პარასკევი, მაისი 16, 2025
16 მაისი, პარასკევი, 2025

მედიაწიგნიერება სკოლებში

0

მედიაწიგნიერების შექმნა გასული საუკუნის 60-იან წლებს უკავშირდება. მიუხედავად არც თუ მცირე ისტორიისა, მისი განვითარება მსოფლიოში ჯერ კიდევ მიმდინარეობს და არაერთი ქვეყნისთვის სრულიად ახალი ხილია. პირველი ნაბიჯები ევროპასა და ამერიკაში პარალელურად გადაიდგა. პროცესი მარტივი არ იყო, რადგან უპირველესად, მასწავლებლებისთვის ინფორმაციისა და სწავლების ტექნიკის მეთოდების გადაცემა იყო საჭირო. დიდი ბრიტანეთი კი კიდევ უფრო სერიოზულად მოეკიდა საკითხს –  მაგალითად, 2003 წელს იქ მთავრობამ შეიმუშავა საკომუნიკაციო აქტი, რომლითაც ბრიტანეთის სკოლებში მედიაწიგნიერების სასწავლო საგნად დამკვიდრებას განიზრახავდა. ხოლო ამერიკის შეერთებულ შტატებში პროექტში თავიდანვე 100,000-მდე სკოლა ჩაერთო.

 

მედიაწიგნიერების ეროვნული ასოციაცია ამჟამად შეიარაღებულია არაერთი გრანტითა და დაფინანსებით. ის ერთ-ერთი ძლიერი ორგანიზაციაა აშშ-ში, რომელიც აბსოლუტურად ყველა შტატის სკოლაში ახორციელებს საქმიანობას.

 

შეიძლება ითქვას, რომ ამ მდგომარეობის მისაღწევად, მედიაწიგნიერების ისე განსავითარებლად, როგორიც ის დღესაა, დიდი როლი ითამაშეს როგორც გადაწყვეტილების მიმღებებმა მთავრობაში, ასევე, მასწავლებლებმა. მათ შეძლეს დაერწმუნებინათ მშობლები, რომ სკოლაში სწავლა მხოლოდ გამოცდებში მაღალი ქულის მიღება არ არის და საკლასო ოთახში მოსწავლეებმა უფრო სერიოზული და მნიშვნელოვანი გამოწვევებიც უნდა მიიღონ.

 

რა მთავარი გამოწვევა ჰქონდა/აქვს მედიაწიგნიერებას სკოლებში?

 

მთავარი პრობლემა გახლდათ მოსწავლეების უუნარობა, გაერჩიათ ნამდვილი და ცრუ ინფორმაციების ვეებერთელა ტალღა, რომელსაც ისინი ყოველდღიურად ინტერნეტში აწყდებოდნენ. ეფიქრათ, ემსჯელათ და ეაზროვნათ კრიტიკულად ნებისმიერი ინფორმაციის მიღების დროს, რათა არ გახვეულიყვნენ მოსალოდნელ მახეში, ან თავად არ გამხდარიყვნენ არასწორი ინფორმაციის გამავრცელებლები. ერთმანეთისგან გაერჩიათ ახალი ამბავი და რეკლამა, რეკლამის შემცველი ინფორმაცია.

სემ ვაინბურგი, მედიაწიგნიერების მასწავლებელი დიდი ბრიტანეთიდან მოსწავლეებს ამ საგანს 2016 წლიდან ასწავლის. ის ამბობს, რომ ამჟამადაც კი, სანამ მოსწავლეები მედიაწიგნიერების საფუძვლებს შეისწავლიან, დაახლოებით 82% ერთმანეთისგან ვერ არჩევს ახალ ამბავსა და სარეკლამო სტატიას. ასევე, არ იცის, რა განსხვავებაა მათ შორის.

როგორ მუშაობს მედიაწიგნიერება?

 

არც თუ ისე მარტივი კითხვაა. მედიაწიგნიერება მრავალგანზომილებიანი საგანია – ბეჭდური, tv, ციფრული, მობილური საგანი. მისი მიზანია, გაზარდოს განათლების დონე და გავლენა მოახდინოს მოსწავლეების კრიტიკულ აზროვნებაზე. რამდენიმე კვლევა ამ საგნის მნიშვნელობასა და ზეგავლენაზე უკვე ჩატარდა, რომლებიც ცხადყოფს, რომ ამ საგანმა გაზარდა განათლება, შეცვალა რწმენები/ცრურწმენები და მოსწავლეებს ინფორმაციის გადამოწმების ტექნიკა და ჩვევები გაუზიარა.

 

რა ბედი ელის მედიაწიგნიერებას?

 

მსოფლიოს დანარჩენ ქვეყნებში დღემდე აქტიურად საუბრობენ მედიაწიგნიერების საჭიროებაზე, სამოქმედო გეგმის შემუშავებასა და საკლასო ოთახებში შეტანაზე. სემ ვაინბურგის აზრით, ამ საგნის მიერ მსოფლიოს დასაპყრობად ცოტა დროა დარჩენილი და ძალიან მალე გადაწყვეტილებების მიმღებები იძულებული გახდებიან უკვე გამოცდილ ქვეყნებს მედიაწიგნიერების სილაბუსის გაზიარება სთხოვონ.

 

 

მთვარის პოეტი

0

ცხადია, მაშინვე მივხვდი, რომ “ზედვაკელი” ფსევდონიმი იყო, მაგრამ მაშინ წარმოდგენა არ მქონდა, რომ ზემო იმერეთში არსებობს სოფელი ზედვაკე. გიო სწორედ იმ ზედვაკიდანაა. თბილისელ-ვაკელი მეგონა (სხვათა შორის, თვითონაც უხუმრია: გოგოებს ვაკელი ვგონივარ და მეჩალიჩებიან, მაგრამ რომ ვეტყვი სადაურიც ვარ, ეგრევე მიკიდებენო). მიკვირდა ეს ვაკელი კაცი ასეთი გატაცებით რატომ წერდა სოფელზე და, რაც მთავარია, ასე სრულყოფილად საიდან იცოდა სოფლის ყოფა და ზემოიმერული დიალექტი, რომელსაც ზომიერად შევხვდებით ხოლმე მის პოეზიაში.

 

მის ლექსებში ურბანულ თემებსაც ვხვდებით, მაგრამ ის მაინც პასტორალური მონატრების, ტალახიანი ორღობეების, აფეთქებული ტყემლებისა და ატმების, საკვამურიდან ამოსული კვამლის, საძოვრიდან ზანზალაკების წკრიალით დაბრუნებული ნახირის და მდინარე ძუსაში მობანავე ბიჭების მომღერალი პოეტია. მისი ურბანული ლექსების ლირიკული გმირიც სოფლელი ბიჭია, სოფლური სიალალით აღწერს ქალაქურ ყოფას და ამავე სიალალით გააყოლებს ხოლმე თვალს “პლეხანოვზე” ჩავლილ მოკლეკაბიან გოგოებს. იმავე სიალალით შედის კაფე “მარენოში”, რომ ელიავას ბაზრობაზე ავტონაწილების გაყიდვით ნაშოვნი ფულით კათხა ლუდი დალიოს:

 

“გოგოები იასავით,

გოგოები ვარდივით…

წამო და მე მიგასწავლით,

აგერ შემხვდნენ ამ დილით…”

 

იმავე ლექსის ფინალი:

 

“რა იციან, მონადირის

რომ მაქ სული, გენები.

ვარ სოფლიდან ჩამოსული,

მხიბლავს ქალაქელები.

ვიწრო ქუჩას მოსდევს ბაღი,

ბაღებს-მყუდრო გარემო.

პლეხანოვის გამზირი და

ჩემი კაფე ,,მარენო”. (ლექსი “გოგოები იასავით, გოგოები ვარდივით…”)

 

თანამედროვე ქართულ პოეზიას ძალიან აკლია თვითირონია და იუმორი, რითაც გაჯერებულია გიო ზედვაკელის პოეზია, ეს, ჩემი ჭკუით, მისი ერთ-ერთი მთავარი ხიბლია. მისი პოეზიის უმთავრესი, ქვაკუთხედური ხიბლი კი სიმარტივეა, კაშკაშა პრიმიტივი (თუ შეიძლება ასეთი კომპოზიტი ვიხმაროთ). ჩემი თაობის პოეტებიდან ის ერთადერთია, რომელმაც თავიდანვე მოხაზა თავისი წრე, თავისი პოეტური ავტონომია და ერთი წამითაც არ აჰყოლია პოეტურ მოდას. მისი პირველი და ერთადერთი კრებული მაქვს წაკითხული, რომელიც მანამდე გამოიცა (ბებიის მოგროვებული პენსიით), სანამ გიო ინტერნეტში გამოჩნდებოდა. იქ უკვე ჩანს ორიგინალური ხმის მქონე პოეტი. თანამედროვე პოეზიის გაცნობის შემდეგ გიომ მხოლოდ და მხოლოდ არაზუსტი და დისონანსური რითმებით გაამდიდრა თავისი ლექსები, სხვა არანაირი თანამედროვე პოეზიისთვის დამახასიათებელი კლიშე არ შეხებია მის პოეზიას. იგი სუფთად გამოვიდა და სუფთად მოდის დღემდე.

 

გიო კონვენციურ ლექსს მაღალ დონეზე ფლობს, ის აზრს, კონცეპტს, არასდროს შესწირავს გარეგან ბრწყინვალებას, ბიჟუტერიას. ჩემს თაობაში არ მახსენდება სხვა პოეტი, ვისთვისაც ასე ორგანულადაა დამახასიათებელი ტაეპის დაკოჭლება-პოლიმეტრია. ის ლექსს არ აკეთებს, არ ასწორებს, არ რანდავს, რაც მოდის და როგორც მოდის, ისე წერს. არაერთხელ მინახავს: შუა სმისას, სახინკლეში, ხელსახოცზე წაუწერია ლექსი და რომელიმე ლამაზი გოგოსთვის უჩუქებია. ერთი ასეთი ხელსახოცი სახლშიც მაქვს, ცარიელი “კენტის” კოლოფში (რომელიც ერთად მოვწიეთ) მიდევს. მისი პოეზიისთვის, ხელწერისთვის ჰაერივით საჭიროა ის სტილისტური “იაღლიშები”, რომლებიც შეგნებულად თუ შეუგნებლად “მოსდის” ლექსებში.

 

ის ბევრს წერს მთვარეზე, ამ უკვდავ (და, მავანთათვის, შესაძლებელია, ბანალობად ქცეულ) მუზაზე და პოეტების ყველაზე ძველ და უახლოეს მეგობარზე:

 

“მთვარეს კიბო აქვს…

რენტგენის სურათი

ღამეში აჩვენებს მოშავო ლაქებად

მომავალს, რომელიც არ არის სულერთი,

რომელიც მოკვდავებს ანაღვლებთ ნაკლებად”.

 

შეხედეთ, კლიშედ ქცეული სახე (დაავადებული მთვარე) როგორ საინტერესოდ ტრანსპორმირდება შემდეგ ტაეპებში და ახლებურ, საინტერესო ინტერპრეტაციას იძენს.

 

კვირა არ გავიდოდა, რომ მე და გიოს რამდენჯერმე არ დაგველია. ელიავაზე, სადაც ის ავტონაწილებს ჰყიდის, ექვს საათზე მორჩებოდა სამსახურს და მოვიდოდა წერეთლის მეტროსთან, სადაც ველოდი ხოლმე, და დავაწვებოდით სადმე ლუდის დასალევად სხვებთან ერთად ან სხვების გარეშე. ერთ ზაფხულს სრულიად მარტონი შემოვრჩით თბილისს, ყველა ძმაკაცი შემოგვეცალა, ქალაქიდან გაიკრიფნენ. გიო სამსახურს ვერ ტოვებდა, მე სოფელში წასვლა მეზარებოდა და დავრჩით ასე. ვერის ბაღის ღია კაფე ამოვიჩემეთ, სადაც ყოველდღე დავდიოდით, ნახევარ ლიტრ არაყს და სამ-სამ კათხა ლუდს დავლევდით და მერე დავუყვებოდით რუსთაველს. მე ლადოს ვეძახდი, ის მირზას მეძახდა. გოგოებს ვაჩერებდით და ლექსებს ვუკითხავდით. იმ კაფეს მიმტან ქალს გიომ რამდენიმე ლექსი დაუწერა ექსპრომტად და ნისიაზეც გვენდობოდა. ხო, მართლა, არ ვიცი რუსთაველს რას ვერჩოდით, მაგრამ მაშინ გადავწყვიტეთ, რომ რუსთაველის პროსპექტისთვის ლადო ასათიანის პროსპექტი დაგვერქმია და ასეც ვეძახდით, პატარა წერილიც დავწერეთ და ყველა მეგობარს მოვაწერინეთ ხელი ისე, სახუმაროდ, ჩვენთვის. ავძვრებოდით ხოლმე მაღალ ბორდიურზე, გადავხვედით ერთმანეთს ხელს და ვყვიროდით:
“ლადოს პროსპექტზე სიარული

ნუ მომიშალოს ღმერთმა,

ვიყო მუდამ ასე მხიარული,

ქართველი პოეტი მერქვას. აეეეეეეეეე!!!!!”
რა კარგი დრო იყო. პირველივე შეხვედრაზე ვუთხარი ძმად უნდა გაგეფიცო-მეთქი და სამართებელი ავიღე, რომ ხელი გამეჭრა. ფერი ეცვალა: ბიჭო, ცხოვრებაში ნემსი არ გამიკეთებია, სისხლის მაგრად მეშინია და მოდი რა, დამინდე, ეგეთები არ გვინდაო. კაი-მეთქი და ლუდში ვერცხლი ჩავთალეთ და ისე ვთქვით ძმობა.

 

გიოს ერთი ლექსი ასე მთავრდება:

 

“მიმი, ისე მიყვარხარ არ მჭირდება სქოლიო,

მთვარესაც არ დავინდობ, ისევ გავუმეორებ:

მხოლოდ შენ და ლექსებმა როგორ შემიყოლიეთ,

ზედვაკელი რაინდი, პოეტებში მეორე”.

 

თავის თავს “მეორე პოეტს” უწოდებს, პირველი პოეტის ვაკანტურ კვარცხლბეკს კი ხან მე მარგუნებდა ხოლმე, ხან – გიო საჯაიას. ამ “ზედვაკელი რაინდის” გამო თორნიკე ჭელიძემ “რაინდა” შეარქვა და დღემდე ასე ეძახის. ჩემი მტერი ჩავარდა ჭელოს ყბაში.

 

მინდა, რომ გიოს გამჭვირვალე და საყვარელ ლექსებს ბევრი მკითხველი ჰყავდეს, ყველა იცნობდეს. ამ ბლოგს მისი ერთი ძველი ლექსით დავამთავრებ, რომელიც ზეპირად ვიცი და ისე მათბობს ხოლმე, როგორც ღრმა ბავშვობაში დაზეპირებული ლექსები:

 

“ინანა, მე სუსტი გლეხი ვარ

 

მზისფერი მაისიც მივლიე,

ვაშლებიც დამწიფდა შაქარა.

მე ახლა დავეხსენ იანვარს,

ღრუბლებს ვდევ მინდია-შაქანი.

მე მთვარის ყურება მომბეზრდა,

შენ მინდა გიყურო, ინანა.

ლანდი ვარ ხიმიან ღობესთან,

და ყოველ დათრობას ვინანებ.

შეხედე, მზე მოდის – უთუა,

რაღაცა წამები დილამდე…

მე დამღლის სინათლე უთუოდ,

ვეკვრები სიბნელის ბინადრებს.

ინანა, მე სუსტი გლეხი ვარ,

ისე, რომ მეფეებს აქადელთ

ვუფრთხი და ვემალვი მეხივით

ჩვენს ერამდე და აქამდეც.

ინანა, მე მხოლოდ ის მინდა:

(ოცნება ცხენივით უბელო)

ღრუბელზე ვისხდეთ და მისმენდე,

ორივეს გვიძლებდეს ღრუბელი”.

 

ამ ლინკზე წაიკითხავთ გიოს ლექსებს:

 

https://urakparaki.com/?m=7&WUID=1425&sm=1

 

 როგორ დავწეროთ ხუთაბზაციანი ესე  

0

როგორც შექსპირმა თქვა: „კალამი მახვილზე ძლიერია“ , თუმცა მხოლოდ კალამი არ არის საკმარისი იმისათვის, რომ კარგად ვწეროთ:  გარკვეული ცოდნა და უნარ-ჩვევებიც საჭიროა.  ჰუმანიტარულ მეცნიერებებში იდეების მკაფიოდ, ეფექტურად გადმოსაცემად ხშირად მიმართავენ ესეს, რომელიც გვეხმარება მოვუთხროთ მკითხველს, რას ვფიქრობთ ამა თუ იმ საკითხზე, წარმოვუდგინოთ არგუმენტები, რომლებიც დაარწმუნებენ მას, რომ ჩვენი მოსაზრებები ანგარიშგასაწევი, საინტერესო და დამაჯერებელია.

წინამდებარე სტატიაში მოგითხრობთ ხუთაბზაციანი ესეს სტრუქტურაზე და გაგიზიარებთ რჩევებს, რომლებიც გამოგადგებათ ესეს წერის პროცესში.

 

როგორ შევარჩიოთ თემა ესესათვის?

იმ შემთხვევაში თუკი ჩვენ თავად გვიწევს ესესათვის თემის შერჩევა,  მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ შემდეგი საკითხები:

  • შევარჩიოთ პრობლემა, საკითხი, რომელზეც აზრთა სხვადასხვაობა შეიძლება არსებობდეს.
  • დავფიქრდეთ შეკითხვაზე, რომელიც პრობლემას საინტერესო კუთხით დაგვანახებს.
  • როგორია შეკითხვაზე ჩვენი პირველი რეაქცია: ვეთანხმებით, თუ არ ვეთანხმებით?!
  • რა არგუმენტების, მტკიცებულებების მოძიება შემიძლია საკითხის განხილვის პროცესში?
  • რა პრობლემებს შეიძლება წავაწყდე საკითხის განხილვის დროს?

 

ხუთაბზაციანი ესეს სტრუქტურა

ესეს წერის დასაწყებად დიდი მნიშვნელობა აქვს სათაურზე კონცენტრირებას. შესაძლოა მართლაც დავწეროთ კარგი ესე, მას არ ექნება ღირებულება, თუკი არ შეესაბამება სათაურს. სასურველია წერის დაწყებამდე სათაურში მოვნიშნოთ საკვანძო სიტყვები, რათა მუშაობის პროცესში თემასთან კავშირი არ დავკარგოთ.

წერის დაწყებამდე  შევადგნოთ ესეს გეგმა. რაც უფრო მკაფიო მონახაზი გექნებათ ჩამოყალიბებული, მით უფრო მარტივი იქნება თქვენთვის შინაარსობრივი მხარის ორგანიზება და ესეს გამართული სახით წარმოდგენა.

სტანდარტული ესე სამი ნაწილისაგან შედგება:

  • შესავალი.
  • ძირითადი ნაწილი.
  • დასკვნა.

სამივე ნაწილი თანაბრად მნიშვნელოვანია. ძირითადი ნაწილი დანარჩენ ორზე ვრცელია. პირობითად ასეთ ესეს ხუთაბზაციან ესეს უწოდებენ: პირველი ნაწილის ერთი აბზაცისაგან შედგება, მეორე, ძირითადი ნაწილი – სამი აბზაცისაგან, მესამე, დასკვნითი ნაწილი – კვლავ ერთი აბზაცისაგან.

ესეს შესავალი

ესეს შესავალის მიზანს განსახილველ საკითხთან მიმართებაში თქვენი პოზიციის (ე.წ. „თეზისის“ ) წარმოჩენა წარმოადგენს, თუმცა ეფექტური შესავალი ცოტა უფრო მეტს ნიშნავს. სანამ უშუალოდ თეზისზე გადახვალთ, სასურველია გამოიყენოთ ერთგვარი „სატყუარა“,  რათა მკითხველის ყურადღება მიიპყროთ. წარმოვიდგინოთ რომ წიგნის მაღაზიაში ვირჩევთ წიგნს და პირველ გვერდს ვკითხულობთ. სწორედ პირველმა გვერდმა შეიძლება განსაზღვროს, წაიკითხავთ თუ არა ამ წიგნს. ავტორები მკითხველის დასაინტერესებლად ხშირად მიმართავენ ამ ხერხს. ასევეა ესეს დაწერის დროს:  თქვენ შესავალშივე უნდა ეცადოთ მიიპყროთ მკითხველის ყურადღება და აიძულოთ ის, განაგრძოს კითხვა. ამ მიზნით შეიძლება გამოიყენოთ ციტატა, სტატისტიკური მონაცემები და ა. შ.

მას შემდეგ, რაც მკითხველს დავაინტერესებთ, შეგვიძლია გადავიდეთ თეზისზე. თეზისი წარმოდგენილი უნდა იყოს ერთი წინადადებით, მკაფიოდ უნდა გამოხატავდეს თქვენს პოზიციას და მკითხველს არ უნდა უჩენდეს არავითარ ეჭვს, თუ რომელ მხარეს დგახართ თქვენ.

თეზისის შემდეგ ერთგვარი მინი-სქემა მოდის, რაც გულისხმობს იმ მაგალითების მოკლედ წარმოდგენას, რომელთა გამოყენებასაც თქვენ აპირებთ თეზისის განსამტკიცებლად ესეს შემდეგ ნაწილში. ის არა მარტო ეუბნება მკითხველს, რაზე იქნება საუბარი შემდეგ აბზაცებში, არამედ მკაფიო წარმოდგენას აძლევს განსახილველი საკითხის შესახებ.

შესავალი აბზაცი შეიძლება ჩაეტიოს ოთხ – ხუთ წინადადებაში. მნიშვნელოვანია, თავი ავარიდოთ  არაფრის მომცემი სიტყვების გამოყენებას, რომელთაც არანაირი მიზნობრივი დანიშნულება არ აქვს და მხოლოდ სივრცის შევსებას ემსახურება, მაგალითად:

ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, საზოგადოების დიდ ნაწილს აინტერესებს, არაერთმა ექსპერტმა დააფიქსირა თავისი მოსაზრება ამ საკითხზე და ა შ.“

უმჯობესია, მკითხველის დრო ფუჭად არ დავხარჯოთ და დასაწყისიდანვე ჩავაბათ მკითხველი საკითხის განხილვაში. სასარგებლოა მსგავსი წინადადებების გამოყენება:

  • ამ ნაშრომში განხილული იქნება…
  • ამ ნაშრომში განზრახული მაქვს გადმოვცე….
  • იმისათვის რომ განვიხილოთ…. გავაანალიზე ….
  • ნაშრომი ორიენტირებული იქნება…

 

მნიშვნელოვანია პირველმა წინადადებამ შეუქმნას მკითხველს ავტორთან ურთიერთობისა და ნდობის ატმოსფერო. ნუ გაუშვებთ ხელიდან შესაძლებლობას, პირველივე აბზაციდან მოახდინოთ მკითხველზე შთაბეჭდილება.

 

ესეს ძირითადი ნაწილი

ესეს ძირითადი ნაწილი სამი აბზაცისაგან შედგება და მისი დანიშნულებას წარმოადგენს მაგალითების გადმოცემა, რომლებიც თქვენს თეზისს ამტკიცებენ. შესავალში ჩვენ უკვე შევუქმენით მკითხველს მოლოდინები, ახლა კი საჭიროა ჩვენი მოსაზრების სიმართლეში დავარწმუნოთ.

ძირითადი ნაწილის პირველ აბზაცში თქვენ უნდა გამოიყენოთ თქვენი ყველაზე ძლიერი არგუმენტი და ყველაზე მნიშვნელოვანი მაგალითი ( თუკი ის არ საჭიროებს განმარტებას ან ქრონოლოგიური თანმიმდევრობის დაცვას).  აბზაცის პირველი წინადადება იქნება თემატური წინადადება, რომელიც გადმოგვცემს აბზაცის მთავარ იდეას. ამის შემდეგ უკვე მოგვყავს დამადასტურებელი მაგალითები.

გამოყენებული მაგალითები უნდა იყოს კონკრეტული და არა ზოგადი. მაგალითად დაუშვებელია ასეთი ფორმულირება: „ამის დასტურია ილია ჭავჭავაძის ცხოვრება“.  უნდა წარმოვადგინოთ საჭირო დეტალები,  მკითხველმა უნდა იცოდეს, კონკრეტულად რას შეეხება საუბარი. ბუნდოვანი ფორმულირება დამაჯერებლობას დაუკარგავს თქვენს ნაშრომს.

მაგალითების მოყვანის შემდეგ ჩვენ უნდა ავხსნათ, როგორ ასაბუთებს ეს მაგალითები ჩვენს თეზისს.

იგივე სტრუქტურა ექნება სამივე აბზაცს. კარგად ორგანიზებული სტრუქტურა საშუალებას მოგცემთ, თქვენი ნაშრომი მკითხველისათვის უფრო იოლად გასაგები გახადოთ. აბზაცების გარეშე მათ თქვენი ნაშრომი, შესაძლოა, ჩახლართული და გაურკვეველი მოეჩვენოთ.

ამავდროულად თქვენს ესეს უნდა ჰქონდეს ერთიანობის და უწყვეტობის განცდა. ამისათვის შესაძლოა გამოიყენოთ დამაკავშირებელი ფრაზები, რომლებიც მკითხველს ორგანიზებულობის შთაბეჭდილებას  შეუქმნიან და ტექსტის აღქმას გაუადვილებენ.  ქვემოთ მოცემულია ზოგიერთი სასარგებლო ფრაზა, რომლებიც ახალი აბზაცის დასაწყისში შეიძლება გამოვიყენოთ:

  • სხვა მნიშვნელოვანი გარემოება…
  • არანაკლებ…
  • გარდა ამისა, არსებობს სხვა სარწმუნო არგუმენტები…
  • ასევე სარწმუნოა მტკიცება…
  • ერთი მხრივ… მეორე მხრივ…

რა უნდა გავითვალისწინოთ ძირითად ნაწილზე მუშაობის დროს?

  • მოერიდეთ აბზაცების ერთი – ორი წინადადებით გადმოცემას. ეს უფრო საქმიანი წერილის სტილია. აკადემიურ ესეში ძირითადი ნაწილის აბზაცი დაახლოებით 6-12 წინადადებისაგან შედგება.
  • თავი აარიდეთ აბზაცის ბოლოს ახალი იდეის გაჟღერებას.
  • ნუ გაიმეორებთ იდეას რამდენჯერმე, სასურველია ერთ აბზაცში ერთი იდეა იყოს გადმოცემული.

 

ესეს დასკვნითი ნაწილი

ესეს დასკვნითი ნაწილი ნაშრომის დასასრულს ნიშნავს, თუმცა ის ამავდროულად თქვენი ბოლო შანსიცაა, მიაღწიოთ თქვენს მიზანს და მკითხველზე მოახდინოთ შთაბეჭდილება. დასკვნითი ნაწილი არ უნდა  იყოს ვრცელი, საკმარისია ოთხი – ხუთი კარგად მოფიქრებული წინადადება.

დასკვნითი აბზაცის პირველი წინადადების მიზანი ასევე შეიძლება იყოს მკითხველის ყურადღების მიპყრობა. ამის შემდეგ დაუყოვნებლივ გადავდივართ თეზისის მტკიცებულებაზე, რაც ნაშრომის ძირითადი არგუმენტების მოკლე შეჯამებას წარმოადგენს. დასკვნის ბოლო წინადადებაში შეიძლება იყოს რეკომენდაციები, მოქმედებისაკენ მოწოდება, რაც აჩვენებს მკითხველს, რომ ესე უკვე მივიდა დასასრულამდე.

ესეს დასკვნით ნაწილში შესაძლებელია მსგავსი ფრაზების გამოყენება:

  • როგორც უკვე ვთქვით….
  • როგორც უკვე ვაჩვენეთ…
  • მაშასადამე…
  • მტკიცებულებათა დიდი წილი მიუთითებს…
  • ამ მონაცემების საფუძველზე….

შეეცადეთ იყოთ კონკრეტული და თავი აარიდეთ უსარგებლო  სიტყვების გამოყენებას.

რა უნდა გავითვალისწინოთ დასკვნაზე მუშაობის დროს?

  • აარიდეთ თავი ისეთ დასკვნას, რომელიც არ მოდის შესაბამისობაში თქვენი ნაშრომის დანარჩენ ნაწილებთან.
  • დასკვნა წინააღმდეგობაში არ უნდა მოდიოდეს თეზისთან.
  • მოერიდეთ გამოთქმებს : „დასკვნის სახით შეიძლება ითქვას“, „რეზიუმე“ და ა. შ. ეს სრულებით არ არის საჭირო.

 

ზოგადი რეკომენდაციები:

  • სასურველია ესეს წერა გეგმის შედგენით დავიწყოთ. მართალია დროის სიმცირის გამო, განსაკუთრებით გამოცდის პერიოდში, რთულია გეგმის შესადგენად დროის გამონახვა, თუმცა სანაცვლოდ საქმეს მნიშვნელოვნად გაიიოლებთ.
  • ესეს წერის დროს დიდი მნიშვნელობა აქვს ენობრივ გამართულობას და ლექსიკურ სიმდიდრეს. ნაშრომი, სადაც ავტორი ძირითადად ერთსა და იგივე სიტყვებს იყენებს, არ ახდენს მკითხველზე დადებით შთაბეჭდილებას.
  • უნდა გვახსოვდეს რომ ესეს წერის ეფექტური ხერხების შესასწავლად თეორია არ არის საკმარისი, რეგულარული პრაქტიკა დაგეხმარებათ სასურველი ტექნიკის დაუფლებაში.

 

განმარტებები:

თეზისი – დებულება, რომლის ჭეშმარიტება უნდა დამტკიცდეს.

თემატური წინადადება – წარმოადგენს აბზაცის ყველაზე მნიშვნელოვან წინადადებას. ოფიციალურ ნაშრომებში ის აბზაცის პირველი წინადადებაა და ერთგვარად აჯამებს აბზაცში გადმოცემულ ინფორმაციას.

 

გამოყენებული მასალები:

 

 

დავით ჩივაძე

პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაბღის საჯარო სკოლა

 

შექსპირი და მეშვიდე კლასი  

0

„ქარიშხალი“, როგორც უილიამ შექსპირის სხვა პიესები, კითხვისას უამრავ თავსატეხს აჩენს. საქმეს ვერც ანგარიშგასაწევ კრიტიკოსთა შეხედულებების გაცნობა აიოლებს – ერთმნიშვნელოვნად ვერაფერს იტყვი, მუდმივად გექნება განცდა, რომ რაღაც არსებითი დაგისხლტა ხელიდან. ამ შემთხვევაშიც შესაძლოა ერთადერთი გამოსავალი სპექტაკლის მრავალჯერ ნახვა იყოს – პიესა სცენაზე ახალ სიცოცხლეს იძენს და თვალშეჩვეული ტექსტიც სხვაგვარად ახმიანდება ხოლმე. ბოლოს და ბოლოს, დრამატული ნაწარმოები სწორედ სცენაზე დასადგმელად იწერება და ვინ იცის, იქნებ სწორედ იქ იპოვო სწორი პასუხები, იქნებ რეჟისორისა თუ მსახიობის თუნდაც მცდარი ინტერპრეტაცია მნიშვნელოვნად დაგეხმაროს შექსპირის ფანტასტიკურ სამყაროსთან მიახლოებაში.  ხანდახან ზუსტ დროს ნათქვამმა ერთმა ფრაზამაც კი შეიძლება გზა გაჩვენოს…

მოზარდ მაყურებელთა თეატრში ბოლო წლებში შექსპირის პიესების მიხედვით დადგმული ორი სპექტაკლი მქონდა ნანახი: „ზამთრის ზღაპარი“ (რეჟისორი დათა თავაძე) და „აურზაური არაფრის გამო“ (რეჟისორი დიმიტრი ღვთისიაშვილი) და, სიმართლე რომ ვთქვა, აღარ ველოდი, ისევ ამ დიდ სახელს თუ მიუბრუნდებოდნენ. ვფიქრობდი, რომ პირველ რიგში, თეატრის ტექნიკური შესაძლებლობები ნაკლებად შეესაბამებოდა იმ მოთხოვნებს, მსოფლიოს უდიდესი დრამატურგის პიესაზე მომუშავე რეჟისორს რომ უნდა ჰქონოდა. მეორე მხრივ, ისიც გასათვალისწინებელია, რომ როგორც დღის, ისე საღამოს წარმოდგენებს უმთავრესად მასწავლებლები და მოსწავლეები ესწრებიან და მათი ყურადღების მისაპყრობად თუ მოლოდინის გასამართლებლად რეპერტუარის ფრთხილად შერჩევაა საჭირო. აფიშაზე შექსპირის სახელის წაკითხვა გულისცემას კი აჩქარებს, მაგრამ მთავარი მაინც ის არის, სცენაზე რა დაგვხვდება და ვიქნებით თუ არა მზად მის აღსაქმელად და მისაღებად.

როდესაც მოზარდ მაყურებელთა თეატრის რეპერტუარში „ქარიშხალს“ გადავაწყდი, თვალებს ვერ ვუჯერებდი – ცხადია, მიხაროდა, რომ ძველ კითხვებთან მიბრუნების, პასუხების პოვნის ახალი შესაძლებლობა მომეცა, მაგრამ თან გულწრფელად მიკვირდა, ნუთუ მეექვსე-მეშვიდეკლასელები ამ სპექტაკლს რამეს გაუგებენ-მეთქი (ჩემი დაკვირვებით, სწორედ ამ ასაკისაა მაყურებლის უმრავლესობა საღამოს წარმოდგენებზე; როგორც ჩანს, დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს თეატრში ჯგუფურად სიარული ნაკლებად ეხალისებათ). 1611-1612 წლებში დაწერილი ეს პიესა რეჟისორ გიორგი თავაძეს დაუდგამს, პრემიერა კი თებერვლის თვეში ყოფილა. უდავოდ თამამი გადაწყვეტილებაა როგორც რეჟისორის, ასევე თეატრის მხრიდან – ურთულესი პიესის სცენური ინტერპრეტაცია სპეციფიკური მოთხოვნილებების მქონე მაყურებლისთვის.

მინიმალისტურმა დეკორაციამ აშკარად გაამართლა. სცენაზე დადგმულმა წყლით სავსე მინის ყუთებმაც თავისი სათქმელი თქვა. ქარიშხალიც, ასე თუ ისე, დატრიალდა… პირველი სირთულე დაძლეული აღმოჩნდა: შექსპირის გმირები სწორ დროს და შესაფერის გარემოში მოხვდნენ მაყურებლის თვალთახედვის არეში. პროსპეროს ჯადოქრობის დასამტკიცებლად იაფფასიანი ფოკუსების კეთება არ დაუწყია – უამისოდ მოიპოვა მაყურებლის ნდობაც და კეთილგანწყობაც. საერთოდაც, შოუს ელემენტები ნაკლებად შეინიშნებოდა სპექტაკლში და სულაც რომ არ ყოფილიყო, ჩემი წარმოდგენით, უკეთესი იქნებოდა. უკაცრიელ კუნძულზე დასახლებული ჯადოქრის ერთადერთი ქალიშვილი – მირანდა სინათლეს, სიხარულს, სიცოცხლეს აევსო. მისი გამოჩენა უმალვე ცვლიდა საერთო განწყობას – თითქოს წინდაწინ გვაუწყებდა, რომ ყველაფერი კეთილად დამთავრდებოდა, რომ საშინელი ქარიშხალი სიმართლისა და სიყვარულის გზებს გამოაჩენდა, მთავარი გმირების სამყაროში კი ახალ წესრიგს დაუდებდა სათავეს.

დარბაზში სწორედ მეშვიდეკლასელებს შორის ვიჯექი და მათი წამოძახილებიც მესმოდა, რაც იმაში მარწმუნებდა, რომ სცენაზე ნანახს შთაბეჭდილება უდავოდ მოეხდინა. კალიბანმა, როგორც მოსალოდნელი იყო, ჯერ დააფრთხო, მერე კი კარგად გაახალისა – ალბათ იმაზე მეტად მომხიბვლელად ცხოველური თუ ცხოველურად მომხიბვლელი იყო, ვიდრე უნდა ყოფილიყო. არიელის ჯამბაზობაც შეუმჩნეველი არ დარჩენიათ – ბავშვების გული თუ ვინმემ მოიგო, პირველ რიგში, სწორედ ამ გამუდმებით მოძრავმა, სასაცილოდ მოსაუბრე გმირმა. შეყვარებულ წყვილს – მირანდასა და ფერდინანდს კი მეც მთელი გულით თანავუგრძნობდი, მიუხედავად იმისა, რომ თვალი სულ დიდი ჯადოქრისკენ მეჭირა – მთავარი ხომ მისი ხელის მოძრაობა იყო…

ჩემი შიში – ბავშვები „ქარიშხალს“ თავსა და ბოლოს ვერ გაუგებენ-მეთქი, უსაფუძვლო აღმოჩნდა. ყოველ შემთხვევაში, ის, რაც მათ მოზარდ მაყურებელთა თეატრში დახვდებათ, ნამდვილად არ წარმოადგენს დაუძლეველ სიმაღლეს თუნდაც იმ ასაკის მაყურებლისთვის, რომლის რეაქციებზე დაკვირვების საშუალებაც მქონდა. მეშვიდე კლასმა გასაოცარი გამჭრიახობა გამოავლინა, ერთმა სათვალიანმა გოგონამ კი სპეტაკლის დასრულების შემდეგ მასწავლებელს უსაყვედურა კიდეც: რა ვერ გაიგეთ, მას – კაცმა გამოცდა მოუწყო შვილის შეყვარებულსო. ნეტავ შინ იმაზე თუ დაფიქრდებოდნენ, ვინ იყო, ბოლოს და ბოლოს, ეს კაცი – ეს ყოვლისშემძლე პროსპერო, რისკენ მიილტვოდა და რა მოიხელთა ამ ქარიშხალში.

ლიტერატურული კლუბი  “ჩხრეკანი” წარმოგიდგენთ  – აქა ამბავი იმისა, თუ რატომ არის კარგი ამბავთა მბობა

0

ეს ამბავი ასე უნდა იწყებოდეს – იყო და არა იყო რა – და ასეც დავიწყებ:

იყო და არა იყო რა, იყო ერთი სკოლა და 2012 წლის სექტემბერში ამ სკოლის 1-ლი კლასი მე ჩამაბარეს. ეს საერთოდაც კია ვრცელი ამბავი, მაგრამ ამჯერად სჯობს, მოკლედ ითქვას.
როგორც იქნა, რამდენიმე წლის ნატვრის შემდეგ სკოლამ მიხმო. ძალიან ბედნიერი ვიყავი, მაგრამ თან ისეთი გრძნობა მქონდა, როგორიც ალბათ ოკეანეში ერთი ფიცრისამარა მყოფს ექნებოდა. ვაითუ, ვერ შევძლო, ვაითუ, არ შემიყვარონ, ვაითუ, არ გამომივიდეს… “ვაითუებს” ბოლო არ უჩანდათ.
რამდენი ღელვა, ცრემლი და ფორიაქი გამოვიარე იმ პირველ წელიწადს, დიდ სიყვარულთან და სიხარულთან ერთად, ეს მხოლოდ მე ვიცი.
უამრავი რამ მაქვს მოსაყოლი. არ მინდა რამე გამომრჩეს და ძალიან მინდა, უგულოდ არ წაიკითხოთ ეს ამბავი, რომელიც 6 წლის წინ დაიწყო და ახლაც გრძელდება. აქ მხოლოდ დასაწყისზე გითხრობთ.

მეორე სემესტრი არც ისე დიდი ხნის დაწყებული იყო, თებერვლის ოდნავ ცივი დარი იდგა და ჩემი 26 პირველკლასელი წიწილა გარეთ გამოვიყვანე. ბაღის მხარეს ორი დაბალი, გრძელი სკამი იდგა და იქ ჩამოვსხი ყველა ცოტაოდენი სეირნობის შემდეგ და ვინაიდან მაშინაც ძალიან უყვარდათ ჩემი მოყოლილი ამბების მოსმენა (ამ ბედნიერებაზე ოდესმე ცალკე მოგითხრობთ), ეზოში კი განსაკუთრებით მოსწონდათ ეს საქმე, იმჯერადაც შემიპირეს – მაას, მოგვიყევითო, რა, რამე.
აი, ამ მუდარით ნათქვამ “მასს” გავიგებ და… გული ისე იძეძგება სიყვარულით და მერე სისხლს ისე მიაქვს ეს სიყვარული ყველა უჯრედში, რომ ხშირად მიკვირს, როგორ ვუძლებ ამდენს.
იმჯერადაც დავფიქრდი. სექტემბრიდან მოყოლებული ზღაპრები, რომლებიც კარგად მახსოვდა, რომ შემომელია, გადავედი სხვადასხვა ლიტერატურულ ნაწარმოებზე. ხან ლინდგრენიდან მოვყვებოდი ეპიზოდებს, ხან ჯანი როდარიდან, ხან კიპლინგიდან, ხან ილიას და ვაჟას მივადგებოდი, მოკლედ, რაც გამახსენდებოდა. მერე დონ კიხოტის ბრძოლებზე გადავედი, ჟან ვალჟანის სიკეთეც არ დამვიწყებია, გრაფ მონტე-კრისტოსა და ფარიაზეც კი ვილაპარაკეთ და იფის ჯურღმულებშიც შევიჭყიტეთ, მათ ენაზე, მათთვის გასაგებად და საინტერესოდ, ესმერალდას და კვაზიმოდოს ამბავიც მოგვეწონა და ა.შ.
და თებერვლის ერთ (იმ) მშვენიერ დღეს უცებ მოსაყოლი ვერაფერი გავიხსენე და ლამის მექანიკურად, ამაზე უკეთეს ზღაპარს მაინც რას მოვყვები-მეთქი, დავიწყე: – „ბავშვებო, დღეს ვიწყებ საოცარი ამბის მოყოლას…“ – როცა ხმა მითრთის, მათი მზერა სულ სხვანაირია და 26 წყვილი თვალი რომ მოლოდინით მომაჩერდა, მთელი გულით განვაგრძე, – „იყო ერთი ასეთი ქვეყანა – არაბეთი, რომელშიც ცხოვრობდა ძალიან კეთილი, სამართლიანი და ძლიერი მეფე როსტევანი და ერთხელ…“.

სწორედ ასე დაიწყო რუსთველური ოდისეის ამბავი. მეც კი არ მჯეროდა, რომ გავბედე, შევბედე, დავიწყე… მთელი ძალით, გულით, სულით ვყვებოდი, თან განვმარტავდი, ვხსნიდი რაღაცებს, ხან დამჯდარი, ხან ფეხზე წამომდგარი, ხან განვასახიერებდი, ხან გაშეშებული ვყოვნდებოდი, რომ მათაც ამოესუნთქათ და მეც. ლუკმა-ლუკმა ვუღეჭავდი “ვეფხისტყაოსნის” ძირითად ისტორიებს, შიგადაშიგ ვურთავდი ფრაზებს ტექსტიდან, ვიმეორებდი მათ თვალდახუჭულიც კი, გაბმით, სიმღერასავით, რომ ეგრძნოთ მუსიკა, მიეჩვიათ ყური… მთელი გრძნობით ვყვებოდი შუა საუკუნეების მოგზაურობისა თუ სხვა რამეების შესახებ… ამბავს ვწყვეტდი ისეთ ადგილას, აი, ერთი სული რომ გაქვს, გაიგო, რა მოხდება. აბა… 12 მონა რომ მიუგზავნეს… დანა რომ მიადო ასმათს, დევების განძი რომ ჩაიგდო ხელთ და სკივრი რომ გახსნა და… ქაჯეთს რომ მიადგნენ და… ა.შ.

არ მახსოვს, რამდენ ნაწილად დავყავი მთელი შინაარსი. მაშინ არ მეგონა, თუ ეს ასეთ დიდ სიყვარულში გადაიზრდებოდა და ფოტოც კი არ გადამიღია ამ თვალებადქცეული პატარებისათვის, რომლებიც პროტესტს გამოთქვამდნენ, როცა ამბავს ვწყვეტდი: „აუ, მააას, გააგრძელეთ, რაა!“ (აქ მე ცრემლებს ახლაც ვერ ვიკავებ. ალბათ, უკვე ვბერდები და გული წარამარა მიჩუყდება). “მას, გთხოვთ!” – ეს გოგოები მთხოვენ უფრო თამამად და სული მძვრება, ისე მინდა, გავაგრძელო, მაგრამ არა, სოფო, ელოდონ, ტკბილი მოლოდინია, შეიყვარონ უფრო, – ასე ვაჩერებდი სოფო მასს.
კულმინაცია ის იყო, როცა ჩემმა 6 წლის შვილმა, რომელიც ამავე კლასში სწავლობს, შაბათ დილით, გულმოდგინედ რომ ვცდილობდი, ეჭამა ორიოდე ლუკმა, უცებ მკითხა:
„- დე, ვიცი, შენ არ მომიყვები, მარა მარტო ის მითხარი, რა, იპოვის?“
ტარიელისაგან ნესტანის პოვნაზე მეკითხებოდა.
და რა ვთქვა, როგორი განცდა დამეუფლა მაშინ. ვიტირე სიხარულით. ბედნიერება ჰქვია ამ განცდას. კარაქიანი პურის ნაჭრით ხელში ვიცინოდი ცრემლმორეული და მოთმინებისკენ მოვუწოდებდი სანდროს.

ასე შევდგით ფეხი სავეფხისტყაოსნეთში და როცა მთავარი პერსონაჟების სახელების წარმოთქმას ერთმანეთს არ აცლიდნენ და აციმციმებული თვალებით უყურებდნენ ჩემს სიხარულს, მე გულში ვლოცავდი ყველას, რუსთაველს, გადამწერებს, მესტამბეებს, იმათაც, ვინც მე რუსთველი შემაყვარა (დედას და ჩემს ასმათ მასწავლებელს), ვინც სკოლა შემაყვარა, ვინც საერთოდ სკოლა მოიგონა, ვინც მიმიღო და კლასი მომაბარა და ა.შ. და მახსენდებოდა ჩემი ბებია და ბაბუა, ძილის წინ რომ სკოლაზე ლაპარაკობდნენ ტკბილად, სიმღერასავით, არადა, რამდენიმე წლის მიტოვებული ჰქონდათ თავიანთი საყვარელი საქმე და მაინც ამით ცოცხლობდნენ, იქ ტრიალებდნენ ისევ გულით, ფიქრით და სანამ ძილს მისცემდნენ თავს, ერთხელ მაინც გაიჟღერებდა – „გახსოვს“… და აუცილებლად სკოლას ფურცლავდა მათი სასწაულად მზრუნველი და მოყვარული გონება და გულები.
ბებია წელიწადზე მეტია, აღარაა და ახლაც, როცა რაღაც კარგი ხდება სკოლაში, თუნდაც წვრილმანი იყოს, გავიფიქრებ, ეს აუცილებლად უნდა მოვუყვე ბებიას-მეთქი და მხოლოდ მერე მახსენდება, რომ ცოცხალი არაა. ამ ამბის ნაწილის მოყოლა მოვასწარი. გავახარე. ისიც მოვუყევი, გაგანია თხრობაში ვარ, ვყვები, რომ ავთანდილი ორი დღე და ღამე მისდევდა უცხო მოყმეს, ხატაელი ძმებისგან დაკვალიანებული. წყალი, ტყე, ღრე, კლდე, რა აღარ გაიარა იმ ორ დღეში, ცხენიდან არ ჩამომხტარა-მეთქი და უცებ გაისმის კითხვა:
„- მაას, საჭირო ოთახში არ შესულა?“
დათო იყო თუ რაული, არ მახსოვს. ვიცინეთ.
“სი ქგგალუ სქანი ბებიქ”, – მითხრა მაშინ ბებიამ.

დღეს ეს იყო. შემდგომში გიამბობთ ამბავს იმისა, თუ როგორ გაგრძელდა ჩვენი რუსთველიადა.
ყველას მადლობა, ვისაც ჩემსავით აუჩუყდა გული.

სამოდელო-ინოვაციური გაკვეთილი ბიოლოგიაში

0

ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ ჩატარებულ ტრენინგზე გავეცანი „სასწავლო გაჩერებები“-ს მეთოდს. ამ მეთოდის გამოყენებით გადავწყვიტე ჩამეტარებინა  სამოდელო-ინოვაციური  გაკვეთილი ბიოლოგიაში VIII კლასში თემაზე  „სისხლის შედგენილობა“. მეთოდი კარგად მოერგო სისხლის აგებულების შესწავლას და დამეხმარა, ჩამეტარებინა ინოვაციური გაკვეთილი, რომელიც იყო ეროვნული სასწავლო გეგმის ბიოლოგიის სტანდარტზე   მორგებული.

კვლ.VIII.2.  მოსწავლეს შეუძლია  კვლევითი   პროცედურის განხორციელება/ მონაცემების აღრიცხვა.                                             

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:      აწარმოებს  დაკვირვებას ან /და გაზომვებს,    აღრიცხავს მონაცემებს;

ბიოლ.VIII.5.მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს  ადამიანის ორგანიზმის  ანატომიური და ფიზიოლოგიური თავისებურებები.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:  იყენებს ან ქმნის ორგანოთა მოდელს/სქემას მათი მოქმედების (მაგ.,სისხლი,) პრინციპის სადემონსტრაციოდ და აკავშირებს ფიზიკურ მოვლენებთან;  სქემატურად გამოხატავს გარემოსა და ორგანოთა სისტემებს შორის ნივთიერებათა (მაგ., აირები, წყალი, საკვები, ცხოველქმედების პროდუქტები) მიმოცვლას და მსჯელობს მის  მნიშვნელობაზე;

სასწავლო მიზნები და მოსალოდნელი შედეგები

მოსწავლემ შეძლოს:  დამოუკიდებლად გაიაზროს სისხლის  მნიშვნელობა;  ისაუბრებს  სისხლის  შემადგენლობაზე;  ამოიცნოს  სისხლის   უჯრედები; დაახასიათოს ერითროციტები, ლეიკოციტები, თრომბოციტები;  მიკროსკოპით დააკვირდეს  ბაყაყისა და ადამიანის ერითროციტს   და ისაუბროს  მათ შორის  განსხვავებაზე;  სისხლის ანალიზის გამოყენებით დასვას დიაგნოზი. ინტერნეტით  მოიძიოს  ინფორმაცია  და ისაუბროს  სისხლის  ზოგიერთ  დაავადებაზე;  შექმნას  სისხლის  მოდელი;

წინარე ცოდნა და უნარები

მოსწავლეებმა იციანმეტაბოლიზმის  მნიშვნელობა.  როგორ ხდება ერთუჯრედიანებსა და მრავალეუჯრედიანებში  ნივთიერებათა მიმოცვლა;  როგორი ტიპის ქსოვილთა ჯგუფს მიეკუთვნება სისხლი;  რა მთავარ ფუნქციას ასრულებს სისხლი ადამიანისა და ცხოველის ორგანიზმში;  აქვთ ჩამოყალიბებული ჯგუფური მუშაობის უნარ-ჩვევები.                                                                                                                                                                                                                    

სასწავლო რესურსები:  მასწავლებლის მიერ მომზადებული სლაიდი. დაბეჭდილი  რუბრიკები.  სლაიდზე დატანილი კითხვები. პროექტორი, კომპიუტერი, დაბეჭდილი სასწავლო მასალა. ცხრილები. ილუსტრაციები. თხევადი წებო. პლასტელინი. მიკროსკოპები. ბაყაყის და ადამიანის ერითროციტების მშრალი პრეპარატი. სისხლის ანალიზი. კომპიუტერი. მარკერები. თაბახის ფურცლები.  სახელმძღვანელო   მოსწავლის წიგნი.  მასწავლებლის მიერ მომზადებული საშინაო დავალება.

გაკვეთილის მსვლელობა:

აქტივობა 1.საორგანიზაციო საკითხების მოგვარება.  (2წთ).

აქტივობის აღწერა:  მასწავლებელი მოაგვარებს საორგანიზაციო საკითხებს. გაახსენებს მოსწავლეებს ქცევის წესებს. გააცნობს შეფასების რუბრიკებს. გაკვეთილის ორგანიზების ფორმებს. ჩამოაყალიბებს გაკვეთილის მიზნებს.

 აქტივობა 2 წინარე ცოდნის გააქტიურება  (3წთ).   აქტივობის აღწერა:  მასწავლებელს წინასწარ გამზადებული ექნება ჩხირები. ჯგუფები  შემთხვევითობის პრინციპით პასუხობენ მასწავლებლის მიერ დასმულ შეკითხვებზე:

  • რას ეწოდება მეტაბოლიზმი?
  • გააკეთე სქემა, რომელიც უჩვენებს, როგორ ხდება ერთუჯრედიან ორგანიზმსა და გარემოს შორის ნივთიერებათა მიმოცვლა?
  • დაამყარებენ ისეთივე ურთიერთობას საარსებო გარემოსთან მრავალუჯრედიანი ორგანიზმის უჯრედები?

 

  პასუხი დაასაბუთე. ………………………………………………………

 

  • სქემატურად გამოსახე ორგანოებსა და საარსებო გარემოს შორის ნივთიერებათა მიმოცვლა.
  • აღწერე, როგორ დაირღვეოდა უჯრედსა და ორგანიზმის საარსებო გარემოს შორის ურთიერთობა სისხლის გარეშე.
  • როგორი ტიპის ქსოვილთა ჯგუფს მიეკუთვნება სისხლი?
  • კიდევ რა მიეკუთნება თხევად შემაერთებელ ქსოვილს?
  • სიცოცხლისთვის ძალიან საშიშია დიდი რაოდენობით სისხლის დაკარგვა, როგორ ფიქრობ, რატომ?
  • რა მთავარ ფუნქციას ასრულებს სისხლი ადამიანის და ცხოველის ორგანიზმში?

                                                                              

აქტივობა 3.    აქტივობის აღწერა:  (5წთ).    მასწავლებელი ისაუბრებს სისხლის შემადგენლობაზე, ინტერნეტიდან გადმოწერილი ვიდეოს  https://www.myvideo.ge/v/1621900   და  მის მიერ მომზადებული სლაიდის დახმარებით.

აქტივობა 4.  ცოდნის კონსტრუირება   (29წთ).

სასწავლო გაჩერებები :    მასწავლებელს  წინასწარ დაყოფილი ყავს კლასი ოთხ ჯგუფად.   ჯგუფებისთვის წინასწარ მომზადებული აქვს სამუშაო მასალები და დავალების ინსტრუქციები.  მასალის  მარტივად ათვისების მიზნით მასწავლებელი იყენებს ოთხ სასწავლო გაჩერებას. თითოეული ჯგუფი გაივლის ყველა გაჩერებას და თითოეულ გაჩერებაზე ჩერდება 5 წთ.  შეასრულებს დავალებას და შესრულებულ დავალებას ტოვებს გაჩერებაზე.  თითოეული ჯგუფი გააკეთებს მხოლოდ იმ დავალების პრეზენტაციას,  ბოლოს რომელ  გაჩერებაზეც მოუწევს გაჩერება.  გაეცნობა დანარჩენი ჯგუფების მიერ გაჩერებაზე დატოვებულ მასალებს და გამოიყენებს პრეზენტაციის დროს.

გაჩერებაზე მოცემული დავალებები

1 გაჩერება:  გაჩერებაზე მოსწავლეებს დახვდებათ ტექსტი, სადაც მოცემული იქნება სისხლის შემადგენლობის მოკლე დახასიათება და შესავსები ცხრილი, რომელშიც უნდა ჩაწერონ სისხლის უჯრედების აგებულება, წარმოშობის ადგილი, სიცოცხლის ხანგრძლივობა და ფუნქციები. მასწავლებელი მოსწავლეებს მისცემს დავალებას:    გაეცანით გაჩერებაზე მოცემულ ტექსტს, რომელშიც მოცემულია ინფორმაცია სისხლის შემადგენლობის შესახებ და შეავსეთ ცხრილი, დაახასიათეთ სისხლის უჯრედები. გააკეთეთ პრეზენტაცია

მახასიათებელი სისხლის უჯრედი სისხლის უჯრედი სისხლის უჯრედი
       
უჯრედის დასახელება      
რაოდენობა 1მმ3 სისხლში      
აგებულება      
ფუნქცია      
სიცოცხლის ხანგრძლივობა      
წარმოქმნის ადგილი      

 

მე-2 გაჩერება:    გაჩერებაზე მოსწავლეებს დახვდებათ სისხლის უჯრედების ილუსტრაციები, თხევადი წებო, პლასტელინი  და შესასრულებელი დავალების ინსტრუქცია. მასწავლებელი მოსწავლეებს მისცემს დავალებას:  ილუსტრაციაზე მოცემული ფოტოების გამოყენებით პლასტელინით გამოძერწეთ სისხლის უჯრედები და ჩაყარეთ თხევად წებოში. შექმენით  სისხლის მოდელი; მოდელის შექმნის დროს გაითვალისწინეთ ერითროციტების, ლეიკოციტების და თრომბოციტების რაოდენობა.  გააკეთეთ სისხლის მოდელის პრეზენტაცია.

                          

                                                                                                           

 

 

 

 

მე-3 გაჩერება:    გაჩერებაზე მოსწავლეებს დახვდებათ მიკროსკოპები; ბაყაყისა და ადამიანის ერითროციტის მშრალი პრეპარატები. მასწავლებელი მისცემს მოსწავლეებს დავალებას:                                                                                                             

მიკროსკოპით დააკვირდით ბაყაყისა და ადამიანის ერითროციტს, აღმოაჩინეთ მათ შორის განსხვავება და  გამოთქვით ვარაუდი, რამ გამოიწვია ეს განსხვავება. დახატეთ ადამიანისა და  ბაყაყის ერითროციტები. გააკეთეთ პრეზენტაცია.                                                     

 მე-4 გაჩერება:    გაჩერებაზე მოსწავლეებს დახვდებათ ლეიკემიით დაავადებული ადამიანის სისხლის ანალიზი და კომპიუტერი.  მასწავლებელი მოსწავლეებს მისცემს დავალებას: ანალიზის მიხედვით დაადგინეთ პაციენტის დაავადება და ინტერნეტით მოიძიეთ ინფორმაცია  ამ დაავადების შესახებ.  გააკეთეთ მოკლე ჩანაწერი და წარმოადგინეთ პრეზენტაციის  სახით.

აქტივობაN5. რეფლექსია  გასასვლელი ბარათები:  (2წთ).                                                                                                                                                    

1 რამ, რაც კარგად გავიაზრე      

1 რამ, რასაც გამოვიყენებ          

1 რამ, რაც დარჩა გასარკვევი

                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                              მასწავლებელი გაკვეთილის შემდეგ წაიკითხავს დაამუშავებს გასასვლელ ბარათებს და გამოიყენებს  მომდევნო გაკვეთილის დაგეგმვისას.                                                                                                                                                                                                           

აქტივობაN6. მასწავლებელი მოსწავლეებს აძლევს საშინაო დავალება.  (2წთ).   პარაგრაფი 2.2.  ტექსტი სასწავლად; მოსაძიებელი  ინფორმაცია  ანემიის შესახებ;  გვ 15. დასაწერად- დავალების კითხვაზე პასუხი. 

 შეფასება: (  2 წთ).     ჯგუფები შევაფასე  განმავითარებელი შეფასებით;  გამოვიყენე კომენტარი, დაკვირვება.    გამოვიყენე ინდივიდუალური შეფასების რუბრიკა და 18 მოსწავლე შევაფასე განმსაზღვრელი შეფასებით

ინდივიდუალური შეფასების რუბრიკა

შეუძლია ტექსტის გაანალიზება და ცხრილის შევსება 2
აქტიურად არის ჩართული კითხვებზე პასუხში 2
მიკროსკოპით აკვირდება პრეპარატს და ახასიათებს ბაყაყისა და ადამიანის ერითროციტებს შორის მსგავსება – განსხვავებას 2
მსჯელობს არგუმენტირებულად 2
ქმნის სისხლის მოდელს 2

 

სასწავლო „გაჩერებების მეთოდის“ გამოყენებით  მოსწავლეებმა შეისწავლეს სისხლის აგებულება თეორიულად, პრაქტიკულად შექმნეს სისხლის მოდელი, მიკროსკოპით დააკვირდნენ სისხლის უჯრედებს, სისხლის ანალიზის საფუძველზე დასვეს დიაგნოზი. მოიძიეს ინფორმაცია ინტერნეტით. გააკეთეს პრეზენტაცია.

მოსწავლეთათვის ამ ტიპის გაკვეთილი ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. ხალისით აითვისეს მასალა .რაც მთავარია, ისინი შეძლებენ მიღებული ცოდნის რეალურ ცხოვრებაში გამოყენებას  და  სისხლის ანალიზში უჯრედების რაოდენობის ცვლილების დადგენას.

     

           გამოყენებული ლიტერატურა:

მოსწავლის სახელმძღვანელო ბუნებისმეტყველებაში.  ბიოლოგია. მალხაზ მაყაშვილი; რუსუდან ახვლედიანი VIII კლასი

https://www.google.com/search?q=სისხლის+უჯრედები&client=opera&hs=ZAS&source=lnms&tbm=isch&sa=X&ved=0ahUKEwiL0ra6urThAhVPAGMBHdEoBtYQ_AUIDigB&biw=1326&bih=627

https://mes.gov.ge/content.php?id=3923&lang=geo

 

ონლაინთამაშების გამოყენება გაკვეთილზე

0

გაკვეთილის თემა: კვება ფრანგულად LES REPAS FRANCAIS

ეროვნული სასწავლო გეგმა გამოყოფს რამდენიმე გამჭოლ კომპეტენციას, რომელთა ფლობა  გადამწყვეტია თანამედროვე ეპოქაში. დღეს თქვენს ყურადღებას  შევაჩერებ ციფრულ კომპეტნციაზე, იგივე კომპიუტერულ წიგნიერებაზე.  უცხო ენის გაკვეთილზე არა მარტო როლური თამაშები, დიალოგები, პროექტები, სხვადასხვა ინეტარქტიული მეთოდები უწყობს ხელს მოსწავლის კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას, არამედ ამ უნარების განვითარებაში ასევე გვეხმარება ინოვაციური ონლაინინსტრუმენტები საკლასო ოთახში, რომელთა გამოყენებით გაკვეთილი არის მიმზიდველი, სახალისო და საინტერესო.

არსებობს  სხვადასხვა ონლაინინსტრუმენტი, რომელთა საშუალებითაც შეიძლება შევქმნათ  სხვადსხვა ტიპის სავარჯიშო, და გამოვიყენოთ მოსწავლეებში ოთხივე მიმართულების კომპეტენციის განვითარებისათვის (წერა,  კითხვა, მოსმენას, ლაპარაკი).

მინდა, გაგიზიაროთ ერთი კონკრეტული გაკვეთილი ფრანგულ ენაში ისტ-ის გამოყენებით.

ამ გაკვეთილზე გამოვიყენე შემდეგი ონლაინინსტრუმენტები:

  1. Goconqr.com – საინტერესო ინსტრუმენტია, ძალიან მარტივი და ადვილად გამოსაყენებელი. საიტის ინსტრუმენტები საშუალებას იძლევა შევქმნათ ტესტები, გონებრივი რუკები, ფელშბარათები; გავაკეთოთ პრეზენტაციები. მოსწავლეებმა იქვე  უნდა შეამოწმონ საკუთარი ცოდნა,  ჩვენ კი მოვახდინოთ პროგრესის მონიტორინგი.  შესაძლებელია, აქ შექმნილი ტესტები გამოვიყენოთ არა მარტო კლასში, არამედ,  გადავუგზავნოთ მოსწავლეებს კონკრეტული მისამართი, რომ სახლში დამოუკიდებლად   იმუშაონ  ტესტებზე. საკმარისია მხოლოდ  დავრეგისტრირდეთ და მარტივი ბრძანებების საშუალებით  შექმნათ სასურველი ტესტი. ამ გაკვეთილისთვის ამ ინსტრუმენტის დახმარებით შევქმნები გონებრივი რუკა  და გრამტიკული სავარჯიშო.

გონებრივი რუკა

 

გრამატიკული    სავარჯიშო

 

 

მოსწავლის შედეგი, რომელიც იქვე შემოწმდა       მოსწავლის მიერ სახლში შესრულებული

დავალება

 

  1. Create.kahoot.it — ამ ინსტრუმენტის დახმარებით გაკვეთილის ბოლოს რეფლექსიის ფაზაში საკითხის გაგების ხარისხის შემოწმების მიზნით შევქმენი შემაჯამებელი ტესტი.

www. Create.kahoot.it ონლაინ ინტერაქტიული თამაშის ერთ-ერთი ვებგვერდია. ის არის სახალისო და ამასთანავე ცოდნის შესამოწმებელი ინტერაქტიული თამაში. სადაც დარეგისტრირების შემდეგ მასწავლებელი მარტივად ქმნის  სხვადასხვა ქვიზს, კითხვარს, ტესტს და ა.შ. კაჰუტს გააჩნია ორი შესასველელი: ერთი პედაგოგის – Create.kahoot.it და მეორე kahoot.it –  მოთამაშე მოსწავლის/ან მოსწავლეების. შეიძლება მოსწავლეებმა იმუშაონ, როგორც ინდივიდუალურად, ასევე – წყვილებში, ჯგუფებში. მოსწავლეები სპეციალური კოდითა და  სახელით შედიან მათთვის განკუთვნილ გვერდზე. მასწავლებელი კი მართავს პროცესს. საბოლოოდ თამაშის დასრულების შემდეგ, პროგრამა გვაძლევს თითოეული მოსწავლის შედეგს. ვლინდება გამარჯვებული/გამარჯვებულები. ეს  სახალისო პროგრამა არის  მამოტივირებელი მოსწავლეებისათვის. ისინი სიამოვნებით ითხოვენ კაჰუტში მუშაობას.

მასწავლებლის გვერდი

 

მოსწავლე, რომელიც მოცემული კოდით

მასწავლებლის მთავარი გვერდი

ფოტო გაკვეთილზე კაჰუტის გამოყენებით

ინდივუდუალურად კი ეკრანზე მწავნე ფერად სწორი პასუხი ინთება.

 

 

 

 

გაკვეთილის თემა: როგორ იკვებებიან საფრანგეთში LES REPAS FRANCAIS

პირობები გაკვეთილის მსვლელობა
მიზანი: გაკვეთილის მიზნები

ფუნქციური : ტექსტის წაკითხვა და შინაარსის გაგება თემაზე „კვება ფრანგულად“. ინფორმაციული ტექნოლოგიების მიზნობრიავად გამოყენება.

ლექსიკური: დასწავლილი მასალის ამოცნობა. ლექსიკური მარაგის გამდიდრება.

გრამატიკული:

ზმნა „ prendre“ ახლანდელ დროში ამოცნობა და დასწავლა.

გაკვეთლის მიზები ესგ-ის მიხედვით IIუცხ. დაწყ. (II)9.

მიმართულება ინტერკულტურა

მოსწავლემ უნდა შეძლოს:

საკუთარი და უცხო კულტურის რეალიების ამოცნობა და  სოციოკულტურული კონტექსტების შედარება.

II უცხ. დაწყ. (II)  მიმართულება 2. მეტყველება (კითხვა და წერა)

სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტის გაგება.

გრამატიკა: სინტაქსური მიმართებები მარტივი წინადადების წევრებს შორის (მაგ.: ზმნისა და არსებითი სახელის შეთანხმება პირსა და რიცხვში).

რესურსები ონლაინინსტუმენტების გამოყენებით მასწავლებლის მიერ შედგენილი სავარჯიშოები.
სავარჯიშო

გამოწვევის ფაზა

 გამოწვევა 5-7 წთ. მასწავლებელი გაკვეთილის თემისა და რუბრიკის გაცნობის შემდეგ ააქტიურებს წინარე ცოდნას გონებრივი რუკის მეშვეობით (ონლაინინსტრუმენტის გამოყენებით შექმნილი რუკა).

აქტივობა #1 „გონებრივ რუკაზე“ მუშაობა

მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, კიდევ ერთხელ ჩამოთვალონ დღეში რამდენჯერ იკვებებიან საფრანგეთში და დაასახელონ ისინი ფრანგულად. ამის შემდეგ მასწავლებელი მოსწავლეებს აჩვენებს მომზადებულ „გონებრივ რუკას“ ფრანგულ ენაზე. მოსწავლეები შეადარებენ მათ პასუხებს, რუკაზე არსებულ ინფორმაციას და საჭიროებისამებრ შეავსებენ დამატებით, კონკრეტულად რისგან შედგება საუზმე, სადილი, ვახშამი და ა.შ.

https://www.goconqr.com/en-US/p/16844801

 

ძირითადი ფაზა  

აქტივობა #2

 

მოსწავლეები ამ აქტივობას ასრულებენ ინდივიდუალურად. ამჯერად „გონებრივი რუკის“ დახმარებით, ქმნიან  პრეზენტაციას „რას მიირთმევენ  ფრანგები“ საუზმეზე, სადილსა და ვახშამზე. სავარჯიშოს შესრულებისათვის ინტერნეტს ფოტოებით გასაფორმებლად იყენებენ  ტექსტურ პროგრამა ვორდს.

https://www.goconqr.com/en-US/p/16844801

 

აქტივობა #3

გრამატიკული ნაწილი:

მასწავლებელი ახსენებს მოსწავლეებს, როგორ იუღლება ზმნა “prendre” .   თვალსაჩინოდ წერს ეკრანზე, შემდეგ კი სთხოვს, ზეპირად შეადგინონ წინადადებები ამ  ზმნის გამოყენებთ. მაგ: “საუზმეზე მივირთმევ კრუასანს „au petit dejeuenr je prends  du croissant”,  ისმენს რამდენიმე მაგალითს.  შემდეგი სავარჯიშო სრულდება უკვე  ონლიანინსტრუმენტის გამოყენებით   www.Goconqr.com

მასწავლებელი მოსწავლეებს სთხოვს, შევიდნენ მოცემულ ლინკში. ისინი მუშაობენ ინდივიდუალურად გრამატიკულ ტესტზე.

https://www.goconqr.com/en-US/p/16917728

მასწავლებელი აკვირდება მოსწავლეებს, როგორ ასრულებენ დავალებას.  საჭიროების შემთხვევაში მასწავლებელი აძლევს განმავითარებელ შეფასებას, და სთხოვს კიდევ ერთხელ დაუბრუნდეს შეკითხვას. მოსწავლე ტესტის დასრულების შემდეგ  ხედავს საკუთარ შედეგს, შეუძლია ნახოს, სად დაუშვა  შეცდომა და რომელი პასუხი იყო სწორი.

შემაჯამებელი ფაზა.

აქტივობა #4  შემაჯამებელი ტესტი. სრულდება ინდივიდუალურად

ინტერაქტიული თამაში ონლაინინსტურმენტის კაჰუტის გამოყენებით – „როგორ იკვებებიან  საფრანგეთში“.

ეს სავარჯიშო აერთიანებს ყველა იმ საკითხის, რომლებიც მოსწავლეებმა ამ გაკვეთილზე ეტაპობრივად განიხილეს.

 

https://create.kahoot.it/details/les-repas-francais/b47c5007-c3e7-416b-a422-c36d90f0f698

ეს  არის  სახალისო და ამავდროულად საინტერესო სავარჯიშო, სადაც თითოეული წევრის პასუხი თვალნათლივ აისახება საერთო მონიტორზე და იქვე  აკეთებს შეჯამებას, რამდენი სწორი და რამდენი მცდარი პასუხი  დაფიქსირდა ტესტის თითოეული შეკითხვის ბოლოს.

 

შეფასება  განმავითარებელი/განმსაზღვრელი

 

გამოყენებული ლიტერატურა:

https://mastsavlebeli.ge/?p=2464  წიგნიერების ტრადიციული და ახალი სახეები, ბლუმის ციფრული ტაქსონომია.

 

https://ncp.ge/ge/curriculum/general-part/general-part/chapter-viii-cross-cultural-competencies ეროვნული სასწავლო გეგმა:  პრიორიტეტული გამჭოლი კომპტენციები

 

11 წლის ჟურნალ “მასწავლებელის” კიდევ ერთი ახალი ნომერი

0

ჟურნალი „მასწავლებელი“ 11  წლის გახდა.

გულწრფელი მადლობა თითოეულ ადამიანს, ვინც შექმნა, ვინც შრომოდა და  შრომობს ამ რესურსებისთვის, ვინც ხელს გვიწყობს შრომაში და, რაც მთავარია, მადლობა ჩვენი შრომის მთავარ ადრესატებს – ჩვენს მკითხველებს.

ჟურნალის ახალ ნომერში წაიკითხავთ:

ჟურნალი#2 შინაარსი

 

 იდეები სამოდელო გაკვეთილისთვის

0

არა ერთხელ დამიწერია სამოდელო გაკვეთილის შესახებ. დღეს კვლავ ამ თემას ვეხები. მარტო სამოდელო გაკვეთილზე არ ვისაუბრებ, საუბარი მექნება ზოგადად გაკვეთილის დაგეგმვის დროს დაშვებულ შეცდომებზე. თითქოს ყველამ ვიცით გაკვეთილის დაგეგმვა, არაერთ ტრენინგზე განგვიხილავს, როგორც საერთო ჩარჩო და პრინციპები, ისე გაკვეთილის გეგმის ძირითადი ნაწილები (წინარე ცოდნის გააქტიურებისა თუ რეფლექსიის მეთოდები). მაგრამ დღემდე ვუშვებთ, ეგრეთ წოდებულ, სტანდარტულ შეცდომებს. ჩემი ბოლო ორი წლის საქმიანობიდან გამომდინარე საკუთარ თავს გარე დაკვირვების გარე დამკვირვებელი შევარქვი. სწორედ ამ პოზიციიდან მინდა, შემოგთავაზოთ რამდენიმე რეკომენდაცია. საკმაოდ ბევრი გაკვეთილის გეგმას გავეცანი სხვადასხვა საგანში. ძალიან კარგად დაგეგმილი და გააზრებული გაკვეთილის გეგმებიც ვნახე, თუმცა ამჯერად საერთო შეცდომებზე მინდა დავწერო.

პირველი – ყველაზე მთავარი – გაკვეთილის მიზნის ჩამოყალიბებაა. ყველამ ვიცით, თუმცა ერთ გაკვეთილში ხშირად ისეთ მიზნებს ვისახავთ, რაც ფაქტობრივად რამდენიმე გაკვეთილშიც კი შეუძლებელია. აქვე უნდა ვთქვა ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირის შესახებ. ხშირად მექანიკურად გადმოგვაქვს შედეგები და ინდიკატორები, რომლებსაც შემდეგ ყურადღებას აღარ ვაქცევთ. არადა, საჭიროა თითოეული ინდიკატორის გააქტიურებისათვის შესაბამისი აქტივობა, რადგან ინდიკატორი არის ჩვენი მოქმედების ფაქტობრივი მოკარნახე და ჩვენი გაკვეთილის მიზანში აისახება.  ნუ გადმოვიტანთ მექანიკურად. თითოეული ინდიკატორი უნდა გავააქტიუროთ შესაბამისი მეთოდით. აქვე მინდა, ხაზი გავუსვა კიდევ ერთ საერთო შეცდომას: მიზანში ხშირად წერია შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების, ანალიზისა და შეფასების განვითარება, რაც აქტივობებში არ ჩანს. ამ უნარების განვითარებისთვის საჭიროა, მოსწავლეს მივცეთ შესაბამისი დავალებები, რომლებიც მისგან ანალიზსა და შეფასებას, რაიმე ახლის შექმნას მოითხოვს.

მეორე, რაც ყველაზე ხშირად შემხვედრია, წინარე ცოდნის გააქტიურებაა, რომელიც ხშირ შემთხვევაში გაკვეთილის თემას სცდება. რისი მიზეზიც კარგად ჩანს, საშინაო დავალებაში, რომლის „გამოკითხვა“ აუცილებელია. არადა, ბოლო პერიოდში, საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის არაერთი კვლევა სწორედ ამ თემას მიეძღვნა. დასკვნა და რეკომენდაციები ფაქტობრივად ერთია, რომ ხშირ შემთხვევაში საშინაო დავალებას ვაძლევთ საშინაო დავალებისთვის და არა მიზნობრივად. აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რა გვჭირდება შემდეგი გაკვეთილისთვის და ისეთი საშინაო დავალება უნდა მივცეთ, რომ დაგვეხმაროს შემდეგი თემის განხილვისას. წინარე ცოდნის გააქტიურება აღარ სცდება არც გაკვეთილის მიზანს და არც თემას. პედაგოგის კომპეტენციაც სწორედ ის არის, რომ დავაკავშიროთ თემები და მოსწავლეს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი დავანახოთ.

თუ ერთ თემას ვასრულებთ და მეორე თემის პირველი გაკვეთილი გვაქვს, მიეცით მოსწავლეს ისეთი საშინაო დავალება, რომელიც ამავდროულად ახალ თემასთან არის დაკავშირებული. შეგიძლიათ გამოიყენოთ მეთოდი შებრუნებული საკლასო ოთახი და საშინაო დავალებად განსახილველი თემა მისცეთ. რა მნიშვნელობა აქვს სახელმძღვანელოში პირველი პარაგრაფი რა არის? მთავარია, დავანახოთ თემებს შორის და რეალობასთან კავშირი და ვასწავლოთ მოსწავლეს აზროვნება. წინარე ცოდნის გააქტიურება სხვადასხვა მეთოდით შეიძლება.

კიდევ ერთი შეცდომა, რომელსაც გაკვეთილის დაგეგმვისას ვუშვებთ ეს არის სიღრმისეული წვდომის ეტაპის დაგეგმვა. აქ ხშირად ჭარბობს მასწავლებლის იმპერატიული აზროვნება და საკუთარი კომპეტენციის დაადასტურების სურვილი. ხომ უნდა ავუხსნა ახალი მასალა? და იწყება მინი-ლექცია, ყველაზე უკეთესს შემთხვევაში პრეზენტაციის გამოყენებით. მოსწავლეებს აჩვენებენ სლაიდებს, ფოტოებს და უხსნიან მის მნიშვნელობას, კლასიფიკაციის პრინციპებს… არადა, ხომ შეიძლება, მას შემდეგ, რაც წინარე ცოდნას გავააქტიურებთ, მივცეთ მოსწავლეებს არსებული რესურსი, რომ თავად დაადგინონ დეფინიციებიც და კლასიფიკაციაც დამოუკიდებლად მოახდინონ. შემდეგ თუ თავადვე შეამოწმებენ და დამოუკიდებლად აღმოაჩენენ შეცდომებს (მეტაკოგნიტური უნარების განვითარებისთვის) მეტად ინტერაქტიული გაკვეთილი გამოვა. მოსწავლე არ იქნება პასიური მსმენელი და მიმღები, არამედ თავად ააგებს ცოდნას ჩვენი დახმარებით (სკაფოლდინგი). ამ ეტაპზე ყველაზე კარგად ჩანს მასწავლებლის კომპეტენცია, რადგან ფასილიტატორობა, მიმართულების მიცემა უფრო მეტ ფიქრსა და აზროვნებას მოითხოვს, ვიდრე არსებული ცოდნის პირდაპირი გადაცემა.

ყოველივე ამის შემდეგ უკვე შესაძლებელია გაკვეთილის შეჯამება (რეფლექსია). რეფლექსიის მეთოდებიც უამრავია: სამიზნე, კუნძულები, სინქვეინი, დაასრულე წინადადება ….

მინდა, შემოგთავაზოთ ერთი გაკვეთილის გეგმა, რომელიც შეგვიძლია გამოვიყენოთ როგორც მე-8, ასევე მე-11 კლასშიც. გაკვეთილის მიზანი, რა თქმა უნდა, განსხვავებულია. მე-8 კლასში ძირითადი აქცენტი მოგზაურის აღმოჩენებზე გაკეთდება, მე-11 კლასში ამ თემის გაშლა გლობალიზაციის ჭრილშია შესაძლებელი. ვფიქრობ, ეს თემა ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებლებისთვისაც საინტერესოა.

ეს გაკვეთილი მე-11 კლასში ჩავატარე. საინტერესო და ხმაურიანი გაკვეთილი გამოგვივიდა, რადგან მოსწავლეების სურვილიდან გამომდინარე ერთი ჯგუფი არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებს წარმოადგენდნენ, რომლებმაც დღევანდელი გადასახედიდან განიხილეს კოლუმბის აღმოჩენა.

ის სამოდელო გაკვეთილადაც გამოდგება, რადგან აქ ხდება გამჭოლი კომპეტენციების, კერძოდ, შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების განვითარება.

მიზანი: მოსწავლე შეძლებს მისთვის სასურველი ფორმით („რაფთ“ წერითი დავალება, ნახატი, რეკლამა, პროექტი) დაასაბუთოს, რამდენად მნიშვნელოვანია საზოგადოების განვითარებაში პიროვნების როლი და ღირებულებები. განუვითარდეთ შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნება.

 

აქტივობა N 1. წინარე ცოდნის გააქტიურება.

წინარე ცოდნის გააქტიურების მიზნით პედაგოგი მოსწავლეებს აჩვენებს ანიმაციურ ფილმს:

– ევროპული ღირებულებები.

კითხვები და დავალებები ფილმისთვის:

  1. რა არის ფილმის მთავარი გზავნილი?
  2. რას წარმოადგენს ევროპული ღირებულებები?
  3. გაიხსენეთ ევროპის პოლიტიკური რუკა დიდი გეოგრაფიული ეპოქის დასაწყისში.

აქტივობა N 2

როლური თამაში – RAFT მეთოდი

აქტივობის მიზანი: მოსწავლეები აანალიზებენ პიროვნების როლს საზოგადოების განვითარებაში, ღირებულებების ჩამოყალიბებაში. გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას.

მასწავლებელს წინასწარ აქვს გაგზავნილი მასალა დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების ეპოქის შესახებ: ტექსტი, რუკები და ინტერნეტგვერდის მისამართი. აგრეთვე ევროპის ღირებულებები: https://georgie-europe2014.tsu.ge/french_geo/EVROPULI-GIREBULEBEBI-DA-IDENTOBA-geo.pdf

მოსწავლეები უნდა გაეცნონ არსებულ მასალას.

მასწავლებელი მოსწავლეებთან ერთად ანაწილებს როლებს, განსაზღვრავს აუდიტორიას, პრეზენტაციის ფორმასა და ძირითად იდეებს.  მათ უნდა შეავსონ RAFT ცხრილი.

მოსწავლეები ჩამოთვლიან დაინტერსებულ მხარეებს.

ერთი ჯგუფი იქნება კოლუმბი და მისი ეკიპაჟის წევრები, მეორე ჯგუფი – სამეფო კარის წარმომადგენლები, მესამე შეიძლება იყოს საზოგადოების წარმომადგენლები, მეოთხე დღევანდელი ევროპის (ევროკავშირის) ექსპერტები, ან რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და ა.შ.  თითოეული ჯგუფი ამზადებს საკუთარი ჯგუფის შესაბამის დავალებას. მეთოდიდან გამომდინარე პრეზენტაციას შეიძლება ჰქონდე ბლოგის, საჯარო გამოსვლის, ბუკლეტის, სარეკლამო ბილბორდის და ა.შ. ფორმა. ეს მათი არჩევანია.

სამეფო კარისა და საზოგადოების წარმომადგენლები ადგენენ კითხვებს, რომლებსაც პრეზენტაციის დროს დასვამენ. ამზადებენ მოლოდინების ხეს, სადაც განალაგებენ მეტაპლანებს მოლოდინებით.

კოლუმბის ეკიპაჟის წევრებს კი აქვთ შემდეგი დავალება:

თქვენ ხართ ქრისტეფორე კოლუმბი. უკვე აღმოაჩინეთ ამერიკა და მიიღეთ შესაბამისი სამეფო ჯილდო (ტიტული, თანხა და ა.შ.). თუმცა ეს ყველაფერი თქვენთვის ცოტაა – გინდათ ძველ სამყაროს (ევროპა) გააცნოთ ახალი სამყარო („ვესტ-ინდოეთი“) და ასეთი მოტივით ტურისტულ საქმიანობას ჩაუყაროთ საფუძველი.

შეასრულეთ ამოცანა ლოგიკური თანმიმდევრობით:

ა) რითი და რატომ უნდა დაინტერესებულიყვნენ ევროპელები თქვენ მიერ აღმოჩენილ ქვეყანაში? (მოტივი – ურომლისოდაც ვერ დაიწყებ საქმეს! გაიხსენეთ ევროპული ღირებულებები.)

ბ) რით გააკვირვებდით (რა ითამაშებდა „ბომბის აფეთქების“ ეფექტს) ევროპელებს, რის გამოც თქვენით დაინტერესდებოდნენ?

გ) რას და როგორ (რა ფორმით) შესთავაზებდით ევროპელებს მაქსიმალური ეფექტის მისაღწევად (თქვენი „შოუს“ სქემატური სცენარი – „პრომოუშენი“)?

დ) როგორი იქნებოდა თქვენი ტურისტული კომპანიის პირველი ნაბიჯები?

პრეზენტაციას წარმოადგენენ სასურველი ფორმით.

 

აქტივობა N 3

პრეზენტაცია – პანორამა.

მოსწავლეები მოაწყობენ პანორამას. საკუთარ ნამუშევრებს გამოფენენ და აკეთებენ მოკლე პრეზენტაციას. შემდეგ კი პასუხობენ სამეფო კარისა და საზოგადოების წარმომადგენლების  კითხვებს.

აქტივობა N 4 სინქვეინი – ხუთსტრიქონიანი ლექსი.

მოსწავლეები შეადგენენ ხუთსტრიქონიანი ლექსს დიდი აღმოჩენების პერიოდისა ან ევროპის ღირებულებების შესახებ.

 

აქტივობა N 5 შეფასება.

აქტივობა   ”სამიზნე” ან რეფლექსიის ნებისმიერი მეთოდი. იხ. https://mastsavlebeli.ge/?p=19623

მოსწავლეთა ნამუშევრები

 

მუშაობის პროცესი

 

 

 

 

თვალსაჩინოებად დაშლილი რესურსები, აუტიზმის მქონე მოსწავლისთვის

0

თვალსაჩინოება ყველაფერს ამარტივებს. ნებისმიერი, მით უფრო დაწყებითი საფეხურის მოსწავლე ყველაფერს გაცილებით უკეთ იგებს, თუ ხელშესახები, ადვილადაღსაქმელი, სწორად შერჩეული ილუსტრაცია და თვალსაჩინოება გვექნება.

ეს საკითხი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს აუტიზმის მქონე მოსწავლის სწავლებისას, რადგან, განზოგადების სუსტი უნარის გამო, მოსწავლეს შესაძლოა გაუჭირდეს რომელიმე თვისობრივი კატეგორიიდან ერთ-ერთი, კონკრეტულ შემადგენლის ილუსტრაცია. მაგალითად, მისთვის „ჩიტი“ შესაძლოა იყოს, ზოგადად ფრინველიც, მაგრამ ამავე დროს, კონკრეტული სახეობის კონკრეტული წარმომადგენელი, რომელიც მოსწავლისთვის დაკავშირებულია ზოგადად, „ჩიტის“  სემანტიკასთან.

განსაკუთრებით ძნელდება ისეთი ნაწარმოებების სწავლება, სადაც ზოგად ჭეშმარიტებებზე, გლობალურ საკითხებზეა საუბარი.

მაგალითისთვის, ამას წინათ, ჩემს შვილს მეორე კლასის წიგნში დავალებად ჰქონდა გივი ძნელაძის ლექსი „მე ვარ ადამიანი“, ლექსიკურად საკმაოდ მარტივი ტექსტი, რომლის ძირითადი იდეა ადამიანის პასუხისმგებლობაა გარემოს წინაშე. „ადამიანო, დედამიწა ხომ გადარჩება?“ – ეკითხება  ადამიანებს მთელი გარემომცველი სამყარო. თითქოს მარტივი, გასაგები იდეაა, მაგრამ ძალიან რთული, როდესაც საქმე აუტიზმის მქონე მოსწავლეს ეხება. ჯერ ერთი, „დედამიწის გადარჩენა“ მისთვის ზოგადი ფრაზაა, არადა, კონკრეტული ვიზუალური ხატი უნდა იყოს, რაღაც მოქმედებას უნდა მოჰყვებოდეს. მაგალითად, თუ უნდა გადარჩეს, ესეიგი, ჯერ რაღაც უნდა დაემუქროს, თუ ვინმე უნდა განიკურნოს, ჯერ ავად უნდა გახდეს, ანუ, პასუხისმგებლობა გარემოზე არა ზოგადი, არამედ კონკრეტული მოქმედებებისაგან უნდა შედგებოდეს, სხვაგვარად, მისთვის გაუგებარია.

მეცადინეობისას მოვიტანე ყვავილის ქოთანი, რომელშიც ვარდი იყო დარგული, ვუთხარი, რომ ადამიანი ისევეა პასუხისმგებელი დედამიწაზე, როგორც ჩვენ-ყვავილზე, თუ არ მოვრწყავთ, ხმელ ფოთლებს არ მოვაცლით, მავნებლისაგან არ გავათავისუფლებთ, უსაფრთხო გარემოს არ უზრუნველვყოფთ, ყვავილი გახმება.   ხმობა-ნიშნავს განადგურებას, გაფუჭებას, შესაძლოა დედამიწის მწვანე საფარი განადგურდეს, ცხოვრება შეუძლებელი გახდეს.

თუ ამ ლექსს ზოგადად, ეკოლოგიური პასუხისმგებლობის თემას მივაბამთ, ლექსის მთავარი იდეა შეგვიძლია გავამარტივოთ სიუჟეტური ბარათებითაც. მაგალითად,  ვიღებ რამდენიმე ბარათს, პირველ ბარათზე გამოსახულია ზღვის სუფთა სანაპირო, მეორეზე ადამიანები, რომლებიც ნაგავს ყრიან სანაპიროზე, მესამეზე – ნაგვიანი სანაპირო და  ოკეანე, რომელიც უამრავ ნაგავს გამორიყავს, მეოთხეზე – ზღვის ცხოველები, რომელიც ამ ნაგვის გამო იღუპებიან, მეხუთეზე – მოსწავლეები, რომლებიც ასუფთავებენ ნაპირს, მეექვსეზე – სუფთა სანაპირო.

ზოგადად, სიუჟეტური ბარათების გამოყენება ბევრ ტექსტთან მიმართებით შეიძლება, საბუნებისმეტყველო თუ ტექნიკური საგნების სწავლების გამარტივებისათვის.

ილუსტრაცია, თვალსაჩინოება შესაძლებელია ვერბალური იყოს, მაგრამ ისეთი მარტივი და ზუსტი, რომ რთული გრამატიკული თემების სწავლებისასაც დაგვეხმაროს.

მაგალითად, ავიღოთ  წინადადების სწავლება, რომელიც სინტაქსის შესწავლის მთავარი საფუძველია. როგორ ავუხსნათ მოსწავლეს რთულ და მარტივ წინადადებას შორის განსხვავება?

მე ასეთი რამ მოვიფიქრე. ვკითხე, რა არის აუცილებელი იმისთვის, რომ ადამიანმა იარსებოს?

პირველი პასუხი მრავალგვარია, მაგრამ  მსჯელობისას მივედით სწორ პასუხამდე – ჟანგბადი.

შემდეგ -წყალი და ა.შ.და ასე, პირამიდასავით, მნიშვნელობის და აუცილებლობის მიხედვით.

შემდეგ უკვე ავხსენი ამ პარალელიზმის თუ ვერბალური ილუსტრაციის მიზანი: ვთქვი, რომ წინადადებისთვის ჟანგბადი ზმნაა, წყალი – სახელი, მთავარი წევრები, რომელთა არსებობა აუცილებელია, რომ  სიტყვათა რაღაც წყვილს ზოგადად წინადადება ეწოდოს. შემდეგ თანდათან მივყევი არამთავარ, მეორეხარისხოვან წევრებს, როგორც, ადამიანის ცხოვრებაში საკვების, წამლის, საცხოვრებლის და ა.შ და ა.შ როლს.

ზმნისწინის სწავლებისას-  ქუჩა და საგზაო მოძრაობა შეიძლება დაგვეხმაროს, კონტაქტი-მარტივი სიტუაცია, მეგობარს რომ წაიყოლებ რაიმე რთული საკითხის გადასაწყვეტად, დრო-შეიძლება მარტივი დღის გეგმით ვასწავლოთ,  საქმეების ჩამონათვალის სიით, გვარი – რამდენიმე მხატვარის ტილოთი, სადაც ნატურმორტი – ვნებითი გვარი იქნება, რაიმე მარტივი პეიზაჟი – საშუალი, ხოლო მოქმედებითი გვარი რომელიმე ცნობილი ტილო, რომელიც მოქმედებას გამოხატავს.

მოკლედ, დიდია თვალსაჩინოების ძალა და განუზომელია მისი მნიშვნელობა.

ამიტომ, არ დაგეზაროთ, დაინახეთ, რომ დაანახოთ.

 

 

 

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...