სამშაბათი, მაისი 20, 2025
20 მაისი, სამშაბათი, 2025

სკა და რეგეი- მუსიკა როგორც რელიგიანაწილი მეორე

0
„ჩემი მუსიკა სამუდამოდ გაგრძელდება.
შესაძლოა, სისულელედ მოგეჩვენოთ, 
მაგრამ მე იმას ვამბობ, რაც ვიცი:
ჩემი მუსიკა სამუდამოდ გაგრძელდება”.
ბობ მარლი
რასტაფარაი – ვფიქრობ, ჩვენში ეს სიტყვა ცოტას თუ გაუგონია. მას ეთიოპიური ძირები აქვს. სიტყვასიტყვით „გმირ მმართველს” ნიშნავს, მაგრამ რასტაფარაი გაცილებით მეტია, ვიდრე ერთი პიროვნება; ის ქრისტიანული რელიგიის ერთ-ერთ საინტერესო განშტოებას წარმოადგენს – აი, ისეთს, ჩვენში რომ სექტებს უწოდებენ.

მსუბუქი და ფერადი ტანსაცმელი, მეჩხერი წვერი, დრედლოქები და კანაბისის შესამჩნევი რაოდენობა სისხლში – ამ ნიშნებით ამოიცნობთ რასტაფარიანებს, რომლებსაც შემოკლებით რასტა ადამიანებს (Rasta Man) უწოდებენ. მათთვის რასტაფარაი არ არის მხოლოდ რელიგია – ის „ცხოვრების გზაა”. მათ სწამთ მამა ღმერთის (რომელსაც „ჯას” (Jah) სახელით მოიხსენიებენ) და სამების, თუმცა ფიქრობენ, რომ ღმერთი არა ერთხელ, როგორც ქრისტიანთა უმრავლესობას მიაჩნია, არამედ ორჯერ განკაცდა. პირველი იესო ქრისტეა, მეორე კი ეთიოპიის იმპერატორი ჰაილი სილასიი I. სწორედ ამ უკანასკნელს უწოდებენ გმირ მმართველს – რასტაფარაის. ინტერნაციონალისტური შეხედულებებისა და გამოზომილი, სწორი პოლიტიკური კურსის გამო ჰაილი სილასიი I ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პიროვნებაა როგორც ეთიოპიის, ისე მთლიანად აფრიკის ისტორიაში.
 
ყველაზე ცნობილი და გავლენიანი რასტა, რა თქმა უნდა, ბობ მარლი გახლავთ. მისი ცხოვრებისეული მრწამსი დიდწილად ემთხვევა რასტაფარაის, რომელიც მშვიდობას, სიყვარულს და ერთიანობას ქადაგებს. ნესტა რობერტ (ბობ) მარლი ჯამაიკის ერთ-ერთ მიყრუებულ სოფელში დაიბადა 1945 წელს. თანატოლებს ის ყოველთვის უცნაურად მიაჩნდათ, რადგან გარშემო ყველა შავკანიანი იყო, ბობ მარლი კი მულატი. ის სოფლის ცხოვრებით ცხოვრობდა, მიწას ამუშავებდა, ეხმარებოდა დედას და მეზობლებს. დედაქალაქში, კინგსტონში, ჩასული მარლი თრენჩთაუნის უბანში დასახლდა. როგორც კრიმინალური, ასევე პოლიტიკური ვითარება 50-იანი წლების ჯამაიკაში იდეალურისგან ძალზე შორს გახლდათ. ერთ-ერთ ინტერვიუში ბობი იხსენებს, რომ თრენჩთაუნში მთავარი იყო, პოლიციას არ ჩავარდნოდი ხელთ – კარგი დღე ნამდვილად არ დაგადგებოდა. აქაური ბავშვები შიმშილობდნენ, დიდები კი ქურდობითა და ბოროტმოქმედებით ირჩენდნენ თავს. მუსიკის „კეთება” მარლიმ სწორედ აქ დაიწყო. ხომ გახსოვთ ტექსტი: 

Said I remember when we used to sit In the government yard in Trenchtown

ბენდს, რომელთან ერთადაც მარლიმ თავისი მუსიკალური კარიერის საკმაოდ დიდი ნაწილი გაატარა, The Wailers – „მგლოვიარენი” ჰქვია. სახელი სპონტანურად შეირჩა, თუმცა ის ნათლად გამოხატავს ჯგუფის ფესვებს – ყველა წევრი თრენჩთაუნიდან იყო, ადგილიდან, სადაც ხშირად ტიროდნენ. სხვათა შორის, The Wailers უკანასკნელი შემადგენლობით 1981 წლიდან დღემდე მართავს კონცერტებს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში. რა თქმა უნდა, ბობ მარლის გარეშე.

ბობი ყოველთვის განსხვავებულად უყურებდა სამყაროს. არ უყვარდა პოლიტიკა, უყვარდა ადამიანები და მუსიკა, რომლის გარეშეც ცხოვრება არ შეეძლო. სტილი, რომელსაც ის უკრავდა, რეგეი გახლდათ – სკა მუსიკის ერთგვარი გაგრძელება, რომელსაც, როგორც ბობის მეგობრები ამბობენ, მარლიმ სულიერება, რასტაფარაი დაამატა. რეგეი უნიკალური რიტმითა და ჟღერადობით განსხვავდება სხვა ჟანრებისგან. აქცენტი გადატანილია არა პირველ, არამედ მეორე დარტყმაზე, შესაბამისად, მთელი კომპოზიციაც სხვაგვარად აიწყობა.

მარლის ჰქონდა უნიკალური უნარი ადამიანთა გაერთიანებისა. 1970-იანებში კინგსტონში პოლიტიკური ვითარება ძალზე არასახარბიელო გახლდათ. ორ მხარეს, ულტრამემარჯვენეებს (ნაციონალისტებს) და მემარცხენებს (სოციალისტებს), შორის ურთიერთობა ისე დაიძაბა, რომ სისხლიანი შეტაკებები ჯამაიკის დედაქალაქის ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. 1976 წელს, კონცერტამდე რამდენიმე დღით ადრე, ბობსაც დაესხნენ თავს. მიზეზი, სავარაუდოდ, პოლიტიკური იყო, თუმცაღა მარლის არაერთხელ განუცხადებია თავისი აპოლიტიკურობის შესახებ. ბობი სასწაულებრივად გადაურჩა უცნობი მამაკაცის ტყვიას, რომელმაც ისე ახლოს ჩაუარა, რომ მისმა სიმხურვალემ კანი დასწვა. კონცერტი რამდენიმე დღის შემდეგ მაინც გაიმართა და მშვიდობიანად ჩაიარა, მაგრამ ბობმა ქვეყნიდან რამდენიმე ხნით გამგზავრება მაინც გადაწყვიტა. კინგსტონში კი ვითარება უფრო და უფრო იძაბებოდა. 1978-ში მომღერალს ჯამაიკელები შეეხმიანნენ და ორი მხარის შესარიგებელი კონცერტის გამართვა სთხოვეს, რადგან მიაჩნდათ, რომ ქვეყანაში მიმდინარე სამოქალაქო ომის შეჩერება მხოლოდ მის მუსიკას თუ შეეძლო. მარლი უყოყმანოდ დათანხმდა და განაცხადა, რომ სიცოცხლეს ფასი არ აქვს, თუ ის შენს ხალხს არ მოახმარე. კონცერტზე რამდენიმე ათეული ათასი ადამიანი მივიდა. იქ იყვნენ რასტაფარიანები, ქრისტიანები, მემარჯვენეები, მემარცხენეები… ადამიანები, რომლებიც რამდენიმე დღის წინ იარაღით ხელში ებრძოდნენ ერთმანეთს, ახლა ერთი მუსიკის რიტმებზე ცეკვავდნენ.

კონცერტის დასასრულს ბობმა ორივე დაპირისპირებული ჯგუფის მეთაურები მიიწვია სცენაზე და შერიგების ნიშნად საჯაროდ ჩამოართმევინა ხელი. საინტერესო ის არის, რომ ეს ყველაფერი წინასწარ არავის დაუგეგმავს. ვიდეოში კარგად ჩანს, როგორ ამბობს ბობი პოლიტიკოსების ფონზე: „სიყვარული, კეთილდღეობა იყოს ჩვენთან… ჯა, რასტაფარაი…”

 
მარლი 1981 წლის 11 მაისს, 36 წლისა გარდაიცვალა. სიკვდილის ოფიციალური მიზეზი მელანომა (კანის სპეციფიკური სიმსივნე) იყო, რომელიც ბოლო წლებში მომღერალს განსაკუთრებით რთული ფორმით ჰქონდა. სიკვდილამდე რამდენიმე თვით ადრე ის ორთოდოქს ქრისტიანად მოინათლა ეთიოპიის ორთოდოქსულ ეკლესიაში.

მსოფლიო მუსიკის ისტორიაში ალბათ ბევრი ისეთი ადამიანი მოიძებნება, რომელიც რელიგიურ თემატიკაზე კარგ ნაწარმოებებს წერდა ან წერს, მაგრამ, ვფიქრობ, ცოტაა გავლენიანი მუსიკოსი, რომელიც ისე კარგად ახერხებს ერთ კომპოზიციაში თავისი აზრის, რელიგიური შეხედულებებისა და საყოველთაო მშვიდობის იდეის შერწყმას, როგორც ბობ მარლი. One Love ამის საუკეთესო მაგალითია. კარგად მახსოვს, 2011 წელს ბათუმის ჯაზფესტივალზე მოვისმინე ეს სიმღერა ლონდონის გოსპელ გუნდის შესრულებით. სწორედ მაშინ ვაღიარე ბობ მარლის გენიალურობა – მისი კომპოზიციები გაძლევს საშუალებას, იფიქრო, შეიგრძნო და შეითვისო თითოეული ბგერა თუ სიტყვა. სწორედ ამიტომაა ბობ მარლი უნიკალური მოვლენა მუსიკის ისტორიაში. 

გრძელი, ნათელი დღეები

0
გადატანილ ტკივილს ადვილად ვივიწყებთ. თითქოს არც მომხდარიყოს, ისე ვშლით მეხსიერებიდან ბავშვობაში, ახალგაზრდობაში, ზრდასრულ ასაკში გადახდენილ უსიამოვნო ამბებს. მხოლოდ ტკბილ მოგონებებს თუ მივუბრუნდებით. არადა, ძნელი წარმოსადგენია, წარსულის გააზრების გარეშე გადალახო ცხოვრების ერთი ეტაპი და დაიწყო მეორე.

ოც წელიწადზე მეტი წელი გავიდა ბნელი 90-იანებიდან და არც ერთი ამბავი, რომელიც კი იმ წლების შესახებ მომისმენია, არასოდეს გასცილებია სიგუას ნამცხვარს, მეცხრე ბლოკს, უშუქობას, მიტინგებს, პურის რიგებს… მე იმ წლებიდან მხოლოდ „ქინდერის” სათამაშოები, „ზუპის” წვენები, საღეჭი რეზინი „Love” თუ მახსოვს. 90-იანების დასაწყისში დაბადებულს, მიჭირს გავუგო დაკარგულ თაობებს, მათ, ვისაც ჩემზე ნაკლებად გაუღიმა ბედმა… არ ვიცი, რა სტკიოდათ, რისთვის იბრძოდნენ, რას ითხოვდნენ გაუთავებელი აქციებით, სამოქალაქო ომებით, აგორებული ნაციონალიზმის ტალღით, რა „რომანტიკა” ახლდა მხედრიონის წევრობას… ისინი ამაზე არასოდეს ჰყვებიან. არც თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში და არც, მით უფრო, კინოში არასოდეს ასახულა 90-იანები გასაგები ენით. ვერელ და ვაკელ ნარკომანებზე ბევრი დაწერილა და ფილმებიც საკმაო რაოდენობით გადაუღიათ, მაგრამ მეეჭვება, იმ წლების მთავარი პრობლემა ნარკომანია ყოფილიყოს.
„ეს ფილმი ჩვენს თაობაზეა, შენ მას ვერ გაიგებ”, – დაახლოებით ასეთი რამ მომწერეს „გრძელი ნათელი დღეების” საპრემიერო ჩვენებაზე მიმავალს სოციალურ ქსელში ჩემზე უფროსებმა. ბევრი რამ მართლაც უცხო აღმოჩნდა ჩემთვის, მაგრამ ამ ერთი ფილმის მეშვეობით ჩემი მშობლების თაობის შესახებ იმაზე მეტი გავიგე, ვიდრე მთელი სიცოცხლის განმავლობაში გამეგონა მათგან. ფილმმა 90-იანი წლების თბილისში მამოგზაურა და ბევრ კითხვაზე გამცა პასუხი, თუმცა ბევრი ახალი კითხვაც გამიჩინა.

რეჟისორების ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის ფილმი თინეიჯერებზეა, ორ მეგობარ გოგონაზე, რომლებიც ძალადობით დამუხტულ გარემოში ცხოვრობენ, სადაც შეყვარებული პუფის დათუნიას ნაცვლად იარაღს გჩუქნის – ასე უფრო დაცულად იგრძნობ თავს; სადაც, მგონი, გიყვარს და მხოლოდ იმიტომ, რომ პურის რიგიდან მოგიტაცეს, „მოსახდენი მოხდა” და გალოთებული მამის ატანას მეუღლის წინდებისა და მაისურების რეცხვა გირჩევნია; სადაც 14 წლისა ვეღარც მუსიკაზე ივლი (მეუღლეს პიანისტი ცოლი არ სურს) და ვეღარც სკოლაში… ამ ფილმში ომი, პოლიტიკა მხოლოდ ფონია – უბრალო ადამიანების ამბით რეჟისორები შესანიშნავად ახერხებენ, გადმოსცენ 90-იანი წლების სურათი და გააცოცხლონ მაყურებლის მეხსიერებაში მივიწყებული ისტორიები. თამამად შეიძლება ითქვას, რომ „გრძელი ნათელი დღეები” უკანასკნელი ორი ათწლეულის განმავლობაში გადაღებული ერთ-ერთი გამორჩეული ევროპული ტიპის ქართული ფილმია სწორად შერჩეული თემით, სიუჟეტითა და მსახიობებით.

ფილმში მთავარ როლებს ლიკა ბაბლუანი და მარიამ ბოკერია ასრულებენ. „გრძელ ნათელ დღეებში” პროფესიონალ მსახიობებს უმთავრესად მეორეხარისხოვანი როლები არგუნეს. ალბათ ამითაც აიხსნება, რომ ფილმი საოცრად ბუნებრივია, თამაშის თეატრალიზებული მანერით არ გაღიზიანებს. პირადად მე მხოლოდ ოპერატორის შედარებით სუსტმა ნამუშევარმა დამწყვიტა გული.

„გრძელ ნათელ დღეებს” უკვე რამდენიმე ევროპული, ამერიკული თუ აზიური კინოფესტივალის ჯილდო ერგო წილად. წელს საქართველოდან „ოსკარზეც” სწორედ ეს ფილმია წარდგენილი. რამდენიმე ქვეყანაში უკვე კინოგაქირავებაშიც გამოვიდა. „გრძელი ნათელი დღეების” ქართული პრემიერა 27 სექტემბრს გაიმართა. მაყურებელს ერთი თვის განმავლობაში ექნება კინოთეატრებში მისი ნახვის საშუალება.

ახალი პარადიგმები მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებაში

0

აი, ერთი ტიპური ისტორია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების არსებული პრაქტიკიდან:
# 999 საჯარო სკოლა დიდი ქალაქის გარეუბნის მოსწავლეებს ემსახურება. სკოლის ორი ზედა საფეხურის მოსწავლეები დაბალ შედეგებს აჩვენებდნენ მათემატიკაში. პრობლემის გადასაჭრელად სკოლის დირექტორმა სასწავლო წლის განმავლობაში მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისთვის გამოყოფილი 5 დღიდან 2 მათემატიკის სწავლების საკითხებს დაუთმო. დირექტორმა მოიწვია ცნობილი ექსპერტი, რათა მას კონსულტაცია გაეწია მათემატიკის სწავლებაში და კათედრის წევრებთან ემუშავა მოსწავლეთა შედეგების გაუმჯობესების მიზნით. 
წლის დასაწყისში 12 მასწავლებელს სურდა მათემატიკის სწავლების გაუმჯობესებაზე მუშაობა. მოწვეულმა კონსულტანტმა პირველ დღეს კვლევაზე დაფუძნებული მომხიბვლელი პროგრამა წარმოადგინა. მასწავლებლები ოთხი საათის განმავლობაში უსმენდნენ კონსულტანტს, რომელმაც უჩვენა მათ, როგორ უნდა გამოეყენებინათ თვალსაჩინოების საშუალებები და პროექტები მოსწავლეთა ჩართულობის მისაღწევად. ყველა მასწავლებელმა უყურა ვიდეოს, რომელშიც სხვა სკოლების პედაგოგები აქებდნენ პროგრამას, ხოლო მათი მოსწავლეები აშკარად ჩართულნი ჩანდნენ სასწავლო პროცესში.
სკოლამ გადაწყვიტა კონსულტანტის მიერ შემოთავაზებული პროგრამის დანერგვა და საკმაოდ დიდი თანხა გადაიხადა პროგრამის განხორციელებისთვის საჭირო მასალებში. 
ორდღიანი ვორკშოფის შემდეგ მასწავლებლები გამოკითხეს, თუ როგორ გამოიყენებდნენ ახალ სტრატეგიებს თავიანთ კლასებში. ბევრმა მასწავლებელმა უპასუხა, რომ მომავალ კვირაში მოსინჯავდა ახალ სტრატეგიებს მათემატიკის სწავლებაში. რამდენიმე მასწავლებელს დარჩა უკმარისობის განცდა _ მათ უნდოდათ, მეტი ესწავლათ, რადგან მოსწავლეები ნამდვილად დაინტერესდებოდნენ პროგრამის მასალებით. გამოითქვა ეჭვებიც იმის თაობაზე, დაეხმარებოდათ თუ არა ეს პროგრამა სწავლების ეროვნულ სასწავლო გეგმასთან შესაბამისობაში მოყვანისათვის. დაისვა კითხვები: პროგრამა საინტერესო იყო, მაგრამ შეძლებდნენ კი მოსწავლეები მის დაძლევას? როგორ უნდა შეეცვალათ საკუთარი პრაქტიკა მასწავლებლებს, რომ პროგრამა მათემატიკის სწავლების ბუნებრივი ნაწილი გამხდარიყო?
როდესაც მასწავლებლები კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ გაზაფხულზე კონსულტანტთან შესახვედრად, აღმოჩნდა, რომ ახლებური მიდგომის დანერგვასთან დაკავშირებით მცირე პროგრესი თუ მოხდა. მასწავლებლებმა აღიარეს, რომ სინამდვილეში ვერ გაიგეს, თუ როგორ უნდა გამოეყენებინათ პროგრამის მასალები. რამდენიმე მათგანი შეეცადა კიდეც, მაგრამ ბევრი ვერაფერი შეძლო. სხვებმა სასწავლო გეგმაში დრო ვერ მოუძებნეს ამ მასალებზე მუშაობას, რადგან პროგრამა ისედაც გადატვირთული იყო. მასწავლებლები გაწბილებულები იყვნენ იმითაც, რომ ამ თვეში სხვანაირად უნდა ეცადათ მათემატიკის სწავლება იმის მაგივრად, რომ მოსწავლეები გამოცდებისთვის მოემზადებინათ.
შემდგომი კვირები მასწავლებლებმა ტესტებისთვის მოსწავლეთა მომზადებაზე დახარჯეს – მათ ტიპურ შეკითხვებზე პასუხების გაცემაში ავარჯიშებდნენ. 
წლის ბოლოს მოსწავლეთა მიღწევებში პოზიტიური გარღვევა არ შეინიშნებოდა. სკოლის დირექტორი კვლავაც თავს იტეხდა, თუ როგორ გაეუმჯობესებინა  მათემატიკის სწავლება სკოლაში.
ხომ ნაცნობი სურათია? ყველა გაიხარჯა, მაგრამ მოგებული არავინ დარჩა – არც დირექტორი, არც მასწავლებლები და არც კონსულტანტი, რადგან მის მიერ მომზადებულ პროგრამას “პრაქტიკულად გამოუყენებლის” სტატუსი მიენიჭა.
შეიძლებოდა სხვანაირად გადაჭრილიყო პრობლემა? არსებობს პროფესიული განვითარების უფრო ეფექტიანი მოდელი?
ამისთვის სხვა შემთხვევა განვიხილოთ:
# 1000 საჯარო სკოლაში, ძირითადად, დაბალშემოსავლიანი ოჯახებიდან გამოსული ბავშვები სწავლობენ. სამ წელიწადში სკოლამ შეძლო, რომ დაწყებითი კლასების მოსწავლეების შედეგები კითხვის უნარების განვითარების მიმართულებით მკვეთრად გაეუმჯობესებინა. დირექტორმა და მასწავლებლებმა ეს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მოდელის შეცვლით მოახერხეს.
დაწყებითი კლასების 12 მასწავლებელს საშუალება მიეცა, მოსწავლეებისთვის დასმული ამოცანების შესაბამისად დაეგეგმა საკუთარი პროფესიული განვითარება. მათ გადაწყვიტეს, აქცენტი წიგნიერებაზე გაეკეთებინათ და 4 მასწავლებელი გაგზავნეს სამკვირიან საზაფხულო კურსებზე ერთ-ერთ უნივერსიტეტში. ამ კურსებზე მასწავლებლებს ასწავლეს წერა-კითხვის სწავლების მეთოდებისა და შეფასების მეთოდების შეჯერება და გამოყენება. შემდეგ ამ ოთხმა მასწავლებელმა შეარჩია კონსულტანტი რესურს-ცენტრთან შეთანხმებით და მასთან ერთად დაამუშავა პროფესიული განვითარების ღონისძიებათა გეგმა და მასალები კოლეგებისთვის.
სწავლების მეთოდებთან ერთად ეს მასალები მოიცავდა მონაცემების ანალიზზე დაფუძნებულ პედაგოგიკურ ტექნიკებს, პროფესიული განვითარების სემინარები კი თვეში ერთხელ ტარდებოდა. კონსულტანტი ამზადებდა გაკვეთილების მოდელებს, ესწრებოდა გაკვეთილებს და აკვირდებოდა მასწავლებლებისა და მოსწავლეების მოქმედებებს, უკუკავშირს ამყარებდა მასწავლებლებთან, ორგანიზაციას უკეთებდა მათ სამუშაო შეხვედრებს. ერთმანეთის გაკვეთილებს აკვირდებოდნენ მასწავლებელებიც. ისინი, დაკვირვების მიზნით, გაკვეთილებზე ერთმანეთის ჩანაცვლებასაც ახერხებდნენ.  
იმის ნაცვლად, რომ პროფესიული განვითარებისთვის გამოყოფილი ხუთი დღე სრულდღიანი სესიებისთვის დაეთმოთ, დირექტორმა და მასწავლებლებმა ისე შეადგინეს გაკვეთილების ცხრილი, რომ ყოველ კვირა ერთი საათი ემუშავათ, სანამ მოსწავლეებს სხვა საგნების პედაგოგები (მუსიკა, ხატვა, სპორტი) ასწავლიდნენ. ამ ერთი საათის განმავლობაში მასწავლებლები ჯგუფდებოდნენ სკოლაში არსებული პარალელური კლასების მიხედვით და განიხილავდნენ ამ კლასების მოსწავლეთა პრობლემებს; მოწვეულ კონსულტანტთან ერთად, ან სულაც დამოუკიდებლად ეძებდნენ მათი წიგნიერების დონის ამაღლების გზებს.
მასწავლებლები მუშაობდნენ ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნების შესაბამისად და სკოლის მიზნების გათვალისწინებით. მათ მხარს უჭერდნენ სკოლის ადმინისტრაციაც და რესურს-ცენტრიც. სკოლამ დანერგა ახალი მიდგომები მას შემდეგ, რაც თორმეტივე მასწავლებელმა გამოსცადა და გაითავისა ეს მიდგომები, განიხილა მათ გამოყენებასთან დაკავშირებული სირთულეები და ისწავლა პრობლემების დასმა და გადაჭრა ერთობლივი ძალისხმევით.
თვალშისაცემია განსხვავება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ზემოთ განხილულ ორ მოდელს შორის. ორივე შემთხვევაში სკოლის ბაზაზე პროფესიული განვითარების მოდელი წარმოდგენილი იყო მოწვეული კონსულტანტების მონაწილეობით და მოსწავლეთა პრობლემების გადაჭრის მიზნით, მაგრამ პირველ შემთხვევაში სკოლა, არსებითად, შენობის დონეზე განიხილებოდა პროფესიული განვითარების ბაზად, მაშინ, როდესაც მეორე შემთხვევაში სკოლა, როგორც პროფესიონალთა ერთობა, წარმოადგენდა პროფესიული განვითარების ბაზას.
პირველ შემთხვევაში მოსწავლეთა პრობლემები მხოლოდ ზოგადი ორიენტირი იყო საგნობრივ-მეთოდიკური სესიების თემატიკის დასადგენად, ხოლო მეორე შემთხვევაში სწავლების ხერხები და საშუალებები შეირჩეოდა მოსწავლეთა კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად. ამ პრობლემების გათვალისწინებით ხდებოდა მათი გამოცდა და დახვეწა.  
პირველ შემთხვევაში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ღონისძიებები ფრაგმენტული, წყვეტილი, მოუწესრიგებელი იყო. წლის განმავლობაში მასწავლებლების მუშაობის შედეგები მხოლოდ წლის ბოლოს “მოიკითხა” დირექტორმა და არც მასწავლებლები გრძნობდნენ პასუხისმგებლობას. მეორე შემთხვევაში პროფესიული განვითარება უწყვეტად, დირექციის მხარდაჭერით, სასწავლო გეგმის ჩარჩოსთან მორგებით მიმდინარეობდა. გარდა ამისა, თვით მასწავლებლები იყვნენ ინიციატორები და განმახორციელებლები თავად მათ მიერ დაგეგმილი ცვლილებებისა, რის გამოც პასუხისმგებლობის დიდი წილი მათზე მოდიოდა.
მეორე შემთხვევაში მასწავლებელთა გამუდმებული ძიება, ცდა და რეფლექსია საკუთარ პრაქტიკაზე იძლეოდა ამ პრაქტიკის გარდაქმნის საშუალებას, რაც იმთავითვე გამორიცხული იყო პირველ შემთხვევაში.
საზოგადოდ, კვლევებმა აჩვენა, რომ ერთობლივი დაგეგმვა გადამწყვეტი ფაქტორია პროფესიულ განვითარებაზე მზრუნველი ერთობის ჩამოყალიბებისთვის. მნიშვნელოვანია აგრეთვე მასწავლებლებისთვის გადაწყვეტილების მიმღების სტატუსის მინიჭება. ერთობის ჩამოყალიბებისთვის ხელშემწყობი რესურსებია მხარდაჭერის სტილის არსებობა სკოლაში, პროფესიონალიზმთან შერწყმული ურთიერთპატივისცემა და კლიმატი, რომელიც წაახალისებს რისკის საკუთარ თავზე აღებას და ნოვატორობას.
მკვლევარები აღნიშნავენ, რომ პროფესიონალთა ერთობის ჩამოყალიბება ნელი  პროცესია და მისი თანმდევია კონფლიქტები და გაუგებრობები. მასწავლებლებმა კოლეგებისთვის გამჭვირვალე უნდა გახადონ მათ მიერ წარმართული სასწავლო პროცესი. სწავლების ხარისხის შეფასება უნდა ხდებოდეს შეთანხმებული კრიტერიუმების მიხედვით. შესაბამისად, პროცესი უფრო წარმატებით მიმდინარეობს მცირე ჯგუფებში, სადაც მაღალია ურთიერთნდობის და მხარდაჭერის ხარისხი.
აშკარაა, რომ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ინოვაციური მოდელების დანერგვისთვის მხოლოდ მასწავლებელთა ჯგუფების ჩამოყალიბება და კონსულტანტის მოძებნა საკმარისი არ არის. ასეთი თვითმოქმედი ჯგუფები იზოლირებულად ვერ განახორციელებენ დასახულ პროგრამას. სახეცვლილებას ითხოვს სასკოლო და საკლასო მენეჯმენტი, სასკოლო ღონისძიებების ადმინისტრირება და ფინანსირება, სწავლების დაგეგმვა და ორგანიზაცია სკოლაში.
მაგალითად, ინოვაციების მოსინჯვისა და დანერგვის ხელშეწყობისთვის აუცილებელია სემესტრის დასაწყისში შედგენილი და სემესტრის ბოლომდე გაქვავებული საგაკვეთილო ცხრილის უფრო მოქნილ და დინამიკურ სამენეჯმენტო ინსტრუმენტად გარდაქმნა. აშკარაა, რომ მხოლოდ მასწავლებელთა ურთიერთშეთანხმებით გაკვეთილების გაცვლა ან ურთიერთჩანაცვლება მოუხერხებელია. მასწავლებელთა მიერ გაკვეთილების კვირეული დაგეგმვის პირობებშიც კი სავსებით შესაძლებელია, მაგალითად, მათემატიკისა და მშობლიური ენა-ლიტერატურის დიფერენცირებული სწავლების განხორციელებისთვის აუცილებელი შეწყვილებული გაკვეთილების ორკვირიანი ციკლის ამოქმედება. ერთ კვირაში მათემატიკაში ორჯერ მაინც ჩატარდება შეწყვილებული გაკვეთილები მეორე საგნის საათების ხარჯზე, ხოლო მეორე კვირაში ქართულ ენა-ლიტერატურაში ჩატარდება შეწყვილებული გაკვეთილები მათემატიკის გაკვეთილების ხარჯზე. დაგეგმვა შესაძლებელია განხორციელდეს ისე, რომ ორი კვირის განმავლობაში ამ საგნების ჯამური საათების რაოდენობა ტოლი იყოს სტანდარტული კვირეული საათების ჯამებისა.
შესაძლებელია, მიზანშეწონილი აღმოჩნდეს იმ მასობრივად გავრცელებული პრაქტიკის შეცვლაც, როდესაც ერთი მასწავლებელი იყვანს ახალ მეხუთე კლასს და მიჰყვება მას სკოლის დასრულებამდე. მეთოდიკური ინოვაციების დანერგვისთვის უფრო ეფექტიანია მასწავლებლის მიერ ერთი საფეხურის კლასებზე ფოკუსირება რამდენიმე წლის განმავლობაში (მაგალითად, მათემატიკის სწავლება მხოლოდ დაწყებითი საფეხურის მეხუთე-მეექვსე კლასებში სამი წლის განმავლობაში). ეს საჭიროა იმისათვის, რომ მასწავლებელი კარგად დაოსტატდეს ინოვაციურ მიდგომებში და მიაღწიოს გაუმჯობესებულ შედეგებს. ამ ამოცანის წარმატებით დაძლევის შემდეგ მასწავლებელი შესაძლოა გადაერთოს სხვა კლასებზე, რათა იქაც დანერგოს ინოვაციები. წინააღმდეგ შემთხვევაში, გვექნება ტიპური სურათი: მასწავლებელი ვერ უმკლავდება სხვადასხვა კლასის, მათ შორის მისთვის ახალი კლასის, გადატვირთულ სასწავლო შინაარსს; მით უმეტეს, არ სცალია მეთოდიკური ინოვაციებისთვის. მას ურჩევნია, ტრადიციული ახსნითი მიდგომით იმუშაოს და არ დაუშვას შინაარსობრივი უზუსტობები, ვიდრე გარისკოს და განსხვავებული, უჩვეულო ხერხებით ჩაატაროს გაკვეთილი. შედეგად, დაზარალებულია მოსწავლე, ახალი თაობები, მთელი ერი.
მასწავლებლების ფოკუსირება რომელიმე კლასზე ან საფეხურზე მიზანშეწონილი ნამდვილად არ არის, მაგრამ დღეს უკვე არსებობს დაწყებითი კლასის საფეხურისა და საბაზო-საშუალო საფეხურის მასწავლებლების სტატუსი ჩაბარებული სასერტიფიკაციო გამოცდების შესაბამისად. მიუხედავად ამისა, ჯერ კიდევ მრავლად არიან მასწავლებლები, რომლებიც სამივე საფეხურზე ასწავლიან საგანს სასწავლო წლის განმავლობაში, ხოლო მომდევნო წელს კლასებს იცვლიან. ასე მეთოდიკური ინოვაციები არასდროს დაინერგება.
ბოლოს და ბოლოს, რისთვის იყოფა სკოლა საფეხურებად თავისი განსხვავებული მიზნებით? ამ მიზნების მიღწევას ხომ განსხვავებული მიდგომები სჭირდება როგორც სასწავლო პროცესის ორგანიზაციასა და საკლასო მენეჯმენტში, ასევე სწავლებისა და შეფასების მეთოდებში? ამ განსხვავებული ხერხებისა და საშუალებების დაუფლება და დანერგვა მოკლე დროში ისე, რომ მასწავლებლის დაოსტატებამდე მოსწავლე არ დაზარალდეს, ერთეულებს თუ ხელეწიფებათ. მასწავლებელთა უმრავლესობა კი ერთი საფეხურის კლასების ფარგლებში თუ გაუმკლავდება ინოვაციური მიდგომების გათავისებას და განხორციელებას (დაწყებითი განათლების ექვსწლიან საფეხურზე ესეც გამორიცხულია, იმდენად მნიშვნელოვანია განსხვავებები პირველ ორ კლასსა და დანარჩენ კლასებს შორის; მით უმეტეს ხუთი წლის ბავშვების სკოლაში მიღებისა და სწავლების პირობებში).
ნუთუ მეცხრე კლასი მხოლოდ იმიტომ არსებობს, რომ ფორმალურად მოინიშნოს დრო კონსტიტუციური ნორმისთვის, რომლის მიხედვითაც ცხრაკლასიანი ზოგადი განათლება სავალდებულოა? როდემდე უნდა იყოს საშუალო საფეხურზე ყველა ცხრაკლასდასრულებული მოსწავლის (იშვიათი გამონაკლისის გარდა) ჩარიცხვა მხოლოდ სკოლის კომპეტენცია და სრული ფორმალობა ადვილად განსახორციელებელი მანიპულაციების საშუალებით? ნუთუ აშკარაა არაა, რომ სკოლის გარეთა ინსტიტუციების მიერ ეროვნული სასწავლო გეგმის ნორმებისა და სტანდარტების შესრულების შემოწმების გარეშე საფეხურიდან საფეხურზე მოსწავლეთა უკონტროლო გადასვლა საფუძველს ქმნის ინოვაციების დანერგვის ხელშემშლელი პრაქტიკისთვის?
 
 

გეოგრაფიის მასწავლებელი, რომელსაც გლობუსი შემოეხარჯა

0
კარგად არ მახსოვს, რომელ კლასში ვიყავით, – ალბათ მეექვსეში ან მეშვიდეში, – ახალი ისტორიის მასწავლებელი დაგვინიშნეს. ახალგაზრდა იყო, პირველ პედაგოგიურ გამოცდილებას იღებდა, ლამაზად იცვამდა და უნდოდა, მეგობრული ურთიერთობა ჰქონოდა მოსწავლეებთან, ჩვენ კი, ძველ და საყვარელ მასწავლებელს შეჩვეულები, ამრეზით ვუყურებდით და ვაჩვენებდით, რომ ამაოდ ცდილობდა. მამა აღფრთოვანებული იყო, გაკვეთილების მომზადებისას ჩემს ხელში იმ წიგნებს რომ ხედავდა, რომლებსაც ისტორიის ახალი მასწავლებელი დამატებით საკითხავად გვისახელებდა. იტყოდა ხოლმე, კარგი გოგო ჩანს ეს თქვენი მასწავლებელი, ეტყობა, უყვარს თავისი საგანიო. მე კი არაფრის გაგონება არ მინდოდა.

ერთხელაც, გაზაფხულზე, გვითხრა, იმ დღეს, როცა ჩემი გაკვეთილი ბოლო გექნებათ, კლასში ჯდომის მაგივრად პიკნიკზე წავიდეთო. გაგვიხარდა, მაგრამ არ შევიმჩნიეთ. მცდელობამ შედეგი გამოიღო – სუფთა ჰაერზე, მწვანე ბალახზე წრედ ვისხედით, ისეთ ამბებს ვყვებოდით, გაკვეთილის ფორმატი რომ არ ითვალისწინებდა და მივხვდით – მას, ახალგაზრდას და მონდომებულს, ჩვენი მხარდაჭერა სჭირდებოდა, უკეთესი გაკვეთილების ჩასატარებლად, მოტივაციის შესანარჩუნებლად, უბრალოდ, კარგ მასწავლებლად ყოფნისთვის.

სკოლას იშვიათად ვიხსენებ, მაგრამ როცა მახსენდება, სინდისი მქენჯნის – როგორ ვუბღვერდით ჩვენ, ოცდარამდენიღაცა ბავშვი, მას, ერთს.

სკოლას იშვიათად ვიხსენებ, თორემ იმასაც აუცილებლად გავიხსენებდი, როგორ იყვარებდნენ მოსწავლე გოგონები მამრობითი სქესის ახალგაზრდა მასწავლებლებს, იმასაც, როგორ არაფრად მიაჩნდათ ამ გოგონებს მათზე შეყვარებული თანაკლასელები და იმასაც, რა დაუნდობლები არიან ბიჭები, როცა სიყვარულის ობიექტი მათ არაფრად აგდებს.
ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო კინოფესტივალზე ვიყავი. საფესტივალო პროგრამაში ჩართული ოთხმოცივე ფილმის ნახვა, ცხადია, ვერ მოვახერხე. მათგან, რაც ვნახე, ზოგი კარგი აღმოჩნდა, ზოგი – ძალიან კარგი, ზოგი – ჩვეულებრივი და ერთი – ისეთი, რომელმაც ჩემი ახალგაზრდა მასწავლებელი, მასწავლებლებზე შეყვარებული გოგონები და იმედგაცრუებული ბიჭები, მოკლედ, სასკოლო ვნებათა ღელვა გამახსენა.
ამ ფილმზე უნდა მოგიყვეთ, რუსი რეჟისორის, ალექსანდრ ველედინსკის მიერ 2013 წელს გადაღებული ფილმზე. „გეოგრაფს გლობუსი შემოეხარჯა” ჰქვია და პროვინციაში მცხოვრებ დაბნეულ ბიოლოგზეა, რომელიც შემთხვევით აღმოჩნდება სკოლაში გეოგრაფიის მასწავლებლად და მეათეკლასელებთან ბრძოლის ქარცეცხლში ჩაებმება, რის ვაი-ვაგლახით მოახერხებს მათი კეთილგანწყობის მოპოვებას და მათთან ერთად დაუვიწყარ, ფათერაკებით აღსავსე ლაშქრობაში გაემგზავრება, სადაც მოსწავლეები რამდენიმე დღეში იმაზე მეტ ცოდნასა და გამოცდილებას შეიძენენ, ვიდრე მთელი წლის სასწავლო პროგრამა მისცემდათ – პროგრამა, რომლისაც თვითონ მასწავლებელსაც ბევრი არაფერი ესმის; ყოველი გაკვეთილის წინ ის საკლასო ოთახში იკეტება იმ მასალის წასაკითხად, რომელიც მოსწავლეებს უნდა აუხსნას.

გეოგრაფიის მასწავლებლისთვის, რომელსაც, საზოგადოდ, უჭირს სისტემასა და წესრიგთან შეგუება, სასწავლო პროგრამა ერთადერთი სირთულე არ არის. მას პრობლემები აქვს ოჯახში, მისი უმოქმედობით, დაუდევრობითა და სიდუხჭირით შეწუხებულ ცოლს ქმრის უახლოესი მეგობარი შეუყვარდება; მეგობრებს მისი არ ესმით; იმ ქალების მიმართ, რომლებთანაც ფლირტი აქვს, ინტერესს მალევე კარგავს; მარტო ზრდის მცირეწლოვან გოგონას და ცდილობს, ალკოჰოლთან ზედმეტად მეგობრული ურთიერთობისგან თავი დაიხსნას. თავის დახსნას ცდილობს საკუთარი მოსწავლისგანაც, რომელიც მასზე მთელი არსებითაა შეყვარებული და ერთადერთია, ვინც მას მთელი ფილმის განმავლობაში თანაუგრძნობს.

გეოგრაფიის მასწავლებელი ერთი იმათგანია, ვისაც მაინცდამაინც არ უმართლებს, მაგრამ მაინც ახერხებს ინდივიდუალიზმის, შინაგანი თავისუფლების შენარჩუნებას და გარშემო მყოფების ცხოვრებაში კვალის დატოვებას. სწორედ ამ მიზნით მიჰყავს მას რამდენიმე მოსწავლე ფათერაკებით სავსე ლაშქრობაში, ველურ ბუნებასთან, გაგიჟებულ მდინარესა და უამინდობასთან საბრძოლველად – მან იცის, რომ ასეთ გარემოში ადამიანები ყველაზე უკეთ აჩვენებენ თავიანთ ნამდვილ სახეს, უკეთ შეიცნობენ სამყაროსაც და საკუთარ თავსაც და იმაზე იწყებენ ფიქრს, რისთვისაც ურბანული გარემო დროს თითქმის არ გიტოვებს.

იქ, უღრან ტყეში, ბიჭები ხვდებიან, რომ ფათერაკებთან საბრძოლველად თვითონაც მზად არიან, თავგადასავლები მათაც იზიდავთ, „მასწავლებელი” მხოლოდ სოციალური სტატუსია, თორემ ისიც ჩვეულებრივი ადამიანია, თავისი ძლიერი და სუსტი მხარეებით; გოგონები ხვდებიან, რომ მათაც შეუძლიათ სირთულეების გადალახვა და ზოგჯერ ამ სირთულეებისთვის თვალებში ჩახედვა უფრო საინტერესოა, ვიდრე ლამაზი კაბების მოხდენა და გარშემო მყოფთა ყურადღების მიქცევა.
ფილმი არა მხოლოდ შინაარსობრივად, მხატვრულადაც საინტერესოა. კარგად მუშაობს კამერა, არ იკარგება დინამიკა, გადასაღები მოედნები ერთმანეთზე შთამბეჭდავია… ნამუშევარმა უკვე მიიპყრო თანამედროვე კინოკრიტიკოსების ყურადღება და ოდესის საერთაშორისო და სოჭის რუსული ფილმების ფესტივალებზე მთავარი პრიზი დაიმსახურა. თუმცა ჩემთვის პრიზებზე მნიშვნელოვანი ის ემოციებია, რომლებსაც ესა თუ ის ფილმი გიტოვებს.
კინოთეატრიდან გამოსული დიდხანს ვფიქრობდი იმაზე, რომ მასწავლებლობას დიდი გამბედაობა სჭირდება, მტკიცე ნებისყოფა და ადამიანებისა და გარემოს მოსმენის უნარი. სხვაგვარად არაფერი გამოვა. ამ თვისებებმა კი ხელმოცარული გეოგრაფიის მასწავლებელიც შეიძლება იმ კაცად აქციოს, რომელიც ცხოვრების სწორ ხედვას გასწავლის. 

თანამშრომლობა სკოლებს შორის

0

სოციალური სწავლის თეორიის თანახმად,
სწავლა სოციალურ კონტექსტში პროდუქტიული და ეფექტურია, ხოლო სწავლის ორი ძირითადი მედიუმი
დაკვირვება და მოდელირებაა. სწორედ სოციალური სწავლის თეორიამ ჩაუყარა საფუძველი თანამშრომლობითი
სწავლის (კოლაბორაციული სწავლის) მიდგომას, რომლის ფარგლებშიც ადამიანები თანამშრომლობენ
და იზიარებენ პასუხისმგებლობას საერთო მიზნის მისაღწევად.

თანამშრომლობითი სწავლის მიდგომის
საფუძველს ინდივიდებს შორის თანამშრომლობით სწავლის შესაძლებლობა წარმოადგენს, თუმცა
კოლაბორაციული სწავლა ჯგუფების ან ინსტიტუციების დონეზეც შეიძლება ეფექტური იყოს. საგანმანათლებლო
ინსტიტუციებს შორის თანამშრომლობით სწავლისა და განვითარების შესაძლებლობები მართლაც
მასშტაბური იქნებოდა, რომ არა ისეთი სისტემური ფაქტორები, როგორიცაა კონკურენცია და რესურსების ნაკლებობა.  

სკოლებს შორის კონკურენცია ფინანსური რესურსების მოპოვებისა
და ინდივიდუალური მიღწევების დემონსტრირების საჭიროებითაა განპირობებული. სკოლებს,
ერთი მხრივ, საერთო მიზნები და ამოცანები აქვთ ეროვნული სასწავლო გეგმის, მასწავლებელთა
კვალიფიკაციის ამაღლების, აკრედიტაციის და სხვა კომპონენტებში, რაც მათი მჭიდრო თანამშრომლობის
საფუძველი შეიძლება იყოს. თუმცა, მეორე მხრივ, სკოლებს შორის კონკურენცია მათ დამოუკიდებლად
მუშაობას განაპირობებს. მიუხედავად იმისა, რომ კონკურენცია არსებითად გამორიცხავს კოლაბორაციას
საერთო მიზნების მისაღწევად, უნდა აღინიშნოს, რომ თანამშრომლობა მაინც შესაძლებელია
სხვადასხვა ფორმით, განსაკუთრებით მაშინ, თუ შემუშავდება კოლაბორაციის წამახალისებელი
სახელმწიფო პოლიტიკა და პროგრამები.

სკოლების თანამშრომლობის მაგალითების
კვლევებმა (Creative
Partnerships A New Direction Discover, 1 Bridge Terrace, Stratford, London E15
4BG)ცხადყო, რომ თანამშრომლობა გაცილებით პროდუქტიულია სწავლა-სწავლების გაუმჯობესებისთვის,
ვიდრე კონკურენცია. თუმცა თანამშრომლობა მარტივი პროცესი არაა და ისეთ თანამდევ პროცესებს
მოიცავს, როგორიცაა მიზნებისა და ამოცანების ერთობლივად ჩამოყალიბება, ანგარიშვალდებულების
გაზიარება, მიზანდასახულობა, კომპრომისული გადაწყვეტილებები, აქტიური კომუნიკაცია,
ნდობა და ძალაუფლების/მოვალეობების განაწილება. თანამშრომლობა, ცხადია, ასევე, ითხოვს
გარკვეული რესურსების გამოყოფას _ როგორც
ადამიანური, ისე დროითი და მატერიალური რესურსების.

ინგლისის
გამოცდილების მოკლე მიმოხილვა

სკოლებს შორის თანამშრომლობის და
ქსელური მუშაობის ყველაზე დიდი პრაქტიკა ინგლისში არსებობს. აკადემიზაციის პროცესის
ფარგლებში, რაც სკოლებში სწავლა-სწავლების, მენეჯმენტისა და ადმინისტრაციის, სკოლის
ცხოვრებაში თემის ჩართულობის გაუმჯობესებას ისახავდა მიზნად, ერთ-ერთი ამოცანა სკოლებს
შორის კოლაბორაციის დანერგვა იყო. ინგლისში სკოლის აკადემიზაციის წარმატების ერთ-ერთი
კრიტერიუმი ლიდერობის დემონსტრირება გახდა. სკოლები კი ამ კომპონენტში დადებითად ვერ
შეფასდებოდნენ, თუ არ წარმოადგენდნენ სისტემური გაუმჯობესების მტკიცებულებას, სხვა
სკოლასთან თანამშრომლობით რაიმე პროცესის გაუმჯობესების, ან სხვა სკოლის გაუმჯობესებაზე
ზრუნვის მაგალითებს.

აკადემიზაციის ინიციატივამ საფუძველი
ჩაუყარა სკოლების თანამშრომლობას, ურთიერთმხადაჭერას და განათლების საერთო ხარისხის
ამაღლებას ქვეყანაში. პოლიტიკის შემუშავებასთან ერთად, შეიქმნა შესაბამისი სტრუქტურები
და წამახალისებელი პროგრამები, მათ შორის “ლიდერთა წამახალისებელი გრანტების” ფონდი,
რომელიც კოლაბორაციული პროექტებისთვის გრანტებს გასცემდა; პროგრამა “ქალაქების მიღწევები”(Excellence in Cities), რომლის
ფარგლებშიც შემუშავდა და დაინერგა მენტორობის პრაქტიკა; “ქსელური სწავლის საზოგადოება
(NLCs)”, რომელიც
მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებასა და მოსწავლეთა შედეგების ანალიზსა და გაუმჯობესებაზე
იყო ორიენტირებული. მსგავს პრინციპებს ემყარებოდა “ასოცირებული სკოლების ქსელიც” (ASN), რომლის ფარგლებშიც ქსელში
გაერთიანებული სკოლების თანამშრომლები წყვილდებოდნენ, ერთობლივად განსაზღვრავდნენ მიმდინარე
სასწავლო საჭიროებებს და მიზნებს და ახორციელებდნენ თანამშრომლობის სამოქმედო გეგმას.

სკოლების თანამშრომლობა ორმხრივი
პროცესია, სადაც ყველა ჩართული სკოლა იღებს სარგებელს, თუ თანამშრომლობის მიზნები და
პრინციპები სწორადაა შერჩეული და შეთანხმებული. ეს გეგმა შესაძლოა სხვადასხვა სამიზნე
ჯგუფზე იყოს ფოკუსირებული, იმის მიხედვით, თუ რა საჭიროებები არსებობს და რა რესურსებია
ხელმისაწვდომი სკოლების კოლაბორაციულ ქსელში. მოცემულ სტატიაში კოლაბორაციის ოთხ ძირითად
სამიზნე ორიენტირზე ვისაუბრებთ. ესენია: მოსწავლეები, მასწავლებლები, რესურსები/შესაძლებლობები
და ადმინისტრაცია/მენეჯმენტი.

მოსწავლე

მოსწავლეებზე ორიენტირებული თანამშრომლობა
სკოლებს შორის როგორც ფორმალური განათლების, ისე არაფორმალური განათლების კონტექსტში
შეიძლება განხორციელდეს. აკადემიური მიზნით შეიძლება დაიგეგმოს გაცვლითი ვიზიტები და პროექტებზე დაფუძნებული სწავლა. ისეთი ინიციატივები,
როგორიცაა საზაფხულო სკოლები, ბანაკები ან მოსწავლეთა კონკურსები ხელს უწყობს როგორც აკადემიური მიზნების მიღწევას,
ისე მოსწავლეებში მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას.


·        

გაცვლითი
ვიზიტები – ვიზიტის ხანგრძლივობა სკოლების შეთანხმებაზეა დამოკიდებული,
ის ერთი დღიდან ერთ სემესტრამდე შეიძლება გაგრძელდეს. გაცვლის უმთავრესი მიზნებია:
დაკვირვება, გამოცდილების გაზიარება და აკადემიურ კონტექსტში გრძელვადიანი კონტაქტების
დამყარება მოსწავლეებს შორის.


·        

პროექტებზე
დაფუძნებული სწავლა – განსაკუთრებით ხელსაყრელია ტერიტორიულად ახლომდებარე
სკოლებისთვის. დავალებები შეიძლება იყოს მოკლევადიანი ან გრძელვადიანი. დავალების ეფექტური
ფორმები შეიძლება იყოს: ერთობლივი და შედარებითი კვლევები, ერთობლივი პრეზენტაციები,
ერთობლივი ვიზიტები მუზეუმებში, არქეოლოგიური გათხრების ადგილებში, ლაბორატორიებში,
საჯარო ინსტიტუციებში, პროფესიულ კოლეჯებში, სამეცნიერო დაწესებულებებში და ა.შ. 


·        

საზაფხულო
სკოლა/ბანაკი – საზაფხულო სკოლისა თუ ბანაკის სამიზნე ჯგუფისა და
კურიკულუმის შერჩევა სკოლების პრეროგატივაა. საზაფხულო სკოლა ან ბანაკი საუკეთესო საშუალებაა
იმისათვის, რომ დამატებითი მხარდაჭერა აღმოუჩინოს სკოლამ სოციალურად დაუცველ, უნარშეზღუდულ
ან სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლეებს როგორც სპეციალიზებული აქტივობების განხორციელებით,
ისე საერთო საზაფხულო სკოლებსა თუ ბანაკებში მათი ინტეგრირებით.


·        

მოსწავლეთა
კონკურსები – თანამშრომლობის ამ კატეგორიაში სკოლებს განსაკუთრებულად მრავალფეროვანი
არჩევანი და შემოქმედებითი მიდგომების გამოყენების თავისუფლება აქვთ. კონკურსები შეიძლება
იყოს საგნობრივი და კურიკულუმზე დაფუძნებული, ან სასწავლო გეგმის გარეთ სხვა უნარ-ჩვევების
გამოვლენა-გაუმჯობესებაზე ორიენტირებული, მაგალითად: ფოტოგრაფიული, დრამატურგიული,
სარეჟისორო, სახვითი ხელოვნების, ეკოლოგიური ცნობადობის, გამომგონებლობის, ჟურნალისტიკური,
სამეწარმეო უნარ-ჩვევების ხელშემწყობი და ა.შ. 


·        

ორგანიზებული
სოციალური აქტივობები – გასართობი და სოციალური აქტივობების ერთობლივად
განხორციელების პროცესში უმნიშვნელოვანესია ის, რომ მოსწავლეები განივითარებენ ისეთ
უნარ-ჩვევებს, როგორიცაა ღონისძიების იდეის და განრიგის შემუშავება, დაგეგმვა და კოორდინაცია,
როლების და პასუხისმგებლობების განაწილება, რესურსების შეფასება და მოზიდვა, ბიუჯეტის
შედგენა, ანგარიშგება, ღონისძიების ფასილიტაცია და ა.შ.

მასწავლებელი

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების
შესაძლებლობების გაზრდა ყველაზე განვითარებული ქვეყნებისთვისაც კი პრიორიტეტულად რჩება.
პირველ ეტაპზე მეტად მნიშვნელოვანია სკოლებისა და მასწავლებლების ინიციატივა, შიდა
რესურსებით შექმნან მასწავლებელთა პროფესიული განვითარების შესაძლებლობები. თანამშრომლობის
ყველაზე გავრცელებული მიმართულებებია:


·        

კურიკულუმის ერთობლივად შედგენა თემატური ჯგუფებში;


·        

გაკვეთილის ერთობლივად დაგეგმვა, იქნება ეს ღია გაკვეთილები
თუ ჩვეულებრივი გაკვეთილები გარკვეული პერიოდულობით;


·        

ურთიერთდაკვირვება და შეფასება, რომელიც შესაძლოა განხორციელდეს
ერთჯერადი ვიზიტის ფარგლებში, ან იყოს გრძელვადიანი, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში,
თუ კურიკულუმის ეფექტურობისა და მოსწავლეთა მიღწევების გაზომვა-შეფასებასაც გულისხმობს;


·        

ელექტრონული
ან ხელნაკეთი მასალების გაზიარება;


·        

მაძიებელ მასწავლებელთა
გადამზადება/მენტორთა ინსტიტუტი – წინა-სამსახურეობრივი ტრენინგის პროგრამის განხორციელება
მაძიებელ მასწავლებელთათვის, რაც მოიცავს მენტორ მასწავლებლებთან ერთად წყვილში გაკვეთილების
დაგეგმვას და სწავლებას, ურთიერთშეფასებას, მეთოდოლოგიურ განხილვებს და სიახლეების
ერთობლივად დანერგვას;


·        

მასწავლებელთა
დაჯილდოების ღონისძიებები – დაჯილდოების ინიციატივა შესაძლოა რეგიონში რამდენიმე სკოლას
შორის განხორციელდეს, რაც ყოველწლიური ნომინაციების შემუშავებას, ნომინანტების დასახელების,
შერჩევის კრიტერიუმების და წესების დადგენას მოითხოვს. მასწავლებელთა დაბალი ანაზღაურების
პირობებში, წლიური დაჯილდოების ღონისძიება მათი მოტივაციის გაზრდასა და სიახლეების
დანერგვის სურვილს შეუწყობს ხელს.

 

რესურსები
და შესაძლებლობები

რესურსების ეფექტურად გამოყენება,
გაზიარება ან გამრავალფეროვნება, ზოგდად, რესურსების ნაკლებობის პირობებში, სკოლებისთვის
ერთ-ერთი უპირველესი მიზანია. კოლაბორაციის ამ ფორმატში, პირველ ყოვლისა, საჭიროა თანამშრომლობით
ქსელში გაერთიანებული სკოლების რესურსების მოკვლევა და აღრიცხვა, მონაცემთა ბაზის შექმნა
და შემდეგ მათი სარგებლობის და/ან გამრავალფეროვნების ერთობლივი გეგმის შედგენა. ურთიერთგაზიარებისთვის
შემდეგი რესურსები შეიძლება განიხილონ სკოლებმა: ბიბლიოთეკა, ელექტრონული რესურსების
ბაზები, სპორტული დარბაზი და ინვენტარი, კლასგარეშე სასწავლო პროგრამები, მუსიკისა
და ხელოვნების წრეები, სამეცნიერო ლაბორატორიები, საგამოფენო დარბაზები, ინვენტარი
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვებისთვის, ელექტრონული რესურსების
ბაზები, პარტნიორი და დონორი ორგანიზაციების მონაცემთა ბაზები და ა.შ.

ასევე, ერთობლივად შეიძლება დაიგეგმოს
ცნობილი ადამიანების ვიზიტები/პრეზენტაციები, საკვირაო სკოლები და ონლაინ ფორუმები.

ადმინისტრაცია/მენეჯმენტი

მენეჯმენტის დონეზე, განსაკუთრებით
სკოლებს შორის კონკურენციის პირობებში, განსაკუთრებით საინტერესოა ქსელური კონკურენციის
შექმნის შესაძლებლობა. რა იგულისხმება ქსელურ კონკურენციაში? თუ, პირობითად, სკოლებს
სამ კატეგორიად დავყოფთ, სადაც პირველ კატეგორიაში გაერთიანდება მაღალეფექტური, ხოლო
მესამე კატეგორიაში – დაბალეფექტური სკოლები, ლოგიკური იქნება, თუ ვიტყვით, რომ მეორე
და მესამე, ან პირველ და მეორე კატეგორიის სკოლებს შორის უფრო მაღალია კონკურენცია,
ვიდრე პირველსა და მესამე კატეგორიის სკოლებს შორის. ამდენად, მცირედი წამახალისებელი
ინტერვენციების გამოყენებით, ერთ-ერთი შესაძლო სქემაა პირველი კატეგორიის სკოლის რესურსის
გამოყენება მესამე კატეგორიის სკოლების მეორე დონეზე გადასაყვანად.

თანამშრომლობის კიდევ ერთი სქემა
შეიძლება იყოს მესამე კატეგორიის რამდენიმე სკოლის გაერთიანება და ერთობლივი სტრატეგიის
შემუშავება მეორე კატეგორიამდე მისაღწევად.

თანამშრომლობის ღირებული და საჭირო
ფორმა შეიძლება იყოს უფლებების ადვოკატირება ადგილობრივი და ეროვნული პოლიტიკის შექმნის
პროცესში, ისევე, როგორც რეფორმების ერთობლივად განხორციელება. სკოლების ადმინისტრაციებს
შორის თანამშრომლობის ფოკუსი ასევე შეიძლება იყოს სოციალური ქსელების გამოყენება კოლაბორაციის
გასაუმჯობესებლად და პროფესიული და უმაღლესი განათლების საკითხებთან დაკავშირებით კონსულტაციების
გაწევა.

დასკვნითი
კომენტარები

იმისათვის, რომ სკოლებმა ეფექტურად
ითანამშრომლონ, კიდევ რამდენიმე პროცედურული საკითხის გათვალისწინებაა მნიშვნელოვანი.
აუცილებელია:


·        

თანამშრომლობის დეტალურად გაწერილი გეგმის შედგენა,
რომელიც წინასწარ შეთანხმებულ მიზნებსა და ღირებულებებს დაეფუძნება;


·        

თანამშრომლობის ქსელში ჩართულ სკოლებს შორის კომუნიკაციის
სტანდარტების შემუშავება;


·        

თითოეული ჩართული მხარის თანაბარი პასუხისმგებლობა
და მონაწილეობა;


·        

თანამშრომლობის
შედეგების შეფასების გეგმის შემუშავება;


·        

წარმატების
კრიტერიუმების დადგენა თანამშრომლობის დაგეგმვის ეტაპზე.

 

თანამშრომლობის
გეგმის შაბლონი

[1]

 

სკოლების
ქსელის დასახელება

წელი

მიზნები:

შედეგები:

დავალება
/აქტივობა

თარიღი

აქტივობის
აღწერა

აქტივობის
კოორდინატორი

საჭირო
რესურსები 

რისკები

შეფასების
მეთოდი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დასასრულს უნდა აღინიშნოს, რომ თანამშრომლობა
მხოლოდ მაშინ არის ეფექტური, თუ სკოლებს და ბენეფიციარების ჯგუფებს აქვთ საკმარისი
მოტივაცია და დამატებითი ფუნქციების შესრულების შესაძლებლობა. კვლევებმა აჩვენა, რომ
თანამშრომლობის შედეგები გაცილებით მაღალია იმ სკოლებში, სადაც თანამშრომლობის ინიციატივა
სკოლისგან (შესაბამისი ბენეფიციარი ჯგუფებისგან) მოდის, და არ არის განპირობებული გარე
ზეწოლით.

 




[1]

adaptirebulia Semdegi wyaros mixedviT: School, Family and Community Networks:
Your Handbook for Action, 3rd Ed. Epstein and
Associates, Hawker Brownlow, 2010.

 

მასწავლებლის პროფესიული თვითგანვითარება

0

თვითგანვითარება
ყველა ადამიანის ფუნდამენტური მოთხოვნილებაა, თუმცა თვითგანვითარების გზები და საშუალებები
ინდივიდუალურია, განპირობებულია რა თითოეული ჩვენგანის პიროვნული მახასიათებლებითა
და საჭიროებებით. მასწავლებლის თვითგანვითარებაზე ზრუნვა თანამედროვე განათლების უპირველესი
გამოწვევაა. პროფესიული განვითარების გარედან შეთავაზებულ აქტივობებთან შედარებით მასწავლებლის
მიერ თვითგანვითარების დაგეგმვა ეფექტიანია, რადგან ის მიმართულია პედაგოგის შინაგანი
რესურსების აქტივიზაციისაკენ და ხელს უწყობს მასწავლებლის მუდმივ პროფესიულ ზრდას,
პროფესიაში მაქსიმალურ რეალიზაციას. 

  პროფესიული
თვითგანვითარების გეგმის შედგენისას აუცილებელია საპი პირობის დაცვა:

  • ამოსავალი მდგომარეობის განსაზღვრა, ანუ მასწავლებლის
    პროფესიული საქმიანობის ძლიერი და სუსტი მხარეების გამოვლენა, პიროვნული და საქმიანი
    თვისებების არსებული დონის დადგენა.
  • იმ თეორიული საფუძვლების დამუშავება, რომლებიც
    მასწავლებელს პროფესიული განვითარებისა და წინსვლის საშუალებას მისცემს.
  • საკუთარი საქმიანობის რეფლექსია, ამ საქმიანობის
    შედეგების ანალიზი და მისი გამოყენება შემდგომის პროფესიული განვითარებისათვის.

მასწავლებლის
თვითგანვითარების პროცესი ორი ეტაპისაგან შედგება. პირველ ეტაპზე ხდება საკუთარი საქმიანობის
ანალიზი და სუსტი მხარეების დადგენა, აქედან გამომდინარე, საჭიროებების დიაგნოსტირებაც.
მეორე – დაგეგმარების ეტაპია, რომლის დროსაც განისაზღვრება თვითგანვითარების სფეროები.
მთელი ეს პროცესი შეიძლება წარმოვადგინოთ სქემის სახით, რომელზედაც კარგად ჩანს, როგორ
შეიძლება ხელი შეუწყოს  თავად პედაგოგმა საკუთარ
პროფესიულ ზრდასა და თვითრეალიზაციას.


                 

თვითანალიზსა და დიაგნოსტიკას და, საკუთარი საჭიროებებიდან
გამომდინარე, ხელახლა გეგმავს პროფესიულ თვითგანვითარებას. ეს არის პროფესიული სრულყოფის
ციკლი, რომელიც ზეაღმავალი სპირალის სახით შეიძლება წარმოვადგინოთ.

რამდენად
არის მზად მასწავლებელი პროფესიული თვითგანვითარებისათვის? სპეციალისტები ამის დადგენის
სხვადასხვა ხერხს გვთავაზობენ. გაგაცნობთ ერთ-ერთ ასეთ ხერხს – ანკეტირებას.


ინსტრუქცია:
უპასუხეთ შემდეგ შეკითხვებს დ შეაფასეთ ქულებით. 5 – თუ მოცემული დებულება სრულად შეესაბამება
რეალობას; 4 – უფრო შეესაბამება, ვიდრე არა; 3 – ნაწილობრივ შეესაბამება; 2 – უფრო
არ შეესაბამება; 1- არ შეესაბამება.


დებულება

ქულა

მე ყოველთვის ვაფასებ საკუთარ თავს.

 

მე ყოველთვის ვიტოვებ დროს თვითგანვითარებისათვის,
როგორი დაკავებულიც  უნდა ვიყო სკოლისა თუ
საოჯახო საქმეებით.

 

წარმოქმნილი სირთულეები არ მაშინებს, პირიქით, ზრდის
ჩემს აქტიურობას.

 

მე ყოველთვის ვეძებ უკუკავშირს, რადგან ის მეხმარება
უკეთესად შევაფასო ჩემი საქმიანობა, შესაძლებლობები და პიროვნული თვისებები.

 

მე ყოველთვის ვპოულობ დროს საკუთარი საქმიანობის რეფლექსიისათვის.

 

მე ვაანალიზებ ჩემს ემოციებსა და გამოცდილებას.

 

მე ბევრს ვკითხულობ.

 

მე ხშირად ვერთვები კონსტრუქციულ კამათში ჩემთვის
საინტერესო საკითხებზე.

 

მე მჯერა ჩემი შესაძლებლობების.

 

მე ვცდილობ, ვიყო ღია და გულწრფელი.

 

მე ვაცნობიერებ იმ ზეგავლენას, რომელსაც ჩემზე ახდენენ
ირგვლივ მყოფი ადამინები.

 

მე ვმართავ საკუთარ პროფესიულ განვითარებას და ვიღებ
დადებით შედეგებს.

 

მე სიამოვნებას მანიჭებს ახლის ათვისება.

 

მე არ მაშინებს ჩემზე დაკისრებული მაღალი პასუხისმგებლობა.

 

მე დადებითად შევხვდებოდი სამსახურში ჩემს დაწინაურებას.

 

 შეგიძლიათ შეაჯამოთ ქულათა
ჯამი და შეაფასოთ საკუთაი მზაობა თვითგანვითარებისათვის:

75-55
ქულა – აქტიური თვითგანვითარების დონე.

54-36
ქულა – თვითგანვითარების სისტემა არ არის კარგად ჩამოყალიბებული.  თვითგანვითარება დამოკიდებულია გარემოპირობებზე.

35-15
ქულა – თვითგანვითარების პროცესი შეჩერებულია.

ვურჩევ კოლეგებს,
გულწრფელად შეავსონ ანკეტა და კარგად გააცნობიერონ, რამდენად არიან მზად თვითგანვითარებისათვის,
რადგან სწორედ ამის  გაცნობიერების შემდეგ აქვს
აზრი საკუთარი პროფესიული მომზადების დიაგნოსტირებას, რომლის ხერხებსა და საშუალებებს
მომდევნო სტატიაში გაგაცნობთ. 

ჩემი წინაპრები კავკასიიდან თურქეთში გაქცეულან

0
გვერდის პარტნიორია გამომცემლობა “ინტელექტი”

–  “ფამუქი” თურქულად ბამბას ნიშნავს, არა?

–  სწორედ ასეა. საქმე იმაში გახლავთ, რომ ოდესღაც, უხსოვარ დროში, ჩემი წინაპრები კავკასიიდან თურქეთში გაქცეულან. იქაურების კვალობაზე მათ მეტისმეტად თეთრი პირისახე ჰქონიათ და ეს მეტსახელიც სწორედ იქ,  ანატოლიაში შერქმევიათ.
–   ანუ ბამბეულის  მრეწველობასთან თქვენს წინაპრებს არაფერი აკავშირებთ?
–    ისინი უფრო რკინიგზასთან არიან  დაკავშირებულნი. ოცდაათიან წლებში რკინიგზამ საშინლად  გაამდიდრა ბაბუაჩემი – მაშინ პატარა თურქეთში ის იყო იწყებდნენ მის მშენებლობას. არ ვაზვიადებ – ბაბუაჩემი მართლა ძალიან მდიდარი კაცი იყო, მაგრამ ნაადრევად გარდაიცვალა, მისმა  მრავალრიცხოვანმა შვილებმა კი უჭკუოდ  გაანიავეს მთელი მემკვიდრეობა.  ასე რომ,  ოჯახს საშაყირო თემადღა შემოგვრჩა ბაბუას ფულების გაქრობის ამბავი. ბაბუას ნაადრევი სიკვდილის შემდეგ ყველაფრის ავან-ჩავანი ბებია გახდა, ოთხი შვილი დარჩა და ყველანი  ნიშანტაშის რაიონში, ერთ დიდ სახლში ცხოვრობდნენ. მოდერნიზაციის პერიოდში მათ სახლი შემოსავლიან შენობად გადააკეთეს და ჩემი ბიძები  (და მშობლებიც) იმავე სახლში, მაგრამ ცალ-ცალკე ბინებში  დასახლდნენ. ასე რომ, პატარაობაში ვცხოვრობდი ჩვეულებრივ მრავალბინიან სახლში, მაგრამ მთელი კურიოზი  იმაში მდგომარეობდა,  რომ  ამ  ბინებში ჩემი  ნათესავები  ცხოვრობდნენ.  ყველა  კარი  მუდმივად  ღია  იყო და მეც დავყიალებდი ერთი ბინიდან მეორეში. შემდეგ ფულმა მოლევა დაიწყო; მართალია, ჯერ ისევ ვერცხლეულზე ვჭამდით, მაგრამ მაგალითად, სამარილეების ნაცვლად, სამედიცინო სინჯარას ვიყენებდით.
–  ანუ ოჯახი “შავ წიგნში” ნატურიდანაა გადმოღებული?
–  მეტ-ნაკლებად კი.
–  და შემდეგ?
– რადგან ბაბუა ინჟინერი იყო, იგულისხმებოდა, რომ ყველანი მის კვალს უნდა გავყოლოდით. ასეც მოხდა, მაგრამ ჩვენს “ტექნიკურ”, “მედასავლეთე”   ოჯახში  სხვაგვარად ვიყავი  განწყობილი  – ხელოვნება მიტაცებდა. არქიტექტორობა გადავწყვიტე და ამ საგანს სამი წელი  ვსწავლობდი; სულ ვკითხულობდი და  ვკითხულობდი. ტიპური ისტორიაა – გამუდმებულმა კითხვამ იქამდე მიმიყვანა, რომ გადავწყვიტე მწერალი გავმხდარიყავი. პარალელურად სტამბულის უნივერსიტეტში დავიწყე ჟურნალისტობის შესწავლა, მაგრამ ამ საქმიანობას სერიოზულად არასოდეს ვუყურებდი –  უბრალოდ, არმიიდან თავის დაღწევა მინდოდა.   ოცდაორი  წლისა უკვე პირველ რომანს ვწერდი, რომელსაც ჩემთვის არაფერი მოუტანია –  არც ფული და არც დიდება. იმ ხანებში ისიც დაერთო, რომ ჩემი მშობლები  გაიყარნენ და  თავად  პერიოდიც –   სამოცდაათიანი წლების დასასრული, საკმაოდ უსიხარულო იყო: ქვეყანა სამოქალაქო ომის ზღვარზე იმყოფებოდა. ასე რომ, ოცდაათ წლამდე დედასთან ერთად, წიგნებით გამოჭედილ ერთ  პატარა ოთახში ვცხოვრობდი. არც ფული მქონდა, არც სამუშაო. მხოლოდ ვწერდი და ვცხოვრობდი განდეგილივით.  “საზოგადოებაშიც”  კი  ვერ  ვჩნდებოდი,  რადგან არ ვიცოდი, რა პასუხი  გამეცა კითხვაზე –   რით  ვარსებობდი? უფრო სწორად  კი,  იმის  თქმას  ვერიდებოდი,  რომ  მშობლების ნასუფრალით გავდიოდი იოლას. ამ  ხნის  განმავლობაში  დავწერე ორი რომანი,  ერთიც ნახევრამდე და ოცდაათი წლის ასაკში ერთ- ერთი მათგანის დაბეჭდვაც მოვახერხე. ეს იყო კლასიცისტური სულისკვეთებით გამსჭვალული  გრძელი ოჯახური  საგა, მაგრამ მას მაინც საოცრად ბევრი მკითხველი ჰყავდა. პირველი წიგნი წელიწადში ორიათასიანი ტირაჟით გაიყიდა, მეორე – ექვსიათასიანი, მესამე თექვსმეტათასიანი და უცებ, ტირაჟების სიმრავლემ ცამდის უწია:  თითოეული წიგნი  რამდენიმე ასეულ ათას ეგზემპლარად იყიდებოდა. სწორედ ამ დროს მოვიდა აღიარება  დასავლეთიდანაც.
–  პოლიტიკურ მისწრაფებებთან დაკავშირებით როგორი ვითარება იყო თქვენს ოჯახში?
–   ჩემი ოჯახის ორიენტაცია ყოველთვის დასავლური იყო. ეს იყო ტიპური რესპუბლიკელების ოჯახი მაღალი საზოგადოების ტიპური  ღირებულებებით:  ლიბერალიზმით,  სეკულარიზმით და  უცხო კულტურებისადმი  ინტერესით. ისინი განათლებული მედასავლეთეები იყვნენ და ამიტომაც  მიაჩნდათ საკუთარ მისიად
ბნელი ხალხის განათლება. ეს იდეოლოგია – ქემალიზმი – აძლევდა მათ გარკვეულ სულიერ უფლებამოსილებებს; ითვლებოდა, რომ წარმოადგენენ რესპუბლიკის ელიტას, რომ სხვებზე მაღლა დგანან, რომ განსაკუთრებული სტატუსი, განსაკუთრებული პრივილეგიები აქვთ, რაც, საბოლოო ჯამში,  არ იყო ჭეშმარიტებას მოკლებული.

თქვენმა  ჟურნალისტურმა  მოღვაწეობამ  თუ  გამოიღო თავისი შედეგი?
–   დიახ,  ჟურნალისტის  დიპლომის  მიუხედავად,  ოცდაათი წლის ასაკში მე  მაინც მოვხვდი  ჯარში, სადაც  ხშირად დაცინვით მ ე კ ი თხ ე ბ ოდნ ე ნ : ვ ი ნ  არი ს  ე ს  ყ მ აწ ვ ი ლ ი ?  რას   ს აქ მ ი ან ობ ს ? ჟურნალისტია? რომელ გაზეთში  მუშაობს? არცერთში? რომანებს წერს?  ერთი რომანი მაინც თუ  დაუბეჭდავს?  არცერთი? და  ასე დაუსრულებლად…
–  ნიუ-იორკში  როგორღა მოხვდით?
–   ეს ჩემი მესამე  წიგნის   დაბეჭდვის  შემდეგ მოხდა. ჩემი მეუღლე დისერტაციას იცავდა კოლუმბიის უნივერსიტეტში. ამ უნივერსიტეტმა მეც დამინიშნა სტიპენდია. ჩავედი  ცოლთან და დავიწყე თურქულის სწავლება.  პარალელურად კი ბიბლიოთეკაში დავდიოდი და ვწერდი “შავ წიგნს”.

–  ანუ ეს რომანი  ამერიკაში  დაიწერა?
–  დიახ, მისი  დიდი ნაწილი.
–  თქვენი საწერი  მაგიდის ადგილმდებარეობამ თუ მოახდინა ტექსტზე რაიმე ზეგავლენა?
– გარკვეულწილად კი. მოგეხსენებათ, ნოსტალგია და მისთანები. იქ,  ნიუ-იორკში,  თითქოსდა ყველაფერი პერსპექტივაში დავინახე. უამრავი რამ გაცილებით ღირებული მეჩვენა, ვიდრე სინამდვილეში იყო. დეტალები და წვრილმანები კი უფრო გამოიკვეთა. თავი ჯოისად წარმომედგინა, რომელიც ზის ტრიესტში და თავის “დუბლინელებს” წერს.
–  ე. ი. შეიძლება ითქვას,  რომ “შავი  წიგნის” სტრუქტურულ მოდელად ჯოისის თხზულებები  იქცა?
–   უეჭველად. მე  სწორედ მას  ვეყრდნობოდი, სახელდობრ კი იმას, თუ  როგორი კუთხით მიუდგა ის დუბლინს.
–   ჯოისი წერდა:  “ისტორია კოშმარია,  რომლისგან გა- მოფხიზლებასაც ვცდილობ”. როდესაც “შავ წიგნს” კითხულობ, ისეთი  შთაბეჭდილება  რჩება,  რომ  თქვენთვის  ისტორია ხანგრძლივი ზღაპარია, რომელიც გინდა  დაუსრულებლად იკითხო. რას  იტყოდით ასეთ შედარებაზე?
–   რა თქმა უნდა,  ჩემთვის მისაღებია იდეა,  რომ  ისტორია მხოლოდ ზღაპრების ჯაჭვია  და სხვა არაფერი. სხვა მხრივ კი, სულ არ მადარდებს,  სინამდვილეში რა ხდებოდა ისტორიაში. ჩემთვის ისტორიის ვარიანტებია საინტერესო, ერთგვარი “ზღაპრები” ისტორიის შესახებ, რომელიც სხვადასხვა ხალხის ცნობიერებაში აისახება; წერის დროს მე იმ ადამიანებს წარმოვიდგენდი, რომლებიც დადიოდნენ სტამბულში და თავით დაატარებდნენ ათასობით სხვადასხვა ისტორიას და არა კონკრეტულად ისტორიას. და კიდევ ერთი –  ეს ეხება თურქული ლიტერატურის ისტორიის ტრადიციას –   როგორც ასეთს. საქმე  იმაშია,  რომ  თურქულ  ლიტერატურას ყოველთვის ახასიათებდა მემარცხენე შეხედულებები. იგი პლე- ბეისტური იყო იმ გაგებით, რომ მწერლებს თავიანთ რომანებში ძირითადად გული შესტკიოდათ ანატოლიელ გლეხებსა და ღარიბ- ღატაკებზე. ესეც ერთგვარი სოციალური რეალიზმი იყო.
–  ვედათ თურქალი?
–  ვედათ თურქალი –  ჰო, მართალია ის მეტად ურბანისტულია, მაგრამ ამის მიუხედავად, მისი პოლიტიკური შეხედულებები… იცით, მისი თაობის მწერლები პოლიტიკურადაც და თემატიკურადაც ანგაჟირებულნი იყვნენ.  ისინი მარქსისტები იყვნენ  და  წერდნენ ანატოლიელ ღატაკებზე და რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, არავინ წერდა  სტამბულზე. განა ეს საინტერესო არ არის? ასე რომ,  მე გადავწყვიტე, ამ  ქალაქისთვის, როგორც პალიმფსესტისთვის  ისე შემეხედა;  შემეხედა  როგორც მისი  ისტორიის  მრავალფენიანი  – ბიზანტიური, ოტომანური და რესპუბლიკური, განსაკუთრებით კი, ოტომანური ღვეზელისთვის.

–  რატომ?
–   საქმე  იმაშია, რომ  ახალ დროში ოტომანური პერიოდის ისტორია ფარულად იკრძალებოდა. თურქებს თურქობა უნდოდათ და არა  ოტომანური იმპერიის მემკვიდრეებად ყოფნა. ოტომანური იმპერია კი, როგორც სხვა დანარჩენი  იმპერიები, მრავალეროვანი იყო: სტამბულში ბერძნებიც ცხოვრობდნენ, თურქებიც, ებრაელებიც და სომხებიც.  რესპუბლიკა კი, ამ  დროს პრეტენზიას აცხადებდა ეროვნულ  თვითმყოფადობაზე,  რასაც იმპერიის  სიჭრელე  ძლიერ უშლიდა ხელს. რესპუბლიკის იდეოლოგია  იყო უბრალო  – ტოტალური “თურქიზმი”, რომელიც თავს ისე გვაჩვენებდა, თითქოს არანაირი იმპერია არ არსებობდა. და აი, მეც გადავწყვიტე ისტორიის ამ პერიოდისთვის გადამეხედა.

–  სუფიზმისა და მევლიანას მეშვეობით?
– დიახ-დიახ-დიახ, მაგრამ პირველ რიგში, მინდოდა ჩემი გმირები თვით ამ  ქალაქის ქსოვილში  გამეხვია და  მათთვის  მხატვრული პროზის საშუალებით, მისი ფანტასტიკური თვისებების შეგრძნების შესაძლებლობა  მიმეცა.  მე  მინდოდა,  ეს ქალაქი მეჩვენებინა  არა კლასობრივი ბრძოლების კუთხით, როგორც ეს ხშირად ხდებოდა, არამედ მისი ისტორიის, მისი საიდუმლოებების კუთხით, რომელშიც დღემდეა გახვეული სტამბული. თუ   გნებავთ, სწორედ ამაში მდგომარეობდა ჩემი პოლიტიკური პროგრამა.


–   დავუბრუნდეთ სუფისტურ პოეზიას. რა  მოსაზრებით მიმართეთ ამ ტექსტებს –  ობივატელური ცნობისმოყვარეობის თუ  რელიგიური მოთხოვნილების გამო?
–   არც ერთის და არც მეორის გამო.  მე არ განვეკუთვნებოდი სუფისტების სექტას,  ამიტომაც  არანაირი რელიგიური მოტივაცია არ გამაჩნდა. წმინდა ცნობისმოყვარის თვალითაც კი ეს ტექსტები ძალზე უბრალოდ  და  მოსაწყენად მოგეჩვენებოდათ. მე  კი ჩემი წიგნისთვის მესაჭიროებოდა  ე. წ.  ტრადიციული ლიტერატურის ორიგინალური ჭრილი, როგორსაც უსიტყვოდ წარმოადგენს სუფისტური პოეზია.
–    ანუ,  იმის  თქმა გინდათ, რომ  სუფისტური  პოეზიის გამოყენება და მისი გადამუშავება ორიგინალურია?
–   გინდ  დაიჯერეთ,  გინდ  –   არა,  მაგრამ  ეს ასეა. საქმე იმაში გახლავთ, რომ არავის ჩემს გარშემო, ჩემს თაობაში, არასოდეს წაუკითხავს  ეს ლექსები. კითხულობდნენ ყველაფერს, რასაც  მოისურვებდნენ –   დასავლულ მოდერნისტებს,  თურქ მემარცხენეებს, მაგრამ არა იმას, რაც ცხვირწინ ჰქონდათ. და აი, მეც გადავწყვიტე ამ შრის გამოყენება, რათა ჩვენი ფსევდმოდერნისტული საზოგადოებისთვის სუფიებზე თვალი ამეხილა.

–  ასეთი  იყო რეაქცია, არა?
–   დიახ, დიახ, ეს იყო რეაქცია დიდი ხნის  წინ ვადაგასული დასავლური პოეზიით დამღუპველ გატაცებაზე.
–  მაშინ, მოდით,  ვილაპარაკოთ იმაზე, თუ  თქვენი  წიგნების გამოსვლისას როგორი სიტუაცია იყო ლიტერატურაში?
–   შეხედეთ,  ამ  ქვეყანაში  ორი ნაციაა:  მედასავლეთეები  და ტრადიციონალისტები და დღემდე გრძელდება მათ შორის ბრძოლა.
პრობლემა იმაში მდგომარეობდა, რომ სამოცდაათიან  წლებში ყველა “მედასავლეთე”  პოლიტიკურად ანგაჟირებული იყო. ყველა “მემარცხენე”  –   სტალინისტები  იყვნენ:  მოკლედ,  ცუდი ბიჭები. თავიანთ ნაწარმოებებში ისინი ბაძავდნენ ზოლას, სტეინბეკს და მისთანებს; წერდნენ  პოლიტიკური რეალიზმის სულისკვეთებით აღსავსე რომანებს, მოქმედება კი, როგორც უკვე ვთქვი, ანატოლიაში ვითარდებოდა; მაგრამ ოთხმოციანი წლების დასაწყისში ამ ბიჭებს მალე მოუგრიხეს კისრები. ბევრი მათგანი გისოსებს მიღმა აღმოჩნდა და  დღემდე იქ იმყოფება. აი,  სწორედ ამ  სიტუაციაში გამოჩნდა ჩემი წიგნებიც, სადაც  მოქმედება ყოველთვის ქალაქში ხდება. მათ წარმატებას, კერძოდ, იმითაც ვხსნი,  რომ  ქალაქელმა მკითხველმა პირველად ამოიცნო ჩემს გმირებში საკუთარი თავი.

–  ოდესმე გიფიქრიათ ემიგრაციაზე?
–    მთელი  ცხოვრება, ამერიკაში  გატარებული ორი  წლის გამოკლებით, სტამბულში  გავატარე და თავს აქ საკმაოდ კომფორტულად ვგრძნობდი, რამეთუ ეშმაკი ადამიანი ვარ.  ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს, რომ  როდესაც ჩემი მეგობრები  მიდიოდნენ “მემარცხენე” პოლიტიკაში, თავს  ისე  ვაჩვენებდი, თითქოს მათ გვერდით  ვიყავი, მაგრამ სინამდვილეში, ლიტერატურაზე  უფრო ბევრს ვფიქრობდი, ვიდრე პოლიტიკაზე. ანუ ვკითხულობდი ფოლკნერს და  ვირჯინია ვულფს; ხოლო როდესაც მეგობრები მეკითხებოდნენ: “რომელ პარტიას მიეკუთვნებიან  ეს მწერლები?”  –  ვპასუხობდი, რომ  ისინი ჩვენები იყვნენ.
სერიოზულად თუ  გაინტერესებთ, აუცილებლობის შემთხვევაში იტალიაში გადავსახლდებოდი. იტალიელები ჩემთვის იგივე თურქები  არიან, ოღონდ უფრო ცივილიზებულნი და  დაე კვლავ დამადანაშაულონ  ანტიპატრიოტიზმში.
–   ძალიან ხშირად მკითხველი “შავ წიგნს” მიიჩნევს ტურისტულ მეგზურად  “ჭკვიანებისთვის”.  ცდილობენ  ქალაქში იმის პოვნას, რაც აღწერილია მხატვრულ ნაწარმოებში. როგორ მოგწონთ ასეთი  სიტუაცია?
–  დღეს საღამოს აუცილებლად გიჩვენებთ სახლს ნიშანტაშში, ალაადინის დუქანს და თვით ალაადინსაც გაგაცნობთ. სინამდვილეში კი, ეს მე ნაკლებად მაღელვებს. დიახ, ვიცი, რომ ხალხი სტამბულში წამოსვლამდე ყიდულობს ამ წიგნს. მერე რა? დუბლინში წასვლამდე მეც ვიყიდიდი “ულისეს”… არა,  მე მომწონს   კიდეც, რომ  წიგნი გზამკვლევად იქცა, თუმცა, რა თქმა უნდა,  წერის დროს ამგვარი გ ე გ მ ე ბ ი არ მ ქ ონ ი ა. ე ს  უფ რო წ ე რი ლ ობ ი თ გამ ყ არე ბ ულ ი ნოსტალგიური აქტი იყო. ამგვარი  წიგნი  რომ  დაგეწერა, რომანში გაფანტული  ყველა ამ  წვრილმანისა და  დეტალების უგონო ფანატიკოსი უნდა ყოფილიყავი. გნებავთ, ჯიუტი ენციკლოპედისტი.
“პირველი თურქული ნემის 1956 წელს დამზადდა!” –   აი,  რა იყო მთავარი.

–  თქვენს წიგნში ძალიან ბევრი თოვლია.
–   თოვლი  ჩემი  აკვიატებული  იდეა,  აკვიატებული  სახეა და მეტი არაფერი. ის ქმნის განწყობას, რომელიც აუცილებელია ჩემი თხრობისთვის. სახალისო სხვა რამეა – ის, რომ დასავლეთში ხშირად მეკითხებიან თოვლზე. იმათ იქ ჰგონიათ, რომ  სტამბულში მუდამ სიცხე და მტვერია და თოვლი არ მოდის;  ფიქრობენ, რომ “ისლამი” და “თოვლი” ერთმანეთთან შეუთავსებელი ცნებებია. ვშიშობ, რომ სულ მალე  ჩემი წიგნების  ყდაზე  დათოვლილი სტამბულის ფოტოს მოთავსება მომიწევს.
–   აქ, სტამბულში, ბევრი  მოსაზრება  მოვისმინე თქვენი წარმატებული  კარიერის შესახებ. კერძოდ, ამბობდნენ, რომ თქვენს პოპულარობას გავლენიან ნათესავებს უნდა უმადლოდეთ შტატებიდან, რომლებიც  გეხმარებოდნენ წიგნის  “გაქაჩვაში”. როგორ უპასუხებდით ამ პასაჟებს?
–   ნათესავები შტატებში? –   ეს რაღაც ახალია. უკანასკნელი, რაც ჩემს შესახებ  გავიგე, ის იყო, რომ ებრაელი ვარ,  რაც არ არის მართალი. პასუხი  კი მარტივია: “მე კარგი ლიტერატურული აგენტი მყავს” –  ეს არის და ეს.
–   კარგი, მაშინ კომენტარი გაუკეთეთ,  თქვენი  აზრით, სად არის ამ ხმების სათავე.
–  მე ვიტყოდი, ეს წმინდა თურქული, პროვინციული შტრიხია. ყველაფერი დიდი ხნის წინ დაიწყო, როდესაც ერთმა “მემარცხენე” მწერალმა რომელიღაც  გაზეთის  ნომრიდან ნომერში  დაიწყო იმის  მტკიცება, რომ  ებრაელი ვარ.  შემდეგ  ეს იდეა   აიტაცეს ფუნდამენტალისტურმა  გამომცემლობებმა. აქ ასეთი   რამ ნორმალურად ითვლება – თუ საერთაშორისო წარმატებას მიაღწიე, თუ შენი წიგნებით ფულს შოულობ, თუ წარმატებული და იღბლიანი ხარ,  დაუყოვნებლივ შეგრაცხავენ ქემალისტად, ქსენოფობად, სტალინისტად ან ებრაელად. სხვაგვარად არ  შეუძლიათ  შენი წარმატების ახსნა.

–  … ნაცნობი სიტუაციაა.
– … ის იდეა კი, ჩემი ებრაელობის შესახებ, ყველაზე პოპულარული იყო. ჩემი  ნათესავები  მეუბნებოდნენ: “შენს გამო ებრაელებიც გავხდით, მთელი ქალაქი ებრაელებად გვთვლის!”

ამ  ქალაქში,  ალბათ, არ გილხინთ.  ხომ არ გრძნობთ იზოლაციას ან მარტოობას?
–   ჩემი ფრანკფურტელი მეგობრები   მუდმივად თავისთან მიხმობენ. “მეუბნებიან, როდემდე უნდა იცხოვრო თურქეთში, ნახავთ, ერთხელაც, ბოლოს რომ მიგიღებენ!” მაგრამ მდგომარეობა არც ისე საშინელია. ეს ყველაფერი –  მოგკლავენ, ბოლოს მოგიღებენ – გაზვიადებული ნათქვამებია. თურქები არც იმდენად ბრუტალურები არიან. უფრო მეტიც –  მე მომწონს  კიდეც ჩემი სახელის ირგვლივ შექმნილი სიტუაცია. ჩემს წინააღმდეგ იმდენი  დაიწერა, რამდენიც უკანასკნელი ოცი წლის განმავლობაში   არავისზე დაუწერიათ თურქეთში. მე ამ შენიშვნების ერთად შეკრება და წიგნად გამოცემაც კი მინდა დაახლოებით ასეთი  სათაურით –  “ფამუქის წინააღმდეგ”. გახსოვთ,  როგორც “შავ წიგნშია”, ჯელიალი მიდის ალაადინთან და სთხოვს ინტერვიუს, რაზეც ის პასუხობს: “ეს ჩემს წინააღმდეგ ხომ არ იქნება გამოყენებული?”
–   თქვენს წიგნში  ძალიან  ბევრია უაღრესად “თურქული” ბაცკგროუნდ-ი. იმდენად ბევრი, რომ ევროპელი მკითხველი წიგნის დაახლოებით ათ პროცენტს ვერ  კითხულობს.
–  უფრო მეტსაც.
–  … მით უმეტეს. რამდენად შეგნებულადაა გადატვირთული თქვენი ტექსტი?
–   დიახ, რამდენიმე ადგილას  თავი მართლა ვერ   შევიკავე. გესლიანი სიტყვებიც ვთქვი და აქა-იქ ღვარძლიც გამოვურიე. პრობლემა უფრო სხვა რამეშია: ანუ იმაში, რომ სუფისტური პოეზიის შრე, რომელიც წიგნშია გამოყენებული, ევროპელი მკითხველისთვის აბსოლუტურად გაუგებარია, სხვათა შორის, თურქებისთვისაც.
–  რუსეთში არის სუფისტური პოეზიის თარგმანები, მაგრამ ეს სიტუაციას ნათელს ვერ ჰფენს. კითხულობ ამ ლექსებს და ვერ გაგიგია,  რის გამოა მთელი ეს ალიაქოთი. მხოლოდ მას შემდეგ, რაც აქ, სტამბულში სუფისტურ მონასტერში მოვხვდი და ვნახე იქ  მოფუსფუსე დერვიშები, მოვისმინე მუსიკა და შევიგრძენი ბაღში გამეფებული ატმოსფერო –  ჩემთვის რაღაც-რაღაცეები გასაგები გახდა…
–  ყველაფერი აბსოლუტურად მართალია. სუფიების ტექსტები ჭეშმარიტად უმარილო და ცალსახაა და რაც მათ შეუდარებლობას სძენს, სწორედ ატმოსფეროა; ამას ემატება ისიც, რომ თავად უნდა მიეახლო ტექსტებს იმ რწმენით,  თითქოს ისინი –   აღმოჩენაა.   მე მაღალი წრის მედასავლეთე ვიყავი და სკეპტიკურად ვკითხულობდი მათ  ტექსტებს.  ვკითხულობდი,  ვკითხულობდი  და  არაფერიც არ ხდებოდა.   მაგრამ  მათში მოთხრობილი ამბები მართლაც საინტერესოა.  აქ ინდური ტრადიციაც არის და  ეს ყოველივე ცნობისწადილს  აღმიძრავდა.  მოკლედ,  როგორც ლექსები,  ეს ტექსტები სუსტია, ხოლო როგორც იმ დროის შესახებ არსებული ინფორმაცია –  საინტერესო.
–  რა როლს თამაშობს თქვენს რომანებში სიუჟეტი?
–   მე  სიუჟეტი კი არ მაინტერესებს, როგორც ასეთი,  არამედ ისტორია, რომლის დახმარებითაც შემიძლია გადმოვცე აღწერილი საგნის  ქსოვილი,  არსი  და ატმოსფერო,  ანუ შემიძლია  დავამატო “შავ წიგნს” კიდევ ათასი  გვერდი –  მაგრამ ეს ისევ ის “შავი წიგნი”
იქნება. აი, რაშია საქმე.
– სხვაგვარად რომ ვთქვათ, ყოველ წიგნს თავისი ატმოსფერო აქვს, რომლის განვრცობა შეიძლება, შეცვლა კი არა?
–    აბსოლუტურად სწორია. სწორედ რომანის ჟანრის  ამ კანონის დარღვევისთვის მაკრიტიკებდნენ ყველაზე მეტად, მაგრამ როდესაც “შავ წიგნს” ვწერდი ვცდილობდი იმ ხმით  მელაპარაკა, რომელსაც შეერწყმებოდა სხვადასხვა  დროისა  და  სტილის ყველაზე განსხვავებული კულტურული ცნებები  და ტრადიციები. მივმართავდი  თვითიდენტიფიკაციას.  ახლა, როცა ეს მისია შესრულებულია, უკვე შემიძლია თავს უბრალო ისტორიების წერის უფლება მივცე –  კვანძებით, კულმინაციებითა და ფინალებით.
– რას გვეტყვით სტამბულში გატარებულ თქვენს ბავშვობაზე?
– ორმოცი წლის წინ სტამბული იყო წყნარი, თითქმის სოფლური ყაიდის ქალაქი. დედაჩემი, მე  და  ჩემი  ძმა ერთად ვსეირნობდით ხოლმე უდაბნოსებრ ესთიქლალში, სადაც  მარტო ერთი ტრამვაი დადიოდა. ჩვენ შევდიოდით დუქანში და ნახევარი დღე, მაგალითად, ღილს ვეძებდით. როცა ქალაქში მანქანა გამოჩნდებოდა, ერთმანეთს გავძახოდით: “შეხედე, მანქანა!” ამ ნაპირიდან ვყვინთავდით ბოსფორის კამკამა წყალში. მე ზეპირად ვიცოდი ყველა იმ თევზის სახელი, რაც ბოსფორში ბინადრობდა, შემეძლო  ერთი სახეობის მეორისგან  განსხვავება. დღესაც  ძველებურად ვაღმერთებ თევზს, მაგრამ უკვე მომზადებული სახით, რესტორანში. ახლა კი – რა? ახლა ქუჩები სავსეა ხალხით და გზებზე  საცობებია. ბოსფორშიც უკვე ვეღარ  იბანავებ, ისეთი დაბინძურებულია. ქალაქი ისე  გაიზარდა, რომ მის რამდენიმე რაიონში ცხოვრებაში ერთხელაც არ ვყოფილვარ. სხვა მხრივ კი, აი,  ეს ხედი ჩემი ფანჯრის წინ, უკვე ათასი  წელია, როგორც მინიმუმი, არ შეცვლილა, რაც ძალზე სასიამოვნოა.

–  სტამბულის მიწისქვეშეთზე, კატაკომბებზე, სამალავებსა და საიდუმლო ბაღებზე რაღას  იტყვით?
–   ბაღები და მიწისქვეშეთი, რომელსაც წიგნში აღვწერ, ეს ყველაფერი ქალაქის მითოლოგიაა. სტამბულის ყველა ბიჭს აბოდებს მიწისქვეშა გასასვლელები და კატაკომბები, რომლებითაც კონსტანტინოპოლის მცხოვრებნი ალყის დროს ქალაქიდან გარბოდნენ თავიანთი განძეულობით. მაგრამ შესასვლელი დღემდე არ არის ნაპოვნი.  სხვა მხრივ ამ  მითოლოგიას თავისი რეალური საფუძველიც გააჩნია ყოფა-ცხოვრების დონეზე, როცა შენი სახლის სხვენი მოდერნის, პირველი სართული საიმპერიო ბაროკოს ეპოქის და სარდაფში ჩასასვლელი კი ბიზანტიურ სტილშია აშენებული.
–  დაბოლოს, როგორია თქვენი ცხოვრების განაწესი?
–  ვცხოვრობ მეუღლესთან და ჩემს პატარა გოგონასთან ერთად ნიშანტაშში.  იმ სახლის შორიახლოს, სადაც ცხოვრობდა ჰალიპების ანუ ჩემი ოჯახი.
დილით ქალიშვილი მიმყავს ბაღში და ბეიოღლის გავლით ფეხით მივდივარ ოფისში. იქ მისვლას დაახლოებით ოც წუთს ვანდომებ. ოფისში ვწერ (ხელით), ვპასუხობ სატელეფონო ზარებს, ვაწარმოებ მიმოწერას. შემდეგ კი ჩემს ხელნაწერებს თავს უყრის ასისტენტი. საღამოს სახლში ვბრუნდები და ოჯახი ერთად ვვახშმობთ.
როდესაც ჩემი  მორიგი წიგნი  გამოდის,  სარეკლამო ტურნეთი იმ ქვეყანაში მივემგზავრები, სადაც მას გამოსცემენ. შემდეგ ვბრუნდები და ყველაფერი ისევ  თავიდან იწყება.
მე მგონი ბედნიერი კაცი ვარ,  რას  იტყვი?

ღმერთების საკვები

0
ჩემისთანა ადამიანზე იტყვიან, რეალისტიაო. ღრუბლებში სულაც არ დავფრინავ. ყოველთვის ზუსტად ვიცი, რა მინდა და რატომ. და მაინც, მიუხედავად ამ თვისებისა, ბავშვობიდან გამოუსწორებელი მეოცნებე ვარ.
მახსოვს, სტუდენტობისას უნივერსიტეტში ფეხით მიწევდა სიარული – ტრანსპორტი არ იყო. ზამთრის სუსხიან დილას, ქარში, წვიმასა თუ თოვლში, ენერგიულად მივაბიჯებდი. თავის გასამხნევებლად გულში ვინი პუჰის სიმღერას ვღიღინებდი – აი, იმას, ვინც სტუმრად დილაობით დაიარება, ბრძენი რომ არის – და თან ვოცნებობდი. ამასობაში აუდიტორიაშიც შევდიოდი, იქ გაყინული კედლები მხვდებოდა და ოცნებებიც ფორმულებს უთმობდნენ ადგილს.

მგზავრობისას ოცნება დღემდე მიყვარს, თუმცა ზუსტად ვიცი, რომელი ახდება და რომელი – არა. 

აი, ახლა სახალხოდ წავიოცნებებ, ოღონდ ეს ოცნება ვერ ახდება. მერე რა… მე მაინც წარმოვიდგენ, რომ ინგლისში ვარ, ლონდონის ერთ პატარა უბანში. ეს სულაც არ გახლავთ აუხდენელი; ამ ოცნებაში არარეალური მხოლოდ ის არის, რომ 1843 წელია…

დიახ, ვზივარ ლონდონის ერთ პატარა უბანში, ლამაზად მოწყობილ რესტორანში. ალბათ, უკვე ვისადილე, რადგან ხელში ფაიფურის ფინჯანი მიჭირავს და ცხელ შოკოლადს გეახლებით. ეს ნამდვილი შავი მწარე შოკოლადია, წიწაკა ჩილი აქვს დამატებული და მთელ ლონდონში მხოლოდ აქ დალევთ. მყარი შოკოლადის ფილა თუ არსებობს, წარმოდგენაც არ აქვთ. არც მე ვეტყვი – დაე, თვითონვე შექმნან ოთხი წლის შემდეგ.

თუმცა ღმერთების საკვების, ანუ შოკოლადის ისტორია უფრო ადრე იწყება, ჯერ კიდევ კორტესიდან. სწორედ მან წამოიღო პირველად სამხრეთ აფრიკიდან 1528 წელს კაკაოს მარცვლები და ესპანეთში ჩაიტანა. ბუნებრივია, შემეძლო, კორტესის ამალაშიც წარმომედგინა თავი, მაგრამ დამეზარა. აქ, ლონდონის რესტორანში, ფინჯანი ცხელი შოკოლადით ხელში, უკეთესად ვგრძნობ თავს. ესპანელებმა მალევე აღმოაჩინეს შოკოლადის სასარგებლო თვისებები და მისი რეცეპტის გასაიდუმლოება სცადეს. 1590 წლიდან შოკოლადს ისეთი ინგრედიენტები დაემატა, როგორიც არის თაფლი და შაქარი. მოგვიანებით მისი არსებობა სხვა ქვეყნებშიც გამჟღავნდა, ოღონდ მხოლოდ თხევადი სახით მიირთმევდნენ.

ყველაფერი კაკაოს მარცვლებიდან იწყება. წითელი ნაყოფი მწიფედ ითვლება და საგანგებოდ გვერდულად ალესილი ნიჩბით ჭრიან. შიგნით კაკაოს მარცვლებია, თუმცა თითოეულ მათგანს რაღაცნაირი წვნიანი თეთრი გარსი აკრავს. ამ გარსის ჭამა შეიძლება. უფრო მეტიც – ადგილობრივები მას ბუნებრივ „M&M’s”-ს უწოდებენ. გარსი რომ იჭმეოდა, მაიას ტომებმაც იცოდნენ. იქნებ ამიტომ – კაკაოს ნაყოფს ფულის ერთეულადაც იყენებდნენ. ველური მცენარის მოშინაურება კი უკვე აცტეკების დამსახურებაა და, შეიძლება ითქვას, შოკოლადის კულტურასაც თავისდა უნებურად სწორედ მათ ჩაუყარეს საფუძველი.

ნაყოფის მოწყვეტის შემდეგ მისი დამუშავების ხანგრძლივი პროცესი იწყება. თუ სენტ-ლუსის მოინახულებთ, იქ საკმაოდ იაფად საგანგებოდ თქვენთვის დაამზადებენ შოკოლადს. მთელ პროცესში, კაკაოს ნაყოფის მოწყვეტიდან შოკოლადის მასის ფორმაში ჩასხმამდე, თავად მიიღებთ მონაწილეობას. კაკაოს მარცვლების გასაპრიალებლად დიდ ქვაბშიც თავადვე იცეკვებთ. ოდნავ დაიღლებით; სამაგიეროდ თქვენი ხელით დამზადებულ სუფთა შოკოლადს მიიღებთ ჯილდოდ.

ესეც იდეა ჩემგან საჩუქრად ტურისტულ სააგენტოებს – მოაწყვეთ „შოკოლადის ტური” სენტ-ლუსიში. მერწმუნეთ, ბევრი შოკოლადიჭამია ჩაეწერება.

კაკაოს მარცვლები ტრისტეარინს შეიცავს (C57H110O6). ეს ტრიგლიცერიდია. წარმოიდგინეთ სამჯერ ესთერის მოლეკულა, რომელშიც სტეარინმჟავას სამი მოლეკულიდან თითოეული გლიცერინის OH ჯგუფს უკავშირდება.
  
ტრისტეარინი
ფორმულიდანაც ჩანს, რომ წყალბადის ატომები ჟანგბადისას უშუალოდ არ უკავშირდება. გამოდის, რომ ეს მოლეკულები წყალბადური ბმების წარმოქმნაში ვერ მიიღებენ მონაწილეობას. სწორედ ამიტომ ცხიმი წყალში არ იხსნება. ცოცხალი ორგანიზმებისთვის ეს მნიშვნელოვანია, რადგან ორგანიზმიდან ცხიმის გამორეცხვა მინიმუმამდე დადის და აუცილებელი ცხიმოვანი საფარი ნარჩუნდება.

ტრისტეარინი ცხოველური ცხიმია და ამავე დროს (როგორც ზემოთაც აღვნიშნე) – კაკაოს მარცვლების შემადგენელი ნაწილიც.

ზოგიერთი თანამედროვე მწარმოებელი კაკაოს მარცვლებში შემავალ ამ ცხიმს ბოსტნეულისგან მიღებული ზეთით ცვლის. ამგვარ შოკოლადს ნამდვილთან საერთო არაფერი აქვს.

კიდევ ერთი ნივთიერება, რომელსაც კაკაოს მარცვლები და, შესაბამისად, შოკოლადიც შეიცავს, ალკალოიდი თეობრომინია და კოფეინთან ერთად მისი შემცველობა 1,5%-ს შეადგენს.
 
     
თეობრომინი
იგი თვისებებით კოფეინს ჰგავს, ოდნავ მომწარო გემო აქვს და დიდი რაოდენობით მომწამლავია. ქიმიური ბუნებით სუსტი ფუძეა. რეაქციაში შედის როგორც მჟავებთან, ისე ფუძეებთანაც. 
თეობრომინი შოკოლადის სისუფთავის დასადგენი ერთგვარი ინდიკატორიც არის: რაც უფრო მეტი კაკაოს მარცვალია გამოყენებული დამზადებისას, მით უფრო მეტ ალკალოიდს შეიცავს შოკოლადი. შესაბამისად, ყველაზე მეტი თეობრომინი შავ შოკოლადშია. თეთრი შოკოლადი მას, ფაქტობრივად, არ შეიცავს. ე.წ. რძიან შოკოლადს კი შუალედური ადგილი უჭირავს. თუ შოკოლადი შავია და თეობრომინს მაინც არ შეიცავს, ესე იგი ყალბია და შემცვლელი ესენციებით არის დამზადებული.

სისტემატური გამოყენებისას (დღეში დაახლოებით 1000 მგ) პურინული ალკალოიდები, კოფეინი, თეობრომინი და თეოფილინი, დამოკიდებულებას იწვევს. ისიც უნდა ითქვას, რომ თეობრომინი შხამია, თუმცა ადამიანისთვის საშიში არ არის. შოკოლადში ის ისე ცოტაა, რომ ნივთიერებათა ცვლის პროცესში უცბად გადამუშავდება. აი, ცხოველებისთვის კი იგი საშიშია – მათი მეტაბოლიზმი ალკალოიდს ნელა გარდაქმნის და მისი დაგროვებისა და მოწამვლის ალბათობაც დიდია. განსაკუთრებულ საფრთხეს უქადის იგი ცხენებს, ძაღლებს, თუთიყუშებსა და კატებს.

შოკოლადი რომ, იმავდროულად, ძალიან სასარგებლოც არის და ბედნიერების ჰორმონის – სეროტონინის გამომუშავებაში გვეხმარება, ამაზე აქ არაფერს ვიტყვი – ისედაც ცნობილია.

კაკაოს პროდუქტების გარდა, შოკოლადის შემადგენლობაში ლეციტინიც გვხვდება (მას აღნიშნავენ როგორც ემულგატორ E-322-ს). ის შოკოლადის ერთგვაროვან კონსისტენციაზეა პასუხისმგებელი. თავად ფოსფოლიპიდების წარმომადგენელია, მცენარეულ ზეთში შედის და სწორედ მისი ჰიდრატაციის შედეგად გამოიყოფა. ლეციტინი ადამიანისა და ცხოველების ორგანიზმშიც სინთეზდება. კვლევების თანახმად, შოკოლადიდან მიღებული ლეციტინი ორგანიზმს არ ვნებს.

თუმცა შესაძლოა, შოკოლადში, არც მეტი, არც ნაკლები, კადმიუმი აღმოჩნდეს. ერთხელ უკვე დავწერე მასზე – მძიმე მეტალია და მცენარეებს ნიადაგიდან მისი შეწოვა სჩვევიათ. განსაკუთრებით – თამბაქოს ფოთლებს. ამიტომ კადმიუმი ნებისმიერი „სინატიფის” სიგარეტში მოიპოვება. ზოგიერთი ჩანაწერის თანახმად, ის შეიძლება შოკოლადშიც იყოს, ოღონდ ეს იმ ნიადაგზეა დამოკიდებული, რომელზეც კაკაოს ხე იზრდება. გარდა ამისა, თანამედროვე ტექნოლოგიები საბოლოო პროდუქტში ამ მეტალის მაქსიმალურად შემცირებას უწყობს ხელს.

…მე ლონდონის ერთ წყნარ ქუჩაზე მდებარე ლამაზ რესტორანში ვზივარ. ალბათ უკვე ვისადილე, რადგან ხელში ცხელი შოკოლადით სავსე ფაიფურის ფინჯანი მიჭირავს. სანახევროდ დამილევია კიდეც. სახე მიღიმის – ეტყობა, სეროტონინი ტვინზე უკვე მოქმედებს. ვზივარ და, ჩვეულებრისამებრ, ვოცნებობ. არაფერი მადარდებს – არც ყოველდღიური საქმეები, არც ის პროექტები, რომლებშიც ჩაბმული ვარ, არც ადამიანების გულგრილობა და არც ის, რომ ჩემი ქვეყანა ჯერ კიდევ ვერ გამართულა წელში. ეს ყველაფერი ჯერ არ მომხდარა… ჯერ მხოლოდ 1843 წელია… ჯერ მყარი შოკოლადიც კი არ შეუქმნიათ. არც მე ვიტყვი არაფერს – თვითონვე მოიფიქრებენ ოთხი წლის შემდეგ.

გვესმის თუ ვუსმენთ?

0
ცნობილია, რომ ეფექტური სასწავლო გარემო კომუნიკაციის ხელოვნებაზე დაყრდნობით იქმნება. კომუნიკაციის პროცესი კი, თავის მხრივ, ორ კომპონენტს შეიცავს: თქმა-გადმოცემასა და გაგება-აღქმას. ამ უკანასკნელს ზეპირმეტყველებაში მოსმენის მეშვეობით ვაღწევთ. თუმცა ქართულ სივრცეში, საკლასო ოთახი იქნება ეს, საუნივერსიტეტო აუდიტორია თუ ყოფითი საუბრები, განსაკუთრებულ სირთულეებს მოსმენის უნარ-ჩვევის ნაკლებობის გამო ვაწყდებით.

ინგლისური ენისგან განსხვავებით, სადაც მკვეთრად გამიჯნულია I hear და I listen, ქართულში ზმნებს მესმის და ვუსმენ, მართალია, ერთი ძირი აქვთ, მაგრამ მათ ერთმანეთისგან გამოარჩევს ფსიქიკური ზმნებისთვის დამახასიათებელი მანისა და ვინის ბინარული წარმოება, რაც უმთავრესად აქტიურობა-პასიურობის სემანტიკას უკავშირდება. ცნობილი ფსიქოლოგი კარლ როჯერსი თავის ნაშრომში „არადირექტიული ფსიქოკონსულტაცია” [როჯერსი, 1942] აღნიშნავს, რომ „გაცილებით იოლია, თვალები დახუჭო და არ დაინახო, ვიდრე ყურები მაგრად დაიცო და არ გაიგონო. თუკი I hear (მესმის) არავითარ სირთულესთან არ არის დაკავშირებული, I listen (ვუსმენ) მოითხოვს გარკვეულ ძალისხმევას და ეს არცთუ ადვილი პროცესია”. 

მოსმენა კომუნიკაციის პროცესის უცილობელი შემადგენელია. იგი სამეტყველო აქტივობის რეცეფციული ფორმაა, რომელსაც სუბიექტი ახორციელებს გამონათქვამის მიღებისა და გადაცემის გზით. საუბარს მოსმენით აღვიქვამთ და, ამდენად, სმენით შეგრძნებებს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ინფორმაციის აღქმისა და გააზრებისას, მხედველობითი შეგრძნებები კი ამ პროცესს კიდევ უფრო აიოლებს. მეთოდური ლიტერატურიდან ცნობილია, რომ რეცეფციული სამეტყველო აქტივობები უმთავრესად აღქმის საფუძველზე მიმდინარეობს და სხვადასხვა ფსიქიკურ პროცესს აქ გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. მოსმენის შემთხვევაში კი აღქმისა და ყურადღების ფაქტორია გადამწყვეტი [კახიშვილი, გიორგობიანი, ქვლივიძე, მაცხონაშვილი, 2004:151]. მოსმენის პროცესს ართულებს ისიც, რომ იგი ერთდროულად მიმდინარეობს რამდენიმე, კერძოდ: 1. სენსორულ (ხმის ტემბრი, შეფერილობა); 2. პერცეფციულ (ფონემათა აღქმის, რიტმის); 3. აპერცეფციულ (სიტყვათა მნიშვნელობის იდენტიფიცირების); 4. მომდევნო შინაარსების განჭვრეტის; 5. აზრის დამდგენ (ფრაზათა გააზრების) და 6. ლოგიკურ (მთელი ტექსტის გააზრების) – დონეებზე.

მოსმენის პროცესებში მოქმედებს ლექსიკური და გრამატიკული მოვლენების წინასწარგანჭვრეტის მექანიზმი [Dahlhaus, 1994]. გააზრებას ხელს უწყობს ასევე აზრობრივი პროგნოზირება, რაც გულისხმობს მსმენელის მზაობას, ლინგვისტურ და ექსტრალინგვისტურ ფაქტორებზე დაყრდნობით მიმართულს გამონათქვამის სავარაუდო შინაარსის გაგებისკენ. ამ დროს დიდი მნიშვნელობა აქვს ინტონაციას. სწორედ ინტონაციის საშუალებით ახერხებს მსმენელი გამონათქვამის სინტაქსურ დაყოფას, ფრაზებს შორის კავშირის დამყარებას და ა. შ. 
ენაში ასახული მოსმენის ფსიქოლოგია, ანუ ამ ცნების დაყოფა აქტიურ და პასიურ დონეებად, დიდი ხანია შენიშნულია ზოგიერთი ფსიქოლოგის მიერ. პასიური მოსმენა გულისხმობს განყენებულად ყოფნას, როდესაც მოსმენილის გასაგებად არავითარ ძალისხმევასა თუ რეაქციას არ მივმართავთ. აქტიური მოსმენა იმთავითვე გულისხმობს გაგების პროცესსაც, როდესაც, უბრალოდ, მოსმენასთან ერთად ვცდილობთ, ჩავწვდეთ საუბრის დედააზრს. ალბათ, ამიტომაც არ არის შემთხვევითი ფსიქოლოგიური კვლევების შედეგად მიღებული დებულება, რომ „კარგი მსმენელი უკეთესი მოსაუბრეა, ვიდრე კარგი მოლაპარაკე”, რომელიც ხშირად ცუდი ან მოჩვენებითად კარგი მსმენელია.

განასხვავებენ ცუდი მსმენელის შემდეგ ტიპებს: 1. „პოლკოვნიკი” – ავტორიტარული მსმენელი („ნუ მელაპარაკები ასეთი ტონით!”); 2. „კურდღელი” – ადამიანი, რომელიც იყენებს მზამზარეულ ფრაზებს: „ამოიგდე ეს თავიდან”, „ასე მოიქეცი და ყველაფერი რიგზე იქნება”, „დრო ყველაფრის მკურნალია”; 3. „ინტელექტუალი”, რომელიც იწყებს „ბრძენკაცობას”, იშველიებს სხვათა გამონათქვამებს… მოჩვენებითად კარგ მსმენელებს ახასიათებთ: „შემფასებლობა”, „ინტერპრეტატორობა”, „გულშემატკივრობა”, „დიაგნოსტირება” [როჯერსი, 1942; სარჯველაძე, 2000].

ფსიქოლოგები ერთხმად ასკვნიან, რომ ურთიერთობის საიდუმლო მოსმენაა, რომ თანამოსაუბრის მოსმენით მრავალი უსიამოვნების თავიდან აცილებაა შესაძლებელი. ძველი ბერძენი ფილოსოფოსი ძენონი შემთხვევით როდი ამბობს, რომ ადამიანებს ორი ყური და ერთი ენა მეტი მოსმენისა და ნაკლები ლაპარაკისთვის მოგვეცა. მოსმენის ხელოვნებას თანამედროვე სამყაროშიც ოქროს ფასი აქვს, რადგან მას ადამიანთა ძალიან მცირე ნაწილი ფლობს. ბევრმა არ იცის, რომ ამ უნარს ბავშვობიდანვე უნდა ჩაეყაროს საფუძველი. ყველა მშობელს სურს, მისმა შვილმა მალე ამოიდგას ენა, მაგრამ მინიმალური დრო ეთმობა ბავშვისთვის მოსმენის, სხვისი სიტყვების გაგების სწავლებას. არადა, სწორედ ეს არის წარმატების საფუძველი ჯერ სკოლაში, მერე კი – ცხოვრებაში.

მოსმენის ფსიქოლოგიის სპეციალისტი, პროფესორი ისტვუდ ასტვატერი, აქტიური მოსმენის ორ სახეს გამოყოფს: რეფლექსურსა და არარეფლექსურს („ყურადღებიანი დუმილი”). თითოეული მათგანის განვითარება მნიშვნელოვანია. ყურადღებიანი დუმილი ანუ არარეფლექსური მოსმენა არის უნარი, წყნარად, ყურადღებით მოვუსმინოთ თანამოსაუბრეს და არ გავაწყვეტინოთ სიტყვა. ასე კი უმთავრესად მაშინ საუბრობენ, როცა თანამოსაუბრენი თანაბარ მდგომარეობაში არ არიან. მაგალითად, ერთი მათგანი უფროსია, მეორე კი – ხელქვეითი. ბავშვი ასეთ მდგომარეობაშია, როცა მას აღმზრდელი ან მასწავლებელი ელაპარაკება. არარეფლექსური მოსმენა დიდ დახმარებას გაგვიწევს კონფლიქტურ სიტუაციაში, როცა საქმე გვაქვს კონფლიქტურ და ძნელად საკონტაქტო ადამიანთან. ასეთ პიროვნებასთან საუბრისას ერთადერთი გამართლებული ხერხი ჩუმად ყოფნა და ამ გზით თანამოსაუბრისადმი პატივისცემისა და ყურადღების გამოხატვაა. სწორედ ასეთი „ყურადღებიანი დუმილი” უწევს პატარა ბავშვს, როცა მას დირექტიული კილოთი მიმართავს მასწავლებელი.

როგორ ვასწავლოთ პატარას „ყურადღებიანი დუმილი”?

ფსიქოლოგთა რჩევით, აჯობებს, მას დიდობანას თამაში შევთავაზოთ. მაგალითად, ვეთამაშოთ მასწავლებლობანა. თავდაპირველად მოსწავლის როლი თავად ვიტვირთოთ, მასწავლებლობა კი პატარას დავაკისროთ და ვთხოვოთ, ცუდი საქციელისთვის დაგვტუქსოს, ჩვენ კი უსიტყვოდ ვისმინოთ „მასწავლებლის” საყვედურები. შემდეგ როლები გავცვალოთ და ჩვენი საუბარი თანდათან გავახანგრძლივოთ.

არსებობს ფსიქოლოგიური ხერხები, რომელთა მეშვეობითაც თანამოსაუბრეს ყურადღებით მოსასმენად განვაწყობთ. მაგალითად, ასეთი: თანამოსაუბრეს თვალებში კი არა, წარბებს შორის უნდა ვუცქიროთ; გამოვიყენოთ ჟესტების ენა…
გარდა ისტვუდ ასტვატერის მიერ დასახელებული აქტიური მოსმენის სახეებისა, გამოიყოფა აქტიური მოსმენის ტექნიკის შემდეგი ელემენტები: 1. მოსმენის განწყობა და შესაბამისი „სხეულის ენა”; 2. არარეფლექსიური მოსმენა; 3. გარკვევა და დაზუსტება; 4.რეფრაზირება; 5. შეჯამება; 6. გრძნობათა არეკვლა. ჰუსერლის ფენომენოლოგიურ ფილოსოფიაზე დაყრდნობით კარლ როჯერსი აცხადებს, რომ თანამოსაუბრის იმგვარად გაგება, როგორც მას უგრძნია საკუთარი პრობლემა, ერთგვარი ფენომენოლოგიური განწყობაა. ასეთ დროს სასურველია, ჩვენმა „სხეულის ენამაც” გამოხატოს შესაბამისი განწყობა. არარეფლექსიური მოსმენა ყურადღებიანი დუმილის პროცესია და მაშინაა მიზანშეწონილი, როდესაც: თანამოსაუბრე მთელი არსებით ელტვის საკუთარი სათქმელის გადმოცემას ან უჭირს თვითგამოხატვა და სტიმულირება სჭირდება. გარკვევა არის მიმართვა თანამოსაუბრისადმი, როდესაც რამის დაზუსტება გვსურს. ეს მეთოდი გვეხმარება, ზუსტად ჩავწვდეთ საუბრის არსს. ამ დროს შეიძლება გამოვიყენოთ ფრაზები: „ხომ ვერ ამიხსნიდით, რა იგულისხმეთ?” „ხომ ვერ გაიმეორებდით კიდევ ერთხელ?” „რა ბრძანეთ?” ეს სიტყვები თანამოსაუბრის ინფორმაციაზე ფიქსირდება და არა პიროვნულად მასზე. როგორ ვასწავლოთ ასეთი მოსმენა? რა თქმა უნდა, ისევ პირადი მაგალითითა და თამაშით. მოვუყვეთ ბავშვს რაიმე საინტერესო ისტორიას და შევთავაზოთ, მოსმენისას რაც შეიძლება მეტი კითხვა დაგვისვას. ასეთი თამაში საუბრის ხელოვნების ათვისებასთან ერთად ცნობისმოყვარეობას, მოთმინებას, მიზანსწრაფულობას, საქმის არსის წვდომის უნარსაც ავითარებს. ყველა ეს თვისება აუცილებელია წარმატებული სწავლისა და შემდგომი თვითრეალიზაციისთვის. ოღონდ უნდა გვახსოვდეს, რომ აქტიური მოსმენის ტექნიკის გამოყენებისას დახურული და რიტორიკული კითხვები არაეფექტურია, რადგან ღია შეკითხვები უკეთ წარმოაჩენს მოსაუბრისადმი ინტერესს.
როჯერსს მიაჩნია, რომ რეფრაზირება გამოსადეგია კომერციული ან სხვა ტიპის მოლაპარაკების დროს, როდესაც სასურველია პარტნიორის ზრახვების, სურვილებისა და ინტერესების ზედმიწევნით გაგება. ეს ხერხი სასარგებლოა კონფლიქტის და დისკუსიის ფასილიტაციის დროსაც. თუ თანამოსაუბრეს რეფრაზირებით გავუმეორეთ მისივე აზრი, შესაძლოა, იგი მეტი ყურადღებით მოეკიდოს ჩვენს აზრს ან საპირისპირო მხარის არგუმენტებს. ვინაიდან გრძნობს, რომ უსმენენ, თავის მხრივ, მასაც უჩნდება სურვილი, მოუსმინოს სხვებს. ამ დროს ძირითადი ფრაზებია „როგორც მივხვდი”, „ესე იგი, თქვენ მიაგჩნიათ, რომ…”, „ამრიგად, თუ სხვაგვარად ვიტყვით…” პარაფრაზირების უნარის ასათვისებლად სასურველია ავირჩიოთ სასაუბრო თემა და აღსაზრდელს ვთხოვოთ, ამ ფრაზების დახმარებით კითხვები დაგვისვას. ამგვარი თამაში მას ასწავლის არა მარტო აქტიურ მოსმენას, არამედ საუბრის არსის გაგებას, დედააზრის წვდომასაც. რეფრაზირება (პარაფრაზირება) აქტიური მოსმენის ისეთი ხერხია, როდესაც მსმენელი თანამოსაუბრის ნათქვამს იმეორებს, მაგრამ მის კოპირებას კი არ ახდენს, არამედ სხვა სიტყვებით გამოხატავს იმავე სათქმელს. რეფრაზირებით თანამოსაუბრეს ლაპარაკი არ უნდა გავაწყვეტინოთ; პარაფრაზი უნდა ეხებოდეს მნიშვნელოვან თუ მთავარ აზრს, სათქმელს.
შეჯამება (რეფლექსია) აქტიური მოსმენის ხერხია, როდესაც საპირისპირო აზრის გამოთქმამდე ჯერ ვაჯამებთ მოკამათის ნათქვამს, მერე კი ლაკონიურად, უკუკავშირის სახით ვაწვდით მას. გრძნობათა არეკვლის დროს ხდება ემოციური მხარდაჭერა. ყველა ამ ხერხს კი აერთიანებს ერთი ნიშანი – უკუკავშირი მსმენელსა და მოსაუბრეს შორის. უკუკავშირის ეფექტურობა საფუძვლად უდევს აქტიური მოსმენის ტექნიკას. თავის მხრივ, აქტიური მოსმენის ტექნიკაში კარგად არის რეალიზებული არადირექტიული ან ჰუმანისტურ-ფსიქოლოგიური მიდგომის ძირითადი პრინციპები. ყოველივე ზემოთქმულის შეჯერებით კი იკვეთება, რომ რეფლექსური ანუ აქტიური მოსმენისას მსმენელი იყენებს სიტყვებს, რათა დაადასტუროს, რომ მას ესმის თანამოსაუბრის სიტყვების აზრი. ასეთი მოსმენა მაშინ არის საჭირო, როცა აუცილებელია უკუკავშირი თანამოსაუბრესთან. ის გამოგვადგება მაშინაც, როცა გვსურს შევამოწმოთ, როგორ ესმით ჩვენი.
აქტიური მოსმენის ეტაპები სქემის სახით შეიძლება ასე წარმოვადგინოთ:

ქართულენოვან აუდიტორიაში მოსმენის სირთულეების დასადგენად ჩავატარეთ კვლევა, რომელიც ორი მიმართულებით წარიმართა: 1. მოსმენის ხელის შემშლელი მიზეზების გამოვლენა და 2. დადგენა იმ ფაქტორებისა, რომელთა მეშვეობითაც ვხვდებით, რომ გვისმენენ. კვლევაში მონაწილეობდა 16-იდან 20 წლამდე ასაკის 91 რესპონდენტი. შედეგები ასე გადანაწილდა: შეკითხვაზე, როგორ ხვდებიან, რომ უსმენენ, გამოკითხულთა 61%-მა უპირატესობა სხეულის ენას მიანიჭა. 19%-ისთვის მოსმენისას მნიშვნელოვანი შეკითხვების დასმა აღმოჩნდა. შემაგულიანებელი სიტყვები („უი”, „მართლა?”, „ჰო?” ) არსებითად მიიჩნია 11%-მა, ხოლო პარაფრაზირებას მხოლოდ 9% ხვდა წილად. მომდევნო კითხვა მოსმენის ხელის შემშლელ ფაქტორებს ეხებოდა. აღმოჩნდა, რომ ტექსტის სირთულე ხელის შემშლელი მხოლოდ 4%-ისთვის აღმოჩნდა. რესპონდენტთა 4%-მა ამგვარ ფაქტორად გარემო პირობები დაასახელა, 9%-მა კი – მეტყველების პრობლემები. ნებელობა 11%-ისთვის აღმოჩნდა ხელის შემშლელი, განწყობის უქონლობა კი რესპონდენტთა 11%-ს უშლიდა ხელს. კვლევამ აჩვენა, რომ ყველაზე მეტად თურმე მაშინ არ უსმენენ (54%), როდესაც საუბრის თემა უინტერესოა. 

ასე რომ, ტექსტის სირთულე, მოსაუბრის ემოციურობა, ტემბრი, ინტონაცია და თუნდაც განწყობა გაცილებით ნაკლებ როლს ასრულებს მოსმენისას, ვიდრე საინტერესო თემა. და ვინაიდან აქტიური მოსმენის პროცესი შინაარსისა და დამოკიდებულების დონეებზე თანადროულად მიმდინარეობს, უმნიშვნელოვანესია, რამდენად საინტერესოდ წარმოვაჩენთ ამა თუ იმ საკითხს აუდიტორიის წინაშე და, იმავდროულად, შეგვიძლია თუ არა საკუთარი სხეულის ენის ადეკვატურად მართვა. 
გამოყენებული ლიტერატურის ნუსხა:
1. Dahlhaus, (1994) – Dahlhaus, Barbara. Ferligkeit, Hören:. Langenscheidt , Goethe Institut. Münhen;
2. KakhiSvili, Giorgobiani, Qvlividze, Matskhonashvili (2004) – კახიშვილი ლ., გიორგობიანი ლ., ქვლივიძე რ., მაცხონაშვილი გ., უცხოური ენების სწავლების თეორია, გამომცემლობა „ენა და კულტურა”, თბილისი
3. Rogers (1972) – Rogers, Carl R.: Die nicht direktive Beratung Counselling und Psychotherapy. Münhen
4. Uznadze (1998) – უზნაძე დ., ზოგადი ფსიქოლოგია, ტ. III-IV, თბილისი, გამომცემლობა „განათლება”
სხვა სასარგებლო რესურსები:
www. rhetorick.ch/Hoeren/Hoeren.html www. ergo-online.de/site.aspx
Active Listening, Learning Guide. The University of Adelaide. 2010

მშობლის ძალაუფლება: აუცილებელი და გამართლებული?

0
თომას გორდონი- “როგორ გავხდე კარგი მშობელი” მეათე ნაწილი
ბავშვის აღზრდაში ერთ-ერთი საყოველთაოდ გაბატონებული აზრია, რომ მშობელმა აუცილებელი და სასურველია თავისი ავტორიტეტი გამოიყენოს შვილების კონტროლის, ხელმძღვანელობის და აღზრდისათვის. ჩვენი კურსების ათასობით მსმენელთა თვალსაზრისით, მშობელთა მცირე ნაწილს თუ ეპარება ამაში ეჭვი. მშობელთა უმრავლესობა იოლად ამართლებს ძალაუფლების გამოყენებას: ისინი ამტკიცებენ, რომ ძალაუფლება ბავშვს სჭირდება და/ან რომ მშობლები უფრო ჭკვიანები არიან. „მამამ უკეთ იცის” – მტკიცედ დამკვიდრებული აზრია.

ჩემი აზრით, გავრცელებული მოსაზრება იმის შესახებ, რომ მშობელმა უნდა გამოიყენოს ძალაუფლება ბავშვებთან ურთიერთობაში საუკუნეების განმავლობაში ხელს უშლიდა ბავშვებისადმი უფროსების დამოკიდებულებასა და მათ აღზრდაში მნიშვნელოვან ცვლილებებს ან განვითარებას. ნაწილობრივ, ამ მოსაზრების დომინირების მიზეზი ის არის, რომ მშობელთა უმრავლესობას ფაქტობრივად არ ესმის ძალაუფლების არსი და მისი გავლენა ბავშვებზე. მშობლებს ეადვილებათ ძალაუფლებაზე საუბარი, მაგრამ ცოტას თუ შეუძლია მისი ზოგადად ახსნა ან თუნდაც საკუთარი ძალაუფლების წყაროს დასახელება.
რა არის ძალაუფლება?
მშობლების და შვილების ურთიერთობის ერთი ძირითადი მახასიათებელია ის, რომ მშობლებს აქვთ უფრო დიდი „ფსიქოლოგიური ზომა”, ვიდრე შვილებს. თუ წრეების სახით წარმოვადგენთ მშობელსა და შვილს, მაშინ არასწორი იქნება ასეთი სქემა:
მშობელი
  
შვილი
ბავშვისათვის მშობელი მისნაირი „ზომის” არ არის, ამასთან ასაკს მნიშვნელობა არა აქვს. არ ვგულისხმობ ფიზიკურ ზომას (თუმცა ფიზიკურ ზომასაც აქვს მნიშვნელობა, მანამ, სანამ ბავშვი გაიზრდება), მხედველობაში მაქვს „ფსიქოლოგიური ზომა”. მშობელი-შვილის ურთიერთობის უფრო ზუსტი სქემა ასეთი იქნება:
მშობელი
შვილი
ბავშვის თვალსაზრისით მშობელს თითქმის ყოველთვის უფრო დიდი „ფსიქოლოგიური ზომა” აქვს. ამით შეიძლება აიხსნას ბავშვთა შემდეგი გამონათქვამები: „დიდი მამა”, „დიდი ბოსი”, „დედაჩემი მნიშვნელოვანი იყო ჩემს ცხოვრებაში”, „ის ჩემთვის დიდი კაცი იყო”. ამ იდეის საილუსტრაციოდ მომაქვს ციტატა ახალგაზრდა კაცის მიერ კოლეჯში დაწერილი თემიდან, რომელიც შემდეგ თავად გამიზიარა, როცა მისი კონსულტანტი ვიყავი: 
„როცა სულ პატარა ვიყავი, ჩემს მშობლებს ისევე ვუყურებდი, როგორც ზრდასრული ადამიანი უყურებს ღმერთს. . .” 
თავიდან ყველა ბავშვი თავისებურ ღმერთს ხედავს მშობელში.

განსხვავება „ფსიქოლოგიურ ზომაში” მარტო იმიტომ კი არ არსებობს, რომ ბავშვებისათვის მშობლები დიდები და ძლიერები არიან, არამედ იმიტომაც, რომ მათ მშობლები უფრო ჭკვიანები და ყოვლისშემძლენი ჰგონიათ. ბავშვის აზრით, არაფერია ისეთი, რაც მშობელმა არ იცის, ან არ შეუძლია. ის აღფრთოვანებულია მშობლის ღრმა ცოდნით, ზუსტი წინასწარმეტყველებით, ბრძნული მსჯელობით.

ზოგჯერ ამგვარი აღქმა სინამდვილეს შეფერება, ზოგჯერ კი – არა. შვილები, ბევრ არარსებულ თავისებურებას, თვისებას და შესაძლებლობას მიაწერენ მშობლებს. მშობელთა მცირე ნაწილმა თუ იცის იმდენი, რამდენსაც შვილი მიაწერს. გამოცდილება ყოველთვის „საუკეთესო მასწავლებელი” არ არის, – ასე დაასკვნის მოგვიანებით ბავშვი მოზარდობის და შემდეგ ზრდასრულობის ასაკში, როცა დაგროვილი გამოცდილებით შეძლებს მშობლების ობიექტურად შეფასებას. სიბრძნე ყოველთვის არ არის დაკავშირებული ასაკთან – მშობელთა უმრავლესობას უჭირს ამის აღიარება, მაგრამ საკუთარ თავთან უფრო გულახდილები ხვდებიან, რაოდენ გადაჭარბებულია დედისა და მამის შვილებისეული შეფასება. 

სანამ ისეთი უპირატესობა, როგორიცაა ფსიქოლოგიური ზომა, მშობლების მხარესაა, ბევრი დედა და მამა ამ განსხვავებას ხელს უწყობს. ისინი შეგნებულად მალავენ საკუთარ შეზღუდულობას და მსჯელობის ხარვეზებს შვილებისაგან და ნიადაგს ქმნიან ისეთი მითის დასამკვიდრებლად, როგორიცაა: „ჩვენ ვიცით, რა არის შენთვის უკეთესი” ან „როცა გაიზრდები, მიხვდები, რომ მართლები ვიყავით”.

ყოველთვის ინტერესით ვაკვირდებოდი, რომ მშობლები თავიანთ დედებზე და მამებზე საუბრისას, ადვილად ამჩნევენ მათ შეცდომებსა და შეზღუდულობას. მიუხედავად ამისა, ისინი არც კი უშვებენ იმაზე ფიქრს, რომ თავადაც იგივე ხარვეზები შეიძლება ჰქონდეთ მსჯელობაში და საკუთარ შვილებთან ურთიერთობაში არ ჰყოფნიდეთ სიბრძნე.

  თუნდაც დაუმსახურებლად, მაგრამ მშობლებს მართლაც აქვთ უფრო დიდი ფსიქოლოგიური ზომა – ეს შვილზე ძალაუფლების მნიშვნელოვანი წყაროა. მშობლის მცდელობა გავლენა მოახდინოს ბავშვზე, სწორედ იმიტომ არის წარმატებული, რომ ბავშვის თვალში მშობელი „ავტორიტეტია”. ამასთან, სასარგებლო იქნება იმის გათვალისწინება, რომ ხშირად ეს შვილის მიერ მიწერილი „მოჩვენებითი ავტორიტეტია”. დამსახურებულია თუ დაუმსახურებელი – სულ ერთია, მთავარია, რომ „ფსიქოლოგიური ზომა” მშობელს შვილზე გავლენასა და ძალაუფლებას აძლევს. 

ძალაუფლების სრულიად განსხვავებული სახეა იმ მშობლების ძალაუფლება, რომლებსაც შვილისათვის საჭირო გარკვეული საგნები აქვთ. მშობელს ძალაუფლება აქვს შვილზე, იმიტომ, რომ ის მეტისმეტად დამოკიდებულია მასზე თავისი ძირითადი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების გამო. ბავშვები კვებისა და ფიზიკური კომფორტის თვალსაზრისით სამყაროს მთლიანად სხვებზე დამოკიდებულნი ევლინებიან. მათ მოთხოვნილებების დაკმაყოფილების საჭირო საშუალებები არა აქვთ. ეს უკანასკნელი მშობლების ხელშია და ისინი აკონტროლებენ.  
თუ შვილს, ზრდასთან ერთად მშობლები დამოუკიდებლობის საშუალებას აძლევენ, მათი ძალაუფლება თანდათან ბუნებრივად სუსტდება. თუმცა, ნებისმიერ ასაკში, მაშინაც კი, როცა ბავშვი დამოუკიდებელ ცხოვრებას იწყებს და თავისი მოთხოვნილებების თითქმის სრულად დაკმაყოფილება შეუძლია საკუთარი ძალებით, მშობელს მაინც აქვს მასზე ძალაუფლების გარკვეული წილი.

რაკი მშობელს ბავშვის ძირითადი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებელი საშუალებები აქვს, ის „დამჯილდოებლის” როლში გამოდის. ფსიქოლოგები ტერმინით „ჯილდო” აღნიშნავენ ყველა იმ საშუალებას, რომელიც მშობლებს აქვთ შვილების მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად (მშობლები დამჯილდოებლები არიან). თუ ბავშვი მშიერია (სჭირდება საჭმელი) და მშობელი მას რძის ბოთლს მისცემს, ჩვენ ვამბობთ, რომ ბავშვი დაჯილდოვდა (მისი ჭამის მოთხოვნილება დაკმაყოფილდა).

მშობელს აქვს ბავშვისათვის ტკივილის მიყენების თუ დისკომფორტის შექმნის საშუალებებიც, მაგალითად, არ აძლევს იმას, რაც სჭირდება (არ აჭმევს, როცა მშიერია) ან აყენებს ტკივილსა და უქმნის დისკომფორტს (ურტყამს ხელში, როცა ის ძმის რძის ბოთლს წაეტანება). ფსიქოლოგები დაჯილდოების ტერმინის ოპოზიტად იყენებენ ტერმინს „დასჯა”.

ყველა მშობელმა იცის, მას შეუძლია შვილის მართვა ძალის გამოყენებით. დაჯილდოებისა და სასჯელის გონივრული მანიპულირებით მშობელი წაახალისებს მოიქცეს კარგად ან ხელს უშლის – მოიქცეს ცუდად. 

საკუთარი გამოცდილებით ყველამ ვიცით, რომ ადამიანები (და ცხოველები) იმეორებენ იმ ქცევას, რომელსაც ჯილდო მოაქვს (აკმაყოფილებს მოთხოვნილებებს) და გაურბიან იმ ქცევას, რომელიც არ ჯილდოვდება ან, ფაქტობრივად, ისჯება. ამრიგად, მშობელს შეუძლია დაჯილდოებით „გააძლიეროს” გარკვეული ქცევა და დასჯით „დათრგუნოს” სხვა, არასასურველი ქცევა.

დავუშვათ, გინდათ, რომ შვილმა ითამაშოს მანქანებით და არა ჟურნალების მაგიდაზე დადგმული მინის ძვირფასი სტატუეტებით. „მანქანებით თამაშის” ქცევის გასაძლიერებლად შეიძლება მიუჯდეთ მას თამაშისას და ალერსიანი სიცილით უთხრათ: „ყოჩაღ, კარგი გოგო ხარ!”. „მინის სტატუეტებით თამაშის” ქცევის დასათრგუნად შეიძლება ჩაარტყათ ხელში ან მიუტყაპუნოთ საჯდომზე, შუბლი შეჭმუხნოთ, უკმაყოფილო სახე მიიღოთ და უთხრათ: „რა საძაგელი გოგო ხარ”. ბავშვი სწრაფად გაიგებს, რომ მანქანებით თამაშს მშობლის ძალაუფლებასთან სასურველი ურთიერთობა მოჰყვება, მინის სტატუეტებით თამაშს კი – არასასურველი.  

სწორედ ასე იქცევიან მშობლები შვილის ქცევის შესაცვლელად. ისინი ამას „ბავშვის აღზრდას” უწოდებენ. სინამდვილეში კი მშობელი ძალაუფლებას იყენებს ბავშვის სასურველი ქცევის მისაღწევად და არასასურველის აღსაკვეთად. იმავე მეთოდს იყენებენ ძაღლის მწვრთნელები ცხოველების გასაწვრთნელად და ცირკის მსახიობები იმისათვის, რომ დათვს ველოსიპედით სიარული ასწავლონ. თუ მწვრთნელს უნდა, რომ ძაღლი უკან გაჰყვეს, ის ყელსაბამს უკეთებს და ხელში მისი ბოლო უჭირავს. „მომყევი”, უყვირის ძაღლს და თუ ძაღლი ბრძანებას არ შეასრულებს, ატკენს (დასჯა). თუ მწვრთნელს დაემორჩილება, მიეფერება (ჯილდო). ძაღლი სწრაფად სწავლობს ბრძანებით სიარულს.

ვერაფერს ვიზამთ – ძალაუფლება თავისას აკეთებს! ერთნაირად შეიძლება ვასწავლოთ ბავშვებს მანქანებით და არა მინის ფიგურებით თამაში, ძაღლს ბრძანებით სიარული და დათვებს ველოსიპედით (ერთთვლიანითაც კი) სიარული. 

პატარაობიდანვე, დაჯილდოებისა და დასჯის სათანადო გამოცდილების დაგროვების შემდეგ ბავშვების მართვა შესაძლებელია მხოლოდ ჯილდოს დაპირებით, თუკი სასურველად მოიქცევა ან მოსალოდნელი სასჯელის მუქარით, თუ არასასურველად მოიქცევა. სიტუაციის პოტენციური უპირატესობა აშკარაა: მშობელს არ სჭირდება არც სასურველი ქცევის ლოდინი, რათა დააჯილდოოს (გააძლიეროს) ის, არც არასასურველის, რათა დასაჯოს (დათრგუნოს). მას ბავშვზე ზემოქმედება არსებითად მხოლოდ თქმით (ვერბალურად) შეუძლია: „თუ ასე მოიქცევი, ჯილდოს მიიღებ, თუ სხვაგვარად – დაისჯები”.
მშობლის ძალაუფლების სერიოზული შეზღუდვა

თუკი მკითხველი ფიქრობს, რომ დაჯილდოებისა და დასჯისათვის (ან ჯილდოს დაპირებისა და დასჯის მუქარისათვის) მშობლის ძალაუფლების გამოყენება შვილის მართვის ეფექტური იარაღია, ის ერთის მხრივ, მართალია, ხოლო მეორე მხრივ, სასტიკად ცდება: მშობლის ავტორიტეტის (ან ძალაუფლების, ან ძალის) გამოყენება, რომელიც ეფექტურად გვეჩვენება გარკვეულ სიტუაციაში, ძალზე არაეფექტურია სხვა შემთხვევაში. (მოგვიანებით განვიხილავთ მშობლის ძალაუფლებასთან დაკავშირებულ კონკრეტულ საფრთხეებს).

მშობლის ძალაუფლების გამოყენების მრავალი, თუ არა ყველა, გარე ეფექტი ძალზე სამწუხაროა. „დამჯერის აღზრდის” შედეგი ხშირად დაშინებული და ნერვიული ბავშვია, რომელიც ხშირად მტრობს და სამაგიეროს უხდის აღმზრდელს; ფიზიკურად და ემოციურად  დათრგუნულია მისთვის რთული ან არასასიამოვნო ქცევის დასწავლის მცდელობის სტრესის გამო. ძალაუფლების გამოყენებას შეუძლია მრავალი მტკივნეული შედეგი და საფრთხე გაუჩინოს როგორც ცხოველების მწვრთნელს, ისე ბავშვის აღმზრდელს. 
მშობლები აუცილებლად ამოწურავენ ძალაუფლებას

ძალაუფლების გამოყენება ბავშვების სამართავად მხოლოდ გარკვეულ პირობებშია ეფექტური. მშობელი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ სათანადო ძალაუფლება აქვს – მისი ჯილდო საკმარისად მიმზიდველი უნდა იყოს, რომ ბავშვს სურდეს მიღება, ხოლო სასჯელი საკმარისად დამაჯერებელი, რომ ბავშვი მის თავიდან აცილებას ცდილობდეს. ბავშვი დამოკიდებული უნდა იყოს მშობელზე; რაც მეტად არის დამოკიდებული იმაზე, რაც მშობელს აქვს (ჯილდო), მით მეტი ძალაუფლება აქვს მშობელს.   

ეს ჭეშმარიტებაა ნებისმიერი ადამიანური ურთიერთობების შემთხვევაში. თუ რაღაც ძალიან მჭირდება, მაგალითად, ფული, რომ შვილებს საჭმელი ვუყიდო, მე მთლიანად დამოკიდებული ვარ სხვაზე, მაგალითად, დამსაქმებელზე და, ცხადია, მას ჩემზე დიდი ძალაუფლება ექნება. თუ მე მხოლოდ ერთ დამსაქმებელზე ვარ დამოკიდებული, სავარაუდოდ, ყველაფერს გავაკეთებ, რასაც მთხოვს, ოღონდ მივიღო ის, რაც ძალიან მჭირდება. თუმცა, ერთ ადამიანს მეორეზე გავლენა და ძალაუფლება მხოლოდ მანამდე აქვს, სანამ მეორე სუსტია, ღარიბია, რაღაც სჭირდება, უმწეოა, დამოკიდებულია. 

ასაკთან ერთად, ბავშვი რაც უფრო ნაკლებად დაუცველი, დამოკიდებული ხდება მშობელზე საკუთარი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისას, მშობელი კარგავს ძალაუფლებას. სწორედ ამიტომ აღმოაჩენენ ხოლმე შეშფოთებული მშობლები, რომ ჯილდო და სასჯელი, რომელიც არაჩვეულებრივად ჭრიდა, სანამ შვილი პატარა ჰყავდათ, მის ზრდასთან ერთად არაეფექტური ხდება. 

„შვილზე გავლენა დავკარგეთ. ჩვეულებრივ, ის პატივს სცემდა ჩვენს ავტორიტეტს, ახლა კი საერთოდ აღარ გვისმენს”, „ჩვენი გოგონა ძალიან დამოუკიდებელი გახდა – აღარ ვიცით, როგორ ვაიძულოთ მოგვისმინოს”, აღიარებენ და წუხან მშობლები. თხუთმეტი წლის ვაჟის მამამ საკუთარ ჯგუფს გაუმხილა, რამდენად უმწეოდ გრძნობს თავს:

„ჩვენს ავტორიტეტს ავტომობილის გარდა ვერაფრით ვამყარებთ. მაგრამ ესეც კი თითქმის არ ჭრის, რადგან მან გასაღები მომპარა და ასლი გააკეთებინა. როცა სახლში არა ვართ, ის თავისუფლად ჯდება მანქანაზე თუკი მოუნდება. ახლა, როცა აღარაფერი მაქვს ისეთი, რაც მას სჭირდება, აღარ შემიძლია მისი დასჯა”.
მშობლები იმ გრძნობას გამოხატავენ, რომელიც უმრავლესობისთვის არის დამახასიათებელი, როცა შვილები დამოუკიდებლები ხდებიან. ასეთი რამ აუცილებლად ხდება მოზარდობის ასაკში, როცა შვილს მრავალი ჯილდოს მიღება შეუძლია საკუთარი აქტივობების საშუალებით (სკოლა, სპორტი, მეგობრები, მიღწევები). ამას გარდა, ის ცდილობს იპოვოს დასჯის თავიდან აცილების ქმედითი მეთოდები. იმ ოჯახებში, სადაც ადრეულ ასაკში შვილების მართვისათვის ძირითადად ძალაუფლებას იყენებდნენ, მშობლები ძლიერ ემოციურ შოკს განიცდიან, როცა მათი ძალაუფლება იწურება და გავლენის გარეშე რჩებიან.   
მოზარდობა
დღეს დარწმუნებული ვარ, რომ „მოზარდობის ასაკში სტრესისა და გადაღლის” შესახებ თეორიათა უმრავლესობა არასწორად ამახვილებს ყურადღებას ისეთ ფაქტორებზე, როგორიცაა ფიზიკური ცვლილებები, მზარდი სექსუალურობა, ახალი სოციალური მოთხოვნები, ბავშვობასა და ზრდასრულობას შორის წინააღმდეგობა და სხვ. ეს პერიოდი ბავშვებისა და მშობლებისათვის რთული ძირითადად იმის გამოა, რომ მოზარდები დამოუკიდებლები ხდებიან და მშობლებს უკვე აღარ შეუძლიათ მათი ადვილად გაკონტროლება ჯილდოთი და დასჯით. რაკი მშობელთა უმრავლესობა ძირითადად სწორედ ჯილდოსა და სასჯელს ეყრდნობა, მოზარდები მათ სულ უფრო დამოუკიდებელი, დაუმორჩილებელი, მეამბოხე, მტრული ქცევით უპირისპირდებიან.   

მშობლები ვარაუდობენ, რომ მოზარდების წინააღმდეგობა და მტრობა განვითარების მოცემული სტადიის გარდაუვალი პროდუქტია. ვიქრობ, ეს ასე არ არის – საქმე იმაშია, რომ მოზარდს მეტად შეუძლია წინააღმდეგობა და ბუნტი. მშობლებს უკვე აღარ ძალუძთ მისი მართვა ჯილდოთი, რომელიც მას იმდენად აღარც სჭირდება; მას იმუნიტეტი აქვს დასჯის საფრთხის მიმართაც, რადგან მშობელს თითქმის აღარ შეუძლია მისთვის ტკივილის ან ძლიერი დისკომფორტის მიყენება. ტიპური მოზარდი იქცევა ისე, როგორც იქცევა, რადგან მას უკვე საკმარისი ძალა და რესურსი აქვს საკუთარი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად და საკმარისი ძალაუფლება, რომ აღარ ეშინოდეს მშობლების ძალაუფლების. 

შესაბამისად, მოზარდი მშობლებს კი არ უჯანყდება, არამედ მათ ძალაუფლებას. მშობლები ჩვილობის ასაკიდან შვილებზე ზეგავლენისთვის ნაკლებად რომ ეყრდნობოდნენ ძალაუფლებას და მეტად არაძალაუფლებრივ მეთოდებს, მაშინ ამ უკანასკნელებს წინააღმდეგობის ნაკლები მიზეზი ექნებოდათ მოზარდობისას. ამრიგად, შვილის ქცევის შეცლისათვის ძალაუფლების გამოყენებას შემდეგი სერიოზული შეზღუდულობა ახასიათებს: მშობელს აუცილებლად ელევა ძალაუფლება და გაცილებით მალე, ვიდრე ჰგონია.
ძალაუფლების გამოყენებით აღზრდა განსაზღვრულ პირობებს მოითხოვს

ბავშვზე ზეგავლენისათვის ჯილდოსა და სასჯელის გამოყენებას კიდევ ერთი შეზღუდულობა აქვს: „აღზრდა” მკაცრი კონტროლის პირობებში უნდა მიმდინარეობდეს. 

ფსიქოლოგები, რომლებიც წვრთნის საშუალებით ცხოველთა სწავლის პროცესს იკვლევენ, მრავალ სირთულეს აწყდებიან, სანამ კვლევის „ობიექტებისთვის” საკმარისად მკაცრ პირობებს არ შექმნიან. ჯილდოსა და სასჯელის დახმარებით ბავშვების აღზრდის (წვრთნის) პროცესში მრავალი ასეთი პირობის ან მოთხოვნის დაცვა უკიდურესად რთულია. მშობელთა უმრავლესობა ყოველდღიურად არღვევს ეფექტური „წვრთნის” ერთ ან რამდენიმე „წესს”. 

1.აღზრდის „ობიექტს” მაღალი მოტივაცია სჭირდება – მას „ჯილდოსათვის შრომის” ძლიერი მოთხოვნილება უნდა ჰქონდეს. ვირთხამ ლაბირინთის გავლა და მეორე ბოლოში დადებული საჭმლის პოვნა რომ ისწავლოს, საკმარისად მშიერი უნდა იყოს. მშობელი ხშირად ცდილობს ბავშვზე ზემოქმედებას ისეთი ჯილდოს შეთავაზებით, რომელიც მას დიდად არ სჭირდება (ჰპირდება, რომ უმღერებს, თუკი დაუყოვნებლივ დაწვება დასაძინებლად და აღმოაჩენს, რომ ვერ „მოისყიდა”).

2.თუკი სასჯელი ძალზე მკაცრია, ობიექტი ცდილობს საერთოდ გაექცეს სიტუაციას. როცა ვირთხა ელექტროშოკს იღებს ლაბირინთის ჩიხში შესვლისას, შესაძლოა საერთოდ „აღარ სცადოს” გზის მოძებნა, თუკი შოკი ძალიან ძლიერი იქნება. თუ მკაცრად დასჯით ბავშვს შეცდომისთვის, შესაძლოა მან „ისწავლოს”, რომ აღარ სცადოს კარგად გაკეთება.

3.ჯილდომ ობიექტის ქცევაზე გავლენა რომ მოახდინოს, ის დაუყოვნებლივი უნდა იყოს. თუ ვირთხამ შესაბამის ღილაკზე დაჭერა უნდა ისწავლოს საჭმლის მისაღებად და ღილაკის სწორად დაჭერის შემდეგ საჭმელს დავუგვიანებთ, ის ვერ ისწავლის, რომელია სწორი ღილაკი. თუ ბავშვს ეტყვით, რომ სამი კვირის შემდეგ ზღვაზე შეუძლია წავიდეს, თუკი დღეს საოჯახო საქმეებს გააკეთებს და აღმოაჩენთ, რომ ასეთ შორეულ ჯილდოს არ ექნება საკმარისი ძალა ბავშვის მოტივაციისათვის. 

4.მშობელი თანმიმდევრული უნდა იყოს სასურველი ქცევისათვის დაჯილდოებასა და არასასურველისათვის დასჯაში. თუ ძაღლს სასადილო ოთახში მისცემთ საკვებს, როცა სტუმრები არ გყავთ, ხოლო დასჯით, თუკი სტუმრების ტანდასწრებით მოგთხოვთ საკვებს, დაიბნევა და იმედი გაუცრუვდება (თუ, რა თქმა უნდა, არ ასწავლით განსხვავებას სტუმრის არყოფნასა და სტუმრის ყოფნას შორის, როგორც ჩვენ ვასწავლეთ ჩვენს ძაღლს). მშობლები ხშირად არათანმიმდევრულები არიან ჯილდოსა და სასჯელის გამოყენებისას. მაგალითად: ზოგჯერ დედა ნებას აძლევს შვილს კვებასა და კვებას შორის წაიხემსოს, მაგრამ არ აძლევს ამის ნებას, თუკი გემრიელ სადილს ამზადებს და არ უნდა, რომ შვილმა სადილი „გაიუგემუროს” (რომელიც, უფრო ზუსტად თუ ვიტყვით, დედის სადილია).

5.ჯილდო და სასჯელი

იშვიათად არის ეფექტური რთული ქცევის სწავლისას, თუკი პარალელურად არ გამოვიყენებთ ძალზე რთულ და დროტევად „განმამტკიცებელ” მეთოდებს. მართალია, ფსიქოლოგებმა წარმატებით ასწავლეს ქათმებს მაგიდის ჩოგბურთი, ხოლო მტრედებს რაკეტების მართვა, მაგრამ ამგვარ მიღწევებს ძალზე რთული და დროტევადი წვრთნა სჭირდება, რომელიც მკაცრი კონტროლის პირობებში მიმდინარეობს. 

იმ მკითხველმა, რომელსაც ცხოველი ჰყავს კარგად იცის, რა რთულია ძაღლს ასწავლო მხოლოდ საკუთარ ეზოში თამაში, პატრონისათვის ნივთის მოტანა ან სხვა ძაღლებისათვის საკვების გაზიარება. იმავე ადამიანებს კითხვაც კი არ უჩნდებათ იმის შესახებ, მიზანშეწონილია თუ არა ჯილდოსა და სასჯელის გამოყენების მცდელობა, რომ ბავშვს მსგავსი ქცევები ვასწავლოთ. 

ჯილდოსა და სასჯელის საშუალებით შეიძლება ვასწავლოთ შვილს არ ახლოს ხელი ყავის მაგიდაზე მდგარ ნივთებს ან „გეთაყვა” თქვას, როცა რაღაც სურს სადილობისას, მაგრამ ასეთი მეთოდები ნაკლებეფექტური იქნება სწავლის სასურველი ჩვევების ფორმირების ან ისეთი თვისებების აღზრდისთვის, როგორიცაა პატიოსნება, სიკეთე ან კეთილსინდისიერება. ბავშვებისათვის ქცევის ასეთი რთული მოდელების სწავლება სინამდვილეში არ ხდება; ბავშვები მას საკუთარი გამოცდილებით სწავლობენ სხვადასხვა სიტუაციაში, სხვადასხვა ფაქტორის ზეგავლენით.
ბავშვების აღზრდისას ჯილდოსა და სასჯელის გამოყენების რამდენიმე ნაკლოვანება აღვნიშნე. სწავლებისა და აღზრდის სპეციალისტ ფსიქოლოგებს გაცილებით მეტის დამატება შეუძლიათ. ჯილდოსა და სასჯელის საშუალებით ცხოველებისა და ბავშვებისათვის კომპლექსური ქმედებების შესრულების სწავლება არა მხოლოდ დამოუკიდებელი დისციპლინაა, რომელსაც ფართო ცოდნა, დიდი დრო და მოთმინება სჭირდება, არამედ გაცილებით მნიშვნელოვანია შემდეგი: ცირკის გამოცდილი მწვრთნელი და გამოცდილი ფსიქოლოგი არც ისე კარგი მოდელია მშობლისათვის, რომ შვილს სასურველი ქცევა ასწავლოს.
მშობლის ძალაუფლების შედეგები

გასაოცარია, რომ სერიოზული ნაკლოვანებების მიუხედავად, ძალაუფლება მშობელთა უმრავლესობისათვის მათი განათლების, სოციალური კლასისა და ეკონომიკური მდგომარეობის მიუხედავად მაინც მისაღები მეთოდია. 

ინსტრუქტორები PET-ის მეცადინეობებზე აღმოაჩენენ ხოლმე, რომ მშობლებმა არაჩვეულებრივად იციან ძალაუფლების დამღუპველი შედეგების შესახებ. მშობლებს სთხოვენ საკუთარი გამოცდილებიდან გაიხსენონ, რა ზეგავლენა ჰქონდა თვით მათზე მშობლების ძალაუფლებას. უცნაური პარადოქსია, რომ მშობლებს ახსოვთ, როგორ მოქმედებდა ბავშვობაში მათზე ძალაუფლება, მაგრამ „ავიწყდებათ”, როდესაც მას საკუთარი შვილების აღზრდისათვის იყენებენ. ყოველ ჯგუფში ასეთ მშობლებს ვთხოვთ ჩამოწერონ, რას აკეთებდნენ მშობლის ძალაუფლებასთან გამკლავების მიზნით. ყოველ კლასში იქმნება „გამკლავების მექანიზმის” სია, რომელიც ასე გამოიყურება:  

1.წინააღმდეგობა, დაუმორჩილებლობა, ამბოხი, ნეგატივიზმი.
2.აღშფოთება, ბრაზი, მტრობა. 
3.აგრესია, შურისძიება, კონტრდარტყმა.
4.სიცრუე, გრძნობების დამალვა.
5.სხვების დადანაშაულება, ჭორი, თაღლითობა.
6.დომინირება, მართვა, დაშინება.
7.გამარჯვებისაკენ სწრაფვა, დამარცხებისადმი ზიზღი.
8.ალიანსების ჩამოყალიბება, მშობლების წინააღმდეგ ორგანიზება.
9.მორჩილება, შეგუება, დათმობა.
10.ფარისევლობა, პირფერობა.
11.კონფორმიზმი, შემოქმედებითობის ნაკლებობა, სიახლის შიში, წარმატების გარანტიის მოთხოვნა.
12.საკუთარ თავში ჩაკეტვა, გაქცევა, ღრუბლებში ფრენა, რეგრესია. 
წინააღმდეგობა, დაუმორჩილებლობა, ამბოხი, ნეგატივიზმი
ერთ–ერთმა მშობელმა მასსა და მამამისს შორის მომხდარი ტიპური ინციდენტი გაიხსენა:
მშობელი: თუ ლაყბობას არ მორჩები, სილას მიიღებ!
შვილი: მიდი, დამარტყი!
მშობელი: (არტყამს).
შვილი: კიდევ დამარტყი, უფრო ძლიერად! არ გავჩუმდები!

ზოგიერთი ბავშვი მშობლის მიერ ძალაუფლების გამოყენებას იმით უპირისპირდება, რომ ზუსტად იმის საპირისპიროს აკეთებს, რის გაკეთებასაც მშობელი სთხოვს. აი, ერთ–ერთი დედის ნაამბობი:

„ძალაუფლებას, ძირითადად, მხოლოდ სამი მიზნით ვიყენებდით: ქალიშვილს სუფთად და მოწესრიგებულად სცმოდა, ეკლესიაში ევლო და არ დაელია. და მუდამ მკაცრად ვიცავდით. …ახლა ვიცით, რომ მისი სახლი მუდამ არეულია, ეკლესიაში ფეხსაც კი არ დგამს და თითქმის ყოველ საღამოს სვამს კოკტეილს”.

ერთ–ერთმა მოზარდმა თერაპიული სეანსის დროს აღიარა:

„არც კი ვეცდები სკოლაში კარგი შეფასებები მივიღო, რადგან მშობლები მეტისმეტად მაიძულებდნენ კარგი მოსწავლე ვყოფილიყავი. კარგი ნიშნები რომ მივიღო, ისინი ნასიამოვნები იქნებიან, თითქოს მართლები იყვნენ ან გაიმარჯვეს. ვერ მივართმევ! სწორედ ამიტომ არ ვსწავლობ”.

მეორემ გვიამბო, რა რეაქცია აქვს მშობლების გაუთავებელ „ბურღვაზე” გრძელი თმის გამო:

„მოვიჭრიდი, ასე რომ არ მიჭამდნენ ტვინს. მაგრამ სანამ თავს არ დამანებებენ, მანამდე ვივლი გრძელი თმით”.
ზრდასრულთა ავტორიტარიზმის მიმართ ასეთი რეაქცია საყოველთაოა. ბავშვების მრავალი თაობა აპროტესტებს და უჯანყდება მშობლის ავტორიტარიზმს. ისტორიაში ვერ ვიპოვით არსებით სხვაობას გასული საუკუნეებისა და თანამედროვე ახალგაზრდობას შორის. ბავშვები, ისევე როგორც ზრდასრულები, გააფთრებით იცავენ თავისუფლებას, მათ თავისუფლებას კი ისტორიის ყველა ეტაპზე ემუქრებოდა საფრთხე. თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დაკარგვის საფრთხეს ბავშვები იმით უპირისპირდებიან, რომ ებრძვიან ყველას, ვინც მის წართმევას დააპირებს.
აღშფოთება, ბრაზი, მტრობა

ბავშვები ბრაზობენ მათზე ვისაც ძალაუფლება აქვს. მას უპატიოსნოდ და ხშირად უსამართლოდ მიიჩნევენ. მათ აღაშფოთებთ თვით ის ფაქტიც, რომ მშობლები და მასწავლებლები მათზე დიდები და ძლიერები არიან, თუკი ამგვარი უპირატესობა მათი კონტროლის ან მათი თავისუფლების შეზღუდვისათვის გამოიყენება.

„აბა, ვინმე შენი ტოლი გააბრაზე”, ასეთია არის ბავშვის განცდა, როდესაც მშობელი ძალაუფლებას იყენებს.

ზოგადად, ნებისმიერი ასაკის ადამიანი აღშფოთებასა და ბრაზს განიცდის იმ ადამიანის მიმართ, ვისზეც მეტ–ნაკლებად დამოკიდებულია მოთხოვნილებების დაკმაყოფილების თვალსაზრისით. უმრავლესობა ამრეზით უყურებს მათ, ვისაც დოვლათის (ჯილდოს) გაცემის ან ჩამორთმევის ძალაუფლება აქვს. აღშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ ვიღაცას მათი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებელი საშუალებები აქვს. მათ თავად სურთ ასეთ განმკარგველად ყოფნა. ამას გარდა უმრავლესობას სწყურია ამგვარი დამოუკიდებლობა, რადგან სხვაზე დამოკიდებულება ყოველთვის სახიფათოა. მუდამ არსებობს საფრთხე, რომ ვისზეც დამოკიდებული ხარ უსამართლო, მიკერძოებული, არათანმიმდევრული, არაკეთილგონიერი აღმოჩნდება; ან ძალაუფლების მქონე ჯილდოს საზღაურად საკუთარი ღირებულებებისა და სტანდარტების აღიარებას მოითხოვს. სწორედ ამიტომ ხდება, რომ ის ვინც მსახურობს ძალზე პატერნალისტურად განწყობილ დამსაქმებლთან, რომელიც გულუხვად არიგებს „პრემიებსა” და „სტიმულებს” (იმ პირობით, რომ თანამშრომლები მართვის ავტორიტარულ მეთოდებს მადლიერებით მიიღებენ) აღშფოთებასა და მტრობას განიცდის „იმ ხელის მიმართ, რომელიც მას აჭმევს”. სამრეწველო ურთიერთობათა ისტორიკოსები აღნიშნავენ, რომ ყველაზე მრავალრიცხოვანი გაფიცვები იმ კომპანიებში ხდებოდა, სადაც ხელმძღვანელობა „კეთილგანწყობილი პატერნალისტი” იყო. ამავე მიზეზით ხდება, რომ „მდიდარი” ქვეყნის პოლიტიკა, რომელიც მიმართულია „ღარიბი” ქვეყნებისათვის უხვი სუბსიდიების გაცემაზე, შედეგად დამოკიდებული ქვეყნის მტრობას იწვევს „გამცემისადმი”.  
აგრესია, შურისძიება, კონტრდარტყმა

რაკი მშობლის დომინირება ძალაუფლების წყალობით, ხშირად ბავშვის მოთხოვნილებების დაუკმაყოფილებლობას იწვევს, ხოლო დაუკმაყოფილებლობა – აგრესიას, მშობელი, რომელიც ძალაუფლებას ეყრდნობა, შვილისაგან ამა თუ იმ სახით გამოვლენილ აგრესიას უნდა მოელოდეს. შვილები შურს იძიებენ, ცდილობენ მშობელს „ადგილი მიუჩინონ”, მეტისმეტად კრიტიკულები არიან, უხეშობენ, იყენებენ „სიჩუმით გამოცდას” ან სხვა ასობით აგრესიულ ქცევას, რომელიც მათი აზრით, ჯავრს ამოაყრევინებს ან რაც შეიძლება ძლიერად ატკენს მშობელს.

ბავშვების წინააღმდეგობის ფორმულა დაახლოებით ასეთია: „შენ მაწყენინე, მეც გაწყენინებ – იქნება მომავალში მაინც აღარ მატკინო”. ამ ფორმულის უკიდეურესი გამოვლინებაა გაზეთებში ხშირად აღწერილი შემთხვევები, როცა შვილი ფიზიკურად უსწორდება საკუთარ მშობელს. უდავოა, რომ აგრესიის მრავალი აქტი, რომელიც მიმართულია სკოლის ხელმძღვანელობის (ვანდალიზმი), პოლიციის, პოლიტიკური ლიდერების მიმართ, მოტივირებულია შურისძიების ან საპასუხო დარტყმის სურვილით.
სიცრუე, გრძნობების დამალვა

ზოგიერთი ბავშვი სწრაფად ხვდება, რომ თუკი იცრუებს, მრავალი სასჯელის თავიდან აცილებას შეძლებს. ცალკეულ შემთხვევაში, ტყუილმა შესაძლოა ჯილდოც კი მოუტანოს. ამასთან, ბავშვები აუცილებლად სწავლობენ მშობლების ღირებულებებს – მათ ზუსტად უნდა იცოდნენ, რა მოსწონთ და რა არ მოსწონთ მშობლებს. გამონაკლისის გარეშე ყველა ბავშვი, რომელსაც თერაპიული სეანსების დროს შევხვედრივარ და რომლის მშობლები ჯილდოსა და სასჯელის „დიდ დოზას” იყენებდნენ, მიმხელდა, რომ მუდმივად ცრუობდა მშობლებთან. აი, რა მითხრა, ერთმა მოზარდა გოგონამ:

 „დედაჩემი არ მაძლევდა ერთ ბიჭთან სიარულის უფლებას, ამიტომ ერთ ჩემს მეგობარ გოგოს ვთხოვე, გამოევლო და ეთქვა, რომ კინოში ან სადმე სხვაგან მივდიოდით. შემდეგ კი პაემანზე მივდიოდი”.

„დედაჩემი არ მაძლევდა მოკლე ქვედაბოლოს ჩაცმის უფლებას, ამიტომ მოკლეზე ზემოდან უფრო გრძელს ვიცმევდი და როცა სახლს გავცდებოდი, ვიხდიდი ხოლმე. ასევე ვიქცეოდი სახლში დაბრუნებისას – მოკლე ქვედაბოლოზე შედარებით გრძელს ვიცმევდი და სახლში შევდიოდი”, ეს მეორე გოგონას აღაირებაა.

ბავშვები ამდენს იმიტომ ცრუობენ, რომ მათი მშობლები მეტისმეტ იმედ ამყარებენ დაჯილდოებისა და დასჯის სისტემაზე, თუმცა, მტკიცედ მჯერა, რომ სიცრუის ტენდენცია სავსებით არ არის დამახასიათებელი მოზარდობისთვის. ის დასწავლილი რეაქციაა – მშობლის მცდელობისაგან თავდაღწევის მექანიზმია, აკონტროლოს შვილი ჯილდოსა და სასჯელის მანიპულირებით. ბავშვები არ ცრუობენ ისეთ ოჯახში, სადაც მათ აღიარებენ და მათ თავისუფლებას პატივს სცემენ. 

მშობლები, რომლებიც წუხან, რომ შვილები არ უზიარებენ პრობლემებს ან მათი ცხოვრების მნიშვნელოვან დეტალებს, როგორც წესი, ფართოდ იყენებენ სასჯელს. ბავშვები სწავლობენ თამაშის წესებს და ერთ–ერთი ასეთი წესი დუმილია. 
სხვების დადანაშაულება, ჭორი, თაღლითობა

იმ ოჯახში, სადაც ერთზე მეტი ბავშვია, შვილები, ჩვეულებრივ, ერთმანეთს ეჯიბრებიან მშობლის ჯილდოს მისაღებად და სასჯელის თავიდან ასაცილებლად. ისინი სწრაფად სწავლობენ თავდაღწევის კიდევ ერთ მექანიზმს: სხვების ჩაყენება არახელსაყრელ მდგომარეობაში, დისკრედიტაცია, დადანაშაულება, ჭორი. ფორმულა მარტივია: „თუ სხვას დავადანაშაულებ, იქნებ გადავრჩე”. როგორი ფიასკოა მშობლისათვის! მას სურს შვილები თანამშრომლობდნენ, მაგრამ ჯილდოსა და სასჯელის გამოყენებთ ისინი კონკურენტულ ქცევას აძლევენ საკვებს – და–ძმის მტრობას, ჩხუბს, დასმენას:  

„მას მეტი ნაყინი აქვს”.
„მე რატომ უნდა ვიმუშაო ბაღში და ჯომ – არა?”
„პირველმა მან დამარტყა – ყველაფერი მან დაიწყო!”
„არასდროს სჯიდი ერიკას, როცა ჩემხელა იყო და ჩემსავით იქცეოდა”.
„რატომ პატიობ ედის ყველაფერს?”

ბავშვებს შორის ჩხუბი და ურთიერთდადანაშაულება უმეტესწილად შეიძლება მშობლების მიერ აღზრდის პროცესში ჯილდოსა და სასჯელის გამოყენებას მივაწეროთ. რაკი მშობლებს არ აქვთ საკმარისი დრო, მოთმინება და სიბრძნე ყოველთვის სამართლიანად და თანაბრად გაანაწილონ ჯილდო და სასჯელი, ისინი გარდაუვლად უწყობენ ხელს კონკურენციას. ამ შემთხვევაში, სავსებით ბუნებრივია, რომ ყოველ ბავშვს თავისთვის მეტი ჯილდო სურდეს, ხოლო და–ძმისთვის – მეტი სასჯელი.  
დომინირება, მართვა, დაშინება

რატომ ცდილობს ბავშვი უმცროსი და–ძმის დამორჩილებას და დაშინებას? ერთ–ერთი მიზეზი ცხადია – მშობლები საკუთარ ძალაუფლებას მასზე დომინირებისთვის იყენებდნენ. ამიტომ, ყოველთვის, როცა და–ძმაზე ძალაუფლება აქვს, ცდილობს დომინირებას და მართავს. ამის დანახვა შესაძლებელია, როცა ბავშვები თოჯინით თამაშობენ. ისინი თოჯინას („შვილს”) ისევე ექცევიან, როგორც მათ ექცევიან მშობლები. ამიტომაც არის გავრცელებული ფსიქოლოგებში მოსაზრება, რომ იმის გასაგებად, როგორ ექცევა მშობელი შვილს საჭიროა დააკვირდე ბავშვის თამაშს თოჯინით. თუ ბავშვი დედის როლში დომინირებს, მართავს და სჯის თოჯინას, თითქმის ეჭვს არ იწვევს, რომ მას თავადაც ასე ექცევა დედა. 

შესაბამისად, როცა მშობელი თავის ავტორიტეტს შვილის მართვისა და კონტროლისათვის იყენებს  გაუცნობიერებლად რისკავს აღზარდოს ისეთი ადამიანი, რომელიც ავტორიტარული იქნება სხვების მიმართ.
გამარჯვებისაკენ სწრაფვა, დამარცხებისადმი ზიზღი

როცა ბავშვი ჯილდოთი და სასჯელით გაჯერებულ გარემოში იზრდება, მას შესაძლოა დაუოკებელი მოთხოვნილება გაუჩნდეს „კარგი” ჩანდეს სხვის თვალში, ანუ გაიმარჯვოს და თავიდან აიცილოს „ცუდობა” ანუ მარცხი. ეს განსაკუთრებით ეხება ჯილდოზე ორიენტირებულ მშობლებს, რომლებიც მეტისმეტად ეყრდნობიან დადებით შეფასებას, ფულად ჯილდოს, ოქროს ვარსკვლავს, წახალისებას და ა.შ.

საუბედუროს ასეთი მშობელი ბევრია, განსაკუთრებით, საშუალო და მაღალი შემოსავლების ოჯახებში. შევხვედრივარ მშობლებს, რომლებიც უარყოფენ დასჯას, როგორც კონტროლის მეთოდს, მაგრამ იშვიათად მინახავს ისეთები, რომლებსაც ეჭვი ეპარებათ ჯილდოს გამოყენების მნიშვნელობაში. ამერიკელ მშობელს უხვად სთავაზობენ სტატიებსა და წიგნებს, სადაც ხშირად შექებისა და დაჯილდოების შესახებ უამრავი რჩევაა. მშობელთა უმრავლესობა ეჭვის გარეშე იღებს ამ რჩევას, რის შედეგად ამერიკაში ბევრი ბავშვის მანიპულირება მშობლის მიერ ყოველდღიურად ხდება შექებით, განსაკუთრებული პრივილეგიებით, ჯილდოებით, ტკბილეულით, ნაყინით, ფულით და ა.შ. გასაკვირი არ არის, რომ ჯილდოებით დანებივრებული ბავშვების თაობა ასე ძლიერ არის ორიენტირებული იმაზე, რომ გაიმარჯვოს, კარგი გამოჩნდეს, მწვერვალზე მოექცეს და, რაც მთავარია, თავიდან აიცილოს მარცხი.  

  

ჯილდოზე ორიენტირებული აღზრდის კიდევ ერთი უარყოფითი შედეგი უკავშირდება შეზღუდული გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობების მქონე ბავშვს, რომლისთვისაც რთულია „ბონუსების” მოპოვება. მხედველობაში მყავს ბავშვი, რომლის და–ძმა და თანატოლები გენეტიკურად მეტად ნიჭიერები არიან, რის გამოც ის განწირულია „მარცხისთვის” ნებისმიერ წამოწყებაში – სახლში, სპორტულ მოედანზე ან სკოლაში. ბევრ ოჯახში ასეთი ერთი ან რამდენიმე ბავშვია, რომლებმაც ცხოვრება ხშირი დამარცხებების ტკივილით და სხვების მიერ მიღებული ჯილდოს გამო იმედგაცრუებით უნდა გალიოს. მათ დაბალი თვითშეფასება და უმწეობისა და მარცხის განწყობა უყალიბდებათ. ერთი სიტყვით, ჯილდოთი გაჯერებული გარემო შესაძლოა გაცილებით დამღუპველი აღმოჩნდეს იმ ბავშვებისთვის, ვისაც მისი მოპოვება არ შეუძლია, ვიდრე მათთვის, ვისაც შეუძლია. 
ალიანსების ჩამოყალიბება, მშობლების წინააღმდეგ ორგანიზება
ბავშვები, რომლებსაც მშობლები ავტორიტეტითა და ძალაუფლებით მართავენ და აკონტროლებენ ასაკთან ერთად ამ ძალაუფლების გადალახვის კიდევ ერთ გზას სწავლობენ. ეს არის ყველასათვის კარგად ნაცნობი ალიანსების ჩამოყალიბების მოდელი სხვა ბავშვებთან ოჯახს შიგნით ან გარეთ. ბავშვები აღმოაჩენენ, რომ „ძალა ერთობაშია” და შეუძლიათ „ორგანიზება” ისევე, როგორც ამერიკელ მუშებს დამსაქმებლებისა და მენეჯმენტის ძალაუფლების წინააღმდეგ. 

ბავშვები ხშირად შემდეგი საშუალებებით აყალიბებენ ალიანსებს მშობელთა წინააღმდეგ ერთიანი ფრონტის შექმნის მიზნით:

უთანხმდებიან ერთმანეთს, რომ ყველა ერთსა და იმავე მოგონილ ამბავს იტყვის.

ეუბნებიან მშობლებს, რომ სხვა ბავშვებს კონკრეტული საქმიანობის კეთების ნება აქვთ და ნამუსზე აგდებენ.
არწმუნებენ სხვა ბავშვებს, რომ შეუამხანაგდნენ საეჭვო აქტივობებისას იმ იმედით, რომ მშობლები ვერ შეძლებენ მათ „გამოცალკევებას”, როცა საქმე დასჯაზე მიდგება.

დღევანდელი მოზარდების თაობამ კარგად იცის მშობლებისა და ზრდასრულების ძალაუფლების წინააღმდეგ ორგანიზებისა და ქმედების ერთიანი ძალა, რისი მკაფიო მაგალითია ნარკოტიკების მიღება მეგობრებთან ერთად, საშინაო დავალების შეუსრულებლობა, სკოლის გაცდენა და ბანდებსა და ჯგუფებში გარეთიანება.

რაკი ძალაუფლება ბავშვების ქცევის კონტროლისა და მართვის უპირატეს მეთოდად რჩება, მშობლები და სხვა ზრდასრულები ყველაზე სავალალო შედეგს იმკიან – მოზარდები ალიანსების შექმნით უპირისპირებენ საკუთარ ძალაუფლებას მშობლების ძალაუფლებას. ხდება საზოგადოების პოლარიზება ორ მტრულ ჯგუფად – ახალგაზრდები მშობლების წინააღმდეგ ორგანიზდებიან, ან თუ გნებავთ, „არმქონეები” „მქონეთა” წინააღმდეგ. საკუთარ ოჯახთან გაიგივების ნაცვლად, ბავშვები სულ უფრო მეტად აიგივებენ თავს თანატოლთა ჯგუფთან უფროსების გაერთიანებულ ძალასთან დასაპირისპირებლად. 
მორჩილება, შეგუება, დათმობა

ზოგიერთ ბავშვს ბევრისათვის გაუგებარი მიზეზების გამო ურჩევნია დაემორჩილოს მშობლების ავტორიტეტს. ისინი წინააღმდეგობას მორჩილებით, შეგუებითა და დათმობით გამოხატავენ. მშობლის ავტორიტეტზე ასეთ რეაქციას მაშინ ვხვდებით, როდესაც მშობლები ზედმეტად მკაცრები არიან საკუთარი ძალაუფლების გამოყენებისას. თუ სასჯელი ძალზე მკაცრი იყო, ბავშვი მორჩილი ხდება დასჯის მიმართ ძლიერი შიშის გამო. ბავშვის რეაქცია მშობლის ძალაუფლებაზე შესაძლოა ძაღლის რეაქციას შევადაროთ, რომელიც მკაცრი სასჯელის შემდეგ მორიდებული და დაშინებულია. ამასთან, რაც უფრო მცირეწლოვანია ბავშვი, მით უფრო ადვილად მიიღწევა დასჯით მორჩილება, რადგან ისეთი რეაქციები, როგორიცაა წინააღმდეგობა და ამბოხი ბავშვს ჯერ კიდევ ძალზე სახიფათოდ ეჩვენება. არსებითად, ის იძულებულია მშობლის ძალაუფლებას მორჩილებითა და დათმობით უპასუხოს. მოზარდობის ასაკის დადგომასთან ერთად ასეთი რეაქცია შესაძლოა მკვეთრად შეიცვალოს, რადგან ამ დროისათვის ბავშვი უკვე საკმარის ძალასა და გამბედაობას გრძნობს იმისათვის რომ წინააღმდეგობასა და ამბოხს მიმართოს. 

ზოგიერთი ბავშვი მოზარდობაშიც და ხშირად ზრდასრულობაშიც მორჩილი და დამთმობი რჩება. მათ საკუთარ თავზე გამოსცადეს მშობლის ძალაუფლების უკიდურესი ფორმები და მას შემდეგ დასჩემდათ შიში ძალაუფლების მქონე ნებისმიერი ადამიანის მიმართ. არსებობენ ზრდასრულები, რომლებიც მთელი ცხოვრება ბავშვებად რჩებიან, პასიურად ემორჩილებიან ავტორიტეტს, უარს ამბობენ საკუთარ მოთხოვნილებებზე, ეშინიათ საკუთარ თავად ყოფნის, კონფლიქტის, საკუთარი შეხედულებების დაცვის. სწორედ ასეთი ზრდასრულები ხვდებიან ძირითადად ფსიქოლოგებისა და ფსიქიატრების კაბინეტებში. 
ფარისევლობა, პირფერობა

დაჯილდოებისა და დასჯის ძალაუფლების მქონე ადამიანთან დაპირისპირების კიდევ ერთი გზაა მისი მიმხრობა, მისი გულის მონადირება განსაკუთრებული ძალისხმევით, მისთვის თავის მოწონება. ზოგიერთი ბავშვი მოხერხებულად იყენებს ამ მეთოდს მშობლებთან და სხვა უფროსებთან. ისინი შემდეგი ფორმულით ხელმძღვანელობენ: „თუ შემიძლია რაღაც სასიამოვნო გავაკეთო შენთვის და შენი კეთილგანწყობა მოვიპოვო, იქნებ დამაჯილდოვო და თავიდან ამაცილო სასჯელი”. ბავშვები ადრევე სწავლობენ, რომ უფროსები ჯილდოსა და სასჯელს სამართლიანად არ ანაწილებენ. მათი გულის მონადირება შეიძლება; მათ შეიძლება „ფავორიტები” ჰყავდეთ. ზოგიერთ ბავშვს შეუძლია ამ ცოდნის გამოყენება და მიმართავენ ისეთ ქცევებს, რომელიც ფარისევლობის, პირფერობისა და სხვა ისეთი სახელებით არის ცნობილი, რომელთა ხსენებაც კი დასაძრახია საზოგადოებაში. 

საუბედუროდ, მიუხედავად იმისა, რომ ასეთმა ბავშვებმა შესაძლოა დიდ ხელოვნებას მიაღწიონ უფროსების ყურადღების მოპოვებაში, მათი ქცევა, როგორც წესი, სხვა ბავშვების სამართლიან გულისწყრომას იწვევს; ფარისეველს ხშირად აბრაზებენ და უარყოფენ თანატოლები, რომლებიც ხვდებიან მისი ქცევის ნამდვილ მოტივებს ან შურთ მისი პრივილეგირებული მდგომარეობა. 
კონფორმიზმი, შემოქმედებითობის ნაკლებობა, სიახლის შიში, წარმატების გარანტიის მოთხოვნა

მშობლის ძალაუფლება შვილებში კონფორმიზმის განვითარებას უფრო უწყობს ხელს, ვიდრე შემოქმედებითობას, ისევე როგორც ავტორიტარული სამუშაო გარემო ორგანიზაციაში კლავს ინოვაციას. შემოქმდებითობას სჭირდება ექსპერიმენტირების, ახალი საგნებისა და კომბინაციების მოსინჯვის თავისუფლება. ჯილდოსა და სასჯელის მკაცრ გარემოში აღზრდილი ბავშვი ვერ იგრძნობს ისეთ თავისუფლებას, როგორც ისეთ გარემოში აღზრდილი, სადაც აღიარებენ, იწონებენ. ძალაუფლება შიშს წარმოშობს, ხოლო შიში სპობს შემოქმედებითობას და ხელს უწყობს კონფორმიზმს. ფორმულა მარტივია: „ჯილდო რომ მივიღო, საჭიროა არ გამოვჩნდე და გავიზიარო ქცევა, რომელიც დადებითად არის მიჩნეული. არ ვაპირებ გავაკეთო ისეთი რამ, რაც მიღებულის ჩარჩოებს სცილდება, ამით თავიდან ავიცილებ სასჯელის საფრთხეს”.

საკუთარ თავში ჩაკეტვა, გაქცევა, ღრუბლებში ფრენა, რეგრესია

როდესაც ბავშვს მეტისმეტად უძნელდება მშობლის ავტორიტეტის გამკლავება, მან შესაძლოა სცადოს გაქცევა ან საკუთარ თავში ჩაკეტვა. მშობლის ძალაუფლებას საკუთარ თავში ჩაკეტვა შესაძლოა მოჰყვეს, თუ: სასჯელი განსაკუთრებით მკაცრია ბავშვისთვის, მშობლები არათანმიმდევრულები არიან დაჯილდოებისას, ძალიან რთულია ჯილდოს დამსახურება, რთულია იმ ქცევების დასწავლა, რომელიც თავიდან ააცილებს სასჯელს. ნებისმიერ ზემოჩამოთვლილ პირობას შეუძლია ხელი ააღებინოს ბავშვს „თამაშის წესების” სწავლაზე. ის უბრალოდ თავს ანებებს რეალობასთან დაპირისპირების მცდელობას – მისთვის ძალზე მტკივნეულ ან ძალაზე რთულ პროცესს. ბავშვს არ შესწევს ძალა მოერგოს მისავე გარემოში არსებულ ძალებს. ამიტომ შინაგანი ხმა ჰკარნახობს, რომ გაქცევა უფრო უსაფრთხოა.

საკუთარ თავში ჩაკეტვისა და გაქცევის ფორმები ვარირებს თითქმის აბსოლუტურიდან შემთხვევითამდე ან მოკლევადიანამდე და მოიცავს:  

ღრუბლებში ფრენასა და ფანტაზიებს.
უმოქმედობას, პასიურობას, აპათიას.
ინფანტილური ქცევისაკენ რეგრესიას.
ტელევიზორის გადაჭარბებულ ყურებასა და ვიდეო თამაშებს.
განმარტოებით თამაში (ხშირად წარმოსახვით პარტნიორთან ერთად).
ავადმყოფობას.
ბანდაში გაერთიანებას. 
ნარკოტიკების მოხმარებას.
კვებით დარღვევებს.
დეპრესიას.
მშობლის ძალაუფლების უფრო სიღრმისეული საკითხები
მაშინაც კი, როდესაც ჩვენი კურსების მსმენელებს ვახსენებთ ბავშვობაში მშობლის ძალაუფლებისადმი დაპირისპირების მათივე მექანიზმებს და ჩვენს მიერ შეთავაზებული სიიდან განსაზღვრავენ წინააღმდეგობის იმ მეთოდებს, რომელსაც მათი შვილები იყენებენ ახლა უკვე მათი ძალაუფლებისაგან დასაცავად, მრავალი მათგანი კვლავ იმ შეხედულებას იცავს, რომ აღზრდაში ავტორიტეტი და ძალაუფლება გამართლებულია. სწორედ ამიტომ P.E.T. ჯგუფების უმრავლესობაში იმართება მშობლის ავტორიტეტთან დაკავშირებით დამატებით დამოკიდებულებებსა და განცდებზე ღია საუბარი.  

განა თვით ბავშვებს არ სურთ ძალაუფლება და შეზღუდვა?

გავრცელებული შეხედულების თანახმად, რომელსაც პროფესიონალებიც იზარებენ და არაპროფესიონალებიც, ბავშვებს სჭირდებათ ძალაუფლება – მათ მოსწონთ, როდესაც მშობლები ზღარს უდებენ მათ ქცევას ლიმიტის დაწესებით. არგუმენტის შემდგომი გავრცობა ასე ხდება: როდესაც მშობელი ძალაუფლებას იყენებს, ბავშვი უფრო დაცულად გრძნობს თავს; ლიმიტების გარეშე ის არამარტო ველური და არადისციპლინირებული იქნება, არამედ დაუცველიც; თუ მშობელი არ გამოიყენებს ძალაუფლებას ლიმიტის დასაწესებლად, შვილი ჩათვლის, რომ მშობელს არ უყვარს და არ ზრუნავს მასზე.

ვეჭვობ, რომ ამ შეხედულებას ბევრი იზიარებს, როგორც ძალაუფლების გამოყენების გამართლებას, ამიტომ არ მსურს მისი დისკრედიტაცია ზერელე რაციონალიზაციით. ამ შეხედულებაში არის ჭეშმარიტების მარცვალი და ამიტომ საჭიროა მისი გულდასმით შესწავლა.  

საღი აზრი და გამოცდილება ადასტურებს მოსაზრებას, რომ ბავშვებს მართლაც სჭირდებათ შეზღუდვები მშობლებთან ურთიერთობისას. მათ აუცილებლად უნდა იცოდნენ, რამდენად შორს შეუძლიათ შეტოპონ, მიუღებელი ქცევის თვალსაზრისით. მხოლოდ მაშინ შეუძლიათ უარის თქმა ამ ქცევაზე. ეს ყველა ადამიანურ ურთიერთობას ეხება. 

მაგალითად, საკუთარ თავში უფრო დარწმუნებული ვარ, როცა ვიცი, ჩემი რომელი ქცევებია მიუღებელი ცოლისთვის. პირველი რაც მახსენდება, გოლფის თამაში ან სამსახურში წასვლაა იმ დროს, როცა სახლში წვეულება გვაქვს. რაკი წინასწარ ვიცი, რომ ჩემი არყოფნა მიუღებელი იქნება, რადგან ცოლს ჩემი დახმარება სჭირდება, ვირჩევ არ ვითამაშო გოლფი და არ წავიდე ოფისში და ამით თავიდან ავიცილო უსიამოვნება, ბრაზი და შესაძლოა, კონფლიქტიც კი.  

მიუხედავად ამისა, ერთია, როცა ბავშვს სურს იცოდეს „მშობლისთვის მისაღები საზღვრები” და სრულიად სხვაა, იმის თქმა, რომ ბავშვს სურს, რომ მშობელმა დაუწესოს ქცევის საზღვრები. დავუბრუნდეთ ჩემი და ჩემი ცოლის მაგალითს: ჩემთვის ხელსაყრელია, თუ მეცოდინება, რა განცდები ექნება ცოლს, თუკი წვეულების დროს გოლფს ვითამაშებ ან ოფისში წავალ. მაგრამ ნამდვილად გავბრაზდები და მეწყინება, თუ ის ეცდება ჩემი ქცევის ლიმიტის დაწესებას, შემდეგი განცხადებით: „არ მოგცემ გოლფის თამაშის ან ოფისში წავლის ნებას, როცა სახლში სტუმრები გვყავს. ეს ლიმიტია. შენ არ გაქვს ასე მოქცევის უფლება”.

ასეთი ძალისმიერი მიდგომა ჩემთვის მიუღებელია. სასაცილო იქნება იმის წარმოდგენაც კი, რომ ჩემი ცოლი ასე ეცდება ჩემი ქცევის კონტროლსა და მართვას. ბავშვებსაც სწორედ ასეთივე რეაქცია აქვთ მშობლების მიერ ლიმიტის დაწესებაზე. ჩემსავით ძლიერ ბრაზობენ და სწყინთ, როდესაც მშობლები ცალმხრივად ცდილობენ მათ ქცევაზე საზღვრის დაწესებას. არ შემხვედრია ბავშვი, რომელსაც სურდეს მშობლისაგან ზღვრის დაწესება შემდეგი ფრაზებით: 

„შუაღამისას სახლში უნდა იყო – ეს ჩემი ზღვარია”.    
„ვერ დაგრთავ ავტომობილით სარგებლობის უფლებას”.
„გიკრძალავ სასადილო ოთახში მანქანით თამაშს”.
„მოვითხოვთ, არ მოსწიო ნარკოტიკი”.
„იძულებულები ვართ, აგიკრძალოთ იმ ორ ბიჭთან სიარული”.
მკითხველი ამ კომუნიკაციაში ჩვენთვის ნაცნობ „გადაწყვეტილების გაგზავნას” (ისინი, ამავდროულად, „შენ–შეტყობინებაცაა”) ამოიცნობს.

„ბავშვებს სურს, რომ მშობლებმა გამოიყენონ ძალაუფლება და დაუწესონ ზღვარი” შეხედულებაზე უფრო ლოგიკური და ჯანსაღი პრინციპი ასე შეიძლება ჩამოვაყალიბოთ:

ბავშვებს სურთ და სჭირდებათ იმის ცოდნა, თუ რას განიცდიან მშობლები მათი ქცევის გამო, რომ მათ თავად შეძლონ მშობლისათის მიუღებელი ქცევის შეცვლა. თუმცა, მათ არ სურთ, რომ მშობელმა ზღვარი დაუდოს ან შეცვალოს მათი ქცევა საკუთარი ძალაუფლების გამოყენებით ან გამოყენების მუქარით. ერთი სიტყვით, ბავშვებს სურთ თავად დაუდონ ზღვარი საკუთარ ქცევას, თუკი ხვდებიან, რომ საჭიროა ქცევის შეზღუდვა ან შეცვლა. ბავშვებს, ისევე როგორც დიდებს, ურჩევნიათ თავად იყვნენ საკუთარი ქცევის ბატონ–პატრონები. 
კიდევ ერთი: პრინციპში, ბავშვებს ურჩევნიათ, რომ მათი ყველა ქცევა მისაღები იყოს მშობლებისთვის

და არ იყოს საჭირო რომელიმე ქცევაზე ზღვრის დაწესება ან შეცვლა. მეც ვამჯობინებდი, რომ ჩემი ყველა ქცევა უპირობოდ მისაღები ყოფილიყო ჩემი მეუღლისთვის. ვამჯობინებდი, თუმცა, ვიცი, რომ ეს არა მხოლოდ არარეალისტური, შეუძლებელიცაა.

ამრიგად, მშობლები და არც შვილები არ უნდა მოელოდნენ, რომ მათი ყველა ქცევა მისაღები იქნება. მაგრამ შვილებს აქვთ უფლება მოელოდნენ, რომ მშობელი ყოველთვის გაუმხელს საკუთარ გრძნობებს, როცა მათი კონკრეტული ქცევა მიუღებელი იქნება („არ მომწონს, როცა კაბაზე მექაჩებიან მეგობართან საუბრისას”). ეს სრულიად განსხვავდება სურვილისგან, მშობელმა გამოიყენოს საკუთარი ძალაუფლება შვილის ქცევაზე ზღვრის დასაწესებლად.      მისაღებია თუ არა ძალაუფლება, როდესაც მშობელი თანმიმდევრულია?

ზოგიერთი მშობელი ამართლებს ძალაუფლების გამოყენებას იმ მოტივით, რომ ის ეფექტურია და არ მოაქვს ზიანი თანმიმდევრულად გამოყენების შემთხვევაში. მეცადინეობებზე მშობლები გაოცებულები რჩებიან აღმოაჩენით, რომ სავსებით მართალნი არიან თანმიმდევრულობის აუცილებლობის შესახებ. ჩვენი ინსტრუქტორები არწმუნებენ მათ, რომ თანმიმდევრულობა აუცილებელია, თუკი ისინი ძალაუფლებისა და ავტორიტეტის გამოყენებას აირჩევენ. მეტიც, შვილებს ურჩევნიათ მშობლები თანმიმდევრულები იყვნენ, თუკი ისინი ძალაუფლებისა და ავტორიტეტის გამოყენებას აირჩევენ. 

ეს „თუკი” არსებითია. ძალაუფლების გამოყენება საზიანოა, მაგრამ კიდევ უფრო დამღუპველია არათანმიმდევრულად გამოყენებისას. ბავშვებს არ სურთ, რომ მშობლებმა ძალაუფლება გამოიყენონ, მაგრამ თუკი გამოიყენებენ, ურჩევნიათ მისი თანმიმდევრულად გამოყენება. თუკი მშობელი თვლის, რომ ძალაუფლება უნდა გამოიყენოს, მისი გამოყენებისას თანმიმდევრულობა მეტ შესაძლებლობას მისცემს ბავშვს დაბეჯითებით იცოდეს, რომელი კონკრეტული ქცევისათვის დაისჯება ყოველთვის და რომლისთვის მიიღებს ჯილდოს. 

მრავალი ექსპერიმენტი მოწმობს არათანმიმდევრულობის დამღუპველ შედეგებს ცხოველთა ქცევის შეცვლის მიზნით ჯილდოსა და სასჯელის გამოყენების დროს. მაგალითის სახით შეიძლება მოვიტანოთ ფსიქოლოგ ნორმან მაიერის მიერ ჩატარებული კლასიკური ექსპერიმენტი. მაიერი აჯილდოვებდა ვირთხას, თუკი ისინი პლატფორმიდან იმ კარებთან დახტებოდა, რომელზეც ოთხკუთხედი ეხატა. კარის გაღებით ვირთხა კარს უკან მდებარე საჭმელს იღებდა ჯილდოს სახით. მაიერი სჯიდა ვირთხას, როცა ის პლატფორმიდან იმ კარების მიმართულებით დახტებოდა, რომელზეც განსხვავებული ფიგურა, სამკუთხედი ეხატა. კარები არ იღებოდა, რის გამოც ვირთხა მას ცხვირით ეჯახებოდა და შემდეგ საკმაოდ დიდი სიმაღლიდან ბადეზე ეცემოდა. ამგვარად, ვირთხა „სწავლობდა” ოთხკუთხედისა და სამკუთხედის განსხვავებას – მარტივი ექსპერიმენტი პირობითი რეფლექსის ჩამოყალიბებაზე.   

შემდეგ მაიერმა გადაწყვიტა „არათანმიმდევრული” ყოფილიყო ჯილდოსა და სასჯელის გამოყენებისას. ის გამიზნულად ცვლიდა პირობებს ნახატის შემთხვევითი (უსისტემო) შერჩევის გზით. ზოგჯერ ოთხკუთხედი იმ კარებზე იყო, რომლის უკან საკვები იყო, ზოგჯერ კი იმ კარის უკან, რომელიც არ იღებოდა და ვირთხა ვარდებოდა. მრავალი მშობლის მსგავსად ფსიქოლოგი არათანმიმდევრული იყო ჯილდოსა და სასჯელის გამოყენებისას.

რა მოუვიდათ ვირთხებს? ისინი „ნევროტულები” გახდნენ; ზოგიერთს კანის დაავადება გაუჩნდა, ზოგი კატატონიურ მდგომარეობაში ჩავარდა, ზოგი უგონოდ და უმისამართოდ დარბოდა გალიაში, ზოგი სხვა ვირთხებს გაურბოდა, ზოგი აღარ ჭამდა. მაიერმა არათანმიმდევრულობით „ექსპერიმენტული ნევროზი” გამოიწვია ვირთხებში.

ჯილდოსა და სასჯელის გამოყენებისას არათანმიმდევრულობის შედეგები შესაძლოა ასეთივე დამღუპველი იყოს ბავშვებისთვის. არათანმიმდევრულობა მათ არ აძლევთ „სწორი” (დასაჯილდოებელი) ქცევის დასწავლისა და „არასასურველი” (დასასჯელი) ქცევის თავიდან აცილების შესაძლებლობას. მათ არ შეუძლიათ გამარჯვება. შედეგად ისინი იმედგაცრუებულები, დაბნეულები, გაბრაზებულები და „ნევროტულებიც” კი ხდებიან.  
განა მშობლის ვალი არ არის ბავშვზე ზეგავლენა?

ძალაუფლებისა და ავტორიტეტის შესახებ დამოკიდებულებას, ალბათ, მშობლები ყველაზე ხშირად იმით ამართლებენ, რომ მშობლის „პასუხისმგებლობაა” იმოქმედოს ბავშვზე ისე, რომ მისგან კონკრეტულ – მშობლისა ან „საზოგადოებისათვის” (რასაც არ უნდა ნიშნავდეს ეს ცნება) სასურველად მიჩნეულ – ქცევას მიაღწიოს. ეს სამყაროსავით ძველი დავა იმის შესახებ, შეიძლება თუ არა, რომ ძალაუფლება გავამართლოთ ადამიანთა ურთიერთობაში, თუკი ის გამოიყენება საკეთილდღეოდ და გონივრულად „მოყვასის ან საზოგადოების კეთილდღეობისთვის” ან „უმაღლესი ინტერესებისთვის”. 

საქმე იმაშია, ვინ წყვეტს როგორია საზოგადოების უმაღლესი ინტერესები. ბავშვი? მშობელი? ვინ იცის უკეთ? ეს საკმაოდ რთული კითხვებია და არსებობს საფრთხე, რომ „უმაღლესი ინტერესების” განმსაზღვრელი მშობელი იქნება.

იქნებ მშობელი არასაკმარისად ბრძენია, რომ განსაზღვრა შეძლოს. ყველა ცდება – მშობლებიც და ისინიც, ვისაც ძალაუფლება აქვს და მან, ვისაც ძალაუფლება აქვს, შესაძლოა იცრუოს და განაცხადოს, რომ მას მოყვასის საკეთილდღეოდ იყენებს. ცივილიზაციის ისტორიაში ტავიანთი ვალი დატოვეს იმ ადამიანებმა, რომლებიც აცხადებდნენ, რომ ძალაუფლებას იმ ადამიანთა საკეთილდღოდ იყენებდნენ, ვისზედაც ეს ძალაუფლება ვრცელდებოდა. „ამას მხოლოდ შენი კეთილდღეობისათვის ვაკეთებ”, განა ძალაუფლების დამაჯერებელი გამართლება არ არის?

„ძალაუფლება რყვნის, ხოლო აბსოლუტური ძალაუფლება აბსოლუტურად რყვნის”, წერდა ლორდი აკტონი. პოეტი შელი ძალაუფლებას „გამანადგურებელ ჭირს” ამსგავსებდა, რომელიც „ედება ყველაფერს, რასაც კი შეეხება”. „რაც მეტია ძალაუფლება, მით საშიშია მისი ბოროტად გამოყენება”, ამტკიცებდა ედმუნდ ბერკი.

ძალაუფლებასთან დაკავშირებული საფრთხეები, რომელსაც ერთნაირად აცნობიერებენ სახელმწიფო მოხელეებიც და პოეტებიც, დღემდე არსებობს. სახელმწიფოთა შორის ურთიერთობებში ძალაუფლების გამოყენება დღეს დიდ ეჭვს იწვევს. ინფორმაციის საუკუნეში ურთიერთგადარჩენის აუცილებლობამ შესაძლოა ერთ მშვენიერ დღეს მსოფლიო მთავრობისა და მსოფლიო სასამართლო უფუნქციო გახადოს. ძალაუფლების გამოყენებას ერთი რასის მიერ მეორე რასის საწინააღმდეგოდ აღარ ამართლებს ჩვენი სასამართლო სისტემა. მრეწველობასა და ბიზნესში ძალაუფლებით მართვას ბევრი ყავლგასულ ფილოსოფიად მიიჩნევს. საუკუნეების განმავლობაში ქმარსა და ცოლს შორის ძალაუფლებრივი სხვაობა თანდათანობით, მაგრამ უდავოდ მცირდება. და ბოლოს, ეკლესიის აბსოლუტური ძალაუფლება და ავტორიტეტი ირყევა როგორც თვით ინსტიტუტს გარეთ, ისე მის შიგნით ძალების გავლენით.

ადამიანთა ურთიერთობაში სანქცირებული ძალაუფლების ერთ–ერთი უკანასკნელი ციტადელი ოჯახია – მშობელი–შვილის ურთიერთობა. იგივე შეიძლება ითქვას სკოლაზეც – მასწავლებელი–მოსწავლის ურთიერთობაზე, სადაც ძალაუფლება კვლავ რჩება მოსწავლეთა ქცევის კონტროლისა და მართვის ძირითად საშუალებად. 

რატომ არიან ბავშვები უკანასკნელნი, ვისაც ძალაუფლებისა და ავტორიტეტის პოტენციური მანკიერებებისაგან დაცვა სჭირდება? იმიტომ, რომ ისინი პატარები არიან, თუ იმიტომ, რომ უფროსებისთვის ასე ადვილია ძალაუფლების გამოყენების ახსნა ფრაზებით: „მამამ უკეთ იცის” ან „ისევ ბავშვისვე კეთილდღეობისთვის”?    

ჩემი აზრით, რაც უფრო მეტი ადამიანი ჩაწვდება ძალაუფლებასა და ავტორიტეტს უფრო სრულყოფილად და აღიარებს მის გამოყენებას არაზნეობრივად, მით მეტი მშობელი გამოიყენებს ამ ცოდნას ზრდასრული–ბავშვის ურთიერთობებში; მაშინ საფუძველი ჩაეყრება ისეთი ახალი შემოქმედებითი არაძალაუფლებრივი მეთოდების ძებნას, რომელსაც ყველა ზრდასრული გამოიყენებს ბავშვებთან და ახალგაზრდებთან ურთიერთობაში.

თავი რომ დავანებოთ ძალაუფლების გამოყენების მორალურ და ეთიკურ საკითხებს, მშობლის კითხვაში – „განა ჩემი ვალი არ არის ძალაუფლება შვილზე ზეგავლენისათვის გამოვიყენო?” – მჟღავნდება არასწორი წარმოდგენა ძალაუფლების ეფექტურობის შესახებ ბავშვებზე ზეგავლენის მიზნით. მშობლის ძალაუფლება სინამდვილეში არ „ზემოქმედებს” ბავშვზე; ის აიძულებს მოიქცეს დადგენილი წესით. ძალაუფლება არ „ზემოქმედებს” დარწმუნების, დათანხმების, სწავლების ან მოტივაციის თვალსაზრისით ბავშვზე. ის აიძულებს ან კრძალავს ქცევას. აღმატებული ძალაუფლების მქონე ადამიანის მიერ ქცევის იძულება ან აკრძალვა ვერ იქნება ბავშვისათვის დამაჯერებელი. როგორც წესი, ის მიუბრუნდება თავის ძველ ქცევას, როგორც კი ავტორიტეტის ან ძალაუფლების ზემოქმედება შეწყდება, რადგან მისი მოთხოვნილებები და და სურვილები უცვლელი დარჩა. ზოგჯერ ის შურს იძიებს მშობელზე დაუკმაყოფილებელი მოთხოვნილებების და გადატანილი დამცირების გამო. ამრიგად, ძალაუფლება ძალაუფლებას ანიჭებს საკუთარ მსხვერპლს, ქმნის საკუთარ ოპოზიციას, ხელს უწყობს თვითგანადგურებას. 

მშობელი, რომელიც ძალაუფლებას იყენებს, ფაქტობრივად, ამცირებს საკუთარ შვილებზე ზეგავლენას, რადგან ძალაუფლება ძალიან ხშირად საწინააღმდეგო ქცევას იწვევს (ბავშვი ეწინააღმდეგება ძალაუფლებას იმით, რომ ზუსტად იმის საპირისპიროს აკეთებს, რასაც მშობელი მოითხოვს მისგან). ხშირად მსმენია მშობლებისგან: „გაცილებით მეტ ზემოქმედებას შევძლებდით შვილზე თუ ჩვენს ძალაუფლებას იმისთვის გამოვიყენებდით რასაც მისგან ვითხოვდით იმის საპირისპიროს გაკეთება რომ გვეიძულებინა. ალბათ, მაშინ მაინც ბოლოს და ბოლოს იმას გააკეთებდა, რაც გვსურდა”.
როგორ პარადოქსულადაც უნდა ჟღერდეს, ჭეშმარიტებაა, რომ ძალაუფლების გამოყენებით მშობელი კარგავს ზეგავლენას, ხოლო ძალაუფლებაზე ან მის გამოყენებაზე უარის თქმით ის მეტ გავლენას იძენს.    

        

მშობლებს ნამდვილად მეტი გავლენა ექნებოდათ შვილებზე თუკი მათი ზეგავლენის მეთოდები არ გამოიწვევდა ამბოხს და რეაქციულ ქცევას. ზემოქმედების არაძალაუფლებრივი მეთოდების საშუალებით გაცილებით ადვილია იმის მიღწევა, რომ შვილებმა უფრო სერიოზულად მიიღონ მშობლების იდეები ან მათი ემოციები და შედეგად საკუთარი ქცევა მშობლისათვის სასურველი მიმართულებით შეცვალონ. მართალია, ყოველთვის არა, მაგრამ ზოგჯერ ხომ შეცვლიან ქცევას. ამბოხებული შვილი კი არც კი ეცდება საკუთარი ქცევის შეცვლას მშობლის ინტერესების გათვალისწინებით.  
რატომ ინარჩუნებს ძალაუფლება ადგილს ბავშვის აღზრდაში?

მშობლების მიერ ხშირად დასმულმა ამ კითხვამ თავსატეხი გამიჩინა. მართლაც, იმის გათვალისწინებით, რაც ძალაუფლებისა და მისი შედეგების შესახებ ვიცით, რთულია გაიგო, როგორ შეიძლება ვინმემ გაამართლოს ძალაუფლების გამოყენება ბავშვის აღზრდაში ან ნებისმიერ ადამიანურ ურთიერთობაში. მშობლებთან მუშაობამ დამარწმუნა, რომ მათ უმრავლესობას, მცირე გამონაკლისის გარდა, არ უყვარს შვილებთან ძალაუფლების გამოყენება. ძალაუფლების გამოყენებისას თავს უხერხულად გრძნობენ და დანაშაულის გრძნობა სტანჯავთ. ხშირად შვილებს ბოდიშსაც უხდიან ძალაუფლების გამოყენების გამო ან თავს იმშვიდებენ ჩვეული რაციონალური განზოგადებით: „ეს მხოლოდ შენი კეთილდღეობისთვის გავაკეთეთ”, „როდესმე მადლობას გვეტყვი ამისთვის” ან „როცა მშობელი გახდები, გაიგებ, რატომ არ გრთავდით ამის ნებას”.

დანაშაულის გრძნობასთან ერთად, მრვალი მშობელი აღიარებს, რომ ძალაუფლებრივი მეთოდები არც ისე ეფექტურია, განსაკუთრებით ის მშობლები, რომელთა შვილებმა უკვე ამბოხი, სიცრუე, დასმენა ან პასიური წინააღმდეგობა ისწავლეს.

ზემოთქმულის საფუძველზე შემდეგ დასკვნამდე მივედი: წლების განმავლობაში მშობლები იმიტომ იყენებენ ძალაუფლებას, რომ თითქმის ან საერთოდ არ შეხვედრიან ადამიანებს, რომლებიც არაძალაუფლებრივ მეთოდებს იყენებენ. ადამიანთა უმრავლესობას ბავშვობიდან მოყოლებული ძალაუფლებით აკონტროლებენ – მშობლების, მასწავლებლების, სკოლის დირექტორის, მწვრთნელის, საკვირაო სკოლის მასწავლებლის, ბიძების, დეიდების, ბებიებისა და პაპების, ბანაკის დირექტორის, სამხედრო ოფიცრების და ბოსების ძალაუფლებით. აქედან გამომდინარე, მშობლები ჯიუტად იყენებენ ძალაუფლებას, რადგან ადამიანურ ურთიერთობებში კონფლიქტის გადაჭრისთვის რომელიმე სხვა მეთოდის გამოსაყენებლად არც ცოდნა აქვთ და არც გამოცდილება.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...