სამშაბათი, მაისი 20, 2025
20 მაისი, სამშაბათი, 2025

მარტოდ დარჩენილი მშობელი

0

ამას წინათ სამარშრუტო ტაქსიში მგზავრობისას ძალიან სევდიან ამბავს შევესწარი. ჩემ წინ სავარძელზე დედა და შვილი ისხდნენ, დედა ოცდაათ წლამდე იქნებოდა, შვილი – ოთხი-ხუთი წლის. ბავშვი გაუთავებლად რაღაც კითხვებს სვამდა, დედა ხან პასუხობდა, ხან – არა. გზა გაიწელა. საცობი იყო. ბავშვი დაიღალა და როგორც აღგზნებულ ფსიქიკას სჩვევია ხოლმე, წრიალს მოუმატა, დედა კიდევ უფრო მეტად შეწუხდა და სავარძლებს შორის ვხედავდი,  „დაწყნარდისთან“ ერთად, როგორ უჭერდა ბიჭს ხელს მკლავზე. ბიჭი ერთი-ორი წუთი ჩერდებოდა და ისევ იწყებდა წრიალს, წუწუნს, შეკითხვებს!

ნელ-ნელა სიტუაცია დაიძაბა და ბავშვმა მშობლის ლანძღვა დაიწყო:

  • არ მიყვარხარ, დებილო! ცუდი დედა ხარ! – იმეორებდა ისტერიულად.

მათ უკან ვიჯექი, მარშუტკაში თითქმის ჭყლეტა იყო, სავარძელი მეფარებოდა და გამოლაპარაკების ან ბავშვის გართობა-დამშვიდების საშუალება არანაირად არ მქონდა. სავარძლებს შორის ღრიჭოდან ისევ ვხედავდი, როგორ უჭერდა ხელს დედა შვილს.

  • გაჩერდი, გაჩერდი, გაჩერდი! – უმეორებდა ცუდად დამალული აგრესიით.

გარტყმით ვერ გაარტყამდა, შეიძლება შერცხვენოდა კიდევაც, შეიძლება შეშინებოდა, კანონი დიდად არ კანონობს, მაგრამ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე მაინც უფრო ერიდებიან ბავშვის ფიზიკურ დასჯას. შეიძლება სახლში არც ურტყამდა და ეს ნერვიული ხელის მოჭერა ყველაზე მეტი იყო, რითაც დედა თავისი ფიზიკური უპირატოსების ჩვენებას, ამით დაშინებასა და შვილის გაჩერებას ცდილობდა, თუმცა არა მგონია. იმდენად ნერვული იყო ეს ხელის მოჭერა, იმდენად უმწეო და სუსტი ჩანდა ორივე ხელი, მშობლისაც და შვილისაც, რომ ამ უმწეობით გაბრაზებული, ვფიქრობ, რომ არა მოწმეები, აუცილებლად გაარტყამდა. თუმცა დედის ბრაზის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ჩვენ ვიყავით: მისი შვილის უსაქციელობის შემსწრეები, რომელთა წინაშეც იჯდა შერცხვენილი, დაღლილი, სუსტი და თავისზე უფრო სუსტზე ცდილობდა ძალადობას.

ამასობაში სამარშრუტო ტაქსიში შუახანს გადაცილებული, ნატურალურბეწვისქურქიანი, მკაცრი და ლამაზი შესახედაობის ქალი ამოვიდა. ასაკის გარეშეც მთელი მისი ამაყი პერსონა გამცნობდათ, რომ უნდა ამდგარიყავით და ადგილი დაგეთმოთ. ასეც მოხდა და ეს ქალი ამ ბავშვისა და დედის გვერდით აღმოჩნდა.

ბავშვმა, რა თქმა უნდა, წრიალი და წუწუნი განაგრძო, კარგად ვერ ვხედავდი, მაგრამ მგონი, დედაზე ხელითაც იწევდა.

  • მე იცი, ვინ ვარ?! პედიატრი ვარ! ბავშვთა ექიმი, გაჩერდი თორემ გაგიკეთებ ნემსს! დაემუქრა სასწრაფოდ ეს მედიდური იმ პატარას. მუქარა რომ ძალადობაა, ბავშვს რომ მართლა შეიძლება დასჭირდეს ნემსის გაკეთება, ეს რომ მერე მისთვის გაცილებით მტკივნეული იქნება, როგორც სასჯელს ისე რომ აღიქვამს, რაღა თქმა უნდა, ამ პედიატრს არაფრად ანაღვლემდა. მთელ საზოგადოებას გვამცნო, ექიმი ვარო და თავისი ჭკუით ბავშვის უსაქციელობაც შეაკავა.

დედას კი ლაპარაკი სჭირდებოდა, გაზიარება, თავის მართლება, ამბის მოყოლა. მისი დაძაბული არსება ამდენს ვეღარ იკავებდა და როგორც კი ეს ქალი გამოელაპარაკა, მაშინვე დაიწყო:

  • ადრე არ იყო ასეთი! ბაღში მოიყვანეს ერთი საშინელი ოჯახის შვილი, დედა მესამედაა გათხოვილი, მამინაცვალი ლოთია, იმ ბავშვისგან გადაიღო, იმას ბაძავს. ვეუბნები, ნუ მეგობრობ მაინცდამაინც მაგ ბიჭთან-მეთქი, არ მიჯერებს, რაც ის მოიყვანეს ბაღში, იმის მერეა ასეთი.

და აქ მოხდა ყველაზე დამზაფვრელი რამ. ბავშვმა  ისტერიულად დაიწყო  ერთი და იმავე ფრაზის გამეორება:

  • ვინც ემეგობრება, იმას არ ურტყამს, ვინც ემეგობრება, იმას არ ურტყამს, ვინც ემეგობრება, იმას არ ურტყამს… ალბათ ერთი ოცჯერ მაინც გაიმეორა.

უკვე გაჩუმება და გაჩერება შეუძლებელი გახდა, თან შევატყვე, ჩასასვლელად დაიწყეს მომზადება, ადგნენ, რომ წინ გადასულიყვნენ. უკვე პირისპირ ვხედავდი და რაც შეიძლებოდა სწრაფად დავიწყე, რომ პატარა ადამიანი ისედაც მსხვერპლი იყო და დახმარება სჭირდებოდა, რომ მან მოძებნა გამკლავების ასეთი ფორმა, რომ უნდა მოითხოვოს, ბაღმა მოაგვაროს მისი პრობლემა, რომ, სავარაუდოდ, ის ბავშვიც მსხვერპლია, მასაც სჭირდება დახმარება, რომ ქვეყანაში არსებობს ბავშვზე ძალადობის ეროვნული ქსელი, რომ სოციალური სამსახურებიცაა და რა ვიცი… რაც უცებ მოვასწარი.

დედამ ისეთი მადლიერი თვალებით გადამიხადა მადლობა, მივხვდი, მართლა არ იცოდა, რა ექნა. რაღაცები დააზუსტა, მოვძებნი ფსიქოლოგსო, შემპირდა და ჩავიდნენ.

მე ვერ ჩავყვებოდი. ლექციები მქონდა. დაწყებითი კლასების მომავალი მასწავლებლებისთვის საბავშვო მწერლობა უნდა მესწავლებინა.

ძალიან კარგები არიან, ლამაზები, ინტერესით დადიდებული თვალებით, ბევრს კითხულობენ და უნდა გაგახაროთ, ყოველ წელს უფრო და უფრო განათლებული ნაკადი მოდის. ბევრს სწავლობენ, და რაც მთავარია, მეიმედებიან, რომ მოძალადეები არ იქნებიან, ასაკობრივი თავისებურებების ცოდნა, მეთოდოლოგისა თუ კონკრეტული ტექნიკების ფლობა ადამიანობასთან ერთად საშუალებას მისცემთ ისე აღზარდონ, არ იძალადონ, ბულინგსაც ამოიცნობენ და პრევენციისა და დაძლევის გზებიც ეცოდინებათ.

ჩამოვედი სამარშრუტო ტაქსიდან დამძიმებული, ცალკე ამ ბავშვის ხმა მედგა ყურებში, ვინც ემეგობრება, იმას არ ურტყამსო, ცალკე დედის შეწუხებული და მახვეწარი თვალები, ცალკე ის მოძალადე ბავშვი მადარდებდა, სავარაუდოდ, მოძალადე დედით, რომელზეც, ასევე სავარაუდოდ, ის ლოთი ქმარი ძალადობს. მივხვდი, რომ არ უნდა წავსულიყავი ლექციებზე, იმ ქალს უნდა ჩავყოლოდი, კარგად უნდა დავლაპარაკებოდი, ან სახელი და გვარი მაინც მეთქვა, სოციალურ ქსელში დამიკავშირდებოდა, ან ტელეფონი მიმეცა… მგონი, პირველად ჩემგან მოისმინა, რომ საშველი არსებობს, რომ ვიღაც ვალდებულია, დაეხმაროს, რომ ეს მისი პატარა შვილი დამნაშავე და სამარცხვინო არაა.

ამ ამბიდან თვეზე მეტია გასული, მაგრამ მაინც ვერ მოვიშორე დანაშაულისა და უკმარობის განცდა. ყველაზე ზრუნავს სახელმწიფო მეტ-ნაკლებად, იხვეწება პროგრამები, ახალი და აქტუალური საგნები ემატება სკოლას, მჯერა, იზრდება და გაიზრდება მასწავლებელთა დონეც, რა თქმა უნდა, ყველგან მძიმე პრობლემებია აღზრდის სფეროში, მაგრამ  ყველაზე მიტოვებული, ყველაზე უმწეო ის მშობელია, რომელმაც შვილები კი გააჩინა, მაგრამ მათი აღზრდის არაფერი გაეგება. ტრადიციული ავტორიტარული მეთოდი აღარაა  ეფექტური,  მან კი სხვანაირად გაზრდა არ იცის. არადა უნდა, სასახელო და საამაყო იყოს მისი შვილი.

რა თქმა უნდა, უამრავი მშობელია, რომელსაც არაფრის გაგონება არ უნდა, მიაჩნია რომ ყველაზე უკეთ იცის, როგორ გაზარდოს საკუთარი შვილი. აი, სწორედ ეს, „საკუთარი“ აქცევთ ჩარჩოებში და ვერაფრით დაეხმარები, მაგრამ ხომ არიან ასეთებიც, კრიტიკულმა სიტუაციამ მწვავედ რომ აგრძნობინათ უმწეობა და მზად არიან რაღაცის სასწავლად, მოსასმენად, შესაცვლელად, გასაზრდელად.

კეთილი გამვლელების იმედზე არ უნდა იყვნენ ეს მშობლები. უნდა არსებობდეს რაღაც ცენტრი, რაღაც სამსახური, სადაც დახმარებისთვის მივლენ, სადაც დედობას და მამობას ისწავლიან, თანამედროვეობაში გამოსადეგ მიდგომებს გაეცნობიან, შვილის დაცვისთვის საჭირო უნარებს შეიძენენ, მათთვის მაინც, ვისაც ამისი სურვილი აქვთ.

არ უნდა წავსულიყავი ლექციებზე. იმ ქალს უნდა გავყოლოდი. ხანდახან უცებ ვერ ვაფასებთ, სად უფრო მეტად ვართ საჭირო!

 

 

 

 

პრაქტიკული  გრამატიკის  სწავლება  სააზროვნო სქემებით

0

ენის გრამატიკული კურსის შესწავლა ოდითგანვე ხორციელდებოდა  ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში და ყოველთვის იყო დამოკიდებული პედაგოგის კომპეტენციაზე. ამ შემთხვევაში მეცნიერების ცოდნას კი არა,  სწავლების მიმართ დამოკიდებულებას ვგულისხმობ.

მინდა  გამოცდილება გაგიზიაროთ , როგორ ვასწავლი და რატომ ვასწავლი ენას მხოლოდ სქემებით .   ამ ფორმით ყველაზე მარტივია მნიშვნელოვანი ცნებებისა და პრაქტიკული წესების გააზრება .   ენა მეცნიერებაა და მხოლოდ ლოგიკასა და გაგებაზე  ვერ იქნება დამყარებული, აუცილებელია გარკვეული ცოდნის დამახსოვრება. სქემა თუ დიაგრამა საშუალებას იძლევა ,  მინიმალური ვერბალური მარაგით  უფრო თვალსაჩინოდ და გასაგებად ავხსნათ ფონეტიკური, მორფოლოგიური თუ სინტაქსური საკითხები.

სასკოლო სივრცეში გრამატიკის მხოლოდ  აღნიშნული დარგები ისწავლება ,  მეექვსე კლასელ მოსწავლეს,  შესწავლილი საკითხების მიხედვით, უკვე უნდა შეეძლოს ნავიგაცია ამ სქემაზე.   მომდევნო კლასებსა და საფეხურებზე შეცდომების კლასიფიცირება უიოლდებათ ,  ასეთი მიდგომა არ არის მექანიკურ დამახსოვრებაზე ორიენტირებული. ვთქვათ,  მოსწავლემ იცის, რომ  ფონეტიკა ბგერას სწავლობს, სიტყვაში ბგერით ცვლილებასთან დაკავშირებული შეცდომა რომელ საკითხს მიემართება,   უკვე იოლი მისახვედრია.

 

 

მოსწავლეები თავად აგებენ სქემას ან დიაგრამას 

გარკვეული ცოდნისა და გამოცდილების დაგროვების შემდეგ შეგვიძლია, მოსწავლეებიც ჩავრთოთ სქემების აგების პროცესში . როდესაც ახალ საკითხს ავხსნით ,  რეფლექსია  , შეჯამება  სქემის სახით  წარმოვადგენინოთ  მოსწავლეს ან მოსწავლეთა ჯგუფს  დაფაზე( თუ საშუალებაა ფლიპჩარტზე, რადგან ეს უკვე რესურსია).    სქემით  ან დიაგრამით  შესაძლებელია  შემაჯამებელ ან მიმდინარე ნაწერში დაშვებული შეცდომების კლასიფიცირება.   თუ სამიზნე ზეპირმეტყველებაა , მოსმენის შედეგად  ჩანიშნული  ხარვეზების მიხედვით შეუძლიათ მყისიერად ააგონ  მოსახერხებელი და მარტივი სქემა  ნებისმიერი ფორმით და დიზაინით. განზოგადება , აღქმა , გაანალიზება, ასე უფრო მარტივია.

 

 

აქვე შემოგთავაზებთ  ჩემი მოსწავლის რვეულის ჩანაწერს. საკითხი შეეხება ზმნის კილოს ფორმებს.  რამდენიმე პარაგრაფი ერთი მოკლე და მარტივი ჩანაწერით, ფაქტობრივად, სრულყოფილადაა წარმოდგენილი.

ამ ფორმით სწავლების დადებითი ასპექტები !   

  • მოსწავლეს აღარ უწევს წიგნში ძიება.  ერთ რვეულშია მოთავსებული ყველა ინფორმაცია , დასათაურებულია და გამოკვეთილია მართლწერის საკითხები.
  • გამოიყენებს არა მხოლოდ  გაკვეთილისათვის ან საგამოცდოდ , არამედ  მთელი ცხოვრება, რადგან მართლწერა და მართლმეტყველება მუდამ  და ყველგან სჭირდება.
  • უცხო ენის შესწავლისას დაეხმარება საკითხების ანალოგიებისა და განსხვავებების დანახვა-გააზრებაში.
  • თეორიულ ცოდნას იყენებს პრაქტიკაში. რედაქტირებისას ასახელებს არგუმენტებს და შეუძლია შეცდომების კლასიფიცირება.
  • პრაქტიკული გრამატიკის მთელი კურსი მოიცავს მხოლოდ ერთ რვეულს .

რომელი საკითხები ვასწავლოთ ?

 

ესგ-ით განსაზღვრულია ენის კურსის  ის კომპეტენციები, რომლებსაც უნდა ფლობდნენ მოსწავლეები თითოეულ კლასში .  რა თქმა უნდა , აქვე ვერ იქნება წარმოდგენილი ამა თუ იმ თემის კონკრეტული საკითხები , ამას მასწავლებელი საზღვრავს იმის მიხედვით , თუ რამდენად სჭირდებათ ორთოეპიისა და ორთოგრაფიისათვის.

ენის კურსის პრაქტიკული სწავლებისას არანაირ ვალდებულებას არ წარმოადგენს ზმნის გვარის დეტალური შესწავლა, ვნებითი გვარისა და საშუალი გვარის სახეები , ნიშნები  , უღლების ტიპები, მიმღეობის წარმოება გვარის ფორმებით და  მისთანანი.   მაგრამ  მართლწერისა და მართლმეტყველების ნორმების სწავლება აუცილებელია. ამიტომ ყოველი შესასწავლი საკითხის სქემას ვურთავთ მართლწერის ნორმებს  ისევ სქემის ,  ცხრილის  ან დიაგრამის სახით .  მაგალითისათვის იხილეთ ქცევის ნიშნები.

 

 

ქცევა — გვიჩვენებს , თუ ვისთვის არის განკუთვნილი სუბიექტის მოქმედება  ანუ  ვისთვის სრულდება მოქმედება

საარვისო    — თავსართი  ა                   ვ-ა- კეთებ

ა-კეთებ

ა-კეთებს

 

 

არ ჩანს, ვის ეკუთვნის მოქმედება

სათავისო          თავსართი   ი                 ვ-ი-კეთებ

ი-კეთებ

ი-კეთებს

 

 

სუბიექტი მოქმედებს თავისთვის

სასხვისო          თავსართები                   მ-ი -კეთებს  ( ის    მე მას )

გ-ი-კეთებს    ( ის , შენ , მას)

უ-კეთებს    ( ის , მას , მას )

ი ( I II  პირში )

 

უ  (  III  პირში)

 

 

 

მოქმედება განკუთვნილია სხვისთვის(ობიექტისათვის)

 

ასეთი ჩანაწერები  გაკვეთილზე მოსწავლეთა მიერ  ხორციელდება ( ახალი მასალის   ანალიზის შემდეგ) .     თითოეული მათგანი მარტივი გზამკვლევია,  ყველა საკითხი  ერთადაა თავმოყრილი, ცოდნის სისტემატიზაციასა და ორგანიზებას უწყობს ხელს . ამავდროულად არის კონსტრუქტივისტული ,  მოსწავლე  თავად არის მონაწილე და აქტიურადაა ჩართული სასწავლო პროცესში .

როგორ გავხადოთ სახალისო და უტილიტარული ( პრაქტიკული, გამოყენებითი, სასარგებლო) ენის გაკვეთილები …

  რაც შეიძლება მეტი სავარჯიშო   —    შევადგინოთ  და მოვიძიოთ კიდეც

თითოეული საკითხის შესწავლის შემდეგ მასწავლებელი  უნდა ეცადოს , სხვადასხვა ტიპის პრაქტიკული კურსი გაატაროს მოსწავლეებს  როგორც    ონლაინ სივრცეში შერჩეული საჭირო რესურსით, ასევე    სახელმძღვანელოებში  მოძიებული საინტერესო მასალებით. ამ ტიპის სავარჯიშოებს  მოსწავლეები  ხშირად  თავად არჩევენ.

 

  საშინაო-საკლასო რვეულების (  გარდა ქართულისა , ნებისმიერი საგნის) რედაქტირება   —   სახალისო , საინტერესო და შედეგზე ორიენტირებულია რვეულების გასწორება . მოსწავლეები საკუთარ და ერთმანეთის ნაწერში აღმოაჩენენ შეცდომებს, ინიშნავენ ფანქრით და  ანალიზისთვის წარმოადგენენ  კლასის წინაშე. ასეთი აქტივობა ეფექტურია  სხვადასხვა ორგანიზების ფორმით –ინდივიდუალური, წყვილებში, ჯგუფში.

შეიძლება ასეთი ფორმით მუშაობას პროექტის სახეც მივცეთ,  კვლევის ელემენტების შედეგად გამოვლენილი ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომები კი განვაზოგადოთ .

 

 ტექნოლოგიების გამოყენება  ენის  სწავლებისას / რესურსების შექმნა /  

 

გრამატიკის სწავლებისას    ვიზუალიზაციის მიზნით კარგი საშუალებაა ელექტრონული რესურსების შექმნა და გამოყენება . ამ მხრივ,  მოსახერხებელია   ჩვეულებრივი  power point -ის პროგრამა , ინტერაქტიური პრეზენტაცია დაგვეხმარება როგორც ახსნისას , ისე განმტკიცებისა და განმეორების შემთხვევაში.

ონლაინ პლატფორმა https://learningapps.org/ -ის  დახმარებით შესაძლებელია მრავალფეროვანი და საინტერესო სასწავლო რესურსის მომზადება.  მიზნობრივად შეგვიძლია გამოვიყენოთ – ვიქტორინა, სიტყვების ჩასმა, დაწყვილება, დანართების მატრიცა , პროგრამა მოსახერხებელია იმ თვალსაზრისითაც, რომ შესაძლებელია სამუშაო ენის არჩევა.

ამ ტიპის სწავლებით სასწავლო პროცესი უფრო აქტიური, საინტერესო და პროდუქტიული ხდება მოსწავლეებისთვის.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

     

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

Fishbone Diagram-ის გამოყენება გაკვეთილზე

0

მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება არის განათლების მიდგომა, რომელიც ფოკუსირდება მოსწავლეების სჭიროებებზე, შესაძლებლობებზე, ინტერესებსა და სწავლის სტილზე. სწავლა რომ სახალისო, საინტერესო პროცესად და ნამდვილ ინტელექტუალურ გამოწვევად იქცეს, პედაგოგმა თავისი მიდგომა ინოვაციებით უნდა დატვირთოს.

საინტერესო და ეფექტურია საგაკვეთილო პროცესში კოგნიტური დიაგრამების გამოყენება, რაც მოსწავლეებს ეხმარება ინფორმაციის აღქმასა და დეტალების ვიზუალურად დანახვაში.

აბსოლუტურად მისაღებია კონფუცის აზრი ამ მხრივ:  ,,მითხარი მე და დამავიწყდება,  მაჩვენე და მე დავიმახსოვრებ, მომეცი საშუალება, ჩემით ვიმოქმედო  და მე მივხვდები”.

კოგნიტური დიაგრამებით მუშაობა მოსწავლეთა აქტივობებისა და დამოუკიდებლობის გაზრდის საუკეთესო საშუალებაა. ჯერ მასწავლებელმა თავად უნდა შეავსოს დიაგრამა მოსწავლეების წინაშე საილუსტრაციოდ და მერე დაავალოს მათ საკითხის სააზროვნო სქემებით წარმოდგენა. მოსწავლეები აითვისებენ და თვითონაც შექმნიან სქემებს.

კოგნიტური დიაგრამებიდან ყურადღებას განსაკუთრებით იქცევს Fishbone Diagram (ე.წ ,,თევზის ფხა“). დიაგრამას თევზის ფხების ფორმა აქვს. მეთოდი ხელს უწყობს ინფორმაციის გაგება-გააზრებისა და დამუშავების უნარების განვითარებას. ეს ერთგვარი გამჭოლი სემიოტიკური კომპეტენციაა, რომელიც ვერბალური და არავერბალური (რუკის, დიაგრამის, სქემის, ნახატის, მელოდიისა და სხვ.) საშუალებით გადმოცემული ინფორმაციის გააზრებისა და ინტეპრეტირების, საკუთარი ნააზრევისა და განცდილის სხვადასხვა საშუალებით გადმოცემის; ინფორმაციის ნიშანთა ერთი სისტემიდან მეორეში გადატანის  (მაგ. სიტყვიერ ტექსტში ან მუსიკალურ ნაწარმოებში გადმოცემული აზრის ილუსტრაციით გამოხატვის, სიტყვიერი ტექსტისა და ნახატის ერთმანეთთან დაკავშირების, სიტყვიერად გადმოცემული ინფორმაციის დიაგრამის სახით წარმოდგენისა და ა.შ.) უნარს გულისხმობს.

თანამედროვე სწავლებაში განსაკუთრებით აქტიურად გამოიყენება ვიზუალური თვალსაჩინოებები. მოსწავლე გაცილებით უკეთ იაზრებს და იმახსოვრებს მასალას.

ფიშბონის მეთოდი შექმნა იაპონელმა პროფესორმა კაირუ ისაკავამ. ეს მეთოდი შეიძლება გამოვიყენოთ გაკვეთილის სხვადასხვა ეტაპზე და ორგანიზების ფორმებსაც მოვარგოთ.

ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე, ამ მეთოდს ვიყენებ ძირითადად გაკვეთილის საწყის ეტაპზე, გონებრივი იერიშის დროს. როდესაც ვსვამ კითხვას(ზოგადს ან კონკრეტულს); საკითხს ვსვამ და მოსწავლეებისგან წამოვა სხვადასხვა იდეა; მე სელექციის გარეშე ვაფიქსირებ თევზის ფხებზე. რაც მეტი იდეა წამოვა, მით მეტად ვზრდი თევზის ფხების რაოდენობას; ჯერ თევზის კუდს არ ვაფიქსირებ. გონებრივი იერიშის ამ ეტაპზე მონაწილეები მაქსიმალურად ერთვებიან პროცესში; მათ უვითარდებათ ასოციაციური და კრეატიული აზროვნება; ისეთი მაღალი სააზროვნო უნარები, როგორიც არის ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება. გაკვეთილის საწყის ეტაპზე ამ მეთოდით უზრუნველვყოფ საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა მაქსიმალურ ჩართულობას. ,,Fishbone”-ს მეთოდი ხელს უწყობს ინფორმაციის გაგება-გააზრებისა და დამუშავების უნარების განვითარებას. მოსწავლეთაგან იდეების მოწოდების დასრულებისას, როცა დავიწყებთ გამოხშირვას, უკვე ვაფიქსირებ თევზის კუდს და დასკვნაც იქ იწერება.

უნდა აღვნიშნო, რომ  შეგვიძლია Fishbone სხვადასხვანაირად წარმოვადგინოთ. მაგალითად, ჰორიზონტალურად (ძირითადად ასე ვიყენებთ) ან ვერტიკალურად.

გაკვეთილზე კოგნიტური სქემების გამოყენება ზრდის აქტივაციის ხარისხს. იმისთვის რომ წინარე ცოდნა იქცეს დინამიკური ცოდნის საფუძვლად, საჭიროა, მოსწავლეს მასალა შევაჯამებინოთ ამა თუ იმ სახის მეტაკოგნიტური აქტივობით და ამის გათვალისწინებით მივაწოდოთ ახალი. წინმსწრები კოგნიტური სავარჯიშოების გამოყენება დინამიკური ცოდნის საფუძველია.

Fishbone-ის მეთოდს ძირითადად გონებრივი იერიშის დროს ვიყენებ, თუმცა, ასევე, ეფექტურად გამოიყენება გარკვეული მასალის შეჯამებისას. მაგალითად, რომელიმე მეფის მოღვაწეობის შესწავლის დასრულებისას, ან მნიშვნელოვანი ღონისძიებების გატარებისას. მე გამომიყენებია არაერთხელ დავით IV-ის მიერ 8 სავაზიროს შექმნის ვიზუალიზაციისთვის, ასევე, ფარნავაზის რეფორმების შესწავლისას და ა.შ. თევზის თავში წერს მოსწავლე მეფის სახელს, ფხებზე,  მაგალითად,  სავაზიროებს და ბოლოს კუდში პასუხობენ მნიშვნელოვან კითხვას, რა შედეგი გამოიღო ამა თუ იმ რეფორმამ. ასევე გამომიყენებია პრაქტიკაში, როცა თევზის თავში  მეფეს ვწერთ და ფხებზე მნიშვნელოვან ბრძოლებს (ამ მეფის დროს), კუდში კი შედეგებს. ეს შეიძლება იყოს ჯგუფური დავალებაც, რომელსაც ვაძლევთ ფლიპჩარტზე წარმოსადგენად; შეიძლება მივცეთ რომელიმე ისტორიული წყაროს დამუშავებისას ჯგუფებს (თითოეულ ჯგუფს სხვადასხვა წყარო), რომ პასუხი წარმოადგინონ ვიზუალურად Fishbone-ის საშუალებით.

XXI საუკუნეში Fishbone-ს დიაგრამის შექმნა, გარდა ფლიპჩარტზე მარკერებით წარმოდგენისა, კომპიუტერულად სხვადასხვა პროგრამაში შეიძლება. მზა შაბლონია, მაგალითად, ,,Class Tools”-ში, სადაც შეგვიძლია შევავსოთ დიაგრამა, მაგრამ აქ თევზის ფხების  რაოდენობას ვერც გავზრდით და ვერც შევამცირებთ. ამის გაკეთება შეგვიძლია Paint-შიც, გრაფიკული ტაბის საშუალებითაც, პროგრამა Sancore-შიც და ა.შ. ყველაზე ეფექტური და, მე ვფიქრობ, მოსწავლეთათვის მეტად საინტერესო იქნება, თუ Fishbone-ს გავაკეთებთ Minecraft-ში. მოსწავლეები ამ მხრივ უფრო განსწავლულები არიან; ვიზუალურადაც უფრო მიმზიდველი გამოვა.

ამრიგად, თანამედროვე სწავლება ხელს უწყობს ციფრული და სემიოტიკური კომპეტენციების განვითარებას მოსწავლეებში. ეს ყველაფერი კი XXI საუკუნის უნარებია. კოგნიტური დიაგრამებით მუშაობა მოსწავლეებს გაკვეთილზე მიწოდებული მნიშვნელოვანი ინფორმაციის აღქმაში ეხმარება. მათ ხელთაა  ტექსტის, იდეის, საკითხის კონტროლის მექანიზმი, რომელიც ნაწილისა და მთელის, ცნებისა და დეტალების ურთიერთმიმართების დადგენასა და ვიზუალურად დანახვაში დაეხმარებათ. კოგნიტური დიაგრამებით მუშაობა მოსწავლეთა აქტივობებისა და დამოუკიდებლობის ზრდის კარგი საშუალებაა.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ,,ინტერაქტიული მეთოდები პრაქტიკაში“-ავტორთა ჯგუფი, მასწავლებლის სახლი, 2016 წ
  2. ,,ეფექტიანი სწავლება“(თეორია და პრაქტიკა)-გამოცდების ეროვნული ცენტრი, 2010 წ
  3. https://mastsavlebeli.ge/uploads/resursebi/tttttt.pdf
  4. https://ncp.ge/ge/activities/aqtivoba-n3-kognituri?resid=590

 

 

 

,,პირადი მრჩეველი“-ერთი სასწავლო მეთოდის შესახებ

0

 როგორ მოვაგვაროთ პერსონალური კომპიუტერის სიმცირის გამო წამოჭრილი ქცევის წესების დარღვევის პრობლემა?

   დამეთანხმებით, რომ კლასის ეფექტური მართვა და დისციპლინის შენარჩუნება აუცილებელი პირობაა სწავლა-სწავლების პროცესის წარმატებით განხორციელებისათვის.

მოსწავლეთა არასასურველ ქცევას შეიძლება განაპირობებდეს ყურადღების დეფიციტი, ჰიპერაქტიურობა, სოციალური პრობლემა, ძალადობა, არასწორი საკლასო მენეჯმენტი, მასწავლებლის საუბრის მონოტონურობა,  ფიზიკური გარემო, რესურსების სიმწირე და ა.შ.   არასასურველი ქცევის პრევენციისთვის აუცილებელია ვიცოდეთ მისი გამომწვევი მიზეზი.

მინდა ყურადღება გავამახვილო  ფიზიკურ გარემოზე, რომელიც დიდ გავლენას ახდენს მოსწავლეთა ქცევაზე და შესაბამისად სწავლა-სწავლების ხარისხზე.

აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ არის თუ არა რესურსები სწორად განაწილებული და რამდენად არის  ხელმისაწვდომი ყველა მოსწავლისათვის, არის თუ არა სკოლაში  კომპიუტერის, ფიზიკის, ქიმიის ლაბორატორიები და თუ არის, რამდენად აკმაყოფილებს ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს.

შევეცდები მოკლედ და ლაკონურად ავღწერო ჩემს პედაგოგიურ პრაქტიკაში წამოჭრილი პრობლემები. დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი თქვენგანი აღმოჩენილა მსგავს სიტუაციაში.

სკოლაში პერსონალური კომპიუტერის სიმცირის გამო იძულებული ვარ მოსწავლეები დავაწყვილო პრაქტიკული საქმიანობის დროს. ამ დროს ხშირია მოსწავლეთა ქცევის წესების დარღვევა. თითქმის ყველა ცნობილი მეთოდი გამოვიყენე: დავაწყვილე მოსწავლეები მათი უნარებისა და ცოდნის მიხედვით, შევურჩიე საინტერესო დავალებები, შემოვიღე წესის დარღვევისთვის სანქციები, ყოველ გაკვეთილზე დავაწესე ,,საუკეთესო წყვილი“-ს დაჯოლდოება. მაგრამ, გარკვეული ეტაპის შემდეგ ეფექტურობა დაკარგა ყველა ზემოთ ჩამოთვლილმა მეთოდმა.  დილემის წინაშე აღმოვჩდი და  საკუთარ თავს დავუსვი კითხვა- პერსონალური კომპიუტერის სიმცირის გამო, როგორ შეიძლება ქცევის წესების დარღვევის აღმოფხვრა?

პასუხად კი შევიმუშავე  – ,,პირადი მრჩევლის ფორმა“.

 

შევიტანე გაკვეთილზე, გავაცანი მუშაობის პრინციპები მოსწავლეებს  (წყვილში ერთი-ერთი მოსწავლე ასრულებს საკლასო დავალებას, ხოლო მეორე მოსაწვლე აკვირდება მეწყვილის მუშაობას, ავსებს ,,პირადი მრჩევლის ფორმას“ და შემდგომ ცვლიან  როლებს).

მეთოდმა, რომელიც მე გამოვიყენე წყვილებში, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების პრაქტიკული მუშაობის დროს, მომცა დადებითი შედეგი. წყვილში თითოეული მოსწავლე აქტიურად იყო ჩართული დავალების შესრულების პროცესში ისე, რომ ხელს არ უშლიდნენ ერთმანეთს მუშაობაში, პირიქით, რჩევებს აძლევდნენ მეწყვილეებს, აკვირდებოდნენ მუშაობის პროცესს და ასახავდნენ მოცემულ ფორმაში.

ვფიქრობ, რომ ეს მეთოდი ხაზს უსვამს თითოეული მოსწავლის უნიკალურობას. მოსწავლეს უმაღლდება თვითშეფასება, ხდება უფრო მოტივირებული, გრძნობს პასუხისმგებლობას. ასეთი ტიპის აქტივობა  მათში დიდ ინტერესსა და ენთუზიაზმს იწვევს.  წყვილებში მუშაობის დროს მასწავლებელს შეუძლია აქტიურად დააკვირდეს პროცესს- სად არის  პრობლემა, რა არის მარტივი ან რთული მოსწავლეებისთვის.

აუცილებელია მასწავლებელმა სწორად შეარჩიოს წყვილები – ზედმეტად ლოიალური ან ზედმეტად კრიტიკული მეწყვილეები ობიექტურად ვერ შეძლებენ თანამეწყვილის შეფასებას, ამიტომ  ლოიალური დამოკიდებულების შემთხვევაში წყვილები შევარჩიოთ შემთხვევითობის პრინციპით, ხოლო კრიტიკული დამოკიდებულების შემთხვევაში ჩვენ თვითონ მივიღოთ გადაწყვეტილება წყვილების შერჩევისას.

„პირადი მრჩევლის ფორმა“ ერთერთი მეთოდია მსგავსი პრობლემის მოსაგვარებლად.  მასწავლებელი მოსწავლეებს მუდმივად უნდა სთავაზობდეს სიახლეებს. მეთოდი საშუალებას მისცემს მასწავლებელს სწავლების პროცესი გახდეს სახალისო და საინტერესო.

შემაჯამებელი ტესტი სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში

0

ხელოვნების ისტორიის გარკვეული ეპოქის ,  თემის შესწავლა-დამუშავების შემდეგ სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებლებს მოგვეთხოვება შემაჯამებელი დავალებების ჩატარება. შემაჯამებელი სამუშაოს  შედეგები  გვეხმარება  დავადგინოთ მოსწავლის ძლიერი და სუსტი მხარეები,  გავიგოთ: რამდენადაა დაძლეული სასწავლო თემა, რამდენად წარმოჩინდა სტანდარტით განსაზღვრული ცოდნა და/ან უნარ-ჩვევები სასწავლო წლის კონკრეტულ ეტაპზე.  აუცილებელია შემაჯამებელი  დავალებების  მრავალგვარი ფორმის გამოყენება , ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში:

„შემაჯამებელ დავალებათა  ტიპებია:

საკონტროლო/გამოცდა/ტესტირება/მაშტაბური ნამუშევარი/ გამოფენა/მოხსენება-რეფერატი (გარკვეული ეპოქის, შემოქმედის შესახებ).

ეროვნული სასწავლო გეგმაში  მითითებულია მოთხოვნები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს შემაჯამებელი დავალებები:

  • დავალების თითოეულ ტიპს უნდა ახლდეს თავისი შეფასების ზოგადი რუბრიკა;
  • ზოგადი რუბრიკა უნდა დაზუსტდეს კონკრეტული დავალების პირობისა და განვლილი მასალის გათვალისწინებით;
  • 10 ქულა უნდა გადანაწილდეს რუბრიკაში შემავალ კრიტერიუმებზე;
  • მითითებული უნდა იყოს სტანდარტის ის შედეგები, რომელთა შემოწმებასაც ემსახურება შემაჯამებელი დავალება.

 

მინდა გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება, განვიხილავ ერთ კონკრეტულ მაგალითს:  VII კლასში,  რენესანსის და ბაროკოს ეპოქის შესწავლის შემდეგ, დავგეგმე შემაჯამებელი გაკვეთილი, მოსწავლეებს უნდა შეესრულებინათ ორი განსხვავებული ეპოქის, ერთ თემაზე შექმნილი, ხელოვნების ნიმუშების შედარებითი ანალიზი. დავალება შევადგინე ღია ტიპის კითხვებით, რომელიც ალტერნატიულ პასუხებს არ შეიცავდა, მაგრამ დასმულ კითხვებზე ლაკონიური პასუხების გაცემას მოითხოვდა. ამ ტიპის ტესტები უფრო მეტად ამჟღავნებს მოსწავლის შესაძლებლობებს, ვიდრე დახურული კითხვებით შედგენილი ტესტები, რადგან არ ეძლევათ მზა პასუხებიდან არჩევის საშუალება. მოსწავლეებს კითხვაზე საპასუხოდ ადეკვატური ინფორმაცია უნდა გადმოეცათ  ლაკონიურად და ხელოვნების ტერმინოლოგიის გამოყენებით რენესანსისა და ბაროკოს ეპოქის ძირითადი მახასიათებლების შესახებ.  მსგავსი ტიპის ტესტებზე მუშაობით მოსწავლეებს უვითარდებათ მაღალი სააზროვნო უნარები: ორი  ეპოქის დამახასიათებელ მხატვრულ ხერხებზე მსჯელობის , შედარებითი ანალიზის უნარი, საკუთარი შეხედულების დასაბუთების უნარი.

 

 

შემაჯამებელი გაკვეთილის გეგმა

 

თემა რენესანსი და ბაროკო
კლასი VII
მიზანი ·                     მოსწავლის მიერ  ნამუშევრით აღძრული შთაბეჭდილების გაანალიზების, საკუთარი შეხედულების დასაბუთების  და მასში გადმოცემული განწყობილების ამოცნობისა და სხვა და სხვა ეპოქის სტილის ნიმუშების შედარებითი ანალიზის უნარის შემოწმება.
შეფასება ორი ეპოქის ხელოვნების კონკრეტული ნიმუშის შედარებითი ანალიზის უნარი და საკუთარი შეხედულების დასაბუთების უნარი.
მუშაობის ფორმა ინდივიდუალური
რესურსი სახელმძღვანელო, ტესტი , საწერი კალამი.
შემაჯამებელი სამუშაოს ფორმა ტესტური დავალება
ეროვნულ სასწავლო გეგმა , მისაღწევი შდეგები. ს.გ.VII.8. მოსწავლეს ესმის და შეუძლია წარმოაჩინოს, რომ ხელოვნება არის თვითგამოხატვის და კომუნიკაციის საშუალება.

·           საუბრობს ხელოვნების ნაწარმოებით აღძრულ პირველ შთაბეჭ­დი­ლე­ბაზე და განმარტავს, რამ გამოიწვია ეს ემოცია (სიუჟეტმა, კომპოზიციამ, ფერმა, ფიგურათა გამომსახველობამ და სხვ.);

·           აფასებს ხელოვანის ნაწარმოებს (საკუთარ ცოდნაზე და შთაბეჭდი­ლებაზე დაყრდნობით);

·           მსჯელობს, რა გაიგო ამა თუ იმ კულტურის შესახებ მისი ხელოვნების ნიმუშების გაცნობით.

VII.11.       მოსწავლეს შეუძლია ამოიცნოს და შეადარს ერთმანეთს სხვადასხვა ეპოქისა და კულტურის ხელოვნების ნიმუშები.

·           ამოიცნობს სხვადასხვა ეპოქის და კულტურის ხელოვნების ცნობილ ნიმუშებს;

·           ამოიცნობს ამა თუ იმ კულტურის ხელოვნების ნიმუშების ზოგიერთ დამახასიათებელ ნიშანს;

·           ასახელებს სხვადასხვა კულტურის ერთი დანიშნულების არქიტექ­ტუ­რის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშებს.

ს.გ.VII.12მოსწავლეს შეუძლია დააკავშირს ხელოვნების ნაწარმოების შინარს ისტორიასთან და კულტურასთან.

·           მსჯელობს იმის შესახებ, თუ რა გავლენა იქონია ისტორიულმა და კულტურულმა კონტექსტმა ნამუშევრის შინაარსზე;

·           ამოიცნობს ხელოვნების ნიმუშს, როგორც ამა თუ იმ კულტურის კუთვნილებას ვიზუალური ელემენტების მიხედვით;

 

 

მოსწავლის შემაჯამებელი ტესტი

 

  1. 2.

 

  1. ჯოვანი ბელინი. ჯვარცმა. 1455 წ.            
  2. რუბენსის. ჯვარცმა. 1620წ.

 

შეადარეთ გამოსახულებები ერთმანეთს:

  1. დაადგინეთ ხელოვნების ნიმუშების საერთო და განმასხვავებელი მხატვრული ნიშნები:
  • რა თემაზეა შექმნილი ხელოვნების ნიმუშები? ხელოვნების რომელი დარგის ნიმუშებია წარმოდგენილი?
  • რომელი სახვითი საშუალებები და სახვითი ხერხებია ავტორების მიერ გამოყენებული აზრისა და იდეის გამოსახატად და/ან ხასიათის შესაქმნელად? (5 ქულა)
  1. ხელოვნების თითოეული ნიმუში სტილური მახასიათებლების მიხედვით მიაკუთვნეთ ხელოვნების ისტორიის გარკვეულ პერიოდს. დაასაბუთეთ თქვენი მოსაზრება! (3 ქულა).
  2. გამოხატეთ საკუთარი დამოკიდებულება ხელოვნების ნიმუშების მიმართ, დაასაბუთეთ თქვენი მოსაზრება (2 ქულა).

 

შეფასების რუბრიკა

# მოსწავლის

სახელი და გვარი

კრიტერიუმები

შემაჯამებელი ქულა

 

 

აღწერს ნამუშევარს, აკეთებს ორი ეპოქის კონკრეტული ნიმუშის შედარებით ანალიზს ხელოვნების თითოეული ნიმუში სტილური მახასიათებლების მიხედვით

ხელოვნების ისტორიის გარკვეული პერიოდის მიკუთვნება . მოსაზრების დასაბუთება.

ხელოვნების ნიმუშების მიმართ ასაბუთებს საკუთარ დამოკიდებულებას
0- 5 0- 3 0- 2 10
1          
2          

 

მოსწავლის თვითშეფასების სქემა

მოსწავლის თვითშეფასების სქემა
        გვარი და სახელი: ————————-      ———————-
კრიტერიუმები დიახ ნაწილობრივ არა
აღვწერ ნამუშევარს, ვაკეთებ ორი ეპოქის კონკრეტული ნიმუშის შედარებით ანალიზს      
მივაკუთვნებ ხელოვნების თითოეული ნიმუშს  სტილური მახასიათებლების მიხედვით

ხელოვნების ისტორიის გარკვეულ პერიოდის .

     
ხელოვნების ნიმუშების მიმართ ვასაბუთებ საკუთარ დამოკიდებულებას      

 

სსიპ ვიქტორ ნოზაძის სახელობის საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ მოძვის საჯარო სკოლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების  წამყვანი მასწავლებელი: ნინო ცარციძე

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ეროვნული სასწავლო გეგმა 2011-2016 (მოქმედი რედაქცია)

 

  1. კლდიაშვილი ა. ღაღანიძე ნ. ჯაყელი თ. (2012 წ) ხელოვნება   VII კლასი.  გამომცემლობა „კლიო“.

 

 

                    ერთი აქტივობა და მოსწავლეთა ურთიერთშეფასების მეთოდი

0

მოსწავლეთა ურთიერთშეფასების მეთოდს მასწავლებლები წარმატებით იყენებენ და ძნელია რამე სიახლე შესთავაზო ამ მხრივ კოლეგებს, თუმცა მინდა ჩემი გამოცდილება გაგიზიაროთ ამ კუთხით და განვიხილო ჩემ მიერ აპრობირებული ერთი აქტივობა.

მოსწავლეთა ურთიერთშეფასების გამოყენების ჩემეული აქტივობის  ეტაპები ასეთია:

(მოსწავლეები მუშაობენ წყვილებში).

პ ი რ ვ ე ლ ეტაპზე წყვილები ერთმანეთს გაუცვლიან რვეულებს და მეწყვილეს რვეულში ჩაუწერენ რამდენიმე შეკითხვას გამოსაკითხი ან გასამეორებელი მასალიდან.შეკითხვების რაოდენობა დამოკიდებულია კონკრეტულ მასალაზე, სიტუაციაზე და დროის ლიმიტზე.მოსწავლეებმა წინასწარ იციან რა დროში  უნდა შეასრულონ სამუშაო.

მ ე ო რ ე ეტაპზე წყვილები გაცვლიან რვეულებს და იწყებენ შეკითხვებზე პასუხის გაცემას. დავალება უნდა შესრულდეს წინასწარ განსაზღვრულ დროში.

 მ ე ს ა მ ე ეტაპზე წყვილები კვლავ გაცვლიან რვეულებს და იწყებენ მეწყვილის ნამუშევრის შეფასებას. შეფასების კრიტერიუმები მარტივია და წინასწარაა განსაზღვრულ-შეთანხმებული.

მაგ: უნდა მომზადდეს 5 შეკითხვა, რომელთაგან თითოეული ფასდება 2 ქულით. თუ პასუხი სწორია, მაგრამ ამომწურავი არ არის-1ქულა; თუ პასუხი არასწორია ან არ არის- 0 ქულა.

ამ გზით მეწყვილის შეფასება მარტივი აღმოჩნდა მეხუთეკლასელებისთვისაც კი, რომლებთანაც აქტიურად ვიყენებდი ამ მეთოდს გასულ სასწავლო წელს.

თითოეულ მეწყვილეს ევალება დაწეროს განმსაზღვრელი შეფასება და იქვე მიუთითოს, რატომ დაწერა მოცემული ქულა.( თუ აქტივობას გამოვიყენებთ მეხუთე კლასის პირველ სემესტრში, უნდა გავითვალისწინოთ ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა და განმსაზღვრელი შეფასების ნაცვლად მხოლოდ განმავითარებელი შეფასების მარტივი ფორმა შევასრულებინოთ მოსწავლეებს. მაგ: შეკითხვას სრულყოფილად უპასუხა; მხედველობიდან გამორჩა ესა თუ ის საკითხი; და სხვა.

მ ე ო თ ხ ე ეტაპზე მეწყვილეები კვლავ გაცვლიან რვეულებს და ეცნობიან მიღებულ შედეგებს. თითოეულ მოსწავლეს აქვს უფლება გააპროტესტოს  მიღებული შეფასება. ამ შემთხვევაში მასწავლებელი ასრულებს არბიტრის როლს. იგი ისმენს ორივე მეწყვილის აზრს და გასცემს ეფექტურ  უკუკავშირს. თუ ურთიერთშეფასების შედეგებს ყველა მოსწავლე ეთანხმება, ამ შემთხვევაში მასწავლებელი ფასილიტატორის ფუნქციას ასრულებს და აქტივობას იყენებს განმავითარებელი შეფასებისათვის.

განსაკუთრებით საინტერესოა ის შემთხვევები, როდესაც გაკვეთილზე კენტი რაოდენობის მოსწავლეა და ერთი მოსწავლე რჩება მეწყვილის გარეშე. ამ შემთხვევაში მისი მეწყვილე ხდება მასწავლებელი. ჩემი აზრით, მასწავლებელმა იდეალურად  არ  უნდა უპასუხოს მოსწავლე-მეწყვილის შეკითხვებს  და მისცეს მას საშუალება კრიტიკულად და ობიექტურად შეაფასოს მასწავლებელი. საწყის ეტაპზე მოსწავლეები მაღალი ქულებით აფასებენ მასწავლებელს და ნაკლებია კრიტიკული ანალიზი, მაგრამ თანდათან მასწავლებლის უკუკავშირის და წახალისების შემდეგ მოსწავლეები გადადიან ობიექტურ შეფასებაზე.

აქტივობის გამოყენების დადებითი ასპექტებია:

  • მოსწავლეებს უვითარდებათ ანალიზის, შეფასების, კრიტიკული აზროვნების უნარები;
  • საკუთარ თავზე იღებენ პასუხისმგებლობას და უვითარდებათ თანაგანცდა მასწავლებლის და მეწყვილის მიმართ;
  • უკუკავშირი გაიცემა არა მარტო მასწავლებლის, არამედ თანატოლის მიერ;
  • აქტივობის გამოყენება შეიძლება ნებისმიერ საგანში და ნებისმიერ ასაკობრივ კატეგორიაში;
  • მოსწავლეები ეცნობიან შეფასების კრიტერიუმებს და თვითონვე იყენებენ მას,  შემდეგში მათთვის ადვილი გასაგები ხდება მასწავლებლის შეფასების კრიტერიუმები,   მოსწავლეები ეჩვევიან ობიექტურობას. იციან, რომ აუცილებლად მოუწევთ საკუთარი მოსაზრების დასაბუთება;
  • იზრდება მოტივაცია, ხალისი და შესაძლებელია მაქსიმალური ჩართულობის მიღწევა(რაც ძალიან მნიშვნელოვანია მრავალრიცხოვან კლასებში).

აქტივობის დაწყებამდე მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს ინსტრუქციას, შეფასების კრიტერიუმებს, დროის ლიმიტს, თუმცა მას შემდეგ, რაც მოსწავლეები ეჩვევიან წესებს, ამ პროცედურებზე ძალიან ცოტა დრო იხარჯება.

მინდა ხაზი გავუსვა, რომ ამ აქტივობას ძირითადად განმავითარებელი შეფასებისთვის ვიყენებ. მოსწავლეებს მოსწონთ მასწავლებლის როლში ყოფნა და საკუთარი თანატოლისაგან მიღებულ უკუკავშირს უფრო ადეკვატურად აღიქვამენ. ეს ერთგვარი როლური თამაშია, სადაც მოსწავლეც გამარჯვებულია და მასწავლებელიც.

 

 

     ნათია თავართქილაძე

    ქ. ოზურგეთის  #2  საჯარო სკოლის მასწავლებელი

 

გარე დაკვირვების მოლოდინში – ფერადი გაკვეთილების ციკლიდან (გაგრძელება )

0

ვაგრძელებ გარე დაკვირვების გაკვეთილების ციკლს, მდგრადი განვითარების მიზნების თემით. მეორე გაკვეთილში გამოვიყენე მეტაპლანის მეთოდი. ბავშვებმა ძალიან ლამაზი და კრეატიული პრეზენტაციები მოამზადეს. მესამე გაკვეთილზე კი მიზნად დავისახეთ მდგრადი განვითარების მიზნების საზოგადოებისთვის გაცნობა. მინდა გითხრათ, რომ ჩემმა მოსწავლეებმა მეც კი გამაოცეს უნარ-ჩვევების გამოვლინებით. განსაკუთრებით კვლევის შედეგების წარდგენის დროს მოახერხეს ჩემი გაკვირვება. მივყვეთ გაკვეთილებსა და აქტივობებს.

მეორე გაკვეთილი

გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეები აჯგუფებენ მდგრადი განვითარების მიზნებს მიმართულებების მიხედვით, გამოყოფენ საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვან 5 მიზანს და ასაბუთებენ არგუმენტირებულად.

მოსწავლეებს ამ გაკვეთილზე განუვითარდებათ შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნება.

აქტივობა N 1. წინარე ცოდნის გააქტიურება

აქტივობის მიზანი: მოსწავლეები იხსენებენ წინა გაკვეთილზე შესწავლილ მასალას.

აქტივობის აღწერა: წინარე ცოდნის გააქტიურებისა და მოტივაციის ამაღლების მიზნით პედაგოგი მოსწავლეებს აჩვენებს ანიმაციურ ფილმს: გაერო-ის მდგრადი განვითარების მიზნები.

კითხვები ფილმის ჩვენებამდე:

  1. რა არის ფილმის მთავარი გზავნილი?
  2. ამ ფილმში მოცემული თემებიდან რომელია ყველაზე საინტერესო და აქტუალური თქვენთვის? რატომ გამოყავით ეს პრობლემა?

რესურსის დასაბუთება: კომპიუტერი, ანიმაციური ფილმი – გაერო-ის მდგრადი განვითარების მიზნები. აღნიშნული რესურსით ხდება წინარე ცოდნის გააქტიურება და მოტივაციის ამაღლება.

აქტივობა N 2. მეტაპლანი

აქტივობის მიზანი: მოსწავლეები აანალიზებენ მდგრადი განვითარების მიზნებს და აჯგუფებენ გარკვეული კრიტერიუმების მიხედვით. კრიტიკული აზროვნების განვითარება.

აქტივობის აღწერა: მასწავლებელი ჯგუფებს ურიგებს მეტაპლანებს (სხვადასხვა ფერის ფურცლებს), რომლებზეც ასახულია მდგრადი განვითარების მიზნები. სულ 17 ფერადი ქაღალდი, თითოეულზე წერია თითო მიზანი. მოსწავლეებმა ჯგუფური განხილვისას უნდა დააჯგუფონ მდგრადი განვითარების მიზნები რაიმე ნიშნის-კრიტერიუმის (მიმართულებების) მიხედვით. მათ უნდა შექმნან მდგრადი განვითარების კომპასი. მოსწავლეები ეცნობიან  მიზნებს, ახარისხებენ და ფლიფჩარტზე ქმნიან საპრეზენტაციო  სქემას. შემდეგ მოაწყობენ გალერეას.

ჯგუფების ნამუშევრები

რესურსის დასაბუთება: „სლაიდშოუ“, მეტაპლანის ბარათების 5 პაკეტი. აღნიშნული რესურსი ხელს უწყობს იდეებისა და გადაწყვეტილებების გენერირებას; აზრებისა და შეთანხმებების შემუშავებას. ამავე დროს ის არის ვიზუალური კომპონენტი.

მოსწავლეებს ამ აქტივობით უვითარდებათ შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნება, რადგან თავად არჩევენ კრიტერიუმებს მდგრადი განვითარების მიზნებისთვის, რაც მოითხოვს ანალიზსა და შეფასებას.

აქტივობა N 3. თვითშეფასება

აქტივობის მიზანი: მოსწავლეები ახდენენ ნამუშევრების შეფასებას. მეტაკოგნიტური უნარების განვითარება.

აქტივობის აღწერა: მოსწავლეებს შეუძლიათ გადაადგილება და ერთმანეთის ნამუშევრების გაცნობა, კითხვების დასმა.

შემდეგ მასწავლებელი აჩვენებს მოსწავლეებს სქემის სწორ ვარიანტს, ე.წ. „მდგრადობის კომპასს“ და ჯგუფები  მეტაპლანების გადაადგილებით ასწორებენ სქემებზე შეცდომებს.

ამ აქტივობით მოსწავლეებს უვითარდებათ მეტაკოგნიტური უნარები.

აქტივობა N 4.  აქტივობის მიზანი: მოსწავლეები გამოყოფენ საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვან მიზნებს. კრიტიკული აზროვნების განვითარება.

მასწავლებელი ჯგუფებს აძლევს დავალებას:

შემოხაზეთ საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი 5 მიზანი.  დაფიქრდით იმ მიზნებზე, რომლებსაც საქართველო უახლოეს წარსულში გაუმკლავდა და იმ მიზნებზე, რომელთა მიღწევაზეც ქვეყანა ამჟამად მუშაობს. შედეგები წარმოადგინეთ სასურველი ფორმით.

აქტივობა N 5. პრეზენტაცია. აქტივობის მიზანი: არგუმენტირებული მსჯელობა; ნამუშევრის წარდგენის უნარის განვითარება.

აქტივობის აღწერა: სამუშაოს დასრულების შემდეგ  ჯგუფები წარმოადგენენ შესრულებულ ნამუშევრებს. არგუმენტირებულად ასაბუთებენ საქართველოსთვის მნიშვნელოვან მიზნებს. კითხვები: ახსნან, თუ რა პრინციპით განათავსეს მეტაპლანები? სად ჰქონდათ აცდენა? როგორ მიიღეს გადაწყვეტილება? რა კრიტერიუმს დაეყრდნენ? როგორ მიიღეს გადაწყვეტილება? რომელი მიზნებია დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი საქართველოსთვის? რატომ შეარჩიეს კონკრეტული მიზნები?

ერთი მოსწავლე დაფაზე აფიქსირებს ჯგუფების მიერ გამოყოფილ მიზნებს. გამოყოფენ განმეორებად მიზნებს და ადგენენ საერთო ხუთეულს.

პარალელურად, შეფასების რუბრიკის დახმარებით ახდენენ ურთიერთშეფასებას.

რეფლექსიის ეტაპზე აქტივობა ჩემი საყვარელი მეთოდი ”სამიზნე” გამოვიყენე, თუმცა შეიძლება სხვა ნებისმიერი მეთოდის გამოყენებაც.

საშინაო დავალება: ჩაატარეთ გამოკითხვა მოსახლეობაში; აქვთ თუ არა რაიმე ინფორმაცია მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ?

მესამე გაკვეთილის თემად მდგრადი განვითარების მიზნები და ცნობიერება შევარჩიე, რომელზეც მართლა გამაკვირვეს. პრეზენტაციის დროს ვუყურებდი და ვფიქრობდი: -ეს ის პატარა ლამაზი გოგო-ბიჭები არიან რამდენიმე წლის წინ გაკვეთილს რომ არ ვაყოლებდი და მებუტებოდნენ, მერე საკუთარი ნამუშევრების წარდგენა და შეფასება რომ ისწავლეს და ჩემი გაკვეთლებიც გამირჩიეს. სხვადასხვა საკითხის განხილვა რომ უნდოდათ და პროგრამას ხომ არ ჩამოვრჩებით, შეიძლებაო? – ეს კითხვაც, რომ დამისვეს მაშინ კი მივხვდი, რომ გაიზარდნენ.

მესამე გაკვეთილი

გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეები აანალიზებენ მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებაში განათლების როლს და გამოხატავენ საკუთარ დამოკიდებულებას მისი მნიშვნელობის შესახებ მდგრადი განვითარებისთვის.

აქტივობა N 1. წინარე ცოდნის გააქტიურება

აქტივობის მიზანი: მოსწავლეებმა გააცნობიერონ განათლების როლი მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებაში.

 

აქტივობის აღწერა: წინარე ცოდნის გააქტიურების მიზნით პედაგოგი მოსწავლეებს აჩვენებს ფილმს: მდგრადი განვითარება განათლებით იწყება.

  1. რა არის ფილმის მთავარი გზავნილი?
  2. რა ვიცით გაერო-ის 2030 წლის მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების შესახებ?
  3. როგორ უნდა განხორციელდეს ეს მართლაც გრანდიოზული გეგმა?

რესურსის დასაბუთება: წინარე ცოდნის გააქტიურებისა და მოტივაციის ამაღლების მიზნით გამოვიყენე ანიმაციური ფილმი – „მდგრადი განვითარება განათლებით იწყება”, რომელშიც გაკვეთილის ძირითადი მიზანი იყო გამოკვეთილი. მოსწავლეებმა პრეზენტაციაშიც გამოიყენეს ანიმაციურ ფილმში მოცემული ინფორმაცია.

აქტივობა N 2. აქტივობის მიზანი: გამოკითხვის შედეგების წარდგენა.

აქტივობის აღწერა: მოსწავლეები ჯგუფების მიხედვით წარადგენენ გამოკითხვის შედეგებს. ერთი მოსწავლე მონაცემებს აფიქსირებს დაფაზე და აჯამებენ. შედეგებს აანალიზებენ და გამოაქვთ დასკვნა.

აქტივობა N 3. პოსტერების შექმნა.

აქტივობის მიზანი: მოსწავლეებმა უნდა გააანალიზონ განათლების როლი და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნვა.

აქტივობის აღწერა:

მასწავლებელი ეუბნება  მოსწავლეებს, რომ საზოგადოებაში მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით საჭიროა  პოსტერების დამზადება. შემდეგ კლასს ჰყოფს ოთხ ჯგუფებად და ურიგებს მათ ფლიფჩარტის ქაღალდებს, ფერად ბარათებს, მარკერებს,  ძველ ჟურნალებს. ჯგუფებს მინიჭებული აქვთ სახელები. მაგ; პირველ ჯგუფს ჰქვია „ბუნება“, მეორეს – „ეკონომიკა“, მესამეს – „საზოგადოება“ და მეოთხეს  – „კეთილდღეობა“. რადგან კლასში, სავარაუდოდ, 5 ჯგუფი იქნება მეხუთე ჯგუფი მოამზადებს პოსტერს ზოგადად მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ.

თითოეულ ჯგუფის დავალებაა, შექმნან პოსტერი მდგრადი განვითარების იმ მიზნების შესახებ, რომელიც მათი ჯგუფის სახელთანაა დაკავშირებული.

ჯგუფების ნამუშევრები

აქტივობა N 4. პრეზენტაცია

პრეზენტაციის მიზანი: მოსწავლეები წარმოადგენენ საკუთარ ნამუშევრებს.

აქტივობის აღწერა: სამუშაოს დამთავრების შემდეგ მოსწავლეები, ე.წ. „გალერეაში“ თავიანთ ნამუშევრებს გამოფენენ. თითოეული ჯგუფი მიდის სხვა ჯგუფების პოსტერთან და  პოსტერის ავტორები ან სპიკერი აცნობს დანარჩენებს მათი ჯგუფის მდგრადი განვითარების მიზნების შინაარსს, არსს, საჭიროებასა და ამოცანებს.

მეხუთე ჯგუფი, რომელსაც ზოგადად მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ უნდა მოემზადებინა პრეზენტაცია, პრეზენტაციის დროს გამოყოფს საკითხებს, რაზეც დანარჩენ ჯგუფებს აქცენტი არ გაუკეთებიათ.

აქტივობა N 5. შეფასება.

ჯგუფური მუშაობის  შეფასების სქემების საშუალებით მოვახდინე ჯგუფური მუშაობის    განმავითარებელი შეფასება; მოსწავლეებმა შეფასების სქემების დახმარებით შეაფასეს საკუთარი და მეგობრების საქმიანობა და ნამუშევრები.

გაკვეთილის დასრულება რეფლექციის ნებისმიერი აქტივობით შეიძლება.

 

გამოყენებული ინტერნეტგვერდები: https://mastsavlebeli.ge/?p=19747https://www.youtube.com/watch?v=Pnwi5zwN69E;  https://www.youtube.com/watch?v=FNuaykBosJ4.

კოპირაიტერი – მომავლის პროფესია

0

ზუსტი სიტყვის სნაიპერი –

არის კოპირაიტერი! (ც. ბ.)

ვინ არის კოპირაიტერი? სიტყვებით მისი აღწერა არ გამოვა, ამიტომ ჯობს, მეტაფორებს მივმართოთ.

კოპირაიტერი არქიტექტორია. მას შეუძლია, სრულიად სხვადასხვანაირი შენობები (ტექსტები) ააგოს. გააჩნია, რისთვის აგებს და რას აგებს – სავაჭრო ცენტრს, ქორწინების სახლს, ბინას, ტაძარს თუ რამე სხვას. და, რა თქმა უნდა, მხოლოდ ლამაზი და სტილებრივად დახვეწილი შენობის აგება საკმარისი არ არის, არქიტექტორი ყოველთვის ითვალისწინებს კონტექსტს: სად აგებს ამ შენობას? გვერდით როგორი შენობებია? როგორ გამოიყურება მისი ნაშენი სხვების ფონზე? რით იქნება განსხვავებული და როგორ მიიზიდავს ყურადღებას? დიახ, ის უნდა ჩაჯდეს საერთო კონტექსტში და იმავდროულად იყოს განსხვავებულიც.

რერაიტერი კი შეიძლება შევადაროთ ექიმს, რომელიც ტექსტის დიაგნოსტიკის შემდეგ გასცემს შესაბამის რჩევებს, რათა ტექსტი ჯანმრთელი და უნიკალური გავიდეს ბაზარზე.

ყველამ იცის, რა არის რიტორიკა, მაგრამ ცოტას თუ გაუგონია ციფრული სამყაროს აქტუალური პროფესიის – კოპირაიტინგის შესახებ. კოპირაიტინგი თანამედროვე ციფრული სამყაროს რიტორიკაა. გარწმუნებთ, ცოტა ხანში ის დასჭირდება ყველას, ვისაც საქმე აქვს ინტერნეტში ინფორმაციის გავრცელებასთან.

რიტორიკა, კლასიკური განმარტებით, არის ეფექტური ზეპირი მეტყველება. კოპირაიტინგი ეფექტური წერითი მეტყველებაა. წერითი და ზეპირი მეტყველება ჰგვანან კიდეც ერთმანეთს და განსხვავდებიან კიდეც. პირველი განსხვავება ის არის, რომ ერთი გამოითქმის, მეორე კი იწერება. გასათვალისწინებელია აუდიტორიაც. პირველ შემთხვევაში ორატორი მიმართავს განსაზღვრულ აუდიტორიას და ეს იცის. ორატორი ითვალისწინებს კონტექსტს, წინასწარ სწავლობს მსმენელს და ასე აგებს თავის გამოსვლას.

ახლა წარმოიდგინეთ ციფრული სამყარო: გადავსებულ საინფორმაციო გარემოში თქვენმა ნაწერმა უნდა მიაღწიოს იმ მსმენელამდე, რომლისთვისაც ის გამიზნულია. არ აქვს მნიშვნელობა, სარეკლამო ტექსტია ეს თუ უბრალოდ თქვენი მოსაზრება ამა თუ იმ მოვლენის შესახებ. თუ შეძლებთ ორატორის აუდიტორიასა და კოპირაიტერის აუდიტორიას შორის სხვაობის წარმოდგენას, მიხვდებით, რამხელა ამოცანის წინაშე დგას კოპირაიტერი – სარეკლამო ტექსტების მწერალი.

უფრო შორს თუ წავალთ (ან პირიქით, უფრო ახლოს თუ მივალთ პრობლემასთან), აღმოვაჩენთ, რომ თითოეული ჩვენგანი ერთგვარად კოპირაიტერია, რადგან, სხვა თუ არაფერი, ჩვენ გვიწევს სოციალურ ქსელში პოსტვა. მიგაჩნიათ, რომ ეს უმნიშვნელოა? ან იქნებ დღემდე არ გიფიქრიათ იმაზე, რომ ის, რაც სოციალურ ქსელში გამოგარჩევთ, სწორედ თქვენ მიერ დაწერილი სიტყვაა? ციფრულმა სამყარომ და ტექნოლოგიებმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა ძველ ჭეშმარიტებაში: „პირველად იყო სიტყვა“. ენათმეცნიერებაში არსებობს ტერმინი „ენობრივი ადამიანი“ და თუ ეს ტერმინი რომელიმე ეპოქას უნდა ეკუთვნოდეს, ეს სწორედ თანამედროვე ციფრული ეპოქაა. ჩვენ ორი პარალელური არსებობა გვაქვს: ერთი ის, რომელსაც რეალურს ვეძახით და მეორე – ციფრული, ენობრივი არსებობა.

მაშ ასე, ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, რომლისთვისაც ნიშანდობლივია სარეკლამო მეტყველება. ეს არის ახალი უნარი, რომელიც უნდა გამოიმუშაოს ყველამ, ვინც მეტყველებს! რატომ? აბა, წარმოიდგინეთ, რომ ესაუბრებით ადამიანს, რომელსაც თქვენთვის მხოლოდ სამი წუთის დათმობა შეუძლია, თქვენ კი ფიქრობთ, რომ ერთი საათი მაინც გჭირდებათ. გამოდის, რომ კომუნიკაცია ვერ შედგება; აჩქარებულ ეპოქაში მუდმივად გადარბენაზე მყოფი ადამიანისთვის ლაკონიური მეტყველება სტილური მახასიათებელი გახდა. იმის ანალიზს, რატომ იქცევა ადამიანი ასე, აქ არ გამოგვადგება. სამყარო ასეთია და ვერ შევცვლით; ჩვენ ვცდილობთ, მოვერგოთ მას.

მომავალში ციფრული ტექნოლოგიები და ხელოვნური ინტელექტი ბევრ პროფესიას შთანთქავს, მაგრამ კოპირაიტინგი არის და იქნება მომავლის მოთხოვნადი პროფესია.

კოპირაიტინგი – ეს არ არის უბრალოდ ტექსტის შედგენა, ეს არის განსაზღვრული ამოცანების გადაწყვეტა ტექსტის საშუალებით. მხოლოდ შემოქმედებითი წერა საკმარისი არ არის, რადგან კოპირაიტერი ქმნის ტექსტებს ალგორითმების გათვალისწინებით.

კოპირაიტინგი სიტყვებისა და ფრაზების მიზანში სროლაა. მხოლოდ ასე შეიძლება ადამიანთა ყურადღების მიპყრობა, რათა მოუყვეთ მათ თქვენს იდეაზე, საქმიანობაზე, გააცნოთ პროდუქტი (ან სულაც ესაუბროთ სიყვარულზე)… მთავარია, გამოიწვიოთ მოქმედება!

კოპირაიტინგი არ არის რომელიმე ერთი უნარი; ეს არის ცოდნათა ერთობლიობა, რომელსაც გარკვეული ფორმატით გამოხატავ. ამ ცოდნის დაგროვება სკოლიდან უნდა დაიწყოს.

რა ცოდნას აგროვებს მომავალი კოპირაიტერი სკოლაში?

  • სწავლობს თავისუფალ და შემოქმედებით წერას;
  • ბევრს კითხულობს გემოვნებიან მხატვრულ ლიტერატურას და იმდიდრებს სიტყვათა მარაგს;
  • კარგად სწავლობს ლექსიკოლოგიას, ეუფლება სემანტიკურ ბუდეებს; სწავლობს ანდაზებს და ფრაზეოლოგიზმებს;
  • თამაშობს სიტყვებით;
  • უყურებს ფილმებს და საუბრობს მათ შესახებ;
  • შეუძლია ვრცელი ტექსტის ლაკონიურად გადმოცემა, განზოგადება;
  • იცის, როგორ შექმნას მეტაფორა და მიანიჭოს ტექსტს ემოციური ღირებულება;
  • აქვს იუმორის ნიჭი, რომელიც შეიძლება გამოიმუშაოს კლასიკური ტექსტების დეკონსტრუქციით;
  • იცნობს სამყაროს, რომელშიც ცხოვრობს; იცნობს განსხვავებულ კულტურებს.

 

მასწავლებლებს, ბევრი გვაქვს  სამუშაო, რომ ციფრული, გლობალური სამყაროს ადამიანის ცნობიერება ჩამოაყალიბოთ, რათა ადამიანმა დაკარგულად არ იგრძნოს თავი იმ პარალელურ სამყაროში, რომელიც, გვინდა-არ გვინდა, უფრო და უფრო მტკიცედ იკიდებს ფეხს. ჩვენს ყოველდღიურ რუტინაში გარღვევას სწორედ ციფრული რეალობა შემოიტანს – გახსნილი ყველასა და ყველაფრის მიმართ. და იმისთვის, რომ ამ სამყაროშიც არ დაიკარგოთ, ბევრი ფილტრი სჭირდება ცნობიერებას… ცნობიერება, ციფრული იქნება თუ სხვა, ყოველთვის ფილტრავს!

კოპირაიტინგი წესების სწავლით არ იწყება; ის იწყება ფიქრით და აზროვნების ფორმატით შეცვლით.

სტივ ჯობსი, როგორც თავად იტყოდა, ყიდიდა არა პროდუქტს, არამედ ემოციებს და შთაბეჭდილებებს ამ პროდუქტზე.

კოპირაიტერის სიტყვა ტყვიას ჰგავს, მთაავრია, ისწავლოთ მიზანში სროლა.

პროფესორი ნაბოკოვი

0

„პროფესორი ნაბოკოვი“ – 1980 წელს ამ სათაურით გამოქვეყნდა ჯონ აპდაიკის ესე The New York Review of Books-ში. ვლადიმირ ნაბოკოვის სალექციო ჩანაწერების ორტომეულს კი – რუსულ თარგმანს, რომლის კითხვაც ცოტა ხნის წინ დავიწყე – წინასიტყვაობად აქვს ეს ტექსტი, ოღონდ სათაურის გარეშე. თუ აქამდე ამ ბიოგრაფიულ ფაქტს არსად გადაწყდომიხართ, შეიტყობთ, რომ ბერლინში ცხოვრების პირველ წლებში დიდი რუსი მწერალი (ჩემთვის ის დიდი რუსი მწერალია) თავს კერძო გაკვეთილებით ირჩენდა. რას აღარ ასწავლიდა: ინგლისურს, ფრანგულს, ლექსების წერას, კრივს, ჩოგბურთს. ამერიკის შეერთებულ შტატებში 1940 წელს გადასახლდა და თხუთმეტი წლის მანძილზე – „ლოლიტას“ გამოქვეყნებამდე – მასწავლებლობა მისი შემოსავლის ერთადერთი წყარო იყო.

აპდაიკი იხსენებს, ნაბოკოვის ბოლო მსმენელთა შორის ჩემი ცოლიც იყო, რომელიც ისეთი მოხიბლული გახლდათ, რომ ერთხელ მაღალი სიცხითაც კი წავიდა მის ლექციაზე, იქიდან კი პირდაპირ საავადმყოფოში აღმოჩნდაო. „ვგრძნობდი, რომ შეეძლო ჩემთვის კითხვა ესწავლებინა. მჯეროდა, რომ რაღაც ისეთს მომცემდა, რაც მთელი სიცოცხლის მანძილზე გამყვებოდა… და ასეც მოხდა“, – უთქვამს მას. თუ რამეს ვინატრებდი, ალბათ იმას, რომ 1958 წლის გაზაფხულსა და შემოდგომაზე ის ლექციები მომესმინა, რომლებსაც ქალი ერთიანად მოენუსხა.

მეტი რა გზაა – ჩანაწერების კითხვას უნდა დავჯერდე.

აპდაიკის ესეს წყალობით, ამ ლექციებზე დასაზეპირებელი ერთ-ერთი მთავარი დოგმა სწრაფადვე აღწევს ჩემამდე: „სტილი და სტრუქტურა – ესაა წიგნის არსი; დიდი იდეები – სისულელეა და მეტი არაფერი“.

„კარგ მკითხველებსა და კარგ მწერლებზე“ – წინასიტყვაობასა და სალექციო ჩანაწერებს შორის ეს პატარა, მრავალმხრივ საგულისხმო ტექსტია მოქცეული. ვინ არის კარგი მკითხველი? – სიმართლე ითქვას, ბევრი ვერ მოხვდებოდა მათ შორის, ვისაც პროფესორი ნაბოკოვი ასეთად მიიჩნევდა. მისი რწმენით, მკითხველი, პირველ რიგში, დეტალებს უნდა ამჩნევდეს და ამით სიამოვნებას უნდა იღებდეს. განზოგადების ვნება იმთავითვე უარყოფილია, როგორც მცდარი და წიგნის არსს დამაშორებელი. ლიტერატურული ნაწარმოებიდან ვერც სარწმუნო ცნობებს მოვიპოვებთ ამა თუ იმ ქვეყნისა და მისი ისტორიის შესახებ: როგორ უნდა ვენდოთ, ვთქვათ, ინგლისის ჯეინ ოსტინისეულ აღწერას, როცა მას ფეხი არ გაუდგამს მშობლიური სახლის სასტუმრო ოთახიდანო? სიმართლე ისაა, რომ დიდი რომანები – დიდი ზღაპრებია, ჩვენი სალექციო კურსის რომანები კი – უდიდესი ზღაპრებიო.

ლიტერატურის წარმოშობის საიდუმლოს ახსნისას ვლადიმირ ნაბოკოვი იმ არაკს იხსენებს, ალბათ, ყველა ბავშვს რომ სმენია. მისი თქმით, ლიტერატურა მაშინ კი არ დაიბადა, როცა ერთი ნეანდერტალელი ბიჭი მინდორზე გამოვარდა ყვირილით: მგელი, მგელიო, მას კი კვალდაკვალ რუხი მგელიც მოჰყვა, არამედ მაშინ, როცა ბიჭი ყვირილით მორბოდა და უკან არც არავინ მოსდევდა: „ნახეთ, ნამდვილ მგელსა და არაკის მგელს შორის რაღაც კრთება – ჩნდება და იმავე წამს ქრება. სწორედ ეს წამიერი გაელვება, ეს გაკრთომაა ლიტერატურა“.

ვნახოთ, რას წერს მწერლებზე: „მწერალი სამი თვალსაზრისით შეიძლება შევაფასოთ: როგორც მთხრობელი, როგორც მასწავლებელი და როგორც ჯადოქარი. სამივე – მთხრობელიც, მასწავლებელიც, ჯადოქარიც – მხოლოდ დიდი მწერალი შეიძლება იყოს, თუმცა კი ის დიდი მხოლოდ იმ შემთხვევაში გახდება, თუ წამყვან პარტიას ჯადოქარი შეასრულებს“.  მთხრობლის მოვალეობა გართობამდეა დაყვანილი – მას უმეტესად  თავშექცევის მარტივი ფორმების მაძიებლები მიმართავენ. ცოტა უფრო დაწინაურებულებს მასწავლებელი სჭირდებათ – რაღაც ახლის შეტყობა, ცნობების მოგროვება სწადიათ. მაგალითად, ზოგიერთი მკითხველი ფრანგულ და რუსულ რომანებს იმიტომ კითხულობს, რომ წარმოდგენა ჰქონდეს მხიარული პარიზისა თუ სევდიანი რუსეთის ცხოვრებაზეო. ცხადია, ამ მკითხველთა მოთხოვნილებების დაკმაყოფილება დიდი მწერლის მთავარი ამოცანა ვერ გახდება. ის, უპირველეს ყოვლისა, დიდი ჯადოქარია და სწორედ ჯადოქრობის წყალობით იწყება გამაოგნებელი თავბრუსხვევა – როცა მისი საიდუმლოს ჩაწვდომას ვცდილობთ, ვსწავლობთ მის სტილს, სახეებს, რომანებისა თუ ლექსების სტრუქტურას…

ისევ სტილი და სტრუქტურა – წიგნის არსი. დოგმა, რომელიც რევიზიას არ ექვემდებარება.

პროფესორი ნაბოკოვი იმასაც გვასწავლის, რომ წიგნის გმირებთან თავი არ უნდა გავაიგივოთ და საგრძნობი მანძილი მუდმივად უნდა იყოს ჩვენსა და წიგნის სამყაროს, მასში აღწერილ და განვითარებულ ამბებს შორის. ეს – იმისთვის, რომ უკეთ დავინახოთ დეტალები და მათი სიზუსტითა და სინატიფით ტკბობა შევძლოთ, დავაკვირდეთ მწერლის მზერასა და ხელის მოძრაობას, ისე წავიკითხოთ წიგნი, რომ მისი სიდიდე თვალნათლივ დავინახოთ.

ფსიქოლოგიური კომპლექსები ბავშვებში – გამომწვევი მიზეზები და დაძლევის გზები

0

იმ სირთულეებს შორის, რომლებსაც უფროსები ბავშვებთან ურთიერთობისას ვეჯახებით, ფსიქოლოგიურ კომპლექსებს განსაკუთრებული ადგილი უკავია. ისინი უამრავ თავსატეხს უჩენენ აღმზრდელებს, ვინაიდან დაკომპლექსებული ბავშვის ქცევა ხშირად უმართავი ხდება.

ფსიქოლოგიური კომპლექსები აზრების, გრძნობების, გამოცდილების, ცნობიერად ან ქვეცნობიერად ჩამოყალიბებული განწყობების ერთობლიობაა, რომელიც არცთუ ისე სასურველი ქცევისა და ემოციების მიზეზად იქცევა. ფსიქოლოგიური კომპლექსების მქონე ბავშვს დამახინჯებული წარმოდგენა აქვს საკუთარ თავზე, თავის გონებრივ შესაძლებლობებზე, გარეგნობაზე, ამას კი, როგორც წესი, ღრმა შინაგანი განცდებისკენ მივყავართ, რომელთა დამალვასაც ბავშვი ყველანაირად ცდილობს.

ბავშვი, რომელიც ზედმეტად კრიტიკულია თავისი გარეგნობის, შესაძლებლობების, უნარების, მდგომარეობის მიმართ, იკეტება საკუთარ თავში, გაურბის თანატოლებს, სკოლაში უხალისოდ დადის, მუდმივად დათრგუნულია, ხშირად მშობლებსაც უუცხოვდება, თუმცა რაღაც მომენტში შეიძლება თავი ვერ შეიკავოს და დახმარების იმედით აცრემლებულმა გვკითხოს: „რატომ არ ვგავარ სხვებს? რითი ვარ მათზე ნაკლები? რატომ არავის ვუყვარვარ, რატომ არავის უნდა ჩემთან ურთიერთობა? რატომ არავის მოვწონვარ, რატომ დამცინის ყველა?“

საინტერესოა, რომ გოგონებსა და ბიჭებში ფსიქოლოგიური კომპლექსები შეიძლება სხვადასხვანაირად გამოვლინდეს. არასრულფასოვნების კომპლექსით შეპყრობილ გოგონას მიაჩნია, რომ ულამაზოა, ზედმეტად მსუქანი ან ზედმეტად გამხდარი, მაღალი ან დაბალია, აქვს გრძელი ცხვირი, დიდი ყურები, ცხიმიანი თმა, გამონაყარი და ბევრი სხვა რამ, რაც მას სილამაზის იდეალს აშორებს. უნდა ითქვას, რომ დაკომპლექსებული ბიჭებიც ბევრ ნაკლს პოულობენ საკუთარ გარეგნობაში, ფიზიკურ შესაძლებლობებში, უნარებში. მათ არ უყვართ ამაზე ლაპარაკი, მაგრამ, როგორც წესი, აგრესიულობით გამოირჩევიან. ხშირად მოზარდი ამჩნევს, რომ თანატოლთა ჯგუფში ვიღაცას უფრო ლამაზად, მოდურად აცვია, ვიღაც მხოლოდ მაღალ ქულებს იღებს, ვიღაცას ძვირად ღირებული მობილური ტელეფონი და კომპიუტერი აქვს, ვიღაცა მანქანით დაჰყავთ სკოლაში, ზოგი ბიჭი უფრო ღონიერია და უკეთესად ჩხუბობს. თუ ბავშვი ყველაფერ ამას მოკლებულია და ხედავს, რომ ძალიან განსხვავდება თანატოლებისგან როგორც მდგომარეობით, ასევე უნარებით, შესაძლებლობებით და პიროვნული მახასიათებლებით, მას უჩნდება ფსიქოლოგიური კომპლექსები და ფიქრობს, რომ ინდივიდუალურობის გამოვლენა მას დაცინვის ობიექტად აქცევს. დაკომპლექსებულ ბავშვს ეჩვენება, რომ მისით ყველა უკმაყოფილოა, საკუთარ თავს ყოველთვის და ყველაფერში დამნაშავედ მიიჩნევს, ვერ ბედავს, ხელი მოჰკიდოს რამე საქმეს, თუნდაც უმნიშვნელოს, რადგან „მაინც არაფერი გამოუვა“ და საბოლოოდ უსაყვედურებენ ან ეჩხუბებიან.

ვერ უარვყოფთ, რომ ბავშვები ემოციური კომპლექსების გარეშე პრაქტიკულად არ არსებობენ. კომპლექსი აქვს ყველას, მასაც კი, ვინც ყველანაირად უარყოფს საკუთარ თავში მის არსებობას.

განასხვავებენ არასრულფასოვნების, დანაშაულის, სოციალური სტატუსის, მატერიალური მდგომარეობის, პასუხისმგებლობის შიშის, უცხო ადამიანის გაცნობის შიშის და სხვა კომპლექსებს. ისინი ადამიანს საკუთარი თავის რწმენას უკარგავენ, ხელს უშლიან ნორმალურ ცხოვრებაში, დასახული მიზნების მიღწევაში. ადამიანები, რომლებიც არასრულფასოვნების კომპლექსით იტანჯებიან, საკუთარ თავს მუდმივად ადარებენ სხვებს, ამას კი ნამდვილად არაფერი მოაქვს კარგი, რადგან ყოველთვის მოიძებნება ვიღაც, უფრო წარმატებული და მომხიბვლელი. დაკომპლექსებული ადამიანი მუდმივად დაძაბულია, ვერ ხედავს ცხოვრების აზრს, დეპრესიაში ვარდება და ვერ ახერხებს იმით ტკბობას, რაც აქვს.

არასრულფასოვნების კომპლექსი ხანდახან მეტყველების დეფექტების ქვეცნობიერ მიზეზსაც წარმოადგენს.

აუცილებელია, ყოველგვარი ფსიქოლოგიური კომპლექსი ბავშობაშივე იქნეს დაძლეული. წინააღმდეგ შემთხვევაში დიდია ალბათობა, ზრდასრულ ასაკში მან ნევროზის ჩამოყალიბებას შეუწყოს ხელი.

ყველა პრობლემის დაძლევა მიზეზის გარკვევით უნდა დავიწყოთ. კომპლექსების აღმოსაფხვრელადაც მათი მიზეზის ცოდნა დაგვჭირდება.

  • კომპლექსების ორი მთავარი წყაროა სკოლა და მშობლები. სკოლაში ბავშვები იყოფიან ჩამორჩენილ და მოწინავე, ნიჭიერ და უნიჭო მოსწავლეებად. ამასთან, დაყოფა ხშირად არა ბავშვის შესაძლებლობების, არამედ მიღებული ნიშნების მიხედვით ხდება. სკოლაში მისვლის პირველივე დღეებიდან ბავშვი მოსწავლეთა ამა თუ იმ კატეგორიაში ხვდება. ბავშვები, რომლებსაც „სუსტი მოსწავლის“ იარლიყი მიეკერებათ, როგორც წესი, მთელი სასკოლო პერიოდის განმავლობაში არასრულფასოვნების კომპლექსით იტნჯებიან და თავს მართლაც ჩლუნგებად მიიჩნევენ. ხშირად ეს კომპლექსები მათ ზრდასრულ ასაკშიც ახსენებს თავს. სკოლაში მიღებული შეფასებების გამო არც მშობლები აკლებენ ბავშვს საყვედურებს, ეჩხუბებიან, შეურაცხყოფას აყენებენ და ასეთი დამოკიდებულებით შთააგონებენ, რომ ხელმოცარულია. ასეთ გარემოში აღზრდილი ბავშვი მომავალში ან დამჯერი რობოტი, ან უიღბლო, წარუმატებელი ადამიანი ხდება.
  • კომპლექსების მიზეზი შეიძლება გახდეს ზედმეტი ქება და ჰიპერმზრუნველობა ადრეულ ასაკში – დედას, რომელსაც უზომოდ უყვარს თავისი პატარა, მუდმივად ეფერება, თავს ევლება, აკონტროლებს მის ყოველ ნაბიჯს, შესაძლოა აზრადც არ მოუვიდეს, რა დიდი საფრთხის წინაშე აყენებს მას. მოვა დრო, როცა ოჯახში ასეთი ნაფერები და ნალოლიავები ბავშვი დიდ სამყაროში შედგამს ფეხს და დაიწყებს ურთიერთობას თანატოლებთან, რომლებისგანაც, როგორც მალე აღმოაჩენს, ბევრით არაფრით განსხვავდება. არც ისე ჭკვიანია, როგორც დედა ეუბნებოდა; მასწავლებელი ხომ გამუდმებით შენიშვნებს აძლევს; დავალებებსაც ისე იოლად ვერ ასრულებს, როგორც სხვები; არც ისეთი ლამაზია, როგორც ოჯახში შთააგონებდნენ; ბავშვებიც დასცინიან და მასხარად იგდებენ; საკმაოდ სუსტი და მოუქნელიცაა, რადგან უჭირს იმ სპორტული ვარჯიშების შესრულება, რომლებსაც ბევრი მისი თანატოლი ადვილად ასრულებს. არიან ისეთი ბავშვებიც, რომლებსაც საერთოდ არ უნდათ მასთან ურთიერთობა, თავიანთ წრეში არ იღებენ. დიდია ალბათობა, ამ ყველაფერმა კომპლექსებს დაუდოს სათავე.

სრულიად განსხვავებულ გარემოში აღზრდილ ბავშვსაც შეიძლება იგივე დაემართოს. თუ დედა, ერთი შეხედვით, „კეთილი განზრახვით“, „სწორ გზაზე დაყენების“,  თვითსრულყოფისკენ სწრაფვის გაღვივების მიზნით მუდმივად საყვედურობს შვილს, ადარებს მას მეზობლის, მეგობრის ბავშვს ან თანაკლასელს, რომელიც უფრო სერიოზულია, უფრო მეტი პასუხისმგებლობის გრძნობა აქვს, უკეთესად სწავლობს და სპორტულ წრეზეც დადის, უფრო თავაზიანი და მოწესრიგებულია, ბავშვს თანდათან უმტკიცდება აზრი, რომ არაფერს წარმოადგენს, რადგან მისივე მშობლის თვალშიც კი უცხო ბავშვები მასზე გაცილებით უკეთესად გამოიყურებიან. ცხადია, ასეთი ბავშვი თავს ვერ დააღწევს კომპლექსებს.

  • კომპლექსების მიზეზად ასევე შეიძლება იქცეს არახელსაყრელი, დაძაბული ფსიქოლოგიური კლიმატი ოჯახში, მშობლებს შორის უთანხმოება, ჩხუბი, მცირე შემოსავლისა თუ დროის დეფიციტის გამო მუდმივი წუწუნი, თავს დამტყდარ ყველა „უბედურებაში“ერთმანეთის დადანაშაულება, ბავშვისადმი უყურადღებობა, სიტყვები: „თავი დამანებე, შენთვის არ მცალია!“ „ფეხებში ნუ მედები!“ „უშენოდაც არ მაკლია პრობლემები, შენ მაინც ნუ მაწუხებ!“ შედეგი ერთია – მშობლების მიმართ უნდობლობა, კონფლიქტი თანატოლებსა და საკუთარ თავთან. ბავშვი საკუთარ თავში იკეტება, კარგავს საკუთარი შესაძლებლობების რწმენას, უჩნდება დანაშაულის გრძნობა და უამრავი კომპლექსი.

 

როგორ გავათავისუფლოთ ბავშვი ფსიქოლოგიური კომპლექსებისაგან

  • ადრეულ ასაკში ჩამოყალიბებული კომპლექსების დაძლევა ძნელია, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, აღვზარდოთ ბავშვი კომპლექსების გარეშე და თუ ამას ვერ ვახერხებთ, დავეხმაროთ მას უკვე არსებული კომპლექსების დამარცხებაში. ამასთან, საკორექციო მუშაობა აუცილებლად უნდა დავიწყოთ საკუთარი თავიდან და პასუხი გავცეთ კითხვებს: „როგორ ვზრდით შვილს? მისდამი როგორი დამოკიდებულება გვაქვს? უფრო ხშირად ვაქებთ თუ ვეჩხუბებით? როგორ ვესაუბრებით?“ ბავშვს საკუთარ თავზე წარმოდგენა ექმნება გარშემო მყოფების – თანატოლების, მასწავლებლებისა და, უპირველეს ყოვლისა, მშობლების შეხედულებებისა და შეფასებების საფუძველზე. ადრეულ ასაკში ბავშვი ღრუბელივით იწოვს გარემოდან მიღებულ ინფორმაციას საკუთარი თავის შესახებ. დაუფიქრებლად ნათქვამი ყოველი სიტყვა, შენიშვნა, ირიბი მზერაც კი მკვეთრად, არასასიკეთოდ ცვლის საკუთარი თავის, საკუთარი შესაძლებლობებისადმი ბავშვის დამოკიდებულებას. ამიტომ სასურველია, ვიყოთ უფრო ყურადღებიანი, პატივისცემით მოვეპყროთ ბავშვს, მოვუსმინოთ, ნაკლებად გავაკრიტიკოთ, ანგარიში გავუწიოთ, მეტად გავითვალისწინოთ მისი აზრი.
  • თუ ბავშვს რამე ისე არ გამოუვა, როგორც საჭიროა, ნუ მივაკერებთ მას უუნაროს იარლიყს. ავუხსნათ მარცხის მიზეზი და დავარწმუნოთ, რომ მორიგი მცდელობისას ყველაფერი გამოუვა, უბრალოდ, უფრო ყურადღებით, უფრო სერიოზულად უნდა მიუდგეს საქმეს.
  • გავხდეთ მისი მეგობარი, დაველაპარაკოთ და ავუხსნათ, რომ კომპლექსები ყველას აქვს. მოვუყვეთ მას საკუთარი კომპლექსების შესახებ, ვუამბოთ, როგორი ვიყავით მის ასაკში. ნუ ვეჩხუბებით ცუდი ნიშნების გამო – ის ხომ ცოდნისთვის უნდა სწავლობდეს და არა ნიშნისთვის. თუ რამე დღეს არ გამოუვიდა, ყოველთვის შეიძლება სწავლა და შედეგის გაუმჯობესება. ნუ მოვთხოვთ, მუდმივად მაღალი ქულები ჰქონდეს. გავითვალისწინოთ, რომ შეცდომა ყველას მოგვდის.
  • ყურადღება გავამახვილოთ ბავშვის თვისებებზე და განვავითაროთ ისინი. შევაქოთ პატარა მონდომებისა და მცდელობისთვის და არა მიღებული ნიშნისთვის.
  • კომპლექსების დაძლევის ერთ-ერთი გზა ბავშვისთვის თავისუფლების მინიჭებაა. „იქ არ წახვიდე!“ „ეს არ გააკეთო!“ – თუ გამუდმებით ასეთ შეძახილებს გაიგონებს, ბავშვი იფიქრებს, რომ არ ვენდობით, არ გვჯერა მისი შესაძლებლობების. უმჯობესია, მოქმედების თავისუფლება მივცეთ, დავრთოთ დამოუკიდებლობის გამოვლენის ნება. ნუ გავუკეთებთ ბავშვს იმას, რაც ბავშვობაში ჩვენ თვითონ გვიქმნიდა დისკომფორტს.
  • თუ ბავშვს უჭირს თანატოლებთან ურთიერთობა, ვურჩიოთ, უარი არ თქვას წასვლაზე, როცა სადმე ეპატიჟებიან, გამოხატოს პოზიტიური განწყობა, სჯეროდეს საკუთარი თავის, იყოს უშუალო და ბუნებრივი. ნუ შეეშინდება ინდივიდუალურობის გამოვლენის, რადგან ეს ღირსებაა და არა ნაკლი. იყოს გახსნილი და ილაპარაკოს იმის შესახებ, რა მოსწონს და რა – არა. არ დამალოს საკუთარი დამოკიდებულება, საკუთარი აზრი, ყოველთვის იყოს ის, ვინც არის, შეინარჩუნოს თვითმყოფადობა.
  • დაბოლოს, გავითვალისწინოთ, რომ ნებისმიერი სირთულის დაძლევის პროცესში ბავშვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მშობლების აზრი, მათი მხარდაჭერა და უპირობო სიყვარული – ის უნდა გრძნობდეს, რომ გვიყვარს არა წარმატებების გამო, არამედ უბრალოდ იმიტომ, რომ არსებობს და ჩვენ გვერდითაა.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...