სამშაბათი, მაისი 20, 2025
20 მაისი, სამშაბათი, 2025

ჰონკონგის სასკოლო განათლება

0
მსოფლიოს ყველაზე განვითარებული საგანმანათლებლო სისტემის მქონე ქვეყანათა ოცეულის სათავეში ფინეთი, სამხრეთ კორეა და ჰონკონგი მოხვდნენ. კვლევა ბრიტანულმა კომპანია Pearson-მა განახორციელა ჟურნალ Economist-ის დაკვეთით, კვლევის შედეგები კი გაზეთ Times-ში გამოქვეყნდა. აღნიშნულ რეიტინგში, მაგალითად, დიდმა ბრიტანეთმა მეექვსე ადგილი დაიკავა, ხოლო რუსეთმა – უკანასკნელი. რეიტინგი 2006-2010 წლებში სკოლის გამოსაშვებ საერთაშორისო ტესტებში მიღებული შედეგების გათვალისწინებით შედგა (სხვათა შორის, Pearson-ის შედეგებში გათვალისწინებულია სხვა მსგავსი საერთაშორისო კვლევის – Pisa-ს შედეგებიც). რეიტინგის ერთ-ერთი ავტორის, მაიკლ ბარბერის თქმით, ყველაზე წარმატებული ის ქვეყნები აღმოჩნდნენ, სადაც მასწავლებლის სტატუსი მაღალია და განვითარებული საგანმანთლებლო კულტურა არსებობს.

ფინეთის, სამხრეთ კორეისა და დიდი ბრიტანეთის შესახებ ჩვენ უკვე ვწერდით ინტერნეტგაზეთ „მასწავლებლის” გვერდებზე. ამჯერად გთავაზობთ მონაცემებს ჰონკონგის განათლების სისტემის შესახებ, რომელიც ბევრი რამით სამხრეთკორეულ ვარიანტს ჩამოჰგავს. აქ ბავშვი ექვსი წლის ასაკში დაწყებით სკოლაში მიდის, თორმეტი წლისა გადადის არასრულ საშუალო სკოლაში, სადაც 15 წლამდე სწავლობს. ამ ეტაპზე მოსწავლე გამოცდების ჩაბარების დამადასტურებელ ჰონკონგურ სერტიფიკატს იღებს, რაც GCSE-ს ეკვივალენტია. ამის შემდეგ ორი წელიწადი ის სრულ საშუალო სკოლაში სწავლობს, სასკოლო განათლების შემდეგ კი მათთვის გზა ხსნილია უმაღლესი განათლების მისაღებად. ყველა სასწავლო დაწესებულებაში სავალდებულოა სპეციალური უნიფორმის ტარება.

ჰონკონგის განათლების სისტემა ცდილობს, ზედმიწევნით შეინარჩუნოს ყოველივე ის, რაც მან დიდი ბრიტანეთისგან იმემკვიდრევა. 1861 წელს ჰონკონგის განათლების სისტემის რეფორმირება ინგლისელებმა განახორციელეს. ამის წყალობით მისი განათლების სისტემა კონკურენტუნარიანია მსოფლიოში. 

1841 წლამდე ჰონკონგი ცინის იმპერიის ნაწილი იყო. იმ დროისთვის უკვე არსებობდა საგანმანათლებლო დაწესებულებების გარკვეული ჩანასახები – დაწყებული სოფლის სკოლებით, სადაც უბრალოდ წერა-კითხვას ასწავლიდნენ, დამთავრებული სხვადასხვა სახელობო სასწავლებლებით, რომლებიც ძირითადად მონასტრებში იყო განთავსებული, თუმცა ზუსტი ისტორიული მონაცემები ამგვარი სკოლების რაოდენობისა და ფუნქციების შესახებ არ არსებობს. პირველი სკოლა, რომელზეც ცნობებია შემორჩენილი, დაარსებულ იქნა 1075 წელს. 1860 წლისთვის კი ჰონკონგში 20 სოფლის სკოლა იყო. თუმცა ჩინელებმა, რომლებიც იმ დროისთვის ჰონკონგის ტერიტორიაზე სახლობდნენ, ამჯობინეს, შვილებისთვის სამშობლოში მიეცათ განათლება. 1861 წელს, ჰონკონგში ინგლისელების მოსვლიდან მოყოლებული, მდგომარეობა კარდინალურად შეიცვალა.

საინტერესოა სასკოლო სწავლის ხანგრძლივობის ისტორიული განვითარების დინამიკა ჰონკონგში. 1960 წლიდან სასკოლო განათლება გულისხმობდა ოთხწლიან დაწყებით და ხუთწლიან საშუალო განათლებას, 1971 წლის შემდეგ – ექვსწლიან სავალდებულო საწყის განათლებას და სამწლიან საშუალო განათლებას (ორივე საფეხური, 1971 წლის მონაცემებით, სახელწიფოსგან ფინანსდებოდა), 2007 წლიდან – სამწლიან საბავშვო ბაღს, ექვსწლიან დაწყებით განათლებას, სამწლიან საშუალო განათლებას, ორწლიან უფროს კლასებს და ორწლიან მოსამზადებელ კურსს უმაღლეს სასწავლებელში ჩასაბარებლად. 

ჰონკონგის სკოლებში დიდ ყურადღებას აქცევენ მოსწავლის დისციპლინას. სკოლების უმეტესობა საჯარიმო ქულების სისტემას იყენებს. მოსწავლის ანგარიშზე აღირიცხება შინაგანაწესის ყოველი დარღვევა. დისციპლინის მესამე სერიოზული დარღვევის შემდეგ მოსწავლე სკოლიდან ირიცხება. უდისციპლინობამ კი შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს მის მომავალ კარიერას. თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ ჰონკონგის სკოლებში მოსწავლეებს ერთნაირ დისციპლინურ მოთხოვნებს არ უყენებენ. შეინიშნება მასწავლებლების მხრივ საკუთარი უფლების ბოროტად გამოყენების შემთხვევებიც – ანგარების მიზნით საჯარიმო ქულების არდარიცხვასთან დაკავშირებით.

დაწყებითი განათლება. ამ საფეხურზე სასწავლო პროგრამა გულისხმობს ჩინური და ინგლისური ენების, მათემატიკის, მუსიკისა და ფიზიკური კულტურის შესწავლას. მანამდე სწავლა ორიენტირებული იყო სამ კომპონენტზე – საზოგადოებრივ მეცნიერებებზე, მედიცინასა და ზუსტ მეცნიერებებზე. 1996-1997 სასწავლო წელს შემოღებულ იქნა რელიგიური განათლებაც.

საშუალო განათლება. ჰონკონგში საშუალო განათლება განსაკუთრებით არის ორიენტირებული ინგლისური განათლების სისტემაზე. გიმნაზიის მოსწავლეთა უმრავლესობამ უნდა აირჩიოს სპეციალიზაცია – მეცნიერების, ხელოვნების ან ბიზნესის სფეროში. სწავლის დასრულებისთანავე მოსწავლეს ეძლევა სერთიფიკატი HKCEE, რომელიც ეკვივალენტია ბრიტანული GCSE-ს სერთიფიკატისა. თუ მოსწავლემ განსაკუთრებული ცოდნა გამოამჟღავნა და მიიღო HKALE-ს სერთიფიკატი, მას თავისუფლად შეუძლია უმაღლეს სასწავლებელში უგამოცდოდ ჩარიცხვა. 

საერთაშორისო სკოლები, რომლებიც დაწყებით და საშუალო განათლებას იძლევა, ჰონკონგში წარმოდგენილია შემდეგი დაწესებულებების სახით: International institutions like Li Po Chun United World College, Hong Kong International School, German Swiss International School, Canadian International School, French International School and Chinese International School. ასეთ სკოლებში ჩასარიცხად არ არის საკმარისი ჰონკონგური გამოცდების ჩაბარება. აუცილებელია А დონისა და ბრიტანული სკალის მიხედვით GCSE, IGCSE-ს შესაბამისი ცოდნის დემონსტრირება ან ამერიკული სისტემა SAT-ის დაკმაყოფილება.

დაწყებით სკოლაში ბავშვები არავითარ გამოცდას არ აბარებენ. 2012 წლამდე ჰონკონგის განათლების სისტემაში გათვალისწინებული იყო ორი გამოცდა: პირველი – არასრული საშუალო სკოლის დამთავრებისას და მეორე – სრული საშუალო სკოლის დამთავრებისას, – მაგრამ 2013 წლიდან შემოიღეს ცვლილებები, რომელთა მიხედვით, სკოლის მოსწავლეებს მხოლოდ ერთი გამოცდის ჩაბარება მოუწევთ – სკოლაში სწავლის მთლიანი ციკლის დასრულების შემდეგ.

ჰონკონგური სკოლის მოსწავლეებს შეუძლიათ, აირჩიონ ერთ-ერთი პროგრამა: სწავლა დილის საათებში, დღის მეორე ნახევარში ან მთელი დღის განმავლობაში (ანუ ე. წ. გახანგრძლივებული სკოლა). სასწავლო დაწესებულებათა უმეტესობის პრიორიტეტულ პროგრამას სწორედ ეს უკანასკნელი წარმოადგენს. ზოგიერთ პროგრამაში ძირითადი დისციპლინების გარდა ყურადღება ექცევა ასევე მოსწავლის საქმიანობას სკოლის მიღმა. სკოლებში სწავლება ჩინურ ენაზე მიმდინარეობს. მეორე ენად არცთუ იშვიათად ინგლისურსაც ასწავლიან.

ჰონკონგის განათლების სისტემა უკანასკნელ წლებში არსობრივად მოდერნიზდა, სამხრეთ კორეის მსგავსად, აქაც ინტენსიურად დაიწყეს ბეჭდური სასწავლო მასალების ჩანაცვლება ციფრული მატარებლებით. საკლასო ოთახში მოსწავლეთა რაოდენობამ შეიძლება ორმოცსაც მიაღწიოს, მაგრამ მასწავლებელს კვირაში 10-12 საათზე მეტხანს მაინც არ უწევს სწავლება. 

მოამზადა დავით თინიკაშვილმა 

ედრიან მოულის ყველაზე მელოდრამატული საიდუმლო დღიურის შესახებ

0

თუ 14 წლის მოზარდი
ხარ, აკნე გაწუხებს, მშობლებს შენთვის არ სცალიათ, მიგაჩნია, რომ არასრულფასოვნად იკვებები, ხოლო შენს ოჯახში დაძაბული მდგომარეობაა, მაშინ იცოდე, შენც ედრიან მოულივით
ინტელექტუალად ყალიბდებიინტელექტუალებს, როგორც წესი, მძიმე ბავშვობა აქვთ გადატანილი. ასე ჰგონია 13 წლის ედრიან, რომელიც ვეტერინარობას
აპირებს და არც ინტელექტუალობაზე
ამბობს უარს.

სანამ ედრიანი ვეტერინარი
გახდება, შესაძლოა, პროფესიული გეგმები შეცვალოს და სიტუაციური კომედიების მწერალი გახდეს,
ეს კი მეტ-ნაკლებად BBC-ის მალკოლმ მაგერიჯზეც არის დამოკიდებული, რომელსაც ედრიანი თავის ხელნაწერ
ლექსებს უგზავნის, მაგრამ მისგან პასუხს
ვერა და ვერ ეღირსა.

 

აი, მისი ერთ-ერთი ლექსი:

 

ონკანი

 

ონკანი წვეთავს და არ მაძინებს,

დილით ვიხილავ იმის ქვეშ ტბას.

ონკანის გამო ფუჭდება ნოხი,

ისევ იშრომებს მამილო ჯოხით.

იღონე რამე, ნუ ხარ ზარმაცი,

გვიხსენი, მამი, თუკი ხარ კაცი!

 

ასეთ მძიმე ვითარებაში ჩავარდნილი ედრიანი იმდენ საქმეს აკეთებს სახლში, არა მგონია, მისი თანატოლირომელიმე ქართველი მოზარდი იმავეს ახერხებდეს. მას შეუძლია, გახეხოს უნიტაზი, გაწმინდოს ნიჟარა და აბაზანა,
მოამზადოს საუზმე, ჩართოს სარეცხი მანქანა,
წავიდეს ბინძურ კომუნისტ ბერტ ბაქსტერთან და ჭურჭელი გაურეცხოს, შრომის გაკვეთილზე
გამოაცხოს ვაშლის ღვეზელი, შინ დაბრუნებულმა
მტვერსასრუტით გაწმინდოს შემოსასვლელი, მისაღები და სასადილო, დათალოს კარტოფილი, დაჭრას კომბოსტო, ხორცის დაბეგვილი
ნაჭრები დააწყოს გრილზე და კულინარიულ წიგნში იპოვოს საწებლის რეცეპტი, გარეცხოს ჭურჭელი, დასალბობად ჩაალაგოს მიმწვარი
ტაფებიგავაგრძელო?
შესაძლოა, გაიფიქრეთ კიდეც:საწყალი ბიჭი, ნუთუ დედა არ ყავს, რომ ბავშვს საჭმელი მოუმზადოს?კი, როგორ არა, ედრიანს ყავს ჟღალთმიანი
დედა პოლინი, რომელიც ბოლო ხანს ღირსების
გრძნობის განსავითარებელ სემინარებზე დადის, სადაც მხოლოდ ქალები დაიშვებიან და ფემინისტურ
ლიტერატურასაც კითხულობს, რომ თავისი თავი
იპოვოს. არავინ
თქვას მდაა” – არც ერთმა ჩვენგანმა
არ იციწინასწარ,
რა ელის. იდეალური
დედის უკან შეიძლება დაღლილი, გატანჯული
დედა იდგეს, რომელსაც მძიმე დრო უდგას. და ედრიანსაც
სხვა რა გზა აქვს, ცდილობს, ამ ყველაფერს
გაგებით მოეკიდოს.

 

ედრიან მოულის საიდუმლო დღიურითებერვლის ერთ სუსხიან დღეს წავიკითხე და მას შემდეგ, თუკი სადმე მარტოსულ მოზარდს გადავეყრები, ამ წიგნს ვთავაზობ.
ის დამკვიდრებული ტერმინი რომ
მოვიშველიოთ, რომლითაც წიგნებს აფასებენ, ედრიან მოულის ამბავი მართლაც ძალიან ცხოვრებისეულია, თანაც ბევრ თანამედროვე პრობლემას ასახავს: თუნდაც იმას, როგორ ჩნდება ბზარი ოჯახურ ურთიერთობებში, რა ცოტა
დრო რჩება მშობლებს შვილისთვის,
აოდენ მნიშვნელოვანია, ორივე მშობლი თანაბრად ზრუნდეს შვილზე, აოდენ მნიშვნელოვანია შვილის ღირსებებზე საუბარი და ამ
ღირსებების მიხედვით
პატარა ადამიანის მოტივირება. ამიტომ ეს წიგნი
რეკომედებულია მშობლებისთვისაც,
რათა სულ სხვა რაკურსიდაინახონ
თავიანთი შვილების ცხოვრება, რომელიც მათ თვალწინ მიედინება.

 

13-14 წელი კი მართლაც ძალიან ფაქიზი ასაკია, გულისგამაწვრილებელი
ვულგარული აკნეთი, კომპლექსებით, გარემოსადმი ფრთხილი დამოკიდებულებით. ხშირად გარემო თავად
არის არაადეკვატური და დაკომპლექსებული, სათანადო ყურადღებას და სითბოს
ვერ იჩენს, მერე კი, ოდესმე, ჩვენს ოთახში შეკეტილები, ვიწყებთ დღიურის წერას, ვყვებით ჩვენს პრობლემებზე,
რომლებიც მშობლებს და მეგობრებს არ გვანდეთ – შეგვეშინდაან სათანადო ნდობა ვერ ვიგრძენით მათ მიმართ; მშობლებსაც ისე თავზე საყრელად ჰქონდათ საზრუნავი, ალბათ ავიწყდებოდათ
ძილის წინ საწოლის თავთან ჩამოჯდომა და პრობლემებზეგულახდილად საუბარი.

 

მთავარი პრობლემა კი ნდობაა, უკეთ, მისუქონლობა.მშობლები არ ენდობიან შვილებს. თავის მხრივ, არც შვილები ენდობიან მათ. ეს ორმხრივი უნდობლობა
კი ოჯახურ ურთიერთობებში სრულ გაუცხოებას
იწვევს.

 

სიუ ტაუსენდი,რომელიც მოულების ოჯახში ჩასახლდა, ეგებ ცოტა უხერხულადაც კი მოიქცა, რომ ედრიანის მელოდრამატული ამბები საჯაროდ გამოიტანა,
მაგრამ ეს ქერათმიანი შუახნის ქალბატონი რომ არა, ვერასდროს
გავიცნობდით ედრიან მოულს და თავი ყველაზე უბედური და მარტოსული ადამიანი
გვეგონებოდა მთელ მსოფლიოში,
თან კარგა ხანს ვერ ვიცინებდით
ისე გულიანად, როგორც მისი დღიურის კითხვისას.

 

სულელური მელოდრამებიც კი ხანდახან სიმართლეს ამბობენ,
მაგალითად, ასეთს: რასაც
ვკითხულობთ, იმას ვემსგავსებით,
ისეთივეები ვხდებითან კარგები, ან ცუდები. იგივე ხდება
საბავშვო ლიტერატურის კითხვის დროსაც – სულ ცოტა ხნით საკუთარ თავთან, მზით გამთბარ ბავშვობაში გვაბრუნებს,მერე კი საკუთარ შვილებთან. ამიტომ არასოდეს უნდა შევწყვიტოთ პატარების წიგნების კითხვა და მათი
მოსმენა, თუ გვინდა, არასოდეს დავკარგოთ ისინი.

ბლუმის ტაქსონომია მათემატიკის სწავლებისას

0

სიტყვა „ტაქსონომია” აღნიშნავს ქმედებას, რომელიც კლასიფიცირებას
უკავშირდება. იგი წარმოდგება ბერძნული სიტყვებისგან























 – ტაქსის, რაც ნიშნავს წესრიგს, დალაგებას
და






 – ნომოს, რაც ნიშნავს კანონს, მეცნიერებას.
ეს ქმედება (კლასიფიცირება) შესაძლოა დაკავშირებული იყოს როგორც რეალურ ობიექტებთან,
ასევე ცნებებსა და იდეებთანაც. გარდა ამისა, იგი მოიცავს იმ პრინციპების აღწერასაც,
რომლებსაც ეფუძნება ეს კლასიფიკაცია. კერძოდ, განათ­ლების სფეროში საკმაოდ გავრცელებული
ტერმინი ბლუმის ტაქსონომია უკავშირდება სასწავლო მიზნების კლასიფიკაციას და
ამ კლასიფიკაციის პრინციპების აღწერას. იგი 1956 წელს შეიმუშავა განათლების სპეციალისტთა
ჯგუფმა, რომელსაც ხელმძღვანელობდა ბენჯამინ ბლუმი. ამ პრინციპების მთავარი მიზანი იყო
განათლების სპეციალისტებს შორის კომუნიკაციის გაუმჯობესება, სასწავლო კურიკულუმებისა
და შეფასების სისტემების შექმნის ხელშეწყობა.

ვრცლად

სასურველი (საძულველი) ჰაგიოგრაფია

0
– შუშანიკს, – მიპასუხა მეათეკლასელმა ისეთი ხმითა და გამომეტყველებით, თითქოს რაიმე ოკულტურ მეცნიერებას ან მსხვერპლშეწირვის რიტუალს ასწავლიდნენ სკოლაში. სტატიის დაწერაც ამის შემდეგ გადავწყვიტე.

მოსწავლეები, მშობლები თუ მეურვეები ამბობენ, რომ ჰაგიოგრაფიული ლიტერატურა ძნელი გასაგებია, რომ არ არის საჭირო, ამ ტიპის ტექსტები სკოლაში ისწავლებოდეს და ა.შ. რა იღონოს ამ დროს მასწავლებელმა?!

პრობლემა ის არის, რომ ამ ტექსტების ღირსებათა წარმოჩენა დღეს სიტყვა „ჰაგიოგრაფიულით” იწყება და მთავრდება. ავიღოთ კოორდინატთა სიბრტყე, სადაც X და Y კოორდინატთა კვეთა ანუ ნულია სიტყვა „ჰაგიოგრაფია”, ხოლო ამ ტიპის ტექსტთა ყველა საინტერესო თავისებურებას ნულისგან განსხვავებული მდებარეობა აქვს. მოსწავლისთვის ტექსტი მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება მისაღები.

არა მხოლოდ 15-16 წლის მოზარდისთვის (რომელსაც კომპიუტერული თამაშები და მეგობრებთან ვირტუალური მიმოწერა აინტერესებს), არამედ უფროსი ასაკის ადამიანისთვისაც ნაკლებსაინტერესო იქნებოდა ჰაგიოგრაფიული ლიტერატურა, ეს ტექსტები მხოლოდ წმინდანთა გაბმული ტანჯვა-ვაების სურათებად რომ დაგვესახა.

მასწავლებელი ვალდებულია, ჰაგიოგრაფიული ტექსტები კარგად „შეფუთოს”, ბრენდირება გაუკეთოს მათ. ყველა ამ ტიპის ტექსტში აღწერილია სასწაულები, რაც მას საშუალებას აძლევს, კონკრეტული ტექსტი ახსნას როგორც ფენტეზის ჟანრის თანამედროვე ლიტერატურული პროდუქტი (ამ შემთხვევაში მასალისადმი მოსწავლეთა ინტერესი და საგაკვეთილო პროცესში ჩართულობა გაიზრდება).

მსოფლიო ჰაგიოგრაფიულ ტექსტთა შაბლონური გეგმა ასეთი იყო: წმინდანის მშობლები, მისი დაბადება, აღზრდა, ქრისტიანული იდეალების ბავშვობიდან შეყვარება, წმინდა ცხოვრება, მარხვა-ზიარება, ლოცვა, მარტვილობა, სასწაულები, ტანჯვის დათმენა და აღსასრული.

ახლა ქართულ ჰაგიოგრაფიას დავუბრუნდეთ და გავიხსენოთ კონკრეტული ტექსტები, თუნდაც წმინდა შუშანიკის ცხოვრება: იაკობ ხუცესს, გარდა იმისა, რომ დასაწყისიდან აღსასრულამდე აღწერს წმინდანის მარტვილობას, აღუნიშნავი არ რჩება შუშანიკის ხასიათის თავისებურებანი, მცირე ცხოვრებისეული დეტალებიც კი. ხუცესი არ ერიდება ისეთი ფაქტების ჩაწერას, რომლებიც თითქმის მიუღებელია ჰაგიოგრაფიული ტექსტების შინაარსისთვის (გავიხსენოთ შუშანიკის ქცევა სუფრაზე, ჯოჯიკის ცოლთან დაპირისპირება).

კიდევ უფრო საყურადღებოა ერთი რამ. შუშანიკის წამებაში ვკითხულობთ: „და წყლულებანი დიდ-დიდნი იყვნეს და მატლიცა დასხმულ იყო წყლულთა მათ, რომელ-იგი აღიღო ხელითა თვისითა და მიჩვენებდა მე, და ჰმადლობდა ღმერთსა…” გიორგი მერჩულეს „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში” კი წერია: „იყო ხილვითა დიდ, ხორცითა თხელ, ჰასაკითა სრულ, ყოვლად კეთილ, სრულიად გვამითა მრთელ და სულით უბიწო”. პირველი ტექსტი მეხუთე საუკუნეშია შექმნილი, მეორე – მეათეში, მაგრამ ორივე მათგანი ერთ ეპოქას ეკუთვნის. საინტერესოა, რატომ განსხვავდება ორი ქრისტიანი ავტორის მიერ აღქმა ქრისტიანობისა, ქრისტიანისა?!

შუშანიკი გმობს თავის ხორციელ სხეულს. არა მგონია, გრიგოლ ხანძთელს გამაჯანსაღებელ სპა-სალონებში ევლო, მაგრამ მერჩულე მის მიერ სხეულის გმობაზე არაფერს ამბობს. რა თქმა უნდა, საბანისძე არ იცნობდა ნეოპლატონიკოს პლოტინის, მაგრამ შუშანიკზე საუბრისას არ შეიძლება არ გაგახსენდეს პლოტინის მიერ საკუთარი სხეულის გმობა, რაზეც შემდეგ იოანე პეტრიწიც ლაპარაკობს და მას „დიდ პლოტინუსს”, „კითიგემონ პორფირისს”* უწოდებს. 

„ხორცითა თხელ, ჰასაკითა სრულ, ყოვლად კეთილ, სრულიად გვამითა მრთელ”, უნდა ვიგულისხმოთ, რომ გამოხატავს ხანძთელის სულის, სხეულისა და სამშვინველის ჰარმონიულ თანაარსებობას. ეს სწორედ ის პერიოდია, როდესაც სამყაროს დუალისტური მოდელი უფრო მისაღებად მიიჩნეოდა, ვიდრე წარსულ საუკუნეებში. აქ მერჩულე არ ტოვებს (და ეს წამოუდგენელიც იქნებოდა მისთვის) იმ „სამოქმედო არეალს”, რაც არსებობდა ჰაგიოგრაფი ავტორისთვის, მაგრამ ერთი შეხედვითაც ჩანს, რა დიდი სხვაობაა მეხუთე-მეათე საუკუნეების წმინდანთა აღწერილობაში.

ქართველი ჰაგიოგრაფები ახერხებენ, არ დაარღვიონ ჰაგიოგრაფიულ ტექსტთა წერის ნორმები და, ამასთანავე, ქმნიან ტექსტებს, რომლებშიც მკაფიოდ ჩანს წმინდანთა ემოციები, აზრები, ფიქრები, ეჭვები, შიში, იმედი – ყველაფერი ის, რაც ახასიათებს ჩვეულებრივ ადამიანს.

სწორედ ეს არის კიდევ ერთი საშუალება, რამაც უნდა გააქროს გაუცხოება მოსწავლესა და ჰაგიოგრაფიულ ტექსტებს შორის ისე, როგორც ეს უკანასკნელი არ არსებობს თანამედროვე ტექსტებთან დაკავშირებით.

ჩინელ დაოისტ ფილოსოფოს ჩჟუან-ძის დაესიზმრა, რომ იყო პეპელა და როდესაც გამოეღვიძა, დიდხანს ვერ მიხვდა, ვინ იყო ის – ჩჟუან-ძი, რომელსაც დაესიზმრა, რომ იყო პეპელა, თუ პეპელა, რომელსაც დაესიზმრა, რომ იყო ჩჟუან-ძი. აქაც სწორედ ეს მდგომარეობაა; მასწავლებელმა, უპირველესად, უნდა აუხსნას და დაუსაბუთოს მოსწავლეებს, რომ ჰაგიოგრაფიული ტექსტები და მათი ავტორები შესაძლოა სულიერი და გონებრივი განვითარების უფრო მაღალ საფეხურზე იდგნენ, მეტად ჰქონდეთ შემეცნებული საგნებისა და მოვლენათა თავისებურებანი, ვიდრე თანამედროვე ადამიანს.
* კითიგემონი – ბელადი, წინამძღვარი

პალადიუმი – იდეალური რანდევუ ნახშირბადატომებისთვის

0
დღევანდელ პოლიტიკური, სოციალური თუ ეკონომიკური კატაკლიზმებით დამუხტულ სამყაროში ურთიერთობის ფენომენი კიდევ უფრო დიდ დატვირთვას იძენს. კონფლიქტების თავიდან ასაცილებლად თუ მათ მოსაგვარებლად ყველაზე ეფექტური იარაღი ურთიერთობის ხელოვნებაა, და თუ ჩვენს დედამიწას სადმე პირგახსნილი იარა ამჩნევია ან ჯერაც არ მოშუშებია ძველი ჭრილობა, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ვერ შევძელით, ერთმანეთისთვის თვალებში ჩაგვეხედა.

ქიმიური რეაქციაც ურთიერთობაა, მოლეკულების ურთიერთობა, და ხშირად რეაქციის ჩატარება ამ ურთიერთობის ხელოვნების დიდ ცოდნას მოითხოვს. შესაძლოა, ვინმეს დაებადოს კითხვა: რატომ არ შედიან ერთმანეთთან ყოველთვის რეაქციაში ორგანული ნაერთები? ყველა მათგანი ხომ ნახშირბადის შემცველია. დღეს ნახშირბადის ჩამომავლობის იმდენი კლასის ნაერთია მიღებული, რომ შორეული წინაპარი ძნელად თუ ახსოვს ვინმეს… ჩვენც და რუსებიც, ბერძნებიცა და თურქებიც, ირლანდიელებიცა და ინგლისელებიც ადამის მოდგმისანი ვართ, თუმცა, ჩვენი დღევანდელი ურთიერთობების შემხედვარე, ამის დაჯერება ძნელია.

ძნელია, მოლაპარაკების მაგიდასთან დასვა სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულების მქონე ქვეყნები. ასევე ძნელია ისეთი სუბსტანციების ერთმანეთთან რეაქციაში შეყვანა, რომლებიც ერთმანეთში უხსნადნი არიან ან სხვადასხვა აგრეგატული მდგომარეობა აქვთ. აირს ყოველთვის უჭირს სითხესთან, მით უფრო – მყარი აღნაგობის სუბსტანციასთან, ურთიერთობა. ამ დროს რეაქციები შეხების მხოლოდ საზღვარზე მიმდინარეობს და საზღვრიდან დაშორებული მოლეკულებისთვის უცნობია საზღვრისპირა „კონფლიქტში” ჩართული თანამოძმეების ვნებათა ღელვა. ისინი მხოლოდ მაშინ ჩაერთვებიან ჭიდილში, როცა მორეაგირე კომპონენტების გამყოფი საზღვარი „მათ ბოსტანზე გაივლის”. ამიტომ რეაქცია (ურთიერთქმედება) მეტისმეტად ჭიანურდება და ხშირად ჩვენთვის სასურველი მიმართულებითაც არ მიდის.

მაგრამ ქიმიკოსებს, პოლიტიკოსებისგან განსხვავებით, შეგვიძლია ვიამაყოთ, რადგან ჩვენ მოლეკულათა ურთიერთობის ხელოვნება ისეთ რანგში ავიყვანეთ, როცა შეგვიძლია, ორ ერთმანეთში უხსნად ნაერთს შორის რეაქცია ჰომოგენურ არეში ჩავატაროთ – ვიპოვეთ, შევქმენით კატალიზატორები, რომელთა ზედაპირი შესანიშნავი „მოლაპარაკების მაგიდაა” კონფლიქტში ჩართული მოლეკულებისთვის.

ასეთი მეთოდი და კატალიზატორი არაერთია, მაგრამ ამჯერად მინდა შევჩერდე რეაქციაზე, რომელმაც 2010 წელს ნობელის პრემია დაიმსახურა.

ორგანული ქიმია ისე განვითარდა, რომ ხელოვნებაში შეიჭრა და დღეს მეცნიერებს უკვე ხელეწიფებათ, სინჯარებში განსაცვიფრებელი ნივთიერებები მიიღონ. ყოველივე ამისგან კი კაცობრიობა იღებს დიდ ბენეფიტს ახალი თაობის მედიკამენტების, მიკრო- და ნანოელექტრონიკისა თუ სხვა მოწინავე ტექნოლოგიების მასალების სახით.

2010 წელს ნობელის პრემია ქიმიაში მიენიჭათ რიჩარდ ფ. ჰეკს, ეი-იჩი ნეგიშს და აკირა სუზუკის „ორგანულ სინთეზში პალადიუმკატალიზური ჯვარედინი შეუღლებების მეთოდის შემუშავებისთვის”. ამ მეთოდის წყალობით ქიმიკოსებს მიეცათ საშუალება, მიეღოთ ისეთი რთული აღნაგობის ნახშირბადოვანი ნაერთები, რომელთა სინთეზი მხოლოდ ბუნებას შეეძლო!

ორგანული ქიმია (ნახშირბადოვანი ნაერთები) არის სიცოცხლის საფუძველი და პასუხისმგებელი მრავალი ბუნებრივი ფენომენის არსებობაზე, მაგალითად, ისეთებისა, როგორიც არის ყვავილის ფერი, გველის შხამი და ბაქტერიების გამანადგურებელი სუბსტანციები (მაგ., პენიცილინი).

ასეთი რთული აღნაგობის ნაერთების მისაღებად ქიმიკოსებს უწევთ ნახშირბადატომების ერთმანეთთან დაკავშირება, მაგრამ ნახშირბადი მდგრადი ნაერთია და მისი ატომები არც ისე ადვილად ურთიერთქმედებენ ერთმანეთთან. პირველი მეთოდი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი გახდა ნახშირბადოვანი ჩონჩხის კონსტრუირება, ითვალისწინებდა ერთ-ერთი ნანშირბადატომის გადაყვანას აქტიურ, შედარებით უფრო რეაქციიისუნარიან ფორმაში. მაგრამ ასეთი მეთოდები, მიუხედავად იმისა, რომ წარმატებით მუშაობს მარტივი სტრუქტურების მიღებისას, არაპრაქტიკული აღმოჩნდა რთული აღნაგობის ნაერთების სინთეზის დროს, ვინაიდან ძირითად ნაერთთან ერთად ყოველთვის მიიღება დიდი რაოდენობის უამრავი თანაური პროდუქტი.

პალადიუმით კატალიზირებულმა ჯვარედინი შეუღლების მეთოდმა აღნიშნული პრობლემა მოაგვარა და ქიმიკოსებს საშუალება მისცა, შედარებით მარტივი ტექნიკის საშუალებით მიეღოთ საკმაოდ რთული სტრუქტურები. ჰეკის, ნეგიშისა და სუზუკის რეაქციებში ნახშირბადისა და პალადიუმის ატომების ურთიერთშეხვედრის ეფექტი შეიძლება აქსელერატორზე ფეხის სწრაფ დაჭერას შევადაროთ.

პალადიუმკატალიზირებული ჯვარედინი შეუღლების რეაქციას დღეს უკვე ფართოდ იყენებენ, მათ შორის – მედიკამენტებისა და ელექტრონიკაში გამოსაყენებელი მასალების სამრეწველო სინთეზში.
კატალიზატორის მოქმედება კი სქემატურად ქვემოთ არის ნაჩვენები:
 
 
ამრიგად, ნახშირბადატომებისთვის პალადიუმი უკვე ნაპოვნია. ახლა ადამიანების „პალადიუმია” საპოვნელი…

,,ნათლობის“ კვირა, საფობიეთი და მოშინაურებული მგლები

0
აი, ახალი სასწავლო წლის პირველი კვირაც დამთავრდა და  ცხრამეტ მეორეკლასელთან ერთად,  ახალი საკუთარი თავიც გავიცანი. მიუხედავად თეორიული ,,მზადყოფნისა”, უამრავი შეცდომა დავუშვი და კლასიც და ხმაც ერთდროულად ,,გამექცა”,  პირველად ვიტირე უფროსის კაბინეტში, გადავიტყავე მუხლები, ეჭვი შევიტანე საკუთარ ძალებში და  ბოლოს, მგლის შიშით ლამის ცხვარიც გავწყვიტე, ანუ  სასოწარკვეთაში ჩავვარდი… ,,ვიჯექ სასოწარკვეთაში, როგორც მგლისათვის გათხრილ ბნელ ორმოში და ველოდებოდი მგელს. მგელი, სამწუხაროდ, სასოწარკვეთაში არ ჩამოვარდნილა”, პირიქით, თავზე ერთგული ძაღლივით დამწკმუტუნებდა და  წამოდგომას მთხოვდა. 

აქამდე თავი საკმაოდ დიდი და ძლიერი მეგონა, მაგრამ მოულოდნელობის ტყიდან გამოვარდნილი  უცნობი მტაცებელი (სქოლიოფობია – სკოლის შიში)  შტორმივით დამატყდა თავს და ეს ჩემი  მრავალ ქარიშხალგამოვლილი ნებისყოფა ხუხულასავით,  სულის ერთი შებერვით, დამინგრია, მერე კი თავად  გამომიწოდა დახმარების ხელი. სწორედ ამ ახლად შეძენილ–დამეგობრებულმა ფობიამ გამახსენა მთელი ჩემი ბავშვობის საფობიეთი, მოშინაურებული მგლები  და მათთან ერთად შიშის ყველა კუთხე–კუნჭულში  შეჭყეტილი გოგო.
***
1993  წლის პირველი თვე იდგა. ეს უხვთოვლიანი ზამთარი სახლიდან ჭიშკრამდე გაყვანილი თოვლის გვირაბების, მოხარშული სიმინდისა და ღუმელში შებრაწული დაშაქრული ვაშლის სურნელით  სავსე  საღამოების გარდა, ათიოდე წლის გოგოს დამოუკიდებლად მიღებულ პირველ და ყველაზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მახსენებს.  სწორედ მაშინ გადავწყვიტე პერსონალური საფობიეთის მოშინაურება, თუმცა წარმოდგენაც არ მქონდა, სად მდებარეობდა ეს მხარე და  იმ ერთადერთ ,,გზის მაჩვენებელს” გავყევი, ჩვენი სახლის უკანა ეზოში რომ მეგულებოდა.

ბატონი ნიქტო(ფობია) ქალბატონ მელანო(ფობია)სთან  მეგობრობდა. ის დაღამებისთანავე უზარმაზარი ჩრდილის მოსასხამს მოიგდებდა მხრებზე და ყორანივით შავი კაბის  ფრიალ–შრიალით მონარნარებულ ,,მელანოს” ტანგოს ეცეკვებოდა.  ამ ,,საცეკვაო მოედანზე” მარტო გასვლას ყოველთვის  ვარიდებდი თავს. მაგრამ ერთ საღამოსაც ქათმების განწირულმა კრიახმა მაიძულა ბეწვის ხიდიც გადამერბინა და უღრან ტყეში, ანუ ღამის იდუმალებით  ერთიორად გადიდებული საქათმის მიწაზე დამედგა ფეხი. მიუხედავად იმისა, რომ ყველა პატარა გოგოს მსგავსად, შუაგულ საზღაპრეთში ვცხოვრობდი, გზის გამოსაგნებად თოვლიან ბილიკზე პურის  ნამცეცები არ დამიყრია (არადა, დღისით, ბაბუასეულ უზარმაზარ ბაღში შესვლისას, ხშირად  ვიქცეოდი ასე). ახლაც  ვგრძნობ, როგორ მეხვეოდნენ აჩურჩულებული ჩრდილები, მიძვრებოდნენ ქურთუკის საყელოში, თვალებში. შიში ჩემს სხეულს ტალღასავით  ეხეთქებოდა და სახლისკენ მიბიძგებდა, მაგრამ რადგან გადავწყვიტე, უკან დახევა  აღარ  ვიკადრე  და შედეგად ორიოდე ქათამი მაინც გადაურჩა ტურის მსგავსი არსების კლანჭებს. როგორც ჩანს,  ჩემს საფობიეთში ალეკროფობია, ანუ ქათმების შიში  არ ბინადრობდა,  ან უფრო ადრე, ღრმა ბავშვობის ბინდბუნდში მოვიშინაურე და არ მახსოვს.

შემდეგ მელისოფობიის (მელიისა არ გეგონოთ) –  ფუტკრების შიშის კარმიდამოს მივადექი. ალბათ ყველას გახსოვთ ვინი პუჰი – ,,საავდრო ღრუბელი”  თაფლის მოპარვას რომ  განიზრახავს. ჰოდა, მეც მას დავემსგავსე,  ფუტკრებთან დამეგობრების თუ მოტყუების ყველა ბუშტი– მცდელობა რომ გამისკდა და ძირსაც მწარედ დავენარცხე.  მელისოფობიის კარ–მიდამოში მეგობრობანას თამაში მასპინძლისათვის ფატალური, სტუმრისთვის კი გასიებულ ცერა თითზე ალესილი დანის პირის დასმით დასრულდა. დავრჩით მე და ჩემი მკბენარა ფობია  კონფლიქტური ზონებივით. მას მერე როცა ფუტკარს, ბზიკს ან უარეს შემთხვევაში, ბაზს ვხედავ, იან ლარის საკუთარ ეზოში მოხეტიალე კარიკასა და ვალიკას მსგავსად ვპატარავდები და უახლოესი თავშესაფრისკენ გავრბივარ.

ჩემი საფობიეთი ალბათ ფუტკრების ვერმოშინაურებას უნდა უმადლოდეს კიდევ ერთი დე–ფაქტო ტერიტორიის შემომატებას.  ნემსის შიში(ენეტოფობია)  ტკივილის შიშზე (ალგოფობია) ძლიერი აღმოჩნდა და  ჩემდა საუბედუროდ, გულის წასვლის ფონზე გაკეთებული ანალიზების,  არასდროსგაყუჩებული ყბებისა და გაოცებული სტომატოლოგების თვალწინ, კიდევ უფრო იზრდება და ძლიერდება. 

არავის უსწავლებია და არც ის ვიცი, რატომ ვაკეთებ ამას, მაგრამ როცა რაღაც ძალიან მტკივა, წარმოვიდგენ, რომ იმ ადგილას რაიმე წვეტიანი საგანი მაქვს შერჭობილი (მაგალითად, ხიჭვი) და წარმოდგენის ძალით ვცდილობ მის ამოღებას. თქვენ წარმოიდგინეთ, ხშირად გამომდის–კიდეც.

 ცოტა რომ გავიზარდე , სადღაც მეთხუთმეტედან მეთექვსმეტე შემოდგომისკენ მიმავალ გზაზე ერთ ძალიან უცნაურ საფობიეთის მკვიდრს გადავეყარე. მაშინ უკვე პირველი სიყვარულის სურნელი იდგა ჩემს სამყაროში.  შესაბამისად, საკუთარ მომავალზეც დავფიქრდი, რამდენიმე წლის იქით გადავიხედე და ეს ცოტათი მოსულელო, მაგრამ დიდი მაკვარანცხი  ქალბატონი მაგეიროკო (ფობია), ანუ საჭმლის მომზადების შიში დავლანდე. არ გეგონოთ, ოჯახი მშიერი დამეტოვებინოს, მაგრამ როგორც ჩემი საუკეთესო კულინარი–მეგობარი ამბობს, ჩემს გაკეთებულ კერძებს რაღაცნაირი, შიშის გემო დაჰყვებათ (მარილის და სანელებლების გადაჭარბების მეშინია). 

კიდევ ერთი სასაცილო ფობია მახსენდება. კარადასავით დიდი, მჭექარეხმიანი და კიდევ, გუგულიანი  კედლის საათების მეშინოდა. ჩემი  ღამეული ისტერიკების წყალობით,  ახალი ოჯახის საამაყო საგვარეულო რელიკვიამ დიდი ხნით სხვენზე დაიდო ბინა. 

გავიდა დრო და სიყვარულის შემეშინდა, ფილოფობიის ფილოსოფიას ვერაფერი გავუგე და დაკარგული ტერიტორიების სიას მივუერთე. მაგრამ რა ვიცოდი, რომ  ჩემ მიერ ასე დიდსულოვნად გათავისუფლებული მონა  მთელ  მონოფობიეთს (საკუთარი თავის შიში)  ამიჯანყებდა და მისი ბატონობა ყველაზე დიდხანს გასტანდა. ამ პერიოდში ყველა მოშინაურებული მგელი გამიველურდა. სიზმრების ტყეში თავისუფლად დაძუნძულებდნენ ახალი მეთაურის – სომნიფობიის (ძილის შიში) თანხლებით, რომელიც ხანდახან  ახლაც კამკრავს ხოლმე კბილს. 

ამ სამიოდე წლის წინ მოვიკრიბე ძალა და ყველა ძველ მეგობარს თუ ახალ შიშს თვალებში ჩავხედე. მათი უმეტესობა  ნელ–ნელა გამიყუჩდა, ანუ ერთად  ცხოვრება ვისწავლეთ. მთელ ამ საფობიეთში ერთადერთი შიში დამრჩა მოსაშინაურებელი და ამას მაშინ მივხვდი, როცა წალკის რაიონის ყველაზე მაღალ სოფელში მოვხვდი. ასე მეგონა, იმ  თვალუწვდენელ, უხეო სივრცეში ბუშტივით ამაფრიალებდა ქარი და ვეღარაფერი დამიჭერდა დედამიწაზე. საქმიანი ვიზიტი რომ არა, ალბათ იმ დღესვე დავუბრუნდებოდი დედაქალაქს.

რაც შეეხება ბრბოს და ხმაურის პანიკურ შიშს,  იგი ძალიან ძნელად საცნობი გამოდგა და სანამ სახელს მოვუძებნიდი, დამასწრო და თავად მომიშინაურა. მას მერე ყოველთვის მპოულობს  ბევრ ხალხში და ხმაურში ჩაკარგულს და ღიმილით მახსენებს, რომ მიუხედავად შიშისა, მე მაინც ძალიან, ძალიან მიყვარს ადამიანები.

***
მოვა დრო და ჩემს მოსწავლეებს სწორედ ასეთ ქალბატონ თამთას გავაცნობ და დამალობანას ნაცვლად, ჩემს ბეწვისხიდებიან თამაშს ვასწავლი. ვინ იცის, ამ პატარა ,,წითელქუდებს” რამდენი მგელი ჰყავთ მოსაშინაურებელი.

ორნი გზისპირას

0
– მაპატიე, ბეჟანი ხომ არ ხარ შენ? ბეჟანი, ზაზას ახლობელი… აი მაშინ, ლაგოდეხში… 

– ბოდიში და რომ ვერ გიცანი ჩემო ბატონო. ისე ბეჟანი ვარ. კი.

– როგორ ვერ მიცანი, შე კაცო, არ გახსოვს, მაშინ, ზაზას ბიჭის ნათლობაში, ჩემ გვერდით რომ იჯექი? წარსულების სადღეგრძელოზე ლექსი რომ თქვი…

– ოჰ, ახლა გამახსენდი. რავა ყველაფერი მავიწყდება ამ ბოლო დროს…

– რას შვრები, ჩემო ბეჟან, ისევ რესტორანში მუშაობ? როგორც ვიცი, კაი ფული გამოგდიოდა ადრე.

– რაღა დროს რესტორანია, კაცო. ახლა სხვა საქმეს მოვკიდე ხელი და ვნახოთ, რა იქნება…

– მაინც რა საქმეა?

– ისეთი არაფერი, ბავშვებს ვავარჯიშებ ფეხბურთში. ძმაკაცს თავისი სტადიონი აქვს და ვჯახირობ რაღაცას.
– კაცო, შენ არ იყავი მაშინ ნათლობაზე რომ დაგვცინოდი, ამხელა ხალხს მეტი საქმე არა გაქვთ, ღამეებს ფეხბურთის ცქერაში რომ ათენებთ, დასხედით, იქეიფეთო?!

– გაჭირვებას რა ვუთხარი, ჩემო ძმაო. აბა, შენ მირჩენ ოჯახს?

– ეგ ყველაფერი კარგი და თუ არ გიყვარს ეს ფეხბურთი, ბავშვებს რას ასწავლი, მითხარი ერთი, თუ კაცი ხარ!
– ვინ გითხრა, რომ არ მიყვარს?! ახლა ძალიანაც მიყვარს. ბავშვები ჩვენი ჩემპიონატის თამაშებზეც დამყავს და ვსწავლობთ ერთად ცოტ-ცოტას. აბა, ისე როგორ იქნება…

– მარტო ბავშვების ფეხბურთზე ტარება ხომ არაა საქმე? ტაქტიკა, ვარჯიში, რამე… ამას ხომ ცოდნა უნდა?

– შენ რა გგონია ახლა, ბავშვთა ფეხბურთში ყველა მწვრთნელი გარკვეულია ასეთ რამეებში?! არავინ მოგატყუოს. მე ვცდილობ მაინც, რაღაც ვისწავლო და ზოგიერთი ისეთია, არც იცის და არც აინტერესებს. აი ამ კვირას, მაგალითად, ერთ გუნდს შევხვდით, რომლის მწვრთნელი ჩემს ძმასთან მუშაობდა თეთრეულის ფაბრიკაში. ფეხბურთის გაგებაში არაა, მაგრამ ისე დაიბღინძება, იგი როა, ჰო, ლიპი თუ კლიპი – ის გეგონება! მაგან რა უნდა ასწავლოს ბავშვებს, მთელი ცხოვრება ქალის ნიფხვების მოპარვის მეტი არაფერი უკეთებია, მარა იხმარა ჭკუა, ბიძია, და ახლა კი დაბრძანდება კაი „მერსედესით”. 

– შენ არ გეწყინოს და, მართლა ძალიან ცუდად ყოფილა ჩვენი ფეხბურთის საქმე, თქვენაირი ხალხი ბევრი თუა ჩვენს ბავშვთა ფეხბურთში… 

– მე რას მემართლები, ჩემო ძმაო? სამწვრთნელო ლიცენზია მაინც მაქვს პატიოსანი გზით აღებული. ცოტა კი გამიჭირდა, მარა, აგერ, ნახე (ბეჟანი ჯიბიდან ორად გაკეცილ ლიცენზიას იღებას და ნაცნობს აჩვენებს), ახლა შემიძლია, ბაღნების გუნდი თავისუფლად გავწვრთნა. ულიცენზიო ხალხით რომაა სავსე ჩვენი ფეხბურთი, ჯობია, ამას მიაქციონ ყურადღება. თან, ხომ გეუბნები, თანდათან მეც ვსწავლობ რაღაცეებს, ისე კი არაა საქმე…
– მაინც რას სწავლობ ასეთს, მითხარი ერთი, თუ კაცი ხარ…

– როგორ თუ რას?! შეხვალ ინტერნეტში, შენ ხარ ჩემი ბატონი და, რა გინდა, სულო და გულო, რომ ვერ ნახო. სადაც რომელიმე მწვრთნელს რამე ნახაზი გაუკეთებია, ყველაფერი, რომ იტყვიან, ხელისგულზეა. შენც ადექი და ჯერ ერთი სცადე, მერე – მეორე, მერე – მესამე და ასე… ისე როგორ იქნება, ერთი ვერ გამოგადგეს. ძლიერ გუნდს დაცვაში რომ უნდა ჩაუჯდე და სუსტს რომ უნდა შეუტიო, ეს ხომ ისედაც ყველამ იცის და ასე, მიდის საქმე წინ. 
– რამდენ ბავშვს ავარჯიშებ ახლა?

– იქნება ასე, 40-45. ზუსტად არ მახსოვს, რომ არ მოგატყუო. ფულს ბევრს მე არ ვახდევინებ და არაფერი. 50 ლარი ახლა ისეთი ფული მართლა არაა, რომ მამამ შვილს ფეხბურთის ამბავში ვერ გადაუხადოს და გამოდის პატარა რაცხა..

.

– ესე იგი შენ ამბობ, რომ თვეში 2000 ლარს არაფერში აკეთებ?

– რას ქვია არაფერში? როგორ მელაპარაკები, ბიჭო, შენ?!

– როგორც იმსახურებ, ისე გელაპარაკები! ატყუებ აქ პატარა ბავშვებს და არ გრცხვენია ამხელა კაცს! რაღა ფეხბურთით გინდა ფულის შოვნა? რაც იცი, ის გააკეთე. წადი, რა, მიხედე იმ შენს რესტორანს!

– გამასწარი, თორემ მეცემინები ახლა, ბიძია, შენ! უყურე ამას… გამოვიდა ჭკუის კოლოფი…

– უსინდისო კაცი ხარ შენ. მიგტყიპავენ, ერთხელაც იქნება, მაგ ბავშვების მშობლები და ნახავ მერე…
– ახლა არ მეჩქარებოდეს, გიზამდი საქნელს…

ბატონი ბეჟანი სწრაფად ჩაჯდა იქვე, ჭადრის ხესთან გაჩერებულ მცირელიტრაჟიან ჯიპში და წავიდა. ადრიანი შემოდგომის გრილი დღე იყო. ისეთი კარგი დღე, ვარჯიში რომ მოუნდება კაცს…

ისინი საუკეთესოს იმსახურებენ

0
რაც დრო გადის, მით მეტად ვაფასებ ჩემს მასწავლებლებს. ამის მიზეზი მხოლოდ საინტერესო და მხიარული სასკოლო გარემოს მონატრება არ უნდა იყოს. წლების შემდეგ ზუსტად ვხვდები, რას ემსახურებოდა მათი თითოეული ნაბიჯი, თითოეული მოწოდება. დღეს უკეთ ვაცნობიერებ, რომ ჩემი ღირებულებების, პრინციპების მნიშვნელოვანი ნაწილი პედაგოგთა ხელშეწყობით აღმოვაჩინე. თორმეტივე კლასში ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავებულ პროფესიონალებთან მქონდა ურთიერთობა. ყველას საჯაროდ გახსენება ურთულესი ამოცანაა, ამიტომ მინდა, ჯერ მხოლოდ რამდენიმე ნამდვილი გურუს შესახებ მოგითხროთ, დანარჩენებზე კი მომავალში აუცილებლად მომიწევს დაწერა.

უპირველეს ყოვლისა, ჩემს უკანასკნელ დამრიგებელზე მოგითხრობთ, რომელიც შვიდი წელი დაგვდევდა მთასა თუ ბარში, ქალაქსა თუ მის შემოგარენში და ანტირუსული ისტერიის ფონზე ცდილობდა, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ლიტერატურა საფუძვლიანად ესწავლებინა ჩვენთვის. მეტისმეტად უინტერესო მაშინდელი სახელმძღვანელოების ნაცვლად, იგი ფარულად იყენებდა ძველ ალმანახებს. არაერთი ტრიმესტრ-სემესტრის განმავლობაში უამრავი წიგნი წავიკითხეთ და განვიხილეთ, თუმცა ერთ პატარა, თითქოსდა ნაკლებად სერიოზულ მოთხრობაზე მასწავლებელმა ყველაზე მეტი დრო დახარჯა. ეს ნაწარმოები ანტონ ჩეხოვის „Палата № 6″ გახლდათ. დამრიგებლის განსაკუთრებულმა მონდომებამ შედეგიც გამოიღო. დარწმუნებული ვარ, სწორედ მაშინ, მეცხრე კლასში, მზრუნველი ადამიანის მინიშნებით მივედი მარტივ დასკვნამდე – თავისუფლება მხოლოდ ოთხ კედელს შუა მომწყვდევით არ იკარგება, მისი გაუფასურება ღირსების შელახვით, პასუხისმგებლობის შეუგნებლობითა და უსამართლო საზოგადოებრივი ურთიერთობებით იწყება.

საქართველოს სკოლებში ცალკე ფენომენს წარმოადგენენ ქართულის მასწავლებლები. ხშირად – უმიზეზოდ, ხანდახან – სამართლიანად მრავალ მათგანს ანტისაბჭოთა ნაციონალიზმის მოძველებული პრინციპებით მოქმედებაში ადანაშაულებენ. ჩვენ კი ძალიან დიდხანს გვასწავლიდა ადამიანი, რომელსაც დღემდე ერთ-ერთ ყველაზე განათლებულ პიროვნებად და ნამდვილი, წესიერი მოქალაქის საუკეთესო მაგალითად მივიჩნევ. მისი მთავარი პრინციპი ნებისმიერი საკითხის ყველა, თუნდაც ტაბუდადებული პერსპექტივიდან შეფასება გახლდათ. შედეგად საზოგადოებისთვის, პირადად ჩვენთვის დამახასიათებელი თითქმის არც ერთი ნაკლი უყურადღებოდ არ დაგვრჩენია. მათზე გამუდმებით ვფიქრობდით და ვწერდით კიდეც, სირთულეთა მოგვარების გზებს კი ყოველთვის მერხზე გადაშლილ წიგნებში ვეძებდით და ვპოულობდით. არაერთხელ მიხელმძღვანელია ვაჟა-ფშაველას პოემების განსჯის დასრულებისას ნათქვამი მისი ფრაზით: „ადამიანი – ეს მთავარი, უპირველესი ფასეულობაა. ბრბოს საზოგადოებად გარდაქმნას ამ აზრის გაცნობიერება უყრის საფუძველს”.

პროფესიის გააზრებულად არჩევაში კი ორმა ძლიერმა, გაბედულმა და ნაკითხმა ქალმა შეასრულა უმნიშვნელოვანესი როლი. ერთი მათგანი საქართველოსა და მსოფლიოს ისტორიას მასწავლიდა, თან ყოველთვის განსაკუთრებული, ორიგინალური მხიარულებით უძღვებოდა გაკვეთილებს. მაგალითად, სერიოზული არგუმენტების ჩამოყალიბებამდე არ ერიდებოდა სტალინის „უკანონო საქონლად” (левый товар), ხოლო რუსუდან დედოფლის „მსუბუქ ხელმწიფედ” მოხსენიებას. ახლაც ვიყენებ შედარებითი პოლიტიკური ანალიზის ელემენტარულ მეთოდს, რომელიც მის მიერ დაფაზე დახაზული ცარიელი დიაგრამების შევსებისას ავითვისე. მაშინაც ლიბერალიზმსა და სოციალიზმს ვადარებდი ერთმანეთს. ისტორიის მასწავლებლის ძალისხმევით მომიხდა სახელმძღვანელოებში გაკვრით მოხსენიებული ბრიტანელი მეფის თავისკვეთის, საფრანგეთის რევოლუციის, „ჩარტისტული მოძრაობისა” თუ საქართველოს პირველი რესპუბლიკის დაფუძნების შედეგებზე თემებისა და მოხსენებების მომზადება, რომლებიც დღევანდელი გადმოსახედიდან ძალიან სასაცილო მეჩვენება. სამაგიეროდ, არასდროს დამჭირვებია უმნიშვნელო თარიღების დაზუთხვა.

წარმოიდგინეთ სკოლის ბნელ სარდაფში სახელდახელოდ მოწყობილი საკლასო ოთახი, დაფასთან ჩამოკიდებული, ათასფერად აჭრელებული ფიზიკური თუ პოლიტიკურ-ეკონომიკური რუკები და მასწავლებლის ირგვლივ – მოსწავლეთა მჭიდრო რკალი. რამდენიმე მხარედ დაყოფილი მოსწავლეები სამხრეთ იტალიის ჩამორჩენილობაზე, შვეიცარიის სახელმწიფო მოწყობაზე, ანტვერპენის პორტსა და საქართველოს კვების მრეწველობის პოტენციალზე უსასრულოდ დავობენ. ეს ჩემი გეოგრაფიის გაკვეთილია, სადაც პედაგოგი (ის მეორე, რომელიც პროფესიის არჩევაში დამეხმარა) შანსს არ უშვებდა ხელიდან, ეკონომიკური, სოციალური, გარემოსდაცვითი ფაქტორების შედარებაში დაგვხმარებოდა. მაშინდელი ჩვენი ანალიზი არც ერთხელ არ დასრულებულა მხოლოდ კაპიტალისა და ინვესტორის სასარგებლოდ. 

ჩემს გურუებს ბევრი რამ ჰქონდათ საერთო. უპირველეს ყოვლისა, ისინი არასდროს გვთავაზობდნენ დოგმებს – ყველა შესაძლებლობის წარმოდგენას, განსხვავებული მიდგომების შედარებას სჯერდებოდნენ. ხშირად არ ემორჩილებოდნენ მათთვის მიუღებელ სასკოლო რუტინას და დაუღალავად ეძებდნენ სწავლების ახალ, უფრო თავისუფალ მიმართულებებს. რაც მთავარია, ისინი კლასს მორჩილებ მასად არ აღიქვამდნენ და ამიტომ ყოველთვის დამოუკიდებელ ადამიანებად ვგრძნობდით თავს.

ამ ოთხი პედაგოგიდან სამი უკვე წავიდა სკოლიდან. მათ გზას დაადგა იმ მასწავლებელთა უდიდესი ნაწილი, რომელთა შესახებაც მომავალში მოყოლას დაგპირდით. ისინი საუკეთესოს იმსახურებენ, მაგრამ დღემდე დაუფასებლად, ფინანსური თუ სხვა ტიპის ხელშეწყობის გარეშე, არაეფექტური სისტემური ზეწოლით მოღვაწეობენ საგანმანათლებლო სფეროში. გაბრაზებულს, მინდოდა შემეხსენებინა, რომ პოლიციის განყოფილებებზე მნიშვნელოვანი სკოლებია, სპეცრაზმელებზე მეტად მასწავლებლებს სჭირდებათ მხარდაჭერა, თორემ განათლების დარგში მხოლოდ რამდენიმე გაჭირვებული გმირი და ბევრი უცნაური ადამიანი მოიყრის თავს.

ეპიზოდის ანალიზი კრიტიკული აზროვნების განვითარებაში და სტრატეგია „მოზაიკა 1“

0
„ცხოვრება პრობლემების ქონას ნიშნავს, ხოლო მათი გადაჭრა – ინტელექტუალურ ზრდას”, – ამბობდა ცნობილი ფსიქოლოგი ჯ. გილფორდი. პრობლემის გადაჭრის სხვადასხვა სტრატეგიის ფლობა კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანის ერთ-ერთი ღირსებაა.

ყოველდღიურ ცხოვრებაში ადამიანთა უმრავლესობა ერთ ან ორ სტრატეგიას იყენებს, ანუ ადამიანები დგამენ გარკვეულ ნაბიჯებს, რომლებიც, მათი აზრით, მათ მიზნის მიღწევაში დაეხმარება. ასეთი ადამიანი, რომელიც ფლობს კრიტიკული აზროვნების უნარებს, ყოველდღიურად არა მარტო იყენებს პრობლემის გადაწყვეტის სტრატეგიებს, არამედ აქვს კიდეც მათი შემეცნების, გააზრების საშუალებები: „რატომ ვმოქმედებ ასე და ამგვარად მოცემულ სიტუაციაში და არა სხვაგვარად?” 

ვრცლად 

მეგობრობა – მწერლის თვისება

0

გვერდის პარტნიორია გამომცემლობა “ინტელექტი”

– თქვენი წიგნების რეცენზიებს თუ კითხულობთ ხოლმე?

– დიახ, ვკითხულობ.

– რა აზრისა ბრძანდებით “სამოთხის” გამო “ნიუ-იორკ თაიმსში” დაბეჭდილ მიჩიკო კაკუტანის მკვეთრად უარყოფით რეცენზიაზე?

– ამ წიგნსა და მის მნიშვნელობაზე განსხვავებული მოსაზრებები რომ გაჩნდებოდა, წინასწარ ვიცოდი. ვფიქრობდი, იქნებ, ამა თუ იმ თვალსაზრისის გამოქვეყნების შემდეგ ზოგიერთმა მკითხველმა უფრო ჩაღრმავებით წაიკითხოს-მეთქი… “ნიუ-იორკ თაიმზის” ყოველდღიურ მიმოხილვაში “სამოთხე” საკმაოდ უსიამოვნოდაა ნახსენები. უფრო სწორი იქნებოდა მეთქვა – რეცენზია არ იყო კარგად დაწერილი. უსიამოვნო რეცენზიით გამოწვეული გულისტკივილი დიდხანს არ მიგყვება; ცუდად დაწერილი რეცენზია კი ძალზე შეურაცხმყოფელია. ავტორმა დრო ვერ გამონახა ამ წიგნის გულდასმით წასაკითხავად.

– როგორ გგონიათ, თავდასაცავად ხომ არ სჯობს, კაცმა საერთოდ არ უგდოს ყური კრიტიკოსებს?

– მაგას ვერ შეძლებს.

– გჭირდებათ კი იმის ცოდნა, რასაც ამბობენ?

– ზოგიერთ მწერალს მიაჩნია, რომ მათი ჯანმრთელობისთვისაც და შემოქმედებითი პროცესისთვისაც უმჯობესია, საერთოდ არ ჩაიხედონ რეცენზიებში; ან ამორჩევით იკითხონ, რადგან ზოგიერთ მათგანზე გული ერევათ. ჩემთვის მიუღებელია ამგვარი იზოლაცია. ძალიან მაინტერესებს, როგორ აღიქვამენ ამ ქვეყანაში აფრიკულ- ამერიკულ ლიტერატურას, რას წერენ მასზე, როგორ განიხილავენ. ჩვენ გრძელი, მძიმე ბრძოლა გამოვიარეთ და ჯერ კიდევ ბევრი რამაა გასაკეთებელი. განსაკუთრებით მაინტერსებს, როგორ განიხილავენ და იგებენ ქალების პროზას. ამას ყველაზე უკეთესად საკუთარ წიგნებზე დაწერილი რეცენზიების კითხვისას გავიგებ. რეცენზიები სულაც არ არის იმაზე, რასაც მე ვწერ, არაფერი ესაქმებათ ჩემს ნამუშევრებთან. არც ისეთი თავგზაარეული ქალი ვარ, რომ სხვების ნალაპარაკევით ვიმსჯელო ჩემს რომანებზე ან ვინმეს დავეკითხო, ესა თუ ის ნაწარმოები როგორ უნდა გამეკეთებინა, რას მივაღწიე- მეთქი. ასე რომ, რეცენზიებს ჩემზე დიდი გავლენა არა აქვთ, მაგრამ ძალიან მაინტერესებს ზოგადი მოსაზრებები. ხშირად უცნაურ და თავშესაქცევ რასმე წააწყდებით ხოლმე.

– “სამოთხეს” ფემინისტური რომანი უწოდეს. ეთანხმებით ამ მოსაზრებას?

– არავითარ შემთხვევაში. მე არაფრით არ დავწერდი “-ისტურ” რომანს. საერთოდ არ ვწერ “-ისტურ” რომანებს.

– ასე შორს რატომ გიჭირავთ თავი ფემინიზმისაგან?

– იმიტომ, რომ თავისუფალი ვიყო, შეძლებისდაგვარად. მე არ შემიძლია ჩაკეტილი მდგომარეობის ატანა, ამას ვერ გავუძლებ. მწერლობაში თუკი რამე გამიკეთებია, უფრო მეტყველების განვითარებისა და გახსნისათვის, ვიდრე მის ჩასაკეტავად; მიყვარს ღია კარები, ხანდახან წიგნსაც არ ვხურავ ხოლმე – ბოლოს ღიას ვტოვებ, ხელახალი ინტერპრეტაციისთვის, გადამოწმებისთვის; ცოტაოდენი ორაზროვნებისთვის. მძულს და მეზიზღება ჩაკეტილი ჩარჩოები. ეს, ალბათ, გააწბილებს იმ მკითხველებს, ვისაც ჰგონია, რომ რაღაც ფემინისტურ ტრაქტატებს ვწერ. არ მომწონს პატრიარქატი, მაგრამ სულაც არ ვფიქრობ, რომ ის მატრიარქატით უნდა შეიცვალოს. ვფიქრობ, რომ ყველაფერი სამართლიანად უნდა გადავწყვიტოთ. ყველაფერს ფართოდ უნდა გავუღოთ კარი. ადვილია წიგნისთვის ფემინისტური იარლიყის მიკერება მხოლოდ იმიტომ, რომ პერსონაჟებს შორის ქალები სჭარბობენ. ამგვარი განმარტებები არ სჭირდებათ თეთრკანიან მამაკაც მწერლებს. არავინ ამბობს, სოლჟენიცინი მხოლოდ რუსებზე წერს, რა ემართება, რატომ ვერმონტზე ხმას არ იღებსო. ვერავინ ვერ შეამჩნევს, რომ ესა თუ ის წიგნი მამაკაცებითაა სავსე და სულ ერთი-ორი ქალია გამოყვანილი. კაციშვილი არაფრად აგდებს, რომ ჰემინგუეის ძალიან უჭირს ქალებზე წერა. ამაზე თვალსაც არავინ ახამხამებს.

– “სამოთხეზე” იმასაც ამბობენ, ძნელი წიგნიაო.

– ეგ ყოველთვის მაოგნებს – სულს მიხუთავს – როცა მეუბნებიან, ძნელი წასაკითხავიაო; სკოლაში აღარავინ ლაპარაკობს ჩავლილ ამბებზეო.

– ყმაწვილქალობაში რამეს ნიშნავდა თქვენთვის სიტყვა “ფემინიზმი”? თუ საკუთარი თავის შეცნობისას იგრძენით, რომ ჯერ შავკანიანი ბრძანდებით, და მერე – ქალი?

– მგონი, ერთმანეთს მივუსადაგე ეს ორი სიტყვა: ზანგი და ფემინისტი. მე ძალიან უხეში და აგრესიული შავკანიანი ქალების გარემოცვაში ვიზრდებოდი. მიაჩნდათ, რომ უნდა ემუშავათ, შვილები გაეზარდათ და ოჯახს გასძღოლოდნენ. უსაშველოდ ბევრს მოითხოვდნენ და ელოდნენ თავიანთი ქალიშვილებისგან და არანაირ შეღავათს არ გვიწევდნენ. არასოდეს აზრად არ მომსვლია, რომ ეს ფემინისტობაა. დედაჩემი ხშირ-ხშირად შეივლიდა ხოლმე პატარა ქალაქის ახლად გახსნილ თეატრში, რათა ეგრძნო, რომ ამ ქალაქის ნაწილი იყო, ერთ- ერთი მკვიდრი. აქ შავკანიანებიც ცხოვრობდნენ და თეთრკანიანებიც. თეატრის გახსნისთანავე შევიდოდა, ნახავდა, როგორი ადგილი მისცეს, მიიხედ-მოიხედავდა და აყალ-მაყალს ატეხდა. ასე ხდებოდა ყოველდღე. არც ის მომსვლია აზრად არასოდეს, რომ თავი უნდა დაენებებინა მთელ ქვეყანასთან დაპირისპირებისთვის. ის ფაქტი, რომ ქალი იყო, არ აკავებდა, არ ზღუდავდა. ისიც უნდა სცოდნოდა, რა შეიძლებოდა მომხდარიყო კინოში, სადაც მისი შვილები – ზანგი ბავშვები – დადიოდნენ და გოგონების ბედიც ისევე აღელვებდა, როგორც ბიჭებისა. მოგვიანებით ამას ფემინისტური ქცევა დაერქვა. მე ბევრი რამ გადამხდა ამ დეფინიციებთან დაკავშირებით. რამდენიმე წერილიც დავწერე ამის გამო; დავწერე “სულა”, რომელიც ემ- ყარება ახალ იდეას: ქალებმა ერთმანეთს მეგობრობა უნდა გაუწიონ. საზოგადოებაში, სადაც მე ვიზრდებოდი, იყვნენ ქალები, რომლებსაც მამაკაცთან ყოფნას ხანდახან მეგობარ ქალებთან ერთად ყოფნა ერჩივნათ. ისინი მართლაც “დები” იყვნენ.

– მეგობრობთ თუ არა მწერალ ქალებთან? როგორ გგონიათ, გჭირდებათ ასეთი ურთიერთობები?

– მყავს რამდენიმე მეგობარი მწერალი, მაგრამ მათთან იმიტომ ვმეგობრობ, რომ არაჩვეულებრივი ადამიანები არიან. ვფიქრობ, მეგობრობა საერთოდ მწერლის ცხოვრების თვისებაა. ჩემი აზრით, საინტერესოა, რომ, როცა ზანგმა ქალებმა სახელის მოხვეჭა დაიწყეს, იმ დროს არსებობდა გამოუთქმელი, ხელშეუხებელი წესი: არასოდეს დაბეჭდოთ ერთმანეთის ლანძღვა-გინება. ცხადია, თავისუფლები ვიყავით და შეგვეძლო, დაგვეწუნა ერთმანეთის ნაწარმოებები, მაგრამ არავინ მონაწილეობდა თამაშში “ვინ აჯობებს”. საუცხოოა, რომ ჩვენ შორის არ არსებობდა ჯიბრი. ახლა დროდადრო ვკითხულობ, აკრიტიკებს ზანგი მიმომხილველი ქალი ზანგ მწერალ ქალს. ჩვეულებრივ, ამას არაფერი აქვს საერთო კულტურულ კრიტიკასთან. ადრე იცოდნენ, რომ მწერლობა ის სფეროა, სადაც ადგილი ყველას ეყოფა.

– წლების განმავლობაში შეიცვალა რამე კრიტიკაში? თქვენი წიგნები უკეთესად ესმით?

– დიახ. უფრო კარგად ესმით, უფრო კარგად გრძნობენ. მოიშორეს სიზარმაცე. ერთ დროს ჩემსა თუ სხვა ზანგი მწერლების წიგნებს განიხილავდნენ, როგორც სოციოლოგიურ აღმოჩენებს. როგორ არის წარმოდგენილი ზანგების ოჯახი – კარგად თუ ცუდად? მახსოვს, ერთხელ “ნიუ-იორკში” დაიბეჭდა რეცენზია ჩემს რომანზე “მიჯ- ნური”. ავტორმა ძალიან ბევრი ილაპარაკა ბილ ქოზბის სატელე- ვიზიო გადაცემაზე – იქაური ზანგების ოჯახი შეადარა ჩემს რომანში აღწერილ ოჯახს. ეს ამაზრზენი იყო. ერთხელ კიდევ “ნიუ-იორკ რევიუ ოფ ბუქზში” დაიბეჭდა წერილი, სადაც საუბრობდნენ ჩემსა და კიდევ ორი ზანგი მწერლის წიგნებზე. ჩვენ სამნი ერთნაირს არაფერს ვწერდით, მაგრამ ერთ გუდაში გვიკრეს თავი ჩვენი ფერის გამო. ბოლოს ავტორმა სცადა გაერკვია, სამი წიგნიდან რომელი იყო უკეთესი და ერთი ამოირჩია, რომელიც, იქნებ, მართლაც საუკეთესო იყო; მაგრამ მიმომხილველი თავის არჩევანს იმით ასაბუთებდა, რომ იმ წიგნში, თურმე, პერსონაჟები ყველაზე უფრო ჰგავდნენ “ნამდვილ” ზანგებს. ეს ნამდვილად დამთრგუნველი იყო.

– პრინსტონში წერას ასწავლით. შეიძლება ამის სწავლება?

– ჩემი აზრით, შეიძლება წერის ზოგიერთი ასპექტის სწავლება. ცხადია, ვერ ივარაუდებთ, რომ ხედვას ან ტალანტს ასწავლით, მაგრამ შეგიძლიათ ასწავლოთ ამ სამყაროში გაშინაურება.

– ან გულახდილი საუბარი?

– მანდ ბევრს ვერაფერს ვასწავლი. მაგ საქმეში ძალიან უხეში ვარ. ვეუბნები: ეს უნდა გააკეთოთ და მორჩა. სულაც არ მინდა, ვუსმინო, როგორ წუწუნებს ვინმე, ეს რა ძნელი საქმეაო. ამის პატიება არ შემიძლია, ვისაც ოდესმე რამე დაუწერია, უზარმაზარი ძალისხმევით აკეთებს ამას; სხვათა შორის, მეც. ჰოდა, სასაცილოა წუწუნი, ამას ვერ ავიტანო. შემიძლია, თვალი ვადევნო, როგორ ფიქრობენ ახალგაზრდები, როგორ ვითარდება მათი ენა, გეზი მივცე, რაღაც შევთავაზო. ამის გაკეთება შემიძლია. თან ძალიან კარგად. მიყვარს ხელნაწერზე მუშაობა.

– თქვენ ერთდროულად ბრძანდებით გამომცემელიც, მწერალიც, დედაც. როგორ ახერხებთ ამას?

– ახლა, უკან რომ ვიხედები და ის წლები მახსენდება, ყოველდღე სამსახურში რომ დავდიოდი და ჩემი შვილები პატარები იყვნენ, თვითონაც მიკვირს, როგორ ვართმევდი თავს ყველაფერს. რატომ ვაკეთებდი სამ საქმეს ერთდროულად? ნაწილობრივ იმიტომ, რომ ვიცოდი – მარჩენალი ვიყავი და ოჯახისთვის უნდა მიმეხედა. მა- გრამ წერა მხოლოდ ჩემი იყო, ამას მალულად ვაკეთებდი, მთელი ქვეყნისგან მალულად.

– მაშ, როდისღა წერდით?

– უთენია, სანამ დანარჩენები წამოიშლებოდნენ. ღამე მაინცდამაინც ყოჩაღად ვერა ვარ. ბევრს ვერაფერს ვაკეთებ, მაგრამ დილით ძალიან ადრე ვდგები. ჰოდა, ვწერდი დილაობით, ვწერდი შაბათ-კვირას. ზაფხულობით ბალღები ჩემს მშობლებთან, ოჰაიოში, დადიან, ჩემი დაც იქ ცხოვრობს, მთელი ჩემი ოჯახი იქაა – და მთელ ზაფხულს წერას ვუთმობდი. ასე ვახერხებდი რაღაცას. ახლა, როცა ვფიქრობ, თუ როგორ ცხოვრობენ ნორმალური ქალები, როგორ აკეთებენ რამდენიმე საქმეს ერთდროულად… მეც ასე ვიყავი. აკეთებენ ყველაფერს, რისი გაკეთებაც შეუძლიათ. თანდათანობით დროის გამოყენებასაც სწავლობ. ჭურჭლის გასარეცხავად გონება არ გჭირდება. ჰოდა, თან რეცხავ და თან შენს საქმეზე ფიქრობ. მეტროშიც ასეა. უამრავი ლიტერატურული პრობლემა გადამიწყვეტია, პერსონაჟებზე მიფიქრია გაჭედილ ვაგონში. ამ დროს ხანდახან რაღაც მართლა კარგი მოგაფიქრდება ხოლმე. სამსახურიდან დაბრუნებული ჩაინიშნავ და აღარ გავიწყდება. ძალიან მძაფრი შინაგანი ცხოვრებით ვცხოვრობდით, მეც და ჩემი პერსონაჟებიც, რადგან ცხოვრება დუღდა. ახლა ასე აღარა ვარ. ბევრ საქმეზე კი მაქვს ხელი მოკიდებული, მაგრამ გარეთ ისე ხშირად აღარ გავდივარ.

– თუ არ ვცდები, “თაიმსში” განაცხადეთ, “სამოთხეში” კიდევ ბევრი სამუშაოაო…

– ჩემს ნაწარმოებებს ყოველთვის ამ თვალით ვუყურებ, ასევე ყველა წიგნს. წლები რომ გაივლის, ვკითხულობ და ვამბობ…

– “ესა და ეს უნდა გამეკეთებინა…”

– ან “ესა და ეს არ უნდა გამეკეთებინა…” მუდამ ასეა.

– ერთმა მეგობარმა დამაბარა, ჰკითხე ერთი ტონი მორისონს, ასე რამ გააბრაზაო.

– იცით რა, ბრაზი ერთხანს გამიქრა. ძალიან უცნაურია. ამ ზაფხულს ვიღაცას ვეუბნებოდი, აფორიაქებული ვარ, თვალსა და ხელს შუა ვიცვლები და არ ვიცი, რას მივაწერო-მეთქი. მაშინ ბრაზიც გაქრა. ძალიან ვდარდობდი. ახლა ისევ გავბრაზდი იმ გოგოს გამო, ჩემს წიგნში რომ მყავს. ერთი კია – პირად ცხოვრებაში ასეთი რისხვა არავის გამოუწვევია, რადგან ადამიანებზე კი არ ვბრაზობ, რაღაცის გამო გავბრაზდები ხოლმე; მერე დავჯდები და მუშაობას ვიწყებ.

– თანამედროვე ავტორებიდან ვის ნაწარმოებებს კითხულობთ?

– ჰოო… მარკესს ყოველთვის თვალს ვადევნებ და მის დაწერილს ყველაფერს ვკითხულობ. პიტერ ქერეის ერთგული მკითხველი ვარ. ფინჩონს ვკითხულობ. კიდევ ვისა? ჯამაიკა კონსაიდსა აქვს ახალი წიგნი, ჯერ არ წამიკითხავს, მაგრამ უნდა წავიკითხო. მომწონს მისი ნაწარმოებები, ვკითხულობ და ვნებივრობ, ერთდროულად ბასრიცაა და ლამაზიც.

– აფრიკაში ნამყოფი ხართ?

– არა.

– გული არ მიგიწევთ?

– ძალიან.

– როგორ გგონიათ, ეს მნიშვნელოვანი მოგზაურობაა შავკანიანი ამერიკელებისათვის?

– არ ვიცი. ჩვენ ისე რომანტიულად წარმოგვიდგება იქაურობა. სწორედ ამ მიზეზით, იქნებ, მართლაც მნიშვნელოვანი იყოს. ისე იოლად გვითრევს მითი – ისტორია – იგავი. სენეგალში მინდა წასვლა, რადგან ოსმან სემბინმა დამპატიჟა. ძალიან მინდა. სამხრეთ აფრიკაშიც მინდა, იქიდანაც მივიღე რამდენიმე მიწვევა.

– თითქოს 1776 წელი იყოს, ზანგები რომ არჩევანს აკეთებდნენ . . .

– უკვე გადაწყვეტილი მაქვს. მგონი, ახლა შევძლებ მოგზაურობას. ეს არც სამუშაოდ წასვლა იქნება, არც სხვა რამე, რასაც მთელი სიცოცხლე ვაკეთებდი. უბრალოდ წავალ, დავჯდები, მივიხედ-მოვიხედავ და ვიმუსაიფებ.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...