ხუთშაბათი, აგვისტო 14, 2025
14 აგვისტო, ხუთშაბათი, 2025

თამაში უფროსკლასელებისათვის

0

მიუხედავად თანამედროვე მიდგომებისა, სწავლა ხშირად ხდება მოსაწყენი. არაფერი ისე ცუდად არ მოქმედებს მოზარდის აკადემიურ მოსწრებაზე, როგორც ინტერესისა და მოტივაციის უქონლობა. ძნელია დააძალო უფროსკლასელს ტექსტის წაკითხვა, თუკი მას არ აინტერესებს. ამ დროსაა საჭირო რაღაც სხვა ტიპის მოტივაცია, რათა რამდენიმე ტექსტი ასე „ძალით“ წააკითხო და ამასობაში ნელ-ნელა განუვითარო მკითხველის თვისებები, რათა მეოთხე და მეხუთე ტექსტი უკვე უშუალოდ მხატვრული ლიტერატურისადმი ინტერესის გამო იკითხოს.

თამაშზე და მის მნიშვნელობაზე სწავლებისას უკვე ბევრი დაიწერა, მეც დღეს ერთი თამაში მინდა შემოგთავაზოთ,  რომლებსაც ჩემი შვილები თავიანთ მეგობრებთან ერთად თამაშობდნენ, მომეწონა, ლიტერატურას მოვარგე  და ჩემს პრქტიკაში დავნერგე. ეს თამაში დაგეხმარებათ მოსწავლეებს კითხვა „დააძალოთ“ . თამაში გამოგადგებათ როგორც საპროგრამო ნაწარმოებების შესწავლისას, ასევე ლიტერატურული წრისა თუ მკითხველის საათის მუშაობის შემთხვევაში.

თამაშს თავის პირვანდელ ვარიანტში „ჯაშუშობანა“ ჰქვია და ითამაშება შემდეგნაირად (ამ ვარიანტსაც აღვწერ, რადგან თავისთავად საინტერესოა, როგორც მოდელი და შემდეგ სხვა საგნის სწავლებისთვისაც შეიძლება გამოდგეს ): ერთი ადამიანი ირჩევს ჩასაფიქრებლად ერთ ადგილს, მაგ. სკოლა, ბარი, ზღაპარი „კომბლე“, ინგლისურის წრე ან რამე ნებისმიერი… ოღონდ ამ ადგილას მოასპარეზე ადამიანების დახასიათება მოსწავლეებს უნდა შეეძლოთ. შემდეგ წამყვანი ამ ადგილას მყოფი ადამიანებისა თუ პერსონაჟების როლებს ჩუმად ეუბნება მონაწილეებს. მხოლოდ ერთს ჩასჩურჩულებს “ ჯაშუში“. ანუ მხოლოდ იმ ერთმა არ იცის, რა ადგილი აირჩია თამაშის წამყვანმა, ხოლო დანარჩენებმა არ იციან, რომელია ჯაშუში.

ჯაშუში თამაშობს მთელი გუნდის წინააღმდეგ, თუ მან გამოიცნო, რა ადგილია ჩაფიქრებული, გამარჯვებულია, თუ ჯგუფის წევრები გამოიცნობენ, ვინ არის ჯაშუში, ჯგუფია გამარჯვებული. თუ ვინმე არასწორად დაიჟინებს და დანარჩენებსაც დაითანხმებს, რომ ის ვიღაც ერთი ჯაშუშია, მაშინაც გუნდი აგებს.

ასე მაგალითად, წარმოვიდგინოთ, რომ ჩაფიქრებული ადგილია სკოლა, ხოლო როლებიწამყვანმა ასე გაანაწილა:

გიო (დირექტორი )

ლანა (სასწავლო ნაწილი )

ლია (დამრიგებელი )

გუგა (მანდატური )

ნონა (მოსწავლე , ნინო )

გივი (მოსწავლე , გურამი )

ნოდო (ჯაშუში )

როლების სათითაოდ, ინდივიდუალურად მინიჭების შემდეგ იწყება ერთმნეთთან დიალოგი, რომლის დროსაც თითოეული ცდილობს უპასუხოს ისე, რომ დანარჩენები დაარწმუნოს, რომ თავად არაა ჯაშუში, ხოლო ჯაშუშმა ამასობაში ვერ გამოიცნოს ჩაფიქრებული ადგილი. ჯაშუში, თავის მხრივ, ცდილობს ასევე მიიღოს საუბარში მონაწილეობა, რათა სხვები არ მიხვდნენ, რომ ის ჯაშუშია, მაგრამ ისე, რომ რაც შეიძლება ზოგადი ფრაზებით შემოიფარგლოს, რათა როცა ჩაფიქრებულია„სკოლა“, უცებ არ მოყვეს, რომ წარმატებულად ინადირა.

მაგალითად:

  • ლანა მიმართავს გუგას (ყველას აქვს ეჭვი, გარდა ჯაშუშისა, ხომ არ არის მეორე ჯაშუში) მომიმზადეთ, ის, რაც გთხოვეთ? (ლანა გულისხმობს დავალებას ან რაღაც დოკუმენტს, რადგან თვითონ სასწავლო ნაწილია, მაგრამ დაკონკრეტებისაც ეშინია, საშინაო დავალება ან მანდატურის ანალიზი რომ ითხოვოს, ჯაშუში მიხვდება, რომ სკოლაა და მაშინვე გაიმარჯვებს.
  • გუშინ დედაჩემი იყო ცუდად და ვერ შევძელი (ამბობს გუგა, რომელიც ფიქრობს, რომ ლანა შეიძლება მასწავლებელია და გუგა შეიძლება მოსწავლე ჰგონია.
  • თუ კითხვაზე, დღეისთვის რა მომიმზადეთ, ჯაშუში იტყვის, რომ დღეისთვის მოამზადა ირმის მწვადი, თავისთავად ცხადია, ყველა მიხვდება, რომ ნოდო ჯაშუშია და გაიმარჯვებენ.

იმისთვის რომ თამაშის წესები გაითავისონ, თავიდან თქვენც ცხოვრებისეული, მათთვის ჩვეული ადგილები გაათამაშეთ თავიანთი მარტივი როლებით, ხოლო წლის მეორე ნახევარში, როდესაც რაღაც ტექსტები უკვე გავლილი გაქვთ, შეგიძლიათ გააფრთხილოთ, რომ იქით კვირაში ითამაშებთ და ნაწარმოებები გაიმეორონ.

მაგალითად, წარმოიდგინეთ, რომ ჩაიფიქრეთ „ვეფხისტყაოსანი „ და დაანაწილეთ როლები.

(ქვემოთ მინიჭებული სახელებით აღვწერთ დიალოგს.

  • როსტევანი: რაღაც გართობა მინდა, რას მირჩევდით
  • თინათინი: ხომ არ გაგვესეირნა? (არ აკონკრეტებს „ნადიმს, ნადირობას“, რათა ჯაშუში არ მიხვდეს.

როსტევანი თინათინის პასუხით დიდად ვერ ხვდება, თინათინი თინათინია თუ ჯაშუში და აგრძელებს მის დაკითხვას.

  • რაიმე რჩევას ხომ არ მომცემდით?
  • ვფიქრობ, შეგიძლია შაგროვო ინფორმაცია. (აქ წესით ე. წ. როსტევანი უნდა მიხვდეს, რომ თინათინიც „ვეფხისტყაოსნის“ გმირია, ხოლო ჯაშუშას უნდა გაუჭირდეს გამოცნობა.

ეს თამაში საინტერესოა, რადგან მოსწავლეები ყოველთვის მოულოდნელი კუთხით ხსნიან პერსონაჟის ქცევასა და ეს ისევ მათ ეხმარება სხვა მხრივ შეხედონ ტექსტებს.

ეს თამაში მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, არა მხოლოდ როლების მორგებისა, არამედ, საკუთარი ფრთხილი ინტერპრეტაციების, რომლის დროსაც ისე არ უნდა დაშორდე ტექსტს, რომ ეჭვი გამოიწვიო და შენი გუნდი დაამარცხო და არც ისე ზუსტი უნდა იყო, რომ ჯაშუში მიგიხვდეს, ანუ უნდა შეძლო ენობრიც ბეწვის ხიდზე გავლა. ეს მოთხოვნები, გარდა იმისა, რომ ტექსტის ღრმა ცოდნისკენ უბიძგებს მოსწავლეს, კრიტიკული აზროვნების უნარსა და ვერბალურ უნარებას ავითარებს.

მე, როგორც ლიტერატურის მასწავლებელს, ეს თამაში მხოლოდ ტექსტებთან მიმართებაში გამომიცდია, თუმცა, ვფიქრობ, ისტორიისა და გეოგრაფიის მასწავლებლებიც მშვენივრად გამოიყენენ. (შეიძლება სხვა საგნებისაც, უბრალოდ ახლა სხვა საგნებისთვის ნიმუში არ მაფიქრდება )

მაგალითად, გეოგრაფიის მასწავლებელს შეუძლია ჩაიფიქროს „ ცა“ ან „ზღვა“ და მიანიჭოს შესაბამისი როლები, ვთქვათ, პლანეტები, მთვარე, მზე, ვარსკვლავები.

როცა ბავშვები გეოგრაფიის გაკვეთილზე არიან, თავისთავად ცხადია, ისინი ელიან, რომ ჩაფიქრებული იქნება გეოგრაფიული ადგილი და მოთამაშეებს თავიანთი თავის აღწერას მოსთხოვენ. მაგალითად, თუკი გელას უთხარით ადგილი „კოსმოსი“ და თავისი როლი „ნეპტუნი“ ის უნდა მიხვდეს, რომ უპირველესად მანძილი იკითხოს. თუ ლანას ეკითხება, სად ხარო? და ის პასუხობს, არც ისე შორსო, ე. ი. ლანა ჯაშუშია, რადგან ნებისმიერი ციური სხეული საკმაოდ დიდი მანძილითაა დაშორებული ერთმანეთს.

ისტორიული ეპოქების ჩაფირებაც იოლად გამოვა. შეიძლება კლასმა ჩაატაროს რაიმე კვლევა ერთი კუთხით სხვადსხვა ეპოქაში. მაგ, ადამიანის საცხოვრებელი პირველყოფილი ადამიანიდან დღემდე. ან, ვთქვათ, ტანისამოსი, ან იარაღი. და ისტორიის მასწავლებელმა გაანაწილოს როლები სურვილისამებრ, ვთქვათ, მეცხრამეტე საუკუნის საქართველო. და როლები: ქართული კაბა, ევროპული შლაპა, გლეხის ახალუხი და ა. შ. თუ მოსწავლეებმა იციან, რომ ტანისამოსზე თამაშობენ, საუბარი ამ კუთხით წარიმართება: როგორი ხარ? რისთვის ხარ? გამძლე ხარ? და ა. შ.

თქვენი მხიარული თამაშები კიდევ უფრო მხიარულად რომ დასრულდეს, ერთს გასწავლით საიდუმლოდ: ბოლოს შეგიძლიათ კლასს ეხუმროთ და ყველას ჩასჩურჩულოთ „ჯაშუში“. ასეთ დროს ისინი იწყებენ ფრთხილ, ზოგად საუბარს და რაღაც გაურკვეველი კომიკური სიტუაციები იხატება ხოლმე. გაითვალისწინეთ, მსგავსი რამ არასაგაკვეთილო პერიოდში ან გაკვეთილების ბოლოს დაგეგმეთ, რადგან როდესაც იგებენ, რომ ყველა ჯაშუში იყო და ამდენ ხანს ტყუილად ცდილობდნენ ერთმანეთის მოტყუებას, ისე ხალისობენ, მათი დაწყნარება და საგაკვეთილოდ მობილიზება უკვე ძნელი ხდება, თუმცა მსგავსი აქტივობები საგრძნობლად აუმჯობესებს მოსწავლის დამოკიდებულებას შესასწავლი მასალისადმი, რადგან შემდგომში ის ამ მასალით შეიარაღებული თამაშს, გართობას, მყისიერ წარმატებას და ხალისს ელის.

თუკი რომელიმე თქვენგანი მეტყვის, რომ ასე ბავშვები ტყუილში ვარჯიშდებიან, გიპასუხებთ, ლიტერატურაც ესაა, ტყუილი, გამონაგონი, რომელიც არც ეჭვს აღძრავს და არც ბოლომდე გაჯერებს, არც გიმალავს და არც გიხსნის, სიცრუის სიბრძნეზე გიყვება, როგორც სულხან-საბა ორბელიანი იტყოდა!

 

 

 

 

 

ვაშლის ბაღები – საინტერესო რესურსი გაკვეთილისთვის

0

სიახლე ცივდება და იყინება ისტორიად. სიახლე დედდება ისტორიად“.

რემონ კენე, „ლურჯყვავილები

 

შარშან 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან ათი წელი გავიდა. ისტორიის ნაწილად იქცა ცხელი ზაფხულის ომი. ეს ამბებიც გაიყინა და ისტორიის არქივში ჩალაგდა. შედედდა ისტორიის მეხსიერებაში. ამ ომს ბევრი უჩინარი გმირი ჰყავდა. ზოგი გადარჩა, ზოგი – ვერა. წიგნი, რომელზეც უნდა მოგიყვეთ, ამ ომის უჩინარ გმირებზეა, უჩინარ მონაწილეებზე, რომელთა ამბები ძნელად თუ დაგავიწყდება.

უკანასკნელმა ომმა ახალი ტრავმების ტრაგიკული მემკვიდრეობა დაგვიტოვა: მორღვეული საზღვრები, ოკუპირებულ მიწებზე მოქცეული ათიათასობით ადამიანის სახლი, დევნილები და მათი დასახლებები – ასანთის კოლოფისოდენა შენობები, სადაც ამ ადამიანებმა ახალი ცხოვრება დაიწყეს და ომის ისტორიებთან ერთად დაიდეს ბინა. და როცა ზოგჯერ საერთო ისტორიის მქონე ეს ადამიანები იკრიბებიან, სტუმრად მიდიან ერთმანეთთან, ყოველთვის ტირიან. მათი საზიარო ემოცია ტკივილია, რომელიც ჯერ არ მოშუშებულა. ამ ომმა მათ ბევრი სანუკვარი რამ წაართვა: შვილი, ცოლი, მამა, ქმარი, დედა, სახლი, რომელიც დიდხანს და გულმოდგინედ აშენეს, ბაღები მსხმოიარე ხეებით…

წიგნში „ვაშლის ბაღები“ აგვისტოს ომგამოვლილი ადამიანების ზეპირი ისტორიებია თავმოყრილი. წიგნი მომზადებულია ჟურნალ „ინდიგოს“ და წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის (GCRT) თანამშრომლობით პროექტის „080808“ ფარგლებში. ამ ამბებს ის ადამიანები ჰყვებიან, რომლებიც სიკვდილს გადაურჩნენ და თავის გადასარჩენად ბევრი იბრძოლეს.

62 ამბავი ომს პირადი ნარატივიდან დაგვანახებს. დიდი დანაკარგის ეს ადამიანური ისტორიები ემოციურად არის მოთხრობილი. ასეთი წიგნი ბევრი არ გვაქვს, ამიტომ შეიძლება, კარგ რესურსად იქცეს ისტორიის მასწავლებლებისთვის აგვისტოს ომის შესაფასებლად და მასზე სასაუბროდ.

 

„წითელმა ჯვარმა ას-ასი ლარი მოგვცა. მერე ამ კოტეჯში მოგვიყვანეს, წეროვანში. მადლობელი ვარ ჩვენი გალინასი, გაიმარჯვა რაღაცაში და შარშანწინ მოგვიყვანა ძროხა. ხან ვინ მოვა, შენი საქმე სტრასბურგშია, მეუბნებიან. ნიუჟელი ჩემი საქმე ვეღარ გაირჩა სტრასბურგში…

ეხლა ძილში გამახსენდება, ხანდახან ისე შევხტები, კრაოტიდან გადმოვვარდები ხოლმე“.

გაიოზ ბაბუცაძე, 80 წლის, ქვემო აჩაბეთიდან. დღეს ცხოვრობს შავშვების დასახლებაში.

 

„ზუსტად ჩვენს სახლზე გადმოატარეს ტყვიამფრქვევი. აფეთქებამ ერთი ოთახიდან მეორეში გადამაგდო. ლოჯი სულ შეინგრა. ფანჯრიდან დაბლა არაფერი მოჩანდა. ჩემი ქმარი ყვიროდა, დროზე, დავცალოთ კორპუსი და ტყეში გავიდეთო, მე კიდე, მოიცა-მეთქი, ლოგინებს ავალაგებ, ესე ხო არ დავტოვებ-მეთქი სახლს. ეს სისულელე მახსოვს. ათი წელი გადის და რატომღაც აფეთქების კი არა, ხეობის ხმა გამახსენდება ხოლმე. ისეთი საშინელი სიჩუმე იყო, მარტო ჭრიჭინების ხმა ისმოდა. ჩიტებიც აღარ დაფრინავდნენ“.

მაგდა ჯამრიშვილი, 40 წლის, სოციალური მუშაკი. დღემდე ცხოვრობს ქალაქ გორში.

 

„ჩემმა ძმამ დარეკა, ბავშვებს მოკიდე სასწრაფოდ ხელი და ეხლავე წამოდიო. 8 აგვისტო იყო, დილა. ტელეფონი გავთიშე თუ არა, საშინელი ხმა მომესმა. ორი ვერტალიოტი, აი, ზედ სახურავზე მოდიოდნენ. სახლი სულ აზანზარდა, მეც მუხლებიდან მოვიკვეთე და ძირს დავვარდი. მოვკიდე ბავშვებს ხელი, ბაღის ბოლოში იყო ჩემი მეუღლე და ერთად გამოვიქეცით. ტყვიავამდე ფეხით მოვრბოდით. ქსუისიდან უკვე ჩვენი სამხედრო ბიჭები მოჰყავდათ დაჭრილები, ზოგი მოკლული იყო. გზაზე ზღვა ხალხი, ფეხით, ბავშვებით, გატენილი მანქანებით მოდიოდნენ“.

ციცინო ელიკაშვილი, 49 წლის. ცხოვრობს ზარდიაანთკარში.

 

„აი, აგერ, ამ გორის თავზე რომ ავიდეს მენახირე, უკვე აკავებენ. ეტა ნი ვაშ ტერიტორია, ვიგანიტე ატსუდა კაროვო. მეტი საძოვარი კიდე არ არი, ეგ ჩვენი მიწებია. საზღვრები რო ჩაკეტეს, მაშინ დავკარგეთ. ერთი გადაგიცდება ფეხი და დაგიჭერენ. ჩემი გოგოც იყო პატიმრობაში და ჩემი ბიჭიც. გოგო საქონელს გაეკიდა, სამნი გადავიდნენ იმ ხაზს იქით, სამივე დააკავეს და იზოლატორში წაიყვანეს. ჩვენმა ოსებმა რო გაიგეს, გაიქცნენ და გოგოებს ციხეში პეჩენიები, წვენები შეუტანეს. ჩემს ბიჭზეც ასე, შეუგროვეს ფული ოსებმა და რო გაათავისუფლეს, რაც დარჩა, ის ზედმეტი ფულიც სახლში გამომიგზავნეს. ესეთი ურთიერთობა გვაქვს, მარა მერე, რუსი რო ჩაერია…“

ნათელა, 78 წლის. ცხოვრობს ხურვალეთში.

 

„გამოგვყარეს მშიშარა იმასავით. მერჩივნა, მებრძოლა, ესე გამოქცევას. ძველი მებრძოლი ვარ მაინც, წელიწადი და სამი თვე ვიბრძოლე აფხაზეთში. ბრძანება იყო აქედან, ადგილობრივები არ გაიკაროთო, თორე იარაღი ჩვენც გვქონდა. ქართული ჯარი რო დავინახეთ, გაგვეხარდა, კაცო, მთელი არმია მოახეთქა და მეთქი, ვსიო, ეგ არი, გავედით დამკაში. თურმე გაჩალიჩებული იყო ეს ყველაფერი. გეფიცები. პატარა ბავშვმაც იცის ეს ჩვენთან, ვინც იმ ომს შეესწრო. მაშინ ვერ ვხვდებოდით“.

ვახო, 53 წლის, ქსუისიდან. დღეს ცხოვრობს კოდას დასახლებაში.

 

„ეს თვითმფრინავები რო დავინახეთ, გაგვიხარდა, ჩვენები გვეგონა. რო წამოვიდნენ შავი ურჩხულებივით და დასცხეს კარპში ბომბები… ჩემი გოგო ცხოვრობს იქ, ცხრა მოკვდა იმ დღისით. ცხრა ადამიანი, ეგრე თბილ-თბილი დამარხა ჩემმა მძახალმა.

ჩვენ ცამეტში გამოვიქეცით.

ჯერ ბოსელში შევედი. სანთელი დავანთე, ძროხას შუბლზე ვაკოცე და ეგრე ვუთხარი: მე ეხლა მივდივარ და თქვენ რომ აგიშვათ, ვაითუ სადმე წახვიდეთ და ვიღაცამ დაგკლათ. რაც არის, არის, აქ გტოვებთ-მეთქი. დავუყარე ბევრი ქატო, თივა, წყალი დავუშვი და გამოვიხურე კარები. სამი დღე ვიარეთ ნაწვერალში, მოხნულში, მოუხნავშიც. არაფერს არა ვჭამდით, ერთი ბუმბულა ყველი გვქონდა, ერთი-ორი კიტრი, ოსის ქალმა გამოგვიტანა ორი შოთი და წყალი ლიტრნახევრიანი ბოთლაი. კი არ ვსვამდით, მარტო ტუჩებს ვიგრილებდით. აბა, აგვისტოს თვეა, ცხელა და ტრიალ მინდვრებში ვართ, ცხრა კაცს ერთი ეგ ბოთლაი გვაქ“.

ელიკო (ელენე) გაბლიშვილი, 68 წლის. ცხოვრობს ზარდიაანთკარში.

 

ზეპირი ისტორიები აგვისტოს ომის შესახებ მალე ისტორიის ნაწილად იქცევა და იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ ომის გაშუქებისას ხშირად პირადი ნარატივი იკარგება და აქ დაცული ხმები და ამბები იმ ადამიანებისა, რომლებიც აგვისტოს ომს გადაურჩნენ, ამ კუთხითაც მნიშვნელოვანია.

წიგნის გმირების სრული ისტორიები და ხმები შეგიძლიათ ნახოთ და მოისმინოთ ამ მისამართზე: https://080808.ge

კარიკატურა, შემოქმედებითი აზროვნება,  სემიოტიკური კომპეტენცია  და ლიტერატურის გაკვეთილი

0

ოცდამეერთე საუკუნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა სწავლა-სწავლების სფეროში შემოქმედებითი აზროვნების განვითარებაა. შემოქმედებითობა არის  ახლის ძიება და შექმნა, რომლის მამოძრავებელი, ბუნებრივია, შინაგანი სტიმულაციაა. თანამედროვეობაში მეტი მოთხოვნაა შემოქმედ ადამიანებზე, რომლებიც გამოირჩევიან არასტანდარტული, არაშაბლონური აზროვნებით.

ქართული ენა და ლიტერატურა, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა საგანი, იძლევა შემოქმედებითი აზროვნების განვითარების კარგ შესაძლებლობას და ამ უნარების განვითარებისთვის არსებობს უამრავი მეთოდი თუ აქტივობა, მაგ: ხუთსტრიქონიანი ლექსი ,,ბრილიანტი“, ,,ფილმის გახმოვანება“ ,,წერის დღესასწაული“ ,,გაპიროვნებული ლექსი“ ,,კარიკატურით სწავლება“ და სხვა.

შევჩერდები ამ უკანასკნელზე და ჩემი გამოცდილებიდან მოკრძალებულად ვიტყვი, რომ კარიკატურით სწავლება ნამდვილად უწყობს ხელს შემოქმედებითი უნარების განვითარებას. ერთდროულად ვითარდება აღქმის, ინტერპრეტირების, წერის,ზეპირმეტყველების, შემოქმედებითი უნარები.

მოცემული მეთოდით სწავლება შესაძლებელია სამივე საფეხურზე, როგორც დაწყებითსა და საბაზოზე, ასევე საშუალო საფეხურზე. დღეს მინდა, სწორედ სამივე საფეხურის მოსწავლეთა მიერ კარიკატურის აღქმის განსხვავებულ ხედვაზე გავამახვილო ყურადღება. გთავაზობთ ჰერლუფ ბიდსტრუპის  ნახატების მიხედვით შექმნილ კარიკატურებს

 

და დავალებას: მოცემული კარიკატურის მიხედვით  მოთხრობის, ლექსის ან ჩანახატის შექმნა.

დავალების ინსტრუქცია:

  1. მოსწავლეებს ევალებათ ნახატის მიხედვით სათაურის მოფიქრება;
  2. პერსონაჟის სახელის მოფიქრება;
  3. პერსონაჟის გარეგნობის აღწერა;
  4. პირველი ფოტოს მიხედვით უნდა წარმოიდგინონ, რატომ უწყრება მამა პატარა გოგონას;
  5. მეორე, მესამე, მეოთხე ნახატების მიხედვით, მოიფიქრონ, რატომ უყვირის ცოლს საუზმობისას და ტანსაცმლის ჩაცმისას;
  6. მე-5 ნახატის მიხედვით, რატომ ეჩხუბება ძაღლს;
  7. პერსონაჟის მზადების სცენა სამსახურში წასვლამდე;
  8. რა ცვლილებას განიცდის პერსონაჟი სამსახურში მისვლამდე, როგორ იცვლება მისი გარეგნობა და სულიერი მდგომარეობა;
  9. და ბოლოს ,,სცენა უფროსის კაბინეტში“.

დავალება მეტად სახალისო გამოდგა სამივე საფეხურის მოსწავლეთათვის.

თავიდან გავააქტიურე წინარე ცოდნა და დავსვი შეკითხვა:

  • რა იციან კარიკატურის შესახებ? რა არის კარიკატურა?
  • ეკრანზე ვაჩვენე თითოეული ნახატი/კარიკატურა, მოსწავლეებმა აღწერეს ნახატი, იმოგზაურეს წარმოსახვით სამყაროში და წარმოადგინეს საკუთარი ვერსიები.
  • ჯგუფებში დავარიგე ამობეჭდილი კარიკატურები ცალ-ცალკე და გავეცი ინსტრუქტაჟი ზემოთ მოცემული დავალების შესაბამისად.
  • ჯგუფური მუშაობის შემდეგ გაიმართა პრეზენტაციები.
  • მოსწავლეებმა შეაფასეს ნამუშევრები.

ეს იყო ძალიან საინტერესო აქტივობა, ყველა მოსწავლე იყო ჩართული საგაკვეთილო პროცესში, ერთდროულად განვითარდა წერის, ინტეპრეტირების, შემოქმედებითი და სემიოტიკური კოპეტენციები.

გთავაზობთ მოსწავლეთა ნამუშევრებს:

,,ერთ სოფელში თურმე ცხოვრობს,                 შედგა ფეხი სამსახურსა

დიდი კაცი, ქონის გროვა,                                   და კიბეზე ადის ნელა,

მისთვის ყველა ერთი არი                                 მისი სახით თუ ვიმსჯელებთ

ძალღი, შვილი, ცოლი, მონა.                               ვისაც ნახავს ითხოვს შველას.

ცოლს უყვირის ყოველ დილით,                   აი, დადგა აღსასრული, უფროსი მას ელოდება…

ცხოველივით დიდი პირით,                         კარს გააღებს, უფროსს ნახავს,

როცა იგი სახლს დატოვებს                           გული საგულედან ძვრება.

სამსახურში ნელა მიდის.                              სახლში მოძალადე კაცი,

კიბეზე რომ რომ მიაბიჯებს,                           სამსახურში ,,ვაცი“ ხდება!

თავი ზემოთ, ფეხი მწყობრში!                         ასე არი, ასე ხდება….

სამსახური ახლოვდება                                  ,,მოძალადე ბოლოს თვითონ

წელზე კუზი აქლემივით!                               ძალადობის მსხვერპლი ხდება!!!

კლასი მე-9,  ჯგუფი მე-2, პრეზენტატორი: მარიკა კვარაცხელია

მოთხრობა

„მე მებრალებით თქვენ…“

მინდა წარმოგიდგინოთ ჩემი პერსონაჟი, რომელიც მოცემული კარიკატურებით დავინახე, მოგიყვეთ მისი ცხოვრების წესზე, თვისებებსა და ღირებულებებზე.

დაე, მკითხველნო, თქვენ გადაწყვიტეთ, მიიღებთ ამ პესონაჟს, თუ ახლოს არ გაიკარებთ მას.

გაგაცნობთ მის აღმატებულებას, რომელსაც პირობითად ,,ბღენძიას“ დავარქმევდი, დავესესხები ილიას მიერ ლუარსაბის დახასიათებას და ჩემს ,,გმირსაც“ ასე დავახასიათებ: ,,სქელი კისრით, დამორილი ფეხებით, კოტიტა ხელებით, დიდად პატივცემული და პატივსაცემი ღიპით“ მუდამ კუშტი, მწყრალი გამოხედვით, ძროხის, უფრო სწორად, ხარის ბრიალა თვალებით მომზირალსა და ყროყინას ვირისავით.

კაცი, რომელიც მუშაობს, დასაქმებულია ერთ-ერთ სააგენტოში, მაგრამ დიდად არ ,,ეპიტნავება“ მუშაობა, მხართეძოზე წამოწოლა ხომ უკეთესია.

ის გამუდმებით ყვირის ოჯახში, უხასიათოა, უყვირის პატარა 3 წლის მოტიკტიკე გოგონას,

იმიტომ რომ გოგონა სულ ტიტინებს და ხმაური მამას არ უყვარს.

უყვირის უმწეო ,,ბროლიას“ ძაღლს, რომელიც მისი ერთგულია ,მეპატრონის მოსვლა უხარია და ამას წკმუტუნით გამოხატავს. პატრონს წკმუტუნიც აღიზიანებს ,,ჩაიწყვიტე ხმა, თორემ მიგიჩენ შენს ადგილს ქუჩის კუთხეშიო“.

ოჯახის დიასახლისს ეჩხუბება, დიასახლისს, კეთილ დედას, რომელიც  თავს დაჰფოფინებს, უყვარს და უფრთხილდება თავის ოჯახს. თვალებში უყურებს ბღენძიას, რომ რამე არ აწყენინოს და მხოლოდ მაამებელი რამ გაუკეთოს, სხვადასხვა მიზეზით უყვირის: ხან მარილი აკლია სუფრას, ხან ჩაიში შაქარი არ არის მორეული, ხანაც პერანგის ღილი ვერ შეიკრა. ღილსაც შეუკრავს მოსიყვარულე, მისი გამოხედვიდან თუ ვიმსჯელებთ, უფრო დამონებული მეუღლე და გააცილებს სამსახურიკენ მიმავალ გზაზე.

სამსახურამდე გზა არცთუ ისე შორია, თუმცა უსასრულოდ გრძელდება, იწელება.

ჩემი გმირი კი სახლიდან სამსახურამდე ფორმასაც იცვლის და ფსიქოლოგიასაც. თავიდან ამაყად მიაბიჯებს, რამდენიმე ვერსზე, ცოტათი იცვლება, მაგალითად, შიში უდგება თვალებში, კიდევ რამდენიმე ვერსი და იხრება, პატარავდება, სამსახურის კიბეებზე საცოდავად გამოიყურება, ეს დიდგულა სხვისი დამმონებელი კაცი, თვითონვე დამონებულა, ვითომ რატომ? უფროსის კარს შეაღებს თუ არა, მაშინვე ნათელი ხდება, რატომაც.

  • უფროსი ბოლო ხმაზე უყვირის, შეურაცხყოფას აყენებს და ლამის მუხლზეც დააჩოქებს!

მივუბრუნდეთ ჩვენს გმირს და ვკითხოთ, ალბათ თქვენც გაგიჩნდათ კითხვები: რატომ გეჩხუბებიან, რატომ პატარავდებით, ითრგუნებით და იძაბებით სამსახურისაკენ მიმავალ გზაზე?

საიდან ამდენი აგრესია, ბატონო ბღენძია, ნუთუ უსიყვარულობა დაგანათლათ უფალმა?! ნუთუ ერთხელ მაინც არ დაფიქრებულხართ თქვენს საქციელზე?! თქვენ ხომ ტიპურ მოძალადედ იქცევით, თუ ასე გააგრძელებთ, შეჩერდით! შეწყვიტეთ!

მე მებრალებით და ამავე დროს ვბრაზობ თქვენზე!!!

მე-11 კლასი, ჯგუფის პრეზენტატორი: თამთა შელია

 

კარიკატურის საშუალებით შეიქმნა რამდენიმე ლექსი, მოთხრობა, ჩანახატი… (შეგიძლიათ დამატებით ნამუშევრები იხილოთ აქ  https://tatakakachia2.blogspot.com/p/blog-page_84.html). ეს იყო მოსწავლეთათვის ძალზედ სახალისო, ემოციური და, რაც მთავარია, შემოქმედებითი დავალება. მთელი კვირის განმავლობაში გრძელდებოდა ლექსების, მოთხრობების სერია. მოსწავლეები იმდენად გახალისდნენ, რომ ბოლოს გაკვეთილმა შეჯიბრის სახეც მიიღო. ვგეგმავ მომავალშიც ხშირად გამოვიყენო მსგავსი აქტივობები, რათა გამჭოლი კომპეტენციის განვითარებას შევუწყო ხელი. ესაა სემიოტიკური კომპეტენცია, რომელიც მოსწავლისაგან მოითხოვს  ვერბალური და არავერბალური (კარიკატურის, ნახატის და სხვა) საშუალებით გადმოცემული ინფორმაციის გააზრებასა და ინტერპრეტირებას, საკუთარი ნააზრევის სხვადასხვა საშუალებებით გადმოცემას. ინფორმაციის ნიშანთა ერთი სისტემიდან მეორეში გადატანის (მაგ:სიტყვიერი ტექსტისა და ნახატის ერთმანეთთან დაკავშირებას, სიტყვიერ ტექსტში ან მუსიკალურ ნაწარმოებში გადმოცემული აზრის ილუსტრაციით გამოხატვის, ნახატის მიხედვით მოთხრობის სხვადასხვა სახის წერილობითი ტექსტების შექმნის და ა. შ.) უნარს.

გამოყენებული ლიტერატურა:

https://mastsavlebeli.ge/?p=16961 (შემოქმედებითი აზროვნების შესახებ, მია ინასარიძე);

ქართული ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელო, კლასი მ-8 (ბაკურ სულაკაური, თეა ქიტოშვილი, 2007).

 

 

 

მოგზაურობა აფრიკაში

0

ქალაქში ბევრგან ნახავ აფიშებს, წარწერებს კედლებზე, რეკლამებს ბილბორდებზე: „გვახსოვდეს აფხაზეთი“, „აფხაზეთი ჩემი ტკივილია“, მაგრამ ვის უნდა, რომ რეალურად გვახსოვდეს ის მოვლენები და შედეგები, რომლებიც ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას, სამოქალაქო ომს მოჰყვა?

ნუგზარ შატაიძის „მოგზაურობა აფრიკაში“ ის ტექსტია, რომელიც ფოტოგრაფიული მეხსიერების სიზუსტით აღადგენს ოცი-ოცდახუთი წლის წინანდელ რეალობას. ბავშვები, რომლებიც წებოს სუნთქავენ, იპარავენ, მოკლედ, აკეთებენ ყველაფერს, რომ გადარჩნენ. აქ არ არის კლასობრივი ბრძოლა და ბიურგერულ-პურიტანული საზოგადოებების ვახშმობები, რომელთა პერსონაჟებს სქელტანიანი რომანების ფურცლებზე ვხვდებით. ამ ტექსტის გმირები დღესაც ჩვენ გვერდით ცხოვრობენ, ბავშვობაში ჩვენთან ერთად თანაშობდნენ, ჩვენც ვართ ისინი, ნაწილობრივ მაინც.

ბოლო წლების განმავლობაში, სოციალურ ქსელებში უამრავი ვიდეომიმართვა, თუ პოსტი გავრცელდა იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ტექსტი არ უნდა ისწავლებოდეს სკოლაში, რომ ბევრი ამორალური მონაკვეთი, რომლებიც, მათი თქმით, იქ არის, ბავშვებზე ძალიან ცუდად იმოქმედებს. მოდი სხვანაირად დავსვათ საკითხი: უკეთესია, მეშვიდე-მერვე კლასელებმა, მასწავლებლის სწორი აქცენტების დასმის მეშვეობით, იცოდნენ უახლესი ისტორია, სამოქალაქო თუ პიროვნული შეცდომების შედეგების სიმძიმე, თუ ის, რომ იმ უძველესი – სირაქლემას პოზის პრინციპით ვმალოთ მათგან ჩვენივე უახლესი მანკიერებები და მეტი შანსი დავუტოვოთ იმავეს გასამეორებლად?

ტექსტის ბოლოს, მოხუც მარო ბებიას კედელზე გაჩერებული საათი აქვს ჩამოკიდებული, საიდანაც გუგული აღარ გამოდის დროის მანიშნებლად. ეს საათიც თითქოს იმ გაყინული, გაჩერებული კონფლიქტის, უმოძრაობისა და იქნებ პირიქით – რეგრესის სიმბოლოა, რაც მაშინ დაიწყო და დღემდე გრძელდება. ჩვენ კი, ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი, თვალებსა და ყურებზე ხელს ვაფარებთ სხვა თაობას, რომ მათ ავი კარგისგან არ გაარჩიონ. ის ხომ გახსოვთ, გურამიშვილი: „ავს თუ ავი არ ვუწოდო, კარგს სახელად რა დავარქვო?” – ჰოდა, ეგეც ვერ გვისწავლია თურმე ჯერ.

ტექსტის ბოლოს, აფხაზეთიდან დაბრუნებული ბიჭი თავის სარდაფში დაბრუნდა, ცელოფნის პარკებითა და წებოთი: „იმ ღამით უამრავი ცხოველი მოვიდა…

მოვიდნენ სპილოები, მარტორქები, ჟირაფები, ზებრები, კამეჩები, ლომები, ანტილოპები…

მოდიოდნენ და მოდიოდნენ…

მე ვიდექი მაღალ, ხმელ ბალახში და მესმოდა მათი ცხელი სუნთქვა, ვგრძნობდი მათ სუნს…

ვხედავდი იქვე, ჩემს ფეხებთან ჩაწოლილ ლომებს, რომლებიც ყვითელი თვალებით მისჩერებოდნენ შორს, მინდვრის ბოლოსკენ მიმავალ ანტილოპებს… ერთი მათგანი წეღან დაეჭირათ და ახლა იმისი სისხლით მოთხვრილ დრუნჩებს ენით ილოკავდნენ“.

სახლია აფრიკა ამ ბიჭებისთვის, შორეული, მზიანი სახლი, სადაც არ გცივა შინაგანად, ფიზიკურად თუნდაც. უცნაურია, რომ ადამიანებით სავსე ქალაქში, ბავშვები ცხოველებით სავსე ადგილს წარმოიდგენენ, სრულიად ასოციალურნი ხდებიან. ეს არაა საწყისთან, ბუნებასთან დაბრუნების მეტაფორა ტექსტში, ეს ადამიანებისგან იქ გაქცევის მეტაფორაა, სადაც ასევე არსებობს მსხვერპლი – ანტილოპა და მონადირე – ლომი, თუმცა ყველაფერი უფრო ლოგიკურია, კანონზომიერი, უფრო ადამიანური.

 

ჟურნალ “მასწავლებლის” კიდევ ერთი ახალი ნომერი!

0

გამოვიდა  ჟურნალ “მასწავლებლის” 2019  წლის პირველი    ნომერი, რომელიც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ,  საქართველოს ყველა საჯარო  სკოლას და  საგანმანათებლო  რესურსცენტრს საჩუქრად გადაეცემა.

ჟურნალის ამ ნომერში წაიკითხავთ :

მასწავლებელი #1

 

3 ,,რა’’ და ,,სიტყვების გამომძიებელი’’ ტექსტის გაგებისა და ინტერპრეტაციისთვის

0

რატომ უჭირთ მოსწავლეებს ლიტერატურული ტექსტის გაგება-გააზრება?

მიზეზი მრავალია. ამას მოწმობს საერთაშორისო კვლევების შედეგები. ერთი შეხედვით, გაკვეთილის მიზანი ყველა მასწავლებლისთვის უცვლელია,   მოსწავლეებმა შეძლონ წაკითხულის გაგება. თუმცა, მხოლოდ მიზანი არ კმარა მაშინ, როცა ვხედავთ, შედეგი არ უმჯობესდება.

ტექსტის გაგება-გააზრების სწავლების უამრავი სტრატეგია არსებობს.

მინდა შემოგთავაზოთ რამდენიმე კომპლექსური აქტივობა, რომელიც შეგვიძლია გამოვიყენოთ  დაწყებითი საფეხურის III-VI კლასებში.

 

3 ,,რა’’

 

I ეტაპი. ტექსტის წაკითხვისა და პერსონაჟების ამოცნობის შემდეგ კლასს დავყოფთ იმდენ ჯგუფად, რამდენი პერსონაჟიც არის. დავურიგებთ თაბახის ფურცლებზე ამობეჭდილ გრაფიკულ სქემებს. მოსწავლეები  პასუხობენ კითხვებს და ერთი სიტყვით ახასიათებენ პერსონაჟებს.

 

პერსონაჟი _____________________

 

რას აკეთებს?

 

როგორია?

 

რას ამბობს?

 

როგორია?
რას ფიქრობს?

 

როგორია?

 

  შენიშვნა: უმჯობესია, დაწყებით საფეხურზე კითხვები ერთმანეთისგან სხვადასხვა ფერით განირჩეოდეს.

როდესაც ჯგუფები   მუშაობას დაასრულებენ,   ნამუშევრებს განვიხილავთ მცირე დისკუსიის ფორმატში. მოსწავლეები წარადგენენ  პასუხებს, მსჯელობენ, მოჰყავთ არგუმენტები, თუ რატომ, რის საფუძველზე გამოიტანეს ესა თუ ის დასკვნა პერსონაჟის შესახებ. ასევე,  აფასებენ სხვა ჯგუფების ნამუშევრებს იმის მიხედვით, თუ რამდენად ადეკვატურია მათ მიერ გამოტანილი დასკვნები, რას ეთანხმებიან, რას – არა და რატომ.

II ეტაპი – ინტერპრეტირება. ჯგუფების მიერ გაკეთებული დასკვნების საფუძველზე დაფაზე ვწერ პერსონაჟების მახასიათებელ ზედსართავ სახელებს ( მაგ: ბოროტია, ბრიყვია, სულსწრაფია და სხვა) და ვთხოვ მოსწავლეებს, მოიფიქრონ და დაასახელონ საპირისპირო მნიშვნელობის სიტყვები. (კეთილი, გონიერი, მომთმენი).

ამის შემდეგ  კვლავ ვანაწილებ  პერსონაჟებს   ჯგუფებში, მოსწავლეებს ვურიგებ თაბახის ფურცლებზე ამობეჭდილ მეორე გრაფიკულ სქემას და იწყებენ შევსებას, რა უნდა გააკეთოს პერსონაჟმა იმისათვის, რომ გახდეს კეთილი, რა უნდა თქვას, რომ იყოს გონიერი და რა უნდა იფიქროს, რომ იყოს მომთმენი.

ტექსტის ინტერპრეტირების ხერხის გამოყენება მოსწავლეებს აძლევს დაფიქრების, გააზრებისა და დასკვნების გამოტანის საშუალებას.

შენიშვნა: შესაძლებელია, მეორე სქემა იმავე ჯგუფის მოსწავლეებს მივცეთ შესავსებად, თუმცა არაა გამორიცხული, ამჯერად სხვა ჯგუფს სხვა პერსონაჟი შეხვდეს.

 

 

პერსონაჟი _____________

 

რა უნდა გააკეთოს, რომ იყოს კეთილი?

 

რა უნდა თქვას, რომ იყოს გონიერი?

 

რა უნდა იფიქროს, რომ იყოს მომთმენი?

 

 

აქტივობის განხორციელების პროცესში, დაწყებიდან დასრულებამდე, პერიოდულად ვაკეთებ  განმავითარებელ  შეფასებას, თუ როგორ შეძლეს მოსწავლეებმა პერსონაჟის ქმედების აღწერა, დახასიათება (ერთი სიტყვით), ზედსართავი სახელების საპირისპირო სიტყვების შერჩევა, პერსონაჟის საქციელის შეფასება, საკუთარი მოსაზრების დასაბუთება არგუმენტებით (ტექსტზე დაყრდნობით),  დასკვნის გამოტანა,  თანამშრომლობა ჯგუფური მუშაობის დროს, ურთიერთშეფასება.

დამეთანხმებით, სიტყვების წაკითხვასა და ტექსტის გაგება-გააზრებას შორის უდიდესი განსხვავებაა. ,, მაშინაც  კი, როცა თქვენ ცნობთ ყოველ სიტყვას (ავტომატურად შიფრავთ ორთოგრაფიულ ხატს) და თითოეულ მათგანს მყისიერად ანიჭებთ შესაბამის მნიშვნელობას, გამთლიანებული, კონკრეტული აზრის ჩამოყალიბებას მაინც ვერ ახერხებთ. წარმოიდგინეთ, ამგვარი წინადადებებით აწყობილი რამდენიმე გვერდი რომ გქონოდათ წასაკითხი. თანაც, ყოველ მეორე წინადადებაში თითო ან ორ-ორ უცხო სიტყვასაც შეხვედროდით. ალბათ ყველაფერს იღონებდით, რომ ასეთი მტანჯველი საქმისთვის თავი აგერიდებინათ“. (კითხვისა  და წერის სწავლება დაწყებით საფეხურზე. G-Pried -2015 )

იმისათვის, რომ მოსწავლეებმა ტექსტი კარგად გაიგონ და გაიაზრონ, მათთვის გასაგები უნდა იყოს ნაწარმოებში მოცემული ყველა სიტყვის მნიშვნელობა.

გთავაზობთ აქტივობას ,,სიტყვების გამომძიებელი“.

ნაწარმოების წაკითხვამდე მოსწავლეებს ვაძლევ ფერად ბარათებზე ამობეჭდილ სიტყვებს, რომლებიც ტექსტს ახლავს. ისინი, საკუთარი ვარაუდით,  წყვილებში მოიფიქრებენ და წერენ ამ სიტყვების განმარტებას. შემდეგ  კედელზე ვათავსებ ფლიპჩარტის ან ფორმატის ქაღალდზე  მომზადებულ ცხრილს. ტექსტის წაკითხვის შემდეგ მოსწავლეები ავსებენ ცხრილის მესამე და მეოთხე სვეტს.

 

სიტყვა მე ვფიქრობ ლექსიკონი ამბობს ტექსტში წერია
     
     
     
     

 

 

ცხრილის მეოთხე სვეტის შევსება, ფაქტობრივად,  მინიკვლევის  აქტივობაა, სადაც მოსწავლეები იკვლევენ და აზუსტებენ, კონკრეტულად, ესა თუ ის სიტყვა, როგორი ფორმით არის გამოყენებული წინადადებაში.

შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ არ გვაქვს ფლიპჩარტის  ან ფორმატის ქაღალდი, შეგვიძლია ცხრილი დაფაზე წინასწარ დავწეროთ ცარცით.

კომპლექსური აქტივობების გამოყენება ხელს უწყობს კითხვის, წერისა და ზეპირმეტყველების, კრიტიკული აზროვნების, თანამშრომლობის  უნარების განვითარებას, მოსწავლეთა ლექსიკური მარაგის გამდიდრებას, რომლის გარეშე წარმოუდგენელია ტექსტის გაგება-გააზრების პროცესი.

 

დანართი 1.

 

პერსონაჟი _____________________

 

რას აკეთებს?

 

 

 

 

როგორია?

 

რას ამბობს?

 

 

 

 

 

როგორია?
რას ფიქრობს?

 

 

 

 

როგორია?

 

დანართი 2.

 

პერსონაჟი _____________

 

რა უნდა გააკეთოს, რომ იყოს კეთილი?

 

 

 

რა უნდა თქვას, რომ იყოს მართალი?

 

 

 

რა უნდა იფიქროს, რომ იყოს მომთმენი?

 

 

 

 

 

გამოყენებული ლიტერატურა:

 

ეროვნული სასწავლო გეგმა. https://ncp.ge/ge/home

კითხვის ეფექტური მეთოდები – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი – 2013

სასწავლო-მეთოდოლოგიური რესურსების კრებული – კითხვისა და წერის სწავლება დაწყებით საფეხურზე. G-Pried -2015

https://kargiskola.ge/teachers/resource_books/kitxva/resursi_kitxva.pdf

 

 

 

 

 

 

 

 ვიდრე გაკვეთილზე შევალთ…

0

დღეს ძალიან ხშირად ვსაუბრობთ, რომ სწავლა-სწავლების პროცესში მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს თითოეული მოსწავლის შესაძლებლობები და ინტერესები, წინარე ცოდნა/გამოცდილება და საინტერესოდ, სახალისოდ წარმართოს გაკვეთილის პროცესი. საინტერესოდ წარმართულ პროცესში კი, უპირველესად, მოსწავლეთა მაღალი მოტივაცია და ყველას ჩართულობა იგულისხმება. ასეთ გაკვეთილებზე მასწავლებლის როლი შედარებით პასიურია, მაგრამ მნიშვნელოვანი. მიზნობრივი აქტივობების დასაგეგმად და მეთოდოლოგიის სწორად შესარჩევად, უპირველესად, უნდა განისაზღვროს გაკვეთილის მიზანი და შეიქმნას შეფასების ისეთი რუბრიკები, რომლებიც მიღწეული შედეგების გაზომვაში დაგვეხმარება. სანამ შედეგებს გავზომავთ, საინტერესოა, რა გზას გავდივართ გაკვეთილის ჩატარებამდე და საერთოდ, რას ნიშნავს პროცესის  სწორად დაგეგმვა…

მიმაჩნია, რომ მასწავლებელს უნდა შეეძლოს:

  • შეისწავლოს კლასი;
  • გაითვალისწინოს მოსწავლეთა ასაკობრივი თავისებურებები;
  • განსაზღვროს კლასის ინტერესები;
  • შეისწავლოს კლასის სიახლეებისადმი მიმღებლობა;
  • შეისწავლოს, არის თუ არა კლასში ეფექტური თანამშრომლობა;
  • იცოდეს, ურთიერთობების როგორ ფორმებზე არიან შეთანხმებული ბავშვები;
  • სწორად განსაზღვროს, რას მოიტანს მრავალფეროვანი გაკვეთილები;
  • შეისწავლოს, მასწავლებელთა როგორი ტიპის მოსწავლეები არიან კლასში;
  • იცოდეს, აქვს თუ არა სურვილი ყველა მოსწავლეს, ჩაერთოს საგაკვეთილო პროცესში;
  • განსაზღვროს, როგორ შეუწყობს ხელს მოსწავლეებში მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებას;
  • განსაზღვროს, იქნება თუ არა გაკვეთილებზე შექმნილი და გამოყენებული რესურსები მიზნობრივი და ხელმისაწვდომი თითოეული მოსწავლისთვის;
  • შეაფასოს, რამდენად შთამბეჭდავი იქნება ეს გაკვეთილი მოსწავლეებისთვის;
  • შეაფასოს, რა ცოდნას მიიღებენ მოსწავლეები, რომელ უნარებს განივითარებენ და როგორი დამოკიდებულება ჩამოუყალიბდებათ;
  • სწორად განსაზღვროს, რომელ ინსტრუმენტებს გამოიყენებს და როგორ დააკვირდება გაკვეთილის პროცესს;
  • განსაზღვროს, რომელი მეთოდოლოგიით შეაფასებს მიღწეულ შედეგს;
  • განსაზღვროს, როგორ გამოიყენებს მომდევნო გაკვეთილისათვის წინა გაკვეთილზე მიღწეულ შედეგს;
  • დაფიქრდეს, კონკრეტული საჭიროებიდან გამომდინარე, რამდენად მნიშვნელოვანია დიალოგი იმავე კლასის სხვა საგნების მასწავლებლებთან, როგორ დაეხმარებოდა ეს პროცესი შედეგების გაუმჯობესებაში;
  • დაფიქრდეს, როგორ შეუძლია შეცვალოს მოსწავლეთა მომავალი თავის მიერ ჩატარებული თითოეული გაკვეთილით.

მიუხედავად იმისა, რომ ჩამონათვალი არასრულია და ძირითად საკითხებს მოიცავს, კარგად დაგეგმილი და ჩატარებული გაკვეთილი თითოეულს ითავსებს. სიტყვა ,,კარგი“ პირობითი ცნებაა და მიღწეული შედეგი ვინაიდან სხვადასხვა მასწავლებლისა და კლასის მიხედვით არაერთგვარონია, ,,კარგად დაგეგმილი გამოვიდა“ – ეს ითქმება შედეგების ანალიზის საფუძველზე, რადგან პროცესშივე შესაძლებელია ცვლილებების შეტანა მოსწავლეთა საჭიროებების შესაბამისად, ანუ გეგმის მოდიფიცირება.

2018 წლის მარტის შემდეგ ვიკვლევ საკითხს ,,საბაზო-საშუალო საფეხურზე განმავითარებელი შეფასების გამოყენების სიხშირის დადგენა, პრობლემების იდენტიფიცირება და  გადაჭრის გზების ძიება“. წლების მანძილზე გაკვეთილებზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ მასწავლებლები განმავითარებელი შეფასების მრავალფეროვან ინსტრუმენტებს ნაკლებად იყენებენ, რაც შემაფერხებელი ფაქტორია თითოეული მოსწავლის შედეგების გასაუმჯობესებლად. როგორც განმავითარებელი შეფასების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, ახალი გაკვეთილის დაგეგმვის პროცესის ხელშესაწყობად ჩემთვის ეფექტურია მოსწავლეთა დაკვირვების ცხრილი. გაკვეთილის მიმდინარეობის პროცესში შევსებული ცხრილი რეალურ სურათს გვაჩვენებს, თუ რისი მიღწევა შეძლეს მოსწავლეებმა მოცემული კრიტერიუმების მიხედვით, რა ცოდნა/უნარები და დამოკიდებულებები გამოხატეს შესწავლილი საკითხისადმი/თემისადმი, რა გამოიკვეთა გაკვეთილის ძლიერ მხარედ და რა არის თითოეული მოსწავლის გასაუმჯობესებელი მიმართულება. ამ პროცესშივე იკვეთება კლასში მოსწავლეთა უმრავლესობისა და თითოეულის ძლიერი მხარეები, რომელსაც, როგორც რეალურ მოცემულობას, ვიყენებ და მომდევნო გაკვეთილებს უფრო საინტერესოდ და მიზნობრივად ვგეგმავ.

თუ მასწავლებელი ცხრილის მონაცემებს სწორად გააანალიზებს, ეს იქნება პროცესზე დაკვირვებით მიღებული მონაცემი – თითოეული მოსწავლის მიერ მიღწეული რეალური შედეგი, რომლის საფუძველზეც დაიგეგმება ახალი გაკვეთილი. ეს არის მცირე კვლევა, დადგინდეს საჭიროებები და დაისახოს გაუმჯობესების გზები.

გაკვეთილის მიზანი, შესაბამისობა ე.ს.გ.-სთან, შერჩეული მეთოდოლოგია, გამოსაყენებელი სტრატეგიები, რესურსები, შეფასების ფორმები, კლასის ორგანიზების ფორმები და ყველა მოსწავლის ჩართულობასა და მოტივაციაზე აქცენტები ხელს უწყობს მასწავლებელს, დაგეგმოს საინტერესო, საჭირო და მნიშვნელოვანი გაკვეთილი.

მოსწავლეთა დაკვირვების ცხრილები იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ მთელი წლის მანძილზე მიმართულებების მიხედვით დააკვირდე შედეგების დინამიკას და გამოიტანო დასკვნა, თუ რა მოცემულობით დაიწყე კლასთან თანამშრომლობა და როგორ შედეგებს მიაღწიეს ბავშვებმა.

 

გთავაზობთ მოსწავლეთა დაკვირვების ცხრილის ჩემეულ ნიმუშს და ერთ-ერთი გაკვეთილის გეგმას.

მოსწავლეთა დაკვირვების ცხრილი

მიმართულება – ზეპირმეტყველება

N მოსწავლის სახელი და გვარი შეუძლია ინფორმაციის მოსმენა  და ინტერპრეტაცია ამყარებს კომუნიკაციას ჯგუფებში, წყვილებში, მთელ კლასთან მეტყველებისას სწორად იყენებს გრამატიკულ ფორმებს მსჯელობს, დასაბუთებულად წარმოადგენს თავის მოსაზრებებს მონაწილეობას ღებულობს დაგეგმილი აქტივობების განხორციელებაში
1            
2            
3…            

 

მიმართულება – კითხვა

N მოსწავლის სახელი და გვარი კითხულობს სხვადასხვა ჟანრის ტექსტებს და ადეკვატურად იგებს მას შეუძლია მხატვრული ტექსტის ინტერპრეტაცია ამოიცნობს ტექსტის სტრუქტურულ და ენობრივ თავისებურებებს შეუძლია კავშირების დადგენა და დასკვნების გამოტანა იცნობს კითხვის სხვადასხვა სტრატეგიას
1            
2            
3…            

 

მიმართულება – წერა

N მოსწავლის სახელი და გვარი დამოუკიდებლად ქმნის სხვადასხვა სახის წერილობით ტექსტს ამოიცნობს განსაზღვრულ დავალებას და შესრულების სტილს წერისას მართებულად იცავს/იყენებს გრამატიკულ წესებს, ითვალისწინებს მართლწერის ნორმებს
1        
2        
3…        

 

მოსწავლეთა დაკვირვების ცხრილის კრიტერიუმები ცვლადია და დაგეგმილი აქტივობების შესაბამისად იქმნება. ის გამომდინარეობს ე.ს.გ.-ის საგნობრივი სტანდარტიდან და გაკვეთილის მიზნიდან, რაც ხელს უწყობს მასწავლებელს შედეგების სწორად გაანალიზებაში. მასწავლებელს აქვს შესაძლებლობა თითოეული მოსწავლის სახელისა და გვარის გასწვრივ კონკრეტული კრიტერიუმის შესაბამისად გააკეთოს ჩანიშვნები ან ჩაწეროს მოკლე კომენტარი.

გთავაზობთ გაკვეთილის გეგმის ერთ-ერთ ნიმუშს:

გაკვეთილის გეგმა

მასწავლებელი: მაია მამისეიშვილი
საგანი:

ქართული ენა და ლიტერატურა

კლასი:11
გაკვეთილის ტიპი სამოდელო/პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილი
თემა: ,,ერთ ბავშვს, ერთ მასწავლებელს, ერთ წიგნსა და ერთ კალამს შეუძლია შეცვალოს მსოფლიო“

 /მალალა იუსუფზაის შესახებ დოკუმენტურ მასალაზე დაყრდნობით/

დრო 45  წთ.
მოსწავლეთა პროფილი: 14 მოსწავლე /სსმმ არცერთი/

 

გაკვეთილის მიზანი:

მოსწავლეები შეძლებენ პრობლემების იდენტიფიცირებას, გააანალიზებენ გამომწვევ მიზეზებსა და  შედეგებს, დასახავენ გადაჭრის გზებს, როლის შესაბამისად შექმნიან წერილობით ტექსტებს.

ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი:

·         ქართ. XI. 1. მოსწავლეს შეუძლია საჯარო მოხსენების წარმოდგენა (ზეპირი გამოსვლა) კონკრეტული აუდიტორიის წინაშე კონკრეტული მიზნით;

·         ქართ-XI.4. მოსწავლეს შეუძლია ზეპირი კომუნიკაციის სტრატეგიების გამოყენება საჯარო გამოსვლების მომზადების დროს;

·         ქართ. XI. 12. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ხასიათის არამხატვრული ტექსტების შეთხზვა;

·         ქართ. XI. 14. მოსწავლეს შეუძლია წერის სტრატეგიების გამოყენება ნაწერის ორგანიზებისათვის.

საჭირო წინარე ცოდნა და უნარი:

მოსწავლეებს შეუძლიათ მთავარი და მეორეხარისხოვანი ინფორმაციის დახარისხება, საკუთარი მოსაზრების დასაბუთება, ყურადღების კონცენტრირება, აქვთ მსჯელობის უნარი.

 

 

შეფასება და თვითშეფასება:

განმავითარებელი შეფასება; თვითშეფასების კითხვარი;

დაკვირვების ცხრილი /მიმართულება–ზეპირმეტყველება/წერა/

სასწავლო მასალები და რესურსები:

დოკუმენტური ვიდეო- ფილმი; ფლიბჩარტი; მარკერები, კალამი, ფურცლები

 

აქტივობა N1

(სახელწოდება, ორგანიზაციის ფორმა, ხანგრძლივობა)

აქტივობა: გონებრივი იერიში

ორგანიზაციის ფორმა: მთელი კლასი

ხანგრძლივობა: 2-3 წთ

აქტივობის მიზანი: აქტივობის მიზანია მოსწავლეები დავაფიქროთ, რა სემანტიკური მნიშვნელობა აქვს სიტყვას – „უფლება“ და რა მიმართულებებით შეიძლება მისი განხილვა.
აქტივობის აღწერა:  წინარე ცოდნის გააქტიურების საფუძველზე მოსწავლეები შეძლებენ განმარტონ სიტყვა „უფლება“ და დაასახელონ კონკრეტული მიმართულებების მიხედვით /მაგ: განათლების უფლება; სიცოცხლის უფლება; თანასწორობის უფლება; ქალთა უფლება, ბავშვთა უფლება და ა.შ./
აქტივობა N2

(სახელწოდება, ორგანიზაციის ფორმა, ხანგრძლივობა)

აქტივობა: ვიდეოს ჩვენება

ორგანიზაციის ფორმა: მთელი კლასი

ხანგრძლივობა: 3-4 წთ.

 

აქტივობის მიზანი: აქტივობის მიზანია მალალა იუსაფზაის ცხოვრებისეული ქრონიკების მაგალითზე მოსწავლეებმა შეძლონ პრობლემების იდენტიფიცირება და დაფიქრდნენ მათ გამომწვევ მიზეზებსა და უარყოფით შედეგებზე.
აქტივობის აღწერა: 3-4 წუთიანი კადრების https://youtu.be/7fGqgkUfuLw ჩვენება და ფოკუსრებული დაკვირვება პრობლემებზე
აქტივობა N3

(სახელწოდება, ორგანიზაციის ფორმა, ხანგრძლივობა)

აქტივობა: სქემის შევსება /პრობლემების ხე/

ორგანიზაციის ფორმა: მთელი კლასი

ხანგრძლივობა: 7 წთ.

 

აქტივობის მიზანი: აქტივობის მიზანია ფილმის საფუძველზე პრობლემების იდენტიფიცირება და გამომწვევი მიზეზებისა და უარყოფითი შედეგების დადგენა
აქტივობის აღწერა: ინტერაქტიული განხილვით მოსწავლეები დოკუმენტური კადრების საფუძველზე  განსაზღვრავენ პრობლემას, ავსებენ  საერთო საკლასო სქემას – „პრობლემების ხე“, ადგენენ გამომწვევ მიზეზებს, მოსალოდნელ უარყოფით შედეგებს და ავსებენ სქემის შესაბამის პუნქტებს.
აქტივობა N4

(სახელწოდება, ორგანიზაციის ფორმა, ხანგრძლივობა)

აქტივობა: სქემის შევსება

გამოყენებული მეთოდი: /სეგმენტური მეთოდი/

ორგანიზაციის ფორმა: ჯგუფური მუშაობა

ხანგრძლივობა: 7 წთ.

აქტივობის მიზანი: აქტივობის მიზანია მოსწავლეებმა დასახონ კონკრეტული პრობლემის გადაჭრის გზები, გაუზიარონ ჯგუფის წევრებს და შეაჯერონ საკუთარი მოსაზრებები საერთო პრეზენტაციისთვის.
აქტივობის აღწერა: სეგმენტური მეთოდის შესაბამისად შედგენილი სქემის მიხედვით, თითოეულ სეგმენტში მოსწავლე ინდივიდუალურად წერს ჯგუფისთვის განკუთვნილი პრობლემის მოგვარების გზებს, უზიარებს ჯგუფის წევრებს; ჯგუფი შეჯერებულ საკითხებს წერს  სქემის მთავარ სეგმენტში.
აქტივობა N5

(სახელწოდება, ორგანიზაციის ფორმა, ხანგრძლივობა)

აქტივობა: ინფორმაციის გაზიარება

ორგანიზაციის ფორმა: საერთო/საკლასო

ხანგრძლივობა:10 წთ.

აქტივობის მიზანი: აქტივობის მიზანია, მოსწავლეებმა შეძლონ ჯგუფის ნამუშევრების პრეზენტაცია კლასის წინაშე.
აქტივობის აღწერა: თითოეული ჯგუფი თვალსაჩინოდ გააკრავს შევსებულ სქემას და გააცნობს მთელ კლასს; პრეზენტაციების დასრულებისთანავე მასწავლებელი და მოსწავლეები აჯამებენ  ძირითად საკითხებს
აქტივობა N6

(სახელწოდება, ორგანიზაციის ფორმა, ხანგრძლივობა)

აქტივობა: წერილების შექმნა

/წერის მეთოდი ,,RAFT“/

ინდივიდუალური მუშაობა

დრო – 10 წთ.

აქტივობის მიზანი: აქტივობის მიზანია, მოსწავლეებმა სხვადასხვა როლიდან და პოზიციიდან შეძლონ შესწავლილი საკითხების საფუძველზე გარკვეული დასკვნების გამოტანა და საკუთარი მოსაზრების ჩამოყალიბება.
აქტივობის აღწერა: ჯგუფში მასწავლებელი შემთხვევითობის პრინციპით ანაწილებს როლებს: ,,მე – კალამი; მე – მასწავლებელი; მე – წიგნი; ‘’ და სთხოვს მოსწავლეებს აღნიშნული პოზიციიდან შექმნან წერილობითი ტექსტი შემდეგ საკითხზე – „ჩვენ მშვიდობის ელჩები – გზავნილი მსოფლიოს“

სურვილისამებრ, რამდენიმე მოსწავლე  კითხულობს თავის ნაშრომს.

აქტივობა N6

(სახელწოდება, ორგანიზაციის ფორმა, ხანგრძლივობა)

აქტივობა: გაკვეთილის შეფასება

მუშაობის ფორმა: ინდივიდუალური

ხანგრძლივობა: 3წთ.

აქტივობის მიზანი: აქტივობის მიზანია, მოსწავლეებმა შეაფასონ გაკვეთილზე გამოყენებული აქტივობები და თავიანთი მონაწილეობა, დაასახელონ, ერთი მხრივ, ყველაზე საინტერესო და, მეორეს მხრივ, ყველაზე რთული აქტივობა.
აქტივობის აღწერა: მოსწავლეები შეავსებენ სპეციალურ კითხვარს, რომლის მეშვეობით  მომდევნო გაკვეთილისთვის მასწავლებელი დაადგენს მოსწავლეთა წინარე ცოდნასა და გამოსაყენებელ სტრატეგიებს
შეფასება: თითოეული აქტივობის ბოლოს მასწავლებელი განმავითარებელი კომენტარით აფასებს რამდენიმე მოსწავლის ჩართულობას და ფოკუსირებული დაკვირვებისთვის იყენებს დაკვირვების ცხრილს ზეპირმეტყველებისა და წერის მიმართულებით.

საშინაო დავალება: 1წთ.

 

 

 

 

კონრადთან, კონგოში      

0

„კაპიტნის პირველი თანაშემწე პოლონელია, გვარად კონრადი… უცნაური ვინმეა. მსოფლიოს ბევრი ქვეყანა აქვს მოვლილი. ნამყოფია კონგოში. უმოგზაურია მალაკასა და ბორნეოზე, სხვა ქვეყნებშიც. სიჭაბუკისას კონტრაბანდისტი ყოფილა“, – ამას ინგლისელი მწერალი ჯონ გოლსუორთი სწერს მშობლებს. ბედმა იმავე გემზე მოახვედრა, სადაც ჯოზეფ კონრადი მეზღვაურის ცხოვრებით ცხოვრობდა – ამ გამოცდილებიდან მომდევნო წლებში მისი ბრწყინვალე რომანები და მოთხრობები უნდა დაბადებულიყო.  წერილის ეს ნაწყვეტი ჟურნალ „არილში“ (2, 2018) გამოქვეყნებულ კოლმ ტოიბინის ესეში წავიკითხე და მაშინვე გემზე აღმოვჩნდი, გავირინდე, კაპიტნის პირველი თანაშემწის უცხო ინგლისურით ნათქვამ სიტყვებს დაველოდე.

ჯოზეფ კონრადის მოთხრობების მწვანე, რბილყდიანი კრებული ჯერ კიდევ იმ დროს ჩამივარდა ხელში, წიგნები – უმთავრესად რუსული თარგმანები – საგაზეთო ჯიხურებში რომ ეწყო გასაყიდად. მეტრო „რუსთაველთან“ ვიყიდე გაზაფხულის ერთ მზიან დღეს და იმ წელსაც და მომდევნო წლებშიც უამრავჯერ გადავიკითხე, უამრავჯერ მივუბრუნდი საყვარელ ადგილებს. „წყვდიადის გული“, „ტაიფუნი“, „შვიდი კუნძულის ფრეია“ – თანმიმდევრობაც კი მახსოვს.

„წყვდიადის გული“ მსოფლიო ლიტერატურის იმ შედევრებს შორისაა, რომლებსაც ყველაზე ხშირად განიხილავენ და რომლებზეც ყველაზე მეტ ესეს წერენ დასავლურ საგანმანათლებლო დაწესებულებებში. მეც სიხარულით წავაკითხებდი ამ ბრწყინვალე ნაწარმოებს უფროსკლასელებსა თუ სტუდენტებს, ჯოზეფ კონრადის სხვა წიგნებთან მისასვლელ გზასაც ვაჩვენებდი.

ამ ვრცელი მოთხრობის თითოეული წაკითხვა ახალი სიმართლის ძიებაა შეუცნობელი სამყაროს ბნელ, ავად მთრთოლვარე გულში. კითხვას ყოველთვის უკმაყოფილების განცდით ვამთავრებ – ამ ჯერზეც რაღაც დამისხლტა ხელიდან, რაღაცას ბოლომდე ვერ ჩავწვდი. ბოლო წლებში ინგლისურადაც წავიკითხე და ქართულადაც, სიზმრიდან გამოყოლილის მსგავს განცდას კი ვერაფერი მოვუხერხე: დამაიმედებელი სიცხადე წამიერად იფანტება, როგორც კი წიგნიდან თავს ავწევ. მახსოვს, რას ვგრძნობდი, რას ვფიქრობდი, რას ვახვედრებდი თითოეულ ფრაზას, მაგრამ დღის შუქზე ეს ყველაფერი, როგორღაც, არასწორია. კიდევ ერთხელ წაკითხვა გარდაუვალი ხდება.

თუ „წყვდიადის გულს“ ისე გავაცნობთ ახალგაზრდა მკითხველს, როგორც სათავგადასავლო ნაწარმოებს – ეს სიმართლის მხოლოდ პატარა ნაწილი იქნება, სათაკილოდ და შემაწუხებლად პატარა. კი, მთხრობელი ჩარლზ მარლოუ თავგადასავლების კაცია, უდავოდ მდიდარი გამოცდილებით, რომელთან ერთადაც კონგოს გაუვალ ჯუნგლებში აღმოჩნდებით, კანიბალების გვერდით იცურებთ დიდ მდინარეში, ისრების საბედისწერო წვიმაში მოჰყვებით… ლეგენდარული კურცის ფიგურაც შესაძლოა, ერთი შეხედვით, ეზოტიკური თავგადასავლის ყველაზე იდუმალ, მიმზიდველ და ამავე დროს თავზარდამცემ ნაწილად იქცეს. თუმცა ეს მხოლოდ ერთი შრეა – თხელი, იოლად გადასალახი. მთავარი ამბავი ამ წარმტაცად მოჩითული საფარველის ქვეშაა.

ნუთუ ჯოზეფ კონრადს იმის ჩვენება უნდოდა, რომ არსებითი განსხვავება არ არის დასავლეთის წყვდიადსა და იმას, შორის, რამაც აფრიკის უდაბურ ჯუნგლებში შეიძლება შეშალოს ადამიანი? რომ კაცს – თუნდაც სხვებისგან მრავალმხრივ გამორჩეულს – ყველგან თანაბრად ემუქრება სიბნელის ნაწილად ქცევის საფრთხე? ეს პასუხიც სადავოა, როგორც თითქმის ყველაფერი, რისი თქმაც ამ ვრცელი მოთხრობის შესახებ შეიძლება. რას ნიშნავს ჩურჩულით ნათქვამი კურცის ბოლო სიტყვები: “The horror! The horror!” (ქართულ თარგმანშია: „შემზარავია! შემზარავი!“)? იქნებ სიბნელე, რომელსაც გულით დავატარებთ, მხოლოდ და მხოლოდ ხელსაყრელ გარემოში მოხვედრას ელის, რომ ტროპიკული მცენარეულობის მსგავსად იფეთქოს, თვალს და ხელს შუა გაიფურჩქნოს და, დამბანგავი სურნელით, ერთიანად მოედოს ყველაფერს…

ყველა მოსაზრება იმის თაობაზე, თუ მაინც რა ემართება კურცს კონგოს უდაბურ მხარეში, სწორხაზოვნებისთვისაა განწირული. ზღვარდაუდებელი ძალაუფლება სასიკვდილო საფრთხის შემცველია – რყვნის, ხრწნის, საბოლოოდ კი სრულად აცამტვერებს ადამიანს. ნუთუ ესაა? კურცის შეშლილობა ძალაუფლებით მთვრალისა თუ გამდიდრების სურვილით შეპყრობილის შეშლილობაა? იქნებ მისი ბოლო სიტყვები ხსნის ყველაფერს, თუ მივიჩნევთ, რომ ამქვეყნად ადამიანის არსებობის შესაფასებლად ითქვა.

დასაწყისში, სანამ თემზაში ღუზაჩაშვებული კარჭაპიდან შორეულ კონგოში გადაგვისროდეს, მარლოუ იმ რომაელებს იხსენებს, უხსოვარ დროს რომ მოვიდნენ ჩრდილოეთის ბნელ მიწაზე. წარმოიდგინეთ, აქ, ქვეყნიერების დასალიერში, ტყვიისფერ ზღვაში, კვამლისფერი ზეცის ქვეშ როგორ დაცურავდნენ, მერე კი მდინარეს როგორ მიუყვებოდნენ ქვიანი სანაპიროების, ჭაობების, ველურებით სავსე ტყეების გასწვრივო. „სიცივე, ნისლი, ქარიშხლები, სნეულება, გადაკარგვა და სიკვდილი, სიკვდილი – ჰაერიდან, წყლიდან, ბუჩქებიდან რომ გეპარება. ალბათ აქ ბუზებივით იხოცებოდნენ“. ეს უფრო კარგად ნაცნობი სიბნელეა. მშობლიური.

ისევ ირევა ყველაფერი, როგორც სიზმარში. აფრიკა ლონდონშია, ლონდონის მდინარე – შუა აფრიკაში. ვიღაც ჩურჩულებს: „მე დიადი გეგმები მქონდა, დიდ მოვლენათა ზღურბლთან ვიდექი“.

 

ამბები რადიოდან და რადიოს შესახებ

0

„რადიო“ ლათინური სიტყვაა და ნიშნავს „ვასხივებ“ (radius – სხივი). მისი გამოგონების ისტორია ბევრ უცნაურ, საეჭვო, ურთიერთგამომრიცხავ და ბუნდოვან ფაქტს ინახავს.

13 თებერვალს რადიოს საერთაშორისო დღე აღინიშნა და სადაც რამეს წავაწყდი და მოვუსმინე, ყველგან უპირობოდ თანხმდებოდნენ, რომ ის ერთ-ერთი საუკეთესოა ადამიანის გამოგონებათა შორის; რომ იშვიათია ამაზე უფრო იდუმალი, კომფორტული და ინტიმური სივრცე; რომ რადიო ტელევიზიაზე მეტად აღძრავს წარმოსახვას და გაცილებით „ჰუმანურია“ – სწორედ ამ ფანტაზიის, (თვით)გამოხატვის განუსაზღვრელი უფლებით.

ერთ ფორუმზე ვრცელ მსჯელობა-კამათს გადავაწყდი, სადაც რადიოს ისტორიას განიხილავდნენ. იყო ზღვა ინფორმაცია, რომელიც ჩემთვისაც ძალიან საინტერესო აღმოჩნდა, არგუმენტები და კონტრარგუმენტები, მაგრამ საბოლოოდ მაინც ვერავინ გადალახა რიტორიკული აზრი, რომ კითხვა „ვინ შექმნა რადიო“ იგივეა, რაც კითხვა „ვინ შექმნა კოსმოსი“.

დიახ, რადიოს შექმნაზე სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ქვეყანაში უამრავი ადამიანი მუშაობდა.

ელექტრომაგნიტური ტალღები პირველად 1887 წელს ლაბორატორიულ პირობებში მიიღო გერმანელმა ჰაინრიხ ჰერცმა, მაგრამ მისი გადამცემიც (ჰერცის ვიბრატორი) და მიმღებიც (რეზონატორი) ძალიან შორს იყო იმისგან, რასაც რადიოგადამცემი და რადიომიმღები წარმოადგენს. მათ შორის კავშირი მხოლოდ რამდენიმე სანტიმეტრის მანძილზე მყარდებოდა, რაც რეზონატორის ბოლოებს შორის ძნელად შესამჩნევი ნაპერწკლების გაჩენით გამოიხატებოდა.

ჰერცის ვიბრატორის მთავარი ნაკლი, ცუდი მგრძნობიარობა, აღმოფხვრა ფრანგმა ედუარდ ბრანლიმ. 1890 წელს მან აღმოაჩინა, რომ ლითონის ფხვნილის ელექტრული წინაღობა მკვეთრად მცირდება ელექტრომაგნიტური ტალღებით ზემოქმედებისას. ასეთნაირად შეიქმნა „კოჰერერი“ – ელექტრომაგნიტური ტალღების იმ დროისთვის ყველაზე მგრძნობიარე დეტექტორი, რომლის ბაზაზეც ააგო რუსმა ალექსანდრ პოპოვმა თავისი პირველი რადიომიმღები “ელვააღმნიშვნელი” 1895 წელს.

ზოგ წყაროში რადიოს გამომგონებლად სწორედ პოპოვია დასახელებული, ზოგან კი მარკონი ან ტესლა.

ეს მეცნიერები თავიანთ გადამცემს „ჰერცის ვიბრატორს“ უწოდებდნენ. მიმღებებში პატარ-პატარა განსხვავებები ჰქონდათ. სამივე დაახლოებით ერთსა და იმავე პერიოდში მოღვაწეობდა და ყოველწლიურად აუმჯობესებდა თავის აპარატს. ხან ერთი ჯობნიდა, ხან მეორე, ხან მესამე. ცხადია, ამ ამბებში სხვებიც იყვნენ ჩართულნი. მათ შორის ქართველიც ერია – ვინმე ნახუცრიშვილი, რომელიც ტარტუს უნივერსიტეტში სწავლობდა და, როგორც ამბობენ, უნიჭიერესი იყო, დიდი მომავლის პერსპექტივით, მაგრამ მეტისმეტად ახალგაზრდა გარდაცვლილა ტუბერკულოზით. პოპოვი მეფის რუსეთში ცხოვრობდა, მარკონი – ევროპაში. პოპოვს მეფის კანცელარიამ ექსპერიმენტებისთვის სულ რაღაც 50 მანეთი მისცა და თავიდან მოიშორა. მარკონი ამ დროს ლონდონში ჩავიდა, საჭირო ხალხს გაესაუბრა და განახორციელა საუკუნის პროექტი – ლონდონის ბირჟიდან ნიუ-იორკის ბირჟამდე უმავთულო კავშირი დაამყარა. ფულიც იშოვა, სახელიც მოიხვეჭა, ქვეყანასაც გამოადგა. იმ დროს მარკონის ფირმას იგივე ადგილი ეკავა, ახლა ბილ გეიტსს რომ უკავია თავისი „მაიკროსოფტით“. პოპოვი კი სიღარიბეში აღესრულა.

დაბოლოს, რადიოელექტრონიკაში ერთ-ერთი უდიდესი გამოგონება ეკუთვნის ამერიკელ ლი დე ფორესტს. 1907 წელს მან შექმნა ტრიოდი – ელექტროვაკუუმური გამაძლიერებელი მილაკი, როგორც მაშინ უწოდეს – რადიოლამპა.

ხოლო თუ გამომგონებელთა შორის პირველობის საკითხს განზე გადავდებთ და უკვე გამოგონილ მოვლენაზე ვისაუბრებთ, ცხადია, რადიომ ბევრი რამ შეცვალა კაცობრიობის ისტორიაში.

ზღაპრიდან გამოაღწია რწმენამ, რომ ადამიანებს ცხრა მთისა და ზღვის იქიდან ერთმანეთისთვის ხმის მიწვდენა შეუძლიათ. ელექტროტალღებმა მილიონობით ინფორმაცია გადააადგილა, ადამიანები ერთმანეთს თან დააახლოვა, თან დააშორა. ინფორმაციის ზღვაში ომების დაწყების საგანგაშო ამბებმაც გაიელვა…

ახლანდელმა ბავშვებმა, აბა, საიდან უნდა იცოდნენ და ჩემს თაობას ჯერ კიდევ ახსოვს ხაზის რადიოს გრილი ბედნიერება ზაფხულის ხვატში ჩამცხარ სოფელში… კედლის გასწვრივ, კაცის სიმაღლეზე ზემოთ, ჩვენგან ხელმიუწვდომლად გადიოდა ეს ჯადოსნური ხაზი, სამ ფრთად გადაწნული მავთულის გრეხილი, საიდანაც უცნაური ხმები იღვრებოდა, ყველაზე მოსაწყენი საინფორმაციო გამოშვებებიც კი ზღაპრულად მოისმოდა, არანამდვილი დამაჯერებლობით, თითქოს ვიღაც მხოლოდ იმისთვის იგონებდა ამ ამბებს, რომ ჩვენთან ელაპარაკა, ვიღაც, ვისაც ათასნაირად წარმოვიდგენდით ხოლმე – ოთახში მარტო მჯდომი კაცი (ან ქალი), ერთადერთი ფისოც რომ კარსიქით ჰყავდა გაგდებული, კნავილით ხელი არ შემიშალოსო, ედგა გვერდით წყალი გამჭვირვალე გრაფინით, კითხულობდა ფურცელზე დაწერილ ამბებს და ამ ამბებს მერე პაწაწინა, უხილავი კაცუნები დააქროლებდნენ უფრო პაწაწინა ფურცლებით მავთულების ვიწრო ლიანდაგებზე, მოდიოდნენ ჩვენამდეც და ამიტომაც გვეჩვენებოდა სრულიად არამოსაწყენი იმ მავთულებიდან გადმოღვრილი ამბები – კაცუნებს ამხელა გარჯას როგორ დავუკარგავდით! ყოველ ბგერას მათი ფეხის მტვრის სიმსუბუქე ჰქონდა!

მახსოვს კედლის რადიოს მოყოლილი მართლა ზღაპრებიც და იშვიათად, მაგრამ მაინც არადედამიწურ ამბებად გადმოღვრილი კლასიკური მუსიკის კონცერტებიც. ბებიამ და ბაბუამ ზეპირად იცოდნენ საათობრივი პროგრამა – რა გადაცემა რის მერე მოდიოდა. ჩვენ ამ რიტმში მხოლოდ ზაფხულობით, სამიოდე თვით ვერთვებოდით.

ბებიას გარდაცვალების მერე ვინ იქნებოდა ბაბუას ყველაზე დიდი მეგობარი, თუ არა რადიო! მისი მარტოობის გამქარვებელი, მისი ზამთრების გამათბობელი!.. ის აბლაბუდაც მახსოვს, მსხვილი ლურსმნებით გაყოფილ მავთულის მონაკვეთებს შორის რომ გააბამდა ხოლმე მოლურჯო ობობა და სულ მიკვირდა, რით არ დაყრუვდა ამდენ ხანს, ეს ყურები პირდაპირ მავთულზე რომ მიუდვია-მეთქი?!

1993 წლის ზაფხულში აფხაზეთის ომში მთლიანად განადგურდა საჩხერის ბატალიონი. ორი თუ სამი ბიჭი გადარჩა მხოლოდ. მე ეს ყველაფერი ერთი კვირით ადრე სიზმარში ვნახე, ოღონდ, ცხადია არც ის ვიცოდი, საჩხერელ ბიჭებს თუ გულისხმობდა ჩემი სიზმარი, არც ის, ამ სიზმარში ტბორად დამდგარი მდინარე სიკვდილს თუ ნიშნავდა…

ეს ამბავი რადიომ გადმოსცა. ბაბუა მივიდა კედელთან, რადიო გამორთო და აღარასოდეს ჩაურთავს.

ზუსტად წლისთავზე ბაბუაც წავიდა სულეთის ქვეყანაში, ჩვენ კი რადიო აღარაფერში გვჭირდებოდა, ეს უცნაური ნივთი ნელ-ნელა უფრო სწრაფმა, მოქნილმა და კომფორტულმა რაღაცებმა ჩაანაცვლა. ან ჩვენ გავიზარდეთ და დავკარგეთ რაღაც, რითაც რადიოს ვუსმენდით ხოლმე, რითაც გვიყვარდა და გვეჯადოსნურებოდა…

ახლაც კედელზე კიდია. ასე გადავწყვიტეთ: ვიდრე ის წინაპრების სახლი დგას, რადიოც სულ ეკიდოს – სიძველისგან გადაცრეცილი, მავთულებჩაჟანგებული, ადამიანის სიმაღლეზე ერთი თავით ზემოთ, ზუსტად თარიღის ასწვრივ.

„1945“ – საგულდაგულოდ ამოკაწრა თავის დროზე ჩემმა დიდმა ბაბუამ ჩვენი სახლის აშენების წელი.

ხსოვნა მაინც ხომაა მარადიული, ზუსტად ისეთივე ელექტროტალღებით დროებს, სივრცეებს გადამცემი, როგორც რადიო.

ადამიანიც ხსოვნის უნარით ფასობს, მარადისობის წინაშე თავს სხვა ვერაფრით გადაირჩენ, ვერ გამოჩნდები.

ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პერსონაჟი

0

„ადამიანი თავის თავს ვერ დაეხმარება, თუ სხვებს არ უთხრა“.

სარა შვარტი

ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა საზოგადოებაში იწვევს შიშს, გაუცხოებას, სირცხვილს. ხშირია დიაგნოზის დამალვა, პრობლემის შესახებ საუბრის აკრძალვა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ფსიქიკური და ქცევითი აშლილობის რამდენიმე ათასი შემთხვევაა აღნუსხული, საზოგადოებრივი ცნობიერება ამ კუთხით ძალიან დაბალია.

სტატიის მიზანი პრობლემის მოგვარების მცდელობა არ არის. მინდა, ერთი გაკვეთილის შესახებ გიამბოთ – როგორ დაგვაფიქრა ერთმა ეპიზოდმა მე და ჩემი მოსწავლეები ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ადამიანებზე. გაკვეთილმა კითხვები გააჩინა: რა ვიცით ჩვენ – უფროსებმა და რა იციან ბავშვებმა ამ საკითხზე? რატომ არის საჭირო მსგავს თემებზე საუბარი და როგორი ფორმა უნდა გამოვუძებნოთ სათქმელს?

ლიტერატურის მნიშვნელოვნებაზე ბევრს ვსაუბრობთ. მისი საშუალებით სხვა ადამიანების გრძნობებს ვეცნობით და განვიცდით. მასწავლებელს ამ განცდებსა და რეალობას შორის შუამავლის როლი აკისრია. პირადი მაგალითის ძალაზეც ხშირად ვამახვილებთ ყურადღებას. რა თქმა უნდა, ყველას არ ექნება მოსაყოლი ამბავი ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ოჯახის წევრის შესახებ. ასეთ დროს შეიძლება ამბის გამოგონებაც (იხ. სტატია „გამარჯობა, მე ლევანი მქვია და მე მჩაგრავენ…“ ბმულზე

გამარჯობა, მე ლევანი მქვია და მე მჩაგრავენ…).

ყველაფერი კი ასე დაიწყო.

ასტრიდ ლინდგრენის დაბადების დღე ახლოვდებოდა. სოფელ უწერის საჯარო სკოლაში ასტრიდ ანა ემილია ლინდგრენს დაბადების დღეებს ვუხდიდით ხოლმე, რადგან იქაური ბავშვები კითხვით სწორედ მისი წიგნების წყალობით დაინტერესდნენ. თბილისის კერძო სკოლაში დაბადების დღის აღნიშვნა ფორმალური რომ არ ყოფილიყო, გადავწყვიტე, მეექვსეკლასელებისთვის „მადიკენი და იუნიბაკენელი კუდრაჭა“ გამეცნო. წიგნი ქართულად რამდენიმე თვის წინ ითარგმნა და ჩემთვისაც აღმოჩენა იყო.

ასტრიდის პერსონაჟთა გალერეა მრავალფეროვანია – ადამიანები იდეალურები სულაც არ არიან, თუმცა წიგნმა „მადიკენი და იუნიბაკენელი კუდრაჭა“ ამ მხრივ კიდევ უფრო გამაკვირვა. მაგალითად, აქ გაიცნობთ ალკოჰოლიზმით დაავადებულ ბატონ ნილსონს, დედას, რომელსაც უყურადღებოდ ჰყავს მიტოვებული მცირეწლოვანი შვილები და სტატიის მთავარ გმირს – ბატონ ლინდკვისტს, რომელსაც ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა აქვს. მწერალი ცდილობს, ბავშვებს (მკითხველს) დაანახოს მრავალფეროვანი საცხოვრებელი გარემო და განსხვავებული ადამიანების მიმღებლობის აუცილებლობა.

წიგნში განვითარებული მოვლენები შვიდი წლის მადიკენისა და მისი პატარა დის ირგვლივ ტრიალებს, რაც ამბავს უფრო მეტ სიმძაფრეს სძენს. წიგნი მეოცე საუკუნის 70-იან წლებშია დაწერილი. შვიდი წელი ის ასაკია, როდესაც სამყაროს ნელ-ნელა ეცნობი და ქცევის მართვას სწავლობ. ოჯახს, სკოლას, გარემომცველ სოციუმს უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს საზოგადოებრივი ცნობიერების ჩამოყალიბებისთვის. „მადიკენი და იუნიბაკენელი კუდრაჭა“ ამ მხრივ გამორჩეული წიგნია.

იმ ეპიზოდის შინაარსი, რომლის გარშემოც გაკვეთილი ავაგე, ასეთია: მადიკენის დედის დაბადების დღეს ოჯახი სურათის გადასაღებად გაეშურება. გზად ბაღი უნდა გადაკვეთონ. აქ ქოხია, რომელშიც ბატონი ლინდკვისტი მარტოდმარტო ცხოვრობს. ლინდკვისტისა ყველას ეშინია, მშობლები ბავშვებს მასთან მიახლოების უფლებას არ აძლევენ, რადგან „მთლად დალაგებული არ არის“.

მადიკენსა და მის პატარა დაიკოს, ლისაბეტს, ბატონი ლინდკვისტის ქოხის ნახვა სურთ. მამა შვილებს უხსნის, რომ მოხუცი ასეთი საშიში და კარჩაკეტილი მას შემდეგ გახდა, რაც ცოლი და პატარა შვილი ტბაში დაეხრჩო. ცოტა ხანში მოვლენები სხვაგვარად განვითარდება: მშობლები ნაცნობთან საუბარს შეჰყვებიან, ამასობაში კი ლისაბეტი გაუჩინარდება. მალევე დაინახავენ, როგორ მიათრევს მოხუცი ატირებულ გოგონას.

საინტერესოა დედისა და მამის რეაქციაზე დაკვირვება: თუ მანამდე მამა მშვიდად უხსნიდა ბავშვებს ლინდკვისტის ქცევის თავისებურების მიზეზს, ამ ქცევასთან შეჯახებისას წონასწორობას კარგავს და მზად არის, თავს დაესხას მოძალადეს. სამაგიეროდ, დედა გონიერებას და სიმშვიდეს ინარჩუნებს: ჯერ გაშმაგებულ მამას აჩერებს, მერე ატირებულ ლისაბეტს მკაცრად მიმართავს, რომ ტირილი შეწყვიტოს, მოხუცთან მიდის, ლოყაზე ეფერება და შვილის დაბრუნებას სთხოვს. ლინდკვისტი ჯიუტად იმეორებს, რომ ლისაბეტი მისი შვილია. ცოტა ხნის ფიქრის შემდეგ დედა მას მოხალულ ნუშსა და ნიგვზიან ნამცხვარს სთავაზობს, ჩანთას ხსნის და იქიდან ტომსიკებს იღებს. ლინდკვისტს ორივე ხელი სჭირდება ტკბილეულის გამოსართმევად, ამიტომ ლისაბეტს ხელს უშვებს და, ამგვარად, პატარა გოგონა თავისუფლდება. დედა კიდევ ერთხელ ეფერება მოხუცს ლოყაზე და ემშვიდობება.

ასეთ გონივრულ გამოსავალს და სიტუაციის მართვის გზას გვთავაზობს ასტრიდი. ცდილობს, ლიტერატურის მეშვეობით მიაწვდინოს ხმა საზოგადოებას, რომ ყურადღების გადატანა, სითბოს გამომჟღავნება, ბრაზის მოთოკვა სხვისი რთული ქცევის მართვის საუკეთესო ხერხებია. იმასაც გვაპარებს, რომ ბატონი ლინდკვისტი სულ ასეთი „გადარეული“ არ ყოფილა, რომ საზოგადოებისგან პირადმა ტრაგედიამ და დიდმა სტრესმა გარიყა.

საკლასო ოთახში დავბრუნდეთ.

სამგვერდიანი ეპიზოდი შერჩეულია. თავდაპირველად ასოციაციურ რუკას ვქმნით. დაფაზე ვწერ: ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ადამიანი, ბავშვები კი შემდეგ სიტყვებს მკარნახობენ: გაფრენილი, გიჟი, ტვინით ავადმყოფი, კანიბალი, სკლეროზიანი, მკვლელი, მოძალადე, მანიაკი.

მათ არაფერი იციან, გარდა იმისა, რომ ფსიქიკური პრობლემის მქონე ადამიანი საშიშია. 2015 წელს საქართველოში ჩატარებული კვლევაც ცხადყოფს, რომ ამ მხრივ ბევრი არაფერი ვიცით, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ადამიანებისა ჯერ კიდევ გვეშინია და ჯანმრთელობის ასეთი პრობლემა ჯერ კიდევ სტიგმად რჩება.

წავიკითხეთ შერჩეული ეპიზოდი. განვიხილეთ თითოეული პერსონაჟის საქციელი. ვისაუბრეთ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის რაობაზე.

პირადი ამბის მოყოლის დრო დგება. ვიხსენებ, რომ ზუსტად მადიკენის ტოლი, შვიდი წლისა ვიყავი, პირველად რომ გავიგე, რას ნიშნავს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა. ჩემს უფროს ძმას შიშის ნიადაგზე უძილობა დაეწყო და თანდათან იმდენად გაუმწვავდა მდგომარეობა, რომ რამდენიმე წელიწადში ქრონიკული შიზოფრენიის დიაგნოზი დაუსვეს.

მოვუყევი, რომ მრცხვენოდა ჩემი ძმის საქციელის. თავზე ცა მემხობოდა, როცა ქუჩაში გამვლელები ერთმანეთს ზურასკენ მიუთითებდნენ და გიჟად მოიხსენიებდნენ. დიდხანს მიჭირდა საუბარი პრობლემის შესახებ. მერე დავძლიე სირცხვილის გრძნობა. ფსიქიატრიული კლინიკების შესახებაც ვუამბე. ყველაზე მწვავე პერიოდშიც კი თითი რომ არ დაუკარებია ჩემთვის, არც ამის თქმა დამვიწყებია. ახლა ვხვდები, რომ მისი აგრესიის მთავარი მიზეზი ხშირად არასწორი ქცევა იყო. მე და ჩემმა ოჯახის წევრებმა არ ვიცოდით, როგორ მოვქცეოდით ზურას. არც არავინ გვასწავლიდა. ყველა დავიბენით: ჩვენ, მეზობლები, ნათესავები. რთული სიტუაციიდან გამოსავლად ზურას ფსიქიატრიულ კლინიკაში გამოკეტვა მივიჩნიეთ.

ჩემი პირადი ამბავი ადვილი მოსასმენი არ არის ბავშვებისთვის, მაგრამ თუ სათქმელს ადეკვატურ ფორმას უპოვი, საკლასო ოთახში იუმორმაც შეიძლება გაიჟღეროს, მაგალითად, როცა შიზოფრენიის ერთ-ერთ მახასიათებლად უცხოპლანეტელებთან ზურას წარმოსახვითი საუბარი ვახსენე, ერთმა გოგონამ მითხრა, მერე რა მოხდა, მასე დედაჩემიც ელაპარაკება ხმამაღლა საკუთარ თავსო. ზურას გაცნობის სურვილიც გამოთქვეს.

დასაწერად თავისუფალი თემა მივეცი, სათაურით „რა შეცვალა ჩემში ამ ეპიზოდმა“.

რა თქმა უნდა, ათი-თერთმეტი წლის გოგო-ბიჭებს ერთი გაკვეთილი პრობლემის გადაჭრის გზას ვერ აპოვნინებს, მაგრამ მათ შინაგან სამყაროში მნიშვნელოვანი ძვრების დასაწყისად შეიძლება იქცეს.

მეორე დღეს ერთმანეთს ხმამაღლა უკითხავდნენ ნაწერებს. ყველაზე მეტად იმან გამახარა, რომ ფორმულირებისას ფრთხილობდნენ და დიდი იმედი მაქვს, ასოციაციურ რუკაზე ჩამოწერილი სიტყვებით ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ადამიანებს აღარასოდეს მოიხსენიებენ.

„ამ მოთხრობამ ჩემში შეცვალა ის, რომ ადამიანს, რომელსაც ფსიქიკური პრობლემა აქვს, არ უნდა ვუწოდოთ გიჟი, პირიქით, უნდა დავეხმაროთ. ისინი ხომ შინაგანად კეთილი და საყვარელი ადამიანები არიან. სანამ მათ გიჟებს უწოდებთ ან რამე ცუდს იტყვით, წარმოიდგინეთ მათი მდგომარეობა, სევდა, ტკივილი, სინანული და მერე თქვით, თუ გაბედავთ ამას“.

„ამ ეპიზოდმა მასწავლა, რომ სხვებს გიჟები არ უნდა დავუძახოთ, არ უნდა შეგვეშინდეს და არ უნდა დავამციროთ ის, ვინც ჩვენგან განსხვავდება.

მაგალითად, წიგნი „საოცრება“ არის ბიჭზე, რომელიც თავისი სახით განსხვავდება, მაგრამ ბოლოს ბევრი მეგობარი ეყოლება და ყველაფერს შეცვლის.

წიგნი „თევზი ხეზე“. ელი უცნაურია იმით, რომ ის დანარჩენებს არ ჰგავს და არც დაემსგავსება. მისთვის ასოები პეპლებივით დაფრინავენ, ესე იგი, მას წერა-კითხვა არ შეუძლია.

ლელა მასის ძმა, ზურა, იმითი არის უცნაური, რომ ის მეგობრებსა და ახლობლებს განშორებულია, თითქოს მას ემოციები არ აქვს“.

„ამ ეპიზოდმა დამაფიქრა იმაზე, რომ არ აქვს მნიშვნელობა, ის როგორია ან რანაირი ადამიანია, რადგან მასაც აქვს გრძნობები და გული“.

„ამ ეპიზოდმა მიმახვედრა, რომ ყველა ადამიანი ადამიანია, არა – გიჟი. ისიც ადამიანია, ოღონდ განსხვავებული. ამ ეპიზოდმა დამაფიქრა, რომ სხვას მხარში უნდა დაუდგე და არ უნდა დასცინო“.

„მე გავიგე, რომ ფსიქიკური პრობლემის მქონე ადამიანი არის ტყვე. მას არ უნდოდა ყოფილიყო ასეთი. მას ეს გზა არ აურჩევია და ჩვენ უნდა მოვუფრთხილდეთ. მათ არ შეუძლიათ იფიქრონ, როგორც ჩვენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისინი არიან გიჟები. თუ ექნებოდათ არჩევანის უფლება, ისინი არჩევდნენ ისეთ ცხოვრებას, როგორიც ჩვენ გვაქვს. ჩვენ უნდა დავეხმაროთ მათ. შეიძლება, ყველა ვერ გამოვასწოროთ, მაგრამ რაღაცას მაინც ხომ გავაკეთებთ. ტექსტმა შეცვალა ჩემი ფიქრი ასეთ ადამიანებზე“.

„ძალიან მომეწონა დედის საქციელი, რადგან ეს ხომ იმასაც ნიშნავს, რომ ის კარგად აღზრდილი ადამიანია. დავფიქრდი იმაზე, რა კარგი იქნება, ყველა ასე რომ მოიქცეს.

ძალიან შემეცოდა ლელა მასის ძმა, ლელა მასწავლებელი და მისი მშობლები“.

 

ბავშვების გულწრფელობას ადვილად იგრძნობთ, იმასაც შეამჩნევთ, რა სწორად შეუფასებიათ წაკითხული და მოსმენილი, არათუ გაუაზრებით, არამედ გულში გაუტარებიათ და პატარა გადაწყვეტილებებიც მიუღიათ.

ასე რომ, ასტრიდის დაბადების დღე დემოკრატიულ ღირებულებებზე ყურადღების გამახვილებით აღვნიშნეთ. სტატიაში აღწერილი ეპიზოდი შეგვიძლია დავუკავშიროთ დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების სარეკომენდაციო ჩარჩოს, კერძოდ, მეცამეტე კომპეტენციას – ემპათიას და ერთ-ერთ დესკრიპტორს: „თანაგრძნობას გამოხატავს სხვა ადამიანების თავს დატეხილი უსიამოვნების გამო“.

ბავშვების წერილები სავსეა თანაგრძნობის გამომხატველი ფრაზებით. ლიტერატურულმა მაგალითმა: ბატონი ლინდკვისტის პირადმა ტრაგედიამ, მარტოსულობამ, რთული ქცევის გამოვლენის მიზეზებში გარკვევამ და მადიკენის დედის გონივრულმა ქმედებამ, – ბავშვები თანაგრძნობით განსმჭვალა და მათთვის კიდევ უფრო ადვილი აღსაქმელი გახადა ჩემი პირადი ისტორია.

 

ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებზე სწორედ სკოლაში უნდა დავიწყოთ საუბარი. გავეცნოთ მიზეზებს და გავაცნოთ ისინი ბავშვებსაც, გავერკვიოთ იმაში, რთულ ქცევასთან შეჯახებისას როგორ ვიმოქმედოთ. როდესაც შიშს დავამარცხებთ და გავაცნობიერებთ საფრთხეს, რომ შეიძლება, ცხოვრების რომელიმე ეტაპზე თითოეული ჩვენგანი იმავე პრობლემის წინაშე აღმოჩნდეს, საზოგადოებრივი ცნობიერებაც აგვიმაღლდება და სამყაროც უკეთესობისკენ შეიცვლება.

ბავშვობაში ჩემ გარშემო ყველა დუმდა. მაშინ რომელიმე გაკვეთილზე მსგავს პრობლემაზე რომ გვესაუბრა, ჩემთვის ბევრი რამ ნაკლებად მტკივნეული იქნებოდა. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, ხმა ამოვიღოთ, ვისაუბროთ, პირადი გამოცდილება ერთმანეთს გავუზიაროთ.

წერილის ბოლოს კი აუცილებლად უნდა ვახსენო ასტრიდ ლინდგრენისა და 12 წლის გოგონას, სარა შვარტის, რამდენიმეწლიანი მიმოწერა. წერილებში სარა გულწრფელად უყვება ასტრიდს საკმაოდ მწვავე ფსიქიკური პრობლემების შესახებ. ერთგან ასეთ რამეს წერს: „არც ერთ ადამიანს, არც ავადმყოფს და არც ჯანმრთელს, არ უნდა, იყოს სულიერად დაავადებული და არც ერთი ადამიანი არ უმხელს სხვას, რომ სულიერად დაავადებულია“.

მწერალიც ცდილობს, პატარა გოგონას საკუთარი თავის რწმენა გაუღვივოს და საკუთარი ცხოვრებიდან მაგალითები მოჰყავს, მაგალითად, როგორ იყო შეპყრობილი სუიციდური აზრებით, როგორ შეაშინა ერთხელ ფსიქიკურად დაავადებულმა კაცმა და როგორ გაიქცა… ასტრიდის პასუხები ჩემთვის ერთ მოწოდებად ხმიანდება: “ჰეი სარა, შენ მარტო არ ხარ, ოდესმე ყველას გვიშფოთდება სული.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების სარეკომენდაციო ჩარჩო, ტომი II, 2018
  2. https://netgazeti.ge/life/84699/?fbclid=IwAR0OzHt1RfQUmpzepsAMuThfqYw-hCrFR9Ntxjmb9RrS8Yuyz3qCCXdOVTk
  3. „შენს წერილებს ლეიბის ქვეშ ვინახავ“, ასტრიდ ლინდგრენი, სარა შვარტი, 2018

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...