ოთხშაბათი, აპრილი 30, 2025
30 აპრილი, ოთხშაბათი, 2025

ანონიმური წერილები

0

რამდენიმე დღის წინ თბილისში ეთერ ჭკადუას გამოფენა გაიხსნა. გამოფენა „ანონიმუსი” ქართველი ჰომოსექსუალების რეალურ ისტორიებზე აგებულ ექსპოზიციას წარმოადგენს და ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო, მძიმე და ეფექტური სანახაობაა, რაც კი ოდესმე მინახავს. კედლებზე ნახატებთან, ინსტალაციებსა და პრინტებთან ერთად მარტოობის, სასოწარკვეთილების, შიშის, ტკივილის, გაურკვევლობის, ოცნებების, შეუპოვრობის, სიმამაცის, დინების საწინააღმდეგოდ ცურვის ქრონიკებია განთავსებული, რომლებიც, რაც უნდა ახლოს იცნობდეთ ჰომოსექსუალების ცხოვრების სირთულეებს, რაც უნდა მგრძნობიარე იყოთ მათი პრობლემების მიმართ, მაინც შეგძრავთ.

„არ მინდოდა ჩემი ორიენტაციის გამჟღავნება, რადგან ვიცოდი, რომ ოჯახში ძალიან დიდი პრობლემები შემექმნებოდა, მაგრამ ერთხელაც მამაჩემმა გაიგო, რომ გეი ვარ. ჩემი ოთახის კარი შემოამტვრია, მეცა და მახრჩობდა. სახლში ჩვენ  გარდა  არავინ იყო, ასე რომ, მისი შეჩერებაც ვერავინ შეძლო. ვგრძნობდი, როგორ მაჭერდა ხორხში თითებს და გრძნობას ვკარგავდი. როცა გრძნობა დამიბრუნდა, მიწაზე ვეგდე, ყელში აუტანელ ტკივილს ვგრძნობდი… როგორც გაირკვა, სახლიდან გამომიტანა, მანქანაში ჩამდო და თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე დამაგდო”.

„მთელ რაიონში რამდენიმე ადამიანი ვართ, ვინც ამ საიდუმლოს საგულდაგულოდ ინახავს და ერთმანეთს უაღრესად გასაიდუმლოებულ ვითარებაში ვხვდებით, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. მინდა, რომ აქაურ კაფეში ღიად შემეძლოს საყვარელ ადამიანთან ჩახუტება, მაგრამ ვიცი, მაშინვე ზიზღით სავსე მზერას მივიზიდავთ. ადამიანი ვარ, ცხოველი ხომ არა, რომ მარტო ფიზიკური ურთიერთობა მაკმაყოფილებდეს, ისიც – მკაცრად განსაზღვრულ გარემოში?! ალბათ, ჰეტეროსექსუალი რომ ვყოფილიყავი, არც მე ვიდარდებდი ვიღაც გადაგვარებულ გეებზე. ამიტომ ძალიან ბევრი ფიქრის შემდეგ მივედი დასკვნამდე, რომ ჩვენი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ჩვენ თვითონ უნდა ვიბრძოლოთ. საქართველოშოც მოვა დრო, როდესაც იმის გამო, რომ გეი ხარ, არავინ ჩაგქოლავს და დაგცინებს”.
საგამოფენო დარბაზში თავად ეთერ ჭკადუას რამდენიმე ისტორიასაც წაიკითხავთ, სადაც ის ჰომოსექსუალებთან ურთიერთობის პირად გამოცდილებაზე ჰყვება. ამერიკაში ახლად ჩასული, გაოცებული უყურებდა ქუჩაში ტრანსგენდერებს, უიმედოდ შეჰყვარებია გეი ბიჭი და მის მამასაც, ალბათ ისევე, როგორც ყველა ჩვენგანის ოჯახის წევრებს, ერთსქესიანი ურთიერთობები ავადმყოფობად, ნორმისგან გადახრად მიაჩნდა. ეთერი დიდი ხანია უცხოეთში ცხოვრობს და, როგორც ერთ-ერთ ბოლოდროინდელ ინტერვიუში აღნიშნა, იამაიკაში სულ ორჯერ დაინტერესდნენ მისი ქვეყნის ამბით: 2008 წლის ომის დროს და 2013 წლის 17 მაისის შემდეგ.
„მამა ახალი ჩამოსული იყო ამერიკაში, არ მახსოვს, როგორ, მაგრამ ლაპარაკი ჰომოსექსუალიზმზე ჩამოვაგდე – მგონი, ვსადილობდით, როცა ახლად ჩამოსული მამისთვის დასავლური ფასეულობების ახსნას შევეცადე. მახსოვს, მამამ აღშფოთებულმა მკითხა: შენ ამბობ, რომ ჰომოსექსუალიზმი „ნორმალურია”?!” მე ვუთხარი: დიახ! გამომეტყველებაზე მეტყობოდა, რომ არავის მივცემდი უფლებას, ჩემი გეი მეგობრების შესახებ რამე ცუდი ეთქვა.

ამის მერე მამას აღარასოდეს დაუსვამს ასეთი გულუბრყვილო შეკითხვა. ის სასწრაფოდ „აზრზე მოვიდა”…

ინფორმაციისთვის: ჩემი მამა ლინგვისტია, მთელი ცხოვრება უნივერსიტეტში მუშაობდა სვანური და მეგრული ენების ტოპონიმიკაზე. ის დაიბადა სოფელ ვედში, სვანეთში. ეს სოფელი ზღვის დონიდან ერთ-ერთი ყველაზე მაღლა მდებარეა ევრაზიაში და იქ მხოლოდ 3 ოჯახი ბინადრობდა. ასე რომ, თუ ჩემმა მამამ მიიღო ეს, წესით, ყველა ქართველმა უნდა გაიგოს, მაგრამ დიალოგი აუცილებელია”.
ამ ამბავს იმიტომ გიყვებით თქვენ, მასწავლებლებს, რომ გამოფენაზე მოყოლილი რამდენიმე ისტორია სკოლაში ხდება და ისინი განსაკუთრებით მძიმეა. ვიცი, რომ ისევე, როგორც ჩემს მშობლებს და ეთერის მამას, ბევრს აქვს ჩვენს ქვეყანაში ჰომოსექსუალების მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება, გაუცხოება, ხშირად აგრესიაც. გამონაკლისები ალბათ ვერც მასწავლებლები იქნებით, მაგრამ სანამ კონკრეტული ბავშვის ბედს გადაწყვეტდეთ, სანამ მას სიძულვილის, სასოწარკვეთილებისა და მარტოობისთვის გაწირავდეთ, იქნებ დაფიქრდეთ, თქვენი საქმეა თუ არა სხვისი სექსუალური იდენტობა, თქვენი საზრუნავია თუ არა სხვისი პირადი ცხოვრება და რატომ იქცევა ეს ურთიერთობისას ბარიერად. გვაქვს კი უფლება გადავწყვიტოთ, ვინ ნორმალურია და ვინ – არა, ვინ უნდა იყოს იზოლირებული და ვინ იმსახურებს საჯარო სივრცეში თავისუფლად ცხოვრების უფლებას? შევძლებთ მშვიდად ცხოვრებას, თუ გვეცოდინება რომ ჩვენი აგრესიის გამო ჩვენმა ნაცნობმა თავი მოიკლა და ახლა დედამიწაზე ერთით ნაკლები გეი ცხოვრობს?

„სკოლაში ყველა ჩემს დაჩაგვრას ცდილობდა. ეს ერთგვარი ვალდებულება იყო.  ბიჭები თავიანთ ვაჟკაცობას უსვამდნენ ხაზს, როცა მცემდნენ. მეძახდნენ „პიდარასტს”, „ქალაბიჭას” და „ცისფერს”. მე გადავწყვიტე, თავი მომეკლა… ავიღე ბებიაჩემის წნევის ტაბლეტები და დავლიე… კარგი გრძნობა იყო. სადღაც ყვავილებით სავსე ადგილას აღმოვჩნდი. სასწრაფომ მომისწრო. ვკვდებოდი. დღემდე არ ვიცი, კარგია თუ ცუდი, რომ გადავრჩი. შენს ოთახში დარჩი, – მეუბნებიან. მეც სიამოვნებით დავიმალებოდი, მოგშორდებოდით… მართლა მინდა, რომ ბედნიერები იყოთ”.

„ჩემს თავს ვერ შევაფასებ, მაგრამ მეუბნებიან, რომ კარგად ვხატავ. კლასელებს ხშირად უთხოვიათ, რამე დამიხატე, სახლში გავიკრავო. ჩემი ნახატები თითქმის ყველა ჩემს კლასელს და მეგობარს აქვს, უფრო სწორად, ჰქონდა. ერთხელ ერთ-ერთი მასწავლებელი ჩამაცივდა, „ქალურად” ნუ ლაპარაკობ, „კაცურად”, ბოხი ხმით ილაპარაკეო. რა თქმა უნდა, ვერ შევძელი. იმ დღის შემდეგ გამუდმებით მაძალებდა ბოხი ხმით ლაპარაკს. თუ შევეწინააღმდეგებოდი, მემუქრებოდა, მთელ კლასს გადაგკიდებო.

ერთ მშვენიერ დღეს, როცა მორიგ ჯერზე ჩამაცივდა, ეს საშინელი წნეხი ვეღარ ავიტანე და მთელი კლასის წინაშე განვაცხადე, არ მინდა, „კაცური” ხმა მქონდეს, როგორიც ვარ, ისეთი მინდა ვიყო-მეთქი, უნებლიეთ აღმომხდა.
იქ ტრაგედია დატრიალდა –  მსგავსი არაფერი მინახავს. პირდაპირ გაკვეთილზე, ყველა თანაკლასელი ბიჭი მოვიდა და უშვერად მაგინებდა. გაკვეთილი ჩაიშალა, მაგრამ მასწავლებლი უკიდურესად კმაყოფილი იყო იმით, რომ კლასელები ამიმხედრდნენ. მეორე დღეს ყველა კლასელმა, ბიჭებმაც და გოგოებმაც, ჩემი ნახატები მოიტანა, ჩემ თვალწინ დემონსტრაციულად დახია და ზედ ფეხებით შედგა. მას შემდეგ სკოლაში ფეხი აღარ შემიდგამს. ჩემი ცხოვრების ის ორი დღე არასოდეს დამავიწყდება…”

განათლების სივრცის „ახალი ენა“

0
ახალი სიტყვებისა და ტერმინების შესვლა და დამკვიდრება ნებისმიერ ენაში ჩვეულებრივი და ბუნებრივი პროცესია. თუ განვითარებულ ქვეყნებში ეს პროცესი მეტ-ნაკლებად რეგულირდება, პატარა და ეკონომიკურად სუსტი ქვეყნების ენობრივი კოლონიზაცია უფრო ადვილია, რადგან არ არსებობს მექანიზმი, რომელიც წინ აღუდგება ამ შემოტევას. ის ტემპი, რომლითაც ეს პროცესი დღეს ჩვენს ენაში მიმდინარეობს, იმდენად სწრაფია, რომ არა თუ მართვა, ფაქტობრივად, თვალის მიდევნებაც კი ძნელია. უცხოური ტერმინებისა და შესიტყვებების სიუხვე თვალშისაცემია ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროში და, რაღა თქმა უნდა, არც განათლების სისტემაა გამონაკლისი. ჩვენ თვალწინ თანდათან იქმნება განათლების სივრცის „ახალი ენა”, რომელიც ამ სფეროს დოკუმენტებით, სისტემაში დასაქმებულ ადამიანთა გამოსვლებით, განათლების საკითხებზე მომუშავე ჟურნალისტთა ნაწერებით ფორმირდება და თავის ძალაუფლებას ყოველდღიურად განამტკიცებს. ეს არაა მხოლოდ უცხოური სიტყვები და ტერმინები, თვალშისაცემია ისიც, რომ ბევრი ჩვენთვის ნაცნობი და მშობლიური სიტყვა „ახალ შინაარსს” იძენს და აქამდე უცნობი ფუნქციითა და მნიშვნელობით გვევლინება. იქმნება საშიშროება იმისა, რომ ე.წ. „ენჯეოშნიკური” მეტყველება გააღარიბებს და გააუხეშებს ქართულ ენას. 

განათლების სივრცის „ახალი ენის” ჩამოყალიბება თანამდევი აღმოჩნდა იმ რეფორმებისა, რომლებიც წლების წინ დაიწყო სისტემაში და დღემდე გრძელდება. რადგან ახალი იდეები გამოხატვის ახალ ფორმებს მოითხოვს, თანდათან გამოიკვეთა ის ენობრივი რესურსები, რომლებითაც რეფორმატორებმა განათლების სფეროში დასაქმებულ ათასობით ადამიანს ახალი იდეები ახალი ტერმინებით გააცნეს. რეფორმატორთა სურვილი, ძირფესვიანად შეცვლილიყო სწავლების ძველი სისტემა, არა მხოლოდ სწრაფ ქმედებებში გამოიხატა, არამედ აგრესიულ ლექსიკაშიც. საგანმანათლებლო სივრცეში აქტიურად გაისმა სიტყვები: „წვრთნა”, „აღჭურვა”, „გონებრივი იერიში”, „პილოტირება”, „ინტერვენცია”, „სტრატეგიების მოდიფიცირება”, „ექსტრემალურად პოზიტიური სცენარი”, „კლასის დაძლევის ბარიერის დადგენა”, „საველე გასვლითი სამუშაო”… და უამრავი სხვა. გავეცნოთ ციტატას ერთ-ერთი საგანმანათლებლო ტექსტიდან: „მონაცემთა გაანალიზებისა და პრობლემის გამომწვევი მიზეზების იდენტიფიცირების შემდეგ დგება ინტერვენციის ეტაპი, როდესაც პედაგოგს საშუალება აქვს, მიღებული მონაცემების საფუძველზე შეიმუშაოს სტრატეგია და გადაჭრას პრობლემა”. რეფორმების გარიჟრაჟზე ერთმა პედაგოგმა აღნიშნა, ასე მგონია, ჯარში გამიწვიეს და მეთაურის საბრძოლო ბრძანებებს ვისმენო. თუმცა შემდეგ ყური თანდათან შეეჩვია ახალ ტერმინებს და დღეს ყველა პედაგოგმა იცის, რომ მასწავლებელი უნდა გაიწვრთნას, რათა შემდეგ მოსწავლე გაწვრთნას. ტერმინი „დახელოვნება” თანდათან განიდევნა საგანმანათლებლო სივრციდან და მისი ადგილი „გაწვრთნამ” დაიკავა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ორი ტერმინი შინაარსობრივად მსგავსია, განსხვავებული ნიუანსები აქვს. პირველი ინდივიდის სუბიექტურ არჩევანსა და შემოქმედებით აქტიურობას მოიაზრებს და სინონიმადაც სიტყვა „დაოსტატება” უფრო მიესადაგება, ხოლო მეორე ტერმინი უფრო მეტად გარკვეული ჩვევების უპირობოდ მიღებას გულისხმობს, პედაგოგს პროცესების ობიექტად აღიქვამს და სინონიმადაც „დაგეშვა” უფრო მოუხდება. აკი, ასედაცაა ეს სიტყვა გამოყენებული ხალხურ მეტყველებაში: „კაი ყმა, მგელი, არწივი არცერთი არ გაიწვრთნების”. ზემოთ განხილულ ტერმინთა მსგავსად, განსხვავებული ნიუანსები აქვს ორ გამოთქმას – „მასწავლებლის პროფესიაში შესვლა” და „მასწავლებლის პროფესიის დაუფლება”. გამოთქმა „პროფესიაში შესვლა” ბოლო დროს გავრცელდა განათლების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და ჩინოვნიკების გამოსვლებში, რაც არა მარტო სტილისტურადაა გაუმართავი, არამედ არაკორექტულიცაა. ასევე არაკორექტულია გამოთქმა _ „მასწავლებელი ზედამხედველობას უწევს”. უმჯობესია გამოთქმები: „მასწავლებელი აკვირდება, თვალყურს ადევნებს, ხელმძღვანელობს” და სხვა. მასწავლებლისა და მოსწავლის თანაბარუფლებიანი ურთიერთობის აღსანიშნავად, ალბათ, უფრო შესატყვისი ტერმინი „თანამშრომლობაა”.

განათლების „ახალი ენის” შექმნაში განსაკუთრებული როლი იმ ადამიანებმა იტვირთეს, რომლებმაც სარეფორმო დოკუმენტები მოამზადეს, სავარაუდოდ, თარგმნეს უცხოური ენებიდან. საგანმანათლებლო სივრცეში დამკვიდრდა გამოთქმები: ინტერაქტიური სწავლება, გრიფირებული სახელმძღვანელო, აბიტურის საათი, ექსპლიციტური და იმპლიციტური ინფორმაცია, რელევანტურობა, რეზიუმირების უნარი, მოქმედების მარკერები, ახალი ცოდნის გენერირება, სერტიფიცირება, ფასილიტატორი, მონიტორინგი, საიდენტიფიკაციო კომისია, მენტორი მასწავლებელი, კრედიტქულა, პორტფოლიო, კრეატიულობა, კურიკულუმი, მეტაკურიკულუმი, ტრენინგი, ინტეგრირებული სწავლება, ჰეტეროგენური კლასი, ტუტორი, აპროქსიმაციის პრინციპი, ბულინგი, ინტერაქცია, პროგრამის მოდიფიცირება, საგნობრივი ჯგუფის სწავლების კომპეტენცია, ბაკალავრი, მასწავლებელთა მომზადების საკვალიფიკაციო ჩარჩო, ინკლუზიური განათლება, მულტილინგვური განათლება, სასწავლო პროცესის დიაგნოსტირება, ჰოლისტური მიდგომა, სწავლების ტრანსფარენტული მეთოდი, სწავლების კონსტრუქტივისტული მეთოდი და ასე შემდეგ. უამრავი ამგვარი ტერმინის მოხმობა შეიძლება განათლების დოკუმენტებიდან. ამ ტერმინებიდან ზოგიერთი მართლაც საჭირო და მისაღებია, ზოგიერთი კი _ დასახვეწი ან უარსაყოფი. ახლა მთავარი ისაა, რამდენად შესაძლებელია ამ ტერმინთა დახარისხება, სადაც შესაძლებელია, ქართული შესატყვისების მოძიება, რა ინტელექტუალური და ფინანსური რესურსია საჭირო იმისათვის, რომ ჩვენმა პედაგოგებმა აღარ იკითხონ ასეთი ტექსტები: „ხდება სასურველი განწყობის ფონზე მუშა მეხსიერების აქტიური ჩართულობის შედეგად ინფორმაციის ღრმად გონებაში განთავსება და შესაბამის სიტუაციაში გონივრულად ტრანსფერირება” ან „კონსტრუქტივისტულ აზროვნებაში ძალიან მნიშვნელოვანია სკაფოლინგი”.

ერთ-ერთი ფაქტორი, რომელიც ასევე გავლენას ახდენს „ახალი ენის” ფორმირებაზე, კომპიუტერის ენაა. ახალმა ტექნოლოგიებმა ახალი ტერმინების შემოტანის აუცილებლობა განაპირობა და ვერც ამის საპირწონედ კეთდება ბევრი რამ. ცოდნის გლობალიზაცია გარდაუვალი პროცესია და ის სხვა ფორმებთან ერთად საგანმანათლებლო ტექნოლოგიების გზასაც აქტიურად გამოიყენებს. რაღაც აუცილებლად უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ქართული ენა საერთოდ მოუმზადებელი არ შეხვდეს ამ პროცესს. განათლების მიღების ისეთი ფორმები, როგორიცაა ღია ონლაინ კურსები, ადაპტირებული სწავლება, გეიმიფიკაცია, ჰიბრიდული სწავლება და სხვ., კიდევ უფრო დააშორებს განათლების ენას რეალურ მეტყველებას. ეს დიდი საფრთხე იქნება იმ ენისათვის, რომელმაც დაშეარებას, ლინკს, დრაივერს, ბრაუზერს, აპლიკაციას, დასეივებას და სხვა ტერმინებს ვერაფერი მოუხერხა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ტერმინთაგან ზოგიერთს აქვს ქართული შესატყვისი, უმრავლესობა უპირატესობას მაინც უცხოურ ფორმებს ანიჭებს. ასე რომ, არა მხოლოდ ქართული ტერმინების შექმნაა საშური საქმე, არამედ მათი დამკვიდრების ფორმების მოძიებაც.

განათლების სფერო მჭიდროდაა დაკავშირებული მეცნიერების სხვა დარგებთან და ბუნებრივია, რომ ბევრი ტერმინი მომიჯნავე მეცნიერებებიდანაც შემოდის და რადგან არც იქ არის კარგი მდგომარეობა, განათლების სივრცის ენა კიდევ უფრო მძიმდება უცხოური სიტყვებითა და გამოთქმებით.

გავეცნოთ კიდევ ერთ ამონარიდს საგანმანათლებლო ტექსტიდან: „ითვლება, რომ მოსწავლეს, რომელსაც კარგად აქვს განვითარებული მეტაკოგნიტური უნარები, შეუძლია დაგეგმოს, აწარმოოს მონიტორინგი და შეაფასოს საკუთარი სწავლის პროცესი. საჭიროების შემთხვევაში კი, მუშაობის დროს გამოყენებული სტრატეგიები შეცვალოს ან მათი მოდიფიცირება მოახდინოს”. ავტორის სათქმელი მეტ-ნაკლებად გასაგებია: მოსწავლეს, რომელიც კარგად აზროვნებს, შეუძლია საკუთარი სწავლის პროცესი გონივრულად მართოს. მოსაზრება, რომელიც შეიძლება ნათლად ჩამიყალიბდეს ტექსტში, ზოგჯერ უცხოურ ტერმინთა ლაბირინთებში იკარგება. პედაგოგს კი მკაფიოდ და გასაგებად დაწერილი ტექსტი უფრო დაეხმარება პრაქტიკულად გამოიყენოს ახალი მეთოდები და მიდგომები, უფრო უმტკივნეულოდ შეძლოს სიახლეების ათვისება და პროფესიული დაოსტატება.

თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ განათლების სფეროში მიმდინარე პროცესებით ქვეყნის მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი _ უამრავი პედაგოგი, მოსწავლე, მშობელი _ არის დაინტერესებული, განათლების ენაც მეტ-ნაკლებად ხელმისაწვდომი და გასაგები უნდა იყოს არა მხოლოდ სპეციალისტებისათვის, არამედ რიგითი მოქალაქისთვისაც. ვფიქრობ, პედაგოგებსაც უფრო გაუადვილდებათ „ეროვნული სასწავლო გეგმის”, „მასწავლებელთა პროფესიული სტანდარტის”, პედაგოგიკური და მეთოდიკური ლიტერატურისა თუ სხვა ოფიციალური დოკუმენტების აღქმა და განხორციელება, თუ ჩვენი მდიდარი ენის შესაძლებლობებს მაქსიმალურად გამოიყენებენ ის ადამიანები, რომელთაც ამ ტექსტებზე მუშაობა უწევთ. მინდა სიამოვნებით აღვნიშნო, რომ ახალი საგანმანათლებლო სტანდარტის პირველი საფეხურის (I-IV კლასები) სამუშაო ვარიანტი ამ თვალსაზრისით გაცილებით უკეთეს შთაბეჭდილებას ტოვებს, ვიდრე ამჟამად მოქმედი სტანდარტია.

მართებულად მიმაჩნია ყურადღების გამახვილება კიდევ ერთ საკითხზე. განათლების ენაში თვალშისაცემად დამკვიდრდა ისეთი გამოთქმები, როგორიცაა: „პროფესიული განვითარების საჭიროებები”, „მაღალი მოლოდინები”, „სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებები”, „გაზომვადი სასწავლო მიზნები”, „თვითეფექტიანობის განცდის ჩამოყალიბება”, „ცოდნის გაახლება”, „მზაობის გამოვლენა სიახლეების მიღებისადმი”, „მასწავლებელი ღიაა რეკომენდაციების მიმართ”, „მომსახურებას აქვს საგაკვეთილო სახე”, „მოსწავლე უნდა იყოს ქმედობაუნარიანი”, „შინაარსიანი კონტექსტი”, „მოქნილი კითხვა”, „გრაფიკული მაორგანიზებლები”, „კითხვის მთლიანობითი მეთოდი”, „ადრეული ცოდნა”, „სავარჯიშოებში სტიმულირებული რეალური საკომუნიკაციო სიტუაცია” და ა.შ. როცა ნაცნობი სიტყვების ახლებურ გაგებაზე ვსაუბრობდი, სწორედ მათ ასეთ უჩვეულო კონტექსტს ვგულისხმობდი. მართალია, გვიმტკიცებენ, რომ „ახალი გაგება” სულ მალე „მშობლიურად” იქცევა და თავს ისე იგრძნობს ენაში, როგორც „არსებული” გაგება გრძნობს, მაგრამ „ცოდნის გაახლებას”, ალბათ, მაინც „ცოდნის გაღრმავება” სჯობს და „რეკომენდაციების მიმართ ღიაობას” _ „რეკომენდაციების მიღება/გაზიარება”, „მზაობის გამოვლენას სიახლეების მიღებისადმი” _ „სიახლეების გაცნობის სურვილი”… და ა.შ.

არასწორი ტერმინებისა და გამოთქმების მიმართ უყურადღებობა და უმოქმედობა სახიფათოა, რადგან ისინი ისე სწრაფად მკვიდრდებიან მეტყველებაში, რომ შემდეგ არასწორ გამოთქმებთან ბრძოლა შეუძლებელი ხდება. ჩვენ თვალწინ დამკვიდრდა „ამბობს” ნაცვლად „იძახის”, „ადრეული ბავშვობის” ნაცვლად _ „ღრმა ბავშვობა”, „გარდაიცვალას” ნაცვლად _ „დაიღუპა” და ა.შ. აბიტურიენტთა ნაწერებში ხომ პირდაპირ სარკესავით არის არეკლილი ჟურნალისტთა და პოლიტიკოსთა უხეირო მეტყველება.

როცა სკოლაში მეთორმეტეკლასელებს გურამ დოჩანაშვილის მოთხრობას _ „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა”_ ვასწავლი, პირველი თავის წაკითხვის შემდეგ ვთხოვ დაახასიათონ ხელმძღვანელი მისი მეტყველების მიხედვით. უმეტესობა წერს, რომ პერსონაჟი განათლებული კაცია, ლოგიკურად მსჯელობს, იყენებს უცხოურ ტერმინებს; იცის მსჯელობისათვის საჭირო ისეთი ენობრივი მახასიათებლები, როგორიცაა: ჯერ ერთი, მეორე, მესამე…; მისი საუბრის სტილი მეცნიერულია და ა.შ.

გავიხსენოთ, როგორ საუბრობს ხელმძღვანელი: „ადამიანის ცხოვრებისეულ მოქმედებაში წარმოების გარეთ, მისი საქციელი ყოველდღიურ საქმიანობაში თანდათან უფრო მნიშვნელოვანი ელემენტი ხდება მის ყოფა-ცხოვრებაში. და ამიტომაც ხაზგასმული ყურადღება უნდა მიექცეს მის თავისუფალ დროს, რომლის სფეროც განისაზღვრება, ჯერ ერთი, იმით რომ წარმოადგენს ადამიანის ფორმირების ერთ-ერთ ფაქტორს შედის რა კომპონენტად მისი ცხოვრებისა და მოქმედების კომპლექსში; მეორე _ რომ ასეთი გამოკვლევა გვეხმარება ადამიანზე სასარგებლო ზემოქმედების მნიშვნელოვანი მექანიზმების გამოვლენაში მთლიანად; დაა, მესამე _ რომ ეს სფერო ნაკლებადაა შესწავლილი, ვიდრე ეკონომიური და სოციალური განვითარების სხვა, არანაკლებ მნიშვნელოვანი კომპონენეტები”.
პერსონაჟის მეტყველებაში მოსაწონი ნამდვილად არაფერია. ახალგაზრდები, რომლებიც უმეტესწილად კრიტიკულები არიან, მის საუბარს არ იწუნებენ. ეს მით უფრო საკვირველია, რომ, როცა ტექსტის დეტალურ განხილვას ვიწყებთ ხოლმე, აღმოჩნდება, რომ ხელმძღვანელის ნათქვამის შინაარსის გაგებაც კი უჭირთ. „ის რთულად საუბრობს, იმიტომ რომ განათლებულია”, არ იტეხს იხტიბარს ზოგი. როგორც ჩანს, რაღაც ხიბლი მართლაც აქვს ბუნდოვნად და „რთულად” საუბარს, რადგან განათლებულობის შთაბეჭდილებას ქმნის. უმეტესწილად ამგვარი ხელმძღვანელები ქმნიან „ახალ ენას”.

მიუხედავად იმისა, რომ ბევრს გულწრფელად სურს საგანგაშო პროცესებს წინ აღუდგეს, გათითოკაცებულად ბევრის არაფრის გაკეთებაა შესაძლებელი. ერთ-ერთი გზა არსებული მდგომარეობის წინააღმდეგ პროტესტია, რაც მხოლოდ „გულის ფხანაა” და რეალურად ვერაფერს ცვლის. საჭიროა სახელმწიფო პოლიტიკა, შესაბამისი კანონმდებლობა, მატერიალური რესურსები, რაც სპეციალიტებს საშუალებას მისცემს არსებული მდგომარეობა გამოიკვლიონ, სათანადო რეკომენდაციები შეიმუშაონ და მოსალოდნელი საფრთხეები აგვაცილონ. გვესმის, რომ ენის ლექსიკა მუდმივად უნდა მდიდრდებოდეს, რადგან მისი ძალა სწორედ ამგვარ განვითარებაშია. განვითარებისთვის ხელის შეშლა კი შეუძლებელია, მით უფრო დღეს, გლობალიზაციის ეპოქაში. საუბარი ხელის შეშლაზე არც არის, საუბარი პროცესების გონივრულად მართვას ეხება, რადგან XXI საუკუნეში, შესაძლოა, ჩვენთვის ყველაზე მტკივნეული საკითხი სწორედ ქართული ენის ყოფნა-არყოფნა აღმოჩნდეს.
 
 

ავტობუსის გაჩერება

0
ერთხელაც ყველას გვბეზრდება საპროგრამო მასალები. ისევე როგორც გვბეზრდება საკუთარი ქალაქები, რომლებიც ახალ ამბებს აღარ გვიყვებიან და საკუთარი თავები, რომლებმაც ფიქრი ისე შეწყვიტეს, როგორც ჩვენმა შეყვარებულებმა სიყვარულის რომელიღაც წელს სასიყვარულო ტექსტების წერა. თითქოს ვიდგეთ გაჩერებაზე და არცერთი სამარშრუტო ტაქსი არ გვიჩერებდეს, რადგან ჩვენი ადგილი აღარ დარჩა. ჩვენ კი სევდიანები ვდგავართ და ველოდებით. ვუყურებთ ახალგაზრდებს, რომლებსაც თავიანთი ცხოვრებისკენ მიეჩქარებათ, მოხუცებს, რომლებსაც საკუთარი ცხოვრება, საბოლოოდ, მაინც გაეპარათ.  ვფიქრობთ, რა იქნებოდა, დრო ისეთივე საკმარისი იყოს, როგორც შავი შოკოლადის უზარმაზარი ფილა. როგორც დედაჩვენების მომზადებული სუპით სავსე თეფში. რა იქნება, ხელს ისევე ვაფარებდეთ, როგორც ამ თეფშს ვაფარებდით ხოლმე ბავშვობაში ნიშნად იმისა, რომ, “კარგი რა, დე, საკმარისია”. ჩვენ, 26 წლის გოგოები, ვდგავართ გაჩერებაზე და ვფიქრობთ, რომ, ჰა, აი, უკვე საკუთარ მომავალში ვართ. 
როგორია დაკარგული დრო?! – პასუხი არ არის. ჩვენი ყველა დრო ისეთი ძვირფასია, როგორც პატარა პრინცის ერთადერთი და განსაკუთრებული ვარდი. ერთხელაც, მე და ჩემი მოსწავლეები ვისხედით და დროზე ვლაპარაკობდით. იმათი დრო გაკვეთილების დრო იყო, ცუდი და კარგი ნიშნების დრო; დედების, მამების, ძმების, დების, ნათესავების დრო; გადატყავებული მუხლების, სახიფათო თამაშების, ახალშეძენილი მეგობრების და ფართო ქუჩების დრო. იმათი დროით თბილისი უზარმაზარი იყო და სულ საინტერესო ამბები ხდებოდა. ისინი ამბობდნენ, რომ დროის დაკარგვა მხოლოდ თამაშისასაა შესაძლებელი, რადგან გატანილი გოლი უმეცარია, სჯობს, მაგ დროს თამარის მეფობის წლებს იზეპირებდნენ. სიზმრების დროც უსარგებლო რამეაო. როგორ მატყუებდნენ, თვალებში მიყურებდნენ და ისე მატყუებდნენ. როგორ უნდოდათ კარგები, დიდები, მონდომებულები, სამაგალითოები და უბეჯითესები გამოჩენილიყვნენ საყვარელი მასწავლებლის თვალში. ამ მასწავლებელმა კი ხმამაღლა თქვა, რომ, შესაძლოა, ცდებოდნენ. აუ, როგორ გაუკვირდათ. მერე მოვიფიქრეთ ახალი თამაში. ვწერდით სიზმრებზე. ოღონდ თავიდანვე შევთანხმდით, რომ სიზმრებზე არ ლაპარაკობენ, სიზმრებზე მხოლოდ წერენ. თათა ვერასდროს იტყოდა ხმამაღლა, რომ ბოლოსწინა სიზმარში დედის მუცელში იჯდა და ბედნიერი მხოლოდ იმის გამო იყო, რომ იმ სიმყუდროვეს ვერც საპროგრამო მასალები თავზესაყრელი სამეცადინოთი დაურღვევდა და ვერც ავისმომასწავებელი საღამოები მთვრალი მამის უხეში და უკმაყოფილო შეძახილებით. ანდრიას სიზმრებს უხვი სიზმრები შევარქვი. იმას სულ სხვადასხვანაირი წვიმა ესიზმრებოდა და არასდროს იყენებდა საწვიმარს. ანდრიას ციდან ხან  მსხვილ-მსხვილი კუპიურები ცვიოდა, ხან – გემრიელობები, ხან – ანა და პირდაპირ ხელებში უვარდებოდა. ანა სულ წინა მერხზე იჯდა ხოლმე, ანდრია – უკან. მათ შორის მანძილი არასდროს მცირდებოდა. ანდრია ხედავდა მსხვილ, შავ ნაწნავს “ჰელოუ ქითის” თმის ვარდისფერი  რეზინით. ერთხელ მითხრა, რომ უმჯობესი იქნებოდა, გოგონები ამ სულელურ კატებს თმაზე არ იბნევდნენ. მერე შევთანხმდით, რომ ცხოველების საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს, თუნდაც ისინი ანას თმაზე ცხოვრობდნენ. რამდენი ხანი ელოდა, რომ ანა თმას გაიშლიდა. ნეტავ როგორები არიან ახლა, ნეტავ ანამ მხოლოდ თმისსამაგრი შეიცვალა?!
თქვენ გგონიათ, რომ უსაქმურები ვიყავით. არამც და არამც. ნიკამ გადაწყვიტა, მწერალი გამოსულიყო. დიახაც. იმან არ იცოდა, რომ პავიჩმა ძალიან მაგარი რაღაცები დაწერა სიზმრებზე. ცოტა რომ გაიზრდება წაიკითხავს და იქნებ, უფრო მაგარი რაღაცები დაწეროს. ნიკა ერთადერთი იყო, რომელიც ხმამაღლა ამბობდა, რომ გოლის გატანისას ისეთი შეგრძნება აქვს, თითქოს მუცელში მილიონობით მწერი ზუზუნებს, გული კი სიხარულისგან სტკივა. ჩვენ ვთქვით, რომ სიხარულიც ზოგჯერ მტკივნეულია. რომ  გამარჯვება  მოძრაობაა. მე კი მაშინ არ ვიცოდი, რომ 26 წლის ასაკში ხანდახან გაჩერების დრო გაქვს. ლოდინის დრო. შესაძლოა, ამ დროს იმაზეც ფიქრობდე, რა ფერის წინდებით ჩაერთო აქციაში “მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან”. შესაძლოა, შეგრცხვეს კიდეც. და სიზმრებივით დაწერო. ხმამაღლა ამას როგორ იტყვი. ჩემი დიდური სოლიდარობა. ჩემი დიდური თანადგომა. ჩემი დიდური და მედიდური ტვინი. ჩემი ცივი გონება, რომელმაც იცის, რომ დაუნის სინდრომი არა დაავადება, არამედ გენეტიკური ცვლილებაა. 
ამას ხმამაღლა როგორ ვიტყვი. 

ენა – უნივერსალური მულტისემიოტიკური სისტემა

0
ენის ძირითადი ფუნქცია ურთიერთგაგებინების ფუნქციაა… თუმცა ამავე ენის მეშვეობით სულ უფრო ნაკლებად ესმით ადამიანებს ერთმანეთის. არა და, უკეთესი საშუალება არ არსებობს. პრიორიტეტი მაინც ენას აქვს და ექნება. განსაკუთრებით როდესაც საქმე ეხება სწავლების პროცესს, როდესაც გაგებინება აზრის გადაცემის მთავარი პირობაა. აზრის გადაცემის სხვა სემიოტიკური სისტემებიც არსებობს, მაგრამ აუდიტორიაში (კლასში) აზრთა ურთიერთგაცვლის მთავარ ფორმად მაინც ლინგვისტური (ენობრივი) ფორმა რჩება. სხვა ფორმები, როგორიცაა: ვიზუალური და აუდიო დამხმარე სემიოტიკური საშუალებებია, სწავლებაში ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ არა ძირითადი.

როგორც მკვლევრები ამბობენ, თანამედროვე სამყარო უფრო მეტად გახდა ვიზუალური აღქმის… რადგან დრო აჩქარდა, ახალი ტექნოლოგიები შემოიჭრა ჩვენს ცხოვრებაში და ადამიანი გამუდმებით „გადარბენაზეა”… ამიტომ ურჩევნია „დაინახოს”, ვიდრე „წაიკითხოს”. ამ მოვლენას კარგად შევამოწმებთ სოციალურ ქსელებში. ვიზუალური ნიშნები სწრაფ აღქმასთან არის დაკავშირებული. ჩვენ შეგვიძლია ერთი „შეხედვით”, მაგალითად, ფოტოს მეშვეობით, გავიგოთ მთელი ამბავი და „დროს არ ვკარგავთ” წავიკითხოთ (ან მოვისმინოთ) ინფორმაცია. „სელფების” სიხშირეც სწორედ ამასთან დაკავშირებული პროცესია. ადამიანი სიტყვების ნაცვლად გამოიხატება ვიზუალურად. ამის საშუალებას სოციალური ქსელები იძლევა, მაგრამ ჩვეულებრივად ცხოვრებაში და ურთიერთობებში ენის გარეშე „ენობრივი ადამიანი” ვერ იქნება. ენა – ეს არის ჩვენი საზღვარიც და უსაზღვროების წყაროც. ამიტომ მართალია ჰაიდეგერი, როდესაც მეტაფორულად ენას წარმოადგენს, როგორც „ყოფიერების სახლს” და სინამდვილის სტრუქტურირების მთავარ საშუალებას.

ახალგაზრდებიც უფრო მეტად უყურებენ ფილმებს და თამაშობენ თამაშებს, ვიდრე კითხულობენ. ეს არის საუკუნის მოცემულობა და ამ პირობებს ჩვენ ვერ გავექცევით.

ვხედავ… მესმის… ვგრძნობ…

ფსიქოლოგები აღქმის მიხედვით ადამიანებს ჰყოფენ: ვიზუალებად, აუდიალებად და კინესთეტიკებად.

ვიზუალები „ხედავენ”, აუდიალებს – „ესმით” და კინესთეტიკები „გრძნობენ”. მაგრამ ასეთ შემთხვევაშიც ენა უნივრესალურია. მეტყველების დიაგნოსტირებით შესაძლებელია დავადგინოთ, აღქმისა და აზროვნების რომელ ტიპს განეკუთვნება ადამიანი. ანუ ეს ყველაფერი მაინც ენით და ენაში გამოიხატება. წარმოიდგინეთ, რომ ენა არის მასალა, რომლისგანაც „ხატავ”, ქმნი მუსიკას და მოქმედებ შეგრძნებებზე….

თუ გინდათ, გაარკვიოთ აღქმისა და აზროვნების რომელ ტიპს განეკუთვნებიან თქვენი სტუდენტები (მოსწავლეები), მოაყოლეთ მათ ერთი და იგივე ამბავი და კარგად მოუსმინეთ და დააკვირდით ლექსიკას, რომელსაც ისინი გამოიყენებენ თხრობისას. 

ვიზუალი – ამბავს გადმოსცემს სიტყვებით, რომელიც ხედვასთან არის დაკავშირებული, ის სურათებად ხედავს ამბავს და თხრობაში ხშირად მიმართავს ზმნას „ვხედავ”. მისი საყვარელი ფრაზებია: „არ მინახავს ეს”, „შევნიშნე, რომ განსაკუთრებულია”, „ეს ნათელს ჰფენს საქმეს”; ნახატები, ხატოვანი აღწერა, ფოტოგრაფია უფრო მნიშვნელოვანია აღქმის ამ ტიპისთვის, ვიდრე სიტყვები; ისინი უეცრად ამჩნევენ იმას, რისი დანახვაც შესაძლებელია: ფერი, ფორმა, ხაზი, ჰარმონია და უწესრიგობა.

აუდიალისთვის – მთავარი არის რიტმი, ჰარმონიულობა, ჟღერადობა და უპირატესობა აქვს ზმნას „მესმის”. დამახასიათებელი ფრაზები: „ვერ ვიგებ, რას მეუბნები”, „ვერ ვიტან ხმამაღალ მელოდიას”, „რა წყნარად საუბრობ”… ამ ტიპისთვის მნიშვნელოვანია ყველაფერი, რაც აკუსტიკურია: ხმა სიტყვა, მუსიკა, ხმაურის ეფექტები;
კინესთეტი – ამბავს გადმოსცემს ემოციებით, მისთვის მთავარი შეგრძნებებია და საყვარელი ზმნა _ „ვგრძნობ”. დამახასიათებელი ფრაზები: არ შემიძლია ამის გაგება, ვგრძნობ სიხარულს, აუტანელი ატმოსფეროა, შენმა სიტყვებმა შემძრა…. დიალოგისას კინესთეტიკებს აინტერესებთ ადამიანის შინაგანი შეგრძნებები;

 მაგალითად, რითი ხვდება ადამიანი, რომ ვიღაცას უყვარს? 
ვიზუალი (ხედვითი აღქმა) _ იმით, თუ როგორ უყურებენ მას;
აუდიალი (სმენითი აღქმა) _ იმით, თუ რას და როგორ ეუბნებიან მას;
კინესთეტი  (შეხებით აღქმა) _ იმით, თუ როგორ ეხებიან;
ჰკითხეთ ადამიანს, სად გაატარებდა შვებულებას სიამოვნებით?

ვიზუალის პასუხი: ლურჯი ზღვა, ყვითელი ქვიშა, კაშკაშა მზე, სარკმლიდან მთიანი პეიზაჟი, გარუჯული გოგო-ბიჭები ზღვაზე….

აუდიალის პასუხი: ტალღების ხმა, დილის სიჩუმე, თოლიების ჭყივილი, ენერგიული მუსიკა, ქარის ხმა…
კინესთეტის პასუხი:  თბილი შხეფები, ზღვის სუნი, ცხელი ქვიშა, რელაქსაცია…

მსგავსი სვარჯიშო-დავალებებით ადვილად განსაზღვრავთ მოსწავლეთა აღქმის ტიპებს.
„ყველაფერი თქვენს ხელშია”

რაკი ვიცით, რომ მსმენელები შეიძლება იყვნენ განსხვავებული აღქმის, აზროვნებისა და შემეცნების ადამიანები, მასწავლებლის მეტყველება ყოველთვის გათვლილი უნდა იყოს  ყველა კატეგორიაზე და, ამავე დროს, ის უნდა შეეცადოს, რომ აზროვნების ყველა არხი გაუხსნას მოსწავლეებს, რათა მათ უკეთ ესმოდეთ საკუთარი თავის, ერთამენთის და ამ გზით აღმოაჩინონ საკუთარი უნარებიც, რისი მეშვეობითაც უკეთესად ორიენტირდებიან მომავალში პროფესიაზე. განსხვავებული პროფესიები ხომ განსხვავებულ უნარებს მოითხოვს…

ადამიანი, ისევე როგორც ენა (ანდა, პირიქით) მულტისემიოტიკური არსებაა, თუმცა მას უფრო მეტად აღქმის, აზროვნებისა და შემეცნების ერთი რომელიმე ფორმა აქვს განვითარებული.

ვფიქრობ, რომ თავიდანვე აღზრდისა და განათლების სისტემაში ჩადებული უნდა იყოს, რომ ბავშვი მრავალმხრივ განვითარდეს და უპირატესი ამ შემთხვევაშიც შეიძლება იყოს ერთი რომელიმე ფორმა, მაშინ ის ამ მიმართულებით უკეთ შეძლებს შემოქმედებით  რეალიზაციას.

საუკეთესო სავარჯიშო ამ მიმართულებით არის მეტაფორული ამბების, ზღაპრების, იგავების თხრობა ადეული ასაკის ბავშვებისთვის. ასეთი მეტაფორული ამბები შეიცავს აზროვნებისა და შემეცნების სამივე ფორმას. გამოკითხვისას  შესაბამისი კითხვებით აქცენტები უნდა გაკეთდეს  ამ ფორმებზე. ასეთი მეთოდით შეძლებთ განუვითაროთ ბავშვებს განსხვავებული უნარები.

მეტაფორული ამბები ერთნაირად მოქმედებს თავის ტვინის მარჯვენა და მარცხენა ნახევარსფეროზე, ამიტომ ხშირად მოუყევით. სასურველია, ამ ნიშნით შერჩეული ტექსტები შევიდეს სასკოლო სახელმძღვანელოებშიც.
ფსიქიკის სიღმისეულ სტრუქტურებზე მოქმედებს ამგვარი ამბავი-მეტაფორები:

ეს ამბავი მოხდა დიდი ხნის წინ ერთ ქალაქში, რომლშიც ცხოვრობდა ბრძენი. მისი სიბრძნის შესახებ შორს იყო ხმა გავარდნილი. მაგრამ ქალაქში ცხოვრობდა ერთი კაცი, რომელსაც გულზე არ ეხატებოდა ბრძენი და გადაწყვიტა, ისეთი კითხვა მოეფიქრებინა, რომელზეც ვერ უპასუხებდა. კაცი წავიდა მინდორში, დაიჭირა პეპელა და მუჭში მოიმწყვდია. იფიქრა, წავალ ახლა და ვკითხავ ბრძენს: მუჭში რომ პეპელა მყავს, ცოცხალია თუ მკვდარიო? თუ მეტყვის, რომ ცოცხალია, ხელისგულებს მოვუჭერ პეპელას და მკვდარს ვაჩვენებ და თუ მეტყვის, რომ მკვდარია, გავხსნი მუჭს და გამოვაფრენ პეპელასო. მაშინ გაიგებს ყველა, ვინ არის ჩვენ შორის უფრო ბრძენიო. 

წავიდა კაცი მუჭში პეპლით ბრძენთან და ეკითხება: მუჭში რომ პეპელა მყავს, ცოცხალია თუ მკვდარიო?  მაშინ ბრძენმა, რომელიც ნამდვილად ჭკვიანი ადამიანი იყო, უპასუხა: „ყველაფერი შენს ხელშიაო”.
მოკლედ, მასწავლებლებო, „ყველაფერი თქვენს ხელშია” და იმოქმედეთ….

ანდერსონი, ფერგი და მე

0

მისი სისხლი ნავთობი იყო. თვალებიდან ცრემლის ნაცვლად ნავთი სდიოდა. ადამიანები ხანდახან ეგრეც იბადებიან. ხანდახან ანუ იშვიათად. დენიელი ამ დაბადების კაცი გახლდათ, სხვა სამყაროების დემიურგი. კოჭლი დემიურგი. ეს კოჭლობა შემთხვევითი საქმე როდია – ღმერთის და იაკობის შერკინების შედეგი და ადამიანისთვის მისი ვერსრულყოფის შეხსენებაა. პოლ ანდერსონის კინოგმირი (2007 წელი, „და იქნება სისხლი” ეპტონ სინკლერის რომანის მიხედვით) არც კეთილია და არც ბოროტი, ან კეთილიცაა და ბოროტიც. ისევე, როგორც ჩვენ. მაგრამ ნავთის სუნის სიყვარული განგვასხვავებს და ის, რომ ამ სუნის საპირწონე მისთვის არც ღმერთია, არც ქვეყანა და არც შვილი. დიახ, არსებობენ ასეთი ადამიანებიც. ადამიანი-დემიურგები.

დიქსონზე, დიქსონზე წადი! – უყვირა რაიანს ალექსმა, ჯერ სერ-ის გარეშე რომ იხსენიებოდა, საღეჭ რეზინს უმოწყალოდ ცეხვავდა და ტრადიციისამებრ აწითლებულიყო. გიგზს ან ესმოდა, ან არა, ის მთელ „არსენალზე” მიდიოდა, საუკუნის გოლთაგანი უნდა გაეტანა. მერე ალექსი კამპ ნოუზე იდგა. აუტის ხაზთან. შმეიხელმა შეშლილივით ჩაირბინა. იმ დღეს იორკისა არაფერი ეცხო, მაგრამ ბურთი კი გამოაგდო, ბაიერნის ფეხბურთელმა გამოიტანა და წითლების 11-მა უმისამართოდ მოუქნია ფეხი. პასი ზუსტი გამოდგა. შერინგემიც. ერთ წუთში ოლე გუნარმა სასწაული შექმნა. შექმნა იმ დღისგან, რომელიც მიუნხენელებისა იყო: გოლის გარდა – ორი ძელი და პიტერის კედელი. თან „მანჩესტერი” უკინოდ და უსქოულზოდ, უკვე ვერგაბრწყინებული ნიკი ბატისა და ნელთბილი იესპერ ბლომკვისტის იმედად, რომელიც სულ კალე ბლომკვისტის ნათესავი მეგონა. მაგრამ 98/99 ასე უნდა დასრულებულიყო: იმის გამო, რაც „არსენალთან” მოხდა, რაც „იუვენტუსთან” მოხდა და იმისთვის, რომ ფერგის მატჩის შემდეგ აუცილებლად ეთქვა: „ფეხბურთი – ეს სისხლიანი ჯოჯოხეთია”. ჯოჯოხეთი, რომელიც სამოთხეს გულისხმობს, რომლის წყალობითაც მე ჩაბნელებული ოზურგეთიდან, გადმოყვანილი შუქით ძლივსგანათებული ოთახიდან (გრაფიკის გამო მალე მხოლოდ ნავთის ლამფის შუქს რომ დასჯერდება), გაჩახჩახებულ კამპ ნოუზე აღმოვჩნდი, ამ დიდ და შემაშინებელ სტადიონზე, რომელიც მერე მთელი ღამე დამესიზმრება.

გაკვეთილების მერე სკოლასთან ახლოს მაგიდის ჩოგბურთს ვთამაშობდით. ერთხელაც, უფრო საინტერესო რომ გამხდარიყო ჩვენი „შეჯიბრება”, გადავწყვიტეთ, საფეხბურთო კლუბების სახელებით შევრკინებოდით ერთმანეთს. იყო ასეთი ჟურნალი – „ფეხბურთი”, ერთ ჩვენგანს ჰქონდა ხოლმე და გუნდების ჩამონათვალი ვნახეთ. ჰოდა, ერთ მათგანს გერბზე დემონი ეხატა. მანერულობის ამბავი იყო თუ რაც იყო, ვთქვი: მე ვიქნები „მანჩესტერ იუანიტედი”. არც ერთი თამაში არ მენახა ამ გუნდის, არც ერთი წევრის სახელი არ გამეგონა, ვიცოდი მხოლოდ დევიდ ბექჰემი, როგორც ვინმე რვეულების გარეკანთა გმირი. ხოლო იმ დღეს ნახევარფინალში გავედი. ნამდვილი „მანჩესტერი” თურმე მეოთხედფინალში იყო – ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში. მერე დავტრიალდი და ერთი მეგობრის არქივს ჩავუჯექი – უმეტესად გაზეთი „სარბიელი” იძებნებოდა. ჩემი გუნდის შესახებ რამე უნდა მცოდნოდა – სირცხვილი იყო, ბოლო-ბოლო. ძველ თამაშებს ვკითხულობდი – პრემიერლიგის მიმოხილვებს. ხომ ამბობენ ჩვენი წინაპრები, რადიოთი რეპორტაჟის მოსმენა სულ სხვა იყო, უცნაური ხილვები მოჰქონდაო, მე საერთოდაც ფურცლებზე ვუყურებდი თამაშებს – დაუვიწყარი ინტიმი, ცალკე თავგადასავალია. დაუვიწყარზე გამახსენდა, დამავიწყდა მეთქვა, ეს 90-იანების მიწურულია, სალარნაკედ ქცეული ტელევიზორების დრო. თამაშებს ადგილობრივი ტელევიზიის შენობაში აჩვენებდნენ, სატელიტური ანტენით იჭერდნენ ერთ თურქულ ტელეარხს (STAR). დასწრება ლარი ღირდა. „ინტერი”-„მანჩესტერია”, განმეორებითი მატჩი. პირველი ოლდ ტრეფორდზე მასპინძლებმა მოიგეს 2:0. რონალდო ვიცოდი. ბაჯოც, ჯორკაეფიც, პალიუკაც – საერთოდ, იმათი უფრო მეტი ვიცოდი, ვიდრე „მანჩესტერის”. იმ დღეს ფენონმენმა ვერ ითამაშა, ვენტოლამ შეცვალა და გაიტანა კიდეც. მერე იყო დაძაბული წუთების წყება, მაგრამ გადავრჩით – სქოულზმა გამთანაბრებელი დაჰკრა. სახლში საოცრად ბედნიერი დავბრუნდი. წითელა შემეყარა.

წითელას ვინ ჩივის, საკითხი უფრო რთულად დგას.

ცრურწმენებს ბავშობიდანვე მიველტვი და ვებრძვი. დიახ, ორივე ერთად. ამიტომაც არ დასრულდა ეს ამბავი. ვიცოდი და ვიცი, რომ უკიდურესი სისულელეა, მაგრამ რაღაც ძალა მიბიძგებდა, რომ, მაგალითად, სანამ შუქი იყო, დაწოლის წინ სამჯერ ვანთებდი და ვაქრობდი. მერე ჩუსტებს სამჯერ ვიღებდი ხელში და ვდებდი. ხან, ბნელ და შემაშინებელ ღამეში, გავდიოდი იქ, უკან, სათხილეში, სადაც ბაბუაჩემმა თავი ჩამოიხრჩო, იმ ხეს ხელს მივადებდი და მერე შეშინებული მოვრბოდი უკან. ძალიან არ მინდოდა, მაგრამ რა გაეწყობოდა. კიდევ, ღამით ფრჩხილებს არ ვიჭრიდი, სკვინჩას სტვენა ან ძაღლის ყმუილი, მეგონა, კაცის სიკვდილს მოასწავებდა და ბევრი სხვა ასეთი ჩემეული თუ ნაკარნახევი ამბავი. ყველაფერი რომ მოვიშალე, „მანჩესტერი” გაჩნდა. ეგრე ჩავუთქვი, რომ თუ იგებს, ის კვირა წარმატებული მაქვს, თუ ვერ – შესაბამისად. სასაცილო საქმე გგონიათ? მე – თქვენზე უფრო. მაგრამ ვიცინი და მწამს.

იმ წლებში, როცა „მანჩესტერს” ჩემპიონთა ლიგის ფინალური ეტაპიდან ხან „მილანი” აძევებდა, ხან – „ბაიერნი”, ერთხელ ბებერ ტრეფორდზე კიდევ ახალგაზრდა ჟოზე მაურინიო იშვა. მე ცოტა ჩამოვშორდი ფეხბურთის ცქერას. რთული წლები მედგა – ციხეში ვასწავლიდი, უნივერსიტეტში რუსთავიდან დავდიოდი, სიყვარულის ფრონტზე სისხლი იღვრებოდა. ბევრი ფული. ბევრი ოცნება. და არ მეცალა ამ ამბისთვის. გაზეთების ჯიხურს რომ ჩავუვლიდი, თუ გარეკანზე გუნდის თამაშის სურათი იყო გამოტანალი, ეგრე შევხედავდი, როგორც რომ განშორებულ სატრფოს – აი, თვითონ რომ გაგშორდება და შენ თან გიყვარს და თან კიდევ ეგო გიტევს. მოსახდელია. მერე შევრიგდით მე და ფეხბურთი. მერე რონალდუ იყო. ტერის მოსკოვში ფეხი დაუცდა. მერე – სხვა, ახალი გუნდი. მერე ფერგი წავიდა. მოიესი მოვიდა. ვან გაალი მოვიდა.

ჰოდა, ეგ არის. ამ საკითხზე ბევრს ვერ ვწერ. ძნელია სიყვარულზე წერა. ყველაზე ძნელი. არადა სულ გეწერება. მაგრამ ვერ. სიყალბის გეშინია. სიტყვის სხვაგან გაქცევის, ზევით. დიდი მცველის, იაპ სტამის პენალტივით.

ზურაბ შევარდნაძე – საუკეთესო მებაღე: „საუკეთესო მასწავლებლები მყავდა“

0
თბილისის ერთ-ერთ ყველაზე ხრიოკ, ქარიან და უსახურ ადგილას პატარა წალკოტია გაშენებული. აქაურობას „გარდენია” ჰქვია, მისი მთავარი მებაღე კი ზურაბ შევარდნაძე გახლავთ. გურიის სოფელ ასკანაში დაიბადა და ამავე სოფლის საშუალო სკოლა დაამთავრა. სკოლას წლების შემდეგაც დიდი სიყვარულით იხსენებს, განსაკუთრებული სითბოთი კი მასწავლებლებზე საუბრობს. იხსენებს სკოლის ეზოში გაშენებულ სკვერსა და ბოსტანს, სახლის ეზოს ბამბუკის ტყესა და ხეხილის რიგებს. სწორედ აქ ყოფნისას ოცნებობდა, რომ ოდესმე საკუთარ სამოთხის ბაღს გააშენებდა და ასეც მოხდა – ზურაბ შევარდნაძის „გარდენია” დღეს თბილისის ყველაზე ლამაზი, ფერადი და სურნელოვანი ადგილია. 


– შეუძლებელია სკოლის პირველი დღე დაგავიწყდეს. ასევე სამუდამოდ გამახსოვრდება სკოლაში გავლილი მნიშვნელოვანი ეტაპები. თქვენ რას გაიხსენებდით?

– ჩემი პირველი 1-ლი სექტემბერი მართლად გუშინდელი დღესავით მახსოვს. მეცვა თეთრი პერანგი და მოკლე შარვალი, მგონი, ბრიჯები. ამის გამო ძალიან მრცხვენოდა, რადგან ყველას გრძელი შარვალი ეცვა. ამის შემდეგ სკოლაში გატარებული თითქმის ყველა დღე მახსოვს: როგორ გავხდი ოქტომბრელი, როგორ მიმიღეს პიონერთა რიგებში. სხვათა შორის, ჩემი რამდენიმე კლასელი ცუდად სწავლის გამო არ მიიღეს და ვფიქრობდი, რა უბედურები არიან, კიდევ კარგი მეც ეგრე არ გავიწირე-მეთქი. 

– დღეს წარმატებული ადამიანი ხართ. საინტერესოა, როგორი მოსწავლე იყავით?

– საკმაოდ ცუდი, სასკოლო პროგრამას არ ვსწავლობდი, სხვა ინტერესები მქონდა. მიყვარდა ცხოველები და მცენარეები, კლასში ჯდომას ტყეში სეირნობა მერჩივნა, რის გამოც სწავლისთვის ნაკლებად ვიცლიდი. ამის მიუხედავად, მაინც კარგი ნიშნები მქონდა, რადგან მასწავლებლებს ვუყვარდი. ცხადია, მეც ამავეთი ვპასუხობდი, რადგან ზოგადად ადამიანები მიყვარს. ძირითადად უფრო გოგონებთან ვმეგობრობდი, ბიჭებს ნაკლებად ვეკარებოდი, არასდროს მითამაშია ფეხბურთი ან კალათბურთი. სპორტული ცხოვრება არც მაშინ მიზიდავდა და არც ახლა. ჩემი ინტერესები ესთეტიკისა და სილამაზისკენ იხრებოდა. მიყვარდა ხელოვნება, ბუნება, კითხვა. 

– რამ ან ვინ ჩამოგიყალიბათ ასეთი ინტერესები?

– ძალიან მშრომელ და მოყვარულ ოჯახში, განათლებული და თბილი ადამიანების გარემოცვაში ვიზრდებოდი. მყავდა საოცარი ბებია და ბაბუა, სამაგალითო ადამიანები, თავდაუზოგავად მშრომელები, სწორი და საღი დამოკიდებულებით. განსხვავეულად აზროვნება და გემოვნება სწორედ მათგან ჩამომიყალიბდა. დიდი ოჯახი გვქონდა, სადილსა და ვახშამზე ყველა ერთად ვიკრიბებოდით, საღამოობით ჩაის სმის რიტუალს ვატარებდით. ამ დროს ვაჯამებდით განვლილ დღესა და ვგეგმავდით მომდევნოს. ბევრს ვსაუბრობდით, ერთმანეთს ვუსმენდით. ოჯახში ამგვარ დამოკიდებულებას ბავშვის ფსიქიკისა და აზროვნების ჩამოყალიბებაში დიდი როლი ენიჭება. 

– ადამიანის ჩამოყალიბებაში უდიდეს როლს თამაშობს მასწავლებელიც. გაიხსენეთ ისინი. 

– საუკეთესო მასწავლებლები მყავდა, საოცარი ადამიანები, საკუთარი საქმის მცოდნე, თავგადადებულები, თბილები, ბავშვების მოყვარულები და სამაგალითონი. იმდენად სწორი ადამიანები იყვნენ, რომ ცუდად მოქცევასა და სწავლას ვერც გაუბედავდი. ზოგი მათგანი დღემდე იქ ასწავლის, რაც მაიმედებს, რომ ჩემს სკოლაში კიდევ გაიზრდებიან კარგი ადამიანები. 

– თქვენთვის ალბათ გამორჩეული იყო ბოტანიკის მასწავლებელი…

– ბოტანიკას რამდენიმე მასწავლიდა, მაგრამ ყველაზე მეტად ის პედაგოგი დამამახსოვრდა, ვინც მისაღები გამოცდებისთვის მომამზადა – ნანა ხომერიკი. მან საგანი არა მხოლოდ ზედმიწევნით მასწავლა, არამედ შემაყვარა კიდეც. ამ სიყვარულის გარეშე ვერც ვისწავლიდი და ვერც ვერაფერს მივაღწევდი. 

– საკლასო ოთახის რაფაზე ჩამომწკრივებული ქოთნის ყვავილები ერთგვარი სტანდარტია. იყო დრო, როდესაც სკოლები ლამაზი ბაღებითაც ამაყობდნენ. თქვენი სკოლა ამ მხრივ გამოირჩეოდა? 

– დღემდე მახსოვს ჩემი სკოლის მებაღე შოთა კაცაძე, რომელიც შეთავსებით შრომის მასწავლებელიც იყო. მისი დამსახურებით ჩვენს სკოლას არაჩვეულებრივი ბაღი და პატარა ბოსტანი ჰქონდა. ბაღში მხოლოდ იმ დროს ცნობილი დეკორატიული მცენარეები იყო გაშენებული, მაგრამ ისე იყო მოვლილი, რომ თანამედროვე სტანდარტისა გეგონებოდა. სკოლის მოსწავლეები  ბაღის მოვლაში აქტიურად ვიყავით ჩართული. ეს პერიოდი დღეს ძალიან თბილად მახსენდება. შემდეგ დაიწყო 90-იანები: უშუქობა, სიცივე, გაჭირვება და ბაღისთვისაც არავის ეცალა. ბოლო წლებში ეს კულტურა ისვე ბრუნდება, მით უფრო დასავლეთ საქართველოში, სადაც მოვლილი ეზო ოჯახის პრესტიჟის საკითხია. გურიაში კი იმდენად თავმომწონე ხალხი ცხოვრობს, მათთვის პრესტიჟი ლამის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, ამიტომ ყველანაირად ცდილობენ, მოვლილი ბაღები ჰქონდეთ.   

– ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობთ, რომ ასეთი ბაღის გაშენებაზე ბავშვობიდან ოცნებობდით. რამდენად სრულყოფილად აგიხდათ ოცნება?  

– როდესაც „გარდენიას” ვუყურებ, მის ბილიკებზე დავდივარ და მცენარეებს ვეხები, ვხვდები, რომ ჩემი ბავშვობის დროინდელი ოცნება ზუსტად ისე ამიხდა, როგორც წარმომედგინა. ოცნების ახდენა დიდი საჩუქარია, რომელიც მერგო და რომელსაც სანუკვარი ჯილდოსავით ვუფრთხილდები. ყოველი დღის გათენება და საღამოს მოახლოვება მახარებს, ბედნიერი ვარ, როდესაც ვხედავ, როგორ იფურჩქნება ყვავილები, როგორ ხარობს ნერგი. ამასთან, ამხელა ბაღის გაძღოლა დიდი შრომაცაა, მთელი დღის განმავლობაში თავდაუზოგავად ვმუშაობ, მაგრამ ამას დიდი სიხარულით ვაკეთებ, რადგან ეს საქმე მიყვარს. გარდა ამისა, მყავს არაჩვეულებრივი გუნდი, ადამიანები, რომლებმაც საუკეთესოდ იციან საკუთარი საქმე, მათ თვალდახუჭული ვენდობი. 

– ინტერვიუს განმავლობაში ბაღში რამდენიმე ბავშვი შევნიშნე. საინტერესოა, როგორია მათი დამოკიდებულება ამ ბაღისა და ზოგადად ბუნების მიმართ? 

– ბუნება ბავშვებს უფროსებზე მეტად უყვართ, მაგრამ მათი სიყვარული გაუცნობიერებელია. ბევრი ზრდასრულის მსგავსად ისინიც ვერ ხვდებიან ბუნების გაფრთხილების აუცილებლობას. ეს გაკვეთილები მათ ჩვენ, უფროსებმა უნდა ჩავუტაროთ, მაგრამ მანამდე თავადვე უნდა შევიგნოთ, რომ ბუნების მოვლა  სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ამის გაგება თანამედროვე ბავშვებს არ გაუჭირდებათ, მიუხედავად იმისა, რომ ციფრული ტექნოლოგიების ბუმის პირობებში იზრდებიან. 

– როგორია თქვენი რეკომენდაცია მასწავლებლების მიმართ? როგორ შეიძლება ბუნების სიყვარული გაუღვიძონ მოსწავლეებს? 

– ჯერ ბუნება თავად უნდა შეიყვარონ – მცენარეების სიყვარული მხოლოდ ფანჯრის რაფაზე შემოდგმული ქოთნის ყავილების მორწყვა არაა. ეცადონ ბავშვები ხშირად ატარონ ბუნებაში, სკვერში, თუნდაც ჩემს ბაღში. ადამიანები დავშორდით ბუნებას და სულ უფრო ვშორდებით, ეს დაგვღუპავს. შვილები მაინც უნდა გადავარჩინოთ. სხვა მხრივ რეკომენდაციას ვერ მივცემ – მე მხოლოდ ადამიანებსა და ბუნებას შორის შუამავლის როლის შესრულება შემიძლია. თუ მოინდომებთ, გასწავლით, როგორ გაიფერადოთ ცხოვრება, როგორ შემატოთ მას ახალი სურნელი და შეგრძნებები. 

– თბილისის ძველ ფოტოებს თუ გადავავლებთ თვალს, დავინახავთ, რომ ქალაქი მწვანეშია ჩაფლული. თანამედროვე თბილისი კი ამ მხრივ პოსტაპოკალიპტურ ნანგრევებს უფრო წააგავს.

– სწორედ ამიტომ ამ ეზოდან იშვიათად გავდივარ. თუ საქმეზე მომიწია გასვლა, ვცილობ, მალე დავბრუნდე. ძალიან მიჭირს მწვანე ფერისგან განძარცვული ქალაქის, უშნო შენობებისა და ესთეტიკას მოკლებულ პეიზაჟების ყურება. ეს არ არის ის ქალაქი, რომელიც ჩვენს შვილებს უნდა დავუტოვოთ. სამწუხაროა ისიც, რომ თითქმის მსგავსი რამ ხდება სოფლადაც. ადამიანებს მატერიალურად იმდენად უჭირთ, რომ საკუთარ გარემოს ყურადღებას აღარ აქცევენ. 

– გყავთ შეგირდები? არიან მებაღეობით დაინტერესებული ახალგაზრდები?

– მე საქართველოს საპატრიარქოს დეკორატიული მებაღეობის საზოგადოებრივ კოლეჯს ვხელმძღვანელობ. ეს სასწავლებელი უკვე მერვე წელია არსებობს და წლის განმავლობაში 200-ზე მეტი მსმენელი გვყავს. საოცარი მოსწავლეები მყავს, ძალიან მონდომებულები და საქმის მოყვარულები. ზოგი ჩემი თანამშრომელი  სწორედ ამ კოლეჯის კურსდამთავებულია. მათი შემხედვარე მაქვს იმედი, რომ ჩემი პროფესია მომავალშიც გაგრძელდება და ამ დარგის უკეთესი სპეციალისტები გვეყოლება.

 

– „გარდენიას” შესახებ ყველას სმენია. ხშირად აქაურობას სამოთხესაც ადარებენ, რაშიც, შეუძლებელია, არ დაეთანხმო. როგორ წარმოგიდგენიათ მისი მომავალი? რა მიმართულებით აპირებთ ბაღის განვითარებას? 

– ამჟამად ბაღი საკმაოდ დიდ ტერიტორიას იკავებს, რაც ჩემთვის სრულიად საკმარისია, ამრიგად საზღვრების გაზრდაზე არ ვფიქრობ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მის განვითარებასაც შევწყვეტ. პირიქით, „გარდენია” ყოველდღიურად იზრდება, უახლოეს გეგმებში კი მის ტერიტორიაზე რამდენიმე სახელოსნოს გახსნა შედის. მალე გავხსნით თიხისა და ხის ნაკეთობების, ასევე კალათების დაწნის სახელოსნოებს, სამკერვალოსა და სხვა მსგავსი ტიპის პატარა საამქროებს. ვაპირებ სამებაღეო ჟურნალის გამოცემასაც. მინდა, „გარდენია” მეუნეობიდან ერთგვარ საზოგადოებად ჩამოყალიბდეს, სადაც ბევრი ადამიანი იტრიალებს, რადგან როგორც ადამიანებს სჭირდებათ ბუნება, ისე სჭირდება ამ მცენარეებს ადამიანები. 
ესაუბრა ია ვეკუა 

პირველი ნაბიჯები დროში გასაგნებად

0

პატარებს უჭირთ დროის აღქმა. მათთვის გასაგები და მისაღები აწმყო დროა, ის, რაც ახლა, ამჟამად ხდება. მათ თანდათან უწევთ გაიაზრონ დროდა დროის ის სისტემა, რომელიც კაცობრიობამ შექმნა. საბავშვო ბაღის წინასასკოლო პერიოდში ბავშვები იწყებენ ამ სისტემებთან გაშინაურებას, თუმცა პირველ კლასში თავს იჩენს ის ფაქტი, რომ უმრავლესობას არ აქვს მყარი ცოდნა წელიწადის, თვეების, კვირის დღეების შესახებ, რომ აღარაფერი ვთქვათ საათის ცნობაზე.

კითხვის საათისათვის შემოთავაზებული ეს ზღაპარი და მისი აქტივობები, ვიმედოვნებთ, გამოგადგებათ მათი ცოდნის გამოსაცდელად, განსამტკიცებლად, თვალსაწიერის გასაფართოებლად და სხვადასხვა მეთოდებით მუშაობის გამოცდილების მისაღებად.

1.ვურიგებთ საკითხავ ტექსტს (დანართი 1) თითოეულ მოსწავლეს. ხმამაღლა კითხვაში მონაწილეობს რამდენიმე მათგანი, სხვებს ვთხოვთ ყურადღებით მიადევნონ თვალი, მონიშნონ უცხო სიტყვები, დასვან შეკითხვები.

2.კითხვის დასრულების შემდეგ გონებრივი იერიშის მეთოდით ვაზუსტებთ ყველა გაუგებარ სიტყვას, ვპასუხობთ ბავშვების კითხვებს და თავად ვეკითხებით:

რამდენი თვეა წელიწადში?
ჩამოთვალეთ თვეები წელიწადის დროთა მიხედვით.
წელიწადის რომელ დროს რა ფერი ჭარბობს ბუნებაში?
რას მიირთმევენ ციყვები ზამთარში?
როგორ ვიცვამთ ზამთარში? ზაფხულში?
რამდენი კვირაა თვეში?
ვინ ჩამოთვლის კვირის დღეებს?
და ასე შემდეგ, თქვენი შეხედულების მიხედვით.

3.განვმარტავთ უცხო სიტყვებს (ფუღურო, აისი, დარდი, გაუჩინარება…);

4.ფურცლებზე ვაწერთ წელიწადის დროთა სახელებს და ვაკრავთ ოთახის სხვადასხვა კუთხეში. ბავშვებს ვთხოვთ, გადანაწილდნენ ამ კუთხეებში თავიანთი დაბადების დღეების შესაბამისად. კიდევ ერთხელ გვეძლევა საშუალება შევამოწმოთ, თუ რამდენად სწორად იციან ბავშვებმა თვეებისა და წელიწადის დროთა შესაბამისობა.(თუ არათანაბარი გადანაწილება მოხდა, ჯგუფური სამუშაოს დაწყებამდე შეგვიძლია მოვახდინოთ რეორგანიზება).

5.ჯგუფებს დასჭირდებათ მასალა: ფურცლები, ფანქრები, ფლომასტერები, წებო, ფერადი ქაღალდები. ვაძლევთ

2 დავალებას: ა) დახატონ ვაშლის ხე თავიანთი ჯგუფის წელიწადის დროის შესაბამისად; ბ) მოამზადონ პრეზენტაცია ზამთრის/გაზაფხულის/ზაფხულის/შემოდგომის შესახებ; ტექსტში მოცემულ აღწერას დაამატონ თავიანთი სათქმელი ამ დროზე.

6.ჯგუფები აკეთებენ ნახატისა და კითხვაზე პასუხის წარმოდგენას.

7.შემდეგი აქტივობა კალენდრის შედგენას ეხება, რაც ჩვენი მონაწილეობით ხდება. გამოვკიდებთ კალენდრისათვის წინასწარ დახაზულ ცხრილს და ვუხსნით ბავშვებს რომელი გრაფა რისთვის არის განკუთვნილი. ვიწყებთ მიმდინარე თვის კალენდრის შედგენას. გონებრივი იერიშით, ვთხოვთ ჩამოთვალონ კვირის დღეები, რაც შეგვაქვს ცხრილში. შემდეგ ვწერთ რიცხვებს და დასვენების დღეებს წითლად აღვნიშნავთ (ამ პროცესში თავად მოსწავლეებიც შეიძლება მონაწილეობდნენ) და განვმარტავთ. ჩვენს კალენდარს ვტოვებთ კედელზე. კალენდრის ქვეშ, მოსწავლეთათვის ხელმისაწვდომ სიმაღლეზე, ვაკრავთ დიდ თეთრ ფურცელს წარწერით ,,ჩემი ერთი ფოტო”.

8.ვაჯამებთ კითხვის საათს და ვგეგმავთ შემდეგი კლასის საათის თემას: მომდევნო კვირაში ყველა მოსწავლემ უნდა მოიტანოს უკანასკნელ წელიწადში გადაღებული საკუთარი ფოტოსურათი და მიამაგროს კლასში მომზადებულ ფურცელს, შეხვედრის დროს კი ერთ წუთში უამბოს თანაკლასელებს ამ სურათის ისტორია და ის, თუ რატომ შეარჩია ეს ფოტო მეგობრებთან მოსატანად. კარგი იქნება, თუ პირველ მაგალითს თავად პედაგოგი მისცემს ბავშვებს და საკუთარ ფოტოსაც წარუდგენს. ამ აქტივობით შეგვიძლია გადასვლა დროის უფრო მცირე საზომ ერთეულებზე დღე-ღამეზე, საათზე, წუთებზე…

მაგრამ ეს უკვე სამომავლო თემაა, თუ მკითხველს ის დააინტერესებს.
დანართი 1

ციყვთა სკოლა

ერთ პატარა მთაზე თავქოჩორა ტყე შრიალებდა. ტყეში იმხელა ხეები იდგა, რომ სამი კაცი ძირს ხელს ვერ შემოუწვდენდა. ერთი ხის ფუღუროს თავზე ეწერა ,,ციყვთა სკოლა”.

შუადღისას ფუღუროდან პატარა ციყვები გამოიშალნენ. წვრილი, ციყვური ხმით ლაპარაკობდნენ. ყველა მოწესრიგებულად იყო ჩაცმული, მხარზე ფერადი ჩანთები ჰქონდათ მოკიდებული.

ორნი მოგვიანებით გამოვიდნენ, იქვე, ტოტზე ჩამოსხდნენ და საუბარი გააბეს.

ნეკა, გეხვეწები, დამეხმარე, დღევანდელი დავალების გაგება გამიჭირდა, ხვალ რა უნდა ვუპასუხო მასწავლებელს? – უთხრა მოზრდილმა ციყვმა პატარას, თან ხმაში ტირილი გამოერია.

ანცი, მე ყველაფერი კარგად გავიგე, თან ძალიან საინტერესო იყო, ერთი სული მაქვს, შემდეგ გაკვეთილამდე, რომ საათის ცნობაც ვისწავლო. შენ ეტყობა, არ უსმენდი, მაგრამ ნუ იდარდებ, ყველაფერს აგიხსნი, – დაამშვიდა ციცქნა ციყვმა მეგობარი და ტოტზე უფრო მოხერხებულად მოეწყო.

ოღონდ ახლა დამეხმარე და სულ ყურადღებით ვიქნები, რაო, რაო, წელიწადი რა არისო?

წელიწადი დროა, ხომ გახსოვს, ხუთი წლის როცა გახდი და დედაშენმა თხილებით მორთული დიდი ტორტი გამოგიცხო? მე გესტუმრე და ლამაზი ფოტოალბომი გაჩუქე? იმ ალბომს დიდი ასოებით აწერია, „შენი ერთი წელიწადი”. ასეთი ალბომი მეც მაქვს და დედა ჩემს ფოტოებს თანმიმდევრულად მიკრავს. ახლა შინ რომ მივალთ, გადავათვალიერებ და სულ გამახსენდება, რა მოხდა ამ ერთ წელიწადში.

მეც დავათვალიერებ, ჩემს სურათებსაც აკრავს დედაჩემი. მაგრამ წელიწადი მაინც რა არის?

რა არის და ის დროა, რომელიც შენი ერთი დაბადების დღიდან მეორემდე გადის. მაგრამ ყველამ თავის დაბადების დღიდან რომ ითვალოს, ყველაფერი აირევა, ზოგს როდის აქვს დაბადების დღე და ზოგს – როდის. ამიტომაც წელიწადის დასაწყისად პირველი იანვარი ითვლება. ის წელიწადის დაბადების დღეა.

უჰ, როგორ მიყვარს ახალი წელი, ჩურჩხელები, გოზინაყი…

აი, ისევ სხვაგან გაგექცა გონება. ეგენი მეც მიყვარს, მაგრამ ახლა სხვა რამეზე ვლაპარაკობთ, – იწყინა ნეკამ.
ბოდიში, ბოდიში. გისმენ.

ახლა ის დაიმახსოვრე, რომ ყოველ წელიწადში ოთხი დროა: გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი.

გაზაფხული მეც ვიცი, გაშიშვლებული ხეები ფოთლებს რომ გამოიტანენ, მიწიდან ბალახი თავს რომ ამოყოფს, ენძელები, ყოჩივარდები, იები ამოვლენ და გაალამაზებენ ჩვენს ტყეს…

მართალი ხარ, გაზაფხულზე დათბება, მერე უკვე რომ დაცხება, ზაფხულიც მოვა. ზაფხულში სკოლიდანაც დაგვითხოვენ და დიდი არდადეგები გვექნება. დღე გაიზრდება, მზე ადრე ამოვა და გვიან ჩავა, დიდი დრო გვექნება სათამაშოდ და ნაკადულზე საბანაოდ.
მერე?
მერე შემოდგომა მოვა. შემოდგომას რა სჯობს? ყველა ხილი მწიფდება, თხილი, კაკალი, წიფელი პანტა-პუნტით დაიწყებს ცვენას და ჩვენც მოვაგროვებთ, ფუღუროში კალათებს ავავსებთ. ფოთლები ფერს შეიცვლიან, ჯერ შეწითლდებიან, მერე გაყვითლდებიან, მერე ქარი დაუბერავს და დადგება ფოთლების კორიანტელი. მერე ხომ იცი, რაც იქნება?
მერე კი ვიცი, აცივდება და თოვლი მოვა, თბილი ფეხსაცმელის და ტანსაცმელის ჩაცმა დაგვჭირდება…
სწორედ ეგ იქნება ზამთარი, და შემდეგ წელიწადიც თავიდან დაიწყება, ისევ მოვა ჩვენი დაბადების დღეები… აი, ეგეც შენი წელიწადი. გაიგე?

კი, როგორ არ გავიგე, მაგრამ კიდევ რაღაც თორმეტიო, მაგას რა დაიმახსოვრებს? – ანცი ტოტიდან ჩამოხტა და ფუმფულა კუდი აპრიხა.

წელიწადში თორმეტი თვეა, არც მაგის დამახსოვრებაა თხილის გატეხვაზე ძნელი, თან ვიაროთ და თან თვეები ჩამოვთვალოთ, – ჩამოხტა ნეკაც და ჩანთა მხარზე გადაიკიდა.

ციყვებმა სკუპ-სკუპით გააგრძელეს გზა, თან მიიმღეროდნენ:

იანვარი, თებერვალი, მარტი,
მზემ დაადნო ყინვა-თოვლის დარდი.
აპრილი და მაისი –
ადრე დგება აისი,
ივნისს მოსდევს ივლისი,
აგვისტოა ცხელი,
სექტემბერი ზარს ჩამოჰკრავს
და ოქტომბერს ელის.
ნოემბერი ფოთლებს
დეკემბრამდე მოკრეფს.

ციყვები სიმღერ-სიმღერით დაემშვიდობნენ ერთმანეთს და მეზობელი ხეების ფუღუროებში გაუჩინარდნენ.

დაამარცხეთ ტაბუ და დისკრიმინაცია საკლასო ოთახში

0

ბებიაჩემი ფიზიკის მასწავლებელია. როგორც თავად ამბობს, მის ხელში თაობებს გამოუვლიათ. პირადი გამოცდილებიდან გეტყვით, რომ ბებო პროფესიონალია და საკლასო ოთახში მოსწავლეების ყურადღების კონცენტრაციას ზედმიწევნით ახერხებს. იშვიათად შეჰქმნია მათთან ურთიერთობების სირთულეები. გასულ კვირას ბებოს რჩევა დასჭირდა. მითხრა, რომ მის სადამრიგებლო კლასში განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოსწავლე გადავიდა, რომელმაც მცირე დოზით დისკომფორტი შეუქმნა. წუხდა, რომ სპეციალური ტრენინგი, გავლილი არ აქვს და არ იცის, როგორ დაარეგულიროს ეთიკურად თანაკლასელების დისკრიმინაცია ახალი მოსწავლის მიმართ. რა თქმა უნდა, შესაფერისი რჩევები მივეცი და გამოცემა TheGuardian-ის ამ სტატიის თარგმნაც მას შემდეგ გადავწყვიტე. ჰოდა, თქვენ, თუ მასწავლებელი ხართ და მსგავსი დაბრკოლება შეგქმნიათ, სტატიაში გამოცდილი პროფესიონალების რამდენიმე უნიკალურ რჩევას წაიკითხავთ.  

როგორ მოიქცევით, თუ სკოლის მოსწავლე თანაკლასელებისაგან განიცდის ჰომოფობიურ და რასობრივ დისკრიმინაციას? რა გზებს მიმართავდით, თუ საქმე უფრო რთულადაა, თუ სკოლის მოსწავლე ფსიქიკური პრობლემების გამოა დამცირებული? 

შესაძლოა ბევრი მასწავლებელი ფიქრობს, რომ მდგომარეობის გამოსასწორებლად სპეციალური ტრენინგები და ამ სფეროში სამედიცინო განათლებაა საჭირო. ფაქტი ერთია – ყველა მასწავლებელი ფსიქიატრის როლს ვერ მოირგებს, შესაძლოა, მათ ვერც სპეციალური ტრენინგები გაიარონ, თუმცა არსებობს სასარგებლო აქტივობები, რაც მათ დისკრიმინაციის დაძლევაში დაეხმარება, იზოლირებულ არასრულწლოვნებს მდგომარეობას შეუმსუბუქებს. 

ესაუბრეთ მოსწავლეებს ფსიქიკური ჯანმრთელობისა და პრობლემების შესახებ

შარლოტა უოლკერი, ბლოგერი, რომელიც ფსიქიკური პრობლემების შესახებ წერს, აღნიშნავს, რომ ეს თემა სკოლებში ყოველთვის ტაბუდადებული იყო. მასზე არავინ საუბრობდა. 

12 წლის ასაკში მხოლოდ ბროშურიდან მივხვდი, რომ საშინელი დეპრესია მქონდა. ბროშურა მოზარდთა ფსიქიკურ პრობლემებს ეხებოდა.

შარლოტა ახლა დედაა და კვლავ აღელვებს, რომ სკოლებში ეს პრობლემა ისევ დგას. ის ფიქრობს, რომ ტაბუირება მხოლოდ სტიგმას არ იწვევს, არამედ მსხვერპლის მდგომარეობას იმ მხრივაც აუარესებს, რომ ფსიქიკური აშლილობა უმართავი ხდება.

ჩემი ვაჟის სასკოლო გამოცდილებიდან თუ ვიმსჯელებთ, სკოლის ადმინისტრაცია უფრო ღელავს მოსწავლეების უძილობასა და საგამოცდო სტრესზე, თუმცა ეშინიათ თვალი გაუსწორონ შიზოფრენიას. 

უიოლკერი მიიჩნევს, რომ მასწავლებლები ამ პრობლემას უფრო მეტი გახსნილობითა და გულწრფელობით, მოსწავლეებთან ხშირი საუბრით უნდა ებრძოლონ. 

გასაგებია, რომ გაკვეთილები სქესობრივი განვითარების შესახებ ხშირად პრობლემურია და ბევრ მშობელსა და მასწავლებელს არ სურს ამ თემაზე მოსწავლეებთან საუბარი. თუმცა, როცა საქმე სტიგმასა და ჯანმრთელობას ეხება, აქ დუმილი დანაშაულის ტოლფასია. როცა ყველა მოსწავლე ინფორმირებულია ჯანმრთელობის ამ მდგომარეობის შესახებ, მათ უფრო ნაკლებად უჩნდებათ თანაკლასელის დამცირების სურვილი. 

უარი თქვით დამამცირებელ ტერმინებზე

საკლასო ოთახში ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე საუბრის წამოწყების დროს, აუცილებლად წინასწარ გაეცანით ეთიკურ ტერმინოლოგიას. უამრავი დაკვირვება აჩვენებს, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ გავრცელებულ შეურაცხმყოფელ ტერმინებს ბავშვები ხშირად იყენებენ ყოველდღიურ საუბრებშიც. მასწავლებლები ბოლომდე უნდა ებრძოლონ მოსწავლეების მიერ დისკრიმინაციული ტერმინების გამოყენებას.

კონსულტანტი ფსიქიატრი არუნ ჩოპრა განმარტავს, რომ ტერმინოლოგიის არასწორად გამოყენება ხშირად იწვევს გაურკვევლობას. ასევე ფიქრობს, რომ სპეციალისტებს ბევრი მუშაობა მოუწევთ ტერმინოლოგიის გასაუმჯობესებლად. 

დამამცირებელი ტერმინები რეალურად ვერასოდეს ახსნიან ადამიანის ფიზიკურ მდგომარეობას. თქვენ ვერასოდეს აღწერთ შესაბამისი ტერმინით ადამიანს, რომელიც დიაბეტის მსუბუქი ფორმითაა დაავადებული.

როგორც უკვე აღვნიშნეთ – მეტყველება ღრმა დისკრიმინაციის ხილული ზედაპირია. არაეთიკური ტერმინების განდევნა მეტყველებიდან სრული გამოსავალი არა, მაგრამ მნიშვნელოვანი ბიძგი ნამდვილადაა.

დაეხმარეთ მოსწავლეებს მოუყვნენ თავიანთი ისტორიები თანაკლასელებს

იმისათვის, რომ კარგად შეიგრძნონ ამბავი, ადამიანებმა ისტორიები საკუთარი ყურით უნდა მოისმინონ. შესაბამისად, თანაკლასელებსაც სჭირდებათ ისტორია, რომ კარგად გაიგონ, რეალურად რა სჭირს მათ მიერ შეურაცხყოფილ მოსწავლეს.

როცა საავადმყოფოდან ახლადგამოწერილი მოსწავლე სკოლაში მოდის, ყოველთვის ვცდილობ, რომ მას თავისი ისტორია თანაკლასელებთან მოვაყოლო. მნიშვნელოვანია გამოცდილების გაზიარებაც – როგორ ჩაუტარდა მკურნალობა, როგორ გადალახა, თავს როგორ გრძნობს და ა.შ. – ამბობს დოქტორი კელვინი დეივიდი. ზოგიერთ მათგანს არ სურს საკუთარი ისტორიის მოყოლა, ზოგს – პირიქით. ხშირად მათი უარის მიზეზი ისაა, რომ ისინი საჭირო სიტყვებს ვერ პოულობენ, არ იციან როგორ გადმოსცენ ამბავი. სწორედ აქ სჭირდებათ მათ მასწავლებლების ბიძგი, მხარდაჭერა, რომ სიტყვებს იოლად მიაგნონ. 


წყარო: https://www.theguardian.com/teacher-network/2014/dec/02/mental-health-taboo-classroom



წარატმებას გისურვებთ!

0

ერთი ეგეთი დღე იყო, თეატრალური უნივერსიტეტის მეორე კორპუსში ვისხედით, მე სადიპლომო კინოსცენარს ვაშანშალებდი და ვცდილობდი, ჩემი პედაგოგისთვის, – ძალიან მაგარი მწერალი რომაა და კოტე ჯანდიერი რომ ჰქვია, აი, იმისთვის, – ჩემი პერსონაჟი რაც შეიძლება დამაჯერებლად აღმეწერა. ჰოდა, სხვა ავლადიდებასთან ერთად ერთი ისიცა ვთქვი, ეს ჩემი პროტაგონისტი დიდად წარმატებული ქალია-მეთქი. აქედან იწყება ამ ბლოგის ამბავიც და ჩემი და წარმატების ურთიერთობაც. კოტემ გამაჩერა და მომთხოვა ამეხსნა, რას ნიშნავს წარმატება. მეც დავიწყე და გავიჭედე… უფრო კი იმაზე ჩავიხლართე, რარიგ განსხვავებული ცნებაა „წარმატება” თითოეული ადამიანისთვის და ბოლოს იმ დასკვნამდე მივედი, რომ ეს ჩვენი წარმატება საერთოდაც არ არსებობს. აფერუმო, ამ დასკვნაზე კოტემ და მერე გულწრფელად გამიზიარა, მაგ სიტყვაზე მეტად არაფერი მეზიზღებაო. ჰოდა, აი, ახლა ამ წარმატებაზე, მისდამი მონურ დამოკიდებულებასა თუ ზიზღზე მინდა გელაპარაკოთ.

ჩვენ ისეთ სამყაროში ვცხოვრობთ, სადაც ბავშვებს აღუს თქმისთანავე აჩვევენ, რომ გარშემო კონკურენციაა, მათ უნდა იბრძოლონ და წარმატებას მიაღწიონ. მოსწავლეებთან ჩემი ურთიერთობისას მიღებული გამოცდილებაც იმავეს ადასტურებს, დიდი თუ პატარა ერთხმად გაიძახის, ჩვენი მიზანი წარმატებაა, თუმცა ვიცით, რომ გარშემო კონკურენციაა და უკეთესები უნდა ვიყოთო, მოკლედ, ბაზარმა დაგვარეგულიროსო. ბავშვები ასე იზრდებიან, წარმატებისთვის მებრძოლებად, წარმატების გამო ბევრი სხვა რამის დამთმობებად, წარმატების იდეალის მაღიარებლებად… მაგრამ რა არის წარმატება, ალბათ, ვერც ერთი მათგანი ზუსტად ვერ გეტყვით. ზოგისთვის ესაა ბევრი ფული, ზოგისთვის – წინსვლა პროფესიაში, ზოგისთვის – საყვარელი გოგოსგან შესაბამისი პასუხის მიღება, ზოგისთვის – ჯანმრთელობა… ყველა თავისებურად უყურებს ამ საკითხს და ამაში არაფერია სამწუხარო და სავალალო, საქმე უფრო სხვა რამაა, ის სხვა რამ, საკუთარ თავს საზოგადოებას რომ უწოდებს და გამუდმებით სურს, სიტუაცია აკონტროლოს. აი, ეს კეთილისმყოფელი საზოგადოება ადამიანებს წარმატებულებად და წარუმატებლებად აჯგუფებს და შესაბამისადაც ექცევა. სატელევიზიო თოქშოუები თუ საინფორმაციო გადაცემები გამუდმებით გვიხატავენ წარმატებული ადამიანის ხატს და მერე ისევ იმ ადამიანებს იწვევენ, ვინც ამ ხატის პირობებს აკმაყოფილებს. მაგალითად, წარმატებულია ადამიანი, თუ მას საზოგადოება კარგად იცნობს და სახეზეც ცნობს, მაგრამ რატომღაც იმავე მანდატით ვერ სარგებლობს სხვა ადამიანი, რომელიც სავსებით ბედნიერია, თუნდაც ჩრდილში ყოფნით. ადამიანი, რომელსაც სტაბილური, სასიამოვნო სამსახური და მტკიცე ოჯახი აქვს, სულაც არაა კარგი ყალიბი წარმატებული ადამიანის ნიღბის ჩამოსასხმელად, იმ ადამიანისგან განსხვავებით, რომელსაც არეულ-აწეწილი ცხოვრება ვერ დაულაგებია და ხან რა სკანდალში ეხვევა და ხან რა მარაზმი ემართება… გვინდა თუ არა, ბავშვებიც ეჩვევიან ამ ხატს და ცდილობენ, რაც შეიძლება წარმატებულები იყვნენ, ხშირად კი წარმატებისკენ ამ გაუაზრებელ სწრაფვას საკუთარ ბედნიერებასაც სწირავენ. უარს ამბობენ პირად ურთიერთობებზე, ჰობიზე, რეალურ, შინაგან მისწრაფებებზე, საკუთარი თავისა თუ საკუთარი სამყაროს ძიებაზე და ამის ნაცვლად დღესა და ღამეს ასწორებენ, ოღონდაც ერთი ნაბიჯით წინ წაიწიონ წარმატების გზაზე, რომელიც მკაცრად შემოსაზღვრული კალაპოტით გამოირჩევა.

კიდევ ერთი ინსტიტუცია, რომელიც ბავშვის წარმატებისკენ სწრაფვას განაპირობებს, რა თქმა უნდა, ოჯახია, მშობლები. ისინი ხშირად დაბადებამდეც კი საზღვრავენ შვილის მომავალს და მერე გამალებით შტამპავენ ბავშვს, უვიწროებენ თვალსაწიერს და აფიქრებენ მხოლოდ ერთ კონკრეტულ მიმართულებაზე, რომელსაც, მათი წარმოდგენით, ბავშვი წარმატებისკენ მიჰყავს. ასე ჩნდებიან ჩვენ გარშემო 8-9 წლის პატარები, რომლებსაც უკვე გადაწყვეტილი აქვთ ბიზნესის ადმინისტრირება, არქიტექტორობა, პიარმენეჯერობა და ა.შ. სინამდვილეში ეს მათი მშობლების ოცნებებია, რომლებმაც პირდაპირ თუ ირიბად ჩააწვეთეს შვილებს, რომ თუ კეთილდღეობა სურთ, იმ ბიძიებივით და დეიდებივით კარგი მანქანები, გემრიელი საჭმელი და ბევრი საინტერესო გასართობი, მაშინ მაღალანაზღაურებად პროფესიებს უნდა დაეუფლონ, რათა იმუშაონ ბანკებში, ოფისებში, კანტორებში.

ხშირად გამიგონია ჩემი ოჯახის ახლობლებისა თუ შორეულ-უშორო ნათესავების ბაგეთაგან დედაჩემის მიმართ გამოთქმული გულისტკივილი: „ეჰ, მაინც მსახიობობა მოინდომა, არა?”, „არადა, რა კარგი დიპლომატი გახდებოდა”, „ბიზნესი ესწავლა აზირ”, „ბანკებში ისეთი ხელფასები აქვთ, წასულიყო მაგ მხარეს”, – და ა.შ. საბოლოოდ დიდი ბრძოლის გადატანა გვიხდება მეც და იმ ბავშვებსაც, ვინც სასწორის ერთ პინაზე წარმატების მშობლებისეულ მოდელს დებს, მეორეზე კი საკუთარ ოცნებას და ვისი ოცნებებით დატვირთული პინაც მკვეთრად ექვემდებარება გრავიტაციას. ეს ბრძოლა მრავალმხრივია და ხშირად მარცხით სრულდება. ასე შემომეცალნენ ბავშვობის მეგობრები, რომლებთან ერთადაც ვოცნებობდი ხელოვნებაზე. ზოგი იურისტი გახდა, ზოგი – ბანკირი… არ მინდა იფიქროთ, თითქოს რომელიმე პროფესიას ვაკნინებდე; არა, რა თქმა უნდა. ჩემ გარშემო ისეთი ადამიანებიც არიან, რომლებსაც თხემით ტერფამდე უყვართ საკუთარი პროფესია, რიცხვებზე შეყვარებული ფინანსისტები, რომლებიც დიდ სიამოვნებას იღებენ გამოთვლებისგან, სასამართლო დავებზე გულის ბაგაბუგით მიმავალი იურისტები, რომლებსაც იმ დარბაზში ჯდომაც კი ერთ რამედ უღირთ და ა.შ. მაგრამ დამეთანხმეთ, რომ ასეთი არცთუ ბევრია. პროფესიას უმეტესად რაღაც საერთო დინების მიხედვით, რაღაც გაუგებარი კარნახით ირჩევენ ხოლმე. ეს უცნაური ხმაა, რომელიც თითქოს კონკრეტულად არავის ეკუთვნის, მაგრამ მაინც გაისმის ჩვენ შორის, გუგუნებს, ნიავს დაჰყვება, მოვარდება მოულოდნელად, როცა ფიზიკოსობაზე ოცნებობ და ყურში ჩაგწივის: „სიღარიბეში გინდა მოკვდე?! ბანკში წადი, ბააანკშიიი! ბანკი კარგიაა! ფუული, ბეეევრი ფული!” და ბევრი ფიზიკოსი მიდის ბანკში. იქ კი მათი უმაღლესი მიღწევა უმეტესად უფროსი საკრედიტო ოფიცრის ჩინია. ეს ხომ ლოგიკურია – მათ არ უყვართ ბანკი, ისინი ცდილობენ, იყონ წარმატებულები იქ, სადაც ყოფნა არ უყვართ, ეს კი გადაუჭრელი ნონსენსია.

და მაინც, რა არის წარმატება? ალბათ, საკუთარი თავით კმაყოფილება, ან საკუთარი სურვილების რეალიზების შესაძლებლობის ქონა, ან სიმშვიდის მოპოვება, ან ყოველდღიურობით ბედნიერება, ან საინტერესო ცხოვრება, ან… ან… ან… ცუდი სიტყვები არ არსებობს, არსებობს მხოლოდ სიტყვები, რომლებიც ადამიანმა არასწორად მოირგო, უკუღმა ჩაიცვა და ახლა ელვას ვეღარ პოულობს, რომ შეიკრას.. ალბათ, არც ეს სიტყვა იქნება მავნე, თუ მას სწორ სარჩულს დავუდებთ და, რაც მთავარია, ჩვენს ზომას მოვირგებთ და არა მშობლებისას. მშობლებისა, საზოგადოებისა, ტელემოკარნახეებისა და სხვათა და სხვათა შესაძლოა კიდეც მოგვერგოს, მაგრამ ნახმარი იქნება, გაცვეთილი, ქიმწმენდაში გატარებული და ტანისამოსით მოვაჭრეებს აგრერიგად რომ უყვართ ეს სიტყვა, ისეთი – ახალივით! ანდა ჩინური პატენტებივით ნამდვილს ემსგავსება, მაგრამ ლანჩაზე თუ კარგად დააკვირდებით, „წარმატების” ნაცვლად სიტყვა „წარატმება” ეწერება, ჰოდა, თქვენც წარატმდებით და წარატმდებით მასთან ერთად… და თუ ესაა თქვენი ნამდვილი, გულითადი სურვილი, რაღა დამრჩენია, წარატმებას გისურვებთ ამ საქმეში!

ალტერნატიული შეფასება სასწავლო პროცესში

0

შეიძლება ითქვას, რომ ინგლისური ენის მასწავლებლები ნამდვილად არ უჩივიან საინტერესო და სასარგებლო ტრენინგებისა და სემინარების ნაკლებობას. თბილისის მასწავლებელთა სახლი ხშირად უწევს მსგავსი ღონისძიებების მათთვის ორგანიზებას, რომლებსაც უცხოელი ექსპერტები უძღვებიან. ერთადერთი პრობლემა დროის გამონახვაა, განსაკუთრებით რეგიონების პედაგოგებისათვის. დღეს მინდა ერთ-ერთი ასეთი სამუშაო შეხვედრიდან მიღებული გამოცდილება გაგიზიაროთ. საუბარი შეეხება არაფორმალური შეფასების მნიშვნელობას ზოგადად და შეფასების საშუალებებს. როგორც მოგახსენეთ, ტრენინგი ინგლისურის მასწავლებლებისათვის იყო განკუთვნილი, მაგრამ ზოგიერთი რეკომენდაცია არა მარტო სხვა უცხოური ენების, არამედ სხვა საგნების, განსაკუთრებით ჰუმანიტარული მიმართულების საგნების მასწავლებლებსაც გამოადგებათ.

 

ფაქტია, რომ ბოლო ორი ათეული წელია ინგლისური ენის პოპულარობა მთელს მსოფლიოში გაიზარდა. საქართველოს სკოლებში უკვე რამდენიმე წელია ინგლისური პირველი კლასიდან სავალდებულო სახით ისწავლება. ინგლისური ენის მზარდმა პოპულარობამ ყველაზე ნათლად გამოკვეთა ენის მთავარი დანიშნულება – ადამიანებს შორის კომუნიკაციის დამყარების საშუალება. აღნიშნულ გარემოებას ინგლისური ენის პოპულარობის ზრდასთან ერთად მოჰყვა მნიშვნელოვანი ცვლილებები სწავლების მეთოდიკაში. სწავლების თანამედროვე ტენდენცია, რომელიც ჰუმანისტურ და მოსწავლეზე ორიენტირებულ მიდგომას აღიარებს, უცხო ენის სწავლებისას ყურადღებას კომუნიკაციური უნარების განვითარებაზე ამახვილებს. მნიშვნელოვანი გახდა უცხო ენის სწავლების ისეთი მეთოდები და შეფასების ფორმები, რომელიც სწავლის პროცესში მაქსიმალურად შეამცირებს მოსწავლის სტრესს და შექმნის კეთილგანწყობილ სასწავლო გარემოს. გარკვეულწილად შეიცვალა დამოკიდებულება სასწავლო პროცესის უცილობელი შემადგენელი ნაწილის – შეცდომის მიმართ. ეჭვქვეშ დადგა ის გარემოება, რომ აუცილებელია შეცდომის მყისიერად დაფიქსირება და გასწორება, რადგანაც მიიჩნევა, რომ ასეთი მიდგომა ზრდის მოსწავლის წარუმატებლობის რისკს. უნდა აღინიშნოს, ის რომ ტრადიციული, ე.წ. ,,კალამი-ფურცლის” ტესტირება აღარ წარმოადგენს შეფასების ერთადერთ საშუალებას, რაც სავსებით სამართლიანია, რადგანაც იგი არ იძლევა შესაძლებლობის მაქსიმუმის გამოვლინების საშუალებას, თუნდაც მათთვის, ვისაც გამოკვეთილი კომუნიკაციური უნარები აქვთ.

შეფასების საშუალებების გამრავალფეროვნება და მისი, ე.წ. ალტერნატიული ფორმები გულისხმობს მოსწავლეთა საჭიროებების, ინტერესების, სწავლის სტილის გათვალისწინებას. ის ცდილობს მოახდინოს შეფასების და აქტივობების ერთიან სასწავლო პროცესად ინტეგრირება. ალტერნატიული შეფასება უმეტესად პერფორმანსზეა აგებული და ხაზს უსვამს პოზიტიურ განწყობებს, უპირატესობას ანიჭებს განმავითარებელ შეფასებას.

ალტერნატიული შეფასება ქმნის უკეთეს შესაძლებლობებს მოსწავლესა და მასწავლებლის ეფექტური უკუკავშირისათვის, ადგენს სასწავლო მეთოდების ეფექტურობის ხარისხს, გამოკვეთს მოსწავლის ძლიერ და სუსტ მხარეებს. მნიშვნელოვანია, რომ სწავლების საწყის საფეხურზე მოსწავლეებმა დაინახონ, რომ ისინი თავიანთ ლინგვისტურ კომპეტენციებში წარმატებებს აღწევენ, რაც მათ დამატებით მოტივაციას შეუქმნის. ალტერნატიული შეფასება მოსწავლეს უფრო მონდომებულს ხდის, ხოლო მასწავლებელს აძლევს საშუალებას მთავარი ყურადღება გაამახვილოს სწავლის არა პროდუქტზე, არამედ პროცესზე.

პრაქტიკოსი მასწავლებლებისათვის ადვილი შესამჩნევია, რომ საწყის ეტაპზე დამწყები მოსწავლეები, წესისამებრ, ცუდად ართმევენ თავს ტესტებს. ამასთან, რაც მეტად ვცდილობთ გავზომოთ მათი ცოდნა მკაცრად გაწერილი შეფასების კრიტერიუმებით, შეცდომების რაოდენობა მით უფრო იზრდება. შესაბამისად იზრდება საფრთხე, რომ მოსწავლეს საბოლოოდ მიეკეროს წარუმატებლის იარლიყი და, რაც ყველაზე სამწუხაროა, თვითონაც შეურიგდეს ასეთ მდგომარეობას. ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეები შევაფასოთ ნაკლებად სტრესული მეთოდებითაც, რომლებსაც მოსწავლე აღიქვამს როგორც სწავლა-სწავლების პროცესის შემადგენელ ნაწილს და არა როგორც დამოუკიდებელ პროცესს, რომლითაც მასწავლებელი მის ცოდნას თანაკლასელების ცოდნას ადარებს.

რასაკვირველია, ტესტურ შეფასებას მასწავლებელი გვერდს ვერ აუვლის, მაგრამ ექსპერტები აქაც პოულობენ უკეთეს გამოსავალს. მაგალითად, ზოგიერთი მკვლევარი მომხრეა მოსწავლეების მოსაზრება გათვალისწინებულ იქნას არა მარტო ტესტირების ფორმატზე, არამედ მონაწილეობა მიიღონ მისი კონტენტის შედგენაზე. უფრო მეტიც, შესაძლებელია ისინი ტესტის გასწორების პროცესშიც ჩავრთოთ. ასეთი მეთოდით მოსწავლეების შეფასების ანალიზი მასწავლებელს კარგად დაანახებს მოსწავლეების, როგორც ერთი მთლიანი ჯგუფის ცოდნის დონეს, ასევე მათ განსხვავებულ წარმოდგენებსაც. ამასთანავე მოსწავლეები ხდებიან საკუთარი სწავლის პროცესის აქტიური მონაწილეები და მასწავლებლის მოკავშირეები.

ტესტირების ზემოთდასახელებული ფორმებით წარმართვა სირთულეებთან არის დაკავშირებული და გარკვეული წესების დაცვას მოითხოვს. პროცესი დაახლოებით ასე ვითარდება: მოსწავლეები მასწავლებლის ხელმძღვანელობით ერთად გადაწყვეტენ, რომელი კითხვები და როგორი ფორმით უნდა შევიდეს ტესტში. რამდენიმე დღის განმავლობაში მოსწავლეები საკუთარ კითხვებს წყვილებში ერთმანეთს დაუსვამენ, ხოლო შეცდომის შემთხვევაში თვითონვე გაუსწორებენ მათ. რამდენიმე მეწყვილის გამოცვლის შემდეგ ტესტირებაც შედგება. როგორც ხედავთ შეფასების ეს ფორმა მოსწავლეების კომუნიკაციური უნარების განვითარებასაც უწყობს ხელს.

მიმოვიხილოთ მოსწავლეთა შეფასების რამდენიმე მეთოდი.

არავერბალური პასუხები: უნდა გამოვიყენოთ სწავლების დაწყებით საფეხურზე. მოსწავლეები უმეტესწილად უნდა შეფასდნენ ფიზიკური მოქმედებების წარმოდგენით. (მაგ; ხელებთან დაკავშირებული სხვადასხვა მოქმედების იმიტირება). ძალზე მნიშვნელოვანია ილუსტრირებული სასწავლო რესურსების ყოველდღიური გამოყენება.

ვერბალური პასუხები (ინტერვიუ): შესაძლებელია მივმართოთ სწავლების დაწყებითი საფეხურის გავლის შემდეგ. მაგ; მოსწავლეები ირჩევენ სურათებს, რომლებზეც სურთ საუბარი, მასწავლებელი ეხმარება კითხვებით. როლური თამაშები: კარგად ცნობილი თანამშრომლობაზე აგებული სახალისო აქტივობა, რომელშიც ნებისმიერი ასაკის მოსწავლე კომფორტულად და მოტივირებულად გრძნობს თავს. როლური თამაშები ძალზე მოსახერხებელია ჰუმანიტარულ საგნებში, სადაც მათი გამოყენება მასწავლებლის მხრიდან დიდ გამომგონებლობას არ მოითხოვს, თუმცა შემოქმედებით მასწავლებლებს სხვა მიმართულების საგნებშიც შეუძლიათ მათი გამოყენება (მათემატიკა, ბუნებისმეტყველება და სხვ.)

წერილობითი ნარატივი: მოსწავლეების მოტივირება წერითი დავალებების შესრულებისას შესაძლებელია მათთვის ავთენტურთან მიახლოებული ტექსტების შეთავაზებით: მაგ; წერილების და მიწვევების გაგზავნა, საკუთარი ან წაკითხული ისტორიების გადმოცემა და სხვ. მოსმენილი ან წაკითხული ამბების გადმოცემისას მოსწავლეებს შესაძლოა ვთხოვოთ, რომ თუ საჭიროდ ჩათვლიან შეცვალონ მათი დასასრული თავიანთი შეხედულებისამებრ (მათ შორის ისტორიული მოვლენებიც).

პრეზენტაციები:  პრეზენტაციები მნიშვნელოვანია არა მარტო მოსწავლეების სასაუბრო (გარკვეულწილად წერითი) უნარების განსავითარებლად, არამედ მას შეუძლია მასწავლებელს მისცეს გარკვეული წარმოდგენა მოსწავლის ინტერესების, სამუშაო ჩვევების, საორგანიზაციო უნარების შესახებ. პრეზენტაციები მნიშვნელოვანი აქტივობების ფართო სპექტრს მოიცავს, მათ შორის მხატვრულ კითხვას, წარმოდგენებს, როლური თამაშებს, დრამას, ინტერვიუს და სხვ. ტექნოლოგიების განვითარების პარალელურად პრეზენტაციების პოპულარობა სულ უფრო იზრდება, რადგანაც ჩნდება მათი ელექტრონული მასალებით გამრავალფეროვნების საშუალება. გომესი იძლევა რეკომენდაციას, რომ პრეზენტაციის (ზოგადად საუბრის) პროცესში შესაძლებელია მოსწავლის შეფასება შვიდ ენობრივ უნარზე დაკვირვებით: სხვების გაგება, მსმენელისათვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება, საუბრისას მერყეობის ხარისხი, საუბარში მონაწილეობის სურვილი, საუბრის წამოწყების სურვილი, აკურატულობა (გრამატიკა, ლექსიკა) და თემის განვრცობა.

თვით-შეფასება: სწავლის დაწყებით საფეხურზე მყოფ მოსწავლეს თვითშეფასების უნარი სუსტად აქვს განვითარებული. ამიტომ მას მხოლოდ მაშინ უნდა მივმართოთ, როცა გვეცოდინება, რომ მოსწავლეს ძალუძს საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეების განსაზღვრა. რაც შეეხება ლინგვისტური უნარების შეფასებას, ან მათი გაუმჯობესების ხარისხის განსაზღვრას, ეს მოსწავლისთვის რთული ამოცანაა, თუმცა მეტ-ნაკლები წარმატებით ამ ამოცანისთვისაც შეუძლია თავის გართმევა.

სასწავლო ჩანაწერები: მოსწავლის დღიური, რომელიც შეიცავს მოსწავლის ჩანაწერებს ინგლისური ენის სკოლის გარეთ გამოყენების შესახებ. მასში უნდა ეწეროს სად და როდის მოხდა ენის გამოყენება, რას თვლის წარმატებულად, რას ვერ გაართვა თავი. ჩანაწერებში შეიძლება იყოს ინფორმაცია კლასში ნასწავლი მასალის შესახებაც, რომელსაც იგი ორ ნაწილად დაყოფს: გავიგე – ვერ გავიგე. ასეთი ჩანაწერები მასწავლებელს აწვდის ინფორმაციას მოსწავლის მიერ მეტაკოგნიტური სასწავლო სტრატეგიების გამოყენების შესახებ.

წყვილების და ჯგუფების შეფასება: თანამედროვე სწავლების მეთოდოლოგია სულ უფრო მეტად მოითხოვს მოსწავლეებში ჯგუფური მუშაობის უნარის განვითარებას. სასურველია, დროდადრო მუშაობის დასასრულს მოსწავლეებს თანაკლასელების შეფასება ვთხოვოთ. ამასთანავე მივანიშნოთ, რომ შეფასებისას ხაზი გაუსვან პოზიტიურ მხარეს და გამოყონ ამა თუ იმ მოსწავლის წვლილი ჯგუფის საერთო შედეგში. მასწავლებლის როლი მდგომარეობს შეფასების კრიტერიუმების განსაზღვრასა და პროცესის ხელმძღვანელობაში.

მოსწავლის პორტფოლიო: ითვლება რომ სწავლის პროცესში პორტფოლიოს შექმნის იდეა მხატვრების მიბაძულობით გაჩნდა, რომლებიც პორტფოლიოს დიდი ხანია იყენებენ თავიანთი საუკეთესო ნამუშევრების სხვების მიერ სწრაფად შესაფასებლად. მოსწავლის პორტფოლიომ უნდა ასახოს გარკვეული პერიოდის განმავლობაში მოსწავლის მიერ შესრულებული სამუშაოს მოცულობა, ამასთანავე თვალსაჩინო გახადოს მოსწავლის წერითი, კომუნიკაციური და სხვა უნარების განვითარების პროცესი. ზოგიერთი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ სავსებით შესაძლებელია მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღონ პორტფოლიოს შინაარსის განსაზღვრასა და ნამუშევრების ხარისხის განმსაზღვრელი კრიტერიუმების შედგენაში. პორტფოლიოში მოთავსებული ნამუშევრები შეიძლება ვაჩვენოთ მოსწავლეების მშობლებს, მეგობრებს, სხვა მასწავლებლებს, დაინტერესებულ ადამიანებს. პორტფოლიოს შედგენა მოსწავლე-მასწავლებლის მჭიდრო თანამშრომლობაზეა აგებული. იმისათვის რომ პორტფოლიომ აჩვენოს მოსწავლის პროგრესი, მნიშვნელოვანია ნამუშევრების დათარიღება. სასურველია, პორტფოლიოს რამდენადაც შესაძლებელია მულტიმედია რესურსებით გამრავალფეროვნება. ხარისხიან პორტფოლიოს რამდენიმე უპირატესობა აქვს: იგი ქმნის მოსწავლის მიღწევების ნათელ სურათს განსხვავებულ დავალებებთან მიმართებაში, მოსწავლე ხდება უფრო მეტად ორგანიზებული, უჩნდება საკუთარი შესაძლებლობების მიმართ უფრო მაღალი მოლოდინები, გარკვეულწილად პასუხისმგებელია საკუთარი სწავლის პროცესზე.

დასასრულ გვინდა ყურადღება გავამახვილოთ ორ გარემოებაზე. მრავალფეროვანი ალტერნატიული შეფასების ფორმების გამოყენება საკმაოდ რთულად განსახორციელებელია. იგი მასწავლებლებისგან არა მარტო უზარმაზარ დროს და ენერგიას მოითხოვს, არამედ სუბიექტურობის ელემენტებსაც შეიცავს. მაგალითად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მოსწავლის თვითშეფასება ობიექტური იქნება, თუმცა უფრო მნიშვნელოვანია, მოსწავლემ მოინდომოს თავისი შეცდომების პოვნა. სირთულეების მიუხედავად მასწავლებელმა მათზე უარი არ უნდა თქვა. როგორც ექსპერტები გვირჩევენ, მხოლოდ ალტერნატიულ შეფასებას შეუძლია დააკვირდეს მოსწავლის სწავლის პროცესის დინამიკას, ამასთანავე ალტერნატიული შეფასების ბევრი ფორმა შესაძლებელია ბუნებრივად შეერწყას ყოველდღიურ საკლასო აქტივობებს. ამასთანავე, რასაკვირველია, ძალაში რჩება ტრადიციული ზუსტპასუხიანი ტესტები (სიმართლე-ტყუილი, წყვილების შერჩევა, არჩევითი პასუხი, ე.წ. დახურული კითხვები და სხვ.). ზუსტ პასუხებზე გათვლილი ტესტები ეხმარება არა მარტო მასწავლებელს მოსწავლის მიმდინარე აკადემიური ცოდნის დონის დადგენაში, არამედ ზოგადად საგანმანათლებლო სისტემის გამართულად ფუნქციონირებას (საგამოცდო სისტემის მუშაობა, მოსწავლეთა აკადემიური ცოდნის კვლევა, სხვადასხვა სკოლების მონაცემთა კვლევა და სხვ.) არის აუცილებელი.










ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...