შაბათი, აპრილი 26, 2025
26 აპრილი, შაბათი, 2025

დასწავლის უნარის დარღვევის მქონე მოსწავლეები

0
რით ავხსნით, რომ მოსწავლეს უჭირს კითხვა, წერა ან მათემატიკის სწავლა, მიუხედავად იმისა, რომ არ აქვს ინტელექტუალური დარღვევები, ემოციური პრობლემები ან საგანმანათლებლო შეფერხებები, ხედავს, ესმის და მეტყველებს ნორმალურად? ერთ-ერთი ახსნაა დასწავლის უნარის დარღვევა. ეს არის განსაკუთრებულ მოსწავლეთა შედარებით ახალი, მაგრამ საკამათო კატეგორია. არ არსებობს ამ ცნების საბოლოოდ შეთანხმებული დეფინიცია – გვაქვს რვა სხვადასხვაგვარი განმარტება. მათ შორის ყველაზე გავრცელებული ასეთია: „ერთი ან მეტი საბაზო ფსიქოლოგიური პროცესის დარღვევა, რომელიც ზეპირი ან წერითი მეტყველების გაგებასა და გამოყენებაზე აისახება”. განმარტებათა უმეტესობა ერთმანეთს ეთანხმება იმაში, რომ ამ მოსწავლეთა შესაძლებლობების ფონზე სწავლაში მათი წარმატებები მოსალოდნელზე ნაკლებია.

 

2001 წელს აშშ-ის სპეციალური განათლების ოფისის დეპარტამენტმა სწავლის უუნარობის საკითხების თაობაზე შეხვედრა გამართა. სწავლის სპეციფიკური უუნარობა ამ შეხვედრაზე ასე განმარტეს: სწავლის სპეციფიკური უნარშეზღუდვის ძირითადი არსი პიროვნების სწავლებისა და შემეცნების შინაგან დარღვევებს გულისხმობს. ის სპეციფიკურია იმიტომ, რომ თითოეული ამ დარღვევათაგანი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს შედარებით ვიწრო აკადემიურ შედეგებზე. სწავლის სპეციფიკური უნარშეზღუდვა შესაძლოა შეგვხვდეს სხვა ისეთ უნარშემზღუდველ მდგომარეობებთან კომბინაციაში, როგორებიცაა მენტალური ჩამორჩენა, ყოფაქცევის პრობლემები, სწავლის შესაძლებლობის უქონლობა ან პირველადი სენსორული დეფიციტები, თუმცა სწავლის უუნარობა არც ერთი მათგანით არ არის გამოწვეული.

ზოგ პედაგოგსა და ფსიქოლოგს მიაჩნია, რომ ტერმინ „სწავლის უნარის დარღვევებს” მეტისმეტად ხშირად იყენებენ. მათი აზრით, ბევრი მოსწავლე, რომლებსაც სწავლაში უნარშეზღუდულს უწოდებენ, უბრალოდ, სხვებთან შედარებით ნელა ითვისებს მასალას, ან უცხოენოვანია და ენის პრობლემა აქვს, ანდა თანატოლებს ჩამორჩა ხშირი გაცდენის ან სკოლის ხშირი ცვლის გამო.

მოსწავლეთა მახასიათებლები. სწავლის უნარშეზღუდული ყველა მოსწავლე ერთნაირი არ არის. უნარშეზღუდულობა უმეტესად მჟღავნდება ერთ ან მეტ აკადემიურ სფეროში თავჩენილი სირთულეებით; ცუდი კოორდინაციით, ყურადღების პრობლემებით – ჰიპერაქტიურობითა და იმპულსურობით; სირთულეებით ვიზუალური და მოსმენილი ინფორმაციის სწორად დალაგებასა და თარგმნაში; აზროვნების, მეხსიერების, მეტყველებისა და სმენის დარღვევით; სირთულეებით მეგობრების შეძენისა და შენარჩუნებაში. როგორც ხედავთ, ზოგი ამ მახასიათებელთგანი სხვა სახის უნარშეზღუდვის (მაგ., ყურადღების დეფიციტის) მქონე და ჩვეულებრივ მოსწავლესაც შეიძლება აღენიშნებოდეს. სიტუაციას უფრო მეტად ართულებს ის, რომ სწავლის უნარშეზღუდულ ზოგ მოსწავლეს ამგვარი პრობლემები არ აღენიშნება და ძალიან ცოტას თუ აქვს ერთდროულად ყველა პრობლემა. ერთი მოსწავლე შესაძლოა სამი წლით ჩამორჩებოდეს კითხვაში, მაგრამ მათემატიკაში უსწრებდეს თავის კლასს, მეორეს საპირისპირო ძლიერი და სუსტი მხარეები ჰქონდეს, ხოლო მესამეს თითოეული საგნის სწავლასა და ორგანიზებულობაში აღმოაჩნდეს სირთულეები, რაც ყველა სფეროზე ახდენს გავლენას.

უნარშეზღუდული მოსწავლეებისთვის მეორე ყველაზე ხშირი პრობლემაა მათემატიკა – ანგარიშიც და ამოცანების ამოხსნაც. ზოგი მათგანი წერს და მეტყველებს გაურკვევლად, არაორგანიზებულად. დასწავლის უნარის დარღვევის მქონე მოსწავლეები ხშირად დავალებისადმი მიდგომის ეფექტური გზების დეფიციტს განიცდიან. მათ არ იციან, როგორ გაამახვილონ ყურადღება მნიშვნელოვან ინფორმაციაზე, იყვნენ ორგანიზებულნი, გამოიყენონ სწავლის სტრატეგიები და უნარ-ჩვევები, არაეფექტურობის შემთხვევაში შეცვალონ დამოკიდებულება ან შეაფასონ თავიანთი მეცადინეობა. ისინი მიდრეკილნი არიან პასიური სწავლისკენ, რადგან არ იციან, როგორ უნდა იმეცადინონ. დამოუკიდებლად მეცადინეობა განსაკუთრებით ძნელია, ამიტომ ხშირად საშინაო დავალება ბოლომდე ვერ სრულდება.

ადრეული დიაგნოზი იმითაა მნიშვნელოვანი, რომ მოსწავლეებმა არ იგრძნონ იმედგაცრუება და არ დაკარგონ შემართება. თავად ისინი ვერ ხვდებიან, რატომ უჭირთ სწავლა და ხშირად დასწავლილი უმწეობის მსხვერპლნი ხდებიან. ეს მდგომარეობა პირველად ცხოველებზე ჩატარებული ექსპერიმენტების დროს აღინიშნა. ცხოველები მოათავსეს გარემოში, სადაც მათ ელექტრული შოკით აყენებდნენ ტკივილს, ამ შოკის კონტროლი კი ცხოველებს არ შეეძლოთ. მოგვიანებით, როდესაც სიტუაცია იცვლებოდა და შოკის თავიდან აცილების შესაძლებლობა ეძლეოდათ, საამისოდ აღარც კი ირჯებოდნენ – ისინი უმწეო მსხვერპლობას შეეგუვნენ. დასწავლის უნარის დარღვევის მქონე მოსწავლეებსაც მიაჩნიათ, რომ არ შეუძლიათ საკუთარი სწავლის კონტროლი და ნაკლოვანებათა გამოსწორება. ისინი არასოდეს ცდილობენ, შეიცვალონ მეცადინეობის სტილი და, ამგვარად, პასიურნი და უმწეონი რჩებიან. თავიანთი პრობლემების მიჩქმალვას არასაკმარისი მეცადინეობით ცდილობენ ან იმის შიშით, რომ დავალებას თავს ვერ გართმევენ, თავს არიდებენ ზოგიერთ საგანს. ამის თავიდან ასაცილებლად მასწავლებლებმა მოსწავლეები სკოლაში სათანადო პროფესიონალებს რაც შეიძლება სწრაფად უნდა წარუდგინონ.

დასწავლის უნარის დარღვევის მქონე მოსწავლეთა სწავლება. ასეთი მოსწავლეების დახმარება კვლავ მსჯელობის საგანია. ერთ-ერთი წარმატებული მეთოდია სწავლის უნარისა და მოცემული საგნის (მაგ., კითხვის ან მათემატიკის) შესახებ ინფორმაციის დამუშავება. გაგაცნობთ რამდენიმე წარმატებულ სტრატეგიას.

სკოლამდელი პერიოდი

● ეცადეთ, ვერბალური ინსტრუქციები იყოს მარტივი და მოკლე.

● კონტექსტის სირთულე დიდი სიფრთხილით მიუსადაგეთ ბავშვის განვითარების დონეს.

● მნიშვნელობის ასახსნელად მოუყვანეთ რამდენიმე მაგალითი.

● მიეცით ახალ მასალასთან მეტი პრაქტიკის შესაძლებლობა.

დაწყებითი სკოლის პერიოდი

● გამოიყენეთ მოკლე და მარტივი ვერბალური ინსტრუქციები; მოსწავლეებს გაამეორებინეთ მითითებები, რათა დარწმუნდეთ, რომ გაიგეს.

● გამოიყენეთ მნემონიკა (მეხსიერების სტრატეგიები) მოსწავლეთათვის მეხსიერების გამოსამუშავებლად.

● ძირითადი საკითხები რამდენჯერმე გაიმეორეთ. სწავლებასა და პრაქტიკას დამატებითი დრო დაუთმეთ, აუცილებლობის შემთხვევაში თავიდან შეასწავლეთ.

საბაზო სკოლა და გარდატეხის ასაკი

● უშუალოდ შეასწავლეთ თვითმონიტორინგის სტრატეგიები; ასწავლეთ, საკუთარ თავს დაუსვან კითხვები, მაგალითად: „ვაქცევდი ყურადღებას?”

● ახალი მასალა დაუკავშირეთ.მოსწავლეთა ცოდნის მარაგს.

● მოსწავლეებს შეასწავლეთ გარე მეხსიერების სტრატეგიებისა და აპარატების გამოყენება (აუდიოჩანაწერების, შენიშვნების წიგნაკის, ჩამონათვალის გაკეთება და ა.შ.).

ალბათ მიგაჩნიათ, რომ ბევრი მოსწავლისთვის, რომლებსაც მეტი ხელშეწყობა და უნარ-ჩვევების უფრო დაწვრილებით სწავლება სჭირდებათ, ეს კარგი იდეაა. მართალი ბრძანდებით.

კითხვის სწავლების დროს ასოებისა და ბგერების (ფონეტიკური) ცოდნა, სიტყვის ამოცნობის სტრატეგიების სწავლების კომბინაცია ეფექტური აღმოჩნდა. მაგალითად, მორინ ლოვეტი და მისი კოლეგები კანადაში კითხვასთან დაკავშირებული პრობლემების მქონე მოსწავლეებს ასწავლიდნენ სიტყვის ამოცნობის ოთხ განსხვავებულ სტრატეგიას:

1. სიტყვების ამოცნობას ანალოგების საშუალებით;

2. სიტყვის იმ ნაწილის მოძებნას, რომელიც იციან;

3. სხვადასხვა ხმოვანი ბგერის წარმოთქმას;

4. მრავალმარცვლიან სიტყვებში პრეფიქსებისა და სუფიქსების „მოცილებას”.

მასწავლებლები თითოეულ მოსწავლესთან, სიტყვაში ბგერისა თუ შერეული ბგერების გაანალიზებასთან ერთად, ამ ოთხი სტრატეგიის შესწავლასა და პრაქტიკაში გამოყენებაზეც მუშაობდნენ. უნარ-ჩვევებისა და სტრატეგიების გამუდმებული სწავლება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კითხვასთან დაკავშირებული პრობლემების მქონე მოსწავლეებისთვის./

ემოციური ინტელექტი სასწავლო პროცესში

0
უდავოა, მშობლების უმეტესობა ცდილობს თავიანთი შვილების განათლებაზე თავიდანვე ზრუნვას. ისინი დარწმუნებული არიან, რომ მათ მიერ დროის და თანხის სახით ჩადებული ინვესტიცია მათი შვილების წარმატებული მომავლის გარანტი იქნება. სკოლაში შესვლამდე მშობლები გატაცებით უკითხავენ შვილებს საღამოობით, ასწავლიან დათვლას და ანგარიშს, მათთან ერთად ხატავენ, ხოლო ბავშვების სკოლაში შესვლის შემდეგ პასუხიმგებლობით ამოწმებენ საშინაო დავალებებს, ეხმარებიან სწავლაში და ა.შ. ალბათ შეამჩნევდით, რომ ჩვენ მიერ ზემოთ ჩამოთვლილი ყველა აქტივობა აკადემიურ საქმიანობასთანაა დაკავშირებული. ეს არცაა გასაკვირი, როცა მშობლებს შვილები სკოლაში შეჰყავთ, მათ უპირველესად ბავშვების აკადემიურ სფეროში წარმატების სურვილი აქვთ და იმედოვნებენ, რომ ისინი ისწავლიან კითხვას, წერას, მათემატიკას და ა.შ. მაგრამ მონდომებულ მშობლებსაც არცთუ იშვიათად ელით ხოლმე იმედგაცრუება. თქვენს ყურადღებას სწორედ ამ იმეგაცრუების ერთ-ერთ მიზეზზე მივაპყრობთ, რომელიც მშობლების მხრიდან თითქმის იგნორირებულია, თუმცა უკვე დიდი ხანია დამტკიცებულია, რომ იგი არანაკლებ და უფრო მეტადაც არის აუცილებელი ბავშვების მომავალი წარმატებისათვის, ამასთანავე მასზე მნიშვნელოვანწილადაა დამოკიდებული აკადემიური მიღწევების დონეც. ამ სტატიაში ემოციურ ინტელექტზე ვისაუბრებთ, რა შეიძლება ითქვას მოკლედ ემოციურ ინტელექტზე? რამდენად აუცილებელია ემოციური ინტელექტი წარჩინებისა და წარმატებისათვის? არის თუ არა შესაძლებელი მისი სწავლა?

ემოციური ინტელექტის თეორიის ავტორი ამერიკელი ფსიქოლოგი დანიელ გოლმანი გახლავთ. თუმცა ამ ფენომენზე მანამდეც მუშაობდნენ და თეორიის შემდგომი განვითარება დღესაც გრძელდება. დროთა განმავლობაში მეცნიერებს დაუგროვდათ კითხვები და დაიწყეს კვლევა, თუ რატომ არ იყო დამოკიდებული ადამიანების წარმატება მხოლოდ გონებრივ შესაძლებლობებსა და აკადემიურ უნარებზე, როგორ ახერხებდა ზოგიერთი პიროვნება მასზე გონებრივად აღმატებულ ადამიანებთან შედარებით წარმატების მიღწევას, რატომ არ არის ინტელექტის მაჩვენებელი საკმარისი პროგნოზების გასაკეთებლად. მათ მიაგნეს ახალი ტიპის ინტელექტს, რომელსაც გოლმანმა ,,ემოციური ინტელექტი” უწოდა. მეცნიერების განმარტებით, ეს გახლდათ ადამიანის უნარი, გაიგოს საკუთარი გრძნობები, გამოხატოს სხვის მიმართ ემპათია და მოახდინოს ემოციების ეფექტური რეგულირება/მართვა. საინტერესოა, რომ ემოციური ინტელექტის დონე/ხარისხი არ დგინდება გონებრივი ინტელექტის საზომი ტესტებით. ემოციურ ინტელექტს IQ-გან (გონებრივი, კოგნიტური ინტელექტი) ისიც განასხვავებს, რომ ემოციური ინტელექტის ზრდა შესაძლებელია. ამ თეორიის მიხედვით, ადამიანის წარმატების წინასწარმეტყველებისთვის უფრო მნიშვნელოვანია მაღალი დონის ემოციური ინტელექტის ქონა, ვიდრე მაღალი დონის ზოგადი ინტელექტისა. ამ ემოციურ უნარს სხვანაირად „ადამიანური ურთიერთობის” უნარსაც უწოდებენ. საინტერესოა მკვლევრების ერთი დასკვნაც. როგორც ისინი ფიქრობენ, ემოციური კომუნიკაციის 90% არავერბალურია. ემოციურ ინტელექტს, ისევე როგორც სხვა რომელიმე უნარს, ზოგიერთი ბავშვი თავიდანვე ავლენს. ასეთი ბავშვები კონტროლს უწევენ საკუთარ იმპულსებს, ნაკლებად მიდრეკილი არიან ტანტრუმის და სხვა მსგავსი ქცევების მიმართ. ადრეულ ასაკში ემოციური ინტელექტის მიმანიშნებელია ისეთი ერთი შეხედვით უბრალო მოქმედება, როგორიცაა დესერტის მშვიდად დალოდება მაგიდასთან, სანამ სხვები სადილს დაამთავრებენ. ემოციურად ინტელექტუალური ბავშვები ხალისიანი არიან. ისინი უკეთესად ახერხებენ სასკოლო სირთულეებისათვის თავის გართმევას, ინარჩუნებენ სიმშვიდეს რთულ ვითარებაში, აკონტროლებენ ემოციებს, შეუძლიათ გამოიცნონ ახლობელი ადამიანების გრძნობები და შესაძლო რეაქციები.

მივუბრუნდეთ ჩვენ მიერ უკვე დასმულ კითხვას – არის თუ არა შესაძლებელი ემოციური ინტელექტის სწავლა? როგორც ვთქვით, ემოციური ინტელექტის გამოვლინებას ბავშვები ადრეული ასაკიდან იწყებენ, 3 წლის ბავშვებს უკვე შეუძლიათ ემპათიის გამოხატვა (მაგ: სხვა ბავშვის ტირილზე), თუმცა ამ უნარის განვითარებისათვის საჭიროა უფროსებმა შეამჩნიონ და ხელი შეუწყონ პატარების ემოციების განმტკიცებას. განსაკუთებით მნიშვნელოვანია ემოციური ინტელექტის უნარ-ჩვევების განვითარება სკოლაში. სკოლას შეუძლია მოახდინოს „ემოციური განათლების” პროგრამის დანერგვა. ეს პროგრამა ასწავლის მოსწავლეებს სიბრაზით, იმედგაცრუებით და მარტოობით გამოწვეული ემოციების მართვას. განათლების სპეციალისტები მიუთითებენ ამგვარი უნარ-ჩვევების განვითარების დიდ მნიშვნელობაზე, რადგან მოსწავლეები, რომლებიც დეპრესიაში ან გაბრაზებულნი არიან და კონფლიქტები აქვთ თანატოლებთან, ვერ შეძლებენ სწავლაში წარმატების მიღწევას.

დონა ჰიუსმენი, ფსიქოლოგიის სპეციალისტი მასაჩუსეტსიდან, ამბობს, რომ ემოციური ინტელექტის სწავლა სავსებით შესაძლებელია. მან თანამოაზრეებთან ერთად შექმნა სოციალ-ემოციური სწავლის (Social-emotional learning; SEL) პროგრამა, რომელიც ახდენს ჰუმანიტარული მიმართულების სასკოლო საგნებთან ისეთი სასიცოცხლო უნარების ინტეგრირებას, როგორიცაა ძიება, აქტიური სწავლა, რეფლექსია, საკუთარი თავის და სხვების შეცნობა. „უამრავი კვლევით და თითქმის 30 წლის განმავლობაში ემოციური ინტელექტის ჩვენი სკოლის კურიკულუმში ჩართვით დავამტკიცეთ, რომ მოსწავლეები ხდებიან რა თავიანთი ემოციების მცოდნენი, ეფექტურად შეუძლიათ მათი მართვა და უკეთესად ართმევენ თავს სწავლაზე კონცენტრირებას”, – ამბობს ჰაუსმანი. ის თვლის, რომ საუკეთესო შედეგი დაწყებითი კლასების მოსწავლეებში დაფიქსირდა.

ჰაუსმანის თანამოაზრე ჯონ პეიტონი იკვლევდა, რა შედეგები მოჰქონდა სოციალ-ემოციურ სწავლებას აკადემიური შედეგების თვალსაზრისით. მისი ხელმძღვანელობით ჩატარდა 300-ზე მეტი კვლევა 300,000-ზე მეტ მოსწავლეს შორის (ასაკი 6 -13 წელი). დადგინდა, რომ ის მოსწავლეები, რომლებიც სოციალურ-ემოციური სწავლების პროგრამაში იყვნენ ჩართული 11-17%-ით უფრო უკეთეს შედეგებს აღწევდნენ ვიდრე ისინი, ვინც ამ პროექტის მიღმა იყვნენ. „ჩვენ შევძელით დაგვემტკიცებინა, რომ სოციალ-ემოციური სწავლება არ არის მოსწავლის ძვირფასი დროის არააკადემიური მიმართულებით ტყუილად ხარჯვა. მოსწავლეების აკადემიური მიღწევები იზრდება, მათი სოციალური და ემოციური უნარები უმჯობესდება, ცუდი ქცევა და აგრესია მცირდება”, – ამბობს პეიტონი.

კონფლიქტის კრეატიულად გადაჭრის პროექტი ( The Resolving Conflict Creatively Project ) ემოციურ ინტელექტზე დაფუძნებული კიდევ ერთი პროგრამა გახლავთ. პროექტის დასახელება გვიჩვენებს, რომ იგი მიმართულია დაეხმაროს მოსწავლეებს კონფლიქტების გადაჭრის გზების ძიებაში, უვითარებს მათ ინტერპერსონალურ უნარებს. ჯოან დაფელი, პროექტის ავტორი და ბავშვთა კომიტეტის აღმასრულებელი დირექტორი ამბობს – „ეს ის უნარებია, რომლებიც ბავშვებს ამშვიდებს გაბრაზებისას, ეხმარება მეგობრების შეძენაში, ასწავლის სხვების აზრის გათვალისწინებით კონფლიქტების გადაჭრას, უყალიბებს ეთიკური და უსაფრთხო გადაწყვეტილებების არჩევის უნარს”.

ამრიგად, სპეციალისტები გამოყოფენ სამ გარემოებას :

Øსოციალ-ემოციური სწავლის პროგრამას სკოლაში შედეგად მოაქვს მოსწავლეთა გაუმჯობესებული თვითშეფასება, უკეთესი სოციალური უნარები და შემცირებული ძალადობის ფაქტები;

Øემოციური ინტელექტის სწავლება სკოლაში შესაძლებელია აკადემიური უნარების დამცრობის გარეშე, უფრო მეტიც, სოციალურ-ემოციური სწავლება აუმჯობესებს აკადემიურ შედეგებს;

Øემოციური ინტელექტის სწავლება უფრო ადვილია ადრეულ ასაკში, როცა ბავშვების ხასიათი გაცილებით დამყოლია.

აღსანიშნავია ისიც, რომ ემოციური ინტელექტის თეორიამ უკვე მოასწრო მოწინააღმდეგეთა ბანაკის გაჩენა. ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის პროფესორი მარტინ ქილდაფი ერთ-ერთი მათგანია. ქილდაფი და მისი თანამოაზრეები მიიჩნევენ, რომ ემოციური ინტელექტი, ისევე როგორც სხვა ნებისმიერი უნარი, შეიძლება როგორც კეთილ, ასევე ბოროტ საქმეს ემსახუროს. მაგალითად, ემოციური ინტელექტის მატარებლები „შეგნებულად აყალიბებენ თავიანთ ემოციებს ისე, რომ საკუთარ თავზე კარგ შთაბეჭდილებას ქმნიან, ემოციების მიზანმიმართული მალვა და სხვების გრძნობებით სტრატეგიული მანიპულირება არა მხოლოდ შექსპირის პიესებში, არამედ ოფისებსა და დერეფნებშიც გვხვდება, სადაც სასწორზე დევს ძალაუფლება და გავლენა”., – ასეთია მათი ერთ-ერთი საინტერესო დასკვნა. პროფესორ ქილდაფის და მისი კოლეგების აზრით, „დროა შეწყდეს ემოციური ინტელექტის დაკავშირება დადებით ზნეობრივ თვისებებთან”
დაბოლოს, სპეციალისტების რჩევები მშობლებს :
  • არ არის საჭირო ბავშვების თანდასწრებით ემოციების ვერბალურ გამოხატვაზე უარის თქმა. ეს ისედაც ყოველდღიური ცხოვრების შემადგენელი ნაწილია. მთავარია ამ დროს იყოთ კორექტულები და გამოიყენოთ ისეთი ლექსიკა, რომელსაც ბავშვი გაიგებს. ბავშვები, რომლებიც იზრდებიან გრძნობების მიღების და გაგების გარემოში, ხდებიან უფრო მდგრადები ემოციების მიმართ, მათ შეუძლიათ საკუთარი გრძნობების ყველასთვის მისაღები გზებით გამოხატვა.
  • გამოიყენეთ ბავშვების საყვარელი ამბების გმირებთან იდენტიფიცირების ბუნებრივი უნარი. წაუკითხეთ ბავშვებს წიგნები, რომლებშიც გმირები სხვადასხვა ემოციებს გამოხატავენ, მათთან ერთად განიხილე, როგორ იგრძნობდნენ ისინი თავს ანალოგიურ სიტუაციაში. პატარა ბავშვებთან სასარგებლოა სურათებზე ასახული ადამიანების გრძნობების ამოცნობა.

ჩემი უცხოპლანეტელი მეგობარი

0
რა თქმა უნდა, სხვა დასახლებული პლანეტები არსებობს. ამაში ყოველთვის ისე ვიყავი დარწმუნებული, როგორც ჩემს სასწაულებრივ ნიჭში, მეცხოვრა საკვების გარეშე. მაშინ, როცა დედაჩემი ათასი ზღაპრით ცდილობდა ჩემს გაცურებას და კარტოფილის პიურეთი სავსე კოვზს ცხვირწინ მაცდუნებლად მიტრიალებდა, მე გულგრილად ვამბობდი, რომ უამისოდაც გავძლებდი. შესანიშნავად გამომდიოდა ჩემს წარმოსახვით მეგობართან თამაშიც, რომლისთვისაც მწვადის გამაბრუებლად სურნელოვანი ნაჭერი რომ შეგეთავაზებინა, ყურადღებით შეისწავლიდა, ათას კითხვას დაგისვამდა და, რა თქმა უნდა, პირს არ დააკარებდა. ის სხვანაირად იყო მოწყობილი, სიცოცხლეც ისევე ადვილად გამოსდიოდა, როგორც უამრავი კრეატიული ოინი. გარდა ოინების მოფიქრებისა, ათასი საზრუნავი და სალაპარაკო გვქონდა. მე წარმოუდგენლად მეშინოდა ღმერთის და ჩემს მეგობარს ვთხოვდი, გადავერჩინე, როცა ის ჩემს დასჯას დააპირებდა. იმაშიც დარწმუნებული ვიყავი, ღმერთი ძალიან მალე გადაწყვეტდა, გრძელი კულულებით ვეთრიე და გამოსასწორებლად რომელიმე ჯურღმულში ჩავეგდე. თან ვიცოდი, ღმერთი ყველგან იყო და პიურეს ყოველ არშეჭმულ კოვზს გაფაციცებით ითვლიდა. როგორ შეეძლო ღმერთს, თან ჩემთან ყოფილიყო, თან გიოსთან, თან მარისთან, თან ნინოსთან? უთუოდ ტელეპატიური ნიჭი ჰქონდა. ჩემი მეგობარი კი, კაცმა რომ თქვას, დიდი უღმერთო ვინმე იყო. შეძვრებოდა კარადაში და ყველა ჩემს საძულველ კაბას დამიჭრიდა. ზაფხულობით, როცა სოფელში ერთად ვისვენებდით, გოგია პაპას ყველა სიმინდს მოპარავდა. ყველა ბიჭს, რომელსაც ცოტათი მაინც მოვწონდი, არაადამიანური სიშმაგით გალახავდა. პრინციპში, როცა თავი ადამიანად არასდროს გიგრძნია და ყოველთვის უცხოპლანეტელი იყავი, გასაკვირი არაფერია. მერე მოგვადგებოდნენ გალახული ბავშვების მშობლები და დედაჩემს ჩემ შესახებ ყოველგვარ სისაძაგლეს უყვებოდნენ, თითქოს რამე ბრალი მიმიძღოდა მათი შვილების დალურჯებულ მუხლებსა და გადატყავებულ იდაყვებში. დედა დამსვამდა და მისაყვედურებდა ჩემს უკუღმართ ხასიათსა და ცოოოტა მამაკაცურ თვისებებს. ვერაფრით დაარწმუნებდი, რომ ეს მე არ გამიკეთებია, ჩემი მეგობრის სქესიც საკმაოდ რთული ასახსნელი იყო, ამიტომაც სიტყვას არ ვძრავდი.

როცა დედამ ჩემი მეგობრის არსებობის შესახებ გაიგო, ძალიან შეშინდა. ჩემი მეგობარი ჯეკ ლონდონის “სმოკ ბელიუს” დაუნდობლად ფხრეწდა, რადგან ერთხელ გულდაწყვეტილმა წავიწუწუნე, რომ ჩემს დასავით კითხვა არ გამომდიოდა. თიკას კი ჩვენი მთელი უზარმაზარი ბიბლიოთეკა უკვე წაკითხული ჰქონდა და მარწმუნებდა, რომ თუ ცოტას მოვიცდიდი და გავიზრდებოდი, მეც შევძლებდი. მაგრამ რაღაც ძალიან ნელა ვიზრდებოდი და თიკას ნათქვამში უკვე ეჭვი მეპარებოდა. საუკეთესო მეგობარი რისი საუკეთესო მეგობარია, მოწყენის საშუალება თუ მოგცა. ისიც ადგა და წიგნების დახევას მიჰყო ხელი. გაცოფდა დედაჩემი. მე თავი დავიძვრინე და სიმართლე ვუთხარი, ღმერთო ჩემო, საუკეთესო მეგობარი დავასმინე! “ვინაა, მითხარი”, – მიყვირა დედამ, – “მუმინტროლია? ჰომზაა? პეპია? კარლსონია? ვინაა?!” – ძალიან გამიკვირდა, კარადასთან ატუზული, ნაწყენი და შეურაცხყოფილი ჩემი მეგობარი რომ ვერ შეამჩნია. მაშინ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი ჩემი საუკეთესო მეგობრის ჯადოსნურობაში.

სასოწარკვეთილი დედაჩემი ადგა და ფსიქოლოგთან წამიყვანა. კაცმა რომ თქვას, ფსიქოლოგი სასიამოვნო ქალიც კი იყო. გრძელი, შავი თმა ჰქონდა, ყვავილებიანი კაბა ეცვა და ფრჩხილებზე უნაკლოდ ესვა წითელი ლაქი. მაშინვე სიმპათიით განვეწყვე და ვკითხე, ჩემს მეგობარს ღმერთი ნამდვილად დასჯიდა თუ არა ბოლო, საკმაოდ მასშტაბური ოინის გამო. ჩემი სამარცხვინო დასმენის ამბავიც გავუმხილე და ისიც, რომ საუკუნეა, აღარ გამოჩენილა. ვდარდობდი, ალბათ, ზუსტად ისე გამებუტა, როგორც ჩემს ბაღელ ნინუცას თავისი შეყვარებული-მეთქი. ნინუცამ ერთ დღეს ლაშასთან თამაში არ მოინდომა და თემოს დაუმეგობრდა. ლაშას ეწყინა და დაშორება გადაწყვიტა. ისიც არ დავუმალე, რომ მთელი ცხოვრებაა ვფიქრობ, როგორ შეუძლია ღმერთს ასე ერთბაშად და ყველგან ყოფნა. რა საჭიროა ამდენი სასჯელი თაროზე შემოდებული შოკოლადის შეჭმისთვის – შოკოლადები ხომ თაროებზე არ უნდა ინახებოდეს. როგორ შეუძლია ღმერთს, ასეთ ელემენტარულ რაღაცებზე წუხდებოდეს? ბაღის ნანა მასწავლებელი სულ მარწმუნებდა ღმერთის შესაძლებლობებში, მე კი ვიდექი შადრევანთან ზაფხულის ცხელ დღეს, გავარვარებულ ჰაერს ჩრდილით ვებრძოდი და ვერაფრით გამებედა გასაგრილებლად ჩახტომა მაცოცხლებელ, გრილ წყალში – ღმერთს ეს რომ დაენახა, აუცილებლად ჭკუიდან შეიშლებოდა. 

მე და იმ გრძელთმიანმა ქალმა ბევრი ვილაპარაკეთ და ერთად გადავწყვიტეთ, რომ ღმერთი კეთილია და აზრად არ მოუვა ჩემი მეგობრის დასჯა, თუმცა ჩემი მეგობარი სანიმუშოდ ნამდვილად არ იქცეოდა. ყოველ შემთხვევაში, დიდი დანაკლისია დახეული წიგნები, რომლებსაც ვეღარავინ წაიკითხავს. ის იყო და ის. ჩემმა მეგობარმა მიმატოვა. მერე მარტომ დავიწყე ათასგვარი ოინის მოფიქრება, ხანდახან ბაღელი მეგბრებიც მეხმარებოდნენ. ოინები უნდა იყოს პომპეზური და, რა თქმა უნდა, მასშტაბურიც. ის ოინი რა ოინია, შენ გარდა კაციშვილმა რომ არ იცის. გენიალური საქმეები აპლოდისმენტებს უნდა იმსახურებდეს. ასეა.

დედობის სირთულეები

0
„უკან დაბრუნება რომ შემეძლოს, შვილს ნამდვილად არ გავაჩენდი. დარწმუნებული ვარ, ასე მოვიქცეოდი”.

სამი შვილის დედა, 45 წლის

„ის გამოცდილება რომ მქონოდა, რაც ბავშვების აღზრდისას გროვდება, წარმოდგენა რომ მქონოდა იმაზე, რას ნიშნავს შვილის გაზრდა, არც ერთი არ მეყოლებოდა. ეს ჩემი ცხოვრების კოშმარია”.

ორი შვილის დედა, 57 წლის

„ალბათ გავაშვილებდი, ნამდვილად, სენტიმენტების გარეშე… მიჭირს ამის თქმა, იმიტომ რომ მიყვარს, თანაც ძალიან”.
სამი შვილის დედა, 38 წლის

ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა ისრაელში მცხოვრები სოციოლოგის ორნა დონათის კვლევა, რომელიც 23 ქალთან ზეპირ ინტერვიუებს ეყრდნობა და არკვევს, დედობა ქალის გააზრებული არჩევანია თუ საზოგადოებრივი პოლიტიკის შედეგი. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ორნა იმ ქალებზე სვამს აქცენტს, რომლებისთვისაც დედობა მძიმე აღმოჩნდა, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ შვილების გაჩენის შემდეგ თავისუფლება დაკარგეს და მათმა პიროვნულმა ინტერესებმა უკანა პლანზე გადაინაცვლა. ეს ქალები თანხმდებიან, რომ შვილის გაჩენამდე ძალიან ბუნდოვანი წარმოდგენა ჰქონდათ იმაზე, რას ნიშნავს დედობა. შესაბამისად, მათი არჩევანი, გამხდარიყვნენ დედები, ნაკლებადაა პირადი გადაწყვეტილება და უფრო საზოგადოებრივი პოლიტიკის ნაწილია. საზოგადოება წყვეტს, რომ ქალის მთავარი ფუნქცია დედობაა, ის ბედნიერი უნდა იყოს შვილების გაზრდით, დედობა წმინდათაწმინდა საქმეა და ქალიც სიამოვნებით უნდა სწირავდეს შვილებს ყველაფერს, რაც გააჩნია.

კვლევის მონაწილე ქალების ასაკი 20-დან 70 წლამდე მერყეობს და თითოეული მათგანი ამბობს, რომ შვილები ძალიან უყვართ. რაც არ უყვართ, დედის როლია. ისინი სიამოვნებით გააკეთებდნენ სხვა საქმეს, მოივლიდნენ მთელ მსოფლიოს იმ პასუხისმგებლობისა და ვალდებულებების გარეშე, რაც დედობას ახლავს თან. ქალები ამბობენ, რომ ამ გრძნობას ხანდაზმულ ასაკშიც კი ვერ აღწევენ თავს, როცა მათი შვილები უკვე ზრდასრულები და დამოუკიდებლები არიან. ამ დროს საზოგადოება მათგან უკვე შვილიშვილების მოვლას, მათზე მზრუნველობას ელის.

ორნას კვლევას ინტერნეტში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ზოგი წერს, რომ, დიახაც, დედობაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს და არ შეიძლება, დედამ შვილებზე ასეთი ტონით ილაპარაკოს, ადამიანებმა პირნათლად უნდა შეასრულონ თავიანთი მოვალეობა და რა საჭიროა ყველაფრისგან პრობლემის შექმნა, ყველაფრის განხილვა. ზოგს მიაჩნია, რომ ამ თემაზე დისკუსიის დაწყება დროულია და ძალიან კარგია, რომ ეს განხილვის საგნად იქცა, ასე უფრო გაადვილდება ქალების გათავისუფლება იმ როლისგან, რომელსაც მას გარემო სთავაზობს. სხვები კლასიკად ქცეულ ფემინისტებს იხსენებენ და ამბობენ, რომ იმაზე, რაც ორნას კვლევამ აჩვენა, მაგალითად, სიმონ დე ბოვუარი გასული საუკუნის შუა ხანებში წერდა „მეორე სქესში”.

ბოვუარი, რომელსაც ქალის როგორც დამოუკიდებელი ინდივიდის დასახატავად ისეთ ფაქიზ თემებზე დასჭირდა წერა, რომლებზეც მანამდე ხმამაღლა თავად ქალებიც არ ლაპარაკობდნენ, ქალის დეფინიციისთვის დაწვრილებით, მშრალად, ყოველგვარი აღტაცების გარეშე  აღწერს მის ფიზიოლოგიას: მენსტრუაციის, ორსულობის, მშობიარობის, ლაქტაციის პროცესებს – და ამბობს, რომ ქალის ბიოლოგიური აგებულება განსაზღვრავს საზოგადოებაში მის როლს, ქალი გვარის კვლავწარმოების მექანიზმი ხდება და თუ ოდესმე დამოუკიდებლად ცხოვრება მოუნდა, სწორედ საკუთარ ფიზიოლოგიას უნდა აუაროს გვერდი და შეთავაზებული როლის შესრულების ნაცვლად საკუთარ სურვილებს მიუგდოს ყური.

„…ქალებად კი არ იბადებიან, ქალები ხდებიან. არც ბიოლოგიური, არც ფიზიკური თუ ეკონომიკური ხვედრი არ განსაზღვრავს იმ ხატს, რომელსაც იძენს ადამიანის მდედრი საზოგადოებაში”.

მიუხედავად იმისა, რომ ბოვუარის მანამდე გამოუთქმელმა შინაარსებმა დუმილს მიჩვეული საზოგადოება გააღიზიანა (როგორც დღეს – ორნას კვლევამ), ის ერთ-ერთი პირველია, ვინც ქალებს რეალობის ალტერნატივები შესთავაზა, ტაბუების მოხსნა დაიწყო. მისი ტაქტიკა სწორი აღმოჩნდა – ქალებზე საუბარი მხოლოდ ცალკეული თემების განხილვით შეუძლებელია, სრული სურათისთვის ყველა ასპექტი მნიშვნელოვანია.

 

პირველი შვილი თითქმის სამი წლის წინ გავაჩინე. ზაფხულის ცხელი დღე იყო. როცა მივხვდი, რომ სამშობიაროში წასვლის დრო მოვიდა, ჩაი დავაყენე. რამდენიმე ფინჯანი გამოვწრუპეთ მე და ჩემი შვილების მამამ და მერეღა წავედი ექიმთან. მას შემდეგ ცხელი ჩაი აღარ დამილევია. ვამზადებ, მერე წვრილმან საზრუნავებზე გადავერთვები ხოლმე და ჩაი ცივდება. მგონია, ცხელი ჩაის დაბრუნება იქნება ნიშანი იმისა, რომ ბავშვები დაიზარდნენ. ეს – ხუმრობით, სერიოზულად კი ზაფხულის იმ ცხელი დღის შემდეგ ბავშვებზე ფიქრისას რაც ყველაზე ხშირად მიტრიალებს გონებაში, სწორედ ისაა, რომ ბავშვის გაჩენამდე ჩვენ ძალიან ცოტა რამ ვიცით იმის შესახებ, რას ნიშნავს დედობა და აქ იგულისხმება როგორც წმინდა ფიზიოლოგიური პროცესები, ასევე თანმხლები ფსიქიკური მდგომარეობები. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობიდან გვესმის, რა ბედნიერებაა შვილის ყოლა და როგორი ამაღელვებელია ამასთან დაკავშირებული ამბები, არავინ გვაფრთხილებს იმის შესახებ, რომ შვილის გაჩენა ავტომატურად გულისხმობს ჩვეული რიტმის შენელებას, ზოგჯერ – დაპაუზებას, რომ პირველი, რაც ბავშვის დაბადებას მოჰყვება, ბეიბი ბლუზია, მას კი – დაღლილობა და ემოციათა მრავალფეროვანი სპექტრი და შენ გამუდმებით იდგები დილემის წინაშე: მეტი დრო გაატარო შვილთან თუ შეინარჩუნო აქტიური ცხოვრების წესი და პირადი ინტერესები.

მიუხედავად იმისა, რომ შენამდე ეს გზა დედამ, ბებიამ, მეგობარმა, მეზობელმა, თანამშრომელმა, უბრალო ნაცნობმა და მილიონობით სხვა ქალმა გამოიარა, მაინც მარტოს გიწევს ამ პროცესებთან გამკლავება, სწორედ იმიტომ, რომ ეს ქალები თავიანთ გამოცდილებაზე, ვნებებზე, სირთულეებზე არ ლაპარაკობენ. მათ ჰგონიათ, ეს მხოლოდ მათი საქმეა, რომ თუ დაიღლებიან ან მოსწყინდებათ, ეს მათი სისუსტე იქნება და ამის გამო სინდისი უნდა ქენჯნიდეთ.

ჩემთვის რომ ეკითხათ, ვეტყოდი, რომ რამდენჯერაც უნდა დავმდგარიყავი არჩევანის წინაშე, შვილებს ალბათ ყოველ ჯერზე გავაჩენდი. არა საზოგადოებისთვის ხარკის გადახდის ან გვარის გაგრძელების მიზნით, არამედ იმიტომ, რომ დიდ პასუხისმგებლობასთან, რუტინასთან, სევდასა და დაძაბულობასთან ერთად მათ დიდი სიხარული, ბედნიერება და სისავსის შეგრძნებაც მოაქვთ. რასაც შევცვლი, ის იქნება, რომ როცა გაიზრდებიან, ბევრს მოვუყვები გოგოობასა და დედობაზე, რომ ჩემსავით და ბევრი სხვა ქალივით სრულიად მოუმზადებლები არ აღმოჩნდნენ საზოგადოებრივი წნეხის, საკუთარი ვნებებისა და მომავალი შვილების პირისპირ. რომ ნამდვილად თვითონ გადაწყვიტონ, როგორი ცხოვრება უნდათ და თავად იკისრონ პასუხისმგებლობა საკუთარ გადაწყვეტილებაზე. ასე გაცილებით ადვილია მშობლობაც, მასწავლებლობაც, პრეზიდენტობაც და ნებისმიერი სხვა საპასუხისმგებლო პოზიციაც.
კვლევა შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე:

https://www.jstor.org/discover/10.1086/678145?uid=2&uid=4&sid=21106521048743

დისკუსია თემაზე:
https://twitter.com/hashtag/regrettingmotherhood?src=hash

სხვისი შვილები

0
მინდა, ჩემს ოცნებაზე გიამბოთ. დიდხანს ვფიქრობდი, ეს პოსტი როგორ დამეწყო და გადავწყვიტე, იმ ოცნებაზე მოვყვე, რომელიც გარშემომყოფებში უფრო ხშირად იწვევს ღიმილს, ვიდრე სხვა, გაცილებით მასშტაბური ოცნებები. ხშირად მითქვამს, რომ ძალიან მინდა, ბავშვი ვიშვილო, ოღონდ მაშინ, როცა საკუთარი შვილები უკვე მეყოლება. როცა ამას ვამბობ, ჩემს მსმენელებს ჯერ უკვირთ, მერე ეცინებათ, ბოლოს სერიოზულდებიან და მეუბნებიან, რომ ასეთი გადაწყვეტილების მიღება რთულია, მით უმეტეს, ჩვენს საზოგადოებაში.

 

არადა, სინამდვილეში ჩვენთან ადვილი არაფერია. მგონი, უბრალოდ, ასეთები გამოვდექით – ყველაფერს ვხლართავთ და კუდს ვაბამთ, ოღონდ, როგორც წესი, საკუთარი ცხოვრება არ გვყოფნის ასარევად და სხვის ცხოვრებაშიც ვაფათურებთ ხელს. ცხადია, როცა იმ საზოგადოების წევრი ხარ, რომელიც ბავშვის შვილად აყვანას მხოლოდ გარდაუვალი აუცილებლობისა და გამოუვალი მდგომარეობის შემთხვევაში ამართლებს, მარტივად ვერ მიიღებ გადაწყვეტილებას, რომელიც ცხოვრებას შეგიცვლის.

არ ვიცი, რისი ბრალია ასეთი დამოკიდებულება – შიშის, სტერეოტიპების, კომპლექსების, ეჭვების თუ სიყვარულისა და ემპათიის ნაკლებობის. ალბათ ყველაფრის ერთად, ყველაფრის, რაზე ფიქრი და ლაპარაკიც არ გვიყვარს.

არც ისე დიდი ხნის წინ კახეთის სოფელში პატარა ბიჭმა მოიკლა თავი. აქოთქოთდა მთელი ქვეყანა, ფეხზე დადგა მედია, კამერებთან დააყენეს და ალაპარაკეს სკოლის დირექტორი, ნათესავები, მეზობლები… ბოლოს ვიღაცამ ამოთქვა – უთხრეს, რომ ნაშვილები იყოო. ჩემთვის წარმოუდგენელია, როგორია ამ სიტყვების სიმძიმე სინამდვილეში, როგორი ხდება სამყარო, როცა ბავშვური კინკლაობის დროს მეგობარი გეუბნება, რომ ის ქალი, საღამოობით საბანს რომ გიკეცავდა და სიმღერით გაძინებდა, დედაშენი არაა; რომ ის კაცი, ვის მხრებზე შემომჯდარიც ღრუბლებს წვდებოდი, თურმე არ ყოფილა მამაშენი; რომ არავის, ვისაც შენს ნაწილად მიიჩნევდი, ის სისხლი არა აქვს, რომელიც შენს ძარღვებში მიედინება. ალბათ ამ დროს ყველაფერს ივიწყებ, ერთად გატარებულ საუკეთესო წუთებს, ბედნიერ დღეებს და მათ სიყვარულს, ვინც გაგზარდა, ძლევს შხამიანი ფიქრი, რომ მიგატოვეს.

როცა მომხდარ ტრაგედიაზე ვფიქრობდი, როცა პატარა ბიჭზე ვფიქრობდი, ყველა ისტორია გამახსენდა, რომელიც ბავშვობაში ჩემს გარშემო უფროსებს უჩურჩულიათ. ბევრი მათგანი სწორედ „აყვანილ” ბავშვებს ეხებოდა. ამ სიტყვას განსაკუთრებული შიშით ამბობდნენ, უფრო ჩუმად, ვიდრე სხვა სიტყვებს. ისე ამბობდნენ, რომ მე ვერ გამეგონა. არადა, ყველაფერი მესმოდა და ჩემდა უნებურად, უფრო ადრე გავიგე ბევრი ადამიანის ცხოვრების შესახებ სიმართლე, ვიდრე თავად მათ. პრობლემის სათავეც სწორედ აქ უნდა ვეძებოთ. „ნაშვილები ხარ!” – ისმის მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნასავით, ისმის არაკეთილგანწყობილი ადამიანების პირიდან, ისმის არასასურველი ქვეტექსტებით: „შენ მიგატოვეს, დაგივიწყეს, არ შეგიყვარეს…” ისმის ისე, როგორც არ უნდა ისმოდეს, ისმის მათგან, ვისგანაც ასეთი ამბის გაგება ყველაზე ნაკლებად სასურველია.

გზას, რომელიც ოჯახის წევრების დაძაბულ ნერვებზე, გამეფებულ დუმილსა და საიდუმლოს გამჟღავნების მოლოდინზე წლების განმავლობაში გადის, არსაით მივყავართ. არსაით მივყავართ მცდელობას, თავი ავარიდოთ გულახდილ საუბარს ერთმანეთთან და სანამ ვინმე ჩვენთვის ყველაზე ძვირფას ადამიანებს მტკივნეული ფორმით ეტყვის სიმართლეს, დავასწროთ და თავად ვთქვათ, ვთქვათ ისე, როგორც ჩვენ გვესმის, როგორც ჩვენ გვჯერა. ვუთხრათ ადამიანებს, ვისაც შვილებად მივიჩნევთ, რომ მათ ყველაზე დიდი ბედნიერება მოგვიტანეს, რომ მათი არსებობის წყალობით განცდილი სიხარული ამქვეყნად ყველა სიხარულზე დიდია. ქვეყნებში, რომელთაც ბევრი მიმართულებით სამაგალითოდ ვთვლით, უამრავმა ადამიანმა ძალიან პატარა ასაკიდანვე იცის, რომ არაბიოლოგიური მშობლები ზრდიან და ეს არავისთვისაა ტრაგედია. უფრო მეტიც, ცხოვრებას უფრო ლაღს და უსიამოვნო მოლოდინისგან დაცლილს ხდის.

მაშინ, ჩურჩულით მოყოლილ ამბებს რომ ვისმენდი, მეც ხშირად დავმდგარვარ სარკესთან და საკუთარ ნაკვთებს სათითაოდ დავკვირვებივარ იმაზე ფიქრში, ვიყავი თუ არა ნამდვილად ჩემი მშობლების შვილი. ფიზიკური მსგავსება, რომელიც ჩემსა და მამაჩემს შორის არსებობს, ეჭვებს ყოველ ჯერზე მიქარწყლებდა. თუმცა, რაც უნდა მომხდარიყო, დღეს ნამდვილად ვერ წარმომიდგენია, ვინ უნდა ყოფილიყო ჩემთვის უფრო ძვირფასი და მნიშვნელოვანი, ვიდრე ჩემი მშობლები, ვიდრე დედაჩემი, რომელმაც ჩემ გამო შეუძლებელი შეძლო. ალბათ ვერცერთი სიმართლე გადაწონიდა სიყვარულს, რომელიც ჩვენ ერთმანეთთან გვაკავშირებს.

დედაშვილობა სასწაულია, სასწაულია, როცა მუცლით ატარებ, აჩენ, ზრდი და გიყვარს ისე, რომ მისთვის ყველაფრის დათმობა შეგიძლია. თუმცა მე თუ მკითხავთ, კიდევ უფრო დიდი სასწაულია, საკუთარივით შეიყვარო სხვისი შვილი და თუკი ოდესმე ვინმე გაგიბედავს, გითხრას, რომ ის შენი არაა, დაიტოვო უფლება, მისი ნათქვამის თავადაც არ გჯეროდეს, რადგან პირველ რიგში „არა სისხლი, არამედ გული გვანათესავებს”.

„ექიმ გოლდშმიტს შეუძლია დარჩეს“

0

ვნების კვირაში იმ საბავშვო ბიბლიოთეკაში მომიწია შევლა, რომელსაც პატარაობისას ხშირად ვსტუმრობდი და ერთ ყველაზე იდუმალ ადგილად მიმაჩნდა. ღია თაროებზე ხმარებისგან გალეულ-გაცვეთილი წიგნები ელაგა, ძველი, ხუთი ათეული წლის წინანდელი, და მათ დანახვაზე ისევე ამიჩქროლდა გული, როგორც ადრე, მაგრამ მაშინ ამ წიგნებს ქვემოდან ავყურებდი, ახლა კი ზემოდან დავცქეროდი. სწრაფად გადავურბინე თითებით და წითელყდიან წიგნზე შევჩერდი: იანუშ კორჩაკი – „როცა კვლავ პატარა გავხდები”.

იანუშ კორჩაკი, იგივე ჰენრიკ გოლდშმიტი, პოლონელი ებრაელი, ბავშვების ექიმი, მასწავლებელი და მწერალი, ობოლთა სახლის მეურვე; ავტორი სევდიანი, ფაქიზი, ბევრისთვის საყვარელი საბავშვო წიგნისა „მეფე მათიუშ პირველი”, მსოფლიოსთვის საყოველთაოდ ცნობილი ტრაგედიის მონაწილე, რამაც განსაკუთრებული ძალით გამოხატა კეთილისა და ბოროტის, მშვიდობიანი ცხოვრებისა და მკაცრი ძალადობის ტრაგიკული შეუთავსებლობა. გამოხატა ადამიანის ტვინის განსაკუთრებული და შეუსწავლელი მდგომარეობა – ძალადობა ბავშვზე, სუსტსა და უმწეოზე. ძალადობა განსაკუთრებული და პარადოქსული სახით – ფაშისტურ გეტოში ბავშვების მოთავსებით, გაზის კამერაში გაგუდვით. იანუშ კორჩაკის სულ რამდენიმე ფოტოა საყოველთაოდ ცნობილი. ერთში, თვითონ უშვილოს, პატარა ულამაზესი გოგონა შეუსვამს მკლავზე, გულთან მიუკრავს, ხელები მჭიდროდ და მზრუნველად შემოუხვევია, „მელოტს და სათვალიანს”, როგორც თავად იხსენიებს თავის თავს ბავშვთა კოლონიაზე დაწერილ წიგნში „ზაფხული მიხალუვკაში”, დაკვირვებული, მომლოდინე და საფრთხისთვის მზად მყოფი მზერა აქვს. მეორე ფოტო ებრაელი ბავშვების მსვლელობას ასახავს, ბავშვებს დროშები მოაქვთ.

„ხვალ დარაზმულნი გავალთ, ბავშვებო,
სიმღერებით და ტრანსპარანტებით,
ჭრელი ფრანების ცაში აშვებით
საბავშვო თეატრს კარს მივადგებით”.

გადმოგვცემენ, რომ ეს დროშები მწვანე ფერისა ყოფილა, როგორც განახლების სიმბოლო. მწკრივის სათავეში იანოშ კორჩაკი ჩამდგარა, პატარა გოგონასა და ბიჭუნასათვის ხელი ჩაუკიდია და ტრებლინკის საკონცენტრაციო ბანაკისკენ მიაბიჯებენ. მარცხნივ ფოტოზე ავტომატმომარჯვებული ესესელია აღბეჭდილი. ეს ფოტოები თითქოს სრულყოფენ და რეალურ ყოფაში აბრუნებენ ლეგენდად ქცეულ ამბავს კაცისა, რომელსაც ბავშვის ხატება ღვთაების რანგში ჰყავდა აყვანილი. მისი ეს ლოცვაც ამის დასტურია:

„უფალო, გრძელ ლოცვას არ აღვავლენ, არც უსასრულო ოხვრას მოვყვები, ძვირფას შესაწირავსაც არ მოგიძღვნი შენი დიდებისა და სახელისათვის, შენი კეთილგანწყობის მოსაპოვებლადაც არ ვიბრძვი, არც პატივს ვითხოვ.

არ მაქვს ფრთოსანი აზრები, რომლებიც ჩემს ლოცვას ცაში ააფრენენ. ჩემი სიტყვები არ არის შელამაზებული. დავიღალე. დავიტანჯე. თვალები ჩამიქრა და მეხუჭება საზრუნავთა სიმძიმისაგან. და, მიუხედავად ამისა, მოგმართავ, უფალო, გულიდან ამოსული თხოვნით. ჩემთვის ყველაზე ღირებულს მოძმე ადამიანს ვერ ვანდობ, მეშინია – ვერ გაიგებს, ვერ ჩასწვდება, უგულისყუროდ მოეკიდება, დასცინებს. შენ წინაშე ყოველთვის მორჩილთა შორის უმორჩილესად ვიდექი, მაგრამ ამ თხოვნისას უკან არ დავიხევ. ყოველთვის ჩუმად, ჩურჩულით გესაუბრები, მაგრამ ეს თხოვნა მოურიდებლად უნდა გამოვთქვა.

მომთხოვნ მზერას ცისკენ აღვაპყრობ, წელში გავიმართები და მოგმართავ – რადგან ჩემთვის რ ვითხოვ:
უწყალობე ბავშვებს ბედნიერი ხვედრი, დაეხმარე, აკურთხე მათი ძალისხმევა.
იოლ გზაზე ნუკი დააყენებ მათ, არამედ – მშვენიერ გზაზე დააყენე.
ამ თხოვნის სანაცვლოდ კი ჩემი ერთადერთი საგანძური მიიღე: სევდა. სევდა და შრომა”.
***
„როცა ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით ბავშვის ნახატებს, ყურს მივაპყრობთ მის სიტყვებს, როცა იგი საბოლოოდ ერწმუნება საკუთარ თავს და ალაპარაკდება, მაშინ აღმოვაჩენთ მის ვეებერთელა თავისებურ ღირსებას, აღმოვაჩენთ მასში პოეტს, მხატვარს, გრძნობების ოსტატს. ეს იქნება, მაგრამ ჩვენ ჯერ კიდევ არ გავზრდილვართ ამ დონემდე”, – წერს მწერალი საბავშვო წიგნში: „როცა კვლავ პატარა გავხდები”.

– მკითხველი აცოცხლებს მწერალს. გამაწევრიანეთ თქვენი პატარა მკითხველების გვერდით, – ვთხოვე ბიბლიოთეკარს და წიგნი გასატარებლად მივაწოდე. ბიბლიოთეკარმა ფორმულარი შემივსო, მე ხელი მოვუწერე.
***
ჩემი უმცროსი გოგონა პირველ კლასში იყო, როდესაც მასწავლებელმა ცუდი კალიგრაფიის გამო დასაჯა. „მასწავლებელმა კლასში ჩამოიარა, – მიყვებოდა შემდეგ, – ბავშვებს ხელები მერხებზე დაგვაწყობინა და ვისი კალიგრაფიაც არ მოეწონა, სახაზავი დაგვკრა”. სახაზავის სიმწარე – ექვსი-შვიდი წლის ბავშვების წერისთვის ჯერაც მოუმზადებელ, გაუწაფავ, პატარა თითუნებზე. თუმც დასჯას ხომ მხოლოდ ფიზიკური ტკივილი არ მოაქვს, სულს ატკივებს და ბავშვს სამყაროს მიერ მისდამი კეთილისმყოფლობაში აეჭვებს. ჰენრიკ გოლდშმიტის, იმავე იანუშ კორჩაკის პატარა ბიჭიც („როცა კვლავ პატარა გავხდები”) მასწავლებლის მიერ სრულიად უმნიშვნელო შენიშვნასაც კი საშინელი ტკივილით და სიმწარით განიცდის, პანიკითაა მოცული, „იქნებ გადავუყვარდი პანი მასწავლებელს?” – ფიქრობს და ეს ფაქიზი სულიერი სამყაროს მქონე ბავშვი ასევე კრთის უხეშობის, სისასტიკის ყოველგვარ გამოვლენაზე, თანატოლთა მხრივაც.

უხეში ბავშვები – უსიყვარულო და მოუწესრიგებელი ოჯახური ყოფის პირმშონი. ყოველთვის მაინტერესებდა მათი თხზულებებიდან, როგორ განიცდიდნენ ისინი თავიანთ ყველაზე ამაღლებულ წუთებს, ან როგორ ახსნიდნენ, ვთქვათ, იმ ამბავს, რომ შეეძლოთ, მერხზე წინ მჯდომი სრულიად უდანაშაულო თანატოლისთვის თავში გამეტებით ჩაეცხოთ და მერე ისეთი უმანკო სახე მიეღოთ, თითქოს თვითონ არაფერ შუაში იყვნენ, ან თანატოლისთვის წერილი წაეგლიჯათ ხელიდან და კლასში სიცილ-ხარხარით ერბინათ წერილის ნახევებით.
პატარები დუმან და ფიქრობენ, ცდილობენ გაერკვიონ, რატომ იჩენენ კეთილი უფროსები მათდამი ძალადობას, უხეშობას, ან რატომ აძლევენ მათ თანატოლებს მათდამი სისასტიკის გამომჟღავნების საშუალებას. ფარისევლობაა, როცა ბავშვების მხრივ თანატოლებზე ძალადობას სახელი არ ერქმევა, – ამბობს მწერალი და თვითონაც, გუდააკრული, ბავშვობაში გადასახლებული, თანატოლთა მხრივ არაერთგზის იქცევა ძალადობისა და შეურაცხყოფის საგნად. თუმც აღმზრდელის რანგში ის მიმტევებელია და ცდილობს, ყველა საჭირბოროტო საკითხი ბავშვთა სასამართლოთი მოაგვაროს, სადაც ბავშვები არიან ბრალმდებლებიც და ბრალდებულნიც. ის ცდილობს, აზროვნებას, სამართლიანობას, პასუხისმგებლობას პატარაობიდანვე შეაჩვიოს ბავშვი.

ერთი პაწია წიწილა მყავს, სუსტი, ოფოფისას მიუგავს ქოჩორი, ხან აქედან წაედებიან წიწილები, ხან იქიდან, ნაფოტივით ათამაშებენ, ამ ქოჩრის გამო სულ აითვალწუნეს, პაწია კაწაწა ფეხებზე კლანჭები, ქარდები თუ ფრჩხილები დააკენკეს, სისხლი დაადინეს, უბრჭყალებოდ, უფრჩხილებოდ დაუტოვეს ის პაწია ფეხები. სამყარო ასეთია, არცთუ იშვიათად – ავისმოსურნე, ჩვენ მას ვერაფერს მივუმატებთ, ვერც გამოვაკლებთ, მაგრამ თუკი ბავშვისთვის არსებობს იმედიანი ცნება „კეთილი უფროსები”, მაშინ ვალდებული ვართ, ბოლომდე ვუერთგულოთ და მათთვის საფრთხის არიდებას ვეცადოთ.

– რას განიცდიდი? რას ფიქრობდი მაშინ, როცა მასწავლებელმა დაგსაჯა? – ახლახან, მრავალი წლის შემდეგ, ვკითხე ჩემს გოგონას.

– შინ ჟურნალ „წეროს” ნომრები გვქონდა, რომელთა ბოლო გვერდებზეც მცირე სტატიები და ნახატები იყო დაბეჭდილი. მათ ხშირად ვათვალიერებდი და ვიცოდი, ბავშვთა უფლებებს ეხებოდა. ერთ ნახატში ბავშვი იღლიით ეჭირათ და ჯოხით სცემდნენ. მეორე დილით მასწავლებელს წავუღე, რომ ენახა და სცოდნოდა, ბავშვის ასე დასჯა არ შეიძლება. კარგად მახსოვს, ქარი როგორ მცემდა სახეში და გულში ჩაკრულ ამ ჟურნალებს სულმოუთქმელად მივარბენინებდი.

მე კი სად ვიყავი ამ დროს? ჟურნალის რედაქციაში ვმუშაობდი და თუმც პედაგოგიური მუშაობის ათწლიანი სტაჟი უკვე მქონდა, ვცდილობდი, სკოლისგან, სააღმზრდელო საქმიანობისგან შორს დამეჭირა თავი, როგორც განსაკუთრებული პასუხისმგებლობისა და სირთულის მქონე სფეროსგან, ვიდრე არ გავაცნობიერე საფრთხეც და შვილის პედაგოგიურ აღზრდაში ჩემი განსაკუთრებული ჩართვის აუცილებლობაც. მეორე კლასიდან უკვე მის გვერდით ვიყავი, ორი წლის შემდეგ კი, როცა ერთი „დაუმორჩილებელი” კლასის დამრიგებლობა შემომთავაზეს, დიდხანს არ მიფიქრია, კლასს ხელი მოვკიდე და ჩემი გოგონაც იქ გადავიყვანე.

ახლა, როცა ბავშვობის საკითხავებს ვიხსენებ, ვხვდები, რომ ქვეცნობიერად ყოველთვის მშურდა მარკ ტვენის და ასტრიდ ლინდგრენის პერსონაჟების, ამერიკელი და შვედი გოგო-ბიჭების ლაღი და მხიარული კოტრიალისა მზიან იალაღებზე, მსგავსი უდრტვინველობა და სილაღე მენატრებოდა ჩემი ბავშვობისთვის, მერე კი უკვე ჩემი და სხვისი შვილებისთვისაც.

„ბავშვები იზრდებიან… იზრდება და მტკიცდება მათი სხეული, იზრდება და მტკიცდება მათი სული. მინდოდა, შეურყევლად, მეცნიერულად დამესაბუთებინა, რომ ბავშვები ყველაზე მეტად ასეთი (მწერალი ბუნების წიაღში, პირველ თოვლში გართობას გულისხმობს – ავტ.) შესვენებისას იზრდებიან… ხომ არ გავზარდოთ ზამთრის შესვენებები? როცა კარგი ამინდია, ბავშვები ჩქარა ხომ არ იღლებიან?” – წერს ამ წიგნში იანუშ კორჩაკი.

მაგრამ სამყარო ასეთი ჰარმონიული სულაც არ არის, ის ძალიან მკაცრია ბავშვების მიმართ. აკაკი წერეთლის, სენტ-ეგზიუპერის, რეზო ჭეიშვილის, იანუშ კორჩაკის და კიდევ ვინ მოთვლის, რამდენი მწერლის პატარა უფლისწულებს მან სიკვდილ-სიცოცხლის ტრაგიკული წამმზომი ჩაურთო. თუმც სწორედ ამ განსაკუთრებული მშვინვიერი ძალის მქონე ბავშვებმა, მათმა ტკივილებით დასერილმა სულებმა შემოუნახეს ჩვენს სამყაროს ყველაზე მთრთოლვარე სულიერი პეიზაჟები და ღირებული პედაგოგიური გამოცდილებებიც.

„-პან, თქვენს წიგნებზე ბევრს უტირია,
ყრმობისას ბევრჯერ გვიჭირისუფლეთ,
პან, – მოწიწებით ამბობს უნტერი, –
თქვენ კომენდანტი გათავისუფლებთ!”
„-ექიმო გოლდშმიტ, თქვენ შეგიძლიათ დარჩეთ!”
„-გადმოდით ვაგონიდან, შეგიძლიათ დარჩეთ!
– არა, მეც მათთან ერთად წამოვალ!”
P.S. წერილში გამოყენებულია შოთა ნიშნიანიძის ლექსი „ლეგენდა იანოშ კორჩაკზე”.

წერილი უკვე მომზადებული მქონდა, როცა გლობალური ტერორიზმის ბოლოდროინდელ მზარდ გამოვლენას, „ისლამური სახელმწიფოს” მიერ ერაყსა და სირიაში მშვიდობიანი მოსახლეობის, მათ შორის – ათასობით ბავშვის, განუკითხავ ტანჯვა-წამებას, ხოცვა-ჟლეტას ჩვენი საზოგადოების დიდი წუხილი და აღშფოთება, საპროტესტო აქციები მოჰყვა. დახოცილ ბავშვთა შემაძრწუნებელი ფოტოკადრები თითოეულ მოქალაქეს – გამოფხიზლებისკენ, მთელ მსოფლიოს კი დუმილიდან გამორკვევისკენ მოუწოდებენ.

ფიზიკა ამოცანებში- ელექტროსტატიკა – მუხტი, ელექტრული ველი

0

წინამდებარე წერილით ვიწყებთ ამოცანების განხილვას ელექტროსტატიკაში. ელექტროსტატიკის ძირითად კანონს, მოგეხსენებათ, წარმოადგენს უძრავი მუხტების ურთიერთქმედების კანონი – კულონის კანონი.

ვრცლად 

ხვალ მივდივარ ცად…

0
– ბიჭო, ზვიად, აქ ხარ? – ქოშინით ამოდის კიბეზე, მეც ზუსტად იმ წუთას ვაღებ კარს და ერთმანეთს შევეფეთებით, – ნახე? წაიკითხე? – მომცრო ზომის წიგნს მაჩეჩებს ხელში.
სანამ გადავფურცლავდე, უფრო სწორად, სანამ წიგნის გარეკანს დავხედავდე, გული ვერ მოუთმენს და ხმამაღლა, ანთებული მეუბნება, თვალები სიხარულისგან უელავს:
– დათო წერედიანმა ლექსი მომიძღვნა. მარტო მე მთელ წიგნში, სხვას არავის, მარტო მე გამომარჩია, – ჩემს პასუხს არ ელოდება, წიგნს მართმევს, ჯერ თავში გადაშლის, მერე სარჩევს ჩახედავს, მერე უცებ უკან მიბრუნებს, – მარტო მე გამომარჩია. კიტები ვგრძნობთ ერთმანეთს!
ხშირად მინახავს გაოცებული, აღფრთოვანებული, აღელვებული, აღშფოთებული, განერვიულებული, ნაწყენი, ნამთვრალევი რენე კალანდია, მაგრამ ის დღე მაინც განსაკუთრებულად ჩამრჩა მეხსიერებაში. ნამტირალევიც მინახავს – ზუგდიდში, კაფე „აქატის” წინ, სულ პირველად, 9 აპრილის მემორიალთან ერთმა ნაცნობმა ბიჭმა მიჩვენა დაჩოქილი კაცი, აკანკალებული ხელებით რომ სანთელს უკიდებდა და რამდენჯერმე ჩაუქრა სანთელი. არ ეშვებოდა, ხან მუჭაში მოიქცევდა ასანთის ღერს, ხან მთელი სხეულით გადაეფარებოდა სანთელს.

ის დღეც მახსოვს, ქალაქის ერთ სასადილოში ყველას გასაგონად რომ დაიბუხუნა და, „უპირველეს რენესანსს, ანუ აღორძინებას, ურითმავენ – რენე სვამს, მალე ჩაეძინება…” ლაღ და ცოცხალ მელოდიად ჩაეფინა ყველაფერს: შრომისგან თუ უმუშევრობისგან, სიცივისგან თუ შიმშილისგან შემოხიზნულ ადამიანებს, ერთ გრძელ ოთახში ჩამორიგებულ ხის უფორმო მაგიდებს, მაგიდებთან მისვენებულ გაცრეცილ სკამებს. თითქოს ლექსის ძალა კი არ დაანახა იქ შეკრებილებს, არამედ ლექსზე უპირატესის, პოეტური სიტყვის დემონსტრირება შეძლო.

გამომცემლობის აივანზე ვიდექით, წიგნი გადავფურცლე, რენემ სიგარეტს მოუკიდა:

„ჟამი მოკლე, ჟამი გრძელი,
მხარზე მადევს უფლის ხელი,
მოყვარენო, შინ და გარეთ,
ვის რა გსურდეთ, დამაბარეთ,
ხვალ მივდივარ ცად.
ალის ქალი, ღელვის პირი,
პირი ელვა, ცოდვის ძირი,
მზის კალო და მთვარის ბანი,
წვიმის თმა და ნისლის ტანი…
ხვალ მივდივარ ცად”.
დავით წერედიანის ამ ლექსს „მეგრული მოტივი” ჰქვია და „სვანური სიმღერების” ლიტერატურული ვერსიის ავტორი ამ შემთხვევაშიც ღრმად წვდება იდუმალ, სევდიან და ნოსტალგიურ „ნერვის ძაფს”. და სწორედ ეს „ძაფი ნერვისა”, უკვდავი პოეტისგან უდიდეს სიმძაფრემდე დაჭიმული, იმ გზად, იმ სიმაღლედ რჩება, რომელიც ყველა ნამდვილი პოეტისთვის ზნეობრივი ორიენტირი უნდა იყოს.
ეს გზა და მზადყოფნა ამ გზისთვის კარგად ჩანს რენე კალანდიას ლექსში „ზუგდიდი: წიგნის მაღაზია, 16 აპრილი (ბაჩანა ბრეგვაძეს)”:
„აჰა, ნისიად დამითმეს
თქვენი ნათარგმნი პლატონი! –
კვლავ ცალ-ცალკე ვართ – მე, ფული,
შვეიცარიის კანტონი…
უფულოდ როგორ კეთდება
საქმენი – სადიადონი,
კარგად უწყოდა პლატონმა,
მეც ვიცი, თუმცა მარტო ვარ…
ვნახავ: სულ შესვა სოკრატემ,
თუ ორი წვეთი ჩატოვა –
ჩემთვის?..”
იშვიათად მინახავს ადამიანი, პირველივე შემხვედრთან, თითქმის უცნობთან ისე დახარჯულიყოს, როგორც ეს რენე კალანდიას შეეძლო. და ყველა, ვინც მის პირად საუბარს შესწრებია, დამერწმუნება, რომ ლიტერატურული თუ სხვა სახელების დამოწმებაც უხვად იცოდა – თითქოს მათ კი არ ახსენებდა მხოლოდ, სიტყვასა და სიტყვაში სვამდა, როგორც მოკავშირეს, მესაიდუმლეს, მეგობარს. ამით თანამოსაუბრესთანაც საერთო ენას პოულობდა, რომ იმწუთიერი სიმარტოვიდან ამოეღწია.
გამომცემლობის აივანზე ვდგავართ, რენე ეწევა, კორპუსებს გავცქერით და უცებ მეუბნება:
– ერთმა მწერალმა მითხრა, გამიხარდა, მწერალთა კავშირიდან ჩემს გარიცხვას ხელი რომ არ მოაწერეო. მე ვუთხარი, ვინმეს გარიცხვას რომ ხელი მოვაწერო, მერე იმ ხელით ლექსი როგორ უნდა დავწერო-მეთქი…

როგორ დავეხმაროთ ბავშვებს, როცა მათ ცხოვრებაში დიდი ტრავმა და დანაკარგია

0
ბავშვების უმრავლესობისთვის სიკვდილი ახალი გამოცდილებაა და ამის გამო ის მათში დაბნეულობის და შიშის განცდას იწვევს. მათ არ იციან, რა მოჰყვება ოჯახის წევრის ან მეგობრის დაკარგვას. სკოლამდელი და უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვები შეიძლება ვერც მიხვდნენ, რას ნიშნავს სიკვდილი და მხოლოდ ოჯახის წევრების რეაქციების გამო შეშინდნენ. დაბნეულობა და შიში მატულობს მატრავმირებელი სიკვდილის შემთხვევაში. ამ დროს ისინი მომვლელებთან ან სხვა უფროსებთან კითხვებზე პასუხებს და კომფორტს ეძებენ. მიუხედავად იმისა, რომ მოზრდილებს სიკვდილთან დაკავშირებულ ყველა კითხვაზე პასუხი არ აქვთ, მათ შეუძლიათ დაეხმარონ ბავშვებს მწუხარების უკეთ გაგებაში.

 

ამ სტატიაში მოცემული ინფორმაცია შეიძლება სასარგებლო აღმოჩნდეს ოჯახებისთვის, სოც. მუშაკებისთვის, მასწავლებლებისთვის და სხვა მოზრდილებისთვის, რომლებიც მუშაობენ და ცხოვრობენ მგლოვიარე ბავშვებთან.



ხშირად დასმული შეკითხვები


უნდა ვუთხრათ მატრავმირებელი ამბის შესახებ?


არ შეგეშინდეთ მატრავმირებელი შემთხვევის შესახებ საუბარი. ბავშვებს არ არგებთ ის, რომ პრობლემებზე არ იფიქრონ ან დაივიწყონ და გონებიდან გააქრონ. თუ ბავშვი გრძნობს, რომ მის გარშემო უფროსები რაიმე ამბით შეწუხებულები არიან, მან შეიძლება ამ საკითხზე ლაპარაკი არ წამოიწყოს, მაშინაც კი, თუ ეს სურს. მატრავმირებელი სიკვდილისას ბავშვს ორი ცენტრალური დაბრკოლება აქვს: მატრავმირებელი მოვლენის გადამუშავება, გაცნობიერება და საყვარელი ადამიანის დაკარგვასთან შეგუება. უშუალოდ პოსტტრავმულ პერიოდში ძირითადი ემოცია არის შიში, შემდეგ – დარდი.


დანაკარგის შესახებ თავისუფლად საუბრის ან დარდის, ბრაზის, დაბნეულობის გამოხატვის გარეშე ბავშვის რეაბილიტაცია უფრო რთულია. ბავშვები ემოციური გამოხატვის და ქცევის მოდელს იღებენ მათი აღმზრდელებისგან და მათ ეხმარებათ იმის ცოდნა, რომ უფროსებიც დარდობენ და უზიარებენ, თავად როგორ უმკლავდებიან ამას. გარდაცვლილი ადამიანის შესახებ მოგონებების, რიტუალების, ჩვევების, შეხედულებების და ქცევების შენარჩუნება სასარგებლოა ბავშვებისთვის დარდთან გამკლავების პროცესში. ფორმალური სამგლოვიარო რიტუალები, ბავშვის კულტურისთვის დამახასიათებელი რწმენა და რელიგია ასევე შეიძლება სასიკეთო აღმოჩნდეს.


მატრავმირებელი ამბის შესახებ საუბრის შემდეგ (განსაკუთრებით, თუ ბავშვი იყო ამ შემთხვევის მოწმე), სანამ ბავშვი როგორღაც შეეგუება ტრავმულ ინციდენტს, საყვარელი ადამიანის გლოვის მათეული უნარი შესაძლოა დასუსტდეს. ამიტომ სასურველი არ არის ბავშვთან მხოლოდ ამის შესახებ საუბარი.


როგორ უნდა ვუთხრათ მატრავმირებელი ამბის შესახებ?


საყვარელი ადამიანის გარდაცვალებიდან რამდენიმე დღის ან კვირის შემდეგ, აღმზრდელებმა უნდა უთხრან ბავშვს, რომ მატრავმირებელი ამბის შესახებ ფიქრი ნორმალურია. სასურველია, თუ უფროსები ამ ფაქტთან დაკავშირებით მათ თავიანთ განცდებს და აზრებს გაუზიარებენ. რა თქმა უნდა, ამ საკითხის განხილვისას, აუცილებელია ბავშვის ასაკის გათვალისწინება, საჭირო დროის შერჩევა და მისთვის გასაგები ენის გამოყენება. ნუ შეშფოთდებით, თუ ბავშვი ამ დროს ჩუმად იქნება. მას დრო სჭირდება იმისთვის, რომ ეს რთული ინფორმაცია მიიღოს. უთხარით, რომ მას შეუძლია ამის შესახებ თქვენთან ისაუბროს ყოველთვის, როცა სურვილი ექნება.


ბავშვებს დარდთან გამკლავების სხვადასხვა სტილი აქვთ, შეიძლება არ ილაპარაკონ სიკვდილის შესახებ ან უცნობებსაც კი მოუყვნენ მატრავმირებელი ამბის შესახებ. 6 წლის ბავშვმა შეიძლება ბაღის აღმზრდელს განუცხადოს, რომ “დედაჩემს ესროლეს”, როცა 15 წლის ბიჭი არ მოუყვება უფროსებს ძმის მკვლელობის შესახებ.


როცა ბავშვი მატრავმირებელ ამბავს უფრო და უფრო შორდება, შესაძლებლობა ექმნება, უფრო დიდხანს “ფოკუსირდეს”, უფრო ღრმად ჩასწვდეს და გაიაზროს, რაც ხდება. ზოგჯერ, პატარა ბავშვები ისე იქცევიან, თითქოს ვერ გაიგეს, რას ეუბნები. მათ შეიძლება არ აღიარონ ახლობლის სიკვდილი ან თქვან, რომ “დედა დაბრუნდება”. დანაკარგის რეალობის აღიარებისას ბავშვები იყენებენ შეგუების მრავალ ტექნიკას – რომელთა ნაწილიც ზრდასრულთათვის შესაძლოა დამაბნეველი ან გამაღიზიანებელი იყოს.


მოუსმინეთ ბავშვებს, უპასუხეთ მათ კითხვებს. ამით თქვენ შეძლებთ შეუქმნათ მათ კომფორტის და მხარდაჭერის ატმოსფერო. ჩვენ ხშირად არ გვაქვს ადეკვატური ახსნა იმისა, თუ რატომ მოხდა ეს უაზრო ან ტრაგიკული სიკვდილი. კარგია, თუ ბავშვსაც მოვუყვებით, რომ ჩვენც, მის მსგავსად, დაბნეული ვართ. დაბოლოს, ბავშვის მოსმენა და ნუგეშისცემა, თავის არიდების ან ზედმეტი მგრძნობელობის გარეშე, პოზიტიურ ეფექტს იქონიებს ბავშვის შესაძლებლობაზე შეეგუოს ტრავმულ დანაკარგს.


ამ ვრცელი პროცესის განმავლობაში ბავშვი განაგრძობს დანაკარგის ხელახლა განცდას. თამაშში, ხატვის პროცესში და სიტყვებში ის იმეორებს და თავიდან განიცდის მატრავმირებელი ამბის ზოგიერთ ელემენტს, ერთსა და იმავე კითხვებს უსვამს უფროსებს, ხდება უფრო ემპათიური სხვების დანაკარგის მიმართ, მულტფილმის პერსონაჟების ჩათვლით. მაგალითად, სვამს კითხვას “სად არის მიკი მაუსის დედა” ან მკვდარი ჩიტის დანახვისას ინტერესდება ბარტყების შემდგომი ბედით.


ამ პროცესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია, ის, რომ სხვადასხვა ასაკის ბავშვებს ადაპტაციის განსხვავებული სტილი და უნარები აქვთ იმის გასაგებად, თუ რა არის სიკვდილი. პატარა ბავშვებთან საუბრისას დაუშვებელია ძილის და სიკვდილის ერთმანეთთან დაკავშირება, რადგან შეიძლება ბავშვებს შეეშინდნენ ჩაძინებული ახლობლის დანახვის. სცადეთ, გაიგოთ, რას ფიქრობს ის სიკვდილის შესახებ, როგორ წარმოუდგენია საიქიო ცხოვრება, აქვს თუ არა რაიმე სახის შიში ან შფოთვა სიკვდილთან დაკავშირებით, რაც უფრო მეტი გეცოდინებათ მისი წარმოდგენების შესახებ, უკეთ შეძლებთ მის დახმარებას.


მოუყევით მატრავმირებელი ამბის შესახებ იმ ადამიანებს, რომლებსაც ბავშვთან უშუალო კავშირი აქვთ (მასწავლებლებს, მისი მეგობრების მშობლებს). ეს დაეხმარება მათ ამ ბავშვების მიმართ უფრო მომთმენი, გამგები და მზრუნველი იყონ.


რა განსხვავებაა მწუხარებას და გლოვას შორის?


მწუხარება არის “იარლიყი” ემოციური, კოგნიტური, ქცევითი და ფიზიკური რეაქციების ნაკრებისა, რომლებიც მოჰყვება საყვარელი ადამიანის სიკვდილს. ნორმალური მწუხარების გამოხატვა შეიძლება შეიცავდეს უარყოფას, ემოციურ “სიმუნჯეს”, ბრაზს, მრისხანებას, მღელვარების შეტევებს, მოწყენილობას, შიშს, დაბნეულობას, ძილის გართულებას, ბავშვობაში დაბრუნებას, კუჭის პრობლემებს, მადის დაკარგვას, “ისტერიულ მატერიალიზაციებს” (საყვარელი ადამიანის გამოსახულების ან ხმის წარმოსახვას) და სხვა მრავალ პოტენციურ სიმპტომს. ეს სიმპტომები ძალიან ჰგავს მწვავე პოსტტრავმული პერიოდის სიმპტომებს.


გლოვა არის სიკვდილზე რეაქციის ფორმალიზებული პროცესი. ეს მოიცავს მოსაგონარ მსახურებას (პანაშვიდებს), დაკრძალვას, ქელეხს, ძაძებს და ა.შ. ეს ნაწილობრივ რიტუალიზებული მიდგომები ძალიან სასარგებლოა “გლოვითი რეაქციის” ორგანიზებისა და ფოკუსირებისათვის უშუალოდ სიკვდილის შემდგომ პერიოდში. მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის ამ პროცესში მონაწილეობაზე ნების დართვა. გლოვის მთავარი განმკურნავი ელემენტია ის, რომ საშუალებას აძლევს მგლოვიარეს “აკონტროლოს” ტრავმისა და დანაკარგის განცდა. იმის ნაცვლად, რომ იჯდეს მარტო სიკვდილის შესახებ აკვიატებულ განმეორებად ფიქრებთან, ადამიანს შეუძლია, კონტროლირებულად, გაიხსენოს გარდაცვლილი სიკვდილზე ფოკუსირების გარეშე. კონტროლის ხარისხი ტრავმულ მოვლენასთან შეგუებისას ძალიან მნიშვნელოვანია იმის განსასაზღვრად, თუ რამდენად დამანგრეველი ხდება მოვლენა დროის შემდეგ.


რა თქმა უნდა, ახლობელი ადამიანის გარდაცვალების გამო მწუხარება ნორმალურია, მაგრამ გამუდმებული გლოვა – არა.


პირველი ექვსი თვის განმავლობაში ბავშვებს (და მოზრდილებს) შეიძლება ჰქონდეს უჩვეულო სმენითი და მხედველობითი შეგრძნებები. მაგალითად, შეიძლება მოესმათ გარდაცვლილი დედის ხმა მეორე ოთახიდან, ნახონ დედის სილუეტი გადაჭედილ სავაჭრო ცენტრში. ეს “მოლანდებები” შეიძლება ინტერპრეტირებული იყოს რელიგიური კონტექსტით – “დედა დაბრუნდა, რომ ეთქვა ყველაფერი კარგადაა. ის ისევ ჩემთანაა”.


რა შემიძლია გავაკეთო მის დასახმარებლად?


1. იყავით გულწრფელი, ღია და მკაფიო. რაც არ უნდა საშინლად ჟღერდეს, მიაწოდეთ მას ფაქტებით გაჯერებული ინფორმაცია მომხდარის შესახებ. თუ დეტალები არ არის მოცემული, ბავშვის წარმოსახვა “შეავსებს” მას და ამბავი ხშირად უფრო შემაძრწუნებელი ხდება მისთვის, ვიდრე სინამდვილეშია.


2. არ გაექცეთ იმ თემებზე საუბარს, რომელიც ბავშვს აინტერესებს. დაელაპარაკეთ მას ყოველთვის, როცა მოუნდება საუბარი და ნუ შეაწუხებთ გამოკითხვებით, როცა ამის სურვილი არ ექნება. თუ გრძნობთ, რომ ვერ აკონტროლებთ თქვენს ემოციებს, როცა ის დასახმარებლად მოგმართავთ, აიღეთ რამდენიმე წუთი, აიყვანეთ საკუთარი თავი ხელში და მხოლოდ ამის შემდეგ სცადეთ ბავშვის დახმარება. მოუყევით საკუთარი განცდების შესახებ: “ჩვენ უნდა დავეხმაროთ ერთმანეთს, როცა ვდარდობთ”.


3. მზად იყავით, განიხილოთ ერთი და იგივე დეტალები ისევ და ისევ. მოთმინებით მოუყევით ხელახლა ფაქტები და თუ თქვენთვისაც რამე გაუგებარია, დაელაპარაკეთ ამის შესახებ. დაეხმარეთ მას შესაძლო ახსნის ძებნაში და მიახვედრეთ, რომ თქვენთვის და სხვებისთვისაც შეიძლება იყოს რაღაც გაუგებარი. ამ პროცესშივე უთხარით, რომ არსებობს ისეთი ფაქტები, რომელთა შესახებ ზუსტად ვიცით და მათი გაგება შეგვიძლია. საუბრისას გაიხსენეთ მოიგონეთ გარდაცვლილი ადამიანის შესახებ.


4. იყავით ადვილად მისაწვდომი, მზრუნველი, დამარწმუნებელი და პროგნოზირებადი. ეს ყველაფერი ბავშვს დაეხმარება, იგრძნოს თავი დაცულად. მზრუნველი აღმზრდელები, მასწავლებლები, ექიმები და სოც.მუშაკები ეხმარებიან მას დანაკარგთან შეგუებაში.


5. გაითვალისწინეთ, რომ გადარჩენილი ბავშვები თავს დამნაშავედ გრძნობენ. მშობლის მოულოდნელი გარდაცვალების შემდეგ ბავშვმა შეიძლება თავი დაიდანაშაულოს მის სიკვდილში. თუ ბავშვთან უშუალო კავშირში მყოფი ადამიანები შეძლებენ ამ განცდის განეიტრალებას, ბავშვის რეაბილიტაციის პროცესი უფრო გაიოლდება.


6. გამოიყენეთ სხვა რესურსები. მიმართეთ პროფესიონალებს, რომლებიც მზად არიან დაგეხმარონ თქვენ და თქვენს ბავშვს ამ პრობლემის გადაჭრაში. ყოველთვის გახსოვდეთ, რომ დანაკარგი არ გადის, გარდაცვლილ მშობელზე, და-ძმაზე ან თანატოლზე დარდი ყოველთვის ბავშვთან რჩება, მაგრამ დროთა განმავლობაში, სიყვარულის და ურთიერთგაგების გარემოში ბავშები სწავლობენ დანაკარგთან შეგუებას ისეთი მეთოდებით, რომლებიც არ შეუშლის ხელს მათ ჯანსაღ განვითარებას.



წყარო: https://teacher.scholastic.com/professional/bruceperry/child_loss.htm


მოამზადა მალინა საჯაიამ




საფოსტო ყუთი (I ნაწილი)

0
ყოველგვარი ტიპის წერილს: საქმიანს, პირადს, საჯაროს თუ სამოტივაციოს, – ერთი მთავარი დანიშნულება აერთიანებს – კომუნიკაცია. მიუხედავად იმისა, რომ წერილობითი დიალოგი ორ ადამიანს შორის გაიშვიათდა, თვითგამოხატვის ზემოთ აღნიშნული ხერხი, ჩემი აზრით, ყოველთვის იქნება ისტორიკოსთა თუ ლიტერატურის მკვლევართა შესწავლის ობიექტი.

წერილის მიღებას ადრე რამდენიმე დღე, თვეც კი შეიძლება დასჭირვებოდა, ახლა კი სულ რამდენიმე წუთს წაგართმევთ. ხელით ნაწერი წერილების ხიბლი ალბათ გრძელი გზისა და მოლოდინის „ბრალია”. თანაც მაშინ ორ ადამიანს შორის მანძილს ხშირად მხოლოდ მიმოწერა ამცირებდა და ემოციათა ფეიერვერკის გარეშე ეს „შეხვედრები”, აბა, როგორ ჩაივლიდა?! დღეს მესიჯის მიღება-გაგზავნა ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია, მათში ემოციის მცირე მარცვალს თუ აღმოაჩენთ და იმასაც „სმაილის” სახით.

წერილები წარსულიდან

პაპირუზე, ეტრატსა თუ თიხაზე ამოკაწრულმა უძველესმა წერილებმა ჩვენამდე პირველყოფილ დამწერლობათა (ლურსმულის, იეროგლიფურის…) ნიმუშებად მოაღწია. ეს უცნაური ფორმის ასო-ფიგურები, ნახატისგან ბუნებაში მათი მსგავსი არსების, ასე ვთქვათ, პროტოტიპის არარსებობა რომ განასხვავებთ, ყველაზე ძვირფასი გამოგონებაა მათ შორის, რისი შექმნაც ადამიანმა უძველესი დროიდან დღემდე მოახერხა.

წარსულიდან გამოგზავნილი წერილების ამოკითხვას შეიძლება ერთი ადამიანის სიცოცხლე არც კი ეყოს ან ბოლომდე საიდუმლოდ დარჩეს. უძველესი ჩანაწერების დიდი ნაწილი დაკარგულია, თუმცა გაშიფრულ-ამოკითხული გზავნილების დამსახურებით ადამიანთა არსებობის ისტორია უფრო მდიდარი და საინტერესო გახდა. გაუშიფრავი ბარათებიდან ყველაზე დიდ ინტერესს იწვევს ყუმრანის გამოქვაბულის 2000 წელზე მეტი ხნის სპილენძის ფირფიტა (სავარაუდოდ, მასზე გამოსახულია უცნობი საგანძურის ადგილსამყოფელის რუკა), რომლის ბოლომდე ამოკითხვაც მეცნიერთა შრომას გულუხვად დააჯილდოებდა.

ეპისტოლური მწერლობის ყველაზე ადრეულ ნიმუშებად უხსოვარი დროის ჯერ კიდევ ბურუსით მოცული გამოქვაბულის კედლის მხატვრობა შეიძლება ჩაითვალოს. მაგალითად: ქმარი სანადიროდ მიდის და არ უნდა, მისი ცოლი მეუღლის არყოფნამ შეაშინოს; მიახატავს კედელზე წვეტიანი ქვით ხელში საკუთარ თავს, იქვე – იმ ცხოველს, რომლის მონადირებაც გადაუწყვეტია და „წერილიც” მზადაა… რატომაც არა?

გავიდა ხანი. ადამიანები გამოქვაბულიდან გამოვიდნენ, სოფლებად, ქალაქებად, ქვეყნებად დასახლდნენ, დამწერლობა და საწერი საშუალებები შექმნეს… წერილებმა მშობლიური საზღვრების გადაკვეთა დაიწყო. სახელმწიფოებს შორის, დიდი ძალაუფლების მქონე პირთა წრეში საქმიანი მიმოწერა დიალოგის ყველაზე მისაღებ ფორმად იქცა.

წერილები ამარნიდან

ეს წერილები შუა აღმოსავლეთის მმართველებმა მისწერეს ფარაონს ძვ. წ. აღ. XIV ს-ში. ამარნა ზედა ეგვიპტის ქალაქია, რომელიც ერთ დროს ქვეყნის დედაქალაქიც ყოფილა. წერილები შესრულებულია აქადური ენით (ახლო აღმოსავლეთში აქადურ ენას დიპლომატიური ურთიერთობის დროს იყენებდნენ), მესოპოტამიური სტილით, ლურსმულით, რბილი თიხის ფირფიტაზე. სულ აღმოჩენილია 182 წერილი, მათი უმეტესობა ამენჰოტეპ IV-ს (ეხნატონს) ეძღვნება. წერილებში არა მარტო ხოტბას ასხამენ ადრესატს, არამედ მტერთან ომში შემწეობასაც სთხოვენ (ე.წ. მუდარის წერილები).
ისრაელთა სტელა 

XIX ს-ის მიწურულს თებეში არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილ იქნა სამმეტრიანი სტელა, რომელიც უმნიშვნელოვანეს წერილობით ცნობებს შეიცავს ისრაელის მკვიდრთა შესახებ. სტელა ფარაონ მერენპტაჰს ეძღვნება და ებრაელებს, როგორც ერს, საკმაოდ საინტერესოდ ახასიათებს. ეს სტელა ებრაელთა შესახებ შემორჩენილ უძველეს ოფიციალურ დოკუმენტად მიიჩნევა.
სიკვდილის სამეფოში გაგზავნილი წერილები

„ანის პაპირუსი” თებეში მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს იპოვეს. მისი სიგრძე 24 მეტრია და იეროგლიფური დამწერლობითაა შესრულებული. ამ უძველესი დოკუმენტიდან ვიგებთ, რომ ანი მწერალი და ფარაონის კარზე საკმაოდ გავლენიანი მოხელე ყოფილა, მაგრამ უცნობია ფარაონის სახელი, რომელსაც იგი ემსახურებოდა. 
 

სწორედ ეს პაპირუსი ამტკიცებს, რომ ეგვიპტელთათვის ყველაზე მნიშვნელოვანი სიკვდილისთვის სათანადოდ მომზადება გახლდათ. ალბათ ამიტომაა მათ დიდგვაროვანთა განსასვენებლები ასეთი შთამბეჭდავი. სიკვდილი ეგვიპტეში ყველაზე „ძვირ” სიამოვნებად ითვლებოდა, აკლდამის აშენებას ასეულობით მონის სიცოცხლე ეწირებოდა, არც „ბალზამირების სამსახური” ჯდებოდა იაფი… ასე რომ, მართლაც ძნელი იყო ეგვიპტურ „ცათა სასუფეველში”, უფრო სწორად, ოსირისის მიწისქვეშა სამფლობელოში მოხვედრა. სწორედ სიკვდილისადმი ასეთმა შიშმა, კრძალვამ თუ მორჩილებამ შექმნა ძველი მსოფლიოს ერთ-ერთი საოცრება – გიზის პირამიდები. მათში გამომწყვდეული ეგვიპტის ისტორია კი დღემდე აღფრთოვანებას იწვევს.

სიკვდილის სამეფოსკენ მიმავალი ეგვიპტელის მთავარი ატრიბუტი „გარდაცვლილთა წიგნი” (სპეციალური ტექსტი, რომელსაც მიცვალებულს სხვა ნივთებთან ერთად სამარხში ატანდნენ) იყო. „წიგნი ამა ქვეყნიდან წასვლის შესახებ” გახლდათ ერთგვარი სახელმძღვანელო, რომელიც ადამიანს ასწავლიდა, როგორ უნდა მოქცეულიყო გარდაცვალებისა და საიქიო სამსჯავროზე წარდგომის დროს. ეგვიპტელთა რწმენით, ანის პაპირუსის მსგავსი სიკვდილისთვის მიწერილი წერილი ყველა ადამიანს თან უნდა ჰქონოდა, რათა სამსჯავროს ყველა საფეხური უვნებლად გაევლო.
ებოტის პაპირუსი

ნაპოვნია სახელმწიფო მოხელის ჩანაწერები, რომლებიც ეხება 3000 წლის წინ ჩადენილ დანაშაულს – აკლდამების ძარცვას. ვეზირის წერილებში პირველად გვხვდება წერის აქამდე უცნობი სტილი – გაკრული ხელი, სახოტბო სიტყვებისგან გათავისუფლებული ე.წ. სასაუბრო-ინფორმაციული თხრობის მანერა… ეს ჩანაწერი იმითაცაა მნიშვნელოვანი, რომ მკაფიოდ ასახავს ძველი ხალხური რწმენა-წარმოდგენების შესუსტებას. ფარაონის როგორც ღმერთის გაფეტიშების მაგალითს ვეღარსად წააწყდებით. ამ მოსაზრების დასამტკიცებლად ფარაონთა სამარხის მძარცველების გამოჩენაც კმარა. ქურდები დანაშაულს გრძნობენ მხოლოდ სხვისი ნივთების აღების გამო და არა იმიტომ, რომ ხელშეუხებელი, წმინდა ადგილი, ადამიანი-ღმერთის სამყოფელი შებღალეს.
მცურავი ფოსტა და XXI საუკუნე

დღეს უმეტესად ფილმებში გვხვდება, წინათ კი, ზღვის ტალღებზე, სასურველი ნაპირის ძიებაში, რა განსაცდელი არ გადაულახავს. გაგიკვირდებათ და ვირტუალური კომუნიკაციების საუკუნეშიც არსებობენ ადამიანები, რომლებიც კომუნიკაციის ამ ნაკლებსაიმედო საშუალებას აქტიურად იყენებენ.

კანადელი ჰაროლდ ჰაკეტი ადამიანებთან მიმოწერას ბოთლში მოთავსებული წერილების საშუალებით განაგრძობს. ჰაროლდმა სულ 4800 წერილიანი ბოთლი გადააგდო ოკეანეში და 3100 მათგანზე პასუხიც მიიღო. კანადელმა პირველი უმისამართო გზავნილი 1966 წელს დაწერა, პეპსის შუშის ბოთლში ჩადო და ზედ თავისი სახელი, გვარი და მისამართი მიაწერა. გარკვეული ხნის შემდეგ პასუხიც მოვიდა. თანდათან ბოთლში ჩადებული წერილების გზავნა ჰაკეტის საყვარელ საქმიანობად იქცა. უმისამართო წერილების ავტორი გზავნილის ყველა მპოვნელს პასუხის დაბრუნებას სთხოვს. ჰაროლდმა წერილები აფრიკიდან, ინგლისიდან, რუსეთიდან, საფრანგეთიდან და მრავალი სხვა ქვეყნიდან მიიღო.
მფრინავი ფოსტალიონები

ადამიანმა დიდი ხნის წინ შეამჩნია, რომ მტრედებს შინ დაბრუნების თანდაყოლილი უნარი ჰქონდათ და სახეობათა შერჩევითი შეჯვარება დაიწყო, რათა უფრო მეტად განევითარებინა მათი ეს თვისება. ჩიტებს დიდი მანძილით დაშორებული ადგილიდანაც არ უნდა გასჭირვებოდათ შინისკენ გზის გაგნება, რაც დიდ ძალისხმევას და ინტუიციას მოითხოვდა.

 

ომის ისტორიაში საფოსტო მტრედებს მნიშნელოვანი ადგილი უკავია. ომის დროს მათ „ფოსტალიონებად” და ერთგვარ მზვერავებადაც იყენებდნენ. გავიხსენოთ პირველი მსოფლიო ომი:  ამერიკელებმა ამ ომში რამდენიმე ასეული მტრედი გამოიყენეს. ერთ-ერთმა მფრინავმა ფოსტალიონმა, Cher ami-მ, გმირული თავდადებისთვის ჯილდოც კი დაიმსახურა. 1918 წლის 3 ოქტომბერს ექვსასამდე კაცისგან შემდგარი ბატალიონი გერმანელთა ხაფანგში მოექცა. ამერიკელმა ჯარისკაცებმა რამდენიმე შეტევა კი მოიგერიეს, მაგრამ გერმანელთა ალყის გარღვევა შეუძლებელი ჩანდა. გარდა ამისა, ალყაში მოქცეულებს თანამებრძოლთა ტყვიების წვიმაც დაატყდა თავს (ამერიკელთა ერთ-ერთ ბატალიონს ეგონა, რომ გერმანელებს ესროდნენ). ამ გაუთვალისწინებელი თავდასხმის მთავარი მიზეზი კომუნიკაციის პრობლემა იყო, რომელიც უფრო მეტად ამძიმებდა გერმანელთა მიერ კუთხეში მიმწყვდეულ ამერიკელ ჯარისკაცთა მდგომარეობას. ალყაში მოქცეულ ბატალიონს სამი საფოსტო მტრედი ჰყავდა და ჯარისკაცებმა მათი მეშვეობით დამხმარე ძალებთან დაკავშირება სცადეს. პირველი ორი მტრედი გერმანელთა ტყვიებს შეეწირა. Cher Ami-ს ისღა დარჩენოდა, როგორმე უნებლიე მოწინააღმდეგედ ქცეული თანამებრძოლებისთვის ალყაში მოქცეულთა ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაცია მიეწოდებინა და ცეცხლის შეწყვეტა მოეთხოვა.

„ძვირფას მეგობარსაც” მოხვდა გერმანელთა ტყვია. მკერდსა და ფეხში დაჭრილმა მტრედმა მაინც განაგრძო ფრენა და დაახლოებით ერთი საათის შემდეგ 40 კმ-ით დაშორებულ შტაბში მიიტანა ინფორმაცია, რომლის წყალობითაც უეჭველ სიკვდილს გადაურჩა 194 ამერიკელი ჯარისკაცი. სამხედრო ექიმებმა ყველაფერი იღონეს ერთგული მეგობრის გადასარჩენად.

საფოსტო მტრედების გამოყენება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შეწყდა, მაგრამ მიმოწერის ისტორია ამით არ დასრულებულა. მან საკმაოდ დიდი როლი შეასრულა მსოფლიო ლიტერატურის განვითარებაში. თავად წერილმა როგორც კომუნიკაციის საშუალებამ დიდი ცვლილება განიცადა. მრავალსაუკუნოვანი ცივილიზაციის კალმით შეიარაღებულები, დღესაც ვწერთ წერილებს, მაგრამ მათზე ცოტა მოგვიანებით, მომდევნო წერილში მოგიყვებით.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...