ხუთშაბათი, მაისი 22, 2025
22 მაისი, ხუთშაბათი, 2025

სკა და რეგეი. ნაწილი პირველი

0

დღევანდელ მსოფლიოში, სადაც საზღვრები ფაქტობრივად აღარ
არსებობს და ყველას შეუძლია თავისი იდეების, შეხედულებების, თუნდაც მუსიკის მსოფლიოს
ნებისმიერ წერტილამდე მიტანა, პატარა ქვეყნებისთვის ძალიან რთულდება საკუთარი კულტურული
ტრადიციების შენარჩუნება და წარმოჩენა. პატარა ერმა თავისი მუსიკალური კულტურა საზღვრებს
გარეთ რომ გაიტანოს და, ასე ვთქვათ, თავს მოახვიოს სხვა ქვეყნებს, მან რაიმე განსაკუთრებული,
სრულიად უნიკალური უნდა შექმნას.

უნიკალური მუსიკის შექმნა ძნელია, თუმცა არსებობს გამონაკლისებიც,
რომელთა შესახებაც, სავარაუდოდ, ჩემს მკითხველსაც გაუგონია.

მოდი, ვცადოთ: ვინ ან რა გახსენდებათ პირველი, როდესაც თქვენ გვერდით ვინმე იამაიკას
(უფრო სწორად, ჯამაიკას) ახსენებს? დარწმუნებული ვარ, მკითხველთა უმრავლესობას ერთი
სახელი ამოუტივტივდა მეხსიერებაში. სახელი ადამიანისა, რომლის წყალობითაც იამაიკური
კულტურა დღეს მსოფლიოს თითქმის ყველა კუთხეში იმსახურებს აღტაცებასა და პატივისცემას,
რომლის გამოც არაერთი ბენდი შექმნილა და რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დიდი პაციფისტი იყო,
ვისთვისაც კი ოდესმე მომისმენია. მან ჩემს გემოვნებაზე დიდი გავლენა მოახდინა. ეს ადამიანი
ბობ მარლი გახლავთ. 

რეგეი (Reggae) – ეს არის სტილი, რომელშიც მარლი უკრავდა
და რომლის განვითარებაშიც მან უდიდესი წვლილი შეიტანა. ეს მუსიკა მრავალი სხვა ჟანრის
გავლენით შეიქმნა, მათ შორის – R&B-სა, ჯაზისა, როკსტედისა და სკასი. სწორედ ამ
უკანასკნელზე, სკა მუსიკაზე მინდა შევჩერდე დღეს.

სკა როგორც ცალკეული მუსიკალური ჟანრი იამაიკაში
1950-იან წლებში შეიქმნა. ეს გახლდათ იამაიკური ფოლკლორის (ე.წ. მენტო მუსიკის) ელემენტების,
ამერიკული ჯაზისა და რიტმ-ენდ-ბლუზის ძალზე საინტერესო სინთეზი. მარტივი, მაგრამ დასამახსოვრებელი
რიტმები, სახასიათო მელოდიები და სრულიად უნიკალური, იამაიკური ჟღერადობა, რომელიც
მხოლოდ სკა მუსიკას აქვს. ეს სტილი ინსტრუმენტთა მრავალფეროვნებითაც გამოირჩევა – სტანდარტულ
სეტთან (დასარტყამი, ბასგიტარა, რიტმგიტარა და კლავიში) ერთად სკა მუსიკაში ჩასაბერ
ინსტრუმენტებსაც (ტრამპეტს, ტრომბონს, საქსოფონს, მელოდიკას და სხვ.) ხშირად იყენებენ.


სკა კომპოზიციების „ჩონჩხი” ხშირად ორი ან, მაქსიმუმ,
სამი ძირითადი აკორდისგან შედგება. აკორდული სისტემით ეს სტილი ძალიან ახლოსაა ბლუზთან,
თუმცა მისი შესრულება გაცილებით სპეციფიკურია.

1960-იანი წლებიდან სკა მუსიკა ძალიან პოპულარული გახდა
როგორც იამაიკაში, ასევე მის ფარგლებს გარეთაც. გამოყოფენ მის სამ ტალღას. პირველი
მათგანი სკა მუსიკის იამაიკის ფარგლებში გავრცელებას მოიცავს (სწორედ ამ დროს განვითარდა
სხვადასხვა ჟანრის შერევით რეგეი, რომელიც დღეს იამაიკური კულტურის განუყოფელი ნაწილია),
მეორე, ეგრეთ წოდებული „2 Tone” – სკა პანკი – ბრიტანელების მიერ ათვისებული და როკმუსიკასთან
შეზავებული იამაიკური ჟღერადობა, ძალიან პოპულარული გახდა 1970-იანი წლებში. სკა პანკი
ორიგინალურ იამაიკურ მუსიკასთან შედარებით მძიმე, უხეში და პროტესტით სავსე იყო. რაც
შეეხება მესამე ტალღას, ის 1980-იან წლებში დაიწყო და მოედო მთელ ბრიტანეთს, შემდეგ
– ევროპას, შტატებს და მალე სკა მუსიკის ჰანგები უკვე შორეულ ავსტრალიასა და ლათინურ
ამერიკაშიც კი ისმოდა.


აღსანიშნავია, რომ სკა ძალიან პოპულარული გახლდათ ბრიტანეთის
სკინჰედურ სუბკულტურაში. აქ მცირე განმარტებაა საჭირო – სკინჰედები ბრიტანელი მუშათა
კლასის წარმომადგენელი ახალგაზრდები იყვნენ, რომლებიც ჩაცმის სტილით, გარეგნობით (კერძოდ,
გადაპარსული თავით) და გემოვნებით გამოირჩეოდნენ. ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ თავდაპირველად
ბრიტანელი სკინჰედები (რომელთაც მათი ტრადიციულობის გამო Trad-ებსაც უწოდებენ) შორს
იყვნენ რასისტული იდეებისგან და საერთოდ არ იზიარებდნენ იმ თეორიას, რომლითაც თანამედროვე
ულტრანაციონალისტი სკინჰედები ხელმძღვანელობენ (რუსი სკინჰედები არაერთხელ დასხმიან
თავს უცხოელებს, მათ შორის – ქართველ სტუდენტებსაც. თავდასხმები რასობრივი ნიშნით ხდებოდა).
Trad-ები უსმენდნენ პანკ როკს, სკას, ოდნავ მოგვიანებით – Oi-ს (პანკ როკის ერთ-ერთ
განშტოებას) და რეგეის, რომელიც ყველაზე პაციფისტურია და სამყაროსადმი ჰუმანისტურ დამოკიდებულებას
ქადაგებს. რასისტულ განშტოებათა პირველი ჩანასახები სკინჰედურ სუბკულტურაში 60-იან
წლებში გაჩნდა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ თითქმის ამავე დროიდან არსებობენ მათი მოწინააღმდეგე,
ანტირასისტი სკინჰედებიც.

სკა დღეს ბევრს ალბათ აღარც ახსოვს. საქართველოში ის
პოპულარული არასოდეს ყოფილა. პირადად მეც სულ რამდენიმე მეგობარი მყავს, რომელსაც რაიმე
გაუგია ამ მიმდინარეობის შესახებ. მიუხედავად ამისა, არ მეგულება დედამიწაზე კუთხე,
სადაც სკა მუსიკის გავლენით შექმნილი სტილი, რეგეი და ბობ მარლის „No Woman No Cry”
ერთხელ მაინც არ მოესმინოთ. ბობი ჩვენთანაც უყვართ და უსმენენ, განურჩევლად იდეოლოგიისა,
სოციალური სტატუსისა თუ, საზოგადოდ, ცხოვრების სტილისა. კითხვაზე „რატომ” ყველას საკუთარი
პასუხი აქვს.


მომდევნო პოსტში მე ჩემს პასუხებს გაგაცნობთ.

ყველაფერს ვეტყვი პრეზიდენტს…

0

ეს
სიტყვები ირაკლი ჩარკვიანის „დისკოს” ცოცხალი შესრულებიდან მაშინ გამახსენდა, როცა
ამასწინათ, მეგობრებთან ერთად
მანქანით მგზავრობისას, გზად ტრაფარეტს გადმოვხედე, იქ კი ორი სიტყვა ეწერა:
„ძველი ხიბულა”. მერე ჩემდაუნებურად გონებაში ის ადამიანიც წამომიტივტივდა,
რომლის მიერ
ინგლისურიდან ქართულად თარგმნილი ამერიკული პოეზიის კრებული დღემდე ჩემი
საყვარელი წიგნია.

 

ზვიად
გამსახურდიას სახელი ისევე გადაეჯაჭვა სოფელ ძველ ხიბულას, როგორც გასული საუკუნის
საუკეთესო ამერიკელ პოეტებს, რომელთაგან ერთ-ერთის – რობერტ ფროსტის ლექსი, მე
პირადად, ყოველ შემოდგომაზე მახსენდება. თქვენც გაგახსენებთ:

 

„მშვიდი
ოქტომბრის მოალერსე, მყუდრო დილაო,

მომწიფებულან
დასაცვენად შენი ფოთლები;

ხვალინდელ
ქარში გარინდებულ გზებს დაჩრდილავენ

ჩუმი
ოცნებით…”

 

ახლა
ვერ გეტყვით, როდის წავიკითხე, რამ მიბიძგა, ვინ გამიღვივა ინტერესი ამ პოეტისადმი
(არადა პირველი, ძლიერი შთაბეჭდილების ყველა წვრილმანი მამახსოვრდება ხოლმე),
მაგრამ დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, რომ ის ერთი სტრიქონი არაერთხელ, მეგობრებთან
მყოფს თუ მარტო დარჩენილს, გამხსენებია და ხმამაღლა თუ ჩურჩულით მითქვამს:

 

„ტყეზე ყვავების ყრანტალია დამაოსები…”

 

ლექსში
იმდენად არა, მაგრამ ცალკე, ტექსტიდან ამოგლეჯილი ეს სიტყვები გაცილებით სახიფათო
და ავადმეტყველია. მით უმეტეს, თუ უახლოესი წარსულის მწარე გამოცდილებას გავითვალისწინებთ,
ან კიდევ დღევანდელობას – რთულ და წინააღმდეგობრივ დროს. სიმბოლო („ყვავების
ყრანტალი”) ერთი შეხედვით მარტივია, მაგრამ მარადიულიც, ისევე, როგორც სიკვდილის,
გაცამტვერების, გარდუვალი გაქრობის მოლოდინი.

 

ეს
მოლოდინი თუ რაღაც უსიამოვნო წინათგრძნობა
, რობერტ ფროსტის ლექსის ფინალში თითქოს კიდევ უფრო
ცხადი ხდება, არ რჩება მხოლოდ ნიუ ჰემპშირულ განწყობილებებად, არამედ ზოგად სახეს
იძენს და თითოეული ჩვენგანისთვის მახლობელია:

 

„ფრთხილად,
ო ფრთხილად!

აი,
ეს ვაზი შეიბრალე, დაყურსულს, ჩრდილში,

შეჭირხლებია
ნაადრევი ყინვისგან ლერწი.

სულ
მცირედიც-და მისი ტანიც გახდება ბერწი,

ადროვე
ვაზებს მიბრუნება კვლავ ზამთრის ძილში…”


მწუხარე,
ნაღვლიანი განწყობა გეუფლება, და როცა ამერიკელი პოეტების ანთოლოგიის გამოცემის თარიღს
– 1971 წელი – უკვირდები, ფიქრობ, რომ ეს წიგნი მხოლოდ ერთი კაცის ცხოვრების კი
არა, ქართული კულტურისა და სახელმწიფოს განუყოფელი ნაწილიცაა. ქვეყნისა, რომლის პირველი პრეზიდენტიც ამ
თარგმანების გამოცემიდან ოცი წლის შემდეგ ზვიად გამსახურდია გახდა.

 

დღეს კი, მისი ტრაგიკული აღსასრულიდან ოცი
წლის შემდეგ, რა შეიძლება ვუთხრათ პრეზიდენტს? – ის, რომ მის მიერ დიდი ხნის წინ
თარგმნილი უოლტ უიტმენი, ეზრა პაუნდი და ედგარ ლი მასტერსი მოგვწონს, თუ ის, რომ
ამდენი ხნის მერე მისი სიკვდილის ამბავი ჯერაც გამოუძიებელია
? გადატრიალებას გადატრიალება არ ჰქვია, წაგებულ ომს
– წაგებული ომი, გამცემს – გამცემი და კრიმინალს – კრიმინალი. ეს იმიტომ, რომ
ჩვენში ნამდვილი სახელის დარქმევა ძნელი გამხდარა. გვირჩევნია, ქუჩებს, მოედნებსა
და აეროპორტს ჩამოვურიგოთ სახელები, მის იდუმალებით მოცულ სიკვდილს კი დიდხანს
გავუჩუმდეთ, თითქოს სულ ახლახან, ჩვენთან, ჩვენს გვერდით არ მომხდარა, უფრო მეტიც
– საერთოდ არ მომხდარა!

 

სხვათა შორის,
ზვიად გამსახურდია სიკვდილის შემდეგ ირაკლი ჩარკვიანის ავტობიოგრაფიული რომანის
პერსონაჟიც გახდა. ერთ-ერთ ეპიზოდში, ლიძავის სანაპიროს წარმოდგენისას, ავტორს პირველი
პრეზიდენტიც ახსენდება, რომელიც „თავის საბჭოურ ველოსიპედზე შემომჯდარი,
რადიომიმღებით ხელში შეუპოვრად დაეძებდა იმ სანუკვარ ადგილებს, სადაც მისი
რადიომიმღები რადიოსადგურ „თავისუფლებას” უკეთ დაიჭერდა. მაშინ ყველა არასაბჭოთა
გადაცემას ახშობდნენ და მოსახლეობის უმრავლესობა სწორედ რომ ოლიმპიური სიმშვიდით
ეგუებოდა ამ ფაქტს, ორიოდე ადამიანის გარდა. ერთ-ერთი მათგანი ზვიად გამსახურდია
იყო. ის მთელი ღამე გულმოდგინედ დაეძებდა იმ დროებითი თავისუფლების კუნძულებს,
სადაც გარკვევით შეეძლო გაეგო მაშინ ჩვენთვის სანუკვარი, დღეს კი ჰამბურგერივით
ჩვეულებრივი სიტყვები. ინფორმაციით სავსე ამაყად ჩაუქროლებდა ხოლმე
თაბუკაშვილებისა და ომიაძეების სახლებს, ბედნიერი, რომ სხვებისგან განსხვავებით
მან მაინც შეძლო და ეზიარა ვაშინგტონიდან ნატყორცნ იმედიან გამონათქვამებს”.


ეს ის დროა, როცა საბჭოთა სინამდვილეში
ეროვნული მოძრაობა იკრებს ძალებს, ის დრო, როცა ქართულ ენაზე უკვე არსებობს რობერტ
ფროსტის ბრწყინვალე ლექსი:

 

„მშვიდი
ოქტომბრის მოალერსე, მყუდრო დილაო,

დღევანდელი
დღის საათები ქმნიან ზღუდეებს,

ო,
გაარღვიე ზღუდეები და დღის ნათელი

გაგვიხანგრძლივე,
მიეჩვია გარდაქმნას გული…”

თომას გორდონი- “როგორ გავხდე კარგი მშობელი” მეცხე თავი

0
 გარდაუვალი კონფლიქტები – ვინ გაიმარჯვებს?
      
ყველა მშობლისათვის ნაცნობია სიტუაცია, როცა მათი შვილის ქცევას ვერც კონფრონტაცია და ვერც გარემოს ცვლილება ვერ ცვლის: ბავშვი მაინც მშობლების მოთხოვნების საწინააღმდეგოდ იქცევა. ამგვარი სიტუაციები მშობლისა და შვილის ურთიერთობაში გარდაუვალია,  ბავშვმა „აუცილებლად” უნდა განახორციელოს ესა თუ ის ქცევა, მიუხედავად იმისა, რომ იცის – მისი ქცევა მშობლის მოთხოვნებს ეწინააღმდეგება.

ერიკი ისევ ვიდეო თამაშებით ერთობა, თუმცა, დედამ რამდენჯერმე შეახსენა,  ნახევარ საათში უნდა წავიდეთო.
მოლი შეუთანხმდა ქალიშვილს, რომ გოგონა სამზარეულოს დაასუფთავებდა, მაგრამ სამსახურიდან დაბრუნებულს ნიჟარა გასარეცხი ჭურჭლით სავსე დახვდა.

მადლენს არ სურს გაუგოს მშობლებს, რომლებიც შაბათ-კვირას მთაში მეგობრებთან ერთად მის წასვლაზე ნერვიულობენ. მაინც ჯიუტად უნდა წასვლა, მიუხედავად იმისა, რომ ხვდება, რამდენად მიუღებელია ეს მშობლებისათვის.

   

ამგვარი კონფლიქტები მშობლისა და შვილის ინტერესებს შორის გარდაუვალი და ხშირიც კი არის ხოლმე ყოველ ოჯახში. ისინი მუდამ უმნიშვნელო კამათით იწყება, და სერიოზული უთანხმოებით მთავრდება. ეს ურთიერთობის პრობლემებია, როცა არც მარტო შვილია დამნაშავე და არც მარტო მშობელი. ორივე მონაწილეობს პრობლემაში – ორივეს ინტერესები ილახება. ამრიგად, პრობლემა თავად ურთიერთობაშია. ის მაშინ ჩნდება, როცა სხვაგვარად ვერ ხერხდება მშობლისათვის მიუღებელი ქცევის კორექტირება.

ვუბრუნდებით და ვეყრდნობით რა ქცევის ფანჯარას, ვხედავთ, სად ჩნდება კონფლიქტები ურთიერთობაში:
 
ბავშვს აქვს პრობლემა
ურთიერთობას აქვს პრობლემა
პრობლემა რჩება
პრობლემა იჭრება 
აქტიური მოსმენით
პრობლემა იჭრება კონფრონტაციული 
მე–შეტყობინებით
კონფლიქტი რჩება

 

კონფლიქტი ჭეშმარიტების მომენტია ურთიერთობაში – მისი სიჯანსაღის გამოცდაა, კრიზისია, რომელსაც ურთიერთობის შესუსტებაც შეუძლია და გაძლიერებაც, კრიტიკული მოვლენაა, რომელსაც შეიძლება ხანგრძლივი წყენა, ფარული მტრობა, ფსიქოლოგიური ტრავმები მოჰყვეს. კონფლიქტებს ადამიანების დაშორებაც შეუძლიათ და უფრო ახლო და ინტიმურ კავშირად გაერთიანებაც; ისინი ნგრევის მარცვლებსაც შეიცავს და ჰარმონიისაც; ერთნაირად შეუძლია სამხედრო ქმედებებისა და უფრო ღრმა ურთიერთგაგების მოტანა.

კონფლიქტების მოგვარება შეიძლება ყველაზე არსებითი ფაქტორი იყოს მშობელი-შვილის ურთიერთობებში. სამწუხაროდ, მშობელთა უმეტესობა კონფლიქტების მოგვარებას მხოლოდ ორი ძირითადი მიდგომით ცდილობს, ეს კი არაეფექტიანი და საზიანოა როგორც ბავშვისთვის, ისე ურთიერთობისთვის.

მშობელთა მხოლოდ მცირე ნაწილი აღიქვამს კონფლიქტს, როგორც ცხოვრების ნაწილს და თან არა როგორც ერთმნიშვნელოვნად ცუდ მოვლენას. მშობელთა უმრავლესობა მშობლებსა და შვილებს ან თვით შვილებს შორის კონფლიქტს განიხილავს, როგორც ყველანაირი გზით თავიდან ასარიდებელ მოვლენას. ხშირად გაიგონებთ ცოლ-ქმრის ტრაბახს იმის შესახებ, რომ არასოდეს ჰქონიათ სერიოზული უთანხმოება – თითქოს ეს  მათი ურთიერთობების სიჯანსაღის მაჩვენებელი იყოს.

„მოდი, ამ საღამოს ნუ ვიჩხუბებთ – ნუ ჩავიმწარებთ ვახშამს”, სთხოვენ მშობლები შვილებს ან უყვირიან, „ახლავე შეწყვიტე ჩხუბი!” მოზარდთა მშობლები ჩივიან ხოლმე, რომ ახლა, როცა მათი შვილები წამოიზარდნენ, გაცილებით მეტი უთანხმოება და კონფლიქტია ოჯახში: “ჩვენ სირთულეების წინაშე აღმოვჩნდით”. ან კიდევ, „ჩემი ქალიშვილი ყოველთვის ისეთი გამგები და ადვილად სამართავი იყო, მაგრამ ახლა, ვერც ჩვენ ვერ ვუყურებთ საგნებს მისი თვალებით და არც მას შეუძლია საგნების ჩვენებურად აღქმა”.

მშობელთა უმრავლესობას კონფლიქტი სძულს, ნერვიულობს მისი წარმოშობისას და არ იცის, როგორ გაართვას სიტუაციას თავი. იშვიათია ურთიერთობა, როცა გარკვეული დროის შემდეგ ერთის ინტერესები არ უპირისპირდება მეორისას. ორი ადამიანის (ან ჯგუფის) თანაარსებობისას, კონფლიქტი გარდაუვალია თუნდაც იმიტომ, რომ ადამიანები განსხვავდებიან, სხვადასხვაგვარად ფიქრობენ, აქვთ სხვადასხვა მოთხოვნილებები და სურვილები, რომლებიც ხშირად ურთიერთსაწინააღმდეგოა. 

ამრიგად, კონფლიქტი ერთმნიშვნელოვნად ცუდი არ არის – ის ვლინდება როგორც ნებისმიერი ურთიერთობის არსი. არსებითად, ურთიერთობა შენიღბული კონფლიქტის დროს შეიძლება გაცილებით არაჯანსაღი იყოს, ვიდრე ხშირი კონფლიქტით. ამის კარგი მაგალითია ოჯახი, სადაც ცოლი ემორჩილება დომინანტ ქმარს, ან მშობელი-შვილის ურთიერთობა, როცა შვილს ისე ეშინია მშობლის, რომ ვერაფერში ეწინააღმდეგება. 

ვიცით ოჯახები, განსაკუთრებით კი რთული ოჯახები, სადაც კონფლიქტები მუდმივად ჩნდება, მაგრამ მიუხედავად ამისა, მისი წევრები ბედნიერები არიან და პირიქით, ხშირად წავაწყდებით ხოლმე გაზეთში ცნობას იმ ახალგაზრდების მიერ ჩადენილი დანაშაულის შესახებ, რომელთა მშობლები გაოგნებულნი არიან შვილის საქციელით – მათი ურთიერთობები უკონფლიქტო იყო, შვილი მუდამ უჯერებდათ.

ოჯახში ღიად და გულახდილად გამოხატული და ბუნებრივ მოვლენად აღქმული კონფლიქტი გაცილებით უსაფრთხოა ბავშვებისათვის, ვიდრე მშობელთა უმრავლესობას მიაჩნია. ამ ოჯახებში ბავშვს იმის საშუალება მაინც აქვს, რომ გამოსცადოს კონფლიქტი, ისწავლოს, როგორ გაუმკლავდეს და უკეთესად მოემზადოს დიდობაში მის გადასაჭრელად. ოჯახური კონფლიქტები სასარგებლოა ბავშვისთვის, როგორც ოჯახს გარე გარდაუვალი კონფლიქტებისათვის აუცილებელი მომზადებაც, რადგან ოჯახის კონფლიქტი ყოველთვის კონსტრუქციულად გვარდება.
ნებისმიერი ურთიერთობის მნიშვნელოვანია კონფლიქტის მოგვარების ხერხი და არა კონფლიქტების რაოდენობა. მჯერა, რომ სწორედ ამით განისაზღვრება ჯანსაღია თუ არა ურთიერთობა, ორმხრივად დამაკმაყოფილებელი თუ არა, მეგობრული თუ არა, ღრმა თუ ზედაპირული, ინტიმური თუ ცივი.
ძალაუფლებისთვის ორთაბრძოლა: ვინ იმარჯვებს, ვინ მარცხდება?

იშვიათად შევხვედრივართ მსმენელებს შორის ისეთს, ვინც კონფლიქტის მოგვარებას არ აღიქვამს ერთის გამარჯვების და მეორის დამარცხების ტოლფასად. ამგვარი – „გამარჯვება-მარცხი” – ორიენტაცია საფუძვლად უდევს დღევანდელი მშობლების დილემას –  იყოს მკაცრი (მშობელი იმარჯვებს) თუ იყოს დამთმობი (ბავშვი იმარჯვებს).

მშობელთა უმრავლესობა ბავშვის აღზრდაში დისციპლინის მთელ პრობლემას განიხილავს როგორც სიმკაცრისა თუ შემწყნარებლობის, სიძლიერისა თუ სისუსტის, ავტორიტარულობისა თუ ლიბერალურობის ჭრილში. ისინი იფარგლებიან თავიანთი “ან-ან” მიდგომით დისციპლინის მიმართ, შვილებთან ურთიერთობას აღიქვამენ როგორც ძალაუფლებისთვის ორთაბრძოლას, ორი ნების შეჯიბრს, ბრძოლას იმის გამოსარკვევად, თუ ვინ მოიგებს ომს. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ დღევანდელი მშობლები და შვილები ომობენ, თითოეული მათგანი აზროვნებს მოგებისა და დამარცხების ცნებებით. ისინი თავიანთი ბრძოლის შესახებ ისევე საუბრობენ, როგორც ორი ქვეყანა საომარ მდგომარეობაში. 

ერთმა მშობელმა (მამამ) ეს ნათლად გამოხატა საუბრისას, როცა ავტორიტეტულად განაცხადა:

„თავიდანვე უნდა გააგებინოთ, ვინ არის უფროსი. სხვაგვარად ისინი ხელთ იგდებენ უპირატესობას და გაბატონდებიან. ჩემს ცოლს სწორედ ეს პრობლემა აქვს –  ბავშვებს ყველა ბრძოლაში გამარჯვების უფლებას აძლევს. ყოველთვის ნებდება და ბავშვებმა ეს მშვენივრად იციან”.

ერთ-ერთი მოზარდის დედამ ეს თავისებურად გამოხატა:

„ვცდილობ, შვილს უფლება მივცე აკეთოს, რაც უნდა, მაგრამ მერე, როგორც წესი, მე ვზარალდები. ერთ ნაბიჯს ვუთმობ, ის კი ასს დგამს”.
მეორე დედა დარწმუნებულია, რომ არ დამარცხდება “მოსვირინგებისთვის ბრძოლაში”:

„არ მაინტერესებს, როგორ გრძნობს თავს და არც ის, თუ რას აკეთებენ სხვა მშობლები – ჩემი ქალიშვილი არ გაიკეთებს სვირინგს!  დათმობას არ ვაპირებ. ვეცდები, მოვიგო ეს ბრძოლა”. 

მშობლებთან ურთიერთობას შვილებიც ძალაუფლებისთვის ბრძოლის მოგება-წაგების თვალსაზრისით განიხილავენ. ქეითიმ, თხუთმეტი წლის არაჩვეულებრივმა გოგონამ, რომლის მშობლებიც წუხან იმის გამო, რომ ქალიშვილი არ ელაპარაკება, ერთ-ერთი ინტერვიუს დროს მითხრა:  

„რა აზრი აქვს კამათს? ისინი ყოველთვის იგებენ. ეს კამათის დაწყებამდე ვიცი. ისინი მუდამ ასე იქცევიან. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მშობლები არიან. მათ ყოველთვის იციან, რომ მართლები არიან. აღარ ვკამათობ. უბრალოდ, არ ველაპარაკები. რა თქმა უნდა, გიჟდებიან, მაგრამ ეს უკვე აღარ მადარდებს”. 

კენიმ, დაწყებითი სკოლის მოსწავლემ, ისწავლა, მშობლების მოგება-წაგების დამოკიდებულებას როგორ მოუაროს:
„თუ ნამდვილად მინდა რამის გაკეთება, არასოდეს მივდივარ დედასთან, რადგან პირველი სიტყვა, რომელსაც მეტყვის, „არა” იქნება. ვიცდი, სანამ მამა დაბრუნდება. ჩვეულებრივ, ვახერხებ ხოლმე, რომ მამამ ჩემი მხარე დაიჭიროს. მასთან უფრო ადვილია ურთიერთობა და მისი დახმარებით ვიღებ იმას, რაც მინდა”.

მშობლებსა და შვილებს შორის კონფლიქტის გაჩენისას, მშობელთა უმრავლესობა ცდილობს ის თავის სასარგებლოდ გადაჭრას, ისე, რომ მშობელი იგებს და შვილი აგებს. მშობელთა მცირე ნაწილი („გამარჯვებულებზე” გაცილებით ნაკლები) მუდამ ნებდება შვილს კონფლიქტის შიშით ან ლახავს (სწირავს) შვილის ინტერესებს. ამ ოჯახებში შვილი იგებს და მშობელი აგებს. მშობელთა მთავარი დილემა დღეს ის არის, რომ ისინი მხოლოდ ამ მოგება-წაგების მიდგომით ხელმძღვანელობენ.
მოგება-წაგებისადმი ორგვარი მიდგომა 

კონფლიქტის გადაჭრისას „მოგება-წაგებისადმი” ორგვარ მიდგომას მარტივად მოვიხსენიებთ როგორც I მეთოდს და II მეთოდს. თითოეული მათგანი გულისხმობს, რომ ერთი ადამიანი იმარჯვებს, მეორე – მარცხდება, – ერთი იღებს იმას, რაც უნდოდა, მეორე – ვერა. ქვემოთ ახსნილია, თუ როგორ მოქმედებს I მეთოდი მშობელი-შვილის კონფლიქტის დროს:

მშობელი და შვილი აწყდებიან მოთხოვნილებათა კონფლიქტს. მშობელი წყვეტს, როგორი შეიძლება იყოს გამოსავალი. აირჩევს რა გამოსავალს, აცნობებს შვილს იმ იმედით, რომ მისთვისაც მისაღები იქნება. თუ შვილს გადაჭრის გზა არ მოეწონება, მშობელი ჯერ ცდილობს დაარწმუნოს, გავლენა მოახდინოს და დაიყოლიოს. თუ ამანაც არ გაჭრა, მშობელი დაყოლიებას ძალისა და ავტორიტეტის გამოყენებით ცდილობს. 

ქვემოთ მოტანილი კონფლიქტი მამასა და ათი წლის ქალიშვილს შორის I მეთოდის გამოყენებით არის გადაჭრილი:

ჯეინი: ნახვამდის, სკოლაში მივდივარ.
მშობელი: საყვარელო, წვიმს, შენ კი ლაბადა არ გაცვია. 
ჯეინი: არ მჭირდება.
მშობელი: არ გჭირდება! დასველდები და შეიძლება გაცივდე.
ჯეინი: ისე არ წვიმს.
მშობელი: ძალიან წვიმს.
ჯეინი: არ მინდა იმ ლაბადის ჩაცმა. მეჯავრება ლაბადით სიარული.
მშობელი: საყვარელო, ხომ იცი რომ თუ ჩაიცმევ თბილადაც იქნები და არც დასველდები. ჩაიცვი, გთხოვ!
ჯეინი: მეჯავრება ის ლაბადა – არ მინდა მისი ჩაცმა!
მშობელი: ახლავე წადი და გამოიტანე ლაბადა! ასეთ ამინდში ასე არ გაგიშვებ სკოლაში.
ჯეინი: …მაგრამ, არ მომწონს. . .
მშობელი: არავითარი „მაგრამ” – თუ არ ჩაიცმევ, იძულებული ვიქნები დაგსაჯო.
ჯეინი (გაბრაზებით): კარგი, გაიმარჯვე! ჩავიცვამ იმ სულელურ ლაბადას!

მამამ თავისი გაიტანა. მისი გადაწყვეტილება, რომ ჯეინს ლაბადა ჩაეცვა, დომინანტური იყო, მიუხედავად იმისა, რომ ჯეინს არ უნდოდა მისი (გადაწყვეტილების) მიღება. მშობელმა გაიმარჯვა და ჯეინი დამარცხდა. ჯეინისთვის სულაც არ იყო მისაღები პრობლემის ამგვარი გადაჭრა, მაგრამ მშობლის მიერ ძალის (სასჯელის) გამოყენების შიშს დაემორჩილა.  

ქვემოთ მოცემულია, თუ როგორ მოქმედებს II მეთოდი მშობელი-შვილის კონფლიქტის დროს:

მშობელი და შვილი აწყდებიან მოთხოვნილებათა კონფლიქტს. მშობელს შეიძლება აქვს ან არა პრობლემის გადაჭრის მიკერძოებული გზა. თუ ეს გზა უკვე ნაპოვნი აქვს, შეიძლება ეცადოს შვილის დაყოლიებას. ცხადია, რომ პრობლემის გადაჭრის საკუთარი გზა შვილსაც აქვს და, თავის მხრივ, ცდილობს მშობლის დაყოლიებას. თუ მშობელი წინააღმდეგობას გაუწევს, შვილი შეიძლება ეცადოს ძალის გამოყენებას მის დასაყოლიებლად. ბოლოს მშობელი ნებდება. 

ლაბადის კონფლიქტის დროს II მეთოდი ასე „ხორციელდება”:
ჯეინი: ნახვამდის, სკოლაში მივდივარ.
მშობელი: საყვარელო, წვიმს, შენ კი ლაბადა არ გაცვია. 
ჯეინი: არ მჭირდება.
მშობელი: არ გჭირდება! დასველდები და შეიძლება გაცივდე.
ჯეინი: ისე არ წვიმს.
მშობელი: ძალიან წვიმს.
ჯეინი: არ მინდა იმ ლაბადის ჩაცმა. მეჯავრება ლაბადით სიარული.
მშობელი: მინდა, რომ ჩაიცვა.
ჯეინი: მეჯავრება ის ლაბადა – არ მინდა მისი ჩაცმა! ვერ მაიძულებ.
მშობელი: კარგი ეგრე იყოს! წადი სკოლაში ულაბადოდ, აღარ მინდა შენთან კამათი – გაიმარჯვე.
ჯეინმა შეძლო თავისი გადაწყვეტილების გატანა – მან გაიმარჯვა და მისი მშობელი დამარცხდა. რა თქმა უნდა, მშობელი ამ გადაწყვეტილებით გახარებული არ იქნება, მაგრამ ის ჯეინის მიერ ძალის (ამ შემთხვევაში, ყვირილის) გამოყენების შიშს ემორჩილება.  

 I და II მეთოდი ერთმანეთს ჰგავს, თუმცა მათი შედეგი სავსებით განსხვავებულია. ორივე შემთხვევაში თითოეულ მხარეს აქვს თავისი გადაწყვეტილება და ცდილობს მეორე მხარის დაყოლიებას. ორივე მეთოდში თითოეული მხარის მიდგომა ასეთია: „მე ჩემებურად მსურს მოვიქცე და ამისათვის ვიბრძოლებ”. I მეთოდში მშობელი არაფრად აგდებს და პატივს არ სცემს შვილის მოთხოვნილებებს. II მეთოდში შვილი არაფრად აგდებს და პატივს არ სცემს მშობლის მოთხოვნილებებს. ორივე შემთხვევაში ერთ-ერთი მხარე მარცხდება და ბრაზდება მეორე მხარეზე, რომელიც მისი დამარცხების მიზეზი გახდა. ორივე მეთოდში ძალაუფლების ორთაბრძოლაა და მოწინააღმდეგეები არ ერიდებიან თავიანთი ძალაუფლების გამოყენებას, თუ გრძნობენ მის აუცილებლობას გამარჯვებისთვის.
რატომ არის I მეთოდი არაეფექტური?

მშობლები, რომლებიც I მეთოდს ეყრდნობიან კონფლიქტის გადაჭრის დროს, სერიოზულ საზღაურს იხდიან „გამარჯვებისათვის”. საკმაოდ ადვილია I მეთოდის დანახარჯების წინასწარმეტყველება – მცირე მოტივაცია ბავშვისთვის გადაწყვეტილების შესასრულებლად, მშობელზე განაწყენება, იძულების სიძნელეები, თვითდისციპლინის ჩამოყალიბების შესაძლებლობის წართმევა.

როცა მშობელი კონფლიქტის გადაჭრის საკუთარ გზას აწესებს, შვილს მცირე მოტივაცია და სურვილი აქვს გაჰყვეს ამ გზას, რადგან მასში არანაირი ინვესტიცია არ გაუკეთებია; მას ამ გადაწყვეტილების მიღებაში ხმა არ ჰქონია. რა მოტივაციაც არ უნდა ჰქონდეს ბავშვს, ის უცხოა – მისგან დამოუკიდებელია. მან მხოლოდ დასჯის ან მშობლის უკმაყოფილების შიშის გამო შეიძლება დათმოს. ბავშვს არ უნდა გადაწყვეტილების შესრულება, ის იძულებულია. სწორედ ამიტომაა, რომ ბავშვები ხშირად ეძებენ I მეთოდით გადაწყვეტილების შესრულების თავიდან არიდების გზებს. თუ ამას ვერ ახერხებენ, როგორც წესი, „დინებას მიჰყვებიან” ხოლმე და ასრულებენ მინიმალური ძალისხმევით, მხოლოდ და ზუსტად იმას, რასაც მათგან ითხოვენ და სხვას არაფერს. 

ჩვეულებრივ, I მეთოდის გამოყენებით იძულებას, ბავშვების წყენა მოჰყვება ხოლმე. ისინი უსამართლობას გრძნობენ და, ბუნებრივია, მათი ბრაზი და წყენა მიმართულია მშობლებზე, რომლებიც ამ ყველაფერზე პასუხისმგებელნი არიან. I მეთოდის გამოყენებით მშობლები ზოგჯერ დათმობასა და მორჩილებას იღებენ, მაგრამ ფასი, რასაც ამისათვის იხდიან, შვილების მტრობაა. 

დავაკვირდეთ ბავშვებს, რომელთა მშობლებმა კონფლიქტს I მეთოდის გამოყენებით აგვარებენ; მათ სახეზე მუდამ წყენა და ბრაზია. ისინი მტრულად ესიტყვებიან და შეიძლება ფიზიკურადაც კი ეხებიან მშობლებს. I მეთოდი მშობელსა და შვილს შორის ურთიერთობის თანდათანობითი გაუარესების მარცვლებს თესავს. ერთგულებასა და სიყვარულს წყენა და ზიზღი ცვლის. 

მშობლები სხვაგვარ დიდ საზღაურსაც იხდიან I მეთოდის გამოყენებისათვის: ისინი, ჩვეულებრივ, დიდ დროს ხარჯავენ გადაწყვეტილების იძულებით შესრულებაზე, ამოწმებენ, ასრულებს თუ არა მას ბავშვი, ბუზღუნებენ, ახსენებენ, აიძულებენ.

I მეთოდის გამოყენებას მშობლები ხშირად იმით ამართლებენ, რომ ეს კონფლიქტის გადაჭრის სწრაფი გზაა. ეს უპირატესობა ხშირად მოჩვენებითია და არა რეალური, რადგან მშობელს გაცილებით მეტი დრო სჭირდება იმაში დასარწმუნებლად, რომ გადაწყვეტილება შესრულდა. მშობლები, რომლებიც ჩივიან, რომ იძულებულნი არიან განუწყვეტლივ ებუზღუნონ შვილებს, გამონაკლისის გარდა, ის მშობლები არიან, რომლებიც I მეთოდს იყენებენ. ქვემოთ მოტანილი საუბარი ძალიან ჰგავს იმ საუბრებს, რომელიც მრავალ მშობელთან მქონია: 

მშობელი: ჩვენი შვილები არ გვეხმარებიან ბინის მოვლაში. კბილების დაძრობის ტოლფასია აიძულო, მოგეხმარონ. ყოველ შაბათს ვიბრძვით, რომ ვაიძულოთ  გასაკეთებელი გააკეთონ. გადაჭარბების გარეშე ვიტყვი, რომ იძულებულები ვართ ვუთვალთვალოთ,  შეასრულეს თუ არა სამუშაო. 

კონსულტანტი: როგორ არჩევთ რა სამუშაოა გასაკეთებელი?

მშობელი: რა თქმა უნდა, ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას. ჩვენ ვიცით, რა არის გასაკეთებელი. ჩვენ ვაკეთებთ ჩამონათვალს შაბათ დილით. ბავშვები ეცნობიან მას და იგებენ, რა არის გასაკეთებელი.
კონსულტანტი: ბავშვებს უნდათ სამუშაოს შესრულება? 
მშობელი: ღმერთო ჩემო, რა თქმა უნდა, არა!
კონსულტანტი: ისინი გრძნობენ, რომ იძულებულნი არიან. 
მშობელი: დიახ, ასეა.
კონსულტანტი: ჰქონიათ როდესმე ბავშვებს საშუალება მონაწილეობა მიეღოთ გასაკეთებელი საქმის განსაზღვრაში? აქვთ მათ გასაკეთებელი საქმის განსაზღვრისას ხმის უფლება?
მშობელი: არა. 
კონსულტანტი: ჰქონიათ შანსი გადაეწყვიტათ, ვის რა საქმე უნდა გაეკეთებინა?
მშობელი: არა, ჩვეულებრივ, ჩვენ ვანაწილებთ საქმეს შეძლებისდაგვარად თანაბრად.
კონსულტანტი: ამრიგად, თქვენ წყვეტთ რა საქმეა გასაკეთებელი და ვინ უნდა გააკეთოს?
მშობელი: დიახ, ასეა.

მშობელთა მცირე ნაწილი თუ ხედავს კავშირს – შვილების მოტივაციის ნაკლებობას დაეხმარონ მშობლებს, განაპირობებს ის, რომ გადაწყვეტილებები დასახმარებელი რუტინული საქმეების შესახებ, ჩვეულებრივ, I მეთოდით არის მიღებული. ბავშვი, რომელსაც „თანამშრომლობა” არ სურს, ის ბავშვია, რომელსაც მშობლებმა I მეთოდით მიღებული გადაწყვეტილებით, ფაქტობრივად, მოუსპეს თანამშრომლობის შანსი. თანამშრომლობა არასდროს ისწავლება ამა თუ იმ საქმის შესრულების იძულებით.

I მეთოდის სხვა მოსალოდნელი დანახარჯი ის არის, რომ ბავშვს ვართმევთ საშუალებას განივითაროს თვითდისციპლინა – შინაგანად ორიენტირებული, თვით ინიციატივიანი, პასუხისმგებლური ქცევა. საყოველთაოდ აღიარებული ერთ-ერთი მითი ბავშვის აღზრდის შესახებ მდგომარეობს იმაში, რომ თუ მშობელი შვილს საქმის კეთებას აიძულებს, ის თვით დისციპლინიანი და პასუხისმგებლობის მქონე ადამიანი გაიზრდებიან. თუ ზოგიერთი შვილი მშობლის ძლიერ ავტორიტეტს იმით უპირისპირდება, რომ დამჯერი, დამთმობი და მორჩილი ხდება, ის, ჩვეულებრივ, ისეთ ადამიანად ყალიბდება, ვისაც საკუთარი საქციელის კონტროლისათვის გარეშე ავტორიტეტი სჭირდება. მოზარდობაშიც და ზრდასრულობაშიც მას არა აქვს შინაგანი კონტროლი; პასუხს ცხოვრებისეულ კითხვებზე ან კონტროლს საკუთარ ქცევაზე ხან ერთ ავტორიტეტთან ეძებს, ხან მეორესთან. მას აკლიათ თვითდისციპლინა, შინაგანი კონტროლი და პასუხისმგებლობა, რადგან არასოდეს ჰქონია ამ თვისებების შეძენის საშუალება.

ვისურვებდი, მშობელს, სულ მცირე ერთი რამ ესწავლა ამ წიგნიდან: ყოველთვის, როცა მშობელი აიძულებს შვილს რაღაცის კეთებას ძალის ან ავტორიტეტის გამოყენებით, უსპობს მას თვითდისციპლინისა და პასუხისმგებლობის სწავლის საშუალებას.

ჩვიდმეტი წლის ჩარლზმა, რომლის მკაცრი მშობლები მუდამ ძალაუფლებას იყენებდნენ, რათა ჩარლზს საშინაო დავალება შეესრულებინა, აღიარა: „როცა ჩემი მშობლები შინ არ არიან, შეუძლებელია თავი ვაიძულო და ტელევიზორის წინ მდგარი სკამიდან ავდგე. ისე ვარ მიჩვეული საშინაო დავალების იძულებით კეთებას, რომ ჩემში ვერ ვპოულობ ვერავითარ ძალას, საშინაო დავალების შესასრულებლად მაშინ, როცა ისინი სახლში არ არიან”.
ასევე მახსენდება აბაზანის სარკეზე ბავშვთა მკვლელის ვილიამ ჰეირენსის (William Heirens) მიერ დაწერილი პათეტიკური ფრაზა მომდევნო მსხვერპლის მოკვლის შემდეგ:  „ღვთის გულისათვის, დამიჭირეთ, სანამ კიდევ მომიკლავს”.
მშობელთა უმრავლესობას არ ჰქონია საშუალება კრიტიკულად განეხილა საკუთარი “სიმკაცრის” საფასური. ისინი ფიქრობენ, რომ აკეთებდნენ იმას, რაც მშობელმა უნდა აკეთოს საკუთარი ავტორიტეტის გამოყენებით. როგორც კი I მეთოდის შედეგების გაცნობიერებაში ეხმარებიან, იშვიათია შემთხვევა, რომ რომელიმე მათგანმა არ გაიზიაროს ეს ჭეშმარიტებება. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მშობლებიც ხომ ბავშვები იყვნენ, რომლებიც თავიანთი მშობლების ძალაუფლებას ასევე იგერიებდნენ.

რატომ არის II მეთოდი არაეფექტური

როგორი ბავშვები იზრდებიან ისეთ ოჯახში, სადაც კონფლიქტის დროს ისინი ყოველთვის მოგებული, ხოლო მშობლები წაგებული არიან? რას უნდა ველოდოთ ბავშვებისგან, რომლებსაც მუდამ თავისი გააქვთ? ცხადია, ისინი განსხვავებულები იქნებიან ისეთ ოჯახში გაზრდილთაგან, სადაც კონფლიქტის გადაჭრა ძირითადად I მეთოდით ხდება. ბავშვები, რომელთაც საკუთარი გზის არჩევის ნებას აძლევენ, მეამბოხეები, მტრულები, დამოკიდებულები, აგრესიულები, მორჩილები, დამთმობები, ჩაკეტილები და ა.შ. არ იქნებიან. მათ არ სჭირდებათ მშობლის ძალაუფლებისაგან თავის დაღწევის გზების ძიება. II მეთოდი ეხმარება ბავშვს გამოიყენოს საკუთარი ძალაუფლება მშობლებზე, რათა მათ ხარჯზე გამარჯვება მოიპოვოს.

ამ შემთხვევაში ბავშვები სწავლობენ, თუ როგორ გამოიყენონ გაღიზიანების ხანმოკლე შეტევები მშობელთა კონტროლისათვის; როგორ აგრძნობინონ მშობელს თავი დამნაშავედ; როგორ ესაუბრონ მშობლებს თავხედურად, დამამცირებლად. ისინი ხშირად უზნეოები, შფოთიანები, უკონტროლებელი, უმართავები, იმპულსურები არიან. მათ ისწავლეს, რომ მათი მოთხოვნილებები გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე სხვებისა. ხშირად მათაც (ისევე როგორც I მეთოდის მქონე ოჯახებში გაზრდილთ) არა აქვთ შინაგანი კონტროლი საკუთარ ქცევაზე და იზრდებიან ეგოცენტრულები, თავკერძები და მომთხოვნები.

ისინი ხშირად პატივს არ სცემენ მშობლების საკუთრებას და გრძნობებს. მათთვის ცხოვრების არსი არის: „მივიღო”, „მივიღო”, „მივიღო”. „მე” პირველ ადგილზეა. ისინი იშვიათად ეხმარებიან მშობლებს საოჯახო საქმეებში. 

ხშირად თანატოლებთან ურთიერთობაში სერიოზულ სიძნელეებს განიცდიან – არავის უყვარს „გაფუჭებული ბავშვები”, მათ საზოგადოებას გაურბიან. ბავშვები იმ ოჯახებიდან, სადაც II მეთოდი დომინირებს, იმდენად მიჩვეულნი არიან მშობლებთან თავისის გატანას, რომ ამ პრინციპის გატარებას თანატოლებთანაც ცდილობენ.

ხშირად უძნელდებათ სკოლაში ადაპტაციაც, სადაც I მეთოდი დომინირებს. II მეთოდს მიჩვეული ბავშვები, სკოლის სამყაროში მოხვედრისას მოულოდნელ დარტყმას იღებენ, როცა აღმოაჩენენ, რომ დირექტორი და მასწავლებელთა უმრავლესობა კონფლიქტებს ავტორიტეტისა და ძალაუფლების გამოყენებით, ანუ I მეთოდის საშუალებით აგვარებენ.

„მშობლებს არ ვუყვარვარ” – შესაძლოა, ეს არის II მეთოდის ყველაზე სავალალო შედეგი. ამის გაგება ადვილია, თუ გავითვალისწინებთ, რა ძნელია მშობლისათვის გამოამჟღავნოს ისეთი შვილის სიყვარული და აღიარება, რომელიც ყოველთვის იმარჯვებს მასზე. ოჯახებში, რომლებიც I მეთოდით ხელმძღვანელობენ, წყენა შვილისაგან მშობლისაკენ მიდის; II მეთოდის მქონე ოჯახებში კი – მშობლისაგან შვილისაკენ. II მეთოდით მართვადი ბავშვი გრძნობს, რომ მშობლები ხშირად განაწყენებულნი, გაღიზიანებულნი და გაბრაზებულნი არიან მასზე. როცა ის მოგვიანებით მსგავს „შეტყობინებას” მიიღებს თანატოლებისგან და სხვა უფროსებისგან, აუცილებლად იგრძნობს, რომ არ უყვართ, რადგან ის ხშირად მართლაც არ უყვართ. 

თუმცა ზოგიერთმა კვლევამ გვიჩვენა, რომ I მეთოდის მქონე ოჯახებში გაზრდილ ბავშვებთან შედარებით II მეთოდით გაზრდილები უფრო შემოქმედებითნი არიან, მშობლები ძალზედ დიდ საფასურს იხდიან ამ უნარით დაჯილდოებული შვილებისათვის: ხშირად შვილები მათ ვერ იტანენ. 

II მეთოდის მქონე ოჯახებში მშობლები ძალიან იტანჯებიან. მათგან ხშირად მოისმენთ:
„თითქმის ყოველთვის გააქვს თავისი და მისი მართვა შეუძლებელია”.
„მიხარია, როცა ბავშვები სკოლაში არიან, შემიძლია მშვიდად ვიყო”.
„მშობლობა ისეთი ტვირთია – მთელს ჩემს დროს მათ ვუთმობ”.
„უნდა ვაღიარო, რომ ზოგჯერ მათი ატანა უბრალოდ არ შემიძლია – ავდგები ხოლმე და სადმე მივდივარ”.
„მათ თითქმის არ ესმით, რომ მეც მაქვს ჩემი ცხოვრება”.
„ზოგჯერ – თავს დამნაშავედ ვგრძნობ ამას რომ ვამბობ – მინდა ხოლმე ისინი ვინმესთან გავაგზავნო”.
„ძალიან მრცხვენია მათთან ერთად სადმე წასვლა ან მეგობრების მოწვევა, ყველა გაიგებს როგორებიც არიან”. 
II მეთოდი სიხარულის მომტანი არ არის მშობლებისათვის – რა სასჯელია გაზარდო ისეთი შვილები, რომელთა სიყვარული არ შეგიძლია ან ვერ იტან მათთან ურთიერთობას.
I და II მეთოდის ზოგიერთი სხვა სირთულე

მხოლოდ ზოგიერთი მშობელი თუ იყენებს იზოლირებულად მხოლოდ I ან მხოლოდ II მეთოდს. ხშირად ერთი მშობელი ძირითადად I მეთოდს ეყრდნობა, ხოლო მეორე – II მეთოდისაკენ იხრება. დასაბუთებულია, რომ ამგვარ ოჯახებში გაზრდილ ბავშვებს კიდევ უფრო სერიოზული ემოციური პრობლემები შეიძლება შეექმნათ. აშკარაა, რომ არათანმიმდევრულობა უფრო დამღუპველია, ვიდრე ერთი ან მეორე მეთოდის უკიდურესობები.

ზოგიერთი მშობელი II მეთოდის გამოყენებით იწყებს აღზრდას, მაგრამ ბავშვის ზრდასთან, დამოუკიდებლობასა და თვითორიენტაციასთან ერთად, თანდათან I მეთოდს ანაცვლებს. ცხადია, რომ ბავშვისათვის, რომელიც თითქმის ყოველთვის სათავისო ქცევას არის მიჩვეული, მტკივნეული იქნება საპირისპირო ქცევის გამოცდილების მიღება. ზოგიერთი მშობელი კი, პირიქით, I მეთოდით იწყებს და შემდეგ II მეთოდით ჩაანაცვლებს ხოლმე. ეს განსაკუთრებით ხშირად მაშინ ხდება, როცა ბავშვი თავიდანვე ეწინააღმდეგება და ამბოხით პასუხობს მშობლების ძალაუფლებას; მშობელი თანდათან ნებდება და უთმობს შვილს.

არიან ისეთი მშობლებიც, რომლებიც პირველ შვილთან ურთიერთობისას I მეთოდს იყენებენ, ხოლო მეორე შვილთან – II მეთოდს, იმ იმედით, რომ ეს მეთოდი უკეთესი აღმოჩნდება. ამ ოჯახებში პირველი შვილი ხშირად განაწყენებულია მეორეზე, რომელსაც აქვს იმის ნება, რაც მას თავად არ ჰქონდა. ამის გამო ზოგჯერ პირველი შვილი ფიქრობს, რომ მშობლებს უფრო მეტად მისი და ან ძმა უყვართ. 

ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული (განსაკუთრებით იმ მშობლებს შორის, რომლებიც დათმობის დამცველებისა და დასჯის ოპონენტების ძლიერ გავლენას განიცდიან) სქემის მიხედვით ხანგრძლივი დროის განმავლობაში, მანამ სანამ ბავშვის ქცევა აუტანელი გახდება, მას ნებას აძლევენ გაიმარჯვოს, მაგრამ შემდეგ მკვეთრად გადადიან I მეთოდზე. შემდგომ მშობლებს დანაშაულის გრძნობა უჩნდებათ და თანდათან II მეთოდს უბრუნდებიან და წრე ტრიალებს. ერთმა მშობელმა ეს ასე გამოხატა: 

„ვუთმობ შვილებს მანამ, სანამ მათი ატანა შემიძლია. შემდეგ ვხდები საშინელი დესპოტი მანამ, სანამ საკუთარი თავის ატანა შემიძლია”.

ბევრი მშობელი მხოლოდ I ან მხოლოდ II მეთოდით იფარგლება. რწმენისა თუ ტრადიციის გამო, მშობელი შეიძლება მტკიცედ იცავდეს I მეთოდს. შემდეგ გამოცდილებით ხვდება, რომ ეს მეთოდი არ ამართლებს და შეიძლება თავი დამნაშავედაც იგრძნოს მისი გამოყენების გამო; მას არ მოსწონს საკუთარი თავი, როცა კრძალავს, ბრძანებს ან სჯის. თუმცა, ერთადერთი ალტერნატივა, რომელიც იცის II მეთოდია – ნება მისცეს შვილს გაიმარჯვოს. ინტუიციით მშობელმა იცის, რომ ეს მეთოდი არაფრით უკეთესი და, შეიძლება, უარესიც კია. ამიტომ ის ჯიუტად ისევ I მეთოდს იყენებს, მიუხედავად იმისა, რომ ხედავს როგორ იტანჯებიან ამის გამო შვილები და როგორ უარესდება მათი ურთიერთობა.

მშობელთა უმრავლესობას, რომლებიც II მეთოდს იყენებენ, არ სურს ავტორიტარულ მეთოდზე გადასვლა, რადგან ისინი ან ფილოსოფიური თვალსაზრისით ეწინააღმდეგებიან ბავშვებთან ძალაუფლების გამოყენებას ან საკუთარი ბუნება არ აძლევთ საკმარისი სიმტკიცის გამოჩენისა და  კონფლიქტში ჩართვის საშუალებას. ბევრ დედას და რამდენიმე მამასაც კი ვიცნობ, რომლებიც, შვილებთან (და ნებისმიერ სხვა ადამიანთან) კონფლიქტის შიშის გამო II მეთოდს უფრო მოსახერხებლად თვლიან. ამ მშობლებს, რომლებიც ამჯობინებენ არ გასწიონ რისკი და არ გამოამჟღავნონ საკუთარი ძალაუფლება შვილებზე, ასეთი თვალსაზრისი აქვთ: „მშვიდობა ნებისმიერ ფასად” – დათმობა, დამშვიდება და კაპიტულაცია.

თითქმის ყველა მშობლის დილემა, ალბათ, იმაშია, რომ ისინი მხოლოდ I ან მხოლოდ II მეთოდით შემოიფარგლნენ ან მერყეობენ მათ შორის, რადგან არ იციან ამ ორი არაეფექტიანი „მოგება–წაგების” მეთოდის სხვა ალტერნატივა. ჩვენთვის ცნობილია, რომ მშობელთა უმრავლესობამ არა მარტო ის იცის, რომელ მეთოდს უფრო ხშირად იყენებს, არამედ ისიც, რომ ორივე მეთოდი არაეფექტიანია. გამოდის, მათ იციან ორივე მეთოდის გამოუსადეგარობა, მაგრამ ამავე დროს არ იციან როგორ მოიქცნენ. მათი უმრავლესობა მადლიერია, როცა თავისუფლდება თავისივე დაგებული ხაფანგიდან.   

როგორ გავუიოლოთ პატარა მოსწავლეს სკოლასთან შეგუება

0
რჩევები მშობლებისთვის
პატარა მოსწავლე სკოლის მოთხოვნებს რომ შეესატყვისებოდეს, ის მომწიფებული უნდა იყოს ფიზიკური, გონებრივი, სოციალურ-პიროვნული თვალსაზრისით, მაგრამ ამ შემთხვევაშიც კი სწავლის პირველი დღეები ბავშვების უმრავლესობისთვის საკმაოდ რთულია.
პედაგოგიური პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ სკოლასთან შეგუების პროცესი ბავშვებთან სხვადასხვანაირად მიმდინარეობს. ზოგი იოლად ეგუება სკოლას, საზოგადოდ, ახალ გარემოს. ასეთი ბავშვები ხალისიან განწყობაზე არიან, გაკვეთილებზე აქტიურობენ, არ უყვართ სკოლის გაცდენა, კეთილსინდისიერად ასრულებენ დავალებებს.
ზოგს სკოლასთან შესაგუებლად გარკვეული ხანი სჭირდება. ასეთ ბავშვები ხელიდან არ უშვებენ თამაშის შანსს, ხშირად ჭირვეულობენ, ტირიან, ეკამათებიან თანაკლასელებს, ხშირად არიან უკმაყოფილონი.

ზოგი კი ძალიან ძნელად ეგუება სკოლას, ითხოვს გაკვეთილების გაცდენას, უგუნებოდაა, უჭირს თანაკლასელებთან ურთიერთობა. ზოგჯერ ხელს უშლის მასწავლებელს გაკვეთილის ჩატარებაში.'

მაგრამ პირველი 5-6 კვირა, რაც სკოლასთან საადაპტაციო (შესაგუებელ) პერიოდად ითვლება, ყველა ბავშვისთვის საკმაოდ რთულია.
რატომ უჭირთ ბავშვებს სკოლასთან შეგუება?
სოციალური როლის ცვლილება
უდარდელი სკოლამდელიდან ბავშვი მოსწავლედ იქცევა. მას უჩნდება ახალი და რთული ვალდებულებები: სკოლაში დროულად მისვლა, გაკვეთილებზე ყურადღებით ყოფნა, დავალებების შესრულება. ბავშვი ხვდება ახალ გარემოში, რომელსაც თავისი წესები აქვს – როდის რა უნდა გააკეთოს, როგორ მოიქცეს.
წამყვანი ქცევის ცვლილება
სკოლაში შესვლამდე ბავშვის ძირითადი საქმიანობა თამაში იყო, ამიერიდან კი მან უნდა ,,ისწავლოს სწავლა”, დაიმახსოვროს გარკვეული მასალა, უპასუხოს მასწავლებელს.
თამაში მეტად თავისუფალი საქმიანობაა, სწავლა კი ბავშვისგან ნებისყოფას მოითხოვს. სკოლაში მას ზოგჯერ იმის კეთებაც უწევს, რაც არ უნდა ან დიდად არ მოსწონს, ამიტომ იძულებულია, თანდათან ისწავლოს საკუთარი ქცევის კონტროლი. 
სპეციფიკური რეაქციების აღმოცენება 
სწავლის დაწყებასთან ერთად სკოლისთვის მოუმზადებელი ბავშვების 67-69%-ს უჩნდება შიშები, ტირილის შეტევები ან მოქმედებათა შეკავება. ასეთ მოსწავლეებს ხშირად ეშინიათ მასწავლებლის, დაფასთან საპასუხოდ გასვლის, შენიშვნის, სკოლაში დაგვიანების. 
სოციალური გარემო: ოჯახი, კლასი, მასწავლებელი
ოჯახურ გარემოზე ბევრად არის დამოკიდებული სკოლაში ბავშვის წარმატება. დაძაბული, კონფლიქტური ატმოსფერო უარყოფითად მოქმედებს მის განვითარებაზე.

სკოლასთან ადაპტაცია დამოკიდებულია იმაზე, რამდენად შეუძლია ბავშვს თავის დამკვიდრება თანატოლთა წრეში. აქტიური, კონტაქტური ბავშვები ხშირად პირველ კლასში უკეთ სწავლობენ.

სკოლაში ბავშვის წარმატებას მნიშვნელოვანწილად განაპირობებს მასწავლებელთან ურთიერთობაც (განსაკუთრებით – პირველ წლებში). მოსწავლე, რომელიც „არ უყვარს” მასწავლებელს, ხშირად გულს იცრუებს სწავლაზე, გამოირჩევა დაბალი თვითშეფასებით.

ამ სირთულეების დაძლევაში პატარას უპირველესად მშობლები უნდა დაეხმარონ. რა არის ამისთვის საჭირო?
1. დაკვირვება ბავშვის ურთიერთობის პროცესზე

თუ ბავშვი შინ თუ გარეთ ლაღად და თამამად ამყარებს ურთიერთობას სხვებთან, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს არც სკოლაში გაუჭირდება.

თუ ბავშვი ურთიერთობისას ძალზე ფრთხილია, არ ენდობა ადამიანებს, სკოლაში შესვლამდე მას თქვენი დახმარება დასჭირდება, ვინაიდან იქ უთქვენოდ, უცხო ხალხის გარემოცვაში მოუწევს ყოფნა. სოციალიზაციას ხელს უწყობს სკოლამდელი დაწესებულება. ასევე, მნიშვნელოვანია, ბავშვი იცნობდეს სხვადასხვა ცხოვრებისეულ სიტუაციას, სადაც ქცევის განსხვავებული სტილია საჭირო. მაგ., შეიძლება ვთხოვოთ ბებიასთან დამოუკიდებლად დარეკვა, ნათესავისთვის რამის მილოცვა, მაღაზიაში გამყიდველისთვის კითხვის დასმა და ა.შ. ასეთ სიტუაციებს ყოველდღე ვვაწყდებით, მთავარია, სწორად გამოვიყენოთ ისინი და ბავშვს ადამიანებთან დამოუკიდებლად ურთიერთობა ვასწავლოთ.
2. რეჟიმის შეჩვევა/დაცვა

თუ ბავშვი დადის სკოლამდელ დაწესებულებაში, ის უკვე შეჩვეულია დღის განსაზღვრულ რეჟიმს. სკოლაში შესვლასთან ერთად კი დღის რეჟიმი ძირეულად იცვლება. 

დღის რეჟიმი ხელს უწყობს ბავშვის განვითარებას, ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის შენარჩუნებას, ნებისყოფის განვითარებას. დღის რეჟიმს ადგენენ ჯანმრთელობის მდგომარეობის, ასაკობრივი ფიზიოლოგიური და ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით. ის განსაზღვრავს სხვადასხვა საქმიანობის, ძილის, დასვენების ხანგრძლივობასა და კვების რეჟიმს.

სასურველია, ბავშვმა ყოველი დილა დაიწყოს მსუბუქი ვარჯიშით.

აუცილებელია, ბავშვს განვითარებული ჰქონდეს ჰიგიენის ელემენტარული ჩვევები: ხელების დაბანა, კბილების გამოხეხვა, საპირფარეშოთი სარგებლობა;

5-6 წლის ბავშვისთვის სასურველია 4-ჯერადი კვება. ვახშმობა დაძინებამდე 1-2 საათით ადრე ჯობს. კვების სწორ რეჟიმს დიდი მნიშვნელობა აქვს ბავშვის ფიზიკური და ფსიქიკური განვითარებისთვის.

5-6 წლის ბავშვს დასასვენებლად და ძალ-ღონის აღსადგენად 10-11-საათიანი ძილი სჭირდება. 
3. დამოუკიდებლობის უნარის განვითარება

დაავალეთ ბავშვს კონკრეტული საქმე (ასაკის გათვალისწინებით), მაგ., თავისი სათამაშოების ადგილზე დაწყობა.
დავალების შესრულების შემდეგ აუცილებლად წაახალისეთ.
მიეცით სხვადასხვა სიტუაციაში ინიციატივის გამოჩენის შესაძლებლობა.
თავად მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში ჩაერიეთ მის საქმიანობაში.
4. ემოციურ-ნებელობითი სფეროს განვითარება

სკოლაში ბავშვები ხშირად კამათობენ, ზოგჯერ უთანხმოებაც მოსდით. მნიშვნელოვანია, ბავშვს შეეძლოს ემოციების მართვა. ამას ხელს უწყობს მშვიდი ოჯახური ატმოსფერო. როდესაც უფროსები პრობლემებს კონსტრუქციულად ართმევენ თავს, ბავშვიც სწავლობს პრობლემების ჩხუბის გარეშე მოგვარებას.
გახსოვდეთ: ბავშვები ბევრ რამეს მიბაძვით სწავლობენ. აღიარეთ, რომ გაბრაზება, წყენა ყველასთვის არის დამახასიათებელი, მთავარია, ემოციების კონსტრუქციულად გამოხატვა შეგვეძლოს, ისე, რომ ამით არც ჩვენ დავზარალდეთ, არც სხვა.
როგორ მოვიქცეთ, რომ ახალ სოციალურ სტატუსთან შეგუება ბავშვისთვის სასიამოვნო და ნაკლებად სტრესის მომგვრელი იყოს?
. ბავშვი მშვიდად გააღვიძეთ. სასურველია, გაღვიძებისას მან თქვენი ღიმილი დაინახოს.
. ესაუბრეთ მშვიდი, კეთილგანწყობილი კილოთი.
. არ ააჩქაროთ დილის პროცედურების შესრულებისას. დროის განაწილება თქვენი პრეროგატივაა.
. არ გაუშვათ სკოლაში საუზმის გარეშე.
. თუ სკოლიდან უგუნებოდ დაბრუნდა, არ გაუწყრეთ. გაამხნევეთ.
. ბავშვის სირთულეების შესახებ მასწავლებელს მის გარეშე ელაპარაკეთ.
სკოლიდან დაბრუნებულს მიეცით დრო დასასვენებლად; დრო ისე გაანაწილეთ, რომ 17 საათის შემდეგ მას აღარ ჰქონდეს სამეცადინო.
. მეცადინეობისას შეასვენეთ. ერთი ამოსუნთქვით დავალებების შესრულებას სჯობს იმუშაოთ 15-20 წუთი, 10 წუთი კი შეისვენოთ.
. იყავით ყურადღებით – თუ ბავშვი უჩივის თავის ტკივილს, დაღლილობას, ეს შესაძლოა ჯანმრთელობის პრობლემების, გადაღლის ან სწავლაში/სკოლაში არსებული სირთულეების მაუწყებელი იყოს.
. მოუსმინეთ ყურადღებით.
. ჩამოაყალიბეთ კონკრეტული წესები და მოთხოვნები.
. წესები და მოთხოვნები ლაკონიურად ჩამოაყალიბეთ.
. იყავით მომთმენი.
. სანამ კითხვას ისწავლის, უკითხეთ სახალისო, საბავშვო ლიტერატურა.
. ხშირად აქეთ, აქცენტი დასვით მის საქციელზე და არა პიროვნებაზე.
. წაახალისეთ მისი ცნობისმოყვარეობა, შეკითხვების დასმის სურვილი.
. წაახალისეთ სხვა ბავშვებთან თამაშის, ურთიერთობის სურვილი.
. ხელი შეუწყვეთ მრავალფეროვანი გამოცდილების მიღებაში.
. ეცადეთ, შეძლებისდაგვარად ჩართოთ ერთობლივ საქმიანობაში – ოთახის დალაგებაში, ყვავილების ან შინაური ცხოველების მოვლაში.
. ასწავლეთ საკუთარი მისამართი, ტელეფონი, დაბადების დღის თარიღი.
. თავადაც ჩაერთეთ იმ საქმიანობაში, რომელიც ბავშვს მოსწონს.
. მიეცით მაგალითი: სასურველია, გხედავდეთ, როდესაც კითხულობთ, გაუზიარეთ მას ინფორმაცია.
ეთამაშეთ ბავშვს. თაობათა შორის კონფლიქტები ნაკლებია იმ ოჯახებში, სადაც ბავშვები და მშობლები მეგობრობენ და ერთობლივ საქმიანობაში არიან ჩართულნი.
. ბავშვის მიღწევები შეადარეთ მხოლოდ მის ადრინდელ მიღწევებს. მაგ., „დღეს უკეთ გამოგივიდა, ვიდრე გუშინ”.
რა არ უნდა გააკეთოთ:

. არ დატუქსოთ ასე: ,,აი, წახვალ სკოლაში, და ნახავ, რაც მოგივა!”
. არ შეაწყვეტინოთ ბავშვს სიტყვა, როდესაც დღის შთაბეჭდილებებს გიზიარებთ.
. არ დააკისროთ მოვალეობები, რომელთა შესრულებაც მას ჯერ არ შეუძლია;
. არ მოითხოვოთ მისგან ერთბაშად ბევრი რამ. ამოირჩიეთ კონკრეტული საქმიანობა, ჩვევა, რომელსაც, გინდათ, დაეუფლოს.
. გამუდმებით არ აკრიტიკოთ მისი ინიციატივა: „ასე კი არა, ასე…”
. არ აკრიტიკოთ სხვების თანდასწრებით.
. არ შეადაროთ სხვა ბავშვებს: და-ძმას, მეზობლებს, თანაკლასელებს.

დავიწყებული ლოცვებისათვის

0
გამარჯობა, მუჰამედ.

დიდი ხანია, არაფერი მსმენია შენგან. არადა, სწორედ ამ დღეებში შვიდი წელი გადის ჩვენი პირველი შეხვედრიდან. ხომ იცი, პირველი შეხვედრის დღეები ყოველთვის მნიშვნელოვანია.

დიდი ხანია, მეც არაფერი მომიწერია შენთვის. უფრო სწორად, არაფერი მომიწერია მას შემდეგ, რაც სამშობლოში დავბრუნდი, სამშობლოში, რომელზეც ყოველთვის გეუბნებოდი, რომ სიყვარულით, შემწყნარებლობით და ტოლერანტობით გამოირჩევა. ჩემი და შენი ღმერთის წინაშე შემიძლია დავიფიცო, რომ აზრადაც არ მომსვლია შენი მოტყუება, ჩემი თითოეული სიტყვის მჯეროდა და მინდოდა, შენც დაგეჯერებინა, რომ არსებობს ამ ქვეყანაზე ასეთი მიწა, სადაც სხვადასხვა სარწმუნოების ადამიანები მშვიდობიანად ლოცულობენ ერთმანეთის გვერდით.

კარგად მახსოვს, როცა ყურანის კითხვა დავიწყე, შენ მთხოვე, წიგნის ხელში აღების წინ საგულდაგულოდ დამებანა ხელები და მე არასოდეს მოვქცეულვარ სხვანაირად, მაშინაც კი, როცა შენ არ მიყურებდი.

მახსოვს, როგორ მეხმარებოდი ჩემთვის სრულიად უცნობი სამყაროს – შენი სამყაროს აღმოჩენაში, როგორი მოთმინებით მიხსნიდი ყოველ სიტყვას, როგორ მიყვებოდი ისტორიებს და როგორი ადამიანური იყო ჩვენი საუბრები ღმერთზე.

მახსოვს, როგორ მოხვედი ერთხელ და მითხარი, რომ არ შეიძლება, ადამიანებს, რომლებსაც ღმერთის სწამთ, ერთმანეთის არ ესმოდეთ, რომ მნიშვნელობა არა აქვს აღმსარებლობას, რომ სინამდვილეში ყველაფრის საფუძველი სიყვარულია, რომ არაფერი გვაქვს გასაყოფი და დედამიწაზე ყველა დავეტევით, სანამ სიკვდილი და პოლიტიკა არ დაგვაშორებს.

ყველაზე კარგად დეკემბრის თოვლიანი საღამო მახსოვს, ბიჭები რომ ნაძვის ხის მოსაჭრელად წახვედით. შობისთვის ვემზადებოდით და მერე რა, რომ შენი დღესასწაული არ იყო შობა. მახსოვს, ნაძვი დერეფნის კუთხეში მიაყუდე, დათოვლილ ქურთუკს იფერთხავდი და იცინოდი, და შენი იშვიათი სიცილი მთელ სტუდენტურ ქალაქს ესმოდა. მერე ყველა ერთად ვრთავდით საშობაო ხეს, ვიყავით ბედნიერები და გვიხაროდა, რომ ოდესღაც დაიბადა ის, ვინც საკუთარი სიცოცხლის ფასად სცადა, ჩვენთვის სიყვარული, ჰო, უპირველეს ყოვლისა, სიყვარული ესწავლებინა.

პოლიტიკაზე ხშირად გვიკამათია, მერე რა, რომ არც ერთი არ გამოვდგებოდით საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტად. და თუ მაშინ რაღაცებზე ვბრაზობდი, დღეს მინდა გითხრა, რომ შესაძლოა არც ახლა დაგეთანხმო, მაგრამ მე მესმის, გულწრფელად მესმის შენი.

წლები ისე გავიდა, არაფერი მსმენია შენგან, მაგრამ რამდენიმეჯერ განსაკუთრებულად გამახსენდი. ერთხელ მე და ჩემი მეგობრები ეკლესიიდან გამოგვყარეს. საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე, აღდგომას ვხვდებოდით ერთი პატარა სოფლის პატარა ეკლესიაში. ჩვენ, ქართველ გოგოებს, თავსაფრები გვეხურა, იქაურებს – არა, ჩვენ ვიდექით, ისინი – ისხდნენ. თორმეტს წუთები აკლდა, როცა ერთ-ერთმა ქალმა შეშფოთებით შემოგვხედა, ჯერ თითი გამოიშვირა ჩვენკენ, მერე კი ხმამაღლა გადასძახა სხვებს: „მუსულმანები!”

არავითარმა ახსნამ არ გაჭრა, ვერავის გავაგებინეთ, რატომ ვიდექით თავდაბურულები, ან რა მნიშვნელობა ჰქონდა, ვინ ვიყავით, როცა ხელს არავის ვუშლიდით და არაფერს ვაშავებდით. არ ვიცი, რატომ, მაგრამ მაშინ გამახსენდი ყველაზე მძაფრად და ყველაზე მწარედ, დიდი ხნის წინ დავიწყებულ ჭრილობასავით.

იმ დღეებში კიდევ ერთხელ გამახსენდი. ისევ კრეტაზე, აგიოს ნიკოლაოსთან ახლოს, ავტობუსი გავაჩერეთ – ჩვენს აზერბაიჯანელ ჯგუფელებს ლოცვის დრო ჰქონდათ. ვუყურებდი, როგორ იდგნენ ხუთნი ულურჯესი ზღვის პირას და ელაპარაკებოდნენ ღმერთს, რა მნიშვნელობა აქვს, რა ენაზე, რა მნიშვნელობა აქვს, რა სიტყვებით. მე მესმოდა მათი. დარწმუნებული ვარ, ღმერთს – ჩემზე უკეთ.

ამ ბოლო დროს უფრო ხშირად მახსენდები. გახსოვს, როგორ ვცდილობდი, დამემტკიცებინა, რომ ჩემი ატირება ადვილი არ არის? სისულელეა. მე ერთი ჩვეულებრივი გოგო ვარ, ერთნაირად დავტირი ყველას მიცვალებულს, ჩემსასაც და სხვისასაც, ერთნაირად მეშინია ყველას სიკვდილის, ყველას წილი ომის, ყველა დამწვარი სახლი, ყველა მოკლული ბავშვი ჩემია და როგორ გითხრა… ყველა მუსულმანი, რომელიც ჩემს ქვეყანაში თავისი უფლებების დასაცავად გამოვიდა ქუჩაში, შენ ხარ.

სინამდვილეში, შენ, რა თქმა უნდა, არ იცი, სად არის სოფელი ჭელა, არც იქაური მინარეთის შესახებ გაგიგონია რაიმე. მე კი ვზივარ და ვდარდობ, თან მაინც იმედი მაქვს, რომ ჩემს ხალხს ჯერ კიდევ ახსოვს, როგორია სალოცავის დანგრევით გამოწვეული ტკივილი.

ისე, რა მალე გავიდა წლები. შვიდი წლის წინ სწორედ სექტემბრის პირველ დღეებში შევხვდით. ალბათ ამიტომ გადავწყვიტე, დუმილი დამერღვია და მეთქვა, რომ არა უშავს, თუ ერთმანეთს ვერ ვხედავთ – მთავარია, რომ ერთმანეთისგან შორს მაინც ერთად ვართ მე, შენ და ჩვენი ღმერთი.

რამდენიმე მოსაზრება კრიტიკული აზროვნების შესახებ

0
თითქმის ორი ათეული წელია, ჩვენს საგანმანათლებლო სისტემაში ძირეული ცვლილებები მიმდინარეობს. სწავლა-სწავლების ძველი მეთოდიკა, პრაქტიკულად, სრულიად შეიცვალა და ახალ, დასავლეთში აპრობირებულ პრინციპებზე გადასვლას ვცდილობთ. დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ თეორიულ დონეზე ჩვენ უკვე შევიმუშავეთ „თამაშის ძირითადი წესები”, მაგრამ ძნელი სათქმელია, როგორი წარმატებით ინერგება თეორიული ცოდნა სასკოლო პრაქტიკაში – ჯერჯერობით სკოლებიდან სრულყოფილი მონაცემები არ მიგვიღია.

ერთ-ერთი ძირითადი ღირებულება, რომელზეც თეორიულ დონეზე არავინ კამათობს, მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების განვითარების აუცილებლობაა. ვერ ვიტყვით, როგორ ართმევენ თავს ჩვენი მასწავლებლები ამ რთულ ამოცანას, რადგან ფუნდამენტური კვლევა ამ კუთხით ჯერ არ ჩატარებულა. ეჭვგარეშეა, კრიტიკული აზროვნება დიდებული რამ არის. უცხოეთში ამ საკითხზე საგანმანათლებლო სფეროს უდიდესი ექსპერტები მუშაობენ, ტარდება მეცნიერული კვლევები, ხდება შედეგების ანალიზი. საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში კი ის ახლაღა მკვიდრდება და უცნაური იქნებოდა იმის კრიტიკა, რის დადებითი თუ უარყოფითი შედეგებიც ჯერ არ ვიცით.

ამ სტატიით, მინდა, კრიტიკულ აზროვნებასთან უშუალოდ დაკავშირებული ერთი ასპექტის შესახებ გამოვთქვა მოსაზრება, ხოლო დასასრულ კრიტიკულ აზროვნებაზეც გაგიზიაროთ ჩემი მოკრძალებული აზრი. ვგულისხმობ ინფორმაციული ცოდნისა და კრიტიკული აზროვნების ურთიერთმიმართების საკითხს. კიდევ ერთხელ დავაზუსტებ: ლაპარაკია მხოლოდ თეორიულ დონეზე წარმოშობილ ტენდენციებზე, რომლებიც გარკვეული ხნის შემდეგ პრაქტიკად უნდა იქცეს.

მოგეხსენებათ, წინათ ცოდნის მექანიკურ გადაცემაზე ამახვილებდნენ ყურადღებას (ამჟამად ეს მიდგომა სამართლიანად არის დაწუნებული) და მოსწავლეს წარმოიდგენდნენ  ერთგვარ „ჭურჭლად”, რომელიც ინფორმაციით უნდა აგევსო. კრიტიკული აზროვნება და შემოქმედებითობა სასწავლო პროცესში სრულიად უგულებელყოფილი იყო. ამჟამად კი ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს ერთი უკიდურესობიდან მეორეში გადავცვივდით და სათანადო ყურადღებას არ ვუთმობთ მოსწავლეთა ინფორმირების აუცილებლობას (ყოველ შემთხვევაში, თეორიულ დონეზე მაინც). წინა პლანზე კრიტიკული აზროვნების განვითარებამ წამოიწია და ინფორმაციის დამახსოვრების მოთხოვნა ლამის ჩამორჩენილობად არის მიჩნეული. ჩემი აზრით, პრობლემა სწორედ აქ იჩენს თავს – შეძლებს კი მოსწავლე, მართლაც კრიტიკულად განიხილოს რაიმე საკითხი, თუ განსახილველი თემის შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია არ ექნება? რამდენად ადეკვატური იქნება ამა თუ იმ მოვლენის მისეული ანალიზი, თუ ამ ტიპის სხვა მოვლენები არ შეისწავლა? კრიტიკული აზროვნების პროცესში ფაქტების ცოდნა ზოგჯერ უკანა პლანზე გადაიწევს და მასწავლებლები დაახლოებით ასეთი ამოცანის წინაშე დგებიან: მოსწავლეებისთვის მთავარია იმის სწავლა, „როგორ” უნდა იფიქრონ და არა იმისა, „რა” უნდა იფიქრონ. „რა”აქ ფაქტების ცოდნას გულისხმობს და უამისოდ „როგორ” პროცესი სრულფასოვნად ვერ წარიმართება.

მას, ვისაც ინფორმაციის დამახსოვრება საჭიროდ არ მიაჩნია, არგუმენტად ის მოჰყავს, რომ ფაქტების უმეტესობა მოძველებულია, შეხედულებები გამუდმებით იცვლება, საჭირო ინფორმაციის მოძიება ყოველთვის შეიძლება (უმთავრესად – ინტერნეტში) და ა.შ. მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, რომ არსებობს ისეთი ინფორმაცია (ფაქტები, შეხედულებები, ღირებულებები), რომლებიც არც მოძველებულია და არც ცვლილების პროცესშია – ისინი ძველი, საიმედო ჭეშმარიტებები გახლავთ და მოსწავლეს მათი ყურადღებით წაკითხვა, გააზრება და დამახსოვრება მოეთხოვება.

წარმოვიდგინოთ, რომ გვსურს, მოსწავლეებმა კრიტიკულად განიხილონ, გააანალიზონ და შეაფასონ რომელიმე ომი. ისინი მით უკეთესად გაართმევენ თავს ამ ამოცანას, რაც უფრო მეტი ეცოდინებათ განსახილველი მოვლენის შესახებ. მეტიც – თუ მოსწავლეებს სხვა ომების შესახებაც ექნებათ ინფორმაცია, მათი მოსაზრებები და შენიშვნები კიდევ უფრო გონებამახვილური და შინაარსიანი იქნება. რომელიმე ლექსის კრიტიკულად განხილვა გვინდა? – მით უფრო ღირებული იქნება მოსწავლის მოსაზრება, რაც უფრო მეტი იმავე ავტორის (და სხვებისაც) სხვა ლექსი ეცოდინება. ინფორმირებული მოსწავლე უკეთ სწვდება განსახილველი მოვლენის არსს, უეკთ ადარებს მას სხვა მოვლენებს და პოულობს მათ შორის მსგავსებასა თუ კონტრასტს.

ინფორმირებულობის აუცილებლობას თვალსაჩინოდ ასაბუთებს სხვადასხვა პროფესიის შესწავლის პროცესი. როგორ ეუფლებიან ისეთ ურთულეს პროფესიას, როგორიც თვითმფრინავის მართვაა? თუნდაც მასთან შედარებით მარტივი ბარმენის პროფესია ავიღოთ… რასაკვირველია, იმ უნარების ათვისებით, რომლებიც ამ კონკრეტულ პროფესიასთან არის დაკავშირებული. ხომ შეუძლებელია, ზემოთ დასახელებული ან ნებისმიერი სხვა პროფესიის შესწავლა მხოლოდ მასზე საუბრით ან რაიმე აბსტრაქტული, წარმოსახვითი რეალიების განხილვით მოხერხდეს.

სტატიის დასასრულს, ნება მიბოძეთ, კრიტიკულ აზროვნებას „კრიტიკული თვალით” შევხედო და ჩემი კიდევ რამდენიმე შეხედულება გაგიზიაროთ. 

ზოგჯერ კრიტიკული აზროვნება ახირებას ემსგავსება, რომლის მიზანი ყველაფერში ეჭვის შეტანაა, იქცევა თავისებურ ჟინად, რომელიც მოწოდებულია დაანგრიოს ყველა არსებული მოსაზრება, „ამხილოს” უკვე ჩამოყალიბებული ყველა შეხედულების მცდარობა. მოკლედ, კრიტიკული აზროვნება ნგრევის თავისებურ სიმბოლოდ ყალიბდება. ჩვენ თვითონვე ხომ არ ვქმნით პერსპექტივაში იმის საფრთხეს, რომ როცა მოსწავლის კრიტიკული აზროვნება გასცდება საკლასო ოთახის ფარგლებს (და ასეც უნდა მოხდეს), ის ეჭვის თვალით შეხედავს პრაქტიკულად ყველაფერს – საყოველთაოდ მიღებულ სიბრძნეს, ტრადიციებს, მშობლებს, მათ თვალში უკვე ძველმოდურად ქცეულ უფროს თაობას?

თუ არსებული ტენდენცია შენარჩუნდა, უფრო მეტად ხომ არ დაიმცრობა სასწავლო პროცესში ინფორმაციის მნიშვნელობა? ხომ არ აღმოჩნდებიან ჩვენი მოსწავლეები გამუდმებით რაღაცის უარყოფისა და იგნორირების მდგომარეობაში?

შესაძლოა, კრიტიკული აზროვნების წინააღმდეგიც კი ვეგონო ვინმეს. მერწმუნეთ, ასე არამც და არამც არ არის. პირიქით, მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების განვითარება ჩვენს ერთ-ერთ უმთავრეს  ამოცანად მიმაჩნია, მაგრამ ნურც ის დაგვავიწყდება, რომ ნამდვილი კრიტიკული აზროვნება მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როდესაც იგი ინფორმირებულობას ეფუძნება.

ამბავი ოთხი ძმაბიჭისა და ერთი შემოკრული სილის

0

დარდი ვიცი ხოლმე, აი ათასი წელიც იყოს გასული, ამბავი
გულზე თუ მომხვდა, ისე მედარედარდება, როგორც რომ გუშინ მომხდარიყოს. საქმე გამოგლევიაო,
იტყვის მავანი, აბა, რა ვუყო, ეგრე კი არი და, განა მე მინდა. ჰოდა დღესაც ეგ გადავწყვიტე
დარდისა უნდა მოგიყვეთ. ამბები სხვათა და სხვათა, ზოგის ჩვენებურისა და ზოგის კიდევ
გადამთიელისა. იყო ერთი ფრანგი ოფიცერი, მეთვრამეტე საუკუნის ბოლოს, დიდი ნიჭი როდი
მოსდგამდა ჯარისკაცობისა, ჯარისკაცობისა–მეთქი, თორეპოეტობისა იმდენი ჩამოებერტყა,
რა ვიცი. და იყო ისე, სხვისი ნაცვამი ხალათი რომ მოგირგია თანზე და არ მოგხდომია, ხელი
კი ჩაგიქნევია მაინც, რა არის, სხვა ტანისამოსი არ გეშოვება და იმიტო. იყო ეს ოფიცერი
კარგი, ფრანგული ოჯახიდან, გვარიშვილიც დიდებული და ისეც, შესახედავადაც, სრულიად არაშემაწუხებელი.
სანამდი აცალა წუთისოფელმა, იმსახურა თავის რაზმში მშვიდად, აი რევოლუცია და კაცის
კვლა რო ატყდა ქვეყანაზე, ადგა ეს პატიოსანი კაცი, დატოვა სამსახური. აღარ მიუდგა აღარც
ერთს, სულაც დაკრა ფეხი და წავიდა საფრანგეთიდან, ჰე, ჰე, ამერიკაში წავიდა. იცხოვრა
  ერთ ხანს. რად მოვყევი ეხლა ამოდენა ამბავი, მეფე
რო დაიჭირეს, საგილიოტინოთ რო გაწირეს, გულმა აღარ გაუძლო იქა, ჩამობრუნდა უკან და
მონარქისტებს შეუერთდა. თოფი დაიჭირა ისევ ხელში. სულ ეგ მაინტერესებს, რამ აიძულა
ოკეანის გაღმა ცხოვრებააწყობილი კაცი დანგრეულ, შინა ომით განაწამებ საფრანგეთში წამოსულიყო,
ან რა გულით ქნა ეგა და ან რამ წაახალისა. ბიოგრაფები ბევრნი აღნიშნავდნენ, მეფის დამხობა
ვერ აიტანაო, მისი დაჭერაო, მოკვდინებაცო. 

დეპეშის ამბავი ხო იცით, რუსეთიდან გამოგზავნილის, მთავრობაძე გარდაიცვალაო, აი სულ
ორი დღე იქნებოდა ალბათ გასული ე მაგ ამბოდან, მაგდენიც არა კიდე და რკინიგზის სადგურზე,
ფოშტის გზასთან ერთი ახალუხიანი ნათავადარი მოდიოდა ფეხით, ან ეხლა რაა იმერეთის სადგურები
და მაშინ რა უნდა ყოფილიყო, ეხლაც მერცხლის ბუდეებადაა მთის წირებში მიდგმული, მაშინაც,
ოღონდ განსხვავებით დღეისდღისაგან, ფიცრით ნაკეთები. ჰოდა იმას გიყვებოდით, მოდის ეს
ნათავადარი, პაპის მამა ჩემი, გაზაფხულის პირი დგება უკვე, თოვლი დათხელებულია და სატალახოდ
თუ გამოდგება, თორემ სამარხილედ და საწვალებლად აღარ, მოდის და კაცი შეეყარა თავისოფლელი,
ბევრნიც შეეყარნენ და ის ერთიც იმათთან ერთად. ერთი ფორიაქი შესდგომოდა მაშინ ქვეყანას,
ვინ ვის იწონებდა, ვინ ვის ემდუროდა, ძნელი სარჩევი იყო. შეხვედრიან კარგი მოკითხვით,
სალმით, ჰოდა, იმ ერთს, თედო რო ერქვა, უხარებია პაპაჩემის მამისთვის, ლადიკოო, ეგრე
ერქვა ცხონებულს, გაიგე, ნიკოლოზა ჩამოაგდესო, უცინოდა სახე თურმე, მეფეო კი არა თქვა,
ნიკოლოზაო. ამან კიდე არც აცია, არც აცხელა და სილა გაუშალა. დიდედაჩემი, ცოლი იმისი,
სულგანათლებულისა, ასე მიყვებოდა, რბილი კაცი იყო, დავიდარაბა და გაწევ–გამოწევა კი
არა, ხო ოცდაათი წელი მოვათიეთ ცოლ–ქმრად, ერთი არ უთქვამს, წინ ზიხარ, უკან დაჯექიო.
იმ დღეს რა ეტაკა რა ვიცი, ადგა თურმე, გაუშალა და სილა ტკიცა გზაში შეხვედრილ კაცს,
შენ რა გიხარია მერეო. გაშველებამდე არ მისულა საქმე, არ ვიცი, იმათ ვეღარ შეუბედავთ,
თუ რა იყო, იქნება გამოარიდეს კიდეც გაჯავრებულ თავადიშვილს სხვებმა. ზღაპრად მიყვებოდნენ
მე მაგ ამბავს, ოღონდაც ჩემსობას იმ სილის მიზეზი აღარ იცოდა უკვე აღარავინ, ჩავლილი
ამბავი იყო, საუკუნე შესრულდება სადაცაა მას აქეთ. მიზეზი აღარ ახსოვდათ–მეთქი. ყვებოდნენ
კია. დარდის კაცი ვარ, ხო ვთქვი თავში და ჩამრჩა და ჩამრჩა. ახლაც ხანდახან, თუ დავუფიქრდი
ცოტა, იმ შემოკრულის ხმა ყურებში მიდგას ხოლმე, მოზრდილობაში შემრცხვა მაგ სილისა და
იმიტომ. ჰე, ჰე, დანამდვილებით ვინ იტყვის მართალს, კაცის ფიქრს და მიზეზს ჩადენილისას
მით უფრო. ჩვენი ძველი თავადობისა, მოგეხსენებათ, ქვეყანას დიდად რო არ დაგიდევდნენ,
ეს ჩემი პაპის მამაც ეგეთი არ იყოს–მეთქი, ცუდად მიწიოდა გული. ამას წინათ, ორიოდე
წელიც არ გასულა მგონია იმის მერე, სიცილს შევესწარი ნაცნობისას, ნამეგობრალისას, ავს
ყვებოდა, ქალის საქმე იყო, ავს ყვებოდა და იცინოდა, ნიშნის მოგებით არა, ისე, სხვანაირად,
გვჩვევია კაცებს, ვიტყვით ხოლმე ერთმანეთში რაღაცას და ჩვენ წაცხებულ ლაფს ცხრა მდინარე
ვეღარ ჩამორეცხს მერე. ჰოდა, ავს ამბოდა–მეთქი ისიც, ქალზე ყვებოდა, ნანახი მყავდა
ის ქალი, ლამაზი ქალი იყო, იქნებ მქნელიც ნათქვამისა თუ დაბრალებულისა, ვუსმენდი და
მეკიდებოდა ცეცხლი, გავსკდი გულზე, ხმა არ კი ამომიღია. ვითომ ხო რაში მეხებოდა ეგ
სუყველაფერი, ყველა ალხანას თავისი ჩალხანა ყავსო, ხო ნათქვამია, ვფიქრობდი მაგასაც,
მაგრამ იმოტელა კი ვიყავი, მეგრძნო, ამის, ჩემი ნაცნობისა თუ ნამეგობრალის სიცილი რო
უფრო მაცოფებდა, ვიდრე ის მეორე. აბა, ნახვითაც ერთხელ მენახა ის ქალი იქამდე, და არ
იყო და სატრფო ჩემი და რად უნდა მწყენოდა ვითომ მოსმენილი. დღემდე მომდევს, სულ მართალი
საქმე რო იყოს, მდაბალის სიხარულის ვერ ვიტან, ვერც იმის გამარჯვებას და ვერც დროშის
ფრიალს მისას, კიდე ვიძახი, სულ მართალი საქმეც რო იყოს. ე მაგას რო მივხვდი, ის პაპაჩემის
მამაც გამახსენდა და იმ დღეზე ბედნიერი დღე თუ გამთენებია როდისმე, არ მგონია ახლაც.
ოცდაერთი არ შესრულებოდა მაშინ ჯერ, ოცდაერთი წლის კაცს კიდე სისხლი სულ შხუილით დაუდის
ტანში. იმასაც დაუდიოდა. რატო უნდა დასწყვეტოდა ნიკოლოზაზე გული ვითომ, რა ჩინ–მენდლებს
ელოდებოდა, ჯინჯილები, ეგრე გამოვიდა, რომ მამას არ კეთებია მისას, პაპას და პაპის
პაპას. რუსული ჩექმა ეცვა ფეხზე და ფოშტის გზას ადგა, სად მიდიოდა ეგ კი აღარ ვიცი,
ვისაც რო ვკითხე, არც იმათ იცოდნენ. ჰოდა, ბედნიერი დილა გამითენდა მეთქი ამ ორი წლის
წინ, ნამუსი მოვწმინდე იმ ჩემი ცოდვით სავსე წინაპარს თითქოს, ის დღეა და ის დღე, ეგრეც
მჯერა, მჯერა რომელია, გზად შეხვედრილების სიცილი ვერ აიტანა ეტყობა, პატარა კაცის
სიხარული, ხო უცნობის, მაგრამ თავისზე უკეთესის, თავისზე დიდის, თავისზე ძლიერის დამრცხებას
რო აღტაცებაში მოეყვანა, იმ პატარა კაცისა. ვიფიქრე ეგა და თითქოს ლოდი ჩამომეგდოს
მხრებიდან. თუმცა ვინ იცის, გულში რა უდევს ადამის შვილს, თავში რა უტრიალებს, ეგება
სულ სხვაგვარადაც იყო საქმე. ეჭვიც ხო არი მაინც, ეჭვიც, არი და ჰა, სულ შერჩენილი
მექნება და ვერც მოვიშორებ ალბათ ვერასდიდებით, მაგრამ როცა რომ აი ტალახის გუბე შემხვდება
ხოლმე გზად და თავს ზემოთ ძალა არ არი, წელამდე უნდა შევტოპო შიგნით, სულ ის საუკუნის
უკან შემოკრული მახსენდება და მშველის დიდად. ფეხი თუ არ მეშლება  ხოლმე დღეს არა, უფრო იმ ხსოვნის მადლით, იმის მადლით
და ჩემი სიჯიუტით.

ხანძთელს ვსწავლობდით წელს, აი სახლიდან გაქცეული მღვდლისა და მისი ძმაბიჭების ამბავს.
ჰოდა, წერია იქა, ქართლად ფრიადი ქვეყანაი აღირაცხების, რომელსაცა შინა ქართულითა ენითა
ჟამი შეიქირვის და ლოცვაი ყოველი აღესრულებისო. კირილეისონზეც წერია. მივდექ–მოვდექით
მე და ჩემი მეათეები, სულ წაღმა უკუღმა ვატრიალეთ ეს ერთი ბეწო საქართველო, აბა საზღვარი
სად გადის, აბა, რატო თქვა დალოცვილმა ასე და სხვა მისთანები. ბოლოს ვკითხე, ხანძთა
საქართველოა–მეთქი? მაშო, გაიკვირვეს. დახედეთ–მეთქი რუკას. შეცბნენ ერთი, ჩვენი იყო
და წაგვართვესო . წაგვართვეს ჰო, მაგრამ დღეს თუ არი–მეთქი. აიბნენ, გაწყრნენ კიდეც
ყმაწვილურად ერთი გაწრომა, ვერა თქვეს საზღვრის ამბავი. მერე ავდექი და შატობრიანისა
მოვუყევი, რენესი, მეფე შეუპყრიათო, რო გაიგო და ნახევარი დედამიწა უკან გადმოიარა,
ქვეყანას ხელში მე ამათ ვერ დავუტოვებო. ეშორათ. ჩემიც მოვაყოლე, სილის გარტყმისა.
მეთქი ჩემთვის არა, აი ეს ქართლად ფრიადი ქვეყანაი აღირაცხების იმ გაქნეული ხელიდან
იწყება, იმიტო რო ეს ოხერი ქვეყანა ტკივილადაც ხოა და შვებადაცაა, შვებად უფროა. ჰოდა,
თუ ხანძთის მონგრეული ქვები ოდესმე დაგენანოთ, ფიქრად მოგრჩეთ, არ გეზედმეტოთ, მოკვდომია
პატრონი ყველა სახელმწიფოს, თქვენი წილი ქართლის საზღვარი ისევ იქა, მარტო თქვენ რო
იცით სადაც, გავლებული–მეთქი. კარგი დღე იყო ის დღე. არ გვზედმეტებია. ჩემი ამბისა
კი რა ვთქვა, სახლში რო ჩავალ ხოლმე არა, ნაგაზაფხულარზე, იმისი, ახალუხიანი, პირგაპარსული,
ულვაშიანი პაპაჩემის მამისა და გალეული, კნაჭა, თალხკაბიანი დიდედაჩემის სურათი კედელზე
დამხვდება. გვერდიგვერდ დგანან იმ სურათში, დგანან და მოღლილი მზერით იცქირებიან, ფოტოგრაფმა
თუ გააწვალა თავის დროზე. 

ნარინჯისფერი დღეები

0
ვკითხულობ:

„ინციდენტი მოხდა ლაგოდეხის რაიონის სოფელ კაბალში. სოფლის მაცხოვრებლების ინფორმაციით, ბიძას 14 წლის გოგონას წაყვანა სურდა სხვისთვის გადაცემის მიზნით. ბავშვის დედამ მაზლს ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწია, რის გამოც მამაკაცმა ნივთები დაამტვრია, ქალი კი ცემა. დაშავებული ქალბატონი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ლაგოდეხის საავადმყოფოში გადაიყვანა” (კახეთის საინფორმაციო ცენტრი, 24.08.2013).

დაუჯერებელი გეჩვენებათ, არა? 

ვაგრძელებ:

„მეზობლების თქმით, ბიძამ ბავშვებს ჯერ სახლი გაუყიდა, შემდეგ კი ძმისშვილებით ვაჭრობა გადაწყვიტა. მათივე ინფორმაციით, მარტოხელა დედას გოგონას წაყვანა ბიძამ და მისმა მეუღლემ ადრეც მოსთხოვეს. მეზობლების ცნობით, გოგონას ბიძას ბანკიდან კრედიტი აქვს გამოტანილი და მის დაფარვას სხვისთვის ძმისშვილის გადაცემიდან მიღებული თანხით აპირებდა, რადგან თავად სახლიც არ აქვს, რომ გაყიდოს. ბიძას ფული კლიენტმა წინასწარ გადაუხადა, ამიტომ უარის მიღების შემდეგ მამაკაცმა რძალს სცემა”.

საქართველო ის ქვეყანაა, სადაც ძალიან არ უყვართ ქალთა მიმართ ძალადობაზე ლაპარაკი. საქართველო ის ქვეყანაა, სადაც, უმრავლესობის აზრით, ქალთა უფლებები არ ირღვევა, რადგან აქ „ლეკვი ლომისა სწორია”, მაგრამ ზოგიერთი ლეკვი – კიდევ უფრო (თანა)სწორი. საქართველო ის ქვეყანაა, სადაც მამაკაცები ქალების სადღეგრძელოს განსხვავებული სასმისით, ფეხზე წამომდგარი სვამენ, მერე კი სიამაყით დასძენენ, რომ კარგია, როცა ქალმა საკუთარი ადგილი იცის. საქართველო ის ქვეყანაა, სადაც ოჯახურ კონფლიქტში ჩარევისგან სამართალდამცავებიც კი ხშირად იკავებენ თავს, ტექსტით „თვითონ მორიგდებიან”, და ეს მაშინ, როცა ცოლი ნაცემია, შვილი – ტრავმირებული, მეზობლების ნაწილი – გაოგნებული, ნაწილი, შესაძლოა, კმაყოფილიც.

როგორღაც მივეჩვიეთ ასე ცხოვრებას, ენას კბილს ვაჭერთ, თავს ვიტყუებთ, სხვებსაც ვატყუებთ და მომავალ თაობასაც იმავეს ვუნერგავთ: „ჩუმად, მეზობლებმა არ გაიგონონ!” – რადგან თურმე საზოგადოებრივი აზრი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სიმართლე და ბედნიერება, რომელიც არასოდეს მიიღწევა პრობლემების გადაჭრის გარეშე.

გაეროს გენერალური მდივნის კამპანიის ფარგლებში, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგაა მიმართული, ყოველი თვის 25 რიცხვი ნარინჯისფერ დღედაა გამოცხადებული. გაეროს წარმომადგენლობები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ახალგაზრდული გაერთიანებები და უბრალოდ დაინტერესებული ადამიანები მთელ მსოფლიოში ცდილობენ, საზოგადოებას შეახსენონ ქალებსა და გოგონებზე ძალადობის პრობლემა, პრობლემა, რომელიც მაღალი ტექნოლოგიებით განებივრებულ, კოსმოსის დამპყრობელ კაცობრიობას ჯერ კიდევ ვერ გადაუჭრია.

„უსაფრთხო სამუშაო გარემო ქალებისა და გოგონებისთვის”, „უსაფრთხო საცხოვრებელი პირობები ქალებისა და გოგონებისთვის”, „ქალთა და გოგონათა მიმართ სექსუალური ძალადობა კონფლიქტის პერიოდში” – ეს არასრული ჩამონათვალია იმ თემებისა, რომლებზეც კამპანიის ფარგლებში სხვადასხვა თვეში დაისვა აქცენტი. კამპანიას ადამიანები სოციალური ქსელების საშუალებითაც უერთდებიან ნარინჯისფერ ტანსაცმელში გადაღებული ფოტოებით. აი, ჩვენ კი ასეთი ამბები დიდად არ გვიყვარს, ჩვენ მასშტაბური საგმირო საქმეები გვიტაცებს, ისეთები, როგორიც ნესტან-დარეჯანის ქაჯეთის ციხიდან დახსნაა. მერე რა, თუ ზოგიერთი ქალისთვის საკუთარი სახლია ქაჯეთის ციხე აქვე, ჩვენ გვერდით, მეზობელ სადარბაზოში, მეზობელ ქუჩაზე, მეზობელ სოფელში.

ხშირად ვფიქრობ, რა არის ჩვენი მთავარი შეცდომა, როგორ ვცდებით გზას, როგორ ყალიბდებიან მოძალადეებად ოდესღაც დედებისა და ბებიების კალთებს ამოფარებული ბიჭები. იქნებ ღირდეს, ხმამაღლა ვთქვათ, რომ ჩვენთანაც არსებობენ დაჩაგრული ქალები, რომ სულაც არ ვართ იდეალური საზოგადოება ამ თვალსაზრისით, იქნებ ღირდეს, ჩვენს შვილებსა და მოსწავლეებს ყოველი თვის 25 რიცხვში ნარინჯისფერი მაისურები ჩავაცვათ და საღამოობით სოციალურ ქსელში, ფეშენებელურ რესტორნებში გადაღებული კერძების ნაცვლად, მათი ფოტოები დავპოსტოთ, ვუთხრათ მათ, რომ მხოლოდ სიტყვიერი დაფასება არ არის საკმარისი, უფრო მეტიც – სიტყვები საერთოდ არაფერს ნიშნავს, თუ მათ შესაბამისი მოქმედებაც არ მოჰყვება.

უბრალოდ, ფართოდ გავახილოთ თვალები. რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის ძალისხმევა საკმარისი არ არის იმისთვის, რომ უამრავ ქალსა და გოგონას, ვისაც ბედნიერების უფლება წაართვეს, თავიდან შეუყვარდეს სიცოცხლე. სხვაგვარად კიდევ დიდხანს მოგვიწევს საკუთარი უბედურების სხვისთვის გადაბრალება.

მომავალი თვის 25-ში მე თქვენს ნარინჯისფერ ფოტოებს ველი.

პიტერ გრეი – სხვადასხვა ასაკის ბავშვების ერთად თამაშის განსაკუთრებული მნიშვნელობა

0

ევოლუციის პერსპექტივიდან, ბავშვების ნორმალური სოციალური
თამაშები
სხვადასხვა ასაკის ბავშვების ერთად თამაშს გულისხმობს.
ჩვენი
ადამიანი წინაპრები და მაიმუნი-პრიმატები მცირე ჯგუფებად ცხოვრობდნენ და ამ ჯგუფებში შობადობის
მაჩვენებელი, როგორც წესი, დაბალი იყო, ეს კი, თავის მხრივ, გულისხმობს, რომ ერთი და
იმავე ასაკის ბავშვების ერთად თამაშის ალბათობა საკმაოდ მცირე გახლდათ, ამიტომ მათი
სოციალური თამაშების ევოლუციურ
ფუნქციას უკეთ
გავიგებთ, თუ ვიგულისხმებთ ბავშვების ერთობლივ თამაშს შერეულ ასაკობრივ ჯგუფებში. ავტორები
ასეთ თამაშს „სხვადასხვა (ან შერეული) ასაკის ბავშვების თამაშს” (ინგლის.
age mixed)
უწოდებენ.

სურათი, რომელზეც დაახლოებით ერთი და იმავე ასაკის ბავშვები
სკოლის ეზოში დარბიან და თამაშობენ, თანამედროვე თვალს შესაძლოა ჩვეულებრივი მოეჩვენოს,
მაგრამ ის საკმაოდ უცნაურია ადამიანის კულტურული განვითარებისა და ევოლუციის მრავალათასწლოვანი
ისტორიისთვის. როგორც ანთროპოლოგი მელვინ კონერი

[1]

აღნიშნავს,
ერთი ასაკის ბავშვების ერთად თამაში მხოლოდ თანამედროვე კულტურის არტეფაქტია.

ერთი ასაკის ბავშვების ერთად თამაში სკოლებში ასაკობრივი
კლასების შემოღების შემდეგ იქცა ჩვეულებრივ მოვლენად. ამაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა
მოზრდილთა მიერ არასასკოლო ასაკობრივ აქტივობათა ორგანიზებამაც. ადამიანის სახეობის
ბიოლოგიური ისტორიის განმავლობაში ბუნებრივი გადარჩევის მიერ განსაზღვრული თამაშის
ტვინისმიერი მექანიზმები და ბავშვთა სოციალური თამაშები, როგორც წესი, სხვადასხვა ასაკის
ინდივიდებს შორის უერთიერთქმედებას (ინგლის. interplay) გულისხმობდა, ამიტომაც ბავშვების
სოციალური თამაშების ევოლუციური ღირებულების გასაგებად ყურადღება უნდა მიექცეს ადაპტაციურ
ფუნქციას ამ თამაშებისა, რომლებიც ჩამოყალიბდა ბუნებრივი შერჩევით და რომლებმაც საუკუნეების
განმავლობაში ადამიანური, ჰუმანური ფორმები მიიღო. დღეს ამ პროცესზე დაკვირვება შესაძლებელია
სხვადასხვა ასაკის ბავშვების სოციალური თამაშების შესწავლისას.

მკვლევარ ანთროპოლოგთა ანგარიშები იუწყება, რომ მონადირე-შემგროვებელთა
კულტურებში ბავშვები დღის ნათელ პერიოდს უმთავრესად თამაშსა და დაზვერვა-გამოკვლევაში
ატარებდნენ და ამას ძირითადად შერეული ასაკის ბავშვების ჯგუფებთან ერთად აკეთებდნენ.
მონადირე-შემგროვებელთა ჯგუფები, როგორც წესი, მცირეა – ჩვეულებრივ, ოციდან ორმოცამდე
ადამიანს აერთიანებს (ბავშვების ჩათვლით). ამ გაერთიანებებში ქალები ბავშვებს საშუალოდ
ოთხ წელიწადში ერთხელ აჩენენ. ბავშვები, რომც ნდომოდათ თანატოლებთან თამაში, ასეთ მცირე
ჯგუფში ერთს ან ორს თუ იპოვიდნენ. ერთად მოთამაშე ბავშვების ტიპური ჯგუფი, რომელსაც
აღწერენ ანთროპოლოგები, ორიდან თორმეტ წლამდე ან შვიდიდან ჩვიდმეტ წლამდე ასაკის ექვს-შვიდ
ბავშვსა და მოზარდს აერთიანებს. ადამიანის განვითარების პრეისტორიულ ეპოქაში, როდესაც
ის ჯერ კიდევ მონადირეობა-შემგროვებლობას ეწეოდა, მოსალოდნელია, დასახლებებში ძირითადად
შერეული ასაკის ბავშვთა ასეთი ჯგუფები ყოფილიყო.

ჩვენს უფრო შორეულ, ადამიანამდელ წინაპრებსაც შერეული
ასაკის ბავშვთა თამაშები ახასიათებდათ. ადამიანის მსგავსი მაიმუნები, შიმპანზეებისა
და გორილების ჩათვლით, ცხოვრობდნენ ისეთ ჯგუფებად და ისეთ პირობებში, რომლებშიც ერთი
ასაკის ბავშვების ან მოზარდების ყოლა ძალიან იშვიათი იყო.

დიდი მაიმუნები, ჩვეულებრივ, მხოლოდ ერთ ნაშიერს აჩენენ,
მათი ჯგუფები მცირე ზომისაა, თუმცა ამ პირობებშიც შეიძლება, ორი ან ცოტა მეტი ბავშვი-მაიმუნი
ერთად თამაშობდეს. შიმპანზეებისა და გორილების ახალგაზრდა ნაშიერები, უმეტესად, თამაშობენ
ისეთ ჯგუფებად, სადაც ასაკში ერთი წელი მაინც არის სხვაობა. აშკარაა, რომ, ამ გამოცდილებიდან
გამომდინარე, ჩვენი თამაშის ინსტინქტი მილიონობით წლის წინ წარმოიშვა ან, სულ მცირე,
იმ პერიოდში მაინც, როდესაც ჩვენი და ჰუმანოიდური მაიმუნების გზები გაიყო და დასაბამი
მიეცა სხვა ანთროპოიდური ჯიშების ჩამოყალიბებას – იმ პირობებს, რომლებშიც ნორმალური
სოციალური თამაში შერეული ასაკის წარმომადგენლებს შორის მიმდინარეობდა.

სხვა ძუძუმწოვრების შვილები თავისი ნაყარის და-ძმებთან
თამაშობენ, მაგრამ არც ჩვენ, ადამიანები, და არც ანთროპოიდული მაიმუნების შვილები ნაყარით
არ იბადებიან. სოფლის მეურნეობის წარმოშობის დროიდან, რაც დაახლოებით ათი ათასი წლის
წინ მოხდა, შესაძლებელი გახდა ერთი ასაკის ბავშვების ერთად თამაში, რადგან ადამიანებმა
უფრო დიდ ჯგუფებად დაიწყეს ერთად ცხოვრება. გაცილებით იმატა საკვების წარმოებამაც,
რამაც, თავის მხრივ, შესაძლებელი გახადა, მშობიარობა უფრო რეგულარული და დროში ახლოს
მდგომი გამხდარიყო, მაგრამ ერთი ასაკის ბავშვების თამაში უახლოეს ისტორიულ წარსულშიც
არ ყოფილა ტიპობრივი. ანთროპოლოგების მიერ შესწავლილ ტრადიციულ საზოგადოებებში სოციალური
თამაშები სკოლის სისტემის ასაკობრივი ჯგუფების ჩამოყალიბებამდე, როგორც წესი, შერეული
ასაკის ბავშვებს შორის მიმდინარეობდა.

უმეტეს საზოგადოებებში ბავშვები ზრუნავენ თავიანთ პატარა
და-ძმებზე, რაც ხშირად ნიშნავს, რომ მათ თავიანთ სათამაშო ჯგუფებში რთავენ. 1975 წელს
კონერი თავის სტატიაში მოუწოდებდა მკვლევარებს, მეტი ყურადღება დაეთმოთ შერეული ასაკის
ბავშვების ერთობლივი თამაშების შესწავლისთვის, თუმცა ამ რჩევას დიდი შედეგი არ ჰქონია,
ბავშვების ურთიერთქმედების მკვლევართა უმეტესობამ გააგრძელა მუშაობა და კვლევა სკოლებსა
თუ ასაკით სეგრეგირებულ სხვა გარემოში. უფრო მეტიც – განვითარების ფსიქოლოგიაში გაბატონებული
კვლევითი პარადიგმა ბავშვებს ერთმანეთისგან აცალკევებს აშკარად გამოხატული მიზნით
– შეადაროს ერთი ასაკობრივი ჯგუფი მეორეს. თამაშების შესწავლისას ეს შეიძლება ნიშნავდეს,
რომ ერთად მოთამაშე 6 წლის ბავშვებს ადარებენ ასეთივე, ერთად მოთამაშე, 9 წლის ბავშვების
ჯგუფს. ასეთი შესწავლის მიზანია, დადგინონ თამაშში ჯგუფებს შორის განსხვავებები. განვითარების
ფსიქოლოგიის სტანდარტულ კვლევით ჩარჩოში 6 წლისა და 9 წლის ბავშვების შერეული ჯგუფის
თამაშების შესწავლა უბრალოდ ჩაშლიდა ექსპერიმენტს და კვლევის ამჟამად გაბატონებულ წესს.

ათი წლის წინ მე და ჯეი ფელდმანმა

[2]

დავთვალეთ
1990-2000-იან წლებში ბავშვთა ფსიქოლოგიის ორ წამყვან ჟურნალში გამოქვეყნებული იმ სამეცნიერო
სტატიების რაოდენობა, რომლებიც ეხებოდა ბავშვების თამაშების შესწავლას და დავინახეთ
კვლევების ის ტენდენციურობა (გადახრა), რომელიც შეიმჩნევა ამ მიმართულებით ბავშვების
განვითარებისა და განვითარების ფსიქოლოგიის სფეროებში – შეისწავლება ძირითადად ერთი
ასაკობრივი ჯგუფის ბავშვების ურთიერთქმედებები.

ამ თემის შესწავლისას ჩვენ სკოლის მოსწავლე განვსაზღვრეთ
როგორც ყველა ის ინდივიდუუმი, რომელიც სასკოლო ასაკისაა ან უფრო პატარაა. სამწუხაროდ,
ჩვენ კვლევაში არ ჩაგვირთავს კვლევები, რომლებიც ეხება მხოლოდ და-ძმების ინტერაქციებს.
კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ გამოქვეყნებული სტატიებიდან 234 სწავლობდა იმ ბავშვების
ურთიერთქმედებას, რომელთა ასაკში განსხვავება 24 თვეზე ნაკლები იყო და მხოლოდ 4 შეისწავლიდა
ურთიერთობებს იმ ბავშვებს შორის, რომელთა შორის ასაკობრივი სხვაობა აჭარბებდა 24 თვეს.

ცოტა ხნის წინ იგივე კვლევა ჩავატარეთ 2000-2010 წლებისათვის
იმავე ორ ჟურნალში და მასში და-ძმათა თამაშების შესახებ დაწერილი სტატიებიც ჩავრთეთ.
აღმოვაჩინეთ, რომ ამ დეკადაში 213 სტატია ეხებოდა იმ ბავშვების ურთიერთობას, რომელთა
ასაკში განსხვავება 24 თვეზე ნაკლებია, ხოლო 19 – ურთიერთობას იმ ბავშვებს შორის, რომელთა
შორის ასაკობრივი სხვაობა აჭარბებდა 24 თვეს. ამ 19-დან 15 ექსკლუზიურად და-ძმების
თამაშებს ეხებოდა და მხოლოდ 4 სტატია განიხილავდა ნაწილობრივ ურთიერთქმედებებს არა
და-ძმათა შორის, რომელთა ასაკში სხვაობა 24 თვეს აჭარბებდა.

ლიტერატურის ამომწურავი კვლევისას ასევე აღმოჩნდა, რომ
კვლევების ძალიან მცირე ნაწილი ახდენს ფოკუსირებას შერეული ასაკის ბავშვების თამაშებზე.
ის სტატიები, რომლებსაც წავაწყდი ამ საკითხზე, დაედო საფუძვლად წინამდებარე სტატიას.

შეიძლება ითქვას, რომ ჩვენს კულტურაში შერეული ასაკობრივი
ჯგუფების ბავშვების თამაშებისა და ურთიერთქმედების ყველაზე ნათელი მაგალითები ძირითადად
სადბერის სკოლის (ქ. ფრემინგემი, მასაჩუსეტსის შტატი, აშშ) გამოცდილებიდან შეიძლება
შევისწავლოთ. ამ სკოლაში მოსწავლეთა მიერ თვითმართული თამაში და გარემოს შესწავლა,
სწავლების პროცესის უპირველესი მექანიზმებია. ვფიქრობ, ამ სკოლის მოკლე აღწერა საინტერესო
იქნება მკითხველისათვის.

სადბერის ველზე არსებული დღის სკოლა აერთიანებს
150-200 მოსწავლეს, 4 წლიდან გვიან თინეიჯერობამდე. სკოლა მუშაობს მონაწილეობითი დემოკრატიის
პრინციპით. სკოლის ყოველკვირეულ კრებაზე მოსწავლეები და სკოლის პერსონალი ერთად ადგენენ
სკოლის ყველა წესს და იღებენ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს „ერთი ადამიანი – ერთი
ხმის” პრინციპით. ეს გადაწყვეტილებები მოიცავს პერსონალის დაქირავება-გათავისუფლების
შესახებ გადაწყვეტილებებსაც. სკოლის პერსონალის მოზრდილი ნაწილი პასუხისმგებელია სკოლის
ყოველდღიურ მოვლა-პატრონობაზე და მოსწავლეთა მოთხოვნებისა და საჭიროებების დაკმაყოფილებაზე,
მაგრამ არ მართავს მათი სწავლების პროცესს – ამაზე თვითონ სტუდენტები არიან პასუხისმგებელნი.
სკოლაში არ არის არც ტესტები, არც ნიშნები და არც კლასის დასწრების მოთხოვნა. სკოლა
მოსწავლეებს აწვდის საჭირო ცოდნას და ყველანაირ მოწყობილობას სხვადასხვა დისციპლინისათვის,
თუმცა არ მოითხოვს მათ სავალდებულო გამოყენებას.

სადბერიში მოსწავლეები მთელი დღე თავისუფლად არიან,
შეუძლიათ გადაადგილდნენ სკოლის კამპუსის 5-ჰექტრიან ტერიტორიაზე და სკოლის ორ შენობაში
(ყოფილი ფერმის დიდი გარემონტებული შენობა და ყოფილი ბეღელი), ითამაშონ, ვისთანაც სურთ
და აკეთონ, რაც სურთ სკოლის მიერ დემოკრატიულად მიღებული წესების ფარგლებში. სკოლის
წესები მიღებულია სიმშვიდის, წესრიგის და მოსწავლეთა ინდივიდუალური და სასკოლო თემის
უფლებების დასაცავად, მაგრამ არა სწავლების მიმართულების განსაზღვრისათვის. ამ გარემოში
ბავშვები და ზრდასრული ადამიანები დროს ერთად ატარებენ, თამაშობენ, იკვლევენ გარემოს,
ქმნიან ახალს, საუბრობენ და უბრალოდ ერთად არიან – მათი არჩევანის შესაბამისად – და
ამ პროცესში იღებენ განათლებას. სკოლა ასეთი წესებით უწყვეტად ფუნქციონირებს 1968 წლიდან.
ამ სკოლის როგორც საგანმანათლებლო ინსტიტუტის წარმატება დოკუმენტირებული და დადასტურებულია
როგორც მუდმივად მიმდინარე კვლევებით, ისე სკოლადამთავრებულთა წარმატებებით.

სადბერიში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ სადბერის
სკოლადამთავრებულები არ აწყდებიან განსაკუთრებულ სირთულეებს უმაღლესი განათლების მიღებისას
და მრავალმა მათგანმა წარმატებული კარიერაც აიწყო ამერიკულ საზოგადოებაში მეცნიერებაში,
ხელოვნებაში, მედიცინაში, ვაჭრობაში, ბიზნესსა თუ სამართალში. დანიელ გრინბერგი, სკოლის
ერთ-ერთი დამაარსებელი და მისი მთავარი ფილოსოფოსი, მრავალი წელია ხელს უწყობს შერეული
ასაკის ბავშვთა ჯგუფების ერთად თამაშს და მიაჩნია, რომ ეს მისი სკოლის წარმატების ერთ-ერთი
მთავარი გასაღებია.

ჩემი და ჩემი კოლეგის, ჯეი ფელდმანის დაკვირვებები სადბერის
სკოლაში ადასტურებს დანიელ გრინბერგის არგუმენტს. რაოდენობრივი კვლევების შედეგად აღმოვაჩინეთ,
რომ სადბერის ველის სკოლის მოსწავლეები რეგულარულად ურთიერთქმედებდნენ მათგან განსხვავებული
ასაკის ბავშვებთან, მიუხედავად იმისა, რომ სკოლის ზომა ბავშვებს საშუალებას აძლევდა,
სურვილის შემთხვევაში, შეეძლოთ თავიანთი ასაკის თანატოლებთან გაერთიანება და მათთან
თამაში. სინამდვილეში აღმოჩნდა, რომ სოციალურ ურთიერთქმედებათა ნახევარზე მეტი მოიცავდა
ბავშვებს, რომელთა შორის ასაკობრივი სხვაობა 24 თვეზე მეტი იყო, ხოლო შემთხვევათა მეოთხედი
– ბავშვებსაც, რომელთა შორის ასაკობრივი სხვაობა აჭარბებდა 48 თვეს.

კვლევის შედეგად ასევე გამოჩნდა, რომ განსხვავებული
ასაკის ბავშვების ერთად ყოფნა უფრო ჩვეულებრივი რამაა თამაშისას, მაგრამ იშვიათი –
სერიოზული საუბრების დროს. შესაბამისი გრძელვადიანი თვისებრივი კვლევისას ჩვენ დოკუმენტირებული
გვაქვს თითქმის 200-ზე მეტი დამოუკიდებელი ურთიერთქმედება, რომელიც სპეციფიკურად ხდება
მოზრდილ (12 წლისა და მეტის) ბავშვებსა და უფრო პატარებს (12 წელზე უფრო პატარა და
4 წლით უმცროსი, ვიდრე ყველაზე ასაკოვანი მოზრდილი ბავშვი) შორის.

ამ სტატიაში ჩვენ
გამოვიყენებთ სადბერის ველის სკოლაში მიღებულ გამოცდილებას და განსხვავებული ასაკის
ბავშვთა თამაშების სხვა კვლევების შედეგებს, რომლებიც ნათლად ასახავს შერეულ ასაკობრივ
ჯგუფებად თამაშის განსაკუთრებულ მნიშვნელობას. დავიწყებთ ასეთი თამაშის სარგებლით პატარა
ბავშვებისთვის და შემდეგ აღვწერთ სარგებლობას უფრო მოზრდილი ბავშვებისთვის.

 

რა უპირატესობას ანიჭებს პატარა ბავშვებს შერეული ასაკის ჯგუფებში თამაში

ეს ქვეთავი აღწერს
სამი სახის სარგებელს, რომელსაც მცირე ასაკის მონაწილენი იღებენ შერეული ასაკის ბავშვების
ერთობლივი თამაშისას.

შერეული ასაკის ბავშვების ერთობლივი თამაში პატარებს საშუალებას აძლევს,
ჩაერთონ და ისწავლონ იმ აქტოვობების მეშვეობით, რომლებსაც მარტო ვერ შეძლებდნენ და
რომლებიც შეუძლებელია მათივე ასაკის ბავშვებთან ერთად. მათ საშუალება ეძლევათ, დააკვირდნენ
და შეეჯიბრონ სხვა ბავშვებს  აქტივობათა იმ
მოდელებში, რომლებიც უფრო განვითარებულია, ვიდრე მათი ასაკისთვისაა დამახასითებელი;
მიიღონ უფრო მეტი ემოციური მხარდაჭერა და მზრუნველობა, ვიდრე მათივე ასაკის ბავშვებისგან
მიიღებდნენ.

 

შერეული ასაკის
ჯგუფების თამაშები ბავშვებს საშუალებას აძლევს, ითამაშონ თავიანთი პროქსიმული განვითარების
ფარგლებში

 

აშკარაა, რომ პატარა ბავშვებისთვის სასარგებლოა შერეული ასაკის ჯგუფებში
თამაში, რადგან ასეთი ინტერაქცია მათ აცნობს ისეთ ურთიერთქმედებებს, რომლებიც მათთვის
მეტისმეტად რთულია ან სახიფათო, თუ ამის გაკეთებას მარტონი ან თავისივე ასაკის სხვა
ბავშვებთან ერთად გადაწყვეტენ.

1930 წელს, საბჭოთა ფსიქოლოგმა, ლევ ვიგოცკიმ

[3]

შემოიღო ტერმინი პროქსიმული განვითარების ზონა,რათა აღეწერა იმ აქტივობათა ნაკრები, რომელთა შესრულება ბავშვს არ შეუძლია მარტოს
ან იმავე შესაძლებლობების თანატოლებთან ერთად, მაგრამ შეუძლია სხვების, უფრო გამოცდილების
თანამონაწილობით.

ვიგოცკიმ შემოგვთავაზა თეორია, რომ ბავშვები, უმეტესწილად, ახალ უნარებსა
და წარმოდგენებს ივითარებენ სხვებთან თანამონაწილეობით, მათი პროქსიმული განვითარების
ზონების ფარგლებში. ვოგოცკის იდეის გასაგრძელებლად ჰარვარდის უნივერსიტეტის ფსიქოლოგმა
ჯერომ ბრუნერმა და მისმა კოლეგებმა, შემოიტანეს ტერმინი „სკაფოლდინგი” (ინგლის.
Scaffold – ხის სამშენებლო
ფიცარნაგი)
როგორც მეტაფორა, რომელიც ასახავს, როგორ აძლევს გამოცდილი
მონაწილე (მოზრდილი ბავშვი) საშუალებას უფრო პატარა ბავშვებს, აქტიური მონაწილეობა
მიიღონ საერთო თამაშში ან ერთობლი საქმიანობაში. „სკაფოლდინგი” მოიცავს შეხსენებას,
გადაკრულ სიტყვებს, მინიშნებებს, წაშველებას და დახმარების სხვა ფორმებს, რომლებიც
პატარას შესაძლებლობას აძლევს, მონაწილეობა მიიღოს აქტივობის უფრო მაღალ, განვითარებულ
ფორმებში.

 

პირველი ნაწილის
დასასრული

(გაგრძელება იქნება)

 

ინგლისურიდან თარგმნა
და კომენტარები დაურთო

ლევან ალფაიძემ

წყარო: American Journal
of Play – Spring 2011






[1]

მელვინ
კონერი (
Melvin Konner) – ცნობილი ამერიკელი მკვლევარი, ფილოსოფიის დოქტორი,
ემორის უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის, ფსიქიატრიისა და ნევროლოგიის პროფესორი. პალეოლითის
საზოგადოების მკვლევარი, კალაჰარის უდაბნოში მცხოვრები ბუშმენების საკვლევად მრავალწლიანი
ექსპედიციის ხელმძღვანელი.



[2]

ჯეი ფელდმანი
(
Jay Feldman)
– სწავლების კვლევის ამერიკელი სპეციალისტი, ფსიქოლოგიის დოქტორი, სანტა როსას (კალიფორნია)
კულტურისა და განათლების შესწავლის ცენტრის დირექტორი. პიტერ გრეისა და ფელდმანის აღნიშნული
კვლევა, შერეული ასაკის ბავშვების თამაშების შესახებ გამოქვეყნდა American Journal
of Education (February 2004) -ის 110-ე ნომერში (ლ.ა.)



[3]

ლევ ვოგოცკი ( Выготский, Лев, 1896-1934) – ებრაული წარმოშობის დიდი
საბჭოთა ფსიქოლოგი, ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგიის მკვლევარი, ფსიქოლინგვისტიკის
და განათლების ფსიქოლოგიის ერთ-ერთი დამაარსებელი, რუსეთის ფსიქოანალიზის
საზოგადოებსი წევრი, საეტაპო ფსიქოლოგიური ნაშრომის, ”ხელოვნების ფსიქოლოგიის”
ავტორი. ვიგოცკი გარდაიცვალა ჭლექისგან 1934 წელს, მოსკოვში, 37 წლის ასაკში.

 

ქიმიური ზღაპარი

0

ვიდრე წერას დავიწყებდი, წიგნების თაროს ბოლო მწკრივს მივაკითხე, სადაც ბავშვობის დროინდელი ზღაპრები მაქვს გადანახული. რომელი ქვეყნის ზღაპრებს არ ნახავთ აქ… თავდაპირველად ბებია მიკითხავდა, მაგრამ მას თავისი საქმეები ჰქონდა და გამუდმებით ველოდი, ჩემთვის როდის მოიცლიდა. ბოლოს ავდექი და „ჯიბრით” კითხვა ვისწავლე. ამით ყველა მოგებული დარჩა – ბებიაც, მეც და ზღაპრებიც. მოგვიანებით, როცა თვალი სხვა წიგნებისკენ გამექცა, ზღაპრებმაც ზედა თაროებისკენ გადაინაცვლეს…

ახლა სწორედ ზღაპრის მოყოლას ვაპირებ. წიგნებსაც ამიტომ ჩავხედე – დასაწყისი არ შემეშალოს-მეთქი.
მაშ ასე, მზად ვართ? იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა, იყო ერთი… ლაპის ლაზული (lapis lazuli), იგივე ულტრამარინ ლურჯი, რომელსაც სხვადასხვა კულტურასა და საუკუნეში საოცარი ამბები გადახდა თავს.

მოდი, ჯერ გავიცნოთ. რთული ნაერთია, კირქვად მინერალიზდება და მინერალ ლაზურიტის კუბისებრი სტრუქტურის მარცვლებს შეიცავს. მისი ქიმიური შემადგენლობა ასეთია: (Na2O) 16,8%, (СаО) 8,7%, (Аl2О3) 27,2%, (SiO2) 31,8%, (SO3) 34%, (Сl) 0,25%. ანტიკური ხანიდან მოყოლებული, ძალიან დაფასებული და ძვირი მინერალი გახლდათ, თანაც ძალიან იშვიათი. ძველად, როდესაც მზეთუნახავის გულს მხოლოდ ლექსებითა და ხმლის ტრიალით ვერ მოიგებდი, ძვირფასი საჩუქრებიც აუცილებელი იყო, მაშინდელი სასიძოები ბადახშანში (დღევანდელი ავღანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთი და ტაჯიკეთის სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი) მიდიოდნენ ლაპის ლაზულის მოსაპოვებლად – სწორედ აქედან ვრცელდებოდა ეს მინერალი. ერთხელ ერთი მზეთუნახავის მამას სასიძოს მირთმეული ლურჯად მოკამკამე მინერალი დაუფქვავს და რუხი ფხვნილი მიუღია. საშინლად აღშფოთებულა, ახალგაზრდა კაცისთვის თაღლითობა დაუწამებია და ქალის გატანებაზე უარი უთქვამს. ქორწილი კი ჩაიშალა, მაგრამ ამ ყოვლად უსახური რუხი ფხვნილისგან პიგმენტ ულტრამარინ ლურჯის მიღების ტექნიკა შემუშავდა. ამაზეა ნათქვამი, ზოგი ჭირი მარგებელიაო… ამ ტექნიკას per pastillum უწოდეს და განსაკუთრებით ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც მეთხუთმეტე საუკუნეში ჯენინო ჯენინიმ თავისი „ხელოვნების წიგნის” (Libro dell’arte) 62-ე თავში დაწვრილებით აღწერა. თუმცა, სხვადასხვა წყაროს თანახმად, პიგმენტი ულტრამარინ ლურჯი ბუნებრივი სახით ჯერ კიდევ მეოთხე საუკუნიდან ყოფილა ცნობილი. მისი სახელი ტარიმ ბაზენის ოაზისიდან მომდინარეობს, რომელიც სხვადასხვა კულტურისა და ენის გადაკვეთის საკვანძო ადგილს წარმოადგენდა. ამ პერიოდისთვის პიგმენტის კვალი აღმოჩენილია კედლის მხატვრობაში ტაკლამაკანის უდაბნოს (აბრეშუმის გზის ჩრდილოეთით) ახლოს.

ისლამის სამყაროში ულტრამარინ ლურჯის ნაკვალევი მართლაც შესამჩნევია. მეშვიდე და მერვე საუკუნეების ყურანის ამ პიგმენტით მოხატული ფრაგმენტები დღეს ლუვრშია დაცული, იორდანიაში კი მეათე საუკუნის რელიგიური შინაარსის მოხატულობას აღმოაჩენთ.

ულტრამარინ ლურჯის მარცვლების კვალი შუა საუკუნეების ქრისტიანულ მიწაზეც შეიმჩნევა. თუ რომში წმინდა სებასტიანის ბაზილიკაში შეივლით, კარიდან მარჯვნივ კედელზე ულტრამარინ ლურჯით შესრულებულ მხატვრობას ნახავთ. ეს გასაკვირი არ არის – მხატვრები ხომ სირია-პალესტინიდან იყვნენ მიწვეული.

გადაინაცვლეთ იტალიის ჩრდილოეთით და მეცხრე საუკუნის ტორბის მონასტრის კედლებზეც ულტრამარინის კვალი დაგხვდებათ. XI-XII საუკუნეებში ეს პიგმენტი საოცარი სისწრაფით გავრცელდა ავსტრიაში, შვეიცარიაში, გერმანიაში.

ჯაბირ იბნ ხაიამის (იმავე გებერის) შემოქმედებაში ულტრამარინ ლურჯის აღწერა-დამუშავებას დიდი ადგილი უჭირავს. ჯაბირი ვინ არის? არაბი ალქიმიკოსია, უცნაური და ზოგჯერ განსაცვიფრებლად პროგრესული აზრების პატრონი. ჩემს სტუდენტებს ხშირად ვუყვები მის შესახებ. ჩაშლილი ქორწილის ამბავი გეხსომებათ; ის-ის იყო, საპატარძლოს განრისხებულ მამას დაფქული ლაზურიტი უნდა გადაეყარა, რომ ჯაბირს უთხოვია, მომეცი ეგ ფხვნილი, შენ მაინც რაღაში გამოგადგებაო. მამასაც მიუცია – ფხვნილის დარდი აღარ ჰქონდა, „თაღლითი” სასიძო ჰყავდა გასაგდები. ჰო, სანამ ფხვნილი ჯაბირის ხელში მოხვდებოდა, მანამდე ერთ სტუმარს ცოტაოდენი წყალში გაუხსნია და დაულევია. საშინელი ჰალუცინაციები დაეწყო, ძლივს დაამშვიდესო, წერენ. ჯაბირი კი თავისი „ნადავლით” ლაბორატორიაში ჩაკეტილა და, ერთ-ერთი წყაროს თანახმად, per pastillum ტექნოლოგიასაც მაშინ ჩაყრია საფუძველი.

მაინც რა ადგილი ეკავა ამ მინერალს ჯაბირის ალქიმიაში? „თვისებების დიად წიგნში” (The Great Book of the Properties) ჯაბირი იმ მინერალებზე საუბრობს, რომლებიც განსაკუთრებით საჭიროდ მიაჩნია და ცეცხლში (ანუ გახურებით) ქცევის მიხედვით მათ სამ კატეგორიად ყოფს:

. სულის მატარებლებად (arwah) იმ ნივთიერებებს მოიხსენიებს, რომლებიც გახურებისას მთლიანად აორთქლდება;

. მეტალებს (ajsam) იმ ნივთიერებებს უწოდებს, რომლებიც გახურებისას ლღვება, დარტყმისას ბრტყელდება და ხმას გამოსცემს.

. მყარი სხეულის მქონეებად (ajsad) კი ის ნივთიერებები მოიხსენიება, რომლებიც გახურებისას არ ლღვება, არ ბრტყელდება და მათი გაშხეფებაც შეუძლებელია. სწორედ ამ ჯგუფს მიაკუთვნებს ჯაბირი ლაპის ლაზულს.

მუჰამედ იბნ ზაქარია ალ-რაზი… ნუთუ არ გახსოვთ? კარგი, მაშინ სხვანაირად ვიტყვი – ალ-რაზი, იგივე რაზესი. კიდევ ვერ იხსენებთ? თაბაშირი აღმოაჩინა და მოტეხილ კიდურებზე თაბაშირის დადების პირველი ტექნიკაც მას ეკუთვნის. საოცრად პროგრესული კაცი იყო. ფილოსოფიურ ქვას ორად ორი მიზნით ეძებდა: სიცოცხლის გასახანგრძლივებლად და ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად. XXI საუკუნის მედიცინის პრიორიტეტიც (სხვა მრავალთაგან) ჯერაც ეს არის.

IX საუკუნეში ალ-რაზიმ წიგნი დაწერა, Madkal al-Ta‘limi ანუ სასწავლო შესავალი ალქიმიაში. ამ წიგნში ლაპის ლაზულიც არის აღწერილი, ოღონდ ალ-რაზი ამ მინერალს ქვებს მიაკუთვნებს. ჯგუფი, რომელშიც მას აქვს ადგილი მიჩენილი, შეიცავს მაგნეტიტებს, რკინა ქვას, ტუტე მიწა მეტალებს, მალაქიტს, თაბაშირს, ჰემატიტს, ტყვიის სულფიდს…

ლაზურიტი მინის ხარშვის შესახებ XII საუკუნის საეკლესიო ჩანაწერებშიც გვხვდება. საოცარი ლურჯი მინა იხარშებოდა მისი გამოყენებით. ამ საქმისთვის ალ-რაზის ჩაუყრია საფუძველი, მერე კი უფრო მეტად განუვითარებიათ.

დაახლოებით 80-იან წლებში არქეოლოგიური გათხრების შედეგად XII-XIII საუკუნეების არაბული ხელნაწერები აღმოაჩინეს. ეს ხელნაწერები დღეს გერმანიაშია დაცული. ხელნაწერებში ლაზურიტი ლაზვარადად (lazwarad) არის მოხსენიებული და ოქროს მიღების რეცეპტების ჩამონათვალშია ვერცხლთან, სპილენძთან, კირთან, მალაქიტთან, ბორაქსსა და სტიბიუმთან ერთად.

სხვა სიაში, რომელიც სამედიცინო მიზნითაა შექმნილი, ლაზვარადი (იგივე ლაზურიტი) ნარკოტიკულ საშუალებებს შორის იხსენიება და მინიშნებულია, რომ მისი მეშვეობით ჰალუცინაციების გამოწვევაა შესაძლებელი. გახსოვთ, არშემდგარ ქორწილში ერთ-ერთ სტუმარს რა დაემართა?

აქ კიდევ ერთი წერილია საინტერესო. ქაირავანში მცხოვრები ერთი ვაჭარი სწერს ქაიროში თავის კოლეგას. წერილში მთელი ბიზნესგეგმაა მოხაზული იმისა, როგორ შეიძლება ლაზვარადის გატანა სიცილიაში სავაჭროდ. შესაძლო კლიენტურის გვარებიცაა მითითებული. იმ დროს, როგორც ჩანს, პატიოსანი ვაჭრები ყოფილან, თორემ ახლა მეეჭვება, ვინმემ ვინმეს გამდიდრების გზები ასწავლოს და შესაძლო კლიენტების მისამართებიც მიუთითოს. როგორ წარიმართა ამ ვაჭრების ბედი, არ ვიცი, ან რა ჩვენი საქმეა.

XI საუკუნის ალქიმიკოსმა იბნ-ბადიმ ხარისხიანი წიგნის ან ხელნაწერის შესაქმნელად მწერლებს ლაზვარადისგან დამზადებული მელანი შესთავაზა. მელნის დამზადებას მის წიგნში მეორე-მეექვსე თავები ეთმობა და საკმაოდ საწვალებელი საქმეც ყოფილა. თუმცა ნაწერი ლურჯად კამკამებდა და თუ მას მზის შუქზე წაიკითხავდით, ლაზვარადის მელნით დაწერილ ნაწერს განსაკუთრებული სხივი დასთამაშებდა. ამ მელნის დამზადება per pastillum ტექნოლოგიის ათვისების შემდეგ გახდა შესაძლებელი.

ამ მელანს საეკლესიო დასურათებულ ხელნაწერებშიც იყენებდნენ, მინიატურები უფრო მიმზიდველი და სანახაობითი რომ გამოსულიყო. ვატიკანის ბიბლიოთეკაში ასეთი ხელნაწერი მრავლადაა.

გამოჩნდა ძვირფასი მელანი და გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც სწორედ ამ მელნით წერდნენ სასიყვარულო წერილებს. ასეთი მელნით დაწერილი წერილის ავტორის გულწრფელობაში ეჭვის შეტანა არ შეიძლებოდა.
ჰოდა, თუ ვინმემ თავისი ხელით დამზადებული ლაპის ლაზულის per pastillum ტექნოლოგიით შექმნილი მელნით სასიყვარულო წერილი მოგწერათ, მის გულწრფელობაში ეჭვი არ შეიტანოთ – ეტყობა, მართლა უყვარხართ, თორემ ისე თავს რატომ გაიწვალებდა?)

ეს ამბავი მანჩესტერში, ამა წლის ივლისში გამართულ ქიმიის ისტორიის მსოფლიო კონგრესზე მოვისმინე, ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორის გაბრიელ ფერარიოს პრეზენტაციის დროს. შემდეგ გაბრიელის ნებართვით ჩემებურად გადავაწყვე, რაღაც დავამატე, რაღაც ამოვიღე და ზღაპარს დავამსგავსე.

მადლობა გაბრიელს ბრწყინვალე პრეზენტაციისთვის, მადლობა თქვენ, რომ ზღაპარი წაიკითხეთ.
თუმცა ჯერ დასასრულამდე ადრეა. ზღაპარი ზღაპარივით უნდა დასრულდეს.
ჭირი იქა, ლხინი აქა,
ქატო იქა… ფქვილი
და განვითარებული ქიმია აქა…

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...