ოთხშაბათი, სექტემბერი 10, 2025
10 სექტემბერი, ოთხშაბათი, 2025

იქ, რომში…

0

თებერვალში, რომის ოლიმპიურ სტადიონზე გამართული 6 ერის მატჩი, იტალია-უელსი ნამდვილად არ გახლდათ ისეთი სარაგბო შეხვედრა, რომელზეც შემდეგში ბევრს ლაპარაკობენ ხოლმე. ბრიტანელებმა ცხვირაწეულ აპენინელებს დინჯად, თავდაჯერებით და რაც მთავარია, მაღალპროფესიულად ”ახადეს სკალპი” და ეს ისე გააკეთეს, რომ სათქმელიც კი არ დატოვეს – ვის უნდა მოეგო და რატომ უნდამოეგო.

მაგრამ, ეს, რა თქმა უნდა,არ იყო რიგითი და უბრალო სარაგბო მატჩი ჩვენთვის – ქართველებისთვის, რომლებიც “ცოცხლად” პირველად ვადენებდით თვალს 6 ერის შეხვედრას და იმ ერთი მატჩიდან იმდენი სწორი თუ არასწორი დასკვნები გამოვიტანეთ, ადამიანს ჩვენთვის რომ ესმინა, აბონ ციციაშვილის მსჯელობათა კორიანტელი მოგონილი იქნებოდა.

მთავარი კი ის იყო, რომ ჩვენ ქართველები ვიყავით და იტალიელებიცა დაუელსელებიც კარგად იყვნენ ინფორმირებულნი, თუ რას წარმოადგენს ჩვენი რაგბის ნაკრები და რატომ გვაქვს ამბიციები ქართული რაგბის მომავალთან დაკავშირებით. ჩვენი თანამედროვეობა და გახსნილი მსოფლიო, მადლობა ღმერთს, იძლევა იმის საშუალებას, რომ ყველა ინფორმაცია ხელის გულზე გვედოს და ყველამ იცოდეს, რომ საქართველოში ბევრი ძლიერი სარაგბო ნაკრები წაქცეულა და მომავალშიც არაერთს გავუყენებთ “კუდიგორის” გზას.

რეაქციები იტალიელებსა დაუელსელებს სრულიად განსხვავებული ჰქონდათ. როდესაც იტალიუელები იგებდნენ, რომ ქართველები ვიყავით და მათი ნაკრების 6 ერის მორიგ მატჩში მოოხრებას ვუყურებდით, უცნაურად იღრიჯებოდნენ და არც კი ცდილობდნენ საუბრის გაბმას. ამის მიზეზი, ცხადია, ისაა, რომ ჩვენ სწორედ უსუსტესი იტალიის სარაგბო ნაკრები გვყავს მიზანში ამოღებული და ვინც რა უნდა თქვას, ფაქტია ისიც, რომ იტალია თუიმსახურებს იგივე უელსთან და სხვა დიდ გუნდებთან თამაშს, მაშინ ჩვენც უნდავიმსახურებდეთ.

მოკლედ, იტალიელებს დიდად არ უხაროდათ ჩვენი დანახვა და ცხადი იყო, რომ გრძნობდნენ იმ უსამართლობასა და უსინდისობას, რასაც ახლა ჩვენი სარაგბო ნაკრების მიმართ სჩადის სარაგბო სამყარო. აი, უელსელები კი, პირიქით – ხელს გვხვედნენ, ჩვენთან ფოტოებს იღებდნენდა რაც მთავარია, მთელი ხმით ყვიროდნენ“გორგოძილა ჩემპიონ, ჯორჯია ჩემპიონ!! იტალია ნაგავია!” შეგახსენებთ, რომ ამას ყვიროდნენ რომის სტადიონზე, სადაც უმეტესობა, ცხადია, იტალიელი იჯდა, მაგრამ უელსელებს არაფერი აშინებდათ და ჩვენც, ცხადია, გულზე მალამოდ გვედებოდა მათი ეს სიტყვები. სხვათა შორის, უელსელმა ქომაგებმა ფეხბურთის ინგლისელი მამებიც “ტკბილი სიტყვებით” შეამკეს კარჩაკეტილობისა და პატარა ქვეყნების დაჩაგვრის გამო და ეს “შემკობანი” თამაშის დასრულების შემდეგაც გააგრძელეს.

მოდიოდნენ გამარჯვებით გახარებული უელსელი ქომაგები და მიაფრიალებდნენ თეთრ-მწვანე-წითელ დროშებს რომის მრავლისმნახველ ქუჩებში. იმ დღეს რომის ბარებში დიდი ამბები იყო, მაგრამ თქვენც კარგად იცით, რომ რაგბის ქომაგები სპორტის სხვა ყველა სახეობის ქომაგებისგან პირველყოვლისა ღირსებითა და სიდინჯით გამოირჩევიან და უელსელებმა ეს გამარჯვებაც ღირსეულად იზეიმეს.

როდესაც ამ ყველაფერს უყურებ, დგახარ და ფიქრობ – შენს ქვეყანაში როდის მოხდება ეს ყველაფერი? როდის მიგვიღებენ ევროპის მთავარ სარაგბო ოჯახში და როდის ჩამოვლენ თბილისში ამაყი, მხიარეული და გულიანი უელსელები? მე მჯერა, რომ ეს ძალიან მალე მოხდება! უნდა გვჯეროდეს!

 

ზოგადკულტურული კომპეტენციები, სასწავლო პროცესის მრავალფეროვნებისთვის

0

თანამედროვე პედაგოგიკაში გამოკვეთილი ტენდენციაა ჰუმანიტარული, დემოკრატიული და კულტურული ფასეულობების სინთეზის გზით მოსწავლეთა ზოგადკულტურული კომპეტენციის განვითარება. ამ კომპეტენციის განვითარებაში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება მუზეუმებს. კარგია, რომ ამის შესახებ უკვე იწერება პედაგოგიურ პრესაში (იხ. Maswavlebeli.ge, მაია ფირჩხაძე, სამუზეუმო განათლება და ინტერდისციპლინარული ინტეგრაცია) და იდგმება კონკრეტული ნაბიჯებიც. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა გააფორმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები არაერთ მუზეუმთან, ხოლო ა.წ. 9 თებერვალს გიორგი ლეონიძის სახელობის ლიტერატურის მუზეუმში ქართული ენისა და ლიტერატურის, ასევე ისტორიის მასწავლებლებისათვის ჩატარდა მასტერკლასი თემაზე: სამუზეუმო ექსპონატების გამოყენება მოსწავლეთა კვლევითი უნარჩვევების განვითარებისათვის. მუზეუმის თანამშრომელმა ია ღადუამ, რომელიც ამავდროულად “ევროპული სკოლის” ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელია, კოლეგებს გაუზიარა საკუთარი გამოცდილება, თუ როგორ იყენებს მუზეუმში არსებულ რესურსებს სასწავლო პროცესის ეფექტიანად წარმართვისათვის. მასწავლებლებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ სკოლებმა უფრო საქმიანად უნდა ითანამშრომლონ მუზეუმებთან. ეს ის რესურსია, რომელიც ფასდაუდებელ სამსახურს გაუწევს მათ, გახადონ სწავლება უფრო საინტერესო და ხელი შეუწყონ მოსწავლეებში ჰუმანიტარული, დემოკრატიული და კულტურული ფასეულობების მიმართ ჯანსაღი დამოკიდებულების, შემოქმედებითობისა და კრიტიკული აზროვნების და, რაც მთავარია, ზოგადკულტურული კომპეტენციის განვითარებას.

ზოგადკულტურული კომპეტენცია პედაგოგიურ ლიტერატურაში განმარტებულია, როგორც განათლებულობის დონე, რომელიც საჭიროა თვითგანვითარებისათვის, კულტურის სხვადასხვა დარგში მოვლენების დამოუკიდებელი, არგუმენტირებული ანალიზისა და სხვადასხვა კულტურის წარმომადგენლებთან დიალოგის წარმართვისათვის.

ზოგადკულტურული კომპეტენცია შედგება შემეცნებითი, ღირებულებებზე ორიენტირებული და კომუნიკაციაზე ორიენტირებული კომპონენტებისაგან.

შემეცნებითი კომპონენტი გულისხმობს კულტურის პროდუქტის შესწავლასა და გააზრებას;

ღირებულებებზე ორიენტირებული კომპონენტი – ღირებულებებთან ზიარებას სულიერი ურთიერთობის პროცესში განცდილის (ემოციების) გზით;

კომუნიკაციური კომპონენტი – ეს არის სოციალური და კულტურული გამოცდილების გადაცემისკენ მიმართული ურთიერთობა და ქმედება.

მუზეუმი ზოგადკულტურული კომპეტენციის ამ სამივე კომპონენტის გაერთიანების საშუალებას გვაძლევს. ის მატერიალური და სულიერი კულტურის ნიმუშების ექპონირების, პოპულარიზაციის, დაცვის, შენახვისა და შეძენის გზით ხელს უწყობს ჩვენი შემეცნებითი ინტერესებისა და სულიერი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას.

სამუზეუმო ექსპონატს აქვს სამი ფუნქცია: ინფორმაციული (ის  არის ინფორმაციის წყარო), ატრაქტიული (ანუ მიმზიდველი; ყურადღების მიქცევისა და ინტერესის აღძვრის საშუალება) და ექსპრესიული (ასოციაციების გამოწვევისა და ემოციური ზემოქმედების საშუალება).

ახლა თავად განსაჯეთ, რამდენად ეფექტიანად შეიძლება სამუზეუმო რესურსების გამოყენება მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარებისათვის.

მასწავლებელს, რომელიც გადაწყვეტს ჩართოს მუზეუმები სასწავლო პროცესში, შეიძლება ჰქონდეს შემდეგი მიზნები:

  • ასწავლოს მოსწავლეებს სამუზეუმო ექსპონატების ისტორიულ-კულტურული კონტექსტის დანახვა, მათი შეფასება, რათა გამოიყენოს ისინი პრიმიტიული მასკულტურის საწინააღმდეგოდ.
  • ჩამოუყალიბოს მოსწავლეებს ღირებულებითი დამოკიდებულება ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის მიმართ.
  • დაანახვოს კავშირი ისტორიულ-კულტურულ ეპოქებს შორის და დაეხმაროს თანამედროვე კულტურის გააზრებაში.
  • ჩამოუყალიბოს კულტურის ძეგლებთან ურთიერთობის ჩვევები.
  • განუვითაროს ესთეტიკური ტკბობის, თანაგანცდის უნარი.
  • ჩამოუყალიბოს ტოლერანტული დამოკიდებულება უცხო კულტურის მიმართ, ასწავლოს განსხვავებულის მიმღებლობა.
  • სხვადასხვა ერისა და ეპოქის კულტურულ მემკვიდრეობასთან ზიარებით განუვითაროს გარესამყაროს აღქმისა და შემეცნების უნარი, მრავალმხრივი ხედვა.
  • ხელი შეუწყოს კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებასა და განვითარებას, რადგან კულტურული მემკვიდრეობის დამფასებელი მომავალი თაობა არა მარტო გაუფრთხილდება მას, არამედ მას ექნება ერთგვარი მასტიმულირებელი საშუალება ახალი შემოქმედებითი იდეებისათვის.

მოსწავლეები ისწავლიან საგნებისა და მოვლენების ახლებურ ხედვას, მიეცემათ აღმოჩენის შესაძლებლობა, განუვითარდებათ კვლევითი უნარ-ჩვევები. გახუნებულ ფოტოებს საოჯახო ალბომიდან, მემორიალურ ნივთებსა თუ უძველესი ამფორის ნამსხვრევებს შეუძლიათ მათში გააღვიძონ წარმოსახვა, დაანახვონ ის, რაც აქამდე არავის დაუნახავს.

მუზეუმის საგანმანათლებლო ამოცანები შეიძლება დაიყოს სამ ჯგუფად:

  1. თვალსაწიერის გაფართოება, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს შემეცნებითი ინტერესის აღძვრას; ამ მიზნით რეკომენდებულია ე.წ. თეატრალიზებული ექსკურსიები, სიტუაციური თამაშები, სამუზეუმო თამაშები (მაგალითად, ბლიცვიქტორინები, ლოტოები და სხვა).
  2. ემოციური და ესთეტიკური აღქმის, თანაგანცდის უნარის განვითარება. ამისათვის რეკომენდებულია მასწავლებლის / მუზეუმის თანმშრომლის (ან ორივესი ერთად) საინტერესო და ემოციური საუბარი, მუსიკალური ფონი, ინტერაქტიური ექსპონატების არსებობა, რომლებსაც მოსწავლეები ხელით შეეხებიან, მემორიალური ნივთების მიხედვით მათი ყოფილი მფლობელების წარმოსახვითი პორტრეტის შექმნა, კუთვნილ წიგნებში მინაწერებით მსჯელობა მათ ავტორებზე და სხვა.
  3. მუზეუმში მოქცევის წესების დაუფლება, კულტურულ მემკვიდრეობასთან ურთიერთობის სწავლება, სხვისი კულტურის მიმღებლობის ჩამოყალიბება და კულტურათა შორის დიალოგის შესაძლებლობა. ამისათვის რეკომენდებულია როლური თამაშები (მაგალითად, „მე – გიდი“),  სხვადასხვა კულტურის ზღაპრებში, ანდაზებში, თქმულებებსა თუ ლეგენდებში ვერბალიზებული მეტაფორების ახსნა…

იმისათვის, რომ უფრო თვალსაჩინო გახდეს, როგორ შეიძლება მოსწავლეებში ზოგადკულტურული კომპეტენციის განვითარება, გთავაზობთ მიზნების, მეთოდების, ფორმებისა და რესურსების ჩამონათვალს თითოეული კომპონენტის მიხედვით:

 

კომპონენტები  

 

სასწავლო მიზნები

 

სწავლების მეთოდები

 

სწავლების ფორმები

 

რესურსები

შემეცნებითი 1. კულტურულ-საგანმანათლებლო პრობლემატიკაში ორიენტაცია (მაგალითად, პრობლემის იდენტიფიცირება, პრობლემის აქტუალობის ანალიზი, პრობლემის გადაჭრის გზების შეფასება და ა.შ.).

2. კულტურის სხვადასხვა სფეროში თეორიული ცოდნის გაღრმავება და მაღალი დონის სააზროვნო უნარების (კვლევითი, შემოქმედებითი, კრიტიკული, მეტაკოგნიტური) განვითარება.

 

პრობლემური სწავლება, მინი კვლევები, აქტიური სწავლა-სწავლების მეთოდები: იმიტაციური (მაგალითად, სამუზეუმო ექსპოზიციის პროექტირების იმიტირება, ვირტუალური / წარმოსახვითი ექსკურსიები და სხვა) და არაიმიტაციური (რეალური პროექტირება, სამუზეუმო თამაშები, მაგალითად, ვიქტორინები, როლური თამაშები, დისკუსიები, ლექციები, მინი კვლევები, პრეზენტაციები. ჯგუფური მუშობა, მოსწავლეების დამოუკიდებელი მუშაობა,  ფრონტალური მუშაობა ვიზუალური საშუალებები, წიგნები, სამუზეუმო ექსპონატები, აუდიოვიზუალური, კომპიუტერული საშუალებები, სამუზეუმო გარემო.
ღირებულებებზე ორიენტირებული 1.   ემოციური აღქმის უნარის განვითარება.

2.   ინტერესის აღძვრა მუზეუმის, როგორც კულტურული ფასეულობების წყაროს, მიმართ.

3.სამუზეუმო ექსპოზიციის ხატოვანი (მეტაფორული) ენის აღქმა-გაგების უნარის განვითარება.

4.ესთეტიკური სიამოვნების მიღება კულტურულ ფასეულობებთან ურთიერთობისას; თანაგანცდის უნარის განვითარება.

5.ექსპონატების მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვის, შეფასების უნარის განვითარება.

 

ანალიტიკურ- შეფასებითი მეთოდების გამოყენება, ჯგუფური დისკუსიები, ექსკურსიები, დრამატიზაცია, იმიტაციური და როლური თამაშები. გუნდური და ჯგუფური მუშაობის ფორმები,  ინდივიდუალური, დამოუკიდებელი საკლასო და კლასგარეშე მუშაობა. ვიზუალური, კომპიუტერული საშუალებები, სამუზეუმო გარემო, სამუზეუმო ექსპონატები, ეპოქების ამსახველი ანტურაჟის ელემენტები.
კომუნიკაციაზე ორიენტირებული 1.    კულტურულ ფასეულობებთან ურთიერთობის უნარის განვითარება, ქცევისა  და ემოციების გამოხატვის კულტურის ჩამოყალიბება.

2.    ინფორმაციის დამუშავებისა და გამოყენების უნარის განვითარება.

3.    კომუნიკაციური კომპეტენციების განვითარება.

4.    შემოქმედებითი უნარების აქტივაცია.

 

როლური და იმიტაციური თამაშები, სიტუაციური ამოცანები (სიტუაციის ანალიზი), ინფორმაციის ანალიზი და მისი გადატანა პრაქტიკაში;

პროექტები.

წყვილებში მუშაობა, ჯგუფური  და ინდივიდუალური მუშაობა, ინდივიდუალური შემოქმედებითი საქმიანობა, საპროექტო მუშაობა. სამუზეუმო ექსპოზიციები, კომპიუტერული და მულტიმედიური ვიზუალური საშუალებები.

 

მუზეუმების სასწავლო დანიშნულებით გამოყენების უპირატესობა კიდევ ის არის, რომ არ არსებობს შეზღუდვა მოსწავლეთა ასაკის თვალსაზრისით. დაწყებითი კლასების მოსწავლეები ხალისით ერთვებიან შემოქმედებით საქმიანობაში – მაგალითად, ხატავენ ექსპოზიციის ასლებს, მონაწილეობენ სამუზეუმო ექსპონატების თემასთან დაკავშირებულ მხატვრული კითხვისა თუ კალიგრაფიის კონკურსში (ასეთ კონკურსებში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებსაც). საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა განახორციელა პროგრამა  „ზღაპრის დრო საქართველოს ეროვნულ მუზეუმში”. პროგრამამ უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვებსა და მათ მშობლებს შესაძლებლობა მისცა გასცნობოდნენ მუზეუმის მრავალფეროვან კოლექციებს. ბავშვებმა მოისმინეს ზღაპრები, გააცოცხლეს ხელოვნების ნიმუშები, დამოუკიდებლად შექმნეს ნამუშევრები, ჩაებმენ განძის ძიების თამაშსა და სხვა შემეცნებით-გასართობ აქტივობებში. განსაკუთრებით ნაყოფიერი აღმოჩნდა უფროსკლასელთა თანამშრომლობა გიორგი ლეონიძის სახელობის ლიტერატურის მუზეუმსა და ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრთან. ლიტერატურის მუზეუმში დაცული მასალების საფუძველზე „ევროპული სკოლის“ მოსწავლემ ნინო კობაიძემ პერსონალური პროექტის ფარგლებში შექმნა დოკუმენტური ფილმი რეპრესირებულ ქართველ მწერლებზე „წითელი კალმით“ (ფილმი შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართზე:

https://www.youtube.com/results?search_query=nino+kobaidze+-+red+line).

საინტერესო საგანმანათლებლო პროექტებს ახორციელებს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრიც. მაგალითად, ყველა საფეხურის მოსწავლეებს შეუძლიათ ჩართვა ისეთ ინტერაქტიურ პროექტში, როგორიცაა „როგორ დავამზადოთ ქაღალდი? ქაღალდის დამზადება შუა საუკუნეების ტექნოლოგიით“. მოსწავლეები ჯერ ეცნობიან უნიკალურ დოკუმენტებს ქაღალდის დამზადების წესის შესახებ, შემდეგ კი თავად ამზადებენ მას ამ ტექნოლოგიით. ინფორმაცია ამ პროექტების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ცენტრის ვებგვერდზე https://www.manuscript.ge/.

დარწმუნებული ვარ, მუზეუმების შესაძლებლობების გამოყენება გაამრავალფეროვნებს სასწავლო პროცესს, მისცემს მას მეტ სიღრმეს და გახდის ბევრად უფრო შედეგიანს.

 

 

გამოყენებული ლიტერატურა:

Museums Imagination and Education/ Museums and monumente.XY UNESCO. 1973.

ТРОЯНСКАЯ С.Л. Музейная педагогика и ее образовательные возможности в развитии общекультурной компетентности.

 

 

 

 

 

 

 

კალეიდოსკოპის აღმოჩენების ცენტრი, ანუ რეცეპტები ცვლილებებისთვის

0

როლა პატარა საუნივერსიტეტო ქალაქია – სულ ოცი ათასი ადამიანი ცხოვრობს და მოსახლეობის მესამედი ან სწავლობს, ან ასწავლის მისურის მეცნიერებათა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში. ამიტომ აქაურ მშობელთა უმეტესობას კარგად ესმის, რამდენად მნიშვნელოვანია მოზარდთა ტექნოლოგიური და საინჟინრო განათლება დღეს, როცა მომავალს სულ უფრო მეტად ქმნიან მანქანები და ალგორითმები. ვინაიდან ტექნოლოგიური, საინჟინრო და კომპიუტერული სფეროები ძალიან სწრაფად ვითარდება, ტიპური საჯარო სკოლებისთვის ძალიან რთულია ასეთივე სისწრაფით სასკოლო პროგრამის განვითარება. შესაბამისად, ამგვარი განათლებისთვის მნიშვნელოვანია კლასგარეშე აქტივობებისა და კლუბების არსებობა.

ამერიკის დიდ ქალაქებში ამ მხრივ უზარმაზარი შესაძლებლობებია: სამეცნიერო ცენტრები და საბავშვო მუზეუმები (იხ. „ჯადოსნური სამყაროს საწყისები“ https://mastsavlebeli.ge/?p=1903), სამეცნიერო-საჩხირკედელაო ბაზრობები (MakerFaire – იხ. სტატია), სასკოლო რობოტიქსის კლუბები და უნივერსიტეტებში არსებული საზოგადოებრივ-საგანმანათლებლო ორგანიზაციები, ფაბლაბები და  Makerspace ტიპის საინჟინრო სივრცეები საშუალო სკოლის მოსწავლეებს სთავაზობენ ფასიან და უფასო, ერთდღიან და ერთწლიან, საშაბათო და საზაფხულო კლასებსა თუ ბანაკებს.

ხუთი წლის წინ რამდენიმე დაინტერესებული მასწავლებელი და მშობელი მიხვდა, რომ როლა ასეთ შესაძლებლობათა სიმრავლით ვერ დაიკვეხნიდა. შეიკრიბნენ, შექმნეს 30-კაციანი საბჭო ადგილობრივი პროფესორების, მასწავლებლებისა და საჯარო მოხელეების შემადგენლობით. გადაწყვიტეს, რომ როლას აუცილებლად სჭირდება ერთგვარი სამეცნიერო-საბავშვო მუზეუმი და ამ პროცესის დასაწყებად, საჭიროებების პირველადი შეფასებისთვის საჭირო იყო ექსპერტის მოწვევა. ექსპერტის მოწვევა 40000$ ჯდებოდა, ეს ფული საბჭოს ჯერ არ ჰქონდა და მუზეუმის შექმნა გაურკვეველი ვადით გადაიდო.

განხილვას მარტინა ბაურიც ესწრებოდა, სამი შვილის დედა, რომლებსაც განათლებას შინ აძლევდა და ძალიან ბევრ ადგილობრივ საგანმანათლებლო ინიციატივაში იყო ჩართული. მარტინამ კარგად იცოდა, რომ მუნიციპალიტეტი კიდევ დიდხანს არ გამოყოფდა ექსპერტისთვის ამხელა თანხას. ისიც იცოდა, რომ ფულის მოძიების შემთხვევაშიც ექსპერტის დასკვნაც დიდხანს დარჩებოდა თაროზე. ამიტომ დაუკავშირდა თავისნაირ აქტიურ მშობლებს და დაიწყეს ზრუნვა საწყისი პროგრამების დაგეგმვაზე. როგორც მარტინა იხსენებს, „კალეიდოსკოპის აღმოჩენათა ცენტრი“ თავიდან მხოლოდ ვირტუალურად არსებობდა, ვებსაიტზე, რომელიც თავად შექმნა.

– იცოდი ვებსაიტის გაკეთება? ვკითხე გაოცებულმა.

– არა, მაგრამ რა მოხდა მერე, – გაეცინა.

– უამრავი პროგრამა არსებობს, რომელშიც მარტივი ვებსაიტის შექმნა შეიძლება, ვიდეოს ვუყურე, ვისწავლე, დომეინი კი სულ იაფად ვიყიდე; რაღაცით ხომ უნდა მომეზიდა მშობლები, რეკლამა გამეკეთებინა.

პირველი პროგრამისთვის ლაურა ანტოლაკმა 800 დოლარი გაიღო, რითაც 10 ცალი ლეგოს „მარტივი მექანიზმების“ ნაკრები შეიძინეს, მოხალისე სტუდენტები და მასწავლებლები მოძებნეს და ადგილობრივი სათემო ცენტრის მიერ გამოყოფილ პატარა ოთახში იმავე ზაფხულს მარტივი მექანიზმების ათი ერთკვირიანი კურსი ჩაატარეს 6-9 წლის ბავშვებისთვის. კვირაში 5-დღიან, დღეში 2-საათიან კურსში ყველა მშობელი სიხარულით იხდიდა 25 დოლარს. ასზე მეტი ბავშვი მოვიდა და ზაფხულის ბოლოს უკვე შემდეგი პროგრამისთვის საჭირო ფული დაგროვდა. სექტემბრიდან ლეგოს გუნდები შექმნეს Junior FIRST Lego League შეჯიბრებისთვის – ექვსი ბავშვისგან შემდგარი 16 გუნდი სექტემბრიდან აპრილამდე იკვლევდა შეჯიბრების თემას, აკეთებდა საგამოფენო დაფას, სწავლობდა მარტივი მექანიზმების მოქმედებას და ქმნიდა ლეგოს მოტორიზებულ მოდელს. გუნდები საკუთარ სკოლებში იკრიბებოდნენ გაკვეთილების შემდეგ, მწვრთნელებად კი მოხალისე მშობლები მარტინას და ლაურას ინსტრუქციებით მუშაობდნენ. შემდეგი პროგრამა უახლოესი დიდი ქალაქიდან გადმოიტანეს – გაძლიერებული მათემატიკის პროგრამა დაინტერესებული მეხუთე-მეცხრე კლასელებისთვის. პროგრამისთვის აუდიტორია უნივერსიტეტმა გამოყო, სწავლებაში ადგილობრივი მასწავლებლები ჩაერთნენ.

პროგრამების რაოდენობის ზრდას მოხალისეთა რაოდენობის ზრდაც მოჰყვა. უნივერსიტეტმა და ადგილობრივმა ტექნიკურმა ინსტიტუტმა ცენტრს ძველი კომპიუტერები, ელექტრონული ნაკრებები, წინა თაობის რობოტიქსის მასალები აჩუქეს, რომლებიც სასწავლად მაინც გამოდგებოდა. ამიტომ მალე დადგა ერთიანი სივრცის საკითხი. აქ ძალიან გაუმართლათ – ქალაქის ცენტრში უიაფესად იყიდებოდა ორსართულიანი შენობა, რადგან საშინელ მდგომარეობაში იყო.

„შიგნით რომ შევედი, შემეშინდა, – იხსენებს მარტინა, – მაგრამ ბევრ პროგრამაში ვყოფილვარ მოხალისე და ვიცოდი: ვერავინ დაგვეხმარებოდა მთელი შენობის გარემონტებაში, მაგრამ თითო ქილა ზედმეტ საღებავს ყველა მოძებნიდა საკუთარ გარაჟში. თითო ზედმეტ საათსაც გამონახავდა“.

შენობა ერთმა ქველმოქმედმა შეიძინა და უსასყიდლოდ გადასცა ცენტრს. მარტინამ და მისმა მეგობრებმა მაშინვე ყველგან გაავრცელეს თხოვნა და ვისაც შეეძლო – მოსახლეობამ თუ ორგანიზაციამ, ყველამ იპოვა ზედმეტი ქილა საღებავი, ფიცარი, ძველი მაგიდა თუ სკამი საწყობსა თუ გარაჟში. ამის შემდეგ დაიწყო შენობის შეკეთება ნაწილ-ნაწილ, რომელიც უკვე სამი წელია, გრძელდება და ჯერ არ დასრულებულა – ერთ შაბათ-კვირას ერთი სტუდენტური ორგანიზაცია მოვა და ერთ ოთახში იატაკს დააგებს, მეორე შაბათ-კვირას სხვა ორგანიზაცია კედლებს შეღებავს, უფროსკლასელები მაგიდებს დაჭედავენ, რამდენიმე მშობელი მუნიციპალიტეტისგან საჩუქრად მიღებულ ძველ კარადებს შეაკეთებს, ტექნიკური ინსტიტუტის სტუდენტები ელექტროობას გაიყვანენ.

მთელი ქალაქის ასეთი შრომის, მოხალისე სტუდენტებისა და მშობლების ჩართულობის შედეგია ის, რომ დღეს კალეიდოსკოპის აღმოჩენათა ცენტრი 5-დან 17 წლამდე ბავშვების მეორე სახლია: აქ იკრიბება დაწყებითი სკოლის ლეგოს 15 გუნდი, საშუალო სკოლის რობოტიქსის 5 გუნდი, უფროსკლასელთა რობოტიქსის 4 გუნდი; „მომავლის ქალაქის“ შეჯიბრისთვის და სამეცნიერო ოლიმპიადისთვის აქ ემზადებიან; მთელი წლის მანძილზე უამრავი უფასო და დაბალფასიანი პროგრამა მოქმედებს: მაინკრაფტით პროგრამირების სწავლა, სამგანზომილებიანი მოდელირება და ბეჭდვა, ბიოლოგიური მოდელები, ატრაქციონების ფიზიკა, რობოტიქსი ყველა ასაკისთვის, არქიტექტურის საწყისები, სამშენებლო ინჟინერია, მუსიკისა და ხატვის გაკვეთილები, რადიოელექტრონიკა და ორიგამების გეომეტრია. ამ პროგრამების დიდი ნაწილი საგანმანათლებლო გრანტებით ხორციელდება, მასწავლებლებად კი სტუდენტები ან მშობლები ერთვებიან, მათ შორის მეც – ლეგოს რობოტიქსის ერთ-ერთი გუნდის მწვრთნელი ვარ. ზაფხულში რობოტიქსის ბანაკსაც ვხელმძღვანელობ და ორშაბათობით – GirlBots-პროგრამასაც, რომლის მიზანია სხვადასხვა ასაკის გოგონების ინჟინერიითა და რობოტიქსით დაინტერესება.

მარტინას და ლაურას შემდეგი მიზანი კალეიდოსკოპის აღმოჩენათა ცენტრში საჩხირკედელაო სივრცის შექმნაა – ერთგვარი Makerspace, ფაბლაბის, სადაც უფროსკლასელები შეძლებენ საკუთარი პროექტების რეალურ განხორციელებას სხვადასხვა კომპიუტერულ დაზგებსა და დანადგარებზე. დარწმუნებული ვარ, სულ ორიოდე წელიწადში ამ პატარა ქალაქში ასეთი მნიშვნელოვანი სივრცეც გაჩნდება – მარტინამ ხომ კარგად იცის რეცეპტები ცვლილებებისთვის, რომელთაც მხოლოდ ყოველი ჩვენგანის გარაჟში ნაპოვნი ზედმეტი ქილა საღებავი და კვირაში ორიოდე საათი სჭირდება, და არა 40 ათას დოლარად ღირებული ექსპერტული შეფასება.

 

 

გულიდან გაზომილი მანძილი

0

ქარი და ადამიანები

კვირაში ორჯერ, თითქმის ერთსა და იმავე დროს, მეტრო დელისში ამოვდივარ, იქვე მუდმივად გაჩერებულ 53 ნომერ ყვითელ სამარშრუტოში ვჯდები და ნუცუბიძის III მიკრორაიონის გადასახვევთან ჩავდივარ. გადავირბენ ზებრას და აქედან ნებისმიერ ამინდში ფეხით მივუყვები განიერ, ნაკლებად ხმაურიან ქუჩას.

დაახლოებით ორი გაჩერება მივდივარ. ხან ცხარე მზე მაჭერს, ხან წვიმა მაწვიმს. გზაზე კანტიკუნტად მხვდებიან ფეხით მოსიარულე, ძირითადად ერთი და იგივე ადამიანები –  უფრო ჩემი ასაკის ქალები და კაცები და ბავშვებიც. მათი უმეტესობა  იქიდან მოდის, სადაც მე მივდივარ. ვცნობთ, მაგრამ ჯერჯერობით არ ვესალმებით ერთმანეთს, ჩვენ-ჩვენთვის მივდივართ, ასე გვირჩევნია.

გარშემო ყველგან მშენებლობებია. ისე, როგორც მთელ ქალაქში. „მეც თითქმის მშენებლი ვარ, რისთვისაც ახლა მივდივარ, ისიც ხომ შენებაა?“ – გამკრავს თავში ამპარტავნული აზრი, რომელსაც ვერავინ ვერასოდეს გაიგებს, გარდა მუხათწყაროდან მონაბერი ქარისა, დრო და დრო შლეგიანივით რომ გამოექანება ხოლმე ჩემკენ და გულზე ისე მომაწყდება, ლამისაა წამაქციოს, ზოგჯერ კი ნამდვილი მეგობარივით ამომიდგება გვერდში და ზომიერი ქშუტუნით ფეხდაფეხ მომყვება. „ისე, ამას რომ ენა ჰქონდეს, რა გააჩერებდა! სასწრაფოდ გააფრიალებდა ჩემს ფიქრებს და ამ მშენებარე თუ უკვე აშენებულ სახლებს მოსდებდა; შეიძლება ახლად ამოწვერილ მწვანე ბალახზეც გაეფინა ფარდაგივით და მერე ზედ  კმაყოფილი სტვენით გაექროლ-გამოექროლა, – თუმცა, აბა, საიდან ვიცი, რას იზამდა,  რას გაიგებ ქარისას!

 

ჰერტა გოგოსავით

ახალი წაკითხული მაქვს ჰერტა მიულერის ავტობიოგრაფიული რომანი – „ჩემი სამშობლო იყო ვაშლის კურკა“ და, როგორც  კარგი წიგნის წაკითხვის შემდეგ ხდება, სამყაროს ცოტა ხნით მისი თვალით ვუყურებ. მე რომ იმ ბალახების, ყვავილების, ხეების და ბუჩქების სახელები ვიცოდე, რომლებიც გზად მიმავალს მხვდებიან, ახლა მეც ძროხების სამწყემსად წასული ჰერტაგოგოსავით დაველაპარკებოდი მათ, სახელებითაც მივმართავდი პატივისცემის ნიშნად, ამბებსაც გამოვკითხავდი, მაგრამ, ჩემდა სამარცხვინოდ, მე მხოლოდ რამდენიმე მათგანს ვცნობ თუ ვიცნობ: ყაყაჩოს, ყვითლად აბურბურებულ იელს, ჩიტის წიწმატს, რომელსაც ბუდიდან გადმოვარდნილი მკვდარი ჩიტების საფლავებზე ვაწყობდით სოფლელი ბავშვები; ბალბას, რომლის მკვრივი,  მრგვალი მწვანე  თესლებისგან `წო-წო-ბალბაწოს“ ვთამაშობდით და საათებსაც ვიბეჭდავდით თოთო მაჯებზე, მის მრგვალ, ხასხასა ფოთლებს კი ბუჩქებად ვკრავდით  და მანამდე ვკენწლავდით, სანამ ან ფეხი არ დაგვეღლებოდა, ან  „ბუჩქი“ არ დაიშლებოდა დაფლეთილ ფოთლებად; და ასკილის ბუჩქს, რომლის შარშანდელ, სიშავეშეპარულ ხმელ წითელ  ნაყოფს ისე ოსტატურად მალავენ მისი ღია ვარდისფრად მოყვავილე ნაზი ფურცლები, როგორც ჩვენი თავმოყვარე ბებიები იფარავდნენ ხელით ან წინსაფრით თავიანთ ჩაწყალებულ კაბის კალთებს…

უფრო შორს, ფერდაზე, ლითონის ბადეებითა და მიბრეცილ-მობრეცილი სარებით შემორაგული პატარ-პატარა ბაღ-ბოსტნები მოჩანს, საიდანაც აყვავებული ატმისა და ვაშლის  ხეები მიწვევენ. მე კი მათ შორის მობორიალე პატარა ჰერტას ვხედავ, სამწყემსურში წასულს, რომელიც თან ჰერტაა და თან მე ვარ.

 

ბავშვთა სოფელი

გზა ნამდვილად შორია. თუმცა რომელი გზა არ არის შორი და დამღლელი?! მით უფრო, როცა შენით მიიკვლევ, მარტო. მაგრამ მთავარი მაინც ის არის, საიდან იწყებ მანძილის გაზომვას – გულიდან თუ საცხოვრებელი ადგილიდან. თუ გულიდან, იქაც სწორედ ასეთივე განწყობით გხვდებიან და გეუბნებიან: „კეთილი იყოს თქვენი მოსვლა SOS ბავშვთა სოფელში!  რა დასამალია, რომ მიხარია – რეკომენდაციის, „ნაცნობობის“, ყოველგვარი ბიუროკრატიული ფორმალობების გარეშე, უპრეტენზიო, არაფრით გამორჩეული CV-ით! ეზოში შესულს  ბევრი ნაძვი და 15-მდე ლამაზი, ევროპული სტილის წითელი სახლი მხვდება. ერთ-ერთი ასეთი სახლის  წინ  კი ჩემი უშუალო უფროსი, ბატონი ნიკო მელოდება. ჯერ დერეფანში ვიცდი, მერე დარბაზში შევდივართ და იქ სათითაოდ ვეცნობი ერთად შეჯგუფულ სხვადასხვა ასაკის ბავშვებს: ჩუმებს და ხმაურიანებს, კეთილგანწყობილებს და მოღუშულებს, მორცხვებს და თამამებს, სურვილით მოსულებს და გასაქცევად მომზადებულებს და იმ საერთო ნიშნით დაღდასმულებს, რომელსაც დედამიწაზე არცერთი ბავშვი არ იმსახურებს. ამ ნიშანს – მშობლების გარდაცვალებისა თუ ბევრი სხვა საპატიო და არასაპატიო მიზეზის გამო – მშობლიური სახლის არქონა, უფრო მოკლედ კი, ერთი სიტყვა –  ტკივილი ჰქვია, რომლის სატარებლადაც, ნებსით თუ უნებლიეთ, გაიმეტეს ეს ბავშვები ახლობლებლებმა. სწორედ ესაა პრობლემა, თორემ ადამიანური სიკეთეები –  საყოფაცხოვრებო პირობებით დაწყებული და გულწრფელი სიყვარულით დამთავრებული, აქ უხვადაა, ისევე როგორც თავისუფლება – ბავშვების  უფლებებს აქ არავინ ზღუდავს, უფრო მეტიც, ისინი აქ სწორედ იმიტომ არიან, რომ  მათი უფლებები დაიცვან.

 

 „შემოქმედებითი ქართულის“

მასწავლებლის ჩანაწერებიდან

„ბავშვებს პირველ დღესვე ვკითხე,  როგორი  მასწავლებელი გინდათ რომ გყავდეთ, ან რას ნიშნავს-მეთქი თქვენთვის კარგი მასწავლებელი. თავიდან დაიმორცხვეს, მერე გათამამდნენ, ამყვნენ საუბარში. ბოლოს კი იმას მივხვდი, რომ მათ წარმოსახვაში კარგი მასწავლებელი დედას უფრო ჰგავდა. არ გამკვირვებია, ოღონდ  მე დედა ვერ ვიქნები, ამას ვერც შევპირდები და  ვერც შევძლებ“.

„ბავშვები უკვე მენდობიან. მიყვებიან  თავიანთ საყვარელ ფილმებსა და წიგნებზე.  უფრო ფილმებს უყურებენ, ვიდრე კითხულობენ. ქართველ საბავშვო მწერლებზე  თითქმის არაფერი იციან. დღეს გაკვეთილი დაახლოებით 2 საათს გაგრძელდა. ბედნიერებაა,  როდესაც დროში  არა ხარ შეზღუდული“.

„გაკვეთილების შემდეგ ორმა საყვარელმა გოგომ ქუჩამდე მიმაცილა. დიდხანს ვიდექით „სოფლის“ ჭიშკართან. ისინი რიგრიგობით  მიყვებოდნენ თავიანთ შეყვარებულებზე. ბინდდებოდა რომ წამოვედი. დამშვიდობებისას ერთმანეთს ჩავეხუტეთ“.

„დღეს 22 აპრილია. დედამიწის საერთაშორისო დღე. ბავშვებს ვუამბე ამერიკელ სენატორ გეოლორდ ნელსონზე – მსოფლიოში პირველ გარემოს დამცველზე –  რომელმაც გააპროტესტა 1970 წელს სანტა-ბარბარას საბადოდან ოკეანეში დაღვრილი ნავთობით წყლის დაბინძურება, რის გამოც უამრავი ცხოველი დაიღუპა. როგორ მინდა ხეები დავრგოთ ერთად!“

ასე თანდათან მიჰყვა ერთმანეთს გაკვეთილები – წიგნის საერთაშორისო დღეზე, პიქტოგრამებზე, დედაენის დღეზე, კომუნისტურ რეჟიმზე, იაკობ გოგებაშვილის პიროვნებასა და დედაენაზე, სამოქალაქო გმირობაზე,  ექვთიმე თაყაიშვილისა და დიმიტრი ყიფიანის ცხოვრებაზე; გვქონდა ემოციური საუბრები ოსკარ უაილდის “თავკერძა გოლიათის”, სიკეთისა და ბოროტების,  სამოთხისა და ჯოჯოხეთის არსებობაზე. არ მიკვირს, რომ რელიგიური თემების მიმართ დიდ ინტერესს ამჟღავნებენ ბავშვები. მათ უნდათ, სხვა ბავშვებისგან განსხვავებულ პირობებში ყოფნის ნამდვილ მიზეზებს ჩასწვდნენ  და უამრავ  ბავშვურ თუ არაბავშვურ კითხვაზე მიიღონ პასუხი…“

ამასობაში საწავლო წელიც დასრულდა. მე წამოვედი „სოფლიდან“. სულ წამოვედი. მაგრამ წამოსვლამდე ერთი უხერხული ამბავი გადამხდა თავს, რომელზეც ახლაც  ხშირად ვფიქრობ ხოლმე: ერთხელ, გაკვეთილზე, მე ბავშვებისა შემრცხვა, მაგრამ  დღემდე თავს იმით ვინუგეშებ, რომ მე არ შევრცხვი ბავშვებთან.

 

სად არის ქრისტე

გამოცდა

თავიდანვე გამაფრთხილა, ტეტე დამიძახეო. ყველა ასე მეძახის და თქვენც ასე დამიძახეთო. ყველაზე მოუსვენარი იყო, თავდაჯერებული, ყოყლოჩინა და გონიერი. რამდენჯერმე ჩემი გამოცდაც გადაწყვიტა და „ჩამჭრელი კითხვებიც“ დამისვა. ბევრი ლექსი იცოდა ზეპირად, გვიკითხავდა ხოლმე, როცა ხასიათზე იყო, და „განძის კუნძული“ უყვარდა ძალიან. ერთხელ გაკვეთილზე გვიან შემოვიდა და თითქმის კარიდანვე მომაძახა, უფრო კი, მომთხოვა – მღვდელი მოიყვანეთ სკოლაში, ბევრი კითხვა მაქვს დასასმელი, თქვენ იმიტომ არ გკითხავთ, რომ მაინც ვერ მიპასუხებთო. გაღიზიანებული იყო, ჩვეულებრივზე სწრაფად და აგდებული ტონით ლაპარაკობდა. წავხდი. მისი მოულოდნელი მოთხოვნა  დაუმსახურებელი უნდობლობის გამოცხადება იყო ჩემთვის. იქნებ მაინც შევძლო რამით დაგეხმარო-მეთქი, –  ვუთხარი იმ ხმით, რომელიც ამომივიდა გამშრალი ყელიდან.

– მაშინ მითხარი, – თითქმის იყვირა, – რატომ გაუჩნდა მამაჩემს კიბო, რატომ ვერ დგება ეტლიდან, რატომ ვერ არჩენენ ექიმები, რატომ ვცხოვრობ მე აქ, ამდენ სხვა ბავშვთან ერთად, რა მინდა ამათთან, როცა ჩემი სახლი მაქვს, სად არის ქრისტე, რომელმაც ლაზარე გააცოცხლა თუ აღადგინა და თავისი თავიც გაიცოცხლა, რატომ არ შველის მამაჩემს, რომელსაც არაფერი დაუშავებია, ის კარგი მამაა,  კარგი კაცი, არასოდეს უჩხუბია, ჩემზე ბევრი ლექსი იცის, თქვენზე მეტ წიგნს კითხულობს და მაინც ცუდად არის, და რადგან ცუდად არის, მე ვერ მივდივარ ჩემს სახლში… რა დავუშავეთ მე და მამაჩემმა ქრისტეს… თქვენ მიპასუხებთ  ამ კითხვებზე? – ბოლო წინადადება გათანგულმა თქვა და სკამზე დაეშვა. არ უტირია. მარტო თვალები აუწყლიანდა. ისიც ცოტა ხნით.

არა, წახდენა აი ეს ყოფილა-მეთქი, გავიფიქრე. სკამი მივიტანე და გვერდით მივუჯექი.

– ტეტე, მომისმინე, – ვუთხარი წყნარად და ჩემსავით დაბნეულ ბავშვებს ტუჩებთან თითის მიტანით  ვთხოვე, არ ეხმაურათ. პატარა ტანის ბიჭი იყო ტეტე, დამჯდარი კიდევ უფრო პატარა ჩანდა. – ყველაფერი ყოველთვის ისე არ ხდება, როგორც ჩვენ გვინდა. – სიტყვებს ფრთხილად ვარჩევდი, ლაპარაკი მიჭირდა. – მე მჯერა, რომ მამაშენი საუკეთოსო მამაა და არაფერი დაუშავებია საიმისოდ, რომ ასე ავად გახდა…

– მაშინ მე მაქვს ბევრი ცოდვა და ჩემ გამოა  ცუდად, მაშინ  მე დამსაჯოს ღმერთმა და მამაჩემი მოარჩინოს, მე ცუდ სიტყვებს ვიძახი, ცუდად ვიქცევი, ბავშვებს დავცინი და მასწავლებლებს ვაბრაზებ, ჰკითხე ნიკოს თუ არ გჯერა, მასწავლებელსაც არ ვეძახი, ნიკოა და იმიტომ, ჰოდა, მოვიდეს ქრისტე თუ არსებობს და დამსაჯოს, სად არის, მოვიდეს, ან თუ მაგარია, მამაჩემმა ფეხზე გაიაროს, აქ ფეხით მოვიდეს და სახლში წამიყვანოს…

ვერც კი ვხვდები, ისე ვიხრები ტეტესკენ, მინდა, გულზე მივიხუტო. არ მანებებს. მაშინ სკამს ვაჩოჩებ, უფრო ახლოს რომ ვიყო. მის გვერდით ახლა ფიზიკურად უსაშველოდ დიდი  და დამნაშავე მეჩვენება ჩემი თავი. უცებ ამომხედა, ეტყობა ცოტა დაისვენა, ძალა მოიკრიბა და კიდევ  რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ სიტყვა პირზე შეაცივდა, გაოცებული მომაშტერდა. წამებში გავიაზრე რაც მოხდა:  როლინგში ვითომ საიმედოდ ჩამალულ ჩემს უხვად ნაირევ ყელს წააწყდა ქვემოდან და სათქმელიც დაავიწყდა, მღვდელიც, ქრისტეც, თავისი „ცოდვებიც“ და მოულოდნელად, ისევ ძველ, ჩვეულებრივ ტეტედ იქცა –  თვალებანთებულ „ჰიპერაქტიურ“ ბიჭად – როგორც „სოფელში“ ამბობდნენ მასზე – და ნანახით უდავოდ გაოცებული და შთაბეჭდილების ქვეშ მყოფი, მეკითხება:

„- ეს როგორი ყელი გაქვთ, მას, რა დაგემართათ, ნამდვილი ყელი რა უყავით, ვინმემ მოგაჭრათ თუ ასე დაიბადეთ, როგორ სუნთქავთ, საჭმელს როგორ ყლაპავთ,  არა გტკივათ, უფრო კარგად მაჩვენეთ რა, ჩაიწიეთ საყელო, გეხვეწებით რა, მას!.. ტყვიებივით ისროდა ტეტე კითხვებს. თან  აზარტში მყოფი დანარჩენ ბავშვებსაც იწვევდა „სანახაობაზე“. გახევება და გაქვავება ერქვა  ჩემს ჯდომას. ამასობაში სხვა ბავშვებმაც გაბედეს მოახლოება. უკვე ყველას უნდოდა იმის ნახვა, რაც ტეტემ „აღმოაჩინა“.

დაახლოებით 2-3 წუთი დამჭირდა ძალის მოსაკრებად და იმის გასააზრებლად, როგორ მოვქცეულიყავი. მერე კი ყველაფერი თავისით მოხდა: ბავშვებს ვუთხარი, ერთად ნუ დამესევით, უკან დაიწიეთ და ყველას გაჩვენებთ-მეთქი, როლინგის საყელო გადავიკეცე, ყელი გადავწიე და მათი ბავშვური ცნობისმოყვარეობა ღიმილით დავაკმაყოფილე.

… აი, 6-ღა დარჩა, უკვე – 5, ახლა 4, 3…  – ისინი ვერასოდეს გაიგებენ, როგორ ვითვლიდი, როგორ ვნატრობდი, რომ ამ „ცოცხალ რიგში“, რომელიმე მათგანს მაინც ეგრძნო ოდნავი უხერხულობა და სხვებისთვის შეეძახა: „რას აკეთებთ, ბავშვებო, რას!“…  მაგრამ ეს არ მოხდა.

ზოგჯერ ძალიან, ძალიან ძნელია მასწავლებლობა!

თუმცა, გამოცდა ჩავაბარე!

 

„პასუხი ტეტეს“, რომელმაც ჩემს გაკვეთილებზე აღარ იარა

–  როცა ძალიან ავად ვიყავი, მე მისი მჯეროდა. ვთხოვე და მომარჩინა, თან სწორედ იმ ავადმყოფობისგან, რომელიც შენს მამას დაემართა. იცოდი, რომ ქრისტეს  შენსავით ბავშვის გული აქვს? მართლა ასეა, არ გატყუებ. როცა მისთვის რაიმეს თხოვნა მოგინდება, ყვირილით არ სთხოვო, სიყვარულით სთხოვე. თუ გინდა, საერთოდაც უხმოდ.  მან იცის, როგორ დაგეხმაროს ისე, რომ გაგახაროს, ან ძალიან არ გეტკინოს. ყოველთვის, როცა  დახმარება დაგჭირდება, დაუძახე და მოვა. შენს ღმერთს შენზე უკეთ ვერავინ გააგონებს.

თუ გაკვეთილებზე ისევ ივლი, გპირდები, პატარა ოსკარივით – შენ გახსოვს ოსკარი, მე გიამბეთ მასზე და ვარდისფერ ქალბატონზე – ყოველ დღე მეც მივწერ ღმერთს წერილს, ვეტყვი, რომ კარგი ბიჭი ხარ და დაგეხმაროს შენი პრობლემების მოგვარებაში.

ისე, რომ იცოდე, მეც დამჭირდა დრო  იმის დასაჯერებლად, რომ თურმე ჭრილობები – შენ რომ ასე გაგაოცა – სასირცხვილო სულაც არ არის, არც უცოდველია ამქვეყნად ვინმე, არც  შიში არსებობს გადაულახავი და ოცნებებიდანაც, თუ მოინდომებ, ბევრი არ  რჩება აუხდენელი. ოღონდ, სანამ მამა გამოჯანმრთელდება და მშობლიურ სახლში დაბრუნდები, გაკვეთილებზე უნდა იარო.

ამასობაში გაიზრდები კიდეც. მე დაგავიწყდები. ბევრ კითხვაზე პასუხს წიგნებში ამოიკითხავ, დანარჩენს კი ცხოვრება გასწავლის – ის იქნება შენი საუკეთესო მასწავლებელი, ხოლო შენ, ამაში დარწმუნებული ვარ, მისი გამორჩეული მოსწავლე!..

 

 

 

 

 

 

საკალმახე წყალი

0

ალბათ მეექვსე კლასში ვიქნებოდი, როცა სოფლის ბიბლიოთეკაში ტარიელ ხარხელაურის სადებიუტო კრებული „წყალი საკალმახე“ ვნახე, მანამდე მასზე არაფერი მსმენოდა. გარეკანი მომეწონა, წავიღე სახლში და იმ საღამოსვე დაიწყო შედევრების ამ მომცრო კრებულის და ჩემი მრავალწლიანი ძმაკაცობა, რომელიც დღემდე გრძელდება (ბიბლიოთეკისთვის არ დამიბრუნებია). შემიძლია ვთქვა, რომ ამ წიგნში ვცხოვრობდი, მუდმივად ვკითხულობდი და ყველა ლექსი ზეპირად ვიცოდი (ზოგი დღემდე მახსოვს). მათი მიბაძვით მეც დავიწყე წერა. ასე გრძელდებოდა წლების განმავლობაში.

ბავშვობის საყვარელ წიგნებთან, ზოგადად, განსაკუთრებული დამოკიდებულება გვაქვს და მოზრდილ ასაკში გადაკითხვისას აღმოჩენილ სისუსტეებზე სუბიექტურად ვხუჭავთ თვალს, მაგრამ „წყალი საკალმახეს“ საშეღავათო არაფერი სჭირს, პირიქით – სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ეს არის ქართულ ენაზე გამოცემული ერთ-ერთი საუკეთესო პოეტური კრებული, დაწერილი სრულიად უჩვეულო ვერსიფიკაციით, პოეტური მეტყველებითა და ტროპებით. ვერსიფიკაციული თვალსაზრისით მკრთალი პარალელის გავლება შეიძლება ადრინდელ პაოლოსთან („ფარშავანგები ქალაქში“, „წითელი ხარი“, „წერილი დედას“ და სხვა.), როცა ლექსი ალაგ-ალაგ ლამის პოლიმეტრული კონვენციისა და შიდა რითმებით გაწყობილი ვერლიბრის ზღვარზეა, მაგრამ თუ პაოლოსთვის ეს ფორმალისტური ძიება იყო, ტარიელ ხარხელაურთან ასეთი ფორმა კონცეპტით არის გამართლებული, მთის მწყემსურ-პასტორალურ გარემოში ქოშინით დაჰყვები ლექსების ლირიკულ სუბიექტ-ობიექტ(ებ)ს, გიწევს მათთან ერთად „მგლის მუხლებით / ბილიკების გადაღუნვა“.

წიგნში შეხვდები ძია ტარიელის კოლეგა-მწყემსების (თვითონაც ხომ მწყემსია) ბრწყინვალე პორტრეტებს, ხედავ, როგორ დააბიჯებენ „უროკვერით ნაბრტყელები“ მხრებით და „მეტრიანი ნაბიჯებით“ თედო, იორამი, თოლიგე, ღვთისავარი, ჩალხია, ჯუღურა, ბესა, ბაღათირი, ავტორთან ერთად შენც გიკვირს „რის ამტანობა აქვთ ამ ღმერთძაღლებს“. კითხულობ: „ო, რა ბრწყინვალე კაცები ხართ…“ ან „არ ვიცი, / რად მიყვარს ამგვარი კაცებით, / ამგვარი ხალხით სიამაყე“. და ხვდები, თუ რატომ გარბოდა შუა სემესტრში უნივერსიტეტის სტუდენტი ტარიელ ხარხელაური თიანეთში, საიდანაც ვახუშტი კოტეტიშვილს ძალით ჩამოჰყავდა ხოლმე.

როცა იცი ძია ტარიელის ტრაგიკულად დაღუპული ვაჟიშვილის (ჩემი სეხნიის) შესახებ, ძნელია მის დაბადებამდე დაწერილი ამ სტრიქონების წაკითხვა:

„შვილი გამეზრდება

ჩემზე ძლიერი,

ჩემზე ამაყი.

კარგს არ დააყრის

მამულის მოშუღარს,

თვალებს აუნთებს

უწმინდეს სანთლებად.

მოკვდება ხნიერი

და ჩასვლა საფლავში

ჩემზე ამაყი“.

მახსოვს, ძია ტარიელს „წყალი საკალმახე“ მივუტანე, მოვუყევი, თუ რა მაკავშირებდა ამ წიგნთან და წარწერის გაკეთება ვთხოვე, დღემდე უემოციოდ ვერ ვკითხულობ ამ წარწერას: „ჩემო ბექა, ამ სახელის გამოთქმა შენმა სიყვარულმა გამიადვილა. მამა-შვილური სიყვარულით“.

ერთხელ, რომელიღაც ლიტერატურული საღამოს დაწყებამდე, მე, ნუკრი ბერეთელი და გიო არაბული ფოიეში ვიდექით და ვსაუბრობდით. უცებ დავინახე ძია ტარიელი, როგორ იდგა და გაღიმებული, ნათელი თვალებით გვიყურებდა, მერე მოვიდა და გვითხრა: ჩემს დროს ერთი თაობის პოეტები ასე ძმურად კი არ ლაპარაკობდნენ, ზურგს უკან ერთმანეთს ლანძღავდნენო. თვითონ ალბათ ამ ჭუჭყს გაერიდა სოფელში.

კიდევ ერთ ამბავს გავიხსენებ: ჩამოსული იყო და ერთხელ, ოპერასთან, თავის სახლში წამიყვანა და ბოლოს გამოცემული თავისი წიგნები მაჩუქა. ნასვამი მოვდიოდი რუსთაველზე, იღლიაში ძია ტარიელის ნაჩუქარი წიგნები მქონდა ამოჩრილი და პირველი ბიჭი ვიყავი ქალაქში.

ამას წინათ, ვირსალაძის ქუჩაზე, პატარა ბიჭმა ჩამიარა სირბილით, ძია ტარიელის სქელი წიგნი ეჭირა. იქნებ ჩემსავით მასაც დააწყებინეს წერა ძია ტარიელის ლექსებმა და სახლში გარბოდა, რომ პირველი ლექსი ფურცელზე გადმოეტანა. გამორიცხული არაფერია.

 

 

 

 

 

ჩავდოთ სტიმული შემაჯამებელ სამუშაოში

0

სკოლაში მათემატიკის სწავლა რუტინულ შრომას მოითხოვს, ერთფეროვანი სამუშაო კი, როგორც წესი, ასუსტებს მოსწავლის ინტერესს, ამიტომ მასწავლებელმა საგნის სწავლებასთან ერთად მოსწავლის მოტივაციის ამაღლებაზეც უნდა იზრუნოს. მრავალფეროვანი, სწორად დაგეგმილი შემაჯამებელი დავალებები მათემატიკის სწავლას გაცილებით სახალისოს ხდის და ამაღლებს მოსწავლის დამოუკიდებლობის ხარისხს.

შემაჯამებელი დავალება საგაკვეთილო პროცესში მოსწავლის დამოუკიდებელი მუშაობის უნარის განვითარების საუკეთესო საშუალებაა. დამოუკიდებელი მუშაობა, თავის მხრივ, ადამიანის აზროვნების ჩამოყალიბების ერთ-ერთი ინსტრუმენტია. შესაბამისად, მოსწავლის აზროვნების განვითარება დამოუკიდებელი აქტივობების ხელშეწყობის გზით უნდა ხდებოდეს. ამ პროცესში აუცილებლად გასათვალისწინებელია მოსწავლის ფსიქოლოგიური განვითარების ეტაპები. მხოლოდ თანასწორუფლებიანი ურთიერთობისას, საკუთარი ღირსების შენარჩუნების პირობებში, შეცდომის დაშვების შიშისაგან გათავისუფლებით შეიძლება მოსწავლის დარწმუნება საკუთარ შესაძლებლობებში. ასე განწყობილი, იგი მზად არის დამოუკიდებელი საქმიანობისთვის.

მათემატიკის გაკვეთილებზე დამოუკიდებელი საქმიანობის მიზანი უნდა იყოს ინტელექტუალური ოპერაციების (ანალიზის, შედარების, განზოგადების) უნარების განვითარება, სწავლისათვის მოტივაციის შენარჩუნება. მოსწავლის დამოუკიდებელი აზროვნება ვითარდება, როცა მას საშუალება ეძლევა, ამოხსნას ამოცანა, ამტკიცოს ინდივიდუალური გადაწყვეტილება, მოამზადოს რეფერატი ნასწავლი თემის შესახებ და სხვა მსგავსი აქტივობები. დამოუკიდებელ მუშაობას საწყის ეტაპზე გეგმავს მასწავლებელი და მისივე ზედამხედველობით ახორციელებს მოსწავლე. მომდევნო ეტაპებზე მასწავლებლის ჩართულობა თანდათან უნდა შემცირდეს, ხოლო მოსწავლის პასუხისმგებლობა გაიზარდოს.

საგაკვეთილო პროცესში დამოუკიდებელი მუშაობის უნარის გასაუმჯობესებლად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება ტრადიციული საკონტროლო წერაა. სწორედ საკონტროლო წერის დროს არის მოსწავლე სრულიად დამოუკიდებელი. მათემატიკის საკონტროლო წერის ძველი ფორმატი, ხუთი ღია ამოცანისგან შემდგარი დავალება, მოსწავლის აზროვნების განვითარებას არათუ ვერ წაახალისებს, არამედ თრგუნავს კიდეც და შესაძლოა საზიანოც კი აღმოჩნდეს მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობისთვის. ასეთი დავალება მოსწავლის მხრივ დინამიკურ ცოდნასა და ამ ცოდნის ტრანსფერის უნარზეა გათვლილი, რასაც მოსწავლეთა უმრავლესობას ვერ მოვთხოვთ. თუ მოსწავლის ინტერესთა სფეროში მათემატიკა არ შედის, მსგავსი დავალება მას კიდევ უფრო გაუნელებს სწავლის, დამოუკიდებლად მუშაობის სურვილს და შესაძლოა, მისი თვითშეფასების დაქვეითებაც გამოიწვიოს.

შემაჯამებელი დავალება მრავალფეროვანი უნდა იყოს, შეიცავდეს როგორც თეორიული ხასიათის კითხვებს, ისე დახურულ და ღია ამოცანებს. სირთულის მიხედვით დიფერენცირებულ ამოცანებს სასურველია დაერთოს ილუსტრაციაც. დავალება დაყოფილი უნდა იყოს სავალდებულო (რომელიც მოითხოვს ყველა მოსწავლისათვის აუცილებელ საბაზისო ცოდნას) და არჩევით (რომელიც მოითხოვს დამოუკიდებელი აზროვნების უფრო მაღალ ხარისხს) ნაწილებად. ასეთი ფორმატი მოსწავლეს სთავაზობს არჩევანის თავისუფლებას. ამ შემთხვევაში მისი დამოკიდებულება შეგნებულია. იგი უარს იტყვის პლაგიატზე, იგრძნობს პასუხისმგებლობას გადაწყვეტილებაზე, დაინტერესდება საკუთარი შედეგით.

შემაჯამებელ დავალებას უნდა ერთვოდეს შეფასების სქემა (რუბრიკა). სასურველია, მასში ჩართული იყოს გრაფაც თვითშეფასებისთვის. ასეთი პრინციპით შედგენილი დავალება მასწავლებელსაც უადვილებს საქმეს – ხელს უწყობს როგორც მთელი კლასის, ისე ცალკეული მოსწავლეების ცოდნის შეფასებაში.

გთავაზობთ შემაჯამებელი დავალების ნიმუშს IX კლასისთვის თემაზე „სამკუთხედების მსგავსება, ჰერონის ფორმულა“.

სავალდებულო ნაწილი:

 

დავალება ათი ამოცანისგან შედგება. მისი სავალდებულო ნაწილი შვიდ საკითხს შეიცავს. მათგან ორი თეორიული კითხვაა, სამი – მარტივი დახურული ამოცანა. მათზე სწორი პასუხის გაცემა მოსწავლისგან განსაკუთრებულ ძალისხმევას არ მოითხოვს, თუ ის სისტემატიურად სწავლობს განსაზღვრებებს, თეორემებს, ფორმულებს. მომდევნო ორი ღია ერთსაფეხურიანი ამოცანა იძლევა შესაძლებლობას, მოსწავლემ თეორიული მასალა დინამიკაში გამოიყენოს. ეს ამოცანები უნდა ჰგავდეს საკლასო ან საშინაო სამუშაოში წინასწარ ამოხსნილ ამოცანებს. მოსწავლე, რომელიც ამ მოთხოვნებს ასრულებს, სავსებით შესაძლებელია, შეფასდეს საშუალო (7 ან 6) ქულით.

მოსწავლეს, რომელიც სავალდებულო ნაწილს ადვილად და სწრაფად გაართმევს თავს, ეძლევა შესაძლებლობა, ამოხსნას მეტი ამოცანა და, შესაბამისად, უფრო მაღალი შეფასება დაიმსახუროს. დავალების არჩევითი ნაწილი სამი ღია ამოცანისგან შედგება და ცოდნის უფრო მაღალ დონეზეა ორიენტირებული. ამოცანების რაოდენობისა და სირთულის განსაზღვრა კლასის დონეზეა დამოკიდებული და მასწავლებლის პრეროგატივაა.

მათემატიკის სწავლების პროცესში მოსწავლის ცოდნისა და უნარების კონტროლი მნიშვნელოვანი რგოლია. არსებითად მასზეა დამოკიდებული მასწავლებლისა და მოსწავლეების საქმიანობის ეფექტიანობა. შესაბამისად, საგანმანათლებლო პრაქტიკაში დიდი ადგილი ეთმობა შეფასების ორგანიზებასა და შინაარსს.

 

შეფასების სქემა: მაქსიმალური ქულა – 17

ქულა 17-15 14-12 11,10 9,8 7,6 5 4 3 2 1
ნიშანი 10 9 8 7 6 5 4 3 2 1
თქვენი შეფასება
მასწავლებლის შეფასება

 

მართალია, შემაჯამებელი სამუშაოს შემოწმების გონივრულ ვადას სკოლა განსაზღვრავს, მაგრამ მოსწავლეთა მოტივაციის მაღალი დონის შესანარჩუნებლად მნიშვნელოვანია, შედეგების ანალიზი საკონტროლო წერის მომდევნო გაკვეთილზე მოხდეს. საკონტროლო წერა მხოლოდ მაშინ მიაღწევს მიზანს, თუ მას კარგად ორგანიზებული უკუკავშირი მოჰყვება. საკონტროლო წერის განმსაზღვრელი შეფასება სავალდებულოა. განმსაზღვრელი შეფასების პარალელურად საჭიროების შემთხვევაში მასწავლებელმა განმავითარებელი შეფასებაც უნდა გამოიყენოს, რასაც შემეცნებითთან ერთად ფსიქოლოგიური დანიშნულებაც აქვს. შედეგების ინდივინდუალური განხილვა და მოსწავლისთვის აპელაციის საშუალების მიცემა, მოსწავლისა და მასწავლებლის ინდივიდუალური ურთიერთობისას მასწავლებლის მხრივ არგუმენტირებული და წამახალისებელი განმარტებები მოსწავლეს პიროვნული მნიშვნელობის შეგრძნებას მატებს. მასწავლებელი შედეგის კონფიდენციალურობის გარანტი უნდა იყოს.

ნაკრები ჩემი მღელვარებისა

0

მეკარე:

პიტერ შმაიხელი – შეშლილი დანიელი. საჯარიმოში მისი ჩარბენა „მანჩესტერი“-„ბარსელონას“ 98/99 ფინალში ჩემი საფეხბურთო მეხსიერების ერთ–ერთი გადამწყვეტი კადრია. ყველგან დიადი კაცი გამოდგა, სადაც რომ ხელთათმანი ჩაიცვა.

 

მცველები:

ფილიპ ლამი – იშვიათი ინტელექტუალი მოედანზე – მშვიდი, მოდერნული კაპიტანი. გამარჯვება წესად აქვს, ორთაბრძოლა იქნება ეს თუ რამე ტიტული, ამიტომაც თავდამსახმელები თითქოს წინასწარ ნებდებიან.

პაოლო მალდინი – უბერებელი, სტაბილური, გაუვალი… ვინ მოთვლის ეპითეტებს. ფეხბურთი არაერთხელ გადააწყო. ზოგს ალღო უმტყუნებდა, ზოგს – ფიზიკური კონდიცია, ამან კი ეპოქები ისე გადაიარა, თითქმის არ შემცდარა. ვამბობთ დაცვას, ვგულისხმობთ მალდინის. ეგ არის.

ფრანც ბეკენბაუერი – თუ რომელიმე გვარი მაგონდება ბავშობიდან, დიდების საუბარში ყურმოკრული – პელე–გარინჩა–მარადონასთან ერთად ბეკენბაუერია. ამ კაცმა მცველის პოზიცია გახადა პოპულარული და მოდური – იოლი საქმე როდია „თავდამსხმელების სპორტში“.

დენის ირვინი – მისი სახელი დღეს ბევრს არაფერს ეუბნება, თუმცა თავის დროზე დიდი იმედი იყო „მანჩესტერ იუნაიტედის“ ოქროს თაობის. კარგი მცველი, ბრწყინვალე შემტევიც, დიდებული მეპასე და ცივსისხლიანი პენალტისტი. საამაყოა, რომ ერთ-ერთი ინტერვიუს დროს ირვინმა თქვა: ყველაზე რთული ჰაჯისთან, სტოიჩკოვთან და ქინქლაძესთან თამაში იყოო.

 

ნახევარმცველები:

რაიან გიგზი – არსებობს გიგზის გოლი „არსენალის“ კარში, ასოციაციის თასის ნახევარფინალში, და მერე სხვა გოლები არსებობენ. ბექემი, კინი, სქოულზი, ბატი… მაგრამ ფერგის შვილთაგან უმთავრესი მაინც რაიანია. მისი ისტორია, რაც ნაკრების არჩევასთან დაკავშირებით გადახდა თავს, ჩემთვის ბევრს მოწმობს – დიდად ადამიანური ამბავია, მაგრამ არანაკლებ საფეხბურთოც. იქ თუ ბიოლოგიური დედის, აქ მწვრთნელი-მამის ერთგული გამოდგა. ეფექტური და სასარგებლო კაცი – რიგითი არარიგითი რაიანი.

დიეგო მარადონა – ის იმ ნაკრების მტერია, რომელსაც ვგულშემატკივრობ, თუმცა დიდი მტერი. ჰოდა, რთული საქმე – „გიყვარდეს მტერი შენი“ – აქ მეიოლება. მის საქმეში ყველგან ღმერთის ხელი ერია, გარდა ფიდელ კასტროსთან მკურნალობისა. რაც მინახავს, წამიკითხავს თუ მსმენია, ცენტრალურ კაცად მოჩანს ფეხბურთის ისტორიაში.

ჯორჯ ბესტი – სიტყვა „ქარიზმაზე“ თუ ვინმეს პოლიტიკოსი ახსენდება, მე უფრო „მეხუთე ბითლი“ – სრული გიჟმაჟი და ვნებებს შეწირული, ეგებ უდიდესი ტალანტიც კი მოედნის სამყაროში. ბურთი რომ მიჰქონდა, ტალღასავით იყო – დანარჩენები მიჰყვებოდნენ. კადრები უნდა ნახოთ, მოყოლით ძნელად გამოდის. ფეხბურთზე ნაკლებად ლაპარაკობდა, უფრო ქალებზე, ალკოჰოლზე. მისი ფრთიანი ფრაზები სხვა ამბიციებს გულისხმობდა. ბოლოს თითქოს ბურთი დაივიწყა და როკვარსკვლავურ სკანდალებს მისდევდა. მაგრამ მხოლოდ თითქოს. ერთხელ, როცა ვისკის მორიგ დოზას უწურავდნენ სისხლიდან, თქვა: „მთელ დალეულ შამპანურს დავაბრუნებდი, ოღონდ კი ერთი მატჩი მათამაშა „ოლდ ტრაფორდზე“ ერიკ კანტონასთან ერთად“.

დავით ყიფიანი – აქ შეიძლება ყოფილიყო ზინედინ ზიდანი, მაგრამ ეგებ ზიდანზე მეტიც არის. ჩვენთვის, ქართველებისთვის. ელეგანტური ფინტები, გამოთლილი პასი, ეშმაკური დარტყმა – უბრალოდ, ცუდ საზღვრებში მოხვდა, ცუდ კონტექსტში, და იქაც მწვერვალები ნახა. თავისფლება რომ ყოფილიყო – ღრუბლებს ნახავდა.

 

თავდამსხმელები:

ლუსი ნაზარიო რონალდო – ეს რონალდოც დიდია, კრიშტიანუ, და ახლა google-ს ან მეათეკლასელ მოსწავლეს რომ ჰკითხო, ალბათ პორტუგალიელი უფრო გაახსენდება, მაგრამ ის რონალდო, ძველი, ბრაზილიელი, ძალიან დიდი იყო. ერთხელ ტურამი და დესაი ისხდნენ რაღაც ეთერში, იგონებდნენ – ეგ რომ კარისკენ მოდიოდა, გვეგონა, ბურთი ბუცზე მიწებებული ჰქონდა და ვფიქრობდით, აძრობის რამე არასაფეხბურთო საშუალება მაინც მოვიგონოთო. ვერავინ ააძრო. შეუჩერებლად დარჩა.

დენის ბერგკამპი – ზოგჯერ გოლები ძველები არიან, წლების წინ გატანილები, და რომ უყურებ, ისე წამოიყვირებ, გეგონება ამწამს გავიდა – ეს არის ჰოლანდიელის გოლი არგენტინის და ნიუკასლის კარში. დენის ჩვეულებრივად დარტყმა არ შეეძლო – თითქოს ხატავდა.

 

მწვრთნელი:

სერ ალექს ფერგიუსონი – ეპოქალური მწვრთნელი. ტაქტიკებს ისე ღეჭავდა, როგორც კევს. ფეხბურთი მისმა „მანჩესტერმა“ შემაყვარა. ყოველთვის თანამედროვე იყო, ხან თვითონ ნოვატორი, ხანაც – სიახლეების ამყოლი. ბოლო წუთის კაცი, ფეხბურთი სისხლიან ჯოჯოხეთად რომ მიაჩნდა და მაინც ტკბებოდა.

 

საყვარელი ფეხბურთელი:

პოლ გასკოინი – ფერგიუსონი თავისთვის და მე ჩემთვის სულ ვდარდობდით, რომ თავის დროზე გასკოინის, იმავე გაზას, ტრანსფერი ვერ მოხერხდა „მანჩესტერში“. არადა პოლი იმ დრამების კაცი იყო, „ტრაფორდზე“ რომ იწერებოდა. მინდვრის ჰამლეტი, ,,ყოფნა – არყოფნის’’ საზღვარზე მობოდიალე ლოთი გენიოსი.

 

დასამახსოვრებელი მატჩი:

პირველსავე წელს, როცა მე „მანჩესტერ იუნატედის“ გულშემატკივრობა დავიწყე, გუნდმა ყველა დროის ერთ-ერთ დასამახსოვრებელ ფინალში „ბარსელონას“ „,კამპ ნოუზე“ მიუნხენის „ბაიერნი“ დაამარცხა. 90 წუთი 1:0-ს აგებდა და დამატებულ წუთებზე ჯერ შერინგემმა, მერე სოლსკიაერმა (ინგლისელებისთვის – სულშერმა) გაიტანეს გოლი. ორივემ – კუთხურის გათამაშების შემდეგ. მაშინ კლუბის კარს პიტერ შმეიხელი იცავდა, სწორედ ის იყო შეშლილი დანიელი, რომელმაც აქ ჩამონათვალის დასაწყისში და იმ მატჩის ბოლოს, პირველი კუთხურისას, მეტოქის საჯარიმოში ჩაირბინა.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე იყო. უკვე მოგახსენეთ – ქალაქ ოზურგეთში ჯერ კიდევ არსებობდა „გადმოყვანილი დენის“ არამიწიერი მადლი და მისი მომმატებელი ალქიკიმოსი ტრანსფორმატორი. ეს უკანასკნელი ან გულებს წვავდა სერიალების მაყურებელთა, ან – მათ სახლებს, ვისაც ღამით ჩართული რჩებოდა. ჩემი გული კი, და სახლიც, და რაც გნებავთ, მაშინ ბარსელონაში იყო. წითელმაისურიანმა თერთმეტმა ნომერმა რაღაცნაირად განწირულად მოიქნია ფეხი, თითქოს უმიზნოდ, ტედი შერინგემმა დაახვედრა და ანგარიში გათანაბრდა. „ბაიერნი“ – „მანჩესტერი“  – 1:1. თერთმეტი ნომერი კი რაიან გიგზისა გახლდათ, „მანჩესტერის“ ყველა დროის უმთავრესი კაცთაგანის – ჩარლტონის, ბესტის, კანტონას ტოლის. ის ფეხბურთიდან ახლახან წავიდა. მერე ამას სოლკაიერი მოჰყვა. ხანდახან ეს თამაში მესიზმრება ხოლმე.

ბლუზი: ბესი სმითი   (I ნაწილი)

0

 

ბლუზი პლანტაციებიდან მოსული მუსიკაა. მასში შავკანიანი მონების ღია ჭრილობები, სისხლი და ტკივილია ჩაქსოვილი. მონებისთვის ურთიერთობის საუკეთესო საშუალებას სიმღერა წარმოადგენდა, ვინაიდან მხოლოდ სიმღერით შეეძლოთ იმის გაგება, მეზობელი წყურვილს, დაღლილობას ან ჯოჯოხეთურ სიცხეს ხომ არ მოეკლა. მღეროდნენ თავიანთ მძიმე ყოფაზე, სირთულეებსა და წინააღმდეგობებზე, ყოველ შავკანიანს გზაზე რომ ეღობებოდა. მელოდია დაკავშირებული იყო შრომის სიმღერასთან, ევროპული წარმოშობის ხალხურ სიმღერასთან, ბალადასთან. ბლუზი („მწუხარე“, „მელანქოლიური“, „გულგატეხილი“) ბალადის ანალოგია. მოგვიანებით ეს მუსიკა აფროამერიკული კულტურის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მონაპოვრად და მსოფლიო მუსიკის განუყოფელ ნაწილად იქცა.

ვოკალური ჟანრის ლირიკული ზანგური სოლო სიმღერის, ბლუზის, ტექსტი უბრალო, მარტივი და დაუხვეწავია სიკვდილის, სიყვარულის, მონობისა და თავისუფლების ბანალური თემებით. ტრაგიკული ამბებისა და განცდების მიუხედავად, მუსიკა თავისი რიტმით შესაძლოა საზეიმოც კი იყოს. დროთა განმავლობაში ბლუზის უფრო ხალისიანი ნაირსახეობა განვითარდება.

რაც შეეხება ბლუზის სტრუქტურას, ის სამ აკორდზეა აგებული. ძირითადი მონახაზი 12–ტაქტიანია. პირველი ოთხი ტაქტი ტონიკურ ჰარმონიაზე იკვრება, აქედან ორი – სუბდომინანტასა და ტონიკაზე, ხოლო ორი – დომინანტასა და ტონიკაზე. საინტერესოა, რომ მისი ვარირება უსასრულობამდეა შესაძლებელი. მეტრული საფუძველია 4/4. ბლუზი განსაკუთრებულია იმით, რომ მის კილოში გამოყენებულია დადაბლებული III, V და VII საფეხურები, ეგრეთ წოდებული „ბლუზური ნოტები“.

თავდაპირველად ბლუზის ნახევრად პროფესიონალი შემსრულებლები გასამრჯელოს საძებნელად ქალაქიდან ქალაქში მოხეტიალე მაწანწალები იყვნენ. მათ ბლუზური კომპოზიციების შესრულება უმთავრესად ქუჩაში, ჭიშკართან, მატარებლის კიბეზე უწევდათ. „სოფლურ ბლუზს“ (country blues) ძირითადად მამაკაცები ასრულებდნენ გიტარის თანხლებით. „კლასიკურш ბლუზი“ მხოლოდ XX საუკუნის 20-იან წლებში ჩამოყალიბდა, როცა დიდი შოუბიზნესის სამყაროში მოხვდა. ის სწორედ „სოფლური ბლუზის“ დახვეწის შედეგია. „კლასიკურ ბლუზს“ ძირითადად ქალები ასრულებდნენ. ეს შესრულება გრძნობებით, ეროტიზმითა და სექსუალურობით იყო აღსავსე. კლასიკური ბლუზის „დედოფლებად“ შერაცხულნი იყვნენ გერტრუდ რეინი, მეტსახელად “მა” – ბლუზის ერთ-ერთი პირველი პროფესიონალი მომღერალი (კონტრალტო) – და მისი მოსწავლე ბესი სმითი.

მა რეინსა და ბესი სმითს შავკანიანი აუდიტორია აღმერთებდა. მათ რისკის ფასად უერთდებოდნენ ზანგების ხელოვნებით მოხიბლული თეთრი მსმენელები. ამ დიდებული ქალბატონების მიერ შესრულებული ბლუზი მსმენელს “ქანთრი ბლუზს” მოაგონებდა. სხვათა შორის, მამაკაცებს არასოდეს განუცდიათ ისეთი თავბრუდამხვევი წარმატება, როგორიც “ბლუზის ბუმის” დროს ქალებს ხვდათ წილად.

ძველ, ტრადიციულ ბლუზში აფრიკული ელემენტები დომინირებდა, მოგვიანებით კი მასში ევროპული მუსიკის გავლენა გამოიკვეთა. ბლუზის შემსრულებელი ქალები ევროპულ ტრადიციებთან უფრო ახლოს იყვნენ, ვიდრე მამაკაცები. მათი უმეტესობა მხოლოდ ბლუზს კი არ ასრულებდა, არამედ მენესტრელების თეატრის ვოკალისტიც იყო და თავს ესტრადის მომღერლად მიიჩნევდა.

XX საუკუნის 20-იან წლებში ბლუზმა დიდი ძალისხმევის ფასად თავი დააღწია ზანგურ გეტოს და ამერიკელების – შავებისა და თეთრების – მნიშვნელოვანი ნაწილის საყოველთაო გატაცებად იქცა.

30-იანი წლების მუსიკოსებისთვის ბლუზი ჰარმონიების განსაზღვრულ ნაკრებს ნიშნავდა, რომლის ფარგლებშიც ვითარდებოდა იმპროვიზაცია. ბლუზის ძირითადი ელემენტები, რომლებმაც პირველადი ფუნქცია დაკარგა, ჯაზის საერთო სისტემაში აღმოჩნდა ჩართული. ჯაზმენებისთვის ბლუზი ჯაზის რეპერტუარის ნაწილი გახდა და არა გამოცალკევებული მუსიკალური ფორმა.

თუმცა 50-იანი წლების ბოლოს ბლუზი ბიბლიურ ლაზარესავით აღდგა. ის მოულოდნელად იქცა ახალი მუსიკის – როკის წყაროდ, რომელმაც ელვის სისწრაფით დაიპყრო მსოფლიო. როკი, ისევე როგორც ჯაზი, ბლუზისგან დაიბადა, ასე რომ, ბლუზი თავის „შვილებთან“ ერთად დღემდე მშვიდად აგრძელებს ცხოვრებას.

 

ბესი

ბლუზის უდიდესი მომღერალი ბესი სმითი ამერიკული მუსიკალური ინდუსტრიის ერთ-ერთი პირველი ვარსკვლავი იყო, რომელმაც მომდევნო თაობებზე უზარმაზარი გავლენა მოახდინა.

XX საუკუნის 20-იანი წლები წარმატების პერიოდად იყო მიჩნეული როგორც ბესი სმითისთვის, ასევე მთელი ამერიკისთვის. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ეკონომიკის ზრდამ (უმთავრესად – სამხედრო დაკვეთების ხარჯზე) ქვეყანა მსოფლიოს მოწინავე სახელმწიფოთა რიგებში ჩააყენა. მაგრამ 20-იანი წლების ბოლოს, „შავ ხუთშაბათად“ წოდებულ 1929 წლის 24 ოქტომბერს, როდესაც ნიუ იორკის ბირჟამ კრახი განიცადა, ქვეყანაში დიდი დეპრესია დაიწყო. შემოღებულ იქნა მშრალი კანონი, თუმცა მოყვარულები ალკოჰოლს მალულად მაინც ეძალებოდნენ, უკრავდნენ, მღეროდნენ და ცეკვავდნენ. ამ პერიოდს ამერიკელმა მწერალმა ფრენსის სკოტ ფიცჯერალდმა „ჯაზის ეპოქა“ უწოდა.

 

ბავშვობა

ბესის ახალგაზრდობის წლების შესახებ, სამწუხაროდ, ცოტა რამ ვიცით. საკამათო იყო მისი დაბადების თარიღიც, თუმცა, კრის ალბერტსონის „ბესის“ მიხედვით, მომღერალი 1894 წელს უნდა დაბადებულიყო. უნდა ითქვას, რომ ჯაზის ლიტერატურაში ეს წიგნი ერთ-ერთ საუკეთესო ბიოგრაფიულ ნამუშევრად მიიჩნევა. უტყუარია ცნობა იმის შესახებ, რომ ბესი შვიდშვილიან უღარიბეს ოჯახში დაბადებულა, მშობლები კი ადრე გარდაცვლია. ობოლი, ნახევრად მშიერი და მრავალჯერ გამონაცვალ ტანსაცმელში გაზრდილი ბესი რაც შეიძლება ბევრი ფულის შოვნაზე ოცნებობდა და იმედით უყურებდა მომავალს.

ბესი ბავშვობაშივე გაიტაცა სიმღერამ. კვირაობით მღეროდა საეკლესიო გუნდში, ყველგან, სადაც კი შესაძლებელი იყო. 9 წლისა ქუჩაში სიმღერით ირჩენდა თავს – გულკეთილი გამვლელები ხუთცენტიანებით აჯილდოებდნენ.

არავინ იცის, ბესი ბავშვობაში როგორ მუსიკას უსმენდა. რა თქმა უნდა, მშობლიურ ჩატანუგაში ჯაზს ვერ მოისმენდა. თუმცა ბლუზის ადრინდელი ვარიანტები და პოპულარული მელოდიები მენესტრელების წარმოდგენებიდან მაშინ უკვე ჟღერდა. შესაძლოა, ბესი, ახალფეხადგმული რეგტაიმის მელოდიებსაც ისმენდა და ითვისებდა.

 

გზაჯვარედინი

შესაძლოა, ბესი ბოლომდე ქუჩის მომღერლად დარჩენილიყო, მაგრამ, როგორც ჩანს, ბედმა სხვაგვარად ინება. ბესის ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა, როდესაც 1912 წელს მის ქალაქში საკუთარი შოუ-დასით „ბლუზის დედა“ – მა რეინი ჩამოვიდა. მა რეინმა ბესის ნამღერი მოისმინა, ცეკვის გამორჩეული ნიჭიც უმალ შეამჩნია და დასში აიყვანა.

მა რეინი მუსიკალურ წრეებში დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა. იგი არც თაყვანისმცემლების ნაკლებობას უჩიოდა და უსაფუძვლოდ არც „ბლუზის „დედად“ ყოფილა მონათლული. მა რეინი მეტოქეობის ჟინით არასდროს გამოირჩეოდა, ამიტომ ბესის მომღერლად აღზრდას სიამოვნებით მიჰყო ხელი. თავიდანვე შესამჩნევი იყო, რომ ბესი მასწავლებელს აჯობებდა. გოგონას დაბალი, ძლიერი, მსუყე და გულში ჩამწვდომი ხმა ჰქონდა. დროთა განმავლობაში ის ბრწყინვალედ დაეუფლა ბლუზის ინტონაციური შეფერილობის ხელოვნებასა და ბგერათა სწორ არტიკულაციას. საინტერესოა, რომ ბესის არასდროს გამოუყენებია მიკროფონი. „მას შეეძლო ემღერა უფრო ხმამაღლა, ვიდრე ნებისმიერ სვინგურ ორკესტრს“, – ამბობდა ერთ-ერთი ცნობილი მესაყვირე.

ახალბედა მომღერალმა მა რეინისგან ბევრი კარგიც და ცუდიც შეითვისა. ვოკალური ოსტატობაც სწორედ მისგან ისწავლა. სამწუხაროდ, ამავე დასში მიეძალა ალკოჰოლს, რამაც შემდგომ ძალზე გაურთულა ცხოვრება.

მომდევნო წლებში ბესი სხვადასხვა თეატრში მუშაობს, გამოდის ტენტ-შოუებში, კარნავალებზე, საესტრადო ჯგუფებთან ერთად მონაწილეობს გასტროლებში. პირველი მსოფლიო ომის დასასრულისთვის, ჯაზის ციებ-ცხელების დასაწყისში, 26 წლის ბესი უკვე ცნობილი მომღერალია.

ბოდიში, რომელიც დიდი ხნის წინ უნდა მომეხადა

0

ფეისბუქზე წერილი მივიღე. კლასელი მწერდა, რომელთანაც, უკვე წლებია, ურთიერთობა აღარ მქონია – ჩემი კლასი სკოლის დამთავრებამდე დატოვა და გაუჩინარდა. საუბრის დასრულებამდე ვკითხე, სწავლა სადმე თუ გააგრძელე-მეთქი. მიპასუხა, ყველანი ჩვენი ცხოვრებით ვსწავლობთო.

ვიცი, რასაც გულისხმობდა.

მეათე კლასამდე ვსწავლობდით ერთად. კარგ მოსწავლედ და ამხანაგად მიგვაჩნდა, მაგრამ მანამდე, სანამ გავიგებდით, რომ იეჰოვას მოწმე იყო.

მერე ყველაფერი შეიცვალა.

ხშირად ვსეირნობდით და ვსაუბრობდით ყველაფერზე, რაზეც ორ კლასელს შეეძლო ესაუბრა, მაგრამ სკოლაში თეონას დასცინოდნენ და მე ვერაფერს ვაკეთებდი, ვდუმდი. ხანდახან წარმოვიდგენ, როგორ ვბრუნდები წარსულში, სკოლის მერხთან, დროსთან ერთად შეძენილი გამოცდილებით, ცოდნით და გამბედაობით, წარმოვიდგენ, როგორ ვცდილობ მის დაცვას მასწავლებლებისგან, კლასელებისგან და ჩემგან: აბუჩად ვიგდებდით, როცა გეოგრაფიის გაკვეთილის დაწყებამდე ლოცვას არ კითხულობდა, დავცინოდით, როცა ეკლესიაში შესვლაზე უარს ამბობდა. ხშირად ამბობდნენ, უცნაური ბავშვიაო, მაგრამ დღემდე ვერ მივმხვდარვარ, რა იყო მის ქცევაში უცნაური.

ნელ-ნელა სწავლას მოუკლო და მასწავლებლებისგანაც ხშირად იღებდა საყვედურს. ბოლოს ვეღარ გაუძლო და სკოლიდან გადავიდა. წერილი დამიტოვა – ყველას არ ენდო, მატყუარები კარგ ადამიანებსაც უბიძგებენ ბოროტებისკენო.

ვიცი, რასაც გულისხმობდა.

კლასელები ხშირად არ მახსენდება, თუმცა თეონა ცოტა ხნის წინ მომაგონდა – დიტრიხ ბრიუგემანის ფილმ “გოლგოთის გზის” ყურებისას. ფილმი 14 თავად არის დაყოფილი, რომლებიც იესოს უკანასკნელ მოგზაურობას ეხმიანება. ყოველი მომდევნო თავი პატარა გაელვებაა მარიას ცხოვრებიდან – გოგონასი, რომელიც ასეთსავე სიმბოლურ ტრაექტორიას გადის.

ოჯახურ წრეში მარია წმინდა პიუს XII-ის საზოგადოების სწავლებასა და ტრადიციონალისტური კათოლიციზმის მკაცრ წესებს ემორჩილება. დედას არ სურს, მისმა ქალიშვილმა ჭეშმარიტი გზიდან გადაუხვიოს, ამიტომ გამუდმებით აკონტროლებს მას. წნეხი ფილმის დასაწყისიდანვე იგრძნობა, როცა მღვდელი მოსწავლეებს ღვთის ერთგულებასა და მის წინაშე ვალდებულებებზე, „სატანური“ როკმუსიკის მოსმენისგან თავის შეკავებასა და იმ ბრძოლაზე ესაუბრება, რომელიც უფლის სადიდებლად უნდა გამართონ.

ერთ-ერთ ეპიზოდში მარია ვარჯიშზე უარს ამბობს, მიზეზად კი მუსიკისადმი მისი რელიგიის დამოკიდებულება მოჰყავს. სკოლა პრობლემებით აღსავსე ხდება, მუსიკისადმი მარიასა და მისი ოჯახის დამოკიდებულება დაცინვის საგნად იქცევა.

მარია კეთილშობილი, მოაზროვნე თინეიჯერია, რომელიც ცდილობს, თანატოლების მსგავსად, დამოუკიდებლად დაიწყოს ცხოვრება. მძიმე სანახავია, როგორ ნებდება მარია სტრესს მხოლოდ წმინდა, გულიდან წამოსული განზრახვებით, როცა მის გარშემო ფანატიკოსები ჩნდებიან.

მარიას სურს, ავადმყოფ ძმას დაეხმაროს. მისი კეთილი ბუნების მეშვეობით რეჟისორი რელიგიური ფანატიზმის ფუნდამენტური საფრთხეების წარმოჩენას ცდილობს, რომლებსაც ყველაზე მეტად „მართლმორწმუნე“ დედას განასახიერებს. მამა მოვლენების პასიური მონაწილეა და კრიტიკულ მომენტებშიც კი უმოქმედო მაყურებლად რჩება.

„გოლგოთის გზაში“ მრავლადაა ხელოვნური სცენები, თუმცა ეს მხოლოდ დისტანციის შესაქმნელად და ტრაგედიის იმ „შავ იუმორად“ გადასაქცევად კეთდება, რომლითაც ფილმია გაჯერებული. ღმერთისთვის თავის მიძღვნაშია ჩაქსოვილი მარიას განადგურების გზა. ფილმის საბოლოო დანიშნულება აბსოლუტურად თანდაყოლილი საბრალდებო დასკვნაა და ჩვენ ვიღებთ დოგმებს რწმენის ნაცვლად.

თეონასთვის არასოდეს მომიხდია ბოდიში ჩემი უმოქმედობის, უცოდინრობისა და გაუბედაობის გამო. ვწუხვარ, რომ ვერასდროს ვახერხებდით იუმორსა და ირონიას შორის ზღვარის გავლებას. ვწუხვარ, რომ ვერ შევძელი სკოლისგან, ბავშვებისა და საკუთარი თავისგან მისი დაცვა.

მაგრამ ეს უკვე თავის მართლებას ჰგავს.

სემინარული მუშაობა,  როგორც   სწავლების ხარისხის ამაღლების ეფექტური საშუალება

0

სემინარი, როგორც საგაკვეთილო საქმიანობის ფორმა, საგანმანათლებლო სისტემის მნიშვნელოვანი კომპონენტია, თუმცა მისი  პრაქტიკული  გამოყენება შედარებით  იშვიათად  ხდება სასკოლო ცხოვრებაში, რაც სემინარული  მუშაობის გარკვეული თავისებურებებით აიხსნება. ძირითადად ესაა მასწავლებლის საკმაოდ მაღალი ჩართულობა და როლი მუშაობის პროცესში. სემინარული მუშაობის სწორად ორგანიზებისათვის მასწავლებელს სჭირდება:

  • მოსწავლის შესაძლებლობებისა და შესაფერისი პრობლემური სიტუაციების გამოკვეთა;
  • მასალების განზოგადებისთვის და დავალების შესრულებისათვის აუცილებელი ლიტერატურის შერჩევა, მოძიება და გაანალიზება;
  • დიალოგის წარმოება მოსწავლეებთან, კონსულტაცია და შუალედური კონტროლი;
  • ჯგუფური და ინდივიდუალური სამუშაოს ორგანიზება/ჩატარება.

 

მიუხედავად მოსამზადებელი სამუშაოს მრავალფეროვანი ეტაპისა, სემინარული მუშაობა მნიშვნელოვანია მოსწავლეთა კვლევითი და შემოქმედებითი უნარების განვითრებისთვის.  ამ დროს  მოსწავლეები  დამოუკიდებლად გამოიყენებენ და შეისწავლიან  სხვადასხვა ინფორმაციებს (რომლებიც თავის მხრივ სხვადასხვა გზით აქვთ მოპოვებული), იღრმავებენ ცოდნას, კვლევითი უნარ-ჩვევებთან ერთად უვითარდებათ ცხოვრებისათვის მნიშვნელოვანი პრაქტიკული უნარებიც.

 

რა კონკრეტული უპირატესობები გააჩნია სემინარულ მუშაობას ჩვეულებრივ  საგაკვეთილო სიტუაციასთან შედარებით?

სემინარის დროს საბაზო საფეხურზე მოსწავლეები მუშაობენ:

  • წერილობით წყაროებზე, რომლის დამუშავებისთვის მასწავლებელს წინასწარ აქვს მომზადებული თეზისები, გეგმები და ა.შ.
  • დამატებითი სასწავლო ლიტერატურის გამოყენებაზე;
  • ეწევიან დამოუკიდებელ შემოქმედებით საქმიანობას, ატარებენ დისკუსიასა და განხილვებს.

საშუალო  საფეხურის   მოსწავლეები:

  • იყენებენ მრავალფეროვან ისტორიულ  წყაროებს;
  • არიან გაცილებით აქტიურები (მაგალითად, მასწავლებელი თვითონ არ სვამს შეკითხვებს,  ამას აკეთებენ  მოსწავლეები);
  • შეუძლიათ მასალების სიღრმისეული ანალიზი;
  • იღრმავებენ კვლევით უნარებს;
  • შეუძლიათ შეფასებების გაკეთება თანაკლასელებისთვის და მათი ნაშრომების რეცენზირება;
  • აკადემიური წესებით მიჰყავთ დისკუსია, პატივს სცემენ ოპონენტებს, შეუძლიათ საკუთარი პოზიციების წამოყენებაც და დაცვაც.

სემინარული მუშაობა  იწყება მასწავლებლის  შესავალი სიტყვით და თემის ფორმულირებით, მიზნის, ამოცანისა და აქტუალობის გაცნობით; შემდეგ მოსწავლეები გამოთქვამენ აზრს გეგმის შესახებ, საბოლოო  სიტყვა კი ისევ მასწავლებლისაა, რომელიც შეაჯამებს შედეგებს, გამოყოფს ძირითად იდეებს და შეაფასებს მოსწავლეთა მუშაობას. მუშაობისას მოსწავლეები მოქმედებენ გეგმის შესაბამისად, მაქსიმალურად არიან ჩართული თემის შესწავლასა და განხილვაში, ამზადებენ მოხსენებას და რეფერატებს, ირჩევენ მომხსენებელს და ოპონენტს, ამზადებენ სადისკუსიო საკითხებს. შინაარსის სირთულიდან გამომდინარე,  სემინარული მუშაობა სასურველია ჩატარდეს თვეში დაახლოებით 2-ჯერ. სემინარული მუშაობის დღეს არაა რეკომენდებული წერილობითი და ზეპირი  დავალებების შესრულება, ან ჩათვლები და გამოცდები სხვა სასწავლო დისციპლინებში.

 

განვიხილოთ სემინარული მუშაობის პრაქტიკული მაგალითი:

 

გაკვეთილის ტიპი: განმეორებისა  და განზოგადების გაკვეთილი;

მეთოდები: რეპროდუქტიული, ნაწილობრივი ძიების (ევრისტიკული);

რესურსები: სემინარის გეგმა; სქემა ისტორიული პირების შესახებ.

გაკვეთილის მიმდინარეობა:

  1. ორგანიზაციული მომენტი;
  2. თემის განზოგადება და გამეორება – „ქართლის სამეფოს წარმოქმნა. საქართველო ახალი წელთაღრიცხვის პირველ საუკუნეებში“.

ა) მასწავლებელი წამოაყენებს თემას, რომლის განხილვაც ხდება და ეს იქნება ძირითადი დავალება (მოცემულ შემთხვევაში ეს იქნება „ქართლის სამეფოს წარმოქმნა. საქართველო ახალი წელთაღრიცხვის პირველ საუკუნეებში“).

დავალების შესაბამისად მომზადდება მოხსენებებიც შემდეგ თემებზე:

  1. 1. „ფარნავაზ მეფე როგორც ისტორიული პიროვნება“;
  2. „ფარსმან II როგორც ისტორიული პიროვნება“;
  3. 3. „მირიან მეფე როგორც ისტორიული პიროვნება“.

 

მოხსენების – ისტორიული პირების ცხოვრებისა და მოღვაწეობის აღწერა“ –  სტრუქტურის  მაგალითი:

  1. ცხოვრებისა და მმართველობის წლები;
  2. მოკლე ბიოგრაფიული ცნობები;
  3. პიროვნების ისტორიული როლი;
  4. მოხსენება აიგება იმ ეპოქის მთლიანი სურათის გათვალისწინებით, რომელშიც ცხოვრობდა და მოღვაწეობდა კონკრეტული ისტორიული პიროვნება.

ბ) მაწავლებელი მოხსენებას ეცნობა წინასწარ, შეხვედრის გამართვამდე და მოსწავლეს აძლევს  რეცენზიას.

გ) მოსწავლეები იყოფიან 3 ჯგუფად, თითოეულის მიზანია ჯგუფის მოხსენების ძირითადი იდეის დაცვა, ისტორიულ პიროვნებებზე ცოდნის თავმოყრა და განზოგადება;

დ)  მოისმენენ რა მოხსენებებს ფარნავაზ მეფეზე, ფარსმან II-სა და მირიან მეფეზე,  როგორც ისტორიულ პიროვნებებზე, მოსწავლეები წინასწარ მომზადებულ სქემაში    შეიტანენ მათი აზრით ყველაზე  მნიშვნელოვან დასკვნებს:

 

მასალის  სისტემატიზაციის და განზოგადების სქემის ნიმუში

.

  ფარნავაზ მეფე

(ძვ.წ. IV-III სს.)

ფარსმან II

(ახ.წ. IIს.)

მირიან მეფე

(ახ.წ. III-IV სს.)

ძირითადი მიღწევები საშინაო პოლიტიკაში ტერიტორიის ფორმირება; სამეფოს მმართველობითი სისტემის ჩამოყალიბება;

სახელმწიფო სტრუქტურების ფორმირება; საგადასახადო სისტემის შემოღება;

ჯარისა და ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების შექმნა; სახელმწიფო ენის შემოღება.

 გაამყარა სახელმწიფო ხელისუფლება

 

 

 

 

 

 ცდილობდა მშვიდობის შენარჩუნებას; ზრუნავდა  ქვეყნის უსაფრთხოებაზე; მოინათლა და მონათლა ქართლის მოსახლეობა;  იზრუნა მთის მოსახლეობის გაქრისტიანებაზე
ძირითადი მიღწევები საგარეო პოლიტიკაში სახელმწიფოს შექმნისას გაითვალისწინა და დააფასა მეზობელი ქვეყნების პოზიცია და დამოკიდებულება გაამყარა კავშირები მეზობელ კავკასიურ ხალხთან; დაიცვა ქვეყნის საზღვრები და კიდევ უფრო გააფართოვა ისინი მიტაცებული ტერიტორიების დაბრუნებით.  ქრისტიანობის აღიარებით საგარეო პოლიტიკაში დაიკავა რომის იმპერიის პოზიციები და დაუპირისპირდა მეზობელ ირანს; უპირისპირდებოდა მტერს სამეფოს ტერიტორიების დაცვაში.
ძირითადი მიღწევები კულტურაში გაატარა რელიგიური რეფორმა –  შემოიღო საერთო ქართული კერპი; ააგო წარმართული ტაძრები; ზრუნავდა ქართული მწიგნობრობის და კულტურის განვითარებაზე. ერთგულად ემსახურებოდა კერპებს.  სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა ქრისტიანობა;  ააგო  სვეტიცხოვლის ტაძარი; ისწრაფვოდა ბიზანტიურ-რომაული კულტურული ღირებულებისაკენ;

 

 

ე) ჯგუფის თითოეული წევრი მზადაა შეავსოს ცხრილი (განიხილება ყველა მოსაზრება);

ვ) მასწავლებელი ცოდნის სისტემატიზაციისა და განზოგადების სქემის შედგენის შემდეგ შეაჯამებს მოსწავლეთა მუშაობას და დამატებით გაამახვილებს ყურადღებას თითოეული ისტორიული პირის მოღვაწეობაზე და მის გავლენაზე ისტორიულ პროცესში;

ზ) მასწავლებელი შეაფასებს მოსწავლეთა ინდივიდუალურ მომზადებას სემინარული მუშაობისთვის (ანუ შეაფასებს მათ მოხსენებებსაც და სქემის შევსებაში  მონაწილეობასაც) დაბოლოს, ჯგუფის საერთო მუშაობასაც.

III.   დასკვნა/შეჯამება – სემინარული მუშაობის ძირითადი მიზნის გახსენება და უკუკავშირი შესრულებულ სამუშაოსთან.

  1. საშინაო დავალების მიცემა – „შუა საუკუნეების გამოჩენილი ისტორიული პიროვნებები“ .

სემინარულ მუშაობას ფართო საგანმანათლებლო და განმავითარებელი მნიშვნელობა აქვს მოსწავლეებისათვის – ისინი იმეორებენ მასალას, სხვადასხვა ეპოქებს შორის  ამყარებენ მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს, უფართოვდებათ საგნობრივი ცოდნა და   კომპეტენციები, ანალიზისა და განზოგადების და ზოგადად კომუნიკაციური უნარები, ეუფლებიან შეკითხვების  დასმის  ალტერნატიულ  გზებსა და ცოდნის შეძენის ინტერაქტიულ მეთოდებს. ამ ყოველივეს შედეგად კი მათი მიღწევები კონკრეტული შედეგების მიმართულებით გაცილებით იზრდება, ამიტომ სემინარული მუშაობის ჩართვა სასწავლო საქმიანობაში ცოდნის ხარისხის ამაღლების ეფექტური საშუალებაა.

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...