ხუთშაბათი, აპრილი 9, 2026
9 აპრილი, ხუთშაბათი, 2026

ბიბლიოთეკის საქმე – ის რაც შევძელით

0

ხანდხან ეს ამბები იფანტება ხოლმე. ახლა ვეცდები, მასწავებლის მკითხველებს მოვუყვე, იმ ამბების შესახებ, რაც ეროვნული ბიბლიოთეკის გუნდა ამ წლებში შეძლო.

უმთავრესი მიღწევა იყო ბიბლიოთეკის აქტიურ, შესამჩნევ ორგანიზაციად ქცევა. ამის შემდეგ კერძო ბიზნესთან აქტიური თანამშრომლობა და სრული ინფრასტრუქტურული რეაბლიტიცია, რომელიც დღესაც გრძელდება. დღემდე სახელმწიფოსა და ბიზნესის თამაშრრომლობით შემდეგი პროექტები განვახორცილეთ:

გაიხსნა საქართველოში ყველაზე დიდი ელექტრონული დარბაზი – 40 პლანშეტური კომპიუტერი, თავისუფალი ინტერნეტ-ზონა (პუფებით, სავარძლებით, ელექტრონული მკითხველებით), გამომცემლობების კუთხე უახლესი წიგნებით, საპრეზენტაციო და კინო-კუთხე

ედაენის დარბაზი, ვაზისა და ღვინის ბიბლიოთეკა, აფხაზური ბიბლიოთეკა, კარცერ–ლუქსი, ქართული ემიგრაციის დარბაზი-სამკითხველო, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამკითხველო დარბაზი, რეპრესირებული წიგნის მუზეუმი, ვახტანგ მეექვსის სახელობის თანამშრომელთა სამუშაო ლაბორატორია, ჭაბუა ამირეჯიბის სახელობის კაბინეტი–ექსპოზიცია, ელექტრონულ ბიბლიოთეკა „ივერიელის“ სამუშაო ლაბორატორია, ეროვნული ბიბლიოთეკისა და „ჯეოსელის“ ერთობლივ პროექტ „ციფრულ ფოტომატიანეს“ ლაბორატორია, რესტავრაციისა და კონსერვაციის ლაბორატორია, ინტეგრირებულ საბიბლიოთეკო სისტემა SIERRA-ს კაბინეტი. გაიხსნა ეროვნული ბიბლიოთეკის განახლებული კორპუსი – ვახტანგ VI. გაიხსნა წიგნის მუზეუმი. ეს არის ბოლო ათწლეულების ყველაზე მასშტაბური პროექტი ამ სფეროში. მუზეუმი კავკასიაში უდიდესი და ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოა, როგორც ვიზუალური, ისე თვისობრივი თვალსაზრისით. გაიხსნა ვაჟა–ფშაველას დარბაზი და განახლებული რეგისტრატურა. ეროვნულ ბიბლიოთეკაში ლიბერთი დარბაზში გახსნა პენსიონერთა სკოლა შევქმენით უდიდესი ელექტრონული ბაზები – ონლაინ–ლექსიკონები, საძიებო სისტემები.

მსოფლიოს 50 ქვეყანაში გავხსენით ქართული წიგნის კუთხე

2012 წლიდან დავიწყეთ   პროექტი ,,ეკვილიბრიუმი“, რომელიც შემდეგ გაფართოვდა და  სოფლის ბიბლიოთეკების განახლება ან აღდგენა დაისახა მიზნად. ეს გულისხმობდა წიგნადი ფონდითა და კომპიუტერებით დახმარებას და კადრების  გადამზადებას. შემდგომში პროექტი კიდევ უფრო გაფართოვდა და მხარს უჭერდა ისეთ  წამოწყებებს, როგორიც  იყო ,,წიგნი ყველა სოფელს”, ,,წიგნი მაღალმთიან  სოფლებს”, პრეზიდენტის მიერ დაფინანსებული საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის პროექტი ,,ინტერნეტი ყველა სოფლის ბიბლიოთეკას”. პროექტის  მასშტაბები იმდენად  გაფართოვდა,  რომ სახალხო მოძრაობის სახე მიიღო  და ჩვენ დღეს უკვე ამ მოძრაობის  ავანგარდში  ვართ.  გასახარია, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ეხმაურება ამ პროექტს;  ვგულისხმობ წიგნების შემომწირველებს. იმედი მაქვს, მომავალში კიდევ მეტი გამოგვეხმაურება. ამ ეტაპზე რვაასამდე სოფლის ბიბლიოთეკას   დავეხმარეთ  წიგნადი  ფონდით, 200-მდე სოფლის ბიბლიოთეკას წიგნებთან ერთად კომპიუტერებიც გადავეცით.

ეს ყველაფერი მოყვა  შრომას, სწავლას და თავისუფლებას. პრინციპულობას. ქმედებების სიხშირე, შესაბამისად მარცხის სიუხვე და მათი გათვალისწინება. ჰორიზონტის სივიწროვის დაძლევა და ახალი სივრცეების აღმოჩენა.ხან მხოლოდ ესეც ვერ ჰყოფნის. ღრმად საკრალური ადამიანი არ ვარ, მაგრამ ხშრად მახსენდება ეკლესიასტეს სიტყვები:  ‘’ისიც შევიტყვე ამ მზისქვეშეთში, რომ მკვირცხლთა ნებაზე არაა რბოლა, არც მამაცთა ნებაზეა ომი, არც ბრძენთა ნებაზეა პური, არც გონიერთა ნებაზეა სიმდიდრე, არც მცოდნეთა ნებაზეა მადლი; რადგან დრო და შემთხვევა განაგებს ყველაფერს’’

ვნახოთ, რას გვიჩნებს მომავალი.

 

 

ჯაშუშის გვერდით

0

ჯეიმს ფენიმორ კუპერის „ჯაშუში“ – პირველი ჯაშუშური რომანი, რომელმაც დიდ და ანგარიშგასაწევ ლიტერატურულ ტრადიციას დაუდო დასაბამი – თორმეტი წლისამ წავიკითხე. თავიდან უხალისოდ ვკითხულობდი, ამერიკის რევოლუციის პერიპეტიები თუ პურიტანული სულისკვეთებით გაჯერებულ გარემოში გმირების თავს გადამხდარი ამბები გულთან ახლოს არ მოდიოდა. ესეც უნდა ითქვას – პატარა ვიყავი ამ წიგნისათვის.

ადრეული გაზაფხულის ცივი შუადღე იყო. ეზოში გამოვედი და წიგნიც გამოვიტანე. კიბე მახსოვს, კიბის საფეხურები. კარგა ხნის წინ დაწყებული წიგნის კითხვა იქ გავაგრძელე – ძველი შალი დავაფინე ერთ საფეხურზე და ჩამოვჯექი. სახლიდან არავინ გამოსულა, ხელი არავის შეუშლია. მზე კი დამყურებდა, მაგრამ ოდნავაც არ მათბობდა. ვიჯექი, ვკითხულობდი და ცრემლი ცრემლს მოსდევდა. სადაც იყო, ავქვითინდებოდი.

ჯეიმს ფენიმორ კუპერის „ჯაშუში“ პირველი წიგნია, რომელმაც მატირა.

არა მგონია, მანამდე სულ მცირე წარმოდგენა მაინც მქონოდა ჯაშუშების საქმიანობაზე, სამშობლოს სიყვარულს კი, ვინ იცის, საერთოდ რასთან ვაიგივებდი. სკოლაში ხშირად გველაპარაკებოდნენ  მეორე მსოფლიო ომსა და სხვაზეც, ბევრად უფრო დიდსა და გამანადგურებელზე, მომავალში რომ შეიძლებოდა თავს დაგვტეხოდა. ერთი-ორი მასწავლებელი გვარწმუნებდა, რომ თუ საჭირო გახდებოდა, სამშობლოსთვის – საბჭოთა კავშირისთვის – ყველას უყოყმანოდ უნდა გაგვეწირა თავი. შინ, მშობლებს, საბედნიეროდ, ასეთი მოთხოვნები არ ჰქონდათ. ყოველ შემთხვევაში, მე გმირობას არავინ მაძალებდა.

ჰარვი ბირჩი, ჯეიმს ფენიმორ კუპერის წიგნის მთავარი გმირი, ორმაგი ჯაშუშია. როგორც ბოლო თავებში ირკვევა, ერთგულად და უანგაროდ ემსახურება ჯორჯ ვაშინგტონს, რომლის პორტრეტიც შთამბეჭდავად იხატება მკითხველის თვალწინ. ჰარვი კი მართლაც შეუდარებელია – მოვლენათა ანალიზის, ერთადერთი სწორი გამოსავლის უსწრაფესად პოვნისა და ამასთანავე, სრული გარდასახვის გასაოცარი უნარი აქვს. ყველაზე მეტად კი წესიერება გამოარჩევს – სუფთა კაცია, სათავისოდ არაფერს ითხოვს. იმ აზრსაც კარგა ხნის წინ შეჰგუებია, რომ არასოდეს ეყოლება ოჯახი – აბა, სად ჯაშუში და სად დალხენილი ცხოვრება საკუთარ სახლში, ცოლი და წვრილშვილი…

გამიმართლა – მეწვრილმანე ჰარვი ბირჩი ის კაცი აღმოჩნდა, ვინც სულ სხვანაირად მესაუბრა გმირობაზე, პასუხისმგებლობასა და იმ ქვეყნის სიყვარულზე, რომელშიც დაიბადე და ცხოვრობ.

ცოტა ხნის წინ ისევ მივუბრუნდი ამ წიგნს და იმ ინტერესით გადავიკითხე, ნეტა მაშინ, თორმეტი წლისას, რა მატირებდა-მეთქი. მეგონა, მარტივად მივაგნებდი იმ მონაკვეთს, რომელმაც ძალიან დიდი ხნის წინ კითხვის დროს დაღვრილი პირველი ცრემლების სიტკბო და სიმწარე მაგრძნობინა. თითქმის აღარაფერი მახსოვდა – მხოლოდ მეწვრილმანე ჯაშუში, ის, ვიღაცას ვიღაც რომ უნდა შეჰყვარებოდა თუ უკვე უყვარდა და კიდევ, მაიორი დანვუდი – მაღალი, ხმელ-ხმელი, შავგვრემანი, ძალიან მომხიბვლელი. მეხსიერებაში ასეთად ჩამრჩენოდა: მუდამ მოუცლელი კაცი, მძიმე და სახიფათო დავალებების შესასრულებლად გაქცეული, უცაბედად გამოჩენილი და ისევ დიდი ხნით დაკარგული…

რა თქმა უნდა, წიგნს თორმეტი წლის გოგოს თვალით ვეღარ წავიკითხავდი – იმთავითვე განწირული მცდელობა იყო. ისიც აღმოვაჩინე, რომ მაშინ სულ სხვა თარგმანი წამეკითხა, ეს კი, გასულ წელს გამოცემულ წიგნში რაც დამხვდა, ძალიან შორს იყო, ჩემი წარმოდგენით, კარგი თარგმანისაგან. მიუხედავად ამისა, მაინც მოვახერხე ნიუ-იორკის შტატში გადასახლება და ჯაშუშ ჰარვი ბირჩსაც ავედევნე – საითაც შენ წახვალ, მეც იქით წამოვალ-მეთქი. სახიფათო გზა იყო. ინგლისელების საგუშაგოებიც უნდა გაგვევლო ყალბი საბუთებით და ამერიკელებისაც. უორტონების ქალებმა გული შემიღონეს, სანამ კაბის გასაწყობი არშიების ხარისხსა და საკუთარი გრძნობების ბუნებაში გაერკვეოდნენ. მერე კი მაიორი დანვუდიც გამოჩნდა და თავი სამშვიდობოს ვიგრძენი…

ექიმი სითგრივზი არ ვახსენოთ? ამ სიტყვების მთქმელი: „ისე მოვაწყობინე სახრჩობელა, რომ დასჯილს კისრის ძვლები არ დაუზიანდეს. მისგან ისეთ ჩონჩხს გავაკეთებ, მთელ ჩრდილოეთ ამერიკას სანატრელი გაუხდეს. იშვიათად მინახავს ასეთი აგებულების ადამიანი. მის მშვენიერ ჩონჩხს ვირჯინიაში ჩემს მოხუც დეიდას გავუგზავნი. მან ხომ დიდი ამაგი დამდო ბავშვობაში…“ თანამოსაუბრე აღშფოთებით შესძახებს: „თქვენ რა, მკვდრის ძვლებს გაუგზავნით მოხუც ქალს?“ ექიმი სითგრივზი კი მშვიდად მიუგებს: „რატომაც არა? რა არის ამქვეყნად ადამიანზე უკეთესი? და ჩონჩხიც ხომ იგივე ადამიანია!“

ვისთვის არის გამზადებული ეს სახრჩობელა და ჩვენი საყვარელი მეწვრილმანისთვის, რომელსაც ბოლომდე გააზრებული აქვს, ჯორჯ ვაშინგტონისა და თავისი სამშობლოს გამო რა დიდ ხიფათში იგდებს თავს.  მაგრამ სჯერა, რომ სწორია მისი არჩევანი, გრძელ, მომქანცველ გზაზე სიარულის გადაწყვეტილება.

არ შეგეშინდეთ – ჰარვი ბირჩს სახრჩობელაზე ქანაობა არ უწერია.

ანიმაციები სკოლაში

0

მე იმხელა ვარ, რომ ბავშვობაში ,,ბაბილინას“ ვუყურებდი, ყველაზე ბნელ, ყველაზე ნაცრისფერ და მაინც ძალიან საყვარელ მულტფილმს თავისი ემოციურობით, თავისი საინტერესო და საყვარელი პერსონაჟებით. ახლა მტარვალი უნდა იყო, რომ დასვა ბავშვი და ეს მულტფილმი აჩვენო. უკვე მეტისმეტად ფერადი, ხასხასა და ბრჭყვიალაა ბავშვების სამყარო და ერთი წამით რომ წარმოვიდგენ, რა სხვანაირად კარგი იქნებოდა ფერადი და ნათელი ,,ბაბილინა“, საკუთარი ბავშვობა მეცოდება.

ანიმაციების ყურება ყოველთვის მიყვარდა ( იყო დრო, ანიმატორობაზეც ვოცნებობდი), მაგრამ  ერთ-ერთი ექსკურსიის დროს ანიმაციების ,,გამოცნობანას“ მეთორმეტეკლასელებთან თამაშისას აღმოვაჩინე, რომ არაფერიც არ მცოდნია და სასტიკადაც დავმარცხდი.

სამაგიეროდ, სასიამოვნო იყო ჩემთვის იმის აღმოჩენა, რომ უკვე დიდი გოგო-ბიჭების ყოველდღიური ცხოვრების საკმაოდ მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენდა ანიმაციები.

რატომ იზიდავს ანიმაციები ადამიანებს? ჩემი აზრით, იმიტომ, რომ შეუზღუდავია მისი სამყარო. როგორც  შემქმნელებისათვის, ისე მაყურებელთათვის საუკეთესო საშუალებაა, ოცნებებმა, იდეებმა, ფანტაზიამ ბოლომდე გაშალოს ფრთები. ან ახალი სამყარო შექმნას და იქ გამოგზაუროს; ან რამე გასწავლოს, მისი ენა ლაკონიური და ადვილად გასაგებია.

ანიმაციური სამყარო უკიდეგანოა უკვე, იმდენი ახალი ანიმაციური ფილმი გამოდის ყოველდღიურად,  ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის საინტერესო, არჩევანის გაკეთებაც კი რთულია.

ზემოთ ნახსენები აღმოჩენის მერე ერთად დავიწყეთ ისეთი ანიმაციების ძებნა, რომლებსაც დავსხდებოდით და ერთად ვუყურებდით. მე რამდენიმეზე შევჩერდები მხოლოდ.

ვფიქრობ, ანიმაციებზე არაფრის წერას აზრი არ ექნება, ერთ ძალიან, ძალიან საინტერესო პროექტს და რეჟისორს თუ არ ვახსენებ; თუ არ მოვყვები მოკლედ, როგორ მოიარა რეჟისორმა ნოდარ ბეგიაშვილმა მთეეეეელი საქართველო, როგორ ჩაიწერა ყველა კუთხე-კუნჭულის ბავშვების წაკითხული „ვეფხისტყაოსნის“ სტროფები, როგორ დაახატვინა მათთვის ნაცნობი ეპიზოდები, როგორ შეკრიბა მართლა მარგალიტებივით მიმობნეული ეს ყველაფერი და  უსაყვარლეს ანიმაციურ ფილმად აქცია. შედეგი ხომ საოცარია, მაგრამ პროცესიცაა გადაღებული: როგორ ხატავენ, როგორ ამბობენ, როგორ ახმოვანებენ პატარა ადამიანები თავიანთ ნახატებს. ისეთი სითბო და სიტკბო მოდის, უნებურად გეღიმება და გული გიჩუყდება, იჯერებ, რომ ასე „ვეფხისტყაოსნის“ შეყვარება მართლა შეიძლება.  ინტერნეტში მხოლოდ ნაწყვეტი დევს, მაგრამ ესეც საკმარისია, წარმოდგენა შეგექმნათ, რა განძია:

მეორე ანიმაცია, რომელიც, ჩემი აზრით, აუცილებლად უნდა ნახონ პატარებმაც, მოზარდებმაც და გაზრდილებმაც,  არის ,,მისტერ მორის ლესმორის საოცარი მფრინავი წიგნები“. მართლა საოცრად ფერადი, დადებითი ემოციებით სავსე ანიმაცია.

ძალიან საინტერესო ამბავი იმაზე, თუ როგორ ცხოვრობენ წიგნები დამოუკიდებლლად, ადამიანური სამყაროსგან შორს, როგორ გრძნობენ ყველაფერს, განიცდიან, ბერდებიან, სტკივათ  და  როგორ უფერადებენ მათთან მოხვედრილ ადამიანს ცხოვრებას.

https://net.adjara.com/Movie/main?id=8129

უფროსკლასელებისთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა 2000 წელს შექმნილი ჰოლანდიური შავ- თეთრ- ნაცრისფერი ( სულ ოდნავ შერეული მქრქალი ცისფრითა და ყავისფრით) ანიმაცია ,,მამა და ქალიშვილი“, რომელმაც არაერთი პრიზი დაიმსახურა, მათ შორის, ოსკარი და ბრიტანული კინოაკადემიის ჯილდოც მოკლე ანიმაციური ფილმის კატეგორიაში. ეს არის ფილმი სიტყვების გარეშე, რომელიც ლაკონიურად, საოცრად ნათლად და ემოციურად გვაჩვენებს, როგორი გრძნობები შეიძლება აკავშირებდეს მამა-შვილს და რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანის ცხოვრებაში მამის ფენომენი.

მეორე ფილმი, რომელმაც ძალიან მოგვხიბლა და დაგვაფიქრა, ბევრი გვამსჯელა და გვაკირკიტა, იყო ასევე უამრავპრიზოსანი და ბონუსად ოსკაროსანი იაპონური ანიმაცია ,,პატარა ყუთების სახლი“. ფილმი ალეგორიულად გვიჩვენებს, როგორ ჰგავს ჩვენი ცხოვრება ერთმანეთზე ყუთებივით აკოკოლავებულ სართულებიან სახლს, რომელსაც თანდათან ზღვა ფარავს და ამის გამო იძულებული ვხდებით, ახალ-ახალი სართულები დავაშენოთ, ხოლო ძველის საპოვნელ-მოსაგონებლად ღრმად ჩავყვინთოთ ხოლმე სულის ფსკერამდე. ეს ფილმიც სიტყვების გარეშე, ნახატებითა და მუსიკით გვაფორიაქებს და გვაფიქრებს:

დიდებისთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა ალექსანდრ პეტროფის ოსკაროსანი და კიდევ ბევრი პრიზის მფლობელი, ჰემინგუეის არაჩვეულებრივი მოთხრობის, ,,მოხუცი და ზღვის“ , მიხედვით შექმნილი ანიმაცია. ზედმეტი სიჭრელისაგან დაცლილი, საოცრად მოზომილი ფერები და ემოციები, მოთხრობიდან მაქსიმალურად გადმოტანილი განწყობა, საფიქრალი, სათქმელი.

ქართული ანიმაციური სივრცე არ გვანებივრებს მაინდამაინც ახალ-ახალი ნამუშევრებით, ამიტომ არ შემიძლია, აქ გვერდი ავუარო ძალიან საინტერესო მხატვარ- ანიმატორ არჩილ კუხიანიძეს და მის საყვარელამბიან, ლამაზმუსიკიან, ფერადგანწყობიან ანიმაციას  ,,გვანცი“. საკუთარ ღრუბელმატარებელი გოგონას ამბავი, რომელიც ისევ უფროსკლასელებს უფრო  დააინტერესებთ, ესთეტიკურ სიამოვნებას მიანიჭებს და უამრავ დეტალზე დაკვირვებას აიძულებს მათ.

აქ შევჩერდები.

ისე გამოვიდა, ძირითადად უფროსკლასელებზე ,,ვიზრუნე“ ამ სტატიაში, მაგრამ მგონია, რომ პატარებისთვის არჩევანი ბევრად უფრო დიდია, ბევრად უფრო ადვილია მათი მოსაწონი ანიმაციური ფილმი ვიპოვოთ და მათთან ერთად ვუყუროთ, მერე იმსჯელონ, თავიანთი შეხედულებები და ემოციები გამოხატონ და დღიურებშიც გადაიტანონ.

ახლა ყველაზე ,,მულტიპლიკაციური ტექსტი“ ( ასე ვუწოდე ჩემთვის) გამახსენდა, ნაირა გელაშვილის ,, წინწკლების ქოხი“. პირველად რომ წავიკითხე, კიდევ ერთხელ ვინანე, მულტიპლიკატორი რომ არ გამოვედი. ისეთი ფერადი  ამბები ტრიალებს ამ ზღაპარში, მართლა ჯადოსნური სამყაროა და თვალწინ გიცოცხლდება მთელი „საწინწკლეთი“. ვერ მოვითმენ, მცირე ნაწყვეტი მაინც რომ არ გაგაცნოთ:

ცოტა ხანში ტყის გულს მიაღწია. ტოტებზე ლურჯი, თეთრი და ვარდისფერი ციყვები ისხდნენ: ზოგს მძივი ეკიდა, ზოგს კი კუდზე და ყურებზე ბაფთა ება. ციყვებთან ერთად ტოტებზე მელაკუდები და ზღარბებიც ცხოვრობდნენ. ბალახიდან კურდღლებს ამოეყოთ თავი. ერთ კურდღელს ცალი ყური მწვანე ჰქონდა, მეორე-ჭრელი, თვითონ კი თოვლისფერი იყო. ერთ ბაჭიას ზურგზე მთვარე მოეგდო და სადღაც მიჰქონდა. აქ ზოგი ყვავილი ხის სიმაღლე გაზრდილიყო, ზოგი ბალახი – ხეზე მაღალი: მზეს პირდაპირ ცხვირში უღიტინებდა. მზესაც უხაროდა და იცინოდა. მწვანე გამოქვაბულში მთვარეები ცხოვრობდნენ: დედა მთვარე, მამა მთვარე და წარბისხელა შვილი მთვარე. ერთ ყვავილს გულში ხე ამოსვლოდა და იმ ხეს ღრუბლები ესხა. კაკლის ნაჭუჭში ჭიანჭველებს ქალაქი გაეშენებინათ, ნაძვის უზარმაზარი გირჩი კი ჭიამაიებს თავიანთ სასახლედ გადაექციათ, ამ სასახლის ყველა სართულიდან ჭიამაიები იცქირებოდნენ. აივნებზე წინწკლებიანი ხალიჩები გამოეფინათ. სულ ზემოთ, წვერზე მეფე-დედოფალი დაბრძანებულიყო. ვეებერთელა მუხას მზეები დაესხა. ერთ პეპელას ფრთებზე პატარა ნუკრი შეესვა და სადღაც მიაფრენდა. ერთი სიტყვით, აქ ყველაფერი ისე იყო, როგორც თვითონ ანისულა ხატავდა ხოლმე. ამიტომ დაინახა თუ არა, მაშინვე მიხვდა, რომ ჩვეულებრივ კი არა, ნაცნობ, ჯადოსნურ ტყეში მოხვედრილიყო.“

ხვალ ორშაბათია, ანიმაციის რა მოგახსენოთ, მაგრამ აუცილებლად წავუკითხავ, მერე ამონარიდებს დავურიგებ ამ ზღაპრიდან მე-6 კლასელებს. აბა, დასხდნენ და დახატონ ეს ჯადოსნური სამყარო, თუ მართლა ყოჩაღები არიან!

ბოლოს ანიმაციურ სამყაროსთან დაკავშირებულ, ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს მოვლენაზეც ვიტყვი ორიოდე სიტყვას: ყოველ წელს, გორის მუნიციპალიტეტის, ცხინვალის პირობით საზღვართან მდებარე, პატარა სოფელ ნიქოზში ტარდება ხოლმე ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი, რომელსაც 2017 წელს უკვე სამარკო ხარისხიც მიენიჭა. წელს მერვეჯერ ჩატარდა.

მას საოცარი ადამიანი, მეუფე ისაია, ხელმძღვანელობს.

მე ჯერ არ ვყოფილვარ, სულ მიმიწევს გული, მოსწავლეების წაყვანაც მინდა, მაგრამ ვერ იქნა და ვერ შევისრულე სურვილი.

რა ვქნა, აქ დავდო პირობა, რომ აუცილებლად წავიყვან რომელიმე  თაობას მაინც?! ვდებ. წავიყვან ოდესმე.

 

 

 

როგორ წავიკითხოთ ლექსები. აკაკი წერეთელი, „სულიკო“

0

ამ ლექსზე ინტერნეტში, რომელიღაც საიტზე, ერთი მოსწავლის ასეთი კომენტარი წავიკითხე: „- რა იგულიხსმება „სულიკოში“? ეს ალბათ მხოლოდ ავტორმა იცის…“  მომინდა, იქვე  მიმეწერა ამ წინადადებაზე, რომ ზოგჯერ, შესაძლოა, ავტორმაც არ იცის ზუსტად, რომელი შინაგანი ემოცია  რომელ სახე-ხატად იქცევა და რატომ.  ამ დროს გალაკტიონ ტაბიძე მახსენდება ხოლმე, ქუჩაში რომ გამოეკიდნენ: – ბატონო გალაკტიონ, ბატონო გალაკტიონ… ამა და ამ მეტაფორაში რა იგულისხმეთო? ის კი თურმე თავქუდმოგლეჯილი გარბოდა. მოგვიანებით კი ამ ამბავს ასე ჰყვებოდა: – ღმერთმანი, ისე მეკითხებოდნენ, თითქოს მართლა ვიცოდი და არ ვეუბნებოდიო!

ვინ არის სულიკო? – სატრფოა, ღმერთია თუ ორივე ერთად? თუ კიდევ სხვა…? მრავალი კრიტიკული სტატია ეძღვნება სულიკოს თემას, მაგრამ მნიშვნელოვანი სწორედ ის შეიძლება იყოს, რაზეც სხვებს არ დაუწერიათ,  აზრადაც არ მოსვლიათ და რომელიმე კონკრეტულ მკითხველს გაუჩნდება.

აკაკი წერეთლის „სულიკოს“ განხილვისას აქტუალურია ვაჟა-ფშაველას „სამეფო სიყვარულისა“. ამ ორი ლექსის განხილვისას ლიტერატურათმცოდნე ამირან გომართელს ასეთი დასკვნა გამოაქვს:

“…მთავარი და არსებითი მაინც ის არის, რომ დავით გურამიშვილის „დავითიანი“ აკაკისაც და ვაჟასაც ღრმად ჰქონდათ გათავისებული. ჩვენთვის საინტერესო ორივე ლექსი, ვაჟას „სამეფო სიყვარულისა“ და აკაკის „სულიკო“, დასაბამს (თუ შეიძლება ასე ითქვას) სწორედ გურამიშვილთან იღებს, კერძოდ, მისი ლექსიდან „სიმღერა დავითისა. ზუბოვკა“. „ზუბოვკას“ რეფრენივით გასდევს ფრაზა: „სად წავიდა, ვერა ვნახე ჩემი საყვარელი“. ეს სიტყვები ღმერთის ძიებაზე მიგვანიშნებს. „საყვარელი“ ე.წ. აღორძინების ხანის პოეზიაში, ისევე, როგორც „სატრფო“, მაცხოვრის ეპითეტებია. ვახტანგ მეექვსე „ვეფხისტყაონის“ კომენტარებში გარკვევით აცხადებს: საყვარელი ქრისტეს ჰქვიან. „დავითიანშიც“ მკაფიოდ ჩანს ეს – „მომიკლეს მე საყვარელიძე ღვთისად თხრობილი“ (ამირან გომართელი, „სემიოტიკა“ #9).

კარგი იქნება, მოსწავლეებმა (სტუდენტებმა) თავად დაძებნონ პარალელები ამ ორ ლექსს შორის. ამიტომ ჩემი კითხვა იქნება ასეთი:

  • რა საერთოა და განასხვავებს ამ ორ ლექსს ერთმანეთისგან?
  • თქვენი აზრით, რისი (ვისი) სიმბოლოა „სულიკო“?

 

მაია წიქარიშვილი, სტუდენტი, თსუ

აკაკი წერეთლის ,,სულიკოს’’ ახსნისას მასწავლებლები ერთგვარ წინასიტყვაობას აკეთებენ და მოსწავლეებს  უმხელენ რაღაც მათთვისაც ჯერ კიდევ უცნობი მეტაფორის არსს, თითქოს ,,სულიკოში’’ სამშობლო იგულისხმებოდეს.  ერთ დროს მეც ასე ვფიქრობდი. ახლა კი  ყველა პოეტურ თუ პროზაულ ნაწარმოებს ვცდილობ, სხვაგვარად შევხედო.

ზოგადად, რამდენი მკითხველიც ჰყავს ტექსტს, იმდენივე ინტერპრეტაცია შეიძლება ჰქონდეს. ტექსტმა  ინტერპრეტაციის შესაძლებლობა რომ ამოწუროს -მოკვდება.

როცა  ,,სულიკოს’’ ვკითხულობ, მართალი რომ ვთქვა,  სამშობლოს სახე-ხატებას მასში ვერ ვხედავ. მე არ ვიცი, აკაკიმ რა საიდუმლო ჩადო ამ სახელში – ,,სულიკო’’, მაგრამ ჩემთვის  ის რაღაც ძალიან ფაქიზთან ასოცირდება, ოღონდ ეს არაა სამშობლოს სიყვარული.  რატომ უნდა მიმართო სამშობლოს ,,სულიკოთი’’?  დიახ, გასაგებია, რომ პატრიოტული მოტივი ძალიან მნიშვნელოვანია  პოეტის შემოქმედებაში, მაგრამ აკაკის ამ ლექსის გარდაც ბევრი მიძღვნა აქვს სამშობლოსადმი…

ჩემთვის ,,სულიკო ‘’ სატრფოა.. სატრფო, რომელსაც დაეძებს მიჯნური… იგი მას ხედავს  ყველგან… სატრფოს სახე აგონდება, როცა ვარსკვლავებს შესცქერის, ან როცა მიწას დაჰყურებს.. ეს ხომ ჩვეულებრივი ამბავია მიჯნურისათვის?!

აკაკი წერეთლის ,,სულიკოს’’ და   ვაჟა-ფშაველას  ,,სამეფო სიყვარულისას’’  აქვთ რაღაც საერთო.  ორივეგან პოეტები  დაკარგულ სატრფოს დაეძებენ… მოდი მივყვეთ, როგორია თითოეული მათგანისთვის სიყვარული. როცა ვაჟას ლექსს ვკითხულობ,  შევდივარ სიყვარულის  სამყაროში. ეს სამყარო სამოთხეა:

,, ვეფხვნი და ლომნი წყნარად, უვნებლად
ირემთ და შველთა შორის დიოდენ,
ქორ-შავარდენნი კაკაბთ, გნოლთ გვერდით
ისხდენ და სამტროდ არა ჰკიოდენ.’’

სამყაროში, სადაც სრული იდილიაა, ერთმანეთის მიმართ მტრულად განწყობილი მხედრებიც კი ივიწყებენ მტრობას და ერთმანეთს ძმურად ეხვევიან. როგორ შეიძლება იყო საოცარი სამყაროს ნაწილი  და მისგან არ გადმოგედოს ეს  მუხტი. ამ შემთხვევაში, სიყვარულის მუხტი. აქ უფრო მძაფრია სატრფოსთან განშორება. როგორია იყო სიყვარულის სამყაროში სიყვარულის სუბიექტის გარეშე?

მე კი ვიძახდი: “სატრფოვ, სადა ხარ,
რად არ მაჩვენებ შენსა სახესა?”

აკაკის ლექსიც მსგავსი განცდით ხასიათდება ის მიმართავს თავის სატრფოს:

გულამოსკვნილი ვჩიოდი
„სადა ხარ, ჩემო სულიკო?!“

„ეკალში შენიშნული ვარდი“  პოეტს სატრფოს აგონებს, „სულგანაბული ბულბულიც“ სატრფოს სახეა,  ვარსკვლავშიც სატრფოს სახებას ჰპოვებს.

საერთო ამ ორ ლექს შორის ვფიქრობ ისაა, რომ  ორივეგან სიყვარული  იმდენად ფართოა, რომ ვერ თავსდება ერთ კონკრეტულ საგანში ან არსებაში და განსხეულებულია მთელს სამყაროში…

 

მარიამ სოხაძე – სტუდენტი, ილიაუნი

ვინ არის სულიკო?!

ისე ებღაუჭებიან ადამიანები ამ კითხვას, ისე ძლიერ უნდათ ერთი პასუხი, ერთი სახელი, ერთი პიროვნება ამოიკითხონ მასში, რომ ავიწყდებათ ყველა გენიალურობა სიმარტივიდან როგორ გადმოედინება. ავიწყდებათ, რომ მარად ჰორიზონტისკენ ცქერა, შეიძლება შენს წინ აყვავებულ სამოთხეს გავიწყდებდეს.

მაინც მგონია, რომ შენი სული(კო) ის იქნება, ვინც გინდა, რომ იყოს, ვინც გჭირდება, ვის არარსებობასაც ყველაზე მეტად ვერ ეგუები.

რა სახელიც გინდა ის დაარქვი ამ სულს, რადგან ასე დაჟინებით ამოგიკვიატებია მისი თანხმოვნებით  შემოსაზღვა, რა ფიტულიც გინდა ის მოარგე და ბედნიერი იყავი თუნდაც მხოლოდ იმით, რომ ის სადღაც აქ (ან იქ)  არის.

გაგიმხელ და გეტყვი რომ…!

მე ჩემს სულიკოს, ჩემს სახელს ვარქმევ.  რადგან არასდროს ვეგუები საკუთარი თავის ჩემს სხეულში ცოცხლად დამარხვას.

მე ჩემს სულიკოს ჩემი მეგობრის სახელს ვარქმევ, მან მისი სამარხი გასული წლის დეკემბერს მშვიდი ძილისას უხმოდ და სამუდამოდ დატოვა.

მე და ჩემი მეგობარი არც ვინმეს სატრფოები ვართ და არც გამოგონილი ღმერთები. ჩვენ არ გვჭირდება ხორცი-სარკოფაგი მოჩვნებითი არსებობის დასამტკიცებლად.                              ჩვენ სამყაროს ყველა ნაწილში ვართ და ყველა ნაწილი არის ჩვენში.                                              ჩვენ მარადიული წრებრუნვისა და შექცევადობის კარუსელზე მთელი ძალით ვქანაობთ, და ბედნიერების ადრენალინს ხან ჭიკჭიკად, ხან ტკბილ სურნელებად და ხანაც ზეციურ ნათებად ვაფრქვევთ.

სწორედ ამიტომ ჩვენ საკუთარი თავის ახდენილი სიზმრები ვართ და ყოველი გათენებისას ხელახლა ვხდებით…

ვიცი! ისევ ეჭვით შემომხედავ და მკითხავ

  • „ვინ არის სულიკო?“

მე ისევ კითხვით გიპასუხებ და გეტყვი:

  • „ ვინ ხარ შენ?“

 

 

ქრისტინე პახომოვა – სტუდენტი

რამდენიმე დღის წინ, რეჟისურის შესავალი კურსის შემსწავლელ ლექციაზე, ლექტორმა გალაკტიონის “მთაწმინის მთვარე” შემოგვიტანა. ლექსის გაგებით და შეგრძნობით ავტორის ემოციები და მდგომარეობა ისე უნდა გაგვეშიფრა, რომ შემდგომში მისი კადრირება შეგვძლებოდა. ვუყურეთ რამდენიმე ვიდეოს, ვუსმინეთ გალაკტიონის მიერ წაკითხული ლექსის გარემიქსებულ ვერსიებს და “მთაწმინდის მთვარის” მოტივზე სხვადასხვა კომპოზიტორის მიერ შექმნილ მუსიკას. ვნახეთ თეატრალური დადგმები და დავიწყეთ ლექსის გაშიფვრა, უფრო სწორედ, ცხარე კამათი.

რას გრძნობდა 25 წლის გალაკტიონი, როცა ლექსს წერდა? რატომ ავიდა მთაწმინდაზე? რა სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა სასაფლაოს, ზამბახს; რა იყო ვარდისფერი ბურუსი: გზის გასხივოსნებული მონაკვეთი თუ წერტილი; “ბრძანა(იწინასწარმეტყველა)” თუ არა მან მთაწმინდაზე დასაფლავება; ბარათაშვილთან უფრო დიდ სიახლოვეს გრძნობდა თუ აკაკისთან; ეძებდა თუ არა ის გარდაცვლილებში თავის “ტოლს და სწორს”, რომელსაც ცოცხლებში ვერ პოულობდა… გავიხსენეთ ისტორიული თანამედროვეობა, შედარებისას დავაკნინეთ ავტორები. საკუთარი აზრის მტკიცებისას ვცდილობდით დიდხანს „ვმჯდარიყავით ვირზე“. საბოლოოდ მაინც მივედით ერთ ჯანსაღ აზრამდე: ყველას მოსაზრება შესაძლოა ყოფილიყო ჭეშმარიტი. როცა ლექტორმა იკითხა, თუ როგორ რეჟისორულ ნამუშევარს შევქმნიდით ლექსის მიხედვით, პასუხი ერთხმად გავეცით:

  • ყველა სხვადასხვანაირს! – ლექტორის პასუხი იყო შემდეგნაირი: სწორედ ასე შეიძლება შეიქმნას საინტერესო სურათი. როგორია შენი თვალით დანახული გალაკტიონი და როგორ ჟღერს შენთვის “მთაწმინდის მთვარე”.

 

“Eternal Sunshine of the spotless mind – ნათელი გონების მარადიული ბრწყინვალება”; გასხივოსნება – ცნობიერების უმაღლესი(?) წერტილი, სადაც მნიშვნელობას კარგავს ყველა აზრი და ყველა საგანი იცლება შინაარსისგან, ფორმისგან და სხვაგვარ მნიშვნელობას იძენს; გულის და ტვინის გამთლიანება; სამოთხის იდეა – “სულიკო” და “სამეფო სიყვარულისა”-  არის გზა, არის შვების ძიება, არის სწრაფვა საყვარლისკენ ანუ ქრისტესკენ და თუ ქრისტე სიყვარულია – სიყვარულისკენ და რადგან სიყვარული ერთ შემთხვევაში ვარსკვლავი, ბულბული და ვარდია, ე.ი. შეცნობისკენ, რომ ის, ვისაც ვეძებთ, ღმერთი, რომელიც სიყვარულია, ჩვენშია და ჩვენთან და, ამავე დროს, ყოველ საგანში თანაარსებობს.

 

ორივე ავტორი ეძებს დაკარგულს. ე.ი. ოდესღაც ნაქონს. თუმცა პოვნისას ისინი ვერ ხვდებიან, რომ  ეს არის ის, რასაც ამდენი ხანი ეძებდნენ. როგორ შეიძლება ავხსნათ ეს? შეიძლება ვიფიქროთ, რომ თავდაპირველად მათ გააჩნდათ ბუნებრივი რწმენა, ემოციური, ინსტიქტური; სხვა სამყაროდან, შემორჩენილი “მეხსიერება”, სხვა არსებობაში მოპოვებული ან მიღებული სუფთა სიხშირე, მილევადი, რომელსაც მაშინ ვკარგავთ, როდესაც ჩვენი ყოფნა სხვა საგნებთან თანაარსებობა კი არ არის, არამედ „გასაგნება“, არა შერწყმა, არამედ საკუთარის გაშვება და სხვა მოცემულობის შემოშვება. როდესაც ვისმენთ მხოლოდ ყურებით და ვხედავთ მხოლოდ თვალებით და ვერ ვგრძნობთ, ჩვენი “სადგური” (ტვინი) ვერ იჭერს სიგნალებს, ვერ ახდენს იდენტიფიცირებას, ეს ენერგია შეგესაბამება თუ არა.  პარალელურ რეჟიმში ის კარგავს ფუნქციასაც და მუხტსაც. გარკვეული პერიოდის შემდეგ ის, რაც მიილია, დიდი და, ხანდახან, საბედისწერო დანაკლისი ხდება. იცლები საგნებისგანაც და აუტანელ წუხილს გრძნობ, აღარ ხარ თვითკმარი. მარტო რჩები და ეს მარტო ყოფნა არ არის ადამიანებთან დისტანცია. ეს სამყაროსგან მოწყვეტის სევდაა, როდესაც ხვდები, რომ შენ აღარ ხარ იმ მთლიანობის ნაწილი, რომელსაც სადღაც სამყარო ჰქვია, სადღაც უწყვეტი ენერგია, სადღაც სიყვარული, სადღაც მოძრაობა, სადღაც სიკეთე, სადღაც კი – ქრისტე. იწყებ ძებნას. პოულობ მაშინ, როდესაც შენი ცოდნა გაძლევს საშუალებას დაინახო, მოისმინო, შეიგრძნო… ეს  არის თავდაპირველი დავიწყებული ცოდნა, ამ ცოდნას გახსენება და შეცნობა სჭირდება. მაშინ სხეულში გონებიდან იჭრება ყვითელი სინათლე, ჰარმონიული შუქი.

ორივე ავტორი პოულობს იმას, რასაც ეძებდა ან „სტრატეგიულად“ მოქმედებენ და წერენ იმ ჯადოსნობის იმედით, რაც ტექტს, ანუ მატერიად ქცეულ ფიქრს, შეუძლია.

ამ ორ, თითქოს ძალიან მსგავს ტექსტს, ჩემი აზრით, განსხვებული ენერგია აქვთ. ერთს – ძლიერი, მეორეს – შედარებით სუსტი, თითქოს ნაკლებად ენდობა საკუთარ ძალას. მიუხედავად იმისა, რომ ვაჟასთან შემოდის სიზმარი, აკაკის ლექსში უფრო ნაკლებია რეალურობის შეგრძნება.

 

P.S. მე ასე ვიგრძენი და შეიძლება ძალიან მინდოდა, მაგრამ ვერ აღვწერე სწორად და გაგაგებინე. თუმცა არაფერია, შენ (ვინც არ უნდა იყო – მასწავლებელი თუ მოსწავლე), იქნებ ფიქრობ, რომ “სულიკო” ის გმირია, ბაზალეთის ტბის ძირას რომ იზრდება, ოქროს აკვანში. საინტერესო იქნება, როგორ მომიყვები. თუ გინდა, დახატე! თუ გინდა, მიმღერე! მე ახლა “სულიკოს” ვღიღინებ და ვაჟაზე ვფიქრობ. წარმოიდგინე, ვაჟას სხეულში როგორი შუქი “ენთო”, როდესაც ბალახები ელაპარაკებოდნენ, როდესაც ჩიტები კოსმოსურ ამბებს ეჭიკჭიკებოდნენ ყურთან და მას ესმოდა. ჰოდა, შენც შეგიძლია… მოისმინე და გაიგონე შენც!

 

აკაკი წერეთელი, „სულიკო“

 

საყვარლის საფლავს ვეძებდი,
ვერ ვნახე!.. დაკარგულიყო!..
გულამოსკვნილი ვჩიოდი
„სადა ხარ, ჩემო სულიკო?!“

ეკალში ვარდი შევნიშნე,
ობლად რომ ამოსულიყო,
გულის ფანცქალით ვკითხავდი
„შენ ხომ არა ხარ სულიკო?!“

ნიშნად თანხმობის კოკობი
შეირხა… თავი დახარა,
ცვარ-მარგალიტი ციური
დაბლა ცრემლებად დაჰყარა.

სულგანაბული ბულბული
ფოთლებში მიმალულიყო,
მივეხმატკბილე ჩიტუნას
„შენ ხომ არა ხარ სულიკო?!“

შეიფრთქიალა მგოსანმა,
ყვავილს ნისკარტი შეახო,
ჩაიკვნეს-ჩაიჭიკჭიკა,
თითქოს სთქვა „დიახ, დიახო!“

დაგვქათქათებდა ვარსკვლავი,
სხივები გადმოსულიყო,
მას შევეკითხე შეფრქვევით
„შენ ხომ არა ხარ სულიკო?!“

დასტური მომცა ციმციმით,
სხივები გადმომაყარა
და იმ დროს ყურში ჩურჩულით
ნიავმაც ასე მახარა

„ეგ არის, რასაც ეძებდი,
მორჩი და მოისვენეო!
დღე დაიღამე აწ ტკბილად
და ღამე გაითენეო!

„სამად შექმნილა ის ერთი
ვარსკვლავად, ბულბულ, ვარდადო,
თქვენ ერთანეთი რადგანაც
ამქვეყნად შეგიყვარდათო“.

მენიშნა!.. აღარ დავეძებ
საყვარლის კუბო-სამარეს,
აღარც შევჩვი ქვეყანას,
აღარ ვღვრი ცრემლებს მდუღარეს!

ბულბულს ყურს ვუგდებ, ვარდს ვყნოსავ,
ვარსკვლავს შევყურებ ლხენითა
და, რასაცა ვგრძნობ მე იმ დროს,
ვერ გამომითქვამს ენითა!

ისევ გამეხსნა სიცოცხლე,
დღემდე რომ მწარედ კრულ იყო,
ახლა კი ვიცი, სადაც ხარ
სამგან გაქვს ბინა, სულიკო!

 

 

ვაჟა-ფშაველა

სამეფო სიყვარულისა

სატრფო დავკარგე, იმას ვეძებდი,
შემოვიარე მთელი ქვეყანა.
ჭირი და სევდა ზღვა და ხმელეთზე
სატრფოს მოძებარს შემხვდა ბევრგანა.

რამდენჯერ ფიქრი ცეცხლ-მოდებული
გავგზავნე ცაში მაღლა ღმერთთანა,
მაგრამ მე და იმ ჩემს ბედის ვარსკვლავს
არ მოგვიხერხდა შეყრა ერთგანა.

მოხეტიალე გახელებული
წავაწყდი სადღაც ერთს ტურფა მდელოს.
ცოდვაა, მისი მშვენიერება
ადამიანმა ფეხითა სთელოს.

სამოთხეს ჰგავდა, ან კი სამოთხე
იმაზე კარგი რითღა იქნება?
ჩემს აღტაცებას არ აქვს სამზღვარი,
როს მის სურათი თვალწინ მიდგება.

ყოველი ფიქრი საამქვეყნიო
მაშინ ქარწყლდება, გულში მიქრება.

ცივნი წყარონი ურიცხვთ ყვავილთა
ანკარა ნამით პირებსა ჰბანდენ.
წყარო ხომ თვითაც ლამაზი არის,
მაშინ კი ტრფობის ღმერთებსა ჰგავდენ.
უკვდავებისა წყარონი იყვნენ
და უკვდავებით მიდამოს ჰრწყავდენ.

უკვდავების ხეც იქვე ჰყვაოდა,
იქ ვერ აცდენდა გველი ევასა,
ვერა ჰბედავდა ბოროტი სული
ცოდვის საქმნელად გულის რწევასა.

შურის თვალითა შორით უმზერდა,
მაგრამ ხდებოდა იგი ვერასა.

სამეფო ტახტზე ყვავილიანზე
თვით სიყვარული ზედ ბრძანდებოდა,
კაცთა და პირუტყვთ გრძნობა-ვნებებზე
იგი მეფობდა და ბრძანებლობდა.

ვეფხვნი და ლომნი წყნარად, უვნებლად
ირემთ და შველთა შორის დიოდენ,
ქორ-შავარდენნი კაკაბთ, გნოლთ გვერდით
ისხდენ და სამტროდ არა ჰკიოდენ.

არწივსა ხმალი ქარქაშს ჩაეგო,
კლანჭზედაც სისხლი არღა სცხებოდა,
მყის დამტკბარიყო მისი ბუნება,
რა სიყვარული გულსა ჰხლებოდა.
ვისაც გუშინა გულ-ცივად ჰკლავდა,
დღეს იგი მის მტერს შეაკვდებოდა.

ორნი მეფენი, ერთმანეთზედა
აშფოთებულნი შურით, მტრობითა,
ერთი იქით მხრით, მეორე აქით
პირისპირ მოდგნენ თვის მხედრობითა.

საომარ ველად ეს დაესახათ,
ტურფა სამეფო სიყვარულისა,
აქ ჰსურთ ერთმანეთს რომ გაუმწარონ
დღე სიცოცხლის და სიხარულისა.

გულში მხედარნი სიძულვილს ჰლესენ,
გრძნობა არ უჩანსთ სიბრალულისა
და მიიწიეს ერთმანეთზედა
ხმალ-მოწვდით, თანაც კიჟინა დასცეს.

მაგრამ უეცრად ყველანი დაცხრენ.
მყის იარაღი ხელით გაუშვეს,
თავ-დაკიდებით შტერივით დადგენ.
მერე მივიდენ და ერთმანეთსა,

ვით ღვიძლმა ძმებმა, კოცნა დაუწყეს,
სულ დაჰვიწყნოდათ, რადაც აქ შეკრბენ,
ცა და ხმელეთსა სხვა ხმა აუწყეს.
ვეღარა ჰღებენ კაცის სისხლითა
მათ შემაცქერალს ტურფა მხარესა.

ერთურთს შესტრფიან თვალ-დამშეულნი,
ვით ცა გადმოსულს მაზედ მთვარესა.
მე კი ვიძახდი: „სატრფოვ, სადა ხარ,
რად არ მაჩვენებ შენსა სახესა?“

– მე თვით გახლავარ ის შენი სატრფო!
– ტრფობის ქვეყანა ერთხმად ჰკიოდა.
გამომეღვიძა. სიზმრად მენახა
და ამის გამო გული მტკიოდა.

 

გასეირნება სიყვარულისა და სევდის თანხლებით        

0

რობერტ ვალზერი XX საუკუნის შვეიცარიელი მწერალია, მსოფლიოში აღიარებული და დაფასებული. ცნობილია, რომ მისი რომანებით აღფრთოვანებული იყო ფრანც კაფკა, რომელიც დიდი ენთუზიაზმით ლაპარაკობდა მათ შესახებ, როცა კი შემთხვევა მიეცემოდა. ქართველი მკითხველი მის  მოთხრობებსა და რომანებს (“გასეირნებას”, “მარიას”, “იაკობ ფონ გუნთენსა” და “თანაშემწეს” უკვე იცნობს მაია მირიანაშვილის თარგმანებით). რობერტ ვალზერს უფრო ახლოს გვაცნობს დოკუმენტურ-მემუარული ყაიდის წიგნი “ხეტიალი რობერტ ვალზერთან ერთად”, რომელიც ცნობილმა მწერალმა და მეცენატმა კარლ ზელიგმა დაწერა.

მოთხრობა “გასეირნება” იმ მშვენიერების შესახებაა, რომელსაც ხშირად ვერ ამჩნევს ჩახუთულ ოთახში გამოკეტილი ადამიანი. რობერტ ვალზერი სიმბოლურად წარმოაჩენს თანამედროვე ტექნოკრატიული საზოგადოების კრიზისს. ბუნება სადღაც დარჩა, როგორც დეკორაცია, როგორც ერთგვარი სამშვენისი და არა ყოფის განუყოფელი ნაწილი. ვალზერი ამ მოთხრობაში თვითონაც სეირნობს და მკითხველსაც დაასეირნებს ბუნების ულამაზეს წიაღებში, ეს, რა თქმა უნდა, იმავდროულად, საკუთარ სულში მოგზაურობაცაა, ღმერთთან მიახლოების წადილი, მაგრამ უმთავრესია, რომ სწორედ ბუნებამ გააღვიძოს კაცში ღვთაებრივი მშვენიერებისა და სიმშვიდის განცდა, რაც საწინდარია ამაღლებულობისა. მწერალი ამჩნევს ცხოვრების უმცირეს დეტალებს და ცდილობს ფერწერულად გამოხატოს არა მხოლოდ თოთო განთიადები და მეწამული დაისები, არამედ ადამიანთა მოულოდნელი შეხვედრები და ტკივილიანი განშორებები, უეცრად გაჩენილი და გამქრალი სიყვარული, მოისმინოს უჩინარი ხმები და მკითხველი დაარწმუნოს უხილავად არსებული ჯადოსნური სამყაროს რეალობაში. ვალზერის აზრით, მწერლებმა, რომელთაც, მართლაც, ხელეწიფებათ წერა, იციან, რომ დროდადრო უნდა შეჩერდნენ, გარემოს მიაყურადონ, სიმშვიდე მოიპოვონ, ხანდახან კალამსაც ცოტა ხანს უნდა გაუშვან ხელი და უკვდავი ბუნებით დატკბნენ. თვითონ ვალზერს გასეირნება საოცარი შემოქმედებითი ენერგიით ავსებდა.  ეს ხეტიალი  მის სულში აღბეჭდავდა მრავალფეროვან მოვლენებს, ამჩნევდა ირგვლივ მოფუთფუთე სანახაობებს, ცოცხალ ლექსებს, სასწაულებს, ბუნებრივ სილამაზეებს, რომლებიც მის  თვალწინ მომხიბლავად და შემაგულიანებლად იშლებოდნენ. ამ დროს ის ყურადღებით აკვირდებოდა სულ მცირე, ერთი შეხედვით, უსიცოცხლო საგნებსაც კი, მისთვის ყველაფერი მნიშვნელოვანი იყო: ძაღლი, ჭიანჭველა, პეპელა, ბეღურა, ხე, ღობე, ლოკოკინა, თაგვი, ღრუბელი, მთა, ფოთოლი თუ “საიდანღაც ჩამოვარდნილი საცოდავად დაფლეთილი, დაწერილი ფურცელიც კი”. მწერლის აზრით, ყველაფერი განსაკუთრებულად უნდა შეიგრძნო, უანგარო, ლაღი, ყურადღებიანი მზერა უნდა აჩუქო, თვალი შეავლო. ნახავ, რომ ისინიც მზად არიან, შენი ჩივილი, გულისტკივილი, გაჭირვება გაიზიარონ. ვალზერისთვის გასეირნება ბუნებაში ერთგვარი თავდავიწყება იყო, სამყაროსთან შერწყმის, მისგან განუყოფლობის განცდა ეუფლებოდა. ყველაფერი ბედნიერებას ანიჭებდა. სულიერება, მადლიერება, ნდობა, ერთგულება აღავსებდა და აღამაღლებდა. ბუნების მრავალფეროვნება მას აკეთილშობილებდა, ამდიდრებდა, ახალისებდა და ერთგვარ გასხივოსნებას იწვევდა. ეს ექსტაზს ემსგავსებოდა: “სოფელი, ხალხი, ხმები თუ ფერები, სახეები თუ მოჩვენებები, ღრუბლები თუ მზის ნათება ისე ტრიალებენ ჩემ ირგვლივ, როგორც ჩრდილები”. ვალზერი ოცნებობდა, ტყეში მშვიდი, პატარა საფლავი ჰქონოდა, რათა ეგებ მაშინაც მოესმინა ჩიტების ჭიკჭიკი და ტყის შრიალი.

მოთხრობა “მარიაში” საუბარია ბედნიერების ძიებაზე. ვალზერის აზრით, ადამიანთა სწრაფვა ბედნიერებისაკენ ბევრად უფრო მშვენიერია, უფრო მიმზიდველი, მნიშვნელოვანი და სასურველი, ვიდრე თვით ბედნიერება. მოთხრობის გმირი მწერალია და ფიქრობს, რომ რაც სათუთი და ნაზია, იმაზე დუმილი აჯობებს. ერთი გასეირნებისას იგი შეხვდება იდუმალებით მოცულ ქალს, მარიას, რომელიც მისთვის მარადქალურობის სიმბოლოდ იქცევა. ამ შეხვედრას ერთგვარი რომანტიკულ_მისტიკური ელფერი აქვს: “რაღაც გაურკვეველმა ძალამ, დიდებულებამ თუ მშვენიერებამ მაიძულა, ჩუმი, მშვიდი ხმით უცხო ქალისთვის მეთქვა: მე შენ მიყვარხარ. წამიყვანე, საითაც გინდა, მთელი ჩემი სული და გული შენთვის მომინდვია”. ეს პაემნები გმირს მთლიანად უცვლის სამყაროს და ჯადოსნურ წუთებს განაცდევინებს. ეს არის შეხვედრა მისივე ფიქრებით მოქსოვილ ქალთან. ამ შემთხვევაში იგი პიგმალიონს ედარება, საკუთარი ხელით გამოქანდაკებული ქალი რომ შეუყვარდა. მოთხრობაში ამ ქალთან შეხვედრები აღწერილია ისე, თითქოს სამოთხეში ადამ და ევას ვუცქერდეთ. საღამოს ღრუბლები ვარდისფრადაა შეფერილი და ირგვლივ ყოველივეს შეურყვნელობისა და სიწმინდის ნიშანი აქვს. ერთ დღესაც მარია გაქრა, მხოლოდ და მხოლოდ საამო სურნელი, ბულბულის ხმა, საოცარი სურათი, პეპელასავით მოგონება დაუტოვა გმირს. ეს მოგონება საღამოს მონაბერ ნიავს ჰგავდა. მასთან ერთად გაქრა თითქოს ყველაფერი და გმირი მიხვდა, ამიერიდან მისი ცხოვრება მარიას, ესე იგი, ამაღლებულის, მიუწვდომელის ძიებაში გაილეოდა და მასთან მიახლოების ილუზია მიანიჭებდა გამოუთქმელ ნეტარებას.

კარლ ზელიგი რობერტ ვალზერს  თითქმის  20 წლის განმავლობაში ხვდებოდა და მასთან ერთად სეირნობდა, შემდეგ კი შთაბეჭდილებებს დღიურში იწერდა. საბოლოოდ, შესანიშნავი წიგნი გამოუვიდა, “გოეთეს საუბრებს ეკერმანთან” რომ ჩამოჰგავს. ზელიგი ჩასწვდა ვალზერის სულს  და მკითხველს დაუხატა მწერალი უშუალო, ჩვეულებრივ ვითარებებში. ვალზერმა სიცოცხლის ბოლო წლები  სულიერად დაავადებულთა გამაჯანსაღებელ სანატორიუმში გაატარა. ზელიგი მისი მეურვე გახლდათ და დროდადრო ხვდებოდა, ორი მონათესავე სული ერთმანეთს სხვადასხვა თემაზე ესაუბრებოდა, მათ შორის რა თქმა უნდა, უპირველესად, ლიტერატურასა და ხელოვნებაზე. აი, ვალზერის რამდენიმე თვალსაზრისი ამ საუბრებიდან: “ხელოვანს ტალანტი არას არგებს, თუ სიყვარული აკლია”, “ხელოვანმა თავისი მკითხველი უნდა აღაფრთოვანოს, ან დატანჯოს, აატიროს, ან გააცინოს”, “ადამიანს სხვების მოტყუება შეუძლია, საკუთარ თავს კი ბოლომდე ვერ მოატყუებ”, “წიგნების წერაც ისეთივე სამუშაოა, როგორც თესვა, მკა, ხვნა…”, “ნაღველი და დარდი საუკეთესო აღმზრდელები არიან”, “აუტანელია მწერალი, რომელსაც ჰგონია, რომ მთელი სამყაროს დამოძღვრა, ჭკუის სწავლება სწორედ მას დაავალეს”, “უფრო მნიშვნელოვნია, ნაკლები ილაპარაკო ღმერთზე და მეტი აკეთონ ისე, როგორც ღმერთს სწადია”. ერთი სეირნობისას ვალზერმა ზელიგს უთხრა: “ხეებს რა კარგად აქვთ საქმე, ყოველ წელს ისხამენ ნაყოფს”. ეს კი თომას მანზე საუბარს მოაყოლა, მიიჩნევდა, რომ მისი “იოსები და ძმანი მისნი” მშრალი და გამოფიტული რომანი იყო, საერთოდაც, მის გვიანდელ ნაწერებში ოთახის ჰაერი შეიგრძნობაო, ასე იცის, როდესაც მწერალი ბუღალტერივით მხოლოდ თავის საწერ მაგიდას უზის და წერსო. ვალზერი ოცნებობდა, რომ  შეძლებისდაგვარად შეუმჩნევლად გამქრალიყო. ის 1956 წელს, შობა დღეს, შებინდებისას, დათოვლილ მინდორზე გარდაცვლილი იპოვეს. თავისი წიგნებით კი ცხოვრებაში ლამაზი კვალი დატოვა.  ასევე ლამაზად ამთავრებს თავის წიგნს ზელიგი: “მკვდარი, რომელიც იქ, ფერდობზე, ზამთრის ფაფუკი ფიფქების მხიარულ ცეკვაში იწვა, პოეტი აღმოჩნდა. მწერალი, რომელიც ბავშვივით მშვიდი სამყაროსკენ, სისუფთავისკენ, სიყვარულისკენ მიილტვოდა”.

 

 

„ორგანული“ საკვები

0

პირველკურსელებთან  შესავალ კურსს ვკითხულობ. მათ  სპეციალობა ჯერ არჩეული არ აქვთ და პირველ კურსზე ზოგადი შესავალი კურსის არჩევა ევალებათ, როგორც საბუნებისმეტყველო, ასევე ტექნიკური და ჰუმანიტარული  მიმართულებით. კურსმა შესაძლოა ისეთი შთაბეჭდილება ან გავლენა მოახდინოს, რომ უკვე დარწმუნებულს, აზრი შეაცვლევინოს და მისი ბედი სხვა სპეციალობასთან  დააკავშიროს. ასე ხშირად მომხდარა, სტუდენტი, რომელიც დარწმუნებული ყოფილა პროფესიის სისწორეში, შემდეგ ცხოვრების საქმედ ბიოლოგიას ან ეკოლოგიას ირჩევდა. აქ უნდა განვმარტო, რომ ჩვენს უნივერსიტეტში ქიმიის სპეციალობა არ არის, თუმცა თანამედროვე ბიოლოგია ფაქტობრივად ქიმიაა და ქიმიის გარეშე ერთ ნაბიჯსაც ვერ გადადგამ.

ისეთი სტუდენტიც შემხვედრია, ვინც თავისი პირვანდელი ჩანაფიქრის ერთგული დარჩენილა და ის საქმე აურჩევია, რომელიც თავიდანვე სურდა. შესავალი კურსი მათთვისაც გამართლებულია, რადგან ცხოვრებაში გამოსაყენებელ ქიმიას სწავლობენ. ანუ, იმ ინფორმაციას იღებენ, რომელიც მომავალში, როგორც არაქიმიკოსებს გამოადგებათ.

ჩემივე სხვა შესავალი კურსისგან  „ალქიმიიდან 21-ე საუკუნემდე“-ს გამოვარჩევდი. აქ ყველაფერზე ვსაუბრობთ, ალქიმიაზეც, ქიმიის განვითარებაზეც და თანამედროვე ქიმიაზეც. არადა, 21-ე საუკუნეში ქიმია ყოველი ფეხის ნაბიჯზე  გვხვდება და მისი ცნობა, ამოცნობა და სწორად მოქმედება სასიცოცხლოდ აუცილებელია.

აი, დღესაც სუპერმარკეტში შევედი. ამოჩემებული ადგილები მაქვს და ერთი ქსელის სუპერმარკეტებშიც კი უცვლელ ფილიალში დავდივარ. ფასები იკბინება. არადა, ევროპაში სუპერმარკეტი იაფი მაღაზიაა, ჩვენთან კი ყველაფერი ყოველთვის უკუღმაა, მაგრამ ახლა სხვა თემა გვაქვს განსახილველად.

ჰოდა, იმას ვამბობდი, შევედი სუპერმარკეტში და დავიწყე პროდუქტების შერჩევა. აი, იმ დახლზე მხოლოდ ორგანული საკვები დევს. აქეთ, „ჩვეულებრივი“ ბანანი ამდენი ლარი ღირს (ანუ, შედარებით იაფია), „ორგანულის“ ფასი კიდევ იიიიმდენია… (ძვირია ძალიან).

რა იგულისხმება „ორგანულ“ საკვებში? რას ნიშნავს „ორგანული“ და „ჩვეულებრივი“ ბანანი? სინამდვილეში, ხომ ყველა საკვები ორგანულია. ანუ, ის შეიცავს ცილებს, ცხიმებს, ნახშირწყლებს, ვიტამინებს, რომლებიც მომკალით და ორგანული მოლეკულებია. ასე რომ, ძვირად ღირებული „ორგანული“ და იაფი „ჩვეულებრივი“ ბანანი, სინამდვილეში ორგანული ნივთიერებებისგანაა შემდგარი.

ჰო, კიდევ ორივე ბანანი კალიუმს შეიცავს. ოღონდ, მისი კალიუმით სიმდიდრე მხოლოდ მითია. სინამდვილეში, ერთი ბანანი ჩვენთვის საჭირო კალიუმის  დღიური ნორმის მხოლოდ 10%-ს შეავსებს და დღიური ნორმის მისაღებად ერთი კილო ბანანის ჭამა მოგვიწევს. ეს კი დაახლოებით 1000 კალორიაა. კალიუმის მიღება მწვანილიდან უფრო იოლია, სადაც მართლაც დიდი რაოდენობით არის. ბანანი ასევე, ალერგიულიც ყოფილა და, ე.წ. „ჩვეულებრივი“ და არა „ორგანული“ უფრო ალერგიულიც კი შეიძლება იყოს, რადგან, სავარაუდოდ, პესტიციდ-ჰერბიციდებით არის მოწეული. თუმცა, ალერგიულობაც პირობითია და ასიდან შესაძლოა სამ-ოთხ ადამიანს გამოუვლინდეს.

ალბათ, უკვე მიხვდით, რომ სინამდვილეში, ტერმინი „ორგანული“ პროდუქტის სისუფთავეს აღნიშნავს. იმას, რომ, ე.წ. ორგანული საკვები სინთეზური ქიმიკატების გარეშეა მოწეულ-მოყვანილი. მათში წესით, არც პესტიციდ-ჰერბიციდების, არც ანტიბიოტიკების და არც ემულგატორების კვალი არ უნდა შეინიშნებოდეს.

როგორ გავიგოთ, რომ საკვები სუფთაა? მაღაზიასა თუ ბაზარში მისულებმა, როგორ ამოვიცნოთ სუფთა პროდუქტი. შეუძლებელია… გარეგნულად ისეთი მიმზიდველია, არადა…

თუ გახსოვთ, ზაფხულის ერთ წერილში საზამთროზე ვწერდი. წავედი, შევარჩიე, ვიყიდე და ხელში მწარე და შიგნიდან აჭრელებული ხილი შემრჩა. იმავე წერილში ნიტრატების აღმომჩენი მარტივი ცდებიც აღვწერე (https://mastsavlebeli.ge/?p=18974). თუმცა, ამ ცდებს შემდეგ ჩავატარებთ, როცა უკვე ვიყიდით და მის უვარგისობას ისედაც ვნახავთ. აი, დახლზე კი წარმოუდგენელია დაბინძურებული ხილის და ბოსტნეულის ამოცნობა. თუ, რა თქმა უნდა, სუპერმარკეტში „ორგანული“ საკვებისთვის მიჩენილი ადგილიდან უუუძვირეს ფასად არ შევიძენთ.

ამ დაბინძურებული საკვების, წყლის და ჰაერის  რომ ასე გვეშინია, განა ცხოვრება სხვა მხრივ უსაფრთხოა? ველოსიპედი უფრო ჯანსაღიაო და ვსეირნობთ. არადა, მანქანასთან შედარებით გაცილებით ხიფათიანია. განსაკუთრებით, თუ მანქანებით გადაჭედილ გზაზე გადაწყვეტთ სეირნობას. თან შეჯახების ალბათობა იზრდება, თან გამონაბოლქვის სუნთქვის ინტენსიურობა.

ლიფტი ნაკლებად საშიშია? მაგრამ, ხომ დაუფიქრებლად ვიძახებთ და ვმგზავრობთ. ზოგიერთი ლიფტს ერიდება და კიბით ადი-ჩადის, მაგრამ კიბეც საშიშია. ხომ შეიძლება, თავბრუ დაგვეხვას, ფეხი დაგვიცურდეს და… ათასი რამ მოხდეს. ზოგიერთი სიგარეტს ეწევა, ზოგიც ალკოჰოლს ეთამაშება და იმ საფრთხეებზე არ ფიქრობს, რაც მათ უკან იმალება.

მოკლედ, ჩვენი ცხოვრება რისკებისგან შედგება და თითოეული მათგანი სიცოცხლეს გვიმოკლებს. ერთ ვებგვერდზე გადავაწყდი, რომ თურმე სიღარიბეში ცხოვრება სიცოცხლეს 3500 დღეს აკლებს; თუ განგებამ კაცად გაგაჩინა, მაშინ მინუს 2800 დღე. თუ კაცი ხარ და სიგარეტსაც ეწევი, მშვიდობით 2300-ო დღევ; უჰ, ასეთი კაცის ცოლი კი 50 დღით ნაკლებს იცოცხლებს; ალკოჰოლი გიყვართ? ნახვამდის 230-დღევ; თქვენს ქალაქში დაბინძურებული ჰაერია? მინუს 80 დღე; სრულყოფილი სია შემდეგ ვებ-გვერდზე შეგიძლიათ იხილოთ:

https://www.phyast.pitt.edu/~blc/book/chapter8.html?fbclid=IwAR0zPOhIvYe5yvYfrVMiTk3ctzx45sjeVcpb4Huj7DkEpHkcetzWmKjRV-M.

პესტიციდების საფრთხე როგორიღაა? ჯონ მაკმური „ორგანული ქიმიის“ წიგნში წერს, რომ ამერიკაში ყოველწლიურად 100 მილიონ ფუნტ (1ფუნტი=0.453592კგ) ჰერბიციდ ათრაზინს იყენებენ. მისი გამოყენება სახიფათოა, კვალის სახით რჩება გარემოში. ადამიანის და ცხოველის დაზიანებაც შეუძლია, მაგრამ ამერიკის გარემოს დაცვის სააგენტოს (EPA- United States Environmental protection Agency) არ სურს მის გამოყენებაზე უარის თქმა, რადგან მავნებლებს  კარგად ანადგურებს და საკვებსაც დაზიანებისგან იცავს. სხვა შემთხვევაშიო, წერს მაკმური, ნათესი ვერ გადარჩებოდა და სურსათზეც ფასი გაიზრდებოდაო.

ჰო, სურსათი არ გაძვირდა, მაგრამ ათრაზინი კვალის სახით, რომ დარჩა გარემოში?

ათრაზინი, იგივე 6-იზოპროპილამინო-2-ქლორ-4-ეთილამინო-1,3,5-თრიაზინი, როგორც აღვნიშნეთ, ჰერბიციდია. თეთრი კრისტალური ნივთიერებაა, ლღვება  173-175 გრადუსზე, წყალში არცთუ კარგად იხსნება, უფრო ცუდად იხსნება ორგანულ გამხსნელებში. გამოიყენება ყველანაირი მავნებლებისგან დასაცავად ისეთი კულტურებისთვის, როგორიცაა სიმინდი, ხორბალი, შაქრის ჭარხალი. ამერიკასა და ავსტრალიაში ყველაზე მეტად იყენებენ. ევროკავშირმა 2003 წლიდან აკრძალა, რადგან გამოყენების შემდეგ, ის დიდი რაოდენობით აღმოჩნდა ჩამდინარე წყლებში, საიდანაც ზედაპირულ წყლებს აბინძურებდა. შეიძლება, ამიტომაც 2009 წლის მონაცემებით ამერიკის შტატების წყალი ყველაზე მეტად სწორედ ათრაზინით იყო დაბინძურებული და ის ნორმას 31-ჯერ აჭარბებდა.

ათრაზინი 1,3,5-ტრიაზინების სერიიდან 1958 წელს იქნა ლაბორატორიაში მიღებული. მას ციან-ქლორიდიდან ღებულობენ და საფეხურებირავად ამუშავებენ ეთილამინით და იზოპროპილამინით. მის მოქმედების მექანიზმს საფუძვლად უდევს მავნებლის ორგანიზმში სპეციფიკური ცილების დაბლოკვა, რის შედეგადაც ორგანიზმი კვდება. სარეველა მცენარეებში კი ფოტოსინთეზის პროცესი იბლოკება.

მისი ბიოდეგრადაცია ნიადაგში იწყება. აქ მასზე მიკროორგანიზმები მოქმედებენ. ნიადაგში 13-დან 261 დღემდე რჩება. სწორედ ნიადაგიდან მიგრირებს მიწისქვეშა წყლებში. წყალში მოხვედრისას დეგრადაცია უფრო ფერხდება.

ადამიანებსა და ცხოველებში ათრაზინი პირველ რიგში გავლენას ენდოკრინულ სისტემაზე ახდენს. შედეგად, ვლინდება ჰორმონალური დისბალანსი.

კვლევების თანახმად, ძუძუმწოვრებისთვის ლეტალური დოზაა 1-გ/კილოგრამზე (სახეობის მიხედვით). თანდართულ ცხრილში შეგიძლიათ ნახოთ  ლეტალური დოზა სხვა ნივთიერებებისთვისაც.

 

ნივთიერება გ/კგ
დარიშხანის დიოქსიდი 0.015
დიქლორდიფენილტრიქლორეთანი (DDT) 0.115
ასპირინი 1.1
ქლოროფორმი 1.2
რკინის (II) სულფატი 1.5
ეთილის სპირტი 10.6
ნატრიუმის ციკლამატი (ხელოვნური დამატკბობელი) 17

თუ გაკვეთილზე თავისუფალ დროს მოძებნით მოსწავლეებს სწორედ, ე.წ. „ჩვეულებრივ“ პროდუქტში შემავალ ნივთიერებებზე ინფორმაციის მოძიება შეგიძლიათ დაავალოთ. რა იმალება პესტიციდების, ჰერბიციდების, საკვები დანამატებისა და ემულგატორების უკან. რას ნიშნავს „ორგანული“ და „ჩვეულებრივი“ პროდუქტი.

 

წერილის ბოლოს ბებოს ეზოს გავიხსენებ. უფრო სწორად, წინა ეზოს გაგრძელებას, სადაც ერთ დროს მოვლილი ვენახი და ნაირ-ნაირი ხილი იყო. თავად ბებია, დამსახურებული პედაგოგი გახლდათ და ღრმა მოხუცებულიც კი თავისი ყოფილი მოსწავლეებისგან სიყვარულით სავსე ბარათებს იღებდა. ჩემთვის გასაოცარი ის იყო, ეს პედაგოგი ქალი მიწასთან როგორი სიყვარულით და ოსტატობით მუშაობდა.

ვენახის განაპირას ქართული ბალი იდგა. სიმწიფის დროს წითლად ღაჟღაჟებდა და მე და ჩიტებს ერთნაირად გვჭრიდა თვალს.

ჰოდა, სწორედ ის ბალია ჩემთვის „ორგანული“ პროდუქტის ეტალონი.

 

საოკუპაციო ხაზს მიღმა

0

დღეს ყველა ოკუპაციის შესახებ საუბრობს. ოკუპაციას აპროტესტებენ ჩვენი ქვეყნის ნამდვილი პატრიოტებიც და ის ადამიანებიც, რომლებმაც სახელმწიფოს ერთიანობის დაცვის იდეაში საკუთარი ცოდვების შენიღბვის შესანიშნავი საშუალება აღმოაჩინეს. ოკუპაციას აპროტესტებენ განათლებული, მშვიდი მოაზროვნეებიც და მუდმივ შფოთში მყოფი, გზაკვალაბნეული პირებიც. ზოგი ოკუპაციის პრობლემატიკის კომერციალიზაციას ცდილობს და პასპორტის ძვირადღირებული ყდების გაყიდვას იწყებს ან წინდებზე შესაბამისი ჰოლოგრამის გადატანით ცდილობს საკუთარი საქონლის გასაღებას. ვიღაცები უფრო შორსაც მიდიან და საოკუპაციო ხაზის არსებობას უხამსი და იაფფასიანი მეთოდებით ეწინააღმდეგებიან. პროტესტის მონაწილეთა მნიშვნელოვან ნაწილს შეიძლება წარმოდგენაც არ ჰქონდეს საოკუპაციო ხაზს მიღმა მცხოვრები ადამიანების შესახებ. ხაზს მიღმა კი ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი რამ ხდება.

ერთი უცნაური თვისება მაქვს. წიგნის კითხვისას ჩემს სიყვარულს ერთი შეხედვით მეორეხარისხოვანი პერსონაჟები იმსახურებენ ხოლმე. მაგალითად, ჯოან როულინგის ჯადოსნური ნაწარმოებიდან ჩემი რჩეული ტრანსფიგურაციის განუმეორებელი პროფესორი, მისის მაკგონაგელი გახლდათ. კატად გადაქცევის უნარის მქონე გამოცდილ პედაგოგზე გაცილებით ადრე ჩემი ყურადღება სხვა ქალმა დაიმსახურა. დღემდე დატყვევებული ვარ ვაჟა-ფშაველას გენიალური პოემის „ბახტრიონის“ ერთ-ერთი გამორჩეული გმირით. ის საზოგადოებაში დადგენილ წესებს ბრმად არ ემორჩილება. მისი საზოგადოებრივი გავლენის ქვეშ მოქცევა ძნელია. მას ყველაზე უკეთ ესმის ბიბლიური იგავი შაბათის შესახებ, რომლის მიხედვითაც წესები შეიძლება დაირღვეს საღვთო საქმის აღსრულების მიზნით. ალბათ, მიმიხვდით, რომ სანათაზე გესაუბრებით. სანათამ უიმედობისა და გაპარტახების პერიოდში მიიღო გაბატონებული წესრიგისათვის მიუღებელი გადაწყვეტილება და წინააღმდეგობის ფასად მაინც შეასრულა ღვთის წინაშე ადამიანთა მიერ ნაკისრი პასუხისმგებლობა. თუ კარგად დავაკვირდებით აღმოვაჩენთ, რომ საოკუპაციო ხაზს მიღმა სანათას სულისკვეთების ადამიანები, ზეწოლისა თუ წნეხის მიუხედავად, მაინც ცდილობენ საზოგადოებისთვის სასარგებლო ნაბიჯების გადადგმას.

გსმენიათ თამარ მეარაყიშვილის შესახებ?

თამარ მეარაყიშვილი ახალგორში ცხოვრობს. მის წინააღმდეგ დე ფაქტო ხელისუფლებამ სისხლის სამართლის ოთხი საქმე აღძრა. ქალს დოკუმენტების გაყალბებაში, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის მმართველი ძალის წინააღმდეგ მოქმედებასა და, ე.წ. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების მიმართ ცილისწამებაში ედება ბრალი. სეპარატისტული რეჟიმი არ მორიდებია თამარის დაკავებას, ცხინვალის იზოლატორში მის დაკითხვას. მილიციის მუშაკები დამნაშავედ გამოცხადებულ მეარაყიშვილს ხშირად ემუქრებიან, მისი უსაფრთხოება გარანტრებული არ არის, თამარს ყოველდღიურად ბეწვის ხიდზე უწევს გავლა. ძალოვანი სტრუქტურები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ დადანაშაულებულმა მოქალაქემ რეგიონი დატოვოს და საქართველოს რომელიმე სხვა კუთხეში გამოიქცეს. ახალგაზრდას საკუთარ რაიონში გადაადგილებაც კი უჭირს, ის სოფლიდან შორს წასვლასაც ერიდება, რადგან ყოველ წუთს შეიძლება ვერაგი პროვოკაცია მოუწყონ და შემთხვევა საბედისწეროდ დასრულდეს.

რას ერჩიან თამარ მეარაყიშვილს?

ახალგორელი ჩაბმულია სამოქალაქო ატივიზმში. აქტივისტი რეგიონში არსებული ყველა პრობლემის შესახებ საუბრობს. იგი ინფორმაციის გავრცელებისთვის სოციალურ ქსელებს, ქართულ და რუსულენეოვან დამოუკიდებელ გამოცემებს იყენებს.

მეარაყიშვილი ხშირად სვამს აქცენტს ახალგორში მცხოვრები ქართული მოსახლეობის წინაშე არსებულ გამოწვევებზე. რეგიონის ფაქტობრივი ხელისუფლება მშობლიურ სოფლებში ქართველებს მეხუთე კოლონად განიხილავს და მათ იზოლაციას, გარიყვას ცდილობს. ცხინვალელმა სეპარატისტებმა საუკეთესო აფხაზური პრაქტიკა გაიზიარეს და საშუალო სკოლებში ქართულ ენაზე სწავლება უკანონო საქმიანობად გამოაცხადეს. ხანდახან საბავშო ბაღის აღსაზრდელებსაც არ პატიობენ ქართულ ენაზე წამოცდენებს.

მეარაყიშვილის ყურადღებას მხოლოდ შევიწროებული ქართველები არ იმსახურებენ. ის მრავალეროვანი ადგილობრივი საზოგადოების საერთო გასაჭირსაც განსაკუთრებული მონდომებით აშუქებს. ადგილობრივი ადმინისტრატორების კორუფციული გარიგებები, წყლის გადაკეტვის, გზის ჩახერგვის საკითხები ახალგორელის წყალობით უმალვე ხდება მთელი კავკასიისათვის დეტალებში ცნობილი.

ადამიანის უფლებების დარღვევისა და კომუნალური პრობლემების მოუგვარებლობის წინააღმდეგ გამოთქმული პროტესტის გამო თამარ მეარაყიშვილს მუდმივი დევნის პირობებში უწევს ცხოვრება, მაგრამ ის არ ტყდება. თამარი ფაქტობრივად ერთადერთი საჯარო ფიგურაა, რომელიც დანარჩენ საქართველოს ახალგორთან აკავშირებს. წესით ის მოსწავლეთა სასახლეს უნდა ხელმძღანელობდეს და გაცილებით უფრო მშვიდ გარემოში ცდილობდეს საკუთარი სამოქალაქო ღირსების წარმოჩენას, მაგრამ მას, სანათას მსგავსად, განსაკუთრებულ ვითარებაში მოღვაწეობა უწევს და, გაბატონებული რწმენა-წარმოდგენების მიუხედავად, მაინც აკეთებს საქვეყნო საქმეს.

 

გილოცავთ შობა- ახალ წელს!

0

ძვირფასო მასწავლებლებო, ჩვენო ერთგულო მკითხველებო,  ჟუნალი “მასწავლებელი” და ინტერნეტგაზეთი “mastasvlebeli.ge”,  სამეცნიერო -რეფერირებადი ჟურნალი “განათლების მეცნიერება” გილოცავთ ახალ შობა- ახალ წელს!

წარმატებას გისურვებთ პროფესიულ და პირად ცხოვრებაში!
თქვენს პროფესიონალიზმზე, პასუხისმგებლობასა და კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის მომავალი.
გმადლობთ, იმ ღვაწლისათვის, რომელსაც ღირსეულად ეწევით.
გისურვებთ კეთილდღეობასა და წინსვლას.
ახალი წელი ყოფილიყოს სიხარულის, მშვიდობის, სიუხვისა და ბედნიერების მომტანი.

ახალი წელი დაუვიწყარ მოგონებად რომ იქცეს…

0

გადავწყვიტე ჯადოსნური წერილი დამეწერა, იმიტომ რომ ახალი წელი მოდის და ახალი წელი ჯადოსნურია. ვიფიქრე, მოდი დავწერ ისეთ სტატიას მშობლებს სასწაულების არსებობაზე რომ დააფიქრებს, სიხარულს მოჰგვრით, მერე ამ განწყობას შვილებს რომ გაუზიარებენ და მათ ოჯახში რაღაცნაირად  ახალი წლის და შობის ის დიდებული სული დაისადგურებს, რომელსაც ყოველ წელს ველით და ხანდახან ისე ჩაგვიქროლებს ვერც კი ვამჩნევთ ხოლმე. ან ისე ვართ დაკავებულები საახალწლო ჭამა-სმაზე და საყიდლებზე ზრუნვით, რომ ეს დიდებული სული თავს დიდებულად სულ აღარ გრძნობს და სადღაც ოთახის, რომელიღაცა კუთხეში დასჯილი ბავშვივით მიიკუნჭება ხოლმე. საბოლოოდ ისე ჩაგვიქროლებს რომ, აუარებელი ბრჭყვიალა ნივთისგან  და სასუსნავ-ტკბილეულისგან გამოფხიზლებულებს სევდა გვეუფლება, ნუთუ ასე უცებ დასრულდა, ის რასაც მთელ წელი ველოდით…

აი, ახლა რომ ვიხსენებ ჩემს ჯადოსნურ ახალ წელს, მოგონებებს ბავშვობაში გადავყევარ, იმ ცივ, უშუქო და უსახსრო ოთხმოცდაათიანებში.

ჩემი ბავშვობის ზამთარი თოვლიანი იყო, უზარმზარი ფანტელებით და ყინულის ლოლოებით სავსე. დღეები იყო თეთრი და მხიარული.  უზარმზარ ეზოში, სადაც მუხლამდე თოვლი იდო, მე და ჩემი და დილიდანვე ვიწყებდით საქმეს:  თოვლის კაცის შენებას – რომელსაც ცივ, გაყინულ მიწაში ჩარჩენილ სტაფილოებს ვუკეთებდით ცხვირად, თვალებად კი შემოდგომიდან მორჩენილი ნახშირის ნატეხებს. შემდეგ ვიწყებდით დამტვრეული ყინულებით თამაშს, რომლებიც თითქოს უმარავი მბზინვარე ალმასი იყო, ახლაც მახსოვს, ის სიცივე და სისველე ხელის გულზე – ყინულისგან რომ ვგრძნობდი.

ბებიას მოქსოვილი ხელთათმანები გვეცვა, რომლის თითოეული სათითური მოქარგული  და პერსონაჟებად ქცეული იყო, ბერა თითი: მსუქანი ლოყებწითელა ბიჭუნა, საჩვენებლი – ყვითელი ძაფისგან დანწულ ნაწნავებიანი, ცისფერთვალება გოგო, ნეკა – პატარა, თოთო ბავშვი, თოვლის მოსვლის სიხარულს ამ საოცარი ხელთათამანების ჩაცმის სიხარულიც შეერწყმებოდა ხოლმე.

საღამოობით უკვე ციგაობა იწყებოდა გარეთ უბანში, ამას მოსდევდა გუნდაობა, სრიალი… შებინდებისას დაღლილ-დაქანცულები ღუმელთან რომ ვთბებოდით, თან პიტნის ჩაის მივირთმევდით – ვიყავით უზომოდ ბედნიერები და ცხადად ვგრძნობდი, რომ სადღაც ჩვენს შორის ახალი წლის ის დიდებული სულიც მიირთმევდა ჩაის, წერილის დასაწყისში რომ ვახსენე.

მოკლედ, ჩემს ბავშვობაში ამ დიდებულ სულს თოვლით ვეპატიჟებოდით და ღუმელთან ვათბობდით. შემდეგ იწყებოდა ახალი წლისთვის მზადება.  სხვენიდან ძველის ძველი სათამაშოების ყუთი ჩამოგვქონდა, ულამაზესი შუშის სათამაშოებით – რომლებსაც არა მხოლოდ ნაძვის ხეზე, ჭაღებზეც ვკიდებდით. ზოგიერთი ტყდებოდა, მაგრამ კი არ ვნაღვლობდით, პირიქით გვიხაროდა – წვრილად ვფხვნიდით და ჩვენს მიერ მომზადებულ დეკორაციებს ვაბრჭყვიალებდით.

ნაძვის ხის ქვეშ მე და ჩემს დას მთელი სამყარო გვქონდა მოწყობილი: სანთლის ფიფქიითა და ბამბის თოვლის პაპით, „აინთე-ჩაიქრე სახლით“ (რომლის ფანჯრებშიც სულ ვიჭყიტებოდით გვაინტერესებდა შიგ რა ხდებოდა, რადგან დაზუსტებით ამას ვერ ვხვდებოდ ამ სახლის ამბებს ჩვენ თავადვე ვიგონებდით), შეგვეძლო მთელი დღე აქ გაგვეტარებინა და ნაირნაირი სცენარები მოგვეფიქრებინა ჩვენი თამაშებისთვის.

31 დეკემბერი საახალწლო კოსტიუმების შექმნით იწყებოდა, აუცილებლად მოსასხამები და გვირგვინები, ნიღბები და ბროშები. გადმოვიღებდით ბებიაჩემის ნაჭრებს ან კაბებს, დავჭრიდით, ავასხამდით რეზინზე, დავაკერებდით წვიმებს, ფერადი ქაღალდებისგან გამოჭრილ ფიგურებს და მზად იყო. ამასობაში ღუმელში ნამცხვარი ცხვებოდა, გოზინაყი იჭრებოდა და საცივი თუხთუხებდა.

ყველაზე მნიშვნელოვანი რამ კი საღამოს ხდებოდა. სწორედ ეს რაღაც იყო და არის მიზეზი რომ ახალ წელს მუდმივად სასწაულის მოლოდინში ვარ და დღესაც ზუსტად ის, ბავშობისდროინდელი განცდა მეუფლება.

ამ საღმოს პაპაჩემი აუცილებლად გაქრებოდა, ყოველთვის რაღაც საქმე ჰქონდა: მეგობრის მონახულება, შუშხუნების მოტანა თუ თოვლის გადახვეტა. და აი, ამ დროს როდესაც პაპაჩემი წავიდოდა, სახლის კარებზე კაკუნი გაისმოდა, რაღაცნაირად მძიმედ, დაყოვნებებით. გული მიჩერდებოდა და ჟრუანტელი მივლიდა, უკვე ვხვდებოდი ვინც იყო. ძალიან მერიდებოდა კარების გახსნა, ამიტომ ან დედა ან ბებია აღებდა და ჩვენს წინაშე თოვლის პაპა წარდგებოდა მთელი თავის დიდებულობით: მუხლამდე წვერით და თეთრი მოსასხამით, დაქარგული ხურჯნით, ხელში კი მძიმე, გრძელი ჯოხით. ეს რაღაც საოცრება იყო, სიტყვებით ვერასდროს გადმოვცემ იმ გრძნობას, რაც მაშინ გვეუფლებოდა, სიხარული, ბედნიერება, სასწაულის განცდა. მთელი ოჯახი მის გარშემო ვიყრდით თავს და იწყებოდა საუბარი – ხუმრობებით, ამბებით, სიცილით და რა თქმა უნდა საჩუქრებით.

საჩუქრები იყო ძალიან ცოტა და იაფასიანი: ხელით ნაქსოვი წინდები, ტკბილეული, ჩურჩხელები, თიხის სუვენირები (იმ დროინდელი მარწყვის გოგონა დღემდე შენახული მაქვს და ჩემს ვიტრინაში საპატიო ადგილს იკავებს), მაგრამ განცდები იყო სამაგიეროდ საოცარი, იყო აღმაფრენა,  ბედნიერების შეგრძნება და სასწაულების რწმენა. რა თქმა უნდა გუმანით ვხვდებოდით რა კავშირი იყო პაპაჩემის გაქრობასა და თოვლის პაპას სტუმრობას შორის, თუმცა ამას არ ვაღიარებდით და ერთხელ როდესაც მისი ბამბის წვერის ნაგლეჯი ჩემს ნაძვის ხეზე აღმოვაჩინე, მთელი წელი სათუთად ვინახავდი რომ შემდეგ წელს დამებრუნებინა.

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ამაზე ბედნიერი დღეები მე ჩემს ცხოვრებაში არ მახსოვს. გავიდა დრო, დიდი დრო. პაპა და ბებია აღარ არიან, თოვლიც აღარ მოდის. ის ხელთათმანებიც დაპატარავდა და გაცვდა, ახალი წლისთვისაც ცოტა სხვანაირად ვემზადებით. მაგრამ იმ დღეების სხივი დღესაც მათბობს და მაგრძნობინებს ახალი წლის სულს. მხოლოდ მოგონებებიც კი საკმარისია რომ სასწაული შევიგრძნო და მისი მჯეროდეს.

დღეს როდესაც მშობლები ბჭობენ, საკუთარ შვილებს რომელ ასაკში აუწყონ რომ სანტა არ არსებობს, გულში რაღაცნაირი სევდა მეუფლება, ეს ის საკითხია, ასეთი ხელოვნური და რაციონალური გადაწყვეტილება რომ არ უხდება, ეს თავისთავად ხდება, მაშინ როდესაც უნდა მოხდეს. როდესაც უკვე საკმაოდ დიდი ვიყავი, იმისთვის თოვლის პაპის არსებობა დამეჯერებინა, მე მაინც მჯეროდა და მოუთმენლად ველოდი და შეიძლება ითქვას, დღესაც მჯერა და ველი, იმ მძიმე ნაბიჯების ხმის გაგონებას, იმ შეყოვნებულ კაკუნს კარზე ჩემს ცხოვრება სასწაულის, ოქროსფერი ძაფით რომ მოუქარგავს. ეს ხომ მხოლოდ პერსონაჟი კი არ არის, ჩემი ბავშვობაა, უსაყვარლესი ადამიანებით, მათი ღიმილით და სითბოთი სავსე. რაღაცები გვცვლიან, რაღაცები გვაკეთილშობილებენ და უკეთესებად გვაქცევენ, პირველ რიგში კი ეს რწმენაა, რწმენა სიკეთის, ბედნიერების და სასწაულის არსებობის.

ძალიან გამიგრძელდა ჩემს მოგონებაზე წერა, მაგრამ მინდა რაღაცნაირად დაგანახოთ, რომ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენს შვილებს ასეთი ჯადოსნური მოგონებები დავუტოვოთ – რასაც სულ არ სჭირდება ძვირადღირებული სათამაშოები, მობილურები და საჩუქრები, მნიშვნელოვანია რიტუელები და ჯადოსნურობის განცდა. მნიშვნელოვანია დამოკიდებულებები, ღიმილი, სიხარული და საოცრების მოლოდინი.

ახალი წლისთვის მზადება აუცილებლად ერთად დაიწყეთ, სათამაშოების შექმნაც ერთად შეგიძლიათ: ერთ ჭიქა მარილს და ერთ ჭიქა ფქვილს წყალთან ერთად თუ მოზელთ, მშვენიერ საძერწ მასალას მიიღებთ, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა იქნება და ნაძვის ხის სათამშოების თუ სხვა სუვენირების გამოძერწვა ერთად შეგიძლიათ, გაშრომის შემდეგ გუაშებით შეღებეთ და უკვე მზადაა.

ბავშვებს მოუწყვეთ ან მიეხმარეთ ნაძვის ხის ქვეშ ჯადოსნური სამყაროს შექმნაში, რომელიც დეკორაცია კი არ იქნება, არამედ ითამაშებენ კიდეც. თავდაპირველად თქვენ მიეხმარეთ და მერე დამიჯერეთ, თავად გააგრძელებენ.

ერთად შექმენით ლამაზი, ბრჭყვიალა საახალწლო აქსესუარები, ნიღბები, კოსტიუმები.

სადმე მოაგროვეთ გირჩები, ტოტები, წიწვები და შექმენით საშობაო გვირგვინები, სათამაშოები.

თავად დაამზადეთ სანთლები – ჩველუებრივი სანთლები დაადნეთ ორთქლზე, აიღეთ გამჭვირვალე ჭიქა ან ქილა გვერდებზე  ქაღალდის წებოთი მიაწებეთ ყვავილის ფურცლები, ფოთლები, ნახატები, დეკორაციები, ძირზე ძაფი დაუმაგრეთ (რომელსაც შემდეგ აანთებთ ) და გამდნარი სანთელი ნელ-ნელა ჩაასხით.

წინა დღეებში ისეირნეთ ერთად, მოუყევით ამბები თქვენს შობებზე და ახალ წლებზე.  ახალი წლის ღამეს საჩუქრების გადაცემის რიტუალი საინტერესოდ დაგეგმეთ, თუნდაც თოვლის კაცად ან ქალად გადაცმით ან სახლში სხვადასხვა ადგილას დამალვით და პატარა თამაშის მოწყობით, რომ თავად იპოვონ და გამოიცნონ თუ რა საჩუქარი შეხვდებათ.

თუ კი გყავთ, აუცილებლად მოიწვიეთ პაპები და ბებიები, დამიჯერეთ თქვენი პატარებისთვის მათთან ერთად ახალ წელთან შეხვედრა – ძალიან მნიშვნელოვანი და წარუშლელი შთაბეჭდილება იქნება.

რა თქმა უნდა ჩართეთ საახლწლო სიმღერები, აანთეთ ბევრი სანთელი, ააბრჭყვიალეთ და გაანათეთ სახლი და ეს იქნება ყველაზე, ყველაზე საოცარი, ჯადოსნური მოგონება თქვენი შვილისთვის, რომელსაც წლების შემდეგ გაიხსენებს, მაშინ როდესაც დარდიანი იქნება – ბედნიერება დაუბრუნდება, როდესაც თქვენ მოენატრებით – დამშვიდდება, როდესაც სადღესასწაულო განწყობას დაუწყებს ძებნას – იპოვის, და როდესაც გადაწყვეტს სტატიის დაწერას, ეს ყველაფერი ამოუტივტივდება და თავს შეახსენებს, ახალი წლის ჯადოსნური სული, კი იქვე ახლოს ეყოლება, ლეპტოპთან ჩამომჯდარი და ძველი მოგონებებით გაბრუებული.

 

 

რუსთველი სტუმრად მეათე კლასში

0

კლასიკის მარტივი განმარტება ყველამ იცის: ის, რაც მოდიდან არ გადადის… მაგრამ მაინც: რა ფენომენია „ვეფხისტყაოსანი?“ სულ პირზე გვაკერია, ამ პოემის სამყაროში ვტრიალებთ 9 საუკუნეა, მაგრამ ის მაინც ენიგმაა, მაინც ფანტომია, მაინც მისიტიკაა, მაინც ხელუხლებელი პლანეტაა, უამრავი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა, ყველას შთააგონებს, მათაც, ვინც პირველად კითხულობს და მათაც, ვინც მეათასედ უბრუნდება, რადგან მისგან ვერსად გაიქცევი, ის სულ გიხმობს, სულ გიზიდავს და სულ გაოცებს… ადამიანებს კი ყველაზე მეტად ის გვიყვარს, ვინც (რაც) გვაოცებს…სულ ახალია… სულ კითხვებს ბადებს… მილიონ კითხვას სვამენ ბავშვები, როცა მის ტექსტზე ვმუშაობთ…

ამასწინათ ერთი ტელეგადაცემის ვიდეოვერსია ვნახე, სადაც სამი ცნობილი და პატივცემული ადამიანი რუსთველის პოემის პრობლემებზე საუბრობდა… შე-ვით-ვატყევ (რუსთველისეული ზმნაა), მათ არაფერი იციან ამ პოემის შესახებ. კადნიერებაა თქმა იმისა, რომ მე ვიცი რამე „ვეფხისტყაოსანზე“. თსუ ფილოლოგიის ფაკულტეტი დავამთავრე და საუკეთესო რუსთველოლოგები მასწავლიდნენ ძველ ქართულ ლიტერატურას, მოგვიანებით სამეცნიერო მუშაობაც დავიწყე და ხარისხიც მივიღე, მაგრამ არც ესაა არაფერი ამ პოემის სიღრმეებში წვდომისათვის. აქვე დავასახელებ ხუთ ადამიანს, ვისგანაც ყველაზე მეტი ვისწავლე „ვეფხისტყაოსანზე“: ვიქტორ ნოზაძე, რევაზ სირაძე, ზვიად გამსახურდია, სარგის ცაიშვილი და ნოდარ ნათაძე… ოთხ მათგანს პირადად შევხვედრივარ და მომისმენია მათთვის ლექციასა თუ კერძო საუბარში. უსაზღვროდ მადლიერი ვარ მათი. ემიგრანტი რუსთველოლოგის, ვიქტორ ნოზაძის „ვეფხისტყაოსნის“ ფერთამეტყველება“, რომელიც 1953 წელს ბუენოს-აირესში გამოიცა, თვისობრივად ახალი სიტყვაა რუსთველოლოგიაში, ხოლო ზვიად გამსახურდიას წიგნი „ვეფხისტყაოსნის“ სახისმეტყველება“, ვფიქრობ, რომ რუსთველოლოგიაში ყველაზე მრავალშრიანი და სრულქმნილი სამეცნიერო ნაშრომია. ამ წიგნისთის ზვიად გამსახურდიამ დაუცველად, ჰონორის კაუზას წესით მიიღო სამეცნიერო ხარისხი. რამდენადაც მახსოვს, ის დოქტორის ხარისხის მისაღებად სარგის ცაიშვილმა და რევაზ სირაძემ წარადგინეს.

არაფერს ვიტყვი აწ განსვენებული სარგის ცაიშვილისა და რევაზ სირაძის ლექციებზე, სადაც სტუდენტები ვახერხებდით ფრენას რუსთველის ფერად სამყაროში, ხოლო ნოდარ ნათაძის ღვაწლი ტექსტის დადგენის, რედაქტირებისა და განმარტების საქმეში ნამდვილად ფასდაუდებელია. არასდროს დავიღლები ამ ადამიანებისთვის პატივის მიგებით, მაგრამ მაინც შემიძლია ვთქვა, რომ თუ რამე ვიცი ამ ენიგმატურ, მისტიფიცირებულ ტექსტზე, ისევ და ისევ ამავე პოემამ მასწავლა. ის თავის წიაღში გაცხოვრებს, გაცოცხლებს და გზრდის, გწრთვნის. მისი განუწყვეტელი კითხვა იძლევა მისი გაგებისთვის აუცილებელ იმპულსებს. რუსთველი ქმნის და რუსთველივე ხსნის ყველა იმ შიფრ-კოდს, რომლითაც დაშიფრულია პოემის ტექსტი. ჩემთვის „ვეფხისტყაოსანთან“ ერთად გატარებული ყოველი დილა და ყოველი ღამე მზიანი და ნათელი იყო. ადრე მე ის არ მესმოდა და ნიკო მარივით ათას სიშლეგეს ვამბობდი მასზე, მაგრამ მერე ნიკო მარივით მოვინანიე ყველა გაუცნობიერებელი ფრაზა… ის ნელ-ნელა მიახლოვდებოდა და ახლა შემიძლია ვთქვა, რომ ის ჩემი უგონო სიყვარულია… არასდროს არავინ მყვარებია ხელოვნებაში ასე თავგამეტებით, მიუხედავად იმისა, რომ ლიტერატურის ფერად სამყაროში უამრავი „შეყვარებული“ მყავს. ჰოდა, როცა შეყვარებული ხარ, ყოველგვარი სასწაულიც ხომ მაშინ ხდება? ჩემს სასწაულზეც მოგიყვებით: ამასწინათ, როცა მეათე კლასში „ხელი“ რუსთველის ტექსტის სწავლებას ვიწყებდი და პოემის პროლოგი უნდა ამეხსნა, ის ჩემთან მოვიდა და მითხრა:

  • გინდა დაგეხმარო გაკევთილის დაგეგმვაში?

რატომღაც არ გამკვირვებია მისი გამოჩენა და ჯერ ქება თავისივე სიტყვებით ვუთხარი:

„გეტყვი: მზეო, ვითა გაქო, ნათელო და დარიანო,

შენთვის ხელნი გონებანი არა ცუდად არიანო,

მზიანო და მთვარიანო, ეტლად რაო და რიანო,

თქვენ საჭვრეტლად აღარ მინდით არ ვარდნო და არ იანო“…

  • ოჰ, კარგი ნუ აჭარბებ! – თქვა მან – დროა, საქმეზე გადავიდეთ, მე მინდა, რომ შენ ბავშვებს გაკვეთილზე გააცნო ლექსთმცოდნე რუსთველი, რადგან შაირობის რაობის ახსნა ამის გარეშე მოსაწყენი სქოლასტიკა იქნება და ბავშვები არ მოგისმენენ…
  • მოიცა, მოიცა… – შევაჩერე ეს „ხელი“ კაცი, – ლექსთმცოდნე რუსთველი საიდან მოვიყვანო? ალქიმიაზე ბევრი წამიკითხავს, მაგრამ ქრისოპოეია ჩემთვისაც ისევე მიუღწეველი რამ არის, როგორიც შუა საუკუნეების ალქიმიკოსებისთვის იყო… თვით მეოცე საუკუნის ენიგმა, ფულკანელიც რომ გავხდე, რუსთველს საკლასო ოთახში საიდან შევიყვან?..
  • ეჰ, როგორ გამიცრუე იმედი! – ოხვრას გულიც ამოაყოლა შოთამ, – არ მეგონა, თუ ასეთი მწირი ფანტაზია გექნებოდა… აქაოდა ლიტერატურა მიყვარსო, უკიდეგანო ფანტაზია მაქვსო, სულ ეს არის შენი ფანტასმაგორიები? რუსთველი თუ არ გყავს, შენ უნდა შექმნა… და რამდენი მოსწავლის ანთებული თვალები შემოგყურებს და ელის შენგან რაღაც საოცარს? გაკვეთილი-ფანტაზიისთვის დაგჭირდება სულ სამი-ოთხი მოსწავლე-ასისტენტი, დანარჩენები კი ისე ჩაერთვებიან, გაკვეთილის დამთავრებაზე უარს იტყვიან და როცა ზარი დაირეკება, კიდევ შემოგეხვეწებიან, მასწავლებელო, ფანტაზიორების გაკვეთილს კიდევ როდის ჩავატარებთო? აბა, შენ იცი… მე კი ამჯერად დაგტოვებ და თუ დამანახებ, რომ რამე საინტერესოს და ახალს შექმნი შენს გაკვეთილზე…

ის წავიდა. როგორც მოულოდნელად გაჩნდა, ისევე მოულოდნელად გამიქრა თვალთახედვიდან…

ეს პარასკევს იყო. იმავე საღამოს ჩემს მოსწავლეს, სანდროს, დავურეკე და შაბათს სკოლაში შეხვედრა ვთხოვე. ლუკა, ნინი და ლილე კი ისეთ დროს დავიბარე, რომ სანდრო უკვე წასული იყო და მათთან კრინტიც არ დამიძრავს სანდროსთან ჩემი შეთანხმების შესახებ. სანდრომ მითხრა, რომ რუსთველის კოსტიუმის და მაკიაჟის ამბებს ის უჩემოდ მოაბამდა თავს და წინა დღეს ფოტოს ჩამიგდებდა ფეიბუქის მესენჯერში… მე მხოლოდ ის ვურჩიე, რომ ხმა უნდა შეეცვალა და ბოლომდე ვერავის ეცნო კლასელთა შორის… ჩემი ახალი „რუსთველი“ ისე დამემშვიდობა, სახეზე ღიმილს ვერ იშორებდა და თვალებიც უცნაურად უკიაფებდა… ლუკას, ნინის და ლილეს კი ვუთხარი, პროლოგის მე-12-19-ე სტროფები ყურადღებით წაიკითხეთ, წარმოიდგინეთ, რომ გაკვეთილზე რუსთველი გამოგვეცხადა და შაირობაზე პოეტის შეხედულებებში ცხარედ შეეკამათეთ, არ დაზოგოთ-მეთქი…

ორშაბათს ახალბედა მასწავლებელივით ვღელავდი. სია უჩვეულო ბორძიკით ამოვიკითხე, სადნროს რომ მივადექი, მისმა მერხის მეზობელმა ნიკამ მითხრა: მას, სანდრო ავად არის, წუხელ დამირეკა, სიცხე აქვს და დღეს ვერ მოვიდაო. ბავშვებს გაკვეთილის გეგმა გავაცანი. შაირობაზე პოემის პროლოგის რვა სტროფში გაცხადებული პოეტის შეხედულებები უნდა აგვეხსნა და დისკუსია გაგვემართა. გამოწვევის ფაზას მოსდევდა მასწავლებლის მიერ შეთავაზებული ლექციური ნაწილი, რომელსაც აქვე გთავაზობთ:

ბევრი ახსნა არავის სჭირდება იმის გასაცნობიერებლად, თუ რა სტიქიაა და რას ნიშნავს შაირობა ანუ პოეზია რუსთველისთვის. პოეზიის არსაა და სალექსო ჟანრებზე საკუთარ შეხედულებებს ის პროლოგის მე-12-19-ე სტროფებში მწყობრად, სისტემურად აყალიბებს და გვევლინება ლექსთწყობის ანუ ვერსიფიკაციის საუკეთესო მკვლევრად. თანამედროვე ლექსთმცოდნეობა, რასაკვირველია, ვერ გაიზიარებს რუსთველის ზოგიერთ შეხედულებას, მაგრამ ის თავისი ეპოქის ესთეტიკიდან, გემოვნებიდან და ღირებულებებიდან გამომდინარე აყალიბებს საკუთარ მოსაზრებებს, რომელთა შორისაც მთავარი გზავნილია ის, რომ შაირობა ფილოსოფიის დარგია, ვინაიდან პოეტი ისევე უნდა მიელტვოდეს სამყაროს შემეცნებას, როგორც – ფილოსოფოსი. თანამედროვე ლექსთმცოდნეობა იტყვის: ფილოსოფია მეცნიერებაა სამყაროს შემეცნების შესახებ, ხოლო პოეზია – ხელოვნება და ის ფილოსოფიის დარგად ვერ ჩაითვლებაო, მაგრამ აქ რუსთველი პოეზიის ფილოსოფიურ ხასიათს გულისხმობს. მართალია, გამოსახვის ხერხები განსხვავდება, მაგრამ მიზანი და იდეები კი ერთია… პოეზია საღმრთოა, ანუ უფლის მიერ შთაგონებულია და სულისთვის დიდად სასარგებლო რამ არის. თუმცა მის აღქმას ყველა ვერ შეძლებს, ამას მომზადებული, გემოვნებიანი მკითხველი სჭირდება, ანუ ”კაცი ვარგი”. ლექსი იმითაა კარგი, რომ ფრაზის მოხდენილად გამოთქმის საშუალებას იძლევა. მაგალითად, ნიკო მარი დააბნია რუსთველის ამ ორმა ფრაზამ: ”გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის, შაირია ამად კარგი” და ”მოშაირე არა ჰქვიან, ვერას იტყვის ვინცა გრძელად”… ის წერდა, რომ თუნდაც ამ ფრაზებში რუსთველი ურთიერთსაწინააღმდეგო აზრებს გამოთქვამდა… მაგრამ მარმა ვერ გაიგო, რომ აქ სხვადასხვა რამეზეა საუბარი. რუსთველი პირველ სენტენციაში ამბობს: ლექსი იმითაა კარგი, რომ ფრაზას მოკლედ ანუ მოხდენილად გვათქმევინებს, ხოლო მეორში კი გულისხმობს, რომ პოეტი არ არის ის, ვინც ვერ წერს პოემას ანუ გრძელ ლექსს.

შედარებების დიდოსტატი აცხადებს, რომ მელექსეს ისევე გამოსცდის „ლექსთა გრძელთა თქმა და ხევა“ (ანუ ლექსის თავისუფლად, წყაროსავით გადმოდინების ნიჭი), როგორც ცხენს – გრძელ შარაზე სირბილი და მობურთალს – მოედანი. ლექსშემოლეული, სიტყვამცირე მელექსე სასაცილოა. მელექსეობა ჩოგნის ხელმარჯვედ ხმარება და გმირობაა მეტაფორულ პლანში. მოშაირედ ვერ იწოდება ერთი-ორი უმსგავსო და შორი-შორი ლექსის ავტორი, ისინი ნუ გაუტოლებენ თავს კარგ მელექსეებს, მაგრამ სწორედ ასეთებს ჩვევიათ ჯორივით ჯიუტობა –  ”ჩემი სჯობსო”…

რუსთველი გამოყოფს სამი ტიპის ლექსს: გრძელ ლექსს ანუ პოემას, მეორეა ”ლექსი ცოტაი” ანუ მცირე ფორმის ლირიკული ლექსი, სადაც ურთიერთდაუკავშირებელი ემოციები გადმოიცემა მხოლოდ და მის ავტორებს არ ძალუძთ გულის გამგმირავი სიტყვების თქმა და მესამეა სალაღობო ლექსი. ”მეორე ლექსის” ანუ ”ლექსი ცოტაის” ავტორებს რუსთველი ადარებს გამოუცდელ მონადირეებს, რომელთაც დიდი ნადირის ხოცვა არ შეუძლიათ და ხელობად აურჩევიათ ”ხოცა ნადირთა მცირეთა”.

მესამე ლექსი ანუ სალაღობო, თანამედროვე შაირი, ექსპრომტი, მსუბუქი ხასიათის იუმორისტული ლექსი, კარგია გასართობად, ამხანაგთა საქილიკოდ და საამო მოსასმენია, თუ კარგად და ნათლად არის ნათქვამი, მაგრამ რუსთველი დასკვნაში კატეგორიულია: მოშაირე არ ქვია მას, ვინც ვერ წერს პოემას. თანამედროვე ლექსმცოდნეობა არც ამაში დაეთანხმება რუსთველს. სამყარო იცნობს უამრავ გენიალურ პოეტს, რომლებმაც სახელი გაითქვეს არა პოემებით, არამედ მცირე ფორმის ლირიკული ლექსებით (თუნდაც მხოლოდ გალაკტიონი დავასახელოთ), მაგრამ ეს რუსთველის ეპოქის ესთეტიკა და სტილია. საგმირო-სარაინდო და სატრფიალო-სამიჯნურო ამბებს, გრანდიოზულ სანახაობებს, ამაღლებულ გმირთა ფერად-ფერად თავგადასავლებს, ომებისა და გმირობების ბატალურ სცენებს მცირე ფორმის ლექსში ვერ ჩატევ, ამის გადმოცემას უთუოდ პოემა სჭირდება.

მეთვრამეტე სტროფში რუსთველი პოეტური ოსტატობის საიდუმლოებებს გვიმხელს: მელექსე ლექსს ამაოდ არ უნდა აბრკმობდეს ანუ ლექსი არ უნდა იყოს ნაჭირვები, ნაწვალები. მეორე: პოეტი უთუოდ უნდა იყოს შეყვარებული, სატრფოს აქებდეს და ამკობდეს, ამ შთაგონების გარეშე ის ღირებულს ვერაფერს შექმნის და მესამე: ის უანგარო და კეთილშობილი ადამიანი უნდა იყოს, ისე უნდა ენამუსიკობდეს თავისი სატრფოსთვის, რომ მისგან სანაცვლოდ არაფერს ითხოვდეს…

მეცხარმეტე სტროფში კი რუსთველი საკუთარ საიდუმლოს გვიმხელს: ჩემზე კი იცოდეთ, რომ მე ისევ იმას ვაქებ, ვისაც აქამდე ვაქებდი, ეს მეამაყება და თავს არ განვიქიქებ ამის გამო, ის არის ჩემი სიცოცხლე, უმოწყალო, როგორც ჯიქი და მისი სახელი შეფარვით პოემის სიუჟეტში შევაქე…

ლექციური ნაწილი ვერ დავამთავრე, კარებზე კაკუნი გაისმა. მოულოდნელმა სტუმარმა ყველას ყურადღება მიიპყრო და ოცდაათი ბავშვის მზერა კარებთან შეჩერდა.

  • მობრძანდით! – შევძახე მღელვარებით და საკლასო ოთახში შემოვიდა რუსთველი… აი ის, იერუსალიმის ჯვრის მონასტრის ფრესკაზე რომ ჩანს, უკვე წვეროსანი და მოხრილი…

კლასში ხმაურია, ყველას აინტერესებს, ვინ უნდა იყოს ეს უცნაური, ეპოქის კონტექსტიდან ამოვარდნილი არსება, მაგრამ ის მოულოდნელად აცხადებს:

  • იცოდეთ, ბავშვებო, დედამიწაზე ყოველგვარი სასწაული რეალურია, დროის მანქანა არსებობს, მაკა მასწავლებელთან და თქვენთან მოვედი, რომ დაგხმარებოდით ჩემი პოემის პროლოგის გაგებაში და ცხარედ გვეკამათა შაირობის რაობაზე… იმედი მაქვს, მაკა მასწავლებლის ლექციამ კითხვები აღგიძრათ და ჩემი ტექსტიც უამრავ კითხვას ბადებს… მე ხომ მისტიფიკაციის დიდოსტატი ვარ და ყველაფერი დავშიფრე, მისტიკის ბურუსში გავხვიე… თუმცა ამოუცნობიც არაფერია, უბრალოდ მახვილი თვალი უნდა…
  • ეს სანდრო კი არა, ნამდვილი შოთაა, – ვფიქრობ ჩემთვის და ვერ ვფარავ გაოცებას, ხმა მაინც როგორ შეიცვალა ასე… არა რა, გარდა იმისა, რომ უნიჭიერესი და მიზანდასახული მოსწავლეა, თან როგორი შემოქმედებითია, რა გარდასახვა შესძლებია… კმაყოფილი ვადევნებ თავლყურს, რა გაგრძელება მოჰყვება კლასში რუსთველის რეინკარნაციას… და აი, ლუკა წამოდგა, ნინის და ლილესაც თვალებში ცეცხლი უნთიათ…
  • თქვენ ბრძანეთ, რომ შაირობა სიბრძნის დარგი ანუ ფილოსოფიაა, რაზეც თანამედროვე მეცნიერები არ დაგეთანხმებიან, მაკა მასწავლებელმა თქვა, რომ ამაში პოეზიის ფილოსოფიურ შინაარსს და ქვეტექსტებს გულისხმობთ, რამე ახალს ხომ არ გვეტყოდით ამის შესახებ?
  • თუ მაკა მასწავლებელი ასე ამბობს, ესე იგი, ასე ყოფილა… იმიტომ კი არა, რომ მაკა მასწავლებელია უცდომელი… უბრალოდ, იცოდეთ, რომ ტექსტი მკითხველისთვის იბადება და მკითხველი აცოცხლებს მას… თქვენ რასაც და როგორც კითხულობთ, ყველაფერი ლოგიკური, გასაგები და მისაღებია.. ვინც იმას უღრმავდება, თუ რას გულისხმობს პოეტი ამა თუ იმ ფრაზაში, ის ყოველთვის პოულობს სწორ პასუხს და ეს პასუხები შესაძლოა მილიონნაირი იყოს და ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდებოდეს, მაგრამ მაინც ყველაში იქნება რაციონალური მარცვალი, რადგან ერთადერთი და ურყევი ჭეშმარიტება არ არსებობს… წაიკითხეთ ჩემი ტექსტი თქვენეული მზერით და დაიწყეთ ჩხრეკა, მაკა მასწავლებელსაც მოუსმინეთ, სხვა მასწავლებლებსაც, რუსთველოლოგებსაც, სხვა დარგის მეცნიერ-მკვლევრებსაც, მერე ეს აზრები შეაჯერეთ, გაიაზრეთ და რა დასკვნებამდეც მიხვალთ, თქვენეული ჭეშმარიტებაც ის იქნება, ჩემო ძვირფასებო… მსოფლიო ფილოსოფია საუკუნეებია დასტრიალებს ოთხ კითხვას: როგორ შეიქმნა სამყარო? როგორ გაჩნდა ადამიანი? რა მისია აკისრია ადამიანს? და სად წავა მისი სული სიკვდილის შემდეგ? როგორ ფიქრობთ, ჩემი პოემა ამ კითხვებს არ პასუხობს? მე ვფიქრობ, რომ ჩემებურად პასუხობს და გამოდის, რომ ის პოეტურ ნაწარმოებთან ერთად ფილოსოფიურიც არის…
  • ნამეტნავად ფილოსოფიურია! – ეხმაურება ლუკა მრავლისმთქმელი ღიმილით და მას ახლა ნინი ცვლის:
  • შოთა, შენ ამბობ, რომ პოეზია საღმრთო, საღმრთოდ გასაგონია და მსმენელთათის დიდი მარგი, თანაც ამბობ, რომ ეამება მხოლოდ იმას, ვინც იქნება კაცი ვარგი… ამაზე რას გვეტყვი? ეს პოემა ღმერთმა გიკარნახა და შენ იჯექი, იწერდი და ითვლიდი თექვსმეტმარცვლიან სტრიქონებს თუ? ან კაცი ვარგი რაღანაირია? მე ვიქნები კაცი ვარგი?
  • ჰო, ეგ ძალიან სასაცილოა, რომ მე ვიჯექი, მარცვლებს ვითვლიდი და ზეციური მამა ამ მარცვლებს კალთაში მიყრიდა… არაერთხელ მომისმენია მსგავსი რამეები… ჰო, სიმართლე რომ გითხრა, სადღაციდან მოდის ეს მუსიკა, სადღაც გესმის, სადღაც იღვრება და მერე ფურცელზე გადმოდის, არც მარცვლების თვლა არის საჭირო და არც ნაჭირვებ-დაბრკმობილია შაირი, როცა გეწერინება, როცა გიყვარს, როცა გული საამისოდ ანთია და გონებაც მისდევს გულს… ჰო, შენ იქნები ქალი-ვარგი, რადგან ვიცი, როგორ გესმის ეს მუსიკა, როგორ ითვლი მარცვლებს და სწავლობ, მაღალია ჩემი შაირი თუ დაბალი და მერე მელოდიას აყოლებ ტაეპებს… შენ უთუოდ იქნები ქალი-ვარგი, რადგან სიყვარული შეგიძლია და შენს სულსა და გონებას ყოველთვის მოსწყურდება ჯადოსნური სიტყვები, მაგიური ლოგოსი!

ნინი სახეზე ალმურაკრული ჯდება და ცხადად ეტყობა ინტერესი, ერთი სული აქვს გაიგოს, ვინ ესაუბრება ასე გულში ჩამწვდომად… თითქოს რაღაცას ხვდება და ოდნავ იღიმება… თან რუსთველს თვალს არ აცილებს… სიტყვას ლილე იღებს:

  • რატომ ამათრახებ ასე მცირე ფორმის ლირიკული ლექსების ავტორებს? რატომ გგონია, რომ „მოშაირე არა ჰქვიან, ვერას იტყვის ვინცა გრძელად?“ რატომ ამცირებ მათ და ადარებ გამოუცდელ მონადირეებს, რომლებიც „დიდსა ვერ მოჰკლვენ ნადირსა“ და „ხელად აქვთ ხოცვა ნადირთა მცირეთა?“ რატომ გგონია, რომ ისინი ხელმარჯვედ ვერ სცემენ ჩოგანს? შენ არ მოსწრებიხარ ჩვენს დიდ პოეტს, გალაკტიონ ტაბიძეს, თორემ ნახავდი, როგორი ოსტატობით სცემს ჩოგანს და რა ჯადოქრული „ლექსი ცოტაი“ შექმნა? თან რამდენი?
  • ჩემო საყვარელო, შენი გალაკტიონი მეოცე საუკუნის ენაზე საუბრობს, 850 წლის წინ კი საგმირო-სარაინდო და სატრფიალო-სამიჯნურო ამბებს ერთ-ორ „უმსგავსო და შორი-შორ“ ფრაზაში ვერ ჩატევდი, „ლექსთა გრძელთა თქმა და ხევა“ იყო საჭირო… მე რა ვიცოდი, რა იქნებოდა 800 წლის შემდეგ? რა გზას გაივლიდა კაცობრიობა და რა ჯადოქრობებს იტყოდა გალაკტიონი?.. მაგრამ გჯეროდეს, მე მჯერა მისი, იმისიც მჯერა, რაც მან თქვა ჩვენზე: „რარიგ კარგია, სამშობლოვ, შენი მტკვარი და რიონი, შოთა, ილია, აკაკი, ვაჟა და… გალაკტიონი…“

ლილეს სალომე ცვლის, სალომეს – მარი, მარის – ნიკა, ნიკას – ქეთა, ქეთას – ნია, ნიას – თიკო, თიკოს – ლიზი, ლიზის – თეკლა, თეკლას – ელე, ელეს – ანა, ანას – ნოდო, ნოდოს – ბექა და ასე უსასრულოდ აყრიან კითხვებს რუსთველს, მანაც ღირსეულად გაუძლო ყველა გამოწვევას და ბოლოს, როცა თავისი მუზის და დაფარული სიყვარულის შესახებ ყვებოდა, ხმამ გასცა…

  • ეეეე, გამოვიცანი, რატომაც არაა სანდრო დღეს სკოლაში! – შეჰყვირა ოთომ და…

მართალია, ეს გაკვეთილი-ფანტაზიაა და მე ჯერ არ ჩამიტარებია, მაგრამ რაც მასწავლებლის თავში იბადება და მწიფდება, ყოველთვის ახდენილი სიზმარივით გაცხადდება ხოლმე გაკვეთილზე და მასწავლებელსაც მეტი რა უნდა? ამ გაკვეთილის გეგმა და სცენარი მილიონი ვარიაციით შეიძლება დავწეროთ მე და ჩემმა მოსწავლეებმა…

მე ნამდვილად ჩავატრებ ასეთ გაკვეთილს… თუნდაც მომავალ წელს, როცა ჩემი წლევანდელი მეცხრე კლასი „ვეფხისტყაოსანს“ მიადგება, როგორც ნაცნობ, მაგრამ მაინც ყოველთვის ფეხდაუკარებელ კუნძულს, რომელსაც ცხრა საუკუნეა შორიდან ვუმზერთ, ის გვატკბობს, ჩვენ მას ვუახლოვდებით და ის ყოველთვის გვიგზავნის თავისი წიაღიდან ახალ-ახალ სხივებს…შარშანწინ ილიას უნივერსიტეტში სემიოტიკის კვლევის ცენტრის მიერ ორგანიზებულ სამეცნიერო კონფერენციაზე წარვადგინე ნაშრომი „ვეფხისტყაოსნის“ თემაზე. ერთმა ცნობილმა პროფესორმა თქვა: ღმერთო ჩემო, რაღა უნდა დაიწეროს ახალი „ვეფხისტყაოსანზე?“ მაკა, რას გვთავაზობ? ხოლო როცა ჩემი მოხსენება მოისმინა თქვა, რომ ამ პოემის უნიკალურობა სწორედ იმაშია, რომ მისი ინტერპრეტაციები ამოუწურავია და მკვლევრებს ყოველთვის აქვთ შესაძლებლობა, ახალი და ახალი პლასტები წარმოაჩინონ რუსთველის გენიიდან…

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...