როდესაც მწერალი “აამუშავებს”, “მოქმედებაში მოიყვანს” დღესასწაულს, აქ იწყება ლიტერატურის მოულოდნელობა და დავინახავთ, როგორ მოძრაობს დრო, რომელიც აქამდე რუტინული, გაქვავებული და შედედებული იყო. წავიკითხოთ ტრანსტრომერის ეს ფრაზა: “ვიკეთებ მზის სათვალეს, ჩიტების ჭიკჭიკი ჩამუქდა”. წარმოგიდგენიათ ამის გაფილმება? ვერცერთი რეჟისორი ვერ წარმოიდგენს ჩამუქებულ ჭიკჭიკს, ან ივლისისფერ ყინვის თასებს. ჯერჯერობით, ტექნიკურად მოუხერხებელია ასეთი რამ, ვნახოთ, მომავალში რა იქნება.
ლიტერატურის დასაცავად
როდესაც არტურ კონან დოილმა საკუთარი პერსონაჟი, შერლოკ ჰოლმსი, გაწირა და რეიხენბახის ჩანჩქერის სიახლოვეს “მოკლა”, მთელი ინგლისი ფეხზე დამდგარა, ეს როგორ იკადრაო. მკითხველები სასტიკ პროტესტს გამოთქვამდნენ თურმე.
დაბნეულ დოილს დედისთვის მიუწერია წერილი, რჩევა უკითხავს. დედასაც არ დაუყოვნებია, შენ ნამუსი თუ გაქვს საერთოდ, ყველასთვის საყვარელ ჰოლმს როგორ კლავ, მაგას როგორ ბედავო!
ამ ამბავს რომ ვიხსენებდი, შემშურდა კიდეც ვიქტორიანული ინგლისის, წიგნის გმირის სიკვდილს საკუთარივით რომ განიცდიდნენ, ლიტერატურით რომ ცხოვრობდნენ და ალბათ ჩვენზე ცოტათი ბედნიერებიც იყვნენ.
თუმცა, ჩვენც გვაქვს ასეთი სასიამოვნო მაგალითი: ალექსანდრე ყაზბეგის “ელგუჯა” თავიდან პატარა მოთხრობა იყო, ახლა რომ ერთი თავია, იმისგან შედგებოდა მთლიანად. დანარჩენი მერე დაუმატებია ყაზბეგს. მიზეზი კი ასეთი ყოფილა: სტამბაში უნდა აეწყოთ მოთხრობა (მაშინ გაცილებით ჩახლართული იყო ეს ამბავი) და ცხადია, ასოთამწყობები მუშაობისას კითხულობდნენ კიდეც. ბოლომდე რომ ჩასულან და ელგუჯას სიკვდილის ამბავი რომ შეუტყვიათ, პროტესტი განუცხადებიათ: არ ავაწყობთ არაფერს, თუ ავტორი არ გააგრძელებს მოთხრობას და შესაბამისად, ელგუჯას არ “გააცოცხლებსო”, ასეთი კაიკაცის მოკვლის უფლებას ვერ მივცემთ ავტორსო.
რა უნდა ექნა ყაზბეგს? გააგრძელა.
როგორც ყველა პატიოსანმა ბავშვმა, კითხვა მეც ზღაპრებით დავიწყე. მერე და მერე სხვა წიგნებიც შემომაპარეს მშობლებმა, მაგრამ, მახსოვს, დიდად არ მივუზიდივარ. იმდენად, რომ ორი-სამი გვერდის მერე ვხურავდი და პროტესტის ნიშნად, სათამაშოდ გავრბოდი. მაგრამ მამაჩემს ხელები არ ჩამოუშვია, როგორც ჩანს, მალევე შეიმუშავა ახალი მეთოდი: მეტყოდა, ახლა ამას (მაგ: ნიკო ლორთქიფანიძის რომელიმე ნოველას) თუ წაიკითხავ, მერე წავალთ გალში და შოკოლადის ნაყინსაც გიყიდიო. რა თქმა უნდა, მოტყუება არ გამომივიდოდა, მერე კითხვებს მისვამდა, მალაპარაკებდა წიგნის ავ-კარგზე, მეკამათებოდა, ვეკამათებოდი. ჩემი “მოქრთამვა” მხოლოდ შოკოლადებით არ ხდებოდა, იყო სხვა მომენტებიც, მაგრამ ამაზე სხვა დროს.
როგორ ვაიძულოთ ადამიანებს, რომ იკითხონ? შევძლებთ კი, ვაიძულოთ? ან რატომ უნდა ვაიძულოთ? ვთქვათ, ვაიძულეთ, მერე?
იძულება კითხვის მექანიზაციაა და გამორიცხავს ინტერპრეტაციის აქტს. ამის გარეშე კითხვა კი არაფრისმომცემია. გამოსავალი მოტივაციის გაღვივება შეიძლება იყოს. მაგრამ როგორ გინდა, ეკრანის თაობას (როგორც დაგლას რაშკოვი იტყოდა, სქრინეიჯერებს) ეკრანი გამოსტყუო და წიგნისკენ წაიტყუო. მართალია, ეკრანიც შეიძლება წიგნის ფუნქციით დატვირთო, მაგრამ საბოლოოდ მაინც “ჰარი პოტერის” ეკრანიზაციისკენ გაიწევენ, ვიდრე ტექსტისკენ.
ნაცად ტრუიზმს რომ მივყვეთ, კარგი ფილმი კარგია. მხოლოდ იმას დავამატებ, რომ კარგი ლიტერატურა კიდევ უფრო კარგია. არა, არ ვაპირებ კინემატოგრაფის და ლიტერატურის შედარებით დახასიათებას და შესაბამისად, ამ უკანასკნელის იმ პირველთან უპირატესობის გამოკვეთას. ესეც შეიძლებოდა, რატომაც არა, მაგრამ მე მხოლოდ ორი მაგალითის მოტანით დავკმაყოფილდები.
ჰომეროსის “ილიადაში” მშვენიერი ელენეს შესახებ მხოლოდ ის ვიცით, რომ მშვენიერია. დანარჩენი უკვე ჩვენზე, მკითხველის ფანტაზიაზეა დამოკიდებული, მთავარია, როგორ აღვადგენთ მშვენიერის ხატს გონებაში, როგორ შევქმნით ჩვენს, პერსონალურ ელენეს.
ახლა ვნახოთ “გაფილმებული” ელენე – ის კარგი ნაშაა, ჩვენი დროისათვის სახასიათო სილამაზის ყველა სტერეოტიპმომადლებული. რაღა უნდა წარმოვიდგინოთ, წარმოსადგენზე უკეთესიც კია მისი ვიზუალი. წარმოსახვა რაღაზე უნდა დავძაბოთ, როცა კასტინგის რეჟისორმა უკვე იზრუნა და ჩვენ მაგივრად წარმოისახა. რაღა დაგვრჩენია, თვალები უნდა გავაფაციცოთ და ვუყუროთ, წარმოსახვა, ფანტაზიის დაძაბვა საჭირო აღარაა.
ახლა ვნახოთ სხვა ტიპის მაგალითიც. მიშელ უელბეკი, დიდი პროვოკატორი და “გლამურული მარკიზ დე სადი”, როგორც მას უწოდებენ, ერთ ოსტატურ სვლას გვთავაზობს. მის “რუკა და ტერიტორიაში” ასეთი საინტერესო მომენტია: ავტორი აღწერს პერსონაჟს, ისე, რომ საერთოდ არ აღწერს მას. ამ რომანში ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟია ჟედი, რომლის გარეგნობის შესახებ არაფერი ვიცით. არადა, შევეჩვიეთ, უკვე ნახევარი რომანი მოვლიეთ, გვესიმპათიურება კიდეც ეს გმირი, მაგრამ არ ვიცით, როგორი გარეგნობა აქვს: მაღალია, მელოტია, მსუქანია თუ? ცოტათი მაინც რომ მიენიშნებინა, კიდევ რაღაცას ვიფიქრებდით, მაგრამ უელბეკი გვეთამაშება.
და აი, რომანის (დაახლოებით) შუა ნაწილში, პერსონაჟი ჟედი იძახებს ხელოსანს, რომლის გარეგნობას ავტორი უშურველად აღწერს: “პატარა ტანის, შავთმიანი კაცი გახლდათ, თხელი, სწორნაკვთებიანი გაფითრებული სახე ჰქონდა და Belle epoque-ის სტილის პატარა ულვაში.” რა გავიგეთ აქედან ხელოსნის გარეგნობაზე? ბევრი რამ. ჟედის გარეგნობაზე? ჟედი ისევ თამაშგარეთაა. მაგრამ ავტორი იქვე ამატებს: “რაღაცით ოდნავ ჟედს ჩამოაგავდა, ულვაშს თუ არ ჩავთვლით, რასაკვირველია.”
აი, ასე მარტივად და ოსტატურად აღწერა უელბეკმა “რუკა და ტერიტორიაში” მთავარი პერსონაჟი ისე, რომ მასზე საერთოდ არაფერი დაუწერია. სამაგიეროდ, ჩვენს ფანტაზიას მეტი გასაქანი მისცა და ამავე დროს, ორი კურდღელი დაიჭირა: შემთხვევითი პერსონაჟის აღწერაც მოგვცა და მთავარი გმირის გარეგნობაზეც “დაგვლინკა”. სხვა ყველაფერთან ერთად, ამაშიცაა ლიტერატურის უპირატესობა.
ვასილი კანდინსკი ნაშრომში “სულიერების შესახებ ხელოვნებაში” წერს: “ძალზე მარტივი მოძრაობა, რომლის მიზანიც უცნობია, თავისთავად მოქმედებს, როგორც მნიშვნელოვანი, საიდუმლოებით აღსავსე, სადღესასწაულო.”
აქ მნიშვნელოვანია დღესასწაულის და მოულოდნელობის დიქოტომია. დღესასწაული ეს არის საშუალება, ხერხი, თუ თუ როგორ გამოვტყუოთ რუტინას საკუთარი თავი. რუტინა სტატიკური დროა, დღესასწაული – დინამიკური.
ისე გამოვიდა, რომ, დაპირების მიუხედავად, მაინც ფილმები და ლიტერატურა დავაპირისპირე და ამ უკანასკნელის უპირატესობის გამოკვეთას ვეცადე. ცხადია, ეს ოდნავ გადაჭარბებულია, ცხადია, ბევრი გენიალური ფილმი არსებობს, რომელიც რაგინდარა ლიტერატურას გაუწევს კონკურენციას და ზოგჯერ, მათზეც მაღლაც დადგება. უბრალოდ, მე ლიტერატურის აპოლოგიას ვეწევი, ფილმებს კი ისედაც არაფერი სჭირთ ჩემი დასაცავი, მათ თავისუფალი ბაზრის მადლი ჰფარავთ.
სასკოლო კომპლექსები
წინა სტატიაში იმის შესახებ ვისაუბრეთ, როგორ ყალიბდება არასრულფასოვნებისა და უპირატესობის კომპლექსები. ისინი ასახავენ უკვე განმტკიცებული ცუდი სოციალური ადაპტაციის ფაქტს. ეს კომპლექსები წარმოიშობა ინდივიდისა და მისი გარემოცვის ურთიერთქმედების პროცესში. ითქვა, რომ აღნიშნული განცდები ყველა ინდივიდის განვითარების ფუნდამენტს წარმოადგენს, კომპლექსები კი ყველას არ აქვს. რატომ? ისინი არ გააჩნიათ მათ, ვისთვისაც არასრულფასოვნებისა და უპირატესობის გრძნობები საზოგადოებრივად სასარგებლო საქმიანობის მამოძრავებელ ძალად იქცა – ერთობა, სითამამე და საღი აზრის ლოგიკა, საზოგადოდ, სოციალური ინტერესი, ფსიქიკური ჯანმრთელობის მაჩვენებელია. წარმატება გამბედაობაზეა დამოკიდებული. ფსიქოლოგის ამოცანაა, სასოწარკვეთილება აქციოს იმედად, რომელთან ერთადაც ჩნდება კონსტრუქციული სამუშაოს შესასრულებლად საჭირო ენერგია. ა. ადლერის აზრით, ამ საქმეში უდიდესი წვლილის შეტანა შეუძლია პედაგოგს.
პრობლემების გადალახვისკენ მიმართულ მამოძრავებელ ძალას ა. ადლერი ცხოვრების სტილს უწოდებს. ცხოვრების სტილი ინდივიდუალური და განუმეორებელია, რადგან ყველა თავისებურად წყვეტს არასრულფასოვნების ამოცანას. არასრულფასოვნების კომპლექსს სკოლამდელ ასაკში ეყრება საფუძველი და ადრევე იჩენს თავს ჯერ ოჯახში, შემდეგ – ბაღში, სკოლაში, სტუდენტობის პერიოდში, პროფესიულ საქმიანობაში, მეგობრებთან, მასწავლებლებთან, თანამშრომლებთან ურთიერთობისას… სხვადასხვა ინსტიტუტი, თავის მხრივ, ზოგჯერ ახალი კომპლექსების წარმოშობას უწყობს ხელს და ძველ „შენაძენთან” ერთად შესაძლოა ადამიანის მთელი ცხოვრების თანამგზავრად და დამანგრეველ ძალად იქცეს. ხშირად მშობლები აღზრდისას სერიოზულ შეცდომებს უშვებენ – მათი უმრავლესობა ვერ ამჩნევს გაძლიერებულ არასრულფასოვნების განცდას და არ შეუძლია მისი გამოსწორება. მშობლებს ურჩევნიათ, გაანებივრონ შვილები (ან პირიქით, საერთოდ არ აინტერესებთ ისინი) და უჭირთ აღზრდისას დაშვებული შეცდომების აღიარება. ამდენად, მათი დახმარების იმედი ნაკლებად უნდა გვქონდეს, – აღნიშნავს ა. ადლერი.
პროტოპებში (ჩამოყალიბებულ სქემებში) არსებული ხარვეზები ხშირად სკოლაში წასვლამდე არც კი მჟღავნდება, ამიტომ მათი შემჩნევა და ამოვსება გამოცდილ და მცოდნე მასწავლებელს უფრო შეუძლია, ვიდრე ოჯახს. მასწავლებელი, თავისი სოციალური ფუნქციიდან გამომდინარე, უფრო უკეთ ამჩნევს ბავშვის არასასურველ თვისებებს და ძალუძს სასურველი ქცევის ფორმირებაზე მუშაობა. სკოლები ხომ იმიტომ დაარსდა, რომ ოჯახს ნაკლებად შესწევს უნარი, სოციალური მოთხოვნების შესაბამისად აღზარდოს ბავშვი. ყველაფერი ეს კიდევ უფრო ნათლად მეტყველებს მასწავლებლების ფსიქოლოგიური ცოდნით აღჭურვის აუცილებლობაზე, რადგან ამ შემთხვევაში მათი შრომა გაცილებით ნაყოფიერი იქნება.
სასკოლო კომპლექსები. ა. ადლერი მიიჩნევს, რომ ნებისმიერი პრობლემური ქცევის საფუძველს არასრულფასოვნების კომპლექსი წარმოადგენს. მისი სიმპტომები მრავალნაირია – უკიდურესი ჩაკეტილობით დაწყებული, თამამი, მაგრამ უტაქტო გამოხტომებით დამთავრებული. სასკოლო კომპლექსების რაოდენობა შესაძლოა დიდი არ იყოს, მაგრამ მათი გავლენა უდიდესია. განვიხილოთ რამდენიმე მათგანი:
1. პასიური დამკვირვებლის კომპლექსი. ამ კომპლექსს მოსწავლეთა სასწავლო პროცესში ჩაურთველობა იწვევს. უცნაურია, მაგრამ ამის მიზეზი შეიძლება იყოს სწავლისთვის „ზედმეტი” მომზადება. წერა-კითხვის მცოდნე ბავშვისთვის უინტერესოა სასკოლო ცხოვრების პირველი თვეები, ის ზის გაკვეთილზე და უხალისოდ ადევნებს თვალს, რაც მის გარშემო ხდება. ირგებს „პასიური დამკვირვებლის” ნიღაბს. თუ მასწავლებელმა ასეთი მოსწავლის მიმართ არ გამოიჩინა სათანადო ყურადღება და არ მისცა ისეთი დავალება, რომელიც მას დააინტერესებს და აზროვნებისკენ უბიძგებს, მოსწავლე შესაძლოა აღნიშნული კომპლექსის ტყვეობაში აღმოჩნდეს – შეეჩვიოს პასიური დამკვირვებლის პოზიციას და ასეთივე იყოს ლექციებზე, სამსახურში, საზოგადოდ, ცხოვრებაში.
2. ლუზერის კომპლექსი. მისი ჩამოყალიბება შესაძლოა სასკოლო ასაკამდე დაიწყოს. ეს უმეტესად იმ ბავშვებს ეხება, რომლებსაც საბავშვო ბაღში არ უვლიათ ან ეზოში თანატოლებთან არ აქვთ კონტაქტი. ასეთი ბავშვები, წესისამებრ, ზედმეტად მზრუნველი მშობლების შვილები არიან. ისინი დიდი სიფრთხილით ეკიდებიან ყველაფერს, რაც სკოლაში ხდება, არ ამჟღავნებენ ინიციატივას, შიშობენ, რომ მათი პასუხები შესაძლოა მცდარი იყოს და უმეტესად ჩუმად არიან. მალე თვითონვე გრძნობენ, რომ გამოირჩევიან სხვებისგან, თანდათან ეს დაშორება უფრო და უფრო თვალსაჩინო ხდება. ბავშვი კარგავს საკუთარი თავის რწმენას, უყალიბდება განწყობა „მე სხვებზე უარესი ვარ”, „არაფერი შემიძლია”, „არაფერი გამომივა”, იკეტება საკუთარ თავში… ეს უკვე ლუზერის კომპლექსის გამოხატულებაა. რას ფიქრობს სინამდვილეში ასეთი ბავშვი? იგი ოცნებობს მეგობრებზე, სურს, შესვენებაზე მხიარულად ირბინოს დერეფანში მათთან ერთად, მაგრამ ჰგონია, რომ მასთან მეგობრობა არავის უნდა, ამიტომ იგი, მაგალითად, დიდხანს უნდება ჩანთის ჩალაგებას, დავალების შესრულებას და თავს ისე აჩვენებს, თითქოს დაკავებულია, არ სცალია. მერხი მისი ნავსაყუდელია, აქ ის დაცულად გრძნობს თავს. თუ ასეთ მოსწავლეს მასწავლებელმა დროულად არ გაუწია კვალიფიციური დახმარება, წარუმატებლობის სინდრომი მთელი სიცოცხლე გაჰყვება.
3. ოროსნის ან ფრიადოსნის კომპლექსი. უდავოა, რომ სკოლაში ბავშვის ღირსების მთავარი საზომი აკადემიური მოსწრებაა. ასეც კი მჯელობენ: ფრიადოსანი კარგი ბავშვია, ოროსანი – ცუდი. ვინაიდან დაწყებით კლასებში მასწავლებელი მოსწავლეზე უდიდეს გავლენას ახდენს, თავად ნიშნებსაც შეუძლიათ, მოახდინონ გავლენა მოსწავლის პიროვნულ შეფასებაზე მეგობრების მხრივ, რაც საბოლოოდ დაბალ თვითშეფასებას უყალიბებს მას. ამ მხრივ უფრო უკეთ აქვთ საქმე საშუალო მოსწრების მოსწავლეებს – მათ კომპლექსები ნაკლებად ემუქრებათ. უფროსები, რომლებიც ბავშვს სხვას ადარებენ და აჩვენებენ, რომ თავად უუნაროა, სხვას კი მასზე უკეთ გამოსდის, არასრულფასოვნების განცდისთვის წირავენ მოზარდს. თვითონ ბავშვს შედარების უნარი ჯერ კიდევ არ აქვს განვითარებული და ჩვენი შეგონების მნიშვნელობაც არ ესმის, ამიტომ ამგვარი დამოკიდებულება შესაძლოა ნევროზის მიზეზად ექცეს. ფრთხილად უნდა ვიყოთ მოსწავლეებთან ურთიერთობისას. „სამაგალითო” ბავშვი, რომელიც მასწავლებელს უსიტყვოდ ემორჩილება, ზრდასრულ ასაკში უინიციატივო ხდება და უჭირს ცხოვრებისეულ სირთულეებთან ბრძოლა, მათი გადალახვა. მეორე მხრივ, მეამბოხე, დაუმორჩილებელ ბავშვებს, რომლებიც ამჟღავნებენ ამბიციას, სიჯიუტეს და მარცხისადმი გადაჭარბებულ მგრძნობიარობას, მიზნის მიუღწევლობა ზრდასრულ ასაკშიც ჰგვრის გადაჭარბებულ ემოციურ სტრესს და უღვიძებს არასრულფასოვნების განცდას. განებივრებას კი ხშირად ყოვლისშემძლეობის განცდის ჩამოყალიბებამდე მივყავართ. ასეთ პირობებში მკაცრ ცხოვრებისეულ რეალობასთან შეხებას, სურვილებისა და მოლოდინების დაუკმაყოფილებლობას ადამიანი დეპრესიისკენ მიჰყავს. ამ კომპლექსთან დაკავშირებით უნდა გავითვალისწინოთ შემდეგი რამ: ერთი მხრივ, მასწავლებლებს მოსწავლის მცირე წარმატებაც კი არ უნდა გამოგვეპაროს, მეორე მხრივ კი არ უნდა შთავაგონოთ მათ, რომ ნიშნები მთავარია ცხოვრებაში. მნიშვნელოვანი კია, მაგრამ არა მთავარი.
4. შეცდომის შიშით გამოწვეული კომპლექსი. ეს კომპლექსი იმ მოსწავლეებში წარმოიშობა, რომლებსაც თავის შეკავება არ შეუძლიათ, მაგ., დაბალი ნიშნის მიღებისას. თავდაპირველად ცუდი შეფასების გამო მათ ეშინიათ მშობლებისა, მასწავლებლებისა, მერე უკვე თვითონ დაბალი ნიშნისა, დაბოლოს – საზოგადოდ, შეცდომისა. რა გზას მიმართავს მოსწავლე შეცდომის თავიდან ასაცილებლად? – არ წერს საკონტროლოს, გაურბის სირთულეებს, არ ენდობა საკუთარ ცოდნას, წარმოდგენებს, უნარებს. ეს კომპლექსი მას მთელი ცხოვრება თან სდევს, აწუხებს და წარუმატებელს ხდის. ადრე ჩამოყალიბებული პროტოტოპების შეცვლაზე მუშაობა სკოლამდელ ასაკში გაცილებით ადვილია, მაგრამ შესაძლებელია მოგვიანებითაც, სკოლაში. ფსიქოლოგიის მცოდნე მასწავლებელი ამ ხარვეზს მალე შეამჩნევს, მცოდნე და გამოცდილი – სწავლის პირველსავე კვირას.
5. თეთრი ყვავის კომპლექსი. გარდამავალ ასაკში მოზარდს უჩნდება თანატოლებისადმი მიჯაჭვულობის განსაკუთრებით ძლიერი მოთხოვნილება, სურვილი, არ გამოირჩეოდეს მათგან: „არ მაქვს ისეთი მობილური, როგორიც სხვებს”, „არ ვარ ისეთი, როგორიც ჩემი მეგობრების უმრავლესობაა”, „არ მაცვია ისე, როგორც მათ”… ეტალონური ჯგუფისგან განსხვავებულობა მოზარდისთვის შეიძლება სერიოზული ფსიქოლოგიური ტრავმის წყაროდ იქცეს და ჩიხში მოაქციოს მისი სოციალიზაციის პროცესი. შედეგი კი საკმაოდ არასასურველია – საკუთარ თავში ჩაკეტვა და აგრესია.
აქვე უნდა მივუთითოთ ერთ მომენტზეც, რაც მასწავლებელმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს. კერძოდ, მან ხაზი არ უნდა გაუსვას იმას, რომ მამაკაცი ძლიერია, ქალი კი სუსტი. ამან შესაძლოა მამაკაცში წარმოშვას უპირატესი პოზიციის დაკარგვის შიში, მოთხოვნილება, რადაც არ უნდა დაუჯდეს, ეს პოზიცია შეინარჩუნოს, ხოლო ქალში – მამაკაცთან გატოლებისადმი მისწრაფება, რაც მასთან განუწყვეტელი პაექრობითა და შეჯიბრით იჩენს თავს.
როგორ ვლინდება კონკრეტულ ქცევებში არასრულფასოვნების კომპლექსები?
სოციალური იზოლაცია. მოსწავლე თავს არიდებს საზოგადოებრივ ღონისძიებებში მონაწილეობას, შეხვედრებს, დისკუსიებს. ხშირად აცდენს გაკვეთილებს – შინ დარჩენას ამჯობინებს, ცდილობს, თავისი სისუსტეები შეუმჩნეველი გახადოს, ეშინია დაცინვის.
უხეშობა, უკმეხობა. მოსწავლე შესაძლოა იმ დონემდე გახსნილი იყოს, რომ მისი ღიაობა უხეშობაში გადაიზარდოს. ამას საფუძვლად უდევს სურვილი, დაუმტკიცოს სხვებსაც და საკუთარ თავსაც, რომ შეუძლია იმის კეთება, რასაც სხვები აკეთებენ.
პასუხისმგებლობის სხვისთვის გადაბრალება (მათ შორის – სამყაროსთვის). თავის ნებისმიერ წარუმატებლობას ადამიანი სხვას აბრალებს: უიღბლობას, ცუდ წრეს, გარემოს, ბედისწერას… თუ ადამიანს პასუხისმგებლობის გრძნობა არ გააჩნია, ის უდავოდ წარუმატებლობის კომპლექსის მატარებელია.
ე.წ. „მკვახე ყურძნის” მექანიზმი. ეს ძალზე ცნობილი სიმპტომია. მაგ., წარუმატებლობის შემთხვევაში მოსწავლე გამოაცხადებს, რომ კმაყოფილია შედეგით, წინააღმდეგ შემთხვევაში სხვა დროსაც მას დაავალებდნენ ამის გაკეთებას, ან ერთი მოსწავლე არ აღმოჩნდა მათ რიცხვში, ვინც წარმატებით გაართვა თავი დავალებას, მეორემ კი სასურველი შედეგი მიიღო. პირველი ცდილობს, მისი წარმატება გარე ფაქტორებს მიაწეროს („გადაიწერა”, „უკარნახეს”, „წინასწარ იცოდა”, „ბედი აქვს” და სხვა). დაკომპლექსებული ადამიანი სხვის წარმატებას განიხილავს როგორც გარე ფაქტორების მოქმედების შედეგს და არა როგორც მის პიროვნულ უნარს.
კონკურენციისთვის თავის არიდება. მოსწავლე გაურბის კონკურენციას, სადაც მისი უნარების დემონსტრირების საშიშროება არსებობს. არ ცდილობს შეჯიბრებაში ჩართვას და თუ მაინც ჩაერთო, მიაჩნია, რომ წარმატებას მაინც ვერ მიაღწევს.
ნაკლოვანებების ძიება. რაც უნდა ბედნიერი იყოს, ის ვერ იქნება მშვიდად, თუ სხვაც ბედნიერია, ამიტომ ხშირად პოულობს ნაკლს, მაგ., თანაკლასელში და ცდილობს, ისიც დააჯეროს, რომ უუნაროა. საზოგადოდ, დაბალი თვითშეფასების მქონე ადამიანი ხშირად ცდილობს, სხვებიც ჩაითრიოს თავის ბუნაგში.
ზედმეტი მგრძნობელობა. არასრულფასოვნების კომპლექსის მქონე მოსწავლე ძალზე მგრძნობიარეა როგორც კომპლიმენტის, ისე კრიტიკის მიმართ. მაგალითად, კარგადაც რომ მოყვეს გაკვეთილს, მაინც არ სურს საქებარი სიტყვების მოსმენა – მიაჩნია, რომ არც იმსახურებს და არც გულითაა ნათქვამი, კრიტიკის შემთხვევაში კი მაშინვე თავდაცვაზე გადადის. არაადეკვატურად რეაგირებს ხუმრობაზეც. ხდება პირიქითაც – ზოგიერთი კომპლექსიანი ადამიანი მიისწრაფვის, რაც შეიძლება მეტი კომპლიმენტი დაიმსახუროს, ხშირად ილაპარაკონ მასზე, აღნიშნონ მისი თუნდაც უმნიშვნელო მიღწევები.
არასრულფასოვნების ძლიერი განცდის ნიშნები უფრო შესამჩნევად ვლინდება დაძაბულ ან რთულ ვითარებაში. ეს ნიშნებია:
▪ ზედმეტი თავდაჯერება, მოუთმენლობა და მოჩხუბრობა, აგრესიულობა, მტრობაც კი;
▪ უჩვეულო ინტერესები, მომავლის უჩვეულო გეგმები;
▪ სხვებისადმი კრიტიკული დამოკიდებულება, სხვებზე მაღლა დგომისადმი მისწრაფება;
▪ საკუთარ შესაძლებლობათა რწმენის უქონლობა, სხვებისგან შორს დგომა ან ვიწრო წრის სოციალური კონტაქტები (გაურბის ძლიერ ბავშვებს და ეთამაშება სუსტებს);
▪ ყოყმანი, გადაწყვეტილების მიღების უუნარობა ან სირთულე;
▪ წინააღმდეგობრივი ბუნება (მაგ., ხან მეტისმეტად აგრესიულია, ხან – მეტისმეტად დამთმობი, ზოგჯერ – კეთილი, ზოგჯერ – მეტისმეტად ძუნწი);
▪ მერხთან ჯდომის, დაყრდნობის, დგომის, სიარულის, ჟესტიკულირების უჩვეულო მანერები, დაძაბული (არაბუნებრივად გამართული – უპირატესობის კომპლექსი) ან ზედმეტად მოშვებული დგომა (მოხრილია, მაგრამ არა ფიზიკური ნაკლის გამო); კედელთან დგომისა და მასზე მიყრდნობის ჩვევა (როგორც არასაკმარისი დამოუკიდებლობის სიმპტომი);
▪ მეტისმეტად დამთმობი ხასიათი (რომლის მიღმა უპირატესობის კომპლექსი იმალება);
▪ მეტისმეტი მორცხვობა (რაც ზრდასრულ ასაკში შესაძლოა ნევროზში გადაიზარდოს);
▪ ზედმეტი მოშიშრობა, მიუკარებლობა, სიტყვაძუნწობა და არაბუნებრივი სიწყნარე და სხვა.
ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ ადამიანთა უმეტესობა, ცდილობს რა პირდაპირ ან ირიბად შენიღბოს საკუთარი კომპლექსები, სწორედ იმას გამოკვეთს, რის დამალვაც სურს.
კომპლექსებთან გამკლავების საუკეთესო გზაა ბავშვის ჩართვა ისეთ საქმიანობაში (წრეში, სპორტულ სექციაში და სხვა), სადაც ის თავის საჭიროებასა და ნიჭიერებას დაინახავს. მნიშვნელოვანია მოსწავლის საქმიანობის პოზიტიური შეფასება მასწავლებლის მხრივ, რაც ხელს შეუწყობს თვითშეფასების ამაღლებას და გაანეიტრალებს სასკოლო გარემოს ზოგიერთი არასასურველი კომპონენტის უარყოფით ზემოქმედებას.
უნდა ითქვას, რომ ცალკე აღებული რომელიმე მახასიათებელი შესაძლოა სანდო არ იყოს დასკვნის გამოსატანად, მაგრამ მათი ერთობლიობა და სისტემატურობა უკვე გარკვეული სიგნალია. საჭიროა გამოვლენილ თავისებურებათა ერთმანეთთან შეჯერება, ფსიქოლოგთან კონსულტირება, რათა მოხდეს პრობლემის სწორი იდენტიფიკაცია და შემდგომ – მასზე მუშაობა.
კომპიუტერული ტექნოლოგიები და გაკვეთილზე მათი გამოყენების თავისებურებები
თანამედროვე ცხოვრების რიტმი არავის ინდობს. ძნელია მისი ატანა მოსწავლეებისთვისაც, რადგან მათ მიმართაც გამუდმებით იზრდება მოთხოვნები: იკითხონ გაკვეთილებზე, უპასუხონ შეკითხვებს, შეასრულონ დავალებები და ა.შ. საქმე კიდევ უფრო რთულდება, როცა ინტერესი ნაკლებია ან სულაც არ არის – მოზარდთა უმრავლესობა ხომ მასალას აღიქვამს არა პრინციპით „ძნელია”/„ადვილია”, არამედ „საინტერესოა” ან „უინტერესოა”.
როცა სწავლება ბუნებრივად და სასიამოვნოდ მიმდინარეობს, ადამიანი ნასწავლს იმახსოვრებს, ხოლო იმის მიმართ, რაც არ მოსწონს, გულგრილია და ცდილობს, მალე დაივიწყოს. აი, აქ შეგვიძლია, მასწავლებლებისა და მოსწავლეების დასახმარებლად გამოვიყენოთ თანამედროვე საინფორმაციო-კომუნიკაციური ტექნოლოგიები, რომლებიც საგაკვეთილო პროცესის უფრო და უფრო აუცილებელი ატრიბუტები ხდება – მათი მეშვეობით ადვილია მასალის ახსნა, ნაკლული მხარეების შევსება და დიდია ინტერესიც მოსწავლეთა მხრივ, ამიტომ საგაკვეთილო პროცესში ამ ტექნოლოგიების ჩართვა ძალზე შედეგიანია.
სახელდობრ რა უპირატესობა აქვს კომპიუტერული და მულტიმედიური პროგრამების გამოყენებას გაკვეთილზე?
აღდგომა კოტიასთვის და ანიკოსთვის
ტეტააა, ტეტააა, აღდომა მოდის, აღდომა – ყვიროდა საქანელაზე შემომჯდარი ჩემი ნათესავი. სამზარეულოში, დიდ, თავდახურულ ქვაბში შეღებილი ათობით კვერცხი ეწყო და ერთი სული გვქონდა, შუაღამის თორმეტი როდის დადგებოდა. დილით ეზოში და მერე, არდადეგების გასრულებისას, სკოლაში დიადი ტურნირი იწყებოდა. ყველაზე მზაკვარს, ხის კვერცხი ჰქონდა დიდი რუდუნებით შემზადებული, შედარებით პატიოსანს – ციცარის.
ბებიაჩემი ბევრს ლოცულობდა. განსაკუთრებით ვნების კვირაში. გარდაცვლილ შვილზე და ქმარზე, ძმაზე და დედ–მამაზე. ცოცხალ შვილებზე და შვილიშვილებზე. ნათესავებზე. მეზობლებზე. მე ხან ბებიაჩემის ოთახში მეძინა და დღესაც ზეპირად მახსოვს ამის გამო ფსალმუნები და საწესო ლოცვები. ბოლო ასე ასრულებდა: ,,ღმერთო ყველა კარგად ამყოფე, ყველა გაჭირებული’’ და ლოგინს გადაწერდა პირჯვარს.
ყველა დღესასწაული მისით მახსოვს. საეროებიც კი. იმ წელს რვა მარტს მოთოვა. სულ ეს მაგონდება – ცალ თვალზე მისი შავად შენაღები, გახუნებული თავშალი მეფარებოდა და ცალით ქარით დახრილ ფიფქებს ვხედავდი. ე.წ. ზაგოზერნოსკენ მივდიოდით. იქ იყიდებოდა პური იმ დროს. კაცი, ზედსახელად ბუკაკიე გახლდათ ამ საქმის გამგებელი. ჰოდა, მივდიოდით მე და ბებიაჩემი. ზუკუტურით მივყავდი. ზურგზე მოკიდებული ანუ. ცალ თვალზე მისი შავად შენაღები, გახუნებული თავშალი მეფარებოდა და ცალით ქარით დახრილ ფიფქებს ვხედავდი. ზღაპარს გავდა. მოყოლით არ გამოდის. არის ჩვეულებრივი ამბები, რომელიც მხოლოდ შენთვისაა არაჩვეულებრივი. ის მნიშვნელოვანი ქალი იყო. ჩემზე უფრო ჯიუტი და იდეალისტი.
ტეტააა, ტეტააა, აღდომა მოდის, აღდომა! – ყვიროდა ნათესავი. ოთახიდან პასკის სუნი გამოდიოდა, შეშის ღუმელში რომ ცხვებოდა. გარეთ უკვე თბილოდა და სახლში ცხელოდა მით უფრო. მაგრამ ბებიაჩემი შავ თავშალს არ იშორებდა და უცნაურ, ძნელად შესამჩნევ ღიმილს, რომელიც მე ყველაზე უფრო მძიმე დღეებში შემინიშნავს. ალბათ ეს იყო, იმ ძალის მიზეზიც. იმ, ძალის რომ პირველად, მეზობელ, ლოთ კოტიასთან მიგვქონდა წითელი კვერცხები მე და ბებიაჩემს, მერე იქვე, ანიკოსთან, როგორც ავი ენები ამბობდნენ, სოფლის ძველ მეძავთან და მაშინ უკვე ლოგინად დავარდნილ ქალთან, მერე სახლში ,,ვუჭახუნებდით’’, მერე სასაფლაოზე. ბებიაჩემა ევროპული კონვენციები არ იცოდა, მაგრამ ზურგის ტვინით გრძნობდა, რომ ამ წუთისოფლის მთავარი ღირებულება არის ადამიანი – ნებისმიერი ადამიანი. ამითაა ეს ქვეყანა საინტერესო, რომ ,,გვაქვს უთვალავი ფერითა’’. მეც ასე ჩამრჩა, რომ აღდგომის მისტერიის ერთ–ერთი მთვარი საქმე, საკუთარი თავზე ამაღლება და სხვა ადამიანების შემჩნევაა. მათთვის ტანჯვა და მათთვისვე ამაღლება. სულ მცირე – როგორც ვთქვი, შემჩნევა მაინც. კოტიას და ანიკოს და სხვების და სხვების. პათეტიკური ამბავია, მაგრამ პათეტიკაც ადამიანური საქმეა. თან ხანდახან დიდად მარგებელი. გილოცავთ აღდგომის დღესასწაულს.
როგორ დავარწმუნოთ ბავშვები, რომ „სწავლა სინათლეა“
„აი, წლის ბოლოს თუ სულ ხუთები გექნებათ ჟურნალში, აგვისტოში ზღვაზე წაგიყვანთ და ველოსიპედს გიყიდით”, – ჰპირდებოდნენ ჩემს ერთ თანაკლასელს და მის და-ძმას მშობლები ყოველი სასწავლო წლის დამდეგს. გადიოდა წელი და ბავშვებს, არცთუ სახარბიელო ნიშნების მიუხედავად, მაინც სჩუქნიდნენ ველოსიპედს და მიჰყავდათ ურეკში, მე კი მუდამ მიკვირდა: რა საჭირო იყო კარგი ნიშნებისთვის დასაჩუქრება? სწავლა ხომ სიკვდილივით და გადასახადებივით გარდაუვალ რამედ მეჩვენებოდა და ყველაზე ბედნიერი მაშინ ვიყავი, მათემატიკის ამოცანის სწორ პასუხს რომ მივიღებდი რამდენიმესაათიანი წვალების შემდეგ.
უნივერსიტეტში გავიგე, რომ ზემოხსენებული მეზობელი ცდილობდა, შვილებისთვის გარეგანი მოტივატორებით შეეყვარებინა სწავლა. აი, ჩემმა მშობლებმა კი თითქოს ინექცია გამიკეთეს და ვენაში შემიყვანეს სწავლის აუცილებლობის განცდა, ანუ შინაგანი მოტივაცია ჩამომიყალიბეს. თუმცა მაგისტრატურაში სწავლის დროს, მიზეზთა გამო, „ავურიე” და არათუ შინაგანი, გარეგანი სტიმულებიც კი არ მეყო სასწავლო პროცესში მოსწავლის მოტივაციაზე მოქმედ ფაქტორებზე სამაგისტრო ნაშრომის დასაწერად. ის, რომ დღეს მაგისტრის დიპლომი მაქვს, ჩემი ლექტორების დამსახურებაა, რომლებმაც ხელახლა მასწავლეს დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანა.
მოსწავლის სასწავლო მოტივაცია აკადემიურ მოსწრებაზე ზეგავლენის განსაკუთრებული ხარისხით გამოირჩევა და თანამედროვე სკოლის ერთ-ერთ მთავარ პრობლემას წარმოადგენს. მოტივაცია შინაგანი მდგომარეობაა, რომელიც მოქმედებისკენ გვიბიძგებს. ფსიქოლოგები მოტივაციის ორ სახეს განასხვავებენ. შინაგანად მოტივირებული ადამიანი მოქმედებს საკუთარი ინტერესებისა და სურვილების შესაბამისად. მაგალითად, როდესაც ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის ვემზადებოდი, აღმოვაჩინე, რომ გალაკტიონის ორმოცდახუთი ლექსი ვიცოდი ზეპირად. ვიზუთხავდი, განურჩევლად იმისა, შეტანილი იყო თუ არა პროგრამაში და ეს მსიამოვნებდა. აი, გარეგანი მოტივაციის დროს კი ადამიანი გარე ფაქტორების ზეგავლენით მოქმედებს. მაგალითად, მათემატიკას იმიტომ ვაქცევდი განსაკუთრებულ ყურადღებას, რომ დედაჩემი ჰუმანიტარებს არ სწყალობდა. მასწავლებელი გარეგანი მოტივატორების შემოტანით ცდილობს, გაუმძაფროს მოსწავლეს მიზნის მიღწევის სურვილი.
მეცნიერთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ მოსწავლეთა შინაგანი მოტივაცია მესამე კლასიდან საგრძნობლად იკლებს. ამ დროს მასწავლებლებმა უნდა იზრუნონ მათი შინაგანი მოტივაციის შესანარჩუნებლად, მაგრამ არც გარეგანი მოტივატორები დაივიწყონ.
ფსიქოლოგიური თეორიები მოტივაციის შესასწავლად რამდენიმე მიდგომას გვთავაზობს. ბიჰევიორისტული მიდგომის თანახმად, მოსწავლეთა მოტივირება შეიძლება გარეგანი იმპულსების (დასჯა-წახალისების) გამოყენებით. თუ მოსწავლეს მუდმივად შეაქებენ რაიმე ქცევისთვის, დიდია ალბათობა, მან ეს ქცევა გაიმეოროს და პირიქით, თუ რამისთვის დასჯიან, უსაყვედურებენ, შესაძლოა, ეს ქცევა შემდგომში აღარ განმეორდეს.
კარგი ნიშნები, სტიკერები, ვარსკვლავები და სხვა საშუალებები სასწავლო პროცესში სწორედ მოსწავლის კარგი ქცევის განსამტკიცებლად გამოიყენება. კიდევ ერთი სასიამოვნო მოტივატორია ქება, რომელშიც მასწავლებელმა უნდა ასახოს როგორც დღევანდელი მიღწევები, ასევე რჩევაც, გაუზიაროს მოსწავლეს თავისი მოლოდინი. მაგალითად: „ნინო, ძალიან მომეწონა შენი შესრულებული დავალება. მეტი ყურადღება მიაქციე პუნქტუაციას და შემდეგში უფრო მაღალ ნიშანს მიიღებ”. ქება უნდა იყოს ინფორმაციული, გასაგები; მასწავლებელმა მოსწავლეს უნდა მიაწოდოს ინფორმაცია მისი მიღწევების შესახებ მოცემულ მომენტში, ამასთან, ყურადღება გაამახვილოს მოსწავლის ძალისხმევაზე და არა მის უნარებსა და ინტელექტზე. ეს მოსწავლეს ჩამოუყალიბებს რწმენას, რომ ძალისხმევით ყველაფერს მიაღწევს.
მოტივაციისადმი კოგნიტური მიდგომის მიხედვით, მშობლებისა და მასწავლებლების დაინტერესება ზრდის მოსწავლის შინაგან მოტივაციას. მოსწავლეები, რომლებიც განიცდიან მიკუთვნებულობას მშობლებთან, მასწავლებლებთან ან თანატოლებთან, უფრო ემოციურად არიან ჩართულნი სასწავლო პროცესში. კოგნიტური თეორეტიკოსები აქცენტს მოტივაციაზე სვამენ და სჯერათ, რომ ადამიანის ქცევა აზროვნებით არის განპირობებული და არა იმით, ამ ქცევის გამო წარსულში დაააჯილდოეს თუ დასაჯეს.
მოტივაციაზე სოციოკულტურული წარმოდგენა ხაზს უსვამს ერთობის წევრობას. ადამიანები ერთვებიან აქტივობაში, რათა განამტკიცონ თავიანთი იდენტობა და ინტერპერსონალური ურთიერთობები ამ ჯგუფის შიგნით. მოსწავლეებს აქვთ სწავლის უფრო ძლიერი მოტივაცია, როდესაც გრძნობენ მიკუთვნებულობას იმ ჯგუფისადმი, რომლისთვისაც სწავლას დიდი ღირებულება აქვს. ჯგუფის ახალი წევრები მოტივირებულნი არიან ისწავლონ და შეითვისონ ჯგუფის ღირებულებები და გამოცდილება, რათა მის ნამდვილ წევრებად იგრძნონ თავი. ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის იმის ჩვენება, რომ სწავლა აუცილებელია.
განსხვავებული კულტურების კვლევის შედეგად მაკკლელანდმა (McClelland, 1955) დაასკვნა, რომ მიღწევის მოთხოვნილება ანუ სწრაფვა წარმატებისა და უპირატესობისკენ კულტურული ღირებულებებით არის განპირობებული. მისი მტკიცებით, ბავშვებს, რომელთა მშობლებიც პრიორიტეტს არ ანიჭებენ განათლებას, ხშირად აქვთ დაბალი მოტივაცია სასკოლო დავალებების შესასრულებლად. აი, ხომ გახსოვთ, კუკარაჩას რომ ეკითხება ანიკო ბახტაძე: „ვინ დამღუპა?” – ის კი პასუხობს: „თქვენ, ქალბატონო ანიკო! დადგენილია, რომ ყველაზე ხშირად ის ბავშვები იწყებენ მოწევას, რომელთა ოჯახის წევრებიც ეწევიან”. ასე რომ, თუ გსურთ, თქვენს შვილს შეუქმნათ სასწავლო მოტივაცია, თავად იკითხეთ წიგნები. სასურველია, იკითხოთ ბავშვთან ერთად ან ესაუბროთ იმ წიგნზე, რომელსაც მოცემულ მომენტში კითხულობს – ამით მას დაანახვებთ, რომ კითხვა მნიშვნელოვანია.
კვლევებით დადგენილია, რომ მასწავლებლის მოტივაცია და მისი სწავლების სტილი გავლენას ახდენს მოსწავლის სასწავლო მოტივაციაზე. კერძოდ, თუ მასწავლებელი შინაგანი მოტივაციით ხელმძღვანელობს პროფესიული საქმიანობისას, ესე იგი თუ მისთვის სწავლება სახალისო და საინტერესო პროცესია, მისი მოსწავლეების მოტივაციაც იზრდება. ასეთივე გავლენა აქვს მასწავლებლის გარეგან მოტივაციასაც: თუ მასწავლებლისთვის მნიშვნელოვანია მისი სტატუსი და ღირსება კოლეგებისა და სკოლის ადმინისტრაციის წინაშე, ის ყველაფერს იღონებს, რათა არ შებღალოს თავისი რეპუტაცია და მაღალპროფესიონალურ დონეზე დარჩეს; ამის გამო ის ეცდება მოსწავლეთა მოტივირებას, რაც დადებითად აისახება კიდეც მათ მოტივაციაზე, თუმცა შინაგანი მოტივაცია უფრო მეტად მოქმედებს, ვიდრე გარეგანი. რაც შეეხება სწავლების სტილს, თუ ის ეფექტურია, რაც იმას გულისხმობს, რომ მასწავლებელი ორიენტირებულია პრობლემაზე დაფუძნებულ სწავლებაზე, იყენებს ახსნისა და სწავლების თანამედროვე მეთოდებს და მოსწავლის შეფასების მკაფიო და ცხად კრიტერიუმებს, მაშინ მოსწავლის მოტივაციაც იზრდება.
მე მჯერა, რომ თუ მშობლები და მასწავლებლები გავერთიანდებით და ბავშვებს დავანახვებთ, რომ „სწავლა სინათლეა”, ისინი ამას გაითავისებენ და მათი ცხოვრების გზა საინტერესო და სასიამოვნო გასავლელი იქნება.
რატომ ჩამორჩებიან მოსწავლეები კითხვაში და როგორ დავეხმაროთ მათ
ვიცით, რომ ყველა კლასში არიან მოსწავლეები, რომლებიც სწავლაში საგრძნობლად ჩამორჩებიან თავიანთ თანატოლებს, უჭირთ საგნების სწავლა, აქვთ დაბალი მოტივაცია და, შესაბამისად, ვერ აღწევენ სახელმწიფოს მიერ განსაზღვრულ საგანმანათლებლო მიზნებს. დიდი ხანია კვლევებმა დაადასტურა, რომ ამგვარი წარუმატებლობის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი მოსწავლეთა შორის კითხვის უნარის არასათანადო ფლობაა.
განსხვავება წარმატებულ და წარუმატებელ მოსწავლეებს შორის დროთა განმავლობაში სულ უფრო თვალშისაცემი ხდება. მოსწავლეები, რომლებსაც უჭირთ კითხვა, როგორც წესი, ვერ სძლევენ სასწავლო მასალას ვერც ერთ საგანში. ამას ბუნებრივად მოსდევს ისეთი არასასურველი შედეგები, როგორიცაა: სასწავლო პროცესიდან გარიყვა, წარუმატებლობის მუდმივი განცდა, სრული დემოტივაცია, დაბალი თვითშეფასების ჩამოყალიბება, საბოლოოდ კი _ ასოციალური ქცევების გამოვლენა. ამდენად, უაღრესად მნიშვნელოვანია პრობლემების დროულად იდენტიფიცირება და გააზრებული ინტერვენცია მათ აღმოსაფხვრელად.
საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტის მიხედვით, მცირეწლოვანი და მოზრდილი მოსწავლეებისთვის გამოყოფენ ხუთ ძირითად კომპონენტს, რომლებიც საფუძვლად უდევს კითხვის უნარის განვითარებას. ესენია:
|
მე-3 კლასის ჩათვლით |
|
მე-4 კლასიდან ზემოთ |
|
ფონოლოგიური ცნობიერება |
|

ვრცლად