ოთხშაბათი, აპრილი 29, 2026
29 აპრილი, ოთხშაბათი, 2026

ბავშვთა ჯვაროსნული ლაშქრობა

0

ისტორიაში რამდენიმე ფაქტია, რომელიც განსაკუთრებით მაშინებს. მაშინებს იმიტომ, რომ არ მესმის, ადვილია, გეშინოდეს იმის, რაც ვერ გაიგე.

ღალატს, ომებს, შინააშლილობებს, მკვლელობებს, ისტორიის ყველაზე საშინელ ფურცლებს, წარმოსახვას რომ მიფორიაქებდნენ და ღამ-ღამობით მშვიდი ძილის საშუალებას არ მაძლევდნენ, ერთ-ერთი მეშვიდე კლასში დაემატა, როდესაც 5-ე ჯვაროსნული ლაშქრობის, იგივე – ბავშვთა ჯვაროსნული ლაშქრობის შესახებ წავიკითხე.

იმ დღიდან მოყოლებული დღემდე მაშინებს იმის წარმოდგენა, რომ აღტკინებული, შეიარაღებული, სიტყვას თუ მოწოდებას ბრმად მინდობილი, ნახევრად მშიერი 12-13 წლის ბავშვები შორეულ ქვეყანაში გასამგზავრებლად მოემზადნენ, არც მეტი, არც ნაკლები ქრისტეს საფლავის ურჯულოებისაგან გამოსახსნელად.

ყველაფერი კი 1212 წელს დაიწყო საფრანგეთში, ერთ-ერთ სააბატოში, როცა გამოჩნდა 12 წლის ბიჭუნა, ეტიენი, რომელიც აცხადებდა რომ უფლის მიერ მიენიჭა უზარმაზარი მისია – ქრისტეს საფლავი გაეთავისუფლებინა. მას ათასობით ბავშვი და მოზარდი აჰყვა. ბავშვი ჯვაროსნების მეორე არმია გერმანიაში შეიქმნა, გერმანიიდან იტალიისკენ წამოსულმა ბავშვებმა ალპები დიდი წვალებით გადაიარეს.

დღეს ცოტა გიჟურად და წარმოუდგენლად ჟღერს, მაგრამ „დიდური” იდეებით შთაგონებულ ბავშვებს უფროსებმაც დაუჭირეს მხარი, ერთ-ერთი ვერსიით თვით პაპმაც კი.

ზღვასთან მისულ ბავშვებს ორმა ვაჭარმა შესთავაზა გემები, ბოლოს კი აღმოჩნდა, რომ ისინი მონებით მოვაჭრეებთან იყვნენ შეკრულები. მოტყუებული ბავშვების ნაწილი ზღვაში დაიღუპა, ნაწილი კი ალჟირში მონებად გაყიდეს.

მკვლევართა აზრი ამ ლაშქრობასთან დაკავშირებით იყოფა, ზოგიერთი მათგანი თვლის, რომ ჯარი არც ისე მცირეწლოვანთანან იყო შემდგარი, ზოგიერთი საერთოდ ეჭვქვეშ აყენებს ამ გამგზავრებას, მაგრამ ძალიან ბევრი ისტორიული წყარო მოგვითხრობს ბავშვთა ამ ლაშქრობის შესახებ.

მას მერე, რაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, რამდენიმე მთავრობა გამოვიცვალეთ. ზოგი ნებით, ზოგი ძალით, ზოგი ავირჩიეთ, ზოგი გადავაგდეთ… იყო სამოქალაქო ომები, დაპირისპირებები, გაუგებრობები, დაბნეულობები…

ამ ხნის მანძილზე, ნებისმიერი წინასაარჩევნო კამპანიის დროს, აუცილებლად მხვდებიან თვალთ სხვადასხვა ფერის, სხვადასხვა პარტიის ლოგოიან მაისურებში ჩაცმული ბავშვები. ბავშვები რომელიმე ლიდერის სარეკლამო კლიპში, ლენინს უყვარდა ბავშვები, სტალინსაც ჰყვარებია, ედუარდ შევარდნაძესაც, მიხეილ სააკაშვილსაც და ჩვენს ამჟამინდელ მთავრობასაც ძალიან უყვარს – მათი სხვადასხვა აქციაში გამოყენება, პიარისა და რეკლამისთვის, ამომრჩევლის კეთილგანწყობისთვის – ჩვეულზე ჩვეული გახდა.

ალბათ, ყველას გახსოვთ რამდენიმე ვიდეო, სადაც ბავშვები პოლიტიკაზე კამათობენ, ამა თუ იმ პარტიის ინტერესებს იცავენ და თანატოლებს პოლიტიკის გამო ეჩხუბებიან.

რომ გადახედოთ სხვადასხვა პარტიის პიარ აქციებს თუ წინასაარჩევნო კამპანიებს, აუცილებლად მოგხვდებათ თვალში აქტივისტი ბავშვები, ზოგი დროშას აფრიალებს, ზოგი საარჩევნო პლაკატს, პარტიის სახელს თუ დევიზს იძახის და არც „გაუმარჯოოს”-ში ჩამორჩება უფროსებს.

სკოლაში? არასოდეს შესწრებიხართ დასვენებაზე განხილულ პოლიტიკურ თემებს? სამწუხაროდ, ზოგჯერ მასწავლებლებიც მონაწილეობენ ამგვარ განხილვებში.

ბავშვებს აქვთ უფლება ისწავლონ, ითამაშონ, იკითხონ, მულტფილმებს უყურონ, საინტერესო თემებით დაინტერესდნენ, რა თქმა უნდა, პოლიტიკითაც – თუ ეს ინტერესი ნებაყოფლობითია, თუ უფროსები ან გარემო არ მოითხოვს ან განაპირობებს მათ ამ ინტერესს.

მათ აქვთ უფლება არ ჩაიცვან არცერთი პარტიის მაისური, არ იყვნენ არცერთი პოლიტიკური ძალის ინტერესის გამტარებელნი, არ დაიზეპირონ არცერთი პარტიის სლოგანი, არ გადაემტერონ თანატოლებს პოლიტიკურ ნიადაგზე, არ იყვნენ ვიღაცის გულის აჩუყების თუ ნდობის ამაღლებისათვის საჭირო მასალა.

დიახ, დიახ, სწორედ მასალა.

ბავშვებს აქვთ უფლება არ მიიღონ მონაწილეობა არცერთ ჯვაროსნულ ლაშქრობაში.

და ჩვენ, უფროსებს ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ეს.

რატომ განსხვავდებიან ერთი დედ-მამის შვილები ერთმანეთისაგან

0
 წლების წინ ერთი ქალბატონი ჩვენთან საუბარში გაკვირვებას, აღშფოთებასა და უკმაყოფილებას ვერ მალავდა იმის გამო, რომ მისი გოგონები ისე განსხვავდებოდნენ ერთმანეთისაგან, თითქოს ძალიან განსხვავებულ ოჯახებში იყვნენ აღზრდილნი – „ისინი ხომ ერთი და იგივე მშობლების შვილები არიან, ერთ ოჯახში იზრდებიან. ნინი ისეთი კარგი მყავს, ენაცვალოს დედა, ჩემი საამაყო შვილია. მან უნდა მასახელოს. აი, ნანი კი ნამდვილად დამღუპავს – მომკლა, გამაჭაღარავა, ის მომიღებს ბოლოს”,  – არ ცხრებოდა გოგონების დედა. ყველაზე სამწუხარო კი ის იყო, რომ თავის დამოკიდებულებას შვილების მიმართ ის მათი თანდასწრებით გამოხატავდა. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ მშობლის ასეთი შეფასებები გოგონებს შორის კონკურენციის, უკმაყოფილებისა და აგრესიის მიზეზი შეიძლებოდა გამხდარიყო. ხშირად პედაგოგებშიც შეინიშნება გაოცება და უკმაყოფილება, როცა სასახელო და სანიმუშო მოსწავლის უსაქციელო, ზარმაცი და სწავლაში ჩამორჩენილი დის ან ძმის მასწავლებელი ხდება.
     მაინც რატომ განსხვავდებიან არცთუ იშვიათად ასე მკვეთრად ერთი დედ-მამის შვილები? ალბათ ყველას შეგვიმჩნევია, რომ, საოცარი გარეგნული მსგავსების მიუხედავად, უმრავლეს შემთხვევაში იდენტური ტყუპებიც კი არ ჰგვანან  ერთმანეთს ხასიათით და ქცევითი მახასიათებლებით. ეს განსხვავება, უპირველეს ყოვლისა, იმით არის განპირობებული, რომ ისინი სხვადასხვა პიროვნებები, სხვადასხვა უნარების, შესაძლებლობებისა და ინდივიდუალური მახასიათებლების მატარებლები არიან. ხშირად უფროსების დამოკიდებულებაც მათ მიმართ, მათივე თავისებურებებიდან და ქცევიდან გამომდინარე, არ არის ზუსტად ერთნაირი. რომ აღარაფერი ვთქვათ ტყუპებზე, მშობლების ასეთი განსხვავებული დამოკიდებულება შვილებთან ურთიერთობისას ხშირად ასაკით განსხვავებული და-ძმების მიმართაც შეინიშნება. რა თქმა უნდა, არ იქნებოდა მართებული გვეფიქრა, თითქოს მშობლის ასეთ განსხვავებულ დამოკიდებულებას შვილების მიმართ ის ფაქტი განაპირობებს, რომ ერთი მათგანი მეტად უყვარს, უფრო ძვირფასია მისთვის, ვიდრე მეორე. ხშირ შემთხვევაში მშობელი ერთ შვილს მეტად აქებს, მეტად ამაყობს მისით მხოლოდ იმიტომ, რომ მეორისთვის ის მისაბაძი გახადოს. სამწუხაროდ, ნაცვლად ამისა, შედეგად ვიღებთ იმას, რომ დედ-მამის შვილებს შორის იწყება კონკურენცია, ფარული ბრძოლა, შეიმჩნევა აგრესიაც და მომავალში შეიძლება ისინი ერთმანეთის მტრებადაც კი ჩამოყალიბდნენ.  საინტერესოა ის ფაქტი, რომ ჯერ კიდევ ჩვილობის პერიოდში, როდესაც პატარა ადექვატურად ვერ აღიქვამს ჩვენს მეტყველებას და ვერ იგებს  სიტყვებს, მეტყველებითი ურთიერთობის გარეშეც შესანიშნავად აფიქსირებს ჩვენს გრძნობებს, ჩვენს განცდებს და ძალიან სწრაფად სწავლობს იმის გამოცნობას, თუ რა იმალება ჩვენი ქცევის მიღმა.
     მეცნიერული ფსიქოლოგიური კვლევებით დადასტურებულია, რომ ბევრ სხვა ფაქტორთან ერთად და-ძმებს შორის განსხვავებას დედმამიშვილობაში რიგითობა განაპირობებს. ის, თუ რიგით მერამდენე შვილია ბავშვი ოჯახში, ბევრად განსაზღვრავს მისი პიროვნების და ხასიათის ჩამოყალიბებას, ასევე მის ფსიქიკურ განვითარებას. რა იძლევა ასეთი მოსაზრებების საფუძველს? ალბათ ვერავინ უარყოფს იმ ფაქტს, რომ პირველ, მეორე და შემდგომ შვილებს სრულიად განსხვავებულ ოჯახურ გარემოში უწევთ  შემოსვლა – პირველი შვილი მშობლებისთვის, პირველი შვილიშვილი ბებია-ბაბუისთვის, პირველი დისშვილი დეიდისთვის, პირველი ძმისშვილი ბიძიასთვის და საერთოდ პირველი ბავშვი ოჯახში. ასეთი სტატუსი განსაკუთრებულ მდგომარეობაში აყენებს პატარას. მის მისაღებად მშობლები და ოჯახის ახლობლები ჯერ კიდევ ბავშვის მუცლადყოფნის პერიოდში იწყებენ სამზადისს. იძენენ მისთვის ჩასაცმელს, სათამაშოებს მყუდრო გარემოს შესაქმნელად უწყობენ ოთახს. და აი, დგება ნანატრი წუთებიც, იბადება პატარა. ოჯახის წევრები ერთმანეთს ეცილებიან ბავშვის მოვლასა და მასზე ზრუნვაში. ჯერ კიდევ გამოუცდელი და ოდნავ დაბნეული დედა კი საკუთარ თავში დაურწმუნებლობისა და უსუსურობის შეგრძნებით, იმის შიშით, რომ რაიმე არ ავნოს და დაუზიანოს ბავშვს, დიდი სიფრთხილით აჭმევს, აცმევს, აბანავებს ბავშვს. უფრო გამოცდილი დედებისგან განსხვავებით ის საკმაოდ დიდ დროს უთმობს აღნიშნულ პროცედურებს და უფრო დიდ დროს ატარებს მასთან, რაც ჩვილისთვის საკმაოდ სასიამოვნოა. როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, მეტყველებითი ურთიერთობის გარეშეც პატარა ხშირ შემთხვევაში საკმაოდ ზუსტად რეაგირებს ჩვენს გრძნობებსა და განცდებზე. ამდენად ახლობლების ასეთი საყოველთაო ზრუნვის პირობებში მყოფი ბავშვი ეჩვევა მათ ასეთ ყურადღებას, კმაყოფილია თავისი მდგომარეობით და ქვეცნობიერად დარწმუნებულია, რომ მუდამ ასე გაგრძელდება. თუმცა გადის რამდენიმე წელი და ოჯახში ჩნდება მეორე ბავშვი. თუ პირველი შვილის შემთხვევაში მშობლები და ოჯახის სხვა წევრები ერთმანეთს ეცილებოდნენ მის მოვლასა და გართობაში, ამჯერად საქმეს იმიზეზებენ, რომ სახლიდან გავიდნენ და თავი დააღწიონ მათთვის უკვე მოსაბეზრებელ და მონოტონურ საქმიანობას. გარკვეული გამოცდილების მქონე დედა კი უკვე ისეთ დიდ დროს აღარ ანდომებს ჩვილის მოვლისათვის საჭირო პროცედურებს, ვინაიდან პირველი შვილის წყალობით მისთვის ეს ყოველივე ჩვეულ საქმიანობად იქცა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მეორე ბავშვის საოჯახო გარემო და ოჯახის წევრების დამოკიდებულებები ნამდვილად აღარ არის ისეთი, როგორიც პირველი ბავშვის შემთხვევაში იყო. უნდა ითქვას, რომ გარემოში მომხდარი ცვლილებები უფროსი ბავშვის მიერ ბევრად უფრო მტკივნეულად აღიქმება, ვიდრე უმცროსის მხრიდან. მეორე ბავშვის დაბადების შემდეგ, პირველი გრძნობს, რომ დედა მას მთლიანად აღარ ეკუთვნის, გამოჩნდა მეტოქე, რომელიც გახდა მოზიარე არა მხოლოდ დედის, არამედ ოჯახის სხვა წევრების, ახლობლების სიყვარულში, ყურადღებასა და მზრუნველობაში. ხშირია შემთხვევა, როცა ახალშობილის სანახავად მოსული, საჩუქრებით დატვირთული ნაცნობები და ნათესავები კარის ზღურბლთან სტუმრების მომლოდინე პირველ ბავშვს ვერც კი ამჩნევენ და პირდაპირ ახალშობილისკენ მიეშურებიან. ჩვეულ ყურადღებას მოკლებული ბავშვი უკმაყოფილოა, იწყებს ეჭვიანობას და შეიძლება თავისი პატარა ძამიკოსთვის ზიანის მიყენებაც კი სცადოს. მდგომარეობას ხშირად ისიც ართულებს, რომ უფროსები მუდმივად მოითხოვენ მისგან დაუთმოს პატარას. სისტემატურად ახსენებენ, რომ ის უკვე დიდია და უნდა იზრუნოს უმცროს ძმაზე. სამწუხაროდ, ეს ხდება მაშინაც, როცა ბავშვებს შორის ასაკობრივი სხვაობა ერთ წელს არ აღემატება. უფროსების ასეთი დამოკიდებულებით შეწუხებულ ბავშვს, ძველი პრივილეგიების და სტატუსის დასაბრუნებლად, მუდმივად პატარად დარჩენის სურვილი უჩნდება და ქვეცნობიერად განვითარების წინა პერიოდისათვის დამახასიათებელ ნიშნებს ამჟღავნებს და ცდილობს ისეთი ქცევების გახსენებას, რომელიც პატარაობას გაუხანგრძლივებს – იწყებს ენის მოჩლექით ლაპარაკს, მაშინ, როცა სულ ცოტა ხნის წინ გამართულად ლაპარაკობდა; ღამის ქოთანს მიჩვეული ახლა, უფროსების გასაკვირად, ისევ ისველებს; მოითხოვს, რომ აჭამონ, მაშინ, როცა ცოტა ხნის წინ უკვე დამოუკიდებლად ჭამდა; თუ მანამდე მშვიდად იძინებდა, ახლა ძილის წინ მშობლის გვერდით ყოფნას მოითხოვს. მეორე ბავშვის მშვიდ ხასიათზე მითითება პატარას კიდევ უფრო აღიზიანებს და მისი მხრიდან ახალი უკმაყოფილების გამოხატვის მიზეზი ხდება. არის შემთხვევები, როცა მშობლები უფრო მკაცრად ეპყრობიან პირველ შვილს, მასზე განსაკუთრებულ იმედებს ამყარებენ, მისგან რაღაც უფრო მეტს მოელიან, ვიდრე მეორე შვილისგან. 5 წლის ბავშვს საყვედურობენ იმის გამო, რომ სათამაშოები მოაბნია ოთახში. ხოლო, როცა მისი 3 წლის ძამიკო იმავეს აკეთებს, მშობლები თვითონ ალაგებენ ისე, რომ მას ერთ საყვედურსაც კი არ ეუბნებიან. ასეთ შემთხვევაში უფროს ბავშვს არა მხოლოდ უძლიერდება მტრობა უმცროსის მიმართ, არამედ მშობლების სიყვარულშიც ეპარება ეჭვი. 
     ოჯახში ყოველი მომდევნო ბავშვის გაჩენა მნიშვნელოვნად ცვლის ოჯახურ გარემოსა და უფროსების ბავშვთან დამოკიდებულებას. ამიტომ, საჭიროა რომ, ერთი მხრივ, ჩვენ, უფროსები მომზადებული შევხვდეთ ასეთ ცვლილებებს და, მეორე მხრივ, დავეხმაროთ ბავშვებს ახალ გარემოსთან უმტკივნეულოდ შეგუებაში იმისათვის, რომ ახალმა გარემომ უარყოფითი გავლენა არ მოახდინოს, როგორც მათ ფსიქიკურ განვითარებაზე, ასევე მათი პიროვნებისა და ხასიათის ჩამოყალიბებაზეც. ხშირ შემთხვევაში გარემოში მომხდარი ცვლილებებით გამოწვეული პრობლემების ბოლომდე აღმოფხვრა თითქმის შეუძლებელია, თუმცა შეიძლება მათი მინიმუმამდე დაყვანა. ამისათვის, უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია რიგი რეკომენდაციების გათვალისწინება:
  • მივიღოთ ბავშვი ისეთი, როგორიც არის. გვიყვარდეს ის ისეთი, როგორიც არის და არა ისეთი, როგორიც ჩვენ გვინდა, რომ იყოს;
  • მივცეთ ბავშვს საშუალება დაკავდეს ისეთი საქმით, აკეთოს ის, რითაც საკუთარი თავის რეალიზებას შეძლებს და არა ისეთი რამ, რაც ჩვენ მოგვწონს. ხშირია შემთხვევები, განსაკუთრებით პირველ შვილთან დაკავშირებით, როცა მშობლები ბავშვის დაბადებამდე ადგენენ ერთგვარ პროგრამას – როგორ უნდა აღზარდონ ის, რა უნდა ასწავლონ, სპორტის რომელ სახეობაზე უნდა ატარონ, რომელი უცხო ენები უნდა შეასწავლონ, რომელ უმაღლეს სასწავლებელში უნდა ჩააბარებინონ სკოლის დამთავრების შემდეგ, რა პროფესია უნდა აარჩევინონ. ბავშვის დაბადების შემდეგ ისინი ცდილობენ ზედმიწევნით განახორციელონ მისთვის შემუშავებული პროგრამა და არ ითვალისწინებენ იმას, მოსწონს თუ არა ბავშვს ის, რის გაკეთებასაც მისგან მოითხოვენ;
  • მოვერიდოთ ბავშვების ერთმანეთთან შედარებას და მათ დახასიათებას ერთმანეთის თანდასწრებით. მით უმეტეს არ არის სასურველი ბავშვისთვის მისაბაძად ვაქციოთ მისი ძმა და მუდმივად მის ღირსებებზე ვილაპარაკოთ. ყველა ბავშვშია რაღაც ისეთი, რის გამოც ის ჩვენს სიყვარულსა და პატივისცემას იმსახურებს; 
  • არ არის სასურველი, რომ ერთი დედ-მამის შვილებს ერთნაირი ტანსაცმელი ეცვათ, მაშინაც კი, თუ ისინი ტყუპები არიან. ყველა ბავშვი ინდივიდუალურია და ეს ინდივიდუალურობა მათი სამოსითაც უნდა ფიქსირდებოდეს;
  • მივცეთ ბავშვს გარკვეულ საზღვრებში დამოუკიდებლად მოქმედების და არჩევნის გაკეთების საშუალება. ხშირად ბავშვები, განსაკუთრებით კი პირველი შვილები, ოჯახის წევრთა მხრიდან მოჭარბებული მზრუნველობისა და უზომო მეურვეობის წყალობით, მშობლებზე ზედმეტად დამოკიდებულები ხდებიან, რაც მათ მომავალში სერიოზულ პრობლემებს უქმნის. არ უნდა დავივიწყოთ, რომ ჰიპერმზრუნველობა ხშირად არანაკლებ საშიში ხდება, ვიდრე უყურადღებობა და მზრუნველობის გარეშე დატოვება;
  •  სასურველია, რომ შვილებს შორის არსებობდეს გარკვეული ასაკობრივი ზღვარი. ყველაზე ოპტიმალურად ითვლება ასაკობრივი სხვაობა 3,5-5 წელი, ვინაიდან ამ პერიოდიდან ბავშვს დედაზე მიჯაჭვულობა ეხსნება და შედარებით უფრო დამოუკიდებელი ხდება. მას უკვე შეუძლია დამოუკიდებლად ჭამა, ჩაცმა და ა.შ. უჩნდება ახალი ინტერესები, რომლებიც ჩვილის ინტერესებისაგან განსხვავდება. ამიტომ მასთან მეტოქეობისათვის ნაკლები მიზეზი ექნება. ამ ასაკის ბავშვს უფროსების ახსნა-განმარტებების და საუბრების მოსმენაც უკეთ შეუძლია;
  • მეორე ბავშვის დაბადების შემდეგ ნუ მოვაკლებთ ყურადღებას პირველს. სასურველია, რომ სამშობიაროდან დაბრუნებული დედა ჩვილით ხელში არ შევიდეს სახლში. მას ხელები თავისუფალი უნდა ჰქონდეს, რომ გულში ჩაიხუტოს სახლში მომლოდინე პატარა. არ დაგვავიწყდეს, რომ პირველი შვილი სამშობიაროდან დედას ელოდება და არა ახალშობილს. ნუ იჩქარებთ დედის მომლოდინე ბავშვისთვის ჩვილის ჩვენებას. გააკეთეთ ეს მხოლოდ მაშინ, როცა თვითონ მოგთხოვთ ამას. მოგვიანებით კი შეუქმენით მას ისეთი შეგრძნება, რომ ისიც უვლის მას. შეეცადეთ მეგობრებისა და ნათესავების ყურადღება უფროს შვილზე მიაპყროთ. ხშირად ისინი იწყებენ დაუსრულებელ საუბარს ახალშობილზე და სრულიად ავიწყდებათ უფროსი. სტუმრების მოსვლისას ნუ მოიცილებთ მას გვერდიდან. არ დაგავიწყდეთ ისაუბროთ მის წარმატებებზე. უფროსი შვილი გაცილებით მეტ ყურადღებას მოითხოვს, ვიდრე ახალშობილი, 5-6 თვის განმავლობაში  მაინც. ნუ უსაყვედურებთ მას იმის გამო, რომ ეჭვიანობს.
          დაბოლოს, იმის მტკიცება, რომ რიგითობა და-ძმებს შორის მკაცრად და ცალსახად განსაზღვრავს  ბავშვის ხასიათის ჩამოყალიბებას და მის ფსიქიკურ განვითარებას, არ იქნება გამართლებული, ვინაიდან პიროვნების ჩამოყალიბების პროცესი, აღნიშნულის გარდა, ბევრი სხვა ფაქტორებითაა განპირობებული. მაგ. ის, თუ რა ასაკის არიან მშობლები, რამდენად სასურველია ბავშვი ოჯახში, როგორია და-ძმებს შორის ასაკობრივი სხვაობა, შეიძლება თავისებურ გავლენას ახდენდეს მომავალში ბავშვის ხასიათის ჩამოყალიბებაზე. თუმცა ვფიქრობთ ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინება გარკვეულ დახმარებას გაუწევს აღმზრდელებს და ბევრ პრობლემას ააცილებს მათ თავიდან.

საქართველოს მტრებს…

0

წეღან, აი, იმ, სულ ზედა თაროს დალაგება გადავწყვიტე. დალაგება კი არა, გადათვალიერება უფრო. ჯერ სავარძელზე შევდექი, იქიდან კი კარადის თავზე ავძვერი. ასე მოკალათებული, უფრო კომფორტულად გავიხსენებ თაროს შემადგენლობას.

კარადის თავზე კი ვზივარ, მაგრამ მახსოვს, რომ ერთი არაზუსტი მოძრაობა და ქვემოთ ვარ. მერე სად გინდა თქვა, კარადიდან გადმოვვარდიო?!

იმ კახელების ხუმრობა მახსენდება, ჩემი სოფლის სახლში ჭერზე რაღაც მოხატულ ქაღალდს რომ აკრავდნენ. ერთი მათგანი სახელდახელოდ მოწყობილ ხარაჩოზე იდგა და მუშაობდა, დანარჩენები ქვემოდან ელაზღანდარებოდნენ, თუმცა, მგონი, გულწრფელად სჯეროდათ, რომ თავადაც შრომობდნენ. როდესაც შენიშვნა მივეცი, ნუ ელაპარაკებით, ყურადღება გაეფანტება და გადმოვარდება-მეთქი, არხეინად მიპასუხეს, დიდი საქმე, იატაკს ხომ არ ასცდებაო.

მეც, თუ ჩავვარდი, იატაკს არ ავცდები, მაგრამ მაინც მარჯვედ უნდა ვიყო.

ეს რა არის? აღარც კი მახსოვდა – შოტლანდიური პოეზია. ვშლი და პირველსავე ლექსსზე გულიანად ვიცინი. რობერტ ბერნსი კბილის ტკივილზე წერს:

„წყეულიმც იყავ, ოხერ-ტიალო,
ღრძილებს მიშანთავ, ტვინში ტრიალობ,
ყურებს მიბურღავ, – ვკვნესი, ვღრიალობ…”

არ ვიცი, კბილის ტკივილით შეწუხებულმა პოეტმა ექიმთან წასვლის ნაცვლად თავისი განცდების ქაღალდზე გადმოტანას რატომ მიჰყო ხელი. იქნებ სულაც ღამით ასტკივდა და გათენებას ელოდა, რომ სამკურნალოდ წასულიყო, ღამე კი ლექსის თხზვაში უფრო მალე გაივლიდა? ასე იყო თუ ისე, ბერნსი კიდევ ბევრ ცუდ რამეს ეუბნება კბილს და ბოლოს მაღლა ღმერთს მიმართავს, შოტლანდიის ყველა მოძულე ისე დატანჯე, როგორც ახლა მე ვიტანჯებიო:

„შოტლანდიის მტრებს, სულო ძლიერო,
გვედრებ კივილით,
გადაუხადე სამაგიერო
კბილის ტკივილით!”

კბილი მეც მტკივებია და რამდენჯერმე ნერვის ამოღებაც დამჭირვებია. გაუტკივარების მიზნით ნემსის გაკეთებაზე ჯიუტად მითქვამს უარი და დარიშხანი ჩამიდვია კბილში. შეგახსენებთ, რომ სუფთა დარიშხანი მცირე დოზით სტომატოლოგიური მიზნებისთვის გამოიყენება, მომწამლავი მისი მარილებია. ჰოდა, ათიოდე დღე მივლია დარიშხნიანად, ნერვის ამოღების დროსაც ყველაფერი მიგრძნია – გაბურღვაც, რაღაცნაირი ხრახნიანი ნემსით არხში შესვლაც, ამ ნემსის ხრახნებზე ნერვის დახვევაც და გარეთ გამოთრევაც… უჰ… მაგრამ ხმას ხომ არ ამოვიღებდი – დარიშხნის პრესტიჟს ვერაფერით დავცემდი ძირს.
…მეცხრამეტე საუკუნის ინგლისში სიცოცხლის დაზღვევა სარფიან ბიზნესად გადაიქცა და ამას მკვლელობათა შთამბეჭდავი რაოდენობაც მოჰყვა. არაფერი პირადი – ფულის გამო კლავდნენ და ამას დარიშხანის მარილებით აკეთებდნენ – ისინი ხომ კვალს არ ტოვებდა. მსხვერპლი ნელ-ნელა უნდა მოგეწამლა, მცირე დოზებით. დარიშხანის ნაერთი ორგანიზმიდან ვერ გამოდიოდა, ახალ-ახალი დოზა ემატებოდა და აი, მსხვერპლიც თითქოსდა ბუნებრივი სიკვდილით ტოვებდა ამ ქვეყანას. მაგრამ არა არის რა დაფარულიო და ეს ამბავიც გასკდა. 1851 წლის 5 ივნისს ბრიტანეთის პარლამენტმა დარიშხანის გაყიდვის თაობაზე კანონი მიიღო. კანონი მის ყიდვას საოცრად ართულებდა. თუმცა უზუსტობაც გაეპარათ. კანონში მკაფიოდ ეწერა, ვის ჰქონდა მისი ყიდვის უფლება, მაგრამ არაფერი იყო ნათქვამი იმაზე, ვის შეეძლო გაყიდვა… ამიტომ მკვლელობები გრძელდებოდა. რამდენიმე წლის შემდეგ კანონში შესწორება შევიდა და ბოლოს და ბოლოს არა მხოლოდ დარიშხანის, არამედ სხვა მომწამლავი ნივთიერებების ყიდვა-გაყიდვაც დარეგულირდა.

მანამდე კი…

მანამდე ერთ ინგლისურ გაზეთში ნეკროლოგი გამოქვეყნდა. წერდნენ, მედიცინის განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა და მადლიერები ვართო. ჩვეულებრივი ნეკროლოგი იქნებოდა, ერთი ფაქტი რომ არა – გამოსათხოვარი წერილი ვირს ეძღვნებოდა.

დიახ, აი, იმ ვირუკას, გაზონზე რომ მობაკუნობს ყელზე წითელბაფთაშებმული. გვერდით ფეხშიშველა მოხუცი მოჰყვება. ვინმე ბოგანო არ გეგონოთ – ჩარლზ უოთერთონია, უზარმაზარი ქონების მფლობელი. უცნაური კაცია – ფეხშიშველა სიარული უყვარს, დიდ წვეულებებს მართავს, შუა ჭამა-სმის დროს კი მაგიდის ქვეშ შეძვრება და სტუმრებს ფეხზე კბენს. მაგრამ სტუმრები არ იმჩნევენ. ჯერ ერთი, მსუბუქად იკბინება, მეორე – კბენია ისეთი მდიდარი და ხელგაშლილია, ამ ახირებას სიამოვნებით პატიობენ. ეს ახლა იქცევა ასე, თორემ ახალგაზრდობის ოცი წელი ამაზონის ტროპიკულ ტყეებში გაატარა, სადაც ადგილობრივ ტომს – მაკუშის დაუმეგობრდა. ეტყობა, კარგი მეგობრები გახდნენ, რადგან ტომის ბელადმა სასწაულმოქმედი შხამის საიდუმლო გაანდო. მის შემადგენლობაში რომელიღაც ადგილობრივი გველის ეშვები და რამდენიმე შავი ჭიანჭველა შედიოდა, მაგრამ მთავარი ინგრედიენტი ლიანა ვოურალე იყო. მოგვიანებით ამ ლიანას Strychnos bresiliensis ეწოდა, შხამს კი კურარე. უოთერთონმა კურარე ინგლისში ჩაიტანა. სწორედ იქ მიაკითხეს ექიმებმა და უჩვეულო ექსპერიმენტზე თანხმობა სთხოვეს – კურარეთი დამუშავებული ისრები მის საყვარელ ვირუკას ესროლეს და დაკვირვება დაიწყეს. საბრალომ გონება დაკარგა და სუნთქვა შეწყვიტა. პასუხად ტრაქეოტომია გაუკეთეს, ანუ ტრაქეა ჩაუჭრეს და შიგნით ჰაერის ჩაბერვა დაუწყეს. ორსაათიანი სულის ბერვის შემდეგ ვირუკამ თვალები გაახილა, მაგრამ ფეხზე რომ წამომდგარიყო და ბალახიც ეჭამა, ოთხი საათი აღმოჩნდა საჭირო. ექსპერიმენტატორებმა დაასკვნეს, რომ კურარე ორი ტიპის კუნთებზე მოქმედებდა – მამოძრავებელსა და სასუნთქზე, მაშინ როცა სხვა კუნთები, მაგალითად, გულისა, მუშაობას განაგრძობდა. ასე რომ, თუ კურარეთი მოწამლულს ხელოვნურ სუნთქვაზე გადაიყვანდნენ, ის გადარჩებოდა. კურარე უძლური იყო მიწოდებული ჟანგბადის წინააღმდეგ. მაშინ, მეცხრამეტე საუკუნეში, ამ აღმოჩენამ გამოყენება ვერ პოვა, მაგრამ ასი წლის შემდეგ… ქირურგებმა დაადგინეს, რომ მძიმე ოპერაციების დროს კურარეს ან მისი ანალოგების გამოყენება ანესთეზიისთვის თავისუფლად შეიძლებოდა. მთავარი დოზირება იყო. ხომ გახსოვთ, ჯერ კიდევ პარაცელსმა თქვა, რომ ყველაზე სასარგებლო წამალიც კი ჭარბად შხამია, ხოლო სათანადო დოზით შერჩეული შხამი – წამალი.

მაგალითად, წყალი ხომ აუცილებელია? მაგრამ თუ თავს გადავდებ და ასე, ორ საათში შვიდ ლიტრს დავლევ, აუცილებლად მოვკვდები. სამაგიეროდ, თუ ამავე შვიდ ლიტრს სამ-ოთხ დღეზე გავანაწილებ, ორგანიზმი უზარმაზარ მადლობას მეტყვის.

ჰო, მართლა – ვირუკამ კიდევ ოცდახუთი წელი იცოცხლა და მშვიდად გადაბარგდა იმქვეყნად.

მეცხრამეტე საუკუნის შუა ხანებში შხამებს სილამაზისთვისაც იყენებდნენ. მცენარე ბელადონას („bella donna” ლამაზ ქალს ნიშნავს) ექსტრაქტს ქალები თვალებში იწვეთებდნენ – გუგები უფართოვდებოდათ და სჯეროდათ, რომ შეუდარებლად გამოიყურებოდნენ. მოგვიანებით მცენარისგან აქტიური ნივთიერება – ალკალოიდი ატროპინი გამოყვეს და დღეს მას ოფთალმოლოგიაში გუგების გასაფართოებლად იყენებენ. იმისთვის კი არა, რომ პაციენტი უფრო მიმზიდველი გამოჩნდეს – გუგის გაფართოება სხვადასხვა ტიპის გამოკვლევისთვისაა საჭირო. ატროპინი შხამია (თუმცა მედიცინა მას მართებული დოზით იყენებს) და მეცხრამეტე საუკუნის ქალბატონებიც მისი თვალში ჩაწვეთებით ცეცხლს ეთამაშებოდნენ. თუმცა პარაცელსმა ისიც თქვა, მსგავსი მსგავსით იკურნებაო…

1864 წელს პრაღის ციხეში ექიმი დასჭირდათ: ოთხი პატიმარი ლაზარეთში შეიპარა და დიდი რაოდენობით ატროპინი დალია – სპირტი ეგონათ. როცა ექიმი მივიდა, საქმე უკვე გუგების გაფართოების იქით იყო წასული, ექიმს კი წარმოდგენა არ ჰქონდა, როგორ ემკურნალა. ბედად, პარაცელსის ზემომოყვანილი გამონათქვამი გაახსენდა და გადაწვიტა, მსგავსი აღნაგობის, მაგრამ გასხვავებული მოქმედების ალკალოიდით ემკურნალა – დასაკარგავი მაინც არაფერი ჰქონდა, პატიმრები ისედაც იხოცებოდნენ. ამ მეორე ტიპის ალკალოიდი კი იზოსტიგმინს შეიცავდა, რომელიც, პირიქით, ავიწროებს გუგას. პატიმრები გადარჩნენ, ექიმმა კი აღმოაჩინა, რომ ეს ორი ალკალოიდი ანტაგონისტებია და ერთმანეთის განეიტრალება შეუძლია. ორივე მათგანმა ექიმების კაბინეტში დაიმკვიდრა ადგილი. ატროპინს დღეს გუგის გაფართოებასთან ერთად გულის ზოგიერთი დაავადების დროსაც იყენებენ.
საწამლავებზე გიყვებით და ამ სერიოზულ თემაზე საუბრის დროსაც კი მეღიმება – რობერტ ბერნსის ლექსის შთაბეჭდილების ქვეშ ვარ. მოდი, აქვე მისი ხუმრობის პერიფრაზს გავაკეთებ:

„საქართველოს მტრებს, სულო ძლიერო,
გვედრებ კივილით,
გადაუხადე სამაგიერო,
კბილის ტკივილით!”

ერთი ღამის პარტიზანები

0
ვერც ვიფიქრებდი, ოდესმე ამ ამბავს თუ გავიხსენებდი. ისე მოხდა, თავისთავად, ამოტივტივდა და აღარ შევაკავე, დავწერ-მეთქი, ვიფიქრე, ჩემი რა მიდის, ერთი ძალიან არასაქვეყნო ამბის გარდა, რომელიც მე და ჩემს ორიოდე მეგობარს გადაგვხდა თავს ამ რამდენიმე წლის წინ. ესეც არ იყოს, დრო გავა და რას მოვუყვები შვილიშვილებს, როცა ჩემი თაობის ბაბუები მომავლის უბნის ბირჟებზე, როგორიც რომ იმ დროში იქნება, ჩამოსხდებიან და მოყვებიან, როგორ იბრძოდნენ აგვისტოს ომში, ანდა რეზერვში თუნდაც, როგორ თხრიდნენ სანგრებს, როგორ იყვნენ გაუგებრობაში და გაურბოდნენ დაბომბვას ვაზიანსა და გორში, როგორ იღვწოდნენ წინა ხაზზე თუ არიერგარდში, ზოგი – რეგულარულ არმიაში და ზოგი – იარაღის პირველად ხელში ამღები, მაგრამ მაინც რაღაცას მოყვებიან, ჰოდა, მე რას მოვყვები? აი, ამ ამბავს, იმ აგვისტოსას, იმ ომისას, მაგრამ ამ ამბავს. ასეთი ამბავი არც ერთ იმ ბაბუას არ ექნება, ამ ამბის მონაწილე პერსონაჟების გარდა. ჰოდა, დავწერ, რაღა, ვაითუ ბაბუობამდის გამომილაყდეს ტვინი და ვეღარ შემოინახოს ამ ჩემმა ტიალმა თავმა ეს მარგალიტივით ისტორია.

 

2008-ში ცხრამეტი წლის ვიყავი, თეატრალური უნივერსიტეტის დამთავრებამდე ერთი წელი მქონდა დარჩენილი და დამღლელი მესამე კურსის მერე თავგადასავლებით სავსე ზაფხულს ვატარებდი. თუმცა თავგადასავალს, თანაც ყველაზე სასტიკს და დაუნდობელს, ყოველთვის ჩრდილოეთიდან უნდა მოელოდე, როცა საქართველოში ცხოვრობ და შენი მეზობელი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული პოლიტიკის მქონე დამყრობელი, იმპერიალისტი ქვეყანაა. თბილისში ნუნისური ლაშქრობიდან სულ რამდენიმე საათის დაბრუნებული ვიყავი, როცა ომი დაიწყო. არადა, დედაქალაქში იმისთვის დავბრუნდი, რომ ე.წ. რეზერვისთვის მოვმზადებულიყავი, რომელიც 3-4 დღეში მიწევდა, მაგრამ ვიღას ეცალა რეზერვისთვის – თქვენც კარგად გემახსოვრებათ, როგორ განვითარდა მოვლენები… 7 აგვისტოს უკვე მწვავე ომი მიმდინარეობდა, 8-ში თითქოს ჯერ კიდევ იყო იმედი, ის კი არა, ყველაზე ოპტიმისტი თუ ჭორიკანა მეზობლები გაიძახოდნენ, ეგაა, დაიძრა ტალღა, თვის ბოლოს ცხინვალიც ჩვენი იქნება და სოხუმშიც შევალთო. ცხრა აგვისტოს დაიწყო სასოწარკვეთა, რიგები წითელ ხიდთან, მაღაზიებში – გამქრალი პროდუქტები, ფითრი დედაჩემის სახეზე ჩემი ყოველი შინიდან გასვლისას და ისტერიული ქეიფი რესტორნებში. 10 აგვისტოს კი, საღამოს, საქართველოს პრემიერ-მინისტრისგან გავიგეთ, რომ მტრისთვის წინააღმდეგობა უნდა გაგვეწია ყველა შესაძლო საშუალებით, თუკი ის თბილისში შემოაღწევდა. უნდა გვებრძოლა ყველაფრით, რაც ხელში მოგვხვდებოდა. ჩემი ამბავიც აქედან იწყება, ათი აგვისტოს ღამეს.

სად იყო მაშინ ფეისბუქი… მარკ ცუკერბერგი ჯერ კიდევ არ გამხდარიყო მილიარდერი, თბილისელი ახალგაზრდობა კი უმთავრესად Yahoo Messenger-ით ვურთიერთობით, შევქმნიდით ხოლმე ერთ დიდ საკონფერენციო ფანჯარას და მიდიოდა მთელი ღამის განმავლობაში გრიალი. ინტერფეისიც სურვილისამებრ ეცვლებოდა, გინდ ფოთოლცვენას დააყენებდი, გინდ ზამთარს… მოკლედ, პრივილეგირებული თაობა ვიყავით მაინც, მაგალითად, მირკს იგივე არ შეეძლო. მომიტევეთ ლირიკული გადახვევები, ვცდილობ, ამ მძიმე თემას მსუბუქი ქვედა დინებებიც მოვუძებნო და თხრობა უფრო ლაღად მივიყვანო მთავარ სათქმელამდე.

მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, მოულოდნელად ჩემი მეგობარი მეგრელა სწორედ ასეთ იაჰუმესენჯერისეულ საკონფერენციო ფანჯარაში მამატებს, ოღონდ არც ისე მარტივადაა ყველაფერი, როგორც მანამდე; არც ფოთლები ცვივა, არც ზამთარია, არც გაზაფხული, – დაძაბულობა იგრძნობა, რომლის განმუხტვასაც უკბილო ხუმრობით ვცდილობ და გამარჯობის ნაცვლად ეგრევე ჩემი იუმორის დემონსტრირებას ვახდენ: „ჰა, ბიჭებო, რა ხდება, დავამატო მედვედევი თუ თქვენ დაამატებთ?” ჩემს ხუმრობაზე მაინცდამაინც არავის ეცინება, ცოტა ხანში კი ვხვდები, რატომ: სავსებით სერიოზულად ვემზადებით რუსული ჯარის დასახვედრად და პარტიზანულ ჯგუფებს ვკრავთ. მეგრელა მწერს, რომ მის უბანში, დიღმის მასივში, 10-15-კაციან ჯგუფს ის შეკრავს, შეეცდებიან, შეძლებისდაგვარად შეაგროვონ სხვადასხვა ტიპის ცივი იარაღი, ასევე – სანადირო თოფები, პნევმატური პისტოლეტებიც კი და ა.შ. იმასაც მეუბნება, რომ მესენჯერში დაგვამატა 2-3 უახლოესი მეგობარი, რომლებსაც შეგვიძლია ჩვენს სამეგობროებში ანალოგიური ჯგუფების შექმნა, რომლებიც ასევე შეიარაღდებიან და პარტიზანული პრინციპებით იმოქმედებენ. პლუსი ისაა, რომ ეს 3-4 დაჯგუფება, რომლებიც სხვადასხვა უბანში ყალიბდება, კოორდინირებულად იმოქმედებს და საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა ბევრად უფრო დიდი თავის ტკივილი გაუჩინოს რუსებს, ვიდრე დაქსაქსულად მოქმედებისას. ასევე შესაძლებელია გადაიარაღება, მაგალითად, მეგრელას მეგობრის მამას რამდენიმე სანადირო თოფი აქვს, შეუძლია გაგვინაწილოს. მამამ არა, რა თქმა უნდა, მამამ ამის შესახებ არაფერი იცის, მაგრამ პარტიზანული დაჯგუფება თუ შეიქმნა, მერე მამას ვიღა ეკითხება… ჩვენც თუ მოვახერხებთ ამ ყველაფრის ორგანიზებას, კოორდინირებული მოქმედებაღა იქნება საჭირო, გამოცდილების გაზიარება და ა.შ. დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს…

მთელი ის ღამე ერთად გავათენეთ, იმავე საკონფერენციო ფანჯარაში. რას აღარ ვუზიარებდით ერთმანეთს. გადმოვიღე და გადმოვალაგე, რაც კი რამ ვიცოდი პარტიზანული ომის შესახებ, ერნესტო ჩე გევარას „პარტიზანული ომით” დაწყებული და სხვადასხვა ინტერნეტრესურსით დამთავრებული. ზოგმა იარაღის ხმარების წესები დადო, ზოგმა მოლოტოვის კოქტეილის დამზადება გვასწავლა, ზოგმა – ეს, ზოგმა – ის… დილისკენ კი ერთ რამეზე ჩავფიქრდი: იქნებ ისინიც ასე იწყებდნენ, აი, ისინი, 90-იანებში, მერე ერთმანეთს რომ ესროდნენ, საძმოები – ამის საძმოები, იმის საძმოები, ასეთები, ისეთები, რა ვიცი, როგორი კოორდინაცია და როგორი კეთილშობილი მიზნები ჰქონდათ დასაწყისში და როგორ გაირყვნა მერე სიტუაცია, როგორ გარყვნა ომმა თითოეული მათგანი და ყველა ერთად. მერე დავფიქრდი, დილისკენ, როცა ღამის პარტიზანული სამზადისით დაღლილებს ჩვენ-ჩვენს ფუმფულა ლოგინებში ტკბილად ჩაგვეძინა – ვინ იცის, რომ დაგვცლოდა ეს პარტიზანობანა, სადამდე მივიდოდით, რაში გადაიზრდებოდა ჩვენი სასოწარკვეთილი ისტერია, თან ომიც თუ გაგრძელდებოდა, თან ჩვენც თუ უფრო მეტად შევიდოდით ეშხში, არადა ჩვენ მხოლოდ სამშობლოს დაცვა გვინდოდა, თუნდაც შიშველი ხელებით, ისე, როგორც ვიცოდით, ისე, როგორც შეგვეძლო..

მეორე დილით მეგრელამ მომწერა:
– ბიჭო, მოხალისედ უნდა ჩავეწერო.
– და ეს დაჯგუფება?
– ჰო, მარა სანამ შემოვლენ რა… თან, მგონი, არ გამოვა…
– ჰო, მგონი სისულელეა…
– ჰო, რა…
– ჰო, მეც ჩავეწერები მოხალისედ, მარა იძახიან, არ იღებენ მოხალისეებსო…
– რავი, ვცადოთ რა…
– კაი, ვცადოთ…
მეგრელა ჩაეწერა, როგორც მახსოვს. მე არ მივსულვარ. მოხალისედ ჩაწერაც მხოლოდ უსუსურობის შეგრძნების დროებითი დაოკება და თავის მოტყუება იქნებოდა. სინამდვილეში ამის შემდეგაც ისეთივე უსუსური დავრჩებოდი, როგორიც ისედაც დავრჩი იაჰუ მესენჯერში თეთრი დათვის ჩექმის წინაშე მოლოტოვის კოქტეილით შეიარაღებული.

ინტერპრეტაციის წინააღმდეგ?

0
რამდენიმე თვალსაზრისი ინტერპრეტაციის შესახებ
„მხატვრული ნაწარმოების შესწავლის საფუძველი ინტეპრეტაციაა”. 

ეს დებულება, ალბათ, განხილვასაც არ საჭიროებს – აღიარებული ჭეშმარიტებასავითაა. „მე ასე გავიგე”, „მე ასე მესმის”, „მე ამგვარად წავიკითხე ავტორის სათქმელი…” – მსგავსი გამონათქვამები საკუთარი მოსაზრების გასამყარებლად ხშირად მოგვისმენია მხატვრული ტექსტის მკითხველებისგან.

რას ნიშნავს ინტერპრეტაცია და რამდენის „უფლება აქვს” მკითხველს? შეგვიძლია თუ არა შეუზღუდავი გასაქანი მივცეთ ფანტაზიას? საჭიროა თუ არა ზემოთჩამოთვლილი ფრაზების მოსმენის შემდეგ მეტად „ლეგიტიმური” არგუმენტები მოვითხოვოთ მოსწავლეებისგან თუ სუბიექტური განცდა, განწყობა, ახსნა თუ განმარტება უნივერსალური და ხელშეუხებელი რამაა? დღევანდელ ბლოგში ამ საკითხებზე ფიქრისას მოძიებული ლიტერატურა და მოსაზრებები მინდა გაგიზიაროთ სწორედ.

ამერიკელი მკვლევარი, პროფესორი ერიკ დონალდ ჰირში( E.D. Hirsch – Validity in Interpretation) აკრიტიკებს მკვეთრად ინდივიდუალურ დამოკიდებულებას და შემეცნებით ათეიზმს  უწოდებს მიმართებას – „მე ასე დავინახე”, „მე ასე წავიკითხე…”. მისთვის ავტორისეული პერსპექტივებისგან მეტისმეტი დაშორება იმთავითვე მცდარი დასკვნების გამოტანის გარანტიაა და არასწორი ინტერპრეტაციის საფუძველიც. ჰირშის მიხედვით, ავტორი დებს გარკვეულ მნიშვნელობებს ტექსტში და ტექსტის კვლევისას მკვლევრის მიზანია მიაგნოს, სწორად ამოიცნოს ეს მნიშვნელობა. რაც უფრო ახლოა ინტერპრეტაცია ავტორისეულ ჩანაფიქრთან, მით მართებულია იგი. ამას ჰირში ინტერპრეტაციის ვალიდურობასაც უწოდებს. მეორე მხრივ, ის არ გამორიცხავს, რომ რიგ შემთხვევებში მკითხველმა, შესაძლოა, თავისებური გაგებით და გააზრებით, ინტერპრეტციის პროცესში თავად შექმნას „პარალელური მხატვრული რეალობა”. ეს პროცესი განსაკუთრებით თვალსაჩინო, მისი დაკვირვებით, მაშინაა, როდესაც სხვა ეპოქების ტექსტებს ვეცნობით. დაზუსტებით იმის თქმა, თუ რას გულისხმობდა განსხვავებულ ისტორიულ, სოციო-კულტურულ გარემოში მცხოვრები ადამიანი – შეუძლებელია, ამიტომ ამგვარი ტექსტები ჰირშისთვის „ღია მოცემულობაა”, ყოველ ჯერზე ახალი აღმოჩენების „ულევი მადანი”. ( აქ რთულია, არ გაგვახსენდეს ჩვენი „ვეფხისტყაოსანი” და ბანალურზე ბანალური, მაგრამ ჭეშმარიტზე ჭეშმარიტი ფრაზა – ყოველ წაკითხვაზე ახალი „მარგალიტის” აღმოჩენის შესახებ მარგალიტების ამ ასხმულაში…)

გერმანელი მოაზროვნე, ფილოსოფოსი და მკვლევარი ჰანს გადამერი თავის ცნობილ ესეში „გაგების წრის შესახებ” პირიქით, მკითხველის გაგების ჰორიზონტს ანიჭებს უპირატესობას და მიუთითებს, რომ მხატვრული ტექსტის გაგების, გააზრების, წაკითხვის დროს მკითხველს „ თვალები და საკუთარი მოსაზრებები „ მართავს”, სწორედ ეს განაპირობებს იმ “წინასწარგანპირობებულობებსაც”, რითიც მკითხველი უდგება ტექსტს. გადამერისთვის, საერთოდ, ტექსტის ინდივიდუალური ანალიტიკური ვარიაციები საინტერესო განსახილველი თემაა და ის საკმაოდ ღრმად მიმოიხილავს ამ პროცესს. „ ცალკეული სიტყვა ურთიერთქმედებს წინადადებაზე, ასევე ცალკეული ტექსტის ურთიერთქმედებს მთლიან კონტექსტზე მწერლის შემოქმედებაში. ეს კი ერთი მთლიანობაა. სწორედ ასე – ტექსტი, რომელიც წარმოგვიდგება კონკრეტული შემოქმედებითი მომენტის გამოვლინებად – მიემართება ავტორის შემოქმედებას სრულად და ასევე ქმნის ერთ მთლიანობას” – აღნიშნავს გადამერი. გაგების ( გააზრების, გათავისების, აზრის, შინაარსის წვდომის) უმთავრეს კრიტერიუმად მკვლევარი სწორედ ამ მთლიანობის შემეცნებას მიიჩნევს. ამ პროცესში კი მკითხველის ინდივიდუალური გამოცდილებების გათვალისწინების გარეშე ქმედება შეუძლებელია. გადამერისთვის კითხვის პროცესი დიალოგის მსგავსი ფენომენია. დიალოგი კი „მიმღები” მხარის აქტიურ ქმედებასაც გულისხმობს და ინდივიდუალურ დაშვებებსაც. ამ თეორიის მიხედვით, მკითხველს უფლებაც აქვს და შესაძლებლობაც, ავტორზე „უკეთ” გაიაზროს ტექსტი, იგულისხმოს და ივარაუდოს და ამას ჰერმენევტიკაში „ სუბიექტური ინტერპრეტაცია” ეწოდება. 

განსაკუთრებით მინდა გამოვყო სიუზენ ზონტაგის ესე „ინტერპრეტაციის წინააღმდეგ”. ეს უცნური, ძალიან საინტერესო და განსხვავებული მკვლევარი ყველა სხვა ავტორისგან განსხვავებულ შეხედულებებსაც აყალიბებს. ამ ესეს ფორმაც, შინაარსიც და სათაურიც გამორჩეული და დამაინტრიგებელია. 

 სიუზენ ზონტაგი ცნობილი ამერიკელი მწერალი, ლიტერატურის თეორეტიკოსი, სცენარისტი და რეჟისორია. მისი წიგნები მრავალ ენაზეა თარგმნილი, პიესები კი მსოფლიოს სხვადასხვა წამყვან თეატრებში იდგმება. 1964 წელს ზონტაგი აქვეყნებს ესეს ეპატაჟური სათაურით „ ინტერპრეტაციის წინააღმდეგ” და უმალ ხვდება იმდროინდელი ლიტერატურული დისკუსიების მთავარი მიზეზი და ობიექტი.

 მაინც რა არის ზონტაგის ესეში ისეთი, რომ ნაშრომი დღესაც ინარჩუნებს აქტუალობას და მნიშვნელობას? მივყვეთ თავიდან:

ესეს ზონტაგი ანტიკური ხანის მოაზროვნეების შეხედულებების დამოწმებით იწყებს:

„ პლატონი მიუთითებს ხელოვნების უსარგებლობაზე ( ნებისმიერი პროდუქტი მიბაძვით შექმნილი, არაარსებითი, უფუნქციოა. მაგალითად, სრულიად გამოუსადეგარი რამაა ლოგინის გამოსახულება, რადგან მასზე ვერც გამოიძინებ, ვერც დაისვენებ.) არისტოტელეც ეთანხმება პლატონს, მაგრამ მისგან განსხვავებით ხელოვნების თერაპიულ ფუნქციაზე ამახვილებს ყურადღებას და ამას მიმეტურ თეორიად წარმოაჩენს “.

ზონტაგი აღნიშავს, რომ თანამედროვე შეხედულებები უმეტესწილად ეთანხმება ანტიკური ხანისას.

შემდეგ მსჯელობს ნაწარმოების ფორმისა და შინაარსიის ურთიერთმიმართებასა და მნიშვნელობებზე და ერთგვარ სქემას გვთავაზობს – „ახლა ნაწარმოების შინაარსს გადამწყვეტ მნიშვნელობას ანიჭებენ, მიიჩნევენ, რომ ხელოვნების უპირველესი გამოვლინება და დანიშნულება შინაარსის გადმოცემაა, შემადგენლობა, კონტენტი…” რასაც იქსი გამოთქვამს, გახლავთ…” „ რის გამოთქმასახ იქსი ცდილობს გახლავთ” და ” „რაც იქსმა თქვა არის…” – მოკლედ რომ ვთქვათ, მთელი კვლევა იმის ამოცნობას ემსახურება, თუ რისი თქმა სურდა ავტორს…”

სხვათა შორის, ზონტაგის ეს დაკვირვება სიტყვასიტყვით იმეორებს ჩვენს სახელმძღვანელოებში გადმოცემულ მითითებებსა და ინსტრუქციებს. მაგალითისთვის შემიძლია მოვიყვანო ამონარიდი მეცხრე კლასის სახელმძღვანელოდან, სადაც ვკითხულობთ:

„ მხატვრულ ნაწარმოებს აქვს ძირითადი თემა. თემა, ანუ ნაწარმოების მთავარი სათქმელი არის ის, რისი თქმაც სურს ავტორს ამ ნაწარმოებით. თემა ხან პირდაპირ არის ტექსტში გაცხადებული ავტორის ან  პერსონაჟის მიერ, ხან კი შეფარულია და პერსონაჟთა ქცევის, მოვლენათა თანამიდევრობისა თუ სხვა დეტალების მიღმა იმალება. ნაწარმოების თემა რომ განვსაზღვროთ, ჯერ უნდა დავაკვირდეთ, ხომ არ არის ის პირდაპირ გაცხდებული სათაურში, ეპიგრაფში, პროლოგსა და ეპილოგში, ასევე ავტორისეულ მსჯელობებსა და ლირიკულ წიაღსვლებში….. თუ თემა პირდაპირ არ არის გაცხადებული, მაშინ უნდა დავსვათ შემდეგი კითხვები: რისთვის გვიამბო მწერალმა ამბავი? რატომ არის გადმოცემული მოვლენები ამ თანმიმდევრობით / რატომ შეიცვალა პერსონაჟის საქციელი? რას გვეუბნება ნაწარმოები ?……”

ზონტაგის აზრით, აქცენტი კონტენტზე, შინაარსზე აიძულებს ინტერპრეტატორებს მუდმივად და დაუღალავად ეძებონ ისეთი რამ, რასაც ნაწარმოების მთავარი აზრი შეიძლება ეწოდოს. მისი რწმენით, ინტერპრეტაცია თარგმანს უფრო ჰგავს და ინტერპრეტატორიც ყველანაირად ყოველმხრივ ცდილობს დაამტკიცოს, რომ იქსი ნაწარმოებში არის იგრეკი, იგრეკი კი სინამდვილეში ალფაა…

(ვერაფერს იტყვი, ერთობ რადიკალური მიდგომაა… საინტერესო იქნებოდა ამ ქალბატონის რეაქციაზე დაკვირვება, მას რომ ჩვენი მეთოდური მითითებები, საგნობრივი სტანდარტები და ლიტერატურის სწავლების მიზნები გაეცნო…)

მოგვინებით ზონტაგი კიდევ ერთხელ უბრუნდება ანტიკურ პერიოდს და ინტერპრეტაციის, როგორც ცალკე დარგის საწყისად სწორედ ამ პერიოდს ასახელებს: 

„ მითიური წარმოდგენები რეალურმა, მეცნიერულმა შეხედულებებმა ჩაანაცვლა. ძველი ტექსტების თანამედროვეობასთან შესაბამისობაში მოქცევის აუცილებლობამ განაპირობა სწორედ ინტერპრეტაციების თეორიების შემუშავებაც. ასე მაგალითად, სტოიციზმის წარმომადგენლებმა ალეგორიულად გადაიაზრეს ზევსის ჰომეროსისეული სახე და მისი და ლეტოს ურთიერთბა ისე წარმოგვიდგინეს, როგორც ძალისა და სიბრძნის სიმბიოზი.” 

ამრიგად, გამოდის,ინტერპრეტაცია ამ ხანაში ძველი ტექსტების ლეგიტიმაციას ემსახურებოდა.

ზონტაგი ინტერპრეტატორებს ბრალს სდებს იმაში, რომ ისინი, მართალია, ახლებურად არ წერენ ან არ ანადგურებენ და შლიან იმას, რაც უკვე შექმნილია, მაგრამ, ამის მიუხედავად, მაინც ასხვაფერებენ თავდაპირველ ქმნილებას ისე, რომ არც აღიარებენ ამას. მას მოჰყავს არაჩვეულებრივი, თვალსაჩინო, მეტიც, ლამის მხატვრულად ღირებული შედარება და ამბობს: 

„ მანქანების და ქარხნების გამონაბოლქვი, რომელიც ნისლივით სქელ საბურველს წარმოქმნის ქალაქის თავზე და წამლავს ჰაერს, ძალიან ჰგავს ინტერპრეტატორულ გამონათქვამებს, რომლებიც ხელოვნების ნაწარმოების ირგვლივ გროვდება და წამლავს ჩვენს აღქმას, ინტერპრეტაცია ინტელექტუალური შურისძიებაა ხელოვნებაზე. რატომ არ დაანებებენ ხელოვანის ქმნილებას თავს? რატომ ცდილობს ადამიანი ყველაფრის მოთვინიერებას, თავისთვის კომფორტულად გარდაქმნას? რატომ აქვს მას ყველაფრის მიმართ ობივატელური, სამომხარებლო დამოკიდებულება? ჩვენი დანიშნულება სულაც არაა მხატვრული ნაწარმოების კონტენტის ჩხრეკა. ან კიდევ უფრო უარესი, ისეთი რაღაცების „ დანახვა” რაც , სინამდვილეში, არც არსებობს “….

ძნელია არ დაეთანხმო „ ამ განწირულ სულისკვეთებას”… 

თუმცა, მეორე მხრივ, ასეთი რადიკალური მიდგომა, შესაძლოა, ბევრ მკითხველს უზღუდავდეს თავისუფლებას. ბევრი ნაწარმოებს სწორედ იმ მიზნით კითხულობს, რომ მისთვის გასაგები საკითხები, პრობლემები და თემები აინტერესებს, იდენტიფიცირებას წაკითხულთან თითოეული თავისებურად ახდენს და იმის მტკიცება, რომ ნაწარმოების განხილვის, შესწავლის ან უბრალოდ, კითხვის დროს მხოლოდ ფორმას უნდა მივაქციოთ ყურადღება და ყოველგვარი ინტერპრეტირებისგან თავი შევიკავოთ – მეტისმეტად მკაცრ მოთხოვნად მეჩვენება.

ასეა თუ ისე, ზონტაგის ესე ერთდროულდაა საინტერესო, მომნუსხველი, გამაღიზიანებელი და ამასთან, უამრავი კითხვის ნიშნის „მშობელი”. ეს კი, ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს ავტორის გამჭრიახობასა და ნიჭზე. 

ესეს ალბათ, არაერთხელ დავუბრუნდები კიდევ იმ მშვენიერი, სხარტი და მოქნილი ციტატების უკეთ გასააზრებლად, რითიც ასე დახუნძლულია.

ბანკეტის გვერდის ავლით „ნამდვილ ცხოვრებაში“

0

_ იცოდე, საცეკვაოდ არ გამომიწვიო, არ მინდა თქვან, რომ, ძმის გარდა, მასთან ცეკვა არავის უნდა, _ აფრთხილებს თავის პირველ მეჯლისზე მიმავალი ნატაშა როსტოვა ძმას, ნიკოლაის.

მაშინ პირველი მეჯლისი რუსი თუ ევროპელი გოგონასათვის იგივე გახლდათ, რაც პირველი ,,საქალწულე კოცონი” ინდიელისათვის, აქ გაირკვეოდა მისი მაზანდა: კუთხეში იდგებოდა თუ თავაზიანი უარით გაისტუმრებდა საუკეთესო კავალრებს: ,,მაპატიეთ, კადრილს გრაფ #-ს დავპირდი”; საზოგადოებაში გამოსვლისთანავე ბრწყინვალედ გათხოვდებოდა, როგორც ნატალი შჩერბაცკაია დიპლომატ ლვოვზე, მამას მზითევზე კიდევ ერთი მოზრდილი მამულის დამატება მოუხდებოდა თუ საერთოდ შინაბერა დარჩებოდა.

ჩვენ დამოუკიდებელ ქალებად გვზრდიან (უნდა გვზრდიდნენ): განათლება უნდა მივიღოთ, თავი ვირჩინოთ, საზღვარგარეთ ვიმოგზაუროთ, მყინვარი დავლაშქოთ (შუამდე მაინც) და ყოველივე ამის მიუხედავად, ზუსტად ისე ვიპრანჭებით ჩვენი პირველი მეჯლისის ანუ ბანკეტის დღისთვის, თითქოს ამაზე იყოს დამოკიდებული ჩვენი მომავალი ბედ-იღბალი და ზომა-წონა საზოგადოებაში.

,,პირველად ბანკეტისთვის გამოვიქენი წარბები”;

,,პირველად და უკანასკნელად მაშინ გავიკეთე მაკიაჟი”;

,,პირველად ჩავიცვი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი და მერე მთელი ღამე ფეხშიშველი ვცეკვავდი”.

ჩვენი მამები ჰოლივუდის ,,კოლეჯის თემის” ფილმების ყურებისას თუ შემოგვისწრებენ, დაგვცინიან, დედებიც, უფროსი და-ძმებიც, ძმები _ უმცროსებიც; მიუხედავად ამისა, მშობლები, სხვა რა გზა აქვთ და, აფინანსებენ ჩვენს კაბებს, ფეხსაცმელებს, ვარცხნილობებს, მაკიაჟს და ათას სხვა რამეს, ოღონდ კონკიას ზღაპარი აგვიხდინონ. ერთი ეს არის, კართან სკოლის ყველაზე სიმპათიური ბიჭის ნაცვლად _ როგორც ჰოლივუდის ფილმებშია _ ჩვენი ლამის ძმასავით თანშეზრდილი კლასელი მოდის, თავისი მშობლების მიერ ამ დღისათვის დიდი ვაივაგლახით ნაშოვნ ძვირადღირებულ მანქანაში გვსვამს და ჩვენს მორთულობაზე ათასჯერ მნიშვნელოვანი მოლოდინი იპყრობს _ სწორედ დღეს უნდა დალიოს პირველად იმდენი ალკოჰოლური სასმელი, რამდენსაც მოერევა. მშობლები ასევე ფულს უხდიან ვიდეოაპარატიან კაცს, რომელმაც ფირზე უნდა აღბეჭდოს კადრები, რომლებსაც რამდენიმე წლის მერე ვნახავთ და ისე არ მოგვეწონება იქ დანახული საკუთარი თავიცა და სიტუაციაც, რომ შეიძლება სიბერემდე აღარ მოგვინდეს მათთვის ხელახლა თვალის შევლება.

არათუ ვიდეოჩანაწერის ნახვას, ჩემი გონება რომელიმე კადრის გახსენებსაც კი ეწინააღმდეგება, არა იმიტომ, რომ განსაკუთრებით ცუდი ბანკეტი მქონდა, არამედ იმიტომ, რომ თუმცა მაშინ უფრო ხშირად მახსენდებოდა სტრიქონები: ,,ამქვეყნად რაც კი ხდება შემთხვევით, მარადიული ის არის მხოლოდ”, იმ დღეს პირველად შევეჩეხე იმ ფაქტს, რომ ის, რისთვისაც დიდხანს ემზადები, დიდ დროს, თანხასა და ძალისხმევას ხარჯავ, თითქმის ყოველთვის გიცრუებს იმედს, რადგან ძალიან ბევრი გაეცი და ძნელია შენი მოლოდინის გამართლება.

ბანკეტის ხარჯები, თქვენც მოგეხსენებათ, მრავალი ქართული ოჯახისათვის საკმაოდ მძიმე ტვირთია. მე არაერთხელ მინახავს ამის გამო შეწუხებული და დათრგუნული მოზარდები, საგონებელში ჩავარდნილი მშობლები, გამიგონია ფრაზა: ,,ბეჭედი გაყიდა, რომ ბავშვი სხვებს არ ჩამორჩენოდა და ბანკეტზე წასულიყო”. ათასჯერ მსმენია ყბადაღებული არგუმენტი: ,,ცხოვრებაში ერთხელ ხდება…”, ერთხელ ხდება, მაგრამ არ ხდება შემთხვევით, რათა მარადიული იყოს. რაც ყველაზე უარესია, ყოველ წელს გვესმის ავტოავარიების შესახებ, რომლებიც უზომოდ შეხურებული ახალგაზრდების მიზეზით ხდება და მათივე მსხვერპლით სრულდება.

საითკენ ვუკაკუნებ ჩემი პათოსით? არა, ბანკეტების დისკრედიტაციას ვერ შევეჭიდები. ამ თემაზეც განგებ დავწერე არა ივნისში, არამედ ახლა, როცა ყოველგვარი საბანკეტო ვნებები ჩამცხრალია, რომ ვინმეს ენთუზიაზმს ოდნავი ბზარიც კი არ შეჰპარვოდა. თანაც მინი სოციოლოგიურმა კვლევამ მიჩვენა, რომ ჩემ მიერ გამოკითხული თორმეტი გოგონასაგან ოდესღაც თორმეტივე სულმოუთქმელად ელოდა ამ დღეს. მე უბრალოდ მინდოდა მეთქვა, რომ არ შეიძლება ბანკეტი იმდენად დამკვიდრებულ ტრადიციად იქცეს, რომ სკოლადამთავრებულისათვის უხერხული, ლამის მკრეხელობა იყოს ამ ,,დღესასწაულზე” უარის თქმა.

მოზარდისთვისაც კი გულუბრყვილობაა იმაზე ფიქრი, რომ საღამოს კაბები, კოსტიუმები და თეთრი პერანგი, ჰალსტუხი და მაღალი ქუსლები, უზომო ალკოჰოლი და გათენებული ღამე შეიძლება ,,ნამდვილ ცხოვრებაში შებიჯებას” ნიშნავდეს. აკი ნატაშა როსტოვას პირველმა მეჯლისმა ბრწყინვალედ ჩაიარა და ნადავლი თვით ანდრეი ბოლკონსკი გახდა, მაგრამ ყველაფერი არც თუ ბრწყინვალედ დასრულდა…

თუმცა გამონაკლისებიც ხდება: წელს საქართველოში რამდენიმე მეთორმეტე კლასმა პირდაპირ ბანკეტის გვერდის ავლით შეაბიჯა ,,ნამდვილ ცხოვრებაში”. უბრალოდ, მათ უარი თქვეს ბანკეტებზე და თანხა სტიქიისაგან დაზარალებულებს გადაურიცხეს. სამომავლოდ ამ ახალგაზრდებს არ ექნებათ კადრები გადაღებული გამოსასვლელ კაბებსა და ფართხუნა პიჯაკებში, მაგრამ დარჩებათ საკუთარი გადაწყვეტილების გამო პატივისცემის გრძნობა ერთმანეთისა და თავიანთი თავების მიმართ.

დადგება ხვალე…?

0

პოეზიის სწავლება ადვილი არ არის… ერთია, რომ ლექსი კარგია, მხატვრულია და მეორე, ამ ტექსტით გამოხატული აზრი, გრძნობა ან ემოცია, რამდენად შეიძლება შენი იყოს ან როგორ შეიძლება აქციო „შენად”.

ამიტომ მასწავლებელებს ვთავაზობ საინტერესო პოსტმოდერნისტულ ლიტერატურულ თამაშს, როგორ უნდა შექმნან მოსწავლეებმა ტექსტებთან დიალოგი… ეძებონ კითხვები და არა პასუხები…
რაღაც კითხვებზე პასუხები უკვე არსებობს ყველა პოეტის შემოქმედებაში, ამიტომ მოსწავლეები ჯერ კითხულობენ რომელიმე პოეტის პოეზიას, მერე მათთვის საინტერესო ციტატებს მონიშნავენ და ამის შემდეგ იწყებენ არსებულ პასუხებზე კითხვების შედგენას, თან შეუძლიათ, რომ ამ კითხვებს გარკვეული სიუჟეტი გამოუძებნონ.
ამ გზით მოსწავლეები უკეთ ეცნობიან და იმახსოვრებენ პოეტის შემოქმედებას, ავარჯიშებენ აზროვნების განსხვავებულ ფოკუსს, ორიენტირებულები არიან საკუთარ შინაგან კითხვებზე და უფრო მეტს ფიქრობენ პოეტის „პასუხებზე”, რადგან ხდებიან თანაშემოქმედები.
ვითარდება მოსწავლეების შემოქმედებითი უნარები, ისინი ეძებენ და ქმნიან კითხვებით სიუჟეტებს, ამონტაჟებენ პოეტურ ტექსტებს და ქმნიან მოდელირებულ დიალოგს.
ამგვარი დამონტაჟებით ტექსტები იძენენ ახალ სემიოტიკურ განზომილებას, როცა ერთი წიგნიდან 20 მოსწავლე 20 განსხვავებულ დიალოგს შექმნის.
მოკლედ, საინტერესო სემიოტიკური თამაშია: ვამონტაჟებთ პოეტებს!

ციკლიდან: ვამონტაჟებთ პოეტებს. დიალოგი დოდონა კიზირიასთან
_ ქალბატონო დოდონა, მოდი, თავიდან დავიწყოთ და გკითხავთ: საიდან მოდიხართ, ვინ იყო თქვენი წინაპარი?
_ „ჩემი წინაპარი იყო ლოყებდაკაწრული კასანდრა,
ნაწნავებდაშლილი და ფეხშიშველი რომ დაიარებოდა.
მისი შეშლილი ყივილი და ქვითინი
უშიშარ მეომრებს ართობდა და ახითხითებდა…” (კასანდრა)
 
_ და მაინც… რა არის თქვენთვის წარსული…რას ელოდით ცხოვრებისგან და რა მიიღეთ, იმედები ხომ არ გაგიცრუვდათ?
_ „რა ლამაზად ირთვებოდა გარემო,
რა კეთილად კამკამებდა მზე!
იღებოდა ფართოდ ოქროს კარები.
მპატიჟებდნენ სასახელო გზები.
არ გამოჩნდა ზღვაზე თეთრი აფრა,
არ აჩქეფდა შადრევნებით ცისკარი.
მერე რა, რომ იმედები გაქრა,
რა ბედნიერ ოცნებებით ვიარე…” (წარსული)
 
_ და სად წავიდნენ აუსრულებელი სურვილები…? თუ იპოვეთ, რასაც ეძებდით ამ ცხოვრებაში?
_ „ღონე აღარ დამრჩა ვიპოვნო,
რასაც დავეძებდი გულმხურვალედ,
დავეხეტებოდი ქარში და ავდარში.
გადაეხურა მარმარილოს მარმაში
იმ სურვილებს… „ (ღონე აღარ დამრჩა ვიპოვნო…)
 
_ სად მიდის წარსული, როდის მთავრდება?
_ „წარსული არასოდეს მთავრდება,
არა იმიტომ რომ გვახსოვს,
არამედ დღევანდელი ავდრები
განვლილს სხვაგვარად გვახსენებენ…” (წარსულის მეტამორფოზები)
_ რა ემართება რწმენდაკარგულ ადამიანს?
_ „როცა გვეკარგება რწმენა, ვკარგავთ უკვდავებას.
სევდა ტყვიისფერი, როგორც წარსულზე ვაება
ცასა და მიწას სუდარასავით ეფარება,
და გულის სურვილებს აღარსად რჩებათ თავშესაფარი…” (უიმედბა)
 
_ქალბატონო დოდონა, თქვენი აზრით, რა დაემართა მსოფლიოს, რატომ გახდა ასეთი „შეშლილი”?
_ „მსოფლიომ დაკარგა ჰორიზონტები,
ის მიუწვდომელი ჰორიზონტალი,
რომელიც ევლო შორეულ საზღვრად
მთებსა და ზღვას,
კანონის სიმკაცრით განასხვავებდა
ყოველ ჩვენიანს და ყველა სხვას…” (ჰორიზონტი)
 
_ შეგიძლიათ, გამიმხილოთ, რა გენატრებათ ახლა?
_ „მე მენატრება არაბული ცხენის ცხელი ფერდი,
რომ მის გრძელ ნახტომს მოვეხვიო
მთრთოლვარე ხელებით,
რომ გამახელოს მისი ხერხემლის რხევამ
და ამაბოლოს მეხდაცემულ ხესავით,
რომ შეუძლებელი გადავლახო
და გავყუჩდე
ორთქლიან კისერში თავჩარგული,
თითქოს უეცრად
ტყვიას დაეტყვევებინოს ჩემი გული.” (მე მენატრება)
 
_ თქვენი პოეზია სავსეა სევდით, ფიქრით, განხჯით…. მაინტერესებს, როდის ხართ უდარდელი?
_ „რა უდარდელი ხარ, როდესაც მიდიხარ გზად,
და არ იცი სად…
ისე, უბრალოდ მიდიხარ
და მშვიდი ხარ,
როგორც ბუღალტერი…” (გაუმარჯოს უდარდელობას!)
_ მთავარი კითხვა, რომელსაც ხშირად სვამს დოდონა კიზირია, რომელია?
_ ამდენი სიავე რას დავაბრალოთ _
ცოდნას თუ ცოდვას?
თუ შეგვიწყალებს მომავალი,
ჩვენზე გამწყრალი?
დადგება ხვალე…? (ადამი)
_ თქვენი აზრით, რა დაგვრჩა საამაყო ქართველებს…?
_ აღარაფერი დაგვრჩა საამაყო და სასიქადულო,
ყველა ის განძი – სიყვარული, ენა, მამული _
ისე დაგვეფლითა და დაგვეცრიცა,
რომ ოცდაათ ვერცხლსაც არავინ მოგვცემს. (მამული)
 
_ პოეტის ფუნქციაზე რას გვეტყვით საერთოდ და დღეს?
_ „ერთ დროს პოეტებს
თვით ღმერთები ესაუბრებოდნენ,
უმხელდნენ მრავლად საიდუმლოებებს
და სთხოვდნენ,
ან ეგებ უბრძანებდნენ კიდეც
ხალხისთვის ემცნოთ ვალდებულებები
უზენაესი და მტკიცე.
ახლა, როგორც სჩანს, გაწყდა ეს კავშირი
და გვეწვია შიმშილი
სიტყვამრავალი.
ვაი, საბრალონი!” (ერთ დროს…)
 
_ ბოლოს მინდა გკითხოთ, რა არის თქვენთვის პოეზია, რას ნიშნავს ლექსი?
_ „ლექსი არაფერს ნიშნავს,
იგი არსებობს.
იგია არსება,
რომელიც ტკივილით იშვა –
ჩვილივით სასურველი და შიშველი.
მისი სამშობლო
არის მიწა
და სიმწარე
სიტყვით ფრთაშეკვეცილ ოცნების.
იგია ჩემი სისხლი და ხორცი.” (ლექსი)
 
_ როგორია დოდონა კიზირიას წარსული და აწმყო და თავად როგორია?
_ „როდესაც ჩემი მზერა
შორეული კონტინენტის კუთხეს მოარღვევს
და, თითქოს საკურთხეველზე,
დამიდებს სასთუმალთან,
სივრცეები იკეცებიან უმალვე
და წარსული, თვალის გუგებში მოტივტივე,
ხდება ბავშვობასავით მარტივი
და გულახდილი, როგორც საუბარი ბუხართან…”
პ.ს. პასუხები გადაამოწმეთ დოდონა კიზირიას ლექსების წიგნში „ნაპირები”, გამომცემლობა „ინტელექტი”, 2010 წელი.

მუსიკალური ვიზუალური ატრაქციონი (II ნაწილი)

0
მულტფილმი ბავშვისთვის სამყაროს მრავალმხრივი შეცნობაა. ის საინტერესო და საყვარელი იმიტომაა, რომ პატარას მისაწვდომი ფორმით უხსნის მრავალ პროცესს, აკმაყოფილებს მის ცნობისმოყვარე და ემოციურ მოთხოვნებს, ასევე უვითარებს აზროვნებისა და წარმოსახვის უნარს.

ბავშვებისთვის ხელოვნება სამყაროს აღქმისა და ათვისების მშვენიერი ფორმაა. ის მათი „უფროსი მეგობარია”, რომელიც აჩვენებს „რა არის კარგი და რა –  ცუდი”… რა სასჯელი ელით არასწორი საქციელისთვის ან რა დადებითი შედეგები მოაქვს სწორ მოქმედებას. 

მულტფილმს საკმაოდ დიდი აღმზრდელობითი ფუნქცია აკისრია. ბავშვი ეკრანთან ხომ საკმაოდ დიდ დროს ატარებს. და თუ გავითვალისწინებთ, რომ იგი სამყაროს გამუდმებით შეისწავლის, ეკრანთან გატარებული ხანგრძლივი დრო უკვალოდ არ ჩაივლის. 

მულტფილმების გარკვეული ნაწილი თავისი შინაარსით შეესაბამება ბავშვთა ასაკს. ის აღსაქმელად უბრალო და გასაგებია, გმირების ქცევა კი მისაბაძი. ასე რომ, ამგვარი ფილმები აღზრდის საერთო ამოცანებს სრულად პასუხობენ. მაგრამ ზოგიერთი თანამედროვე მულტფილმი სიუჟეტურად სულაც არ არის საბავშვო. მასში ვხვდებით: ისტერიკებს, შანტაჟს, მკვლელობას, შურისძიებას… ყოველივე ეს კი ვერაფრით თავსდება სათანადო ქცევათა ჩარჩოში. 

უარყოფითი გმირები – ბავშვების „მეგობრები”, სამწუხაროდ, მიბაძვისა და ქცევის ნიმუში ხდებიან. მულტფილმის მთავარი გმირი ბავშვისთვის უსათუოდ დადებითი გმირია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბავშვი მას აღიქვამს როგორც „კარგს”. პატარას ჯერ კიდევ უჭირს გმირის ნატურის სირთულის განსაზღვრა და სწორი შეფასება. ამიტომ, ყველაფერი, რასაც მისი საყვარელი გმირი აკეთებს, მისაღები და მისაბაძია. შთაბეჭდილებების გავლენის გამო ბავშვებს ხშირად არ შეუძლიათ სინამდვილე შექმნილი წარმოსახვისგან განასხვავონ, ამიტომ ისინი მულტფილმს აღიქვამენ როგორც რეალობას. 

როგორც ვიცით, მულტიპლიკაცია კინოინდუსტრიის განშტოებაა. ეს საინტერესო მიმართულება შეგვიძლია დავუკავშიროთ მხატვრობასა და გრაფიკას. მხატვრის ტალანტი და ტექნიკური შესაძლებლობა ბადებს ხელოვნებას, რომელიც გულგრილს არ ტოვებს არც ბავშვს და არც მოზრდილს. მულტიპლიკაციას ინერციით ჯერ კიდევ კინოხელოვნების სახეობად მივიჩნევთ. ეს თითქოს ასეცაა: მათი გადაღება კინოფირზე მიმდინარეობს. შემდეგ კი კინოთეატრების ეკრანებზე გადაინაცვლებს, მაგრამ მსგავსება სწორედ აქ მთავრდება. თუ კარგად დავაკვირდებით რა საშუალებებით იქმნება სახეები მულტიპლიკაციაში, დავრწმუნდებით, რომ ეს ორიგინალური ხელოვნება ახლოსაა, ერთი მხრივ, გრაფიკასთან, ფერწერასა და სკულპტურასთან, ხოლო, მეორე მხრივ, პოეზიასა და მუსიკასთან. 

დავუბრუნდეთ დიდ უოლტ დისნეის. მას შემდეგ, რაც მან თავისი პირველი მუსიკალური მულტიპლიკაციური ფილმი („ჩონჩხების ცეკვა”) წარმოადგინა, კვლავ მოისურვა შეექმნა მულტფილმების სერია, სადაც „წამყვან როლს” არა პერსონაჟი, არამედ მუსიკა „ითამაშებდა”. 

მიკი მაუსის, დონალდ დაკის, გუფის, პლუტოსა და სხვა დაუვიწყარი პერსონაჟების მონაწილეობის გარდა, დისნეის კიდევ აქვს ერთი განსაკუთრებული სერია „სულელური სიმფონიები” – სინთეზი მუსიკალურ-ზღაპრულ-სახუმარო ნახატი ფილმებისა, რომლებმაც მაშინდელი ანიმაციური ხელოვნება განვითარების უმაღლეს რანგში აიყვანა. 

სერიიდან „ტომი და ჯერი” მულტფილმი „კატის კონცერტი” შესანიშნავი რეჟისურითა და კოლორიტული მუსიკით ანიმატორთა ოსტატური ნამუშევარია, რომელიც შემდეგ საუკეთესო მულტფილმისთვის „ოსკარს” მიიღებს. ამ თავშესაქცევ, სადღესასწაულო და მხიარულ მულტფილმში გამოყენებულია ფერენც ლისტის უნგრული რაფსოდია (ეს მუსიკა 84 სხვადასხვა ფილმშია აჟღერებული). 

დისნეის შესანიშნავ მულტფილმში „მუსიკალური ქვეყანა” სიმფონიის ქვეყნის „პრინცესა ვიოლონჩელი” მალულად ხვდება „პრინცს საქსოფონს” ჯაზის კუნძულიდან. მაგრამ საიდუმლო შეხვედრების სიხარული დიდხანს ვერ გასტანს. განრისხებული დედოფალი შეყვარებულ საქსოფონს „კამერტონის” ბნელ საპყრობილეში გამოკეტავს…  
მომდევნო ორიგინალური რამ, რაც მუსიკისა და ილუსტრაციის ურთიერთქმედების სფეროში დისნეიმ გააკეთა, არის ფილმი – „ფანტაზია” (1940 წ.). პირველი გრანდიოზული სრულმეტრაჟიანი და შესაძლოა კლასიკური მუსიკის ყველაზე ლამაზი რეალიზაციაა ანიმაციაში. მოკლემეტრაჟიან სერიებს „ფილმი-კონცერტის” საერთო იდეა აერთიანებს. აქ არ გვხვდება დიალოგები. ყველგან პერსონაჟებიც კი არ არის. ორსაათიანი ფილმი 9 დამოუკიდებელი ნომრისგან შედგება. ყოველი მათგანი საკუთარ სტილშია შესრულებული. მულტფილმში გამოყენებულია ბახის, ჩაიკოვსკის, დუკას, სტრავინსკის, ბეთჰოვენის, პონკელის, მუსორგსკის, შუბერტის ნაწარმოებები. იმ დროისათვის ეს ექსპერიმენტული და ძალზე ამბიციური პროექტი იყო, გათვლილი არა ფართო მაყურებელზე, არამედ წარმატებაზე კრიტიკოსების მხრიდან. 

60 წლის შემდეგ სტუდია დისნეიმ იდეის გამეორება გადაწყვიტა და „ფანტაზია 2000″ შექმნა. ფილმი საოცარი გემოვნებითა და განუმეორებელი აზროვნებითაა გადაღებული. სიურეალისტური სურათები, სცენები გაჟღენთილია ბეთჰოვენის, რესპიგის, გერშვინის, შოსტაკოვიჩის, სენ-სანსის, დუკას, ელგარის და სტრავინსკის კლასიკური მუსიკალური ნაწარმოებებით. მუსიკა და ვიზუალური სიგიჟე ისეთ სანახაობას ჰქმნის, ძნელად თუ შეელევა ადამიანი. 

დისნეისთან აღიარება უცებ არ მოსულა. იყო წარუმატებლობაც, აღმაფრენაც, ისევ წარუმატებლობა და ისევ აღმაფრენა. მისი ფილმები დაჯილდოებული იყო ყველაზე მაღალი პრესტიჟული პრემიებით, მათ შორის 30-ჯერ „ოსკარით”. მაგრამ უმთავრესი მაინც მსოფლიო მაყურებელთა სიყვარული იყო.

 
მეთოდს, რომელსაც დისნეი იყენებდა, მოგვიანებით „დისნეური” ან „კლასიკური”, ხოლო მის შემდეგ შექმნილს „პოსტდისნეური ანიმაცია” დაერქვა. ამგვარი შეფასება სამართლიანია, ვინაიდან დისნეიმ სინამდვილეში ყველაზე მოახდინა გავლენა, ვინც მის გვერდით იყო და ვინც შემდეგ მოვიდა. 

დისნეის შემდეგ მსოფლიო მულტიპლიკაციის განვითარებაში ახალი ფორმების აფეთქება მოხდა, რაც თანამედროვე უმნიშვნელოვანესი პრობლემების წარმოჩენისკენ იყო მიმართული. მულტფილმებისთვის დამახასიათებელი გახდა სწრაფვა ლაკონიურობის, გროტესკისა და კარიკატურისაკენ. გაჩნდნენ ჟანრობრივად სხვადასხვაგვარი ფილმები: საბავშვო ზღაპარი და ფილოსოფიური იგავი, სატირული პამფლეტი და რეკლამა, მუსიკალური და საგანმანათლებლო-შემეცნებითი კომედია.   

კინემატოგრაფის ისტორია მუსიკისგან განუყოფელია. ჯერ კიდევ მუნჯური კინოს ეპოქაში მუსიკალური თანხლება პიანისტთა იმპროვიზაციით მიმდინარეობდა. როდესაც ხმოვანი კინო გამოჩნდა, რეჟისორებს საშუალება მიეცათ, ფილმები რთული მუსიკალური ნაწარმოებებით გაეფორმებინათ. მულტიპლიკაციაშიც დაისვა შეკითხვა – როგორი მუსიკა გამოეყენებინათ. ის სრულიად განსაკუთრებული და უჩვეულო უნდა ყოფილიყო. პერსონაჟების გაცოცხლებისთვის კომპოზიტორები მხატვრებთან ერთად ათას სხვადასხვა ხერხს მიმართავდნენ, რათა ბავშვებში ღიმილი გამოეწვიათ.

საინტერესოა ფილმზე მუშაობისას როგორ და რომელ სტადიაზე ხდება ხმის ჩაწერა (მუსიკის, რეპლიკების, დიქტორის ტექსტის, ხმაურის) და როგორ აღწევენ მულტიპლიკატორები ეკრანზე გამოსახულებისა და ხმის სრულ სინქრონს. ან რა როლს თამაშობს ხმა მულტიპლიკაციაში. თუ ყურადღებას მივაქცევთ ფილმში ხმოვან გაფორმებას, შევამჩნევთ, მეტწილად ხმა მოქმედების ილუსტრირებაა და არა მხოლოდ – ის დრამატურგიის ერთ-ერთი სრულუფლებიანი კომპონენტია. ჩვეულებრივ კინოსგან განსხვავებით, მულტიპლიკაციაში, როგორც წესი, ხმა ნახატის ან თოჯინას გაცოცხლებამდე იწერება, ვინაიდან ეპიზოდები ტემპო-რიტმთანაა დაკავშირებული. ამგვარი მეთოდის დროს რეჟისორმა ნათლად უნდა წარმოიდგინოს როგორი უნდა იყოს მუსიკა, რომელ ადგილას გაჟღერდება და რამდენ წამს, ანუ რეჟისორი კომპოზიტორისთვის გრაფიკის სახით ვრცელ და დაწვრილებით სქემას ადგენს. უმნიშვნელოვანესია, მუშაობის პროცესში რეჟისორი და კომპოზიტორი თანამოაზრენი იყვნენ. 

ძალადობის ძალა

0

ეს ამბები განსაკუთრებით მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა უნდა იცოდნენ. უნდა იცოდნენ, თუნდაც იმიტომ რომ ნებისმიერ ძალდატანებას მერე სხვა პასუხი მოსდევს. და ამ პასუხის პასუხში მივიდვართ და ქვეყანას დგას.

ახლა ბოლკშევიკებზე მოგახსენებთ: ადგნენ და მოვიდნენ. როგორც ერთ ამერიკულ რომანშია. აქაოდა, პროგრესის ძალაო, განათლებაო, ოპიუმიო, დარვინიო, „ღმერთი მოკვდაო”. სიცოცხლისას რაც იყო, იმაზე მარქსს კითხეთო. მაგრამ უღმერთოდ მაინც ვერ გაძლეს. ისე არ გამოდიოდა.

ჰოდა, ახლის შენება დაიწყეს. მრავალღმერთიანობას მიაწვნენ. ერთი დიდი ღმერთი, ლენინი, სადღაც შორს იდგა და დანარჩენ ღმერთებს – სტალინი, ხრუშოვი და ა.შ. – შობდა. ზოგიერთი შეიძლება ძმას წაექცია და მისი ადგილიც მიეთვისებინა. თუმცა მთავარი ბომონი – სრულქმნილი ულიანოვი ეჭვის მიღმა სუფევდა. არის ერთი ძალიან კარგი ანიმაციური ფილმი, რაულ სერვაისის „პეგასუსი”. ადვილად შეგიძლიათ ინტერნეტში დაძებნოთ – იქ, ათიოდ წუთში დიდებულადაა მოთხრობილი, თუ როგორ ანაცვლებს სოფლის მჭედელი ერთ უფალს მეორეთი. ამ წერილის თანასამზერელად გირჩევთ. ისე, ირიბად. ცალი თვალით.

ანტირელიგიური კამპანია გაჩაღდა.

ხოლო ჩემს მაგიდაზე ახლა ოცამდე ამგვარი წიგნი დევს. გაზეთი უფრო მეტი იყო. ეს წიგნები პერიოდული გამოცემების ერთგვარ ჯამად შეგვიძლია ვიგულისხმოთ. მანდ იყრიდა თავს მთავარი ინსტრუქციები და, ჩვენებური ახალმეტყველებით რომ ვთქვათ, „ქეისები”. იწყებოდა ყველაფერი ყმაწვილთა აღზრდით. 1932 წელს გამოდის ვინმე პ. მიქაძისა და ან. გველესიანის წიგნი – „პიონერები ანტირელიგიურ ფრონტზე”. ახალი, ლენრელიგია ძალიან აგრესიული იყო. მას მთლიანად უნდა ამოეძირკვა წინამორბედი. ამიტომაც – „ნორჩ უღმერთოთა მოთავსებული იქნება კითხვა-პასუხის ყუთი”, სადაც ასეთ ამბებს ათავსებდნენ: „ერთხელ პიონერები შეგროვდნენ ჩემს ეზოში და გადაწყვიტეს რამენაირად მაინც დაეშალათ მორწმუნენი. პიონერები რამდენიმეჯერ მოვიდნენ ეკლესიაში და იმდენი მოახერხეს, რომ შეუმჩნევლად ეკლესიის გამათბობი მილი გასტეხეს. ამის გამო შესწყდა მორწმუნეთა სიარული ეკლესიაში, რადგან საშინლად ციოდა; ამრიგად, ეკლესიას რელიგიური ცრუმორწმუნეობის საშუალება გამოეცალა”.

 

სხვებს, უკვე ზრდასრულებს და განსხვავებულ ფერხულში თავშერგულებს „უფრო დიდ” კუთხეებს უწყობდნენ. მაგალითად: „კუთხეს უნდა ქონდეს თარო და ვიტრინა პოპულიარული ანტირელიგიური ლიტერატურით. კუთხის ლოზუნგები ისე, როგორც სხვა მასალები დაკავშირებული უნდა იქნენ კოლმეურნეობის წარმოებასთან, მაგ: „ძირს ხუცის სასხურებელი, გამოვიყენოთ ქიმიური სასუქი”. თუ ბოლშე-ეზოთერიზმი არ გაჭრიდა, სხვა, პრაგმატული მაგალითებით ცდილობდნენ მშრომელთა მორჯულებას – სანამ კიდევ უფრო „პრაგმატული” 37 არ დადგა. ასე განსაჯეთ, 1932 წელს გამოცემულ წიგნში, „აღდგომა. მისი წარმომავლობა და მნიშვნელობა”, მთელი ანგარიში მიდის იმ ზარალის, რაც სადღესასწაულო ამბების გამო მიადგა დიად სამშობლოს: „ბეჟიცაში, დასავლეთის ოლქი, ქარხანამ „წითელმა პროფინტერმა” დაკარგა 1500 კაცზე მეტი თვითნებობითი გაცდენის გამო: ფულზე რომ გადავიტანოთ – 22.754 მანეთი, მაშასადამე, ქარხანამ სოფლის მეურნეობას ვერ მისცა 2.143 სახნისი”. რკინის ლოგიკაა, ვერაფერს იტყვი. ფოლადის ლოგიკა – უფრო საბჭოურად რომ ვთქვათ. კაპიტალიზმს ხომ ბრალდებოდა და ბრალდებოდა ყველაფერი. ლამის იყო, იესო ქრისტე და მუჰამედი პირველ ბურჟუებად გამოიყვანეს და მათი მოწაფეები გაწაფულ კლერკებად. დ. ციხელაშვილი მიმართულების ოსტატად მიიჩნეოდა. სწორედ მას ავალებდნენ ან ივალებდა ამ საქმეს და საოცარი მხატვრულობით ასრულებდა – ჯვაროსნული ლაშქრობებიდან იწყებდა და მოულოდნელად კულაკთა შეთქმულებებით ასრულებდა. მოკლედ, ახლა სახალისოდ საკითხავია, მაშინ კი სისხლს ითხოვდა ეს ფურცლები.

რაღაც ნაწილი აღარ მომიტანია. აი, ის – სადაც მუქარა იმატებს და სიტყვები ადრესატებს სასაკლაოსკენ მიერეკებიან. რა საჭირო იყო. რბილად მინდოდა მეთქვა ძალიან მარტივი რამ – რაც უკვე დასაწყისშივე მოგახსნეთ.
ხოლო მებრძოლ უღმერთოთა კავშირს უფრო მოკლედ ერქვა „მუკ”-ი. ლოზუნგი კი, რომელიც თითქმის ყველა გამოცემას თან სდევდა, ამგვარი გახლდათ: „არც ერთი საწარმოო, დაწესებულება, სკოლა, უმაღლესი სასწავლებელი, საბინაო ამხანაგობა, ყაზარმა, კოლმეურნეობა, საბჭოთა მეურნეობა და კომუნა მუკის გარეშე”.

სერიალი სკოლის ცხოვრებაზე

0
თორნიკე ბერიძე, გუგა ბუკია, მეკო დიდებულიძე, რატი კაჭარავა, ლაშა დადიანი, ანანო ჩანტლაძე და ქეთი კაპანაძე – ახალი ქართული ინტერნეტ-პროექტის “კლასის” გმირები არიან.
ონლაინსერიალი სკოლისა და მოსწავლეების შესახებ ბუნებრივი და მოზარდებისთვის დამახასიათებელი ლექსიკით  გვიყვება მათ ცხოვრებაზე, ოჯახზე, მტკივნეულ განცდებზე, პრობლემებზე; მშობლებთან, მასწავლებლებთან და მეგობრებთან დამოკიდებულებაზე. ეს მოზარდობის კარგად ნაცნობი ეტაპია, როდესაც მძიმე გამომეტყველებით მსოფლიო სევდას დავათრევთ ზურგით; როდესაც თავს მახინჯად აღვიქვამთ და  გვტანჯავს ზედმეტი კილოგრამები; როდესაც მშობლებს უცხოებივით ველაპარაკებით და ვფიქრობთ, რომ ჩვენი გაგება და მოსმენა დედამიწის ზურგზე არავის შეუძლია; როდესაც უამრავი კომპლექსით დატვირთულები, რომელიც გადასალახი და თავიდან მოსაშორებელი გვაქვს, ჯიქურ და აგრესიით ვცდილობთ მნიშვნელოვანი პერსონები გავხდეთ სამყაროსთვის და  სხვა დანარჩენ გარშემომყოფებსაც დავუმტკიცოთ ჩვენი უპირატესობა. “კლასი” ზუსტად ამ თემების შესახებ გვიყვება და განსაკუთრებულად კი ერთ-ერთ მძიმე და ცენტრალურ  პრობლემას – ბულინგს აყენებს დღის წესრიგში. პრობლემა, რომელიც სამწუხაროდ სათანადოდ არ არის შეფასებული სკოლის ცხოვრებაში და ხშირად  ეს მოზარდებს შორის კინკლაობად აღიქმება.
სწორედ ბულინგის  თემით იხსნება კლასის შესახებ თხრობა. გუგა ბუკია თანაკლასელთა  მხრიდან სისტემატური  ძალადობის მსხვერპლია. როგორც ყველა მსხვერპლს, მასაც ეთაკილება თავის პრობლემაზე ლაპარაკი, ამიტომ იგი მშობლებთან და მასწავლებელთან ურთიერთობის დროს გულდასმით მალავს თავის საიდუმლოს. ერთ-ერთი გაკვეთილის დროს, როდესაც მას თანაკლასელები ცემით ემუქრებიან და ფულის მოტანას ავალდებულებენ, ერთ-ერთი თანაკლასელი გოგონა, “რომელიც ყველაფერში არამკითხე მოამბესავით ერევა” მასწავლებელს გუგას დაცვის მიზნით მის  საიდუმლოს უმხელს. მიუხედავად იმისა, რომ მასწავლებელი ინფორმირებულია, რომ მისი მოსწავლეები ერთ-ერთ მოსწავლეს ცემას უპირებენ, მორიგ ეპიზოდებში არსად არ ჩანს მასწავლებლის მხრიდან რეაგირების ნიშნები. ვფიქრობ, ეს დეტალი ერთგვარი მინიშნებაა იმაზე, თუ როგორ არ აღიქმება ბიჭებს შორის ჩხუბი და ფიზიკური შეხლა-შემოხლა სერიოზულ პრობლემად და ფაქტიც მასწავლებლის ყურადღების მიღმა რჩება.
“ყურადღება არ მიმიქცევია ეგრევე გავვარდი გარეთ. შეიძლება რომელიმეს საჭირო ოთახში გასვლა ეთხოვა მასწავლებლისთვის და დამწეოდნენ. ჩემს ქუჩამდე სირბილით მივედი. არსად გავჩერებულვარ გზაში. სახლში ჯერ ვერ ავიდოდი, ძალიან ადრე იყო სკოლიდან მისასვლელად. ბოლო გაკვეთილის დაწყების დროს მისვლა იყო ყველაზე კარგი ვარიანტი, გაგვიცდა-მეთქი ვეტყოდი დედაჩემს და ეგ იქნებოდა”, – ეს გუგა ბუკიას, ერთ-ერთი გმირის ამბავია.
მხოლოდ ბულინგი და მოზარდებს შორის კონფლიქტი არ არის პროექტის ავტორთა სამიზნე. ისინი საუბრობენ ყველაფერზე, რაც მოზარდს და მის ცხოვრებას შეეხება. იმაზე, თუ რა პრობლემები ექმნებათ მათ მშობლებთან ურთიერთობის დროს, როდესაც უფროსები ცდილობენ აიძულონ საკუთარი შვილები გახდნენ იმ ოცნებების ამსრულებლები, რომელთა მიღწევაც თავის დროზე თავად ვერ შეძლეს. ასეთია ერთ-ერთი გმირის, რატი კაჭარავას დედა, რომელიც თავის მოსაწონებლად  ათასგვარ ტყუილს იგონებს. ეს ტყუილები კი მის შვილს არაფერში სჭირდება. არ სჭირდება ტყუილი იმის შესახებ, თუ  როგორ უნდა წასულიყო ზაფხულში ლონდონში. რატი მეგობართან უხერხულად გრძნობს თავს დედის ტყუილების გამო, დედაც კი ვერ ხვდება, რატომ უქმნის შვილს უხერხულობას ასეთი უწყინარი ტყუილებით.
“უკვე მეათასედ იტყუები ეგეთ რაღაცას და თან არც მეუბნები, ვინმეს რამე ეგეთს რომ ეუბნები და მერე მრცხვენია ხოლმე, ვიღაცა რაღაცას რომ მეკითხება და თან ტყუილის თქმას მაიძულებ. მრცხვენია ამდენი ტყუილები, რომელსაც ყველა ხვდება, რომ იტყუები და მეც მატყუებინებ ხალხს”, – ეუბნება რატი დედას.
ოჯახური კონფლიქტები და  მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა უარყოფით გავლენას ახდენს მოზარდის ჩამოყალიბებაზე. ლაშა დადიანი, რომელიც თავის კლასელ გუგა ბუკიას ცემს და ფულის შეგროვებას აიძულებს,  სწორედ ასეთი ოჯახიდანაა, სადაც მამა გამუდმებით სვამს და შვილების  ცხოვრებაც მშობლების მუდმივი კონფლიქტების ფონზე მიმდინარეობს. 
“ეზოში ცოტა დაძაბული გავედი, მართალია დღეს მამაჩემს არავისთვის უგინებია და არც ყვირილის ხმა გასულა ჩვენგან, მაგრამ სულ მეშინია, რომ ვიღაცამ რაღაც არ მითხრას ან დამცინოს. არავის არაფერი უთქვამს, ბიჭები ვნახე, მივესალმე და მაღაზიისკენ გავაგრძელე გზა”, – ჰყვება ლაშა, კლასის ერთ-ერთი მოსწავლე.
 გოგონები კი ზედმეტი წონის გამო ტირიან. თავიანთ საკვებს მშიერ ბავშვებს ჩუქნიან, ან ჭამის შემდეგ გულს ირევენ ან დედებს ექიმთან წაყვანას სთხოვენ, რომ რამე უშველონ, როგორმე ზედმეტი წონა მოიშორონ: ”ერთხელ ჩხიკვაძემ დამინახა ნაგავში რო ვაგდებდი ხაჭაპურს და დამცინა, ქეთი ისეთი მსუქანია ერთი თვე რო არ ჭამოს, მაინც არაფერი მოაკლდებაო  და არ ჭამს მაგიტოო. მე თავი ვერ შევიკავე და ტირილი დავიწყე”,- ამბობს ქეთი კაპანაძე.
დიახ, ეს ერთი ჩვეულებრივი კლასია. შესაძლოა, ის თქვენი სადამრიგებლო კლასიც იყოს. შესაძლოა თქვენს კლასშიც ტიროდნენ გოგონები ზედმეტი წონის სირცხვილის გამო ან ბიჭები გაკვეთილიდან ნაადრევად წასვლას იმიტომ ითხოვდნენ, რომ თანაკლასელთა მხრიდან ცემის და დამცირების თავიდან არიდება სურთ. იქნებ იმ მოსწავლესაც აქვს პრობლემები, რომელიც სხვაზე ძალადობს. იქნებ თქვენს კლასშიც არიან გოგონები, რომელსაც მათი სურვილის გარეშე ათხოვებენ. იქნებ თქვენს კლასშიც არიან ისეთი მოსწავლეები, რომლებიც გთხოვენ, რომ დაეხმაროთ, როცა ისინი თავს დამცირებულად და შეურაცხყოფილად გრძნობენ, როცა საკუთარი თავისუფალი თემის წაკითხვის დროს თანაკლასელთა მხრიდან დამცინავი ყიჟინის ობიექტები ხდებიან; იქნებ განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეც გყავთ, რომელიც ასევე დამცირების მსხვერპლია და თანაკლასელთა მხრიდან გარიყულია. 
ალბათ შესაძლებელია ამ ყველაფრის გამოსწორება, პრობლემების აღმოჩენა და მისთვის თვალის გასწორება. მთავარია დროულად შევამჩნიოთ  და დაუყოვნებლივ ვცადოთ მისი გადაჭრა. მანამდე კი, შეგიძლიათ თვალი მიადევნოთ ამ ონლაინპროექტს ფეისბუქზე, რომელიც არამარტო მასწავლებლებს, მშობლებსაც  დაგვაფიქრებს ჩვენს წილ პასუხისმგებლობაზე.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...