ხუთშაბათი, ივლისი 17, 2025
17 ივლისი, ხუთშაბათი, 2025

ნაცნობი ისტორია, როგორც სასწავლო რესურსი

0

სსიპ დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აბანოსხევის საჯარო სკოლის შენობა ტყვეთა ბანაკის ადმინისტრაციისათვის აუშენებიათ  მეორე მსოფლიო თუ სამამულო ომის ტყვეებს. ბანაკი აქვე  ყოფილა.

სულ მეგონა, რომ შემაღლებული ეზოს თავში წამომართული  სკოლის შენობა, დიდი აივნითა და ხის რიკულებით, რომელიღაც ქართველი თავადის საკუთრება იყო. თურმე სინამდვილე ბევრად განსხვავებული ყოფილა.

–  მეორე მსოფლიო ომამდე ეს ადგილი დასახლებული არ იყო. მე-12 საუკუნის შემდეგ აქაურობა აბანოსხევად იწოდება. სკოლის შენობის უკან დღესაც შემორჩენილია თიხის ღია ღარები, რომლითაც გადმოცემით ამ ხევის წყალი მიედინებოდა მცხეთამდე. წყალი გზადაგზა თბებოდა და ამარაგებდა  აბანოს, რომლითაც თამარ მეფე სარგებლობდა. ისტორიული წყაროების მიხედვით, მეთორმეტე საუკუნემდე ამ მიდამოს ხიდარი ერქვა და იცით, რატომ? ეს იყო გზათა კვეთის ადგილი ქართლსა და კახეთს შორის, ერთი გზა გადადიოდა კევლიანი-ცხვარიჭამიისაკენ, ერთი – ერწოსკენ, ერწოდან – ახმეტისაკენ. გზას მდინარე კვეთდა, რომელზეც იყო ხიდები. ადგილის სახელწოდებაც აქედან წარმოიშვა. წლების წინ  ჩვენმა ისტორიისა და გეოგრაფიის მასწავლებლებმა ეს თემა საკონფერენციოდ დაამუშავეს, მოიძიეს წყაროები, – გვიამბობს ფიზიკის მასწავლებელი და ამ სკოლის მემატიანე მედეა ბექაური.    

– ომის დროს აქ ჩამოიყვანეს ტყვეები. მათთვის ააშენეს ბარაკის ტიპის სახლები. უფროსი თაობის  მოგონებებით, ტყვეები გერმანელები და უნგრელები იყვნენ. სოფლის ერთ უბანს სახელად „ლაგირი“ შემორჩა.  ბანაკი დაახლოებით 1950 წლამდე, ტყვეების გაცვლის პროცესები დასრულებამდე არსებობდა. აქ მდებარე  არაგვის ხეობის წყალსადენიც, რომლიდანაც სასმელი წყლით თბილისი დღესაც მარაგდება, იმ ტყვეების აშენებულია. მაშინ ტექნიკა არ იყო, ხელითა და ნიჩბებით მუშაობდნენ საწრეტი არხების მოწყობაზე. სოფლის ბოლოში არის ადგილი, რომელსაც „პლენების“ სასაფლაოს ვეძახით. ეს არის იმ ტყვეების სასაფლაო, რომლებიც აქ ყოფნისას გარდაიცვალნენ. როგორც ჰყვებიან,  გერმანელ და უნგრელ ტყვეებს კონფლიქტი მოუხდათ, უნგრელები დაუპირისპირდნენ გერმანელებს, ჩვენ არ გვინდოდა ეს ომი და თქვენ გვაიძულეთო… ისეთი ამბავი ყოფილა… სანამ სპეციალური ნაწილი არ მოიყვანეს, ეს დაპირისპირება ვერ ჩააქრეს. როგორც ამბობენ, იყო მსხვერპლიც. კარგა ხნის წინ ჩვენმა გერმანულის მასწავლებელმა საღამო მოაწყო, გოეთეს ინსტიტუტისა და გერმანიის საელჩოს წარმომადგენლები მოიწვია. მათაც გააცნეს ეს ისტორია. 1948 წელს აბანოსხევში პირველი დაწყებითი რუსულენოვანი სკოლა გახსნილა. ყოფილა პარალელური კლასები. დასახლებაში იყო  მაღაზია, აფთიაქი, აბანო, მოწყობილი იყო გაზონები, ტროტუარები… ბანაკის გაუქმების შემდეგ დასახლება დაცარიელდა. წყალსადენში უმუშავია მიშა ფალავანდიშვილს, რომელსაც უზრუნია, რომ ზემო სოფლებიდან მოსახლეობა ჩამოსახლებულიყო. აქ იყო სამუშაო, იყო ინფრასტრუქტურა და გაჩნდა კიდეც  200-ზე მეტი კომლი, ანუ – ახალი სოფელი. ახლა შეიცვალა მდგომარეობა, 50 სახლზე მეტი გამოკეტილია. გაიკრიფნენ საზღვარგარეთ, ვინ – სად, და ვინ – სად… აქაური ბავშვები სკოლებში სხვადასხვა სოფელში დადიოდნენ,  1963 წელს კი  აბანოსხევში გაიხსნა არასრული საშუალო სკოლა,  შემდეგ ის სრულად გადაკეთდა. 78 მოსწავლე გვყავს და გვიხარია, რომ წელს პირველკლასელები მოგვემატებიან.

ამ ისტორიამ საკმაოდ სევდიანი შთაბეჭდილება დატოვა. როგორღაც მეხამუშა ტყვეთა ბანაკის ადმინისტრაციის ნაფუძარზე ბავშვების ყოფნა. ალბათ მკითხველსაც არ გავიმეტებდი ამავე განცდებისათვის, მაგრამ ამ ისტორიებში საინტერესო სასწავლო რესურსის არსებობა ისე ნათლად გამოიკვეთა, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ თითოეული სკოლის სოციუმი, მისი ისტორიები რამდენად ეფექტურად შეიძლება გამოვიყენოთ სასწავლო პროცესში. ასეთი მიდგომის მაგალითები ქალბატონი მედეას ნაამბობიდანაც იკვეთება: ისტორიისა და გეოგრაფიის მასწავლებლების ერთობლივი კვლევა, რომელიც ბავშვების ჩართულობასაც გულისხმობდა, გერმანულის მასწავლებლის ორგანიზებული შეხვედრა. მაგრამ ამ შემთხვევაში თქვენი ყურადღება მინდა მივაპყრო ამ ისტორიების გამოყენებას სამოქალაქო განათლების საგნის სწავლებაში.

მოქ.X.10. მოსწავლეს შეუძლია საქართველოს მოქალაქის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობის შესაძლებლობების კვლევა და გამოყენება.

ირჩევს მისთვის ან რომელიმე საზოგადოებრივი ჯგუფისთვის აქტუალურ კონკრეტულ პრობლემას (მაგ.: განათლების მიღება, დასაქმება, ადამიანის უფლების დარღვევა, სამოქალაქო დავა, საგადასახადო კონფლიქტი, სოციალური უსაფრთხოება, ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვა, პოლიტიკური ან რელიგიური დისკრიმინაცია და ა.შ.); მოიპოვებს ინფორმაციას, რომლის ანალიზის საფუძველზე წერს კონკრეტული პრობლემის გადაჭრის გეგმას (შესაძლოა რამდენიმე ვარიანტს) მხარეთა უფლებების დაცვისა და კანონიერი მოქმედებების გათვალისწინებით.

ამ სტანდარტით დასახული შედეგის მისაღწევად, საგნის მასწავლებელს შეუძლია გამოიყენოს შიდა და გარე მიგრაციის პრობლემა, რომელიც მათივე თემში იკვეთება (200 კომლიდან 50 სახლი გამოკეტილია). მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას, ახდენენ პრობლემის ანალიზს და ამუშავებენ მისი მოგვარების ალტერნატიულ გეგმებს, რომელსაც შემდეგ წარადგენენ და არგუმენტირებულად იცავენ. ამასთან ერთად, შეიძლება გამოიყენონ ომის შემდეგ წლებში მთის სოფლებიდან ჩამოსახლების ისტორია და იმსჯელონ, რა ფაქტორებმა განაპირობა ახალი დასახლებული პუნქტის წარმოშობა, როგორ უკავშირდებოდა ის ეკონომიკურ ფაქტორებს, დასაქმებას და ასე შემდეგ. მოსწავლეებს შორის დებატები პროცესის მართებულობა- არამართებულობის შესახებ კარგი შესაძლებლობა იქნება ბლუმის ტაქსონომიის ზედა სააზროვნო უნარების განვითარებისთვის.

მოქ.X.2. მოსწავლეს შეუძლია გაანალიზოს ადამიანური ღირსების არსი.

მსჯელობს შეიარაღებული კონფლიქტის მსხვერპლის ღირსების პატივისცემის შესაძლებლობებზე.

ამ შედეგთან და მოცემულ ინდიკატორთან მიმართებაშიც პედაგოგს შეუძლია ეფექტურად გამოიყენოს ტყვეთა ბანაკის ისტორია თავისი შიდა დაპირისპირებით, ტყვეთა სასაფლაოს თემით. ადეკვატური სტრატეგიის, აქტივობებისა და მეთოდების გამოყენებით დაეხმაროს  მოსწავლეებს მშვიდობის არსისა და მნიშვნელობის გაცნობიერებაში. ამ ცოდნისა და უნარების

კიდევ ერთხელ აღზრდის შესახებ

0

ამ წერილში მინდა, გაგაცნოთ ბავშვის აღზრდის  საყოველთაოდ მიღებული ზოგიერთი წესი.

 

  1. ბავშვი უნდა იზრდებოდეს მშვიდ გარემოში, რომელიც სავსეა სიყვარულით და პატივისცემით. თქვენ ახლა გაიფიქრეთ, რომ ეს ისედაც იცით, მაგრამ აბა დაფიქრდით, განა არასოდეს გაბრაზებულხართ თქვენს პატარაზე უმიზეზოდ, მხოლოდ იმიტომ, რომ ცუდ ხასიათზე დაგაყენათ რაიმე უსიამოვნო ამბავმა? ასე რომ „განმეორება ცოდნის დედააო“ და მეც მინდა შეგახსენოთ: სიმშვიდე ეს არის მთავარი, რაც მუდამ უნდა შეინარჩუნოთ პატარებთან ურთიერთობისას. ბავშვები არ აგებენ პასუხს თქვენს რეაქციებზე, მაშინაც კი, როდესაც მშობლები შესაძლოა სტრესულ მდგომარეობაში არიან.

 

  1. თანამედროვე მშობლებმა ძალიან კარგად იციან, რომ აღზრდა არ არის მხოლოდ ბავშვის ფიზიკურ განვითარებაზე ზრუნვა, არამედ მშობელი შვილის ფსიქო-ემოციურ განვითარებაზეც არის პასუხისმგებელი. სწორედ ამიტომ უფროსებს მუდმივად უნდა ახსოვდეთ, რომ მათი ემოციური მდგომარეობა ფაქტობრივად სრულად აისახება მათ პატარაზე. მშვიდ გარემოში ბავშვიც შესაბამისად იქცევა, ხოლო სტრესულ გარემოში ბავშვებიც დაძაბულები, გაღიზიანებულები და შფოთიანები ხდებიან.

 

  • და სწორედ იმიტომ, რომ მშობლებს აქვთ პასუხისმგებლობა შვილების ფსიქოემოციურ აღზრდაზე, მათ ევალებათ, პასუხისმგებლობა აიღონ საკუთარ ემოციებზეც. იმისათვის, რომ მშობელმა შეძლოს, ასწავლოს შვილს ემოციების მართვა და კონტროლი, მან თავად უნდა იცოდეს ეს ყველაფერი;
  • აუცილებელია მშობელს კარგად ჰქონდეს განვითარებული თვითკონტროლის უნარი, რომელიც იმაში გამოიხატება, შეუძლია თუ არა მას აკონტროლოს საკუთარი რეაქციები სხვების ქცევებზე;
  • თუ ბავშვი მშობელს „იწვევს პროვიკაციაზე“, ამ დროს სწორედ ბავშვი აკონტროლებს სიტუაციას. ხშირად ყოფილხართ მსგავს სიტუაციებში, როდესაც გიფიქრიათ: „ამან მე როგორ უნდა მაჯობოს?“ დარწმუნებული იყავით, რომ ამ დროს უკვე „დამარცხდით“;
  • შეჯიბრი: „ან მე, ან ის“, არასწორია, რადგან აქ გამარჯვებული არცერთი მხარე არ არის, მით უფრო უფროსი.

 

  1. აღმზრდელობა ძალიან სერიოზული საქმიანობაა, რადგან ფსიქოლოგები ავალებენ მშობლებს/აღმზრდელებს მუდმივად აკონტროლონ ყველა სიტყვა, რასაც ისინი ბავშვებს ეუბნებიან. რა სიხშირით ეუბნებიან უფროსები საკუთარ შვილებს: „შენ მაიძულებ გაგიბრაზდე“, „შენ მე არაფერს მიჯერებ“, „მე შენ გამო გამუდმებით ვნერვიულობ“… მსგავსი ფრაზებით მშობლები უნებურად ნებას რთავენ შვილებს, მართონ სიტუაცია. ანუ გამოდის რომ მშობელი შვილს ეუბნება, რომ ის გარემოების წარმმართველია.

უფროსებს ევალებათ არ დაკარგონ მოთმინება და წონასწორობა, არ დაკარგონ ის არცერთ

სიტუაციაში, როგორადაც არ უნდა იქცეოდეს ბავშვი.  თუ ზრდასრული ამას შეძლებს, ეს

ნიშნავს, რომ ყველაზე რთულ სიტუაციაშიც კი ის შეინარჩუნებს კონტროლს მოვლენებზე.

 

  1. რადგან ყველასათვის ცნობილ ჭეშმარიტებებზე ჩამოვარდა საუბარი, ამიტომ კიდევ ერთი მსგავსი შეგონება: არ დაუშვათ რომ დაკარგოთ სიბრძნე და „შემოგელიოთ სიყვარული“. აღზრდის პროცესში წარმოქმნილ პრობლემებს, მხოლოდ მოთმინებით და სიმშვიდით გადაჭრით.

 

  1. აღზრდა მუდმივი პროცესია და ამ პროცესში ხშირია პრობლემების. „დიდი ბავშვი – დიდი პრობლემაა, დიდი საზრუნავია“. არასოდეს უნდა დაიკარგოს თანამიმდევრულობა და ისევ და ისევ სიმშვიდე. თუმცა ეს ყველაფერი ნელ-ნელა, თანდათანობით მოდის. შფოთვა და წონასწორობის დაკარგვა ეს ხომ ტყუილად დაკარგული დრო და ნერვებია.

 

  1. აღზრდის თანამედროვე თეორიები და მიდგომები ქადაგებს, რომ ბავშვს უფროსი კეთილად და თბილად უნდა მოექცეს, რადგან სხვაგვარი დამოკიდებულება მას ეუბნება, რომ უფროსს არ შეუძლია სწორად წარმართოს არსებული სიტუაცია. ამგვარად, უფროსი ბავშვს საკუთარი თავისადმი უპატივცემულობასა აჩვენებს.

 

  1. ახლა უკვე ყველა პედაგოგმა და აღზრდის პრობლემებით დაინტერესებულმა მშობელმაც იცის, რომ აღზრდის ყველაზე არაეფექტური მეთოდებია: ყვირილი, ჩხუბი, აგრესია, იძულება, რადგან ისინი მხოლოდ უკუეფექტს იძლევა. ყველას მოეხსენება, რომ როდესაც ბავშვის არასწორ საქციელზე მშობელი აგრესიით პასუხობს, ის თავად ძალიან ბრაზობს, სწრაფად იღლება, ღიზიანდება და იძაბება უძლიერდება. ამიტომ არის სწორედ რომ ბავშვის საქციელზე ნეგატიური, აგრესიული რეაქციები, მხოლოდ ართულებს სიტუაციას.

 

  1. ბავშვები ახდენენ უფროსების ქცევების მოდელირებას. ესეც იცით? ხოდა ძალიან კარგი,  უნდა ეცადოთ და გამოიყენოთ ეს ცოდნა, აკონტროლოთ საკუთარი ქმედებები, თუნდაც იმიტომ, რომ შეძლოთ გაანალიზოთ, საიდან ჩნდებიან ჩვენი შვილების არასწორი ქცევები.

 

  1. „ჩემს შვილს საერთოდ არ უყვარს წიგნების კითხვა, სულ კომპიუტერთან ზის ან ტელევიზორს უყურებს…“. აბა დაფიქრდით, რამდენად ხშირად გხედავთ თქვენი შვილი წიგნით ხელში? და კომპიუტერთან მჯდომს? ტელევიზორის წინ?

 

  1. თქვენი შვილი „ძალიან ჯიუტია“? და თქვენც მუდმივად უბრაზდებით და ცდილობთ ნებისმიერ ფასად შეასრულებინოთ საკუთარი მოთხოვნა? როდესაც ბავშვი რაიმე გადაწყვეტილების მიღებას ცდილობს, სულ აკონტროლებთ, რადგან ფიქრობთ, რომ ის ჯერ პატარაა და თავად ვერ მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას?

რა თქმა უნდა, მშობლებს არ მოსწონთ, როდესაც შვილები არ უჯერებენ, ძალიან უხალისოდ ასრულებენ უფროსების მითითებებს, ან საერთოდ არ ასრულებენ მათ.

  • „სანამ პატარა იყო ვუთმობდი, მეცოდებოდა და თანაც მეგონა, რომ გაიზრდებოდა და თავისთავად გამოსწორდებოდა ყველაფერი. მაგრამ ახლა სულ აღარც მიჯერებს და როდესაც ველაპარაკები ასე მგონია საერთოდ არ მისმენს და ყველაფერს თავის ჭკუაზე აკეთებს“. სამწუხაროდ, მრავალი მოზარდის ოჯახისათვის ძალზე ნაცნობი სიტუაციაა. ვფიქრობ, ეს იმ შეცდომის შედეგია, როდესაც მშობლები უშვებენ შვილების აღზრდისას. აქ აღზრდის „ერთ-ერთი ოქროს წესი უნდა გავიხსენოთ: „არც მხოლოდ კონტროლი და არც ჰიპერმეურვეობა“.

 

მგონი დროა აღზრდის „სწორ მიდგომებზე“ ვისაუბროთ და კვლავ ცნობილი ჭეშმარიტებები გავიხსენოთ: აუცილებელია, ბავშვს განვუსაზღვროთ მისაღები ქცევების საზღვრები. იმისათვის, რომ ეს საზღვრები დაწესდეს, უფროსებმა დიდი გულისყურით თვალი უნდა ადევნონ საკუთარ ქცევებს (ხომ გახსოვთ, ფსიქოლოგები სულ იმეორებენ: ბავშვი ახდენს უფროსის ქცევის მოდელირებას“;). გაიხსენეთ, რამდენად ხშირად გიფიქრიათ სხვის შვილზე: „კიდევ კარგი გაიზარდა, მისი მშობლების ხელში“; „რაც დედაა, ის შვილი გამოვიდა“.

თუ აღმზრდელები შეეცდებიან, საკუთარი თავი ბავშვის ადგილას დააყენონ, მაშინ ადვილად მიხვდებიან, რა ეწყინება და არ ესიამოვნება პატარას. სანამ რამეს მოიმოქმედებთ კარგად დაფიქრდით, რა შედგის მიღწევა გსურთ ამ საქციელით.

 

დავუშვათ, რომ მშობელმა/აღმზრდელმა გადაწყვიტა შეცვალოს საკუთარი რეაქციები ბავშვის საქციელზე. რა უნდა მოიმოქმედოს მან?

 

  • შეწყვიტოს ყოველთვის, ყველაფერზე ბავშვის დადანაშაულება;
  • გაუთავებელი „ჭკუის სწავლება“;
  • მუდმივად მხოლოდ შენიშვნების მიცემა;
  • წუწუნი, რომ დაიღალა მისი „უსაქციელობით“;
  • შეუსრულებელი მუქარები (აღარ გიყიდი, აღარ გაგიშვებ….);
  • საკუთარი თავის დადანაშაულება (ჩემი ბრალია, ძალიან გაგათამამე, ბევრის უფლებას გაძლევ…);
  • შეწყვიტოს მუდმივად მოთხოვნების წამოყენება (არაფერი შეგეშალოს, კარგად ისწავლე..);
  • მისი ქცევების მუდმივად უფროსების ქცევებთან შედარება (მე რომ შენხელა ვიყავი… ჩვენ დროს ეგრე არ იქცეოდნენ ბავშები…);

 

რა შედეგს მიიღებს მშობელი/აღმზრდელი საკუთარი ქცევის შეცვლით?

  • მშობლის/აღმზრდელის მიმართ გაიზრდება ბავშვის: ნდობა, პატივისცემა,

თანაგრძნობა;

  • ბავშვი შეეცდება, აღარ მოატყუოს უფროსები, რადგან აღარ შეეშინდება მათი არაადეკვატური რეაქციების;
  • ბავშვი აღიარებს მშობლის ავტორიტეტს, სწორად შეაფასებს მის მიმართ

დამოკიდებულებას;

  • ბავშვი აღიარებს მშობლის/აღმზრდელის პიროვნულ ღირსებებს;
  • ბავშვი ირწმუნებს საკუთარ ძალებსა და შესაძლებლობებს;

 

 

სანამ სიცოცხლე დაიწყება ანუ სიკვდილი და ეროტიკა გურიაში

0

ზენა ქარი ქრის.

შიშის და ცრურწმენების ქარი. სკვინჩა რომ სტვენს და შესძახებენ: „სკვინჩა, შენს პირს შაქარი“ ან ძაღლი ყმუის. „საით აქ პირი მაგ დასაწუავს ნეტე მიბრუნებული?“ – ეგეთი საშიშია ზენა ქარი. ოღონდ შესაბამისი ფრაზები არ დევს. პირიქით – დუმილია ამ ქარის პასუხი. ეზოში გაფენილი სარეცხის უმალ ჩამოხსნა. „პირმოკუმული“.  ფანჯრების სასწრაფოდ მოხურვა. „წაი, ბიჯო, უცებ ნახე, ოდაშია მგონია დარჩენილი ღია, რაცხა ბრახუნობს, თუ დეინსხრა, მერე მისით კი არ ჩაჯდება სტეკლო“.

ახვალ. დაკეტავ. და ჩამოსვლას აგვიანებ. იქ წიგნებია. საერთოდ წიგნები მეორე სართულზე ცხოვრობენ, ყველაზე ლამაზ და ღირსეულ ადგილას, სადაც ძირითადად მტვრის გადასაწმენდად და მკვდრის დასასვენებლად ადიან. არა, ნუ იფიქრებთ კითხვა არ გვიყვარდეს. მაგრამ ის დროა, წიგნის ფურცელი გალანცული ლამპის გასაწმენდად უფრო ფასობს ან მასწავლებელი რომ არ დადის, იმ ადგილის აღსაჭურვად. ისე, ზოგიერთ მასწავლებელს ევლო, არ აწყენდა – რამეს წაიკითხავდა, ნაგლეჯზე მაინც. სხვა თემაა, გურულებს გვიყვარს ასე წამოცდენით აცდენები. „ტყულა კი არ ვშობით ისე“. რაც შეეხება ხსენებულ ოთახს, რომელსაც, უკვე გამოიცანით, ზალა ეწოდება, კიდევ ამშვენებს გაუგებარი რეცეპტებით გამზადებული საშობაო სასმელი, ორი ძვლადქცეული ჩურჩხელა, ლარნაკში თხილი და თხილში სამი ცალი კანფეტი. აუცილებლად ტახტი და სავარძელი. კედელზე ხალიჩით. ხალიჩაზე ირმებით. ეს ირმები მერე ისე მშობლიურად იქცევიან, ლამისაა რქები გამოყონ და ზედ ბუშლატა ჩამოკიდო. ისევ ავცდი. სხვა ამბავს გიყვებით. წიგნებში დამალულ წიგნებზე.

13 წლისამ მივიღე ერთი ფრიად ამაღელვებელი და, ამავდროულად, როგორც მერე გაცხადდა, მცდარი მინიშნება – ალბერტო მორავიას „ჩოჩარა“ იმფერი წიგნი იყო. იმფერი. ეროტიკული. მორავია რომ ქართველი მეგონა, ეს კიდევ ცალკე საგაა. ახლა ალბერტოსა და ჰამლეტის გურულსახელობით ძნელად გაგვაკვირვებთ. ჰოდა, ვითხოვე. გარეკანი, სადაც შიშველი ქალი იყო წარმოდგენილი, ინფორმაციის წყაროს სანდოობას, დიახაც რომ ადასტურებდა. დავიწყე კითხვა და ამაოდ. ჩემთვის მოსაწყენი ამბები: ჯარისკაცები, სიკვდილი, გაჭირვება. არადა, გასაჭირი ჩვენიც გვეყოფოდა. მოკლედ, იმფერი აფერი. დე სიკას ლორენიანი ეკრანიზაცია რომ მქონოდა ნანახი, ფიქრს სხვა გაქანებას მივცემდი. მაგრამ მაშინ დე სიკა ბესიკად შეიძლებოდა მომყურებოდა – ჩემსა და კინოს შორის მკვდარი ტელევიზორი იდგა.

მეორე წიგნს ეწერა „გამოდის ავტორის ხარჯით“. ეს იმ პერიოდისთვის ეტყობა განსაკუთრებულ ამბავს გულისხმობდა, გასაგები ტრადიციის გამო – 1991 წლის გამოცემაა – და ხაზგასმით მიუთითებდნენ. როსტომ ბეჟანიშვილის „ჰერცოგის ნადიმი“. ამ კაცის სახელი და გვარი მერე რუსთაველზე დამხვდა – აქ ცხოვრობდა და ა.შ.-ს ამბავში და გამიხარდა. ხსენებული წიგნიც ეროტიკული „ნაკოლის“ გავლენით წავიკითხე. აქაც ვერაფერი ბევრი ამ მხრივ, მაგრამ სხვა ამბები გავიგე. მაგალითად, ის, რომ არსებობდა ვინმე ჯუ დე, ჩინელი გენერალი – 9 მარტს, სტალინის სახელის დასაცავად ქართველი დემონსტრანტები მიადგნენ სტუმრად ჩამოსულს და გაჰყვიროდნენ: ჯუ დე, ჯუ დე, ჯუ დე!

ძალიან საინტერესო საქმეა ერთი წიგნის გამოცემა ორჯერ – ბათუმში და თბილისში – განსხვავებული სათაურებით. სერგეი ლიბიხი – „სექსუალური ჰარმონია“ (თბილისი, მერანი, 1991 წელი. თარგმნა ნ. ლობჟანიძემ. გვერდი – 96) და სერგეი ლიბიხი – „სასიყვარულო ჰარმონია“ (ბათუმი, ჟურნალ „ჭოროხის“ გამომცემლობა, თარგმნა ე. ნიკოლაძემ. გვერდი – 64). საინტერესოა ისიც, რომ ორივე წიგნი ოჯახის ბიბლიოთეკაში აღმოვაჩინე. ალბათ დროისა და კონტექსტის გათვალისწინებით – ძალიან სტერილური ქართულით ნათარგმნი, რაღაც აზრით, ნეიტრალური წიგნი – არც სამედიცინო, არც ეროტიკული. მოკლედ, უხალისოდ საკითხავი, სულ მცირე, იმ დეკლარირებული მიზნით მაინც, რაზეც თავიდანვე მოგახსენეთ.

მაგრამ იმ დროის საკულტო წიგნი მაინც სხვა იყო. კარგად ან უნებლიეთ კარგად გათვლილი კომერციული პროექტი. ფასი სახელშეკრულებო – ეს ბიზნესგანცდისთვის. ტირაჟი, ოფიციალური – 1000 – ეს ექსკლუზიურობის შეგრძნებისთვის, თორემ ბარემ ათას ხუთასი კაცისგან მე გამიგია, რომ სადღაც სხვა გამოცემების ზურგში უდევთ. შრიფტი – პეტიტი – მზერის დასაძაბად და სხვანი. გაფორმება – სურათ-ნახატების გარეშე, ტექსტზე მეტი აქცენტით. ხოლო ავტორი – ირინა ავერბახი. ხოლო პირველ გვერდზე – ზ.ი. ავერბახი. აშკარა ფსევდონიმი, რომლის უკან მდგომი თუ ოდესმე სცენაზე გამოვა, დიადი კარნავალი უნდა შეიქნას. და სახელი მისი: „გარყვნილების ჭაობი, ანუ დედიდან შვილზე გადასული უბედურება“. უფრო მოკლედ: ჭაობი. წინასიტყვა გვამცნობს: „ძვირფასო მკითხველებო! ამ რომანში მოთხრობილი ამბები ნამდვილად მოხდა, მისი ავტორი ზაირა ისაის ასული ავერბახი რამდენიმე წლის წინ საზღვარგარეთ გაიქცა. ეს წიგნი საბჭოთა კავშირში აკრძალული იყო. იგი გამოიცა საზღვარგარეთის ბევრ ქვეყანაში. წიგნი ჩვენთან საიდუმლოდ იბეჭდებოდა, რადგან წიგნის აღმოჩენის შემთხვევაში მისი მფლობელიც სათანადოდ დაისჯებოდა“. პორნოგრაფიული ელემენტები. კრიმინალი. სიმდიდრე და სიღარიბე. ციხე. სიყვარული. ცოტა მოულოდნელი მორალისტური ამოვარდნები. ყველაფერი, რაც რაგინდარა ხარისხის ტექსტს ბესტსელერობას დაუმკვიდრებს, მით უფრო, იმ დროს, საბჭოთა ფსევდოტაბუდან გამომძვრალ საზოგადოებაში. ამ წიგნს ეგრე ვკითხულობდი, როგორც რომ ჩემი ვარაუდით ბევრი თქვენგანი – ან საბჭოთა ენციკლოპედიაში ვაქცევდი სხვათა თვალის ასაქცევად, ანდაც მეგულებოდა ასეთი ფოლიანტი – ოქრო აჭარის ლაჟვარდში, ციტრუსთა და მსგავს ხილთა კომკავშირული ქება და იქ ვათავსებდი. ერთი შეხედვით კი გასაკვირია ამგვარ წიგნთა ასე დაჟინებით კითხვა, მაგრამ უცნაურ ბავშვად ვითვლებოდი და ამან გამამართლა. კარგია უცნაურობა. ახლაც, ფანჯრის დასახურად ასულმა, კარადა გავაღე და უცებ კივილი გაისმა. კივილს მოჰყვა დედაჩემის ხმამაღალი ექო: ა, ცა, ხომ ვჩიოდი, ტყულა კი არ მიგძნობდა გული.

და გამოცვივდნენ მეზობლები. მირბოდნენ ქუჩაზე. იქით, ჯონიეს სახლისკენ. მირბოდნენ არეულად და უაზროდ. თუმცა დაჟინებით. მირბოდნენ ჯონიასკენ. არავინ იცის – სიკვდილის შესაგებებლად თუ შესაჩერებლად. საოცარი სანახავია ეს სირბილი და მერე ერთად შეჯგუფება. კაცები სიგარეტს დააძრობენ, ქალები კიბის ბოლოში ჩამოჯდებიან. სამი წუთის მერე ვიღაც იტყვის: „პირი უუკონეთ? ყბაი არ ქონდეს უშნოთ“. ჯონიას არ დასჭირდა პირის აკონვა, ეტყობა კბილი კბილს მაგრად დააჭირა და სული არ გაუშვა. გოგოლა გამოვიდა. თქვა: „ელანძეა ნენა კაციიიიი, იმფერი შიში მაჭამააააა, კინაღამ მე დავჩი მოსაბრუნებელიიიიი, ნენაააა“…

 

ზოგიერთი ზმნა შინაარსს იფართოებს გურულ ყოფაში: ახალმიცვალებულის შეცხადებას – შეკივლება ჰქვია. მკვდარი რომ ჰგონიათ და ცრუ განგაშია – გადაკივლება. „მურმანიე იმფერი გლახათ იყო, გადეიკივლეს, ცა, ერთიგზობა“. ჯონიეც მურმანიასავით აღმოჩნდა.

ოდესმე ჯონიც მოკვდება. ვინმე აუცილებლად იტყვის: „მაი იმფერი ჯანმთელი იყო, რომ არ მომკტარიყო, ქი იცოცხლებდა კაი ხანი“.  ამის მოსმენის მერე სიკვდილი გავიწყდება. დავიწყებული სიკვდილი საშიში აღარ არის.

საერთოდ, სიკვდილთან შეგუება ადამიანად ყოფნის მთავარი ნიშანია, საშინელი, თუმცა აუცილებელი თვისება. მანამდე სხვა ამბებთან შეგუებებით ვარჯიშობს და  მერე აღარ უჭირს. ისე აღარ უჭირს, თორემ. ბრძოლაც შეგუებაა – დროებით გადადებასთან შეგუება.  მაგრამ ადამიანს სხვა ნიშანიც აქვს. სიცოცხლის ნიშანი. ეს გამოტოვების უნარია. ერთი ტოტიდან მეორე ტოტზე გადახტომის ძალა. აი, ასე:

მეორე დღეს ბებიაჩემი ჭიშკართან ნაყარ ფოთლებს ხვეტდა და სხვა სოფლიდან ჩამოიარეს. რა ხდებოდა წუხელი თქვენკენო.

ბებიაჩემმა აფერი არაა, ჯონიე კტებაო. შენი ბაღნები დადიენ უკვე სკოლაშიო?

ჩვენ ვიცით, მე და ნათელა ბებიამ. სიკვდილი აფერი არაა. როგორ შეიძლება სიკვდილი რამე იყოს? ვინმეს გინახავთ სიკვდილი? მე არასდროს შემხვედრია. და ვიცი – არც შემხვდება. ჯონიე რომ კტება? და ჯერ ხომ არ მომკვდარა? უფრო საინტერესო ის არის, ბაღნები თუ წევიდნენ სკოლაში. და სულ ეს უნდა იყოს უფრო საინტერესო. სხვანაირად, სიკვდილი გაიმარჯვებს.

რიტორიკა დროში – ნუ აიმაღლებთ ხმას, გააძლიერეთ არგუმენტები!

0

ნობელის მშვიდობის პრიზის მფლობელის, დესმონდ მპილო ტიუტუს ფრაზა – „არ აუწიოთ ხმას, გააძლიერეთ არგუმენტები“ – სწავლებისა და აზროვნების, ზეპირი თუ წერითი კომუნიკაციის ყველა დონისთვის გამოსადეგი ინსტრუქციაა. თუ ვიცით, რომ ხმა არგუმენტის მხოლოდ და მხოლოდ პათეტიკური ელემენტია, ცხადია, იოლია იმის წარმოდგენა, რომ პათეტიკური ლოგიკურს ვერ გადაწონის, მიუხედავად იმისა, რომ არისტოტელემ ეს უკანასკნელი ბოლო ადგილზე დააყენა. აკი კვინტილიანეც კარგად თქმის ხელოვნებას ანიჭებს უპირატესობას და ეს დღემდე პოლიტიკური დისკურსისა თუ რეკლამის ამოსავალიც გამხდარა. ზოგჯერ აშკარად პათეტიკური სჯაბნის ლოგიკურს იმიტომ, რომ ეთიკურიც მიჭნეხილია. თუმცა ვიდრე ქართულ (და არამხოლოდ) საზოგადოებრივ სისუსტეებს მავანი კვინტილიანეს, არისტოტელეს ან სოკრატეს მიაწერდეს, სჯობს, კარგად გავერკვეთ არგუმენტაციის ფენომენში და საჯარო ზეპირი თუ წერითი კომუნიკაციის ხელოვნება თითქმის 2500 წლის შემდეგ მაინც იმ სიმაღლემდე ავიყვანოთ, როგორც ამას ძველი ბერძნები გვირჩევდნენ.

ჯერ კიდევ ანტიკური კულტურის დაცემამდე ძვ. წ.-ის მეხუთე საუკუნეში  ათენში დემოკრატიული სისტემის ჩამოყალიბებამ და სასამართლო კულტურამ განაპირობა საჯარო გამოსვლისა და დამარწმუნებელი ტექსტების ფლობის ხელოვნების საჭიროება.  ეფექტური სიტყვის სიტემაში მოყვანის მეთოდოლოგიის შემუშავების ფარგლებში წარმოიშვა რიტორიკა (ბრეტონი, 2011, 13). არგუმენტაციის შესახებ პირველი სახელმძღვანელოც კაცობრიობის ისტორიაში ძვ. წ. 450-440 წლებში სირაკუსელი ბერძნების კორაქსისა და მისი მოწაფის, ტისიას მიერ დაწერილა. არისტოტელეს ისინი თავის შრომებში გამოუყენებია და მათი სახელებიც ასე შემოგვრჩა. დარწმუნება რიტორიკის საგნად სწორედ კორაქსის გამოუყვია პირველად  (მეიერი, 1999, 21).  მასვე შეუმუშავებია ტექნიკათა ერთობლიობა, რომელიც ტრიბუნალის წინაშე მაქსიმალურად ეფექტური არგუმენტაციის საშუალებას იძლევა და გაურჩევია დამარწმუნებელი დისკურსის ორგანიზების საფეხურები, როგორიცაა: 1. აუდიტორიის ყურადღების მიპყრობა; 2. თეზისის წარდგენა მსმენლის წინაშე; 3. მსჯელობა – არგუმენტები  თეზისის დასაცავად; 4. დისკურსის დასრულება დასკვნით (ბრეტონი, 2011). როგორც ცნობილია, იმავე საუკუნეებში სოფისტებიც ბევრს საუბრობდნენ მეცნიერებაზე და, მკვლევართა შეფასებით, დიდი როლი ითამაშეს გრამატიკის, მჭევრმეტყველების, ზუსტი მეცნიერებების ზოგადი პრინციპების ორგანიზებასა და, ზოგადად, კრიტიკული აზროვნების განვითარებაში“ (ჟან ჟაკ რობრიე 1993), მაგრამ მალე სოფისტებს მთავარ მიზნად  ნებისმიერი  საშუალებით მსმენლის გადაბირება, დარწმუნება დაუსახავთ და ჭეშმარიტებისთვის მხოლოდ პირობითი მნიშვნელობა მიუნიჭებიათ. ჭეშმარიტებისადმი ამგვარი მიდგომის გამო მათ პლატონიც დაჰპირისპირებიათ, რადგან მიიჩნევდა, რომ რიტორიკა არ არის ჭეშმარიტების გვერდის ავლით უბრალოდ მსმენელთა დასარწმუნებელი  ტექნიკა, არამედ რიტორიკა ინტელექტუალური იარაღია და იგი ჭეშმარიტების დადგენას ემსახურება (ბრეტონი, 2011).

არგუმენტაციის ფენომენი არისტოტელემ (ძვ. წ. 384-322) თავის შრომებში მეცნიერულ, სისტემურ დონეზე დაამუშავა. იგი ექვსი წლის მანძილზე, ძვ. წ. 329-323 წლებში, წერდა რიტორიკის სახელმძღვანელოს, რომელშიც მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა  არგუმენტაციის ძირითად პრინციპებს, ეთოსისა და ტოპოსის საკითხებს, რიტორიკასა და სტილის თემატიკას (ფირცხალავა, 2009; ადეიშვილი, 2015). არისტოტელესთვის დარწმუნება ხელოვნებაა და მიმდინარეობს საკომუნიკაციო პროცესში, რომლის შემადგენლებია: მეტყველი, შეტყობინება და მსმენელი. ეთოსის, პათოსისა და ლოგოსის ელემენტების შესახებ  ჩვენს წინა წერილში უკვე ითქვა (https://mastsavlebeli.ge/?p=10671).  გარდა ამისა, დარწმუნების მიზანი არ არის ჭეშმარიტების დადგენა, თუმცა იგი ეყრდნობა ტოპოსსა და წინამძღვრებს. მიზანია მსჯელობის უნარის მქონე გონებათა მიმხრობა, ის სტრუქტურირებული დისკურსია და ეყრდნობა ენთიმემასა და მაგალითს (ფირცხალავა, 2009; ადეიშვილი, 2015).

მოკლედ, მსჯელობისათვის ნათლის მოფენა, ჭეშმარიტების დადგენა, ნებისმიერი საკითხის დამაჯერებლად განხილვის, აზრების ნათლად, მკაფიოდ წარმოჩენის უნარი, რომელიც საშუალებას იძლევა დასაბუთებულად და დამაჯერებლად დამტკიცდეს სათქმელი – ჩამოყალიბდა ტერმინად „არგუმენტი“ (Arguare, Argmentum), რომელიც უკვე პოზიციად განიხილება. კარგად ჩამოყალიბებული ნებისმიერი პოზიცია სხვათა ყურადღებას, მოსმენასა და პატივისცემას იმსახურებს, რადგან იგი დასაბუთებულია. თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ „არგუმენტი არის არა ცალკე წარმოთქმული რაიმე აზრი, არამედ მსჯელობა, მსჯელობათა მთელი სისტემა სხვა რომელიმე მსჯელობის ჭეშმარიტების დასადგენად. მაშასადამე, ჩვენს უმთავრეს მიზანს მხოლოდ არგუმენტის შედგენა კი არ უნდა წარმოადგენდეს, არამედ უშუალოდ პროცესი (ფირცხალავა, 2009), როცა ხდება ჩვენი სათქმელის განვითარება, მსჯელობა, განსჯა, თუ როგორ მივედით ჩვენ ამ პოზიციამდე, თუ რა არის ჩვენი მთავარი სათქმელი, ანუ არგუმენტაცია“.

როგორ გავაძლიეროთ არგუმენტები?

ამისთვის არაერთი მეთოდი არსებობს, რომლებიც, ძველი საუკუნეებიდან მოყოლებული, დღესაც აქტუალურია და მათზე საუბარს უმთავრესად იწყებენ სოკრატედან, რომელიც კითხვების დასმით ცდილობდა მოწაფეებისგან არგუმენტირებული პასუხების მიღებას და ამ პასუხებით ისინი გარკვეულ დასკვნამდე მიჰყავდა.  „მე არავის არაფერს ვასწავლი, რადგან თავადაც არაფერი ვიცი, უბრალოდ, კითხვებს ვუსვამ“, – აცხადებდა იგი. კითხვა-პასუხის მეთოდი დღესაც გამოიყენება, განსაკუთრებით იქ, სადაც ჭეშმარიტების დადგენაა საჭირო – იქნება ეს დაკითხვა სასამართლო პროცესებზე თუ ჯვარედინი დაკითხვა დებატებში. ეს მეთოდი დღესაც მისაღებია სკოლებსა თუ სასწავლო დაწესებულებებში, როდესაც გარკვეულ საკითხზე აზრის ჩამოსაყალიბებლად კვლევაა საჭირო. როცა არ გვინდა ჩვენი აზრი მოვახვიოთ სხვას, არამედ გვინდა მოსწავლეებმა თავად მიაგნონ ჭეშმარიტებას. როგორც პლატონი ამბობდა, სწორი კითხვებით უსწავლელ ბავშვსაც  გამოვაყვანინებთ გეომეტრიულ ამოცანას“ (ფირცხალავა, იქვე).

მეორე, არისტოტელესეულ მეთოდად დიალოგს განიხილავენ,  2500 წლის წინათ პლატონის მსგავსად, არისტოტელეც დიალოგის ფორმით წერდა, დიალოგით ასწავლიდა მოსწავლეებს სეირნობის დროს. ადამიანის ურთიერთობის მნიშვნელოვანი ფორმა – დიალოგი, იმ მიზნით შეიქმნა, რომ ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრებების არსებობის შემთხვევაში, იოლად მოეძებნათ სიმართლის მიღწევის საუკეთესო გზები. დიალოგი ათენის საზოგადოებისათვის ურთიერთობის საუკეთესო ფორმა გახდა. ხელი შეუწყო პირველი დემოკრატიის განვითარებას. მთავრობა, პოლიტიკური და საზოგადოებრივი საკითხების გადაჭრისას, ხელმძღვანელობდა დიალოგის გზით მიღწეული შედეგებით. საქართველოში დიალოგის მაგალითად ე.წ. ,,ხევისბერის ინსტიტუტს განიხილავენ“. ხევისბერი საზოგადოებისათვის მნიშვნელოვან საკითხებს თემის წინაშე წარადგენდა, იმართებოდა დიალოგი და ამის შემდეგ იღებდნენ გადაწყვეტილებას. დიალოგის როლსა და მნიშვნელობას უსვამენ ხაზს დავით აღმაშენებლის ისტორიკოსები საქართველოს ისტორიაში სხვადასხვა წინააღმდეგობის დაძლევისას. ამერიკაში რევოლუციის წინა პერიოდში არსებობდა ,,ქალაქის შეკრებების“ ტრადიცია, სადაც იხილავდნენ პრობლემებს, მართავდნენ დიალოგს ალტერნატიულ საკითხებზე და იღებდნენ გადაწყვეტილებას.

დღესდღეობით სკოლებსა და უნივერსიტეტებში სემინარული მუშაობისას, მოსწავლეებში კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების განვითარების, თანამშრომლობითი, სწორი გადაწყვეტილების მიღების, პრობლემების გადაჭრის უნარ-ჩვევების განვითარებას  ხელს უწყობს დიალოგი, რომელიც არის თანამშრომლობა, მისი მიზანია  შეთანხმება; დიალოგის დროს ერთი მხარე უსმენს მეორეს, რათა გაიგოს და აღმოაჩინოს განსხვავებული პოზიციებს შორის; დიალოგი გამოავლენს მცდარ შეხედულებებს; დიალოგისას მისაღებია პოზიციის შეცვლა; იგი იძლევა მეტ შესაძლებლობას, იპოვო საუკეთესო გადაწყვეტილება, ვიდრე დაეთანხმო რომელიმე მხარის პოზიციას; ავითარებს მოვლენებისადმი შემოქმედებით, ობიექტურ, მრავალმხრივ დამოკიდებულებას; ლოგიკური მსჯელობა და ლოგიკური კავშირები დიალოგის დროს დარწმუნებაში ყველაზე მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. დიალოგი მოითხოვს ადამიანებისა და მათი იდეების პატივისცემას, განსხვავებით დებატებისაგან, რომლის მიზანია რომელიმე მონაწილე მხარის გამარჯვება. წერითი კომუნიკაციისას, რომანტიკოსებისა თუ ეგზისტენციალისტების შემოქმედების გარდა, დიალოგი დღესაც მხატვრული თუ პუბლიცისტური სტილის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფორმად რჩება.

გარდა სოკრატული და დიალოგის მეთოდისა, განიხილავენ დარწმუნების, ზემოქმედების, „საკუთარი თავის“, ეფექტის მოხდენის მეთოდებს, თუმცა ესენი, უმთავრესად, ზეპირი კომუნიკაციისას გამოიყენება, ლოგიკას არ ემყარება და გულისხმობს სხვადასხვა ფსიქოლოგიურ თუ ემოციურ ზემოქმედებას, მსმენლისა თუ მკითხველის გავლენის ქვეშ მოქცევას, აქცენტი კი კეთდება ინტონაციაზე, ჟესტიკულაციასა და მიმიკაზე.  საგულისხმოა, რომ არისტოტელე არგუმენტაციულად განიხილავს მხოლოდ ზეპირ დისკურსს, სადაც ვერბალური რესურსები სტრუქტურირებული ფორმით არის ორგანიზებული და, რომელსაც მკვეთრად გამოხატული არგუმენტაციული დანიშნულება –მსმენელის დარწმუნება აქვს. არგუმენტაციის ზოგი მკვლევარი კი სტრუქტურირებულ დისკურსს და, ასევე, ფიქრის ფრაგმენტულ გამოსახულებას არგუმენტაციულად მიიჩნევს.   საშუალებები კი, რომლებითაც დარწმუნება შეიძლება, არაერთია და გამოყენებისას ჩვენი მხრიდან სიზუსტესა და გონივრულ დამოკიდებულებას ითხოვს.

გამოყენებული რესურსები:

  1. არისტოტელე – რიტორიკა – თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა 1981წ
  2. ფირცხალავა, ნ., არგუმენტის შექმნის გზები და სტრატეგიები, თბ., 2009;
  3. ადეიშვილი, ქ., არგუმენტაცია პოლიტიკურ დისკურსში (შეპირისპირებითი ანალიზი. ფრანგული და ქართული ენების მასალაზე). PhD thesis, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი,
  4. Breton, P. L’argumentation dans la communication . Paris : La Découverte, 1996. 39
  5. Meyer, M. H i s t o i r e d e   r h é t o r i q u e  d e s  g r e c s à n o s  j o u r s . Paris : Librairie Générale Française, 1999.
  6. https://www.nplg.gov.ge/gsdl/cgi-bin/library.exe?e=d-00000-00—off-0civil2–00-1—-0-10-0—0—0direct-10—4——-0-1l–10-ka-50—20-about—00-3-1-00-0-0-01-1-0utfZz-8-00&cl=CL2.10&d=HASH85ea149f8b2cedb44d6542&gt=1

 

მოსწავლე, მასწავლებელი და სახელმძღვანელო მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების პირობებში

0

 

მრავალნი ეძიებენ პასუხს შეკითხვაზე, თუ რა მიზეზებმა განაპირობეს ზოგიერთი ქვეყნის განათლების სისტემის სწრაფი  წინსვლა და შედეგების გაუმჯობესება და ამ მიზეზებს შორის ნაკლებად განიხილებოდა მაღალი ხარისხის სახელმძღვანელოების წვლილი. წარმატებული ქვეყნების   გამოცდილების შესწავლამ (Why textbooks count. A Policy Paper. Tim Oates. November 2014) წარმოაჩინა, თუ რამდენადაა დაკავშირებული კარგი სწავლება და მაღალი აკადემიური სტანდარტები მაღალი ხარისხის სახელმძღვანელოებით სკოლების მომარაგებასა და მათ ინტენსიურ გამოყენებასთან.

2011 წლის გამოკითხვის შედეგად TIMSS ფარგლებში გაირკვა, თუ რომელ ქვეყანაში როგორ იყენებენ სახელმძღვანელოებს – როგორც სწავლების საფუძველს თუ როგორც დამხმარე რესურსს სწავლებისთვის:

მათემატიკა

 

მოსწავლეთა პროცენტი, ვისი მასწავლებელიც სახელმძღვანელოს იყენებს

 

ქვეყნები
ინგლისი

 

სინგაპური ფინეთი
მოსწავლის სახელმძღვანელოს, როგორც სწავლების საფუძველს 10 70 95
მოსწავლის სახელმძღვანელოს, როგორც დამხმარე რესურსს სწავლებისთვის 64 23 3
მოსწავლის ნაბეჭდ რვეულს, როგორც სწავლების საფუძველს 11 71 37
მოსწავლის ნაბეჭდ რვეულს, როგორც დამხმარე რესურსს სწავლებისთვის 78 29 61
კონკრეტულ საგნებსა და მასალებს, როგორც სწავლების საფუძველს 39 34 15
კონკრეტულ საგნებსა და მასალებს, როგორც დამხმარე რესურსს სწავლებისთვის 59 66 83
ელექტრონულ მასალებს, როგორც სწავლების საფუძველს 24 16 5
ელექტრონულ მასალებს, როგორც დამხმარე რესურსს სწავლებისთვის 74 80 69

 

(Mullis et al 2012)

 

ამ მონაცემებს შორის თვალშისაცემია ფინეთსა და სინგაპურში სახელმძღვანელოს, როგორც სწავლების საფუძვლის, გამოყენების მაღალი მაჩვენებელი და კონკრეტული საგნებისა და მასალების, აგრეთვე ელექტრონული მასალების, როგორც დამხმარე რესურსის გამოყენების მაღალი მაჩვენებლები.

 

საზოგადოდ სახელმძღვანელოები შეიძლება სამ სახეობად დაიყოს: პირველი სახეობაა ე.წ. „ტრადიციული“ სახელმძღვანელო, ხშირად მარტივი და თვალისმომჭრელი, რომელიც შესანიშნავად წარმოაჩენს სპეციფიკურ საგნობრივ ცნებებსა და შინაარსს, თუმცა არ მოიცავს სწავლის სპეციფიკურ  მოდელს ან მასალის წარმოდგენის სტრუქტურას.

 

სახელმძღვანელოთა მეორე სახეობაში თვალშისაცემია სწავლის სპეციფიკური მოდელი – მაგალითად, მიმოხილვის ტიპის აქტივობები, რომელთა საშუალებით გაირკვევა რამდენად მზად არიან მოსწავლეები ახალი საკითხის ათვისებისთვის, ან ერთ სასწავლო ცნებაზე ფოკუსირებული შინაარსობრივი და შეფასებისთვის თუ გამეორებისთვის განკუთვნილი ბლოკები, ან  ცოდნის გაფართოება/გაღრმავებისთვის საჭირო სავარჯიშოები.

 

სახელმძღვანელოთა მესამე სახეობა მეტისმეტად ინსტრუმენტულია – ძირითადად მოიცავს  საგამოცდო ინსტრუქციების ტიპის ტექსტებს, დასტრუქტურებულია საგამოცდო ტესტების სტრუქტურის შესაბამისად და გადატვირთულია გამოცდის ტიპის შეფასების საშუალებებით.

 

მაგალითად, საერთაშორისო შეფასებებში მოსწავლეთა შედეგების მიხედვით წარმატებული ქვეყნების მათემატიკის სახელმძღვანელოების ერთი თავის აგებულება ასეთია:

 

ჰონკონგი – ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მათემატიკის სახელმძღვანელო

 

შემადგენელი ელემენტები

  • წინარე ცოდნა და უნარჩვევები
  • მიმოხილვის ტიპის აქტივობა, რომლის საშუალებით გაირკვევა – რამდენად მზად არის მოსწავლე ახალი საკითხის ათვისებისთვის
  • წრეწირის განტოლების სხვადასხვა სახეები
  • წრეწირის თვისებები განტოლებების მიხედვით
  • წრეწირის განტოლებები სხვადასხვა მოცემულობის შემთხვევაში
  • წრეწირისა და წრფის თანაკვეთა
  • ამოცანების ამოხსნა წრეწირის განტოლებებთან დაკავშირებით
  • საკითხის ათვისების შემოწმება: 6 მათემატიკური ამოცანა, 1 დავალება შესრულების გაწაფულობაზე, 1 მათემატიკური ამოცანა საყოფაცხოვრებო კონტექსტით

 

ძირითადი დამახასიათებელი ნიშნები

  • მოსწავლეთა მზაობის საფუძვლიანად შეფასება ყოველი საკითხის/თემის დასაწყისშივე
  • უაღრესად ცხადი და გასაგები განსაზღვრებები ცნებებისა თუ სხვა კონსტრუქტებისთვის
  • საკითხის კარგად დამუშავება გამოყენებების საშუალებით
  • საკითხის ძირითადი შემადგენელი კომპონენტების გააზრების შემოწმება
  • სპირალური კურიკულარული მოდელი

 

სინგაპური – ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მათემატიკის სახელმძღვანელო

შემადგენელი ელემენტები

  • თავის მიმოხილვა – გამოწვევის დანიშნულების მქონე ინფორმაცია ახალი ცნებებისა და იდეების შესახებ
  • სწავლის სავარაუდო შედეგები
  • დიაგრამების გამოყენება (ახსნა-განმარტებანი)
  • ძირითადი იდეები – ცნებები/კონსტრუქტები – შენიშვნები მინდვრებზე – ფოკუსი ცნებებზე
  • დამუშავებული მაგალითები
  • იცოდით ეს? საინტერესო ფაქტები
  • კალკულატორის გამოყენების ინსტრუქციები
  • სავარჯიშოები
  • აქტივობა შესვენებისთვის/პაუზისთვის მეცადინეობაში
  • საწერი დავალება მოსწავლის ჟურნალისთვის (ყოვედღიური ჩანაწერებისთვის)
  • შეჯამება – რეზიუმე და მიმოხილვა
  • გამეორების გვერდი
  • მთავარი ცნებების გააზრების ათწუთიანი შემოწმება
  • ცოდნის გამამდიდრებელი/გამაღრმავებელი ინფორმაცია და სავარჯიშოები

 

ძირითადი დამახასიათებელი ნიშნები

  • უაღრესად ცხადი და გასაგები განსაზღვრებები ცნებებისა თუ სხვა კონსტრუქტებისთვის
  • ცნებებისა თუ სხვა კონსტრუქტების მუდმივად განმტკიცება
  • საკითხის კარგად დამუშავება განვრცობილი გამოყენებების საშუალებით
  • მოსწავლის რეფლექსია ჟურნალისთვის განკუთვნილი დავალების საშუალებით
  • ძირითადი იდეების ათვისების შემოწმება
  • გამოყენებებისა და გააზრების განვრცობა ცოდნის გამამდიდრებელი/გამაღრმავებელი კომპონენტების საშუალებით
  • კალკულატორის სტრუქტურირებული გამოყენება
  • დამუშავებული მაგალითები ცნებებისა თუ მოქმედებების თვალსაჩინოდ და გასაგებად წარმოჩენისთვის

 მიუხედავად იმისა, რომ სინგაპურის სახელმძღვანელოები მაქსიმალურად სტრუქტურირებულია და თითოეული კომპონენტის მასალა უკიდურესად დახვეწილია, მაინც დატოვებულია საკმარისი სივრცე მასწავლებლის პროფესიონალიზმის წარმოჩენისთვის: ზოგიერთი მასწავლებელი მოსწავლეებს სთხოვს წაიკითხონ ტექსტები იქვე, გაკვეთილზე და ჯგუფური დისკუსია გამართონ ცნებების შესახებ; ზოგი მასწავლებელი ინდივიდუალურ საკითხავად აძლევს იგივე ტექსტს სახლში დავალებად და მხოლოდ მომდევნო გაკვეთილზე წარმართავს დისკუსიას მოსწავლეთა შორის; სხვები კი შეფასებაზე ამახვილებენ მოსწავლეთა ყურადღებას და ტექსტს უფრო მეტად იყენებენ გაკვეთილის დასტრუქტურებისთვის, ვიდრე  მოსწავლეებისთვის ინსტრუქციების მისაცემად.

შანხაიში გაზიარებულია და განმტკიცებულია ჰონკონგისა და სინგაპურის გამოცდილება – სახელმძღვანელოები ფაქიზადაა დაკავშირებული პედაგოგიკასთან, მოიცავს გამოწვევის შემცველ შეკითხვებს, რაც განაპირობებს მოსწავლეთა ჩაბმულობას სწავლის პროცესში; აქცენტი დასმულია მათემატიკური ცნებისა და მიმართებების ღრმა გააზრებაზე, მათემატიკურ მოქმედებებში გაწაფულობასა და ამოცანების ამოხსნაში დახელოვნებაზე.

სწავლების დიფერენცირებაში მოიაზრება ის, რომ ყველა ბავშვს შეუძლია გააზრება, თუმცა მათემატიკური იდეების დამუშავება სხვადასხვა გზებით ხდება, რათა წააქეზონ მოსწავლეები ინდივიდუალური მუშაობისკენ; მართლზომიერად შერჩეული მაგალითებისა და ამოცანების საშუალებით სახელმძღვანელო განსაზღვრავს სასწავლო საკითხებისა და აქტივობების თანმიმდევრობასაც, მზარდი სირთულის სავარჯიშოების შესრულებასაც და უწყვეტ განმავითარებელ შეფასებასაც.

 

ამგვარი მიდგომის ფასეულობაა ისაა, რომ:

  • გაკვეთილის მომზადების სირთულე შემცირებულია. მასწავლებლებს შესაძლებლობა აქვთ, რომ ყურადღება გაამახვილონ უფრო გაკვეთილის დახვეწაზე, ვიდრე დიფერენცირებული მასალების შეთხზვაზე განსხვავებული თავისებურებების მქონე მოსწავლეთა ჯგუფებისთვის;
  • ტექსტები ხელს უწყობს ეფექტურ კონცეპტუალურ წინსვლას საგნობრივ შინაარსში, ცხადად ასახავს სტანდარტის იდეებს და დასახავს საერთო მოლოდინებს სწავლის შედეგების მიმართ – რომ უკლებლივ ყველა მოსწავლე გაიაზრებს შესასწავლ სპეციფიკურ ცნებებსა და მოქმედებებს.

სახელმძღვანელოებმა უნდა მისცენ ცოდნის მაქსიმუმი მოსწავლეებს მასწავლებლის საშუალებით – ესაა საზოგადოების მოთხოვნა, თუმცა საზოგადოება არაერთგვაროვანია და განსხვავებულ ინტერესთა ჯგუფებს სხვადასხვა მოთხოვნები აქვთ სახელმძღვანელოების მიმართ. ამიტომ საინტერესოა, მაინც რა ნიშნებით უნდა გამოირჩეოდეს თანამედროვე სახელმძღვანელო ისე, რომ მან დააკმაყოფილოს საზოგადოების მოთხოვნილებები?

არსებობს არანაკლებ  ინტერესთა ხუთი ჯგუფი, კერძოდ, მათემატიკური განათლების შემთხვევაში:

 

  1. მოსწავლეები
  2. მშობლები
  3. მასწავლებლები
  4. განათლების სამინისტროს მუშაკები
  5. სახელმძღვანელოს გამომცემლები

პირველი სამი ჯგუფის წარმომადგენლები ამ პროდუქტის მომხმარებლები არიან, ამიტომ უპირველეს ყოვლისა, მათი ინტერესებია გასათვალისწინებელი, ხოლო მათ შორის – ცხადია, მოსწავლეებისა.

მშობელთა კომენტარებს თუ დავეყრდნობით, ის მოსწავლეები, ვინც გაიგო სასწავლო მასალა და მასწავლებლის ინსტრუქციები, საერთოდ არ არიან მიდრეკილი, რომ სახლში ილაპარაკონ მათემატიკაზე ან მშობლებიც ჩართონ საშინაო დავალების შესრულებაში.

ის მოსწავლეები კი, ვინც ვერ გაიგო საშინაო დავალება, სრულიად სხვანაირად იქცევიან სახლში. მათთვის დამახასიათებელი ქცევაა ისტერია, ბრაზი, ამბოხება, დეპრესია და საგანში მეცადინეობის უგულებელყოფა. მათ მხოლოდ ის თუ იციან (ისიც იშვიათ შემთხვევებში), თუ „რა სურს მასწავლებელს“.

კერძოდ, მათემატიკის სწავლისადმი დამოკიდებულებას და ამ საგანში მოსწავლის წარმატებას განსაკუთრებულად განსაზღვრავს ორი სპეციფიკური მომენტი: პირველი ისაა, რომ მათემატიკის სწავლის საწყის ეტაპზე რაიმე საკითხის ვერ გააზრებით შექმნილი სიცარიელე არავითარ შემთხვევაში არ უნდა დარჩეს „ამოუვსებელი“, რადგან სიცარიელეზე ვერაფერს დააშენებ, ამიტომ სიცარიელე მისი იგნორირების შემთხვევაში არათუ შენარჩუნდება, არამედ კიდე სხვა სიცარიელეების წარმოქმნასაც უწყობს ხელს, ხარვეზები გროვდება, ცოდნის “კედელი“ სულ უფრო და უფრო ფუტურო ხდება და აუცილებლად ჩამოიქცევა.

მეორე, მოსწავლეები ასაკის მიხედვით არიან კლასში გაერთიანებული და არა შესაძლებლობებისა თუ მზაობის მიხედვით, არადა ადრეულ ასაკში მოსწავლეთა ეს ორივე მახასიათებელი ძალიან ცვალებადია როგორც ბავშვიდან ბავშვამდე, ასევე ერთი ასაკიდან მეორემდე; ანუ, სხვანაირად, ერთ კლასში დაჯგუფებულ მოსწავლეთა საბაზო ცოდნა, განვითარების ტემპი და მასშტაბი საკმაოდ განსხვავებულია და არათანაბრად იცვლება მათი ასაკის მატების კვალობაზე. შესაბამისად, მოსწავლეთა ინდივიდუალური თავისებურებების (საჭიროებების, მზაობის დონის, ინტერესების, სასწავლო პროფილის) გათვალისწინების გარეშე გარდაუვალია შეფერხებები და „სიცარიელეები“ სასწავლო მასალის ერთ ტემპში, თანაბარი პორციებით მიწოდების შემთხვევაში.

მაშასადამე, დიფერენცირებული სწავლება კონსტრუქტივიზმის ელემენტების საფუძველზე და უწყვეტი განმავითარებელი შეფასება სრულიად აუცილებელი მიდგომაა მათემატიკის სწავლებაში პირველი კლასიდანვე, რომლის განხორციელების საშუალებასაც უნდა იძლეოდეს სახელმძღვანელო. ასეთ სახელმძღვანელოში მოსწავლის წიგნში წარმოდგენილია სამოტივაციო დანიშნულებისა და შინაარსის მასალა (მაგალითად, უჩვეულო, პარადოქსული ფაქტები, რომლებიც გაკვირვებას იწვევს; სახალისო თამაშები და თავსატეხი სავარჯიშოები; ცოცხალი და კონკრეტული, მოსწავლის საყოფაცხოვრებო გამოცდილების ამსახველი მაგალითები, ცნობისმოყვარეობის გამღვივებელი და ინტერესის აღმძვრელი ნახატები, სქემები, ფოტოები და სხვა თვალსაჩინო მასალა). მოსწავლის წიგნში გაკვეთილის/პარაგრაფის სტრუქტურაში გამოკვეთილია  სწავლის სამოტივაციო კომპონენტები: სწავლის მიზნები და სასურველი შედეგები, ახალი მასალის წარდგენამდე წინმსწრები შემამზადებელი აქტივობები, ათვისებული მასალის შეჯამებაზე და მიღებულ გამოცდილებასთან დაკავშირებით რეფლექსიაზე ორიენტირებული დავალებები, განმავითარებელი შეფასების (მათ შორის, მოსწავლის თვითშეფასების) ხელშემწყობი დავალებები.

მასწავლებლის წიგნში წარმოდგენილია მოსწავლეთა ტიპური შეცდომები ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით, „ხარაჩოების“ მიწოდების (სკაფოლდინგის) საშუალებები და ხერხები მოსწავლეთა ცოდნაში ხარვეზების აღმოფხვრისთვის; ყოველი ახალი სასწავლო საკითხისთვის განსაზღვრულია მოცემული საკითხის სწავლისთვის საჭირო წინარე ცოდნა და უნარჩვევები, მათი დიაგნოსტიკისთვის შესაფერისი აქტივობები. მასწავლებლის წიგნში მოცემულია, აგრეთვე, აქტივობები და სავარჯიშოები განსხვავებული საჭიროებების მქონე (მზაობის, ინტერესების ან/და სასწავლო პროფილის მიხედვით)  მოსწავლეებისთვის, რომლებიც სწავლების კონსტრუქტივისტული მეთოდის გამოყენებას უწყობს ხელს და მასწავლებელს დიფერენცირებული სწავლების საშუალებას აძლევს.

 

 

 

 

აღზრდა- ამოუწურავი თემა

0

„მზე ადამიანს ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ უნათებს

ეს არის ბავშვობა და ყრმობა.

თუ ადამიანი მოახერხებს და გათბება მის სხივებში,

მისი სული არასოდეს გაცივდება და ყველაფერი

კარგი რაც მის სულშია გაღვივდება,

გაიფურჩქნება და ნაყოფს გამოიღებს“.

ფრიდრიხ გებელი – გერმანელი დრამატურგი

ვფიქრობ, მზე მოზარდი ადამიანის ცხოვრებაში არის მშობელი. 

ბავშვს, მისი ზრდა-განვითარების ნებისმიერ საფეხურზე სჭირდება მშობლისგან მხარდაჭერა, მხარდაჭერა „აქ და ამჟამად“. ბავშვებს არ შეუძლიათ დიდხანს ელოდონ მშობლებს, როდის „მოიცლიან“ ისინი მათთვის; აღმზრდელებს, როდის „ისწავლიან“ ისინი აღზრდას. ბავშვებისათვის ყოველი დღე ძალიან მნიშვნელოვანია, ისინი ხომ მუდმივი ზრდის და განვითარების რეჟიმში იმყოფებიან და ზოგჯერ შეიძლება აღმოჩნდეს, რომ შვილმა გაუსწრო მშობელს განვითარებაში. აღმზრდელისათვის სრულიად აუცილებელია, ნებისმიერ რთულ სიტუაციაში შეძლოს მოიქცეს, ისე როგორც ზრდასრული ადამიანი. მან უნდა შეძლოს მონაწილეობა მიიღოს ბავშვის ცხოვრებაში, შეასრულოს ყველა ის ფუნქცია, რასაც მას მშობლის როლში ყოფნა ავალდებულებს.

რა ხდება მაშინ როდესაც ბავშვი „მოულოდნელად“ იცვლება, როდესაც მშობელი ამას საერთოდ არ ელის, ყოველ შემთხვევაში ჯერ ადრეა, მისი შვილი ხომ ჯერ სრულიად პატარა ბავშვია?

მაშინ შესაძლებელია, „ბავშვმა“ კრიტიკის ქარცეცხლში გაატაროს მშობლის ნებისმიერი რჩევა, გადაწყვეტილება და ეს შეეხება ყველა შესაძლო თემას, რაც ოჯახში წამოიჭრება.

  • ამას არ შევჭამ, შენ არც კი იცი, რომ ეს არ მიყვარს;
  • ამას არ ჩავიცვამ, რადგან უკვე გავიზარდე და ჩემი გემოვნება მაქვს, შენ ეს ჯერ არ შეგიმჩნევია?
  • ამას არ ვისწავლი, რადგან არ მომწონს ეგ საგანი;
  • არ წავალ სტუმრად შენს მეგობრებთან, რადგან საერთოდ არ მაინტერესებს ის თემები, რაზეც ისინი გაუთავებლად საუბრობენ;
  • და საერთოდ, ამის შემდეგ მე თავად გადავწყვეტ რა ვჭამო, რა ჩავიცვა, რა ვისწავლო, ვისთან ვიარო სტუმრად….
  • ყველამ თავი დამანებეთ, მე თვითონ მივხედავ ჩემს ცხოვრებას, თქვენ ნუ ჩაერევით.
  • ჰო, მართლა..სულ დამავიწყდა, ჩემს ოთახში დაუკაკუნებლად აღარ შემოხვიდეთ.

მშობლებო ნაცნობი სიტუაციაა?

თქვენი შვილი გაიზარდა ანუ, როგორც თქვენ ამბობთ, გარდატეხის ასაკი დაეწყო.

სპეციალისტები ამ დროს პუბერტეტზე საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ ეს არის ძალიან დიდი, დრამატული მოვლენა ბავშვის ცხოვრებაში.

ე.წ. გარდატეხის ასაკის დასაწყისი სრულიად ინდივიდუალურია. დღეს უკვე აღნიშნავენ, რომ ათი წლის ასაკიდან შესაძლებელია პირველი „სიმპტომები“-ს გაჩენა (განსაკუთრებით გოგონებში). ამ რთული ასაკის დასასრული, ზოგიერთი მკვლევარის აზრით, შესაძლებელია თვრამეტ წლამდეც კი გაგრძელდეს. მარტივად და გასაგებად რომ ვთქვათ, ეს არის პერიოდი, როდესაც ბავშვობა სრულდება და ზრდასრულობა იწყება.

გარდატეხის ასაკზე საუბრისას ემოციურ და სოციალურ სიმწიფესთან ერთად არ შეიძლება არ ვახსენოთ სქესობრივი მომწიფება. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ამ პერიოდში ხდება ბავშვის ჩამოყალიბება, როგორც ფიზიკურად ასევე, ფსიქო-ემოციურად და სოციალურად, რაც ამ შემთხვევაში ჩვენთვის უფრო საინტერესოა.

დაკვირვებულმა მშობლებმა, მასწავლებლებმა, აღმზრდელებმა კარგად უწყიან, რომ ამ პერიოდში მოზარდი საკუთარი თავისადმი განსაკუთრებული კრიტიკული დამოკიდებულებით გამოირჩევა. მას არაფერი არ მოსწონს, მათ შორის ყველაზე მეტად საკუთარი ფიზიკური სხეული, გარეგნობა. (აღსანიშნავია, რომ კრიტიკულობა მოზარდებში იზრდება, გარშემო მყოფი სოციუმის მიმართაც).  მიაჩნია, რომ არასრულფასოვანია და სრულებით არ გავს სხვებს.

თინეიჯერებს თავში ათასი გაურკვეველი, დამაბნეველი, ხშირად დესტრუქციული აზრი უტრიალებთ. ზოგ შემთხვევაში ისინი დროში და სივრცეში დეზორიენტაციასაც განიცდიან, იწყება ღირებულებების გადაფასება, გუნება-განწყობილების ცვალებადობა, გაღიზიანება, აგრესია. ნიშანდობლივია, რომ მოზარდებს თავად ძალიან უჭირთ ამ მდგომარეობის ახსნა, აღწერა, გარკვევა, თუ რა ხდება მათ თავს.

პარალელურად, თინეიჯერებს ურთიერთგამომრიცხავი, განსხვავებული განცდები იპყრობთ. შესაძლებელია ეგონოთ, რომ ყოვლისშემძლეები არიან და თავზეხელაღებული ქცევები განახორციელონ.

ნებისმიერ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია მოზარდებმა იცოდნენ, რომ მათი მშობლები და აღმზრდელებიც ყოფილან მსგავს სიტუაციაში და რომ ეს „ასაკი“ და შესაბამისი „სირთულეები“ მათაც გაიარეს და სწორედ ამიტომ, ძალიან კარგად ესმით მისი ფსიქოემოციური განცდები. ამ დროს დიდი ტაქტია საჭირო, რომ არ დავაფრთხოთ ბავშვი, რომელიც საკუთარი, „უნიკალური“ შეგრძნებების და განცდების ტყვეობაშია, მან არ უნდა იფიქროს, რომ უფროსები პატივს არ სცემენ მის „ერთადერთ და განუმეორებელ“ პერსონას, მთელი მისი შეგრძნებებით, განცდებით. მოზარდები უნდა დარწმუნდნენ, რომ მათ პრობლემებს უფროსები სრული სერიოზულობით ეკიდებიან და მზად არიან შესაძლებლობის ფარგლებში დახმარების ხელი გაუწოდონ ბავშვს.

მიუხედავად იმისა, რომ ამ წერილში აქცენტი მოზარდების ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე მინდოდა გამეკეთებინა, მაინც მომიწევს ამ ასაკისათვის დამახასიათებელ ფიზიკურ მომწიფებაზე ორიოდ სიტყვის თქმა. მით უფრო, რომ ეს მოვლენები მნიშვნელოვან წილად განაპირობებენ თინეიჯერების ემოციურ განვითარებას.

სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ გოგონებში ეს ასაკი ერთი-ორი წლით ადრე იწყება, ვიდრე ბიჭებში. გოგონები იწყებენ საკუთარ თავში ცნობილი ფიზიკური ცვლილებების შემჩნევას.  ეს მათში აძლიერებს ცნობისმოყვარეობას. მიუხედავად იმისა რომ მიიჩნევა ბიჭებში მომწიფების ასაკის გაცილებით ნაკლები დრამატიზმით ხასიათდება (მკვლევრების ნაწილი ამას იმით ხსნის, რომ ბიჭები ამ დროისათვის უფრო დიდი ასაკის არიან), მაინც ორივე სქესის ბავშვების მშობლებს უჩნდებათ მრავალი კითხვა:

როდის, რა და როგორ აუხსნან შვილს ამ ცვლილებებზე?

ვფიქრობ, მშობლები მზად უნდა იყვნენ ბავშვის შეკითხვებზე პასუხის გასაცემად ჯერ კიდევ მანამ, სანამ დადგება გარდატეხის ასაკისათვის დამახასიათებელი ყველაზე რთული პერიოდი. მოგეხსენებათ, რომ ბავშვები ძალიან ცნობისმოყვარეები არიან და ეს მშობელმა სათავისოდ უნდა გამოიყენოს, რადგან შემდეგ, როდესაც მოზარდი საკუთარ თავში და პრობლემებში ჩაკეტვას დაიწყებს, ძალიან გართულდება მასთან გულახდილად, გულწრფელად საუბარი. ბავშვს გაუჩნდება დიდი და პატარა „საიდუმლოებები“, რომლებსაც უფროსებს, როგორც წესი აღარ უმხელენ. ამ სამყაროში შესაძლებელია მრავალი არასწორი, დამახინჯებული „ცოდნა“ და ასაკით ოდნავ უფროსი, საკითხის „კარგად მცოდნე“ მეგობრის „რჩევა-დარიგება“ გაჩნდეს.

მშობლის მოვალეობაა ბავშვებს სწორი, მართებული ინფორმაცია მიაწოდონ, ან ის მაინც შეძლონ, რომ მიუთითონ სად და ვისთან შეიძლება დაუმახინჯებელი, ადეკვატური ინფორმაციის მოპოვება.

ყურადღებიანი, ბრძენი მშობლები, რომლებმაც მოახერხეს და ამ რთულ პერიოდშიც კი არ დაკარგეს საკუთრი შვილების ნდობა და სარგებლობენ მათში ავტორიტეტით, ბავშვის ასაკობრივი თავისებურებების ცოდნით აღჭურვილები ყველაზე კარგად მოახერხებენ  დიალოგში შესვლას, საჭირო სიტყვების მონახვას და საჭირო დროსა და საჭირო მომენტში გვერდზე გადგომას, რათა საშუალება მისცენ მოზარდს დაუშვას „შეცდომები“, ისწავლოს საკუთარი გამოცდილების შეძენა, დაგროვება, რათა საბოლოოდ მოახერხოს საკუთარი მართებული ღირებულებების სისტემის ჩამოყალიბება.

ძალიან ძნელია გაიზომოს ემოციური და სოციალური სიმწიფის ხარისხი, ეს მშობლებისთვის განსაკუთრებით რთულია. მათ შესაძლოა საკუთარ შფოთვასა და შიშში (რამე არ გამომრჩეს, რამე არ გამომეპაროს, თორემ შემდეგ შეიძლება ძალიან გვიან იყოს და ხომ დავიღუპებით?) გამო ვერ განსაზღვრონ, როდის იწყება და როდის სრულდება ეს ეგრეთწოდებული გარდატეხის ასაკი. მშობლების მეორე კატეგორია: უშფოთველები (მე არაფერი გამომეპარება, მე ყველაფერს ვაკონტროლებ), ვფიქრობ მათაც იგივე საფრთხე ემუქრებათ  შვილებთან მიმართებაში.

სპეციალისტების დაკვირვებით  მშვიდი, გაწონასწორებული და შესაბამისი ცოდნით შეიარაღებული მშობლები და აღმზრდელები, როგორც წესი ზუსტად გრძნობენ, რა ხდება მოზარის თავს და ცდილობენ სწორედ იმ ხარისხის ინტერვენცია განახორციელონ, რასაც სიტუაცია და მოზარდის ფსიქო-ემოციური მდგომარეობა საჭიროებს.

ემოციური სიმწიფე, ვფიქრობ არის ის, როდესაც ადამიანი მზად არის მიიღოს საკუთარი თავი ისეთი როგორიც არის. აიღოს გარკვეული სოციალური და მორალური პასუხისმგებლობები. გათავისუფლდეს მშობლების და აღმზრდელების მეურვეობისაგან.

 

საზაფხულო თამაშები

0

ივლისის შუაში, ერთ-ერთ ჩვეულებრივ დილას,  ა პუნქტიდან ბ პუნქტისკენ მივიჩქაროდი და ვფიქრობდი იმაზე, რამდენი  მქონდა მოსასწრები იმ კონკრეტულ დილას, მივხვდი, რომ აღარანაირი მნიშვნელობა არ აქვს წელიწადის დროებს. ყველა დღე ერთმანეთს გავს. რუტინა, რუტინა, რუტინა.

ბავშვობაში ყველაფერი სხვანაირად არის. ხან თოვლს ელოდები, ხან არდადეგებს, ხან თოვლის ბაბუას, ხან დაბადების დღეს, ჩვეულებრივ დღეებშიც შეიძლება რამე საინტერესო თავგადასავალი გადაგხდეს თავს, ეზოში სხვა კატა გამოჩნდეს ან ახალი მეზობელი გაგიჩნდეს.

 

ბავშვობაში ყველაზე მაგარი თავგადასავლები ზაფხულში ხდებოდა. მთებში ჩაბუდებულ სოფელში მივდიოდით ხოლმე და ათასი გასართობი მქონდა. კარვის აშენება, ხეზე სახლის მოწყობა, მდინარეზე საბანაოდ წასვლა, კენკრის ბუჩქებზე ნადირობა, ცხოველებზე დაკვირვება, საღამოობით კოცონის ანთება, ძველ სკივრებში ქექვა და ნაპოვნ ნივთებზე ამბების გამოგონება…

 

ბავშვობაში დაბრუნება შეუძლებელია, მაგრამ შესაძლებელია ბავშვებთან ერთად ვაკეთოთ ის, რაც ნამდვილად ვიცით, რომ გაახარებთ. ჩვენი ბავშვობის სიყვარულებს თუ გავიხსენებთ და რესურსების დაზოგვის პრინციპს გამოვიყენებთ, მეორადი ნივთებით და მინიმალური ხელსაწყოებით მშვენიერი რამეების გაკეთება შეგვიძლია.

 

  1. კარავი შეგიძლიათ გააკეთოთ ძველი, გამოუსადეგარი ნაჭრებისგან, კარკასი კი ხის თხელი ფიცრებისგან, ტოტებისგან ან მავთულებისგან შექმნათ.

 

1  2

 

  1. საქანელა ყველაზე მარტივად საბურავებისგან ან თოკისგან და ხის ნარჩენებისგან, ან სულაც ძველი სკამისგან შეგიძლიათ გააკეთოთ. მრავალფეროვნებისთვის შეგიძლიათ ორივე მეთოდი ცადოთ, მეტი მიმზიდველობისთვის კი ფერადად შეღებოთ/

 

 3  4

 

  1. ჩიტის სახლი ბევრი რამისგან შეგიძლიათ გააკეთოთ: რძის ბოთლები, კვერცხის ჩასადები ყუთები, ძველი ფინჯნები, საკვების ქილები, ლეგოს ელემენტები, პლასტიკის ბოთლები. საკვებად კი ჩიტებს განსაკუთრებული არაფერი სჭირდებათ, პურის ნამცეცებზე და მარცვლეულზეც სიხარულით მოფრინდებიან.

5

4.გემები ნაოსნობისთვის – სულ მარტივად, კვერცხის ჩასადებებისგან შეგიძლიათ გააკეთოთ და წყლის საღებავებით გააფერადოთ. მეზღვაურები კი ქაღალდებისგან ან ხის ტოტებისგან დაამზადოთ.

                                                6
5. მარტივი ბარიერები ეზოში თამაში რომ უფრო სახალისო გახდეს.

7

6. გემი, ყველაზე მოტივირებული და ხელმარჯვე მშობლებისთვის.

8

არ დაგავიწყდეთ, რომ ამ ყველაფერს აზრი მაშინ აქვს, თუ მათ კეთებაში ბავშვები არიან ჩართულები და თუნდაც უმნიშვნელო სამუშაოს შესრულებაში მცირეოდენ დახმარებას გიწევენ.

თუ ჩხირკედელაობა გაგიტაცებთ, ათასი სხვა რამეც შეგიძლიათ გააკეთოთ: მაგალითად საცოცი კედელი, მინი ბოსტანი, იმიტირებული ზოოპარკი, სილის ყუთი ან ჯადოსნური ლაბირინთი.

რას უნდა აძლევდეს საბავშვო ბაღი ბავშვს

0

რამდენიმე კვირის წინ ორი პატარა გოგონას, საბავშვო ბაღის ორი აღსაზრდელის, მშობლების საინტერესო დიალოგის მოწმე გავხდი.

„იცი, ჩემმა ნინიმ უკვე წერაც იცის, კითხვაც და ასამდე თვლაც“, – თავმომწონედ განუცხადა მეგობარს 6 წლის ნინის დედამ, რომელსაც სექტემბერში სკოლაში შეჰყავს შვილი და დარწმუნებულია, რომ გოგონას სწავლა აღარ გაუჭირდება.

„მართლა? შენ ასწავლე?!“ – გაოცება ვერ დამალა პატარა თამუნას დედამ და, ცოტა არ იყოს, დაირცხვინა, რადგან მისმა გოგონამ არც წერა იცოდა, არც კითხვა, თვლით კი მხოლოდ ათამდე ითვლიდა, თუმცა სექტემბერში ისიც მიდიოდა სკოლაში.

ნინის დედამ უპასუხა, რომ მისმა შვილმა ეს ყველაფერი საბავშვო ბაღში ისწავლა. თამუნას დედას უკმაყოფილების გრძნობა დაეუფლა იმ საბავშვო ბაღის მიმართ, სადაც თავად დაჰყავდა შვილი და გულისტკივილით შენიშნა, რომ იქ ბავშვები თამაშის მეტს არაფერს აკეთებდნენ.

ნუთუ მართლა ასეთი მნიშვნელოვანია, ბავშვმა სკოლაში მისვლამდე იცოდეს წერა-კითხვა და ასამდე თვლა? ნუთუ მართლა საამაყოდ აქვთ საქმე იმ საბავშვო ბაღების თანამშრომლებს, სადაც ამას ასწავლიან და იმსახურებენ თუ არა საყვედურს ის საბავშვო ბაღები, სადაც პატარებს მხოლოდ ათამაშებენ?

მაინც რას უნდა აძლევდეს საბავშვო ბაღი ბავშვს?

უკანასკნელ წლებში საბავშვო ბაღიდან სკოლაში მისული ბავშვების უმრავლესობა კითხვაზე: „რას აკეთებდი ბაღში“? – დაუფიქრებლად პასუხობს: „ვსწავლობდი: წერას, კითხვას, თვლას…“ მეორე კითხვაზე: „თუ იცი, რა უნდა გააკეთო სკოლაში?“ – კი დაბნეულები იჩეჩავენ მხრებს და პასუხის გაცემა უჭირთ.

ფსიქოლოგიურ მეცნიერებაში დიდი ხანია დადგენილია, რომ სკოლამდელი ასაკის ბავშვისთვის ქცევის წამყვანი ფორმა თამაშია, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ პერიოდში ის სწორედ თამაშის პროცესში ვითარდება. სკოლამდელ ასაკში თამაშის სწავლით ჩანაცვლებამ მომავალში შესაძლოა არაერთი პრობლემა წარმოშვას. უმჯობესია, ხსენებულ პერიოდში იმ უნარების განვითარებაზე ვიზრუნოთ, რომლებიც პატარას სკოლაში სწავლის დროს გამოადგება. ასეთი უნარი კი არც ისე ცოტაა:

◦ საგნების შედარების, მათ შორის მსგავსება-განსხვავების დანახვის უნარი;

◦ ცალკეული ნიშნების (ფერის, ფორმის, ზომის) მიხედვით ფიგურების დაჯგუფების უნარი;

◦ 5-6 მარტივი შთაბეჭდილების დამახსოვრებისა და აღდგენის უნარი;

◦ ელემენტარული მათემატიკური ცნებების: დიდი, პატარა, ტოლი, გაზრდა, შემცირება, გათანაბრება, – ადეკვატური გამოყენების უნარი;

◦ სივრცესა და დროში ორიენტაციის უნარი; სიტყვების: ზევით, ქვევით, მარჯვნივ, მარცხნივ, გუშინ, დღეს, ხვალ, – სწორად, აზრიანად, კონტექსტის შესაბამისად გამოყენების უნარი;

◦ მარტივი ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედების უნარი;

◦ მოსმენის უნარი;

◦ თანატოლებსა და უფროსებთან ურთიერთობის უნარი.

აღნიშნული უნარები სკოლამდელ პერიოდში თამაშის პროცესში უნდა ვითარდებოდეს, ვინაიდან თამაში ამ ასაკის ბავშვის უსაყვარლესი საქმიანობაა. თამაშის დროს ის ბევრ ისეთ რამეს აკეთებს, რასაც სხვა შემთხვევაში არ გააკეთებდა. ბავშვი ძალზე სერიოზულად ეკიდება დაკისრებულ როლს, ისე ზედმიწევნით იცავს თამაშის წესებს, რომ ხშირად ვერც კი იცნობთ. მაგალითად, ცელქი და მოუსვენარი გიო, რომელსაც წუთითაც ვერ აჩერებდნენ, ათი წუთის განმავლობაში გაუნძრევლად იდგა, რადგან სწორედ ამას მოითხოვდა მისგან გუშაგის როლი, რომელიც თამაშის დროს დააკისრეს.

თუ თამაშს, ბავშვის საყვარელ საქმიანობას, სწავლით ჩავანაცვლებთ, შესაძლოა, ჩვენდა უნებურად სწავლის მიმართ ბავშვის უარყოფითი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას შევუწყოთ ხელი. გასათვალისწინებელია ისიც, რომ სკოლამდელი ასაკის პატარას მხოლოდ რამდენიმე მარტივი შთაბეჭდილების დამახსოვრება შეუძლია, ვინაიდან მისი მეხსიერება მეტს ვერ იტევს. თუ მისთვის ზომაზე მეტი ინფორმაციის მიწოდებას ვეცდებით, თანაც – მეცადინეობის ფორმით, დიდია ალბათობა, ბავშვის შფოთვის დონემ აიწიოს და მან სკოლაში სწავლის სურვილი დაკარგოს.

წერა-კითხვისა და ანგარიშის წინასწარ, სკოლაში მისვლამდე სწავლება კიდევ ერთი საფრთხის წინაშე გვაყენებს – შესაძლოა, წერა-კითხვის მცოდნე ბავშვმა აღარ მოისურვოს იმ გაკვეთილზე ყოფნა, სადაც მისი თანაკლასელები ცალკეულ ასოებს სწავლობენ და მარცვლებიც კითხვაც კი უჭრთ.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, კარგი იქნება, თუ სკოლისთვის მომზადების პროცესში თავს შევიკავებთ წერა-კითხვისა და ანგარიშის სწავლებისგან, არ დავტვირთავთ ბავშვის გონებას ზედმეტი ინფორმაციით, ნაცვლად ამისა, ვიზრუნებთ იმ უნარ-ჩვევების განვითარებაზე, რომლებიც მას სკოლაში სწავლის დროს გამოადგება და მის აკადემიურ წარმატებას შეუწყობს ხელს.

  ისტორიის შავ-თეთრი გაკვეთილები

0

ცოტა ხნის წინ ნიქოზში, საზღვრისპირა სოფელში მოვხვდი. ნიქოზი ერთ-ერთი იმ სოფელთაგანია, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაიბომბა. შემდეგ ადამიანებმა საცხოვრებლები  დატოვეს და  მშვიდობიან ადგილებს შეაფარეს თავი. როდესაც მდგომარეობა ოდნავ დაწყნარდა,  მოსახლეობის ნაწილი საკუთარ სახლებში დაბრუნდა, ზოგიერთმა თავი შეიკავა დაბრუნებისგან. სოფელში დარჩნენ მოხუცები, რომელთაც დიდი დარწმუნება დასჭირდათ, სამშვიდობოს  შეეფარებინათ თავი. მოგვიანებით, საზღვართან გამყოფი ზოლი გაივლო, სადაც ახლა რუსი ჯარისკაცები  დგანან და ყოველდღიურად შემოვლას ახორციელებენ.

 

სოფლის შესასვლელთან, საგუშაგო პუნქტთან პირადობის მოწმობებს დღესაც გვთხოვენ. შემდეგ  რამდენიმე წუთი გვაჩერებენ და სადღაც-სადღაც რეკავენ, ინფორმაციას აზუსტებენ, სოფელში ჩასვლის მიზეზს გვეკითხებიან. შემდეგ ერთი საპატრულო ეკიპაჟი მოგვყვება და იმ სახლამდე გვაცილებს, სადაც სტუმრად მივდივართ. მართალია, დაცულად ვგრძნობთ თავს, მაგრამ არც ისე კომფორტულად.

 

საუკეთესო კადრების მოსაძებნად ისეთი ადგილი ავარჩიეთ, საიდანაც კარგად ჩანდა ქალაქი ცხინვალი  და მისი წითელსახურავიანი საცხოვრებელი კორპუსები. ცხინვალი  სოფლიდან  თითქმის ხელის გაწვდენაზეა. ჩემი რესპონდენტი იხსენებდა ბავშვობის იმ პერიოდს, როცა  ბაბუას საქონლის ბაზრობაზე დაჰყავდა და ეს ძალიან ხშირად ხდებოდა. ოჯახის კიდევ ერთი წევრი მათვალიერებინებს  ცხინვალში გადაღებულ შავ-თეთრ ფოტოებს, სადაც მისი და მისი მეუღლის ახალგაზრდობაა აღბეჭდილი. ისინი იქ შეხვდნენ ერთმანეთს და დაქორწინდნენ. ღიმილით იხსენებენ სტუდენტობის წლებს ამ ქალაქში, სადაც სულ სხვანაირად  ლაღები და  ბედნიერები იყვნენ. იხსენებენ მეგობრების სახელებს, ნაცნობ ადგილებს, ქუჩებს და ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს ცოტა ხნით იქ გადაცხოვრდნენ.

 

ფოტოებზე იყო უცხო ქალაქი, რომელიც ჩემს თაობას არ უნახავს და სხვა თაობებისთვისაც ისეთივე შორეული იქნება, როგორც ჩვენთვის წარწერები ძველ, შავ-თეთრ ფოტოებზე: “სოხუმი 1986”, “ბიჭვინთა”, “გაგრა”  და ა.შ., შესაბამისი თარიღებით,  საიდანაც საყვარელი და ახლობელი ადამიანები შემოგვცქერიან. ადგილები კი ჩვენთვის უცხოა და შორეული. გვახსოვს, მხოლოდ ამ ადგილებთან დაკავშირებული ლეგენდები, რომ იქ არის ძალიან კარგი სანაპირო, რომ იქაურ ქვიშაზე მოხარშულ ყავას ყველაზე გემრიელი გემო აქვს დედამიწის ზურგზე და ბევრი ასეთი ამბავი.

 

ისტორია მოვლენებისა და თარიღების მეცნიერებაა, რომელსაც ან კარგად იმახსოვრებენ,  ან კიდევ უჭირთ სიღრმისეული ანალიზი და უცებ ივიწყებენ. როგორც წესი, ისტორიის მიმართ დიდ ინტერესს არავინ იჩენს. ზოგჯერ კიდევ გვეზარება ისტორიის  უკიდეგანო კატაკომბებში სიარული, ფაქტების გადამოწმება, თარიღებთან კირკიტი. არც ისე ხშირად, თავად აღმოვაჩენთ გაყალბებულ  ამბავს და  თავად ვხვდებით, სად რა შეცდომა დავუშვით, ან სად მოგვატყუეს და სრულიად გაყალბებული რეალობა შემოგვაჩეჩეს ხელში და ეს არც ისე იშვიათად ხდება.

 

სკოლაში ისტორიის გაკვეთილი, ნამდვილად არ ყოფილა ჩემი საყვარელი გაკვეთილი. მეტიც, ზოგჯერ სრულიად არასაინტერესო საგნად მეჩვენებოდა და მოვალეობის მოხდის მიზნით ვსწავლობდი. მეც, სხვა ბავშვების მსგავსად, ვიზეპირებდი თარიღებს და ამაზე ყველაზე დიდ დროს ვხარჯავდი. მაშინაც მქონდა იმის შეგრძნება, რომ რაღაც არასწორი იყო ასეთ სწავლებაში, თარიღების გაზეპირებაში, მოვლენების ზედაპირულ აღქმაში.

 

ახლა, როდესაც ამ წლებს ვიხსენებ, ვხვდები, რა გვაკლდა, რომ ამ საგნით ნამდვილად დავინტერესებულიყავით. გვაკლდა ცოტაოდენი თავისუფლება, რომელიც საშუალებას მოგვცემდა თავისუფალი ინტერპრეტაციით გვესწავლა ეს საგანი, გვემსჯელა იმ მოვლენებზე, რომლის მომსწრენიც ვიყავით და არა გვერდიდან, განყენებულად გვემსჯელა ისტორიულ ფაქტებზე.  რა თქმა უნდა, ესეც შეიძლება, თუმცა ყველაზე მეტად საინტერესო და მნიშნელოვანი იმ ეპოქის გააზრება მგონია, რომლის ეპიცენტრში თავად ვართ, როდესაც შეგვიძლია  ჩვენ თვითონ დავარქვათ მოვლენებს თავისი სახელი და ის ისტორიული გარემო აღვიქვათ, რომელიც ჩვენ ირგვლივაა. ალბათ, სწორედ ეს უნდა იყოს ყველანაირი სწავლების მიზანი.

 

სოფელი გვიან საღამოს დავტოვეთ. გზად  გვხვდებოდა ჭერახდილი და კედლებჩამონგრეული სახლები; სტადიონი, სადაც ყველაფერს მაღალი ბალახი მოსდებოდა; გაუდაბურებული მატარებლის გაჩერება და ლიანდაგი, რომელიც ბუჩქებით გადაბარდნილიყო, რომლის ერთ-ერთი მორიგი გაჩერება, სადღაც ხუთას მეტრში, ქალაქი ცხინვალი იყო.

 

 

ქვევრი და მექვევრეები

0

ორი წლის წინ ქვევრი იუნესკომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად აღიარა და დასაცავ მემკვიდრეობათა ნუსხაში შეიტანა, რაც არა მხოლოდ ქვევრის ფენომენის, არამედ, საზოგადოდ, ქართული მეღვინეობისა და მეთუნეობის (მეთუნეობა – თიხის დამუშავების ტრადიცია) მსოფლიო აღიარებად შეგვიძლია მივიჩნიოთ. არადა, ჯერ კიდევ 15 წლის წინ საქართველოში მექვევრეობა პრაქტიკულად გაქრობის პირას იყო და მთელ ქვეყანაში შემორჩენილი თითო–ოროლა მექვევრეც მხოლოდ შიშველი ენთუზიაზმის ხარჯზე აგრძელებდა საქმიანობას. სწორედ ამ ადამიანების დამსახურებაა, რომ საქართველოში მექვევრეობა და თიხის საღვინედ დამუშავების ტრადიცია ათასწლეულების განმავლობაში არ გაწყვეტილა და იმედია, კიდევ მრავალ საუკუნეს გაუძლებს.

საქართველოში მექვევრეები (დასავლურქართულად – მეჭურეები), ტრადიციულად, ოთხ რეგიონში იყვნენ: კახეთში, სამეგრელოში, გურიასა და იმერეთში. სამეგრელოში, სამწუხაროდ, უკვე დაკარგულია მექვევრეობის ტრადიცია. მეგრულ ოჯახებში ალაგ–ალაგ შემორჩენილი ქვევრების დამღები უტყვი მოწმეები არიან მეთუნეობის დიდი ტრადიციისა, რომელიც დავიწყებას მიეცა.

დღეს საქართველოში მექვევრობის ყველაზე დიდი კერა იმერეთშია. სოფლები შროშა, მაქათუბანი და ტყემლოვანა იმერული მეთუნეობის უძველესი კერებია. სასიხარულოა, რომ ადგილობრივ მექვევრეებს დღეს კლიენტურაც ჰყავთ და მათი უმეტესობა შეგირდებსაც ზრდის.

იმერულ მექვევრეობაზე საუბრისას აუცილებლად უნდა ვახსენოთ მაქათუბნელი მექვევრე ზალიკო ბოჟაძე, რომლის ქვევრები ევროპაშიც გაიტანეს და მათში ახლა უკვე სლოვენიური, იტალიური, ავსტრიული, გერმანული და ფრანგული ღვინები ასხია. ასევე გამორჩეული მექვევრეები არიან ზემო იმერეთში, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყემლოვანაში მცხოვრები კაპანაძეები. იქ მექვევრეობას პრაქტიკულად მთელი სოფელი მისდევს და ყველა ოჯახს თავისი უნიკალური ხელწერა აქვს.

კახეთში მექვევრეობა სოფელ ვარდისუბანში, ყარაულაშვილებშია შემორჩენილი. ყარაულაშვილები ისტორიულად მექვევრეები იყვნენ. დღეს ამ გვარის წარმომადგენელი სამი ოჯახი აგრძელებს წინაპრების ტრადიციას. ვარდისუბანში დამზადებული ქვევრები ზომითა და განიერი ყელით გამოირჩევა. კახეთში ხუმრობენ – ყარაულაშვილებმა ღიპიან ხალხს სცეს პატივიო. ვარდისუბანში დამზადებულ ქვევრებს მთელ კახეთში ნახავთ – როგორც ცალკეულ ოჯახებში, ისე ეკლესია–მონასტრებშიც. მაგალითად, ნეკრესისა და ალავერდის მონასტრების ეზოებში სწორედ ვარდისუბნური დამღების მქონე ქვევრებია აღმოჩენილი.

ბარემ დამღებზეც ვთქვათ ორიოდე სიტყვა. ტრადიციულად, ყველა მექვევრეს თავისი ხელწერა ჰქონდა და ქვევრის ყელთან ყველა ხელოსანი საკუთარ დამღას აკეთებდა. ეს დამღა შესაძლოა ყოფილიყო რაიმე ნახატი – ჯვრის, ვაზის, ყურძნის მტევნის ფორმისა, ორნამენტი ან სულაც მექვევრის სახელი. ამ შემთხვევაში მექვევრე შეგვიძლია შევადაროთ მხატვარს, რომელიც ნამუშევრის დასრულების შემდეგ ტილოზე საკუთარ სახელს აწერს. ქვევრის დამღები ცალკე ისტორიაა და შემდგომში ამაზე უფრო ვრცლად ვისაუბრებთ.

მექვევრეობის კიდევ ერთი კერა გურიაში, სოფელ აცანაშია შემორჩენილი. იყო დრო, როდესაც სოფელი აცანა მთელ გურიასა და აჭარას ამარაგებდა ქვევრებით და, სოფელ ტყემლოვანას მსგავსად, იქაც თითქმის ყველა ოჯახი მეთუნეობას მისდევდა, მაგრამ დღეს ამ საქმით, სამწუხაროდ, ორი ოჯახიღაა დაკავებული.

აცანური ჭურები ლამაზი ფორმითა და გამძლეობით გამოირჩევა. მიუხედავად იმისა, რომ გურიაში ქვევრისთვის საჭირო აყალო მიწა ვერ არის ისეთი ხარისხიანი, როგორიც, მაგალითად, იმერეთში და ეს ღვინის გაჟონვის საფრთხეს ქმნის, გურული მეთუნეების პროფესიონალიზმი ამ ნაკლს ადვილად უმკლავდება – აცანური ქვევრის მყიდველი იშვიათად რჩება გაწბილებული. სასიხარულოა, რომ აცანაში, ისევე როგორც იმერეთში, ბოლო ხანს ბევრი ახალგაზრდა დაინტერესდა ამ საქმით და მეთუნეებს შეგირდად დაუდგა. ეს გვაძლევს იმედს, რომ რამდენიმე წელიწადში გვეყოლებიან ახალგაზრდა მექვევრეები, რომლებიც ამ დარგს უფრო მეტად განავითარებენ.

როგორც კახეთში, ისე გურიასა და იმერეთში დამზადებული ქვევრები, ძველი ქართული ტრადიციისამებრ, საგანგებოდ აშენებულ დიდ ღუმელში გადის გამოწვის რთულ, ხშირად საკმაოდ ხანგრძლივ პროცესს. სწორედ გამოწვის შემდეგ ირკვევა, რომელი ქვევრი ივარგებს და რომელი – არა. როგორც მექვევრეები ამბობენ, ნამზადი ქვევრების დაახლოებით 20% გამოწვის შემდეგ გადასაყრელი ხდება, რადგან წვის პროცესში გაჩენილი დიდი ნახვრეტების ამოვსება შეუძლებელია. ყველა იმერელმა მექვევრემ იცის მე–19 საუკუნეში მცხოვრები ლეგენდარული მექვევრის, ხვიჩა კაპანაძის ამბავი, რომელსაც 40 წლის განმავლობაში არც ერთი ქვევრი არ გაფუჭებია. მისი ნახელავი დღეს ზესტაფონში არაერთ ოჯახშია შემორჩენილი.

გამოწვის შემდეგ, სანამ ქვევრი ჯერ კიდევ თბილია, მექვევრე იღებს ნაჭერშემოხვეულ დიდ ჯოხს, ასველებს ახალადუღებულ ნატურალურ ცვილში და ქვევრს შიგნიდან სანთლავს. ცვილი თიხის ყველა ფორაში ჯდება და სწორედ ის აკავებს ნესტს საუკუნეების მანძილზე. ცვილის ხარისხი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან უხარისხოდ გასანთლული ქვევრი ღვინოსაც აფუჭებს. ზოგი მექვევრე ამ დროს ლოცულობს კიდეც და ჭიქა ღვინითაც ლოცავს ქვევრსაც და იმ ღვინოსაც, რომელსაც შემდგომ მასში ჩაასხამენ.

მიუხედავად იმისა, რომ, როგორც უკვე ვთქვით, მექვევრეობა საქართველოში უმთავრესად ოთხ კუთხეში იყო გავრცელებული, ქვევრებს ჩვენი ქვეყნის უკლებლივ ყველა კუთხეში ნახავთ, ხევსურეთისა და სვანეთის ჩათვლით. ეს იმაზე მეტყველებს, რაოდენ დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, საზოგადოდ, ღვინოს და, სახელდობრ, ქვევრის ღვინოს ქართველებისთვის. იმ ეპოქაში, როდესაც მთაში ყურძნის ატანა ტექნიკურად ძალიან ძნელი იყო, ხალხი მაინც ახერხებდა ამას და სამ დიდ დღესასწაულზე – აღდგომას, შობას და გიოროგობას – ღვინოს თუშეთის ყველაზე მაღალ სოფლებშიც კი სვამდნენ. ანანურის მონასტრის, ლომისის ხატისა და ლენტეხის მონასტრის უზარმაზარი ქვევრები ამის უტყვი მოწმეები არიან.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...