შაბათი, სექტემბერი 13, 2025
13 სექტემბერი, შაბათი, 2025

კირიალესა

0

– აბა, წავედით, ქაწმაუნი, ზიკო! – მეუბნება უცებ სუფრიდან ამდგარი, მხარზე ხელს მომხვევს და კარისკენ მივდივართ. დედაჩემის ბიძაშვილი, ტრისტან პაჭკორია ბავშვებში მიღებული, კოლორიტული და როგორც სამეგრელოში იტყვიან, ღაბაჩა კაცია. სახელი ბიძამ აჩუქა – ხდება ხოლმე ასეთი რაღაცებიც – და ერთ სოფელში, ერთ უბანში ორი ტრისტან პაჭკორია რომ არ ყოფილიყო, თვითონ ათუნიად ჩაეწერა.

ჰოდა, ამ კეთილ კაცთან ერთად მივუყვები მოყინულ, ჩაბნელებულ ეზოს. ჩაბნელებული კია, მაგრამ ყველა კუთხე-კუნჭული ჩემი ხელის მტევანზე დაკოსებული ხალივით ვიცი, ზეპირად. ტრისტანს ფეხი რომც აერიოს, არ დავიბნევით, მხარი არ გვექცევა.

ღობესთან ჭა რომაა, იქ გავჩერდებით, ტრისტანი რამდენიმე წამით გაიხედ-გამოიხედავს, ამოისუნთქავს, მერე ღრმად ჩაისუნთქავს ჰაერს, კარის ურდულს ხმაურიანად გამოსწევს და ჩუუუ-ო, მეუბნება.

ეფენიების ეზოში მივაბიჯებთ ფეხაკრეფით. შორიდან რომ ვიღაც გვიყურებდეს, კაი სასაცილოები ვიქნებით ეს ორი ღამეული სტუმარი: ორმოცსმიტანებული დროული კაცი და რვა-ცხრა წლის ბიჭი, ჯერ რომ სიმთვრალე არ გამოუცდია. ერთ ჭკუაზე მოსულები, ერთიმეორეს აყოლილები.

– ჯოღორ ხო ვარე გოტებული? – ამბობს უცებ ტრისტანი, ჩერდება, აყურადებს.

– ვამიჩქუ. – ვეუბნები საეგებიოდ. აბა, მე რა ვიცი, ღამის თორმეტზე ეფენიებმა ძაღლი აუშვეს თუ ჯერაც ჯაჭვით ჰყავთ დაბმული. ისე, ავი ძაღლი კია, მაგის შიშით დღისითაც ფრთხილად, დაძაბული შევდივართ მეზობლის ეზოში. ღუბურ ეფენია ძველი ფეხბურთელია, დიდხანს იყო სოფლის გუნდის მეკარე და მთელი დღე ჩვენს ბურთაობას და მის ბაღ-ბოსტანში წარამარა ბურთის გადაგდებას შემწყნარებლურად ხვდება. სჯერა და ამტკიცებს, რომ ნამდვილი, დიდი ფეხბურთი წარსულში იყო, ახლა მხოლოდ „ფარაშ კეთება“ და „ბერდღი-ბურდღია“.

სახლიც გამოჩნდა. ლამფის შუქით განათებულ ფანჯარაში ლანდები მოძრაობენ. ტრისტანი ღრმად ჩაისუნთქავს, ამოისუნთქავს, ჯიბეში რაღაცას მოიჩხრეკს და:

„ახალ წანას მიგახვამანთ,
ღორონთქ გოითანუან,
ენა ჯვეში, შხვა ახალი,
ირფელამო გეეხარი!“

ბევრჯერ მომისმენია ეს სიმღერა, ოჯახ-ოჯახ რომ ჩამოივლიდნენ მეალილოები და ახალ წელს და შობას – ქირსეს – მოგვილოცავდნენ, მერე ძველით ახალ წელსაც. უფროსები ფულს ჩუქნიდნენ, ჩვენ კი ღვინოს ჩამოვუსხამდით ხოლმე ჭიქებში, მუჭებში ტკბილეულს ვუყრიდით.

„სადავოი კირიალესა, სადავოი კირიალესა!
სქან მაღაზა, სქანი ბაღი,
ლაიტიში ეფშა“.

ტრისტანს თითქოს ფრთები შეესხა და დღესასწაულის სიხარულში შესული რიტმს და სიტყვას აჰყოლოდა. დამუნჯებული ვუსმენდი, პირს ვაყოლებდი, მაგრამ ხმა არ ამომდიოდა, სადღაც ჩემს ხორხთან გახევდებოდა და უკან ჩავიბრუნებდი, როგორც შეცდომით აღებულ ნოტს და ბგერას.

„ასე მევურქ გვალაშა,
აშ ვამმართე წანაშა,
სადავოი კირიალესა, სადავოი კირიალესა!“

კარი გაიღო და გახარებული მასპინძლები გამოჩნდნენ. თბილ ოთახში რომ შევედით, სუფრასთან დაგვსვეს და ჭიქები შეივსო, ტრისტანს გავხედე: დამცხრალი, სახედამშვიდებული იდგა, ერთი სიმღერით ვალმოხდილი – ღმერთთანაც და კაცთანაც.

როდის და როგორ შევისვენოთ ინკლუზიურ საკლასო ოთახში

0

 

„საჭირო ოთახში გავალ რა, მასწ.!

„შეიძლება წყალი დავლიო?

მუცელი მტკივა, შეიძლება დედას დავურეკო? – ეს და სხვა მსგავსი ფრაზა ხშირად გაისმის სკოლაში, მნიშვნელობა არ აქვს, სად მდებარეობის იგი. ბავშვები ნებისმიერ ასაკში კლასის დატოვებას სხვადასხვა ფორმით ითხოვენ. მათი შემეცნებითი უნარები და ენობრივი შესაძლებლობები საკმარისდ განვითარებულია, შესაფერისი ფორმით საკლასო სიტუაციებსა და  სასწავლო გარემოს რომ დაუსხლტნენ. სასკოლო პროცესს ხომ მათთვის  გარკვეულწილად სტრესი და გაღიზიანება მოაქვს[1].

მოსწავლეები ხშირად გვიბოდიშებენ და თავაზიანად ითხოვენ-ხოლმე საკლასო ოთახიდან გარეთ გასვლას. უფროსებიც ხომ ასე ვართ. ვინც ერთხელ მაინც მჯდარა საშინლად მოსაწყენ პროფესიულ შეხვედრაზე, რამდენჯერმე მაინც უფიქრია მობოდიშება, რათა თავისი შვილის ამბის გასაგებად შინ ძიძისთვის ან ახლობლისთვის დაერეკა. უფრო დაძაბული სიტუაციებიც არსებობს.  ვიღაცის პირადი ურთიერთობა მეწყვილესთან შეიძლება ძალიან დაძაბოს გაუთავებლად ტრენინგებზე ჯდომამ. უფროსები ვართ და კარგად მოგვეხსენება  დამშვიდების მრავალფეროვანი ტექნიკების შესახებ ჩვენი სტრესების შესამცირებლად. ღრმად ჩავისუნთქავთ, ვითვლით 10-მდე ან  გარეთ გავდივართ.

სტრესის მოხსნის ეფექტური სტრატეგიები

 

აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ან აუტისტ ბავშვებს უძნელდებათ სტრესის მოხსნის სტრატეგიების შესწავლა. არადა,  ეს საქმე შესაძლებელი და აუცილებელია. თუკი სკოლაში რამდენიმე სპეცმასწავლებელია, შეიძლება შექმნან როლური სიტუაცია, რომელსაც ბავშვს დაანახვებენ და აუხსნიან, რომ ასეთი ფორმით უნდა ითხოვონ შესვენება. სიმულაციების გათამაშება თანატოლებშიც შეიძლება. მთავარია, ამ არაჩვეულებრივი ბავშვების გასაგონად რამდენჯერმე გავიმეოროთ თითოეული ინსტრუქცია. მათ შეიძლება ირიბად ვკითხოთ და ურთიერთობაში შემოსაყვანად ილეისტური ფორმითაც კი მივმართოთ. მაგ., „თომას სურს შეისვენოს? რაღაც ბარათი ასე აჩვენებს. შეისვენე, თომა!“ ან: „თომას შესვენების ჯერია, მოდი, შეისვენე, თომა! შენთან ერთად მეც შევისვენებ“.

შესვენების მნიშვნელოვნება

 

შესვენება ბავშვების ცხოვრების ყველაზე პოზიტიური და აუცილებელი კომპონენტია. მის მისაღწევად ვიყენებთ ხისგან დამზადებულ ვიზუალურ მასალას, კერძოდ კი – ფერად ბარათებს, რომელთაც მოსწავლეები დაატარებენ თავიანთი  PECS წიგნებით. ეს აბრევიატურა ინგლისურად შემდეგნაირად იშიფრება: Picture Exchange Communication System (სურათხატების  ცვლის საურთიერთო სისტემა). დაახლოებით ამგვარი წიგნები დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის წინათ ჩვენშიაც არსებობდა, მაგრამ დღეს მათი მხოლოდ და მხოლოდ უცოეთიდან გამოწერაა შესაძლებელი და ერთი ეკზემპლარის ფასი საკმაოდ ძვირია, თუმცა საგნების მიხედვით ყველა დონის შეძენაა შესაძლებელი, მე-10 კლასის ალგებრის ან გეომეტრიისაც კი. ხის თხელ და ფერად ბარათებს ბავშვები წიგნებით დაატარებენ ან ხშირად მერხებშიც ინახავენ-ხოლმე.

მელისა ფერი ამბობს, რომ მას, როგორც პედაგოგს, საკლასო თუ რესურსოთახში ყოფნისას შესვენების ბარათი ყოველთვის ზონარით ყელზე ჰკიდია. თუკი მოსწავლეს დაღლას შენიშნავს, ის, მისი კოლეგა ან საგნის მასწავლებელი შესვენების ბარათს უჩვენებს, რაც ნიშნავს, რომ მოსწავლეს შესვენების დრო დაუდგა და შეუძლია, გამოიყენოს ეს უფლება. სხვა საკითხია, რამდენად ისარგბლებს იგი ამ შესაძლებლობით.

go

შესვენების მიზეზი: ადეკვატური, შესაფერისი გათავისუფლება.

შესვენების მიზანი: ემოციური და ფიზიკური აღგზნებების აღკვეთა.

შესვენების დირექტივა:

შესვენების დირექტივას მაშინ ვაძლევთ, როდესაც ქცევა გვიჩვენებს, რომ მოსწავლე  იმედგაცრუებული, გაღიზიანებული ან ხასიათწალეკილია. აუცილებელია, მოსწავლემ ისწავლოს ასეთი შემთხვევებისთვის ბარათების პირადად გამოყენება. უნდა ვასწავლოთ, მანამ აიღოს შესვენებისთვის დრო, ვიდრე  მისი ნაკლებობა მდგომარეობას გაამწვავებს და უარყოფით ქცევამდე მივა. ვუჩვენოთ შესვენების ბარათი. ხოლო თუ PECS-ის წიგნებს ვიყენებთ, უზრუნველვყოთ მაგალითები შესვენების შეთავაზებით.

 აუცილებლად უნდა მივუთითოთ მოსწავლეს შესვენების ადგილი.  ბალტიისპირეთის ქვეყნებში ყოფნისას ჩვენი გაოცება გამოიწვია დერეფნებში მოხატულმა იატაკებმა. ბავშვები წყნარად, ხმაურის გარეშე ხტიან და შესვენებისას კლასობანას თამაშობენ. ამგვარი ფიზიკური აქტივობა ძალების საუკეთესოდ აღმდგენი და სტიმულატორია. მათ მიერ მოხატულ სივრცეებზე თავისუფლად შეიძლება, პედაგოგებმაც  ისიამოვნონ, თუკი ამის დრო და სურვილი გააჩნიათ. ამით მოსწავლეებთანაც შემცირდება დისტანცია, განწყობაც ამაღლდება და უფრო მეგობრული ურთიერთობებიც ჩამოყალიბდება.

შესვენების დრო

 

თუკი რესურსოთახში ან საკლასო კაბინეტში ვიმყოფებით, ვინიშნავთ რამდენიმე წუთს ტაიმერზე. არ ვესაუბრებით ან ვეურთიერთებით მოსწავლეებს მანამ, ვიდრე ისინი ისვენებენ.

ტაიმერის ხმის შემდეგ დამშვიდებულ მოსწავლეს  დაწყებულ სამუშაოსთან დაბრუნებას ვთხოვთ. თუკი  იგი ჯერ კიდევ ვერ დამშვიდდა, ვეუბნებით, რომ კვლავ სჭირდება დასვენება და ახლა ცოტაოდ მცირე დროით ვრთავთ ტაიმერს. და ასე მანამ, ვიდრე ბავშვი არ დამშვიდდება.

ვასწავლით შესვენების მოთხოვნას

 

უნდა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენს მოსწავლეებს ვუვითარებთ  უნარს, თავად შეარჩიონ დასვენების დრო, რომ არ დაელოდონ ჩვენს მითითებას. მათ ვაძლევთ დასვენების ბარათს ან ვთავაზობთ სხვა სიგნალს, ამდენად,  მათ თავად შეუძლიათ გვანიშნონ, როდის სჭირდებათ შესვენება.

აი, ბარათიც.

go1

ჰოდა შევისვენოთ.

სასარგებლო რესურსი:

  1. https://www.friendshipcircle.org/blog/?s=breaks
  2. https://www.pecsusa.com/store/large-pecs-communication-book
  3. https://www.google.ge/search?q=break+cards&espv=2&biw=1093&bih=530&tbm=isch&imgil=noDSiPlNVpbi0M%253A%253BPa_f6W-ISljGlM%253Bhttp%25253A%25252F%25252Fdansekulski.blogspot.com%25252F2014%25252F11%25252Fbreak-cards.html&source=iu&pf=m&fir=noDSiPlNVpbi0M%253A%252CPa_f6W-ISljGlM%252C_&usg=__VQwAhkyYe_wbPeo71pjYRyELdDE%3D&ved=0ahUKEwjqz8m5kfbQAhWKCBoKHRDKCssQyjcIJA&ei=CYRSWKonipFokJSr2Aw#imgrc=noDSiPlNVpbi0M%3A

[1] წერილი მომზადდა მელისა ფერის ბლოგის მიხედვით.

 

პროფესია პოლიტოლოგი

0

მეათე კლასში ჩემმა ისტორიის მასწავლებელმა მითხრა, რომ ჩემი მისწრაფებებისთვის  მეცნიერების შესაფერისი დარგი არსებობდა. მიყვარდა ისტორია, განსაკუთრებით უახლესი ისტორია, რევოლუციებისა და რესპუბლიკების ისტორია. ჩემი საყვარელი საგანი იყო გეოგრაფიაც. მეათეკლასელი მოსწავლის განსაკუთრებულ ყურადღებას მსოფლიოში სიღარიბის გავრცელების პრობლემა და კონსტიტუციური მონარქიებისა თუ ფედერალური სახელმწიფოების სივრცითი განაწილების საკითხი იმსახურებდა. გამიმართლა, რადგან პედაგოგები პოლიტიკის მეცნიერების აღმოჩენაში დამეხმარნენ. შესაბამისად, 2010 წელს უყოყმანოდ ჩავაბარე სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე და დიდი დავიდარაბის გარეშე მივადექი პოლიტოლოგიის დეპარტამენტის დანგრეული ოთახის მორყეულ კარს.

სტუდენტობის პირველივე წლებიდან უამრავი უაზრო კითხვის თავიდან აცილება მიწევდა. ხშირად მეუბნებოდნენ: „გასაგებია, შენ პოლიტიკოსი უნდა გამოხვიდე!“. არადა, პოლიტიკოსების უმრავლესობას რომ დააკვირდეთ, მათ შორის იშვიათად აღმოაჩენთ სოციალური მეცნიერებების წარმომადგენლებს. ანგელა მერკელი ფიზიკოსია, ევროპარლამენტის ქარიზმატულ ლიდერს, მარტინ შულცს უმაღლესი განათლება საერთოდ არ აქვს მიღებული, ის წარუმატებელი ფეხბურთელი და წიგნებით მოვაჭრე გახლდათ. გერმანიის საგარეო საქმეთა ექს-მინისტრი ფოტოგრაფობდა, ზვიად ძიძიგური კი საერთოდ ინჟინერ-ელექტრომექანიკოსია. მაშასადამე, პოლიტიკის მეცნიერებისა და სოციოლოგიის შესწავლა აქტიურ პოლიტიკასთან ინტენსიურ კავშირს ნამდვილად არ გულისხმობს.

მეორე-მესამე კურსზე შეკითხვების ახალმა ტალღამ გადამიარა. ამჯერად, ჩემ ირგვლივ მყოფი ადამიანები მიმტკიცებდნენ, რომ ჩემს საუნივერსიტეტო სწავლებას სატელევიზიო ექსპერტად ჩამოყალიბებისთვის ვიყენებდი. არ მოტყუვდეთ- ექსპერტების უმრავლესობას პოლიტიკის მეცნიერების ხარისხი არ გააჩნია. ისინი ექსპერტებად მხოლოდ იმიტომ იწოდებიან, რომ წარსულში პარლამენტში მუშაობდნენ, შევარდნაძის დროს უშიშროების საბჭოში მრჩევლებად მსახურობდნენ, მახაჩკალაში მომუშავე რამდენიმე ჟურნალისტთან გადარეკვა და იქაური ჭორების გაგება შეუძლიათ, პრეზიდენტის თანაშემწეები იყვნენ სამი საათის განმავლობაში. მაშასადამე, ქართველი ექსპერტის რანგის მოსაპოვებლად აკადემიური განათლება საერთოდ არ სჭირდებათ, მთავარია, ადგილობრივ ინტრიგებსა და სკანდალური ამბების შეთხზვაში ერკვეოდე. მაშასადამე, ნუ შეგეშინდებათ, პოლიტიკის მეცნიერების დაუფლების შემდეგ თვალებჩასისხლიანებული ყოვლისმცოდნეები არ გამოხვალთ. ყველაფერზე მხოლოდ გული შეიძლება შეგტკიოდეთ, როგორც აქტივისტს.

პოლიტოლოგის პროფესიის შინაარსის გასააზრებლად მეცნიერების ძირითადი ქვედარგები უნდა გამოვყოთ. უხეშად რომ ვთქვათ, პოლიტოლოგები მთელ მსოფლიოში ოთხი მთავარი მიმართულებით მუშაობენ:

  1. პოლიტიკური თეორიის სპეციალისტები იდეებისა და მოძღვრებების განვითარების ტენდენციებს შეისწავლიან. მათ აინტერესებთ, თუ როგორ აღიქვამენ სახელმწიფოს მართვის, ძალაუფლების განაწილებისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესს სხვადასხვა ეპოქის მოაზროვნეები. ისინი ყურადღებას ამახვილებენ იდეებისა და მოძღვრებების დროისა თუ სივრცის მიხედვით ცვალებადობის საკითხზე, ეძებენ დამოკიდებულებების ტრანსფორმაციის განმაპირობებელ მთავარ ფაქტორებს. პოლიტიკური თეორიების შემსწავლელ პირებს უამრავი სამუშაო აქვთ. ისინი ყურადღებას, სოკრატეს შეხედულებებიდან დაწყებული თანამედროვე პოსტმოდერნისტების თეორიებით დამთავრებული, ყველაფერზე ამახვილებენ.
  2. მეორე ქვედარგის წარმომადგენლები პოლიტიკურ სისტემებს სწავლობენ. პოლიტიკური სისტემები ერთმანეთთან დაკავშირებულ სხვადასხვა ინსტიტუტსა თუ სტრუქტურას აერთიანებენ. საკუთარი სისტემები აქვთ საზოგადოებებს, პარტიებს, სახელმწიფოებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს. სისტემის მკვლევარს ნებისმიერ დონეზე შეუძლია სტრუქტურების შესწავლა. პოლიტიკის მეცნიერების მთავარი ხიბლი კი ის გახლავთ, რომ ის მხოლოდ ფორმალურ ანუ ფურცელზე დაწერილ, რეგისტრირებულ ინსტიტუტებს არ სწავლობს. ის სისტემებში ჩაბუდებულ არაფორმალურ, დამალულ, გაუმჟღავნებელ გავლენის ცენტრებსაც ეძებს.
  3. ფიზიკოსებსა და მექანიკოსებს ზუსტად შეუძლიათ ბილიარდის ბურთების ტრაექტორიის დადგენა. უბრალოდ, კიის დარტყმის სიმძლავრის, ბურთების სიმძიმის, ზედაპირის ხახუნის ძალის გაგებაა აუცილებელი. ახლა წარმოიდგინეთ, რომ თითოეულ ბურთს გონება აქვს და თავად იღებს გადაწყვეტილებას, თავად ირჩევს გადაადგილების მიმართულებას. ბუნებრივია, რომ უკანასკნელ შემთხვევაში ამოცანა რთულდება და მისი გადაწყვეტის შანსი მინიმუმამდე მცირდება, ვერასდროს მიხვდები, რომელ ბურთს რა მოუვა თავში. პოლიტოლოგებს ასეთი ამოცანების გადაწყვეტაზე გვიწევს ფიქრი. ჩვენი კვლევის მთავარი მეთოდი კი შედარებაა. ჩვენ პოლიტიკურ სისტემებს, იდეებს, ინსტიტუტებს, ქცევებს, ძალაუფლებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ ფენომენს ერთმანეთს ვადარებთ და ასე ვცდილობთ პრობლემატურ კითხვებზე მეტ-ნაკლებად დამაკმაყოფილებელი პასუხების მოძიებას. დამიჯერეთ, შედარების საფუძველზე უამრავი კანონზომიერების აღმოჩენაა შესაძლებელი. შედარებითი პოლიტოლოგია პოლიტიკური მეცნიერების ერთ-ერთი საბაზისო სფეროა.
  4. საერთაშორისო ურთიერთობები, საერთაშორისო კრიზისები, ომები, ტერორიზმი, მშვიდობის მშენებლობის საკითხები და კონფლიქტების დარეგულირების თემები, გლობალიზაციის გამოწევები, ევროკავშირისა და ნატოს მიზნები, გაერო და მისი მომავალიც პოლიტიკის მეცნიერების ინტერესის საგანს წარმოადგენს. დასახელებულ თემებზე გლობალური პოლიტიკის სპეციალისტები მუშაობენ.

უკანასკნელ პერიოდში პოლიტიკის მეცნიერების პრაქტიკული დარგების განვითარებაც დაიწყო. იქმნება საჯარო ადმინისტრირებისა და პოლიტიკური მენეჯმენტის სკოლები, სტუდენტები მართვის წესებს, პოლიტიკური ფუნქციების განაწილებისა და იერარქიის საკითხებს სწავლობენ. ცდილობენ  შექმნან პარტიების, საარჩევნო კამპანიების, პოლიტიკური დაწესებულებების ორგანიზების საუკეთესო მოდელები, იმუშაონ პრობლემების გადაწყვეტის ალტერნატივების ეფექტიან წარმოჩენაზე. მაშასადამე, პოლიტიკის მეცნიერებაში პრაქტიკული ამოცანების გადაწყვეტის მოყვარულებისთვისაც მოიძებნება ადგილი.

კიდევ ერთ გულისგამაწვრილებელ კითხვას მისვამენ ხოლმე: სად იმუშავებ? რითი შეჭამ პურს?

პოლიტიკის მეცნიერების სპეციალისტებმა ბევრგან შეიძლება იმუშაონ; სახელმწიფო დაწესებულებებში, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, მედიის საშუალებებში, პოლიტიკურ პარტიებში, უნივერსიტეტებსა თუ სკოლებში, არასამთავრობო სექტორში და ა.შ. თანამედროვე ეპოქაში დასაქმების დიდი პერსპექტივა არცერთ პროფესიას არ აქვს. მთავარი პროფესიონალიზმი და შენი საქმის სიყვარულია. თუ ამ ორ კრიტერიუმს აკმაყოფილებთ, მშიერი არასდროს დარჩებით. დასაქმება მნიშვნელოვანია, მაგრამ მერწმუნეთ, მასზე  გაცილებით მნიშვნელოვანი რაღაცებიც არსებობს. განათლება მიზანია და არა საშუალება. განათლება უმთავრესად საკუთარი თავის, ჩვენი შესაძლებლობებისა და ნიჭის, ჩვენი მისწრაფებების აღმოსაჩენად, სამყაროს შესაცნობად, თვითრეალიზებისთვის გვჭირდება და არა შრომის ბაზარზე ადგილის დასამკვიდრებლად. ბევრი “უბედური“ მაღალანაზღაურებადი პირი მინახავს, მათ რომ თავისი პროფესია უყვარდეთ, უფრო ხშირად გაიღიმებდნენ ხოლმე.

იმედია, რამდენიმე მასწავლებელი მაინც დაეხმარება გეოგრაფიასა თუ ისტორიაზე შეყვარებულ თავის მოსწავლეს ჩვენი პროფესიის აღმოჩენაში.

ლია სტურუას რომანი პარიზთან      

0

“ხშირად ვიგონებ პარიზს…“

                                               გალაკტიონ ტაბიძე

 შეიძლება თუ არა სინათლეს თვალებში ჩახედო და მერე მისი ფსკერის დამაბრმავებელი სილურჯიდან ამოზიდული განცდა სიტყვებად აქციო, თანაც ისე, რომ სხვამაც იგრძნოს უცნაური თრთოლა პოეზიასთან მიახლებისა. შეიძლება, თუ პოეტი ხარ და ფერსა, ხმასა და სურნელში იმგვარ ჰარმონიას ხედავ, რომელიც ადამიანს აკეთილშობილებს, განწმენდს, კათარზისს იწვევს.

ასეთ ფიქრებს აჩენს ლია სტურუას შემოქმედება და წერილები, რომლებშიც საფრანგეთში მოგზაურობის შთაბეჭდილებებია გადმოცემული (`ბედნიერი სიჩუმე~).

პარიზი _ ხელოვანთა მექა. იქ ერთხელ მაინც უნდა წახვიდე `მოსალოცად~, თუ თავს პოეზიის ტაძრის მრევლად მიიჩნევ. თუ გინდა მონაწილეობა მიიღო დაუსრულებელ რიტუალში, რომელიც პოეტებმა, მხატვრებმა, მუსიკოსებმა _ სიტყვის, ფერისა თუ ხმისთვის `ჯვარცმულმა~ ადამიანებმა შექმნეს. იმიტომ, რომ  გადარჩე…

პარიზი, როგორც ხსნა. სწორედ ასე წარმოჩნდება ეს საოცარი ქალაქი ლია სტურუას პოეტურ პროზაში `ბედნიერი სიჩუმე~: `გმადლობ, ღმერთო, რომ მიწყალობე ასეთი საჩუქარი _ პარიზი~.

ბედნიერი სიჩუმე _ პოეზიის განზომილებაში არსებობს და ის გუსტავ ფლობერმა აღმოაჩინა, დახვეწილი სტილის ფრანგმა დიდოსტატმა.

ლია სტურუამ კი, ჩვენი დროის არაჩვეულებრივმა პოეტმა, თავის პარიზულ დღიურებს სათაურად დაარქვა და ამგვარად გამოხატა უძლურება შთაბეჭდილებათა სრულყოფილებით გადმოცემისა, უფრო ზუსტად, იმ განცდის სიტყვაში მოხელთებისა, რომელიც გეუფლება პარიზში მოგზაურობისას.

ეს ეხმიანება ბიბლიურ `დუმილის სიბრძნეს~, როცა სიჩუმეში განიცდი იმას, რასაც უმნიშვნელო ჩქამიც კი დაარღვევს და გააუფერულებს.

პარიზი _ ლია სტურუასთვის `შთაგონების წუთებში~ შექმნილი: `წამახული, წვეტიანი გოთიკა, ჯერ ბაროკომ დაამძიმა და მოაგლუვა, მერე როკოკომ ჩაახუჭუჭა… პარიზი მაინც ამ სტილებზე მაღლა დგას, როგორც პოეტი, რომელმაც კლასიციზმიც იცის, რომანტიზმიც, პარნასი, სიმბოლიზმი, მაგრამ `აქვს მკერდს მიდებული ქნარი, როგორც უნდა~, ლიტერატურული თეორიების თავზე რომ ცაა, იქ ცხოვრობს, სადაც ყველანაირი გუმბათი, წვეტი, ლოგიკა იშლება  და სინათლის მეტაფორაში ერთიანდება~.

ეს ნაცნობი, მაგრამ თანვე უცნობი პარიზია ქართველი პოეტის პრიზმაში `გარდატეხილი~.

 პოეტი ლია სტურუა პარიზს ხვდება, როგორც სულით მონათესავე პოეტს. ამიტომაც არის მათი `დიალოგები~ ასეთი ხატოვანი, პოეტური. პარიზი თავისი უბრალო ქუჩებითა თუ ღირშესანიშნაობებით  `უყვება~ თავის წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე,  ტკივილსა და სიხარულზე, ლია სტურუას კი მას აცნობს მეოცე საუკუნის 90-იანი წლების თბილისის სევდას, თავის ბავშვობასა და სიზმრებს და ხდება ზიარება. მერე ერთად მიუყვებიან რივოლის ქუჩას კონკორდის მოედნისაკენ, `მერე ვანდომი, სადაც სინათლე უფრო კამერულია, აბრეშუმგადაფარებული~.

 მონმარტრის კიბე, `აქოშინებული, სადაც ხატავენ…~ და მთაწმინდის კიბე… ამ კიბის მოგონებას ბავშვობაში მიჰყავს პოეტი. პარიზულ შთაბეჭდილებებში რამდენიმე ასეთი მოგონება შემოიჭრება, რომლებიც ნოველებივით იკითხება, მაგალითად, ბებიის სიცოცხლის უკანასკნელი წუთების გახსენება. ბებიამ შეაყვარა კლასიკური მუსიკა… მან გაუფაქიზა მზერა, რომ სხვანაირად დაენახა სამყარო და ერთი ამგვარი განსხვავებული მზერის `აღმოჩენა~:  მარა _ `ნარინჯისფერი ყვავილი~: `ჩემს ეზოში, პატარა ქუჩაზე, სადაც აკაციის ხეები იდგა, მარგარიტა გოტიე ცხოვრობდა… მარა შევალიე დაირქვა და ნამდვილ გვარს აღარ ამხელდა… შეიძლება `მანონ ლესკო~ წაიკითხა, დე გრიესგან ისესხა შევალიე და თავის გვარადაც აქცია?~. მარას სევდიანი ისტორია საუცხოოდ ამხელს, რა მიმზიდველი თხრობა შეუძლია პოეტს. როგორ შეუძლია პატარა ადამიანის გმირად ქცევა და მკითხველის სამყაროში დაუვიწყარ ხასიათად შემოყვანა.

დრო უმოწყალოდ ანადგურებს ყოველივეს, მოგონებების გარდა. და რა ძვირფასია ის მოგონება, რომელიც ყოველდღიურობით გაფერმკრთალებული სიცოცხლის მშვენიერებას შეგაგრძნობინებს.

ასეთი მოგონებაა ლია სტურუასთვის პარიზი, რომელსაც ნაგვიანევ სიყვარულს უწოდებს. ეს არის მის თვალში, გულსა და გონებაში არეკლილი ქალაქი, იქ ნანახი პეიზაჟებითა და სიზმრებით. მკითხველსაც ეუფლება განცდა რაღაც სიზმარეულისა, ისეა გადაწნული რეალური და წარმოსახული, მაგრამ, რაც მთავარია, ისეთი ცოცხალია სტრიქონები, ისეა დამუხტული ეს შთაბეჭდილებები ენერგიით, რომ შენც უცნაურად ივსები და იხიბლები, ავტორთან ერთად დადიხარ შორი და უცნობი ქალაქის Qქუჩებში, უცხო ყვავილების სურნელით იჟღინთები და სხვანაირად ხედავ ცას, მიწასა თუ ადამიანებს.

ლია სტურუასთვის ცოცხალია განცდა იმისა, რომ სიცოცხლე ღვთის შემოქმედებაა, სამყაროს გალერეაში გამოფენილი, ადამიანები კი ამ  გონებამიუწვდომელი შედევრის პერსონაჟები არიან.

ეს არის მხატვრული ტექსტი, რომლის წაკითხვა პოეტად გაქცევს, არა `ქაღალდზე რითმებით~ მოლაპარაკეს, არამედ უფრო მგრძნობიარესა და მეოცნებეს, რეალობის მიღმა არსებული სამყაროსკენ მიმსწრაფს.

ეს პროზა ლია სტურუას პოეზიის განუყოფელი ნაწილია _ მისი პოეტიკის ამსახველი. ცალკეული ეპიზოდი _ თეთრი ლექსია _ თხრობის მდინარებაში ჩართული.

პარიზში გაუჩნდა პოეტს განცდა, რომ არსებობს `ესთეტიკური სათნოება~              – მშვენიერი, ნათელი და სიკეთე – მათი ერთობლიობა და იგივეობა. ეს ხომ ღვთის აღმწერი ეპითეტებია. იგივე განიცადა ესპანეთში, პრადოს მუზეუმში, ელ გრეკოს ტილოების თვალიერებისას. წმინდა პოეზის საუფლოში, როგორც გალაკტიონი იტყოდა `საღვთო ბილიკები~ მიდიან. ასე გადაეწვნება ერთმანეთს რწმენა და პოეზია.

და ბუნებრივად ჩნდება აზრი: `პარიზიც კათარზისია~, თავისი ისტორიითა და დღევანდელობით, ქუჩებითა და კაფეებით… მკვდარი და ცოცხალი ხელოვანებით.  .

ავტორს `მზიური თვალი~ აქვს. ყველაფერში უცნაურ გამოსხივებას ამჩნევს. `ხასხასა ბალახის შუქი~ – რეალიზმს ფერს უცვლის.

მისი პარიზული სიზმრები ამხელენ წყურვილს, თბილისში, 90-იანი წლების ჩაბნელებულ და ჩაჟამებულ ქალაქში წაიღოს ეიფელის კოშკი და ბობური, მაგრამ როგორ? `რა საკითხავია. კოშკი ნელ-ნელა ივლის, თან ცას გაკაწრავს წვეტით, წვიმას გამოადენს, ვარსკვლავთცვენას მოგიწყობს, თითქოს თუთის ხე დაბერტყეს…. `ბობური~ (პომპიდუს ცენტრი) მატარებელივით წამოვა: წითელ-ყვითელი ვაგონები, ლურჯი მილები, საიდანაც მწვანე კვამლი ამოდის~.

პარიზი _ გარდაცვლილი ესთეტების ქალაქი. მაგრამ ეს გარდაცვლილები არსად არ წასულან და ლანდებად დადიან ქალაქში. ამიტომაც არის, რომ თბილისიდან ჩასულ მშვენიერ პოეტს ხშირად ხვდებიან ქუჩებებსა და მუზეუმებში. მათი დიალოგი უხმოა და უცნაური, მაგრამ პოეტი მკითხველს უშურველად გადმოუთარგმანებს, რომ მანაც იგრძნოს და დაინახოს ის, რაც აქამდე უცხო და უცნობი იყო: `იმდენს დავდივარ, თითქოს ფეხებში ზმნა ჩამიდგეს~. და ამ სიარულისას ხედავს: `კისერზე თოკმობმული ვიიონი მოდის, წითელი, ახლაგატყავებული ძროხასავით, რომლის ჩაქრობა უფრო ძნელია, ვიდრე ხანძრის~. მისი  აჩრდილი თან დაჰყვება და შეახსენებს:

`და რამდენს იწონის ეს უკანალი,

კისერი გაიგებს მალე~ (დავით წერედიანის თარგმანი~).

მას მოჰყვება ყვავილივით დამჭკნარი რემბო. მოკვეთილი თავი და ფეხი მიხტიან მეტროს ლიანდაგზე, ფეხი პირდაპირ გულში ურტყამს დახვეწილ ვერლენს: `ნიუანსები, ელფერები, ნახევარტონები~.

`შევდივარ ნოტრდამში და სანთლებს ვუნთებ მკვდარ პოეტებს~.

აქ ხვდება გალაკტიონსაც, თავის `სამშობლოს~ და მასთან ასე საუბრობს:

`-შენ რომ პარიზში გეცხოვრა, რას იზამდი?

-`იყო შარლ ბოდლერი, მწარე და ძვირფასი~. აბსენტს დავლევდი და ნოტრდამიდან გადავხტებოდი.

-ეიფელიდან არა?

-ეიფელი თქვენი თაობისაა. მე და გოთიკა უფრო ვეწყობით ერთმანეთს. თითისტარივით იჩხვლიტება მისი წვეტები. მერე მოვა ვინმე შენისთანა და გამაცოცხლებს.

-მართლა გრძნობ ჩემს სიყვარულს?

– ბუნდოვნად, როგორც სიზმრების გადაზნექილ წელს.

– ჩემი ყველაზე საყვარელი მეტაფორა.

-მართლა? შენ რომ კიდევ ერთი ქალი გიყვარს?

-მარინა. არ შეხვდით სადმე ერთმანეთს?

-კი. ჰაერისგან ჩაის აყენებს და მერე ჭურჭელს რეცხავს.~

გალაკტიონი და მარინა ცვეტაევა _ პოეტის თანამდევნი, რომელთაც ყველგან და ყოველთვის ხვდება.

ლია სტურუა მეტაფორებით ფიქრობს და წერს, სხვანაირად არ შეუძლია გადმოსცეს, რასაც ხედავს. და ყოველივე ფერწერულ ტილოდ იქცევა. მათ შორის, `პარიზის სტომაქი~, რომელშიც `მცხუნვარე წითელი ბატონობს~.

ამ ქალაქს ისედაც კარგად იცნობდა პოეტი, მაგრამ ახლა რა დახვდა? `ახლანდელი მონმარტრი ჩემზე ჟოლოსფრად შეღებილი ოთახის შთაბეჭდილებას ტოვებს~, `წმინდა პარიზული ბოჰემა შეიცვალა აღმოსავლეთის კევივით გაწელილი სიტკბოთი, ზანგების რიტმით~.

პარიზი ავტორს თითქოს მშობლიური ტკივილებისაგან დროებით ათავისუფლებს, ავიწყებს, რათა შემდეგ უფრო დაიტანჯოს სინამდვილესთან პირისპირ შეხლით; `მონპარნასზე მოდილიანი დაფრინავს და ბალზაკის რაბლეზიანური ძეგლი დგას. მძიმედ, თბილისურად მტკივა თავი~.

რა არის თავისუფლება?

როდის არის პოეტი თავისუფალი? მაშინ, როცა სინათლითა და სითბოთი სავსე კაფეში ზის და წერს `ხალხით სავსე სიმარტოვეში~, თუ ზღვას რომ უყურებს, უსასრულოს და მაინც `ადამიანის თვალისთვის  აფრების თეთრი ქინძისთავებით შეკრულს, საღამოობით სისხლის გუბეებიანს?~

და კიდევ: თავისუფლება და მარტოობა _ არის თუ არა ეს ორი სიტყვა მნიშვნელობით ტოლფასი?

პოეტი იგონებს, რომ ერთ დღეს საკუთარ თავს პოლ ვალერის წიგნი აჩუქა. `არის რაღაც საკრალური თავის მოტყუებაში~.

და მკითხველიც დაასკვნი, რომ მარტოობაც და თავისუფლებაც თავის მოტყუებაა. ადამიანი ყოველთვის რაიმეს თავდასხმაშია:  ადამიანებისა თუ საგნებისა, სურვილებისა და ოცნებებისა.  თუმცა, რომ არა თავისმოტყუების ტკბილ-მწარე სიტკბო, არც ეს წიგნი დაიწერებოდა.

პარიზმა გააცნო პოეტს კლოშარები _ ქუჩის მხატვრები, თავისუფლად რომ ხატავენ ტროტუარებზე, თუმცა შეიძლება კი იყო თავისუფალი, როცა სხვაზე ხარ დამოკიდებული, იმიტომ ხატავ, რომ საარსებო ფული გიწყალობონ ცნობისმოყვარე გამვლელებმა.

დადიხარ პოეტთან ერთად პარიზის კაფეებში, ბასტილიის მოედანზე, ოპერაში, სადაც `ტრავიატა~ გადის.  და მასთან ერთად მაინც  სძლევ თითქოსდა დაუძლეველ სიმარტოვეს: `ჰაერის ნასვრეტში პეპელა გამოძვრა ფრთებით და შუქით შემეხო, სიხისტე დამირბილა~.

`-წავიდეთ ორანჟრიში! _ამბობს ელგუჯა. მე იქ ხაიმ სუტინი მელოდება, მას მონე, პიკასო _ ინტელექტუალების თამაში ფორმითა და ფერით, და არა გიჟის თავის ხეთქება სიკაშკაშეზე~.

სიტყვა, ფერი, ხმა _ ხელოვნების `წმინდა სამება~ და მეოთხე _  სურნელი, სამივეს თანხმლები _ პოეტის თანამდევნი. ამიტომაც არის, რომ პარიზში მისი ფიქრის მდინარება მუდმივად პოეტებს, მხატვრებსა და მუსიკოსებს დასტრიალებს. უჩვეულო და შთამბეჭდავია მისი დაკვირვებები ცალკეულ ტილოზე.

და მიდიხარ მასთან ერთად ლუვრში. `შესვლის წინ ჩემს თავს ვეკითხები: შეიძლება თუ არა აქ ჩემი დარღვეული პროპორციების შეტანა და ვენერა მილოსელის წინ დადგომა, თუნდაც ერთი ყალბი ბგერის გაჟღერება მის სრულყოფილებაში?~

ლია სტურუას  სრულიად სხვაგვარად დაგვანახვებს ცნობილ მხატვართა ტილოებს. ის საოცარ მეგზურად წარმოგვიდგება ხელოვნების სამყაროში და მის `ყველა შრეს~ მოგვახილვინებს.

როგორია ლია სტურუას თვალით აღქმული მარკ შაგალი? `ცაზე ისე ხომ ვერ გაივლი, როგორც მიწაზე, ირიბად, ალმაცერი წვიმასავით უნდა იარო, ყოველ კაცსა და ქალს შუა, თუ ისინი იცნობენ ერთმანეთს ყვავილების ბუჩქი ამოდის, ვიღაცის მუცელში ბავშვი ჭვივის, ვიღაცისაში _ ვიოინო. მიწაზე კი ძროხა დგას, რძით სავსე, შენი პირველყოფილი სამშობლო. შეიძლება შაგალს მოვწონვარ კიდეც თავისი ციდან. ამას რომ გავიფიქრებ _ ისეთი მაღალი ვხდები, თითქოს სი ბემოლის მწვერვალზე ვდგავარ~.

და არაჩვეულებრივი ახსნა: `მორიგი დარბევის შიში ხომ არ აიძულებს შაგალს ჰაერში ჩამოკიდოს თავისი ახლობლების ტანები, რომ მიწა ვერ მიწვდეს, ვერ ავნოს, მით უმეტეს, როცა ისინი ფეხმძიმედ არიან ბავშვზე, ვიოლინოზე, ძროხაზე, ქალებიც და კაცებიც, ახალ სიცოცხლეს აჩენენ, ოღონდ, ცაში მშობიარობენ~.

წიგნის ფურცლებზე შეხვდებით ვან გოგს – ქუდის ფარფლებზე დაწებებული სანთლებით, ღამე სახატავად: `შუადღის მზე არ ყოფნიდა თავის გასაგლეჯად?~ ხაიმ სუტინს, ამადეო მოდილიანის, შალვა ქიქოძეს და კიდევ ბევრს, ხელოვნებისთვის თავგანწირულებს. მათ შორის, ირაკლი ფარჯიანს – სორბონას ტაძარში დაათვალიერა პოეტმა მისი გამოფენა: `სინათლეს რომ ლურჯი თვალები გაუკეთო, ადამიანის ფორმა მისცე, უფრო სწორად, მინიშნება ამ ფორმაზე და მოარგო ბიბლიის დაძველებულ სანთლისფერ ფურცლებს. ასეთია ეს სახარება.  ანგელოზები, წმინდანები და ბატკნები, ცოცხალ არსებებთან მსგავსების მიუხედავად, მაინც სინათლეები არიან, ისეთი ელვარე, რომ თვალს ვერ გაუსწორებ. როგორ იქმება ასეთი თეთრი ფერი? საიდუმლო, რომელიც საფლავში ჩაიტანა მხატვარმა~.

წიგნში პოეზია, ფერწერა და მუსიკა ერთმანეთს გადაეწვნება. ერთზე საუბარი ბუნებრივად იწვევს მეორესა და მესამეს. საუბრის სტილი და მანერა სამივეზე ერთია _ მეტაფორული, ექსპრესიული: `ვიოლინო მუსიკალურ ინსტრუმენტებში გამორჩეულად მიყვარს. იგი ჩემთვის ლურჯია, ისეთი ლურჯი, `რომელსაც ჩაღრმავების საოცარი უნარი აქვს. რაც უფრო ძლიერია ლურჯი, მით უფრო მკაფიოდ ეძახის ადამიანს უსასრულობისკენ, აღვიძებს მასში სევდას უმანკო ზეგრძნობადის მიმართ~ (ვ. კანდინსკი). ეს ძლიერი ლურჯი რომ მოიპოვო, ვან გოგის ყვითელისა არ იყოს, სტიქიას უნდა გაურიგდე, ისეთი ელვარე ტკივილი აიტანო, თითთქოს, ჭრილობაზე მარილი დაგაყარეს~.

`სინათლის წვეთიც არ ჩანს~ _ ასეა დახატული  შუაღამე. ჰაერი `შეღავათიანად, აჟურულად შავია~.

პარიზის სიმშვიდეს დროდადრო არღვევს თბილისის `კოშმარი~: XX საუკუნის ბოლოს თავსდამტყდარი რევოლუცია. ლია სტურუასთვის, რევოლუცია იმ ადამიანთა მოგონილია, `რომელთა ბუნებაში ღმერთი ვერ ამარცხებს ქვეცნობიერის ფსკერზე გატრუნულ ობობას და იქსელება მისი შხამიანი ძაფებით გარემო და ეს ადამიანები ყველაფერს ანგრევენ, მოძმეებს კლავენ, ქვეყანას ლამის გადაშენების გზაზე აყენებენ~.

ავტორის აზრით, პოეტიც რევოლუციონერია, მაგრამ მისი ბრძოლა – `ეს არის ბრძოლა ჭეშმარიტების, პოეზის არსებობისთვის~. ბრძოლის მიზანია არა მკვლელობა, არამედ მტრისთვის  `მშვენიერის გამოცხადების~ ჩვენება.

ლია სტურუამ იცის ამ ბრძოლის გულუბრყვილობა, მაგრამ მაინც იბრძვის თავისი შემოქმედებით. მისი საქმე არ არის პოლიტიკა: `მე მინდა მაგიდასთან ვიჯდე და ვწერო~.

რაც მთავარია, უცხო ქალაქი ვერ აფერმკრთალებს სამშობლოს, პირიქით, მეტად შეაგრძნობინებს მის ღირებულებას: პარიზშიც, მხრებით ლოკოკინას ნიჟარასავით დააქვს თავისი სახლი, ჩვეულებები, ტრადიციები: `ნოტრდამის წინ პირიდან ზონარიით ამოვახვევ ჩემს სვეტიცხოველს, დავხედავ, ცოცხალია, ისევ ისეთი მშვენიერი, სრულიად განსხვავებული გოთიკისგან და ორივე მიყვარს, დავკეცავ, ჩავაბრუნებ ნიჟარაში, გუმბათს ვერ ჩავატევ, შარავანდედად დამიმრგვალდება თავზე და მე, აბსურდის ადამიანს, ღმერთთან მიმაახლოვებს~.

ღვთისკენ უამრავი გზა მიდის, ოღონდ ყოველ გზას სიყვარულით უნდა შეუდგე. პოეტისთვის, ამჯერად, ეს სამშობლოს სიყვარულია _ ასე ცინცხლად განცდილი.

ერთ საღამოს გუჯი ამაშუკელთან ასეთი დიალოგი გამართა; `_ყოველ ღამე ოთხთავს ვკითხულობ… მაგრამ რას ნიშნავს ეს ქართული სული, რომელზედაც გაუთავებლად ლაპარაკობენ, შენც ახსენებ შენს წიგნში?

გუნებაში მეცინება. ესმოდეთ იმათ, ვინც პატრიოტიზმის ნაკლებობას მაბრალებდა ლექსებში!

-აი, შენ რომ ღამღამობით გაიძულებს, ოთხთავი იკითხო~.

 ამიტომაც ზის პრიზში და წერს თბილისზე. რატომ? `მხოლოდ აქ შეიძლება ისე წერა, თითქოს ანგელოზმა მიგკიდა ხელი და მუსიკასთან მიგიყვანა~.  `ვწერ იმაზე, როგორი სქელი და ოქროსფერი თაფლი დიოდა ერთ დროს ცაცხვებიდან, რომ შეიძლებოდა ცა დაგეპირქვავებინა და მისი ტკბილი ნაწილი ქილებში ჩაგესხა~.

პარიზთან რომანი მქონდაო, _ აღიარებს პოეტი და ეს სიყვარული კვლავაც გაახსენებს ქალაქს:  პარიზში, ალბათ, ისევ წვიმს: `ეს რაღაცნაირი, ნატიფი წვიმაა~. `პარიზის სუნი, ალბათ, ყოველთვის მომენატრება, სანამ ცოცხალი ვარ, შემწვარი წაბლისა და ყავის სუნი, მზესავით ყვითელი სუნამოს ნაშთი ფლაკონებში, რესტორნების ჰაერი, ისეთი ეპიკურეული და ელეგანტური, რაბლე და აპოლინერი რომ აურიო ერთმანეთში. მკრეხელობაა თუ ჩვეულებრივი მეტაფორა?~ არც ერთი და არც მეორე. ან ორივე ერთად, ან _ ეს ცოცხალი განცდაა ქალაქისაა, რომელმაც პირველად გაუჩინა სურვილი, რომ `ჩემი წიგნი პარიზის შესახებ, ჩემი ნერვების ერთი პატარა, ზღარბივით ეკლიანი გორგალი, ფრანგულად ითარგმნოს~.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...