ოთხშაბათი, მაისი 21, 2025
21 მაისი, ოთხშაბათი, 2025

როგორ შევაფასოთ – ნიშნით თუ უნიშნოდ?

0

სკოლებში ნიშნებით შეფასებაზე მსჯელობისას ვირტუალურ თუ პირად საუბრებში ბევრი კარგი პედაგოგი ღიად აცხადებს, რომ შეფასება მისი ყველაზე სუსტი წერტილი, აქილევსის ქუსლია. ყველამ ვიცით, თეორიულად შეფასების პრინციპების ცოდნა და ის, რომ ნიშნები სამართლიანობასა და ობიექტურობაზე, სიზუსტესა და გონივრულობაზე, სწორ განსჯასა და პროფესიონალიზმზე უნდა დავაფუძნოთ, მაგრამ შესასწავლი მასალის მოცულობა, კლასში მოსწავლეთა რაოდენობა და მათი საჭიროებების მრავალფეროვნება, დროის სიმცირე თუ  ბევრი სხვა მიზეზი არ იძლევა იმის საშუალებას, რომ მოსწავლის ცოდნა, მისი სააზროვნო უნარების განვითარება ზუსტად, სრულყოფილად შევაფასოთ და ჩვენ მიერ ბავშვისთვის დაწერილი ესა თუ ის ნიშანი ჩვენივე ქმედების მსაჯულად, მკაცრ შემფასებლად არ გადავაქციოთ.

ბავშვების ამა თუ იმ ქულით შეფასებისას საკუთარ თავს ალბათ ყველა მასწავლებელი მკაცრად აკონტროლებს და ცდილობს, ზემოთ მოხმობილ პრინციპებს არ გადაუხვიოს, ზუსტად, ზედმიწევნით ასახოს ქულა და პირნათელი იყოს როგორც მოსწავლის, ისე საკუთარი თავის წინაშე. მიუხედავად ამისა, ხშირად მოძულებული თავკიდური ლოდის პოზიციაში ისევ ჩვენ აღმოვჩნდებით ხოლმე, რადგან არასასურველი ნიშნის გამო მოსწავლე ან ტირის და მშობელსაც ანერვიულებს, ან ბრაზობს და მშობელსაც ბრაზით აღავსებს ხოლმე. ბრაზმორეული მშობელი ძალიან ხშირად უკონტროლოა, მიმართავს დირექციას, რომელიც თავის მხრივ, „გამღიზიანებელ“ პედაგოგს მიადგება და დათმობაზე წასვლას სთხოვს, რადგან  სკოლებში მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება გვაქვს. მასწავლებელი ან არბილებს თავის პოზიციას და მზადაა, პრეტენზიულ მოსწავლეს იმაზე მაღალი ქულა დაუწეროს, ვიდრე იმსახურებს, ან პოზიციას არ ცვლის და, შესაბამისად, ყველას პრობლემას უქმნის. სხვათა შორის, ამგვარი შემთხვევა არაერთია არა მხოლოდ სასკოლო, არამედ საუნივერსიტეტო ცხოვრებაში, სადაც არცთუ იშვიათად მოიძებნება ხოლმე მოსწავლე ან სტუდენტი, რომლის ობიექტური შეფასება კვალიფიციური პედაგოგის ან ლექტორის სამსახურიდან წასვლის მიზეზი გამხდარა.

პედაგოგებს ან დირექციის წარმომადგენლებს გამოცდილება ხშირად ათქმევინებს: „მოუმატე ნიშანი, შენც დაისვენებ, მოსწავლეც და მშობელიცო“. განსაკუთრებით სასწავლო წლის დასაწყისში, როდესაც მასწავლებელი მოსწავლეს არ იცნობს კარგად და, პირიქით, მოსწავლე – მასწავლებელს. ეს სამწუხარო რეალობაა, რომელიც ჩვენს სკოლებში სუფევს და რომლიდან საუკეთესო გამოსავლის საძებნელად არც დრო გვყოფნის და არც ის გარემო გვეხმარება, რომელსაც დიდი ძალისხმევითა და  მონდომებით ვქმნით ხოლმე.

რატომ? – იმიტომ, რომ ქვეყანაში არასაკმარისად კარგი, არასაკმარისად ნათელი, არასაკმარისად პრაქტიკული და შედეგზე გათვლილი შეფასების სისტემა გვაქვს და თუ იოანე დამასკელის ან აინშტაინის ლოგიკას მოვიშველიებთ, გამოდის, არასაკმარისად კარგი – ცუდია, არასაკმარისად ნათელი – ბნელი, არასაკმარისად პრაქტიკული გამოუყენებელია და არასაკმარისად შედეგზე გათვლილი – არავალიდური და ფუჭია. ამიტომ იგი აუცილებლად ითხოვს გადაფასებას, შეცვლას თუნდაც იმიტომ, რომ ჩვენს პირობებში მოსწავლის შეფასება ცოდნის დონეზეც კი რთულია, რადგან ცოდნის ცნება არასათანადოდ არის გააზრებული. უკანასკნელი წლების ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცოდნის სამი კატეგორიაა წარმოდგენილი. ესენია: დეკლარატიული, პროცედურული, პირობისეული. ჩვენს წერილში ვერბალიზმსა და ნეგატიური დემოსტრაციულობის შესახებ ვწერდით, რომ ბევრი ლექსის, განმარტების, თეორემის, კანონის დახსომება სულაც არ ნიშნავს ცოდნას, რადგან ხშირია შემთხვევა, როდესაც მოსწავლეს მართლაც ბევრი რამ ახსოვს, მაგრამ არ შეუძლია მიღებული ცოდნის შესაბამის სიტუაციაში გამოყენება. გამოდის, ცოდნის მხოლოდ და მხოლოდ პირველ კატეგორიაზე ვრჩებით და მიღებული ცოდნის ადეკვატურად გამოყენების პროცესს თითქმის არ მოვიაზრებთ, ანუ არ ვაკავშირებთ ცოდნის ფუნქციურ გამოყენებას დინამიკასთან. ამიტომაც დღესაც სწავლება-სწავლა და მოსწავლეთა შეფასება მხოლოდ სტატიკურ დონეზე მიმდინარეობს და არ ითვალისწინებს ცოდნის ცნების ადეკვატურ გაგებას.

იან ამოს კომენსკის ნაშრომში „კარგად მოწყობილი სკოლის კანონები“ ცოდნის პროცედურული და პირობისეული გაგება მთელი სიცხადითა და პრინციპულობითაა წარმოდგენილი. განმანათლებლის აზრით, ცოდნა არის ის, რის გამოყენებაც შეუძლია ადამიანს: „მხოლოდ ლაპარაკი რომ ვასწავლოთ და ამასთან ერთად არ ვასწავლოთ გაგება (ე.ი ვასწავლოთ ენა საგნების გაგების გარეშე) – ეს იმას ნიშნავს, რომ არ სრულვყოთ ადამიანის ბუნება, არამედ მივცეთ მას გარეგნული, ზერელე მორთულობა.  ვასწავლოთ საგნების გაგება, მაგრამ ამავე დროს არ ვასწავლოთ მოქმედება – ფარისევლობის ერთ-ერთი სახეა: თქმით ვთქვათ, მაგრამ არ გავაკეთოთ… ბოლოს გვესმოდეს და ვაკეთებდეთ საგნებს, ნახევრად უვიცობაა… სკოლამ უნდა წარმართოს გონება საგნების შესწავლით იმგვარად, რომ ყველგან დაცული იყოს სარგებლობა…“.

„იცის, მაგრამ არ ახსოვს“,  „ახსოვს, მაგრამ არ იცის“ – ამ ტიპის მაგალითები არაერთია  სკოლის ცხოვრებაში. მაგალითად, თუკი მოსწავლეს ახსოვს, რომ ალუდა ქეთელაურს „სიტყვა მოუდის გზიანი“ – ეს დეკლარატიული ცოდნაა, თუკი ის ამ ცოდნას ვერ დააკავშირებს ალუდას საქციელს მუცალთან ან თემთან მიმართებით. გამოდის, მან არ იცის ალუდას პიროვნება და, შესაბამისად, საკითხი. მაგ., მოსწავლეს ახსოვს დიდგორის ბრძოლის თარიღი ან მონაწილე მხარეები (დეკლარატიული ცოდნა), მაგრამ ვერ განმარტავს, რამ გამოიწვია ამ ბრძოლის წარმატება ქართველთათვის, გამოდის, მან საკითხი არ იცის, რადგან ცოდნას ვერ ასახავს პროცედურულად და ვერ პასუხობს კონკრეტულ პირობას, ცოდნის ამოცანას;  თუკი მოსწავლემ იცის, რომ სამკუთხედის შიდა კუთხეების ჯამი უდრის 2d-ს, ეს დეკლარატიული ცოდნაა, მაგრამ თუ ის ამ თეორემას ვერ დაამტკიცებს, ვერ განმარტავს, რას ნიშნავს ერთი d, ჩავთვალოთ, რომ მან საკითხი არ იცის, რადგან არ ერგება ცოდნის პროცედურას და ვერ პასუხობს კონკრეტულ პირობას, ცოდნის ამოცანას. ჩვენში არსებული საგაკვეთილო ფორმატი კი ნაკლებად იძლევა აზროვნების პირამიდის დონეების შესაბამისად ცოდნის გადაცემის თუ სათანადოდ შეფასების საშუალებას. შედეგად ვიღებთ მოსწავლეებში სწავლისადმი ნეგატიური დამოკიდებულების ჩამოყალიბების რისკებს და არა პოზიტიური დამოკიდებულების შექმნის საშუალებას, რაც იმთავითვე მოითხოვს სწავლებაში მოსწავლეთა აქტიურობისა და შეგნებულობის მოთხოვნების დაცვას და გამორიცხავს მექანიკური დაზეპირებით ინფორმაციის დამახსოვრებას.

პრობლემის გადაჭრის გზად ვერც ნიშნების კვალიფიციურად  წერის ინსტრუქციები გამოგვადგება [ნოზაძე 2017] და ვერც  სკოლაში შეფასების სანდოობისა და ვალიდურობის დადასტურების კარგად გამართულ ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის დანერგვა ხარისხის კონტროლისა და მონიტორინგის მიზნით [კობახიძე 2016].

ამ ხარვეზს ალბათ მხოლოდ ნიშნებით ყოველდღიური შეფასების შეცვლა და რეიტინგულ-დაგროვებითი სისტემის დანერგვა თუ მოაგვარებს. იგი  მსოფლიოს მრავალი ქვეყნის განათლების სფეროში ეფექტურად გამოიყენება  მე-20 საუკუნის 50-იანი წლებიდან. რეიტინგი ადამიანთა მიერ შესრულებული საქმიანობის ხარისხის, შედეგების განსაზღვრისა და შედარების საშუალებას იძლევა და ყოველთვის გულისხმობს ჯანსაღ კონკურენციას, თანამშრომლობით შეჯიბრს. ამდენად, ფართოდ გამოიყენება მოსწავლეებისა/სტუდენტების, პედაგოგების და სხვათა შესაფასებლად. რეიტინგი (rating – ინგლისურად) შეფასებას ნიშნავს.

       მოსწავლეთა მიერ შესრულებული სამუშაოები  განსხვავებულ ძალისხმევას მოითხოვს, აქედან გამომდინარე, რეიტინგის დადგენისათვის საჭიროა „წონათა“ განსაზღვრა, რადგან სხვადასხვა საქმიანობას განსხვავებული ღირებულებითი მნიშვნელობა აქვს. მოსწავლეთა შეფასების რეიტინგული მოდელი ტრადიციული შეფასების სისტემაში ხარვეზების გამოსწორების ან ზოგიერთი მათგანის “განეიტრალების” საშუალებას იძლევა,      მოსწავლეთა ცოდნისა და უნარ-ჩვევების შემოწმებისა და შეფასების დროს მთავარია არა ქულების რაოდენობის (ხუთბალიანი, ათბალიანი და სხვა) გაზრდა ან შემცირება (რადგან ყოველთვის აღმოჩნდება ციფრთა გარკვეული რაოდენობა, რომელსაც შეფასების დროს მასწავლებელი ვერ გამოიყენებს (მაგალითად, ათბალიან სისტემაში „1“, „2“, „3“ და „4” ან ხუთბალიან სისტემაში „1“ და „2“  და სხვა). შესაბამისად, ეს ციფრები მოსწავლის შესახებ სრულყოფილ ინფორმაციას ვერ მოგვცემს), არამედ აუცილებელია მოსწავლეთა ცოდნისა და უნარ-ჩვევების შეფასების მიზნებისა და პრინციპების ძირეული ცვლილება.

      ამერიკისა და ევროპის სკოლებში უკვე დიდი ხანია შეიცვალა ნიშნებით (ქულებით) შეფასების სისტემა. მათთვის გაცილებით მნიშვნელოვანია მოსწავლეთა შესაძლებლობების მაქსიმალური რეალიზება. ამისათვის კი შეფასების მრავალფეროვან მეთოდებსა და სტრატეგიებს იყენებენ, რითაც ხელს უწყობენ მოსწავლეებში შემოქმედებითი უნარების განვითარებას და კრიტიკული აზროვნებისათვის სასურველი სასწავლო გარემოს ორგანიზებას (Assessment, Evaluation, and Curriculum Redesign).  ამერიკისა  და ევროპის სკოლები  თავად ირჩევენ შეფასების სისტემას, ადგენენ შეფასების კრიტერიუმებს, შეიმუშავებენ ტესტებს, დავალებებს, პროგრამებს. სკოლა არის დეცენტრალიზებული. მისი ანგარიშვალდებულება მხოლოდ მოსწავლეთა სახელმწიფო (შემაჯამებელი შეფასება) გამოცდით განისაზღვრება (Rules and regulations 2011/2012- European School Strasbourg).

ფინეთში საბაზო საფეხურის ჩათვლით მხოლოდ განმავითარებელი შეფასება არსებობს. სკოლაში არ არსებობს ნიშნებით შეფასება  მეცხრე კლასის ჩათვლით. ალბათ, შეფასების მოცემული სისტემის დამსახურებაა, რომ მოსახლეობის წიგნიერების დონის მიხედვით ფინეთი  მსოფლიოს ლიდერია. აქ დაწყებით და საბაზო საფეხურზე (I-IX კლასები) „უნიშნო“ სწავლებაა. სკოლაში დადგენილია შიდა, კლასიდან კლასში გადასაყვანი, სტანდარტები. საჭიროების შემთხვევაში იქმნება ინდივიდუალური სასწავლო გეგმა და პროგრამა მოსწავლეებში კითხვისა და გაგების უნარების გასაუმჯობესებლად. ისინი მხოლოდ მე-9 კლასში აბარებენ სახელმწიფო გამოცდას და მხოლოდ მისი წარმატებით დამთავრების შემდეგ ეძლევათ კოლეჯში ჩაბარების უფლება. მოსწავლეთა ცოდნისა და უნარ-ჩვევების შემოწმებისა და შეფასების დროს დიდი ყურადღება ექცევა კითხვის, წერისა და საკითხის გაგების უნარების შეფასებას, რომლის საფუძველზეც სასწავლო პროცესში ჩართულობისა და მიღწეული შედეგების დაბალი მაჩვენებლებით გამორჩეული მოსწავლეები მასწავლებლებთან ერთად გეგმავენ სწავლის პროცესს, დელეგირების მეშვეობით უვითარდებათ პასუხისმგებლობის გრძნობა და სისტემატურად ზრუნავენ თვითგანათლებაზე. ასეთი ტიპის მონიტორინგი და შეფასება პედაგოგიური პროცესის განუყოფელი ნაწილია და საშუალებას აძლევს მასწავლებელს, სასწავლო პროცესში არსებული მიღწევებისა და ნაკლოვანებების გამომჟღავნების საფუძველზე სწორად წარმართოს მუშაობა.

შორს რომ არ წავიდეთ,  ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის ბოლოსა და მე-20 საუკუნის დასაწყისში  საქართველოში, ჩემთვის ესოდენ მშობლიურ და საამაყო პირველ ქართულ გიმნაზიაში ყოველდღიური შეფასებისთვის უნიშნო, განმავითარებელი მოდელი მოქმედებდა. ქულით შეფასება ხდებოდა მხოლოდ გამოცდებზე („ეკზამენებზე“) სემესტრების ბოლოს. აკი აქ მოღვაწე და შემდგომ ქალთა გიმნაზიის დამაარსებელი დიმიტრი უზნაძე „აღზრდის ტრაგედიას“ უწოდებს  განათლების ისეთი სისტემის არსებობას, რომელშიც ნიშანი უარყოფით ზეგავლენას ახდენს მოსწავლის პიროვნულ განვითარებაზე, რადგან ამ ტიპის შეფასება მოსწავლეებში იწვევს მთელ რიგ ფსიქიკურ და ფსიქოლოგიურ დარღვევებს და მოზარდის ფსიქოსოციალური ადაპტაციის ხელისშემშლელ ფაქტორებად ითვლება. დ. უზნაძის ქალთა სკოლაში მასწავლებლები მოსწავლეთა წარმატებებისა და წარუმატებლობების შესახებ ინფორმაციას ნიშნების ნაცვლად თავიანთ რვეულებში ინიშნავდნენ. მათი გაანალიზების საფუძველზე აღსაზრდელებსა და მათ მშობლებს აძლევდნენ რჩევებს პრობლემების აღმოსაფხვრელად. ასეთმა მიდგომამ საკმაოდ კარგი შედეგი გამოიღო, სკოლაში გაიზარდა სწავლის ხარისხი, თუმცა კი სკოლის მუშაობა გართულდა. დ. უზნაძის აზრები საკმაოდ პროგრესული იყო, მაგრამ როგორც ყველა ტოტალურ სახელმწიფოში, მიუხედავად იმ მნიშვნელოვანი მიღწევებისა, რაც ამ სკოლას ჰქონდა, პროგრესული აზრი დაიკარგა. Dmitry Uznadze www.ibe.unesco.org

ეს გამოცდილება უკუსაგდები როდია, პირიქით, მეტისმეტად საშური და ყურადსაღებია, მით უფრო, როცა ვიცით, რამდენი საზოგადო მოღვაწე და დიდი პიროვნება აჩუქა ამ გიმნაზიებმა ერს. იქნებ იმიტომ, რომ აქ ცოდნისთვის აფასებდნენ და არა – ნიშნებისთვის?! იქნებ იმიტომ, რომ შეფასება კი არ მიაჩნდათ სასწავლო პროცესის დასკვნით აქტად, არამედ  მუდმივი ძიების შემოქმედებითი პროცესი, რომელმაც უამრავი მისაბაძი ადამიანი აჩუქა ერს. ამდენად, დროა, უკუვაგდოთ ნაკლი და მანკიერება მოსწავლეთა შეფასებისას და ავირჩიოთ ის მშვენიერი მოდელი, რომელიც აზროვნებას, შემოქმედებას გაუხსნის გზას და ამ გზაზე კვლავაც უამრავ კარგ პიროვნებას, ერის მოამაგესა თუ ბურჯს წარმოაჩენს.

გამოყენებული რესურსები:

  1. ი.კიკვაძე, მოსწავლეთა ცოდნის განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასება, ბათუმი, 2013.
  2. თ. კობახიძე, სწავლის შედეგების შიდაშეფასება (ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა სკოლაში, ნაწილი I, II, III, IV, თბ., 2016. https://mastsavlebeli.ge/?p=10811
  3. გ. ნოზაძე, რატომ, რისთვის და როგორ უნდა დაიწეროს ნიშნები სკოლაში? თბ. 2017, https://mastsavlebeli.ge/?p=12780
  4. გ. ნოზაძე, ბარიერები შეფასების სისტემის რეფორმაში, თბ., 2017.https://mastsavlebeli.ge/?p=12848

16 თებერვალი წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეა

0

წიგნის საჯაროდ კითხვის დღეს მსოფლიო 2010 წლიდან აღნიშნავს.  შარშან, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინიციატივითა და LitWorld მხარდაჭერით ეს თარიღი ჩვენთანაც დაწესდა. 100-მდე ქვეყანას გვერდში ამოვუდეგით და 31 მილიონ ადამიანთან ერთად კითხვის მარათონში ჩავებით.

WRAD2017SpotFinal

ღონისძიებებმა ისეთი მასშტაბური სახე მიიღო, ყველა მოლოდინს გადააჭარბა: მონაწილეობას იღებდნენ მწერლები, გამომცემლობები, სასწავლო დაწესებულებები, წიგნის მაღაზიები, კულტურის ცენტრები, რიგითი მოქალაქეები. მთელი დღის განმავლობაში, თბილისსა თუ რეგიონებში თანამედროვე ქართველი ავტორები საბავშვო ბაღებს, სკოლებს, უნივერსტეტებს, ბიბლიოთეკებს, წიგნის კლუბებს, კერძო თუ საჯარო ორგანიზაციებს სტუმრობდნენ.

კითხვის პოპულარიზაციის საქმეში მართლაც მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით, თუმცა, პრობლემებიც გამოიკვეთა, საგულდაგულოდ რომ ჩავინიშნეთ მომდევნო წლებში გასათვალისწინებლად.

წელს წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე 16 თებერვალს აღინიშნება. თარიღამდე რამდენიმე დღე დარჩა და საჭირო გზავნილები ზუსტად რომ მივიდეს ადრესატამდე ჟურნალი Mastsavlebeli.Ge დავიგულეთ საუკეთესო შუამდგომლად. დარწმუნებულები ვართ, მასწავლებლები გვერდში დაგვიდგებით და თქვენი დახმარებით სასწავლო დაწესებულები უკეთ გაიაზრებენ ამ თარიღის მნიშვნელობას, უმცროსი თაობა კი ისე შეიყვარებს და გაითავისებს წიგნის საჯაროდ კითხვის დღეს, მისი აღნიშვნის სურვილი  მომავალშიც გაუჩნდება.

WRADSpot2017

ვიკითხოთ ხმამაღლა, შევცვალოთ სამყარო!“

ასეთია წიგნის საჯაროდ კითხვის დღის მთავარი ლოზუნგი. მისი ავტორი კი ამერიკელი მწერალი და წიგნიერების ექსპერტი პემ ალინია – ქალი, რომელსაც უდიდესი ღვაწლი მიუძღვის ბავშვების წიგნიერებისთვის ბრძოლის საქმეში როგორც აშშ-ში, ასევე მსოფლიოს 60-მდე ქვეყანაში. სწორედ პემ ალინი გახლავთ საერთაშორისო ორგანიზაცია LitWorld დამფუძნებელი დირექტორი და წიგნის საჯაროდ კითხვის დღის დაწესების ინიციატორიც.

ზოგიერთ ქვეყანაში პემ ალინს უმცროსი თაობისთვის წიგნიერების უფლების მოსაპოვებლად იბრძოდა, თუმცა, არანაკლები ძალისხმევა წიგნთან გაუცხოებული მოსწავლეების დასაინტერესებლადაც ჩადო. სამუშაო პრაქტიკიდან გამომდინარე, მშვენივრად ჰქონდა გააზრებული, როგორ ზრდიდა წიგნები ბავშვების, თინეიჯერებისა და მოზარდების მოტივაციას. სწორედ ამიტომ, 2010 წლიდან მოყოლებული დღემდე, თანამოაზრეებთან ერთად Lიტჭორლდ ოფიციალური საიტიდან საჯაროდ და ხმამაღლა მოგვმართავს:

სწორედ შენი დახმარება გვჭირდება დღეს! სწორედ შენ უნდა გაავრცელო ცოდნა დედამიწაზე! შენ უნდა აქციო წიგნის კითხვა ნამდვილ ზეიმად! შენ უნდა იკითხო ხმამაღლა, შენ უნდა შეცვალო სამყარო!

ერთი ქოლგის ქვეშ.

წიგნიერებისთვის მებრძოლი ადამიანები არც საქართველოში გვაკლია. LitWorld კი წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია (GPBA) დაუკავშირდა, დაუმეგობრდა და კიდევ ერთი საჭირო თარიღი გვაჩუქა.

დიახ, გვაჩუქა! – არ იფიქროთ, რომ ვალდებულებებით დაგტვირთა. “კითხვა ვერ იტანს ბრძანებით კილოს“და არც ეს თარიღი უნდა იქცეს ხარკის გადახდის დღედ. დღესასწაულის მასპინძელი და ბატონ-პატრონი თითოეული ჩვენგანია. წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია კი მზად არის საინტერესო კერძო შემოთავაზების მისაღებად, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დამოუკიდებლად მოიფიქროს ორიგინალური ფორმატი და ღონისძიების ერთიანი ქოლგის ქვეშ შეუერთდეს საქართველოში ამ დღის აღნიშვნის ინიციატივას.

ვიდეორგოლების ატვირთვა უკვე დაიწყო

როგორ გადადგათ პირველი ნაბიჯი?

სოციალურ ქსელში, Facebook-ze მოძებნეთ გვერდი:  წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე /World Read Aloud Day.  აქ უკვე მიმდინარეობს ვიდეოების ატვირთვა. შეგიძლიათ წაიკითხოთ თქვენი დაწერილი ან თვქვენი საყვარელი მხატვრული ტექსტი, გადაიღოთ წაკითხვის პროცესი, ვიდეო კი მითითებულ გვერდზე  ატვირთოთ, გააზიაროთ და მეგობრებიც გამოიწვიოთ.

იმისთვის, რომ თქვენი ვიდეო მინიშნებულ გვერდზე გაზიარდეს, პოსტში უნდა მონიშნოთ ღონისძიების ორგანიზატორი და ფეისბუქ გვერდი: GPBA / საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია და  წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე / World Read Aloud Day in Georgia

თუ გსურთ LitWorld-მაც გაიგოს თქვენი ინიციატივის შესახებ, კიდევ ორი მონიშვნის დამატება მოგიწევთ: #WRAD17 და #SavetheDate.

 ვიდეოები შეგიძლიათ სკოლებში, მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა ერთად ან დამოუკიდებლად გადაიღოთ. შეარჩიოთ ორიგინალური გარემო, გაითამაშოთ პერფპრმანსი. მთავარია, თქვენი ტექსტი შემდეგი სიტყვებით იწყებოდეს:

ვუერთდები წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს!

16 თებერვალს ჩატარებული ღონისძიებები და გაწეული სამუშაო სრულად რომ აისახოს, თქვენი გადაღებული ფოტო თუ ვიდეომასალაც მითითებულ გვერდზე გაგზავნეთ და ისინიც აუცილებლად გამოქვეყნდება.

როგორ ხდება სკოლებში ავტორების მიწვევა

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, შარშან თანამედროვე ქართველი ავტორები სასწავლო დაწესებულებებს სტუმრობდნენ. პოეტებისა და პროზაიკოსების მიწვევა წელსაც არის დაგეგმილი და თუ რომელიმე ავტორის მიწვევის სურვილი გექნებათ, მიწერეთ Facebook გვერდს: GPBA/საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია და  წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე / World Read Aloud Day in Georgia.  გაიარეთ კონსულტაცია, გააკეთეთ არჩევანი, რათა უკეთ დაგეგმოთ 16 თებერვლის ღონისძიებები.

შარშან ზოგიერთი სკოლა მთელი სასწავლო დღის განმავლობაში იყო ჩართული საჯაროდ კითხვის მარათონში: მასწავლებლები და მოსწავლეები ერთმანეთს ენაცვლებოდნენ. კითხულობდნენ, თავიანთ საყვარელ წიგნებსა და ავტორებს წარადგენდნენ, ერთმანეთს  შთაბეჭდილებებს უზიარებდნენ, მსჯელობდნენ. ანუ, იმის თქმა მსურს, რომ მხოლოდ სტუმრად მიწვეული მწერლის მისვლაზე არ იყვნენ დამოკიდებულები.

სასწავლო დაწესებულებისთვის დამზადდა სპეციალური ბანერები შესაბამისი ლოგოებით. მათზე განაცხადის გაკეთება წინასწარ არის საჭირო, ამისთვის უნდა დარეკოთ ნომერზე: 598 120 012

საკუთარი ღონისძიების გაფორმება თავადაც შეგიძლიათ – გამოიყენეთ LitWorld-ის ლოზუნგი, საინტერესო გამონათქვამები წიგნებსა თუ კითხვაზე ან უბრალოდ დაწერეთ: “ვუერთდებით წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს!“

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის თავმჯდომარე გვანცა ჯობავა თითოეულ თქვენთაგანს განურჩევლად ასაკისა და პროფესიისა მოგმართავთ და თანამშრომლობას გთხოვთ:

ჩვენი მიზანია საქართველო შეუერთდეს ამ ინიციატივას და გახდეს მსოფლიოს მასშტაბური ღონისძიების ნაწილი. წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღე წიგნთან და ლიტერატურასთან დაკავშირებულ პროცესებს უფრო საინტერესოსა და მრავალფეროვანს გახდის. პროექტის ფარგლებში მართალია უამრავი ღონისძიება იგეგმება, თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი ფინანსურ მხარდამჭერი თბილისის მერიაა, რეგიონებს ვერ ვწვდებით. გაგვიხარდება მათგან თუ წამოვა ინიციატივა და ავტორების ტრანსპორტით უზრუნველყოფასა თუ მასპინძლობას საკუთრ თავზე აიღებენ.

წიგნის ქომაგი

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე 16 თებერვალს 19:00 საათზე საქართველოს მწერალთა სახლში გამართული დასკვნითი ღონისძიებით დაიხურება. სწორედ იქ გამოვლინდება “წლის წიგნის ქომაგი.“ შეგახსენებთ, რომ შარშან ეს ჯილდო ლევან ბერძენიშვილმა დაიმსახურა.

თუმცა, სასწავლო თუ კერძო დაწესებულებებსაც შეუძლიათ საინტერესო ნომინაციების გამოგონება და წიგნის მოყვარულების გამოვლენა. გამარჯვებულს კი გნებავთ “წიგნის ჭია“ დაარქვით და გნებავთ “წიგნის აპოლოგეტი.“ ვისაც ოფიციალური ცერემონიები არ გიყვართ და ხმამაღალ აქცენტებსაც ერიდებით თავად იქეცით წიგნის ქომაგად და წიგნის ჩუქებით გაახარეთ ახლობელი ან სულაც უცნობი ადამიანები. მშვენიერი საბაბია სამახსოვრო წარწერის გასაკეთებლად – წიგნის საჯაროდ კითხვის დღის ქართული ისტორია ხომ ჩვენს თვალწინ იწერება.

მე, როგორც საბავშვო ლიტერატურის ერთგული მხარდამჭერი ამ დღეს უმცროს თაობაში წიგნის პოპულარიზაციისათვის გამოვიყენებ და ჩვენს თანამედროვე მწერლებსა და მასწავლებლებსაც მოვუწოდებ, საკუთარი ვიდეორგოლების ჩაწერის დროს, მაქსიმალურად გაუწიონ რეკომენდაციები წიგნების ბავშვებისა და მოზარდებისთვის. გამოვიყენოთ შანსი და უმცროს თაობას  სათანადოდ შერჩეული ნაწყვეტის წაკითხვით წიგნის მიმართ ინტერესი გავუღვივოთ.

P.S

ჩვენი გზავნილები მხოლოდ სასწავლო დაწესებულებებს როდი ეკუთვნის. თარიღის აღნიშვნა სახლებშიც შეიძლება – უარი ვთქვათ ციფრულ ტექნიკაზე, დავსხდეთ და საყვარელი წიგნებიდან ნაწყვეტები წავუკითხოთ ერთმანეთს.

ვისაც წიგნი უყვარს, ვინც კითხვას მთელი ცხოვრება მიუძღვნა ან ჯერაც ვერ გამოუნახავს საჭირო დრო, 16 თებერვალი სწორედ ის დღეა, ყოველდღიურ ვალდებულებებზე უარი რომ უნდა ვთქვათ და რუტინულ ცხოვრების გრაფიკს კითხვის საათები გამოვტყუოთ.

გეოგრაფიის ერთი გაკვეთილის ნიმუში ბლუმის ტაქსონომიის გამოყენებით

0

მართალია, ბლუმის ტაქსონომია სასწავლო პროცესში უმთავრესად სხვადასხვა სახის დავალებათა კლასიფიკაციის დროს გამოიყენება, მაგრამ, ამავე დროს, ის საკმაოდ ეფექტური საშუალებაა თვით სასწავლო პროცესის დაგეგმვის დროსაც. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გეოგრაფიის სწავლებისას, რომლის ძირითადი მიზნები დაკავშირებულია სწავლების მთავარ პირობასთან – შევძლოთ მრავალმხრივ განვითარებული პიროვნების აღზრდა გეოგრაფიული მეცნიერების შინაარსის, პრობლემატიკისა და კვლევის მეთოდების გათვალისწინებით. ამასთან, აღსანიშნავია, რომ გეოგრაფია ერთადერთი საგანია სკოლაში, რომელიც ერთდროულად განიხილავს და სწავლობს საბუნებისმეტყველო და საზოგადოებრივ ობიექტებსა და მოვლენებს. მისი ამოცანები ფართო და მრავალმხრივია, ამიტომ მეტად მნიშვნელოვანია მკაფიოდ ჩამოყალიბებული სასწავლო მიზნების შესაბამისი დავალებების შერჩევა. ერთი კონკრეტული გაკვეთილის ფარგლებში სასურველია დავალებათა დონეების მრავალფეროვნება.

დაბალი დონის შესაბამისი დავალებების გამოყენება, როგორც წესი, უფრო ადეკვატურია: მოსწავლეთა არსებული ცოდნის შესამოწმებლად; მოსწავლის ძლიერი და სუსტი მხარეების დასადგენად; სასწავლო შინაარსის შეჯამებისა და მიმოხილვის მიზნით.

მაღალი დონის დავალებების გამოყენება მიზანშეწონილია მაშინ, როდესაც სასწავლო მიზნებია: მოსწავლეებში უფრო ღრმა და კრიტიკული აზროვნების წახალისება; პრობლემების გადაჭრის უნარის განვითარება; მოსწავლეთა მიერ ჰიპოთეზის დამოუკიდებლად ჩამოყალიბება, ინფორმაციის მოძიება და მოსაზრებების დასაბუთება. დავალებები, რომლებიც მოსწავლისგან მოითხოვს საკუთარი მოსაზრების დასაბუთებას სიტყვების, რუკების, ფოტოების, ნახაზებისა და დიაგრამების გამოყენებით, მას მაღალი სააზროვნო უნარების გამოყენებისკენ უბიძგებს. ამ პროცესის საბოლოო მიზანია პრობლემაზე დაფუძნებული სასწავლო პროცესის საფუძველზე ახალი ცოდნის კონსტრუირება თვით მოსწავლეთა მიერ.

სანიმუშოდ განვიხილოთ ერთი კონკრეტული თემა და მის მიხედვით შედგენილი ცხრილი, რომელშიც წარმოდგენილია ტაქსონომიით განსაზღვრული დონეების მოკლე აღწერა, ამ დონეებთან დაკავშირებულ მოქმედებათა აღმნიშვნელი ზმნებისა და შესაბამისი კითხვებისა და აქტივობების მაგალითები:

მაგალითი: თემა – ჰაერის ტემპერატურა ( 7 კლასი)

მზე დედამიწაზე სითბოსა და სინათლის ძირითადი წყაროა. მზის მიერ სითბოსა და სინათლის გამოსხივებას რადიაცია ეწოდება. ჰაერი სითბოს ცუდი გამტარია. იგი ატარებს მზის სხივებს, რომლებითაც თბება დედამიწის ზედაპირი, მერე კი, მასთან შეხებისას – ტროპოსფეროც. ბუნებრივია, რაც უფრო ახლოსაა ჰაერის ფენა დედამიწის ზედაპირთან, მით უფრო თბილია, ხოლო რაც უფრო შორსაა – მით უფრო ცივი.

ჰაერის ტემპერატურას თერმომეტრით ზომავენ. მეტეოროლოგიურ სადგურებში მას სპეციალურ ჯიხურებში ათავსებენ. ტემპერატურის გასაზომად გამოიყენება თვითმწერი ხელსაწყო – თერმოგრაფი.

დედამიწაზე ყველაზე მაღალი აბსოლუტური ტემპერატურა – +57,8 გრადუსი – აღრიცხულია ჩრდილოეთ აფრიკაში, ქალაქ ტრიპოლის მიდამოებში, მინიმალური – -89,2 გრადუსი – კი ანტარქტიდაზე, სადგურ `ვოსტოკში~, 1983 წლის ივლისში. რუკებზე ერთნაირი ტემპერატურის მქონე ადგილების შემაერთებელ ხაზებს იზოთერმები ჰქვია.

დედამიწა წლის განმავლობაში სხვადასხვა რაოდენობის სითბოს იღებს. ჰაერის ტემპერატურა გეოგრაფიული განედის მიხედვით იცვლება, თუმცა საკმაოდ ნელა. ეკვატორიდან პოლუსებისკენ იგი თანდათან იკლებს, რადგან მცირდება მზის სხივის დაცემის კუთხე. განედის მიმართულებით ტემპერატურის ერთი გრადუსით შესაცვლელად საშუალოდ 200 კმ-ის გავლაა საჭირო.

სიმაღლის მატებასთან ერთად იკლებს ჰაერის ტემპერატურაც: ყოველ 1 კმ-ზე – 5-6 გრადუსით. ამ დროს ამბობენ, რომ ჰაერის ტემპერატურის ვერტიკალური (სითბური) გრადიენტი 5-6 გრადუსია.

ჰაერის ტემპერატურის ვერტიკალური გრადიენტის საშუალებით შეიძლება ჰაერის ტემპერატურის განსაზღვრა ნებისმიერი ადგილისათვის. მაგალითად, თუ ზღვის დონიდან 500 მ-ზე ჰაერის ტემპერატურა 20 გრადუსია, გრადიენტი კი 6 გრადუსი, მაშინ 1200 მ-ზე ჰაერის ტემპერატურა იქნება 200 – (1200-500)/1000 X 6 = 15,8 გრადუსი.

დედამიწის ზედაპირი არაერთგვაროვანია, რის გამოც იგი არათანაბრად თბება და ცივდება. ვინაიდან წყალი გვიან თბება და გვიან ცივდება, ხმელეთი კი პირიქით, ამიტომ ჰაერის ტემპერატურა ქვეფენილი ზედაპირის ხასიათზეცაა დამოკიდებული.

ჰაერის ტემპერატურა როგორც დღე-ღამის, ისე წლის განმავლობაში იცვლება. დედამიწის ზედაპირის ნებისმიერ ადგილას ჰაერის ტემპერატურა დღე-ღამის განმავლობაში ყველაზე დაბალია გათენებისას, ყველაზე მაღალი – ნაშუადღევს. დღე-ღამის განმავლობაში ტემპერატურის უდიდეს და უმცირეს მაჩვენებლებს შორის სხვაობას ტემპერატურის დღეღამური ამპლიტუდა ეწოდება, ხოლო წლის განმავლობაში სხვაობას – წლიური ამპლიტუდა.

ჰაერის საშუალო ტემპერატურა დღეღამური (თვის, წლის) ტემპერატურების შეკრებითა და დაკვირვებათა რიცხვზე გაყოფით გამოითვლება.

ტემპერატურის დღეღამური ამპლიტუდა დამოკიდებულია ადგილის გეოგრაფიულ განედზე, რელიეფზე, წელიწადის დროზე, ქვეფენილ ზედაპირზე, ჰაერის ტენიანობასა და ღრუბლიანობაზე. ჰაერის ტემპერატურის დღეღამური რყევა ხმელეთზე ყოველთვის მეტია, ვიდრე ზღვებისა და ოკეანეების ზედაპირზე. მაგალითად, თუ ოკეანეებსა და ზღვებზე იგი 1-2-გრადუსს უდრის, ნახევარუდაბნოებსა და უდაბნოებში 15-20 გრადუსია, ზოგჯერ კი 30-საც აღწევს.

ჰაერის ტემპერატურის წლიური რყევა უმთავრესად ადგილის გეოგრაფიულ განედზეა დამოკიდებული. ამპლიტუდა ყველაზე ფართოა გაზაფხულზე და ზაფხულში ზომიერ განედებზე.

დონეები ბლუმის ტაქსონომიის მიხედვით ქმედებები კითხვები, აქტივობებისა და დავალებების

ნიმუშები

ცოდნა – ინფორმაციისა და ფაქტების დამახსოვრება გახსენება, გამეორება, ამოცნობა, აღწერა, დასახელება, შესაბამისობის დადგენა, ამორჩევა 1. რა არის რადიაცია?

2. რითი ზომავენ ჰაერის ტემპერატურას?

3. რას ეწოდება იზოთერმა?

4. როგორ იცვლება ჰაერის ტემპერატურა სიმაღლის მატებასთან ერთად?

5. სად არის დედამიწაზე დაფიქსირებული ჰაერის ყველაზე მაღალი და ყველაზე დაბალი ტემპერატურები?

 

გაგება – სასწავლო შინაარსის გაგება- გააზრება ინტერპრეტირება, მაგალითის მოყვანა, შეჯამება, საკუთარი სიტყვებით გადმოცემა, ახსნა,

კლასიფიკაცია

 

1. რაზეა დამოკიდებული ტემპერატურის დღეღამური და წლიური ამპლიტუდა?

2. როგორ გამოითვლება ჰაერის ტემპერატურის საშუალო მაჩვენებელი და ამპლიტუდა?

 

გამოყენება- არსებული ცოდნის გამოყენება ამოცანის ამოხსნისას, მათ შორის –რეალურ ვითარებასთან მიახლოებულ ამოცანებში ამოხსნა, გამოთვლა, გამოყენება, პოვნა. 1. განსაზღვრეთ ჰაერის ტემპერატურის დღეღამური ამპლიტუდა შემდეგი მონაცემების მიხედვით: + 10 გრადუსი, + 12 გრადუსი; + 5 გრადუსი, 0 გრადუსი, – 2 გრადუსი; – 5 გრადუსი;

2. ააგეთ ჰაერის ტემპერატურის ცვლილების გრაფიკი შემდეგი მონაცემების მიხედვით: 1 სთ – -6 გარდუსი, 4 სთ – -4 გრადუსი, 7 სთ – -10 გრადუსი , 10 სთ. – +2 გრადუსი, 13 სთ – +10 გრადუსი, 16 სთ. – +8 გრადუსი, 19 სთ. – +5 გრადუსი, 22 სთ – 0 გრადუსი.

3. გრაფიკის მიხედვით დაადგინეთ, როდის იყო ჰაერის ტემპერატურა ყველაზე მაღალი და დაბალი;

4.შეიძლება თუ არა გრაფიკის საშუალებით განისაზღვროს, რას უდრიდა ჰაერის ტემპერატურა დღის 12 სთ-ზე?

ანალიზი ნაცნობი ფაქტის, მასალის გაანალიზება, კომპონენტებად დაშლა, მაგალითად, მიმართებათა დადგენის მიზნით გაანალიზება, ელემენტების / ატრიბუტების აღწერა, შედარება, დაშლა 1. როგორ ფიქრობთ, რატომ იცვლება ჰაერის ტემპერატურა განედისა და სიმაღლის მატებასთან ერთად?

2. რატომ არის ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ყველაზე თბილი თვე ივლისი, ხოლო ცივი – იანვარი, სამხრეთ ნახევარსფეროში კი – პირიქით?

3. თქვენი აზრით, დევს თუ არა თოვლი მწვერვალებზე: ა) კილიმანჯაროზე (5895 მ), თუ მის ძირში ჰაერის ტემპერატურა +25 გრადუსია; ბ) კოსციუშკოზე (2228 მ), თუ მის ძირში ჰაერის ტემპერატურა ზაფხულში – +23-25 გრადუსია, ხოლო ზამთარში – +17 გრადუსი?

სინთეზი – ცოდნისა და ფაქტების კომბინირება ახალი მასალის, მეთოდის, პროცედურის შექმნის მიზნით აღმოჩენა, შედგენა, აგება, შემუშავება, კომბინირება, დაგეგმვა, ორგანიზება 1. დააკვირდით ნახაზს და განსაზღვრეთ, რა ინფორმაციის მოძიება შეგიძლიათ:

 

 

2. შეგიძლიათ, ნახაზის მიხედვით დაადგინოთ, რომელ სითბურ სარტყელში მდებარეობს X პუნქტი?

შეფასება სხვადასხვა მოდელის შედარება / შეფასება და საუკეთესოს შერჩევა, პრობლემის გადაჭრის სხვადასხვა სტრატეგიის შედარება შედარება, ოპტიმიზაცია, შეფასება, საუკეთესოს შერჩევა 1. როდის უფრო მაღალია ჰაერის ტემპერატურის დღეღამური ამპლიტუდა – ღრუბლიან თუ უღრუბლო ამინდში? პასუხი დაასაბუთეთ.

2. როგორ ფიქრობთ, რა საჭიროა ჰაერის ტემპერატურაზე დაკვირვება?

 

როგორც ამ ცხრილიდან და, რა თქმა უნდა, პრაქტიკიდანაც ჩანს, სააზროვნო დონეები ერთმანეთისგან იზოლირებული არ არის: რომელიმე ერთი დონის შესაბამისი აქტივობა ხშირად მოიცავს ისეთ ქვეაქტივობებს, რომლებიც სხვა დონეებს შეესაბამება.

ზღაპრები და მათი მნიშვნელობა ბავშვებისა და ჩვენთვის (გაგრძელება)

0

 

წერილის გაგრძელებამდე შემოგთავაზებთ მოკლე ცნობებს მსოფლიოს დიდი მეზღაპრეებისა და საქვეყნოდ ცნობილი ავტორების შესახებ:

ძმები გრიმები

XIX საუკუნის დასაწყისში ძმებმა იაკობ და ვილჰელმ გრიმებმა გერმანიის ქალაქ ჰანაუდან გადაწყვიტეს, გერმანული ფოლკლორის შესანარჩუნებლად ჩაეწერათ ზღაპრები მეგობრებისგან, მეზობლებისა თუ უბრალო მშრომელი ადამიანებისგან, რომლებსაც იცნობდნენ. ამგვარად, მათ ლიტერატურის ისტორიაში ერთ–ერთმა პირველებმა შეკრიბეს და გადაამუშავეს ზეპირსიტყვიერი კულტურის შემორჩენილი ნიმუშები. შეკრებილი ზღაპრები თავდაპირველად მოზრდილებისთვის გამოქვეყნდა. ამ კრებულში ბევრი რამ სასტიკი ფორმით იყო გადმოცემული. მოგვიანებით, როდესაც გრიმებმა მათი ზღაპრებისადმი ბავშვებისა და მოზარდების ინტერესი შეამჩნიეს, მათი საფუძვლიანი რედაქტირება გადაწყვიტეს. შედეგად ზღაპრებმა უფრო სასიამოვნო ფორმა და გაწონასწორებული, ბავშვებზე ორიენტირებული შინაარსი შეიძინა. გრიმების ზღაპრები დღეს მსოფლიოს 160 ენაზეა თარგმნილი და მსოფლიო კულტურის ნაწილად მიიჩნევა.

ჰანს კრისტიან ანდერსენი

ძმები გრიმებისგან განსხვავებით, ანდერსენი ზღაპრებს თვითონვე იგონებდა, თუმცა წერისას ტრადიციულ თემებს ეყრდნობოდა და მათ მონათხრობის სტილში აწვდიდა მკითხველს.  დანიელი მეზღაპრის ისტორიები იმდენად პოპულარული გახდა, რომ მათმა დიდმა ნაწილმა ზეპირსიტყვიერებაში გადაინაცვლა. ანდერსენი წელიწადში ზღაპრების საშუალოდ ერთ კრებულს გამოსცემდა. მას სიცოცხლეშივე უწოდეს დანიის უდიდესი მთხრობელი. მისი ზღაპრები ხშირად სევდიანი და ტრაგიკულია. ფანტაზიამ, მდიდარმა, ხატოვანმა ენამ და მოვლენების აღწერის შეუდარებელმა ნიჭმა კოპენჰაგენელი მეზღაპრე მოკლე ხანში ჟანრის ეტალონად აქცია. ანდერსენის ასზე მეტი ზღაპრიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია: „თოვლის დედოფალი“, „მეფის ასული ცერცვის მარცვალზე“, „ნამცეცა“, „მახინჯი იხვის ჭუჭული“, „პატარა სირინოზი“, „იმპერატორი და ბულბული“, „მფრინავი სკივრი“, „ტალ-კვესი“, „კალის ჯარისკაცი“, „გარეული გედები“, „პატრა ნაძვი“, „მეფის ახალი სამოსი“.

ეზოპე

ლეგენდარული ბერძენი იგავთმწერალი, ჰეროდოტეს თანახმად, მონა იყო და კუნძულ სამოსზე ცხოვრობდა ქრისტეს შობამდე მეექვსე საუკუნეში. კუზიანი, შეუხედავი და უპოვარი მონა გასამრჯელოდ მხოლოდ თავისუფლებას ითხოვდა. როგორც ჩანს, პატრონმა მოგვიანებით ის გაათავისუფლა კიდეც. სხვა წყაროები ეზოპეს მოგზაურობასა და თავგადასავლებს აღწერს და ახსენებს მის კავშირს ისეთ მმართველებთან, როგორებიც იყვნენ სოლონი და კრეზი. ეზოპეს იგავ-არაკები შემონახულია ბაბრიუსის, ფედრუსისა და პლანუდეს მაქსიმუსის ნაშრომებში. პოეტური ფორმა მათ მეჩვიდმეტე საუკუნეში ფრანგმა მეიგავემ ჟან დე ლაფონტენმა მისცა. ქართულ კულტურაში ეზოპესგან ნასესხებ ზოგიერთ სიუჟეტზე იგავები შეთხზა სულხან-საბა ორბელიანმა.

ეზოპე გამორჩეულ ადგილს იკავებს ლიტერატურის ისტორიაში, რადგან ის მხოლოდ იგავ-არაკებს კი არ წერდა, არამედ შექმნა ქარაგმული ენაც, რომელსაც მწერლები და პოეტები საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ ტირანებსა თუ დიქტატორებთან საბრძოლველად.

ეზოპეს ენას უწოდებენ იგავურ, ორაზროვან ენას. მისი ყველაზე ცნობილი იგავ-არაკებია „მელა და ყვავი“, „მელა და ყურძენი“ და „კუ და კურდღელი“.

შარლ პერო

შარლ პერო, მეჩვიდმეტე საუკუნის ფრანგი მწერალი და საფრანგეთის აკადემიის წევრი, ლიტერატურული ზღაპრის ფუძემდებლად მიიჩნევა. მისი დამსახურებაა ფრანგული სიტყვიერების ნიმუშების შეკრება და გადამუშავება. შარლ პეროს კალამს ეკუთვნის საქვეყნოდ ცნობილი ზღაპრების: „წითელქუდას“, „კონკიას“, „ჩექმებიანი კატის“, „ცეროდენას“, „მძინარე მზუთუნახავისა“ და „ლურჯწვერას“, – ლიტერატურული ვერსიები.

სი ეს ლუისი

კლაივ სტეფლზ ლუისი (უფრო მეტად ცნობილი როგორც სი ეს ლუისი), მეოცე საუკუნის ინგლისელი მწერალი და მეცნიერი, ოქსფორდის უნივერისტეტის მაგდალენის კოლეჯის ფლოლოგიის პროფესორი და ქრისტიანული აპოლოგეტიკის მკვლევარი, ცნობილი გახდა ზღაპრების სერიით „ნარნიის ქრონიკები“, რომელიც შვიდი ჯადოსნური მოთხრობისგან შედგება. სი ეს ლუისის უახლოესი მეგობარი გახლდათ ჯ. რ. რ. ტოლკიინი, რომელიც იმავე პერიოდში სწავლობდა ოქსფორდში. ზღაპრების მოწინააღმდგეებს სი ეს ლუისმა ასეთი პასუხი გასცა: „როდესაც ამბობენ, რომ ზღაპრები აშინებს ბავშვებს, ეს ნიშნავს, რომ ვიღაცას სურს, ბავშვები მოარიდოს ძალადობის, სიკვდილის, ჭრილობების, თავგადასავლების, გმირობისა და სიმხდალის, კეთილისა და ბოროტის სამყაროს. მაგრამ ჩვენ, ყველანი, ასეთ მსოფლიოში ვართ მოვლენილნი და ამ ყველაფრის დამალვით ბავშვებს უნარშეზღუდულებად ვაქცევთ, რადგან სავსებით მოსალოდნელია, ისინი ცხოვრების გზაზე სასტიკ მტრებს გადაეყარონ. მოდი, იმის საშუალება მაინც მივცეთ, გაგონილი ჰქონდეთ უშიშარი რაიდებისა და მათი მამაცობის შესახებ… დაე იყვნენ მათ მიერ მოსმენილ თუ წაკითხულ ისტორიებში ბოროტი მეფეები და თავმოკვეთილი ტუსაღები, ბრძოლები და მიწისქვეშა დილეგები, გიგანტები და გველეშაპები და მოხდეს ისე, რომ ბოროტი აუცილებლად დამარცხდეს წიგნის დასასრულს…“

დავუბრუნდეთ ზღაპრების შესახებ დიდ მოაზროვნეთა მოსაზრებებს.

ალბერტ აინშტაინი ამბობდა: „თუ გსურთ, თქვენი შვილები გონიერები გამოვიდნენ, წაუკითხეთ ბევრი ზღაპარი“.

დიდი ინგლისელი მწერალი და კრიტიკოსი გილბერტ კიტ ჩესტერტონი წერდა: „ზღაპრები იმას კი არ ასწავლის ბავშვებს, რომ გველეშაპები არსებობენ, – ბავშვებმა ისედაც იციან ეს, – ზღაპრები ასწავლის იმას, რომ გველეშაპი შეიძლება დაამარცხო“.

თუ კვლავ ტოლკიინის შეგონებებს მივყვებით, ზღაპრები უადვილებს ბავშვს მატერიალური სამყაროს აღქმას. საგნები და მოვლენები, რომლებიც ჩვენ გარშემოა, მრავალრიცხოვანია. მცირეწლოვანი ბავშვის ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი გონებისთვის ძნელია ამ სიმრავლის აღქმა, მისთვის სახელის დარქმევა, მეხსიერებაში სწორად განლაგება-შენახვა და კატეგორიზაცია. მცირე ასაკში ბავშვის სამყარო უმთავრესად მშობლების, და-ძმის, ოჯახის სხვა წევრებისა და უშუალო სიახლოვეს არსებული საგნებისგან შედგება. შეზღუდულია მისი ლექსიკონიც, რომელიც ყველაზე ინტენსიურად სწორედ სამი-ოთხი წლის ასაკში მდიდრდება. ზღაპრების წყალობით, რომლებსაც ახლობლებისგან ისმენს, ბავშვი ძალდაუტანებლად იგებს და იმახსოვრებს ახალს. თანაც ეს პროცესი მისთვის კომფორტულ, ნაცნობ გარემოში მიმდინარეობს, დედასთან, მამასთან, უფროს და-ძმებსა და ბებია-ბაბუასთან, ანუ იმ ადამიანებთან ერთად, ვისგანაც ბავშვი სამეტყველო ენას, ამ ენის ლექსიკონს, ადამიანთა გარემოში მოქცევასა და სამყაროში ორიენტირებას სწავლობს. ზღაპრები ბავშვს თვალწინ გადაუშლის იმ ახალ სამყაროს, რომელიც ზღაპრების გარეშე მისთვის შესაძლოა განსაზღვრულ ასაკამდე დახურული დარჩენილიყო. კერძოდ, ბავშვი ეცნობა „სხვა“ ადამიან-გმირებს, „სხვა“ არსებებს, თავად ცნება „სხვაგან-ს“, რომელიც მცირეწლოვანი ბავშვისთვის ძნელი წარმოსადგენია, რადგან ამ ასაკში მას ჯერ კიდევ უჭირს სივრცის, დროისა და მანძილის აღქმა. ასევე ზღაპრის საშუალებით ეცნობა პატარა მსმენელი „კარგისა“ და „ცუდის“ ცნებებს, რაც ხელს უწყობს აბსტრაქტული აზროვნების განვითარებას. შეიძლება ითქვას, რომ ზღაპრები აუცილებელი საზრდოა მცირეწლოვანი ბავშვის გონებრივი განვითარებისთვის.

აი, ის ძირითადი სარგებელი, რომელიც ზღაპრებს ბავშვისთვის მოაქვს:

  1. ზღაპრები ასწავლის ბავშვს დაბრკოლებების გადალახვას და პრობლემების მოგვარებას.

ჩვენ, დიდები, უამრავ რამეს ვსწავლობთ სხვის მაგალითზე ან სხვის შესახებ გაგონილი ისტორიების მეშვეობით. ეს საშუალებას გვაძლევს, გაგონილი საკუთარ ცხოვრებას შევადაროთ და ჩვენი ქმედებები, საჭიროებისამებრ, მათ შევუსაბამოთ. სხვის მაგალითს ვუკავშირებთ საკუთარ საქციელს, ოცნებებს, სურვილებს, შიშებს და წარმოვიდგენთ, როგორ მოვიქცეოდით მათ ადგილას. ზღაპრები ბავშვებს ცხოვრებაში მოგზაურობის დაწყებაში ეხმარება, მათთვის ერთგვარი გზამკვლევი ხდება.

  1. ზღაპრები ბავშვს ემოციურ მდგრადობასა და მოქნილობას უვითარებს.

ზღაპრებში აღწერილია სიტუაციები, რომლებსაც ბავშვები თავიანთ „მცირე სამყაროში“, ოჯახსა თუ საცხოვრებელ გარემოში, შესაძლოა ვერ წააწყდნენ, თუმცა ეს სიტუაცია ჯადოსნურ გარემოშია წარმოდგენილი და ზღაპრის გმირი უმეტესად იმარჯვებს. ბავშვებისთვის აუცილებელია იმის მიხვედრა, რომ ცუდი ამბავი ყველას შეიძლება შეემთხვეს. რაც მთავარია, ამას ისინი უსაფრთხო გარემოში უნდა მიხვდნენ. რისთვის? იმისთვის, რომ იცოდნენ: ხიფათისგან არავინ არის დაზღვეული. ეს მათ გააძლიერებს და აუცილებელი უნარების ჩამოყალიბებაში დაეხმარება. რა სჯობია – განვუვითარო ბავშვებს „ემოციური კუნთები“ და რთული პერიოდისთვის მოვამზადოთ თუ დავიცვათ ყველაფრისგან და გავზარდოთ უუნარო, სუსტ პიროვნებებად, რომლებიც უბრალო წინააღმდეგობასაც კი ვერ გადალახავენ?

  1. ზღაპრები გვივითარებს საერთო, ყველასათვის გასაგებ სამეტყველო უნარებს. ისინი ერთგვარი საერთო ენის მასწავლებლები არიან თაობისთვის. ნილ გეიმანი ამბობს: „ჩვენ ზღაპრებს ვეცნობით ბავშვობაში, წაკითხულის მოსმენით ან წარმოდგენების ყურებით. ჩვენ მათი სუნთქვით ვიზრდებით. ჩვენ ვიცით, რა ხდება მათში“.
  2. ზღაპრები გადალახავს კულტურულ საზღვრებს.

მრავალ კულტურაში ვიპოვით ზღაპრებს, რომლებსაც ბევრი რამ აქვს საერთო. ქართულ ზღაპრებში მრავლადაა წარმართული, ქრისტიანული, სპარსული თუ რუსული კულტურის ელემენტი. თითქმის ყველა ბავშვს მოუსმენიია, წაუკითხავს ან უნახავს „კონკია“ და თითოეულ ერს, კულტურას, ენას ამ ზღაპრის საკუთარი ვერსია აქვს. ჩვენ ვეცნობით ამ ვერსიებს და ვეზიარებით რაღაც საერთოს, მნიშვნელოვანს. სხვადასხვა ისტორიის მეშვეობით ვიგებთ ცხოვრების გემოს და უმეტესად ვიმედოვნებთ, რომ კეთილი სძლევს ბოროტს.

  1. ზღაპრები გვასწავლიან, რა არის ამბავი.

ზღაპრები ბავშვებს მოთხრობის, ამბის საფუძველს აცნობს – აღწერს მოქმედების ადგილსა და გარემოს, მოქმედ გმირებს და ინტრიგას (ამბის განვითარებას, კულმინაციას და დასასრულს); ზღაპარი მკაფიოდ გვიჩვენებს ზღვარს გამოგონილსა და რეალურს შორის. მოსმენილი ან წაკითხული ამბავი ბავშვს ეხმარება, განივითაროს წინასწარჭვრეტის, შედარებისა და მონათხრობის აღქმის უნარი, რომელიც სხვა მოთხრობისა თუ ზღაპრის კითხვისა თუ მოსმენისას გამოადგება.

  1. ზღაპრები ავითარებს წარმოსახვას.

ალბერტ აინშტაინი წერდა: „როდესაც ვფიქრობ საკუთარ თავზე და ვუფიქრდები ჩემი აზროვნების მეთოდებს, ვასკვნი, რომ ჩემთვის წარმოსახვა და ფანტაზია გაცილებით მეტს ნიშნავს, ვიდრე აბსტრაჰირებისა და პოზიტიური აზროვნების ნიჭი“.

  1. ზღაპრები მშობლებს საშუალებას აძლევს, განუვითარონ ბავშვებს კრიტიკული აზროვნება.

ძნელია დაეთანხმო დისნეის სტუდიის მიერ გადაღებული მულტფილმის „პატარა სირინოზის“ იდეას – გოგონა თავს წირავს ვაჟის გამო. ეს ალბათ მოდელად ვერ გამოადგება ჩვენს შვილებს. მულტფილმის ლიტერატურულ პირველწყაროშიც კი სირინოზი სუსტი ქალია, რომელიც მამაკაცისთვის კვდება – ვერც ამას მოვიწონებთ. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბავშვებს „პატარა სირინოზის“ კითხვა ავუკრძალოთ. რამის დამალვა მათ კრიტიკული აზროვნების განვითარებაში ვერ დაეხმარება. ხოლო არიელის ამბის გაცნობა და შემდეგ მისი განხილვა ნამდვილად უკეთესი გაკვეთილი იქნება მათთვის.

  1. ზღაპრები კარგ მაგალითებს აღწერს.

მაგალითად, რა შეიძლება გვასწავლოს „ოქროსთმიანმა გოგონამ“ ან „კონკიამ“? მართლა საშიში ხომ არ არის ზოგიერთი ზღაპარი?

უდავოდ, არის.

ზღაპრის შერჩევისას ბავშვის ასაკი და მისი განვითარების ეტაპი უნდა გავითვალისწინოთ. ბუნებრივია, ორი წლის ბავშვს არ წავუკითხავთ „რაპუნცელს“, რომელშიც პრინცი ბრმავდება და დასისხლიანებული დადის. მაინც ვერ გაიგებს ან შეეშინდება. როგორც მშობელმა, თვითონვე შეაფასეთ, რა ჯობია. გაითვალისწინეთ ბავშვის შეფასებაც – იოლად შეამჩნევთ, რომ მას ზღაპრისა ეშინია…

ზღაპრების კითხვისთვის სწორად უნდა შევარჩიოთ დროც. ზოგი ზღაპარი ძილის წინ საკითხავი არ არის. წაუკითხეთ ისინი ნაშუადღევს.

არაფრით არ გააქროთ რომელიმე ზღაპარი თქვენი შვილის ცხოვრებიდან მხოლოდ იმის გამო, რომ, თქვენი აზრით, საშიში ან პოლიტიკურად არაკორექტულია. შეგიძიათ, ოდნავ შეცვლილი ვერსია შესთავაზოთ ბავშვს, თუ ის უკეთ მიესადაგება მის ბუნებას და თქვენი ოჯახის გარემოს.

ალბათ ღირს იმაზე დაფიქრებაც, რას ნიშნავს ზღაპრები თქვენთვის. ცნობილი ამერიკელი მწერალი და გამომცემელი, ბრემ სტოკერის პრემიის ლაურეატი ტერი უინდლინგი, ამბობს: „განურჩევლად იმისა, ზღაპრებს ბავშვებისთვის დაწერილ ისტორიებად მივიჩნევთ თუ არა, სიმართლე ის არის, რომ ზღაპრების წიგნი შედარებით ახალი მოვლენაა. ძველი ზეპირსიტყვიერი ტრადიციით, ჯადოსნურ ამბებს საუკუნეების განმავლობაში თანაბარი ინტერესით ისმედნენ როგორ პატარები, ისე დიდები, ჩვენთვის ცნობილი ზღაპრების ლიტერატურული ფორმა კი უმთავრესად XIX საუკუნის მოვლენაა და ისინი უდიდესწილად ზრდასრული მკითხველისთვის შეიქმნა“.

კენტერბერის 104-ე ეპისკოპოსის, სამხრეთ უელსის უნივერსიტეტის კანცლერის, ოქსფორდის უნივერსიტეტის მაგდალენის კოლეჯის თავმჯდომარის, ბარონ როუან უილიამსის თქმით, „ზღაპრებს შეუძლია, შესანიშნავად ასახოს ის ურთულესი გამოწვევები, რომლებსაც ადამიანები ვეჯახებით ცხოვრების გზაზე“.

დასასრულ, გთავაზობთ ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ავტორის, ავსტრიული წარმოშობის ამერიკელი ფსიქოლოგის, ბუხენვალდისა და დაჰაუს საკონცენტრაციო ბანაკებში გადარჩენილი მეცნიერის ბრუნო ბეთელჰაიმის მოსაზრებას ზღაპრების მნიშვნელობის შესახებ. ბეთელჰაიმი ყოველთვის ამბობდა, რომ ზღაპრები ბავშვებისთვის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია რეალობაში გასარკვევად და იმ სამყაროში გადასარჩენად, რომელსაც მოზრდილები მართავენ. ზღაპრების გმირების (რომლებიც ხშირად ბავშვები არიან) საოჯახო კონფლიქტები და ზნეობრივი მაგალითები ბავშვებს ასწავლის რეალობისთვის თავის გართმევისა და მასთან ადაპტაციის სხვადასხვა მოდელს: „ბავშვებს ძალიან უყვართ ზღაპრები… რადგანაც, მიუხედავად ბრაზისა თუ შფოთვისა, რომელსაც ისინი წარმოშობენ ბავშვის გონებაში, ეს ისტორიები ყოველთვის ბედნიერად მთავრდება. მთავრდება შედეგით, რომელსაც ბავშვი თვითონ ვერ წარმოიდგენდა“.

ორიენტირი

0

ისტორიას უამრავი შემფასებელი ჰყავს, თუმცა ყველა თავისი სარკმლიდან გაჰყურებს მის ბურუსით მოცულ კონტურებს და მის წიაღში თავისთვის საინტერესო საგნებსა და მოვლენებს დაეძებს. თიხის უძველეს ჭურჭელში აღმოჩენილ ყურძნის წიპწას აგრონომ-მევენახეები, მეღვინეები თუ გენეტიკოსები თავ-თავიანთი გამადიდებელი შუშით დასცქერიან და თავ-თავიანთი დასკვნები გამოაქვთ. ციხესიმაგრეებსა თუ ეკლესია-მონასტრებს არქიტექტორები და მშენებლები სხვადასხვა რაკურსით განიხილავენ – პირველთათვის თუ ფორმები, სტილი და ტენდენციებია საინტერესო, მეორენი სამშენებლო ტექნოლოგიებითა და გამოყენებული მასალებით ინტერესდებიან… ვრცელი და უკიდეგანო ველია ისტორია. ყველა პოულობს იქ თავისთვის საინტერესო და თავშესაქცევ მასალას. მე კი ყველაზე მეტად იმდროინდელი საინჟინრო გადაწყვეტილებები მიზიდავს. ლეონარდო და ვინჩი ჩემთვის უფრო ინჟინერია, ვიდრე მხატვარი, მიუხედავად იმისა, რომ მისი ტილოები უბადლოა.

ძველი დროის საინჟინრო ოსტატობის ერთ-ერთ საინტერესო ნიმუშია შუქურა. ამ ერთი შეხედვით მარტივმა ნაგებობამ – ვიწრო მაღალმა კოშკმა, რომლის თავზეც ცეცხლი გიზგიზებს – უდიდესი როლი შეასრულა ნავიგაციის განვითარებაში, რამაც, თავის მხრივ, ხელი შეუწყო გეოგრაფია-კარტოგრაფიას, ვაჭრობას, კულტურათა გაცვლასა და ექსპანსიას და ვინ მოთვლის, კიდევ რას. ამიტომ შუქურა, ჰორიზონტზე მოკიაფე ნათელი წერილი, იმედის, წინსვლის, მიზნისკენ  სწრაფვის გამომხატველ მეტაფორად იქცა.

ნებისმიერ საქმეს, ჩანაფიქრსა თუ ოცნებას სჭირდება თავისი შუქურა. სჭირდება იგი სკოლასა და განათლებასაც.

და რა არის სკოლის ორიენტირი? ერთი შეხედვით, რიტორიკული კითხვაა. ბევრი დაუფიქრებლად უპასუხებს: მეტი განათლებული ადამიანის მომზადება. ცხადია, ასეა, მაგრამ როგორ გავზომოთ (ან როგორ იზომება დღეს) განათლებულობა?

ცოტა ხნის წინ ჩვენ ვცხოვრობდით ქვეყანაში, სადაც ყველაფერი ზემოდან იყო დაგეგმილი, ქვეყანაში, სადაც წარმატება გეგმების გადაჭარბებით იზომებოდა. მთავარი იყო წარმოება და არა რეალიზაცია. მთავარი იყო რაც შეიძლება მეტი ფოლადისა თუ ღვინის ჩამოსხმა, ფეხსაცმლისა თუ წინდის შეკერვა, ჩაისა თუ ხორბლის აღება. წარმოება ძირითადად რაიკომებსა და აღმასკომებში იგეგმებოდა და რაღაცნაირად აუქციონს წააგავდა. მეწარმეები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, გეგმასთან შედარებით ვინ უფრო მეტის წარმოებას დაიქადნიდა. ამიტომ არსებობდა გეგმა და გეგმა-ვალდებულება. როგორც ერთის, ისე მეორის შეუსრულებლობა მკაცრად ისჯებოდა პარტიული კომიტეტის სხდომებზე (!). ისინი კი ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ იმართებოდა და ამ სხდომებზე პარტია საჯაროდ იწონებდა თავს, რომ აღებული გეგმა-ვალდებულებები გადაჭარბებით იქნა შესრულებული. თუმცა ბევრი ცხოვრებას ერთი ქურთუკით გალევდა ხოლმე, მეწაღეებს რიგები ედგათ ამძვრალი ლანჩების დასაწებებლად, ბებიები კი საღამოებს წინდების კემსვაში ატარებდნენ.

ეს „ბევრწარმოება“ (ჭარბწარმოებას ვერ დავარქმევ, რადგან თითქმის ყოველთვის ყველაფერი დეფიციტური იყო), სამწუხაროდ, განათლებასაც ეხებოდა. ინსტიტუტები და უნივერსიტეტები ცდილობდნენ, რაც შეიძლება მეტი დიპლომირებული სპეციალისტი მიეწოდებინათ სამშობლოსთვის და ამ დიპლომიანთა განათლების ხარისხზე ისევე ხუჭავდნენ თვალს, როგორც წყალწყალა ღვინის ჩამოსხმაზე. უფრო მეტიც – პროტესტი მკაცრად ისჯებოდა. ამის თვალსაჩინო მაგალითია ფილმ „გიორგობისთვის“ გადაღება და შემდგომი პერიპეტიები.

ცხადია, სკოლაც ამ ფერხულში იყო ჩაბმული. მე-20 საუკუნის გარიჟრაჟის იდეა – ყველას მიეღო საშუალო განათლება – საუკუნის დასასრულს მანკიერ რუდიმენტად იქცა და დამანგრევლად იმოქმედა მთელ განათლების სისტემაზე. სკოლას მიზნად დაუსახეს, უდანაკარგოდ ეწარმოებინა სიმწიფისატესტატიანი ყმაწვილები, რომლებიც ორ კატეგორიად იყოფოდნენ: უმაღლესში მოწყობილებად (დიახ, უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარებას მოწყობა ერქვა) და უსაქმურებად. არადა, სწორედ ეს უკანასკნელნი იწყებდნენ სკოლის დამთავრებისთანავე საწარმოებში ან ბაღ-ვენახებში შრომას და უფრო მეტ ღირებულ პროდუქციას ქმნიდნენ, ვიდრე დიპლომით ხელდამშვენებული ინჟინრები თუ სხვანი, რომელთა ძალიან მცირე ნაწილი თუ ახერხებდა სპეციალობით მუშაობის დაწყებას.

სამწუხაროდ, მეჩვენება, რომ გასული საუკუნის წეს-წყობილება ინერციით კვლავაც გრძელდება. დღეს სკოლის რეიტინგი უმთავრესად ერთიან ეროვნულ გამოცდებში მიღებული ქულებით იზომება. სკოლის წარმატების შეფასება მარტო ერთი პარამეტრით არ შეიძლება. სკოლა, უპირველეს ყოვლისა, მოქალაქის აღზრდას უნდა ემსახურებოდეს და არა რომელიმე დარგის სპეციალისტის მომზადებას. ამ პარამეტრით, ქალაქის სკოლა, რომლის ათი მოსწავლე უმაღლეს საგანმანათლებო პროგრამაზე ჩაირიცხა (თუმცაღა არ ვიცით, რა დონის სპეციალისტი დადგება მისგან ოთხი წლის შემდეგ), ყოველთვის უფრო რეიტინგული იქნება, ვიდრე მთის 5-10-კომლიანი სოფლის სკოლა, რომელიც მოახერხებს ისეთი მოქალაქის აღზრდას, იმავე სოფელში რომ დარჩება, კერას არ გააცივებს და ქალაქს თავისი მოწეული ჭირნახულით მოამარაგებს.

ესა, მესა, გადის ესა…

0

ახლაც გუშინდელი დღესავით მახსოვს …

1993 წლის ზაფხულია, ასფალტიც რომ კარაქივით ლღვება, ისეთი სიცხეა თბილისში. ვისაც ის წლები გახსოვთ, არ მკითხავთ – მერე, შე კაი ადამიანის შვილო, თუ ხვატი იყო, სიცხე და უბედურება, ვერ გაგიყვანეს ქალაქგარეთო.  ვერ გამიყვანეს… კი მემუდარებოდა დედაჩემი, არ შეიძლება, რამე დაგემართება, საღამოს გადიო, მაგრამ გარეთ რაღაც სასწაული ჟინი და  „მაღალი პასუხისმგებლობა“ მიმარბენინებდა. და ამ პასუხისმგებლობას „კრასკობანაში“ მგლის ფუნქცია ერქვა. სიმართლე გითხრათ, ტანკენარი და წერწეტა არც ახლა ვარ და მით უფრო 10 წლისასაც ბევრი მაკლდა სასურველ ფიგურამდე. ამიტომ აქამდე ვერ ამიხსნია ასეთ ზომიერად ფეხხორციან სუბიექტს, თამაშის შინაარსიდან გამომდინარე, მაინცდამაინც მეტ-ნაკლებად ფეხმარდი მგლის ფუნქციას რად მაკისრებდნენ. მოკლედ, ასეა თუ ისე, სხვა, დედებს გამოპარულ, ეზოში სათამაშოდ თავისუფლებაგამოთხოვილ ბავშვებთან ერთად მეც ვუფრთხობდი 90-იანი წლების მტვრიან, ხვატიან ეზოებს ანგელოზებს. თამაშს თამაში ცვლიდა, გამარჯვებულს – დამარცხებული, დღეებს – დღეები, მაგრამ ის ჟინი, თავში რომ ვახსენე, ერთხელაც არ განელებულა, პირიქით, ისეთივე ძლიერი და აღმაფრთოვანებელი იყო, როგორიც შუქის მოსვლისგან გამოწვეული კოლოსალური მუხტი და დიდისა თუ პატარის უღმრთო ბღავილი.

ამ თამაშებს ყველგან და ყოველთვის ვთამაშობდით – ეზოში, კორპუსში, მიგდებულ შენობებში, ნაგავსაყრელზე, საბავშვო ბაღისა თუ სკოლის სარდაფში. ამ  უკანასკნელში თამაში სასტიკად გვეკრძალებოდა მშობლებისგან ორი მიზეზის გამო: ერთი, რეალური – ფეხსაცმელების გაცვეთილი ძირები ვერ დაგვიცავდა გულუხვად, დაუზარელად მიმოფანტული შპრიცების ნემსებისაგან და მეორე, ლეგენდური – დაგიჭერენ მორფინისტები და ძალით გაგიკეთებენ მორფს. ცოტა გადავუხვიე სათქმელს, მაგრამ ჩვენი თამაშისა და გართობის რეპროდუცირება რომ მთხოვონ, ეს სურათი უცილობლად ერთ-ერთ მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს ტილოზე.

მართალია, დაულეველი ომისა და სროლის პირობებში კიდევ ომობანას თამაში, შეშლილი, გაოფლილი სახით სირბილი და მოკვდი, დაგჭერის განწირული ყვირილი ვერაფერი ბედენა იყო ჩვენი მშობლებისა თუ, ზოგადად, მაყურებლებისათვის, მაგრამ მაგაზე ფიქრით 10 წლისა არ იღლი გონებას ან რატომ უნდა დაიღალო, როდესაც ვინც საჭიროა, ისიც არ იღლიდა მაშინ. ახლა რომ ვიხსენებ, რაღაც საშინლად სარკაზმული იყო ამ ომობანაში – საბჭოთა სათამაშო თოფებით თავისუფლებამოპოვებული  საქართველოს ბავშვები  გაგანია ძმათამკვლელი ომის დროს სხვისი სიკვდილით გამარჯვების მოპოვების სურვილმოძალებულები დავკიოდით უშუქო, ცივ ქუჩებში – „მოგკალი, მოგკალი, ბიჭო !!!“

ჰოდა, ახლა მე ქართულის მასწავლებელი ვარ, აი, ის მასწავლებელი, პირველ კლასშიც რომ ასწავლის და მეთორმეტეშიც. შესაბამისად, სამივე საფეხურზე ყველა კლასში მისწავლებია და ჩემი სათქმელიც ამ გამოცდილებიდან მოდის. ბევრს გადაგხდენიათ, ალბათ, თავს, ექსკურსიაზე ე.წ. შემეცნებით ნაწილს როცა მორჩები და თვალები გაწყდება უკეთესი, ჯერ კიდევ სხვა ბავშვების მიერ დაუკავებელი ადგილების ძებნა-თვალიერებით. იპოვი რამე ველკეთილს, მირბიხარ ადგილის მოსაზომ-დასაპატრონებლად და გულში ის ბავშვური გამარჯვების განწყობა გაქვს, ბოლო დამალულის „დასტუკებისას“ რომ გეუფლებოდა. სწორედ ამ გამარჯვების შემდეგ იწყება მთავარი ამბები – უკლებლივ ყველა ბავშვი ურყევ ალყას გარტყამს და დიდი თვალებითა და მომთხოვნი ტონით გეუბნება: „რა ვითამაშოთ, მას?“ ;  „მას, გაგვყავით და გვათამაშეთ.“ ეგ კი არა და, ხანდახან მუშტი-სილაც შეიძლება აღმოჩნდე. ჰოდა, იწყებ თამაშების გახსენებას – ეს ერთადერთი გზაა ალყის გასარღვევად. იხსენებ მოძრავ თამაშობებს, მათ პრინციპებს, იმასაც, „ჟილკობას“ რომ არ ვართ და განსაკუთრებულ შემთხვევაში, თამაშიდან გამორთვისას, განწირულმა, მთელ რაზმს რომ უნდა გასძახო, „ ზა კამანდუ“. ეს წესები წმინდათაწმინდა იყო ჩვენთვის, დაურღვეველი. აი, მათემატიკის მასწავლებლები გამრავლების ტაბულაზე რომ გვეუბნებოდნენ, გამოღვიძების წამსვე უნდა გქონდეს რვაჯერ შვიდის პასუხიო, იმ რანგის. სთავაზობ ხან ერთ, ხან მეორე თამაშს და ხვდები, რომ აქამდე არც „ხუთქვაობანა“, არც ზემოთ ნახსენები „კრასკობანა“, არც „რიცხვობანა“ არ უთამაშიათ და გიკვირს. მიდი და ნუ გაგიკვირდება, როცა მთელი შენი შეგნებული ბავშვობის წლები სწორედ ამ თამაშებისათვის თავის ვერდანებების გამო დატუქსულიხარ მშობლებისგან, ამ თამაშების არჩაშლის მიზნით გამოგყოლიან მეგობრები დესპანებად დედასთან და 10-15 წუთით გამოუთხოვიხარ უვნებლად დაბრუნების პირობით.

მიკვირს-მეთქი ვამბობ და, კაცმა რომ თქვას, ჩემს ეზოში წლებია არ დამინახავს კლასობანას სათამაშოდ გულდაგულ დახაზული ცხრილი, არ გამიგია ჩვენებური შეშლილი ღრიანცელი და არც რაღაცნაირად გამარჯვებულიერიანი, მუხლებგადატყავებული ბავშვები მინახავს. მიზეზებსა და ამ დიდი საქმეების გამოსწორების მიზნებზე  ფიქრი და საუბარი თქვენთვის მომინდია, მკითხველო. მე, უბრალოდ, მაკლია შებნელებულზე ფანჯრებში შემომავალი ხმა – „ გამარჯვებულო გამოდი, ერთი ქულა გყავს!“

რატომ არ უნდა გვეშინოდეს მასწავლებლობის

0

წერის დაწყება საკმაოდ რთულია, მით უმეტეს ისეთ თემაზე, რომელთანაც აქამდე შეხება არ გქონია და მხოლოდ შენს მეგობრებთან ერთად თუ გაგახსენდებოდა, ისიც ძალიან იშვიათად. პროცესს კიდევ უფრო საშიშს და საპასუხისმგებლოს ხდის ის, რომ ზუსტად იცი, რასაც ახლა დაწერ, აუცილებლად წაიკითხავენ შენი მასწავლებლები, რომლებსაც სულ რაღაც ხუთი წლის წინ სისხლს უშრობდი, ახლა კი ზიხარ და წერ იმაზე, თუ  რატომ არ უნდა შეგვეშინდეს ვიყოთ მასწავლებლები.

მიმზიდველი და მაცდურია ვინმეს რამე ასწავლო, მაგრამ იზრუნო მომავალი თაობის განათლებაზე და გერქვას მასწავლებელი, სერიოზული გამოწვევაა, რომელიც დიდ პასუხისმგებლობას მოითხოვს და უამრავ სირთულესთან არის დაკავშირებული.

ითვლება, რომ საქართველოში განათლების დონე არც ისე მაღალია, თუმცა მიიღო ძირფესვიანი და ამომწურავი ცოდნა რომელიმე სპეციალობაში, რა თქმა უნდა, შესაძლებელია და ეს ნებისმიერ მონდომებულ და სწავლას მოწყურებულ ახალგაზრდას გამოუვა, მით უმეტეს კარგი მასწავლებლის ხელში, რადგან საბაზისო ცოდნა და ღირებულებები, რომელსაც სკოლაში ვიღებთ მუდმივად თან გვდევს.

შარშან ერთ-ერთმა სკოლამ კინოს გაკვეთილების ჩატარება შემომთავაზა. ვაღიარებ, სატელეფონო ზარმა ერთდროულად გამახარა და ძალიან შემაშინა კიდეც, საბოლოოდ გასაუბრებაზე მისვლას მაინც დავთანხმდი. დირექტორს სამასწავლებლოში ველოდი და პირველი, რამაც ჩემი შიში კიდევ უფრო გაამძაფრა მასწავლებლების მზერა იყო, რომელსაც გამუდმებით ვგრძნობდი, თითქოს ისინი უთქმელად აკრიტიკებდნენ ჩემს გრძელ, შეკრულ თმას, ვიწრო შარვალს და ფერად მაისურს. სწორედ ამ დროს გავიფიქრე, რომ სკოლის გამოცდილ პედაგოგებს შესაძლოა არ უყვართ ახალგაზრდა კადრი და მათში კონკურენტს თუ არა იმ მეამბოხე ახალგაზრდას ხედავენ, რომელიც წლების წინ საკლასო ოთახში იჯდა და ელოდა, მათი კოლეგა შეცდომას როდის დაუშვებდა, რათა შემდეგ მისთვის დაეცინა და საკუთარი უპირატესობებით ეზეიმა. საბედნიეროდ ეს შიში ნანა მასწავლებელმა გამიქარწყლა, რომელმაც სიამაყით მითხრა 40 წელზე მეტია სკოლაში ვასწავლი და ახალგაზრდის დანახვა ჩვენს პროფესიაში ძალიან მიხარია, ჩემი იმედი გქონდესო.  ეს იყო ჩემი არარსებული სამასწავლებლო გამოცდილების პირველი შემთხვევა, როცა ვიგრძენი, როგორ ცდილობდა ჩემს დახმარებას სკოლის ძველი,  გამოცდილი პედაგოგი თავისივე სურვილით და გამოცდილების გაზიარებასაც დამპირდა.

დირექტორთან გასაუბრებამაც არაჩვეულებრივად ჩაიარა. თითქოს გახარებულიც უნდა ვყოფილიყავი ახალი ამბით,  საკმაოდ საპასუხისმგებლო სამსახური ვიშოვე, ვის არ გააბედნიერებდა ეს? თუმცა  სკოლიდან გამოსულს დიდი დრო არ დამჭირდა დასკვნისთვის, რომ ჩემგან კარგი მასწავლებელი ვერ გამოვიდოდა, არ ვიცოდი რატომ, მაგრამ ერთადერთი რაც თავში მიტრიალებდა, შიში იყო, რომელსაც დროდადრო უამრავი კითხვა ანაცვლებდა. რა უნდა ვასწავლო მე ბავშვებს? ვფიქრობდი და ამ კითხვას თავადვე ვცემდი პასუხს.
რას ქვია, რა უნდა ასწავლო? საგანი კინოზეა, ყველაზე ამოუწურავი და მრავალფეროვანი თემები შენ გექნება, თან ადვილად დაუმეგობრდები ბავშვებს, სკოლა არც ისე დიდი ხნის წინ დაამთავრე და ხომ გახსოვს, ყველაზე მეტად ის მასწავლებელი გიყვარდა, ვისთანაც ქიმია-ბიოლოგიის გარდა სხვა თემებზე საუბარიც შეგეძლო – ვუმტკიცებდი საკუთარ თავს, მაგრამ შიში მაინც არ მტოვებდა, მახსენდებოდა ჩემი კლასი და მასწავლებელი, რომელსაც 25 ბავშვი გამუდმებით აკვირდება და ერთი სული აქვს, რამე შეცდომა დაუშვას, რომ აფთრებივით ჩასაფრებულებმა კბილი გაჰკრან და მიწასთან გაასწორონ. გულწრფელად ვნანობ და ვაღიარებ, რომ ერთ-ერთი ჩასაფრებული მეც ვიყავი, რომელმაც ისიც კი გაბედა, მასწავლებელი კლასიდან ატირებული გაეშვა. დარწმუნებული ვარ, ახლა ჩემი მასწავლებელი კითხულობს რასაც ვწერ. ჩვენი კონფლიქტის შემდეგ კიდევ ორი წელი მასწავლეთ და ერთმანეთი ძალიან შეგვიყვარდა, ბოდიში არასდროს მომიხდია ჩემი უგუნური საქციელის გამო, ახლა ზუსტად ამის დროა, მიიღეთ ჩემი გულწრფელი ბოდიში, რადგან იმან რამაც თქვენ აგატირათ, უარი მათქმევინა მასწავლებლობაზე და ვინ იცის, იქნებ  მომავალში ჩემი ტირილის მიზეზიც კი გამხდარიყო.  დიდი დრო დამჭირდა ამის მისახვედრად, მაგრამ უკვე ვიცი, რომ მასწავლებლებს ყველაზე მეტად დაუცველობა აწუხებთ. განსაკუთრებით დამწყებ, გამოუცდელ პედაგოგებს, რადგან კლასის მიერ არამიმღებლური დამოკიდებულება დიდი სასოწარკვეთის მიზეზი ხდება.

გამოუცდელობის შიშმა მასწავლებლობაზე უარი მათქმევინა, თუმცა მალევე მივხვდი, რომ არ უნდა შემშინებოდა სასწავლო პროცესში დაშვებული შეცდომების, რადგან უშეცდომო არავინ არის და ის ფაქტი, რომ მე-9 კლასელმა მოსწავლემ შესაძლოა უკეთესი ანალიზი გაუკეთოს რომელიმე ისტორიულ მოვლენას, არ უნდა გვბოჭავდეს და გვაკომპლექსებდეს, პირიქით, ამისგან სიამოვნების მიღებაც კი არის შესაძლებელი. ამიტომ მგონია, რომ მასწავლებლების მომზადების დონე სულაც არ არის მთავარი გამოწვევა. მთავარი პრობლემა არის ის, რომ ბევრ მათგანს უჭირს იყოს მეტად შემოქმედებითი, იაზროვნოს პროგრესულად და აჰყვეს თანამედროვე სამყაროში არსებულ ძვრებს, რომელიც ცვლილებებთან, სიახლეებთან არის დაკავშირებული და მუდმივად განიცდის  ტრანსფორმირებას.

კარგად გაიხსენეთ, კლასში რომელიმე გაკვეთილზე ყოფნისას ერთხელ მაინც ისურვებდით  მასწავლებლობას,  თუნდაც  იმისთვის , ცალი თვალით რომ  ჩაგეჭყიტათ ნიშნების ჟურნალში, რომელთან მიახლოებაც სასტიკად გეკრძალებოდათ და გქონოდათ შანსი, თავად შეგეფასებინათ თქვენი თანაკლასელები, რადგან ზოგჯერ მასწავლებლის გადაწყვეტილება ბავშვების შეფასებისას უსამართლო, დაუმსახურებელი ან მკაცრი გეჩვენებოდათ.  მასწავლებლის პროფესიაში კი ერთ-ერთი მთავარი ბავშვის ტყავში შეძრომა და იმის გახსენებაა, რაც თავადვე გვაქვს გამოცდილი და განცდილი, მხოლოდ ამის შემდეგ ნაკლებად  დავუშვებთ იმ შეცდომებს, რომელიც ზოგმა დიდი ხნის წინ, ზოგმაც კი ჩემსავით რამდენიმე წლის წინ გამოსცადა.

სანამ წერას დავიწყებდი, ჩემი მეგობრის 14 წლის ძმას ვკითხე, მოეწონებოდა თუ არა კლასში მის მასწავლებლად შესული 23-24 წლის მასწავლებელი, არც დაფიქრებულა ისე მიპასუხა, რომ ეს ფაქტი გააბედნიერებდა. მთავარ მიზეზად კი თავისუფლება დაასახელა, რომელსაც თითქმის მისი თანატოლისგან ისწავლის. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ იგივეს ვერ მიიღებს 45-50 წლის პედაგოგისგან, მაგრამ სამწუხაროდ  ხშირად  საკლასო ოთახში შესულებს ავიწყდებათ, რომ ცივი, უემოციო ადამიანის იმიჯი, რომელსაც ბავშვებისგან თავდასაცავად ირგებენ, თავისთავად ჩანასახშივე განწირული იდეაა, რადგან ამით კლავენ მთავარს, რაც მოსწავლესთან ურთიერთობის დროს მნიშვნელოვანია.

რატომ არ უნდა შეგვეშინდეს მასწავლებლობის? ამის უამრავი მიზეზი არსებობს. გარდა იმისა, რომ ბავშვებთან ურთიერთობა სასიამოვნოა და მათგან უამრავი რამის სწავლა შეიძლება, მათთან ურთიერთობა გეხმარება კიდევ უფრო განიმტკიცო ცოდნა და საკუთარი თავის რწმენა, გაძლევს საშუალებას ასწავლო ის რაც შენ იცი,  ასევე გიადვილებს ახლებურად, ასობით მოსწავლის თვალით შეხედო ერთი და იგივე მოვლენასა თუ ამბავს, რაც კიდევ უფრო აფართოვებს შენი, როგორც მასწავლებლის გამოცდილებას და წლებთან ერთად უფრო და უფრო თავდაჯერებულსაც გხდის. არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეგვეშინდეს სიახლეების და გამოწვევების, სხვანაირად არათუ საკუთარ თავს, არამედ იმ ადამიანებსაც ვავნებთ, ვისთანაც ყოველდღიური ურთიერთობა გვაქვს. ამიტომ გთხოვთ, როგორც თქვენი ყოფილი მოსწავლე და შეშინებული, არშემდგარი მასწავლებელი, ადგეთ, თავები ასწიოთ და თქვენი შიშებით, შეცდომებით, იმედებით, გამოწვევებით, ურთიერთობისა და სწავლის წყურვილით შეხვიდეთ საკლასო ოთახში და შეასრულოთ ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო და რთული მისია – მასწავლებლობა, რომელიც არც ზარის დარეკვით იწყება და არც ზარის დარეკვით  სრულდება.

             ახალი სკოლა

0

ჩხოროწყუს გიმნაზიაში მეხუთე კლასის მეორე სემესტრიდან გადავედი, მანამდე ქვედაჩხოროწყუს საშუალო სკოლაში ვსწავლობდი.

   როგორც მახსოვს, მაშინ ახალი შექმნილი იყო გიმნაზია და მასზე ლეგენდები დადიოდა. ამბობდნენ, რომ საუკეთესო მასწავლებლები ჰყავდათ და მაღალი დონის სწავლება იყო. გიმნაზიაში შვილების შეყვანა პრესტიჟის ამბავი გახდა, ჰოდა,  მე და ჩემი დაც შეგვიყვანეს. გადასახადი ბავშვზე თერთმეტი ლარი იყო, ჯამში – ოცდაორი ლარი (ჩვენს შემთხვევაში), ეს ფული ამ გადასახედიდან შეიძლება სასაცილოდაც ჩანს, მაგრამ მაშინ ოცდაორი ლარისთვის რომ მოეყარა თავი, დედაჩემს თვეში თორმეტი დღე (კვირაში სამი დღე იყო ბაზრობა) უნდა ემუშავა ბაზარში, და მუშაობდა კიდეც. საფასურის გადახდა არასდროს დამიგვიანებია, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ჩემი დის წილს გადავიხდიდი, ხოლო ჩემსას ჯიბეში ჩავიდებდი, რადგან ვიცოდი, გადაუხდელობის შემთხვევაში, გაკვეთილებზე დასწრების უფლებას არ მომცემდნენ. ცოტა თუ მახსოვს ისეთი ბედნიერი წუთები, როცა რაიონის ცენტრში, ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვების აღსანიშნავად ორმოცდაათიან წლებში აღმართულ მემორიალთან დგახარ, ცენტრში არსებულ ოთხივე სკოლაში (პირველ საშუალოში, მეორე საშუალოში, სკოლა–ინტერნატში და გიმნაზიაში) ბავშვები მერხებს უსხედან, შენ კი, ძმაკაცთან ერთად, გასტრონომის მეორე სართულზე, მუდამ გაყინულ ოთახში, sony-ს კომპიუტერით ფეხბურთის თამაშს აპირებ. ორმოცდაათ თეთრად მთელი საათი ვთამაშობდით ხოლმე.

   მოკლედ, მეხუთე კლასის მეორე სემესტრიდან გადავედი. პირველი, რაც არ მომეწონა, შეუხედავი შენობა და მოუწყობელი საკლასო ოთახები იყო, რამაც ისე გამიცრუა იმედი, როგორც კენედის მკვლელს, ლი ჰარვი ოსვალდს, საბჭოთა კავშირმა. მეორე, რაც არ მომეწონა, ინგლისური ენა გახლდათ, რადგან ძველ სკოლაში, მთელი ერთი სემესტრი გერმანულს ვსწავლობდი. არ ვიცი, რომელი ვუნდერკინდი მნახა, მაგრამ ინგლისურის მასწავლებელმა, პირველივე დღეს, ზუსტად იმდენივე დავალება მომცა, რამდენიც ჩემს ახალ კლასელებს. იმ საღამოს მთელი ჩემი უბანი ცდილობდა გარკვევას, თუ რა ეწერა მეხუთე კლასის ინგლისურის სახელმძღვანელოში, სანამ ბებიაჩემს არ გაახსენდა მეზობელუბნელი, ოთხმოცს მიტანებული, სერაპიონ ბაბუა, რომელიც, თურმე, მეორე მსოფლიო ომში ტყვედ ჩავარდნიდან ათ წელიწადში (როგორ და საიდან არ ვიცი) ინგლისურის კარგ მცოდნედ დაბრუნდა და სკოლაშიც ემუშავა მასწავლებლად. არ ღირს იმისი გახსენება, თუ როგორ ცდილობდა სრულიად ყრუ სერაპიონ ბაბუა, ჩემთვის სიტყვების მნიშვნელობა აეხსნა, უბრალოდ იმას ვიტყვი, რომ ეს კოშმარი მთელი სემესტრი გაგრძელდა.

   ახალ სკოლაში ახალგადასულს მესამე, რაც არ მომეწონა, შორ გზაზე სიარული იყო. ჩემი სახლიდან რაიონის ცენტრამდე შვიდი კილომეტრია, სოფლის ცენტრამდე კი – ორი. მე და ჩემი პირველკლასელი და სოფლის ცენტრში სენაკიდან მომავალ ავტობუსს თუ დაველოდებოდით ან ავიდოდით, ან – არა, რადგან სულ გადაჭედილი იყო, ამიტომ ყოველ დილით სკოლაში ფეხით გვიწევდა სიარული. იქიდან, ასე თუ ისე, უფრო ადვილად მოვყვებოდით ხუთის ნახევრიან ავტობუსს.

   გიმნაზიაში მეშვიდე კლასის პირველი სემესტრის ბოლომდე ვისწავლე, მეორე სემესტრში კი ისევ ქვედაჩხოროწყუს სკოლაში გავაგრძელე სწავლა.

***

   პირველი სექტემბერია. დღეიდან უკვე მერვე კლასში ვართ. ბიჭები, ქვედაჩხოროწყუს ცენტრში, სკოლის ჭიშკართან ვართ ჩაცუცქული. ყველას ახალი ტანსაცმელი გვაცვია. ახალი ჩანთები რკინის მესერზე გვაქვს მილაგებული. მე და ჩემი ერთი კლასელი იაპონურ ჯოკერს ვთამაშობთ. მასწავლებლები არ გვეჩხუბებიან, პირველი სექტემბერია. ვთამაშობთ, ტყაპანით ვაგდებთ გაცვეთილ ბანქოს ღორღიანი გუდრონის საფარზე. ბიჭები გვგულშემატკივრობენ. უცებ ძრავის ხმა მესმის. ასეთი ხმა მხოლოდ მას აქვს, მას, რომელსაც ათასჯერ გაუცრუებია ჩემთვის იმედი. ხმა ახლოვდება. ბიჭები ჩემს მზერას თვალს აყოლებენ და ელოდებიან, როდის ჩამოვალ ბანქოს. აი, ისიც: აღმართიდან მძიმედ ამოდის. გაჩერებასთან ჩერდება. ათის ნახევრიანია. ვხედავ: ცოტა ხალხი ზის, დასადგომი კი არა, დასაჯდომი ადგილებიცაა. ყელში მაწვება მთელი ორი წლის მანძილზე, დილით, ფეხით გავლილი კილომეტრების სევდა და სიმძიმე, ჩანთას ვიღებ და გავრბივარ. ქოშინით ავედი წინა კარიდან და მძღოლის კაბინის უკანა სკამზე დავჯექი. დაიძრა. ჩემს კლასელებს ვუახლოვდებით. ღია ფანჯარაში მთელი ტანით გადავეყუდე, ხელში შერჩენილ კარტს ჰაერში ვყრი და მთელი ხმით ვყვირი: “აბა, თქვა გიჩქუნა, ბოშეფი! („აბა, თქვენ იცით, ბიჭებო!)”. ისინი გაკვირვებულები მიყურებენ. მე ხელს ვუქნევ და, რაღაცით ბედნიერი, ვჯდები და ვიღიმი. იმ დღეს ისევ გიმნაზიაში გადავედი.

გაკვეთილი „გარემოსადმი მეგობრული“ დამოკიდებულებისათვის

0

სამოქალაქო განათლების მასწავლებლებისათვის შეთავაზებული გაკვეთილი შესაფუთი მასალებით გარემოს დაბინძურების თემის განხილვას ისახავს მიზნად.

სამოქალაქო წიგნიერება მოიცავს გლობალურ წიგნიერებასაც, რომელიც ეკოლოგიური წონასწორობის გააზრებასა და მის დაცვაზე პასუხისმგებლობის განვითარებასაც გულისხმობს.

საგნის სწავლება ესგ-ის სტანდარტით მიმდინარეობს, თუმცა დასახული შედეგების მისაღწევად  პედაგოგს თავისუფალი არჩევანი ეძლევა. შემოთავაზებული  გაკვეთილი და მისი მოდიფიცირებული ვარიანტიც წიგნიერებებს შორის არსებულ ელასტიკურ საზღვრებს ხშირად ეკონომიური (და არამარტო ეკონომიური) წიგნიერებისკენ გადაქაჩავს.  ის ინტეგრაციისა და ცოდნის ტრანსფერის გასააქტიურებლადაც შეგვიძლია გამოვიყენოთ.

გაკვეთილის გეგმა

 

გაკვეთილის თემა შესაფუთი მასალები და ჩვენი გარემო
საგანი

მასწავლებლის სახელი და გვარი

სამოქალაქო განათლება

სწავლების საფეხური / კლასი საბაზო, IX კლასი
მოსწავლეთა პროფილი
აქტუალობა დაბინძურებული გარემო ყოველ ნაბიჯზე გვახსენებს თავს. მოსწავლეებმა უნდა დაინახონ პირდაპირი კავშირი ადამიანების პასუხისმგებლობიან ქცევასა და გარემოს დაბინძურებას შორის; დაფიქრდნენ, როგორ შეიძლება დაიცვან საკუთარი გარემო შესაფუთი მასალებისგან?
სასწავლო მიზნები და მოსალოდნელი შედეგები მოსწავლეები გაიგებენ შესაფუთი მასალების მნიშვნელობასა და ფუნქციებს;  გააცნობიერებენ რა პრობლემას უქმნის გარემოს შესაფუთი მასალების გაუაზრებელი გამოყენება; გაეცნობიან საერთაშორისო გამოცდილებას გარემოსდაცვითი მიმართულებით (სტუდენტის ინოვაცია), თავადაც იმსჯელებენ  როგორ შეიძლება, გარემოს აარიდონ  არალიკვიდირებადი ნარჩენები. დაფიქრდებიან ალტერნატიული საშუალებების გამოძებნის საკითხებზე.

განივითარებენ მსჯელობის, კომუნიკაციის კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების უნარებს. განუვითარდებათ გარემოსადმი პასუხისმგებლობიანი დამოკიდებულება და  ნეგატიური განწყობა გარემოს დაბინძურების მიმართ;

ესგ მოქ. IX .5.

„მსჯელობს ჯანსაღი გარემოს მნიშვნელობაზე ადამიანის/საზოგადოების კეთილდღეობისათვის; აღწერს, თუ რა სახის ქმედებები უქმნის საფრთხეს ჯანსაღ გარემოს; აღწერს იმას, თუ რა სახის ქმედებებს შეაქვთ წვლილი გარემოს დაცვაში“;

მოსწავლეთა წინარე ცოდნა მოსწავლემ უნდა იცოდეს თემასთან დაკავშირებული საკითხები ბიოლოგიიდან და ქიმიიდან; სამოქალაქო ეკონომიკის საკითხები, რომელიც მეწარმეთა და მომხმარებელთა პასუხისმგებლობას უკავშირდება.
გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი ინტერესის გასაღვივებლად მოსწავლეებს წინასწარ ვაძლევთ დავალებას: ერთი კვირის განმავლობაში დააკვირდნენ, რა  შესაფუთი მასალა რჩება ოჯახში შეძენილი ნივთებისა და პროდუქტისგან? სად მიდის ეს მასალა? გაკვეთილზე მოაქვთ ჩანაწერები.

საორგანიზაციო საკითხების მოგვარების  შემდეგ  მასწავლებელი წინადადებას დაფაზე წერს, ან ეკრანზე ხსნის – „ ოკეანეში 2050 წელს  თევზზე მეტი პლასტიკატი იქნება!“ სიტყვა „პლასტიკატი“ თავიდან გამოტოვებულია. მასწავლებელი სვამს კითხვას: მათი აზრით, რა იქნება ოკეანეში თევზზე მეტი?  შემდეგ ამატებს გამოტოვებულ სიტყვასაც და დასძენს, რომ ასეთია ეკოლოგთა პროგნოზი. აცნობს გაკვეთილის თემას და მიზანს. 2 წთ.

მასწავლებელი მოსწავლეებს გონებრივი იერიშის მეთოდით სთხოვს ჩამოთვალონ  დავალებაში აღრიცხული შესაფუთი მასალები და ჩამონათვალი გადააქვს დაფაზე ან ქაღალდზე. გამორჩეული ფერის მარკერით მონიშნავს მოსწავლეების მიერ დასახელებულ მასალებს, რომლებიც პლასტიკატისგან მზადდება. 3წთ.

შემდეგ მოსწავლეებს უსვამს კითხვას: რა მიზნით გამოიყენება შესაფუთი მასალები? ცდილობს მინიშნებებით, დამატებითი კითხვებით დაეხმაროს მათ, დაასახელონ შეფუთვის ძირითადი მიზნები (პროდუქტებისა და სხვათა დანაწევრება წონისა და რაოდენობის მიხედვით; პროდუქტებისა და სხვა ნაწარმის დაცულობა, ტრანსპორტირებისთვის მოხერხებულობა, მარკირება/იდენტიფიცირება; ინფორმირებისა და რეკლამირების ფუნქცია;) 5წთ.

მასწავლებელი კითხულობს, გაუგიათ თუ არა ბავშვებს ვაკუუმით შეფუთვის შესახებ? ისმენს პასუხებს და გადადის მინილექციაზე, რომელიც სასურველია, საპრეზენტაციო ფაილით იყოს უზრუნველყოფილი.

ინტერაქციული ლექცია „შესაფუთი მასალები და ჩვენი გარემო დღეს“. 7 წთ.

(დანართი 1. ინფორმაცია მასწავლებლისათვის, რომელიც თავისი სურვილისამებრ შეუძლია შეცვალოს, შეავსოს…).

შემდეგ მასწავლებელი კლასს ყოფს 4 ჯგუფად და აცნობს დავალებას: „აღწერეთ შესაფუთი მასალებით დაბინძურებული გარემო (თემში, თემის გარეთ) და წარმოიდგინეთ, რომ გაქვთ შეუზღუდავი რესურსები, როგორ მოაგვარებდით ამ პრობლემას. 15წთ.

მასწავლებელი აკვირდება მუშაობის პროცესს.

ჯგუფები წარმოადგენენ პრეზენტაციებს და იღებენ უკუკავშირს ერთმანეთისგან და მასწავლებლისგან.10წთ.

მასწავლებელი სვამს კითხვებს: რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია თქვენთვის? არსებობს თუ არა შეფუთვის ალტერნატიული ფორმები? რა შეგვიძლია გავაკეთოთ გარემოს დასაცავად? ამ კითხვებით აჯამებს გაკვეთილს და ახდენს მოსწავლეთა შეფასებას. 2 წთ.

საშინაო დავალება:  მოიფიქრონ საკლასო პროექტის იდეა გარემოს დაცვის პრობლემაზე.1წთ.

შეფასება და თვითშეფასება ჯგუფები აკეთებენ ურთიერთშეფასებას კედელზე გაკრული ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკის მიხედვით, რომელიც მათთვის ცნობილია. მასწავლებელი გაკვეთილზე იყენებს განმავითარებელი შეფასების ფორმებს – კომენტარსა და უკუკავშირს. განმსაზღვრელ შეფასებას აძლევს 2-3 მოსწავლეს. შეფასების კრიტერიუმები: აზროვნებს კრიტიკულად, აყალიბებს საინტერესო მოსაზრებებს, ამყარებს არგუმენტებით, ავლებს პარალელებს საკუთარ გამოცდილებასთან. არის კრიტიკული და კრეატიული.
სასწავლო რესურსები კომპიუტერი, პროექტორი, საპრეზენტაციო ფაილი, ფლიპჩარტები, მარკერები, დაფა, ცარცი. ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა.

დანართი 1.

„საქონლის შეფუთვა იცავს გასაყიდ საქონელს დაზიანებისაგან, იძლევა საქონლის გაფორმების საშუალებას, რაც მომხმარებლისთვის მას უფრო მიმზიდველს ხდის. თუმცა საქონლის შეფუთვის შემდეგ მთელი ეს შესაფუთი მასალა ნაგავში ხვდება, რაც ზრდის დატვირთვას ნაგვის გატანის თუ გადამუშავება-გაუვნებელყოფის სამსახურებზე, საბოლოოდ კი იმ ნაგავსაყრელის გარემოზე, სადაც ნარჩენები ხვდება.

ისეთ ქვეყნებში, სადაც მომხმარებელს დიდი არჩევანი აქვს და პასუხისმგებლობის გრძნობაც გააჩნია, ბევრი მომხმარებელი ერიდება საქონელს, რომლის წარმოება, რეალიზაცია ან მოხმარება გარემოს ზიანს აყენებს და ცდილობს შეიძინოს ნაწარმი, რომელიც ,,გარემოსადმი მეგობრულია“. ასეთი პროდუქტების გამოსარჩევად იყენებენ ეკომარკებს -სპეციალურ ნიშნებს პროდუქტის ეტიკეტზე ან შეფუთვაზე. …მის მისაღებად საქონლის მწარმოებელმა მაქსიმალურად უნდა შეამციროს, როგორც საწარმოს, ასევე პროდუქტის უარყოფითი ზემოქმედება გარემოზე: არ დააბინძუროს ჰაერი, წყალი, მინიმალურად წარმოქმნას ნარჩენები, შეძლებისდაგვარად შეამციროს მავნე ქიმიკატების გამოყენება, გამოიყენოს ისეთი ტარა და შესაფუთი მასალა, რომელიც რეციკლირებადია (შესაძლებელია მისი გადამუშავება და ხელახლა გამოყენება) ან ბიოდეგრადირებადია (გარემოში მოხვედრისას იოლად იშლება)“.   დამხმარე სახელმძღვანელოდან ,,მოქალაქე და ეკონომიკა“

შეფუთვა ეს არის საშუალება ან  საშუალებათა კომპლექსი სარეალიზაციოდ გამოტანილი საქონლის დასაფასოებლად, დასაცავად, ტრანსპორტირებისთვის, იდენტიფიცირებისთვის.

უკანასკნელ  ხანებში დაიწყეს შეფუთვის პროცესში ვაკუუმის გამოყენებაც.

ბევრი საკვები პროდუქტის შენახვის პროცესში ხდება ქიმიური და მიკრობიოლოგიური ცვლილებები, რაშიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჟანგბადი, სინათლე და ტემპერატურა. განსაკუთრებით მგრძნობიარეა ამ მხრივ ხორცში არსებული ცილები. ჟანგბადის უარყოფითი ზემოქმედებისგან პროდუქტების დასაცავად მიმართავენ სხვადასხვა ხერხს: ჟანგბადის გამოდევნას, დამცველი აირების გამოყენებას, პროდუქტების გაყინვას. შედარებით ხელმისაწვდომი ხერხია ჟანგბადის ვაკუუმით გამოტუმბვა. ძირითადად, ამ სიტუაციისთვის იყენებენ სხვადასხვა ტიპის პოლიმერულ ფირებს, ასევე მაღალი ბარიერული თვისებების მქონე კომბინირებულ მასალებს.

პროდუქტების გამოყენების შემდეგ შესაფუთი მასალები იქცევა ნარჩენებად. ნარჩენები იყოფა საყოფაცხოვრებო და საწარმოო ნარჩენებად. საყოფაცხოვრებო ნარჩენები – ნაგავი, რომლებიც გროვდება ბინებში, სახლებში, დიდ მარკეტებში; და საწარმოო ნარჩენები – ნაგავი, რომელიც გროვდება საწარმოებში. შესაფუთ მასალებს დიდი ზიანი მოაქვთ გარემოსათვის. ყოველწლიურად იზრდება მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების ოდენობა, რომლის ნახევარზე მეტს გამოყენებული შესაფუთი მასალები  (ქაღალდი, პლასტმასი, ნაკლებად – მეტალი და ხე) შეადგენს. ამ ნარჩენებიდან მხოლოდ მინიმალური ნაწილის გადამუშავება ხდება. დანარჩენი გააქვთ ნაგავსაყრელებზე, სადაც წვავენ. ეს უარყოფითად მოქმედებს ეკოლოგიური ბალანსის შენარჩუნებაზე. გარდა ამისა, ნაგავზე იყრება ძვირფასი მეორადი ნედლეულის დიდი მარაგი, რომელიც დახარისხებისა და გადამუშავების შემთხვევაში, შესაძლებელია ისევ სასარგებლო ნივთებად  (სამშენებლო მასალები, მცირე არქიტექტურული ფორმები, შესაფუთი მასალები…) დაუბრუნდეს სამომხმარებლო სფეროს.

პროდუქციის შეფუთვის პროცესი და გამოყენებული შესაფუთი მასალის გადამუშავების პროცესი სრულიად საწინააღმდეგო მიზნებს ისახავს. მწარმოებელსა და მომხმარებელს სურთ, რომ შეფუთული მასალა არ იმსხვრეოდეს, არ ტყდებოდეს, არ იშლებოდეს, არ იწვოდეს, არ დნებოდეს, არ იხსნებოდეს წყალში, ნარჩენების გადამამუშავებელი ყველა დანადგარი კი ისეა გათვლილი, რომ შესაფუთი მასალები უნდა იშლებოდეს, დნებოდეს, იწნიხებოდეს ან ქიმიურად იშლებოდეს. ამიტომ გადამამუშავებლები ცდილობენ, მიაგნონ კომპრომისულ გადაწყვეტილებას – რაც შეუქმნით პირობას, ეფექტურად გადამუშავდეს გამოყენებული შესაფუთი მასალა.

ასეთი ინოვაციების პერსპექტივა არსებობს. აი, მაგალითიც:

ისლანდიის სამხატვრო აკადემიის სტუდენტმა არი იონსონმა, რომელიც ბევრს ფიქრობდა პლასტმასის ნარჩენების გარემოსადმი მავნე გავლენაზე, მწარმოებლებს შესთავაზა მათი მოცულობის შემცირების გზა. მან შეიმუშავა წყალმცენარეებისგან დამზადებული ბიოდეგრადირებადი  ბოთლები. ეკოლოგიურად უსაფრთხო ჭურჭლის შესაქმნელ მასალად გამოიყენა წითელი წყალმცენარეები, რომლებიც  მთელი მსოფლიოს ზღვებშია გავრცელებული. მათი მრავალი სახეობა გამოიყენება საკვებში. სტუდენტმა გამხმარი წყალმცენარეების ნაფხვენი შეურია წყალს და მიიღო ერთგვაროვანი სქელი ნარევი, რომლიდანაც გამოძერწა ბოთლები. მანამ, სანამ შიგნით არის სითხე, ბოთლი ინარჩუნებს ფორმას, დაცლილი კი შრება, დეფორმირდება, პატარავდება და ბუნებისათვის ზიანის მიუყენებლად  იშლება.

წყალმცენარეების ბოთლები გამომგონებელმა ისლანდიაში დიზაინის ფესტივალზე წარადგინა. ინოვატორი დარწმუნებულია, რომ ამგვარი ტარის სერიული წარმოება სრულიად დასაშვებია  შესაბამისი ტექნოლოგიური ხაზის ამუშავებით. ამასთან,  წყალმცენარეების, როგორც ძირითადი მასალის გამოყენებას, არი არ იჩემებს, რადგან იმასაც აღიარებს, რომ ამ ბოთლებში წყალი გარკვეულწილად გემოს იცვლის. სამაგიეროდ, თავად იდეამ შეიძლება კაცობრიობას ახალი ანალოგიური გამოგონებისაკენ უბიძგოს.

ისე რომ, ალტერნატიულ ვარიანტებზე შეიძლება თქვენც იფიქროთ.

პირთა საძიებელი

0

კურტ ვონეგუტს აქვს, თუ არ ვცდები, ერთი ძალიან უცნაური მოთხრობა თუ წერილი. ესაა იმ ადამიანების ჩამონათვალი, ვისაც ცხოვრებაში შეხვედრია, ვინც რაღაცით დამახსოვრებია. აი ასე, პირდაპირ, მიყოლებით – ჩამოთვლილია ჩვენთვის მეტ-ნაკლებად ცნობილი თუ საერთოდ უცნობი ადამიანების გვარ-სახელები.

წლების წინ, „ცისკარში“ წავიკითხე მიხო მოსულიშვილის მიერ მომზადებული ეს პუბლიკაცია და ძალიან მომეწონა. ისე, რა კარგი იქნება, ყველა რომ ასეთ პირად საძიებელს აკეთებდეს, რაღაც სულის მოსათქმელი და ტკბილ-მწარედ გასახსენებელი ამბებიც მეტი დაგროვდებოდა და ნიჰილისტებს რომ მთლად უდაბნოდ წარმოუდგენიათ ჩვენი ცხოვრება/მწერლობა, მთლად ეგეთი უდაბნოც არ იქნებოდა.

1

ნესტან ფიფიასთვის უთქვამს ერთ ნაცნობ შვილმკვდარ ქალს:

– ორ რამეზე არ უნდა იტირო: რასაც ეშველება და რასაც არაფერი არ ეშველება.

2

არ არსებობს დანაშაული, რომლის ჩადენაც მე არ შემძლებოდაო, – გოეთეს ეს სიტყვები რეზო კვესელავამ გამახსენა ამ რამდენიმე წლის წინ, 90-იანი წლების ამბებზე რომ შევყევით საუბარს. – თომას მანს აქვს ეს ციტატა ერთგან დამოწმებული და იქვე უკეთებს კომენტარს, ეს ღრმა ფსიქოლოგის სიტყვებიაო.

მთელი დღეები მეფიქრებოდა, მზარავდა და მტანჯავდა მისი ნათქვამი.

3

ზაურ გერგედავა იყო ამასწინათ გამომცემლობაში. ძნელად ვმუშაობ, მიჭირს ჩაჯდომა. თან შვილიშვილი დამყავს სკოლაში ყოველდღე და მთელი ყურადღება მასზე მაქვს გადატანილიო. მერე ჩაიღიმა, თვალებში ნაპერწკლები გაუკრთა და უცებ მეუბნება: „ლერსის უჯგუ მოთა (ლექსს ჯობია/მირჩევნია შვილიშვილი)“.

4

მარგომ დამირეკა, – ბები, ამ სიბერეში ენაღა შემრჩა მარტოო, – მერე ეტყობა გაახსენდა ამ სიტყვების პირველწყარო და დაამატა, – როგორც შურა მაჭავარიანი იტყოდა, ამ სიბერეში ენაღა შემრჩაო.

5

ვინც ანაიდა ბოსტანჯიანს არ იცნობდა, ალბათ ვერ წარმოიდგენს, თუ როგორ შეიძლება ერთმა ადამიანმა დაიტიოს უზარმაზარი ენერგია (დილიდან შუაღამემდე შეეძლო შეუსვენებლად ემუშავა), ადამიანებთან ურთიერთობის საოცარი ნიჭი და უამრავი სასიკეთო ჩანაფიქრი.

სწორედ მაშინ, როცა ასეთი ნაპერწკლების გაღვივებაა საჭირო, ისინი სამუდამოდ ქრებიან.

6

– ამ ტემპში თუ იცხოვრე, ვერ გაქაჩავ! – მეუბნება მამაჩემი. როგორც ყოველთვის, პირდაპირია, შვილებისთვის კეთილი სიტყვის თქმა და მოფერება არასდროს გამოსდიოდა.

კი, ალბათ სწორია. რაც უფრო იზრდება, მით უფრო ცვდება ადამიანი: ოსტატობა და გამოცდილება კი ემატება ასაკთან ერთად, მაგრამ სისწრაფეს და გამძლეობას კარგავს. ასაკში შესული ფეხბურთელები როგორც არიან – კარგ პასს გააკეთებენ, მაგარ საჯარიმოს დაარტყამენ, ერთი-ორ ეფექტიან მანევრსაც გაჩითავენ, მაგრამ მთელი მატჩი სირბილი უკვე არ შეუძლიათ, ბევრ შავ სამუშაოს ვერ იღებენ საკუთარ თავზე. ამ დროს სწორედ ეს დაუღალავობა და შავი სამუშაოს შესრულებაა ცხოვრების დიდი წილი.

7

ლეილა ბეროშვილი – ვნანობ, რომ ეს უძვირფასესი ადამიანი პირადად ვერ გავიცანი. ტელეფონით ვსაუბრობდით და სულ მეგონა, რომ ერთხელაც მოვა დრო, როცა შევხვდებით და ვეტყვი თუ როგორ მომწონს მისი მოთხრობები, ჩანაწერები, მისი პრინციპული მოქალაქეობრივი პოზიცია. ძალიან, ძალიან მომწონს. სამწუხაროდ, ეს დრო აღარასდროს დადგება, ახლა უკვე გვიანია.

8

მე მგონი ბიძაჩემმა, თემურ კვარაცხელიამ დამსვა ბოლოს საჭესთან. ხუთი წლის ვიყავი. მის მუხლებზე მჯდომი საჭეს ვაკონტროლებდი და ვცდილობდი პედლებისკენაც გამეპარებინა ფეხი. უბედნიერესი წუთები იყო.

როცა სამეგრელოში მხედრიონი შემოვიდა, ის მანქანა – თეთრი „ჟიგული“ 06 – თხილნარში გადავიყვანეთ და ჩალით დავფარეთ. რამდენიმე თვის შემდეგ ვიღაცას მიჰყიდა ბაბუაჩემმა, ის ფული კი თავის შვილებს მისცა უკრაინაში ბიზნესის ასაწყობად. ჰო, კიდევ სამი დიდი ტომარა შაქარი ვიყიდეთ.

9

ნინო ჩხიკვიშვილის ბიოგრაფიული რომანის „უკანასკნელი ცისფერყანწელი“ (კოლაუ ნადირაძე) წარდგენაზე კულტურის სამინისტროში ნონა კუპრეიშვილმა სხვათა შორის აღნიშნა, – ქალბატონ ნინოს ვეხუმრებოდით კიდეც, კოლაუს უკანასკნელი სიყვარული ხარო. ხალხი გახალისდა.

და სანამ მიკროფონს წიგნის ავტორს გადავულოცავდი, უცებ ნონა კუპრეიშვილს დავესესხე და:

 – ახლა კი უკანასკნელი ცისფერყანწელის უკანასკნელ სიყვარულს ვთხოვოთ სიტყვა.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...