შაბათი, მაისი 17, 2025
17 მაისი, შაბათი, 2025

კიდევ ერთხელ მასწავლებლის პროფესიული გადაწვის შესახებ

0
მოთხოვნები, რომლებსაც თანამედროვე სკოლა უყენებს პედაგოგს, მრავალი მასწავლებლისთვის რთულია, ზოგჯერ – სტრესის გამომწვევიც კი. გახანგრძლივებული სტრესი გადაღლას და, საბოლოო ჯამში, პროფესიულ გადაწვას იწვევს, ამას კი სერიოზული შედეგები მოაქვს მასწავლებლის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის, მათი მოსწავლეების, თანამშრომლებისა და ოჯახებისთვის, რომლებთანაც ისინი ყოველდღიურად ურთიერთობენ. კვლევები ადასტურებს, რომ მასწავლებლები, რომლებსაც გადაწვის სინდრომი აღენიშნებათ, უფრო დოგმატურად ეკიდებიან სამასწავლებლო პრაქტიკას და ხისტად ეპყრობიან სტრუქტურასა და რუტინას, რითაც დაბრკოლებას უქმნიან სკოლის რეფორმირების ყოველგვარ მცდელობას. გადაწვის პრევენცია და მასთან ბრძოლა ერთ-ერთი სერიოზული საკითხია განათლებაში. მოსწავლეთა მოსწრების ასამაღლებლად აუცილებელია, სკოლაში მუშაობდნენ ისეთი მასწავლებლები, რომლებიც პოზიტიურ დამოკიდებულებას ინარჩუნებენ საკუთარი თავის, სამსახურისა და მოსწავლეების მიმართ.

წინათ უფრო მეტი პედაგოგი მიიჩნევდა მასწავლებლობას საყვარელ საქმედ, რომელსაც ერთგულად ემსახურებოდა, მაგრამ დღეს მრავალი კვლევა აჩვენებს, რომ სწავლება ძალზე სტრესულ საქმიანობად იქცა. ფარბერის მიხედვით, ამერიკელი მასწავლებლების 30-35% ძლიერ უკმაყოფილოა თავისი პროფესიით, ხოლო მათი დაახლოებით 20% პროფესიულად გადამწვარია. მასწავლებლის პროფესიული გადაწვის შესასწავლად კვლევები ჩატარებულია მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც: კანადაში, ინგლისში, ფინეთში, დანიაში, საფრანგეთში, ირლანდიაში, იტალიაში, საბერძნეთში, მალტაში, კვიპროსში, შოტლანდიაში, შვედეთში, ნიგერიაში, ისრაელში, ავსტრალიაში… მონაცემები მოწმობს, რომ დასავლურ სამყაროში, ასევე – აღმოსავლეთ ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლების 10-40% მწვავე სტრესის ან გადაწვის მსხვერპლია. ეს მაჩვენებელი 50%-ს უტოლდება აზიის ისეთ ქვეყანაში, როგორიცაა, მაგალითად, ტაივანი. პროფესიული გადაწვის დროს მასწავლებელს არ შეუძლია ყოველდღიურ მოვალეობათა შესრულება ფრუსტრაციის ან უიმედობის გამო. ასეთ შემთხვევებში მასწავლებელი ან მიდის პროფესიიდან, ან რჩება იმავე პოზიციაზე, მაგრამ წარუმატებელი ხდება.

თანამედროვე განმარტებით, გადაწვა – ეს არის სინდრომი, რომელიც ქრონიკული სტრესული მდგომარეობიდან მომდინარეობს და ადამიანის ენერგეტიკული რესურსების გამოფიტვას იწვევს. იგი იწყება უარყოფითი ემოციების დაგროვებით, რომლებიც ვერ პოულობენ გამოსავალს. გადაწვის პროცესში ყველაზე სახიფათო ის არის, რომ იგი ნელა მიმდინარეობს და ადამიანის შინაგან სამყაროს „ფერფლად” აქცევს. 1980-იან წლებში მასლაჩმა და ჯექსონმა პროფესიული გადაწვის სინდრომში გამოყვეს სამი არე: 

1. დეპერსონალიზაცია, როდესაც პიროვნება საკუთარი თავის გარშემო მყოფთაგან დისტანცირებას ახდენს და არ განიხილავს სხვას როგორც პიროვნებას. ეს შეიძლება გამოიხატოს მოსწავლეებისა და სამუშაო გარემოსადმი ცინიკური დამოკიდებულებით;

2. პროფესიული მიღწევების რედუქცია – ადამიანს ეუფლება არაკომპეტენტურობის, წარუმატებლობის განცდა, უქვეითდება წარმატების მოთხოვნილება, საკუთარ საქმიანობას დაბალ შეფასებას აძლევს;

3. ემოციური გამოფიტვა – ადამიანი გრძნობს, რომ პირადი ემოციური რესურსი ამოწურა და სტრესორებისადმი ძლიერ მოწყვლადია, ეუფლება დაღლილობის შეგრძნება, რომელიც გამოწვეულია სამუშაოს სპეციფიკით. 

გადაწვის შესწავლისას გამოიყოფა ორი ძირითადი მიმართულება: ფსიქოლოგიური და სოციოლოგიური. ფსიქოლოგიური კუთხით გადაწვა განიხილება როგორც სტრესთან გამკლავების უუნარობა. მკურნალობა გულისხმობს, დაეხმარონ პიროვნებას სტრესის დაძლევის სტრატეგიების დაუფლებაში. ფსიქოლოგები გადაწვის მსხვერპლს ურჩევენ, სცადოს სხვადასხვა კლინიკური მეთოდი, დაწყებული სტრესის მართვით, დამთავრებული ჰოლისტური ჯანმრთელობის პროგრამებით, როგორებიცაა იოგა, სუნთქვითი ვარჯიშები, დასვენება, ძილი. სოციოლოგები გადაწვას ოდნავ სხვაგვარად ხედავენ – მას მიიჩნევენ გაუცხოების ფორმად, რომელიც მოიცავს შემდეგ განზომილებებს: უღონობას, უსაგნობას, ნორმების არარსებობას, იზოლაციას და გაუცხოებას. მათი აზრით, გაუცხოებას ორგანიზაციული და სოციალური ფესვები აქვს და მასთან გამკლავება შეიძლება არა სტრესის დაძლევის ტექნიკებით, არამედ სტრუქტურულ ცვლილებებათა გატარებით. ისევე როგორც ფსიქოლოგიურ მოდელებში, აქაც გადაწვის მთავარი ფაქტორია სტრესი, მაგრამ გადაწვის გამომწვევ მიზეზებს სკოლის ან განათლების სისტემის ორგანიზაციის სტრუქტურის შიგნით ეძებენ. როდესაც მასწავლებელს არ შეუძლია გაარკვიოს ორგანიზაციაში თავისი როლი პასუხიმგებლობათა და მოლოდინთა მხრივ, მას უჩნდება უმწეობის განცდა, რასაც მალე მოსდევს ყოფის უაზრობის შეგრძნება. შემდეგ იწყება ადამიანის იზოლაცია სოციალური ურთიერთობებიდან, გაუცხოება და ჩნდება კითხვა – ღირს თუ არა ამ ორგანიზაციაში დარჩენა. ასეთი პროფესიონალები გრძნობენ, რომ ორგანიზაციას, რომელშიც მუშაობენ, აქვს დაუდგენელი ნორმები; ეუფლებათ განცდა, რომ წესები ან არ არსებობს, ან მათი მიყოლა დისფუნქციურია.

ამრიგად, გადაწვასთან გამკლავების მიზნით ფსიქოლოგი იძლევა რეკომენდაციებს სტრესის დაძლევის უნარების განვითარების თაობაზე, სოციოლოგი კი ყურადღებას სკოლაში ადმინისტრაციის ქცევის სტილისა და მართვის შეცვლაზე ამახვილებს. 

მეცნიერები სტრესის დაძლევის საუკეთესო საშუალებად პრობლემებზე (სტრესის გამომწვევ მიზეზებზე) ორიენტირებულ მიდგომას მიიჩნევენ. კერძოდ, ისინი გვთავაზობენ ასეთ სტრატეგიებს:

• თუ გადაწვა სამუშაოს სპეციფიკის შედეგია, ყოველნაირად ეცადეთ სიტუაციის გამოსწორებას პრობლემების თანმიმდევრული გადაჭრით.

• ეცადეთ მისდიოთ რაიმე განსხვავებულ, საინტერესო საქმიანობას – სპორტს, შემოქმედებას, გაიჩინოთ ჰობი.

• ეცადეთ გამოიმუშაოთ სტრესის პოზიტიური დაძლევის უნარები – სირთულეებისადმი პოზიტიური დამოკიდებულება, პასუხისმგებლობა, მაღალი თვითშეფასება, ოპტიმიზმი, ინიციატივიანობა.

• ეცადეთ იცხოვროთ საკუთარი და არა სხვისი ცხოვრებით. ეს არ არის ეგოიზმი; უბრალოდ, დაეხმარეთ სხვას ბუნებრივად, როდესაც ამის მოთხოვნილება გაგიჩნდებათ და არა მაშინ, როდესაც ძალაუნებურად გიწევთ ამის გაკეთება.

• ეცადეთ, გამიჯნოთ სამსახური და პირადი სამყარო. მაგალითად, შინ დაბრუნებული ამერიკელები სახლის ზღურბლზე ღრმად ჩაისუნთქავენ და ჩამოიფერთხავენ „სამსახურს” – ეს მიდგომა, ერთი შეხედვით, ძალზე პრიმიტული და არაბუნებრივია ჩვენი მენტალობისთვის, მაგრამ ზოგჯერ იგი „მუშაობს”.

• მონოტონურობისა და გამოფიტვის თავიდან აცილების საუკეთესო საშუალებაა ზეამოცანის დასახვა და სამუშაოს მიმართ შემოქმედებითი მიდგომა – სიახლის შეტანა, ინიციატივა და ა.შ.

• შედეგიანია სუნთქვითი ვარჯიშები, რელაქსაცია და პოზიტიური ვიზუალიზაცია.

• ძალზე მნიშვნელოვანია შრომის დოზირება. უნდა ისწავლოთ სამუშაოს დროულად დამთავრება.

• სტრესის დროს ალკოჰოლის, მედიკამენტებისა და თამბაქოს გამოყენება მხოლოდ ილუზორულ, დროებით შვებას გვაძლევს. არც ერთი არ გამოიყენოთ დარდის ან ბრაზის გასაქარვებლად.

• გაუზიარეთ თქვენი განცდები კოლეგას, ოჯახის წევრს, პრობლემა ანალიზის საგანად აქციეთ.

• მიეცით თავს ოცნების უფლება! შექმენით რაც შეიძლება მეტი პოზიტიური ხატი. პოზიტიურ ხატებს რეალურ ცხოვრებაზე ზემოქმედება შეუძლია.

• ხშირად მიმართეთ „ტაიმ-აუტს” (მცირე შესვენებებს მუშაობის პროცესში), ეცადეთ, ფიქრით სამუშაოსგან განყენებულ საკითხებზე გადაერთოთ.

• ტრენინგებსა და გასვლით სემინარებში მონაწილეობა კიდევ ერთი საშუალებაა სამუშაოს რუტინისა და გადაწვის გადასალახავად 

როგორც უკვე აღვნიშნეთ, პროფესიული გადაწვის პრობლემა დიდ ყურადღებას მოითხოვს და ადამიანს მასთან ბრძოლის უნარი სჭირდება. ის შეიძლება შეფასდეს როგორც რთული წარმონაქმნი, რომელიც სტრესული მდგომარეობების ნამრავლს გულისხმობს. ასეთ მდგომარეობებს თავდაპირველად ყურადღება არ ექცევა, პატარ-პატარა ტვირთები გროვდება და თანდათან ერთ დიდ, მძიმე ტვირთად იქცევა, რომელსაც ადამიანი გვიან ამჩნევს – იმ დროს, როდესაც მასთან ბრძოლა უკვე ძალზე ძნელია. ისიც ცნობილია, რომ სტრესი შეიძლება მოტივაციის ამაღლებისა და პიროვნული ზრდის მთავარ სტიმულად მოგვევლინოს, მაგრამ მხოლოდ მაშინ, თუ მისდამი სწორ დამოკიდებულებას ვისწავლით .

ქვემოთ მოცემული ტესტი დაგეხმარებათ შეაფასოთ საკუთარი თავი გადაწვის სიმპტომების არსებობის თვალსაზრისით. 

ინსტრუქცია: უპასუხეთ კითხვებს და შეაფასეთ ქულებით: სრულიად არა – 1 ქულა, იშვიათად – 2 ქულა, ზოგჯერ – 3 ქულა, ხშირად – 4 ქულა, ძალიან ხშირად – 5 ქულა.

1. გრძნობთ, რომ დაქანცული, ფიზიკური და ემოციური ენერგიისგან დაცლილი ხართ?

2. ამჩნევთ თუ არა, რომ ზოგჯერ სამსახურზე უარყოფითად ფიქრობთ?

3. ამჩნევთ თუ არა, რომ ხალხის მიმართ უფრო მკაცრი და ნაკლებად თანამგრძნობი ხართ, ვიდრე ისინი იმსახურებენ?

4. ამჩნევთ თუ არა, რომ ადვილად გაღიზიანებენ თანამშრომლები და გუნდის წევრები?

5. გაქვთ განცდა, რომ თანამშრომლებს არ ესმით თქვენი ან არ გაფასებენ?

6. გაქვთ განცდა, რომ თქვენს საწუხარზე ვერავის ესაუბრებით?

7. გაქვთ გაცდა, რომ იმაზე ნაკლებს აღწევთ, ვიდრე უნდა მიაღწიოთ?

8. გაქვთ განცდა,, რომ წარმატების მისაღწევად უსიამოვნო წნეხის ქვეშ ხართ?

9. გაქვთ განცდა, რომ სამსახურისგან იმას ვერ იღებთ, რაც გსურთ?

10. გაქვთ განცდა,, რომ შეუსაბამო ორგანიზაციაში, შეუსაბამო პროფესიაში ხართ?

11. სამსახური თქვენში ერთგვარ იმედგაცრუებას იწვევს?

12. გაქვთ განცდა, რომ ორგანიზაციული პოლიტიკა ან ბიუროკრატია ხელს გიშლით კარგად მუშაობაში?

13. გაქვთ განცდა, რომ სამუშაო იმაზე მეტია, ვიდრე პრატიკულად მისი შესრულების უნარი გაქვთ?

14. გაქვთ განცდა, რომ დრო არ გყოფნით იმ საქმეების უმეტესობისთვის, რომელთა გაკეთებაც ხარისხიანი მუშაობისთვისაა საჭირო?

15. გაქვთ განცდა, რომ სამუშაოს დაგეგმვისთვის იმდენი დრო არა გაქვთ, რამდენსაც ისურვებდით?
შეაჯამეთ ქულები.

ქულების ინტერპრეტაცია:

15-18 – გადაღლის ნიშნები არ შეიმჩნევა.
19-32 – გადაღლის პირველი ნიშნები შესამჩნევია.
33-49 – ფრთხილად იყავით – გადაღლა გემუქრებათ.
 
50-59 – მძიმე გადაღლა გემუქრებათ.
60-75 – სასწრაფოდ იღონეთ რამე სიტუაციის გამოსასწორებლად.

დაწყებითი სასკოლო განათლების როლი პიროვნების ჩამოყალიბებაში

0
მთელი სასკოლო პერიოდის განმავლობაში არ მოიძებნება ხანა, რომელიც ბავშვის პიროვნების ფორმირებაში აქტიური ჩარევის, აღსაზრდელზე ზემოქმედების ისეთ ფართო შესაძლებლობას აძლევდეს აღმზრდელს, პედაგოგს, როგორსაც დაწყებითი სასკოლო პერიოდი. ამავე დროს, არც ერთ პერიოდში არ დგას აღმზრდელი სასწავლო-აღმზრდელობითი მუშაობისას შეუმჩნეველი, გაუცნობიერებელი შეცდომების დაშვების ისეთი დიდი საშიშროების წინაშე, როგორისაც დაწყებით კლასებში. ამ პერიოდში აღმზრდელთა შეცდომები, რომელთა შედეგებიც, ჩვეულებრივ, მოგვიანებით იჩენს თავს, სავალალო დაღს ასვამს მოსწავლის პიროვნებას. უფროს სასკოლო ასაკში პედაგოგების მიერ შემჩნეულ იმ ნაკლოვანებათა გამოსწორების ყოველგვარი მცდელობა, რომლებიც წინა წლებში მოზარდთან არასწორი აღმზრდელობითი მუშაობის შედეგია, ხშირად უშედეგოდ მთავრდება.

ყოველივე ეს განპირობებულია პირველი სასკოლო ასაკისთვის დამახასიათებელი ფსიქოლოგიური თავისებურებებით, ამ ასაკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თავისებურება კი ის არის, რომ ამ პერიოდში ბავშვი უფროსების, განსაკუთრებით – მასწავლებლის, ყოველგვარ შეფასებას, შენიშვნას, გაკიცხვასა თუ საყვედურს უკრიტიკოდ, მორჩილად იღებს, განურჩევლად იმისა, სამართლიანი და ობიექტურია ის თუ უსამართლო და მიკერძოებული. მასწავლებლის ყოველგვარი ზემოქმედების უკრიტიკოდ მიღება მოსწავლის მიერ განპირობებულია იმით, რომ სასკოლო ცხოვრების დასაწყისში პედაგოგი ბავშვისთვის ხელშეუხებელ და უცილობელ ავტორიტეტს წარმოადგენს. პატარებს ეჭვი არ ეპარებათ მასწავლებლის ქცევის მართებულობაში და მისი განხილვის საჭიროებას ვერ გრძნობენ. უმცროს კლასელებს სიტყვისა და მოქმედების არავითარი მოტივირება, არავითარი არგუმენტაცია არ სჭირდებათ და არც ელიან მასწავლებლისგან. ეს, ერთი მხრივ, მოსწავლეებზე აღმზრდელობითი ზემოქმედების დიდ შესაძლებლობას აძლევს მასწავლებელს, მეორე მხრივ კი ხელს უშლის, დაინახოს საკუთარი შეცდომები მოსწავლის ცოდნისა და პიროვნების შეფასების, ამა თუ იმ სააღმზრდელო ღონისძიების გამოყენებისას. გარდამავალ და უფროს სასკოლო ასაკში მოსწავლის ჯიუტობა, უხეშობა, უკმაყოფილება მასწავლებლის მიმართ ამ უკანასკნელის მიერ ამა თუ იმ სააღმზრდელო ღონისძიების გამოყენების, მოზარდის ცოდნისა და პიროვნების შეფასების დროს ერთგვარად სასიგნალო ფუნქციას ასრულებს პედაგოგებისთვის და ყველა თუ არა, ზოგიერთი მათგანი მაინც საჭიროდ მიიჩნევს, ანალიზისა და კრიტიკის საგნად აქციოს თავის მიერ გამოყენებულ ღონისძიებათა ვარგისობა და სამართლიანობა, და თუ ასეთი პედაგოგი მასთან კონფლიქტში მყოფ მოსწავლესთან ურთიერთობისას ვეღარაფერს შეცვლის, შეეცდება მაინც, სხვასთან აღარ მოუვიდეს იგივე შეცდომა და ურთიერთობა სხვაგვარად წარმართოს.

ვინაიდან დაწყებით კლასებში მასწავლებელი არც ერთი აღმზრდელობითი ღონისძიების გამოყენებისას არ აწყდება ბავშვის წინააღმდეგობას, მას არავითარი კრიტერიუმი არ გააჩნია საკუთარი მოქმედების სამართლიანობისა და ვარგისობის შესაფასებლად და ამიტომ ნაკლებად მიმართავს თვითკრიტიკას, საკუთარი აღმზრდელობითი ზემოქმედების კრიტიკულ ანალიზს. ყოველივე ამან კი, ადვილი შესაძლებელია, ხელი შეუწყოს მასწავლებლის მიერ არასწორი აღმზრდელობითი ღონისძიებების სისტემატურ გამოყენებას, ეს კი, თავის მხრივ, მოსწავლის პიროვნების განვითარების მცდარი გეზით წარმართვის მიზეზად იქცეს. ამ მხრივ განსაკუთრებით დიდია საფრთხე სასაკოლო ცხოვრების დასაწყისში, ბავშვის სკოლასთან ადაპტაციის დროს, რადგან სწორედ ამ პერიოდში ჩამოყალიბებული დამოკიდებულებები და ღირებულებები განსაზღვრავს ბავშვის მთელი სასკოლო ცხოვრების ხასიათს, იმას, რამდენად მიმზიდველი და საინტერესო იქნება მისთვის სკოლა და სწავლის პროცესი.

სამწუხაროდ, პედაგოგებისა და მშობლების უმრავლესობას არასწორად ესმის ბავშვის სკოლასთან ადაპტაციის ცნება. მათი აზრით, სკოლასთან ადაპტაცია ნიშნავს მასწავლებლისადმი ბავშვის უსიტყვო მორჩილებას, მისი მოთხოვნების უსიტყვო და განუხრელ შესრულებას. უნდა ითქვას, რომ ბავშვების უმრავლესობას ძალიან ადვილად, სულ რამდენიმე კვირის განმავლობაში გამოუმუშავდება აღნიშნული უნარი, მაგრამ რაკი მასწავლებლისადმი უსიტყვო მორჩილება უმცროსი სასკოლო ასაკის მოსწავლისთვის დამახასიათებელი ფსიქოლოგიური თავისებურებებით შეიძლება იყოს გამოწვეული, მხოლოდ ეს უნარი ვერ გამოდგება იმის შესაფასებლად, როგორ მიმდინარეობს და როდის მთავრდება ამა თუ იმ ბავშვში სკოლასთნ ადაპტაციის პროცესი. ზოგიერთი პედაგოგის აზრით, ბავშვის სკოლასთან ადაპტაციის პროცესი სულ რამდენიმე კვირას უნდა გაგრძელდეს და თუ ის ამ ხნის განმავლობაში ვერ მიეჩვია სკოლის მიერ წაყენებული მოთხოვნების შესრულებას, მასთან საგანგებო მუშაობაც ვეღარაფერს შეცვლის, ადრე თუ გვიან ის მაინც ძნელად აღსაზრდელთა რიგებში მოხვდება. ხშირად უფროსები ამა თუ იმ მოსწავლის შესახებ ასეთ წარმოდგენას მასთან უშუალო ურთიერთობის დროსაც ვერ მალავენ და ადვილი შესაძლებელია, სასკოლო ცხოვრების დასაწყისში მასწავლებლის ასეთი შეფასებითი დამოკიდებულებით დაღდასმული ბავშვი მომავალში მართლაც მოხვდეს სკოლის რეჟიმს შეუგუებელ და ძნელად აღსაზრდელ მოსწავლეთა რიცხვში. თავისთავად ცხადია, მიზეზთა გამო შეუძლებელია, სკოლასთან ადაპტაციის პროცესი ყველა ბავშვში ერთნაირად წარიმართოს და ერთსა და იმავე ხანს გაგრძელდეს, ამიტომ, თუნდაც მოსწავლეს სკოლაში მისვლიდან რამდენიმე თვის შემდეგაც კი უჭირდეს სკოლის მოთხოვნების შესრულება, ეს არ გვაძლევს უფლებას, მასთან მუშაობა უშედეგოდ და უიმედოდ მივიჩნიოთ და მასში აუცილებლად ძნელად აღსაზრდელი მოსწავლე დავინახოთ. ამასთან, არც უსიტყვო მორჩილებაა იმის ნიშანი, რომ სკოლასთან ადაპტაციის პროცესი ნორმალურად მიმდინარეობს და მოსწავლის ადაპტაციის დონე მაღალია. ბავშვის სკოლასთან ადაპტაციის დონისა და ხასიათის განსაზღვრისთვის აუცილებელია ვიცოდეთ: პირველკლასელის სკოლისადმი დამოკიდებულების ხასიათი; რამდენად ადეკვატურად აღიქვამს ის წაყენებულ მოთხოვნებს; როგორ ითვისებს სასწავლო მასალას; რამდენად ყურადღებიანია გაკვეთილზე; აინტერესებს თუ არა ის, რასაც გაკვეთილზე ეუბნებიან; შეუძლია თუ არა დავალებების გარეგანი კონტროლის გარეშე შესრულება; როგორია მისი სოციალური სტატუსი კლასში; იჩენს თუ არა ინტერესს დამოუკიდებელი სასწავლო საქმიანობისადმი.

სასკოლო ცხოვრების დასაწყისი ძალზე სათუთი და ყველაზე კეთილსასურველი პერიოდია იმისთვის, რომ ბავშვს სწავლისადმი დადებითი დამოკიდებულება გამოუმუშავდეს, ამისთვის კი აუცილებელია, პედაგოგმა შთაუნერგოს მას საკუთარი შესაძლებლობების რწმენა, ხელი შეუწყოს საკუთარი მდგომარეობის, საკუთარი შესაძლებლობების ადეკვატურ შეფასებაში, მით უმეტეს, რომ ადეკვატური თვითშეფასება სკოლასთან ბავშვის ადაპტაციის და მასთან ურთიერთობისას მოსალოდნელი სირთულეების თავიდან აცილების ხელშემწყობი ფაქტორია. ვინაიდან თვითშეფასება – საკუთარი შესაძლებლობებისა და თვისებების შეფასების უნარი – სასკოლო ცხოვრების დასაწყისში ბავშვს ძირითადად მასწავლებელთან შეფასებითი დამოკიდებულების, მასწავლებლის მიერ მისი პიროვნებისა და შესაძლებლობების შეფასების საფუძველზე უყალიბდება, აღნიშნულ პერიოდში პედაგოგს განსაკუთრებული სიფრთხილე მართებს ბავშვის პიროვნების, მისი თვისებებისა და შესაძლებლობების შეფასების დროს. განსაკუთრებით ცუდად მოქმედებს ბავშვზე სასკოლო ცხოვრების დასაწყისში მისი პიროვნების უარყოფითი შეფასება მასწავლებლის მხრივ. საყურადღებო ფაქტად უნდა ჩაითვალოს ის, რომ მთელი სასკოლო ცხოვრების განმავლობაში პედაგოგები ყველაზე ხშირად დაწყებით კლასებში იყენებენ უარყოფით შეფასებებს – სწორედ იმ პერიოდში, როცა ბავშვებს ყველაზე ნაკლებად სჭირდებათ ეს. ამას ალბათ ხელს უნდა უწყობდეს უმცროსი სასკოლო ასაკის მოსწავლისთვის დამახასიათებელი ფსიქოლოგიური თავისებურება – უსიტყვოს დაემორჩილოს მასწავლებელს და მისი ყოველგვარი შეფასება უკრიტიკოდ მიიღოს. სავარაუდოდ, ბავშვის ამ ასაკობრივი თავისებურების გამო ამ პერიოდში ბევრი პედაგოგი უხვად იყენებს გამკიცხავ სიტყვებს – როგორც საჭიროებისას, ასევე მაშინაც, როცა ამის აუცილებლობა არ არსებობს. მაგალითად, ხშირია შემთხვევა, როცა მასწავლებელი კიცხავს დაწყებითი კლასის მოსწავლეს იმის გამო, რომ მან ვერ გაიგო მისი ახსნილი, ვერ დაწერა ისე, რომ მასწავლებელს მოსწონებოდა, ვერ კითხულობს ისე სწრაფად და უშეცდომოდ, როგორც მასწავლებელი მოითხოვს მისგან. ასეთ დროს მასწავლებლის საყვედურები უფრო მეტად აშინებს, აბნევს ბავშვს, აეჭვებს საკუთარ შესაძლებლობებში, საკუთარ ძალებში, ყოველივე ეს კი მის მოქმედებას გაუმჯობესების ნაცვლად აუარესებს. ამიტომ სასურველია, დაწყებით კლასებში რაც შეიძლება ნაკლებად გამოვიყენოთ უარყოფითი შეფასება, იშვიათად, მხოლოდ განსაკუთრებული საჭიროების შემთხვევაში გავკიცხოთ და ვუსაყვედუროთ ბავშვს. დაწყებით კლასებში, განსაკუთრებით კი სწავლის პირველ წელს, მოსწავლე თავისი შესაძლებლობების მაქსიმალური ამოქმედებით ცდილობს შეასრულოს მასწავლებლის ყოველი დავალება და თუ რაიმე ისე არ გამოსდის, როგორც მისგან მოითხოვენ, კი არ უნდა გავკიცხოთ და ვუსაყვედუროთ, არამედ უნდა დავეხმაროთ. დაწყებით კლასებში მოსწავლის მიმართ უარყოფითი შეფასების, გამკიცხავი სიტყვებისა და საყვედურების გამოყენება იმითაც არის ცუდი, რომ ამ პერიოდში ძირითადად მასწავლებლის შეფასებასა და მოქმედებაზეა დამოკიდებული, როგორ შეაფასებენ მოსწავლეს თანატოლები, როგორი წარმოდგენა შეექმნებათ მასზე, როგორ განხორციელდება მასთან სოციალური ადაპტაციის პროცესი და რა ადგილს დაიკავებს ის თანატოლთა შორის, როგორი იქნება მისი სოციალური სტატუსი ჯგუფში. ცნობილია, რომ თუ ბავშვი დაწყებით კლასებში ხშირად იმსახურებს მასწავლებლისგან უარყოფით შეფასებას, თანატოლებს მისდამი უარყოფითი დამოკიდებულება გამოუმუშავდებათ – არ სურთ მასთან თამაში, გაურბიან მასთან ურთიერთობას. თანაკლასელების ასეთი დამოკიდებულების გამო ბავშვი ხდება ჩაკეტილი, გულჩათხრობილი, გაკვეთილზე პასუხის დროს შიში ეუფლება და მაქსიმალურად ვერ ავლენს თავის ცოდნასა და შესაძლებლობებს. ამ პერიოდში ის არავითარ ხერხს არ მიმართავს, რომ თანატოლებს მისდამი დამოკიდებულება შეაცვლევინოს, მოგვიანებით კი, როცა მას სოციალური აღიარების მოთხოვნილება გაუჩნდება, ის ყოველ ღონეს ხმარობს თანატოლთა მხრივ აღიარებისა და პატივისცემის მოსაპოვებლად და ამისთვის ხშირად არცთუ სასურველ გზას ირჩევს – იწყებს გაკვეთილზე ცელქობას, ხელს უშლის მასწავლებელს, ცდილობს მის წონასწორობიდან გამოყვანას, რის გამოც ხშირად იმსახურებს შენიშვნებს, მაგრამ ეს სრულიადაც არ აღელვებს; პირიქით, ყველაფერს აკეთებს, რომ რაც შეიძლება ხშირად მიიღოს შენიშვნა და საყვედური, რადგან ეს საშუალებას აძლევს, ხშირად მოხვდეს თანატოლთა ყურადღების ცენტრში. თუ ასეთმა მოსწავლემ მაინც ვერ დაიკავა ჯგუფში სასურველი ადგილი და თანატოლთა მხრივ აღიარებას ვერ მიაღწია, ის სხვა გზების ძებნას იწყებს. ეძებს ადამიანებს, რომლებიც მას აღიარებენ და პატივს სცემენ; მათ უმეტესად ქუჩაში პოულობს და ადვილად ექცევა ქუჩის გავლენის ქვეშ. ასე ყალიბდება სისტემატური უარყოფითი შეფასების საფუძველზე გართულებული სოციალური ადაპტაციის შედეგად ერთ დროს მშვიდი, წყნარი, გულჩათხრობილი, დამჯერი, უწყინარი ბავშვისგან, რომელიც უსიტყვოდ და უკრიტიკოდ იღებდა მასწავლებლის ყოველ შენიშვნასა და საყვედურს, ძნელად აღსაზრდელი და მომავალში საზოგადოებისთვის საშიში პიროვნება. ამიტომ დაწყებით კლასებში, განსაკუთრებით კი ბავშვის სკოლასთან ადაპტაციის პერიოდში, ყოველნაირად უნდა ვერიდოთ ბავშვის პიროვნებისა და შესაძლებლობების უარყოფით შეფასებას, მეტადრე – მისი თანატოლების თანდასწრებით, ვინაიდან მომავალში ეს შესაძლოა დაუძლეველ სირთულეთა აღმოცენების მიზეზად იქცეს.

შორენა ტყეშელაშვილი – ჯინსებიანი წმინდანების მომავალი. თაობები და ღირებულებები

0

მე არ მქონია ფუფუნება სკოლაში, საგნის გარეთ, საზეპიროების მიღმა გვესაუბრა თავისუფალ თემებზე, საყოველთაო ღირებულებებზე, სიყვარულზე, მეგობრობაზე, სამშობლოს სიყვარულზე, ადამიანების ნდობასა და უნდობლობაზე, ტოლერანტობაზე, ჩვენი წიგნების კარადაზე  და ყველაზე მთავარ ღირებულებაზე – სიცოცხლეზე. თუმცა, ამის მოთხოვნილება ყოველთვის არსებობდა კლასში, საუბარი თავისუფალ გარემოში, მასწავლებელსა და მოსწავლეებს შორის, ყველანაირი იერარქიული დაქვემდაბარების გარეშე, არასავალდებულო და არაფორმალური შეხვედრების ფარგლებში. გაკვეთილის ის ბოლო ხუთი წუთი, რომელიც თავისუფალი აზრის გამოთქმას ეთმობოდა და მგონი ესეც სპონტანურად მოპოვებული გამარჯვება იყო, არ იყო საკმარისი და  განსაკუთრებული უნარები იყო საჭირო, თითოეულ მოსწავლეს  მოესწრო საკუთარი შეხედულების გასაგებად გადმოცემა. სწორედ,  ამიტომ ყველა დასწრებაზე ვიყავით და სულმოუთქმელად ვცდილობდით ჩვენი სათქმელი გვეთქვა, ჩვენი თავი გამოგვეხატა. მაშინ აზრის გამოხატვა იყო ჩვენთვის  ყველაზე მნიშნელოვანი ღირებულება. სანამ ზარი დაირეკებოდა, სანამ მასწავლებელი არ შეგვახსენებდა, რომ “ბატებივით არ გვეყაყანა” , ერთმანეთისთვისაც გვეცლია, არადა როგორი რთულია  ბოლო ხუთ  წუთში ყველამ მოასწროს თავის სათქმელის ჩატევა.  მოკლედ, არ გვყოფნიდა.


 არადა, ყველაზე მეტად, სწორედ ეს გვჭირდებოდა, “ყაყანი” – საკუთარი დამოკიდებულებების გასაზიარებლად, დაზეპირებული ტექსტებიდან გამოსვლა და ჩვენი, ცოცხლი და გულწრფელი შინაარსის მოყოლა, გვჭირდებოდა მაორიენტირებელი – მასწავლებელი, რომელიც ამ მეტად საინტერესო პროცესის მეგზური იქნებოდა ჩვენთან ერთად. რათა, საკუთარი პიროვნება  და ამ პიროვნების როლი გაგვეაზრებინა. ჩვენი, როგორც მომავალი მოქალაქის როლი, რომელიც ძალიან მალე დაგვჭირდებოდა.

 სკოლამდე ჩვენ მივედით რაღაც ღირებულებებით, რომელთა მიღება ნაწილობრივ ოჯახში მოვახერხეთ, სკოლა კი სამწუხაროდ არაეფექტური აღმოჩნდა ამ პროცესის გასაგრძელებლად, რადგან სასწავლო პროგრამა არ ითვალისწინებდა თავისუფალ გაკვეთილებს, არაფორმალურ შეხვედრებს, თავისუფალ საუბრებს, რომელიც დაგვაფიქრებდა ჩვენს თავზე, სხვებზე, იმ სოციუმზე სადაც გვიწევდა და მომავალში მოგვიწევდა ცხოვრება, რომელსაც სჭირდებოდა  მოქალაქე, გააზრებული პასუხისმგებლობით და ვალდებულებებით.


 რამდენად უწყობს დღეს თანამედროვე  სკოლა მსგავსი ინიციატივების გაჩენას, რომელმაც უნდა წაახალისოს დისკუსიები და თავისუფალი მსჯელობა, რაც კრიტიკული და შემოქმედებითი უნარების განვითარების წინაპირობაა, რათა მოსწავლეებმა გაიაზრონ, რომ  მათი წილი სამოქალაქო პასუხისმგებლობის პოტენციალი  მათ ხელშია და სწორედ მათ უნდა შექმნან სამოქალაქო საზოგადოება. ასე მგონია, დღეს უფრო მეტად არის შანსი პასუხი გაეცეს შეკითხვებს, რომლებიც არსებობს. დაისვას უფრო მეტი შეკითხვები და პრობლემის გადაწყვეტის გზებიც უფრო მარტივი მოსაძებნია. რა  ღირებულებების მატარებელი იქნება მომავალი თაობა დღეს, ან რისი სწავლება შეუძლიათ მათთვის მშობლებს, რა როლი ენიჭება მედიას, საზოგადოებრივ მაუწყებელს, ოჯახს, სკოლას და საზოგადოებას, ეს ის თემებია, რომელიც სკოლას, ოჯახს და სახელმწიფოს თანაბრად უნდა აინტერესებდეს.


ღირებულებები კი ყველა თაობისთვის განსხვავებულია. არის ღირებულებები, რომელიც სხვადასხვა დროში  მოდიფიცირდება, იერს იცვლის, საზოგადოებისთვის უფრო გასაგები, ორგანული და მისაღები ხდება. ზოგიც, პირიქით უცხოვდება და უფასურდება. ზოგსაც, ზედმეტად ვებღაუჭებით და წარსულისადმი ნოსტალგიით შეპყრობილები მათზე დამოკიდებულები ვხდებით,  მაგრამ, ამის პარალელურად არსებობს ის უცვლელი  ფასეულობები, რომლის ჭეშმარიტებას ყველა თაობის წარმომადგენელი ვეთანხმებით და ვიზიარებთ, მიუხედავად იმისა რომ  ხანდახან ძალიან ტრაფარეტულად და პათეტიკურად გამოითქმის და ჟღერს, მაგრამ მაინც ფასეული და ჭეშმარიტი ღირებულებებია, რომლებიც ხანდახან ერთ მუშტად გვკრავს, გვაერთიანებს და სწორ ორიენტირებს გვაძლევს, ჩვენში სიყვარულის, სიკეთის და ემპათიის განცდებს იწვევს.


გვჭირდება თუ არა გმირები, წმინდანები ან ჩვეულებრივი ადამიანები, რომლებმაც თავიანთი ცხოვრებით ის საკრალური , რუტინული წრე გაარღვიეს  ყველას რომ გვაერთიანებს  და სამაგალითოები გახდნენ ყველასთვის, მოდუნებული უფროსი თაობისთვის და უმცროსი თაობისთვის, რომელიც მუდმივად ითხოვს არგუმენტირებულ და ცოცხალ მაგალითებს, “ავტორიტეტებს ” ამ სიტყვის მხოლოდ საუკეთესო გაგებით, რომელიც სულ სხვანაირ გმირებს ნიშნავს, გმირებს – მეგობრებს, გმირებს- მსმენელებს,  გმირებს – ჩვენნაირებს, მეგობარ-მშობლებს, ჯინსიან, აიპადიან წმინდანებს, კედებით მოსიარულეებს, ანაფორის გარეშე, რომლებიც დადიან ჩვენთან ერთად,  უსმენენ მუსიკას, უჭირთ ჩვენნაირად, იღიმიან ძალდაუტანებლად, ისინი არ გვაფრთხობენ, პირიქით როცა გვიჭირს მათთან გავრბივართ დახმარების სათხოვნელად.


სწორედ, ღირებულებებია ის მთავარი ფუძე, რაზეც დგას  ჩვენი სამოქალაქო  ცნობიერება და ამ ღირებულებების ცოდნა კი გვეხმარება სწორი სამოქალაქო პოზიცია დავიჭიროთ და საზოგადოების სრულფასოვანი წევრები გავხდეთ.


 მანამდე კი, როგორი დაღლილებიც არ უნდა ვიყოთ, მოვუსმინოთ ბავშვებს, სანამ მათ ვჭირდებით.


 

ერთსა და იმავე მდინარეში ორჯერ ვერ შედიან

0
გვერდის პარტნიორია გამომცემლობა “ინტელექტი”

– შეგიძლიათ თუ არა გვიამბოთ პოეტსა და მკითხველ პუბლიკას  შორის  ურთიერთობათა  განსხვავებაზე შეერთებულ შტატებსა და რუსეთში, თქვენი აზრით სად აქვს პოეტს უფრო შესაფერისი  როლი: რუსეთში,  სადაც  “პოეტი  უფრო მეტია, ვიდრე პოეტი”, თუ  ამერიკაში, სადაც პუბლიკა ყველაზე უფრო სახელგანთქმულ პოეტებსაც კი არ იცნობს?

იოსიფ ბროდსკი: – ვფიქრობ, რომ უფრო ჯანსაღი სიტუაცია მაინც ამერიკაში შეიქმნა პოეტისთვის, ნაკლებ მიმზიდველი, მაგრამ მაინც უფრო ჯანსაღი. პოეტი რაღაც გამორჩეული მოვლენა როდია საზოგადოებაში, იგი სახელმწიფოს ჩვეულებრივი მოქალაქეა, მისი სივრცის მკვიდრი. პოეტის როლი რუსეთში ჩემი აზრით, თავსმოხვეულია, ერთი მხრივ,  ისტორიით, მეორე მხრივ კი – თვით პოეტების დაუდევრობით. ეს ორი მოვლენა თითქოს ისტორიულად ერწყმის ერთმანეთს… აქ აშშ-ში ამის მსგავსი არაფერი მომხდარა. აქ საფუძვლიანად დამკვიდრდა ინსტიტუტები, რომლებიც საზოგადოებას აკრიტიკებენ. ესენი ძირითადად ოპოზიციური პარტიები არიან. ასე რომ, საზოგადოების კრიტიკოსის როლი პოეტს როგორღაც სცილდება. ის მხოლოდ იმ შემთხვევაში განაგრძობს არსებობას, თუ პოეტი თავისი ტემპერამენტის, განწყობილების,  და ვითარების მიხედვით აუცილებლად  მიიჩნევს რაიმე თქვას, მაშასადამე, ხმა მისცეს მაკრიტიკებელთა გუნდს. მაშინ იგი უერთდება ამ გუნდს  ან ცდილობს მისი ხმა გადაფაროს კიდეც. მაგრამ ტრიბუნის ან ხალხის იმედის გამომხატველის ასპარეზი ამერიკელი პოეტისათვის უკიდურესად უცხოა. სინამდვილეში პოეტს არავითარი როლი არ აკისრია გარდა ერთისა: წეროს კარგად. სწორედ ეს არის მისი ვალი საზოგადოებასთან მიმართებაში, თუ  საერთოდ, სერიოზულად ვილაპარაკებთ რაიმე  ვალზე. რამეთუ  პოეტს არ ნიშნავს საზოგადოება, ამიტომ საზოგადოებას არ  შეშვენის რაიმე  მოვალეობები  დააკისროს მას. როცა პოეტი სარგებლობს საზოგადოების ენით,  ქმნის მის ენაზე და ქმნის განსაკუთრებით კარგად, ამით თითქოს ნაბიჯს დგამს საზოგადოებისაკენ. და თუმცა პოეტი  არ არის მოვალე საზოგადოების  წინაშე რომ  წეროს,  საზოგადოება, სიმართლე რომ ითქვას, მოვალეა წაიკითხოს, რადგანაც პოეზია არსებითად ლინგვისტური გარდუვალობაა. და თუ პოეტი ნაბიჯს დგამს საზოგადოებისაკენ, მაშ საზოგადოებაც უნდა დგამდეს ნაბიჯს მისკენ. აი, დაახლოებით ის რის ახსნასაც ვცდილობ ადგილობრივი პუბლიკისათვის ჩემი შესაძლებლობების ფარგლებში.
– თქვენ ერთხელ თქვით, “თანამედროვე ამერიკული პოეზია უფრო დინამიკურია, ვიდრე დასავლეთ ევროპის პოეზიაო”, – რით გამოიხატება იგი?
– ამერიკული პოეზია არის მოვლენა უჩვეულოდ საინტერესო და  საკმაოდ  განსხვავებული  თავისი  ევროპული  დებისგან. არსებითად ეს გახლავთ ადამიანის ავტონომიის განუწყვეტელი ქადაგება. რუსული პოეზია, რასაკვირველია, ძლიერია თავისი ევ- ფონიით, მაგრამ, ჩვენ თუ  დიდაქტიკურ ასპექტზე საქმის არსზე ვლაპარაკობთ, მაშინ რუსულ პოეზიას ახასიათებს რაღაცნაირი, ზოგადი ნუგეშისმცემელი ტენდენცია, მსოფლწესრიგის გამართლების ტენდენცია. მაშასადამე, რუსულ სიტყვაკაზმულობაში ან ევროპაში თუ   პოეტის ან მისი ლირიკული გმირის სახე ყო- ველთვის თითქოს ტრაგიკული ფიგურაა, სამსხვერპლო ფიგურა, იგი ჩვენთან მუდამ იტანჯება… იგი უხეშად რომ ვთქვათ, ცუდად გრძნობს თავს. უკეთეს შემთხვევაში, იგი სამყაროს აღიქვამს მნიშვნელოვანწილი ფატალიზმით. ამერიკულ პოეზიაში ეს სულ მთლად ასე როდია. ეს უფრო იდეაა  აბსოლუტური  ადამიანური ავტონომიისა, შეგრძნებაა იმისა, რომ  ადამიანი ყოველთვის თვითონ  არსებობს, ასე ვთქვათ,  თავისი ნამდვილი  სახით. და მასზე, ამ ადამიანზეა დამოკიდებული, წინააღმდეგობას გაწევს თუ  არა.  ამერიკელი  პოეტი  საჩვენებელ  თითს 360 გრადუსით არ ატრიალებს დამნაშავის საპოვნელად. მან იცის, რომ  უფრო თვითონ არის დამნაშავე. ეს სრულიად სხვა ფსიქიკური წყობაა, სხვა მენტალობაა, ეს არის ლიტერატურა ინდივიდუალური პასუხისმგებლობისა. ადამიანი პასუხს აგებს თავის ცხოვრებაზე, მის მიერ გაკეთებულ არჩევანზე და, თუ რაღაც ისე არ გამოდის, იგი უფროსს ან რომელიმე სახელმწიფო მოღვაწეს არ საყვედურობს, იგი საყვედურობს ან საკუთარ თავს, ან მთლიანობაში ეკზისტენციალურ  წესს. ამის გარდა, ამერიკულ  პოეზიაში  არა ჩანს ტენდენცია თვითჰეროიზებისა, თვითდრამატიზებისა. რასაკვირველია, ამერიკულ პოეზიას, ისევე როგორც ყველა სხვას, აქვს თავისი საკუთარი ზადი: მეტისმეტად ბევრი პროვინციელი ვიზიონერი ან საკუთარ შინაგან ცხოვრებაზე ზრუნვით შეწუხებული ნევრასთენიკი – ყოველივე ეს არსებობს, მაგრამ ტენდენცია ნუგეშისცემისა,  მსოფლწესრიგის  გამართლებისა  ან, პირიქით, საკუთარი თავის წარმოდგენა როგორც ტრაგიკული ან ჰეროიკუ- ლი ფიგურისა, თითქოსდა ერთგვარი პრომეთესი, ვის ღვიძლსაც არწივი ძიძგნის (ეს უფრო მეტია – ალკოჰოლის მეტაფორაა) – აი, ეს ამერიკულ ლიტერატურას არ ახასიათებს.


– იმავე დროს თქვენ შენიშნეთ, “ამერიკული პოეზია ფორმით მოიკოჭლებს”. ეგებ აგეხსნათ?
– დიახ, ვთქვი. მაგრამ ეს პირადად მე მეჩვენება, რომ მოიკოჭლებს. არც მკითხველი და არც – მით უარესი – ავტორთა უმრავლესობა ასე არ ფიქრობს. XIX საუკუნის დასასრულს ამერიკულ სიტყვაკაზმულობაში აღმოცენდა სავსებით ახალი, ასე ვთქვათ, აფორმალური იდიომატიკა, რომელსაც ბუნებრივია მაშინვე აღმოაჩნდა საკუთარი გენეალოგია, როგორც ყველაფერს ამქვეყნად. პრინციპულად, ამერიკული პოეზია – უფრო ზუსტად აქა თუ  იქ გამოქვეყნებული ლექსები – დღეს მიისწრაფვის იმისაკენ, რასაც სავსებით კეთილშობილი სახელი “ორგანული ლექსი” ჰქვია. ეს დაახლოებით ამას ნიშნავს: წერე ის, რასაც ღმერთი გიბოძებს, მაშასადამე, ფორმის შუამავლობის გარეშე. უმრავლესობა იმისა, რაც უკანასკნელ ათწლეულში იბეჭდება, დაწერილია, როგორც უწოდებენ, “თავისუფალ” ლექსად. თავისუფალი ლექსი არც ისე იოლი საქმეა. საკუთარი გამოცდლებით იმასაც დავუმატებდი, რომ  გაცილებით მეტ შრომას მოითხოვს, ვიდრე ტრადიციული ლექსი. როგორც ყველა ცნება, რომელსაც წინ უძღვის  “თავისუფალი”, ესეც დაზუსტებას მოითხოვს: თავისუფალი  – რისგან?
თავისუფლება არ არის დამოუკიდებელი ავტონომიური ცნება. ეს დეტერმინირებული ცნებაა. ფიზიკაში იგი დეტერმინირებულია სტატიკით პოლიტიკაში – მონობით, რაც შეეხება ტრანსცენდენტურ სამყაროს – რა თავისუფლებაზე შეიძლება ლაპარაკი, თუკი მოსალოდნელია განკითხვის ჟამი? ესე იგი, თავისუფლება ყოველ- თვის რეაქციაა რამეზე. ეს უფრო წინააღმდეგობათა დაძლევაა, გათავისუფლებაა.  სხვა სიტყვებით  რომ  ვთქვათ,  თავისუფალი ლექსი არსებითად არის დაძლევა ფორმისა, დაძლევა მეტრული ლექსისა. ორივე სქესის ახალგაზრდათა უმრავლესობა ახლა ლექსის წერას რომ  დააპირებს, პირდაპირ ამ დაძლევას სხვისეული შედეგებით იწყებს, ამ ორგანული გათავისუფლებული ფორმით. ესე იგი, ისინი სარგებლობენ არა პირადად მათ მიერ მოპოვებული ან თუნდაც ნასესხები, არამედ ინერციით მიღებული თავისუფლებით. ჩემი შეხედულებით, თავისუფალი ლექსით რომ ისარგებლოს, საჭიროა პოეტმა მას იმავე  გზით მიაღწიოს, რომლითაც მივიდა მასთან ინგლისური სიტყვაკაზმულობა. მაშასადამე, მინიატურაში საკუთარი ცხოვრების ჩარჩოებში პოეტმა უნდა  გაიმეოროს მანამდე ლიტერატურის მიერ განვლილი გზა, ესე იგი, განვლოს ფორმალური სკოლა. წინააღმდეგ შემთხვევაში, სტრიქონში სიტ- ყვის  ხვედრითი წონა შეიძლება ნოლს გაუტოლდეს.

– როგორ წყვეტთ ხოლმე, რომელიმე ლექსი რუსულად დაწეროთ თუ  ინგლისურად?
– რაიმე განსაკუთრებული გადაწყვეტილების მიღება არ მჭირდება. პრინციპულად ლექსებს უმეტესად  რუსულ  ენაზე ვწერ, ინგლისურ  ენაზე კი ძირითადად  სტატიებს,  პროზას. არჩევანს განსაზღვრავს დამკვეთი. ვთქვათ, ჟურნალი გთხოვთ რეცენზიის დაწერას,  გამომცემლობას  სჭირდება  წინასიტყვაობა,  ამ შემთხვევაში ყოველთვის გეძლევათ რაღაც გარკვეული ვადა. რა თქმა უნდა, შეიძლებოდა ჯერ რუსულად დაგეწერათ და მერე გეთარგმნათ ინგლისურად. ამ გზით მეტ ფულსაც მოაგროვებდით, არა? თავიდან რომ ემიგრანტულ გამოცემებში დაგებეჭდათ (თუ ჰონორარსაც იხდიან)…

– ჰო?…
– დიახ, ზოგი იხდის… მაგრამ ასე ვერანაირ ვადაში ვერ  ჩაეტევით. ამიტომ ჯერ კიდევ ასე 83-ში, 84-ში თუ  85-ში დავიწყე ინგლისურ  ენაზე წერა.  რაც შეეხება ლექსებს, ენის  ამორჩევა, რომელზეც წერ, საერთოდ საჭირო არც ხდება. ლექსი თვითონ გკარნახობს თავის თავს – თანაც მანამდე, სანამ იმას მოიფიქრებ,  თუ  რომელ ენაზე ხდება ეს. რასაკვირველია, მე  ლექსებს ინგლისურ  ენაზე ვწერ,  მაგრამ ძალიან  იშვიათად,  მხოლოდ  იმ შემთხვევაში,  როცა თავში  სწორედ რაღაც ინგლისური  სპეციფიკური ინგლისურენოვანი კადენცია მომივა ან თუ  გამიჩნდება რაიმე ფაქტურა, რომელიც, როგორც მესმის, მხოლოდ ინგლისურენოვანია.

–  ერთხელ ჩეხოვზე  საუბრისას  თქვით, რომ  რუსეთში XIX საუკუნე 1918 წელს დასრულდა,  დასავლეთში  კი კვლავ გრძელდებაო.
– გარკვეულწილად ეს მართალია.

– როგორ გავიგოთ?
– ეს როცა ვთქვი, მინდოდა ამეხსნა XIX საუკუნის რუსული ლიტერატურის პოპულარობა დასავლეთში: კერძოდ, შეერთებულ შტატებში და არაპოპულარობა XX საუკუნის ლიტერატურის, ეს განსაკუთრებით ეხება პროზას. საზოგადოებრივი ურთიერთობები, რომელთაც გადმოგვცემს XIX საუკუნის პროზა, სავსებით ნორმალური და გასაგებია თარგმანში. ელენე შტაკენშნეიდერის, ცნობილი  არქიტექტორის ანდრეი  ივანეს ძე შტაკენშნეიდერის (მან ბევრი რამ ააშენა  ჩემს მშობლიურ ქალაქში) ქალიშვილის დღიურში მრავალი გვერდი ეძღვნება თეოდორ მიხეილის ძე დოსტოევსკის. იგი კარგად იცნობდა დოსტოევსკის, აღტაცებული იყო და უდიდეს მოაზროვნეს, გენიალურ მწერალს უწოდებდა. იმავდროულად მას მეშჩანად  თვლიდა და აღნიშნავდა, რომ მისთვის დიდი კაპიტალის გამოსახატავად ყოველთვის უზარმაზარი ციფრი იქნება ექვსი, მგონი ათასი მანეთი. და მართლაც, დოსტოევსკის ბევრ  ნაწარმოებში კონფლიქტი გარკვეულწილად ქონებრივი ხასიათისაა. ეს საზოგადოებრივი დამოკიდებულებანი სავსებით მისაწვდომია იმ სამყაროში მაცხოვრებლისათვის, რომელსაც კაპიტალისტური ჰქვია. სხვათა შორის საინტერესოა ვინ  მოიგონა და ხმარებაში შემოიღო ეს განსაზღვრება? სოციალისტმა?
იმავე დროს საზოგადოებრივი ურთიერთობები, რომელიც XX საუკუნის რუსეთში ჩამოყალიბდა, ესე იგი, ის ცნებები, რომლებიც წარმოიშვა, მაგალითად, სახლმმართველი, ბინათგანმგებელი და მისთანანი, სრულიად უთარგმნელია და არა მარტო ლინგვისტური გაგებით,  არამედ მათი გადათარგმნა შეუძლებელია გონებაშიც. პრობლემა მარტო ის როდია, რომ არ არსებობს ეკვივალენტური ტერმინები,  ზოგ შემთხვევაში  შესაძლოა  მოიძებნოს  კიდევაც, მაგრამ  სავსებით  მიუწვდომელია  თვითონ ურთიერთობები.  ეს სხვა რეალობაა, სხვა საუკუნე, სხვა სამყარო. იგულისხმება, რომ ამიტომ უფრო ადვილია იმის წაკითხვა და გაგება, რაც და- უწერიათ, ჩეხოვს, ტოლსტოის, დოსტოევსკის, გონჩაროვს, გოგოლს, ტურგენევს, ვიდრე ვთქვათ, მიხეილ ზოშჩენკოს ან ანდრეი პლატონოვს. თუმცა პლატონოვის გადათარგმნა არ შეიძლება აგრეთვე წმინდა ენობრივი  თვალსაზრისით.  ეს ადამიანი  ენას სრული ფენომენალობით იყენებდა. დაუსრულებელი ალოგიკური ფუძისეული გადაწყვეტილებები აქვს. ინგლისურად მსგავსი ეკვივალენტი ფაქტობრივად წარმოუდგენელია.
– როგორ შეძელით  მიგეღწიათ ასეთი  განსაკუთრებული წარმატებისათვის – პრემიები, პუბლიკის ხოტბა, პუბლიკაციები დასავლეთის საუკეთესო  ჟურნალებში? განიცდით თუ არა  შინაგან კონფლიქტს,  როგორც მწერალი  და  როგორც სახელმოხვეჭილი ადამიანი? მაგალითად ლექციაში, რომელიც ნობელის  პრემიის  მიღებასთან დაკავშირებით წაიკითხეთ, თქვენ ლაპარაკობთ  მხატვრული  გამოცდილების  ღრმა პიროვნულ ბუნებაზე, თუმცა თქვენი სახელი ნაწილობრივ თქვენსავე გმირულ ბიოგრაფიას უკავშირდება.
– არც ისე  გმირულს,  მით  უმეტეს  ეს ლექსებში  საერთოდ არ ჩანს.  მე თვითონ მიჭირს  გავიგო როგორ “მოვახერხე” რამე. გარკვეულწილად მე ვერასოდეს ვერაფერს ვერ  მივაღწევდი. ყველაფერი, რაც გადამხდომია ან რაც ახლა ხდება ჩემს თავს, ატარებდა და ატარებს განსაკუთრებული შემთხვევითობის ხასიათს, მაგრამ, როდესაც ხდება ისეთი რამ, რასაც მხოლოდ და მხოლოდ მიახლოებით შეიძლება აღიარება ეწოდოს, მაშინ ჩნდება გარკვეული ინერცია. ვთქვათ, როდესაც ნობელის პრემიას იღებთ, თქვენ უკვე გაფართოებული თვალებით შემოგყურებენ. ეს გამოწვეულია აღტაცებით, გაოცებით ან, უკიდურეს შემთხვევაში, რომ გადავიყვანოთ ადამიანურ  საქმიან-საგამომცემლო ურთიერთობებში, ეს გამოიხატება  იმით, რომ  თქვენ ცნობისმოყვარეობით, მეტის ხალისით გაქვეყნებენ, ერთმანეთს ეცილებიან. თუმცა ეს არცთუ მთლად მართალია. იშვიათად როდი მაქვს შემთხვევები, როცა ჩემი შეთავაზება ამა  თუ  იმ მოსაზრებით  არ მიუღიათ. თითოეულ  ჟურნალს, გამომცემლობას  თავისი ესთეტიკური პლატფორმა აქვს. და მაინც ეს როდია მთავარი, სინამდვილეში ყველაფერი მიდის ამა თუ იმ კონკრეტულ ადამიანამდე, რომელიც ღებულობს გადაწყვეტილებას. რაც შეეხება წარმატებას, თქვენ რომ ახსენეთ, მე არ შემიძლია მისი აღქმა, როგორც წარმატებისა. მწერლის, მთხზველის ცხოვრება განისაზღვრება არა იმით, თუ რა გამოსცა, დაბეჭდა, გამოუვიდა, არამედ იმით, თუ  რას  აკეთებს იგი მოცემულ მომენტში ეს კი მუდამ დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული  და ეს არის საკუთარ  თავთან, როგორც პროფესიონალთან, მისი დამოკიდებულების კრიტერიუმიც. ეს არც ჩაითვლება კონფლიქტად გარეგნულ წარმატებასა და შინაგან მდგომარეობას შორის. ესენი სავსებით ურთიერთსაპირისპირო პოლუსებია. წარმატება ნიღაბია, სამოსელი, რომელსაც იცმევ, უფრო სწორი იქნებოდა გვეთქვა, რომელსაც გაცმევენ. მაგრამ შენ იცი შენი ჭეშმარიტი ფასი. იცი, რა შეგიძლია და რა – არა. ასეთია საქმის პროფესიული მხარე. ამას გარდა, შენ იცნობ შენს თავს, იცი, რას  წარმოადგენ, გახსოვს  წყენა, რაც ვინმესთვის მიგიყენებია, საქციელი, რაც ჩაგიდენია და რაც შენის გაგებით, გასაკიცხია.  სწორედ  ეს განსაზღვრავს დამოკიდებულებას  საკუთარი თავისადმი და არა ტაში ან დადებითი რეცენზიები. ლევ ნიკოლოზის ძე ტოლსტოი თაროზე თავის თხზულებათა კრებულს რომ შესცქეროდა, შესაძლოა გრძნობდა კმაყოფილებას, მაგრამ არა მგონია, რომ ძალიან დიდს. მით უმეტეს – მე. ერთი სიტყვით, შენ იცი, რომ ჯოჯოხეთის მოციქული ხარ, რომ გარკვეულწილად უვარგისი კაცი  ხარ,  რომ  შენს გონებაში მოცემულ  მომენტში არაფერი  არ ხდება და რომ  ვიღაც გაანაწყენე  ან ყურადღება არ მიაქციე რამეს ან ვინმეს. აი, ესა ხარ  შენ და არა ის, რაც შენ გარეთ ხდება. ეს აბსოლუტური სიმართლეა.


– კიდევ ერთი  ციტატა  თქვენი  ინტერვიუდან:  “თუ სერიოზულად ეკიდებით თქვენს საქმეს, მაშინ არჩევანს აკეთებთ ცხოვრებასა, ესე იგი სიყვარულსა, და მუშაობას შორის. ხვდებით, რომ ეს შეუთავსებადია”. ზოგჯერ ხომ არ ნანობთ, რომ მუშაობა არჩიეთ სისხლსავსე ცხოვრებას?
– თქვენ, ალბათ, მხედველობაში გაქვთ ამასწინანდელი ცვლილება ჩემს პირად მდგომარეობაში… მაგრამ მაინც მიმაჩნია, რომ  ეს შეუთავსებადია.  ახალ მდგომარეობაში გადასვლის ყველა  წარმოდგენილი  თუ  ცხადი უპირატესობის მიუხედავად, თან მახლავს შეგრძნება, რომ ეს ერთ-ერთი დაბრკოლებაა, როგორიც კორესპონდენტია, რომელიც დიდ დროს გაკარგვინებს, როგორც ლექციები, რომლებიც უნდა წაიკითხო, როგორც კერძოდ,  ეს ინტერვიუ… ეს არანაირად არ უწყობს ხელს იმას, რა- საც  შემოქმედებითი  პროცესი ეწოდება. ოჯახური  ცხოვრებაც დაბრკოლებაა. წარმოდგენა არა  მაქვს, როგორ გავართმევ მას თავს, მაგრამ იმედი მაქვს, საქმეს ეშველება, ამ ახალ ხარისხში გადავედი მეტისმეტად შეუგნებლად, როგორც ყოველთვის ვაკეთებდი ყველაფერს. ეს ზუსტად ისე  ხდება, როგორც ლექსის ან სტატიის წერა. როცა თხზავ, მაშინ ეს გეჩვენება ყველაზე უფრო მნიშვნელოვან საქმედ. იმედი მაქვს, უხეშად რომ ვთქვათ, შევათავსებ სასიამოვნოს სასარგებლოსთან. იმედი მაქვს, მოვახერხებ. თუმცა, როგორც იტყოდა ჩემი საყვარელი ფრენსის ბეკონი, “იმედი კარგი საუზმეა, მაგრამ უვარგისი ვახშამი”.
– ხშირად გითქვამთ, რომ არ აპირებთ რუსეთში დაბრუნებას. უკანასკნელმა მოვლენებმა ხომ არ შეგაცვლევინათ აზრი? გრძნობთ თუ  არა  თავს ამერიკაში  – მისი ბუნების,  ხალხის, ქალაქების გათვალისწინებით, ისე როგორც სახლში?
– ეს თითქოს ორი შეკითხვაა. დავიწყებ მეორით. დიახ, საერთოდ ამერიკაში ზედმიწევნით ბუნებრივად ვგრძნობ თავს. ვერ გეტყვით,  როგორც თევზი  წყალში-თქო, მაგრამ ასე აქ არავინ არ არის. დიახ, ჩვენს დროში თევზი ყოველთვის კარგად როდია წყალში. საერთოდ თუ ადამიანს არ დაშრეტია ნერვების დაბოლოებები, ნებისმიერი ადგილი, სადაც იმყოფება, ამა თუ  იმ დონეზე მასში აბსურდის შეგრძნებას იწვევს. შედიხარ შენობაში, ვიღაცას ელაპარაკები, ამ დროს კი გონებით გრძნობ, რომ ეს ყველაფერი სრული უაზრობაა, რომ არც შენ და არც შენი თანამოსაუბრე აქ არ უნდა იმყოფებოდეთ.


ახლა დაბრუნებაზე. მე მიჭირს  ამ კითხვაზე გასაგები პასუხის გაცემა. ცვლილებები, რაც მოხდა, უეჭველად უკეთესობისაკენაა, შესანიშნავია, მაგრამ მიჭირს იმის წარმოდგენა, რომ ხელახლა შევიცვალო არსებობის სისტემა. ჯერ ერთი, აღარც ის ასაკი  მაქვს, რომ  ყველაფერი  თავიდან დავიწყო,  რადგანაც ეს უკვე სრულიად სხვა ქვეყანაა. ის ქვეყანა, რომელიც მე 20 წლის წინათ დავტოვე, აღარ არსებობს. იმიტომ კი არა, რომ პოლიტიკური ცვლილებები მოხდა, პირველ ყოვლისა, იმიტომ, რომ ახლა სხვა თაობას ეკუთვნის ძალა და ხელისუფლება. მხედველობაში მაქვს ხელისუფლება არა  პოლიტიკური, არამედ წმინდა ეკზისტენციალური. ამ ახალ ქვეყანაში ყველაფრის ხელახლა დაწყება მომიწევს. არა მგონია, რომ ძალა მეყოს. ვიზიტით ჩავიდე? ბევრი იქცევა ასე, განსაკუთრებით უცხოელები და ეს ნორმალურიცაა. მე თვითონ შემიძლია სამოგზაუროდ წავიდე ლათინურ ამერიკაში ან აფრიკაში, ან სადაც მინდა, მაგრამ ტურისტად ჩავიდე ქვეყანაში, სადაც  გავიზარდე? ეს საკმაოდ ბუნდოვან პერსპექტივად მეჩვენება.  იმასაც  თუ გავითვალისწინებთ,  როგორ  ცხოვრობს იქ ხალხი, მათს ცხოვრებაში ტურისტად შესვლა ჩემთვის ყოვლად მიუღებელია. რომ  აღარაფერი ვთქვათ  იმაზე, რომ  იმ შარავანდით  მოსილისათვის,  რაც უკანასკნელ  წლებში შევიძინე, ეს მოგზაურობა მეტად შრომატევად საქმედ იქცევა. აჟიოტაჟი და კარგი დამოკიდებულება გახლავთ სწორედ ის, რისი ატანაც ყველაზე უფრო მეტად მიჭირს. გაცილებით უფრო იოლია სიძულვილის ან ლანძღვის გაძლება. დადებითი ემოციები უფრო მეტად დამქანცველია. ერთი მხრივ, საშინლად მენდომებოდა ორი-სამი ადგილის ნახვა, როგორც იტყვიან, საკუთარ ნაკვალევზე გავლა – ყოველ შემთხვევაში გონების თვალით. თუმცა ერთსა და იმავე მდინარეში ორჯერ ვერ შედიან, ეს წაგვიკითხავს და ზოგჯერ დაგვიწერია კიდეც. მე მენდომებოდა ჩემი მშობლების საფლავზე მისვლა, თუმცა მათგან ფერფლის მეტი აღარა დარჩენილა რა. მაგრამ  არ ვიცი,  როგორ  ან როდის  შევისრულო  ეს სურვილი. ამის მოხერხება ინკოგნიტოდ რომ შეიძლებოდეს, დიდი ხნის წინათაც გავაკეთებდი. მაგრამ ამერიკელ მოქალაქეს იქ გასამგზავრებლად სჭირდება  რაღაც ანკეტების შევსება და უმალვე ეს ამბავი ცნობილი ხდება აქედან გამომდინარე ყველა შედეგით. ეს პერსპექტივა, ერთი მხრივ,  მიმზიდველიც არის, მაგრამ, მეორე მხრივ,  – აუტანელი. არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ეს სიამოვნებას ანიჭებთ, მოახტებიან  თეთრ რაშს  და დააგელვებენ ისე, რომ მხოლოდ ამ ცხენის ჭიხვინი გაისმის. ასეთი ადამიანები საკმარისად მოიძებნებიან, მაგრამ ვშიშობ, მათს რიგებს არ ვეკუთვნი. რამდენადაც შემეძლო, ვცდილობდი ჩემთვის მეცხოვრა, განაპირას, შეძლებისდამიხედვით განკერძოებით მეკეთებინა ჩემი საქმე, მეცხოვრა ჩემი საკუთარი ცხოვრებით და არასოდეს არ მეთამაშა ვინმეს, თუნდაც ჩემი საკუთარი როლი, იმიტომ, რომ ვიცი, ბოლომდე ვერანაირი როლის თამაშს ვერ  შევძლებ.

რუსულიდან თარგმნა ციალა კალმახელიძემ

ცეცხლისფრად მოელვარე ძვირფასი ქვა

0
„მიწა გამოჩნდა! გადავრჩით!” – ექოსავით გადაუარა უზარმაზარ გემს. გემი ვაჭრებს ეკუთვნის და პოტაშით (კალიუმის კარბონატით, იმავე ნიტრით) არის დატვირთული. უცხო ქვეყნებში სავაჭროდ მიმავალ ფინიკიელებს გზა დაებნათ. ყველაფერი კი იმის ბრალია, რომ ფულის დაზოგვის მიზნით გამოუცდელი კაპიტნის გემი დაიქირავეს. ამაზე ქართული ანდაზა მახსენდება: „პური მეპურეს გამოაცხობინე და ორი პურით მეტი მიეციო”.
არა, მე, ბუნებრივია, ამ გემზე არ ვარ – ეს ამბავი 5000 წლის წინ ხდება.

ხმელეთზე გადმოდიან და მიწას კოცნიან. გადარჩენით გამოწვეული პირველი ემოცია რომ გაუვლით, ახსენდებათ, რომ სამი დღეა, არაფერი უჭამიათ, ამიტომ ორ ჯგუფად იყოფიან. ერთმა ხილი უნდა დაკრიფოს, მეორემ კი მის შესაწვავად ჭურჭლის შესადგმელი ქვები მოაგროვოს. როცა ვერაფერს იპოვიან, ჭურჭელს პოტაშის ნაჭრებს შეუდგამენ ქვეშ. შემწვარი ბანანი გემრიელია, მაწიერიც. უამრავ ვიტამინს და კალიუმს შეიცავს. არა, ეს ვაჭრებმა არ იციან და, მგონი, არც აინტერესებთ, – ამას მე გეუბნებით… ცოტა ხნის შემდეგ ხედავენ, რომ პოტაში გალღვა, ქვიშას შეერია და რაღაც ახალი ნივთიერების ნაკადულები ჩაცოცდა ნაპირზე. როცა ეს ნივთიერება გაცივდა, გამყარდა და მსხვრევადი გახდა… ლეგენდის თანახმად, ასე შეიქმნა პირველი მინა.

1612 წელს ანტონიო ნერიმ მინას პირველი სამეცნიერო ნაშრომი მიუძღვნა – „მინის წარმოების ხელოვნება”, თუმცა სამეცნიერო თვალსაზრისით მინის წარმოებაში ყველაზე დიდი ღვაწლი ლომონოსოვს მიუძღვის. თავის სახელოსნოში მას მინის 40-მდე მოზაიკა შეუქმნია, თუმცა დღემდე მხოლოდ 23 ნიმუშია შემორჩენილი. მათი ნაწილი ერმიტაჟში ინახება.

მინის აღნაგობის თეორიაში ყველაზე პოპულარულია ე.წ. ამორფული სტრუქტურის თეორია. ამ თეორიის თანახმად, სამგანზომილებიანი მიმართულებით სილიკატური რადიკალები (Si2O) ერთმანეთს უკავშირდება და სტრუქტურის ჩონჩხს წარმოქმნის.

ბუნებრივ მინად მინერალ პერლიტს ან ობსიდიანს ასახელებენ. თავდაპირველად გაუმჭვირვალე მინას იღებდნენ და მათი მეშვეობით მალაქიტისა და ფირუზის იმიტაციასაც კი ახდენდნენ.

აგრეგატული მდგომარეობის მიხედვით მინას შუალედური მდგომარეობა უკავია თხევად და კრისტალურ ნივთიერებებს შორის.

დრო იყო, მინა თითქმის ოქროზე ძვირად ფასობდა. ეგვიპტელი ფარაონები ესიყვარულებოდნენ „ცეცხლისფრად მოელვარე ძვირფას ქვას”. ეს ძვირფასი ქვა მინა იყო, ცეცხლისფრად კი მაშინ ელვარებდა, როცა მზის სხივები გაივლიდა მასში.

წინათ მინის სახარში სახელოსნოები ბნელ, ჭუჭყიან სარდაფებში ყოფილა გახსნილი. ასეთ პირობებში მომუშავე ოსტატები 40 წელზე მეტს იშვიათად ცოცხლობდნენ. უნებურად შეშლილი მექუდეები გამახსენდა, ვერცხლისწყლის ორთქლთან რომ მუშაობდნენ, მის შესახებ კი არაფერი იცოდნენ. მათ შორის ერთი განსხვავებაა – მექუდეებს კარგი შემოსავალი ჰქონდათ, მინის მხარშავები კი სიღატაკეში იხოცებოდნენ. მინის ხარშვის რეცეპტი საიდუმლო იყო და მხოლოდ ძლიერთა ამა ქვეყნისათა იცოდნენ. ბუნებრივია, იცოდნენ ოსტატებმაც, მაგრამ გამჟღავნებას ვერ ბედავდნენ.

ცნობილია, საიდუმლო რეცეპტის გაცემის მცდელობისთვის ერთდროულად ხუთ ოსტატს როგორ მოჰკვეთა თავი რომის იმპერატორმა ტიბერიუსმა.

კარგია, რომ არც იმ დროში ვცხოვრობ, არც მინის ხარშვის ოსტატი ვარ და არც საიდუმლოს შენახვის ფიცი დამიდვია, ამიტომ პროცესსაც სიამოვნებით აღვწერ და არც შემადგენლობას დავმალავ.

ამ არაჩვეულებრივი მინის წარმოებისთვის სავსებით ჩვეულებრივი ქიმიაა საჭირო – კვარცის ქვიშა, სოდა და კირქვა:
 
  ფანჯრის მინას კი ასეთი ფორმულა აქვს:
 
თუმცა პრაქტიკაში ამ სტანდარტიდან მცირედი გადახრა შეინიშნება. თანამედროვე მინას მრავალკომპონენტიანი სისტემის საფუძველზე იღებენ. ყველაზე მდგრადი და გავრცელებული სისტემა შემდეგია:
 
  
სხვადასხვა დანიშნულების მინას სხვადასხვანაირი შედგენილობა აქვს (რაოდენობა პროცენტებშია გამოსახული):
 

მინის ხარშვის პროცესს პირობითად რამდენიმე სტადიად ყოფენ. 1. სილიკატების წარმოქმნა; 2. მინის წარმოქმნა; 3. გაღიავება; 4. ჰომოგენიზაცია და გაცივება. პირველ საფეხურზე კომპონენტების თერმული დაშლით სილიკატებს იღებენ. პროცესი 1100-1200 გრადუსზე სრულდება. მინის წარმოქმნის პროცესი 1150-1200 გრადუსზე მიმდინარეობს. ამ სტადიაში მასა გამჭვირვალე ხდება. გაღიავების სტადია 1500-1600 გრადუსზე მიმდინარეობს. ამ დროს მინის მასაში არსებული გაზის მოზრდილი ბუშტუკები ზედაპირზე ამოდიან, მცირე ზომისანი კი მასაში იხსნებიან. ამ პროცესში სპეციალურ გამღიავებლებს იყენებენ. პარალელურ რეჟიმში მასის ჰომოგენიზაცია მიმდინარეობს. მიღებულ მასას 700-1000 გრადუსზე აცივებენ. ტემპერატურამ ძალიან ფრთხილად უნდა დაიწიოს, რათა წონასწორობა არ დაირღვეს. წინააღმდეგ შემთხვევაში მცირე ბუშტუკები წარმოიქმნება. 

მინის ხარშვის ქიმიური პროცესებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი სილიკატების წარმოქმნაა, რომელიც სხვადასხვა მასისთვის განსხვავებულ პირობებში და ტემპერატურაზე მიმდინარეობს, თუმცა ყველა შემთხვევაში ნატრიუმისა და კალიუმის სილიკატები წარმოიქმნება:
 
 
ფერის მისაცემად მინაში მეტალის ოქსიდი შეჰყავთ. შესაძლებელია მინის მასაში ზოგიერთი ელემენტის კოლოიდური ნაწილაკის შეტანაც. ოქრო და სპილენძი კოლოიდური განაწილებისას მინას მოწითალო ფერს აძლევს. ასეთ მინას მოოქრულს უწოდებენ. ვერცხლი კოლოიდურ მდგომარეობაში მინას აყვითლებს. კარგი საღებავია სელენიც – კოლოიდურ მდგომარეობაში ის მინას ვარდისფრად ფერავს, ხოლო CdS·3CdSe-ის შემადგენლობაში წითელ ფერს ანიჭებს. ასეთ მინას „სელენის ლალს” უწოდებენ. კობალტის (II) ოქსიდი მცირე რაოდენობით მინას ცისფერ შეფერილობას აძლევს, მაღალი კონცენტრაციისას კი წითელს.

მე-15-16 საუკუნეებში ევროპაში გაჩნდა გამოთქმა: „გაქვავებული მუსიკა”. ასე ვენეციურ მინას მოიხსენიებდნენ. ის ჰაერივით მსუბუქი და კამკამა იყო. რაც უფრო მეტ მინანქარს დაიტანდნენ ზედ, მით უფრო ძვირფასად ითვლებოდა მინა.

მეტალურ მინაზე თუ გაგიგონიათ რამე? მისი მეორე სახელი სიტალია, მინა მეტალის თვისებებით. მისგან დეტალების ჩამოსხმაც კი შეიძლება, რადგან სიმყარით ფოლადსაც კი არ ჩამოუვარდება, თუმცა მასზე გაცილებით მსუბუქი და იაფია.

სიტალის მასობრივი წარმოება ჯერ არ დაწყებულა, თუმცა ფიქრობენ, რომ მისი წყალობით მივიღებთ მუდმივ ტროტუარებსა და გზებს, მანქანების იაფ და ლამაზ დეტალებს. ყველაზე საინტერესო კი ის გახლავთ, რომ სიტალის წარმოება მეტალურგიული ნარჩენებისგან არის შესაძლებელი.

ჩვეულებრივი მინა, ცხადია, სიტალივით მდგრადი არ არის – მყიფეცაა და ზოგიერთი მჟავას მიმართ მგრძნობიარეც.

ამას წინათ ერთ საზაფხულო სკოლაში მიმიწვიეს მჟავებზე ლექციის წასაკითხად. მოსწავლეებს ასეთი კითხვა დავუსვი: წარმოიდგიენთ, რომ ლევანმა (ლევანი სკოლის ხელმძღვანელი იყო და ბავშვებს მისი დიდი რიდი ჰქონდათ) თავისი ოთახიდან ჩვენს ლაბორატორიამდე სამი მჟავას: ქლორწყალბადმჟავას, იოდწყალბადმჟავას და ფთორწყალბადმჟავას – მოტანა დაგავალათ და მათ მოსატანად სამი ბოთლი მოგცათ: ორი – მინისა, ბაცი და მუქი, და ერთიც – პლასტმასისა; რომელ მჟავას რომელ ბოთლში ჩაასხამთ-მეთქი. ხანმოკლე პაუზის შემდეგ ერთმა ბიჭმა მიპასუხა: მეეჭვება, ლევანმა ასეთი რამე დაგვავალოსო.

ჰოდა, იმავე კითხვას ახლა თქვენ დაგისვამთ (მხოლოდ მოსწავლეებს და არავითარ შემთხვევაში – მასწავლებლებს). მაშ ასე, რომელ მჟავას რომელ ბოთლში ვასხამთ? აქვე – ერთი მინიშნება ამ ვიდეოექსპერიმენტის სახით:
იფიქრეთ…

დაუმარცხებელი გენერალი – გიორგი მაზნიაშვილი

0
„მე არც მენშევიკების გენერალი ვარ და არც ბოლშევიკებისა, მე ვარ საქართველოს გენერალი!” – ეს სიტყვები ეკუთვნის ქართველ გენერალს გიორგი მაზნიაშვილს, რომელიც სამი ხელისუფლების დროს მოღვაწეობდა და სამივემ საკუთარ მტრად გამოაცხადა. ტყუილ-მართლის გარკვევა იმ პერიოდში არავის უცდია. საკუთარი თავის დაცვა არც გიორგი მაზნიაშვილს უფიქრია, რადგან ასე სჯეროდა: “სიცოცხლე არც დაბადებით იწყება და არც სიკვდილით მთავრდება”. 

დღეს უკვე დაუმარცხებელ გენერლად წოდებული გიორგი მაზნიაშვილი 1871 წელს კასპის რაიონში, სოფელ სასირეთში, გლეხის ოჯახში დაიბადა.  მამა, ივანე მაზნიაშვილი  შვილის სამხედრო კარიერაზე ოცნებობდა, რაც  პატარა გიორგის სურვილიც ყოფილა. ამიტომ უმცროსი მაზნიაშვილი მშობლებმა თბილისის იუნკერთა სასწავლებელში შეიყვანეს, რომლის დამთავრების შემდეგ მან მეფის არმიაში დაიწყო სამსახური. მაზნიაშვილმა, რომელსაც მეფის არმიაში გიორგი მაზნოვად  იცნობდნენ, თავი გამოიჩინა რუსეთ-იაპონიის 1904-1905 წლების ომში, სადაც დაიჭრა კიდეც. პეტერბურგის სამხედრო ჰოსპიტალში  მას თავად იმპერატორის ქალიშვილები უვლიდნენ. ლაზარეთში ის იმპერატორ ნიკოლოზ II-ს მოუნახულებია და იმპერიის უმაღლესი ჯილდო – წმინდა გიორგის ჯვარი საკუთარი ხელით მიუბნევია გულზე. გამოჯანმრთელებული მამაცი ჯარისკაცი სასახლეშიც მიუწვევიათ. 

გიორგი მაზნიაშვილი აქტიურად მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომშიც, სადაც კიდევ ერთხელ დაიჭრა. 1917 წელს, საბჭოთა რევოლუციის შემდეგ, მაზნიაშვილი  სამშობლოში დაბრუნდა და  ორი ეროვნული დივიზია შექმნა. ამ დროს საქართველოს ტერიტორიების მიტაცებას ყველა მხრიდან ცდილობდნენ. დასავლეთიდან ოსმალები და გერმანელები გვიტევდნენ, ჩრდილოეთიდან – რუსი ბოლშევიკები და დენიკინელები, აღმოსავლეთიდან – მუსავატისტები, სამხრეთიდან – დაშნაკები.  მაზნიაშვილი ცდილობდა, ოთხივე მხრიდან დაეცვა სამშობლო. 

1918 წელს კავკასიის კომისარიატმა გიორგი მაზნიაშვილს თბილისის დაცვა დაავალა. დემორალიზებული და თურქეთის ფრონტიდან უკანდახეული რუსული ნაწილები დედაქალაქის აღებას ცდილობდნენ. მაზნიაშვილმა ამ საფრთხის აცილება ჯავშან-მატარებლითა და ქართველ მუსლიმთა კავალერიის პოლკით შეძლო. 1918 წელსვე რუსეთმა, ბრესტის ზავით, თურქეთს ქართული მიწები, მათ შორის აჭარა გადასცა. თურქეთმა ეს არ იკმარა და გურიასაც შეუტია.  ამის საპასუხოდ გიორგი მაზნიაშვილმა, პარტიზანებისა და საჯარისო ნაწილების დახმარებით, სახალხო ლაშქრი შექმნა და  არა მარტო გურია გამოსტაცა ხელიდან თურქებს, არამედ ჩოლოქის ბრძოლაში მტერი დაამარცხა  და ბათუმიც გაათავისუფლა. სწორედ ამ გამარჯვებით  შეხვდა გიორგი მაზნიაშვილი საქართველოს დამოუკიდებლობას.  

1918 წლის  18 ივნისს უკვე გენერალი მაზნიაშვილი  საქართველოს დამოუკიდებელმა ხელისუფლებამ აფხაზეთის გენერალ-გუბერნატორად და საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების უმაღლეს მთავარსარდლად დანიშნა. მანამდე, 1918 წლის აპრილში მაზნიაშვილთან აფხაზების დელეგაცია მივიდა, რომელმაც სთხოვა, მტრისგან გაეთავისუფლებინა აფხაზეთი. ამ პერიოდში მან ქართული ჯარით, სახალხო გვარდიითა და კავალერიით, რომელშიც 300 აფხაზი ირიცხებოდა, პრო-ბოლშევიკური აჯანყება ჩაახშო და თეთრგვარდიელები აფხაზეთიდან განდევნა.  მაზნიაშვილმა 22 ივნისს, 2, 6 და 26 ივლისს ერთმანეთის მიყოლებით გაათავისუფლა გაგრა, ადლერი, სოჭი და ტუაფსე. 1918 წლის ოქტომბერში კი გენერალი მაზნიაშვილი უკვე  თბილისის გენერალ-გუბერნატორად დაინიშნა. ამავე წელს, სომხეთ-საქართველოს ომის დროს, მაზნიაშვილი შულავერ–სადახლოს ფრონტის სარდალი იყო. მან  წარმატებით დაიცვა საქართველოს სამხრეთი საზღვარი, შემდეგ კი სრულმასშტაბიანი შტურმით აიღო შულავერი და რამდენიმე სოფელი.

 

1919 წელს გენერალი მაზნიაშვილი იყო ახალციხე–ახალქალაქის გენერალ–გუბერნატორი. 1920 წლის ოქტომბერში ის დაინიშნა თბილისის გარნიზონის უფროსად. 1921 წლის რუსეთ–საქართველოს ომის დროს, 18–24 თებერვალს იგი იყო თბილისის დაცვის ცენტრალური – სოღანლუღი–შავნაბადას მიმართულების სარდალი.

როდესაც საქართველოში ბოლშევიკები შემოვიდნენ, გიორგი მაზნიაშვილი მე-11 არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩაერთო. თავიდან მას საკმაოდ დიდი წარმატებისათვის მიუღწევია, რის გამოც მე-11 არმია იძულებული გამხდარა, უკან დაეხია. მოულოდნელად დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობას უცნაური გადაწყვეტილება მიუღია და მაზნიაშვილისთვის  უკან დახევა უბრძანებია. გენერალი ბრძოლის შეწყვეტის წინააღმდეგი ყოფილა, თუმცა იძულებული გამხდარა, მთავრობის ნებას დამორჩილებოდა. 

გენერალი მაზნიაშვილი  ამ ამბავს ასე იხსენებდა: “იმ კრებაზე, სადაც ეს გადამწყვეტი დადგენილება მიიღეს, არამცთუ მიგვიწვიეს ჩვენ, ფრონტის უფროსები, რომელნიც ფრონტს თვალით დავყურებდით და კარგად ვიცოდით მოწინააღმდეგის და ჩვენი ძალები, არამედ არც შეგვეკითხნენ, ჩვენი აზრის მოსმენაც კი არ ინებეს”. 

1921 წლის თებერვალში ემიგრაციაში მიმავალი საქართველოს მთავრობის თბილისიდან გაყვანა გიორგი მაზნიაშვილს დაევალა. 17 მარტს მან ბათუმამადე ჩააცილა მთავრობა, მაგრამ მას ემიგრაციაში არ გაჰყვა.  გენერალმა სამშობლო ვერ მიატოვა, რადგან იმ პერიოდში საქართველოში არსებული მდგომარეობით თურქეთმა ისარგებლა,  ქიზიმ-ბეის ჯარის ნაწილებმა საქართველოს საზღვარი გადმოლახეს და ბათუმის ოლქი მთლიანად დაიკავეს. ქიზიმ-ბეიმ თავი ბათუმის ოლქის გენერალ-გუბერნატორად გამოაცხადა. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა საბჭოთა საქართველოდ გამოცხადდა, გენერალმა მაზნიაშვილმა პოლიტიკურ ინტერესებზე მაღლა კვლავ ქვეყნის ინტერესები დააყენა. ის დათანხმდა  საბჭოთა საქართველოს ხელისუფლების თხოვნას, დახმარებოდა მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში.  გენერალ მაზნიაშვილის  არმიაში წითელგვარდიელები და თეთრგვარდიელები გვერდიგვერდ იბრძოდნენ. ცნობილია სიტყვა, რომელიც მან სუფსის სადგურთან მდებარე ეკლესიის ეზოში წარმოთქვა: “მამებო, ძმებო, შვილებო! უჭირს სამშობლოს, გვართმევენ ბათუმს. ჩვენს ჯარსა და არმიას დახმარება სჭირდება. თოფ-იარაღი და ტყვია-წამალი ჯარისკაცებს არ გვყოფნის, პურსაც ვერ მოგცემთ… ისევ თქვენი მჭადითა და ცულით უნდა დავხვდეთ მტერს და ვძლიოთ… ქუდზე კაცი უნდა გამოხვიდეთ!” 

თურქებთან ბრძოლა სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, 1921 წლის 20 მარტს კი მაზნიაშვილის ჯარმა კიდევ ერთხელ გაიმარჯვა და ქართველებმა ბათუმი და მისი ოლქი დაიბრუნეს. 

მიუხედავად გამარჯვებისა, ამ ბრძოლის შემდეგ ბოლშევიკებმა გიორგი მაზნიაშვილი დააპატიმრეს. საგანგებო კომისიამ მას  კონტრრევოლუციონერობის და ბანდიტიზმის ბრალდებით დახვრეტა მიუსაჯა. მოგვიანებით გენერალს საბოლოო განაჩენი პატიმრობით შეუცვალეს. თურქებთან ბრძოლაში მისი ღვაწლი გაითვალისწინეს, სამი წლის შემდეგ გაათავისუფლეს და როგორც მენშევიკების გენერალს, სამშობლოდან გაძევება მიუსაჯეს.

ირანში გახიზნული გენერალი პარიზში დამოუკიდებელი მთავრობის წევრებთან ჩავიდა. თავდაპირველად ქართულმა პოლიტიკურმა ემიგრაციამ საფრანგეთში ჩასული გენერალი დიდი პატივით მიიღო. მას 1000 ფრანკი გადასცეს და ხელფასის სახით, ყოველთვიურად, 500 ფრანკი დაუნიშნეს.  

პარიზში ყოფნის დროს, საქართველოს ემიგრაციული მთავრობის დავალებით, გიორგი მაზნიაშვილი საფრანგეთის გენერალურ შტაბთან და გენერალ ფურნესთან აწარმოებდა მოლაპარაკებებს, რათა ფრანგების სამხედრო დახმარებით საქართველოში ლეგიტიმური ხელისუფლება აღედგინათ. ამავე დროს ირაკლი წერეთელი ინგლისის მთავრობასთან ცდილობდა მოლაპარაკებას, მაგრამ ეს მცდელობები უშედეგო აღმოჩნდა. საფრანგეთისა და ინგლისისგან ქართველებმა სამხედრო დახმარების თაობაზე უარი მიიღეს. 1924 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ საქართველოში აჯანყება  ჩაახშო. აჯანყებულთა დამარცხების შემდეგ კი  გენერალ მაზნიაშვილზე ჭორები გავრცელდა –  თითქოს ქაქუცა ჩოლოყაშვილის რაზმი იმიტომ დამარცხდა, რომ მაზნიაშვილმა ბოლშევიკებს აჯანყების გეგმა გადასცა.  შეურაცხყოფილმა გენერალმა ღირსების აღდგენა და  ემიგრანტების გაზეთში ცილისმწამების წინააღმდეგ  განცხადების გამოქვეყნება მოითხოვა.  

”… საქართველოში გავრცელდა ხმა, თითქოს მე გადამეცეს ბოლშევიკებისათვის გეგმა შეიარაღებული აჯანყებისა და ეს გარემოება ყოფილიყოს მიზეზათ დამარცხებისა. ამ ხმების გავრცელება დაადასტურეს საქართველოდან გადმოხვეწილებმაც და ამ სისაძაგლეს იმეორებდნენ ზოგიერთნი უკვე პარიზში. მე არავითარ ყურადღებას არ მივაქცევდი, რომ ეს ხმები მარტო აქ, პარიზში ვრცელდებოდეს, რადგანაც აქ ყველასათვის ცხადია პროვოკაციული ხასიათი ამ ხმებისა; მაგრამ სულ სხვა მდგომარეობაა საქართველოში: იქ იმყოფება ჩემი ოჯახი, ნათესავნი და ნაცნობები და ადვილად წარმოსადგენია, რა უსიამოვნო და მძიმე წუთები უნდა განიცადოს ჩემმა ცოლ-შვილმა, თუ მამა მათის ღალატის შესახებ გაიგეს რამე და ეს იმ დროს, როდესაც მამა იმათმა თავის სამშობლოს სამსახურს შესწირა, რაც ძალი შესწევდა და ეხლაც უცხოეთში მარტო იმ ფიქრებით სულდგმულობს, რომ რითიმე დაეხმაროს მას ამ განსაცდელში.  …ამიტომ, ეხლა თვითვე ვხდები იძულებული, მოგმართოთ თქვენ ამ განცხადებით და შემდეგი თხოვნით: თქვენ, რასაკვირველია, უკეთესად მოგეხსენებათ, რომ მე არამც თუ არ ვიცოდი გეგმა აჯანყებისა (ასეთი გეგმა აქ არც კი არსებობდა), არ ვიცოდი ისიც კი, რომ აჯანყება მოხდებოდა და როდესაც პირველი ცნობები ამ აჯანყების დაწყების შესახებ მიიღო საქართველოს ლეგაციამ, იგი იმდენათ მოულოდნელი იყო ჩემთვის, რომ მე ამ ცნობის სიმართლე არ მჯეროდა. მე გთხოვთ თქვენ, დაუყონებლივ მისწეროთ საქართველოში და საგანგებო ფურცლებით აუწყოთ ქართველ ხალხს, რომ ამ ხმებს მხოლოდ მისი ბოროტი მტრები ავრცელებენ, გიორგი მაზნიაშვილი უმალ თავს მოაჭრევინებს, ვიდრე თავის სამშობლოს უღალატოს…,” – ეს წერილი  გიორგი მაზნიაშვილმა 1925 წლის 18 იანვარს დაწერა, თუმცა ის არ გამოქვეყნებულა.

სასოწარკვეთილი გენერალი წერდა: “დავკარგე სრული იმედი და რწმენა მენშევიკების პარტიის ლიდერებისა… გადავწყვიტე, დავბრუნებულიყავი სამშობლოში, შევერთებოდი ჩემ ორ მილიონ მოძმეს და მათთან ერთად გამეზიარებინა ბედნიერებაცა და უბედურებაც და აგრეთვე ხმამაღლა მეთქვა, ყველა ქართველის გასაგონად, რომ რამიშვილისა და მისი დამქაშების ავანტურაში და დონკიხოტობაში მე არავითარი წილი არ მიდევს”.

ამის შემდეგ გიორგი მაზნიაშვილი იძულებული გახდა, საბჭოთა საქართველოს ხელისუფლებისთვის ეთხოვა, სამშობლოში დაებრუნებინათ. რამდენიმე წელში მან ეს უფლება მიიღო. საქართველოში დაბრუნებული გენერალი საკუთარ სოფელში, სასირეთში ცხოვრობდა. სამშობლოში მაზნიაშვილს  უამრავი უსიამოვნება შეხვდა. არ მისცეს სამსახური, არ დაუნიშნეს პენსია. უსახსროდ დარჩენილმა გენერალმა სოფლის მეურნეობას მიჰყო ხელი.  30-იან წლებში, როცა უდანაშაულო ადამიანებს იჭერდნენ და ხვრეტდნენ, მოხუცებულ გენერალს ახლობლები და მეგობრები მალავდნენ. თუმცა 1937 წელს იგი მაინც დააპატიმრეს  და შვილთან, ივანე მაზნიაშვილთან ერთად გასამართლების გარეშე დახვრიტეს.  

ასე დაამთავრა სიცოცხლე დღეს უკვე დაუმარცხებელ გენერლად წოდებულმა, საქართველოს ეროვნულმა გმირმა გიორგი მაზნიაშვილმა. მისი საფლავის ადგილსამყოფელი დღემდე უცნობია. 

ოცნება სპორტსმენ შვილზე

0
არავინ იცის, როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ აღსრულდეს ჭეშმარიტად ქართული ოცნება და ჩვენმა შვილებმა მსოფლიოს დიდ და სახელოვან საფეხბურთო ჩემპიონატებში ითამაშონ. თუ მამას ფეხბურთი უყვარს და ვაჟიშვილიც ჰყავს, ბუნებრივია, მისი დაბადებიდანავე ელოლიავება იმედს, რომ მისი შვილი ფეხბურთელი გახდება და, ვინ იცის, სიზმრადაც კი ამას ხედავს. მაგრამ, სამწუხაროდ, ოცნებები იშვიათად ხდება.

თუ შვილს ფეხბურთი მცირე ასაკიდანვე აინტერესებს, ეს მართლაც სასიხარულო რამაა, მაგრამ, შვედი ფსიქოლოგის ოსიენ ჰანსენის დაკვირვებით, მშობლების გამუდმებული ჩიჩინი და ერთი და იმავე ფენომენის (ამ შემთხვევაში – ფეხბურთის) განსაკუთრებულად წარმოჩენის სურვილი ბავშვს პროტესტის გრძნობას უჩენს და შესაძლოა, მისგან გულაცრუებული, საშუალოზე დაბალი დონის ფეხბურთელი ან უფრო უარესი – სპორტის მოძულე ადამიანი მივიღოთ.

ზოგიერთი ბავშვი სპორტზე მხოლოდ მშობლების ხათრით დადის. ალბათ, მრავალი თქვენგანი ოცნებობს დამჯერ შვილზე, მაგრამ ასეთი ნაძალადევი სპორტსმენი იმ ვეგეტარიანელს ჰგავს, რომელიც მეგობარი ყასბის თხოვნით ბაზარში ხორცს ყიდის და თან ფარული ზიზღისაგან გული ეკუმშება.

ცნობილი აფრიკელი ფეხბურთელი, აბედი პელე, ერთ-ერთ ძველ ინტერვიუში ბავშვობას იხსენებს და ამბობს, რომ შვილის ფეხბურთელობა მამამისსაც ძალიან სურდა, მაგრამ რაკი მის ოჯახს (ისევე როგორც აფრიკული ოჯახების აბსოლუტურ უმრავლესობას) ძალიან უჭირდა, თავის ოცნებას შვილს საგულდაგულოდ უმალავდა.

„როდესაც პირველ პროფესიონალურ კონტრაქტს მოვაწერე ხელი, მამაჩემი უკვე ცუდად იყო და სავადმყოფოში იწვა. კონტრაქტი იქ მივუტანე და მაშინღა გამომიტყდა, რომ ყოველთვის ოცნებობდა ფეხბურთელ შვილზე, მაგრამ ეს აუხდენელ ოცნებად ესახებოდა. უპირველესად, იმიტომ ვარ მამაჩემის მადლიერი, რომ ჩიჩინი არ დაუწყია, გინდა თუ არა, ფეხბურთელი გახდიო. ალბათ, ყველა ბავშვს საკუთარი მონდომებით მიღწეული წარმატება უფრო მეტად ახარებს, ვიდრე ვისიმე თავს მოხვეული სურვილის განხორციელება”, – ამბობს აბედი პელე.

საქართველო აფრიკა არ არის და წარმოუდგენელია, აქ მამამ შვილის ფეხბურთელად გაზრდის სურვილი მხოლოდ გაჭირვების გამო დამალოს, მაგრამ საქართველოში სულ სხვა პრობლემებია და, როგორც ჩვენი სამამულო ფეხბურთის ამბებში კარგად ჩახედული ხალხი ამბობს, „ქართველი მამის სინდრომი” („მამის სინდრომის” შესახებ ჩვენ უკვე დაგვიწერია) ბევრი ბავშვისთვის იქცევა შემაფერხებელ ფაქტორად.

„მამაჩემმა ფეხბურთზე რომ მიმიყვანა, 11 წლის ვიყავი. ვარჯიშებზე მარტოც თავისუფლად შემეძლო სიარული, მაგრამ მამაჩემი, როგორც იტყვიან, თავზე ადგა მწვრთნელს და გამუდმებით სთხოვდა, ძირითად შემადგენლობაში ვეთამაშებინე. ამის გამო თანაგუნდელებთან სულ კონფლიქტი მქონდა. არავის მოსწონდა მამაჩემის ასეთი აქტიურობა. ფეხბურთზე მეც ამიცრუვდა გული და ყველაფერს ვაკეთებდი ვარჯიშისთვის თავის ასარიდებლად. ბოლოს მამაჩემმაც დამანება თავი და ასე დასრულდა ჩემი საფეხბურთო კარიერა”, – ეს სიტყვები 36 წლის თბილისელ მამაკაცს ეკუთვნის, რომელიც დღეს სპორტისგან სრულიად განხვავებული საქმიანობით არის დაკავებული.  

მაინც, როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, რომ მისი შვილი სპორტსმენი გახდეს? ამის უტყუარი რეცეპტი, რასაკვირველია, არ არსებობს, მაგრამ თუ უკვე ნახსენებ შვედ ფსიქოლოგს დავუჯერებთ, ბავშვის აღზრდისას უმთავრესი მშობლების ნდობაა, ნდობას კი მხოლოდ ღირსეული მშობლები იმსახურებენ.

თავისუფლების სიხარული

0
რაღა გოგო გაგიზრდია და რაღა მეზობლის ბაღი მოგირწყავს.

ინდური ანდაზა

ქუთაისში ქმარმა ცოლი მეზობლების თვალწინ ცემა.

ერთ-ერთი ქართული საინფორმაციო სააგენტო

ავღანელ ქალს, ახტარას, ქმარი მოუკლეს და სახეში მჟავა შეასხეს. ახტარა შვილებისთვის განათლების მიცემაზე ოცნებობს, რათა მათ უკეთესი მომავალი ჰქონდეთ.

რადიო „თავისუფლება”

ეს ის არის, რაც გასული კვირის ამბებიდან დამამახსოვრდა. მთელი სიცოცხლის განმავლობაში კი ათასობით ასეთი ამბავი გვესმის. ქალების მიმართ ძალადობა თითქმის ყველა საზოგადოებისთვის პრობლემად რჩება და ალბათ მეც ამიტომ ვწერ ყველაზე ხშირად ქალებსა და მათ უფლებებზე. მეც გოგო ვარ, გოგოს ვზრდი და არ მინდა, ვიღაცებმა ინდოელებივით იფიქრონ, რომ მეზობლის ბაღს ვრწყავ. ახტარასავით ვარ – ვოცნებობ, ჩემმა შვილმა საუკეთესო განათლება მიიღოს, კარგი ადამიანი დადგეს და ნაკლებად ძალადობრივ გარემოში იცხოვროს. მეტიც – თვითონვე შეძლოს მნიშვნელოვანი საქმეების კეთება უკეთესი საზოგადოების შესაქმნელად.

ჩემთვის, ვინც უკვე ვიცი, რა ბედნიერებაა საკუთარი შვილის ყოლა, როგორ მახარებს ახალი ჭრელი კაბა ჩემს გარდერობში, რა სასიამოვნოა, როცა შეგიძლია, ვიღაცას შენი მზრუნველობა გაუზიარო, გქონდეს საქმე, რომელიც გეყვარება და იმედი, რომ მონდომებითა და შრომით მიზანს მიაღწევ, ძნელი წარმოსადგენია, რომ რამემ შეიძლება ქალს საკუთარ იდენტობაზე უარი ათქმევინოს, მამაკაცის სოციალური როლი მიანიჭოს და ისე ცხოვრება აიძულოს, თითქოს არც არასოდეს ყოფილა ქალი, ამიტომ ძალიან გამიკვირდა, როცა გავიგე, რომ ალბანეთში არსებობს ნაფიც ქალწულთა ორდენი – ესენი ის ქალები არიან, რომლებმაც ადრეულ ასაკში გადაწყვიტეს, უარი ეთქვათ სქესზე და დარჩენილი ცხოვრება მამაკაცივით გაეტარებინათ. ამ ქალებისთვის, ჩემგან და ალბათ თქვენგან განსხვავებითაც, საკუთარი სქესი ბედნიერებას კი არა, უუფლებო მდგომარეობას ნიშნავდა, სადაც სიხარულისთვის ადგილი არ მოიძებნებოდა.

ალბანელი ქალების ეს შეგნებული ამბოხი ბუნებრიობის წინააღმდეგ სწორედ მათ მიმართ დისკრიმინაციულმა გარემომ განაპირობა. გარემომ, სადაც ისინი არასოდეს იღებდნენ მემკვიდრეობას, არ ჰქონდათ არჩევნებში მონაწილეობის, ავტომობილის მართვისა თუ ბიზნესის წარმოების, კაპიტალის დაგროვების, ალკოჰოლური სასმლის დალევისა თუ სიგარეტის მოწევის, ცეცხლსასროლი იარაღის ქონისა თუ გარიგებით ქორწინებაზე უარის თქმის უფლება.

გარიგებით ქორწინება, რომელიც ძირითადად მეზობელ სოფლებში მცხოვრებ გოგონებსა და ხანში შესულ მამაკაცებს აკავშირებდა, ალბანელთა (და არამხოლოდ მათ) სინამდვილეში ჩვეულებრივი რამ იყო. გადაწყვეტილებას მშობლები ან ოჯახის ახლობლები იღებდნენ – ცხადია, მამაკაცის თანხმობის შემდეგ და გოგონას აზრის გაუთვალისწინებლად. უმთავრესად სწორედ ასეთი კავშირისთვის თავის ასარიდებლად წარმოიშვა ნაფიც ქალწულთა – ბარნიშების – ინსტიტუტი. გოგონები სოფლის უხუცესთა წინაშე ფიცს დებდნენ, რომ ქალწულებად დარჩებოდნენ, დაივიწყებდნენ ბუნებრივ სქესს და მამაკაცის სოციალურ როლს მოირგებდნენ, რის სანაცვლოდაც იღებდნენ უფლებებს, რომლებიც მამაკაცებს ჰქონდათ. ამის შემდეგ იჭრიდნენ თმას, იცვამდნენ მამაკაცის სამოსს, ირქმევდნენ ახალ სახელს, იწყებდნენ მიწის დამუშავებას და აგემოვნებდნენ მანამდე უცხო თავისუფლებას.

დიახ, თავის დაცვის ეს მექანიზმი ისე კარგად მუშაობდა საუკუნეების განმავლობაში, იმდენი ქალი დაიცვა დისკრიმინაციისგან, რომ დღესაც კი, როცა ქალისა და მამაკაცის უფლებრივ თანასწორობას სახელწიფო კანონით იცავს, ალბანეთის ჩრდილოეთ ნაწილში, მთიან სოფლებში, წააწყდებით ქალებს, რომლებმაც სიყვარულისა და თავისუფლების აკრძალვას საკუთარ იდენტობაზე უარის თქმა ამჯობინეს. მათთვის უცხოა ის ბედნიერებები, რაც ჩვენ, ჩვეულებრივ გოგონებს გვაქვს, გოგონებს, რომლებსაც შეგვიძლია გოგონებივით ვიცხოვროთ, ვინც შეგვიყვარდება, მათთან ერთად ვიცხოვროთ, შვილები გვყავდეს, კაბები გვეცვას, სამსახურებში დავდიოდეთ და ჩვენთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ჩვენი აზრი დაუფარავად გამოვხატოთ. მათ ჩვენი მრავალფეროვანი სიხარული ერთ – თავისუფლების მოპოვებით გამოწვეულ სიხარულზე გაცვალეს.

 

ალბანეთის მთიან სოფლებში შემორჩენილი ბარნიშები, ათასწლოვანი ტრადიციის ეს უკანასკნელი მოჰიკანები, ფირზე აღბეჭდა ფოტოგრაფმა ჯილ პეტერსმა, რომელსაც გაქრობის პირას მყოფი ტრადიციის დოკუმენტალიზაცია დაესახა მიზნად. ბარნიშების ინსტიტუტის შესახებ, რომელიც, სავარაუდოდ, მეთხუთმეტე საუკუნეში წარმოიშვა და არა მხოლოდ ალბანეთში, არამედ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებშიც (კოსოვო, მაკედონია, სერბია, მონტენეგრო, ხორვატია და ბოსნია) უნდა ყოფილიყო გავრცელებული, ჯილმა გენდერის ერთ-ერთი სახელმძღვანელოდან შეიტყო. წიგნში მათზე სულ რამდენიმე წინადადება ეწერა და ფოტოგრაფმა გადაწყვიტა, მწირი ინფორმაცია თავად გაემდიდრებინა. იმ ქალების უმეტესობა, რომლებსაც ჯილი შეხვდა, მოხუცია. ისინი ამბობენ, რომ მათ გადაწყვეტილება სხვა დროში მიიღეს, ახლა თავისუფლად ცხოვრებისთვის ასეთი რადიკალური ნაბიჯები აღარ არის საჭირო. ყველაზე ახალგაზრდა ბარნიშა 42 წლისაა. ჯილი ამბობს, რომ ტრადიცია ალბანეთში ინერციით გრძელდება და, სავარაუდოდ, ორდენის უკანასკნელ წარმომადგენელთან ერთად გაქრება.

როცა ამ ქალების ამბავი გესმის, ხვდები, რომ ის, რაც შენთვის იმთავითვე ნაგულისხმევი მოცემულობაა, ვიღაცისთვის მონაპოვარია. ხვდები, რომ ქალებს საკუთარი უფლებების ლეგიტიმაციისთვის მეტი ძალისხმევა გვჭირდება, რათა ერთ დღესაც ისეთ მდგომარეობაში არ აღმოვჩნდეთ, ბუნების წინააღმდეგ ამბოხება დაგვჭირდეს. ამიტომ ნუ იფიქრებთ, რომ ქმარი, რომელიც ცოლს სცემს, ან ავღანელი ახტარა, რომელსაც არც კი იცნობთ, სულაც არ არის თქვენი სადარდებელი. ნუ გაიცინებთ დისკრიმინაციის გამომხატველ ხალხურ „სიბრძნეებზე” და აუცილებლად ასწავლეთ მოსწავლეებს, შვილებს, თქვენ გვერდით მცხოვრებ ადამიანებს, რომ საკუთარ თავს და სხვა ქალებს სათანადო პატივისცემა სჭირდებათ.

 

გაერთიანებული ევროპა

0
მწერლები და ფილოსოფოსები საუკუნეების წინ ოცნებობდნენ გაერთიანებულ ევროპაზე. ვიქტორ ჰიუგო მშვიდობიან ,,ევროპის გაერთიანებულ შტატებზე” ფიქრობდა, რომელიც ჰუმანისტურ იდეებს დაეფუძნებოდა. მანამდე კი იმანუელ კანტს ,,მარადიული მშვიდობისთვის” აუცილებლად მიაჩნდა ევროპული სახელმწიფოების კონფედერაციის შექმნა. ეს ოცნება მე-20 საუკუნეში ევროპის კონტინენტზე ორმა საზარელმა მსოფლიო ომმა კინაღამ საბოლოოდ დაასამარა. თუმცა მეორე მსოფლიო ომის ნანგრევებში მაინც გაჩნდა გაერთიანების იმედი. ტოტალიტარიზმის მოწინააღმდეგებმა გადაწყვიტეს, ურთიერთშუღლი და სიძულვილი დაესრულებინათ და გადამტერებულ ერებს შორის მშვიდობა დაემყარებინათ.    

 

1945 – 1950 წლებში შორსმჭვრეტელმა სახელმწიფო მოღვაწეებმა: უინსტონ ჩერჩილმა, კონრად ადენაუერმა, ალჩიდე დე გასპერმა და რობერტ შუმანმა დაარწმუნეს თავიანთი ქვეყნების მოსახლეობა, რომ მათ ცხოვრებაში ახალი ერა დაიწყებოდა.  

1950 წლის 9 მაისს შუმანმა წამოაყენა წინადადება ქვანახშირისა და ფოლადის ევროპული  გაერთიანების დაარსების შესახებ. ეს, როგორც პრაქტიკული, ისე სიმბოლური თვალსაზრისით, ომისათვის აუცილებელი ნედლეულის მშვიდობის დასამყარებლად გამოყენებას ნიშნავდა. შუმანის გეგმა რეალობად იქცა 1951 წლის 18 აპრილს, როდესაც პარიზში ხელი მოეწერა ქვანახშირისა და ფოლადის ევროპული  გაერთიანების დაარსებას. 
გაერთიანება დააფუძნა ექვსმა ევროპულმა სახელმწიფომ: ბელგიამ, გერმანიის ფედერაციულმა რესპუბლიკამ, საფრანგეთმა, იტალიამ, ლუქსემბურგმა და ნიდერლანდებმა.  გაერთიანება მიზნად ისახავდა მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ დამარცხებულებსა და გამარჯვებულებს შორის მშვიდობის განმტკიცებას ერთობლივ ინსტიტუციებში თანასწორუფლებიანი თანამშრომლობით.   

1957 წლის 25 მარტს ქვანახშირისა და ფოლადის ევროპული  გაერთიანების დამფუძნებელმა ექვსმა სახელმწიფომ რომში ხელი მოაწერა ხელშეკრულებებს ატომური ენერგიის დარგში ევროპული გაერთიანებისა და ევროპული ეკონომიკური გაერთიანების შექმნის შესახებ. ევროპული ეკონომიკური გაერთიანება მიზნად ისახავდა დიდი ევროპული ბაზრის შექმნას მრავალფეროვანი საქონლითა და მომსახურებით. ექვს დამფუძნებელ ქვეყანას შორის გაუქმდა საბაჟო სამსახურები. ამავე დროს დაიწყო საერთო პოლიტიკის გატარება ვაჭრობისა და სოფლის მეურნეობის დარგებში. 

განხორციელებული ღონისძიებები იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ დანიამ, ირლანდიამ და დიდმა ბრიტანეთმა გაერთიანებაში გაწევრიანება გადაწყვიტეს. ამავდროულად გატარდა ახალი სოციალური და გარემოსდაცვითი ღონისძიებები. 

1975 წელს დაფუძნდა რეგიონული განვითარების ევროპული ფონდი (EFRE). 

1979 წელს გაიმართა ევროპის პარლამენტის პირველი საყოველთაო პირდაპირი არჩევნები. ეს არჩევნები ყოველ 5 წელიწადში ერთხელ ტარდება. 

1981 წელს გაერთიანების წევრი გახდა საბერძნეთი, 1986 წელს კი – პორტუგალია და ესპანეთი. ევროპის სამხრეთით გაფართოებამ რეგიონული დახმარების პროგრამების განხორციელება განსაკუთრებით დააჩქარა. 

მიუხედავად გარკვეული წარმატებებისა, 80-იანი წლების დასაწყისში მაინც აგორდა ,,ევროპესიმიზმის” ტალღა. ევროპის ინტეგრაციას ახალი იმპულსი სჭირდებოდა. ეს იმპულსი კი ევროპის კომისიის მიერ წარდგენილი გეგმა უნდა ყოფილიყო – გეგმა ევროპული შიდა ბაზრის ჩამოყალიბების შესახებ.

ევროპის პოლიტიკური სურათი არსებითად შეიცვალა 1989 წელს ბერლინის კედლის დანგრევის შემდეგ. გაერთიანდა გერმანია, დაიშალა საბჭოთა კავშირი და 1991 წელს მაასტრიხტში ხელმოწერილი ხელშეკრულების საფუძველზე შეიქმნა ევროპის კავშირი. ამას მოჰყვა შუა და აღმოსავლეთ ევროპის დემოკრატიზაციის პროცესი. აღმოსავლეთევროპულმა ქვეყნებმა თავი დააღწიეს საბჭოთა კავშირის კონტროლს და დაიწყეს რეფორმირება ევროკავშირში გაწევრიანების მიზნით. 

1995 წელს ევროპის კავშირს შეუერთდა ფინეთი, ავსტრია და შვედეთი. თუმცა ამ პერიოდისთვის ევროპა უკვე ახალი გამოწვევების წინაშე იდგა. ახალი ტექნოლოგიები ეკონომიკის მოდერნიზებას მოითხოვდა. ამასთანავე, უმუშევრობა და საპენსიო სისტემების მზარდი ხარჯები მძიმე ტვირთად დააწვა წევრი სახელმწიფოების ეკონომიკას. რეფორმები გარდაუვალი იყო. ამიტომაც, 2000 წელს დაამტკიცეს ე.წ. ,,ლისაბონის სტრატეგია”. ევროპის კავშირმა მიზნად დაისახა მსოფლიო ბაზარზე პოზიციების განმტკიცება, აშშ-სა და სხვა ქვეყნებისთვის კონკურენციის გაწევა. გარდა ამისა, უნდა მომხდარიყო ინოვაციების და ინვესტიციების ხელშეწყობა, აგრეთვე ევროპის განათლების სისტემების რეფორმირება.  

ამავე დროს ევროპის კავშირი ერთიანი ვალუტის შემოღებაზე მუშაობდა, რასაც მნიშვნელოვნად უნდა გაეიოლებინა საქმე საწარმოებისთვის, მომხმარებლებისა და ტურისტებისათვის. 2002 წელს ევრომ ევროკავშირის 12 წევრი სახელმწიფოს ვალუტა შეცვალა. დოლართან ერთად, ის მნიშვნელოვან საერთაშორისო ვალუტად იქცა.  

საბჭოთა კავშირის გავლენისგან თავის დაღწევის შემდეგ, განხორციელებული რეფორმების საფუძველზე, 2004 წელს ევროპის კავშირში გაწევრიანდნენ ყოფილი აღმოსავლეთის ბლოკის სახელმწიფოები: პოლონეთი, სლოვაკეთი, ჩეხეთი, უნგრეთი; ბალტიის სახელმწიფოები: ესტონეთი, ლიტვა, ლატვია  და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნები: მალტა და კვიპროსი. 2007 წელს ევროპის კავშირში გაწევრიანდა ბულგარეთი და რუმინეთი. ევროპის კავშირმა დიდ გაფართოებაში ევროპის კონტინენტის სტაბილიზაციის შანსი დაინახა. დღეს ევროპის კავშირი 27 სახელმწიფოს აერთიანებს.  

შესაძლებელია თუ არა, რომ ევროპის კავშირს სხვა სახელმწიფო შეუერთდეს? რა მოთხოვნებს უყენებს ევროპის კავშირი გაწევრიანების მსურველ სახელმწიფოს?  

ევროპა არის ტერიტორია, რომელიც მდებარეობს ატლანტის ოკეანესა და ურალს შორის, ჩრდილოეთის ზღვასა და ხმელთაშუა ზღვას შორის. შესაბამისად, ამ ტერიტორიაზე მდებარე სახელმწიფოს უფლება აქვს, გაწევრიანდეს ევროპის კავშირში. ნებისმიერი ევროპული ქვეყანა, რომელიც აკმაყოფილებს დემოკრატიულ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ წინაპირობებს, უფლებამოსილია, მოითხოვოს ევროპის კავშირის წევრობა. ევროპის კავშირში ახალი სახელმწიფოს მიღებას ერთხმად უნდა დაეთანხმოს ევროპის კავშირის ყველა ქვეყანა.  

ამ ეტაპზე გაწევრიანების შესახებ აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს თურქეთთან, რომელიც უკვე არის NATO-ს წევრი სახელმწიფო. მოლაპარაკებები მიმდინარეობს ასევე ხორვატიასთან. გაწევრიანების სურვილი გამოთქვა მაკედონიამ, ალბანეთმა, ბოსნია-ჰერცოგოვინამ, მონტენეგრომ და სერბეთმა, აგრეთვე ისლანდიამ. დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, გაწევრიანების მსურველ სახელმწიფოთა რიცხვს დაემატა კოსოვო. 

სახელმწიფო ევროპის კავშირში შეიძლება გაწევრიანდეს, თუ იგი აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს: 
1.   პოლიტიკური კრიტერიუმები: ინსტიტუციური სტაბილურობა, რომლითაც გარანტირებულია დემოკრატიისა და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპები. სახელმწიფო უნდა იცავდეს ადამიანის უფლებებს, მათ შორის უმცირესობათა უფლებებს; 

2. ეკონომიკური კრიტერიუმები: სახელმწიფოში უნდა არსებობდეს გამართული საბაზრო ეკონომიკა, რომელიც გაუძლებს ევროკავშირის ფარგლებში  არსებული კონკურენციის წნეხს; 

3. სახელმწიფოს უნდა შეეძლოს ევროპის კავშირის წევრობით განპირობებული ვალდებულებების შესრულება. ის უნდა დაეხმაროს ევროპის კავშირს მიზნების მიღწევაში. წევრობის მსურველ ქვეყანაში უნდა არსებობდეს ისეთი საჯარო მმართველობა, რომელსაც შეუძლია ევროპის კავშირის სამართლებრივი აქტების პრაქტიკაში დანერგვა და გამოყენება. 

რატომ უნდა სურდეს სახელმწიფოს ევროპის კავშირში გაწევრიანება, მაშინ, როდესაც ამ ნაბიჯით სახელმწიფო სუვერენიტეტს იზღუდავს? მიზეზი მარტივია: მშვიდობა, უსაფრთხოება, ეკონომიკური და სოციალური თანადგომა, ევროპული იდენტობის, ღირებულებების, მრავალფეროვნების შენარჩუნება გლობალიზებულ მსოფლიოში.

სახელმძღვანელოს როლი უცხო ენის გაკვეთილზე

0
წარმოდგენილი სტატიის მიზანია, მკითხველს გააცნოს უცხო ენის სახელმძღვანელოს, როგორც ყველაზე მნიშვნელოვანი სასწავლო მასალის, განვითარების ასპექტები ენის ათვისებისას; სახელმძღვანელოს ფუნქციები, სახელმძღვანელოს  სტრუქტურა, სახელმძღვანელოსა და სასწავლო გეგმის კავშირი, სახელმძღვანელოს შინაარსი, სახელმძღვანელოს შერჩევის და მისი სწორად გამოყენების პრინციპები.

უცხო ენის ათვისებისას მნიშვნელოვანი როლი უკავია სწორად შერჩეულ სახელმძღვანელოს, რომელიც სასწავლო პროცესის თანამდევი და აუცილებელი ელემენტია. მის გარეშე უცხო ენის შესწავლა საკმაოდ რთულია. ის მნიშვნელოვანია როგორც მოსწავლისათვის, ასევე მასწავლებლისთვისაც და მათთან ერთად ცნობილი დიდაქტიკური სამკუთხედის ერთ-ერთ ნაწილს წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე სასწავლო გარემოში მასწავლებელთა ნაწილი უარს ამბობს ერთი რომელიმე სახელმძღვანელოს გამოყენებაზე და თავად არჩევს მასალას, მოსწავლეთა და მასწავლებელთა უმრავლესობისთვის მაინც სახელმძღვანელო რჩება ძირითად სამუშაო მედიად. 

უცხო ენის ტრადიციული სახელმძღვანელოსგან განსხვავებით, რომელიც მხოლოდ ერთი წიგნისაგან შედგებოდა, დღეს მოსწავლესა და მასწავლებელს  რამდენიმე ნაწილისაგან შემდგარი სასწავლო-მეთოდიკური კომპლექტების ფართო არჩევანი აქვთ. თანამედროვე სახელმძღვანელო მრავალი კომპონენტისგან შემდგარი კომპლექტია და მოიცავს მოსწავლის წიგნს, მოსწავლის რვეულს, მასწავლებლის წიგნს, აუდიო და ვიდეომასალას, ტესტების რვეულს, გლოსარს, CD-ს, სავარჯიშო წიგნებს, გრამატიკულ მასალას, ონლაინ მასალას და სხვ. ენის სრულყოფილად ათვისებისათვის აუცილებელია ყველა ამ კომპონენტის ინტეგრირებულად გამოყენება. რომელიმე მათგანის გამოტოვების შემთხვევაში მიზანი ვერ მიიღწევა. 

ტრადიციულ სახელმძღვანელოებში ცენტრალური ადგილი უმეტესწილად  ვრცელი მოცულობის ტექსტებსა და მათთან დაკავშირებულ გრამატიკულ მასალას ეკავა.  თანამედროვე სახელმძღვანელოებში კი მნიშვნელოვანია:

კომუნიკაციაზე ორიენტირება; 
ქმედებაზე ორიენტირება;   
მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინება; 
ინტერკულტურული სწავლება; 
მოსწავლის ავტონომიურობაზე ორიენტირება 
და სხვ. 

ტრადიციულ სახელმძღვანელოებში გრამატიკულ მასალასთან კავშირში ხდებოდა მოცემული სიტუაციების, არაავთენტური ტექსტების, დიალოგების, დავალებების შერჩევა. დღეს კი გრამატიკის შესწავლა არა მიზანი, არამედ მიზნის მიღწევის ისეთივე საშუალება გახდა, როგორიც, მაგალითად, ახალი სიტყვების დასწავლა, მათი სწორად წარმოთქმა და სწორი მართლწერაა. თანამედროვე სახელმძღვანელოში დიდი ადგილი უკავია ავთენტურ მასალას, კრეატულ დავალებებს, კულტურათა დიალოგს, დისკუსიებში მონაწილეობას, არგუმენტირების უნარის გამომუშავებას, საკუთარი პოზიციის გამოხატვას უცხო ენაზე და ა.შ. გრამატიკის და ლექსიკური ერთეულების დაზეპირებამ ადგილი სოციალურ-კულტურული ინფორმაციების, კომუნიკაციის ვერბალური და არავერბალური ფორმების შეტანას დაუთმო და გრამატიკაზე ორიენტირებული ტექსტები ავთენტურმა მასალამ ჩაანაცვლა. კლასიკური ნაწარმოებების დეკლარაციული კითხვა ინტერაქტიური სასწავლო გარემოთი შეიცვალა და წერითი ენის სწავლება ენის, როგორც კომუნიკაციის საშუალების, ყოველდღიურ, ყოფით სიტუაციებში სწავლებამ ჩაანაცვლა. კოგნიტური ცოდნისა და ფაქტებზე ორიენტირებული ტექსტების დასწავლა (რაც, უპირველეს ყოვლისა, შესასწავლი ენისა და ქვეყნის ისტორიული და გეოგრაფიული ფაქტების, პოლიტიკის, ხელოვნებისა და მხატვრული ლიტერატურის შესახებ ცოდნის გადაცემით შემოიფარგლებოდა) ამავე ტექსტების საშუალებით ამ ენაზე მოსაუბრე ხალხის მენტალიტეტის, მათი ყოფა-ცხოვრების ამსახველი ინფორმაციების გაცნობითა და სხვადასხვა კულტურების შესახებ დიალოგის წარმართვით შეიცვალა. დღევანდელ სახელმძღვანელოში შესასწავლი ენისა და ქვეყნის, მისი კულტურის გაცნობა ენის ათვისების სხვა ასპექტებთან (ახალ მასალაში შეტანილი ლექსიკური ერთეულები და გრამატიკული მოვლენები; მოსმენის უნარ-ჩვევაში ვარჯიში და სხვ.) ინტეგრირებულად ხდება. უცხო ენის ათვისება, ენის სტრუქტურულ დონეზე დაუფლებასთან ერთად, განსხვავებული კულტურული კონტექსტებისა და ენობრივ-კულტურული თვითმყოფადობის დაფასებასა და პატივისცემას გულისხმობს. ამდენად, დღეს სახელმძღვანელოს მიზანს წარმოადგენს ენის შემსწავლელის კომუნიკაციური და ინტერკულტურული კომპეტენციის განვითარება ენობრივი კომპეტენციის გავითარებასთან ერთად. 

სასწავლო პროცესში მნიშვნელოვანი როლი უკავია სახელმძღვანელოს სწორად შერჩევას. სახელმძღვანელოს შერჩევისას (როგორც მოსწავლისათვის, ასევე მასწავლებლისათვის) სხვადასხვა კრიტერიუმის გათვალისწინებაა საჭირო. სწორად შერჩეული სახელმძღვანელო სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მიზნების მიღწევაში გვეხმარება და მოსწავლეს ენის სრულყოფილად ათვისებას უიოლებს.  არჩევანის სწორად გაკეთება  სასწავლო პროცესს ორივე მხარისათვის საინტერესოს ხდის და სასურველ შედეგს იძლევა. როგორც მოსწავლის, ასევე მასწავლებლის მხრიდან სახელმძღვანელოს შერჩევა საკმაოდ რთულია, რადგან ფართო სპექტრმა შეიძლება ისინი დააბნიოს და კარგი სახელმძღვანელოს მიგნება გაძნელდეს. 

სახელმძღვანელო ეფექტური შედეგების მომტანია მაშინ, როდესაც ავტორებს გათვალისწინებული აქვთ მოსწავლეთა ასაკობრივი თავისებურებები, მათი მოთხოვნები და მოტივაცია (შესაბამისი ასაკის მოსწავლისათვის საინტერესო სფერო/თემა, რითიც მისი მოტივირება შეიძლება და სხვ.), მოსწავლეთა ცოდნის დონე და ენობრივი სირთულეები (საერთო ევროპული სარეკომენდაციო ჩარჩოს მიხედვით, მოსწავლეთა ცოდნის დონე და ამ დონისთვის დამახასიათებელი ტიპიური შეცდომები და სხვ.), მოსწავლეების სწავლის სტილი (სტრატეგიები და ტექნიკები) და სხვ. 

ხშირ შემთხვევაში, უჩვეულო კონცეფციით შედგენილ სახელმძღვანელოებზე მუშაობა შეიძლება პრობლემას წარმოადგენდეს როგორც მოსწავლეებისათვის, ასევე მასწავლებლებისათვისაც. ტრადიციული სახელმძღვანელოებით მომუშავე პედაგოგისათვის ძნელია, მაგალითად, ჩვეული გრძელი ტექსტების ნაცვლად ახალ სახელმძღვანელოში წარმოდგენილ პატარა ტექსტებზე მუშაობა; ან ტექსტების სათარგმნად თუ მოსათხრობად მიცემის ნაცვლად გრძელი ტექსტების, როგორც წერითი დავალების იმპულსად გამოყენება გაკვეთილზე; ან მოსწავლეებისათვის გრამატიკული წესების მშობლიურ ენაზე ახსნის ნაცვლად ახალი გრამატიკული წესების მოსწავლეების მიერვე ფორმულირება და ა.შ.). სახელმძღვანელოზე მუშაობისას აუცილებელია მასწავლებლის წიგნის გამოყენება, რადგანაც მასწავლებლის თანამედროვე წიგნი მეთოდიკა/დიდაქტიკაში მიმდინარე ყველა სიახლის გათვალისწინებითაა შედგენილი, გაკვეთილები დეტალურად არის გაწერილი და მასწავლებელს დიდ დახმარებას უწევს. საჭიროა, მასწავლებელი გაკვეთილის ჩატარების წინ ყურადღებით გაეცნოს სახელმძღვანელოს ავტორების მიერ დეტალურად აღწერილ მონაკვეთებს და გამოიყენოს მეთოდური მითითებები, რაც სასწავლო პროცესს ეფექტურს გახდის,  მოსწავლე საინტერესო გაკვეთილის მომსწრე გახდება და შედეგიც სასურველი იქნება. 

წლების განმავლობაში არსებობდა მოსაზრება, რომ სახელმძღვანელო მოსწავლისთვისაა განკუთვნილი, თუმცა დღეს აღარავინ დავობს იმაზე, რომ ის არანაკლებ დახმარებას უწევს მასწავლებელს და მას სასწავლო გეგმაში დასახული მიზნების განხორციელებასა და სასწავლო პროცესის სწორად წარმართვაში ეხმარება. სასწავლო გეგმის მოთხოვნებთან შესაბამისობაში შედგენილი სახელმძღვანელო მასწავლებლისთვის სასწავლო პროცესის ორიენტირია. როდესაც მასწავლებელი კარგად იცნობს სახელმძღვანელოთი მუშაობის თანამედროვე პრინციპებს (სახელმძღვანელოს ყველა ნაწილის ინტეგრირებულად გამოყენება, მასწავლებლის წიგნზე მუშაობა და ა.შ.) და იყენებს მათ მუშაობისას, სასწავლო პროცესი იდეალურად მიმდინარეობს, მოსწავლე მოტივირებულია და ენის ათვისებაც იოლად ხდება. შეიძლება სახელმძღვანელო ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებდეს და შეესაბამებოდეს სასწავლო გეგმაში მოცემულ სასწავლო მიზნებსა და შინაარსს, მაგრამ მასწავლებლის არასწორმა მუშაობამ მოსწავლეები სავალალო შედეგებამდე მიიყვანოს. არის შემთხვევები, როდესაც, მაგალითად, უცხო ენაზე მოსმენის უნარ-ჩვევის განვითარებისათვის სახელმძღვანელოში მოსასმენი ტექსტია შეთავაზებული ყველა კლასიკური დავალების თანხლებით (მოსმენამდე, მოსმენის დროს და შემდეგ შესასრულებელი დავალებები), მაგრამ მასწავლებელი სხვადასხვა მიზეზის გამო (ტექნიკური საშუალებების არქონა, მოსასმენი ტექსტის არასაჭიროდ ჩათვლა და სხვ.) ტექსტს არ ასმენინებს მოსწავლეებს და ამის ნაცვლად თვითონ უკითხავს მას. ზოგჯერ ტექსტის წაკითხვის შემდეგ მასწავლებელი მოსწავლეებისგან ითხოვს მხოლოდ ორი დავალების შესრულებას: 1. წაიკითხე ტექსტი და თარგმნე; 2. გადმოეცი ტექსტის მოკლე შინაარსი. მასწავლებლის მიერ სახელმძღვანელოზე ასეთი მუშაობით, რა თქმა უნდა, სახელმძღვანელოს ამ ნაწილის მიზანი (მოსასმენი ტექსტის გაგება, გააზრება, მოცემულ თემებზე დისკუსიის წარმართვა და ა.შ.) ვერ  მიიღწევა და გაკვეთილიც საკმაოდ მოსაწყენი და არაფრის მომცემი გამოვა.

აუცილებელია, მასწავლებელმა მუშაობისას გამოიყენოს მასწავლებლის წიგნი, რომელშიც მისთვის საჭირო დამხმარე მეთოდური მითითებებია სახელმძღვანელოს ავტორების მიერ წარმოდგენილი. კარგი სახელმძღვანელო მხოლოდ მაშინ არის დადებითი შედეგების მომტანი, თუ მას მასწავლებელი სწორად შეიტანს გაკვეთილზე. ეს, უპირველეს ყოვლისა, მასწავლებლის წიგნის დახმარებით მასწავლებლის მომზადებასა  და გაკვეთილზე სახელმძღვანელოს ყველა ნაწილის ინტეგრირებულად მიწოდებას გულისხმობს. 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...