შაბათი, ივლისი 19, 2025
19 ივლისი, შაბათი, 2025

მოწყვლადები

0

შობის ღამეს ადამიანები სასწაულებს ველით და გვჯერა, რომ ამ დროს მართლაც ხდება ცვლილებები, უცნაური და დაუჯერებელი ტრანსფორმაციები. გვჯერა სიკეთისა და სიყვარულის, გვჯერა სასწაულების, რომელთა მოხდენაც ჩვენი შინაგანი და ფიზიკური შესაძლებლობებით ვერ წარმოგვიდგენია, ბრწყინვალე განწყობაზე მყოფები, იშვიათად ვამჩნევთ კონტრასტებს, უფრო მეტად კი ვჩქმალავთ და თვალს ვარიდებთ ყოველდღიურობის მძიმე სურათებს. ეს სურათები მკვეთრია და პირდაპირი, ზოგჯერ – ზედმეტად, უხეშად პირდაპირიც, და მათთვის თვალის გასწორება ძალიან ძნელია, რადგან ჩვენს მოვალეობებსა და ვალდებულებებზე გვაფიქრებს, ჩვენი ცხოვრების მიზნებსა და არსზე, ძალიან მნიშვნელოვან, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომლებზე ფიქრმაც შესაძლოა სრულ უიმედობამდე მიგვიყვანოს, მაგრამ მაინც საჭიროა მათზე დაფიქრება, სხვა თემებისა და სხვა ადამიანებისთვის ყურადღების დათმობა.

აი, ასეთია ის ღამე, როცა ჩვენი თუ სხვისი ძალების რწმენა გვეძლევა და შემდეგ საკუთარ თავსაც ვაჯერებთ, რომ მართლა შეგვიძლია ცვლილებების მოხდენა, შეგვიძლია უკეთესობისკენ ნაბიჯების გადადგმა, პატარა პერსონალური რევოლუციების მოწყობა, ერთკაციანი აქციებისა უკეთესი მომავლის მოთხოვნით. შეგვიძლია, საკუთარ თავებს ავუჯანყდეთ და შემდეგ ამ განწყობის საზოგადოებაში გადატანაც ვცადოთ. იქნებ, ყველას ერთად გამოგვივიდეს და ჩვენი პატარა პერსონალური სიკეთეები მასშტაბურ მოვლენად ვაქციოთ.
და ღამით, როდესაც ჩქარი ნაბიჯით მივეშურებით ჩვენი დღესასწაულების აღსანიშნავად, ჩვენ გარშემო დგანან ბავშვები – თმაგაწეწილები, დახეული ფერადი წინდებიდან გამოყოფილი ჭუჭყიანი თითებით, დგანან მუყაოს ყუთის ნაგლეჯებზე და მოწყალებას ითხოვენ. ზოგს ამ მუყაოს ნაგლეჯებზე სძინავს და თავთან პატარა ლითონის ჯამიც დაუდგამს ხურდა ფულისთვის. ისინი ქუჩაში მომუშავე და მცხოვრები ბავშვები არიან, ასეთი ბედი კი მათ სხვადასხვა გარემოებამ არგუნა, ისე რომ, ალბათ დიდხანს ვერ გააცნობიერებენ მათთვის დაკისრებული მთელი ამ პასუხისმგებლობის სიმძიმეს და წნეხს.
ასეთი სოციალური კონტრასტები მძიმე საყურებულია. სიმძიმესა და სასოწარკვეთილებას იწვევს. არ ვიცით, როგორ მოვიქცეთ, სად დავრეკოთ, ვის ვთხოვოთ დახმარება, ვის შევახსენოთ, რომ ეს პატარა ადამიანებიც იმსახურებენ ღირსეულ გარემოს, ღირსეულ პირობებს განვითარებისა და ცხოვრებისთვის, თბილ სახლებს, სადაც მათაც ექნებათ სადღესასწაულო კერძები და სადღესასწაულო განწყობა.
რამდენიმე თვის წინ, როცა ერთ-ერთი ჟურნალის რედაქტორთან ჩემი მომავალი წერილების თემებს განვიხილავდი, ვთქვი, რომ დავწერდი ქალებზე, ბავშვებზე, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე. მოკლედ, იმ ადამიანებზე, რომლებსაც დახმარება, თუნდაც სიტყვიერი გამხნევება ყველაზე მეტად სჭირდებათ. რედაქტორმა თქვა: „ესე იგი, მოწყვლადები”. მედიაენაში დამკვიდრებულ ამ ტერმინს ფართო მნიშვნელობა აქვს და ყოველგვარ გარიყულობასა და შეჭირვებას მოიცავს, ჩვენი ქვეყნის სინამდვილეში კი მხოლოდ ერთ ან რამდენიმე სოციალურ ჯგუფზე არ არის საუბარი – სამწუხაროდ, ქვეყნის რეალობა ისეთია, რომ მოსახლეობის 70 პროცენტი სხვადასხვა სახის მოწყვლადობას განიცდის, უმეტესწილად კი სოციალურ და ეკონომიკურ შეჭირვებას.
მოწყვლადების კატეგორიაში ასევე შედიან უსახლკაროები, სექსუალური, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობები, დევნილები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, უდედმამო ბავშვები, მარტოხელა დედები, საარსებო მინიმუმს დაჯერებული მოხუცები, საბანკო კრედიტებით გაწამებული მოსახლეობა, ადამიანები, რომლებსაც მედიკამენტებისა და სურსათის საყიდლად ფული არ ჰყოფნით, ჩვილები, რომლებიც ხელმოკლეობის გამო სათანადოდ ვერ იკვებებიან. მათი რიცხვი ძალიან დიდია. ისინი ჩვენ გვერდით ცხოვრობენ და ხშირად, სხვებისგან განსხვავებით, თვალშისაცემები არიან, გამოირჩევიან თავიანთი მოწყვლადობით, თავიანთი მარგინალურობით, თავიანთი განსხვავებულობით, ცხოვრების სიმძიმით, რომლისთვისაც ვერა და ვერ უშველიათ. სახეზე უმწეობის განცდა აწერიათ, გადამდები განცდა. ამიტომ აღარ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ქუჩაში, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა თუ სხვა ადგილებში თითქმის არავინ იცინის. დადიან თავჩაქინდრულები და თავიანთ მოწყვლადობას დაატარებენ მსოფლიო სევდასავით.
უმძიმესი სურათია, რომელიც მეხსიერებიდან აღარ ამოდის. აღარ ამოდის მეხსიერებიდან ამბები ათშვილიან ოჯახზე, რომელიც სოკოს სათბურში ცხოვრობს და ვისი სუფრის მთავარი კერძიც ახალი წლის ღამეს წვნიანია, არც ექვსშვილიან ოჯახზე, რომელიც აჭარის მაღალმთიან სოფელში, ბოსელში ცხოვრობს. უამინდობისას მათ ოთახებში ისევე წვიმს, როგორც გარეთ. ასეთი ამბავი ძალიან ბევრია და ყველაზე მძიმე ამ ამბებში ის არის, რომ ქვეყანაში არ არსებობს სტაბილურობის გარანტია, არ არსებობს მკაფიო ზღვარი ღარიბ და არაღარიბ მოსახლეობას შორის, რადგან ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა ჯერ კიდევ სოციალურად დაუცველია.
როგორ ვებრძოლოთ სხვადასხვა სახის მოწყვლადობას, რა შეგვიძლია თითოეულ ადამიანს, ან სად არის გადარჩენის გზა, ძნელი სათქმელია, რადგან პრობლემა კომპლექსურია და ძალიან რთული. ამ საკითხების მოგვარება მხოლოდ ჩვენი კეთილი სურვილებით ვერ მოხერხდება, მაგრამ არც სათანადო ბერკეტები გაგვაჩნია… გადარჩენის ერთადერთი გზა განათლებაა. ეს არის პასუხი კითხვისა, რომელსაც ხშირად ვუსვამთ საკუთარ თავს: რა შემიძლია მე, ერთ ადამიანს? განათლებაა ის იარაღი, რომლითაც შეიძლება ვებრძოლოთ სხვადასხვა სახის უსამართლობას, სოციალურ და ეკონომიკურ შეჭირვებას, გულგრილობას და შეუწყნარებლობას ადამიანთა გარკვეული ჯგუფების მიმართ, დავიცვათ არა მხოლოდ საკუთარი ინტერესები და უფლებები, არამედ შევეცადოთ და სხვებსაც დავეხმაროთ, უფრო მეტი გაიგონ თავიანთი უფლებების შესახებ.
ღირებულებათა კაპიტალი, ეს ყველაზე ძლიერი იარაღი, დღეს მასწავლებლის ხელშია და მასზეა დამოკიდებული, რამდენად პრაქტიკულ ცოდნას მისცემს მომავალ თაობას, რათა მათ შეძლონ გახდნენ განათლებული და თავისუფალი საზოგადოების სრულფასოვანი წევრები, იზრუნონ, როგორც საკუთარი, ისე საზოგადოებრივი ინტერესების დასაცავად და ისე მოაწყონ საკუთარი ცხოვრება, როგორც უოცნებიათ.

 

ენის კულტურული განზომილების მნიშვნელობა უცხოური ენის სწავლა-სწავლების პროცესში

0
რა არის ენის ძირითადი ფუნქცია? – კომუნიკაცია, გიპასუხებთ უმეტესობა, ვინც ამ კითხვაზე ერთხელ მაინც დაფიქრებულა. პასუხის მართებულობას განსაკუთრებულად ამყარებს დღევანდელ საინფორმაციო ეპოქაში უაღრესად დინამიკურად მიმდინარე პროცესები, რომელთა ფონზეც ზეპირი თუ წერითი მეტყველების ინსტუმენტალიზაცია სულ უფრო თავისთავად და გლობალურ ფენომენად აღიქმება. „სიტყვის ხელოვნებამ”, რომელიც ორნახევარი ათასწლეულის ისტორიას ითვლის, ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში არნახული წახნაგები შეიძინა, იქცა რა – განცობიერებულად თუ გაუცნობიერებლად, თითოეული ჩვენგანის ყოველდღიურობის განუყოფელ ნაწილად. ფართოდ გავრცელებული ვიზუალური ხატების თუ სიმბოლოების მიუხედავად, კომუნიკაციურ კონტექსტში ვერბალური ტექსტი ჯერ კიდევ დომინანტურ პოზიციას იკავებს. ამ მოცემულობის ფონზე კი ხშირად ხდება ენის მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი – კულტურული განზომილების უგულვებელყოფა. ცხადია, როდესაც ენა ერთგვარ  lingua franca-დ ყალიბდება, ხსენებული განზომილება გარკვეულ დეფორმაციას განიცდის, ხოლო ენა კი მეტ მოქნილობას იძენს და, ზოგადად, უფრო აქტიურად ცოცხლობს, ვიდრე ერთი ენობრივ-კულტურული სივრცით შემოფარგლული მისი თანამოძმენი. თუმცა ენის შესწავლისა თუ სწავლებისას, თუკი, რა თქმა უნდა, მის საფუძვლიან დაუფლებას ვგეგმავთ, ორიენტაცია, პირველ რიგში უნდა მოხდეს მის არა გლობალური, არამედ ლოკალური, ვიწრო გაგებით – კულტურულ, მახასიათებლებზე. ამგვარი მიდგომა, ყველაფერთან ერთად, მოგვცემს საკუთარი ენის და კულტურის უკეთ გააზრების საშუალებას. მათ შორის ესეც გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ უცხოური ენების მასწავლებლები უმნიშვნელოვანესი გამოწვევის წინაშე დგანან: მნიშვნელოვანწილად სწორედ ისინი უყრიან საფუძველს განსხვავებული ტრადიციების, მსოფლმხედველობის, აღმსარებლობის და ა.შ. წარმომადგენლების მიმართ პატივისცემით განწყობილი, ტოლერანტული პიროვნებების ჩამოყალიბებას. ეჭვგარეშეა, რომ ენის შესწავლა იმთავითვე უნდა გულისხმობდეს მისი მატარებლების კულტურის პატივისცემას, ეს კი შეუძლებელია მხოლოდ საკუთარ ენობრივ-კულტურულ კონტექსტზე ორიენტაციით. 

მარტივი კითხვა: თუკი ადამიანი მეტ-ნაკლებად ნაცნობ ენაზე გველაპარაკება ან წერილობითი ტექსტის ყველა სიტყვა თუ გრამატიკული კონსტრუქცია გვესმის, კომუნიკაციაც ავტომატურად შემდგარად უნდა ჩაითვალოს? რეალობა იმგვარია, რომ მშობლიურ ენაზე მეტყველების შემთხვევაშიც კი, ის, რასაც ამბობს ერთი, ყოველთვის იგივე არაა, რაც ესმის მეორეს. თავისთავად ცხადია, რომ ეს მოცემულობა ბევრად უფრო გამოკვეთილ სახეს არამშობლიურენოვან სამეტყველო სიტუაციაში იძენს. რა სტრატეგიას ირჩევს ადამიანი ამგვარ სიტუაციაში პირველად მოხვედრისას? შესაძლოა ნაკლებად გააზრებულად, მაგრამ სწორედ იმას, რომელსაც ხვდებოდა საკლასო ოთახში ან აუდიტორიაში: ან ამოსავალ წერტილად იღებს მშობლიურ ენას და ცდილობს გამართულად „თარგმნოს” გონებაში მშობლიურ ენაზე აწყობილი მეტად ან ნაკლებად კომპლექსური კონსტრუქციები, ან, მაგალითისთვის, იქცევა უფრო კრეატიულად – ენობრივის მიღმა იყენებს მთელს მის ფონურ ცოდნას, ვერბალურთან ერთად ააქტიურებს არავერბალურ რესურსს და ქმნის პირველად საკომუნიკაციო პროდუქტს; შესაძლოა არც ისე გამართულს და დახვეწილს -პირველ ხანებში სხვანაირად ვერც იქნება – თუმცა პირველად პროდუქტს და არა რეპროდუქციას, რომელიც ყოველთვის ნაკლებღირებულ, გრძელვადიან პერსპექტივაში კი საკმაოდ დამაბრკოლებელ კალკად დარჩება. 

შინაგანი თუ გარეგანი შეზღუდულობა – არ აქვს მნიშვნელობა რითი განპირობებული და რა სახის, შეიძლება ჩაითვალოს ერთ-ერთ ყველაზე დიდ ხელისშემშლელ ფაქტორად პრაქტიკულად ყველა, პირველ რიგში, კი პიროვნული თუ პროფესიული განვითარების თვალსაზრისით. უცხოური ენების გაცნობიერებული ფლობა ამ შეზღუდულობის გადალახვის ერთ-ერთი არცთუ უმნიშვნელო ინსტრუმენტია, რომლის დაუფლებაც ერთგვარი უკუქცევითობითაა ნიშანდებული: ის იძლევა „უცხოს” გასაღებს, რომლის შემეცნების პროცესშიც ხდება სტერეოტიპების, ცრუ წარმოდგენების თუ შთაგონებული მტრული განწყობების გადალახვა, რაც, თავის მხრივ, ენის ეფექტიანად დაუფლების ერთ-ერთ წინაპირობად შეიძლება მოვიაზროთ. ალბათ ამიტომაცაა, რომ უცხოური ენის მასწავლებლის უმნიშვნელოვანეს კომპეტენციად სწორედ კულტურათაშორის კონტექსტში ორიენტაციის უნარი მოიაზრება. ამგვარი ხედვაც გარკვეულწილად იმ გლობალური პროცესების შედეგია, რომლებიც ზემოთ ვახსენეთ: ჰეტეროგენული ჯგუფის პირობებში პედაგოგს, მინიმუმ, უნდა შეეძლოს კულტურულად სენსიტიურ თემებთან ჯეროვანი მოპყრობა, შესაძლო კონფლიქტების პროგნოზირება და პრევენცია. პროგრამა მაქსიმუმად კი განსხვავებული კულტურული ფონის მქონე მოსწავლეებში ხსენებულ თემებთან მოპყრობის, მათი განხილვის და ურთიერთშედარების სტიმულირება შეიძლება მოვიაზროთ. ჩვენს პირობებში ამგვარი ჯგუფები, ალბათ, უფრო გამონაკლისს წარმოადგენს, თუმცა ეს არანაირად არ აკნინებს ხსენებული კომპეტენციების მნიშვნელობას. მოსწავლეთა მომზადება უცხო ენობრივ-კულტურულ კონტექსტში ორიენტაციისთვის  მასწავლებლისთვის შესაძლოა უფრო დიდ გამოწვევად სწორედ ერთგვაროვანი ჯგუფების პირობებში იქცეს. ამ მხრივ საგაკვეთილო თუ სალექციო პროცესში დამხმარე ინტერაქტიული და სხვა სახის ვიზუალური, აუდიო-ვიდეო მასალის, ისევე როგორც მრავალფეროვანი მიდგომების და ტექნიკების ინტეგრირება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. სწორედ ამგვარი კომპლექსური მიდგომაა იმ ყოვლისმომცველ შედეგებზე გასვლის წინაპირობა, რასაც ენის სიღრმისეული გაცნობიერება გულისხმობს.

ანალოგიის კანონი და მეტყველების რიტმული ორგანიზება

0
ქართული კლასიკური მჭევრმეტყველების ტექსტები ჩვენამდე წერილობითი სახითაა მოღწეული. თუმცა თავისი არსით მჭევრმეტყველება ზეპირი მეტყველების ფორმაა, ჩვენ საქმე გვაქვს წინასწარ წერილობითი სახით გაფორმებულ ტექსტებთან, რომლებიც ზეპირი გამოსხვლისთვის იყო გამიზნული. ასეთ შემთხვევაში მეტყველებაში თავს იჩენს როგორც წერითი, ისე ზეპირი აზროვნებისა და მეტყველებისთვის დამახასიათებელი ენობრივი ფორმები.

ენობრივ ერთეულთა გამეორება, რომელსაც გრიგოლ კიკნაძე ფიქსირებულ ფორმათა გამეორების ტენდენციას უწოდებს მეტყველებაში, განიხილება, როგორც ზოგადად ენისთვის დამახასიათებელი ერთ-ერთი მიდრეკილება. 
ენის საფუძველში არსებული ეს მოვლენა – ფიქსირებულ ფორმათა გამეორების ტენდენცია – განსაკუთრებით თვალსაჩინოვდება ზეპირ მეტყველებაში.

ენობრივ ერთეულთა გამეორების სიჭარბე შესამჩნევია ქართული კლასიკური მჭევრმეტყველების ტექსტებში.
მეტყველებაში არსებული ეს მოვლენა ენის ბუნებიდან მომდინარეობს.

გიორგი ახვლედიანი, ფონეტიკური მოვლენების არაფონეტიკურ ფაქტორებზე საუბრისას, წერს: არის ენაში ისეთი ბგერათცვლილება, რომელსაც არ ახასიათებს არც ფონეტიკური განპირობებულობა და არც ფონეტიკური კანონზომიერება; ესე იგი, სიტყვაში კი არსებობს ბგერათცვლილება, მაგრამ ამის მიზეზი არა ფონეტიკური მოვლენები, არამედ ფსიქოლოგიური ფაქტორია, საერთოდ, ხოლო კერძოდ – სემანტიკური (აზრობრივი) და გრამატიკული. ყველა ასეთ შემთხვევაში მოცემული სიტყვის ფონეტიკურ შედგენილობაზე გავლენა აქვს მის გარეშე მომხდარ ფაქტს (ფსიქოლოგიურს, სემანტიკურს, გრამატიკულს), რომელიც ზოგჯერ ფონეტიკური წარმოშობისაც შეიძლება იყოს. 

გიორგი ახვლედიანი ბგერით ანალოგიას ყოველი ენის კანონზომიერებად მიიჩნევს და ორ ძირითად სახეს გამოყოფს: ნეიტრალური ბგერითი ანალოგია, რომლის მოქმედება ან მის მიერ გამოწვეული ცვლილება არ ახდენს გავლენას სიტყვის მნიშვნელობაზე და ფუნქციური ან მადიფერენცირებელი ბგერითი ანალოგია, რომლის მოქმედება უკავშირდება სიტყვის მნიშვნელობას.

„გრამატიკაში ხშირად ანალოგიურ წარმოებაზე გვიხდება საუბარი,- წერს აკაკი შანიძე, – ანალოგია ჰქვია რამე ფორმის გაჩენას სხვა ფორმის მიმსგავსებით. თავისი ხასიათის მიხედვით, ანალოგია შეიძლება იყოს: ფონეტიკური, მორფოლოგიური ან სინტაქსური”.

ანალოგიის თავდაპირველ არსებობას ენაში ადასტურებს აგრეთვე ბავშვთა მეტყველებაში ანალოგიური წარმოების უამრავი ფაქტი ენის სხვადასხვა დონეზე.

ფერდინანდ დე სოსიური, რომელმაც დაწვრილებით შეისწავლა ანალოგიის მოვლენები, აღნიშნავს: ანალოგია ფსიქოლოგიური რიგის მოვლენაა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი მის განსასხვავებლად ფონეტიკური მოვლენებისგან, რადგან ეს უკანასკნელნიც შეიძლება განხილულ იქნენ, როგორც ფსიქოლოგიურნი. საჭიროა, უფრო შორს წავიდეთ და ვთქვათ, რომ ანალოგია გრამატიკული რიგის მოვლენაა. იგი გულისხმობს იმ ურთიერთდამოკიდებულებათა შეცნობას და გაგებას, რომლებიც ერთმანეთთან აკავშირებს ფორმებს.

შეიძლება დავასკვნათ, რომ ანალოგია ენის ბუნებიდან გამომდინარე მოვლენაა, რომელიც სხვადასხვაგვარად რეალიზდება ბავშვთა მეტყველებაში, გრამატიკაში, ზეპირ მეტყველებაში, მჭევრმეტყველებაში, ლიტერატურაში. ენის ბუნებაში არსებული ანალოგიის თავისებურ, შემოქმედებით ინტერპრეტაციას წარმოადგენს პოეტიკაში იმგვარი მხატვრული გამოსახვის საშუალებების არსებობა, როგორიცაა: ალიტერაცია, ამპლიფიკაცია, ანაფორა, ასონანსი, გამეორება.
 
ალიტერაცია – ერთი და იმავე ან მსგავსი თანხმოვანი ბგერების გამეორებაა სალექსო სტრიქონში, რაც ქმნის კეთოლხმოვანებას. ალიტარაცია რიტმული პროზის ერთ-ერთ კომპონენტადაც გვევლინება. ჩვეულებრივ შემთხვევაში, ალიტერაცია ხმაბაძვაა – ძირითადი ბგერის ხმოვანი ასოციაცია. ალიტარაციასთან ახლოს დგას ასონანსი _ ერთგვარ ხმოვანთა რიტმული გამეორება. ასონანსი პოეზიაში ბგერების მუსიკალური ორგანიზაციის გარდა რიტმული საყრდენის როლსაც ასრულებს.

ამპლიფიკაციისთვის დამახასიათებელია სინონიმური გამოთქმების სიხშირე, ნავარაუდევია ემოციის გასაძლიერებლად, აზრის ხაზგასმისთვის.

გამეორება – ბგერების, სიტყვების, ფრაზების, აგრეთვე: რითმის, მეტრისა და რიტმის გამეორებას გულისხმობს როგორც პოეტურ, ასევე – პროზაულ მეტყველებაში.

ანაფორა – გამეორების სახეა, ანაფორა შეიძლება იყოს: ბგერითი, ლექსიკური, სინტაქსური (ანდრო ჭილაია, რამაზ ჭილაია).

ქართული კლასიკური მჭევრმეტყველების ტექსტებში გამოვლენილი ენობრივ ერთეულთა გამეორება ენაში არსებული ანალოგიის კანონის ინტერპრეტაციაა. ამასთანავე, ზემოაღნიშნულ ტექსტებში ენობრივ ერთეულთა გამეორება სტილური ხასიათისაა. 

„რამდენადაც ჩვენ ვგულისხმობთ, რომ ფიქსირებული ფორმის გამეორების ტენდენცია ადამიანის მეტყველების ბუნებრივი ტენდენციაა, მოსალოდნელია, რომ იგი განსაკუთრებით თვალსაჩინოდ იქნება მოცემული ზეპირსიტყვიერებაში” (გრიგოლ კიკნაძე).

ეს მართლაც ასე აღმოჩნდა, რაკი მჭევრმეტყველება ზეპირი მეტყველების უმაღლესი ფორმაა, აღნიშნული მოვლენა განსაკუთრებულად გამოვლინდა.

ტექსტების გარკვეულ მონაკვეთებში მეორდება: ბგერა, ბგერათკომპლექსი, ბრუნვის ფორმა, რიცხვის ფორმა, ზმნა, წინადადების დასაწყისი, ფრაზა და ასე შემდეგ.

ამგვარი გამეორებები მჭევრმეტყველებაში ქმნის კეთილხმოვანებისა და რიტმულობის ეფექტს და გამიზნულია მსმენელზე ზემოქმედებისათვის.

უნდა აღინიშნოს, რომ ენობრივ ერთეულთა გამეორების სიხშირე მჭევრმეტყველების სხვა დარგებთან შედარებით მაღალია სამქადაგებლო ხასიათის ტექსტებში.

სანიმუშოდ მოვიყვანთ ფრაგმენტს იოვანე ბოლნელის ქადაგებიდან. 

მეორდება ფრაზა:

„აწ საყუარელნო, რაი ჯერ არს ჩუენდა ყოფად?
ჩუენდა ჯერ არს განღვიძება ძილისაგან მსწრაფლ,
 ჩუენდა ჯერ არს ზეაღდგომა გულსმოდგინედ,
ჩუენდა ჯერ არს  წარმართებაი მხურვალედ,
ჩუენდა ჯერ არს  მიგებებაი მისი სიხარულით,
ჩუენდა ჯერ არს  თაყუანისცემაია მისი სიწმინდით,
ჩუენდა ჯერ არს  მისა მუხლმოდრეკაი სინანულით,
ჩუენდა ჯერ არს მისა შევრდომაი ცრემლითა,
ჩუენდა ჯერ არს  მისა აღსარებაი….”

ენობრივ ერთეულთა რიტმული გამეორება ფონეტიკის, მორფოლოგიისა და სინტაქსის დონეზე მჭევრმეტყველების ტექსტებში ზეპირი მეტყველების მაორგანიზებელი ფაქტორია. ამავე დროს აღნიშნული მოვლენის სიხშირე ტექსტის ფუნქციითაა შეპირობებული.

ენობრივ ერთეულთა გამეორება იწვევს კეთილხმოვანებასა და რიტმულობას, ამავე დროს, ამა თუ იმ ფორმისა თუ ლექსიკური ერთეულის წინ წამოწევასა და ხაზგასმას, რასაც ლოგიკური მარცვლის ფუნქციაც აქვს, რაც მსმენელზე ზემოქმედების მძლავრი ფაქტორია. ორატორი კი ყოველთვის მოწოდებულია, დაიპყროს აუდიტორია.

როგორები იყვნენ მდიდრები საქართველოში?

0

საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ შემუშავებულ ეროვნულ სასწავლო გეგმაში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა მეწარმეობის საკითხს. ბევრ სკოლაში უკვე დიდი ხანია ინტენსიურად ასწავლიან აღნიშნულ დისციპლინას. პედაგოგები ცდილობენ მოსწავლეების ეკონომიკურ საქმიანობაში გაწაფვას და მათ მოგების მოპოვების შესაძლებლობებზე, კომერციულ ურთიერთობებსა და ბიზნესის მნიშვნელობაზე ესაუბრებიან. დარწმუნებული ვარ, ბევრი მასწავლებელი მეწარმეობის ქართულ გამოცდილებაზეც ამახვილებს ყურადღებას და გაკვეთილზე დაწვრილებით აღწერს წარსულში ცნობილი მდიდრების ქცევის კულტურას. ყველასათვის ცნობილ ძმებ ზუბალაშვილებსა და გენიალურ დავით სარაჯიშვილზე საუბრით აღარ შეგაწყენთ თავს. მხოლოდ რამდენიმე საინტერესო და სახასიათო მოვლენას შეგახსენებთ.

ალბათ ყველამ არ იცის, რომ გასული საუკუნის დასაწყისში მოღვაწე ქართველ მეწარმეებს შორის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული კომერსანტი აკაკი ხოშტარია გახლდათ.

აბაშელი აზნაურების ოჯახში დაბადებულმა ხოშტარიამ წარმოუდგენელ წარმატებებს მიაღწია. პეტერბურგის უნივერსიტეტის აგრონომიული ფაკულტეტის დასრულების შემდეგ, მცირე დანაზოგის მქონე ახალგაზრდამ გრანდიოზული ბიზნესის დაფუძნება, განვითარება და გაფართოვება მოახერხა. ის მთელ კავკასიაში ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი გახდა. ფლობდა საპნის და აგროსამრეწველო მექანიზაციის ქარხნებს, ნავთობსარეწებს თანამედროვე აზერბაიჯანში. აღნიშნული საწარმოების საათივით აწყობის ხარჯზე, მან ძალიან გავლენიანი თურქულ-სპარსული ბანკისა და მაღალშემოსავლიანი ირანულ-რუსული სანავთობო კომპანიის დაარსებაც შეძლო. ეს ყველაფერი გასაგებია, ჩვენ ბევრი მდიდარი ქართველის შესახებ გვსმენია. უფრო საინტერესო არის ის, თუ რაში ხარჯავდა იგი თავისი შემოსავლების მნიშვნელოვან ნაწილს.

ხოშტარიას სახელს უკავშირდება არაერთი სტუდენტის ქვეყნის ფარგლებს გარეთ სასწავლებლად გამგზავრების ისტორია. ახლო აღმოსავლეთში ცნობილი მრეწველი აფინანსებდა ქართულ სკოლებსა და მათ წიგნთსაცავებს. მისი უშუალო თანამონაწილეობით მოახერხა საქართველოს საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებამ კვლევითი საქმიანობის განახლება და პირველი ქართული უნივერსიტეტის მუშაობისათვის ნიადაგის შემზადება. 1920 წელს, დენიკინის არმიისა და ბოლშევიკური რუსეთის სამხედრო კრეისერების თარეშისგანაც ნაწილობრივ ხოშტარიამ გადაგვარჩინა. მან დაძლია პიროვნული ბარიერები და საქართველოს რესპუბლიკის ფლოტს ოთხი სამხედრო გემი უსასყიდლოდ აჩუქა. არ დაგავიწყდეთ, რომ მაშინ ჩვენ მთავრობას სოციალ-დემოკრატები, კომერსანტის უდიდესი მოწინააღმდეგეები და ოპონენტები აკონტროლებდნენ.

მაშასადამე, ამ ადამიანისათვის პრიორიტეტული მხოლოდ საკუთარი მოგება არ ყოფილა, მას მხოლოდ სიხარბე არ ამოძრავებდა. აბაშელი აზნაური თავის პრიორიტეტად სტუდენტთა კეთილდღეობას, სასკოლო განათლებას, მეცნიერების განვითარებას და შორეული მშობლიური მხარის უსაფრთხოებას მიიჩნევდა.

ვფიქრობ, რომ არც არტემ ღვალაძის წარმოჩენა იქნება ურიგო საქმე. გადამდგარ სამხედროსა და რუსეთ-იაპონიის ომის ვეტერანს ხოშტარიას მსგავსად საერთაშორისო ბაზრები არ დაუპყრია, მაგრამ ეროვნული ეკონომიკის განვითარებისთვის გააკეთა ბევრი კეთილი საქმე. არტემ ღვალაძე გახლდათ ერთ-ერთი პირველი მანგანუმის მრეწველი ჭიათურაში, რომელიც ამავდროულად ადგილობრივი საწარმოს მოდერნიზაციასა და დასაქმებული მუშების უფლებებზე ზრუნავდა. მან მის თანამებრძოლთან და სოციალისტ-ფედერალისტური პარტიის ლიდერთან გიორგი მაიაშვილთან ერთად მოახერხა ჭიათურაში მუშებისა და კომერსანტების სოციალურ პარტნიორობაზე დაფუძნებული სამრეწველო დაწესებულების ჩამოყალიბება. პარტნიორობის ეს მოდელი ფინანსური წარმატების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა გახდა. შედეგად, არტემ ღვალაძემ მოახერხა სოლიდური თანხის გამოყოფა, რომელიც სოფელ სვერში პირველდაწყებითი სასწავლებლის, სამოქალაქო-საკვირაო სკოლისა, ადგილობრივი ბიბლიოთეკის დაარსებასა და ღარიბ მოწაფეთა შემწე ფონდის მობილიზებას მოხმარდა. გამოდის, რომ საშუალო ბიზნესის წარმომადგენლისთვისაც პრიორიტეტი სახელმწიფო საქმის ხელშეწყობა, დაქირავებულებთან თანამშრომლობა და საგანმანათლებლო კრების მხარდაჭერა ყოფილა.

მაშინდელ საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე დაწინაურებულ ფენას თავად-აზნაურები წარმოადგენდნენ. წლების განმავლობაში მსხვილი მიწათმფლობელობის ხარჯზე მათ მნიშვნელოვანი ქონების დაგროვებაც მოახერხეს. ამ ფენის წარმომადგენელთა საქციელიც შექებას და გამორჩეულად აღნიშვნას იმსახურებს. 1918 წელს, საქართველოს არისტოკრატიამ მთელი თავისი კაპიტალი ეროვნულ საბჭოს გადასცა. რამდენიმე თვეში ეროვნულმა საბჭო ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობაც გამოაცხადა. დამოუკიდებლობის ფინანსურ გარანტიებს სწორედ თავად-აზნაურთა მიერ გაღებული მსხვერპლი ქმნიდა.

საუკუნის დასაწყისში მოღვაწე მდიდარი ფენების ქცევის კულტურაზე აქცენტის დასმა, აუცილებლად გახდება სოციალური პარტნიორობის იდეების გავრცელების შესანიშნავი წინაპირობა. ქვეყნისათვის სასარგებლო, ნაკლებად ხარბი კომერციული საქმიანობის განვითარება კი ნამდვილად უნდა იყოს მეწარმეობის პედაგოგთა ერთ-ერთი მთავარი ამოცანა.

ნაღვლიანი წიგნების დასაცავად

0
ასეთი რამ თუ დაგმართნიათ _ მე არცთუ იშვიათად მემართება _ დიდი აუდიტორიის წინაშე რომ ავტორიტეტული ადამიანი გამოდის, რაღაც მოსაზრებას ამტკიცებს და ყველა თავს უქნევს, მოწიწებითა და აღფრთოვანებით, ყველა ხოტბას ასხამს, შენ კი ფიქრობ, რომ არა, რაც ახლა მან თქვა, არ არის მართალი, მაგრამ როგორ შეიძლება ეს ადამიანი ცდებოდეს, როგორ შეიძელება ამდენი ჭკვიანი მედასტურე ტყუილად ირჯებოდეს, ჰოდა, ჩუმდები, ოღონდ დროებით, დრო გინდა, რომ დაფიქრდე, საკუთარი სიმართლე ირწმუნო.

ასე მოხდა ამის წინაც: ერთ შეხვედრაზე, რომელსაც უამრავი ჩემთვის პატივ და ერთი-ორი თაყვანსაცემი ადამიანიც კი ესწრებოდა, ცნობილმა მწერალმა გაიხსენა, რა საშინელება იყო, რომ ბავშვობაში ამდენი სევდიანი წიგნის წაკითხვა უწევდა, რომელთა გამოც ტიროდა ხოლმე. დარბაზი თანაგრძნობითა და თანხმობით იყო განმსჭვალული. მე კი ვცადე საკუთარი ბავშვობა გამეხსენებინა, გამეხსენებინა, რას ვგრძნობდი, როცა სევდისმომგვრელ ამბებს ვკითხულობდი და თაროდან შარლ დე კოსტერის ,,ულენშპიგელისა და ლამე გუძაკის ლეგენდის” მაყვალა მრევლიშვილისეული ჯადოქრული თარგმანი გადმოვიღე:

,,ერთმა ესპანელმა არქიეპისკოპოსმა მოითხოვა, რომ იმპერატორს ან ექვსი ათასი თავი მოეკვეთა, ან არადა ამდენივე სხეული დაეწვა კოცონზე, რათა ნიდერლანდებში ძირფესვიანად აღმოეფხვრათ ლუთერული მწვალებლობის ღვარძლი.

მის მეფობრივს უმაღლესობას ესეც ეცოტავა.

ამგვარად, სადაც უნდა გაევლო საბრალო შეძრწუნებულ ულენშპიგელს, ყველგან ხედავდა მარგილებზე წამოცმულ თავებს, ტომრებში გამოკრულ ქალიშვილებს, რომლებსაც ცოცხლად ჰყრიდნენ მდინარეში; ყველან ხვდებოდა ბორბლებზე გაკრულ გაშიშვლებულ მამაკაცებს, რკინის კეტებით რომ სცემდნენ. დედაკაცებს ორმოებში მარხავდნენ, მიწას აყრიდნენ და ჯალათები მათ მკერდზე ცეკვავდნენ..

.

გულისტკივილით, მგლოვიარესავით დადიოდა ულენშპიგელი ამ ბედშავ ქვეყანაზე.”

სხვათა შორის, ამ წიგნს ყდაზე აქვს წარწერა ,,ბიბლიოთეკა ბავშვებისათვის”, რასაც ძალიან ბევრი ალბათ გვიანი საბჭოთა პერიოდისთვის დამახასიათებელ ზედაპირულობასა და ფორმალურობისაკენ მიდრეკილებას მიაწერდა, აღშფოთდებოდა და სარედაქციო კოლეგიას უპასუხისმგებლობაში დაადანაშაულებდა. მე კი მგონია, რომ ძალიან კარგი იყო, რომ ამგვარ წიგნებს ბავშვობაში ვკითხულობდით და ვეცდები ავხსნა, თუ რატომ:

რა თქმა უნდა, დღევანდელ მსოფლიოში არსებობს უამრავი უბედური ბავშვი: კონფლიქტის რეგიონში მაცხოვრებელი, მძიმე სენით დაავადებული ანდა ოჯახში ძალადობის მსხვერპლი, მათ, რასაკვირველია, არ სჭირდებათ დამატებითი, ხელოვნურად გამოწვეული სტრესი, მაგრამ მოდით, ვიყოთ ოპტიმისტები და ვთქვათ, რომ ბავშვების შესაძლოა უმნიშვნელო, მაგრამ მაინც უმრავლესობა მშობლებისა და ახლობლების უზარმაზარი ძალისხმევის შედეგად, მეტ-ნაკლებად ბედნიერად ცხოვრობს, ვინაიდან ჯერ კიდევ არ განუცდიათ დიდი ადამიანური ტრაგედიები, მათთვის შიმშილი, განუკითხაობა, სიკვდილი, დამცირება მაინც განყენებული ცნებებია, რომელთა შესახებაც კითხულობენ, მაგრამ ვინაიდან საკუთარ ემოციურ გამოცდილებასთან ვერ აკავშირებენ, უფრო შემეცნებით დონეზე აღიქვამენ, განსხვავებით უამრავი ჩემი თანატოლისა, რომლებიც დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ ,,რამე მსუბუქ ფილმს” ითხოვენ, ვინაიდან საკუთარი ცხოვრებისეული დაბრკოლებების გამო მეტისმეტად დაიქანცნენ იმისთვის, რომ ტრაგიკული პერსონაჟის მიმართ თანაგანცდა გამოიჩინონ.

არისტოტელეს მიერ ,,პოეტიკაში” გამოყენებული ტერმინი კათარზისი, როგორც მოგეხსენებათ, აღნიშნავს იმას, რასაც მკითხველი (მაყურებელი) ტრაგედიის აღქმისას განიცდის, იგი გულისხმობს სხვადასხვა შეგრძნებათა, განსაკუთრებით კი შიშისა და სიბრალულის, მოზღვავებას და შემდეგ, იმის გააზრების შედეგად, რომ მათი გამომწვევი ფაქტორი გამოგონილია, შვების, განწმენდისა და გათავისუფლების გრძნობას. სხვათა შორის, კათარზისი ფსიქოთერაპიისთვისაც გამოიყენება.

კათარზისის საშუალებით ადამიანი სწავლობს ირაციონალური შეგრძნებების რაციონალურად მართვას. ეს ერთგვარ ინექციას ჰგავს, გამოგონილი გმირის მწუხარების თანაგრძნობისას  ბავშვი გარკვეული ინტენსივობით განიცდის მღელვარებას, შიშს, სიბრალულს, ხოლო რემისიის პერიოდში სწავლობს ამ შეგრძნებების დაძლევას; აქედან გამომდინარე, იგი გარკვეულწილად ემზადება იმ ტრაგედიების გადატანისთვის, რომელიც, დამეთანხმებით, რეალურ ცხოვრებაშიც არაა იშვიათი. მაშასადამე, სევდიანი ამბების კითხვა ბავშვს არათუ ფსიქიკას უნადგურებს, არამედ პირიქით, გარკვეულწილად მის ფსიქიკას აძლიერებს კიდეც.

ასე რომ, ჩემი აზრით, წიგნების გამო ტირილი ბავშვებს ნებას მისცემს ნაკლებად იტირონ ზრდასრულ ასაკში. მეტიც, გაკვეთილზე სევდიანი პასაჟების ხმამაღლა კითხვა, როგორც წესი, მოსწავლეთა მიერ კოლექტიური ემპათიის გამოვლინებას განაპირობებს და ძლიერ უწყობს ხელს თანაკლასელთა ემოციურად შეკავშირებას.

თუმცა, სავარაუდოდ მაინც სჯობს, რომ ბავშვისა თუ მოზარდის მიერ სევდისმომგვრელი ნაწარმოებების კითხვის ინტენსივობა მშობლებისა და მასწავლებლის მიერ კონტროლდებოდეს, რათა ტრაგიზმი ერთგვარ ნარკოტიკად არ იქცეს ნორჩი მკითხველისათვის.

მე კი ვისურვებდი, რომ ბავშვობაში ,,ულენშპიგელისა და ლამე გუძაკის ლეგენდის” წაკითხვას არ დავჯერებოდი და მისი ავტორის, შარლ დე კოსტერის ბიოგრაფიისთვისაც გადამევლო თვალი, ალბათ ახლა ასე აღარ ამატირებდა ამ ადამიანის ნამდვილი და არა მხატვრული ტრაგედიებით სავსე ცხოვრება.

,,მოაცილეთ აქედან ცეცხლი! თავი მისკდება. სული ლამობს გარეთ გამოჭრას,” _ ყვირის ინკვიზიციისაგან  ნაწამები შეშლილი პერსონაჟი წიგნში.

მე კი, ამ რამდენიმე თვის წინ ვინახულე ფლანდრია. მისი ლამაზი ქალაქების კოპწია ქუჩები, სადაც ერთ უშნო და მოუვლელ შენობასაც კი ვერ იპოვით, სამუშაო დღის დასრულებისთანავე, ანუ ხუთი საათიდან, ახოვანი, ტანწერწეტი და გემოვნებით შემოსილი ფლანდრიელებით ივსება, ისინი ღია კაფეებში სხდებიან, შარლ დე კოსტერის ნაქებ გენტურ ძეხვსა და დაუჯერებლად გემრიელ ლუდს მიირთმევენ და არიან მშვიდად, ძალიან მშვიდად. 

ჩემი თვალით რომ არ მენახა, არც დავიჯერებდი ისე ბედნიერად ცხოვრობენ.

და მე ის კი არ მგონია მნიშვნელოვანი, რომ ჩვენს შვილებს ნაღვლიანი ამბები და მათგან მოგვრილი ცრემლები თავიდან ავარიდოთ; მთავარია მათ გამოვუმუშავოთ იმისი განცდა, რომ ტრაგედია დასასრული არ არის, რომ დასასრული საერთოდ არ არსებობს.

„ტუხო“

0
იმ წელს არდადეგებზე ბაკურიანის ნაცვლად ბებიასთან აღმოვჩნდი სოფელში.  ცოტა ხანში კი სტუმრად მეზობელ რაიონში გავემგზავრეთ. მასპინძლის ოჯახს მთიული რძალი ჰყავდა. დიდ ეზოში უამრავი შინაური ფრინველი და ცხოველი ირეოდა: ქათამი, იხვი, ბატი, ინდაური, ძროხა, კვიცი. ამ უკანასკნელის დედა სამუშაოდ იყო წასული და ამიტომ მასთან თამაშით გული ვიჯერე. ეზოს კოლორიტი კი მაინც  პატარა თხა „ტუხო” იყო. დაბრეცილი უსწორმასწორო თვალები, სასაცილო წვერი და ორი მოხვეულ-მიხვეული რქა ჰქონდა. კუნტრუშით დადიოდა და ყველასკენ  სარქენად იწევდა, ოღონდ ეს ისე ეთამაშებოდა, თორემ საბოლოოდ ვერავის იმეტებდა. „ტუხოს” ისე, გასართობად ეძახდნენ (ელამი თვალების გამო შეურქმევიათ), თორემ ოფიციალური სახელიც ჰქონდა-„ჩეკურაანთ ვაჟი”. 

როცა პატარა ბეკეკო ყოფილა, ოჯახიდან საკმაოდ მოშორებით, ტყის პირას მცხოვრებ ჩეკურიშვილების ოჯახს უჩუქებიათ. ბოროტი ენები ამბობდნენ, რომ „ტუხო” გარეული თხის შთამომავალი იყო, თითქოს მისი დიდი ბებია ტყის ბინადარზე ყოფილა გამიჯნურებული. თავად  მოარული ხმები არ აღელვებდა და მაღალ შავზოლა ფეხებზე შემდგარი აქეთ-იქეთ სასაცილოდ დაბაკუნობდა. არც ქურდობაზე ამბობდა უარს. ერთხელ მეზობელს შემოუვლია ნაყიდი ნაზუქებით. ეზოში მდგარ მაგიდაზე დაუწყვია და დიასახლისს სარდაფში შეჰყოლია რაღაცის სანახავად. „ტუხოც” მიბრძანებულა და სამივე ნაზუქი გემრიელად მიურთმევია. მესამეზე წაასწრეს და მისცხეს კიდეც, მაგრამ აბრეცილი ელამი თვალები მაინც სიამოვნებით უბრწყინავდა. ნაზუქი ისე ეგემრიელა, რომ ცემად აშკარად ღირდა. ეზოში მასპინძლის შვილიშვილის გაკეთებული თოვლის ბაბუა იდგა. უცბად ბავშვის ტირილი გაისმა, ამ საძაგელმა თხამ უკვე მეორედ მოჰპარა ჩემს თოვლის პაპას ცხვირიო. 

„ტუხოსადმი” რატომღაც სიმპათიით განვეწყე. სასაცილო და ეშმაკი იყო.  დიახ, ცოტას ქურდობდა, მაგრამ თვითონ სულაც არ ფიქრობდა ალბათ ასე. თავად ალბათ ეგონა, რომ ნაზუქიც და სტაფილოც სწორედ მას დაუდეს, და არ ეჭამა? 

წამოსვლის წინ მასპინძელმა გვითხრა, ხვალ ამ ვაჟბატონს ვკლავთ და თქვენც გელოდებითო. გამოვექომაგე, პატარაა და ცოტა კიდევ აცადეთ-მეთქი. არაო, მითხრეს, გადაწყვეტილიაო. მეორე დღეს მართლაც ვესტუმრეთ, ბებია დამპირდა გადავაფიქრებინებო, მაგრამ კრინტიც არ დაუძრავს. როცა მივედით, ყველაფერი მოთავებული ჰქონდათ, „ტუხოს”  თავი კი რაღაც სარზე წამოეცვათ, ელამი თვალები ღია დარჩენოდა და საქმიანად მოფუსფუსე კაცებს დამცინავი, ზიზღიანი ღიმილით უყურებდა.

ასეთივე გამომეტყველება მქონდა მეც, არც ხორცი მიჭამია, მაგრამ რაღა მნიშვნელობა ჰქონდა, საქმიანად მოფუსფუსე კაცები უკვე შამფურებს ატრიალებდნენ. მოკლედ, შევეშვები ახლა  ჩემი ბავშვური გრძნობების აღწერას და თხის და ღორის ხორცს შევადარებ ერთმანეთს. მით უმეტეს, თხის წელი დადგა და ღორიც მალე დაგვიკრავს თავს.

მაშ ასე, დავიწყებ ქოლესტერინის შემცველობით. რამდენ პროცენტ ქოლესტერინს შეიცავს ცხვრის და ღორის ხორცი? ცხვრის ხორცში ქოლესტერინის შემცველობა 77%, ძროხის ხორცში კი 93%-ია.

აქ საუბარი დაბალი სიმკვრივის, ანუ „ბოროტ” ქოლესტერინზეა, რომლის ჭარბად დაგროვება ორგანიზმში ათეროსკლეროზული ფოლაქების წარმოქმნას და ინსულტის, ინფარქტის და ა.შ. განვითარებისთვის კარგი გარემოს შექმნას უწყობს ხელს.

რკინის შემცველობა ცხვრის ხორცში უფრო მაღალია. ამას ფერითაც შეატყობთ, ცხვრის ხორცი ღორის ხორცთან შედარებით უფრო მუქი ფერისაა. 

ჰემინურ რკინას ვგულისხმობ, რომელიც ცილების-ჰემოგლობინის და მიოგლობინის  სინთეზში მონაწილეობს. 
ხორცი ცილაა, თუმცა ცხვრის ხორცი შეიცავს 16,3%-ს, ღორის ხორცში კიდევ 19,4%-ია. თუმცა, ცხვრის ხორცი ყველა შეუცვლელ ამინმჟავას შეიცავს.

ანუ, შეჯიბრის ანგარიში როგორია?

ცხვრის ხორცი ღორის ხორცთან შედარებით შეიცავს ნაკლებ ქოლესტერინს, მეტ ჰემინურ რკინას, აი, ცილა კი ღორის ხორცში უფრო მეტია. ანგარიში ცხვრის ხორცის სასარგებლოდ  2:1 ყოფილა.

გადავიდეთ რძეზე, რომელიც არ მიყვარს, მაგრამ ქიმიის ლაბორატორიიდან გამოსული მუდმივად მივირთმევ. ახლა ავდგები და თხის და ძროხის რძეს შევადარებ ერთმანეთს.

მაშ ასე, ახალი შეჯიბრი. ვინ აჯობებს თხა თუ ძროხა?

ცხიმს ორივე რძე შეიცავს, ოღონდ თხის რძის 100მლ. შეიცავს 168 ერთეულს, ძროხის რძის იგივე რაოდენობა კი-149-ს. ანუ გამოდის, რომ თხის რძე კალორიულია და ასუქებს. გარდა ამისა, ის ნაჯერ (ანუ, „ცუდ”) ცხიმოვან მჟავებს შეიცავს.

რძეში კალციუმი  უნდა შედიოდეს.  გარდა ძვლოვანი ქსოვილის ფორმირებასა, კალციუმი ცილა კალმოდულინის სინთეზში მონაწილეობს. ეს უკანასკნელი მეხსიერების ფორმირებაში შეუცვლელია. თხის რძის 100მლ. 33 ერთეულს შეიცავს, ძროხის რძის იგივე რაოდენობა-28-ს. ჰმ, ამ მხრივ თხამ აჯობა. ოღონდ, არ იფიქროთ, რომ რძის მირთმევის შემდეგ, სისხლში გადასული კალციუმის იონები უჯრედებში თავისით გადანაწილდება. მას გადამტანი სჭირდება და ეს გადამტანი D ვიტამინია.

რძე ციანკობალამინის ანუ B12 ვიტამინის შემცველობითაც მნიშვნელოვანია. თხის რძის 100მლ 2,8 ერთეულს შეიცავს, ძროხის რძის იგივე რაოდენობა-18-ს. აქ უკვე ძროხა დაწინაურდა. 

აქ ციანკობალამინზე სულ ერთი წუთით უნდა შევჩერდე და დავწერო, რომ ერთადერთი მეტალ შემცველი ვიტამინია. წითელი ფერის კრისტალური ნივთიერებაა, წყალსა და სპირტში იხსნება, არ იხსნება ორგანულ გამხსნელებში. უძლებს 100 გრადუსამდე გაცხელებას, სინათლის მოქმედებით კი იშლება.  მისი ნაკლებობა ანემიას იწვევს. ამასთან ერთად, ნერვული სისტემის ფუნქციის  მოშლას და კუჭის წვენის მჟავიანობის დაქვეითებას აქვს ადგილი. B12 ვიტამინი ჩვენი ნაწლავის მიკროფლორის მიერაც სინთეზირდება და სადღეღამისო დოზა 0,0003მგ-ს შეადგენს.
 შევაჯამოთ: თხის რძე უფრო ცხიმიანია, თან ნაჯერ ცხიმებს შეიცავს, შეიცავს B12-ის მცირე რაოდენობას, კალციუმი კი უფრო მეტი აქვს, ვიდრე ძროხის რძეს. მოკლედ, ანგარიში 1:3-ია ძროხის სასარგებლოდ და ეს თხის წელშიც უნდა ვაღიაროთ. 

ახლა მესამე პროდუქტზე, ყველზე გადავიდეთ. თავიდანვე გეტყვით, რომ დიეტური არ არის, მარილიანი და ცხიმიანია. კი, ცილას შეიცავს, 100 გრამ პროდუქტზე 30 გ. ცილა მოდის. ნამდვილი თხის ყველი  რბილი და მოუმწიფებელია. თუმცა, სუპერმარკეტის თაროზე შეიძლება მყარს და მომწიფებულსაც გადააწყდეთ. თუ ასეთი ნახეთ, იცოდეთ, რომ მას ძროხის რძე აქვს დამატებული. თავად სუფთა თხის ყველს მხოლოდ მცირე, თითქმის ერთ ულუფიან პაკეტებში დაფასოებულს  ნახავთ. გახსნისთანავე  უნდა მიირთვათ, რადგან მალფუჭადია. თუ სალათასთან და ბევრ მწვანილთან ერთად დააგემოვნებთ, მთლად უკეთესი, რადგან მწვანილი მარილს გაანეიტრალებს და ყველში არსებულ ზედმეტ ცხიმს თქვენს ორგანიზმში მთლიანად შეწოვის საშუალებას არ მისცემს.

წერილის დასაწყისში თხაზე ვყვებოდი, სრულიად შეუფერებელი და უცნაური სახელი „ტუხო” ერქვა. თუმცა თავად მშვენივრად იყო დაუფლებული და უსწორმასწორო, აბრეცილი თვალებით იხედებოდა.  

…დედას ხილის საყიდლად  ბაზარში გავეგზავნე. ეს იცით რა დროა? არეული დროა, მე ასპირანტი ვარ. 

დამანებე ძია თავი, მეტს აღარ ვიზამ, – ჩამესმა ყურში ბავშვის ნამტირალევი ხმა.

ასაკოვან კაცს, რომელსაც ეტყობოდა არ ულხინდა, ყურით დაეჭირა პატარა, ათიოდე წლის, გაწუნწკლულ-გაჭუჭყული, თხელქურთუკიანი ბიჭი და აჯანჯღარებდა. მოზარდი აშკარად სოფლიდან იყო. ეტყობა თავის გადასარჩენად ქალაქს მოაშურა. არც გაწაფული ჩანდა და ბავშვურ თვალებში ეტყობოდა ჯერ ხელიდანაც არ წასულიყო. კაციც რაღაცას ყიდულობდა. ბიჭს მისი ჯიბის „გასუფთავების” მცდელობა ჰქონდა. გაჭირვებული ხალხი ისევ ერთმანეთს ძარცვავს, მდიდრებთან ხელი არ მიუწვდებათ, კარგად დაცულნი არიან. ბიჭი შემეცოდა. კაცი ხელს არ უშვებდა და თვალებით პოლიციელს ეძებდა. თავდებად დაუდექი, გაუშვით, მეტს აღარ იზამს-მეთქი. კაცმაც ხელი გაუშვა, ეტყობა გულში მასაც შეეცოდა. ბიჭი დაწითლებულ ყურს იზელდა და გაქცევა არც კი უცდია.

– რა გქვია?
– ტუხო! – ჩურჩულით თქვა…
– რა გქვია??? გამიმეორე,
-ტუხო… – მითხრა უფრო ხმამაღლა.
რაღაც თბილი ჩამეღვარა სხეულში. ვერც მოვეფერე, ისეთი დასაბანი იყო. ჯიბიდან ათლარიანი ამოვიღე და გავუწოდე.
– წადი ტუხო სახლში, დედა ალბათ გელოდება და ნერვიულობს. წახვალ ხო?
-კი… -ჯერ კიდევ სუფთა თვალებით ამომხედა.

„ტუხო” გამახსენდა. ის ადამიანების პატარა ჯგუფმა შეჭამა, ამ პატარა ბიჭს ალბათ ცხოვრების ორომტრიალი გაანადგურებს, თავის მორევში ჩაითრევს.

რთულია ცხოვრება თავისი იდუმალი საფეხურებით.

„თხის” სამართლიან  წელს გისურვებთ…

მოყინული მანდარინები

0
ზაზა ურუშაძეს ანტიქართული ფილმის გადაღებას ედავებიან. თუმცა, მოდით, თავიდან დავიწყოთ…

ქართულ-ესტონური, უფრო ზუსტად კი ესტონურ-ქართული ფილმი „მანდარინები” ამერიკის კინოაკადემიის მთავარი ჯილდოს – ოსკარის ნომინანტია საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში. აქამდე ეს ერთადერთმა ქართველმა რეჟისორმა, ნანა ჯორჯაძემ მოახერხა შორეულ 1996 წელს, როცა „შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტი” გადაიღო. შორეული-მეთქი იმიტომ ვამბობ, რომ ქართული კინოს ზოგიერთი გულშემატკივრისთვის ეს გაფართხალება 1981 წელს თბილისის „დინამოს” მიერ ევროპის თასების მფლობელთა თასის მოგების ტოლფასია. ისიც წინა საუკუნეში მოხდა, მაგრამ საფეხბურთო ამბებში ჩვენი მთავარი დასაკვეხნი დღემდე სწორედ ეგ არის. სინამდვილეში, ალბათ,  დინამოელების გამარჯვება გაცილებით  დიდი მოვლენა იყო, ვიდრე ოსკარის მარტოდენ ნომინანტობაა. მით უმეტეს, რომ შანსები ვერ გვაიმედებს. შეგვიძლია თითები გადავაჯვარედინოთ და გულდამშვიდებულებმა ვილაპარაკოთ, მაგრამ თუ ცივი გონებით ვიფიქრებთ, „შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტის” მსგავსად, თავის ხანგრძლივ მარათონს „მანდარინები” სავარაუდოდ მხოლოდ ნომინანტობით დაასრულებს. სამწუხაროა, მაგრამ ეს უფრო ნაღდი წინასწარმეტყველებაა. რატომ? იმიტომ, რომ რუსმა ანდრეი ზვიაგინცევმა შესანიშნავი ფილმი, „ლევიათანი” გადაიღო, რომელშიც რუსეთში არსებული უსამართლობის მორევსა და ეკლესიის ბნელ მხარეებზე ილაპარაკა და ეს დიდი ოსტატობით გააკეთა. ამ ფილმმა უკვე დაიმსახურა „ოქროს გლობუსი” და მეტად სავარაუდოა, რომ ხმლიან რაინდსაც ზვიაგინცევი დაიჭერს ხელში და არა ურუშაძე. რას ვიზამთ, ოსკარზეც რუსები გვიშლიან ხელს და სინამდვილეშიც. 
საოსკარო აურზაურის შემდეგ, ისინი, ვისაც ეს კინო ჯერაც არ უნახავთ, დრო არ გამოუჩნდათ ან პრინციპულად უარს ამბობენ ისეთი ფილმის ნახვაზე, რომელზეც ბევრი ლაპარაკობს, შიდა საუბრებში სვამენ შეკითხვას, როგორი ფილმია ეს „მანდარინები”. საშენი მასალის დასათვლელად სახლში ამოყვანილი მატყუარა ხელოსნის პრინციპით რომ ვთქვათ, ანუ უხეშად რომ ავიღოთ, თანამედროვე ქართული სტანდარტებით საშუალოზე კარგი, ისე კი – საშუალო დონის.  ბევრი დადებითი მხარე აქვს და ბევრიც – პირიქით. „მანდარინები” სტერეოტიპებისა და კლიშეების ნაკლებობას არ უჩივის (ჩეჩენი პერსონაჟი მაინდამაინც დაქირავებულ მებრძოლადაა წარმოჩენილი. მაშინ, როდესაც აფხაზეთის ომში ჩეჩნების ნაწილი არა ფულისთვის, არამედ კავკასიის მთიელ ხალხთა კონფედერაციის შექმნის იდეისთვის იბრძოდა; კავკასიელები სხვებზე მეტად ერთგულებენ ნათქვამ სიტყვას და სხვა სტერეოტიპები). ასევე, სეანსის დროს დისკომფორტი შემიქმნა იმ რიტორიკამ, რომელიც დიალოგებში იკითხებოდა. კარგსაც ნუ დავუკარგავთ: დრამატურგია, შესრულება, პერსონაჟები… კარგია.
[მათთვის, ვისაც ფილმი ჯერაც არ უნახავს: მოქმედება აფხაზეთის ესტონელებით დასახლებულ სოფელში ვითარდება, რომელსაც ორი მოსახლეღა შემორჩა, დანარჩენები კი ომს გაერიდნენ და ისტორიულ სამშობლოში დაბრუნდნენ. ქართველებსა და ჩეჩნებს შორის მომხდარი შეტაკების შემდეგ სიკვდილის პირას მყოფ ერთმანეთის მოწინააღმდეგეებს (ქართველსა და ჩეჩენს) ერთ-ერთი ესტონელი შეიფარებს, ანუ მტრები ერთ ჭერქვეშ აღმოჩნდებიან]
რა არის ამ ყველაფერში ანტიქართული? ჯერ ის გავარკვიოთ: თავად რას ნიშნავს ეს ანტიქართული? ამ სიტყვამ გაქვავება ჯერ კიდევ ოცდახუთი წლის წინ დაიწყო და თვალსა და ხელ შუა შემოგვაქვავდა. მან უკვე დაკარგა მნიშვნელობა. ყველა, ვინც კი ეკრანზე გამოდის, ან რომელიმე გაზეთი შინ ესტუმრება ვიდეომიმართვის ჩასაწერად, ხარბად იმეორებს: ანტიქართული… ანტისახელმწიფოებრივი… ეს სიტყვა იმდენად გაცვდა და დაბეჩავდა, რომ ჭკუის კოლოფები მხოლოდ თურქული სერიალების მომრავლების შედეგებზე სერიოზული (სინამდვილეში კი სულის შეხუთვამდე სასაცილო) საუბრისას იყენებენ. 
დავივიწყოთ სიტყვა ანტიქართული და სხვანაირად დავსვათ კითხვა: რა არის ამ ფილმში ისეთი, რაც ამ ქვეყნის ინტერესსა და იმიჯს აზიანებს? ჩემი ზოგიერთი Facebook-ელი მეგობრის პოზიცია ასეთია: კინოს დასასრულს ირკვევა, რომ ესტონელი ივოს შვილი ომის დაწყებისას ქართველების ხელით დაიღუპა. მათი აზრით, ეს ემოციურად ცუდად იმოქმედებს  საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე გულმხურვალე გულშემატკივარი ქვეყნის ხალხზე, ესტონელებზე, მითუმეტეს, რომ ისტორიული სარჩული დარღვეულია. მათი მტკიცებით ქართველებსა და ესტონელებს შორის ომის დროს არცერთი კონფლიქტი არ მომხდარა და ზაზა ურუშაძეს  ამ პასაჟის სხვაგვარი გაგრძელება შეეძლო, რადგანაც ამის ფაქტობრივი აუცილებლობა არ არსებობდა. ამბობენ, რომ ოსკარის ნომინანტობა ესტონელების განაწყენებად არ ღირს.
ცხადია, ამ პატიოსანი მეგობრების ემოციები ქართველებისთვის ბევრ რამეზე მეტად მნიშვნელოვანი უნდა იყოს, მაგრამ მგონია, რომ ამ შემთხვევაში სიტუაციის ზედმეტი დრამატიზება ხდება, ანუ ბუზისა და სპილოს ამბავთან გვაქვს საქმე. არახალია, ძველია, რომ მხატვრული ფილმის რეჟისორი ვალდებული არ არის ისტორიული სიზუსტე დაიცვას (გაიხსენეთ რა უქნა ტარანტინომ ჰიტლერს); გარდა ამისა, ურუშაძის კინოში არსად ჩანს ქართველებისა და ესტონელების ფართომასშტაბიანი დაპირისპირება, მეტიც, არსად ჩანს ესტონელების მონაწილეობა ამ ომში. აქ ნახსენებია, რომ ცალკეულმა ესტონელმა მამის რჩევას არ დაუჯერა და სასროლად წავიდა. საერთოდაც, ამ ფილმში ყველაზე დადებით ტიპებად რეჟისორს სწორედ ესტონელები ჰყავს გამოყვანილი. ანუ ესტონელების განაწყენების პრობლემა, ჩემი აზრით, თითქმის არ დგას. რამდენიმე დღის წინ, როცა ოსკარის ნომინანტთა სია გამოქვეყნდა და სოციალურ ქსელში გაზიარებულ ერთ არაადეკვატურ  კომენტარს გადავაწყდი, მეც ავენთე და დავწერე, გამჩენი არ გვასვენებს, ციხე შიგნიდან ტყდება-მეთქი. ეს „ციხე შიგნიდან ტყდება” ცოტა ზედმეტი მომივიდა. აი, გამჩენი რომ არ გვასვენებს ამ აზრზე ისევ ვრჩები. ამ ფილმისთვის ანტიქართულობის დაბრალება ისეთივე სისულელე მგონია, როგორც ერთი ბიზნესმენის განცხადება, რომ ყველა ის ქართველი ქვეყნის მოღალატეა, ვისაც „აგვისტოს 5 დღე” არ მოეწონა. ამ თემაზე კამათისას ერთმა მკითხა: განა უფლება არ მაქვს ანტიქართულად მივიჩნევდე და ამაზე ხმამაღლა ვილაპარაკოო? ღმერთი, რჯული, კითხვა რიტორიკული იყო. იმ ქალბატონს დაავიწყდა, რომ მეც და ისიც სამიოდე დღით ადრე, ორივენი შარლი ვიყავით.
მე ამ ისტორიაში ალბათ ის უფრო მასევდიანებს, რომ „მანდარინები” ოსკარზე ესტონეთის სახელით გავა, რადგანაც პროექტში ესტონური ფული უფრო მეტია, ვიდრე ქართული. ისე, ცნობისათვის ადრეი ზვიაგინცევს იმ ჭეშმარიტად ანტისამთავრობო სურათის გადაღებისთვის ფული რუსეთის კულტურის სამინისტრომ მისცა. რა მანქანებით მოახერხა ამ ეშმაკმა კაცმა ეგ აფიორა, ვერ გეტყვით. აღდგომა და ხვალეო. მოვა ოსკარის ღამე, დაიჭერს ქანდაკებას ხელში ზვიაგინცევი და მერე, ალბათ, ყველა დაწყნარდება. 
…და თუკი პირიქით მოხდა, პირველს მე გამეხარდება. 

მარინა უშვერიძე – სამოქალაქო განათლებისადმი ინტერესი იმატებს

0
ორგანიზაცია „PH International – საქართველომ” აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით ახლახან დაასრულა ოთხწელიწადნახევრიანი სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამა. პროგრამამ დასახულ მიზნებს მიაღწია: მოსწავლეებს საშუალება მიეცათ, სამოქალაქო განათლების გაკვეთილებზე მიღებული ცოდნა პრაქტიკულად გამოეყენებინათ და განევითარებინათ სოციალური და სამოქალაქო კომპეტენციები. დადებითი შედეგები აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ ახალი პროგრამის – „მომავლის თაობის” დაფინანსების წინაპირობად იქცა. ეს პროგრამა ახალი სასწავლო წლიდან 480 სკოლაში ამოქმედდება და მოემსახურება იმ მნიშვნელოვან საქმეს, რომელსაც ინფორმირებული და პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქეების აღზრდა ჰქვია. ინტერნეტგაზეთ „მასწავლებლის” სტუმარია „PH International – საქართველოს” დასრულებული და ახალი პროგრამების დირექტორი მარინა უშვერიძე.
ქალბატონო მარინა, რა მიგაჩნიათ სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ყველაზე მნიშვნელოვან შედეგად მოსწავლეთა სამოქალაქო კომპეტენციებისა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების კუთხით?

უპირველეს ყოვლისა, მივესალმები მკითხველს. მახარებს ის ფაქტი, რომ იმატებს სამოქალაქო განათლებისადმი საზოგადოების ინტერესი. თუ 2010 წელს ეს საგანი მრავალ სკოლაში მეორეხარისხოვნად მიიჩნეოდა, დღეს ჩვენს პარტნიორ სკოლებში, სადაც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამამ იმუშავა, სამოქალაქო განათლება მოსწავლეთა საყვარელ საგნად იქცა. პედაგოგებიც უფრო მეტად დაინტერესდნენ ამ საგნის სწავლებით. მოსწავლეების მიერ განხორციელებული პროექტებისა და ინიციატივების შედეგად ნათელი გახდა, რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს მოსწავლეთა დემოკრატიული ღირებულებებით აღზრდას და ხელშეწყობას, სასკოლო ასაკიდანვე მიიღონ მონაწილეობა თავიანთი სკოლისა თუ თემისთვის აქტუალური საკითხების გადაჭრაში.

პროგრამის ფარგლებში საქართველოს 740 სკოლას უსასყიდლოდ გადაეცა 130 000 მოსწავლისა და მასწავლებლის წიგნი – სამოქალაქო განათლების დამხმარე სახელმძღვანელოები; არაქართული სექტორის სკოლებმა წიგნები სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე მიიღეს; სახელმძღვანელოები პროექტული სწავლების მეთოდით არის შედგენილი და მათი წყალობით მოსწავლეებს მიეცათ შესაძლებლობა, დაეწყოთ სამოქალაქო განათლების გაკვეთილებზე მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება: გამოევლინათ საკუთარი სკოლისა თუ თემისთვის აქტუალური პრობლემა, მოეხდინათ შესაბამისი სტრუქტურების იდენტიფიცირება, შეემუშავებინათ პროექტი გამოვლენილი პრობლემის გადასაჭრელად და ეტაპობრივად განეხორციელებინათ იგი შესაბამის სახელმწიფო თუ არასახელმწიფო სტრუქტურებთან თანამშრომლობით. ეს მიდგომა წარმატებული აღმოჩნდა, მოსწავლეებმა სწორედ პროექტების განხორციელების პროცესში იგრძნეს, რამდენის შეცვლა შეიძლება სურვილისა და სწორად დაგეგმილი საქმიანობის შედეგად. მაგალითად, კახეთში, სოფელ გავაზში, სასკოლო სამოქალაქო კლუბის წევრი მოსწავლეების დახმარებით საბავშვო ბაღში შეიყვანეს ბუნებრივი აირი – კლუბმა დახმარებისთვის კომპანია „სოკარის’ ხელმძღვანელობას მიმართა; რუსთავში მოსწავლეებმა საგზაო საპატრულო პოლიციასა და ადგილობრივ თვითმმართველობასთან ითანამშრომლეს, რის შედეგადაც ქალაქში წრიული დაიხაზა, ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელი მოეწყო და საგზაო ნიშნები დამონტაჟდა; გურიაში აღდგა განადგურების პირას მისული ბიბლიოთეკა.

ასეთი პროექტების განხორციელება შეუძლებელი იქნებოდა პედაგოგთა დიდი შრომის გარეშე. მასწავლებლები, რომლებმაც სასკოლო სამოქალაქო კლუბების მეურვეობა შეითავსეს, მოხალისეობრივ საწყისებზე ბევრ სასარგებლო პროექტს ახორციელებენ, ცხადია, მოსწავლეებთან ერთად.

დღეს საქართველოს სკოლებში სამოქალაქო განათლებას უმთავრესად ისტორიის, გეოგრაფიისა თუ სხვა საგნების მასწავლებლები ასწავლიან, სწავლა-სწავლების ხარისხი კი მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული პედაგოგის მომზადებაზე, ამიტომ აკრედიტებული ტრენინგკურსით „დემოკრატიული მოქალაქეობის სწავლება” ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციასთან – კონსულტაციისა და ტრენინგების ცენტრთან ერთად გადავამზადეთ სამოქალაქო განათლების 813 პედაგოგი. ეს ტრენინგები შედეგიანი აღმოჩნდა: სპეციალისტების მიერ განხორციელებული მონიტორინგი მოწმობს, რომ გადამზადებული პედაგოგების 75% გაკვეთილზე სრულად იყენებს ტრენინგზე მიღებულ ცოდნას, 25% კი მნიშვნელოვანწილად. სამოქალაქო განათლების მნიშვნელობის შესახებ სემინარები ჩაუტარდათ სკოლის დირექტორებსაც. იმ სკოლებში, სადაც ადმინისტრაცია ხელს უწყობს პედაგოგებს და სასკოლო სამოქალაქო კლუბს, საგრძნობლად გაიზარდა საგნით დაინტერესებულ მოსწავლეთა რაოდენობა და ამაღლდა სამოქალაქო განათლების სწავლა-სწავლების ხარისხი.

მუშაობის პროცესში გამოიკვეთა საჭიროება, ქვეყანაში შექმნილიყო პროფესიული გაერთიანება, რომელიც იზრუნებდა სამოქალაქო განათლების მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებაზე და მათ ხმას მიაწვდენდა გადაწყვეტილების მიმღებ პირებს. სწორედ ამ მიზნით ჩამოყალიბდა სამოქალაქო განათლების მასწავლებელთა ფორუმი, რომელიც დღეისათვის 500-ზე მეტ წევრს აერთიანებს. ფორუმის ფარგლებში საქართველოს ყველა რეგიონში ჩატარდა სამოქალაქო განათლების ღია გაკვეთილები და გაიმართა მრგვალი მაგიდა. თუ თავდაპირველად პედაგოგები თავს იკავებდნენ ღია გაკვეთილის ჩატარებისგან, დღეს უამრავი მსურველია, გაუზიაროს კოლეგებს საკუთარი გმოცდილება, მოისმინოს მათი რჩევები, მრგვალი მაგიდის ფორმატში გულახდილად იმსჯელოს იმ პრობლემებზე, რომლებიც მათ პედაგოგიურ პრაქტიკაში იჩენს თავს. პედაგოგებისთვის მეტად საინტერესო აღმოჩნდა თბილისში ამერიკელი სპეციალისტების მიერ ჩატარებული მასტერკლასები. სამჯერ გაიმართა სამოქალაქო განათლების ეროვნული კონფერენცია-გამოფენა, რომელთაგან თითოეულში სამასამდე პედაგოგი მონაწილეობდა. კონფერენცია-გამოფენები სამოქალაქო განათლების მასწავლებელთა ასეთი წარმომადგენლობითი შეკრების პირველი პრეცედენტი გახლდათ. პედაგოგებს საქართველოს ყველა რეგიონიდან საშუალება მიეცათ, გამოეფინათ საკუთარი ნამუშევრების ამსახველი ფოტომასალა, გასცნობოდნენ სფეროში მიმდინარე სიახლეებს, შეხვედროდნენ სამოქალაქო განათლების ექსპერტებსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლებს, სამუშაო ჯგუფებში გაეზიარებინათ ერთმანეთის გამოცდილება და მონაწილეობა მიეღოთ სამოქალაქო განათლების საგნის განვითარებისა და სწავლა-სწავლების ხარისხის ასამაღლებლად რეკომენდაციების შემუშავებაში.

მოგეხსენებათ, პროფესიული ლიტერატურის ხელმისაწვდომობა პედაგოგთა გარკვეული ნაწილისთვის ისევ პრობლემად რჩება, ამიტომ სამოქალაქო განათლების მასწავლებლებისთვის შეიქმნა სასწავლო ვიდეორესურსები, რომლებიც მათ სამოქალაქო განათლების ეროვნულ კონფერენცია-გამოფენაზე დაურიგდათ. ეს მასალები შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე www.civics.ge. ითარგმნა პროფესიული ლიტერატურა, რომელსაც ამავე ვებგვერდის ონლაინბიბლიოთეკაში იხილავთ. სამოქალაქო განათლების პროფესიული ლიტერატურა ასევე გადავეცით თბილისსა და ქუთაისში მდებარე მასწავლებლის სახლებს, ზუგდიდის, ამბროლაურის, ოზურგეთის, ახალციხის, რუსთავის, გორის, დუშეთის, ჭიათურის, თელავისა და ბათუმის განათლების რესურსცენტრებს.

დღეს ინტერნეტი ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლის ყველაზე სწრაფი საშუალებაა.  სწორედ ამიტომ შეიქმნა ფეისბუქზე სამოქალაქო განათლების მასწავლებელთა ფორუმის ჯგუფი, სადაც გაიმართა მრავალი ონლაინდისკუსია პედაგოგებისთვის აქტუალურ საკითხებზე მოწვეული ექსპერტების მონაწილეობით. თავდაპირველად პედაგოგები ნაკლებად აქტიურობდნენ, მაგრამ ბოლო წლების განმავლობაში ფეისბუქჯგუფში პედაგოგების აქტიურობა თვალნათლივ გაიზარდა.

დამოუკიდებელი შეფასების შედეგები (კვლევა საქართველოს შეფასების ასოციაციამ ჩაატარა) ცხადყოფს, რომ სამოქალაქო განათლების მიმართულებით გაწეული ძალისხმევა პირდაპირ აისახება შედეგებზე: დღეს სამოქალაქო განათლების გაკვეთილებზე მიღებულ ცოდნას პრაქტიკაში 2010 წელთან შედარებით 27.5%-ით მეტი მოსწავლე იყენებს, საკუთარი ინიციატივით აპოლიტიკური სამოქალაქო აქტივობა 32%-ით მეტ მოსწავლეს დაუგეგმავს და განუხორციელებია, სხვადასხვა მხარის მიერ დაგეგმილ სამოქალაქო ინიციატივებში უკვე 42.4%-ით მეტი მოსწავლე მონაწილეობს, 23.9%-ით გაიზარდა იმ მოსწავლეთა რაოდენობა, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ სამოქალაქო განათლება სკოლაში ეფექტიანად ისწავლება, სკოლაში სამოქალაქო განათლების სწავლებას აუცილებლად 32.4%-ით მეტი მოსწავლე მიიჩნევს. ეს ზრდა სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის პარტნიორ სკოლებში აღირიცხა.

სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამა ასი ათასამდე ბენეფიციარს შეეხო. ეს შედეგები აუცილებლად აისახება ამ მოსწავლეთა მომავალზე. გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებს დაიკავებენ ისინი ზრდასრულ ასაკში თუ რიგით მოქალაქეებად დარჩებიან, მათთვის სულერთი არ იქნება, რა ხდება მათ ირგვლივ. ისინი ეცდებიან, საკუთარი წვლილი შეიტანონ ქვეყნის, საზოგადოების წინაშე არსებული პრობლემების მოგვარებაში. რესურსი, რომელიც პროგრამამ სკოლებში, პედაგოგებში, მოსწავლეებში ჩადო, შეუძლებელია დაიკარგოს. უკვე მიღწეულმა შედეგებმაც აჩვენა, რომ პატარა მოქალაქეებს გაცილებით მეტი შესძლებიათ, ვიდრე თავად ეგონათ. ეს ყველაფერი კი კარგი პედაგოგის გარეშე უბრალოდ შეუძლებელი იქნებოდა.
მოზარდი თაობის სამოქალაქო განათლების პროცესში ეფექტური და სწრაფი შედეგების მისაღებად როგორ უნდა განაწილდეს როლები სახელმწიფო და არასამთავრობო სექტორებს შორის?
დემოკრატიულ ქვეყანას მისი თითოეული მოქალაქე ქმნის, ამიტომ აუცილებლად მიმაჩნია, გაგრძელდეს სკოლებში სამოქალაქო განათლების ხარისხის ამაღლებაზე ზრუნვა. დონორები სამოქალაქო განათლებაში საკმაოდ დიდ თანხებს დებენ და სახელმწიფომ ეს რესურსი უნდა გამოიყენოს. ეს არ უნდა იყოს ერთჯერადი შედეგის მომცემი დახმარება; მიდგომა, მოდელი, რომელმაც იმუშავა და კონკრეტული შედეგი გამოიღო, სახელმწიფო უწყებებმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ სამომავლოდ. უამისოდ შედეგები მდგრადი ვერ იქნება და საქართველოში სამოქალაქო განათლების თანმიმდევრულ განვითარებას ვერ მივაღწევთ.

ამ სფეროში მოქმედმა ორგანიზაციებმა სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ხელშეწყობით შეიმუშავეს „სამოქალაქო განათლების სწავლების განვითარების დოკუმენტი”, რომელიც განხილვისთვის მივაწოდეთ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს. დოკუმენტში მოცემული რეკომენდაციები პედაგოგებთან მსჯელობისა და ერთობლივი მუშაობის შედეგად ჩამოყალიბდა და საქართველოში სამოქალაქო განათლების სწავლების ხარისხის ამაღლებას ისახავს მიზნად.
ქალბატონო მარინა, რას ეტყვით მკითხველს ახალი პროგრამა „მომავლის თაობის” შესახებ? ეხმიანება თუ არა ის ეროვნული სასწავლო გეგმით დასახულ მიზნებს? რა მიმართულებით იმუშავებს და როგორ შეირჩევიან პარტნიორი სკოლები?
ჩვენი ორგანიზაცია „PH International – საქართველო” აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით პროგრამა „მომავლის თაობის” მეშვეობით აგრძელებს საქართველოში სასკოლო სამოქალაქო განათლების განვითარებისთვის მუშაობას. პროგრამა, რა თქმა უნდა, პასუხობს ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებს, სადაც პრიორიტეტად არის გამოკვეთილი ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი, თავისუფალი პიროვნების ჩამოყალიბებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნა და მოსწავლეებში ლიბერალურ და დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების გაღვივება, ხოლო ეროვნულ სასწავლო გეგმაში გამოყოფილი გამჭოლი კომპეტენციები სამოქალაქო და სოციალურ კომპეტენციებსაც მოიცავს. ეს კომპეტენციები გულისხმობს უნარებსა და ღირებულებებს (მაგ., სხვისი უფლებების პატივისცემას, დემოკრატიული პრინციპების აღიარებას, კრიტიკულ აზროვნებას), რომელთა განვითარების ხელშეწყობა მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული სამოქალაქო განათლების ხარისხიან სწავლა-სწავლებაზე.

ახალი პროგრამა „მომავლის თაობა” საქართველოს მასშტაბით 480 სკოლასთან იმუშავებს და მათ მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს სამოქალაქო განათლების მასწავლებელთა გადამზადების, დამხმარე სახელმძღვანელოების, მცირე საგრანტო პროექტების, სასკოლო სამოქალაქო კლუბების შექმნისა და მხარდაჭერის კუთხით. ვგეგმავთ თანამშრომლობას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ეროვნული სასწავლო გეგმის სამოქალაქო განათლების საგნობრივი პროგრამის გადახედვის პროცესში. პროგრამა „მომავლის თაობა” დიდ ძალისხმევას მოახმარს სამოქალაქო განათლების მასწავლებელთა ფორუმისშემდგომ განვითარებას, რათა უფრო მეტ პედაგოგს მიეცეს პროფესიული ზრდის შესაძლებლობა.

პარტნიორი სკოლების იდენტიფიცირება შემთხვევითი შერჩევის პრინციპით მოხდება. შერჩევასთან დაკავშირებით გაიმართება კონსულტაციები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან.
დაბოლოს, თქვენ, სამი შვილის დედას, როგორი სკოლა გსურთ შვილებისთვის და როგორი უნდა იყოს, თქვენი თვალთახედვით, თანამედროვე მასწავლებელი?

ჩემთვის, როგორც მშობლისა და როგორც განათლების სფეროში მომუშავე ადამიანისთვის, ერთი რამ არის მთავარი: ხელი შეეწყოს მოსწავლის შემოქმედებითობის, თავისუფალი აზროვნების, კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარებას, ყველა მოსწავლეს მიეცეს განვითარების თანაბარი შესაძლებლობა, არ ჰქონდეს ადგილი სუბიექტივიზმს, ვებრძოლოთ სტერეოტიპულ აზროვნებას. ბავშვები თავიდან საოცრად ტოლერანტულები არიან, თუმცა წლების განმავლობაში ისინი გარშემო მყოფთა გავლენის ქვეშ ექცევიან და ამის შედეგად ხშირად სტერეოტიპული აზროვნება უყალიბდებათ. პედაგოგმა ამას წინააღმდეგობა უნდა გაუწიოს.
პედაგოგის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფუნქციად მიმაჩნია, საკუთარი შესაძლებლობების ზედმიწევნით რეალიზებაში დაეხმაროს მოსწავლეს. საამისოდ კი მან უნდა შეძლოს მოსწავლის ძლიერი და სუსტი მხარეების შეცნობა, მშობელთან თანამშრომლობა, მასთან ერთად ზრუნვა ბავშვის ძლიერი მხარეების მაქსიმალურ განვითარებაზე, სუსტის დაძლევაზე. ეს ძალიან რთულია, მაგრამ შეუძლებელი არ არის. მე მრავალ პედაგოგთან მიწევს ურთიერთობა და ვყოფილვარ იმის მოწმე, რამდენის მიღწევა შეუძლია ინტერესისა და სურვილის შემთხვევაში მასწავლებელს. მაგრამ ბევრი რამ არის დამოკიდებული დაფასებაზე, მშობლის მადლიერებაზე. ყველა ადამიანს სჭირდება ქება, მის მიერ გაწეული შრომის დანახვა. დიდი მნიშვნელობა აქვს, ხედავს თუ არა მშობელი პედაგოგის ძალისხმევას, თანამშრომლობს თუ არა სკოლასთნ. როდესაც სკოლა და ოჯახი შეთანხმებულად მოქმედებენ, შედეგი გარანტირებულია.

ესაუბრა ნინო კაპანაძე

ინტერკულტურული ურთიერთობების ავტობიოგრაფია

0
გთავაზობთ მულტიკულტურული განათლების ერთ–ერთი ინსტრუმენტის – „ავტობიოგრაფიის” თარგმანს, რომელიც ევროპის საბჭომ გამოსცა 2009 წელს. 
ინტერკულტურული ურთიერთობების ავტობიოგრაფია არის რესურსი, რომელიც გვეხმარება გავაანალიზოთ ინტერკულტურული ურთიერთობის ის ეპიზოდები, რომლებმაც ჩვენზე ძლიერ იმოქმედა და მნიშვნელოვანი კვალი დატოვა ჩვენს ცხოვრებაში. ეს ურთიერთობები შესაძლოა იყოს პირისპირ ან ისეთი ვიზუალური მედიის საშუალებით, როგორიცაა ტელევიზია, ჟურნალები, ფილმები, ინტერნეტი და სხვ. შესაბამისად, არსებობს ორი დამოუკიდებელი, თუმცა პარალელური ინსტრუმენტი: ინტერკულტურული ურთიერთობის ავტობიოგრაფია (მოკლედ – „ავტობიოგრაფია”) და ინტერკულტურული ურთიერთობის ავტობიოგრაფია ვიზუალური მედიის საშუალებით. ინტერკულტურული ურთიერთობის შინაგანი მექანიზმის გაცნობით ადამიანი უკეთ გაიაზრებს საკუთარ ინტერკულტურულ გამოცდილებას და, ამრიგად, ივითარებს ინტერკულტურულ კომპეტენციას.

ინტერკულტურული ურთიერთობა გულისხმობს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელთა ან ერთი ქვეყნის ორი მცხოვრების ურთიერთობას, რომლებიც სხვადასხვა სოციალურ, ეთნიკურ, ენობრივ ჯგუფს მიეკუთვნებიან. 

ავტობიოგრაფიის მწარმოებელი საკუთარ ინტერკულტურულ კომპეტენციას ინტერკულტურული ურთიერთობების არსებული გამოცდილების კრიტიკული ანალიზის საშუალებით ივითარებს. ამგვარი ურთიერთობის ცალკეული ეპიზოდების შერჩევით და შემდეგ აღწერით ის აანალიზებს დაგროვილ გამოცდილებას, ავლენს ინტერკულტურული კომპეტენციის სხვადასხვა ასპექტს მისი შემდგომი განვითარების მიზნით.
ავტობიოგრაფიის მეთოდის გამოყენება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია საშუალო სკოლაში თუ უწყვეტი განათლების ნებისმიერ სხვა ინსტიტუტში. ამ ინსტრუმენტის გამოყენება შესაძლებელია დამოუკიდებლადაც თვითგანვითარებისა და თვითშეფასების მიზნით. 
არსებობს ავტობიოგრაფიის ორი ვერსია: 
·დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის (12 წლამდე), მათი ჩათვლით, ვინც ჯერ წერა-კითხვა არ იცის;
·სტანდარტული ვერსია უფროსკლასელებისთვის, სტუდენტებისა და ზრდასრულებისთვის.
მეთოდური რეკომენდაციები მასწავლებლისთვის

რა არის ავტობიოგრაფია?

ავტობიოგრაფია მოსწავლის დოკუმენტია, ჩვეულებრივ, მისი საკუთრება, და მისი შეხედულებისამებრ გამოიყენება. ის ეხმარება მოსწავლეებს, კრიტიკულად გაიაზრონ ინტერკულტურული გამოცდილება, მაგალითად, სხვა სოციალური ჯგუფის წარმომადგენელთან ურთიერთობა. ეს შესაძლოა იყოს სხვა ქვეყნის ან მათივე ქვეყნის სხვა რეგიონის, სხვა ეთნიკური, რელიგიური, სოციალური კლასის წარმომადგენელი. ავტობიოგრაფია იწერება ერთი კონკრეტული შემთხვევისთვის (ყოველ ახალ გამოცდილებას ავტობიოგრაფიის სხვა ეგზემპლარი სჭირდება). 

ავტობიოგრაფიაში წარმოდგენილია კითხვების წყება, რომელსაც მოსწავლე კონკრეტული შემთხვევიდან გამომდინარე პასუხობს, თუმცა არ არის ვალდებული, ყველა კითხვას უპასუხოს – ის სურვილისამებრ არჩევს კითხვებს.

ავტობიოგრაფიას ორი ურთიერთდაკავშირებული მიზანი აქვს:

·თვითშეფასება: ეხმარება მოსწავლეებს, შეაფასონ საკუთარი ქცევა კონკრეტულ ურთიერთობასთან დაკავშირებით; განსაზღვრული ხნის შემდეგ მას შეუძლია მიუბრუნდეს ურთიერთობის წარსულ გამოცდილებას, ამ გამოცდილების მისეულ შეფასებას და გაიფართოოს წარმოდგენა საკუთარ თავზე;

·სწავლება და სწავლა: მასწავლებელს შეუძლია გამოიყენოს ავტობიოგრაფია მოსწავლეთა რეფლექსიისა და ანალიზის უნარის სტიმულირების და, ამგვარად, გააზრებული სწავლის ხელშეწყობისთვის.

ორივე მიზანი ურთიერთდაკავშირებულია, თუმცა განსხვავდება როგორც შინაარსით, ისე გამოყენების მიდგომების მიხედვით.

·ზოგიერთი მოსწავლის მიერ განსჯისთვის შერჩეულ ინტერკულტურულ გამოცდილებას შესაძლოა მისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს და ძლიერი გავლენა მოახდინოს მის მიერ კულტურული განსხვავებების გაცნობიერებაზე. ასეთი შემთხვევებისთვის ავტობიოგრაფიაში შემუშავებულია ზოგიერთი შედარებით რთული კითხვა.

·ზოგიერთმა კი შესაძლოა შედარებით უმნიშვნელო შემთხვევის (მაგ., სხვა ქვეყანაში ყოფნისას მაღაზიაში პურის ყიდვა ან უცხოელისათვის გზის სწავლება) ანალიზი მოინდომოს. ასეთი შემთხვევებისთვის, შესაძლოა, ავტობიოგრაფიის ზოგიერთი კითხვა არარელევანტური აღმოჩნდეს და, შესაბამისად, უნდა გამოიტოვოს. 
როგორ გამოვიყენოთ ავტობიოგრაფია?

ავტობიოგრაფიის გამოყენება შესაძლებელია ფორმალურად გაკვეთილზე და ასევე არაფორმალურად, მოსწავლისთვის სასურველ ნებისმიერ დროსა და ადგილას.

ის შეიძლება გამოვიყენოთ როგორც სწავლებისა და სწავლის ალტერნატიული ინსტრუმენტი ჯგუფური ან ინდივიდუალური მუშაობისას. ასევე შეიძლება პირადად გამოიყენოს ინდივიდმა როგორც თვითშეფასების ალტერნატიული ფორმა – ერთგვარი დღიური, რომელიც, შესაძლოა, კონფიდენციალური დარჩეს. 
ავტობიოგრაფიის გამოყენებას ერთი ან რამდენიმე ფაქტორი განსაზღვრავს:
·მასწავლებლის განზრახვა, შეიტანოს ავტობიოგრაფია სასწავლო პროცესში;
·მოსწავლის სურვილი კონფიდენციალურობის შესახებ;
·მოსწავლის ასაკი და ავტობიოგრაფიის დამოუკიდებლად გამოყენების უნარი. 
გთავაზობთ ავტობიოგრაფიის გამოყენების რამდენიმე შესაძლო ვარიანტს:
არდადეგების შემდეგ

ავტობიოგრაფია შეიძლება გამოვიყენოთ უმცროსკლასელებთან სასკოლო არდადეგების შემდეგ, როცა ისინი სახლიდან შორის, შესაძლოა, სხვა ქვეყანაში, ქვეყნის სხვა რეგიონში ან ბანაკში ისვენებდნენ და წავახალისოთ დაფიქრდნენ არდადეგების პერიოდის კონკრეტულ გამოცდილებაზე. შესაძლოა, მასწავლებელმა ან ასისტენტმა ინდივიდუალური ინტერვიუ გამოიყენოს ამ სასკოლო ასაკის მოსწავლეებთან. 
საწარმოო პრაქტიკის/საზღვარგარეთ სტაჟირების შემდეგ 

მონაწილე არა მხოლოდ სხვა კულტურის წარმომადგენელთა ცხოვრებას, არამედ მათი მუშაობის პირობებსაც ეცნობა. საწარმოს ხელმძღვანელმა შესაძლოა შესთავაზოს ავტობიოგრაფიის დაწერა, როგორც სამუშაო ადგილზე და/ან სხვა ქვეყანაში ცხოვრების (არა ტურისტად) გამოცდილების ანალიზის საშუალება.
 
ექსკურსიის შემდეგ

მოსწავლეები სკოლიდან ხშირად მიდიან ქვეყნის სხვა რეგიონების (ან სხვა ქვეყნების) გასაცნობად. ამისთვის მათ ზედმიწევნით ამზადებენ, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია, დავეხმაროთ მოსწავლეებს ამ მოვლენის შემდგომ რეფლექსიაში. მიუხედავად იმისა, რომ მოსწავლეები ერთად იყვნენ ექსკურსიაზე, ყოველ მათგანს საკუთარი გამოცდილება დაუგროვდა და ავტობიოგრაფია მათ ექსკურსიის შემდგომი გამოცდილების ინდივიდუალიზებასა და რეფლექსიაში დაეხმარება. ავტობიოგრაფიის დაწერის შემდეგ შესაძლოა მათ თავიანთი გამოცდილების გაზიარება მოისურვონ და მასწავლებლის დახმარებით, ინდივიდუალური გამოცდილების უსარგებლო ზეგანზოგადების ნაცვლად, ისინი კიდევ ერთხელ დაფიქრდებიან გამოცდილებათა მრავალფეროვნებაზე.
საზღვარგარეთ სწავლისთვის სამზადისისა და სწავლის პერიოდში

ისეთი პროგრამების ფარგლებში, როგორებიცაა ევროსაბჭოს მიერ მოსწავლეთა გაცვლა ან ერაზმუსი, საზღვარგარეთ სწავლისთვის მომზადებისას მოსწავლეები და სტუდენტები ეცნობიან ავტობიოგრაფიას და ავსებენ მას უკვე არსებული კონკრეტული გამოცდილების საფუძველზე (მაგალითად, მენტორ სტუდენტთან ურთიერთობა). შემდეგ ავტობიოგრაფიას ავსებენ უცხოეთში სწავლისა და ცხოვრების პერიოდში მიღებული კონკრეტული გამოცდილების საფუძველზე ან შინ დაბრუნებისას კრიტიკული რეფლექსიის მიზნით. 
მნიშვნელოვანი მოვლენის შემდეგ

მნიშვნელოვანი მოვლენის შემდეგ, – მაგალითად, თუ მოსწავლე შეესწრო რასობრივ საფუძველზე შეურაცხყოფას, – ავტობიოგრაფია გამოიყენება მოსწავლის რეაქციის ანალიზისთვის. ანალიზი შესაძლოა მასწავლებელმა წარმართოს საკლასო ოთახში ან ინდივიდუალურად განხორციელდეს იმ პირობით, რომ დაცული იქნება კონფიდენციალურობა.
არსებობს ინტერკულტურული ურთიერთობების მრავალი სხვა სცენარიც.

მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ავტობიოგრაფია შეგვიძლია მოქნილად გამოვიყენოთ და მოვარგოთ სხვადასხვა გარემოებას. სავალდებულო არ არის, მომხმარებელმა ყველა კითხვას უპასუხოს; ეს არ არის კითხვარი.
შესაძლოა, მასწავლებელს მოუნდეს ქვეთავში კითხვის ფორმულირების შეცვლა მოსწავლეთა ასაკისა და გამოცდილების გათვალისწინებით. ქვეთავის დასათაურება, მისი შესავალი ნაწილი და ნაწილების/კითხვების თანმიმდევრობა ერთადერთია, რისი შეცვლაც არ არის მიზანშეწონილი (მომხმარებელს შეუძლია, მისთვის სასურველი თანმიმდევრობით უპასუხოს კითხვებს და თავდაპირველად ბოლო ნაწილის შევსება მოისურვოს; მასწავლებელმა წინააღმდეგობა არ უნდა გაუწიოს ასეთ ცვლილებებს).
რა პრინციპებზეა აგებული ავტობიოგრაფია? 

ავტობიოგრაფია სამ მნიშვნელოვან დებულებას ეფუძნება:

·განსაკუთრებულმა ან „იშვიათმა” მოვლენამ ადამიანის ცხოვრებაზე შესაძლოა ხანგრძლივი ზემოქმედება მოახდინოს;

·გამოცდილების ანალიზის ინსტრუმენტმა, განსაკუთრებით – „იშვიათი” მოვლენების ანალიზისას, შესაძლოა გამოცდილების მნიშვნელობა გაზარდოს;

·ცვლილებები ყოველთვის არ აკუმულირდება და გამოცდილების შედეგად ინტერკულტურული კომპეტენცია შესაძლოა ამაღლდეს ან, პირიქით, შემცირდეს.

ავტობიოგრაფიის სტრუქტურას, კონკრეტულ კითხვებსა და მათ თანმიმდევრობას განაპირობებს ინტერკულტურული კომპეტენციის განსაზღვრება, ანუ მოდელი მთელ რიგ მაიდენტიფიცირებელ ელემენტებთან ერთად. მასწავლებელი წაახალისებს მოსწავლეებს, იფიქრონ საკუთარ ინტერკულტურულ კომპეტენციაზე ამ ელემენტებთან მიმართებით, თუმცა ტექნიკური ტერმინების მითითების გარეშე.
მასწავლებელი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს მოსწავლეების დახმარებას, თუ ეცოდინება, რა იგულისხმება ავტობიოგრაფიაში დასმული კითხვების მიღმა და რა არის ზემოხსენებული ელემენტები. ეს ელემენტები განხილულია ქვემოთ, თეორიულ ინდიკატორებშიც, ავტობიოგრაფია წარმოდგენილია ყოველი კითხვისა და შესაბამისი ელემენტების ბმულებით.
ინტერკულტურული კომპეტენციის მოდელი

დამოკიდებულებები და გრძნობები

·სხვათა იდენტობის აღიარება: სხვათა განსხვავებული იდენტობის შემჩნევა და მათი ღირებულებებისა და შეხედულებების მიღება;

·განსხვავებულის პატივისცემა: სხვების მიმართ ცნობისმოყვარეობის გამომჟღავნება და მზადყოფნა, ეჭვქვეშ დააყენო ის, რაც თითქოს თავისთავად იგულისხმება და „ნორმალურად” მიიჩნევა;

·ემპათიის უნარი: უნარი, სხვისი პერსპექტივით დაინახო მოვლენა, წარმოიდგინო მისი ფიქრები და განცდები;

·დადებითი და უარყოფითი ემოციების განსაზღვრა და მათი დაკავშირება დამოკიდებულებებსა და ცოდნასთან;

·ბუნდოვანების მიმართ ტოლერანტულობა: იმის აღიარება, რომ განსხვავებული კულტურული წარმომავლობის გამო ადამიანებს განსხვავებული წარმოდგენები და ღირებულებები აქვთ და ამიტომ შესაძლოა არსებობდეს ნებისმიერი მოცემული სიტუაციის მრავალი პერსპექტივა და ინტერპრეტაცია. 
ქცევა

·მოქნილობა: ქცევის ადაპტაცია ახალ სიტუაციასა და ადამიანთა მოლოდინებთან;
·მგრძნობელობა კომუნიკაციის ფორმებისადმი: სხვა ენებში მეტყველებისა და კომუნიკაციის სხვა ფორმების განსხვავებულობის ან ერთი და იმავე ენის განსხვავებული გამოყენების აღიარება. 
ცოდნა და უნარები
·სხვა ადამიანების შესახებ ცოდნა: ფაქტების ცოდნა იმ ადამიანების შესახებ, რომლებსაც ვხვდებით – როგორ და რატომ გახდნენ ისეთები, როგორიც არიან;
·ცოდნის აღმოჩენა: განსაზღვრული უნარების გამოყენება იმ ადამიანების გასაცნობად, რომლებსაც ვხვდებით – კითხვების დასმა, ინფორმაციის მოძიება და ამ უნარების გამოყენება რეალურ ურთიერთობებში. 
·ინტერპრეტაცია და დაკავშირება: ადამიანების, ადგილებისა და საგნების გაცნობა ნაცნობ ადამიანებთან, ადგილებთან, საგნებთან მათი შედარებით, მსგავსებისა და განსხვავების პოვნა;
·კრიტიკულობა: სხვა ადამიანების ფიქრებსა და მოქმედებებზე დაკვირვების უნარი და საკუთარი ფიქრებისა და მოქმედებებისგან გამიჯვნა, რათა შეძლონ (საკუთარი ფიქრებისა და მოქმედებების ახსნა და განსჯა;
·საკუთარი ვარაუდების, წინასწარი შეხედულებების, სტერეოტიპებისა და მიკერძოებული აზრის გაცნობიერება. 
მოქმედება

·მოქმედება: ყოველივე ზემოთქმულის შედეგად სხვა ადამიანებთან ურთიერთობის სურვილი და შესაძლებლობა გარემომცველი სამყაროს უკეთესობისაკენ შესაცვლელად. 
როგორია ავტობიოგრაფიის ეთიკური ასპექტები?

ამ მოდელის მიხედვით, ავტობიოგრაფიის მიზანია წაახალისოს მოსწავლეები, იფიქრონ საკუთარი დამოკიდებულებების, ქცევის, ცოდნა/უნარების და შესაძლო მოქმედებების შესახებ. ზოგიერთ გარემოებაში (იხ. შესაძლო სცენარები ქვეთავში „როგორ გამოვიყენოთ ავტობიოგრაფია”) მასწავლებელმა შესაძლოა გამოიყენოს კითხვები, რათა წაახალისოს მოსწავლეები, უფრო სიღრმისეულად და კრიტიკულად იფიქრონ საკუთარ გამოცდილებაზე, კერძოდ, სხვებთან ურთიერთობის საფუძველზე უკეთესობისკენ შეცვალონ საკუთარი თავი და გარემო. 

ავტობიოგრაფიის გამოყენებისას შესაძლოა წამოიჭრას ეთიკური საკითხები, განსაკუთრებით მაშინ, როცა მოსწავლე უარყოფითად ან მტრულად არის განწყობილი „სხვების” მიმართ. ექსტრემალურ უარყოფით დამოკიდებულებაზე მოგვიანებით უნდა ვიზრუნოთ. შედარებით რბილი უარყოფითი რეაქციები, საბოლოო ჯამში, შესაძლოა დაეხმაროს, მოსწავლეს ავტობიოგრაფიის დახმარებით განივითაროს ინტერკულტურული განსხვავებებისადმი დადებითი დამოკიდებულება (ან, სულ მცირე, მათი აღიარება). 

აქ არ შევუდგებით წამოჭრილი ეთიკური საკითხების დეტალურ განხილვას. მასწავლებლისთვის სასარგებლო იქნება იცოდეს რასიზმისა და შეუწყნარებლობის შესახებ არსებული რესურსები, რომლებიც ევროპის საბჭოს მიერ არის გამოცემული (მრავალი მათგანი ქართულ ენაზეც არსებობს): 

üYoung People Facing Difference. Council of Europe, Strasbourg, 1995.
üAll Different, All Equal: Education Pack – Ideas, Resources, Methods and Activities for Informal Intercultural Education with Young People and Adults. Council of Europe, Strasbourg, 2005.
üDomino: A Manual to Use Peer Group Education as a Means to Fight Racism, Xenophobia, Antisemitism and Intolerance (2nd edition). Council of Europe, Strasbourg, 2005.
üCompass: A Manual on Human Rights Education with Young People (3rd edition). Council of Europe, Strasbourg, 2007.
üCompanion: A Campaign Guide about Education and Learning for Change in Diversity, Human Rights and Participation. Council of Europe, Strasbourg, 2007.
üCOMPASITO: Manual on Human Rights Education for Children. Council of Europe, Strasbourg, 2008.
üLiving in Democracy, EDC/HRE Volume III, Council of Europe Publishing, 2008.
 
ვის შეუძლია ავტობიოგრაფიის გამოყენება?

ავტობიოგრაფია მოსწავლის საკუთრებაა და მრავალგვარად შეიძლება გამოიყენოს მასწავლებლის დახმარებით თუ დაუხმარებლად. გთავაზობთ რამდენიმე ვარიანტს: 

·სკოლამ შესაძლოა გადაწყვიტოს, შესთავაზოს ავტობიოგრაფია მოსწავლეებს და ყველა მასწავლებელმა წაახალისოს მოსწავლეები მის გამოსაყენებლად; მაგალითად, გეოგრაფიის ან ისტორიის მასწავლებელმა ექსკურსიის შემდეგ ან მშობლიური ენის მასწავლებელმა ექსკურსიის დროს ან მის შემდეგ;

·კონკრეტულმა მასწავლებელმა, მაგალითად, კლასის დამრიგებელმა, წაახალისოს მოსწავლეები, გამოიყენონ ავტობიოგრაფია;

·უნივერსიტეტის ენების ცენტრმა შესაძლოა გამოიყენოს ავტობიოგრაფია როგორც სტუდენტის დოსიეს ნაწილი; 

·ახალგაზრდობის ცენტრმა მოზარდებს შორის იდეებისა და გამოცდილების კონფლიქტის დასარეგულირებლად;

·თვით მოსწავლეებმა სურვილისამებრ, შესაძლოა, მშობლების დახმარებით და წახალისებით (მშობლებს დაეხმარება ეს გზამკვლევი); 

·რამდენიმე მასწავლებელმა (მაგალითად, მშობლიური ან უცხო ენის, სამოქალაქო განათლების, ისტორიის ან გეოგრაფიის) შესაძლოა კოორდინირებულად გამოიყენოს ავტობიოგრაფია კროსკულტურული თემების ახსნისას. 
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, არსებობს ავტობიოგრაფიის ორი ვერსია: უმცროსკლასელებისთვის, დაახლოებით 10-12 წლამდე) და სტანდარტული – ყველა სხვა ასაკისთვის. 

გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომელი ვერსია შესთავაზოს 10–12 წლის მოსწავლეებს, მასწავლებელი თავად იღებს. 
რა პასუხისმგებლობა აკისრიათ მასწავლებელსა და მეთოდისტს?

ავტობიოგრაფია მოსწავლის საკუთრებაა და შესაძლოა ძალზე პირადული დოკუმენტი იყოს. ეს განაპირობებს მასწავლებლის მუშაობის ზოგიერთ სპეციფიკურ ასპექტს:

·მასწავლებელმა მხოლოდ უნდა წაახალისოს მოსწავლეების მიერ ავტობიოგრაფიის როგორც პირადი დღიურის გამოყენება; ის არ ნახულობს ავტობიოგრაფიას მოსწავლის სურვილისა და თანხმობის გარეშე და არც ავალდებულებს მოსწავლეს მის გამოყენებას;

·მასწავლებელი მოქმედებს როგორც მენტორი, კითხულობს და მსჯელობს ავტობიოგრაფიის შესახებ ინდივიდთან ერთად (ამ შემთხვევაში არ არის საჭირო ჩანაწერების წარმოება; შესაძლოა გაკეთდეს აუდიოჩანაწერი, რომელსაც მოსწავლე შეინახავს);

·მასწავლებელი წაახალისებს მოსწავლეთა წყვილებს, ერთმანეთისთვის მენტორის როლი შეასრულონ; წყვილის ერთ-ერთი წევრი შესაძლოა უფროსი ასაკისა იყოს;

·ავტობიოგრაფია შეიძლება შეივსოს მთელი კლასის მიერ სპეციფიკურ მოვლენასთან დაკავშირებით (მაგალითად, ექსკურსია) ან მაშინ, როცა მოსწავლეს სურს.

ამ თუ სხვა გარემოებებში მნიშვნელოვანია კონფიდენციალურობის დაცვა მოსწავლის სურვილისამებრ.
თუ მასწავლებელს სურს, მოსწავლეებმა ერთმანეთს გაუზიარონ გამოცდილება და ავტობიოგრაფიაში დაწერილი ინფორმაცია, ამის შესახებ წინასწარ უნდა აცნობოს მათ. 
მოქმედება/ქცევა

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კითხვები იმ ქმედებებისა და ქცევის შესახებ, რომლებიც მოსწავლეებმა განახორციელეს ან აპირებენ განახორციელონ ინტერკულტურული გამოცდილების შედეგად. მასწავლებელმა და/ან მეთოდისტმა ყურადღება უნდა მიაქციონ, როგორ და რამდენად წაახალისებენ მოსწავლეებს კონკრეტული აქტივობისთვის. არსებობს ეთიკური საკითხები იმის შესახებ, უნდა იკისროს თუ არა მასწავლებელმა ასეთი პასუხისმგებლობა. 

გადაწყვეტილება მიიღება თითოეული მასწავლებლის/მეთოდისტის, მასწავლებელთა ჯგუფის ან საგანმანათლებლო ინსტიტუტის პოლიტიკის მიხედვით, მასწავლებლის, ინსტიტუტის, განათლების სისტემისა და იმ ტრადიციებისა და პასუხისმგებლობების მიხედვით, რომლებსაც, ჩვეულებრივ, მასწავლებლები და განათლების სისტემის სხვა მუშაკები იღებენ.
პრაქტიკული საკითხები

ავტობიოგრაფიის ინტერპრეტაცია 

თუ მასწავლებელი ან მენტორი ეხმარება მოსწავლეებს ავტობიოგრაფიის შევსებაში, არ უნდა განიხილოს ის კითხვარად:

·არ არის აუცილებელი ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა – პასუხი ეცემა მხოლოდ იმ კითხვებს, რომლებიც კონკრეტულ შემთხვევასთან არის დაკავშირებული;

·მასწავლებელს/მენტორს შეუძლია კითხვების ინტერპრეტაცია/ ახსნა/პერიფრაზი, მათი გამოყენება ინტერკულტურული გამოცდილების შესახებ დისკუსიის ჩარჩოდ.
როგორ ჩავიწეროთ გამოცდილება

არსებობს ორი ძირითადი მიდგომა (თუმცა შესაძლებელია სხვა მიდგომების გამოყენებაც):

·მოსწავლეები საკუთარი სიტყვებით – ხელით ან კომპიუტერის დახმარებით – წერენ, რისი თქმაც სურთ (კონფიდენციალურად ან მასწავლებელთან დისკუსიის დროს/შემდეგ);

·მოსწავლეები და მასწავლებელი (დამხმარე/მენტორი ან სხვა მოსწავლე – თანატოლი ან უფროსი) მსჯელობენ საკუთარ გამოცდილებაზე და აკეთებენ საუბრის აუდიოჩანაწერს ან ასეთ ჩანაწერს აკეთებენ სახლში (შესაძლოა, მშობლების დახმარებითაც).

სასურველია, გამოყენებამდე მასწავლებელმა თავად შეავსოს ინტერკულტურული ურთიერთობების ავტობიოგრაფია.
თეორიული ინდიკატორები

1. შეხვედრა
სათაური
დაასათაურეთ შემთხვევა ისე, რომ გარკვეულწილად ასახოს შინაარსი.
აღწერა
რა მოხდა, როცა პირველად შეხვდით ამ ადამიანს/ადამიანებს?
დრო
როდის შეხვდით?
ადგილი
სად შეხვდით? რას აკეთებდით იქ?
ეს შეხვედრა მოხდა… (გთხოვთ, მიუთითოთ ერთი ან რამდენიმე ვარიანტი)
_ სწავლის პერიოდში
_ დასვენებისას
_ არდადეგების დროს
_ სამსახურში
_ სკოლაში
_ სხვა 
მნიშვნელობა
რატომ შეარჩიეთ სწორედ ეს გამოცდილება?
იმიტომ, რომ (გთხოვთ, მიუთითოთ ერთი ან რამდენიმე ვარიანტი)
_ მაიძულა იმ საკითხზე დაფიქრება, რომელზეც ადრე არ დავფიქრებულვარ
_ ჩემთვის პირველი გამოცდილება იყო
_ უახლოეს წარსულში მოხდა
_ გამაოცა
_ იმედი გამიცრუა
_ სასიამოვნო იყო
_ გამაბრაზა
_ შემცვალა
დაამატეთ ნებისმიერი სხვა რეაქცია თქვენი სიტყვებით და მიუთითეთ, თქვენი აზრით, რა იყო ასეთი რეაქციის მიზეზი.
2. სხვა ადამიანი ან ადამიანები
ვინ იყო ჩართული?
თეორია – იდენტობის ცოდნა
თუ იცით, დაწერეთ ამ ადამიანის/ადამიანების სახელი.
დაწერეთ მათზე რაიმე.
პირველად რა შეამჩნიეთ მათი დანახვისას? როგორ გამოიყურებოდნენ? რა ეცვათ?
ქალი იყო თუ მამაკაცი, თქვენზე უფროსი თუ უმცროსი, სხვა ეროვნების, რელიგიის, რეგიონის წარმომადგენელი (დაწერეთ მათზე ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელსაც მნიშვნელოვნად მიიჩნევთ).
3. თქვენი გრძნობები
ქვემოთ მოცემული წინადადებების დახმარებით აღწერეთ, რა იგრძენით:
ჩემი გრძნობები ან ემოციები მაშინ…
მაშინ ვფიქრობდი…
მაშინ რაც მოვიმოქმედე…
 (მაგალითად, იქნებ თავი ისე დაიჭირეთ, თითქოს რაღაც უჩვეულო ვერ შეამჩნიეთ, იქნებ უხერხული საუბრის თემა შეცვალეთ, იქნებ კითხვები დასვით, თქვენი აზრით, უჩვეულოს შესახებ)…
4. სხვა ადამიანის გრძნობები
წარმოიდგინეთ თავი სხვა ადამიანის ადგილას.
თქვენი აზრით, იმ სიტუაციაში და იმ დროს როგორ გრძნობდნენ თავს სხვა ადამიანები?
შესაძლოა რთული იყოს, მაგრამ ეცადეთ წარმოიდგინოთ, რას გრძნობდნენ ისინი.
ბედნიერები იყვნენ თუ ნაწყენები? კიდევ რა ემოცია ჰქონდათ? როგორ გაიგეთ მათი გრძნობები?
თქვენი აზრით, რას ფიქრობდნენ ისინი, როცა ეს ამბავი მოხდა? 
თქვენი აზრით, მათთვის ეს უჩვეულო იყო, საინტერესო თუ სხვაგვარი რეაქციის გამომწვევი?
აირჩიეთ ერთი ან რამდენიმე ვარიანტი ან დაამატეთ საკუთარი ვერსია და ახსენით, არჩევანის მიზეზი.
თეორია – ბუნდოვანებისადმი ტოლერანტულობა
მათთვის ეს ყოველდღიური / უჩვეულო / გასაოცარი / ამაღელვებელი გამოცდილება იყო, რადგან…
აირჩიეთ ქვემოთ მოცემული ერთი ან რამდენიმე ვარიანტი და დაასრულეთ წინადადება და/ან დაამატეთ საკუთარი მოსაზრებები.
სიტუაციაში ჩართულ სხვა ადამიანებს ეტყობოდათ: გაოცება / აღელვება / სიამოვნება / არავითარი განსაკუთრებული ემოცია…
 
თეორია – განსხვავებულის პატივისცემა
ამას მათი ქცევის / ნათქვამის / გამოხედვის გამო აღვნიშნავ, მაგალითად, მათ… (დაწერეთ, რა შეამჩნიეთ)
არა ვარ დარწმუნებული, რადგან ისინი საკუთარი გრძნობების დამალვას ცდილობდნენ…
5. მსგავსი და განსხვავებული
დაფიქრდით, რა მსგავსება და განსხვავება იყო იმ სიტუაციაში თქვენს ფიქრებსა და განცდებს და მათ ფიქრებსა და განცდებს შორის…
შეამჩნიეთ თუ არა იმ მომენტში რაიმე მსგავსება? კერძოდ, რა?
თეორია – ემპათია
შეამჩნიეთ თუ არა იმ მომენტში რაიმე განსხვავება? კერძოდ, რა?
მიუბრუნდით სიტუაციას.
ამჟამად შეგიძლიათ თუ არა რომელიმე მსგავსების დასახელება? კერძოდ, რომლის?
ამჟამად შეგიძლიათ თუ არა რომელიმე განსხვავების დასახელება? კერძოდ, რომლის?
ამჟამად როგორ დაახასიათებდით საკუთარ ფიქრებს, გრძნობებსა და ქმედებებს?
პირველი ფიქრები
აირჩიეთ ქვემოთ მოცემული ერთი ან რამდენიმე ვარიანტი და დაასრულეთ წინადადება და/ ან დაამატეთ საკუთარი მოსაზრებები.
* იმ სიტუაციაში ჩემი მოქმედება შესატყვისი იყო, რადგან რაც მე გავაკეთე…
* ვფიქრობ, სხვაგვარად უნდა მოვქცეულიყავი…
* ჩემი აზრით, საუკეთესო იქნებოდა ჩემი რეაქცია, თუ…
* ჩემი რეაქცია ნორმალური იყო, რადგან…
* მე ასე დავმალე საკუთარი ემოციები… 
6. საუბარი
გაიხსენეთ, სხვა ადამიანებთან საუბრისას ან წერილის მიწერისას გიწევდათ თუ არა ადაპტირება (სიტყვების შერჩევა/მორგება).
პირველი ფიქრები
თეორია – კომუნიკაციური ცნობიერება
შემდგომი ფიქრები – მაგალითი:
* მათ ჩემს ენაზე ვესაუბრებოდი და შევამჩნიე, რომ განსაზღვრული ცვლილებები იყო საჭირო, უკეთ რომ გაეგოთ ჩემი ნათქვამი, მაგალითად…
* მათ ჩემს ენაზე არ ვესაუბრებოდი და განსაზღვრული ცვლილებები დამჭირდა, რათა უკეთ გაეგოთ ნათქვამი (გამარტივება / ჟესტებით ახსნა, სიტყვის ახსნა…)
* შევამჩნიე, როგორ საუბრობდნენ – ამარტივებდნენ, იყენებდნენ ჟესტებს, ნელა საუბრობდნენ…
* გქონდათ თუ არა რაიმე ცოდნა ან გამოცდილება, რომელიც უკეთ კომუნიკაციაში დაგეხმარათ?
პირველი ფიქრები
თეორია – ცოდნა
შემდგომი ფიქრები – მაგალითი:
* ვიცოდი, როგორ ურთიერთობენ და იქცევიან ადამიანები სხვა ჯგუფებში და ეს დამეხმარა მოცემული გამოცდილების გაცნობიერებასა და კომუნიკაციის გაუმჯობესებაში. მაგალითად, ვიცოდი, რომ…
* ვიცოდი, რომ სიტუაციის მონაწილე სხვა ადამიანები განსხვავებულად ფიქრობდნენ და მოქმედებდნენ ბავშვობაში ნასწავლის მიხედვით, მაგალითად…
7. მეტის გაგება
შესაძლოა, იმ სიტუაციაში იყო ისეთი რამ, რამაც თავსატეხი გაგიჩინათ და ეცადეთ, მეტი გაგეგოთ ამის შესახებ. 
თუ ასე იყო, როგორ მოიქეცით?
თუ პასუხი იპოვეთ, როგორ მოახერხეთ ეს?
მაგალითად:
* იყო ისეთი რამ, რაც ვერ გავიგე, ამიტომ ვცადე პასუხის პოვნა კითხვების დასმით / წაკითხვით / ინტერნეტში მოძიებით…
* ინფორმაციის მოსაძიებლად გამოვიყენე შემდეგი წყაროები…
* ინფორმაციის ძიებისას შევამჩნიე შემდეგი მსგავსება და განსხვავება იმასთან, რაც ვიცოდი საკუთარ საზოგადოებაში ცხოვრების გამოცდილებიდან…
* დღემდე თავსატეხს მიჩენს შემდეგი…
თეორია – ცოდნის აღმოჩენა (შემეცნებითი საქმიანობა)
8. შემეცნება შედარების საშუალებით
ადამიანები ხშირად ადარებენ საკუთარ და სხვა ჯგუფსა თუ კულტურას. 
თქვენც ასე მოიქეცით? დაგეხმარათ ეს მომხდარის გაგებაში?
თეორია – ინტერპრეტაცია და დაკავშირება
მაგალითად, 
* ამ გამოცდილებაში იყო რაღაც იმის მსგავსი, რაც ვიცოდი ჩემი საკუთარი ჯგუფის გამოცდილებიდან, კერძოდ…
* ამ გამოცდილებაში იყო რაღაც ჩემი ჯგუფის გამოცდილებისაგან განსხვავებული, კერძოდ…
9. გახსენება და მომავლის ფიქრები
თეორია – კრიტიკული კულტურული ცნობიერება
წარსულის გახსენებისას რა დასკვნებს გამოიტანდით? 
დაასრულეთ შეძლებისდაგვარად მეტი წინადადება:
მომეწონა გამოცდილება, რადგან…
არ მომეწონა გამოცდილება, რადგან…
იყო ცალკეული მომენტები, რომლებიც მისაღები იყო, რადგან…
იყო ცალკეული მომენტები, რომლებიც მიუღებელი იყო, რადგან…
წარმოიდგინეთ, რომ ამის შესახებ კარგად ნაცნობ ადამიანს უყვებით (მაგალითად, დას ან ძმას).
თქვენი აზრით, მათაც იგივე შეხედულება ექნებათ, როგორიც თქვენ გაქვთ? მათთვისაც იგივე მომენტები იქნება მისაღები ან მიუღებელი? 
ეცადეთ მოიფიქროთ, რატომ შეიძლება ჰქონდეთ თქვენთვის კარგად ნაცნობ ადამიანებს, რომლებიც თქვენივე ჯგუფს მიეკუთვნებიან (იგივე ოჯახი, რელიგია, ქვეყანა, რეგიონი და სხვ.), თქვენი მსგავსი რეაქცია და დაწერეთ თქვენეული ახსნა:
შეგცვალათ თუ არა გამოცდილებამ? როგორ?
თეორია – ქმედებაზე ორიენტაცია
გადაწყვიტეთ თუ არა განსაზღვრული მოქმედება ამ გამოცდილების შედეგად? 
რა მოიმოქმედეთ?
გადაწყვეტთ თუ არა მიმართოთ გარკვეულ მოქმედებას ამ ავტობიოგრაფიის შედეგად?
თუ გადაწყვეტთ, რა იქნება ეს მოქმედება? 
მომდევნო სტატიაში შემოგთავაზებთ ავტობიოგრაფიის სანიმუშო ნაწილის თარგმანს.
თარგმნა ნინო ჭიაბრიშვილმა

საყრდენი კონსპექტის როგორც ინფორმაციის კონტეინერის გამოყენება გაკვეთილზე

0
თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცე აქტიურად მოითხოვს სწავლის  აქტივიზაციის მეთოდების გამოყენებას.  ეს არცაა გასაკვირი, რადგან ეროვნული  სასწავლო  გეგმის   მიხედვით   მოსწავლემ  უნდა შეძლოს    საკუთარი ცოდნის დამოუკიდებლად  კონსტრუირება  სხვადასხვა პრობლემების გადასაჭრელად, ცოდნის  სხვადასხვა ელემენტების  სინთეზი და  მიღებული გამოცდილების საფუძველზე ახალი ცოდნის აგება.   შესაბამისად  ამისა სწავლის  აქტივიზაციის მეთოდების სწორად შერჩევა და გამოყენება  სასურველიცაა და აუცილებელიც.   ამ მხრივ  ერთობ  პროდუქტიულია  ბავშვებისათვის ძირითადი საყრდენი კონსპექტების  წარმოების შესწავლა,   რომელზე დაყრდნობითაც მოსწავლეები  ადვილად  შეძლებენ დიდი ზომის მასალის ათვისებას.   

ძირითადი  საყრდენი   კონსპექტი  –  ეს  განსაკუთრებული  ფორმაა  იდეების   ვიზუალური ფორმით  – სქემით,  ნახატებით,  ძირითადი  ცნებების  მეშვეობით  გადმოცემისთვის, ანუ  ესაა  სასწავლო  მასალის  კონსპექტირება ლოგიკურ – მხატვრული გზით. ამ  მხრივ  ისინი  ნამდვილ  კონტეინერს  მოგვაგონებენ, რომელიც სავსეა ყველა საჭირო ინფორმაციით. 
როგორც  პედაგოგიკის  მკვლევარები  მიუთითებენ,  მოსწავლეებს უჭირთ ძირითადი  საყრდენი კონსპექტის   წარმოება. ისინი უბრალოდ მთლიანად, სრულად იწერენ ინფორმაციას. საჭიროა,  მოსწავლეებმა  ისწავლონ  სასწავლო  მასალის  კონსპექტირება, წიგნთან და სტატიასთან  ურთიერთობა,  რაც  აამაღლებს  მოსწავლეთა  წარმატებას   გაკვეთილზე და ზოგადად, გაზრდის მოსწავლის თვითგანათლებას. 

საყრდენი კონსპექტი  ეხმარება მოსწავლეს:
vგადაამუშაოს დიდი ზომის მასალა, მისცეს მას   განსხვავებული სახე, ტიპი, ფორმა;
vზეპირ ანდა წერილობით ტექსტში გამოყოს ყველაზე აუცილებელი და საჭირო (სასწავლო ანდა სამეცნიერო) ამოცანა;
vშექმნას პრობლემის მოდელი (კონცეპტუალური და სტრუქტურული);
v მარტივად დაიმახსოვროს ტექსტი, ადვილად დაეუფლოს  სპეციალურ ტერმინებს;
vდააგროვოს ინფორმაცია უფრო რთული ტექსტების – რეფერატის, მოხსენების და სტატიის დაწერისთვის.
მასწავლებელს  შეუძლია თავადაც  შეადგინოს  საყრდენი კონსპექტი და მისცეს მოსწავლეებს   თეზისების  სახით, ანდა  უკარნახოს თემაზე  მუშაობის  პროცესში. რადგან კონსპექტი ყველა იმ ძირითად ტერმინებსა და ცნებებს შეიცავს, რომელიც შეისწავლება, ამიტომ მოსწავლე პროდუქტიულად გამოიყენებს მასწავლებლის შემოქმედებითი შრომის ნაყოფს. 
თუმცა  აქვე ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ აქტიური აღქმის უნარების განვითარება გაცილებით უმჯობესდება მაშინ, როდესაც მოსწავლეები დამოუკიდებლად  შეადგენენ  საყრდენ  კონსპექტებს  გაკვეთილზე ათვისებული სასწავლო  მასალის  საფუძველზე,  ბევრი მოსწავლის აზრითაც ხომ  საერთოდ შეუძლებელია  საყრდენი კონსპექტის  გარეშე სასწავლო მასალის ათვისება. როგორც წესი,  ამგვარი კონსპექტების   წარმოება   შემოქმედებითი,  ანალიტიკური ხასიათისაა, რადგან ადგილი აქვს მასალის გადამუშავებას, შეფასებას, ანუ  ამ დროს მოსწავლე ნამდვილ  სამეცნიერო-კვლევით  საქმიანობაშია ჩართული. 
 
კონსპექტირებისას  უმნიშვნელოვანეს   ნაბიჯს  წარმოადგენს  ძირითადი  ნაწილის, მთავარი აზრის გამოყოფა.  „მთავარი აზრის” (იდეის, თეზისის) შერჩევა დამოკიდებულია კონსპექტის დანიშნულებაზე, მიზანზე, ამოცანაზე. ეს შეიძლება იყოს შინაარსის ნებისმიერი კომპონენტი: ცნება ანდა კატეგორია და მათი განსაზღვრება, კანონი და მისი ფორმულირება, ფაქტები და მოვლენები და მათი ჭეშმარიტების მტკიცებულებები და ა.შ. კონსპექტის წარმოებისას გამოიყენება სხვადასხვა პირობითი ნიშნებიც, ისრები, ხაზგასმა, მარკირება, კითხვითი და ბრძანებითი ნიშნები, PS -ნიშანი (ანუ „ბოლოთქმა”) და ა.შ. 
 
ყველას შეუძლია  შეიმუშაოს  საკუთარი პირობითი ნიშნები,  რომლის დახმარებითაც  შეძლებს  ინფორმაციის  გადმოცემას.  ამგვარი ნიშნების შემუშავების დროს განსაკუთრებულ ადგილს იკავებს „მე-გადაწყვეტილება” – ანუ საკუთარი შეფასების, დამოკიდებულების, თანხმობის თუ უარყოფის გადმოცემა სიტყვებით, ანდა  – ნიშნებით. 

ზოგადად, საყრდენი კონსპექტის გამოყენება გაკვეთილის ყველა ეტაპზეა შესაძლებელი. მაგალითად  განვიხილოთ  ტრადიციული კომბინირებული გაკვეთილი, რომლის დროსაც საყრდენი  კონსპექტი  აქტუალურია: 

1.ცოდნის აქტუალიზაცისას – მოსწავლე  საყრდენ კონსპექტზე  დაყრდნობით აგებს ლოგიკურ პასუხებს,  გადმოცემს თემის ანდა მისი რომელიმე ნაწილის ძირეულ შინაარსს;

2. ახალი მასალის შესწავლისას – ახალი თემის შესწავლისთვის ტექსტთან,   კომპიუტერთან, ცხრილებთან, დამატებით ლიტერატურასთან და ა.შ. მუშაობისას მოსწავლეები მასწავლებლის ხელმძღვანელობით (ანდა დამოუკიდებლად) აფიქსირებენ ძირითად ცნებებს, აზრებს, იდეებს, ლოგიკურ კავშირებს, ქმნიან სქემებს, ნახატებს და  ამ გზით  მიიღებენ  ერთიან, მთლიან კონსპექტს. 

3.ცოდნის გამტკიცებისას, როდესაც ხდება რეპროდუქციული ცოდნის გამოყენება და მიღებული ცოდნის ცვლილება.

კონსპექტის დასრულების შემდეგ  მოსწავლეს შეუძლია მისი წარდგენა კლასისთვის.

საყრდენი კონსპექტი  მრავალი  სახის  არსებობს.  მათ  შორის  განსაკუთრებული მნიშვნელობისაა   თემატური  საყრდენი კონსპექტები, რომლითაც ხდება:

vმასალის გადაცემის სისტემატიზაცია;
vმთავარი აზრის,  შინაარსის გადმოცემა;
vთემის შესწავლა ვიზაულიზაციის: სქემების, ცხრილის, ლოგიკური ჯაჭვის და ა.შ. მეშვეობით.
თემატური საყრდენი კონსპექტის  გამოყენება საშუალებას იძლევა ყველა მოსწავლე ჩაერთოს სასწავლო პროცესში. ამ დროს კონსპექტი ერთგვარი „რეპეტიტორის” როლს ასრულებს, რომელსაც ცოდნის ხარისხის გაუმჯობესებისთვის ნებისმიერ დროს შეიძლება მიმართოს მოსწავლემ. თემატური საყრდენი კონსპექტები მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.  
თანამედროვე  პირობების შესაბამისად პედაგოგიურ  ტექნოლოგიებში   მნიშვნელოვანი  ადგილი  უჭირავს  მოსწავლეებისათვის  ელექტრონული საინფორმაციო  საშუალებების  გამოყენების  და  მათ შორის – ელექტრონული კონსპექტების წარმოების შესწავლას.   ელექტრონული ტექსტი ბეჭდურისგან  განსხვავებით ეკრანზეა განთავსებული. მოსწავლეები სიამოვნებით ქმნიან პრეზენტაციებს, მათ შორის ისეთებსაც, რომელსაც მრავალჯერადად გამოიყენებენ. ისინი ეფექტურად გამოიყენებიან თემატური  თემატური საყრდენი კონსპექტის  წარმოებისთვისაც. 

ელექტრონული  ვერსია  ინფორმაციის შერჩევის ფართო საშუალებას იძლევა,  კომპიუტერის მეშვეობით კი კონსპექტი ერთგვარ „ღრუბლადაც” გადაიქცევა, რომელსაც  ნებისმიერი დოკუმენტის გადატანა, გადახარშვა,  გადამუშავება შეუძლია, თანაც ისე, რომ ფართოდ წარმოადგინოს თემის ყოველი დეტალი, ასპექტი. და ეს ყოველივე ხელს შეუწყობს  დასწავლის პროცესს. 

ელექტრონული  კონსპექტის  წარმოებისას  შესაძლებელია, რომ მოსწავლეებმა:

vგაცვალონ საყრდენი ელექტრონული კონსპექტები და ჯგუფელის კონსპექტის მიხედვით ისწავლონ,  ანდა   თავად შეადგინონ საავტორო ტექსტს ადრე ნასწავლი თემის მიხედვით;
vშექმნან  „მონაცემების უნივერსალური ბანკიც”მოცემული თემის შესახებ;
vკონსპექტის შედგენა შესაძლებელია ჯგუფურადაც, მათ  შორის პოსტერის მეშვეობითაც, რომლის დროსაც  მათი შემოქმედებითი თვისებები კიდევ უფრო გამოვლინდება. ასეთი პოსტერები შესაძლებელია გაკეთდეს როგორც მიმდინარე გაკვეთილის, ასევე განვლილი თემის მიხედვითაც.

საყრდენ კონსპექტზე მუშაობა არ მთავრდება გაკვეთილზე. მოსწავლეები ამ კონსპექტით ისარგებლებენ სახლში დამოუკიდებელი მუშაობის დროსაც, რითაც კიდევ ერთხელ გაიმეორებენ განვლილ მასალასაც.  
მიღებული ცოდნის გამტკიცებას უზრუნველოფს საყრდენი კონსპექტის მრავალჯერადი გამოყენებაც სწავლების მთელი დროის განმავლობაში. ავტომატიცაზიისთვის  ეფექტურია  მინი-გამოკითხვების წარმოება, ანდა მოკლე სემინარების,  რეფერატების და  საკონტროლო  სამუშაობის  შესრულება.   
ყველა ასეთი შემთხვევის დროს კონსპექტის   პირველადი  ფუნქცია – იყოს ინფორმაციის ნამდვილი კონტეინერი – არამარტო შენარჩუნებულია, არამედ, არსებითად,  გაფართოებულიცაა. 

და მაინც, რაში  მდგომარეობს  სასწავლო პროცესში  საყრდენი კონსპექტის როგორც  ინფორმაციის კონტეინერის  გამოყენების  უპირატესობა?

1.საყრდენი  კონსპექტის  მეშვეობით  მოსწავლე ამტკიცებს მიღებულ ცოდნას და ამავე დროს უკვე მიღებული  ცოდნის  საფუძველზე  ეუფლება ახალ ცოდნასაც. ასეთ დროს მოსწავლე სასწავლო საგანს აღიქვამს როგორც ცოდნის მთლიან სისტემას, როგორი დამოკიდებულებაც პრინციპულად აუცილებელია წარმატების მიღწევისთვის;

2.სიმარტივე  და   მასალის სიმცირე  შესაძლებელს ხდის განსაკუთრებული ძალისხმევის  გარეშე  დაეუფლონ ცოდნას;

3. კონსპექტის  წარმოება  შესაძლებელია   უბრალოდ კონკრეტული საკითხით დაინტერესების შემთხვევაშიც   – გამოცდების ჩაბარებისთვის, მომავალი პროფესიული საქმიანობის არჩევისთვის, სამეცნიერო ანგარიშის თუ რეფერატის დაწერისთვის 

4.და ა.შ.

 საყრდენი კონსპექტების  როგორც  ინფორმაციის კონტეინერის გამოყენება  არამარტო ზრდის სასწავლო პროცესის  ეფექტურობას, არამედ დადებითად მოქმედებს შემოქმედებითი, აქტიური ცხვორებისეული პოზიციების ჩამოყალიბებაზე და ეფექტურად შეგვიძლია გამოვიყენოთ სწავლების ყველა საფეხურზე.   
 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...