ხუთშაბათი, მაისი 1, 2025
1 მაისი, ხუთშაბათი, 2025

როგორ ეხმარება მასწავლებელს და მოსწავლეებს ენების საერთოევროპული სარეკომენდაციო ჩარჩოს ცოდნა

0
თბილისში ფრანგული ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო დიპლომების მოსაპოვებლად გამართული ერთ-ერთი საგამოცდო სესიის მიმდინარეობისას კანდიდატმა, რომელმაც რეგლამენტით განსაზღვრული მოსაფიქრებელი დრო ბოლომდე გამოიყენა, საგამოცდო კომისიის წინ თავი ვერ შეიკავა და ატირდა. ასეთ გამოცდაზე ეს პირველი შემთხვევა იყო. კეთილგანწყობილი გამომცდელები ამშვიდებდნენ, სთხოვდნენ, გაეგრძელებინა გამოცდა, მაგრამ კანდიდატმა უარი განაცხადა და საგამოცდო ოთახი დატოვა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, სკოლის მასწავლებელმა ურჩია, ჩაწერილიყო B1 დონის გამოცდაზე, მაშინ როდესაც რეალურად მას A2 დონის გამოცდის ჩაბარებაც კი გაუჭირდებოდა. მასწავლებლის ეს შეცდომა გამონაკლისი რომ ყოფილიყო, ალბათ, არ იქნებოდა საჭირო ამაზე ყურადღების გამახვილება, მაგრამ, სამწუხაროდ, უნდა ითქვას, რომ ზოგიერთი პედაგოგი არ უთმობს სათანადო ყურადღებას ენების საერთოევროპული სარეკომენდაციო ჩარჩოს კრიტერიუმებსა და მოთხოვნებს, რამაც შესაძლოა მათი მოსწავლეები ასეთივე სიტუაციაში ჩააყენოს.
საქართველოში უცხოური ენის შესწავლის მსურველებს უამრავ სხვა საერთაშორისო დიპლომსა და სერტიფიკატთან ერთად შეუძლიათ DELF და DALF დიპლომების აღებაც (18 წლამდე ასაკის კანდიდატებს კი – DELF ჟუნიორისა), რომლებიც საფრანგეთის განათლების სამინისტროს მიერ აღიარებული ოფიციალური დიპლომებია. ამ დიპლომების მოპოვების მსურველთა რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება. ძალიან მნიშვნელოვანია, მასწავლებელმა სწორად განუსაზღვროს მოსწავლეს ენის ცოდნის დონე და მისცეს რეკომენდაცია, რომელი დიპლომის მისაღებ გამოცდაზე ჩაეწეროს.

უცხოური ენების შესწავლას ჩვენში ოდითგანვე ბევრ დროს უთმობდნენ. ენების ცოდნა განათლებულობის კრიტერიუმად მიიჩნეოდა. სწავლების მეთოდებიც მრავლად იყო. მაგრამ 1970-იანი წლების დასასრულისთვის უცხოური ენების სწავლების ფართოდ გავრცელებულმა ტრადიციულმა მეთოდმა თითქმის ყველგან დაკარგა აქტუალობა და პირველობა კომუნიკაციურ მეთოდს დაუთმო. ამ მეთოდით ენის შემსწავლელის უპირველესი ამოცანაა, ისწავლოს კომუნიკაცია, ისწავლოს, თუ როგორ ისწავლოს, რეალური ცხოვრებისეული სიტუაციების სიმულაციის გზით სინქრონულად განივითაროს ყველა ენობრივი კომპეტენცია და ზედმიწევნით მიუახლოოს ისინი იმ ენის მატარებელისას, რომელსაც სწავლობს. დღეს უცხოური ენის მასწავლებელს კარგი გაკვეთილის ჩასატარებლად და სწავლების ხარისხის გასაუმჯობესებლად, შესაბამის კვალიფიკაციასთან, გამოცდილებასთან, თანამედროვე სახელმძღვანელოსა და მასწავლებლის მეგზურთან ერთად, მრავალი სიახლის გათვალისწინებაც სჭირდება. უამრავი დოკუმენტიდან, რომელთა ცოდნაც მათთვის უკვე აუცილებლობას წარმოადგენს, ენების საერთოევროპული სარეკომენდაციო ჩარჩო ერთ-ერთი უპირველესია, მით უმეტეს, რომ უცხოური ენის თანამედროვე სახელმძღვანელოების უმეტესობა სწორედ მის მოთხოვნებს უპასუხებს.

ევროპის საბჭომ ენების საერთოევროპული სარეკომენდაციო ჩარჩო 2001 წელს გამოაქვეყნა, მაგრამ მის პირველ ვარიანტზე მუშაობა გაცილებით ადრე, გასული საუკუნის 90-იან წლებში, დაიწყო. აღნიშნული დოკუმენტის შექმნის ერთ-ერთი მიზეზი ჩვენთვის, უცხოური ენის მასწავლებლებისთვის, განსაკუთრებით საყურადღებოა. კერძოდ, ის, რომ 1980-იან წლებში ენობრივი ცოდნის განმსაზღვრელი ტესტების მომრავლებამ (TOEFL, TOEIC, IELTS, DALF, DELF, ZD) და იმან, რომ თითოეულს შეფასების საკუთარი სკალა ჰქონდა, დღის წესრიგში დააყენა მათი ერთმანეთთან შესაბამისობაში მოყვანის საკითხი. დღეს უკვე მრავალ ქვეყანაში სწორედ ენების საერთოევროპული სარეკომენდაციო ჩარჩოთი განისაზღვრება უცხოური ენის ცოდნის დონე; ის წარმოადგენს ენების შესწავლისა და სწავლების საერთო სტანდარტს. უფრო და უფრო მეტი დამოუკიდებელი ორგანიზაცია, რომლებიც შეფასებაზე სპეციალიზდება, შეფასების საკუთარი სკალის შემუშავებისას ეყრდნობა ამ დოკუმენტს ან დანართში ურთავს კონვერტირების ბადეს, რომელიც ჩარჩოს შესაბამისად ენის ფლობის დონის განსაზღვრის შესაძლებლობას იძლევა.

ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში უცხოური ენების მასწავლებლები და სასწავლო დაწესებულებები ტერმინოლოგიის, ენობრივი კომპეტენციების დონეების, პედაგოგიური მასალებისა თუ პროგრამების, სასწავლო პროცესში შეფასების საერთო ნორმების შემუშავებისას ეყრდნობიან აღნიშნულ დოკუმენტს. ამავე დროს, ის შეუცვლელია ენის შემსწავლელებისთვის, რომლებსაც მისი მეშვეობით შეუძლიათ გაცილებით ადვილად და ზუსტად განსაზღვრონ ენის ცოდნის დონე და ის, მისი შესწავლის რომელ ეტაპზე იმყოფებიან.
სტრუქტურულად ჩარჩო დაყოფილია სამ დონედ:

◦ A – ენის ელემენტარული ფლობა (ენის ელემენტარულ დონეზე გამოყენება);
◦ B – ენის დამოუკიდებლად ფლობა (ენის დამოუკიდებლად გამოყენება);
◦ C – ენის თავისუფალი ფლობა (ენის პროფესიული მიზნით გამოყენება).
თითოეული მათგანი, თავის მხრივ, ორ ქვედონედ არის დაყოფილი.

საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მოსწავლეები მეორე უცხოური ენის შესწავლას მეხუთე კლასიდან იწყებენ. ფრანგული ენა სკოლებში უმეტესად ისწავლება სწორედ როგორც მეორე უცხოური ენა და სურვილის შემთხვევაში მოსწავლეს საშუალება ეძლევა, სკოლის დამთავრების შემდეგ აიღოს DELF A2 საერთაშორისო დიპლომი. ამ მიზეზით დღეს ჩვენ დეტალურად განვიხილავთ მხოლოდ პირველ, A დონეს, რომელიც A1 და A2 ქვედონეებისგან შედგება. ისევე როგორც დანარჩენ ორზე, პირველ დონეზეც უკლებლივ ყველა ენობრივი კომპეტენციაა წარმოდგენილი: წაკითხულისა და მოსმენილის გაგება, ლაპარაკი (საუბარში მონაწილეობა, გაბმული საუბარი) და წერა.

A1 ქვედონეზე (რომელიც ამავე დონის საერთაშორისო დიპლომის, DELF A1-ის, მოპოვების საშუალებას იძლევა) უცხოური ენის შემსწავლელს შეუძლია გაიგოს და გამოიყენოს მისთვის ნაცნობი, ყოველდღიურ ცხოვრებაში ხშირად გამოყენებული ენობრივი კონსტრუქციები. თემატიკა უმთავრესად შემოიფარგლება საკუთარი თავით, ოჯახით, საცხოვრებელი ადგილით, ხალხით, რომელსაც იცნობს, საჭიროებათა გამოხატვით („მჭირდება”, „მინდა”…), არდადეგებით; კითხვისას მას ესმის ნაცნობი სიტყვებისა და მარტივი ფრაზების მნიშვნელობა, მაგ., განცხადებებში, აფიშებზე და კატალოგებში; საუბრისას შეუძლია მარტივი კომუნიკაცია იმ პირობით, რომ თანამოსაუბრე მზადაა გაიმეოროს და სხვა ფორმულირებით (პერიფრაზით) ნელა განუმარტოს სათქმელი, დაეხმაროს ენის შემსწავლელს საკუთარი აზრის უკეთ ჩამოყალიბებაში; შეუძლია მარტივი კითხვების დასმა მისთვის ნაცნობ თემაზე, ისევე როგორც პასუხი ასეთ კითხვებზე; შეუძლია გამოიყენოს გამონათქვამები და მარტივი ფრაზები საკუთარი საცხოვრებლისა და მისთვის ნაცნობი ხალხის წერილობითი აღწერისას, მარტივი ფორმულარის, სასტუმროს ბარათის, ანკეტის შევსება ან მოკლე ღია ბარათის დაწერა (მაგ., არდადეგების შესახებ).
A2 ქვედონეზე (რომელიც ამავე დონის საერთაშორისო დიპლომის, DELF A2-ის, მოპოვების საშუალებას იძლევა) უცხოური ენის შემსწავლელს ესმის იზოლირებული ფრაზები და ხშირად გამოყენებული გამონათქვამები; შეუძლია კომუნიკაცია მარტივი და მისთვის ჩვეული საქმიანობის დროს. უცხოური ენის ფლობის ამ დონეზე აქტივობათა თემატიკა უმთავრესად შემოიფარგლება შემსწავლელის ყოველდღიურ ცხოვრებასთან დაკავშირებული სიტუაციებით (ოჯახი, საცხოვრებელი პირობები, განათლება, რამის შეძენა, უახლოესი გარემოცვა, სამუშაო ადგილი) და მარტივი დოკუმენტების (განცხადებების, მარტივი ფუნქციური ტექსტის, რეკლამის, მენიუს, განრიგის, პირადი წერილის) გაგებით, მარტივი ინფორმაციის გაცვლით. კანდიდატს შეუძლია გამონათქვამებისა და ხშირად გამოყენებული ლექსიკური მასალის გაგება იმ სფეროდან, რომელიც მის უახლოეს გარემოცვას ეხება, აგრეთვე – შინაარსის გამოტანა მარტივი და მკაფიო განცხადებებიდან. შეუძლია წაიკითხოს მოკლე, მარტივი ტექსტები და ამოიღოს მისთვის საჭირო ინფორმაცია ხშირად მოხმარებადი დოკუმენტებიდან; ისაუბროს მისთვის ჩვეული საქმიანობის დროს, რაც მისგან მხოლოდ პირდაპირი და მარტივი ინფორმაციის გაცვლას მოითხოვს, გააბას მოკლე საუბარი, იმ შემთხვევაშიც კი, როცა არ ესმის იმდენი, რომ მთელი საუბარის შინაარსი დეტალურად გაიგოს. ოჯახის, სხვა ხალხის, საცხოვრებელი პირობების, უახლოესი ან ამჟამინდელი პროფესიული საქმიანობის მარტივად აღწერისთვის შეუძლია გამონათქვამებისა და ფრაზების გამოყენება; შეუძლია დაწეროს მარტივი და მოკლე შენიშვნა ან გზავნილი, ძალიან მარტივი პირადი წერილი (მაგ., მადლობის გადასახდელად).

აღნიშნული დონეების საერთაშორისო დიპლომების მოსაპოვებელი გამოცდები საქართველოს ფრანგულ ინსტიტუტში წელიწადში ორჯერ ტარდება. ინსტიტუტის ოფიციალურ ვებგვერდზე ნებისმიერ მსურველს შეუძლია გამოცდების მიმდინარეობის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება, ამიტომ გამოცდების დეტალებზე არ შევჩერდებით.

რაც შეეხება გამოცდების ნიმუშებს, მსურველებს შეუძლიათ, პედაგოგიური კვლევების საერთაშორისო ცენტრის (CIEP) ოფიციალურ ვებგვერდზე (https://www.ciep.fr) იხილონ რუბრიკა Diplômes et tests/DELF – DALF, დაბოლოს, Exemples de sujets, სადაც სამივე დონის ექვსივე დიპლომის მოსაპოვებელი გამოცდების ნიმუშებია წარმოდგენილი. ფრანგულის მასწავლებლებს შეუძლიათ თავისუფლად ჩამოტვირთონ აუდიოჩანაწერიც და შეფასების ბადეც, ანუ მსურველთათვის ყველა მასალა ხელმისაწვდომია.

ენების საერთოევროპული სარეკომენდაციო ჩარჩოს დეტალური ცოდნა საგრძნობლად გაუადვილებს უცხოური ენების, ჩვენს შემთხვევაში – ფრანგულის, მასწავლებლებს, სასწავლო პროცესში სწორად განსაზღვრონ პრიორიტეტები და უზრუნველყონ თითოეული კომპეტენციის შეძლებისდაგვარად თანაბრად განვითარება. ამაში პედაგოგს ისიც ეხმარება, რომ FLE-ს ყველა სახელმძღვანელო თანაბრად უწყობს ხელს ყველა კომპეტენციის განვითარებას. ხშირად მოსწავლეები რომელიმე ერთ კომპეტენციას ანიჭებენ უპირატესობას (უმეტესად ეს არის წერა ან ლაპარაკი) და მის ხარჯზე ცდილობენ ფონს გასვლას. მასწავლებლის უპირველესი ამოცანაა, კარგად აუხსნას, რომ DELF-ის დიპლომის მოსაპოვებელ გამოცდებზე რომელიმე ერთ ენობრივ კომპეტენციაში 5 ქულაზე დაბალი შეფასება სრულიად ანულებს სხვა კომპეტენციებში მიღებულ შედეგებს. ესე იგი, ამა თუ იმ მიზეზით რომელიმე, თუნდაც ერთი კომპეტენციის იგნორირებამ მასწავლებელსა და მოსწავლეს მთელი წლის შრომა შესაძლოა წყალში ჩაუყაროს.

დღეს სხვა უცხოურ ენებთან ერთად ფრანგულის ცოდნა სულ უფრო მეტად განიხილება როგორც უცხოეთში (საფრანგეთში) სწავლის გაგრძელების უმთავრესი საშუალება და ამ ფონზე სკოლებში უცხოური ენების მასწავლებელთა როლი მნიშვნელოვნად იზრდება. წარმატებას ვუსურვებთ საქართველოს ყველა ფრანგული ენის მასწავლებელს და მათ მოსწავლეებს, გაემართლებინოთ თავიანი მასწავლებლების იმედი, რაც მათი შრომის საუკეთესო დაფასებაა.

საუკეთესო პრაქტიკა სწავლებისას

0
ხშირად ამბობენ, რომ საგანმანათლებლო სამყაროში (ისევე, როგორც ნებისმიერ პროფესიულ სფეროში): „რატომ უნდა გამოვიგონოთ ველოსიპედი, როდესაც კაცობრიობას სწავლების უდიდესი პრაქტიკული გამოცდილება აქვს? _ ამგვარ ბუნებრივ კითხვას სვამს რებეკა ალბერი, განათლების ექსპერტი და ასე უპასუხებს: თავიანთ წიგნში „პროფესიული კაპიტალი _ სწავლების ტრანსფორმაცია ყოველ სკოლაში” ენდი ჰარდგრეივი და მაიკლ ფულანი „საუკეთესი პრაქტიკას” ამგვარად განმარტავენ: ეს არის პრაქტიკა, რომელსაც აქვს საყოველთაო აღიარების მაღალი ხარისხი. 
თანამედროვე მასწავლებლები, მეტაფორულად თუ ვიტყვით, გიგანტების მხრებზე დგანან, რომელთაც თავიანთი გამოკვლევებით, გამოცდილებით შეიმუშავეს სწავლების სტრატეგიები.

რებეკა ალბერი სხვებსაც უზიარებს, თუ რა საუკეთესო პრაქტიკა გამოიყენა სწავლებისას. აი, რამდენიმე, რომელთაც სხვებიც იყენებენ:

·მოსწავლეთა ცოდნის ხშირად და სხვადასხვა ფორმით შემოწმება.

·სწავლების კარგად მოფიქრებული გეგმა მოსწავლეთათვის. თუ თქვენ არ გექნებათ ეს გეგმა, მაშინ ისინი თვითონ შეადგენენ.

·მოიფიქრეთ შემდგომი აქტივობა, სანამ მოსწავლეები პირველს ასრულებენ. ამგვარად ისე გადახვალთ შემდგომ ეტაპზე, რომ დროს სრულიად არ დაკარგავთ.

·თავიდანვე გარკვევით ჩამოაყალიბეთ მისაღწევი მიზნები და შედეგები.

·სწავლების მეთოდებისა და სტრატეგიების გეგმა გააცანით მოსწავლეებს, მათი თანამონაწილეობით შეიტანეთ ცვლილებები და პრაქტიკული მუშაობისასაც შემოქმედებითად მიუდექით წინასწარ დაწერილსა და გააზრებულს.

·თქვენსავე გამოცდილებასა გაუფრთხილდით. სხვადასხვა ტიპის ჩანაწერები და გეგმები არ გადაყაროთ, რადგან მოგვიანებით შეიძლება ისევ გამოგადგეთ.
კვლევების როლი

არსებობს საუკეთესო პრაქტიკები, რომელთა გამოყენება დაეხმარება მასწავლებელს. მაგალითად, აუცილებელია გათვალისწინება განათლების ისეთი მკვლევარის ნაშრომებისა, როგორიცაა რობერტ მარზანო, რომელსაც არაერთი კვლევა აქვს ჩატარებული კლასის მართვის, მოსწავლეთა შეფასებისა თუ სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ. თანაავტორებთან ერთად დაწერილ წიგნში „ეფექტური სწავლება სკოლაში” ის არაერთ კვლევას მოიხმობს საგულისხმო დასკვნების გამოსატანად. მისი აზრით, თანამედროვეობაში სწავლების „ხელოვნება” სწავლების „მეცნიერებად” იქცა. სწავლების მეთოდების საფუძვლიანი სამეცნიერო კვლევა მართალია მეოცე საუკუნეში დაიწყო, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ იცნობდნენ სწავლების ეფექტურ გზებსა და საშუალებებს: „მასწავლებლები სოკრატეს მეთოდს მთელი ორნახევარი ათასი წლის განმავლობაში იყენებდნენ. მკვლევარები მხოლოდ მეოცე საუკუნის 70-იანი წლების შემდეგ დაინტერესდნენ სწავლების სხვადასხვა მეთოდსა და სწავლის შედეგს შორის კავშირით. მეოცე საუკუნის 60-იან წლებამდე კი მიაჩნდათ, რომ მოსწავლის აკადემიური მოსწრება საერთოდ არ იყო დამოკიდებული სწავლების მეთოდოლოგიაზე”. აღნიშნულ წიგნში კრიტიკულადაა განხილული ერთი კვლევა, რომლის მიხედვითაც, გააკეთეს დასკვნა, რომ „სხვადასხვა სკოლის მოსწავლეთა შორის აკადემიურ მოსწრებაში არსებული განსხვავება დამოკიდებულია ისეთ ფაქტორებზე, როგორებიცაა: მოსწავლის ნიჭი ან უნარები, მისი სოციოეკონომიკური სტატუსი და ოჯახური გარემო”. ეს კი ისეთი ფაქტორებია, რომელთა შეცვლა სკოლას არ შეუძლია. თუმცა შემდგომმა კვლევებმა დაადასტურა, რომ ეს ასე არ არის, რომ სკოლას, მასწავლებელსა და სწავლების მეთოდებს ბევრი რამის შეცვლა შეუძლიათ. განსაკუთრებით კი მასწავლებელს, რომელიც სწორედ მეთოდებზე დაყრდნობით აღწევს შედეგს. „70-იან წლებში ჩატარებული ასობით კვლევის შედეგების გაცნობის შემდეგ, მკვლევარები ჯერე ბროფი და თომას გუდი წერენ: „მითი დაიმსხვრა. მასწავლებლები რეალურ გავლენას ახდენენ მოსწავლეთა სწავლის შედეგებზე”. „ბოლო პერიოდში ჩატარებული კვლევები კი აჩვენებენ, რომ მასწავლებელს უფრო დიდი ზეგავლენა აქვს მოსწავლის აკადემიურ მოსწრებაზე, ვიდრე ეს მანამდე ჩატარებულ კვლევებში იკვეთებოდა. რამდენიმე ასეული სკოლიდან 100000-ზე მეტი მოსწავლის ტესტირების ანალიზის შემდეგ, რაიტმა და მისმა კოლეგებმა დაასკვნეს: „მასწავლებელთა ეფექტურობის ზრდაზე მიმართული ღონისძიებები შეიძლება ყველაზე მნიშვნელოვანი იყოს იმ ღონისძიებათა შორის, რომლებიც მოსწავლეთა სწავლის შედეგების გასაუმჯობესებლად ტარდება. ნათლად იკვეთება, რაც უნდა ჰეტეროგენული იყოს კლასი, ეფექტური მასწავლებელი წარმატებით მუშაობს სხვადასხვა აკადემიური მოსწრების მოსწავლეებთან. შესაბამისად, თუ მასწავლებელი არაეფექტურია, მის მოსწავლეებში არ აღინიშნება სათანადო პროგრესი, იმისდა მიუხედავად, რამდენად მსგავსნი ან განსხვავებულნი არიან მოსწავლეები თავიანთი უნარებითა თუ აკადემიური მოსწრებით”.

როგორც მეცნიერები აღნიშნავენ, საკვლევი კიდევ ბევრია. რჩება პასუხგაუცემელი შეკითხვები, მაგალითად ასეთი:
1.არის თუ არა სწავლების ზოგიერთი მეთოდი განსაკუთრებით ეფექტური განსაზღვრულ საგანში?

2.არის თუ არა სწავლების ზოგიერთი მეთოდი განსაკუთრებით ეფექტური რომელიმე ასაკობრივ ჯგუფთან?

3.არის თუ არა სწავლების ზოგიერთი მეთოდი განსაკუთრებით ეფექტური გარკვეული მახასიათებლების მქონე მოსწავლეებთან?

4.არის თუ არა სწავლების ზოგიერთი მეთოდი განსაკუთრებით ეფექტური გარკვეული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეებთან?

მეცნიერთა აზრით, ამ კითხვებზე პასუხები დაგვეხმარება სწავლების ხელოვნება სწავლების მეცნიერებად ვაქციოთ. მათივე აზრით, სიფრთხილეა საჭირო იმ მეთოდების გამოყენებისას, რომელთა ეფექტურობა ჯერ კვლევებით არ დასტურდება, რადგან შეიძლება ზედმეტმა ნდობამ უარყოფით შედეგებამდეც მიგვიყვანოს. მაგალითად, რომ ავიღოთ სწავლების ცნობილი სტრატეგიები:
·მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება;
·კრიტიკული აზროვნების უნარ-ჩვევების გამომუშავება;
·პრაქტიკული, ლაბორატორიული აქტივობები.

კვლევების მიხედვით, ეს სტრატეგიებიც არ იწვევენ ერთნაირ ეფექტს სხვადასხვა საგნის სწავლებისას. „ვან ზეკერისა და რ. ლისიცას კვლევა ადასტურებს, რომ აუცილებელია შევისწავლოთ სწავლების კონკრეტული მეთოდის გავლენა კონკრეტული მახასიათებლების მოსწავლეებზე, კონკრეტულ გარემოებებსა და კონკრეტულ საგანში. მანამდე კი მასწავლებლები უნდა ენდონ საკუთარ ცოდნას მოსწავლეთა მახასიათებლებთან, საგანსა და სასწავლო გარემოსთან დაკავშირებით, რათა სწავლების ყველაზე მართებული მეთოდები შეარჩიონ” (რობერტ ჯ. მარზანო, დებრა ჯ. ფიქერინგი, ჯეინ ი. ფოლოქი „ეფექტური სწავლება სკოლაში”) .
მეცნიერთა აზრით, ეფექტური სწავლება სამ კომპონენტს მოიცავს:

1.სწავლების მეთოდები;
2.კლასის მართვის მეთოდები;
3.საგნის სწავლების გეგმა.

სამივე ერთმანეთთანაა დაკავშირებული და აპირობებს სწავლების ხარისხს.

საგნობრივი სწავლება დაწყებით კლასებში

0
ყველა იმ სიახლეს შორის, რომელსაც განათლების სისტემაში ვხვდებით, დაწყებით კლასებთან დაკავშირებული ინოვაციები ყოველთვის განსაკუთრებული ინტერესის საგნად იქცევა ხოლმე. ეს ბუნებრივია, ვინაიდან დაწყებითი სასკოლო პერიოდი თითქმის ყოველთვის განსაზღვრავს ბავშვის მომავალი სასკოლო ცხოვრების ხასიათს. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ დაწყებით კლასებში დაშვებული შეცდომების გამოსწორების ყველა მცდელობა მოგვიანებით, როგორც წესი, უშედეგოდ მთავრდება, ყველაზე დიდი სიფრთხილით სწორედ ამ პერიოდთან დაკავშირებულ სიახლეებს უნდა მოვეკიდოთ. 
ბოლო ათწლეულში განათლების სისტემაში განხორციელებულ ინოვაციებს შორის განსაკუთრებული ინტერესის საგნად იქცა საგნობრივი სწავლება დაწყებით კლასებში. ტრადიციულად, დაწყებით კლასებში, თითქმის ყველა საგანს ყოველთვის ერთი მასწავლებელი ასწავლიდა. ალბათ, ყველას კარგად გვახსოვს ჩვენი პირველი მასწავლებელი, რომელიც სკოლაში ჩვენთვის მეგზურისა და დედის ფუნქციასაც კი ასრულებდა; რომელიც ისეთი ძლიერი და უცილობელი ავტორიტეტი იყო ჩვენთვის და ჩვენი თანატოლებისთვის, რომ მის აზრს და შეხედულებას ამა თუ იმ საკითხზე არასოდეს ვაქცევდით განსჯის საგნად. მის გარეშე სკოლაში ყოფნა წარმოუდგენლადაც კი გვეჩვენებოდა, ვინაიდან ის მუდმივად ჩვენ გვერდით ტრიალებდა. დაწყებით კლასებში საგნობრივი სწავლების დროს თითოეულ საგანს სხვადასხვა მასწავლებელი ასწავლის და, ხშირ შემთხვევაში, ბავშვს, რომელსაც სკოლასთან და სასწავლო პროცესთან ადაპტაციის პროცესი ჯერ არც კი დაუსრულებია, დღის განმავლობაში რამდენიმე, არცთუ იშვიათად სრულიად განსხვავებული მასწავლებლების გაკვეთილებზე უწევს ყოფნა და მათი დავალებებისა და მითითებების შესრულება.
საინტერესოა ის ფაქტი, რომ საგნობრივი სწავლება დაწყებით კლასებში დღესაც კი არანაირი საკანონმდებლო აქტებითა და ნორმატიული დოკუმენტებით არ არის განმტკიცებული. მიუხედავად ამისა, როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლები აქტიურად ნერგავენ მას და, მათი განცხადებით, ამით დიდ წარმატებასაც აღწევენ. შემთხვევითი არ არის, რომ საგნობრივი სწავლება დაწყებით კლასებში სერიოზული განსჯის საგნად არის ქცეული და მას ჰყავს, როგორც მომხრეები, ასევე მოწინააღმდეგეებიც, რომელთაც სწავლების ასეთი ფორმის დამკვიდრება სასკოლო სწავლების საწყის ეტაპზე გაუმართლებლად მიაჩნიათ.

ალბათ, ყველასთვის საინტერესო იქნება ის, თუ რას ეფუძნებიან და რა არგუმენტებით ამყარებენ დაწყებით კლასებში საგნობრივი სწავლების მომხრეები თავის პოზიციებს.

ტრადიციულად დაწყებითი კლასების მოსწავლეების მე-5 კლასში გადასვლას ყოველთვის მოყვებოდა ხოლმე მათი აკადემიური მოსწრების სერიოზული დაქვეითება და მანამდე არარსებული ქცევითი პრობლემების აღმოცენება, რასაც მე-5 კლასებში შემსვლელი მასწავლებლები, როგორც წესი, დაწყებითი კლასების მასწავლებლებს აბრალებდნენ და საყვედურობდნენ მათ ზედმეტი ლოიალურობის, დამთმობლობისა და სუბიექტურობის გამო. თავის მხრივ, დაწყებითი კლასების მასწავლებლები უკმაყოფილებას გამოხატავდნენ მათ კლასებში ახლად შესული მასწავლებლების მიმართ იმის გამო, რომ ისინი ვერ უგებდნენ მოსწავლეებს, არ ითვალისწინებდნენ მათ თავისებურებებს და არაობიექტურობას ამჟღავნებდნენ პატარების მიმართ, რომელთათვისაც აქამდე უცხო იყო ამდენ განსხვავებულ მასწავლებელთან ურთიერთობა. დაწყებით კლასებში საგნობრივი სწავლების მომხრეები თვლიან, რომ თუ მოსწავლე პირველივე კლასიდან მიეჩვევა სხვადასხვა მასწავლებელთან ურთიერთობას, მოგვიანებით მას აღარ გაუჭირდება მის სასკოლო ცხოვრებაში მომხდარი ცვლილებების უმტკივნეულოდ გადატანა.

მეორე მნიშვნელოვანი არგუმენტი, რომელსაც საგნობრივი სწავლების მომხრეები წინა პლანზე წევენ, არის ის, რომ, მათი აზრით, შეუძლებელია ერთი მასწავლებელი, პირველ კლასშიც კი ყველა საგანს ერთნაირად მაღალ პროფესიულ დონეზე ფლობდეს და ერთნაირი წარმატებით ატარებდეს გაკვეთილებს რამდენიმე საგანში. ამდენად, თუ ჩვენ მათ ერთი კონკრეტული საგნის არჩევის და ამ საგანში ჩაღრმავების საშუალებას მივცემთ, შედეგები გაცილებით უკეთესი გვექნება.

გარდა ყოველივე ზემოთ აღნიშნულისა, დაწყებით კლასებში საგნობრივი სწავლების მომხრეების აზრით, როდესაც ყველა საგანს ერთი მასწავლებელი ასწავლის, იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი ვერ გაიხსნა, ვერ გამოავლინა თავისი შესაძლებლობები ერთ საგანში, მას შეიძლება მიეკეროს „სუსტი” მოსწავლის იარლიყი, რომელიც მთელი სასკოლო პერიოდის განმავლობაში მიჰყვება. როდესაც ყველა საგანს ერთი მასწავლებელი ასწავლის, ასეთ ბავშვს ხშირად უჭირს და არც შეულია თავის წარუმატებლობას ერთ საგანში კომპენსირება გაუკეთოს წარმატებით და მიღწევებით სხვა რომელიმე საგანში. ეს კი მას არასასურველ მდგომარეობაში აყენებს, თვითრეალიზაციის მოთხოვნილების დაკმაყოფილებაში უშლის ხელს და სკოლისა და სწავლისადმი უარყოფით დამოკიდებულებას უყალიბებს.

დაწყებით კლასებში საგნობრივი სწავლების მომხრეთა წარმოდგენილი არგუმენტები არცთუ უსაფუძვლოა, რაც გვაფიქრებინებს, რომ სწავლების ასეთ ფორმას ბევრი სიკეთის მოტანა შეუძლია, თუმცა, უფრო მესამე, მეოთხე კლასებში. რაც შეეხება პირველ-მეორე კლასებს, განსაკუთრებით კი პირველ კლასს, საგნობრივმა სწავლებამ შეიძლება ძალიან გაართულოს მდგომარეობა. არ უნდა დავივიწყოთ, რომ პირველკლასელი ჯერ კიდევ არ არის მოსწავლე, ის მხოლოდ იწყებს მოსწავლედ ჩამოყალიბებას. მის ცხოვრებაში სერიოზული ცვლილება მოხდა, მას სრულიად ახალი როლის შესრულება უწევს, ახალ სამყაროსთან შეგუება, ახალი წესებით ცხოვრება და ყოველივე ამაში მას სერიოზული დახმარება სჭირდება. თუმცა, როცა ამ დახმარებას ერთდროულად 7-8 მასწავლებელი ცდილობს, რომელთაც ურთიერთობის სრულიად განსხვავებული სტილი შეიძლება ჰქონდეთ, მისთვის მდგომარეობა საკმაოდ რთულდება. უნდა გავითვალისწინოთ იცის, რომ პირველკლასელის აღქმები ჯერ კიდევ დიფუზურია და მოკლებულია შინაგან დანაწევრებულობას. ამდენად, არ არის გამართლებული სასწავლო დისციპლინების ერთმანეთისაგან ასე მკვეთრად გამიჯვნა. სასურველია, რომ პირველკლასელისთვის გადასაცემი ცოდნა უფრო მთლიანობით ხასიათს ატარებდეს. კარგად ორგანიზებულ სასწავლო გარემოში პირველკლასელებთან საგაკვეთილო პროცესში არც კი უნდა ჩანდეს, სად მთავრდება მათემატიკის გაკვეთილი და იწყება ქართულის ან ბუნების გაკვეთილი. ამ პერიოდში ჩვენ არა ცალკეული საგნების სწავლებაზე უნდა ვიყოთ ორიენტირებული, არამედ სკოლასთან ადაპტაციის ხელშეწყობაზე, სასწავლო უნარების გამომუშავებაზე, სწავლის სწავლებაზე, იმისათვის, რომ ის სირთულეები, რომელიც მას მომავალში შეხვდება, ადვილად დაძლიოს. აღნიშნული ამოცანების განსახორციელებლად პირველკლასელის გვერდით მუდმივად უნდა ტრიალებდეს მისი პირველი მასწავლებელი, რომელიც საჭირო დროს დახმარებას აღმოუჩენს. საგნობრივი სწავლების შემთხვევაში კი პედაგოგს მუდმივად სხვადასხვა კლასში უწევს გაკვეთილების ჩატარება, რის გამოც სადამრიგებლო კლასის პატარები, გარკვეული დროის განმავლობაში შეიძლება მისი ყურადღების მიღმა აღმოჩნდნენ და საჭირო დახმარება დროულად ვერ მიიღონ, რაც ერთგვარად გაართულებს მდგომარეობას.

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ნებისმიერი სიახლის დანერგვას შეიძლება სერიოზული სირთულეები მოყვეს, რაც წინასწარ უნდა იყოს გათვლილი და სათანადოდ შეფასებული.
 

სად იწყება და სად მთავრდება ტოლერანტობა?

0
ერთი რეალური ისტორია უნდა გიამბოთ: საჯარო სკოლის დამამთავრებელმა კლასმა ბოლო ზარის დღისათვის დამოუკიდებლად მოამზადა არაკლასიკური მუსიკის (ვთქვათ, როკმუსიკის) საღამო. ამ ღონისძიების სულისჩამდგმელი იყო სკოლის წარმატებული მოსწავლე და როკის ფანი ანა (პირობითად). ყველაფერი იმაზე კარგად გამოვიდა, ვიდრე ვინმეს წარმოედგინა და ეს დღეც დადგა. ანა წამყვანი/დიჯეი უნდა ყოფილიყო! საღამოზე ანა ალისფერად შეღებილი თმითა და ახალი ვარცხნილობით მოვიდა – ცალ მხარეს აპარსული. თავი ძალიან მოსწონდა და ბედნიერად გამოიყურებოდა! ქალბატონ დირექტორს ანას ვარცხნილობამ წონასწორობა დააკარგვინა, წამყვანობა ჩამოართვა და სკოლიდან დაითხოვა – მაგ ვარცხნილობით გვარცხვენო!
საღამოს სხვა მოსწავლე გაუძღვა. როგორც აღმოჩნდა, ანა მაყურებლის სტატუსით მაინც შემოუერთდა საღამოს. დასრულების შემდეგ ითხოვა მიკროფონი, მადლობა გადაუხადა სკოლას, მასზე გაწეული ამაგისათვის, იმისათვის, რომ ასეთი გაზარდეს. ბოლოს კი დასძინა – ბოდიში, თუ თქვენი წესები დავარღვიეო.

სკოლის დაკონკრეტება საჭიროდ არ მიმაჩნია, რადგან სამწუხაროდ, მოსწავლეთა და კოლეგათა მიმართ ასეთი არატოლერანტული დამოკიდებულების მაგალითების მოძიება დიდ სირთულეს არ წარმოადგენს. ამიტომაც საჭიროა ამ პრობლემაზე დაფიქრება და საუბარი.

ამ სიტუაციაზე კომენტარი ვთხოვეთ მოსწავლეებსაც და მასწავლებლებსაც.
ბექა ზანდუკელი, მოსწავლე: ჩემი აზრით, სამარცხვინოა ასეთი რამ, მით უმეტეს, როდესაც ბავშვი სკოლას ამთავრებს. ასე არ შეიძლება მისი გაცილება. პირველი რამდენიმე წელი მოსწავლეებისთვის მასწავლებლები “მაგალითები” არიან, მერე თანდათან ხდება დაკვირვება მათზე და ისინი ამ წოდებას ხან ინარჩუნებენ, ხან ვერა. მადლობა ღმერთს, ჩვენს სკოლაში ასეთი ,,წესები” არ არის.
მარიამ კაბულაშვილი, მოსწავლე : ამ ამბავმა ერთი ისტორია გამახსენა. გოგონა, სახელად გვანცა ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში გამყიდველის პოზიციაზე დასაქმდა. თავიდან ყველაფერი კარგად მიდიოდა, მისი მუშაობით ყველა კმაყოფილი იყო. გვანცას სამსახურში შემცირებებიც არ შეხებია. ერთ დღეს მან თქვა, რომ იეჰოვას მოწმეა. გვანცა იმავე დღეს, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე გაანთავისუფლეს. როდესაც კითხვაზე – “რატომ?” – მან პასუხი ვერ მიიღო, მშვიდად შესთავაზა, რომ დღის ბოლომდე, მისი შემცვლელის გამოჩენამდე იმუშავებდა, რათა ის ობიექტი გამყიდველის გარეშე არ დარჩენილიყო. რამდენიმე დღეში მას იგივე სავაჭრო ცენტრიდან დაუკავშირდნენ და სხვა ადგილი შესთავაზეს სამუშაოდ. გვანცას ღირსეულმა საქციელმა მათ საკუთარი შეცდომა დაანახა და მისი გამოსწორებისკენ უბიძგა. დაახლოებით ჰგავს ეს ისტორია ანას ამბავს. დირექტორს შეეძლო მშვიდად აეხსნა ანასთვის სიტუაცია, შეეთავაზებინა სხვა გზა ან თუნდაც ერთად მოეძებნათ გამოსავალი, მაგრამ მან პირდაპირ გადაწყვიტა ანას სკოლიდან დათხოვა. მიუხედავად დაუმსახურებელი მოპყრობისა, მან სიკეთე გაიხსენა და მადლობა გადაიხადა. ვფიქრობ, არც დირექტორს დატოვებდა გულგრილად ანას მოქმედება. შესაძლოა, საღამოს შემდეგ მას ბოდიშიც კი მოეხადა საკუთარი ქმედებისათვის.

ქეთა, მოსწავლე: საშინელებაა, რა სიბნელეა! ყველაზე მეტად ბავშვებზე გავბრაზდი, როგორ არ დაუჭირეს მეგობარს მხარი? როგორ ჩაენაცვლა ახალი დიჯეი? არ შეეძლო უარი ეთქვა? ყველას ერთად უნდა ეთქვათ უარი და საერთოდ ჩაეშალათ საღამო. მაშინ უფრო კარგად მიხვდებოდა დირექტორი, რა შეცდომა დაუშვა და მეორედ ასეთ გადაწყვეტილებამდე დაფიქრდებოდა. მიკვირს ანასი, საერთოდ არ მივიდოდი იქ. ჩემი გვარი არ ჩაწეროთ, მერე დამიწყებენ…

მზია ბიჩინაშვილი, სკოლის დირექტორი: მსგავსი შემთხვევები ხშირია სკოლის ცხოვრებაში. ჩვენ ზრდასრულმა ადამიანებმა, პედაგოგებმა არ უნდა დავუშვათ შეცდომები ბავშვებთან მიმართებაში. არ უნდა დავუმახინჯოთ მათ სული. ჩვენ იმიტომ გვქვია აღმზრდელები, ისე უნდა აღვზარდოთ, რომ შეურაცყოფა და დამცირება არ მივაყენოთ პატარებს. თანადგომით, მეგობრული დარიგებით მივაღწიოთ სასურველ მიზანს. ამ შემთხვევაში, ჩემი აზრით, დირექტორი უფრო ახლოს უნდა ყოფილიყო მოსწავლეებთან. მათთან ერთად დაგეგმავდა ბოლო ზარის ღონისძიებასაც. მათ ინტერესებსაც გაითვალისწინებდა და ელდა აღარ ეცემოდა, ახალი ვარცხნილობით გამოცხადებულ ანას რომ დაინახავდა. რადგან მის გარეშე მოხდა ყველაფერი, აღარ უნდა ჩაემწარებინა ბავშვისთვის ბოლო ზარის ზეიმი, მით უმეტეს, ღონისძიება კარგად იყო მომზადებული. ანა კი აქტიური და ზრდილობიანი მოსწავლე ყოფილა, მან ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ღონისძიება ლამაზი და საინტერესო გამოსულიყო. არც გაიბუტა და მადლობაც კი გადაიხადა. ასეთ მოსწავლეებს უნდა გავუფრთხილდეთ!
თაკო, მასწავლებელი: ოთხი წელია სკოლაში ვმუშაობ და გადარეული ვარ! საერთოდ არ ესმით ბავშვების. საკმაოდ დიდი სკოლაა და სულ ოთხი-ხუთი პედაგოგია მოსწავლეში პიროვნებას რომ ხედავს და მისი პატივისცემა საჭიროდ მიაჩნია. ბავშვმა სკოლა დაამთავრა და თმას როგორ შეიჭრის, ეს მისი საქმეა. მაგრამ ზოგიერთ სკოლის დირექტორს იმ გარემოს მეფედ წარმოუდგენია თავი და უნდა მის გემოვნებას დაემორჩილოს დიდი და პატარა. მასწავლებლებიც მისი გემოვნებით უნდა ივარცხნებოდნენ… სხვათა შორის, სამეურვეო საბჭოც… სასკოლო გარემო ტოლერანტული, სამართლიანი უნდა იყოს… ზოგიერთს ტოლერანტობა მხოლოდ სხვა აღმსარებლობის მიმართ საჭირო დამოკიდებულებად მიაჩნია… არადა, ეს თვისება სკოლაში სწორედ ბავშვებთან ურთიერთობაშია საჭირო და აუცილებელი…
სიმართლე გითხრათ, 15-მდე პასუხიდან მხოლოდ ეს პასუხები ამოვარჩიე, რადგან დანარჩენი ან იმეორებდა ერთმანეთს, ან საერთოდ უპოზიციო იყო.
თავადაც, როცა ეს ისტორია მოვისმინე, მთელ საღამოს ანას განცდების გასიგრძეგანებას ვცდილობდი. ვუშვებდი სხვადასხვა ვარაუდებს. მინდოდა ამომეხსნა, როგორ მოერია პატარა გოგონა ამხელა წყენას. როგორ სძლია საკუთარ თავს და როგორ ჩაუტარა სკოლას ასეთი ,,დიდი გაკვეთილი”. უფროსი დაეხმარა? მარტო მოიფიქრა? გულწრფელი იყო თუ ირონიული? მოგვიანებით, თავად დირექტორის და პედაგოგების განცდებმაც დამაფიქრა. ნუთუ არცერთმა პედაგოგმა არ გამოთქვა აზრი, არ შეეცადა გადაერჩინა სკოლის ხელმძღვანელი ასეთი ნაბიჯისაგან? რას ფიქრობდნენ ბავშვები? გაუძნელდა თუ არა დანიშნულ დიჯეის მეგობრის ჩანაცვლება? და საერთოდ, რა ღირებულებებზე დაყრდნობით ყალიბდება სასკოლო „წესები”, რომელიც ასეთ გადაწყვეტილებებს განაპირობებს.
თუ ჩვენ შემწყნარებელი არ ვართ ჩვენი მოსწავლის მიმართ, რომელსაც ბუნებრივია, ჩვენგან განსხვავებული გემოვნება აქვს, შეიძლება კი ვიყოთ შემწყნარებლები სხვათა მიმართ?

ამიტომაც დასმული შეკითხვა „სად იწყება და სად მთავრდება ტოლერანტობა?” თანამდევი კითხვების ჯარს წამოშლის, რომ გვერდიდან შევხედოთ საკუთარ სასკოლო გარემოს და მის თითოეულ მონაწილეს.

პლაგიატის გამო

0
თანამედროვე სასწავლო დაწესებულებებში – სკოლებში, უნივერსიტეტებსა თუ, ზოგადად, აკადემიურ საზოგადოებში, წესით, ყველამ უნდა იცოდეს, რომ პლაგიატი ერთი პიროვნების ორიგინალური აზრის, სიტყვებისა თუ მოსაზრებების გამოყენებაა მისი იგნორირებით ან ამ ადამიანის წვლილის სწორად წარმოჩენის გარეშე; რომ პლაგიატის გამო შეიძლება შესრულებულად არ ჩაგვითვალონ დავალება, გავლილი კურსი ან სამსახურიდანაც კი დაგვითხოვონ (Campbell, 2007). დიახ, ვამბობთ, რომ უნდა ვიცოდეთ, მაგრამ რეალობა სულ სხვა სურათს გვიხატავს. სკოლის უფროსკლასელთა თუ სტუდენტობის უმრავლესობამ თეორიულად თითქოს იცის, რა არის პლაგიატი, ისინი სხარტად გვიპასუხებენ, რომ პლაგიატი სხვისი აზრის მითვისებაა. მაგრამ თუკი ჩავეკითხებით, როგორ შეიძლება მისგან თავის დაცვა, მაშინვე დაფიქრდებიან და ყოყმანით შეეცდებიან პასუხის გაცემას, ან სულაც არ თუ ვერ შეეცდებიან. რატომ? – ალბათ, ბევრი მიზეზის გამო, რომელთა შესახებაც ქვემოთ მოგახსენებთ.

სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგად მუშაობის, ხოლო უმაღლეს სასწავლებელში აკადემიური წერის სწავლების გამოცდილება აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებული მიზეზ-შედეგობრიობის გააზრებისა თუ გამოვლენის საშუალებას იძლევა. თუკი უნივერსიტეტში მოსულმა ზოგიერთმა (მაგრამ არცთუ მცირე რაოდენობის) სტუდენტმა ჯერ კიდევ არ იცის, რომ სხვისი აზრის მითვისება არ შეიძლება, როგორღაც გვგონია, რომ ეს სკოლის ბრალია. მაგრამ როდესაც ვუხსნით და ვასწავლით, შემდეგ კი თავისას მაინც არ იშლის, ვხვდებით, რომ კომპლექსურ პრობლემასთან გვაქვს საქმე და ჯოხი მხოლოდ და მხოლოდ ერთ რომელიმე პედაგოგზე ვერ გადატყდება.
მახსენდება, ერთ-ერთმა პირველკურსელმა მამაკაცური დამაჯერებლობით როგორ სცადა საკუთარ ესედ კახა ბენდუქიძის „ნოხის” გასაღება, თუმცა მალევე გატყდა და დანაშაულისთვის ბოდიშიც მოიხადა. მაგრამ აკაკი ბაქრაძისა და ტარიელ ჭანტურიას წერილებს რომ მოგიტანს კაცი (თუ დედაკაცი) და დავალების შესრულებისთვის მადლობასა და ქულას ჯიუტად ელის, ხვდები, რომ არც ისე კარგად თუ მარტივად არის საქმე. ამგვარი შემთხვევები, აუდიტორიის სიდიდის მიუხედავად, ადამიანს სულს გიხუთავს და ისღა დაგვრჩენია, თავი დავიმშვიდოთ სვანიძის ქუჩაზე მომუშავე მოხალისე ახალგაზრდების საქციელით. მათ ხომ ერთ-ერთი მოხუცებულის სახლში ფული იპოვეს, გარეცხეს, გააშრეს და მადლიერ ბებოს ისე დაუბრუნეს (https://goodnews.on.ge/news/888-moxaliseebma-ert-erti-moxucis-saxlshi-napovni-puli-garecxes-da-mepatrones-daubrunes). ეს სწორი მოქალაქეობრივი ქმედებაა და ამგვარი მაგალითიც, ალბათ, ვერავის გააკვირვებ! წეღანაც კომპლექსური პრობლემა შემთხვევით როდი ვახსენე, ფსიქიკა და მენტალობა იმთავითვე ვიგულისხმე. თუმცა, ალბათ, ასეთი ახალგაზრდები სხვის აზრებსაც არასდროს დაეპატრონებიან და უკეთეს სახელმწიფოსაც შექმნიან.

აქამდე კი უამრავი წიგნი, სტატია, პროზა თუ ლექსი ისე დაბეჭდილა, რომ პროფესიული ეთიკა სადღაც კალმის გაღმა მხარეს მიწამიყრილი დარჩენილა. არადა, კარგი კალმოსანი, რაოდენ რთული ამოცანის წინაშეც არ უნდა იდგეს, ყოველთვის დაიცავს თავს ამ სენისგან. რუსთაველი თუკი ათქმევინებს ავთანდილს: „წაგიკითხავს, მოციქულნი სიყვარულსა რაგვარ წერენო”…, ან გალაკტიონი თუ ოსტატურად ახსენებს ცნობილი ლექსის ბოლოს ბოდლერს, ასე იძლეოდა პასუხს შეკითხვაზეო…, ანდა გიორგი ლეონიძე რუსთველის ხსენებით რომ საოცრად ამკობს თავის ქმნილებას („ხოხბობას გნახე, მოწურვილ იყო როცა ზაფხული რუსთაველისა…”) და სხვ. ე.ი. თვით უზენაეს პოეზიაშიც ყოფილა შესაძლებელი პლაგიატისაგან თავის დაცვა! და თავისთავად ეს ფაქტი პოეტებს კი არ აკლებს რაიმეს, არამედ მეტ სიდიადესა და გენიალურობას სძენს და ანიჭებს (ეს ისე, ზოგი თანამედროვე „პოეტის/შემოქმედის” გასაგონად!).
ჰოდა თუკი პოეზიაშია შესაძლებელი, სხვაგან რატომ არ უნდა ხერხდებოდეს პლაგიატის სენისგან მწერლობასა თუ მეცნიერებაში თავის დაცვა?! ალბათ, ყველას ახსოვს მსოფლიო ბესტსელერის, ყურბან საიდის „ალი და ნინოს” ამბავი. წიგნმა ევროპა, ამერიკა, აღმოსავლეთი და ბოლოს კავკასია დაიპყრო. ქართულად კი 2002 წელს ითარგმნა და დიდი მითქმა-მოთქმაც გამოიწვია. იგი კავკასიის შესახებ დაწერილ საუკეთესო წიგნადაც დასახელდა, მაგრამ მალევე, 2003 წელს, „ჩვენს მწერლობაში”, ხოლო მოგვიანებით, 2005 წელს ქართულად და 2009 წელს ინგლისურად დაბეჭდილ პროფ. თამარ ინჯიას წიგნში („გრიგოლ რობაქიძე… ყურბან საიდი – ლიტერატურული ძარცვა”; Ali & Nino – Literary Robbery) ავტორი პლაგიატში იქნა მხილებული. „გველის პერანგსა” და „ალი და ნინოს” შორის მსგავსების გამო „ყურბან საიდი” გრიგოლ რობაქიძის ერთ-ერთ ფსევდონიმადაც კი მიიჩნიეს. ეს გახმაურებული ამბავია, ნაკლებად ცნობილი შემთხვევაც საკმაოდ ბევრია და გასაკვირი, ისეთ ცნობილ ადამიანებს დამართნიათ. პასუხს კი მიზეზთა გამო არ თუ ვერ ვთხოვთ. ამგვარი ფაქტების არსებობა ერთიასად სავალალო და საშიში თვით პედაგოგების ნაშრომებშია. თუმცა, საბედნიეროდ, ჩვენს სამეცნიერო წრეებში პლაგიატის გამოვლენის არაერთი შემთხვევა არსებობს, მაგ., https://young-lawyer.ucoz.com/news/2008-11-10-272 და სხვ.. პლაგიატის შემთხვევებია განხილული როზა დევდარიანის სტატიაშიც „კალმაგირის ოინები”, რომელიც დაბეჭდილია ჟურნალ „მწვანეყვავილაში” (2015 №1,2). ავტორი განიხილავს მადონა შარაშენიძის წიგნს „ΧΙΧ საუკუნის ქართული ლიტერატურის ისტორია” და არკვევს, რომ აქ მოტანილი ფრაზები თითქმის სიტყვასიტყვით არის გადაწერილი დავით გამეზრდაშვილის, აკაკი ბაქრაძის, ზურაბ კიკნაძის, ჯამბუ ავალიანის, ამირან არაბულის და თავად როზა დევდარიანის წიგნებიდან თუ სტატიებიდან. რვაგვერდიანი სტატიის ბოლოს ავტორი სწორადაც დასძენს ცნობილ აფორიზმს: „უსირცხვილოს თუ არ ვარცხვენთ, ბაძით მორცხვიც გაურცხვდება”.
და რაკი ჯერ კიდევ არ გვაქვს ქართულენოვანი შემმოწმებელი ალგორითმი, მსგავსი ინგლისურენოვანი https://www.plagtracker.com/upload_new/# ან რუსულენოვანი https://text.ru/antiplagiat (და სხვ. მრ.) მძებნელებისა, ჩავთვალოთ, რომ ჩვენს ქვეყანაში მხილება პლაგიატთან ბრძოლის ერთ-ერთი საუკეთესო სტრატეგიაა.
გამოყენებული ლიტერატურა
1.რ. დევდარიანი, კალმაგირის ოინები, ჟურნ.მწვანეყვავილა, ქუთაისი, 2015, №1,2;
2.თ. ინჯია, გრიგოლ რობაქიძე… ყურბან საიდი _ ლიტერატურული ძარცვა, თბ., 2005;
3.ლ. წულაძე, აკადემიური წერა დამწყებთათვის, თბ., 2007;
4.Campbell S., The Problem of Plagiarism Published in
https://www-personal.umich.edu/~sdcamp/up540/writingtips.html (last updated: February 22, 2007).
 
სასარგებლო ელ-რესურსები:
1.https://goodnews.on.ge/news/888-moxaliseebma-ert-erti-moxucis-saxlshi-napovni-puli-garecxes-da-mepatrones-daubrunes
2.https://adjaranet.com/Movie/main?id=11251
3.https://young-lawyer.ucoz.com/news/2008-11-10-272
4.https://adjaranet.com/Movie/main?id=11251
5. https://young-lawyer.ucoz.com/news/2008-11-10-272
6.https://geoliteka.weebly.com/alinino—literary-robbery.html

ქარვისფერი ცხოვრება

0
ქალაქში თეთრი ლომის უზარმაზარი ქანდაკება დგას. ფაფარი აშლია და მკაცრი, გაქვავებული მზერით სივრცეს გასცქერის. ამბობენ, ქალაქს იცავსო. მის უკან დიდი ჭიშკარია, იმ ჭიშკრის იქით კი ქალაქი კავალა იწყება. ოღონდ, რაც იწყება, ის ძველია, ახალი რაიონები ვიწრო, უსწორმასწორო ქუჩებით აქეთ-იქიდან მიუშენებიათ. იმ ძველ ნაწილშიც სივიწროვეა, მაგრამ გასაოცარი ოსტატობით მიდი-მოდიან მანქანები.

– ციხე-კოშკამდე როგორ მივიდე? – ვეკითხები გამვლელს.

– ამ გზას დაადექით და სულ პირდაპირ იარეთ. კოშკს მალევე დაინახავთ, ოღონდ ფრთხილად ადით, დამრეცი საფეხურები აქვს. კოშკურის თავზე ცოტა ხანს გაჩერდით და ქარვისფერ ცხოვრებაზე წაიოცნებეთ.

– ასე მოვიქცევი, – ვუღიმი პასუხად.

ქარვისფერ ცხოვრებაზე ოცნება რომ მირჩიეს, არ გამკვირვებია – აქ სჯერათ, რომ კოშკიდან ქალაქი ქარვისფერი ჩანს, ოცნებისთვის განგაწყობს და ეს ოცნებაც ქარვისფერი იქნება. ქარვისფერი ოცნების წინააღმდეგი სულაც არ ვარ, მთავარია, ქარვისფრადვე ასრულდეს.

მზის ღმერთს ერთი ვაჟი ჰყავდა, სახელად ფაეტონი, რომელსაც ყველა სურვილს უსრულებდა და ერთ დღესაც მზის ორთვალა მისცა სამართავად. ფაეტონიც გაქროლდა და კინაღამ დედამიწა გადაწვა. დაშრა მდინარეები, გაჩნდა უდაბნოები, ცეცხლი მოედო ტყეს. მამა ღვთაება განრისხდა, ორთვალა გატეხა, ფაეტონი კი მდინარე ერიდანში მოისროლა. დედამიწა გადარჩა, ფაეტონი მოკვდა. დებმა და დედამ მწარედ დაიტირეს. მათი ცრემლები ერიდანში ჩაედინებოდა, გზადაგზა მცენარეებს ერეოდა, ქვავდებოდა და ქარვად იქცეოდა.

ლეგენდა ლეგენდად, მაგრამ ის ქარვის მცენარეულ წარმოშობაზე მიუთითებს.

ქარვას უნარი აქვს, ძლიერი ხახუნის შედეგად მცირე ზომის საგნები მიიზიდოს. ალბათ, ამიტომ ეგონა თავის დროზე პლატონს, რომ ქარვასა და მაგნიტს ერთნაირი წარმომავლობა ჰქონდა.

პლინიუს უფროსმა თავის წიგნში „ძვირფასი ქვების ისტორია” საბოლოოდ დაადასტურა ქარვის მცენარეული წარმოშობა. ის წერდა, რომ ქარვა წიწვოვანი მცენარეების გამონაყოფისგან წარმოიქმნება, რომელიც სიცივის, დროისა და ზღვის წყლის გავლენით მყარდება.

იმავეს ამტკიცებდა ავიცენაც და ქარვას სამკურნალოდ იყენებდა. თუ ამ ოქროსფერ ქვას ხელში დიდხანს დავსრესთ ან გავალღობთ, სასიამოვნო სურნელი გავრცელდებაო… ასე ჩაისახა ქარვანოთერაპია.

ქარვის სამკურნალო თვისებებს ჰიპოკრატეც ახსენებდა. თავდაპირველად არც კი იცოდნენ, რისთვის გამოეყენებინათ, მერე დაასკვნეს, კანს, კბილებს, თავის ტკივილს უხდება და, დაქუცმაცებული, კბილებსაც ათეთრებსო.

ქარვას ალ-რაზიც იყენებდა, რომელმაც თავის „საიდუმლოებათა წიგნში” ის მიწისებრ ნივთიერებათა ჯგუფს მიაკუთვნა. ალ-რაზის მიაჩნდა, რომ კანთან მუდმივი შეხებისას ქარვის ძლიერი ენერგეტიკა დადებითად იმოქმედებდა ადამიანზე.

არ ვიცი, ალ-რაზის ენდო თუ საკუთარ გამოცდილებას, მაგრამ ამბობენ, რომ მარტინ ლუთერი ქარვას ჯიბიდან არ იშორებდა და დარწმუნებული იყო, რომ ის თირკმელებში კენჭების წარმოქმნას შეუჩერებდა. ინგლისელი ექიმი ბულეინი კი სულაც ქარვის მიქსტურას უნიშნავდა პაციენტებს.

იქნებ ამიტომაა, რომ დღესაც კი ბევრს დაუნახავთ ხელში ქარვის კრიალოსანს. 

აქ, კავალაში, სამეცნიერო კონფერენციაზე ვარ, რომელიც საერთაშორისო პროექტის ფარგლებში იმართება. მასპინძლები ბერძნები არიან, ჰოდა, ერთ ბერძენს, რომელსაც ლეგენდარული სახელი – მენელაოსი ჰქვია, ყველგან და ყოველთვის ქარვის კრიალოსანი აქვს თან. ათამაშებს და ათამაშებს…

თუმცა რა მიკვირს – ქარვის კრიალოსანი მეფე ერეკლესაც ჰქონია… „ბედი ქართლისა” გახსოვთ?
„მზე დამავალი მოჰფენს სიამეს მთიულეთისა ხეობის არეს 
და ამ მშვენიერ არაგვის პირებს ძველი ჩარდახი ზედ გარდმოჰყურებს. 
მუნ ბრძანდებოდა მეფე ირაკლი, მოწყენის თვალით გარდმომზირალი; 
დაფიქრებული თვისთა ზრახვათა გაცაართობდა ქარვის მარცვალთა…”
ქარვა მცენარეთა ცვილისგან წარმოიქმნება. ერთი თეორიის თანახმად, ცვილით გამოიყოფა ჭარბი აცეტატი. ცვილი მცენარის ზრდის ინჰიბიტორი ან სტიმულატორია. ის მცენარის დაზიანებულ ნაწილს კურნავს და სოკოებსა და მწერებს აშორებს.

მერე ცვილი მიწაზე ეცემა, ნიადაგში იმარხება, ჟანგბადის გავლენით გარდაიქმნება და მყარდება. იქიდან მიწისქვეშა წყლების მეშვეობით წყალში ხვდება, სადაც ჟანგბადიანი ტუტე გარემო მასში ქარვამჟავასა და მის ეთერებს წარმოქმნის. უკანასკნელ ეტაპზე არა მხოლოდ ქარვა, არამედ მინერალი გლაუკონიტიც წარმოიქმნება. ეს მინერალი ყოველთვისაა ქარვით მდიდარ ადგილებში.

ქარვამჟავა, იგივე ბუტანდიმჟავა, დიკარბონმჟავაა, გვხვდება ქარვაში, მკვახე ნაყოფში, ყურძენში. ადამიანის ორგანიზმში კრებსის ლიმონმჟავას ციკლში შუალედური პროდუქტის სახით წარმოიქმნება. ოღონდ აქ მას უკვე სუქცინატი ეწოდება და არა ქარვამჟავა. საქმე ის არის, რომ ნეიტრალურ არეში კარბონმჟავების პროტონირებული ფორმები მეტაბოლიზმში მონაწილეობს და მათი სახელებიც იცვლება. მაგალითად, ლიმონმჟავა – ციტრატით, ფუმარმჟავა – ფუმარატით, ვაშლმჟავა – მალატით, რძემჟავა – ლაქტატით, ქარვამჟავა კი, როგორც გითხარით, სუქცინატით.

ალქიმიკოსმა აგრიკოლამ ქარვისგან თეთრი ფხვნილის სახით ქარვამჟავა (HOOC-CH2-CH2-COOH) მიიღო და ელექსირად, იმავე ფილოსოფიურ ქვადაც სწორედ ის აღიარა. მედიცინაში მისი გამოყენებაც დაიწყო, თუმცა განსაკუთრებული შედეგი არ მიუღია.

ქარვას ცოცხალს ვერაფრით უწოდებ, მაგრამ შემადგენლობით ცოცხალ ორგანიზმს შეესაბამება. ის ორგანული მჟავების მაღალმოლეკულური ნაერთია და შეიცავს: 79% ნახშირბადს, 10,5% წყალბადს, 10,5% ჟანგბადს. 100 გრამ ქარვაში 81 გ ნახშირბადი, 7,3 გ წყალბადი, 6,34 გ ჟანგბადი, ცოტაოდენი გოგირდი, აზოტი და მინერალური ნივთიერებებია. ჟანგვის პროცესში ჟანგბადის რაოდენობა იზრდება, სხვა კომპონენტებისა კი მცირდება. ქარვის ზოგადი ქიმიური ფორმულაა C10H16O, თუმცა  მინარევის სახით მასში 24-მდე ქიმიური ელემენტი გვხვდება:  Y , V , Mn , Cu , Ti , Zr , Al , Si , Mg , Ca , Fe , Nb , P , Pb , Zn , Cr , Ba , Co , Na , Sr , Sn , Mo,Yb.
ქარვას სხვადასხვა შეფერილობა აქვს. სამვალენტიანი რკინის იონები მას მომწვანო-მოყვითალო ფერს აძლევს. მოთეთრო-მოლურჯო შეფერილობა თუ შეამჩნიეთ, ე.ი. ტიტანს შეიცავს. თუ მუქი ყავისფერისკენ იხრება, მაშ, მის შემადგენლობაში იოდი და მურა წყალმცენარეები ჭარბობს.

ქარვის გამჭირვალობა მასში ჰაერის ბუშტუკების რაოდენობაზეა დამოკიდებული.

ქარვა წყალში არ იხსნება, თუმცა ზოგიერთ ორგანულ გამხსნელში გახსნას ახერხებს: სპირტში – 20-25%-ით; ეთერში – 18-23%-ით; ქლოროფორმში – 20,6%-ით; ბენზოლში – 9,8%-ით; ცხელ კონცენტრირებულ აზოტმჟავაში – 100%-ით.
ძველმა ბერძნებმა შეამჩნიეს, რომ თუ ქარვას შალით გახეხავდნენ, მსუბუქ ნივთებს (ბუმბულს, ჩალას, ქაღალდს) მიიზიდავდა, მაგრამ ამ მოვლენის ბუნებაზე არაფერი იცოდნენ. 

მე-17 საუკუნეში ამ მოვლენით ინგლისელი ექიმი და ფიზიკოსი ჰილბერტი დაინტერესდა. თუ ქარვის ღეროს – შალით, მინის ღეროს კი აბრეშუმის ქსოვილით გახეხავდა და ერთმანეთს მიუახლოებდა, მათ შორის ნაპერწკალი გაიელვებდა.

ამ მოვლენას ჰილბერტმა ელექტრობა (ბერძნ. ქარვა) უწოდა, მაგრამ ვერ ახსნა.

მინა, ქარვა, ჰაერი ელექტრულ დენს არ ატარებს, მაგრამ მინის ღეროზე აბრეშუმის ქსოვილის ხახუნისას უარყოფითად დამუხტული ნაწილაკები ელექტრონები მინიდან ქსოვილზე გადადის, ამიტომ მინა პირობითად დადებით მუხტს იძენს.

ქარვა ფოროვანია, რისი წყალობითაც მასში იოლად აღწევს სითხეც და აირადი ნივთიერებებიც. ზოგიერთ ორგანულ ნივთიერებაში ის ჯირჯვდება და მისი მოცულობა 8%-ით იზრდება.

ქარვა მოვლას მოითხოვს. მასზე მეტი მზრუნველობა მხოლოდ მარგალიტს თუ სჭირდება. როდესაც ქარვის ნაჭერი თავის ბუნებრივ გარემოშია, ანუ ქვიშისა და ქვების გარემოცვაში წყალში ლივლივებს, თავს შესანიშნავად გრძნობს. უბრალოდ, მისი ზედაპირიდან ზოგიერთი ნივთიერება გამოირეცხება და ქარვა გლუვი ხდება. აი, ჰაერზე მოხვედრისას კი ნელ, მაგრამ მუდმივ ჟანგვას განიცდის, მუქდება, იბინდება და ზედაპირი ხორკლით ეფარება. ამიტომ ქარვის ნაკეთობას დროდადრო „წყლის პროცედურები” უნდა ჩავუტაროთ, მერე კი ფრთხილად გავამშრალოთ. შენახვითაც, ჯობს, სიბნელეში შევინახოთ.
კოშკურის თავზე ვდგავარ… ქვემოთ ქალაქია… ქალაქი ქარვისფერია… 
– რაზე ფიქრობ? – ჩამესმის უკნიდან.
ეს ჩემსავით ქალაქში მოსეირნე კოლეგა ამოსულა ზემოთ და შეუმჩნევლად წამომდგომია თავს.
– ქარვისფერ ცხოვრებაზე, – ვიცინი
– ისეთი ხედია, რაიმე ლექსი მოუხდებოდა. შეგიძლია, რამე წაიკითხო ქართულად? თუნდაც ერთი სტროფი.
– „თქვენ შეხედეთ: პირველი ჩნდება მერიდიანი, 
ვეძებ ისევ დაღუპვას და დავცინი სიბერეს, 
წარსულს სწყდება ფოთლების წყება იმედიანი, 
შემოდგომის ქარვებმა გზები გადამიფერეს…” – ვიხსენებ გალაკტიონს.
– ლამაზად ჟღერს. რაზეა?
– ქარვაზე.

უბანი და ძაღლები

0
თბილისის ზოოპარკსა და თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლთა თავშესაფარში დატრიალებულმა ჭირ-ვარამმა ერთი ამბავი გამახსენა: შვილისთვის შინაური ცხოველის მიყვანა იმას ნიშნავს, რომ თქვენ მას შეუძინეთ ორი წლის შემდეგ ტირილის საბაბიო. ასე ბრძანა ერთ გამოსვლაში Louis C.K-მ, ყველაზე საყვარელმა ნაძირალამ ჩემს საყვარელ ნაძირალათა შორის.  ცხადია, შავი იუმორის ოსტატი იმას გულისხმობდა, რომ თქვენი შვილი ცხოველის სიკვდილს მოესწრება და მერე ნახეთ გულისწყვეტა და ცრემლთა ღვარღვარი. შავი იუმორი (ღმერთმანი, ეს ხუმრობა ფერად-ფერადი ნამდვილად არ არის) ხანდახან სასტიკ სიმართლეს გულისხმობს.

სანამ Louis C.K იტყოდა, ეს აზრი მამაჩემმა, ჯერ კიდევ 1990-იანების მიწურულს გამოთქვა და ამით წერტილი დაუსვა, თითქოს მოსამართლის ჩაქუჩი დაურახუნა საკუთარი შვილის ოცნებას, რომ სახლში ძაღლი ჰყოლოდა. ეს გაუსაჩივრებელი გადაწყვეტილება იყო. მესმოდა კიდეც მისი. მეექვსე სართულზე, სამ ოთახიან ბინაში ძაღლი არ უნდა ყოფილიყო იოლი ასატანი. ისღა დამრჩენოდა ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე შურის თვალით მეყურებინა იმ უბნელებისთვის, რომელბსაც ძაღლები ჰყავდათ.

მაგალითად ედიკას შვილისთვის, რომელიც მხრებგამართული დაასეირნებდა გრძელფეხება და ბეტონისყბიან პიტ ბულს – რეშის, მაწანწალა ძაღლების რისხვას (მოკვდა კორპუსის ბუნკერთან მობნეულმა თაგვის საწამლავმა); 

ილო მურუსიძისთვის, რომელსაც ჰყავდა ნაცრისფერი, ხავერდისბეწვიანი როკი. მორგვისკისრიანი, რომანტიკოსი და მუდმივად შეყვარებული სტაფის ჯიშის ძაღლი, კეთილი ზნით გამორჩეული (მოკვდა ჩემ თვალწინ. მისი სიკვდილის სავარაუდო მიზეზიც თაგვის საწამლავია); 

ჩემი კარის მეზობელი ლაშა კირვალიძისთვის, რამეთუ მას ჰყავდა ლინდა, შავთვალწარბა გოგონა, რომელსაც პერიოდულად ჰყვარობდა როკი (მოკვდა სიბერით, სიმშვიდესა და ყურადღებაში);

ჩემი ძმაკაცი ზვიად ესართიასთვის, რომელსაც აჩუქეს წითელთვალება და წითელფრჩხილება პიტ ბული – ლინდა, რომელიც ერთი-ორჯერ მარტოსაც გამისეირნებია მეზობელ კვარტლებში. (მოკვდა საწამლავით. მის სიკვდილს არ შევსწრებივარ).

უცნაურია, მაგრამ რატი გეგეშიძისაც მშურდა, რომელიც პიონერი იყო მათ შორის, ვისაც ძაღლი – ბულდოგი ლაკი მოუკვდა. (ლაკის საფლავის ქვა, თუ არ ვცდები დღემდე შეურყევლად დევს 172-ე სკოლის ეზოში).

არ ვიცი, ეს ბედის ირონია იყო თუ მშობლების, მაგრამ ერთ დღესაც იქუხა და საჩუქარი გამიკეთეს. არა, ეს არ იყო ლეკვი, არც კატა, არამედ ოთხი სხვადასხვა ფერის მწყერი, რომლებსაც ბატონ-ყმობა და გალიაში ცხოვრება სულაც არ ეპიტნავებოდათ. ერთ საათში, როცა სიხარულის ეიფორიამ გადამიარა, დავფიქრდი, თუ რა უნდა მექნა ამ ფრინველებისთვის. ქუჩაში ვერ გავასეირნებდი, შესაბამისად ვერ ვიტრაბახებდი. მწყერთან თამაშიც რთულად წარმოსადგენი იყო ჩემთვის, თუმცა, ვინაიდან ღმერთმა მათი თავები გამომიგზავნა, ბედს აღარ შევეწინააღმედეგე და მომდევნო დღეს, როცა მამაჩემი მათთვის დიდსა და კომფორთულ სახლს ამზადებდა, დიდი შემართებით ვაწვდიდი ლურსმნებს. 

სიმართლე უნდა ითქვას: შოუშენკის საპრყრობილე ვერ გამოგვივიდა, რადგანაც ამ ოთხიდან ყველაზე მოუსვენარმა და სხარტმა იქიდან ამოფრენა მოახერხა, თანაც ისე, რომ საამისოდ ენდი დიუფრეინის გარჯა არ დასჭირვებია. სწორედ ამან გახეთქა ჩემს სამეგობროში ამბავი, რომ დათო გორგილაძეს  სახლში მწყერები ჰყავდა. მთელი ჩემი სამეგობრო მწყერის სამძებრო ოპერაციაში იყო ჩართული და სწორედ მაშინ, როცა მზე მთლიანად ჩაიკარგა, ხელი ჩავიქნიეთ მის პოვნაზე. ამ დროს თენგომ მოგვიზარა, ხელში კი თავისუფლების მოყვარული ფრინველი ეჭირა. მწყერი მეზობლის მანქანის ქვეშ აღმოუჩენიათ, დასუსტებული და ფრთამომტრვრეული. 

მე მათთვის სახელებიც არ მიმიცია. ამას აზრი არ ჰქონდა. ხანდახან, როცა ძალიან მოწყენილი ვიყავი და საქმეც არაფერი მქონდა, შემომყავდა მისაღებ ოთახში და ხალიჩაზე ვასეირნებდი. ამ დროს ძალიან ბედნიერები ჩანდნენ. უილიამ უოლესსაც კი ეტყობდა ხალისი. ცხადია, რომ ამ დროს დაზიანებებზე, ანუ მათ ფეკალიებზე პასუხისმგებელი მე ვიყავი და გზადაგზა ვწმენდდი იატაკსა და ხალიჩას.

მოგვიანებით, როცა მათი არსებობა მხოლოდ ბებიაჩემსღა ახსენდებოდა (მაშინ, როცა აჭმევდა და აივანზე მდგომ ნახევრად შოუშენსკის საპრყობილეს ასუფთავებდა), შავი მწყერი ისევ გაიქცა. აღარ გვიძებნია. ალბათ მივხვდით, რომ არსებობენ ჩიტები, რომელბსაც გალიაში უბრალოდ ვერ გააჩერებ. უცნაურია, მაგრამ მწყერი ძებნის გარეშე იპოვეს. ისეც ფრთამომტვრეული და სიკვდილის პირას მყოფი. 

ყველაფერს აქვს დასასრული. ბებიების ენთუზიამსაც კი. ერთ დღესაც საოჯახო საბჭომ შემატყობინა, რომ მწყერები აივანზე, გალიაში ცხოვრებას არ იმსახურებდნენ და აჯობებდა, რომ დათო ბიძიას სოფელში წაეყვანა, სადაც უდარდელად იცხოვრებდნენ მწვანე მინდორზე. 1 წუთიანი ფიქრის შემდეგ დავთანხმდი, რადგანაც ვიფიქრე, რომ მწყერებისთვის ასე უკეთესი იქნებოდა. მხოლოდ წლების შემდეგ მივხვდი, რომ არანაირი სოფელი არ არსებობდა და ისევე გამაცურეს, როგორც სიკვდილმისჯილი ბატონი დელაკრუა წიგნიდან „მწვანე გზა”, რომელსაც დასჯის წინ მისი თაგვის არარსებულ ქალაქში, მაუსვილში გაგზავნას შეჰპირდნენ. 

რაც შეეხება ძაღლს, არც მწყერების ამბის შემდეგ მყოლია. 

სიმღერა, როგორც სასწავლო რესურსი რუსული ენის გაკვეთილზე – მეორე ნაწილი

0
სიმღერის და ვიდეოკლიპების ავთენტურობა და საგანმანათლებლო პოტენციალი, რომელიც შეიძლება გამოვიყენოთ ფონეტიკური და ლექსიკური მასალის დამუშავებისთვის, მოსმენისა და ლაპარაკის უნარების განვითარებისთვის – ამ სტატიის პირველი ნაწილის ძირითად თემას წარმოადგენდა. შესაბამისად, გავარჩიეთ სავარჯიშოები სიმღერის გამოყენებისთვის ყველა ეტაპის აღწერით. ვაგრძელებ ამ თემას და იმედი მაქვს, რომ ამ ინფორმაციას მასწავლებლები პრაქტიკულად გამოიყენებენ. 

რუსული ენის სწავლების საწყის ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანია, თავიდანვე სწორად იყოს დასმული ინტონაცია. სწავლების საწყის ეტაპზე სიმღერა გვეხმარება უფრო ინტენსიურად და ხარისხიანად იქნას ათვისებული ხმოვნების რედუქციის, ყრუ და ჟღერადი, მაგარი და რბილი თანხმოვნების, არტიკულაციურად რთული შეთანხმებების გამოთქმის თავისებურებები. პირველ რიგში, სიმღერის გამოყენებისას, ჩვენ ვუადვილებთ მოსწავლეებს ისეთი ამოცანის შესრულებას, როგორიცაა სწორი არტიკულაცია. მეორე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მოსწავლეები სწავლობენ საკუთარი აზრების გამოთქმას უცხოურ ენაზე არა ცალკეული სიტყვების, არამედ სიტყვათა შეთანხმებებისა და ფრაზების საშუალებით. ისინი სწავლობენ გაბმული ლაპარაკის გაგება-გააზრებას, ითვისებენ სამეტყველო სეგმენტებს, მახვილებს, ძლიერი და სუსტი მარცვლების მონაცვლეობას და სხვ.

სასიმღერო და მუსიკალური რესურსი შესაძლებელია გამოვიყენოთ არა მხოლოდ ენობრივ ასპექტებზე, არამედ სამეტყველო უნარებზე მუშაობისას. ასეთ შემთხვევაში სამეტყველო კლიშეებს მოსწავლე იმახსოვრებს მთლიანობაში, ფრაზების და სიტყვათა შეთანხმებების გრამატიკული ან სტრუქტურული ანალიზის გარეშე. აქ ავთენტური მასალის გამოყენება მნიშვნელოვანი და პრინციპულია, რადგანაც სიმღერებს მეტი უპირატესობა აქვს პროზაულ მასალასთან შედარებით. სასიმღერო მასალა კულტუროლოგიური კომპეტენციების ფორმირებისთვის ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს. რუსული სიმღერა არის კულტურული ცოდნის ძირითადი წყარო, სადაც ასახულია რუსული ენობრივი ცნობიერების, მორალური ღირებულებების და სხვადასხვა ეპოქებისა და საზოგადოებრივი ფენების ძირითადი ცნებები.

მულტფილმებსა და მხატვრული ფილმებიდან გამოყენებული სიმღერები უძვირფასესი სასწავლო რესურსია, თუმცა მეთოდური კუთხით ნაკლებადაა ათვისებული რუსულის, როგორც უცხოური ენის სწავლებაში. საბავშვო სიმღერები რუსული კულტურის შესასწავლი ცოცხალი წყაროა, სადაც მხატვრული ფორმით ასახულია ძირითადი კულტურული ღირებულებები, ცნობიერების სტერეოტიპები. ამიტომაც ლექსიკური და ფრაზეოლოგიური მარაგის გასამდიდრებლად ზუსტად ამ სიმღერების გამოყენებაა მიზანშეწონილი.

მეთოდისტები გამოყოფენ საბავშვო სიმღერების ტექსტების შემდეგ დადებით მხარეებს:

·ის მარტივი და გასაგებია მხატვრული სახის აღსაქმელად;
·გამოყენებულია რუსული სალიტერატურო ენა სწორად დასმული მახვილებით და მკაფიო რითმებით;
·მკაფიო რითმი სწრაფად დამახსოვრებას უწყობს ხელს;
·სტროფს ცვლის მისამღერი – ეს ფორმატიც უწყობს ხელს ლექსიკური ერთეულების, ფრაზების და კონსტრუქციების სწრაფ დამახსოვრებას.

მეთოდისტებმა შეისწავლეს და გამოიკვლიეს რამდენიმე პოპულარული სიმღერის ტექსტი. ესენია: «Чунга-чанга» (В. Шаинский – Ю. Энтин), «Улыбка»(В. Шаинский – М. Пляцковский), «Песенка крокодила Гены»(В.Шаинский -А.Тимофеевский), «Дважды два четыре» ( В. Шаинский- М. Пляцковский),«Настоящий друг» (Савельев Б – Пляцковский М.), «Песенка о лете»(Е. Крылатов – Ю. Энтин), «Песня барона Мюнхгаузена» (Калош Ш.- Сеф Р.), «Песня о мечте» (М.Дунаевский- Ю.Энтин), «Антошка» (В. Шаинский – Ю. Энтин), «Песенка мамонтенка» (В. Шаинский – Д. Непомнящая), «Если добрый ты» (Б. Савельев – М. Пляцковский), «Лев и брадобрей»(Н. Олев -М. Дунаевский), «Спи, моя радость, усни…»(Моцарт В. – Свириденко С), «Вместе весело шагать» (М. Танич – В. Шаинский), «33 коровы» (М.Дунаевский- Н. Олев)

ამ კონკრეტული სიმღერების გამოყენებისას რესურსის სახით გამოიკვეთა ენის შემდეგი ასპექტები, კერძოდ:

1.ფონეტიკა – სიმღერებში « Чунга- чанга», «Песня крокодила Гены» კარგად არის წარმოდგენილი მახვილები: синий, свод, лето, год, весело, живем, песенку, поем.

სიმღერაში «Чунга-Чанга»-ს რითმი ენერგიულია, სახეზეა გრძელი და მოკლე ხმოვნების მონაცვლეობა. ზოგიერთი სიმღერის მასალაზე შესაძლებელია რთულ ბგერებზე, ფონეტიკურ მოვლენებზე და ბგერათა შეთანხმებაზე მუშაობა.

2.ლექსიკა და ფრაზეოლოგია. თითოეული სიმღერა ახალი ლექსიკის წყაროს წარმოადგენს. ამიტომ, თუ გაკვეთილის მთავარი მიზანია კონკრეტული თემის ახალ ლექსიკურ ერთეულებზე მუშაობა, სიმღერის ძირითადი თემატიკა ამ თემას უნდა შეესაბამებოდეს. სიმღერა «Настоящий друг» შესაძლებელია გამოვიყენოთ მეგობრობის თემატიკის გავლისას. სიმღერაში გამოყენებულია ლექსიკა: дружба крепкая; друг в беде не бросит; верный друг; не разлей водой. ამავე თემაში შესაძლებელია ცნობილი სიმღერის «Улыбка» გამოყენება. თუმცა სტილისტური სირთულეებიდან გამომდინარე, რეკომენდებულია მისი გაკვეთილზე გამოყენება უფრო მაღალ დონეზე. ან სასურველია, მოსწავლე წინასწარ (ლექსიკურად) მომზადებული იყოს.

3.სტილისტიკა, კულტუროლოგია. სიმღერა «Песня о мечте» მასწავლებელმა შესაძლებელია მოასმენინოს მოსწავლეებს კომენტარების თანხლებით რუსული კულტურის გასაცნობად, ახსნას რუსული კულტურის თავისებურებები. ამ კონკრეტულ შემთხვევაში სასიმღერო მასალის შერჩევა უნდა დაეფუძნოს ავთენტურ პრინციპებს და შესაბამის მეთოდებს. მაგალითად, ენის მხატვრული სტილის აღსაქმელად «Песенка о лете» უფრო კარგი ნიმუშია, ვიდრე ნებისმიერი ნაწყვეტი პროზიდან ან პოეზიიდან. ამ სიმღერაზე დაყრდნობით შესაძლებელია მეტაფორის, ეპითეტის ახსნა. მაგალითად, «Вот оно какое наше лето, / Лето яркой зеленью одето, / Лето жарким солнышком (эпитет) согрето (метафора), / Дышит лето ветерком. / На зеленой солнечной опушке (эпитет) / Прыгают зеленые лягушки (эпитет) / И танцуют бабочки – подружки (олиц). / Расцветает все кругом!»;

4.გრამატიკა. არსებითი სახელის ბოლოსართების –ия –ზე დაბოლოებული საკუთარი სახელების მარტივად დასამახსოვრებლად მოსწავლეებს შეიძლება მოვასმენინოთ «Песня барона Мюнхаузена»: «На Мадагаскаре, в Коломбо и Сахаре- / Я повсюду побывал, я видел белый свет. / В Гренландии, Лапландии, Исландии, Финляндии / Вам скажут, что находчивей Мюнхаузена нет…»

სიმღერა «Дважды два-четыре» რიცხვითი სახელების სწავლებაში დაგვეხმარება, ხოლო დროების უკეთ აღსაქმელად – «Песенка мамонтенка», «Лев и брадобрей», «Спи, моя радость, усни», «Вместе весело шагать..»;
აქედან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ :

·სიმღერების შესწავლა ოთხივე საკომუნიკაციო უნარების (მოსმენა, კითხვა, ლაპარაკი, წერა) გასავითარებლად არის ეფექტიანი;

·სიმღერების, როგორც სასწავლო მასალის გამოყენება ხელს უწყობს ლექსიკური მარაგის ათვისებას, ნასწავლი გრამატიკული კონსტრუქციების გამოყენება–გააქტიურებას, ინტონაციისა და მახვილების სწორად დასმას;

·სიმღერების მრავალფეროვნება მოსწავლეებს საკუთარ ენასთან შედარების საშუალებას აძლევს თავისებურებების და განსხვავებების აღმოჩენის მეშვეობით;

·სიმღერებით სწავლება ხელს უწყობს ინტერკულტურული კომპეტენციის განვითარებას;

·სიმღერებით სწავლების მეთოდი ბევრი სხვა უპირატესობებით სარგებლობს სხვა მეთოდებთან შედარებით, რაც უფრო ეფექტიანს ხდის მის გამოყენებას;

·საბავშვო სასიმღერო რესურსი წარმოადგენს ყველაზე მოსახერხებელ რესურსს რუსულის, როგორც უცხოური ენის ათვისებისთვის, რადგანაც მასში წარმოდგენილია შედარებით გამარტივებული ლექსიკური და გრამატიკული მასალა, რომელიც მოიცავს ძირითად ლექსიკას, ფრაზებს, გამონათქვამებს, კონსტრუქციებს.

·საბავშვო სიმღერები წარმოადგენს ყველაზე ეფექტურ მასალას, განსაკუთრებით ეს ეხება საბავშვო მულტფილმებს და მხატვრულ ფილმებს, რადგანაც მათში წარმოდგენილია კონკრეტულ რუსულ მენტალობასთან და კულტურასთან დაკავშირებული სიტუაციები.
გამოყენებული ლიტერატურა:
1.Потапенко, Т.А. Песни к детским мультипликационным и игровым фильмам в обучении русскому языку как иностранному/Т.А. Потапенко// Русский язык за рубежом.- 2003.- №4
2.Потапенко, Т.А. Роль песни в изучении иностранцами русского языка и его культурного фона.

ფიზიკა ამოცანებში-ელექტროსტატიკა – მუხტი, ელექტრული ველი – გაგრძელება

0

წინამდებარე წერილში გავაგრძელებთ ელექტროსტატიკის ამოცანების განხილ-ვას. შემოგთავაზებთ ამოცანებს ელექტრული მუხტების, ელქტრული ველის და მუხტის ურთიერთქმედების ენერგიებზე, ელექტრული ველის მიერ შესრულებულ მუშაობაზე, აგრეთვე პოტენციალებზე. ძირითად ფორმულებთან ერთად გამოვიყენებთ ენერგიის მუდმივობის კანონს რადგან, როგორც ცნობილია ელექტროსტატიკური ველი არის პოტენციური ველი.

 ვრცლად

ფრაზები, რომლებიც სასაცილო არ არის

0
“ნება მომეცით გითხრათ, რა პრობლემა მაქვს გოგონებთან მუშაობისას. როცა ისინი შენთან ერთად ლაბორატორიაში არიან, სამი რამ ხდება: ან შენ გიყვარდება, ან მათ უყვარდები, ან გააკრიტიკებ და ტირილს იწყებენ”, – თქვა ბრიტანელმა ბიოქიმიკოსმა, ნობელის პრემიის ლაურეატმა მედიცინისა და ფიზიოლოგიის დარგში ტიმ ჰანთიმ სამხრეთ კორეაში ერთ-ერთ სამეცნიერო კონფერენციაზე და რამდენიმე საათში შეწყვიტა აკადემიური მოღვაწეობა.

 

72 წლის პროფესორი ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯში კითხულობდა ლექციებს. კოლეჯიდან მისი წასვლის მიზეზი, ძნელად დასაჯერებელია, მაგრამ სწორედ ეს სამი წინადადება გახდა, რომლისთვისაც მისი სექსისტური ხასიათის გამო თავად ტიმმაც მოიხადა ბოდიში, მაგრამ კოლეჯში, რომელიც დიდ ბრიტანეთში პირველი უმაღლესი სასწავლებელი იყო, სადაც მამაკაცი და ქალი აბიტურიენტების უფლებები გაათანაბრეს, ბოდიში საკმარისად არ მიიჩნიეს. მათ თქვეს, რომ ტრადიციას გაფრთხილება სჭირდება, გენდერული თანასწორობის დაცვა მათთვის დღესაც ძალიან მნიშვნელოვანია. შესაბამისად, ლექტორი, რომელიც კვლევით ლაბორატორიებში სეგრეგაციის მომხრეა, მათ რიგებში ვერ გაჩერდება. ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას, ცხადია, მოჰყვა როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი შეფასებები. პირველნი ამბობენ, რომ პრეცედენტი ძალიან მნიშვნელოვანია თანასწორობისთვის ბრძოლის საქმეში და დისკრიმინაციული შეხედულებების წინააღმდეგ გამოსვლის ეფექტური შემთხვევაა, მეორენი თვლიან, რომ სავალდებულო კორექტულობა სწორხაზოვან მიდგომებს წარმოშობს და ასე ცოტა მოსაწყენია ცხოვრება. მე თუ მკითხავთ, დისკრიმინაციას მოწყენილობა სჯობს.

ტიმის გამოსვლას და მის მიერ აკადემიური თანამდებობის დატოვებას თავად ქალი მკვლევრებიც გამოეხმაურნენ, რომლებმაც twitter-ზე საკმაოდ სახალისო და საინტერესო კამპანია წამოიწყეს. არქეოლოგები, ბიოლოგები, ფიზიკოსები, ქიმიკოსები, მედიკოსები სოციალურ ქსელში ათავსებენ ფოტოს საკუთარი სამუშაო ადგილებიდან და ჰყვებიან ლაბორატორიის ამბებს.

“ვტიროდი, როცა ებოლამ რამდენიმე ჩემი პაციენტი იმსხვერპლა, იმიტომ რომ მე მაქვს გრძნობები და არა იმიტომ რომ ქალი ვარ.”

“ვერ ვიტყვი, რომ არ მიტირია დისერტაციის წერისას, მაგრამ უფრო გულსატკენია, როცა კოდებს წერ პროგრამისთვის და შენს სქესზე მიგითითებენ”.

“დღე ისე გავიდა, არ მიტირია, ღმერთმანი, ალბათ უნდა ვიამაყო”.

“არ არის ადვილი იმუშაო ლაბორატორიაში კაცებთან ერთად, რომლებსაც თურმე შენი არსებობა აშფოთებთ”.

”ნიღაბი, რომელიც მომწამვლელი ნივთიერებებისგან მიცავს, მოხერხებულია ცრემლების დასამალადაც, თუ ამას ჩემგან რომელიმე მამაკაცი კოლეგა მოითხოვს”.

“ფრთხილად იყავით, ამ ლაბორატორიაში ქალებიც მუშაობენ, რომლებიც შიგადაშიგ ტირიან, არ შეგიყვარდეთ ისინი!”

ეს მხოლოდ ნაწილია. სინამდვილეში უფრო მეტი შემთხვევაა ამ კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით ინტერნეტშიც და რეალურ ცხოვრებაშიც, სადაც ქალებს მიუხედავად უფლებებისთვის ბრძოლაში მოპოვებული წარმატებებისა, მაინც ხშირად გვიწევს სექსისტური კომენტარებისა თუ რეპლიკების მოსმენა.

“თუ ახლა, პირველ კურსზე თქვენგან რომელიმე გათხოვილია, სულელია, მაგრამ მეოთხე კურსზე რომ შემოვალ სხვა საგნის წასაკითხად, ისევ გაუთხოვრები იქნებით ისინი, ვინც ახლა მარტოები ხართ, თქვენც სულელები იქნებით”, – თქვა ერთ-ერთმა საუკეთესო მეცნიერად აღიარებულმა მამაკაცმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩემი სწავლის პირველივე თვეს და ეს არავის, დიახ არავის გაუპროტესტებია აუდიტორიაში მჯდომი 200 სტუდენტიდან. სამწუხაროდ, ჩვენ მიჩვეულები ვართ, როცა ასე გველაპარაკებიან. მეტიც, ეს ფრაზა პატივცემულ პროფესორს სხვა დროსაც არაერთხელ უთქვამს საუნივერსიტეტო სივრცეში და იმ “ფრთიან ფრაზათა” კატეგორიაში იყო, ყველა სტუდენტმა რომ იცის.

ასეთი შემთხვევა ქართულ საგანმანათლებლო პროცესს მრავლად ახლავს თან. მაგალითად, ერთი ხანში შესული ქალბატონი ხაზგასმით ცუდად ექცეოდა გოგონებს, შეურაცხყოფას აყენებდა მათი სამოსის, მაკიაჟის ან ლაპარაკის მანერის გამო. ბიჭებს კი წინა რიგში სვამდა და ლექციისას ხაზგასმით მათკენ იყო მიმართული მისი ყურადღება. ამავე ქალბატონმა ერთ-ერთ გამოცდაზე მითხრა, კარგ ნიშანს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაგიწერ, თუ პირობას მომცემ, რომ ლექტორობაზე ან ტელეწამყვანობაზე არასოდეს იფიქრებ, არ მინდა შენ ხელში სხვა ადამიანები ჩავარდნენ ან ბევრმა ხალხმა გისმინოსო. დღეს ის ცოცხალი არ არის, მაგრამ სანამ ეთერში შევდივარ ხოლმე, ხშირად მახსენდება მისი უცნაური ულტიმატუმი.

სპეციალობაზე, სადაც მე ვსწავლობდი სულ თითზე ჩამოსათვლელი ბიჭი “სწავლობდა”, რომლებსაც სწავლა სულაც არ სჭირდებოდათ გამოცდაზე ნიშნის მისაღებად, თავიანთი ეგზოტიკურობიდან გამომდინარე საკმარისი იყო მოსვლა და დაფიქსირება. ცხადია, იყო გამონაკლისებიც, მაგრამ ძირითადად ასე ხდებოდა.

უფრო ნათელი რომ იყოს, რატომ გიყვებით ამ ამბებს, გაიხსენეთ, რამდენჯერ გითქვამთ ჭკვიან გოგონაზე, რომ მას კაცის ტვინი აქვს, ან რამდენჯერ გირჩევიათ ახალგაზრდა ქალისთვის, სწავლაზე გადაყოლა არ ვარგა, პირად ცხოვრებასაც მიხედვა უნდაო. რამდენჯერ უკითხავთ თქვენი თანდასწრებით 20 წელს გადაცილებული გოგონასთვის, აღარ თხოვდებიო ან სკოლის მერხზე მჯდომი არასწულწლოვანის ჰორმონალური მღელვარება ნამდვილ სიყვარულად, მეტიც ოჯახის შექმნის მიზეზად ჩაუთვლიათ. ან გაიხსენეთ, ნამდვილად იმის გამო აირჩიეთ მასწავლებლობა, რომ ბავშობიდან ამაზე ოცნებობდით, თუ იმის გამო, რომ მოცემულობა გქონდათ, სკოლაში ყველა მასწავლებელი მდედრობითი სქესის იყო, ქალისთვის საუკეთესო პროფესიად განიხილებოდა.
კიდევ უფრო ყოფით ამბებს გეტყვით. გაიხსენეთ რამდენ თქვენს მოსწავლე გოგონას აქვს საღამოს სახლში უფრო ადრე ყოფნის ვალდებულება, რაც მის თანატოლ ბიჭებს არ აქვთ. რამდენი თქვენი მოსწავლე გოგონა ზრუნავს უმცროს და-ძმებზე, მხოლოდ იმიტომ, რომ ეს გოგონას ვალდებულებაა? რა მდგომარეობაა მშობელთა კრებებზე, დადიან მამები, ინტერესდებიან ისინი თავიანთი შვილების ამბებით? დადიან გოგონები სპორტზე, თუ ეს რა მათი საქმეა? რას ვეუბნებით ბიჭებს, რომლებსაც სხვადასხვა მიზეზების გამო ცრემლი სდით: გოგო ხომ არ ხარო. ლამაზ და ჭკვიან გოგონებს რას უფრო ხშირად ვეუბნებით, რომ კარგად გამოიყურებიან თუ იმას, რომ თავიანთ საქმეს გადასარევად აკეთებენ.

რა შუაშია ეს ყველაფერი ერთანეთთან? პირდაპირ კავშირშია. იმიტომ არ გვყავს გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე ჭკვიანი ქალები, იმიტომ აქვთ უფრო მაღალი აკადემიური ხარისხი კაცებს, იმიტომ აძლევენ თავს უფლებას ადამიანები, ქალს კონკრეტული როლი და სტატუსი შესთავაზონ, რომ ჩვენ ჯერაც ვერ ვახდენთ მიდგომების და ფრაზების, როგორც პრობლემის იდენტიფიცირებას. ჩვენ ვიცინით, როცა შეურაცხყოფას გვაყენებენ ისეთ სივრცეებშიც კი, სადაც წესით დაცულები უნდა ვიყოთ.

დისკუსიას ბრიტანელ მეცნიერთან დაკავშირებით შეგიძლიათ თვალი ადევნოთ ბმულზე- https://twitter.com/hashtag/DistractinglySexy?src=hash

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...