პარასკევი, მაისი 9, 2025
9 მაისი, პარასკევი, 2025

სხვა ახალი წელი

0

ახალი წელი მუდამ სძულდათ, როგორც რომ ერთი რამ, გადმონაშტპამიდვრის  წვენიანი ქილები არ დაუმალავთ.  საგანგებოდ, დემონსტრაციულად  ამ ,, იარაღით’’ ხელში ჩაიარეს მთელი რუსთაველი. გზად მეტნაკლებად აკადემიურს ყველაფერს წითლად წუწავდნენ – ადამიანს (ასე ჩაცმულს), აფიშას თუ დაწესებულებას. მერე მცირედით დააჯარიმეს. რა იყო ეს სასჯელი მათთვის, ვინც მსოფლიო რევოლუციაზე მეოცნებეთა რიგებს შეუერთდა, ამ პატარა, ქვეყნად უმყოფ ქვეყანაში? სრულიად პირიქით. საერთოდაც, ხვალი უტირალუ ინგი მონალინგი არჩა ხაბალარჩა.

ვიღაც ფიქრობს, რომ ქართული ლიტ-ფუტურიზმი და დადაიზმი გვიანი და უნიჭო მონაჭორია. მე არ მგონია. ხოლო, დროში აცდენას რაც შეეხება, ჩვენი მწერლობა ბარემ ყველგან  კუდში სდევდა პროცესებს, ხანაც სულაც კლასის გამოტოვებით გადადიოდა შემდეგ კლასში. ამათ გარემო მაინც ჰქონდათ შესაბამისი – მულტიკულტურული თბილისი მთელი თავისი ავლა-დიდებით, 3 წლიანი დამოუკიდებლობა და მერე, შედარებით თავისუფალი, ე.წ. საბჭოთა ავანგარდული პერიოდი. და კარგი ავტორები, რომელთა სახელ-გვარის ქვეშ, ისტორიისთვის დიქტატურამ მერე სხვა სივრცე მონიშნა. მანამდე კი H2SO4, ლიტერატურა და სხვა და თოლაბულისის სარტყელი გამოდიოდა, სრულიად უნიკალური ხასიათის თუ დიზაინის ჟურნალები. ეჰ, ანკარა, ხერელირა, რანგულისო, ურისოილო.

აიდა – ბაიდებს. არავინ იცის საით წავიდოდა სამამულო ლიტერატურა, ეს მიმდინარეობები ცოტა უფრო დიდხანს რომ გაგვესინჯა. უფრო უპირატესი უნარის და გაქანების ხალხსაც  (ურიგო არტისტები არც ესენი ყოფილან) რომ ეცადა ამ მიმართულებით ბედი. ამ ოცნების დამამსხვრეველი  კომუნისტების ტერმინი რომ მოვიმარჯვოთ – სხვა რელსებზე გადავიდოდით. ხსენებული საქმის მცოდნე ხალხმა კარგად იცის – უკეთესობისკენ გადავიდოდით და დღევანდლამდე სხვანაირად გამოწვრთნილები მოვიდოდით. მოკლედ, ალთა, ბალთა, ბარიბართუბართა. სამწუხაროდ.

გარდა ჩვეულებრივი მკითხველისთვის (ერთი ხანი ვიფიქრე და მაინც ეს ამაზრზენად გაუგებარი სიტყვათშეთანხმება გამოვიყენე) ინტერესის გაღვიძებისა, სპეციალური პროფესიის ხალხსაც მეტი დაინტერესება  მართებთ.  თუ ლიტერატურის თეორეტიკოსების საქმეა იკვლიონ,  რა ჟანრები დაცადეს ტიციან ტაბიძემ, სიმონ ჩიქოვანმა, ბესო ჟღენტმა.  ისტორიკოსების – რა გარემოებებმა განაპირობა ჩამოთვლილთა (ტიტეს ამბავი კი იცით)  და კიდევ სხვათა, ვთქვათ შალვა ალხაზიშვილისა და აკაკი ბელიაშვილის სახეცვლილება. ლექსთმცოდნეების – როგორ წვრთნიდნენ ჩაჩავა და შენგელია ნიკოლოზები ლექსს –  სილაბური(ეს, ისე), ტონური თუ სილაბურ-ტონური იყო ამ ხალხის სიტყვის ჟღერადობა.   სხვები ირაკლი გამრეკელისა და ბენო გორდეზიანის გრაფიკულ თამაშებს გააანალიზებენ. ვიღაც ჟანგო ღოღობერიძის ჟონგლიორობას მიაქცევს ყურადღებას. ცალკე საქმეა თუნდაც ზაუმის  ,,გარეშე“  წინადადების სინტაქსი, ათასგვარად დახლართული, უუნაგირო. მოკლედ, რაც უნდა ფუტუროდ გეჩვენოთ, ხანდახან უკანაც უნდა მივაპყროთ თვალები – არაერთ საინტერესო და გამოსადეგ რამესაც კი (გა)მოვკრავთ (ხელს)თვალს. ასე იყოს – სულ გუშინწინ, სულ შარშან, სულ ხვალ, უფრო ზეგისზეგ.

რა ჟურნალები იყო მათი ჟურნალები? გინახავთ მანამდელი და მერენდელი ლიტერატურული პრესა? მათ შორის გაჩხერილი ნამდვილი ქარიშხალი გახლდათ – მოულოდნელი, უპრეცედენტო და განუმეორებელი (ამ სიტყვის რაგინდარა მნიშვნელობით). ჩახედეთ და მიხვდებით, თუ როგორ შეიძლება ფურცელზე თავი აიშვა. აქ დავა მხოლოდ ერთზე შეიძლება – უფრო ხარისხიანად შეიძლებოდა თუ არა ეს თავაშვება. ის რომ ქართველი ფუტურისტები და დადაისტები ამბიციებით და ფანტაზიებით (სულ სხვა კაცის ნათქვამით – ,,ოცნებების სიგრძე’’) ევროპელ კოლეგებს არ ჩამორჩებოდნენ – ცხადზე ცხადია. ის რომ ჩვენ ქართველი ფილიპო მარინეტი,  ტრისტან ცარა და მარსელ დიუშანი არ გვყოლია – სხვა სიმღერიდანაა, ხოლო  მერე ყურძენმა მიირთვა კაცობრიობა, ისმინეთ ყველამ, რომ საქართველო არის ქოთანი სააკაძე და მეწისქვილე.

ჰოდა, ეს ამბავი იქვე მოკვდა. არქივი დარჩა მუზეუმებში და ბიბლიოთეკებში. არქივი, მუზეუმი და ბიბლიოთეკა გამორჩეულად სძულდა ამ ჯურის ხალხს. დამცინავი პარადოქსია. რას ვიზამთ. ასეთია ცხოვრება – სულ ასე იყო – ქარს ქონდა ფრთა ფრინდალი, ქარი გაფრინდა, ქარს გაყვა ცინდალი, ერთი ციდა.

 

 

სკოლა ძალადობის პირისპირ

0

UEESCO-ის მონაცემებით, ყოველწლიურად 246 მილიონი ბავშვი სასკოლო ძალადობისა  და ბულინგის მსხვერპლია. როგორია სახელმწიფო  პოლიტიკა ამ პრობლემის დასაძლევად და რას უნდა აკეთებდეს სკოლა ძალადობრივი ფაქტების შესამცირებლად – ამ და სხვა საკითხებზე პროფესიით იურისტსა და სპეციალური განათლების სპეციალისტს, ანა ქათამაძეს რამდენიმე შეკითხვით მივმართეთ.

 

 

ბულინგის ბევრნაირი ფორმა არსებობს. რომელია სასკოლო ბულინგის ყველაზე გავრცელებული ფორმა?

სამწუხაროდ, საქართველოში ბულინგის პრობლემა კონკრეტული კვლევის ფარგლებში შესწავლილი არ არის. აღნიშნული თანაბრად ეხება ბულინგის ყველაზე გავრცელებულ ფორმებსა და შედეგებს ბულინგის პროცესში მონაწილე ყველა ბავშვის მიმართ, რაც თავისთავად შეუძლებელს ხდის მტკიცებულებებზე დაფუძნებული მუშაობის დაგეგმვას და ბულინგის წინააღმდეგ ბრძოლის უფრო ფრაგმენტულ ხასიათს განაპირობებს. არსებობს კონკრეტული კვლევები, რომლებიც ბულინგის საკითხს ბავშვთა უფლებებისა და ბავშვთა მიმართ ძალადობის ჭრილში განიხილავს, თუმცა არ იძლევა საკითხის სიღრმისეული შესწავლის საშუალებას საქართველოში ბულინგის ყველაზე გავრცელებული ფორმების შესახებ. მაგალითად, გაერო-ის ბავშვთა ფონდის (UNICEF) მიერ 2007-2008 წლებში ჩატარებული კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ მოსწავლეთა 47.1% სკოლაში ფიზიკურ, 47.5% ფსიქოლოგიურ, ხოლო 7.3% სქესობრივ ძალადობას განიცდიდა.[i] ბულინგის პრობლემის აქტუალობაზე საუბრობს თავის ანგარიშში საქართველოს სახალხო დამცველიც, რომლის თანახმადაც სკოლაში ხშირია მოსწავლის დამცირება, ზედმეტსახელის დარქმევა, დაცინვა, ჭორების გავრცელება, გარიყვა, ფიზიკური შეურაცხყოფა, პირადი ნივთების გადამალვა და კიბერბულინგი. [ii]

 

რა  გავლენას ახდენს ასეთი გარემო საგანმანათლებლო პროცესზე?

ძალადობისგან თავისუფალ გარემოში სწავლა ყველა ბავშვის უფლებაა. როდესაც სასწავლო გარემო მათთვის უსაფრთხო ადგილს აღარ წარმოადგენს, ინტერესი სასკოლო ცხოვრების მიმართ იკლებს. ბავშვები, რომლებიც განიცდიან ბულინგს, ხშირად თავს არიდებენ სკოლას და სასკოლო ღონისძიებებს, ეძებენ სკოლაში არწასვლის მიზეზებს, უარესდება მათი აკადემიური მოსწრება, კარგავენ ინტერესს საგაკვეთილო პროცესის მიმართ და სხვა. ბავშვები, რომლებიც ახორციელებენ ბულინგს ​ სკოლის მიღმა დარჩენის, ანტისოციალურ ან დანაშაულებრივ ქმედებებში ჩაბმის მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან. ბავშვებს, რომლებიც განიცდიან ბულინგს, ხანგრძლივი დროის განმავლობაში აწუხებთ შფოთვა, შიში, მარტოსულობის განცდა, დეპრესია, ექმნებათ ფსიქიკურ ჯანრმთელობასთან დაკავშირებული სპეციფიკური პრობლემები, შეიძლება აწუხებდეთ სუიციდური აზრები. ბულინგი უარყოფითად მოქმედებს ბულინგის მოწმე ბავშვებზეც – დანაშაულის გრძნობა უმოქმედობის გამო ბრაზი, შიში, რომ ის იქნება შემდეგი და სხვა. რა თქმა უნდა, ყოველივე ზემოაღნიშნული უარყოფითად აისახება მათ შორის საგანმანათლებლო პროცესზეც.

 

რა  უნდა გააკეთოს სკოლამ, რა პრევენციული გზების გამონახვა არის საჭირო ძალადობრივი ფაქტების შესამცირებლად და თავიდან ასარიდებლად?

პირველ რიგში, ყველამ უნდა გააცნოებიეროს ის ფაქტი, რომ ბულინგი, როგორც სოციალური მოვლენა ყველა სკოლაში არსებობს.  მიდგომა –  „ჩვენს სკოლაში ბულინგი არ არის“ – ყველაზე მეტად უშლის ხელს პრობლემის მოგვარებას. აუცილებელია, რომ  სკოლებში ბულინგის დაძლევა განათლების პოლიტიკის ერთ-ერთ მიმართულებად განისაზღვროს, შემუშავდეს სასწავლო გეგმებში ინტეგრირებული ბულინგის პრევენციისა და რეაგირების სპეციალური პროგრამები, შეიქმნას ბულინგის შესახებ მიმართვიანობისა და ბულინგის ფაქტების გამოძიების ეფექტური სისტემა, ჩატარდეს ცნობიერების ამაღლებაზე მიმართული კამპანიები და ამ პროცესში თანაბრად იყოს ჩართული როგორც სკოლის ადმინისტრაცია და პერსონალი, ასევე მშობლები და თავად მოსწავლეები. უნდა ვიმუშაოთ იმ ბავშვებთან, ვინც ავლენს ბულინგის სუბიექტის ან ობიექტის ქცევას, ასევე უნდა დაინერგოს ადრეული ინტერვენციის პროგრამები ბავშვების უფრო ფართო ჯგუფებისთვის. რაც მთავარია, ბულინგის არცერთი შემთხვევა არ უნდა დარჩეს ყურადღების გარეშე, ყველამ უნდა გააცნობიეროს ის ფაქტი, რომ დახმარება არა მხოლოდ ბულინგის მსხვერპლს, არამედ ბულინგის ინიციატორსაც სჭირდება. სკოლამ უნდა იზრუნოს  უსაფრთხო და ტოლერანტული სასწავლო გარემოს შექმნაზეც, მაშინაც კი, როდესაც სკოლაში არ მოქმედებს ბულინგის საწინააღმდეგო პროგრამა, პოზიტიური და მხარდამჭერი საკლასო გარემო ხელს უწყობს სკოლაში ბულინგის შემცირებას.

 

რამდენად სერიოზულად აღიქმება მოსწავლეთა შორის ძალადობა ადმინისტრაციის მხრიდან და მსგავსი ფაქტების იდენტიფიცირება ძალადობასთან?

 

ბულინგი იშვიათად აღიქმება როგორც ძალადობა. მას ხშირად მიაწერენ „ბავშვობის ასაკისთვის დამახიასიათებელ ქცევებს“, რომლის მსგავსიც ყველას განგვიცდია და რომელიც მალე გაივლის. ეს ბულინგთან დაკავშირებული ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მითია. საქართველოს მთავრობის დადგენილება ,,ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების დამტკიცების თაობაზე’’[iii]  ბავშვზე ძალადობის ეჭვის არსებობის შემთხვევაში საგანმანათლებლო დაწესებულებას ანიჭებს ვალდებულებას, მიმართოს სოციალური მომსახურების სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ ერთეულს. ბულინგიც ძალადობის ერთ-ერთი ფორმაა, თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, იგი ხშირად საერთოდ არ აღიქმება ძალადობად. შესაბამისად, სკოლების მიერ დადგენილებით განსაზღვრული პასუხისმგებლობის გააზრება გარკვეულ კითხვის ნიშნებს ბადებს. სახალხო დამცველის მიერ ჩატარებულმა მონიტორინგის შედეგებმა აჩვენა, რომ  სკოლის პერსონალის მხრიდან ბულინგის შემთხვევები, ძირითადად, ბავშვურ ხუმრობად და ერთჯერად შელაპარაკებად არის აღქმული. [iv]

 

რამდენად აქცევს სახელმწიფო ყურადღებას ბულინგის პრობლემას?  არსებობს თუ არა სახელმწიფო პოლიტიკა, რომელიც ამ პრობლემის დაძლევისკენაა მიმართული?

ბულინგის დაძლევისკენ მიმართული პოლიტიკა სახელმწიფოს არ გააჩნია. აღნიშნული პოლიტიკა, პირველ რიგში, მტკიცებულებებზე დაყრდნობით განსაზღვრულ მიმართულებებს უნდა ეფუძნებოდეს. საქართველოში კი ჯერ არცერთი კვლევა არ ჩატარებულა, რომელიც  სიღრმისეულად შეისწავლიდა ბულინგის პრობლემის აქტუალობას ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში და მის გავრცელებას. შესაბამისად, დღესდღეობით არ არსებობს მტკიცებულებები, რომლებიც ამ საკითხზე არგუმენტირებული მსჯელობის საშუალებას მოგვცემდა. არ არსებობს ინფორმაცია სკოლებში ბულინგის ყველაზე გავრცელებული ფორმებისა და ბულინგის შედეგების შესახებ, სკოლებისთვის შემუშავებული არ არის სპეციალური მეთოდოლოგია, რომელიც სკოლის პერსონალს  ბულინგის შემთხვევების იდენტიფიცირებასა და ბულინგის პრევენცია-ინტერვენციის მექანიზმების დანერგვაში დაეხმარებოდა. მართალია, ,,ზოგადი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონი[v] პირდაპირ კრძალავს სკოლებში ძალადობას, თუმცა ეს რეგულაცია უფრო ზოგად ხასიათს ატარებს. ბულინგი კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ხშირად საერთოდ არ განიხილება, როგორც ძალადობა და, შესაბამისად, არც ამ მუხლში მოიაზრება. სწორედ ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საკანონმდებლო დონეზე მოხდეს ბულინგის, როგორც ძალადობის სპეციფიკური ფორმის რეგულირება და დაიწყოს ბულინგის დაძლევისკენ მიმართული პოლიტიკის შემუშავება. ეს პოლიტიკა, თავის მხრივ, უნდა იყოს სახელმწიფოს ერთიანი სისტემური ხედვა, სადაც არა მხოლოდ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, არამედ სხვა მომიჯნავე უწყებებს, მაგალითად, სოციალური მომსახურების სააგენტოს, საკუთარი პასუხისმგებლობა უნდა ჰქონდეს განსაზღვრული.

როგორია ამ მხრივ საზოგადოების ცნობიერების დონე? რა უნდა გაკეთდეს მათი უფრო მეტი ინფორმირებისთვის?

ძალიან დაბალი. თუმცა ეს მხოლოდ ბულინგის პრობლემას არ უკავშირდება. ქართული საზოგადოება ხშირად არათუ მიმღებლურია ბავშვების მხრიდან აგრესიისა და ძალადობის გამოვლენის მიმართ, რიგ შემთხვევებში ახალისებს კიდეც მას. ჩვენი საზოგადოება ძალადობის ერთგვარ ლეგიტიმაციას ახდენს აღზრდის იმ მეთოდებით, რომელსაც მშობლები იყენებენ. მაგალითად, ხშირად ძალადობა კონფლიქტის გადაჭრის ერთადერთ გზად მიიჩნევა. ჩვენ არ ვუსმენთ ბავშვებს, არ აღვიქვამთ მათ ჩვენს თანასწორ „პატარა ადამიანებად“ და გვგონია, რომ არც მათ ესმით ჩვენი. ვამბობთ ხოლმე, რომ ჩვენ უკეთ ვიცით, მათთვის რა სჯობს და ა.შ. სინამდვილეში ბავშვებს ყველაფერი ესმით და ყველაფერს ზუსტად ისე ხედავენ, როგორც არის. მათთვის ნაცნობი „დიდი ადამიანების“ ქცევის მოდელი კი მარტივად გადააქვთ რეალურ ცხოვრებაში.

როგორია​ ბულინგის ძირითადი ფორმები, როგორ უნდა ამოიცნოს ის მშობელმა, მასწავლებელმა?

ბულინგის ხუთი ძირითადი ფორმა არსებობს: ფიზიკური ბულინგი, რაც გულისხმობს ფიზიკურ თავდასხმასა და საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს; ვერბალური ბულინგი, რომელიც მოიცავს სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას, დამამცირებელი კომენტარების გაკეთებას, მეტსახელებს დარქმევას, დაცინვას , ა.შ.; სოციალური ბულინგი, რაც გულისხმობს ადამიანის სოციალური ურთიერთობებისთვის ან რეპუტაციისთვის ზიანის მიყენებას; სექსუალური ბულინგი, როდესაც ადგილი აქვს სექსუალური ხასიათის კომენტარებს, არასასურველ შეხებას, შეურაცხმყოფელი სახელების დაძახებას და კიბერბულინგი. გავრცელებული მითია, რომ რადგან კიბერბულინგის შემთხვევაში ფიზიკური კონტაქტი არ არსებობს, ის ნაკლებად საზიანოა თუმცა კიბერბულინგის ისეთი ფორმები, როგორიცაა, ვირტუალური ადევნება, დამამცირებელი მესიჯების გაგზავნა ან კომენტარების დატოვება, კონფიდენციალური მიმოწერის გასაჯაროება და ა.შ., ისევე მნიშვნელოვან უარყოფით ზეგავლენას ახდენს ბავშვის ცხოვრებაზე, როგორც ბულინგის სხვა ფორმები.

რაც შეეხება ბულინგის შემთხვევების იდენტიფიცირებას, მარტივი პროცესი ნამდვილად არ არის. ბულინგის ნიშნები ერთმანეთისგან დამოუკიდებლად შეიძლება არც იძლეოდეს იდენტიფიცირების საშუალებას, თუმცა რამდენიმე ნიშნის არსებობის შემთხვევაში, აუცილებელია შესაბამისი ზომების მიღება. მაგალითად, ბულინგის მსხვერპლი ბავშვები ხშირად თავს არიდებენ სკოლას და სასკოლო ღონისძიებებს, სოციალურ ურთიერთობებს, ეცვლებათ კვებასთან და ძილთან დაკავშირებული ჩვევები და რეჟიმი, ახასიათებთ სხვადასხვა თვითდესტრუქციული ქცევები (სახლიდან გაქცევა, თვითდაზიანება, საუბრები სუიციდიზე). ბულინგის ინიციატორი ბავშვები კი ხშირად გამოხატავენ დადებით დამოკიდებულებას ძალადობის მიმართ, გადამეტებულად ზრუნავენ საკუთარ რეპუტაციაზე, ახასიათებთ აგრესიულობა თანატოლებისა და უფროსების მიმართ, ნაკლებად გამოხატავენ თანაგრძნობას, შეიძლება ადანაშაულებდეს მსხვერპლს ან ამბობდეს, რომ მან ეს დაიმსახურა და ა.შ. მნიშვნელოვანია, აღვნიშნოთ ის ფაქტიც, რომ ბულინგის ინიციატორი ხშირად თავად არის ბულინგის მსხვერპლი, თუმცა რამდენადაც მოკლებულია წინააღმდეგობის გაწევის შესაძლებლობას, თავად ახორციელებს ბულინგს მასზე უმცროსი ან ,,სუსტი“ ბავშვების მიმართ. ნებისმიერ შემთხვევაში თავიდან უნდა ავირიდოთ მისთვის მოძალადის იარლიყის მიკერება და გავაცნობიეროთ, რომ დახმარება მასაც სჭირდება.

 

როგორ უნდა დაეხმაროს სკოლა ორივე მხარეს პრობლემის მოგვარებაში?

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, პირველ რიგში, უნდა მოხდეს პრობლემის აღიარება, ხოლო შემდეგ სკოლის დონეზე ბულინგის პრევენციის პროგრამებისა და ინტერვენციის ეფექტური მექანიზმის დანერგვა. გარდა ამისა, თითოეულ სკოლას უნდა ჰყავდეს სპეციალურად შესაბამისი ცოდნით აღჭურვილი პროფესიონალი, რომელიც იმუშავებს ბულინგის პროცესში ჩართულ ბავშვებთან და კომპეტენციის ფარგლებში შესაბამის დახმარებას გასწევს. თუმცა ამ საკითხზე სამუშაოდ მხოლოდ სკოლის ბაზაზე რაიმე მექანიზმისა და თუნდაც რამდენიმე სპეციალისტის ჩართვა არ იქნება საკმარისი. უნდა გაიმართოს სპეციალური რეფერირების მექანიზმი და დაინერგოს სერვისები, სადაც სკოლის პერსონალს ბავშვის გადამისამართება შეეძლება.

 

შორენა ტყეშელაშვილი

[1] ხელმისაწვდომია ბმულზე: https://goo.gl/XdWchO

[1] ხელმისაწვდომია ბმულზე: https://goo.gl/VBuFa7

[1] https://matsne.gov.ge/ka/document/view/3394478

[1] ხელმისაწვდომია ბმულზე: https://goo.gl/VBuFa7

[1] https://matsne.gov.ge/ka/document/view/29248

დემოკრატიის უცნაური გამოვლინებები

0

დემოკრატიის ფენომენი ხანდახან სრულიად ამოუცნობია. დემოკრატიული მმართველობა შეიძლება სრულიად უცნაური, პარადოქსული ფორმით გამოვლინდეს. ალბათ ამგვარი მახასიათებლები განაპირობებენ აღნიშნული მოვლენის შესახებ მიმდინარე დაუსრულებელ დისკუსიებს. ფორმების მრავალფეროვნება გახლავთ წინაპირობა იმისა, რომ ზუსტად არცერთ ბრძენს არ აქვს პასუხი კითხვაზე – რა არის დემოკრატია?

ცხადია, ჩვენ გენიოსების მიერ ამოუხსნელი ამოცანის გადაწყვეტას არ ვისახავთ მიზნად. ჩვენი მხრიდან შეუფერებელი და არაადეკვატური საქციელი იქნებოდა. თუმცა, უნდა შევეცადოთ, რომ სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე მსხდომმა მოსწავლეებმა დემოკრატიის უცნაური გამოვლინებების შესახებ ერთი-ორი ამბავი მაინც შეიტყონ.

რამდენიმე თვის წინ გერმანიაში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. არჩევნების შედეგად ვერცერთმა პოლიტიკურმა პარტიამ ვერ მოიპოვა გადამწყვეტი უპირატესობა. გერმანია ძველი ევროპული საპარლამენტო დემოკრატიაა და მისი მთავრობის შემადგენლობა ძალიან დიდი ხანია ერთპარტიული არ ყოფილა. როგორც წესი, ფედერაციულ რესპუბლიკას ორპარტიული კოალიციები მართავენ ხოლმე. არჩევნების შემდეგ ორმა ტრადიციულმა და უდიდესმა პოლიტიკურმა პარტიამ უახლეს ისტორიაში ყველაზე ცუდი შედეგი აჩვენა. ქრისტიან-დემოკრატებმა ხმათა მხოლოდ 33%-ის მოგროვება მოახერხეს, სოციალ-დემოკრატთა მხარდაჭერების რაოდენობა კი კატასტროფულ, 20%-იან ნიშნულს მიუახლოვდა. იყო დრო, როდესაც ძველი პარტიები ამომრჩეველთა ნახევრის მომხრობასაც კი ახერხებდნენ. 2017 წელს კიდევ ერთი საარჩევნო სენსაცია გამოვლინდა. ჰიტლერის დამარცხების შემდეგ პირველად ევროპის შუაგულში მდებარე ქვეყნის პარლამენტში ფრაქციის ჩამოყალიბების უფლება კვლავ მოიპოვეს მემარჯვენე რადიკალებმა. ანტირესპუბლიკურად განწყობილი ძალა სიდიდით მესამე პარტიაა ბუნდესტაგში.

ორი ტრადიციული პარტიის განსაკუთრებულმა წარუმატებლობამ და მემარჯვენე რადიკალთა ტრიუმფმა გერმანიაში ყველაფერი არივ-დარია. არცერთი ორი პარტიის მანდატები არ აღმოჩნდა საკმარი მინისტრთა კაბინეტის დასაკომპლექტებლად. პირველად ისტორიაში კანცლერის ასარჩევად სამი პარტიის შეამხანაგება გახდა საჭირო. ქრისტიან-დემოკრატებმა, მწვანეებმა და ლიბერალებმა რამდენიმე კვირა მოლაპარაკებების მაგიდასთან გაატარეს. ოთხმოცდაორი მილიონი ადამიანი ყოველდღიურად თვალს ადევნებდა ერთგვარ „რეალითი შოუს“, რომლის მონაწილენი ქვეყნის ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსები იყვნენ. დიდი დავიდარაბის შემდეგ ლიდერები მთავარზე ვერ შეთანხმდნენ და დაიშალნენ. არჩევნებიდან სამი თვის შემდეგაც კი გერმანიას მთავრობა არ ჰყავს?

როგორ უნდა დარეგულირდეს ხელისუფლების გარეშე მუშაობის პრობლემა?

კანცლერ მერკელის პარტიამ მხარდაჭერისთვის ოპოზიციაში გადასულ სოციალ-დემოკრატებს მიმართა. მხოლოდ მერკელის გუნდისა და შულცის პარტიის მანდატების გაერთიანებით შეიძლება ახალი მთავრობის ჩამოყალიბება. სოციალ-დემოკრატთა ხელმძღვანელებმა ქ-ნ ანგელას შემოთავაზებას დამოუკიდებლად არ უპასუხეს. მრავალკვირიანი მოლაპარაკებების შემდეგ მინისტრთა კაბინეტის ფორმირების საკითხს სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრები შიდაპარტიულ პლებისციტით გადაწყვეტენ.

არ მინდა, რომ დაგაბნიოთ. ყველაფერი ძალიან მარტივია. მოცემულ ეტაპზე გერმანიის დემოკრატიაში გადამწყვეტი სიტყვა დამარცხებული პარტიის რიგით წევრებს ეთქმით. მათი საერთო რაოდენობა კი მხოლოდ 400 000 ადამიანია.

შეგვიძლია გავიხსენოთ აშშ-ის 70-იანი წლების ისტორიაც. მოგეხსენებათ, რომ აშშ-ის პრეზიდენტსაც და ვიცე-პრეზიდენტსაც ხალხი ირჩევს. საპრეზიდენტო არჩევნებზე ორივე პარტია ორი შესაბამისი კანდიდატით გამოდის. კენჭისყრის დროს ამომრჩევლები ნდობას მხოლოდ მთავარ კანდიდატს არ უცხადებენ. ისინი გამოხატავენ თავის დამოკიდებულებას ვიცე-პრეზიდენტის მიმართ.

1973 წელს კორუფციული და საგადასახადო სკანდალის გამო ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგომა მოუწია ბერძნული წარმოშობის რესპუბლიკელ პოლიტიკოსს სპირო აგნიუს. მეოცე საუკუნეში ამგვარი მოვლენა ერთადერთხელ მოხდა. ახალი სახალხო კენჭისყრა მხოლოდ ვიცე-პრეზიდენტის შესარჩევად ვერ ჩატარდებოდა. ამერიკის კონგრესმა პრეზიდენტის წარდგინებით აგნიუს შემცვლელად სენატის რესპუბლიკელი ლიდერი ჯერალდ ფორდი დაამტკიცა.

ფორდის ვიცე-პრეზიდენტად გამწესებიდან რამდენიმე თვეში „უოტერგეიტის სკანდალმაც“ უმწვავეს ფაზაზე გადაინაცვლა. პრეზიდენტი ნიქსონიც იძულებული გახდა თანამდებობა დაეტოვებინა. სრულიად მოულოდნელად, აშშ-ის პრეზიდენტი გახდა ადამიანი, რომელიც მოსახლეობას არც სახელმწიფოს მეთაურად და არც მის მონაცვლედ არ აურჩევია. არაარჩეული პირის პრეზიდენტობას თითქმის არავინ მიიჩნევდა უკანონოდ. ჯერალდ ფორდი არჩევნების გარეშე, მაგრამ აბსოლუტურად დემოკრატიულად გახდა ამერიკის პირველი პირი.

დამარცხებული პარტია და არჩევნების გარეშე დაწინაურებული პირი დემოკრატიის ზოგიერთ მოდელში შეიძლება გადამწყვეტი მოთამაშეები აღმოჩნდნენ. სწორედ ამაში მდგომარეობს მისი უცნაურობაც.

 

ნომერი ათი

0

ქართული (თუნდაც სუსტი) ფილმები ხომ ისეთია, ათასჯერ გვაქვს ნანახი, მაგრამ რომელიმე არხზე როცა უჩვენებენ, კიდევ ერთხელ ვუყურებთ სიამოვნებით.
საზ. მაუწყებელზე „ფეოლას” ვუყურე. იმ ეპიზოდმა, როცა მორიგი გამარჯვების შემდეგ ფეოლა ბავშვებს სასადილოში დაპატიჟებს, ყრმობა გამახსენა. მახსოვს, საფეხბურთო ჩემპიონატი იყო სკოლებს შორის და დაბალი კლასის ბავშვებს რაიონის საფეხბურთო სკოლასთან გვქონდა გასვლითი თამაში. ტრანსპორტი ჩვენ არ გვემსახურებოდა, ცხადია. ხუთისნახევრიან „სენაკი-ჩხოროწყუს“ ავტობუსში ვერ ჩავეტიეთ, ხოდა დავაწექით ფეხით, სიცხეში, ქვედა ჩხოროწყუდან რაიონამდე, და სპორტული სკოლის დაუმარცხებელ გუნდს გამანადგურებელი ანგარიშით მოვუგეთ. შემდეგ რაც მახსოვს, იყო მათი გაოგნებული მწვრთნელი და ჩვენი ფიზკულტურის მასწავლებელი, ბედნიერი იზო მასწი, რომელიც უახლოეს მაღაზიამდე გაგვიძღვა, საფულიდან უკანასკნელი ხურდები ამოფხიკა და ადგილობრივი წარმოების მსხლის ლიმონათები გვიყიდა. ვიდექით პარკში, ბესარიონ ქებურიას ბიუსტთან, ოფლიანი ტუჩებით თბილ და გაზგასულ ლიმონათს ვსვამდით და ძალიან ბედნიერები ვიყავით.
არც მახსოვს, როდის შემოვიდა ფეხბურთი ჩემს ცხოვრებაში. ალბათ დაბადებამდე და დაბადებიდან ჩემში იყო. ჯერ ერთი იმიტომ, რომ მამაჩემი მთელი ახალგაზრდობა ფეხბურთს თამაშობდა, და მეორე: სტადიონი სახლის წინ მქონდა (ახლაც იქაა, ცხადია) და ყოველ ნაშუადღევს თამაშობდნენ უფროსები ფეხბურთს. მახსოვს, მამაჩემი შუადღეს შედიოდა სათოხნად ყანაში, რომ ადრე გამოსულიყო და რაც არ უნდა დაღლილი ყოფილიყო, ფეხბურთი ეთამაშა. ახლაც მახსოვს ის მოწიწება, რასაც ვგრძნობდი მამაჩემის ბუცებისადმი, რომლებიც რელიქვიასავით ეწყო ოთახის კუთხეში და მისი ჩაცმა და უდიერად მოპყრობა აკრძალული მქონდა. შემდეგ კი, როცა მე წამოვიზარდე, ხოლო მამაჩემი ორმოცს გადასცდა, როლები შეიცვალა, ახლა მე ვთამაშობდი და მამაჩემი მიყურებდა. როცა მეზობელ სოფელს ვეთამაშებოდით მაზიანზე (თხაზე ან თიკანზე), მამაჩემთან დელეგაცია მოდიოდა, რომ თამაშზე დაეყოლიებინათ, როგორც „პირველ მერცხალშია”. დიდი ხვეწნის შემდეგ, იასონივით, მამაჩემიც თანხმდებოდა ხოლმე მეტწილად. გამომიცდია, რა შეგრძნებაა, როცა მამასთან ერთად თამაშობ ფეხბურთს და წარმომიდგენია, რა შეგრძნება იქნება, როცა მამასთან ერთად ომში იბრძვი. ჩვენი სახლის შუშაბანდი ძლიერი წვიმის დროს ტრიბუნასაც წარმოადგენდა: მაყურებლები აფარებდნენ თავს და იქიდან გულშემატკივრობდნენ გუნდებს.
ერთმა ჩემმა მეზობელმა თავისი თავი მწვრთნელად დანიშნა, ოღონდ ეს მწვრთნელობა ტაქტიკის მოხაზვაში, ვარჯიშებში და მისთანებში არ გამოიხატებოდა, სხვა სოფლებთან თამაშის დროს გვერდითა ხაზთან იდგა და ნერვიულობდა. მის განკარგულებებს და დირექტივებს, ცხადია, არავინ ითვალისწინებდა და, მით უმეტეს, არც მისი მოთხოვნით ტოვებდა ვინმე მოედანს, მაგრამ გვერდითა ხაზთან მისი ბორგვა და ყვირილი აკადემიურ და სოლიდურ იერს ანიჭებდა ჩვენს გუნდს. მან ერთხელ დამორცხვებულმა აღიარა, რომ მას შემდეგ ოცნებობდა მწვრთნელობაზე, რაც პირველად ნახა ტელევიზორში ნოდარ ახალკაცი, და მე მაშინ გული დამეწვა.
მახსოვს, ბავშვებს ბუცების და კედების ფუფუნება ნაკლებად გვქონდა, ფეხშიშვლები ვთამაშობდით. ვერ ვიტანდი, როცა ბალახის სიმწვანეს ვერაფრით ვიშორებდი ტერფებიდან და სქელი წინდებით ვთამაშობდი ხოლმე. ბედნიერი იყო, ვისაც ბუც-კედები ჰქონდა. ეს ბუც-კედები წითელიც იყო და მწვანეც, რეზინის შიპებიც ჰქონდა, მოსახერხებელი, მაგრამ უხარისხო იყო, რამდენიმე თამაშის მერე იხეოდა. თან ყოველ კვირა ვერ იყიდდი, თორმეტი ლარი ღირდა. თორმეტი ლარი კი მაშინ ფული იყო, გიმნაზიაში, სადაც ვსწავლობდი, თერთმეტ ლარს ვიხდიდი ყოველთვიურად.
ცალკე ამბავი იყო ბურთის დეფიციტი – რეზინის კამერიანი, სტანდარტული ბურთი დიდი ფუფუნება იყო. პატარაობისას მუჭისხელა პლასტმასის ბურთით ვთამაშობდით ხოლმე. რომ წამოვიზარდეთ, ლეგენდარულ ლარიან ბურთს ვყიდულობდით, ვდებდით ტყავის საფარში და თავს ხრახნით ვუცობდით. ამის გამო ერთ მხარეს მძიმე იყო და სიზუსტეში მოიკოჭლებდა: მარცხნივ რომ ურტყამდი, მარჯვნივ მიდიოდა, თანაც ხრახნის ბოლო თუ თავში მოხვდებოდა, კოპი გარანტირებული გქონდა. იყო ასევე დერმატინის ბურთები, რომლებიც ტყავის ბურთთან შედარებით იაფი ღირდა, მაგრამ მალევე ძვრებოდა დერმატინი, რჩებოდა მხოლოდ შიდა ქსოვილი და ბუშტივით მსუბუქი და უვარგისი ხდებოდა. მის კამერასღა თუ გადადებდი სხვა ტყავში. დიდ პრობლემას წარმოადგენდა ჩემი მეზობლის ტრიფოლიატის ღობე, რომელიც სტადიონის ერთ ბოლოში იყო. ბურთი თუ იქ მოხვდებოდა, ძნელად თუ გადაურჩებოდა ნეკის სიგრძე ეკლებს. წებო ჩვენ არ გვქონდა. ამიტომ კამერის ნახვრეტს ძაფით ვუკრავდით თავს, თუმცა ჰაერს აპარებდა, მალევე იჩუტებოდა და წარამარა რომ არ გვერბინა „ნასოსის” მეპატრონე ბრაზიან მეზობელთან, ნახვრეტში კენჭს ვდებდით და მხოლოდ ამის მერე ვკრავდით ქვევიდან ძაფით. ეს ეფექტური ხერხი იყო, ჰაერს არ აპარებდა, მაგრამ ამასაც ხრახნის ეფექტი ჰქონდა – ცალ მხარეს ამძიმებდა ბურთს და თავში მოხვედრისას მტკივნეული იყო. ერთს და ორს არაუშავდა, მაგრამ საოცარი სანახავი იყო ამ ხერხით ბევრჯერ თავმოკრული, მუჭის ზომამდე დაპატარავებული, კაპრონის ძაფის ბოლოებით და კენჭებით დამშვენებული კამერა. გაბერვის მერე ტყავს კოპებად აჩნდა კენჭები და ყველაზე ნაკლებად ფეხბურთის ბურთს ჰგავდა.
კარში იმას ვაყენებდით ხოლმე, ვინც თამაში არ იცოდა. დღემდე ვერ ვხვდები, მცველის პოზიციაზე თამაში სირცხვილად რატომ ითვლებოდა. ერთგვარად შეურაცხყოფილადაც კი ვგრძნობდით თავს, როცა უფროსები უკან გვაყენებდნენ. ხოლო, როცა თანატოლები ვთამაშობდით, უკან ვინ გამაჩერებდა, თავდამსხმელი ვიყავი და ეფექტური გოლებიც გამქონდა.
ბებიაჩემმა მაისურზე და შორტზე ნომერი „ათი” და დინამოს ლოგო ამომიქარგა. როცა ვიცვამდი, პირველი ბიჭი ვიყავი მოედანზე. მერე, ერთხელ, როცა ავად გავხდი, ხოლო ჩვენებს მეზობელ სოფელთან ჰქონდათ გასვლითი თამაში, ეს შორტი და მაისური მეზობელს ვათხოვე. მხოლოდ მაისური დამიბრუნა, შორტი მომპარესო. კარგა ხნის შემდეგ მდინარეზე ბანაობისას ვნახე, რომ მამამისს საბანაო ტრუსივით ეცვა.
ეს ბლოგი იმ შორტის ნათელ ხსოვნას ეძღვნება.

 

 

ფიქრები ბავშვებზე, მოზარდებსა და უფროსებზე (პირველი ნაწილი)

0

უფროსები რომ პატარებისათვის მისაბაძ მაგალითს წარმოადგენენ, ვფიქრობ, უდავო და საყოველთაოდ ცნობილი ჭეშმარიტებაა.

ამ წერილში მინდა, საკუთრი ფიქრები და მოსაზრებები გაგიზიაროთ ბავშვებზე, მოზარდებსა და უფროსებზე. ჩემი, როგორც ფსიქოლოგის მეხსიერება მრავალწლიანი პრაქტიკული საქმიანობის შედეგად დაგროვილ ბევრ ბავშვურ და არცთუ ისე ბავშვურ ისტორიას ინახავს. რამდენიმე მათგანს ახლა მოგიყვებით. გასაგები მიზეზების გამო მონათხრობში მთავარი გმირების სახელები შეცვლილი იქნება.

გიორგი უკვე ზრდასრული ადამიანია, მას ცხოვრებაში ძალიან ტრაგიკული ამბავი გადახდა, რომლის შესახებ თავად მომიყვა. ის ცდილობს, გააანალიზოს, ყველაფერი, რაც მის თავს დატრიალდა, როდესაც მხოლოდ თხუთმეტი წლის იყო.

„მე ვიზრდებოდი წყნარ, მშვიდ ოჯახურ გარემოში. მამა ინჟინერი გახლდათ, დედა –  დიასახლისი. ორივე მოსიყვარულე და მზრუნველი მშობელი იყო. კარგად ვსწავლობდი, ტექნიკური საგნები არცთუ ისე ძალიან მიყვარდა. სამაგიეროდ, ქართულ ენასა და ლიტერატურაში სულ ფრიადებს ვიღებდი. სკოლაში მასწავლებლებსაც ვუყვარდი და თანაკლასელებსაც არ გამოუმჟღავნებიათ აგრესია ჩემ მიმართ.

მამა საღამოობით შინ რომ დაბრუნდებოდა, ივახშმებდა და სამსახურის ამბების მოყოლას იწყებდა. ახლა რომ ვიხსენებ, მას ყოველთვის „კაცური“ ისტორიების მოყოლა უყვარდა. სულ პატარა ვიყავი, როდესაც ერთხელ მისმა თანამშრომლებმა რაღაცაზე იჩხუბეს. ერთმა მეორეს შეაგინა, პირველმა ხელი გაარტყა და ატყდა ერთი გაწევ-გამოწევა. რა თქმა უნდა, გააშველეს. მამა აღფრთოვანებული იყო იმ კოლეგის საქციელით, რომელმაც საკუთარი ღირსება დაიცვა და უწმაწური სიტყვა არ შეარჩინა მეგობარს.  ზუსტად მახსოვს მისი სიტყვები: „ძალიან ვაჟკაცურად მოიქცა. მე მის ადგილას უარესს ვუზამდი იმ თავხედს. როგორ გაბედა და ამდენი ხალხის თანდასწრებით დედა შეაგინა მას. მსგავსი სიტყვებისთვის მე ალბათ მოვკლავდი, არავის დავინდობდი“.

მამა ჩემთვის ავტორიტეტი იყო და მის ყოველ სიტყვას, მის ნებისმიერ ქცევას ვაჟკაცობის მაგალითად აღვიქვამდი. ხოდა, როდესაც უბანში ერთი ჩემზე რამდენიმე წლით უფროსი ბიჭი გადამეკიდა, რომელიც მომენტს არ უშვებდა, რომ დავეჩაგრე, სულ ვცდილობდი წარმომედგინა, როგორ მოიქცეოდა მამაჩემი ჩემს ადგილას. ერთ საბედისწერო დღეს კი, როდესაც იმ ბიჭმა სხვა უბნის ბიჭებისა და ჩემი შეყვარებულის თანდასწრებით შემაგინა, გონება გადამეკეტა, ჯიბეში დანა მქონდა და დავარტყი, თანაც რამდენიმეჯერ. სიმართლე გითხრათ იმ წუთებში მართლაც მისი სიკვდილი მინდოდა. საბედნიეროდ, გადარჩა, მე კი ბევრი წელი ციხეში გავატარე.

მას შემდეგ სულ ამ ამბავზე ვფიქრობ და მიუხედავად იმისა, რომ მამაჩემს არ ჰქონია განზრახული მე მოძალადედ  და, მით უფრო, მკვლელად გავეზარდე, ზუსტად ასე გამოუვიდა. ახლა მე უკვე საკუთარი შვილები მყავს და ძალიან დაძაბული ვარ მათთან, რომ უნებურად რამე ისეთი არ ვთქვა მათი თანდასწრებით, რომ შემდეგ მთელი ცხოვრება სანანებლად მექცეს მეც და მათაც“.

ამ ისტორიას, იმიტომ გიყვებით, ძვირფასო უფროსებო, რომ ნათლად დაგანახოთ, რა შეუძლია გააკეთოს მშობლის დაუფიქრებელმა სიტყვამ, განსაკუთრებით მაშინ, როცა მშობელი არა მხოლოდ სიტყვით, არამედ ქცევით გამოხატავს საკუთარ აგრესიას პატარების თანდასწრებით.

მშობლები და აღმზრდელები ფსიქოლოგებს ხშირად უსვამენ შეკითხვას, საიდან იღებს სათავეს ბავშვების აგრესიული ქცევა? ბავშვების აგრესიული ქცევის ძირითადი სათავე უფროსების მხრიდან გამოხატულ აგრესიულ ქცევაზე დაკვირვებიდან მოდის. მოგეხსენებათ, რომ ბავშვებს თანდაყოლილი მიმბაძველობის უნარი აქვთ და სწორედ ამიტომ არის, რომ ისინი მუდამ ისწრფვიან, გაიმეორონ უფროსების ქცევები.  ბავშვებისა და მოზარდების ქმედებებზე დიდ გავლენას ახდენს გარემოდან მომდინარე არაკეთილსაიმედო ფაქტორები, რომლებსაც მშობლები/აღმზრდელები ხშირად საკუთარი წინდაუხედაობითა და დაუდევრობით ქმნიან. კერძოდ, უგულვებელყოფა, გულგრილი მოპყრობა, აღმზრდელობითი ღონისძიებების არათანმიმდევრული, გაუფრთხილებელი გამოყენება. ამას ემატება არასაკმარისი სიყვარული და უფროსების უმეცრება (ფსიქოლოგიური და აღმზრდელობით/პედაგოგიური უნარ-ჩვევების არქონა).

ბავშვები საკუთარ და-ძმასთან (დანარჩენ სოციუმთან) ურთიერთობების გარკვევისას დაუფიქრებლად იმეორებენ მათ მიერ ოჯახში ნანახი კონფლიქტის „მოგვარების“ მშობლებისეულ მეთოდებს“.

აღზრდა – ეს არის მშობლების მხრიდან ურთიერთთანამშრომლობა,  ურთიერთნდობა, ნეგატიური გავლენების მინიმუმამდე დაყვანა. მკითხველი მიხვდება, რომ არ ვამტკიცებ თითქოს უარყოფითი განცდები სრულად უნდა აღმოვფხვრათ. ეს შეუძლებელიც არის და არასასურველიც, რადგან ბავშვებს მსგავს განცდებთან გამკლავებაც უნდა ვასწავლოთ.

ელენე, რომელიც მშობლების დაჟინებული მოთხოვნით ფსიქოლოგთან კონსულტაციაზე მოხვდა, ამბობს, რომ პატარაობისას, ძალიან დამჯერი ბავშვი იყო. შემდეგ კი: „გავიზარდე და მივხვდი, რომ ჩემი მშობლები, რომლებიც სულ ჩამჩიჩინებენ ისწავლე, ისწავლეო, თურმე თავად სრულიადაც არ სჯერათ განათლების აუცილებლობისა. ერთ მშვენიერ დღეს გავიგონე, როგორ ეუბნებოდა დედაჩემი საკუთარ მეგობარს: სწავლა თორემ ერთბაშად რამეს არ მიაღწიო. აი, ხომ გახსოვს ჩვენი კლასელი სოფო, საერთოდ არ სწავლობდა და ახლა ისეთი მანქანით დადის და ისეთი გამოპრანჭულია… ხომ გაგიგია ანდაზა: იღბალი მომეცი დ სანაგვეზე გადამაგდეო… ეჰ, ეგრეა, ეგრე“.

ახლა ჩემს მშობლებს თავად სჭირდებათ ფსიქოლოგი, რათა აუხსნას მათ, რომ აღარაფერს დავუჯერებ, რადგან მე სხვა რამეს მიმტკიცებენ და თავად სულ სხვა რამე მიაჩნიათ მართებულად“.

ასეა, ძვირფასო მშობლებო, ელენე მართლია. ჯერ თავად უნდა ირწმუნოთ იმისი, რასაც საკუთარ შვილებს უნერგავთ. თუ თქვენ ფიქრობთ, რომ თქვენი შვილი ჯერ პატარაა და ამიტომ რასაც ეტყვით, იმას უპირობოდ დაგიჯერებთ, ძალიან სცდებით. ბავშვები იმაზე სწარაფად იზრდებიან, ვიდრე ეს უფროსებს წარმოუდგენიათ და ამიტომ მათ უგროვდებათ წყენა და ზოგ შემთხვევაში, აგრესიაც კი უფროსების მიმართ. ამას თან სდევს პროტესტის მრავალფეროვანი ფორმები – სიჯიუტე, თავნებობა, ნეგტივიზმი.  ადვილი მისახვედრია, რომ ეს ყველაფერი მოზარდისადმი არასწორი აღმზრდელობითი მიდგომის შედეგია. ზოგჯერ თავს იჩენენ კონფლიქტები და კრიზისები, რომლებიც არავითარ შემთხვევაში არ უნდა წარმოვიდგინოთ, როგორც ფატალური და გარდაუვალი რამ.

ფსიქოლოგები გამუდმებით ვიმეორებთ, რომ უფროსებმა არ უნდა მოახდინონ მოზარდის ქცევის ჭეშმარიტი მიზეზების იგნორირება. მოზარდის ქცევის მხოლოდ გარეგნულ შედეგებზე რეაქცია არასწორია, მაგრამ გაცილებით უარესია, როდესაც უფროსები ბავშვის ქცევას არასწორ მოტივაციას მიაწერენ. ამგვარ შეცდომას შეუძლია გამოიწვიოს ბავშვის მხრიდან უფროსის აღმზრდელობით მცდელობების სრული იგნორირება.

რთულ ბავშვებთან მუშაობის გამოცდილებაზე დაყრდნობით შემიძლია ვთქვა, რომ ის აღმზრდელები, რომლებიც ახერხებდნენ ბავშვებთან „შეჯიბრებითი“ („ვინ ვის“ ან „ამან მე როგორ უნდა მაჯობოს“) დამოკიდებულების დაძლევას, გაცილებით უკეთეს შედეგს აღწევდნენ, ვიდრე ისინი, ვინც ამას ვერ ახერხებდა.

საჯარო სკოლების პედაგოგებსაც უნდა შევახსენოთ იგივე: ბავშვები მათი მტრები არ არიან. ადამიანები ხომ არ იბადებიან ეგოისტებად ან ალტრუისტებად, ტრაბახებად ან თავმდაბალ ადამიანებად, ათეისტად ან რელიგიურ ადამიანებად. ისინი ასეთებად შემდგომში ყალიბდებიან.

მოსწავლეების მდგომარეობა დღევანდელ სკოლებში საკმაოდ რთულია. ერთი მხრივ, პედაგოგები საკუთარი ავტორიტეტითა და უკიდეგანო ძალაუფლებით (სიმართლე უნდა ითქვას, ზოგიერთი მასწავლებლის პიროვნული თვისებები და პედაგოგიური კვალიფიკაცია ვერ არის მოწოდების სიმაღლეზე) აწვება ბავშვის ფსიქიკას და, მეორე მხრივ, საკუთრივ მოზარდების ასაკობრივი, ინტელექტუალური და პიროვნული თავისებურებები.

 

ნინო – მშობელი, რომლის შვილი დედაქალაქის ერთ-ერთ სკოლაში მეორე კლასში სწავლობს. ნინომ ფსიქოლოგთან კონსულტაცია ითხოვა. მისი თქმით კლასში, რომელშიც მისი ლუკა სწავლობს, ერთი ჰიპერაქტიური მოსწავლეა. ის ხშირად ხელს უშლის გაკვეთილების მიმდინარეობას, რადგან მისი ქცევის მართვა მასწავლებლებს ძალიან უჭირთ. ნინოს თქმით, როდესაც მან და კიდევ სხვა რამდენიმე მშობელმა სცადა ჰიპერაქტიური ბავშვის მშობლისთვის აეხსნათ კლასში შექმნილი მძიმე სიტუაცია, არაფერი გამოუვიდათ, რადგან მშობელი სრულ იგნორირებას უკეთებს ამგვარ საუბრებს და მიიჩნევს, რომ მის შვილს არ აქვს პრობლემები. კლასის დამრიგებელიც არ აღიარებს ქცევითი თავისებურებების მქონე მოსწავლის განსაკუთრებულ საჭიროებებს და ცდილობს დანარჩენ მოსწავლეებს და მათ მშობლებს აუხსნას, რომ დათუნა ძალიან ნიჭიერი და გამორჩეული ბავშვია. დათუნა კი ამ დროს ხან ერთ კლასელს „შემთხვევით“ წააქცევს სპორტის გაკვეთილზე, ხან მეორეს ჩანთიდან ასევე „შემთხვევით“ ნივთებს ამოაცლის და დახევს. ლუკას დედა კი წუხს, რადგან მას შვილმა უკვე შეკითხვა დაუსვა: დედიკო ნიჭიერი ადამიანები მართლა დათუნასავით ცუდად იქცევიან? შენ ხომ მეუბნები, რომ მეც ნიჭიერი ვარ, რადგან კარგად ვმღერი?“

ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს მკითხველისათვის, რაზე მიგვანიშნებს ეს შემთხვევა. დაწყებითი კლასის მოსწავლეებს ზოგადად ან უყვარდებათ სკოლაში სიარული, ან ეს ერთმნიშვნელოვნად მათი მასწავლებლების დამსახურებაა.

 

მწერალი და პირობები (ნაწილი II)

0

ეს წერილი სულ სხვანაირი უნდა ყოფილიყო. იყო კიდეც ასეთი: წინა ნაწილის (https://mastsavlebeli.ge/?p=16312) თემატური გაგრძელება და ის დაპირებული გამოსავლის გზები, რომელიც რაღაცით მაინც წაეშველებოდა მატერიალურად რთულ მდგომარეობაში მყოფ ქართველ მწერალს და მწერლობას, როგორც თითქმის გაუფასურებულ პროფესიას.

მაგრამ ბოლო წამს, სანამ ტექსტს გამოვაქვეყნებდი, ყველაფერი შეიცვალა.

23 დეკემბერს, ღამით, თამარ მეფის გამზირზე შსს-ს თანამშრომლებმა პოეტი ზვიად რატიანი დააკავეს. ჯერ ნარინჯისფერ ქურთუკზე მოედავნენ დამცინავად, შემდეგ მანქანაში ჩატენეს და იქიდან დაიწყო ფიზიკური/მორალური შეურაცხყოფის მთელი სერია – გზაში, პოლიციის განყოფილებაში, იზოლატორში, უმაღლესი საპოლიციო ტრიბუნიდან, სოციალური ქსელიდან, დაქირავებულ-დაფინანსებული მედიისა და აგრესიული ფეისბუკ მომხმარებლების მხრიდან. ამის საპირწონედ, ზვიად რატიანს თანადგომა და მხარდაჭერა გამოუცხადა ქართველი მწერლების, გამომცემლებისა და საზოგადოების დიდმა ნაწილმა. ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამართული საგანგებო პრესკონფერენციიდან და სხვადასხვა სატელევიზიო ეთერიდან გაისმა საპროტესტო მოწოდებები ძალადობრივი სისტემის წინააღმდეგ. ამ შესაშური ერთიანობის გასაქარწყლებლად ხელისუფლებამ ყველაზე ულმობელი და გაუმართლებელი იარაღი გამოიყენა: საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში უნიჭოდ დამონტაჟებული კადრები გაუშვა და ადამიანური სიძულვილით თუ ხელისუფლებისადმი მაამებლობით აღტყინებული ბრბო პოეტსა და მის მხარდამჭერებს მიუსია.

სისტემა, რომელსაც უნდა დაეცვა მოქალაქე (ხელოვანი), მთელი კვირის განმავლობაში უზნეო ბავშვივით იქცეოდა: ბოდიშის ან უკანდახევის ნაცვლად თავისი გავლენის ყველა წერტილში ნაღმს აფეთქებდა და საზოგადოების ნდობის, ურთიერთობის ხიდებს წვავდა. ბოლო ლურსმანი საქალაქო სასამართლომ ჩააჭედა საქმეში: ზვიად რატიანი დამნაშავედ ცნო ადმინისტრაციული კოდექსის ორი მუხლის დარღვევაში და 2 ათასი ლარის გადახდა დააკისრა. ამასთან მოსამართლემ დამამცირებელი მოწყალებაც მოიღო, – რომ არა საახალწლო დღეები, თქვენ მიმართ პატიმრობას გამოვიყენებდიო.

არადა, ამ წერილის პირველ ნაწილში როგორ მჯეროდა, რომ მწერლის რთული ყოფითი პრობლემებისა და მუშაობისთვის არასახარბიელო გარემოს წარმოჩენის შემდეგ, ამ პრობლემებთან გამკლავების გზებზე უფრო მეტს ვისაუბრებდით. ბევრი საინტერესო ვერსია გაჩნდებოდა და მაშინ მჯეროდა კიდეც, რომ ჩვენს ხმას მივაწვდენდით იმ სახელმწიფო ინსტიტუტებს, რომელთაც ხალხისგან ამ საკითხებზე ზრუნვა დაეკისრათ.

„ზრუნვის“ საბჭოური გამოცდილება წინა ნაწილში გამოვრიცხეთ, მაგრამ მწერლისა და სახელმწიფოს ურთიერთობის თანამედროვე ცივილიზებული გამოცდილება სწორედ ისაა, რაც ჩვენს ლიტერატურას სასიცოცხლოდ სჭირდება. სკანდინავიური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მაგალითზე მალევე შეიძლება რამდენიმე ვარიანტის ამუშავება, თუკი, რა თქმა უნდა, ამის ნება იქნება ხელისუფლებისგან.

1) მწერლების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც დააფინანსებს ქართველი ავტორების ცხოვრებასა და შრომას, შეუქმნის ფინანსურ თუ ყოფით პირობებს იმისთვის, რომ წერონ – ტექსტზე ფიქრსა და მუშაობას დაუთმონ ძირითადი დრო. საქართველოში თითქმის ყველა ავტორი თავს არამწერლური სამსახურით ირჩენს, ამიტომ ყოველდღიურად იკარგება ის პოტენციალი (და ეს ბოლო წლებში განსაკუთრებით გამოჩნდა), რომელიც ლიტერატურის/კულტურის განვითარებას უნდა მოხმარებოდა. ცხადია, არსებობს ავტორების შერჩევის კრიტერიუმები და პროგრამის მომზადების დროს, საკონკურსო დოკუმენტში შესაძლებელია ამ დეტალების გაწერა და შემდგომ გათვალისწინება.

2) წიგნის მხარდაჭერის პროგრამა, რომლის მსგავსიც, ვთქვათ, ნორვეგიაშია: სახელმწიფო ყოველწლიურად შეისყიდის იმ წელს გამოცემული ყველა თანამედროვე ავტორის წიგნის 700 ეგზემპლარს საბიბლიოთეკო ქსელისთვის. ეს ქმედება რამდენიმე მხარეს აძლიერებს: მწერალს, რომელმაც იცის, რომ მისი ყოველი ახალი წიგნი გარანტირებულად შვიდასი ეგზემპლარი გაიყიდება, გამომცემელს, ბიბლიოთეკებს და მკითხველს, რომელსაც, ბუნებრივია, ყველა წიგნის შეძენის საშუალება არა აქვს.

3) გრძელვადიანი კამპანია „თანამედროვე ლიტერატურა სკოლაში“, რომელიც უწყვეტად, მიზანმიმართულად, სხვადასხვა ღონისძიების სახით (თანამედროვე ავტორების ტექსტების სასკოლო პროგრამაში შეტანა, შეხვედრები მწერლებთან, სადისკუსიო კლუბებისა და ელექტრონული პლატფორმების შექმნა…) განხორციელდება მთელი ქვეყნის მასშტაბით. ის ერთდროულად რამდენიმე მიმართულებითაა საჭირო და აქტუალური: ა) წიგნის კითხვის პოპულარიზაციისათვის; ბ) მასწავლებლების ახალი, პროგრესული ნაკადის გამოჩენისთვის, რომელიც ლიტერატურას ცოცხალ ორგანიზმად აღიქვამს და არა გაქვავებულ, სტატიკურ მასალად; გ) ახალგაზრდებში სკოლის ასაკიდანვე გაჩენილი ინტერესისათვის თანამედროვე ლიტერატურის მიმართ, რაც ბევრ სხვა სიკეთესთან ერთად, იმ სტიგმასაც მოგვაშორებს, რაც ამ ბოლო დღეებში კიდევ ერთხელ გამეფდა: „ილია და გალაკტიონიც მწერლები არიან და ეგენიც?“ (ცნობისათვის, ინტერესი თანამედროვე ქართული ლიტერატურისადმი ისეთივე დიდია ამჟამად ევროპაში, როგორც კლასიკის მიმართ. ჩვენთან როდემდე უნდა მიიჩნეოდეს „კაი ტონად“ თანამედროვე ხელოვნების აბუჩად აგდება?).

ამ ყველაფრის სანაცვლოდ, განვითარებულ ქვეყნებში მწერლებისგან უპირობო მორჩილებას, ხელისუფლებისადმი ლოიალობასა და კონფორმიზს ცხადია არ ითხოვენ. ყველა მოაზროვნე ადამიანს კარგად ესმის, რომ მსგავსი ცნებები სტალინისა და გორკის ეპოქის ჯოჯოხეთში უნდა დარჩეს სამუდამოდ. ოღონდ სანამ ეს მოხდება, ნაცემი და შეურაცხყოფილი მოქალაქის წინაშე პასუხისმგებლობა უნდა იგრძნოს ყველამ, ვისაც ამ ცუდ საქმეში თავისი წილი უდევს. თორემ ჩვენი დროის დაუსჯელი ჯალათებიც თავს ისე გაიმართლებენ, როგორც სოცრეალიზმის პირანიები სიბერის ჟამს, – რა გვექნა, ძმაო, დრო იყო ასეთიო.

 

შევაბიჯოთ ქიმიის საოცარ სამყაროში – პირველი გაკვეთილი

0

როგორ ჩავატაროთ ქიმიის პირველი გაკვეთილი ისე, რომ საგნის გაცნობისთანავე დავაინტერესოთ მოსწავლეები? რომელი მეთოდებისა და ხერხების გამოყენებაა მიზანშეწონილი მათი აზროვნებისა და ყურადღების გააქტიურებისთვის. როგორ გავუღვივოთ მათ საგნის შესწავლის სურვილი? შეეცადეთ საინტერესოდ წარმართოთ გაკვეთილი – ახალ საგანზე შექმნილი პირველი შთაბეჭდილება ძალზე მნიშვნელოვანია!

პირველი გაკვეთილის ძირითადი მიზანია, გააცნოთ მოსწავლეებს ქიმიისა და მისი განვითარების ისტორია, შეუქმნათ ამ მეცნიერებაზე პირველი შთაბეჭდილება. მოახდინოთ ნივთიერებების შესახებ მოსწავლეთა ცოდნის განახლება; დაიწყოთ ნივთიერებათა თვისებებზე და მათ გარდაქმნებზე წარმოდგენის ფორმირება; განავითაროთ მათში, ლოგიკური აზროვნების ანალიტიკური უნარები. ყოველივე ეს არასტანდარტულად შეგიძლიათ განახორციელოთ, მაგალითად, სთხოვოთ უფროსკლასელებს, მონაწილეობა მიიღონ საგაკვეთილო პროცესში. მოდით, განვიხილოთ ასეთი გაკვეთილის „სცენარი“.

აღჭურვილობა:

ბარათები, რომლებზეც ნივთიერებათა ფორმულები და ქიმიური რეაქციებია გგამოსახული, ქიმიური ჭიქები, ბრტყელძირიანი კოლბები, მუქი ფერის შუშის ჭურჭელი, ასანთი, მშრალი საწვავი, სადემონსტრაციო მაგიდა, ტიგელის მომწერები, ცხვირსახოცი, ფაიფურის ტიგელი, ლითონებისა და პლასტმასების კოლექცია.

ნივთიერებები: ახლადდამზადებული კალიუმის იოდიდი და ტყვიის აცეტატი, ფენოფტალეინი, კალცინირებული სოდა, ნატრიუმის ჰიდროსულფატი, ეთანოლი, ნორსულფაზოლის აბები, ამონიუმის დიქრომატი.

გაკვეთილის მსვლელობა:

  1. მასწავლებლის შესავალი სიტყვა:

არსებობს მეცნიერება, რომლის გარეშეც შეუძლებელია ყველაზე ფანტასტიური პროექტებისა და ზღაპრული ოცნებების განხორციელება. ეს გახლავთ ქიმია, რომელიც არაერთ ისეთ საოცრებას ინახავს, რომ მის წინაშე მსოფლიოს საუკეთესო მეზღაპრეთა ფანტაზიებიც კი უფერულდება. როგორც ზღაპარში გადაიქცევა ბაყაყი პრინცესად, ისე გარდაქმნის ქიმია გრაფიტს ბრწყინვალე ალმასად, ქაღალდს ანიჭებს ლითონის სიმტკიცეს, ლითონს კი მეხსიერებით აჯილდოებს. ამაოდ არ უწოდებენ მას ჯადოქარს – ის გვკვებავს, გვაცმევს, გვკურნავს, გვირეცხავს, მოგვაპოვებინებს სასარგებლო წიაღისეულს, მას ავყავართ კოსმოსში და ჩავყავართ ოკეანის სიღრმეებში. ყოველი ჩვენგანი ყოველდღიურად, სახლიდან გაუსვლელად ვახორციელებთ ქიმიურ რეაქციებს, ისე, რომ წარმოდგენაც არ გვაქვს: ასანთით ვანთებთ გაზქურას, ვამზადებთ საკვებს, ვრეცხავთ სარეცხს და ა.შ. თვით ადამიანის ორგანიზმიც დიდ ქიმიურ საწარმოს წარმოადგენს, რომელშიც ყოველწუთიერად უამრავი ქიმიური რეაქცია და გარდაქმნა მიმდინარეობს.

დღეს ამ საოცარ მეცნიერებასთან თქვენი პირველი შეხვედრა და გაცნობა შედგება.

ცოდნის აქტუალიზება

მასწავლებელი: რა იცით ახალი საგნის შესახებ?

უკვე შესწავლილ რომელ სასკოლო საგანთანაა ახლოს ქიმია?

როგორ ფიქრობთ, არის თუ არა ქიმია მეცნიერება? რატომ თვლით ასე?

ქიმია – ეს საჭირო მეცნიერებაა, რომლის ცოდნაც შემდგომში თქვენს პროფესიებში გამოგადგებათ?

პასუხების შემდეგ ხდება მათი კორექტირება.

მოსწავლეები რვეულებში ინიშნავენ გაკვეთილის თარიღს, თემას (პრეზენტაციის სლაიდიდან), ქიმიის საგნის განმარტებას: ქიმია საბუნებისმეტყველო მეცნიერებაა ნივთიერებების, მათი ფიზიკურ-ქიმიური თვისებების, გარდაქმნებისა და გამოყენების კანონზომიერების შესახებ.

გავარჯიშება:

მასწავლებელი: ქიმია, თქვენთვის ჯერ უცხო და ახალი მეცნიერებაა, მაგრამ ჩანს, რომ უკვე ბევრი რამ იცით სხვა საგნებიდან და საკუთარი ცხოვრებისეული გამოცდილებიდან. ახლა ამაში თავად დარწმუნდებით ჩემს კითხვებზე პასუხების გაცემისას. დაიცავით შემდეგი წესები: ერთმანეთს არ შეაწყვეტინოთ საუბარი, პატივი ეცით სხვის აზრს, შეძელით ღირსეულად წაგება.

კითხვარი – „ჩვენ ეს უკვე ვიცით!“

  1. რატომ ვუბერავთ ასანთს, როცა მისი ჩაქრობა გვსურს? (ამოსუნთქულ ჰაერში ნახშირორჟანგის შემცველობაა, რომელიც ხელს უშლის წვას).
  2. რატომ არ შეიძლება ცეცხლმოკიდებული ბენზინის წყლით ჩაქრობა? (ბენზინი წყალზე მსუბუქია, არ ერევა მას და წყლის ზედაპირზე წარმოქმნის აპკს).
  3. როგორ გავაძვრინოთ წყალი ბადეში, ისე, რომ წვეთიც არ დაგვეღვაროს? (გავყინოთ.)
  4. რომელ წყალშია შეუძლებელი დახრჩობა? რატომ? ამის რა მაგალითი ვიცით? (მარილიან წყალში, მკვდარი ზღვა)
  5. 1 კგ. რკინის მოცულობა მეტია თუ 1 კგ. ბამბისა? (ბამბის მოცულობაა მეტი, რადგან მას ნაკლები სიმკვრივე აქვს).
  6. 1 გრ. რომელი ლითონისაგანაა შესაძლებელი 2,5 კმ. სიგრძის მავრთულის გაჭიმვა ან ამ 1 გრ.-ის გაბრტყელება ისე, რომ დაახლოებით 4 მ. სიგანის ფირფიტა მივიღოთ? (ოქროსგან).
  7. შესაძლებელია თუ არა, მხოლოდ ნახევარი ოთახის ჰაერით შევსება? (არა, რადგან ჰაერი მთელს მოცულობაზე ნაწილდება).
  8. რომელი ლითონის ნაერთები განაპირობებენ, პლანეტა მარსის წითელ ელფერს? როგორაა ეს ლითონი დაკავშირებული ფერთან? (ეს ლითონია რკინა, მისი ნაერთები ანიჭებენ წითელ შეფერილობას ჩვენს სისხლს, სახეზე ალმურიც მასთანაა დაკავშირებული).

ყველა ჩამოთვლილი კითხვის დასმა აუცილებელი არაა. ეს დამოკიდებულია იმ დროზე, რომელიც მათ პასუხებისთვის დასჭირდებათ.

ამის შემდეგ გაკვეთილს განაგრძობენ მე-9 კლასის მოსწავლეები საკუთარი პრეზენტაციით. ისინი გიამბობენ ქიმიის მეცნიერების განვითარების ისტორიას, ნახავთ არაერთ საინტერესო ცდას. გაკვეთილის ბოლოს კი, ვიქტორინის კითხვებზე პასუხის გაცემის შემდგომ თქვენ მოიპოვებთ იმ ექსპრესის ბილეთებს, რომელიც გაგაქროლებთ პლანეტა „ქიმია-8-ის“ თვალუწვდენელ სივრცეში.

  1. II. ახალი მასალის შესწავლა, ცდების დემონსტრირება.

პირველი წამყვანი.

მე-8-ე კლასიდან თქვენ იწყებთ ახალი საგნის, ქიმიის შესწავლას. ეს არის მეცნიერება ნივთიერებათა და მათ გარდაქმნათა შესახებ. ყველა ნივთიერება, რომელიც ჩვენ ირგვლივაა, შედგება ქიმიური ელემენტებისაგან, რომლებიც დღეისათვის 113-ზე მეტია. სხვადასხვა ელემენტების ატომები, შეერთებისას წარმოქმნიან 20 მილიონზე მეტ ნივთიერებას.

მათი თვისებების ცოდნა აუცილებელია, რათა შევძლოთ მათივე გამოყენება. ჩვენი შორეული წინაპრები აფასებდნენ ქვის სიმტკიცეს და მას სანადირო და სამუშაო იარაღების დასამზადებლად  იყენებდნენ. ზოგიერთ ნივთიერებას თქვენ უკვე იცნობთ: რკინა, ალუმინი, წყალი, ცარცი, შაქარი, ჟანგბადი, ნახშირორჟანგი, ეთილის სპირტი, წყალბადის ზეჟანგი, პლასტმასი, მინა და სხვა (ახდენენ ლითონებისა და პლასტმასების კოლექციის დემონსტრირებას). არა მხოლოდ დედამიწაზე, არამედ მთელ სამყაროში ნივთიერებები ერთი და იმავე ელემენტებისაგან შედგება, რომლებიც მეცნიერებმა ჩვენს პლანეტაზე ერთმანეთის მიყოლებით აღმოაჩინეს.

ქიმიის გაკვეთილებზე თქვენ გაეცნობით ბევრ საინტერესო მასალას ელემენტების შესახებ. დღეს კი ჩვენ გვსურს, მოკლედ გაგაცნოთ ქიმიის განვითარების ისტორია.

მოსწავლე:

როგორც წესი, ქიმიის ისტორიკოსები მისი განვითარების შემდეგ ძირითად ეტაპებს გამოყოფენ:

  1. პრეალქიმიის პერიოდი: ჩვენს ერამდე III საუკუნე. ამ პერიოდში ნივთიერებების შესახებ თეორეტიკული და პრაქტიკული ცოდნის ასპექტები, ერთმანეთისაგან შედარებით დამოუკიდებლად ვითარდებოდნენ. ნივთიერებების თვისებების წარმომავლობას განიხილავდა ანტიკური ნატურფილოსოფია, მათზე პრაქტიკული ოპერაციები სახელოსნო ქიმიის პრეროგატივას წარმოადგენდა.
  2. ალქიმიის პერიოდი: III – XVII ს.ს. თავის მხრივ მას სამ პერიოდად ჰყოფენ – ალექსანდრიული (ბერძნულ-ეგვიპტური), არაბული და ევროპული ალქიმია. ეს ფილოსოფიური ქვის ძიების პერიოდია, რომელიც მნიშვნელოვანი იყო ლითონების ტრანსმუტაციისათვის. სწორედ ამ დროს დაიწყო ექსპერიმენტული ქიმიის ჩასახვა და ნივთიერებებზე გარკვეული ცოდნის დაგროვება. ალქიმიური თეორია, რომელიც ეფუძნებოდა წარმოდგენებს ანტიკური ფილოსოფიის ელემენტების შესახებ, მჭიდრო კავშირში იყო ასტროლოგიასა და მისტიკასთან. ქიმიურ-ტექნიკურ „ოქროს მზადებასთან“ ერთად, ალქიმიური პერიოდი მნიშვნელოვანია მისტიკური ფილოსოფიის უნიკალური სისტემის შექმნითაც.
  3. გაერთიანების (ფეხზე დადგომის) პერიოდი: XVII – XVIII ს.ს. ქიმიის, როგორც მეცნიერების აღორძინების პერიოდში, მოხდა მისი სრული რაციონალიზაცია. ის გათავისუფლდა ელემენტებზე, როგორც გარკვეული ხარისხის მატარებლებზე, ნატურფილოსოფიური და ალქიმიური შეხედულებებისგან. ნივთიერებებზე პრაქტიკული ცოდნის გაფართოების კვალდაკვალ დაიწყო ქიმიურ პროცესებზე ერთიანი ხედვის ჩამოყალიბება და ექსპერიმენტული მეთოდის სრულად გამოყენება. ქიმიური ევოლუციის ამ პერიოდმა, საბოლოოდ დასრულებული სახე მისცა ქიმიას, როგორც დამოუკიდებელ (თუმცა სხვა საბუნებისმეტყველო დარგებთან მჭიდრო კავშირში მყოფ) მეცნიერებას, რომელიც ექსპერიმენტულად შეისწავლიდა ნივთიერებათა შედგენილობასა და აგებულებას.
  4. რაოდენობრივი კანონების პერიოდი (ატომურ-მოლეკულური თეორიის პერიოდი): 1789 – 1860 წ.წ. რაოდენობრვი კანონების პერიოდი ისტორიაში აღინიშნა, როგორც მთავარი რაოდენობრივი კანონზომიერების – სტექიომეტრიული კანონების აღმოჩენითა და ატომურ-მოლეკულური მოძღვრების ფორმულირებით, რამაც ქიმია საბოლოოდ აქცია ზუსტ მეცნიერებად, რომელიც არამხოლოდ დაკვირვებებს, არამედ გათვლებსაც ეფუძნება.
  5. კლასიკური ქიმიის პერიოდი: 1860წ. – XIXს. დასასრული. ეს პერიოდი ხასიათდება, მეცნიერების განვითარებისკენ სწრაფვით: შეიქმნა  ქიმიურ ელემენტთა პერიოდულობის სისტემა, ვალენტობის თეორია და მოლეკულის ქიმიური აგებულების, სტერეოქიმია, ქიმიური თერმოდინამიკა და კინეტიკა. ბრწყინვალე წარმატება მოიპოვა გამოყენებითმა არაორგანულმა ქიმიამ და ორგანულმა სინთეზმა. ნივთიერებებსა და მათ თვისებებზე იმ დროისათვის დაგროვილ ცოდნასთან დაკავშირებით დაიწყო ქიმიის დიფერენციაცია – მისი ცალკეული განშტოებების გამოყოფა, რომლებიც დამოუკიდებელ მეცნიერებების სახეს იღებდნენ.

თანამედროვე პერიოდი:  ХХ ს. დასაწყისიდან დღემდე. ХХ ს. დასაწყისში, რევოლუცია მოხდა ფიზიკაში: მატერიაზე ცოდნის სისტემა, რომელიც ნიუტონის მექანიკის კანონებს ეფუძნებოდა, ჩაანაცვლა კვანტური და ფარდობითობის თეორიებმა. ატომის ხლეჩის დადგენამ და კვანტური მექანიკის შექმნამ ახლებური შინაარსი შესძინეს ქიმიის ძირითად წარმოდგენებს. ამ პერიოდში ფიზიკაში მიღწეულმა წარმატებებმა შესაძლებელი გახადა ელემენტებისა და მათი თვისებების პერიოდულობის გაგება, სავალენტო ძალების ბუნების ახსნა და ატომთა შორის ქიმიური კავშირის თეორიის შექმნა. პრინციპულად ახალი ფიზიკური  კვლევის მეთოდებმა, ქიმიკოსებს მანამდე წარმოუდგენელი შესაძლებლობები მისცა ნივთიერებების შედგენილობის, სტრუქტურისა და რეაქციის უნარიანობის შესასწავლად. ამ ყველაფერმა, სხვა მიღწევებთან ერთად, განაპირობა ბიოქიმიის ბრწყინვალე წარმატებები, წინა საუკუნის მეორე ნახევარში – დნმ-ისა და ცილების აგებულების დადგენა, ცოცხალი ორგანიზმის უჯრედების ფუნქციონირების მექანიზმის შესწავლა.

მეორე წამყვანი:

ქიმიის სამშობლო ეგვიპტეა. სახელწოდება „ქიმია“ მომდინარეობს სიტყვიდან ქემი ან ქუმა (შავი) – ასე უწოდებდნენ ძველი ეგვიპტელები საკუთარ სამშობლოს. ამდენად, სიტყვა „ქიმია“ ნიშნავს ეგვიპტურ ხელოვნებას, რომელიც კავშირში იყო სხვადასხვა მინერალებთან და მეტალებთან. ქიმია ღმერთების მეცნიერებად ითვლებოდა. ის ქურუმთა ხელში იყო და არახელდასმულთათვის საიდუმლოს წარმოადგენდა.

შემდეგ არაბებმა სიტყვა „ქიმიას“, მათი ენისათვის დამახასიათებელი სუფიქსი „ალ-“ დაამატეს, ასე გაჩნდა ტერმინი „ალქიმია“ და,  შესაბამისად, „ალქიმიკოსი“. ამჟამად, ალქიმიად იწოდება IV ს.-დან XVI ს.-მდე ქიმიის განვითარების პერიოდი. ალქიმიკოსთა კვლევები მიმართული იყო „ფილოსოფიური ქვის“ აღმოჩენისკენ, რომელიც, მათი ვარაუდით, ნებისმიერ მეტალს ოქროდ აქცევდა. მეფეებს საკუთარ კარზე ჰყავდათ ალქიმიკოსები, რათა მათ ოქრო მიეღოთ. ვნახოთ როგორ მუშაობდნენ ალქიმიკოსები

ალქიმიკოსი:

მე წარმოგიდგენთ „წყლის ოქროდ გადაქცევის“ ცდას. ერთ ქიმიურ ჭიქაში მოთავსებულია კალიუმის იოდიდის ახლად მომზადებული ხსნარი, მეორეში – ტყვიის აცეტატის ხსნარი. ორივე ხსნარი გადაგვაქვს დიდი ტევადობის ქიმიურ ჭიქაში. მიმდინარეობს მკვეთრი ყვითელი ფერის მქონე ტყვიის იოდიდის გამოლექვა (ბარათზე დაწერილ ქიმიურ რეაქციას ანახებენ).

2KI + Pb(CH3COO)2 = PbI2 + 2KCH3COO.

– შემდეგ გაკვეთილებზე, თქვენ შეიტყობთ, თუ რას ნიშნავს, ქიმიური ტოლობების მსგავსი ჩანაწერები.

მესამე წამყვანი:

ალქიმიკოსებმა, ბევრი ცდის მიუხედავად, მაინც ვერ შეძლეს მეტალის ოქროდ გარდაქმნა. ალქიმია ბევრ ქვეყნებში აიკრძალა და ალქიმიკოსებს, როგორც ჯადოქრებს, კოცონზე წვავდნენ. შეუძლებელია მეცნიერების აკრძალვა. მეცნიერებმა, სახელწოდებიდან ამოიღეს სუფიქსი „ალ-“ და მივიღეთ ახალი დასახელება – ქიმია, რომელიც დღემდე მოჰყვება, და შეისწავლის ჩვენ გარშემო სამყაროში არსებულ ნივთიერებებს, მათ თვისებებსა და მათში მიმდინარე გარდაქმნებს. დღეისათვის ქიმიური წარმოების პროდუქტები ჩვენი ყოველდღიურობის ძირითადი შემადგენელია. ქიმიური კვლევები მიმდინარეობენ ფაბრიკა-ქარხნებში, ლაბორატორიებში და ა.შ. ყველა სკოლაშია ქიმიის კაბინეტი და, შესაბამისად, ლაბორატორია.

ახლა გავეცნოთ ზოგიერთ ნივთიერებასა და მათ გარდაქმნებს.

პირველი ლაბორანტი:

– მე წარმოგიდგენთ წყლის ჟოლოს სიროპად გარდაქმნის პროცესს.

ამ ცდის ჩასატარებლად დაგვჭირდება ოთხი ქიმიური ჭიქა და მუქი მინის წყლის ჭურჭელი. პირველ ჭიქაში მოთავსებულია ფენოფტალეინი, მეორეში – ნატრიუმის კარბონატი, მეოთხეში – ნატრიუმის ჰიდროსულფატი, მუქ ჭურჭელში – წყალი, მესამე ჭიქა კი ცარიელია. შემდეგ ჭიქებიდან წყალს გადავღვრით მუქ ჭურჭელში. ბოლო ჭიქას კი ვიტოვებთ საკონტროლოდ. ჭიქებში ისევ ჩამოვასხამთ დიდ ჭურჭელში არსებულ ხსნარს. შეხედეთ: ხსნარმა მკვეთრი ჟოლოსფერი მიიღო, თითქოს ვაჟინს დაემსგავსა! ჩავაბრუნოთ „ვაჟინი“ დიდ ჭურჭელში და იმ წყალს შეურიოთ, რომელიც ბოლო ჭიქაში გვაქვს. ისევ ჭიქებში ჩამოვასხათ და დავინახავთ, რომ ხსნარი ისევ წყლად იქცა. თითქოს საოცრებაა, მაგრამ არა, უბრალოდ ერთ ჭიქაში ფენოფტალეინი იყო, მეორეში კი ტუტე გარემოს მქონე ხსნარი. მათი შერევით ხსნარი ჟოლოსფერი ხდება. დაიმახსოვრეთ: ფენოფტალეინი ტუტე გარემოში ყოველთვის ჟოლოსფერია! შეფერილობა რომ გაქრეს, მე დავამატე მჟავა გარემოს მქონე ხსნარი, რომელმაც გაანეიტრალა ტუტე და ხსნარი გაუფერულდა.

– დაასახელეთ ის ქიმიური ნივთიერებები, რომლებიც ამ ცდისას გამოვიყენეთ.

მეორე ლაბორანტი:

ბევრ თქვენგანს ალბათ უყვარს ფანტასტიკის ჟანრი. ახლა თქვენ იხილავთ, როგორ იბადება ჭუპრიდან გველი (ისმის მუსიკა, იწყება ცდის დემონსტრირება, რომელსაც „ფარაონის გველი“ ეწოდება).

ცდის აღწერა:

მშრალი საწვავის აბი დავაქუცმაცოთ და კონუსურად მოვათავსოთ სადგამზე. კონუსის წვერზე დავადოთ ნორსულფაზოლის სამი აბი. მოვულიდოთ ასანთით და მეტალის წკირით გავასწოროთ „გველები“, რომლებიც გამოძვრებიან. ცდის დასრულებისას ცეცხლი პლასტმასის ხუფით  ჩავაქროთ.

პირველი ლაბორანტი:

– ახლა ცხვირსახოცს ხელში ავიღებ, წყაროს წყლით დავასველებ და ასანთის ალზე დავწვავ. (ახდენს ცდის დემონსტრირებას, სახელწოდებით – „ცხვირსახოცი, რომელიც არ იწვის“).

ცდის აღწერა:

ცხვირსახოცი წყალში გაავლეთ, ოდნავ გაწურეთ და გაჟღინთეთ სპირტით. ტიგელის მომჭერით დაიკავეთ მისი ერთი ბოლო და გაჭიმული ხელით ალი ქსოვილთან მიიტანეთ. სპირტი მაშინვე აალდება და იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს ქსოვილი იწვის. წვა სრულდება და ცხვირსახოცი უვნებელი რჩება, რადგან ნოტიო ქსოვილის აალების ტემპერატურა გაცილებით მაღალია, ვიდრე სპირტისა.

C2H5OH + 3O2 = 2CO2 + 3H2O.

– დაასახელეთ ნივთიერება, რომელიც ხელს უწყობს სუნთქვისა და წვის პროცესებს. რა იცით ამ ნივთიერების თვისებებზე?

მეორე ლაბორანტი:

– ჩვენი შეხვედრის დასასრულ მე გაჩვენებთ ცდას, რომელსაც ეწოდება „ვულკანი“. უწინ ვულკანი ვეზუვი პომპეას ფერფლით ფარავდა ქალაქ. (კვლავ ირთვება მუსიკა და იწყება ცდის დემონსტრირება).

ცდის მსვლელობა

კონუსური კოლბის ყელზე მოათავსეთ ტიგელი ან ფაიფურის ჭიქა. კოლბა შეგიძლიათ პლასტელინით დაფაროთ და მთას დაამსგავსოთ, ან დაამზადოთ ამაღლებული მაკეტი. კოლბას ან მაკეტს, დაუფინეთ ქაღალდი, რათა ქრომის (|||) ოქსიდი შეაგროვოთ. თიგელში ან ჭიქაში მოათავსეთ ამონიუმის დიქრომატი, რომელიც სპირტითაა დანამული. „ვულკანი“ კაშკაშა ალით ინთება, ეს ეგზოთერმული რეაქციაა და აქტიურად მიმდინარეობს. აზოტთან ერთად ქრომის ოქსიდის გავარვარებული ნაწილაკები იფრქვევა. თუ სინათლეს ჩავაქრობთ, ვულკანის ამოფრქვევას მოგვაგონებს, როცა კრატერიდან გავარვარებული ლავა ამოხეთქავს (აჩვენებენ ქიმიური რეაქციის ჩანაწერს ბარათზე).

(NH4)2Cr2O7 = N2 + Cr2O3 + 4H2O.

(შეაგროვეთ ქრომის (|||) ოქსიდი სხვა ცდებისთვის).

მასწავლებელი:

– აი, რამდენი საინტერესო ქიმიური გარდაქმნის მოწმენი გახდით დღევანდელ გაკვეთილზე. ქიმიურ რეაქციაზე მსჯელობა, მისი მახასიათებლებითაა შესაძლებელი – ნივთიერების ფერის ცვლილება, სუნის წარმოქმნა, გამოლექვა, სინათლის ან სითბოს გამოყოფა, აირადი ნივთიერების წარმოქმნა.

– წარმოდგენილი ცდების მიხედვით, ქიმიური რეაქციის რომელი მახასიათებლები შეგიძლიათ დაასახელოთ?

III. ვიქტორინა მოსწავლეთათვის.

მასწავლებელი: აბა როგორ ფიქრობთ, მოგხიბლათ ქიმიამ თავისი საოცრებებით? ახლა შეეცადეთ უპასუხოთ ვიქტორინის შეკითხვებს.

ვიქტორინის კითხვები:

  1. დედამიწაზე ყველაზე გავრცელებული ნივთიერება? (წყალი).
  2. წყალში არ იძირება, ცეცხლში არ იწვის, მხოლოდ ნულ გრადუსზე დაბალ ტემპერატურაზე არსებობს. რა არის? (ყინული).
  3. დაასახელეთ ლითონი, რომელიც ითახის ტემპერატურაზე თხევადია. (ვერცხლისწყალი).
  4. ამ აირის გარეშე შეუძლებელია ცხოველებისა და ადამიანების ცხოვრება, მისი სახელი ბავშმაც კი იცის (ჟანგბადი).
  5. მსოფლიოში ცნობილი ვარ, რბილი ვარ და მსუბუქი ვარ, მეცამეტე ბინაში დავბინავდი მბრწყინავი (ალუმინი).
  6. ეს აირი ქუხილისას წარმოიქმნება, მას ფიჭვნარშიც ვხვდებით, სადაც სუნთქვა გვიადვილდება, წყალში მისი გემო საერთოდ არ იგრძნობა, მაგრამ კარგად აკეთებს დეზინფექციას. რა არის? (ოზონი).
  7. ამ ნივთიერებას, ჩვენი წინაპრები სიკვდილ-სიცოცხლის გამგებელს უწოდებდნენ. მას ღმერთებს სწირავდნენ და ზოგჯერ თავადაც ეთაყვანებოდნენ, როგორც ღვთაებას. ის სიმდიდრის, ძალაუფლების და მედგრობის საზომი იყო. სილამაზისა და ახალგაზრდობის მფარველად ითვლებოდა. ფართოდ გამოიყენებოდა ყოფა-ცხოვრებაში, კერძოდ, კულინარიაში, ტყავის დამუშავებასა და ტექსტილის წარმოებაში და სხვა. რომელ ნივთიერებაზეა საუბარი? (საკვები მარილი).
  8. ძველი ეგვიპტელები მას „ვააეპერეს“ უწოდებდნენ, რაც „ცით მოვლენილს“ ნიშნავდა; ძველი კოპტები კი „ზეციურ ქვას“ უწოდებდნენ. მისგან დამზადებული ნივთები ოქროზე ძვირად ფასობდა. მხოლოდ ძალიან მდიდრებს ჰქონდათ მისგან დამზადებული სამკაული. ამ ნივთიერების სახელი ეწოდა საუკუნეს. ის პლასტიური და რბილი მეტალია… (რკინა).
  • ყველა კითხვას სწორად უპასუხეთ, ყოჩაღ!
  • ახლა უკვე, რომელი ქიმიური ნივთიერებების დასახელება შეგიძლიათ?
  1. გაკვეთილის შედეგების შეჯამება.

მასწავლებელი: შეძლეს თუ არა ჩემმა თანაშემწეებმა თქვენი დარწმუნება, რომ ქიმია ძალიან საინტერესო მეცნიერებაა? რომელი ცდები შეგიძლიათ გაიმეოროთ სახლის პირობებში, რათა თქვენი ახლობლები გააოცოთ? რაც მთავარია, არ დაგავიწყდეთ უსაფრთხოების წესები.

უნდა აღინიშნოს, რომ ქიმია, ერთ-ერთი რთული მეცნიერებაა საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა შორის. მილიონობით ნივთიერება, ეს ნიშნავს მილიონობით ქიმიურ ფორმულასა და რეაქციას, უამრავ კანონსა და კანონზომიერებას. თქვენ მოგიწევთ მათი შესწავლა, რადგან ქიმიის კანონები ეს იგივე სამყაროს კანონებია. ყველა თქვენგანს, ვინც გადაწყვეტს, ამ მეცნიერებას მიუძღვნას თავი, შესაძლებლობა ეძლევა საკუთარი წვლილი შეიტანოს ბუნების საიდუმლოებათა გახსნაში, ახალი, ბუნებაში არარსებული ნივთიერებებისა და მასალების აღმოჩენაში.

სასწავლო წლის მანძილზე, ჩვენ თანდათანობით  დავიპყრობთ პლანეტას „ქიმია-8“, რომელსაც საკუთარი ცოდნით დავეუფლებით. წარმატებებს გისურვებთ და გზას დაგილოცავთ ამ რთულ, მაგრამ საინტერესო მოგზაურობაში!

  1. საშინაო დავალება:

სახელმძღვანელოდან: თემები – ქიმიის საგანი, ნივთიერებები, ნივთიერებათა გარდაქმნები.

სურვილისამებრ, ქიმიის ისტორიიდან თემების მომზადება: „ძველესი ხალხების ქიმიური ცოდნა“,  „ალქიმია“,  „პრაქტიკული ქიმია საქართველოში“.

თქვენი გაკვეთილები საინტერესო და შთამბეჭდავი რომ იყოს, მუდმივად მოიძიეთ ახალი ინფორმაციები, უცნაური და საინტერესო ფაქტები ყველა თემასთან დაკავშირებით, რომლებიც სახელმძღვანელოში არაა მოცემული. გააოცეთ თქვენი მოსწავლეები და თქვენც გაოცდით მათთან ერთად!

 

 

წყარო:

  1. https://sharemylesson.com/subject/chemistry
  2. https://study.com/academy/topic/introduction-to-chemistry-lesson-plans.html
  3. https://www.pinterest.com/explore/chemistry-lessons/
  4. https://him.1september.ru/article.php?ID=201000604
  5. https://numi.ru/fullview.php?id=12523

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

თანასწავლება

0

 თანასწავლება (co-teaching) გუნდური სწავლების სახეა და საგაკვეთილო პროცესში მოიაზრებს ორი თანაბარი განათლების მქონე ინდივიდს, რომელთაც შესაძლოა ჰქონდეთ ან არ ჰქონდეთ განათლება ერთსა და იმავე დისციპლინაში და აწვდიდნენ ან არ აწვდიდნენ მსგავსი ტიპის საგანმანათლებლო ინსტრუქციებს  მოსწავლეთა/სტუდენტთა ჯგუფებს. სწავლების ეს ტიპი, როგორც წესი, ხორციელდება როგორც სკოლამდელ დაწესებულებებში, ასე სკოლაში სწავლის ნებისმიერ საფეხურზე. თანასწავლებისას განათლების ორი მუშაკი – ორი პედაგოგი ერთად გეგმავს, აყალიბებს, ახორციელებს საგაკვეთილო პროცესს, მიუთითებს და აფასებს ერთი და იმავე ჯგუფის მოსწავლეებს ერთსა და იმავე სივრცეში. თანასწავლების თვალსაჩინო ნიმუშები ვრცელდება თანამედროვე მსოფლიოს ინკლუზიურ საკლასო სივრცეში, სადაც საგნის ძირითადი პედაგოგი და სპეცმასწავლებელი ინაწილებენ პასუხისმგებლობას საკლასო დაგეგმვისა და მოსწავლეთათვის ინსტრუქციების თანაბრად მიწოდებისთვის, რაც ემსახურება ინკლუზიას (ჩართულობას) და მეტი სარგებელი მოაქვს ყველა მოსწავლისათვის.

 

 ამ განსაზღვრის კვალდაკვალ ყველგან ბუნებრივად დაისმის შეკითხვა: როგორ შეიძლება მსგავსი როლები გაინაწილონ სერტიფიცირებულმა და დამწყებმა პედაგოგებმა ან თუნდაც პრაქტიკაზე მყოფმა სტუდენტებმა? ამ შეკითხვის გასაღები იქ არის, სადაც პოზიტიურად გაიაზრება თანასწავლების, ე.წ. „ქოუ-თიჩინგის“ ცნება, რომელიც შეიძლება განისაზღვროს, როგორც ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული ორი გაწრთვნილი ინდივიდის ჩართულობა, თანამშრომლობა მოსწავლეთა/სტუდენტთა ჯგუფებთან ზიარსივრცეში თანაზიარი მიზნებით. ამ ბოლო განსაზღვრაში აქცენტი ვერ იქნება „თანაბრად კვალიფიციურ“ ცნებებზე, და მხოლოდ თანამშრომელმა,  კეთილგანწყობილმა და სათნო მასწავლებლებმა შეიძლება ზიდონ ლიდერის ტვირთი იმ მოტივით, რომ თანასწავლებამ  შეიძლება გააძლიეროს ეფექტურობა და მოგვცეს საუკეთესო შედეგი კლასში, სადაც ძირითადი  პედაგოგი და სპეცმასწავლებელი იზიარებენ ინსტრუქტირებისა და კლასის მართვის პასუხისმგებლობას.

თანახმად ინსტრუქციული მოწყობისა, რომელსაც გულისხმობს თანასწავლების ფორმატი (co-teaching format), ორივე პედაგოგმა თანაბრად უნდა მიიღონ მონაწილეობა საგაკვეთილო პროცესში და გახდნენ სრული პარტნიორები. ეს კი არ გულისხმობს ერთდროულად ანალოგიური ან მსგავსი რამის კეთებას. ეს გულისხმობს, რომ თითოეული მასწავლებლის როლი მიმართული უნდა იყოს გაკვეთილის ეფექტურობისა და შედეგიანობისკენ. როდესაც ერთ-ერთი მასწავლებელი დამწყები/სტუდენტია, სწავლობს პარტნიორი მასწავლებლისგან, რომელმაც ასევე იცის და გააზრებული აქვს, რომ დამწყები პედაგოგიც გადამზადებულია და მასაც შეუძლია რაიმე ღირებულის შეთავაზება კონკრეტულ სიტუაციაში. გ ა მ ო წ ვ ე ვ ა ა თანამასწავლებელთა როლების დაბალანსება სასწავლო პროცესისა და  დამწყები პედაგოგების პროფესიული მზაობის გაძლიერების მიზნით.

სხვადასხვა საგანმანათლებლო მოძრაობების შედეგად  (NCLBIDEA (2004)RTI) თანასწავლება არის ერთ-ერთი სწრაფად მზარდი ინკლუზიური სწავლების პრაქტიკა, მაგრამ ამის მიუხედავად, თანასწავლება სკოლებში  ნაკლებად ხორციელდება. მეტად გავრცელებულია საკლასო ოთახები თითო მასწავლებლით, რომელიც მარტო ირგებს როლს და „საავტორო უფლებებით“ ან მძაფრი პოსესიურობის განცდებით უძღვება სასწავლო პროცესს. ეს ავტორიტარული მართვის სტილია და მოსწავლეებს ხშირად აბნევს. ამის აღმოსაფხვრელად აუცილებელია გაკვეთილებზე გამოვიყენოთ თანასწავლების მოდელები, რომელთა თანახმად, ორივე პედაგოგის თანაბარი მონაწილეობით წინდაწინ ფრთხილად და ფაქიზად დაიგეგმება საგაკვეთილო პროცესები და განისაზღვრება პარტნიორი მასწავლებლების თანაბარი უფლებები და პასუხისმგებლობები მოსწავლეთა წინაშე. როდესაც მოგვმართავენ, უნდა ვიმუშაოთ დამწყებ/სტუდენტ მასწავლებელთანაც, რადგან თანასწავლება არის მიდგომა საზიარო პროფესიული სივრცის განვითარებისა, რაც დამწყებ მასწავლებელს სწავლების უნარების გაუმჯობესების საშუალებას მისცემს.

თანასწავლების უპირატესობანი:

  • აუმჯობესებს ბავშვებისათვის ინსტრუქტირების მხარდაჭერას;
  • ზოგავს დროს;
  • ზრდის მასალის ათვისების შესაძლებლობას;
  • მეტი ჩართულობა და ურთიერთმხარდაჭერაა;
  • ასაკით უფროსი თანამასწავლებელი ხდება უფრო ენერგიული;
  • ზრდის ყურადღებას;
  • ამცირებს შედარებითობით დამოკიდებულებას;
  • ამაღლებს მასწავლებლების თვითშეგნებას;
  • მასწავლებლები სწავლობენ, რა სტრატეგიები გამოიყენონ მითითებისას, როგორ დაგეგმონ და ჩაატარონ მაღალი დონის გაკვეთილები Strategies & tips;
  • მოსწავლეები მაგალითით სწავლობენ თანამშრომლობას;
  • იზრდება მოტივაცია და პასუხისმგებლობა.

თანასწავლების წარმატების განმაპირობებელი ფაქტორები:

  • არაერთგვაროვნება, განსხვავებულობა და დისპოზიცია, რაც ქმნის პარტნიორი მასწავლებლების განსაკუთრებულ ალქიმიას;
  • სურვილი, გაუზიარონ და ისწავლონ ერთმანეთისგან;
  • ჰარმონიული ურთიერთთანაარსებობა;
  • შედეგზე ორიენტირებული სწავლების ფილოსოფია;
  • კომუნიკაციისა და ინტერპესონალური უნარები;
  • მსგავსი ენერგიის დონე და ენთუზიაზმი სწავლებისათვის;
  • შესასწავლი მასალის შინაარსი (მაგალითად, თანამასწავლებელი რა საგანს უფრო კარგად ფლობს, ეკონომიკას თუ ისტორიას?)
  • პრაქტიკის ხანგრძლივობა (მაგალითად, თუ თანამასწავლებელი სტუდენტურ პრაქტიკაზეა, აქვს თუ არა საკმარისი დრო დაკვირვების/მხარდაჭერის პერიოდიდან თანასწავლებლის პერიოდში გადასასვლელად?)
  • დრო პარტნიორული დაგეგმვისა და საგაკვეთილო რეფლექსიებისთვის;
  • ადმინისტრაციული მხარდაჭერა თანაზიარად გეგმების შედგენისა და მათი განხორციელებისთვის.

 

თანასწავლების მოდელები

არსებობს თანასწავლების რამდენიმე მოდელი [Friend and Cook 1996]. ესენია:

  • ერთი ასწავლის, ერთი მხარდამჭერია: ერთი თანამასწავლებელი აძლევს მითითებებს, სანამ მეორე ეხმარება ყველას, ვისაც სჭირდება დამატებითი დახმარება გაძლიერებისთვის, აგროვებს დაკვირვების მონაცემებს ან აწარმოებს საკლასო მენეჯმენტს.
  • პარალელური სწავლება: თითოეული თანამასწავლებელი ან თანამასწავლებელი და სტუდენტი მასწავლებელი გაკვეთილს ერთად გეგმავენ, მაგრამ ისინი კლასში ერთსა და იმავე დროს ერთი ინფორმაციის სხვადასხვა მხარეს წარმოაჩენენ.
  • ალტერნატიული სწავლება: ერთი მასწავლებელი მთელ კლასზე ზრუნავს, სანამ მეორე მუშაობს მცირე ჯგუფში კლასის შიგნით ან გარეთ. ეს მცირე ჯგუფი კი არ არის ინტეგრირებული მიმდინარე გაკვეთილის მსვლელობისას.
  • სწავლება „სადგური“: ორივე მასწავლებელი ინაწილებს მითითებების შინაარსს და თითოეული იღებს დაგეგმვისა და სწავლების პასუხისმგებლობას. ამგვარი სწავლებისას კლასი იყოფა სხვადასხვა სასწავლო ნაწილებად. თანამასწავლებელი და სტუდენტი მასწავლებელი არიან ცალკეულ „სადგურებზე“, სხვა „სადგურებზე“ კი ბავშვები მუშაობენ დამოუკიდებლად ან მასწავლებლის დახმარებით.
  • გუნდური სწავლება: ორივე მასწავლებელი პასუხისმგებელია გაკვეთილის დაგეგმვასა და სტუდენტებისთვის მითითებების გაზიარებაზე. გაკვეთილს ხსნის ან ასწავლის ორივე მათგანი. ისინი თანაბრად ერთვებიან ახსნის პროცესში, რათა მოწაფეები წაახალისონ აზრის გამოთქმისა და დისკუსიისთვის. ორივე პედაგოგი აქტიურადაა ჩართული გაკვეთილის დაგეგმვასა და დისციპლინის მართვაში[1].

თანასწავლების სტრატეგიები[2]

მსგავსებები:
·         საკლასო ოთახში ორი ან მეტი თანამასწავლებელია;

·         მათი ცოდნის დონე, მუშაობის გამოცდილება თანაბარია;

·         ორივე უზრუნველყოფს საკლასო ოთახში მოსწავლეების/სტუდენტების ცოდნის დონის გათანაბრებას და თითოეული სტუდენტის თანაბარ მხარდაჭერას;

·          ყველა მიდგომა თანაბრად სასარგებლოა გამოყენებისა და პასუხისმგებლობის თვალსაზრისით;

·         მოსწავლეები/სტუდენტები ჯგუფდებიან ჰეტეროგენულად შერეული ჩვევებითა და ინტერესებით;

·         პასუხისმგებლობები თანაბრად გადანაწილებულია;

თანაბრად მოითხოვს რწმენას, კომუნიკაციას, დაგეგმვის დროს და მხარდაჭერის კოორდინირებას.

 

(შენიშვნა: ყველა ამ ელემენტის საჭიროება იზრდება, რამდენადაც გადავდივართ მხარდამჭერიდან პარალელურ, პარალელურიდან ალტერნატულსა  და ალტერნატულიდან – გუნდურ თანასწავლებაზე.

 

თანასწავლების განმასხვავებელი ფაქტორები
მხარდამჭერი თანასწავლება პარალელური თანასწავლება ალტერნატიული თანასწავლება გუნდურად სწავლება
·      ერთი თანამასწავლებელი ლიდერის როლშია, მეორე მხარდამჭერია. თუმცა ისინი ამ როლებს ერთი გაკვეთილის მანძილზე ცვლიან.

 

·       თანამასწავლებლები მუშაობენ მოსწავლეთა განსხვავებულ ჯგუფებთან ერთ საკლასო ოთახში.

·       ჯგუფები კი მრავალფეროვნების ნიშნით შეირჩევა.

·     თანამასწავლებელი იზიარებს პასუხისმგებლობას მთელი კლასის ჩართულობისთვის. ერთი იღებს წაყვანის როლს, მეორე აიოლებს ხელმისაწვდომობას სასწავლო გეგმაზე.

·       ერთი ასწავლის შინაარსს, მეორე ხსნის, პარაფრაზირებს, გადმოსცემს განსხვავებულად, მეორე ამარტივებს ან აკეთებს ჩანაწერს.

·       ერთი წინდაწინ აძლევს სპეციფიკურ ცოდნას ან სოციალურ უნარებს და ამოწმებს, თუ როგორ იყენებენ ამ ცოდნას მოსწავლეები; მეორე ორიენტირებულია აკადემიურ ნაწილზე.

·   ორივე პედაგოგს აქვს  თანაბარი პასუხისმგებლობა დაგეგმვაზე, მითითებების/ ინსტრუქტირების ნაწილზე, განმავითარებელ შეფასებებსა და ქულების მინიჭებაზე.

·     მოითხოვს დიდ დროს დაგეგმვისათვის, რწმენას, კომუნიკაციას და მხარდაჭერის კოორდინაციას.

 

თანასწავლების პოტენციური პრობლემები

ხარდამჭერი თანასწავლების საფრთხეები პარალელური თანასწავლების საფრთხეები ალტერნატული თანასწავლების საფრთხეები გუნდური თანასწავლების საფრთხეები

 

·           მოვერიდოთ „ველკრო ეფექტს „Velcro effect“, როდესაც მხარდამჭერი თანამასწავლებელი  მიმართულია მხოლოდ ერთი ან რამდენიმე შერჩეული  მოსწავლისკენ, ან რიყავს შერჩეულ მოსწავლეებს და თანამასწავლებელს.

·           ავირიდოთ მხარდამჭერი თანამასწავლებლის „დისციპლინის ოფიცრად“ ქცევა, მისი გამოყენება მხოლოდ რესურსების მომამზადებლად ან ნაშრომების გამსწორებლად. გვახსოვდეს, ისიც ისეთივე ინსტრუქტორია, როგორიც სხვა ნებისმიერი პედაგოგი.

·       მოვერიდოთ არაეფექტურ შემოწმებებს მხარდამჭერი თანაპედაგოგისა, (მაგ., სპეცმასწავლებლისა და სხვ.)

·       მოვერიდოთ აღშფოთებას, თუკი მხარდამჭერი თანამასწავლებლის უნარები (მაგ., სპეცპედაგოგისა)  არ გამოიყენება სათანადოდ ან თუ წამყვანი თანამასწავლებელი პასუხისმგებლობის სიმძიმეს გრძნობს.

·       აირიდეთ მხარდამჭერის როლში დარჩენა, თუკი დაგეგმვისთვის დრო

·       არ გეყოთ.

ავირიდოთ სპეციალური კლასების შექმნა. მათში დაბლდება მოსწავლეთა მიღწევები ჰომოგენური დაჯგუფების გამო და იმის გამოც, რომ ბავშვებს არ აქვთ თავიანთი უნარების წარმოჩენის შესაძლებლობა  (Marzano, Pickering, & Pollack, 2001, p. 84).

·     მოვერიდოთ ხმაურის დონის გაზრდას არაერთგვაროვანი აქტივობებისას ერთ საკლასო ოთახში

 

·     მოვერიდოთ მარცხს, რომელიც შეიძლება გამოიწვიოს თანამასწავლებლების მხრიდან მითითებების მიცემამ, ჩვენ კი თანასწავლებლის პროცესში მათზე დაკვირვებისთვის დრო არ გვაქვს, რადგან ვმუშაობთ ჯგუფებთან, ინდივიდებთან… და ასე ვასრულებთ თანასწავლების პირობას.

·  ავირიდოთ იმ მოსწავლეთა შეუფასებლობა, ვისაც ეს სჭირდება.

 

·  ავირიდოთ ხანგრძლივი სალექციო ჩართვები,  გამეორებები, და მოსწავლეთა/ სტუდენტთა ინტერაქციისთვის დროის სიმცირე.

 

·  ავირიდოთ ტიპური შემთხვევები,   „ექსპერტების“ და „ჩვეულებრივი მასწავლებლების როლებით. ორივე –„ექსპერტიც“ და „ჩვეულებრივი მასწავლებელიც“ –ერთდროულად თანამასწავლებელია.

 

·  ავირიდოთ „თავისუფალი როლები“, რამდენადაც ყველა თანამასწავლებელი ერთნაირად უნდა ასწავლიდეს საგაკვეთილო მასალას.

 

·       ავირიდოთ იმ მოსწავლეთა შეუფასებლობა, ვისაც ეს ძალიან სჭირდება.

·       ავირიდოთ ბევრი სალექციო ჩართვა, გამეორება და  მოსწავლეთა ინტერაქციის ნაკლებობა.

სასარგებლო რესურსები:

  1. Villa, R. Thousand, J., & Nevin, A. (in process). More students, More Resources: Unleashing the Power of Students in Instruction, Advocacy, & Decision-Making. Thousand Oaks, California: Corwin Pres.
  1. Nevin, A., Villa, R., & Thousand, J. (2009). A Guide to Co-Teaching with Paraeducators Practical Tips for K-12 Educators. Thousand Oaks, California: Corwin Pres. (800) 818- 7243
  2. Villa, R. Thousand, J., & Nevin, A. (2008). A Guide to Co-Teaching: Practical Tips for Facilitating Student Learning (2nd. Ed.). Thousand Oaks, California: Corwin Pres. (800) 818- 7243
  3. Villa, R. Thousand, J., & Nevin, A. (2008). Co-Teaching: A Multimedia Kit For Professional Development.? Thousand Oaks, California: Corwin Pres. (800) 818- 7243
  4. Villa, R., Thousand, J., & Nevin, A. (2008). Co-Teaching at a Glance. A laminated Tri-Fold Reference Guide. Port Chester, NY: National Professional Resources. (800) 453- 746
  5. Thousand, J., & Villa, R., & Nevin, A. (2007). ?Differentiated Instruction: A Multimedia Kit for Differentiated Instruction. California: Corwin Press (800) 818- 7423
  6. Villa R., & Thousand. J., (Eds). (2005). Creating an Inclusive School. ?Alexandria, VA: Association for Supervision and Curriculum Development. (800) 933- 2723.

 

[1] Co-Teaching in Inclusive Classrooms: A Metasynthesis of Qualitative Research” Exceptional Children July 2007 vol. 73 no. 4 392-416

[2] https://www.teachhub.com/effective-co-teaching-strategies

 

სასარგებლო კაცი

0

ლუკა ჩემი მეგობრების შვილია და მასზე „დაკვირვება“, მე პირადად, იმ დროიდან დავიწყე, როცა ის, თავისი უცნაური და მასშტაბური ინტერესებით თავის ასაკს გვარიანად გასცდა და ისეთ საიდუმლოებებზე დაგვაფიქრა, რაზეც ბავშვები არც თავს იმტვრევენ და მით უფრო არც საყვარელ საქმედ იხდიან. ლუკამ კი ახალი ამბები მოიტანა „ბავშვების ქვეყნიდან“ და ამ ამბებში, ნებით ან უნებურად, ბევრი ვინმე ჩართო. რადგან, სინამდვილეში, ის, რაც ლუკას აინტერესებს, ყველა ჩვენგანის ინტერესის სფეროც უნდა იყოს, ჩვენი – დედამიწელების.

თავდაპირველად, მგონი, ფიტულებს აკეთებდა, გარდაცვლილი ფრინველების ფიტულებს, ფრანკენშტეინული მგზნებარებით, სამედიცინო სკრუპულოზურობით. მერე ზოოპარკში დაიწყო მოხალისეობა. დაახლოებით 6 წელი იმუშავა. ცხოველებს უვლიდა, აკვირდებოდა, სწავლობდა. რამდენიმე წლის წინ, იმ ავადსახსენებელი 13 ივნისის წყალდიდობის დროს ლუკას მეგობარი ცხოველები დაიღუპნენ. მისთვის ეს პირადი ტრაგედია იყო. ახლა კი სახლში თეთრი „შუმბა“ ჰყავს.  ვისაც  ის ცნობილი „კარაკულა“ ახსოვს,  თეთრ ლომთან – „შუმბასთან“ ერთად რომ ცხოვრობდა, აი,  იმ კარაკულას რვა შვილიდან ერთადერთი თეთრი შვილი. დიდი „შუმბას“ საპატივცემულოდ, მასაც „შუმბა“ დაარქვეს და ის  ლუკამ იშვილა.

დღეს ლუკა ტყემალაძე ილიას უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტია. წერს ბლოგებს ეკოლოგიის საკითხებზე. მონაწილეობს ექსპედიციებში. ხატავს და ეს საქმეც ისევე განსაკუთრებულად გამოსდის, როგორც ბუნების სიყვარული.

ერთხელ, სულ პატარა რომ იყო, უფროსები მოფერებიან, რა საყვარელი კაცი ხარო. ლუკას შეუსწორებია – საყვარელი კი არა, სასარგებლო კაცი ვარო. აი ასე – ყოველთვის იცოდა, რისთვისაც მოვიდა ამქვეყნად.

მე და ლუკა იშვიათად ვსაუბრობთ, თუმცა, როცა ამის დრო დგება, აი, ასეთი გემრიელი მასლაათი გამოგვდის:

 

– პირველი შთაბეჭდილება, ყველაზე ღრმა და მნიშვნელოვანი, შენს ცხოვრებაში…

ერთი შეხედვით რთულია თქვა, მაგრამ არის მოგონებები, რომლებიც ემიჯნება იმ სხვა ყველა დანარჩენს და განსაკუთრებულ ადგილს იკავებენ შენს გონებაში. ასეა ჩემთანაც. პირველი და მკაფიო, ალბათ, დედაჩემის ნახატია, რომელზეც ბიჭუნა, მგელი და მათ ზემოთ დიდი შავი კვადრატია გამოსახული, დიდი ტილო იყო და მაშინ, როცა კიდევ უფრო პატარა ვიყავი ეს ტილოც ბევრად დიდად მეჩვენებოდა. არ ვიცი, რატომ ჩამრჩა ასე, რადგან, იმ ტილოს გარდა, იქ სხვა ბევრი საინტერესო ნამუშევარიც იყო, მაგრამ მახსოვს, როგორ მინდოდა გამომეყვანა ბიჭი იქიდან, ვხედავდი როგორ ციოდა და წუხდა. ვერ ვიგებდი, რას წარმოადგენდა დიდი შავი კუბი მის ზემოთ. სამწუხაროდ, ტილო ახლა დაკარგულია და მხოლოდ ჩემს მეხსიერებაშიღაა შემორჩენილი. შთაბეჭდილებაზე ნახატის შემდეგ მახსენდება ჯიხვები, რომლებიც ორი წლის წინ ვნახე, სრულიად მოულოდნელად. ჩვენგან  ათი მეტრის დაშორებით კლდიდან წამოიშალნენ და ნელ-ნელა დაეშვნენ თავქვემოთ, ნაშალებისკენ. იმდენხანს ვუყურებდი გაშტერებული, სანამ ბოლოს ნისლმა არ დაფარა ისინიც და მეც. კარგად მახსოვს შეგრძნება და ჟრუანტელი ყელში, რომელიც დაახლოებით ერთი საათი გაგრძელდა. ისიც მახსოვს, თუ როგორ ვერაფრით დავალაგე სიტყვები, რომ დანარჩენებისთვის ამეხსნა, რა მოხდა და რატომ ვიყავი სრულად აჟიტირებული. მაშინ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ არაფერია სიცოცხლეზე დიდებული ამქვეყნად…

– თუ გყავს გამორჩეული ცხოველი, რომელიც ყველაზე მეტად გიყვარს?…

სიყვარული, ჩემი გაგებით, გულისხმობს გიყვარდეს მთლიანობა, სრული გაგება იმისა, რაც გიყვარს. ამიტომაც, ასე მკვეთრად გამორჩეული ალბათ არავინ მყავს. ჩემს შემთხვევაში, მგონი, ეს სიყვარული აღარაა, ეს დაუსრულებელი გაღმერთებაა, დაუსრულებელი ოვაცია და აღფრთოვანებაა იმისადმი, ვინც ეს გიგანტური ქარიშხალი დაატრიალა და დღესაც უხილავი ხელებით მართავს ყოველივე ცოცხალს. მიმაჩნია, რომ უმარტივესი ბრტყელი ჭიებიდან დაწყებული, ურთულესი ორგანიზმებით დასრულებული, ყოველი მათგანი ძალიან ბევრს მალავს, აქვს უნიკალური ქცევები და ვინ იცის, ჯერაც კიდევ რამდენი რამ არ ვიცით მათზე…

– რა შეიძლება ისწავლოს ადამიანმა ბუნებისგან, ყველაზე მეტად?

ალბათ ჰარმონია, ის ჰარმონია რომელიც ყოველ ცოცხალ სისტემაში ტრიალებს, დაწყებული უდაბნოდან დასრულებული წვიმიანი ტყეებით. ბუნებაში არაფერია ზედმეტი, არაფერია გადაჭარბებული, არაფერია ერთმანეთთან დაუსრულებელ კონფლიქტში და, რაც მთავარია, ყველას აქვს თავისი წილი შანსი, რადგან ყოველი ცოცხალი ორგანიზმი თავისუფალია. ეს სისტემა მილიარდობით წლებია ვერაფერმა დაარღვია, რადგან ეს ჭეშმარიტებაა. ვფიქრობ, თუ ყველა გაიაზრებს და შეიგრძნობს ბუნებას, როგორც მილიარდობით ერთეულის გასაოცარ ერთიანობას, სამყარო გახდება ბევრად უკეთესი და შევიცვლებით ჩვენც.

– ბუნება თუ სწავლობს რამეს ადამიანისგან?

ცოტა კურიოზულია. არა მგონია იყოს რამე ისეთი, რაც შეგვიძლია ჩვენ ვასწავლოთ ბუნებას. ალბათ მხოლოდ ის, რომ მეორეჯერ ასეთი შეცდომა აღარ დაუშვას და ევოლუცია თავის დროზე შეაჩეროს, მანამდე, სანამ ადამიანები ან მისი მსგავსი მავნებლები მოედებიან სიცოცხლეს მთლიანად.

– როგორია შენთვის იდეალური გარემო?

იდეალური გარემო ჩემს შემთხვევაში ბევრნაირი შეიძლება იყოს, მაგრამ, ალბათ, მაინც  ალპური მდელოები (ჩემი საყვარელი ბიომია), ზემოთ აზიდული მაღალი ჭიუხები, ალპურისათვის დამახასიათებელი ფაუნა, ძვირფასი ადამიანები (შეიძლება ალპურ ფაუნაშიც გავიყვანოთ) გარშემო და, რა თქმა უნდა, ერთი ჭიქა ნახევრადტკბილი წითელი ღვინო…

– როგორ შეიძლება გამოიყენოს ადამიანმა ტექნოლოგიური პროგრესი იმისთვის, რომ ბუნება უფრო გააკეთილშობილოს?

თითქოს მეცნიერულმა პროგრესმა იმდენის საშუალება მოგვცა, რომ დიდ დახმარებას უნდა ვუწევდეთ გარემოს, მაგრამ ჩემთვის გაუგებარია, რატომ ხდება ყველაფერი პირიქით, რატომ უარესდება სიტუაცია იმის ნაცვლად, რომ ჩვენ, ადამიანებმა, ბევრად მწვანე გზით ვიცხოვროთ. ტექნოლოგიები საშუალებას გვაძლევს გამოვიყენოთ მინიმალური ელექტროენერგია, არ ჩავიცვათ მინიმუმ ბეწვეული თუ არა, ტყავი მაინც. არ მოვჭრათ და გავკაფოთ უამრავი ხე-ტყე, აღარ ვიბრაკონიეროთ და სხვა მრავალი, რომელთა ჩამოთვლასაც ვერასდროს დაასრულებ ამ საუკუნეში. თითქოს ტექნოლოგიური პროგრესი ადამიანებს გონებასა და შეგნებაზეც უნდა დასტყობოდათ, მაგრამ ამის ნაცვლად ჩვენ ვავითარებთ და ხელს ვუწყობთ ისეთი ბიზნესების გაფართოებას, რომლებიც უშუალოდ აყენებენ ზიანს ბუნებას. თითქოს ადამიანი იმდენად უცბად აღმოჩნდა ამ ზედმეტად განვითარებულ გარემოში, რომ დაემართა ერთგვარი ,,გაღორება“, ედება ყველაფერს, ანადგურებს ყველაფერს და ბრმად თელავს მილიონობით უნიკალურ სიცოცხლეს.

– მეცნიერთა შორის უმეცნიერესი!.. –  რომელია შენთვის?

რა თქმა უნდა, ჩემთვის პირველი და განუმეორებელი ჯერალდ დარელია, მისი მთელი ადამიანურობით, მიღწევებით, თავდადებითა და ნიჭიერებით. ამ ადამიანზე ლაპარაკი დაუსრულებლად შეიძლება, ამიტომ მოკლედ ვიტყვი, რომ ძალიან მიყვარს და ვთვლი, რომ მისი თუნდაც მხატვრული წიგნები მაინც ყველას უნდა ჰქონდეს წაკითხული. ასევე ძალიან მომწონს და ვიზიარებ ჯეინ მორის გუდალს, პრიმატოლოგსა  და კეთილი ნების ელჩს. რაც ყველაზე მეტად მომწონს მასში, ეს გაუჩერებელი და დაუღალავი ქადაგებაა მთელი სიკეთისა და ბუნების მნიშვნელობის შესახებ. ამის შემდეგ არიან სხვა უამრავნი: დაიანა ფოსი, უილიამ ჰერშელი, დარვინი და სხვა ბევრი, ბევრი…

– დროის მანქანის ფლობის შემთხვევაში, რომელ დროს აირჩევდი სამოგზაუროდ?

ბევრი პერიოდია საინტერესო, მაგრამ სიამოვნებით ვიმოგზაურებდი ჩარლზ დარვინთან ერთად მსოფლიოს გარშემო, ეს იყო დრო, როდესაც ყველაფერი ისევ ველური და პირვანდელი სახით იყო შენარჩუნებული. ვფიქრობ, რომ დარვინს ძალიან გაუმართლა, რადგან იყო სწორ დროსა და სწორ ადგილას. კიდევ, ძალიან მაინტერესებს ველური და ჯერ კიდევ აღმოუჩენელი ამერიკის კონტინენტი როგორი იქნებოდა, თავისი ხელუხლებელი ბუნებითა და ველური ადამიანებით… მომავალში წასვლის სურვილი არ მაქვს, რადგან პესიმისტურად ვარ განწყობილი და მგონია, რომ იქ ჩემთვის გასახარი და საინტერესო ბევრი არაფერი იქნება.

– საქართველოს ბუნება – რამსიგრძე თემაა!.. მაგრამ, მოკლედ რომ მითხრა შენი დამოკიდებულება ამ თემაზე…

რამდენჯერაც ლაშქრობაში ვარ და განსაკუთრებულად მდიდარ ბიომრავალფეროვნებას ვაწყდები ხოლმე, ვერასდროს ვმალავ გაოცებას, აღფრთოვანებასა და ამავდროულად სინანულს, ხშირად მიფიქრია, ეს ყველაფერი, რასაც ახლა მე ვხედავ, ყველას რომ ენახა და გაეაზრებინა მისი დიდებულება; ყველას, ვინც საქართველოში ცხოვრობს და უხარია მისი ქვეყანა, ხომ სულ სხვანაირად დაუწყებდა თავის ქვეყანას ყურებას. მეორე დღესვე მკაფიო ფერიცვალებას იგრძნობდა და რეალურად და არგუმენტირებულად შეუყვარდებოდა თავისი ქვეყანა და არამარტო ქვეყანა, არამედ ზოგადად სიცოცხლე, ყოველი მცენარე და ცხოველი მის გარშემო… მაგრამ, სამწუხაროდ, არაფერი იცვლება და მგონია, რომ არც არაფერი შეიცვლება… სხვა ქვეყნიდან ჩამოსულს, ჩემ წინ ვერავის დაუმალავს აღფრთოვანება და გაოცება იმ ყველაფრის გამო, რაც ნახეს და იგრძნეს. თუმცა ყველა აღნიშნავს, რომ ჩვენ, მოსახლეობას, რომელიც ამ უნიკალურ ტერიტორიებზე ვცხოვრობთ, არ გვიყვარს ან საერთოდაც ვერ ვხედავთ ჩვენი ბიომრავალფეროვნების უნიკალურობას. და არამარტო ვერ ვხედავთ, არამედ ვანადგურებთ კიდეც ყველაფერს ჩვენ გარშემო. ევროპამ ეს ყველაფერი უკვე გაიარა და ასე ღრმად ალბათ ამიტომაც განიცდის ყოველი ევროპელი აქ ნანახ უნიკალურ გარემოს. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც  ჯერ კიდევ მრავლად აქვს ქალწულებრივი ტყეები, რომელსაც ჯერ კიდევ ჰყავს ენდემური სახეობის გამრავლების უნარიანი პოპულაციები და რომელსაც აქვს უზარმაზარი ბუნებრივი რესურსების მარაგი, ერთადერთი რაც დაგვრჩენია, ეს ამ ყველაფრის დაცვაა, რასაც ჯერჯერობით შესაშურად ნამდვილად ერ ვახორციელებთ…

 

 

კახეთი – დედაჩემი

0

დედაჩემი რაც დაიბადა, მას შემდეგ სულ სოფელში ცხოვრობს, მაგრამ ვერასოდეს იქცა ყოჩაღ სოფლელ ქალად და ქვრივად. აი, ისეთად, წლები და ცხოვრება ისე რომ გააუხეშებენ ხოლმე, რომ ტკივილისა და შიშის შეგრძნებას საერთოდ კარგავენ. პანაშვიდებსა და დასაფლავებებზე, როგორც რაიმე „აუცილებელ საქმეზე“, ისე რომ დადიან. დიდი ხანია, ძილი და დაღლა რომ აღარ იციან რა არის. ცარიელი, ხელისგულისოდენა პურის ყუა რომ ჰყოფნით დასანაყრებლად და მოსარწყავ ვენახზე, გაბერწებულ ძროხაზე ან გადაქცეულ ღობეზე უფრო მეტს რომ ფიქრობენ, ვიდრე ქალაქში გადაბარგებულ და მშობლიურ სახლში წელიწადში რამდენჯერმე  მოჩვენებასავით გაელვებულ შვილებზე.

იმას ვერ ვიტყვი, ძალიან მინდოდა, დედაჩემი ასეთ ქალებს დამსგავსებოდა-მეთქი, მაგრამ უფრო ძლიერი და მოხერხებული, უფრო იმედიანი და უშიშარი, უფრო ჯანმრთელი და იღბლიანი რომ ყოფილიყო, ამაზე კი თანახმა ვიქნებოდი. მაგრამ ასეთი იყო დედაჩემის  „კლინიკა“, როგორც ექიმები ამბობენ ხოლმე. ეს იყო მისი რეალური ცხოვრება და არა ზღაპარი, სადაც  დაჭრილ თუ მოჯადოებულ გმირს თაგვის მოტანილი ბალახი კურნავს. თუმცა ნამდვილ ცხოვრებაში  მისანი თაგვების ნაცვლად ჩვენ მკურნალი ფუტკრები გვყავდა და იმათ მოტანილ თაფლს, ჭეოს, სანთელს და დინდგელას ვენდობოდით, მაგრამ ვერც ფუტკრებმა უშველეს დედაჩემს. ადვილი არ აღმოჩნდა ისეთ ძლიერ მეტოქეებთან შებრძოლება, ასაკი და ბედისწერა რომ ჰქვიათ და თავი იმითღა ვინუგეშე, რომ სულ არარაობას, ისევ დედაჩემის ნატანჯი, უღიმილო სახის ყურება სჯობია-მეთქი. თუმცა იმაზე კი ალბათ მაინც ყოველთვის ვიფიქრებ, მთელი ეს წლები, რა ძალა უბერავს სულს სიცოცხლეშივე არაერთ სიკვდილგამოვლილ დედაჩემს. თვითონაც არანაკლებ უკვირს, ასე რომ ხდება და ყველა ჯერზე, როცა მორიგ განსაცდელს კიდევ ერთხელ გადაურჩება, უხერხულად, დანაშაულის შეგრძნებით ამბობს: „სულ კვდა-კვდა ვიყავი და ისევ ცოცხალი ვარ, საღსალამათი მამაშენი კიდევ…“ არა, ცრემლს არ ჩამოაგდებს, მამაჩემის გახსენებაზე დიდი ხანია უკვე აღარ ეტირება. დაშრა დედაჩემი, თვალები ჩაუცვივდა, ნაბიჯი შეუნელდა, მაგრამ ტირილით აღარ ტირის და ცოტათი ამით მაინც ჰგავს იმ ყოჩაღ ქალებს, და – მარტო ცხოვრებითაც. ოღონდ, იმ ქალების არ ვიცი, მაგრამ დედაჩემს წლებია, ფანჯარასთან მიდგმული თავისი საწოლის კიდეზე, თავთან, მარტოობისა და ვინ იცის, კიდევ რამდენნაირი შიშის  დასაძლევად, პატარა ცული უდევს. აი, მე კი მართლა მოვიკალი თავი ტირილით, პირველად ეს ცული რომ ვნახე. და მას შემდეგ, რამდენჯერაც დედაჩემს რამე გაუჭირდება, იმდენჯერ თითქოს იმ ცულით ვიჩეხები.

თავის ახალგაზრდობის სურვილებსა და ოცნებებზე არასოდეს უყვარდა დედაჩემს ლაპარაკი, მაგრამ მე მაინც იქამდე ჩავეძიებოდი ხოლმე, სანამ რამეს არ ვათქმევინებდი. ამიტომაც ვიცი მისი იმ „მთავარი“ ოცნების შესახებ – რომლის ასრულება სხვა დანარჩენ პატარ-პატარა ოცნებებსაც აუხდენდა – რომლისთვისაც დიდი მსხვერპლი გაიღო და გათხოვდა.

გერმანული ენის მასწავლებელობა უნდოდა, მაგრამ იმის გამო, რომ სასწავლებლად  წასული მისი უფროსი და გაიპარა – არადა, მალევე შეურიგდნენ  მშობლები გათხოვილ ქალიშვილს – ბაბოჩემმა და პაპაჩემმა ეტყობა ეს შეურაცხყოფა ბოლომდე მაინც ვერ გადაყლაპეს და დეიდაჩემის ნაცვლად, დედაჩემი დასაჯეს  – სწავლის გაგრძელებაზე უარი უთხრეს, ოღონდ იმ მოტივით, რომ გვიჭირს და ქალაქში ვერ შეგინახავთო. სწორედ ბედზე გამოჩენილა ამ დროს მეზობელ სოფელში მცხოვრები მამაჩემი. პაპა-ბებიასთან სტუმრად მყოფს, ბოსტანში მოფუსფუსე ფერმკრთალი, არასოფლური გარეგნობის გოგო დანახვისთანავე გულში ჩავარდნია. არც დედაჩემი დარჩენილა რუსეთმოვლილ, მაკენტოშის პალტოიან და მოკასინებიან მამაჩემზე გულგრილი და ახლა მას გადაუხდია მშობლებისთვის სამაგიერო. მალევე მიუღია გადაწყვეტილება გათხოვებაზე, ოღონდ იმ პირობით, რომ „ახალ ოჯახში აუცილებლად ასწავლიდნენ“.

მერე კი, მოვლენები, როგორც ასეთ დროს ხშირად ხდება ხოლმე, სულ სხვაგვარად განვითარდა: ერთ-ერთ „კეთილმოსურნე“ ნათესავს მამაჩემისთვის რჩევა მიუცია, ნეტავ სად უნდა გაუშვა, გათხოვილ ქალს სწავლა რად  უნდა, დააყრეინე ბალღები და დააზრდეინეო – თან ნათქვამი, ურცხვად, დედაჩემისთვის ყურშიც გაუგონებია. დედაჩემი კი როგორ მოიქცა ამის საპასუხოდ? როგორ და, როგორც ქართველი ქალების უმეტესობა მოიქცეოდა იმ დროში (და, სამწუხაროდ, ახლაც),  დაისია თვალები ტირილით, გამოიგლოვა თავისი საოცნებო მომავალი და გააგრძელა ცხოვრება ჯერ ცოლის, მოგვიანებით კი დედის სტატუსით. რა თქმა უნდა, ქალისთვის ეს ორივე, უდავოდ, სასურველი მდგომარეობაა, ოღონდ მხოლოდ მაშინ, როდესაც ღირსებას არ აგყრიან, როდესაც შენს მაგივრად სხვები არ მიიღებენ გადაწყვეტილებებს, როდესაც არ დაგამცირებენ და შენი ოცნებების შესაკვეცად, არამკითხე „ახლობლები“ მაკრატლის ფუნქციის შემსრულებელ მწარე ენას  არ გაასარსალებენ. – „ასე სასტიკად როგორ მოგექცნენ, ასეთი სიტყვები როგორ გაკადრეს, ან შენ ხმა როგორ არ ამოიღე და მაშინვე არ წამოხვედი იქიდან, როგორ თქვი უარი შენს ოცნებაზე… რატომ იქ არ ვიყავი, ნახავდი შენ, რას ვუზამდი მაგათ სუყველას, აი, ნახავდი!“ – გამწარებული ვყვიროდი, პირველად ეს ამბავი რომ მოვისმინე, მაგრამ ტყუილად, სულ ტყუილად… წყლის ნაყვა იყო 22-წლიანი სიშორიდან ამის კეთება. რეალობა კი ის გახლდათ, რომ მე „იქ“ მხოლოდ ორწელიწადნახევრის შემდეგ გავჩნდი, როდესაც, ისევ დედაჩემის სიტყვებით რომ ვთქვა, უკვე „იმდენი საქმე იყო, იმდენი მკვდარი და ცოცხალი“, რომ რომც გავეშვი სასწავლებლად მამაშენს, მე თვითონ აღარ წავიდოდიო.

სკოლის პერიოდშიც და მერეც, ხშირად მინახავს, როგორ მორიდებით ფურცლავდა დედაჩემი მაგიდაზე დაწყობილ ჩემს გერმანულენოვან წიგნებს და ჟურნალებს, სადაც, ალბათ, მისთვის ნაცნობ სიტყვებს ეძებდა, ან იქნებ, სულაც, დაკარგულ ოცნებას.

კვირაში ორჯერ მაინც აუცილებლად ვურეკავ. რომ ვკითხავ, როგორ ხარ-მეთქი, განა ჯერ თავისას მეტყვის, მეზობლების ამბებით დაიწყებს. მომიყვება, ვისზეც რა იცის, უფრო სწორად, მხოლოდ იმას, რაც საიდუმლო არ არის, რადგან ხშირად მიდიან მეზობლის ქალები  მასთან გულის გადასაშლელად, იმიტომ, რომ იციან, სამარეა დედაჩემი.

„საწყალი ნადიკო ისევ წაიქცა, ისევ მაღალი წნევები აქვს, რაცრაცით დადის, მაგრამ ასაკის კვალობაზე ყოჩაღად არის მაინც. ბასილაანთ ვასოც სოფელში გადმოვიდა საცხოვრებლად. უჭირს თავისი მხედველობის პატრონს, მაგრამ მაინც სოფელში ურჩევნია. უვლის თავს როგორღაც, მარიკაც აკითხავს ხოლმე, როცა სცალია. ილოც იყო ამ შაბათ-კვირას ზოიასი. მანქანით ჩამოვიდა. ცოლ-შვილიც ჰყავდა. გაახარეს ზოია და ლეო. ქეთინომ საარჩევნო შტაბში დაიწყო მუშაობა, გია ისევ პურს აცხობს. ანოს რემონტი ჯერ არ დაუმთავრებია. ნანაც ისევ იტალიაშია, კარგი ოჯახი კი შეხვედრია, მაგრამ  ჯერ ისევ ვალებს ისტუმრებსო, ანომ. რეზო  ხანდახან  მაინც სვამს, არ უჯერებს გოგოებს, არადა, არ შეიძლება მაგისთვის დალევა. ახალმა მეზობელმა, ნათელამ, ვირთხები მყავს ეზოში იმდენიო, ღამე რომ გავალ, ფეხებზე დამირბიანო. კიდევ კარგი, ჩვენთან არ არიან, გავგიჟდებოდი კიდეც…“ და როგორც კი სადმე პატარა პაუზას გააკეთებს, მაშინღა ვუსვამ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვან კითხვას:  შენ როგორა ხარ, დე, აღარ იტყვი? – „ოჰ, რა ვიცი ერთი, თქვენ გტკივათ უკვე ახალგაზრდებს რაღაცეები და მე რომ მტკიოდეს, აღარ მეკუთვნის? ცოტა არა მიშავს ახლა, მომიხდა დიანას დანიშნული წამლები, მაგრამ ბოლომდე მაინც  ვერ ვარ კარგად, ან რაღა დროს ჩემი კარგად ყოფნაა… ყურების და საფეთქლების ტკივილი მომეხსნა თითქოს, მაგრამ წონასწორობას ისევ ვკარგავ ხანდახან. ეს ნაოპერაციებიც მწიწკნის სულ, ფეხებიც მტკივა, მკლავებიც… რა ვქნა, ახლა მე აღარაფერი გამომაჯანმრთელებს და პატარა შვებაც უკვე რაღაცაა ჩემთვის.

მერე ლაპარაკს ისევ სხვა თემაზე გადაიტანს, –  ნათელასკენ ვერ გადავედი – დედაჩემის უმცროსი დაა – აღარ შემიძლია სიარული. თვითონაც შეიკრავენ ხოლმე ფეხებს, არც დარეკავენ, არც გადმოვლენ. იცი, ამ რამდენიმე დღის წინ ეზოში წავიქეცი და მუხლები ჩავიფეფქვე. არ ვეტყვი-მეთქი და აჰა, მაინც მაინც გეუბნები. – ყოჩაღ, როგორ მოახერხე, ხომ იცი, რომ შენს ასაკში სიფრთხილეა საჭირო, ფეხი თუ მოგტყდა, შეიძლება ვეღარც შეგიხორცდეს. – არა, არა, გადავრჩი. ისეთი არაფერია. პირველი სართულის აივანზე ავდიოდი და ვერ ავაბიჯე კარგად. აბა, რა სიმაღლე ჩვენს აივანს აქვს, მაგრამ ვეღარ მოვზომე თვალით, ძალაც არ მეყო და მუხლებით დავეცი. კაი ხანს ვიჯექი ასე. ხან ვიცინოდი სიმწრის სიცილით, ხან ვკვნესოდი. რომ მივხვდი, არაფერი მქონდა მოტეხილი, გამიხარდა. მაშინვე არყიანი საფენები დავიდე. მომირჩა უკვე თითქმის. არ უნდა მეთქვა, არ ვაპირებდი. სამაგიეროდ, დაჭრილი შეშა თითქმის სულ დავაწყვე, ცოტაღა დამრჩა, მაგრამ მკლავები ჩამწყდა. ძველი შალის კაშნი გავჭერი შუაზე და იმით გადავიხვიე ორივე მაჯა. მსიამოვნებს მაგრად რომ მაქვს შეკრული. კი მეუბნებით, ნუ იღლებიო, მაგრამ რა ვქნა, რაღაცა ხომ უნდა ვაკეთო, სულ ჯდომით მთლად დავკუტდები. არადა, აღარც კეთება შემიძლია…“

 

ორიოდე წლის წინ, ზაფხულის ბოლოს, ერთი ფოტო გადავუღე დედაჩემს. ეზოში სოჭიდან მამაჩემის  ჩამოტანილი პალმის ძირში ზის ხის სკამზე. ფეხები  მწვანე ბალახში ჩაუფლია. გვერდით დიდ ქოთანში ჩარგული პატარა ნაძვი უდგას, მის წინ კი მომცრო ხის კოტრი დევს, როგორც მაგიდა. ჩემი დის გამონაცვალი, უჯრულა ქვედაბოლო და ლურჯი, თეთრად დახალული  ბამბის ზედა აცვია. სახელოები აკეცილი აქვს. თავდახრილი ზის, სათვალე უკეთია, კალთაში თეთრი ნაჭერი უდევს და ხელში ნემსი და ძაფი მოუმარჯვებია გასაკერად. კარგი ფოტოა. ისეთი მშვიდი სახე აქვს დედაჩემს, თითქოს, ცხოვრებაში განსაკუთრებული არაფერი შემთხვებია, დარდი არ იცისო რა არის. სურათი კომპიუტერში რომ გადავიტანე და გავადიდე, მაშინვე დავით კაკაბაძის ცნობილი ტილო – „იმერეთი-დედაჩემი“ გამახსენდა. მეც გულით მომინდა, ჩემი ფოტოსთვის რაიმე სახელი დამერქმია და რომ არა ეს ბრწყინვალე ნახატი, უფრო ზუსტ და შესაფერის სათაურს ალბათ ვერასოდეს მოვძებნიდი. ჩემი ფოტო არცერთ გალერეაში არ ჰკიდია. მას „კახეთი – დედაჩემი“ ჰქვია.

 

 

 

 

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...