კვირა, ივნისი 8, 2025
8 ივნისი, კვირა, 2025

როგორ დავგეგმოთ და ჩავატაროთ შემაჯამებელი სამუშაო

0

 მათემატიკაში შემაჯამებელი სამუშაოს მრავალფეროვნება სახალისოს  ხდის სწავლების პროცესს და რეალურად აძლევს მოსწავლეს იმის საშუალებას, შეაჯამოს განვლილი თემა. მინდა გაგიზიაროთ ჩემი პრაქტიკული გამოცდილება და შემოგთავაზოთ ერთ-ერთი მიდგომა, რომელსაც შემაჯამებელი სამუშაოს დაგეგმვის და ჩატარების დროს ვიყენებ.

შესაჯამებელი თემა დაიყოფა კატეგორიებად. ეს კატეგორიებია: მარტივი,საშუალო და რთული. მარტივი-2 ქულა, საშუალო-3 ქულა, რთული-4 ქულა.

მარტივი და საშუალო კატეგორიების თეორიული მასალა და სავარაუდო ამოცანების სტილი წინასწარ ეცოდინებათ და მოემზადებიან. რთული კატეგორია, ძირითადად, შედგება სააზროვნო ამოცანებისაგან.

ბავშვი  თავად ამოირჩევს, რომელი კატეგორიის კითხვა ურჩევნია. მასწავლებელს ეს საშუალებას მისცემს, უზრუნველყოს ყველა მოსწავლის ჩართვა და გააკეთოს მასალის დიფერენცირება.

შეკითხვის მიღების წესი: თითოეული გუნდიდან ერთდროულად გამოდის თითო ბავშვი. ირჩევს შეკითხვებს, რომლებიც მაგნიტით იქნება დაფაზე დამაგრებული ფერების მიხედვით. ქვეშ იქნება დამალული კითხვები. მაგნიტით დამაგრება საშულებას მისცემს მასწავლებელს, სწრაფად ჩამოხსნას და დაამაგროს ფურცლები.

ორგანიზების ფორმა: კლასიდან მასწავლებელი ამოარჩევს აკადემიურად მაღალი მოსწრების მოსწავლეებს, რომლებიც იქნებიან კაპიტნები. გუნდის წევრების შერჩევა მოხდება კაპიტნების მიერ არჩევანი-არადანის პრინციპით. თითოეულ გუნდს ექნება რაიმე დამახასიათებელი ნიშანი: ვთქვათ, გულზე ქინძისთავით დამაგრებული სხვადასხვა ფერის ლამაზად გამოჭრილი  ფურცლები ან ლენტები. ასევე, შეიძლება გუნდები, უბრალოდ, დაინომროს.

შეჯამების დროს ერთდროულად გამოდის თითო გუნდიდან თითო ბავშვი და ირჩევს კითხვას. კითხვები არის დანომრილი, მიაქვთ მოსაფიქრებელ განყოფილებაში. ეს არის სპეციალურად მოწყობილი კუთხე-მერხები, სადაც დახვდებათ ფურცლები და პასტები. მოსაფიქრებელი  მერხები დგას  შესაბამისი გუნდის  საპირისპირო მხარეს.

სანამ გუნდის წევრებს მოსაფიქრებელი წუთები სჭირდებათ, თითოეულ გუნდს უფლება ეძლევა, მოიპოვოს თითო-თითო ქულა ამ თემაზე საინტერესო პრეზენტაციით. პრეზენტაცია შეიძლება იყოს მათ მიერ შექმნილი, დახატული ან მოპოვებული მასალით.  გუნდის კაპიტანს  უფლება ეძლევა,  გუნდს მოუტანოს 1 ქულა იმ  შემთხვევაში,  თუ მისი გუნდის წევრის არასწორ პასუხს გამოასწორებს.

საპრეზენტაციო თემები უნდა იყოს წინასწარ შეთანხმებული მასწავლებელთან, თუმცა მასწავლებელი მხოლოდ მიმართულების მიმცემია.

აკადემიური მოსწრების მიუხედავად, ყველა მოსწავლე იღებს მონაწილეობას. მასწავლებელს და ბავშვებს ეცოდინება, რომელი ფერის კითხვა რამდენქულიანია და რა წონა აქვს. ბოლოს ქულების „განაღდება“ მოხდება ფერების მიხედვით: ყვითელი-საპრეზენტაციო 1 ქულა, მწვანე-2 ქულა, ლურჯი-3 ქულა, წითელი-4 ქულა (ფერები პირობითია, შეცვლა შეიძლება, მაგრამ არ უნდა დაემთხვეს შუქნიშნის მიმდევრობას).

კაპიტნები ჯგუფის დაკომპლექტების დროს გაითვალისწინებენ ბავშვების კარგ საპრეზენტაციო უნარს, ისტის ტექნოლოგიების  ცოდნას, ხატვის უნარს.

დასრულების შემდეგ მოხდება რეფლექსია და შეფასება. ეს პროექტი საშუალებას გვაძლევს მაქსიმალურად  გამოვიყენოთ ბლუმის ტაქსონომიის სააზროვნო დონე.

იგივე შეიძლება პრეზენტაციების გარეშე, საჭიროებიდან გამომდინარე, როცა სწრაფად გვინდა მასალის დიფერენცირება.

პრეზენტაციების შესაძლო ვარიანტები:

ვთქვათ, შესაჯამებელი თემაა:

სიმრავლეებს  შორის შესაბამისობები (ფუნქციები, გრაფები)

  1. ოქროს კვეთა და მისი კავშირი ფუნქციებთან (ვიდეო. ვარიანტი).
  2. ოქროს კვეთის პაქტიკული ახსნა (პრეზენტაციები ალექსანდროვის ფურცლიდან).
  3. გრაფთა თეორიის შექმნის ისტორია და კენისბერგის 7 ხიდის ამოცანა.
  4. გრაფთა თეორია(სლაიდი).
  5. გრაფთა თეორიის კავშირი არქიტექტურასთან, გენეალოგიურ ხეებთან, შეიძლება განიხილონ ცნობილი ადამიანების გენეალოგიური ხაზი. მაგ; ვაჟ ფშაველას , ილია ჭავჭავაძის და ასე შემდეგ.
  6. ისტორიული ფაქტი ამ თემის შესახებ(გალილეო გალილეის აღმოჩენილი ჭურვის ფრენის ტრაექტორიის პარაბოლასთან კავშირი  ან არქიმედემ როგორ შეძლო, მტრის ფლოტის განადგურება და გადაწვა).
  7. პარაბოლების კავშირი სატელევიზიო სივრცესთან.
  8. რომელიმე პრაქტიკული ამოცანა (მაგ: როგორ ხტება წყალში ადამიანი და მისი ტრაექტორიის გამოთვლა) რომ ჩაეთვალოთ, უნდა იყოს შესაბამისი ნახაზით და ამოხსნილი.
  9. რომელიმე პარაბოლის თაღის მქონე ხიდის შესაბამისი საინჟინრო გათვლები.
  10. ნებისმიერი ნახატი მათი ხელით შესრულებული (არა ინტერნეტიდან მოძიებული) მაგ: ცისარტყელას სურათი ან როგორ ხტება დელფინი წყალში, ან სულაც ბუნების ხედი, სადაც ჩანს ხიდი, რომლის თაღიც პარაბოლის რკალს წარმოადგენს და ა.შ).
  11. მათი ფანტაზიით მოფიქრებული ნებისმიერი კომპოზიცია ფუნქციების შესახებ.
  12. გრაფთა თეორიის საინტერესო ამოცანები, მაგ: ჩინელი ფოსტალიონის ამოცანა ან ნიუ-იორკის ქუჩის დამსუფთავებელის ამოცანა და ასე შემდეგ.
  13. ზოგადად, პარაბოლას სურათები(სლაიდი).

 ვთქვათ შესაჯამებელი თემაა:

ალბათობის თეორია:

შესაძლო საპრეზენტაციო თემები:

  1. ალბათობის შექმნის ისტორია. ბლეზ პასკალის და პიერ ფერმას მიმოწერა.
  2. ალბათობის თეორიის კავშირი მენდელის მიერ აღმოჩენილ გენეტიკის თემასთან. ალბათობა ცნობილი 3:1 შეფარდების დასადგენად.
  3. ალბათობის თეორია და ბროუნის მოძრაობა. ნაწილაკის გადაადგილება.
  4. გალტონის დაფა(სათანადო ნახატით).
  5. კაზინოს თეორია.
  6. საინტერესო ვიდეო ვერსია ამ თემაზე (ზოგადი).
  7. ალბათობის კავშირი პასკალის სამკუთხედთან.
  8. საინტერესო ამოცანა კამათელზე, სათანადო ნახატით და განხილვით.
  9. გეომეტრიული ალბათობა.
  10. სპორტი და ალბათობის თეორია.

 და  ა. შ.

 

შესაჯამებელი თემა სიმეტრია

შესაძლო საპრეზენტაციო თემები:

  1. სიმეტრია ჩვენ ირგვლივ (ზოგადი).
  2. სიმეტრია ბუნებაში(ფოთლები,პეპლები, ყვავილები).
  3. სიმეტრიის გამოყენებით შექმნილი არქიტექტურული და ხელოვნების საოცრებები.
  4. სიმეტრია “ვეფხისტყაოსანში”. რამდენიმე სტროფის და ზოგადი განხილვა.
  5. სიმეტრია გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედებაში.
  6. ბავშვების მიერ შექმნილი სიმეტრიის სურათები ან ნივთები.
  7. გეომეტრიული ფიგურები და მათი სიმეტრიის ღერძები და ცენტრები.
  8. სიმეტრია ქართულ და ინგლისურ ანბანში.
  9. ჰერმან ვაილის აზრი სიმეტრიის შესახებ და ზოგადად, სიმეტრიის იდეა.

მაგალითად 5 ჯგუფად დაყოფა:

AMTUVWY          სიმეტრიის 1-ღერძიანი
BCDEK            სიმეტრიის 1-ღერძიანი
NSZ                    სიმეტრიის   ცენტრიანი
HIOX                  სიმეტრიის  2-ღერძიანი
FGJLPQR                                                                     სიმეტრიის ღერძის არმქონე

            რა თქმა უნდა, IV კატეგორია უფრო ლამაზია, რადგან უფრო მეტად სიმეტრიულია.

  1. სიმეტრიის საოცარი გამოვლინება არითმეტიკაში.

12×42=24×21

102×402=204×201

1002×4002=2004×2001

10002×40002=20004×20001

ასეთები უამრავია:

11.სიმეტრია და ფოლკლორი.

12.სიმეტრიის გამოყენება მოდის ხელოვნებაში.

 

შესაჯამებელი თემაა: გეომეტრიული მასალა

შესაძლო საპრეზენტაციო თემები:

  1. ზოგადი ტელესაცია(სლაიდი)
  2. ტესელაციის კავშირი მხატვრობასთან (მორის ეშერი)
  3. კუბიზმი და მისი წარმადგენელები, განსაკუთრებით პიკასო, ასევე, ქართველი მხატვრებიც, მათი შორის თანამედროვე.
  4. გეომეტრიის ნებისმიერი გამოვლინება მხატვრობაში.
  5. გეომეტრიის შექმნის საინტერესო ისტორია.
  6. გეომეტრიაში სხვადასხვა აღმოჩენა: ჰილბერტის,ლობაჩევსკის,რიმანის…
  7. რა ძალა აქვს გეომეტრიას. მაგ: ეს შეიძლება იყოს ისტორია ან ლეგენდა(მაგ:კართაგენის ტერიტორია როგორ შემოღობეს წვრილ თასმებად დაჭრილი ხარის ტყავით. გეომეტრიის მცოდნე დიდონამ წრეწირის ფორმით შემოსაზღვრა და ეს იმხელა ტერიტორია აღმოჩნდა,რომ მეფეს ნახევარი სამეფო დააკარგვინა)
  8. მიუწვდომელ ადგილებამდე მანძილის გაზომვა, ტრიგონომეტრიის, მსგავსების გამოყენებით. მათ მიერ დახატული და ახსნილი.
  9. ლექსების გეომეტრიულად შემქმნელი პოეტები.
  10. გეომეტრიის გამოყენებით შექმნილი მსოფლიო საოცრებები.
  11. მათი დახატული ნებისმიერი სურათი ამ თემასთან კავშირში.
  12. ცნობილი ადამიანების დამოკიდებულება გეომეტრიასთან (ამბავი, თუ როგორ უყვარდა ნაპოლეონ ბონაპარტეს გეომეტრია და მისი სახელის მქონე სამკუთხედის განხილვა, ასევე ომარ ხაიამის სიყვარული ოთხკუთხედების მიმართ და მისი გამოკვლევები).
  13. ფრაქტალური გეომეტრია. (ახსნა და ლამაზი სურათები).
  14. გეომეტრიული რიცხვები.
  15. ოქროს კვეთის კავშირი გეომეტრიასთან.
  16. გეომეტრიული გათვლებით დაწერილი მუსიკა: ჰაიდნის, შოპენის, ბეთჰოვენის, მოცარტის 90%-ზე მეტი ნაწარმოები ოქროს კვეთითაა დაწერილი ან π რიცხვის მიმართ ადამიანების დამოკიდებულება, ამ რიცხვისთვის  დევიდ მაკდონალდსის მიერ მიძღვნილი მუსიკა, რომლის ყოველი ნოტი ჟღერს ძალიან დიდი ათობითი მიახლოებით. ამ რიცხვს ფილმიც მიუძღვნეს, ძეგლი დაუდგეს და შემოიღეს მისი დღე, რომელსაც მათემატიკური სამყარო აღნიშნავს. მუსიკალური საკრავების: არფას, როიალის ოქროს კვეთასთან კავშირი.
  17. გეომეტრია და მოდა.
  18. სივრცითი სხეულების ფორმის შენობები.
  19. გეომეტრიული პარადოქსები(ზენონის პარადოქსი: აქილევსი და კუ) უსასრულობის ცნების უკეთ გაგება.
  20. პითაგორას თეორემა. მისი ისტორია და გინესის რეკორდების წიგნში მოხვედრა. გასახალისებლად პითაგორას შორტები. პითაგორა-რიცხვთა მამა.
  21. მსოფლიოს საინჟინრო ათეული.
  22. კუპმანსის და კანტოროვიჩის შექმნილი სიმპლექს-მეთოდი, რომლის შექმნისთვისაც ნობელის პრემია მიიღეს. ეს იყო მაქსიმუმის პოვნის გეომეტრიული მეთოდი და ამ მიგნებას ფართოდ იყენებენ ეკონომიკურ მეცნიერებებში. ამ მიგნებისთვის, ფაქტობრივად ნობელის ანდერძი დაირღვა. თმა რომ ჩაეთვალოთ,სათანადო ნახაზით ერთი ლამაზი ამოცანა უნდა განიხილონ.
  23. ადამიანის უმთავრესი ორგანოს, გულის მუშაობა (მეცნიერებმა დაასკვნეს,რომ მთელი კარდიო ციკლის მუშაობა 0,382 და 0,618 რიცხვებით გამოიხატება.,ეს ოქროს კვეთის რიცხვებია).
  24. დედამიწის სურათები კოსმოსიდან.
  25. გეომეტრიული ფიგურებით და მათი ჩრდილებით შექმნილი სილამაზე.

 

შესაჯამებელი თემაა: მიმდევრობები

შესაძლო საპრეზენტაციო თემები შეიძლება იყოს:

  1. ფიბონაჩის მიმდევრობის ზოგადი აღწერა.
  2. ფიბონაჩის მიმდევრობის კურდღლების ფერმის ამოცანა.
  3. ფიბონაჩის მიმდევრობის კავშირი ოქროს კვეთასთან.
  4. არითმეტიკული პროგრესია და ბანკი.
  5. გეომეტრიული პროგრესია და ბანკი.
  6. მრავალკუთხა რიცხვები და მიმდევრობა.
  7. მუსიკა და მიმდევრობა (როგორ ქმნიან წილადები სეკუნდა პატარადან ოქტავამდე  მიმდევრობას).
  8. ზოგადი ინფორმაციები ისტის გამოყენებით.
  9. მათი შექმნილი მასალა მიმდევრობების თემაზე.
  10. ისტორია,თუ როგორ შეძლო ,,მათემატიკის მეფედ“ წოდებულმა გაუსმა, ერთიდან ასამდე რიცხვების შეკრება დაწყებით საფეხურზე არითმეტიკული პროგრესიის ფორმულების გამოყენებით ისე, რომ არ იცოდა ეს თემა.
  11. ლეგენდა ჭადრაკის გამომგონებელზე(ჭადრაკის გამოგონება მეფეს იმდენად მოეწონა, რომ გამომგონებელს უთხრა, მთხოვე, რაც გინდაო. გამომგონებელმა მოითხოვა იმდენი ხორბლის მარცვალი, რამდენიც იქნებოდა ორის ხარისხების ჯამი ერთიდან სამოცდაოთხის ჩათვლით, ეს იმდენად დიდი რიცხვი აღმოჩნდა, რომ დედამიწას ამ რაოდენობის მარცვალი რამდენჯერმე შემოეყრებოდა. მაშინდელმა კარის მათემატიკოსებმა დიდი ხანი იანგარიშეს. არადა, ეს გეომეტრიული პროგრესიის ფორმულებით სწრაფად იხსნება. ეს მაგალითი კარგად ხსნის სიტყვა პროგრესიას, რაც ნიშნავს სწრაფად მზარდს. მეფემ სიტყვა გატეხა, მაგრამ მაინც გულუხვად დააჯილდოვა.
  12. თანაბარაჩქარებული მოძრაობის კავშირი მიმდევრობებთან.

და ასე შემდეგ.

                  შესაჯამებელი თემაა: პერიოდული ფუნქციები და პროცესები

  1. პერიოდულობა და მისი მნიშვნელობა:

ა) მეტეოროლოგიაში;

ბ) ბიოლოგიაში;

გ) ასტრონომიაში;

  1. ქიმიურ ელემენტთა პერიოდულობა.
  2. პარალელი ცხოვრებასთან. (მაგ: გაზეთის პერიოდული გამოცემა).
  3. წელიწადის ოთხი დროის და ზოგადად დროის პერიოდულობა.
  4. აკუსტიკაში დრეკადი ტალღების წარმოშობა და გავრცელება.
  5. გულის ცემის პერიოდულობა.
  6. არქიტექტურული ძეგლები და მისი ჩუქურთმების და ორნამენტების პერიოდული განმეორება.
  7. მუსიკაში მეორდება ხოლმე ბგერათა შერწყმა და ამით ძლიერდება ზემოქმედება.

 და ასე შემდეგ

საჭიროების შემთხვევაში გეომეტრიაში საპრეზენტაციო თემები შეიძლება მომზადდეს მხოლოდ ერთი თემის შესახებ. მაგალითად:

შესაჯამებელი თემაა: მსგავსება

1.პრაქტიკული ამოცანები: როგორ შეიძლება, შეუძლებელი გავხადოთ შესაძლებელი(ზღვაში მდებარე გემამდე მანძილი, ანძის ან  კედლის სიმაღლე ჩრდილის მიხედვით, მდინარის, ტბის მოპირდაპირე მხარეს მდებარე ორ ობიექტს შორის მანძილი და ასე შემდეგ).

2.პითაგორელთა საცნობ ნიშანში, რომელიც წესიერი ხუთკუთხედის დიაგონალებითაა შედგენილი, ოქროს კვეთის დამტკიცება მსგავსების გამოყენებით. საუბარი ზოგადად ოქროს კვეთის შესახებ.

  1. პერკეტისა და ბორდიურების კავშირი გეომეტრიულ გარდაქმნებთან.
  2. სლაიდი მსგავსების გამოყენებით შექმნილი სურათებით.
  3. კომპოზიციები, სადაც გამოყენებული იქნება: სიმეტრია,მობრუნება,პარალელური გადატანა(მსგავსება კოეფიციენტით ერთი).
  4. ნივთების და მათი ჩრდილებით შექმნილი სურათები.
  5. ტესელაცია.
  6. ნებისმიერი ცნობილი შენობის შესაბამისი პატარა სუვენირის ან მოდელის შედარება რეალურ ზომებთან.
  7. მხატვრები და მსგავსება.

ხართ თუ არა კარგი მასწავლებელი?

0

თავი კარგ მასწავლებლად მიგაჩნიათ? ამაზე ხშირად ფიქრობთ? ზუსტად ვერ ხვდებით, რას ნიშნავს იყო კარგი მასწავლებელი? არ იცით, რა არის მთავარი კარგი მასწავლებლისთვის – კომპეტენცია, ადეკვატურობა, ცოდნის გადაცემის უნარი, გამოცდილება თუ უშრეტი კრეატიულობა? ვეცდებით, ამ კითხვებზე პასუხი შემოგაშველოთ, თქვენ კი თავად განსაზღვრეთ თქვენი პროფესიული საქმიანობის ხარისხი.

  1. კარგი მასწავლებელი სვამს კითხვას და შეუძლია პასუხის მოსმენა. ეს უნივერსალური უნარია, რომელიც მასწავლებლის საქმიანობის რამდენიმე მხარეს წარმოაჩენს. კარგი მასწავლებელი მოსწავლეს სულელურ კითხვებს არ უსვამს, რადგან სულელურ კითხვებზე ასეთივე პასუხებს მიიღებს.

კითხვა უნდა იყოს მკაფიო. მას უნდა ჰქონდეს მიზანი. კარგი მასწავლებელი ბევრ კითხვას სვამს, ეს მისი მთავარი ინსტრუმენტია. კითხვამ მოსწავლეთა დიდ ნაწილს ინტერესი უნდა აღუძრას. კითხვა შეიძლება იყოს ირიბი. კითხვა შეიძლება კარნახობდეს პასუხს. კითხვა უნდა დაისვას ისე, რომ მასზე რაიმე პასუხი მაინც მოიძებნოს. კითხვამ უნდა დააფიქიროს მოსწავლე – ესაა მთავარი.

მასწავლებლები ხშირად ამბობენ, რომ კარგი კითხვის დასმა კარგ მოსწავლეს შეუძლია, მაგრამ ვინ ასწავლის ამას, თუ არა მასწავლებელი?..

  1. კარგი მასწავლებლის კლასში ყველა მოსწავლე ადამიანია. ალბათ ზედმეტი იქნება იმაზე მინიშნება, რომ კარგი მასწავლებელი ფიზიკურად არ სჯის მოსწავლეებს, არ შეურაცხყოფს, არ წყევლის და არ აგინებს, ბავშვების ერთ ჯგუფს მეორეს არ ამტერებს. მაგრამ, ყველაფერ ამასთან ერთად, კარგი მასწავლებელი ნორმალურად ექცევა მათ, ვისაც მისი საგანი მიზეზთა გამო არ უყვარს.

მოსწავლე მასწავლებელს რომც გადაემტეროს და მიზნად დაისახოს მისი დამცირება, მასწავლებელმა ასეთივე მეთოდებით არ უნდა უპასუხოს. ფსიქოპათი მოსწავლეც კი სწავლობს ურთიერთობის სხვა ფორმებს მასწავლებლისგან. ეს უნდა გვახსოვდეს.

  1. კარგი მასწავლებელი თავის ტემპერამენტს საქმის სასარგებლოდ იყენებს. მასწავლებელს შეიძლება ჰქონდეს რკინის ნერვები, მწარე ენა, კეთილი გული. მასწავლებელი შეიძლება იყოს ხანდაზმული მამაკაციც და ახალგაზრდა ქალიც, აუტისტიც და პიროვნებაც, რომელიც ზედმეტ ყურადღებას აქცევს საკლასო დისციპლინას, მაგრამ მნიშვნელოვანი ის არის, რომ მან, თავისი ფსიქოფიზიოლოგიის მიუხედავად, ყოველთვის მიაღწიოს მიზანს და სწავლების დროს თავს ისე გრძნობდეს, როგორც თევზი წყალში.

მასწავლებელი ქმნის სამყაროს, სადაც ის ზედმეტი კი არ არის, არამედ რომელსაც ორგანულად ავსებს. მისი რეაქციები და ემოციები მოსწავლეებისთვის სასარგებლოა. ასეთ კლასში მოსწავლეები მასწავლებლის ტალღაზე გადადიან, მისი ატმოსფერო მათთვის მისაღები ხდება. ისინი მშვიდდებიან, მაგრამ არ „მუხრუჭდებიან“, ცოცხლდებიან, მაგრამ არ ცელქობენ.

კარგი მასწავლებლის კლასში იმიტომ კი არ დგას სიჩუმე, რომ ბავშვებს ეშინიათ, არამედ იმიტომ, რომ კონცეტრირებულები არიან, ხმაური კი საკლასო ოთახიდან მხოლოდ დებატების დროს გამოდის.

არცთუ კარგ მასწავლებელს თავისი ტემპერამენტი ხელს უშლის, კარგ მასწავლებელს კი ხელს უწყობს სამუშაო პროცესის წარმართვაში. კარგი მასწავლებელი რეალისტურად აფასებს თავის თავს და არ სჭირდება, გამოიყურებოდეს იმაზე უკეთესად, ვიდრე სინამდვილეშია.

  1. კარგი მასწავლებელი სამართლიანი და ღირსეული პიროვნებაა. ბავშვებსა და მოზარდებთან სხვანაირად ვერც იმუშავებ. ჩვენს დროში ძნელია იყო სამართლიანი და ღირსეული, მაგრამ პრაქტიკა აჩვენებს, რომ ეს სავსებით შესაძლებელია. გაიხსენეთ, ასეთი მასწავლებლები თქვენც გვყავდათ.
  2. 5. კარგ მასწავლებელს სკოლის მიღმა თავისი ცხოვრებაც აქვს. მაგალითად, უყვარს არტჰაუსი ან დამატებით ლექციებს კითხულობს უნივერსიტეტში. ცხადია, არსებობენ ისეთი მასწავლებლებიც, რომლებიც მხოლოდ სასკოლო ცხოვრებით სუნთქავენ, მაგრამ, როგორც წესი, ისინიც ცდილობენ, გაიმრავალფეროვნონ ცხოვრება სკოლის სივრცეში – ხსნიან წრეებს, ხშირად დაჰყავთ ბავშვები ექსკურსიებზე, ანუ სკოლა მათთვის მხოლოდ სკოლა არ არის.
  3. 6. კარგ მასწავლებელს კარგი იუმორის გრძნობა აქვს. არ ვგულისხმობთ მასხარაობასა და ბრტყელ-ბრტყელ ხუმრობებს – ამ შემთხვევაში იუმორი მასწავლებლის ადეკვატურობის ნაწილია, სწორედ იმ დოზით და იმ დროს, როცა და რამდენიც საჭიროა. ჯანსაღი იუმორი მასწავლებელს სიტუაციის მართვაში, მოულოდნელი და კრეატიული გადაწყვეტილებების მიღებაში ეხმარება. მასწავლებლის კარგ იუმორს მოსწავლეები ყოველთვის ჯეროვნად აფასებენ.

ცნობილია, რომ ცეკვა ყველაზე ეფექტიანად ებრძვის გუდ განწყობას. ცეკვის დროს ადამიანი ბევრი პატარ-პატარა მოძრაობას ასრულებს, რათა პარტნიორს შეეწყოს, ამიტომ ტვინი ინტენსიურად მუშაობს. კარგი მასწავლებლის სამუშაო პროცესი ცეკვას ჰგავს, ოღონდ მას მოსწავლეების სახით რამდენიმე ათეული პარტნიორი ჰყავს.

  1. კარგი მასწავლებელი მოწიფული ადამიანია. შესაძლოა, მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის საგრძნობი ასაკობრივი სხვაობა არ იყოს, მაგრამ მასწავლებელი გაცილებით მომწიფებული იყოს სულიერად, ჰქონდეს ჩამოყალიბებული აზროვნება, რაც პასუხისმგებლობის აღებით გამოიხატება – მასწავლებელი პასუხს აგებს კლასის ყოველწუთიერ სიტუაციაზე, იქაურ ატმოსფეროზე, მოსწავლეებზე.

მასწავლებელს შეუძლია გაბრაზდეს, თავი ვერ მოთოკოს, უადგილოდ გაეცინოს – ისიც ადამიანია, მაგრამ მას არ აქვს უფლება, უსუსურობა გამოამჟღავნოს. მოსწავლის პროვოკაცია მასზე არ უნდა მოქმედებდეს.

კარგი მასწავლებლის კლასში არ არიან ფორმალური ლიდერები, ლიდერი მხოლოდ ერთია – მასწავლებელი.

  1. 8. კარგ მასწავლებელს ცოდნასთან ერთად ემოციის გადაცემა შეუძლია. იგულისხმება ის, რომ მასწავლებელს უყვარს თავისი საგანი. ინფორმაციას, როგორც ასეთს, არ აქვს ფასი, თუ ის ემოციურად არ გადაეცი. უემოციოდ გადაცემული მასალის დამახსოვრება ძნელია. მაგალითად, ფიზიკას თუ შეგაყვარებენ, ის უფრო იოლად ისწავლება. ემოციის გადასაცემად საჭიროა ემპათია, მსმენელის დაინტერესება, „დაბმა“. პედაგოგიკაში ეს ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტია. მისი არსი ის არის, რომ მასწავლებელმა უნდა შეაყვაროს თავისი საგანი მოსწავლეს. ხშირად საყვარელი მასწავლებლისა და საგნის გავლენის ქვეშ მოქცეული ნახევარი კლასი მართლაც ფიზიკის ფაკულტეტზე აბარებს. ის ფაქტი, რომ მასწავლებელი თავს გაყვარებს და მისი საგანიც გიყვარდება, მოსწავლის მომავალ ცხოვრებას მთლიანად ცვლის.
  2. კარგი მასწავლებელი დიდხანს ძლებს სკოლაში. სკოლა ის ადგილია, სადაც ბევრი რამ მოსაწყენი და არასწორია. ძნელია მშობლებთან ურთიერთობა, სკოლის ადმინისტრაციის ახირებების შესრულება, ქაღალდომანიისა და დაბალი ანაზღაურების ატანა… მასწავლებელი მითიური გმირივითაა, რომელმაც ისე უნდა შეძლოს ლავირება, რომ წყალქვეშა დინებამ არ გაიტაცოს და გაკვეთილებიც ეფექტიანი გამოუვიდეს. მასწავლებელი არ არის სასოწარკვეთილი ადამიანი. ის დიპლომატია, რომელიც უფრთხილდება საკუთარ დროსა და სივრცეს.

კარგი მასწავლებელი დარწმუნებულია, რომ სკოლას შეუძლია, თანამედროვე მიდგომების მეშვეობით აღზარდოს საზოგადოების სრულფასოვანი წევრი.

  1. კარგი მასწავლებელი არ არის „გადამწვარი“ მასწავლებელი. „გადაწვის“ საფრთხე ნებისმიერ ადამიანს ემუქრება, მაგრამ ამ კონტექსტში მასწავლებელი სწორედ ის პერსონაჟია, რომელსაც გამძაფრებული აქვს თვითგადარჩენის ინსტინქტი და პროფესიას საკუთარი თავის ბოლომდე „შეჭმის“ ნებას არ აძლევს. ხდება ხოლმე, რომ კარგი მასწავლებელი შედის „გადაწვის“ პირველ ან მეორე სტადიაში (დაღლილობა, აპათია, სიცარიელის განცდა), მაგრამ მაინც ახერხებს ძალ–ღონის მოკრებას და მესამე სტადიისთვის თავის დაღწევას (მესამე სტადიაზე მასწავლებელს სძულს ყველა მოსწავლე და კოლეგა). ძალ–ღონის მოკრებაში მასწავლებელს მეხუთე პუნქტი ეხმარება (სხვა ცხოვრება სკოლის გარეთ).
  2. კარგი მასწავლებელი არ აზროვნებს მხოლოდ სასკოლო კატეგორიებით. მას არ მიაჩნია, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში მოსწავლემ თავი უნდა შეაკლას მისაღები გამოცდებისთვის მზადებას. ის მშვიდად უყურებს სკოლის ცხოვრების ფორმალობებს. მას ესმის, რომ თუ ვინმეს სწავლა არ უნდა, შეიძლება უამრავი მიზეზი ჰქონდეს და ყველა მიზეზის სასწრაფოდ აღმოფხვრა აუცილებელი არ არის. კარგ მასწავლებელს გააზრებული აქვს, რომ არ შეიძლება, ყველა მოსწავლეს უყვარდეს სკოლა.

კარგი მასწავლებელი მშვენივრად არჩევს ერთმანეთისგან შემოქმედებით ქაოსს და უბრალოდ ქაოსს საკლასო ოთახში.

კარგი მასწავლებელი თვალს ხუჭავს წვრილმანებზე, რათა ამასობაში ძირითადი არ გამოეპარპს. ის არ უკირკიტდება წვრილმანებს. მას სკოლაში სხვა, გაცილებით სერიოზული მისია აქვს.

ღია სივრცის მეთოდი დემოკრატიული სკოლისათვის

0

დემოკრატიული  ღირებულების მატარებელი საზოგადოების განვითარების გზა  იმ ,,პატარა სახელმწიფოზე“ რომ გადის, რომელსაც სკოლას ვუწოდებთ, ამაზე შეთანხმებულები ვართ. შევთანხმდით იმაზეც, რომ ეს ,,სახელმწიფო“ თავად უნდა იყოს დემოკრატიული, რომ მომავალ მოქალაქეებს ასეთ გარემოში ყოფნის, მასზე პასუხისმგებლობის გაზიარების პირველი გამოცდილება შესძინოს .  რა მოიაზრება დემოკრატიული სკოლის ნიშნად და მახასიათებლად, რა სტიმული უნდა მიეცეს მასწავლებლებსა და დირექტორებს, რომ საკუთარი ძალაუფლება მოსწავლეებს გადაუნაწილონ,   როგორ დავეხმაროთ მოსწავლეებს, რომ შეძლონ ამ პასუხისმგებლობასთან გამკლავება და ასე შემდეგ. ეს საკითხები წარმოადგენდა კონფერენციის თემას, რომლის მიზანს დემოკრატიული სკოლის სტანდარტისთვის იდეების შეკრება წარმოადგენდა. კონფერენციის ორგანიზატორმა , ,,მეგობრობის ხიდი _ქართლოსის“, სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის და სამოქალაქო განვითარების ცენტრის (პოლონეთი) მიერ შექმნილმა კოალიციამ, მუშაობის მეტად საინტერესო, დემოკრატიული ფორმატი შესთავაზა მონაწილეებს. ეს გახლდათ ღია სივრცის ტექნოლოგია.

ამ ტექნოლოგიის გამოყენებას საფუძველი ჩაუყარა ჰარისონ ოუენმა. ,,ღია სივრცე“  ადამიანთა ერთობების  თვითრეგულირების უნარს ემყარება. იგი   პირობას უქმნის მონაწილეებს, გაცნობიერებულად მოახდინონ  თვითორგანიზება და ისინიც თავად ახდენენ პროცესის სტრუქტურირებას.

,,ღია სივრცის“ ტექნოლოგია ეფუძნება ოთხ პრინციპს:

ვინც მოვა, ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც საჭირონი არიან (იმ განწყობის განმტკიცება, რომ გადაწყვეტილების მისაგნებად აუცილებელი მთელი სიბრძნე ამ ოთახშია თავმოყრილი. ჯგუფი არ უნდა შფოთავდეს მათზე, ვინც არ ესწრება. არც პანიკა არის საჭირო იმის გამო, რაც ხდება).

რაც არ უნდა მოხდეს _ ეს ერთადერთია, რაც შეიძლება მოხდეს (ყურადღების გადატანა იმაზე, რომ საუკეთესო  შედეგი დადგება ამჟამად, არ არის საჭირო მღელვარება იმაზე ,,რისი გაკეთება იყო აუცილებელი“).

როცა არ უნდა დაიწყოს _ ეს სწორედ ზუსტი დროა ( შევახსენებთ ადამიანებს, რომ შემოქმედებითი პროცესი უმართავია).

როცა დამთავრდება , მაშინ დამთავრდეს ( წავაქეზოთ მონაწილეები, იმდენ ხანს გააგრძელონ საუბარი, რამდენის აუცილებლობაც  და  ენერგიაც არსებობს. სესია შეიძლება დასრულდეს გათვალისწინებულზე ადრე, ასევე  შეიძლება, გაგრძელდეს გამოყოფილ დროზე დიდხანს).

ამ ტექნოლოგიის გამოყენების დროს მუშაობს ,,ორი ფეხის“ კანონი: თუ მიხვდებით, რომ აღმოჩნდით სიტუაციაში, სადაც თქვენ ვერაფერს ისწავლით და ვერანაირ წვლილს ვერ შეიტანთ, თქვენ შეგიძლიათ სხვა სივრცეში, მაგალითად, სხვა ჯგუფში გადაინაცვლოთ.

ყოველთვის პროდუქტიულია პრობლემის ასეთი განხილვა? ყოველთვის მუშაობს თვითორგანიზების შესაძლებლობა და ქაოსი ყოველთვის მართავს საკუთარ თავს?

ჰარისონ ოუენი აღნიშნავს, რომ ,,ღია სივრცეს“ მცირე აუცილებებლი პირობები აქვს: ზუსტად უნდა იყოს  ფორმულირებული თემა, რომლის განხილვითაც  შეხვედრის ყველა მონაწილეა დაინტერესებული. უმჯობესია, თუ ეს თემა ასახავს პრობლემას, რომლის გადასაწყვეტადაც შეიკრიბა ყველა ეს ადამიანი. აუცილებელია, განხილვისათვის საკმარისი დრო, სივრცე, რომელიც დაიტევს მონაწილეთა საჭირო რაოდენობას და შეხვედრის ლიდერი.

ჰარისონი თავის მოკლე რეკომენდაციებში რამდენიმე საკითხს გამოყოფს:

თემის მიმზიდველად, საინტერესოდ ფორმულირება კრიტიკული პირობაა ,,ღია სივრცეში“პროდუქტიული მუშაობისთვის. თემის გარშემო ხდება დისკუსიის ორგანიზება და აქედან  იღებენ მონაწილეები შთაგონებას. თემა არც ვრცელი უნდა იყოს, და არც _ მშრალი, მხოლოდ მიზნებისა და ამოცანების ჩამონათვალი.  ის უნდა იყოს საკმარისად სპეციფიკური, რომ მიანიშნებდეს დისკუსიის მიმართულებას და ამავდროულად, საკმარისად ღია და თავისუფალი  წარმოსახვებისთვის. თემა ისე უნდა იყოს წარმოდგენილი, როგორც საინტერესო, მაგრამ დაუსრულებელი ისტორია, რომლის დასასრულიც მონაწილეთა შესაქმნელია. ეს დაუსრულებლობა აღძრავს ინტერესს.

რაც შეეხება ჯგუფს, მონაწილეები უნდა იყვნენ მოტივირებულები, აქტიურები და უნარიანები იტვირთონ პასუხისმგებლობა: მოახდინონ მსჯელობების ინიცირება, შეაჩერონ დისკუსიის არაარსებითი განშტოებები, დაასრულონ დისკუსია და შეაჯამონ შედეგები. უამისოდ ტექნოლოგია არ იმუშავებს. ჩვენ არ შეგვიძლია ძალით შეკრებილი ხალხი დავაინტერესოთ  და ვაიძულოთ აქტიური მონაწილეობა მიიღონ შემოქმედებით პროცესში. დაინტერესების და ჩართულობის ერთერთი ხერხია,  არა სავალდებულო მონაწილეობა პროცესში, არამედ სასურველი მონაწილეობა. ასეთ შეკრებაზე საკუთარი სურვილით უნდა მოდიოდნენ. მაგრამ შეხვედრის ადგილზე მისვლამდე მათ წარმოდგენა უნდა ჰქონდეთ, თუ რა უნდა მოხდეს იქ. რა თქმა უნდა, მათ  ვერ ეცოდინებათ დისკუსიის დეტალები, მაგრამ ორგანიზატორთა ძირითადი განზრახულობების შესახებ უნდა იცოდნენ. ჯგუფის წევრთა რაოდენობას არ აქვს კრიტიკული მნიშვნელობა. უმჯობესია, რომ იყოს 20-ზე მეტი მონაწილე, რათა არ დაიკარგოს მრავალფეროვნების ეფექტი.

სივრცე უნდა იყოს მოხერხებული და იტევდეს მონაწილეთა საჭირო რაოდენობას. მოძრავი სკამები ყველაზე აუცილებელი ფაქტორია შეხვედრის ადგილის ორგანიზებისთვის. აუცილებელია თავისუფალი კედელი, რომელსაც გამოვიყენებთ თემის განრიგის და დისკუსიების ოქმების გამოსაკვრელად.

,,ღია სივრცის“ ტექნოლოგიით შეხვედრის ჩატარებისათვის საჭირო დრო დამოკიდებულია იმ შედეგებზე, რომლის მიღწევაც თქვენთვის აუცილებელია. კონფერენცია 2-3 დღე შეიძლება გაგრძელდეს. უფრო მნიშვნელოვანი საკითხია პროცესის უწყვეტობა. ტექნოლოგია დაკარგავს ეფექტურობას, თუ სამუშაო პროცესი იქნება წყვეტილი.

როგორც ოუენი აღნიშნავს, ეს არ არის ტექნოლოგია ყველა შემთხვევისათვის, მისი გამოყენებით მხოლოდ დაინტერესებული და აქტიური ადამიანები  შეძლებენ პრობლემის გადაწყვეტას და მიიღებენ სიამოვნებას.

კონფერენციამ, რომელზე საუბრითაც ჩვენი წერილი დავიწყეთ, დაგვარწმუნა ამ ტექნოლოგიის შესაძლებლობებში და მოხერხებულობაში . ამ ორდღიანი თავყრილობის თემა წინასწარ კარგად და საინტერესოდ, კითხვების სახით იყო ფორმულირებული, იქვე მუშაობის მეთოდზეც აწვდიდნენ ინფორმაციას. მსურველებიც თავად აკეთებდნენ არჩევანს და მონაწილეებად რეგისტრირდებოდნენ. ამიტომაც, დარბაზში შეიკრიბა დემოკრატიული სკოლის თემით დაინტერესებული სრულიად მრავალფეროვანი საზოგადოება: მოსწავლეები და მასწავლებლები, დირექტორები და განათლების სახელმწიფო სტრუქტურების თანამშრომლები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის_  სხვადასხვა რეგიონების და სხვადასხვა ასაკის წარმომადგენლები. სივრცე _ ,,ქორთიარდ მერიოტის“ საკონფერენციო დარბაზი და შეხვედრის ოთახები ნამდვილად მოხერხებული იყო. დროც საკმარისი დასკვნების გასაკეთებლად.

მონაწილეებმა თავიდანვე გამოკვეთეს ქვეთემები,  გამოიყო სამუშაო სივრცე და დრო თითოეული ჯგუფისთვის.  თითოეული ირჩევდა თემას ინტერესის მიხედვით და იმ ჯგუფს უერთდებოდა, თუმცა იყვნენ ,,ორ ფეხს“ მინდობილებიც, რომლებიც ეძებდნენ უფრო საინტერესო დისკუსიას ან ჩემსავით აინტერესებდათ, სად რა ხდებოდა. ,,მოსწავლეთა თვითმმართველობა სკოლაში“, ,,გარემო და სასკოლო დემოკრატია“, ,,ჩარჩო დოკუმენტები და სასკოლო დემოკრატია“, ,,ღია სივრცე სკოლაში“ …ეს არის არასრული ჩამონათვალი იმ თემატიკისა, რომელზეც დისკუსიები სხვადასხვა სივრცეში მიმდინარეობდა, ყველა დისკუსიას თავისი წარმმართველი ჰყავდა და საბოლოოდ მათ ჯგუფის დასკვნა უნდა გაეკრათ დიდი დარბაზის კედელზე.

ამ ტექნოლოგიამ კარგად იმუშავა და ორი დღის შემდეგ დემოკრატიული სკოლის სტანდარტის მონახაზისთვის კარგ დებულებებსაც მოუყარა თავი, ამ მონახაზის განხილვა-დამუშავება ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

ჩემი ყურადღება მიიქცია ვარიანის საჯარო სკოლის მოსწავლეების სამუშაო ჯგუფმა თემაზე ,,ღია სივრცე სკოლაში“. ისინი თავად წარმართავდნენ დისკუსიას მათთვის მნიშვნელოვან საკითხზე.  შედეგად  ჩამოაყალიბეს დასკვნა, რომ დემოკრატიულ სკოლაში ყოველთვის უნდა იყოს ,,ღია სივრცე,“ სადაც მოსწავლეები დამოუკიდებლადაც და უფროსებთან ერთადაც იმსჯელებენ და გადაწყვეტილებას მიიღებენ პრობლემებზე, რომელიც მათ აწუხებთ. როგორც ვარიანელმა მოსწავლეებმა აღნიშნეს,  სკოლამ მოსწავლეთა თვითმმართველობას მიანდო იმ 1000 ლარის განკარგვა, რომელიც სამინისტროსგან მიიღეს. თვითმმართველობა  კიდევ აპირებს დამატებითი რესურსის მოპოვებას, რათა სკოლის ფოიეში მოაწყოს ,,ღია სივრცე“ თავისუფალი დისკუსიებისთვის.

რაც შეეხება თავად ,,ღია სივრცის ტექნოლოგიას“, ის კარგად მუშაობს საკლასო სივრცეშიც და ცოდნის ათვისება-გაღრმავების პროცესში მოსწავლის როლის გააქტიურებას უწყობს ხელს. ზოგიერთი პედაგოგი წარმატებით იყენებს ამ მეთოდს, ან მის ელემენტებს. როგორც ოუენი აღნიშნავს, ,,კრეატიული სწავლებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პირობაა  თავისუფლება და პასუხისმგებლობა. თავისუფლება იძლევა საშუალებას ისწავლოს და პროცესში გამოიყენოს ექსპერიმენტები, ხოლო პასუხისმგებლობა უზრუნველყოფს  ამ ორი მიდგომის ჰარმონიულ შერწყმას.”

ფარდობითობის სპეციალური თეორია

0

მეცხრამეტე საუკუნის ბოლო და მეოცე საუკუნის დასაწყისი აღინიშნა გარკვეული სირთულეებით, რომლებიც დაკავშირებული იყო ახალი ექსპერიმენტული მონაცემების ახსნასთან. კლასიკური თეორია ვერ ხსნიდა გარკვეულ მოვლენებს. ამან საბოლოო ჯამში ფიზიკოსები მიიყვანა ახალი კონცეფციების, ახალი თეორიის შექმნამდე. ამ დროს შეიქმნა ორი ახალი თეორია, რომელმაც შეცვალა ჩვენი წარმოდგენები სამყაროს შესახებ. ესენია ფარდობითობის თეორია და კვანტური თეორია. წინამდებარე წერილში განვიხილავთ ამოცანებს ფარდობითობის სპეციალური თეორიის ფარგლებში.

ვრცლად

ფარდობითობის თეორია

რატომ, რისთვის და როგორ უნდა დაიწეროს ნიშნები სკოლაში?

0

ეროვნული სასწავლო გეგმის როგორც 2011 წლის, ასევე 2017 წლის ვერსიებში მოსწავლეებისთვის ნიშნების დაწერის სისტემა ორ-ორ გვერდს მაინც იკავებს, თუმცა უმეტესი ნაწილი ამ ახსნა-განმარტებებისა იმას უჭირავს, თუ როგორ უნდა გამოითვალოს საშუალო ნიშანი და როგორ დამრგვალდეს იგი უახლოეს მთელამდე. ჩვენ კი ის უფრო გვაინტერესებს, თუ რატომ, რისთვის და როგორ იწერება ნიშნები ტრადიციულ სწავლებაში და რა უნდა შეიცვალოს მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების პირობებში.  დარწმუნებული ვარ, რომ მოსწავლეებისა და მშობლებისთვის ეს საკითხები არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე ნიშნების საშუალოს გამოთვლა. ამიტომ პრობლემის განხილვას სულ ძირის-ძირიდან დავიწყებთ.

ალბათ, სადაო არ არის ის,  რომ:

  1. ნიშნებში ზუსტად უნდა აისახოს მოწავლეთა მიღწევები. არაზუსტი ნიშნები განაპირობებს არასწორ გადაწყვეტილებებს იმ მოსწავლეებთან დაკავშირებით, რომლებსაც ეს ნიშნები დაუწერეს. მასწავლებლები ცდილობენ ერთი ნიშნით გამოხატონ უამრავი მტკიცებულება მოსწავლის ცოდნის დონის შესახებ და ისე ხდება, რომ მოსწავლეთა ქცევის და მიღწევების აღრევის ან უხარისხო შეფასების, ან მონაცემთა საშუალოს უმართებულოდ გამოყენების შედეგად არაზუსტი საბოლოო ნიშნები იწერება.
  2. ნიშნები გონივრული და აზრიანი უნდა იყოს. მათ მნიშვნელოვანი ინფორმაცია უნდა მიაწოდონ მოსწავლეებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს სწავლის შესახებ. ამისთვის ნიშნები უშუალოდ უნდა ასახავდნენ სწავლება-სწავლის მიზნებს. მაშასადამე, მასწავლებლებმა ნიშნების წერა და მათი აღრიცხვის საშუალებები სტანდარტების საფუძველზე უნდა ააგონ, და არა მექანიკურად შეაჯამონ მრავალი ნიშანი ერთ საბოლოო ნიშანში.
  3. ნიშნები თანმიმდევრული და თავსებადი უნდა იყოს. მოსწავლის ნიშანი არ უნდა იყოს დამოკიდებული იმაზე – ეს კონკრეტული მასწავლებელი ასწავლის მოსწავლეს თუ სხვა ვინმე. „კარგი“ ყოველთვის „კარგი“ უნდა იყოს ერთი სკოლიდან მეორეში გადასვლის შემთხვევაში, რადგან სტანდარტები უცვლელია ერთი სკოლიდან მეორე სკოლის იმავე კლასში გადანაცვლებისას. იმ მოსწავლეებმა, რომელთაც ერთნაირი მიღწევები აქვთ, ერთი და იგივე ნიშანი უნდა მიიღონ მიუხედავად იმისა, რომელ სასწავლო კონტექსტში იმყოფებიან ისინი.
  4. ნიშნები სწავლას უნდა უწყობდეს ხელს. მოსწავლეებმა და მშობლებმა უნდა იცოდნენ, რომ წარმატება სკოლაში საქმის „მოთავებისთვის“ კეთებასა და ქულების დაგროვებას არ ნიშნავს. ნიშნები სწავლის არტეფაქტებია და უნდა ასახავდნენ მოსწავლის მიღწევებს, მისი სწავლის ხარისხს. კარგი სწავლის დაფასებამ სწავლის მოტივაცია უნდა გაუძლიეროს მოსწავლეებს.

სკოლაში ნიშნების წერის დანიშნულება მრავალგვარია – მოსწავლე-მასწავლებლის ან სხვა დაინტერესებულ პირთა შორის კომუნიკაცია, მოსწავლეთა დახარისხება და შერჩევა, მოტივირება და დასჯა. ზოგ შემთხვევაში ეს დანიშნულებანი ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდის. მაგალითად, სტანდარტზე ორიენტირებულ გარემოში ეფექტური კომუნიკაციისთვის ჩვენ ვსაჭიროებთ კომუნიკაციას  იმასთან  დაკავშირებით, რომ ყველა მოსწავლე წარმატებული უნდა იყოს სტანდარტის დაძლევის თვალსაზრისით. ამასთანავე, დახარისხებისა და შერჩევისთვის ჩვენ უნდა დავაჯგუფოთ მოსწავლეები – ზოგი დაბალი მოსწრების კატეგორიას მივაკუთვნოთ, ზოგი კი – მაღალისა. კონფლიქტის თავიდან აცილებისთვის ან განეიტრალებისთვის კომუნიკაციის დროს უნდა გამოიკვეთოს: რა არის უმაღლესი ფასეულობა ნიშნების დაწერისთვის? პასუხი ცალსახაა – მოსწავლეთა მიღწევები მოქმედ სტანდარტებთან მიმართებაში, სწავლის დადგენილ შედეგებთან მიმართებაში.

სანამ იმ დეტალებზე გადავიდოდეთ, თუ როგორ უნდა დაიწეროს ნიშნები, სამი მნიშვნელოვანი საკითხი განვიხილოთ:

სამართლიანობა – იგი უფრო მეტად უნდა ნიშნავდეს ყველა მოსწავლისთვის  თანაბარ, ერთნაირ შესაძლებლობებს, ვიდრე ერთგვაროვან, უნიფიცირებულ შეფასებას.  ყველა მოსწავლეს უნდა მოეთხოვებოდეს ერთი და იგივე შეფასებაში მონაწილეობა ერთსა და იმავე დროის განმავლობაში და ნიშნებიც უნდა გამოიყვანებოდეს ერთი და იგივე წესით ერთი და იგივე რაოდენობის შეფასების საფუძველზე.

მოტივაცია – სწავლის მთავარი „ჯილდო“ შინაგანი უნდა იყოს, კერძოდ, წარმატებით გამოწვეული პოზიტიური განცდები. მიზანშეწონილი არ არის ნიშნების გამოყენება გარეგან მოტივატორებად (როგორც ჯილდო მოთხოვნილი ქცევის შესრულებისთვის ან სასჯელი არასასურველი ქცევისთვის).

ობიექტურობა და პროფესიონალური განსჯა – შეფასება თავისთავად სუბიექტურია, რადგან მასწავლებლები თავისი შეხედულებისამებრ  (საკუთარი პროფესიონალური განსჯის საფუძველზე) წყვეტენ, თუ რა უნდა შეფასდეს და როგორ. იმისთვის, რომ მასწავლებლებს დავეხმაროთ უფრო ზუსტად და თანმიმდევრულად შეფასებაში, მათი ყურადღების ცენტრში უნდა მოექცეს შესრულების სტანდარტები (ეროვნული სასწავლო გეგმის შედეგები და ინდიკატორები) და სასკოლო თუ ცენტრალურ დონეზე იქნას შეთანხმებული ნიშნის განსაზღვრის და დაწერის წესები.

მოცემული სამი საკვანძო საკითხის გადაჭრის მცდელობა იკვეთება როგორც 2011-16 წლების ესგ ვერსიაში, ასევე განახლებულ სასწავლო გეგმაში, თუმცა კი საქმე ბოლომდე არ არის მიყვანილი, რადგან ამ დოკუმენტებში გაცხადებული პრინციპების რეალიზაციის არანაირი მექანიზმები არ არის შემუშავებული და დანერგილი, გარდა ნიშნების საშუალოს გამოთვლისა, რაც ფრიად სადავო მანიპულაციაა პედაგოგიური თვალსაზრისით (ამის შესახებ იხ. ქვემოთ). საქართველოს მასწავლებლები დღესაც მეტწილად წინა საუკუნის ხერხებსა და საშუალებებს იყენებენ მოსწავლეთა შეფასებისთვის.

მაგალითად, მასწავლებლები ზეპირი გამოკითხვისთვის დაფასთან მორიგეობით გამოიძახებენ დღეში  რამდენიმე მოსწავლეს  და უწერენ ნიშანს ერთმანეთთან შედარების შედეგად იმ ცოდნაში, რაც მათ იმ კონკრეტულ დღეს ჰქონდათ დაგროვილი. სხვა დღეს სხვა მოსწავლეებს იგივე პრინციპით დაეწერებათ ნიშნები, რადგან ნიშნებს ითხოვს ყველა – მშობლებიც, დირექტორიც და უფრო მაღალი ეშელონის ხელმძღვანელებიც („ჟურნალი ხომ უნდა იყოს შევსებული“).

რეალობა კი ისაა, რომ მოსწავლეთა პირველი ჯგუფი სხვა კომპეტენციებში შეფასდა, მეორე ჯგუფი კი – სხვაში. ორივე ჯგუფი არასწორად შეფასდა – ერთმანეთთან შედარების საფუძველზე. გარდა ამისა, შეფასების პროცესი მიჰყვებოდა მხოლოდ  სასწავლო თემატიკაში წინსვლას და არა ესგ შედეგებისკენ წინსვლას (ეს შედეგები მასწავლებელთა დიდი უმრავლესობისთვის დღესაც უცნობია, ისინი უბრალოდ სახელმძღვანელოს „გადიან“ სკოლაში). დაირღვა სამართლიანობისა და ობიექტურობის ზემოთ მოყვანილი პრინციპები.

ამგვარი შეფასების შედეგად სხვადასხვა მოსწავლის მიერ მიღებული ნიშნები  ტოლძალოვნად და მართებულად ითვლება, ნიშნები გაითვალისწინება საშუალოს გამოთვლის დროს და გაურკვეველი რჩება მთავარი – რამდენად ახლოს იყო ესა თუ ის მოსწავლე სტანდარტით განსაზღვრულ შედეგებთან, კერძოდ, რომელთან და კიდევ რა არის გასაკეთებელი მიღწევების გაუმჯობესებისთვის.

ნათელია, რომ ასე შესრულებული შეფასება არ შეესაბამება მოსწავლეზე და შედეგებზე ორიენტირებულ სასწავლო პროცესს და დაუყოვნებლივ უნდა შეიცვალოს უფრო შესაფერისით. გადადგმულია კიდეც კონკრეტული ნაბიჯები – მასწავლებლებს მოეთხოვებათ რუბრიკების შექმნა და გაზიარება მოსწავლეებთან, თუმცა მხოლოდ ეს არ შველის საქმეს და არც რუბრიკების გამოყენებაა პანაცეა, თანაც მასწავლებლებს უჭირთ  ეფექტური რუბრიკის შესაქმნელად მძიმე სამუშაოების შესრულება, არც დრო ჰყოფნით ამისთვის.

 გთავაზობთ რეკომენდაციებს ისეთი შეფასებისთვის და ნიშნების ისე დაწერისთვის, რომელიც უკეთ შეესაბამება მოსწავლეზე და შედეგებზე ორიენტირებული სწავლების პროცესს.

იმისთვის, რომ ნიშნების წერის დროს არ დამახინჯდეს და ადეკვატურად აისახოს მოსწავლეთა მიღწევები:

  1. ნუ გაითვალისწინებთ მოსწავლეთა ქცევას (ძალისხმევა, მონაწილეობა, საკლასო წესებისადმი მორჩილება და სხვა) ნიშნებში. ნიშნები უნდა დაიწეროს მხოლოდ მიღწევების შესაბამისად.
  2. ნუ დააკლებთ ნიშანს დაგვიანებული ნამუშევრისთვის, მხარდაჭერა გამოუცხადეთ მოსწავლეს.
  3. ნუ გამოიყენებთ ბონუს-ქულებს, ეძიეთ მხოლოდ მაღალი მიღწევის დონის მიმანიშნებელი მტკიცებულებები.
  4. აკადემიურ თაღლითობას ნუ დასჯით დაბალი ნიშნით. ამისთვის სხვა საშუალებები გამოიყენეთ და ხელახლა შეაფასეთ მოსწავლე, რათა მიღწევის რეალური დონე განსაზღვროთ.
  5. ნუ გაითვალისწინებთ გაცდენებს ნიშნების წერისას, დასწრება სხვაგვარად ასახეთ  ანგარიშგების დოკუმენტებში.
  6. ნუ გაითვალისწინებთ ჯგუფურ შეფასებებს ნიშნების წერის დროს, მხოლოდ ინდივიდუალური მიღწევების ამსახველი მტკიცებულებები გამოიყენეთ.

იმისთვის, რომ  მოსწავლეთა ნამუშევრებიდან შეგროვილი მტკიცებულებები მწირი არ იყოს:

  1. ნუ დააჯგუფებთ შეგროვებულ მტკიცებულებებს შეფასებისას გამოყენებული მეთოდების ან სხვა რაიმე ნიშნის მიხედვით; მტკიცებულებები მოაწესრიგეთ და ანგარიშგება მოახდინეთ სტანდარტების/სასწავლო მიზნების შესაბამისად.
  2. ნუ დაწერთ ნიშნებს შეუფერებელი ან ბუნდოვანი კრიტერიუმების გამოყენებით; ცხადად და გასაგებად აღწერეთ  მოლოდინები მოსწავლეთა მიღწევების მიმართ.
  3. ნუ დაუწერთ ერთ მოსწავლეს ნიშანს მეორე მოსწავლის პასუხთან შედარების საშუალებით; მოსწავლის პასუხი სტანდარტებსა და ინდიკატორებს შეადარეთ.
  4. ნუ დაეყრდნობით უხარისხოდ ჩატარებული შეფასების დროს შეგროვილ მტკიცებულებებს; დაეყრდენით მხოლოდ ხარისხიანად ჩატარებული შეფასების შედეგად მიღებულ მტკიცებულებებს.

იმისთვის, რომ ნიშნების გამოთვლის გზა შეუფერებელი არ იყოს:

  1. ნუ დაეყრდნობით მხოლოდ მონაცემთა საშუალოს; გაითვალისწინეთ ცენტრალური ტენდენციის სხვა საზომებიც (მედიანა და მოდა) და პროფესიონალურად განსაჯეთ.
  2. ნუ დაწერთ 1-ანს იმ შემთხვევაში, როდესაც მოსწავლის ნამუშევარში მტკიცებულებები საერთოდ არ არის  და ნურც მოსწავლის დასჯის მიზნით; უმჯობესია ხელახლა ჩაატაროთ შეფასება ან გამოიყენოთ სპეციალური აღნიშვნა არასრული ან არადამაკმაყოფილებელი მტკიცებულებებისთვის.

იმისთვის, რომ ნიშნების წერამ ხელი შეუწყოს სწავლას:

  1. ნუ გამოიყენებთ განმავითარებელი შეფასებიდან ან სავარჯიშოების შესრულებიდან მიღებულ ინფორმაციას ნიშნის დასაწერად; ნიშანი დაწერეთ მხოლოდ შემაჯამებელი დავალების შესრულების შედეგად მიღებული მტკიცებულებების მიხედვით.
  2. ნუ შეაჯამებთ დროდადრო დაგროვილ მტკიცებულებებს, თუ დროის მსვლელობის კვალობაზე სწავლა გრძელდება მოცემული უნარჩვევების განვითარების მიმართულებით და მოსწავლეებს კიდევ ეძლევათ ცოდნის გაუმჯობესების შესაძლებლობა; ასეთ შემთხვევაში მეტი მნიშვნელობა მიანიჭეთ უახლეს მტკიცებულებებს.
  3. ნუ უგულებელყოფთ მოსწავლეების მონაწილეობას ნიშნების წერაში; გაზარდეთ მოსწავლეების ჩართულობა შეფასებაში.

მოსწავლეთა შეფასებასთან და ნიშნების წერასთან დაკავშირებით ქართულ რეალობას თუ გადავხედავთ – როგორც მეტისმეტად მწირ ნორმატიულ დოკუმენტებს, ასევე მასწავლებლებისთვის შეთავაზებულ შეფასების კონკრეტულ ტექნიკებს და მასობრივ პრაქტიკას –  დავასკვნით:  აშკარაა შეუსაბამობა რაც უნდა იყოს იმასა და რაც არის იმას შორის და ეს შეუსაბამობა ძირითადად გამოწვეულია სწორედ შეფასების კონკრეტული ტექნიკების განუვითარებლობით.

საქართველოს სკოლებში არცერთი ზემოთმოყვანილი სახელმძღვანელო პრინციპი არ სრულდება მასობრივად და ყოველდღიურად. შედეგიც სახეზეა – სწავლებისა და სწავლის ხარისხი არ მატულობს და ვერც მოიმატებს, თუნდაც ამის ხელშემწყობი ყველა ფაქტორი ერთბაშად ამოქმედდეს, გარდა შეფასებისა. რაგინდ მაღალხარისხოვანი იყოს სწავლების მეთოდები და სასწავლო რესურსები, სწავლების ორგანიზაცია და სასწავლო გარემო, კლასის მართვა და განათლების დაფინანსება, შეფასების მახინჯი სისტემა ამ ყველაფერს წყალს გაატანს, რადგან სწორედ შეფასებაა სასწავლო პროცესის დასკვნითი აქტი.

შეფასების და ნიშნების წერის ასეთი ყოვლისშემძლეობის მიზეზი მარტივია – მოსწავლე და მისი მშობელი ორიენტირებულია არა იმაზე, თუ რას და როგორ ასწავლიან, არამედ იმაზე, თუ რაში და როგორ აფასებენ. ასეთ ვიწრო პრაქტიკულ პრაგმატიზმში ვერავის ვერ დაადანაშაულებთ, ყველგან ასეა, ამიტომ გამოსავალი ერთია – შეფასებისა და ნიშნების წერის რეფორმა.

ეროვნული  სასწავლო  გეგმის  მთავარი  მეთოდური ორიენტირები ისტორიის სწავლებაში

0

მასწავლებლის მთავარი სამოქმედო პროგრამა  ეროვნული სასწავლო გეგმაა, რომელიც   პიროვნების განვითარებაზე ორიენტირებულ საგანმანათლებლო კონცეფციაზეა დაფუძნებული.   შესაბამისად,  ეროვნული სასწავლო გეგმის ძირითადი  მეთოდიკური  ორიენტირები მოსწავლეზე ორიენტირებული ისეთი მიდგომების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს, როგორიცაა:

  • სწავლის მიმდინარეობა პოზიტიურ და მოწესრიგებულ გარემოში;
  • ინტერაქცია;
  • მოსწავლის დაფასება და აღიარება;
  • მოსწავლის პასუხისმგებლობა  საკუთარ სწავლასა და განვითარებაზე;
  • ცოდნის კონსტრუირება არსებული ცოდნის, გამოცდილებისა და შეხედულებების საფუძველზე.

 და ამ ყველაფერს  განსაზღვრავს დამოკიდებულება ზოგადად მოსწავლის და სწავლა-სწავლების მიმართ; აღიარება იმისა, რომ ყველა მოსწავლე უნიკალური და განსხვავებულია თავისი ინდივიდუალური ფიზიკური და ფსიქიკური მახასიათებლებით, ნიჭით, ემოციებით, ინტერესებით, პირადი გამოცდილებით, აკადემიური საჭიროებებით და სწავლის სტილით.

 საგაკვეთილო საქმიანობაში ეს არც ისე მარტივად გადასაწყვეტი საკითხია, რადგან,  როგორც ვხედავთ, სახეზეა გარკვეული წინააღმდეგობა –  ერთი მხრივ, ცოდნის შეძენის პროცესს აქვს ინდივიდუალური ხასიათი და მისი ინდივიდუალიზმი „გათვალისწინებული უნდა იქნეს სწავლა-სწავლების დროს“ და, მეორე მხრივ – სწავლების ფორმა, ორგანიზება არის  „მასშტაბური“  ხასიათის – მიმდინარეობს ჯგუფში, საკლასო სივრცეში. შესაბამისად, გამოიკვეთება ცოდნის ინდივიუალიზაციისა  და მასობრივი სწავლების ჰარმონიულად შერწყმის პრობლემა. ეს ერთგვარი გამოწვევაა მასწავლებლებისთვის, რომლებმაც სასწავლო პროცესი – თეორიაც და პრაქტიკული სავარჯიშოებიც  სწორედ ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნათა შესაბამისად უნდა ააგონ, ანუ ამ შემთხვევაში მოსწავლეზე ორიენტირებული მიდგომების გათვალისწინებით.

  • როგორ ვუზრუნველყოთ თითოეული მოსწავლის წარმატება სასწავლო პროცესში?
  • როგორ ვიმუშაოთ ერთდროულად კლასთანაც და თითოეულ მოსწავლესთანაც?

მასწავლებლებს დასახული ამოცანების შესასრულებლად და წინააღმდეგობების დასაძლევად სწავლის დიფერენციაციისა და ინდივიდუალიზაციის, როგორც თანამედროვე საგანმანათლებლო მიზნების მიღწევისთვის ყველაზე ჰუმანური გზის, ეფექტურად გამოყენება შეუძლიათ.

თანამედროვე დიდაქტიკაში სასწავლო პროცესის ინდივიდუალიზაციაში მოიაზრება  მრავალფეროვანი და ერთმანეთისგან განსხვავებული სწავლის ფორმები, როგორიცაა: დისტანციური სწავლება, თვითგანათლება, სწავლება სახლში, ოჯახში, კლასში, მოსწავლეთა ინდივიდუალური საქმიანობა გაკვეთილზე, სწავლებაში ინდივიდუალური სასწავლო პროგრამების და პროექტების მეთოდის გამოყენება, ხოლო დიფერენციაცია გულისხმობს მოსწავლეთა დაჯგუფებას ინდივიდუალური სწავლებისათვის ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით.

როგორ  ავსახოთ ეს  მიგნებები  პრაქტიკაში, მაგალითად, როგორ წარვმართოთ  მსგავსი  ტიპის გაკვეთილი ისტორიაში?

 

გაკვეთილის პირველ ეტაპზე შეგვიძლია შევთავაზოთ დიფერენცირებული ან ინდივიდუალური დავალებები, რომლებიც ეხმარება მოსწავლეებს, გაიხსენონ, რა იციან თემის შესახებ, რაც გამოიწვევს მოსწავლის მოტივაციის ამაღლებასაც: მოსწავლეებს ვთავაზობთ, შეავსონ ცხრილის პირველი ორი უჯრა  (მესამე უჯრა თემის შესწავლის შემდეგ შეივსება) (ცხრილი 1). ამ დროს სამიზნე ყველა მოსწავლეა, შესაძლებლობისა და განსხვავებული დონის  მიუხედავად.

რა იცით თემის შესახებ? რის ცოდნა მოგინდებოდათ აღნიშნული თემის შესახებ? რა გაიგეთ თემის შესახებ?
     

ცხრილი 1.

  1. 2. შემდეგ ეტაპზე მოსწავლეთა ერთ ჯგუფს შევთავაზოთ თემის ირგვლივ შეკითხვების შედგება;
  2. მეორე ჯგუფს დავურიგოთ ბარათები დავალებებით, რომელსაც მოსწავლე დამოუკიდებლად შეასრულებს, მაგალითად, თემის „ძველი ინდოეთი“ შესწავლისას  ცალკეულ მოსწავლეებს შევთავაზოთ ასეთი ტიპის დავალებები: ა) „შეკრიბე მაგიდაზე გაფანტული ფრაგმენტები და აღადგინე  რუკა. რომელი ქვეყნისაა ეს რუკა?.. მიღებული შედეგი შეადარეთ ძველი ინდოეთის  რუკას. სწორი იყო თუ არა ძველი ბერძენი გეოგრაფი სტრაბონი, რომელმაც ინდოეთის რუკა რომბს შეადარა?“

     ბ) „გაიხსნეთ ყველა ბავშვისთვის საყვარელი ფილმი „მაუგლი“ და ჩამოთვალეთ ყველა ცხოველი, რომელიც იქ გხვდებათ, შემდეგ გაიხსენეთ ბუნების აღწერილობა, სადაც ცხოვრობდა პატარა ბიჭი და ისაუბრეთ ინდოეთის ადგილმდებარეობისა და გეოგრაფიული თავისებურებების შესახებ“ და ა.შ.

  1. შემდეგში, ახალი მასალის შესწალისას, შესაძლებელია სწავლების ინდივიდუალური ორგანიზაციისა და სხვა ფორმებიც გამოყენებაც, რომლებიც შერწყმული იქნება გონებრივ იერიშთან და ჯგუფურ მუშაობასთან. მაგალითად, „შეადგინეთ ექსკურსიის გეგმა ძველი აღმოსავლეთის რომელიმე  ქალაქის შესახებ (მაგალითად შევთავაზოთ ბაბილონი, ნინევია, პერსეპოლისი…), რომელზედაც მითითებული  იქნება ღირსშესანიშნაობები, ასე ვთქვათ, „ექსპონატები“;
  2. მასალის გამტკიცებისას მოვახდინოთ:

ა)  ჯგუფური  და ინდივიდუალური დავალებების  შეხამება – თითოეული მოსწავლე მიიღებს ინდივიდუალურ დავალებას და შედეგების შესახებ აცნობებს მთელ კლასს;

ბ) გონებრივი იერიშის და ჯგუფური მუშაობის შერწყმა – მოსწავლეებს შევთავაზოთ, იმუშაონ სურვილისამებრ – ინდივიდუალურად ან ჯგუფურად.

ჯგუფური დავალების ნიმუში: თემა „ხამურაბის კანონები“ (ჯგუფის დაკომპლექტება ხდება ცოდნისა და უნარების დონეების მიხედვით):

I ჯგუფი – „სახლემძღვანელოდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე დაახასიათეთ იმდროინდელი საზოგადოება“;

II ჯგუფს – დავალებად მივცეთ უფრო მცირე მოცულობის წყაროს ანალიზი, რომელსაც შინაარსობრივად ექნება ნაწილობრივი ძიების ხასიათი, მაგალითად,  „ახსენით რას ნიშნავს თვალი თვალის წინ, კბილი კბილის წინ“  და ა.შ.

III  – გამოიყენებს კიდევ უფრო მცირე მოცულობის მასალას, ძირითადად რეპროდუქტიული ხასიათისას, მაგალითად, „რა სასჯელი ელოდათ ვალის გადაუხდელობის  გამო?“ „ვის ინტერესებში შედიოდა ასეთი ნორმების და წესების შედგენა“ და ა.შ.  (აღსანიშნავია, რომ  ჯგუფური მუშაობა ოპტიმალური საშუალებაა წარმატების მისაღწევად და  დისკომფორტის მოსახსნელად   „სუსტი“ და „საშუალო“  მოსწავლეებისათვის).

 

გ) ინდივიდუალური დავალება:

  • რა კულტურული მემკვიდრეობა დაგვიტოვა ასურეთმა?
  • რამ შეუწყო ხელი სპარსეთს, გამხდარიყო „სამყაროს მბრძანებელი“, ხოლო სპარსეთის მეფემ რატომ მიიღო ტიტული „მეფეთა მეფე“;

  1. შესწავლილი მასალის გამტკიცებისას ყურადღებას მივაქცევთ:
  • რომელი უნარ-ჩვევების გამტკიცებას ეხმარებოდა ესა თუ ის სასწავლო ამოცანა;
  • რა ხერხებისა და მიდგომების საშუალებით აითვისეს მოსწავლეებმა  მასალა;
  • რომელ მოსწავლეებს სჭირდებათ დახმარება და  რა  ფორმით უნდა შევთავაზოთ  ის?
  • რომელ მოსწავლეებს შეუძლიათ შეასრულონ შემოქმედებითი ხასიათის დავალება და რა მოცულობით?
  1. რაც შეეხება საშინაო დავალებას, საშინაო დავალების ინდივიდუალიზაცია და დიფერენციაცია იცავს მოსწავლეს გადაღლისგან, გადაძაბვისგან და ხელს უწყობს ცოდნისა და უნარების გამომჟღავნებას, მაგალითად, დავალებები შეიძლება იყოს ასეთი სახის:
  2. შეადგინეთ მოთხრობა, რომელშიც მიზანმიმართულად დაშვებულია შეცდომა (კონკრეტული ხასიათის);
  3. მოამზადეთ მოთხრობა ისტორიულ მოღვაწეზე ან მითოლოგიურ პერსონაჟზე ისე, რომ არ ახსენოთ მისი სახელი. შესთავაზე მოსწავლეებს, გამოიცნონ ის;
  4. იმუშავეთ ცნებებსა და ლექსიკონზე;
  5. გააკეთეთ ჩანახატი და აღწერეთ სურათი.

სწავლის დიფერენციაცია, ინდივიდუალიზაცია და მრავალფეროვანი აქტივობების გამოყენება ზრდის საგნობრივი ცოდნის დონეს, ინტერესს და მოსწავლეთა კომპეტენციას, ხოლო  სწორად გაკეთებული შეფასების სისტემა ხელს უწყობს მის შემდგომ განვითარებასა და წინსვლას.

ყოველი მეორე – ათი წლის შემდეგ

0

მასაჩუსეტის ტექნოლოგიური ინტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლის, სტეფანი სენეფის მოსაზრებით, 2025 წელს აუტიზმი ყოველ მეორე ბავშვს ექნება. მან წარმოადგინა მონაცემები, სადაც ჩანს კავშირი აუტიზმის გავრცელების სიხშირესა და ჰერბიციდის – გლიფოსეიტის მომწამვლელობას, ასევე გენმოდიფიცირებული თესლის გამოყენების ზრდას შორის. საქმე ისაა, რომ გლიფოსეიტს ფართოდ იყენებენ სხვადასხვა მარცვლეულისა და სოიოს შესაწამლად. სწორედ ამ გზით ხვდება ის ადამიანის ორგანიზმში. ჰერბიციდების მწარმოებელი, თავის მხრივ, იშველიებს კვლევებს, რომლის მიხედვითაც მისი პროდუქტი უსაფრთხოა.

kudava 1

სენეფის კვლევის გამოქვეყნებისთანავე გამოჩნდა საპირისპირო მოსაზრებები. მოწინააღმდეგეები მიუთითებენ, რომ ამ მეცნიერს არანაირი პროფესიული კავშირი არ აქვს ეპიდემიოლოგიასთან, ბიოქიმიასა და მედიცინასთან. სენეფის პასუხად მათაც ააგეს მსგავსი გრაფიკი, სადაც აუტიზმის მქონე პირების რაოდენობის ზრდა ნატურალური, სასუქების გარეშე მოყვანილი ბოსტნეულის გაყიდვების სიხშირის პარალელურადაა ნაჩვენები.

kudava 2 (1)

მომატებული მაჩვენებლები შესაძლოა გამოწვეული იყოს იმით, რომ აუტისტური სპექტრის აშლილობის დიაგნოსტირება დაიხვეწა, მშობლებიც მეტად ინფორმირებული არიან და დროულად მიმართავენ ექიმებს.

ფაქტია, რომ ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მონაცემებით, 2000-2002 წლებში აუტიზმი გვხვდებოდა ყოველ 150-ე ბავშვში; ორი წლის შემდეგ, 2004 წელს, აუტიზმი 125-დან ერთ 8 წლის ასაკის ბავშვს ჰქონდა; 2006 წელს მაჩვენებელი გაიზარდა 110-ში ერთამდე; 2008 წლის მონაცემებით – ყოველ 88 ბავშვში ერთამდე, 2014 წელს კი – ყოველ 68-ში ერთამდე. 2015 წელს პარალელურმა კვლევამ ამერიკაში უკვე 45-ში ერთი შემთხვევა დააფიქსირა. აღსანიშნავია, რომ ეს თანაფარდობა საქართველოშიც და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაშიც თითქმის იდენტურია, ანუ აუტიზმი არ ცნობს რასას, რელიგიას ან სოციალურ მდგომარეობას. თუ ამავე ტემპით გაგრძელდა, მათემატიკური პროგრესიით, სამწუხაროდ, თითქმის იმავე დიაგრამას მივიღებთ, რაც სტეფანი სენეფმა წარმოადგინა.

kudava 2 (2)

და მაინც, რა იწვევს აუტიზმს? ბევრი მშობელი, განსაკუთრებით ამერიკაში, აუტიზმის გავრცელებას აცრებს უკავშირებს. მას შემდეგ, რაც მსოფლიო ვაქცინაციასა და აუტიზმს შორის კავშირზე ალაპარაკდა, მკვეთრად შემცირდა ბავშვების იმუნიზაციის სიხშირე, რამაც მსოფლიო მასშტაბით წითელას მძიმე შემთხვევების დაფიქსირება გამოიწვია.

ბავშვთა ნევროლოგი და ფსიქიატრი მედეა ზირაქაშვილი უერთდება მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტების პოზიციას და გვირჩევს, რომ ბავშვი აუცილებლად უნდა ავცრათ:

„ვაქცინაციის გზით ხდება ბუნებრივი იმუნიტეტის გაძლიერება, რომლის მიზანია, თავიდან ავიცილოთ ზოგიერთი მეტად საშიში დაავადება და მათი გართულებები. პირველი ვარაუდი აუტიზმსა და ვაქცინაციას შორის კავშირის შესახებ 90-იანი წლების ბოლოს გამოქვეყნებულ კვლევებში გამოითქვა. 1998 წელს ცნობილმა გასტროენტეროლოგმა და მკვლევარმა ენდრიუ უეიკფილდმა სამედიცინო სამყაროში ნამდვილი გადატრიალება მოახდინა. მან დააკავშირა წითელა-წითურა-ყბაყურის აცრა და აუტიზმი, როგორც მიზეზ-შედეგობრივი ურთიერთდამოკიდებულება. მისი მოსაზრებით ვაქცინის კომპონენტები იწვევდნენ ნაწლავების გარსის ანთებას, რის გამოც სისხლში ცირკულირებას იწყებდნენ მავნე პეპტიდები, რომლებიც, თავის მხრივ, თავის ტვინის დაზიანებას იწვევდნენ. ეს ჰიპოთეზა ვერცერთმა მომდევნო კვლევამ ვერ დაადასტურა. უფრო მეტიც, ეს ცნობილი მეცნიერი მოგვიანებით დისკრედიტებულ იქნა, რადგან გამოაშკარავდა მისი ფინანსური კავშირი იმ ადვოკატებთან, რომლებიც ვაქცინის მწარმოებელთა წინააღმდეგ მუშაობდნენ. აღმოჩნდა, რომ სწორედ ისინი აფინანსებდნენ უეიკფილდის მიერ წარმოებულ კვლევას. უეიკფილდი მაშინვე ჩამოაცილეს სამედიცინო საქმიანობას გაერთიანებულ სამეფოში, ხოლო 2010-ში სამეცნიერო ჟურნალმა “The Lancet“ ნაშრომი უკან გაიწვია. მიუხედავად ამისა, ამ ამბავმა მაინც მნიშვნელოვანად ავნო საზოგადოებაში ვაქცინაციის იმიჯს.

მეორე მნიშვნელოვანი მიზეზი ვაქცინაციაზე უარის თქმისა დაკავშირებულია მისი შემადგენელი კომპონენტის, ვერცხლის წყლის შემცველი ინგრედიენტის, თიმეროსალის გამოყენებასთან. მას აქვს ბაქტერიებისა და სოკოების საწინააღმდეგო მოქმედება და იცავს ვაქცინას ინფიცირებისგან. მისი გამოდევნა ორგანიზმიდან ძალიან მარტივად ხდება და ამ ინგრედიენტის ორგანიზმზე ზემოქმედების მავნებლობა და მიდრეკილება აუტიზმის გამოწვევისადმი არცერთი მყარი, მტკიცებულებებზე დაფუძნებული სამეცნიერო კვლევით არ დადასტურდა. მოსახლეობაში რომ მეტად გაეზარდათ ნდობა ვაქცინაციისადმი, 2001 წლიდან თიმეროსალი ამოღებულ იქნა ბავშვთა ვაქცინებიდან. ვაქცინაციის სარგებელი მნიშვნელოვნად აჭარბებს იმ ინფექციური დაავადებებით დასნებოვნებით გამოწვეული გართულებების განვითარების საფრთხეს, რომლის თავიდან ასაცილებლადაც ტარდება ვაქცინაცია“.

წითელა-წუთურა-ყბაყურას ერთობლივი (და არა ცალ-ცალკე) ინექციით აცრისა და აუტიზმის კავშირის შესახებ 2016 წლის გაზაფხულზე გამოსულმა დოკუმენტურმა ფილმმა –“Vaxxed“ – კვლავ გამოიწვია ხმაური. მისი რეჟისორი სწორედ ზემოთ ნახსენები ლიცენზიაჩამორთმეული ექიმი ენდრიუ უეიკფილდია, პროდიუსერი კი – დელ ბიგთრი. ფილმი ეყრდნობა დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მეცნიერის, უილიამ ტომპსონის აღიარებას, რომ მან და მისმა კოლეგებმა 2004 წლის სტატიაში არ შეიტანეს უმნიშვნელოვანესი ინფორმაცია სტატისტიკური მონაცემების შესახებ, რომლის თანახმადაც 36 თვის ასაკამდე აცრილი აფროამერიკელი ბიჭები აუტიზმის დიდი რისკის ქვეშ იმყოფებოდნენ. ფილმში უამრავი მშობელი საუბრობს სავალალო შედეგებზე (პარალიზება, აუტიზმი, მწვავე გამონაყარი), რაც მათ შვილებზე ვაქცინაციის შემდეგ აისახა. რობერტ დე ნირომ, რომელიც ტრიბეკას კინოფესტივალის ერთ-ერთი დამაარსებელია, განაცხადა, რომ ის, როგორც წესი, არ ერეოდა ხოლმე ფესტივალის პროგრამის შედგენაში, თუმცა, რადგან აუტიზმის თემა მისი ოჯახისათვის ძალიან მნიშვნელოვანია, მიიჩნევს, რომ ეს ფილმი ბევრმა უნდა ნახოს და დისკუსია ამ საკითხებზე აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. საქმე ისაა, რომ ცნობილმა მსახიობმა ახლახან განაცხადა, რომ მის 18 წლის ვაჟს – ელიოტს – აუტიზმი აქვს. აღსანიშნავია, რომ ზემოხსენებული ნაერთი თიმეროსალი კვლავაც რჩება გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინების შემადგენლობაში. ასევე მრავლადაა შემთხვევა, როცა ბავშვს არც ერთი აცრა არ აქვს ჩატარებული და მაინც აუტიზმის მქონეა.

და ისევ საზარელი სტატისტიკა. შესაძლოა 2025 წელს აუტიზმი ყოველ მეორე ბავშვს ჰქონდეს!.. ათი წელი მალე გაირბენს. ჩემი აუტიზმის მქონე ბიჭი მაშინ 15 წლის იქნება და ალბათ მეტი მშობელი შემეხმიანება იმისთვის, რომ გამოცდილება გავუზიარო. მეტ მოქალაქეს შეხვდება ქუჩაში განსხვავებული ბავშვი. გაცილებით ადვილად, ერთი შეხედვითაც გაუგებს მას და მის საჭიროებებსაც გაითავისებს. არ იფიქრებს, რომ თავხედია ან ცუდ ოჯახში აღზრდილი. მეტიც, ფაქტობრივად ყველას ეყოლება ოჯახის წევრი თუ არა, ბიძაშვილი მაინც ამ მდგომარეობით. გაცილებით ბევრი ადამიანი დაფიქრდება გამოსავლის ძიების გზებზე, მიხვდება, რომ ნიჭიერების პარალელურად აუტიზმს უამრავი სირთულე ახლავს.

იმედი ვიქონიოთ, რომ სცენარი ასე არ განვითარდება და მედიცინა მიაკვლევს აუტიზმის გამომწვევ მიზეზებს, შესაბამისად, მისი დაძლევის გზებსაც. გენეტიკის კვლევები მოწმობს, რომ აუტიზმთან ასობით გენია დაკავშირებული. მათგან ნებისმიერის მუტაციამ შეიძლება ეს მდგომარეობა გამოიწვიოს. აღსანიშნავია, რომ უკვე გვხვდება ღეროვანი უჯრედების გადანერგვის წარმატებული ერთეული შემთხვევებიც, რომლის შემდეგაც აუტიზმის მქონე ბავშვებში მდგომარეობის გაუმჯობესება შეიმჩნევა. თუმცა ჯერჯერობით ეს პრაქტიკა მსოფლიოში აქტიურად დანერგილი არ არის.

გილოცავთ შობის დღესასწაულს!

0

ძვირფასო მასწავლებლებო, ჩვენო ერთგულო მკითხველებო,  ჟუნალი “მასწავლებელი” და ინტერნეტგაზეთი “mastasvlebeli.ge”, გილოცავთ შობის დღესასწაულს!

კირიალესა

0

– აბა, წავედით, ქაწმაუნი, ზიკო! – მეუბნება უცებ სუფრიდან ამდგარი, მხარზე ხელს მომხვევს და კარისკენ მივდივართ. დედაჩემის ბიძაშვილი, ტრისტან პაჭკორია ბავშვებში მიღებული, კოლორიტული და როგორც სამეგრელოში იტყვიან, ღაბაჩა კაცია. სახელი ბიძამ აჩუქა – ხდება ხოლმე ასეთი რაღაცებიც – და ერთ სოფელში, ერთ უბანში ორი ტრისტან პაჭკორია რომ არ ყოფილიყო, თვითონ ათუნიად ჩაეწერა.

ჰოდა, ამ კეთილ კაცთან ერთად მივუყვები მოყინულ, ჩაბნელებულ ეზოს. ჩაბნელებული კია, მაგრამ ყველა კუთხე-კუნჭული ჩემი ხელის მტევანზე დაკოსებული ხალივით ვიცი, ზეპირად. ტრისტანს ფეხი რომც აერიოს, არ დავიბნევით, მხარი არ გვექცევა.

ღობესთან ჭა რომაა, იქ გავჩერდებით, ტრისტანი რამდენიმე წამით გაიხედ-გამოიხედავს, ამოისუნთქავს, მერე ღრმად ჩაისუნთქავს ჰაერს, კარის ურდულს ხმაურიანად გამოსწევს და ჩუუუ-ო, მეუბნება.

ეფენიების ეზოში მივაბიჯებთ ფეხაკრეფით. შორიდან რომ ვიღაც გვიყურებდეს, კაი სასაცილოები ვიქნებით ეს ორი ღამეული სტუმარი: ორმოცსმიტანებული დროული კაცი და რვა-ცხრა წლის ბიჭი, ჯერ რომ სიმთვრალე არ გამოუცდია. ერთ ჭკუაზე მოსულები, ერთიმეორეს აყოლილები.

– ჯოღორ ხო ვარე გოტებული? – ამბობს უცებ ტრისტანი, ჩერდება, აყურადებს.

– ვამიჩქუ. – ვეუბნები საეგებიოდ. აბა, მე რა ვიცი, ღამის თორმეტზე ეფენიებმა ძაღლი აუშვეს თუ ჯერაც ჯაჭვით ჰყავთ დაბმული. ისე, ავი ძაღლი კია, მაგის შიშით დღისითაც ფრთხილად, დაძაბული შევდივართ მეზობლის ეზოში. ღუბურ ეფენია ძველი ფეხბურთელია, დიდხანს იყო სოფლის გუნდის მეკარე და მთელი დღე ჩვენს ბურთაობას და მის ბაღ-ბოსტანში წარამარა ბურთის გადაგდებას შემწყნარებლურად ხვდება. სჯერა და ამტკიცებს, რომ ნამდვილი, დიდი ფეხბურთი წარსულში იყო, ახლა მხოლოდ „ფარაშ კეთება“ და „ბერდღი-ბურდღია“.

სახლიც გამოჩნდა. ლამფის შუქით განათებულ ფანჯარაში ლანდები მოძრაობენ. ტრისტანი ღრმად ჩაისუნთქავს, ამოისუნთქავს, ჯიბეში რაღაცას მოიჩხრეკს და:

„ახალ წანას მიგახვამანთ,
ღორონთქ გოითანუან,
ენა ჯვეში, შხვა ახალი,
ირფელამო გეეხარი!“

ბევრჯერ მომისმენია ეს სიმღერა, ოჯახ-ოჯახ რომ ჩამოივლიდნენ მეალილოები და ახალ წელს და შობას – ქირსეს – მოგვილოცავდნენ, მერე ძველით ახალ წელსაც. უფროსები ფულს ჩუქნიდნენ, ჩვენ კი ღვინოს ჩამოვუსხამდით ხოლმე ჭიქებში, მუჭებში ტკბილეულს ვუყრიდით.

„სადავოი კირიალესა, სადავოი კირიალესა!
სქან მაღაზა, სქანი ბაღი,
ლაიტიში ეფშა“.

ტრისტანს თითქოს ფრთები შეესხა და დღესასწაულის სიხარულში შესული რიტმს და სიტყვას აჰყოლოდა. დამუნჯებული ვუსმენდი, პირს ვაყოლებდი, მაგრამ ხმა არ ამომდიოდა, სადღაც ჩემს ხორხთან გახევდებოდა და უკან ჩავიბრუნებდი, როგორც შეცდომით აღებულ ნოტს და ბგერას.

„ასე მევურქ გვალაშა,
აშ ვამმართე წანაშა,
სადავოი კირიალესა, სადავოი კირიალესა!“

კარი გაიღო და გახარებული მასპინძლები გამოჩნდნენ. თბილ ოთახში რომ შევედით, სუფრასთან დაგვსვეს და ჭიქები შეივსო, ტრისტანს გავხედე: დამცხრალი, სახედამშვიდებული იდგა, ერთი სიმღერით ვალმოხდილი – ღმერთთანაც და კაცთანაც.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...