სამშაბათი, ივლისი 15, 2025
15 ივლისი, სამშაბათი, 2025

როგორ ვასწავლი სტილისტიკის ელემენტებს შეცდომების გასწორების საშუალებით

0
Crumpled paper balls with pencil and clipboard on wooden background

მოსწავლეთა წერისა და მეტყველების გაუმჯობესების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა შეცდომების გასწორებაზე მუშაობა. ამ მხრივ ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებს ამოუწურავი შესაძლებლობანი გვაქვს. კალენდარული გეგმის შედგენისას უმჯობესია სტილზე მუშაობის გაკვეთილები დაიგეგმოს იმ დროისათვის, როდესაც ზოგიერთი საკვანძო საკითხი უკვე შესწავლილია. სწორედ ამ გაკვეთილზე უნდა ხდებოდეს მოსწავლეთა უმრავლესობისათვის დამახასიათებელი შეცდომების გასწორება, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეების სწორი მეტყველების ელემენტარული ჩვევების გამომუშავებას.

 

ამ წერილში შევეცდები გავარკვიო – სად, რომელ ენობრივ მასალასთან დაკავშირებით შეიძლება მოსწავლეთა სტილის გამართვა, გალამაზება და ყურადღებას გავამახვილებ ზოგიერთ ენობრივ და სტილურ შეცდომაზე, რომლებიც ხშირად მოსდით ბავშვებს. ეს შეცდომები ვლინდება შემდეგ ძირითად საკითხებში:

 

  1. მოსწავლეთა წერისა და მეტყველების ფორმები პრიმიტიულია, წიგნისადმი ზედმეტი მიბაძვა ზღუდავს მათ შემოქმედებით უნარს – დამოუკიდებლად შეარჩიონ სწორი, მოხდენილი სიტყვები (სინონიმები, ანტონიმები და სხვა).

 

  1. ხშირია სიტყვათა უაზრო გამეორება;

 

  1. შეიმჩნევა ზმნისწინთა არასწორი ხმარება;

 

  1. შეცდომებია ქვემდებარისა და შემასმენლის რიცხვის შეთანხმებაში;

 

  1. თვალშისაცემია ნაცვალსახელთა და ,,რომ“ კავშირის ხშირი, უადგილო ხმარება და სხვა.

 

სინონიმების, ანტონიმებისა და ომონიმების სწავლებისთვის სავარჯიშოდ ცალკე საათი უნდა გამოვყოთ. ბავშვების მეხსიერებაში წინ უნდა წამოვწიოთ ისეთი სიტყვები და ფრაზები, რომლებიც მათ პასიურ მარაგში აქვთ.  ყველა ბავშვმა იცის სიტყვა ,,მშვენიერის“ შინაარსი, მაგრამ როცა საჭიროა ,,ლამაზი“ ჩაანაცვლოს, უკვე აღარ ახსენდება და იმეორებს ერთსა და იმავე სიტყვას. საშინაო დავალებად ვაძლევ ისეთ სავარჯიშოს, სადაც სინონიმური, ანტონიმური და ომონიმური სიტყვები უნდა გამოიყენონ. ამავე დროს ვაკონტროლებ წერით ნამუშევრებს და ვასწორებ შეცდომებს.

განვიხილოთ  მოსწავლეთა ნაწერებში დაშვებული შეცდომები.

   მაგალითად:

 

  1. ,,ეს სოფელი თავისი ადგილმდებარეობის გამო ჩამორჩენილი ადგილი იყო“. განა ბავშვმა არ იცის, რომ არსებობს სიტყვები – ,,კუთხე“, ,,მხარე“, მაგრამ სიტყვათა აქტიური მარაგის სიმცირის გამო ვერ შეძლო მათი გამოყენება. ეს წინადადება ასე უნდა გასწორდეს: ,,ეს სოფელი თავისი ადგილმდებარეობის გამო ჩამორჩენილი მხარე იყო“;

 

  1. მას ძალიან ეხერხება პორტრეტის ხატვა“. ეს წინადადება გრამატიკულად სწორია, სტილისტურად გაუმართავი. ,,ძალიან“ სიტყვა სემანტიკურად დაკავშირებულია ფიზიკურ ძალასთან. ხატვას, აღწერას ძალა არ სჭირდება, ამიტომ მოსწავლეებს უნდა მოვაძებნინოთ სხვა სიტყვები, მაგალითად, ,,მშვენივრად“, ,,კარგად“. მაშასადამე, გვექნება: ,,მას მშვენივრად ეხერხება პორტრეტის ხატვა“.

 

ასეთი ვარჯიში ხელს უწყობს ბავშვის მეტყველების განვითარებას.

ყურადღება უნდა გამახვილდეს ისეთ სიტყვებზე, რომლებსაც ესა თუ ის მწერალი ხმარობს და მათი გამოყენება ახალ ელფერს სძენს სათქმელს. მაგალითად, მოსწავლეს ესეის დაწერის დროს გამოუყენებია ალ. ყაზბეგის სიტყვები: ჰაერი დაიფარა მედიდური, ძლიერი და ამ ერთადერთი სავაჟკაცო სიმღერის ხმით. დღეს,, სავაჟკაცოს“- ურ  სუფიქსით ვხმარობთ.

ზოგჯერ ენის ხატოვნებისათვის შეიძლება ასე ვიხმაროთ: ,,სავაჟკაცო საქმე გააკეთა“, ,,სავაჟკაცო ამბავი გვიამბო“.

მოსწავლეთა მეტყველების ნაკლოვან მხარეს წარმოადგენს სიტყვათა ზედმეტი განმეორება.  ბავშვებს ვასწავლით: სიტყვათა განმეორება რომ არ მოხდეს, ჩავანაცვლოთ ის ნაცვალსახელით.

როცა არსებითი სახელის მრავლობით რიცხვს ვასწავლით, არ შეიძლება არ გამოვყოთ თუნდაც ერთი გაკვეთილი – ებ- და ნართანიანი მრავლობითის სტილური განსხვავების ახსნა-შესწავლისათვის. როდის არის ებიანი მრავლობითი სტილისტურად უკეთესი ნართანიანზე და, პირიქით?  მაგალითად:  ,,მისი საქციელი მისაბაძია და დაუვიწყარი საუკუნეების მანძილზე“.

უნდა ვეცადოთ, რომ ბავშვებმა გაარკვიონ ამ წინადადების პოეტური,  ამაღლებული ტონი და  შემდეგ დავსვათ კითხვა: რომელი მრავლობითის გამოყენება  სჯობს აქ?  ვფიქრობ, ნართანიანისა. წინადადება ასე გასწორდება: ,,მისი საქციელი მისაბაძია და დაუვიწყარი საუკუნეთა მანძილზე.

ნართანიანის გამოყენებამ ახალი ელფერი შესძინა წინადადებას, რაც გასათვალისწინებელ ნიუანსს წარმოადგენს სტილზე მუშაობის დროს. ვფიქრობ, თუ ასე დავაყენებთ საკითხს ორივე მრავლობითის გამოყენების შესახებ, მოსწავლე ყოველთვის შეეცდება, შეარჩიოს  მრავლობითი რიცხვის სათანადო ფორმა.

ქართული ზმნა რთული და საინტერესოა. მისი შესწავლის დროს მოსწავლეთა ყურადღება უნდა მივაქციოთ სტილისტურ საკითხებსაც. ზმნისწინის სწავლების დროს კონტროლი უნდა გავუწიოთ არა მარტო მის სწორად ხმარებას, არამედ სად, რომელი ზმნისწინის გამოყენება  სჯობს. მაგალითად, აი ასეთი წინადადება: ,,სტუმრები შევიდნენ ხალხით გამოჭედილ სახლში, რომელთაც წინ მოეგებნენ კაცები“. ამ წინადადებაში მოსწავლემ დაუშვა ორი სერიოზული შეცდომა.

პირველი – არასწორად დაალაგა წინადადება, რის გამოც გაჩნდა ორაზროვნება. საზღვრული წევრი ,,სტუმრები“ უნდა იყოს მიმართებით ნაცვალსახელთან ახლოს;

მეორე: არასწორად იხმარა ზმნისწინები. შეაწყვილა შე-(შევიდნენ) და  მო-(ეგებნენ).  მო- ზმნისწინი ანტონიმურია  შე-  ზმნისწინისა, ამიტომ ეს წინადადება ასე უნდა გასწორდეს: ხალხით გაჭედილ სახლში შევიდნენ სტუმრები, რომელთაც წინ მიეგებნენ კაცები“.

 

სტილზე მუშაობა შეგვიძლია წინადადების აგებულებისა და მისი თავისებურებების სწავლების დროსაც.

სინტაქსის სწავლების დროს უნდა გავაღრმავოთ და განვამტკიცოთ სწორი მეტყველების ცოდნა-ჩვევები. სხვა მრავალ საკითხთან ერთად ინტერესს იწვევს ქვემდებარისა და შემასმენლის შეთანხმება მრავლობით რიცხვში. სახელმძღვანელოში წერია: ,,უსულო საგნის აღმნიშვნელი ქვემდებარე შემასმენელს მაშინ ითანხმებს მრავლობით რიცხვში, თუ გაპიროვნებაა ან ზმნა-შემასმენელი მოქმედებითი და საშუალი გვარისაა“. ეს განმარტება  ერთგვარ წინააღმდეგობას შეიცავს, განსაკუთრებით, როდესაც გაპიროვნებაზეა ლაპარაკი. გაპიროვნება მხატვრული ხერხია და ამიტომ არ არის თავისუფალი მოვლენის სუბიექტური შეფასებისაგან. უსულო საგნის ერთი და იგივე მოქმედება შეიძლება გამოიხატოს როგორც ნეიტრალურად, ისე გაპიროვნებით (მაგალითად: ,,ხის კენწეროები ქარისაგან მიწისაკენ იხრებოდა“, შდრ. ,,ხის კენწეროები ქარისაგან მიწისაკენ იხრებოდნენ“). ამის გამო ამ საკითხს უფრო ღრმად და მკაფიოდ ახსნა ესაჭიროება.

რაკი უსულო საგნის აღმნიშვნელი ქვემდებარისა და შემასმენლის რიცხვში შეთანხმებაზე არა გვაქვს მტკიცედ დაკანონებული ნორმა, თანაც ენაში აშკარად იგრძნობა ტენდენცია შეთანხმებისაკენ, შეცდომების გასწორების დროს უნდა გამოვიჩინოთ ყურადღება. ემოციურობის თვალსაზრისით ,,მთას დაეკიდნენ წვრილი ვარსკვლავები“ უკეთესია, ვიდრე ,,მთას დაეკიდა წვრილი ვარსკვლავები“. მით უმეტეს, რომ მასალის ასე გაგებას ზურგს უმაგრებს მოსწავლეთათვის კარგად ცნობილი სიტყვები ვაჟა- ფშაველას  ,,ბახტრიონის“ დასწყისიდან:

,,დღემ  დაიხურა პირბადე,

მთებმა დახუჭეს თვალები,

აღარ შფოთობენ საფლავში

გმირთ ოფლის მღვრელი ძვალები“.

ასე შეპირისპირებითა და ანალიზით ვიყენებ შეცდომების გასწორებას მოსწავლეთა ზეპირი და წერითი მეტყველების დახვეწა-სრულყოფისათვის.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ესგ საგნობრივი პროგრამა;
  2. მასწავლებლის წიგნი, 7 ტომი (მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი 2017წ).

სასწავლო რესურსად ქცეული სკოლის ფანჯრები  

0

 

იდეა, რომელიც უნდა გაგიზიაროთ, რამდენიმე წლის წინ დამებადა. მაშინ ჩემს შვილებთან ერთად მეცხრე სართულის უსახური ფანჯარა მოვხატე. უზარმაზარი ლოკოკინა და მზე ეზოდან ჩვენს სამყოფელზე მიანიშნებდა. ქალაქის ნაცრისფერი კორპუსის გალამაზების მცდელობა სოფლის სკოლაში გამახსენდა. ლიტერატურული კაფესთვის ვემზადებოდით, რომელიც  საკლასო ოთახში უნდა გაგვემართა. ოთახის ინტერიერს კი მხოლოდ მასწავლებლის მაგიდა, სამი მერხი, ამდენივე სკამი და დაფა შეადგენდა. ცვლილებებზე ფიქრმა ფანჯრების მოხატვის სურვილი გამიჩინა. გადავწყვიტე, ერთ ფანჯარაზე წიგნების ავტორები და სათაურები ჩამომეწერა, მეორეზე კი კაფეს მენიუ დამეხატა. ნათელი, მზიანი დღე იყო. ცა ლურჯად კამკამებდა. მთის წვერზე დაყუდებული მზე სხივებად იღვრებოდა. ადრეული გაზაფხული იდგა და სკოლის მეგობარ კაკლის ხეს ჯერ კიდევ შიშველი ტოტები ჰქონდა.

ეს იყო ჩვენი მეორე ლიტერატურული კაფე და ახლაც მახსოვს ფანჯრის მინაზე ჩამოწერილი წიგნების მრავალფეროვანი სათაურები, სხვადასხვა ჟანრი, ქართული და უცხოური ლიტერატურა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწარმოები მალალა იუსაფზაის ცხელ-ცხელი „მე ვარ მალალა“ იყო. სიურპრიზად ვინახავდი წიგნის 15 ეგზემპლარს, რომელიც მთარგმნელმა ლიკა ჩაფიძემ ბავშვებისთვის საჩუქრად გამომატანა.

სანამ ფანჯრების მოხატვას დავიწყებდი, ნებართვა სკოლის დირექტორს ვთხოვეთ. ავუხსენით, რომ საღებავი ფანჯრის მინებს არ დააზიანებდა და ადვილად შორდებოდა. მოხატულმა ფანჯრებმა გაგვახალისა და განსაკუთრებული ელფერი შესძინა საკლასო ოთახს. მას შემდეგ სკოლის ფანჯრებს, როგორც სასწავლო რესურსს, ისე ვიყენებთ. მიზანი კი მრავალგვარი შეიძლება იყოს და ნებისმიერი საგნის მასწავლებელს შეუძლია გამოიყენოს.

არაფორმალური გარემოს შექმნა

საკლასო ოთახში არაფორმალური გარემოსთვის დამახასიათებელი შტრიხების შეტანა სასწავლო პროცესს სახალისოს ხდის. მოხატული ფანჯრები განწყობას ამაღლებს და ბავშვებს სიახლის მოლოდინს უჩენს. როგორც წესი, თავდაპირველად მასწავლებელი იწყებს, ისინი სიხარულით სავსე თვალებით შემოგყურებენ, ათას კითხვას გისვამენ, შემდეგ კი თავადაც გამოთქვამენ დახმარების სურვილს.

სასწავლო წესები, ფორმულები

მათემატიკის, ფიზიკისა და ქიმიის მასწავლებლებს შეუძლიათ ფორმულები ჩამოწერონ. აქილევსის ქუსლად ქცეული გამრავლების ტაბულის ფანჯრის მინაზე დახატვით ბავშვებს ცოდნის ათვისების პროცესი გაუადვილდებათ, რადგან თვალსაჩინოება ვიზუალური მეხსიერებისთვის აუცილებელი რამ არის.

პლანეტათა სამყარო

წარმოიდგინეთ საკლასო ოთახში შესულს მზის სისტემის პლანეტები რომ შემოგანათებენ ფანჯრიდან. გარდა შემეცნებითი დატვირთვისა, პლანეტები სამყაროს უსასრულობის განცდას ბადებს. იმის გაზრებისას, რომ კოსმოსის პატარა ნაწილი ხარ, პრობლემები უფერულდება. მე კი ტერენტი გრანელის ფსევდონიმი მახსენდება. მისი დების მაშო და ზოზია კვირკველიების გადმოცემით, ფსევდონიმს ლათინური სიტყვა „granum” დასდებია საფუძვლად, რაც მარცვალს ნიშნავს. მეც პატარა, ობოლი მარცვალი, სამყაროს უმცირესი ნაწილი ვარო, ამბობდა თურმე ტერენტი.

უცხო ენები

რატომღაც ინგლისურის არაწესიერი ზმნები გამახსენდა და მათი დამახსოვრებისას გამოწვეული ტანჯვა. მშვენიერი იქნებოდა, სკოლის ფანჯრებზე არაწესიერ ზმნათა ჩამოწერა და ამ გზით ბავშვების მეხსიერების გააქტიურება. კიდევ მრავალი რამ შეიძლება დაიწეროს, მაგალითად, კითხვითი სიტყვები, დროის ზმნიზედები, პირისა თუ კუთვნილებითი ნაცვალსახელები. დარწმუნებული ვარ, ამგვარი მეთოდით თამაშად ვაქცევთ სასწავლო პროცესს. ერთი სიტყვაც რომ წაიყოლონ ბავშვებმა სკოლიდან სახლში და საკუთარ გონებაში მიუჩინონ ბინა, ესეც უკვე დიდი საქმეა.

ლიტერატურული პერსონაჟები

ქართულის მასწავლებლებს არა მარტო წიგნების სათაურებისა და ავტორების, არამედ სიტყვათა სწორი და არასწორი ფორმების, ზმნისწინების, პირის ნიშნების, ნაცვალსახელების ჩამოწერა შეგვიძლია.

ლიტერატურული პერსონაჟების მოხატვით წიგნებისადმი დამოკიდებულება შეიძლება შევცვალოთ. თავდაპირველად მასწავლებლები ვთავაზობთ, ბავშვებთან ვათანხმებთ და ამგვარად ვარჩევთ სასურველ პერსონაჟს. გარკვეული დროის შემდეგ კი  შეიძლება მოსწავლეებმა თავად მოხატონ მასწავლებლისთვის უცნობი პერსონაჟებით ფანჯრები და ამგვარად უფრო მეტად გაახალისონ ურთიერთობები. მაგალითად მოვიყვან მეცამეტე ლიტერატურულ კაფეს, როდესაც ყველაფერი ბავშვებმა მოამზადეს და მოულოდნელი სიხარული მაჩუქეს. მედიათეკის ოთახში შესულს ფანჯარაზე დამახვედრეს ჯოჯო მოიესის წიგნის „მე შენამდე“ პერსონაჟები –  უილ ტრეინოლი და ლუისა კლარკი, რომელთაც მე ჯერ არ ვიცნობდი.

ასევე საინტერესო იქნება, თითოეული მწერლის ბიოგრაფიული დეტალების ფანჯრის მინაზე გადატანა. შესაძლოა, სტენსილარტის გამოყენებით სასურველი მწერლის სილუეტის გამოსახვა, ირგვლივ კი მასთან დაკავშირებული სიტყვების დაწერა, მაგალითად, ვაჟა-ფშაველას დედ-მამის, მისი ძმების სახელები, ვაჟას ფსევდონიმები. ასოციაციურმა ფიქრებმა სოფელი თონეთი გამახსენეს, სადაც რამდენიმე წელი მასწავლებლობდა ვაჟა. ერთი სიტყვით, ვაცოცხლებთ მივიწყებულ ამბებს და ვიღრმავებთ ცოდნას.

სპექტაკლის სათაური

საკლასო ოთახის გარდა, სააქტო დარბაზის ფანჯრებიც მოგვიხატავს, რომლებზეც სპექტაკლის  სათაური დაგვიწერია ან  შესაბამისი სურათი დაგვიხატავს. ამგვარად, არაფორმალური გარემოსთვის დამახასიათებელი შტრიხით ვამდიდრებთ ოთახს და ამასთანავე ჩვენს დამოკიდებულებას სემიოტიკურად გამოვსახავთ.

 

ვინ ხატავს?

როგორც უკვე აღვნიშნე, იწყებს მასწავლებელი და შემდეგ მოსწავლეები ებმებიან. შეგვიძლია დახმარება ხატვის მასწავლებელს ვთხოვოთ, ან ხატვაში გაწაფულ უფროსკლასელს, ან მშობელს – ამგვარად მოსწავლეთა სოციალიზაციას ვუწყობთ ხელს.

როგორ საღებავს ვიყენებთ?

ვიყენებთ ნებისმიერი წყლის საღებავს. ადვილად შორდება ჭურჭლის სარეცხი საშუალებით. თუ წარწერების მოშორებისას ხელების დასვრა არ გსურთ, გამოიყენეთ რეზინის ხელთათმანი.

რამდენი ხანი უნდა იყოს ერთი ნახატი?

ჩემი დაკვირვებით, სასურველია ორ-სამ თვეში ერთხელ ფანჯრის წარწერებისა და მოხატულობის განახლება, რადგან ერთი და იგივე ინფორმაციამ მობეზრება და მიჩვევა იცის. ამასთანავე, სხვადასხვა საგნის მასწავლებლებს საკლასო ოთახის ფანჯრების სასწავლო რესურსად გამოყენების შესაძლებლობა ექნებათ.

 

ასე რომ, საკლასო ოთახის ფანჯრები მოძრავ, ცვალებად პოსტერად შეგვიძლია ვაქციოთ, ცოდნა თვალსაჩინო გავხადოთ, წიგნები – უფრო მიმზიდველი, პატარა მკითხველების შემეცნებითი სამყარო ბევრი ფერით გავამდიდროთ, ვხატოთ, ვწეროთ, ვშალოთ და ეს პროცესი მუდმივ წრებრუნვად მოვმართოთ. სტატიისთვის სურათების მოძიებამ კი კიდევ ერთი საინტერესო გაკვეთილის იდეა დაბადა. კერძოდ, გარკვეული დროის შემდეგ ფანჯრის წარწერებისა და ნახატების ირგვლივ გაკვეთილის აგება. უკვე წარმოვიდგინე გაკვეთილის რომელ ფაზაზე რას გავააქტიურებდი, როგორ შეკითხვას დავსვამდი. ამგვარად კი პირადი ამბების შენახვას, დაფასებას ვასწავლიდით. რა საინტერესოა, რამდენი სკოლაც არსებობს, იმდენი ფანჯრის ინდივიდუალური ისტორიის გამოგონება რომ შეიძლება.

 

ენობრივ-კომუნიკაციური უნარები დემოკრატიული კულტურის კომპეტენციის ჩარჩოში

0

„დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების სარეკომენდაციო ჩარჩოში“ (2018) მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ენობრივი, კომუნიკაციური და მრავალენობრივი უნარების განვითარებას. აღნიშნული ჩარჩო, თავის მხრივ,  ეფუძნება დემოკრატიული საზოგადოებებისთვის საერთო ღირებულებით პრინციპებს. მასში მოცემულია ის ინსტრუმენტები, რომლებსაც უნდა ფლობდნენ ადამიანები განათლების ნებისმიერ დონეზე, რათა მათ განუვითარდეთ საზოგადოებისადმი კუთვნილების გრძნობა და შეძლონ, თავიანთი წვლილი შეიტანონ საზოგადოებებში, რომლებშიც ვცხოვრობთ. მოცემული სარეკომენდაციო ჩარჩო განათლების სისტემებს სთავაზობს მათი მოქმედების საერთო ხედვებს და, ამავე დროს, ითვალისწინებს პედაგოგიური მიდგომების სიმრავლესა და მრავალფეროვნებას[1].

ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის, ტორბიონ იაგლანდის თქმით, დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების სარეკომენდაციო ჩარჩოს შექმნის მიზანს წარმოადგენს წევრი სახელმწიფოების დახმარება, რათა მათ შეძლონ განათლების საშუალებით ღია, ტოლერანტული და მრავალფეროვანი საზოგადოებების ჩამოყალიბება.

დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების სარეკომენდაციო ჩარჩოში, ტერმინი „ენა“ აღნიშნავს ყველა ლინგვისტურ სისტემას, რომელიც ან აღიარებულია როგორც ენა, ან წარმოადგენს აღიარებული ენის სახესხვაობას, მათი მოდალურობის მიუხედავად. იგი მოიცავს სამეტყველო და ჟესტების ენას და სხვა არავერბალური კომუნიკაციის საშუალებებს. შესაბამისად, მოცემულ კონტექსტში, ტერმინი „ვერბალური“ და „არავერბალური“ კომუნიკაცია განმარტებულია, როგორც „ენობრივი საშუალებებით განხორციელებულ კომუნიკაცია“ და „არაენობრივი საშუალებებით განხორციელებულ კომუნიკაცია“.

ჩარჩოს თანახმად, ენობრივი, კომუნიკაციური და მრავალენობრივი უნარები განმარტებულია, როგორც სხვა ადამიანებთან ქმედითი და სათანადო კომუნიკაციისთვის საჭირო უნარი.

ქმედითი და სათანადო კომუნიკაციის მახასიათებლად მიჩნეულია:

  • ენობრივი უნარები;
  • სოციო-ლინგვისტურ უნარები;
  • გადმოცემის უნარი.

ენობრივი უნარები განსაზღვრულია, როგორც სამეტყველო და წერილობით ფორმაში წინადადებებისა და ფრაზების ჩამოსაყალიბებლად და აღსაქმელად საჭირო უნარები.

სოციო-ლინგვისტური უნარები განსაზღვრულია, როგორც საუბრის პროცესში აქცენტის, დიალექტის, რეგისტრისა და სოციალური ურთიერთობების ლინგვისტური მარკერების გასარჩევად გამოყენებული უნარები.

გადმოცემის უნარი განსაზღვრულია, როგორც უნარი, შესაბამისი საკომუნიკაციო წესების გამოყენებით, საჭირო  მოცულობითი, თანმიმდევრული და გამართული მეტყველების წარმოებისთვის, ასევე დისკურსისა და წერილობითი ტექსტების კონკრეტულ საკომუნიკაციო მიზნებზე მორგებისთვის.

 

ევროპის საბჭოს რეკომენდაციაში CM/Rec(2014)5 ხაზგასმულია სასკოლო განათლებაში ენის (ენების) მნიშვნელობა. კონკრეტულად, მასში  (მუხლი 6, პუნქტი ბ) ნათქვამია, რომ: განსაკუთრებული ყურადღება სასკოლო განათლების საწყის ეტაპზევე უნდა დაეთმოს ენის ათვისებას, რომელიც, როგორც თავად კონკრეტული სასკოლო საგანი, ასევე სხვა სასკოლო საგნებში მოსწავლეებისათვის ცოდნის გადაცემის საშუალება, უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს როგორც ცოდნის მისაწვდომობის თვალსაზრისით, ასევე მოსწავლეების შემეცნებითი განვითარების თვალსაზრისით.

მოსწავლეებს, რომლებსაც ენობრივი ბარიერი აქვთ, პრობლემები ექმნებათ სწავლისა და განათლების კუთხით წინსვლის მხრივ.

უკლებლივ ყველა სასწავლო საგანში, აქტივობები, რომლებიც ენობრივ კომპეტენციას საჭიროებს, მოიცავს შემდეგს:

  • განმარტებითი ტექსტების კითხვა და გაგება, რომლებიც ხშირად სასწავლო საგნის კონტექსტის მიხედვით ერთმანეთისაგან განსხვავებულია;
  • მასწავლებლის მიერ რთული საკითხების ახსნის მოსმენა და გაგება;
  • კითხვებზე ზეპირი და წერილობითი პასუხების გაცემა;
  • კვლევისა და სწავლის შედეგების წარმოჩენა;
  • კონკრეტულ თემაზე მსჯელობაში მონაწილეობა.

 

რადგან ნებისმიერი საგნის შესწავლა ენის შესწავლას და კონკრეტულ საგანთან დაკავშირებული ცოდნის შეძენა წარმოუდგენელია ენობრივი საშუალების გარეშე, რადგან  ენობრივი კომპეტენცია საგნობრივი კომპეტენციის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს, რადგან შესაბამისი ენობრივი კომპეტენციის გარეშე შეუძლებელია, მოსწავლემ სათანადოდ აითვისოს სასწავლო მასალა ან შეძლოს ამ მასალაზე საუბარი, – ამ და სხვა საფუძვლებზე დაყრდნობით ევროპის საბჭომ დაამუშავა და მოამზადა მასალა, რომლითაც შეუძლიათ ისარგებლონ განათლების სფეროს სპეციალისტებმა, რათა უზრუნველყონ მოსწავლეთა ენობრივი კომპეტენციების სათანადო დონეზე განვითარება, რაც თავის მხრივ, სწავლაში მიღწევების გარანტი იქნება; აღნიშნული მასალა მოწოდებულია ევროპის საბჭოს მრავალენოვანი და ინტერკულტურული განათლებისათვის რესურსებისა და ლიტერატურის პლატფორმის საშუალებით[2].

 

ენობრივ კომპეტენციებზეა დამოკიდებული დემოკრატიული კულტურის კომპეტენციის ათვისება. ენობრივი კომპეტენცია უმნიშვნელოვანესია და საჭიროებს მასწავლებლების მხრიდან ყურადღების გამახვილებას[3].

 

ენისა და კომუნიკაციის ცოდნა-შემეცნება და კრიტიკული გააზრება გულისხმობს, კონკრეტულ ენობრივ ჯგუფში, სოციალურად მისაღები ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის საყოველთაოდ აღიარებული პირობების ცოდნასა და კრიტიკულ გააზრებას; იმის გააზრებას, თუ რა გავლენა შეიძლება მოახდინოს სხვა ადამიანებზე კომუნიკაციის სხვადასხვა სტილმა და, ასევე, როგორ გამოიხატება საერთო კულტურული ღირებულებები სხვადასხვა ენაზე[4].

დესკრიპტორები

ენობრივი, კომუნიკაციური და მრავალენობრივი უნარებისთვის

დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების სარეკომენდაციო ჩარჩოში პედაგოგებისა და განათლების პროცესში მონაწილე პირებისთვის შექმნილია თითოეულ კომპეტენციასთან დაკავშირებული სწავლის მიზნები და შედეგები – ე. წ. დესკრიპტორები (აღმწერები), რათა შექმნან სასწავლო სიტუაციები, რომლებიც საშუალებას მისცემს მათ, დააკვირდნენ მოსწავლეების მიერ გამოვლენილ და მოცემულ კომპეტენციებთან დაკავშირებულ ქცევას[5]. დესკრიპტორები გამოცდილია ევროპის 16 წევრ სახელმწიფოში.

თითოეულ აღმწერს მინიჭებული აქვს საიდენტიფიკაციო კოდი, ძირითადი კომპეტენციის ნომერი და ენიჭება კლასიფიკაცია (მაგალითად: ელემენტარული, საშუალო ან მაღალი).

საიდენტიფიკაციო კოდი ძირითადი  კომპეტენცია  № დესკრიპტორი

 

 

 

კლასიფიკაცია

 

1501 88 შეუძლია, გამოთქვას საკუთარი აზრი არსებულ პრობლემასთან დაკავშირებით. ელემენტარული
1502 89 სთხოვს მოსაუბრეს, გაიმეოროს ნათქვამი, თუ იგი მისთვის ნაკლებად გასაგებია.  

ელემენტარული

1503   საუბრისას ცდილობს, შეინარჩუნოს თვალით კონტაქტი მოსაუბრე მხარესთან. ელემენტარული
1504   იყენებს ჟესტიკულაციას, რათა უკეთ გააგებინოს საუბარში მონაწილე სხვა მხარეს, თუ რას გულისხმობს იგი.  

ელემენტარული

1505   შეუძლია, გადმოსცეს და გააგებინოს სხვებს საკუთარი მოსაზრება თუ პოზიცია. ელემენტარული
1506   სვამს იმგვარ კითხვებს და იმგვარად, რომ უზრუნველყოს საკუთარი ჩართულობა საუბარში. ე/ს

 

1507   იყენებს სხეულის ენას, რათა უკეთ გააგებინოს საუბარში მონაწილე პირებს, თუ რის თქმა სურს მას. ე/ს

 

1508   ეუბნება ან აგრძნობინებს მოსაუბრე მხარეს, რომ მისთვის მისაღებია მისი მოსაზრებები. ე/ს

 

1509   კარგ ურთიერთობასა და წარმატებული კომუნიკაციას ამყარებს სხვებთან, საუბრის, საკუთარი, გასაგები მანერის წყალობით. ე/ს

 

1510   შეუძლია ამოიცნოს, როდესაც ორი ადამიანი ცდილობს ერთი და იგივე აზრი ჩამოაყალიბოს, ოღონდ განსხვავებული გზებით.              ე/ს

 

1511   კომუნიკაციის პროცესში პრობლემის წარმოქმნის შემთხვევაში, იგი საკმაოდ ხშირად პოულობს გზებსა და საშუალებებს, რათა მომენტალურად იქნას განეიტრალებული გაჩენილი პრობლემა (მაგალითად, სხეულის ენის გამოყენებით, ახსნა-განმარტებების მიწოდებით, ნათქვამის გამარტივებით და  ა. შ.). ე/ს

 

1512   იყენებს ჟესტიკულაციას, რათა უკეთ გააგებინოს საუბარში მონაწილე პირებს, თუ რის თქმა სურს მას. ე/ს

 

1513 90 სვამს კითხვებს, რომლებიც ადასტურებს, რომ მისთვის გასაგებია სხვა მოსაუბრის მიერ გამოთქმული პოზიცია. საშუალო

 

1514 91 ფლობს თავაზიანობის გამოხატვის ფრაზებს მისი მშობლიური ენისაგან განსხვავებულ ენაზე. საშუალო

 

1515   შეუძლია, დაარწმუნოს სხვა ადამიანები, მოლაპარაკება აწარმოონ მასთან. საშუალო

 

1516   რწმუნდება, რომ მის მიერ გამოთქმული აზრი სწორად იქნა გაგებული საუბარში მონაწილე ყველა მხარის მიერ. საშუალო
1517   შეუძლია მიხვდეს, თუ როდის უსმენს მას საუბარში მონაწილე პირი, მაგრამ ვერ ხვდება, თუ რაზე საუბრობს იგი. საშუალო
1518   კომუნიკაციის დროს, ნაკლებად გასაგები ან ბუნდოვანი მომენტების წარმოშობის შემთხვევაში, იგი ცდილობს და ახერხებს, ახსნას გაუგებარი მომენტების წარმოშობის მიზეზები,  ან სხვაგვარად გაართვას თავი შექმნილ ვითარებას. საშუალო

 

1519   შეუძლია შეცვალოს და სიტუაციას მოარგოს საკუთარი ენობრივი კომუნიკაციური ქცევა, მოსაუბრისათვის ხელსაყრელი და მისაღები კომუნიკაციის წესების გამოყენებით. ს/მ

 

1520   შეუძლია სწორად და ეფექტურად ჩამოაყალიბოს საკუთარი სათქმელი ინტერკულტურულ გარემოში და დაამყაროს კომუნიკაცია სხვებთან. ს/მ
1521   მოსაუბრე მხარის პასუხის გაცემამდე, შეუძლია დარწმუნდეს, რომ კარგად ესმის მის მიერ გამოთქმული აზრი. ს/მ

 

1522   საკუთარი სიტყვებით იმეორებს მოსაუბრის მიერ გამოთქმულ აზრს, რათა დარწმუნდეს, რომ სწორად გაიგოს მისი მნიშვნელობა ს/მ
1523   შეუძლია კომუნიკაციის ჩავარდნის თავიდან აცილება, სხვების მიერ არასწორად გაგებული მისი ნათქვამის გამეორების, სხვა სიტყვებით გადმოცემისა თუ სხვაგვარად ჩამოყალიბების საშუალებით. ს/მ

 

1524   შეუძლია ამოიცნოს საუბრის განსხვავებული მანერა, რომელსაც იყენებს მისი სოციალური ჯგუფისაგან განსხვავებული, სულ მცირე, ერთი კულტურის წარმომადგენელი. ს/მ
1525   შეუძლია თავაზიანად და შესაბამისი ფორმით მიმართოს მოსაუბრეს და სთხოვოს მას განმარტებები, იმ შემთხვევაში, თუ მოსაუბრის ვერბალური და არავერბალური გამოხატვის საშუალებებით გამოთქმული აზრი ერთმანეთის შეუსაბამოა. ს/მ

 

1526 92 ინტერკულტურული ურთიერთობების დროს შეუძლია, შეასრულოს ენობრივი შუამავლის როლი, შეუძლია, თარგმნოს, თარჯიმნობა გასწიოს ან ახსნა-განმარტებები მიაწოდოს მხარეებს. მაღალი
1527 93 წარმატებით შეუძლია, თავიდან აიცილოს მოსალოდნელი გაუგებრობები ინტერკულტურული ურთიერთობის დროს. მაღალი

 

1528   ინტერკულტურული ურთიერთობების დროს აკმაყოფილებს საკომუნიკაციო მოთხოვნებს, საუბრობს რა იმ ენაზე, რომელიც გასაგებია კომუნიკაციაში მონაწილე ყველა მხარისთვის. მაღალი
1529   შეუძლია, ამოიცნოს კომუნიკაციის განსხვავებული წესები, რომლებსაც იყენებენ მისი სოციალური ჯგუფისაგან განსხვავებული, სულ მცირე, ერთი კულტურის წარმომადგენლები. მაღალი

 

1530   ფლობს, სულ მცირე, ერთ უცხო ენას და კარგად იცნობს საკუთარი კულტურისგან განსხვავებულ, სულ მცირე, ერთ კულტურას მაინც. მაღალი

 

აღნიშნული დესკრიპტორების გამოყენება შესაძლებელია სხვადასხვა გზით, როგორც ფორმალურ, ასე არაფორმალურ საგანმანათლებლო გარემოში. ისინი პირდაპირ შეიძლება გამოვიყენოთ სხვადასხვა დონეზე ეროვნული თუ სასკოლო კურიკულუმის შედგენისას, ასევე სასწავლო აქტივობების შედგენის, განხორციელებისა და შეფასების პროცესში.

 

დესკრიპტორები ადგენს კომპეტენციის დონეს და არ გამოიყენება ერთ კონკრეტულ სიტუაციაში ქცევის შესაფასებლად. ერთი კონკრეტული ქცევით ვერ განისაზღვრება მოსწავლის კომპეტენციის ფლობის/არფლობის დონე.

 

დესკრიპტორები პოზიტიურადაა ფორმირებული. მათი გამოყენება იძლევა იმის განსაზღვრის საშუალებას, თუ რის კეთება შეუძლია მოსწავლეს.

 

იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლე არ/ვერ ავლენს სათანადო ქცევას, უნდა დაიგეგმოს შემდგომი ინტერვენცია, ნაცვლად იმისა, რომ მოსწავლის მოსწრება არადამაკმაყოფილებლად შეფასდეს.

 

 

დესკრიპტორები თანაბრად მნიშვნელოვანი ინსტრუმენტებია როგორც პედაგოგების, ასევე მოსწავლეებისთვისაც[6], რომლებსაც მათი გამოყენება ასევე შეუძლიათ სხვადასხვა გზით ფორმალურ თუ არაფორმალურ სასწავლო გარემოში.

 

 

 

[1]ამონარიდი ტორბიორნ იაგლანდის წინათქმიდან, დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების სარეკომენდაციო ჩარჩო, ტ.1, გვ.6.

[2] www.coe.int/EN/web/platform-plurilingual-intercultural-language-education/.

[3] დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების სარეკომენდაციო ჩარჩო (2018), ტომი I, გვ.27.

[4] დემოკრატიული კულტურის კომპეტენციები, 2018, გვ. 20.

 

[5] ამონარიდი ევროპის საბჭოს დემოკრატიის დირექტორატის ხელმძღვანელის, სნეჟანა სამარძიჩ-მარკოვიჩის წინასიტყვაობიდან, დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების სარეკომენდაციო ჩარჩო, ტ.1, გვ.8.

 

[6] დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების სარეკომენდაციო ჩარჩო, 2018, ტ.1, გვ.-გვ.105-107.

მოტივაცია – წარმატების მნიშვნელოვანი ფაქტორი

0

სწავლების პროცესის ერთ-ერთ უნიშვნელოვანეს გამოწვევას მოსწავლეებში სწავლის სურვილის გაღვივება, მათი მოტივაციის ამაღლება წარმოადგენს. სკოლის პერიოდის ბავშვში სწავლის მაღალი მოტივაცია წარმატების ძირითადი ფაქტორია.

მოსწავლის სასწავლო წარმატებაზე მოქმედებს უამრავი ფაქტორი. მოტივაცია შესაძლოა იყოს ის წარმმართველი ძალა, რომელიც პირდაპირ განსაზღვრავს იმას, თუ მოსწავლე რამდენად აქტიურად და ნაყოფიერად არის ჩართული სასწავლო პროცესში და რა შედეგებს აღწევს.

მაინც   რა ფაქტორები ახდენენ გავლენას მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებაზე?

 

  1. მოსწავლის ფაქტორი

მოსწავლეები განსხვავდებიან ერთმანეთისაგან აკადემიური უნარების მიხედვით, ინტელექტის ტიპით, სოციალური თუ კულტურული გამოცდილებით, სურვილებით, დამოკიდებულებებით, მოლოდინებით…

 

  1. მასწავლებლის ფაქტორი

მოსწავლე მასწავლებელს პატივს სცემს პროფესიონალიზმის, ცოდნის, პიროვნული თვისებების გამო. მოსწავლეთა მოტივაციის მიზეზი შეიძლება იყოს მასწავლებლის მიერ კონკრეტული საგნის მაღალ დონეზე ფლობა.

მოსწავლესა და მასწავლებელს შორის უნდა იყოს მეგობრულ-კეთიგანწყობილი დამოკიდებულება. მასწავლებლის მოლოდინები გავლენას ახდენს მოსწავლეთა იმ შედეგებზე, რომელიც ამ მოლოდინებს უკავშირდება.

მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებელი იზიარებდეს მოსწავლის განცდებსა და აზრებს, ამავდროულად აუცილებელია, რომ მასწავლებელმა სხვადასხვა ხარისხის მხარდაჭერა შესთავაზოს მოსწავლეებს. მოსწავლე მეტი ხალისით თანამშრომლობს მასწავლებელთან, რომელიც უყვარს. დისციპლინის პრობლემები ნაკლებად მოსალოდნელია კლასში, სადაც საქმიანი და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ატმოსფეროა.

 

  1. 3. საგნობრივი სტანდარტი

დღევანდელი სასწავლო პროგრამა და სახელმძღვანელოები გადატვირთულია მრავალფეროვანი, ხშირად ძნელად აღსაქმელი მასალით. მასწავლებელი უნდა დაეხმაროს მოსწავლეს მთავარი საკითხებისა და მისი შემადგენელი დეტალების გააზრებაში, სხვადასხვა სტრატეგიების გამოყენებით.

მნიშვნელოვანია, მოსწავლეებს გავაცნოთ სწავლის ეფექტური სტრატეგიები, ვასწავლოთ მათი გამოყენება და დავუსაბუთოთ მათი გამოყენების სარგებელი.

 

  1. 4. მშობელთა ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში

სკოლის ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მოსწავლეთა მოტივაციისა და წარმატებისათვის. მშობელთა აქტიურობა ამდიდრებს სკოლის კულტურას და ხელს უწყობს მოსწავლის გააქტიურებას.

კვლევებმა აჩვენა, რომ სკოლებმა, სადაც მშობელთა ჩართულობის ეფექტური პროგრამები არსებობს, მიიღეს მრავალი პოზიტიური შედეგი, მათ შორის მოსწავლეთა მოსწრების გაუმჯობესება.

გასათვალისწინებელია, რომ მშობელი ერთ-ერთი მთავარი რესურსია, რომელიც მასწავლებელმა და სკოლამ მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს.

 

  1. 5. შინაარსის ფაქტორი

მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებისთვის მნიშვნელოვანია ის შინაარსი, რომლის მიწოდებასაც ვცდილობთ. საკითხი, რომელიც მათ მიეწოდება, უნდა იყოს გასაგებად გამოცემული, დროული და მოსწავლეთა ინტერესების შესაბამისი. შინაარსს თან  უნდა ერთვოდეს ისეთი მასალა, რომელიც შესასწავლ საკითხს განსხვავებული მხრიდან წარმოაჩენს და  თემას  ყოველდღიურობასთან დააკავშირებს.

მოტიცავიას ამაღლებს პრაქტიკული მნიშვნელობის მქონე ინფორმაციის მიწოდებაც. ასევე მნიშვნელოვანია ბალანსის დაცვა არსებულ ცოდნასა და ახალი ტექსტის შინაარსის სირთულეს შორის.

 

  1. სასწავლო გარემოს ფაქტორი

მნიშვნელოვანია, რომ სასწავლო პროცესში მასწავლებელმა შექმნას კეთილგანწყობილი, სასიამოვნო, პოზიტიური, ემოციურად უსაფრთხო, არასტრესული, ინკლუზიური,   თანამშრომლობითი და ფიზიკურად კომფორტული გარემო.

მოსწავლეები დარწმუნებული უნდა იყვნენ, რომ მათი გამოთქმული აზრი, მცდარიც რომ იყოს, არ გახდება დაცინვის საგანი. წინააღმდეგ შემთხვევაში მოსწავლეთა აქტიურობა, საგაკვეთილო პროცესში ჩართულობა და ინტერესი იკლებს, რასაც საბოლოოდ მოტივაციის შემცირებისკენ მივყავართ.

საგულისხმოა, რომ პოზიტიურ  სასწავლო  გარემოში მოსწავლეები ნაკლებად ავლენენ არასასურველ ქცევას და, შესაბამისად, მეტი დრო და ძალისხმევა ეთმობა სწავლასა და სწავლებას.

მასწავლებელმა უნდა გამოიყენოს კლასის მართვის მეთოდები, რომლებიც ხელს შეუწყობს  თანასწორუფლებიანი გარემოს შექმნას და სასწავლო პროცესში ყველა ტიპის მოსწავლის, მათ შორის, პასიური მოსწავლეების ჩართვასაც, რადგან მოსწავლეთა აქტიური ჩართულობა სასწავლო პროცესში, პოზიტიური მართვის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია.

 

  1. 7. სწავლების მეთოდები

მოსწავლეების სწავლისადმი ინტერესის ამაღლების მიზნით, მასწავლებელმა უნდა გამოიყენოს  სწავლების მრავალფეროვანი სტრატეგიები და ინსტრუმენტები. გამოცდილება აჩვენებს, რომ სწავლების კონკრეტულ მეთოდებსა და სტრატეგიებს ეფექტიანი სწავლის ხელშეწყობა და მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება შეუძლია.

ერთ-ერთი ასეთი მეთოდია  თანამშრომლობითი სწავლება.

ეფექტიანი სწავლა სოციალური ინტეგრაციის გზით მიიღწევა. შესაბამისად, სასწავლო გარემოში ცოდნის კონსტრუირების საუკეთესო საშუალებაა თანამშრომლობითი სწავლების გამოყენება.

თანამშრომლობითი სწავლა ეფექტური საშუალებაა როგორც მოსწავლის ემოციური მდგომარეობის, ასევე მისი აკადემიური მიღწევების თვალსაზრისით, ანუ ის არის ერთგვარი მეთოდი, სადაც შერწყმულია კოგნიტური და სოციალური ასპექტები.

თანამშრომლობითი სწავლება იწვევს ცვლილებებს მოსწავლეთა მოტივაციაში და შესაძლებელია საგნის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულების პოზიტიურით

შეცვლა.

რადგან ეფექტური სწავლება მოსწავლეთა მოტივაციის დონეზეა დამოკიდებული, საჭიროა  სასწავლო პროცესში  სწავლის მოტივაციის განმაპირობებელი ფაქტორების  გათვალისწინება.

 

მოტივაციის ფაქტორები განმსაზღვრელები/მახასიათებლები/კრიტერიუმები
მოსწავლის ფაქტორი აკადემიური უნარები, ინტელექტის ტიპი, სოციალური გამოცდილება, კულტურული გამოცდილება, სურვილები, დამოკიდებულებები, მოლოდინები.
მასწავლებლის ფაქტორი პროფესიონალიზმი – ცოდნა, უნარები, დამოკიდებულებები; წინასწარშექმნილი პოზიტიური აზრები; პატივისცემა; წახალისება; თანამშრომლობა.
საგნობრივი სტანდარტი საკვანძო საკითხები, მთავარი კითხვები, მკვიდრი წარმოდგენები, SMART შეფასება.
მშობელთა ჩართულობა ეფექტური პროგრამები, ჩართულობის მაღალი დონე, რესურსულობა.
შინაარსი გასაგები, აქტუალური, დროული, პრაქტიკასთან დაკავშირებული, მრავალმხრივი ხედვით,  ნასწავლთან კავშირში.
სასწავლო გარემო უსაფრთხო, პოზიტიური, ემოციურად გაწონასწორებული, არასტრესული, ინკლუზიური, თანასწორი, სამართლიანი, თანამშრომლობითი.
სწავლების მეთოდები მრავალფეროვანი სტრატეგია, ეფექტური ინსტრუმენტები, მიზანთან შესაბამისი, მრავალფეროვანი.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

1.G-Pried, კარგი სკოლა.გე; რესურსწიგნი;

2.ტრენინგის მასალა „სასწავლო პროცესის პოზიტიური მართვა და მზაობა პროფესიული განვითარებისათვის“.

 

 

 

 

 

 

ფინეთის განათლების სისტემა – რა არის მასში განსაკუთრებული?

0

ფინურ სკოლებსა და განათლების სისტემაზე  Google-ის საძიებო სისტემაში ათასობით სტატია შეიძლება მოვიძიოთ. როგორც წესი, „ფინურ განათლებას“ ფენომენად მოიხსენიებენ. ბევრს სურს ამ სისტემის დანერგვა. ბევრმა ქვეყანამ სცადა, მაგრამ შედეგები არ ემთხვევა სასურველს. მიუხედავად ფინეთის დემოკრატიულობის, ღიაობისა და კეთილგანწყობისა, „ფინური“ სისტემა სხვა ქვეყნებში ძნელად დასანერგი აღმოჩნდა. თითქოს ყველაფერი ნათელია, ყველაფერი დეტალურად არის აღწერილი; ჩატარებულია ათასობით სწავლება, სემინარი; დაწერილია ასობით წიგნი „ფინურ სასწაულზე“, მაგრამ განათლების ფინური გამოცდილების თუ წესების წარმატებულად გადატანა სხვაგან, სხვა კულტურაში ჯერჯერობით არ ხერხდება… ყველას სმენია, რომ ფინეთში განათლების საკითხები უკეთ არის მოგვარებული, ვიდრე მათზე არანაკლებად მდიდარ ქვეყნებში და ბოლო ათწლეულში ეს ქვეყანა ლიდერობს განათლების ხარისხისა და მიღწევების საერთაშორისო რეიტინგებში. მაგრამ შეკითხვა რჩება: მაინც რა არის საყურადღებო და განსაკუთრებული ფინელების მიერ დანერგილი განათლების სისტემაში? როგორ შევძლოთ, რომ ის, რაც ფინეთში კარგად მუშაობს, ჩვენთანაც „ამუშავდეს“?

 

ქვემოთ გთავაზობთ რამდენიმე კომენტარს, რომლებიც სხვადასხვა სფეროში მომუშავე ფინელი მოქალაქეების მიერ არის დაწერილი.

კატია კაილა – ფინელი ლინგვისტი, ფემინისტი

ფინეთის განათლების სისტემის დადებითი მხარეები:

 

  • ფინეთის განათლების სისტემამ შეძლო, რომ ყველასთვის არის უზრუნველყოფილი სოციალური მობილობა. განათლების მიღება არ არის დამოკიდებული ოჯახის სიმდიდრესა თუ სოციალურ სტატუსზე.
  • მასწავლებლები ფინეთში მაღალი ნდობითა და საუკეთესო განათლებით აღჭურვილი სპეციალისტები არიან. სწორედ ისინი წარმოადგენენ განათლების სისტემის საფუძველს. მათი სამუშაო დიდად ფასდება და საზოგადოება აცნობიერებს ამას.
  • მასწავლებელების უმეტესობას შედარებით მოკლე სამუშაო დღე აქვს, რაც მათ საშუალებას აძლევს მეტი ყურადღება დაუთმონ საკლასო სწავლების დაგეგმვას. მათ სრული თავისუფლება აქვთ მინიჭებული, გამოსცადონ ახალი სასწავლო მეთოდები, აიღონ პასუხისმგებლობა ცოდნის შეფასებისას და აირჩიონ სწავლების ის ფორმატი, რომელიც ყველაზე მეტად ერგება მათ და მათ მოსწავლეებს.
  • ფინეთში, ბავშვებისთვის სკოლაში სიარული ნაკლებ დაძაბულობასთან არის დაკავშირებული, ვიდრე სხვა ქვეყნებში. ფინეთში არ არსებობს სტანდარტიზებული ტესტები (გამოცდები). მასწავლებელი, მოსწავლის განვითარებასა და ცოდნის მიღების პროცესს არასაგამოცდო საშუალებებით აფასებს (ვებპორტფელები, ჯგუფური სამუშაოები). ჩემი პერსონალური გამოცდილებით, ეს დიდად ამცირებს სტრესს ბავშვებში.
  • ფინეთში გავრცელებული იდეოლოგიის მიხედვით, ბავშვები ბავშვებად უნდა დარჩნენ რაც შეიძლება დიდი პერიოდის განმავლობაში (თუმცა მათ არავინ უჩლექს ენას). სკოლა ბავშვებისთვის მხოლოდ 7 წლის ასაკიდან იწყება, ამასთან, სკოლამდელ „ბაღში“ წერას და კითხვას ბავშვებს არ ასწავლიან, ხოლო დაწყებით კლასებში, ძირითადად თამაშით ხდება სწავლება – ყოველი 45-წუთიანი გაკვეთილის შემდეგ კი პატარები გარეთ გაჰყავთ ჰაერზე სათამაშოდ. დაწყებით კლასებში საშინაო დავალებების მოცულობა სხვა ქვეყნებთან შედარებით მცირეა.
  • მოსწავლეთა მხარდაჭერა (თუ ეს მათ ესაჭიროებათ) სისტემის სხვადასხვა საფეხურზე, სხდასხვანაირად ხდება. მაგალითად, სრული სასკოლო კურსის დამთავრების შემდეგ, მოსწავლეს შეუძლია აირჩიოს მოსამზადებელი კურსი პროფესიული სწავლებისათვის ან ასეთივე მოსამზადებელი კურსი დამამთავრებელი კლასებისათვის (ე.წ. „ჰაი-სქულისათვის) – ეს იმ პირობით, თუ მოსწავლეს ესაჭიროება ასეთი დახმარება სხვადასხვა მიზეზის გამო. ასევე არსებობს სპეციალიზებული სწავლება ფინურ/შვედურ ენებზე (როგორც მეორე ენა) იმიგრანტთა ბავშვებისათვის.

ფინეთის განათლების სისტემის უარყოფითი მხარეები:

  • დღევანდელ მთავრობას განზრახული აქვს შეკვეცოს საბიუჯეტო თანხები განათლებისათვის, რაც აუცილებლად გამოიწვევს კლასებში ბავშვების რაოდენობის გაზრდას და სკოლებისთვის დაფინანსების შემცირებას (საუბარია ფინეთის 2017 წლის სამთავრობო კრიზისზე, რომლის დროსაც მემარჯვენე ჯგუფებმა განათლებისთვის სუბსიდიების შეკვეცა მოითხოვეს, ლ.ა.).
  • მიუხედავად ფინეთის სასკოლო სისტემის ნაკლები სტრესულობისა, ყველა ბავშვს არ მოსწონს სკოლაში სიარული. მიუხედავად სკოლებში არსებული მცირე იერარქიულობისა, სკოლაში „ბულინგის“ წინააღმდეგ მიმართული ზომებისა, მაინც არსებობს სხვადასხვა სახის ზეწოლა თანატოლებისგან, რაც ქვეყანაში არსებულ მრავალ სკოლაში კვლავ პრობლემად რჩება.
  • კიდევ ერთი დიდი პრობლემაა უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელებისთვის არსებული წესები: სტუდენტად გახდომისათვის აუცილებელია საუნივერსიტეტო გამოცდების ჩაბარება. ეს წესები გარკვეულწილად ზღუდავს მისაღები სტუდენტების რაოდენობას. ასევე, არიან ფაკულტეტები, რომლებიც განცხადების შემომტან აბიტურიენტთა მხოლოდ ნაწილს იღებენ უმაღლეს სასწავლებელში, ფაკულტეტის წესების მიხედვით. ეს იწვევს იმას, რომ სკოლადამთავრებულ ახალგაზრდებს, მაღალი საგამოცდო მოთხოვნების გამო, ხშირად წლების განმავლობაში უწევთ ლოდინი სტუდენტობამდე. იყო საუბარი უნივერსიტეტში მისაღები გამოცდების ნაცვლად, შემოღებულიყო სასკოლო გამოცდების შედეგებზე დამყარებული სიტემა, მაგრამ უნივერსიტეტებმა უარი თქვეს, რადგან სურთ შეინარჩუნონ უნივერსიტეტისთვის სტუდენტთა შერჩევის არსებული წესები.

 

 

ქრისტიან ფაგერლუნდი, 17 წლის სკოლის მოსწავლე ფინეთიდან

ჩვენთან, ფინეთში, არ არის კერძო სკოლები, გარდა რამდენიმე გამონაკლისისა. იმ რამდენიმე სკოლაშიც კი, კანონით აკრძალულია მოსწავლეთათვის სწავლის საფასურის გამორთმევა. სწავლა უფასო უნდა იყოს ყველასთვის. ზოგადად, გამოდის, რომ ყველა ბავშვი საჯარო სკოლაში დადის. დაწყებით და საშუალო საფეხურის სკოლებში ყველაფერი უფასოა – მოსწავლე არაფერს იხდის წიგნებში, საკვებში თუ სკოლამდე ტრანსპორტირებაში, ტაქსის ჩათვლით (თუ ვინმე სკოლიდან მოშორებით ცხოვრობს). დამამთავრებელ კლასებში მოსწავლე უკვე იხდის ფულს სახელმძღვანელოებში, მაგრამ თვითონ სწავლა ისევ ყველასთვის უფასოა. ასეთი წესები ყველას თანაბრად უზრუნველყოფს განათლებით და მოსწავლის ოჯახის შემოსავლებსა და მდგომარეობას ამ მხრივ არაფერი ემუქრება.

  • ყველა მასწავლებელს, რომლებიც ფინეთის სკოლაში ასწავლის, მოეთხოვება, ჰქონდეს სამაგისტრო ხარისხი უნივერსიტეტიდან – ეს მასწავლებლად გახდომის აუცილებელი პირობაა. შესაბამისად, მასწავლებლები მართლაც ძალიან განათლებული ხალხია. მათ ზუსტად იციან, რას აკეთებენ და როგორ ასწავლონ. მასწავლებლები პატივისცემით ექცევიან მოსწავლეებს და ქედმაღლობა ამ სივრცეში გამორიცხულია. ისინი არ თრგუნავენ ბავშვებს და ასწავლიან მათ შეკითხვების დასმას, მოვლენებისადმი კრიტიკულ დამოკიდებულებას.
  • მასწავლებლები არ არიან ძალიან მომთხოვნი მოსწავლეებისათვის. დაწყებით კლასებში დღე შეიძლება 5-საათიანი იყოს. საშუალო საფეხურის სკოლაში – 6 საათი. მასწავლებლები აძლევენ ბავშვებს საშინაო დავალებებს, მაგრამ მათ შესრულებას არ სჭირდება დიდი დრო. მე, როგორც საშუალოზე კარგი მოსწრების მოსწავლეს, დავალების გასაკეთებლად წუთები მჭირდებოდა ხოლმე. შესაბამისად, მოსწავლეს ყოველთვის რჩება საკმარისი დრო თავისი ჰობისა თუ სხვა ინტერესებისათვის.
  • თუ მოსწავლეს რომელიმე საგნის ათვისება უძნელდება, მას სკოლა ყველანაირ დახმარებას სთავაზობს. მასწავლებელი ყოველთვის მზად არის, დაეხმაროს ბავშვს მისთვის ძნელი მასალის გაგება-ათვისებაში. ამ დროს, დროში შეზღუდვა არ არსებობს.
  • მოსწავლეებს აზრის გამოხატვის სრული თავისუფლება აქვთ. ამერიკული სკოლებისგან განსხვავებით (რაც გამიგონია ჩემი უცხოელი მეგობრებისგან), მოსწავლე არასდროს მიიღებს ცუდ ნიშანს თხზულებაში, რადგან ყველას აზრი და დამოკიდებულება საკითხისადმი, ფასეულია და შეიძლება მთლიანად განსხვავდებოდეს მასწავლებლის მოსაზრებებისგან.
  • განათლების სტანდარტები ყოველთვის განახლებულია და ხორციელდება ყველა საჭირო და დროული ცვლილება. ინფორმაციაც ყოველთვის ახალია და გამორიცხულია ძველი (ვთქვათ, 80-იანი წლების) წიგნებით სწავლება.

ეს გახლავთ, ჩემი აზრით, ის რამდენიმე მთავარი თავისებურება, რომლებიც ფინეთის განათლების სისტემას ახასიათებს და მსოფლიოში მის წამყვან მდგომარეობას განაპირობებს.

(პირველი ნაწილის დასასრული)

 

მასალა მოამზადა ლევან ალფაიძემ

  წიგნის შექმნა – წიგნიერების ხელშეწყობისთვის

0

წიგნიერება პიროვნული განვითარებისა და თვითგამოხატვის საუკეთესო საშუალებაა.  იმისათვის, რომ მოზარდებს კითხვის სიყვარული  მთელი ცხოვრების მანძილზე გაჰყვეთ, საჭიროა ამ თემაზე  ბავშვობიდანვე ვიზრუნოთ.

კითხვისა და წერის ფუნდამენტურ უნარებს საფუძველი დაწყებითი კლასებიდან ეყრება.  მოსწავლე ეუფლება კითხვის ტექნიკას, ეცნობა სხვადასხვა ტიპის ტექსტს, უყალიბდება მხატვრული გემოვნება. წიგნიერება მოიცავს ტექსტების წაკითხვის, შექმნის, განხილვისა და გადამუშავების უნარებს. არსებობს უამრავი მეთოდი თუ აქტივობა, რომელშიც მოსწავლე ხალისით  ერთვება  და   კითხვისა და ზოგადად, სწავლის სურვილი უჩნდება.

ეს ხდება განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მოსწავლე თვითონ ქმნის, აკეთებს, აღმოაჩენს. სწორედ ამ დროს არის სწავლება უფრო საფუძვლიანი და წარმატებული.

 

გლასერის მიხედვით, გართობა სწავლის შედეგია. მოსწავლეებს სწავლის სურვილი მაშინ უჩნდებათ, როდესაც სწავლა და გართობა ერთმანეთთანაა შერწყმული.

გართობაც შინაგანი მოტივაციის ერთ-ერთი ფორმაა. ამიტომ სასწავლო აქტივობები უნდა დაიგეგმოს მოსწავლეთა ინტერესისა და საჭიროების გათვალისწინებით, რაც მათ სათანადო   განწყობასა და მონდომებას უნდა განაპირობებდეს.

 

ბევრი მიფიქრია იმაზე, თუ როგორ დამეგეგმა სასწავლო პროცესი იმგვარად, რომ მოსწავლეებს გასჩენოდათ კითხვისა და წერის სურვილი. ვახორციელებდი წერა-კითხვის მრავალფეროვან აქტივობებს: „ერთობლივი კითხვა და მისი ვარიაციები“, „ერთობლივი წერა“, „სიტყვების გარითმვა“, „RAFT”, „ხუთსაფეხურიანი წერა“, ,,წერა ილუსტრაციების მიხედვით“, „მოთხრობის ჩარჩო“(G-PRIED-ის მეთოდები და აქტივობები) და ა. შ.

 

როგორც ჩემთვის, ასევე მოსწავლეებისთვისაც ნათელი გახდა, რომ აღნიშნულ აქტივობებზე მუშაობის შემდეგ უკეთ წერდნენ, კითხულობდნენ, თხზავდნენ. შევამჩნიე, რომ მნიშვნელოვნად გაიზარდა მათი ინტერესი წიგნის მიმართ.

 

ცხადი გახდა, ისინი უკვე მზად იყვნენ იმისთვის, რომ თავად გამხდარიყვნენ „მწერლები და პოეტები“, გაუჩნდათ სურვილი იმისა, რომ შეექმნათ წიგნები – წიგნის ყველა მახასიათებლის  გათვალისწინებით. ამ პროცესში კი ყველა მოსწავლე აქტიურად ჩაერთო.

 

„ჩვენ ვართ მწერლები“ – ეს არის სლოგანი, რომელიც გაკრულია ჩვენს საკლასო ოთახში და პერიოდულად გადმოინაცვლებს ხოლმე დაფაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ვიწყებთ საავტორო ტექსტზე მუშაობას, ხან ჯგუფურად, ხანაც – ინდივიდუალურად.

გთავაზობთ ერთ-ერთ ნიმუშს აქტივობათა სერიიდან – „ჩვენ ვართ მწერლები“ – მოსწავლეები ინდივიდუალურად ქმნიან საავტორო ტექსტებს, რომლებიც ერთ დიდ წიგნში აიკინძება.

ამ პროცესის მიმდინარეობა შემდეგნაირია:

  1. თავდაპირველად მოსწავლეები შეარჩევენ ტექსტის თემას;
  2. შემდეგ – ჟანრს (ზღაპარი, მოთხრობა, ლექსი);
  3. შემდეგ  მასწავლებელი ურიგებს მათ ფურცლებს, რომელზეც მოცემულია შეკითხვები, რომელთა დახმარებით მოსწავლეები იწყებენ ტექსტების შექმნას:

სად და როდის ხდება მოქმედება?

ვინ არის მთავარი პერსონაჟი?

როგორ გამოიყურება ის?

ვინ არის მთავარი პერსონაჟის მეგობარი?

ვინ არის მთავარი პერსონაჟის მოწინააღმდეგე?

რა მოხდა?

როგორ განვითარდა მოვლენები?

რას გრძნობენ პერსონაჟები?

როგორ დასრულდა ამბავი?

  1. მოსწავლეები იწყებენ წერას. შეკითხვების დახმარებით გადმოსცემენ საკუთარი თხზულების შინაარსს;
  2. წერის დასრულების შემდეგ ჩუმად კითხულობენ საკუთარ ნაწერს. საჭიროების შემთხვევაში ახდენენ გაუმართავი წინადადებების რედაქტირებას, ასწორებენ სასვენ ნიშნებს – აკეთებენ კორექტურას;
  3. ამის შემდეგ ნაწერებს აბარებენ მასწავლებელს, რომელიც  საბოლოო  კორექტირების  შემდეგ –  მეორე დღეს უბრუნებს მოსწავლეებს;
  4. მოსწავლეები ტექსტს სუფთად გადაწერენ ახალ ფურცელზე;
  5. შემდეგი ეტაპი არის ილუსტრაციების შექმნა  საკუთარი საავტორო ტექსტისთვის;
  6. შემდეგ თითოეული მოსწავლე ჩუმად კითხულობს საკუთარ ნაწერს, ემზადება საავტორო ტექსტის პრეზენტაციისთვის, რომელიც ამ აქტივობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, დამაგვირგვინებელი ეტაპია;
  7. პრეზენტაციის შემდეგ მოსწავლეები აფასებენ საკუთარ და თანაკლასელთა ნამუშევრებს. მსჯელობენ იმის შესახებ, თუ რა გააკეთეს კარგად, რისი გაკეთება შეიძლებოდა უკეთესად.

 

მასწავლებელი მოსწავლეებთან ერთად კინძავს ნამუშევრებს და აქცევს წიგნად, მისი ყველა მახასიათებლის გათვალისწინებით: ყდა, თავფურცელი, სარჩევი და ა. შ.

 

შექმნილი წიგნი საბოლოოდ განთავსდება საკლასო ბიბლიოთეკაში და პერიოდულად, თითოეულ მოსწავლეს ექნება შესაძლებლობა, წაიღოს შინ და წაიკითხოს ის.

აღნიშნული აქტივობა შესაძლებელია განხორციელდეს იმგვარად, რომ თითოეულმა მოსწავლემ თხზულებისა და ილუსტრაციების შექმნისა და კორექტურის შემდეგ თავად აკინძოს ფურცლები, სუფთად გადაწეროს ტექსტი, გააფორმოს შესაბამისად წიგნის ყველა მახასიათებლისა და ტექსტის მაორგანიზებელი ელემენტის გათვალისწინებით და ამგვარად, თავად შექმნას თავისი საავტორო წიგნი.

 

განხორციელებული აქტივობის გამოყენება მოსწავლეებს უვითარებს:

  • წერა-კითხვისა და ზეპირმეტყველების;
  • ტექსტის დამოუკიდებლად შექმნის;
  • ტექსტის სტრუქტურული ელემენტების შერჩევის;
  • ლიტერატურული ტექსტის მიხედვით ილუსტრაციის შექმნის;
  • შემოქმედებითი, წარმოსახვითი, ფანტაზიისა და თვითგამოხატვის;
  • პრაქტიკული სამუშაოს შესრულების;
  • საკუთარი და სხვისი ნამუშევრის შეფასების უნარებს.

 

განხორციელებული აქტივობა ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება დამყარდეს კავშირი სწავლასა და გართობას შორის.  ვფიქრობ, აქტივობა – ,,ჩვენ ვართ მწერლები“, სხვა აქტივობებთან ერთად,  ერთ-ერთი ნაბიჯია წიგნიერების განვითარების გზაზე.

როდესაც მოსწავლე საკუთარ თავს მწერლის ამპლუაში დაინახავს, ის მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდება სხვა მწერლების ნაწარმოებების კითხვას.

 

 

გამოყენებული ლიტერატურა:

სასწავლო-მეთოდოლოგიური რესურსების კრებული – G-PRIED 2015;

წიგნიერება – გამოცდების ეროვნული ცენტრი – 2008 წელი.

კრიტიკული აზროვნების განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობები

0

ისტორია, როგორც საზოგადოებრივი მეცნიერების ნაწილი, მოსწავლეებს აძლევს იმის შესაძლებლობას, რომ სივრცეში თავისუფლად ორიენტირებასთან ერთად გაიაზრონ ისტორიული ეპოქა. საზოგადოებრივი მეცნიერებები ხელს უწყობს ცოდნის გაღრმავებას, რაც აუცილებელია მოზარდის თავისუფალ პიროვნებად და პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქედ ჩამოყალიბებისათვის. საზოგადოებრივი მეცნიერებების შესწავლით ადამიანი სწავლობს პიროვნების პატივისცემასა და ადამიანის უფლებების დაცვას, საკუთარი და სხვისი თვითმყოფადობის შენარჩუნებას. ამ ყველაფრის განხორციელებაში დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება პედაგოგს, რადგან თითოეული საგაკვეთილო პროცესისათვის მან უნდა შეარჩიოს სწავლების სწორი მეთოდი, რომლის მეშვეობითაც ჩართავს მოსწავლეებს საგაკვეთილო პროცესში და ხელს შეუწყობს სამომავლოდ მისი პიროვნების ჩამოყალიბებას. მოსწავლემ უნდა გააცნობიეროს საკუთარი პასუხისმგებლობები და უფლებები დემოკრატიული საზოგადოებისა და კანონის უზენაესობის წინაშე.
ამ შემთხვევაში სწავლა-სწავლების მრავალი მეთოდიდან მნიშვნელოვნად მივიჩნევთ როლურ და სიტუაციურ თამაშებს, რომლებიც მოსწავლეებს ეხმარება და საშუალებას აძლევს, სხვადასხვა პოზიციიდან განიხილონ საკითხი და მკაფიოდ ჩამოაყალიბონ საკუთარი შეხედულება. ისტორიის გაკვეთილზე ჩემ მიერ VII კლასში გამოყენებული როლური თამაშის მეთოდი „ისტორიული პიროვნების იმიტირებული სასამართლო“ უკავშირდებოდა კონკრეტულ საგაკვეთილო თემას: ,,კარდინალ რიშელიეს მმართველობას საფრანგეთში“. მეთოდი გამოყენებულ იქნა გაკვეთილის მეორე ფაზაზე, მოსწავლეები გადანაწილდნენ სამ ჯგუფად (თავდაპირველად მოხალისეობის საფუძველზე სურვილის მიხედვით შერჩეულ იქნა 12 მონაწილე, ხოლო ამის შემდეგ „რიცხვების ტალღის“ მეშვეობით დანარჩენ ორ ჯგუფში). აქტივობა დაეფუძნა დემოკრატიულ პრინციპს: ჯგუფის ლიდერებმა წევრებთან ერთად თავად აირჩიეს ყუთები ფერების მიხედვით, რომლებშიც გადანაწილებული იყო დავალებები „დროში მოგზაურობის“ პრინციპით (მოხდა კონკრეტული ეპოქის გაცოცხლება, რიშელიე გასამართლდა თანამედროვე სასამართლო სისტემის საფუძველზე):
N1 ჯგუფი: შესწავლილი მასალა უნდა წარმოედგინათ შემდეგი სახით:
მოსწავლეები შესაძლებლობებიდან გამომდინარე ირჩევენ ჯგუფის იმ წევრს, რომელიც განასახიერებს ისტორიულ პიროვნებას, კერძოდ კი რიშელიეს, რომელიც უნდა გასამართლდეს. დავალების მიხედვით, რიშელიეს აუცილებლად უნდა ჰყავდეს ადვოკატი. ამავე ჯგუფმა უნდა აირჩიოს მოსამართლე (საერთო სასამართლოების თანამდებობის პირი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არჩეული ან დანიშნულია მოსამართლედ და ერთპიროვნულად ან კოლეგიის შემადგენლობაში ახორციელებს მართლმსაჯულებას) და პროკურორი – პირი, რომელიც სასამართლოში სისხლის სამართლის საქმის განხილვისას მხარს უჭერს სახელმწიფო ბრალდებას. სასამართლოში პროკურორი არის სახელმწიფო ბრალმდებელი. მან, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ბრალი უნდა დასდოს რიშელიეს.
პროცესის დაწყების წინ მოსამართლე აუდიტორიას აცნობს საქმის ვითარებას, თუ ვინ არის კარდინალი რიშელიე, მისი წოდებითა თუ რეგალიებით; რაში ედება მას ბრალი, ასევე, წარადგენს მის დამცველს და ბრალმდებელს. რიშელიეს ეძლევა საშუალება დაიცვას თავი როგორც საკუთარი თავის, ასევე ადვოკატის მეშვეობით. რაც შეეხება ადვოკატს, არგუმენტირებულად აყალიბებს რიშელიეს გამამართლებელ ფაქტებს. ამ აქტივობით მოსწავლეები სწავლობენ კანონის უზენაესობას, ადამიანის სიცოცხლის უფლებისა და მისი ხელშეუხებლობის პატივისცემას, პარალელებს ავლებენ თანამედროვეობასთან.
N2 ჯგუფი: აღნიშნული ჯგუფი წარმოადგენს ნაფიც მსაჯულებს, ისინი არიან ხალხის წარმომადგენლები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ მართლმსაჯულების განხორციელებაში. როგორც წესი, ქმნიან დამოუკიდებელ კოლეგიას, რომელიც ვერდიქტის გამოტანით წყვეტს მხოლოდ ბრალდებულის ბრალეულობისა თუ უდანაშაულობის საკითხს. ბრალეულად ცნობის შემთხვევაში განაჩენს ადგენენ და სასჯელს ნიშნავენ პროფესიონალი მოსამართლეები, დამოუკიდებლად ან ნაფიც მსაჯულებთან ერთად. ამ ჯგუფის წარმომადგენელი მოსწავლეები უშუალოდ იღებენ ინფორმაციას ნაფიცი მსაჯულების შესახებ, კერძოდ, კი ეცნობიან აღნიშნული ინსტიტუტის დანიშნულებას, მათ ვალდებულებებსა და პასუხისმგებლობებს საზოგადოების წინაშე. მოსწავლეებმა მასწავლებლისგან მიღებული ინსტრუქციით იციან, რომ ნაფიცი მსაჯულები ჩვეულებრივი მოქალაქეები არიან, რომელთაც არ აქვთ იურიდიული განათლება. ისინი პროცესს აფასებენ და სასჯელს დებენ ბრალდებულს პიროვნული და ობიექტური შეფასებების, პროცესზე მოყვანილი ფაქტებისა თუ მტკიცებულებებიდან გამომდინარე ერთად მსჯელობის შემდეგ.
N3 ჯგუფი: ექსპერტთა ჯგუფი აფასებს N1, N2 ჯგუფების მიერ როლური თამაშის ფორმატში მოცემულ წარდგინებებს. ჯგუფი ყურადღებით აკვირდება, რამდენად თანმიმდევრულად ასრულებენ დავალებებს, დაშვებული იქნა თუ არა შეცდომები ისტორიული თარიღების და ფაქტების თვალსაზრისით, რა რჩევებს მისცემენ ორივე ჯგუფის წევრებს, ასევე აფასებენ აღნიშნული აქტივობის მნიშვნელობას, რაც ხელს უწყობს მიღებული ცოდნის ტრანსფერს.
თვითშეფასება  და შეფასება ორივე მნიშვნელოვანი მეთოდია, რომელიც მოსწავლეს ეხმარება თავადვე შეაფასოს საკუთარი თავი, ასევე ჯგუფის წევრები. ის უფრო მეტად მოტივირებულს ხდის მოსწავლეს დასძლიოს დაბრკოლებები, გახდეს არა ცოდნის პასიური მიმღები, არამედ აქტიური, დამოუკიდებელი. ამ ჯგუფის მონაწილე მოსწავლეები სწავლობენ სწორ შეფასებას, რაც ხელს უწყობს ანალიზის, სწორი დასკვნების ჩამოყალიბების უნარს.
VII კლასის მოსწავლეებმა შეძლეს, დაედგათ მინი-სასამართლო პროცესი, სადაც აქტიურად ჩაერთნენ საგაკვეთილო პროცესში. სასამართლოს ჰყავდა მოსამართლე, რომელიც წარმართავდა პროცესს, ასევე – ბრალდებული კარდინალი რიშელიე, მისი ადვოკატი, ბრალმდებელი და ნაფიცი მსაჯულები.
„ისტორიული პიროვნების იმიტირებული სასამართლო“ – მეთოდის გამოყენებით მოსწავლეებმა იმსჯელეს რიშელიეს ვინაობის შესახებ, წარმოაჩინეს მისი უარყოფითი და დადებითი მხარეები, შეისწავლეს იმ დროის ისტორიული ვითარება, შეძლეს დამოუკიდებლად წარმოედგინათ ვითარება, დაეცვათ ბრალდებული და არგუმენტებით გაემყარებინათ თავიანთი მოსაზრებები, რომლის მიხედვითაც საბოლოოდ გამოუტანეს განაჩენი კარდინალს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ რიშელიე არ დასაჯეს სიკვდილით და მის მიერ ჩადენილი ქმედებების გამო მოსამართლემ ნაფიც მსაჯულებთან ერთად მას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა, ვინაიდან წარმოდგენილი ბრალდებები მეტად მძიმე იყო.
როგორც ვხედავთ, აღნიშნული აქტივობა პრაქტიკულად ქმედითს ხდის ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით საბაზო საფეხურის მოსწავლეებში გათვალისწინებული უნარების ჩამოყალიბების ხელშეწყობის პროცესს.
(ისტ. VII 4.) მოსწავლეს უნდა შეეძლოს ქვეყნის ისტორიაში პოლიტიკური მოღვაწის მნიშვნელობაზე მსჯელობა.
შეძლოს შემოქმედებითი უნარის წარმოჩენა;
უნდა მოახდინოს ფაქტებისა და მოვლენების ისტორიული ინტერპრეტაცია;
ადამიანის სიცოცხლის, ღირსებისა და უფლებების პატივისცემა;
ერთმანეთისადმი თანაგრძნობის, მზრუნველობის, ურთიერთთანამშრომლობის სწავლება.
ამასთანავე მინდა აღვნიშნო, რომ მოცემული აქტივობა ემსახურება მოსწავლეთა მოტივაციის, კომუნიკაციის, მოსმენის, თანამშრომლობის უნარ-ჩვევების განვითარებას.
ვფიქრობ, მსგავსი მეთოდით პერიოდულად საგაკვეთილო პროცესის წარმართვა მნიშვნელოვანია, რათა ყველა მოსწავლეს მიეცეს საშუალება თავისუფლად გამოხატოს აზრი და მოახდინოს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება, ცოდნის ტრანსფერი.
მასწავლებლის საქმიანობა რთული და საპასუხისმგებლოა. მას ყოველდღიურად უწევს სწავლებისთვის საჭირო მეთოდებისა და სტრატეგიების შერჩევა, რომლებიც მოსწავლის არა მარტო ცოდნაზე, არამედ მოტივაციასა და უნარ-ჩვევების გამომუშავებაზეც არის ორიენტირებული. მოდელირების, ანუ თამაშით სწავლის გაკვეთილები სახალისოა, ხელს უწყობს ლოგიკური აზროვნებისა და კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმის განვითარებას, ფაქტობრივი ცოდნის ათვისებას, აზროვნების გაფართოებას, განვლილი მასალის განმეორება-შეჯამებას, რაც წარმატებით შეგვიძლია გამოვიყენოთ სასწავლო პროცესში. აღნიშნული მეთოდი წარმატებით იქნა გამოყენებული მრავალრიცხოვან კლასში.
პედაგოგის მიერ გამოყენებული ხარაჩოს (სკაფოლდინგის) პრინციპი უმნიშვნელოვანესად მიმაჩნია, ვინაიდან, როდესაც ხარ ფასილიტატორი, მიმართულებას აძლევ მოსწავლეებს, დამოუკიდებლად შეძლონ ცოდნის კონსტრუირება. ვფიქრობ, აღნიშნული მეთოდი ხელს შეუწყობს მოსწავლე პასიური სწავლების პროცესიდან გადაიყვანოს აქტიური სწავლების ფაზაში. სწავლა-სწავლების პროცესი შედეგზე მაშინ გადის, როდესაც პედაგოგი პატივს სცემს მოსწავლეთა აზრს, ითვალისწინებს მათ დამოკიდებულებებს სწავლების პროცესში, ხელს უწყობს მათში ანალიტიკური უნარების განვითარებას.
ლიტერატურა:
1.საზოგადოებრივი მეცნიერებები, ეროვნული სასწავლო გეგმების პორტალი
https://ncp.ge/ge/sazogadoebrivi-metsnierebebi/sazogadoebrivi-metsnierebebis-stsavlebis-miznebi-da-amotsanebi
2. გაკვეთილი-შეჯიბრება, როგორც თამაშით სწავლის აქტიური ფორმა, მაია ფირჩხაძე, 7 აგვისტო, 2013 წელი; https://mastsavlebeli.ge/?p=2302

3. Civil ენციკლოპედიური ლექსიკონი https://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=5&t=1819

შეფასება, როგორც მოსწავლის სასჯელი

0

სკოლიდან გახარებული დაბრუნდა. ტესტებში უმაღლესი კატეგორიის შეფასება მიუღია და აღფრთოვანებული იყო. მიზიარებდა ემოციებს, მიყვებოდა, რომ ერთი შეცდომაც არ ჰქონდა დაშვებული. ხო, კარგია – მეთქი. ზერელედ ვუთხარი და საქმე გავაგრძელე. თავისი აღტაცების შესაბამისი რეაქცია, რომ ვერ მიიღო, გაუკვირდა! შენ რა, არ გაგიხარდაო?! როგორ არ გამიხარდა, მაგრამ ქულების გარეშეც მჯეროდა, რომ იცოდი და დიდად მოულოდნელი არ ყოფილა-მეთქი.

რაღაც პერიოდის შემდეგ, უხასიათოდ მოვიდა სახლში. რომ ვკითხე ამბავი, ტესტში დაბალი ქულა მივიღე და ვნერვიულობო. რატომ ნერვიულობ, ტესტი გამოითხოვე, ნახე რა შეცდომები გაქვს დაშვებული და იმუშავე, რომ გამოასწორო-მეთქი.

– ანუ არ გაბრაზდი? –  მიყურებდა ალმაცერად.

– ქულების გამო რატომ უნდა გავბრაზდე? ბავშვი ხარ, სკოლაში იმიტომ დადიხარ, რომ ისწავლო; სწავლის პროცესში შეცდომებს დაუშვებ, ეს სრულიად ნორმაა და არაფერია გასაკვირი. მთავარია, შეცდომა გაანალიზო და გაიაზრო. თან არც ტესტი მინახავს, არ ვიცი რა სირთულის იყო, რამდენად ერგებოდა შენს გავლილ პროგრამას, რამდენი დრო გქონდა მოცემული დავალებების ამოსახსნელად და ა.შ. ქულების რაოდენობა ცოდნის გარდა ბევრ რამეზეა დამოკიდებული და ამის გამო ნერვების მოშლა არ ღირს. – ავუხსენი ჩემი სიმშვიდის საფუძველი.

– აუ, შენ რაღაც სხვანაირი დედა ხარ. არც კარგი ნიშნები გიხარია, არც ცუდი ნიშნები გწყინს. შეფასებას საერთოდ არ აქცევ ყურადღებას, რაღაც გამიმართლა მგონი! – გულზე მოეშვა და ჩამეხუტა.

მშობელთა დიდ ნაწილს სკოლაში შვილის წარმატების ერთადერთ ინდიკატორად  შეფასება მიაჩნია, კერძოდ ქულები/ნიშნები. რაც უფრო მაღალია ბავშვის აკადემიური მოსწრება ძირითად საგნობრივ კომპეტენციებში, მით უფრო ამაყია მშობელი. არადა შეფასება, ზოგადი განათლების სისტემის აქილევსის ქუსლია.

მასწავლებლები აღნიშნავენ, რომ მშობლების ინტერესი ფიქსირებულ შეფასებას არ სცილდება. გასაკვირი არც არის, რადგან სკოლა არ აფასებს მოსწავლის უნარებს, ღირსებებს, მორალს, ეთიკას.  რაც გაზომვადია, ეს არის საგნობრივი კომპტენციების ქულებით შეფასება. შესაბამისად, მშობლების ინტერესიც ქულებზე ფოკუსირდება.

ჩვენს რეალობაში ქულებს იმდენად დიდი დატვირთვა აქვს, რომ ზოგჯერ მოსწავლე მაღალი შეფასების მოპოვებაზე უფრო მეტ დროს და ენერგიას ხარჯავს, ვიდრე გააზრებულ სწავლაზე. ზოგიერთ მათგანს სხვა არჩევანი არც აქვს, რადგან მშობელი მისგან უპირობო ათოსანს მოითხოვს. დაწყებითი საფეხურიდანვე ამზადებს საბაზო საფეხურის ბოლოს მისაღები კომპიუტერისთვის, რომელსაც განათლების სამინისტრო ყველაზე წარჩინებულ მოსწავლეებს გადასცემს. თავის მხრივ, ზოგი მასწავლებელიც მათრახივით იქნევს ქულებს მოსწავლეთა დასასჯელად. შედეგად, უამრავი ბავშვი კერძოდ ემზადება რეპეტიტორთან და ამ ფორმით დახარჯული დროის და ფულის მიზანი, სწორედ მაღალი ნიშნების მიღებაა. წლები გადის დაბალი ნიშნების შიშში და არავინ ზომავს, როგორ მოქმედებს  მშობლებისა და მასწავლებლების არასწორი მიდგომები ბავშვების პიროვნულ განვითარებაზე.

მოსწავლის ობიექტური შეფასება, სკოლის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. ჩარჩო განმარტებების მიუხედავად, ეროვნულ სასწავლო გეგმაში ვერ ნახავთ ჩანაწერს, რა შემთხვევაში იწერება მაღალი (9-10 ქულა), საშუალოზე მაღალი (8-7 ქულა), საშუალო (6-5 ქულა), საშუალოზე დაბალი (4-3 ქულა) და დაბალი (2-1 ქულა) შეფასება. ის, რომ ყველა შესაძლო წვრილმანი განმარტებული არ არის, კარგია, რადგან გაკვეთილი ცოცხალი პროცესია და რაც ნაკლებ ჩარჩოში მოვაქცევთ, უკეთესია. თუმცა ამ მედალს მეორე მხარეც აქვს, რაც ყველა მოსწავლის მშობელმა/მეურვემ უნდა იცოდეს, მასწავლებელმა კი ზედმიწევნით შეასრულოს.

ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით მოსწავლეთა ქულებით შეფასება მე-5 კლასის II სემესტრიდან იწყება, მაგრამ არც თუ იშვიათად პედაგოგები ნიშნებით უფრო დაბალი კლასის მოსწავლეებსაც აფასებენ. მართალია, არაოფიციალურად, თუმცა ბიუროკრატიულ საკითხებს ბავშვებისთვის მნიშვნელობა არ აქვს. ისინი ცდილობენ, მიიღონ კარგი ნიშნები და განიცდიან, როცა სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო, მიზანს ვერ აღწევენ. მეტიც, შეფასების სისტემაში არსებული ჩიხები  უარყოფითად მოქმედებს ბავშვის თვითშეფასებაზე, სწავლის მოტივაციასა და მასწავლებელი-მოსწავლე-მშობლის ურთიერთობებზე.

იმისთვის, რომ მოსწავლის ობიექტური შეფასება მოხდეს, თითოეულ გაკვეთილს თავისი მიზანი უნდა ჰქონდეს. მოსწავლემ წინასწარ უნდა იცოდეს, რას აფასებს მასწავლებელი. შეფასების კრიტერიუმები იმდენად მკაფიო უნდა იყოს, რომ ბავშვმა შეძლოს თავად დაადგინოს, რა ქულა მიიღო. თუმცა შეფასების კრიტერიუმების დადგენა იმ პირობებში, როცა პედაგოგს გაკვეთილის მიზანიც არ აქვს განსაზღვრული, წარმოუდგენელია.  მოსწავლეთა შეფასება, უმეტესად, მასწავლებლის სუბიექტური დამოკიდებულებით ხდება. ასეთ დროს პროფესიონალი პედაგოგის მიერ დაწერილმა შეფასებამაც კი შეიძლება უსამართლობის განცდა გამოიწვიოს მოსწავლეში.

მშობლები ხშირად დარწმუნებით ამბობენ, რომ მასწავლებელი მიკერძოებულად წერს ნიშნებს და ესა თუ ის ბავშვი ამოჩემებული ჰყავს. არგუმენტად მოაქვს, რომ გაკვეთილი წინა საღამოს თავად ჩაიბარა, პედაგოგმა მისი შვილი გამოკითხა და დაბალი ქულა დაუწერა. მშობლებმა არ იციან და არც არავინ უხსნით, რომ გაკვეთილზე სამი კატეგორიის ცოდნა მოწმდება: დეკლარაციული (მაგ., როცა მოსწავლემ იცის წესები, ფორმულები, განმარტებები .. ), პროცედურული (მაგ., წესებისა და ფორმულების მიხედვით ხსნის ამოცანებს, წერს თემებს..) და პირობისეული (მაგ., როცა მოსწავლე ნასწავლს ცხოვრებისეულ პრაქტიკაში იყენებს). თითოეულ გაკვეთილზე შეიძლება სხვადასხვა კომპონენტის შემოწმება ხდებოდეს. მასწავლებელი შეიძლება აფასებდეს, რამდენად ახერხებს მოსწავლე საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეების დამოუკიდებლად შეფასებას. ასევე, რამდენად გააზრებულ და ეფექტიან ნაბიჯებს დგამს საკუთარი წინსვლის ხელშესაწყობად; რამდენად ახერხებს, ცოდნის ერთობლიობათა ფუნქციურად გამოყენებას და ა.შ.

ბევრმა მოსწავლემ და მშობელმა არც ის იცის, რომ ქულებით ფასდება მხოლოდ მიმდინარე საშინაო დავალება, მიმდინარე საკლასო დავალება და შემაჯამებელი დავალება. მოსწავლის დისციპლინა გავლენას არ უნდა ახდენდეს ქულებზე, რადგან განმსაზვრელი შეფასების მიზანი არა მოსწავლის დასჯა ან გამოსწორება, არამედ სწავლა-სწავლების ხარისხის მართვაა. დისციპლინის გამო ქულის/ნიშნის დაკლება დაუშვებელია.

და ბოლოს, თუ გვინდა სკოლა ნამდვილად გახდეს ბავშვზე ორიენტირებული, მასწავლებელმა დაინახოს თავისი შრომის შედეგი, უკიდურესად მნიშვნელოვანია, მცირე დრო და ენერგია მშობლებთან სწორ და სისტემურ კომუნიკაციას დაეთმოს. მშობელმა ის მაინც უნდა იცოდეს, რომ მოსწავლის ნიშნებით და ქულებით შეფასებას განმსაზღვრელი შეფასება ჰქვია. პირველიდან მეოთხე კლასამდე და მეხუთე კლასის პირველ სემესტრში ამ ტიპის შეფასების გამოყენება დაუშვებელია. მითითებულ პერიოდში მასწავლებელს შესაძლებლობა აქვს, გამოიყენოს მხოლოდ განმავითარებელი შეფასება, რომლის ფორმაც ზეპირსიტყვიერი ან წერილობითი უკუკავშირი და სხვა სიმბოლური დატვირთვის მქონე სიმბოლოებია. მეხუთე კლასის მეორე სემესტრიდან სკოლა იწყებს მოსწავლის შეფასებას 1-დან 10-მდე ქულებით. თუმცა ნიშნები მხოლოდ საგნობრივ კომპეტენციებში იწერება. ბავშვის შესაძლებლობების შესაფასებლად კი გაცილებით მნიშვნელოვანია, ყურადღება დაეთმოს მის უნარებს, ადამიანურ თვისებებს, ღირსების გრძნობას, ეთიკის საკითხებს, თვითშეფასებას, მოქალაქეობრივ შეგნებას, კრიტიკულ და ანალიტიკურ აზროვნებას და ა.შ.

ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებში არ წერია, რომ სკოლამ რეპეტიტორების დახმარებით მომზადებული ათოსანი მოსწავლეები უნდა გამოუშვას. სკოლის მიზანია, გაზარდოს კარგი მოქალაქეობრივი უნარებით აღჭურვილი განათლებული ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ კრიტიკული აზროვნება და გადაწყვეტილების მიღება.

ზოგჯერ მგონია, რომ ეს მიზნები აღარც მასწავლებლებს ახსოვთ და არც მშობლებმა იციან.

როცა ყველას ერთად ამდენი საქმე გვაქვს, ქულებზე მთელი აქცენტის გადატანა  მხოლოდ აზიანებს საერთო მიზანს. ბავშვებს არ უნდა ეშინოდეთ შეფასების. ქულებისთვის სწავლა მოსაბეზრებელია, დამღლელია, სტრესულია. გააზრებულად, საკუთარი თავისთვის სწავლა კი პროცესია, რომლითაც სიამოვნების მიღება შეიძლება.

ბავშვებმა უნდა იცოდნენ, რომ განათლება თავისუფლებაა.

ბაღდათელი მოსწავლეების მედიაკლუბი „Generation Z/ახალი თაობა“

0

თუ რამე ძალიან მოინდომე, აუცილებლად მიაღწევ. უბრალოდ, ბევრი უნდა იშრომო. სულ მინდოდა, ბავშვებისთვის საინტერესო პროექტი გამეკეთებინა, რომელშიც აქტიურად ჩაერთვებოდნენ და რომელიც მალე არ დასრულდებოდა. ამ იდეის ხორცშესხმაშიც მშვიდობის კორპუსის მოხალისე დამეხმარა, თუმცა თავიდან ვიდეოკამერები სულ სხვა მიზნით შევიძინეთ. თუმცა მოდი, თავიდან დავიწყებ…

გარდა იმისა, რომ სკოლაში ვასწავლი, ბაღდათის ინოვაციების ცენტრის მენეჯერადაც ვმუშაობ. მშვიდობის კორპუსის მოხალისე, სახელად რაიანი, ცენტრში 2015 წელს მოვიდა. ყოველთვის მზად იყო დასახმარებლად. იმ დროს ჩვენი ინოვაციების ცენტრი ტურიზმის განვითარების ფონდს ექვემდებარებოდა. გვინდოდა, ბაღდათის ტურისტული ადგილების პოპულარიზაციაში წვლილი შეგვეტანა და ამისთვის ტექნოლოგიებიც გამოგვეყენებინა. დავწერეთ პროექტი ვიდეოკამერებისა და ტრიპოდების შესაძენად, დავასაბუთეთ ყველა დეტალი, გავწერეთ ბიუჯეტი და რაიანმა თხოვნით მიმართა მშვიდობის კორპუსს, მცირე საგრანტო პროგრამის ფარგლებში დაეფინანსებინა ჩვენი პროექტი. მალე დადებითი პასუხიც მივიღეთ და შევიძინეთ Soni-ს ორი ვიდეოხკამერა, მიკროფონები და ტრიპოდები. მომდევნო ეტაპი იყო ტრენერის მოძიება, რომელიც ბავშვებს ვიდეოგადაღებასა და მონტაჟს ასწავლიდა. მივმართეთ ინოვაციების სააგენტოს. ვერავინ დაგვეხმარა. ადგილობრივმა ფოტო- და ვიდეოოპერატორებმაც უარი გვითხრეს. ამაო ძებნის შემდეგ ისევ ჩემს შვილს, რომელიც ერთი წელი ოპერატორობას სწავლობდა, ვთხოვე, ჩვენი ცენტრის მოსწავლეებისთვის ვიდეომონტაჟი და გადაღება ესწავლებინა. სიამოვნებით დამთანხმდა და სრულიად უსასყიდლოდ რამდენიმე კვირაში შეასწავლა ჩვენს ბიჭებს ვიდეოგადაღება და მონტაჟის ტექნიკა. ჩემმა ნიჭიერმა ბიჭებმაც ადვილად აითვისეს ყველაფერი. შემდეგ ისევ მოხდა ცვლილებები და ტურიზმის განვითარების ფონდი სხვა უწყებაში გადავიდა. არ მინდოდა, ბავშვების ცოდნა და ტექნიკა გამოუყენებელი დარჩენილიყო, ამიტომ ვიფიქრე, რომ დადგა დრო, დიდი ხნის ოცნება ამეხდინა და საბავშვო ინტერნეტტელევიზია დამეარსებინა.

მეორე დღეს სკოლაში კლასები ჩამოვიარე და ბავშვებს, რომლებსაც ჟურნალისტიკა აინტერესებდათ, ვთხოვე, ჩემთან მოსულიყვნენ პროექტის გასაცნობად. რა თქმა უნდა, ჩვენი ოპერატორი ბიჭებიც შემოგვიერთდნენ. ჩვენი გუნდი ბაღდათის მეორე საჯარო სკოლისა და დიმის საჯარო სკოლის მოსწავლეებს აერთიანებს. ბავშვებს ავუხსენი, რა მინდოდა და მათაც სიხარულით აიტაცეს იდეა. დავიწყეთ ფიქრი პროექტის სახელზე, ლოგოზე, მიზანზე, ფორმატზე. როდესაც ყველაფერზე შევთანხმდით, სახელიც მოვიფიქრეთ: Generation Z/ახალი თაობა. ლოგოც გავაკეთეთ პროფესიონალი პროგრამისტის დახმარებით, გადაცემის ქუდების გაკეთებაც ვისწავლეთ და სიუჟეტებიც დავგეგმეთ. ბავშვები დიდი მონდომებით შეუდგნენ ახალი „პროფესიის“ ათვისებას.

მეტი პროფესიონალიზმისთვის მათ თავიანთი სახელობის ბეიჯებიც დავუმზადე და მიკროფონიც გავაკეთეთ ჩვენივე ლოგოთი. ძალიან უხარიათ, მიკროფონით და კამერებით რომ გადიან გადასაღებად. ჩვენი მოხალისის დახმარებით ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტი ნატალია ქაჯაია გვესტუმრა, ბავშვებს მასტერკლასი ჩაუტარა და გადაღების ტექნიკა ასწავლა. ბავშვებმა ძალიან კარგი გამოცდილება მიიღეს და ბევრი სპეციფიკური ტერმინიც ისწავლეს.

ჩვენი პირველი სიუჟეტი იყო ჩემი და რაიანის ვიდეომიმართვა ახალ პროექტთან დაკავშირებით. მას მოჰყვა რუბრიკები „კვირის დაიჯესტი“, „ნიჭიერი ბავშვები“, „სასკოლო პროექტები“, „ქუჩის გამოკითხვები“ და სხვა. რამდენიმე ხანში ისევ დავიწყეთ ფიქრი ბაღდათის ტურისტული პოტენციალის გაშუქებაზე, თანაც ინგლისურ ენაზე. გადავიღეთ სიუჟეტი კურორტ საირმის შესახებ, ბაღდათის ვლადიმირ მაიაკოვსკის სახლ-მუზეუმის შესახებ. ინგლისურ ენაზე სიუჟეტების მომზადების მიზანი იყო, ბავშვები ენას უკეთ დაუფლებოდნენ, გამოთქმა გაეუმჯობესებინათ და ლაპარაკის კომპლექსიც დაეძლიათ. ბოლო ხანს გაგვიჩნდა სურვილი, ახალგაზრდა მეწარმეებზე მოგვემზადებინა სიუჟეტი, რომელსაც ინგლისურ ტიტრებს დავადებდით. მოგზაურთა კლუბ „იაგუნდთან“ ერთად სოფელ ხანში ჩვენმა ბიჭებმა შესანიშნავი სიუჟეტი მოამზადეს ჭურის ყველის შესახებ „რუსთავი 2“-ის ოპერატორთან ერთად. ეს სიუჟეტი დიდი პოპულარობით სარგებლობს და ბევრი მოწონებაც აქვს.

https://www.facebook.com/GZtaoba/videos/385659322233368/

ახლახან დავიწყეთ პროექტი „ინტერვიუ სკოლის დირექტორებთან“. მუნიციპალიტეტის დირექტორები თავიანთი სკოლების წარმატებებსა თუ პრობლემებზე გვიყვებიან. გვაქვს ჩვენი პატარა სტუდიაც, სადაც სტუმრებს ვიწვევთ და ბიჭები იქვე ამონტაჟებენ გადაღებულ მასალას. ჩვენი სტუდიის სტუმარი იყო აშშ-ს კულტურის ატაშე იულიუს ცაიც, რომელიც აღფრთოვანებული დარჩა პატარა ოპერატორების და ჟურნალისტების მუშაობით და საელჩოშიც მიგვიწვია.

მოკლედ, ბავშვები დიდი სიამოვნებით არიან ჩართული ამ პროექტში, რომელსაც 10 მაისს ერთი წელი შეუსრულდება. ამ პროექტმა ისინი პროფესიულად გაზარდა. ბავშვები უფრო გახსნილები გახდნენ და ადვილად შედიან კონტაქტში ადამიანებთან. განუვითარდათ კრიტიკული აზროვნების უნარი და დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღება აღარ უჭირთ, ადვილად ახერხებენ უცხო გარემოში ადაპტაციას და აუღელვებლად მუშაობენ სტრესულ სიტუაციაში.

თუ დაგაინტერესებთ და ეწვევით ჩვენს გვერდს Generation Z/ახალი თაობა, აუცილებლად ნახეთ ჩვენი გუნდის გადაღებული სიუჟეტები, მოიწონეთ და გაუზიარეთ მეგობრებს.

ექსკურსია, როგორც სასწავლო მეთოდი

0

ზოგადი განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის მიზანია მოსწავლის ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მქონე, თავისუფალ პიროვნებად ჩამოყალიბება; მისი აუცილებელი ცოდნით აღჭურვა და მათში კულტურულ ფასეულობათა პატივისცემის გრძნობის გაღვივება. ამ მიზნის მიღწევაში გადამწყვეტი როლი ენიჭება ზოგადსაგნმანათლებლო დაწესებულებას – სკოლას, რომელმაც მოსწავლეს უნდა განუვითაროს საკუთარი შესაძლებლობების მუდმივი განვითარება-გამოვლენის, ინფორმაციის მოპოვების, დახარისხების, ინტერპრეტაციისა და ტრანსფერის, დამოუკიდებლობისა და შემოქმედებითობის  უმნიშვნელოვანესი უნარები. ამ მიზნების მისაღწევად სწავლა-სწავლების პროცესში მრავალფეროვანი მეთოდები და სტრატეგიები გამოიყენება. მათ შორის ერთ-ერთი საინტერესო, მოსწავლეების მაღალი ჩართულობით გამორჩეული აქტივობაა სასწავლო ექსკურსია, რომელიც გარდა იმისა, რომ საშუალებას აძლევს მოსწავლეებს, ვიზუალურად აღიქვან ესა თუ ის ობიექტი და საკლასო სივრცის გარეთ შეიგრძნონ და განიცადონ ნასწავლი მასალა, მათში მნიშვნელოვნად ავითარებს სოციალურ და თანამშრომლობით, სამუშაოს დაგეგმვისა და განხორციელების, დამოუკიდებლობისა და შემოქმედებით  უნარებს. ამავდროულად ექსკურსია საუკეთესო საშუალებაა პასუხისმგებლობის გრძნობის ამაღლებისა და საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებისათვის.

ექსკურსია, როგორც სასწავლო მეთოდი, ხელს უწყობს ეროვნული სასწავლო გეგმის  პრინციპს:

  1. სწავლა-სწავლება ხელს უწყობდეს ცოდნათა ურთიერთდაკავშირებასა და ორგანიზებას (მოსწავლე ერთმანეთთან აკავშირებს სკოლაში და სკოლის გარეთ შეძენილ ცოდნას);
  2. მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტს – მასწავლებელმა იცის, თუ როგორ სწავლობს მოსწავლე სხვადასხვა სტრატეგიის გამოყენებით და აცნობიერებს მათ მნიშვნელობას მოსწავლის ხელშესაწყობად. (ექსკურსია სხვადასხვა სასწავლო დისციპლინებისათვის ერთ-ერთი საუკეთესო სტრატეგიაა სწავლის ხელშესაწყობად);
  3. მასწავლებელი აცნობიერებს პასუხისმგებლობას თითოეული მოსწავლის პიროვნულ და სოციალურ განვითარებაზე (ექსკურსიის დროს მოსწავლეებს უვითარდებათ პიროვნული თვისებები, ზრუნავენ ერთმანეთზე, სხვადასხვა პიროვნებებთან ურთიერთობებით უვითარდებათ სოციალური უნარები).

შინაარსის მიხედვით ექსკურსიებს ყოფენ ორ ნაწილად: მიმოხილვითი და თემატური ექსკურსიები, თემატურს მიეკუთვნება – ისტორიული, ეკოლოგიური, ლიტერატურული, არქიტექტურული, ხელოვნებათმცოდნეობითი ექსკურსიები. ისტორიული თავის მხრივ მოიცავს მხარეთმცოდნეობით, არქეოლოგიურ, ეთნოგრაფიულ, ისტორიულ-ბიოგრაფიულ და სხვა ექსკურსიებს. თითოეული თემა ნაცნობია და ექსკურსიაც, როგორც სასწავლო მეთოდი თითქოს სიახლეს არ წარმოადგენს, მაგრამ უმნიშვნელო ახალ ნიუანსსაც კი შეუძლია შეცვალოს და გააუმჯობესოს ექსკურსიის შინაარსობრივი და თემატური დატვირთვა.

მართლია ისტორია არ არის ერთადერთი სასწავლო დისციპლინა, რომლის სწავლასაც ხელს უწყობს ექსკურსია, მაგრამ, ვფიქრობ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს მეთოდი ისტორიის სწავლა-სწავლების პროცესში. სწორად დაგეგმილი და განხორციელებული სასკოლო ღონისძიება – თემატური ექსკურსიის სახით, ამა თუ იმ საკითხის ფუნდამენტურ შესწავლას, მოსწავლის თვალსაწიერის გაფართოებასა და მასში მრავალმხრივი უნარების განვითარებას გულისხმობს და პირდაპირ კავშირშია ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტთან, რომლის მიხედვითაც ისტორიის სწავლა-სწავლება მიზნად ისახავს: ხელი შეუწყოს მოსწავლის ჰუმანურ, პატრიოტ მოქალაქედ ჩამოყალიბებას და მასში ისტორიის კვლევისთვის საჭირო უნარების განვითარებას.

მინდა კოლეგებს მოკრძალებულად გავუზიარო ჩემი, როგორც ისტორიის მასწავლებლის გამოცდილება ამ კუთხით და შევთავაზო პრაქტიკაში ჩემ მიერ განხორციელებული ექსკურსიების არასრული ჩამონათვალი, რომელთა დაჯგუფებაც შემდეგნაირად გადავწყვიტე:

  1. ექსკურსია, რომელიც მოიცავს ორ ან მეტ თემას;
  2. ექსკურსია, სადაც მოსწავლე ასრულებს გიდის როლს;
  3. ექსკურსია – გადმოვიტანოთ მუზეუმი სასკოლო სივრცეში;
  4. დავგეგმოთ გაკვეთილი ექსკურსიის მასალებით.
  5. შინაარსობრივად საინტერესო და მრავალფეროვანი ექსკურსიები, რომლებიც აერთიანებს ორ ან მეტ თემას. ასეთი ექსკურსიები ხელს უწყობს როგორც ცოდნის გამდიდრებას, ასევე თანამშრომლობას სხვადასხვა საგნის მასწავლებლებს შორის და ინტერდისციპლინურ კავშირებს (ისტორია, ქართული, ხელოვნება, გეოგრაფია და სხვა…).
N მარშრუტი თემა  ობიექტი, რომლის ნახვაც  შევძელით მიზანი
1 საჩინო-დმანისი-ბოლნისი-საჩინო

 

ისტორია-(არქეოლოგია, ისტორიული-ბიოგრაფია) ლიტერატურა, არქიტექტურა დმანისის ნაქალაქარი, ბოლნისის

სიონი, დმანისის სიონი, სულხან-საბას სახლ-მუზეუმი.

მოსწავლეები გაეცნონ დმანისის ნაქალაქარს, არქეოლოგიურ განათხარ მასალას, ბოლნისის სიონის წარწერას, სულხან-საბას  ბიოგრაფიას.
2. საჩინო-თბილისი-საჩინო ისტორია-ეთნოგრაფია, არქეოლოგია, მხარეთმცოდნეობა, ლიტერატურა, ხელოვნებათმცოდნეობა თბილისის ეროვნული მუზეუმი, მთაწმინდის პანთეონი, დიდუბის პანთეონი მოზარდებმა დაათვალიერონ და ნაწილობრივ შეისწავლონ მუზეუმში განთავსებული მდიდარი მასალა, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი.
3. საჩინო-მესტია-საჩინო ისტორია-მხარეთმცოდნეობა, ეთნოგრაფია. ხელოვნებათმცოდნეობა სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი გაეცნონ მხარის ისტორიასა და ეთნოგრაფიული საკითხებს, ხელოვნების ნიმუშების.
4. საჩინო-კახეთი ისტორია, ლიტერატურა არქიტექტურა, ისტორიული ბიოგრაფია დავით გარეჯი, გრემი, ალავერდი, ძველი და ახალი შუამთა, გურჯაანის ყველაწმინდა, ბოდბე, წინანდალი, ყვარელი გაეცნონ კახეთის ხუროთმოძღვრების ძეგლებისა და მათი არქიტექტურული სტილს, მოისმინონ ისტორიული პიროვნებების, მწერლების ბიოგრაფიები.
5. საჩინო-ვარძია ისტორია, არქიტექტურა, ლიტერატურა, ხელოვნებათმცოდნეობა კლდეში ნაკვეთი ქალაქი ვარძია, ვანის ქვაბები, ხერთვისის

ციხე, რაბათი. აწყურის ციხე

გაეცნონ ვარძიის ისტორიას, თამარის ფრესკის, ძეგლების არქიტექტურული სტილის მასალებს
6. საჩინო-უფლისციხე ისტორია, არქიტექტურა, ლიტერატურა, ხუროთმოძღვრება უფლისციხე, ყინწვისი, გორისციხე, ვარიანი, დაათვალიერონ კლდეში ნაკვეთი ქალაქი, გაეცნონ ხუროთმოძღვრების ძეგლის ყინწვისისა და თამარ მეფის ფრესკას.
7. საჩინო-სქური-ჯვარი ისტორია, ეკოლოგია კურორტი სქური, სქურჰესი, ენგურჰესი. მოემზადებიან სქურის, როგორც კურორტისა და მცირე ჰესის ადგილის შესასწავლად. დაათვალიერებენ ენგურჰესის კაშხალს,მოემზადებიან, ეკოლოგიური პრობლემების ანალიზისათვის.

 

  1. კიდევ უფრო მეტის მომცემი ხდება ექსკურსია, როცა მოსწავლე ითავსებს გიდის როლს. ამ ფუნქციის შესასრულებლად მოსწავლეს უწევს მოსანახულებელი ობიექტის სხვადასხვა ასპექტში დამუშავება, ინფორმაციის მოძიება, დახარისხება გადმოცემა, ითავისებს დავალებას მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობით და თავს კომფორტულად გრძნობს გიდის როლში. ამ ტიპის ექსკურსია მოვაწყვეთ მეზობელ რაიონში ჩხოროწყუში, რომლისთვისაც თანატოლების რეკომენდაციით შევარჩიეთ მოსწავლე – გიდი, მე-9 კლასის მოსწავლე გიორგი ბერიშვილი დაუკავშირდა ჩხოროწყუს ეთნოგრაფიული მუზეუმის თანამშრომელს სპალეოლოგ იგორ ფიჩხაიას, მოიძია მასალები და გაგვაცნო მუზეუმი და ამ მხარეში მდებარე მღვიმეების კომპლექსი. https://www.blogger.com/blogger.g?tab=mj&blogID=7373221958420762354#editor/target=post;postID=3587922626872934650;onPublishedMenu=allposts;onClosedMenu=allposts;postNum=0;src=postname
  2. ხშირად პრობლემას წარმოადგენს ექსკურსიაში ყველა მოსწავლის ჩართვა. ამ პრობლემის გადაჭრის საუკეთესო გზაა, მოსწავლის ან მოსწავლეთა ჯგუფის მიერ საექსკურსიო მასალის სასკოლო სივრცეში გადმოტანა სხვადასხვა საშუალების გამოყენებით. „გადმოვიტანოთ მუზეუმი სკოლაში“ ამ სახელწოდებით მომზადებულმა მე-9 კლასელთა პრეზენტაციამ პროექტ „კოლხური ოდაბადეს“ ფარგლებში ნათელი წარმოდგენა შეუქმნა აუდიტორიას ეთნოგრაფიულ მუზეუმში განთავსებულ მასალებზე. https://www.blogger.com/blogger.g?tab=mj&blogID=7373221958420762354#editor/target=post;postID=4468990964910956857;onPublishedMenu=allposts;onClosedMenu=allposts;postNum=2;src=postname
  3. არანაკლებ საინტერესოა ექსკურსია – რომლის საფუძველზეც იგეგმება გაკვეთილი, მსვლელობისას ნანახი ისტორიული ობიექტების ირგვლივ ინფორმაციის ან კიდევ ექსკურსიის მასალებით შექმნილი რესურსის გამოყენებით.

ისტორიულ-ბიოგრაფიულ თემას შეეხება სულხან-საბა ორბელიანის სახლ-მუზეუმში ვიზიტის შემდეგ დაგეგმილი და ჩატარებული ინტეგრირებული გაკვეთილი „ვახტანგ VI   და სულხან-საბა“.

https://fiqriakvirikadze2.blogspot.com/p/blog-page_19.html

ექსკურსია ყოველთვის იყო, არის და იქნება ჩემთვის და ჩემი მოსწავლეებისთვის საინტერესო და საგანმანათლებლო ღირებულების მატარებელი აქტივობა, რომელიც არა მარტო თვალსაწიერის გაფართოების, არამედ ინფორმაციის აღქმის, ანალიზისა და სხვადასხვა სახით წარმოდგენის, შესასწავლი საკითხის მიმართ ინტერესის აღძვრის, სოციალური და თანამშრომლობითი უნარების განვითარების საუკეთესო საშუალებაცაა.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ეროვნული სასწავლო გეგმა;
  2. კანონი ზოგადი განათლების შესახებ;
  3. ეტალონი.ჯი – მაია თათეშვილი, რა გავლენას ახდენს სასკოლო ექსკურსიები მოსწავლეებზე.https://www.etaloni.ge/geo/main/index/912;
  4. მასწავლებლის გზამკვლევი: ექსკურსიის მომზადება, ექსკურსიის ჩატარება.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...