემატიკური ცოდნა და შეეძლოს:

▪ ათამდე თვლა ზრდადი და კლებადი მიმართულებით;

▪ ციფრების ცნობა როგორც თანმიმდევრობით, ისე არეულად;

▪ რაოდენობითი (ერთი, ორი სამი…) და რიგობითი (პირველი, მეორე მესამე…) რიცხვითი სახელების ცნობა ერთიდან ათამდე;

▪ რიცხვების ცნობა ათის ფარგლებში, წინა და მომდევნო რიცხვების დასახელება;

▪ ძირითადი გეომეტრიული ფიგურების (სამკუთხედი, ოთხკუთხედი, წრე) ცნობა და გამოსახვა;

▪ რამის გაყოფა 2-4 თანაბარ ნაწილად;

▪ საგნების შედარება რაოდენობის (მეტობა, ნაკლებობა, ტოლობა), ზომის (დიდი, პატარა), სიმაღლის (მაღალი, დაბალი) მიხედვით;

▪ კვირის დღეებისა და დღე-ღამის ნაწილების განსხვავება და მათი შესაბამისი სახელებით აღნიშვნა.

სწავლების საწყის ეტაპზე ბევრს უჭირს მათემატიკის ძირითადი ცნებების შესწავლა. ეს არც არის გასაკვირი, რადგან ეს ცნებები ძალზე აბსტრაქტულია, ბავშვი მათ ვერც შეეხება და ვერც დაათვალიერებს. აბსტრაქტულ მათემატიკურ ცნებებს ჩვენ კონკრეტულად ვერ ვაქცევთ. ერთადერთი, რაც შეიძლება გავაკეთოთ, ის არის, რომ ეს ცნებები კონკრეტული მასალის საშუალებით მივაწოდოთ ბავშვს. აბსტრაგირებაზე გადასვლამდე ბავშვმა უნდა მიიღოს კონკრეტული გამოცდილება კონკრეტული საგნებით მოქმედებისას – ისწავლოს შედარება, საგნების დალაგება რიგის მიხედვით, გაზომვა და ა.შ.

ხშირად მათემატიკით დაინტერესებას ის ართულებს, რომ ბავშვის ვერ ხედავს ამ საგნის საჭიროებას, მისი შესწავლის აზრს. მას ესმის, რომ ასოების შესწავლა კითხვაში დაეხმარება, მაგრამ მათემატიკურ სიმბოლოებში ის ვერავითარ აზრს ვერ პოულობს. ასეთ დროს ბავშვს უნდა ავუხსნათ, რომ მათემატიკა სჭირდება ყველა ადამიანს, განურჩევლად პროფესიისა. ელემენტარული მათემატიკური ცოდნის გარეშე ყოველდღიურ ცხოვრებაში უამრავ პრობლემას შეიძლება შევეჯახოთ. რაც მთავარია, მათემატიკის გარეშე შეუძლებელია რაიმე ტექნიკური აღმოჩენის გაკეთება. სასურველია, ვესაუბროთ ბავშვს ეგვიპტური პირამიდების მშენებლობასა და კოსმოსურ მისიებზე, მივიყვანოთ იმ დასკვნამდე, რომ მათემატიკის ცოდნის გარეშე სერიოზულ მიღწევებზე საუბარი შეუძლებელია.

არსებობს აზრი, რომ მათემატიკა მეცნიერებათა დედოფალია. ამა თუ იმ მეცნიერების მოწიფულობა, ჩვეულებრივ, იმით განისაზღვრება, რა ზომით იყენებს ის მათემატიკას. ისეთი მეცნიერება, რომლის საგნის მათემატიკურად გამოსახვა ვერ ხერხდება, არც კი შეიძლება დასრულებულ მეცნიერებად ჩაითვალოს. ამდენად, კარგი იქნება, თუ ბავშვს ავუხსნით, რომ თუნდაც მომავალში ისეთი პროფესია აირჩიოს, რომელიც მათემატიკასთან არ იქნება დაკავშირებული, მათემატიკური აზროვნება და მათემატიკური უნარები მას მაინც გაუადვილებს წარმატებას როგორც ყოველდღიურ ცხოვრებაში, ასევე პროფესიულ საქმიანობაშიც.

პატარა ნიკოლა

0
ასტერიქსისა და ობელიქსის ცნობილი ისტორიების ავტორების ჟან ჟაკ სემპესა და რენე გოსინის „პატარა ნიკოლა” საბავშვო რომანების სერიაა და ექვსი წიგნისგან შედგება. წიგნები მსოფლიოს ოცდაჩვიდმეტ ენაზეა თარგმნილი. ნიკოლას და მისი მეგობრების თავგადასავლები საფრანგეთში ძალიან პოპულარულია. მოქმედება სამოციანი წლების საფრანგეთში, 1974 წლის რეფორმამდე ხდება, როცა გოგონები და ბიჭები ჯერ კიდევ სხვადასხვა სკოლებში სწავლობდნენ. წიგნიდან გაიცნობთ ნიკოლას მეგობრებს: მსუქანა ალსესტს, რომელიც გაკვეთილებზე, შესვენებებზე თუ ქუჩაში სულ ილუკმება, ხუთოსან, მტირალა და დამსმენ ანიანს, მასწავლებლის საყვარელ მოსწავლეს, რომელიც დედას ხელჩაკიდებული დაჰყავს სკოლაში, სკოლის მკაცრ ზედამხედველ ბულიონას, თვალის გუგები ბულიონში მოტივტივე ცხიმის ბურთულებს რომ მიუგავს და ბავშვებს მუდამ კატორღით ემუქრება, ნიკოლას მამას, რომელიც წარსულს მისტირის და დარწმუნებულია, ცოლი რომ არ შეერთო, აუცილებლად გახდებოდა ფეხბურთის, კრივის, ცურვისა და ველორბოლის ჩემპიონი და უამრავ სხვა სასაცილო და ახირებულ პერსონაჟს.

2009 წელს „პატარა ნიკოლას” მიხედვით ფილმიც გადაიღეს. არსებობს მულტფილმების სერიაც. ამჯერად წიგნის ერთ-ერთი თავის თარგმანს გთავაზობთ, რომელშიც ფრანგული სააღდგომო ტრადიციებია აღწერილი და, ვფიქრობთ, საინტერესო იქნება დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის.

აღდგომის კვერცხი

როგორ მიყვარს აღდგომა! რა კარგად ვერთობით ხოლმე შინ! მამა დილიდანვე იწყებს კვერცხების ღებვას. არ უნდა, რომ დავეხმარო, მეუბნება, ხელმარცხიანობა დედაშენისგან მემკვიდრეობით გერგოო.

მამა კვერცხების ღებვას სამზარეულოში იწყებს, მაგრამ ყოველ წელს – უფრო სწორად, რაც თავი მახსოვს – მუშაობა სულ სხვენში უნდა დაამთავროს, რადგან გამუდმებით უტყდება თითო-ოროლა კვერცხი სამზარეულოს მაგიდაზე (წელს), ხალიჩაზე (შარშან) ან დედას კაბაზე (შარშანწინ, პატარა რომ ვიყავი). მერე დედა ბებიასთან გარბის და ბოლოს ყველა ტირის.

სხვენიდან რომ ჩამოდის, კვერცხები მამას ყოველთვის იმაზე ნაკლები ჩამოაქვს, ვიდრე აიტანა. მაგრამ ისეთი ლამაზებია: ლურჯი, წითელი, მწვანე და რა ფერი აღარ! მამას შარვალივით. ძალიან ამაყობს, როცა ვეუბნები, რა არნახული სილამაზეა-მეთქი და დედაც მეთანხმება, მართლაც საამაყოაო. ამას მთელი გულით ამბობს, არ ეცინება.
მერე მამა კვერცხებს ბაღში მალავს, ბალახში. კვერცხების პოვნა კი მაღალ ბალახში ძალიან ძნელი საქმეა. ბალახის საკრეჭი მანქანა იმიტომაც არ გადამიტარებია ამდენ ხანს, სააღდგომო კვერცხები უკეთ რომ დამემალაო, აუხსნა მამამ დედას. ერთი პატარა უსიამოვნებაც შეგვემთხვა: მამა უზარმაზარ ძაღლს შეება, რომელიც ბაღში შემოსულიყო და გაფაციცებით ეძებდა კვერცხებს. მამამ აჯობა, მაგრამ იმწამსვე რომ შევდგომოდი კვერცხების ძებნას, არ იქნებოდა – მთელი უბნის მეგობრები უნდა მოსულიყვნენ და ძებნაში დამხმარებოდნენ. ყელის ჩაკოკლოზინებაშიც, რაღა თქმა უნდა.

მეგობრებმა ლამაზ-ლამაზი საჩუქრები მოგვიტანეს: შოკოლადის კვერცხები, შოკოლადის ვარიები და კიდევ – შოკოლადისგან დამზადებული უამრავი სხვა რამ. დედამ თქვა, ეს ყველაფერი მარტო საცქერლადააო – თვითონ ღვიძლი აწუხებს. აი, მე კი ჭამის შემდეგ ვხდები ავად, მაგრამ მაინც ძალიან მიყვარს ყველაფერი!

მეგობრები რომ მოვიდნენ, მამამ ყველას ბაღში მოგვიყარა თავი და გვითხრა: 
– აბა, ბავშვებო! შეუდექით კვერცხების ძებნას! 
მამასთვის, რომელიც ჩვენთან ერთად არასოდეს ერთობა, სიურპრიზი მქონდა მომზადებული. 
– შენც ჩვენთან ერთად ეძებე, მამა, საათი დაგიმალე ბალახში! – მივაძახე მე. მამა საშინლად გაწითლდა, თვალები გადმოეკარკლა – ალბათ იმიტომ, რომ გამცინებოდა – და თვითონაც შეუდგა ძებნას.
უცებ ღობის იქიდან ჩვენმა მეზობელმა, ბატონმა ბლედურმა გადმოიხედა. 
– კვერცხების ძებნისთვის ცოტა დიდი ხომ არა ხარ, ჰა? – გადმოსძახა მამას და უშნოდ გაიღრიჭა. ამ დროს მამამ, რომელსაც საათი ჯერაც ვერ ეპოვა, თავი წამოსწია და მიახალა: 
– აი, შენ მაგ გასიებულ სიფათზე საკუთარ ცხვირსაც კი ვერ მიაგნებ მოსახოცად, თუ ვინმემ არ მიგანიშნა!

ბატონი ბლედური არ დაიბნა: ოცდაათი წამიც კი არ დამჭირდებოდა კვერცხების საპოვნელადო, თქვა, ღობეს გადმოევლო და გამარჯვებულიც ის გამოვიდა, რადგან ჩვენს ეზოში რომ ხტებოდა, კვერცხი გაგლისა თავისი ზამშის ფეხსაცმლით. მამამ ბევრი იცინა: ბატონი ბლედურის ფეხსაცმელები ლურჯ-ყვითლად შეღებილიყო. ბატონმა ბლედურმა მამას თვალები დაუბრიალა (რა თქმა უნდა, იმისთვის არა, რომ გაემხიარულებინა) და ხელი ჰკრა. მამა წაიქცა და ყვირილი მორთო – თავისი საათი იპოვა, მივიწყებული და ოდნავ გაბზარული.

 
როგორ დასრულდა კამათი, არ გვინახავს – მალევე დაგვიძახა დედამ წასახემსებლად და ბაღში აღარავინ დარჩა ბატონი ბლედურის, აყვირებული მამაჩემისა და უზარმაზარი ძაღლის გარდა, რომელსაც ესარგებლა შემთხვევით და იმ კვერცხების საძებნელად დაბრუნებულიყო, ჩვენ რომ ვერ ვიპოვეთ.

სახლში კარგად ვიხალისეთ! შოკოლადები ხომ გვქონდა! მერე დედამ შოკოლადის ნამცხვარიც გამოაცხო და თან ძღვენსაც გავავლეთ მუსრი.

პირველად მსუქანა ალსესტი გახდა ავად, რომელიც ძალიან სწრაფად ჭამს ხოლმე, მერე დანარჩენებიც მივყევით, გამწლიკული ჟოფრუას გამოკლებით. იმას შეუძლია, იმდენი ჭამოს, რამდენიც უნდა. ძალიან უცნაურადაა მოწყობილი! სოლიტერი ჰყავს მუცელში და ჟოფრუას ნაცვლად ის ხდება ხოლმე ავად.

დედაჩემმა ყველა ჩემი მეგობრის დედას დაურეკა და სთხოვა, სასწრაფოდ მოეკითხათ შვილებისთვის. დედები მოვიდნენ. ყველას უკმაყოფილო სახე ჰქონდა. დასტაცეს ხელი თავიანთ შვილებს და გაარბენინეს. რას ვიფიქრებდით, ბავშვებს მუცლებს ასე თუ ამოუყორავდითო, უთხრეს დედას გასვლისას.

მერე კი მივხვდი, რატომ ჰქონდათ მშობლებს უკმაყოფილო სახეები: სახლში შემოსვლამდე ბაღი უნდა გამოევლოთ, სადაც ბალახებში მამა ჩამჯდარიჯო, პერანგი შემოგლეჯოდა, ცხვირიდან სისხლი სდიოდა და იმ სიტყვებს გაიძახოდა, მე რომ არ უნდა გამეგონა. ასე ამიხსნა დედამ.

მერე მამა დასამშვიდებლად დედას დაჰპირდა, წმინდა სამების დღესასწაულზე რომში აუცილებლად წაგიყვანო. 
აი, ასე! მშვენივრად ვიმხიარულეთ აღდგომას. ეს დღე არასოდეს დამავიწყდება და მამას ხომ – საერთოდ! სხვათა შორის, თქვა კიდეც, ეს დღე მუდამ მემახსოვრებაო! დარწმუნებული ვარ, თქვენც ჩვენსავით კარგად გაერთობით, ჰოდა გილოცავთ აღდგომის დღესასწაულს!
  
 
1. როგორ ადამიანს ეძახიან ხელმარცხიანს?
ა) ვინც ყველაფერს აფუჭებს
ბ) ვინც მარცხენა ხელით წერს
გ) ვისაც ყველაფერი კარგად გამოსდის 
 
2. რას ნიშნავს სიტყვა „გამწლიკული”?
ა) დაკუნთულს
ბ) გამხდარს
გ) მსუქანს
3. ნიკოლამ და მისმა მეგობრებმა „ძღვენს მუსრი გავავლეს” ანუ:
ა) შოკოლადის ქათმებით ითამაშეს
ბ) შოკოლადის კვერცხები დაუშინეს ერთმანეთს
გ) ყველაფერი შესანსლეს
4. რატომ ეჩხუბა ნიკოლას მამა ბატონ ბლედურს?
5. რა ბედი ეწია ბალახში გადამალულ კვერცხებს, რომლებიც, წესით, ბავშვებს უნდა ეპოვათ?
6. საქართველოში სააღდგომოდ კვერცხებს წითლად ღებავენ და პასქებს აცხობენ. ტექსტის მიხედვით, რას ამზადებენ ფრანგები ამ დღესასწაულისთვის და რას ჩუქნიან ერთმანეთს?

თანამედროვე ბრიტანული განათლების თავისებურებანი

0
საზღვარგარეთ განათლების მიღებაზე ორიენტირებული ოჯახების წევრებიდან ბევრს ჰგონია, რომ, რაც უფრო ადრე, ვთქვათ, 6-7 წლის ასაკში, გაამგზავრებს შვილს დიდ ბრიტანეთში, მით უკეთესია. ამ შემთხვევაში, ბავშვს პრესტიჟულ საშუალო სკოლაში მოხვედრის მაღალი შანსი ეძლევა, მაგრამ ამისათვის იგი თავისუფლად უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას. სხვა შემთხვევაში, ინგლისში წასულ 6 წლის ბავშვს ერთი წელი ენის საფუძვლიანად შესწავლისთვის დასჭირდება და მხოლოდ მეორე კლასიდან გახდება ბრიტანული სკოლის სრულფასოვანი მოსწავლე.

მშობელმა ჯერ თანამედროვე სკოლებსა და საუკუნოვანი ისტორიის მქონე სკოლა-პანსიონებს შორის უნდა გააკეთოს არჩევანი. არსებობს მხოლოდ ბიჭების ან გოგონებისთვის განკუთვნილი კოლეჯებიც. სკოლა-პანსიონები გამოირჩევიან საუკეთესო ინტერნაციონალური სასწავლო პროგრამებით.

ზოგიერთი ოჯახი ინგლისში გადადის საცხოვრებლად, რადგან სურთ, რომ მათმა შვილებმა დღის სკოლაში ისწავლონ, თავისუფალი დრო კი ოჯახთან ერთად გაატარონ. მდიდრული და ლეგენდარული სკოლა-პანსიონების გარდა, რა თქმა უნდა, ინგლისშიც არსებობს ჩვეულებრივი, სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულებები – ე.წ. დღის სკოლები, მაგრამ მათი უმეტესობა ბრიტანელ ბავშვებზეა გათვლილი. იქ არ ასწავლიან ინგლისურ ენას იმ მეთოდებით, როგორც ის უცხოელმა უნდა ისწავლოს. არადა, თუ ბრიტანული განათლების მიღება გსურს, ადგილობრივ მოზარდზე ნაკლებად არ უნდა ფლობდე ენას. 

მიუხედავად იმისა, რომ პატარები ბევრად სწრაფად ადაპტირდებიან უცხო გარემოში და ენობრივი ბარიერის გადალახვაც ნაკლებად უჭირთ, ფსიქოლოგიური  და ემოციური ფაქტორების გათვალისწინებით, სასურველია, რომ ათ წლამდე ბავშვი საკუთარ ქვეყანასა და ოჯახში იზრდებოდეს. 
 
მეცხრამეტე საუკუნეში დიდგვაროვანი ოჯახები შვილებისთვის განათლების მისაცემად ევროპელ სწავლულებს იწვევდნენ. მეოცე საუკუნის დასაწყისში ყველაფერი შეიცვალა, თუმცა 90-იან წლებში შეძლებულმა ოჯახებმა ისევ მიმართეს ყურადღება ევროპისკენ და დაიწყეს შვილების საზღვარგარეთ განათლების მისაღებად გაშვება. იმ დროისათვის საზღვარგარეთ სწავლა უფრო პრესტიჟის საკითხი გახლდათ. დღეს კი მშობლები ამ საკითხს მეტი პასუხისმგებლობით ეკიდებიან. თანამედროვე საზოგადოება უფრო კარგადაა ინფორმირებული. პრესტიჟულ სკოლა-პანსიონებში შვილის გაგზავნის მსურველები ჯერ დეტალურად ეცნობიან უცხო ქვეყანაში არსებულ საგანმანათლებლო დაწესებულებების პროგრამებს და ირჩევენ იმ გზას, რომლის დაძლევასაც შეძლებენ მათი შვილები. სკოლების არჩევა ხდება მათი რეიტინგის მიხედვითაც, რომელიც პერიოდულად ქვეყნდება ინტერნეტსივრცესა და ქვეყნის წამყვან ჟურნალ-გაზეთებში. 

 
ბრიტანული სკოლები მოსწავლეების ცხოვრებაში, როგორც წესი, უდიდეს როლს თამაშობენ. ბავშვები აქ არამარტო სწავლობენ, არამედ თამაშობენ ფეხბურთს, რაგბს, კრიკეტს, ჭადრაკს, დგამენ სპექტაკლებს და აწყობენ მეცნიერულ ექსპერიმენტებს, ეჯიბრებიან სხვა სასწავლო დაწესებულების მოსწავლეებს, ეხმარებიან ადგილობრივ მოხუცებს…  ის იდილია, რაც შესვენებაზე კრიკეტის თამაშისა და ჭიქა ჩაიზე მეგობრული საუბრების დროს სუფევს, მართლაც მიმზიდველ და სასიამოვნო პროცესად აქცევს სწავლას. 

საქართველოშიც შეიძლება  მოიძებნოს ისეთი კერძო სკოლა, სადაც ფუნქციონირებს სპორტის, ხელოვნებისა თუ მეცნიერების კლუბები, მაგრამ მასში  მოსწავლეთა მცირე ნაწილია ჩართული (სურვილისა და დამატებითი ფინანსური შესაძლებლობების მიხედვით). არადა სკოლის შენობაში მთელი დღით გამოკეტილი მოსწავლეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ ასეთი ,,სულის მოსათქმელი” საქმიანობების სასწავლო პროცესში აქტიურად ჩართვა. 
 
ბრიტანული სასკოლო პროგრამის თანახმად, მოსწავლეები თოთხმეტი წლიდან ზევით თავად წყვეტენ, რა უნდა ისწავლონ და რა – არა. მხოლოდ სამი სავალდებულო საგანი არსებობს – ინგლისური, მათემატიკა და მეცნიერება – ეს კურსი შედგება ბიოლოგიის, ფიზიკისა და ქიმიისაგან (საბაზო დონე). სხვა მხრივ მოსწავლეებს ეძლევათ თავისუფალი არჩევნის უფლება. 

თანამედროვე ბრიტანელი მოსწავლეებისთვის უცნობია სიტყვა – თანაკლასელი. ისინი (საგნების მიხედვით) სხვადასხვა საკლასო ოთახებში გადაადგილდებიან, შესაბამისად, ყველა გაკვეთილი განსხვავებულ გარემოში უტარდებათ. გარემოს ინტენსიურად შეცვლა, ერთი მხრივ, ნაცნობ-მეგობართა წრის გაფართოებას უწყობს ხელს, მეორე მხრივ კი,  მოსწავლეები, საერთო ინტერესების ერთგვარი ფილტრის მეშვეობით, მათთვის სასურველ საზოგადოებაში ხვდებიან.        

                                                                                                                        არ არსებობს კლასის ხელმძღვანელების (დამრიგებელი) ინსტიტუტიც. თითოეული მოსწავლე მიმაგრებულია ერთ მასწავლებელზე (Tutor), რომელიც თვალს ადევნებს აღსაზრდელის მიღწევებს სწავლაში, სპორტსა და სხვა სასკოლო აქტივობებში


.

 
აღსანიშნავია გარემო, რომელშიც მოსწავლეებს უწევთ ცხოვრება. ტრადიციული ბრიტანული სკოლა-პანსიონები უმეტესად ძველ, ისტორიულ შენობებშია განთავსებული, სადაც თანამედროვე და კომფორტული გარემოა შექმნილი. პანსიონებს გარს აკრავს ასობით აკრი მიწა, რომელსაც სკოლა სასწავლო პროცესში საკმაოდ აქტიურად იყენებს (ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნები, ჩოგბურთის კორტები, გოლფის სათამაშოდ გამოყოფილი სივრცე, საცურაო აუზი და ა.შ.), ღია სივრცეში ხშირად ტარდება გაკვეთილები, მოსწავლეები თავისუფალ დროს უმეტესად სუფთა ჰაერზე ატარებენ.

რამდენიც არ უნდა ვიკითხოთ ბრიტანული განათლების შესახებ, ალბათ ბოლომდე მაინც ვერ ამოვხსნით მისი წარმატების საიდუმლოს, თუ მას საკუთარ თავზე არ გამოვცდით.

***
მიუხედავად იმისა რომ, ქართულ სკოლებში დიდი ხანია ცვლილებების ეპოქა დადგა და სასწავლო პროგრამები დღითიდღე უფრო იხვეწება, სწავლა-სწავლების პროცესი ხშირად მაინც სტრესსა და გადაღლას იწვევს.  

ჩემი აზრით, სანამ ქართული საზოგადოება მთლიანად არ ფოკუსირდება მომავალ თაობაზე, მხოლოდ გადმოქართულებული და თეორიულად  მართლაც მიმზიდველი საგანმანათლებლო პროგრამები ვერ შეცვლის საუკუნეების მანძილზე დამახინჯებულ დამოკიდებულებას მომავალი თაობის მიმართ. 

ბავშვებზე ორიენტირება მხოლოდ სკოლაში არ უნდა ხდებოდეს. მშობლების უმეტესობა თავს არიდებს პატარებთან ერთად საყიდლებზე, საავადმყოფოებში, ბანკებსა და სხვა მსგავს დაწესებულებებში სიარულს, რადგან იქ ბავშვებისთვის გამოყოფილ პატარა სივრცესაც კი ვერ ნახავთ, რომ მათ ლოდინი გაუადვილდეთ. მეტიც, ქართველი ბავშვების დიდ ნაწილს სახლშიც არ აქვს გამოყოფილი პირადი სივრცე, არადა საკუთარი ოთახი პიროვნების განვითარება-ჩამოყალიბებაში რომ საკმაოდ დიდ როლს ასრულებს, ამაზე აღარავინ კამათობს. პატარები ცხოვრობენ დიდებისთვის განკუთვნილ გარემოში, სადაც  საგზაო ნიშნებივით ყველა ნაბიჯზე წინ ეღობებათ სიტყვა – აკრძალულია! ასეთი სამყაროს ,,ნგრევის” სურვილი და ჩვენს რეალობაში ასე გახშირებული მოზარდთა აგრესიის შემთხვევებიც სწორედ ასეთი არასწორი დამოკიდებულების შედეგი მგონია. 

ამას წინათ, ჩემს მოსწავლეებს ვთხოვე, დამიწერეთ რას ინატრებდით ყველაზე მეტად-მეთქი. უმეტესობამ საჩუქრები და ახლობლების კარგად ყოფნა ისურვა. ერთ-ერთი მოსწავლის წერილი  ყველასაგან გამორჩეული იყო:
,,ჩემი ნატვრა

მე მინდა არავინ დარჩეს უპატრონოდ! ბავშვები ყველაზე მნიშვნელოვანნი არიან. ისინი რომ არ იყვნენ, არაფერი ეშველებოდათ დიდებს”. 

ამ წერილმა სენტ-ეგზიუპერის პატარა უფლისწული გამახსენა და მივხვდი, რომ ,,ბავშვებს მართლაც დიდი მოთმინება მართებთ დიდების მიმართ”. 

სოციალური ორგანიზაციის ფორმები ნეოლითში

0
ნეოლითური ოჯახი. პალეოლითისა და მეზოლითისგან განსხვავებით, ნეოლითში უფრო მყარი ერთობები ყალიბდებიან. იცვლება ადამიანთა შორის ურთიერთობებიც. ამგვარი ცვლილება, პირველ რიგში,  ბინადარ ცხოვრებაზე გადასვლით იყო განპირობებული. ახალ ქვის ხანაში უმცირეს უჯრედს ოჯახურ-კლანური სამიწათმოქმედო (მოგვიანებით მესაქონლე) ერთობები წარმოადგენდნენ. ეს ტენდენცია კარგად აქვთ აღწერილი აფრიკაში მომუშავე ანთროპოლოგებს. მათი დაკვირვებით, „ჯგუფის ლიდერს ჩვეულებრივ წარმოადგენდა მამა-პატრიარქი, რომელსაც ერთი ან რამდენიმე ცოლი ჰყავდა და საკუთარ შვილებთან (ხშირად ამ შვილებს თვითონ ჰყავდათ ოჯახები), ძმებთან (საკუთარი ოჯახებით) და სხვა უახლოეს ნათესავებთან ერთად ცხოვრობდა. ეს ოჯახურ-კლანური ერთობა ერთიან სამეურნეო სისტემას წარმოადგენდა და ე. წ. ჩაკეტილ კომპაუნდს (compound – შედგენილი, რთული.  ამ შემთხვევაში ტერმინი ადამიანთა რთული ერთობის აღსანიშნავად გამოიყენება) ქმნიდა. ამ კომპაუნდის ტერიტორიაზე თითოეულ ქალს საკუთარ შვილებთან ერთად, როგორც წესი, თავისი ქოხი და სამზარეულო გააჩნდა. მამაკაცებს კი საერთო საცხოვრებელი ჰქონდათ. მხოლოდ ოჯახის ლიდერი ცხოვრობდა ცალკე საცხოვრისში. ამავე ტერიტორიაზე  აგებული იყო სხვადასხვა სამეურნეო ხასიათის ნაგებობა – ბეღელი, ბოსელი და სხვა. კომპაუნდში საშუალოდ 15 – 20 ადამიანი ცხოვრობდა”.

ოჯახი ძალიან მკაცრ იერარქიულ ურთიერთობებზე იყო დაფუძნებული. ის აღარ წარმოადგენდა თანასწორთა ერთობას, რომელიც მხოლოდ სქესობრივ და ასაკობრივ განსხვავებას ითვალისწინებდა. სქესი, ასაკი, გარკვეულ თაობასთან და საქორწინო კლასთან მიკუთვნებულობა,  დაბოლოს, ადგილი ოჯახში განსაზღვრავდა თითოეული ადამიანის სტატუსს. შედეგად მივიღეთ უთანასწორობა, რომელიც სოციალურ და ასაკობრივ სისტემებში გამოიხატებოდა. ამ პრინციპზე აგებულ საზოგადოებას რანგული საზოგადოება შეიძლება ვუწოდოთ. მისი არსი მდგომარეობს იმაში, რომ ასეთ ოჯახში მაღალი სტატუსის მქონე პირების რაოდენობა შეზღუდული იყო. აქედან გამომდინარე საშუალო და დაბალი პოზიციების რაოდენობა გაცილებით მეტი შეიძლებოდა ყოფილიყო. დაბალ რანგს განეკუთვნებოდნენ ადამიანები, რომლებიც ქორწინებაში იყვნენ, მაგრამ არ ჰქონდათ საკუთარი მეურნეობა, ან მოზარდები,  რომელთაც ახალგავლილი ჰქონდათ ინიციაციის  (ლათ. Initiatio – კურთხევა – რიტუალი, რომელიც სოციალურ ჯგუფში ან მისტიკურ საზოგადოებაში სრულდება და  ინდივიდის განვითარების ერთი საფეხურიდან ახალ საფეხურზე გადასვლას გულისხმობს. ამგვარ რელიგიურ რიტუალებს შორის განსაკუთრებით გავრცელებულია კოლექტიური წეს-ჩვეულება, რომელიც ბავშვობიდან – მოზარდობის (ზრდასრული) ასაკში გადასვლას გულისხმობს) რიტუალი. ამავე რანგს განეკუთვნებიან ბავშვებიც ან ოჯახს შემოკედლებული  სხვა კლანის წარმომადგენლები ე. წ. უცხოები.

ამ ფონზე ლიდერის რანგი ყველაზე მაღალია. მისი სტატუსი არა იმდენად საკუთარ დამსახურებებს  და არჩევითობას ეყრდნობა (როგორც ეს პალეოლითის და მეზოლითის მონადირე საზოგადოებებში იყო), არამედ მემკვიდრეობით მიღებულ ძალაუფლებას. შესაბამისად, ეს სტატუსი ურყევია და ჯგუფის წევრების ნებაზე არაა დამოკიდებული. უთანასწორობა ლიდერსა და ოჯახის სხვა წევრებს შორის ადვილად შესამჩნევია. რაც შეეხება მის ფუნქციებს, ისინი განსხვავდებიან პალეოლითისა და  მეზოლითის ლიდერის ფუნქციებისგან. ნეოლითში პატრიარქი უკვე აღარ არის მარჯვე მონადირე და მომპოვებელი, ის, პირველ რიგში, ორგანიზატორია, რაც გულისხმობს კომპაუნდის კეთილდღეობაზე ზრუნვას, სადავო საკითხების განხილვისას გადაწყვეტილების მიღებას, სამიწათმოქმედო სამუშაოების დაგეგმვასა და ხელმძღვანელობას და ა. შ. ასევე სხვა ხასიათს იღებს საკუთარი პრესტიჟისთვის ბრძოლა და მისი შენარჩუნება, რაც სამიწათმოქმედო საზოგადოებებში გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს.

თუ პალეოლითსა და მეზოლითში ლიდერი ვალდებული იყო პირადი მაგალითით ჯგუფის წევრებისთვის საკუთარი ავტორიტეტის ურყეობა თითქმის ყოველდღიურად  ემტკიცებინა (მაგ., მოეპოვებინა ყველაზე მეტი ნანადირევი. წინააღმდეგ შემთხვევაში მას სხვა, მასზე უფრო მოხერხებული შეცვლიდა), ახალ ქვის ხანაში ამის კეთება აღარ არის საჭირო (ძალაუფლება ხომ მემკვიდრეობით გადადის). სამაგიეროდ, აქტუალური ხდება ავტორიტეტის მოპოვება ოჯახურ – კლანური ჯგუფის გარეთ, კერძოდ, სასოფლო თემში. აქ კი, უკვე აშკარად ჩანს ქონებრივი უთანასწორობის ნიშნები.  

სასოფლო თემი.  პატრიარქი ჯერ კიდევ არ არის კერძო მესაკუთრე, თუმცა განკარგავს მთელ იმ ქონებას, რომელიც მის ოჯახს ეკუთვნის. სწორედ მის ავტორიტეტულ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული ის, თუ ვის რამდენი სარჩო ერგება პირადი მოხმარებისთვის და რა რაოდენობის  ჭირნახული უნდა დარჩეს საერთო მარაგისთვის. აქედან გამომდინარე, ჩვენ შეიძლება დავასკვნათ, რომ ოჯახის ლიდერი ზედმეტი პროდუქტის განმკარგავი ხდება.  
ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, რომ ოჯახი სასოფლო თემის ნაწილს წარმოადგენდა, ამიტომ,  პატრიარქის, როგორც განმანაწილებლის და განმკარგავის  როლი პირდაპირ იყო დამოკიდებული თემის შიგნით არსებულ ურთიერთობებზე. ნეოლითის საწყისს ეტაპზე რესურსების ნაკლებობის პრობლემა არ არსებობს. ყველა ოჯახს აქვს საკმარისი მიწა დასამუშავებლად და მათი განაწილება სოციალური სამართლიანობის ან წილისყრის მიხედვით ხდება. თუმცა აქ  თავს იჩენენ სუბიექტური ფაქტორები – ზოგიერთი ოჯახი უფრო მრავალრიცხოვანი და შრომისუნარიანია, ზოგიერთი ოჯახის ლიდერი უფრო ჭკვიანი და გამჭრიახია. აქედან გამომდინარე, ოჯახების ნაწილი ხდება კიდევ უფრო მრავალრიცხოვანი და მდიდარი, ხოლო ნაწილი უფრო მცირერიცხოვანი და ღარიბი. 
ისმის შეკითხვა: რაზეა დამოკიდებული ოჯახების მრავალრიცხოვნება? – ღარიბ ოჯახებში დიდ პრობლემად რჩება ცოლის მოყვანა (ნეოლითში ქალები ეკვივალენტური ურთიერთგაცვლის საშუალებას წარმოადგენდნენ. ეს პრობლემა  ზოგიერთ ქვეყნებში დღემდე რჩება), რადგანაც ის პირდაპირ იყო დამოკიდებული საქმროს მატერიალურ მდგომარეობაზე. ამიტომ, ოჯახის იმ  წევრებს, რომლებიც მატერიალურად უკეთესს მდგომარეობაში იმყოფებოდნენ, ცოლის მოყვანისა და გამრავლების უკეთესი შანსი ჰქონდათ, რაც პირდაპირ აისახებოდა ამ ოჯახში მუშახელის რაოდენობასა და მატერიალურ კეთილდღეობაზე. სწორედ ეს გახლდათ მიზეზი თემის შიგნით დემოგრაფიული უთანაბრობისა და აქედან გამომდინარე უთანასწორობის გაჩენისა.   

თემში ყოველთვის იყო რამდენიმე მაღალი, პრესტიჟული თანამდებობა (თემის ლიდერი, უხუცესთა საბჭოს წევრი, რელიგიური ლიდერი და სხვა), რომელთა ქონა ამაღლებდა ავტორიტეტს.  ეს ავტორიტეტი კი მის მფლობელს გარკვეულ პრივილეგიებს ანიჭებდა. იმისათვის, რომ თემის შიგნით რომელიმე მაღალი თანამდებობისთვის მიეღწია, პრეტენდენტს უნდა ჰქონოდა პირადი გამორჩეული თვისებები ან უხვად უნდა დაერიგებინა ზედმეტი საკვები თანამეთემეებისთვის. მაგრამ, თუ მონადირულ საზოგადოებებში თანამდებობის მაძიებელი არიგებდა იმას, რასაც თვითონ მოიპოვებდა (ანთროპოლოგიაში ამგვარ ურთიერობებს რეციპროკული გაცვლა ჰქვია. ლათ. Reciproco – უკან დაბრუნება – ჯგუფის თითოეული წევრი კოლექტიური მოხმარებისთვის მოიპოვებდა იმდენ საკვებს, რამდენიც შეეძლო და იღებდა იმდენს, რამდენიც ეკუთვნოდა), ნეოლითში ლოკალური ჯგუფის უფროსს ჰქონდა უფლება გაენაწილებინა ის პროდუქტი, რომელიც მთელი ოჯახის  შრომის შედეგს წარმოადგენდა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თემში ჯერ კიდევ ბატონობს ეკვივალენტური გაცვლის პრინციპი – პროდუქტის გაცემის სანაცვლოდ პრივილეგიების მინიჭება, თუმცა ამგვარ გაცვლას ვეღარ ვუწოდებთ რეციპროკულს. როგორც მოსწრებულად თქვა კ. პოლანიმ – ამგვარ ურთიერთობას რედისტრიბუცია (ლათ. Distribution – განაწილება; Re-distributio – გადანაწილება) შეიძლება ვუწოდოთ.

რედისტრიბუცია მნიშვნელოვანი ეკონომიკური პრინციპია, რომელიც ჩნდება მაშინ, როდესაც კოლექტივის ქონების ან ზედმეტი პროდუქტის  განკარგვა ჯგუფის ლიდერის პრეროგატივა ხდება. მდიდარი ოჯახის პატრიარქი ამ უხვი და დემონსტრაციული გაცემის  საფუძველზე იმაღლებს საკუთარ პრესტიჟს და თემში უფრო მაღალ თანამდებობას იკავებს. 

ამგვარი მაგალითები უხვად მოიპოვება ანთროპოლოგების საველე კვლევებში. მაგ., მდიდარი ოჯახის პატრიარქმა ყველა საკუთარი ღორი ერთბაშად დაკლა და რელიგიური დღესასწაულის დროს თანასოფლელებს ხორცი უხვად დაურიგა. ეკვივალენტური გაცვლის კანონი ყველა გამასპინძლებულისგან ითხოვდა საჩუქრის უკან დაბრუნებას. მაგრამ, რადგანაც მატერიალური ფორმით ამის გაკეთება ყველას არ შეეძლო, სამაგიერო  ამ ლიდერს პრესტიჟის ამაღლებითა და სხვადასხვა პრივილეგიების მინიჭებით უბრუნდებოდა. საჩუქრის მიმღებები დაქვემდებარებულ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდნენ და, ამიტომ თემის მეთაურის არჩევისას მათი ხმები უზრუნველყოფდნენ გამჩუქებლის წარმატებას. 

დასკვნის სახით შეიძლება მოვიყვანოთ ფრანგი ანთროპოლოგის მ. მოსის მოსწრებული სიტყვები – „ჩუქება ამაღლებს, ხოლო საჩუქრის მიღება ამდაბლებს”.

დაისმის შეკითხვა – როგორ ირჩევდნენ თემის ლიდერს? უხუცესის ან უხუცესთა საბჭოს წევრების (უხუცესთა საბჭო ძირითადად რამდენიმე სოფლისგან შემდგარ თემში ფუნქციონირებდა) არჩევა მეტ-ნაკლებად დემოკრატიული პრინციპით ხდებოდა: ამომრჩევლები ითვალისწინებდნენ კანდიდატის პირად თვისებებს, სოციალურ რანგს, პრესტიჟს, რომელიც უხვი საჩუქრების გაცემით მიიღწეოდა. თემის ლიდერის ფუნქციები, მით უმეტეს რამდენიმე კვარტლისგან ან სოფლისგან შემდგარი თემისა, საკმაოდ რთული და მრავალფეროვანი იყო. მათ რიცხვს განეკუთვნებოდა მრავალრიცხოვან ოჯახებს შორის სახნავი მიწების რეგულარული განაწილება, თემის რესურსებით სარგებლობის სამართლიანი უზრუნველყოფა, საზოგადოებრივი სამუშაოების ორგანიზება, მეზობელ თემებთან ურთიერთობა, რომელშიც იგულისხმებოდა თემთაშორისი კავშირების დამყარება, რიტუალური აქციები და სხვა. ასე რომ, ლიდერს უმაღლესი რედისტრიბუტორის როლი ეკისრებოდა, რაც  კოლექტიური დოვლათისა და თემის მიერ მოპოვებული ზედმეტი პროდუქტის (ეს დოვლათი თემის საზოგადოებრივ ბეღელში რჩებოდა) განაწილებას გულისხმობდა. როგორ გროვდებოდა ეს პროდუქტი?

თავისი რთული და, რაც მთავარია, თემის ნორმალური არსებობისთვის აუცილებელი მუშაობისთვის, უხუცესი, როგორც წესი, ოჯახების უფროსებისგან იღებდა საჩუქრებს. საჩუქრის მირთმევა დასაწყისში სპორადული იყო, მაგრამ დროთა განმავლობაში მან რეგულარული ხასიათი მიიღო. ეს საჩუქრები, ისევე, როგორც თემის თითოეული წევრის მონაწილეობა ლიდერის და მისი ცოლებისთვის  სახლის აგებაში, უხუცესის საზოგადოებრივი საქმიანობის დაფასებას ნიშნავდა. პირველ ეტაპზე ეს ძღვენი, საკვებისა და მარცვლეულის სახით, საზოგადოებრივ ბეღელში ინახებოდა და ლიდერის შესამჩნევ გამდიდრებას არ იწვევდა, რადგანაც ის უფრო მეტს გასცემდა, ვიდრე იღებდა. მაგრამ დროთა განმავლობაში პროდუქტი სულ უფრო მეტი და მეტი გროვდებოდა და უხუცესი მეთემეებისთვის საერთო ქონების არა მარტო განმანაწილებელი, არამედ „მიწის მესაკუთრე” ხდებოდა. ის მიწას უკვე თავისი ნება-სურვილით გასცემდა და ამიტომ მოწეული მოსავლიდან არა საჩუქარი, არამედ გადასახადი ეკუთვნოდა. გაზრდილ თემში, რომელშიც მართვა და ურთიერთობების დარეგულირება კიდევ უფრო გართულდა, საჭირო გახდა სხვადასხვა თანამდებობის შემოღება, რამაც მმართველ ელიტასა და დანარჩენ საზოგადოებას შორის გაზარდა დისტანცია.

ამრიგად, თემის უხუცესმა თემის წევრებზე  გარკვეული ძალაუფლება მოიპოვა. მაქს ვებერის (გერმანელი სოციოლოგი) კლასიკური ფორმულით, ძალაუფლება –  არის შესაძლებლობა სხვებისთვის საკუთარი ნების თავსმოხვევისა, მიუხედავად მათი წინააღმდეგობისა ან თანხმობისა. 

ისმის კითხვა – რა ხდება შემდეგ? 

თემთა გაერთიანება – ზეთემური საზოგადოება.  თუ ლოგიკას მივყვებით, შემდეგ უნდა მიმდინარებდეს მეზობელ თემთა გაერთიანება. ყველაზე იღბლიანი, მდიდარი და ძლიერი თემის ხელმძღვანელი იმორჩილებს მეზობელ თემებს (აერთიანებს იმავე პრინციპით, რომელიც თემის დამორჩილებისას არსებობდა, კერძოდ, თემის უხუცესი გასცემდა უფრო მეტ საჩუქრებს, ვიდრე სხვა თემის ლიდერები, რითაც საკუთარ პრესტიჟს და ავტორიტეტს იმაღლებდა სხვა თემთა წევრების თვალში), რასაც ზეთემური საზოგადოების ჩამოყალიბებამდე მივყავართ. თუმცა იმისათვის, რომ ასეთი სოციუმი შეიქმნას, საჭიროა რამდენიმე პირობის არსებობა:

1)ოპტიმალური ეკოლოგიური გარემო – ეს ნიშნავს, რომ ტერიტორია, რომელზეც თემები ცხოვრობენ უნდა გამოირჩეოდეს რბილი და თბილი კლიმატით, ნაყოფიერი მიწითა და წყლის უხვი რესურსებით (ვგულისხმოთ დიდ და შლამიან მდინარეებს), რომელიც მოსახლეობას საშუალებას მისცემს არა მარტო რეგულარულად მორწყას ნათესები, არამედ თავიდან აიცილოს ნიადაგის გამოფიტვა.

2)მეორე ხელშემწყობ ფაქტორს წარმოადგენს ამ საზოგადოებაში წარმოების შედარებით მაღალი დონის არსებობა, რაც გულისხმობს რესურსების რაციონალურ მოხმარებას, მეზობლებთან რეგულარულ გაცვლა-გამოცვლას, შრომის კოორდინაციასა და კოოპერაციას. შედეგად ვიღებთ ზედმეტი პროდუქტის ზრდის ტენდენციას.

3) მესამე პირობად შეიძლება ჩავთვალოთ აუცილებელი დემოგრაფიული ოპტიმუმის არსებობა, რაც გულისხმობს მოსახლეობის განსაზღვრულ სიმჭიდროვეს. სწორედ გაზრდილი სიმჭიდროვის პირობებში მიმდინარეობს მეზობელ თემთა ლიდერებს შორის  სასტიკი კონკურენცია.

ზოგიერთი მეცნიერი, მაგალითად, ფ. ოპენჰაიმერი, ზეთემური საზოგადოებების ჩამოყალიბებაში განსაკუთრებულ როლს ომებს ანიჭებდა. თუმცა ამგვარი თეორიები ვერ ხსნიდნენ, თუ რის ხარჯზე ჩნდებოდნენ ისეთი მძლავრი ორგანიზაციული სტრუქტურები, რომელთა გარეშეც შეუძლებელი იყო ჯარისა და არმიის არსებობა. ამიტომ თანამედროვე მკვლევრები უფრო იმ აზრისკენ იხრებიან, რომ ომები და დაპყრობები არა მიზეზი, არამედ ზეთემური სისტემის წარმოქმნის შედეგი უფრო იყო.  ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ ომები საერთოდ არავითარ როლს არ თამაშობდნენ ახალი სისტემების ჩამოყალიბებაში. რა თქმა უნდა, არა! პატარა რაზმები საზოგადოების კონსოლიდაციაში იღებდნენ მონაწილეობას, მაგრამ ისინი მხოლოდ დამატებით ძალას წარმოადგენდნენ. გაერთიანების საფუძველს კი წარმოადგენდა ლიდერებს შორის მშვიდობიანი ეკონომიკური კონკურენცია, რაც დოვლათის გაზრდის სტიმულირებას უწყობდა ხელს. თემის ის უხუცესები, რომლებიც ამგვარი კონკურენციის პირობებში მარცხდებოდნენ, იძულებულები იყვნენ უფრო ძლიერ კონკურენტს დამორჩილებოდნენ. ასე იზრდებოდა და ფართოვდებოდა თემთა გაერთიანება, რომელსაც შესაძლებელია პროტოსახელმწიფო ვუწოდოთ. 

პროტოსახელმწიფო. პროტოსახელმწიფო წარმოადგენდა თემთა გაერთიანებას, რომლებიც ადმინისტრაციულად ქალაქური ტიპის (გორდონ ჩაილდი) ცენტრალურ დასახლებას ექვემდებარებოდა, სადაც ბელადის რეზიდენცია და მისი გარემოცვა იყო. ბელადის ფუნქციაში შედიოდა ეფექტური ადმინისტრაციული სისტემის ჩამოყალიბება, რომლის მიზანსაც ოპტიმალური წარმოებისა და მაქსიმალური ზედმეტი პროდუქტის შექმნა წარმოადგენდა. ამასთანავე მას სამხედრო წინამძღოლობაც დაეკისრა.

საქმე ის გახლავთ, რომ პროტოსახელმწიფოების ერთ რეგიონში (ახლო აღმოსავლეთი) წარმოშობის გამო მათ შორის კონკურენცია იზრდებოდა, რასაც თან სდევდა ომები და კონფლიქტები. ამიტომ ბელადისთვის სამხედრო ლიდერობა უმნიშვნელოვანეს ფუნქციად იქცა. ამ ომების ძირითად დანიშნულებას წარმოადგენდა არა ძარცვა, არამედ შედარებით სუსტი მეზობლების შემოერთება. 

პროტოსახელმწიფოების გამსხვილებამ შექმნა იერარქიული სისტემა, რომლის სათავეში სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისგან თავისუფალი ელიტა იდგა (ადმინისტრატორები, ქურუმები და მეომრები), რომელსაც განსაკუთრებული პერსონალი (მსახურები, მონები)  ემსახურებოდა. უმაღლესი ადმინისტრაციული თანამდებობები ძირითადად არჩევითი იყო. რაც შეეხება მეომრებს – ისინი  პროფესიონალი ჯარისკაცები იყვნენ. მათ მოვალეობას საკუთარი პროტოსახელმწიფოს დაცვა წარმოადგენდა. მოსახლეობის ძირითად ნაწილს მიწათმოქმედები შეადგენდნენ, რომლებიც მსახურები და მონები, უცხოელები ან ტყვეები იყვნენ. ამავე საზოგადოებას განეკუთვნებოდნენ ხელოსნებიც (იმ შემთხვევაში, თუ ადგილობრივი ხელოსნები არ არსებობდნენ ან ცოტანი იყვნენ). პროფესიონალ ხელოსნებზე მოთხოვნილება ქვის დამუშავების გართულებამ და ლითონის წარმოებაზე გადასვლამ განაპირობა. ასევე, ძალიან მნიშვნელოვან ფენას წარმოადგენდნენ ქურუმები. ხშირ შემთხვევაში საერო ლიდერი, ამავე დროს, უმაღლესი ქურუმის თანამდებობას ითავსებდა. 

ისმის შეკითხვა – რატომ?

პროტოსახელმწიფოში, ისევე როგორც თემში, ადმინისტრაციული ხელისუფლება არჩევითი იყო. თუმცა,  როდესაც ბელადი აღწევდა უზენაესს ძალაუფლებას, მისთვის მძიმე იყო იმ პრივილეგიების (იგულისხმება ტრიადა – პრესტიჟი, ავტორიტეტი და ძალაუფლება) დათმობა, რომლითაც სარგებლობდა. ამიტომ, ის ცდილობდა საკუთარი ძალაუფლების ლეგიტიმაციის ხარჯზე ცხოვრების ბოლომდე შეენარჩუნებინა ხელისუფლება.  სწორედ აქ ჩნდება ამ ხელისუფლების საკრალიზაციის (ლათ. saker – sakris – წმინდა – რელიგიურ კულტთან და რიტუალთან დაკავშირებული; საკრალიზიაცია –   ფართო გაგებით არის ის, რაც შესაძლებელია დაკავშირებული იყოს ღვთაებრივ, რელიგიურ, ციურ, იმქვეყნიურ, ირაციონალურ და მისტიკურ მოვლენებთან) აუცილებლობა.  

სწორედ ამ დროიდან ხდება ბელადი ღვთაებრივი მადლის მატარებელი, როგორც ძლევამოსილი შუამავალი ცოცხალ და ზებუნებრივ ძალებს შორის. ამ უკვე რთული რელიგიურ-მითოლოგიური იდეოლოგიის გასამყარებლად იქმნება მღვდელმსახურთა კასტა. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ რელიგიური სისტემები მხოლოდ ბელადის ძალაუფლების გასაძლიერებლად შეიქმნა, მაგრამ ეჭვს არ იწვევს, რომ ადრეული მითოლოგიის ჩამოყალიბებაში დიდი როლი ითამაშა პიროვნების და უმაღლესი თანამდებობის საკრალიზაციამ.  

ამგვარმა ცვლილებამ ხელი შეუწყო ბელადის თანამდებობის ამაღლებას პიროვნულიდან -სიმბოლომდე. მმართველის პრესტიჟი, ავტორიტეტი და ძალაუფლება კოლექტივში აღიქმებოდა, როგორც იმანენტური (ლათ. Immanentis – საგნის, მოვლენის შინაგანად დამახასიათებელი, მისთვის ნიშანდობლივი, მისი ბუნებიდან გამომდინარე) ფუნქცია, უფრო მეტიც, როგორც საკრალური თვისება ბელადისა. აქედან ერთი ნაბიჯიღა რჩებოდა შეხედულებამდე ღვთაებრივი მადლის შესახებ, რომელიც მით უფრო ძლიერია, რაც უფრო მაღლა დგას ადამიანი სოციალურ კიბეზე. შედეგად ვიღებთ იმას, რომ ამგვარი მადლის მატარებელნი მხოლოდ ხელისუფლებასთან ახლო მდგომი ადამიანები და მათი ნათესავები ხდებოდნენ. 

შეხედულებების ამგვარმა ცვლილებამ, ე. წ. „მსოფლმხედველობითმა რევოლუციამ” დიდი როლი ითამაშა საზოგადოების მომავალი განვითარების საქმეში. როგორც უკვე ვთქვით, ბელადის ინსტიტუტის საკრალიზაციამ გამოიწვია მისი, როგორც საზოგადოების ლიდერის ძალაუფლების ღვთაებრივი უფლების დაკანონება. ხელისუფლება ხდებოდა სამუდამო, ხოლო ბელადის არჩევნები სულ უფრო მცირდებოდა. თუ ადრეულ ეპოქებში ხელისუფლებისთვის ბრძოლაში ნებისმიერ ადამიანს შეეძლო ჩართულიყო, ახლა მდგომარეობა შეიცვალა. იმის გამო, რომ პროტოსახელმწიფოს მმართველობა მრავალფუნქციური და რთული გახდა, ლიდერის აღზრდა, შეიძლება ითქვას, ბავშვობიდან იწყებოდა. ასე, რომ მმართველობაზე პრეტენდენტთა რაოდენობა შემცირდა – მასზე პრეტენზიას მხოლოდ მმართველი ოჯახის წარმომადგენლები აცხადებდნენ. თუმცა სირთულეები აქაც მრავლად გამოჩნდა. ხელისუფლებისთვის ბრძოლა ახლა უკვე ოჯახს შიგნით წარიმართა. ბრძოლაში ბელადის ძმები და შვილები ჩაერთვნენ. ამის გამო, საჭირო გახდა მემკვიდრეობის წესის დახვეწა, რამაც ხელისუფლების მამიდან უფროსს შვილზე გადაცემის ტრადიცია დაამკვიდრა. 

დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ სწორედ აქ მთავრდება პროტოსახელმწიფოს ფორმირება, რომლის ძირითადი მახასიათებლები ასე შეიძლება გამოიყურებდეს:

·გენეალოგიაზე დამყარებული მმართველობა;
·ლიდერის საკრალიზაცია;
·შრომის დანაწილება.
·სოციალური და ქონებრივი უთანასწორობა;

გაგრძელება იქნება….

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...