შაბათი, მაისი 17, 2025
17 მაისი, შაბათი, 2025

მისი უდიდებულესობა – ყავა

0
დედას ყოველი კვირის ბოლოს მიხეილ თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრში  მივყავდი სპეკტაკლზე. თქვენ ხომ არ იცით რა ბედნიერი ვიაყავი. ეს ბედნიერების მწვერვალი იყო. ოღონდ მთელი კვირა კარგად უნდა მოვქცეულიყავი,  მებეჯითა, ტელევიზორისთვის ზედმეტად არ მეყურებინა და მოკლედ კარგი ბავშვი  ვყოფილიყავი. ამ ყველაფერს ისედაც ვაკეთებდი, მაგრამ  კვირის ბოლოს ორი სპექტაკლის ყურება ძალიან დიდი დამატებითი სტიმული იყო.

ერთ საღამოს ერთ მოქმედებიანი სპექტაკლი „ვეფხვი” შედარებით ადრე დასრულდა და დედამ იქვე მეგობართან  სტუმრობა გადაწყვიტა. ეს მეგობარი დიდი ხანია მისვლას ისედაც სთხოვდა და თქვა, ზუსტად შესაფერისი დროაო.  სახელდახელო სუფრა გაგვიშალეს და ბოლოს ძალიან ლამაზად გაფორმებულ  ნამცხვრის ნაჭრებს ცხელი ქაფქაფა ყავა შემოაყოლეს.

ისეთი მათრობელა სურნელი და  კარგი შესახედაობა ჰქონდა, რომ თვალები ზედ დამრჩა და მასპინძელმა დედას სთხოვა, მოდი რა ერთ ჭიქას ქეთისაც მოვუდუღებო. იმ ხანად სქელი გრძელი ნაწნავი და „შჩოლკა” მქონდა. თუმცა, ამ უკანასკნელს დღემდე ვატარებ, ასეთი დავბადებულვარ „შჩოლკიანი”. ნაწნავი კი მოვიჭერი, რასაც ძალიან ვნანობ, მაგრამ კარგი დროსია. მოკლედ, ნაწნავი წინ გადმოვიგდე და ძალიან საწყალი სახით შევაჩერდი დედას. იმანაც ხელი  ჩაიქნია, კარგი დალიოს ერთი ჭიქაო. ეს ჩემთვის პირველი ფინჯანი ყავა იყო და მას შემდეგ დაიწყო… 

ერთხელ კვლავ სტუმრად ვიყავით, ოღონდ სხვა ოჯახში. მასპინძელი ძალიან მხიარული და ხუმარა ქალი იყო და თან ზოგჯერ ყავაში მარჩიელობითაც ირთობდა თავს. ყავა მომართვა და მითხრა, ასე და ასე ამოაბრუნე და ვნახოთ, შიგნით რა დაიხატებაო. ბავშვის გაბრიყვებას კიდევ რაღა უნდოდა და მეც საგულდაგულოდ შევასრულე მისი მითითება. კლასში ერთი აბეზარი ბიჭი მყავდა გადაკიდებული. ზუსტად ჩემს უკან იჯდა და  ჩემს ნაწნავს ძალიან ემტერებოდა. ზოგჯერ მეც პასუხს ვუბრუნებდი. ერთხელ ყურშიც კი ვწვდი და მთელი ძალით ჩემსკენ მოვქაჩე. ნირიც კი არ შეიცვალა, აწითლებული სახით შემცქეროდა. ისევ მე დავიხიე უკან, რადგან აშკარად გავიგონე  მისი ყურის ფხრიწინის ხმა  და ვიფიქრე, არ ავახიო და შარში არ გავეხვე თქო. ამ ხულიგან ბიჭს დედამაც არა ერთხელ მისცა შენიშვნა და თურმე თავის მეგობართანაც დაუჩივლია. ჰოდა, როდესაც დედას მეგობარმა ჩემს მიერ დალეულ ყავის ჭიქაში ჩაიხედა, არც მეტი არც ნაკლები, ეს ჩემი კლასელი ბიჭი „დახვდა” შიგ. მახსოვს, როგორ გამაბზრიალა, ვიფიქრე, რა მეშველება, ჭიქაშიც ეს ზის თქო. ყავის ძლიერება კი ვირწმუნე, თან უგემრიელესი იყო და თურმე „რამხელა ინფორმაციას იტევდა”.

ახლა  დღეში სამ ჭიქას ვსვამ და ისიც იმიტომ, რომ მეტის უფლებას თავს არ ვაძლევ. რაღაცნაირი რიტუალივით არის. თან გსიამოვნებს, თან თითქოს გამხნევებს და თან თავს იმშვიდებ, აბა რა არის დღეში სამი ჭიქა? არაფერი, სრულიად არაფერი. ამ ცხოვრებაში ყველაფერი შედარებითია და ბალზაკის დღიურ  ოცდაცამეტ ჭიქასთან შედარებით, მერწმუნეთ, მართლაც არაფერია. 

ერთი ლეგენდის თანახმად ყავის ისტორია შეიხ ომარიდან იწყება. თავისი დროის ერთ-ერთი პატივცემული  ექიმი ყოფილა. ახალ-ახალ წამლებს იგონებდა. ერთხელაც მისი ყურადღება ყავის მწარე გემოს ნაყოფმა მიიქცია. ხალხს თავის ტკივილის და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის უკეთ მუშაობისთვის უნიშნავდა. თვითონაც მიირთმევდა თურმე, ოღონდ სამკურნალოდ კი არა, სიამოვნებისთვის. ამბავი სასწაული სასმელის შესახებ ნელა, მაგრამ მაინც გავრცელდა. წარმოიდგინეთ,  მაშინ ფეისბუქის მსგავსი სოციალური ქსელი რომ ყოფილიყო, შეიხი ომარი  ერთ სტატუსს დადებდა და მორჩა ყველას ყველაფერი ეცოდინებოდა. მთელი ორი საუკუნის განმავლობაში ყავა მხოლოდ არაბეთში ხარობდა და სხვა ქვეყნებში  კარგად გამშრალი და მოხალული მარცვალი გაჰქონდათ. ამას თავისი მიზეზი ჰქონდა, სხვაგან ყავის მარცვალს არ უნდა ეხარა. თუმცა, მოუხერხებელი არაფერია და ყავის პლანტაციები ჯერ ჰოლანდიაში, შემდეგ შრი-ლანკასა და ინდონეზიაში გამოჩნდა.

რაც მე შეიხზე  მოვყევი, ეს ლეგენდაა. ასეთი ლეგენდები მრავლადაა და რომელია მართალი,  არავინ იცის. უბრალოდ, მე ეს ვერსია მომეწონა და ამიტომაც, სწორედ მასზე გიამბეთ. 

ევროპაში ყავის ტრიუმფი მეჩვიდმეტე საუკუნიდან იწყება. ამ ტრიუმფმა ღრმად  ჩააფიქრა ლუდის მხარშველები და მეღვინეები. სერიოზული კონკურენტი დაინახეს მასში და კარგი ძღვენის ფასად  სამღვდელოების და ექიმების ნაწილს ყავა ჯერ „არაქრისტიანულ”, შემდეგ კი უკვე „სასიკვდილო” სასმელადაც გამოაცხადებინეს.

სხვათა შორის,  ჯანმრთელობაზე ყავის გავლენაზე დღემდე კამათობენ. ინტერნეტ სივრცეში ათას ინფორმაციას წააწყდებით. ერთნი ამტკიცებენ, რომ ყავა ძალიან მავნეა, მეორე მხარეს კი  არგუმენტების მთელი კასკადი მოყავს მისი სიკეთის შესახებ. დღეს ამის შესახებ არაფერს დავწერ. დაე, ამაზე ექიმებმა წერონ. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ გადამეტებული არაფერი ვარგა და მათ შორის არც ყავა. ყავას დღეს მხოლოდ ქიმიურად განვიხილავ. რასაც მაშინვე გაიფიქრებთ, ის არის, რომ ყავა კოფეინს შეიცავს. კოფეინი ფრანგმა ქიმიკოსმა რუნგემ 1819 წელს ყავის ექსტრაქტიდან გამოყო.  1906 წელს ინგლისელმა ქიმიკოსმა ჯორჯ კონსტანტ ვაშინგტონმა ყურადღება მიაქცია, რომ მისი ვერცხლის ყავის სახარშის კედლებზე ყავის ფხვნილი რჩებოდა. სწორედ მაშინ იფიქრა, ხომ შეიძლება შევქმნა ისეთი ყავა, რომლის მომზადებაც ჭიქაში მომენტალურად იქნება შესაძლებელიო. ასე შეიქმნა პირველი ხსნადი ყავა.

კოფეინზე ვწერდი, ალკალოიდია. არა მხოლოდ ყავის მარცვლებში, შავი ჩაის ფოთლებშიც მოიპოვება.  ქსანტინის წარმოებული გახლავთ და იმ შარდმჟავას  „ენათესავება”, კარლ შეელემ რომ აღმოაჩნა 1776 წელს.  სუფთა კოფეინი მწკლარტე გემოს მქონე,  თეთრი  ფხვნილია. კარგად იხსნება ქლოროფორმში და ცუდად ცივ წყალსა და ეთანოლში. ცხელ წყალში მისი ხსნადობა მატულობს. კოფეინის ჯგუფში ასევე შედის თეობრომინი (შოკოლადიდან ხომ გახსოვთ) და თეოფილინი. ველერი, ლიბიხი, ბაიერი, ფიშერი  ის ქიმიკოსები არიან, ვინც  შარდმჟავას და ალკალოიდების  ჯგუფის შესწავლას დიდი დრო დაუთმეს.

 ქიმიური გზით კოფეინს შარდმჟავადან ასინთეზირებენ. თუმცა, მისი მიღება თეობრომინის და თეოფილინის მეთილირებითაც შესაძლებელია.

        
ქსანთინი                    


შარდმჟავა                      


კოფეინი

კოფეინი  ცენტრალური ნერვული სისტემის სტიმულატორია,  კორონალურ სისხლძარღვებსაც აფართოევებს და გულის მუშაობას აჩქარებს. კოფეინის ჯგუფში შემავალი ალკალოიდების  ფიზიოლოგიური აქტიურობის მექანიზმი ფერმენტ ფოსფოდიესთერაზას დარგუნვასთან და შიდაუჯრედული მედიატორის ციკლური AMP-ს (ადენოზინ მონოფოსფატი) დაგროვებასთან არის დაკავშირებული. ეს უკანასკნელი კი ATP-ის (ადენოზინ ტრიფოსფატის) წინამორბედია. გამოდის,  რომ სწორედ კოფეინი იწყებს მოქმედებას ATP-ის მსგავსად. სხვათა შორის, მათი სტრუქტურები ძალიან მსგავსია. ორივე მათგანი შეიცავს ორ ჰეტეროციკლურ ბირთვს.

ისევე როგორც სხვა პურინული ალკალოიდები მურექსიდთან კოფეინი დადებით რეაქციას გვაძლევს. ნესლერის რეაქტივთან  (კალიუმის ტეტრაიოდომერკურატ ჰიდრატის ტუტე ხსნარი) გაცხელებით კი მუქი წითელი შეფერილობის ნალექს წარმოქმნის. იმავე პირობებში თეობრომინი ღია ყავისფერ შეფერილობას ავითარებს.

1903 წელს საოცარი ამბავი მოხდა. ერთ გერმანელ მეწარმეს გემით სხვა ქვეყანაში გასაყიდად ყავა გადაჰქონდა. გემი  საშინელ შტორმში მოხვდა. ყავის მთლიანი პარტია დასველდა. ის კი არა, გემის ქვედა ნაწილი  ყავით სავსე ტომრებიანად მთლიანად წყალში იყო. ყავის გადარჩენაზე ყველამ ხელი ჩაიქნია, თუმცა მეწარმემ მაინც  გადაწყვიტა, რომ ყავის მარცვლები ჯერ გაერეცხა (ზღვის წყალი მოეცილებინა), გაეშრო და მოეხალა. როდესაც მზა პროდუქტი გასინჯეს, აღმოჩნდა, რომ გემოთი ცუდი სულაც არ იყო, თუმცა  მატონიზირებელი  მოქმედება ოდნავ დაეკარგა. მიხვდით ალბათ, საითკენაც მიმყავს საუბარი, ასე აღმოჩნდა, რომ ყავა შეიძლება უკოფეინოც იყოს. დღეისთვის ყავიდან კოფეინის მოცილების ასამდე ტექნოლოგიური მეთოდი არსებობს, თუმცა მოყოლას, ბუნებრივია არ ვაპირებ.

წერილის დასაწყისში ვთქვი, ყავას მხოლოდ ქიმიური კუთხით განვიხილავ, მის ავ-კარგიანობაზე ექიმებმა ისუბრონ თქო. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი საყვარელი სასმელია, რამდენიმე უარყოფითი ფაქტი მაინც უნდა ვთქვა. 

მაშ ასე, თუ კოფეინის შემცველ ყავას ზედმეტი რაოდენობით მივირთმევთ, მასში არსებული კოფეინი:
ა) თრგუნავს თიამინის (B1 ვიტამინის) გააქტიურებას. მეტაბოლურად პასიური ვიტამინი კი გინდ ყოფილა და გინდა არა; 

ბ) ყავის და ალკოჰოლის ერთდროულად მირთმევისას, სისხლში დაბალი სიმკვრივის („ბოროტი” ) ქოლესტერინის დონის აწევის ალბათობა  მატულობს;

გ) კოფეინს კალციუმი გამოაქვს ორგანიზმიდან; ამიტომ, მე ხაჭოს, ყველს და რძეს მუდმივად ვიყენებ. აბა, გამოტანილ კალციუმს შევსება ხომ უნდა.

დ) კოფეინის ზედმეტი რაოდენობა ორგანიზმის გაუწყლოებას იწვევს. სწორედ ამიტომ, დღეში 2 ლიტრ წყალს ვსვამ.
ბალზაკი გულით გარდაიცვალა. ბოროტი ენები წერდნენ, სულ იმ ოცდაცამეტი ჭიქა ყავის გამოო. თუმცა, მე კვლავ თავს ვიმშვიდებ, ჩემზე უფროსი იყო, გული სუსტი ჰქონდა და წარმოგიდგენიათ, დღეში ოცდაცამეტ ჭიქა ყავას სვამდა. მე კიდევ, ჯერ მასზე გაცილებით ახალგაზრდა ვარ, გული ჯანმრთელი მაქვს და სულ სამ  ჭიქას ვსვამ. რა არის სამი ჭიქა? არაფერი…

გზაზე და გზის მიღმა

0
„უდიდესი მადლობა ბიტ თაობის დაუფასებელ ქალთა მთელ კრებულს.”
ალენ გინსბერგი
მაგიდაზე ნახევრად დაშლილი წიგნი მიდევს. როგორც წესი, წიგნებს ყველა სხვა ნივთზე მეტად ვუფრთხილდები, თუმცა ბრენდა ნაითის „ბიტ თაობის ქალებმა” იმდენი გზა გაიარა ჩემთან ერთად, იმდენჯერ წამიკითხავს ცალკეული თავები და ნაწყვეტები, იმდენჯერ ვცადე, ნაწილ-ნაწილ მეთარგმნა, ახლა უკვე ფურცლებად დაშლილი ისტორიები მაქვს ხელთ, ისტორიები, რომელთა გმირებმაც მთელი მსოფლიო თუ არა, მისი ნაწილი მაინც შეცვალეს.


ალბათ არაფერია უფრო დიდი ბედნიერება, ვიდრე იმის ცოდნა, რომ გაუკვალავ გზაზე დგახარ, გზაზე, რომელიც რთულია და საინტერესო, მაგრამ ბოლომდე თვითონაც არ იცი, საით მიდის. ასეთ დროს შეცდომებიც გეპატიება, გადაცდომებიც და  ყოველდღიური პასუხისმგებლობებისგან გაქცევაც, ყოველ შემთხვევაში, ოჯახის წევრები და თანამედროვეები თუ ვერ გაპატიებენ, მომავალი და ისტორია აუცილებლად თავის სახელს დაარქმევს ყველაფერს.

„ბიტნიკების” სახელები დღეს ბევრმა იცის, უფრო სწორად, ბევრმა იცის „ბიტნიკი” მამაკაცების სახელები, რადგან როგორც ენ უოლდმენი წერს, „ბიტ” თაობის წილი დიდება მამაკაცებს ერგოთ. არადა, მათ გვერდით, გნებავთ, მათ უკან, ნიჭიერი, გამბედავი და გამორჩეული ქალების მთელი გუნდი იდგა, შეყვარებულები, ცოლები, მეგობრები, მუზები, თავადაც უნიჭიერესი პოეტები, მწერლები და მხატვრები, რომლებიც მამაკაცებთან ერთად ქმნიდნენ „ბიტ” ლეგენდას, ზოგჯერ გზაზე, მოვლენების ეპიცენტრში, ზოგჯერ გზის მიღმა.

ჰელენ ადამი, მერი ფაბილი, დაიან დი პრიმა, ჯოის ჯონსონი, ჯენინ პომი ვეგა, დენის ლევერტოვი, ლენორ კენდელი, ბრენდა ფრეიზერი, ელის კოუენი, კეროლაინ კესიდი, ჰეტი ჯონსი, ჯოან ბრაუნი _ ეს „დროულად მომხდარი ერთადერთი რევოლუციის” მონაწილე ქალების არასრული ჩამონათვალია. მათი უმეტესობა თავის დროზე კადრს მიღმა დარჩა. ბევრი მათგანის ნაწარმოებები მეოცე საუკუნის ოთხმოცდაათიან წლებამდე არც კი დაბეჭდილა, ზოგიერთს გამოქვეყნებული ლექსებისთვის სასჯელიც კი ერგო.

„ბიტ თაობა კონტრკულტურული მოვლენა იყო, თვითკმაყოფილი საზოგადოებისთვის სახეში შესხმული წყალი, რომელმაც ამერიკაში რამდენიმე ადგილას ამოხეთქა, განსაკუთრებით ნიუ იორკსა და სან ფრანცისკოში. ბიტ თაობის უამრავმა წარმომადგენელმა მასმედიის ყურადღება ვერ მიიქცია” _ წერს ბრენდა ნაითი თავის წიგნში. 

დღეს ჩვენ თავისუფლად წერის უფლება გვაქვს, არც მამაკაცების სახელებს ვეფარებით და არც მათი დიდების ჩრდილს, ავად თუ კარგად, თავის დამკვიდრებას ვახერხებთ და ალბათ არც ისე ხშირად გვახსენდებიან ქალები, რომლებიც რამდენიმე ათეული წლის წინ ცხოვრობდნენ, მათი ცხოვრება კი იყო აჯანყება საზოგადოებრივი ჩარჩოების, შეზღუდული სიყვარულის, ცრუ თავისუფლების წინააღმდეგ.

დიახ, არ ვიცით, ან არ გვახსენდება დაიან დი პრიმა, რომელიც ადამიანებს აპურებდა და მათი უფლებებისთვის იბრძოდა, მონაწილეობდა პოეტურ წარმოდგენებში, კითხულობდა ლექსებს ბარებში, ქუჩებში, საცეკვაო დარბაზებში, გალერეებში და მაღაზიების შესასვლელებთან და პოეზიის პოპულარიზაციისთვის, თავად გამოსცემდა პერიოდულ პრესას.

ელის კოუენი, რომელმაც ჩაკეტილი ფანჯრიდან გადახტომით დაასრულა სიცოცხლე და გარდა იმისა, რომ ალენ გინზბერგის „კადიში” დაბეჭდა საბეჭდ მანქანაზე, თავადაც შესანიშნავი, წლების მანძილზე გამოუქვეყნებელი ლიტერატურული მემკვიდრეობა დატოვა. 


ჯოის ჯონსონი, განებივრებული, ერთადერთი შვილი, რომელმაც საკუთარი ნებით განაცხადა უარი მშვიდ ცხოვრებასა და ერთი შეხედვით, გარანტირებულ მომავალს ამბოხის გზაზე სიარული ამჯობინა.

დენის ლევერტოვი, რომელმაც ერთხელ თქვა: „მოერიდეთ ორიგინალურობისაკენ მიზანდასახულ სწრაფვას, რადგან სხვა ვერაფერი მიგიყვანთ ასე სწრაფად ბანალურობამდე”.

ლენორ კენდელი, რომლის ლექსებმაც საზოგადოება გააოგნა და არა მარტო ლიტერატურული წრეების ყურადღება, არამედ სამართალდამცავების რისხვაც დაიმსახურა.

და ბევრი სხვა, რომელთა შორისაც, შესაძლოა, ისეთ სახელებს და გვარებსაც წააწყდეთ, რომ არ ელოდებით.  

სტივენ სკობი 1994 წელს გამართულ ერთერთ შეხვედრას, რომელიც ალენ გინზბერგს ეძღვნებოდა, ასე იხსენებს: „აუდიტორიიდან შეკითხვა მსმენელმა ქალმა დასვა: „რატომ ვახსენებთ ქალებს ასე იშვიათად? რატომ უჭირავთ ქალებს კვირეულის პროგრამაში მცირე ადგილი? რატომ არ იყვნენ ქალები „ბიტ” თაობის მწერლებს შორის?” სრულიად მოულოდნელად, გრეგორი კორსო დასერიოზულდა , ნაბიჯი წინ გადადგა და თქვა: „ როგორ არა, იყვნენ „ბიტ” თაობაში ქალები, მე მათ ვიცნობდი. ისინი ოჯახის წევრებმა ფსიქიატრიულ კლინიკებში გამოამწყვდიეს და ელექტროშოკის ქვეშ აცხოვრეს. ორმოცდაათიან წლებში მამაკაცს შეეძლო, ყოფილიყო მეამბოხე, ქალებს კი სახლში გამოკეტვა ემუქრებოდათ. დიახ, „ბიტ” თაობაში მწერალი ქალებიც იყვნენ, მე მათ ვიცნობდი და დარწმუნებული ვარ, ერთ დღეს ვინმე მათ შესახებ დაწერს.”

დამავიწყდა თავიდანვე მეთქვა: ბრენდა ნაითის წიგნთან ერთად მაგიდაზე მეგობრის არაჩვეულებრივი საჩუქარი _ ლენორ კენდელის ლექსებიც მიდევს. ვიცი, ზნეობის და საზოგადოებრივი ნორმების არგუმენტად მოშველიება დღესაც მოდურია, მაგრამ მე მიყვარს ლენორ კენდელის დევნილი წიგნი. ის ჩემთვის ამბოხისა და გამარჯვების, ქალად ყოფნის დაძლეული შიშის სიმბოლოა.

არასრულფასოვანი გონებრივი აქტივობა

0
მესამე  ნაწილი 
 
„სუფთა” დეფექტურ აზროვნებასთან ერთად არსებობს „არასრულფასოვანი” გონებრივი აქტივობაც. დეფექტურისგან განსხვავებით, რომელიც მხოლოდ ერთ „სარტყელში” არსებობს, არასრულფასოვანი გონებრივი აქტივობის დროს ადამიანი სარგებლობს ორი „სარტყლით”; არ სარგებლობს მხოლოდ მესამით.

განვიხილოთ არასრულფასოვანი გონებრივი აქტივობის მეტ-ნაკლებად გავრცელებული მომენტები:
I ეტაპი: ადამიანი „იმყოფება” „ქვედა სარტყელში” და ცდილობს ახსნას თავის ქმედებათა აზრი, რისთვისაც იყენებს მხოლოდ „საშუალო სარტყელს” და არ იყენებს „ზედას”. 
მაგალითად, მუშა საგნობრივ-პრაქტიკულ საქმიანობას ახორციელებს „ქვედა სარტყელში”, მაგრამ მისი აღწერა შეუძლია მხოლოდ „საშუალო სარტყელში” და არ იყენებს „ზედა სარტყელს”. მუშას არ ესმის და არც შეუძლია ახსნას, რომელი სტრუქტურის ელემენტებს შეიცავს მისი საქმიანობა და რომელი სტრუქტურის საქმიანობაში ჩაითვლება მისი მუშაობის პროდუქტი: სად დაავიწყდა ლურსმანი, რატომ დაავიწყდა და ა.შ., რა ფუნქციებს შეასრულებენ ისინი და ა.შ. 

ამ დროს მუშის სრულფასოვანი გონებრივი აქტივობა იქნებოდა, მაგალითად, ასეთი პასუხი: „რას ვაკეთებ? იატაკის ფიცრებს ვაჭედებ, რადგან თუ არ დავამაგრე, გავლისას ძლიერად შეირყევა”. 
მოცემულ ტექსტში ასახულია მოდელი „ზედა სარტყლიდან”, რომლის სტრუქტურაში მონაწილეობენ შემდეგი ელემენტები: ფიცრების რყევის ამპლიტუდა, იატაკის ფუნქცია და ა.შ. მუშას, რომელიც ამგვარად სამივე „სარტყელში” ხედავს თავის საქმიანობას და მის შედეგს, შეუძლია კონკრეტული საქმიანობის კორექტირება შეცვლილ სიტუაციაში (თუ მიუტანენ არასტანდარტულ მასალას, სხვა ლურსმნებს და ა.შ.) ისე, რომ საბოლოო შედეგი (სახლი და მთლიანად ქალაქი) არ დაზარალდეს.
„ზედა სარტყლის” არარსებობის მაგალითია ისტორიული კაზუსიც: სსრკ-ის დროს მიზანშეწონილად მიიჩნიეს დიდი სატვირთო მანქანების დამზადება და შესაფერისი ქარხნების მშენებლობა, თანაც ისე, რომ გზების ხარისხზე არ უფიქრიათ. შედეგად მიიღეს განადგურებული გზების საფარი და უდიდესი „მოულოდნელი” დანახარჯები გზების სარემონტოდ. 
მეორე ტიპი არასრულფასოვანი გონებრივი აქტივობისა ფორმალურად ჰგავს წინას, მაგრამ არსობრივად სხვაა: როდესაც ადამიანი „იმყოფება” „საშუალო სარტყელში” და რამის აღწერას ცდილობს, ამ დროს ის „ქვედა სარტყელს” იყენებს და არა „ზედას”. იმისთვის, რომ ავაგოთ ზუსტი, სრულფასოვანი განსაზღვრება, უნდა შევქმნათ (ან გამოვიყენოთ) მოდელი („ზედა სარტყელი”), აღვწეროთ მისი არსობრივი მახასიათებლები („საშუალო სარტყელი”), მოვიყვანოთ მაგალითები, მოდელის ფუნქციობის მაგალითები (და არა სიტყვები) კონკრეტული სიტუაციების მიხედვით („ქვედა სარტყელი”)

მაგალითად: დავუშვათ, რომ ადამიანს, რომელიც ახორციელებს სრულფასოვან გონებრივ აქტივობას, სურს განსაზღვროს ცნება „შეფასება”:
1) თავდაპირველად ის იხსენებს რაც შეიძლება მეტ სხვადასხვა სიტუაციას შეფასებისას („ქვედა სარტყელი”), ანუ რა ხდება, როდესაც აფასებენ – საკონტროლო სამუშაოს მათემატიკაში, გარშემო მყოფთა იერსახეს (ტანსაცმელი, ვარცხნილობა, ქცევა), პროდუქტის ხარისხს (მანქანის სიჩქარე, რაიმე ობიექტისგან დაცილება და ა.შ.);

2) ამის შემდეგ ხდება საერთოს გამოყოფა, რომელიც ფიგურირებს ყველა შემთხვევაში: ა) ეტალონი, მაგალითი; ბ) შეფასების ობიექტი; გ) შემფასებელი; დ) ობიექტის ეტალონთან შედარების პროცედურა; ე) გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რითაც ობიექტი ეტალონისგან განსხვავდება.

3) ამის შემდეგ ის ააგებს მოდელს შეფასების არსის გათვალისწინებით („ზედა სარტყელი”);

4) მერე კი აღწერს ამ მოდელს ვერბალურად („საშუალო სარტყელი), მაგალითად, ასე: შეფასება – ეს არის მოქმედება, რომლის დროსაც მიმდინარეობს ობიექტის შედარება ეტალონთან (მოცემული შემთხვევისთვის მისაღები), რის შედეგადაც წარმოიშობა რაოდენობრივი და ხარისხობრივი ურთიერთობები ეტალონსა და ობიექტს შორის, ანუ შეფასება. 

აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია მოდელის ილუსტრირება „ქვედა სარტყელიდანაც”. 

სასკოლო პერიოდში მოსწავლეები მეტწილად სარგებლობენ „საშუალო სარტყლით”, ანუ ძირითადად თანხმდებიან მხოლოდ „განსაზღვრებების” „სწავლასა” და შესაბამისი კონკრეტული მაგალითების დასახელებაზე, არ ხედავენ მოდელს „ზედა სარტყელისას”, სადაც ხდება ამ მოდელის აღწერა, არ ცდილობენ ამ მოდელის რეკონსტრუირებას სქემის სახით, სქემატურად გამოხატვას თავიანთ ცოდნაში. 

მესამე ტიპი არასრულფასოვანი გონებრივი აქტივობისა არსებობს მხოლოდ „ზედა” და „საშუალო სარტყლებში” და არ გამოიყენება „ქვედაში “.

მაგალითად, 

მოსწავლე ეკითხება მასწავლებელს:
·„რა არის ეშაფოტი”? 
მასწავლებელი პასუხობს: 
·„ეშაფოტი დასჯის იარაღიაი”. 

მასწავლებლი აქ იყნებს ორ „სარტყელს”: „საშუალოს” და „ზედას” – ის იძლევა პასუხს ეშაფოტზე, მაგრამ არა გასაგები აზრით, არამედ „სუფთა აზროვნების” კუთხით: ეშაფოტი მართლაც სპეციალურად არის შექმნილი სახალხო დასჯისთვის და მასწავლებელს მიაჩნია, რომ ამით ყველაფერი თქვა. 

მაგრამ მოსწავლეს აქ შეიძლება გაუჩნდეს, მაგალითად, ელექტროსკამის ასოციაცია, რადგან მასწავლებლის პასუხში „სწორად” არ არის წარმოდგენილი „ქვედა სარტყელი”. მოსწავლეც იმახსოვრებს მხოლოდ ამ მაგალითს, რადგან ამახსოვრდება მხოლოდ ის, რაც უკავშირდება მის გამოცდილებას („ქვედა სარტყელი”), ტექსტის დანარჩენი ნაწილი კი შეუჩნეველი რჩება მისთვის. 
ამიტომ არის, რომ ყოველთვის, როცა კი მოსწავლეს მივცემთ ნარატივს წასაკითხად, ხოლო შემდეგ ვკითხავთ შინაარსს, იგი მოგვითხრობს მხოლოდ იმას, რაც „ქვედა სარტყელშია” „ჩაკეტილი”, დანარჩენს ვერც ხედავს, და როცა შევეკითხებით, ვუჩვენებთ გამოტოვებულ პასუხებს, ის გაოცდება, თითქოს პირველად გაეგოს. ასეთ დროს იგი იღებს „2″-ს ან „3″-ს და კარგი ნიშნის მისაღებად იზეპირებს დანარჩენს, რისი წარმოდგენაც სინამდვილეში არ შეუძლია. ამრიგად, კარგი შეფასებისთვის მოსწავლე საერთოდ „შლის” „ქვედა სარტყელს” და ამაყად ჰყვება ტექსტს, რომელზეც წარმოდგენა არ აქვს; ვერ წარმოისახავს იმას, რასაც მოგვითხრობს. ამგვარად იგი წყვეტს არასრულფასოვან გონებრივ აქტივობას და დეფექტურ აზროვნებაში გადადის.
გონებრივი აქტივობის სქემები საშუალებას იძლევა,  გამოვავლინოთ და კლასიფიცირება გავუკეთოთ იმ შეცდომებს, რომლებიც მოსდით მოსწავლეებს სასწავლო პროცესის დროს, მაგრამ ამავე დროს ეს შეცდომები არის ეფექტური საშუალება, „სწორი” იარაღი მომავალი შეცდომების თავიდან ასაცილებლად და საამისოდ საჭირო ზომების მიღებაში გვეხმარება.

ანაბეჭდის მოდელის შექმნა – აქტივობა არაფორმალური განათლებისთვის

0
არაფორმალური განათლებისთვის საინტერესო აქტივობას წარმოადგენს ანაბეჭდის მოდელის შექმნა. აქტივობა მოიცავს: ინფორმაციის მიწოდებას ნამარხი ფორმების შესახებ მინილექციის სახით, საკვანძო კითხვების წამოჭრას, მარტივ ექსპერიმენტს – „ანაბეჭდის მოდელის შექმნას”, თემის ანალიზს და დამატებით საინტერესო ინფორმაციის მოძიებას.
 
მინილექცია: დღეს არსებული ორგანიზმებისა და პრეისტორიული ნამარხების შესწავლის გზით მეცნიერები ხსნიან, როგორ და რატომ განიცდიდნენ ცოცხალი ორგანიზმები ცვლილებებს. დედამიწაზე მასობრივი გადაშენება რამდენიმეჯერ მოხდა, რაც განპირობებული იყო დედამიწის კლიმატის მკვეთრი ცვლილებით. მრავალი ორგანიზმი ვერ ეგუებოდა ამ ცვლილებებს და იღუპებოდა. ეს პროცესები პალეოზური და მეზოზოური ერის დასასრულს მოხდა. ნამარხებია იმ მცენარეებისა და ცხოველების „ნარჩენები”, რომლებიც მილიონობით წლის წინათ ცხოვრობდნენ. მათი ნაშთები ქანებმა შემოგვინახა. უკვე შესწავლილი ნამარხი ფორმები ამტკიცებს, რომ დედამიწაზე თავდაპირველად მარტივი ორგანიზმები ცხოვრობდნენ. ორგანიზმთა ნაშთების მიხედვით შესაძლებელია მათი აგებულებისა და იმ პერიოდის დადგენა, როდესაც ისინი დედამიწაზე ცხოვრობდნენ. შესაძლებელია გენეტიკური კავშირების დადგენაც უძველეს და ახლანდელ ფორმებს შორის. შევადაროთ მათი ევოლუცია. გარდა ნამარხი ფორმებისა, ზოგიერთმა ორგანიზმმა ანაბეჭდის სახითაც მოაღწია ჩვენს დრომდე. ანაბეჭდის საშუალებით შეგვიძლია აღვადგინოთ ორგანიზმი, გამოვიყენოთ ანაბეჭდი როგორც ყალიბი.
ანაბეჭდები ქანზე მაშინ რჩება, როდესაც ორგანიზმი დროთა განმავლობაში მთლიანად იხრწნება, ხოლო ნამარხი ფორმები – მაშინ, როდესაც ძნელად იშლება. ნამარხი ფორმა მაშინაც შეიძლება წარმოიქმნას, როდესაც ხრწნის პროცესი განსაზღვრული პირობების გამო შენელებულია. ნამარხი ფორმები შესაძლოა გაქვავდეს. ეს მაშინ, როდესაც ორგანიზმი იხრწნება და სხვა მინერალებით ჩანაცვლდება.
საკვანძო კითხვები და დისკუსია:
1. რა ინფორმაციის მოძიება შეგვიძლია ნამარხ ფორმებზე დაკვირვებით? 
2. შეგვიძლია თუ არა ორგანიზმის აღდგენა ანაბეჭდის გამოყენებით?
3. შესაძლებელია თუ არა, ნამარხ ფორმებზე დაკვირვებით ვისაუბროთ გენეტიკური კავშირების შესახებ (ორგანიზმების უძველეს ფორმებსა და დღევანდელს შორს)?
მარტივი ექსპერიმენტი: ანაბეჭდების მოდელის შექმნა 
საჭირო მასალა: საძერწი თიხა, პლასტილინი, ნიჟარები, ძვლები.
    
     

თემის ანალიზი:

• სად უკეთესი ანაბეჭდი მივიღეთ – თიხაზე თუ პლასტილინზე?
• იქნება თუ არა განსხვავება სხვადასხვა ნიადაგზე წარმოქმნილ ანაბეჭდებს შორის? რატომ?
ნამარხი ფორმები და მათი ნაშთები მეცნიერებს უდიდეს ინფორმაციას აწვდის, მათი მეშვეობით შესაძლებელია იმ პერიოდისთვის ქანების ასაკისა და კლიმატური პირობების დადგენა. ზოგჯერ ნამარხი ფორმები არასრულია, რაც ორგანიზმის აღდგენას აძნელებს. ნამარხი ფორმების შესწავლით შესაძლებელია ისტორიის გაცოცხლება.

კითხვა სიყვარულს და ოცნებას ჰგავს

0
ცოტა ხნის წინ სრულიად შემთხვევით დავესწარი ერთ-ერთ ბიბლიოთეკაში გამართულ ღონისძიებას. მისი თემა მოზარდებში წიგნიერების ამაღლება და პოპულარიზაცია გახლდათ. სანამ ჩემი შვილი ბიბლიოთეკის საცავებში დარბოდა, მე კი წიგნებს მისგან ვიცავდი, წავაწყდი გამოცემებს, რომლებმაც სენტიმენტალური განწყობა აღმიძრა. არ უკითხავთ, თორემ მზად ვიყავი, ჩემი ბავშვობის წიგნებზე დაუსრულებლად მელაპარაკა. გამახსენდა ჩემები წიგნით ხელში: მამაჩემი – საწოლზე წამოწოლილი, დეიდაჩემი – სადილობისას და თხილის კნატაკნუტით, დედაჩემი – ყველგან, სადაც კი კითხვა შეიძლებოდა, ბაბუა – განმარტოებით, სახლის გვერდით მდგარ პატარა სახლუკაში, სადაც გაყვითლებული გაზეთებისა და წიგნების მთა იდგა, სადაც ყველაზე მეტად მიყვარდა განმარტოება და რადიოს მოსმენა. ბიძაჩემს კი დისწულებთან ერთად უყვარდა კითხვა და ჩვენც ხმამაღლა და მორიგეობით ვკითხულობდით „უფლისწულს და მათხოვარს”, ტომ სოიერისა და ჰეკლბერ ფინის თავგადასავალს, მასთან ერთად ჩაგვიწყდებოდა და აგვიკანკალდებოდა ხმა… ვკითხულობდით შუადღისას, მდინარეზე წასვლამდე, ვკითხულობდით იქიდან დაბრუნების შემდეგ, წვიმიან ამინდში, აივანზე, უფროსების თბილ ჯემპრებში გახვეულები, ყავის ფინჯნით ხელში და ღამით, როცა ყველას ეძინა, მოპარულ შუქზე და პარაფინის სანთლების ალზე, თვალებს რომ გვთხრიდა; ვკითხულობდით გაკვეთილებს შორის შესვენებებზე… ეს იყო ერთადერთი სასიამოვნო საქმიანობა და ერთადერთი საპატიო მიზეზი საქმისთვის თავის ასარიდებლად.
ღონისძიებას ბიბლიოთეკის თანამშრომლები, პედაგოგები, მოსწავლეები, მწერლები და სასულიერო პირები ესწრებოდნენ. სიტყვით გამომსვლელები ლაპარაკობდნენ წიგნის როლზე ჩვენს ცხოვრებაში, მე კი ყველაზე მეტად იმ ახალგაზრდების აზრი მაინტერესებდა, რომლებიც პროექტის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენდნენ და დარბაზის ბოლო რიგში ისხდნენ. ველოდი, რას იტყოდნენ საყვარელ წიგნებსა და პერსონაჟებზე, მაგრამ მათ სიტყვაც არ დაუძრავთ.
მართლა აღარ კითხულობენ დღეს წიგნებს… ან კითხულობდნენ კი ოდესმე? მაშ, რამ გამოიწვია წიგნისგან ასე დაშორება? ამხელა დისტანცია რამ გააჩინა? ნუთუ მართლა ყველაფერი ტელევიზორის ან ელექტრონული დამპყრობლის გამო ხდება, ყველაფერი მას რომ გადავაბრალეთ? იქნებ დროა ასეთი? ნუთუ შეიძლება, ყველაფერი სხვას გადავაბრალოთ, ათასი მიზეზი მოვიშველიოთ, რომ წიგნის წაუკითხაობა გავამართლოთ? ნუთუ ტყუილად ყიდულობენ მშობლები ფერად წიგნებს შვილებისთვის? მართლაცდა, ვისი ბრალია, რომ ადამიანები ასე დაშორდნენ წიგნებს? ოჯახის? სკოლის? კითხვაზე არაორიენტირებული სასწავლო პროცესის? იმ მძიმე სოციალური ფონის, ყველგან რომ აწვდენს თავის საცეცებს? იქნებ, უბრალოდ, სურვილის უქონლობა საქმე, რის აღიარებაც ყველას გვიჭირს? გულახდილები რომ ვიყოთ, ყველაზე რელევანტური პასუხი ალბათ ეს იქნებოდა.
და მაინც, ჩვენ, ყველა, ვინც ვყიდულობთ წიგნებს და გადაუშლელად ვაწყობთ ჭერში – თაროებზე, ჩვენ ყველა ვამბობთ, რომ ახალგაზრდა თაობა უბრალოდ უწიგნურია და ტელევიზორის ყურებისა და ინტერნეტში ძრომიალის მეტს არაფერს აკეთებს, ჩვენ, ყველა, მშობლები და მასწავლებლები, ვუჩიჩინებთ ბავშვებს, იკითხონ, მაგრამ მაგალითს არასდროს ვაძლევთ. ვკითხულობთ დასკვნებს და ვეცნობით სტატისტიკას, რომ კვლევამ საქართველოს სკოლებში წიგნიერების საკმაოდ დაბალი მაჩვენებელი გამოავლინა, შეიძლება ითქვას, საგანგაშოც კი. რა საწყენია! „ჩვენ ხომ წიგნიერი ერი ვართ”, მაგრამ იშვიათად გადავაწყდებით ტრანსპორტში ან ქუჩაში ადამიანს წიგნით ხელში. შინაც კი იშვიათად ვკითხულობთ წიგნებს, ხოლო ბავშვები ჩვენთან ერთად არიან ჩართული პოლიტიკური თოქშოუებისა და მდარე გადაცემების ორომტრიალში.
სიტყვები არსად წასულან, ეს ჩვენ შევაქციეთ მათ ზურგი. ეგებ მათაც, ცოტა არ იყოს, მობეზრდათ მკითხველის გულგრილობა, ქანცგაწყვეტილი ცხენებივით (დანიელ პენაკი) ჩაწვნენ ფურცლებში და ელოდებიან თავიანთ პატრონებს, რომლებიც წვალებით ამოათრევენ მათ, სუნთქვააჩქარებულები და ამ მეტად რთული საქმიანობისგან ოდნავ გაბეზრებულები…
დანიელ პენაკი თავის ნაწარმოებში „რომანივით საკითხავი” სწორედ წიგნისა და მოზარდის დამაკავშირებელ გზებზე საუბრობს, გზებზე, რომლებიც ამ ურთიერთობას არ აქცევს ტანჯვად, აუტანელ, გულისგამაწვრილებელ რუტინად. პენაკი არ არის ჯოხიანი მასწავლებელი, რომელიც მოსწავლეს წიგნის წაუკითხაობისთვის დასჯის; ის ყველა ბილიკის მოსინჯვას ცდილობს, რათა შეაღოს სარკმელი წიგნის სამყაროში, თუმცა არჩევანსაც უტოვებს მოზარდს – არ წაიკითხოს. „კითხვა ის მათრახია, რომელსაც ბავშვს ხშირად გადაუჭერენ ხოლმე – მას ხომ, ჩვენი აზრით, კითხვის მეტი არაფერი ევალება. გასაგებია, რომ ბავშვი თავს არიდებს „საწამებელ იარაღს”, მაგრამ თუ შევეცდებით, კითხვა სიამოვნებად გადავუქციოთ, მაშინ თავადაც სიამოვნებით მიეცემა მას”, – წერს პენაკი.”
კითხვა ხომ სწორედ ესაა – სიხარულის, სიამოვნებისა და ბედნიერების განცდა, რომელიც ძალიან ჰგავს სიყვარულს.

 

გიჟები ფიცარზე

0
სკეიტბორდინგს თამამად შეიძლება ვუწოდოთ მსოფლიო ექსტრემკულტურის ნათლია. ექსტრემალური სპორტის ეს სახეობა ერთ-ერთი პირველი წარმოიშვა. მიუხედავად ამისა, დღემდე პოპულარულია და უფრო და უფრო ვითარდება.

კაცმა რომ თქვას, რა არის სკეიტბორდინგი? ბევრი უყოყმანოდ გვიპასუხებს, გორგოლაჭებიან ფიცარზე სრიალით გულის ჯერებაა და მეტი არაფერიო, მაგრამ თუ უფრო მეტად ჩავუღრმავდებით მის არსს, აღმოვაჩენთ, რომ სკეიტბორდინგი არა მარტო ერთგვარი მოდა თუ გართობაა, არამედ ცხოვრების სტილიც.

სკეიტბორდინგი ის მშვენიერი სამყაროა, რომლის არათუ განცდა, წარმოდგენაც კი არ ძალუძს ჩვეულებრივ ადამიანს. ამ სამყაროში რეალურად ცხოვრობენ, მოსრიალე ფიცარზე განცდილი ემოციებით კი სულიერ საზრდოს იღებენ. ამბობენ, რომ როგორც კი ამ ფიცარზე ფეხს შედგამ, უმალვე ივიწყებ პრობლემებით დახუნძლულ გარე სამყაროს, ირგვლივ ყველაფერს სხვაგვარად აღიქვამ, უფრო რეალისტურადაც კი, ვიდრე მანამდე. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ახალ შეგრძნებებთან ერთად ახალი სურვილები და, რა თქმა უნდა, ახალი საზრუნავი ჩნდება…
სკეიტბორდის გამომგონებლის ვინაობა მსოფლიომ არ იცის. ცნობილია მხოლოდ, რომ გორგოლაჭებიანი ფიცრის პირველი გამომცდელები გასული საუკუნის 50-იანი წლების სერფერები იყვნენ. თურმე მათ თავიანთი დაფებისთვის გორგოლაჭები მხოლოდ იმ მიზნით მოურგათ, რომ ხმელეთზეც ევარჯიშათ. 60-იან წლებში გაჩნდა სკეიტბორდისტთა ჯგუფი, სახელად „Super Surfer Skateboard Team”. იმავდროულად გამოიცა ამ გასართობისადმი მიძღვნილი პირველი ჟურნალიც, სახელწოდებით „Skatebaorder” სკეიტბორდინსდუსტრიის ნამდვილი ბუმი კი 70-იანი წლებიდან დაიწყო. დაამზადეს სპეციალური გორგოლაჭები, სამაგრები, მიიღეს სკეიტბორდის სტანდარტი, რომელიც დღემდე საერთოა ყველა მწარმოებელი ფირმისთვის. 80-იანი წლების დასაწყისიდან სკეიტერები ქუჩებშიც გამოჩნდნენ.

დღეს უამრავი ფირმა უშვებს დაფებს, საკიდებს, გორგოლაჭებსა თუ სკეიტერის სპეცტანსაცმელს. მეტიც: მათ სკეიტვიდეოინდუსტრიაც კი შექმნეს – სკეიტბორდის მსოფლიო ვარსკვლავების ტრიუკებს იღებენ…
ოდესღაც სკეიტბორდინგი და პანკ-როკი განუყოფელი გახლდათ. თვითგამოხატვის ორივე ფორმა იმხანად საოცრად ჰგავდა ერთმანეთს. ერთიცა და მეორეც დამკვიდრებული ღირებულებათა სისტემისადმი თავისებური პროტესტი იყო, რომელსაც საზოგადოება იერარქიისგან, კანონისგან, მშობლებისა თუ სკოლის კონტროლისგან გაქცევად აღიქვამდა. იმხანად პანკობა და სკეიტით ქროლვა ნიშნავდა უარს ყველას მიმართ, ვინც კი წინ ეღობებოდა თუ აკონტროლებდა.

Street-სკეიტბორდინგი საკმაოდ აგრესიული სახეობაა. ამ სტილის მოყვარულები დაქრიან მოაჯირებზე, ხტებიან საფეხურებზე, სხვადასხვა სიმაღლიდან ასრულებენ რთულ ტრიუკებს. ეს ყველაფერი, რასაკვირველია, ძალზე სარისკოა და ამ დროს სერიოზულიც ტრავმებიც ხშირია, მაგრამ, როგორც ამბობენ, სიამოვნება ამად ღირს.

თავზეხელაღებული სკეიტერები ამას ჭარბად გამომუშავებული ადრენალინით ხსნიან. ამის საბუთად გეტყვით, რომ ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, ადამიანს სკეიტბორდით ქროლის ეს ფათერაკებიანი სტილი აერჩიოს და შემდეგ თუნდაც ერთხელ ენანოს.

ამბოხებული თინეიჯერებისთვის სკეიტბორდინგი გაცილებით მომხიბვლელი იყო, ვიდრე, მაგალითად ბეისბოლი ან კალათბურთი, რომლებიც მათთვის სკოლის მოსაწყენ სპორტდარბაზთან ასოცირდებოდა. სკეიტბორდინგი უფრო უკეთ გამოხატავდა მოზარდების სულიერ მდგომარეობას, ზრახვებს, ვინაიდან იგი, საზოგადოების მიერ უარყოფილი, კანონგარეშე მდგომარეობაში იყო. ასე ჩამოყალიბდა სკეიტბორდის ფილოსოფია. ასე რომ, მთავარი ის კი არ არის, ვინ გამოიგონა სკეიტი, არამედ მასზე დგომა და ქროლა…

მესამე გზა

0
მე შენ მახსოვხარ!

ერთმანეთი ნაყინის მოლოდინში გავიცანით. გულღიად რომ ვთქვა, ამას გაცნობაც არ ეთქმოდა. მე ისეთი გაცნობისა მწამს, ერთი-ორ სიტყვას რომ გაცვლით და არც მომავალ გაბაასებაზე იქნებით მწყრალი აზრისა. ისიც მახსოვს, ხალხის რიგი მაცივართან იწყებოდა და გზის სავალ ნაწილამდე მოექნია კუდი. მაშინ მე და ნინიამ ჩვენი რიგი დაგითმეთ. „ალბათ ეს გოგონა ძალიან მოსწონს – მგონი, მისი კლასელი უნდა იყოს”, – გადავუჩურჩულე ნინიას და მიბრძანდით-მეთქი, ხელით განიშნე. მართალია, თავაზიანი მადლობა არ გადაგიხდია, მაგრამ არა უშავს – შეყვარებულ კაცს ყველაფერი თუ არა, თითქმის ყველაფერი მაინც ეპატიება. ჯიბიდან უკანასკნელი ხურდა ამოიფხიკე და შოკოლადის ნაყინის ორ-ორი ბურთულა იყიდე. შენი ზურგჩანთა შენზე უფრო მეტს ამბობდა, ვიდრე ოჯახის წევრი, მეგობარი ან მასწავლებელი მომიყვებოდნენ. თავისი სიმსუქნითა და მოყვანილობით იმაზე მიამბობდა, რომ სხვანაირი ვინმე ხარ, სხვანაირი რაღაც-რაღაცები გადარდიანებს, სხვანაირი ინტერესებისა გწამს…
ეს იყო და ეს – ჩვენ ჩვენს გზაზე წავედით, თქვენ თქვენსას გაუყევით. აბა, როგორ?! თუმცა წეღან ვიცრუე, როცა ვთქვი, ამას გაცნობა არ ეთქმოდა-მეთქი. ჩემნაირი ცნობისმოყვარე და ეჭვიანი ადამიანები, კისრები რომ ჟირაფისოდენაზე აქვთ წაგრძელებული, გამვლელებს რომ შეხედავენ, მათზე ჩუმ-ჩუმად არაკებს თხზავენ და გინდაც ეს არაკები ყურით მოთრეული სიცრუე იყოს, მაინც სახარებისეულ ჭეშმარიტებად გვეჩვენება.

მოკლედა ვთქვათ:

შენ თამაზი უნდა გერქვას. ნაცნობ-მეგობრებში თაზოდ უნდა იწოდებოდე. ერთი ეგაა, კარის მეზობელს ვერ გადააჩვიე „თამაზას” ძახილი. ფიზიკა გაინტერესებს, სურვილი გჭამს, შიგნეულს გიდნობს, ისე გინდა, ფიზიკა დედაბუდიანად ისწავლო, მაგრამ შენც არ მომიკვდე, სადაა სამართალი – შინ გეუბნებიან, რომ სამი გზა გაქვს: იურიდიული, საერთაშორისო ურთიერთობები ან სიკვდილი. შენს ასაკში მოკვდინება ვერაა მთლად გადასარევი არჩევანი. დანარჩენ ორს კიდევ აიტანს კაცი. 

არადა ვმასხარაობ – იურიდიულზეც ვაპირებდი ჩაბარებას და საერთაშორისო ურთიერთობებზე, საერთოდაც, ვსწავლობდი, სანამ ზურაბ დავითაშვილმა, პოლიტიკურ გეოგრაფიას რომ მიჭედავდა ტვინში, გადამსვლელი ქულა არ დამაკლო. ვინ იცის, მისი ვალიდან კუბოს ფიცრამდე ვერ ამოვიდე. 

ფიზიკაზე კი დორბლი გდის, მაგრამ თავგადასავლებიც გიყვარს – თავისუფლება გწყურია. ჰოდა, რაკიღა ერთმანეთს უკვე ვიცნობთ, ერთი თავგადასავლების მოყვარული კაცი მინდა გაგახსენო.

ჰენრი უოლტონ ჯონსი ერქვა, ოღონდ უმცროსი. მამა მკაცრი ჰყავდა, სანამ სიტყვის თქმის უფლებას მისცემდა ჯერ ათამდე დაათვლევინებდა ხოლმე, ხან – ძველბერძნულად, ხან – ლათინურად. ჯერ კიდევ მოწაფეობისას პირველი თავგადასავალი გადაიხდინა – გველებით სავსე სკივრში ამოყო თავი, მერე კი ლომის მოსასვენებელში აღმოჩნდა და მისი მოთვინიერებისას ნიკაპზე დაჩნეული იარა დღემდე ეტყობა. მართალია, იმ დღეს დამარცხდა, მაგრამ მოწაფეობისას დასახულ მიზანს წლების შემდეგ მაინც მიაღწია. 

ჰენრის თავგადასავლების ძიებისას ქუდის, მათრახის, ტყავის ქურთუკის, რევოლვერისა და მოლესკინის ბლოკნოტის ტარება უყვარდა. ხან რას ეძებდა, ხან – რას. ჯერ იყო და, დაკარგული კიდობნის საძიებლად გაემართა, მერე შანკარას ქვების დასაბრუნებლად გასწია, მოგვიანებით წმინდა გრაალის აღმოჩენა განიზრახა, ბოლოს კი ალმასის თავის ქალა იპოვა. ამ ხნის განმავლობაში ადოლფ ჰიტლერსაც გამოართვა ავტოგრაფი, გველებით სავსე აკლდამაშიც აღმოჩნდა, კინაღამ გულიც ამოაცალა ქალღმერთ კალის მიმდევარმა და ასე… თავგდასავალიც ამას ჰქვია, არა?!

შენი არ იყოს, საკუთარი სახელი ჰენრისაც გვარიანად სძაგდა, ამიტომაც მე და შენ მას სხვანაირად ვიცნობთ – ინდიანა ჯონსს ვეძახით. თუ ამ კაცის განვლილ გზას კარგად დააკვირდები, დაინახავ, რომ მთელი მისი ცხოვრება მამასთან ჭიდილია, ხიდჩატეხილობა, წინააღმდეგობა. თუმცა, სხვა ბევრისგან განსხვავებით, ინდიანამ თითქმის არაფერში დაუჯერა მამას და მაინც მოახერხა, ჰენრი უოლტონ ჯონს უფროსს მისით ეამაყა.

შენც აჯანყდი, ოღონდ ზომიერად. პირველ რიგში, საკუთარ თავს აუჯანყდი. იქამდე აუფრინე ყვავებს, სადამდეც ფრენას შეძლებენ. მარტომ იარე ფეხით, რათა კარგად გააანალიზო, რისი კეთება გინდა ცხოვრებაში. იმოგზაურე იმდენი, რამდენიც შეგიძლია. საძინებელში გაიკარი მათი პლაკატები, ვინც ყველაზე დიდ პიროვნებებად მიგაჩნია. ძალა მოიკრიბე და თქვი, რომ სწორედ ის პირსინგიანი გოგო მოგწონს და არა ის, მამიდაშენს რომ მეზობლის პანაშვიდზე მოეწონა. მშობლებს აუხსენი, რომ ფიზიკოსობა გინდა და არა იურისტობა; რომ თუკი სხვა პროფესიას აირჩევ, შენი მომავალი ნაძალადევი და მოსაწყენი იქნება.

ახლა, ამ წერილის წერას რომ მოვრჩები, სამსახურის – თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების – საქმეებს უნდა მივხედო. შენ კი, თაზო, ბევრი დრო გაქვს მოსაფიქრებლად. რისი სწავლაც არ უნდა გადაწყვიტო, ჩვენზე უკეთ მაინც ვერავინ გასწავლის – გინდ ფიზიკოსობა აირჩიე და გინდ იურისტობა. მე მაინც მგონია, რომ მიზანთან ერთად მთავარი პროცესიცაა და თუ პროცესი დიდ სიამოვნებას ვერ განიჭებს, არც გვირგვინის დადგმის ცერემონია იქნება საკადრისად სასიამოვნო. 

მე ამაზე ბევრი მიფიქრია:

როცა ჩვეულებრივმა ადამიანებმა მოახერხეს, რომ საქართველოდან ახალ ზელანდიაში თითქმის უფასოდ, ულიმიტოდ, გამოსახულების თანხლებით შეგვიძლია საუბარი; როცა შვეიცარიაში დიდ ადრონულ კოლაიდერს ამუშავებენ; როცა სალმან რუშდი მორიგ შესანიშნავ რომანს წერს; როცა აკადემიები განიხილავენ, რომელ მოკვდავებს მიანიჭონ ნობელის პრემიები თუ ოსკარები – რას ვაკეთებ მე ამ დროს. დაფიქრდი შენც.
თუ რამეა, ჩვენ აქ ვართ, აღმაშენებლის ხეივნის მე-13 კილომეტრზე.

უკეთ გავიცნოთ ჩვენი მოსწავლეები

0

გაინტერესებთ, როგორები არიან თქვენი მოსწავლეები? გთავაზობთ ტესტს. გირჩევთ, შედეგების ინტერპრეტაციის გაცნობამდე თვითონვე აირჩიოთ ფიგურა, რომელიც, თქვენი აზრით, ა) ყველაზე მეტად გაგონებთ საკუთარ თავს, გამოხატავს თქვენს განწყობას სკოლაში და ბ) რომლის მდგომარეობაშიც ყველაზე მეტად გსურთ იყოთ.

 

ინსტრუქცია მოსწავლეებისთვის: წარმოიდგინეთ, რომ არსებობს ტყის სკოლა, ნახატზე გამოსახული კაცუნები კი ამ სკოლის მოსწავლეები არიან. ყველას სხვადასხვანაირი ხასიათი აქვს, დაკავებულია საყვარელი საქმიანობით და თავისი პოზიცია უკავია. ფანქრით ყავისფრად გააფერადეთ ხის ტანი და ტოტები, თან ყურადღება მიაქციეთ თითოეულ ფიგურას – სად იმყოფება, რას აკეთებს. წითელი ფანქრით გააფერადეთ ის ფიგურა, რომელიც ყველაზე მეტად გაგონებთ საკუთარ თავს, გამოხატავს თქვენს განწყობას და მდგომარეობას სკოლაში; მწვანე ფანქარით – ფიგურა, რომლის ადგილას ყოფნასაც ისურვებდით (ზოგჯერ მოსწავლეს ერთზე მეტი ფიგურის გაფერადება სურს; ნუ დაუშლით, მაგრამ ჩაინიშნეთ, რომელი იყო პირველი, რომელი – მეორე, – ეს უფრო მეტ ინფორმაციას მოგაწვდით მოსწავლის შესახებ).

შედეგების ინტერპრეტაცია: თითოეულ ფიგურას თავისი ნომერი აქვს და განსაზღვრულ პოზიციას გამოხატავს: ერთი მხრივ – მოსწავლის რეალურ განცდას, მეორე მხრივ – იდეალურს. დააკვირდით, არის მათ შორის სხვაობა? ემთხვევა მიღებული შედეგები თქვენი დაკვირვების, ბავშვთან ან მშობელთან საუბრის შედეგად გამოტანილ დასკვნებს?

პოზიცია № 1, 3, 6, 7 დაბრკოლებათა გადალახვის განწყობას გამოხატავს.

პოზიცია № 2, 11, 12, 18, 19 – კომუნიკაბელურობის, ურთიერთობისა და მეგობრული მხარდაჭერის მაუწყებელია.

პოზიცია № 4 – წარმატების მიღწევის, სირთულეების დაძლევის სურვილზე მიუთითებს

პოზიცია №5 – დაღლილობის, საერთო სისუსტის, ძალის მცირე მარაგის, სიმორცხვის გამომხატველია.

პოზიცია № 9 – გამოხატავს გართობის მოტივაციას.

პოზიცია №13, 21 – გარიყულობის, ჩაკეტილობის, შფოთვის მაჩვენებელია.

პოზიცია №8 – სასწავლო პროცესისგან ჩამოშორებაზე მეტყველებს.

პოზიცია №10, 15 – კომფორტული მდგომარეობის, ნორმალური ადაპტაციის მაუწყებელია.

პოზიცია №14 – კრიზისული მდგომარეობის, „უფსკრულში გადაჩეხვის” განცდაზე მიუთითებს.

პოზიცია №20 – მაღალ თვითშეფასებას, ლიდერობის განწყობას გამოხატავს.

პოზიცია №16 – სხვისი მოსამსახურის პოზიციაა.

პოზიცია №17- სხვა ადამიანის თავის სასარგებლოდ გამოყენების განწყობაზე მიუთითებს.

„პური ჩვენი არსობისა“

0
ამას წინათ ჩვენს სკოლაში შემოდგომის ზეიმი გაიმართა. მეორე კლასს პურის ფესტივალის გამართვა დაგვევალა. აღმოჩნდა, რომ მოსწავლეებმა თითქმის არ იცოდნენ, რა გზას გადის ხორბლის მარცვალი (ადამიანების) და-პურ-ებამდე. ასე რომ, გადავწყვიტე, სულ თავიდან დამეწყო – პატარები წარმოსახვით გუთნეულზე დამესკუპებინა და წარმოსახვითი მიწაც ერთად მოგვეხნა. მაგიდებით წრე შევკარით, თითო „ხარს” თითო მეხრე და თითოც გუთნისდედა მივუჩინე, ჩამოვურიგე ხვნა-თესვა-მკის დროს ჩასარაკრაკებელი ლექსები და… თითქოს მართლა მზით განათებულ მინდორზე ვყოფილიყავით, დაცვარული შუბლი ხელსახოცით გვეწმინდოს…

„შენი ჭირიმე, გუთანო, გათლილო წმინდის ხისაო,
შენ აჭმევ პურსა ცოცხალსა, დამმარხველი ხარ მკვდრისაო”.
მეორე გუთნეულიდან მადლიერი პასუხი ისმის:
„შენ, ჩემო გუთნისდედაო, ხარი გიბია მტრედაო; 
სიმღერა კარგი გცოდნია, დასძახი ზედი-ზედაო”.
შემთხვევითი გამვლელიც ხმას აგვიწყობს, ისიც თავისას გვეტყვის:
„უღელი ხარი ვიყიდე, ყანა ავიზიარეო,
მოვხანი, პური მოვიდა, კევრი დავაბზრიალეო”.

მოკლედ, მიწა გავაფხვიერეთ, თესლიც ჩავყარეთ, თაგვსა და ჭიაღუას გადარჩენილი მარცვლის ამოჯეჯილებამდე და მერეც გულისკანკალით ვიყავით – ემანდ, მარცვალი ყინვამ არ დაგვიზროს, ჯეჯილი გვალვამ არ მოწვასო. როგორც იქნა, თეთრად დაფიფქულ წისქვილამდე მივიტანეთ ეს ჩვენი ნაოფლარი და…

„პურმა სთქვა: მე ვარ ქებული, სუფრაზე ჩარიგებული;
უჩემოდ არვინ არ ვარგა, არც მეფე, არც დიდებული;
მკვდრისა და ცოცხლის ნუგეში, მღვდლისაგან მოლხინებული, 
ვარ უფლისაგან ნაკურთხი, ნაწილში ამოღებული”.

„ხვნა-თესვი” დღე ბავშვებს ძალიან მოეწონათ. მერე ძველებური გუთნის, კევრისა და სხვა სახნავ-სათესი მოწყობილობის ფოტოებიც ვაჩვენე. ნაბიჯ-ნაბიჯ გავატარე გზა მარცვლის მიწაში ჩავარდნიდან გობში ჩაფრქვევამდე, მაგრამ პურის ფესტივალის მთავარი, ყველაზე გემრიელი კვერი მათი წარმოსახვის თონეში ჯერ არ ჩამეკრა. 
***
შესაძლოა, „პურის მოთხრობა” მეორეკლასელებისთვის ნაადრევი მოგეჩვენოთ, მაგრამ მისთვის გვერდის ავლა მაინც ვერ შევძელი. რა თქმა უნდა, არც დრო და არც ბავშვების ნებისყოფა იმის საშუალებას არ მაძლევდა, მოთხრობა მთლიანად წამეკითხა, ასე რომ, მხოლოდ რამდენიმე მონაკვეთს დავჯერდი.
 
მგონი, მეც მეორე კლასში ვიქნებოდი, ბატონ ნუგზარს რომ შევხვდი. მაშინ არც მე მესმოდა კარგად მისი. მთავარი რამ, რაც მაშინ აღმოვაჩინე, ის იყო, რომ ამქვეყნად თურმე არსებობენ „ჭკვიანი და კეთილი ძიები”, რომლებიც შვიდი წლის გოგოს თანატოლივით ესაუბრებიან. სამწუხაროდ, ეს შეხვედრები მხოლოდ ბუნდოვან კადრებად შემორჩა ჩემს მეხსიერებას.
ყველა გზა კიდობნისკენ მიდის

„ბავშვობაში, კარს რომ გავიჯახუნებდით და უფროსებზე გამწყრალები შინიდან წავიდოდით, დედა მოგვაძახებდა ხოლმე – სად მიდიხართ, თქვე სულელებო, აქ მოგიყვანთ კიდობანიო… პურის კიდობანს გულისხმობდა”.

ჩემი ბავშვობა მჭადის კვერებს უფრო უკავშირდება, ვიდრე პურისას. არც ჯადოსნური კიდობანი მქონია, რომლის გახსენებაც შინ დაგაბრუნებს, მაგრამ კარგად გახურებულ ნაკვერჩხალზე შემოდებული ყველაზე დიდი, საჯალაბო კეცის მჭადის სურნელს, შქერისა და წაბლის ფოთლებს რომ აფენდნენ და სახემოხატულს წამოაპირქვავებდნენ, სოფლის ბოლოს, ტყის „დასალაშქრად” გაპარულებიც კი ვგრძნობდით. ბებომ საჯალაბო მჭადში სუნელებით ბარაქიანად შეზავებული, გატარებული თხილის „ჩატანიება” იცოდა. 

ისე, შიმშილით რომ იწყება მოთხრობა, არ უნდა იყოს შემთხვევითი. ადრე თუ გვიან სწორედ შიმშილი გვაკარგვინებს „თავმოყვარეობას”, ანუ ყველა გზა კიდობნისკენ მიდის. გაქცევის ოცნება რომც აიხდინო, გავა ხანი და ის კეციდან ავარდნილი მშობლიური სურნელი ცხრა მთას იქითაც მოგაგნებს. იმ ნახევრად ჩამოქცეულ, გაჭვარტლულ კერიაში შემწვარ მეზობლის თუ საკუთარ ყანაში მოპარულ ჭყინტ სიმინდს ხომ დიდი ხნის წინ შენახული და დავიწყებული საიდუმლოს გემო დაჰყვება…

მშობლებსა და შვილებს შორის, განსაკუთრებით – გარდატეხის ასაკში, რაღაც იმღვრევა გვიანი შემოდგომის ამინდივით, მაგრამ თუ (გუთნის)დედამ თავის დროზე დაუზარლად იშრომა, ღრმა ხნული გაიყვანა და ხვავრიელადაც ჩათესა, ოდესმე აუცილებლად ამოჯეჯილდება, დაპურდება და კალოზეც უდანაკარგოდ ჩაიტანს. კარის გაჯახუნება კი… ჯერ კიდევ ბევრი იქნება.

ალბათ ადამიანებისთვის, რომელთა სოფლებსაც შუაში მდინარე კი არა, ხოდაბუნები ჩამოუდის, პურს სულ სხვანაირი სურნელი უდის. რაკი არასდროს ვყოფილვარ ქვემო და ზემო უბანში და არც გაფცქვნილი კვერცხი მიტარებია კარდაკარ შესამოწმებლად, წამიყრიდნენ თუ არა ზედ მარილს, ისღა დამრჩენია, მწერალს სიტყვაზე ვენდო და ყველა სიტყვა მორჩილად დავაგემოვნო. აი, კიდევ ერთი გემრიელი ნაჭერი:

„ზოგჯერ წარმოვიდგენდი ხოლმე, რანაირად მოიტანა პაპაჩემმა ეს კიდობანი შინ, როგორი ზარ-ზეიმით გადმოიღეს ურმიდან და შეიტანეს მარანში, სადაც უკვე მიჩენილი ჰქონდა თავისი ადგილი, რადგან ამ სახლს როცა აშენებდნენ, საძირკვლის ოთხივ კუთხეში ჯერ კიდევ მაშინ დაუნთიათ სანთლები და რომელშიც ყველაზე გვიან ჩამქრალა, პურის კიდობნის დასადგმელადაც სწორედ ის კუთხე შეურჩევიათ, რადგან კიდობანში ასე უფრო გვიან გამოილეოდა პური”.

არ მეგულება სხვა ასე ახლობელი მოთხრობა, ამდენი „უცხო სიტყვა” რომ მეპოვოს შიგნით. ალბათ ჩემი „დასავლეთელობის” ბრალია, მაგრამ არა მგონია, დღევანდელი „ქვემოუბნელებიდანაც” ბევრმა იცოდეს, როგორ აცდის „უნაფქვოდ” დარჩენილი ოჯახი წისქვილიდან ახალმოტანილ ფქვილს „დაჯდომას”.

პურის „მოგზაურობა” ცომის მოზელის შემდეგაც გრძელდება: ცომს ერთ გუნდას მოაგლეჯენ და თიხის ქილაში, თავდახურულს, ბნელ ოთახში ინახავენ (ცამ არ უნდა დახედოსო) – „პურის ხაში, ათადან და ბაბადან მოდის, შიგ ქრისტეს სისხლი ურევიაო!” ალბათ ამიტომ იცოდნენ „პურის ხაშის” ზიარება.

***
„პურის მოთხრობა” პირველად რომ წავიკითხე, თითქოს სხვა ქვეყანაში მოვხვდი. ქვეყანაში, სადაც ხოდაბუნების მდინარეში „განბანილი” სიტყვები უცნობ სამშობლოზე მიყვებოდნენ. იმ სამშობლოზე, სადაც პური მართლა არსობისა იყო. მერე რა, თუ ბევრი რამ ჯერ ვერ გავითავისე, – უცხოა, სხვისი ბავშვობის გემოსია და იმიტომ. ალბათ დროა საჭირო, რომ მე და ჩემთვის უცნობი სამშობლო „შევცოლქმარდეთ” (წყლისა და ფქვილის შეთვისებას ეძახდნენ თურმე ასე), მერე ალბათ ჩემგანაც გამოცხვება რამე – გამტკიცული პური თუ არა, ობლის კვერი მაინც.

სამოდელო გაკვეთილი (რუსული ენა)

0
ნაწილი მეორე
მასწავლებლის მიერ უცხოენოვანი ტექსტის სწორად შერჩევა-მოძიება მნიშვნელოვანია მისი შინაარსის სრულყოფილად გაგებისა და სწორად აღქმისთვის, სწავლა/სწავლების ხარისხისა და მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებისთვის. სასურველია, ტექსტი ენობრივად მარტივი იყოს, კავშირი ჰქონდეს ნასწავლ თემასთან და შეესატყვისებოდეს მოსწავლეთა ემოციებსა და ინტერესებს (აქ იგულისხმება წინარე ცოდნა და შესაბამისი გრამატიკული თუ ლექსიკური მარაგიც, რათა გაკვეთილი უფრო კომფორტულად და საინტერესოდ წარიმართოს), შეიცავდეს რაიმე ინფორმაციას, უარყოფითი ინფორმაციით არ იყოს გაჯერებული და დადებით გავლენას ახდენდეს მოსწავლეზე. თუმცა ყველა ამ ასპექტის გათვალისწინება ერთ მასალაში იოლი არ იქნება.

გაკვეთილი, რომელსაც გთავაზობთ, შეიძლება დაემატოს თემას «Внешность и характер». ის გულისხმობს ზედსართავი სახელის ხარისხის ფორმების ცოდნას. გაკვეთილი დიალოგის მოსმენა-გაგებაზეა ორიენტირებული და 45 წუთი ეთმობა. ტექსტს გთავაზობთ სრულად, შესაბამისი აქტივობებით, თუმცა ამ დიალოგის გამოყენება კითხვის უნარის განსავითარებლადაც შეიძლება – საკმარისი იქნება რამდენიმე აქტივობის შეცვლა. 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...