ხუთშაბათი, მაისი 15, 2025
15 მაისი, ხუთშაბათი, 2025

 საფარ-ბეგის ქცევის ანალიზი

0

   საფარ-ბეგი ა. წერეთლის „გამზრდელის“ ანტიგმირია – „მორდუობის გამტეხი და ჩვეულების გადამდეგი“. მისი შეცოდება, სათქმელად საძნელო და უპატიებელი, მოკლედ ასე ფორმულირდება: მან შებილწა ის, რაც ადამიანებს „რჯულზე უფრო უმტკიცესად“ მიაჩნიათ – ხელყო ძუძუმტის მეუღლის ღირსება, შებღალა მასპინძლის ოჯახის სიწმინდე, დაარღვია მამაპაპური ადათი.

თავად საფარ-ბეგი საკუთარი ქცევის მოტივაციას ამგვარად ხსნის: „შემაცდინა თვით ეშმაკმა და დამრია ცოდვის ხელი!.. რა მოხდა რეალურად? რამ უბიძგა ამ სამარცხვინო საქციელისკენ ადამიანს, რომელსაც საზოგადოება უდრეკ, უშიშარ, ღირსეულ ვაჟკაცად თვლიდა და პატივს სცემდა?

შევეცადე, საფარ-ბეგის სულიერი დრამა ავსტრიელი მეცნიერის, ზიგმუნდ ფროიდის ფსიქოანალიზის თეორიის ჭრილში გამეაზრებინა. ცნობილია, რომ მან შეძლო, აღმოეჩინა ადამიანის ურთულესი სულიერი სამყაროს უღრმესი პლასტები. მისი თვალთახედვით, პიროვნებაში გამოიყოფა სამი სტრუქტურული ელემენტი: იდი (მოქმედებს იმპულსურად, რათა დაიკმაყოფილოს სიამოვნება), ეგო (აკმაყოფილებს იდის იმპულსებს არასასურველი შედეგების გამოწვევის გარეშე), სუპერეგო (ვითარდება სოციალურად არასასურველი ქცევის აკრძალვის საფუძველზე).

შეიძლება ითქვას, რომ საზოგადოება ავბედით ეპიზოდამდე იცნობდა მხოლოდ საფარ-ბეგის ეგოსა და სუპერეგოს, რადგან მას შესწევდა ძალა, დაეთრგუნა და ეკონტროლებინა საკუთარი იგი. ფროიდის აზრით, ჩახშობილი ემოციები არ კვდებიან. ისინი შიგნიდან აგრძელებენ ზემოქმედებას ადამიანზე და ელოდებიან საბაბს, რათა წარმოჩინდნენ. ეს საბედისწერო ჟამიც დადგა.

გავიხსენოთ კონტექსტური შინაარსი: საფარ-ბეგი ძუძუმტის ფაცხაში გასაჭირმა მიიყვანა: მან ინალიფას ლურჯი ლაფშა უნდა მოიპაროს და ამით დაუმტკიცოს ზია-ხანუმს (და საკუთარ თავსაც), რომ ღირსია სიყვარულისა. მაგრამ მას არ შეუძლია, შეასრულოს ესოდენ რთული დავალება. ცხენის მოსაპარავად ძიძიშვილი მიდის, საფარ-ბეგი კი მასპინძლის ფაცხაში რჩება. რა გამოდის? ჩანს, რომ ბათუ მასზე ღირსეული ვაჟკაცია – მოყვასისთვის თავდადებული, უანგარო და შეუპოვარი. სავარაუდოდ, საფარ-ბეგის ეგო დაუკმაყოფილებელია – მან ხომ ვერაფერი დაამტკიცა… უფრო მეტიც, შექმნილი სიტუაცია მკაფიოდ გამოკვეთს ბათუს ღირსებებს საფარ-ბეგის უღირსი ქცევის ფონზე. დავაკონკრეტოთ: იმ ბნელი ღამით ბათუ მეგობრის დასახმარებლად გაემგზავრა, ნაბადში გახვეული ძუძუმტე კი თბილ კერასთან დატოვა. მაშ, ვინ არის რეალურად საფარ-ბეგი? – ძიძიშვილის ზურგს ამოფარებული ლაჩარი, რომელიც ნარის გლეჯას სხვისი ხელით ამჯობინებს; ეგოისტი, რომელიც სხვისი სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდებას არაფრად მიიჩნევს; მატყუარა, რომელიც სხვის მიერ შესრულებული დავალებით სატრფოს წინაშე თავის მოწონებას აპირებს.

ბათუ, საფარ-ბეგთან შედარებით, კიდევ ერთ უდიდეს უპირატესობას ფლობს – მას გვერდს უმშვენებს ადამიანი, რომლის სიყვარულიც ამქვეყნად სასუფევლის ნეტარებას აგრძნობინებს. რა შეგვიძლია, ვთქვათ ზია-ხანუმისა და საფარ-ბეგის ურთიერთობაზე? არის კი ეს სიყვარული სულიერი ამაღლების, უფალთან მიახლების გზა? რა თქმა უნდა, არა! ზია-ხანუმს არ შეუძლია სიყვარული. იგი ერთი ეგოისტი, დაუნდობელი და პატივმოყვარე ქალია, რომელიც მიჩვეულია ადამიანების ბედით თამაშს, მავანთა გრძნობებით მანიპულირებას. მას არ ძალუძს, გააბედნიეროს, სულიერად აამაღლოს და გააკეთილშობილოს საფარ-ბეგი.

ნაბადში გახვეული, ცეცხლის პირას გამოსაშუშებლად მარტო დარჩენილი საფარ-ბეგი შეუძლებელია, ვერ აცნობიერებდეს შექმნილი სიტუაციის ქვეტექსტურ შინაარსს; არ აწვალებდეს უკმარისობის, დაუკმაყოფილებლობის, არასრულფასოვნების განცდა. ის ხომ ამბიციური ადამიანია… ფროიდის აზრით, პიროვნების სწორედ ასეთი სულიერი მდგომარეობა (შინაგანი წინააღმდეგობრიობა, შფოთვა, ეჭვები, უკმარისობის შეგრძნება) წარმოშობს ძლიერ სექსუალურ ენერგიას, აგრესიულ სექსუალურ იმპულსებს, იწვევს დაუოკებელ ლტოლვას, აღვიძებს იდის და უბიძგებს მას დაუყოვნებელი სიამოვნებისკენ, მიუხედავად იმისა, სოციალურად და მორალურად მისაღებია თუ არა ის, რაც სურს.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჯინი ბოთლიდან გამოშვებულია… შედეგად კი ვიღებთ იმას, რომ საფარ-ბეგი ძალადობს ნაზიბროლაზე, რითაც, ერთი მხრივ, იკმაყოფილებს იმპულსურად წარმოშობილ სექსუალურ ლტოლვას, განიმუხტება უარყოფითი, აგრესიული სექსუალური ენერგიისგან და, მეორე მხრივ, თავისუფლდება არასრულფასოვნების კომპლექსისგან, დაბალი თვითშეფასებისგან. ძალადობს, რათა „დაამტკიცოს“ საკუთარი უპირატესობა ბათუსთან შედარებით; „დაამტკიცოს“ ის, რისი დამტკიცებაც რეალურად ვერ მოახერხა.

მაგრამ რა ხდება, როცა ვნებები ცხრება, იდი ითრგუნება, ძლიერდება ეგო (რაციონალიზმი) და სუპერეგო (ფასეულობათა სისტემა)? ჩვენ ვხედავთ ბათუს მიერ მხილებულ საფარ-ბეგს – იგი „შემკრთალი და დარცხვენილი“, გამშრალი, ფერდაკარგული და გაქვავებულია. სიცოცხლეს სიკვდილს ამჯობინებს და სულიერი ტანჯვის შესამსუბუქებლად სასიკვდილო ტყვიას ნატრობს, მაგრამ საბოლოოდ სიცოცხლემისჯილის უმძიმეს ხვედრს სჯერდება.

ვფიქრობ, ასე წარმოჩინდება საფარ-ბეგის შინაგან სამყაროში მიმდინარე წინააღმდეგობრივი პროცესები, მისი სულიერი დრამა ზიგმუნდ ფროიდის ფსიქოანალიზის თეორიის თვალთახედვით.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

 

  1. ზიგმუნდ ფროიდი-https://library.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/03/zigmund-phroidi-kultura.pdf;

2.ფსიქოანალიზი- https://ka.wikipedia.org/wiki/

3.“ქართული ენა და ლიტერატურა“-XIკლასის სახელმძღვანელო, „სწავლანი“,თბ.,2012წ.

 

 

გაკვეთილი მუზეუმში

0

XXI საუკუნეში  მუზეუმის  დიდი  შესაძლებლობები  კიდევ  ერთხელ  შეფასდა  და დღეს ის  განსაკუთრებულ  როლს თამაშობს,  როგორც  ფორმალურ  სწავლებაში, ასევე  არაფორმალურ და საზოგადოებრივ  განათლებაში.  თანამედროვე  მუზეუმს  დიდი როლი აკისრია  ინკლუზიურ  განათლებასა  თუ მარგინალური  ჯგუფების  ინტეგრაციაშიც.

კლივლენტის ხელოვნების მუზეუმის დირექტორმა შერმან ლიმ თქვა: დღევანდელ სამყაროში, რომელიც სავსეა ვიზუალური გამოსახულებებით… მუზეუმი განათლების მიღების უმთავრესი წყარო ხდება. მხოლოდ თავისი არსითაც კი – ხელოვნების ნიმუშების შენახვითა და გამოფენით – მუზეუმი საგანმანათლებლო დაწესებულებაა ამ სიტყვის საუკეთესო და ყველაზე ფართო გაგებით“.

მოსწავლეებთან ერთად მუზეუმს ხშირად ვსტუმრობთ, თუმცა ექსპონატების დათვალიერება და  სამუზეუმო სივრცეში  გატარებული რამდენიმე საათი ვერ იძლევა  იმ შედეგს, რომლისთვისაც ვიზიტი დაიგეგმა.

მუზეუმი არის სივრცე, სადაც მოსწავლეებს შეუძლიათ თვალი ადევნონ კაცობრიობისა თუ საკუთარი ერის განვითარების უწყვეტ პროცესს, მრავალსაუკუნოვან მიღწევებსა თუ მონაპოვარს. მოსწავლეებმა უნდა შეძლონ წარსულის, როგორც ერთი მთლიანობის აღქმა. გაკვეთილი მუზეუმში არის შესაძლებლობა, რომელიც მოსწავლეს ერთდროულად უვითარებს დაკვირვების, კვლევის, ანალიზისა და შეფასების უნარებს.

ბავშვი  ახალი ცოდნის  არა მარტო პასიური მიმღებია, არამედ უშუალოდ არის ჩართული ინფორმაციის გადამუშავებისა და გაანალიზების პროცესში. მუზეუმში ჩატარებული გაკვეთილი თანაბრად ეფექტურია მსწავლელთა სხვადასხვა ტიპისათვის, ექსპონატებთან  მუშაობა ხელს უწყობს ინფორმაციის  ეფექტურად აღქმას.

სასურველია მუზეუმში გაკვეთილის ჩასატარებლად შეირჩეს ერთი კონკრეტული მიმართულება, რათა  მოსწავლეებმა სრულად შეძლონ თემაზე  ორიენტირება და საკითხის სიღრმისეულად გააზრება.

სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმი მდიდარ მასალას იძლევა ქართული დამწერლობის  ეტაპების განვითარებისა და  წერილობითი ძეგლების შესასწავლად.

ცოცხალი შთაბეჭდილებებისა და ემოციების შექმნის, კვლევა-ძიებისა და შემოქმედებითი აზროვნების  უნარების განვითარების მიზნით  ქართულ ენასა  და ლიტერატურაში დავგეგმე გაკვეთილი მუზეუმში თემაზე: „სვანეთის მუზეუმის წერილობითი ძეგლები“.

გაკვეთილის მიზანი იყო, მოსწავლეები გაცნობოდნენ უძველეს ქართულ ხელნაწერებს, განევითარებინათ თეორიული მასალის პრაქტიკაში გამოყენების უნარ-ჩვევები და შემოქმედებითი აზროვნება.

გაკვეთილის მიზნებიდან გამომდინარე, ჩვენი სამუშაო სივრცე  იყო ხელნაწერთა საგამოფენო დარბაზი და ჩვენი მიზანი იყო იქ დაცული ექსპონატების შესწავლა.

პირველი აქტივობა დაეთმო საკვანძო სიტყვების დამუშავებას.

მოსწავლეებს „ჯადოსნური სიტყვების სკივრიდან” უნდა ამოეღოთ ბარათები, რომლებზეც  ეწერა სიტყვები, რომელიც მათ დასჭირდებოდათ თემის დამუშვებისას, მაგ. „ეტრატი”, „პალიმფსესტი” და სხვა. პარალელურად ყუთში ხვდებოდათ ამ სიტყვების განმარტებები, თითოეული ბარათის მფლობელს უნდა ეპოვა მეწყვილე და განემარტა თავისი სიტყვა, ეს ყველაფერი უნდა განეთავსებინათ  „სასიტყვეთის დაფაზე“.

მაგ. „ეტრატი – განსაკუთრებული წესით დამუშავებული ხბოს, ბატკნის ან თიკნის ტყავი. იყენებდნენ საწერ მასალად ქაღალდის გამოგონებამდე. ასეთ მასალაზე შესრულებული ხელნაწერი“.

თუ  მოსწავლეებისთვის გაუგებარი იყო სიტყვის მნიშვნელობა და ვერ ახერხებდნენ დაწყვილებას, პროცესში ერთვებოდა მასწავლებელი  და ეხმარებოდა „მეწყვილის“ პოვნაში.

მეორე აქტივობა – მოსწავლეებმა განაგრძეს მუშაობა საგამოფენო დარბაზში, თითოეულ გუნდს უნდა შეესწავლა და წარმოედგინა საგამოფენო დარბაზში განთავსებული ერთი უძველესი ხელნაწერი  ექსპონატი.

საგამოფენო დარბაზში მეგზურობა გასწია მუზეუმის თანამშრომელმა. მან მოსწავლეებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა ყველა ექსპონატის შესახებ. მოსწავლეებს ჰქონდათ საშუალება დაესვათ კითხვები, პარალელურად ეკრანზე ხედავდნენ თითოეული ხელნაწერის   უნიკალურ გაფორმებას და მინიატურებს, რაც მათ შთაგონებას უფრო ამძაფრებდა.

მესამე აქტივობა – პრაქტიკულ ნაწილში გუნდებს უნდა დაემუშავებინათ მოპოვებული ინფორმაცია და დარბაზშივე მოემზადებინათ საპრეზენტაციო პოსტერები, ნახატები და საინფორმაციო სტატიები, რომლებსაც მომდევნო დღეს წარუდგენდნენ სასკოლო საზოგადოებას.

მეოთხე აქტივობა –  ჯგუფური სამუშაოს შემდეგ  მონაწილეებს მიეცათ ინდივიდუალური სავარჯიშო. მათ უნდა ამოერჩიათ ექსპონატი, რომელმაც მიიქცია მათი ყურადღება და „რაფთ“ სტრატეგიის გამოყენებით, შეექმნათ 5-წუთიანი ესე. უსაზღვრო იყო მოსწავლეების ფანტაზია მათ აამეტყველეს ჰადიშის, ლაბსყალდისა და იენაშის ოთხთავები… არ დარჩენიათ ყურადღების მიღმა უძველესი ანალოღია და სვანური სამართლის პირველი საბუთები.

მეხუთე აქტივობა – დასასრულ გაკვეთილის შეჯამებისთვის გამოვიყენე „გასასვლელი ბილეთები”, თითოეულ მოსწავლეს უნდა ეპასუხა თემატურ კითხვაზე და მხოლოდ ამის შემდეგ მოიპოვებდა სხვა დარბაზების დათვალიერების უფლებას.

ასე შეერწყა  ერთმანეთს ექსკურსია და გაკვეთილი.

 

ამგვარად დაგეგმილი გაკვეთილი სამუდამოდ დაამახსოვრდებათ ბავშვებს. გარდა იმისა, რომ მათთვის ეს სრულიად უჩვეულო ფორმატი იყო, მათში სულ სხვა ცოდნა და ემოცია აღძრა სამუზეუმო სივრცეში მუშაობამ.

მუზეუმი  მართლაც საუკეთესო საგანმანათლებლო სივრცეა, სადაც მოსწავლეები  აგროვებენ დიდ ცოდნას და ივითარებენ სხვადასხვა უნარ-ჩვევებს.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. მუზეუმი – იდეალური ადგილი სწავლებისათვის. მიხეილ წერეთელი, ნინო ბაქანიძე;
  2. ეფექტიანი სწავლება სამუზეუმო სივრცეში – ნანა გოგელია.

 

კომპლექსური შემოქმედებითი ხასიათის დავალებების პრაქტიკული ასპექტები

0

ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, საზოგადოებრივი მეცნიერებების სწავლება უპირველეს მიზნად ისახავს საზოგადოებრივი მეცნიერებების შესწავლისთვის საჭირო უნარების განვითარებას, რისთვისაც მნიშვნელოვანია:

  • მოსწავლეებში შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების განვითარება; აღმოჩენებისა და სიახლის ძიების მიმართ დადებითი დამოკიდებულების ჩამოყალიბება; დროსა და სივრცეში ორიენტირებისთვის, ფაქტებისა და მოვლენების ინტერპრეტაციისა და კანონზომიერებების დადგენისთვის საჭირო სპეციფიკური უნარ-ჩვევების განვითარება.

მასწავლებლისთვის ადვილი არ არის ამ ამოცანის შესრულებისკენ მიმართული დავალებების შერჩევა, საჭიროების მიხედვით იდენტიფიცირება და მოსწავლის შესაძლებლობებზე მორგება, რადგან ბევრი სხვა ამოცანაც აქვს გადასაჭრელი, მაგრამ მას შეუძლია გამოიყენოს შემოქმედებითი ხასიათის კომპლექსური ტიპის დავალებები, რომლებიც მოსწავლეებს მეტ ცოდნას შესძენს და მრავალმხრივ განუვითარებს უნარებს. ისინი ეფექტურად შეძლებენ:

  • მასალის კრიტიკულად გაანალიზებას, დროსა და სივრცეში ორიენტირებას, ფაქტებსა და მოვლენებს შორის არსებული კანონზომიერებების დადგენას და კვლევითი ხასიათის სამუშაოს შესრულებას.

 

რატომ კომპლექსური შემოქმედებითი ხასიათის დავალებები? ასეთი დავალებები ძირითადად პრობლემური ხასიათისაა. მათ საფუძვლად უდევს პრობლემური კითხვები და სიტუაციები, რომლებიც იმითაა განსაკუთრებული, რომ მრავალ სწორ პასუხს გულისხმობს. სწორედ ასეთ დავალებებს აწყდება ადამიანი მასალის ანალიზისას, მოვლენათა ინტერპრეტაციისას და კვლევა-ძიებისას. უფრო მეტიც: მასწავლებლებმა კარგად იციან, რომ სწავლების პროცესში წამოჭრილი პრობლემების გადაწყვეტის დროსაც არ არსებობს ერთი სწორი მიმართულება – ხშირად ეს სწორი პასუხების მთელი ჯაჭვია. რომელს მივანიჭოთ უპირატესობა? რაკი ყველაფერი მაინც აზროვნებასა და სააზროვნო პროცესების ხარისხზე გადის, უმჯობესია მოსწავლეებისთვის ისეთი დავალებების შერჩევა, რომლებიც აამაღლებს მათი აზროვნების ხარისხს. კომპლექსური შემოქმედებითი დავალებები კი ამ მიმართულებით ეფექტიანია.

 

შინაარსის მიხედვით, კომპლექსური შემოქმედებითი დავალებები იყოფა:

  • შემეცნებითი, კვლევითი ხასიათის დავალებებად;
  • ლოგიკურ ამოცანებად;
  • დავალებებად, რომლებიც არასტანდარტულ მიდგომებს მოითხოვს.

 

მათ შესასრულებლად საჭირო მეთოდები შეირჩევა დავალებების მიზნისა და სირთულის მიხედვით (შემოქმედებითი სამუშაოს ორგანიზებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს).

 

როგორ უნდა შეაფასოს მასწავლებელმა მოსწავლეთა კომპლექსური შემოქმედებითი უნარები, მათი საქმიანობა? სპეციალური მეთოდები მათი დიაგნოსტიკისა და შეფასებისთვის არ არსებობს, მაგრამ მასწავლებელს შეუძლია, მოსწავლეთა დონის განსაზღვრისთვის გამოიყენოს მრავალფეროვანი მეთოდური ინსტრუმენტები, მათ შორის:

  1. რეპროდუქციული ცოდნის შემოწმების მეთოდები;
  2. ინფორმაციის გაგებისა და აღქმის შემოწმების მეთოდები;
  3. ანალიზის (კონტექსტის წაკითხვის, ლოგიკური დასკვნების გამოტანის), სინთეზის (ესეს დაწერა, გეგმის შედეგნა და ა.შ.) და შეფასების (მასალის ლოგიკური აგება, ინფორმაციის მნიშვნელობის განსაზღვრა და სხვ.) შემოწმების მეთოდები.

 

ამის შემდეგ, პრაქტიკული დავალებების ეტაპზე, მასწავლებელს ზუსტად ექნება განსაზღვრული, რას და როგორ შეუმოწმებს მოსწავლეს. მაგალითად, შემეცნებითი, კვლევითი ხასიათის, რეპროდუქციული დავალებების დროს, ისევე როგორც ლოგიკური ამოცანების ეტაპზე (ისტორიული თემა, თხზულება, პროექტის შედგენა/განხორციელება, სავარჯიშოები, ტესტის წერა), მასწავლებელი შეამოწმებს მიზნის მისაღწევად საჭირო შემდეგ ცოდნასა და უნარებს:

  1. ქრონოლოგიის ცოდნა და უნარები: ა) მნიშვნელოვანი მოვლენების თარიღების ცოდნა; ბ) წლის შესაბამისობა საუკუნესთან, მოვლენათა მიზეზშედეგობრიობის ჩვენება;
  2. ფაქტების ცოდნა: ა) ადგილისა და გარემოების დასახელება; ბ) მონაწილეთა ჩამოთვლა; გ) შედეგების განსაზღვრა; დ) სახელმწიფოთა საზღვრებისა და ისტორიულ-გეოგრაფიული ნომენკლატურის ცოდნა; ე) კულტურისა და მეცნიერების მიღწევათა ცოდნა;
  3. ანალიზის უნარი: ა) ისტორიული ფაქტების შედარება და მოვლენათა განზოგადების უნარი; ბ) ისტორიული მოვლენებიდან და ფაქტებიდან არსებითი, დამახასიათებელი ნიშნების გამოყოფა; გ) ისტორიული მოვლენების კლასიფიცირება წინასწარ განსაზღვრული ნიშნის მიხედვით; დ) ისტორიული ფაქტებისა და მოვლენების შედარება;
  4. ცნებებისა და ტერმინების ცოდნა;
  5. მიზეზშედეგობრივი კავშირების დადგენა;
  6. ისტორიულ წყაროსთან მუშაობის ცოდნა და უნარები: ა) ავტორის, მისი სანდოობისა და წყაროს შედგენის დროის დადგენის მიხედვით; ) პირველადი და მეორეული წყაროს გამოყოფის მიხედვით; გ) ძირითადი შინაარსისა და იდეის ფორმირებით; დ) საჭირო ინფორმაციის პოვნით; ე) რამდენიმე წყაროს შედარებით; ვ) ისტორიულ რუკასთან მუშაობის უნარით; ზ) წყაროს ტიპის დადგენის ცოდნითა და უნარით;
  7. ტესტური ტიპის დავალებებში ბაზისური, მიმდინარე და საკონტროლო ტესტების შესრულების ხარისხი:

ა) ბაზისური ტესტები – რომელთა მთავარი ამოცანაა, განამტკიცოს მოსწავლეთა მიერ ძირითადი ცნებებებისა და ტერმინების, ისტორული ფაქტების, თარიღებისა და ისტორიული პირების ცოდნა;

ბ) მიმდინარე ტესტები – რომელთა საშუალებითაც ხდება მიმდინარე ცოდნისა და უანრების კონტროლი ცალკეული გაკვეთილისა თუ თემის ფარგლებში;

გ) შემაჯამებელი ტესტები – რომლებიც მიუთითებს არა მარტო მოსწავლის მიერ ათვისებული ცოდნის დონეზე, არამედ იმასაც დაანახებს მასწავლებელს, რა ტიპის რომელ კითხვაზე პასუხის გაცემა გაუჭირდა მოსწავლეს და რატომ.

რაც შეეხება სხვადასხვა ხასიათის არასტანდარტული ისტორიული დავალებების შემოწმებას, ასეთი დავალებები მეტწილად ევრისტიკული ხასიათისაა, შესაბამისად, მათი შეფასების დროსაც მსგავსი მიდგომებია საჭირო. ამ მიმართულებით შეიძლება გამოიყოს რამდენიმე ჯგუფი:

  1. ტექსტები, რომლებიც შეიცავს არასწორ, არაზუსტ ინფორმაციას. ისინი მოსწავლეებისგან მოითხოვენ საკმაოდ დიდი ცოდნისა და გამოცდილების გამოყენებას უჩვეულო, დაუგეგმავ სიტუაციაში;
  2. შემოქმედებითი დავალებები, რომელთა შესასრულებლად საჭიროა მრავალფეროვანი ფორმა – დღიურები, წერილები, მემუარები და სხვ., რომლებსაც მოსწავლეები შეადგენენ აუდიტორიისთვის წარსადგენად;
  3. ისტორიული ამოცანები, კროსვორდები, რომლებსაც დამოუკიდებლად შეადგენენ მოსწავლეები (ისინი მათგან მოითხოვენ ფართო განზოგადებასა და მსჯელობას);
  4. რეცენზიის დაწერა ისტორიულ ნაწარმოებზე, კინოფილმზე, შემეცნებითი ხასიათის თამაშზე და სხვ;
  5. გზამკვლევის შედგენა (მაგალითად, საექსკურსიო ცენტრებისთვის);

და ა.შ.

შემოქმედებითი ხასიათის ყველა ეს დავალება არა მარტო კოგნიტიურ, არამედ კომუნიკაციურ უნარებსაც ააქტიურებს. მათი შესრულებისას ვითარდება ინფორმაციის დამოუკიდებლად და შემოქმედებითი გზით გადაწყვეტის უნარი.

შედეგი უკეთესია, როდესაც კომპლექსური, შემოქმედებითი ხასიათის დავალებები დიფერენცირებულია. ამ დროს ძირითადად სამი ტიპის დავალებები გამოიყოფა:

* I დონის დავალებები რეპროდუქციული დავალებებია, რომლებიც მოითხოვს მოსწავლისადმი მასწავლებლის მხარდაჭერას. ამ დონის დავალების მაგალითი: „ისტორია“, IX, „ქართული სამეფო-სამთავროების ჩამოყალიბება VIII-IX სს-ში“:

  • დაახასიათეთ ქათული სამეფო-სამთავროების გეოგრაფიული მდებარეობა და ბუნებრივი პირობები;
  • დაახასიათეთ სამეფო-სამთავროების ეკონომიკური მდგომარეობა;
  • დაახასიათეთ პოლიტიკური განვითარების თავისებურებები;
  • დაასახელეთ, რა მდგომარეობის გამოყენებას ვერ ახერხებდნენ იმ მხარის მთავრები, დიდებულები და მოსახლეობა.

II დონის დავალებები – როდესაც მოსწავლეებს უკვე აქვთ შედარებისა და ისტორიული ფაქტებისა და მოვლენების ანალიზის უნარები, შეუძლიათ შედეგების ფორმულირება, მაგრამ შესაძლოა დასჭირდეთ მასწავლებლის დახმარებაც. მაგალითად:

  • შეისწავლეთ და შეადარეთ ნებისმიერი ორი სამთავროს (ტაო-კლარჯეთის, კახეთ-ჰერეთის, აფხაზთა და კახეთის…) გეოგრაფიული მდებარეობა.
  • გამოიტანეთ დასკვნა, რა უპირატესობა ჰქონდა თითოეულ მათგანს სხვებთან შედარებით.
  • შეადარეთ სხვებს ნებისმიერი სამთავროს ეკონომიკური განვითარება, გამოიტანეთ დასკვნა სამეურნეო-ეკონომიკური განვითარების შესახებ. რა უპირატესობა ჰქონდა მას სხვებთან შედარებით? დაასახელეთ ეკონომიკური დაწინაურების ან დაცემის მიზეზები.
  • შეადარეთ ერთმანეთს დასახელებული სამთავროების პოლიტიკური სტრუქტურა

და ა.შ.

III დონის დავალებები – მოსწავლეები ფლობენ შედარების, ისტორიული ფაქტებისა და მოვლენების ანალიზის უნარებს, ამყარებენ მიზეზშედეგობრივ კავშირებს, შეუძლიათ, დამოუკიდებლად ჩამოაყალიბონ შედეგები. მაგალითად:

  • ამოირჩიე ნებისმიერი ორი სამთავრო და შეადარე ერთმანეთს მათი ეკონომიკური განვითარება. გამოიტანე დასკვნები.
  • შეადარე ნებისმიერი ორი სამთავროს (მაგალითად, კახეთისა და აფხაზეთის) პოლიტიკური სტრუქტურა და გამოიტანე დასკვნები.
  • განმარტე, როგორ მოხდა, რომ კახეთის სამთავროს სათავეში ქორესპისკოსები აღმოჩნდნენ, მაშინ როდესაც სხვაგან გვხვდება „მთავარი“.
  • რა მსგავსებაა ამ სამთავროებისა და ერთიანი საქართველოს მმართველობის წესს შორის? რა განსხვავებაა?
  • ამ მხარის მთავარი რომ ყოფილიყავი, რას და როგორ გააკეთებდი?
  • რას ურჩევდი იქაურ დიდებულებს?

და ა.შ.

კომპლექსური შემოქმედებითი ხასიათის დავალებები ზრდის მოსწავლეთა მოტივაციას, ინტერესს, უბიძგებს მათ აზროვნებისა და ოცნებისკენ და ხელს უწყობს მოსწავლესა და სწავლის შედეგების გაუმჯობესებაზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის წარმართვას, კრიტიკული და შემოქმედებითი კომპეტენციების განვითარებას. პრაქტიკულ საქმიანობაში მათი გამოყენება მისასალმებელი და ეფექტურია.

გაკვეთილზე ცოდნის აქტუალიზაციის მეთოდები

0

გაკვეთილი ცოცხალი, დინამიკური, შემოქმედებითი და ექსპრესიული რომ იყოს, ამისთვის მასწავლებელიც და მოსწავლეც თანაბარი ინტენსივობით უნდა იყვნენ ჩართულნი სწავლა-სწავლების პროცესში. ყურადღება უნდა მიექცეს ძველი, არსებული ცოდნის გააქტიურებასაც და ახალი ინფორმაციის მიწოდება-ახსნასაც. ეს ორი იმგვარ ჰარმონიულ კავშირში უნდა იყოს ერთმანეთთან, რომ მოსწავლეებმა ძალდაუტანებლად შეძლონ არსებულ ბაზისზე განსხვავებული და მნიშვნელოვანი ინფორმაციისა თუ თვალსაზრისის დაფუძნება.

მასწავლებელი ყოველ გაკვეთილზე გარკვეული გეგმითა და წინასწარ მოფიქრებული იდეებით შედის, თუმცა მიმდინარე მოვლენებმა შეიძლება ბევრი რამ შეაცვლევინოს და „დაუგეგმავი“ იდეებიც წარმოშვას. იდეა ხომ ისეთი რამაა, რომელიც, ერთი შეხედვით, მოულოდნელად და არსაიდან იბადება, მაგრამ ყველა გამოცდილმა პედაგოგმა იცის, რომ, ისევე როგორც არაფერი სხვა, არც იდეები ცვივა ციდან. როგორც შექსპირი იტყოდა: „არარაისგან არ იქმნების არარაიცა“. ორიგინალური და საინტერესო იდეაც ისევე ჩუმად მზადდება და ღვივდება, როგორც თესლი მიწაში, რომ სათანადო პირობებში თავი გამოამჟღავნოს. რაც უფრო თავისუფალი და შეუზღუდავია აზროვნების სივრცე, მით უფრო მეტია ალბათობა და შესაძლებლობა იდეების დაბადებისა, ამიტომაც მასწავლებლის მოვალეობა და პასუხისმგებლობა გაკვეთილზე სწორედ ამგვარი პირობების შექმნაა კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნებისთვის ასპარეზის მისაცემად.

პირველ რიგში, გაკვეთილზე კონკრეტული თემისა თუ საკითხის შესახებ დაფიქრება უნდა იყოს შესაძლებელი. შემდეგ შეიძლება სხვა ამოცანების დაგეგმვა და გადაჭრა. დასახული ამოცანების, განსახორციელებელი აქტივობების ხელშესაწყობად მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს შემდეგი:

  • ყურადღების კონცენტრაცია უმნიშვნელოვანესია, ამიტომაც არ არის საჭირო ერთ გაკვეთილზე ბევრი დავალების შესრულება, საკმარისია 2-3 ამოცანის დასახვა და გადაწყვეტა. სხვაგვარად მოსწავლეებს ყურადღება გაეფანტებათ და თეორიულად თუნდაც იდეალურად დასახული მიზნები რეალურ და პრაქტიკულ განხორციელებას ვერ პოვებს.
  • მასწავლებელმა უნდა შეარჩიოს არა ის მეთოდები, რომლებიც თავად მოსწონს, არამედ ისინი, რომლებიც მოსწავლეთა ასაკს, ცოდნა-განათლებას, უნარებსა და განწყობებს შეეფერება.
  • ახალი მასალის ასათვისებლად იმგვარ ხერხებს უნდა მიმართოს, რომლებიც ხელს შეუწყობს მოსწავლეთა ცნობისმოყვარეობის გაღვიძებას, მათ დაინტერესებასა და მოტივაციის ამაღლებას.
  • ცოდნის აქტუალიზაციისთვის კარგი იქნება გამოიყოს 5-7 წუთი, რათა შეიქმნას ერთგვარი მოსამზადებელი პირობები ძველი ცოდნის ახალთან დასაკავშირებლად.

მასწავლებელმა უნდა შეძლოს, რომ მოსწავლემაც მასთან ერთად გაიაზროს ახალი თემის შესწავლის აუცილებლობა. დაფაზე მიზნებისა და ამოცანების გამოკვრა ან პროექტორით ჩვენება თუ ხმამაღლა წაკითხვა ამისთვის არ კმარა. საჭიროა სათანადო განმარტებები, რომ მთავარი მიზნები მოსწავლეებმაც გაიაზრონ. მათ მასწავლებელთან ერთად უნდა გაარკვიონ, რამდენად მზად არიან ახალი მიზნების მისაღწევად ან, საერთოდ, რა საჭიროა ისინი, აქვთ თუ არა სათანადო ცოდნა და უნარები ამ ახალი მასალის, უცნობი ფაქტებისა და მოვლენების ასათვისებლად, გასაანალიზებლად და კრიტიკულად შესაფასებლად. ასევე, უნდა გამოიკვეთოს, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ მოსწავლეებმა წარმატებით დაძლიონ ყველა დასახული ამოცანა.

ცოდნის აქტუალიზაცია მოიცავს შემდეგსაც:

  • მასწავლებელმა იმგვარად უნდა წარადგინოს თემა, რომ მოსწავლეებს კითხვები გაუჩნდეთ;
  • გამოიკვეთოს მთავარი სასწავლო ამოცანები, რომლებიც გაკვეთილზე უნდა გადაიჭრას;
  • გაკვეთილზე განსახორციელებელ აქტივობათა გაცნობა ხელს უნდა უწყობდეს თვითანალიზსა და თვითშეფასებას.

ცოდნის აქტუალიზაციის ბევრი ცნობილი მეთოდი არსებობს. გამოვარჩევთ მათგან რამდენიმეს:

  • იდეების კალათა. მასწავლებელი კითხვებს უსვამს მოსწავლეებს იმის გასარკვევად, რა იციან ამ თემის შესახებ. მოსწავლეები ჯერ ინდივიდუალურად წერენ, მერე კი წყვილებსა თუ ჯგუფებში განიხილავენ. მასწავლებელი მათ პასუხებში ამოკითხულ ინფორმაციას დაფაზე მოკლედ ჩამოწერს.
  • დიახ-არა (სწორია-მცდარია). მასწავლებელი თემასთან დაკავშირებულ ისეთ კითხვებს უსვამს მოსწავლეებს, რომლებიც ერთმნიშვნელოვან პასუხებს მოითხოვს, თუმცა მოსწავლეებმა თან უნდა დაასაბუთონ კიდეც თავიანთი პასუხები.
  • ვიდეოჩანახატი. მასწავლებელი აჩვენებს ვიდეოს, რომელიც შესასწავლ თემასთან არის დაკავშირებული. ამგვარად, მოსწავლეებს ექმნებათ განწყობა. შესაძლებელია თემასთან უფრო დაახლოებაც კითხვა-პასუხით.
  • ჯადოსნური ყუთი. მასწავლებელი წინასწარ მომზადებულ ყუთში თემასთან დაკავშირებულ რამდენიმე საგანს დებს და ვარაუდების, გამოცნობის გზით მოსწავლეთა ინტერესს იწვევს.
  • ასოციაციები. მასწავლებელი პროექტორით (ან სხვა გზით) აჩვენებს საგნებს, ფოტოებს, ნახატებს და სხვ. (რომლებიც თემასთანაა დაკავშირებული), მოსწავლეები კი იმსჯელებენ, რა ასოციაციები უჩნდებათ მათ დანახვაზე. ამგვარი ასოციაციური ბმულებით თემას გაააქტიურებენ.
  • ასოციაციური ნახატები. შეიძლება, მასწავლებელმა მოსწავლეებს შესთავაზოს იმ ასოციაციების დახატვა, რომლებიც მოცემულ თემაზე ფიქრისას უჩნდებათ.
  • კროსვორდი. ცოდნის აქტუალიზაციისთვის შეიძლება კროსვორდის გამოყენებაც, რომელიც შედგენილი იქნება იმგვარ ინფორმაციასა და ცნებებზე დაყრდნობით, ახალი მასალის შესწავლას რომ შეუწყობს ხელს.
  • ვიქტორინა. მასწავლებლის მიერ დასმულ, თემასთან დაკავშირებულ კითხვებს მოსწავლეები რიგრიგობით უპასუხებენ.
  • ბლიცი. მასწავლებელი მოსწავლეებს ურიგებს ბარათებს, რომლებზეც ცნებები, ფაქტები და მოვლენებია დაწერილი. მოსწავლეები მათ მოკლედ და სხარტად განმარტავენ.
  • იპოვე ლოგიკური კავშირი. მასწავლებელი ასახელებს სამ სიტყვას, რომელთაგან ორი ლოგიკურადაა ერთმანეთთან დაკავშირებული. მოსწავლეებმა უნდა დაასახელონ მეოთხე სიტყვა, რომელიც მესამესთან იქნება ამგვარ კავშირში. ყველა სიტყვა კი ახალ თემას მიემართება.

კონკრეტული სასწავლო მიზნებისთვის მოდიფიცირებული ამ და სხვა მეთოდებითა და ხერხებით მასწავლებელი შეძლებს ცოდნის აქტუალიზაციას. რა თქმა უნდა, გაკვეთილისთვის კარგად მოსამზადებლად სახელმძღვანელოები არ კმარა, ამიტომ კარგი მასწავლებელი მუდმივად ცდილობს თვითგანვითარებას, პროფესიულ სრულყოფას. თანამედროვე ტექნოლოგიები, ინტერნეტი მისთვის ხელმისაწვდომს ხდის ზღვა მასალას. საჭიროა მხოლოდ სურვილი, ინტერესი და მოტივაცია იმისთვის, რომ თანამედროვე მასწავლებლის მიერ ჩატარებული გაკვეთილის ყოველი ეტაპი შემეცნებითი, ნაყოფიერი და შედეგიანი იყოს.

 

 

 

 

ინტეგრირებული გაკვეთილი ფიზიკა/მათემატიკა

0

„ელექტრული ველის დაძაბულობა, მოქმედებები ვექტორებზე და კოსინუსების თეორემა“
ფიზიკისა და მათემატიკის ინტეგრირებული გაკვეთილი საშუალებას აძლევს მოსწავლეებს დაადგინონ განუყოფელი კავშირი ამ ორ მეცნიერებას შორის და გაიაზრონ, რომ ელემენტარული ფიზიკის საკითხების გაგება  მათემატიკური აპარატის ცოდნას მოითხოვს.
მოგეხსენებათ, ხშირია შემთხვევები, როდესაც ფიზიკის საპროგრამო მასალა წინსწრებაშია მათემატიკის საკითხებთან. ვიმედოვნებ, სამომავლოდ ეს ხარვეზი აღმოიფხვრება. შემოგთავაზებთ ინტეგრირებული გაკვეთილის ფიზიკა-მათემატიკის ჩატარების ჩემეულ ვერსიას. გაკვეთილის თემაა „ელექტრული ველის დაძაბულობა, მოქმედებები ვექტორებზე და კოსინუსების თეორემა.“
გაკვეთილი მოიცავს სამ მნიშვნელოვან თემას: ვექტორების შეკრება, კოსინუსების თეორემა  და ელექროსტატიკის საკითხები, კერძოდ ელექტრული ველის დაძაბულობის გამოთვლა.
ეს გაკვეთილი საშუალებას გვაძლევს მოსწავლემ გაიუმჯობესოს ცონდა მათემატიკაში და დაამტკიცოს, რომ ეს ცოდნა არაა აბსტრაქტული, გაიაზროს  ვექტორების ფიზიკური შინაარსი. გაკვეთილის შემდეგ  მოსწავლეები თავად გამოიტანენ  დასკვნას, რომ ამ ტიპის ამოცანების ამოხსნისას ფიზიკის ცოდნა მათემატიკურ ხაზს მიჰყვება. ასეთი გაკვეთილების ჩატარება ფიზიკის და მათემატიკის მასწავლებლების გუნდური მუშაობის საშუალებას იძლევა და გაცილებით ეფექტურია. მათემატიკის პედაგოგი აქტიურ მონაწილეობას მიიღებს ისეთი ფიზიკური ამოცანების განხილვაში, რომლის ამოხსნაც ხშირად უჭირთ მოსწავლეებს.

გაკვეთილის მთავარი მიზანია
მოსწავლეებმა შეისწავლონ რამდენიმე წერტილოვანი მუხტით შექმნილი ელექტრული ველის დაძაბულობის გამოთვლა, გაიმეორონ ვექტორების შეკრების წესები, შეისწავლონ კოსინუსების თეორემა, მოახდინონ ფიზიკისა და მათემატიკის  ინტეგრირება, გაიღრმავონ  და სისტემაში მოიყვანონ ცოდნა.

გაკვეთილზე, რომელსაც წარმართავს ორი საგნის (ფიზიკა/მათემატიკის) მასწავლებელი წინარე მასალის გასამეორებელი შეკითხვები შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ფიზიკის მასწავლებელი:

  1. რა არის ელექტრული ველის დაძაბულობა?
    2.საითაა მიმართული ელექტრული ველის დაძაბულობის ვექტორი?
    3. დამოკიდებულია თუ არა ელექტრული ველის დაძაბულობის ვექტორი ელექტრულ ძალაზე? მუხტის სიდიდეზე?
    4. როგორ მუხტს ეწოდება წერტილოვანი?
    5. რაზეა დამოკიდებული ელექტრული ველის დაძაბულობა?
    6. როგორ გამოვთვალოთ წერტილოვანი მუხტის მიერ შექმნილი ელექტრული ველის დაძაბულობა?
    7. ჩამოაყალიბეთ ველების სუპერპოზიციის პრინციპი.
    დღეს ჩვენ ვისწავლით რამდენიმე წერტილოვანი მუხტის მიერ შექმნილი ელექტრული ველის დაძაბულობის გამოთვლას, რაშიც დაგვეხმარება მათემატიკის ცოდნა.

    მათემატიკის მასწავლებელი:
    გავიხსენოთ ვექტორები და მათზე მოქმედებები:
    1. რას ეწოდება ვექტორი?
    2.რას ნიშნავს ვექტორები თანამიმართულია? ურთიერთსაპირისპიროა?
    3. რისი ტოლია ჯამი ა) 2 ურთიერთსაწინააღმდეგო ვექტორის ბ) 2 თანამიმართული ვექტორის? გ) ორი ტოლი ურთიერთსაწინააღმდეგოდ მიმართული ვექტორის?
    4. რა შეგვიძლია ვთქვათ ვექტორებზე, თუ

  2. რა შეგვიძლია ვთქვათ ვექტორებზე , თუ


ამ კითხვების ამოწურვის შემდეგ მასწავლებლები მონაცვლეობით სთავაზობენ მოსწავლეებს ამოცანებს ორივე საგნიდან.

 

 

ამოცანების ამოხსნა

 

ციფრული და მედიაწიგნიერების განვითარება  დაწყებით საფეხურზე

0

ციფრული და მედიაწიგნიერების კომპეტენციების გამოყენებით საგაკვეთილო  პროცესის    დაგეგმვა    ხელს უწყობს   მოსწავლეებში ახალი მასალის, ინფორმაციის, მხატვრული თუ საინფორმაციო ტექსტების აღქმა-გააზრებას, მიღებული ინფორმაციის კრიტიკულად შეფასებასა და  მოსწავლეთა  სამყაროში ორიენტირებას.

გაკვეთილზე საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენება მასწავლებელს  აძლევს საშუალებას, მოკლე დროში რაც შეიძლება მეტი და ხარისხიანი ინფორმაცია მიაწოდოს მოსწავლეებს. ამასთან ერთად მოსწავლეებიც ჩართოს რესურსების შექმნის პროცესში. რესურსების შექმნა და გაკვეთილზე გამოყენება არ არის ძნელი, ეს პროცესი ძალიან უყვართ მოსწავლეებს და ზრდის მათ მოტივაციას.

გამომდინარე იქიდან,  რომ 21-ე საუკუნის მოსწავლე  ტექნოლოგიებთან ძალიან მეგობრობს,  მისთვის  კომპიუტერის  საშუალებით ცოდნის მიღება უფრო მოსახერხებელი და მრავალფეროვანია.

ამიტომაც სასწავლო პროცესში აქტიურად დავიწყე  ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება.

ძირითადად, ციფრული რესურსი მზადდება კონკრეტული გაკვეთილის მიზნებიდან გამომდინარე და არ მოითხოვს დამატებით ფინანსურ დანახარჯებს.

საგაკვეთილო პროცესში ციფრულ რესურსებს   ჩემს მოსწავლეებს ვაჩვენებ ამა თუ იმ ტექსტის  შესწავლის დაწყებამდე, შესწავლისას  ან მის შემდეგ…

ელექტრონული რესურსების, სლაიდების, ფილმების საშუალებით მოსწავლეები უკეთ იგებენ, იაზრებენ, აღიქვამენ, იმახსოვრებენ და სწავლობენ.

ელექტრონული რესურსების, ფილმების  გამოყენება მეხმარება:

  • საგაკვეთილო პროცესი  წარვმართო მიზანმიმართულად, ეფექტიანად და ეფექტურად;
  • ვიზუალური საშუალებების გამოყენებით მოვახდინო ტექსტების გაგება, გააზრება, განხილვა,  რაც  მოტივაციასა   და ჩართულობის მაღალ  ხარისხს  განაპირობებს,  განწყობას უქმნის  მოსწავლეებს.

გარდა ამისა, ციფრული რესურსებით სწავლების დროს მოსწავლეებს უვითარდებათ: ანალიზის, დებატების, დისკუსიის, სოციალური უნარები. ასევე, შემოქმედებითი, წარმოსახვითი, კრიტიკული აზროვნება.

ელექტრონული რესურსებით  სწავლებისას მნიშვნელოვანია:

  1. რესურსის სწორად შერჩევა

რესურსის არჩევისას ყურადღებას ვაქცევ, როგორ მიესადაგება იგი ეროვნულ სასწავლო გეგმას, მოსწავლეთა ასაკობრივ თავისებურებებს, შესაძლებლობებსა და საჭიროებებს.  მოსწავლემ უნდა შეძლოს, მხატვრული  ტექსტების  გააზრება,  არსებითი  მნიშვნელობის მქონე დეტალების შეფასება, კითხვის პროცესით გამოწვეული განწყობილებისა და შთაბეჭდილების გადმოცემა. მან უნდა გაიაზროს, გააანალიზოს და შეაფასოს ტექსტები.

თუ რესურსი სწორად შერჩეულია,   ის  ასწავლის და აყვარებს წიგნს. მოსწავლე წარმოიდგენს, რა ხდება, როგორია გარემო, როგორია პერსონაჟი, რას გრძნობს და როგორ იქცევა ის.

  1. ციფრული რესურსის გამოყენების დრო (ტექსტის წაკითხვამდე, წაკითხვისას  თუ შემდეგ, მასალის შეჯამებისას…)

ელექტრონული რესურსების ჩვენების შემდგომ  ხშირად მივმართავ შემდეგ აქტივობებს:

  1. მოსწავლეებს ვეკითხები, რა  განწყობა შეექმნათ,  რაზე დაფიქრდნენ, რატომ?  ვაძლევ საშუალებას, იმსჯელონ.  ხშირად ხატავენ კიდეც ნაწარმოების სიუჟეტებსა და მის პერსონაჟებს.   ქმნიან ანიმაციებსაც…
  2. ხშირად მართავენ დისკუსიებს, დაემთხვა თუ არა ტექსტის კითხვის დროს მათ გონებაში წარმოსახული ვარაუდები, ემთხვევა თუ არა ერთმანეთს სიუჟეტების თანმიმდევრობა, რა დაემთხვა ან გამოტოვა და ა.შ.

ჩემ მიერ შექმნილი რესურსებიდან გამოვყოფდი:

  1. ჭრიჭინა და ჭიანჭველა ივანე კრილოვის მიხედვით

https://www.youtube.com/watch?v=7Vzinf9YIcE&t=25s

  1. პაწაწინა რტო ვარ ანა კალანდაძე

https://www.youtube.com/watch?v=_-GdwQ9YpL4&t=8s

  1. ღორი მუხის ქვეშ ივანე კრილოვის მიხედვით

 

https://www.youtube.com/watch?v=oiY0EVDXKQw&t=13s

  1. ხეების საუბარი ი. გოგებაშვილის მიხედვით

https://www.youtube.com/watch?v=r-OWBf013OU

  1. მოხუცი სულთანი ძმები გრიმების მიხედვით

https://www.youtube.com/watch?v=mcVV2ztVRFE

  1. კომიქსი ,,გიო და მამა”

https://www.youtube.com/watch?v=Xyw0q6q4L9Y

  1. იცნობდეთ მგელი იასონ ბადრიძე

https://www.youtube.com/watch?v=EueLNsZwad8&t=4s

  1. რატომ გაიბუტა პატარა შუქნიშანი ნესტან კუპრავა

https://www.youtube.com/watch?v=D_THp_izvPg&t=1s

  1. დათო და დათვი – ავტორთა ჯგუფი: ტ. დემურჩიანი, თ. თეთვაძე, პ. პაპავა, ნ. ტეპოიანი, ე. ქსპოიანი, გ. ჭაოჭიძე

https://www.youtube.com/watch?v=s1y_d6a8IRk

  1. ვინ მღერის ტკბილ ნანას?  ლადო ასლამაზიშვილის

https://www.youtube.com/watch?v=I7a_pity2ts&t=2s

  1. ,ვაზი და გლეხკაცი” ლეონარდო და ვინჩი.

https://www.youtube.com/watch?v=Xqof251PB1A&t=22s

  1. ნაძვის ცრემლები ი. ევდოშვილი

https://www.youtube.com/watch?v=sQMq-9y0ZoI

  1. სულიერი და უსულო საგნის სახელები

https://learningapps.org/display?v=pkfdos1fn19

  1. სინონიმები

https://learningapps.org/display?v=psb1rio4a19

  1. შეუსაბამე

https://learningapps.org/display?v=p9e1no4rn19

  1. მოაზროვნე ღამურა

https://learningapps.org/display?v=pezzbsvvc19

  1. ფიქრიანიანი ვაჟაფშაველა

https://learningapps.org/display?v=pw8un256a19

  1. განვლილი მასალის გახსენება

https://learningapps.org/display?v=p3pnhbfda19

  1. საქართველოს კუთხეები

https://learningapps.org/display?v=peey1zhg219

  1. ამოხსენით გამოცანები

https://learningapps.org/display?v=p02aikrt519

  1. არ დავივიწყოთ ხმარებიდან გადასული სიტყვები

https://learningapps.org/display?v=phsh0ntq219

ჩემ მიერ შექმნილი  თუ მოძიებული ელექტრონული რესურსები საშუალებას აძლევს მოსწავლეს, აქტიურად ჩაერთოს სასწავლო პროცესის მიზნების მიღწევაში, რადგან ეს რესურსები ინტერაქტიულია, ისტ-ის გამოყენებით სასწავლო პროცესი არის ინოვაციური, შემოქმედებითი და მათი გამოყენებით  სწორად დაგეგმილი გაკვეთილები ხელს უწყობს მოსწავლეებში სწავლების პირველი საფეხურიდანვე მედიაწიგნიერების უნარების განვითარებას.

 

 

 

მუსიკის როლი  ენის სწავლების პროცესში

0

სტატიაში განხილულია ის  სიახლეები, რომელზეც აქტიურად იწერება უცხოურ პედაგოგიკურ პრაქტიკაში. ამდენად, სტატია პედაგოგებს სთავაზობს გაკვეთილზე  მუსიკის გამოყენების დადებით და უარყოფით მახასიათებლებს ნეიროლოგიურ დონეზე. სტატიაში გაანალიზებულია მუსიკისა და ენის მახასიათებლები, მათ შორის მსგავსება და განსხვავება, თუ რამდენად ავსებენ ისინი ერთმანეთს ენის სწავლების პროცესში და როგორ უწყობს ხელს მოსწავლეებს მუსიკა სტრესის გარეშე მიიღონ ცოდნა უცხო ენაში, ხალისით ისწავლონ და კარგი განწყობის თანხლებით შეიმეცნონ ენის ლექსიკური თუ გრამატიკული მახასიათებლები.

გრაინის [1] მიხედვით სწავლის პროცესში განსაკუთრებულ ღირებულებას იძენს ორი ფაქტორი, ერთი მხრივ, ტვინი და მეორე მხრივ, ნეირონები. ამდენად, მოსწავლეები მაშინ სწავლობენ, როცა მათ შორის მჭიდრო კავშირია ან კავშირები ნეირონებს შორის ჰარმონიულად იცვლება. გაკვეთილზე საჭიროა გამომწვევი ფაქტორები და ბიძგები, რომ ტვინი არ მოდუნდეს .

აგრეთვე მუსიკას აქვს უცხოური ენისა და ზოგადად ენის შესწავლის პროცესზე პოზიტიური ზეგავლენის მოხდენის შესაძლებლობა. მეცნიერულად დასაბუთებულია, რომ მუსიკის მოსმენა განაპირობებს კოგნიტური უნარების გააქტიურებას და ა.შ. ასეთი დავალების პირობებში მოსწავლეები ავლენენ სწრაფ, ლოგიკურ და კრეატიულ აზროვნებას. მაგრამ როცა მუსიკა ნაკლებ სასიამოვნოდ აღიქმება, ასეთ შემთხვევაში ტვინის ნაწილები მელოდიას არაპროპორციულად აღიქვამს. მუსიკას აქვს აღგმზნები ფუნქცია მაშინ, როცა სიმღერა რომელიმე ინსტრუმენტის აკომპანემენტით სრულდება. სიმღერის მოსმენის დროს აქტიურია ტვინის ის არეები, რომლებიც ენის სწავლების პირობებში ვერ იქნებოდა აქტიური.

მრავალენოვანი სწავლების პირობებში მუსიკა დიდ როლს თამაშობს აღქმისა და დამახსოვრების თვალსაზრისით.

გონებას ესაჭიროება როგორც შესვენება, ასევე გამეორება, რათა ინფორმაცია გრძელვადიან მეხსიერებაში გადაიტანოს. ამრიგად, აუცილებელია ტვინს მიეცეს საკმარისი დრო ინფორმაციის დამახსოვრებისა  და შინაარსობრივად ერთმანეთთან დასაკავშირებლად, იქამდე სანამ ის კვლავ ახალ ინფორმაციას მიიღებს. განათლების ექსპერტების მოსაზრებით აუცილებელია შესვენება, რადგან ამ დროს ხდება მიღებული ინფორმაციის გადამუშავება.

აგრეთვე სწავლის პროცესში დიდი მნიშვნელობა აქვს გამეორებას, რადგან ტვინში მყარი კავშირების წარმოქმნა მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, როცა ცოდნა განსაზღვრულ ფაზაში მეორდება. ფსიქოლოგი ულრიხ ჰერმანი [2] ამტკიცებს თავის ნაშრომში, რომ ესა თუ ის ინფორმაცია ხშირი განმეორების შედეგად მეხსიერებაში რჩება. ერთი გაკვეთილის ფარგლებში მნიშვნელოვანია არა მხოლოდ დამატებით ახალი გრამატიკული მოვლენის ახსნა, არამედ ნასწავლი გრამატიკული მოვლენის გამყარება, ამისათვის ნიშანდობლივია გამეორება  სათანადო მაგალითებით.

სწავლის პროცესში მნიშვნელოვანია აღსაზრდელთა ყურადღების შენარჩუნება, რათა ინფორმაცია მყარად დაიმახსოვროს მოსწავლემ. რაც მაღალია ყურადღების ხარისხი, მოსწავლეს მით მეტი სტიმული ეძლევა სწავლის პროცესში. ყურადღების ხარისხს ზრდის სხვადასხვა სასწავლო საშუალებები, განსაკუთრებით მაშინ თუ ისინი სასწავლო თემატიკის ადეკვატურადაა გამოყენებული.

მეცნიერთა გარკვეული ნაწილის აზრით მუსიკალური ვარჯიშები ტვინში იწვევს ნევროლოგიურ ცვლილებებს.  მუსიკალური უნარის მატარებელ აღსაზრდელებს მარტივად შეუძლიათ თავის მიერ გამოთქმული ტონის ანალიზი, ამდენად, ენობრივი გამოთქმის კონტროლი, ამიტომ ენობრივ კომპეტენციებს მარტივად ეუფლებიან.

ამჯერად ყურადღებას ვამახვილებთ იმაზე, ღირს თუ არა მუსიკა როგორც სასწავლო საშუალება უცხო ენის გაკვეთლზე გამოვიყენოთ და რომელი კრიტერიუმებია გასათვალისწინებელი სიმღერის შერჩევის დროს. რთულია დასახელდეს ერთი რომელიმე კონკრეტული კრიტერიუმი, თუ რატომ უნდა გამოიყენობოდეს მოსიკა უცხო ენის გაკვეთლზე, ვინაიდან ეს ყოველთვის პიროვნების ინტერესებსა და მასწავლებლის გამოცდილებასთანაა კავშირში.

როცა მუსიკას ან სიმღერას უსმენენ, შეიძლება მრავალმხრივი ემოციები და გრძნობები წარმოიშვას. ამდენად, ეს მოვლენა მნიშვნლოვანია, ვინაიდან სწავლის არასასიამოვნო პროცესში მუსიკა სასიამოვნო ემოციას წარმოშობს. მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ  მოსწავლეები ინდივიდუალურად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან იმით, თუ როგორ რეაგირებენ მუსიკაზე ან რა ასოციაციებს იწვევს ესა თუ ის მუსიკა მათში. მკვლევართა დიდი ნაწილი მიუთითებს, რომ ერთი და იმავე მუსიკა სხვადასხვა მსმენელზე განსხვავებულად მოქმედებს. ამ მოვლენამ კი შეიძლება პრობლემამდე მიგვიყვანოს, ვინაიდან მასწავლებელმა წინასწარ არ იცის, თუ რომელი მუსიკა აღძრავს მათში დადებით თუ უარყოფით ემოციებს. თუმცა გასათვალისწინებელია რომ მუსიკა არ იყოს არასასიამოვნო, რათა სასწავლო პროცესი მოსწავლეს არ დაუმძიმოს. მაგრამ ამასთანავე რთულია ამ მოვლენის წინასწარ განჭვრეტა.

მუსიკას აქვს კოგნიტური და ლინგვისტური გავლენა.  მისი ეს უნარი განაპირობებს მოსწავლის ლექსიკური და ფონეტიკური ცოდნის მუდმივ განვითარებას. აგრეთვე სიტყვა მუსიკის გამოყენებით უკეთესად და ეფექტურად ისწავლება, რადგან სიმღერის საშუალებით გრამატიკული და ლექსიკური ასოციაციები წარმოიქმნება. როცა მოსწავლე პარალელურად სიმღერას ისმენს და სიმღერის ტექსტს კითხულობს, შესაძლებლობა ეძლევა ორგვარი შეგრძნებით სწავლისთვის. მოსწავლეები ასეთ დროს სწავლობენ პრინციპით –ხმისა და ტექსტის ასოციაციებისა და დამოკიდებულებების საშუალებით, ამდენად სიმღერა აღიქმება აუდიალურ და ვიზუალურ დონეზე. თავისი სპეციფიკით სიმღერის ეფექტი შეესაბამება  გამეორების გაკვეთილს, რადგან სიმღერა იმ მნიშვნელოვან ელემენტს გულისხმობს, რომელიც განაპირობებს მიღებული ცოდნის დამახსოვრებას. ასეთი ელემენტი შეიძლება იყოს სიტყვა, სიტყვათა შეთანხმება ან წინადადება, რომელიც სიმღერაში გარითმულია და მრავალჯერ მეორდება.

სიმღერის გამოყენებას საგაკვეთილო პროცესში აგრეთვე აქვს  სოციალური ღირებულება. ნამდვილად ღირს სიმღერა გაკვეთილზე გამოვიყენოთ,  რადგან ის ავთენტურია და საგაკვეთილო ფორმალური გარემო არაფორმალურ კონტექსტში გადაჰყავს, რაც მოსწავლეებს შორის  სოლიდარობის გრძნობას წარმოშობს. როგორც განათლების ექსპერტები ამტკიცებენ, ურთიერთობები მოსწავლეებსა და პედაგოგს, ასევე მოსწავლეებს შორის პოზიტიური ატმოსფეროს საშუალებით ღრმავდება. სასწავლო გარემო შესაძლებელია ადაპტირდეს, თუ სასწავლო სიტუაცია განმტვირთველი და მშვიდია. მუსიკის შეცვლა შესაძლებელია მაშინ, თუ ამას საჭიროება და მოსწავლეთა ინტერესები ითხოვს. მოსწავლეები მხოლოდ მაშინ სწავლობენ სიამოვნებით მუსიკით უცხო ენას, თუ სასწავლო მასალად მათი საყვარელი მუსიკაა გამოყენებული. ასეთი გაკვეთილი არის მოსწავლეზე ორიენტირებული, ვინაიდან მოსწავლეებს გავლენა აქვთ საგაკვეთლო მასალის შერჩევაზე, ეს მათთვის მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს.

  მუსიკით სწავლებას აგრეთვე აქვს  კულტურული ეფექტი, რადგან მუსიკალური ტექსტით ხდება ამა თუ იმ კულტურული ღირებულების, იდეალების, ისტორიისა და კულტურული მახასიათებლების გაზიარება. გერმანელი განათლების ექსპერტები დასძენენ, რომ გერმანული ენის შესწავლის საკითხში გერმანული მუსიკა ატარებს ერთგვარი ელჩის როლს და ყველა იმ ელემენტს მოიცავს, რომელიც  გერმანული კულტურული ღირებულებების ბაზისს წარმოადგენს.  ამა თუ იმ ენის შესწავლის პროცესში ზოგჯერ ყველაზე ოპტიმალური მეთოდია  მუსიკის საშუალებთ ქვეყანათმცოდნეობითი საკითხების მიმოხილვა.

ენასა და მუსიკას შორის არსებობს საერთო. სამეცნიერო ლიტერატურაში წარმოდგენილია მოსაზრება, რომ როგორც მუსიკასთვის, ისე ენისთვის დამახასიათებელია  ისეთი თვისებები, როგორებიცაა: ხმის სიმაღლე, რითმი, ტემპი, ტემბრი, რეზონანსი, ხანგრძლივობა და ჟღერა, რომლებიც მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მუსიკის აღსაქმელად, ასევე ენობრივი მოცემულობების დასამუშავებლად. დამტკიცებულია, რომ ენა და მუსიკა  ერთმანეთთან ნერვოლოგიურ დონეზეა დაკავშირებული. მკვლევართა ნაწილი [5] ამტკიცებს, რომ მუსიკალური და ენობრივი სინტაქსი, ისევე როგორც სემანტიკა, ტვინში ერთნაირად, ნაწილობრივ იდენტური ნეირონული მექანიზმებით გადამუშავდება. მუსიკალური სტრუქტურისა და ენობრივი სინტაქსის გადამუშავებას ბევრი საერთო მახასიათებელი აქვს. ეს პროცესი წარიმართება ტვინის სხვადასხვა რეგიონებში და მათ მსგავსი ნევროლოგიური პროცესი უდევს საფუძვლად.

ენასა და მუსიკას შორის არსებობს მსგავსებები, ესენია:

  • როგორც მუსიკა, აგრეთვე ენა არის უნივერსალური. ადამიანს აქვს უნარი ორივე მათგანი ისწავლოს და აღიქვას.
  • მუსიკისა და ენის საშუალებით შესაძლებელია უამრავი ფრაზისა თუ მელოდიის შექმნა.
  • ბავშვს აქვს უნარი მუსიკისა და ენის წესები მაგალითებით შეისწავლოს. როგორც მუსიკალური, ასევე ენობრივი განვითარება, მიმდინარეობს პარალელურად, რაც იძლევა იმის საშუალებას, რომ მუსიკამ და ენამ ერთმანეთი გაამდიდროს.
  • როგორც მუსიკა, ასევე ენა ვოკალურად გამომუშავდება და აუდიალური გზით აღიქმება.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. Grein, Marion, Neurodidaktik-Grundlagen für Sprachenlehrende. Hueber Verlag GmbH&Co., Ismaning, Deutschland, 2013
  2. Herrmann, Ulrix, ,,Neurodidaktik-die Kooperation von Neurowissenschaften und Didaktik “. Als PDF : https://www.slvn.de/wp-content/uploads /2012/10/Herrmann-HT-2012.pdf
  3. Huotilainen, Minna, ”Musiikki ja oppiminen aivotutkimuksen valossa”. In: Taide- ja taitokasvatuksen julkaisu, Helsinki 2009. Als PDF: https://extranet.nuorisuomi.fi/download/attachments/3245039/_taide_ja_taito+op etushallitus.pdf#page=41
  4. Särkämö, Teppo, „Musiikki tuntuu aivoissa“. In: Lilja-Viherlampi, Liisa-Maria (toim.), Care Music – sairaala- ja hoivamusiikkityö ammattina. Turun ammattikorkeakoulun raportteja 158, Suomen yliopistopaino – Juvenes Print Oy, Tampere 2013
  5. Lensch, Juliane, „Rap im Französischunterricht auf der Basis einer sich wandelnden Lernkultur“. In: Blell & Kupetz (Hrsg.) 2010.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

უმართავი ბავშვები

0

უმართავი ბავშვი ბევრი მშობლისთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ისინი, როგორც წესი, გაურბიან ასეთ ბავშვთან ერთად უცხო საზოგადოებაში მოხვედრას. ასევე, შიში იპყრობთ, როდესაც ოჯახში სტუმრად უცხო ადამიანი მოდის, რადგანაც არ იციან, თუ რას მოიმოქმედებს მათი პატარა, რა „სპექტაკლს დადგამს“  უცხო ადამიანების საყურებლად. იმისათვის, რომ ასეთ ბავშვთან ურთიერთობის სწორი ქცევითი სტრატეგია შევიმუშაოთ, სასურველია ვიცოდეთ, რა ქცევითი მახასიათელებით გამოირჩევა ის და რა მიზეზები განაპირობებს მის ქცევას.

უმართავი ბავშვის ძირითადი ქცევითი მახასიათებლები:

  • უფროსების მოთხოვნების შეუსრულებლობა და წესებისადმი დაუმორჩილებლობა;
  • მოჭარბებული მოტორული აქტივობა – ყველგან ძვრება, ყველაფერს ეხება, ყველაფრის ხელში ჩაგდება სურს. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ის ერთდროულად რამდენიმე ადგილასაა;
  • უყურადღებობა, უნებისყოფობა – ის ხან ერთ საქმეს კიდებს ხელს, ხან მეორეს, მაგრამ, ბოლომდე არაფერი მიყავს;
  • თავშეუკავებლობა – უმართავი ბავშვი სერიოზულ პრობლემებს უქმნის მასწავლებლებს თავისი თავშეუკავებლობით. უყვარს დასმულ შეკითხვებზე პასუხის ადგილიდან წამოძახება, ისე, რომ არც ფიქრობს შეკითხვის არსზე. გაკვეთილზე ყოველთვის პირველი გამორბის საპასუხოდ, თუმცა, გამოსვლის შემდეგ არ იცის რა თქვას;
  • მოსმენის უუნარობა – არ ესმის მისკენ მიმართული, მისი მისამართით ნათქვამი სიტყვები. ისე იქცევა, თითქოს მის გვერდით არავინ არის;
  • თანატოლებთან ურთიერთობის უუნარობა – არ შეუძლია ბავშვებთან თამაში, პირველივე წუთებიდან მათი ურთიერთობა ჩხუბში გადადის;
  • შენიშვნებზე არაადეკვატური რეაგირება – სრულიად უმნიშვნელო შენიშვნაც კი მასში აგრესიას იწვევს, იწყებს თავის მართლებას, ყველას საყვედურობს, ჩხუბობს და თავისას აგრძელებს; ჩნდება იმის საფრთხე, რომ რაღაცას დაამსხვრევს, გატეხს, ვინმეს ზიანს მიაყენებს.

დღეს, როგორც წესი, ბავშვის ზემოაღწერილ ქცევით მახასიათებლებს მის ჰიპერაქტიურობას მიაწერენ. რა თქმა უნდა, ბავშვის უმართავი ქცევის ერთ-ერთი მიზეზი ნამდვილად არის ჰიპერაქტიურობა, თუმცა, ის არის ერთ-ერთი და არა ერთადერთი მიზეზი. და, თუ ჩვენ გვინდა, რომ პატარას ქცევა მართვადი გავხადოთ, უნდა ვიპოვოთ ის რეალური მიზეზი, რომელიც მას ამგვარი მოქმედებისკენ უბიძგებს. ამასთან, გავითვალისწინოთ, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ეს მიზეზი შეიძლება განსხვავებული იყოს.

ბავშვის უმართავი ქცევის მიზეზები:

  • განვითარების თანდაყოლილი, ფსიქოფიზიოლოგიური თავისებურებები. ჰიპერკინეტიკური სინდრომი, რომელიც მოჭარბებულ ქაოსურ და უნებლიე მოძრაობებში იჩენს თავს და ქცევის დარღვევის სახით ვლინდება;
  • განვითარების კრიტიკული პერიოდები და ამ პერიოდებისთვის დამახასიათებელი ნიშნები – თუ ვამჩნევთ, რომ პატარა გახდა ჭირვეული, ჯიუტი, გაუგონარი და ჩვენს შენიშვნებზე ისტერიკით პასუხობს, დიდი ალბათობით ასეთი უმართავი ქცევის მიზეზი ასაკობრივი კრიზისია. ამგვარ სირთულეებს ვაწყდებით 1 წლის, 3-5 წლამდე და გარდამავალი ასაკის, მოზარდობის პერიოდის ბავშვებთან. უნდა ითქვას, რომ ეს ჩვეულებრივი მოვლენაა და ასაკობრივ თავისებურებებთან დაკავშირებული კრიზისები ყველა ნორმალურ ბავშვს აქვს, ის ნებისმიერი მათგანისთვის არის დამახასიათებელი. ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენებზე ჯიუტობით, ჭირვეულობით, გაუგონრობით, ისტერიკული რეაგირებით ბავშვი იზრდება, შეიმეცნებს სამყაროს, აღმოაჩენს ბევრ სიახლეს მასში და აცნობიერებს ნებადართულობის საზღვრებს;
  • შინაგანი არაკეთილდღეობის, დისკომფორტის დემონსტრირება – არცთუ იშვიათად უმართავი ბავშვები თავანთი ქცევით, რომელიც ჩვენთვის, როგორც წესი, მიუღებელია, დემონსტრირებას უკეთებენ თავიანთ შინაგან არაკეთილდღეობას და დისკომფორტს. მათი ყვირილი, ჭირვეულობა და ისტერიკაც კი ხშირად დახმარების მიღების მოთხოვნილების ნიშანია. ასეთი ქცევით ისინი მიგვანიშნებენ, რომ მათ აქვთ პრობლემები, სასწრაფოდ ჩვენი დახმარება ესაჭიროებათ და დაუყონებლივ მოითხოვენ მის მიღებას;
  • მშობლების არასწორი დამოკიდებულება ბავშვის ქცევის მიმართ – თუ პატარას ჯიუტობას, ჭირვეულობას, გაუგონრობას, დაუმორჩილებლობას უბრალოდ მისი ბავშვური სიცელქით ავხსნით, შეიძლება ჩვენ თავად გავხდეთ მისი უმართავი ქცევის მაპროვოცირებელი და წამახალისებელი. გავითვალისწინოთ, რომ პატარა არ იბადება ცუდ ბავშვად, ის უბრალოდ ისე იქცევა, როგორც მისთვის ნებადართულია მშობლების მხრიდან. თუ ჩვენ ყოველთვის მშვიდად შევხვდებით ბავშვის სოციალურად მიუღებელ ქცევებს და თავს დავიმშვიდებთ იმით, რომ ის ჯერ კიდევ პატარაა, არაფერი ესმის, გაიზრდება და შეიცვლება, მოგვიანებით, როცა ბავშვის უმართავი ქცევა უკვე სერიოზულად შემაწუხებელი გახდება, როგორც გარშემომყოფებისთვის, ასევე ჩვენთვისაც და მოვინდომებთ მის კორექციას, დიდი ალბათობით ჩვენი ყოველგვარი მცდელობა უშედეგო აღმოჩნდება;
  • მშობლების უყურადღებობა ბავშვის მიმართ და მათი მოუცლელობა პატარასთან ურთიერთობისათვის –   თუ ჩვენ სათანადო ყურადღებას არ ვაქცევთ ბავშვს და მასთან საკმარის დროს არ ვატარებთ, ეს შეიძლება ბავშვის არაადეკვატური და უმართავი ქცევის მაპროვოცირებელი გახდეს. პატარებისთვის გულგრილობაზე აუტანელი არაფერია. როგორც წესი, ისინი ნებისმიერი ხერხით ცდილობენ ჩვენი ყურადღების მიპყრობას. ერთმა ბიჭუნამ მშობლებისა და პედაგოგებისაგან საყვედურების მოსმენის შემდეგ ჩვენთან საუბარში სინანულით განაცხადა: „შეიძლება ცოტა უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ მე მირჩევნია მშობლები ჩემი საქციელის გამო მსაყვედურობდნენ, ვიდრე საერთოდ არ მაქცევდნენ ყურადღებას“;
  • უფროსების არათანმიმდევრულობა ბავშვის მიმართ წაყენებულ მოთხოვნებში – ბავშვის ქცევითი პრობლემები უფრო იმ ოჯახებში აღმოცენდება, სადაც მშობლები არათანმიმდევრული არიან მოთხოვნებში, არ ასრულებენ დანაპირებს, დღეს უკრძალავენ, ხვალ კი ნებას რთავენ; მამა ამბობს ერთს, დედა – მეორეს, სრულიად საწინააღმდეგოს, ბებია კი – მესამეს, რომელიც ორივე მშობლის მოთხოვნას ეწინააღმდეგება. ასეთ ოჯახებში ბავშვი ადვილად ახერხებს უფროსებით მანიპულირებას და „სპექტაკლების“ მოწყობას.

რეკომენდაციები უმართავ ბავშვთან ურთიერთობისათვის: 

  • უპირველეს ყოვლისა, იმისათვის, რომ გამოვრიცხოთ ბავშვის ქცევითი პრობლემების ნევროლოგიური საფუძვლები, კონსულტაციისათვის მივმართოთ ექიმ-ნევროლოგს. სამწუხაროდ, უმართავი ბავშვების მშობლები, როგორც წესი, არ ჩქარობენ ექიმისთვის მიმართვას და ეს მაშინ, როცა კონკრეტულ შემთხვევაში მკურნალობა ბავშვისთვის აუცილებელიც კი შეიძლება იყოს. ორგანული დაზიანების შემთხვევაში ნებისმიერი, ძალიან ეფექტიანი ფსიქოლოგიურ-პედაგოგიური მეთოდებიც კი ნახევარი ძალით იმუშავებს და სასურველ შედეგს არ მოგვცემს;
  • აუცილებელია, რომ უმართავ ბავშვთან ურთიერთობაში ვიყოთ ემოციურად გაწონასწორებული და ყვირილის, გაღიზიანებისა და ჩხუბის გარეშე ვესაუბროთ მას. ასეთი ბავშვის ქცევის ჩხუბით მართვა იგივეა, რომ აბობოქრებული სტიქიის შეჩერებას ყვირილით შევეცადოთ;
  • რადგანაც უმართავი ბავშვის სულში ქაოსი ბობოქრობს, მაქსიმალურად უნდა მოვაწესრიგოთ მისი ცხოვრება და შინაგანი სამყარო. ასეთი ბავშვებისთვის უფრო მეტად, ვიდრე ყველა სხვა დანარჩენისთვის აუცილებელია დღის რეჟიმის მკაცრად დაცვა. კარგი იქნება, თუ ბავშვთან ერთად ჩამოვწერთ და კედელზე გავაკრავთ მის მიერ დღის განმავლობაში განსახორციელებელი საქმიანობების ჩამონათვალს და თვალყურს ვადენებთ, რომ ის ბავშვმა დაიცვას და საკუთარი ნების მიხედვით არ შეცვალოს. გავითვალისწინოთ ისიც, რომ ამ ტიპის ბავშვთან ერთხელ თქმა და გაფრთხილება არ მოქმედებს და საჭირო იქნება რამდენჯერმე იმის შეხსენება, რომ ერთი საქმე დაასრულოს და მეორე დაიწყოს. თუ თამაშის დამთავრების დროა, ნუ მოვითხოვთ ბავშვისგან, რომ ის მან დაუყონებლივ დაასრულოს. წინასწარ გავაფრთხილოთ, რომ დრო იწურება. საერთოდ, როგორც უკვე ითქვა, უფროსებს გვიწევს, რომ ასეთ ბავშვს რამდენჯერმე ვთხოვოთ. ეს მათი თავისებურებაა და ამას ანგარიში უნდა გავუწიოთ;
  • უმართავ ბავშვთან, რომელიც, როგორც წესი, ადვილად ღიზიანდება, საჭიროა დიდი სიფრთხილე გამოვიჩინოთ შთაბეჭდილებების დოზირებისას. მისთვის სასიამოვნო, ნათელი შთაბეჭდილებების სიჭარბეც კი საზიანოა. თუმცა, ცხადია ამის გამო მას გართობას და მისთვის საინტერესო ადგილებში ყოფნას ვერ მოვაკლებთ. მაგრამ, თუ ვხედავთ, რომ ის იწყებს გაღიზიანებას, შფოთვას, უკეთესი იქნება მასთან ერთად დავტოვოთ ის ადგილი, სადაც ვიმყოფებით. არაფერი მოხდება, თუ ბოლომდე არ ვნახავთ სპექტაკლს ან საცირკო წარმოდგენას. მხოლოდ გავითვალისწინოთ, რომ ბავშვის გამოყვანა დარბაზიდან ნუ იქნება მიწოდებული მისთვის, როგორც სასჯელი. უკეთესი იქნება, თუ ვეტყვით, რომ დავიღალეთ და დასვენება გვჭირდება;
  • შფოთვისა და გაღიზიანების მომენტში სასარგებლო იქნება ბავშვის დიალოგში ჩართვა. ამ დროს მას უნდა ვესაუბროთ არა მისი ცუდი ქცევის გამო, არამედ რაიმე განყენებულ, მისთვის საინტერესო თემაზე. დავუსვათ მარტივი შეკითხვები, რომლებიც არ საჭიროებს ვრცელ პასუხებს. გავითვალისწინოთ ისიც, რომ გაღიზიანებული ბავშვი ცუდად აზროვნებს, უჭირს განსჯა იმისათვის, რომ ჩაერთოს დიალოგში. მაგრამ, თუ ჩვენ სწორად წარვმართავთ საუბარს, ბავშვს მოუწევს ნებით, თუ უნებლიეთ გაიაზროს თავისი პასუხები და თავი დააღწიოს ემოციების ბატონობას, რაც, თავის მხრივ, მას საკუთარი ქცევის მართვაში დაეხმარება;
  • აუცილებელია, რომ საშუალება და შესაძლებლობა მივცეთ უმართავ ბავშვს, გადმოაფრქვიოს, დახარჯოს თავისი მოზღვავებული ენერგია. ამისათვის კარგი იქნება ასეთი ბავშვების სხვადასხვა სახის სპორტულ სექციებსა და ქორეოგრაფიულ სტუდიაში ჩართვა, ასევე მოძრავი თამაშების შეთავაზება და სუფთა ჰაერზე სეირნობა;
  • ვიყოთ მაქსიმალურად ყურადღებიანი ბავშვის მიმართ, რომ მას არ დასჭირდეს, როგორც ჩვენთვის, ასევე საზოგადოებისთვის მიუღებელი ქცევის განხორციელება ჩვენი ყურადღების მისაპყრობად. თუ ჩვენ ყურადღებიანი ვიქნებით ბავშვის პრობლემების მიმართ, მისი ქცევა ნორმაში ჩადგება. გავითვალისწინოთ ისიც, რომ ბავშვი ყველაფერს უფროსებისაგან სწავლობს, ამიტომ, შევეცადოთ გავხდეთ მისთვის მისაბაძი.

 

დაბოლოს, გავითვალისწინოთ, რომ უმართავი ბავშვების არსებობას განაპირობებენ ისეთი აღმზრდელები, რომელთაც არ შეუძლიათ თავი გაართვან ბავშვთან დაკავშირებულ სირთულეებს. გვახსოვდეს, რომ ჩვენ უფროსები ვართ მთავარი ინიციატორი ბავშვთან ურთიერთდამოკიდებულების ასაგებად. ამიტომ, კარგი იქნება, თუ ბავშვთან მუშაობის პარალელურად ჩვენ საკუთარ თავზეც ვიმუშავებთ და გავაანალიზებთ ჩვენ მიერ გამოყენებული აღზრდის მეთოდებს. ამ გზით ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ წარმატებას და  ბავშვის ქცევას მართვადს გავხდით.

 

 

 

ტექსტზე მუშაობა დაწყებით კლასებში

0

როგორი უნდა იყოს ოცდამეერთე საუკუნის მოქალაქე? უპირველეს ყოვლისა, მას უნდა შეეძლოს ინფორმაციის ოკეანეში ორიენტაცია, ინფორმაციის მოძიება, გაცხრილვა, მთავარისა და მეორეხარისხოვანის ერთმანეთისგან გარჩევა, სიტუაციის ანალიზი, პრობლემის იდენტიფიცირება, მიზეზის დადგენა, გადაჭრის გზების პოვნა.

მასწავლებლებსა და მშობლებს შორის დღემდე დამკვიდრებულია საკითხისადმი ტრადიციული მიდგომა: თუ დაწყებითი კლასების მოსწავლე კარგად კითხულობს და გადმოსცემს წაკითხულს, წარმატებულ მოსწავლედ მიიჩნევა. არავის აინტერესებს, შეუძლია თუ არა მას მიღებული ცოდნის სხვა კონტექსტში გამოყენება.

მასწავლებელს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი როლი აკისრია დაწყებითი კლასების მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნებისა და ამოცანების გადაჭრისთვის საჭირო უნარ-ჩვევების ჩამოყალიბების პროცესში. მისთვის გამოწვევას წარმოადგენს ამ მნიშვნელოვანი მიზნის „გადაქცევა“ მოსწავლის განვითარებისთვის შესაფერის აქტივობებად. ეს შესაძლოა მეტისმეტად რთული მოგვეჩვენოს. სინამდვილეში ხშირად არსებული მიდგომის ოდნავ შეცვლაც საკმარისია. მასწავლებლებს შეუძლიათ, შექმნან გარემო, რომელშიც მოსწავლეებს ექნებათ შესაძლებლობა, მოახდინონ სამუშაო მასალის იდენტიფიცირება, გააანალიზონ სხვადასხვა მახასიათებელი, იპოვონ მსგავსებები და განსხვავებები. აგრეთვე მასწავლებლებს შეუძლიათ დროისა და სივრცის გამოყოფა გონებრივი იერიშისთვის, გეგმების დაწყობისა და შემოწმებისთვის. გთავაზობთ იმ ხერხებს, რომლებიც მცირეწლოვან მოსწავლეებს დაეხმარება, იმუშაონ ამოცანებზე და საკუთარ აღმოჩენებზე დაყრდნობით ისწავლონ.

კრიტიკული აზროვნების ცნობილი მკვლევარი დ. კლუსტერი განსაზღვრავს კრიტიკული აზროვნების შემდეგ ძირითად პრინციპებს:

  1. კრიტიკული აზროვნება არის დამოუკიდებელი აზროვნება. ამგვარად, აზროვნება შეიძლება იყოს კრიტიკული მხოლოდ მაშინ, როდესაც ის ინდივიდუალურია;
  2. ინფორმაცია წარმოადგენს კრიტიკული აზროვნების საწყის და არა საბოლოო პუნქტს. ცოდნა აჩენს მოტივაციას, რომლის გარეშეც ადამიანს არ შეუძლია იაზროვნოს კრიტიკულად.
  3. კრიტიკული აზროვნება იწყება საკითხის წამოჭრითა და გადასაჭრელი პრობლემის გააზრებით.
  4. კრიტიკული აზროვნება მიისწრაფვის სარწმუნო არგუმენტაციისკენ. კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანი პოულობს პრობლემის გადაჭრის საკუთარ გზას და ამყარებს საკუთარ გადაწყვეტილებას გონივრული არგუმენტებით, საფუძვლიანი მოსაზრებებით. არგუმენტაციის სტრუქტურული ელემენტებია: მოსაზრება, მტკიცებულება, დასაბუთება და საფუძველი. ეს უკანასკნელი ყველა დანარჩენი ელემენტის ათვლის წერტილია. საფუძველი – ეს ის წანაპირობაა, რომელიც საერთოა ორატორის ან მწერლის და მათი აუდიტორიისთვის. საფუძველს ეყრდნობა მთელი არგუმენტაცია.
  5. კრიტიკული აზროვნება სოციალური მოვლენაა, რამდენადაც ყოველი მოსაზრების გამოცდა და დახვეწა ხდება მაშინ, როდესაც მას ვუზიარებთ სხვებს, ან, როგორც ფილოსოფოსი ჰანა არენდტი წერს: „სრულყოფილება მიიღწევა მხოლოდ ცოცხალ ურთიერთობაში, ვისიმე თანდასწრებით“.

მე თვითონ ხშირად ვიყენებ პრობლემაზე ორიენტირებულ სწავლებას როგორც ფორმალური, ისე არაფორმალური განათლების აქტივობებში, მაგალითად, პროექტებში. ვცდილობ, ჩემი პატარები დაწყებითი კლასებიდანვე შევაჩვიო კრიტიკულ აზროვნებას.

მინდა გაგიზიაროთ გამოცდილება იმ აქტივობათა შესახებ, რომლებიც მესამე კლასში ჩავატარე. შედეგიდან გამომდინარე, ვფიქრობ, მიზანს მივაღწიე. მოსწავლეებმა შესანიშნავად გაართვეს თავი ჯგუფურ სამუშაოს – მოიფიქრეს პრობლემის გადაჭრის მრავალი გზა.

 

თემა: საინფორმაციო ტექსტი „პანდა“

მიზანი: მოსწავლეებმა შეძლონ საინფორმაციო ტექსტის წაკითხვა, მისი გაგება-გააზრება, პრობლემის იდენტიფიცირება, გააზრება და გადაჭრის გზების ძიება. აქტივობა ავითარებს კრიტიკული აზროვნებისა და თანამშრომლობის უნარებს.

 

ესგ-სთან შესაბამისობა:

 

ქართ. დაწყ.(I). 6. მოსწავლემ უნდა შეძლოს გაწაფულად კითხვა.

  • თავისუფლად კითხულობს ნაცნობ და უცნობ სიტყვებს, ცდილობს დაიცვას სათანადო ტემპი; ხმამაღლა კითხვისას იცავს პაუზას სასვენ ნიშნებთან.

ქართ. დაწყ.(I). 7. მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტების წაკითხვა და გაგება-გააზრება, ტექსტში ვერბალური და არავერბალური ფორმით მოწოდებული ინფორმაციის (მაგ., ილუსტრაციისა და ტექსტის) ურთიერთადაკავშირება.

  • ტექსტში ეძებს და პოულობს კონკრეტულ ინფორმაციას (როდის, სად, რამდენი, როგორი, რამდენ ხანს, რამდენჯერ და სხვ.);
  • ამოიცნობს ტექსტში მოცემულ სხვადასხვა ინფორმაციას შორის არსებულ მიზეზშედეგობრივ კავშირებს, გამოაქვს სათანადო დასკვნა.

 

ქართ. დაწყ.(I). 12. მოსწავლემ უნდა შეძლოს კითხვის ნაცნობი სტრატეგიების გამოყენება მიზნის შესაბამისად.

  • აჯგუფებს ინფორმაციას კონკრეტული ნიშნით;
  • ცდილობს უცნობი სიტყვების ახსნას კონტექსტის გათვალისწინებით;
  • ილუსტრაციებზე, სათაურზე დაყრდნობით გამოთქვამს ვარაუდს ტექსტის შინაარსის შესახებ.

 

N აქტივობის აღწერა მეთოდი / მეთოდები კლასის ორგანიზების ფორმა სასწავლო რესურსები
1. მასწავლებელი ესალმება კლასს. აღრიცხავს მოსწავლეთა დასწრებას. მოსწავლეებს აცნობს გაკვეთილის თემას, მიზანს, შეფასების რუბრიკას. ვერბალური კომუნიკაცია მთელი კლასი ფლიპჩარტზე დაწერილი შეფასების რუბრიკა
  წინარე ცოდნის გააქტიურების მიზნით მასწავლებელი წერს დაფაზე სიტყვას „პანდა“. მოსწავლეები შეავსებენ ასოციაციურ რუკას. საერთო ინტერაქცია მთელი კლასი დაფა, ცარცი.
3 მასწავლებელი ახალი თემის გაცნობის მიზნით ავალებს კლასს, წაიკითხონ ახალი გაკვეთილის ტექსტი ჯერ ერთობლივად, მერე კი გაგრძელებებით. ქოროში კითხვა,

გაგრძელებით კითხვა

მთელი კლასი

ინდივიდუალურად

თაბახის ფურცლებზე დაბეჭდილი ტექსტი

 

4 ტექსტის სრულყოფილად გასაგებად მოსწავლეები შეეცდებიან, განმარტონ ლექსიკური ერთეულები. შეადგენენ წინადადებებს სიტყვებზე სხვა კონტექსტში. საერთო ინტერაქცია მთელი კლასი  დაფა, ცარცი

 

 

 

 

იმისთვის, რომ მოსწავლეებმა ვიზუალურად აღიქვან ტექსტში მოცემული ინფორმაცია, მასწავლებელი პროექტორით აჩვენებს დოკუმენტურ ფილმს „პანდა ველურ ბუნებაში“.

 

იმის გასარკვევად, როგორ გაიგეს და გაიაზრეს ტექსტი მოსწავლეებმა, მასწავლებელი დასვამს ტექსტის გასააზრებელ კითხვებს:

1) რამდენ კილოგრამს იწონის პანდა?

2) რა აქვს მას წინა თათზე?

3) სად ბინადრობს?

4) როგორ ცხოვრებას ირჩევს?

5) რატომ?

6) როდის სძინავს? როდის მოიპოვებს საზრდოს?

7) რატომ უწოდებენ პანდას ბამბუკის დათვს?

8) რამდენ გრამს იწონის მისი ნაშიერი?

9) რამდენი თვისაა პანდას ბელი, როდესაც დამოუკიდებლად სიარულს იწყებს?

10) რამ გამოიწვია პანდას რაოდენობის შემცირება?

11) რატომ არის შეტანილი პანდა წითელ წიგნში?

 

საშინაო დავალება: მიღებული ინფორმაციის განვრცობის მიზნით მასწავლებელი მოსწავლეებს ავალებს, მოიძიონ ინფორმაცია პანდასა და ადამიანის ურთიერთობის შესახებ.

 

შეფასების ტიპები და მეთოდები: მოსწავლეები შეფასდებიან დაკვირვების საფუძველზე განმავითარებელი კომენტარებით.

 

მოსწავლის შეფასების რუბრიკა

 

N შეფასების კრიტერიუმები გასაუმჯობესებელი კარგი საუკეთესო
1 მოსწავლე კითხულობს ახალ საინფორმაციო ტექსტს ყურადღებას არ აქცევს სასვენ ნიშნებს, უჭირს ზოგიერთი სიტყვის ამოკითხვა კითხულობს, ყურადღებას არ აქცევს სასვენ ნიშნებს კითხულობს გაწაფულად
2 გაიაზრებს წაკითხულს უჭირს კითხვებზე პასუხის გაცემა პასუხობს კითხვების უმეტესობას მასწავლებლის ყველა კითხვას სწორად და სხარტად პასუხობს

 

 

3 გაიაზრებს პრობლემას, ასახელებს გადაჭრის გზებს უჭირს მასწავლებლის დახმარების გარეშე პრობლემის იდენტიფიცირება და გადაჭრის გზების ძიება პრობლემის იდენტიფიცირებას ახდენს მასწავლებლის დახმარებით, ასახელებს გადაჭრის გზებს ახდენს პრობლემის იდენტიფიცირებას, ასახელებს გადაჭრის გზებს
4 თანამშრომლობს ჯგუფში თავს არიდებს თანამშრომლობას თანამშრომლობს თანამშრომლობს აქტიურად

 

 

ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა

 

კრიტერიუმები საშუალო კარგი საუკეთესო
ჯგუფის წევრების ჩართულობა ჩართულია 1-2 წევრი ჩართულია უმეტესობა ჩართულია ყველა წევრი
ჯგუფის წევრების შეთანხმებული მუშაობა ხშირად სჭირდებათ წესების შეხსენება იშვიათად იღებენ შენიშვნას მუშაობენ შეთანხმებულად

 

 

დროის ლიმიტის დაცვა ვერ ასწრებენ განსაზღვრულ დროში სამუშაოს დასრულებას მასწავლებლის შეხსენებით თითქმის ასწრებენ ზედმიწევნით იცავენ დროს
ჯგუფის პრეზენტაცია უჭირთ პრეზენტაციის გაკეთება აკეთებენ პრეზენტაციას მცირედი შენიშვნებით აკეთებენ პრეზენტაციას დამაჯერებლად

 

 

მნიშვნელოვნად მიმაჩნია, ჩემს მოსწავლეებს დაწყებითი კლასებიდანვე განვუვითარო კრიტიკული აზროვნების, ტექსტის ანალიზის, პრობლემის იდენტიფიცირების, გააზრებისა და გადაჭრის უნარები. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე აღნიშნული ტიპის გაკვეთილის ჩატარება. გაკვეთილის მთავარი მიზანი იყო: მოსწავლეებს წაეკითხათ საინფორმაციო ტექსტი, გაეზრებინათ, გამოეყოთ პრობლემა და დაესახათ მისი გადაჭრის გზები. მიმაჩნია, რომ მიზანს მივაღწიე.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

 

  1. https://mastsavlebeli.ge/?p=2190

თამარ ტალიაშვილი. რატომ უნდა ვასწავლოთ კრიტიკული აზროვნება? 21 ნოემბერი, 2013 წელი

 

  1. https://mastsavlebeli.ge/?p=1415

ანა ჯანელიძე. კრიტიკული აზროვნების განვითარება დაწყებითი განათლების საფეხურზე

ჩემი დაბადების დღე

0

ზუსტად 24 წლის წინ სკოლიდან შინ დავბრუნდი. რა აღსანიშნავი ამბავი ახლა ეს არის და მაშინ დღეც ზედმეტად ჩვეულებრივი იყო, დაზეპირებული და დაღეჭილი – ღობეზე მკვდარი ძარღვებივით შემოძენძილ ჟოლოს უსიამოვნო ჟრჟოლით, ქათმის წყლისასმელ თასში არეკლილი ბოტკინგადატანილი მზით, სადილად შემწვარი კარტოფილით და რაღაც ახლართული კომბინაცით დამზადებულ მჟავით. სწორედ სადილს მივუსწარი და მითხრეს, წადი, ბაბუაშენს დაუძახეო. ბაბუაჩემი უკან უნდა ყოფილიყო, თხილებში. გავიქეცი. უცნაურად იდგა. მაღლა. ხეზე. მერე მივხვდი, რომ კი არ იდგა – ქანაობდა. შემეშინდა და გამოვიქეცი.

ზუსტად 24 წლის წინ, ბაბუაჩემმა თავი ჩამოიხრჩო. თუ უფრო ზუსტად გაინტერესებთ – ქალაქ ოზურგეთისა და სოფელ ბოხვაურის საზღვარზე მდგარ თხილის ხეზე. თუ კიდევ უფრო ზუსტად გაინტერესებთ – ბაბუაჩემი დიდი და ვერახდენილი ოცნებების კაცი იყო, თავგადასავლებით და მარცხებით. მას მერე, მე გავრბივარ და ვცდილობ ბაბუაჩემი ჩამოვხსნა იმ თხილის ხიდან. იმ თხილის ხეზე ბევრი ტოტია და უამრავ რამეს გულისხმობს ის ტოტები – უიმედობას, ტკივილის, გასაჭირს, წარუმატებლობას. იმ ტოტებზე მეც ვკიდივარ და ასე საკუთარი თავის ჩამოხსნასაც ვცდილობ, ბაბუაჩემის მაგივრად.

ჰოდა ამ ჩამოხსნა-ჩამოხსნაში აპრილში 35 წლის გავხდი.
მამაჩემი, წესისამებრ, ოქტომბერში ჩამოვიდა. ოთხმოცდაათიანების შუა საუკუნეები იდგა. ზაფხულში სურებში ადიოდა, ჯერ თხილს აბინავებდა და მერე შეშას ამზადებდა. პატარა, ქოხისმაგვარი სახლი, უშუქობა, უმეზობლობა, უიმედოება. ბუხარი არის და ცეცხლის დანთება შეგიძლია, მაგრამ ამდენი სასტიკი უ-ს შემხედვარეს და შემგრძნობს, არც მაგის ხალისი გაქვს, თუნდაც გალუმპული იყო და გციოდეს… ჰოდა, მამაჩემი ოქტომბერში ჩამოვიდა და მიყვება, რომ მთელი დღე წვიმდა და “თხილს ხეკდა”. საღამოს ავტობსი ჩამოვიდა თემში, ქვევით და ოზურგეთიდან ,,გამოტანებულს’’ დახვდა. იქნებოდა იქ ლამფის ფითილები, ორი თავი ყველი, პურები, მჭადის ფქვილი, შპროტები და გამოსაცვლელი შარვალი, სიჩქარეში რომ დარჩა. ამოიარა ტალახიანი აღმართი, შევიდა ოთახში, ინერციით შეხსნა ფუთას თავი, დაიწყო დაზარებით ამოლაგება დაზეპირუბული გზავნილის. და უცებ.. და უცებ პატარა ბროშურა გადმოვარდა. გიორგი კეკელიძე. ” დაიბადა ხარი, ჰოდა…” 1998 წელი… ლექსების პატარა კრებული. კარგმა ხალხმა რაღაც ნიჭი შემამჩნია და გამოსცა. მამაჩემი იმ დროის და განცდის კაცი იყო, ბეჭდურად გამოხატული სიტყვა სულ სხვა წონას რომ გულისხმობდა. წამიერად მთელი დაღლა და იუმედობა მომეხსნაო. მოვისროლე წვიმით სავსე ბუშლატა და გიჟივით ცეკვა დავიწყეო. მივვარდი ბუხარს და დავანთეო. დიდი და საგანგებო ცეცხლიო. წვერს რომ იპარსავდა, სახეზე არაყს ისვამდა ოდეკოლონივით და ის არაყი გადმოვიღე და დავლიეო. უზარმაზარი ზეიმი ჰქონდა, უზარმაზარი. და ამას ისე მიყვებოდა, იქ მეგონა თავი. და ახლაც იქ მგონია, ახლა როცა 35 წლის გავხდი და მამაჩემი აღარ არის.
მე ვიცი ასეთი სიხარულის ფასი, ასეთი დანთებული ბუხრის ფასი, რომელიც მეორე დღეს ისევ ძველებურად ბჟუტავს. რადგან ხვალინდელი დღე უკვე განწირულია მარტოობისთვის და უიმედობისთვის. ჩემი სურვილი და ვნება ეს არის, ამიტომაც მოვედები ამდენ და ამდენნაირ საქმეს, რომ ბუხარი ხვალაც ენთოს. ჩემი ცხოვრება სავსეა მარცხებით და გამარჯვებებით და ერთადერთი რაც შედეგად შემიძლია დავიკვეხნო, ბარემ ათი ადამიანის ცხოვრება გამოვიარე. დრამა მეტი იყო, ზეიმი ნაკლები. აქ,თქვენთან, ზეიმებს უფრო ვაჩენ, უფრო საჯარო და საყოველთაოა და იმიტომ.
მე ადამიანის ფერიცვალების მჯერა, ამიტომაც ყოველდღე ვცდილობ, რომ ჩემი გუშინდელი დღე დავამარცხო.
ჩემთვის, მამაჩემისთვის, შენთვის და მისთვის. შემდეგი წლებიც ამისა იქნება.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...