კვირა, მაისი 4, 2025
4 მაისი, კვირა, 2025

სერიალი სკოლის ცხოვრებაზე

0
თორნიკე ბერიძე, გუგა ბუკია, მეკო დიდებულიძე, რატი კაჭარავა, ლაშა დადიანი, ანანო ჩანტლაძე და ქეთი კაპანაძე – ახალი ქართული ინტერნეტ-პროექტის “კლასის” გმირები არიან.
ონლაინსერიალი სკოლისა და მოსწავლეების შესახებ ბუნებრივი და მოზარდებისთვის დამახასიათებელი ლექსიკით  გვიყვება მათ ცხოვრებაზე, ოჯახზე, მტკივნეულ განცდებზე, პრობლემებზე; მშობლებთან, მასწავლებლებთან და მეგობრებთან დამოკიდებულებაზე. ეს მოზარდობის კარგად ნაცნობი ეტაპია, როდესაც მძიმე გამომეტყველებით მსოფლიო სევდას დავათრევთ ზურგით; როდესაც თავს მახინჯად აღვიქვამთ და  გვტანჯავს ზედმეტი კილოგრამები; როდესაც მშობლებს უცხოებივით ველაპარაკებით და ვფიქრობთ, რომ ჩვენი გაგება და მოსმენა დედამიწის ზურგზე არავის შეუძლია; როდესაც უამრავი კომპლექსით დატვირთულები, რომელიც გადასალახი და თავიდან მოსაშორებელი გვაქვს, ჯიქურ და აგრესიით ვცდილობთ მნიშვნელოვანი პერსონები გავხდეთ სამყაროსთვის და  სხვა დანარჩენ გარშემომყოფებსაც დავუმტკიცოთ ჩვენი უპირატესობა. “კლასი” ზუსტად ამ თემების შესახებ გვიყვება და განსაკუთრებულად კი ერთ-ერთ მძიმე და ცენტრალურ  პრობლემას – ბულინგს აყენებს დღის წესრიგში. პრობლემა, რომელიც სამწუხაროდ სათანადოდ არ არის შეფასებული სკოლის ცხოვრებაში და ხშირად  ეს მოზარდებს შორის კინკლაობად აღიქმება.
სწორედ ბულინგის  თემით იხსნება კლასის შესახებ თხრობა. გუგა ბუკია თანაკლასელთა  მხრიდან სისტემატური  ძალადობის მსხვერპლია. როგორც ყველა მსხვერპლს, მასაც ეთაკილება თავის პრობლემაზე ლაპარაკი, ამიტომ იგი მშობლებთან და მასწავლებელთან ურთიერთობის დროს გულდასმით მალავს თავის საიდუმლოს. ერთ-ერთი გაკვეთილის დროს, როდესაც მას თანაკლასელები ცემით ემუქრებიან და ფულის მოტანას ავალდებულებენ, ერთ-ერთი თანაკლასელი გოგონა, “რომელიც ყველაფერში არამკითხე მოამბესავით ერევა” მასწავლებელს გუგას დაცვის მიზნით მის  საიდუმლოს უმხელს. მიუხედავად იმისა, რომ მასწავლებელი ინფორმირებულია, რომ მისი მოსწავლეები ერთ-ერთ მოსწავლეს ცემას უპირებენ, მორიგ ეპიზოდებში არსად არ ჩანს მასწავლებლის მხრიდან რეაგირების ნიშნები. ვფიქრობ, ეს დეტალი ერთგვარი მინიშნებაა იმაზე, თუ როგორ არ აღიქმება ბიჭებს შორის ჩხუბი და ფიზიკური შეხლა-შემოხლა სერიოზულ პრობლემად და ფაქტიც მასწავლებლის ყურადღების მიღმა რჩება.
“ყურადღება არ მიმიქცევია ეგრევე გავვარდი გარეთ. შეიძლება რომელიმეს საჭირო ოთახში გასვლა ეთხოვა მასწავლებლისთვის და დამწეოდნენ. ჩემს ქუჩამდე სირბილით მივედი. არსად გავჩერებულვარ გზაში. სახლში ჯერ ვერ ავიდოდი, ძალიან ადრე იყო სკოლიდან მისასვლელად. ბოლო გაკვეთილის დაწყების დროს მისვლა იყო ყველაზე კარგი ვარიანტი, გაგვიცდა-მეთქი ვეტყოდი დედაჩემს და ეგ იქნებოდა”, – ეს გუგა ბუკიას, ერთ-ერთი გმირის ამბავია.
მხოლოდ ბულინგი და მოზარდებს შორის კონფლიქტი არ არის პროექტის ავტორთა სამიზნე. ისინი საუბრობენ ყველაფერზე, რაც მოზარდს და მის ცხოვრებას შეეხება. იმაზე, თუ რა პრობლემები ექმნებათ მათ მშობლებთან ურთიერთობის დროს, როდესაც უფროსები ცდილობენ აიძულონ საკუთარი შვილები გახდნენ იმ ოცნებების ამსრულებლები, რომელთა მიღწევაც თავის დროზე თავად ვერ შეძლეს. ასეთია ერთ-ერთი გმირის, რატი კაჭარავას დედა, რომელიც თავის მოსაწონებლად  ათასგვარ ტყუილს იგონებს. ეს ტყუილები კი მის შვილს არაფერში სჭირდება. არ სჭირდება ტყუილი იმის შესახებ, თუ  როგორ უნდა წასულიყო ზაფხულში ლონდონში. რატი მეგობართან უხერხულად გრძნობს თავს დედის ტყუილების გამო, დედაც კი ვერ ხვდება, რატომ უქმნის შვილს უხერხულობას ასეთი უწყინარი ტყუილებით.
“უკვე მეათასედ იტყუები ეგეთ რაღაცას და თან არც მეუბნები, ვინმეს რამე ეგეთს რომ ეუბნები და მერე მრცხვენია ხოლმე, ვიღაცა რაღაცას რომ მეკითხება და თან ტყუილის თქმას მაიძულებ. მრცხვენია ამდენი ტყუილები, რომელსაც ყველა ხვდება, რომ იტყუები და მეც მატყუებინებ ხალხს”, – ეუბნება რატი დედას.
ოჯახური კონფლიქტები და  მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა უარყოფით გავლენას ახდენს მოზარდის ჩამოყალიბებაზე. ლაშა დადიანი, რომელიც თავის კლასელ გუგა ბუკიას ცემს და ფულის შეგროვებას აიძულებს,  სწორედ ასეთი ოჯახიდანაა, სადაც მამა გამუდმებით სვამს და შვილების  ცხოვრებაც მშობლების მუდმივი კონფლიქტების ფონზე მიმდინარეობს. 
“ეზოში ცოტა დაძაბული გავედი, მართალია დღეს მამაჩემს არავისთვის უგინებია და არც ყვირილის ხმა გასულა ჩვენგან, მაგრამ სულ მეშინია, რომ ვიღაცამ რაღაც არ მითხრას ან დამცინოს. არავის არაფერი უთქვამს, ბიჭები ვნახე, მივესალმე და მაღაზიისკენ გავაგრძელე გზა”, – ჰყვება ლაშა, კლასის ერთ-ერთი მოსწავლე.
 გოგონები კი ზედმეტი წონის გამო ტირიან. თავიანთ საკვებს მშიერ ბავშვებს ჩუქნიან, ან ჭამის შემდეგ გულს ირევენ ან დედებს ექიმთან წაყვანას სთხოვენ, რომ რამე უშველონ, როგორმე ზედმეტი წონა მოიშორონ: ”ერთხელ ჩხიკვაძემ დამინახა ნაგავში რო ვაგდებდი ხაჭაპურს და დამცინა, ქეთი ისეთი მსუქანია ერთი თვე რო არ ჭამოს, მაინც არაფერი მოაკლდებაო  და არ ჭამს მაგიტოო. მე თავი ვერ შევიკავე და ტირილი დავიწყე”,- ამბობს ქეთი კაპანაძე.
დიახ, ეს ერთი ჩვეულებრივი კლასია. შესაძლოა, ის თქვენი სადამრიგებლო კლასიც იყოს. შესაძლოა თქვენს კლასშიც ტიროდნენ გოგონები ზედმეტი წონის სირცხვილის გამო ან ბიჭები გაკვეთილიდან ნაადრევად წასვლას იმიტომ ითხოვდნენ, რომ თანაკლასელთა მხრიდან ცემის და დამცირების თავიდან არიდება სურთ. იქნებ იმ მოსწავლესაც აქვს პრობლემები, რომელიც სხვაზე ძალადობს. იქნებ თქვენს კლასშიც არიან გოგონები, რომელსაც მათი სურვილის გარეშე ათხოვებენ. იქნებ თქვენს კლასშიც არიან ისეთი მოსწავლეები, რომლებიც გთხოვენ, რომ დაეხმაროთ, როცა ისინი თავს დამცირებულად და შეურაცხყოფილად გრძნობენ, როცა საკუთარი თავისუფალი თემის წაკითხვის დროს თანაკლასელთა მხრიდან დამცინავი ყიჟინის ობიექტები ხდებიან; იქნებ განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეც გყავთ, რომელიც ასევე დამცირების მსხვერპლია და თანაკლასელთა მხრიდან გარიყულია. 
ალბათ შესაძლებელია ამ ყველაფრის გამოსწორება, პრობლემების აღმოჩენა და მისთვის თვალის გასწორება. მთავარია დროულად შევამჩნიოთ  და დაუყოვნებლივ ვცადოთ მისი გადაჭრა. მანამდე კი, შეგიძლიათ თვალი მიადევნოთ ამ ონლაინპროექტს ფეისბუქზე, რომელიც არამარტო მასწავლებლებს, მშობლებსაც  დაგვაფიქრებს ჩვენს წილ პასუხისმგებლობაზე.

საზაფხულო

0
აგვისტოა და ამ დროს მუდამ ვწერ „მასწავლებლისთვის” თემას სათაურით „არდადეგებზე საკითხავი”, ან „კლასგარეშე ლიტერატურის მნიშვნელობა” და ა.შ. ეს, -დავარქვათ, – მოთხოვნილება, ალბათ ბავშვობიდან მაქვს გამოყოლილი, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ მაშინ სკოლიდან დაბრუნებული ვწერდი სულ ერთი სათაურის მქონე რამდენიმე თემას. ჰოდა, ვიდრე ამ ჩვევას არ მოვიშორებ, მომიწევს ყველა ზაფხულისა და ზამთრის არდადეგების წინ ვწერო ის, რასაც ახლა შენ კითხულობ, მკითხველო ჩემო. 
პირველი, რაც მთავარია, როგორმე უნდა მოახერხოს მოსწავლემაც და მასწავლებელმაც და გავიდეს დიდი ქალაქებიდან, სადმე მოშორებით, სოფელში, მთაში, ზღვისპირეთში. ჩვენს ქვეყანაში არსებული სოციალური მდგომარეობის გამო, ეს ბევრს უჭირს, მაგრამ იმედს ვიტოვებ, ამის წამკითხველთა დიდი ნაწილი მაინც შეძლებს წასვლას. იმიტომ კი არა, რომ ქალაქსა და სიცხეში წიგნი არ იკითხება, უბრალოდ ყველა ზემოთქმული მოქმედებს ყურადღებაზე და წიგნსაც უხდება ხოლმე მშვიდი გარემო, მითუმეტეს ისეთს, როგორიც ბავშვებმა უნდა იკითხონ. 
შემდეგი კი რა თქმა უნდა, არჩევაა. 
ადამიანი, რა სფეროშიც არ უნდა იყოს ის დასაქმებული, პროფესია ჰქონდეს და ა.შ. მშვენიერია მაშინ, როცა ძალიან კარგი წარმოსახვის უნარი აქვს. ეს მის სამუშაოსაც კი შეუწყობს ხელს. როგორ? აი, ისე, რომ თუ ჟურნალისტია და მთლად ახალ ამბებსაც თუ არ აშუქებს, მოკლედ, წერს ბლოგს, იღებს ვიდეო ჩანახატებს, ნამდვილად ჭირდება კრეატიული აზროვნება, წარმოსახვის უნარი. იგივე შეიძლება ითქვას პრ მენეჯერებზე, მარკეტინგის სპეციალისტებზე, ხელოვნების სფეროში მომუშავე ადამიანებსა და თუნდაც ბანკირებზე, რომლებიც თავის სამუშაოსთვის თუ არა, თავისუფალ დღეებში განსატვირთად მაინც გამოიყენებენ ამ უნარს. 
წარმოსახვა კი, როგორც სხვა ყველაფერი, ბავშვობაში ყალიბდება.  შესაძლოა მშობელმა ამ დალოცვილი ზაფხულის პერიოდში აჩვენოს შვილს კანიონები, ზღვები, მწვერვალები და მთისპირა სოფლები, მაგრამ ეს უბრალო დამახსოვრება იქნება იმ ლამაზი რეალური ამბებისა თუ ადგილების, რომლებიც არსებობს. ეს ნაკლებად ავითარებს წარმოსახვას იმიტომ, რომ თვითონ სიტყვა ნიშნავს რაღაცის შექმნას შენში, პირადის ქმნადობას და არა უკვე არსებულის მიღებას ან მასზე დაკვირვებას. 
მე ჩემი ბავშვობიდან მახსოვს როგორ მიტაცებდა ტყისპირა მინდვრები, ვიწრო ხეობის ღელეები, სადღაც მთის იქით ჩაკარგული ტაძრის ნანგრევები, რომლებიც ყველგან ხავსით და შიშ-ინტერესის მომგვრელი თაღმოშლილი დარბაზით წამოიმართებოდა ჩემ წინ, ან უზარმაზარი ხეები, ზოგიერთი რომ თითქოს თვითონ თამარ მეფეს დაერგო და დღემდე ხარობდა, ან მის ქვეშ რომელიმე წმინდანს გაეთია ღამეები, – სულ მიტაცებდა ეს ყველაფერი და დღემდე იმდენად მძფრად მაქვს ჩარჩენილი გონებაში, რომ ვფიქრობ, თუ საერთოდ ვწერ რაიმეს, ან ეს გზა ავირჩიე ცხოვრებაში – მასწავლებლობა, ლიტერატურის და ზოგადად ხელოვნების სიყვარული, საბაბი ზემოთქმული იყო. 
ეს ერთია, რაც ვთქვი, მაგრამ არის კიდევ უმთავრესი, უფრო მეტი, ვიდრე იმ არსებულის ხილვით მიღებული ყველა სიკეთე და ეს უმთავრესი ლიტერატურაა. სწორედ ლიტერატურა ავითარებს წარმოსახვას, მკითხველი ხდება ისეთივე შემოქმედი, როგორც ავტორია, ერთი განსხვავებით, რომ ავტორი ქმნის რაღაც პირობით ტექსტს, რომელიც მთავარი მატერიაა, მაგრამ ყველა მკითხველი ამ ტექსტს საკუთარი თავისთვის თავიდან წერს კითხვის პროცესში. ის მიყვება ავტორის მიერ განვითარებულ მოვლენათა ჯაჭვს და ემორჩილება მას, მაგრამ აბსოლიტურად თავისუფალია მოვლენათა, გარემოს, პიროვნებების თუ განცდების წარმოდგენაში, მაშინაც კი, როდესაც ავტორს ამ ჩამონათვალიდან ნებისმიერი ძალიან ზედმიწევნით და დაწვრილებით აქვს ახსნილი. 
სადაც არ უნდა წახვიდე, რა ქვაბულები და ადგილები ნახო თუ მეგობრები გყავდეს სოფელში, დაბასა თუ ზღვისპირა ქალაქში, რა შეედრება ტომ სოიერის ან ჰეკლბერი ფინის ამბების კითხვას, მათთან ერთად მოგზაურობას, მითუფრო მაშინ, როცა შენ სულ არ გიწევს იფიქრო იმაზე, თუ ამ ტექსტებიდან რომელი ითვლება ამერიკული, ან ინგლისური რომანის ერთ-ერთ შესანიშნავ ტექსტად, როცა შენ სკოლის მოსწავლე ხარ და უბრალოდ სიამოვნებას და ასაკის შესაფერის ცოდნას იღებ ამ ყველაფრით. 
არ ვოცნებობ სელენჯერის გმირების – ზუისა და ფრენის მსგავს ბავშვებზე, თორმეტი წლის ასაკში ოშოსა და მობი დიკზე რომ საუბრობენ და გადამალული დღიურები  სავსე აქვთ ისეთი ჩანაწერებით, კაფკასაც რომ გააგიჟებდა. ყველაფერში ნაღდად ზომიერებაა საჭირო, მაგრამ არა წარმოსახვაში! ნუ შეზღუდავთ შვილებს, მოსწავლეებს, თქვენს თავს – ბავშვებო, იმიტომ, რომ ეს ერთადერთი თუ არა, ერთ-ერთი ნამდვილი და უღალატო მეგობარია მაშინ, როცა გაგიჭირდება ცხოვრებაში და მაშინაც როცა ყველაფერი კარგად არის, როცა ჟურნალისტი ხარ, ან კომპოზიტორი, მეწაღე თუ მოხეტიალე ცირკის ჯამბაზი. ამბა ბესარიონმაც ხომ ეს თქვა და ბესარიონმა ჩაიწერა:
„ამ ცხოვრებას
არც მეტი დარაჯობა უნდა, არც მეტი სირბილი,
არც მეტი ჭკუა, არც მეტი გული,
ყველაფერი
წარმოსახვას აჰკიდე და წინ გაიგდე სახედარივით,
თანაც გახსოვდეს:
რაც გინდა რა ხალიჩაზე მიაბიჯებდე,
ერთადერთი ჭეშმარიტი გზა – მტვრიანია.
მე ასე ვიცი”…

ეფექტური სასკოლო გუნდი

0
მასწავლებელი მნიშვნელოვანი ნაწილია სკოლის ერთიანი სიტემისა, რომელშიც ყველას თავისი ფუნქცია აქვს. სკოლა უნდა იყოს ერთი გუნდივით, რომელიც გუნდის  წევრებს შორის ურთიერთპატივისცემასა და ნდობას გულისხმობს.

`თანამედროვე მსოფლიოში მასწავლებლობა, ისევე როგორც სხვა დანარჩენი პროფესია რადიკალურად შეიცვალა. ჩემი გამოცდილებით, ადამიანთა უმეტესობაში არსებობს საერთო აზრი ცვლილების შემდეგ ასპექტთან დაკავშირებით: ოცდამეერთე საუკუნეში მასწავლებლები თავს აღარ მიიჩნევენ  `მარტოხელა რეინჯერებად~ და სასწავლო პროცესიც აღარ არის ერთი ადამიანის შოუ. დღესდღეობით, მასწავლებლებმა უნდა აიღონ  გუნდის ლიდერის ფუნქციები და იმუშაონ ბევრ სხვა პროფესიონალთან ერთად, მაგალითად, ასისტენტებთან, მენტორებთან, მომავალ კოლეგებთან ერთად, რათა ეფექტურად უხელმძღვანელონ ბავშვებისა და მოზარდების სწავლის პროცესს. რა თქმა უნდა, მასწავლებლები ყოვეთვის ლიდერები იყვნენ, თუმცა აღსანიშნავია ის, რომ საკლასო სივრცეში მათი ლიდერობის ფუნქცია შეიცვალა. დღეს უფრო კარგად გვესმის, როგორ ფუნქციონირებს სასწავლო პროცესი და ამის გამო ნაკლებ ვართ დამოკიდებული სწავლების `დიდაქტიკურ მეთოდზე~, როდესაც მასწავლებელი `სცენაზე მდგომი ბრძენის~ როლს ასრულებდა~, _ წერს ჯეკი თერნბული თავის ცნობილ წიგნში `მასწავლებლის 9 მახასიათებელი~, რომელშიც ბევრ მნიშვნელოვან საკითხთან ერთად ხაზს უსვამს იმას, რომ მასწავლებელს კოლეგებთან ურთიერთობა უნდა შეეძლოს. მისი აზრით, რთული ადამიანები, უბრალოდ, არ არსებობენ და თუ მაინც ვინმეს ამგვარად მივიჩნევთ, მაშინ, უპირველეს ყოვლისა, საკუთარ თავს უნდა ჩავუღრმავდეთ და ჩვენში ვეძებოთ ამ `სირთულის~ გამომწვევი მიზეზი: `რიგ შემთხვევაში, ადამიანები აუცილებლად მოიქცევიან გამაღიზიანებლად, დამაბრკოლებლად ან შემაშფოთებლად~. ამიტომაც იგი  განიხილავს თავის კლასიფიკაციაში მასწავლებლის მეშვიდე მახასიათებლის (გავლენიანი მოქმედება) იმ სტრატეგიებს, რომლებსაც მასწავლებელი ადამიანებთან  ურთიერთობისთვის უნდა ფლობდეს.  მისი რჩევით, როცა შეხვდებით ადამიანს, რომელთან ურთიერთობის დამყარებაც რთულია, ამ დროს საჭიროა დაფიქრება: იქნებ თქვენ არ გამოგიჩენიათ საკმარისი გულღიაობა და მოქნილობა იმისთვის, რომ ეს ურთიერთობა ჰარმონიული და ეფექტური ყოფილიყო?

რა თქმა უნდა, თვითკონტროლი, თავდაჯერებულობა, სხვების მოსმენის, მოთმენის უნარი და კეთილგანწყობა აუცილებელია გუნდური მუშაობისათვის. 

ამ თვალსაზრისით, საინტერესოა უცხოელ პედაგოგთა გამოცდილებაც. კალიფორნიელი Eლენა აგილარი თავის ბლოგში `ეფექტური სკოლის გუნდის 5 მახასიათებელი~ სწორედ ამ საკითხს განიხილავს. როგორც თვითონ წერს, ამ თემაზე ბევრი ფიქრის შემდეგ დაწერა წერილი, რათა თავისი ნააზრევი კოლეგებისთვის გაენდო და მათი შეხედულებებიც გაეგო. მან ამ თემას ყურადღება მაშინ მიაქცია, როცა თავდაჯერებულობა იგრძნო გუნდური მუშაობისას, თუმცა ადრე სულ სხვანაირი დამოკიდებულება ჰქონდა ამ ყველაფერთან. მას არ ერიდება იმის აღნიშვნისა, რომ ადრე დამოუკიდებელ მუშაობას არჩევდა, არ მოსწონდა რაიმე საკითხის განხილვა ჯგუფურად, რადგან მიაჩნდა, რომ კამათს დრო მიჰქონდა და, კაცმა რომ თქვას, სხვათა გარეშეც იოლად წყვეტდა სასკოლო პროცესში წამოჭრილ პრობლემებს.  გუნდში მუშაობისას მიღებულმა იმედგაცრუებამ მას არასწორი შეხედულება ჩამოუყალიბა ამ საკითხზე, თუმცა შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. მან „ხედვის  რაკურსი” შეცვალა. 

ლენა აგილარმა ბოლო დროინდელი გამოცდილების მიხედვით დაასკვნა, რომ კარგ გუნდს სკოლის  გარემოს შეცვლა შეუძლია. თანაც, ეს მნიშვნელოვანია მასწავლებლის მხარდაჭერისა და განვითარებისთვის. სკოლებში, რომლებიც არ განიცდიან კადრების ხშირ ცვლილებას, განსაკუთრებით შესაგრძნობია გუნდურობის მაღალი ხარისხი. ასეთი სკოლის მასწავლებელს აქვს მეტი დაცულობის შეგრძნება და განცდა იმისა, რომ კოლეგებთან ერთად მნიშვნელოვან მისიას ასრულებს სკოლის საგანმანათლებლო სივრცეში. თუ გუნდი ეფექტურია, მისი წევრები ერთმანეთისგან სწავლობენ, უფრო  მეტს აღწევენ, ვიდრე  ეს იქნებოდა შესაძლებელი დამოუკიდებელი მუშაობისას. ისინი ერთმანეთს გადასცემენ იდეებსა და გამოწვევებსაც იღებენ. ინდივიდუალური, პიროვნული სიძლიერე გუნდმა შეიძლება სრულყოფილად გამოიყენოს.  ამგვარად, შეიძლება განხორციელდეს ისეთი მასშტაბური პროექტი, როგორიც სკოლის გარდაქმნაა.  თანაც ისე, რომ გუნდის ყველა წევრმა კარგად იგრძნოს თავი და თავისი ადგილი და მნიშვნელოვნება ცხადად განსაზღვროს. 

რა ქმნის კარგ გუნდს?  ამ კითხვას ლენა აგილარი ასე უპასუხებს. ის გამოკვეთს კარგი გუნდის ხუთ მახასიათებელს და თითოეულზე ზედმიწევნით მსჯელობს.

1.კარგ გუნდს გაცნობიერებული აქვს თავისი არსებობის აზრი.
არ არის საკმარისი, როცა მავანნი ჯგუფდებიან იმის მიხედვით, თუ რომელ კლასებს ასწავლიან. გუნდად ყოფნის მიზანი შეიძლება იყოს ამგვარი: „ჩვენ ერთი გუნდი ვართ, რათა ერთმანეთს დავუჭიროთ მხარი, ერთმანეთისგან ვისწავლოთ, ერთად მოვძებნოთ გზები,  რათა ამა თუ იმ კლასს უკეთესად ვასწავლოთ”. სულ ერთია, ამას მიზანსა თუ მისიას ვუწოდებთ. მნიშნელოვანია, რომ გუნდის შეხვედრაზე დასწრება ყველას უხაროდეს, აუცილებლად და საჭიროდ მიაჩნდეს და არა მომაბეზრებელ ვალდებულებად, როცა ერთი სული გაქვს, თავი დააღწიო შეხვედრას ან რაიმე მიზეზი გამოძებნო მისგან თავის არიდებისა.  
2.კარგი გუნდი ქმნის  სასწავლო სივრცეს.
ბევრი მიზეზია, თუ რატომ უნდა გაერთიანდნენ მასწავლებლები გუნდში. მთავარია, რომ შეიქმნას ისეთი სივრცე, რომელიც ხელს შეუწყობს სწავლას ერთმანეთისგან. ძალიან ცოტაა ისეთი პედაგოგი, რომელიც მიიჩნევს, რომ სწავლა აღარ სჭირდება. გუნდი ქმნის შესაძლებლობას, გაიგო ახალი, წახვიდე რისკზე, დასვა შეკითხვები ისე, რომ არ მოგერიდოს, რადგან ყველა ერთმანეთს კარგად იცნობს და პატივს სცემს, სხცებისგან სწავლასაც „უსაფრთხო კონტექსტი” ექმნება.
3.კარგ გუნდში ჯანსაღი კონფლიქტია. 
კონფლიქტი არა მხოლოდ გარდაუვალი, აუცილებელიც კია, როდესაც გუნდში ყველა ერთად სწავლობს და მნიშვნელოვან პროექტსაც ახორციელებს. წევრები ერთმანეთის ყველა იდეას ვე გაიზიარებენ, მაგრამ იქნება კონსტრუქტიული დიალოგი და შეთანხმებაც დათმობისა და აღიარების გზით მიიღწევა.
4.კარგი გუნდის წევრები ერთმანეთს ენდობიან.
ეს იმას ნიშნავს, რომ, როდესაც გარადუვალი კონფლიქტი წარმოიქმნება, მისი მოგვარება ხერხდება. წევრები ერთმანეთს იცნობენ, უსმენენ, ერთმანეთის თვალსაზრისებს უბრალოდ კი არ უკუაგდებენ, არამედ განიხილავენ, საერთო აზრამდე მიდიან. შეძლება გუნდის რომელიმე წევრმა მართოს პროცესი, ფასილიტატორის როლი შეასრულოს. მთავარია, რომ არავინ დაიჩაგრება, შეურაცხყოფილად არავინ იგრძნობს თავს და ყველას სურვილისამებრ ექნება საკუთარი აზრისა თუ იდეის გამოთქმის საშუალება. 
5.კარგ გუნდს ჰყავს  ფასილიტატორი, ლიდერი ან ლიდერები, რომლებიც იცვლებიან.
როგორც გემს სჭირდება კაპიტანი, ასევე _ გუნდსაც. ოღონდ, ეს კაპიტანი იმის მიხედვით ჩნდება და იცვლება, რა საჭიროებაც გუნდს აქვს. ერთი პროექტისას შეიძლება ერთი პედაგოგი იყოს ლიდერი, მეორისა _ სხვა, იმის მიხედვით, ვის რა ცოდნა და გამოცდილება აქვს შესაბამის პროექტზე მუშაობისას.  შეიძლება რომელიმე ადამიანი გამოკვეთილ ლიდერადაც იქცეს.

„გუნდური მუშაობა, განსხვავებული ადამიანებისაგან სწავლა, ინფორმაციის ღიად გაცვლა _ ცოდნის საზოგადოების ყველა ეს მნიშვნელოვანი შემადგენელი ელემენტი საფრთხეს, რისკსა და იმის რწმენას მოიცავს, რომ, საბოლოოდ, გუნდური მუშაობა და პარტნიორობა კარგ შედეგს მოიტანს”, _წერს ენდი ჰარგრივსი თავის ძალიან საინტერესო სტატიაში „სწავლება ცოდნის საზოგადოებაში: განათლება გონიერებისათვის”.  მისი აზრით, გუნდური მუშაობა ავითარებს ემოციურ ინტელექტს, რომელიც ხუთ ძირითად უნარს მოიცავს. ესენია:

·იცოდე და შეგეძლოს საკუთარი ემოციების გამოხატვა;
·სხვისი ემოციების მიმართ თანაგრძნობის გამოჩენა;
·ემოციების გაკონტროლება და რეგულირება;
·საკუთარი თავისა და სხვების მოტივირების უნარი;
·სოციალური უნარ-ჩვევების ფლობა, რომელთა მეშვეობითაც პირველი ოთხი უნარის მართვას შეიძლებ”.

რა არის განათლება?

0

თამაში ჭვავის ყანაში – ზაფხული და თავისუფალი დრო

0
ახლა თბილისში ცხელზე ცხელი აგვისტოა. მე, ზაზა  და გიოც დასვენებისთვის ვემზადებით. გიო ჩემი 4 წლის შვილია, ადრეც მომიყოლია მასზე. ვფიქრობ, ვარჩევ ადგილებს, ცოტა ხანს ზღვაზე გავუშვებ, მერე იქნებ რომელიმე გრილ კურორტზეც წავიყვანო, თუმცა ყველაზე მეტად, რომელიმე სოფელში მინდა, დიდი, მწვანე ეზო და უამრავი ინტერაქტიული თამაში.

 

კომპიუტერის შინ დატოვება არ გამოვა, მეტისმეტად ბევრი სამუშაო მაქვს, მაგრამ აუცილებლად დავმალავ ლეპტოპს და ვეცდები, მხოლოდ მაშინ ვიმუშაო, როდესაც გიო დაიძინებს, თორემ ხომ იცით? მულტფილმები, კომპიუტერული თამაშები… და გამოვა, რომ სულ ტყუილად შევარჩიე მთიანი სოფლის ულამაზესი სახლი თავისი დიდი და მწვანე ეზოთი – გიორგის ზაფხული კომპიუტერთან გაივლის…
გეცნობათ არა? ძალიან ბევრი მშობელი სვამს შეკითხვას, რატომ აღარ თამაშობენ ჩვენი შვილები ეზოში, თანატოლებთან ერთად, რატომ ურჩევნიათ ათასგვარი კომპიუტერაიპედაიფონები. რატომ იკარგება და გვავიწყდება ჩვენი ბავშვობის თამაშები?
თქვენ გახსოვთ,  რას თამაშობდით ზაფხულობით?
მე  – მხოლოდ რამდენიმე თამაში, ისიც ფრაგმენტულად.
ხუთქვაობანა?  – ცარცით იხატებოდა რამდენიმეგანყოფილებიანი კვადრატი, შუაში -წრეში, ერთმანეთზე აკოკოლავებული ქვები ეწყობოდა და ბურთით უნდა დაგვენგრია ეს ქვის ყორე. მერე რა ხდებოდა, აღარ მახსოვს.
რეზინობანა? – ბრრ, დღესაც მაკანკალებს ამ თამაშის გახსენებაზე, ყველა ჩემი დიდი კომპლექსი სწორედ ამ თამაშიდან მოდის.
წრეში ბურთი, ორდროშობანა, წითელი და შავი, ციფრობანა, გაშეშობანა, „კრასკობანა”, ვისი სული გსურს, ამის პატრონმა რა ქნას და კიდევ მრავალი თამაში…
ნეტავ სად წავიდა ეს თამაშები?
ან ჩვენი მშობლების თამაშები (თუ თამაშობები) სად წავიდა?
პასუხის საძიებლად ისევ დიალექტურ კორპუსს მივადექი:
„თამაშობა ვიცით: ცხენუკაობა, ხმალუკაობა, დროშაობა, გამარჯვებაობა, თოფუკაობა, ხულუკაობა, ქიანი, ჯოჩინობა.
ცხენუკაობა”. – მოგვითხრობს გლოლელი მთქმელი.
სხვა თამაშებზე გვესაუბრება ფერეიდნელი მთქმელი:
„ყმაწილობაჩი ჩონ სოფელჩი ქართველები რო ვთამაშობდით, ერთ თამაშობა გÛქონდა, რო ვეძახდით კანკლობას. ეს კანკლობა: ოთხნი დარნ იყნიანყე… ერთი კალოსოდენი შამოხაზიან და ეს თავით ჰადდი იყისყე. ერთმა ცალ ფეჴი აიკივის და ემ ცალ ფეჴით ირბინის და რომელსაც რო მეეწივის, ფეჴი ამაჲჰკრის და, თუ ფეჴ მაახდინის, ეს დაკენწილ იყისყე და ეხლა უნდოდისყე, იმამ ფეჴი აიკაოს და ირბინოს. თუ ერთმა ოთხსა იგრე ამაჲჰკრის და ოთხივეს ფეჴი მაახტინის, ემას ეძახოდიანყე დაკენწვას. რო დაჲკენწისყე, ამათღა წაიღიანყე და თუ ერთმა ხაზსაყე გაჲდისყე გარეთ, ისიც იმას ნიშნავს, რო როგორც რო თაის საძღოÛარსაყე გაჲდაღა და თაის თამაშობა წააგო.
ერთი თამაშობაც არი, ქულაგერდინობას ეძახოდეს. ქულაგერდინობაც ეს იყო, რო ერთმა თაის ქუდი დასის, დასის და ერთი ორ ადლი გერდზე დოდგის და ამ სხვებმა ამ ქენარსაყე გამაიქციან და ემ ქუდს ამმაჲჰკრიან. ემამაც თაის ქუდსაყ წაიდისყე, რო არ გოÛშოს, რო ამაჲჰკრან. იმ ქუდის პატრონმა, ანს თაის ოლტაში რო მოიდოდისყე, რო თაის ქუდი გაიტანოს, იმას ამაჲჰკრისყე, ის დაკენწისყე. ეხლა იმის დრო იყისყე, რო ეხლა იმამ ქუდი დასოს, დადÛას მიწაზე და გადგეს ქენარზე და ეხლა სხომ იმის ქუდს ამაჲჰკრას. თუ დაჲჰკრის და ვერ დეეწევის და თაის ქუდი გაიტანის და სადამდინაც რო გაიქციან და ემამ ფეჴი ამაჲჰკრისყე, ემის ქუდსა აბურთავებდიან და წაიღიან თან და თანაც გოÛგლიჯიან. ერთნაირ თამაშობა ეს იყისყე”.
კიდევ ერთი საინტერესო ტექსტი იმის შესახებ, თუ როგორ თამაშობდნენ ბურთს ბახვში:
„სააღდგომოთ ბულთის თამაშობა ვიცოდით. ბულთის თამაშობა ასთე იყო: ზედოურები და ქვედოურები პარტიებათ იყო დაყოფილი. შიაგდებდენ ბულთს და იწყებდა ტრუალს. ტრუალობდა, ტრუალობდა აი ბულთი და როიცხა რომე დეინახვიდენ გამქცევს, მაშვინათვე გადუუგდებდენ იმას. იი გეიქცევოდა, მარა რას გეიქცევოდა! გაფრინდებოდა, რომე გიესრო ბულთიანათ. ერთი აგიე იყო თენეიშვილი, იმას ვერარა კაცი ვერ ეწევოდა, ცხენს ასრებდა. ცხენზე ენიძლავებოდა ხალხს და უგებდა კიდემც. ე, აგიე თუ წეიღებდა ბულთს, ქეც გაჩემდებოდა თამაშობა, იმიზა, რომე მაინც ვერ მიეწევოდენ და ვერ წაართუმდენ ბულთს. იყო ერთი ბდღნაი, რუმელიც ააღლეტდა ბულთს და წეიღებდა, იი იყო დასურ კაძახიდვაბზუში რომ გააგდებდენ ბულთს, ბახვს მოქონდა ზეით; ოზრუგეთს, მაკვანათს, ლეხაურას _ იქით, ქვეით. ნატანებთან რო მევიდოდნენ, იქინე აუცილებელათ მუუწევდენ გადაცვენა. ერთქამეთს წიწავდენ, შამუახევდენ ყოლიფერს, ფეხშიშველი, კინკებში, გადარეულებივით იყვენ, მარა ბულთი ხელჩი ქონდენ ზორი?! ისე მარცხიც ქე ხთებოდა, კაციც მომკტარა, ნამეტანი ეისრებოდა ყოლიფერი.”
ვკითხულობ დიალექტურ ტექსტებს, მხატვრულ ლიტერატურას, ვიხსენებ ჩემი ბავშვობის თამაშებს, ვეკითხები სხვებსაც – მინდა კარგად დავგეგმოთ ჩვენი არდადეგების სულ რამდენიმე დღე, როცა მე ჩემს ბავშვობაში დავბრუნდები, გიოს კი მშობლებსა და თანატოლებთან გართობის ბედნიერი დღეები ექნება. მთავარია, არ დაგვეზაროს და ისევ  კომპიუტერებს  არ მივუსხდეთ.

ბესიკ ხარანაული – სწავლა ჩემი ნიჭია

0

ბესიკ ხარანაულის ცხოვრება თიანეთში დაიწყო და თბილისში გრძელდება, თუმცა, როგორც თავად ამბობს, გარემოს მისთვის მნიშვნელობა არ აქვს – ხელოვანისთვის გარემო არ არსებობს, ის თავად არის მისი შემოქმედი.

ცოტა ხნის წინ დაისტამბა ბესიკ ხარანაულის რომანი “მთავარი გამთამაშებელი”, დღეს კი მწერალი ახალ ნაწარმოებზე მუშაობს.
“მწერალი ახალი ნაწარმოების წერას რომ იწყებს, სულ იმას ფიქრობს, ეხლა უნდა დავწერო და გავუტიოო. რაც დაწერა, იმისთვის ღმერთს შენდობას სთხოვს – ოღონდ, აქამდე რაც იყო, მაპატიე და ეხლა ნამდვილად დავწერ მწერლობისთვის საამო რამესო”, – ამბობს mastsavlebeli.ge-სთვის მიცემულ ინტერვიუში ბესიკ ხარანაული, რომელმაც საქართველოს თითქმის ყველა მნიშვნელოვანი ლიტერატურული ჯილდო დაიმსახურა: რუსთაველისა და ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო პრემიები, ლიტერატურული პრემია “საბა” და ლიტერატურული პრემია “გალა”, – ხოლო 2010 წელს ნობელის პრემიაზე გახლდათ წარდგენილი.
და მაინც, “ყველანი ბავშვობიდან მოვდივართ”, ამიტომ ბატონ ბესიკ ხარანაულთან საუბარს ჩვენც ბავშვობის გახსენებით ვიწყებთ:
– სხვათა შორის, პირველად გავიგონე ჩემს ბავშვობაზე სხვისი ნათქვამი და დამამახსოვრდა. ერთი კაცი დაიჭირეს და რომ გამოვიდა ციხიდან, მითხრა: იქ ვიღაც თქვენებური ვნახე, რომელმაც მითხრა, მაგას მძიმე ბავშვობა ჰქონდაო. მე ვუთხარი, მე კი არ მახსოვს, რომ მძიმე ბავშვობა მქონოდეს-მეთქი. როგორც ჩანს, რაღაცნაირი მოვლენაა მძიმე ბავშვობა, კარგი ბავშვობა, ტკბილი ბავშვობა… მე კი ნაკლებად მწამს. ბავშვი იმისთანა ოხერი არსებაა, ყველა სიტუაციას დაუძვრება, რადგან გადარჩენისთვის არის მოსული, იმისთვის, რომ გაექცეს სიტუაციას, რომელიც მისთვის მძიმეა და არ ეკუთვნის.

– თქვენ რას გაურბოდით ბავშვობაში?

– მე მგონი, არც შევცვლილვარ მაინცდამაინც, ყოველთვის ერთნაირი ვიყავი, ყოველთვის ვსწავლობდი. სწავლაა ჩემი ნიჭი. რაც ვიცი, ის არაფრად მიღირს და ვცდილობ, მეტი ვისწავლო.

– რა ისწავლეთ ბავშვობიდან დღემდე?

– ერთსა და იმავეს სწავლობს ადამიანი დაბადებიდან სიკვდილამდე და შეიძლება, ბოლომდე ვერც გაარკვიოს. შეიძლება, გაიგოს დეტალები, დაადგინოს ფასეულობები, გაარჩიოს ბოროტება და სიკეთე ერთმანეთისგან, მაგრამ ის არ არის არსება, რომელიც გაჩერდება სიკეთეზე ან ბოროტებაზე, კარგზე ან ცუდზე, – ეს მისი სასჯელია. დღეს ადამიანმა უკვე იცის, რას ჰქვია კარგი და რას – ცუდი. რა თქმა უნდა, ის მხარს უჭერს კარგს, მას არ უნდა, იყოს ცუდი. კარგია ის, რაზეც ნათქვამია: “სხვას არ უსურვო, რასაც არ უსურვებდი საკუთრ თავს”. საერთოდ, ადამიანს ძალიან რთული ამოცანები ეკისრება. რომ დაიბადება და მონათლავენ, იქიდან მოყოლებული, სულ რთულ ამოცანებს უყენებენ.

– თავად თუ შეგხვედრიათ ისეთი ამოცანა, რომლიც ამოხსნაც ჯერჯერობით ვერ მოახერხეთ?

– არა მგონია, ამდენი ცოდნის, აღზრდის, დარიგების შემდეგ ადამიანი ახალს რამეს აღმოაჩენდეს. ჩემი ნაკლი ისაა, რომ, ვთქვათ, ვარდი არის სურნელოვანი, – მე საწინააღმდეგოს დამტკიცება კი არ მინდა, არამედ გარკვევა იმისა, რატომ არის ასე. და საერთოდ, ყველაფერს, რაც ადამიანის ცოდნაში არსებობს, ჩემთვის კითხვის ნიშანი ახლავს. ეტყობა, ეს ჩემი შემოქმედებითი სასჯელია – ყველაფერი თვითონ შევამოწმო. შემეცნება ძალიან რთულია. გარდა ამისა, რაც არ არის შემოქმედებითი, არ მიზიდავს.

– ბავშვობას დავუბრუნდეთ. როგორი მოსწავლე იყავით?

– დედაჩემი მასწავლებელი იყო; მასწავლებელი გახლდათ ჩვენი ოჯახის უახლოესი ადამიანი რუსუდან გელოვანიც (მირზა გელოვანის და). როგორც მასწავლებლის შვილს, რაღაცები მეკრძალებოდა. გარდა ამისა, იყო სხვა კულტურა… დედაჩემი და რუსუდანი – ორივე მწერალი იყო. მაშინ ძალიან საძაგელი დრო იდგა, ერთიმეორის დაბეზღება ერთი ჩვეულებრივი ძაფივით იყო გაბმული ქვეყანაზე, ამიტომ ისინი ფრთხილობდნენ, არასოდეს უთქვამთ ჩემთან იმ ყოფაზე არც კარგი და არც ცუდი. ამასთან, მაშინ თიანეთში იყო სრულიად განსხვავებული კასტა – კულტურული ხალხის კასტა. ჯერ კიდევ ილიას შემდეგ დროინდელი მემკვიდრეობიდან ჩვენ გვქონდა თეატრი, სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი. ამით იქმნებოდა კულტურული სივრცე… ასე მგონია, არც ცუდი ბავშვობა მქონია და არც კარგი. მე ვიყავი თავისუფალი. ყოველ შემთხვევაში, ძალიან ვცდილობდი თავისუფლებას და ვახერხებდი კიდეც ათასგვარი ოინით. რაკი დასჯილი ვიყავი მასწავლებლის შვილობით, ვმუშაობდი წყალქვეშ – ჩემს ონავრობას, ჩემს შეუგუებელ ხასიათს ასე ვიკმაყოფილებდი.

სხვათა შორის, სულ მაინტერესებდა, როდის დაიწყო ჩემი ცნობიერება… ბავშვობაში ძალიან მიყვარდა ყაჩაღები. ერთხელ თიანეთში ჩამოასვენეს მოკლული ყაჩაღი. ეს ყაჩაღი ისე ახლოს ვნახე, რომ დღესაც მახსოვს მისი ქამრები. სხვანაირად მოქსოვილი ქალმები ეცვა, ლამაზ წინდებში ჩატანებული ჰქონდა შარვალი. არადა, იმ ადგილას მილიცია არავის აჭაჭანებდა, მე კიდევ აშკარად ზემოდან დავყურებდი მიცვალებულს. სულ მიკვირდა, როგორ მოვახერხე პოლიციელებით გარშემორტყმულ მიცვალებულთან მიახლოება. მოგვიანებით გაირკვა, რომ მაშინ 8-9 წლის ვყოფილვარ და საიდან – ეს ყაჩაღი იყო მოლექსე, ჰოდა, მისმა ახლობელმა გამოსცა მისი წიგნი, სადაც ეწერა ყაჩაღის გარდაცვალების დრო და ისტორია. რუბენ ალხაზოვი იყო ახმეტის კა-გე-ბეს უფროსი, ის ხელმძღვანელობდა ამ ოპერაციას. ღალატით მოკლეს, როგორ ყოველთვის ხდება ხოლმე.

ამის შემდეგ ჩემი ბრძოლა იმით გამოიხატებოდა, რომ სადაც მილიცია იყო, იმ მხარეს არ დავდიოდი. ეს იყო ჩემი ერთგვარი შინაგანი, გაუმხელელი პროტესტი.

არ ვიცი, რა დაერქმევა ამას, მაგრამ შემდეგში ძალიან მიშველა ამან – არ მომცა უგონო პროტესტებში ჩართვის უფლება, რომ გამომემჟღავნებინა თავი სისტემის წინააღმდეგ. სწორადაც ვიქცეოდი. ამით გადავირჩინე თავი, და არამარტო ფიზიკურად. არა მგონია, დიდი გონიერება იყოს, როდესაც იცი, რომ კლდეს ვერ დაძლევ და მაინც ებღაუჭები – ზედ შენი ტყავიღა რჩება, მეტი არაფერი.

– დედა რომ პედაგოგი გყავდათ, ამას ალბათ დადებითი მხარეც ექნებოდა. საერთოდ, რას ნიშნავს თქვენთვის მასწავლებელი?

– დღესაც ვხედავ მასწავლებლების ფენას, რომელსაც არა მარტო სახლში – ყველგან მიაქვთ თავიანთი მასწავლებლობა. დღესაც შემიმჩნევია, რომ მასწავლებლები ხმამაღლა ლაპარაკობენ. მაგრამ მაშინ არსებობდა მათთვის სოციალური ქცევის ნორმებიც. არ შეიძლებოდა, მასწავლებელი ასე და ასე მოქცეულიყო; მასწავლებელს სიგარეტი რომ მოეწია, ეს იქნებოდა კატასტროფა, ზუსტად ისეთი, მე რომ კოჭაობა მეთამაშა. მე რომ ჩემი სურვილების რეალიზება მომეხდინა, მეტყოდნენ: დედაშენს დაიჭერენ, მოხსნიან… ჰოდა, ეს უარყოფითი დამოკიდებულება, პროტესტი, შიგნით შემოვიდა, შიგნით ჩამისახლდა.

ცოტა რომ წამოვიზარდე, ჩვენთან ახალგაზრდა მასწავლებელები მოვიდნენ, მათთან უკვე ვმეგობრობდით და გულს ვიოხებდით, ვსაუბრობდით. ვერ ვიტყვი, რომ ეს საუბრები გულში ჩამებეჭდა, მაგრამ განვითარებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. მასწავლებელი ჩემთვის წარუშლელი ფენომენია.

– თქვენს თავისუფლებას როგორ აღიქვამდნენ მასწავლებლები?

– ყველაზე მეტად ის მასწავლებელი მომწონდა, ვისთანაც თავისუფალი ვიყავი. ეხლაც ახალ რომანს ვწერ და ვეთამაშები მასწავლებლებს. ყველა წიგნში ვეთამაშები მათ. ბავშვს ყველაზე მეტად თავისუფლება უყვარს. თვითონ ბავშვის ფენომენიც არ არის ბოლომდე გამოკვლეული. მე ბევრი შვილი და შვილიშვილი მყავს და ვიცი, რომ რაც უფრო ჩვილები არიან, მით უფრო კარგად სწავლობენ და ტკბილად კითხულობენ “ვეფხისტყაოსანს”, დავით გურამიშვილს, საერთოდ, კარგ პოეზიას. ხანდახან დაფიქრდები: ნეტავ ესმით ამ სიტყვების აზრი? ბავშვი პოეზიას მიჰყვება და არა ცალკეულ, ასე ვთქვათ, ინტრიგებს. ჩემი ნება რომ იყოს, ბავშვებს დაწყებით კლასებში ვასწავლიდი იმ ტექსტებს, რომლებიც შემდეგში მისთვის სატანჯველად იქცევა. მიმაჩნია, რომ ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლება უფრო წინ უნდა გადავიდეს, რადგან 14-15 წლის მოზარდი სულ სხვა რამეზე – საკუთარ ბიოლოგიურ ინსტინქტებზე ფიქრობს, პაწაწა ბავშვს კი სცალია ლიტერატურისთვის. ჩაატარონ ცდა და ასწავლონ პატარებს “ვეფხისტყაოსანი”, დავით გურამიშვილი…

– თქვენი თავი თუ წარმოგიდგენიათ მასწავლებლად? როგორი მასწავლებელი იქნებოდით?

– ბავშვებს აუცილებლად ვასწავლიდი პოეზიას და თავისუფლებას. ყველაზე თავისუფლად ბავშვთან ვარ – არც ჭკუას გთხოვს, არც არაფერს. არ გთხოვს, რომ უფროსი იყო. შენ ყველაფერი იცი, ყველაფერს აწესრიგებ და ამ მოწესრიგებისას იკარგება მთავარი – გულწრფელობა და უშუალობა. ბავშვობა პერიოდი კი არ არის, ჩემი იდეალია. ბავშვობას არ ეღალატება. გავა დრო, ცხოვრება თავს ამოიჭამს, მაგრამ ბავშვობა ცალკე რჩება.

– თქვენი საყვარელი მწერალი ვინ იყო ბავშვობაში?

– ჩემს ბავშვობაში წიგნები არ იყო, ვკითხულობდით რაღაც სისულელეებს საბჭოთა ბავშვის აღზრდაზე. 1954 წელს გამოვიდა ივანე მაჩაბლის თარგმნილი შექსპირი. ეს არ იყო ის, რაც მანამდე გამეგონა; არ იყო ფოლკლორი, ხალხური სიტყვიერება. ეს იყო ლიტერატურა. შემძრა მაჩაბლის თარგმანმა ისე, რომ სულ მერევა – ამ წიგნზე ხან შექსპირს ვამბობ, ხან მაჩაბელს. დღემდე მაქვს ეს წიგნი შენახული.

– ბატონო ბესიკ, ამბობთ, რომ თქვენი ჰობია “ფეხით სიარული, კაცი რომ მიდის და მილაპარაკობს”. რაზე ელაპარაკებით საკუთარ თავს?

– ეს არ არის ჩემი აღმოჩენა და მხოლოდ ჩემთვის არაა დამახასიათებელი. ყველა ადამიანი, რომ დადის, საუბრობს. ადამიანს არ ჰყოფნის გამოხატული სინამდვილე, ის სინამდვილე, რომელიც თვითონ არის ან მის გარშემოა და ის თხზავს. ადამიანი მთხზველია. სწორი იქნებოდა, რამისთვის დამერქმია ასეთი სათაური – “ადამიანი-მთხზველი”.

– თქვენ რას თხზავთ?

– ჩემს თავს. ჩემი შემოქმედებაც ჩემი თხზვაა. სინამდვილე უბრალო მასალაა ამისთვის. მე არ მეხება სოციალური რყევები. ღმერთმა დალოცოს ისინი, ვინც ამას ემსახურებიან. ეს ჩემთვის ორგანული არ არის. ჩემთვის ორგანულია ჩემი თავის თხზვა, მე ეს მაწუხებს. ყველა მოვლენა, რაც სხვებისთვისაც სამწუხაროა ან სასიხარულო, ჩემზეც მოქმედებს, მაგრამ ხშირად და დიდი დოზით ეს ჩემთვის საწამლავი იქნება. მე მოვკლავ ჩემს თავს. ერთადერთი, რაც დიდად ახლობელია ადამიანისთვის, ეს არის ადამიანი. ადამიანი არასრულყოფილია. როდესაც მას ერთადერთი ახლობელი ჰყავს და ისიც ადამიანი, ერთადერთი სინამდვილე აქვს და ისიც გარემო, უკვე ნაკლოვანია. ეს ჩემთვის მომხიბვლელი არ არის. ეს შეიძლება საბაბი იყოს ჩემთვის. თუ შემოქმედებისთვის საბაბად არ იქცა, ასეთი სინამდვილეც არაფერია.

– ხშირად უბრუნდებით ბავშვობის ადგილს. რას ნიშნავს ეს გარემო თქვენთვის?

– გარემოს შემოქმედებისთვის არ აქვს მნიშვნელობა, თორემ ადამიანისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ეხლა, მაგალითად, რომ ჩავერთო თიანეთის გარემოში, სადაც მიწა მაქვს, გლეხი ჩემგან ვეღარ დადგება, მაგრამ ნამდვილად მიყვარს, ძალიან მიყვარს იქაურობა. თანაც ჩემი სამშობლო, ჩემი მიწა ჩემი სიამაყეა, ჩემი თავმოყვარეობა. ისე ვლაპარაკობ, თითქოს თავმოყვარეობა არ მქონოდეს აქამდე… თავმოყვარეობა ძალიან ადრე ჩამომიყალიბდა, ადრე ჩამომიყალიბდა წინააღმდეგობის გრძნობაც და დღესაც ისევ ისე ვარ. ჩემთვის არაფერია უმნიშვნელო.

– რას ნიშნავს წერა თქვენთვის?

– მე დავწერე და ვხვდები, რომ მართალია – ყოველი დაწერილი სიტყვა არის მოკლება წყვდიადისა. ესე იგი, როდესაც ადამიანი წერს სიტყვას, წყვდიადს აკლდება. ეს წყვდიადი სად არის? – თვითონ ადამიანში, პირადად ჩემში. დაე სხვები იყვნენ ნათელნი, ჩემში წყვდიადია. რომ ვამბობ რაიმეს, ჩემს წყვდიადს ვაკლებ, ანუ ნებადაურთველად, ყაჩაღურად ვესხმი თავს, ვტაცებ რაღაცას და გამომაქვს სამზეოზე. მე მაქვს თამამი დამოკიდებულებები, რომლებიც ეხება სექსს, ქალისა და კაცის ურთიერთობას, ზოგადად ქალს, კაცს. სხვათა შორის, ძალიან სათნო ქალები რომ წაიკითხავენ ამას, არ შფოთავენ, – ის შფოთავს, ვინც არ არის სათნო. მე კიდევ განმარტებისთვის მიწერია: ზნეობას კი არ ნიშნავს სიტყვა, სიტყვა ნიშნავს საგანს. მე მინდა, გათამამდეს ადამიანი, მით უმეტეს, ჩვენი თანამედროვე ადამიანი და ამასაც უნდა ხელოვნება. იმას, რაც აკრძალული იყო ძველად, ეხლა დააცხრა ხალხი. მაგალითად, აღმოსავლეთევროპულ ლიტერატურაში უფრო ხშირად ნახავ კაპრიზებს, ვიდრე დასავლურში. ადამიანებს უნდათ, რამით გადაირჩინონ თავი. ლიტერატურასაც რაღაცნაირი პერიოდი უდგას. თავისუფალი მსჯელობა არ არის შეურაცხმყოფელი მეორე ადამიანისთვის, იმიტომ რომ მას თავისუფლებას ანიჭებს. მე მიმაჩნია, რომ ყოველმა დაწერილმა სიტყვამ ადამიანს უნდა მიანიჭოს თავისუფლება, რათა ის რაც შეიძლება შორს წავიდეს. სხვათა შორის, ადამიანის ზნეობრივი სივრცე ტექნოლოგიურს ჩამორჩება. ტექნოლოგიურ სივრცეს არავინ ზღუდავს, რადგან იქ არ არის ზნეობა, ადამიანის არსებაში კი ზნეობაა უპირველესი. ეს არის მოცემულობა, რომელშიც ადამიანი ყალიბდება, იწვრთნება, მაგრამ ეს ძლიან რთული პროცესია. ის, რაც ზნეობაში კატეგორიებად არის მოცემული, ძალიან დიდი ტვირთია ადამიანისთვის. მე რომ გამოვიგონო მშვილდ-ისარი, რომელიც მთვარეს დაერჭობა, ამაში არაფერი იქნება საძრახისი. ეს მხარე ჩემთვის ზნეობის იქითა და ამიტომ თავისუფალია. ადამიანი უნდა ილტვოდეს თავისუფლებისკენ.

– ბატონო ბესიკ, მეძნელება თქვენთან საუბრის დასრულება, თქვენ ყველასთვის საყვარელი მწერალი ბრძანდებით…

– არ ვიცი, ეს ჩემამდე არ მოდის. ყველა ადამიანს აქვს თავისი ნიჭი. მწერლისთვის ყველაზე უარესია, როდესაც მიაჩნია, რომ სრულყოფილებას მიაღწია. ვერ ვხსნი, რა ტიპის უხერხულობაა, როდესაც საკუთარი ნაწერი მოგწონს. მე ვწერ იმიტომ, რომ სხვანაირად არ შემიძლია.

შეფასების როლი და მნიშვნელობა ბავშვის სწავლა-აღზრდის პროცესში

0
შეფასებას სრულიად განსაკუთრებული ადგილი უკავია ბავშვის სწავლა-აღზრდის პროცესში. მისი როლი და მნიშვნელობა სასწავლო პროცესის შემდგომი სრულყოფისა და გაუმჯობესებისთვის განუზომელია. ამასთან ერთად ის სირთულეები, რომლებიც ბავშვის სწავლა-აღზრდის დროს გვხვდება, შეიძლება სწორედ შეფასებას უკავშირდებოდეს. არცთუ ისე იშვიათად გართულებული ურთიერთობა მოსწავლესა და მასწავლებელს, მშობელსა და მასწავლებელს შორის შეფასების პროცესთან არის დაკავშირებული. 

რამდენად იძლევა დღევანდელი შეფასების სისტემა შეფასების პროცესის უმტკივნეულოდ წარმართვის და მოსალოდნელი სირთულეების თავიდან აცილების შესაძლებლობას? არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ საქართველოს განათლების სისტემაში განხორციელებული რეფორმის პროცესში ყველაზე დიდი ცვლილება სწორედ შეფასების სისტემამ განიცადა. ამასთან ერთად, ქართული პედაგოგიური საზოგადოების დამოკიდებულება აღნიშნული ცვლილებების მიმართ საკმაოდ არაერთგვაროვანი აღმოჩნდა. პედაგოგთა საკმაოდ დიდი ნაწილი უარყოფითად შეხვდა განხორციელებულ ცვლილებებს. თავის დამოკიდებულებას ისინი იმით ხსნიდნენ, რომ, მათი აზრით, გართულებული შეფასების სისტემა უამრავ თავსატეხს გაუჩენდა ისედაც საკმაოდ გადატვირთულ პედაგოგს, რომელიც გამოსავალს იმაში იპოვიდა, რომ არაფორმალურად მაინც ისევ შეფასების ძველ სისტემას დაუბრუნდებოდა. თუ შეფასებასთან დაკავშირებით ჩვენს სკოლებში არსებულ მდგომარეობას გადავხედავთ, შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნული მოლოდინი ერთგვარად გამართლდა კიდეც. სამწუხაროდ, დღეს შეფასება, თავისი მნიშვნელობის მიუხედავად, სასწავლო პროცესის უბრალო დანამატად არის გადაქცეული და ბავშვები ინფორმაციას საგაკვეთილო პროცესში გამომჟღავნებული ცოდნის შეფასების შესახებ ზარის დარეკვის შემდეგ და მასწავლებლის საკლასო ოთახიდან გასვლის წინ იღებენ. ამასთან, ეს შეფასებები, როგორც წესი, უბრალოდ ქულებით არის გამოხატული. ხშირ შემთხვევაში ბავშვები ამ ქულებს მხოლოდ საკლასო ჟურნალში ჩახედვის შემდეგ იგებენ, რაც მათში უკმაყოფილების და უსამართლობის განცდას ბადებს. ყოველივე ეს კი, თავის მხრივ, ართულებს ურთიერთობას მოსწავლესა და მასწავლებელს შორის. ერთ-ერთი მეათეკლასელი ბიჭუნა, რომელმაც საკლასო ჟურნალში საკუთარი გვარის გასწვრივ მისთვის არასასურველი ნიშანი დააფიქსირა, უკმაყოფილებას და გაოცებას ვერ მალავდა – „ვერ ვხვდები რატომ დამიწერა დღეს მასწავლებელმა 7, ორი დღის წინ კი – 10. ჩემი დღევანდელი პასუხი ხომ ადრინდელზე გაცილებით უკეთესი იყო”.

მართალია, დღევანდელი შეფასების სისტემა საკმაოდ დიდ შრომას და მომზადებას მოითხოვს პედაგოგისგან, მაგრამ შეფასების პრინციპების (სანდოობა, ვალიდურობა, ობიექტურობა და გამჭვირვალობა) დაცვა ბევრად უფრო უმტკივნეულოს ხდის აღნიშნულ პროცესს და მოსწავლეს საკუთარი შეფასების მიმართ სამართლიანობის გრძნობას უყალიბებს. თუ ბავშვს თავისი ცოდნის შეფასების შემდეგ შეკითხვები უჩნდება და ჩვენგან მიღებული შეფასების დასაბუთებას მოითხოვს, ჩვენ მიერ გამოყენებული შეფასების მეთოდები გადახედვას და შემდგომ სრულყოფას საჭიროებს. ხშირ შემთხვევაში უბრალოდ ქულის დაწერა არ არის ხოლმე საკმარისი იმისათვის, რომ ბავშვმა ობიექტურად და სამართლიანად ჩათვალოს შეფასება. სასურველია, რომ დაწერილ ქულას ჩვენი კომენტარები და არგუმენტირებული მსჯელობაც ახლდეს თან. უფრო მეტიც, ძალიან ხშირად ბავშვი ჩვენი სახის გამომეტყველებითაც იღებს ინფორმაციას მისი ცოდნისადმი ჩვენი დამოკიდებულების შესახებ. ერთ-ერთი გოგონა აღფრთოვანებული იყო იმით, რომ, როგორც თავად აცხადებდა, მასწავლებელი კმაყოფილებით და ღიმილით ისმენდა მის პასუხს. ყოველივე ამის შემდეგ კი მან გაოცება და სიბრაზე ვერ დამალა, როცა ამ მასწავლებლისგან მისთვის არასასურველი შეფასება მიიღო. გასათვალისწინებელია, რომ ბავშვებს არავერბალური კომუნიკაციის უნარი საკმაოდ კარგად აქვთ განვითარებული და ისინი ხშირად ჩვენი მიმიკით მეტ ინფორმაციას იღებენ, ვიდრე კომენტარებში გამოხატული ჩვენივე სიტყვებით. ამდენად, სასურველია, რომ შეფასების დროს პედაგოგის სახის გამომეტყველება, კომენტარები და დაწერილი ქულები ერთგვარ თანხვედრაში იყოს ერთმანეთთან. ამასთან, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ სასურველია შეფასებითი ურთიერთობა მთელი გაკვეთილის განმავლობაში მიმდინარეობდეს, გაკვეთილის ყოველ ეტაპზე. ცალკეული აქტივობების შემდეგ შეფასების სახით კომენტარებს მაინც უნდა ვიყენებდეთ. მას გაკვეთილის ბოლოსთვის არ უნდა ვიტოვებდეთ.

რეფორმის შედეგად შეფასების სისტემაში განხორციელებული ცვლილებები განსაკუთრებით მტკივნეული დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის აღმოჩნდა. მათი აზრით, ბავშვებს ძალიან უყვართ მაღალი ნიშნების მიღება და ქულებით შეფასებაზე უარის თქმა უმცროსკლასელთა სასწავლო მოტივაციის დაქვეითების ხელშემწყობი გახდება. თუმცა, დაწყებითი კლასების პედაგოგთა შორის მრავლად არიან ისეთებიც, რომლებიც კმაყოფილებას ვერ მალავენ განხორციელებული ცვლილებების გამო და აცხადებენ, რომ ნიშნებზე უარის თქმა ბავშვებთან ურთიერთობისას ბევრი პრობლემის დაძლევაში დაეხმარა. პედაგოგების ასეთი პოზიცია ჩვენთვის გასაგებია, ვინაიდან დაწყებით კლასებში პატარები თავიანთი შესაძლებლობების მაქსიმალურად ამოქმედებით პედაგოგის ყოველი დავალების შესრულებას ცდილობენ. თუმცა, გამომდინარე მათი სასკოლო მზაობის დონიდან და შესაძლებლობებიდან, ზოგი წარმატებით ართმევს დავალებას თავს, ზოგი კი მარცხს განიცდის. ნიშნით შეფასების შემთხვევაში მასწავლებელს უწევს როგორც მაღალი, ასევე დაბალი ქულების დაწერა. დაწყებითი კლასების მოსწავლეს დაბალი ქულების და უარყოფითი შეფასებების მიღება ძალიან ხშირად სასწავლო მოტივაციას უქვეითებს და სკოლისა და სწავლის მიმართაც უარყოფით დამოკიდებულებას უყალიბებს. კომენტარებით კი, თუკი მასში ჩვენს კეთილგანწყობას გამოვავლენთ, ბავშვი წარმატების მიღწევის იმედს არ დაკარგავს. ვფიქრობთ, დაბალი ნიშნის დაწერის ნაცვლად, უკეთესი იქნება, თუ უმცროსკლასელებთან ასეთ კომენტარებს გამოვიყენებთ: „კიდევ ერთხელ სცადე, აუცილებლად გამოგივა”; „გულს ნუ გაიტეხ, შეეცადე დაკვირვებით წაიკითხო და პასუხს ნამდვილად იპოვი”; „ხანდახან ყველა ცდება, გულს ნუ გაიტეხ, შენ აუცილებლად იპოვი სწორ პასუხს”; „ყოველთვის გჯეროდეს საკუთარი ძალების, შენ უფრო მეტი შეგიძლია” და ა.შ. კეთილგანწყობა, სიყვარული, ნდობა, თანადგომა ხშირად ბავშვს შეუძლებელს აკეთებინებს.

დაბოლოს, ნუ დაგვავიწყდება, რომ შეფასების პროცესის სწორად წარმართვა მხოლოდ სასწავლო წარმატებების მისაღწევად არ არის მნიშვნელოვანი. ის თვითშეფასების და შეფასების უნარის ჩამოყალიბების თავისებურ ინსტრუმენტსაც წარმოადგენს, ვინაიდან როგორც ერთი, ისე მეორე მხოლოდ შეფასებითი ურთიერთობის პროცესში ყალიბდება. თუ გავითვალისწინებთ, რომ აღნიშნული უნარები განვითარების პიროვნულ დონეზე მდგომი ადამიანის მახასიათებლებად არის მიჩნეული, ადვილი გასაგები იქნება, რაოდენ მნიშვნელოვანია პიროვნების ჩამოყალიბების პროცესში შეფასებითი ურთიერთობების სწორი მიმართულებით წარმართვა.

თინეიჯერები და სელებრითები

0
მთელი წლის განმავლობაში ყოველ გაკვეთილზე  ჯასტინ ბიბერის, რობერტ პატისონის, მაიკლ ჯორდანის და ირინა შეიკის  სახელი მესმოდა. ჯასტინ ბიბერის ფანი მაშინ მეშვიდე კლასში იყო. ზეპირად იცოდა ბიბერის ყველა სიმღერა და საუკეთესოდ სწავლობდა ინგლისურს. რობერტ პატისონზე მერვე კლასელი გოგონები აფანატებდნენ და ინგლისურ ენაზე კითხულობდნენ  სტეფანი მაიერის ნაწარმოებს „ბინდს”. მაიკლ ჯორდანის ფანმა წელს მეცხრე კლასი დაამთავრა. ინგლისურის სწავლა არ უყვარდა. მაგრამ საყვარელ სპორტსმენზე რომ ჩამოვარდა სიტყვა, ენა ამოიდგა. იმდენი საინტერესო რამ მომიყვა კალათბურთისა და მაიკლ ჯორდანის შესახებ, რომ კალათბურთის თამაში მომანდომა. ირინა შეიკის მერვეკლასელი ფანები კი შიმშილობდნენ, რათა მოდელს დამსგავსებოდნენ. ეს ამბავი მაწუხებდა, მით უმეტეს, რომ ერთ მათგანს შიმშილისგან თავბრუც დაეხვა.
სელებრიტები ბევრი თინეიჯერის მისაბაძ მაგალითად იქცნენ. თუმცა ყველა ასაკის ადამიანს ჰყავს საყვარელი მსახიობი, ლიდერი ან უბრალოდ რაიმე სფეროში წარმატებული პიროვნება. ხშირად ეს სიყვარული ფანატიზმში გადადის: ახლახან ბრიტნი სპირსის ნახევრად ნაჭამი სენდვიჩი 500 დოლარად გაიყიდა.
ფსიქოლოგებმა არც სელებრიტების მიმართ გაჩენილი გრძნობები დატოვეს ყურადღების მიღმა. თვით ამ ფენომენს კი სელებრიტების თაყვანისცემის სინდრომი (Celebrity Worship Syndrome) უწოდეს. ისინი ფანებს გრძნობების მიხედვით ორ ჯგუფად ჰყოფენ. ერთნი მსუბუქად არიან შეყვარებულები. მეორეებს კი აკვიატებები და მენტალური არასტაბილურობა უყალიბდებათ. მკვლევრები ინეს შინდლერი და ვერონიკა ცინკი პირველ გრძნობას აღფრთოვანებას უწოდებენ, მეორეს კი – გაფანატებას.

ფსიქოლოგი ჯეიმს ჰურანი წერს, რომ ფანატიკური სიყვარული სამ სტადიას გადის. ის ჩვეულებრივი ამბავივით იწყება და თანდათან გადაიზარდება არაჯანსაღ გამოვლინებებში. პირველ სტადიაზე ფანები ხშირად საუბრობენ საყვარელ სელებრითზე. ერთიანდებიან მის კლუბში. ცნობილი ადამიანები მათთვის სტრესისგან თავის დაღწევის საშუალებაა. ისინი ჩვეულებრივ ერთვებიან  ყოველდღიურ საქმიანობაში. 

მეორე საფეხურს ინტენსიურ პიროვნულ სტადიას უწოდებენ. ამ დროს შეიმჩნევა სელებრითზე მიჯაჭვვა  და მეგობრებისა და ოჯახის უარყოფა. ამგვარი ქცევები საკუთარ ნება-სურვილს აღარ ექვემდებარება. ჰურანი სელებრითებს იოლად ხელმისაწვდომ ნარკოტიკებს უწოდებს.

მესამე სტადიაზე სელებრითთან პიროვნული კავშირი ზენიტს აღწევს. ფანი ხარჯავს აურაცხელ თანხას მის კონცერტებზე დასასწრებად, მისი მუსიკალური დისკებისა და მისი გამოსახულებიანი პლაკატების, მაისურებისა და სხვა სუვენირების შესაძენად. ზოგჯერ შესაძლოა საკუთარი სიცოცხლეც კი დათმონ.  ფანებს სელებრითები წმინდანებად წარმოუდგენიათ. ჰურანის გამოკვლევის თანახმად, რელიგიური ადამიანები ასეთ ფანატიკურ სიყვარულს ნაკლებად ავლენენ. 

ფანატიზმისგან განსხვავებით აღფრთოვანება სანატრელი რამაა.  თუ ფანატიზმის დროს ადამიანი თავის თავს გაღმერთებულ ადამიანამდე მიუწვდომელად თვლის და მის გამო მუხლებზეც ეცემა, აღფრთოვანების დროს არსებობს სწრაფვა აღმაფრენის ობიექტის მიმართ. ადამიანი თავისი იმჟამინდელი უნარებით თუ მიღწევებით ჩამორჩება საყვარელ ადამიანს, მაგრამ იცის, რომ შესაძლოა მანაც მიაღწიოს იმავე მიზანს და უკეთესი შედეგიც კი აჩვენოს. აღფრთოვანება პიროვნული ზრდის წინაპირობაა. სამაგალითო ადამიანები ზრდიან მოტივაციას, ახალის სწავლის სურვილს და ახალი უნარების განვითარებას უწყობენ ხელს. აღფრთოვანება სიყვარულივით მოქმედებს ადამიანზე და მასში დადებით თვისებებსა  და ტალანტებს აღვიძებს: დახმარების სურვილს, გულუხვობას, გამძლეობას, გაბედულებას, რისკზე წასვლას, მუსიკალურ, ტექნიკურ და მხატვრულ ნიჭს. 

აღფრთოვანება და ფანატიკური თაყვანისცემა თინეიჯერებისთვის კარგად ცნობილი გრძნობებია.  პირველი მათგანი უმტკივნეულო და არასახიფათო გრძნობაა, რომელიც პიროვნულობის აღქმას კი არ ამდაბლებს, არამედ ადამიანს საკუთარ შესაძლებლობებში არწმუნებს. აღფრთოვანებას წარმატება მოაქვს როგორც თავდაჯერებული, ასევე არათავდაჯერებული ადამიანებისთვის. 

P.S. ჩვენს ინგლისურის სახელმძღვანელოსაც ასე ქვია „Inspiration”.
გამოყენებული ლიტერატურა:
David Zizzo. Psychologists examine celebrity adoration: Extensive research indicates followers have chosen famous people to be ‘modern-day religious icons'. Newsok. December 18, 2006 
Klaus Wilhelm. Echt toll! Warum wir Menschen auf den Sockel stellen. Psychologie Heute. Heft 5, May, 2015.

თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების როლი სწავლა-სწავლების პროცესში

0
სტატიის შესავალ ნაწილზე ფიქრისას, უეცრად გონებაში ამომიტივტივდა კარლ როჯერსის კითხვები, რომლებსაც იგი საკუთარ თავს დაუსვამდა, მასწავლებელი რომ ყოფილიყო და, გადავწყვიტე, ჩემი გამოცდილება, რაც Microsoft-ის საპილოტე პროექტში (სახელწოდებით: „ერთი ერთზე სწავლების კონცეფცია”) თანამონაწილეობამ შემძინა, მჭიდროდ დამეკავშირებინა როჯერსის იდეებთან.

მიუხედავად იმისა, რომ კარლ როჯერსი თავად არასდროს ყოფილა პრაქტიკოსი მასწავლებელი, მისი იდეები დიდ გავლენას ახდენს თანამედროვე განათლების მეთოდებსა და პრაქტიკაზე. მან შექმნა სწავლების საკუთარი კონცეფცია – პიროვნებაზე ცენტრირებული ალტერნატიული პედაგოგიკა, რასაც, ჩემი აზრით,  ჩვენს რეალობაში შეიძლება დავუმატოთ ტერმინი: “ტექნოლოგიური პედაგოგიკა”. როჯერსი გამოდის ტრადიციული პედაგოგიკის ზოგიერთი მიდგომის წინააღმდეგ და ყურადღებას სწავლების პროცესში გააზრებული შესწავლის მიზნით განხორციელებულ ფასილიტაციაზე ამახვილებს. ფასილიტაცია, როჯერსის აზრით, მოსწავლისათვის სწავლის პროცესის შემსუბუქება და სტიმულირებაა. სწორედ ამ ორი ფაქტორის (შემსუბუქება და სტიმულირება) ეფექტურობას ეფუძნება სწავლების მაღალი ხარისხი, იგივე ხარისხიანი განათლება. რა შეიძლება იყოს დღეს უფრო ეფექტური და ხელმისაწვდომი, ვიდრე სასწავლო პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებაა? ეს საკლასო ოთახში ემოციური და ინტელექტუალური გარემოს შექმნის უზრუნველყოფას, ასევე პედაგოგიური და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის ატმოსფეროს ჩამოყალიბებას ნიშნავს. როჯერსი განიხილავს მასწავლებელ-ფასილიტატორის სამ ძირითად მახასიათებელს:

1. მასწავლებლის “კონგრუენტულობა”, ანუ მისი “ნამდვილობა”. იგი გულისხმობს, რომ მოსწავლეებთან დამოკიდებულებაში მასწავლებელი უნდა იყოს ისეთი, როგორიც სინამდვილეშია.
2. “ნდობა”, “მიღება”, რაც ნიშნავს მასწავლებლის შინაგან თავდაჯერებულობას თითოეული მოსწავლის შესაძლებლობებსა და უნარებში, მათ უპირობო მიღებას;
3. ,ემპათიური გაგება”. ეს არის მასწავლებლის უნარი, დაინახოს თითოეული მოსწავლის შინაგანი სამყარო. 

კარლ როჯერსის აზრით,  თუკი ეს სამი აუცილებელი შემადგენელი ელემენტი ერთობლივად არ არსებობს, მასწავლებელი, რბილად რომ ვთქვათ, არასასურველ გავლენას ახდენს მოსწავლის პიროვნებაზე, მის ფორმირებაზე. ამ კონტექსტში, ჩემი მცირედი პედაგოგიური გამოცდილებით, შევეცდები, პარალელები გავავლო სწავლა-სწავლების პროცესის დასახელებულ სამ ძირითად კომპონენტსა და ტექნოლოგიებით სწავლებით მნიშვნელობაზე.
დამეთანხმებით, რომ არა მხოლოდ მოსწავლეები, არამედ ზრდასრული ადამიანებიც კი, ხშირ შემთხვევაში, ვირტუალურ სამყაროში გაცილებით უკეთ წარმოაჩენენ საკუთარ “მე”-ს, ვიდრე პირისპირ, ცოცხალ ურთიერთობებში. მიმაჩნია, რომ ეფექტური მასწავლებელი მოსწავლეებთან ჯანსაღ ემოციურ დისტანციაზე ყოფნით ინარჩუნებს მეტ ობიექტურობას, აბალანსებს და განიხილავს ცალკეული მოსწავლის საჭიროებას კლასის საჭიროებებთან შესაბამისობაში. თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, მასწავლებელს აქვს შესაძლებლობა, არა მხოლოდ უკეთ გაერკვეს საჭიროებების არსში, არამედ მიაგნოს რეაგირების ინოვაციურ მეთოდებს და ამით ხელი შეუწყოს მოსწავლეთა სხვადასხვა უნარების განვითარებას, რომელთა შესახებაც დაწვრილებით ქვემოთ მოგახსენებთ.

გთავაზობთ კ.როჯერსის ერთ-ერთი გამოსვლიდან მცირე, მაგრამ ძალიან საინტერესო ნაწილს:
“არასოდეს ვყოფილვარ სკოლის მასწავლებელი და არც უნივერსიტეტის სტუდენტებთან მუშაობის დიდი გამოცდილება მაქვს. ამრიგად, ჩემთვის უცნობია ის სიტუაცია, რომელსაც თქვენ ყოველდღე საკლასო ოთახში პირისპირ ეჯახებით. ამიტომ, მე ავირჩიე შემდეგი გზა: შევეცადე, წარმომედგინა, თუ რა კითხვებს დავუსვამდი საკუთარ თავს, ნიჭიერი ან სრულიად ჩვეულებრივი ბავშვების მასწავლებელი რომ ვიყო. 

კითხვა პირველი: “რას ნიშნავს იყო ბავშვი, რომელიც “არა პროგრამით”, არამედ თვითონ, დამოუკიდებლად სწავლობს რაიმეს.
 ყველაზე ცოტა, რასაც გავაკეთებდი არის ის, რომ შევეცდებოდი გადამექცია სკოლა მეგობრულ სახლად, რომელშიც თითოეულ ბავშვს შეეძლებოდა საკუთარი სამყაროს შემოტანა”.

მიმაჩნია, რომ, აქ უკვე ტექნოლოგიების როლი და მისია ძალიან პროდუქტიული შეიძლება გახადოს მასწავლებელმა. ვფიქრობ, რომ წარმატებული მასწავლებელი უნდა იყოს ლიდერი, რომელიც შთააგონებს და მოტივაციას მისცემს მოსწავლეებს ძალდაუტანებლად. მასწავლებელს ესაჭიროება უნარი, მოერგოს ყველა სიტუაციას და შეძლოს მოსწავლეთა წახალისება, მხარდაჭერა და, რაც ყველაზე მთავარია, მოსწავლეებმა უნდა მიაღწიონ მანამდე მათთვის წარმოუდგენელ შედეგებს. ამ მხრივ კი, ვფიქრობ, რომ ჩვენი დროების სამყაროში,  თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებას ანალოგი არ აქვს. მოსწავლეთა უნარების განსავითარებლად ტექნიკების მრავალფეროვნება ძალიან მნიშვნელოვანია. სიახლე ყოველთვის იწვევს დაინტერესებას. ეს ნათლად გამოიკვეთა პროექტის ფარგლებში ჩატარებული აქტივობების დროს. მოსწავლეთათვის ახალმა საგანმანათლებლო აპლიკაციების აღმოჩენამ მათ მოტივაციაზე მნიშვნელოვანი დადებითი გავლენა მოახდინა (დეტალურად სტატიის დასასრულს მოგახსენებთ)  და, რაც მთავარია, ეს მოხდა მასწავლებლის დახმარების გარეშე, ანუ მოხდა ტექნოლოგიების დამოუკიდებლად გამოყენების უნარის ხელშეწყობა.

როჯერსი, კითხვა მეორე: “გავბედავდი თუ არა ჩავკეტილიყავი ჩემი მოსწავლეებისათვის, თუ ვიქნებოდი მათთვის ის, ვინც ვარ სინამდვილეში – ადამიანი, რომელმაც ხშირად რაღაც არ იცის, რომელიც ხშირად ყოყმანობს, ეშლება და ეძიებს?წავიდოდი თუ არა ასეთ რისკზე და რას მომცემდა ეს?
ყოველთვის ვერ  გავრისკავთ მასწავლებლის კვარცხლბეკიდან ჩამოსვლას და იმ ადამიანად გადაქცევას, რომელიც სწავლობს მათგან, ვისაც ასწავლის. თუმცა გულის სიღრმეში დარწმუნებული ვარ, რომ ასეც მოვიქცეოდი. მე წავიდოდი რისკზე და, სამაგიეროდ, მოიგებდა ყველა”.
მეც ასე მოვიქეცი, რადგან მიმაჩნია, რომ მასწავლებელი აუცილებლად გულღია და ჰუმანური უნდა იყოს. მანაც უნდა აღიაროს საკუთარი ნაკლოვანებები და თავისი უშუალობით დაეხმაროს მოსწავლეებს, გამოხატონ საკუთარი ნება, იყვნენ გაბედულები და შეძლონ როგორც საკუთარი უნარებისა და ღირსებების წარმოჩენა, ასევე შეცდომების აღიარება. არ მრცხვენია ვაღიარო, რომ მიუხედავად ტრენინგზე ათვისებული ტექნიკებისა, ჩემმა მოსწავლეებმა ჩემზე უკეთ მოახერხეს ახალი ტექნოლოგიების გამოყენება საკლასო სივრცეში.
როჯერსი, კითხვა მესამე: “რა აინტერესებთ ჩემს მოსწავლეებს? შეიძლება ვცდები, მაგრამ მგონია, რომ არც ისე ძნელია გაიგო, რითი არის მოსწავლე დაინტერესებული ყველაზე მეტად. ეს შეიძლება გააკეთო პირდაპირ, უბრალოდ შეეკითხო, მას ან ირიბად. თუმცა, ყველაზე კარგია შექმნა შემოქმედებისა და ნდობის ისეთი ატმოსფერო, რომელშიც ეს ინტერესები გამომჟღავნდება ბუნებრივად”.
სწორედაც რომ მრავალფეროვანი მეთოდებისა და ტექნოლოგიების გამოყენებით ბუნებრივად ვლინდება მოსწავლეთა ინდივიდუალური მიდრეკილებები და ინტერესები საკლასო სივრცეში. უფრო მეტიც, ხდება კრეატიული და თანამშრომლობითი უნარების განვითარების ხელშეწყობა. პროექტის ფარგლებში ჩატარებული შვიდივე აქტივობის დროს მოსწავლეები თავად წყვეტდნენ, ვინ რას გააკეთებდა. მათ ჰქონდათ სრული ნდობა ჩემი მხრიდან, რაც ძალიან პროდუქტიული აღმოჩნდა. ინდივიდუალური უნარებისა და მიდრეკილებების შესაბამისად, თავად მოსწავლეები ინაწილებდნენ შესასრულებელ სამუშაოს: ზოგი მათგანი პოსტერს აფორმებდა შესაბამისი ნახატით, ზოგი – windows-ის მაღაზიაში ეძებდა თემატურ აპლიკაციას, ნაწილი ხატავდა ან წერდა და ა.შ. საბოლოო ჯამში, ფუნქციების მართებულად გადანაწილების შედეგად, მოხდა დროის ეფექტურად გამოყენება და ყველაზე მთავარი, ჩემი აზრით, გახლავთ ერთმანეთის აზრისა და ინტერესების პატივისცემა და გათვალისწინება. ასევე, მოსწავლეთა შორის ურთიერთსტიმულირება. მე კი, როგორც მათი მასწავლებელი, ძალიან თავისუფლად ვგრძნობდი თავს ფასილიტატორის როლში. 
როჯერსი, კითხვა მეოთხე: “როგორ დავუჭიროთ მხარი და შევინარჩუნოთ ბავშვის ცნობისმოყვარეობა.
ყველას კარგად მოგვეხსენება, რომ სასკოლო სწავლების პერიოდში ბავშვები კარგავენ ინტერესს სწავლის მიმართ. ეს სასკოლო სწავლების ერთ-ერთი ყველაზე საგანგაშო მაჩვენებელია. 
ერთხელ კალიფორნიის უნივერსიტეტის რექტორმა მითხრა, რომ მის მიერ ბავშვების შერჩევის ერთადერთი კრიტერიუმი ცნობისმოყვარეობა იქნებოდა. 
აღნიშნული უნივერსიტეტის პროფესორი მწერს: “მინდა გაგიზიაროთ ჩემი ექსპერიმენტის გამოცდილება; ჯგუფში მონაწილეობა ნებაყოფლობითი იყო. ეს გახლდათ ყველაზე საუკეთესო კურსი, რომელიც ოდესმე ჩამიტარებია. სტუდენტების მუშაობა ისეთ მაღალ შემოქმედებით დონეზე წარიმართა, როგორსაც აქამდე იშვიათად შევხვედრივარ. დაიწყო აქტიური შემოქმედებითი მუშაობის ტალღა: ანგარიშები, ინფორმაცია, დამოუკიდებელი კვლევები, პროექტები და ა.შ. ეს ამაღლებული განწყობა გადაედოთ სხვა ჯგუფის სტუდენტებსაც. ისინი მოდიოდნენ ჩემს „ცდისპირებთან” და თხოვდნენ გაეზიარებინათ მათთვის ახალი აღმოჩენებით გამოწვეული სიხარული.  და რაც მთავარია, კარლ, არაჩვეულებრივად სასიამოვნო იყო იმ სიტუციაში ყოფნა, რომელშიც სტუდენტებს ჰქონდათ შესაძლებლობა ისე ესწავლათ, როგორც მათ მიაჩნდათ სწორად. და როგორ თავისუფლად ვგრძნობდი მე თვითონ თავს არა მასწავლებლის, არამედ იმ ადამიანის როლში, რომელიც ეხმარება მათ სწავლაში და თვითონაც სწავლობს მათგან!”
სწორედაც რომ მეც ბევრი დეტალი ვისწავლე ჩემი “Smart” მეექვსეკლასელი მოსწავლეებისგან და მეც გაცილებით თავისუფლად ვგრძნობდი თავს იმ გაკვეთილებზე, როდესაც პლანშეტ-ტრანსფორმერებს ვიყენებდით, რადგან ვხედავდი, რომ ყოველგვარი ტრენინგის (რაც საპილოტე პროქტის დაწყებამდე მასწავლებლებს Microsoft-ის ტრენერების მიერ ჩაგვიტარდა) გარეშე როგორ მოხერხებულად ართმევდნენ თავს დავალებებს. ახალი თაობა ტექნოლოგიურად უფრო და უფრო წინ მიდის და ეს შეუქცევადი რეალობაა. მოსწავლეები ახალი ტექნოლოგიების სივრცეში თავს ძალიან კომფორტულად გრძნობდნენ. ამ დროს მე ვიყავი საგაკვეთილო პროცესის ფასილიტატორი, მიმართულების მიმცემი და დროის რეგულატორი. მიხაროდა, როცა ვხედავდი, როგორ მუშაობდნენ გუნდურად, წყვილებშიც, სიამოვნებით, სიცილით… ვაკვირდებოდი, როგორ ახერხებდნენ პროცესის დამოუკიდებლად წარმართვას, პერიოდული ადგილობრივი ტექნიკური შეფერხებების დამოუკიდებლად გადალახვას (მაგ: მოსწავლეებმა უცებ შეიმუშავეს ალტერნატიული გზა, როცა ინტერნეტის შეფერხება დაფიქსირდა: მათ სკოლის შენობის გვერდით არსებული კორპუსის ინტერნეტის პაროლით ისარგებლეს. ასევე, გამოიყენეს მობილური ტელეფონები Microsoft-ის მაღაზიაში მოძიებული აპლიკაციების Google-ის საძიებო სისტემაში არსებულ აპლიკაციებთან შედარება-განსხვავებულობის დადგენის მიზნით  და სხვ.); მოსწავლეები გაიტაცა ასეთმა თვითრეგულირებულმა სასწავლო პროცესმა. და რაც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და სასიხარულო იყო. ვამჩნევდი, მათ ამ პროცესში (რომელიც შვიდი თვე გაგრძელდა) როგორ უვითარდებოდათ სხვადასხვა სახის ზოგადი უნარები, როგორიცაა: შედარება, ანალიზი, კვლევის უნარი, ურთიერთთანამშრომლობის უნარი, დროის მართვის უნარი და ა.შ. მათ სახეებზე ფიქსირდებოდა ახალი აღმოჩენებით გამოწვეული სიხარული, არ სურდათ გაკვეთილის დასრულების მაუწყებელი ზარის დარეკვა და იყვნენ გამორჩეულად მოტივირებულნი. 

როჯერსი, კითხვა მეხუთე: “როგორ უზრუნველვყოთ მოსწავლეთათვის ისეთი მასალის მიწოდება, რომელიც დააინტერესებს და გაიტაცებს მათ, უპასუხებს მათ მიდრეკილებებსა და შესაძლებლობებს, რომელიც უზრუნველყოფს კონკრეტული მოსწავლისათვის სასურველ თავისუფალ არჩევანს. 
ეს ყველაზე სერიოზული პრობლემაა, რომელსაც კარგმა მასწავლებელმა მეცადინეობისთვის გამოყოფილი დროის 90% უნდა დაუთმოს. ვთვლი, რომ მნიშვნელოვანია შექმნა ისეთი სიტუაცია, რომელშიც ბავშვს არ შეუძლია არ ისწავლოს და მეტიც, გააკეთოს ეს სიამოვნებით. ერთ-ერთი გზა არის მდიდარი და ფანტაზიის განმავითარებელი მასალის შექმნა”.
მე ვფიქრობ, რომ, თუ ერთი მხრივ, ინტერნეტ-სივრცეში არსებული უკვე მზა აპლიკაციების, ცხრილების, დიაგრამებისა და სხვა საგანმანათლებლო რესურსების გამოყენება აღარ იძლევა მოსწავლეებში ფანტაზიის უნარის განვითარების შესაძლებლობას, მეორე მხრივ, პირიქითაც შეიძლება მოხდეს: უკვე არსებული რესურსის საფუძველზე შეიქმნას ახალი რესურსი. კრეატიულ მიდგომას ხომ  ჩარჩოები არ აქვს. მაგ. როდესაც ჩვენი ერთ-ერთი აქტივობის თემა იყო ინგლისურენოვანი იდიომები, მოსწავლეებმა საკუთარი ნახატებით გააფორმეს იდიომატური გამონათქვამები, მაშინ როცა აპლიკაციებში ამგვარი გაფორმება არ იყო მოცემული. მოსწავლეთა ეს მიდგომა იდიომების უკეთ ათვისების მიზნით ძალიან სასარგებლო აღმოჩნდა. მათ ნახატების მიხედვით მოახდინეს გამონათქვამების იდენტიფიცირება და მათი ცოდნა ამ გზით უფრო გამყარდა, განმტკიცდა და გახალისდა (მასალა შეგიძლიათ იხილოთ pilnetwork-ზე).

 

როჯერსი, კითხვა მეექვსე: “მაქვს თუ არა მე საკმარისი მოთმინება და ვაჟკაცობა იმისათვის, რომ მივეხმარო მოსწავლეს მისი შემოქმედებითი იდეების დაბადებაში?”
აქ რა შეიძლება იყოს უკეთესი ინსტრუმენტი, თუ არა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში. ონლაინ-რესურსების განახლებული მასალები ხომ ამოუწურავია, თუმცა ვფიქრობ, მოსწავლეს სჭირდება ორიენტირი, სად ეძებოს შესაბამისი ინტერნეტ-რესურსი. სწორედ ამ მხრივ იყო ძალიან სასარგებლო ამ პროექტში მონაწილეობა. ყოველი ახალი აქტივობა მომდევნო იდეას ქმნიდა, მოსწავლეებს ჰქონდათ არაერთი წინადადება, სურვილი, გეგმა. ზოგი მათგანი შევასრულეთ, ნაწილი კი ვეღარ, ფიზიკურად დრომ აღარ მოგვცა ამის საშუალება.
მე, ჩემი მხრივ, მაქსიმალურად ვცდილობდი, რომ ჩემს კლასში შექმნილიყო ურთიერთპატივისცემისა და თავისუფალი თვითგამოხატვის ატმოსფერო, რაც აუცილებლად მისცემს შემოქმედებით ადამიანს საშუალებას, შექმნას ნახატი, ილუსტრაცია, პოსტერი, გამოსცადოს ახალი სიტუაციები და არ ეშინოდეს იმისა, რომ ამისათვის გახდება განსჯის საგანი. 

როჯერსი, კითხვა მეშვიდე: “შევძლებ თუ არა ჩემს მოსწავლეებში არა მარტო შემეცნებითი, არამედ გრძნობების სფეროში განვითარების უზრუნველყოფას?
ყველას კარგად გვესმის, რომ სწავლების არსებული სისტემის ტრაგედია ის გახლავთ, რომ წამყვანი და ძირითადი აქცენტი მხოლოდ ინტელექტუალურ განვითარებაზე კეთდება”.
მე ვისურვებდი, თუკი ვიქნებოდი მასწავლებელი, გამეკეთებინა ისე, რომ ჩემს კლასში სწავლება მიმდინარეობდეს ისე, რომ მან მოიცვას მთელი ადამიანი, მთელი მისი პიროვნება. ეს ძნელი, მაგრამ აუცილებელია”. 
ვფიქრობ, ყოველი ახალი თემის/მიდგომის/აქტივობის ჩართვა სწავლა-სწავლების პროცესში მოსწავლეთა საკითხით დაინტერესების მთავარი განმაპირობებელი ფაქტორია. შესაბამისად, ახალი ტექნოლოგიური საშუალებებით მუშაობამ, ინგლისურენოვანი მასალის ათვისება უფრო გაამარტივა და გაახალისა. ტექნოლოგიურ სიახლეებთან ერთად, შეძლებისდაგვარად ვცდილობდი, რომ მოსწავლეებს სხვა არასტანდარტული აქტივობებიც გამოეცადათ, რომ გარდა მათი ინტელექტუალური უნარების განვითარებისა, სხვა ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტების ხელშეწყობა მომხდარიყო. მაგალითისთვის გავიხსენებ “ღიმილების აქციას”. ეს იყო სრულიად განსხვავებული კლასგარეშე აქტივობა, როდესაც მოსწავლეებმა შეარჩიეს ინგლისურენოვანი მასტიმულირებელი ფრაზები (ძირითადად, ღიმილისა და ბედნიერების შესახებ), დაამუშავეს, სათითაოდ დაბეჭდეს, შესაბამისი ნახატებით გააფორმეს და სკოლის მასშტაბით გაავრცელეს. თუ შეიძლება ასე ითქვას,  მათ სასკოლო აუდიტორიას პოზიტივი გადასცეს. ვფიქრობ, ამ აქტივობამ, ძირითადად, ხელი შეუწყო მათი საკომუნიკაციო უნარების განვითარებას, ასევე, კრეატიული აზროვნების ხელშეწყობას, ცოდნის ტრანსფერსა და  თანამშრომლობას, რომ აღარაფერი ვთქვათ წმინდა ენობრივი კუთხით ცოდნის დონის ამაღლების ხელშეწყობაზე.
დაბოლოს, დასკვნის სახით შევეცდები, ჩემი მცირედი გამოცდილების საფუძველზე შევაჯამო თანამედროვე ტექნოლოგიების ელემენტების გამოყენების ეფექტი სასწავლო პროცესში როგორც მოსწავლეთა, ასევე მასწავლებლის პერსპექტივით/ხედვით.
პოზიტიური ეფექტები, რაც მოსწავლეთა შორის გამოიკვეთა:
  • მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება;
  • მრავალფეროვანი, განსხვავებული მეთოდების გამოყენებით თვითრეგულირებადი სასწავლო გარემოს შექმნა;
  • კრეატიული აზროვნების განვითარების ხელშეწყობა თანამედროვე ტექნოლოგიების  გამოყენების კვალდაკვალ;
  • ჯგუფური, ინდივიდუალური,  თანამშრომლობითი და საკომუნიკაციო უნარების განვითარების ხელშეწყობა; 
  • ტექნოლოგიების მულტიფუნქციურობის გააზრება – ისტ-ის სასწავლო პროცესში  აქტიური და ეფექტური გამოყენება;
  • მოსწავლეთა  მხრიდან  ზოგადი ინტერესისა და მაღალი მოლოდინების (ახალი აქტივობების დაგეგმვის სურვილის არსებობა, რაც, ვფიქრობ, მასწავლებლისთვის ერთგვარი გამოწვევაა) არსებობა;
  • ტექნოლოგიების დამოუკიდებლად გამოყენების უნარი უკეთესი შედეგების მიღწევის მიზნით;
  • კვლევის უნარის ელემენტების, შედარებისა და ანალიზის უნარების დახვეწის ხელშეწყობა;
  • სხვისი აზრის პატივისცემისა და ფუნქციების გადანაწილების უნარის განვითარების ხელშეწყობა.
 სიახლეები ჩემი, როგორც მასწავლებლის მხრიდან:
  • მოსწავლეთა ინდივიდუალური შესაძლებლობებისა და ინტერესების/მიდრეკილებების  უკეთ წარმოჩენა;
  • სასწავლო პროცესის ფასილიტატორის როლში ყოფნა;
  • საგაკვეთილო დროის გადანაწილებისას ხშირი ცვალებადობა პრიორიტეტული აქტივობების შესაბამისად;
  • განსხვავებული აქტივობების განხორციელების ინიცირება;
  • თავისუფალი, თვითრეგულირებადი ატმოსფეროს შექმნა საკლასო სივრცეში;
  • ისტ-ის გამოყენებით საშინაო დავალებების შესრულების ახალი მიდგომების სასწავლო პრაქტიკაში დანერგვა (მობილური ტელეფონების, ელ-ფოსტისა და პირწიგნაკის ჯგუფების  აქტიურად გამოყენება);
  • მოსწავლეთა და მშობელთა მხრიდან მეტი ჩართულობის, ნდობისა და პატივისცემის გამოვლენა მასწავლებლისადმი;
  • კრეატიული უნარების განვითარების ხელშეწყობა;
  • სიახლეებისადმი მიმღებლობა.
“ადამიანს გონებისკენ სამი გზა აქვს: აზროვნება – ყველაზე კეთილი, მიბაძვა – ყველაზე ადვილი, გამოცდილება – ყველაზე ძნელი”. (კონფუცი)  
ძალიან დიდი მადლობა პროექტის არაჩვეულებრივ გუნდს, მწვანე სკოლის ადმინისტრაციას და თითოეულ ჩემს მოსწავლეს, რომ მათ ყველაზე რთული და ძვირფასი რამ – გამოცდილება შემძინეს.

ქეთევან ტაბატაძე
“თბილისის მწვანე სკოლის” ინგლისური ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
სტატიაში გამოყენებულია მასალა: 
მარინე ჯაფარიძე – კარლ როჯერსი – კითხვები, რომლებსაც დავუსვამდი საკუთარ თავს, მასწავლებელი რომ ვიყო, სიახლეების არქივი 13 იანვარი , 2015

ნიკოლო მიწიშვილის არჩევანი

0
ნიკოლო მიწიშვილი, „სამშობლოს ჯვარზე პოეზიით დალურსმული”, ცისფერყანწელთა პოეტური ორდენის ერთგული რაინდი, ცხოვრებამ რეალურადაც ჯვარს აცვა. საბჭოთის რეპრესიებს შეეწირა მწერალი, საზოგადო მოღვაწე, რომლის პუბლიცისტიკაც აკაკი ბაქრაძემ „სასოწარკვეთილი ტკივილისა და ყვირილის” გამოხატვის ძალით ილიას „ბედნიერი ერისა” და მიხეილ ჯავახიშვილის „ჯაყოს ხიზნების” გვერდით დააყენა: „ქართველი საზოგადოება ნიკოლო მიწიშვილს აუმხედრდა. ასევე მიესივნენ ილიასაც, როცა ,,კაცია ადამიანი?!” დაიბეჭდა. მოკვლასაც კი უპირებდნენ. მიხეილ ჯავახიშვილსაც ქვა და გუნდა დაუშინეს ,,ჯაყოს ხიზნებისათვის”. ამგვარი დამოკიდებულების მსხვერპლი გახდა ნიკოლო მიწიშვილის ,,ფიქრებიც”. თორემ ,,ბედნიერი ერის”, ,,ჯაყოს ხიზნების”, ,,ფიქრების” არსს რომ ჩავწვდომოდით, საქართველოსა და ქართველი ხალხის ხვედრი დღეს სრულიად სხვა იქნებოდა” (აკაკი ბაქრაძე, „ახალი გრაალი”).
ნიკოლო მიწიშვილის პუბლიცისტურ წერილებში აღნუსხული და გაანალიზებულია მეოცე საუკუნის პირველი ნახევრის ყველაზე საბედისწერო პერიოდის, 20-30-იანი წლების უმნიშვნელოვანესი მოვლენები, რომლებმაც არსებითად შეცვალეს და განაპირობეს საქართველოს მომავალი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრება.

კომუნისტურმა ხელისუფლებამ დაინახა, რომ ნიკოლო მიწიშვილზე ექსპერიმენტს ვერ ჩაატარებდა, სულს ვერ ჩაუკლავდა, „ჰომო სოვეტიკუსს” ვერ შექმნიდა, იძულებით ვერ შეაქებინებდა ლენინსა თუ სტალინს და მისგან ვერანაირი მეთოდით ახალ „საბჭოთა” მწერალს ვერ გამოიყვანდა. საქართველოში, ტრადიციულად, მწერლობა და პოლიტიკა გადაჯაჭვული იყო და ეს მემკვიდრეობით მიიღო მეოცე საუკუნემაც. თუმცა, ცისფერყანწელებმა თავდაპირველად ერთგვარი გვერდზე განდგომა გადაწყვიტეს, „მაღალი და წმინდა პოეზიის” ერთგულება, ჩვენ მხოლოდ ხელოვნების საკითხები გვაინტერესებსო და, ამ თვალსაზრისით, ილიასა და აკაკისაც დაუწუნეს ბევრი რამ: „ცრუ რუსთაველებმა და ლიბერალებმა” მწერლობა გაიხადეს სამიტინგო ზალად და პოეზია გაზეთად”, _წერდა ტიციან ტაბიძე. მისი აზრით, შემდეგ „მათმა სკოლამ მიიღო კარიკატურული სახე და დღეს უიმედოდ გაჰკივის მოქალაქეობრივი არღანი კაკაფონიას. ყველანი: უნიჭო,უსახო, ენაბლუ, ვისაც ხელი არ ეღლება, სტანჯავს დღეს ქართულ პოეზიას”. პაოლო იაშვილს არ აეჭვებდა, რომ „პროვოკატორებს” მათთვის შეიძლება დაებრალებინათ, „თითქოს ერის წინაშე მოვალეობას მეორეხარსიხოვან საკითხად მიიჩნევდნენ”, მაგრამ მათ უნდა ხსომებოდათ: „პოეტი, რომელსაც შემოქმედების მთავარ იარაღად აღებული აქვს მშობლიური სიტყვა, რჩება თავისი ხალხის პოეტად, თუნდაც მთელი ერის მისი წინააღმდეგი იყოს”. მართალია, მწერალმა ხალხის წინამძღოლის ფუნქცია დაკარგა, მაგრამ მწერლობა კვლავ დარჩა საქართველოს პოლიტიკური ცხოვრების ნაწილად, როგორც მთავარი ხელშემწყობი ეროვნული იდეოლოგიის განმტკიცებისა. კომუნისტურმა ხელისუფლებამ, რომელსაც მიზნად ეროვნებათა „წაშლა” და კულტურათა „შერწყმა” ჰქონდა, კარგად იცოდა მწერლობის, ზოგადად, ხელოვნების, დიდი ძალის შესახებ და ამიტომ უპირველესად სწორედ ამ ხალხის მოსყიდვა და გადაბირება გადაწყვიტა. ძველ თაობასთან ეს „ბრძოლა” მაინც კრახით დასრულდა, მაგრამ შეიქმნა ახალი ჯიში პროლეტარი მწერლებისა, რომელთა გაუგონარი სისასტიკით აღბეჭდილი ნაწერები, მოწოდებები, ახლაც შიშის ჟრუანტელს ჰგვრის მკითხველს.

ნიკოლო მიწიშვილის პუბლიცისტიკასაც ორი მთავარი მდინარება აქვს _ ხელოვნება და პოლიტიკა, მათათან დაკავშირებული მრავალგვარი თემითა და საკითხით. მისი აზრით, ხელოვნება უნდა ყოფილიყო „ნეიტრალური ზონა”, რომელშიც მშვიდობიანად ითანამშრომლებდნენ სხვადასხვა პოლიტიკური ორიენტაციის ხელოვანნი. აქ უნდა შემდგარიყო ურთიერთობა მთავრობასთანაც. თუმცა, შემდგომმა მოვლენებმა ცხადყვეს, რომ ეს კეთილშობილური ილუზია იყო და რეალობაში ვერ განხორციელდებოდა.

1922 წელს ნიკოლო მიწიშვილი სტამბოლშია, საიდანაც „ცისფერყანწელებს” წერს დღეს ყველასათვის კარგად ცნობილ წერილს „ფიქრები საქართველოზე”. ეს წერილი 1926 წელს დაიბეჭდა ჟურნ. „ქართულ მწერლობაში” და დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ნიკოლო მიწიშვილს, ახლოს გაეცნო რა უცხოეთის ლიტერატურას, გაუჩნდა კითხვა: რამდენად ფეხდაფეხ მიჰყვებოდა ქართული პოეზია მსოფლიო პოეზიას? პასუხი საიმედოა: „არ ჩამოვრჩენილვართ, მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელი ხუთი წელი დახურულ ყუთში ვსხედვართ”. ამ წერილში მნიშვნელოვანი კითხვებია წამოჭრილი, მათ შორის, ასეთი: „პოეტი სამშობლოსთვის თუ სამშობლო პოეტისთვის?” ავტორის აზრით, სამშობლო უნდა იყოს პოეტისთვის, ესე იგი, სამშობლოს უნდა ჰქონდეს პოეტის წარმოშობის ენერგია. სამწუხაროდ, თანადროული პროზისა და პოეზიის შემხედვარეს პესიმიზმი ეუფლება. მისი აზრით, საქართველო ევროპაში მხოლოდ ეროვნული კულტურით შეძლებს გასვლას, მაგრამ „საქართველოს მე ვერ ვხედავ, ვერ ვნახულობ და მეშინია, ნუთუ საქართველო მხოლოდ ეთნოგრაფიული მოვლენაა, თანდათან გადაგვარებაში გადასული?” უფრო მეტიც, „როცა გადავხედავ საქართველოს ისტორიას _ იქ მე ღვთის ხელს ვერ ვნახულობ”, „ხერხემალს ქართული იდეისა მე ვერ ვპოულობ”. „მეეჭვება თვით რუსთაველიც”, „საქართველო პასიური მოვლენაა. მისი ენერგია გამოწვეული იყო სხვა, მის გარეშე მყოფ მოვლენისგან (ენერგია ჭიის, როცა მას ფეხს აჭირებენ)”, „მშრალია და ფუყე საქართველო, აქედანაა მისი „უშვილოსნობა” თუ ბერწობა.” რამ გამოიწვია ამგვარი პესიმიზმი? ამ კითხვაზე პასუხები მოჩანს გრიგოლ რობაქიძის, მიხეილ ჯავახიშვილისა და სხვა ცნობილ მწერალთა თუ მოღვაწეთა გამოხმაურებებში. ისიც აღსანიშნავია, რომ როდესაც ეს წერილი 70 წლის შემდეგ, 1993 წელს, თეიმურაზ მაღლაფერიძის ინიციატივით, „არილში” დაიბეჭდა, კვლავაც მკითხველთა დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია.

1922 წელი მნიშვნელოვანი აღმოჩნდა პოეტისთვის. ამ წელს გამოიცა მისი პირველი წიგნი ,,წმინდანიანი”. ამავე წელს ნიკოლო მიწიშვილი საზღვარგარეთ გაემგზავრა (მგზავრობის პერიპეტიები კარგად აქვს აღწერილი წიგნში „ქართული ქრონიკა რევოლუციის დროიდან”. სტამბულში დაიბეჭდა მისი მეორე წიგნი ,,შავი ვარსკვლავი”. 1922-25 წწ. ნიკოლო მიწიშვილი საზღვარგარეთ ცხოვრობდა და აქტიურ ლიტერატურულ საქმიანობას ეწეოდა, საქართველოშიც აგზავნიდა წერილებს. იგი ცდილობდა ყველა ძალის გაერთიანებას და „კულტურული ფრონტის” შექმნას. ამიტომაც წამოაყენა ასეთი ლოზუნგი: „ეროვნული კულტურის პოზიციებზე”.

1925 წელს საბჭოთა კავშირის კომუნისტურმა პარტიამ მიიღო რეზოლუცია „მხატვრულ ლიტერატურაში პარტიის პოლიტიკის შესახებ” და ამას მოჰყვა საქართველოს მწერალთა პირველი ყრილობა 1926 წელს. ყრილობაზე მთავარ სამსჯელო თემად მწერლებისა და ხელისუფლების საკითხი იქცა. „ჩვენი მთავრობა მხარს უჭერს მიმდინარეობებს მწერლობაში, ოღონდ კი რევოლუციის ნიადაგზე იდგნენ” (ფილიპე მახარაძემ). ყრილობაზე ყველაზე თამამად კონსტანტინე გამსახურდია გამოვიდა, რომელმაც აღნიშნა: „ჩვენ გვეკითხებიან, მოგწონთ თუ არა წითელყაბალახიანი საქართველოვო. საქართველო რა ფერისაც უნდა იყოს, ჩვენ გვიყვარს. მას ვერ გავექცევით… ჩემთვის წითელყაბალახიანი საქართველო ისეთივე მისაღები იქნება, როგორც თეთრყაბალახიანი საქართველო. ჩვენ მწერლები ვართ და არ ვცილობთ ესა თუ ის ხელისუფლება შევცვალოთ, არამედ ჩვენ პატივს ვცემთ ქართულ ხელისუფლებას, რა ფერის, რა მიმართულების მატარებელიც არ უნდა იყოს იგი”.

1925 წელს ნიკოლო მიწიშვილი საქართველოში დაბრუნდა და 1926-28 წწ. რედაქტორობდა ჟურნალ ,,ქართულ მწერლობას”, რომელმაც თავის გარშემო სხვადასხვა თაობის მწერლები შემოიკრიბა და დიდი როლი შეასრულა მწერალთა გაერთიანების საქმეში.

ნიკოლო მიწიშვილის აზრით, ევროპაში ხსნის ძიება იყო „პოლიტიკური რომანტიზმი”, რასაც შედეგი არ მოჰყვა: „დღეს ევროპაში საქართველო არავის აინტერესებს როგორც საგანი რომანტიკული მზრუნველობისა და მეგობრობისა”. საერთოდაც, საქართველოს უნდა დაევიწყებინა „ბატონის მაძიებელი ყმის ფსიქოლოგია” და „გამოეჭედა ახალი, ნამდვილი ეროვნული სახე”.

1932 წლის 22 აპრილს საკავშირო კომპარტიის ცენტრალურმა კომიტეტმა გამოსცა ცნობილი დადგენილება „სალიტერატურო ორგანიზაციათა გარდაქმნის შესახებ”. გაუქმდა ცალკეული სამწერლო გაერთიანება. ამიერიდან ყველა საბჭოთა მწერლად იწოდებოდა. უფრო გამკაცრდა ხელისუფლების დამოკიდებულება „ურჩ” ხელოვანთა მიმართ. იმ მწერლებს, რომელნიც ცდილობდნენ კომუნიზმის „რელსებზე” გადმოსვლას, თანამგზავრები შეარქვეს და მათ მიმართ შედარებით ლოიალურად იყვნენ განწყობილი.

ნიკოლო მიწიშვილი წერილებსა თუ საჯარო გამოსვლებში გაბედულად ამხელდა საბჭოთა მწერლობას. მან ეჭვქვეშ დააყენა საბჭოთა მწერლობის მთავარი ლოზუნგი: ფორმით ეროვნული და შინაარსით სოციალისტური ლიტერატურა. მისი აზრით, რადგან შინაარსი რეალურად „რუსული ნიმუშების მიხედვით იზომება”, „ფორმაც ხშირად ვერ პოულობს სათანადო გამოსახულებას”.

„ბევრ მწერალს გაანადგურებს ეს ხანა” _ ასეთი საბედისწერო წინასწარმეტყველებაა მის წერილში „ოცდაათიანი წლების მწერლობა” (გაზ. „სიტყვა და საქმე”, 1934). აქ საუბარია იმაზე, რომ ძალიან ძნელია იქცე „საბჭოთა მწერლად” ან „დადგე საბჭოთა პლატფორმაზე”, თუმცა ეს გარდაუვალია. მწერლობას სხვა გზა არა აქვს. ნიკოლო მიწიშვილი არც იმის თქმას ერიდება, რომ „ბევრ მწერალს უფრო აინტერესებს მწერალთა კავშირის ორგდადგენილებანი, ან სხვა ხასიათის ზემდგომთა „მითითებანი”, ვიდრე ნამდვილი შემოქმედება.

1937 წლის 7 და 27 მაისს ნიკოლო მიწიშვილი სიტყვით გამოვიდა საქართველოს მწერალთა კავშირის პრეზიდიუმზე. ეს იყო მისი უკანასკნელი გამოსვლები. ეს ორივე სიტყვა ძალიან მწვავე და თამამია. შეიძლება მწერალი გრძნობდა, რომ მას უკან დასახევი გზა არ ჰქონდა და უშეღავათოდ ამხელდა, რომ „მწერლობა ერთგვარი მორალური ტერორის ატმოსფეროში მოექცა”. ნიკოლო მიწიშვილი იხსენებს, თუ როგორ უთქვამს ერთ თათბირზე პროლეტმწერალთა ხელმძღვანელს: „ჯავახიშვილმა კიდევაც რომ დაწეროს ჩვენთვის მისაღები და იდეოლოგიურად გამართლებული ნაწარმოები, ჩვენ ის არ გვინდა, ჩვენ გვირჩევნია პროლეტარული მწერლის თუნდაც გაცილებით უფრო სუსტი წიგნიო”. ამ გამოსვლაში პროტესტად გაისმა მისი სიტყვები: „ნურავინ იფიქრებს, რომ, ჩვენ, მწერლები, კასტრირებული ცხვრები ვართ და ჩვენს თავმჯდომარეს უფლება აქვს ამ ფარიდან თავისი სურვილისამებრ ის დაკლას, ვინც როდის მოუნდება…. “.

ნიკოლო მიწიშვილს სჯეროდა: „სამართალი არსებობს და მკვდარი საზოგადო მოღვაწე არანაკლებ პასუხისმგებელია, ვიდრე _ ცოცხალი”.

1937 წლის 2 ივნისს ნიკოლო მიწიშვილი დააპატიმრეს და 13 ივლისს დახვრიტეს.

ის კომუნისტურმა რეჟიმმა გაასამართლა, როგორც ქვეყნის მტერი, დრომ კი გაამართლა, როგორც ქვეყნისთვის შეწირული.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...