სამშაბათი, აპრილი 21, 2026
21 აპრილი, სამშაბათი, 2026

ისგ და იგგ

0

ინდივიდუალური განვითარების გეგმა (An individual development plan (IDP)) საერთაშორისო გამოცდილების ერთგვარი მონაპოვარია. იგი შეიძლება იყოს: 1. მოსამზადებელი თუ შემდგომი პერიოდების უკუკავშირით დამსაქმებლისა და დასაქმებულის ურთიერთობის ხელშემწყობი ინსტრუმენტი[1]; 2. პიროვნული ზრდისთვის დადგენილი ინდივიდუალური განვითარების გზამკვლევი,  რომელიც განსაზღვრავს, რა მიზნები და  მოლოდინები შეიძლება გვქონდეს შემდგომი სამუშაო პერიოდისთვის ჩვენი საურთიერთო, სწავლების, კვლევითი, პროფესიონალური თუ კარიერული ზრდის კომპეტენციების განვითარების მიზნით[2]; 3. ინდივიდუალური განვითარების, სხვანაირად: ინდივიდუალური განათლების[3] გეგმა იქმნება მოსწავლეთა სწავლების ხელშესაწყობად იმ ადამიანების (მშობლების, მასწავლებლების…) თანხმობითა და მხარდაჭერით, ვინც ჩართულია ბავშვის ან ახალგაზრდის აღზრდისა და განვითარების პროცესში[4].  ამ მიზნით იგი შეუზღუდავია იმ კონტექსტებისა (ადგილი – სახლი, სკოლა, სოციუმი…) და საჭიროებების გათვალისწინებით, რომლებიც მოზარდის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანეს ფუნქციას ასრულებს. საქართველოში მოსწავლეთა ინდივიდუალური განვითარების მიზნით   რამდენადმე განსხვავებული გეგმა გამოიყენება.

ისგ – ინდივიდუალური სასწავლო გეგმის აბრევიატურა და ინდივიდუალური განვითარების გეგმის სახესხვაობაა.  რამდენიმე წელია, რაც იგი ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში ახალ ტერმინად მკვიდრდება. ინდივიდუალური სასწავლო გეგმა მოსწავლის საგანმანათლებლო საჭიროებებზე მორგებული დოკუმენტია, რომელშიც იწერება მოსწავლის ინდივიდუალური სასწავლო მიზნები და ამ მიზნების განხორციელების გზები. ისგ დგება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის და ეფუძნება ეროვნულ სასწავლო გეგმას მისი მოთხოვნების მაქსიმალური გათვალისწინებით.

მოსწავლის სწავლების პროცესში სირთულეების  გამოვლენისა და მათი განსაზღვრის შემდეგ დამრიგებელი, ბავშვის მშობელთან შეთანხმებით, მიმართავს სკოლის ადმინისტრაციას. ამის შემდეგ იგეგმება შეხვედრა, რომელსაც ესწრება სკოლის ადმინისტრაცია,  ბავშვის ყველა მასწავლებელი, ბავშვი (თუ ეს შესაძლებელია) და მისი მშობელი. ასეთ შეხვედრებზე არ უნდა იყოს სტრესული გარემო. მნიშვნელოვანია, ბავშვს და მის მშობელს განემარტოს შეხვედრის პოზიტიური მიზანი. თუკი აღმოჩნდება, რომ მოსწავლე, მასწავლებლების მიერ სხვადასხვა სტრატეგიების და მიდგომების მიუხედავად, ვერ სძლევს ეროვნულ სასწავლო გეგმას, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მულტიდისციპლინური გუნდის შეფასებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით სკოლის გუნდი წერს ინდივიდუალურ სასწავლო გეგმას.

ინდივიდუალური სასწავლო გეგმაში დეტალურად უნდა განისაზღვროს:

  • სასწავლო შედეგები, სწავლების სტრატეგიები და სასწავლო (როგორც საკლასო, ისე საშინაო) აქტივობები შერჩეულ საგანში/საგნებში;
  • დრო, რომელსაც მასწავლებელი დაუთმობს ინდივიდუალური სასწავლო გეგმით განსაზღვრული სასწავლო შედეგების მიღწევას თითოეულ საგანში;
  • მოსწავლისათვის საჭირო დამატებითი ჯგუფური/ ინდივიდუალური მეცადინეობები, მეცადინეობების  გრაფიკი, ადგილი და ხანგრძლივობა;
  • დამატებით ჯგუფურ/ინდივიდუალურ მეცადინეობებზე პასუხისმგებელი პირი: მასწავლებელი, სპეციალური მასწავლებელი, ასევე მეცადინეობა შესაძლებელია განხორციელდეს ფსიქოლოგის ჩართულობით  და სხვა;  სსსმ მოსწავლისათვის დამატებითი დამხმარე პერსონალის (სანიტარი, ძიძა და სხვა) საჭიროება;  
  • სასწავლო პროცესში გამოსაყენებელი მასალა (სახელმძღვანელოები და მოსწავლისათვის საჭირო დამატებითი საგანმანათლებლო მასალა) და მასალის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირი (რომელიც შეიძლება იყოს მშობელიც);
  • მოსწავლისათვის საჭირო დამატებითი ტექნიკური რესურსი.

ინდივიდუალური სასწავლო გეგმა უნდა ითვალისწინებდეს ინფორმაციას ბავშვის ინტერესების, ძლიერი და სუსტი მხარეების შესახებ აკადემიური, შემეცნებითი, სოციალური, ქცევითი, ემოციური, მოტორული და სხვა სფეროების მიხედვით.

 

ისგ-ში მაქსიმალურად უნდა იყოს წარმოდგენილი სსსმ მოსწავლის სწავლის ყველა საგანმანათლებლო საჭიროება და მისი დაკმაყოფილების გზები, მოსწავლის ინტერესები და ინდივიდუალური შესაძლებლობები, აგრეთვე ყველა დამატებითი აქტივობა, რომელიც საჭიროა გეგმით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად.  ისგ იქმნება სასწავლო წლის დაწყებამდე არაუგვიანეს ერთი კვირისა ან მოსწავლის სპეციალური საჭიროების გამოვლენიდან ერთი თვის ვადაში.

ეროვნული სასწავლო გეგმა ბავშვის საჭიროებებს უნდა მოერგოს: გეგმის გადაწყობის – აკომოდაციის, ცვლილების/გამარტივების – მოდიფიკაციის და ალტერნატიული მიზნების შეტანის გზით.

გადაწყობა (აკომოდაცია) გულისხმობს  სასწავლო გარემოს, პირობების შეცვლას სასწავლო მიზნებში ცვლილებების შეტანის გარეშე. მაგალითად, მედველობის დეფიციტის მქონე პირისთვის ტექსტის შრიფტის ზომის გაზრდა, სამუშაო დროის დამატება, წერითი გამოცდის ზეპირი ფორმით გამოკითხვა და სხვა. აკომოდაცია არ გულისხმობს მასალის შინაარსის და სირთულის დონის ცვლილებას.

სასწავლო გეგმის მოდიფიკაცია გულისხმობს ეროვნილის სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგების რაოდენობრივ ან თვისებრივ ცვლილებას, რაც მოითხოვს სასწავლო მიზნების შემცირებას, გაზრდას, გამარტივებას ან გართულებას.

ალტერნატიული მიზნის ფორმულირება – ალტერნატიული მიზანი არ არის განსაზღვრული ეროვნული სასწავლო გეგმით. მისი საჭიროების შემუშავება დგება, როდესაც მოსწავლეს არ შეუძლია ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი მინიმალური ბარიერის გადალახვა ან შეიძლება იყოს პარალელური გეგმის სახით. (აღნიშნული მიზნები მიმართულია, ძირითადად, დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის საჭირო უნარების განვითარებაზე).

შემუშავებული მიზნები ეფუძნება SMART (გონივრულ) მოდელს და ისინი უნდა იყოს:

  • (S –) პეციფიკური – მარტივად დაწერილი, კონკრეტული; მოსწავლის მოსალოდნელი ქცევა და შესრულების კრიტერიუმები კი – ნათელი;
  • (M –) ოსწავლის მიღწევების მზომი, მონიტორინგის საშუალების მომცემი;
  • (A –) წონილ-დაწონილი, შესაბამისი მოსწავლის საგანმანათლებლი საჭიროებისადმი;
  • (R –) რეალისტური, მისაღწევი, მოსწავლის შესაძლებლობების გათვალისწინებით;
  • (T –) ტაბელური, თანადროული, დროის კონკრეტულ მონაკვეთში განსახორციელებელი.

მიზნების შემუშავება ხდება მოსწავლის ძლიერი და სუსტი მხარეების, მიმდინარე, აქტუალური ცოდნის დონის, მასწავლებლის და მშობლის პრიორიტეტების გათვალისწინებით.

თითოეული სსსმ მოსწავლისათვის სკოლამ უნდა განსაზღვროს ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შესამუშავებლად სამუშაო ჯგუფი (შემდგომში – ისგ ჯგუფი), რომელიც უზრუნველყოფს სსსმ მოსწავლისათვის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემუშავებას და ხელს შეუწყობს მის განხორციელებას. ისგ-ს ჯგუფი ვალდებულია მონაწილეობა მიიღოს ისგ-ს შიდა მონიტორინგში და მასალა წარუდგინოს სკოლის დირექტორს.

 

ისგ ჯგუფში უნდა გაერთიანდნენ ის პედაგოგები, რომლებიც უშუალოდ ასწავლიან მოსწავლეს, აგრეთვე  მშობელი/მშობლები, სკოლის ადმინისტრაციის წევრი/წევრები, ფსიქოლოგი, მეტყველების თერაპევტი ან სპეციალური მასწავლებელი.

ისგ ჯგუფს უნდა ჰყავდეს კოორდინატორი, რომელიც  წარმართავს ჯგუფის წევრების მუშაობას და პასუხისმგებელია ჯგუფის საქმიანობაზე; სასურველია, ჯგუფს ხელმძღვანელობა გაუწიოს დამრიგებელმა ან სპეციალურმა მასწავლებელმა.

ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენის შემდეგ უნდა ჩატარდეს ისგ ჯგუფის წევრების მინიმუმ ერთი მიმდინარე და ყოველი სემესტრის ბოლოს ერთი შემაჯამებელი შეხვედრა.  შეხვედრებზე განიხილება გეგმის შესრულების მიმდინარეობა და გეგმაში შესატანი ცვლილებები (თუკი ამის საჭიროება არსებობს). გეგმის განხორციელების მონიტორინგის შედეგად გეგმა ექვემდებარება პერიოდულ ცვლილებებს. ინდივიდუალური გეგმით წარმართული სასწავლო პროცესის ეფექტურობის შეფასების მიზნით, საჭიროა პერიოდული (4-6 კვირაში ერთხელ) მონიტორინგი, რაც გულისხმობს ისგ ჯგუფის შეკრებას, პროცესის განხილვას და მიზნების გადახედვას. ისგ ჯგუფის შეხვედრებზე იწარმოება სხდომის ოქმები. ყველა სხდომის ოქმი ინახება მოსწავლის პირად საქმეში.

 ინდივიდუალური სასწავლო გეგმა შედგენისთანავე დასამტკიცებლად წარედგინება პედაგოგიურ საბჭოს. ისგ ჯგუფმა სასწავლო წლის ბოლოს სკოლის ადმინისტრაციას უნდა მიაწოდოს სსსმ მოსწავლის პირად საქმეში შესატანად მოსწავლის შესახებ წარმოებული სრული დოკუმენტაცია (ინდივიდუალური სასწავლო გეგმა, სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობები და სხვ.). ყოველი სასწავლო წლის ბოლოს სსსმ მოსწავლის თითოეული საგნის მასწავლებელმა ისგ ჯგუფის კოორდინატორისათვის გადასაცემად უნდა მოამზადოს სსსმ მოსწავლის მიღწევის ანგარიში, რომელიც წარედგინება პედაგოგიურ საბჭოს და მშობელს[5].

როგორ დავწეროთ ისგ?

 

უპირველეს ყოვლისა, უნდა გვახსოვდეს, რომ ისგ ჩვენი მოსწავლის ინდივიდუალური განვითარების სერიოზული ინსტრუმენტია. ამიტომ მისი შექმნის გადადება ან უგულებელყოფა არ ეგების.   ქართული ინდივიდუალური სასწავლო გეგმის ნიმუშების ნახვა შესაძლებელია აქ: https://ncp.ge/ge/inclusive-education/general-part/individualuri-sastsavlo-gegmis-nimushebi თუმცა ცალკეული საგნებისთვის აქ მოტანილი ინფორმაცია, რა თქმა უნდა, საკმარისი არ არის.  მნიშვნელოვანია, ინდივიდუალური განვითარების გეგმაში დეტალურად იყოს გაწერილი ყველა აქტივობა თუ მულტისენსორული სტრატეგია, რომელიც მოსწავლის სწავლას წაახალისებს, შეუქმნის სწავლის განწყობას, აუმაღლებს მოტივაციას და განაწყობს სწავლისთვის. რესურსებად გამოვიყენოთ ფერადი ცარცი, მარკერები, იმგვარი საგნები, რომლებთან შეხვედრა და შეხება  გაახალისებთ და სტიმულს მისცემთ. სხვა ყველაფერი, მართალია, ფორმალობაა, თუმცა მისი არსებობა გარკვეულ შიშებსა თუ დაძაბულობას მაინც უკავშირდება და ამიტომაც საჭიროდ ჩავთვალეთ მისთვისაც დრო გამოგვენახა. ვინძლო, მავანს გამოადგეს და მასწავლებლობის ურთულესი ხვედრი იოტისოდენად მაინც შეუმსუბუქოს.

სასურველია, საგნობრივ ინდივიდუალურ სასწავლო გეგმას დაერთოს თავფურცელი, რომელზეც დატანილი იქნება ინფორმაცია სკოლის, კლასისა და საგნის შესახებ, ასევე მოსწავლის, საგნისა და სპეცპედაგოგის, ასევე კლასის დამრიგებლის სახელები, გვარები და სასწავლო წელი. მომდევნო გვერდებზე კი აიტვირთოს შემდეგი ტიპის ინფორმაცია:

სახელმძღვანელო –  X XX-ის  ,, ქართული ენა და ლიტერატურა“,  Vკლასი.

 

Y-ის პრობლემა: სმენის მე-4 ხარისხის დაქვეითება, სმენაჩლუნგობა (თუმცა სარგებლობს კოხლეარული იმპლანტით), მეტყველების შეფერხება,  სწავლაში მნიშვნელოვნად ჩამორჩენა. მშობლის გადაწყვეტილებით, Y არ ფლობს ჟესტურ ენას. მეტყველების პრობლემების გამო იგი ხშირად მიმართავს სხეულის ენასა და საკუთარი აზრების ნახატებით გადმოცემის მეთოდს. Y  ფლობს მშობლიური ენის ლექსიკის უმწირეს მარაგს. არ სარგებლობს ლოგოპედის დახმარებით. ამდენად, მნიშვნელოვნად გვესახება, ქართულის გაკვეთილებზე Y-მა ისარგებლოს ამავე საგნის დაწყებითი საფეხურის მოდიფიცირებული სტანდარტით.

 

https://ncp.ge/files/ESG/2016-2021/58%20muxli%20-%20qartuli%20ena%20da%20literatura%20-%20standarti.pdf

 

მოსწავლემ უნდა შეძლოს:

 

(I). 1 სათანადო სამეტყველო ქცევის გამოვლენა მისალმებისადა დამშვიდობების  საკომუნიკაციო სიტუაციაში.

(I). 2 სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ადაპტირებული ტექსტების მოსმენა, შეძლებისადგვარად გაგება-გააზრება და ნახატებით გადმოცემა.

(I).3 პირადი დამოკიდებულების გამოხატვა ტექსტის თემის, მასში განხილული საკითხების მიმართ; მხატვრული ნაწარმოების პერსონაჟ(ებ)ის, მისი/მათი ქცევის შეფასება და საკუთარი თვალსაზრისის ემოციით ან ნახატებით გადმოცემა.

(I). 4  ნაცნობი ლექსიკის სათანადოდ გამოყენება; მართლმეტყველებისა და სამეტყველო ეტიკეტის საბაზისო ნორმების დაცვა.

(I).5 ზეპირმეტყველების ნაცნობი სტრატეგიების გამოყენება მიზნის შესაბამისად.

  1. 2. მიმართულება: კითხვა

შედეგების ინდექსი: მოსწავლემ უნდა შეძლოს:

(I).6 დამარცვლით კითხვა.

(I).7 სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტების ადაპტირებული ვერსიების  წაკითხვა და გაგება- გააზრება; ტექსტში ვერბალური და არავერბალური ფორმით მოწოდებული ინფორმაციის (მაგ., ილუსტრაციისა და ტექსტის) ურთიერთდაკავშირება.

(I).8 მცირე ზომის მხატვრული ტექსტების ინტერპრეტირება არავერბალური გზით; ვერბალური ინფორმაციის ვიზუალურად გარდაქმნა და/ან პირიქით.

(I).9. წაკითხული ტექსტის მიმართ პირადი დამოკიდებულების გამოხატვა;

  1. მიმართულება: წერა

შედეგების ინდექსი: მოსწავლემ უნდა შეძლოს:

ქართ.დაწყ.(I).13 სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის მცირე ზომის მარტივ ტექსტებში გამოტოვებული სიტყვების ჩასმა. ორ ან სამსიტყვიანი წინადადებების შექმნა.

ქართ.დაწყ.(I).14 კალიგრაფიისა და მართლწერის საბაზისო ნორმების დაცვა.

მიმართულება: ზეპირმეტყველება

გრძელვადიანი მიზანი (წლიური)

ქართ. V. 1. მოსწავლეს აქვს ასაკის შესაფერისი სირთულის ადაპტირებული ტექსტების მოსმენის უნარი, თუკი იგი დასურათებულია.  (მოდიფიცირებულია)

მოკლევადიანი მიზნები

  1. კარგის“ და „ცუდის“ პრიმიტივებზე დაყრდნობით გამოხატავს საკუთარ ემოციურ დამოკიდებულებას მოსმენილ ტექსტებში გადმოცემული ფაქტების მიმართ

მიანიშნებს ნაწარმოების პერსონაჟის  დადებით  და უარყოფით თვისებებზე.

   

მიზნის  შესაბამისი აქტივობები

 

 

რესურსი

 

1 ტექსტში გადმოცემული ფაქტების შესახებ დასმულ კითხვაზე ერთ/ორსიტყვიანი პასუხის გაცემა ადაპტირებული ტექსტი, ნახატები, ფოტოები
2  მხატვრული ნაწარმოების პერსონაჟის შესახებ დასმულ კითხვაზე ერთ/ორსიტყვიანი პასუხის გაცემა, ფოტოს,ნახატის  ამორჩევა სახელმძღვანელო, ნახატები, ფოტორეპროდუქციები
2 სურათებიდან მასწავლებლის მიერ მითითებული პერსონაჟის ამორჩევა (თითის დადება) და სახელის გამეორება სახელმძღვანელო, ნახატები, ფოტორეპროდუქციები, ფაზლი
3 დადებითი (ან უარყოფითი) პერსონაჟის შესაბამისი ნახატის გაფერადება, სახელების წარმოთქმა, გამეორება გასაფერადებლები, ფერადი ფანქრები ან ფლომასტერები
4. პერსონაჟის ხასიათის დადებითი და უარყოფითი თვისებების გარჩევა თვისებების ჩამონათვალი, ბარათები, კალამი
5. „კარგის“ პრიმიტივზე დაფუძნებული ნახატის, კომიქსის ჩვენება და მსგავსის შექმნა ფლიპჩარტი, ფერადი მარკერები, ფანქრები, სახატავი რვეული

 

მიმართულება: კითხვა

გრძელვადიანი მიზანი (წლიური)

ქართ. V. 11. მოსწავლეს შეუძლია ადაპტირებული ტექსტის ვერბალური და არავერბალური ნაწილების ერთმანეთთან დაკავშირება

( მოდიფიცირებულია)

მოკლევადიანი მიზნები

  1. ქმნის წაკითხული ან მოსმენილი ტექსტის ილუსტრაციას/ილუსტრაციებს
  2. დამარცვლით წაკითხული წინადადებიდან გამოყოფს საგნის სახელებს და პლასტელინით ან თიხით ამზადებს მათ.
  3. დამარცვლით კითხულობს ტექსტს, აკვირდება მასზე დართულ ილუსტრაციებს და მიანიშნებს, რა არის მასზე გამოხატული
  4. აკვირდება და აფასებს თანატოლის მიერ შექმნილ ილუსტრაციას იმ თვალსაზრისით, რომ შეადაროს საკუთარ ილუსტრაციას.

 

   

მიზნის  შესაბამისი აქტივობები

 

 

მეთოდები

 

რესურსი

 

1  

ჯგუფური მუშაობა – ჯგუფისთვის შერჩეულ დავალებაში განსაზღვრულია სსსმ მოსწავლის როლი და მნიშვნელობა

მინი ლექსოკონი შესასწავლ საკითხთან დაკავშირებით ჯგუფის წევრების დახმარებით მოსწავლე ქმნის დასურათებულ მინი ლექსოკონს

 

„გალერეა“ – ლექსიკონში მოცემულ საგნებს ძერწავს თიხით ან პლასტელინით და ჯგუფის წევრების დახმარებით ბარათებზე აწერს საგანთა სახელწოდებებს.  შემდეგ კი კითხულობენ მათ.

სახელმძღვანელო, A4 ფორმატის ფურცელი/რვეული, ფერადი კალმები, ფერადი ფანქრები, დაფა, მარკერები,

მაგნიტები

 

2  

წყვილში მუშაობა

მეწყვილესთან ერთად კითხვა

„დაკარგული სიტყვები“  – ადაპტირებული ტექსტის მონაკვეთიდან, რომელსაც სსსმ მოსწავლე უკვე გაეცნო,  მეწყვილე  სთავაზობს შესიტყვებებს გამოტოვებული ადგილებით, რომელიც ტექსტიდან უნდა შეავსოს.

 

ადაპტირებული ტექსტი, კალამი, შავი ფანქარი
3 ინდივილუალური მუშაობა

 

„ჩემი მიკროფონი“ – სსსმ მოსწავლეს გადაეცემა მიკროფონი, რათა კლასს გააცნოს მისი ტექსტის კითხვის შედეგი. სათამაშო მიკროფონი, ტექსტი.
5. მუშაობა კლასში „მკითხველის თეატრი“ – ტექსტის გუნდური კითხვა და სხვ. სახელმძღვანელო

 

 

 

მიმართულება:   წერა

გრძელვადიანი მიზანი (წლიური)

 

ქართ. V. 13.  მოსწავლეს შეუძლია მცირე ზომის ტექსტების (2-3 სიტყვიანი) შექმნა   (მოდიფიცირებულია)

მოკლევადიანი მიზნები

  1. 1. თხრობითი წინადადების ბოლოს სვამს წერტილს.
  2. იცავს სიტყვებს შორის მანძილს.
  3. ქმნის მარტივ (ორ-სამსიტყვიან) წინადადებას
   

მიზნის  შესაბამისი აქტივობები

 

 

რესურსი

 

1 მასწავლებლის მიერ მიცემულ ტექსტში წერტილის დასმა პროგრამის შესაბამისი მოთხრობების ადაპტირებული ვარიანტები, კალამი , რვეული
2  მოსმენილი სიტყვის/სიტყვების ჩაწერა კალამი, რვეული, მარკერები, დაფა
  ნანახ (ცოცხალი ბუნების) საგნებზე  (ვაშლი, წყალი, ხე, ყვავილი) შეხება და მათი სახელწოდებების ჩაწერა წითელი მარკერებით წითელი მარკერი, დაფა
3 მასწავლებლის მიერ მიცემული ტექსტიდან არსებითი სახელების წითელი ფერის მარკერით ამოწერა პროგრამის შესაბამისი მოთხრობების ადაპტირებული ვარიანტები, კალამი, ფერადი მარკერები, დაფა
  საგნებზე შეხება და მათ ქმედებებზე დაკვირვება (ვაშლი გორავს, შევჭამე; წყალი იღვრება…) ზმნების მწვანე მარკერით ჩაწერა მწვანე ფერის მარკერი, დაფა

 

4 მასწავლებლის მიერ მიცემული ტექსტიდან ზმნების მწვანე ფერის მარკერით ამოწერა პროგრამის შესაბამისი მოთხრობების ადაპტირებული ვარიანტები, კალამი, ფერადი მარკერები, დაფა
  საგნებზე შეხება, დაკვირვება და თვისებების ამოცნობის (როგორია?) შემდეგ ზედსართავი სახელების ლურჯი მარკერით ჩაწერა ლურჯი ფერის მარკერი, დაფა
5 მასწავლებლის მიერ შეთავაზებული ტექსტიდან ზედსართავების ლურჯი ფერის მარკერებით ამოწერა ლურჯი ფერის მარკერი, დაფა
  მასწავლებლის მიერ მიცემული ტექსტიდან იმ წინდადებების გადაწერა, რომელთა ბოლოსაც წერტილი წერია.

არსებითის, ზმნების, ზედსართავების დასწავლილი ფერებით ამოწერა

პროგრამის შესაბამისი მოთხრობების ადაპტირებული ვარიანტები, კალამი, ფერადი მარკერები, დაფა, ქვიშა.
6 მასწავლებლის მიერ მიცემული ტექსტის გადაწერა და წერტილის დასმა. პროგრამის შესაბამისი მოთხრობების ადაპტირებული ვარიანტები, კალამი, რვეული
7 სიტყვათა შორის მანძილის დაცვით და დაუცველად დაწერილი სიტყვების გარჩევა შესაბამისი სიტყვების სია, კალამი, რვეული
8 მასწავლებლის მიერ მიცემული ტექსტიდან ისეთი სიტყვების ამოცნობა, რომელთა შორის არაა დაცული მანძილი (თითის დადება, ხაზის გასმა) პროგრამის შესაბამისი მოთხრობების ადაპტირებული ვარიანტები, კალამი
9 მასწავლებლის მიერ მიცემული ტექსტის გადაწერა სიტყვებს შორის მანძილის დაცვით პროგრამის შესაბამისი მოთხრობების ადაპტირებული ვარიანტები, კალამი, რვეული, დაფა, მარკერი, ქვიშა.
10 მასწავლებლის მიერ მიცემული ილუსტრაციების მიხედვით მარტივი წინადადების შექმნა.

 

ილუსტრაციები, კალამი, რვეული, დაფა და მარკერები
11 მარტივი წინადადების შექმნა

 

რვეული, კალამი, დაფა და მარკერები, ქვიშა


აღნიშნული სტრატეგიების, აქტივობების, მეთოდების, რესურსების სია, რა თქმა უნდა, მასწავლებელმა საჭიროებისამებრ უნდა ცვალოს.
თუმცა მთავარია, ინდივიდუალური საგნობრივი სასწავლო გეგმის სრულყოფისათვის ყველა ამ მინიშნების შემდეგ მოხდეს შესასწავლ თემებთან ინტეგრაცია და თემატურ გეგმაში შეივსოს აქტივობების, მეთოდების, ესგ-ს ველები, თარიღების მითითებით.

გეგმას ემატება შეფასების მონიტორინგის ფურცელიც მოკლე და გრძელვადიანი მიზნების შესაფასებლად.

საერთაშორისო სტანდარტის თანახმად, მოსწავლეები, რომლებიც სარგებლობენ ინდივიდუალური განმავითარებელი გეგმით, თავადაც ავსებენ თვითშეფასების კითხვარებსაც განსაკუთრებით იმ საგნებში, რომლებსაც ისინი ინდ გეგმის მიხედვით სწავლობენ. გეგმა მაშინვე გადაიხედება, რა დროსაც მოსწავლის მხარდაჭერის საჭიროება და სწავლების მიზნები შეიცვლება. სწავლება კი მიმდინარეობს სხვადასხვა ფუნქციონალური მიმართულებით, როგორიცაა: მოტორული, ენობრივ-საკომუნიკაციო, სოციალური, კოგნიტური და ყოველდღიური აქტივობისთვის საჭირო უნარების განვითარება. გარდა ამისა, დიდი ყურადღება ექცევა საარდადეგებო ამოცანებს. სსსმ მოსწავლეთა წრთვნა-განვითარების პროცესში არდადეგების პერიოდშიც კი გარკვეული ინსტიტუტები ერთვება იმისათვის, რომ მოხდეს სტიმულაცია, მიზნებთან მიახლოება და მხარდაჭერის სერვისების სასარგებლოდ გამოყენება. თუმცა უცხოელ კოლეგებს არც საკუთარ განვითარებაზე ზრუნვა ავიწყდებათ და აქტიურად ადგენენ ინდივიდუალური განვითარების სამოქმედო გეგმებსაც.

როგორ შევადგინოთ იგგ?

ინდივიდუალური განვითარების გეგმა[6] (IDP)  არის დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს, ჩვენს სამოქმედო მიზნებსა და ხედვებს მომავალი წლისთვის.  მისი შექმნის უმოკლეს გზას სამი ძირითადი ბიჯით გავდივართ:

ქვემოთ წარმოდგენილია დამტებითი ინფორმაცია თითოეული ამ ნაბიჯის შესახებ.

  1. მიზნების განსაზღვრა – მიზნები ძირითადად განისაზღვრება იმით, რისი დასრულებაც გვსურს ჩვენი მისწარფებების სრულყოფისათვის. ისინი შეიძლება მივაახლოოთ ჩვენს კვლევებს, პროფესიული განვითარების საჭიროებას და კარიერულ გეგმებს. ზოგი კატეგორია ენათესავება პროფესიულ განვითარებას და კარიერულ დაგეგმვას. მათ შორისაა: ა. ინტერესების, ღირებულებების და უნარების განსაზღვრა. თვითგანათლება გაგვიიოლებს შემდგომი მიზნების პოვნას, რაც დაგვეხმარება, გავხდეთ უფრო წარმატებული ჩვენს კვლევებსა და არჩეულ პროფესიაში. ბ. კვლევითი არჩევანი – განვსაზღვროთ არჩევანი და დავუკავშიროთ იგი ჩვენთვის საჭირო უნარებს. გ. განვივითაროთ უნარები, რომლებიც საჭიროა კარიერული თვისებების გამომუშავებისთვის. მაგ., გავიაროთ კურსები და შევიძინოთ გამოცდილება. დ. დაუკავშირდით თქვენი სასურველ მიმართულების ადამიანებს და განსაზღვრეთ ორგანიზაციები, რომელთათვისაც მუშაობას ისურვებდით. ე. მოემზადეთ სამსხურის მოსაძებნად:  განაცხადეთ, დაწერეთ სამოტივაციო წერილი,  გაიარეთ გასაუბრება, მოილაპარაკეთ.
  2. მიზნების დაკავშირება ხედვასთან – შექმენით ამ წელს მისაღწევი მიზნების ჩამონათვალი. შეუსაბამეთ თქვენი მიზნები SMART (გონივრულ) მოდელს.

  1. შექმენით განრიგი (ტაიმლაინი) – თითოეული აქტივობა გავწეროთ ვადის მიხედვით. ჩვენი მიზნების და აქტივობების დადამოწმებისას სწორედ განრიგი გვიჩვენებს, რამდენად ახლოს ან შორს ვართ ჩვენ მიერ დასახულ მიზანთან.

                                         

    შეჯამება

კარგი და  სასრგებლო იქნება, თუ იგგ-ს შექმნას ჩვენს მოსწავლეებსაც ვასწავლით, მით უფრო მათ, ვისაც ამჟამად ისგ სჭირდებათ. ოღონდ გვახსოვდეს:

  1. ისგ მათი ბედის ფურცელია იმისათვის, რომ იგგ ცხოვრებაში წარმატებულად გამოიყენონ;
  2. ჩვენი გვარები ამ ფურცელს სამუდამოდ აწერია.

 

[1] https://www.opm.gov/WIKI/training/Individual-Development-Plans.ashx

[2] https://gradschool.fsu.edu/professional-development/individual-development-plan-idp

[3] ამგვარად მხოლოდ შვედეთის განათლების ეროვნული სააგენტო https://www.diva-portal.org/smash/get/diva2:662097/FULLTEXT01.pdf

[4] https://www.torfaen.gov.uk/en/EducationLearning/Specialeducationalneeds(SEN)/Exciting-Changes/Individual-Development-Plans.aspx

[5] https://ncp.ge/ge/curriculum/general-part/general-part/chapter-v-inclusive-education

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 11 ოქტომბრის ბრძანება №224/ვებგვერდი, 12.10.2012.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 7 სექტემბრის ბრძანება 118/ვებგვერდი, 08.09.2015.

[6] https://www.mcgill.ca/caps/files/caps/caps_idp.pdf

 

 

 

 

 

 

სკოლები პარალელური სამყაროდან

0

რამდენიმე თვის წინ სკოლების მიერ გახარჯული თანხების გასული წლის მონაცემებს ვკითხულობდი. ყველაზე თვალშისაცემი ისაა, რომ სკოლის ადმინისტრაციებს უჭირთ თანხების სწორად განაწილება. სწორ განაწილებაში ვგულისხმობ მათ საჭიროებებზე მორგებული რესურსების შეძენას. ძირითადი თანხები, ყველგან, როგორც დიდ ქალაქებში, ასევე სოფლებსა და დაბებში ხელფასებზე, ელექტროენერგიასა და გათბობაზე იხარჯება. მონაცემების შედარებისას, ცოტა ლირიკულად რომ ვთქვა, ისეთი გრძნობა გეუფლება, თითქოს ყველა ეს სკოლა უბრალოდ გადარჩენისთვის იბრძვის.

კურუკულუმის განვითარებაზე, წიგნადი ფონდის შეძენაზე, სპორტული ინვენტარის შეძენაზე, მასწავლებლების გადამზადებაზე, სასკოლო ლაბორატორიის შეძენაზე დახარჯული თანხები თითქმის უკლებლივ ყველგან ნულს უტოლდება.

არ მინდა, დავასახელო კონკრეტული სკოლები, ამიტომ თავს ავარიდებ ქალაქის მითითებას. თუმცა დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთ დიდ ქალაქში სკოლის მიერ მიღებული ვაუჩერული დაფინანსება თითქმის ოთხმოცდაათი ათას ლარს შეადგენს, სკოლაში ცხრამეტი მასწავლებელია და ამ სკოლას მთელი წლის მანძილზე ზემოთ ჩამოთვლილი სასკოლო სიკეთეებიდან არაფერში აქვს თანხა დახარჯული, არცერთი ტიპის მომსახურებასა თუ მატერიალურ რესურსში. დარწმუნებული ვარ, ეს თანხა არც ხელფასებად გაცემულა. ის უბრალოდ გაუხარჯავი დარჩა. ასეთი ძალიან ბევრი მაგალითის მოყვანა შეიძლება. თვალსაჩინოებისათვის ეს ერთიც კმარა, რომელიც შემთხვევითობის პრინციპით ამოვრჩიე.

ჩვენ წლებია, ვსაუბრობთ მასწავლებლების გადამზადებაზე, მათ დაბალპროფესიონალიზმსა და მოსწავლეთა ცუდ შედეგებზე, სახელმძღვანელოების გრიფირებაზე და ა.შ. თუმცა ყველაზე ნაკლებად ჩანს სკოლების ადმინისტრაციების – დირექტორთა პრობლემურობის საკითხი. მე ხშირად მსმენია რაიონებში სოფლის თუ პატარა ქალაქების სკოლების დირექტორებისგან, რომ მათ მიერ თანხებთან დაკავშირებულ ქმედებებს გარკვეული უხერხულობა, შიში ახლავს, რომ გახარჯული თანხები არასწორად, არამიზანმიმართულად შეიძლება ჩაუთვალონ.

შესაბამისად, მათი ძალიან დიდი ნაწილი ამჯობინებს, რომ საერთოდ გაუხარჯავი თანხა უკან დააბრუნოს. ასეთი სიტუაციაა განსაკუთრებით ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში. შექმნილ სიტუაციაში უკეთესი იქნება, თუ სკოლის ადმინისტრაციებს შესაბამისი რესურსცენტრები დაეხმარებიან თანხების მიზნობრივ ხარჯვაში.

ამას ახლავს ერთი დადებითი მხარე. მართვის მხრივ დეცენტრალიზაციასთან ერთად, რეგიონებისა და რაიონების დონეზე საჭიროებების შინაარსობრივად და პროფილურად, ფუნქციონალურად  განსაზღვრა მოხდება, რაც შეიძლება რესურსცენტრებს დაევალოს.

ახლა ჩვენ გვაქვს სკოლები, რომელთაც ისედაც ძალიან მცირე თანხები აქვთ იმისათვის, რომ ნორმალური სასწავლო გარემო შექმნან და ამ შემთხვევაშიც ისინი ამ ისედაც მიზერულ დაფინანსებებს ვერ იყენებენ. სწორი დაგეგმვის შემთხვევაში შეუძლებელია ზუგდიდის, ცაგერის, ონის, ქობულეთის სკოლებს დარჩეთ გაუხარჯავი თანხები – ეს შეუძლებელია! იმიტომ, რომ (პირობითად) ამ ქალაქების სკოლებს ბევრი რამ აკლიათ – ლაბორატორიები, კარგი ბიბლიოთეკები, პროექტორები, კომპიუტერები, ინკლუზიური გარემოს სხვადასხვა საჭიროებები… ამ დროს კი მათ რჩებათ თანხები, თითქმის ყველაფერი კარგად იყოს.

რეგიონებში მასწავლებელებსა და სკოლის ადმინისტრაციაზე უფრო ხშირად მოსწავლეებს ვუსვამ კითხვას მათი საჭიროებების, სასწავლო გარემოსთვის აუცილებელ სიკეთეების შესახებ, რომლითაც ისინი ვერ სარგებლობენ. ყოველთვის მართლდება ჩემი აზრი, რომ ამ ქვეყანაში სკოლების საჭიროებები ადგილობრივ დონეზე ყველაზე უკეთ არც სამინისტრომ იცის, არც რესურსცენტრმა, არც დირექციამ, არც მასწავლებლებმა, მხოლოდ მოსწავლეებმა იციან. იქნებ ერთხელ მათთვისაც გვეკითხა რამე, ვიდრე თანხებს უკან დავაბრუნებთ, ვიდრე ფინანსური პოლიციის შეგვეშინდება, ვიდრე ორ ახალ წიგნსაც არ შევმატებთ სკოლის ბიბლიოთეკას ყოველწლიურად. იქნებ გვეკითხა.

 

       გეოგრაფიის გაკვეთილი განმავითარებელი შეფასებებით

0

გთავაზობთ სამოდელო გაკვეთილის გეგმას, რომელშიც გამოყენებულია განმავითარებელი შეფასებების სავარაუდო ნიმუშები.

მე-10 კლასი.

თემა: მოსახლეობის განსახლება და დემოგრაფიული პოლიტიკა.

გაკვეთილის მიზანი: მოსწავლემ უნდა შეძლოს მოსახლეობის განსახლების არეალების თავისებურებების დადგენა და დემოგრაფიული მონაცემების ანალიზის შედეგად დემოგრაფიული პოლიტიკის მნიშვნელობაზე მსჯელობა; სხვადასხვა ქვეყანაში განხორციელებული დემოგრაფიული პოლიტიკის შედეგების გაანალიზება  და შედარება (წარმატებული და წარუმატებელი).

მოსალოდნელი შედეგები:

  • მოსწავლე შეძლებს განსახლების კანონზომიერების დადგენას;
  • დემოგრაფიული პოლიტიკის მნიშვნელობის გაანალიზებას.
  • სხვადასხვა ქვეყანაში განხორციელებული დემოგრაფიული პოლიტიკის შედეგების ანალიზსა და შეფასებას.

გეო.X.5. მოსწავლეს შეუძლია მსოფლიოს მოსახლეობის განსახლების თავისებურებების კვლევა და დემოგრაფიული ვითარების გაანალიზება.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

  • სტატისტიკური ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე აჯგუფებს ქვეყნებს სხვადასხვა სოციალურ-დემოგრაფიული კატეგორიების (სიცოცხლის ხანგრძლივობა, შობადობა, ჯანდაცვის და განათლების დონე) მიხედვით; შედეგებს გამოხატავს მისთვის სასურველი ფორმით;
  • მსჯელობს დემოგრაფიული პოლიტიკის მნიშვნელობის შესახებ; ჯგუფური მუშაობისას შეიმუშავებს დემოგრაფიული პოლიტიკის შეფასების კრიტერიუმებს, ადარებს და აანალიზებს სხვადასხვა ქვეყანაში განხორციელებული დემოგრაფიული პოლიტიკის შედეგებს (წარმატებული და წარუმატებელი);

საჭირო წინარე ცოდნა და უნარჩვევები:

მოსწავლემ იცის დემოგრაფიული მახასიათებლებისა და  დემოგრაფიული პოლიტიკის არსი. შეუძლია გეოგრაფიულ საშუალებებზე  (რუკები, ტექსტები, ცხრილები) მუშაობა.

შეფასება და თვითშეფასება:

 

განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასება;

სასწავლო მასალა და რესურსები:

ტექსტი „ერთი ბავშვის პოლიტიკა ჩინეთში“ (https://mastsavlebeli.ge/?p=9769 ), რუკები „ქვეყნები მოსახლეობის რაოდენობის მოხედვით“; ქვეყნები სიმჭიდროვის მიხედვით; კარტოგრაფიული ანამორფოზა; შობადობის კოეფიციენტის მაჩვენებელი; მსოფლიოს ქვეყნები მოსახლეობის სიმჭიდროვის მიხედვით. მსოფლიო ატლასი სახელმძღვანელოს ტექსტი, სამუშაო რვეული, კალამი.

აქტივობა N1. ასოციაციური რუკა – დემოგრაფია –  5 წთ.

აქტივობის მიზანი:

მოსწავლემ შეძლოს წინარე ცოდნის გააქტიურება; დემოგრაფიასთან დაკავშირებული ცნებებისა და ტერმინების გააქტიურება.

აქტივობის აღწერა:

მასწავლებელი დაფაზე წერს სიტყვას „დემოგრაფია“ და მოსწავლეები იხსენებენ მასთან დაკავშირებულ ცნებებსა და ტერმინებს. მათ პასუხებს მასწავლებელი აფიქსირებს დაფაზე.  შემდეგ იხსენებენ თითოეულის განმარტებას.

აქტივობა N2 . რუკებზე მუშაობა. 15 წთ.

აქტივობის მიზანი:

მოსწავლეებმა უნდა დააჯგუფონ  ქვეყნები მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით და გამოყონ მჭიდროდ დასახლებული რეგიონები არსებული რუკების მიხედვით. სამუშაოს წარმოადგენენ ცხრილის სახით. უნდა შეძლონ ფიზიკური გარემოსა და მოსახლეობის სიმჭიდროვეს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის გაანალიზება.

აქტივობის აღწერა:

მასწავლებელი კლასს ჰყოფს ჯგუფებად, აძლევს რუკებს (მეტი თვალსაჩინოებისთვის მოსახლეობის რაოდენობის ანამორფულ რუკას) და აძლევს  დავალებას.

  1. მათ უნდა დააჯგუფონ ქვეყნები მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით;
  2. გააანალიზონ მსოფლიოს ფიზიკური და მოსახლეობის სიმჭიდროვის რუკები და ახსნან მოსახლეობის განსახლების კანონზომიერებები (რა გავლენას ახდენს ფიზიკურ-გეოგრაფიული ფაქტორები მოსახლეობის განსახლებაზე).

 

 

 

ქვეყნები მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით

კარტოგრაფიული ანამორფოზა: მოსახლეობის რაოდენობა

ქვეყნები სიმჭიდროვის მიხედვით

განმავითარებელი შეფასება:   მასწავლებლის კომენტარი

მართლაც  კარგად გაართვი თავი დავალებას:  სწორად  დააჯგუფე  ქვეყნები მოსახლეობის რაოდენობისა და სიმჭიდროვის მიხედვით. მიხარია, რომ კლასიფიცირებისა და რუკის კითხვის უნარი კარგად გაქვს განვითარებული. კარგი იქნება, თუ გაიხსენებ, განვლილ მასალას, თუ  რომელ რეგიონში როგორი ბუნებრივი პირობებია; კონკრეტულად რელიეფის ფორმებს, ჰავის ჩამოყალიბების ფაქტორებს, ბუნებრივი ზონების გავრცელების არეალებს. ყველა ეს საკითხი და ატლასის საშუალებით კლიმატის რუკის გამოყენება დაგეხმარება, ახსნა მოსახლეობის განსახლების კანონზომიერება, ანუ რატომ არის ევროპის რეგიონი მჭიდროდ დასახლებული, ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტის ცენტრალური და სამხრეთი ნაწილი მეტად დასახლებული, ვიდრე ჩრდილოეთი ნაწილი. ამ მიდგომით სხვა დროსაც შეგიძლია იხელმძღვანელო.

აქტივობა N3. რუკებზე (კარტოგრაფიული ანამორფოზები) და ტექსტზე („ერთი ბავშვის პოლიტიკა ჩინეთში“)  მუშაობა. 15 წთ.

აქტივობის მიზანი:

მოსწავლემ უნდა დააჯგუფოს ქვეყნები შობადობის მაჩვენებლის მიხედვით, დაადგინოს რა მიზეზ-შედეგობრივი კავშირია შობადობის მაჩვენებელსა და სიმჭიდროვეს შორის, დაადგინოს მკვეთრი განსხვავების გამომწვევი მინიმუმ 2 მიზეზი. გაეცნოს ჩინეთში გატარებული დემოგრაფიული პოლიტიკის შედეგებს და დაადგინოს მისი ძლიერი და სუსტი მხარეები. შეავსოს SWOT-ანალიზის პირველი ორი ნაწილი.

აქტივობის აღწერა:

მასწავლებელი გასაანალიზებლად აძლევს ანამორფოზულ რუკებს: შობადობის კოეფიციენტის მაჩვენებელი და მსოფლიოს მოსახლეობა 2050 წელს.

მოსწავლეებმა უნდა დაადგინონ:

  1. რომელ ქვეყნებშია ყველაზე მაღალი და დაბალი შობადობის მაჩვენებელი; არის თუ არა კავშირი სიმჭიდროვესა და შობადობის მაჩვენებელს შორის;
  2. შობადობის მაჩვენებლების მკვეთრი განსხვავების გამომწვევი მიზეზები;
  3. რა მიზეზებით ხდება ქვეყნის მოსახლეობის რიცხოვნობის შემცირება, რის გამოც საჭიროა დემოგრაფიული პოლიტიკის გატარება;
  4. დემოგრაფიული პოლიტიკის შედეგების ძლიერი და სუსტი მხარეები. შეავსონ SWOT ანალიზის ნაწილი.

ჯგუფები წარმოადგენენ პრეზენტაციას. შესაძლოა, მათი აზრები არ დაემთხვეს

და წარმოიშვას მცირე დისკუსია.

კარტოგრაფიული ანამორფოზი: შობადობის კოეფიციენტის მაჩვენებელი

განმავითარებელი შეფასება:   მასწავლებლის კომენტარი

კარგად გაართვი თავი დავალებას:  სწორედ  დააჯგუფე  ქვეყნები მოსახლეობის შობადობის მიხედვით. კლასიფიცირებისა და რუკაზე მუშაობის უნარები კარგად გაქვს განვითარებული. ყურადღებით გაეცანი ტექსტს, სადაც განხილულია, რა პრობლემები წარმოშვა ჩინეთში გატარებულმა დემოგრაფიულმა პოლიტიკამ 50 წლის შემდეგ. გაიხსენე, რომ შობადობის კოეფიციენტი პრომილეში იზომება.

აქტივობა №4. SWOT ანალიზი 12  წთ.

აქტივობის მიზანი:  მოსწავლეს უნდა  განუვითარდეს კრიტიკული აზროვნების უნარი.

აქტივობის აღწერა:  მოსწავლეები შემდეგ აკეთებენ მსოფლიო მოსახლეობის ზრდის პროგნოზს და ადარებენ მოცემულ ანამორფოზს.

ჯგუფებმა უნდა განსაზღვრონ,  რომელ რეგიონში როგორ დემოგრაფიულ პოლიტიკას გაატარებენ და რატომ? მათ უნდა ახსნან და წარმოადგინონ  2 არგუმენტი. ავსებენ SWOT ანალიზის ცხრილს ბოლომდე. ჯგუფები აკეთებენ პრეზენტაციას. შესაძლებელია მათ განსხვავებული მოსაზრებები ჰქონდეთ და წარმოიშვას მცირე დისკუსია.

 

ძლიერი მხარე

 

                სუსტი მხარე
 

საფრთხე

 

              შესაძლებლობა

 

განმავითარებელი შეფასება:   მასწავლებლის კომენტარი

მართლაც  კარგად გაართვი თავი დავალებას:  სწორად  გამოყავი დემოგრაფიული პოლიტიკის ძლიერი და სუსტი მხარეები. ყურადღება მიაქციე საფრთხეებს, იფიქრე როგორ შეიძლება იგი შესაძლებლობად გადააქციო.

აქტივობის შეფასების რუბრიკა

კრიტერიუმი 1 ქულა 2  ქულა 4 ქულა  5 ქულა
 მოსწავლე რუკების გამოყენებით აჯგუფებს ქვეყნებს მოცემული კრიტერიუმების მიხედვით. მოსწავლე რუკების გამოყენებით ვერ აჯგუფებს ქვეყნებს მოცემული კრიტერიუმების მიხედვით. მოსწავლეს რუკების გამოყენებით უჭირს  დაჯგუფება ქვეყნებს მოცემული კრიტერიუმების მიხედვით. მოსწავლე  რუკების გამოყენებით თითქმის სწორედ აჯგუფებს ქვეყნებს მოცემული კრიტერიუმების მიხედვით. მოსწავლე რუკების გამოყენებით  სრულყოფილად

აჯგუფებს ქვეყნებს მოცემული კრიტერიუმების მიხედვით.

 

კრიტერიუმი 1 ქულა 2  ქულა 4 ქულა  5 ქულა
 მოსწავლე ადგენს შობადობის მაჩვენებელსა და სიმჭიდროვეს შორის მიზეზ-შედეგობრივ კავშირს. მოსწავლე ვერ ადგენს შობადობის მაჩვენებელსა და სიმჭიდროვეს შორის მიზეზ-შედეგობრივ კავშირს. მოსწავლეს უჭირს  შობადობის მაჩვენებელსა და სიმჭიდროვეს შორის მიზეზ-შედეგობრივ კავშირის დადგენა. მოსწავლე  უმეტესად ადგენს შობადობის მაჩვენებელსა და სიმჭიდროვეს შორის მიზეზ-შედეგობრივ კავშირს. მოსწავლე  სრულყოფილად

ადგენს შობადობის მაჩვენებელსა და სიმჭიდროვეს შორის მიზეზ-შედეგობრივ კავშირს.

 

აქტივობა №4. შავი ლაქა“, 3 წთ.

აქტივობის მიზანი:   რეფლექსია.

აქტივობის აღწერა:  გაკვეთილის ბოლოს მასწავლებელი  ეკითხება მოსწავლეებს: რა იყო დღევანდელი გაკვეთილის ყველაზე „შავი ლაქა“ – ბუნდოვანება“?

საშინაო დავალება:  მოიფიქრონ, როგორ დემოგრაფიულ პოლიტიკას გაატარებენ საქართველოში; გაითვალისწინონ საფრთხეები და შესაძლებლობები. მათ უნდა განმარტონ და წარმოადგინონ არგუმენტები.

 

 

 იმიტირებული არჩევნები

0

ინტერაქტიული მეთოდების ეფექტურობა სიახლეს აღარ წარმოადგენს. სამოქალაქო განათლებაში  ეს  ყოველდღიური პრაქტიკაა.  შედეგისკენ მიმავალი ახალი გამოცდილება კოლეგებისთვის გაზიარებული რესურსია. ეს წერილიც ერთ ასეთ გამოცდილებას ეხება.

საქართველოს ათი რეგიონის სკოლების ნაწილი  მეტად საინტერესო საერთაშორისო პროექტში – „მეტი შეგვიძლია! – ბავშვებისა და ახალგაზრდების სამოქალაქო მონაწილეობის გაძლიერების ხელშეწყობა აღმოსავლეთ ევროპაში“ – მონაწილეობს.  სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებაზე ორიენტირებული პროექტი  დასაწყისშივე აჩენდა კარგ მოლოდინებს. გერმანულ რეალობაში დაბადებული იდეა ეს უკვე ორ ათეულ წელზე მეტია ,,დამოგზაურობს“ აღმოსავლეთ ევროპასა და პოსტსაბჭოთა ქვეყნებში. „U18”-ის მოდელი  მომავალ ამომრჩევლებს – 18 წლამდე ახალგაზრდებს სამოქალაქო პროცესებში, კერძოდ კი არჩევნებში ჩართვისათვის საჭირო ცოდნასა და უნარებს უვითარებს.

მასწავლებლებისთვის, რომლებიც გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოთი არ შემოისაზღვრებიან და სწავლების ახალ მიდგომებს ეძებენ, ეს საინტერესო გამოწვევა აღმოჩნდა. მათ თავიანთი ქვეპროექტების დაგეგმვა  აგვისტოს ბოლოსვე დაიწყეს. იმიტირებული ახალგაზრდული არჩევნები  (მოიხსენებენ როგორც პროექტს) თავისი არსით სრულ თანხვედრაშია ეროვნული სასწავლო გეგმის სამოქალაქო განათლების საგნობრივ სტანდარტთან.

მოქ.IX.10.  მოსწავლეს შეუძლია  გააანალიზოს  საქართველოს  სახელმწიფო  მმართველობის სისტემა.

  • ის თანაკლასელების ჯგუფთან ერთად მოიძიებს ინფორმაციას რომელიმე არჩევითი თანამდებობის ან ორგანოს (მაგ.: სკოლის დირექტორი, დეპუტატი, მერი ან სხვა) შესახებ და სიმულაციურ არჩევნებში მისთვის განკუთვნილ როლს ასრულებს (მაგ: ამომრჩეველი, კანდიდატი, მხარდამჭერი, დამკვირვებელი, ჟურნალისტი, სამართალდამცველი ან სხვა); ერთმანეთს ადარებს ნავარაუდევ და მიღებულ შედეგებს, რის საფუძველზეც თანაკლასელებთან ერთად აფასებს თითოეული მონაწილის როლს/ფუნქციას;

მოქ.X.11.  მოსწავლეს შეუძლია  გააანალიზოს მოქალაქეების როლი ქვეყნის დემოკრატიაში.

  • ის ირჩევს მნიშვნელოვან მოვლენას საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრებიდან და თანაკლასელების ჯგუფთან ერთად განიხილავს ამ მოვლენაში ადამიანთა მონაწილეობის მოტივაციას, შესაძლებლობებსა და ხარისხს; შესაბამისი სამართლებრივი დოკუმენტების ანალიზის საფუძველზე წერს რეკომენდაციებს საზოგადოებრივი თანამონაწილეობის წასახალისებლად.

 

ზგემ-ში იგივე შინაარსი უფრო განზოგადებულად არის ფორმირებული. ამონარიდები იმის დასტურად მოვიყვანეთ, რომ ეს გამოცდილება ერგება როგორც სასწავლო პროექტის, ისე სოციალური პროექტის ჩარჩოებსაც.

აქტივობები იწყება და მთავრდება, მაგრამ იქმნება ახალი გამოცდილება, რომლის გაზიარებაც, კოლეგებს სასწავლო და სააღმზრდელო შედეგების მიღწევაში გამოადგებათ.

ყველა სკოლამ თავისი  გზა აირჩია ახალგაზრდული იმიტირებული არჩევნებისათვის. საერთო ის გახლდათ, რომ აქტივობები პირობითად სამ ეტაპზე განაწილდა: არჩევნებისთვის სამზადისი, არჩევნები და არჩევნების შეჯამება-ანალიზი.

სამზადისი მრავალფეროვანი იყო: მოქალაქის უფლება-მოვალეობების გაცნობა, ადგილობრივი თვითმმართველობის არსში გარკვევა, არჩევნების წესებისა და პროცედურების გაცნობა, ვიზიტები საარჩევნო კომისიებში, საორგანიზაციო ჯგუფების შექმნა,  მცირე კვლევები, სლოგანების კონკურსები, საარჩევნო ყუთებისა და პრომომასალის მომზადება, როლების გადანაწილება და, რაც მთავარია, საარჩევნო სუბიექტების საარჩევნო პროგრამებზე მუშაობა.

როგორც თამაშს შეეფერება, შემოთავაზებული 4 საარჩევნო სუბიექტის ( A, B, C და D) პროგრამა ადაპტირებული იყო მოსწავლეებისათვის და იმ 6 ძირითად სფეროს მოიცავდა, რომლის მიმართაც ახალგაზრდების ინტერესი გამოიხატა ( განათლება, გარემოს დაცვა, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა, ინფრასტრუქტურა, უმუშევრობა, ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარება);  მოსწავლეებმა იმსჯელეს, დაიცვეს საკუთარი პოზიციები და  „არჩევნებზე“ დასაბუთებული გადაწყვეტილებით მივიდნენ. ეს ყველაფერი ნახვად ღირდა: „კომისიის წევრები“ სერიოზულად იცავდნენ წესებსა და პროცედურებს, თუ რამ შეეშლებოდათ, „დამკვირვებლებისა“ და „მედიის“ თვალს არაფერი ეპარებოდა; სოციალურ ქსელებში პირდაპირი რეპორტაჟებიც გადაიცემოდა. ზოგიერთი საარჩევნო ყუთი  ნამდვილი (ნათხოვარი) იყო, ზოგიერთი – კონკურსისთვის შექმნილი (საკუთარი). „საარჩევნო კაბინებში“  ტყუპებიც კი არ შეუშვეს ერთად – წესი წესი იყო. „კომისიამ“  დაითვალა ბიულეტინები, ჩასათვლელი ჩათვალეს, არასწორი –  ბათილად ცნეს. შეავსეს ოქმები და მოაწერეს ხელი. პროექტის ბოლო ეტაპი  მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას განამტკიცებს. არჩევნების მონაწილეები ერთმანეთს შეადარებენ ნავარაუდევ და მიღებულ შედეგებს, გაანალიზებენ ჩავლილ არჩევნებს: რომელმა აქტორმა გაართვა თავი საკუთარ ფუნქციებს და რომელმა ვერა; რა იყო ხელშემწყობი და ხელშემშლელი გარემოება;  დაასკვნიან, რას გააუმჯობესებენ მომავალში. ამ თემებზე მოამზადებენ კედლის გაზეთებს.

გვსურდა ეს გამოცდილება გაგვეზიარებინა მასწავლებლებისათვის, რომლებიც ამ პროექტში არ იყვნენ ჩართული. რადგან ესგ-ის ზემოთ მოტანილ შედეგებზე გასასვლელად ასეთი ინტერაქტიული მიდგომები, იქნება ეს საერთასორისო პროექტის ფარგლებში  თუ დამოუკიდებელი, მეტად ეფექტურია, რაც მთავარია, სახეზე იყო სწავლა ხალისით და ბოლომდე შენარჩუნებული მოტივაციით. „არჩევნები“ ერთნაირი აქტიურობით და პასუხისმგებლობით ჩატარდა აჭარის მაღალმთიანი ზონის მცირეკონტიგენტიან სკოლაშიც და დედაქალაქის მრავალრიცხოვან სკოლებშიც.

სამოქალაქო ინიციატივების ქართული ასოციაცია – „სიქა“, რომელიც ამ საერთაშორისო პროექტის პარტნიორია, საქართველოში შედეგებს აჯამებს.

ინგა პაიჭაძე, პროექტის მენეჯერი: შარშან მხოლოდ 6 რეგიონში მუშაობდა პროექტი, წელს ათი რეგიონია ჩართული. იმიტირებული არჩევნები რეალური არჩევნების ზღურბლზე იმართება. თუ გერმანიაში  კონკრეტული პარტიების  პროგრამებს განიხილავენ, ჩვენ ქართული ვარიანტი შევიმუშავეთ (ანონიმური საარჩევნო სუბიექტებით), რათა მოსწავლეები  არ დაგვეტვირთა პოლიტიკური ასოციაციებით და ფოკუსირება მომხდარიყო  საარჩევნო პროგრამებზე და არა სუბიექტურ ფაქტორებზე.  სხვადასხვა სკოლაში განსხვავებული  შედეგი მივიღეთ. მაგალითად, ზოგიერთ სკოლაში მოსწავლეებმა შეთავაზებულ პროგრამებში მოისაკლისეს მნიშვნელოვანი მიმართულებები, იმსჯელეს ამაზე და საარჩევნო პროგრამების საკუთარი ვარიანტიც კი შეიმუშავეს. მთავარი მიღწეულია,  ახალგაზრდა ამომრჩეველმა გაიაზრა, რომ გადაწყვეტილების საფუძველი პროგრამაში უნდა ეძებოს და ასევე მათ განივითარეს პროგრამის გაანალიზების უნარი. მოზარდები ამ თემებზე ფიქრობენ, ადარებენ, მსჯელობენ, ასაბუთებენ… ანუ ისინი სამომავლოდ, პასუხისმგებლობიანი  გადაწყვეტილებების მისაღებად ემზადებიან.

 

 

 

ცუდი შვილები

0

არ ვიცი, სხვაგან როგორ ხდება, მაგრამ ჩემს სამეგობროში გოგოები დაუფარავად ვსაუბრობთ ჩვენი ასაკში შესული დედების ქცევებზე (ალბათ იმიტომ, რომ უმეტესობას მამები არ გვყავს, თორემ სხვა სამეგობროებში მამებზეც საუბრობენ), უფრო კონკრეტულად, იმ ქცევებზე, რომლებიც გვაღიზიანებს და რომელთა რიცხვიც, თითქოს ჩვენს ჯიბრზე, დღითიდღე სულ უფრო მატულობს წლებთან ერთად. დამეთანხმებით, არ არის ადვილი თუნდაც უახლოეს მეგობართან საკუთარ მშობელზე ლაპარაკი, მაგრამ ერთხელაც, ვერც ჩვენმა „ჭირმა დამალა  თავი“. ჯერ ფრთხილად, მორცხვად, გადაკვრით, მინიშნებით, შემდეგ კი ერთმანეთის წაქეზებით თუ მხარის აბმით, ყველამ ამოვთქვით სათქმელი, რომლის გამოც, თითოეულ ჩვენგანს ყველაზე უღირს შვილად მიაჩნდა თავი. ისიც მალევე გაირკვა, რომ ამ პრობლემიდან თავის დასაღწევად არც წიგნების და სტატიების კითხვა დაგვზარებია, ფილმიც ბევრი გვინახავს და ზოგიერთი ჩვენგანი ფსიქოლოგთან და მოძღვართანაც წასულა შვების მოსაგვრელად, მაგრამ ბოლოს მაინც ყველამ ერთხმად ვაღიარეთ, რომ ასეთ დროს ყველაზე დიდი შვება,  სწორედ შენნაირ მდგომარეობაში მყოფ ადამიანთან საუბარი და მისთვის გულის გადაშლაა.

მინდა, ამ  ქცევებიდან რამდენიმე ჩამოვთვალო, რომელიც ყველაზე მეტად გვაღიზიანებს. მაგრამ მანამდე ვიტყვი, რომ ამაში დამნაშავე, პირველ რიგში, მათი ასაკია, ანუ სიბერე – „ყველა ჭირზე უფრო ძნელი ჭირი“ (რომელიც, რა თქმა უნდა, ვიცით, რომ მათი ბრალი სულაც არ არის,  მაგრამ, რა ვქნათ, გვაღიზიანებს); გვაღიზიანებს ცხელი ჩაის ან წვნიანის  კოვზით დიდხანს გაცივება და მერე მათი იმხელა ხმით ხვრეპა, რაზეც ბავშვობაში თავადაც არაერთხელ მიუთითებიათ სახლში ხმამაღლა, ხოლო სტუმრად ყოფნისას – თვალების ან მკლავებზე ხორცის გადატრიალებით (და ასეთ დროს, მოთმინების ფიალაავსებული, რომ არ დაგვეყვიროს, ხშირად უჭმელი ვდგებით მაგიდიდან); გვაღიზიანებს მათ მიერ გარეცხილ ჭურჭელზე შერჩენილი ცხიმი, რომლის აღმოჩენისასაც, განსაკუთრებით, თუ სტუმრები არიან სახლში, გულში ვიქადნებით, რომ თუ ახლა გადავურჩით სირცხვილს, აღარასოდეს არაფერს გავარეცხინებთ; გვაღიზიანებს ჭამის დროს  თეფშის გვერდით ჩანგლის „ფასონად“ დება და მთელი კვირის დამშეულივით საჭმლის ხელით ჭამა; გვაღიზიანებს უკბილო პირის წკლაპუნი ან პროთეზის  პაკუნი, რომელსაც ყურებზე ჩვენი ხელების აფარება (ოღონდ დედა ვერ უნდა მიხვდეს, რომ ეს მის გამო ხდება) და ნატვრა მოჰყვება, ღმერთო, რა იქნებოდა, კბილები არ ფუჭდებოდეს, ან მათთვის იმპლანტანტის ჩასმის საშუალება გვქონდეს! და მით უფრო აუტანელია ეს განცდა, როცა იცი, რომ თავადაც ცუდად გაქვს უკვე კბილების საქმე და შეიძლება რამდენიმე წელიწადში შენც ამავე მდგომარეობაში აღმოჩნდე; გვაღიზიანებს ჩუმჩუმად უზომოდ ბევრი ტკბილეულის  ჭამა, განსაკუთრებით, თუ დიაბეტი აქვთ; გვაღიზიანებს მუქი ქვედაკაბების სათავიდან ან ბოლოებიდან თეთრად ან ვარდისფრად გამოკრეჭილი „პოდიუბკები“ და „ჟორსეს“ პერანგები (თუმცა ამის დანახვაზე ზოგჯერ ისე გვიჩუყდება გული, რომ თუ იმ დღისით სხვა არაფერს გავუღიზიანებივართ, მივდივართ და ჩვენივე ხელით ვუსწორებთ); გვაღიზიანებს სულ „ცივა-ცივა“-ს ძახილით ფენა-ფენა, აჯაჯული ტანსაცმლით სიარული  და წინდების უკუღმა ან ცალ-ცალი ჩაცმა; გვაღიზიანებს ინდური და თურქული სერიალების ყურება და ტელევიზორის ისეთ ხმაზე აწევა, რომ სახლში მისულებს კარს ზოგჯერ ნახევარი საათის დაგვიანებით გვიღებენ: ჯერ ზარის ან კაკუნის ხმა არ ესმით, ხოლო როცა გაიგებენ, ამის შემდეგ კიდევ იმდენ ხანს მოდიან, იმდენ ხანს ისმის მათი ფლოსტების ფლარტუნის ხმა, რომ მზად ვართ, გავბრუნდეთ და აღარასოდეს დავბრუნდეთ უკან. და როცა, ადრე თუ გვიან, კარში საკეტი გაჩხაკუნდება, უკვე ისე უთავმოყვარეოდ ვართ აღშფოთებულები, რომ  პირგამეხებულები აქეთ-იქით ვისვრით ჩანთას, ფეხსაცმელს, დორბლებს, და გაჩენის დღეს ვიწყევლით იმის გამო, რომ ყველა ისე ცხოვრობს, როგორც უნდა, ჩვენ კი იმის უფლებაც არ დაგვიტოვეს, რომ კარი შიდა საკეტით არ იყოს ჩაკეტილი და ჩვენი შინ დაბრუნება მთელმა კორპუსმა არ გაიგოს; და ყველაზე უფრო გამაღიზიანებელი, მომაკვდინებელი და საკონტროლო გასროლის ტოლფასი, ეს არის ჩვენი წარმოუდგენლად საშინელი აგრესიის დროსაც კი, მათი მზრუნველი და იმავდროულად, დამნაშავე თვალების დანახვა.

რა გინდა რომ ქნა ამ თვალების შემხედვარემ? არაფერი, გარდა იმისა, რომ იმ წამსვე აორთქლდე, გაქრე, დასრულდე, მოუსავლეთში წახვიდე, დაიძინო და აღარ გაიღვიძო,  ჰარაკირი გაიკეთო ან ფანჯრიდან გადახტე (თუ, რა თქმა უნდა, მაღალ სართულზე ცხოვრობ)… და კიდევ სხვაც ბევრი ალტერნატიული ვერსია დაგირბის თავში ძალაგამოცლილს და გაცამტვერებულს. სინამდვილეში კი რას აკეთებ? რას და, რისი გაკეთებაც ყველაზე გონივრულია ამ დროს:  მეგობრებთან მიდიხარ გულის გადასაშლელად, ან თუ ამას ვერ ახერხებ, იკეტები შენს ოთახში (თუ ასეთის ბედნიერება გაქვს), ტელეფონზე ურეკავ ისევ რომელიმე მათგანს და უყვები შენს განცდებსა თუ განსაცდელებზე (შიგადაშიგ წაუტირებ კიდეც ცოტას. მეგობართან შეიძლება ამის გაკეთება).

ვიცი, ჩვენსავით ბევრს გაწუხებთ ეს პრობლემა, მაგრამ გიჭირთ ამაზე საუბარი, რომ არ შეგაჩვენონ, შინაბერობა არ დაგწამონ, ნათქვამი ქვეყანას არ მოსდონ და მშობელი დედის „სიძულვილში“ არ დაგადანაშაულონ. მაგრამ უნდა გაბედოთ და სხვებიც მალევე აგყვებიან. რაღაც პერიოდის შემდეგ კი მსგავს საუბრებს იუმორით გაახალისებთ და ცხოვრებაც ისე საშინელი აღარ მოგეჩვენებათ. თანაც, ახლა თქვენ უკვე გყავთ „თანამოაზრეები“, რომლებიც ზუსტად ისე გაიგებენ თქვენს ნათქვამს, როგორც ამბობთ: რომ ამ ნათქვამის ხმამაღლა გაჟღერების მიზანი დედის დამცირება ან მისი ცუდი მხარეების საქვეყნოდ გამომზეურება კი არა, საკუთარი თავის თერაპიაა იმ რეალობის გასაძლებად, რომელშიც გიწევთ ცხოვრება.

მიუხედავად იმისა, რომ „მსხვერპლის“ როლში  ჩვენივე სურვილის საწინააღმდეგოდ აღმოვჩნდით (ან ასე გვგონია), ჩვენ მაინც არ უარვყობთ იმას, რომ ცუდი შვილები ვართ, ოღონდ არა – სულელები, რადგან  ბევრი გვიფიქრია იმაზე, თუ რატომ ხდება ასე, რატომ გვჭირს ის, რაც გვჭირს, და ცხადია, ამ კითხვებზე პასუხებიც გვაქვს. პირველ რიგში ეს იმის ბრალია, რომ ჩვენ იდეალური შვილები არ  ვართ (სიმართლე თუ გაინტერესებთ, არც გვინდა, რომ ვიყოთ).  ამის გარდა კი, სხვა უამრავი ობიექტური (სუბიექტური ალბათ უფრო ნაკლებად) მიზეზიც არსებობს: ჩვენ ცუდი დროის შვილებიც ვართ, დაღლილი, დანევროზებული შვილები, ქვეყნისა და  ხელისუფლებებისგან შეურაცხყოფილი შვილები, ოცნებაჩაკლული, ჯანმრთელობაგანადგურებული შვილები; ის შვილები, რომლებსაც გაქცევა შეეძლოთ, მაგრამ საზღვრები არ გადაკვეთეს ბევრი მიზეზის, მათ შორის, იმავე დედების (მშობლების) ვერმიტოვების გამო; ჩვენ ვართ შვილები, რომელთა უმეტესობა ვერ გათხოვდა მხოლოდ იმიტომ, რომ მათი პოტენციური ქმრები გაურკვეველმა ომებმა შეიწირეს და რომლებმაც, ისევ დედების (ოჯახის) ღირსება რომ არ შეელახათ, თავიანთი  საკუთარი შვილებიც კი ვერ გააჩინეს (ერთეულებმა მოახერხეს ამის გაკეთება, მაგრამ უმრავლესობა მხდალები აღმოვჩნდით და შეგვინდეთ ეს სისუსტე!). ჩვენ ისიც ვიცით, რომ არც ისე ბევრი დრო  გავა და მწარედ ვინანებთ ჩვენს აგრესიულ განწყობას (იმაზე უფრო მტკივნეულად, ვიდრე ახლა ვნანობთ), ხოლო როცა ჩვენი დედების ასაკისები გავხდებით, თავადაც გავიმეორებთ მათ  ქცევებს, ოღონდ, იმ განსხვავებით, რომ ჩვენ არ გვეცოდინება, ვის გააღიზიანებს ჩვენი ქცევები – ჩვენ ხომ ჩვენი საკუთარი „ცუდი შვილებიც“ კი არ გვეყოლება. და  მიუხედავად იმისა, რომ  ეს ყველაფერი ვიცით, მაინც გვიჭირს კარგად მოქცევა (ესეც მოგვიტევეთ!).

ნეტავ, საერთოდ არსებობენ იდეალური შვილები? და თუ არსებობენ, როგორები არიან ისინი? ახალგაზრდობიდანვე კარიერისკენ ისწრაფიან და უნდათ კარგი სამსახურები და ბევრი ფული იშოვონ? ყველა ასაკსა და სიტუაციაში  მშვიდდები და გაწონასწორებულები არიან? მშობელ დედას მუდამ ერთი და იმავე ფორმით –  „დედიკო“, ან „საყვარელო დედა“ – მიმართავენ, რომელსაც ემოცია არც ემატება და არც აკლდება? უნდა გითხრათ, რომ ჩვენ, ცუდი შვილები და გოგოები, ვერ ვიტანთ ასეთ ფშუტე და ფუტურო ურთიერთობას და ასეთობას ისევ ჩვენნაირობა გვირჩევნია. ჩვენ იდეალურები არ ვართ, მაგრამ, სამაგიეროდ, სხვა ღირსებები გაგვაჩნია: ყოველთვის შეგვიძლია ბოდიშის მოხდა,  უძღები შვილის სინანულიც  ვიცით და დედებთან ათასი ჩახუტების დამტევი ერთი უხერხული ჩახუტებაც, რომელიც შესაძლოა, წამზე ნაკლებ ხანს გრძელდება მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენი ურთიერთობის სტილი არ ცნობს ასეთ ბანალურ  ფრაზებს:

„- მაპატიე, დედა, ხომ იცი, როგორ მიყვარხარ.

– მეც ძალიან მიყვარხარ, შვილო“…

ჩვენ, ცუდმა შვილებმა, რა თქმა უნდა, ვიცით, რომ ისეთი შვილებიც არსებობენ, სულ მუდამ თვალებში რომ შესციცინებენ დედებს. თუმცა, უფრო ხშირად, „შვილები არ არიან“ მშობლებისთვის, ისინი მაინც უფრო თავისთვის არიან (თუ მისცეს ამის უფლება). რადგან სიტყვამ მოიტანა, ვიტყვი, რომ ამ სტრიქონების ავტორი, მგონი, მართლა იყო  იდეალური შვილი. აქ აღარ ჩამოვთვლი, რამდენი გულმდუღარე ამბავი გვაკითხა „ბესიკ-ბესო“ ხარანაულმა დედაზე – თუ ახალგაზრდამ, თუ ასაკში შესულმა, თუ „8-10-ისამ“, თუ „14-15-ისამ“, და კიდევ ბევრმა სხვა მწერალმაც (ისეთებიც ვიცი, დედას რომ დასანახად ვერ იტანდნენ სიცოცხლეში), მაგრამ მწერლობა მაინც მწერლობაა, და საკმაოდ შორსაა რეალური ცხოვრებისგან.

თუ თქვენ ცუდი შვილების მსგავსი არა ხართ და მშობელ დედას გულშიც კი არასოდეს გასწყრომიხართ, მაშინ გვაპატიეთ, რომ „დაგაბრკოლეთ“ და სულ სხვა რაკურსით გაგახედეთ, თან კი გილოცავთ – თქვენ „აქ“ ღვთისთვის სათნოდ გიცხოვრიათ და, ალბათ, როცა ამის დრო დაგება, „იქაც“, ანგელოზთა დასში ჩაგრიცხავენ. ხოლო იმათ, ვისაც ჩემი და ჩემი მეგობრების მსგავსი განცდები გაქვთ, გირჩევთ, რომ ფიქრით და თვითგვემით ნუ დაიავადებთ თავს. ასეთ დროს, მეგობრები და იუმორი მოიშველიეთ  და რაც შეიძლება ხშირად, „კარჩაკეტილი ცხოვრებიდან – გამოდით მზეზე“.  თანაც, ნურც იმას დაივიწყებთ, რომ ეს ჩვეულებრივი ადამიანური სისუსტეებია, რომელიც თვით ქრისტესაც კი ჰქონდა. და თუ სულ ცდილობთ, მაგრამ მაინც ვერ უმკლავდებით აგრესიას და გამუდმებით იტანჯებით ამის გამო, მაშინ თქვენც მოსალოცად გქონიათ საქმე –  მეხუთე მცნება კარგად გხსომებიათ!

P.S. დაბოლოს, რადგან იმაზე მეტად გულახდილი ვიყავი და იმაზე მეტი ვიფილოსოფოსე, ვიდრე საჭირო იყო, იმ იმედით გემშვიდობებით, რომ ოდესმე შევძლებ ცუდი შვილის და ავტორის შელახული რეპუტაციის აღდგენას.

 

 

 

 „შავი ყუთი” და ფორმატული შეფასების უპირატესობანი

0

ჩვენი მეხსიერება ერთგვარი „შავი ყუთია“  და მისი წყალობით მთელი ცხოვრების მანძილზე დავატარებთ ინფორმაციას, რომელსაც საჭიროებისამებრ აუცილებლად მივმართავთ ხოლმე. თუმცა ყუთი, რომელსაც პირობითად „შავს“ ვუწოდებთ,  სინამდვილეში სულაც არ არის შავი და მისი მთავარი დანიშნულება ინფორმაციის მიღებაა იმ მოქმედებებზე დაყრდნობით, რომლებსაც ფრენისას აქვს ხოლმე ადგილი. ძმები რაიტების ჩამწერ აპარატზე დაყრდნობით 50 წლის შემდეგ დოქტორ უორენის გამონაგონი ამავე სახელდებით განათლებაში პირველად პოლ ბლეკმა და დილან უილიამმა  შემოიტანეს იმდენად პირობითად, რამდენადაც ნარინჯისფერ ყუთს შეიძლება შავი ეწოდოს და ერთი რამაც სავსებით ნათელი გახადეს: ნარინჯისფერი  ადვილად აღსაქმელია და განათლების „ყუთიც“ ისევე იოლად ამოსაცნობი უნდა იყოს ყველა დაინტერესებულისთვის, როგორც – დოქტორი უორენის შემონაქმედი.

ქართული შემთხვევა

რამდენიმე წელია, რაც ქართული სასკოლო განათლების სისტემაში ერთიანი მონაცემთა ბაზის შექმნა და სკოლებში ელექტრონული ჟურნალების შემოღება დაისახეს მიზნად. ჯერ LeMill.ge შეიქმნა. აქ მასწავლებლები აქტიურად ქმნიდნენ საკუთარ პორტფოლიოებს, აზიარებდნენ ჩატარებული ღია გაკვეთილების გეგმებს, სლაიდებსა თუ სხვა სიახლეებს. მალე LeMill-ის ადგილი უცხო თვალისთვის შეუვალმა და შინაურისთვის გართულებულმა E-Shool.Emis.ge-მ დაიჭირა. ახლა ამ საიტის ათვისებას ეწირება ძვირფასი დრო და ფინანსები. „დიადი მიზნების“ მიუხედავად, ელექტრონული ჟურნალებიც ჯერჯერობით მხოლოდ ცალკეულ, ე.წ. საპილოტე სკოლებში დანერგეს და თითოეული სკოლის 100-მდე და ზოგან მეტ მასწავლებელს 6-7 ან 10 კომპიუტერით სარგებლობის საშუალება მისცეს. ისინი სკოლის გარეთ ამ სისტემით ვერ სარგებლობენ.  სამაგიეროდ, ფირზე დატანილი „სამოდელო”  თუ „გარე დაკვირვების გაკვეთილები“, რომელსაც სპეციალური ჯგუფი შეაფასებს, ალბათ სარკულად ასახავს მთელი საგაკვეთილო პროცესის ავან-ჩავანს და მასწავლებელსაც ნანატრი კრედიტით გააბედნიერებს. კიდევ კარგი, ჩვენს სკოლებში ბევრი ისეთი მასწავლებელი ასწავლის, რომელიც მხოლოდ კრედიტების გამო როდი ზრუნავს საკუთარი და კლასის განვითარებისთვის! პედაგოგები ბეჭდურ ჟურნალებთან ერთად ყოველდღიურად ელ-ვერსიასაც ავსებენ, აღრიცხავენ გაცდენებს, თუმცა ბავშვებისთვის ვერ წერენ განმავითარებელ შეფასებებს, შვილების შედეგების გაუმჯობესების მიზნით ელექტრონულად ვერ მიმართავენ მშობლებს, სამაგიეროდ, წერენ ქულებს, ამასთან, აქტიურად აწარმოებენ თვითშეფასების და სხვ. ტიპის რუბრიკებს, რომლებმაც იმედით, რომ ამდენ მონაცემს ვერავინ დაამუშავებს, უმთავრესად copy-paste-ის სახე მიიღო და მეხსიერების ეს სისტემა მანკიერების ყუთად გადააქცია. ჩანს, ზევსი პრომეთეზე ისევ ბრაზობს და ცნობისმოყვარე პანდორაც ქართველებს ახალ-ახალ სიურპრიზებს გვიმზადებს.

ეს ყუთის ერთი შემადგენელია, აქ სკოლის შეფასების რეალური ბერკეტი თითქმის უხილავი და გამოუყენებელია და შედეგები, რომელთაც მოსწავლეები აჩვენებენ საატესტატო თუ ეროვნულ გამოცდებზე და რომლისთვისაც მილიონობით სახელმწიფო თანხა იხარჯება, სულაც არ ასახავს სკოლაში სასკოლო პროცესის დროს მიღწეულ შედეგს თუ რეალობას. 

მასწავლებლები ფორმალურად თუ არაფორმალურად ყოველდღიურადაფასებთ მოსწავლეებს, თუმცა  ჩვენი შეფასება ხშირად არ  იწვევს მათი სწავლის გაუმჯობესებას, უფრო მეტიც, ძალიან ხშირად ზედაპირულია და, რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, ზოგჯერ  დამსჯელობით ხასიათსაც ატარებს. ამას პედაგოგები ხმამაღლაც აღიარებენ, თუმცა ყოველდღიური განმსაზღვრელი შეფასების აუცილებლობის პირობებში ალტერნატივის გამოძებნა რთულდება.   

მოწაფეები იმგვარ შემთხვევებსაც ჰყვებიან, როდესაც თანაკლასელის მიერ სიტყვა-სიტყვით გადაწერილ საკონტროლო ნაშრომს მასწავლებელი სხვადასხვა ქულით აფასებს და ის, ვისგანაც იწერენ, გაცილებით დაბალ შეფასებას იღებს, ვიდრე ის, ვინც სხვისი აზრების მიმთვისებელია. ეს საგანგაშო პრობლემაა, რომელიც ძირეულად ეწინააღმდეგება შეფასების პრინციპებს – სანდოობას, ობიექტურობასა და გამჭვირვალობას  და ისევე უგულებელსაყოფია, როგორც მისი მესაფუძვლენი უგულებელყოფენ შეფასებაში ყველაზე მნიშვნელოვანს. თუკი მოსწავლეს საკუთარი ცოდნის შეფასების მიმართ სამართლიანობის გრძნობა არ ჩამოუყალიბდება, იგი დაბალი თვითშეფასებისა და მოტივაციის კლებისთვისაა განწირული. ეს კი, ყველამ ვიცით, რომ სწავლის შედეგებზე სავალალოდ მოქმედებს.

 

უცხოური შემთხვევა

ზემოხსენებულმა განათლების მკვლევრებმა, პოლ ბლეკმა და დილამ უილიამმა, ნაშრომში  – „შავი ყუთის შიგნით: სტანდარტების ზრდა სასკოლო შეფასებისას[1] – „შეფასების“ ცნება სწორედ შეფასების მეხსიერებას დაუკავშირეს, ასევე მასწავლებლისა და მოსწავლეების მიერ შესრულებულ აქტივობათა მთელ წყებას, რომელიც მასწავლებლებისათვის სასწავლო აქტივობების მოსარგებად საჭირო ინფორმაციას წარმოადგენს. მათი აზრით, ასეთი შეფასებაფორმატული“ ხდება, როდესაც არსებულ მონაცემებს მოსწავლეების საჭიროებების მიხედვით სწავლის ადაპტაციისათვის იყენებენ.

მკვლევრები ფორმატული შეფასების მთავარ მიზნად ისეთი ინფორმაციისა და მონაცემების მოპოვებას მოიაზრებენ, რომლებიც მოსწავლეებს საგანმანათლებლო მიზნების მისაღწევად დაეხმარება. მათი აზრით, სწავლების სტანდარტების ზრდა ნაციონალური პრიორიტეტი უნდა იყოს და მთავრობები ძალას არ უნდა იშურებდნენ სასურველი შედეგების მისაღწევად, თუმცა რეფორმებს სასურველი შედეგები არ მოჰყვება, რადგან  ასეთი შეფასება ფორმალური ხდება, როდესაც არსებულ მონაცემებს მოსწავლეების საჭიროებების მიხედვით სწავლის ადაპტაციისათვის ნაკლებად იყენებენ. საგანმანათლებლო მიზნების მისაღწევად კი სასიცოცხლო მნიშვნელობისაა სწავლების პროცესის და ამ პროცესში ჩართული პირების საქმიანობის (სწავლა-სწავლება) შესახებ   დადებითი თუ არც ისე დადებითი ინფორმაციის შეგროვება და ანალიზი. იგი მოსწავლეებს და მასწავლებლებს ერთნაირად დაეხმარება შედეგების გასაუმჯობესებლად. სწორედ ეს განიხილება  ფორმატული შეფასების მთავარ მიზნად და წარმატების წინაპირობად.

მეოცე საუკუნის 90-იანი წლებისთვის ახალმა კონცეფციამ ევროპასა და ამერიკაშიც საკმაოდ მოიკიდა ფეხი. წინა საუკუნის ბოლოს, დიდ ბრიტანეთში, შოტლანდიის, ინგლისის, უელსის და ჩრდილოეთ ირლანდიის განათლების პროფესორთა ჯგუფმა შეფასების რეფორმის ჯგუფი ჩამოაყალიბა. მათი ნაშრომის შედეგად კვლევა, ლიტერატურა და საკონფერენციო ჩანაწერები წარმოიშვა, რაც ფორმატული შეფასებისა და სწავლისათვის შეფასების საფუძველს წარმოადგენს.  ყურადღება გაამახვილეს შეფასებაზე, როგორც კლასში აწმყოში მიმდინარე პროცესზე, მათი თქმით, ფორმატული შეფასება არის „მონაცემების მონახვისა და დამუშავების პროცესი, რომელსაც მოსწავლეები და მასწავლებლები გამოიყენებენ, რათა დაადგინონ რას სწავლობენ მოსწავლეები, სად უნდა მივიდნენ და რა არის საუკეთესო მისასვლელი გზა(ARG, 2006). ამ განმარტების თანახმად, სწავლა სამეტაპიანი პროცესია:

  • პირველი ეტაპი მოსწავლის მიერ საბოლოო მიზნის მისაღწევ გზაზე უკვე ნასწავლის დადგენას მოიცავს.
  • მეორე ეტაპი მოსწავლის მიერ სასწავლო მიზნის გაცნობიერებას გულისხმობს,
  • ხოლო ბოლო ეტაპი შედეგამდე მისაღწევი სტრატეგიის არჩევა ან უკვე გამოყენებული გზის ამოცნობაა.

ამ სამ ეტაპს ასევე უკუკავშირის, ზემოთ კავშირისა და წინ კავშირის სახელითაც მოიხსენიებენ (Hattie 2009).

დიდი ხანია, რაც სასწავლო მიზნების ამოცანების ანალიზი სსსმ მოსწავლეების სწავლის მხარდამჭერ მეთოდად აღიარეს (Courtade, Browder, Spooner  & Dibiase 2010, Eng & Rose, 2012).  ბევრი მკვლევარი და პრაქტიკოსი ფორმატული შეფასების უპირატესობას ვიგოტსკის სკაფოლდინგის (1978) მეთოდით ხსნის. მათი დაკვირვებით, მოსწავლეები უკეთ მაშინ სწავლობენ, როდესაც მოსწავლე აქტივობებში სხვა, მასზე კომპეტენტურ და მცოდნე, ან განსხვავებული კომპეტენციების მქონე მონაწილეებთან ერთად ერთვება. საკლასო ოთახში მასწავლებლები და თანატოლები დამხმარე მონაწილეების როლს ასრულებენ. ამ პროცესის ყველა მონაწილე იდეებისა და თვალსაზრისის გაზიარებით სწავლობს.

ევროპელი და ამერიკელი განმანთლებლები თანხმდებიან, რომ შეფასებას ყოველთვის უნდა მოჰყვებოდეს მასწავლებლის პედაგოგიური მეთოდების ცვლილება. ჩვენშიც და უცხოეთშიც მოსწავლეები ხშირად აღნიშნავენ, რომ მასწავლებლები იშვიათად მიუთითებენ გამოსწორების გზებს და ძალიან იშვიათად ახდენენ ხარისხიანი სამუშაოს დემონსტრირებას. „როდესაც მხოლოდ სწავლისთვის ვაფასებთ, მასწავლებლის მიზანია, მოსწავლემ მიიღოს კონკრეტული ცოდნა სასწავლო მიზნის შესახებ და მასწავლებელი დაეხმაროს ამ მიზნის მისაღწევად. მაგალითად, დასწავლის უნარის დაქვეითების მქონე ზოგიერთი მოსწავლისათვის სასწავლო მიზნის შესახებ ინფორმირება შეიძლება განხორციელდეს წერილობითი ფორმით, ნათლად გამოხატული მიზნების სახით. შეხსენებისათვის აღნიშნული ფორმით ჩამოყალიბებული მიზნები მოსწავლეებს გაკვეთილიდან გაკვეთილამდე  დააქვთ“[2].

შეკითხვაზე: არსებობს თუ არა იმის დამამტკიცებელი მონაცემები, რომ ფორმატული შეფასება სტანდარტებს აუმჯობესებს? – ორასი კვლევითი ნაშრომის განხილვის შედეგად ბლეკის და უილიამის პასუხი გამოკვეთილად დადებითია და მათი პოზიციის მტკიცედ სჯერა არაერთ ავტორს. ეს პოზიცია კი შემდეგია: ფორმატული შეფასების კულტურის დანერგვისა და დამკვიდრებისთვის მასწავლებელს ხარისხიანი გაძღოლა სჭირდება, რადგან ფორმატული შეფასების დანერგვა იმთავითვე გულისხმობს კლასში არსებული სასწავლო გარემოს ცვლილებას. გამოცდილება აჩვენებს, რომ კლასებში, სადაც მასწავლებელი ყოველდღიურ პრაქტიკაში ინტეგრირებულად აფასებს, მოსწავლეები უფრო აქტიურად ერთვიან სწავლისა და შეფასების აქტივობებში. იმისათვის კი, რომ ვასწავლოთ სწავლა, საჭიროა მიეწოდოთ ჯეროვანი უკუკავშირი. ამას მხოლოდ მასწავლებელი არ ასრულებს. აქტიური მონაწილეობის მეშვეობით, შეფასების გამჭვირვალე კრიტერიუმების არსებობის პირობებში, მოსწავლეები თანატოლების სამუშაოს აკვირდებიან და სასარგებლო უკუკავშირს იძლევიან. გარდა იმისა, რომ კრიტერიუმი წარმატების ინდიკატორია, ჯერ არმიღწეული მიზნების შემთხვევაში, ის ყურადღების ფოკუსსაც წარმოადგენს. მკვლევრების აზრით,   საგანმანათლებლო გეგმებისადმი ასეთი გაფართოებული მიდგომა ძალიან მნიშვნელოვანია. ზოგიერთი მოსწავლისათვის საგანმანათლებლო გეგმა შესაძლოა მათი უნარებისაგან დაშორებული და, აქედან გამომდინარე, მიუღწეველი იყოს. როდესაც მიზნის მისაღწევი გზები ნათელი, მკაფიო და ხელმისწვდომია, მოსწავლეებისათვის ამოცანები უფრო რეალისტური ხდება.

გვირჩევენ, ვიგოტსკის მიდგომებზე დაყრდნობითა და შემაჯამებელი ტექნიკის გამოყენებით, მასწავლებლები, მოსწავლეების  განვითარების უახლეს ზონას მივუახლოვდეთ. ვიგოტსკის მიხედვით, განვითარების უახლესი ზონა მოსწავლის უნარებისა და ცოდნის ნამდვილი პოტენციალის მატარებელია. და რადგან  სკაფოლდინგის კონცეფციას  დასწავლის სოციალურ­კოგნიტური თეორიაც უჭერს მხარს, მხოლოდ სწორი ან არასწორი პასუხის გაცემა საკმარისი არ არის (Bandura, 1986). საჭიროა დიალოგი, ანალიზი და ბავშვებისთვის იმის გაგებინება, რომ  ცუდი შედეგების მიღწევისას დაშვებული შეცდომებისა და სტრატეგიის გარჩევა უკეთესი შესრულების  საწინდრად მიიჩნევა.

შეფასება მეტაკოგნიტური პროცესია. ამ პროცესის წამოსაწყებად კი საჭიროა ცნებების, სწავლის შესაძლო სტრატეგიების, წარმატებული შედეგისათვის საჭირო რესურსების და ამოცანის ამოხსნისას წინა გამოცდილების გათვალისწინება, თეორიული გამოწვევის ამოხსნისათვის მოსწავლეების მიერ სხვადასხვა სტრატეგიებისა და რესურსების გამოყენებაზე ფიქრი. უცხოელი ექსპერტები თანხმდებიან, რომ ფორმატული შეფასებისას შესრულების დონეს აუმჯობესებს:

  • შექებისა და მაღალი ნიშნების მსგავსი დადებითი განმამტკიცებლები;
  • დასწავლის სოციალურ­კოგნიტურ თეორიაზე დაფუძნებული, მოსწავლის ოპტიმალურ დასწავლაზე მიმართულ ამოცანებზე მუშაობა;
  • ცოდნა მოსწავლეების წინსვლისა და სირთულეების შესახებ მათი წინასწარ გამოუცნობი და ყოველი მოსწავლისთვის განსხვავებული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად;
  • დიალოგური შეფასება, რაც სასარგებლო უკუკავშირის გაცემაში გვეხმარება;
  • მოსწავლის ნებისმიერი მოსაზრების საპასუხოდ, თუნდაც ისეთის, რომელიც უადგილოდ ან სულელურად გვეჩვენება, აზრიანი უკუკავშირი;
  • უკუკავშირის გააზრება (მეტაკოგნიცია), რაც დროს მოითხოვს.
  • მოსწავლეების მიერ მათი ნააზრევისა და მასწავლებლისაგან წამოსული უკუკავშირის გარშემო დისკუსია. ამ დროს უნარის განვითარებისა და კომპეტენციის უფრო მაღალი დონის მიღწევა ხდება. დროის დაზოგვის მიზნით, ამ წამოწყებაში საჭიროა თანატოლების ჩართვა;
  • დაგეგმარებისა და შეფასების პროცესში მასწავლებლისა და მოსწავლის თანაბარი ჩართულობა (ენგი და როუზი, 2012);
  • მოსწავლისათვის მისაღწევი და არა მიუღწეველ მოთხოვნების წაყენება[3] (Cefai and Cooper, 2010);
  • მთელ ამ პროცესში დაუშვებელია მოსწავლეთა აზრის უგულებელყოფა.
  • ინტერაქტიული სწავლა და სწავლება, რაც მოსწავლეს ინიციატივის გამოჩენისა და ავტონომიისაკენ უბიძგებს (Beuhl, 2009);

 

სწორედ ამ თეორიებთან შეთანხმებით გამოყოფენ ფუნქციებს, რომელსაც ფორმატული შეფასება ემსახურება. ფორმატული შეფასების მეშვეობით ხდება მოსწავლეების იმ წარმოდგენის განმტკიცება/გაუმჯობესება, რომელიც სასწავლო მიზნებს შეესაბამება. უკუკავშირი მოსწავლეებში ახალი ინფორმაციის ცოდნაში გადატანასა და მოტივირებას ემსახურება. მოსწავლეების თვითშეფასების ფორმატული უკუკავშირი მასწავლებელს ხელს უწყობს უკეთ გაიცნოს მოსწავლეები, გააძლიეროს მათი შესრულების დონე და დაინახოს  სწავლების მორგების ეფექტური გზა.

მასწავლებლები ხშირად ხვდებიან ისეთ მოსწავლეებს, რომლთა სწავლებაც ტრადიციული მიდგომებით გამოწვევას წარმოადგენს. ბევრად უფრო მოსალოდნელია, რომ მასწავლებელი შეცვლის თავისი სწავლების სტილს, ვიდრე ინდივიდუალური მოსწავლე  – დასწავლის სტილს. მასწავლებლის მიერ არჩეულ მიდგომაზე მასალის მორგება ხშირად უშედეგოა, რადგან არ ხდება იმის გაცნობიერება, რომ მიუხედავად მოსწავლეების უნარისა ისწავლონ, ეფექტური სწავლისათვის მათ საკუთარი მიდგომების მონახვა სჭირდებათ. ინდივიდუალურობის აღიარება წარმატებული მასწავლებლის ერთ­ერთი მთავარი მახასიათებელია (ენგი და როუზი, 2012). ამ პრინციპების გათვალისწინებით, სწავლისათვის შეფასების შემდეგ მახასიათებლებს გამოყოფენ:

  • მოპოვებული ინფორმაცია მასწავლებელს ეხმარება თავად დაეხმაროს მოსწავლეს სწავლაში შემდგომი ნაბიჯების გადადგმაში;
  • დაეხმარება მოსწავლეებს დაეხმარონ ერთმანეთს სწავლაში შემდგომი ნაბიჯების გადადგმაში;
  • დაეხმარება მოსწავლეებს დაეხმარონ საკუთარ თავს სწავლაში შემდგომი ნაბიჯების გადადგმაში (Wiliam, 2011[4]).

შეფასების რეფორმის ჯგუფი გამოყოფს 10 პრინციპს, რომელსაც უნდა დაეფუძნოს სწავლისთვის და არა მხოლოდ შეფასებისთვის შეფასება. ესენია:

  1. ყურადღებას ამახვილებს იმაზე, როგორ სწავლობენ მოსწავლეები;
  2. მნიშვნელოვან როლს ასრულებს საკლასო პრაქტიკაში;
  3. მნიშვნელოვანი პროფესიული იარაღია;
  4. არის კონსტრუქციული;
  5. აღვივებს მოტივაციას;
  6. ავითარებს მიზნებისა     და       კრიტერიუმების      გაცნობიერებას;
  7. ეხმარება       მოსწავლეებს            გაიგონ,          როგორ           იმუშავონ      უკეთ;
  8. ავითარებს თვით და       თანატოლების          მიერ   შეფასებას;
  9. აღიარებს ყველანაირ    სასწავლო      მიღწევას (ARG, 2006).

ცხადია, სკოლას ბავშვების განათლების, ცოდნისა და უნარების დაგროვების გარდა სხვა მიზნებიც გააჩნია. თუმცა უდავოა, რომ სწავლა სკოლის მნიშვნელოვანი ნაწილია. აქედან გამომდინარე, აუცილებელია ეფექტური სწავლის ყველა შესაძლო გზის გაკვლევა და ისეთი აქტივობებისაგან თავის არიდება, რომლებიც ხელს არ უწყობს ან ხელს უშლის სწავლას.  გამოცდილი სპეციალისტები შეჯამებით ტესტებისაგან თავის არიდებასც კი გვირჩევენ. ამის მიზეზად ასახელებენ მრავალ მონაცემს „მოსწავლეების დიდ ნაწილში შეჯამებითი ტესტების დემოტივაციისა და სწავლებისათვის განკუთვნილი დროის არაეფექტური ხარჯვის შესახებ. თითქმის არ არსებობს იმის დამამტკიცებელი მონაცემები, რომ ტესტები ხელს უწყობს გრძელვადიანი უნარებისა ან კომპეტენციის გაზრდას, თუმცა უამრავი კვლევა ადასტურებს, რომ ფორმატული შეფასება სასწავლო შედეგებზე  დადებითად მოქმედებს“ (Black and Wiliam, 1998; Black et al., 2003; Hattie, 2008[5]).

იმისათვის, რომ სწავლისათვის შეფასება საკლასო ოთახში წარმატებით გამოვიყენოთ, ხუთი პირობა უნდა დაკმაყოფილდეს (Engh, 2011[6]). მასწავლებელი უნდა:

  1. ავლენდეს კურიკულუმით გათვალისწინებული პროფესიული კომპეტენციის ღრმა ცოდნას;
  2. ყურადღებას ამახვილებდეს სწავლაზე;
  3. იცოდეს, როგორ განავითაროს კარგი და პოზიტიური ურთიერთობა ყველა მოსწავლესთან;
  4. იცოდეს, ცოდნის რა ეტაპზე იმყოფებიან მისი მოსწავლეები;
  5. იცოდეს, როგორ უხელმძღვანელოს თითოეული მოსწავლის წინსვლას.

თვითშეფასების ფორმატი:

ხილვადი სწავლისპრინციპი

ახალ ზელანდიაში მცხოვრებმა ჯონ ჰეტიმ სწავლების დროს ხილვადი სწავლისპრინციპი გამოიყენა. მასწავლებლისათვის ხილვადი ხდება მოსწავლეების მიერ ნასწავლი სტრატეგიების და პროფესიული ტერმინების გამოყენება, როდესაც მოსწავლეები დავალების შესრულებისას საუბრობენ. დისკუსიაში მონაწილეობის, ამოცანის ამოხსნის და წერითი დავალებების მეშვეობით მასწავლებელი აზროვნების უნარს „ხედავს“. ინკლუზიურ საკლასო ოთახში აუცილებელია მოსწავლის მიერ მიღებული ცოდნისა და გააზრებული ინფრომაციის  სხვადასხვა გზით გამოხატვის შესაძლებლობის უზურუნველყოფა. მაგალითად, თუკი ისტორიული მოვლენის შესახებ ცოდნის გამოსახატავად კლასის მოსწავლეთა უმეტესობას მოკლე ესეს დაწერა ევალება, კითხვის პრობლემების მქონე მოსწავლემ შესაძლოა იგივე ცოდნის გამოსახატავად აუდიო ჩანაწერი გამოიყენოს. მასწავლებლის ფუნქციაა ისტორიული მოვლენის შესახებ არსებული ცოდნის შეფასება და არა – წერის უნარის შეფასება.  წიგნიერების მაღალი დონე, რა თქმა უნდა, უპირატესობაა, მაგრამ ამ სფეროში ნაკლები უნარის არსებობა მოსწავლეს ცოდნისა და გააზრებულის გამოხატვაში ხელს არ უშლის.

ფორმატული შეფასების „მოძრაობის“ მიხედვით, ინფორმაციის შეგროვებით, მისი განხილვითა და შედეგად სასწავლო აქტივობების გაუმჯობესებით მხოლოდ მასწავლებლები კი არა, მოსწავლეებიც კავდებიან. უნდა გავითვალისწინოთ, რომ უკუკავშირს მოსწავლეების ნამუშევარში არეკლილი ცოდნაც წარმოადგენს. მასწავლებელმა თავისი სწავლების მეთოდი ამ უკუკავშირზე დაყრდნობით უნდა შეცვალოს.

ფორმატული შეფასებას განიხილავენ, როგორც დიდაქტიკურ მიდგომას, რომელიც აერთიანებს კარგ სწავლებასა და ხარისხის შეფასების პრაქტიკას. ის კლასის სასწავლო კულტურისა და მოსწავლის სწავლის შედეგის გათვალისწინებით მასწავლებლის სწავლების გაუმჯობესებას გულისხმობს. ის გარკვეულ დიდაქტიკურ პრაქტიკას აღწერს, რომლის მიზანია, გააუმჯობესოს როგორც მასწავლებლის უნარი, მოარგოს სწავლების ტექნიკა მოსწავლეების საჭიროებებს, ისე მოსწავლეებს დაასწავლოს აზროვნებისა და სწავლების სტრატეგიის შემუშავების უნარი.

და რადგან ეს მისაღწევი, შესაძლებელი და არცთუ რთულად განსახორციელებელია, ამიტომაც მიჩნეულია, რომ „შავ ყუთში“ ყველაზე მთავარი სწავლისთვის და არა შეფასებისთვის  შეფასებაა  და  ეფექტური სწავლების სწორედ ასეთი მრავალი „გულია“ საჭირო იმისთვის, რომ მნიშვნელოვნად ავამაღლოთ სწავლის ხარისხი და გავზარდოთ სტანდარტი; რომ უკვე თუნდაც დახურული ყუთიდან ყოველ ჯერზე, როცა კი მივაშურებთ, მრავალი ნათელი მოგონება,  სწორი აზრი და გეზი  გამოჩნდეს სამართლიან მოტივატორად წარმატებისკენ მიმავალ გზებზე.

[1] Black and Wiliam, „Inside the Black Box”. 1998

[2] კნუტ როარ ენგი რიჩარდ როუზი, შეფასება განათლებისთვის,  2012, 29-30.

[3] Cefai, C., & Cooper, P. (2010). Students without voices: the unheard accounts of secondary school students with social, emotional and behaviour difficulties 25 (2) European Journal of Special Needs Education , 183–198

[4] Williams, D. (1994). Somebody, Somewhere. Sydney: Doubleday

[5] Hattie, J. & Timperley, H. (2007). The power of feedback. Review of Educational research, 7 (1), 81–112.

[6] Engh, R. (2011). Vurdering for læring i skolen (Assessment for learning in Schools). Kristiansand. Høyskoleforlaget.

ზვიადს

0

ზამთრის დილაა. მარნეულში ჩავედი. საშინლად წვიმს. დეკემბრის დასაწყისია. ტყვიისფერი ღრუბლებია, საითაც არ უნდა გაიხედო. მე და ჩემი თანაპროექტელი მივდივართ. ის უკვე ასწავლის იმ სოფლის სკოლაში, მე პირველად მივდივარ. სოფლის ავტობუსში ავდივართ და ველოდებით, როდის დაიძვრება. ავტობუსს ლუქი კი დახურული აქვს, თუმცა რაღაც ნაპრალიდან წყალი პირდაპირ იქ წვეთავს, სადაც ჩვენ ვსხედვართ.

ზვიადი მაშინ გავიცანი, ჩვენ უკან სკამზე რომ დაჯდა, ჩანთა დადო და მომესალმა. ტელეფონით მანამდე რამდენჯერმე ვესაუბრე. ოჯახი მომიძებნა, სადაც უნდა მეცხოვრა. ნახევარი საათის შემდეგ ჩამოვედით ავტობუსიდან და სკოლისკენ სოფლის ტალახიან გზას გავყევით. ღმერთო, რა ცუდი შეგრძნება მქონდა მაშინ. რამდენიმე თვით ადრე ვფიქრობდი, რომ არასდროს დავბრუნდებოდი სოფლის სკოლის მასწავლებლად. მერე უცბად ძალიან მომინდა ეს საქმე და დავბრუნდი. და აი, იმ მომენტში, როცა საშიანელი დღის ასეთივე ამინდში უცხო სოფლის ორღობის ტალახში მივაბიჯებდი და ვიცოდი, რომ იქ კიდევ ორი წელი უნდა გამეტარებინა, ძალიან ცუდ ხასიათზე ვიყავი, თუმცა ვცდილობდი არავის შეემჩნია.

სკოლა რა, ერთი პატარა შენობაა, ორსართულიანი. სასწავლო პროცესი მხოლოდ პირველ სართულზე მიმდინარეობს. ზემოთ არცერთ საკლასო ოთახს არ აქვს ფანჯრები ან კარი, შიგნით აწვმის და ათოვს. მხოლოდ ერთი ოთახია დახურული ბუნებრივი ამბებისგან და იქ ზვიადს აქვს მოწყობილი თავისი ოთახი, სადაც შესვენებების დროს ადის, ჩამოჯდება და შემდეგი გაკვეთილისთვის ემზადება ან ფიქრობს, ან ტელეფონზე საუბრობს. მოკლედ, იქ შეუძლია განმარტოვდეს. თუმცა ახლა უკვე მეც იქ ვარ და ერთად უნდა გავიყოთ სიცივე, გაზაფხულის მარნეულის სიცხე, პრობლემები, აზრები.

სკოლაში ძნელად თუ გაარჩევ, რომ რამდენიმე ათწლეულის წინ ლურჯად ყოფილა შეღებილი კედლები. მხოლოდ ერთი ოთახია, პირველი კლასის ოთახი, სადაც ქაღალდებისგან გამოჭრილი და გაფერადებული პეპი გრძელი წინდა, კარლსონი, კალის ჯარისკაცი, მიკი მაუსი, პეპლები, ქართული ანბანის ასოები და ციფრებია მიკრული. ჭერიდან სხვადასხვა ფერის ვარსკვლავები, მზეები ეშვება. და ბავშვებსაც სახალისო სახელები ჰქვიათ.

ზვიადი ამ სკოლაში მხოლოდ პირველ კლასს ასწავლის, შემდეგ კი ამავე სოფლის სხვა სკოლაში მიდის უფროსკლასელებთან. ყველა სასწავლო დღეს ჯერ მანქანით მინიმუმ სამოცს, შემდეგ კი ფეხით ოთხ-ხუთ კილომეტრს გადის. მშობლები აფხაზეთის ტერიტორიაზე ჰყავს და იშვიათად ახერხებს მათთან ჩასვლას. თვითონ უკვე ათ წელზე მეტია მარნეულში ცხოვრობს.

მოკლედ, ის ორ წელი, როცა მე ძალიან ცუდი მასწავლებელი ვიყავი, ერთადერთი, ვინც მეხმარებოდა, რომ სულ არ დამეტოვებინა სამსახური, ზვიად ფიფია იყო. ისიც თავისივე პრობლემებით, გაუარესებული ჯანმრთელობით, გადაღლილობით, მხიარულებით, ზუსტად ისეთივე ადამიანი იყო, როგორც მე. თუმცა ყოველთვის მიკვირდა, როგორ ახერხებდა ეს ყველაფერი თავის პროფესიაზე არ ასახულიყო, ჩემგან განსხვავებით.

ერთხელ მითხრა, იცოდე, ჩემზე არაფერი დაწერო, როგორც გურამზე წერდი ჯავახეთშიო. არ ვიცი, ამ ბლოგს თუ წაიკითხავს, რას იტყვის, მაგრამ დარწმუნებული ვარ, როცა ზამთრისპირი დადგება, ის გზა ისევ ატალახდება, ზვიადი წვიმაში წავა სკოლისკენ და ეს ბლოგი გაახსენდება. ერთხელ მაინც მეც შევძლებ გავამხნევო და ვუთხრა, რომ, მიუხედავად ძალიან დიდი სირთულეებისა, რაც სოფლის სკოლის მასწავლებელს ხვდება, ყველაფერი მაინც კარგადაა. იქ, კედლებჩამოხეულ ოთახებში მას ყოველთვის ელოდებიან პირველკლასელი ვუსალი, რაშადი. დგანან და ელოდებიან ახალ სიტყვებს, ახალ გმირებს კედლებზე, ახალ საჩუქრებს წვიმიდან მოსული მასწავლებლის ხელებში.

რა ყოფილა გურია… 

0

ჩემი ფანჯრების წინ სახელდახელოდ მოწყობილი ავტოსამრეცხაოა. რეცხვასა და დასუფთავებაში ცუდი არაფერია. ერთი ეგ არის, გამუდმებით ხმაურობენ. მუდმივი შხუილის ხმა ისმის, რასაც იქ მომუშავეთა ყიჟინა და სულ ბოლო ხმაზე აწეული რადიო აგვირგვინებს. ძალიან ბეჯითები არიან, დილის რვიდან ღამის თერთმეტამდე მუხლჩაუხრელად მუშაობენ. შაბათი მაგათ არ იციან და კვირა. ეს კი ნიშნავს, რომ ან არ უნდა მეძინოს (საძინებლის ფანჯრები გადის ამ მხარეს), ან ამ საერთო შხუილსა და წყლის ღმუილში უნდა მოვახერხო ძილი. წარმოვიდგინო, რომ, მაგ. ნიაგარას ჩანჩქერის წინ ვცხოვრობ. გონებამახვილი ხალხი მუშაობს, ჭკვიანურად იკლებენ არე-მარეს ხმაურით და  ახლად მიღებულ კანონსაც არ არღვევენ. რას ერჩი,  დროში ეტევიან და დილის რვა საათიდან მიდიიი… იწყება სიხალისე.

ამას წინათაც ტრადიციას არ უღალატეს და ბოლო ხმაზე ჩართეს სიმღერა სახელწოდებით: „რა ყოფილა გურია“. ჯერ სადღაც შორიდან ძილში მომესმა, მერე და მერე სიტყვებიც გავარჩიე და ჯერ ისევ ძილის ქვეყანაში მყოფი ვუსმენდი. ადრეც მაქვს მოსმენილი. სიმღერა კარგია, ამავეს ვიტყვი გურიაზეც, სადაც მართლაც გულღია და სტუმართმოყვარე ხალხი ცხოვრობს. თუმცა, ამჯერად სიმღერის ტექსტს სხვანაირად მოვუსმინე და  გამეღიმა.  გურიაში სტუმრად მყოფი მღერის, თანაც იქ შემთხვევით არის მოხვედრილი, რადგან ნაცნობი მასპინძელი არ ჰყავს და ალალბედზე მისდგომია ვიღაცას. ეტყობა ცხელა, მგზავრიც დაღლილია და მასპინძელს ერთ ჭიქა წყალს სთხოვს. ის კიდევ წითელ, ჩაციებულ ღვინოს სთავაზობს, დასაყოლებლად ხაჭაპური გამოაქვს. თან კოპებშუკრული კი არ არის, ღიმილად გადაშლილა. ახლა სტუმარს დავუბრუნდეთ, თავიდან ხომ მხოლოდ წყალი უნდოდა, ჰოდა, უფრო მეტის მიღების შემდეგ, მადა გაეხსნა და დარჩენაც კი მოინდომა.

მოკლედ, ასეა ცხოვრებაშიც, ადამიანი, რაც ბევრს ღებულობს უფრო თამამდება და მეტი სურს.

ჩვენ, ადამიანები დედამიწაზე უკანასკნელი 200 000 წლის მანძილზე  ვცხოვრობთ. უამრავ ბუნებრივ პროცესსა და ციკლში მიგვიღია მონაწილეობა. ჩვენი ფილტვები ჟანგბადს ჩაისუნთქავენ და ნახშირორჟანგს გამოყოფენ.  სხეული სასიცოცხლოდ ბიომასას და საკვებს საჭიროებს. ჰოდა, ეს ხომ გვაქვს, მაგრამ მეტი გვინდა. ქარხნები, ფაბრიკები, სოფლის მეურნეობა, ტრანსპორტი და გამოყოფილი გაზები, გაბნეული ნაგავი, მძიმე მეტალები…

დაბინძურებული ატმოსფერო…

მისი ქიმია დედამიწის ისტორიის დასაწყისიდანვე  იცვლება. გამყინვარების ეპოქიდან 20000 წლის განმავლობაში ატმოსფეროს ნახშირბადის დიოქსიდის რაოდენობა 200-დან 290 ppmv-მდე გაიზარდა. დღეს კი 387 ppmv-ს აღწევს. წინა საუკუნის მეორე ნახევრიდან  მოიმატა მეთანისა და აზოტის ოქსიდების რაოდენობამაც. ასევე, უშუალოდ ადამიანის სიხარბესთან დაკავშირებულმა აირებმაც – ქლორფთორნახშირწყალბადები, ფრეონი, გოგირდის ჰექსაფთორიდი და მრავალი სხვა. ეს, ე.წ. „შლეიფის“ აირებია, რომლებიც ტროპოსფეროსა და სტრატოსფეროში მომატებული რადიაციის ფონზე ატმოსფეროს ბუნებრივ კომპონენტებთან ურთიერთქმედებენ. შედეგად… ოზონის საფარის დაზიანება, სათბურის გაზის ეფექტი და მრავალი სხვა.

 

და კვლავ… დაბინძურებული წყალი…, რომელიც სულაც არ არის დაცული ადამიანის აქტიურობის შედეგად მიღებული  ნარჩენებისგან. ნავთობს ხომ ბევრი ფული მოაქვს? ფულით კი რამდენი ოცნების ახდენა შეიძლება. ჰოდა, ამ ფაცაფუცში ნავთობი ტანკერიდან აქა-იქ ზღვაშიც თუ ჩაიღვრება, რა მოხდება ისეთი? არც არაფერი, ვიღაცები იყვირებენ, ზღვა დაბინძურდება, მისი ფლორა-ფაუნა განადგურდება, სულ ეგ არის. ჰო, ნავთობის მფლობელიც იზარალებს (მისი ნავთობის რაღაც წილი ხომ დაიღვარა), ჰოდა, ეგ არის სწორედ ცუდი, სხვა არაფერი. ზღვებსა და ოკეანეებში ნავთობის ჩაღვრის სიხშირე ბოლო პერიოდში 10-15%-ით არის გაზრდილი.

აქვე არ დაივიწყოთ სხვადასხვა წარმოების მიერ ნარჩენების საკანალიზაციო წყლებში ჩაღვრა, რომლებიც მიწისქვეშა წყლების გავლით პირდაპირ ზედაპირულ წყლებში აღმოჩნდება და გზადაგზა ყველაფერს დააბინძურებს.

გაბნეული ნარჩენები კი დედამიწის ათასობით ჰექტარზეა გადანაწილებული. მათი დიდი ნაწილის მონიტორინგი მუდმივად მიმდინარეობს, მაგრამ მოულოდნელი საფრთხეები მაინც არსებობს. მაგ. ესპანეთის სამხრეთით სევილიის ჩრდილო-დასავლეთით 45 კილომეტრი სპილენძის-თუთიის-ტყვიის პირიტებით არის დაბინძურებული (Sassoon M, Los Frailes aftermath, Mining Environ. Management, July 1998, pp. 8-12).  ჩვენს პერიოდში ეს ნარჩენები სპეციალურ საცავშია გამაგრებული, თუმცა მონიტორინგი მაინც აუცილებელია. რისთვის? მეტალები ნიადაგქვეშა წყლების მეშვეობით შესაძლოა პირდაპირ მდინარე რიო აგრიოში მოხვდნენ. მდინარის სათავესთან კი ზეთის ხილის, ატმის, მზესუმზირის და ა.შ. ბაღებია. ჰოდა, ხვდებით არა? რა საფრთხეზეც ფიქრობენ მუდამ ადგილობრივები. თუმცა, ეს მხოლოდ ერთი მაგალითია, როგორ შეიძლება ნარჩენების ხანგრძლივი პერიოდით მართვა და გაუვნებელყოფა. არის შემთხვევები, რომლებიც მყისიერ ჩარევას საჭიროებენ. დაბინძურებას კი საზღვრები არ გააჩნია. საზღვარი ერთია, პლანეტა დედამიწა, ჩვენ ყველანი აქ ვცხოვრობთ და საზღვრები წაშლილია, რადგან თუ სევილიის მახლობლად რომელიმე მეტალმა „გაჟონა“, შემდეგ კი ფესვთა სისტემით ზეთის ხილის ხეში მოხვდა, ის ზეთის ხილი შესაძლოა მე და თქვენ  რომელიმე სუპერ მარკეტში შევიძინოთ.

ამიტომ, ჩვენი პლანეტის საერთო მძიმე პრობლემები ასეთია:

1) კლიმატის ცვლილება-გაზრდილი რადიაციის ფონზე ნახშირორჟანგის მომატებული დონე; 2) ბიომრავალფეროვნების ბუნებაში შემცირება და წითელ წიგნში მათი ჩამონათვალის ზრდა; 3) აზოტის ციკლი-ატმოსფეროში აზოტის საშიში ნაერთების მომატება; 4) ფოსფორის ციკლი-ფოსფორის ნაერთების ნაკადის გაზრდილი რაოდენობა ოკეანეებში; 5) სტრატოსფერული ოზონის განადგურება; 6) ოკეანეში მჟავური დონის გაზრდა-ზედაპირული წყლებიდან დამაბინძურებლების ჩადინების შედეგად; 7) გლობალური მასშტაბით არაკონტროლირებადი თევზჭერა; 8) ატმოსფეროში საშიში აეროზოლების მომატება; 9) ქიმიური დაბინძურება-არაორგანული და ორგანული დამაბინძურებლებით;

მეცნიერებს შორის დაისვა შეკითხვა – როგორ მივხედოთ ამ პრობლემებს? პასუხად, ქიმიის ახალი მიმართულება – „მწვანე ქიმია“ – წარმოიშვა. მისი ძირითადი საზრუნავია:

1)    მდგრადი რესურსების გამოყენება; 2) ზოგიერთი ქიმიური პროცესების ჩანაცვლება ალტერნატიული ბიოტექნოლოგიური მეთოდებით; 3) „მწვანე“, ანუ უსაფრთხო  მასალებისა და ქიმიკატების გამოყენება; 4) გარემოს მიმართ „მეგობრული“ მასალების გამოყენება, მაგ. ბიოდეგრადირებადი პოლიეთილენი; 5) განახლებადი ენერგიის ქიმიური ასპექტების შესწავლა და გამოყენება.

„მწვანე“ ქიმიის ერთ-ერთი მაგალითი ასეთია: 1960 წლიდან ხელმისაწვდომი ტკივილგამაყუჩებელი იბუპროფენია. მისი ორიგინალური პატენტი გულისხმობს სინთეზის ექვს საფეხურს, სადაც სინთეზში საწყისი მასალის მხოლოდ 40% მონაწილეობს, 60% კი ნარჩენის სახით რჩება. 1980 წელს სხვა ფარმაცევტულმა კომპანიამ სცადა იბუპროფენის სინთეზის ახალი მეთოდოლოგიის შემუშავება. ეს გზა უფრო მოკლე იყო და სინთეზში საწყისი მასალის 77% მონაწილეობდა. ნიკელისა და პალადიუმის კატალიზატორი გამოიყენებოდა და ყველა ნარჩენის გაუვნებელყოფა შეიძლებოდა, მაშინ, როდესაც, სინთეზის ძველი გზით დარჩენილი ალუმინის ქლორიდის უტილიზაცია ვერ ხდებოდა და გარემოში განიბნეოდა.

თუნდაც, სმოგის წარმომქმნელი გამონაბოლქვი ავიღოთ. მეცნიერები დიდი ხანია ბჭობენ წყალბად-ჟანგბადის საწვავად გამოყენებაზე.

2H2 + O2=2H2O ∆G=-457 კჯ.

ასეთი საწვავის გამოყენებით, ატმოსფეროში  გამონაბოლქვად წყლის ორთქლი გამოიფრქვევა, თუმცა, ასევე მცირე რაოდენობით იქნება  წყალბადის პეროქსიდი და აზოტის ოქსიდები (თუ ჟანგბადის წყაროდ ჰაერი იქნება გამოყენებული).

ბოლო პერიოდში რამდენჯერმე გადავაწყდი სტატიებსა თუ სიუჟეტს პლანეტა ნიბირუს შესახებ. მას პლანეტა X-საც უწოდებენ. ეს თითქოს  კოსმოსური სხეულია, რომლის ზომაც რამდენჯერმე აღემატება დედამიწას. ადრე მზის მსგავსი ვარსკვლავის გარშემო ბრუნავდა. შემდეგ ის ვარსკვლავი ჩაქრა, მისი ორბიტა გადაიხარა და ახლა ნიბირუ მზის გარშემო ბრუნავს. გამოდის, რომ მზის სისტემაში მეათე პლანეტა გამოჩნდა. მართალია, არავის უნახავს, ნასაც სულ ტყუილად ცდილობს, რამე მაინც დაინახოს. სამაგიეროდ, მის შესახებ ჯერ კიდევ შუმერები წერდნენ, მზის სისტემას ხატავდნენ კიდეც და მათ ნახატებში მეათე პლანეტაც იყო. იქ რეპტილოიდი ანნუნაკის ცივილიზაცია ცხოვრობდა და, შუმერების აზრით, სწორედ მათ დაასახლეს დედამიწა ადამიანებით, რათა შემდეგ  კოლონიზება მოეხდინათ.

ამავე პლანეტის შესახებ წერდნენ მაიას ტომები, ვანგა, ნოსტრადამუსი და ბაბილონის ასტრონომები.

ჰო, მართალია ნასა პლანეტას ვერ ხედავს, სამაგიეროდ ვიღაც დამოუკიდებელი მეცნიერები „ხედავენ“ და ირწმუნებიან, რომ ჩვენ და ეს პლანეტა ერთმანეთს შევეჯახებით. გვიახლოვდება და ყოველდღე თითო გრადუსით გვაშორებს ჩვენსავე ღერძს. ეს ძალიან ბევრ ბუნებრივ კატაკლიზმებს გამოიწვევს: დიდი ყინულების დნობა, რაც მსოფლიო ოკეანის დონეს გაზრდის; 60-მეტრიანი სიმაღლის ცუნამები, რომლებიც მიწის ნაწილს დაფარავს; 11-ბალიანი მიწისძვრები, ვულკანების ამოფრქვევა (მათ შორის, უმოქმედოებისაც) წარმოქმნის ქარიშხლებს. გოლფსტრიმის დინება კი გაჩერდება, რაც გამყინვარების პერიოდის დაწყებას გამოიწვევს.

ამ ამბების დასაწყისად 2017 წლის 12 ივლისს ასახელებდნენ. შემდეგ – 12 სექტემბერს, სულ ბოლოს კი ბოლო იმედს ჩაებღაუჭნენ და თქვეს ყველაფერი 12 ოქტომბერს დაიწყებაო.

მაგრამ… ახლა, ხომ ნოემბერია და რადგან სტატია დაიბეჭდა, თქვენ კი კითხულობთ, ჯერ არავინ დაგვჯახებია. არც დაგვეჯახება.

ზემოთ აღწერილი მოვლენები კი უკვე ხდება და მომავალშიც ალბათ გაგრძელდება…

ოღონდ… მხოლოდ ჩვენი, ჰომო საპიენსების სიხარბით და დაუდევრობით.

ჰოდა, იქნებ დავფიქრდეთ?…

 

 

 

 

 

მშვენიერების საიდუმლო – გალაკტიონ ტაბიძის “თოვლის” სწავლებისათვის

0

რით იქმნება თუ იქსოვება მშვენიერება?

შეიძლება დეტალების აღწერა, მაგრამ მთლიანობაში სრულყოფილ პასუხს ვერ მოიხელთებ. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პოეზიის მშვენიერებაზე ფიქრობ, უპირველეს ყოვლისა კი, გალაკტიონის პოეზიაზე. მშვენიერ ლექსთა შორისაა `თოვლი~, რომლის შესახებ ბევრჯერ დაუწერიათ, მომავალშიც არაერთგზის ჩაუფიქრდებიან მეტაფორების ხვეულებს, სათქმელის იდუმალებას, გამოსახვის ოსტატობას, სტრიქონების სინაზესა და სინატიფეს, გამოთქმის უზადო ხელოვნებას, აზრისეულ სიღრმეებს, სიტყვათა მუსიკალურობას, მაგრამ ლექსი მაინც ამ ინტერპრეტაციების მიღმა იფარფატებს, როგორც მარადიული გამოცანა. თვითონ გამოცნობის ლაბირინთებში ხეტიალი შეაგრძნობინებს მკითხველს სიტყვაში  მოქცეული სამყაროს  ჯადოსნურ სილამაზეს. ეს ჯადო მოჩანს `თოვლშიც~.

სიზმარია თუ რეალობა ის, რაზეც გალაკტიონი ამ ლექსში წერს? ერთიცა და მეორეც. `ჩემი ცხოვრების გზა სიზმარიაო~. აქ ორივე ერთმანეთში გადადის, საზღვარი კი ლივლივებს ისე, რომ მოჩვენებითი კონტური ხან აქ იხაზება და ხან იქ, მკითხველის განწყობილების შესაბამისად.

ტიციან ტაბიძე თავიდანვე გრძნობდა გალაკტიონის გამორჩეულობას და ამგვარად აფასებდა მის პოეზიას: `მას აქვს რაღაც ჯადო, რომლითაც სულ უბრალო ფერადები წარმტაცად ბრწყინავენ, უბრალო სიტყვები რიტმულად ჟღერენ, თითქოს `ფერხულს უვლიან ნიავის ველურ სიხალისეში~.

`თოვლი~ ერთი მომნუსხველი ყვავილია 1919 წელს გამოცემული `არტისტული ყვავილების~ ჯადოსნური კონიდან, არასოდეს რომ დაჭკნება. ამ წიგნმა მკითხველს პოეტური სამყაროს ახალი სივრცეები გადაუშალა. დემნა შენგელაია წერდა: `იყო უდაბნოება… მეცხრამეტე საუკუნის სულის დალევაში არიჟრაჟდა ანთებული XX საუკუნე. გალაკტიონ ტაბიძე მოვიდა წარსულის პანაშვიდზე და გამოიტირა იგი~.

ეპითეტებს არ იშურებდნენ  აღტაცებულნი, ივანე იოსელიანმა გენიალური უწოდა, იოსებ იმედაშვილმა `გრძნობათა თეთრი მეფე~. ახალ ესთეტიკურ კულტურას ამკვიდრებდა ამ წიგნით პოეტი. რუსთველის სრულყოფილებამდე დახვეწილ პოეზიას ეხმიანებოდა.

საწუთრო რომ ძილია და ჩვენ სიზმრებს ვგავართ (`ვისრამიანი~) ლამაზი გამოთქმაა, მაგრამ ბუნდოვანი. ამგვარი გაუმჭვირვალობა აზრისა, განსჯისა გადაჰკრავს ამ ლექსსაც. გალაკტიონს ესიზმრებოდა სამყარო და იმ დასიზმრებულს ხატავდა, თან, ისიც უნდოდა გადმოეცა, რა ესიზმრებოდათ ყვავილებს მასზე, როგორ იცვლიდა თვითონაც ფორმას სხვათა სიზმრებში. `ოჰ, ნეტავი არ შეირხეოდეს გადაზნექილი სიზმრების წელიო~ (`ალვები თოვლში~). ხანდახან სწორედ მათი, ყვავილების, ანგელოზების, ცის, მიწის, ქარის, ღრუბლებისა თუ სხვათა სიზმრებია დახატული, ამიტომაც ჭირს აზრის ლოგიკური ჯაჭვის აგება:

`მე ყვავილები მესიზმრებოდა

და მე ყვავილებს ვესიზმრებოდიო~ (`გული სწუხს~).

მკითხველი სახეებისა და სიმბოლოების მიღმა დაეძებს დაფარულ სათქმელს. აღმოაჩენს, ამოიკითხავს და ცხადს გახდის ყოველივეს, მაგრამ მაინც არ ტოვებს განცდა, რომ ამოხსნის სიხარული ნაადრევია. ახსნილი ლექსი სულაც არ არის გასაგები, ცხადი და კვლავაც, როგორც სიზმრიდან, მოელის რაღაც წარმოუდგენელს _ აზრის, ემოციის  თვალსაზრისით.

`შეღამდა, მე წაველ იქ, სადაც სიზმრები

წიგნებში დარდობენ დახუჭულ თვალებით~ (`სიზმრები~).

ლექს `თოვლშიც~, როგორც ტიციან ტაბიძე წერდა, `შადრევანივით ჩქეფს პოეტური სახეები~, რომელთა მიღმა იმალება პოეტის  წადილი, რომ ჩასწვდეს ღვთისგან შექმნილი უთვალავფერიანი სამყაროს  არსს, გაიაზროს სიცოცხლის მიზანი. სიმბოლისტური ესთეტიკითაა შექმნილი ლექსი, დაგვირისტებულია სიმბოლოებით. პირველივე სტრიქონში `მე ძლიერ მიყვარს იისფერ  თოვლის ქალწულებივით ხიდიდან ფენა~ _ ყურადღებას იქცევს რამდენიმე სახე-სიმბოლო. ფერი, მუსიკა, სურნელი შერწყმულ _ გადაწნულია და იქმნება საოცარი სევდისა და სინაზის განცდა. პოეტი იდეალს მიესწრაფვის, შეურყვნელს, უმანკოს, `ქალწულებრივს~, შორეულს, იდუმალს. იისფერი თოვლი სწორედ ამგვარ ემოციას ბადებს. ზამბახი, ია, იასამანი _ არსებითად, ერთი ფერია, შორეულსა და მწუხარებაზე მიმანიშნებელი, ამიტომაც თოვლი ხან იისფერია და ხან `ზამბახებია, წყებად დაწვენილი~, იდუმალი, ნაზად გამბანგავი, მსუბუქად დამათრობელი სურნელით, რაც საკმარისია პოეტური ექსტაზისთვის, შთაგონებისთვის, როდესაც აბსტრაქცია ხორციელ სახეს იღებს, ხოლო  რეალური და მიწიერი კი აბსტრაგირდება.

თოვლის `ფერადებით~ სავსეა გალაკტიონის პოეზია, ფერმწერის თვალით უყურებდა სამყაროს პოეტი და თოვლიც ფიქრისა და  განწყობილების, ე. ი. მზის შუქის _ კლება _ მატების მიხედვით იცვლიდა ფერს, თეთრიდან შავისკენ, ყველა ფერის ტონისა და ნახევარტონის, ჩრდილებისა თუ ნაჩრდილების სახით. `ვარდისფერი~, `მჭვარტლისფერი~, `ირიბი და ალმაცერი~, `ივლისისფერი~ _ ფერების ზღვა წამოიშლება კაშკაშა სითეთრიდან.  თანვე ეს ფერები სინათლითა და ჰაერითაა გაჟღენთილი, როგორც იმპრესიონისტთა ფერწერული ტილოები.

ლექსის სიმბოლურ შინაარსში წარმოჩნდება ღვთისმშობლის სახეც, რომელსაც არაერთი ულამაზესი ლექსი მიუძღვნა გალაკტიონმა. ხიდზე დაფენილი ქალწულებრივი იისფერი თოვლი შეიძლება ღვთისმშობელზე მიანიშნებდეს, იდეალზე, ხიდზე, რომელმაც თავის წიაღში  მიიღო რა ღვთაებრივი სხივი, მიწა და ზეცა შეაერთა. სწორედ ღვთისმშობელთან სიახლოვით, მისი მფარველობით შეიძლება ჭეშმარიტების ძიება, სიმშვიდის მოპოვება.

თოვლი ცხოვრების სიცივესა და გაუსაძლისობაზეც მიანიშნებს, ამავე დროს, სიცივეზე, რომელსაც აფრქვევს ყოველგვარი იდეალი, რადგან მასთან მიახლოება მაინც ფუჭი და ამაო ცდაა მოკვდავისთვის, თუმცა ამ მცდელობის გარეშე სიცოცხლეს აზრი ეკარგება.

ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებით საგულისხმოა გალაკტიონის ლექსი `ხომალდს მიჰყვება თოვლის მადონა~, აქაც ღვთისმშობელი თოვლისაა,  აქაც იგივე მისწრაფებაა იდეალისკენ, ცხოვრების საზრისის მოპოვების სიძნელე და ამ გზაზე განცდილი ტკივილების გამოსახვაა. პოეტი ხომალდივით მიაპობს ტალღებს  (საინტერესოა პარალელი რემბოს `მთვრალ ხომალდთან~) გაშლილ და აბობოქრებულ ზღვაში და გრძნობს ღვთისმშობლის მფარველობას, ხედავს თოვლის მადონას, ფერმკრთალსა და წმინდას, რომელსაც ამკობენ ყვავილები,  იები და იადონები (`გიიადონა~), იხსენებს იესოს, რომელიც მისი `ჭაობივით უნოტიესი სულისთვის~ ეცვა ჯვარს და ეს მის წარმოსახვას ახლაც ელვასავით დაღავს, ეს მის სულში ეცმება ჯვარს კვლავაც მაცხოვარი და ტკივილისგან გულმუცელი ეფლითება, ლოცვით იქარვებს ნაღველს: `ესე არს სისხლი, ესე არს ხორცი და იდუმალი ლოცვა ბაგისა~. სული კი, ლაჟვარდზე უსპეტაკესი სული, ხედავს თოვლის მადონას, ოცნებობს ვარსკვლავებზე, რომელთაგან ერთი სწორედ მისი სულის ანარეკლია, ამიტომაც სჯერა და სასოებით ელის `ვარსკვლავი იგი _ ფიქრთა საგანი _ ერთი უმრავლეს ვარსკვლავთაგანი, აელვარდება ცაზე ოდესმე~. ეს აელვარება ხსნის გზის გამოჩენასა და `დემონზე უბოროტესი სულის~ დაძლევას მოასწავებს. ასე ილესება პოეტი ოცნებებით,  `დღეთა სინაზეს მოდებულ კორძებს~ პოეზიით აშორებს.

`თოვლი~, როგორც მთლიანი ლექსი, ასევე მისი ცალკეული სტრიქონი და სიტყვა, როგორც ზემოთაც აღვნიშნე, ლივლივებს, კონტურებს იცვლის, ფერებსაც, ხმასაც, სურნელსაც და ხელიდან გისხლტება ილუზიურად გამომკრთალი აზრი, რადგან მთავარი გრძნობები და ემოციებია, იმ ენაზე ლაპარაკი, რომელზედაც ხეები, ყვავილები და საერთოდ, ბუნება მეტყველებს.

ლექსის ლირიკული გმირი  საუბრობს სიყვარულის მოთმენაზე, რადგან  უდაბნოში ძნელად ხარობს რწმენის ყვავილი. თანვე დგას ხიდზე, რომელიც თვითმკვლელობაზე ფიქრის ადგილიცაა, მისტიკურად მიმანიშნებელია გაღმა სამყაროსი:

`როგორ, საიდან… არ იცის თვითონ,

ის უცნობ ხიდზე დგას, სხვაა ხიდი.

მძიმეა ტვირთი? მაშ, სხვებმა ზიდონ,

ის ეხლა გახდა წყნარი და მშვიდი~ (`ის მიდიოდა ქუჩაში ერთი~).

როგორ იცვლება `თოვლის~ აზრობრივ _ ემოციური ინტონაციები? როგორია მხატვრულ სახეთა თანმიმდევრობის ლოგიკა? ეს არის სიზმრისეული რეალობის ფერწერული ხატება. ლირიკული გმირის ტონი ზეაწეულია, ის აღსარებას ამბობს, მაგრამ ხმამაღლა, მთელი სამყაროს გასაგონად. ეს არის `მეს~ ჩაკეტილი სივრცის გარღვევის მცდელობა. ამ შემთხვევაში, თოვლის სითეთრე თან ახშობს სივრცეს, თანვე ავლენს თეთრიდან ფერადოვნების დაბადების შესაძლებლობას. ამ პოტენციურად არსებულ ძლიერ ვნებას უეცრად თითქოს გასაქანი მიეცემა და ლირიკული გმირის გულიდან გადმოიღვრება სხვებთან განდობის წადილი, მას უნდა ქვეყნიერებას გააგებინოს, რომ უყვარს და ამ სიყვარულის ძალით გადაასხვაფეროს ყოველივე. ოცნებასა და რეალობას შორის საზღვრები წაშალოს, მას საკუთარი სულგულიდან გარეთ გამოაქვს მწუხარე გრძნობა, რადგან ვინც უყვარს და ვისაც ოცნებებში ელოლიავება, კვლავაც მიუწვდომელია და შორეული. თუმცა ამ მიუწვდომლობასაც ჰქონდა თავისი ხიბლი, რაც სხვა ლექსში ამგვარად გამოხატა: `რაც უფრო შორს ხარ, მით უფრო ვტკბები, მე შენში მიყვარს ოცნება ჩემი~ (`რაც უფრო შორს ხარ~).

პოეტის აღმაფრენა წამით იჩრდილება სიბერის წარმოდგენაზე: `ძვირფასო, სული მევსება თოვლით, დღეები რბიან და მე ვბერდები~. ამ სტრიქონზე საინტერესო დაკვირვება აქვს დავით წერედიანს, რომელიც ფიქრობს, რომ გამორიცხული არ არის, იგი  გამოძახილი იყოს  ბელგიელი ჟორჟ როდენბახის  ლექსისა, რომელშიც ასეთი სტრიქონებია: `თოვლის ფიფქებით, როგორც ვარსკვლავებით, სავსეა ჩემი სული~. ბატონი დავითის აზრით, `აქაც მუსიკას აჩენს არა ალიტერაცია (რფ-რბ-ბრ), თუმცა იგი კარგად არის შეფარული, არამედ შეგრძნებათა გადმოცემის ემოციური სიზუსტე. თოვლით სულის ავსება გახანგრძლივებულია, დროშია განფენილი. სიტყვა `ძვირფასო~ ფრაზას ინტიმურ შეფერილობას აძლევს, თითქმის ჩურჩულამდე დაჰყავს და ამ კონტექსტში `სიბერის~ შემოტანა, რასაც ძალიან იდუმალ პოეტურ აქტსაც ვერ დაარქმევ, მოულოდნელად იდუმალ მუსიკალურ აკორდად კრავს ჩვენს შეგრძნებას~.

სიბერის ხსენება  ტონალობას დაბლა წევს, აღმაფრენაც სადღაც ქრება და იწყება დარდების, მწუხარების გახსენება, ჩივილი უიღბლობისა და ტანჯვის გამო: `ჩემს სამშობლოში მე მოვვლე მხოლოდ / უდაბნო ლურჯად  ნახავერდები~.

აქ, უპირველესად, სულიერი სამშობლო  იგულისხმება, სხვაგან ხომ ამბობს: `რომ სხვა სამშობლო არ გამაჩნია, რომ ეს თოვლია ჩემი სამშობლო~ (`ოფორტი~). ეს არის მისი მშობლიური სულიერი სამყარო, სადაც იშვა, როგორც პოეტი და სადაც ხარობს, სადაც მის `ზრდას~ რწმენა განაპირობებს. ეს არის იდეებისა და წარმოდგენების საუფლო, რომელიც ფორმას პოეტის განწყობილებების შესაბამისად იცვლის.

ამ სათქმელს შესანიშნავად გამოხატავს თეიმურაზ დოიაშვილი: `გალაკტიონის ჭეშმარიტი სამშობლო არის პოეზია, რომელიც ერთდროულად აბსოლუტთან ზიარების საშუალებაცაა და სინამდვილესთან `შერიგების~ მიზეზიც. პოეზიის სამყაროს აღმოჩენამ სულ სხვა სინათლით გაანათა მარტოობით გატანჯული სული. რაფაელის მადონას ღვთაებრივი მშვენიერებით მოჯადოებული პოეტი დაასკვნის, რომ მიუღებელ სინამდვილეზე ამაღლების ერთადერთი გზა მშვენიერებასთან ზიარებაა~.

აკაკი ხინთიბიძე ამ სტრიქონს: `ჩემს სამშობლოში…~ მიიჩნევს ლექსის ძირითად სახედ, რომელიც საყრდენს პოულობს `უდაბნოში~ (`ჩემთვის მარტოდენ უდაბნოა ჩემი ქვეყანა~). მშვენიერი ტანჯვა ნიშანდობლივია `თოვლის~ ავტორისთვის… სიტყვა `დაღლილის~ თავისებური ფორმა `დაღალული~, რომელიც მძაფრ ემოციურ შეფერილობას აძლევს ამ სიტყვას~.

სიზმრისეული ლოგიკა საგნებს და მოვლენებს ფერს უცვლის, ჩვეულ კავშირებს არღვევს და ახალს ქმნის. ეს `სამუშაო~ არაცნობიერის წიაღში ხორციელდება და ამიტომაც შეუძლებელია თვალმიდევნება და გაანალიზება. ჯემალ ქარჩხაძე მიიჩნევდა, რომ  ჭეშმარიტი მხატვრული ნაწარმოები დიდი სულიერი რხევის შუა წელში იქმნებოდა, ცნობიერისა და არაცნობიერის თანაბარი მონაწილეობით: `გალაკტიონის პოეზიაში, ჩემი აზრით, მეცნიერულ დონეზე შეიძლება ერთმანეთისგან გაირჩეს შთაგონებით შექმნილი და შთაგონების გარეშე, მხოლოდ ტექნიკით, დაწერილი ლექსები~. სამწუხაროდ, თვითონ ჯემალ ქარჩხაძეს ამგვარი წერილი არ დაუწერია და რომც დაეწერა, თავისი განუმეორებელი ლოგიკურ-ფილოსოფიური წიაღსვლებით და პარადოქსული აზროვნების წყალობით ბევრ საგულისხმოს წარმოაჩენდა, თუმცა მაინც საეჭვო დარჩებოდა შეფასებები, ძნელი იქნებოდა ცნობიერ-არაცნობიერის საზღვრის ზუსტი დანახვა და აღწერა.

პოეტი შვებას იანვართან ძმობაში პოულობს და იტანჯება `ნივთიერ~ სამყაროში, თუმცა ღვთის უძვირფასეს საჩუქარს, სიყვარულს არ კარგავს და მუდამ ახსოვს `სატრფოს~ `თოვლივით მკრთალი ხელები~. ეს სიმკრთალე არმიწიერსა და იდეალურზე მინიშნებაა კვლავ. ეს ხელები დახრილია უღონოდ თოვლთა დაფნაში. უღონობა მიანიშნებს იმაზე, რომ იდეალი (ღვთისმშობელი) ვერ იფარავს პოეტს სასოწარკვეთილებისაგან, მაგრამ თოვლთა დაფნის სახეს მაინც შემოაქვს სიმშვიდისა და ჰარმონიის განცდა. დაფნის სიმწვანედ იცვლება თოვლის სითეთრე და ეს მიანიშნებს ნუგეშზე, რომელიც პოეტის სულში ფოთლებივით ჩაიფინება. დაფნის მარადმწვანეობა აგრეთვე მის ცხოველმყოფელ ძალასაც ნიშნავს, ქალი დაფნასთან ასოცირდება, ბუნებასთან, რომელმაც უნდა განაახლოს პოეტი, სიყვარულის გზით უკვდავებას აზიაროს. თოვლი, მწუხარება, ფოთლები სხვა ლექსებშიც წარმოაჩენს პოეტის სულიერ ტკივილს: `ახლა შენ არ გსურს არაფერი, ო, არაფერი, / მხოლოდ ზამთრების მწუხარებით შეიფოთლები~ (`შენს სიყმაწვილეს ახსოვს მხოლოდ ზუზუნი ქარის~). პოეტი მზერას მიადევნებს მანდილს, რომელიც ფრინველივით დასრიალებს ჰაერში, ხან იელვებს და ხან ქრება. ეს გაელვება-გაქრობა შეესაბამება პოეტის სულიერ მღელვარებას, რწმენის მოზღვავებასა თუ მინავლებას. ღვთისმშობელზე ფიქრი აჩენს ლექსში `ხარებას~:

`თოვს! ასეთი დღის ხარებამ ლურჯი

და დაღალული სიზმრით დამთოვა~.

ხარება სიხარულზე მიანიშნებს, რომელიც მაინც ჩნდება ამ ცივ მწუხარებაში, რადგან სული ინახავს მოგონებას `მკრთალი ხელებისას~ და მანდილისას. ხარების დღესასწაული აღინიშნება იმ დღის გასახსენებლად, (25 მარტი _ ძვ. სტილით, 7 აპრილი _ ახალი სტ.) როდესაც, ლუკა მახარებლისG სახარების მიხედვით, გაბრიელ მთვარანგელოზმა ღვთისმშობელს ახარა; `ღვთისმშობელო ქალწულო, გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ, უფალი შენთანა. კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა, რამეთუ მაცხოვარი გვიშევ სულთა ჩვენთა~.  სწორედ ღვთისმშობლის შორეული, მაგრამ მანუგეშებელი მზერა აჩენს იმედს, რომ პოეტი შეიძლება გადაურჩეს უდაბნოს, ზამთარს, ქარს _ ეს ყოველივე, რა თქმა უნდა, სულიერი წინააღმდეგობების აღმნიშვნელია, ისევე, როგორც ბარათაშვილის `მერანში~ (`გაკვეთე ქარი, გააპე წყალი, გადაიარე კლდენი და ღრენი…~).

ლექსში გაელვებული `ძვირფასი~ ქალი სიმბოლოა ღვთისმშობლისაც და `მერისაც~, შორეულისა, თანვე ქალისა, რომელთანაც აკავშირებს ტკბილი მოგონებები. თოვლიც იმგვარსავე ფარულ დარდს ასხივებს, როგორც სატრფოს ხმა. სწორედ ეს ფარული დარდია მათი სულიერი ნათესაობის დასტური.

ლექსი გამსჭვალულია სასოწარმკვეთი მარტოობით, რომელიც გალაკტიონის სულიერ ემბლემად იქცა, იგი იყო `მარტოობის ორდენის კავალერი~ (ტიციან ტაბიძე). `დაწყევლილ~ ფრანგ და ქართველ პოეტთა დარად  ცხოვრებისეულ  თამაშში მარტო მოასპარეზე. მის პოეზიაში თავიდანვე გაისმოდა სახარებისეული ტკივილის, ჯვარზე გაკრული იესოს სიტყვების _ `რაისთვის დამიტევებ მე~ _ გამოძახილი. ამიტომაც ტიციან ტაბიძემ შენიშნა კიდევაც მის  სტრიქონზე `რომ დავიღალე მე ამ კუბოში~ _ `ეს პირველი ლამა საბაჰთანია ჩვენს პოეზიაშიო~. ეს იყო ერთდროულად მისი ტანჯვისა და სიხარულის წყარო. რადგან სწორედ ეს ეჭვი, გადაურჩებოდა თუ არ ზამთარს და ქარებს, აქმნევინებდა ლირიკულ შედევრებს.

რევაზ თვარაძე ლექს `თოვლის~ შესახებ შენიშნავდა: `ლექსის კითხვისას სადღაც ვიყავით. ეს იყო რაღაც ნეტარი ბურანი, რომლიდანაც თავის დაღწევა არც ახლა გვსურს… ეს არის არა უბრალოდ გადმოცემა რაიმე ამბის, აზრის, განწყობილების, თუნდაც ხილვისა, არამედ არსებობის ისეთ სფეროთა წვდომა, რომელთა ნაწილ-ნაწილ შეცნობა შეუძლებელია… გალაკტიონს აბსოლუტური სმენა რომ აქვს, მისი ლექსი უჩვეულოდ მუსიკალური რომ არის, მისი შედარებები _ მოულოდნელი, ორიგინალური, მისი რითმები _ უაღრესად კეთილხმოვანი, მისი ლექსიკა _ უცდომლად შერჩეული, სინტაქსი, სტილი _ დახვეწილი, რიტმი _ გაუცვეთელი… ეს ყოველივე ოდენ სადინარია არსებითის გამოსავლენად~. ეს არსებითი სამყაროს საიდუმლოსთან ზიარების სურვილია.  ვფიქრობთ, `თოვლი~ ყველაზე მეტად ეხმიანება ლექსს `სილაჟვარდე, ანუ ვარდი სილაში~ საერთო განწყობილებით, სახეთა მუსიკალურობით, სათქმელის იდუმალებით. ემოციის გამოხატვის სრულყოფილებით, ოღონდ  `თოვლში~ მეტი იმედი და რწმენაა, რომ  `უდაბნოში~, ურწმუნოებისა და დემონურ საუფლოში, მარადი ქალწულის მანდილი დაიფარავს და შვებას მისცემს.

 

 

 

ფრანგი მშობლები არ ნებდებიან (მეორე ნაწილი)

0

 

„ადრე“ არ ნიშნავს „უკეთ“

 

ზოგიერთ მშობელს ადრეული ბავშვობა წარმოუდგენია როგორც მარათონის დასაწყისი, რომლის საფინიშო ხაზი უმაღლეს სასწავლებელში შვილის მოწყობაზე გადის. მშობლები ცდილობენ, შვილებს ნაადრევად დააწყებინონ ლაპარაკი, კითხვა, ანგარიში.

ფრანგ მშობლებსაც სურთ, მათი შვილები წარმატებულები იყვნენ, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ისინი არ ერთვებიან მარათონულ შეჯიბრებაში სახელწოდებით: „რაც ადრე, მით უკეთესი“. ისინი ვერავითარ აზრს ვერ ხედავენ იმაში, რომ ბავშვებს აიძულონ, უზარმაზარი ნაბიჯებით გაიარონ განვითარების ბუნებრივი პერიოდები. ფრანგ მშობლებს მიაჩნიათ, რომ ყველაფერს თავისი ბუნებრივი დრო აქვს (ფინელი ბავშვები კითხვასა და მათემატიკურ უნარ-ჩვევებში ყველაზე უკეთეს შედეგებს აჩვენებენ, მაგრამ კითხვას მხოლოდ შვიდი წლის ასაკში სწავლობენ).

ჩემი ინფორმაციით, ამერიკელ მეცნიერთა ბოლო კვლევებმა დაადასტურა სწავლისადმი „აუჩქარებელი“ მიდგომის მართებულობა. როგორც გაირკვა, გაცილებით უკეთესია, სკოლამდელი ასაკის ბავშვებს განვუვითაროთ ისეთი უნარ-ჩვევები, როგორებიცაა: ყურადღების კონცენტრაცია, სოციალური ურთიერთობები, კომუნიკაცია და საკუთარი თავის კონტროლი. სწორედ ეს უნარ-ჩვევები განაპირობებს სწავლაში შემდგომ წარმატებას.

 

არ დააძალოთ პატარას, ისწავლოს კითხვა

ტექნიკურად შესაძლებელია, სამი წლის ბავშვს ვასწავლოთ დაწერილი ტექსტის ასოების ამოცნობა. მაგრამ რა საჭიროა ასეთი აჩქარება? უმჯობესია, ეს დრო დახარჯოთ პატარასთვის ისეთი რამეების სწავლებაზე, რაც მას ამ ასაკში გაცილებით მეტად სჭირდება. მაგალითად: იყოს მეტად ორგანიზებული, გამოხატოს საკუთარი აზრი, თანაუგრძნოს სხვებს. ფრანგულ საბავშვო ბაღებში ბავშვებს ასწავლიან საუბრის წარმართვას, დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანას, პრობლემების გადაჭრას. პარიზის საბავშვო ბაღში, რომელშიც ჩემი შვილი დადის, ერთხელ ოცდახუთ „წერა-კითხვის უცოდინარ“ ხუთი წლის პატარას მისცეს დავალება, ემსჯელათ „სამართლიანობასა“ და „სიმამაცეზე“. ჰოდა, როდესაც ამ ბავშვებს ექვსი წელი შეუსრულდებათ, ისინი უფრო სწრაფად ისწავლიან კითხვას, ვიდრე მაშინ, სამი წლის ასაკში რომ დაეწყოთ ასოების დასწავლა.

 

ნუ ეცდებით, ხელოვნურად დააჩქაროთ ბავშვის განვითარება

ფრანგებს აქვთ ასეთი გამოთქმა: „არ შეიძლება მუსიკის რიტმზე უფრო სწრაფად ცეკვა“. მშობლებმა ყველანაირად უნდა დაუჭირონ მხარი პატარას და არ გადააქციონ მისი ცხოვრება გაუთავებელ წვრთნად. უბრალოდ მიეცით ბავშვს უფლება, იყოს ბავშვი.

 

ასწავლეთ ბავშვს ოთხი ჯადოსნური სიტყვა.

ამერიკელებს ორი ჯადოსნური სიტყვა აქვთ: „თუ შეიძლება“ და „გმადლობთ“. ფრანგებს – კიდევ ორი: „გამარჯობა“ და „ნახვამდის“. განსაკუთრებული გულმოდგინებით ფრანგები შვილებს გამარჯობის თქმას ასწავლიან. ბავშვი არ უნდა იმალებოდეს მშობლების ზურგს უკან, როდესაც სტუმრად მიდიან ან ქუჩაში დედიკოს ნაცნობს ხვდებიან. ფრანგი მშობლები მიიჩნევენ, რომ გამარჯობის თქმა აღზრდის უმთავრესი გაკვეთილია. მისალმებისას ბავშვი თავისუფლდება საკუთრი ეგოიზმისაგან, ის სწავლობს, რომ გარშემო მყოფებსაც აქვთ გრძნობები და მოთხოვნილებები. ამასთან, ჯადოსნური სიტყვა „გამარჯობა“ ცივილიზებული ქცევის ნიშანია. თუ ბავშვი უცხო ოჯახში შესვლისას ამბობს: „გამარჯობა“, – სავარაუდოდ, ის აქ დივანზე ფეხსაცმელებით ხტუნვას არ დაიწყებს, რადგან მას იღებენ როგორც სრულფასოვან პატარა ადამიანს, რომელიც სათანადოდ უნდა მოიქცეს.

 

ნება დართეთ პატარას, თავად აღმოაჩინოს სამყარო

ფრანგულმა აღმზრდელობითმა სისტემამ თავის თავში შეიწოვა ფრანგული კულინარიისა და მოდის მრავალსაუკუნოვანი ტრადიციები. თანამედროვე ფრანგი მშობლები შვილებს ცხოვრებისგან სიამოვნების მიღებას ასწავლიან. კერძოდ, ნებას რთავენ პატარებს, გასინჯონ ახალ-ახალი გემოები, შეისწავლონ საკუთარი სხეულის შესაძლებლობები მოძრაობის საშუალებით (ჩვენ ამას ფიზკულტურას ვეძახით) იჭყუმპალაონ აუზში. გრძნობების ასეთი „გამოღვიძება“ მშობლების მხრივ განსაკუთრებულ ძალისხმევას არ მოითხოვს. შეიძლება, უბრალოდ იკოტრიალოთ ბუნებაში პატარასთან ერთად და ბალახი ათვალიეროთ – სამყარო შეიმეცნოთ. ამ ყველაფრის მიზანი კი ის არის, რომ ასწავლოთ პატარას საკუთრი არსებობით ტკბობა.

 

მიეცით ბავშვს ბევრი თავისუფალი დრო

მიეცით პატარებს მეტი თავისუფალი დრო, რათა უბრალოდ ითამაშონ. სწორედ თამაშის დროს ყალიბდება ბავშვის პიროვნება – ეს მიდგომაა აღზრდის წამყვანი პრინციპი ფრანგულ სკოლამდელ დაწესებულებებში. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, უკანასკნელი ნეირობიოლოგიური კვლევები ადასტურებს შემეცნებითი თამაშების უპირატესობას. ისინი ასწავლიან პატარებს გულმოდგინებას, უვითარებენ სოციალიზაციის უნარ–ჩვევებს, პრობლემების შემოქმედებით გადაჭრას, აუმჯობესებენ ყურადღებას და უყალიბებენ პატარაებს თვითშეფასებას, აძლევენ შანსს, თავად მართონ საკუთრი ქცევა. რაც მთავარია, თამაში მხოლოდ სასარგებლო კი არ არის პიროვნული განვითარების თვალსაზრისით, არამედ დიდ სიამოვნებასაც ანიჭებს პატარას.

 

ასწავლეთ ბავშვებს ურთიერთობა

თუ მთელ დღეს სამი წლის ბავშვის საზოგადოებაში გაატარებთ, დღის ბოლოს აუცილებლად მოგენატრებათ ზრდასრულ ადამიანებთან ურთიერთობა. ასევე დაემართება პატარასაც, მასაც თანატოლებთან ყოფნა ურჩევნია. ფრანგი მშობლები დიდი სიამოვნებით ატარებენ დროს საკუთარ შვილებთან, მიაჩნიათ, რომ პატარებისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია თანატოლებთან ურთიერთობა. ფრანგ მშობლებს უნდათ, მათმა შვილებმა ისწავლონ მეგობრობა, რიგში დგომა და კოლექტივში ცხოვრება. ფრანგული ოჯახების დიდ ნაწილს ურჩევნია, მათი შვლები სკოლამდელ დაწესებულებაში იზრდებოდნენ და არ ისხდნენ შინ მარტოები, ძიძასთან ერთად.

 

თქვენ მხოლოდ „დამკვირვებელი“ უნდა იყოთ

ფრანგ მშობლებს მიაჩნიათ, რომ მას შემდეგ, რაც მათი პატარა გამართულად სიარულს და პატარა გორაკზე თავდაჯერებულად აცოცებას ისწავლის, მათი ფუნქცია ბავშვის თამაშზე დაკვირვებით უნდა ამოიწუროს. საფრანგეთში ვერ ნახავთ მშობელს, რომელიც შვილს საბავშვო მოედანზე კუდში დასდევს და მასთან ერთად სრიალებს ან დაუფიქრებლად მიიჩქარის მის საშველად, როგორც კი ის წვრილმან წინააღმდეგობას აწყდება. ფრანგი მშობლები შვილებს აძლევენ შანსს, ისწავლონ პრობლემის დამოუკიდებლად მოგვარება. დაჯექით შორიახლოს, მოიკრიბეთ ოპტიმიზმი და დაზოგეთ ძალა, რომელიც აუცილებლად დაგჭირდებათ, როდესაც თქვენი შვილი სერიოზულ პრობლემებს შეეჯახება.

 

შედეგი არ არის მთავარი

ჩვენ კონკურენციის ეპოქაში ვცხოვრობთ და ბუნებრივია, ყველა მშობელს სურს, მისი შვილი ყველაფრით აღემატებოდეს მეზობლის ბავშვს, რომელიც ჯერ წესიერად ვერც კი დადის, მაგრამ უკვე უცხო ენაზე ტიკტიკებს. ბავშვობა არ უნდა განვიხილოთ მხოლოდ მომავლისათვის მზადებად. კარგი იქნება, როგორც ფრანგები ამბობენ, ისწავლოთ იმ ძვირფასი წუთებით ტკბობა, როდესაც უბრალოდ ბედნიერი ხართ თქვენს პატარასთან ყოფნით.

 

დაეხმარეთ პატარას, ისწავლოს ლოდინი

შვილისთვის მოთმინების სწავლება არ ნიშნავს მის რობოტად ქცევას, რომელიც ბრძანებისთანავე გაშეშდება და უსიტყვოდ დაგელოდებათ. ექსპერიმენტულად დადგენილია, რომ ბავშვები ლოდინს გაცილებით ადვილად უძლებენ თუ იციან ყურადღების სხვა რამეზე გადატანა. მაგალითად: რაიმე მელოდიას თხზავენ ან თუნდაც სარკის წინ იმანჭებიან. ფრანგი მშობლების საიდუმლო ის არის, რომ ისინი ხშირ-ხშირად ეუბნებიან შვილებს: „დაიცადე“. ამით აიძულებენ, ისწავლოს ლოდინი, თანაც ისე, რომ ბავშვმა თავად გაირთოს თავი ყურადღების სხვა რამეზე გადატანით. აქ ძალიან მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა აგიჩუყდეთ გული, თუ პატარამ მოწყენილობისაგან ცხვირი ჩამოუშვა. არ შეწყვიტოთ საქმიანობა და არ გადაერთოთ შვილის გართობაზე.

 

არასოდეს აჩქარდეთ

თუ სამზარეულოში სადილს ამზადებთ და უცებ პატარამ გთხოვათ, მიხვიდეთ და ნახოთ, რა კარგი კოშკი ააშენა, არ იჩქაროთ. აუხსენით შვილს, რომ მოგვიანებით აუცილებლად ნახავთ მის შემოქმედებას. სადილის დროს არ წამოხტეთ, მაგალითად, ხელსაწმენდის მისაწოდებლად – უმჯობესია, ის ისეთ ადგილას დადოთ, რომ ბავშვი ადვილად მისწვდეს. ყოველთვის, როდესაც რამეს აკეთებთ, აუხსენით შვილს თქვენი საქმიანობის არსი და სთხოვეთ დაიცადოს. ამის წყალობით თქვენი ცხოვრება მშვიდი და გაწონასწორებული გახდება. ფრანგებს მიაჩნიათ, რომ მსგავსი დამოკიდებულება აღზრდის ძირითადი პრინციპია. რაც მთავარია, პატარა ხვდება, რომ ის სამყაროს ცენტრი არ არის. ფრანგი მშობლები მიიჩნევენ, რომ ბავშვს, რომელსაც ეს არ ესმის, ძალიან გაუჭირდება, გახდეს ზრდასრული ადამიანი.

ფრანგ მშობლებს არ მიაჩნიათ, რომ მათი პატარები გაუნძრევლად უნდა ისხდენ და მოლიერის პიესას უყურონ. მათ მხოლოდ ის სურთ, ბავშვებმა ისწავლონ მოთმინებით ლოდინი. თავდაპირველად – რამდენიმე წამით, შემდეგ – რამდენიმე წუთით. თუნდაც სულ მცირე ხნით შეჩერებისას ბავშვი უფრო ადვილად ისწავლის მოწყენილობის დაძლევას და სიბრაზის შეტევების ჩახშობას.

 

მოექეცით პატარას ისე, თითქოს მას უკვე შეეძლოს საკუთარი თავის გაკონტროლება

მოექეცით პატარას როგორც რაციონალურად მოაზროვნე არსებას. ბავშვს შეუძლია იმის გაგება, რომ არ შეიძლება, ყველაფერს ერთდროულად დასტაცოს ხელი; რომ, როცა თამაშს მორჩება, სათამაშოები უნდა აალაგოს; რომ არ უნდა გადმოყაროს თაროებიდან წიგნები. თუ პატარა ყურძნის მარცვლებს იატაკზე ყრის, აჩვენეთ, როგორ მიირთვას ხილი. ეს გააკეთეთ დიდი მოთმინებით, თან მას თვალებში უყუროთ. აღზრდის საკითხების გაცნობისას ერთ ავტორთან ამოვიკითხე: „პიროვნების ჩამოსაყალიბებლად ბავშვს სიყვარულთან ერთად იმედგაცრუების შემეცნებაც სჭირდება“. თუ ბავშვი მხოლოდ უსაზღვრო სიყვარულით იქნება გარემოცული, ის მალე პატარა ტირანად გადაიქცევა. ფრანგები ასეთ ბავშვებს „ბავშვ-მეფეს“ეძახიან.

 

ასწავლეთ ბავშვებს იმედგაცრუებასთან გამკლავება

ფრანგ მშობლებს არ ეშინიათ, რომ თუ მათ პატარებს იმედი გაუცრუვდათ, ისინი ტრამვირებულები დარჩებიან. პირიქით, მათ მიაჩნიათ, რომ ბავშვი ვერ გაიზრდება ბედნიერი, თუ მიეჩვია ყველაფრის მიღებას, რასაც მოისურვებს. ფრანგები დარწმუნებული არიან, რომ ბავშვები კმაყოფილებას და სიამაყეს განიცდიან, როდესაც შეუძლიათ, დამოუკიდებლად აკონტროლონ საკუთარი ქცევა. ბავშვები, რომლებიც იმედგაცრუების დაძლევას სწავლობენ, შემდგომ ცხოვრებისეულ სტრესებსაც უფრო ადვილად უკლავდებიან.

შეგიძლიათ, ეს პარადოქსადაც კი ჩათვალოთ, მაგრამ ფრანგებს მიაჩნიათ, რომ მშობლების მუდმივ მცდელობას, გააბედნიერონ შვილები, ხშირად სწორედ უკუშედეგი მოაქვს.

 

თქვენ გაეცანით მცირე ამონარიდებს ამერიკელი ჟურნალისტისა და მწერლის პამელა დრუკერმანის წიგნიდან „ფრანგი მშობლები არ ნებდებიან“.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...