ოთხშაბათი, ივნისი 25, 2025
25 ივნისი, ოთხშაბათი, 2025

„იდეალური მშობლები“ (გაგრძელება)  

0

ფილიპე მამალაკისი: (ამერიკელი მართლმადიდებელი ღვთისმეტყველი, ბოსტონის სემინარიის პროფესორი, ფსიქოთერაპევტი, ოჯახურ პრობლემებზე მომუშავე კონსულტანტი, ბავშვთა განვითარებისა და ფსიქოლოგიის დოქტორის ხარისხის მქონე შვიდი შვილის მამა წიგნის:  „Perenting Toward the Kingdom“ ავტორი).

„მოდით, განვაგრძოთ საუბარი აღზრდის შესახებ. იმისათვის, რომ აღზრდის მიზნებს მივაღწიოთ, აუცილებელია, ვიცოდეთ რისი მიღწევა გვსურს, ანუ რას ვსახავთ მიზნად. აღზრდა – გრძელვადიანი მოვალეობების მქონე ხანგრძლივი პროცესია. სწორედ ის გახანგრძლივებული მიზნები, რომლებსაც ჩვენ, როგორც მშობლები, ვისახავთ აღზრდის პროცესში, განაპირობებენ იმას, თუ როგორი რეაგირება გვექნება შვილების ცუდ საქციელზე.

ერთ საღამოს ჩემმა შვიდი წლის ვაჟმა, რომელმაც ვახშამი დაასრულა და მაგიდიდან ადგა, აიღო მისი ხუთი წლის ძამიკოს სათამაშო მანქანა. პატარამ სასწრაფოდ გააპროტესტა, მაგრამ უფროსმა მაინც განაგრძო მანქანით თამაში და ძმას გასძახა, რომ სათამაშო პატრონს ჯერჯერობით მაინც არ სჭირდებოდა. ოთახში დაძაბულობის „სუნი“ დატრიალდა, ამიტომ მოსალოდნელ კონფლიქტში ჩარევის აუცილებლობა შეიქმნა.

მე საქმეში ჩარევის რამდენიმე ვარიანტს განვიხილავდი: შემეძლო მსაჯულის როლი მომერგო და უფროსისათვის მებრძანებინა, სათამაშოს დაბრუნება, რადგან ის სწორედ მის ძმას ეკუთვნოდა; ან პატარასთან მოლაპარაკება მეწარმოებინა, რომ ამ ეტაპზე მას მაინც არ სურდა მანქანით თამაში და არაფერი დაშავდებოდა, თუ ცოტა ხნით უფროსს დაუთმობდა მის კუთვნილ სათამაშოს. კიდევ ერთი ვარიანტი იყო ჩემ წინაშე, საერთოდ ამეკრძალა ორივესათვის სათამაშოთი გართობა. არც ის ვარიანტი გამომრჩენია, რომ ჩვენ, უფროსებს ჯერ კიდევ არ გვქონდა ვახშამი დასრულებული და პატარებს კეთილი უნდა ენებათ და ჩუმად ყოფილიყვნენ, რომ მშობლებისათვის ხელი არ შეეშალათ. იმაზეც კი დავიწყე ფიქრი, რომ სამომავლოდ ორივე ძმისათვის ერთნაირი სათამაშოები უნდა გვეყიდა, რათა მათ ერთმანეთში ჩხუბის საბაბი არ გასჩენოდათ. საერთოდ, ამ მცირე ინციდეტის იგნორირებაც შეიძლება – გავიფიქრე მე. მთავარი კი მაინც ის იყო, რომ მე არ მქონდა იმის ილუზია, რომ ისეთ გადაწყვეტილებას მოვძებნიდი, რომელიც საშუალებას მომცემდა მშვიდად დამესრულებინა ვახშამი.

მიხვდით ალბათ, საუბარი იქითკენ მიმყავს, რომ რაც შეიძლება უკეთ განვმარტო ჩემი სათქმელი და აგიხსნათ: მოკლევადიანი მიზნების დასახვა არცთუ ისე კარგია, რადგან მათ შესაძლოა ხელი შეგვიშალონ გრძევადიანი მიზნების მიღწევის გზაზე. მშობლებს, როგორც წესი, სურთ, რაც შეიძლება სწრაფად განმუხტონ კონფლიქტური სიტუაცია,  მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ზოგჯერ ნაკლებ პროდუქტიულია. მაგალითად, როდესაც ჩვენ მათემატიკის ამოცანას ჩვენი შვილების ნაცვლად ვხსნით, ამით დროს ვიგებთ, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ ამით საგნის სწავლებას ხელს ვუშლით. ბავშვის არასასურველი ქცევა შესაძლოა, სწრაფად ავლაგმოთ, რითაც მხოლოდ დროებით მოვაგვარებთ პრობლემას, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ეს ბავშვს ვერ ასწავლის საკუთარი ქცევების კონტროლს. ხანდახან სჯობს მოკლევადიანი შედეგის უგულვებელყოფა, რათა მომავალში უფრო სერიოზული შედეგები გვქონდეს.

აქვე გეტყვით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია შვილების აღზრდის გრძელვედიანი მიზნების ზუსტად და მკაფიოდ განსაზღვრა. როგორები გვინდა, რომ ჩვენი შვილები იყვნენ ზრდასრულობის ასაკის მიღწევისას? აი რამდენიმე გავრცელებული პასუხი: კომპეტენტური, ბედნიერი, დამოუკიდებელი, ფინანსურად უზრუნველყოფილი, კეთილი, გულუხვი, წესიერი, შრომისმოყვარე, დისციპლინირებული, თავშეკავებული,  მზრუნველი. მორწმუნე ქრისტიანი მშობლები, სავარაუდოდ, დაამატებენ – ღვთისმოშიში.

ერთ-ერთ მშობელთან კონსულტაციისას ორი წლის ბიჭის ახალგაზრდა დედიკომ შემომჩივლა, რომ მისი პატარა სხვა პატარა ბავშვებს კბენს. მეც მქონდა ასეთივე პრობლემა ჩემს ორი წლის გოგონასთან და მინდა ავღნიშნო, რომ მსგავსი პრობლემა საკმაოდ ხშირად გვხვდება. საუბრისას გამოვარკვიეთ, რომ ბიჭუნა იწყებს კბენას, როდესაც ის გაბრაზებულია, ზედმეტად აღგზნებულია ან რაიმე ძლიერი შთაბეჭდილების ქვეშ იმყოფება. მე და ბავშვის დედამ შევადგინეთ გეგმა, რომლის დახმარებითაც შესაძლებელი იქნებოდა ბავშვის ასეთი მდგომარეობის შემსუბუქება, სხვა მოვლენებზე გადართვა და თანდათანობით არასწორი საქციელის შეცვლა. ორი კვირის შემდეგ დედამ დამირეკა და შემატყობინა, რომ გეგმამ არ იმუშავა. ბიჭუნა კვლავ კბენდა სხვა ბავშვებს. ვივარაუდე, რომ ორი კვირა არ აღმოჩნდა საკმარისი მსგავსი ქცევის შესაცვლელად, მაგრამ ეს თავისთავად გეგმის ბრალი არ იყო. მიმაჩნია, რომ აღზრდის მართებულობა მდგომარეობს მისი პრინციპების სისტემატურ, თანამიმდევრულ გატარებაში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც რაიმე ქცევის კორექციაა საჭირო. შეშფოთებულ დედიკოს შევახსენე, რომ მისმა შვილმა კარგი გაკვეთილი მიიღო, რაც გაცილებით უფრო ღირებულია, ვიდრე უბრალოდ კბენის შეწყვეტა. ბავშვი შეძლებისდაგვარად სწავლობდა საკუთრი ქცევის კონტროლს, როდესაც გაბრაზებული ან ზედმეტად აღგზნებული იყო და ამ პროცესს, მერწმუნეთ, დიდი დრო დასჭირდა. ჩვენი სტრატეგიის მიზანი ის იყო, რომ ბავშვისთვის სხვა რამის კეთება გვესწავლებინა, რათა მისი ბრაზიც სადღაც გამქრალიყო. გარწმუნებთ, რომ ამ ყველაფრის სწავლება შესაძლებელია მხოლოდ დიდი მოთმინებითა და ძალისხმევით; მუდამ ბავშვის გვერდით ყოფნით, როდესაც ის ცდილობს რაიმე შეცვალოს, როდესაც ის იზრდება, სწავლობს სიყვარულს, იძენს ღირებულებებს.

მშობლებს მიაჩნიათ, რომ მათი ამოცანაა იყვნენ იდეალურნი და სრულყოფილნი – ეს შეუძლებელია. ბავშვების აღზრდა თავისთავად უკვე გამოცდაა, რომელსაც ვერცერთი მშობელი ვერსად გაექცევა. აქვე მინდა ერთი, შესაძლოა ბევრი თქვენგანისათვის უცნაური რამ ვთქვა: აღზრდის საკითხებში „ექსპერტების“ მოსაზრებების უაპელაციოდ გათვალისწინება და ამ საკითხების შესახებ წიგნების კითხვა იმ იმედით, რომ ყოველ ჯერზე, როდესაც კი პრობლემის წინაშე დადგება მშობელი მაშინვე უზუსტესი და უშეცდომო პასუხი იპოვოს მისთვის საჭირბოროტო საკითხზე, რა თქმა უნდა, მცდარი შეხედულებაა. უბრალოდ მინდა, გავიმეორო, რომ უშეცდომო არავინაა და შესაბამისად, არცერთი მშობელი არ არის დაზღვეული არასწორი გადაწყვეტილებისგან. ანუ იდეალური მშობლები არ არსებობენ.

ბავშვებს სჭირდებათ ისეთი მშობლები, რომლებიც უბრალოდ შრომობენ, ცდილობენ და სწავლობენ საკუთარ შვილებთან ერთად. და თუ თქვენ ამ სტატიის წაკითხვისას ერთი წუთით მაინც დაფიქრდით და დაისახეთ გრძელვადიანი მიზნები საკუთარი შვილების აღსაზრდელად, მაშინ თქვენ უკვე გადადგით პირველი ნაბიჯი, შვილების დახმარების რთულ და ხანგრძლივ გზაზე. ამასთანავე, ყველა მშობელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ბავშვები იქცევიან ზუსტად ისე, როგორც ბავშვები უნდა იქცეოდნენ. ყველაზე უკეთესი კი რაც მშობლებს შეუძლიათ გააკეთონ არის ის, რომ მოიქცნენ როგორც ზრდასრულები, რომლებიც უსმენენ საკუთარ შვილებს.

ახლა კი მინდა, კიდევ ერთი ამბავი მოგიყვეთ ჩემი შვილების ცხოვრებიდან. ერთ საღამოს სახლში დაბრუნებულს ასეთი სანახაობა დამხვდა: სასადილო ოთახის მაგიდაზე ამძვრალი რვა წლის გოგონა; მისი ათი და თერთმეტი წლის დაიკოები, რომლებიც უყვიროდნენ წესის დამრღვევს; სამი და ერთი წლის ბიჭები მაგიდის ქვეშ, რაღაცას შეექცეოდნენ. ამ ტრადიციული ქაოსის დანახვისას პირველი რეაქცია, რაც გამიჩნდა, იყო ხმამაღლა დამეყვირა მათთვის და დამესაჯა მაგიდაზე ამძვრალი გოგონა. ძალიან გამიჭირდა, მაგრამ მაინც თავი შევიკავე, ღრმად ჩავისუნთქე, გუნებაში მცირე ლოცვაც კი წავიკითხე და შემდეგ მივმართე პატარას: გინდა ჩამეხუტო? ყველამ გაკვირვებით შემომხედა. წესის დამრღვევი მაგიდიდან ჩამოხტა, ჩემთან მოვიდა, ჩამეხუტა და „მომიბოდიშა“: „მაგიდაზე იმიტომ ავძვერი, რომ სავახშმოდ სუფრა გამეშალა“.

მიმაჩნია, რომ ბავშვები ყველაზე უკეთ სწავლობენ მაშინ, როდესაც ხედავენ, რა რეაქცია გვაქვს ჩვენ მათ ცუდ საქციელზე. შვილები უნდა ხედავდნენ, რომ ჩვენ ისინი გვიყვარს მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ თავხედურად და უზრდელურად გევლაპარაკებიან კიდეც. ჩვენი ადეკვატური და სწორი რეაქციები ასეთ მძიმე შემთხვევებშიც კი არის იმის საწინდარი, რომ ბავშვებმა გაცილებით მეტ რამ შეიძინონ, ვიდრე მაშინ, როდესაც ოჯახში სრული იდილია სუფევს.

ამგვარად, აღმზრდელობითი სტრატეგიის განხორციელებისას მშობლებისათვის აუცილებელია არა მხოლოდ ბავშვების შეცდომებზე რეაგირება, არამედ ამ ქცევებზე შესაბამისი თანაგრძნობით აღსავსე პასუხის გაცემა“.

 

 

 

 

 

 

 

 

ექიმთა სახეები მსოფლიო ლიტერატურაში

0

„ექიმი ყოველთვის ბრძოლის ველზეა, ჯერ ერთი, მუდამ ადამიანის ტანში შესაპარად მომზადებულ სენს ებრძვის. აქეთ კიდევ, გასაპარად მომზადებულ ჯანმრთელობას სდარაჯობს.“

მორის დრიუონი

 

სანამ ექიმებზე ახალი ნაწარმოებები დაიწერება, მსოფლიო ლიტერატურის არსებულ ნიმუშებს გადავავლოთ თვალი. საინტერესოა, რომელი ექიმი რატომ იქცა ამა თუ იმ მწერლის შთაგონების წყაროდ, როგორი თვისებები აღმოჩნდა პრიორიტეტული მოთხრობებსა თუ რომანებში წარმოსაჩენად. დარწმუნებული ვარ, უკვე არაერთი პერსონაჟი ექიმი გაგახსენდათ წაკითხული წიგნებიდან. ჩვენი სიები შესაძლოა ერთმანეთს დაემთხვეს ან სრულიად განსხვავებული აღმოჩნდეს – ექიმები მხატვრულ ლიტერატურაში ხომ უამრავია. მე მხოლოდ რამდენიმეს შეგახსენებთ როგორც ქართული, ასევე უცხოური  წიგნებიდან.  

 

ზურიკელას ექიმი

 

ამ ქვეყნად ყველაზე მხიარული ექიმი ნოდარ დუმბაძის „მე, ბებია, ილიკო და ილარიონში“ მეგულება. გახსოვთ ალბათ, ყანის გასათოხნად ზურიკელას სკოლა რომ აქვს გასაცდენი. ავადმყოფობის ცნობის მოსაპოვებლად ერთი საათით ლოგინში ჩაწოლა და ექიმის მოტყუება მოუწევს. ილიკო, ილარიონი და ოლღა საგანგებოდ გაამზადებენ: დილიდან აშიმშილებენ, ავადმყოფის ფერი რომ დაედოს და თავს პირსახოცით გაუკრავნ. ზურიკელასა და ექიმს შორის გამართული კვიმატი დიალოგიც მინდა შეგახსენოთ:

 

  • რა გჭირს, ბიჭო?
  • ვკვდები, ექიმო.
  • რა გტკივა?
  • ყველაფერი.
  • თმა გტკივა?
  • კი.

 

სიტუაციის გასამძაფრებლად საუბარში ილარიონიც ერევა და ამტკიცებს, რომ „ბაღანას ჭამის მადა აქვს დაკარგული… ამას წინათ ერთი კეცი ჭადი და სამი საინი ლობიოს მეტი ლუკმა არ ჩაუდია პირში… წინათ ყველსაც აყოლებდა და ახლა ერთი ლუკმაც ვერ გადავაცდინეო.“ ილიკო კი საფეთქელთან საჩვენებელ თითს იტრიალებს და ექიმს ანიშნებს, ვერ არის კარგად ზურიკელაო.

საბოლოოდ ავადმყოფობის ცნობისა რა გითხრათ, ჯანმრთელობას კი გულითადად უსურვებს ექიმი თავის პაციენტს და სწორედ იმ არყით ადღეგრძელებს, ოლღა ბებიას დანიშნულებით საფეთქლების დასაზელად რომ იყო გადანახული.

 

 ნუნუ ექიმი

 

ნოდარ დუმბაძის „თეთრ ბაირაღებში“ ყველაზე ფერადი და სიცოცხლით სავსე პერსონაჟი, ყოველ დღე წამლები რომ დააქვს ციხის საკნებში – ნუნუ ექიმია. „შეყოფს ხოლმე კარის ჭრილში თავის პუდრმოყრილ, ლამაზ, აპრეხილ ცხვირს, უსაშველოდ წითელი პომადით მოთხუპნულ ტუჩებს, უზარმაზარ წამწამებს ააფახულებს, ოცდათორმეტივე, მარგალიტივით ჩაწიკწიკებულ კბილს გამოაჩენს და ნარნარი ხმით კითხულობს: – ბოროტმოქმედებო, რამე ხომ არ გტკივათ?..“ და რომ უპასუხონ, ფეხში ეკალი შეგვერჭოო, მაინც ლუმინალს სთავაზობს.

 

  • რაო, რას გაჩუმებულხართ, არაფერი არ გტკივათ?
  • თავი, ნუნუ ექიმო!
  • ლუმინალი!
  • კბილი, ნუნუ ექიმო!
  • ლუმინალი!
  • კუჭი, ნუნუ ექიმო!
  • ლუმინალი!
  • გული, ნუნუ ექიმო!
  • ლუმინალი
  • ყელი, ნუნუ ექიმო!
  • ბაწარი! – პასუხობს და მაინც ლუმინალს აძლევს.

 

ნუნუ ექიმი „ზოგისთვის დედა იყო, ზოგისთვის – და, ზოგისთვის – შვილი, ზოგისთვის – დეიდა, მამიდა, საყვარელი, მეგობარი, მოწყალების და და უბრალოდ ვნებისმომგვრელი  დედაკაცი.“ ამიტომ მისი ყოველი ვიზიტი პატიმრებისთვის გაზაფხულის მოსვლას ჰგავდა, ზვავივით აწყდებოდნენ კარებს.

და რადგან ვნებები ვახსენეთ, ის თავიც გავიხსენოთ, „ტანო, ტატანო“ რომ ჰქვია და პატიმარი დედვდარიანი (იგივე ლიმონა) ბესიკის ლექსის ფონზე ამაღელვებელ პერფორმანსს მართავს. შუა საკანში, სკამზე მდგარი, სპეტაკ ხალათში გამოწყობილი, მხარზე წითელჯვრიან ჩანთაგადაკიდებული ნუნუ ექიმი კი აცრემლებულ-მოჯადოებული უსმენს…

 

ექიმი იაკობი

 

ექიმი იაკობი რეზო გაბრიაძის საშობაო მოთხრობის („ექიმი და ავადმყოფი“) გმირია: „ბებერი კაცი, შესახედავად ვიდნი, ზორბა, სწორ ცხვირზე მძიმე სათვალე რომ ედო საიმედოდ.“ ქუთაისში ყველას ძალიან უყვარს და ეიმედება. ბატონი რეზო ქუთაისში „საქმის დიდი მცოდნე ორი ექიმის, უსპეტაკესი ადამიანების (გიორგი ლორთქიფანიძისა და გიორგი გელოავნის)“ მეზობლად ცხოვრობდა და ყოველთვის აინტერესებდა ექიმთა საზოგადოება. ეს ნოველა სწორედ თავისი ბავშვობისდროინდელ ექიმებს, მათ უანგარო, კეთილშობილურ მოღვაწეობას მიუძღვნა.

სადაცაა შობა გათენდება, ექვსის ნახევარია, უკვე ღამესავით ბნელა, ექიმ იაკობს კი ოთხი გამოძახება წინ აქვს: „ორი არაუშავს გამოძახებაა, სკოლამდელები, აქვე, თეთრხიდსგადაღმა (ტემპერატურა 38,5), ერთიც უხსენებელში, ბაკისუბანში და ერთიც მთლად გადასაკარგავში…“ თუმცა ჯადოსნური ღამე დამატებით სიურპრიზსაც უმზადებს – ყველაფერს რომ მოითავებს, ჩიტო ГК-49-54 მიადგება თავისი „პაბედით.“

ჩიტო ГК-49-54, წარმოსახვითი მანქანით რომ დაიარება ქუთაისსა და მის შემოგარენში, სათაურში მოხსენიებული ავადმყოფი გახლავთ. თავის დროზე მართალია ბევრი უმკურნალეს: „ვის არ უჩვებნეს: თბილისში პროფესორს, ხარკოვში და მენჯში მკითხავს, კურდღლის ფრჩხილიც ჩაუკერეს პიჯაკში, როლანდას თმაც გამოიტანეს საპარიკმახეროდან და რიონს გააყოლეს მთვარიან ღამეს. არაფერმა არ უშველა. მაინც დარბოდა უთენიიდან გვიან ღამემდე.“

ექიმისა და ავადმყოფის ფეხაწყობილი ურთიერთობა ცრემლიან-ღიმილიან აბზაცებში მჟღავნდება. ვკითხულობთ და ზოგჯერ ჩვენც გულუბრყვილოდ ვუმატებთ ორმოებზე ხტუნვას, ხან კი ექიმი იაკობივით ვღიზიანდებით: „გადარეულს როგორ ავყევი, როგორ ჩავუჯექი მანქანაშიო!“ და ეს სიტყვა „ჩაუჯექი“ რამ გვათქმევინაო, – კდევ უფრო ვაბრაზობთ და ვხარხარებთ.

 

ექიმი ფრანკენშტაინი

 

XIX საუკუნის ბრიტანელი მწერლის, მერი შელის რომანი „ფრანკენშტაინი ანუ თანამედროვე პრომეთე“ გამოქვეყნებიდან დღემდე უდიდესი პოპულარობით სარგებლობს. ექიმი ფრანკენშტაინი და მისი ქმნილება უნიკალური წყვილია, არაერთი ადაპტირებული წიგნის, სპექტაკლისა თუ ფილმის გმირად რომ ქცეულა.

ექიმი ფრანკენშტაინი უსულო მატრიისგან ცოცხალი არსების შექმნას განიზრახავს და მიაღწევს კიდეც სასურველ მიზანს. მოავლენს არსებას, რომელიც არა მხოლოდ მკითხველს, მის შემქმნელსაც შიშის ზარს ჰგვრის. ამ საზარელი ქმნილების აწყობა-შეკოწიწებისა თუ გაცოცხლების მეთოდები წიგნში არ გახლავთ აღწერილი. ავტორი მეცნიერულ სიზუსტეებს თავს არიდებს იმ მიზეზით, რომ „თავად ფრანკენშტაინს არ სურდა საიდუმლოს გამხელა, რათა მისი შეცდომა არავის აღარ დაეშვა.“ მერი შელის შემოქმედების მკვლევარები კი მიიჩნევენ, რომ გასაიდუმლოების მიზეზი სამედიცინო თუ მეცნიერულ საკითხებში მწერლის არაკომპეტენტურობა იყოო.

ექიმი ფრანკენშტაინის სამზარეულოს პიკანტური დეტალები და საყოველთაოდ ცნობილი მეთოდები კი (სხეულის ნაწილების გადაკერება და გვამის ელვის ნაკადით გაცოცხლება) კინემატოგრაფების ფანტაზიის შედეგი გახლავთ.

 

ექიმი ვატსონი

 

შერლოკ ჰოლმსის შესახებ დაწერილი მოთხრობების მთავარი გმირი, შერლოკის საუკეთესო მეგობარი და ბიოგრაფი ექიმი ვატსონი გახლავთ. არტურ კონან დოილის  ზოგიერთ დეტექტივში ის მთხრობელადაც გვევლინება.

ერთერთი ვერსიის მიხედვით ექიმი ვატსონის პროტოტიპად თავად არტურ კონან დოილია მიჩნეული. ოჯახური ტრადიციის თანახმად, დოილი ხელოვნების რომელიმე სფეროს უნდა გაჰყოლოდა, მაგრამ მან ექიმის კარიერა აირჩია და ოფთალმოლოგი გახდა. ედინბურგის უნივერსიტეტში სწავლის დროს მან გაიცნო ექიმი ჯოზეფ ბელი (შერლოკ ჰოლმსის პროტოტიპი), ვის ასისტენტადაც კლინიკაში მუშაობდა.

კეთილმა, მგრძნობიარე და ალღოიანმა ექიმმა ვატსონმა იმთავითვე დადებითი შთაბეჭდილება მოხდინა მკითხველზე. გარდა იმისა, რომ საკუთარი საქმის უზადო მცოდნეა, მოყვასისადმი უდიდესი სიყვარულიც გამოარჩევს, სასარგებლო რჩევებს აძლევს სახელგანთქმულ გამომძიებელს და რამდენჯერმე სიკვდილისგანაც კი იხსნის მას. ექიმ ვატსონთან ერთად ყავის მირთმევა, ფილოსოფოსობა და ჭადრაკის თამაში საუკეთესო თავშესაქცევია შერლოკ ჰოლმსისთვის.

ექიმი ჰანიბალი

 

ექიმი ჰანიბალი თომას ჰარისის რომანების („წითელი დრაკონი,“ „კრავთა დუმილი,“ „ჰანიბალი,“ „ჰანიბალის აღზევება“) პერსონაჟია. ჰარისის წიგნებში და მათ მიხედვით გადაღებულ ფილმებში ექიმი ლექტორი უაღრესად კულტურულ, განათლებულ და ინტელექტუალურ გმირად წარმოგვიდგება. სამედიცინო წრეებში საკმაოდ ცნობილი და აღიარებული ფსიქიატრია, თუმცა ნიღბის მიღმა კანიბალიზმის სენით შეპყრობილი სერიული მკვლელი და სოციოპათი იმალება.

 

აბრაამ ვან ჰელსინგი.

 

ზემოთ ჩამოთვლილ პერსონაჟებს ექსცენტრიკულობაში არც ბრემ სტოკერის რომანის  „დრაკულას“ გმირი ჩამორჩება. აბრაამ ვან ჰელსინგი ექიმი მეტაფიზიკოსი, ფილოსოფოსი და ოკულტისტი გახლავთ. იგი რომანის მთავარი გმირის, ლუსი ვესტენრას გამოსაკვლევად ამსტერდამიდან პრენსილვანიაში მიემგზავრება. საგანგებოდ იწვევნ როგორც „იდუმალებით მოცული დაავადებების საუკეთესო მცოდნეს.“ სწორედ ჰელსინგი  მიხვდება, რომ ლუსის დაავადების მიზეზი ვამპირის ნაკბენია და ძალისხმევას არ იშურებს ახალგაზრდა ქალის სულისა და სხეულის გადასარჩენად.

ექიმ აბრაამ ვან ჰელსინგის მთავარი იარაღები ვამპირების წინააღმდეგ ბრძოლაში ინტელექტთან ერთად ჯვარცმა, ნაკურთხი წყალი და ვერხვის შუბია.

 

ექიმი ჟივაგო

 

ბორის პასტერნაკის  შემოქმედებაში „ექიმი ჟივაგო“ პროზაულ შედევრად გახლავთ აღიარებული. თუმცა საბჭოთა ცენზურამ წიგნი ნეგატიურად შეაფასა და მისი დაბეჭდვა აკრძალა (რმეთუ ავტორს „არ გააჩნდა ერთგვაროვანი პოზიცია 1917 წლის ოქტომბრის რევოლუციასთან დაკავშირებით“). სამაგიეროდ, ანტისაბჭოური რომანი უყურადღებოდ არ დატოვეს ევროპაში და 1958 წელს პასტერნაკს ნობელის პრემია მიანიჭეს. საბჭოთა ხელისუფლებამ ხრუშოვის მეთაურობით პასტერნაკს უარი ათქმევინა პრემიაზე. კუთვნილი დიპლომი და მედალი 1989 წელს ბორის პასტერნაკის შვილს, ევგენი პასტერნაკს გადაეცა.

რომანის მთავარი გმირი იური ჟივაგო პროფესიონალი ექიმი და ამავდროულად ნიჭიერი პოეტიც გახლავთ. მისი არაორდინალურობა ახალგაზრდობიდანვე თვალშისაცემია. ზოგიერთი ლიტერატურათმცოდნის აზრით, ავტორმა რომანში საკუთარი ცხოვრება აღწერა, ოღონდ რეალური კი არა – საოცნებო.

 

ექიმი სენწაამლია

 

მორის დრიუონის სიტყვებით დავიწყე და მისივე ნაწარმოებით დავასრულებ. გამოგონილი ექიმი სენწამლია „მწვანეთითება ტისტუში“ ერთერთი გამორჩეული პერსონაჟია. მისი აზრით, „მედიცინას არაფერი შეუძლია თუ ადამიანის გულში სევდა ჩაჰბუდებია.“ ამიტომ „ადამიანებს კარგად რომ უმკურნალო, ძალიან უნდა გიყვარდეს ისინი.“

 

სად არის „შინ“, სადაც მთებს აქვთ ფერი დაბინდულ ქლიავის?

0

თვითმფრინავის ილუმინატორიდან კავკასიონის დანახვისას უცნაური შეგრძნება გეუფლება: ძლიერი ტკივილისაც, სიყვარულისაც, სიძველისაც, სიამაყისაც, სიბრალულისაც, ტრაგიზმისაც, იმედისაც, ძლიერებისაც, ღვთისაც… ალბათ სწორედ ეს არის „სამშობლოს გრძნობა გასაკვირველი…“ თუმცა ხდება ისეც, როგორც გალაკტიონთანაა:

 

„გემით „დალანდი“ მოვდიოდი სამშობლოსაკენ

და მთვარისაგან გაღვიძება გულს დარდად ჰქონდა,

მაგრამ სამშობლოს ძველი გზებით ვეღარ მივაგენ

და არ მახსოვდა: მქონდა იგი თუ მომაგონდა?“

 

იძულებით შიდა მიგრაციას სხვადასხვა მიზეზი შეიძლება ჰქონდეს: სტიქიური უბედურება, პოლიტიკური გადაწყვეტილება, ინდუსტრიული განვითარების პროექტები. ბოლო ოთხი ათეული წლის განმავლობაში სხვადასხვა ხარისხის სტიქიური პროცესების საფრთხე დაემუქრა სამი ათასამდე დასახლებულ პუნქტს, 400 000-მდე ოჯახს. შიდა მიგრაციისგან ქვეყნისთვის მიყენებული ზარალი ძალიან დიდია (100-150 მილიონი აშშ დოლარი). რაც შეეხება აფხაზეთიდან თუ შიდა ქართლიდან დევნილებს და ეკომიგრანტებს, მათ, როგორც წესი, გადასახლების შემდეგ მათი ორგანული გარემოსგან განსხვავებულ, მძიმე პირობებში უწევთ ცხოვრება.

მიგრაცია, რომელიც გლობალური ფენომენია და თანამედროვეობის დიდი გამოწვევა, ძლიერ გავლენას ახდენს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაზე, მის უსაფრთხოებასა და სტაბილურობაზე. ზემოთქმულისა და ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, მიგრაციული პროცესების მართვა პრიორიტეტულია საქართველოსთვის. ბოლო წლებში მიგრაციის მაჩვენებელი უარყოფითია. სახელმწიფოს ინტერესებშია, მიგრაციის პროცესები საქართველოს მოქალაქეებისა და საერთაშორისო საზოგადოების ინტერესთა დაცვით წარმართოს. განსაკუთრებულ რისკებს შეიცავს არალეგალური მიგრაცია. მიგრაციას, რომელიც ყოველთვის იყო საქართველოს პრობლემა, მრავალი მიზეზი აქვს, თუმცა მთავარი მაინც იყო და არის ეკონომიკური გაჭირვება. კაცებთან ერთად უკვე სოლიდურია ემიგრანტი ქალების რიცხვიც, რომლებიც ტოვებენ ოჯახს და მის სარჩენად მიდიან საზღვარგარეთ. ახლა კაცები რჩებიან შინ შვილების მოსავლელად, ეს კი ქართველ კაცს ოჯახის დომინანტისა და ეკონომიკური წინამძღოლის ტრადიციულ როლს უკარგავს, თითქმის უფუნქციოდ ტოვებს. საზოგადოდ, ყალიბდება არაჯანსაღი ურთიერთობები, რაც, საბოლოო ჯამში, სახელმწიფოსთვისაც საზიანოა და ინდივიდისთვისაც. კაცებთან შედარებით ქალებს გაცილებით მეტი პრობლემა აქვთ უცხოეთში, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ემიგრანტების რიცხვი დღითი დღე იმატებს.

გარე მიგრაციისა და უცხოეთში ქართველი ქალების პერმანენტულ გადინებასთან ერთად, არანაკლებ სავალალოა შიდა მიგრაციების რიცხვი და შედეგებიც. ახირებისა თუ ობიექტური მიზეზების გამო ადამიანთა უმრავლესობამ სოფლებიდან აყრა და ქალაქებში გადასახლება დაიწყო. აქაც, გენდერულ განსხვავებათა გათვალისწინებით, ქალები უფრო აქტიურობენ. თბილისში, რომელიც თავკომბალას დაემსგავსა, 1 171 200 ადამიანი ცხოვრობს. ამის მიზეზი კი ის არის, რომ შიდა მიგრაცია უმთავრესად თბილისის მიმართულებით მიმდინარეობს. ამას განაპირობებს უკეთესი საცხოვრებელი პირობების, დასაქმებისა თუ უმაღლესი განათლების მიღების სურვილი. არის რეგიონები (თუნდაც მთა), სადაც ახალგაზრდობა  მოკლებულია გართობის შესაძლებლობას, არ არის კინო, თეატრი, ცხოვრების ფართო პერსპექტივა… რაიონიდან ჩამოსული სტუდენტები, რომლებიც სამუშაოს ეძებენ, დიდი ალბათობით, ისევ თბილისში რჩებიან, სადაც ყოველწლიურად უამრავი ადამიანი მკვიდრდება. საოფელში კი მიწას, რომელიც სიმდიდრეა, არავინ ამუშავებს და ისინი ცარიელდება ან იქ მცხოვრებთა რიცხვი საგრძნობლად იკლებს. მაგალითად, რაჭის რაიონებში გარდაცვლილთა რიცხვი 100-200-ით აჭარბებს დაბადებულთა რიცხვს. ამის მიზეზიც საცხოვრებელი პირობების არარსებობაა. მიტოვებული სახლებისა და მიწების რაოდენობაც მუდმივად იზრდება, მათი მომავალი კი უცნობია.

რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებიდან შიდა მიგრაცია და დევნილობა ის თემაა, რომელიც ასეთ ტრაგიკულ ელფერს აძლევს ჩვენს ახლო წარსულს, ყოველდღიურობას თუ მომავალს. 1990-იანი წლების დასაწყისში საქართველოში მომხდარ შიდა კონფლიქტებს მოჰყვა მოსახლეობის იძულებითი გადაადგილება აფხაზეთიდან (1992-1993 წ.წ.) და სამაჩაბლოდან (1989-1992 წ.წ.). ამჟამად საქართველოში ცხოვრობს დაახლოებით 247 ათასი დევნილი აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან, რაც საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 6%-ს შეადგენს. ზოგი მათგანი კომპაქტურად დასახლებულ ობიექტებში, ე.წ. კოლექტიურ ცენტრებში განათავსეს, ზოგმა ნათესავს ან მეგობარს შეაფარა თავი, ზოგი ქირით ცხოვრობს. მძიმე საბინაო პირობებია როგორც კოლექტიური ცენტრების უმრავლესობაში, ისე კერძო შემთხვევებშიც.

დევნილთა უმრავლესობა კონფლიქტის ზონების მიმდებარე ტერიტორიებზე ცხოვრობს. სამეგრელოში, გორის რაიონში, იმერეთსა და თბილისში. დანარჩენი საქართველოს მთელ ტერიტორიაზეა გაფანტული. განსაკუთრებული შემთხვევაა აფხაზეთი, სადაც ათასობით დევნილი სტიქიურად დაუბრუნდა თავის საცხოვრებელს ან სეზონურად (სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისთვის) ცხოვრობს. მათ დაუცველობისა და გაურკვეველი მომავლის გამო უნარჩუნდებათ დევნილის სტატუსი. ზოგიერთმა არ მიატოვა თავისი საცხოვრებელი ადგილი და რისკის ფასად განაგრძობს იქ ცხოვრებას. ამ ლტოლვილთა დიდი ნაწილი არსებობს სახელმწიფო შემწეობისა თუ ჰუმანიტარული დახმარების ხარჯზე, მძიმეა მათი სოციალური პირობები და ჯანმრთელობის მდგომარეობა, ხოლო ხარისხიანი სოციალური მომსახურება – განათლება, ჯანდაცვა – ნაკლებად ხელმისაწვდომია მათთვის.

იძულებით გადაადგილებულ პირთა მიმართ მთავრობის მიდგომა 2007 წლის 2 თებერვალს დამტკიცებულ სახელმწიფო სტრატეგიაში გამჟღავნდა. ამ უკანასკნელმა დაადგინა სახელმწიფოს ორი უმთავრსი მიზანი: პირობების შექმნა დევნილთა ღირსეულად, უსაფრთხოდ დაბრუნებისთვის და იმ დევნილთა მხარდაჭერა, რომლებიც სტიქიურად დაუბრუნდნენ მუდმივ საცხოვრებელ ადგილს; დევნილი მოსახლეობისთვის ცხოვრების ღირსეული პირობების შექმნა, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი ინტეგრაცია. ამ მიზნების განხორციელებაში უმთავრსი, მაკოორდინირებელი როლი ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დაეკისრა. 2009 წლიდან საქართველოს მთავრობამ, ევროკავშირისა და სხვა დონორი ორგანიზაციების დახმარებით, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა დევნილთა საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად. ბევრ კოლექტიურ ცენტრს ჩაუტარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები და საკუთრებაში გადაეცა დევნილ ოჯახებს. ეს პროცესი დღესაც მიმდინარეობს და მანამდე გაგრძელდება, სანამ ყველა დევნილი ოჯახი არ დაკმაყოფილდება.

დადგენილია ლტოლვილის სტატუსის მქონე პირთა უფლებებიც:

◦ აირჩიონ საცხოვრებელი ადგილი და თავისუფლად გადაადგილდნენ საქართველოს ტერიტორიაზე;

◦ მიიღონ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ყოველთვიური შემწეობა;

◦ იმოგზაურონ სხვა ქვეყანებში, გარდა წარმოშობის ქვეყნისა და იმ ქვეყნისა, სადაც მისი და მისი ოჯახის წევრების ყოფნა უსაფრთხოდ არ მიიჩნევა;

◦ საქართველოს ყველა მოქალაქის მსგავსად ისარგებლონ სკოლამდელი და ზოგადი განათლების უფლებით, ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო და სხვა სოციალური პროგრამებით (გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა), აგრეთვე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით – პროფესიული და უმაღლესი განათლების უფლებით,

ამ ადამიანების გახსენებისას თვალწინ წარმოგვიდგება ჭუბერის უღელტეხილი, რომელიც სიკვდილის უღელტეხილის სახელით დარჩა საქართველოს ისტორიაში; როგორ მიაბიჯებს საკუთარი სამოსახლოდან აყრილი ხალხი, მოხუცები, ბავშვები თოვლსა და სიცივეში. ზოგმა მათგანმა, ომს გადარჩენილმა, სიცოცხლე აქ დაასრულა. რჩება მათი ოცნება მიტოვებულ სახლ-კარზე, რომლის აუხდენლობა მათ ტრაგიზმს ამძაფრებს, მათ სტატისტიკად, ციფრებად ქცეულ უბედურებას თითოეული მათგანის ცალკე ტრაგედიად განგვაცდევინებს, სამშობლოშივე უსამშობლოოდ გვტოვებს… ამიტომ ეს ოცნება, ადამიანებისა თუ ღვთის შეწევნით, უნდა ასრულდეს და ეს ტანჯვის გზა სიყვარულით უნდა დამთავრდეს. სხვაგვარად მას ბოლო არ ექნება.

სასწავლო პროცესი და სკოლის მართვა დისტანციურ რეჟიმში

0

ახალმა რეალობამ და  იძულებით, მთლიანად  დისტანციურ სწავლებაზე გადასვლამ, ცხადია,  ბევრი პრობლემა წარმოქმნა, თუმცა სხვადასხვა მიმართულებით  შესაძლებლობებიც გააჩინა. უპირველეს ყოვლისა, ფასდაუდებელია ის გამოცდილება, რაც პედაგოგებმა,  მოსწავლეებმა და მთლიანად სისტემამ მიიღო ამ პერიოდში ტექნოლოგიების გამოყენების, სწავლების ალტერნატიული ფორმების და მეთოდების შესახებ. ალბათ, წლები იქნებოდა საჭირო ტექნოლოგიების მიმართულებით იმ ცოდნის მისაღებად, რაც მასწავლებლებმა შეძლეს უმოკლეს პერიოდში. ბევრმა ახალი შესაძლებლობებიც კი აღმოაჩინა საკუთარ თავში. აღსანიშნავია, რომ დისტანციური სწავლების პროცესში მარტივია ტექნოლოგიების ჩართვა, პრეზენტაციების, სხვადასხვა აპლიკაციების გამოყენება და თვალსაჩინოებების მოსწავლეებისთვის ჩვენება/გაზიარება,  რაც ჩვეულებრივ საგაკვეთილო პროცესში ძალისხმევას მოითხოვს.

ტრადიციული  გაკვეთილი და  საკლასო ოთახი, გარდა სწავლა-სწავლების პროცესისა, თავის თავში მოიცავს სოციალურ  ელემენტებს,  ემოციების გაცვლას, ურთიერთობებს, თვალით  შესამჩნევ თუ   შეუმჩნეველ პროცესებს.  ეს ყველაფერი მოზარდებისთვის დამატებითი მამოტივირებელი   ფაქტორია და ამ ფაქტორის გადმოტანა ონლაინ სივრცეში ძალიან ძნელია.  შედეგად, მოსწავლეებისთვის ონლაინ გაკვეთილები ზოგჯერ დამღლელი და უინტერესო ხდება. ამის კომპენსირება, გარკვეულწილად, სხვადასხვა   ტექნოლოგიური შესაძლებლობით და გაკვეთილების კარგი დაგეგმვით  შეიძლება. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ონლაინ სწავლების  არსებული პლატფორმები არ არის საკმარისად დახვეწილი და ბოლომდე ვერ პასუხობენ  გამოწვევას, სწავლა-სწავლების პროცესში ჩართული ყველა მხარის საჭიროებებს (ალბათ, ეს პერიოდი იქნება ახალი შესაძლებლობა, რათა ამ მიმართულებითაც მოხდეს მნიშვნელოვანი ცვლილებები). მაგალითად, მასწავლებლებს უჭირთ საკლასო ოთახში მიმდინარე პროცესების მთლიანობაში აღქმა,  ამის გამო, მოსწავლეების ნაწილი ზოგჯერ ყურადღების მიღმაც კი რჩება. მასწავლებლების დიდი ნაწილი  კარგად იაზრებს და გაცილებით მეტ ენერგიას ხარჯავს გაკვეთილების მზადების პროცესში. მიუხედავად ამისა, ამ მიმართულებით ტრადიციულ გაკვეთილებთან შედარებით,  ჯერ კიდევ სერიოზული პრობლემებია.   ეს პრობლემა განსკუთრებით თვალსაჩინოა დაწყებით კლასებში, სადაც მასწავლებელი ჩვეულებრივ სიტუაციაში თითოეული მოსწავლის მდგომარეობას კარგად შეიცნობს.  მოსწავლეები მიჩვეულები არიან მასწავლებლებისგან  სხეულისა და ჟესტების ენას. მაღალია ემოციური კავშირი მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შორის და ამ დროს, მხოლოდ ხმით და შეზღუდული ვიზუალური  კავშირით, ცხადია, საკლასო ოთახის დანაკლისის სრული კომპენსაცია ვერ მოხდება. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ პირველ ეტაპზე წარმოშობილი პრობლემების შემდეგ, პატარებმა მაღალ კლასელებზე გაცილებით სწრაფად შეძლეს ახალ ვითარებასთან ადაპტაცია და  ამას ხელი შეუწყო მშობლების ჩართულობის გაზრდამ.   რაღაც ფორმით სკოლა შევიდა სახლებში და  მშობლები იქცნენ  გაკვეთილების  აქტიურ მონაწილეებად. მშობლების როლი და გავლენა, განსაკუთრებით დაწყებით კლასებში, სასწავლო პროცესში თვალსაჩინო გახდა.  ამას, რა თქმა უნდა, თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს. კერძოდ, მშობლებისთვის უფრო ცხადი გახდა  მასწავლებლების საქმიანობის  სირთულე და ამან  მასწავლებლის შრომის მეტად დაფასებას შეუწყო ხელი.  მშობლების მაღალი დაინტერესება საგაკვეთილო პროცესისადმი გადამდებია მოსწავლეებზეც. მასწავლებლები კი, თავის მხრივ,  კიდევ უფრო მეტი ყურადღებით არიან, რომ არ დარჩეს არცერთი მოსწავლე ყურადღების მიღმა.  ცხადია, მშობელთა ჩართულობის ამ ფორმას  ზოგჯერ უარყოფითი  მხარეებიც ახლავს. კერძოდ, ზოგიერთ მშობელს სურს, მხოლოდ მისი შვილი იყოს ყურადღების ცენტრში. ამ უჩვეულო სიტუაციაში მასწავლებელთა ნაწილმა არაკომფორტულად იგრძნო თავი და ეს დამატებით სტრესულ ფაქტორადაც კი იქცა.

სერიოზულ  პრობლემად ონლაინ  სწავლებისთვის მოსწავლეთა ქცევის მართვა,   პროცესის  დემოკრატიულად მართვა და  პასუხისმგებლობის განაწილება იქცა. თუ სოციალურ ქსელებს გადავავლებთ თვალს, მასწავლებლების დიდი ნაწილი დახმარებას  სწორედ  ამ მიმართულებით ითხოვს –   მოსწავლეებს არ ჰქონდეთ წვდომა კლასის მართვის  ინსტრუმენტებზე.  როგორიცაა: მიკროფონი, ეკრანის გაზიარება და  ზარის წამოწყების  ფუნქცია, შეხვედრის მონაწილის  გაძევების ფუნქცია და ასე შემდეგ.  მოსწავლეებში ახალი ქცევის  ჩამოყალიბებას და განმტკიცებას დრო სჭირდება და  ასეთ ფორსმაჟორულ სიტუაციაში ამის დრო ნამდვილად არ იყო.  ცხადია, მასწავლებლებს უნდა გავუგოთ, მაგრამ შორეულ პერსპექტივაში  მნიშვნელოვანია,  მოსწავლემ  გაინაწილოს პასუხისმგებლობა  ქცევისა და დისციპლინის მართვაზე. მოსწავლისთვის  საკუთარი მიკროფონის მართვაზე  უფლების წართმევა ძალიან წააგავს სიტუაციას, როცა  საკლასო ოთახში მოსწავლეს ,,პირი  უნდა აუკრათ”  იმ მოტივით, რომ მან  უადგილოდ არ დაიწყოს საუბარი და ხელი არ შეუშალოს სასწავლო პროცესს. შესაბამისად, მომავალში უნდა ვეცადოთ მოსწავლეებისთვის ზემოთ ჩამოთვლილი ფუნქციების  არა შეზღუდვას, არამედ, უნდა შევძლოთ კლასის მართვა  იმ  პირობებში,   როცა მოსწავლეებს  ეს ფუნქციები შეზღუდული არ  აქვთ.  თუმცა, საფიქრალია, რომ გარდამავალ ეტაპზე მასწავლებელს ჰქონდეს ამ ფუნქციების  მარტივად  მართვის შესაძლებლობა  და დროთა განმავლობაში უფრო ნაკლებად გამოიყენოს მოსწავლეთა მსგავსი შეზღუდვა.

ახალ რეალობაში განსხვავებულია  სკოლის მართვის პროცესიც.   რეალურ სივრცეში სკოლის ყველა პედაგოგმა,  დირექციის წევრმა იცოდა, სად, როდის, რომელ კლასებში ტარდებოდა გაკვეთილები, სასწავლო-საგაკვეთილო პროცესი იყო ხელშესახები.  დირექტორს შეეძლო დაენახა სასწავლო პროცესის მიმდინარეობა, როგორც მთლიანობაში, ასევე  კონკრეტულ საკლასო ოთახში.  დასვენებებზე მასწავლებლები  სამასწავლებლოში დღის განმავლობაში მიღებულ გამოცდილებას და ემოციებს  უცვლიდნენ ერთმანეთს.  საჭიროების შემთხვევაში განიხილავდნენ  კონკრეტული მოსწავლის პრობლემებს.  ეხმარებოდნენ და მხარდაჭერას  უცხადებდნენ ერთმანეთს.    ერთ მშვენიერ დღეს კი- ყველაფერი ეს, ერთი ხელის მოსმით,  გაქრა. მასწავლებლები სრულიად მარტო   აღმოჩნდნენ საკუთარ კლასთან. სკოლების ორგანიზაციული  მთლიანობა  საფრთხის წინაშე დადგა. ცალკეულ შემთხვევაში,  სკოლის დირექტორების ნაწილმა ამ გამოწვევას  იმით უპასუხა, რომ სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელი დაემატა თითოეულ ვირტუალურ კლასს. ზოგი უფრო შორს წავიდა და  კათედრის წარმომადგენლებიც  დაემატა ვირტუალურ კლასებს.  ამით   დირექტორებს მიეცათ საშუალება, დაენახათ ცალკეულ კლასებში მიმდინარე პროცესები  და საჭიროების შემთხვევაში დახმარებოდნენ მასწავლებლებს, რათა დროული   რეაგირება მოეხდინათ წარმოქმნილ პრობლემებზე.   ეს საკითხი შეიძლება  განსჯის საგანი იყოს,  მაგრამ მე ვფიქრობ, რომ  საკითხის ასეთი გადაწყვეტა სკოლას საშუალებას მისცემს, გამოიყენოს ორგანიზაციისთვის დამახასიათებელი ძლიერი მხარე და ერთობლივი ძალისხმევით  გაუმკლავდეს  გამოწვევებს.   ახალი რეალობა, პრობლემებთან ერთად, მრავალ შესაძლებლობას იძლევა. მინდა ამის შესახებ ჩემი გამოცდილებაც გაგიზიაროთ. მაგალითად: გაცილებით მარტივია მასწავლებლების ურთიერთმხარდაჭერა და თანამშრომლობა. კერძოდ,  შეგვიძლია ის მასწავლებლები, რომლებიც ტექნოლოგიებს კარგად   ფლობენ,  ვირტუალურ კლასებში დავაწყვილოთ იმ მასწავლებლებთან, რომლებსაც ამ მიმართულებით გარკვეული პრობლემები აქვთ.       სკოლა ერთიანი ორგანიზაციაა და  ახალ გამოწვევას უნდა უპასუხოს იმ ძლიერი მხარეებით, რაც ორგანიზაციას  გააჩნია. ესაა პრობლემებთან ერთად და თანამშრომლობით გამკლავება, პროცესების ანალიზი, მიზნებისა და  გეგმების ჩამოყალიბება, შედეგების გაანალიზება,  შესაბამისი ცვლილებების გეგმის დასახვა  და ინტერვენციების განხორცილება,  თანამშრომლების მოტივირება,  აღიარება და  მხარდაჭერა.  ახალი რეალობა უნდა გამოვიყენოთ როგორც შესაძლებლობა. სკოლა არ უნდა გახდეს გათითოკაცებული,  მიზნის და მისიის  არმქონე   ქაოსური წარმონაქმნი.   სკოლას შეუძლია,  კიდევ უფრო ეფექტიანი გახადოს მშობლების  ჩართულობა მათგან მიღებული უკუკავშირის მეშვეობით. ამისთვის, აქტიურად შეგვიძლია, გამოვიყენოთ  მშობლებთან ონლაინ შეხვედრები და  გამოკითხვის ელექტრონული ფორმები.  მოსწავლეების საჭიროებების  კვლევაც მარტივად  შეგვიძლია ელექტრონული კითხვარის მეშვეობით.

  • პროფესიული განვითარება

პროფესიული განვითარების შესაძლებლობები გაცილებით ფართოა ონლაინ სწავლების პირობებში. კერძოდ,  მარტივად შეიძლება მასწავლებლებმა ერთმანეთს გაუზიარონ გამოცდილება ვირტუალურ  მინი-კონფერენციებზე,  რომლის მოწყობაც ძალიან მარტივია პრეზენტატორის   მიერ ეკრანის გაზიარებით, ხოლო დანარჩენმა მასწავლებლებმა მოსწავლეების  როლში  იგრძნონ თავი და ამით უკეთ გაარკვიონ, რამდენად ხელსაყრელია ესა თუ ის მეთოდი, თუ ტექნოლოგიური გადაწყვეტა მოსწავლეებისთვის. მინდა ვთქვა, რომ ეს პრაქტიკა უკვე გამოვიყენე ჩვენს სკოლაში.   ონლაინ სწავლებაზე გადასვლისთანავე სკოლაში ყოველდღე 9 საათზე ვაკეთებდით სასწავლო დღის შეჯამებას.  ვუზიარებდით    პრობლემებს  და  ვსახავდით მათი გადაჭრის გზებს. მასწავლებლებს ხშირად ვუზიარებდი ეკრანს, რათა  მეჩვენებინა  ამა თუ იმ პრობლემის ტექნიკურად გადაწყვეტის გზები,  შეძენილ გამოცდილებას  აზიარებდნენ  მასწავლებლებიც. შემდეგ ვიფიქრეთ, ხომ არ აჯობებდა, ცალკე  დღე დაგვეთმო  კონკრეტული მასწავლებლის პრეზენტაციისთვის,  სადაც პედაგოგი  დანარჩენებს აჩვენებდა  მეთოდებს,   ტექნოლოგიურ საშუალებებს,   საიტებს, ბმულებს და  მასალებს, რასაც მიაგნო და წარმატებით იყენებს.    თავიდან მეგონა, რომ ამ პროცესში მხოლოდ მასწავლებლების ნაწილი მიიღებდა მონაწილეობას. თუმცა, თანდათან მთელი კოლექტივი ჩაერთო პროცესში.  როგორც აღმოჩნდა,  მასწავლებლები არასტანდარტულ სიტუაციაში  მეტ   შემოქმედებითობას  იჩენენ  და ბევრი სიახლე  გააცნეს კოლეგებს. მომავლში შესაძლებელია, დისტანციურად გავეცნოთ სხვა სკოლების და წარმატებული მასწავლებლების გამოცდილებას. პროფესიული განვითარების კუთხით  სხვა მრავალი შესაძლებლობა გაჩნდა. მაგალითად,

  • ელექტრონულ სივრცეში მარტივია გაკვეთილების ერთობლივი დაგეგმვის პროცესი, ურთიერთდასწრება, საკუთარი გაკვეთილის ჩანაწერის გაკეთება და მოგვიანებით ანალიზი დამოუკიდებლად, კოლეგასთან ან კათედრის წევრების წინაშე.
  • აქვე შესაძლებელია, ერთი მასწავლებლის მიერ შექმნილი დავალება თუ რესურსი გაზიარებული, გამოყენებული და ადაპტირებულ იქნას სხვა მასწავლებლების მიერ. შეიძლება შევქმნათ შეფასების რუბრიკების და ტესტების საზიარო ბანკი, არაფერს ვამბობ სასწავლო კურსებზე, რომლებსაც მასწავლებლები ქმნიან.
  • ვფიქრობ, ამ ეტაპზე, სკოლებისთვის მნიშვნელოვანი ამოცანაა რეალური სკოლის სტრუქტურის გადატანა ვირტუალურ სივრცეში.​  ამისთვის  ძალიან კარგი  საშუალებაა ვირტუალური კლასები.
  • ჩვენ შეგვიძლია, ვირტუალური კლასი შევქმნათ სკოლის ნებისმიერი საჭიროების რეალიზაციისთვის. მაგალითად: შევქმნათ ვირტუალური სამასწავლებლო, ვირტუალური კათედრები,  დამრიგებლების ვირტუალური კლასები.    ვირტუალური სამეურვეო საბჭო, ვირტუალური ბუღალტერია და ა. შ.
  • ვირტუალურ კლასებში შევქმნათ საზიარო საქაღალდეები,   საზიარო ფაილები, რომელზეც დისტანციურად ვიმუშავებთ  და იმავე სივრცეში გვექნება  დისტანციური კომუნიკაციის  საშუალება.      ვირტუალური კლასების მეშვეობით  ორგანიზაციის ხელმძღვანელს საშულება აქვს, გამოიყენოს ძალიან მოსახერხებელი  ინსტრუმენტები კომუნიკაციის,  ინფორმაციის შეგროვების,  მხარდაჭერისა და მონიტორინგის, პროფესიული განვითარებისთვის და დისტანციურ რეჟიმში   მუშაობის ორგანიზებისთვის.

აქ მნიშვნელოვანია სკოლის დირექტორის, როგორც ლიდერის როლი და უნდა აღინიშნოს, რომ სულაც არ არის აუცილებელი, სკოლის დირექტორი ძალიან კარგად ფლობდეს   ტექნოლოგიებს.  მთავარია, მან იცოდეს სისტემის შესაძლებლობები და სკოლის წინაშე მდგარი ამოცანები,  ხოლო ტექნიკურად შეიძლება დაეხმაროს ინფორმაციული ტექნოლოგიების მენეჯერი, რომელიმე მასწავლებელი ან მოსწავლე, რომელიც ტექნოლოგიებს კარგად ფლობს.  მთავარია, დირექტორმა სწორად დასვას ამოცანები. ჩემი აზრით, სკოლის დირექტორი იმავე სისტემას და ინტერფეისს უნდა იყენებდეს მასწავლებლებთან, რასაც მასწავლებლები იყენებენ სასწავლო პროცესში.

 ინფორმაციული ნაკადების მართვა სასკოლო სტანდარტების შემუშავება

ახალ სიტუაციაში  აგრეთვე მნიშვნელოვანია  ინფორმაციული ნაკადების მართვა. სკოლა, მასწავლებლები მრავალ ინფორმაციას იღებენ სხვადასხვა წყაროებიდან,  განსაკუთრებით სოციალური ქსელებიდან ეცნობიან რეკომენდაციებს  თუ მითითებებს. ზოგჯერ მოძველებული ინფორმაცია,    საკანონმდებლო აქტი  ვრცელდება როგორც ახალი და აქტუალური.  ბუნებრივია, ყველა ადამიანი რეკომენდაციებსა და მითითებებს განსხვავებულად იღებს  ან განსხვავებულ ინტერპრეტაციას უკეთებს. აქაც მნიშვნელოვანია:

  • სკოლამ ამა თუ იმ საკითხთან მიმართებაში, ფართო კონსესუსის საფუძველზე დაალაგოს,   გაფილტროს და შეიმუშაოს  საერთო პოზიცია .  გარდა ამისა, ბევრი მიმართულებით არ არსებობს სტანდარტები.
  • მაგალითად: რა რაოდენობის და ხანგრძლივობის  ონლაინ ჩართვები გვქონდეს? რა ტიპის დავალებები მივცეთ? როგორ გამოვიყენოთ ოპტიმალურად ელექტრონულ სივრცეში არსებული რესურსები? იგივე ტელესკოლის ბმულები და ასე შემდეგ. აქაც მნიშვნელოვანი იქნება საერთო პოზიციების შეჯერება, სკოლის  მინიმალური სტანდარტების შემუშავება.   ცხადია, ეს არ უნდა მოხდეს   მასწავლებლების შემოქმედებითი თავისუფლების შეზღუდვის ხარჯზე.

ორგანიზაციული მხარეების მოგვარება

ელექტრონული აღრიცხვის ჟურნალი,  გაკვეთილების ელექტრონული განრიგი, ელექტრონული კალენდარი  და სხვა,  ერთი მხივ, სკოლაში მიმდინარე პროცესების ორგანიზებაში და  მართვაში, ასევე,  მტკიცებულებებზე დაყრდნობით გადაწყვეტილებების მიღებაში გვეხმარება. მეორე მხრივ, გაკვეთილები მოსწავლეთა წარმოდგენებში ტრადიციული გაკვეთილების ისეთ ატრიბუტებთანაც  ასოცირდება, რომლებსაც   მოსწავლეები მიჩვეული იყვნენ აქამდე.

სავარაუდოდ,    ბევრი სიახლე, რაც ამ ფორსმაჟორულ სიტუაციაში  იქნა გამოყენებული,  სასარგებლო იქნება. არ დაიკარგება ის ცოდნა და გამოცდილება, რომელიც სასკოლო საზოგადოების ყველა წევრმა დააგროვა ამ სიტუაციაში.  ეს საშუალებას მისცემს მასწავლებლებს, მომავალში უფრო ეფექტიანად გამოიყენონ ელექტრონული ინსტრუმენტები. მაგალითად, დავალებების დიდი ნაწილი მოსწავლეებს  ელექტრონულ ფორმატში მისცენ. ტრადიციულ გაკვეთილებთან ერთად,  ხშირად გამოიყენონ  დისტანციური  ჩართვები, უკვე შექმნილი რესურსები და ელექტრონული კურსები.  ხშირი იქნება, ალბათ, მასწავლებლების დისტანციური შეხვედრები, ვებინარები და კონფერენციები. მთავარია, შევინარჩუნოთ, უზრუნველვყოთ    ამ ახალი რეალობით მიღებული შედეგების  მდგრადობა.

 

სტატია მომზადებულია ახალი საგანმანათლებლო პროექტის “iსკოლა”-ს  ფარგლებში.

 

 

 

 

 

 

 

 

როგორ დავიწყოთ დისტანციური სწავლება საბავშვო ბაღში

0

თითქმის ორი თვე გავიდა, რაც კორონავირუსთან ბრძოლის პარალელურად სწავლის პროცესი შეწყდა ადრეულ და სკოლამდელ საგანმანათლებლო დაწესებულებებში. აღმზრდელების როლი, ავად თუ კარგად, მშობლებმა შეითავსეს.

მიუხედავად იმისა, რომ საბავშვო ბაღის დასრულების შემდეგ, სწავლის მომდევნო ეტაპზე გადასასვლელად არ ხდება მოსწავლეების ტესტირება, ადრეული განათლების უწყვეტობა უმნიშვნელოვანესია აღსაზრდელების მრავალმხრივი განვითარებისთვის. სწორედ ამ პერიოდმა გამოკვეთა ცალკეული, კერძო თუ საჯარო საბავშვო ბაღების ლიდერთა როლი მათ მიერ ადმინისტრირებული დაწესებულების თანამედროვე გამოწვევებზე ადაპტირებისა და სწრაფად ცვალებადი სიტუაციების მართვის საკითხში. ამ სტატიაში თავმოყრილია ინფორმაცია, რაც საბავშვო ბაღის დირექტორებსა და აღმზრდელებს სასწავლო პროცესის ელექტრონულ სივრცეში გადატანაში დაეხმარება.
რას ნიშნავს დისტანციური სწავლება?

დისტანციური სწავლება ან ონლაინ სწავლება ხდება მაშინ, როდესაც საკლასო ოთახში ფიზიკურად არ იმყოფებით, არ გაქვთ ფიზიკური კონტაქტი აღსაზრდელებთან, მაგრამ გაქვთ ონლაინ რესურსებზე ხელმისაწვდომობა. აღსაზრდელების მშობელთა უმეტესობა დღეს დისტანციურად მუშაობს. ადრეული და სკოლამდელი დაწესებულებებისთვის ონლაინ სწავლება ახალი გამოწვევაა, თუმცა ამის ორგანიზება არ არის რთული.

 

როგორ მივაღწიოთ შედეგს დისტანციური სწავლებისას?

პირველი – რაც უნდა გავაკეთოთ, არის სამუშაო გარემოს ორგანიზება. აღმზრდელის სამუშაო გარემო აქამდე იყო საკლასო ოთახში. სამუშაო კუთხის მოწყობა დაგეხმარებათ მობილიზებაში. მოახდინეთ უკვე კარგად ნაჩვევ საქმეზე ფოკუსირება და დაისახეთ კონკრეტულ დღეს აღსაზრდელებთან მისაღწევი მიზნები.

მეორე –  თუ ოთახში აურზაურის საფრთხეა, დარწმუნდით, რომ ვიდეოს მსვლელობისას მარტო იქნებით და არავინ შეგიშლით ხელს.
მესამე –  გამოიყენეთ  დღის ბუნებრივი განათება. შეიძლება, რომელიმე ვიდეოს ჩაწერას დაესწრონ თქვენი აღსაზრდელები, მათ უნდა შეეძლოთ თქვენი სახის გარკვევით დანახვა. დამატებით ხელოვნურმა განათებამ შეიძლება არასასურველი ჩრდილები შექმნას.

 

მეოთხე – ყოველი შეხვედრისთვის  წინასწარ მოემზადეთ. დაისახეთ გეგმა და ვიდეო ზარს   პასუხისმგებლობით მოეკიდეთ. მაგალითად, შეიძლება დაგჭირდეთ, მშობლებს აჩვენოთ რომელიმე აქტივობა, რომელიც ბავშვებთან ერთად უნდა განახორციელონ, ამისთვის წინასწარ მოამზადეთ რესურსები, რათა მათ მოსაძიებლად ოთახიდან გასვლა არ დაგჭირდეთ. რა თქმა უნდა, არავის აქვს მოლოდინი, რომ იდეალურად ჩაივლის ყველაფერი, მაგრამ კარგი იქნება, თუ ონლაინ სწავლების პროცესის შეფერხებას მინიმუმამდე შეამცირებთ. მშობლებთან საუბარი შეიძლება, სახალისოდაც წარმართოთ, თუმცა ეს არ უნდა გასცდეს შეხვედრის მიზნებს.
მეხუთე –  შეარჩიეთ და წინასწარ მოსინჯეთ ელექტრონული პლატფორმა. სთხოვეთ ოჯახის წევრს ან თქვენს რომელიმე მეგობარს მოგეხმაროთ პროგრამის ათვისებასა და გამოყენებაში. დარწმუნდით, რომ თქვენი სახე ვიდეო კამერაში კარგად ჩანს, ინტერნეტი კარგად მუშაობს და გამართულია მიკროფონი.

 

მეექვსე – თუ ეს არის სამუშაო ჩართვა ბაღის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან, თქვენს კოლეგებთან წინასწარ შეათანხმეთ შეხვედრის მათთვის სასურველი თარიღი და დრო. შეხვედრის დაწყებამდე გააგზავნეთ შეხსენების შეტყობინებები, შეიმუშავეთ ელექტრონული სწავლების სილაბუსი და ერთად შეთანხმდით დისტანციური მუშაობის ბაზისურ წესებზე. მშობლებთან დარეკვისას, ასევე დაგჭირდებათ საინფორმაციო წერილის გაგზავნა ვიდეო შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე და შეხსენებითი შეტყობინების გაგზავნა ყოველი შეხვედრის დაწყებამდე 30 წუთით ადრე.

 

რომელი ელექტრონული პლატფორმა შეიძლება გამოვიყენო?

zoom.us

– უფასო შეთავაზება, თითოეული ლექციისთვის 40 წუთი;

– შეგიძლიათ, შექმნათ დახურული ჯგუფი;

– ვიდეო ჩართვის ბმული შეგიძლიათ, მშობლებს შეტყობინების სახით  გაუგზავნოთ;

– ჯგუფის წევრების რაოდენობა არ არის განსაზღვრული;

– კომპიუტერსა და ტელეფონზე ინსტალაცია მარტივია;

– ადვილად ასათვისებელი.
web.skype.com

– უფასო;

– კომპიუტერსა და ტელეფონზე ინსტალაცია მარტივია;

– ადვილად ასათვისებელი;

– სწრაფი შეტყობინებების, ფოტოების და ვიდეოების გასაგზავნად კარგი რესურსია;

– მსმენელთა მაქსიმალური რაოდენობა 50.
facebook group call

– უფასო;

– მარტივი;

– ვინაიდან, ელ. ფოსტაზე წვდომა ნაკლებად შეიძლება ჰქონდეთ აღმზრდელების და მშობლების უმრავლესობას, ფეისბუქ ჯგუფის მეშვეობით, შესაძლოა, გამარტივდეს ერთმანეთთან დაკავშირება;

– მსმენელთა შეზღუდული რაოდენობა.
მარტივი და უფასო რესურსები, რომლებიც უმოკლეს ვადებში იქნება ხელმისაწვდომი
1 – Messenger Rooms

ვინაიდან, ფეისბუქ ჯგუფში დარეკვისას, მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია, ახლა მესენჯერ ოთახი შესაძლებლობას იძლევა, იმუშაოთ zoom-ის მსგავსად, ბევრად დიდ ელექტრონულ კლასში.

 

2 – meet.google.com

თუ აქამდე გუგლის რესურსი იყო ფასიანი, მალე შეძლებთ უფასო პრემიუმ პაკეტის გამოყენებას.

 

როგორი შეიძლება იყოს ელექტრონული სწავლების სილაბუსი?

როგორც გითხარით, საჯარო თუ კერძო ბაღების ნაწილმა დისტანციურ სწავლებაში ნაბიჯების გადადგმა დაიწყეს. სოციალურ ქსელებში მათ მიერ განთავსებულ შეტყობინებებს თუ დავაკვირდებით, ვნახავთ, რომ აღმზრდელები ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ პროგრამას მიჰყვებიან და ეს, ალბათ, ყველაზე სწორი გადაწყვეტილებაა. საკლასო ოთახში მუშაობისგან განსხვავებით, დისტანციურად დაგეგმილი აქტივობების ხანგრძლივობა ბევრად ნაკლები ხანგრძლივობისაა. შესაძლოა, დღის განმავლობაში ჩაატაროთ ერთი ან ორი 40-40 წუთიანი სესია. პატარები რომ არ გადაიღალონ და ეკრანს არ მიეჯაჭვონ, სესიებს შორის შესვენება უფრო ხანგრძლივი უნდა იყოს.

 

დაეხმარეთ ოჯახებს

გახსოვდეთ, ვიდეო შეხვედრების მთავარი მიზანი მშობლებისთვის თქვენი ცოდნის გაზიარებაა. ახლა ისინი თქვენს ფუნქციებს ითავსებენ, ამ მხრივ, დახმარება ძალიან სჭირდებათ. გაუზიარეთ გრაფიკი, რომლითაც ბაღში სარგებლობდით. დღის რა მონაკვეთში იღებდნენ საკვებს, როდის იყვნენ დაკავებული ფიზიკური აქტივობით თუ დასვენებით. კარგი იქნება, თუ მშობლები შეეცდებიან და ბაღის რუტინის მსგავს პროცესს სახლში გადაიტანენ. რა თქმა უნდა, ძალიან რთულია, ზუსტად იმავე რიტმით გააგრძელონ ბავშვებთან ურთიერთობა, მაგრამ პატარებს სჭირდებათ დისციპლინა, რომელიც ბაღში არც თუ ისე ადვილად გამოუმუშავდათ.

სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილების მიხედვით, ბაღის დირექტორების ნაწილი მშობლებთან საკონსულტაციო შეხვედრებს ატარებს გვიან საღამოს, როცა ბავშვებს სძინავთ. ამ ტიპის შეხვედრა შეიძლება, ჩაატაროთ კვირაში ორჯერ ან ერთხელ იმისთვის, რომ მშობლებისგან მოისმინოთ უკუკავშირი, სთხოვოთ, აღსაზრდელების მიერ შესრულებულ ნამუშევრებს გადაუღონ ფოტო და გამოგიგზავნონ. დაინტერესდით ელექტრონული სწავლების შემდგომ, ბავშვების მიერ გამოვლენილი დამოკიდებულებებით, იქნებ რომელიმეს კონკრეტული დავალების შესრულება გაუჭირდა და ეს შორიდან ვერ შენიშნეთ?

 

ცოტა რამ ვიდეოების გაზიარების ეთიკურობაზე

ბოლო დროს სოციალურ ქსელში გამოჩნდა საბავშვო ბაღის აღსაზრდელების ვიდეოები, რომლებიც ასრულებენ მასწავლებლების დავალებას ან ერთვებიან მათ მიერ შესრულებულ აქტივობებში. ამან საბავშვო ბაღებს თითქოს კედლები ჩამოხსნა და შიგნით მიმდინარე პროცესებზე დაკვირვების შესაძლებლობა მოგვცა იმ ადამიანებს, რომლებიც ამ სივრცის წევრები არ ვართ. ამ დროს, ჩვეულ სასწავლო პერიოდში საჯარო ბაღში უცხო ადამიანების შესვლა არც თუ ისე მარტივია. კარგი იქნება, თუ გაეცნობით მეგი კავთუაშვილის სტატიას “გამჭვირვალე ბავშვობის საფრთხეები”, რომელშიც ავტორი კარგად აღწერს ბავშვის პირადი ცხოვრების უფლების დარღვევისა და პერსონალური მონაცემების გასაჯაროების რისკებს.

 

ელექტრონული რესურსები, რომლებიც სასწავლო კომპონენტის შევსებაში დაგვეხმარება
გაეროს ბავშვთა ფონდისა და მასწავლებლის სახლის ფეისბუქ გვერდებზე გაჩნდა რეკომენდაციები, ვებინარები და სახალისო ინსტრუქციები ადრეული და სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის აქტივობების დასაგეგმად. სურვილის შემთხვევაში მიჰყევით ბმულებს და გამოიწერეთ სიახლეები:

 

 

დისტანციური სწავლების პრიორიტეტული მიზანი

0

„პირველი ინგლისური გვაქვს, 9 საათზე. გვიანობამდე ფილმს ვუყურებდი და მაღვიძარას ზარზე ძლივს გამოვფხიზლდი, პირის დაბანაც ვერ მოვასწარი, ჰუდის კაპიუშონი წამოვიფარე და ისე დავჯექი. აუ, მის ნათია კი, ნახე, რა გამოპრანჭული დაგვხვდა – მაკიაჟით, თეთრი პერანგითა და პიჯაკით. დავიმალე, მაგრად შემრცხვა, მგონი, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელიც კი ეცვა, ჩვენ კი ყველას ნახევრად გვეძინა. სამაგიეროდ, მეორე გაკვეთილზე სოსო მასწავლებელიც აშკარად ახალგაღვიძებული იყო, სპორტული ეცვა და თმაც არ ჰქონდა დავარცხნილი…“ – მესმის, როგორ არჩევენ ბავშვები გაკვეთილების ამბებს.

დისტანციური სწავლება, რომლის საჭიროებაზე საუბარი უკვე კარგა ხანია დაწყებულია, განათლების სფეროში ჩართულთა უმრავლესობას შორეულ ან მიუღწეველ პერსპექტივად ესახებოდა და უცებ კორონამ სიტუაცია გადაალაგა. სწავლების ამ ფორმის საჭიროებას ყველამ თვალებში ჩავხედეთ, უფრო სწორად, ამ საჭიროებამ გაგვიყარა თვალი თვალში. მოგვიწია, უარი გვეთქვა სიახლისთვის მომზადების ფუფუნებაზე – განათლების სისტემამ ექსტრემალურ სიტუაციაში სწრაფი მოქმედება დაიწყო, ინდივიდებმა კი – ხელების ქნევა, რომ ამ მდინარეში გაეცურათ. გამოჩნდა მაშველი რგოლებიც თანამშრომლობის, წინარე გამოცდილების (ისტ-ის ტრენინგები, ახალი სკოლის მოდელი) გააქტიურების, ვიდეოსწავლებების სახით. ამ ჭიდილში პროცესი დაიძრა.

დისტანციური სწავლების ფორმატი მთლიანად ვერ ჩაანაცვლებს სწავლა-სწავლების სასკოლო ფორმატს – ეს მართებულად არის აღნიშნული პირველად რეკომენდაციებში, რომლებიც უწყებამ დისტანციური სწავლებისთვის შეიმუშავა.

რა სეგმენტს ჩაანაცვლებს, რა დოზით, რა რესურსების გააქტიურებაა შესაძლებელი, რა გამიადვილდება და რა გამიჭირდება, შედეგად რას მივიღებ, მომავალში როგორ გამოვიყენებ? – აი, კითხვები, რომლებზეც ფიქრობს განათლების სფეროსთან დაკავშირებული ყველა სუბიექტი.

დღევანდელ დისტანციურ სწავლებაში აუცილებლად დგება პრიორიტეტების გამოკვეთის საკითხი. რეალურად, მთავარი ფსიქოლოგიური ფაქტორია, ხოლო საგანმანათლებლო მომდევნო დონეზე გადაინაცვლებს.

ფრაზა „სკოლა – თემის ცენტრი“ ხშირად ტრაფარეტულიც მოგვჩვენებია, მაგრამ ამ შემთხვევაში მას ძალიან კონკრეტული შინაარსი აქვს. პანდემიით შეშფოთებული მშობლებისთვის, რომლებსაც ერთდროულად დაატყდათ თავს ვირუსი, უმუშევრობა, გაუმძაფრდათ ხვალინდელი დღის შიში, შესაძლოა არ ჰყოფნიდეთ ცოდნა ან ძალისხმევა, რომ პირადადაც გაუმკლავდნენ ყველაფერს და შინ დარჩენილ ბავშვებსაც აუხსნან, შიში შეუმსუბუქონ, იმედი გაუღვივონ. სკოლა ამ ფუნქციასაც ითავსებს და ხშირად ემოციების მართვის თვალსაზრისით მშობლებისთვისაც მაორგანიზებელი ფაქტორი ხდება. სკოლა აგებს ონლაინურთიერთობებს მოსწავლეებთან, მშობლებთან, რომ სოციალური დისტანცირების ფენომენი ფიზიკური დისტანცირებით ჩაანაცვლოს და ვირტუალურ საკლასო ოთახში სოციალური ურთიერთობები შეძლებისდაგვარად გადაარჩინოს, განავითაროს. ამ პროცესს რა ხარვეზიც უნდა ახლდეს, ის თავის საქმეს, ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, მაინც ასრულებს და ჩაკეტილობის თანამდევ პრობლემებს თუ ვერ აგვარებს, ამსუბუქებს მაინც. ბავშვისთვის, მასწავლებლისთვის, მშობლისთვის ყოველ დღეს თავისი მიზანი აქვს. უფრო მეტიც – სწორი მიდგომისა და შესაბამისი რესურსების პირობებში ისინი ახალ უნარებს იძენენ და ივითარებენ. ჩნდება თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები. მაგალითად, მის ნათია, ინგლისურთან ერთად, მოსწავლეებს ორგანიზებულობას, პასუხისმგებლობას, ეტიკეტის პატივისცემასაც ასწავლის – უსიტყვოდ და შთამბეჭდავად.

გადარჩენილი სოციალური ურთიერთობების მნიშვნელოვნების დასტურია იმ ბავშვებისა და ოჯახების განწყობაც, რომლებიც რაიმე მიზეზით დისტანციურ სწავლებაში ვერ მონაწილეობენ. ეს ბავშვები ინტერნეტის ან ხელსაწყოების უქონლობის გამო ვერ ახერხებენ დისტანციური სწავლების პროცესში ჩართვას. ესენი უმეტესად სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვები არიან და მათ უფრო უმძაფრდებათ გარიყულობის განცდა.

გულისტკივილის გარეშე ვერ წაიკითხავ მშობლის წერილს, რომელიც ერთ-ერთმა დაწყებითის მასწავლებელმა გაგვიზიარა:

„გამარჯობა, … მასწავლებელო. ალბათ იცით, რომ ინტერნეტის გამო ბავშვი უსწავლელი მრჩება. ვერსად გავდივარ, ვერ ვმუშაობ და იქნებ თქვენ მიმართოთ განათლების სამნისტროს, დაგვეხმაროს როგორმე ინტერნეტი ჩაგვირთონ, რომ ბავშვი არ ჩამორჩეს. ტელეფონში ყოველდღე ვერ ვრიცხავ და ვერც სხვას ვაწუხებ. ტელეფონით გამოგზავნილ დავალებებს კი ასრულებს, მაგრამ ძალიან განიცდის, რომ ვერ გერთვებათ და სულ მოწყენილია. სოციალურად დაუცველები ვართ და, წესით, უნდა გვეხმარებოდნენ“.

განათლების სამინისტრო ამ პრობლემას ვერ მოაგვარებს და საპირწონედ ტელესკოლას დაასახელებს, მაგრამ ძნელია, პირველკლასელს აუხსნა, რატომ არ შეუძლია ყოფნა თავის მასწავლებელსა და თანაკლასელებთან ერთად. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ბავშვს სწორედ მიკუთვნებულობის განცდა სჭირდება და ამშვიდებს. სტატისტიკა ოჯახური ძალადობის ფაქტების მატებაზეც მეტყველებს. ოჯახური ძალადობის პირდაპირი თუ ირიბი მსხვერპლები უმეტესად სწორედ ბავშვები არიან. მათთვის სკოლა ერთგვარი თავშესაფარია. არ გაგვიჭირდება წარმოდგენა, დღეს რა მდგომარეობაში იქნებიან ასეთი ბავშვები, თუ მათ დისტანციურ სწავლებაში ჩართვის საშუალებაც არ მიეცათ. ამიტომაც დისტანციური სწავლების პრიორიტეტად ამ ეტაპზე სწორედ ფსიქოლოგიური მხარდაჭერა გვესახება.

რეკომენდაციების მიხედვით, ონლაინშეხვედრების სასწავლო მიზანი აქამდე მიღწეული შედეგების განმტკიცება, სწავლების პროცესისთვის აუცილებელი უნარების გადარჩენა, მოსწავლე-მასწავლებელს შორის საერთო ენის შენარჩუნებაა და თუ ამ ყველაფრის პარალელურად მასწავლებელმა საგნის სწავლების დაგეგმილ გზაზე მოსწავლეთა წინსვლაც უზრუნველყო, შეგვეძლება ვთქვათ, რომ ის სათანადოდ ართმევს თავს ახალ გამოწვევას.

მომდევნო ნაბიჯი ამ გამოცდილებიდან დასკვნების გამოტანა, ახალი უნარების განვითარება და სწავლა-სწავლებაში მათი ეფექტური გამოყენება იქნება.

გარდამავალ ასაკში მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინება, გაკვეთილზე მათი ჩართულობისათვის

0

გარდამავალ ასაკში მოსწავლეთა აქტიური ჩართულობა საგაკვეთილო პროცესში და მათი დაინტერესება სხვადასხვა თემით მასწავლებლის ერთ-ერთი უპირველესი გამოწვევაა.

12-14 წლის ასაკში მოსწავლეებს ეცვლებათ ინტერესთა სფერო, უჩნდებათ სხვადასხვა გატაცება, ხდებიან მიმბაძველი. მათ ყოველდღიურ რუტინაში თავის როლს ასრულებს თანამედროვე ტექნოლოგიები და ინტერნეტ-თამაშები – ეს ყოველივე კი აფერხებს მოზარდის როგორც პიროვნულ, ასევე აკადემიურ წარმატებას გარკვეულწილად.

დავსვათ პრობლემური შეკითხვა: როგორ დავაინტერესოთ ქართული, როგორც მეორე ენის გაკვეთილებით მოსწავლე, რომელიც ბოლო მერხზე ზის და გამუდმებით საათის ციფერბლატს გაჰყურებს?!

(სტატიაში განვიხილავ მოსწავლეთა  ჯგუფს/მოსწავლეს, რომელიც დაწყებით საფეხურზე V – VI კლასებში აქტიურობით, მონდომებით, ნოვატორობით გამოირჩეოდა).

თუმცა:

დგება პერიოდი და საბაზო საფეხურზე მასწავლებელს სთხოვს, უკანა მერხზე გადაჯდომას, არც დაბალ შეფასებაზე აქვს პრობლემა/რეაქცია, მისთვის გაუფერულებულია ინტერესი საგნის მიმართ. სწორედ აქედან იწყება, ის – რაც განაპირობებს შემდგომში მოსწავლის პიროვნულ რეგრესს, დაბალ აკადემიურ მოსწრებას, სოციალურ შებოჭილობას.

რაში მდგომარეობს მასწავლებლის როლი?!

უპირველეს ყოვლისა მასწავლებელმა უნდა გამოარკვიოს პრობლემა. (აქვს თუ არა მოსწავლეს ოჯახში, სოციუმში პრობლემა, კერძოდ, რა იწვევს მის ამგვარ ქცევას, ინტერესის ნაკლებობას, ხასიათის ცვლილებას). შემდგომ ეცადოს მოსწავლეს განუმტკიცოს თვითშეფასება. თავდაპირველად შესთავაზოს ისეთი აქტივობები, რომლებსაც მოსწავლე წარმატებით გაართმევს თავს და მისცეს პოზიტიური უკუკავშირი. ამის შემდეგ მასწავლებელმა მოსწავლეს უნდა მისცეს საშუალება, დაგეგმოს ექსკურსია, გაუღვივოს ლიდერობის განცდა, რათა ნელ-ნელა სწავლისა და საგნის  მიმართ ინდეფერენტულობა იქნეს დაძლეული და მოსწავლეს პასუხისმგებლობის გრძნობა გაუჩნდეს. ამასთანავე ჩართოს არაფორმალურ აქტივობებში (წრე, კლუბი, პროექტი).

პრაქტიკის გაზიარება

დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, რომ კარგი გაკვეთილის წარმართვისთვის სულაც არაა საჭირო საკლასო ოთახი და ფორმალური გარემო. შესაძლებელია ასე მოულოდნელად მასწავლებელმა დატოვოს სამუშაო მაგიდა, გავიდეს საკლასო ოთახიდან და გაიყვანოს მთელი კლასი სკოლის ეზოში. მახსენდება: ნოვრუზ ბაირამი, როცა ოთხი სამშაბათი სკოლის ეზოში გავდიოდით (გავდივართ) და იქ ვატარებდით ქართულის გაკვეთილებს. მოსწავლეები საუბრობდნენ ნოვრუზზე, როგორც ბუნების გაღვიძების დღესასწაულზე, ხსნიდნენ თუ რა დატვირთვა აქვს 1-ელ, მე-2, მე-3 და მე-4 სამშაბათს, რომელ სტიქიას გამოხატავს თითოეული მათგანი. რა იდება სადღესასწაულო სუფრაზე, როგორ აგდებენ ქუდს უჩუმრად მეზობლის სახლში, რათა ტკბილეულობით შეუვსონ და სხვ.  ყველაზე დასამახსოვრებელი მე-3 სამშაბათი გამოდგება ხოლმე, ცეცხლის სტიქია და კოცონის დანთება ნიშნავს იმას, რომ ფანჯრებიდან 1000 გაბრწყინებული თვალი გვიყურებს, ჩვენ კი ვაგრძელებთ ქართულად საუბარს ნოვრუზზე, როგორც გაზაფხულის დღესასწაულზე.

ამგვარი აქტივობები კლასის თითოეულ მოსწავლეს (განურჩევლად აკადემიური მოსწრებისა) ააქტიურებს, ზოგი სკოლის ეზოში გამხმარ ბალახს აგროვებს, ზოგი ტოტებს, ზოგს წყალი მოაქვს – თამაში ხელს უწყობს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას და რაც მთავარია, ყველა დაკავებულია – ყოველი მათგანი საუბრობს, ჰყვება, მსჯელობს, ისმენს – ეს კი ქართულის, როგორც მეორე ენის შესწავლის პროცესში უმნიშვნელოვანესია.

მოსწავლეთა დაინტერესებასა და საგნის/პედაგოგის მიმართ პოზიტიურ დამოკიდებულებას ყველაზე მეტად მათი ინტერესების გათვალისწინება განაპირობებს. ცხადია, მასწავლებლები საგაკვეთილო პროცესში ვითვალისწინებთ მოსწავლეთა საჭიროებებს, შესაძლებლობებს, თუმცა არის შემთხვევები, როცა მოსწავლეთა ინტერესს უგულებელვყოფთ კიდეც.

დავსვათ შეკითხვა: როგორ ვუბიძგოთ მოსწავლეს შემაჯამებელი ტესტის გულდასმით შესრულებისკენ?! როგორ გავუღვივოთ მოსწავლეს საკლასო სამუშაოს შესრულების ინტერესი?! და გავხადოთ ის მობილიზებული გაკვეთილის დაწყებისთანავე?!

გარდამავალი ასაკის მოსწავლეები, როგორც ზემოთ აღვნიშნე საბაზო საფეხურზე საგნის მიმართ ინტერესს კარგავენ და პედაგოგს უჭირს მათი ყურადღების კონცენტრირება. მაშ, რა შეგვიძლია მასწავლებლებს?!

მაგალითად, მე, ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელს, როცა მსურს მოსწავლეები ვამუშაო ლექსიკაზე – ახალ სიტყვებს მათ ყველაზე დიდ გატაცებას ვუკავშირებ…

ანუ:

  • დიდ ეკრანზე წინასწარ ვამზადებ საფეხბურთო მოედანს, მოსწავლეების ფავორიტი გუნდის ემბლემებით – წარმოგიდგენიათ?! თითოეული მოსწავლის გაბრწყინებული თვალები და რაც მთავარია, სიხარულით მიღწეული შედეგი, როცა მოსწავლე, სულ უკანა მერხიდან იწევს ხელს:

– მას!

– მე გამოვალ, მას…

– ახლა მე, მას…

  • შემაჯამებელ ტესტებს მოსწავლეთა „გატაცებებზე“ ვბეჭდავ – მაგალითად: ყურსასმენები, მას ვისაც მუსიკა უყვარს… Iphone & Samsung სმარტფონების კონტურზე, მოსწავლეებს ვთხოვ, შეავსონ კროსვორდი და სხვ. ამდაგვარი ილუსტრაციებით ვცდილობ მასალა დავაშენო მათ გატაცებებზე.

მოსწავლეებს მასწავლებლის ამგვარი დამოკიდებულება პოზიტიურად განაწყობთ. მეტი ინტერესით, პასუხისმგებლობით ეკიდებიან დავალებას, რაც მათ შედეგებს გაცილებით აუმჯობესებს.

დასკვნის სახით შემიძლია ვთქვა, რომ თუ მასწავლებელი (მით უმეტეს) გარდამავალ ასაკში ასახსნელ/განსამტკიცებელი მასალის გადმოცემისას გაითვალისწინებს მოსწავლეთა ინტერესებს, მოსწავლეები უფრო მობილიზებული და ყურადღებიანი იქნებიან, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეთა პიროვნულ განვითარებასა და აკადემიურ წინსვლას, და დასახულ მიზანიც მეტი წარმატებით მიიღწევა.

 

 

 

მასწავლებლის სახლის ახალი პროექტი – “E-მასწავლებლის სახლი” – მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციის დისტანციური პროფესიული განვითარებისთვის  

0

ჟურნალ „მასწავლებელს“ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი ბერიკა შუკაკიძე ცენტრის ამჟამინდელ და სამომავლო საქმიანობაზე ესაუბრა.

 

ბატონო ბერიკა, გლობალური პრობლემის ფონზე მთელი მსოფლიოს მასწავლებლებისთვის და, მათ შორის, ცხადია, ქართველი მასწავლებლისთვისაც მოულოდნელ, მაგრამ საინტერესო გამოწვევად იქცა დისტანციური სწავლება. ჩვენმა მასწავლებლებმა საოცარი ორგანიზებულობა გამოიჩინეს, სახელმწიფო ინსტიტუტების წინადადებისთანავე, მათი მხარდაჭერით, მეყსეულად აამოქმედეს სოციალური ქსელები და მასობრივად დაიწყეს ცოდნის ტირაჟირება. პანდემიის დაწყების შემდეგ მასწავლებელთა ტექნიკური უნარები და სხვადასხვა ტექნოლოგიური პროგრამის არაფორმალურად ათვისების ინტენსივობა და სისწრაფე წარმოუდგენლად გაიზარდა. როგორ დახვდა მასწავლებლის სახლი ამ პროცესს და რა შესთავაზა ამ კრიტიკულ ვითარებაში მასწავლებლებს?

საქართველოს მთავრობის „დარჩი სახლში“ მოწოდებისთანავე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელობამ მიიღო სწრაფი და, როგორც განვლილი თვე აჩვენებს, ეფექტიანი გადაწყვეტილება: სკოლამდელი განათლების დაწესებულებების, სკოლებისა და პროფესიული სასწავლებლების მასწავლებლებისა და ადმინისტრატორებისთვის ცენტრის თანამშრომლებს ვებინარები და სადისკუსიო შეხვედრები მოემზადებინათ.

ეს გადაწყვეტილება საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია, გავიაზროთ ამ ვებინარების მიზნობრიობა, მნიშვნელოვნება და განსხვავება პროფესიული განვითარების იმ სერვისებისგან, რომლებსაც ცენტრი მასწავლებლებს პანდემიამდე სთავაზობდა.

ვებინარები/დისკუსიები არ წარმოადგენს პროფესიული განვითარების იმ ტიპის სერვისს, რომელსაც მასწავლებელი ფორმალურად აღრიცხავს თავის პორტფოლიოში და სანაცვლოდ კრედიტს იღებს. მით უფრო სასიხარულოა, რომ ჩვენმა აქტივობებმა არაფორმალურ გარემოში ამხელა ინტერესი გამოიწვია მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრატორების მხრივ. ამით გაქარწყლდა მითი, რომ მასწავლებლები ტრენინგებსა თუ პროფესიული განვითარების აქტივობებს მხოლოდ კრედიტებისთვის ან მოვალეობის მოხდის მიზნით ესწრებოდნენ.

პანდემიის პირობებში ვებინარების მიზნობრიობას უმთავრესად პედაგოგებისადმი მორალური და პროფესიული თანადგომა განსაზღვრავდა. სოციალურმა ქსელმა მოგვცა საშუალება, ამ ვებინარებით და დისკუსიებით მასწავლებლებისთვის გვეთქვა: თქვენ, სახლში ჩაკეტილები, არ ხართ მარტო. ჩვენ აქ ვართ, გესაუბრებით, გამხნევებთ და, სურვილისა და შესაძლებლობის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვისმინოთ და გველაპარაკოთ. პანდემიამ მასწავლებლის სახლი კიდევ უფრო მეტად აქცია ყველა მასწავლებლისა და სკოლის დირექტორის სახლად.

უნდა აღვნიშნო ინტერნეტგაზეთ „mastsavlebeli.ge“-ს მხარდაჭერა მასწავლებლებისადმი. გაზეთი ყოველდღიურად რამდენიმე ახალ რესურსს სთავაზობდა მასწავლებლებს დისტანციური სწავლებისთვის. შემდეგ საუკეთესო რესურსები შეირჩა და გამოიცა თემატურად მრავალფეროვან წიგნად „დისტანციური სწავლების გაკვეთილები“, რომლის წაკითხვა და ჩამოწერა ინტერნეტგაზეთის ვებგვერდზე ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს შეუძლია.

 

ცენტრის სამოქმედო გეგმა დეტალიზებულია და ძველი რეალობის მიხედვითაა დროში გაწერილი. სკოლის ადმინისტრატორების, მასწავლებლების, სკოლამდელი განათლების პედაგოგებისა და სხვა ბენეფიციარების საჭიროებათა შესაბამისად, პირისპირ ტრენინგები და კონსულტაციები იყო პრიორიტეტული, თუმცა ცენტრის ოფიციალური ვებგვერდი და მასთან ერთად სხვადასხვა პროგრამის ვებგვერდები მათ პროფესიული განვითარების საშუალებას ყოველთვის აძლევდა. აქვს თუ არა ამჟამად ცენტრს არსებული ვითარების შესაბამისი ახალი სტრატეგია, რომელიც გაზრდის დისტანციურად მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის პროფესიული განვითარების შესაძლებლობას?

 

ჩვენი ორგანიზაციის კულტურის ნაწილია, რომ არასოდეს ვჩერდებით, არასოდეს ვეძლევით თვითკმაყოფილებას. ეს, ჩემი აზრით, საკმაოდ  ნაყოფიერი ერთთვიანი გამოცდილება საფუძველს ჩაუყრის უფრო შინაარსიან, დროის შესაბამის და ორგანიზებულ აქტივობებს, რომლებშიც, თავიდანვე გვინდა ხაზი გავუსვათ, მაქსიმალურად იქნებიან ჩართულები წარმატებული მასწავლებლები და სკოლის ადმინისტრატორები. ჩვენ ყველას გვწამს, რომ განათლების სისტემის დეცენტრალიზაციის წარმატებით განხორციელება მნიშვნელოვანწილად იქნება დამოკიდებული იმაზე, რამდენად მოვახერხებთ სკოლის ბაზაზე პროფესიული განვითარების სისტემის ჩამოყალიბებას და, ამასთან ერთად, წარმატებული გამოცდილების გაზიარებას სისტემის მასშტაბით. ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენატკოცას საჯარო სკოლის გამოცდილება ადგილობრივი თემის ჩართულობასა და მოსწავლეების მიერ სკოლის ეზოს მოვლა-პატრონობაში შესაძლოა ბევრი საჯარო სკოლისთვის მაგალითად იქცეს, ან ფარცხანაყანების საჯარო სკოლის მართვის ელექტრონული პლატფორმა უფრო მისაღები გახდეს სკოლებისთვის, ვიდრე რომელიმე საერთაშორისო ექსპერტის დასკვნები (თუმცა მათი გათვალისწინებაც აუცილებელია). მე პირადად ღრმად მწამს, რომ კონკრეტული სკოლის წარმატებული მასწავლებლისგან უფრო მეტს ისწავლის ახალბედა. მასწავლებელ გიორგი ჭაუჭიძეს აქვს ემპირიული ცოდნა და გამოცდილება ეთნიკური უმცირესობის სკოლაში სწავლების კუთხით. სწორედ ის და მისთანები უნდა იქცნენ ამ მიმართულებით მენტორ მასწავლებლებად, რადგან კარგად იცნობენ ადგილობრივი თემის საჭიროებებს.

 

ორგანიზაციის მომავალი მნიშვნელოვანწილადაა დამოკიდებული იმაზე, როგორ გაუმკლავდება ახალ რეალობას, გადაეწყობა თუ ვერა ისე, რომ ადეკვატურად უპასუხოს ახალ გამოწვევებს. თუ ასე არ მოხდა,  სსიპ-ის ტიპის ორგანიზაციაც შეიძლება მორალურად გაცვდეს. უფრო ცხადი რომ გახდეს ცენტრის სამომავლო სტრატეგია, მაინც რა ცვლილებები იგეგმება?

 

ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოს განათლების სამინისტროს ტოპმენეჯმენტმა შეძლო ამის გააზრება და რამდენიმე სსიპ-ის (თუ ყველასი არა) გადაწყობას ჩაუყარა საფუძველი.

პანდემიამ კიდევ უფრო მეტის შეცვლისკენ გვიბიძგა. და მე ამას არამც და არამც არ განვიხილავ მხოლოდ გამოწვევად. პირიქით, ეს შესაძლებლობაა!

მასწავლებლის სახლის ახალი სამოქმედო გეგმა მალე საბოლოო სახეს მიიღებს, თუმცა უკვე შემიძლია, ჩამოვთვალო სიახლეები, რომლებსაც მალე შევთავაზებთ ჩვენს მასწავლებლებს და დირექტორებს განათლების სამ: სკოლამდელ, ზოგად და პროფესიულ – საფეხურზე.

ცენტრის ძირითადი აქტივობები ასეთი იქნება:

ტრენინგი – წარმოჩნდება ტრენინგის როგორც პროფესიული განვითარების ინსტრუმენტის ახლებური ხედვა. კერძოდ, ცენტრი სამომავლოდ თავად  და მის  მიერ აღიარებული ტრენინგცენტრების საშუალებით უზრუნველყოფს საქართველოს საჯარო სკოლების მასწავლებელთა გადამზადებას. სკოლის თანამშრომლობისა და დახმარების ჯგუფი (მისი არსებობის შემთხვევაში) და რესურცენტრების ბაზაზე არსებული ქოუჩების გუნდი დაეხმარება სკოლას და კონკრეტულ მასწავლებლებს, დაადგინონ თავიანთი პროფესიული განვითარების საჭიროებები და ამ საჭიროებებზე აიგება მასწავლებლის  პროფესიული განვითარების გეგმა, რომლის შესრულებას თვითონ მასწავლებელი და სკოლის თანამშრომლობისა და დახმარების ჯგუფი გაუწევენ ორგანიზებს. რაც შეეხება ტრენინგების ფორმატს, ისინი აუცილებლად შერეული ტიპისა იქნება (ონლაინ და პირისპირ შეხვედრები).

რაც მთავარია, შეიცვლება ტრენინგების კონსისტენცია. უფრო მეტი ყურადღება იქნება  დანერგვის კომპონენტზე, ანუ მასწავლებელს მეტი საშუალება ექნება, პრაქტიკულად ნახოს, როგორ გამოიყენოს სწავლების კონკრეტული მეთოდი თუ სტრატეგია.

პანდემიის პერიოდში ორი საკმაოდ საინტერესო და, რაც მთავარია, ეფექტური ინიციატივა განხორციელდა/დაიგეგმა განათლების სისტემაში: ტელესკოლა და iსკოლა, – რომლებიც სწავლა-სწავლების პროცესის გაჯანსაღების კარგი საშუალებაა.

აქვე უნდა განვაცხადო ძალიან მნიშვნელოვანი სიხალის შესახებ: ვიწყებთ ახალ პროექტს – მასწავლებლის E-სახლი.

პროექტის მიზანია, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, საქართველოს სკოლების მასწავლებლებისა და მენეჯმენტის საჭიროებებისა და საერთო თანამედროვე გამოწვევების გათვალისწინებით შექმნას E-მასწავლებლის სახლი და ამ პლატფორმაზე გააერთიანოს თავად ცენტრისა და მასწავლებლების მიერ შექმნილი ყველა სანდო რესურსი დისტანციური სწავლებისთვის.

 

ცენტრის სტრატეგიული სამსახური მოამზადებს და ჩაატარებს კვლევას არსებული სიტუაციის შესასწავლად, სასკოლო საზოგადოების საჭიროებათა დასადგენად და იმ პრობლემების გამოსაკვეთად, რომელთა გადასაჭრელადაც იქნება მიმართული ცენტრის მიერ შეთავაზებული ელექტრონული რესურსების პლატფორმა. კვლევის კითხვარი, რომელშიც აისახება არსებული გამოწვევები, დაეფუძნება ესგ-ს  და მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტს.

რეალური მასწავლებლის სახლის პარალელურად ჩვენ გვექნება ელექტრონული სახლი მასწავლებლისთვის, რაც გულისხმობს, რომ ცენტრის ვებგვერდს დაემატება ინტერაქციული პორტალი – ვირტუალური სახლი, სადაც წარმოდგენილი იქნება სკოლის სტრუქტურა და თითოეული სტრუქტურული ერთეული და მათი ფუნქციონირების არეალი – სკოლის ელექტრონული მართვის ფორმა, სასკოლო სასწავლო გეგმის ფასილიტაცია, სწავლა-სწავლების პროცესის შეფასება (საგაკვეთილო პროცესი, აკადემიური მოსწრება…), სასკოლო კულტურა, სკოლის უსაფრთხოების სტანდარტი, კიბერბულინგი, მედიაწიგნიერება, თანამშრომლობა სასკოლო საზოგადოების ჯგუფებს შორის, კურიკულუმის გარე მომსახურება, სპორტული და სახელოვნებო მიმართულებები, სწავლა-სწავლების პროცესის ორგანიზება, სასკოლო სასწავლო გეგმის შემუშავება, კათედრების სამუშაო გეგმა, მასწავლებლების ურთიერთთანამშროლობისა და დახმარების სისტემა, პროფესიული განათლების განვითარება, სკოლამდელი განათლება, აქვე იქნება მდგრადი განვითარების, გამჭოლი კომპეტენციების ბმულები, კვლევა, ინკლუზია, ისტი, დემოკრატიული კულტურა და სხვ.

პორტალზე ასევე განთავსდება მასწავლებლის დახმარებისა და პროფესიული განვითარების მრავალფეროვანი საშუალებები: სხვადასხვა კლასისა და თემატიკის შესაბამისი ვებინარები, საგნობრივი საკითხავი რესურსები (ედექსის ლინკიდან), დისკუსიების ანონსი, ინტეგრირებული პროექტების სია და მონახაზი, საკითხავი პროფესიული ლიტერატურა.

ჯერჯერობით ეს არის, რაც შეგვიძლია ახალი პროექტის შესახებ ვთქვათ. როცა ის ამოქმედდება, უფრო ცხადი გახდება მისი დანიშნულებაც და საჭიროებაც.

 

თვალსაჩინო იყო მასწავლებელთა ურთიერთსწავლების მაგალითები პანდემიის დროს და მათ მიერ შექმნილი რესურსების სიმრავლე. ვფიქრობ, ცენტრის მიზანი ამ მასწავლებელთა მხარდაჭერა და წახალისებაც უნდა იყოს. თქვენ რას იტყვით?

ყოველწლიურად ყველა საგნობრივი ჯგუფის მიმართულებით გამოცხადება მასწავლებლების მიერ შექმნილი ელექტრონული რესურსების კონკურსი. როგორც თქვით, მასწავლებლებმა დაიწყეს ელექტრონული რესურსების შექმნა სხვადასხვა პროგრამაში, კონკურსის პირობები კი წაახალისებს მაღალი დონის სასწავლო რესურსების შექმნას. გამარჯვებული ათეულები საგნობრივად და თემატურად განთავსდება ცენტრის ელექტრონული რესურსების პლატფორმაზე და სამახსოვრო თუ ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდება.

შექმნილმა ვითარებამ შეაჩერა გარე დაკვირვების პროცესი. როდის და როგორ შეძლებენ მასწავლებლები ამ პროცედურის გავლას და სტატუსის ამაღლებას?

ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, არაერთი დადგენილი წესის შეცვლა გახდა საჭირო, რომ განათლების მიწოდება-მიღების პროცესი მაქსიმალურად ხელსაყრელ პირობებში განხორციელებულიყო.

მასწავლებლებს, რომლებსაც გარე დაკვირვება სასწავლო წლის მეორე ნახევარში უწევდათ, ამ ეტაპზე ყველაზე ოპტიმალურ გზას ვთავაზობთ: მათ უფლება აქვთ, გარე დაკვირვებაზე 2020-2021 სასწავლო წლისთვის გაიარონ რეგისტრაცია. ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, პედაგოგებს, რომლებსაც გარე დაკვირვების პროცესი შეუჩერდათ, 2020-2021 სასწავლო წლის პირველსავე სემესტრში მივცეთ მისი გავლის საშუალება, რათა იანვარში სტატუსის ამაღლება შეძლონ.

ჩვენ ზედმიწევნით ვასრულებთ ჯანდაცვის სექტორის რეკომენდაციებს. ვმუშაობთ იმაზეც, რომ გარე დაკვირვებამ შესაძლოა დისტანციურ/ონლაინ რეჟიმში გადაინაცვლოს. მიმდინარეობს დისტანციური გაკვეთილის სტანდარტისა და შეფასების რუბრიკის შემუშავების პროცესიც.

ვინაიდან სწავლა-სწავლების პროცესში თითოეული მასწავლებელი ფასეულია როგორც პიროვნება და პროფესიონალი, გვჯერა, ყოველი თქვენგანი მაქსიმალური მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით მოეკიდება ცვლილებებს.

მოკლედ რომ შევაჯამოთ, ჩვენი ახალი ინციატივა მთლიანად მოიცავს სწავლა-სწავლებისა და სკოლის მართვის პროცესებს. რაც მთავარია, ის დაეხმარება სისტემაში არსებულ მასწავლებლებს/მომავალ მასწავლებლებს და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს/მომავალ ადმინისტრატორებს, თვითონვე იქცნენ ხარისხიანი საგანმანათლებლო სერვისების შემქმნელებად და მიმწოდებლებად. მხოლოდ მათ იციან კონკრეტული სასკოლო საზოგადოების ინტერესები და საჭიროებები. სისტემის დეცენტრალიზაცია მხოლოდ და მხოლოდ ადგილზე კვალიფიციური კადრების არსებობით არის შესაძლებელი. ასეთი მიდგომა უზრუნველყოფს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის ფუნქციონირების მდგრად განვითარებას.

კლასის მართვის სირთულეები ონლაინგაკვეთილზე

0

იმ კრიტერიუმებს შორის, რომლებიც პედაგოგის საქმიანობის ეფექტიანობას განსაზღვრავს, ორგანიზაციულ უნარ-ჩვევებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლოა, პედაგოგს ჰქონდეს ცოდნა, რომელიც სწავლების დროს სჭირდება, მოზარდთან ეფექტიან კომუნიკაციასაც ახერხებდეს, მაგრამ გაკვეთილზე კლასის მართვა უჭირდეს. ეს სწორედ საორგანიზაციო უნარების განვითარების აუცილებლობაზე მიუთითებს. ისიც გავითვალისწინოთ, რომ ონლაინგაკვეთილზე სირთულე ერთიორად მეტია. მისი თავისებურებებიდან გამომდინარე, პრობლემებს ის პედაგოგებიც შეიძლება შეეჯახონ, რომლებსაც რეალურ საკლასო ოთახში არასოდეს გასჭირვებიათ კლასის მართვა.

ონლაინგაკვეთილზე კლასის მართვისთვის ხელის შემშლელი ძირითადი მიზეზებია:

  • მრავალრიცხოვანი კლასი. ბავშვების სიმრავლე რეალურ საკლასო ოთახშიც უშლის ხელს პედაგოგს, მაგრამ თუ რეალურ გარემოში, ასე თუ ისე, ართმევს თავს სირთულეებს, მრავალრიცხოვან კლასში ონლაინგაკვეთილი ხშირად მარცხისთვისაა განწირული.
  • მასწავლებლის მწირი ცოდნა ონლაინგაკვეთილის თავისებურებათა შესახებ და ასეთი გაკვეთილის ჩასატარებლად აუცილებელი უნარ-ჩვევების ნაკლებობა. ონლაინგაკვეთილების ჩატარების პარალელურად პედაგოგს უწევს სწავლების ამ ფორმის თავისებურებებში გარკვევა, საჭირო ინფორმაციის მოძიება და იმ ცოდნითა და უნარ-ჩვევებით აღჭურვა, რომელიც ონლაინსწავლების ეფექტიანად წარსამართავადაა აუცილებელი. ასეთი დატვირთვით მუშაობა, ბუნებრივია, ემოციურად ღლის პედაგოგს, რაც ბავშვებთან მის ურთიერთობაზეც აისახება.
  • მოზარდების მიერ საინფორმაციო ტექნოლოგიების ფლობის მაღალი დონე. დღეს უკვე აღარავის უკვირს, რომ მოზარდები, ისინიც კი, რომლებიც მაღალი აკადემიური მოსწრებით არ გამოირჩევიან, უფრო ადვილად ითვისებენ კომპიუტერულ პროგრამებს, ვიდრე ჩვენ, ზრდასრული ადამიანები. ეს თავისთავად ცუდი არ არის; საქმე ის გახლავთ, რომ მოსწავლე ჩამოყალიბების პროცესში მყოფი პიროვნებაა, რომლის ქცევის პროგნოზირება ცალკეულ შემთხვევებში არც ისე ადვილია. სკოლაში მომუშავე პედაგოგებმა კარგად ვიცით, რომ ბავშვს შეუძლია ძალიან დიდი სიყვარულიც და შურისძიებაც უფროსების მიერ დაშვებული შეცდომების გამო. პედაგოგის ერთი მცადრი ნაბიჯი და მოზარდი შეიძლება დაუნდობელ შურისმაძიებლად იქცეს, და თუ რეალურ საკლასო ოთახში ვენდეტის აღსრულებაში მას ბევრი რამ უშლის ხელს, ონლაინგაკვეთილზე შესაძლოა უფრო მეტის უფლება მისცეს თავს. მაგალითად, პედაგოგება, რომლებსაც Microsoft Teams-ის პროგრამით უწევთ გაკვეთილების ჩატარება, კარგად იციან, რომ თუ ბავშვი მასწავლებელზე ადრე შევიდა ვირტუალურ საკლასო ოთახში, ადვილად შეძლებს, საკუთარ ხელში აიღოს კლასის მართვა – გამოურთოს მიკროფონი ჯგუფში მყოფ ნებისმიერ ადამიანს, მათ შორის – მასწავლებელსაც, კლასიდან „გააძევოს“ ნებისმიერი მოსწავლე და, ამგვარად, ქაოსი და არეულობა გამოიწვიოს გაკვეთილზე, ან არ გათიშოს მიკროფონი, როცა ამას სთხოვენ (მოიმიზეზოს ტექნიკური პრობლემა) და ხმაურით (მაგალითად, გაკვეთილის პარალელურად თამაშით) ხელი შეუშალოს პედაგოგს გაკვეთილის ჩატარებაში.
  • კომპიუტერული ტექნიკის გაუმართაობა. ეს იმდენად სერიოზული მიზეზია, რომ მასწავლებელს შეიძლება საერთოდ ჩაეშალოს გაკვეთილი.

მასწავლებელი სირთულეებს მაშინაც შეიძლება შეეჯახოს, როცა საკუთარი კომპიუტერის ეკრანზე გამოტანილ ინფორმაციას, გამოსახულებას, ვიდეოს უზიარებს მოსწავლეებს – ამ დროს ის, როგორც წესი, ვერ ხედავს, რა ხდება „კლასში“, ვინ „შემოდის“ გაკვეთილზე, ვინ გადის „კლასიდან“, ვის ჩართული აქვს მიკროფონი, ვის – გამორთული და ა.შ. კონკრეტულ მომენტში ვირტუალურ საკლასო ოთახში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციის დეფიციტიც სერიოზული სირთულეების წყაროა პედაგოგისთვის.

რა გავაკეთოთ სირთულეების თავიდან ასაცილებლად?

  • უპირველეს ყოვლისა, მოსწავლეებზე ადრე შევიდეთ ვირტუალურ საკლასო ოთახში. თუ რეალურ სასკოლო გარემოში ბავშვები გაკვეთილის დაწყებამდე საკლასო ოთახში გველოდებიან, ვირტუალურ საკლასო ოთახში, უმჯობესია, ჩვენ დაველოდოთ მათ.
  • აუცილებლად აღვნუსხოთ, ვინ ესწრება გაკვეთილს. ჩავინიშნოთ, ვინ შემოდის დაგვიანებით ან გადის „კლასიდან“ გაკვეთილის დამთავრებამდე. ჩატარებული გაკვეთილის ანალიზის დროს ეს ინფორმაცია დაგვანახებს, როგორი იყო ცალკეული მოსწავლეების მოტივაცია და ჩართულობა, ეს კი მათთან მუშაობის ეფექტიანი სტრატეგიების შემუშავებაში დაგვეხმარება.
  • გაკვეთილის დასაწყისშივე შევიმუშაოთ ქცევის წესები როგორც მოსწავლეებისთვის, ისე ჩვენთვისაც. კარგი იქნება, თუ ამაში მოსწავლეებიც მიიღებენ მონაწილეობას. თავისივე დადგენილი (და არა ჩვენ მიერ თავს მოხვეული) წესების დაცვა მათ უფრო გაუადვილდებათ. გულწრფელად ვუთხრათ, რატომ არის საჭირო წესების შემუშავება და დაცვა, რა გვიშლის ხელს გაკვეთილის კარგად ჩატარებაში და მათაც ვკითხოთ, რა უშლით ხელს, საგაკვეთილო პროცესში მაქსიმალურად ჩაერთონ. წესების შემუშავებისას სწორედ ამ ხელის შემშლელ ფაქტორებსა და მათ დაძლევაზე გავამახვილოთ ყურადღება.
  • ონლაინგაკვეთილის წესების შემუშავებისას ყურადღება უნდა გამახვილდეს მიკროფონის მოხმარებაზე. გაკვეთილის დასაწყისშივე ვთხოვოთ ბავშვებს, გათიშონ მიკროფონები და ჩართვის ნება დავრთოთ მხოლოდ იმ ბავშვს, რომელსაც მასწავლებელი შეკითხვით მიმართავს. წინააღმდეგ შემთხვევაში, კითხვაზე: „აბა, ბავშვებო, ვინ მიპასუხებს?“ – შესაძლოა, ყველას თუ არა, უმრავლესობას მაინც მოუნდეს თავის გამოჩენა და პასუხის გაცემა (განსაკუთრებით – სწავლების პირველ და მეორე საფეხურებზე), ყველამ ერთდროულად ჩართოს მიკროფონი და ალაპარაკდეს, რასაც ქაოსი და არეულობა მოჰყვება. ამის თავიდან ასაცილებლად აჯობებს, პედაგოგმა თავად განსაზღვროს, ვინ უპასუხებს და პირადად მას მიმართოს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც პედაგოგი საკუთარი კომპიუტერის ეკრანზე გამოტანილ მასალას უზიარებს მოსწავლეებს – ამ დროს ის ვერ ხედავს, რომელი ბავშვი გამოხატავს (მიკროფონის ჩართვით) დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემის სურვილს, მხოლოდ ხმით კი ყოველთვის არ არის ადვილი ამოსაცნობი, ვინ ლაპარაკობს.

რასაკვირველია, ონლაინგაკვეთილზე მოსწავლისა და მასწავლებლის ასეთი ურთიერთობა იდეალისგან შორს დგას. შესაძლოა, ის განსაკუთრებით მიუღებელი აღმოჩნდეს პედაგოგისთვის, რომელსაც არ სურს, პასუხის გაცემა სთხოვოს ბავშვს, რომელიც მოუმზადებელია მოსული გაკვეთილზე ან პასუხი არ იცის და შეარცხვინოს. რეალურ სასკოლო გარემოში ასეთი მასწავლებელი კითხვის დასმის შემდეგ კლასს რომ გადახედავს, ბავშვების გამომეტყველებით, ჟესტებით, პოზით ხვდება, ვის შეუძლია პასუხის გაცემა და თავს არიდებს საპასუხოდ ისეთი ბავშვის გამოძახებას, რომელიც თვალებით ეხვეწება, მას არ ჰკითხოს. ცხადია, ასეთი პედაგოგისთვის ადვილი არ იქნება ონლაინგაკვეთილზე ზემოაღნიშნული წესის დაცვა, მაგრამ ჯგუფის სამართავად და ქაოსის თავიდან ასაცილებლად აჯობებს, თავად გააკეთოს არჩევანი და ყველას ერთად ლაპარაკის საშუალება არ მისცეს. ბავშვებიც მეტად იქნებიან მობილიზებულები, როდესაც ეცოდინებათ, რომ მასწავლებელმა შეიძლება ნებისმიერ დროს დაუსვას კითხვა. თუ მოსწავლემ კითხვაზე პასუხის გაცემა ვერ მოახერხა, შეიძლება ავუხსნათ, რომ შეცდომა ტრაგედია არ არის, სწავლა შეცდომების გარეშე წარმოუდგენელია, მაგრამ მონდომების შემთხვევაში ყოველგვარი დაბრკოლება შეიძლება გადავლახოთ.

  • დაწყებით კლასებში ონლაინგაკვეთილზე მოსწავლეთა ქცევის სამართავად მასწავლებელს აუცილებლად დასჭირდება მშობლების დახმარება. კარგი იქნება, თუ მშობლები იზრუნებენ იმაზე, რომ კომპიუტერული ტექნიკა ყოველთვის გამართული იყოს, თვალყურს ადევნებენ, რომ გაკვეთილზე ბავშვის ყურადღება გარეშე საგნებმა და მოვლენებმა არ მიიტაცოს და ა.შ. ამასთან, სასურველია, მშობელმა მიაჩვიოს ბავშვი, გაკვეთილისთვის მომზადებისას თავად აწესრიგებდეს სამუშაო მაგიდას.
  • საინფორმაციო ტექნოლოგიებში კარგად გარკვეული და საჭირო უნარ-ჩვევებით აღჭურვილი მოზარდები კი, სანამ გაკვეთილზე ცუღლუტობის სურვილი გაუჩნდებათ, შეიძლება აქტიურად დავასაქმოთ და ჩვენი ასისტენტების ფუნქციაც კი დავაკისროთ, მით უმეტეს, რომ ონლაინგაკვეთილებზე ამის საჭიროება ნამდვილად იჩენს თავს.
  • მრავალრიცხოვან კლასებში ჯგუფის მართვის სირთულეთა თავიდან ასაცილებლად კარგი იქნება ჯგუფების გაყოფა და ონლაინგაკვეთილების ცალ-ცალკე ჩატარება, მით უმეტეს, რომ ეს გაკვეთილები 45-წუთიანი ნამდვილად ვერ იქნება.

ასე რომ, ონლაინგაკვეთილის ჩატარებისას კლასის მართვა და ცალკეული სირთულეების თავიდან აცილება ნამდვილად შესაძლებელია. მიუხედავად ამისა, არ იქნება გამართლებული, თუ ონლაინგაკვეთილზე პედაგოგის საორგანიზაციო უნარ-ჩვევები იმავე კრიტერიუმებით შეფასდება, რომლებიც გამოიყენება რეალურ საკლასო ოთახში ჩატარებული გაკვეთილის ანალიზის დროს.

  გეოგრაფიული თამაშების გამოყენება  დისტანციური სწავლებისას

0

დისტანციური სწავლების პროცესში მეტად მნიშვნელოვანია, სწავლება არ გახდეს მოსაწყენი. ამიტომ მასწავლებლები მუდმივად უნდა ეცადონ, მაქსიმალურად გამოიყენონ  ინტერნეტისა და სწავლების პლატფორმების შესაძლებლობები და, რაც შეიძლება, გაამრავალფეროვნონ თავიანთი მუშაობა.  გეოგრაფიის მასწავლებლებს  სხვადასხვა  საგანმანათლებლო, შემეცნებითი, გასართობი  ვებგვერდების გამოყენების ფართო შესაძლებლობები გააჩნიათ, რაც  გეოგრაფიის სწავლებას უფრო მეტად  სახალისოსა და საინტერესოს გახდის, ხოლო მოსწავლეებს, ცოდნის მიცემასთან ერთად, მოტივაციას და ინტერსს აღუძრავს.  ზემოთქმულიდან  გამომდინარე, ასევე,  მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის მიერ  ჩატარებული  საგნობრივი ვებინარების გამოხმაურების შედეგებზე დაყრდნობით, გადავწყვიტე, რომ  კარგი იქნებოდა, გეოგრაფიის მასწავლებლებისთვის შემექნა და გამეზიარებინა გეოგრაფიული თამაშების  „ათეული“, რომელთაგან ამჯერად  პირველ   ხუთ თამაშს  გაგაცნობთ.

  1. ვებგვერდი https://world-geography-games.com/  გვთავაზობს  ინტერაქტიურ გეოგრაფიულ-კარტოგრაფიულ თამაშებს, რომელიც ეხმარება მოსწავლეებს გეოგრაფიული თვალსაწიერის გაფართოებაში და ხელს უწყობს მათი სივრცეში ორიენტაციის  უნარების განვითარებას. აქ წარმოდგენილია სხვადასხვა ვიქტორინები, რომლებიც  მოიცავს  კითხვებს ქვეყნების, მათი დედაქალაქებისა და ქალაქების, დროშების, რეგიონების, წყალსატევების, მთების  და სხვა გეოგრაფიული თემებისა თუ ობიექტების შესახებ, როგორც მსოფლიო მასშტაბით, ისე კონტინენტების მიხედვით.

  1. საგანმანათლებლო ვებსაიტზე https://www.sheppardsoftware.com/geography.htm  წარმოდგენილია  ასობით უფასო ონლაინ  სასწავლო თამაშები ბავშვებისთვის. თუმცა, მოსწავლეების გარდა, ყველას, ვინც დაინტერესებულია ონლაინ სწავლით, შეუძლია, გამოიყენოს ეს  საიტი. ვებგვერდზე  გეოგრაფიის გარდა, ასევე მოცემულია  თამაშები  სხვადასხვა საგნებში, მაგ:  მათემატიკაში, ბიოლოგიაში, ინგლისური ენაში, ხელოვნებაში და სხვ.  თამაშები  და აქტივობები დაყოფილია დონეების მიხედვით და გათვალისწინებულია თითქმის ნებისმიერი ასაკის შემსწავლელთათვის.

ვებგვერდი ძალიან პოპულარულია, ბოლო ერთი წლის განმავლობაში  მას 20 მილიონზე მეტი ვიზიტორი ყავდა.

  1. ვებგვერდ https://maps.esri.com/rc/puzzle/index.html -ზე შეგიძლიათ,  იხილოთ გეოგრაფიული თამაში   «Geojigsaw», რომელიც ფაზლების სახით წარმოდგენილი  გეოგრაფიული რუკების  კოლექციაა.  აქ  ნებისმიერ საბაზისო რუკას ზუმის ღილაკის გამოყენებით შეგვიძლია,  მასშტაბი შევუცვალოთ, შემდეგ  ფაზლებად „ დავჭრათ“  და მოსწავლეებმა ააწყონ.
  2. ვებგვერდზე https://www.triviaplaza.com/geography-world-quizzes/   წარმოდგენილია  როგორც ვიზუალური, ასევე  სტანდარტული ტესტები მსოფლიო გეოგრაფიის  საკითხებიდან, კერძოდ კი, მსოფლიოს ქვეყნების და  მათი დედაქალაქების,  დიდი ქალაქების,  ქვეყნების კონფიგურაციების, ასევე კუნძულებისა და ნახევარკუნძულების, ლითოსფეროს ფილების,  ჰიდროგრაფიული  ობიექტების  შესახებ. ვებგვერდზე  ასევე  შეგიძლიათ,  იხილოთ ტესტები მთელ მსოფლიოში ცნობილი  ხიდების, მუზეუმებისა და თვით შადრევნების   შესახებაც კი.

  1. ვებგვერდზე https://www.ducksters.com/geography/ გეოგრაფიის გარდა,  ასევე შეგიძლიათ,  იხილოთ აქტივობები ისტორიაში, ბიოლოგიაში, ასტრონომიაში, ფიზიკაში, ქიმიაში  და სხვ.  ვებგვერდის  დახმარებით  შეგვიძლია, მეტი შევიტყოთ კონტინენტებისა და    მსოფლიოს ქვეყნების შესახებ, მივიღოთ ამომწურავი  ინფორმაცია ნებისმიერი ქვეყანის შესახებ,  მათ შორის,  მსოფლიო რუკაზე ამ  ქვეყნის მდებარეობაზე, დროშაზე, მოსახლეობასა  და  სხვ .  თქვენ ირჩევთ  კონტინენტს,  ქვეყანას, აწკაპებთ ამ ქვეყნაზე და იღებთ ინფორმაციას.

დაბოლოს, თქვენ  შეგიძლიათ, ითამაშოთ და თავადაც შექმნათ გეოგრაფიული ქვიზები  ვებგვერდის  https://www.purposegames.com/  -ის  დახმარებით. ამ  გვერდის მიმოხილვას და ინსტრუქციას დაწვრილებით იხილავთ ჩვენ მიერ ჩაწერილ ვებინარზე, რომელიც ამ თემას მიეძღვნა.

ვებინარი

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...