შაბათი, ივნისი 14, 2025
14 ივნისი, შაბათი, 2025

აუტიზმი და საზოგადოება

0

სკოლა

0

Second hand ცოდნა და შობის დღესასწაული

0

ცოდვა გამხელილი ჯობიაო და მეც ერთ ამბავს გაგანდობთ: ოქტომბერში გადავწყვიტე, ჩემი სადამრიგებლო კლასი ექსკურსიაზე კახეთში წამეყვანა. რადგან კლასში უმეტესობა ახალი მოსწავლეა, მათგან თორმეტი ბავშვი კი უცხოელი, ვიფიქრე, მხოლოდ ეკლესია-მონასტრების დათვალიერება არ კმაროდა და შუამთისა და ნეკრესის შემდეგ წინანდლის მარანში შევლაც დავგეგმე, რათა ქართული ტრადიციები უკეთ გაგვეცნო; დღის ბოლოს სიღნაღის რესტორანში უნდა შევჩერებულიყავით და იქ გვესადილა. ორი დღით ადრე ბავშვებს გეგმა და მენიუ გადავუგზავნე, 16 წლისანი არიან და მათთან შეუთანხმებლად არაფრის გაკეთება არ მინდოდა. რადგან პროტესტი არავის გამოუთქვამს, შესაცვლელიც არაფერი მქონდა. ექსკურსიამ იმაზე კარგად ჩაიარა, ვიდრე ველოდი, ახალი ბავშვები ადვილად დაუმეგობრდნენ თანაკლასელებს და სიღნაღში სუფრასთან უკვე შთაბეჭდილებებით აღფრთოვანებულები მხიარულად აგემოვნებდნენ ქართულ კერძებს. ბოლოს სუფრაზე ღორის მწვადი შემოიტანეს. ცოტა კი გამიკვირდა, როცა დავინახე, რა მადიანად ჩაკბიჩა ხორცის ნაჭერი ინგუშმა ლორსმა, მაგრამ გამახსენდა, რომ მისი ოჯახი უკვე რამდენიმე წელია, საქართველოში ცხოვრობს, ამიტომაც განგაში არ ავტეხე. თუმცა სულ ტყუილად! გავიხედე სხვა მხარეს და აღმოვაჩინე, რომ სირიელი ალიც და ირანელი ბეჰბოდიც სიამოვნებით მიირთმევდნენ მათთვის აკრძალულ მწვადს. აქ კი თავი ვეღარ შევიკავე და ჩუმად ვიკითხე: ბავშვებო, თქვენ რა, ღორის ხორცი გეჭმევათ? ეს შეკითხვა და საწყალი ბიჭების შეშლილი სახეებით სუფრიდან წამოხტომა ერთი იყო, ისეთი სისწრაფით გავარდნენ გარეთ, ვერც ვიფიქრებდი, ასე თუ შეეძლოთ სირბილი. ეგებ ჯობდა, არც არაფერი მეკითხა და ყველაფერი ისე დამეტოვებინა, როგორც იყო?! ეს სამწუხარო შემთხვევა ჭკუისსასწავლებელი აღმოჩნდა მთელი კლასისთვის და დღეს ლორსმაც, ბეჰბოდმაც და ალიმაც იციან, რომ ყველა ჩემი წერილი ყურადღებით უნდა წაიკითხონ.

ცოდვა კი გავამხილე, მაგრამ ეს ამბავი სულ სხვა მიზეზით გავიხსენე. როგორც ვიცით, ჩვენი ცოდნის უდიდესი ნაწილი მეორადია; მეორად ცოდნას (second-hand knowledge) კი სხვაგვარად ავტრიტეტებისგან (knowledge by authorities) მიღებულ ცოდნასაც უწოდებენ. ამ ცოდნას სხვადასხვა წყაროები აქვს, ესაა: სკოლა, ექსპერტების მოსაზრებები, მედია, ინტერნეტი და კულტურული ტრადიცია. ამათგან ხუთივე რაღაც დოზით სანდოა, მაგრამ მათ სრულ შეუცთომლობაზე საუბარი ზედმეტია: სკოლა დიდწილად სახელმძღვანელოებზეა დამოკიდებული, მათი განახლება კი დროულად ვერ ხერხდება; ექსპერტები პროფესიონალები კი არიან, მაგრამ ისინიც ხშირად ცდებიან; მედიით მიღებული ცოდნა ფილტრირებულია და ჩვენ გვიწევს ვენდოთ გადაცემების რედაქტორებს – რასაც ისინი ჩათვლიან საჭიროდ, სწორედ ის უნდა ვიცოდეთ და არა ის, რაც მათი ყურადღების მიღმა რჩება; ინტერნეტით მიღებული ცოდნა კი ასგზის შემოწმებას ითხოვს. აქ აღარაფერს ვამბობ იმ ლინკებზე, რომლებიც არასანდოა, რომელთა წარმომავლობაც საეჭვოა, მათ შესახებ მასწავლებლები მუდმივად ვუჩიჩინებთ მოსწავლეებს. დღეს ბევრი ჩვენგანისთვის ფეისბუქიდან გაგებული ამბები გადამოწმებას არ საჭიროებს. არადა, რამდენმა აიტაცა ინფორმაცია მეტროში გაყინულ მიუსაფარ მოხუცზე, რამდენი ვიშვიშებდა ყვითელი ავტობუსიდან ჩაგდებულ შავკანიან მამაკაცზე, რომელსაც ფეხებით შედგნენ მგზავრები და უმოწყალოდ სცემეს… ახლა აქ იმის ჩამოთვლას არ დავიწყებ, რამდენი ასეთი ინფორმაცია გამოდგა ყალბი და რამდენმა ასეთმა გადაუმოწმებელმა ინფორმაციამ შეცდომაში შეიყვანა საზოგადოება და გადავალ მეორადი ცოდნის მიღების მეხუთე წყაროზე, რომელსაც კულტურული ტრადიცია ჰქვია. ცოდნის მიღების ამ წყაროზე განსაკუთრებულად მინდა შევჩერდე, განსაკუთრებით, შობის შემდგომ დღეებში.

კულტურა, რომელშიც ჩვენ ვიზრდებით, განაპირობებს იმას, თუ როგორ ვუყურებთ სამყაროს, როგორ გვიყალიბდება ინტელექტუალურ ცთომილებათა ნუსხა. კულტურის წყალობით ბუნებრივად მივეჯაჭვებით გარკვეულ წესებსა და წარმოდგენებს და მხოლოდ მათ მივიჩნევთ „ნორმალურად” და „გონივრულად”. როცა ამის შესახებ ვესაუბრები ჩემს მოსწავლეებს (და სტუდენტებსაც), სამ ასეთ შეკითხვას ვიშველიებ: 1. ამათგან რომელია ბუნებრივი და რომელი ტრადიციის შედეგად მიღებული შეთანხმების ნაყოფი: ა) კვირის შვიდდღიანი ციკლი; ბ) 365/6 დღიანი წელიწადი; გ) თვლის  ათობითი/ოცობითი სისტემა; დ) მათემატიკური მუდმივა პი; ე) მარცხნიდან მარჯვნივ კითხვა; ვ) ტანსაცმლის ტარება? ამ, ერთი შეხედვით, უმარტივეს შეკითხვაზე პასუხის გაცემა ჩემს მოსწავლეებს სხვაგვარად დააფიქრებს ხოლმე და ისინი ძალიან საინტერესო დასკვნამდეც მიდიან. საკითხში უკეთ გასარკვევად მეორე შეკითხვაც მაქვს: 2. რის (საქონლილს ხორცი, ღორის ხორცი, ძაღლის ხორცი, ლოკოკინები, ტარაკნები, ალკოჰოლი, გოგირდჟავა) დაგემოვნებას არ ისურვებენ და რატომ? როგორც ვხედავთ, მხოლოდ გოგირდმჟავაზე გაცემული უარყოფითი პასუხია გონივრული, სხვა დანარჩენ პასუხებს კულტურული ტრადიცია განაპირობებს. და ბოლოს ჩემი შეკითხვა ასეთია: 3. რამდენადაა ჩვენი წარმოდგენები რაიმე არასწორის მიმართ ტრადიციით განპირობებული და ეს წარმოდგენები ისეთივე იქნებოდა, სხვა გარემოში რომ გვეცხოვრა? სანამ ამ კითხვაზე პასუხს გამცემდნენ, უამრავ ტრადიციას ვიხსნებ, რომელიც სხვადასხვა კულტურაში ნორმაა, ჩვენთვის კი შესაზიზღი და არანორმალურია. ვინაიდან მე თავად ბერძნულ და რომაულ სამყაროს ვიკვლევ და ამ ორი ხალხის კულტურას სხვაზე კარგად ვიცნობ, ჩემი მაგალითები სწორედ ანტიკური სამყაროდანაა, თანაც წლების წინ კოლეგებთან ერთად კლავდიუს ელიანეს „ნაირ-ნაირი ამბებიც” ვთარგმნე (მახსოვს, როგორი შოკი მივიღე თარგმნისას, როცა გავიგე, რომ ერთ-ერთი კუნძულის ბინადრები მოხუცებს კეტებით უხეთქავდნენ თავს და მათი ამ გზით მოკვდინება ჩვეულებრივი ამბავი იყო; თუმცა მერე იაპონური ფილმი „ლეგენდა ნარაიამაზე” გამახსენდა, რომელშიც ნაჩვენებია, როგორი პატივია ასაკში შესული მშობლისთვის, თუკი იგი სახლში კი არ გარდაიცვლება ბუნებრივი სიკვდილით, არამედ, როცა დრო მოვა, შვილი მოიკიდებს ზურგზე და ასე აიყვანს მთაზე, სადაც სიკვდილთან შესაგებებლად ყოველგვარი საგზლის გარეშე მარტოს დატოვებს).

ამ ტრადიციების გახსენებისას ყველაზე საინტერესო მაინც ქრისტესშობის აღნიშვნაა. როგორც ვიცით, 7 იანვარს მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაში აღნიშნავენ შობას, დანარჩენები ამ განსაკუთრებულ დღესასწაულს 25 დეკემბერს ზეიმობენ. ტრადიცია გარეშეთათვის არც ისე ძნელი ასახსნელია, თუკი მათ შევახსენებთ, რომ სამოქალაქო საზოგადოება ევროპულ ქვეყნებში, ამერიკის კონტინენტზე და აფრიკისა და აზიის მთელ რიგ ქვეყნებში პაპი გრეგორის მიერ მეთექვსმეტე საუკუნეში რეფორმირებულ იულიუსის კალენდარს მისდევს, მართლმადიდებლური ეკლესიის ნაწილისთვის კი ამოსავალი იულიუს კეისრის კალენდარია, ეს კალენდარი ხომ რამდენიმე დღით ჩამორჩება რეფორმირებულ კალენდარს, ამიტომაც იულიუსის კალენდრის მიხედვით, 7 იანვარი 25 დეკემბერია, 1 იანვარი – 14 იანვარი, 25 მარტი – 7 აპრილი და ა.შ. რომელი კალენდარია გამართული, პროფესიონალების გადასაწყვეტია, ჩვენ კი, ტრადიციას ან ვემორჩილებით და სამოქალაქო კალენდრით დადგენილ 7 იანვარს 25 დეკემბერს აღვნიშნავთ ან ვაპროტესტებთ და ეკლესიას კალენდრის შეცვლას ვთხოვთ. არადა, ხშირად ორივე მხარე ვივიწყებთ, რაოდენ პირობითია თარიღები. მაგალითად, ამბობენ, რომ ამ კალენდრის გამო ავსტრიელები და რუსები დიდხანს დაობდნენ აუსტერლიცის ბრძოლის თარიღზე, ერთი გრეგორიანულ კალენდარს, მეორე კი იულიანურს აღიარებდა, ამიტომაც ბრძოლის თარიღის დადგენისას ცთომილება რამდენიმედღიანი იყო. ისტორიას ბევრი ასეთი მითი ახსოვს და მათი მოძიება ინტერნეტშიც შეიძლება. განსაკუთრებით ბევრი შეცდომა კი ახალი წელთაღრიცხვის შემოღებისას მოხდა. როგორც ცნობილია, დიონისე მცირემ (ექსიგუუსმა) მეექვსე საუკუნეში ქრისტეს დაბადების თარიღად რომის დაარსებიდან 753-ე წელი აიღო და, შესაბამისად, ახალი წელთაღრიცხვის ათვლა ქრისტეს შობას დაუკავშირა. არადა, უამრავი კვლევა ადასტურებს, რომ იესო (ცხადია, რომ ნული წელი არ არსებობს), პირველ საუკუნეში კი არა, პირველი საუკუნის დადგომამდე რამდენიმე წლით ადრე იშვა, ხოლო მისი დაბადების თვე და რიცხვი სხვადასხვაგვარია. იესოს დაბადების თარიღზე მკვლევარების მოსაზრება სახარებისეული ეპიზოდების კვლევითაა განპირობებული, თუმცა ერთპიროვნული შეთანხმება არც ამ საკითხში არსებობს. როგორც წესი, კვლევის ამოსავალ წერტილად მათეს სახარების რამდენიმე პასაჟს ეყრდნობიან: მინდორში გასული მწყემსები, რომლებიც ბეთლემის უჩვეულო ვარსკვლავს აკვირდებოდნენ, მხოლოდ გაზაფხულზე შეძლებდნენ ამის გაკეთებას – შესაბამისად, თუკი სახარებისეულ ამ ფაქტს დავუჯერებთ, იესო გაზაფხულზე დაიბადა; ჰეროდე ძველი წელთაღრიცხვის პირველ საუკუნეში გარდაიცვალა, ამიტომაც იესო ამაზე გვიან ვერ იცხოვრებდა; მოგვები, რომლებიც უჩვეულო სიკაშკაშის ვარსკვლავმა ბეთლემში მიიყვანა – ასტრონომები ამ საინტერესო მოვლენას რამდენიმენაირად ხსნიან (ცნობისთვის, ასტრონომებმა სიტყვა ვარსკვლავი თავიდანვე არასწორად მიიჩნიეს): სუპერნოვა; კომეტა, რომელსაც ქრისტეს შობამდე 5 წელს 70 დღე აკვირდებოდნენ ცაზე და მასზე ინფორმაცია ჩინურ წყაროებშია დაფიქსირებული; იუპიტერის და ვენერას შეხვედრა , რომელსაც ადგილი ჰქონდა ძველი წელთაღრიცხვის 2 წლის 17 ივნისს (ე.ი. იესო ზაფულში იშვა); და იუპიტერისა და სატუნის შეხვედრა (ამაზე ჩემს წერილშიც ვსაუბრობდი https://mastsavlebeli.ge/?action=page&p_id=7&npid=8&id=537), რომელსაც ქრისტეს შობა ქრისტესშობამდე 7 წელს გადააქვს (ეს წინადადება ნამდვილად სასაცილოდ ჟღერს). ამ უკანასკნელ ვერსიას რამდენიმე პროპონენტი ჰყავს, მათგან ერთის, კაუფმანისის მოსაზრებით, პლანეტების შეხვედრა თევზის ზოდიაქოში შემდეგ თარიღებს შეესაბამება: პირველად ეს ულამაზესი მოვლენა 12 აპრილიდან 27 მაისამდე მოხდა, შემდეგი პლანეტათა შეხვედრა კიდევ უფრო შთამბეჭდავი იყო 5-7 ოქტომბერს, რამაც მოგვებს მოგზაურობისკენ უბიძგა, ხოლო ბოლოს იერუსალიმიდან სამხრეთით, რამდენიმე კოლიმეტრის დაშორებით, 1 დეკემბერს ბეთლემის თავზე შეიძლებოდა იუპიტერისა და სატურნის შეხვედრის დანახვა, რაც სახარებაში უჩვეულო სიკაშაკაშის ვარსკვლავის გამოჩენით დაფიქსირდა (https://www.astro.umn.edu/news/vol18.pdf). მათეს სახარებაში მოთხრობილ ამბავს რეალურად მიიჩნევენ ასტრონომები, მხოლოდ სიტყვა ვარსკვლავს არ ეთანხმებიან და არც მაინცდამაინც 25 დეკემბერს მიიჩნევენ უდიდესი სასწაულის დღედ. თუმცა ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ სახარება თარიღებს არ გვისახელებს, ის მოვლენებს აღწერს, ქრისტეს შობის თარიღად 25 დეკემბერი კი პირველად მხოლოდ 336 წლის ჩანაწერში დასტურდება.

ასეა თუ ისე, ჩვენს ცოდნაში ბევრი რამაა პირობითი, ბევრი რამაა კულტურულ ტრადიციაზე დაფუძნებული და მეორადი ცოდნით განპირობებული. გავთავისუფლდეთ მეორადი ცოდნის მარწუხებისგან თუ მივიღოთ და ვაღიაროთ იგი, ეს ჩვენი გადასაწყვეტია… გავთავისუფლდებით და, ხომ კარგი; არ გავთავისუფლდებით და არც ამით დაშავდება რამე, თუკი ჩვენი, მეორადი ცოდნით მიღებული, შეხედულებები სხვის, ასევე მეორადი ცოდნით მიღებულ, წარმოდგენებს არ შეურაცხყოფს და სერიოზული საფრთხის ქვეშ არ დააყენებს გარშემომყოფების (ან საკუთრივ მათ) სიცოცხლეს.

როგორ ვესაუბროთ მშობლებს

0

სკოლაში კლასის დამრიგებლად მუშაობა უდიდესი პასუხისმგებლობაა. ბავშვის პიროვნული და მორალური განვითარება ხშირად სწორედ ამ მასწავლებელზეა დამოკიდებული. დამწყები დამრიგებლები რჩევას გამოცდილ მასწავლებლებს ეკითხებიან და მერე მთელი ცხოვრება მადლიერი რჩებიან იმ კეთილი ადამიანებისა, რომლებმაც გულახდილად გაუზიარეს გამოცდილება.

მახსენდება ძველი თაობის მასწავლებლების რჩევა: „თუ მოსწავლე არ მოვიდა სკოლაში, იმ დღესვე დაურეკე მშობელს და ჰკითხე გაცდენის მიზეზი. მშობელმა შესაძლოა შვილი სკოლაში გამოუშვა, მაგრამ ბავშვი სადმე სხვაგან წავიდა”. ერთ მშობელს ძალიან გაუხარდა ასეთი ყურადღება. ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობაც გამაცნო და ოჯახური მდგომარეობაც. ძალიან შორი გზიდან უწევდა თურმე სკოლაში სიარული, ასთმა აწუხებდა. მშობელმა ჩვენი ყურადღება დააფასა და როცა ბავშვი აცდენდა, ყოველთვის რეკავდა სკოლაში, იგებდა დავალებებს… წლის ბოლოს ის მოსწავლე საუკეთესო აკადემიური მოსწრებით გამოირჩეოდა.

ზოგჯერ ახალი დამრიგებლები სათითაოდ ურეკავენ მშობლებს და ეცნობიან. მშობლებიც კითხულობენ ახალი მასწავლებლის შესახებ. ეკითხებიან შვილებს და სხვა მშობლებს, როგორ მოსწონთ მასწავლებელი. ხშირად საგნის სწავლება უფრო იოლია, ვიდრე ბავშვებთან დადებითი ურთიერთობის ჩამოყალიბება. კლასის მართვა დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი ურთიერთობა აქვთ მოსწავლეებს მასწავლებელთან. მუდმივად უნდა ვზრუნავდეთ პოზიტიური კავშირის განმტკიცებაზე, რათა შევძლოთ სასწავლო მიზნების განხორციელება.

ბავშვებთან ურთიერთობის გასამყარებლად საჭიროა მშობლებთან ურთიერთობა. თუ მშობელს სკოლაში მოსასვლელად არ სცალია, მაშინ დამრიგებელმა უნდა გამონახოს დრო დასარეკად. საუბარი მოკლე და ლაკონური უნდა იყოს. დავიწყოთ კარგი ამბით, ბოლოს კი ვახსენოთ ბავშვის უდისციპლინობა ან გაკვეთილის მოუმზადებლობა.

კალიფორნიელი მასწავლებელი ელენა აგილერა იხსენებს, როგორ დაძლია პრობლემები ურთულეს კლასში. მან მოსწავლეებს უთხრა, რომ მათი კარგი ქცევისა და კარგი საქმეების შესახებ აუცილებლად მოახსენებდა მშობლებს. ასეც იქცეოდა. ბავშვებმა გაიგეს, რომ მასწავლებელი ნამდვილად უკავშირდებოდა მათ მშობლებს. შემდეგ ელენამ გამოკითხვა ჩაატარა, ისურვებდნენ თუ არა მოსწავლეები, რომ მათი კარგი ქცევისა და მაღალი აკადემიური მოსწრების შესახებ სხვა ახლობლებსაც გაეგოთ. თითოეულმა მოსწავლემ, სულ ცოტა, ხუთი ადამიანი მაინც დაასახელა. დროდადრო მასწავლებელი იმ ადამიანებსაც ურეკავდა და კარგ ამბებს ატყობინებდა. მოსწავლეებმა კი უფრო მეტად მოინდომეს, რომ გამოესწორებინათ ქცევა და ნიშნები.

ინგლისელი მასწავლებელი კატია უაითი იხსენებს, როგორ დარეკა ერთ-ერთი მოსწავლის სახლში და მოყვა მთელი ისტორია ბავშვის ცუდი ქცევების შესახებ. მას დიდხანს უსმენდნენ, მერე კი უთხრეს, რომ მშობლის ნაცვლად დეიდას ესაუბრებოდა და თუ სურვილი ექნებოდა, ამ ამბავს აუცილებლად გადასცემდნენ მშობელს. მასწავლებელმა ხმა ვეღარ ამოიღო. ბავშვის შესახებ ინფორმაცია ხომ ძალიან კონფიდენციალურია და მხოლოდ მშობელს შეიძლება გაანდო.

უპირველეს ყოვლისა, გვირჩევენ, რომ კარგად მოვემზადოთ ორწუთიანი სატელეფონო საუბრისთვის. გადავამოწმოთ ტელეფონის ნომერი. ჩამოვწეროთ, რისი თქმაც გვინდა. პრეტენზიულ მშობლებთან დარეკვისას კი საჭიროა, შევახსენოთ, ბოლოს როდის გავესაუბრეთ, უკვე მერამდენედ ვურეკავთ იგივე ან სხვა პრობლემის შესახებ.

დარეკვასაც თავისი ეტიკეტი აქვს. უნდა დავურეკოთ მაშინ, როცა სცალიათ: არც ძალიან ადრე და არც ძალიან გვიან. ვკითხოთ, სცალიათ თუ არა სასაუბროდ.

საუბარი მოსწავლის დადებითი მხარეეების განხილვით უნდა დავიწყოთ. მშობლებს ძალიან სწყინთ, თუ შვილზე ცუდს ეუბნებიან. ვაგრძნობინოთ მშობელს, რომ მის შვილს ვაფასებთ, რომ მას ბევრი კარგი თვისება აქვს, მაგ., სკოლას აღარ აცდენეს ხშირად, ან მხოლოდ ერთხელ არ ჰქონდა საშინაო დავალება, მაგრამ მისი ზოგიერთი ქცევა გამოსასწორებელია. ბოლოს შეიძლება ვუთხრათ, რომ ჩვენ მზად ვართ, ყველანაირად დავეხმაროთ და სასურველია, მშობელმაც გააცნოს ბავშვს სკოლის მოთხოვნები და მაღალი მოლოდინები. შემდეგ აუცილებლად შევატყობინოთ მას, თუ გამოსწორდა სიტუაცია; თუ – არა, კიდევ ერთხელ ვთხოვოთ დახმარება; ვაცნობოთ ბავშვის წარმატებები აკადემიურ და სოციალურ სფეროებში.

როდესაც მშობლებს შევხვდებით, აუცილებლად უნდა მოვიკითხოთ მისი შვილი. ვკითხოთ: რით ერთობა თავისუფალ დროს? ვინ არიან მნიშვნელოვანი ადამიანები მის ცხოვრებაში? რა არის მისი შვილის საუკეთესო თვისება? როგორი იყო ბავშვობისას? დავუმტკიცოთ მშობლებს, რომ გვაინტერესებს მათი შვილების ამბები.

გულისყურით მოვუსმინოთ მათ, როდესაც გვესაუბრებიან. ისინი ბავშვებზე დიდ ინფორმაციას ფლობენ, რაც ჩვენ აუცილებლად გამოგვადგება.

მშობლებს ყოველთვის სურთ, რომ შვილებს დაეხმარონ სწავლაში. რაც უფრო იზრდებიან ბავშვები, მით მეტად დამოუკიდებლები ხდებიან. გავაცნოთ მშობლებს სასწავლო პროგრამა და ვუთხრათ, როგორ შეიძლება დაეხმარონ შვილებს სასკოლო პროექტის მომზადებაში.

თუ ვაპირებთ, რომ მშობელს ბავშვის რომელიმე პრობლემური ქცევის შესახებ ვაცნობოთ, მომზადებული უნდა გვქონდეს რჩევაც – როგორ შეიძლება ამ ქცევის გამოსწორება.

შევუწყოთ ხელი მშობლებს, რომ ზოგიერთი საკითხის შესახებ გადაწყვეტილება თავად მიიღონ. მივაწოდოთ ინფორმაცია, რაც აზრს ჩამოუყალიბებს ამა თუ იმ საკითხის შესახებ, შემდეგ კი მათ დასკვნებს მოვუსმინოთ.
როგორც პირადად, ასევე საჯაროდ მადლობა გადავუხადოთ მშობლებს და დავაფასოთ მათი შრომა და თანადგომა.

გამოყენებული ლიტერატურა:

1.How can parent tell if teachers are doing a good job? Larry David et. all. https://www.educationworld.com/a_admin/admin/admin367.shtml
2.Positive phone calls. Elena Aguilar. https://www.edutopia.org
3.Get parents on the line to dial down mischief. Katie White. TES, 20 June, 2014

წითელწვერა თოვლის პაპები(90-იანების სერიიდან)

0

ხოლო ერთ დილით, რომელსაც მშვენიერს ვერასდიდებით ვერ დავარქმევთ, ჩვენ გავიღვიძეთ, თვალი (გონების ან გნებავთ ჩვეულებრივიც) ირგვლივ მოვავლეთ და..

სად გაქრა თოვლის ბაბუა? პაპა ან თუნდაც სანტა კლაუსი?

რაღა ჟამის იმაზე კამათი და თავპირისმტვრევაა – რომელი რა კულტურის ნაყოფია და საიდან ნაკარნახევი. კითხვაც სრულიად პრიმიტიულად მოგეჩვენებათ და დაახლოებით ასეთ შაბლონურ გოდებად მოვთარგმნოთ: ,,საით გაფრენილა ჩემი ბავშვობა?” თუ სტატიის ბოლომდე ჩაკითხვა დაგეზარათ.

მე  მინდა რაღაც-რაღაც ცოტა ავხლართოთ და ვიკითხოთ: მაინც რა არის თოვლის პაპა – ცხოვრების სირთულეთა იოლად გადალახვის გულუბრყვილო სურვილი? ის ხომ ბავშვების გამოგონილი ფენომენი არი არის – დიდებმა შეუთხზეს პატარებს. ეგებ საკუთარი ძნელბედითი ცხოვრების მარცხთა გაქრობის ერთგვარი ოცნებაა, შვილებისკენ მიმართული. რატომ მივტირით უმისობას – ასე ოცნებების ჩათქმით  და მერე პატარებისთვის ვითომ თოვლის პაპას ხელით ასრულებით?  რა კანფეტებია ეს კანფეტები – სურვილით მოტანილი (,,თქვი და გაგიჩენ’’) – ის სიტკბო, რომელიც იმ დილის მერე, როცა თვალს მოვავლეთ და ვეღარ დავინახეთ, ბავშებისთვის მაინც შეგვეპარებინა?

ჩემმა თაობამ მაინც უცნაური ბავშობა გამოიარა. უნდა დამეწერა:  ეს იქით იყოს და ჩემმა თაობამ მაინც უცნაური ბავშობა გამოიარა. მაგრამ იქით როგორ იყო ამხელა თეორიული წვალება, მით უფრო, როცა ჩვენ თოვლის ბაბუებთან უცნაური შეხება გქვონდა.

ამას წინ ვლაპარაკობდით მე და ჩემი მეგობრები, ჩვენს ბავშობაში უკვე აღარ გვატყუებდნენ თოვლის პაპებით, უბრალოდ გვეუბნებოდნენ რომ ამდაგვარი ტიპი არსებოდა მათ ბავშობაში, საჩუქრები და რამე. და მერე საღებავგადაშლილ, გათეთრებულ კაცებს ნაძვის ხის ქვეშ დგამდნენ. და მერე ჩვენ  ვიტყუებდით ჩვენს თავს. რაღაც ,,მეორადი” თოვლის პაპები გვყავდა.

მეტიც –  ერთხელ ნაძვის ხის ოთახში შევიხედე, შუქი არ იყო და ეს თოვლის ბაბუა, რომელიც ჩემი ბაბუის ნაქონი იყო, აღარც წარბები აჩნდა და არაფერი – სულ თეთრი იყო – წაქცეული დამხვდა. მაგის მერე თოვლის პაპა მკვდარი კაცი მეგონა, ნამეტანი ბრუტალური ამბავია, მაგრამ…  მაგრამ არ იფიქროთ, რამე განსაკუთრებულად მძიმე ბავშობა მქონდა, აქ მთავარი ის არის, რომ ამ შეგრძნებას საპირწონე არ ჰქონდა.

სამაგიეროდ, წითელწვერა თოვლის პაპები იყვნენ – ის ბაბუები, რომელთაც ჩვენს ბავშობაში სამი ომი გადაიხადეს და ათასი ყაჩაღობა გამართეს. ეს თოვლის ბაბუები გვილოცავდნენ ახალ წელს, ისინი იყვნენ ჩვენი მეკვლეები (სიმბოლური თუნდაც) და სანტები. შესაბამისად ყველაფერი წმინდა ( ანუ სანტა) თითქოს გაუფასურდა.

როგორ მოვირჩინოთ ეს ამბავი. ალბათ იმ ამბავს ფარდა უნდა მივაფაროთ და ჩვენ შვილებს აღვუდგინოთ ეს სიბრძნე სიცრუისა. ასე ხომ უკეთესია, სულ რომ არაფერი.

ანუ თუ ჩვენ არ გვატყუებდნენ, ჩვენი თვალი უნდა მოვატყუოთ.

უცხოური ენის ეფექტიანი გაკვეთილი: კომპონენტები და მახასიათებლები

0

ნებისმიერი მასწავლებელი, რომელიც  საკლასო ოთახში შედის  მიზანად ეფექტიანი გაკვეთილის ჩატარებას უნდა ისახავდეს. მას გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს, რომ კარგად დაგემილი და წარმართული გაკვეთილის საშუალებით   ერთის მხრივ მოსწავლეთა მოტივირებას და  ლექსიკური მარაგის გამდიდრებას, ხოლო მეორეს  მხრივ მათ  თავდაჯერებულობის ზრდას უწყობს ხელს. სწორედ ამგვარად წარმართული გაკვეთილების შედეგად შეძლებენ მოსწავლეები მიზანმიმართულად  გამოიყენონ უცხოური ენა სხვადასხვა კონტექსტში.

როგორ მიაღწიოს მასწავლებელმა ამ მიზნებს? რას ნიშნავს ეფექტიანი და წარმატებული გაკვეთილი? შესაძლებელია ორმა მასწავლებელმა ერთიდაიგივე გაკვეთილი ჩაატაროს ერთიდაიგივე სახელმძღვანელოს მიხედვით და ერთიდაიგივე გეგმით, მაგრამ სრულიად განსხვავებულ შედეგზე გავიდეს. თითოეულ მასწავლებელს საკუთარი სწავლების სტილი აქვს, რაც არ ნიშნავს იმას, რომ ერთი უკეთესად ასწავლის ვიდრე მეორე. ზოგჯერ ისეც ხდება, რომ მასწავლებელი თვლის გაკვეთილი ვერ გავიდა მის მიერ დასახულ მიზანზე, თუმცა მოსწავლეებისთვის საგაკვეთილო პროცესი სასიამოვნო და  ნაყოფიერი აღმოჩნდა.  მეორეს მხრივ,  შესაძლოა მასწავლებელმა სრულად დაფაროს გაკვეთილის გეგმა, მაგრამ მოსწავლეებმა ვერ მიიღონ შესაბამისი ცოდნა.

რა ძირითადი მახასიათებლები აქვს უცხოური ენის ეფექტიან გაკვეთილს?

1. გაკვეთილში ასახულია მაღალ პროფესიული სტანდარტები

ზოგადად სწავლება და მათ
შორის ენის
სწავლება, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა პროფესია,
ეფუძნება სტანდარტებს. სტანდარტები მოიცავს იმ მეთოდებსა და უნარებს, რაც მასწავლებლებს უნდა ჰქონდეთ, ასევე
იმ ქმედებებს, რაც მათ უნდა გამოამჟღავნონ საკლასო ოთახში. საქართველოში, ისევე როგორც
მრავალ სხვა ქვეყანაში, არსებობს უცხოური ენის მასწავლებლის სტანდარტი, რომელიც ზუსტად
ასახავს რა ცოდნა და უნარები მოეთხოვებათ მასწავლებლებს. სტანდარტი სხადასხვა
დომეინისგან შედგება და ის ეხება სწავლების სხვადასხვა ასპექტს. მაგალითად, ცოდნა და
უნარები, რაც უნდა გამოამჟღავნოს მასწავლებელმა გაკვეთილზე, როგორ უნდა დაგეგმოს გაკვეთილი,
როგორ უნდა აკონტროლებდეს ემოციებს საკლასო ოთახში და სხვა. მასწავლებლის სტანდარტის
ცოდნა და პროფესიული ეთიკის ნორმების ზედმიწევნით დაცვა მნიშვნელოვანია ეფექტიანი სწავლებისათვის.

2.გაკვეთილი ასახავს ენის სწავლების ძირითადი პრინციპებს

ენის კარგი გაკვეთილი არ არის მხოლოდ აქტივობებისა და
სავარჯიშოების ერთობლიობა გაერთიანებული იმ მიზნით რომ გავიყვანოთ საგაკვეთილო დრო; ეს გაცილებით მეტია, ვიდრე სახელმძღვანელოში მოცემული
მასალების მოსწავლეთათვის გაცნობა. მიუხედავად მასწავლებლის კვალიფიკაციისა, ენის კარგი
გაკვეთილი პროფესიონალის განსაკუთრებულ აზროვნებასა
და ცოდნას უნდა ასახავდეს, რომელსაც ამავდროულად ენის შესაბამისი კომპეტენცია ამყარებს.
თითოეულ გაკვეთილში უნდა გამოჩნდეს უცხოური
ენის სწავლა- სწავლების, მოსწავლეთა საჭიროებების ანალიზისა და მათი სწავლის სტილების,
ასევე ენის ბუნების საფუძვლიანი ცოდნა.

3. გაკვეთილი მიზნად ისახავს კონკრეტულ შედეგებზე გასვლას

თითოეული ჩატარებული გაკვეთილი უნდა აძლევდეს მოსწავლეებს
ცოდნას და უნდა გადიოდეს კონკრეტულ შედეგზე.შედეგების შესაძლო ფორმულირების მაგალითები:

·მოსწავლეები ისწავლიან როგორ დაწერონ აბზაცი, რომელიც
შეიცავს თეზისს და ამ თეზისის გამამყარებელ
არგუმენტებს;

·მოსწავლეები შეძლებენ დამოკიდებული წინადადების გამოყენებას;

·მოსწვლეები შეძლებენ ჩანაწერების გაკეთებას მოსმენის
დავალების შესრულებისას და სხვა.

ამგვარი შედეგები შეესატყვისება იმ უნარებსა და კომპეტენციებს,
რასაც უნდა დაეუფლონ მოსწავლეები ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით. გაკვეთილის ან
თემის დასასრულს მასწავლებელმა უნდა შეძლოს შეაფსოს რამდენად გააუმჯობესეს მოსწავლეებმა
სამიზნე უნარ-ჩვევები, რამდენად მიღწეულია ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით გაწერილი
შედეგები.

4. გაკვეთილი მოსწავლეებისათვის წარმოადგენს
შესაძლებლობას ენა გამოიყენონ მიზანმიმართულად სხვადასხვა სიტუაციასა თუ კონტექსტში

ნებისმიერი გაკვეთილის დაგეგმვისა თუ წარმართვისას მასწავლებელი
უნდა ფიქრობდეს შემდეგ საკითხებზე:

·ენის სწავლის რა შესაძლებლობებს სთავაზობს გაკვეთილი
მოსწავლეებს?

·როგორ შეუძლიათ მოსწავლეებს მიზანმიმართულად გამოიყენონ
ნასწავლი ენობრივი კომპონენტები?

·ვინ უფრო აქტიურად იყენებს ენას გაკვეთილზე – მასწავლებელი
თუ მოსწავლე?

·ყველა მოსწავლე თანაბარად ერთვება საგაკვეთილო პროცესში?

როგორც წესი, მასწავლებლები სიამოვნებით ატარებენ გაკვეთილს
და მათთვის ეს პროცესი ერთგვარი „პერფომანსია”, თუმცა არ უნდა დავივიწყოთ, რომ ჩვენი
უმთავრესი მოვალეობა ფასილიტაციაა. იმისათვის რომ გაიზარდოს მოსწავლეთა საგაკვეთილო
პროცესში ჩართულობა, მასწავლებელმა მუდმივად უნდა ცვალოს მოსწავლეთა დაჯგუფების მოდელები
რათა მინიმუმამდე შემცირდეს მისი დომინირება გაკვეთილზე. სწორედ ამ მიზნით უნდა გააქტიურდეს წყვილებში და ჯგუფებში მუშაობა. ასევე კითხვების
დასმისას, განსაკუთრებით უნდა აკონტროლოს მასწავლებელმა მოსწავლეთა თანაბარი ჩართულობა.
ასევე, მნიშვნელოვანია მოსწავლეთათვის პასუხისმგებლობის გადანაწილება. მაგალითად, თუ
ვამოწმებთ დავალების სისწორეს, შეიძლება ერთერთ მოსწავლეს ვთხოვოთ წაიკითხოს სწორი
პასუხები.

ყველა გაკვეთილის ბოლოს უნდა შეფასდეს რამდენად წარმატებით
შევძელით მოსწავლეთა ჩართულობის წახალისება და მათთვის სათანადო აქტივობების სწორად
მიწოდება.

5. გაკვეთილი ეფექტურად არის წარმართული

წარმატებული გაკვეთილის მნიშვნელოვანი ასპექტია პოზიტიური
სასწავლო გარემოს შექმნა. ტერმინი „საკლასო ოთახის მენეჯმენტი” ერთდროულად მოიცავს
ფიზიკურ და სოციალურ ფაქტორებს რაც გათვალისწინებელი
უნდა იყოს სწავლა-სწავლების პროცესის ხელშესაწყობად. შეუძლებელია ეფექტიან გაკვეთილზე
საუბარი, როდესაც კლასში არ არის დისციპლინა, მოსწავლეები უყურადღებოდ არიან, არასათანადოდ
იქცევიან და პატივს არ სცემენ თანაკლასელებსა და მასწავლებელს. პოზიტიური საკლასო გარემოს
უპირველესი მახასიათებელია ატმოსფერო, სადაც მოსწავლეები ფოკუსირებულნი არიან გაკვეთილზე,
მუშაობენ ერთად, იჩენენ ინიციატივას დაეხმარონ მასწავლებელსა და თანაკლასელებს.

ამგვარი გარემოს შესაქმნელად უპირველეს ყოვლისა საჭიროა
ურთიერთნდობის მოპოვება და დამკვიდრება. მასწავლებელს უნდა ჰქონდეს შემუშავებული პროცედურები
როგორ მართოს და აკონტროლოს მოსწავლეთა ქცევა და ინტერაქცია, რათა თავიდან აიცილოს
დისციპლინის დარღვევები.

6. გაკვეთილი არის ლოგიკური კრებული
სასწავლო აქტივობების, რომელნიც ქმნიან ერთ მთლიანობას

ენის გაკვეთილი წარმოადგენს აქტივობების ერთობლიობას,
რომელთაც მივყავართ გაკვეთილის მიზნისაკენ. გაკვეთილის სტრუქტურის წარმატება დამოკიდებულია
იმაზე, თუ როგორ გაართმევს მასწავლებელი თავს გაკვეთილის სამ მნიშვნელოვან ეტაპს: დაწყებას,
აქტივობების თანამიმდევრულობას და დასასრულს.

გაკვეთილის დაწყება:

გაკვეთილის ამ ფაზაში მასწავლებელმა უნდა მოახერხოს
მოსწავლეთა ყურადღების კონცენტრირება გაკვეთილის მიზანზე, წინა გაკვეთილთან კავშირის
დამყარება, წინა ცოდნის გააქტიურება, ნასწავლი ენის გამეორება და ინტერესის გაღვივება.

რამოდენიმე რჩევა გაკვეთილის წარმატებულად დასწყებად:

·დასვით შეკითხვები, რათა მოხდეს მოსწავლეთა წინარე ცოდნის
შეფასება ან თემასთან დაკავშირებული იდეების განვითარება.

·გამოიყენეთ გონებრივი იერიში და დისკუსია.

·აჩვენეთ გაკვეთილის თემასთან დაკავშირებით ვიდეო.

·დააწერინეთ მოკლე ტესტი.

·აჩვენეთ ან გააკეთეთ რაიმე უჩვეულო, რაც მოსწავლეებს
გაუღვივებს გაკვეთილისადმი ინტერესს.

გაკვეთილის შემადგენელი აქტივობების თანამიმდევრულობა:

როგორც წესი, გაკვეთილზე ერთზე მეტ აქტივობას ვფარავთ.
ამ შემთხვევაში მასწავლებელს წინასწარ აქვს გაწერილი აქტივობების თანმიმდევრობა გაკვეთილის
ტიპის შესაბამისად. ყველაზე გავრცელებული გაკვეთილის მოდელი ენის სწავლებისას არის
PPP (Presentation, Practice, Production)- პრეზენტაცია,
რომლის დროსაც ახალი ენობრივი ერთეულების წარდგენა ხდება; პრაქტიკა, რომლის დროსაც მოსწავლეები ასრულებენ ახალ მასალასთან დაკავშირებულ
დავალებებს; და პროდუცირება, რომლის დროსაც
მოსწავლეები წარმოადგენენ შესწავლილ მასალას ნაკლებად კონტროლირებადი, თავისუფალი აქტივობების
ფორმით. კომუნიკაციური მიდგომის პრინციპების თანახმად გაკვეთილი ძირითადად იწყება სიზუსტეზე
ორიენტირებული დავალებებით და შემდეგ მოდის შინაარსზე
ფოკუსირებული
სამუშაო აქტივობები. გარდა იმისა, რომ ვითვალისწინებთ შერჩეული მეთოდისათვის დამახასიათებელ
გაკვეთილის დაგეგმვის პრინციპებს, ასევე საგულისხმოა გავითვალისწინოთ ისეთი ზოგადი
პრინციპები, როგორიცაა, ჯერ შედარებით ადვილი და შემდგომ უფრო რთული დავალებები, ჯერ
რეცეფციულ, ხოლო შემდგომ პროდუცირებაზე ორიენტირებული სავარჯიშოები. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია
აქტივობებს შორის გარდამავალი ეტაპების სწორად დაგეგმვა. ამ დროს მკაფიოდ უნდა დავინახოთ
სად დასრულდება ერთი აქტივობა და დაიწყება მეორე, ამავდროულად ეს უნდა მოხდეს ისე,
რომ არ დაიკარგოს დრო ახალი აქტივობისათვის მოსწავლეთა გადანაწილებაზე. ასევე მასწავლებელი
მზად უნდა იყოს იმ მოსწავლეებისთვისაც, რომელნიც უფრო ადრე დაასრულებენ დავალებას.

გაკვეთილის დასრულება:

გაკვეთილის დასრულების ეტაპი მნიშვნელოვანი კომპონენტია საერთო პროცესის . სწორედ
ამ ფაზაში უნდა გრძნობდნენ მოსწავლეები, რომ მათ წარმატებით გაართვეს თავი გაკვეთილს
და რომ ეს მნიშვნელოვანი იყო მათთვის. სასურველია ამ დროს მასწავლებელმა ერთგვარად
შეაჯამოს გაკვეთილზე მიღწეული მიზნები, ყურადღება გაამახვილოს გაკვეთილის მთავარ აქცენტებზე
და შესთავაზოს მოსწავლეებს გაკვეთილის შემდგომი აქტივობები. სწორედ ამ ეტაპზე წამოწევენ
მოსწავლეები იმ პრობლემებს, რაც გაკვეთილის განმავლობაში შეხვდათ და მასწავლებელი სთავაზობს
მათ ამ პრობლემების გადაჭრის გზებს.

7. გაკვეთილი ქმნის მამოტივირებელ ატმოსფეროს
და იძლევა წარმატების შესაძლებლობას

ყველა მოსწავლე ერთნაირად არ არის განწყობილი უცხოური
ენის გაკვეთილის მიმართ. ზოგიერთისათვის ეს საყვარელ გაკვეთილთა რიცხვს მიეკუთვნება
და ხალისით ებმება საგაკვეთილო პროცესში, თუმცა ბევრს აშინებს ენის გაკვეთილი. მასწავლებელმა
უნდა შეძლოს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და მათ შორის კეთილგანწყობილი სულისკვეთების
შექმნა. ამ დროს თანამშრომლობა გაცილებით უფრო ღირებულია, ვიდრე შეჯიბრი. მასწავლებელმა
უნდა იზრუნოს საერთო წესების დამკვიდრებაზე, მაგალითად პუნქტუალურობა, წესები მობილური
ტელეფონის გამოყენების შესახებ, ჯგუფებს შორის თანამშრომლობა და ურთიერთდახმარება.
მასწავლებელმა იმგვარი გარემო უნდა შექმნას, რომ წახალისდეს მოსწავლეთა წარმატება და
ნაკლები ყურადღება მიექცეს მარცხს. ის მათ უნდა დაეხმაროს გახდნენ უფრო თავდაჯერებულნი.
ამ მიზნით სასურველია მასწავლებელმა საკუთარ თავს დაუსვას შემდეგი კითხვები:

·არის თუ არა ჩემი გაკვეთილები მრავალფეროვანი?

·მაქვს თუ არა მოტივაციის გაზრდაზე ორიენტირებული აქტივობები?

·შემიძლია თუ არა აქტივობები გავხადო უფრო საინტერესო,
მაგალითად ტრადიციული წასაკითხი ტექსტის ნაცვლად მოსწავლეებს შევთავაზო მოზაიკის (
Jigsaw) მეთოდით კითხვა?

·შემიძლია თუ არა წინ წამოვწიო მოსწავლეთა პიროვნული
ინტერესები და მოვახდინო აქტივობების პერსონალიზაცია?

8. გაკვეთილი ასახავს სწავლების
შენეულ ფილოსოფიას

მიუხედავად სწავლების
განსხვავებული მეთოდებისა, რომელთაც მასწავლებელი იყენებს პრაქტიკაში, მნიშვნელოვანია
მან იპოვოს საკუთარი სტილი, რაც მორგებული იქნება მის პიროვნებას და იმას, თუ როგორ
ხედავს საკუთარ თავს საკლასო ოთახში. ეს არ ნიშნავს არსებული მეთოდების უგულებელყოფას,
პირიქით, ეს არის გამოცდილებასთან ერთად მოსული ინტერპრეტირების უნარი, გაგება იმისა,
თუ რას ნიშნავს იყო ენის მასწავლებელი, რა ღირებულებები, თეორიები დასკვნები უნდა გეხმარებოდეს
შენ, როგორც მასწავლებელს. ეს არის ის ეტაპი, როდესაც უკვე აცნობიერებ რა გზით ვითარდება
ენა შემსწავლელებში, რა ტიპის უკუკავშირი ეხმარება
ენის სწავლის პროცესს, რა მიმართულებით უნდა წარმართო აქტივობები ისე, რომ მოსწავლეებმა
მაქსიმალური სარგებელი მიიღონ დავალებებზე თუ პროექტებზე მუშაობის დროს.

ამ პროცესში მასწავლებელს
უვითარდება საკუთარი თეორიები და პრინციპები რაც მას სურს მოარგოს სწავლებას. ყველაზე
დიდი გამოწვევა ენის მასწავლებლებისათვის მაინც მოსწავლეთა დაინტერესებაა. ამის გადასაჭრელად
კი უნდა გვახსოვდეს, რომ ენის გაკვეთილები გავხადოთ სახალისო,
ნაკლებად დამღლელი და მოსწავლეების პირად ინტერესებს მორგებული.

სიტუაციური სავარჯიშოები ინტერკულტურული განათლებისთვის

0

გასულ კვირას მომავალმა მასწავლებლებმა პრეზენტაცია მოამზადეს – „ჩემი ოცნების სკოლა”. სასკოლო კულტურის ძირითადი ელემენტები მშვიდობიანი გარემო და ურთიერთპატივისცემა ჩვენი სტუდენტებისთვის ისევე მნიშვნელოვანია, როგორიც ჩვენი თაობისთვის – ძირითადი ღირებულებები არ იცვლება რადიკალურად შეცვლილი – გაფართოებულ–გაფერადებული გარემოს მიუხედავად.

გთავაზობთ სიტუაციურ სავარჯიშოებს, რომელიც მომავალ მასწავლებლებს მრავალფეროვან გარემოსთან მშვიდობიან შეგუებაში და წარმატებულ საქმიანობაში დაეხმარებათ.

 

აუტისტი მოსწავლე

მირანდამესამეწელია,რაც სკოლაში ასწავლის.ბავშვებთან მუშაობა და კომუნიკაცია მისი მოწოდება იყო. მირანდას მასწავლებლობა ერჩია ნებისმიერ სხვა სამუშაოს, სადაც ინტერპერსონალური კონტაქტი მინიმალური იქნებოდა.

მირანდა კმაყოფილია, რადგან მოსწავლეების ინტელექტუალურ, სოციალურ და ემოციურ ზრდას ხედავს. როდესაც მარტო რჩება საკუთარ თავთან, აანალიზებს, რამდენად რთული და წინააღმდეგობებით სავსე დღე ჰქონდა. მისი ფიქრები დღის პირველ ნახევარში ჩატარებულ შეხვედრას დასტრიალებს – მირანდა მონაწილეობდა მისივე მოსწავლისათვის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის განახლების პროცესში.

სიენი მისი აუტისტი მოსწავლეა. მას ძალიან უყვარს კლასელებთან ერთად მეცადინეობა. სიენის აუტიზმი დანარჩენი მოსწავლეებისთვის გამოწვევაც არის და ერთგვარი ჯლდოც.

მოუსვენრობის გამო შეიძლება სიენი გამაღიზიანებელი იყოს სხვებისათვის – ხშირად ღეჭავს ფანქარს ან მაისურს. მას კლასში რამდენიმე მეგობარი ჰყავს, თუმცა, პერიოდულად მაინც ავლენს ასოციალურობას – მტკივნეულად აღიქვამს მის მიმართ გამოთქმულ მეგობრულ ხუმრობებს. სიენი ჯერ–ჯერობით ძალიან მოწადინებულია და კლასის მნიშვნელოვანი წევრია.

მირანდა იხსენებს სკოლის დირექტორთან, საგანმანათლებლო საკითხებში მთავარ კოორდინატორთან და სიენის მშობლებთან შეხვედრას და გაკვირვებულია, როგორი განსხვავებული აზრი აქვს თითოეულს იმის შესახებ, თუ რა სახის განათლება იქნება სიენისთვის საუკეთესო. მირანდა ხვდება, რომ საბოლოო შეთანხმებამდე მისვლა და ყველა მხარის ინტერესის გათვალისწინება რთული იქნება.

სიენის მშობლებს სურთ, რომ მათ შვილსაც ჰქონდეს მაღალი აკადემიური მოსწრება და, ამასთანავე, სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლედაც განიხილებოდეს. მშობლებს აინტერესებთ, რამდენადაა შესაძლებელი სიენის საჭიროებების შეთავსება კლასთან, სადაც ბავშვები მნიშვნელოვნად განსხვავდებიან მისგან.

სკოლის დირექტორის, ბ–ნი მილერის აზრით, სიენს არა მხოლოდ ინდივიდუალური კურიკულუმი სჭირდება, არამედ კლასიდან იზოლირება და ინდივიდუალური მეცადინეობები.

ბევრი ისაუბრეს იმაზე, რა უფრო მნიშვნელოვანია, სიენის აკადემიური მიღწევები თუ საზოგადოებასთან მისი ინტეგრაცია. გარდა იმისა, რომ კლასისგან იზოლირებით სიენს მოაკლდება მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული უნარები და გამოცდილება, ის ვერ დაესწრება საინტერესო საკლასო აქტივობებს. მათ გაიხსენეს, როგორ უყვარს სიენს ექსპერიმენტები ბუნების გაკვეთილზე. ისაუბრეს სიენის როლზე საზოგადოებაში – რამდენს სწავლობენ მისგან სხვა მოსწავლეები და ა.შ.

მირანდამ იცის, რომ საბჭოს გადაწყვეტილება როგორიც არ უნდა იყოს, დიდ გავლენას მოახდენს სიენის პიროვნულ განვითარებაზე. მას იმედი აქვს, რომ დადებითად გადაწყდება გაკვეთილებზე სიენის რეგულარული დასწრების საკითხი.

როგორ გგონიათ, რა გადაწყვეტილება უნდა მიიღონ მირანდამ და მისმა კოლეგებმა?

მასწავლებლის დღიური

8 ოქტომბერი, ორშაბათი

ყველაფერი ამ სემესტრში დაიწყო – დაძაბულობა კოდისა და ფილიპს შორის. ვერასოდეს გავიგებ ფილიპის მშობლებისას – თუკი დედაქალაქში დასახლებას აპირებდნენ, რაღა მაინცდამაინც ეს სკოლა აირჩიეს. სხვა ფერადკანიანები, რომლებიც თავიდან მოხარულები იყვნენ ფილიპის გადმოსვლით, ახლა აქცენტის გამო დასცინიან, რომელიც არც ისე შესამჩნევია. თეთრკანიანები საერთოდ უცხოდ მიიჩნევენ კანის ფერისა და სამხრეთ აფრიკული წარმოშობის გამო.

დღეს კოდიმ ფეხი დაუდო ეზოში წყლის დასალევად მისულ ფილიპს. ფილიპი წაბორძიკდა, ყველამ გაიცინა. ფილიპი გაიმართა და გზა გააგრძელა. ფილიპის ურეაქციობაზე თითქმის ისევე ვიდარდე, როგორც კოდის თავდასხმაზე.

აღარ ვაპირებ კოდის მამასთან კიდევ ერთხელ დარეკვას. მინდა სასწავლო ნაწილის გამგეს დაველაპარაკო, იქნებ რაიმე შემომთავაზოს ამ სიტუაციის მოსაგვარებლად.

10 ოქტომბერი, ოთხშაბათი

დღეს სასწავლო ნაწილის გამგეს ვესაუბრე ფილიპისა და კოდის შესახებ. მოვუყევი კოდის მამასთან საუბრის შესახებაც… ნამდვილი კოშმარი იყო. შევეცადე ჩემი და კოდის მამის საუბარი შეძლებისდაგვარად დეტალურად მომეთხრო:

მე: ბატონო ვილარდ, თქვენი ვაჟი გამუდმებით დასცინის ფილიპს. წინ მთელი სასწავლო წელია და მათი ურთიერთობა კი უკვე სერიოზულ პრობლემად იქცა. კლასის დატოვება კოდს უკვე ორჯერ ვთხოვე ფილიპის შეურაცხყოფისთვის. როგორც კი ფილიპთან რომელიმე კლასელი დააპირებს დაახლოებას, საქმე კიდევ უფრო რთულდება.

ბ–ნი ვილარდი: ვაფასებ თქვენს ზარს ქ–ნო მანსონ. თუმცა, ვერ გამიგია თქვენნაირი ახალგაზრდა ქალი რატომ იწუხებს თავს ზანგი ბიჭის გამო. კოდიმ მიამბო, რომ ის ბიჭი არავის ელაპარაკება, ქედმაღლობს. არავინ სთხოვდა მის მშობლებს აქ ჩამოსახლებას. თუმცა, რაც არ უნდა იყოს ისინი მეხუთეკლასელები არიან და რა უნდა დაუშავონ ერთმანეთს.

მე: ვწუხვარ, რომ ასე ფიქრობთ ბ–ნო ვილარდ. მე პასუხისმგებელი ვარ ვასწავლო ამ ბავშვებს და ვერ შევეგუები თქვენი შვილის უსაქციელობას. არ ვაპირებ ჭკუა დაგარიგოთ, მაგრამ გეტყვით, რომ კოდის რასისტულ გავლენას ჩემს კლასში ვერ მივესალმები.

ველოდებოდი, რომ სასწავლო ნაწილის გამგე რაიმე გონივრულ რჩევას მომცემდა. მრავალი წლის წინ მასაც საკუთარ თავზე ჰქონდა ნაწვნევი, რას ნიშნავდა ფერადკანიანობა ამ სკოლაში. მან მითხრა, რომ ამ ეტაპზე ვერ ჩაერეოდა და პრობლემა თავად უნდა მომეგვარებინა. მთხოვა, მეცნობებინა საქმის ვითარება.

როგორც ჩანს, მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა მქონდეს. ფილიპის მშობლებს უნდა დავურეკო.


15 ოქტომბერი, ორშაბათი

ფილიპის დედას ხუთშაბათს ველაპარაკე. მითხრა, რომ ფილიპს არაფერი უთქვამს მისთვის. „ის ძლიერი ბიჭია. არაფერს შეუძლია, მისი მდგომარეობიდან გამოყვანა. მამას ჰგავს”.

ვთხოვე, იქნებ დალაპარაკებოდა შვილს. ვკითხე, რაიმე დაძაბულობა ხომ არ უგრძვნიათ ახალ გარემოში. მითხრა, რომ ის და მისი მეუღლე სახლში თითქმის არ არიან, ხშირად უწევთ მივლინებაში სიარული და აქ ყოფნისას მსგავსი არაფერი შეუნიშნავს.

გადავწყვიტე ამ თემაზე აღარ მესაუბრა.

თითქოს ყველაფერი ჩაწყნარდა კლასში, თუმცა, შევნიშნე, რომ სხვა თეთრკანიანი ბავშვები კოდიში ერთგვარ ლიდერს ეძებდნენ. მის ჭკუაზე დადიოდნენ, ბაძავდნენ. თუ ის ხმაურობდა, სხვებიც ხმაურობდნენ, თუ წყნარად იყო, სხვებიც მშვიდად იყვნენ. ამაზე ვწუხდი, თუმცა, დროებითი სიმშვიდით ვტკბებოდი.

თითქოს ფილიპი უფრო კომფორტულად გრძნობს თავს, თუმცა, მაინც ჩაკეტილია. მაღალი შეფასებები აქვს, რაც თავისთავად კარგის ნიშანია, თუმცა, თავს მაინც გარიყულად გრძნობს. ხვალ სავარჯიშოს მოვიტან, რომელიც ერთმანეთთან დაახლოებაში დაეხმარებათ.


16 ოქტომბერი, სამშაბათი

კოდსა და ფილიპს სამი დღით სკოლაში მოსვლა აეკრძალათ. სავარჯიშო, რომელიც ხსნად მესახებოდა, უკუღმა შემომიტრიალდა.

მოსწავლეებს ვთხოვე ფეხზე ამდგარიყვნენ და ეთქვათ სამი რამ: სახელი, ადგილი, სადაც დაიბადნენ და საყვარელი საგანი სკოლაში. ცხადია, მოსწავლეთა ორი მესამედი ამერიკაში – მამაპაპისეულ სახლში დაბადებული აღმოჩნდა. კოდის ოჯახიც წლების განმავლობაში იმ სახლის მკვიდრი იყო, სადაც კოდი ამჟამად ცხოვრობს. როგორც კი საუბარი დაამთავრა, ხმაური დაიწყო და სხვებს ლაპარაკს აღარ აცლიდა. იმის ცდუნება, რომ სასწავლო ნაწილის გამგესთან გამეგზავნა, ძალიან დიდი იყო, თუმცა, გადავწყვიტე, რომ მისთვის მნიშვნელოვანი იქნებოდა აქტივობის ბოლომდე კლასში დარჩენილიყო. მას უნდა გაეგო, რომ კლასში იყვნენ ისეთი მოსწავლეებიც, რომლებიც დედაქალაქს გარეთ დაიბადნენ.

როცა ფილიპის ჯერი დადგა, კოდი განსაკუთრებით ახმაურდა. სხვა თეთრკანიანი მოსწავლეებიც აჰყვნენ. ჯონი, აფროამერიკელი მოსწავლე, კოდის მიუბრუნდა და ხმა გაკმინდეო, უყვირა. კლასს დამშვიდება ვთხოვე, ხოლო კოდის გარეთ გასვლა.

„სიჩუმე! ჩემი რიგია!” სამი კვირის განმავლობაში პირველად დაიყვირა ფილიპმა.

კოდის მკლავში ხელი მოვკიდე და კარებისაკენ წავიყვანე. ამ დროს ფილიპმა ისევე დაუდო მას ფეხი, როგორც წინა კვირას თვითონ მას დაუდო კოდიმ. კოდი ხელიდან გამისხლტა, ფილიპი წააქცია და ზედ დაახტა. რამდენიმე წამი დამჭირდა, სანამ კოდის ავაგლეჯდი ფილიპს და მანდატურს დავუძახებდი დასახმარებლად.

საბედნიეროდ, კლასის სხვა მოსწავლეები, გაოცებულები ფილიპის მოქმედებით სამი კვირის უმოქმედობის თავზე, არ ჩარეულან. ან იქნებ სულაც ამ ინციდენტის შესახებ ფიქრობდნენ და არ ეცალათ. რა თქმა უნდა, ჩემი მრავალწლიანი საქმიანობისას ამგვარი დაძაბულობა შემხვედრია, თუმცა, ასე აშკარად გამოხატული არასოდეს.

სრულიად ძალაგამოცლილად ვგრძნობ თავს. ნეტავ, როგორ უნდა მოვიქცე ხვალ?

პრობლემის გადასაჭრელად გამოიყენეთ ქვემოთ მოცემული მოდელი. მოდელის მიზანია შევისწავლოთ, გავიგოთ და შესაბამისი რეაქცია გამოვხატოთ მრავალფეროვნებასა და უთანასწორობასთან დაკავშირებულ საკითხებზე საკლასო ოთახში/სკოლაში. საუკეთესო შედეგის მისაღებად მნიშვნელოვანია შევქმნათ დაინტერესებულ მხარეთა მრავალფეროვანი ჯგუფები, რომლებიც თანამშრომლობის მეთოდით ეცდებიან პრობლემის მოგვარებას.


1.

პრობლემის იდენტიფიკაცია

განსაზღვრეთ ან სახელი დაარქვით სიტუაციას და მასთან დაკავშირებულ საკითხებს. რა სახის კონფლიქტია? რა არის კონფლიქტის წყარო?


2.

პერსპექტივები

შექმენით ყველა ადამიანის, ჯგუფისა თუ ინსტიტუტის სია, რომლებზეც კონფლიქტმა გავლენა მოახდინა. რა გავლენა მოახდინა შექმნილმა სიტუაციამ მათზე? სიაში შეიტანეთ მსხვერპლი, მოძალადე, საზოგადოების წევრები, ყველა, ვისაც პირდაპირ თუ არაპირდაპირ შეეხო ინციდენტი. ინფორმაციის თავმოსაყრელად განიხილეთ რაც შეიძლება მეტი პერსპექტივა.


3.

გამოწვევები და შესაძლებლობები

სხვადასხვა პერსპექტივის გათვალისწინებით რა გამოწვევები და შესაძლებლობები შეიძლება არსებობდეს ინდივიდუალურ და ინსტიტუციურ დონეზე? რა საგანმანათლებლო შესაძლებლობები აქვს ინციდენტს უშუალოდ ჩართული ადამიანებისა და ინსტიტუტისათვის?


4.

სტრატეგიები

გონებრივი იერიშის გზით მოძებნეთ მიდგომები სიტუაციიდან გამოსვლისათვის. ეცადეთ მაქსიმალურად გამოიყენოთ სწავლის შესაძლებლობები. გაითვალისწინეთ სხვადასხვა პერსპექტივები და ის ფაქტი, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება სხვადასხვაგვარად იმოქმედებს სხვადასხვა ადამიანზე. ჩაიწერეთ ნებისმიერი, ერთი შეხედვით, თუნდაც ყველაზე უსარგებლო იდეა.


5.

გადაჭრა

აქციეთ სტრატეგიები მოქმედების ფორმალურ გეგმად. მხედველობაში იქონიეთ, როგორც სხვადასხვა პერსპექტივები, ასევე გამოწვევები და შესაძლებლობები. ჩამოაყალიბეთ 2–3 კონკრეტული გზა.


6.

მოსალოდნელი შედეგები

დაასახელეთ პრობლემის გადაჭრის კონკრეტული გზების მოსალოდნელი შედეგები. კიდევ ერთხელ მიუბრუნდით პერსპექტივების საფეხურს, რათა უზრუნველყოთ თანასწორობისა და სამართლიანობის დაცვა.

გამოყენებული ლიტერატურა:

Gollnick, D. M., and P. C. Chinn. 2002. Multicultural education in a pluralistic society, 6th ed. Upper Saddle River, NJ: Merrill. pp.2435

https://www.edchange.org/

ისევ გოსტაშაბიშვილი, ისევ საშობაო მინიატურები

0

ჩემს მშობლიურ ქალაქში დიდი თოვლი მოვიდა, ფოტოებიდანაც რომ გაოცებს და გიკვირს. მოვიდა და თავისი სუსხი, გუნდები და მთავარ ქუჩაზე გავლებული კვალი სოციალურ ქსელში შემოიყოლა. როგორ მეცნობა ამ ამბის ყველა პერსონაჟი: ჩვენ ხომ ისინი უფრო გვენატრებიან, ვინც გვეგონა, რომ დავივიწყეთ. შეიძლება მათაც არ ვახსოვდეთ, იქნებ ერჩივნოთ კიდეც ასე, მაგრამ სიზმრები მაინც თავისას შვრება.

მეხუთე წელია ახალ წელს და შობას თბილისში ვხვდები. უკვე დღესასწაულებზეც ვერ ჩავდივარ ზუგდიდში – კი ვიქადნებოდი, ორ კვირაში ერთხელ აქ ვიქნები-მეთქი, მაგრამ რაღაცას თუ არ დავგეგმავთ, საქმე თუ არ ჩაეფინება, უკვე გასვენებებშიც ვეღარ ჩავდივარ. წუწუნი არ ღირს, ყოველთვის მაღიზიანებდა წუწუნა კაცები, ათას რამეს რომ იმიზეზებდნენ, ათას ვინმეს გადააბრალებდნენ განუხორციელებელ საქმეებს, ოღონდ თვითონ არ აეღოთ პასუხისმგებლობა.

ჩემი სოფლის სახლში ახლა ალბათ ცივა. იქ იმ დღიდან აცივდა, ჯერ ბაბუაჩემი და შემდეგ ბებია რომ ავასვენეთ სასაფლაოზე და წლებია მხოლოდ ზაფხულობით, ერთი თვით იხსნება სახლის კარ-ფანჯრები. სხვა დროს ჩალუსკუმებულა იქაურობა და ილევა, დღითიდღე თითო ფიცარი და აგური ლპება და წყდება შენობის სხეულს.


იყო დრო, ღუმელით გაღუღუნებულ ერთ ოთახში მთელი ოჯახი
მოვიყრიდით თავს და როცა ამბები გამოილეოდა, ყველა თავის ჯამში და საქვარში ჩახრიდა
თავს.

იმ სიჩუმეში წაკითხულებიდან ერთ-ერთი ილია ჭავჭავაძის
„ნიკოლოზ გოსტაშაბიშვილია”, საახალწლო მოთხრობა, სადაც ერთმანეთს ენაცვლება გოზინაყებისა
და ალვახაზის სამზადისი, ბავშვის თვალებში არეკლილი „ხვალეს” მოლოდინი და ყიზილბაშობის
ხანის ჰეროიკული ისტორია. მკითხველის გონებას პირველივე სტრიქონიდან ატყვევებს მთხრობელი-აქტორი,
რომელიც დინჯად, უნიკალური სისადავითა და ფერებით ჰყვება:

„როცა პატარა ვიყავი,
რა გულის ფანცქალით ვნატრობდი, წინა
ღამე
ახალის წლისა მალე გათენდეს-მეთქი. მე მახსოვს ეს წინა
ღამე, ეს წინა-ღამე ახალის
წლისა ჩვენს პატარა სოფელში, საცა ბღარტებსავით გარს ვეხვიენით დედ-მამას ორნი დანი
და სამნი ძმანი. იმ დღეს ჩვენთვის აღარც კაკანათი იყო, აღარც თოვლის გუნდა, აღარც თოვლში
ხტომა და სირბილი. თვალი და გული ხვალისაკენ მიგვირბოდა, ხვალეს ველოდით, ხვალე გვახსოვდა,
ხვალეს ვნატრობდით. გარეთ რა გვინდოდა, როცა შინ იმოდენა ხილ-ხული და ტკბილეულობა გვეგულებოდა.
შინ ოთახებში დავფუსფუსებდით: იქ იყო, რაც იყო. აქ ალვახაზსა ჰზელდნენ, იქ ნუშს და
ნიგოზს არჩევდნენ გოზინაყისათვის, აქეთ უცეცხლო თაფლი თითს გვიქნევდა, მოდით, პირი
ჩაიტკბარუნეთო, იქით დედა-ჩვენი ბუხარში
თაფლს ადნობდა და თაფლი თითქო გვეუბნებოდა: დაიცადეთ ხვალამდე, დღეს მე თქვენთვის ვდნებიო”.

ჩემს ბავშვობაში ეს ზღაპარი ათბობდა და სიმყუდროვეს
უნარჩუნებდა იმ უიმედო, ნოემბრის ბოლოდან მარტის შუახანებამდე გაწელილ, გათოშილ ზამთრებს,
რომლის კლიმატიც – სულიერი, ზნეობრივი, მატერიალური – ყველაზე უკეთ, ყველაზე ზუსტად
ალბათ ნიკო ლორთქიფანიძემ აღბეჭდა „საშობაო მინიატურებში”. არ მოვერიდები ერთ-ერთის
სრულ ციტირებას:

„იყიდება საქართველო. მინდორ-ველით, მთა-გორით, ტყით,
ვენახით, სათესით; წარსულის ისტორიით, მომავალი სვე-ბედით; მშვენიერის ენით; ნაქარგი
ფარჩა-ხავერდით; ვაჟკაცურის ხასიათით, სტუმართ-მოყვარეობით; დიდებულის სანახაობით,
წმინდა ჰაერით; ნაამაგევი სახლით და კარით; ჩუქურთმიანი მონასტრებით და ეკლესიებით;
მჩქეფარე ნაკადულებით; ლურჯის ზღვით; მოწმენდილ-მოკაშკაშებული ცით; ერით, ბერით; თვალწარმტაც
ბანოვანთა გუნდებით; გონებაგახსნილ ვაჟებით; მალხაზი ბავშვებით; ვერცხლისფერ თმით შემოსილ
პატივსადებ მოხუცებით. იყიდება საქართველო დედით და მამით, შვილით და ძირით, ძმით,
დით, ცოლით და ნათესავ-მოყვრებით.

ჰყიდის ყველა: თავადი, მღვდელი, ვაჭარი, ავაზაკი, დიდი
და პატარა, ჭკვიანი და სულელი, ლოთი და პირაკრული.

იყიდება ყველგან: ქუჩაში და სახლში, თეატრში და სასამართლოში,
სასწავლებელში, სატუსაღოში, ეტლში, მატარებელში, დილით და ღამით, სიცხეში და სიცივეში,
დარში და ავდარში.

იყიდება ერთიანად: შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე და
ოსეთიდან სპარსეთამდე. იყიდება ნაწილ-ნაწილ: კახეთი და იმერეთი, ქართლი, სვანეთი და
სამეგრელო, გურია და ლეჩხუმი, რაჭა და ჯავახეთი. იყიდება პატარ-პატარ ნაჭრებათ, ვისაც
რამდენი სურს და როგორც უნდა: ნისიათ, უფასოდ, ნაღდად, დროებით და სამუდამოთ; ბანკის
დახმარებით და ჩვენის საშუალებით.

იყიდეთ ბარემ მთლად,
გაწეწეთ და გაგლიჯეთ, რასაც საქართველო ერქვა და რაც დღეს ოხრად დარჩენილი აძღებს ყორნებს
და გულს უკლავს უძლურ ჭირისუფალს!”

„ნიკოლოზ გოსტაშაბიშვილი” ილია ჭავჭავაძემ 1880 წელს
დაწერა, ნიკო ლორთქიფანიძის „საშობაო მინიატურები” კი 1910 წელს დაიბეჭდა პირველად.
დღესაც, როგორც მაშინ, როცა ეს უკვდავი ტექსტები იქმნებოდა: ახალ წელთან იმედიანი მოლოდინით
შეხვედრას რეალობის მკაცრი სურათი ჩრდილავს, სადაც ხიფათი და მარცხი, მარცხი და ხიფათი
აუცილებელი მოქმედი პირები არიან. სულერთია, გაყინულ გზაზე ჩასაფრდებიან თუ მიწისქვეშა
გადასასვლელში, შიმშილს აჰყვებიან თუ ტკივილს დანებდებიან. მათ ჩვენი ღარიბი, ხვალეს
მომლოდინე და სანახაობაზე დაგეშილი ყოფა კვებავს.

იმედი, ხიფათი და მარცხი. იმედი, ხიფათი და მარცხი.
იმედი…

შობას გილოცავთ!

რუსუდან კაიშაური – იმედისა და რწმენის პოეტი

0

“სკოლაში პირველად რომ მივედი, ისეთ კლასში შემიშვეს, საიდანაც რამდენიმე ქართულის მასწავლებელი უკვე გაქცეული იყო. მაშინ ეს არ ვიცოდი. გაკვეთილზე შევედი თუ არა, ყველა ბავშვმა ამოიღო საღეჭი რეზინი და ღეჭვა დაიწყო. შემთხვევით საღეჭი რეზინი მეც აღმომაჩნდა, ამოვიღე ჩანთიდან და მათთან ერთად დავიწყე ღეჭვა, თან გულწრფელად ვუთხარი ბავშვებს: საღეჭი რეზინი ძალიან მიყვარს, მაგრამ კლასში ღეჭვა მერიდებოდა-მეთქი… იმ დღის შემდეგ ჩემს გაკვეთილზე რეზინის ღეჭვა აღარავის მოსურვებია”.

 

ასე დაიწყო მასწავლებლობა პოეტმა, ხუთი შვილის დედამ რუსუდან კაიშაურმა. თავდაპირველად 166-ე საჯარო სკოლაში ასწავლიდა ქართულ ენასა და ლიტერატურას, დღეს კი “კავკასიურ სახლში” საკვირაო სკოლის მასწავლებელია.

– ქალბატონო რუსუდან, ქალისთვის მეტისმეტად ბევრი ხომ არ არის, იყოს პოეტი, ხუთი შვილის დედა და მასწავლებელი?

– ლექს “ჩემს ვედრებაში” ვაჟა-ფშაველა წერს: “მხოლოდ მაშინ ვარ ბედნიერ, როცა ვარ შეწუხებული”. რატომღაც ყოველთვის რთულ გზას ვირჩევდი. ერთხელ ვთქვი კიდეც: ხუთი შვილი იმიტომაც გავაჩინე, მინდოდა, ამით ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე დაგროვილი ცოდვები გამომესყიდა, უფრო მეტად “შევწუხებულიყავი”, მეტი ძალისხმევა დამჭირვებოდა. სიმართლე გითხრათ, ისიც არ ვიცი, ვის წინაშე ჩადენილი ცოდვები უნდა გამომესყიდა, მაგრამ მიმაჩნდა, რომ ამ გზით ჩემს შეცდომებს ნაწილობრივ მაინც გამოვასწორებდი. ხუთივე შვილი საქართველოსთვის ურთულეს პერიოდში – ომის, უსინათლობის, უგაზობისა და უდიდესი გაჭირვების დროს გავაჩინე. მეუღლე მეხუთე შვილის გაჩენიდან წლის თავზე გარდამეცვალა. ალბათ, ბედისწერა იყო, რომ შვილები მარტოს გამეზარდა…

– ხუთი შვილის მხოლოდ გაზრდაც კი, აღზრდაზე რომ არაფერი ვთქვათ, დიდ პრაგმატულობას მოითხოვს, პოეტისთვის კი ალბათ ერთიორად ძნელია ყოფით პრობლემებთან გამკლავება…

 

– მიმაჩნია, რომ პოეტი სხვებზე მეტი სიყვარულის მატარებელია და ეს სიყვარული მის შემოქმედებაში გადადის. უსიყვარულოდ არაფერი კეთდება. ღმერთმაც ხომ დიდი სიყვარულით შექმნა სამყარო და თვითონ ადამიანიც, რომელიც პატარა შემოქმედია. ამ დიდი სიყვარულით დავზარდე შვილები. ისინიც ლექსებივით იყვნენ: ზოგი – ასეთი, ზოგი – ისეთი, ზოგი – კარგი, ზოგი – ცუდი… როდესაც ძალიან მიჭირდა, ყველაზე მეტად ჩემი შემოქმედება მეხმარებოდა. აქ შემეძლო მეპოვნა ნავსაყუდელი, ამომესუნთქა, ყველასა და ყველაფრისგან დამესვენა.

სიმართლე გითხრათ, ჩემი ოჯახური და შემოქმედებითი ცხოვრება ერთმანეთს ხელს არ უშლიდა. შოთა იათაშვილმა, ჩემმა მეგობარმა, ჩემზე ასეთი შინაარსის ლექსი დაწერა: შეუძლია, ცალი ხელით ერბოკვერცხი აკეთოს და თან ლექსები გამოუშვასო.

ისე, დედობაა პირველი თუ შემოქმედება, ვერ გაიგებ. ადამიანს ქვეცნობიერად მაინც სურს, მისი სული უკვდავი იყოს, უკვდავებისკენ მიმავალი ერთ-ერთი გზა კი ალბათ იქნებ თავს ვიტყუებ, მაგრამ მგონია, რომ ასეა.

– ერთი ფრაზით, რას დაარქმევდით თქვენს პოეზიას?

 

– არ ვიცი, ამაზე არასოდეს მიფიქრია. ალბათ იმედისა და რწმენის პოეზიას. ასეთი ვარ, არ მჩვევია ხელის ჩაქნევა – ძიება მიყვარს, მომავლისკენ ყურება, მოძრაობა… ჩემს საქმიანობაშიც, სულ მაინტერესებს, რა არის ახალი, რა იცვლება…

– თქვენს თავს როგორც პედაგოგს როგორ დაახასიათებდით?
– მასწავლებლობა დიდად არ განსხვავდება დედობისგან. როდესაც ხუთი შვილი გყავს, იგივეა, რაც შინ სკოლა გქონდეს. ვიდრე ბავშვები პატარები არიან, მათ შორის განსხვავება დიდად შესამჩნევი არ არის, მაგრამ იზრდებიან, სხვადასხვანაირები ხდებიან, შენ კი ყველას უნდა გაუგო, ყველასთვის მისაღები და საყვარელი იყო, ეძებ რამეს ისეთს, რაც ამ ბავშვებს გააერთიანებს… დიდხანს ვფიქრობდი, რა შეიძლებოდა ყოფილიყო ყველა მათგანისთვის მისაღები და მივხვდი: ეს იყო უპირობო სიყვარული. მერე უკვე, როცა სკოლაში ვასწავლიდი, მყავდა ისეთი მოსწავლეები, მოურჯულებლებს რომ ეძახიან – მოუხელთებლები, ძნელად აღსაზრდელები, და, რაც მთავარია, მათი მშობლები. მთავარი პრობლემა მშობლებია. ბავშვი ყველა კარგია, მათ მშობლები ზრდიან ცუდად და აკომპლექსებენ. და მივხვდი, რომ მათთან ურთიერთობის დროსაც სიყვარულია მთავარი. მოსწავლე გულწრფელ, უპირობო სიყვარულს უნდა გრძნობდეს, ხედავდეს, რომ პატივს სცემ, ექცევი ისე, როგორც გინდა მოგექცნენ შენ.
იყო დრო, როდესაც საბავშვო ბაღშიც ვასწავლიდი, სკოლაშიც და სტუდენტებსაც ვუკითხავდი ლექციებს. სამივეგან მიმქონდა ერთი და იგივე თამაში და აღმოვაჩინე, რომ მას სამივეგან ერთნაირად აღიქვამდნენ. ეს იმიტომ, რომ შინაგანად ყველა ბავშვია, და თუ მასწავლებელი სათუთად შეეხება ამ გრძნობას, მოსწავლეებიც აუცილებლად შეიყვარებენ მას.

– ხომ არ გაქვთ გამოცდილება, რომელსაც სხვა მასწავლებლებსაც გაუზიარებდით?

 

– საკვირაო სკოლამ 2008 წელს მოაწყო საზაფხულო ბანაკი, სადაც ოცდაათი ბავშვი წავიყვანეთ, მათ შორის – გორიდან დევნილები. ფაქტობრივად, ისინი საომარი მდგომარეობიდან მოხვდნენ ბანაკში და საფუძვლიანი რეაბილიტაცია სჭირდებოდათ. იყვნენ აგრესიულები, გამძაფრებული ჰქონდათ თავდაცვის ინსტიქტი, ატარებდნენ დანებს… ამ ბავშვებთან ურთიერთობა არც ისე ადვილი იყო, მაგრამ მალე ყველასთან მეგობრული ურთიერთობა დავამყარეთ და იცით, რა დაგვეხმარა ამაში? – სამართლიანობა. ბავშვი უსამართლობას არ უნდა გრძნობდეს. შესაძლოა, ბევრი არაფერი მომეკითხებოდეს, მაგრამ ვცდილობ, კრიტიკულ სიტუაციაში ბავშვს ისე მოვექცე, როგორც, ვისურვებდი, იმავე სიტუაციაში მომქცეოდნენ მე. ასეთი დამოკიდებულება ამართლებს.

– ქალბატონო რუსუდან, რას ნიშნავს იყო მშობლიური ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი?

– მე მგონია, რომ ქართულის ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ბავშვს აძლევს როგორც ცოდნას, ასევე განვითარებას. სხვათა შორის, ბავშვის განვითარების მიხედვით შეგიძლია იმსჯელო იმაზე, როგორი ქართულის მასწავლებელი ჰყავს. მართალია, სხვა საგნის მასწავლებელსაც შეუძლია, დიდი გავლენა მოახდინოს მოსწავლეზე, მაგრამ მშობლიური ენისას უფრო მეტი ტვირთი აწევს, რადგან იგი ვალდებულია, იზრუნოს მოსწავლის ზოგად განათლებაზე, მის მსოფლმხედველობაზე, ღირებულებებზე… თუ მასწავლებელს სურს, მოსწავლისთვის მისაღები იყოს, არც ერთი წუთით არ უნდა მოდუნდეს, თვითონაც გამუდმებით უნდა სწავლობდეს, არ ჩამორჩეს დროს, იცნობდეს ბავშვის ინტერესებს, კითხულობდეს ყველაფერს, რასაც მისი მოსწავლეები კითხულობენ, ნახოს ყველა ფილმი თუ სპექტაკლი, რასაც ბავშვები უყურებენ… მე თუ მკითხავთ, არც ის ვარგა, მოსწავლისადმი ფამილარული დამოკიდებულება გქონდეს და შენიშვნას საერთოდ არ აძლევდე, მაგრამ კარგი იქნება, თუ სხვების თანდასწრებით არ მისცემ. ამასთან, მოსწავლემ უნდა იგრძნოს, რომ მაშინაც კი, როცა შენიშვნას აძლევ, პატივს სცემ მას, გული შეგტკივა მასზე.

მასწავლებელი უნდა ეცადოს, შეძვრეს მოსწავლის ტყავში და მისი თვალით შეხედოს სამყაროს. პედაგოგები ჩივიან, ესა თუ ის მოსწავლე კლასში დადის და მღერისო. მე ამას სხვანაირად ვუყურებ. შესაძლოა, ბავშვს სულაც არ უნდა მასწავლებლის გაბრაზება, უბრალოდ, ასეთ ხასიათზეა… მას უნდა გავუგოთ. პედაგოგმა სიტუაციის მარტივად განეირტალება უნდა შეძლოს.

არ არის აუცილებელი, მასწავლებლმა დიდი განათლება მისცეს მოსწავლეს; არც ის, თვითონ იცოდეს ყველაფერი. ყოფილა შემთხვევა, მოსწავლეს უფრო მეტი სცოდნია ამა თუ იმ საკითხის შესახებ. კომპიუტერის საუკუნეში ეს არ არის ტრაგედია. მთავარია, მასწავლებელმა მოსწავლეს ინტელექტი გაუღვივოს და აქცენტების სწორად დასმაში დაეხმაროს.

– მოსწავლეები თუ იცნობენ თქვენს შემოქმედებას და თუ ეცვლებათ თქვენდამი დამოკიდებულება, როდესაც გაიგებენ, რომ პოეტი ხართ?

 

– როგორც გითხარით, მე შვილებთანაც კი ვმალავდი ჩემს შემოქმედებით მხარეს და თავისთავად ცხადია, მოსწავლეებმაც დიდხანს არ იცოდნენ ჩემი პოეზიის შესახებ. პოეზია უკანონო შვილივითაა – მალავ, მაგრამ კანონიერზე მეტად გიყვარს. რა თქმა უნდა, დამოკიდებულება გარკვეულწილად ეცვლებათ… ჩემი აზრით, ყველა მასწავლებელი და, საერთოდ, ადამიანი პოეტი უნდა იყოს, რათა ბავშვს ყოველი დღე პოეზიად უქციოს. ბავშვებს კი ვასწავლი, თვითონვე იყვნენ პოეტები, რათა სხვებს გაულამაზონ ცხოვრება. მე მგონია, პოეტები სწორედ იმისთვის გაჩნდნენ, რომ ცხოვრება უფრო ლამაზი ყოფილიყო. ყოველდღიურობით ცხოვრება ძალიან ძნელია. სამწუხაროდ, დღეს ცხოვრება ისეა პოლიტიზებული, რომ პოეზიის ადგილი აღარ არის. არადა, პოეზიის გარეშე ადამიანები რობოტებს დაემსგავსებიან, ეს კი ქვეყნიერების აღსასრული იქნება.

ტექსტი, როგორც ბარიერი

0

ცოტა ხნის წინ ფეისბუკის ერთ-ერთმა მეგობარმა სტატუსში გამოთქვა დედური ჩივილი იმის თაობაზე, რომ მისმა მეოთხეკლასელმა შვილმა თავი ვერ გაართვა დავალებას, რომელიც ითვალისწინებდა წინადადებების შედგენას შემდეგი სიტყვებით :  ჯაგანი, გალა, ზაფრანა, საბძელი, ფარდაგი, ხოკერა, ბეღელი, ტიკი…  დედა წუხდა იმის გამოც, რომ ბავშვმა არათუ წინადადებები ვერ შეადგინა, არამედ სრული ფრუსტრაცია განიცადა ტექსტის კითხვისას, რომელშიც ხსენებული სიტყვები სჭარბობდა.

    ნაცნობი პრობლემაა. ამიტომაც ყურადღებით ჩავიკითხე კომენტარები, რომლებიც ხსენებულ სტატუსს მოჰყვა. ერთი ნაწილი ძალიან მარტივად სჯიდა და აღნიშნავდა, რომ მსგავსი სიტყვები სრულიად უსარგებლოა; მეორე ნაწილი მიიჩნევდა, რომ ცუდია ბავშვების  სოფელთან კავშირის გაწყვეტა. ამის გამო მათთვის ბევრი ლამაზი სიტყვა უბრალოდ შეუგრძნობელი და გაუგებარია… დანარჩენები კი რატომღაც ამაყად აცხადებდნენ, რომ ამ სიტყვებიდან ბევრი თვითონაც არ იცოდნენ და , მიუხედავად ამისა, არაჩვეულებრივად გრძნობდნენ თავს.

  პრობლემა დიდია და ,ფაქტობრივად, მოუგვარებელი. ის, რომ თაობების წიგნიერებას ბევრი სხვადასხვა ტიპის ტექსტის კითხვა სჭირდება, საკამათოც არაა. მაგრამ  როგორ, რანაირად უნდა გადაიჭრას ტექსტის რელევანტურობის საკითხი ადრეულ ასაკში, რათა ბავშვისთვის კითხვა საძულველ პროცესად არ იქცეს,  ჯერ კიდევ ბუნდოვანია.

 არადა, ტექსტისგან გამოწვეული ინტერესი კითხვის შეყვარების გზაზე უმნიშვნელოვანესი რამაა. მახსოვს, ერთმა მეგობარმა ხსენებულ პრობლემაზე საუბრისას მითხრა, რომ მისმა ბიჭმა, რომელიც საზოგადოდ წიგნებს გაურბის, თვალის დახამხამებაში წაიკითხა ,,ბიძია სევას ამბები”, თანაც, უზომოდ, უზომოდ მოეწონა. დედა იქვე აღნიშნავდა, რომ ამაზე ბევრი ფიქრის შემდეგ  ასეთი დასკვნა გამოიტანა:  მისი ნიკუშა აღნიშნულმა წიგნმა იმიტომ გაიტაცა, რომ სიუჟეტი ნაცნობ და მისთვის გასაგებ ურბანულ გარემოში ვითარდება.

    გამოცდილება აჩვენებს, რომ დაწყებით საფეხურზე  დიდი რეზონანსი აქვს ტექსტებს, რომლებიც თანამედროვეობის ნაცნობ და ახლობელ გარემოს ასახავენ. მაგალითად, ჩემი მოსწავლეები გამორჩეული ენთუზიაზმით ეცნობიან ხოლმე  ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში დაწერილ მოთხრობას, რომელშიც ნახსენებია ,,ქაუნთერი”, ,,რეალი”, რონალდუ..  მსჯელობენ, გადმოსცემენ და თან მხურვალედ ითხოვენ, რომ ,,ასეთი” ტექსტები კიდევ მივიტანო. – როგორი ,,ასეთი”?-ვეკითხები დაჟინებით, რადგან ტექსტის სიკარგის მათეული გაგება მაინტერესებს. თუმცა, აუხსნელადაც ვიცი, რას გულისხმობენ.

     ცხადია,   ყველა ტექსტით თანამედროვე ბავშვების მოხიბვლა, იმ ბავშვებისა, რომლებიც ტექნოლოგიების სიკეთეს სრულად ეზიარნენ და ინტერნეტზე ხელი მიუწვდებათ, ცოტა ძნელია. მნიშვნელოვანია, რომ წიგნი ეხებოდეს მათთვის აქტუალურ საკითხს, სიუჟეტი იყოს დინამიკური, იუმორითა და სახალისო ინტრიგებით გაჟღენთილი. ალბათ, აქედან გამომდინარეა, რომ ახალი თაობის უმეტესობა ეტანება ფენტეზისა და ჰორორის ჟანრებს.

    ყოველივე ეს გასაგებია, მაგრამ ჩნდება კითხვა: თუ მსგავსი სიტყვებისგან შედგენილი ტექსტები, რომლებიც ზემოთ ვახსენეთ, გადაულახავ ბარიერად იქცა, როგორ უნდა მივიდნენ  ბავშვები კლასიკურ ნაწარმოებებამდე, ანუ როგორ უნდა იქცნენ ისინი სერიოზულ მკითხველებად? რა ქნან კლასიკოსმა ავტორებმა, დავიწყებას უნდა მიეცნენ? ან, როგორ უნდა გაერკვნენ მოზარდები წიგნის საშუალებით ადამიანურ ღირებულებებში, როცა არც ფენტეზისა და არც ჰორორის ჟანრი მათ ამას გამჭოლ არ სთავაზობს? როგორ გამართონ დისკუსია ამა თუ იმ საჭირბოროტო საკითხზე, თუ ტექსტმა არ უბიძგა ამისაკენ?

  კლასიკურ ლიტერატურას , ცხადია, ჩემი დაცვა არ სჭირდება, მაგრამ მაინც საჭიროდ ვთვლი, მოვიტანო ჰენრი დევიდ თოროს წერილიდან ამონარიდი კლასიკის შეუცვლელობაზე:  ,,ვინ არიან კლასიკოსები, თუ არა ადამიანის უკეთილშობილეს აზრთა ჩამწერნი? მხოლოდ კლასიკოსები არიან ის ორაკულები, რომლებიც ყველაზე თანამედროვე კითხვებზე იძლევიან პასუხს … კლასიკოსების შესწავლაზე უარის თქმა იგივეა, ბუნების შესწავლაზე ავიღოთ ხელი იმის გამო, რომ იგი ძველია.”

   სპეციალისტები ბევრს ბჭობენ იმაზე, რომ სახელმძღვანელოები შეუფერებელი ტექსტებითაა გადატვირთული. დაწყებითი საფეხურის მასწავლებლები ბევრს წვალობენ, რათა არ იყვნენ სახელმძღვანელოებზე მიჯაჭვულები და მოიძიონ ბავშვებისათვის საინტერესო ტექსტები, მაგრამ რეალობა ასეთია: დაწყებითი საფეხურისათვის ძნელია საკმარისი რაოდენობით პოვნა იმ ტექსტებისა, რომლებიც თან კარგია, თან კითხვის ენთუზიაზმის მაპროვოცირებელი და თან სრულყოფილად გამოსადეგი ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული შედეგების მისაღწევად. გარკვეული პროექტების ფარგლებში , რომლებმაც იტვირთეს ახალი და საინტერესო ტექსტების შექმნა, საკითხი ნაწილობრივ დაიძრა, მაგრამ  სრულად მოგვარებამდე ჯერ კიდევ შორია.

  და მაინც,  რა ვუყოთ ტექსტებს, რომლებშიც დასაწყისში გაჟღერებული, ,,საჭირბოროტო” სიტყვებია. რა ვუყოთ ვაჟას, ინანიშვილს, ლეონიძეს, ჩოხელს  და მსგავს ავტორებს, რომელთა ქართულიც არაფრით  ,,ემთხვევა” 21-ე საუკუნის ურბანული ლექსიკით გაჯერებული ბავშვების ენობრივ ნაკადს. რა ვუყოთ ენას, რომლის სიმდიდრეც ლექსიკური ერთეულების სიმრავლით იზომება. ნუთუ გაზარმაცებულებმა, ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა გავაღარიბოთ?

 გასაგებია, რომ ურბანულ გარემოში მცხოვრებ ბავშვს ნაკლებად აიტერესებთ, რა ერქმევა ნივრის ასხმულას ან გოგრას კუთხურად, მაგრამ რაღაც ხომ აუცილებლდ უნდა გაკეთდეს ინტერესის გასაღვივებლად? ან კი, სოფლად მცხოვრებმა ბავშვებმა რა ქნან, რომელთათვისაც ჯაგანი და გალა უფრო საცნაურია, ვიდრე ნებისმიერი ურბანული ლექსიკური ერთეული?

   დასაწყისში დასმულ პათოსს რომ მივუბრუნდეთ, მართლაცდა, რა ბედი ეწევათ სიტყვებს (რიკული, ჯაგანი, გალა, ზაფრანა, საბძელი,  ხოკერა, ბეღელი, ტიკი…), რომელთა უმეტესობა ჯერ კიდევ არის ქართული ყოფის ნაწილი, ვიღაცისთვის არმოსაწონი და სათაკილო ყოფის, მაგრამ მაინც არის…

  მე ვფიქრობ, ეს ყველა მოტივირებული მასწავლებლის პროფესიული თავსატეხია. აქ, ამ საკითხშია სწორედ ოქროს შუალედი გულმოდგინედ საძიებელი. აქაა სისტემური განათლების შავი ხვრელი და  მოსწავლისა და მასწავლებლის ბეწვის ხიდი, რომელიც ფრთხილად უნდა გაიდოს ძველსა და ახალს შორის, კითხვით წვალებიდან კითხვით აღმაფრენამდე.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...