კვირა, მაისი 11, 2025
11 მაისი, კვირა, 2025

 განმავითარებელი შეფასების სხვადასხვა მეთოდების შესახებ

0

არჩევნის თავისუფლება და ამ არჩევანზე პასუხისმგებლობა საგრძნობლად ზრდის მოსწავლის მოტივაციას. ყოველი თემის დასრულების შემდეგ აუცილებელია ამ თემის შეჯამება და შეფასება. ამასთან, შეუძლებელია ერთი და იმავე ტიპის შეჯამების დროს ყველა მოსწავლემ თანაბარი ცოდნა გამოამჟღავნოს. ისიც გასათვალისწინებელია, რომ მხოლოდ წერითი შემაჯამებელი არ არის საკმარისი მოსწავლეების შესაფასებლად. ისინი ერთმანეთისაგან ძალიან განსხვავდებიან. ეს მეთოდი განსხვავებული შესაძლებლობებისა და მზაობის მოსწავლეებს აძლევს საშუალებას გამოამჟღავნონ ცოდნა, მიიღონ უკუკავშირები მალე და გაიღრმაონ ცოდნა. თუ რომელიმე მეთოდი არ იქნება მათი ტემპისა და მზაობის შესაფერისი ისინი სხვა მეთოდს აირჩევენ და ამის მათ არ შეეშინდებათ.

როდესაც გვინდა ერთი ან რამდენიმე თემის შეჯამება, მოსწავლეს ვთავაზობთ, აირჩიოს მინიმუმ ორი ვარიანტი შემდეგი ოთხიდან:

1) ბლიცი;

2) კითხვა-პასუხი;

3) ამოცანა;

4) ლოგიკა.

ეს არის საშუალება, მოსწავლემ მიიღოს სწრაფი უკუკავშირი და მოემზადოს განმსაზღვრელი შეფასებისათვის. შეჯამების ამ ფორმას მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების ფუნქცია აკისრია.

ბლიცი, ძირითადად, ამოწმებს ფაქტობრივ ცოდნას;

კითხვა-პასუხი კი – რამდენად გაიგეს მოსწავლეებმა მასალა და შეიძინეს მისი გამოყენების უნარი.

ამოცანები მოითხოვს მაღალ სააზროვო უნარებს, ამით მოსწავლე აანალიზებს და ამთლიანებს თემას.

ლოგიკა არის საშუალება, შეაფასოს მოსწავლემ, რა ისწავლა. გააკეთოს ზოგადი დასკვნები. ეს არის ერთგვარი აღმოჩენების დავალებები.

რას გულიხმობს თითოეული მათგანი

ბლიცი შეზღუდული დროის პირობებში კითხვებზე სწრაფად პასუხის უნარია. ვირჩევთ ერთ მოსწავლეს, რომელიც დაინიშნავს დროს და მეორე მოსწავლეს – რომელიც სწორ პასუხებს დაითვლის. მოსწავლეს პასუხის არქონის შემთხვევაში უფლება აქვს, მოითხოვოს შემდეგ შეკითხვაზე გადასვლა. შეცდომის და შემდეგზე გადასვლის შემთხვევაში იქვე ვაძლევთ უკუკავშირს. მოსწავლეს არ უნდა რცხვენოდეს შეცდომის. დროის ამოწურვის შემდეგ ვატყობინებთ მას, დააგროვა თუ არა დამაკმაყოფილებელი ქულა. ეს ქულა შეიძლება განისაზღვროს კლასის შესაძლებლობის მიხედვით. სხვადასხვა კლასისთვის სხვადასხვა შეიძლება იყოს. მოსწავლეს ვაძლევთ ფერად ბარათს, რომელზეც წერია – თქვენ გაიარეთ ბლიცრაუნდი.

ბლიცის კითხვები არის მოკლე. ბლიცის შეკითხვებს ვადგენთ ისე, რომ მოსწავლემ პირდაპირ დააბოლოვოს მასწავლებლის მიერ დაწყებული წინადადება, რათა არ დაიხარჯოს ზედმეტი დრო. არ გამოვიყენოთ სიტყვები:

რას უდრის?

როგორია?

რომელია? …

მხოლოდ დავიწყოთ წინადადება და მოსწავლეს მივცეთ საშუალება, სწრაფად გააგრძელოს ის ან თქვას „შემდეგი“.

მაგალითად:

სამკუთხედების თემა.VII კლასი

1) სამკუთხედის კუთხეების ჯამი…

2) ბლაგვკუთხა სამკუთხედში ბლაგვი კუთხეების რაოდენობა…

3) ტოლგვერდა სამკუთხედის ერთი კუთხის ზომა…

4) სამკუთხედის წვეროს მოპირდაპირე გვერდის შუაწერტილთან შემაერთებელი მონაკვეთი…

5) მართკუთხა სამკუთხედში მართი კუთხის მოპირდაპირე გვერდი…

6) მართკუთხა სამკუთხედში მართი კუთხის მიმდებარე გვერდი…

7) მართკუთხა სამკუთხედის მცირე კუთხე, როცა კათეტი ჰიპოტენუზის ნახევარია…

8) სამკუთხედის კუთხის მეზობელი კუთხე…

9) სამკუთხედი, რომლის ორი კუთხე ტოლია…

10) სამკუთხედში მოპირდაპირე გვერდისადმი გავლებული მართობი…

და ასე შემდეგ.

სიმრავლეების თემა. VII კლასი

1) ორი სიმრავლის საერთო ნაწილი…

2) სიმრავლე, რომელიც ელემენტს არ შეიცავს..

3) სიმრავლიდან აღებული ნაწილი…

4) ყოველი სიმრავლის ქვესიმრავლეა თავისი თავი და …

5) ელემენტთა ერთობლიობა, რომელიც ეკუთვნის ერთ ან მეორე სიმრავლეს…

6) თვლის შედეგად მიღებული რიცხვები…

7) რა სიმბოლოთი აღინიშნება მთელ რიცხვთა სიმრავლე…

და ასე შემდეგ.

კითხვა-პასუხის დროს მოსწავლე აღარ არის შეზღუდული დროში. იგი მოისმენს ათ შეკითხვას. კლასის შესაძლებლობის და მზაობის გათვალისწინებით გადავწყვეტთ რამდენ სწორ პასუხს მივიჩნევთ საკმარისად. თუ მოსწავლე აიღებს საკმარის ქულას, იგი მიიღებს ბარათს, რომელზეც წერია: თქვენ გაიარეთ კითხვა-პასუხის რაუნდი.

მაგალითად: საკუთხედების თემა

1) რას უდრის სამკუთხედის გარე კუთხე, თუ მისი არამოსაზღვრე ორი შიგა კუთხე 60 და 80 გრადუსია?

2) რას უდრის სამკუთხედის გვერდები, თუ ისინი ისე შეეფარდება ერთმანეთს, როგორც 2:3:4 და პერიმეტრი უდრის 18სმ.-ს.

3) რას უდრის მართკუთხა სამკუთხედის კათეტი, თუ ჰიპოტენუზაა 17სმ. და ერთი კუთხე 60 გრადუსი

და ასე შემდეგ.

ამოცანების რაუნდის არჩევისას მოსწავლეს მიეცემა სულ რამდენიმე მოცულობითი ამოცანა და თუ მათ დამოუკიდებლად ჩვენი ჩარევის გარეშე გაუმკლავდება, მას მიეცემა ბარათი, რომელზეც წერია: თქვენ გაიარეთ ამოცანების რაუნდი.

ლოგიკის რაუნდი კი არის ზოგადი დასკვნის გაკეთება, თეორემის დამტკიცება, ამოცანის ამოხსნა ან შედგენა პარამეტრების გამოყენებით. ამ რაუნდში, ხშირ შემთხვევაში, ერთი დავალებაც საკმარისია. ამ დავალების წარმატებით დაძლევის შემთხვევაში მოსწავლეს ეძლევა ფურცელი: თქვენ გაიარეთ ლოგიკის რაუნდი.

მაღალი მზაობის მოსწავლეებმა შესაძლოა სურვილი გამოთქვან, გაიარონ ოთხივე რაუნდი. თუ წერითი განმსაზღვრელი შეჯამების დღეს მოსწავლეს აღმოაჩნდება ორზე მეტი ბარათი, შეიძლება უკვე შევაფასოთ განმსაზღვრელი შეფასებით.

ნაკლი ამ მეთოდისა არის ის, რომ მრავალრიცხოვანი კლასის შემთხვევაში საგაკვეთილო დრო საკმარისი არ არის. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ მოსწავლეებს არ ეზარებათ ამ დამატებითი დროის გამოძებნა.

ბარათის მიღება გამჭვირვალეა ყველა მოსწავლისთვის. მათ წინასწარ იციან შეფასებისთვის აუცილებელი პასუხების რაოდენობაც.

მეთოდი განსაკუთრებით ეფექტურია 7-9 კლასების მოსწავლეებთან. ბევრ თემას ერგება და იძლევა მასალის დიფერენცირების საშუალებას. ვფარავთ ბლუმის ტაქსონომიის ყველა დონეს.

ამერიკული დემოკრატიის უცნობი საფუძვლები

0

2014 წელს გამომცემლობა „რადარამმა“ ცნობილი ამერიკელი ანთროპოლოგის დევიდ გრებერის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული წიგნი „დემოკრატიის პროექტი“ ქართულ ენაზე გამოაქვეყნა. „რადარამი“ არაკომერციულ საქმიანობას ეწეოდა, ამიტომ ანთროპოლოგის ნაშრომი საჯარო ღონისძიებებზე საჩუქრად გაიცემოდა ან წიგნის მაღაზიებში განსაკუთრებით დაბალ ფასად იყიდებოდა. მიუხედავად ამისა, წიგნის თაობაზე საგულისხმო გამოხმაურება არავის დაუწერია. თითქოს დემოკრატიის გამოწვევების შესახებ დაწერილი პუბლიკაცია უკვალოდ ჩაიკარგა. გრებერის ნაშრომში უამრავი საკამათო მოსაზრებაა განხილული. ავტორის არატრადიციულმა იდეებმა ბევრის გაღიზიანება შეიძლება გამოიწვიოს, მაგრამ ვერავინ უარყოფს „დემოკრატიის პროექტში“ გამჟღავნებულ მეცნიერის მდიდარ ცოდნასა და თავისუფალ აზროვნებას. თქვენი ყურადღება ამერიკული დემოკრატიის გრებერის მიერ თავმოყრილ უცნობ წინაპირობებს მინდა მივაპყრო.

სოციალურ მეცნიერებათა ძველი სკოლების წარმომადგენლები დემოკრატიის შესახებ ძალიან სწორხაზოვან მსჯელობას გვთავაზობენ. ისინი ამტკიცებენ, რომ დემოკრატია ძველ საბერძნეთში გაჩნდა. მმართველობის დასახელებულმა ფორმამ განვითარების შემდგომ ეტაპს რომში მიაღწია. დემოკრატიის იდეის განვითარებაზე მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდა მეთვრამეტე საუკუნის ინგლისსა და რენესანსის ეპოქის იტალიურ ქალაქ-სახელმწიფოებში მიმდინარე მოვლენებს. საბოლოოდ კი, თავისი ყველაზე მყარი და ჩამოყალიბებული ფორმით დასავლური ცივილიზაციის შუაგულში – ატლანტის ოკეანის ჩრდილოეთ სანაპიროებზე დამკვიდრდა. სკოლებსა და უნივერსიტეტებში მხოლოდ იმას გვასწავლიან, რომ ამერიკული კონსტიტუციის საფუძვლები სწორედ ძველი სამყაროს, რენესანსისა და რევოლუციური ბრიტანეთის გამოცდილებიდან მომდინარეობს. ძნელად ამოსაცნობი, რთულად მისახვედრი მიზეზების გამო, ხშირად ყველას ავიწყდება აბორიგენი მოსახლეობის ადათ-წესების, „სოციალურ ყაჩაღებად“ წოდებული ჯგუფების მიერ დემოკრატიის განვითარებაში შეტანილი წვლილის აღნიშვნა.

XVI საუკუნეში ჩრდილოეთ ამერიკაში მცხოვრებმა ადგილობრივმა ტომებმა, ინდიელებმა კავშირი დააარსეს. კავშირი თავდაპირველად ხუთ იროკეზულ ტომს აერთიანებდა. მოგვიანებით ჯგუფს მეექვსე თემიც შეუერთდა. საბოლოოდ, ჩამოყალიბდა ექვსი ერის ლიგა, რომელიც საწყისს ეტაპზე მხოლოდ ტბა ონტარიოს მიმდებარე მხარეებს აკონტროლებდა. მოგვიანებით კონფედერაციის გავლენა სამხრეთ ტერიტორიებზეც გავრცელდა. ინგლისურ წყაროებში ინდიელთა ტომების გაერთიანებას „ჰოდენოშაუნის ექვსი ერის ლიგად“ მოიხსენიებენ. ლიგამ თითქმის ორი საუკუნის განმავლობაში იარსება. „ჰოდენოშაუნის“ მართვის სისტემა კონფედერალიზმისა და დეცენტრალიზაციის პრინციპებს ეფუძნებოდა. ყველა გვარს ტომის საბჭოში ჰყავდა წარდგენილი თავისი ბელადი. ყველა ტომი კი თავის წარმომადგენელს ირჩევდა ლიგის მმართველ ორგანიზაციაში. საბოლოოდ, „ჰოდენოშაუნს“ ორმოცდაათი ბელადისგან შემდგარი სტრუქტურა განაგებდა. განსხვავებული სოციალური თუ კულტურული მახასიათებლების მიუხედავად, ინდიელთა ექვსი ტომი ერთიან სისტემად ფუნქციონირებას მაინც ახერხებდა. ინგლისელ კოლონისტებს ხშირად უწევდათ ხოლმე „ჰოდენოშაუნის“ წარმომადგენლებთან ხელშეკრულების გაფორმება ტერიტორიებისა და რესურსების გადანაწილების საკითხზე. ინდიელებთან მოლაპარაკებებში ინტენსიურად მონაწილეობდნენ აშშ-ის მომავალი დამფუძნებლები. დამფუძნებელი მამები შესანიშნავად იცნობდნენ ინდიელთა კონფედერაციული მართვის სტილსა და მთავარ წესებს. მათ „ფედერალისტურ წერილებში“ არასდროს უხსენებიათ აბორიგენთა ტომებში გავრცელებული მნიშვნელოვანი პოლიტიკური სტანდარტი. თუმცა, ფაქტია, რომ დევიდ გრებერის მსგავს მოაზროვნეებს არ უჭირთ ამერიკულ ფედერალიზმსა და იროკეზთა ერთიანი მოქმედების სტრატეგიას შორის კავშირის აღმოჩენა. გრებერი ამტკიცებს, რომ ამერიკული ფედერალიზმის შთაგონების წყარო „ჰოდენოშაუნის“ ექვსი ერის ერთობასა და ორმოცდაათი ბელადის საქმიანობაში უნდა ვეძებოთ.

დემოკრატიული ტრადიციის მიხედვით, ლიდერისა თუ პასუხისმგებელი პირის გამორჩევა მხოლოდ ზემდგომი ორგანოებისა და ზებუნებრივი ძალების პრეროგატივა არ არის. საერო ძალაუფლების წყაროს მხოლოდ ღმერთი და წოდებრივი კუთვნილება არ უნდა წარმოადგენდეს. წინამძღოლობა ადამიანთა საყოველთაო თანხმობის საფუძველზეც შეიძლება მიენიჭოს კონკრეტულ მოღვაწეს. როგორ დამკვიდრდა მსგავსი სულისკვეთება რიგით ამერიკელებში? ყველა ანტიკური ხანისა და რენესანსის სპეციალისტი რომ არ იქნებოდა, ამაზე არავინ ვდავობთ. დევიდ გრებერის კოლეგა ჯონ მარკოფი ამტკიცებდა, რომ რიგით ამერიკელებში დემოკრატიული კულტურის დამკვიდრება მეკობრეთა საქმიანობას უკავშირდება. ატლანტის ოკეანის ადრეული ხანის მეკობრეები გემის კაპიტანს თავად ირჩევდნენ. კაპიტნის მმართველობა შეუზღუდავი არ გახლავთ. გემის მართვაში მონაწილეობას იღებდა საერთო კრებაც. მეკობრეთა საერთო კრება უფლებამოსილი იყო გაეუქმებინა კაპიტნის გადაწყვეტილება. კაპიტნის ძალაუფლება შეზღუდული იყო წინასწარ გაფორმებული შეთანხმებებითაც. ეკიპაჟის წევრები წინასწარ თანხმდებოდნენ ნადავლის განაწილებისა და ფიზიკური დაზიანების შემთხვევაში გათვალისწინებული კომპენსაციის განაწილების წესზე. აღსანიშნავია ისიც, რომ თანამედროვე ამერიკულ საზოგადოებას მეკობრეები მხოლოდ დემოკრატიული საარჩევნო წესებითა და ხელშეკრულებით განაწილებული ძალაუფლებით არ ჰგავდნენ. მეკობრეთა გემების მნიშვნელოვან ნაწილს მულტიკულტურული შემადგენლობის მეზღვაურთა კოლექტივი ჰყავდა. მეკობრეთა შორის ადვილი შესამჩნევი იყო რასობრივი და ეთნიკური მრავალფეროვნება. თუმცა, განსხვავებულობა იშვიათად მოიაზრებოდა ჩაგვრის უმთავრეს და ერთადერთ წინაპირობად.

ამერიკელი ანთროპოლოგი თავის წიგნში კიდევ არაერთი უცნაური წინაპირობის შესახებ საუბრობს. ყველა ჯგუფის მახასიათებლების განხილვა ჩვენი მიზანი არ არის. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც იმის განსაზღვრა გახლავთ, თუ რის დასაბუთებას ცდილობს ავტორი ისტორიული მაგალითების განხილვის საფუძველზე. ავტორი ერთ მნიშვნელოვან და ყველასთვის ყურადსაღებ დასკვნამდე მიდის:

„დემოკრატია არ გამოუგონიათ ანტიკურ საბერძნეთში… სინამდვილეში დემოკრატია არც არასდროს „გამოუგონიათ“; ის არც რომელიმე ინტელექტუალური ტრადიციიდან წარმოშობილა. დემოკრატია რეალურად მართვის მოდელსაც კი არ წარმოადგენს. იგი, თავისი არსით, მხოლოდ რწმენაა იმის თაობაზე, რომ ადამიანები იმთავითვე თანასწორნი არიან და უნდა მიეცეთ უფლება, ნებისმიერი ხელსაყრელი საშუალების გამოყენებით, ეგალიტარიზმის პრინციპებით წარმართონ ერთობლივი საქმეები… ამ გაგებით, დემოკრატია ისეთივე ძველია. როგორც ისტორია და ადამიანის აზროვნების უნარი“.

მაშასადამე, დემოკრატიული ტრადიცია არსებობდა და არსებობს ყველგან, სადაც კი ადამიანებს მშვიდობიან და თავისუფალ თანაცხოვრებაზე უფიქრიათ. მისი ელემენტების აღმოჩენა ყველა ხალხისა და სოციალური ფენის თავგადასავალშია შესაძლებელი. დემოკრატია მხოლოდ „მაღალგანვითარებულ“ საზოგადოებათა ხვედრი არ არის.

როგორ ვასწავლოთ ბავშვს სწავლა

0

ეროლ ვორდერმანი ბრიტანელი ტელეწამყვანი და მათემატიკური განათლების საკითხში დევიდ კემერონის მრჩეველია. თავის წიგნში „როგორ ვასწავლოთ ბავშვს სწავლა“ ის გვიყვება, როგორ ავუხსნათ უმცროსკლასელებს და მოზარდებს ყველაზე მარტივი საკითხები, რომლებიც მათ სწავლაში დაეხმარება. ინფორმაციის მოძიება, დღის განრიგის შედგენა – ეს ყველაფერი ძალზე მნიშვნელოვანია.

 

ვორდერმანის წიგნი ილუსტრირებული სახელმძღვანელოა – ბევრი ცხრილით, სქემითა და ნახატით. შესაძლოა, ვინმეს მოეჩვენოს, რომ ავტორი ისედაც ნაცნობ საკითხებს იმეორებს: რატომ არის მნიშვნელოვანი მასალის ნაწილებად დაყოფა და არა ერთიანად სწავლა, გუნდური მუშაობა და დღის წესრიგის დაცვა, მაგრამ მართლა ასე როდია. ეს არის მარტივი და გასაგები ინსტრუქცია მშობლებისათვის (და მოზარდებისთვისაც) იმის შესახებ, რით დავიწყოთ და, საზოგადოდ, სწავლის რა მეთოდები გამოვიყენოთ.

მოსწავლეებისა და ინფორმაცის აღქმის 5 ტიპი

სწავლასთან დაკავშირებული პრობლემები საკმაოდ ხშირია იმის გამო, რომ თქვენ ვერ იპოვეთ ბავშვისთვის მისაღები სწავლის სისტემა და ვერ განუვითარეთ მისთვის საჭირო უნარები. კეროლ ვორდერმანი გამოყოფს მოსწავლეების და, იმავდროულად, სწავლის რამდენიმე ტიპს:

 

  • ვიზუალური. ასეთ ბავშვებს განვითარებული აქვთ სივრცითი აზროვნება. მათ ჩანახატების კეთება, დიაგრამების ხატვა და რუკების შედგენა უყვართ.
  • ვერბალური. ასეთ მოსწავლეებს მდიდარი სიტყვათა მარაგი აქვთ, საუბრისას ისინი რიტმს და რითმას ეყრდნობიან.
  • ლოგიკური. ასეთ ბავშვებს ეხერხებათ მათემატიკური მეცნიერებების შესწავლა. ხედავენ მიზეზშედეგობრივ კავშირებს, მარტივად პოულობენ ლოგიკურ კავშირს. ისინი კარგად ადგენენ სქემებს, სადაც ყველაფერი რთულიდან მარტივისკენ და მთავარი საკითხიდან მეორეხარისხოვანისკენ არის მიმართული.
  • სმენითი. ამ ტიპის მოსწავლეები ხშირად მუსიკით არიან გატაცებულნი. ისინი ადვილად იმახსოვრებენ ინფორმაციას მოსმენით, უყვართ აუდიოლექციებისა და პოდკასტების სმენა.
  • ფიზიკური. ასეთ ბავშვებს უყვართ მოქმედება და ამოცანების გააზრება მოძრაობაში. ისინი საკითხს პატარ-პატარა ნაწილებად შლიან, რომ მიხვდნენ, „როგორ არის მოწყობილი შიგნიდან“.

ყველაზე ეფექტიანი სწავლების აქტიური მეთოდებია. როდესაც მთელი ინფორმაცია ანალიზდება, მოსწავლე სვამს კითხვებს, ეცნობა დამატებით მასალებს, ერთმანეთს უთავსებს მუშაობის სხვადასხვა ტიპს.

აი აქტიური სწავლების რამდენიმე მეთოდი:

  • ინტელექტ-რუკის შედგენა, რომელზეც ინფორმაცია და იდეებია ერთმანეთთან დაკავშირებული;
  • ნასწავლი მასალის მეგობრისთვის ან წარმოსახვითი აუდიტორიისთვის მოყოლა;
  • შესწავლილი საკითხის საწინააღმდეგო არგუმენტებზე ფიქრი;
  • 100 სიტყვით მოყოლა იმისა, რა ისწავლე. შემდეგ ამის შემცირება 10 სიტყვამდე.

 

კარგად ორგანიზებული მუშაობა წარმატების ნახევარია. მნიშვნელოვანია, იცნობდეთ თქვენს სუსტ და ძლიერ მხარეებს, ისახავდეთ მიზნებს და, რაც მთავარია, წარმოდგენილი გქონდეთ, როგორ აპირებთ მათ მიღწევას. დროის მენეჯმენტის სპეციალისტები გვირჩევენ „სალიამის მეთოდს“: დაყავით დიდი დავალება პატარა ნაწილებად, ისევე როგორც ძეხვს ერთი და იმავე ზომის პატარა რგოლებად ჭრით.

აღმოჩნდა, რომ ბევრი ამოცანის ერთდროულად დასახვა ამცირებს ტვინის აქტიურობას. გაცილებით ეფექტიანია, ყველა საქმე გაყოთ და დავალება პატარა ნაწილებზე კონცენტრირებით შეასრულოთ.

სწორად შედგენილი განრიგი ჯერ კიდევ არ არის პროექტის დასრულების გარანტია. იმისთვის, რომ მოსწავლეებმა დავალება საჭირო ვადაში ჩააბარონ, მათ უნდა ისწავლონ დროის უკუათვლაც. ასევე, უნდა გაითვალისწინონ და მოიტოვონ დრო სამუშაოს გასასწორებლად და ცვლილებების შესატანად.

 

როგორ ისარგებლონ ლიტერატურის სიებით და მოძებონ ინფომაცია

კეროლ ბორდმანის აზრით, ბიბლიოთეკები დაუმსახურებლადაა მივიწყებული. ეს იდეალური ადგილია სწავლისთვის. სკოლის მოსწავლეებს ხშირად არასწორად ესმით რეკომენდებული ლიტერატურის ჩამონათვალი: არ არის საჭირო ყველა წიგნის წაკითხვა; აუცილებელია მხოლოდ ძირითადი წყაროების გამოყოფა და ყველაფრის აქედან დაწყება.

თანაც დამატებითი ლიტერატურის გაცნობა სასარგებლოა – ეს აქტიური სწავლების ერთ-ერთი მეთოდია. თუ წინ დიდი ინფორმაციის შემცველი სამუშაო გელით, არჩევითი კითხვის უნარი დაგეხმარებათ: მოძებნეთ საკვანძო სიტყვები და ტექსტში გამოყავით ძირითადი მომენტები. მთავარ სასწავლო უნარად ავტორს მიაჩნია პირველწყაროებზე მუშაობა, რომლებშიც ინფორმაცია უნდა გადამოწმდეს. ასევე უნდა გადამოწმდეს ციტატების ხარისხი.

 

რა დაგეხმარებათ უკეთ დამახსოვრებაში

იმისთვის, რომ დაიმახსოვროთ ყველა საჭირო ინფორმაცია, ის რეგულარულად უნდა გადაიმეოროთ. ვორდერმანი გვთავაზობს საკვანძო სიტყვების და ფრაზების ცალკე ბარათებზე ამოწერას ყოველი კვირის და ყოველი თვის ბოლოს. მასალის გამეორება აზრს მოკლებულია, თუ საგანზე მხოლოდ ზოგადი წარმოდგენა არ გაქვთ.

ბავშვებს ინფორმაციის ათვისებაში დაეხმარება:

  • კონსპექტების მომზადება საკუთარი სიტყვებით;
  • გაკვეთილზე კითხვების დასმა;
  • თანაკლასელებთან ჩანაწერების გაცვლა-გამოცვლა და გავლილ მასალაზე საუბარი;
  • ახალი ინფორმაციის სხვა ცოდნასთან დაკავშირება. არ დაგავიწყდეთ შესვენება: უმცროსკლასელებმა უნდა შეისვენონ ყოველი ნახევარი საათის შემდეგ, უფროსებს კი 45-60 წუთის განმავლობაში შეუძლიათ მეცადინეობა, რის შემდეგაც 12-20 წუთით შესვენებაა რეკომენდებული.

 

მეხსიერება და ტვინი

მიღებულ ინფორმაციას ჩვენი ტვინი კოდად აქცევს, მერე კი მეხსიერებაში გზავნის. როდესაც რაღაცის გახსენება გვჭირდება, ვიყენებთ გრძელვადიან მეხსიერებას და მისგან კოდირებულ ინფორმაციას ვიღებთ. რამდენიმე მინიშნებისა და გრძნობის ორგანოების კომბინირებას მრავალჯერადი კოდირება ჰქვია. ეს მეთოდი საშუალებას გვაძლევს, გრძნობის ორგანოები და შემოქმედებითი შესაძლებლობები ავამოქმედოთ: სწავლის პროცესი უფრო საინტერესო ხდება, ხოლო მასალა – უფრო იოლად ასათვისებელი.

ის, რომ ადამიანი იყენებს ტვინის მხოლოდ 10%-ს, მითია და დროა დავივიწყოთ.

მინიშნებად შეიძლება ნებისმიერი რამ გამოგვადგეს. თუნდაც სხეულის ნაწილები. მაგალითად, ატომის აგებულების დამახსოვრებისას შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ხელი როგორც ძირითადი ელემენტი და თითები როგორც მისი ნაწილები.

მეხსიერების სტიმულირებისთვის შეიძლება მოვიშველიოთ დამახსოვრების არა ერთი, არამედ რამდენიმე მეთოდი, მაგალითად:

  • ბლოკ-სქემები (საკვანძო სიტყვების ჩაწერა და მათგან საფეხურებრივი პროცესის შედგენა);
  • ციცერონის მეთოდი (რომაელი ორატორი გამოსვლის დროს ახსენებდა უამრავ სახელს, მოჰყავდა არაერთი რიცხვი და ფაქტი. ამბობენ, რომ გონებით ის ამ ფაქტებს „შენობაში“ ანაწილებდა, მერე კი „დაუვლიდა“ მათ და აუცილებელ ინფორმაციას აგროვებდა).

გილოცავთ მასწავლებლის საერთაშორისო დღეს!

0

ძვირფასო მასწავლებლებო!

ინტერნეტგაზეთი “mascavlebeli.ge” და ჟურნალი “მასწავლებელი” გილოცავთ მასწავლებლის საერთაშორისო დღეს. გისურვებთ მშვიდობას, ჯანმრთელობას,  სიხარულს და მრავალ წარმატებას!

ჩვენ  ყოველთვის შევეცდებით გაგიმართლოთ მოლოდინები და ჩვენი ჟურნალი და გაზეთი იყოს თქვენთვის მნიშვნელოვანი, საინტერესო და  დაგეხმაროთ პროფესიულ განვითარებაში.

მადლობას გიხდით თქვენი შრომისა და ამაგისთვის.

კონკურსის „საუკეთესო მოთხრობა მასწავლებელზე“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ

0

ყველაფერი სამი წლის წინ დაიწყო, როდესაც დღის წესრიგში აქტუალური კითხვა – როგორ შეიძლება მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაცია და მხარდაჭერა საქართველოში, კიდევ ერთხელ დაისვა. კითხვაზე პასუხი გენიალური და მარტივი იყო – ლიტერატურის გზით, რაც თავისთავად, ამ შესანიშნავი პროფესიის გარდა, ლიტერატურის მხარდაჭერასაც მოიაზრებდა. სწორედ ქართული ლიტერატურა, სადაც არცთუ ხშირად გხვდება მასწავლებლის სახე, გადაიქცა ერთგვარ ხიდად სხვადასხვა ასაკის მკითხველის გულამდე და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, სათქმელად მასწავლებლისთვის. მას კიდევ ერთხელ მიეცა შანსი, რომ გვერდიდან შეეხედა საკუთარი თავისთვის, პრობლემებისთვის, გამოწვევებისთვის. ეს კი თვითშეფასების და ალბათ ადეკვატური თვითკრიტიკის შესაძლებლობას მისცემდა.

ლიტერატურული კონკურსის – „საუკეთესო მოთხრობა მასწავლებელზე“ გამარჯვებულთა სამეული გუშინ საზეიმოდ დასახელდა, ხოლო მასწავლებლებს, ჟურნალ „მასწავლებლის“ სპეციალური ნომრის სახით, დარჩა ათი საუკეთესო ლიტერატურული პროდუქტის ნაკრები, რომლის უცვლელი თემა მასწავლებელია, მისი საქმიანობა და სკოლის ცხოვრება. ჟურნალი საქართველოს ყველა სკოლას საჩუქრად გადაეცემა, ჩვეულებრივ მკითხველს კი საუკეთესო მოთხრობებთან ზიარება ინტერნეტგაზეთში „mastsavlebeli.ge“-ზე შეუძლიათ.

ტრადიციულად კონკურსის ორგანიზება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ, კონკრეტულად კი საინფორმაციო საგანმანათლებლო რესურსების, ჟურნალ „მასწავლებლისა“ და ინტერნეტგაზეთ „mastsavlebeli.ge“-ს მესვეურთა აქტიური ჩართულობით მოხერხდა.

დაჯილდოების ცერემონიალზე კონკურსის სულისჩამდგმელმა და ინიციატორმა,  ჟურნალ „მასწავლებლისა“ და ინტერნეტგაზეთ „mastsavlebeli.ge“-ს მთავარმა რედაქტორმა ნატო ინგოროყვამ მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო ლიტერატურული კონკურსის დაგეგმვაში და ჟურნალ „მასწავლებლის“ ლიტერატურული ნომრის მომზადებაში, ასევე, მადლიერება გამოხატა კონკურსის ფინანსურ მხარდამჭერ ლიბერთი ბანკისა და სხვა პარტნიორთა – გამომცემლობა „ინტელექტსა“ და „პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციის“ მიმართ, სწორედ მათ დააჯილდოვეს განსაკუთრებული პრიზებით თავიანთი რჩეული ავტორები.

გამომცემლობა „ინტელექტის“ განსაკუთრებული პრიზი ერგო კონკურსის მონაწილე სოფიო კუბლაშვილს და თეა თოფურიას.

„პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციის“ პრიზი საბუნებისმეტყველო საგნის მასწავლებელთა პროფესიის პოპულარიზაციასა და მხარდაჭერისთვის, ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ელიზბარ ელიზბარაშვილმა, ალექსანდრე ლორთქიფანიძეს გადასცა.

რაც შეეხება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პრიზებს, ისინი კონკურსის სხვა მონაწილეებს: მიშა ბახსოლიანს, ნათია როსტიაშვილს, ლუკა ბაქანიძეს ადა ეთერ ქუთათელაძეს გადაეცა.

საინტერესოა, რომ წლევანდელმა ჟიურიმ საკმაოდ ბევრი – 72 საკონკურსო ლიტერატურული ნამუშევარი შეაფასა. ჟიური წარმომადგენლობითი იყო: ლიტერატურათმცოდნე და ლიტერატურის კრიტიკოსი ლევან ბერძენიშვილი, გამომცემლობა „ინტელექტის“ მთავარი რედაქტორი და მწერალი ზვიად კვარაცხელია, პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი და მწერალი გიორგი კეკელიძე, მწერალი და ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ლიტერატურული გადაცემის წამყვანი, პროდიუსერი ნესტან-ნენე კვინიკაძე, უცხოეთში მოღვაწე მწერალი და მთარგმნელი კატია ვოლტერსი. ჟიურის წევრებმა მოთხრობების ხარისხი და თემასთან შესაბამისობა სპეციალური კრიტერიუმებით (ავტორთა ვინაობა ანონიმური ჟიურისთვის იყო) განსაზღვრეს.

წელს კონკურსის მრავალფეროვნებისთვის მის მონაწილეებს აქცენტი სკოლისა და მასწავლებლის ცხოვრებიდან ყველაზე აქტუალურ – ღირებულებების თემაზე უნდა გაეკეთებინათ: უსაფრთხო სასკოლო გარემო, ტოლერანტობა, ინკლუზიური განათლება, მეგობრობა, სამართლიანობა და მასწავლებლის როლი ამ პროცესში.

განათლების , მეცნიერების , კულტურისა და სპორტის სამინისტროს მინისტრის მოადგილემ ზოგადი განათლების მიმართულებით ირინა აბულაძემ განაცხადა, რომ ლიტერატურული კონკურსი ყოველწლიურად სულ უფრო პოპულარული ხდება, რაც გამოიხატება არა მარტო საკონკურსო ნამუშევართა მზარდ რაოდენობაში, არამედ ხარისხის დახვეწის თვალსაზრისითაც.

 

„ჩვენს საზოგადოებას მასწავლებლის მიმართ მაღალი მოლოდინები აქვს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მასწავლებელი ადამიანია, რომელსაც ჩვენნაირი, ყოველდღიური პრობლემები აქვს და ვალდებულია ისინი სკოლაში შესვლის დროს დაივიწყოს. არ შეიძლება საზოგადოება მუდმივად უსაფრდებოდეს მასწავლებელს. ნეგატივი, რომელიც სკოლებში გროვდება, დამანგრეველია საზოგადოებისთვის. ვფიქრობ, კარგი იქნება, თუკი ამ კონკურსის ფარგლებში შექმნილი ნაწარმოებების ბაზას, გამოვიყენებთ რესურსად როგორც სასწავლო პროცესში, ისე უნივერსიტეტებში, სადაც მასწავლებლებს ამზადებენ.“ – აღნიშნა ირინა აბულაძემ.

 

გამარჯვებული სამეულის საჯარო გამოცხადებამდე, შეკრებილ საზოგადოებასა და მომლოდინე კონკურსანტებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის დროებითი შემსრულებელი დავით ხვედელიძე მიესალმა და აცნობა, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში დაგროვილი ოცდაათი მოთხრობა უახლოეს მომავალში ერთ წიგნად შეიკვრება და გამოიცემა.

 

ჟიურის ერთ-ერთი წევრის, ნესტან-ნენე კვინიკაძის განმარტებით, განათლების სისტემის დახვეწა ქვეყნის პრიორიტეტი უნდა იყოს. ამიტომ ნებისმიერი აქტივობა ამ მიმართულებით, მით უფრო შემოქმედებითი კონკურსის ორგანიზება, მნიშვნელოვანია. „კონკურსში ყველაზე მნიშვნელოვნად მესახება ერთგვარი სტერეოტიპების დანგრევის მისია და ალბათ, ყოველ ჯერზე, გამარჯვებული ტექსტებით მივუთითებთ იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ნამუშევრის ფორმა. ეს ტექსტების კონკურსია და არა ემოციური ამოძახილების. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ასეთი კონკურსის დროს შესაძლოა სრულიად ახალი მწერლების, ახალი სახეების აღმოჩენა,“ – აზუსტებს მწერალი.

საღამოზე, რომელიც კონსტანტინე ვარდელის სიმებიანმა კვარტეტი მუსიკალურად აფორმებდა, სამივე გამარჯვებულს ლიბერთი ბანკის ფულადი პრემიები ერგო. მესამე ადგილი დიანა ანფიმიადს ხვდა წილად მოთხრობისთვის „მარსზე წყალი იპოვეს, მეორე ადგილი კი “ნინო ქადაგიძეს მოთხრობისთვის „ოქტომბრელი“.

„ჩვენთვის ძალიან სასიამოვნოა ასეთი კონკურსის სპონსორობა. ლიბერთი ბანკი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან ერთად, უკვე სამი წელია თანამშრომლობს. პირობას გაძლევთ, რომ მომავალშიც თქვენთან ერთად ვიქნებით,“ – განაცხადა დავით ვერულაშვილმა, ლიბერთი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, რომელმაც პირველი ადგილის მფლობელსა და გამარჯვებულს, დავით გორგილაძეს გადასცა პრიზი მოთხრობისთვის „სცენას ჩამოსასვლელი არ აქვს“. ასევე, დავით გორგილაძეს გადაეცა კონკურსის სიმბოლო – კალმის ყუნწის მქონე ვაშლი, რომლის ფოთოლზეც დაწერილია გამარჯვებულის ვინაობა.  კონკურსის  პრიზი დიზაინერი მარიამ ელიზბარაშვილმა შექმნა და საჩუქრად გადაცა კონკურს..

„ალბათ სამომავლოდ კონკურსს კიდევ უფრო მეტი ავტორი შეეხმიანება და მასწავლებლის საქმიანობასა და თანამედროვე სკოლის ცხოვრებაზე, ღირებულებებზე, რომლებსაც მასწავლებლები უნდა გადასცემდნენ სკოლაში, უკეთესი მოთხრობები დაიწერება,“ – იმედოვნებს ნატო ინგოროყვა.

შეგახსენებთ, რომ ყოველწლიური ლიტერატურული კონკურსის „საუკეთესო მოთხრობა მასწავლებელზე“ გამარჯვებულები მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში დაჯილდოვდნენ.

 

 

 

“რთული“ბავშვების ტიპები და მათთან მუშაობის ხერხები

0

ვფიქრობ, ძნელია მოიძებნოს აღმზრდელი – პედაგოგი, მშობელი, რომელსაც “რთულ“ ბავშვთან ურთიერთობა, მისი სწავლება და აღზრდა სერიოზულ თავსატეხს არ უჩენს. მაინც, როგორ ბავშვს შეიძლება ვუწოდოთ “რთული“, რით გამოირჩევა ის და რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მისი სირთულე მომავალში სერიოზული პრობლემების მიზეზი არ გახდეს.

ჩვეულებრივ, „რთულს“ უწოდებენ ისეთ ბავშვს, რომელიც არ იცავს საზოგადოებაში მიღებულ ქცევის ნორმებს, ხშირად არღვევს დისციპლინას, უხეშობს, ჩხუბობს ან პირიქით, აპათიური და უნებისყოფოა, ადვილად ემორჩილება ჯგუფის „უარყოფით ლიდერს“, ადვილია მასზე გავლენის მოხდენა, არასასიამოვნო და მძიმეა მასთან ურთიერთობა. ისინი არსებითად განსხვავდებიან თანატოლებისგან თავისი ინდივიდუალური თავისებურებებით. „რთული“ ბავშვები, როგორც წესი მოითხოვენ მაქსიმალურ დამოუკიდებლობას, ღიად გამოთქვამენ თავის აზრს იმასთან დაკავშირებით, რომ არ აინტერესებთ და არ სურთ სწავლა, არა აქვთ პატივისცემა მასწავლებლის მიმართ, თანატოლებში ავტორიტეტის მოსაპოვებლად იყენებენ ძალას. სწორედ ასეთი მოზარდები ხდებიან მომავალში კანონდამრღვევთა რიგებში, რადგანაც ყველაზე ხშირად არიან თანატოლთა ჯგუფისაგან უარყოფილი და იზოლირებულები.

იმისათვის, რომ სწორად წარვმართოთ “რთულ“ ბავშვთან მუშაობა და მოასალოდნელი პრობლემებიც ავიცილოთ თავიდან, საჭიროა გავარკვიოთ სირთულის გამომწვევი მიზეზები და მისი გამოვლინებები. ხშირად ბავშვის სირთულის მიზეზი ხდება:

  • დარღვევები ემოციური სფეროს განვითარებაში, რის გამოც ბავშვი ხდება ან უკიდურესად აგზნებადი, ან აპათიური, აუტისტური;
  • დარღვევები ინტელექტუალურ განვითარებაში;
  • განვითარების ნებელობითი სფეროს დარღვევები, რის გამოც ბავშვი ხდება ჯიუტი და თავნება, ან პირიქით – უნებისყოფო და გულგრილი;
  • სოციალური და პედაგოგიური ხელმიშვებულობა, როცა ბავშვს არ შეუძლია საზოგადოებასთან ადაპტირება და გარშემომყოფებთან ურთიერთობა მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ეს მისთვის არავის უსწავლებია;
  • ჰიპერმზრუნველობა, როცა ბავშვისაგან არაფერს ითხოვენ, მისი ყველა მოთხოვნა კი უპირობოდ და დაუყონებლივ სრულდება.

გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ „რთული“ ბავშვები, როგორც წესი არ გვანან ერთმანეთს, თავისი ინდივიდუალური თავისებურებებით ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისაგან, საკუთარი პრობლემები, სირთულეები აქვთ და აქედან გამომდინარე სპეციფიკურ, ინდივიდუალურ მიდგომას და აღზრდის განსაკუთრებულ, მათზე მორგებულ ხერხებს და საშუალებებს საჭიროებენ.

ფსიქოლოგიური თვალსაზრისით რთულ ბავშვებში შეიძლება გამოიყოს შემდეგი ძირითადი ტიპები:

  • „აგზნებადი“ ტიპი – ახასიათებს ლიდერობისკენ სწრაფვა და იყენებს ყველანაირ ხერხს თანატოლებზე გავლენის მოსაპოვებლად – ეუხეშება მასწავლებელს, არღვევს წესრიგს და ა.შ. ასეთ ბავშვს ძალიან უჭირს ქცევის შედეგების პროგნოზირება, მაგრამ, როგორც კი მიხვდება, რომ ზღვარს გადავიდა ან რაიმე დააშავა, გამოსწორების პირობას იძლევა და ცოტა ხნით მართლაც ახერხებს ამას; თუმცა, მალე ყველაფერი ავიწყდება, ისევ ჩვეულ ქცევას უბრუნდება და თავისას აკეთებს. მიუხედავად იმისა, რომ ასეთ ბავშვს ლიდერობის სურვილი აქვს, არ იქნება გამართლებული დავავალოთ მას უხელმძღვანელოს ჯგუფს. ის დიდი ალბათობით კონფლიქტში შევა გარშემომყოფებთან ან პირიქით, შეეცდება სიტუაციიდან პირადი სარგებლობის მიღებას. სასურველი შედეგის მომტანი არ იქნება ასევე ასეთ ბავშვზე ზემოქმედება დარწმუნების გზით, საუბრის პროცესში მას ძალიან უჭირს არგუმენტების მოსმენა. ვინაიდან ამ ტიპის ბავშვი მხოლოდ ძალას აღიარებს, მასთან ურთიერთობაში უკეთეს შედეგს იძლევა მტკიცე, კატეგორიული, მაგრამ არა შეურაცხმყოფელი და ღირსების შემლახავი ტონი. კარგი იქნება ასევე მისთვის ისეთი დავალების მიცემა, რომელიც მოითხოვს ყურადღებას, ძალისხმევას. თუმცა, ეს იმ შემთხვევაში გაამართლებს, თუ დავალება შეძლებისდაგვარად დაკავშირებული იქნება ბავშვის ინტერესებთან – სპორტთან, მუსიკასთან, საინფორმაციო ტექნოლოგიების მოხმარებასთან და ა.შ.;
  • „უმართავი“ ტიპი – ახასიათებს იმპულსურობა, უკიდურესად კონფლიქტურია. თავის გარშემო ის მუდმივად ნერვულ გარემოს ქმნის, ჩხუბობს, ავლენს უხეშობას და აგრესიულობას. მზად არის შეასრულოს ჯგუფის უარყოფითი ლიდერის ყველა დავალება, მაგრამ თავად არ არის ლიდერი გარემოში დამკვიდრებული წესების დაცვის უუნარობის გამო. არ არის ანგარიშიანი, არ შეუძლია არც საკუთარი და არც სხვისი ქცევის პროგნოზირება, უბრალოდ სურს დომინირება და მიზნის მისაღწევად ვერაფერი შეაჩერებს. უშედეგო იქნება დირექციის წევრების ჩართვა მასთან ურთიერთობის მოსაგვარებლად, ვინაიდან ამ ტიპის ბავშვი არ აღიარებს არანაირ ნორმებს, წესებს, არასოდეს განიცდის ადმინისტრაციული ზემოქმედების საფრთხეს, ახასიათებს გონივრული დასკვნების და რჩევების მიუღებლობა, უჭირს საკუთარი ქცევის ასოციალურობის ხარისხის შეფასება. სასურველია, რომ ამ ტიპის ბავშვი ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდეს და პერიოდულად მედიკამენტოზურ მკურნალობას იტარებდეს. კარგი იქნება ასეთი ბავშვისთვის ისეთი სამუშაოს მიცემა, რომელიც ფიზიკური ძალის გამოყენებას საჭიროებს და შეძლებისდაგვარად შრომატევადია;
  • „შეუპოვარი“ ტიპი – ძალიან პატივმოყვარე და ლიდერობისთვის ყველაფერზე წამსვლელია, შურისმაძიებელი, გულღვარძლიანია და არაფერს ივიწყებს, აქვს ორგანიზაციული უნარები, ავტორიტეტით სარგებლობს თანატოლთა შორის, მისი შეხედულებები კონკრეტული, განსაზღვრულია და მკაცრად და თანმიმდევრულად იცავს მათ. ძალიან უჭირს განსხვავებული აზრის არა მხოლოდ მიღება, მოსმენაც კი. იმათ, ვინც არ ეთანხმება, ანგარიშს მკაცრად უსწორებს და სასტიკად ეპყრობა. ხანდახან ამჟღავნებს სადიზმისაკენ მიდრეკილებას. პასუხისმგებლობას ყოველთვის გაურბის და ის ჯგუფის სხვა წევრებზე გადააქვს. ასეთ ბავშვთან არანაირ შედეგს არ იძლევა დაშინება, ჩხუბი, მისი ქცევის მიუღებლობაში დარწმუნების მცდელობა, ასევე უშედეგო აღმოჩნდება მასთან „მეგობრული“ ურთიერთობის დამყარების მცდელობა. კარგი იქნება, თუ ქცევაში დადებითი ცვლილებების დაფიქსირებისთანავე ასეთ ბავშვს დავაკისრებთ ხელმძღვანელობას ჯგუფის მიერ კონკრეტული და ამასთან მისთვის საინტერესო სამუშაოს შესრულების პროცესში;
  • „აქტიური“ ტიპი – ნებისმიერ საქმეს სიამოვნებით კიდებს ხელს, მაგრამ იშვიათად მიყავს რაიმე ბოლომდე. თავისუფლად შეუძლია იყოს ლიდერი, თუმცა ჯგუფის აქტიურ წევრობაზეც თანახმაა. ის მიისწრაფის არა ლიდერობისკენ, როგორც ასეთისკენ, არამედ აქტიურობისკენ. წინდაუხედავია, თუმცა ძალიან მოხერხებული და ადვილად გამოდის რთული სიტუაციიდან. გაკვეთილზე შრომისუნარიანობას მხოლოდ 15 წთ. ინარჩუნებს, შემდეგ იწყებს დისციპლინის დარღვევას, შენიშვნებზე უხეშად პასუხობს, კონფლიქტურობის გამო ხშირად „უარყოფილია“ თანატოლთა მხრიდან. უშედეგო და ერთგვარად სახიფათოც კია ასეთი ბავშვის დაუყონებლივ დასჯა მიუღებელი ქცევის განხორციელების შემთხვევაში, ვინაიდან აფექტის მიმართ მას დაბალი მდგრადობა  ახასიათებს და შეიძლება ასეთი მოქმედებით ახალი პრობლემების წინაშე დავდგეთ. ასევე შედეგის მომტანი არ იქნება ასეთი ბავშვის წვრილმანი კონტროლი, მისი მონოტონურ შრომაში ჩაბმა,  შრომატევადი დავალებებით დატვირთვა. კარგი იქნება მისთვის ისეთი სამუშაოს მიცემა, რომლის შესრულებასაც ის მცირე დროში შეძლებს. მივცეთ ინიციატივის გამოვლენის საშუალება, ავღნიშნოთ მისი წარმატება, თუნდაც მცირედი;
  • „დემონსტრატიული“ ტიპი – ის შესანიშნავი „მსახიობია“ და დახვეწილი მატყუარა. მისი მიზანია ნებისმიერ ფასად აღმოჩნდეს ყურადღების ცენტრში. ჩრდილში ყოფნა მისთვის შემაწუხებელია და სერიოზულ დისკომფორტსაც უქმნის. შეუძლებელია მის მიერ მოყოლილი ისტორიები განვასხვავოთ სიმართლისაგან. მას ავადმყოფობის სიმულაციაც ისე დახვეწილად შეუძლია, რომ ექიმებსაც კი შეიყვანს შეცდომაში. ის მუდმივად არღვევს დისციპლინას გარშემომყოფთა ყურადღების ცენტრში მოსახვედრად; უჭირს თანატოლების ჯგუფთან შეგუება. არ არის საჭირო ინტერესის ან გაოცების გამოვლენა, როცა ასეთი მოსწავლე თავის შეთხზულ ისტორიებს ყვება. უშედეგოა მისი ჯგუფის ხელმძღვანელად დანიშვნა, ვინაიდან საკმაოდ უჭირს ურთიერთობა. კარგი შედეგი ექნება მხატვრული შემოქმედების ან თეატრეალურ წრეში მის ჩართვას. მასზე კარგად მოქმედებს ასევე გარშემომყოფთა მხრიდან გაკიცხვის საფრთხე ამა თუ იმ ქცევის გამო;
  • „უნებისყოფო“ ტიპი – მას  არა აქვს არც ნებისყოფა და არც ინტერესი იმ საქმის მიმართ, რასაც აკეთებს. ის ზარმაცი და ინერტულია. ასეთი ბავშვის დახასიათებისას მასწავლებლები ამბობენ, რომ მას ფიქრიც კი ეზარება. ის ადვილად ექცევა სხვისი გავლენის ქვეშ და ასრულებს მის წვრილმან დავალებებს, არასოდეს არის ლიდერი ან ინიციატორი რაიმე საქმეში. სიცრუე, შიში, ინტერესის არქონა ნებისმიერი სასწავლო და შრომითი საქმიანობის მიმართ ასეთი ბავშვის დამახასიათებელი ნიშნებია. არ იქნება გამართლებული ამ ტიპის ბავშვის დანიშვნა თანატოლთა ჯგუფის ხელმძღვანელად, ასევე მისთვის ისეთი დავალებების მიცემა, რომლებიც განსაკუთრებულ უნარებს საჭიროებს. კარგი იქნება, თუ ყურადღებით ვიქნებით და შეძლებისდაგვარად შევზღუდავთ ასეთი ბავშვის ურთიერთობას სხვა ტიპის რთულ ბავშვებთან გამომდინარე იქიდან, რომ ის ადვილად ექცევა სხვისი გავლენის ქვეშ და შეიძლება დამატებითი პრობლემების წინაშე დავდგეთ. აუცილებლად ავღნიშნოთ მისი წარმატებები და მიღწევები, თუნდაც მცირედი, ეს მისთვის სერიოზული სტიმულის მიმცემი იქნება.

დაბოლოს, გავითვალისწინოთ, რომ თითოეული ბავშვი, განურჩევლად იმისა „რთულია“ ის თუ არა, განუმეორებელი და უნიკალურია. მოქმედების ის ხერხი და სტრეტეგია, რაც ერთისთვის შედეგის და წარმატების მომტანია, შეიძლება მეორისთვის უშედეგო აღმოჩნდეს. ამიტომ, სირთულეების დაფიქსირებისას საჭიროა ყოველი კონკრეტული შემთხვევის  კარგად შესწავლა და საკორექციო მუშაობის პროგრამის მხოლოდ ამის შემდეგ შემუშავება.

 

ქეთევან ოსიაშვილი

18.09.2018.

 

   „თაიმშერი“ და ჯოხარის ფანჯარა

0

აზროვნების დაბალი დონის შეკითხვათა და დავალებათა ტიპები, პირდაპირ გადაცემული ცოდნა ააქტიურებს დაბალი რანგის სააზროვნო უნარებს და ექსპლიციტური, ანუ ფაქტობრივი მასალის დამახსოვრებას ემსახურება.

მოსწავლეებს სჭირდებათ მაღალი დონის შეკითხვათა ტიპები და მაღალი რანგის სააზროვნო უნარები, რათა ინფორმაციის ძიებაში ჩაერთონ და კვლევა განახორციელონ. იმპლიციტური შეკითხვები და დავალებები ტექსტში მოცემული ინფორმაციის გააზრებას, პრობლემათა დაფიქსირებას, მისი გადაწყვეტის გზების ძიებას,  დედააზრის გამოკვეთას, შეფასებას და ა. შ. ემსახურება.

იმისათვის, რომ საინტერესო და სახალისო იყოს გაკვეთილები მეთოდების მუდმივი ცვლა გვიწევს. მაღალი რანგის სააზროვნო უნარების განვითარების არაერთი ხერხი გამომიყენებია, მაგრამ მუდმივად ახლის ძიებაში ვარ. ახალი სქემების ძიებაში ჯოხარის ფანჯარა „აღმოვაჩინე“. ვფიქრობ, მისი გამოყენება პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილისთვის გამოდგება, რადგან მოსწავლეებს ტესტის ანალიზში დაეხმარება.

მინდა შემოგთავაზოთ ჯოხარის ფანჯარა, რომელიც გრაფიკული მოდელია. იგი შეიქმნა 1955 წელს ამერიკელი სოციალური ფსიქოლოგების იოსებ ლუფტისა და ჰარი ინგჰამის მიერ და წარმოადგენს ჯგუფური პროცესის მიმდინარეობისას საკუთარი თავის შეცნობისა და სხვათა მიერ შენი აღქმის ცვალებადობას. ჯოხარის ფანჯარა წარმოადგენს ოთხ ველს. თითოეული მათგანი ადამიანის განსაზღვრული ქცევის სფეროს წარმოადგენს, მაგრამ ცოტა მიმართულებას თუ შევუცვლით ფაქტების, მოვლენების, წყაროებისა და ტექსტების ანალიზისთვის გამოგვადგება. გთავაზობთ ვარიანტს:

ჯოჰარის ფანჯარა

სფერო A

საჯარო სივრცე

სფერო C

ბრმა ლაქა

სფერო B

პირადი სივრცე

სფერო D

გაუცნობიერებელი

 

A სფერო წარმოადგენს ინფორმაციის, პროცესის, ფაქტის საჯარო სფეროს. ეს არის გარემეობები და ინფორმაცია, რომელიც ცნობილია როგორც თავად ჩემთვის, ასევე ჯგუფის დანარჩენი წევრებისთვის (საზოგადოებისთვის).

B სფერო მოიცავს ინფორმაციას, რომელიც ცნობილია საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის, მაგრამ სხვებისთვის არ არის მისაწვდომი. ის მათთვის დაფარულია. ასეთი კერძო ასპექტები უპირველეს ყოვლისა თვალსაჩინო ხდება მაშინ, როცა ხდება ინფორმაციის ანალიზი.

C სფერო არის, ე.წ. „ბრმა ლაქა” – ინფორმაციის, პროცესის სფერო, რომელიც სხვებისთვის თვალსაჩინოა, მაგრამ ნაკლებად ცნობილია საზოგადოებისთვის და ადამიანი ვერ აღიქვამს. აქ შეიძლება ვიგულისხმოთ ის, რაც ხელს უშლის ინფორმაციის, პროცესის ობიექტურად შეფასებას, რადგან სუბიექტივიზმი ართულებს კომუნიკაციას და შესაბამისად – შეფასებას.

მეოთხე, D, ე.წ. გაუცნობიერებელი სფერო მოიცავს ისეთ ინფორმაციას, რომელიც ყველასთვის დაფარული და უცნობია. მაგ. დაფარული ინფორმაცია და მონაცემები, გამოუყენებელი შესაძლებლობები და სხვ.

ჯოხარის ფანჯრის გამოყენების ახლებური ვარიანტი განაპირობა ტურიზმის ახალმა მიმდინარეობამ, რომელმაც ჩემი ყურადღება მიიპყრო. ეს არის – საკლუბო ტურიზმის (დასვენების) სისტემა – ე.წ. „თაიმშერი”, რომელიც საქართველოში ჯერ კიდევ არ არის განვითარებული. ამიტომ ამ თემის განხილვა, ანალიზი და შეფასება საჭიროდ ჩავთვალე.

გთავაზობთ ტექსტს:

„თაიმშერი” პირველად წარმოიშვა ევროპაში XX საუკუნის 60-იან წლებში და განიხილება როგორც დასვენების მიზნით უძრავი ქონების ობიექტის ფლობა განსაზღვრულ დროს, წინასწარ განსაზღვრული ვადით. თაიმშერკვირა კი „დასვენების ერთეული“, რომელიც როგორც სხვა საქონელი ან ტურისტული პროდუქტი შესაძლოა გახდეს ყიდვა-გაყიდვის ობიექტი.

თაიმშერის სისტემა ტურიზმის ინდუსტრიაში ერთ-ერთ სწრაფად მზარდ სექტორს წარმოადგენს. თაიმშერი (Timeshare) თანამფლობელობაა, ანუ განთავსების კლუბური საშუალებების გრძელვადიანი დაქირავება განსაზღვრული დროის განმავლობაში მისი გამოყენების უფლებით.

ამ სისტემის დამსვენებლები, როგორც წესი, წარმოადგენენ მაღალი შემოსავლებისა და ადეკვატური მოთხოვნილებების კლიენტებს. ტურიზმის ეს მიმართულება გამოირჩევა სასტუმროში განთავსებითა და მაღალი ხარისხის მომსახურებით, რომელსაც მომხმარებელი (კლიენტი) თავისი მოთხოვნილების მიხედვით ირჩევს ან ცვლის მსოფლიოს თითქმის ნებისმიერ კურორტზე დასვენებით. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ორიენტაციის ტურისტები ჯერ იხდიან თანხას კლუბის წევრობისათვის, შემდეგ რეგულარულ საწევრო გადასახადებს საკლუბო მომსახურებისათვის და ა.შ. ჩვენი ქვეყნისათვის ტურიზმის აღნიშნულ ფორმაში დღეისათვის ყველაზე საყურადღებო და გამოსაყენებელი ამგვარი კლუბების რეგიონალურ ინტერესებსა და თემატურ პროგრამებში ინტეგრირება შეიძლება ჩაითვალოს, რამდენადაც კლუბი, ასეთ შემთხვევაში, არა მხოლოდ მნახველია (გამომყენებელი), არამედ მზრუნველი, შემქმნელი, დამცველი და ხშირ შემთხვევაში სერიოზული ინვესტორიც.

საკლუბო ტურიზმის – თაიმშერის ფლობის ინდუსტრიის სტრუქტურა მნიშვნელოვნად უფრო რთულია, ვიდრე ტრადიციული ტურიზმის ინდუსტრიის სტრუქტურა, რადგან მასში ჩართულია უფრო მეტი მონაწილე. ეს დაკავშირებულია თაიმშერ კვირის შესყიდვის განსაკუთრებულ ფორმასთან და მომხმარებლის უფლებების დაცვის პირობების გათვალისწინებასთან.

თაიმშერ-კვირის მყიდველის უფლება განმტკიცებულია სპეციალური სერტიფიკატით. მფლობელს შეუძლია გაცვალოს იგი სხვა კლუბის მფლობელებთან, გააქირაოს, გაყიდოს და ა. შ. კლუბური დასვენების წევრობის სერტიფიკატი კლუბში განთავსებისა და მისი მომსახურებით სარგებლობის უფლებას იძლევა.

საკლუბო ტურიზმის – თაიმშერის სისტემას უზარმაზარი შემოსავლები მოაქვს ქვეყნებისათვის, რომლებშიც ის ვითარდება. ეს სისტემა საშუალებას იძლევა დიდი რაოდენობის ახალი სამუშაო ადგილების წარმოქმნისათვის, რადგანაც მასში მონაწილეობენ ბანკები, სადაზღვევო, ტურისტული, იურიდიული, სამშენებლო კომპანიები, მოქმედი, მოდერნიზებადი და მშენებარე სასტუმროები, კურორტები და სხვა. დღესდღეობით საკლუბო კურორტების ქსელი მოიცავს 89 ქვეყანას, დასვენების მფლობელები კი ცხოვრობენ 191 ქვეყანაში.

საერთაშორისო ექსპერტთა შეფასებებით თაიმშერის მფლობელები შვებულების განმავლობაში საშუალოდ 20-25%-ით მეტს ხარჯავენ, ვიდრე, სხვა ტიპის ტურისტები. საკლუბო დასვენების სისტემა ასტიმულირებს არსებული და მშენებარე საკურორტო კომპლექსების განვითარებას.

არსებობს სამი სახის საკლუბო დასვენება:

  1. საკლუბო დასვენება განაწილებული დროის რეჟიმში – თაიმშერი;
  2. საკლუბო დასვენება რეალური დროის რეჟიმში – ეს არის დასვენება, რომლის ხანგრძლივობა დამოკიდებულია კლუბის წევრის ქულების, საკრედიტო ქულების ან კლუბში მიღებული სხვა საზომი ერთეულების რაოდენობაზე, რომლებიც განსაზღვრავს აგრეთვე სხვადასხვა კლუბის მიერ შეთავაზებული განთავსების ობიექტის არჩევანს;
  3. საკლუბო დასვენება სასტუმროში, რომელიც კლუბური დასვენების სისტემაში შედის.

დასვენების ფლობის სისტემა დღესდღეობით წარმოადგენს ტურისტული ბიზნესის სწრაფადმზარდ სექტორს, რომელიც დასვენების ორგანიზაციასთანაა დაკავშირებული. დასვენების ფლობის სისტემაში მფლობელები ხშირად იძენენ რამდენიმე კვირას ერთ ან რამდენიმე კურორტზე. ამასთან, კლუბში დამსვენებელი კლიენტების რიცხვი შეიძლება საგრძნობლად მეტი იყოს დასვენების მფლობელებზე.

თაიმშერკლუბში დასვენების კვირის გამოყენებაზე საკუთრების უფლება, როგორც ტურისტული პროდუქტის სახე, წარმოადგენს ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების საგანს. შეიძლება მისი ფლობა, გამოყენება და განკარგვა, მაგრამ მოცემულ პროდუქტს ახასიათებს სპეციფიკური თვისებები:

  • საკლუბო დასვენების უფლება მყიდველზე დამტკიცებულია განსაზღვრული ვადით;
  • ხელშეკრულების დადების დღიდან არაუგვიანეს ერთი თვისა დასვენების კლუბი მყიდველს შეიყვანს თავისი წევრების რეესტრში;
  • დასვენების კლუბი მოვალეა უზრუნველყოს რეესტრის წარმოება და შენახვა დადგენილი წესით;
  • გარდა ამისა, მყიდველს უფლება აქვს გაცვალოს თაიმშერკვირა, ასევე გააქირავოს, გაყიდოს, მემკვიდრეობით გადასცეს.

საკლუბო დასვენების სისტემას, უპირატესობებთან ერთად, გააჩნია ნაკლოვანებებიც:

კლიენტის ხისტი მიჯაჭვულობა დასვენების ერთი კლუბისადმი და დროისადმი, თუმცა, ამ დროს მოქმედებენ ორგანიზაციები, რომლებიც ახორციელებენ დასვენების დროისა და ადგილის გაცვლას თაიმშერკვირის მფლობელთა შორის.

გაყიდვების მეორადი ბაზრის არარსებობა, ე.ი. თუ თაიმშერკვირის მფლობელი რამდენიმე ხნის შემდეგ გადაწყვეტს, გაყიდოს კლუბში თავისი წევრობა, მას ეს ძალიან გაუჭირდება, თუ საერთოდ შეძლო. დასვენების საკლუბო უფლების მიყიდვა დასვენების კლუბის წევრებზე შესაძლებელია მხოლოდ დასვენების კლუბის ან სპეციალიზებული ორგანიზაციების მეშვეობით.

ერთ-ერთ ასეთ სპეციალიზებულ ორგანიზაციას წარმოადგენს RCI (Resort Condominiums International)RCI-სადმი მიმართვით კლიენტს შეუძლია მიიღოს იმ ფირმების სია, რომლებიც ახორციელებენ თაიმშერსერტიფიკატის გაყიდვას, მაგრამ ამ ფირმების საქმიანობაზე პასუხისმგებლობას არ კისრულობს.

საკლუბო დასვენების ფლობის სისტემაში გაყიდვისა და გაცვლის განხორციელებისას გათვალისწინებულია შემდეგი ძირითადი მომენტები: დასვენების სეზონურობა, მისი ხანგრძლივობა, კურორტზე განთავსების საშუალების ზომა და დამატებითი ორგანიზაციული და კომუნალური გადასახადები – ყოველწლიური შენატანები.

საკლუბო დასვენების სისტემაში კალენდრული წელი სამ ძირითად სეზონად არის დაყოფილი:

  • წითელი – სეზონის პიკი (მაღალი სეზონი);
  • თეთრი – შუასეზონი (დემისეზონური);
  • ლურჯი – არასეზონური (დაბალი სეზონი).

კლუბების უმეტესობა ყიდის 50 ან 51 ინტერვალს, რითაც კლუბს მომხმარებლებით მთელი წლის განმავლობაში უზრუნველყოფს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მფლობელს არ შეუძლია მისი კვირის გამოყენება კურორტზე ან სურს მოინახულოს სხვა ადგილები, გაცვლითი სისტემა საშუალებას იძლევა მისი ნომერი სხვა მფლობელმა გამოიყენოს.

თაიმშერის ყიდვა დაკავშირებულია მნიშვნელოვან ფულად დანახარჯებთან. დასვენების ფლობა მფლობელს უჯდება 10-დან 30 ათას აშშ დოლარამდე, რაც დამოკიდებულია აპარტამენტის ხარისხზე, მის ადგილმდებარეობასა და მოხმარების ვადებზე.

კლუბის წევრობა იყიდება 30-დან 99 წლამდე ვადით და ერთმანეთისაგან ფასის დონით განსხვავდება: „ბრინჯაოს “ დონე (დაახლოებით 5 ათასი აშშ დოლარი, 5 ათასი საკრედიტო ქულა, 265 აშშ დოლარი ყოველწლიური მმართველობის გადასახადი) და „სამეფო “ დონე (ყველაზე ძვირადღირებული – 74 875 აშშ დოლარი, 200 ათასი საკრედიტო ქულა, 2165 აშშ დოლარი მმართველობის გადასახადი).

დასვენების ფლობის სისტემაში მოდულის საშუალო ფასი მსოფლიოს 30 ქვეყანაში შეადგენს დაახლოებით 6500 აშშ დოლარს. მაგრამ საშუალო ფასი აშშ-ის დომინირებულ ბაზარზე არის დაახლოებით 9500 აშშ დოლარი. ავსტრიაში დასვენების კვირა სეზონის პიკში ღირს 22 ათასი აშშ დოლარი, ასევე ძვირია კლუბები შვეიცარიაში. საკმაოდ დაბალი ფასებია არაბულ ქვეყნებში, ინდოეთში, ისრაელში, კორეაში. საშუალო ფასი 8000 აშშ დოლარზე მეტია დასავლეთ კანადაში, საფრანგეთში, იტალიაში, მექსიკასა და აშშ-ში. ესპანეთსა და დიდ ბრიტანეთში საშუალო ფასი 6000 აშშ დოლარის ფარგლებში მერყეობს.

კლიენტების მომსახურებაში კლუბის წარმატება დამოკიდებულია დაჯავშნის რთულ სისტემაზე. ქულების სისტემის განსაკუთრებულობასთან ერთად, რომელიც მოითხოვს სპეციალურ პროგრამულ უზრუნველყოფას, აუცილებელია დაჯავშნის სანდო სისტემა მთელი წლის განმავლობაში.

მოდულის ღირებულებას მყიდველი იხდის უშუალოდ ყიდვის ხელშეკრულების დადებისას, ხოლო კომუნალურ ხარჯებს – ყოველწლიურად. კომუნალური მომსახურებისათვის შენატანებს ადგენს კურორტი და იგი შეტანა ხდება მიუხედავად იმისა, გამოყენებული იქნა თუ არა კვირა.

თაიმშერის პოპულარობის ზრდასთან ერთად იცვლება მისი სტრუქტურა და შემადგენლობა. თავისი განვითარების დაწყებით პერიოდში თაიმშერინდუსტრია ძირითადად მხოლოდ მცირე მეწარმეების ყურადღებას იქცევდა. ახლა ამ სექტორში საქმიანობენ მსოფლიო ინდუსტრიის ისეთი მსოფლიო ლიდერები, როგორებიცაა: ჰილტონი, სენდანტი, მერიოტი, შერატონი, ჰოლიდეი ინნი და ასევე მსხვილი კომპანიების მთელი რიგი.

ექსპერტთა შეფასებით, კლუბური დასვენების სისტემის სექტორის ზრდის ტემპი შემდგომში დაახლოებით 4-ჯერ გადააჭარბებს ტურისტული ბიზნესის ზრდის საერთო ტემპს, ხოლო, სასტუმრო ბიზნესის ზრდის ტემპს 7-ჯერ. თაიმშერული ბიზნესი ყვავის იქ, სადაც მისთვის შექმნილია შესაბამისი პირობები და გარანტირებულია მომხმარებლის უფლებების დაცვა.

მიუხედავად იმისა, რომ განთავსების ინდუსტრიაში საკლუბო დასვენება აღმავლობას განიცდის და ყოველწლიურად იზრდება იმ ტურისტთა რიცხვი, რომლებიც ისვენებენ თაიმშერული სისტემით, საქართველოში ტურიზმის ეს სახე თითქმის არ არის განვითარებული.

 

გამოყენებული ლიტერატურა: ავთანდილ ოქროცვარიძე; მაგდა ვადაჭკორია; ლალი ოქროცვარიძე – ტურიზმისა და მასპინძლობის მენეჯმენტი- თბილისი 2011;

ინტერნეტგვერდი: https://www.nplg.gov.ge თაიმშერ ინდუსტრია ტურიზმში – მაია მელაძე თსუ-ის ასისტენტ-პროფესორი.

 

 

ზურგჩანთიდან ამოლაგებული გაკვეთილები

0

კარგი რამაა ზაფხული, შემოდგომაშიც მოგყვება მისი სითბო და სილაღე. თავგადასავლებით სავსე უბრუნდები ნაცნობ ქალაქს, სკოლას, მეგობრებს. საზაფხულო არდადეგები მასწავლებლებისთვისაც ფრთების გაშლის, ახალი ენერგიით დამუხტვის პერიოდია. მათ სამოგზაურო ზურგჩანთებში აუცილებლად აღმოაჩენთ ახალი ამბებით, იდეებით, მიგნებებით სავსე ჩანაწერებს, საინტერესო გაკვეთილებად რომ შეიძლება იქცეს. ისეთ გაკვეთილებად, მოსწავლეებს ზაფხულიდან შემოდგომაში რომ შემოიტყუებს. ესაა ჩვენი საშინაო დავალება, მასწავლებლების, შემოდგომის სემესტრის პირველ კვირაში ჩასაბარებელი.

 

ჩემი აზრით, ახალი სასწავლო წლის დასაწყისს ძალიან ბევრი რამ მოეთხოვება. მან მოსწავლეს ყველაზე რთულად გასაღვიძებელი რამ – სწავლის ინტერესი უნდა გაუღვიძოს. აქედან გამომდინარე, პირველი კვირის შთაბეჭდილება ერთიორად მნიშვნელოვანია. ალბათ დამეთანხმებით, საკმაოდ რთულია თავისუფალი გრაფიკიდან დატვირთულ დღის რეჟიმზე გადასვლა, ამ ცვლილებას ზრდასრულებიც ძნელად ვეგუებით. ამიტომაც ძალიან დიდ იმედებს ვამყარებ ჩემს ,,ასკინკილა გაკვეთილებზე“, შეუმჩნევლად რომ შემოაპარებს ბავშვს საკლასო ოთახში და სასკოლო რუტინას ახალ თავგადასავლად უქცევს.

 

ნათქვამია, ,,ყველაფერი შესავალით უნდა დაიწყოს კაცმაო“. ამიტომ მოსწავლეებს ზაფხულის შთაბეჭდილებების გაზიარების საშუალებას ვაძლევ. შეიძლება იცოდეთ, ერთი ძალიან სახალისო აქტივობაა – მე ,,სარეცხს“ ვეძახი. მოსწავლეები საზაფხულო ტანსაცმლის შაბლონებს აფერადებენ, თან ზედ აწერენ ერთ ყველაზე ძვირფას შთაბეჭდილებას, რომელიც ამ საზაფხულო სამოსთან აკავშირებთ. შემდეგ თავიანთ ნაშრომს მეგობრებს უზიარებენ (აქ შეიძლება მთელ კლასს რიგრიგობით გაუზიარონ, ან გვერდით მჯდომს გაუცვალონ შთაბეჭდილება), თავიანთ სარეცხს სპეციალურ თოკებზე გადაფენენ და ნამდვილი ხის სარჭებით ამაგრებენ. ეს პროცესი ბავშვებს ბევრი კარგი ამბიდან ყველაზე მნიშვნელოვანის გამოყოფასაც უადვილებს და საგაკვეთილო დროც იზოგება.

ყველამ ვიცით, რომ ბავშვებისთვის შეგრძნებებით სწავლა ძალიან მნიშვნელოვანია. დაწყებით საფეხურზე ბევრი თემა იძლევა შეხებით, დაკვირვებით, ექსპერიმენტებით სწავლის შესაძლებლობას. მაგალითად, წელს პირველ კლასში ,,შეეხე და გამოიცანი“ ვითამაშეთ. გაკვეთილის თემა იყო ,,სასკოლო ნივთები“. ჯერ ზურგჩანთებიდან ამოლაგებული საგნების დანიშნულებაზე ვისაუბრეთ, მერე სახლებშიც შევიხედეთ და საოჯახო ნივთები გავიხსენეთ. შემდეგ კი მთავარი თავგადასავალი დაიწყო. თვალახვეული მოსწავლეები რიგრიგობით მოდიოდნენ უცნაურ ყუთთან, რომელშიც ხელს სპეციალური ხვრელიდან ყოფდნენ, ერთ ნივთს იღებდნენ და შეხებით გამოცნობას ცდილობდნენ. თამაშის დასრულების შემდეგ, ჩვენ მიერ ამოცნობილი ნივთები სასკოლო ზურგჩანთაში ჩავალაგეთ და ინდივიდუალურ დავალებებს მივუბრუნდით. მოსწავლეებს სპეციალური ფურცლიდან სასკოლო და საოჯახო ნივთები უნდა ამოეჭრათ და სამუშაო ფურცელზე სკოლის ან სახლის სიმბოლოთი მონიშნულ ყუთში ჩაეწებებინათ. ახალბედა მოსწავლეები ამ დავალებამაც ძალიან გაახალისა.

 

ზემოაღნიშნულ თემას ეხმიანება მეორე კლასის სახელმძღვანელოს ერთ-ერთი ტექსტი (,,ნუციკო“, ტ. ჭანტურია), სადაც ლექსის გმირი სკოლაში უწიგნოდ მიდის. მოსწავლეებს ურიგდებათ სამუშაო ფურცლები, რომლებზეც გამოსახულია ზურგჩანთები და ზედ სასკოლო ნივთების სახელები უნდა მიაწერონ. შემდეგ სიიდან ირჩევენ ერთ-ერთ ნივთს და მის საჭიროებას კონკრეტული მაგალითებით ხსნიან (მაგალითად, ფუნჯი თუ სახლში დარჩათ, ხელოვნების გაკვეთილზე საღებავით ვერ დახატავენ და ა.შ.). მეორე სამუშაო ფურცელი ლექსის შინაარსს მოვარგე. მასზე  რამდენიმე არასრული (სოკოს ,,ქუდი“ აქვს მისახატი და ა.შ.) მცენარე, ცხოველი და ფრინველია გამოსახული. მოსწავლეებმა ყურადღებით უნდა წაიკითხონ ლექსი და ყველა საჭირო დეტალი აღადგინონ.

პირველკლასელებს სასწავლო წლის პირველ დღეებში განსაკუთრებით უჭირთ ერთ აქტივობაზე ხანგრძლივად კონცენტრირება, ამიტომ გაკვეთილი მოკლე (5-10 წთ.) და მრავალფეროვანი სამუშაოებით უნდა დაკომპლექტდეს. განსაკუთრებით მიძნელდება პატარებთან ტექსტის პირველად წაკითხვა და მათ ,,დასაჭერად“ ხმებისა და ვიზუალის მთელ კასკადს ვიყენებ. კითხვის მანერაც თეატრალიზებულია, უფრო ვყვები, ვიდრე ვკითხულობ. მაგალითად, ერთი ტექსტია ცხოველების სკოლაზე (,,აპრილიდან აპრილამდე“, ვ. როდონაია, მასწავლებლის წიგნი), რომელსაც პირველ კვირაში ვუკითხავ პირველკლასელებს. გაკვეთილზე სტუმრად ცხოველების სკოლის მასწავლებელიც ,,მომყავს“. თოჯინა-დათუნიასთან ერთად ზღაპარში ნახსენები ტყის სკოლის პირველკლასელების ფოტო-ვიდეო მასალაც მზად მაქვს. ტყის სამყაროს გაცოცხლებით ბავშვებს მოსმენილი ამბის წარმოსახვას და ყურადღების კონცენტრირებას ვუადვილებ. სამუშაო ფურცელსაც სასწავლო მასალას ვუკავშირებ და მოსწავლეებს ვთხოვ, პირველკლასელ ტყის ბინადრებს თავიანთი დედიკოები აპოვნინონ.

ზაფხულთან გამომშვიდობების საშუალებას მესამეკლასელებსაც ვაძლევ. პირველი შეხვედრის ემოციებისგან დაცლის შემდეგ, პეპის სკოლაში წასვლის ამბავს ვკითხულობთ, მის წერილს ვშიფრავთ და სკოლის დანიშნულებაზე საუბრის საჭიროებაც თავისთავად დგება. შემდეგ მოსწავლეებს მონატრებული ადამიანების, ადგილების, თუნდაც ზაფხულისთვის წერილის მიწერას ვთხოვ. დავალება რომ ადვილად შეასრულონ, წერილის ერთ ნიმუშს გაკვეთილზევე  ვქმნით. მოსწავლეებს შეუძლიათ დაამზადონ კონვერეტები, რომლებსაც ხელნაკეთ მარკებს დააკრავენ და სასურველ მისამართებსაც მიაწერენ.

როგორც წესი, უფროსებსაც მოახლოებული შემოდგომის და ზაფხულნარევი ამბების სურნელით გაჟღენთილი მოთხრობებით ვხვდები, მერე კი ერთად ვცდილობთ წაკითხული მოთხრობის მსგავსი ჩანახატის შექმნას. ამ წერილსაც ერთი ნაადრევი შემოდგომის სიგრილეშეპარული მოგონებით – რევაზ ინანიშვილის მოთხრობით დავასრულებ.

 

მორევი

      ორი დღეღა და სექტემბერიც დადგება. რომ თენდება, უკვე ცივა, ცივი ნამია გაგებული ბალახებზე. მერცხლები გუნდ-გუნდად იკრიბებიან, დიდი ჟიკჟიკი აქვთ, დიდი ჟრიამული. უთუოდ იმაზე მსჯელობენ, როდის გაფრინდნენ სამხრეთისკენ, ვინ წაუძღვეს წინ, ვინ გამოჰყვეს გუნდს მებოლოვედ. ყურძენი შეთვალულია, შინდი თითქმის მწიფს. მართალია, შუადღისით ცხელა, მაგრამ დაიწევს თუ არა მზე, აგრილდება, საღამოობითაც ცივა, თბილი უნდა ჩაიცვა. სერებზე ძეძვები და ჯაგრცხილები შეყვითლდნენ. დღისითაც, მზეში, რაღაცნაირი სიყვითლე დგას, ასეთი სიყვითლე ფერიცვალობის შემდეგ დგება. ძალიან ლამაზია უკვე საშემოდგომოდ ლურჯად გამკვრივებული ცა, ზედ თეთრი ღრუბლები, ძირს კიდევ ეს სიყვითლე. მოლივლივებენ ამ სილამაზეში ლამაზი კვირიონები და მოკრუტუნებენ მიწისკენ თვალებდაცეცებულნი – იქნებ სადმე ფუტკრები დავინახოთ და პირი ჩავიკოკლოზინოთო.

ასეთ დღეებში ტყეში ყოფნას არაფერი სჯობს, გამორჩევით – დილა-საღამოს. მე მზის დახრისას მომიწია სახლიდან გასვლა. გადავიკიდე ჩემი მონადირული ჩანთა, ავიღე ხელჯოხი და წავედი. წავედი ივრის ნაპირ-ნაპირ. იორი დაწმენდილი იყო, თავთხელების ჩქერალები თეთრად და მწვანედ ციმციმებდნენ.

მივუახლოვდი კლდეს. იმ კლდის ძირას დიდი საბანაო მორევია. მორევი სავსეა ხოლმე ბიჭბუჭობით და დიდებითაც. მაგრამ ეს, როცა ცხელოდა, ახლა კი საკმაოდ გრილოდა, მზე კაკლების კენწეროებს მოჰფარებოდა, და მაინც – სამი შავად გახუხული ბიჭი ბანაობდა, ათი-თორმეტი წლისანი, სამივე ისე იყო გამხმარი, ნეკნებს სათითაოდ დაუთვლიდი. ნაპირზე ცეცხლი ენთოთ, დიდი ნარიყი შეშები შეეწყოთ ერთმანეთზე, ის შეშები ნელ-ნელა იწვოდა, მაგრამ როგორც ნარიყმა იცის, მაინც კარგად იწვოდა. გამოცვივდნენ ბიჭები წყლიდან აკანკალებულები, თმები ზღარბებივით ედგათ, კბილებს აკაწკაწებდნენ. მიუცუცქდნენ ცეცხლს, თანაც იმ მხარეს, საითაც ბოლი მიდიოდა, თვალებდახუჭულები, ხელებს ალში ურევენ. ისე პრიალებენ სველები, თითქოს ლაქი ჰქონდეთ წასმული, კბილებს მაინც კბილებზე აკაწკაწებენ.

     დავუდექი წინ, დავეყუდე ჯოხზე, ვუყურებ. ამომხედეს, ჩქარ-ჩქარა დაახამხამეს თვალები, ბოლს აქეთ-იქით დაუწყეს გაყრა ხელებით. ტუჩები დალურჯებიათ, კბილებითა და თვალებით შემომნათიან.

 

 

–         აქედან მაინც დაუსხედით, კაცებო, მაგ ბოლში რას იხრჩობთ თავს, – ვუთხარი მე.

ერთმანეთს გადახდეს, ისეთი გამომეტყველება მიიღეს, – ეს ვინ არის, რა ჭკუის კოლოფიაო.

–         მაინთ რომ სითბო არ მოდის?

მე კეფა მოვიფხანე გაწბილებულმა.

–         კი, მაგრამ რაღა გაბანავებთ, როცა თან ეგრე გცივათ?

ისევ გაუქნიეს ხელები გაძლიერებულ ბოლს, ისევ შემომანათეს თვალები, თან ახლაც ცოტა ეჭვით, ეს რეებს გვეკითხება, ეს ამოდენა კაციო.

–         კარგია, – სიამოვნების სიცილით თქვა ყველაზე ტანმორჩილმა, ყველაზე გამხდარმა.

–         ადრე გებანავათ, სანამ მზე მაღლა იყო და თბილოდა.

–         მაშინაც ვბანაობდით.

–         არ გეყოთ?

–         არა. პირველში სწავლა იწყება და მერე…

აქაც გადახედეს ერთმანეთს, რაღაც დაადასტურეს უთქმელად. თან კანკალს განაგრძობდნენ.

–         მერე აღარ შეიძლება ბანაობა?

–         შეიძლება, მაგრამ ეგეთი გემო აღარა აქვს.

–         რატომა?

–         გაკვეთილები რომ მოსამზადებელი გაქვს.

მე ერთხელაც მოვიფხანე გაწბილებულმა კეფა. იმათ – გაუქნიეს, გაუქნიეს ხელები ბოლს, უცებ წამოხტნენ, გაიქცნენ და სამივე სხვადასხვანაირად გადაეშვა მორევში: ერთი თავდაყირა, მეორე ხელებაწეული, თითებგაფარჩხული, მესამე სადგისივით წაძვრა პირდაპირ დიდ ტალღებში. სატრიალოში ერთმანეთს შეხვდნენ, დაიწყეს ძიძგილაობა, ერთმანეთის დაოსება, ყველა ცდილობდა, მეორესთვის ჩაეყოფინებინა თავი წყალში. დაფეთებული ჩიტებივით ამოდიოდა მათი ხითხითი წყლიდან. მე ღიმილით დავიწყე კლდეზე ასვლა. იმ კლდეზე უნდა ავსულიყავი და იქით დაბლა დავშვებულიყავი. მაღლა რომ ავედი, გავჩერდი და გადმოვხედე მორევს. ბიჭები ისევ ცეცხლს მისხდომოდნენ, ისევ ბოლის მხარეს, ისევ ხელებს უთათუნებდნენ ბოლსა და ალს. აქედან მთლად პატარები ჩანდნენ, დაუბუმბლავი ბარტყებივით ერთმანეთს მიკრულნი დიდ რიყეზე, დიდ წყალთან. კვამლი ახლა უფრო სქლად ამოდიოდა მაღლა… ცეცხლის ირგვლივ შემწვარი სიმინდების დაცარიელებული ქეჩეჩები ეყარა, იქვე ეგდო ორი მსხალი, ათიოდეც მსხვილი ღორქლიავა. დიდ ქვაზე იდო შავი პურის გამხმარი ნატეხი, იმ პურის ნატეხზე კი – ნივრის ორი კბილი…

 

 

 

 

 

 

 

რას ვმალავთ

0

“რა გინდა რომ კაცმა მალოს, ჭირი თავსა არ დამალავს”.

 

შესავლის გარეშე დავიწყებ.

მარტივი ამბავია.

შეცდომების  გამოსწორება მათი დანახვით და აღიარებით იწყება.

იმისათვის, რომ  რეალობის აღქმა არ დავკარგოთ, ყველაფერს თავისი სახელი უნდა ერქვას.

 

მაგალითად, თუკი დავიწყებთ იმის მტკიცებას, რომ ჩვენ ძალიან გვიყვარს ბავშვები და ყველაფერი საუკეთესო მათთვის გვინდა, დამთავრებული ამბავია.

თუ ვიტყვით, რომ ფრაზა “ჩვენ გვიყვარს ბავშვები” ფასადია, რომლის მიღმაც დიდი ბნელი ლაბირინთი იმალება და მისი ყოველი მოსახვევი საშინელ ამბავს ჰყვება სისასტიკეზე, დანაშაულებზე, დაუნდობლობასა და გარიყულობაზე, რომ იქ შესული ბევრი გვინახავს, უკან უვნებლად გამოსული კი ძნელად გვახსენდება, შესაძლოა ოდესმე რამე დავინახოთ ფასადს მიღმა, რომელიც დიდი ხანია ჩამოშლის პირასაა.

შესაძლოა, გამოჩნდეს გზა ლაბირინთში ჩაკარგული ადამიანებისთვისაც.

 

ლაბირინთი, რომელიც ფასადს მიღმა გვემალება და რომლის შემჩნევაც ძალიან არ გვინდა, ის ყოველდღიურობაა, რომელშიც ჩვენ, ჩვენი შვილები, სკოლა, მასწავლებლები, მეზობლები, ნათესავები,  გადაწყვეტილების მიმღები პირები, სამართალდამცველები ვიხარშებით – რომელიც გვკლავს, გვამცირებს და გვანადგურებს.

ზოგს – ერთი ხელის მოსმით და სწრაფად, ზოგს – ნელა და მტანჯველად.

შედეგი ერთია.

 

ჩვენ არ ვლაპარაკობთ იმაზე, რომ ქვეყანაში მაღალია სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვების რაოდენობა, რომლებიც უმეტესად ნაცნობების, ახლობლების, მეზობლებისგან განიცდიან ძალადობას და ამის ნაცვლად ვიჯერებთ, რომ ჩვენთვის  საფრთხეს წარმოადგენს  რომელიმე მხატვრული ნაწარმოები, სხვა ქვეყნებში ჩატარებული გეიპარადი, რამდენიმე ასეული მიგრანტი ან სამოქალაქო განათლების გაკვეთილი. ჩვენ გვიჭირს როგორც საკუთარ ძალადობრივ გამოცდილებაზე ლაპარაკი, ასევე მოსმენა და მსხვერპლის გადარჩენა და ასეთ ქცევას, სუსტისა და მხდალისთვის დამახასიათებელს, ის გარემო გვაიძულებს, რომელიც ჩვენვე შევქმენით, ჩვენი სირცხვილის გრძნობით, უხერხულობით, გაუბედაობით, თავდაუჯერებლობით, მტრის სხვაგან ძიებით, შიშითა და მორიდებით. არადა, კარგად თუ დავფიქრდებით აუცილებლად გაგვახსენებება ჩვენი ან ჩვენი უახლოესი ადამიანების თავს გადახდენილი უსიამოვნო ამბები.

 

როცა საქმე სექსუალურ ძალადობას შეეხება, ყოველთვის დიდია ცდუნება ადამიანებისთვის, განიხილონ მსხვერპლის ქცევა, ეძებონ მასში მაპროვოცირებელი, ლოგიკური ახსნა მოუძებნონ გარყვნილ ქმედებას და ამგვარი ქმედებებით საბოლოოდ გაანადგურონ ის, ვისაც მხოლოდ მხარდაჭერა სჭირდება.

 

ორიოდე ფაქტი ნათქვამის საილუსტრაციოდ.

2018 წელი, აპრილი

ჩხოროწყუ

ქალ ფეხბურთელთა ნაკრებ “ჩხოროწყუს” სათადარიგო მოთამაშემ, 15 წლის გოგონამ 65 წლის მწვრთნელი სექსუალურ შევიწროებაში ღიად დაადანაშაულა და ძალადობის დასადასტურებლად მედიას რამდენიმე ფარული ვიდეო მიაწოდა.

 

 

 

 

2018 წელი, ივლისი

ხარაგაულის რაიონი, სოფელი ხუნევი

11 წლის ბიჭმა საკუთარი სახლის ეზოში თავი ჩამოიხრჩო. ხეზე ჩამოკიდებული ბავშვი საკუთარმა და-ძმამ იპოვა.

ექსპერტიზამ აჩვენა, რომ ბიჭი სექსუალურ ძალადობას განიცდიდა თანასოფლელის მამაკაცის მხრიდან, რომელიც მისივე მოგვარე და მეზობელი იყო.

 

არასრულწლოვანების წინააღმდეგ ჩადენილ სექსუალურ დანაშაულებებზე მსჯელობას ართულებს ისიც, რომ არ გვაქვს რეალური სტატისტიკა. მსხვერპლები და ოჯახის წევრები უმეტესად დუმილს ამჯობინებენ. შედეგად დამნაშავე დაუსჯელია, პრობლემა უხილავი. ის მხოლოდ  ასეთი იშვიათად გახმაურებული შემთხვევებით იჩენს ხოლმე თავს პერიოდულად.

 

როცა პრობლემასა და ტაბუზე ვლაპარაკობთ, რთულია, მსხვერპლს მოვთხოვოთ პასუხი იმაზე, რატომ არ უნდა ღიად ლაპარაკი თავის ნეგატიურ გამოცდილებაზე. უფრო მარტივია დავფიქრდეთ იმაზე, რას ვაკეთებთ ჩვენ იმისთვის, რომ ვინმე გვენდოს და დაგვეყრდნოს, იმედით შემოგვხედოს და ჩვენც ეს იმედი არ გავუცრუოთ.

 

როცა პატარა გოგო ვიყავი, ფონად სულ ჩამესმოდა ამბები ქალებზე, რომლებმაც ქმრების გარეშე გააჩინეს ბავშვები და მერე წლების განმავლობაში უწევდათ აეტანათ ეჭვიანი დამოკიდებულებები მათი “ყოფა-ქცევის” მიმართ ნაცნობებისგან, უხამსი კომენტარები საჯარო სივრცეებში და შეგუებოდნენ განწყობას, რომ ვიღაც სხვა ბავშვი, რომელსაც მამა სახლში ჰყავს, უფრო კარგ ოჯახში იზრდება, უფრო მეტად ლეგიტიმურად არსებობს.  გოგოებზე, რომლებიც “თამამად” ან  “უხეშად” იქცეოდნენ, ვიღაცებს ხვდებოდნენ და “გამომწვევად” იცვამდნენ. სხვა საშინელი ამბები “მოტაცებებზე”, “დატოვებებზე”, აბორტებსა და ოჯახიდან გაგდებებზე, “საყვარლებსა” და ღალატზე და ამ ამბებს ისეთი ტონით ჰყვებოდნენ, არასოდეს მქონია განცდა, რომ თუკი მსგავსი ამბის გმირი ვიქნებოდი, ვინმე ჩემ გვერდით დარჩებოდა.

 

იმ ილუზიის გასაქრობად, რომ ასეთი რამეები ჩემს ბავშვობაში ხდებოდა და მას მერე განვვითარდით, როგორც საზოგადოება, კიდევ ერთი ფაქტს მოვიყვან საილუსტრაციოდ:

 

2018 წელი, აგვისტო

ოზურგეთის რაიონი, სოფელი ხუნევი

16 წლის გოგომ თავი ჩამოიხრჩო. მიზეზი შანტაჟი გახდა, რომელიც 22 წლის ახალგაზრდასთან ვირტუალური ნაცნობობით დაიწყო, რომელიც მას ინტიმური ფოტოების და ვიდეოების გადაღებას თხოვდა, შემდეგ კი ამ მასალებით აშანტაჟებდა.

 

ნაწყვეტი  სიკვდილამდე დაწერილი წერილიდან: “ეს დღეები რა გამოვიარე, ამას ვერავინ ვერ გაიგებს, დედა. შენც კი ვერ გამიგებ, დედა. ვიცი, ჩემი ხელით დავიღუპე თავი, მაგრამ ვერაფერს შევცვლი“.

 

ასეთი ამბები ბევრია. ამას ვაკეთებთ ჩვენ. ვქმნით გარემოს, სადაც 16 წლის გოგონას ჰგონია, რომ  ვეღარაფერს შეცვლის, სადაც არავინ აღმოჩნდება, ვინც მას გაუგებს და მხარს დაუჭერს, სადაც ერთადერთი გამოსავალი, რომ ზედმეტი კითხვები არ დაგისვან, ლაფში არ ამოგგანგლონ და თავი დაგანებონ, სიკვდილია.

 

იმას, რასაც ჩვენ ვმალავთ, არ იმალება.

ამ პრობლემებს დანახვა და აღიარება სჭირდება. დასაწყისისთვის მაინც.

 

 

 

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...