ოთხშაბათი, მაისი 14, 2025
14 მაისი, ოთხშაბათი, 2025

გრავიტაციული ტალღები და მათი აღმოჩენა

0

1915 წელს ა. აინშტაინმა შეიმუშავა ფარდობითობის ზოგადი თეორია. ძალიან მნიშვნელოვანი იყო მისი მოხსენება პრუსიის მეცნიერებათა აკადემიაში, სადაც მანამ წარადგინა განტოლება, რომელიც აღწერდა მატერიის გავლენას დრო-სივრცის გეომეტრიაზე. ეს განტოლება დღეს ა. აინშტაინის განტოლების სახელითაა ცნობილი. განტოლების შინაარსი შემდეგში მდგომარეობს – ის აღწერს დრო-სივრცის გეომეტრიას მატერიის გავლენით, ამასთან მატერიის მოძრაობას, თავის მხრივ, ამ სივრცის გეომეტრია განსაზღვრავს.

 

გრავიტაციული ტალღები

შეზღუდული შესაძლებლობები

0

ავტორი: დიანა ანფიმიადი

დედაც და მამაც მათემატიკოსები არიან, ჩემს ოჯახში ლექსები არავის უწერია, თორემ ტექნიკური განათლება და უნარები – იცოცხლე! თავიდან მეც არა მიშავდა ამ ამბებში, მაგრამ დაახლოებით მეექვსე კლასში ვთქვი – მე პოეტი ვარ და მათემატიკა რად მინდა-მეთქი, ჰოდა, სწავლაზე ხელი ავიღე.

მერე, ინერციით, ცოტა ხანს სულ სხვა წესებით გამომყავდა ამოცანები, უფრო გრძელი, მაგრამ საინტერესო და ორიგინალური გზებით, შემდეგ კი წესების თუ ფორმულების არცოდნის გამო ჩემი მათემატიკური განვითარება გაჩერდა, თანაც სამუდამოდ, მეთერთმეტე კლასამდე სულ ჩანჩალ-ჩანჩალით მივაღწიე. ანუ რა გამოვიდა? მე შევიზღუდე შესაძლებლობები.

მეც, როგორც თითქმის ყველა ბავშვს, მუსიკაზე მატარებდნენ, ჰოდა, მუსიკას ვწერდი, იქნებ სხვის მსგავსს, მაგრამ ზოგიერთს – საკმაოდ საინტერესოს და ორიგინალურსაც კი. ძალიან მთხოვდა პედაგოგი კომპოზიცია მესწავლა, მუსიკის თეორია და სხვა საკითხები, მაგრამ არა – ბოლომდე სულ ძალით ვიარე მუსიკაზე და დამამთავრებელი გამოცდების წინ, მეშვიდე კლასის ბოლო სემესტრში გამოვედი.

წყლის შიშის გამო დღემდე არ ვიცი ცურვა, დაცემის შიშის გამო, არასდროს ვმდგარვარ თხილამურებზე, ბურთის მოხვედრის შიშით არასდროს ვთამაშობდი ხელბურთს, სიმაღლის შიშის გამო, უამრავი ულამაზესი ხედის ხილვის საშუალება მოვაკელი თავს და მოკლედ, ჩამოთვლა რომ გავაგრძელო, ძალიან, ძალიან შორს წავალ.

როცა აუტისტური სპექტრის ბიჭუნა ოთხ ენაზე წერს და კითხულობს, მუსიკას ქმნის და საოცრად მღერის, როცა უსინათლო გოგონა ერთ-ერთი საუკეთესო ბალერინაა, როდესაც ბიჭი ეტლითაც მშვენივრად ახერხებს კარგად იცეკვოს, როცა ძალიან ჭკვიანი და განათლებული გოგონა, მოქალაქეობას, სოციალურ პასუხისმგებლობას სხვებს ასწავლის და თავის გარშემო საზოგადოებას ცვლის, როცა ჩვენს პარაოლიმპიურ ნაკრებს ვუყურებ და მახსენდება უამრავი მეცნიერი, მწერალი, მომღერალი, სპორტსმენი, თავიანთი განსაკუთრებული საჭიროებების მიუხედავად სხვებზე გაცილებით მეტს მიაღწიეს, მე ვრწმუნდები, შეზღუდული შესაძლებლობა მეტისმეტად პირობითი ცნებაა.

ახლა, მაგალითად ოთხი წიგნის იდეა მაქვს მონიშნული წიგნაკში, რომელშიც გასაკეთებელ საქმეებს ვწერ ხოლმე, დისერტაციის წერა რომ თითქმის შვიდ წელს გამიგრძელდა სიზარმაცის გამო, ამაზე აღარ მოვყვები, რამდენი შეუსრულებელი გეგმა, დაუმთავრებელი საქმე…. ჰოდა, ეს არ არის შეზღუდული შესაძლებლობები?

როდესაც სმენას განზრახ ვიყრუებთ, რომ სიმართლე არ გავიგოთ, მეზობლის სახლიდან შემომავალი ჩხუბის და ტირილის ხმა არ გვესმოდეს, როდესაც თვალს განზრახ ვიბრმავებთ, რომ გაჭირვებული თანამოქალაქე ვერ შევამჩნიოთ, საკუთარ კომფორტის ზონას გავუფრთხილდეთ. როდესაც ნაგვის ურნაში ჩასაგდებად არ ვდგებით ან საღეჭ რეზინას, იმის ნაცვლად, რომ სადაც საჭიროა, იქ ჩავაგდოთ, სკვერში, სკამზე ვაწებებთ, როდესაც ვმუნჯდებით, როცა აზრს გვეკითხებიან, როდესაც ჩვენი სიტყვა გადამწყვეტია. ყოველთვის, როდესაც გვაქვს არჩევანი, მაგრამ გვეზარება. დიახ, ყოველ ასეთ დროს ვრწმუნდები, რომ ეს ის შემთხვევაა, როცა შეზღუდული შესაძლებლობები არჩევითია. დიახ, დიახ, სწორედაც არჩევითი.

ამიტომ, სანამ ვინმეს შევიბრალებთ ან განვიკითხავთ, ვინმეს დამტკბარი ხმით ვეტყვით – შე საწყალო, როგორ მოახერხე, რომ ამ მხედველობით ასეთი შორსმჭვრეტელი და გამჭრიახი გახდი; საცოდავო , ხელს ვერ ამოძრავებ არა? ალბათ მშიერი რჩები. იცი? სიამოვნებით გავისეირნებდი შენთან ერთად, მაგრამ აბა, ეტლით როგორ? იმ კაფეს პანდუსი არ აქვს. …

საწყალი დედაშენი შვილო, როგორ გიყურებს, რომ ამხელა ბიჭი ვერ ლაპარაკობ. და ა.შ და ა.შ. ასეთი მრავლადაა… გთხოვთ, გავიხსენოთ, ყველა საკონტროლო, რომელიც სხვისგან გადავწერეთ, ყველა შესაძლებლობა, რომელიც ვერ გამოვიყენეთ. ყველა აქტივობა, რომელიც დაგვეზარა, ყველა ნიჭი, რომელიც გავანიავეთ, ყველა დავალება, რომელიც არ შევასრულეთ, ყველა ლექსი, რომელიც არ დავწერეთ… პირველ რიგში, საკუთარ თავს ვეუბნები ამას.

გავიხსენოთ ჩვენი არჩეული შეზღუდული შესაძლებლობები, რომელთაც ობიექტური კი არა, სუბიექტური გარემოებები ქმნიან.

კონკურენტული სწავლება და თვითშეფასება

0

უკანასკნელ ათწლეულში საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე ცვლილებების ერთ-ერთ სერიოზულ შედეგად შეიძლება ჩაითვალოს სასწავლო პროცესში გამოყენებული მეთოდების, სტრატეგიების, აქტივობების, მოსწავლეთა ორგანიზებისა და სწავლების ფორმების მრავალფეროვნება. ყოველივე ამან შესაძლოა საგრძნობლად შეუწყოს ხელი მოსწავლეებში სასწავლო მოტივაციის ზრდას, რაც, თავის მხრივ, სწავლა-სწავლების ეფექტიანობას აამაღლებს, თუმცა ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ მათი გამოყენებისას დადებით მომენტებთან ერთად გავითვალისწინებთ თანმხლებ საფრთხეებსაც და ზედმიწევნით განვსაზღვრავთ გამოყენების პირობებს.

ამჯერად მკითხველის ყურადღებას ერთ საკითხზე – კონკურენტულ სწავლებასა და ბავშვის თვითშეფასების ფორმირების პროცესში მის არცთუ სასურველ გავლენაზე – შევაჩერებთ.

ერთხელ მეოთხეკლასელმა ნინიმ შემომჩივლა: „იცით, მე მგონი, მათემატიკაში ვერასოდეს მივიღებ ათიანს, რადგან მასწავლებელმა გაგვაფრთხილა, რომ უმაღლეს შეფასებას მხოლოდ იმ მოსწავლეს დაუწერს, ვინც ყველაზე სწრაფად შეასრულებს დავალებას და პირველ ხუთეულში მოხვდება. მე პირველ ხუთეულში კი არა, ათეულშიც ვერასოდეს ვხვდები, რადგან სწრაფად ფიქრი და წერა არ შემიძლია. ყველაზე ბოლოს ჩემს რვეულს იბარებს მასწავლებელი“. ასეთივე პრობლემა ჰქონდა მესამეკლასელ გიოსაც, რომელსაც მუდმივმა მარცხმა და წარუმატებლობამ საკუთარი თავის რწმენა დააკარგვინა. „მე მგონი, ჩემს კლასში ყველაზე შტერი, უტვინო და უნიჭო ვარ“, – ამბობდა მორიგი მარცხის შემდეგ ცრემლმორეული გიო და გულისტკივილს ვერ მალავდა იმის გამო, რომ ისევ ვერ მოასწრო განსაზღვრულ დროში დავალების შესრულება. ადვილი არ არის მესამეკლასელ ბავშვს აუხსნა, რომ მისი მარცხი „სიშტერის, უტვინობისა და უნიჭობის“ კი არა, იმის ბრალია, რომ ადამიანები ტიპოლოგიური თავისებურებებით, განვსხვავდებით ერთმანეთისგან: ზოგი სწრაფად აზროვნებს, ფიქრობს, ლაპარაკობს, წერს, ზოგი –  ძალიან ნელა. თუმცა ეს სრულიადაც არ ნიშნავს იმას, რომ ვინც სწრაფად აზროვნებს და წერს, უფრო გონიერია.

ვფიქრობ, ზემოთქმული ბევრ პედაგოგს გაუჩენს უკმაყოფილების განცდას და ათქმევინებს, რომ ერთი-ორი მოსწავლის გამო, რომელიც ვერ ასწრებს განსაზღვრულ დროში დავალების შესრულებას, არ შეიძლება კონკურენტულ სწავლებაზე უარის თქმა. რასაკვირველია, სასწავლო პროცესში სწავლების ნებისმიერი ფორმის გამოყენება მიზანშეწონილია, მაგრამ ურიგო არ იქნება, თუ გამოყენებამდე კარგად გავიაზრებთ ამა თუ იმ ფორმის როგორც დადებით, ისე უარყოფით მხარეებსაც და შევეცდებით, დადებითი გავაძლიეროთ, ხოლო უარყოფითი შევასუსტოთ. ამის თაობაზე გიოსთან საინტერესო დიალოგი მქონდა. კითხვაზე, რა იყო კარგი საგაკვეთილო პროცესში შეჯიბრების ელემენტების გამოყენებასა და დავალების შესასრულებლად განკუთვნილი დროის მკაცრად განსაზღვრაში, დიდი ფიქრის შემდეგ, არცთუ კმაყოფილმა, მიპასუხა, რომ ეს მას სისწრაფეს აჩვევს, თუმცა იქვე დასძინა, რომ სწავლაში ძალიან უშლის ხელს, რადგან მთელი ყურადღება იქით აქვს მიმართული, როგორ დაწეროს სწრაფად, ის კი, რაც უნდა დაწეროს, სულ ავიწყდება, ვინაიდან ეშინია, რომ ვერ მოასწრებს. „შეჯიბრება ფიზკულტურის გაკვეთილზე უფრო შეიძლება; მათემატიკის გაკვეთილზე მასწავლებლის სიტყვები: „ვინ უფრო სწრაფად ამოხსნის“, – გონებას მითიშავს და ვეღარაფერს ვწერ“.

არსებობს სერიოზული საფრთხე, რომ კონკურენტული სწავლების ფორმის სისტემატურმა გამოყენებამ ბავშვს, რომელიც გამუდმებით მარცხს განიცდის, დაუქვეითოს თვითშეფასება და საკუთარი ძალების რწმენა, რაც მის სასწავლო მოტივაციაზე უარყოფითად იმოქმედებს და სკოლისა და სწავლისადმი ინტერესს დააკარგვინებს. მუდმივი მარცხის მოლოდინში ბავშვი წარმატებული ვერ იქნება, წარუმატებელი და არარეალიზებული მოსწავლე კი  საკლასო ოთახში „ასაფეთქებლად გამზადებული ნაღმია“.

მუდმივმა მარცხმა ბავშვს შესაძლოა უარყოფითი დამოკიდებულება ჩამოუყალიბოს იმ თანაკლასელების მიმართ, რომლებიც წარმატებით ართმევენ თავს განსაზღვრულ დროში დავალების შესრულებას და მასწავლებლის ქებას იმსახურებენ, ეს კი კლასში დაძაბული ფსიქოლოგიური კლიმატის მიზეზად იქცევა, რაც ასევე უარყოფითად იმოქმედებს სასწავლო მოტივაციასა და სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობაზე.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, სწავლების ამ ფორმის გამოყენებისას ურიგო არ იქნება რამდენიმე რეკომენდაციის გათვალისწინება:

  • სწავლების კონკურენტული ფორმა გამოვიყენოთ რაც შეიძლება იშვიათად, მხოლოდ განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში.
  • საგანგებოდ მოვემზადოთ იმ გაკვეთილისთვის, რომელზეც სწავლების ამ ფორმის გამოყენებას ვაპირებთ.
  • წინასწარ განვსაზღვროთ სირთულეები, რომლებსაც შეიძლება შევეჯახოთ და ვიფიქროთ მათი დაძლევის გზებზე.
  • აღნიშნული ფორმით გაკვეთილის ჩატარებისას გავიაროთ ყველა ეტაპი – მომზადების, ჩატარების, შეჯამების; ნურც ერთს ნუ გამოვტოვებთ.
  • ნუ დავტოვებთ „დამარცხებულ“ ბავშვს ან ბავშვების ჯგუფს საკუთარ ემოციებთან მარტოს, დავეხმაროთ უარყოფითი ემოციებისგან გათავისუფლებაში.
  • სასურველია, სწავლების კონკურენტული ფორმის გამოყენების დროს შეჯიბრება ჯგუფებს შორის იმართებოდეს და არა ცალკეულ მოსწავლეებს შორის. ასეთ დროს ბავშვი თავს უფრო დაცულად იგრძნობს, რადგან მარტოს აღარ მოუწევს მარცხის გადატანა.

დაბოლოს, საგაკვეთილო პროცესში ნებისმიერი სიახლის შემოტანისას სასურველია, კარგად განვსაზღვროთ მისი საჭიროება, სასწავლო მიზნებისადმი შესაბამისობა და შედეგი, – დადებითი თუ უარყოფითი, – რომელსაც ამ სიახლის დანერგვით მივიღებთ.

სათაურის დრო

0

„ამ ქუჩას ახლა მგლის ტყავისა ჰქვია სახელი,

აბა, კრავის ტყავს ვინ აღირსებს ასე ძვირ ნომენს…

არც ბატკანს მამა აბრამისას,

ყმობის ფენომენს“.

(კ. კაკიტაძე, „მგლის ტყავივით“)

სათაურები დროში ცხოვრობენ, როგორც ტექსტები, ქვეტექსტები, ღირებულებები, ცდუნებები, შთაგონებანი, უცნაურობანი, სიმპტომები, ალუზიები, მეტაფორები და სისულეებიც კი. ამიტომ, რა ტიპისაც არ უნდა იყოს ტექსტი, ყოველთვის დიდი  მნიშვნელობა აქვს, თუ როგორი სათაური ექნება მას, რადგან პირველი, რასაც ამა თუ იმ ტექსტის აღქმისას ვაწყდებით, სათაურია – ერთგვარი  კარიბჭე, რომლითაც მიღმიერ სამყაროში შევდივართ და მიუხედავად მისი სიძველისა, საინტერესო სიახლეს ველით.

ზოგიერთი მოსაზრების თანახმად, სათაურის შექმნა, „ტექსტისთვის სახელის დარქმევა შემოქმედებითი მოღვაწეობაცაა და ერთგვარად შემოქმედის მოღვაწეობაც… ავტორი ტექსტის ბატონ-პატრონია, მან კარგად იცის, რისთვის, რატომ, რა მოტივებით შეიქმნა ტექსტი. გაცნობიერებული აქვს მისი არსი, ფუნქცია, დანიშნულება, აზრი. ენის ქაოსიდან ავტორი ქმნის ტექსტს, ანიჭებს მას სიცოცხლეს და დამოუკიდებლობას და აუცილებლად აძლევს სახელს… სახელდება – ეს არის გამორჩევა სხვა დანარჩენისგან. ინფორმაციულ ოკეანეში ჩვენ ვარჩევთ ტექსტებს სახელებით, ანუ სათაურებით“ (ცირა ბარბაქაძე, 2014). https://mastsavlebeli.ge/index1.php?action=page&p_id=19&id=480 ამ წერილში ტექსტის სახელდების შესახებ ბევრი საინტერესო რჩევა იკითხება, თუმცა ერთმანეთისაგან უნდა გაიმიჯნოს ორი ენობრივი ფენომენი: სახელის დარქმევა და დასათაურება. შვილები ხშირად  სახელებს ვერ ამართლებენ. ტექსტის დასათაურება  კი რადიკალურად განსხვავებულ მიდგომას მოითხოვს. „შეუძლებელია სათაურის და ტექსტის შინაარსობრივი დაშორება. სათაური ტექსტის იდენტიფიკატორი კი არა, არამედ მისი მთავარი დანიშნულებაა“ (ფიშერი, 1984). https://critical inquiry.uchicago.edu/past issues/issue/december 1984 v11 n2

დასათაურების საკითხებს ეძღვნება კრჟიჟანოვსკის „სათაურის პოეტიკა“(1931), რომლის თანახმად, „წიგნი – ეს არის ბოლომდე გაშლილი სათაური, სათაური კი – ორ-სამ სიტყვამდე დაყვანილი მთლიანი ტექსტი, ანუ  სათაური – ეს არის წიგნი in restricto, ხოლო წიგნი კი – სათაური in extenso”. სათაური ისე უნდა იყოს ორგანულად დაკავშირებული ტექსტთან, როგორც ტექსტში შემავალი თითოეული სიტყვა მათი საშუალებით გადმოცემულ ამბავთან. ამასთან, მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ის გარემოება, რომ სათაურს საქმე აქვს არა “სიტყვიერ, ნედლ მასალასთან,” არამედ ესთეტურად გააზრებულ მხატვრულ განზოგადებასთან. სათაური ავტორის სტილისა და მხატვრული აზროვნების მაჩვენებელია,“ – აცხადებს კრჟიჟანოვსკი, რომლის  აზრით, ტექსტის სახელდების დანიშნულება კონვერტზე დაწერილი მისამართის დანიშნულებასავითაა და მოცემული ეპოქის კულტურის მომხმარებლის მახასიათებელია. https://az.lib.ru/k/krzhizhanowskij_s_d/text_0292.shtml

ტექსტები უფრო დიდხანს გვახსოვს თუ სათაურები? ან რატომ გვაინტერესებს საინტერესო ამონარიდის, თუნდაც მუსიკალური ნაწარმოების, ფერწერული ტილოს, კინოფილმის, ნაგებობის ბოლომდე გაცნობამდე მათი სათაურები? იქნებ იმიტომ, რომ ამ გასაღებით ნებისმიერ შენობაში უმტკივნეულოდ შევალთ. მათთთან ერთად დრო საზღვარს კარგავს, საზღვარი – სასრულს. უსასრულობა საკუთარი თავის პოვნაში დამხმარეა და, ამდენადაც, დიდია ინტერესი სათაურების შესწავლისადმი. მეოცე საუკუნის ბოლოსა და 21-ე საუკუნის დასავლეთევროპულ ნარატოლოგიაში  სათაურის კვლევა ცალკე მიმართულებად ჩამოყალიბდა ლიტთეორიის სრულიად ახალი დარგის, სათაურმცოდნეობის (TITOLOGY/TITLELOGY ) სახით.

როდის დავწეროთ სათაური?

„ავტორი მხოლოდ ნაწარმოების დასრულების შემდეგ ირჩევს სათაურს, რომელიც ყველაზე ნათლად და ეფექტურად გადმოსცემს მისეულ მესიჯს“, – გვპასუხობს ჯ. ფიშერი.  აკადემიური წერის ექსპერტებიც გვირჩევენ, რომ სათაური დავწეროთ ბოლოს, რადგან პირველი, რასაც მკითხველი წაიკითხავს, სათაურია. მასში უნდა აისახოს ნაშრომის თემა და კონცეპტუალური ჩარჩო, ამდენად ის უნდა ავაგოთ ძირითადი ტერმინებიდან, რომლებიც მანამდე შემოგვიხაზავს (თურაბიანი, 2003). სამი პირობითი სათაურიდან, როგორიცაა: 1. რისკი, 2. რისკის შეფასება, 3. ირაციონალური, თუმცა გეგმაზომიერი რისკის შეფასება: ვიზუალური წარმოსახვის როლი ფარდობითი რისკის გამოთვლაში  – პირველს მკვლევარი ზუსტ, თუმცა ძალიან ზოგად სათაურად  მიიჩნევს იმისთვის, რომ მოგვცეს ნაშრომის შესახებ ინფორმაცია; მეორეს – შედარებით კონკრეტულად, მესამეს კი – როგორც სათაურის, ასე ქვესათაურის გამოყენებად, რომლის შესაბამისად, მკითხველი წინასწარ იგებს, რა საკვანძო სიტყვები გამოჩნდება ნაშრომში. „როდესაც მკითხველი ხედავს, რომ სათაურში მოცემული ძირითადი სიტყვები კვლავ მეორდება შესავალში და შემდეგ ნაშრომში, უფრო მოსალოდნელია, იგრძნონ, რომ ნაშრომის ნაწილები ურთიერთდაკავშირებულია“. ორი ნაწილისაგან შემდგარი სათაურები ყველაზე გამოსადგია, ისინი იძლევა კარგ შესაძლებლობას, გამოვიყენოთ ძირითადი სიტყვები ძირითადი ცნებების წარმოსადგენად, გვირჩევს ქეით ლ. თურაბიანი. ვერაფერს ვიტყვით, პური მეპურემ უნდა გამოაცხოს, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს ჰ. ლევინის ცნობილი პუბლიკაციაც: „სათაური, როგორც ლიტერატურული ჟანრი“ (1977).

მაგრამ მაინც, ეს დებულებები ესეების, რეფერატების, თეზისებისა და დისერტაციების ავტორებისთვისაა. ისე კი მხატვრული ტექსტის ავტორები თავისუფალნი რჩებიან  სათაურის დაწერის დროის განსაზღვრაში. როდის სახელდეს „ენეიდა“, „ქებათა ქება“, „ილიადა“, „ჰამლეტი“ თუ „ოიდიპოსი“… ნაკლებად თუ იცის ვინმემ. რაც მთავარია, ეს ტექსტები დროს გადაედნენ როგორც „ერთი ტექსტის ორი ქვეტექსტი“ ან, შესაძლოა, ორი დამოუკიდებელი ტექსტიც (ლოტმანი, 1992) იმაზე უფრო, ვიდრე რომელიმე სამეცნიერო ტრაქტატის ვრცელი სახელწოდება, როგორც რუსთაველის კარგი შაირი, პასკალის ცნობილი პარადოქსი – უდროობის გამო ვრცლად ვწერეო.

თუკი ვინმეს ერთი ეპიზოდი, ერთი სიტყვა შთააგონებს წერას, ცხადია, მასზე უნდა დაწეროს. მაგ., „მებაღე“ ომის შემზარავ რეალობაზე შექმნილი ნაწარმოების სათაურია. რადიარდ კიპლინგის ვაჟი 1915 წელს ლუზის ბრძოლაში დაღუპულ 20000 მეომარს შორის აღმოჩენილა, რომელთა ცხედრები ვერ ამოიცნეს, საფლავიც ვერ იპოვეს.  მოთხრობის წერა მამას იმავე ღამით დაუწყია, სახარებისეული სცენის ალუზიით, მარიამ მაგდალინელი ცარიელ აკლდამაში გადაგორებულ ლოდთან ატირებული იესოს ცხედარს რომ დაეძებს, თავად იესო მებაღე ჰგონია და ევედრება, ცხედარი დამიბრუნეო.

ძვირფას მკითხველს ალბათ ახსოვს ერთი ძველი ანეკდოტი, პროფესორი რომ ასპირანტს არიგებს, „როგორ ვზიდოთ წყალი საცრით“ ფრიად არამეცნიერული სათაურია, მაგას სჯობს „თხევად აგრეგატულ მდგომარეობაში მყოფი ნივთიერების პერფორირებულძირიანი ჭურჭლით ტრანსპორტირების პრობლემა და მისი გადაჭრის მეთოდოლოგია“ დაარქვაო, როგორ დასრულდა. ჰოდა სანამ საყვარელ მამიდებს მოიკითხავდეს ვინმე, მზამზარეული რეცეპტების გაცემას აჯობებს, სახელდების ვადაში არავინ შევზღუდოთ და ყველა სათაურს დროში გამართლება ვუსურვოთ.

გამოყენებული რესურსები:

  1. ქეით ლ. თურაბიანი, სახელმძღვანელო რეფერატების, თეზისებისა და დისერტაციების ავტორებისთვის, 2003.
  2. https://mastsavlebeli.ge/index1.php?action=page&p_id=19&id=480
  3. https://critical inquiry.uchicago.edu/past issues/issue/december 1984 v11 n2
  4. https://az.lib.ru/k/krzhizhanowskij_s_d/text_0292.shtml

 

 

ზაფხულის წიგნი

0

ამერიკელი მწერლის, ჯონათან ფრენზენის „შესწორებები“ ერთხელ უკვე ვახსენე. ბოლოს წაკითხული წიგნებიდან ყველაზე მეტად სწორედ ეს მომეწონა – ენის სიღრმეში და ყოველდღიურობის ზედაპირზე მოხეტიალე კაცის გულისმომკვლელი მონათხრობი ჩვეულებრივ ოჯახზე, ჩვეულებრივ ურთიერთობებზე. მაგრამ ამ წიგნს ზამთრის უფრო ეთქმის, ვიდრე ზაფხულის. თუნდაც იმიტომ, რომ მუდმივად იგრძნობა დასასრულის მოლოდინი, გარდაუვალი ცვლილებების მოლოდინი, შობის მოლოდინი, შობის უქმეებზე კი მართლაც დიდი ამბები ხდება. არა, ამ წიგნზე საუბარს ახლა არ ვაპირებ – ქართულად ჯერ არ უთარგმნიათ და მკითხველთა უმრავლესობისთვის ხელმისაწვდომი არ არის. მხოლოდ მეორეხარისხოვან გმირს გავიხსენებ – ნორვეგიელს, რომელსაც სასაცილო ახირება აქვს: ყოველ წელს ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის ყოველი ლაურეატის თითო წიგნს კითხულობს და ამასთანავე, იმ ლაურეატის მთელ შემოქმედებასაც, რომელიც წინა წელს ყველაზე მეტად მოეწონა. წლიდან წლამდე ამოცანა, ცოტა არ იყოს, ურთულდება: დადგება შემოდგომა და წასაკითხთა სიას ახალი მწერალი მიემატება ხოლმე, მთელი თავისი ტომებითა თუ კრებულებით.

სხვა რა უნდა ქნას წიგნის მეორეხარისხოვანმა გმირმა იმისთვის, რომ თავი დაგამახსოვროს?!

მშვენიერი ახირებაა – ჩვენი წიგნების გმირებსაც გამოადგებოდათ. მე კი ყოველთვის იმას ვკითხულობდი, რაც ხელში ჩამივარდებოდა და პირველივე გვერდებიდან თუ არა, მესამედის წაკითხვის შემდეგ მაინც კითხვის გაგრძელების სურვილს გამიჩენდა. ცხადია, ზოგი წიგნი დამიხურავს და ცივად დამიბრუნებია თავის ადგილას, ზოგიერთი რამდენჯერმე დამიწყია და ბოლოში ვერც ერთხელ ვერ გავსულვარ. ბავშვობაში იმას ვკითხულობდი, რასაც სახლში, წიგნის თაროებზე ვპოულობდი, მერე – მეზობლების სახლებში, ბოლოს კი – ქალაქის ბიბლიოთეკებში. სტუდენტობისას იმ წიგნებს ვეძებდი, ჩემთვის რაღაც ნიშნით გამორჩეული ადამიანები რომ ახსენებდნენ ხოლმე: მწერლები, კრიტიკოსები, მასწავლებლები, მეგობრები, მეგობრების მეგობრები…

რადგან მკითხველის ახირებებზე დავიწყე საუბარი, არც ჩემსას დავმალავ: წაკითხული წიგნების თავიდან წაკითხვის მძაფრი, თითქმის დაუძლეველი სურვილი ზაფხულობით განსაკუთრებით მიძლიერდება ხოლმე. სოფლის ხმები, გრძელი აივანი, ისევ ის სინათლე, ისევ ის ჰაერი. რაღაც ცუდად მახსოვს, რაღაც სულ დამვიწყებია. ყოველ ჯერზე ხელში სხვა წიგნი მიჭირავს – სხვა „მეფე ლირი“, სხვა „წითელი და შავი“, სხვა „ეშმაკნი“, სხვა „წყვდიადის გული“, სხვა „თეთრი საყელო“, სხვა „მარტის მამალი“…  ცხელ დღეებში ეს თავისთავად ხდება – წიგნების მდინარეში შედიხარ მეორედ, მესამედ, მეოთხედ და ოდესღაც ნაგრძნობ შვებას, სიგრილეს, სიამოვნებას ეძებ.

ამასობაში გამოცდილებაც დაგგროვებია. ძველი წიგნის ფურცლებზე ყოველ ჯერზე პოულობ რაღაც ისეთს, რაც ახალ ცოდნას უცნაურად ირეკლავს და ამ ანარეკლს შენვე გიბრუნებს. წინა წაკითხვისას, ალბათ, ვერ შეამჩნევდი, რომ ტატიანა ლარინა ევგენი ონეგინს წერილს ფრანგულად სწერს (შეიძლება შეამჩნიე კიდეც, მაგრამ ეს უმნიშვნელოდ მოგეჩვენა).  არც იმას მიაქცევდი ყურადღებას, რომ წიგნის მთავარი გმირი გატაცებით კითხულობს ადამ სმითს და სახელმწიფოს გამდიდრების გზებზე მსჯელობს.

ერთი სიტყვით, წაკითხულთან დაბრუნება დიდი სიამოვნებაა და ზაფხული საუკეთესო დროა დავიწყებულთან შეხვედრისთვის. თუ გულწრფელი იქნებით, აღიარებთ, რომ ათი წლის წინ წაკითხული წიგნიდან, სათაურის გარდა, ბევრი არაფერი გახსოვთ. საუკეთესო შემთხვევაში – მთავარი გმირები და ორი-სამი მეორეხარისხოვანი პერსონაჟი, ამბავი – რამდენიმე მარტივ წინადადებად, განწყობა, რომელიც კითხვისას გქონდათ… და რატომ არ უნდა შეხვდეთ კიდევ ერთხელ მას, ვისთან შეხვედრაც ერთ დროს ასე ამაღელვებლად გეჩვენებოდათ? რატომ არ უნდა დაბრუნდეთ მშობლიურ მიწაზე – იმ ადგილებში, სადაც ყველაფერი ნაცნობია, მაგრამ, ამასთანავე, საგრძნობლად შეცვლილი, გადასხვაფერებული, გაუბრალოებული, ან, პირიქით, უფრო დიდი იდუმალებით მოცული, დაპატარავებული ან გაზრდილი და მთელ სამყაროდ ქცეული?

ცხადია, ეს რჩევა მათთვის არაა, ვინც იშვიათად კითხულობს. არც მათთვისაა, ვინც კითხვას ახლა იწყებს. ჩემი რჩევა მათთვისაა, ვისაც შესაძლოა ის არც კი სჭირდება – ვინც სხვა სამყაროში გასასვლელ კარს მიაგნო და ნაცნობ თუ უცნობ ისტორიებში მოგზაურობა ჩვევად ექცა. დროისა და სივრცის დამორჩილებაზე, აქ და იქ ერთდროულად ყოფნაზე დიდი სიამოვნება არაფერია. ზაფხულის დღეები შეგიძლიათ უსასრულოდ გააგრძელოთ, ზაფხულის წიგნი კი იმ წარმტაც პეიზაჟად აქციოთ, რომლის თითოეულ კენჭს, ფოთოლს, ღრუბლის ფთილას ძალიან კარგად იცნობთ და ამიტომაც აგრძელებთ გზას სიხარულით, აჩქარებული გულისცემით, ღიმილით.

ამ ზაფხულს ჩემთვის ასეთი წიგნი ჯინ რისის „სარგასოს უნაპირო ზღვა“ იქნება. თქვენი წიგნი და ზღვა თქვენ  თვითონ მოძებნეთ.

რას  განასახიერებს  მონეტა

0

გაკვეთილის ჩასატარებლად მრავალფეროვან წყაროებსა და თვალსაჩინოებებს იყენებს. ეს არის სახელმძღვანელოებში არსებული სხვადასხვა სახის წყაროები, მასწავლებლის მიერ თემის შესაბამისად მომზადებული, მოსწავლის მიერ შექმნილი და შეგროვებული მასალა, დოკუმენტური თუ მხატვრული ფილმი; საოჯახო ფოტო ალბომები, დოკუმენტები, მიმოწერა, ძველი ნივთები მაგ. სამუშაო იარაღი, მონეტები თუ ძველი ტელეფონის აპარატი და ა.შ. წყაროებსა და თვალსაჩინოებებთან მუშაობა ხდება როგორც საკლასო ოთახში, ასევე კლასის გარეთაც, მაგალითად, მუზეუმებში, სკოლის ეზოში. მოსწავლეებში სერიოზულ ცნობისმოყვარეობას აღძრავს ნუმიზმატიკა.

 

მონ

მონეტაზე არსებული თარიღები, წარწერები, სურათები, სიმბოლოები, მისი სხვადასხვა თვისება ბევრი ისტორიული კითხვის ნიშნის ამოხსნის საშუალება გამხდარა.

მონეტა განასახიერებს დროის სიმბოლოს, რომლის საშუალებითაც წარმოგვიდგება ქვეყნის ისტორია, კულტურა, მაშინდელი აღებ-მიცემობა.

როგორ შეიძლება მონეტით ამოვიკითხოთ ქვეყნის ისტორია?

ნუმიზმატიკა არის ისტორიის დამხმარე მეცნიერება, რომელიც ცდილობს მონეტების საშუალებით შეისწავლოს ქვეყნის ისტორია, კულტურა,  ეკონომიკური მდგომარეობა.

მეშვიდეკლასელები ხელოვნების გაკვეთილებზე სწავლობენ მაკედონელის ოქროს მონეტას, რომლის  ორივე მხარეს გამოსახული ფიგურებით უნდა ამოიცნონ ქვეყნის ისტორია, გამოუმუშავდეთ ინტერპრეტაციის უნარი და თვითონვე შექმნან ნებისმიერი მასალით მონეტა,  ხოლო მასწავლებელი პარალელურად  აცნობს რომაულ მონეტებს და სხვადასხვა პერიოდის ქართულ მონეტებს.

პედაგოგის ეფექტიანი მუშაობისათვის საჭიროა წინარე ცოდნის და უნარ-ჩვევების საფუძვლიანი ანალიზი.

დღესდღეობით მოსწავლეთა უმეტესობა მონეტებს იცნობს, როგორც მხოლოდ ფულის ერთეულს, მიმოქცევის საშუალებას და არ იციან, რომ კონკრეტული მონეტა განასახიერებს ქვეყნის ისტორიასა და კულტურას.

პედაგოგისთვის არ არის რთული, მოსწავლეებს  მოუთხროს  მონეტების შესახებ:  რა არის გამოსახული მის ავერსსა და რევერსზე,  მოუყვეს მისი დანიშნულებისა და ისტორიის შესახებ. ამ ინფორმაციით  მოსწავლეები გაანალიზებენ და შეხედავენ მონეტას  სხვადასხვა კუთხიდან.

ჩვენი სახელმძღვანელოები ნაკლებად იძლევა იმის საშუალებას, მოსწავლეებმა შეისწავლონ სხვადასხვა პერიოდის და სხვადასხვა ქვეყნის მონეტები.

ამ მიზნით   დავგეგმეთ  პროექტით სწავლება – მაკედონელის მონეტასთან  ერთად შეესწავლათ  თამარის დროინდელი მონეტები და თანამედროვე  პერიოდის  ქართული მონეტები.

სწავლების მეთოდის შერჩევისას  მასწავლებელმა უნდა განსაზღვროს მიზანი და შედეგი -დაგვეხმარება თუ არა ჩვენ მიერ შერჩეული მეთოდი დასახული მიზნის მიღწევაში?!  შედეგების ჩამოყალიბებისას კი გათვალისწინებული უნდა იქნას არა მხოლოდ კონკრეტული საკითხის შესახებ ცოდნის მიღება, არამედ იფიქროს იმაზეც, რომ  მოსწავლეს  გამოუმუშავდეს ზოგადი ტრანსფერული უნარებიც.

ამ სტატიაში შემოგთავაზებთ გეგმას, რომელიც ბევრის მომცემი იქნება მეშვიდეკლასელებისთვის, დაეხმარება მათ შემოქმედებითი უნარის წარმოსახვაში, ინფორმაციის  ანალიზისა  და მსჯელობის უნარის გამომუშავებაში, უკეთესი სასწავლო შედეგების მიღწევაში.

სხვადასხვა პერიოდის მონეტებს შორის პარალელების გავლება, მსგავსება-განსხვავების დანახვა  მოსწავლეებში აამაღლებს აზროვნების დონეს, გამოუმუშავებს შედარებითი ანალიზის  უნარს. ზოგიერთ მოსწავლეს მონეტების კოლექცია  აქვს. პროექტის მსვლელობისას, ვფიქრობ, კოლექციის გამრავალფეროვნების  უფრო მეტი მოტივაცია გაუჩნდებათ.

პროექტის აღწერა: მოსწავლეები დაიყოფიან  სამ ჯგუფად,  გაეცნობიან პროექტის მიზანს  და ჯგუფებს შორის გადაინაწილებენ  იმ  საქმიანობებს, რომლებზეც უნდა ჩაატარონ კვლევა. მიეცემათ მიმართულების მიმცემი კითხვები: რატომ არის მნიშვნელოვანი მონეტების შესწავლა?  რა მსგავსება და განსხვავებაა სხვადასხვა პერიოდისა და ქვეყნების მონეტებს შორის?  მოსწავლეები შეისწავლიან და გაეცნობიან ფულის ისტორიას, ესტუმრებიან ფულის მუზეუმს, ინტერვიუს აიღებენ სპეციალისტებისაგან, მოიძიებენ ინფორმაციას სხვადასხვა ქვეყნისა და პერიოდის მონეტების შესახებ ბიბლიოთეკაში, ინტერნეტში, ამოიღებენ ფოტო-მასალას.

პირველი ჯგუფი, რომლებიც შეისწავლიან მაკედონელის მონეტებს,  დაევალებათ – შეისწავლონ:

  1. მაკედონელის ბიოგრაფია, მისი საბრძოლო ცხოვრება (საჭირო ინფორმაცია);
  2. საბერძნეთის ისტორიისა და კულტურის შესახებ საჭირო და სასურველი ინფორმაცია, ვინ იყო მაკედონელის მოქანდაკე;
  3. სახელმწიფოში არსებული მონეტები და მათ შესახებ ინფორმაცია, დაიწყონ კვლევა ალექსანდრე მაკედონელის მამის დროს გამოცემული მონეტებიდან – ფილიპიკებიდან (დააკვირდნენ მასალას,  გამოსახულებებს);

კვლევის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნობიან მოცემული ქვეყნისა და ეპოქის პოლიტიკურ მდგომარეობას, კონკრეტული პიროვნების გავლენას  ისტორიულ, კულტურულ თუ ეკონომიკურ სფეროში. მაკედონელის დამოკიდებულებას  სახელმწიფოს ეკონომიკასთან და ყურადღებას  გაამახვილებენ მონეტის სტილზე, მასალაზე, გამოსახულებებზე.

მეორე ჯგუფი – თამარისა და დავით სოსლანის მონეტები. ამ ჯგუფის წევრებს დაევალებათ შეისწავლონ:

  1. თამარის მეფობა, ოქროს ხანა;
  2. რამდენი სახის მონეტა არსებობდა თამარის დროს;
  3. რა არის გამოსახული თამარისა და დავითის მონეტებზე, რა მასალისაგან არის დამზადებული, რა ენაზეა წარწერები და რატომ, ვისი ხელრთვაა;
  4. პარალელურად მოიკვლევენ ,,ვეფხისტყაოსანში’’ არსებულ მონეტებს. აქ დაიხმარებენ ქართულის მასწავლებელს ინფორმაციის მისაღებად (პერპერა, დრაჰკანი, წითელი).

კვლევა-ძიების პროცესში მოსწავლეები გაეცნობიან და გაიღრმავებენ ცოდნას თამარის ეპოქაზე,  სახელმწიფოს მაშინდელ წეს-წყობილებაზე, კულტურულ და სავაჭრო ურთიერთობებზე. პარალელურად გაეცნობიან ,,ვეფხისტყაოსანში“’ არსებულ ,,საჭურჭლეებს’’, ამოიწერენ იმ  სტრიქონებს, სადაც პერპერა და სხვა ფულის ერთეულია  მოხსენებული. მოიკვლევენ, თუ რატომ არის თამარის მონეტაზე არაბული და ებრაული წარწერები, როგორია წესიერად და არაწესიერად მოჭრილი მონეტები.

მესამე ჯგუფი – თანამედროვე მონეტები.

  1. დაევალოთ მოიძიონ ინფორმაცია ნუმიზმატიკის შესახებ;
  2. დაგეგმონ ვიზიტი ფულის მუზეუმში, გაეცნონ იქ არსებულ თანამედროვე ეპოქის ოქროს, ვერცხლის და სპილენძის მონეტებს;
  3. მოიპოვონ ინფორმაცია თანამედროვე მონეტების შესახებ, გაეცნონ ოქროს საწმისიან საინვესტიციო მონეტას;
  4. დააკვირდნენ მსგავსება-განსხვავებას ფულის მუზეუმში არსებულ უძველეს მონეტებსა და თანამედროვე მონეტებს შორის, გააკეთონ შედარებითი ანალიზი.

პროექტის ფარგლებში მოსწავლეები ესტუმრებიან ფულის მუზეუმს, აიღებენ ინტერვიუს სპეციალისტებისაგან, იქვე მიიღებენ ინფორმაციას ნუმიზმატიკის, როგორც ისტორიის დამხმარე მეცნიერების შესახებ, მოიკვლევენ ინფორმაციას სვანეთის ნუმიზმატიკური კაბინეტის შესახებ. დაათვალიერებენ ფულის მუზეუმში წარმოდგენილ უძველეს  თეთრებს, ასევე  გაარკვევენ  რა არის გამოსახული თანამედროვე საკოლექციო და საინვესტიციო ოქროს, ვერცხლის და სპილენძის მონეტებზე. დღევანდელობიდან კი აიღებენ  ერთ-ერთ ხმარებაში შესულ  მონეტას,  მაგ; ოცთეთრიანს და გაეცნობიან  მის ავერსსა და რევერსზე გამოსახულ ფიროსმანის ხარ-ირმისა და ბორჯღალის სიმბოლოებს.  ჩაინიშნავენ  და  გააკეთებენ დასკვნას. ამავე ჯგუფს დაევალება  თავიანთი საკოლექციო მონეტებზე დაკვირვება და  დასკვნის  გაკეთება  შეძლებისდაგვარად.

 

მონ1

კვლევის ფარგლებში თითოეული ჯგუფის წევრმა კარგად უნდა გაიაზროს მონეტის დანიშნულება, დააკვირდნენ არა მარტო სურათებს, წარწერებს, სიმბოლოებს, არამედ ყურადღება მიაქციონ მათ ფორმასა და მასალას. მასალები ადვილი მოსაძიებელია ინტერნეტში, მუზეუმში. აქვე გვაქვს იმის შესაძლებლობები გავზარდოთ  თუ  შევამციროთ კვლევა.

როდესაც სამივე ჯგუფი დაასრულებს თავიანთ საქმიანობას, თითოეული ჯგუფი საკუთარი ჯგუფის წევრებს გააცნობს კვლევის შედეგებს, მოძიებულ ინფორმაციას დაამუშავებენ, გააკეთებენ ელექტრონულ რესურსს და მზად იქნებიან პრეზენტაციით წარსდგნენ კლასისა და დამსწრე საზოგადოების წინაშე. დამზადებული ექნებათ  საინფორმაციო ბუკლეტები.

პროექტზე მუშაობისას მოსწავლეებს მოუწევთ ერთმანეთთან მჭიდრო ურთიერთობა, რაც მათ თანამშრომლობით უნარებსა და ჯგუფური სამუშაოსთვის საჭირო უნარ-ჩვევებს განუვითარებს.

მსმენელებთან საკუთარი მოხსენების წარდგენისას მოსწავლეებს აუმაღლდებათ აუდიტორიასთან ურთიერთობისა და პრეზენტაციის უნარები.

მოკვლეული მასალები მოსწავლეებს საშუალებას მისცემთ, წარმოდგენა შეექმნათ როგორც ძველი საბერძნეთის ისტორიასა  და ძველბერძნულ მონეტაზე, ასევე საქართველოს ისტორიის გარკვეულ  ხანაზე, კერძოდ თამარის დროინდელ მონეტებზე და დღევანდელ, თანამედროვე მონეტებზე.

პროექტის დასასრულს შეიძლება მოეწყოს დისკუსია. სასურველია, სამივე ჯგუფის მიერ წარმოდგენილი მონეტა ამობეჭდილი იყოს ელექტრონული სახით და ხელმისაწვდომი იყოს ყველასათვის.

,,ვეფხისტყაოსნიდან’’ მოძიებულ სტროფები კი, რომლებიც პედაგოგის მიერ წინასწარ   ჰქონდა დავალებული მეორე ჯგუფს, საინტერესოს გახდის და გააფართოებს სადისკუსიო

მსვლელობას.

გარეგანი მოტივაციისათვის შესაძლებელია პედაგოგმა შეაფასოს თითოეული ჯგუფის კვლევა.

იმისათვის, რომ მოსწავლეები კარგად გარკვეულიყვნენ  მონეტებისთვის  დამახასიათებელი ნიშნების ამოცნობაში, საჭირო იყო კვლევა გეგმის მიხედვით ჩატარებულიყო და მოეხდინათ მოძიებული ინფორმაციის  ანალიზი.

ვფიქრობ, მსგავსი ტიპის პროექტები არა მხოლოდ იმ პრობლემას გადაჭრაში მოგვეხმარება, რომელიც მონეტით სწავლებისას  შეგვხვდა, არამედ დაეხმარება ჩვენს მოზარდებს, ისწავლონ აზროვნება, სხვადასხვა ქვეყნისა და ეპოქის  მონეტებს შორის შედარებითი ანალიზის გაკეთება,  გამოუმუშავდეთ დისკუსიისა და  პრეზენტაციის უნარი, გაუღრმავდეთ თანამშრომლობის, ინფორმაციის დამუშავებისა და აღქმის  უნარები. მოსწავლე ჩაერთვება საზოგადოებრივ საქმიანობაში.

პედაგოგს კი შეეძლება, დაუკავშიროს არჩეული ღონისძიება ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ შედეგებს.

ს.გ.VII.7.  მოსწავლეს შეუძლია წარადგს ინდივიდუალურ და ჯგუფურ ნამუშევრებდა მიღებულ ცოდნაზე დაყრდნობით გამოთქვას და დაასაბუთს საკუთარ აზრ ხელოვნების ნაწარმოების შესახებ.

ს.გ. VII.12 მოსწავლეს შეუძლია დააკავშიროს ხელოვნების ნაწარმოების შინაარსი ისტორიასთან და კულტურასთან.

მე, როგორც  მოქმედი პედაგოგი, ვფიქრობ, შერჩეული მეთოდი შესაფერისია მონეტებით სწავლების დროს.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ეროვნული სასწავლო გეგმა;
  2. nbg.ge
  3. ვიზიტი ფულის მუზეუმში.

 

 

ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა სკოლაში

0

როგორი მოსწავლის აღზრდა გვსურს? რას გულისხმობს მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესი? როგორ გავიგოთ, მივაღწიეთ თუ არა მიზანს? რა არის მიზანი? – უმრავლესობას მიაჩნია, რომ ამ კითხვებზე პასუხი ნათელია; ნათელია მიზანიც, რომელსაც თანამედროვე ქართული განათლების სისტემა უსახავს სკოლებს. საგანმანათლებლო სისტემაში დასაქმებულ ადამიანებს სჯერათ, რომ კარგად იციან, რა არის მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესი, როგორი უნდა საბოლოო შედეგი და როგორ მიიღონ ის, თუმცა 15–კაციან ფოკუსჯგუფში ჩატარებული საინტერესო ექსპერიმენტი მოწმობს, რომ ზემომოყვანილ კითხვებზე ყველას საკუთარი აზრი აქვს და რომ ეს აზრები მხოლოდ ოდნავ კვეთს ერთმანეთს.

ლოგიკურია, რომ მიზნის მიღწევის გზები, დაწესებულების ტიპის, მასწავლებლის ინდივიდუალური მიდგომისა და სასკოლო გარემოს კვალობაზე, შესაძლოა სხვადასხვანაირი იყოს, მაგრამ არსებითად მნიშნელოვანია, სკოლის ადმინისტრაციასა და მასწავლებლებს გათავისებული ჰქონდეთ, რა არის სწავლების მიზანი, როგორ მიაღწიონ მას და როგორ აკონტროლონ მიღწეულის ხარისხი.

დღეს საქართველოში მოქმედ სკოლებს სწავლების მიზნებს ეროვნული სასწავლო გეგმა უდგენს როგორც საგნობრივი, ისე გამჭოლი კომპეტენციების სახით. სავალდებულო ცხრა კლასის ან სრული ზოგადი განათლების მიღების შემდეგ მოსწავლე აღჭურვილი უნდა იყოს შესაბამისი ცოდნით, უნარებითა და კომპეტენციებით. საინტერესოა, როგორ ვამოწმებთ, მივაღწიეთ თუ არა მიზანს? როგორ ვაფასებთ შედეგებს? როგორ ვაკონტროლებთ ხარისხს?

დღესდღეობით სკოლებში ხარისხის კონტროლის მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე ყველა თანხმდება, მაგრამ საინტერესოა, რას გულისხმობს ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა, როგორ გაჩნდა იგი საგანმანათლებლო დაწესებულებებში და რაში ეხმარება სასკოლო საზოგადოებას.

წარმოვიდგინოთ, რომ არაპროფესიონალი კბილის ექიმი მკურნალობს პაციენტს. დამეთანხმებით, შედეგი შესაძლოა ორივეთვის სავალალო იყოს. ჩნდება კითხვა: როგორ მოხდა, რომ კვალიფიკაცია დაუდასტურდა პირს, რომელსაც სათანადო კომპეტენცია არ გააჩნდა? პასუხი შესაძლოა მრავალგვარი იყოს, მაგრამ პრობლემის მიზეზი ერთადერთია: სწავლისას მან მიიღო შეფასება, რომელიც არ დაუმსახურებია, დაუდასტურდა არარსებული სწავლის შედეგები და არც არავის გადაუმოწმებია სასწავლო პროცესისა და კვალიფიკაციის ხარისხი.

ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოთ მსგავს შემთხვევებზე და საილუსტრაციოთ მოვიყვანოთ სპეციალისტები, რომელთა განათლების ხარისხსაც პრაქტიკული საქმიანობა და დიპლომი მოწმობს; შეგვიძლია ანალოგიური მიდგომა გავავრცელოთ სკოლაზე და დავფიქრდეთ: ასახავს თუ არა ჩვენ მიერ დაწერილი შეფასება რეალურ მდგომარეობას? რა უარყოფითი გავლენა შეიძლება მოახდინოს, რა რისკი შეიძლება წარმოშვას არარსებული ცოდნის დადასტურებამ? ხომ არ გადავლოცავთ ამით საკუთარ პასუხისმგებლობას უმაღლეს ან პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს? როგორ შეიძლება მოგვარდეს პრობლემა?

სკოლაში შეფასების სანდოობისა და ვალიდურობის დადასტურების ერთ-ერთ გზას კარგად გამართული ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა წარმოადგენს. ხარისხის კონტროლი და უზრუნველოფა პირველად საწარმოო სფეროში გაჩნდა, სადაც ნაწარმის ხარისხისა და ვარგისიობის დადასტურება არსებითად მნიშვნელოვანი იყო. შემდგომ იგი გავრცელდა სხვა სისტემებშიც, მათ შორის – საგანმანათლებლოში. საწარმოო სფეროში ხარისხის დადასტურება არც ისე ძნელია, რადგან შეფასების მაჩვენებლები ზუსტად გაწერილი და რაოდენობრივია. მაკონტროლებლებმა დანამდვილებით იციან, რას გულისხმობს ხარისხიანი პროდუქტი, რა არის ჯანრთელობისთვის საშიში და როგორი საწარმოების არსებობაა დაუშვებელი. საგანმანათლებლო სფეროში საქმე უფრო რთულადაა, რადგან განათლების ხარისხის გაზომვა არც ისე იოლია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საზოგადოება შეთანხმებული არ არის იმის თაობაზე, რას გულისხმობს მისთვის ხარისხიანი განათლება.

ხარისხის უზრუნველყოფის მიდგომების (Quality assurance approach) ევროპული განმარტება გულისხმობს პოლიტიკის, პროცედურების, წესების, კრიტერიუმების ინტეგრირებას და იმ ინსტრუმენტებისა და მექანიზმების გამოცდას, რომლებიც საერთო ჯამში უზრუნველყოფს და აუმჯობესებს სკოლაში განათლების ხარისხს. ტერმინი „მიდგომა“ ამ შემთხვევაში ფართო გაგებით გამოიყენება დამ „სისტემისგან“ განსხვავებით, გულისხმობს ხარისხის უზრუნველყოფისადმი საერთო მიდგომას პოლიტიკის დონეზე. სასკოლო განათლებაში ხარისხის უზრუნველყოფა (Quality assurance in school education) გულისხმობს საგანმანათლებლო პოლიტიკის, პროცედურების, დაგეგმვასთან დაკავშირებული პრაქტიკისა და აქტივობების, შეფასების, რეფლექსიისა და ხარისხის გაუმჯობესებისკენ მიმართული ღონისძიებების სასკოლო განათლებაში (სასწავლო პროგრამების შინაარსი, სასკოლო სასწავლო გეგმა, შეფასება და სწავლის შედეგების ვალიდაცია და სხვ.) იმგვარ შერწყმას, რომ დაინტერესებული მხარეების მოთხოვნებსა და მოლოდინებს შეესაბამებოდეს (Comparative Study on Quality Assurance in EU School Education Systems – Policies, procedures and practices 2015).

ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის დასანერგად მნიშვნელოვანია ხარისხის კონტროლისა და მონიტორინგის გათვალისწინება. ხარისხის კონტროლის მიზნია, განამტკიცოს წარმოდგენა იმის შესახებ, როგორ ასრულებს სკოლა შესაბამის მოთხოვნებს, მონიტორინგი კი განათლების ხარისხის სტანდარტებისადმი შესაბამისობის დასადგენად ხარისხის ინდიკატორების სისტემატურ შეგროვებასა და ანალიზს გულისხმობს. შესრულებული სამუშაოს საზომად გამოიყენება ფორმალურად დადგენილი ციფრი ან კოეფიციენტი – ხარისხის ინდიკატორი. ხარისხის უზრუნველყოფის პროცესი ეფუძნება ისეთ მნიშვნელოვან აქტივობებს, როგორებიც შიდა და გარე შეფასებაა (Comparative Study on Quality Assurance in EU School Education Systems – Policies, procedures and practices 2015).

სასკოლო განათლებაში შიდა შეფასება (Internal evaluacion) გულისხმობს წინასწარ შემუშავებული ინდიკატორების საფუძველზე სასკოლო გუნდის მიერ (პროცესებში უშუალოდ ჩართული პირები: ხარისხის მართვის მენეჯერები, ადმინისტრაციის წარმომადგენლები, მასწავლებლები, კათედრის ხელმძღვანელები) განხორციელებულ სწავლებისა და მენეჯმენტის შეფასებას.

გარე შეფასებას (External evaluation) ახორციელებენ პირები, რომლებიც არ არიან ჩართულნი შესაფასებელი სკოლის საქმიანობაში და არ აქვთ კავშირი დაწესებულებაში მიმდინარე პროცესებთან. შემფასებლებს უფლებამოსილებას ანიჭებს შესაბამისი სახელმწიფო ორგანო, ხოლო მათ მიერ განხორციელებული შეფასება მოიცავს სკოლის ყველა სფეროსა (სასწავლო პროცესი, სწავლის შედეგები, რესურსები, სასწავლო გარემო) და სკოლის მართვის სისტემის შეფასებას. საქართველოში ასეთი მექანიზმი ავტორიზაციაა, რომლის საშუალებითაც ხდება დაწესებულების მიერ განხორციელებული შიდა შეფასების დადასტურება.

საგანმანათლებლო დაწესებულებაში პროცესები შესაძლოა ამგვარად გამოიყურებოდეს:

◦ ხარისხის კონტროლი;

არისხის უზრუნველყოფა;

◦ ერთიანი ხარისხის მენეჯმენტი;

არისხის დაგეგმვის ფაზა.

სტატიის მომდევნო ნაწილებში შევეცდებით მოგაწოდოთ ინფორმაცია ხარისხის უზრუნველყოფის ერთ-ერთი მოდელის შესახებ, რომელიც სწავლის შედეგების დადასტურებისა და ხარისხის კონტროლის ეფექტური საშუალებაა.

როგორ ვიპოვოთ კატა

0

თუკი ეს წერილი Mastsavlebeli.ge-ს ყოველდღიური თვალიერების დროს ან Facebook-ზე გაზიარებული კი არ შეგხვდათ, არამედ კოდური სიტყვების გამოყენებით Google-ში მოძებნეთ, მაშინ დიდი ალბათობით კატა დაკარგეთ და წარმოდგენილი მაქვს რას განიცდით. ამიტომაც, პირდაპირ საქმეზე გადავალ:

სათქმელად უფრო რთულია, ვიდრე შესასრულებლად, მაგრამ პანიკას არ აყვეთ. ნერვული ქმედებები, ტირილი, მომხდარის სხვისთვის გადაბრალება, შიგადაშიგ წამოყვირება და სხვა არაფრისმომცემი ქმედებები ბევრად გაახანგრძლივებს თქვენი საყვარელი კატის პოვნის პროცესს.

შეეცადეთ დამშვიდდეთ.

  1. თუკი ღამეა, არავითარ შემთხვევაში არ გადადოთ ძებნის დაწყება დილამდე.  სთხოვეთ მეზობლებს, ახლოს მცხოვრებ მეგობრებს რომ დაგეხმარონ ძებნაში. ჩაიცვით მსუბუქად: ბოტასები და ისეთი შარვალი, რომ იოლად შეძლოთ ჩამუხვლა და მანქანების ქვეშ შეხედვა. მოიმარაგეთ ფარნები და დაიძარით. თუმცა, სანამ ქვეყანას შეყრით და გარეთ დაიწყებთ ძებნას, ჯერ სახლის ყოველი კუთხე-კუნჭული შეამოწმეთ. შეიხედეთ იმ ადგილებშიც კი, სადაც ვერც კი წარმოიდგენთ, რომ შეიძლება თქვენი კატა მოთავსდეს. უჯრებში, თაროებზე და ა.შ

[რამდენიმე ვარიანტია: ა) კატა რაღაცამ შეაშინა (ძაღლის ყეფა, უეცარი ხმაური, ჭექა-ქუხილი) და სადღაც, შორიახლოს იმალება. გაითვალისწინეთ: მას აქვს უნარი რომ გადაბმულად რამდენიმე დღე, შეიძლება 1 კვირაც კი, გაუნძრევლად იჯდეს მისთვის უსაფრთხო ადგილას. არ გამოვიდეს და არც თქვენს ძახილზე ჰქონდეს რეაქცია. ბ) ჩიტს ან რაიმე არსებას გაეკიდა, ნადირობაში გაერთო, თვალწინ ახალი სამყარო გადაეშალა და ინტერესს იკმაყოფილებს (ასეთ შემთხვევაშიც კი – ის სახლის პერიმეტს საგრძნობლად არ მოშორდება). გ) ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებას იკმაყოფილებს. კატას, იმ შემთხვევაშიც კი, თუ სტერილური ან კასტრირებულია, სქესობრივი კავშირის დამყარებას მაინც ცდილობს. სხვა საქმეა, რომ არაფერი გამოუვა, მაგრამ, თემურ წიკლაურის არ იყოს, გული არ ბერდება. ამიტომაც, კატა ფლირტაობას მაინც აგრძელებს].

  1. პირველ რიგში შეამოწმეთ რომელიმე მანქანის ქვეშ ხომ არ მოთავსდა. გულდასმით და დეტალურად შეამოწმეთ. მანქანის ქვეშ კატის დანახვა, თუკი ბორბალთან იმალება, არათუ ღამით, დღისითაც კი რთულია. ჩადით სარდაფებში, მიანათეთ მილებს. კარგად დაათვალიერეთ ყველა კუთხე და ნუ გადაწყვეტთ, რომ „იქ რა უნდა“, „იქ არ იქნება“. მაღალი ალბათობაა, რომ სწორედ იქ იყოს, თუნდაც ძალიან პატარა ადგილზე. მთელი ამ ხნის განმავლობაში იმეორეთ მისი სახელი (თუ სახელი არა, მაშინ ის სიტყვა, როგორც მიმართავთ მოფერების დროს) მონოტუნურად, აუჩქარებლად. ისე, რომ არ დააფრთხოთ. გაითვალისწონეთ, რომ თუკი თქვენს ხმაზე არ რეაგირებს, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ არ უყვარხართ და თქვენთან დაბრუნება არ უნდა. დაიმახსოვრეთ, რომ ის შეშინებულია და ზის იქ, სადაც თავს უფრო უსაფრთხოდ გრძნობს.

  1. თუკი იმალება, დღისით, როცა ბევრი ხალხი დადის, ხმაურია და მანქანები მოძრაობენ, სავარაუდოდ არ გამოვა. ღამით უფრო გამოიჭყიტავს (ჩემი კატა გამთენიისას, ორღამიანი გაუჩინარების შემდეგ თავად დაბრუნდა). ამიტომაც, ღამითაც ეძებეთ.

  1. დილითვე დაბეჭდეთ განცხადებები. არ გააჭიანურებთ. რაც დრო გადის, მით მეტი შანსია კატამ მოძრაობის პერიმეტრი გაზარდოს. განცახადებას თან დაურთეთ მისი დიდი ფოტო. მნიშვნელოვანია, რომ ფოტო იყოს ფერადი და კარგად ჩანდეს დეტალები: საყელური (არსებობის შემთხვევაში), განმასხვავებელი ნიშნები და ა.შ. გამოყავით რამდენიმე მეგობარი, რომელიც განცხადებების გაკვრას საკუთარ თავზე აიღებს. განცხადებები უნდა განთავსდეს ბოძებზე, ავტობუსის გაჩერებებზე, სკვერებთან, საბავშვო ბაღებთან. სკვერები და საბავშვო ბაღები მნიშვნელოვანი ლოკაციაა. სკვერებში ადამიანები შინაურ ცხოველებს ასეირნებენ, ანუ მათ, სავარაუდოდ „გამვლელი კატა“ არ გამოეპარებათ. მითუმეტეს, რომ ის, ვისაც შინაური ცხოველი გაუზრდია, მის დაკარგვას ძალიან სენსიტიურად განიცდის. ისინი მეტი გულისხმიერებით მიუდგებიან თქვენს პრობლემას. ბავვები კი – მათ, ზოგადად, შეიძლება რამე გამოეპაროთ?!

  1. შეეგუეთ იმ ფაქტს, რომ ბევრი დაუფიქრებლად მოგაყრით ფრაზებს: „აუფ, ეგ აღარ მოვა“, „კატაა რა, რა განერვიულებს“, „აი, ძაღლი ხომ მაგას არ გაგიკეთებდა?“. დაიმახსოვრეთ: მათ წარმოდგენაც კი არ აქვთ, თუ რას განიცდით. ნუ მიაქცევთ ყურადღებას. მოთოკეთ ნერვები და მთელი ყურადღება სამძებრო ოპერაციებს დაუთმეთ. ყველა გამვლელს ჰკითხეთ ხომ არ უნახავს კატა. ჯიბეში გედოთ განცხადებაც, რათა ფოტოც აჩვენოთ გამვლელებს.

  1. ნუ ჩაიქნევთ ხელს, თუკი ორი-სამი დღე გავიდა და ფისო ჯერაც ვერ იპოვეთ. გააგრძელეთ მისი ძებნა. განსაკუთრებით ღამ-ღამობით. მისი საჭმელი ჩაყარეთ თუნუქის ქილაში და სიარულისას ახმაურეთ. თან, მონოტონურად გააგრძელეთ ძახილი.

უმეტეს შემთხვევაში კატა თავად ბრუნდება სახლში, ანუ, დანაშაულის ადგილზე.

ლიტერატურა და გემოვნება, ანუ როგორ გავხდე კარგი მკითხველი

0

„იყო მკითხველი – ეს თავისთავად სასწაულია. მკითხველი – ეს სწორედ ისაა, ვისაც შეგიძლია, ისედაც ვიწრო საძილე ტომარაში შეყვარებულებს შორის იწვე და სულაც არ იყო ზედმეტი, ეს სასწაულია და მეტსაც გეტყვით, ზედმეტი კი არა, აუცილებელი ხარ, რადგან ავტორმა ასე ინება“.

გ. დოჩანაშვილი

გემოვნებაზე დავობენ, თანაც როგორ! ამ მხრივ არც ლიტერატურული გემოვნებაა გამონაკლისი. ლიტერატურულ თემებზე კამათი აუცილებელიც კია, სხვაგვარად ლიტერატურული კრიტიკა და ესეისტიკა არც კი იარსებებდა.

როგორ ყალიბდება ლიტერატურული გემოვნება?! ამ კითხვას, ერთი შეხედვით, მარტივი პასუხი აქვს – უნდა იკითხო მხოლოდ ხარისხიანი ლიტერატურა. არადა, არც ასე მარტივადაა საქმე. რა ან ვინ განსაზღვრავს წიგნის ხარისხს ან რომელი წიგნია ამ საპასუხისმგებლო სახელის ტარების ღირსი?

წიგნებს მათი პოპულარობის მიხედვით თუ ავირჩევთ, უმეტესად რომელიმე ჰოლივუდური ფილმის პირველწყარო შეგვრჩება ხელში, თუმცა შეიძლება, ხანდახან აქაც გაგვიმართლოს და „მოდური“ წიგნების სიაში ხარისხიან ნამუშევარსაც გადავაწყდეთ.

ბავშვობაში არცთუ ისე საჭირო წიგნების კითხვაში უამრავი დრო დამიხარჯავს. ვკითხულობდი ყველაფერს, რაც ხელში მომხვდებოდა. მოგვიანებით მივხვდი, რომ სწორედ ეს იყო პირველი ნაბიჯი მკითხველად ჩემი ჩამოყალიბების გრძელ გზაზე.

მომდევნო ნაბიჯად პოტენციურ მკითხველთა წრეში მოხვედრა იქცა. ჩვენს საყვარელ საქმიანობას ერთმანეთისთვის ახალი წიგნით მიღებული შთაბეჭდილებების გაზიარება წარმოადგენდა. არასდროს დამავიწყდება, როგორ ვლაშქრავდით ერთმანეთის წიგნის თაროებს და უბნის უბადრუკ სარდაფ–საცავებს, როგორ ვიპარებოდით გაკვეთილებიდან ბიბლიოთეკებში, ვკითხულობდით მერხის ქვეშ, ფარნის შუქზე, მთვარის შუქზეც კი… ვერ წარმოიდგენთ, როგორ მეამაყებოდა საჯარო ბიბლიოთეკის პირველი საშვი, რომელიც ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლემ ვიღაც მადლიანის დახმარებით მოვიპოვე. წიგნების მიმართ ასეთი მძაფრი ინტერესი შესაძლოა დიდხანს არც გამყოლოდა, რომ არა ეს ამოუცნობი აზარტი, რომლის წყალობითაც მკითხველად ჩამოყალიბების გრძელი გზა საკმაოდ საინტერესოდ გავიარე.

წიგნთან ურთიერთობის ამ „პირველყოფილ“ გამოცდილებას მოსწავლეებთანაც ხშირად ვიყენებ. ბავშვებს ვთხოვ საყვარელი წიგნების რეკლამირებას და თანატოლებისთვის შეთავაზებას. ეს არცთუ ისე ადვილია: უნდა შეარჩიო წიგნიდან ყველაზე დამაინტრიგებელი, კულმინაციური მონაკვეთი, წინა პლანზე წასმოწიო არსებითი, გაითვალისწინო მსმენელის გემოვნებაც, აირჩიო მისთვის საინტერესო პერსონაჟი  თუ სიუჟეტი… ზოგიერთ კლასში შთაბეჭდილების შემგროვებლები საკუთარ კრებულებსაც კი ქმნიან, წიგნის ყდასაც თავად აფორმებენ და ტექსტის ვიზუალიზებაზეც ზრუნავენ. მერე კი პრეზენტაციის ჯერი დგება. ვნახოთ, წელს ყველაზე მეტი „თევზი“ რომელი ავტორის „ანკესზე“ წამოეგება!

 

ამბობენ, მკითხველობასაც ნიჭი უნდაო. იქნებ ასეცაა, თუმცა ამ უნარის გამომუშავება ნამდვილად შესაძლებელია. კარგ მკითხველს, ისევე როგორც კარგ მწერალს, უნდა ჰქონდეს წარმოსახვისა და გააზრებული კითხვის საწყისი უნარები, დანარჩენს კი თავად კითხვის პროცესი განავითარებს.

არსებობს მკითხველთა ორი ძირითადი ტიპი – ემოციით მკითხველი და გონებით მკითხველი. ემოციით კითხვის პროცესში ადამიანი ახალ რეალობაში მხოლოდ საკუთარი ცხოვრების გაგრძელების პერსპექტივას ან წარსულის ანარეკლს ხედავს. ამ ტიპის მკითხველი ვერასდროს გახდება ობიექტური შემფასებელი, რადგან მისი თვალსაწიერი, როგორც წესი, საკუთარი ცხოვრების წიგნის ძიებით შემოიფარგლება.

წიგნისგან ესთეტიკური სიამოვნების მიღების სწავლებაც შესაძლებელია. ამისთვის საჭიროა, ახალ სამყაროში სხვაგან მიღებული ემოციისგან დაცლილი წარმოსახვით შეხვიდე. გონებით კითხვა სულაც არ ნიშნავს სუბიექტური ხედვისგან ბოლომდე დაცლას. მაგრამ უნდა შეეცადო, კითხვის დროს განზე გადგე და დამკვირვებლის პოზიციიდან შეისწავლო ის სამყარო, რომელშიც მოხვდი.

კარგი მკითხველი ერთგვარი გადამკითხველია. ის ხშირად უბრუნდება იმ წიგნს, რომელმაც უმნიშვნელო კვალი მაინც დატოვა მასში. პირველად წაკითხვის დროს, რაც არ უნდა ყურადღებით იყო, მაინც ბუნდოვანი წარმოდგენა გრჩება წიგნზე, ბოლომდე ვერ ირგებ ახალ რეალობას, ყოველი მორიგი წაკითხვის შემდეგ კი უფრო მეტად ამახვილებ ყურადღებას დეტალებზე.

ჯობს, ბავშვები თავიდანვე მივაჩვიოთ დაკვირვებით კითხვას. ხშირად მიაპყარით მათი ყურადღება მწერლისთვის დამახასიათებელ სპეციფიკურ ლექსიკას, შეადგინეთ სიტყვის რუკები, ლექსიკონი. დააკვირდით, როგორი ცვლილება განიცადა სიტყვამ, ვთქვათ, სულხან–საბას „სიტყვის კონიდან“ ამა თუ იმ ავტორის წიგნში მოხვედრამდე. მაღალ კლასებში უფრო შორს წასვლაც შეიძლება: დააკვირდით მწერლის ენის განვითარების ეტაპებს მისი შემოქმედებითი მოღვაწეობის სხვადასხვა პერიოდში, შეადარეთ თანამედროვე ლიტერატურული ენა ამა თუ იმ ავტორის ეპოქისთვის დამახასიათებელ წერის მანერას, „გადაწერეთ“ თანამედროვე თხზულება სხვა ეპოქის, სპეციფიკური ხელწერის მქონე მწერლისთვის (ვაჟა, ილია, კონსტანტინე გამსახურდია, ყაზბეგი…) დამახასიათებელი მანერით ან მისწერეთ წერილი სასურველ ავტორს ზემოთ ჩამოთვლილი წესების დაცვით.

ბავშვებს შესაძლოა გაუკვირდეთ, რატომ უნდა წაიკითხონ ერთი და იგივე თხზულება რამდენჯერმე. მაშინ ჰკითხეთ მათ, რატომ უყურებენ საყვარელ მულტფილმებს ასე ხშირად ან რატომ ითხოვენ ყოველდღე საყვარელ საკვებს. ცხადია, პატარებს ნაცნობი და სასურველი სიამოვნების მრავალჯერ მიღება სურთ, მაგრამ მოთხოვნილების წარმოშობის მიზეზის გააზრება ჯერ არ შეუძლიათ.

 

წარმოიდგინეთ, რომ მოედნის შუაგულში დგახართ. თქვენ გარშემო უამრავი ხალხი ირევა და ვერაფერს ხედავთ ამ მუდმივი ფუსფუსის მიღმა. არადა, შეგიძლიათ, მოედნის ახლოს მდებარე სახლის ერთ–ერთ ფანჯარასთან მდგარ მაყურებლად იქცეთ და ეს ფუსფუსი საკუთარი ხელისგულივით შეისწავლოთ.

წიგნის დაგემოვნების ყველაზე ხელშესახები მეთოდი მკითხველის „გაავტორებაა“. გემოვნებიანი მკითხველი ხომ კარგი მწერლისგან წერასაც სწავლობს. ჰოდა, სცადეთ! თავიდან შეგიძლიათ ერთად შექმნათ მარტივსიუჟეტიანი ზღაპარი ან მოთხრობა.

სასურველია, პირველი წინადადება მასწავლებელმა დაწეროს, რადგან თხზულების დასაწყისი ფანტაზიის გამღვიძებლად, ერთგვარ მოტივატორად უნდა გამოვიყენოთ. წინადადებამ მოსწავლეებს სიუჟეტის სხვადასხვა გზით განვითარების შესაძლებლობა უნდა მისცეს (მაგალითად მოვიყვან ვირჯინია ვულფის „მისის დოლოუეის“ პირველ წინადადებას: „მისის დოლოუეიმ თქვა, რომ თვითონ იყიდდა ყვავილებს“).

შემდეგ მოსწავლეებს შეახსენეთ, რომ მწერალმა მკითხველი რაც შეიძლება მეტი ხნით უნდა „დააბას“, ეს კი ადვილი საქმე არ არის. მას უნდა შეეძლოს ჟანრის სწორად შერჩევა, დამაინტრიგებელი შესავლისა და ეფექტური დასასრულის მოფიქრება, კვანძის ოსტატურად შეკვრა, არ ეშინოდეს ექსპერიმენტების, ჰქონდეს „ხატვის“ ნიჭი (სიტყვებით შეგრძნებების, ფერების, ამინდის შექმნა) და თხრობის დახვეწილი მანერა.

ფურცელი რიგრიგობით გადაეცემა მოსწავლიდან მოსწავლეს, თხზულებას ყველა თითო–თითო წინადადებას მიამატებს. ვინ იცის, საბოლოოდ რა გამოვა ამგვარი ექსპერიმენტისგან, მაგრამ ეს აქტივობა ყოველთვის დიდ მოწონებას იმსახურებს. ერთობლივი ნამუშევრის გაცნობას პატარები ყოველთვის მოუთმენლად ელოდებიან.

წარმოსახვის გასავარჯიშებლად შეგიძლიათ რომელიმე ნახატიც გამოიყენოთ, მაგალითად, დავით კაკაბაძის „იმერეთი – დედაჩემი“. მოსწავლეებმა დაკვირვებისა და ფანტაზიის უნარის დახმარებით უნდა „წაიკითხონ“ დედის განწყობა, სადარდებელი, წარსული… აღწერონ გარემო, ქალის ყოველდღიური საქმიანობა, ამოიცნონ დედა–შვილის ურთიერთდამოკიდებულება, ავტორის ემოცია და ა.შ.

 

საუკეთესო მკითხველად ჩამოყალიბების პროცესის ნაწილია წიგნის გაცოცხლება და ტექსტის მიხედვით დადგმული თეატრალური წარმოდგენის ან ეკრანიზაციის გაცნობა. საგაკვეთილო მასალად თემატური ფილმი მეც არაერთხელ გამომიყენებია.

როლური თამაშის გამოყენება საგაკვეთილო პროცესში სიახლეს აღარ წარმოადგენს. ეს მეთოდი, უპირველეს ყოვლისა, გააზრებული კითხვის უნარის დახვეწას უწყობს ხელს და კითხვის მოტივაციასაც ზრდის. თუ ცოტათი მაინც გიჭრით კალამი, მოთხრობის სცენარად გადაკეთებას რა უნდა?! შეგიძლიათ, ბავშვებს წიგნის გმირები დაახატვინოთ, მათგან კი სახელდახელო თოჯინები შექმნათ თეატრალური წარმოდგენისთვის. ტექსტის გაცოცხლება ხელნაწერი ილუსტრირებული კრებულების, კომიქსების და ყდის დიზაინის შექმნითაც შეიძლება.

ხშირად ლიტერატურის სწავლების მეთოდებს აკრიტიკებენ იმის გამო, რომ მეტისმეტად „არააკადემიურია“, რის შედეგადაც ბავშვი სასწავლო საგანს სერიოზულად ვეღარ აღიქვამს. არადა, ლიტერატურის სწავლება ფანტაზიის გამოუყენებლად წარმოუდგენელია.

თუ გინდათ, კარგ მკითხველად იქცეთ, წიგნში სიმართლეს ნუ დაუწყებთ ძებნას, დატკბით კიდევ ერთი მოგზაურობით, რომელიც ადამიანებით დასახლებულ კუნძულზე, ერთ–ერთი გენიალური ცრუპენტელას თავში მოხდა. „თუმცა ვინ თქვა, რომ რაც ჩვენს თავში ხდება, სინამდვილე არ არის?!“ (ჯ. როულინგი)

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...