ოთხშაბათი, ივნისი 25, 2025
25 ივნისი, ოთხშაბათი, 2025

ჰაინდსაითის შეცდომა და ბედი ქართლისა

0

არსებობს ასეთი მოვლენა, რომელსაც hindsight bias (ჰაინდსაით ბაიას) ჰქვია. რუსულენოვან ლიტერატურაში ტერმინის პირველ ნაწილს, როგორც წესი, არ თარგმნიან და მას ჰაინდსაითის/ჰინდსაითის შეცდომას უწოდებენ. ქართულად hindsight წინდაუხედაობაა, ხოლო bias ტენდენციურობა, მიკერძოება, წინასწარ შექმნილი აზრი, შეფასებისას დაშვებული სისტემატური შეცდომა. Hindsight bias ისეთი მოვლენაა, როდესაც ადამიანებს შეცდომით სჯერათ, რომ მათ შეეძლოთ შედეგის განსაზღვრა მაშინაც კი, როცა შედეგის განჭვრეტა შეუძლებელი იყო. ამ წერილში მეც ინგლისურ სიტყვას გამოვიყენებ, რადგან მისი ზუსტი ქართული თარგმანით – წინდაუხედაობით მიკერძოება – რთული ხდება ფენომენის აღწერა. რა თქმა უნდა, აჯობებდა, ტერმინის თარგმნისას თავისუფალი თარგმანი გამომეყენებინა – წინდაუხედაობის მიზეზით მოვლენათა შეფასებისას ტენდენციურობის გამოჩენა, მაგრამ იმის გამო, რომ ტერმინი გრძელია, მეც, რუსულის მსგავსად, „ჰაინდსაითის შეცდომას“ გამოვიყენებ. აქვე აღვნიშნავ, რომ ჰაინდსაითისთვის ქართულ სამეცნიერო ლიტერატურაში ხშირად იყენებენ ტერმინს „წარსულის ხედვა“ ან „რეტროსპექტრული ხედვა“.

თავის წიგნში რიჩარდ ვან დე ლაგემაატი წერს, ჰაინდსაითს, დადებით მხარეებთან ერთად, უარყოფითიც ბევრი აქვს. მწერალს ან ისტორიკოსს, რომელიც კონკრეტულ ისტორიულ მოვლენებს აღწერს, სწორედ ჰაინდსაითი განასხვავებს იმ ადამიანებისაგან, რომლებიც მათ მიერ აღსაწერ დროში ცხოვრობდნენ, ვინაიდან მან (sc. მწერალმა ან ისტორიკოსმა), მათგან განსხვავებით, იცის, რით დამთავრდა აღსაწერი მოვლენა. მაშინ, როდესაც აღსაწერი ისტორიული მოვლენის თანამედროვე რიგითი ადამიანებისთვის ის უმნიშვნელო ან ნაკლებად მნიშვნელოვანი ჩანდა, მისი ღირებულება მოგვიანებით დრომ გამოაჩინა, ან პირიქით. ამბობენ, ლუი მეთექვსმეტემ თავის დღიურში ბასტილიის დაცემის დღეს ერთადერთი სიტყვა „Rien” (არაფერი) ჩაწერაო, არადა დღეს უკვე ვიცით, რომ ამ დღეს საფრანგეთის რევოლუციის დასაწყისად მოიაზრებენ. ისტორიკოსები და ჩვენ ვსაუბრობთ პირველ მსოფლიო ომზე, ხოლო ადამიანები, რომლებიც 1914-1918 წლებში ცხოვრობდნენ, მიიჩნევდნენ, რომ ეს ომი ყველა სხვა ომს დაასრულებდა, მათ ვერ წარმოედგინათ, რომ ის ომი, რომლის თანამედროვენიც ისინი იყვნენ, მხოლოდ პირველი იქნებოდა მეორესთან მიმართებით. როგორც განმარტავენ, ისტორიის პერიოდებად დაყოფაც ჰაინდსაითის გავლენით ხდება. მეთოთხმეტე საუკუნეში რომელიმე დილას არავინ მიესალმებოდა ოჯახის წევრს სიტყვებით: „დილა მშვიდობისა, დღეს რენესანსია!“ მსგავსი (ბნელი წლები, განმანათლებლობა და სხვ.) ტერმინების გამოყენება მხოლოდ რეტროსპექტიულადაა შესაძლებელი. ასევე ფაქტია, რომ ყოველი მომდევნო თაობა წარსულს საკუთარი გამოცდილების ჭრილში განიხილავს, ამიტომაც, როდესაც რომელიღაც ავტორი აღწერს წარსულს, მის შემდგომ თაობას ისეთივე წარმატებით შეუძლია იმსჯელოს არა მარტო ამ ავტორის მიერ განხილულ წარსულზე, არამედ იმ პერიოდზეც, რომლის წარმომადგენელიც იყო ავტორი. რადგან ყოველი ადამიანი, უპირველესად, საკუთარი ეპოქის წარმომადგენელია და ის ვერ გათავისუფლდება მისგან, როგორც არ უნდა ეცადოს. ჰომეროსს, როდესაც ის რამდენიმე საუკუნის წინანდელ ტროას ომზე ყვებოდა, ავიწყდებოდა, რომ რკინის იარაღი, რომლებიც მისი ეპოქის განუყოფელი ნაწილი იყო, ვერაფრით ვერ ექნებოდათ ტროაში მებრძოლ გმირებს.

სამწუხაროდ, ჰაინდსაითის უარყოფითი მხარე ის არის, რომ მას შეუძლია დაგვიმახინჯოს წარსულის ობიექტური სურათი. მწერალიც და ისტორიკოსიც, რომელიც ისტორიულ მოვლენებს რაღაც დროის მერე აფასებს, ვერ იქნება არატენდენციური და სწორედ ამას მივყავართ ჰაინდსაითის შეცდომამდე. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ვერ წარმოგვიდგენია, როგორ ვერ ხვდებოდნენ ისტორიული მოვლენის შესახებ, რომ ის ამ და არა სხვაგვარ შედეგს გამოიწვევდა. ნებისმიერი კატასტროფის შემდეგ ვამბობთ, რომ ბრიყვიც კი უნდა მიმხვდარიყო, რა მოხდებოდა და რომ ჩვენ ეს არ დაგვემართებოდა, იმ დროს რომ გვეცხოვრა. ფაქტი კი ისაა, რომ მომავლის გადმოსახედიდან ყველანი ჭკვიანები ვართ. დღეს თითქოს ადვილი განსაჭვრეტი გვგონია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც 30-იანი წლების სსრკ-ში ცხოვრობდნენ, საბჭოთა რეჟიმის უეჭველი დამარცხება, მაგრამ რეპრესირებულები და მათი ოჯახის წევრები ალბათ სულაც არ იყვნენ ამაში დარწმუნებულები.

მას შემდეგ, რაც მიმოვიხილეთ ჰაინდსაითი და მისგან გამომდინარე შეცდომა, აუცილებლად უნდა გავიხსენოთ ნიკოლოზ ბარათაშვილი და მისი პოემა. „ბედი ქართლისას“ არაჩვეულებრივად განიხილავენ თავიანთ ლექციებსა და გაკვეთილებში ცნობილი ფილოლოგები. თითქოს სათქმელი აღარაფერია, მაგრამ ყველა რესურსს აკლია ერთი, ზემოთქმულის კონტექსტში პოემის წაკითხვა და შემდგომ უკვე მისი შეფასება.

ჩემი აზრით, როგორც კი გაერკვევიან ჰაინდსაითის ფენომენში, მოსწავლეებს უნდა  ვთხოვოთ, წამოაყენონ ვარაუდები, რა შეუშლიდა ხელს ავტორს, ყოფილიყო მიუკერძოებელი ისტორიული მოვლენების შეფასებისას და ისტორიული პირების მხატვრულ პერსონაჟებად გარდაქმნის პროცესში, ხოლო ამის შემდგომ გასცენ პასუხი კითხვას, დაუშვა თუ არა ჰაინდსაითის შეცდომა ნიკოლოზ ბარათაშვილმა. ალბათ ამ კითხვაზე პასუხი უარყოფითიცაა და დადებითიც. მიუხედავად იმისა, რომ ნიკოლოზ ბარათაშვილმა, განსხვავებით ერეკლე მეორისგან, იცის, როგორ გააუქმა მეფის ინსტიტუტი მეფის რუსეთმა, როგორ ჩაახშო იმპერიის წინააღმდეგ მიმართული რამდენიმე აჯანყება, ის არ გამოდის ამ მოცემულობიდან და არ კიცხავს პატარა კახს რეტროსპექტულად. მწერალი არ ცდილობს, უპასუხოს კითხვას, შეცდომა იყო თუ არა ერეკლეს ნაბიჯი. ამას ვცდილობთ ჩვენ, ოცდამეერთე საუკუნის მკითხველები. ჩვენ ვცდილობთ, პოემა კი არა, ისტორია გავაანალიზოთ და ამისთვის ვიყენებთ პოემას, როცა გვინდა ავხსნათ ის ფაქტი, თუ რატომ არ ირწმუნა პატარა კახმა სოლომონ ქველის სიტყვები. არადა, გვავიწყდება, რომ ის, რასაც მე წინა წინადადებაში ფაქტი ვუწოდე, სულაც არ არის ფაქტი და რომ სოლომონისა და ერეკლე მეფის დიალოგი ნიკოლოზ ბარათაშვილის ფანტაზიაა. ის არგუმენტები, რომლებსაც გამოთქვამენ პერსონაჟები, თავიდან ბოლომდე ნიკოლოზ ბარათაშვილის მოგონილია. რამდენად სწორია ამ არგუმენტებზე ვიმსჯელოთ ისე, როგორც ისტორიკოსები მსჯელობენ ფაქტებზე? ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქმე მხატვრულ ნაწარმოებთან გვაქვს და მისი განხილვა სხვაგვარად უნდა დავიწყოთ: ავტორს აქვს მოცემულობა, რომ ერეკლე მეფის გადაწყვეტილების შედეგად საქართველოსა (ქართლ-კახეთს) და რუსეთს შორის გაფორმდა ტრაქტატი. ერეკლეს ამ ნაბიჯს იმ პერიოდშივე ეყოლებოდა მოწინააღმდეგენი, ერთ-ერთი ასეთი მოწინააღმდეგეა სოლომონ ლიონიძე, თუმცა სწორედ სოლომონის შედგენილი და გამართულია ტრაქტატი. მოცემულობიდან გამომდინარე, ფაქტია,  რომ ერეკლეს გადაწყვეტილებამ გაიმარჯვა. რატომ? ალბათ იმიტომ, რომ რეალურ ცხოვრებაში მისი გადაწყვეტილების სასარგებლოდ გამოთქმული არგუმენტები უფრო დამაჯერებელი იყო საწინააღმდეგო მოსაზრების დასაცავ არგუმენტებთან შედარებით. აქედან გამომდინარე, ნიკოლოზ ბარათაშვილს პოემის წერის პროცესში უნდა მოეძებნა, მოეგონებინა ისეთი არგუმენტი ან არგუმენტები, რომელსაც ათქმევინებდა ერეკლეს და რომელიც გადაწონიდა საპირისპირო არგუმენტს ან არგუმენტებს, რაც ასევე მწერლის მოსაფიქრებელი იყო. ტექსტში მწერალი გარკვევით წერს, რომ ერეკლე მეფეს გადაწყვეტილება უკვე მიღებული ჰქონდა. ასეთ დროს გაუგებარია, რაღა საჭიროა  სოლომონისა და ერეკლეს ვერბალური დისპუტის გამართვა. ჩემი აზრით, ბარათაშვილი ამ ეპიზოდით ცდილობს დაგვანახოს, რომ ერეკლეს მაინც ეთანაღრება გული გადაწყვეტილების გამო. როგორც ჩანს, მწერალს უნდა გვაჩვენოს, რომ ერეკლეს თავადაც აქვს ნაფიქრი იმაზე, რასაც მას სოლომონი სთავაზობს და იმ არგუმენტზე, რომელსაც მას ეუბნება მსაჯული, ერეკლესაც უფიქრია. ამიტომაც არ აღფრთოვანდება სოლომონის არგუმენტით პოემის პერსონაჟი, თუმცა იგივე არგუმენტით აღფრთოვანებულები ვართ ჩვენ, მკითხველები. რაშია საქმე? რა სჭირს პერსონაჟ ერეკლეს, რატომ ვერ ხედავს ის პერსონაჟი სოლომონის არგუმენტის ხიბლს? ალბათ მისთვის არგუმენტაციისას თავისუფლების თემით აპელირება მოცემულ მომენტში ემოციური უფროა, ვიდრე დამაჯერებელი. ერეკლეს ემოციური არგუმენტის კი არა, წონიანი არგუმენტის მოსმენა სწადია მსაჯულისგან. მაშინ, როდესაც ერეკლე მეფე ყოველი მორიგი ბრძოლის შემდეგ თავისი თვალით უყურებდა ქართველთა რიცხოვნების შემცირებას, ხედავდა, რომ ქვეყანა ფიზიკური განადგურების პირას იდგა, თავისუფლების უპირატესობის მტკიცებით ემოციური არგუმენტი ვერ გადაწონიდა ფიზიკური გადარჩენის აუცილებლობის ლოგიკურ არგუმენტს. სასწორზე სწორედ ფიზიკური გადარჩენა იდგა. თავისუფლებაზე საუბარი მხოლოდ ფიზიკური გადარჩენის შემდეგ იქნებოდა გამართლებული, რადგან ერის ფიზიკური გადაშენების შემთხვევაში თავისუფლება ლიტონ სიტყვად დარჩებოდა. პოემაში მეფესა და მის მსაჯულს შორის გამართული ვერბალური დისპუტის განხილვისას თუკი ვინმე უშვებს ჰაინდსაითის შეცდომას, ეს მწერალი კი არაა, არამედ ოცდამეერთე საუკუნის ქართველი მკითხველია; მკითხველი, რომელმაც, ბარათაშვილის მსგავსად, მარტო ტოტლებენის ღალატის, რამდენიმე წარუმატებელი აჯანყების შესახებ კი არ იცის, არამედ ყველაფერი იცის მეოცე საუკუნის ანექსორზეც და ოცდამეერთე საუკუნის ოკუპანტზეც. ამიტომაც მას, ოცდამეერთე საუკუნის მკითხველს, სჯერა, რომ ბარათაშვილი სოლომონის არგუმენტს ემხრობა. მკითხველის სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ პოეტის პოზიცია, სავარაუდოდ, მაინც ემოციური არგუმენტისკენ იხრება, მიუხედავად იმისა, რომ მას სოლომონის პირით მოხმობილი არგუმენტი სულაც არ ჰგონია გამანადგურებელი, რადგან სოლომონის არგუმენტს გასამყარებლად კიდევ ახალი პერსონაჟის, სოფიოს არგუმენტი ემატება.

დავუბრუნდეთ თხზულებას: არანაირი დოკუმენტი არ არსებობს, რომლის მიხედვითაც გვეცოდინება, რას ეუბნებოდა სოლომონი ერეკლეს, შესაბამისად, არ მოვიტყუებით, თუკი ვიტყვით, რომ არანაირი სოლომონის არგუმენტი არ არსებობს. სამაგიეროდ არსებობს მწერალ ბარათაშვილის ორი ურთიერთსაპირისპირო არგუმენტი. ნიკოლოზ ბარათაშვილის გადმოსახედიდან, ერეკლე მეორის არგუმენტი რომ უფრო წონიანი არ ყოფილიყო, ბარათაშვილი ერეკლეს სხვა დამატებით არგუმენტსაც მოუფიქრებდა და ათქმევინებდა, რათა ეჩვენებინა, რატომ გაიმარჯვა ერეკლეს პოზიციამ; ხოლო სოლომონს არ ათქმევინებდა იმას, რაც ათქმევინა და რამაც დაამარცხა მსაჯულის პოზიცია. სოლომონის არგუმენტი მომგებიანია მომავლის გადმოსახედიდან, მაშინ, როცა უკვე ვიცით, თუ რით დასრულდა რუსეთის საფარქვეშ ყოფნა, როცა ვიცით, რომ ერეკლეს ნაბიჯს საქართველოს თავისუფლების დაკარგვა მოჰყვა სამეფო ინსტიტუტის გაუქმებასთან ერთად. სოლომონის არგუმენტს არა აქვს საკმარისი წონა იმ კონკრეტულ მომენტში, როცა გამოგონილი დიალოგი იმართება. ბარათაშვილი აჩვენებს, რომ კონკრეტულ მომენტში იმარჯვებს ერეკლეს არგუმენტი და არა ერეკლეს ერთპიროვნული გადაწყვეტილება. ეპიზოდის განხილვისას არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სოლომონ მსაჯული ერეკლეს სიკვდილის შემდგომ დიპლომატიური მისიით იყო მივლენილი რუსეთში. ამიტომაც არის გასაგები, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი ბარათაშვილისთვის არა სხვა რომელიმე ისტორიული პირის, არამედ სწორედ სოლომონ ქველის შემოყვანა პოემაში პერსონაჟად და ერეკლესთან მოპაექრედ. მარტო ის ფაქტი კი არ შემოაყვანინებს ბარათაშვილს პოემის პერსონაჟად სოლომონ ლიონიძეს, რომ მსაჯული რუსეთის სასარგებლოდ არჩევანის გაკეთების წინააღმდეგი იყო, არამედ იმიტომაც, რომ წლების შემდეგ სწორედ სოლომონი წარმოადგენს რუსეთში საქართველოს სახეს. კიდევ უფრო საინტერესო ხდება, სოლომონის ბიოგრაფიის გათვალისწინებით, მისი მეუღლის პოზიციაც. აქვე უნდა შევნიშნოთ ისიც, რომ სოლომონ მსაჯულის კალამს ეკუთვნის ტექსტი „მოთქმით ტირილი…“, რომელშიც პატარა კახს ის ერეკლეს კი არა, ღერკულესს უწოდებს. შესაძლოა, ჩვენი მოსწავლეები ვერ აცნობიერებდნენ იმ ფაქტს, რომ სახელი ერეკლე (ბიზანტიური წარმოთქმით ირაკლი), მომდინარეობს ბერძნული მითოლოგიის გმირის, ჰერაკლეს, სახელისგან. ჰერაკლე კი რომაული ჰერკულესია. რეალური ისტორიული პირისთვის, სოლომონისთვის და იმ კახელებისთვისაც, ვის არმაღანადაც იწერება პოემა, ერეკლე არის ჰერკულესი/ჰერაკლე, მარტო სახელით კი არა, არამედ შეუპოვრობითაც. ბარათაშვილის თანამედროვე კახელები, უკვე ფიზიკურად გადარჩენილები, სინანულით კი არ იხსენებენ პატარა კახს და მის გადადგმულ ნაბიჯს, არამედ მათთვის, ვინაიდან ერეკლე საგმირო საქმეებთან, ომში ვაჟკაცობასთან ასოცირდება, სწორედ ესაა გასახსენებელი. ამ კონტექსტში უნდა დაისვას კიდევ ერთხელ კითხვა, თუ რატომ შემოიყვანა პერსონაჟად მწერალმა მაინცდამაინც სოლომონი? ზემოთქმულთან ერთად კიდევ იმიტომაც ხომ არა, რომ თუკი ერეკლეს სახელი ჰერკულესთან ასოცირდებოდა, სოლომონის სახელი სოლომონ ბრძენს უნდა ახსენებდეს მკითხველს? თუ ეს ასეა, მაშინ მით უფრო საინტერესოა მწერლის არჩევანი, რადგან სოლომონის მეუღლის სახელია სოფიო, ეს სახელი კი ბერძნულიდან ითარგმნება, როგორც სიბრძნე. საკუთარ სახელთა გათვალისწინებით პოემა ასე დალაგდება: ერეკლეს ერის ფიზიკური გადარჩენა აინტერესებს და ამის მიღწევა ფიზიკური ძლიერებითაა შესაძლებელი, რაც, სამწუხაროდ, ქართველებს აღარ გააჩნიათ. აქედან გამომდინარე, გასაგები ხდება ერეკლე მეფის არგუმენტი, რომელიც მოცემულ მომენტში გონივრულია და ფიზიკურ ფაქტორებზეა აგებული; სოლომონ ქველს სოლომონ ბრძენივით მომავლის განჭვრეტა ძალუძს და ამიტომ მისი არგუმენტი, შესაძლოა, ვერ იმარჯვებს ერეკლესთან დიალოგში, მაგრამ მის არგუმენტს მომავალი ექნება წლების შემდეგ, მაშინ, როცა ქვეყანა ფიზიკურად გადარჩება; აი, სოფიოს არგუმენტი კი მწერლის მიერ დაშვებული ჰაინდსაითის შეცდომაა, რადგან ვერც სოფიოს და ვერც მის მეუღლეს ვერ ეცოდინებოდათ, რომ წყვილის მომავალი რუსეთში გაგრძელდებოდა და იქ ფიზიკურ გადაშენებაზე კი არა, ფიზიკურად გადარჩენილებს ეთნიკური იდენტობის დაკარგვაზე ექნებოდათ საფიქრალი. სოფიოს არგუმენტი, რომელსაც ეყრდნობა და აგრძელებს სოლომონი, ბარათაშვილის გულის ძახილია, რომელიც თავის თანამედროვე ქალებს უყურებს და რუსეთთან მიერთების სავალალო შედეგს ხედავს. ფიზიკურად გადაშენებას ეშველა, მაგრამ ერეკლე ვერ განსაზღვრავდა იმას, რაც ფიზიკურად გადარჩენილ ქართველობას ემუქრებოდა. ვერ ვიტყვით, რომ წარმოუდგენელი იყო ამ ყველაფრის განჭვრეტა, მაგრამ ეცალა კი ერეკლეს ამაზე საფიქრელად? ნიკოლოზ ბარათაშვილმა უკვე მომავლიდან იცის, რა პრობლემის წინაშე აღმოჩნდებიან რუსეთში გადახვეწილი, ნებით და იძულებით, ქართველები და ამიტომაც ათქმევინებს სოფიოს იმ არგუმენტს, რომელიც მისთვის ალბათ უფრო ღირებულია, ვიდრე ერეკლესა და სოლომონის მთელი ვერბალური პაექრობა. ჩემი აზრით, ესაა ჰაინდსაითის შეცდომა, რომელიც ნაწილობრივ მაინც დაუშვა მწერალმა.

აწი თქვენი გადასაწყვეტია, გამოიყენებთ თუ არა ჩემს რეკომენდაციებს „ბედი ქართლისას“ სწავლების პროცესში. შესაძლოა, რთულად მოგეჩვენოთ ისინი, რადგან ასე ჩატარებულ გაკვეთილზე მოსწავლეებს შესაძლოა, აზრი გაექცეთ და თქვენ მუდმივად მოგიწევთ, შეახსენოთ მათ, არ აურიონ ერთმანეთში მწერლის გამონაგონი და ისტორიული ფაქტი და იმსჯელონ არა ისტორიულ ფაქტზე, არამედ ავტორის მიგნებებზე და მწერლის მიერ ჩაფიქრებული ჰიპოთეტური გეგმის განხორციელებაზე. თუმცა არა მგონია, მონდომების შემთხვევაში არ აღმოაჩინოთ, რამდენად სასარგებლოა ამგვარი აქტივობა გონიერი მოსწავლეებისთვის. რადგან გონიერი მოსწავლეები სწორედ ასე სწავლობენ ობიექტურ ანალიზს, სხვადასხვა თვალთახედვის, სხვადასხვა ხედვის კუთხიდან მოვლენების შეფასებას და მიდიან დასკვნამდე, რომ არ არსებობს მკითხველი და შესაბამისად, ადამიანიც, რომელიც თავისებურად მიკერძოებული არ იქნება ამა თუ იმ მოვლენის შეფასებისას.

საკვანძო კითხვები:

მკითხველი – რაში მდგომარეობს მკითხველის ჰაინდსაითის შეცდომა?

ავტორი – ნაწარმოების აგებისას რაზე უნდა ეფიქრა და რა უნდა გაეთვალისწინებინა მწერალს? რა შემთხვევაში დაუშვებდა მწერალი ჰაინდსაითის შეცდომას და დაუშვა თუ არა ის?

პერსონაჟები და ისტორიული პირები – რატომ ირჩევს და გარდაქმნის მწერალი სწორედ ამ და არა სხვა ისტორიულ პირებს პერსონაჟებად? რა ვიცით პოემაში გამოყვანილი ისტორიული პირების შესახებ, რაც დაგვეხმარება მწერლის არჩევანის გამართლებაში?

წესებიანი თამაშები – გარდამავალი ეტაპი თამაშიდან სწავლაზე

0

წესებიანი თამაშის დროს ბავშვები ან თავად იგონებენ წესებს, ან სხვების მიერ შეთავაზებულ წესებს ემორჩილებიან. ზოგიერთ თამაშს ისეთი წესები აქვს, რომელთა დაცვის გარეშე თამაშის პროცესი ვერ წარიმათება. ასეთი თამაშებია, მაგალითად, სამაგიდე თამაშები –  „ორობანა“, ლოტო, დომინო, ან ეზოს მოძრავი თამაშები, როგორებიცაა მაგ,  „დაჭერობანა”, „დამალობანა” და ა.შ.

წესებიანი თამაშის დროს ბავშვები ცდილობენ თამაშის ორგანიზებასა და მისი წესების დაცვას, იქნება ეს რიგითობა, მოლაპარაკება თუ დათმობა. ბავშვები თამაშისას მოითხოვენ წესების  დაცვას და აპროტესტებენ, თუ ვინმე წესს არღვევს. სწორედ ამგვარ თამაშში იწყებენ ბავშვები სამართლიანობის ცნების გააზრებას და განასხვავებენ მისაღებ და მიუღებელ სოციალურ ქცევას, მაშასადამე, წესებიანი თამაში ხელს უწყობს სოციალური უნარების განვითარებას.

ზოგი მეცნიერის აზრით წესებიანი თამაში, სადაც ბავშვებს უხდებათ გარედან მიწოდებული  წესების გათვალისწინება, არის  გარდამავალი ეტაპი თამაშიდან სწავლაზე. ვინაიდან, ამ დროს ბავშვებს უხდებათ წესების გაგება, შემდეგ მისი დამახსოვრება, წესების მიხედვით მოქმედება და იმპულსების მართვა. აღნიშნული უნარები კი მნიშვნელოვანი უნარებია სკოლაში სწავლისთვისაც. განვითარების თვალსაზრისით, „თამაში წესებით, ოფიციალური სკოლისა და საბავშვო თამაშის დასაკავშირებლად იდეალური კანდიდატია“ (ფერნი, 1998 წ., გვ. 7).

წესებიანი თამაშები ქმნის შესაძლებლობას, ბავშვებმა სახალისო და სასიამოვნო გზით გაივარჯიშონ უნარები და მიიღონ ცოდნა სხვადასხვა სფეროში. მაგალითად, თამაშის დროს კამათელზე წერტილების დათვლა, ლოტოს თამაშის პროცესში  დაზუსტება, თუ ვის უფრო მეტი ბარათი აქვს, ბარათების დარიგება წყვილებისთვის ავითარებს მათემატიკურ უნარებს.  მაგრამ, ბავშვისთვის თამაშის შეთავაზებისას, აუცილებლად  უნდა გავითვალისწინოთ ბავშვის განვითარების დონე და დავაკვირდეთ, სახალისოა თუ არა აღნიშნული თამაში მისთვის, ვინაიდან თამაში ბავშვში აუცილებლად დადებით ემოციებს უნდა იწვევდეს.  თანაც, ალბათ ხშირად დავკირვებივართ, რომ ძალიან მცირე ასაკის ბავშვები თამაშის წესების გამო ღიზიანდებიან. თუმცა, მარტივი მოტორული თამაშები, მაგალითად, დახუჭობანა ბევრი ბავშვისთვის საყვარელი თამაშია.

როგორც მოგეხსენებათ, წესებიან თამაშებში თითქმის ყოველთვის არის მოგებული და დამარცხებული, რასაც ზოგიერთი ბავშვი მძაფრად განიცდის. ამიტომ, მნიშვნელოვანია,  უფროსებმა ყურადღება გადაიტანონ თამაშისგან სიამოვნების მიღებაზე და არა ბავშვების ერთმანეთთან შეჯიბრებაზე. შეჯიბრებითობის ელემენტი შეიძლება შემცირდეს, თუკი თამაში იქამდე გაგრძელდება, სანამ ყველა არ „მოიგებს“. ამ შემთხვევაში თამაშში შეიძლება იყოს „პირველი გამარჯვებული“, „მეორე გამარჯვებული“ და ა.შ. აგრეთვე, შესაძლებელია ბევრი წესებიანი თამაშის მოგონება ან შეცვლა ისე, რომ შეჯიბრებითობის ელემენტი საერთოდ „ამოვარდეს“. მაგალითად, წესებიანი თამაში დასრულდეს  მაშინ, როდესაც ყველა მოთამაშეს გაუთავდება ბარათები ან სხვა მასალა ან თამაში დასრულდეს  გარკვეული დროის გასვლის შემდეგ. ერთი და იმავე თამაშის ბევრჯერ გამეორებით კი ბავშვები ბუნებრივად გაიაზრებენ, რომ ადრე თუ გვიან ყველა იმარჯვებს და არავინ არ არის მუდმივად „მოგებული“. მეორე მხრივ,  წესებიანი თამაში შეიძლება აღმოჩნდეს კარგი საშუალება, ბავშვებმა ისწავლონ ემოციების მართვა და წესების დაცვა.

ქვემოთ წარმოგიდგენთ რამდენიმე წესებიან თამაშს, რომელთა თამაშიც სახალისო იქნება ოჯახის წევრებთან ერთად, ოჯახურ გარემოში.

  1. აქტივობა „ციფრობანა“

მიზანი: თვლის  პროცესის სწავლა, მოტორიკისა და  კოორდინაციის უნარის განვითარება.

მიახლოებითი ასაკი: 4-5 წელი

კავშირი სტანდარტთან: ბავშვის აღზრდისა და განათლების სტანდარტები[1].

  • განვითარების სფერო – ფიზიკური და სენსორული განვითარება; შედეგი: ბავშვი აკონტროლებს და კოორდინირებულად იყენებს სხეულის წვრილ კუნთებს.
  • განვითარების სფერო – სოციალური და ემოციური განვითარება. შედეგი: ბავშვი ამჟღავნებს ემოციურ კომპეტენციებს. კატეგორია – იმპულსებისა და ქცევის მართვა.
  • განვითარების სფერო: შემეცნებითი განვითარება. შედეგი: ბავშვი შემოქმედებითად უდგება ყოველდღიურ საქმიანობას და ეძებს პრობლემის გადაჭრის სხვადასხვა გზას. კატეგორია: პრობლემის გადაჭრა.
  • თემატური მიმართულება – მეცნიერების ელემენტები. შედეგი: ბავშვი იყენებს მათემატიკურ უნარებს. კატეგორია – რიცხვები.

მასალა: 1 ცალი მოზრდილი ზომის ყუთი/ყუთის თავსახური,  ათ ცალად გამოჭრილი  პატარა მუყაოს ქაღალდი (შესაძლებელია ქაღალდის  ხელსახოცის მუყაოს შიგთავსის  გამოყენება) მარკერი, პატარა ზომის ბურთი, წებო (სასურველია ცხელი წებო).

მიმდინარეობა: სათამაშო უნდა დავამზადოთ ბავშვთან ერთად. ქაღალდის ხელსახოცის შიგთავსს დავჭრით ათ ნაწილად, თითოეულ ნაწილს დავაწერთ შესაბამის ციფრს. რგოლებს ქაღალდის მოზრდილ ყუთში არეულად  (ცხელი წებოთი ან წებოვანი ლენტით)  დავამაგრებთ. ბავშვი ყუთში ბურთს ჩააგდებს და ორივე ხელს ყუთს მოჰკიდებს. ბავშვმა პატარა ბურთი რგოლებში თანმიმდევრულად უნდა გააძვრინოს.  მაგ: ჯერ რგოლში, რომელსაც აწერია ციფრი ერთი, შემდეგ ორი და ა. შ.

იხ. ილუსტრაცია 1.

 

 

  1. აქტივობაფიგურების არეკვლა“

მიზანი: ყურადღების,  ნატიფი  მოტორიკის, შემეცნებითი განვითარების ხელშეწყობა.

მიახლოებითი ასაკი: 3-7 წელი

კავშირი სტანდარტთან: ბავშვის აღზრდისა და განათლების სტანდარტები

  • განვითარების სფერო – ფიზიკური და სენსორული განვითარება. შედეგი – ბავშვი აკონტროლებს და კოორდინირებულად იყენებს სხეულის წვრილ კუნთებს. კატეგორია – საგნებით მანიპულირება.
  • განვითარების სფერო – შემეცნებითი განვითარება. შედეგი – ბავშვი ავლენს ცნობისმოყვარეობას სიახლის მიმართ, შეუძლია, შეაჩეროს და შეინარჩუნოს ყურადღება მოცემულ ამოცანაზე.

სასკოლო მზაობის სახელმწიფო სტანდარტი

  • განვითარების სფერო – სწავლისადმი მიდგომა. ქვესფერო-სასწავლო და სააზროვნო უნარები, მიმართულება – ყურადღების კონცენტრირება. შედეგი -ბავშვს შეუძლია, შეაჩეროს და გარკვეული დროის განმავლობაში შეინარჩუნოს ყურადღება კონკრეტულ ამოცანაზე, მათ შორის, გარკვეული დაბრკოლებების წარმოქმნის შემთხვევაშიც.
  • მიმართულება – კრიტიკული აზროვნება. შედეგი – ბავშვს შეუძლია საგნებისა და მოვლენების შედარება, მათ შორის, მსგავსებისა და განსხვავების ამოცნობა.
  • განვითარების სფერო – ჯანმრთელობა და ფიზიკური განვითარება. ქვესფერო – ფიზიკური განვითარება. მიმართულება – ნატიფი მოტორიკა. შედეგი – ბავშვს შეუძლია,  ადვილად ჩაერთოს მისთვის ნაცნობ აქტივობებში, რომლებიც  თვალისა  და ხელის კოორდინაციას მოითხოვს; ბავშვს მოსწონს ახალი დავალებების შესრულება, რომლებიც ნატიფი მოტორიკის გამოყენებას მოითხოვს: მაგ., ძერწვა, „ფაზლების“  აწყობა, ხატვა და ა. შ.

მასალა: საწრუპები/ნაყინის ჩხირები, მაკრატელი, ფერადი წებოვანი ლენტი.

მიმდინარეობა: თითოეულ საწრუპს დაჭრით 3 ტოლ ნაწილად (თუ ნაყინის ჩხირებით გავაკეთებთ  აქტივობას, მაშინ სასურველია გუაშის საღებავებით სხვადასხვა ფერად მათი შეღებვა). ფერად წებოვან ლენტს ვერტიკალურად გავავლებთ იატაკზე. ერთ მხარეს წამყვანი სხვადასხვა სახის ფიგურებს შექმნის (მაგ: სამკუთხედი, რომბი, სახლი…) წებოვანი ლენტის მეორე მხარეს ბავშვმა იმავე ფერის საწრუპებით იდენტური ფიგურები  უნდა გაიმეოროს. პირველ ჯერზე სასურველია,  ჩვენ ვუჩვენოთ ბავშვს, როგორ კეთდება. მოტივაციისთვის შეიძლება, ხან ბავშვმა შექმნას ფიგურა, ხან  ჩვენ. ჩვენ კი ჩავინიშნოთ, თუ  რამდენ ფიგურას გავიმეორებთ სწორად.

იხ. ილუსტრაცია 2.

 

 

 

  1. აქტივობა „მოდი გავაგოროთ“

მიზანი:  ყურადღების, პრობლემის გადაჭრის, მათემატიკური უნარებისა და  მოტორიკის განვითარება.

მიახლოებითი ასაკი:  5- 7 წელი

კავშირი სტანდარტთან:  სასკოლო მზაობის სახელმწიფო სტანდარტი;

  • განვითარების სფერო – შემეცნებითი განვითარება და ზოგადი ცოდნა. ქვესფერო – მათემატიკური წარმოდგენები. მიმართულება – რიცხვები და ანგარიში.
  • განვითარების სფერო – სწავლისადმი მიდგომა. ქვესფერო – სასწავლო და სააზროვნო უნარები.
  • განვითარების სფერო – ჯანმრთელობა და ფიზიკური განვითარება. ქვესფერო – ფიზიკური განვითარება. მიმართულება – ნატიფი მოტორიკა.

მასალა:  დიდი ფორმატის ქაღალდი (შესაძლებელია ჩვეულებრივი ზომისაც), კამათელი, თამაშში მონაწილეთა რაოდენობის შესაბამისი სხვადასხვა ფერის ფლომასტერი.

მიმდინარეობა: ფორმატზე ერთმანეთის დაშორებით დავსვათ  წერტილები. მოთამაშეები რიგრიგობით აგორებენ კამათელს. გაგორებისას კამათელზე  დავითვალოთ  წერტილების რაოდენობა. ფორმატზე ერთმანეთთან შევაერთოთ იმდენი წერტილი, რამდენიც ამოგვივიდა კამათელზე, თან უნდა ვეცადოთ, თანდათან რაიმე ფიგურა ,,დაგვეხატოს.“ ბოლოს, როდესაც წერტილები ქაღალდზე აღარ იქნება, წყდება თამაში.  თითო ფიგურას შეგვიძლია,  მივანიჭოთ თითო ქულა. მოთამაშეები ითვლიან საკუთარ შეგროვებულ ფიგურებს და აჯამებენ.  მონაწილე, რომელიც მეტ ფიგურას დახატავს,  იქნება გამარჯვებული.

იხ. ილუსტრაცია 3.

 

 

 

  1. ,,მეზღაპრეები“

მიზანი: თანამშრომლობის, აზროვნების, მეტყველების  განვითარება, წარმოსახვის გააქტიურება

    მიახლოებითი ასაკი: 5-7 წელი

    კავშირი სტანდარტთან: სასკოლო მზაობის სახელმწიფო სტანდარტი.

  • სფერო სწავლისადმი მიდგომა. ქვესფერო – სასწავლო და სააზროვნო უნარები. მიმართულება – ყურადღების კონცენტრირება. დეგი: ბავშვს შეუძლია, შეაჩეროს და გარკვეული დროის განმავლობაში შეინარჩუნოს ყურადღება კონკრეტულ ამოცანაზე, მათ შორის, გარკვეული დაბრკოლებების წარმოქმნის შემთხვევაშიც.
  • შედეგი: შემოქმედებითობა და გამომგონებლობა. ბავშვს მოსწონს სხვადასხვა სახის შემოქმედებითი აქტივობები; შეუძლია, მოიგონოს ახალი როლები, დიალოგები, ამბები და თამაშები.
  • სფერო: სოციალურ-ემოციური განვითარება. ქვესფერო: ემოციური განვითარება. მიმართულება: თვითმართვა. შედეგი: ბავშვს შეუძლია საკუთარი ემოციების და იმპულსების მართვა;
  • მიმართულება: მოქნილობა. შედეგი: ბავშვს შეუძლია, გამოამჟღავნოს მოქნილობა და საკუთარი ქცევა მიუსადაგოს  გარემოსა და ყოველდღიურ საქმიანობებს.
  • სფერო – შემეცნებითი განვითარება და ზოგადი ცოდნა. ქვესფერო. სააზროვნო უნარები. მიმართულება – მიზეზშედეგობრიობა (ლოგიკური აზროვნება).შედეგი: ბავშვს შეუძლია, გამოარჩიოს ერთი შედეგის რამდენიმე შესაძლო მიზეზი და ერთი მიზეზის რამდენიმე შესაძლო შედეგი.
  • სფერო – მეტყველება, კომუნიკაცია და წიგნიერება. ქვესფერო-მეტყველება. მიმართულება: მოსმენა (რეცეფციული მეტყველება); შედეგი: ბავშვს თითქმის ყოველთვის ესმის ვერბალური და არავერბალური კომუნიკაცია თანატოლებისა და აღმზრდელების მხრიდან, მათ შორის, მითითებები, თხოვნა, ზეპირად მოთხრობილი ან წაკითხული ზღაპრები და ისტორიები.
  • მიმართულება: ლაპარაკი/ზეპირი მეტყველება (ექსპრესიული მეტყველება). შედეგი: ბავშვს შეუძლია აზრის გამართულად ჩამოყალიბება, ამბის სწორი თანმიმდევრობით გადმოცემა, სიუჟეტის მნიშვნელოვანი მომენტების ჩათვლით.

მასალა: ბარათები ცხოველების, ფრინველების, საგნების, ადამიანების გამოსახულებებით (შესაძლოა ლოტოს სხვადასხვა ბარათების გამოყენება).

მიმდინარეობა: აღნიშნული აქტივობის განხორციელება შეიძლება ოჯახურ პირობებში, ყველა ოჯახის წევრის ჩართულობით. მონაწილეები შემოუსხდებიან შეერთებულ მაგიდას. წამყვანი მონაწილეებს ლოტოს   თითო ბარათს ურიგებს.

მიმდინარეობა: აღნიშნული აქტივობის განხორციელება შეიძლება ოჯახურ პირობებში,  ოჯახის ყველა წევრის ჩართულობით. მონაწილეები შემოუსხდებიან შეერთებულ მაგიდას. წამყვანი მონაწილეებს ლოტოს   თითო ბარათს ურიგებს.

ინსტრუქცია: დღეს ჩვენ ნამდვილ მეზღაპრეებად გადავიქცევით. ყველამ ერთად უნდა მოვიფიქროთ ზღაპარი. ერთ-ერთი თქვენგანი  მაგიდის  შუაში დადებს რომელიმე  ბარათს. აი, მაგალითად: ფისო. იყო და არა იყო რა, იყო ერთი ფისო, ამის შემდეგ მის მარჯვნივ მჯდომი აგრძელებს თხრობას, ის დადებს თავის ბარათს, მაგალითად ”კურდღელს”. ფისოს ჰყავდა მეგობარი კურდღელი. ყველა მონაწილე  დადებს ბარათს და გააგრძელებს ზღაპარს. ის მონაწილე, რომელიც ბოლოს დადებს ბარათს, დაასრულებს ზღაპარს. ახლა კი ყურადღებით. კარგად მოუსმინეთ ერთმანეთს, რომ ჩვენი ზღაპარი უფრო საინტერესო გამოვიდეს.

რეკომენდაცია წამყვანს: ,,თუ ზღაპარი ლოგიკურ მიმდინარეობას კარგავს, მაშინ წამყვანი ერთვება თამაშში და აკავშირებს მოცემულ მოვლენებს ერთმანეთთან, ან თითოეული მონაწილის შემდეგ იმეორებს აზრს და შემდეგ ბავშვს მიმართავს: აბა, რა მოხდა შემდეგ?

აღნიშნული აქტივობა ხელს უწყობს ენისა და მეტყველების განვითარებას. ამიტომ თამაშისას უნდა გავითვალისწინოთ, თუ ბავშვი რომელიმე სიტყვას არასწორად წარმოსთქვამს, არ შევაწყვეტინოთ  მას საუბარი,  დაველოდოთ ფრაზის დასრულებას და შემდეგ, შეჯამებისთვის გავიმეოროთ იგივე ფრაზა სწორი ფორმით. ბავშვის ლექსიკის გასამდიდრებლად შეგვიძლია, გამეორებისას ვახსენოთ და ვუჩვენოთ ბავშვს ის დეტალი, რომელიც მისი ყურადღების მიღმა დარჩა.

  1. ,,აბა გამოიცანი’’

მიზანი:   აზროვნების განვითარება

მიახლოებითი ასაკი: 5-7 წელი

კავშირი სტანდარტთან: სასკოლო მზაობის სახელმწიფო სტანდარტი

  • ქვესფერო – მოტივაცია. მიმართულება – ცნობისმოყვარეობა და ინტერესი; შედეგი – ბავშვს შეუძლია, ახალი ინფორმაციის მიღების მიზნით დასვას კითხვები  და მზად არის ახალი გამოცდილების მისაღებად.
  • მიმართულება – კვლევა. შედეგი – ბავშვს შეუძლია, მიიღოს  ინფორმაცია  შეკითხვების დასმის, უშუალო დაკვირვების, ცდისა და შეცდომის გზით.
  • ფერო – სოციალურ-ემოციური განვითარება. ქვესფერო – ემოციური განვითარება. მიმართულება – თვითმართვა. შედეგი – ბავშვს შეუძლია საკუთარი ემოციების და იმპულსების მართვა;

მიმდინარეობა: წამყვანი ჩაიფიქრებს რომელიმე ცხოველს (ფრინველს, საგანს და ა.შ.).  მონაწილეებმა უნდა დასვან კითხვები, რათა გამოიცნონ, თუ რა არის ჩაფიქრებული. ოღონდ, არ შეიძლება პირდაპირი ვარაუდების გამოთქმა. მაგ., ძაღლია? კატაა?

ჯერ უნდა გაარკვიოთ, სულიერია თუ უსულო? ცხოველია, მცენარე თუ ადამიანი. ცხოველის შემთხვევაში – შინაურია თუ გარეული, ჭამს თუ არა მაგ, ბალახს?  აქვს თუ არა რქები, სად ცხოვრობს  და ა. შ.  პირობითად მხოლოდ7 კითხვის დასმის შემდეგ  შეიძლება ვარაუდების გამოთქმა. (დასაშვებია 3 ვარაუდის დასახელება).  თუ მონაწილეებმა  ვერ გამოიცნეს, ასეთ შემთხვევაში იმარჯვებს წამყვანი, თუ გამოიცნეს _ მონაწილეები.

როდესაც მონაწილეები კარგად ისწავლიან თამაშს და სწორი კითხვების დასმას, შესაძლოა თამაშის გართულებაც. მაგ.,

კითხვები დავსვათ ისე, რომ წამყვანმა უპასუხოს მხოლოდ: “კი”, “არა”, “არ ვიცი”.

  1. 6. ,,გაიმეორე ჩემი ორნამენტი“

მიზანი: მეხსიერების, ყურადღების განვითარება.

მიახლოებითი ასაკი: 5-7 წელი

კავშირი სტანდარტთან: სასკოლო მზაობის სახელმწიფო სტანდარტი

  • სფერო – სწავლისადმი მიდგომა. ქვესფერო: ყურადღების კონცენტრირება. შედეგი: ბავშვს შეუძლია, შეაჩეროს და გარკვეული დროის განმავლობაში შეინარჩუნოს ყურადღება კონკრეტულ ამოცანაზე, მათ შორის, გარკვეული დაბრკოლებების წარმოქმნის შემთხვევაშიც.
  • სფერო – შემეცნებითი განვითარება და ზოგადი ცოდნა. ქვესფერო – ზოგადი ცოდნა. მიმართულება სივრცე. შედეგი – ბავშვს შეუძლია, ზეპირად მიწოდებული ან მარტივი თვალსაჩინოების  გამოყენებით  მიაგნოს გარკვეულ ადგილს.

მასალა: 2 ფურცელი, რომელზეც 9 უჯრიანი ცხრილია გამოსახული, 2 წყვილი პატარა ბარათი სხვადასხვა გამოსახულებით.

იხ. ილუსტრაცია 4

მიმდინარეობა: თამაშში მონაწილეობს წყვილი. მაგიდაზე იდება 2 ფურცელი და ორივე მონაწილეს  ეძლევა ერთნაირი ბარათები. პირველ ჯერზე, პირველი მონაწილე ათავსებს მოცემულ უჯრებში მაგ., 3 ან  4  ბარათს. მისი მეწყვილე კი უყურებს 2 წუთის განმავლობაში და ცდილობს, დაიმახსოვროს. ამის შემდეგ პირველი მონაწილე დალაგებულ ბარათებს ფურცელს აფარებს და სთხოვს მეორე მოთამაშეს  ბარათების  განლაგების გამეორებას თავის ფურცელზე. შეიძლება ჩავინიშნოთ,  თითოეულ თამაშში რამდენი  ბარათი დადო სწორად თითოეულმა მონაწილემ.

აღნიშნული თამაშების ვიდეო ინსტრუქციები შეგიძლიათ, იხილოთ მასწავლებლის სახლის ფეისბუქ გვერდზე. იხ. ბმული shorturl.at/delDJ

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. 5 წლის ასაკის ბავშვის სწავლა – სწავლების თავისებურებანი (2011) ეროვნული სასწავლო გეგმების ცენტრი.
  2. სასკოლო მზაობის პროგრამა. თამაში სწავლისა და განვითარებისათვის. აღმზრდელის სახელმძღვანელო (2015) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, გაეროს ბავშვთა ფონდი.

ჯონსონი ჯ. ი, ქრისტი ჯ. ფ. თამაში, განვითარება და ადრეული განათლება.

რამდენიმე შენიშვნა ცოდნის გადაცემის პრაქტიკული მნიშვნელობაზე

0

წლების წინ, როდესაც პედაგოგიურ საქმიანობას ვეწეოდი, ორი სტუდენტისგან მოვისმინე სიტყვები, რომელთაც სერიოზულად დამაფიქრეს. ორივე ნათქვამს ერთი საფუძველი ჰქონდა, თუმცა სტუდენტები სხვადასხვა სპეციალობებზე სწავლობდნენ. ერთ-ერთმა დაახლოებით ასეთი რამ მითხრა: რატომ არის, რომ აქ, თქვენთან ყველაფერი ჰარმონიული, საინტერესო და მშვიდია, ხოლო გარეთ, სადაც თქვენი ლექციის შემდეგ გვიხდება გასვლა, სრულიად საპირისპირო სურათი გვხვდება. აქ სამოთხეა, იქ კი – ჯოჯოხეთი. და, მეორე – თქვენ აქ მაღალ მატერიებზე გველაპარაკებით, მაგრამ, ასე მგონია, არც კი იცით, ჩვენ რა პრობლემები გვაქვს. მეორე კითხვის დამსმელი მატერიალურ მდგომარეობას გულისხმობდა, პირველი, უფრო, – სოციალურს. ის უხერხულობაც მახსოვს, რაც ამ ნათქვამმა გამოიწვია ჩემში. ეს სიტყვები ჩამრჩა და დღემდე მომყვება, როგორც გამოცანები, რომელნიც პასუხებს ითხოვენ.

თავიდანვე უნდა ითქვას, რომ მე იმ თაობის ადამიანი ვარ, რომლისთვისაც ლიტერატურა, ძირითადად, იდეალების სამშობლო იყო, ტექსტები კი, მცირე გამონაკლისების გარდა, საკრალური და ფაქიზად მოსაპყრობი. თუ ვსწავლობდით, მასწავლებლები გვაქებდნენ, თუ არა – შეურაცხყოფას გვაყენებდნენ და უმალ გვაგრძნობინებდნენ, რომ ტექსტები უფრო აღმატებულნი იყვნენ, ვიდრე ჩვენ, ცოცხალი ადამიანები, აღსაზრდელები. ფაქტობრივად, შეიძლება ითქვას, რომ ტექსტები ბატონობდნენ ჩვენზე და მთელი ჩვენი მიმართება მათთან ერთგვარი კომპლექსების თანხლებით მიმდინარეობდა. უმალ ჩვენ, ბავშვები არ ვვარგოდით, ვიდრე ისინი, ტექსტები, რომელთაც ხშირად მხოლოდ იმის გამო ვერ ვიგებდით, რომ ცუდად გვიხსნიდნენ. ან თავადაც არ ესმოდა მასწავლებელს ამ ტექსტის მთავარი ღირსება და დანიშნულება, ანდა – იმდენად იყო მოწყვეტილი მათი დამოკიდებულება ტექსტსა და მიზნობრივ ჯგუფთან, რომ გვიჭირდა მათი გააზრება და ჯანსაღად აღქმა. ამიტომაც ის, რასაც სწავლებას უწოდებდნენ, ფაქტობრივად, ტრავმების მიყენების საუკეთესო საშუალება იყო და არა – განათლება, რომელიც პრაქტიკაში უნდა გამოგვეყენებინა.

დღემდე გრძელდება ეს დამოკიდებულება, რადგან, როგორც ზემოთ საკუთარ თავზე აღვნიშნე, მასწავლებელთა დიდი უმრავლესობა იმ თაობიდან ვართ, რომელთათვისაც ტექსტი საკრალურია, ბავშვი კი – არა. მხოლოდ ეს რეალობა, ფაქტობრივად, გამრუდებული სარკე, განა არ არის საკმარისი, რომ თანამედროვე ბავშვს ვერ გადავცეთ ლიტერატურა თუ საერთოდ, ნებისმიერი საგანი ისე, რომ მასში ბუნებრივი ინტერესი და სწავლის სურვილი გავაღვიძოთ?!

სურათი, ძირითადად, ასეთია – შედის ლიტერატურის მასწავლებელი კლასში, იწყებს ჩვენი პირველი ტექსტით, რომელიც ჰაგიოგრაფიას ეკუთვნის და ცდილობს, მოსწავლეებში ჩანერგოს განსაკუთრებული სიყვარული და პატივისცემა ქრისტიანობისთვის თავგანწირული ქალის შესახებ. ყოველ შემთხვევაში, ჟანრი, რომელსაც ეს ტექსტი ეკუთვნის, ამას გვავალებს – ჩვენს წინაშეა წმინდანი, ხოლო წმინდანები საყოველთაო სიყვარულისა და თაყვანისცემის თუ არა, პატივისცემის ობიექტები არიან. მაგრამ ეს სტერეოტიპია და სულაც არ არის აუცილებელი, 15 საუკუნის შემდეგ მოვლენილ ახალგაზრდას მისგან საუკუნეებით დაშორებული ეპოქის იდეალები ჰქონდეს, მით უფრო, მაშინ, როდესაც სოციალური ურთიერთობის ის სტილი, რაც ტექსტშია მოცემული, სრულიად უცხოა და უცნობი.  ვუხსნით, რომ შუშანიკმა ამ საქციელით ქრისტიანობა დაიცვა, რომ მან თავისი იდეალების დაცვისთვის უარი თქვა ამქვეყნიურ პატივსა და დიდებაზე, უარი თქვა, არა მხოლოდ ქმარზე, არამედ – შვილებზეც კი, მაგრამ ვხედავთ, რომ ეს ყველაფერი სულაც არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ბავშვმა დაგვიჯეროს. ბოლოს და ბოლოს, ყველაფერი რომ გაიგოს, ძალიან ძნელი და თითქმის აუხსნელი რჩება, როგორ შეიძლება დედამ უარი თქვას შვილებზე, განა ეს ეგოისტური საქციელი არ არის?! განა რა იდეალი უნდა ჰქონდეს ადამიანს ისეთი, ანდა, რატომ უნდა მოითხოვდეს რელიგიური აღმსარებლობა ადამიანისგან ისეთი ნაბიჯის გადადგმას, რაც ბუნებას ეწინააღმდეგება?! ბოლოს და ბოლოს, ქმართან, შესაძლოა, პრინციპული შეუთანხმებლობა აქვს, მაგრამ მცირეწლოვანმა შვილებმა რა დააშავეს? რომ არა სწავლების სტილი – ერთგვარად თავსმოხვეული, მოძალადე, იმპერატიული, ვერცერთი ბავშვი ვერ შეიყვარებს ქრისტიანობისთვის წამებულ ქალს, რომელმაც დედობაზე საკუთარი ნებით თქვა უარი. გამოდის, პირველივე ტექსტის სწავლებისას კონფლიქტი ისახება საგანსა და მოსწავლეს შორის და ამ კონფლიქტს შემჩნევა და გააზრება სჭირდება და არა – ზედაპირული და ხელოვნური აღმოფხვრა. ისიც ცნობილია, რომ ამ ტექსტის მეორე, რადიკალურად საწინააღმდეგო წაკითხვაც არსებობს და მასწავლებელთა ერთი ნაწილი მას იყენებს ინტერპრეტაციისთვის – იქ შუშანიკი სულაც არ არის იდეალური, არც ვარსქენია ცოფი და მგელი, არამედ, ცოლისგან შეურაცხყოფილი კაცია, რომელიც ოჯახის დაცვას და საკუთარი ინტერესების გატარებას ცდილობს. რომ ვარსქენს უყვარს კიდეც შუშანიკი, მაგრამ თუ უხეშად ექცევა, ესეც შუშანიკის გამომწვევი საქციელის ბრალია და არა – ვარსქენისა. ამ წაკითხვით მეორე უკიდურესობაში ვვარდებით – ერთი მხრივ, აგიოგრაფია გვეუბნება, რომ შუშანიკი ყოველმხრივ შემკული, გაბედული, თავგანწირული ქალია, იდეალისთვის იბრძვის და სიცოცხლეც არ ენანება მისთვის. მას ასეთად აღწერს ტექსტის ავტორი, რომლის მწერლურ ღირსებაში უკვე აღარავის ეპარება ეჭვი, ჩვენ კი ყირაზე ვაყენებთ ნიჭიერი მწერლის გზავნილს. აშკარად, რაღაც ვერ გამოდის, რაღაც სხვა გზა გვაქვს მოსაძებნი. და სწორედ ეს უნდა იყოს პედაგოგისთვის გზა, რომელიც მოსწავლეს უნდა მოაძებნინოს, ყოველ შემთხვევაში, ამ ძიების გზაზე მაინც შეაყენოს და უბიძგოს, რომ კითხვებზე პასუხები იპოვოს. რასაკვირველია, პარალელურად ვაცნობთ ჟანრის კანონებს, ქრისტიანობისადმი დამოკიდებულებას, ამ ჟანრის მიერ ჩამოყალიბებულ წმინდანის კრიტერიუმებს და ა.შ. ეს უკვე ის გზამკვლევებია, რომელთაც ბავშვი უთუოდ გამოიყენებს პასუხების ძიებისას.

მეორე და, ზოგადად, დიდი ტექსტი „ვეფხისტყაოსანია, რომლის სწავლების გზა სულაც არ არის ია-ვარდით მოფენილი, უფრო, პირიქით. ბავშვს უამრავი დაბრკოლება ხვდება მისი გაგებისას. უპირველესად, რასაკვირველია, ეს არის ენა. რაც უნდა ბევრი ვამტკიცოთ, რომ ჩვენს ენას საუკუნეების მანძილზე არ განუცდია ისეთი რადიკალური ცვლილებები, რომ ძველი ტექსტის გაგება ვერ შეძლოს თანამედროვე ადამიანმა, პრაქტიკა სრულიად სხვას გვეუბნება. ბავშვების უმეტესობა ვერ კითხულობს და, აქედან გამომდინარე, არც უყვარს ტექსტი, რომელშიც უამრავი გაუგებარი სიტყვა, მხატვრული სახე და ზღაპრული ამბებია გადმოცემული.

ჩვენ, მასწავლებლები, როგორც წესი, შევდივართ კარგად გაქვავებული სტერეოტიპით – თქვენს წინაშეა შედევრი, რომლის მსგავსი არათუ ქართულ, არამედ, სხვა ენებზეც არ დაწერილა. ავტორი წერს უმდიდრესი ენით, გადმოგვცემს მაღალი იდეალების ისტორიებს, რომელთაც უნდა მივბაძოთ და მისთანანი. რასაკვირველია, ყოველივე ეს მართალია და ლიტერატურის მცოდნეს თავისი საკუთარი რეცეპტორებით აქვს შემოწმებული ტექსტის ყველა ეს ღირსება, მაგრამ, არავითარ შემთხვევაში – ბავშვს. მას ეს ყველაფერი ჯერ სასწავლი, გასააზრებელი და ასაღიარებელი აქვს.

ამიტომ, სასურველი იქნება, ვიდრე ტექსტთან მივიყვანთ, რამდენიმე შეკითხვა დავუსვათ. 1. როგორ ესმის სიყვარული საპირისპირო სქესისადმი; 2. როგორ ესმის მეგობრობა; 3. როგორ წარმოუდგენია სამშობლოს სიყვარული. სასურველი იქნება, თუ კითხვებზე პასუხებს წერილობით წარმოადგენენ, რადგან მომავალში, როდესაც პოემას ვასწავლით, მან უნდა შეძლოს, თავის მიერ უკვე გაცემულ პასუხებს შეადაროს პოემაში გადმოცემული ამბები, დაფიქრდეს, რამდენად შეესაბამება მისი წარმოდგენები ზემოჩამოთვლილ თემებზე პოემაში გადმოცემულ ამბებს. წინასწარ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მათ შორის ბევრი საერთო იქნება, რადგან ვეფხისტყაოსნის ღირსება იმ იდეალების საყოველთაობაში, უნივერსალურობაში გამოიხატება, რაც საფუძვლად უდევს ადამიანის პირად გამოცდილებას. გარდა ამისა, გზადაგზა ვასწავლით, რაოდენ დიდ მნიშვნელობას იძენს ესა თუ ის მოვლენა, როდესაც მას კარგ ფორმას უძებნიან, ეს კი მწერლის ღირსებაა, მისი ინდივიდუალური უნარი და შესაძლებლობა, რომ ის, რაზეც ადამიანური ურთიერთობები დგას, გადმოსცეს ისეთი ენით, ისეთი სიტყვათშეთანხმებით და მხატვრული სახეებით, რომ მკითხველზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვოს. პარალელურად ვასწავლით, რას ნიშნავს შუასაუკუნეების სარაინდო რომანი, როგორია მისი სპეციფიკა. ილუსტრაციისთვის მხატვრობას ვიყენებთ, ვაჩვენებთ რენესანსის მხატვრობას, მის იდეალებს. გზადაგზა სირთულეებს წავაწყდებით, მოსწავლეში იბადება კითხვა – ნუთუ დღევანდელობა რამით ჰგავს იმ სამყაროს, რაც პოემაშია აღწერილი? სად არიან ასეთი შეყვარებულები, ასეთი მეგობრები, ბოლოს და ბოლოს, სიყვარული მხოლოდ მათთვის ხომ არ არის მისაწვდომი, ვისზეც ავტორი გველაპარაკება, ანდა, სადღა არიან მეფეები, რაინდები და ა.შ. როგორ გაავლოს ბავშვმა პარალელი, რა სიახლოვე შეიძლება იპოვოს იმ სამყაროსთან, სადაც ადამიანებს შეეძლოთ,  სატრფოს გულის მოსაგებად ცხრა მთა გადაევლოთ, ქაჯებს და გოლიათებს შებრძოლებოდნენ, ანდა, მეგობრის დახმარებისთვის მიეტოვებინათ ყველა და ყველაფერი?! რაში არგია მას, უმაღლესი პოლიტიკური ფენის წარმომადგენელთა ცხოვრება იდეალად დაისახოს?

აქ კი კვლავაც უნდა ვეცადოთ, კითხვაზე პასუხის მოძებნისკენ ვუბიძგოთ, თუნდაც, დეკონსტრუქცია დაგვჭირდეს. მთავარია, ბავშვის აზროვნებას  გასაქანი მივცეთ. ნუ ვეცდებით, ამ ურთულეს კითხვაზე მზა პასუხი მივაწოდოთ, მით უმეტეს, რომ მზა პასუხი არც არსებობს, იგი თითოეულ ადამიანს თავად აქვს საპოვნი.

ვეფხისტყაოსნის სწავლებისას იმ სირთულის რეალობაზე უნდა დავაფიქროთ ბავშვი, რომლის გადალახვა უწევთ პოემის გმირებს, რომ მწყობრად მოთხრობილი ამბავი სულაც არ ნიშნავს თავად ამბის სიმარტივეს. არც უხერხულ კითხვებზე უნდა შევიშმუშნოთ და ტარიელის მიერ ხვარაზმშას ვაჟის მოკვლის თუ ავთანდილის მიერ ჭაშნაგირის მკვლელობის ამბავს გამოვაბათ შეუსაბამო კუდები. ბავშვს უთუოდ გაუჩნდება კითხვა – როგორ უნდა ჩავთვალოთ ეს პერსონაჟები იდეალურ გმირებად, თუკი ისინი უდანაშაულო კაცის კვლას არ ერიდებიან? ვეცადოთ, ამ კითხვებზეც თავად იპოვონ პასუხები, ხოლო შემდეგ მასზე ვიმსჯელოთ და განსხვავებულ აზრებს საშუალება მივცეთ, დისკუსიაში ჩაებნენ. რასაკვირველია, ჩვენ ვუხსნით რაინდული რომანის სპეციფიკას, რომ აქ გმირის მიერ მოწინააღმდეგის მოკვლა ჩვეულებრივი საქციელია, ერთგვარად, მართლდება კიდეც ცნობილი თეზა – მიზანი ამართლებს საშუალებას, მაგრამ რამდენად არის ეს თეზა საყოველთაო ეთიკის ნიმუში და თუ არ არის, რატომ და ა.შ.

ყოველივე ზემოთქმულში არაფერია ახალი, მასწავლებელთა ნაწილი ასწავლის კიდეც ასე და შედეგიც აქვს, მაგრამ ერთ მცირე ნიუანსს მივაქციოთ ყურადღება – რამდენად ლიბერალურები ვართ სწავლებისას, რამდენად ვახერხებთ, საკუთარი მოსაზრება თავიდანვე კი არა, მხოლოდ სწავლების ბოლოს გავაცნოთ მოსწავლეებს და არა – მის დასაწყისში. აქ უმნიშვნელოვანესია თანმიმდევრობა და კითხვების მაქსიმალური სიზუსტე, რადგან ერთ-ერთი საუკეთესო დამაბნეველი სწორედ არასწორად და არაზუსტად დასმული კითხვაა. რამდენადაც უფრო გამოკვეთილი და ნათელია კითხვა, იმდენად მეტი შანსი არსებობს კარგი პასუხის მოძებნისა, კარგის, და არა – ზუსტის, რადგან, ლიტერატორებმა ვიცით, რაოდენ სახიფათოა ლიტერატურაში სიზუსტის ძიება. თუ რამ აქცევს ჩვენს დარგს მშვენიერად და საინტერესოდ, სწორედ მისი მრავალგვარობა და “პლასტიკურობაა”. ბავშვებს თავიდანვე ვაჩვევთ, რომ მათემატიკისგან განსხვავებით, აქ ისინი ზუსტ პასუხებს არათუ ვერ იპოვიან, თავადაც მოუწევთ საკუთარი პასუხების გადასინჯვა სიცოცხლის მანძილზე და არ არის გამორიცხული, ხვალ იმ პასუხის დასაცავად მოუწიოთ ბრძოლა, რის წინააღმდეგაც დღეს ხმალამოღებულნი იბრძვიან, რადგან ხელოვნებას, უპირველეს ყოვლისა, რეფლექსიის უზარმაზარი პოტენციალი აქვს და მისი ხიბლიც სწორედ აქ არის, ფიქრისა და აზრის მიმოქცევაში, ახალ-ახალი სიღრმეების დანახვაში, ფასეულობათა სისტემის გადასინჯვის  შესაძლებლობაში. თანამედროვე ახალგაზრდას, რომელიც აჩქარებულ დროში ცხოვრობს და იმაზე გაცილებით მეტი იცის სამყაროს შესახებ, ვიდრე ჩვენ ვიცოდით არათუ მათ ასაკში, არამედ, დღესაც კი, რადგან ჩვენი მენტალობა და ფასეულობათა სისტემა შედარებით მარტივ ეპოქაში ჩამოყალიბდა, შესაძლოა, შეუძლიათ გვასწავლონ იმაზე მეტი, ვიდრე ჩვენ – მათ. ნურც ამის თქმა დაგვენანება მათთვის, რადგან წახალისება აღზრდის საუკეთესო მეთოდია და თავისი შედეგები მოაქვს, ჩემზე უკეთ გეცოდინებათ.

პანდემიური არდადეგების ჩანაწერები

0

16 მარტია, დილის 4 საათი.

იძულებითი არდადეგები დაიწყო. თუმცა აქამდეც იძულებითის ტოლფასი იყო – გამუდმებით ინფორმაციის ლოდინი, ფიქრი, დარდი, შიში… დიახ, შიში მომავლისა. ვაღიარებ, შევშინდი, როცა გავიგე, რომ ბავშვებიც დაავადდნენ ახალი კორონავირუსით.

უკვე მენატრება ჩემი სამსახური. თუმცა ეს სამსახურზე მეტია – ეს სიცოცხლეა და სიხარული. ბედნიერებაა საქმით ტკბობა. ვნების სიმძაფრეც ხომ შენებაშია და არა აშენებულით ტკბობაში. თანაც, ჩვენ სად შეგვიძლია აშენებულით ტკბობა – ჩვენ ხომ მხოლოდ საძირკვლის ჩამყრელები ვართ, რომლებიც იშვიათად თუ ახსენდებათ.

ესეც ისე, სხვათა შორის ვთქვი, სალაპარაკოდ კი არა…

აბა, რა სჯობია ცოცხალ ურთიერთობას, სადაც მუდამ სიურპრიზს ელი, სადაც ვერ მოიწყენ. მერე ხვდები, რომ თავადაც შეგიძლია სიურპრიზების მოწყობა. და ასე გადის ბედნიერი წლები.

აშენებულით ტკბობა არ შეგვიძლია-მეთქი, ვთქვი, მაგრამ ახლა მივხვდი, რომ არ ვიყავი მართალი. არის წუთები, როცა ვხედავ ჩემი მუშაობის – ბრძოლის – შედეგს. აი, მაშინ კი მეუფლება სიამაყის გრძნობა. მეც და ჩემი მოსწავლეებიც მუდამ სიახლეების ძიებაში ვართ. უუფ, როგორც იქნა ვაღიარე, რომ მასწავლებელი ვარ. თუმცა ეს ჯერ კიდევ ექვსი წლის წინ ვაღიარე. ისევ შეყვარებული ვარ ჩემს მოსწავლეებზე. თუმცა ახლა სხვა პატარა ზვიგენები მყავს, ისინი კი, ვისზეც მაშინ ვწერდი, უკვე ძალიან დიდები არიან.

ჩვენ ერთად გავიზარდეთ. მე მათ ვასწავლიდი, ისინი – მე. მასწავლიდნენ, როგორ არ უნდა მოექცე ადამიანებს, რა ძალაუფლებაც არ უნდა გქონდეს. არ გაგეცინოთ და ჩვენც, მასწავლებლებსაც გვაქვს ძალაუფლება, გვიყვარს კიდეც. აბა, მითხარით, ორიანის დაწერა განა ერთგვარი ძალაუფლება არ არის? არის. რამდენს გამოგვიყენებია ბოროტად? მმმ…

რამდენჯერ ვმდგარვარ კლასის წინაშე და მიფიქრია: ახლა თუ დავმარცხდი… ძალიან შემრცხვება, ძალიან. ხშირად გამარჯვებაში თვითონვე დამხმარებიან. ამ დროს გამარჯვებული მხარე არ არსებობს, გამარჯვებულები ჩვენ ვართ: მე, გიორგი, ნიკა, ანა… რამდენი ჩამოვთვალო?

16 მარტი, 05:00

 

* * *

თითქმის ერთი თვე გასულა. 9 აპრილი თენდება…

წვიმა წამოვიდა, სწორედ ისე, როგორც იმ ავბედით 1989 წელს… საოცარია… ახლა შინ ვზივარ, წვიმა აღარ მისველებს სახეს. აღარც ცრემლები… დრომ და ცხოვრებამ უცრემლოდ გლოვა გვასწავლა… ახლა მე ძალიან დიდი გოგო ვარ. აღარ მჯერა ზღვარს გადასული არც გლოვის და არც სიხარულის, გულს ასე ადვილად ვეღარ ამიჩუყებ. ახლა მეტი პასუხისმგებლობა მაქვს, მეტად შემიძლია მოვლენების ანალიზი… თუმცა ამაზე წერას არ ვაპირებდი. შეკავებული ემოციის ბრალია… მე ხომ დღესაც მტკივა 9 აპრილი, ახლა – უფრო მეტადაც კი, ვიდრე მაშინ. იმ დროს შვილი ვიყავი, ახლა კი უკვე მშობლის და მასწავლებლის პოზიციიდან ვუყურებ წარსულსაც და აწმყოსაც; ახლა მესმის დედების და მამების, იმ ღამეს რომ არ მიგვატოვეს. ჩვენს ადგილას ჩვენი შვილების წარმოდგენა მზარავს…

„მუდამ ერთი რამ მაფიქრებს: როგორი იყო ამ გმირების ცხოვრების წესი, ხასიათი, როგორ მუსიკას უსმენდნენ, რა საჭმელი უყვარდათ, რა ხდებოდა მათ ცხოვრებაში ერთი დღით, ერთი თვით, ერთი წლით ადრე…“ – ეს ჩემმა პატარა მეგობარმა დაწერა დღეს სოციალურ ქსელში.

ერთი წლით ადრე ჩვეულებრივი ახალგაზრდები ვიყავით: ვიღაცამ სკოლა დაამთავრა, ვიღაცამ – უნივერსიტეტი, ვიღაც შეყვარებული იყო, ვიღაც დაქორწინდა კიდეც, ვიღაც მომავალზე ფიქრობდა… ლაღიძის წყლები გვიყვარდა და აჭარული ხაჭაპური, რობაქიძეს ვკითხულობდით მალულად, „ბითლზს“ და „პინკ ფლოიდს“ ვუსმენდით, ლიზიკოს ყავას ვსვამდით და კაკო ბაქრაძის ლექციებზე დავიპარებოდით… ყველაფერი მერე მოხდა, ერთი დღის, ერთი თვის, ერთი წლის შემდეგ. ზოგი ცხოვრებამ გმირად აქცია, ზოგი – მებრძოლად, ზოგიც მეოცნებედ დარჩა. სხვა ეპითეტები მაინც არ მემეტება. თითქოს ჩვენ არ დაგვენგრიოს და გადაგვეწვას თბილისი, ჩვენ არ დაგვეკარგოს აფხაზეთი და სამაჩაბლო, ჩვენ არ დაგვეხოცოს ერთმანეთი. ჩვენ არა. გარეშე ძალა რომ არა, ჩვენ ამას როგორ გავაკეთებდით… აი, ასე იყო, ჩემო კარგო მეგობარო.

„ბევრჯერ მომნდომებია, ჩვენზე დამეწერა, ჩემს თაობაზე, რომელიც ფაქტობრივად დაკარგული თაობაა. ეს ის თაობაა, რომელიც შიშველი ხელებით უდიდეს მონსტრს შეებრძოლა. მერე კი რატომღაც დაიქსაქსა და… ჩემი თაობის სახეებს მოსწავლეებში ვეძებდი, ვპოულობდი და მიხაროდა. მიხაროდა და ყოველთვის ამაყად ვამბობდი, რომ ძალიანაც კარგი ახალგაზრდობა მოდის: უფრო ჭკვიანი და მიზანდასახული, ცოტა პრაგმატული და მეტად რეალისტი… ეს აღარ აის ჯინსების თაობა; ეს დახეული ჯინსების თაობაა, სელფების თაობაა, გაწეწილი გოგო-ბიჭების თაობაა, თავისუფლება ხანდახან თავხედობაში რომ ერევათ, თუმცა ესეც ჩვენი ბრალია – ვერ ვისწავლეთ დათმობა და საკუთარ შვილებთან დიალოგი. არადა რამდენ საყვედურს ვამბობთ მშობლები და მასწავლებლები: რა გაცვია? როდემდე უნდა იარო ასე გაწეწილმა? პატრონი არ გყავს? რა არის ეს დახეული ჯინსები?! (გამოგიტყდებით და ეს ოხერი დახეული ჯინსები მომწონს)“ – ეს წლების წინ დავწერე. რა შეიცვალა მას შემდეგ? არც არაფერი.

გაკვეთილზე, მორიგი დისკუსიის დროს, როცა მიხვდნენ, რომ უკან არ ვიხევდი, დათამ მკითხა:

– მას, რა გინდათ ბოლოს და ბოლოს?

– გარანტირებული სიბერე, – ვუპასუხე დაუფიქრებლად.

დათამ მრავალმნიშვნელოვნად გამიღიმა და დაჯდა.

არ ვიცი, მაშინ ასე რატომ ვუთხარი.

ჩემი ბავშვებისთვის კი ხშირად მითქვამს: თქვენ ხართ ის თაობა, ვინც საქართველოს გაამთლიანებს-მეთქი. თქვენ მართლა დიდი ძალა გაქვთ და შეძლებთ ქვეყნის გაერთიანებასაც და გაძლიერებასაც. თქვენ ჩვენი დიდი იმედი ხართ. თქვენ ჩვენი საზოგადოების საუკეთესო ნაწილი ხართ. კორონაც კი უძლურია ჩვენი მომავლის წინაშე (მაინც ვახსენე).

მე თქვენ დღესაც უსაზღვროდ და უპირობოდ მიყვარხართ.

9 აპრილი, 16:30

 

* * *

მთელ დუნიაზე ეპიდემია მძვინვარებს, მე კი, ზურიკელასი არ იყოს, მაინც მიხარია სიცოცხლე.

ეჰ, ჩემო ზურიკელა, ახლა ცოტა სხვა ომია. არც კი ვიცი, რა და რატომ ხდება. შეიძლება, არც შენ იცოდი, მაგრამ სიცოცხლე ხომ გვიხარია ორივეს. იმიტომ, რომ გვიყვარს. შენ – შენი მერი, ბებია, ილიკო და ილარიონი, მე კი შენ მიყვარხარ, შენი იმედებით, შენი სიყვარულით… შენი და მერის თვალებით ყურება მასწავლე, შენი გულით დამანახე ცხოვრება, შენი ღიმილით გამაღიმე. და დავდივარ ასე შეყვარებული ამქვეყნად. მინდა, ჩემებსაც ვაწავლო შენი თვალებით ხედვა. მინდა იგრძნონ, რომ სიყვარულით ცხოვრება უფრო ადვილი და ლამაზია.

ბევრი მოვინდომე?

ნეტავი შენც თუ შეგცვალა ცხოვრებამ? როგორი ხარ ახლა? თუმცა ვიცნობდი რამდენიმე ადამიანს, რომლებიც ბოლომდე ზურიკელებად დარჩნენ.

თქვენ, ზურიკელები ალამაზებთ ჩვენს ცხოვრებას. მე თქვენ მიყვარხართ.

16 აპრილი, 16:00

 

* * *

ხშირად მგონია, რომ მარათონში ვართ ჩაბმულნი. ოღონდ უხილავ მარათონში, რომელსაც ბოლო არ უჩანს. ყველაზე უარესი ის არის, რომ ამ მარათონში ჯიუტად ვითრევთ ბავშვებსაც და ჩვენთან ერთად მივაქანებთ უსასრულობისკენ. ვინც დაჰყვება ჩვენს ნებას და გაუაზრებლად მოგვყვება, ვაქებთ და ვადიდებთ, ხოლო ვინც გვეწინააღმდეგება და არ სურს გაუაზრებლად რბოლა, რისხვას ვატეხთ თავს, ჰიპერაქტიურებს, ინკლუზიურებს ვუწოდებთ, გარდატეხის ასაკს ვაბრალებთ, მშობლებთან დისკუსიებს ვმართავთ, მოთვინიერება-მორჯულებისა და მათი „ადამიანებად ქცევის“ გეგმას ვადგენთ. ჩვენი წარმოდგენების მიხედვით იარლიყებს ვაწებებთ, სტრეოტიპებს და ცრურწმენებს ტრადიციებს და ადათ-წესებს ვუწოდებთ. თავისუფლებაზე ვღაღადებთ და იმავდროულად თავისუფლებას ჩარჩოში ვაქცევთ. ყველას ჩვენი ჩარჩო გვაქვს, ლამაზი, ბრჭყვიალა, მაგრამ მაინც ჩარჩო, რომელშიც ვერ ეტევა ბავშვების თავისუფალი სული. და აქ იწყება ბრძოლა, უთანასწორო, დაუნდობელი. ძალაუფლება ხომ ჩვენს ხელშია, რომელსაც ემატება გამოცდილება და სიყვარული. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით გვაძლიერებს ამ ბრძოლაში. სიყვარულის სახელით ვამტვრევთ ფრთებს, უკეთესი მომავლის სახელით ვცდილობთ ვარსკვლავებად დაბადებულთა ჩაქრობას….

რატომ?

იქნებ შევჩერდეთ და მივცეთ ფრენის უფლება?

დაე, იკაშკაშონ ვარსკვლავებმა და ჩვენც გაგვინათონ ცხოვრება…

21 აპრილი, 15:50

მადლიერების მეხსიერება

0

„მაგრამ იცოდეთ: მე იმ დღიდან თქვენთან არა ვარ,

თუ ასპარეზად საქართველო გეპატარავათ…“

რეზო თაბუკაშვილი

 

 

ეს ორი სიტყვა, რაც წერილის სათაურშია, ცალ-ცალკე ხომ ჯადოსნურად ჟღერს, მაგრამ ერთად _ კიდევ რაღაც სხვა საიდუმლოს მატარებელია, ისეთი სიღრმის აზრია, რომელიც თავისთავში ყველაფერს იუნჯებს _ რელიგიასაც, პოეზიასაც, ფილოსოფიასაც, ყოფის სირთულეს და სილაღეს ერთად.

ეს ორი სიტყვა, როგორც სათაური, ჩემი ნაფიქრი არაა. ეს რეზო თაბუკაშვილის ერთი განუხორციელებელი იდეის სახელწოდებაა, დიდი საქმის სათაურია, რომლის დასრულებაც მას არ დასცალდა. თუმცა, მთელი მისი ცხოვრება და მოღვაწეობა ამ ორსიტყვიანი აზრის მსახურებაა, მრწამსი და წესია, ამიტომაც წავუმძღვარე ჩემს წერილს სათაურად, რადგან ამ წერილს რეზო თაბუკაშვილს ვუძღვნი, ადამიანს, ვინც თავად იქცა ჩვენს ეროვნულ ფიქრში და მენტალობაში მადლიერების მეხსიერებად.

ვისაც ერთხელ მაინც უნახავს რეზო თაბუკაშვილის რომელიმე დოკუმენტური ფილმი, არასდროს დაავიწყდება ის შთაბეჭდილება, რაც საერთოდ მის შემოქმედებასთან ზიარებას ახლავს.

მომნუსხველი მხატვრული ენა, ავტორის წაკითხული ტექსტი _ კეთილშობილი ინტონაცია, აზრის სიღრმე და უბრალოება, სინაღდე და სიმართლე _ ეს მისი მხატვრული სამყაროა, მისი შემოქმედებითი ხელწერა, რომელიც არასდროს არავისში  აგერევა, ეს რეზო თაბუკაშვილის ფერია _ მკაფიო, ნათელი და ღრმა, გასული საუკუნის ჭრელ პალიტრაზე მარადისობის თვალპატიოსნად აბრიალებული.

რამდენიმე წლის წინ ლიტერატურის მუზეუმმა გამოსცა ვრცელი კრებული „რეზო თაბუკაშვილი“ (შემდგენელი მედეა თაბუკაშვილი), სადაც მისი კინო-სცენარები, ლექსები, დღიურები და მოთხრობები, გამოსვლები და ჩანაწერებია თავმოყრილი. ამ კარანტინული მარტოობის დღეებში კიდევ ერთხელ გადმოვიღე თაროდან და ჩავიძირე ამ წიგნში. ეს პროცესი განწმენდასაც გავდა, იმ ჯადოსნურ წყლებში შესვლას და მისი თოშით გამოფხიზლებას, რომელთა მისამართიც მხოლოდ რეზო თაბუკაშვილისნაირმა ადამიანებმა იციან.

მასწავლებელი რომ ვიყო, ამ კრებულს სახელმძღვანელო-სამაგიდო წიგნად ვაქცევდი და ბევრ გაკვეთილზე დავიმგზავრებდი.

რადგან ამ წიგნში ყველაფერია, რაზეც განათლება დგას (უნდა იდგეს), ყველა ის საიდუმლოა გაცხადებული, რისი წყალობითაც ადამიანი ჯერ პიროვნებად და მერე პროფესიონალად ყალიბდება.

რეზო თაბუკაშვილმა მთელი ცხოვრება მიუძღვნა იმ ადამიანთა წარმოჩენას და მათი ხსოვნის პოპულარიზაციას, ვის შესახებაც ზოგჯერ არაფერი, ზოგჯერ კი ძალიან ცოტა რამ იცოდა საქართველომ _ ეს გახლავთ უცხოეთში მოღვაწე ქართველები თუ საქართველოსთვის მოღვაწე უცხოელები, ადამიანები საოცარი თავგადასავლებით, ღირსების და ერთგულების ისტორიებით, ადამიანები _ ყველა დროის მაგალითები იმისა, თუ რას ნიშნავს სამშობლოს და მოყვასის მსახურება. პირველად სწორედ რეზო თაბუკაშვილის ფილმებიდან შეიტყო ქართველმა მაყურებელმა სახელები _ ვიტორიო სელა, პეტრე ხარისჭირაშვილი, შეიტყო მიხეილ თამარაშვილის, ექვთიმე თაყაიშვილის მიხეილ ხერგიანის და უამრავ სხვათა ღვაწლის ნამდვილი ისტორია. სწორედ რეზო თაბუკაშვილის წყალობით დაუბრუნდა სამშობლოს დიდი მოღვაწის _ მიხეილ თამარაშვილის ცხედარი; ქართველმა საზოგადოებამ ეკრანზე იხილა მეორე მსოფლიო ომის დროს ევროპის სხვადასხვა ქვეყნის მიწაზე გმირულად დაღუპულ ქართველთა საფლავები, მოისმინა მათი ისტორია, გაიგო აქამდე უცნობ გმირთა შესახებ…

უამრავი დაბრკოლების მიუხედავად, თითქმის სრულიად მარტომ, მხოლოდ მეგობარი ოპერატორების და რამდენიმე კეთილისმყოფელი ნაცნობის დახმარებით, მოიარა ის ქვეყნები, სადაც ქართული კვალი ეგულებოდა, შეისწავლა საფრანგეთის და იტალიის არქივები. სწორედ მან აღმოაჩინა ვენეციის არქივში ერეკლე მეფის ორი წერილი, რომლებიც გეორგიევსკის ტრაქტატამდეა დაწერილი, საქართველოდან გაგზავნილი ვენეციელი დოჟების სახელზე და უდაო მონაპოვარია ისტორიკოსთათვის, რადგან მათი წყალობით დასტურდება, რომ ვიდრე რუსეთისკენ გაიხედავდა, მოხუცი მეფე აქტიურად და ინტენსიურად სთხოვდა დახმარებას ევროპასაც…

„ისტორიული სვლა, უფრო სწორად, ისტორიული წინსვლა ხდება მხოლოდ მაშინ, როცა იცი ვინა ხარ, საიდან მოდიხარ და საით მიდიხარ. ეს თუ არ იცი, მაშინ ეს სვლა კი არა, ბოდიალია მხოლოდ დროსა და სივრცეში“ _ წერდა მოგზაურობის დღიურში. ეს მისი ნამოღვაწარის მთავარი აზრია, მისი სიცოცხლის სათქმელი და შინაარსია.

თან, დროის კონტექსტიც გავითვალისწინოთ, რა პერიოდში უწევდა ამ ფილმებზე მუშაობა რეზო თაბუკაშვილს _ გაგანია საბჭოეთში, როცა ყოველი ფეხის გადგმა საზღვრებს გარეთ რაღაც ფატალურს, სახიფათოს და საშიშს გულისხმობდა. ზუსტად ამ ეპოქაში შეძლო მან პოლიტიკური კონიუნქტურისგან სრულიად თავისუფალი, ნათელი და მართალი კინოს შექმნა, თანაც _ დოკუმენტური კინოსი. ეს მისთვის მხატვრული იარაღი იყო ყოველგვარი სუროგატულის წინააღმდეგ, თავად საბჭოთა სისტემის, როგორც ეპოქალური დაღის კონტრ-აქცია, მისი პირადი თავისუფლების პერფორმანსი. თავად უწოდებდა საკუთარ ნამუშევრებს „არალეგალურ ფილმებს“, რომლებიც ზუსტად იმ ენერგიით და აზრით მუხტავენ დღესაც მაყურებელს, როგორც მაშინ, კომუნიზმის და ათეიზმის ზეობაში, სიყალბის და ფარისევლობის, მცონარობის და ლეთარგიის მომაკვდინებელ ტბორში.

ზუსტად ამ ეპოქაში გაცოცხლდა 35 მმ-იან ფირზე გადაღებული ისტორია ქვეყნისა, რომელსაც თავისი წარსულის, თვითმყოფადობის, ეროვნული უნარისა დ ნიჭების გათვალისწინებით, სრული უფლება აქვს იყოს თავისუფალი, იყოს ერთი ავთენტური ფერი პლანეტის უთვალავ ფერთა შორის. მას ამ აზრს, ამ თავდაჯერებას, ან გარე მტერი უკლავდა მუდმივი თავდასხმებით და დამონებით, ან შინა მტერი _ ღალატით, ნიჰილიზმით; ეს ყველაფერი კი იწვევდა უამრავ კომპლექსს, ერთგვარ ეთნოცენტრულ სტრესს და დაძაბულობას, რაც ხან არაჯანსაღ ვნებებში, ხანაც გარე სამყაროსგან გაუცხოებასა და ჩაკეტილობაში გამოიხატებოდა.

ასე გამოიარა ამ ქვეყანამ საბჭოთა ხანა და ასე მოადგა ეროვნული მოძრაობის დროებას, სადაც რეზო თაბუკაშვილის ნაფიქრი და ნამოღვაწარი ისეთ გამოცდილებად უნდა ქცეულიყო, როგორითაც, ზოგადად, სახელმწიფოებრივი აზროვნება და ქმედება შენდება. ზომიერების ფილოსოფიური და პრაქტიკული განცდა, პატრიოტიზმის გააზრება, პროვინციალიზმის, როგორც მენტალური მანკიერების, სიჩლუნგის გამოვლინება _ ამ თემებზე საუბრობდა ხმამაღლა და დაუღალავად, ამ მიმართულებებით აღვივებდა საზოგადოებრივ აზრს, ცდილობდა, ფიქრის და მსჯელობის მდგომარეობაში მოეყვანა ხუნდებაგლეჯილი მდინარესავით გუგუნ-გრიალით დაძრული ეროვნული ენერგია, ის პირველყოფილი ძალა, რომელიც, ცხადია, ქვეყნის და ერის სიცოცხლის სანიშნეა, თუმცა უფორმო და ქაოტური _ შესაძლოა თვითგამანადგურებლადაც ექცეს.

„პატრიოტობა პროფესია არ არის _ პროფესიონალიზმია პატრიოტიზმი. ის პროფესიონალიზმი, რომელსაც შენს სამშობლოს მოახმარ“ _ ეს რეზო თაბუკაშვილის სამოქმედო მრწამსია. წესით, ნებისმიერი ადამიანის/ქვეყნის მრწამსიც ეს უნდა იყოს, ამის განცდა და გააზრება. ნებისმიერ დროსა და ფორმაციაში საგულისხმო სენტენციაა. მით უფრო დღეს, როცა მიუხედავად 30 წლის წინ მოპოვებული დამოუკიდებლობისა, ჯერ კიდევ ხელის ცეცებით დავდივართ სახელმწიფოებრივი ყოფის ლაბირინთებში და აგური აგურისთვის ვერ შეგვისაბამებია, ამ სახელმწიფოს რომელიმე კედელი მაინც რომ მტკიცედ, უზადოდ ამოვაშენოთ.

რეზო თაბუკაშვილმა ბევრი კითხვა დასვა და პასუხებიც შემოგვთავაზა. ისტორია, რომელიც მან გააცოცხლა, პირველ რიგში იმ გამოცდილების დემონსტრირებაა, ჩიხსა და კრიზისს რომ დაგაძლევინებს და გზას გაპოვნინებს. გარე სამყაროსთან ჯანსაღი ურთიერთობა, კულტურული და საგანმანათლებლო კავშირი, საკუთარ და სხვათა ისტორიული გზების შეჯერება და გაანალიზება, საკუთარი ღირსების სრულუფლებიანად წარმოჩენა და სხვისი ღირსების დაფასება, ანუ მუდმივი მადლიერების განცდა წარსულის, აწმყოს და მომავლის მიმართ და ამ მადლიერების დამახსოვრება.

წერილის დასაწყისში ის იდეა ვახსენე, რომლის განხორციელებაც რეზო თაბუკაშვილმა ვერ მოასწრო, თუმცა საშვილთაშვილო საქმეა და მჯერა, მისი შთამომავლები დაასრულებენ დაწყებულ საქმეს. ეს გახლავთ მადლიერების მეხსიერების მუზეუმი. „მას არავითარი ანალოგი არ ეყოლება მსოფლიოში და ექნება ძალიან მრავალმხრივი მნიშვნელობა. ეს უნდა იყოს მუზეუმი, სადაც წარმოჩნდება ყოველი სახელი, ყოველი პიროვნება, შორეული საუკუნეებიდან მოყოლებული დღემდე. მან უნდა დაგვანახოს ყველა ის სიკეთე, რაც კი ვინმე უცხოელს გაუკეთებია საქართველოსთვის, ქართული კულტურისთვის… მომავალ მუზეუმში სტუმარი ნახავს, როგორი ხალხია ქართველები, რომლებიც არავის არაფერს უკარგავენ და რომელთაც ყველაფერი ახსოვთ“ _ თავად განმარტა ერთ ინტერვიუში.

ყველაზე ცოცხალი მაშინ ხარ, როცა რაღაც ნამდვილს, ნაღდს, ჯანსაღს ეხები. ჩვენი სიცოცხლის დვრიტა რეზო თაბუკაშვილისნაირი ადამიანების ნაკვალევ გზებზე ძევს, მათ ნაფიქრში და ნამოქმედარში. როგორ უნდა იყო უიმედოდ, როცა წინ ამხელა გამოცდილება გაქვს, ასეთი საჭირო და მშვენიერი აზრით დაუნჯებული წიგნი გადაგიშლია და სულმოუთქმელად შეგიძლია დაეწაფო.

და, იცოცხლო. მადლიერმა და სავსემ ხსოვნით და მარადისობით.

 

 

 

მოზარდები და უშინაარსო დღეების შინაარსი

0

ზამთრის არდადეგები რომ დამთავრდა, ეტყობა, კარგად დასვენებული არ ვიყავი, – დიდად ორიგინალური იდეებით არ შევსულვარ საკლასო ოთახებში. უბრალოდ, ვთხოვე ბავშვებს, გაეხსენებინათ არდადეგების ერთი საინტერესო დღე. ჩემს გაოცებას და სასოწარკვეთილებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა აღმოვაჩინე, რომ სულ რამდენიმეს ახსოვდა, რა მოხდა არდადეგების განმავლობაში. ეს განსაკუთრებით მოზარდებთან, მერვე- მეცხრე-მეათეკლასელებთან იგრძნობოდა. ეს ის ასაკია, როცა ბავშვები ცდილობენ, თავი დაიძვრინონ უფროსების გადაჭარბებული ყურადღებისგან, მზრუნველობისგან, ოჯახური ტრადიციებისაგან და ხშირად რჩებიან საკუთარი თავის ამარა.

როცა შევატყვე, რომ გახსენება უჭირდათ, ვცადე, კითხვებით დავხმარებოდი: მეგობრებთან შეხვედრა? ოჯახთან ერთად გასეირნება? ვინმეს  გაცნობა? უცნობი ადგილის მონახულება? ფილმი? წიგნი?..

უმეტესობა მპასუხობდა: „არა, მას, მთელი ღამე კომპიუტერზე ვთამაშობდი (ან სოციალურ ქსელში ვსაუბრობდი), მერე მთელი დღე მეძინა“. კითხვაზე, რას ეუბნებოდნენ ამ დროს მშობლები, მესმოდა: „მეჩხუბებოდნენ, მაგრამ…“ ერთმა მეცხრეკლასელმა გოგონამ მითხრა: გუდაურში ვიყავი, მაგრამ გარეთ ერთხელაც არ გავსულვარ, მაინც ტელეფონში ვიყავი ჩამძვრალიო.

რამდენიმე დღე დავდიოდი ენაჩავარდნილი და დაზაფრული, საშინელი უმწეობის განცდით შეპყრობილი. ყველაფერი: ლიტერატურა, გრამატიკა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია – ამაოა, თუ ბავშვის ცხოვრებას შინაარსს არ სძენს.

მერე ინტერნეტში გადავაწყდი სტატიას, რომელიც მოზარდების სმარტფონებზე დამოკიდებულებას ეხებოდა. ავტორი წერდა, რა საშიშია ვირტუალურ სამყაროზე მიჯაჭვა, როგორ სჭირდება ტვინს განვითარებისთვის მრავალფეროვანი გარეგანი სტიმულები, გარემოსთან, ბუნებასთან კონტაქტი; რომ არსებობს ცნება „ციფრული დემენცია“…

გადავწყვიტე, ამ თემაზე ბავშვებთან მესაუბრა – იქნებ სხვა კუთხით შეეხედათ თავიანთი ცხოვრების წესისთვის. ერთი გაკვეთილი დავუთმეთ იმაზე საუბარს, რომ უკვე დიდები არიან და შეუძლიათ, ბევრი რამ თავად, უფროსების ჩარევის გარეშეც, შეცვალონ საკუთარ თავში სასიკეთოდ.

მასწავლებლებისთვის ადვილი შესამჩნევია, რომ ამ ასაკში ბავშვები თითქოს გაურბიან, მაგრამ სინამდვილეში მათ მოსწონთ და სჭირდებათ საკუთარ თავზე დაკვირვება და ლაპარაკი. ფილმი „თავისუფლების მწერლები“ რომ ნახეს, ძალიან მოეწონათ. ამ ფილმის ერთ ეპიზოდში მასწავლებელი ავლებს ხაზს, რომლის აქეთ-იქით დგებიან ერთმანეთთან დაპირისპირებული (სხვადასხვა რასის, სხვადასხვა კლანის წარმომადგენელი) მოსწავლეები. მასწავლებლის ინსტრუქცია მარტივია: ის სვამს კითხვებს, რომლებზეც დადებითი პასუხის შემთხვევაში მოზარდებმა ხაზისკენ უნდა გადადგან ნაბიჯი, უარყოფითის შემთხვევაში – უკან. მასწავლებლის მიზანია, ბავშვებმა დაინახონ, რამდენი საერთო აქვთ: ინტერესებიც, პრობლემებიც და ტკივილიც. ერთმანეთისადმი მტრულად განწყობილ მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ, მიუახლოვდნენ და თვალებში ჩახედონ ერთმანეთს. ერთგვარი ფსიქოლოგიური ფანდია ისიც, რომ ამ თამაშში ბავშვებს არ უწევთ საუბარი მათთვის მტკივნეულ, ტაბუდადებულ თემებზე, მაგრამ სინამდვილეში თითოეულის პრობლემა ყველასთვის ცხადი ხდება.

მტკივნეული საკითხები ყველა კლასშია, ამიტომ გადავწყვიტე, ეს თამაში ჩემს ბავშვებთანაც მომესინჯა და კითხვები იმ პრობლემების მიხედვით შემედგინა, რომლებსაც ამა თუ იმ კლასში ვამჩნევდი.

მოსწავლეებს თავიდანვე ვაფრთხილებ, რომ ამ ფსიქოლოგიურ თამაშში გულწრფელობა გადამწყვეტია, მაგალითად:

ნაბიჯი წინ გადმოდგას მან:

  • ვისაც სიმღერა უყვარს;
  • ვისაც ერთხელ მაინც უთამაშია ფეხბურთი;
  • ვისაც კითხვას ფილმების ყურება ურჩევნია;
  • ვისაც მათემატიკა უყვარს;
  • ვისაც მიაჩნია, რომ სკოლა უსარგებლოა;
  • ვისაც მიაჩნია, რომ სკოლაში ისე არ ექცევიან, როგორც იმსახურებს;
  • ვინც ერთხელ მაინც ყოფილა ბულინგის მსხვერპლი;
  • ვისაც მიაჩნია, რომ ერთხელ მაინც უსამართლოდ მოვექეცი;
  • ვისაც მიაჩნია, რომ ცხოვრებაში არაფერი გამოსდის;
  • ვისაც მიაჩნია, რომ ყველაფერი გამოუვა, თუ მოინდომებს;
  • ვისაც მიაჩნია, რომ მშიშარაა;
  • ვისაც მიაჩნია, რომ შეცდომებს ხშირად უშვებს;
  • ვისაც მიაჩნია, რომ უპატიებელი შეცდომა ჩაიდინა;
  • ვისაც სჯერა, რომ კარგი მომავალი ექნება;
  • ვისაც მიაჩნია, რომ სწავლა მისი საქმე არ არის;
  • ვინც დარწმუნებულია, რომ საზღვარგარეთ ისწავლის;
  • ვისაც მიაჩნია, რომ რასაც ახლა ვაკეთებთ, რაღაც მიზანს ემსახურება.

ბავშვები ინტერესით აკვირდებოდნენ ერთმანეთს. თამაში რამდენჯერმე გამამეორებინეს სხვადასხვა სიტუაციაში და სხვადასხვა კითხვებით. მერე შემჩნეულ პრობლემებზე ვმსჯელობდით. წაკითხულ ნაწარმოებებსაც ვიშველიებდით.

მას შემდეგ ვცდილობდი, ხშირად გამომენახა დრო ისეთი აქტივობისთვის, რომელიც მათ საკუთარ თავსა და ერთმანეთზე დააფიქრებდა.

როცა იძულებითი არდადეგები გაგრძელდა, ყველაფერთან ერთად, იმაზეც მეფიქრებოდა, რას აკეთებდნენ სახლებში გამოკეტილი ბავშვები. ამიტომ ვთხოვე, არდადეგების დღიურები შეედგინათ, რათა მათაც მეტი ეფიქრათ საკუთარ თავზე და მათთვის საინტერესო რამეებზე და მეც მეტი გამეგო მათ შესახებ.

ასეთი დავალება შევთავაზე – ბლიცინტერვიუ მაიასთან:

  • სახელი, გვარი;
  • ფრაზა, რომელსაც ხშირად ამბობ;
  • შენი მეტსახელია…
  • საქმიანობა, რომელიც ძალიან გეხალისება;
  • ფილმის ან წიგნის პერსონაჟი, რომელსაც ადარებ საკუთარ თავს; რატომ?
  • შენი ჩვევა, რომელიც სხვებს აღიზიანებთ;
  • გწყინს, როცა გეუბნებიან…
  • ვერ თოკავ ბრაზს, როცა…
  • გიყვარს…
  • იტირე, როცა …
  • ყველაზე სასაცილო მომენტი იყო…
  • მეგობარი შენთვის ნიშნავს…
  • ოჯახის წევრებიდან ყველაზე ახლოს ხარ….
  • შენთვის მიუღებელია, როცა მასწავლებელი …
  • ადამიანები ვერ ხვდებიან, რომ …

მეორე დავალება შინაარსიანი დღის დაგეგმვა და განხორციელება იყო. მაგალითიც მივეცი – ჩემს სიცოცხლეში პირველად დავწერე, რას ვაპირებდი და რას ვაკეთებდი დღის განმავლობაში.

უცვლელად გადმომაქვს დავალების პირობა:

 

დაგეგმეთ ერთი შინაარსიანი დღე. „შინაარსიანი“ გულისხმობს, რომ დღის განმავლობაში ბევრი სხვადასხვანაირი რამის გაკეთება უნდა მოასწროთ (მაგალითად, ფილმის ნახვა, წიგნის წაკითხვა, მუსიკის მოსმენა, ოჯახის წევრების დახმარება…).

I ნაწილი: წინა ღამით პუნქტებად უნდა ჩამოწეროთ, რის გაკეთებას აპირებთ მეორე დღეს;

II ნაწილი: მეორე საღამოს დაწერეთ, რისი გაკეთება მოახერხეთ და რისი – ვერა.

აბა, წარმატებები და დაიმახსოვრეთ, შინაარსიანი ცხოვრება ძალიან მნიშვნელოვანია!

P.S. არ ჩაითვლება ასეთი გეგმა: „დღის ხუთ საათამდე უნდა მეძინოს, მერე გავიღვიძებ, ვჭამ და დილის 5 საათამდე რობლოქსს ვითამაშებ!!!“

ხალისით მიგზავნიდნენ შესრულებული დავალების ფოტოებს. მათ ნაწერებში კარგად ჩანდა, როგორ ცდილობდნენ, საინტერესო დღე დაეგეგმათ. თუ გამოუვიდოდათ, მათი კმაყოფილებაც იკითხებოდა ნაწერებში, თუ არა – გულის დაწყვეტაც.

 

მომდევნო დავალება ასეთი იყო:

იყო ასეთი სატელევიზიო პროექტი – „1 წუთი მაესტროზე: სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს ერთ წუთს აძლევდნენ იმისთვის, რომ მათთვის საინტერესო თემაზე ელაპარაკათ.

თავდაპირველად მოუსმინეთ მწერალ დათო ტურაშვილს, სპორტსმენ გიგა ჭიკაძეს და ბათუმელ გამომცემელსა და წიგნების მაღაზიის მფლობელ ირაკლი ბაკურიძეს („წიგნები ბათუმში).

წარმოიდგინეთ, რომ ახლა თქვენ ხართ ამ გადაცემის მონაწილეები (მოსმენილიდან გამომდინარე, მიხვდებით, როგორ უნდა ააგოთ თქვენი მონოლოგი), შეარჩიეთ თქვენთვის საინტერესო თემა, რომელზეც ერთი წუთის განმავლობაში ისაუბრებთ. გადაიღეთ ვიდეო და გამომიგზავნეთ.

მონოლოგის შეფასების კრიტერიუმებია:

  • შერჩეული თემა საინტერესოა;
  • მოჰყავს მაგალითები პრობლემის წარმოსაჩენად;
  • საუბრობს გამართულად, მეტყველებისას არ უშვებს უხეშ შეცდომებს.

 

ჩამოგითვლით რამდენიმე თემას, რომლებსაც ბავშვებმა ხალისით დაუთმეს თავიანთი ერთი წუთი:

  • რატომ და როგორ უნდა ვიზრუნოთ შინაურ ცხოველებზე;
  • რამდენად მნიშვნელოვანია ხელოვნება და მუსიკა და რა არასწორი ტენდენციაა სკოლებში მათი მეორეხარისხოვან საგნებად მიჩნევა;
  • რატომ უნდა დავაფასოთ ჩვენი გარეგნობა და ხშირად რა სავალალო შედეგი მოაქვს აკვიატებულ პლასტიკურ ოპერაციებს;
  • რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანის როლი გარემოს სასიკეთო ან სავალალო ცვლილებაში;
  • ემიგრანტობა.

 

ამ დავალებებს მივაყოლე ფილმები მარტივ სქემებთან ერთად:

ამ ფილმა დამაფიქრა იმაზე, რომ …  

 

 

 

 

 

 

განსაკუთრებით მომეწონა პერსონაჟი …, რადგან…

 

 

 

 

 

 

 

 

ამ ფილმის საშუალებით გავიგე, რომ…

 

 

 

 

 

 

 

 

მე რომ ამ ფილმის რეჟისორი ვყოფილიყავი…

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ფილმის სათაური, რეჟისორი:

ამ ფილმმა გამახსენა:

 

რა თქმა უნდა, წავაკითხე პატარ-პატარა მოთხრობებიც, ამონარიდებიც ნაწარმოებებიდან რამდენიმე სააზროვნო კითხვით ან სავარაუდო დასასრულით.

მერე ისევ მულტიმედიური დავალება მივეცი: დავავალე ვიდეოკოლაჟების შექმნა ლექსებზე, რომლებიც მოსწონდათ და უყვარდათ. უმეტესობას მშვენივრად გამოუვიდა.

ამ ყველაფერს ერთვოდა ჩემი რეკომენდაციები, რჩევები იმ ნაწარმოებების თაობაზე, რომლებიც მათთვის, შესაძლოა, საინტერესო აღმოჩენილიყო.

დავალებები მარტივია, მაგრამ მოსწავლეებს ეხმარება, შინაარსიანად გაატარონ დღე, ნააზრევის სტრუქტურულად დალაგებას, წერილობით ჩამოყალიბებას ასწავლის, მულტიმედიური უნარების განვითარებაში ეხმარება. მთავარი კი ის არის, რომ ბავშვები ამ დავალებებს მხოლოდ შინაგანი მოტივაციით ასრულებენ და არა ნიშნებისთვის.

ის დროა, მასწავლებლებმაც და მშობლებმაც დავიჯეროთ, რომ ნიშნები დიდი პირობითობაა.

პატარა გრეგუარის სიტყვები გამახსენდა ერთი წიგნიდან: „მე ვფიქრობ, რომ ქულები არაფერსაც არ ნიშნავს. არსებობს კიდევ მოტივაცია. ძალიან მინდა გრანშამში მოვხვდე, რადგან, ჩემი აზრით, მანდ ვიქნები ყველაზე ბედნიერი. არც დიდი ვარ და არც მოსული. მხოლოდ 35 კილო იმედს ვიწონი. შეხვედრამდე!”

იმედი კი ახლა ყველაზე მეტად გვჭირდება.

შეხვედრამდე, ბავშვებო!

მშობლები პანდემიის დროს

0

მშობლებს ხშირად გვაღელვებს ის შეგრძნება, რომ ყველაფერს ისე ვერ ვაკეთებთ, როგორც უნდა ვაკეთებდეთ, რომ რაღაცას ვაკლებთ ჩვენს შვილებს. ვაკლებთ ყურადღებას, ვაკლებთ და ჩვენც ვიკლებთ ერთობლივი თამაშით მიღებულ სიამოვნებას. ვაკლებთ მეტ ჩართულობას სასწავლო პროცესში. ვშფოთავთ, რომ უფრო მეტი წიგნის წაკითხვა შეიძლებოდა ერთად. შეგვეძლო ცოტა ხანი კიდევ გვეხატა და გვეძერწა, ან რამე მხიარული აქტივობა მოგვეფიქრებინა – ერთად გვეყურებინა მულტფილმისთვის, შემდეგ აუცილებლად გვესაუბრა  მასზე და ა.შ

 

პანდემიის პირობებში, როდესაც სახლებში გამოვიკეტეთ, ეს შეგრძნება არ გამქრალა. მეტიც, კიდევ უფრო გამძაფრდა, რადგან მშობლები მრავალი პასუხისმგებლობის პირისპირ აღმოვჩნდით მარტონი შვილებთან ერთად. რთული აღმოჩნდა დროის გადანაწილება სამსახურეობრივ მოვალეობებსა და საოჯახო საქმეებს შორის. ასევე რთული აღმოჩნდა ბავშვების მზარდ საჭიროებებთან ტემპის აყოლა, არსებულ სიტუაციასთან შეგუება და იმის გააზრება, რომ შეუძლებელია ყველაფერი შეძლო დღის განმავლობაში, როდესაც არაერთი პასუხისმგებლობის შესრულება გიწევს.

 

გაგიზიარებთ, რამდენიმე რჩევას, რომელმაც შედარებით გააადვილა პანდემიის ურთულესი პერიოდი, რომ ცხოვრების ახალ რეალობაში მშობლებსა და შვილებს ერთად გვესწავლა, როგორ უნდა ვცეთ პატივი ერთმანეთის საქმეს და მხარი დავუჭიროთ ყველაფერში. ამისათვის, კი ზოგჯერ აუცილებელია მშობლები ცოტათი მოვდუნდეთ და მივენდოთ ჩვენს შვილებს, რომ თავადაც იპოვონ თავიანთი საყვარელი გასართობი მუდმივი მაკონტროლებელისა და დამგეგმავის გარეშე.

 

  • იმისათვის, რომ დღის განმავლობაში მშობელს დარჩეს თავისუფალი დრო და შედარებით, უკეთესად გაუწიოს ორგანიზება შვილებისა და საოჯახო საქმეებს, აუცილებელია, გვქონდეს წესები – ე.წ დღის განრიგი, რომელსაც ჩვენი შვილებისა და ჩვენი საჭიროებებიდან გამომდინარე შევადგენთ. განრიგში გამოვყოფთ სწავლის, განტვირთვის, ეკრანისა და სახალისო ღონისძიებების დროს.

 

  • ამ პერიოდში მშობელს ყველაზე ნაკლები დრო საკუთარი თავისთვის რჩება. საოჯახო განრიგში, აუცილებლად მოინიშნეთ დრო თქვენთვის და თქვენი საქმიანობის შესასრულებლად. სასურველია, ბავშვები თავიდანვე მივაჩვიოთ იმას, რომ მშობლებსაც სჭირდებათ მცირეოდენი დრო და პირადი სივრცე. ასეთ დროს რთულად, მაგრამ მაინც მიაღწევთ, დაანახოთ მათ, როგორ მუშაობთ, რატომ გჭირდებათ სიწყნარე კონცენტრაციისთვის და შეიძლება სულ მალე ისინი თქვენი მხარდამჭერები გახდნენ სამუშაო პროცესში.

 

  • მიუხედავად, მკაცრი გადაწყვეტილებისა, რომ ბავშვებმა ეკრანებთან დრო არ გაატარონ, ეკრანის ბოლომდე შეზღუდვას ვერ გავექცევით. მთელი დღე სახლში გამოკეტილი ბავშვებისთვის შეიძლება ეკრანთან გასატარებლად დრო გამოვყოთ. შეგვიძლია ერთად შევარჩიოთ ისეთი ვიდეოპროდუქტი, რომლის ნახვაც ღირებული იქნება. სიმშვიდის წუთები შეგვიძლია ჩვენი სამუშაოს დასასრულებლად გამოვიყენოთ და ვკონცენტრიდეთ. მულტფილმის დასრულების შემდეგ კი აუცილებლად გამოვკითხოთ შინაარსი: მთავარი რა გაიგეს ამბიდან, რა იყო მათთვის ყველაზე ემოციური ეპიზოდი და რა გაიგეს ახალი.

 

  • შექმენით სასიამოვნო აქტივობების მენიუ. ჩვენს შემთხვევაში ძალიან სასიამოვნო აღმოჩნდა ერთად ცხობა, სახლში პლასტელინის მომზადება, საყვარელი პერსონაჟების დახატვა და გამოჭრა, წიგნების კითხვა, საოჯახო საქმეებში ბავშვების თანამონაწილეობა, ასევე მეგობრებთან და ნათესავებთან ვიდეოზარის განხორციელება და პანდემიის პირობებში სხვადასხვა შემოქმედებითი თუ პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება.

 

  • ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი და უპირველესი რჩევა მშობლებისთვის, რომლითაც რჩევები უნდა დამეწყო, ეს იქნება: ვიზრუნოთ საკუთარ ემოციურ ჯანმრთელობაზე და დავუჭიროთ მხარი საკუთარ თავს ყველა წამოწყებაში, პანდემიური თუ არაპანდემიური ცხოვრების დროსაც. ემოციურად დაბალანსებული, კმაყოფილი და ბედნიერი მშობელი შვილებისთვისაც მაგალითია. მათზეც დადებითად აისახება მშობლის განწყობა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

რესურსი ფიზიკის დისტანციური სწავლებისთვის

0

ონლაინგაკვეთილი გაცილებით ეფექტური უნდა იყოს, რომ მოსწავლე მიიზიდოს, დააინტერესოს და ყველა გაკვეთილზე დასწრება მოანდომოს.

ჩემი დღის რეჟიმი შეიცვალა. ოთახი გადაიქცა საკლასო სივრცედ, სადაც ძალიან ხშირად ჩემს გაკვეთილებს ესწრებოდნენ ჩემი შვილებიც, რომლებიც ჯერ კიდევ დაწყებით კლასებში სწავლობენ. ყველაზე მეტად ფიზიკის გაკვეთილები მოსწონდათ. ელექტრონული რესურსების ძიებაში აქტიურად ჩაერთო მეოთხეკლასელი ნიკაც. ერთხელ უზომოდ საინტერესო რესურსი ვიპოვეთ მეათეკლასელებისთვის ბრტყელი კონდენსატორის შესწავლის გასაადვილებლად. ჩავეძიე და აღმოვაჩინე, რომ ამ სიმულაციის მეშვეობით ძალიან ადვილი იყო ბრტყელი კონდენსატორის ტევადობის გამოსათვლელი ფორმულის გამოყვანა, მიმდევრობით და პარალელურად შეერთებული კონდენსატორების საერთო ელექტროტევადობის დადგენა.

გამოცდილების გასაზიარებლად გთავაზობთ ორი გაკვეთილის გეგმას თემებზე „ბრტყელი კონდენსატორი“ და „კონდენსატორის მიმდევრობითი და პარალელური შეერთება“, ასევე – სიმულაციის დეტალურ განხილვას.

პირველი გაკვეთილის მიზანი: მოსწავლემ შეძლოს კონდენსატორის ტევადობაზე შემონაფენების ფართობის, მათ შორის – მანძილის და დიელექტრიკის დიელექტრიკული შეღწევადობის დამოკიდებულების დადგენა.

 

სიმულაციაში მუშაობის ინსტრუქცია:

მის ასამუშავებლად კომპიუტერში უნდა გქონდეთ პროგრამა java.

მომდევნო ეტაპია ანიმაციის (სიმულაციის) გადმოწერა კომპიუტერში, რომ შემდეგში ინტერნეტის გარეშეც შეძლოთ მუშაობა.

 

სიმულაციის პირველი გვერდი ასე გამოიყურება.

ისრებთან კურსორის დაწკაპებით და მოძრაობით იცვლება ფირფიტის (შემონაფენის ) ფართობი და მათ შორის მანძილი.

 

მარჯვენა ზედა კუთხეში ღილაკებია, რომლებიც შეიძლება სურვილისამებრ გამოიყენოს მასწავლებელმა. ისრებით ნაჩვენებ ადგილებზე დაწკაპებით გამოჩნდება სამი სვეტი, რომლებზეც მითითებულია კონდენსატორის ტევადობა, ფირფიტებზე არსებული მუხტი და დაგროვილი ენერგია. ელემენტზე არსებულ მოძრავ ღილაკთან კურსორის მიტანით და ზევით – ქვევით მოძრაობით გამოჩნდება დაგროვილი ენერგია (ყვითელი სვეტი) და ფირფიტის მაქსიმალური მუხტი (წითელი სვეტი), ასევე – ფირფიტებს შორის ელექტრული ველის ძალწირების მიმართულება (ისრები ფირფიტებს შორის).

 

 

 

 გაკვეთილის მსვლელობა: გაკვეთილი სასურველია ჩაატაროთ Teams-ის კლასში. შეგიძლიათ, მოსწავლეებს მიანიჭოთ ნომრები და დააჯგუფოთ (მასწავლებელს შეუძლია, თავად შექმნას მცირე ჯგუფები, სადაც ჯგუფის წევრები ერთმანეთს გაესაუბრებიან და გაუზიარებენ ინფორმაციას).

დასვით საკვლევი შეკითხვა: რა დამოკიდებულებაა ფირფიტებს შორის მანძილსა და კონდენსატორის ტევადობას შორის?

მოსწავლეებს შესთავაზეთ ნაწილობრივ შევსებული ცხრილი, სადაც მითითებული იქნება ფირფიტების ფართობი და მათ შორის მანძილი. მოსწავლეები ჩაინიშნავენ კონდენსატორის ტევადობას.

დამოკიდებული ცვლადია კონდენსატორის ტევადობა, დამოუკიდებელი ცვლადია – ფირფიტებს შორის მანძილი (რომელსაც ისრის გამოყენებით ცვლიან), საკონტროლო ცვლადია შემონაფენების ფართობი.

სრულად შევსებული ცხრილი ასე გამოიყურება.

ფირფიტის ფართობი (S, მმ 2) ფირფიტებს შორის მანძილი (d, მმ) კონდენსატორის ტევადობა

(C X 10 -12 , ფარადი)

244 5 0,43
244 7,5 0,29
244 10 0,22

 

მონაცემების დამუშავების შემდეგ მოსწავლეები დაადგენენ, რომ მანძილის გაზრდით კონდენსატორის ტევადობა მცირდება და d-ს ფორმულაში ადგილს მიუჩენენ მნიშვნელში.

საკვლევი შეკითხვა: რა დამოკიდებულებაა ფირფიტების ფართობსა და კონდენსატორის ტევადობას შორის?

დამოკიდებული ცვლადია კონდენსატორის ტევადობა, დამოუკიდებელი ცვლადია ფართობი, საკონტროლო ცვლადია ფირფიტებს შორის მანძილი. მოსწავლე ისრის დახმარებით ცვლის ფირფიტის ფართობს და მონაცემებს ცხრილში ჩაიწერს.

ფირფიტის ფართობი (S, მმ 2) ფირფიტებს შორის მანძილი (d, მმ) კონდენსატორის ტევადობა

(C X 10 -12 , ფარადი)

244 10 0,22
300 10 0,27
400 10 0,35

 

ცხრილის შევსების შემდეგ მოსწავლეები დაადგენენ, რომ ფირფიტის ფართობის გაზრდით კონდენსატორის ტევადობა იზრდება და s-ს ფორმულაში ადგილს მიუჩენენ მრიცხველში.

საკვლევი შეკითხვა: რა დამოკიდებულებაა ფირფიტებს შორის მოთავსებული მასალის დიელექტრიკულ შეღწევადობასა და კონდენსატორის ტევადობას შორის?

დამოკიდებული ცვლადია კონდენსატორის ელექტროტევადობა, დამოუკიდებელი ცვლადია დიელექტრიკული შეღწევადობა, საკონტროლო ცვლადებია ფირფიტებს შორის მანძილი და ფირფიტების ფართობი.

 

 

სურათის მარცხენა ზედა კუთხეში ნაჩვენებ ველზე „დიელექტრიკი“ დაწკაპებით ფირფიტებს შორის გამოჩნდება ნივთიერება, რომელიც შეიძლება შეარჩიოთ მარჯვენა მხარეს ისრებით ნაჩვენებ ველებზე დაწკაპებით. მოსწავლეებს შესთავაზეთ ნაწილობრივ შევსებული ცხრილი. მესამე და მეოთხე სვეტების შევსება მათ სთხოვეთ.

ფირფიტის ფართობი (S, მმ 2) ფირფიტებს შორის მანძილი (d, მმ) დიელექტრიკული შეღწევადობა კონდენსატორის ტევადობა

(C X 10 -12 , ფარადი)

100 10 2,1 ( ტეფლონი) 0,19
100 10 3,5 (ქაღალდი) 0,31
100 10 4,7 (მინა) 0,42
100 10 5 (ამორჩევა) 0,443

 

ცხრილის შევსების შემდეგ მოსწავლეები დაადგენენ, რომ დიელექტრიკული შეღწევადობის გაზრდით კონდენსატორის ტევადობა იზრდება.

სიმულაციის საშუალებით მოსწავლეს შეუძლია დაადგინოს, როგორ იცვლება ფირფიტის მაქსიმალური მუხტი და დაგროვილი ენერგია (Stored Energy), რომელიც ფირფიტებს შორის მანძილის გაზრდით იზრდება. შესთავაზეთ ცხრილი, რომელშიც შევსებული იქნება პირველი და მეორე სვეტი. ბავშვები თვითონ ჩაინიშნავენ დაგროვილი ენერგიის რაოდენობას და კონდენსატორის ტევადობას. სიმულაციის საშუალებით შეცვლიან ფირფიტებს შორის მანძილს ფართობის შეუცვლელად. დაადგენენ დამოკიდებულ, დამოუკიდებელ და საკონტროლო ცვლადებს. დააკვირდებიან, როგორ იცვლება ენერგიის რაოდენობა ფირფიტებს შორის მანძილის გაზრდასთან ერთად.

ფირფიტის ფართობი (S, მმ 2) ფირფიტებს შორის მანძილი (d, მმ) დაგროვილი ენერგია

( E X 10 -12 , ჯ)

კონდენსატორის ტევადობა

(C X 10 -12 , ფარადი)

242 5 0.4  
242 7,5 0.27  
242 10 0.22  

 

გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეს ეცოდინება კონდენსატორის ელექტროტევადობის გამოსათვლელი ფორმულა, რომელიც თავად შეადგინა და შეძლებს მისი დახმარებით გამოთვლების განხორციელებას.

დავალება შეიძლება შესთავაზოთ სიმულაციის გამოყენებით ან Forms-ის ქვიზის სახით.

II გაკვეთილის მიზანი: მოსწავლემ შეძლოს მიმდევრობით და პარალელურად შეერთებული კონდენსატორების საერთო ელექტროტევადობის გამოსათვლელი ფორმულების დადგენა და შემოწმება.

შეერთების ფორმას მოსწავლე აირჩევს მარჯვენა ქვედა კუთხეში მოცემული ჩამონათვალიდან.

 

მასწავლებელს შეუძლია, შესთავაზოს პარალელური შეერთების დროს ელექტროტევადობის გამოსათვლელი ფორმულა და მოსწავლეებმა შეამოწმონ მისი სისწორე სიმულაციაზე მოცემული სიდიდეების ფორმულაში ჩასმით. სასურველია, პარალელური შეერთების დროს გამოსაყენებელი ფორმულა თვითონვე დაადგინონ (მისი სიმარტივის გამო).

სურათზე მოცემული ელექტრული ველის დეტექტორის საშუალებით მოსწავლეს შეუძლია შეამოწმოს ელექტრული ველის სიდიდე.

  1. შესთავაზეთ მოსწავლეებს ცხრილი, რომელშიც შეიტანს მონაცემებს, სიმულაციაზე ათვლილ რიცხვებს შეიტანს თქვენ მიერ შეთავაზებულ ფორმულაში: C = C 1X C 2 / C 1 + C 2. გამოთვლის შედეგს შეადარებს სიმულაციაში მითითებულ შედეგს.

 

პირველი კონდენსატორის ელექტრო ტევადობა მეორე კონდენსატორის ელექტრო ტევადობა C = C 1X C 2 / C 1 + C 2

ფორმულის გამოყენებით მიღებული შედეგი

სიმულაციაზე მოცემული შედეგი
       
       
       

 

მონაცემების სანდოობისთვის სასურველია სამი სხვადასხვა შემთხვევის განხილვა.

  1. სთხოვეთ მოსწავლეებს, სიმულაციის გამოყენებით გამოიყვანონ პარალელურად შეერთებული ორი და სამი კონდენსატორის საერთო ელექტროტევადობის გამოსათვლელი ფორმულა. შესთავაზეთ ცხრილი:
პირველი კონდენსატორის ელექტრო ტევადობა მეორე კონდენსატორის ელექტრო ტევადობა სიმულაციაზე მოცემული შედეგი
     
     
     

 

ცხრილის შევსების შემდეგ მოსწავლეები უნდა მივიდნენ დასკვნამდე, რომ კონდენსატორების ელექტროტევადობები იკრიბება.

(მოსწავლეებს შეუძლიათ, ყველა ცხრილის მონაცემები ატვირთონ Teams-ის სასაუბროში. ასევე შესაძლებელია, მონაცემები აიტვირთოს One Note-ში, სადაც ყველა მოსწავლისთვის ხელმისაწვდომი იქნება).

 

გამოყენებული ლიტერატურა:

https://phet.colorado.edu/en/simulation/charges-and-fields

https://www.youtube.com/watch?v=Cb_lt1UfV1o

ნაწილებად დაშლილი ქიმია

0

ბოლო დროს იმ დასკვნამდე მივედი, რომ ადამიანი პროფესიის კარგად  ცოდნის გარდა, კიდევ გემრიელ კერძებს უნდა ამზადებდეს და საექთნო საქმეც უნდა იცოდეს. ნემსის კუნთში, ვენაში გაკეთება, კათეტერის ჩადგმა და, ე.წ. გადასხმის სისტემის დაყენების ცოდნა აუცილებელია. თუ არადა, ამ საქმეში ერთ დღეს შეიძლება უამრავი ფული „გაფრინდეს“. ჰოდა, სერიოზულად დავფიქრდი, რომ საექთნო საქმე უნდა ვისწავლო. წინ გრძელი გზა მაქვს (იმედია) და გამომადგება.

კერძებს რაც შეეხება, ეგ ცოტა შინაგანადაც უნდა გეხერხებოდეს. აი ისე, როგორც დედას ერთ მეგობარს ჰქონდა ნიჭი შიგნიდან. მისნაირ კერძს ვერავინ ამზადებდა და ახლაც ვერავინ ამზადებს. ასე ვარ დარწმუნებული, რადგან უბრალოდ მისნაირი გემო და სურნელი სხვაგან არსად მიგრძნია.

ერთ ახალ წელს (ჯერ კიდევ სკოლაში ვსწავლობდი) უზარმაზარი ქვაბით ჩვენი შეკვეთილი საცივი გამომატანა. ავტობუსში, რომ ავედი, კერძმა ისეთი სურნელი დააყენა, ყველა ადგილზე გაშრა და როცა ჩემს გაჩერებაზე ჩამოვედი, კინაღამ ყველა სახლში გამომყვა.

სურნელოვან ნივთიერებებს ალქიმიკოსები სულებს უწოდებდნენ. ამ ლოგიკით თუ ვიმსჯელებთ, სუნელები, სუნამოები, ნამცხვრები და შოკოლადი, ასევე ყავა სულებია.

ზოგ ნივთიერებას სუნი აქვს, ზოგს – არა. მაგალითად, სპილენძი უსუნოა, სპირტს კი თავისი აქროლადობის გამო გამოკვეთილი სუნი ახასიათებს. ჩვენი ცხვირი სხვადასხვა მოლეკულას „იჭერს” და სუნს ვგრძნობთ. ცხვირში 50 მილიონი სპეციალური უჯრედია განთავსებული, რომლებიც მოლეკულებს „იჭერენ” და თავის ტვინში ამა თუ იმ სუნის აღქმის შესახებ სიგნალი იგზავნება. ჩვეულებრივი ადამიანის ცხვირი დაახლოებით 10 ათას სურნელს არჩევს, დეგუსტატორისა – 30 ათასს. ცხვირში მოლეკულა იმ რეცეპტორს უკავშირდება, რომელსაც მისი მსგავსი ფორმა აქვს. ეს ჯერ კიდევ ძველმა ბერძენმა ფილოსოფოსმა ლუკრეციუსმა ივარაუდა და თანამედროვე მეცნიერებმა დაუდასტურეს.

ყნოსვის ცენტრი თავის ტვინის ლიმბურ სისტემას უკავშირდება, რომელსაც ემოციების მართვის ცენტრსაც უწოდებენ. ამიტომ სურნელმა შესაძლოა სხვადასხვა ემოცია აღგვიძრას და მოგონებები აგვიშალოს.

სუნის მქონე მოლეკულებს ოდოროვექტორებს, ოდოროფორებს ან ოსმოფორებს უწოდებენ. ოსმოფორი აქროლადი უნდა იყოს, სხვაგვარად ცხვირამდე უბრალოდ ვერ მიაღწევს. გარდა ამისა, ოდნავ მაინც უნდა იყოს წყალში ხსნადი, თორემ ცხვირის ლორწოვანში ვერ გაიხსნება. ლორწო, თავის მხრივ, ცილებისა და ნახშირწყლების წყალხსნარია, რომელსაც ცხვირის ეპითელიუმი გამოყოფს და რომელიც ნერვულ დაბოლოებებს ფარავს. თუმცა ლორწოს ორგანულ მოლეკულებს უნარი შესწევთ, გაუხსნელი მოლეკულები რეცეპტორებამდე მიიტანონ. ოსმოფორს უნდა შეეძლოს ლორწოს ცილის მოლეკულასთან ურთიერთქმედება და ნერვული რეცეპტორიდან თავის ტვინამდე სიგნალის გადაცემის პროვოცირება. ამ შემთხვევაშიც (ფერმენტებისა და სუბსტრატისა არ იყოს) „გასაღები-კლიტის” პრინციპი მოქმედებს, ანუ განსაზღვრულ ცილას მხოლოდ განსაზღვრული ფორმის ოსმოფორი შეიძლება დაუკავშირდეს.

რაც შეეხება მკვეთრ და უსიამოვნო სუნებს, მათი მოლეკულები ოდნავ განსხვავებული ტიპის უჯრედებს უკავშირდებიან.

ზოგიერთი ნივთიერების მოლეკულის სუნი საოცარ ასოციაციებს იწვევს. მაგალითად, პარა-ჰიდროქსიფენილბუტანონ-2 (C10H12O2) და იონონი (C13H20O) – ორივე კეტონია. პირველი მათგანი ჟოლოს დამწიფებისას წარმოიქმნება. არომატული სუნიც მისი დამსახურებაა. იის ფოთლების შემადგენლობაშიც შედის, ამიტომ სულაც არ არის გასაკვირი, რომ პარფიუმერები მას ხშირად იყენებენ სუნამოების შექმნისას. მეორე კეტონი მზეზე გამომშრალ თივას აძლევს დამახასიათებელ სურნელს.

დიალილდისულფიდი (C6H10S2), ალილპროპილდისულფიდი (C6H12S2), თიოპროპიონალდეჰიდ-S-ოქსიდი (C3H6OS) – თითოეული მათგანი გოგირდს შეიცავს, რომელიც Allium-ის რიგის მცენარეებს მკვეთრ სურნელს ანიჭებს. ამ მცენარეებს ძალიან კარგად იცნობთ. ნიორს და ხახვს ვგულისხმობ. მათში ბევრია გოგირდშემცველი ამინმჟავა, განსაკუთრებით – ცისტეინი. თავად ხახვი და ნიორი უსუნოა, მაგრამ აბა ერთი გაჭერით, დაჭყლიტეთ, ჩაღეჭეთ, ანუ უჯრედები დაუზიანეთ – მაშინვე დაიწყება ფერმენტული რეაქცია და ამინმჟავებში შემავალი აზოტი და გოგირდი აქროლად ნაერთებად გარდაიქმნება. მათ შორის ამიაკიც წარმოიქმნება და ზემოთ დასახელებული ნაერთებიც. ევგენოლი (C10H12O2) დაფნის ფოთლის ეთერზეთში შედის. იგივე ალდეჰიდი მუსკატის კაკალშიც (Myristica fragrans) გვხვდება.

დღევანდელი სამყარო ფულზეა გაგიჟებული. სადღაც ლოგიკურიცაა, რადგან საქმით დასტურდება, რომ მართალია, ცხოვრებაში მთავარი სხვა ღირებულებებია, მაგრამ ფული ყველაზე კარგი დამხმარეა…

ფულს თუ აქვს სუნი?

ჩემს ბავშვობაში ყვარელში ასეთი ამბავი მოხდა. შვილმა მამას რაღაცის საყიდლად ფული სთხოვა. მამისგან უარი მიიღო, არ მაქვსო. გაქვსო, მიუგო შვილმა. განჯინაში ხელი მოაფათურა და გადამალული ფული მამას დაანახვა. კაცი გაბრაზებულა, შენ რა ჩუმად მითვალთვალებო? არაო, სუნით მივაგენიო – იყო პასუხი. მამამ იფიქრა, მეხუმრებაო და უთხრა – გარეთ გადი, მე ისევ დავმალავ და თუ კვლავ იპოვი, რაც მთხოვე, მოგცემო. ასეც მოქცეულან და ბიჭმა ისევ იპოვა. მერე მამის მეგობართან წასულან, მერე იმის მეზობელთან და ბიჭმა ყველგან სუნით იპოვა ფული.

გამოდის, რომ ფულს სუნი ჰქონია. უბრალოდ ყველა ვერ აღიქვამს. მეორე მხრივ, თავად ფულს სუნი მართლაც არ აქვს და თუ მაინც რაიმე სურნელს გამოსცემს, ადამიანისგან გადაეცემა. კუპიურებთან რეაქციაში შედიან კანში არსებული ორგანული ნივთიერებები, ასევე გამოყოფილი ოფლი და მასში გარეული ცხიმი. სადღაც წავიკითხე, რომ ერთ გერმანელ პარფიუმერს ამერიკული დოლარის სუნის ფორმულის გამოყვანა უცდია და შემდეგი ძირითადი არომატები უპოვია: დომინანტი ნოტები – საპონი, სარეცხი საშუალებები, ბენზინი. ახალი ბანკნოტები თავისთავად ქაღალდის და მელნის სუნს გამოსცემენ. შემდეგ, კი გარემოსთან ურთიერთობით, მათი სურნელიც იცვლება.

ჩემი და წვიმის ურთიერთობა მგონი იცით, ერთმანეთი არ გვიყვარს https://mastsavlebeli.ge/?p=4009 https://mastsavlebeli.ge/?p=20404 https://mastsavlebeli.ge/?p=14904 https://mastsavlebeli.ge/?p=12993 https://mastsavlebeli.ge/?p=10526

სრულიად შეუფერებელ დროს მოდის. ცდილობს, დამასველოს და ვარცხნილობა დამიშალოს https://mastsavlebeli.ge/?p=12298. მე კი, ბუნებრივია, გავრბივარ.

იმ დღესაც უცებ წამომეწია, მაგრამ ვარცხნილობა ისედაც არეული მქონდა (ვირუსის გამო სალონები დაკეტილია). ამიტომ არსად გავქცეულვარ და ვიგრძენი, რომ წვიმის სურნელი მომეწონა კიდეც. თან მოკლეზე რაღაც ბაღით გზას ვიმოკლებდი (ვირუსის გამო ტრანსპორტი არ დადიოდა) და ხეებსა და ბუჩქებს შორის მიმავალმა უფრო მკაფიოდ ვიგრძენი სუნი.

პირველი რაც გავიფიქრე, ის იყო, რომ რაღაც სისუფთავის სურნელი ჰქონდა. წვიმის სუნს თავისი ტერმინი აქვს – პეტრიკორი (ბერძნული „პეტრა“, რაც ქვას ნიშნავს და „იქორი“ – სითხე, რომელიც ღმერთების ვენებში მიედინება). ეს სუნი რამდენიმე ძირითადი ნივთიერების კომბინაციაა: გეოსმინი ტერპენოიდია. ის ნიადაგის შედგენილობაშია და მისი გამოთავისუფლება ნიადაგის მიკროორგანიზმების დაშლის შედეგად ხდება. წვიმის დროს წყალი გეოსმინს ატმოსფეროში ნიადაგიდან გამორეცხავს. სინამდვილეში ამ ნივთიერებას უსიამოვნო სუნი აქვს, თუმცა სხვა კომპონენტების წყალობით მისი არომატი ძალიან არ იგრძნობა.

წვიმის სურნელის შექმნაში სხვადასხვა ეთერზეთები მონაწილეობენ. სწორედ ისინი ქმნიან სისუფთავის სუნს. ეთერზეთებს მცენარეები მზიან ამინდში ასინთეზირებენ და ამით წყლის მოხმარებას ზღუდავენ, გვალვაში კი მომჭირნედ მოიხმარენ წყალს. წვიმის დროს კი ეთერზეთები ატმოსფეროსკენ მიემართებიან და ჩვენს რეცეპტორებს ახარებენ.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი ოზონია. ის ელექტრული განმუხტვის შედეგად ჭექა-ქუხილის დროს წარმოიქმნება. შემდეგ ჰაერის ძლიერი ნაკადით ატმოსფეროს ქვედა შრეებში ეშვება და წვიმის სურნელში მონაწილეობს.

ოზონი ჟანგბადის ალოტროპიული სახესხვაობაა. აირადი ოზონი ცისფერია, თხევადი, მუქი ლურჯი, მყარი კი შავი ფერისაა. მეჩვიდმეტე საუკუნეში შენიშნეს, რომ ჭექა-ქუხილის დროს ვრცელდებოდა თავისებური მკვეთრი სუნი. მეცხრამეტე საუკუნეში ჰაერიდან გამოჰყვეს აირი, რომელსაც ოზონი (ბერძნ. სუნიანი) უწოდეს.

ატმოსფეროში ოზონი წარმოიქმნება ჭექა-ქუხილის დროს. იგი არამდგრადია და ჟანგბადის გამოყოფით იშლება. ოზონს შეიცავს აგრეთვე წიწვოვანი ტყისა და ზღვის სანაპიროს ჰაერი. ჭექა-ქუხილის დროს შემდეგი რეაქციები მიმდინარებს:

ლაბორატორიაში ოზონს იღებენ ჟანგბადიდან, სპეციალურ ხელსაწყოებში – ოზონატორებში:

რეაქციიდან ჩანს, რომ ოზონი არამდგრადი ნივთიერებაა და სწრაფად გარდაიქმნება ჟანგბადად. ამის გამო ოზონი ატმოსფეროში არ გროვდება.

ოზონი ძლიერი მჟანგავია. მისი მოლეკულისგან ჩამოცილებული ჟანგბადის ატომები ქიმიურად უფრო აქტიურია, ვიდრე ჟანგბადის მოლეკულები. ამიტომ, ჟანგბადთან შედარებით, ოზონი უფრო დიდი ქიმიური აქტივობით ხასიათდება.

მცირე რაოდენობით ოზონი ადამიანისთვის სასარგებლოა, დიდი რაოდენობით კი – მომწამლავი.

ოზონი ანადგურებს ბაქტერიებს. ამიტომ, გამოიყენება სასმელი წყლის გასასუფთავებლად და ჰაერის დეზინფექციისთვის. ოზონის შრე იცავს დედამიწას მზის ულტრაიისფერი გამოსხივებისგან.

წერილი ჩამთავრდა. რამდენ არაქიმიურზე ვისაუბრე… პრინციპში, ყოველთვის ასე ვიქცევი, მაგრამ შედეგად, ვითომ არაქიმიურზე საუბრით ქიმიას ნაწილ-ნაწილ ვშლი და ჩვენს ცხოვრებას მოვარგებ ხოლმე.

ამის ნებას კი თავად ქიმია მაძლევს, რადგან ის თავად ჩვენი ცხოვრებაა.

 

მშობლები გამჭვირვალე „საკლასო ოთახში“

0

საქართველოს განათლების სისტემას დისტანციური სწავლების იმხელა ტალღამ გადაუარა, რომ რყევები ჯერ კიდევ იგრძნობა. 2 312 სკოლის 590 934 მოსწავლემ და 63 780 პედაგოგმა ვირტუალურ სივრცეში გადაინაცვლა და უჩვეულო წესებით დაიწყო სვლა. ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო, ზოგი წინ წავიდა, ზოგი – უკან, ზოგიც ერთ ადგილზე მოძრაობს.

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის და მაღალი სტრესის ფონზე არსებულ ვითარებასთან გამკლავება მოსწავლეთა მშობლებსაც მოუხდათ. ჩაკეტილი შენობებიდან სკოლებმა პირდაპირ სახლებში გადაინაცვლა და ავტომატურად, წინასწარი მოლაპარაკებების და შეთანხმებების გარეშე, სწავლა-სწავლების ხარისხზე პასუხისმგებლობა მშობლებზე გადანაწილდა.

„გაკვეთილების დისტანციურად დაწყებამ ჩემში დიდი მღელვარება გამოიწვია.  მოშლილი ინფრასტრუქტურის მქონე სოფელში, ერთი კვირით წამოსულებს განათლების ახალი მოდელი სრულიად მოულოდნელად წამოგვეწია. თან მხოლოდ უხარისხო ტექნიკური აღჭურვილობა მქონდა. რომ გავიაზრე, პროცესში ხარისხიანად ჩართულობაში ეს ყველაფერი რამდენ დაბრკოლებას შეგვიქმნიდა, ამან მეც და ბავშვებიც ძალიან შეგვაშინა“ – ამბობს თეა ცხვირავაშვილი, ორი სასკოლო ასაკის შვილის მშობელი.

თუ ტრადიციული სწავლების პირობებში სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობას მოსწავლისთვის, მასწავლებლისთვის და სკოლისთვის დადებითი შედეგები მოაქვს, ტრანზიტული სკოლის შემთხვევაში პირდაპირ გავლენას ახდენს საგაკვეთილო პროცესის გამართულობასა და მოსწავლის აკადემიურ მოსწრებაზე.

ამის მიუხედავად, განათლების სპეციალისტები მშობელთა პასუხისმგებლობაზე ისრების სრულად გადატანას არამართებულად მიიჩნევენ, რადგან დისტანციურ ფორმატზე უცაბედი გადასვლა Covid 19-ის პანდემიამ გამოიწვია და არა მშობლების გააზრებულმა არჩევანმა.

„უნდა განვასხვაოთ ზოგადად დისტანციური სწავლება და კრიზისების დროს დისტანციური სწავლება. ჩვეულებრივ პირობებში დისტანციური სწავლებისას, შესაძლოა, მშობლის როლი ისეთი მნიშვნელოვანი არ იყოს, რადგან  ეს დაგეგმილი პროცესია: მოსწავლე, სკოლა და ოჯახი თავიდანვე მომზადებული და მოტივირებულია. ამ კრიზისის დროს კი მოულოდნელად უწევთ მშობლებს არსებულ ვითარებასთან გამკლავება. ზოგადად, მშობელსა და ოჯახს განათლების ხარისხზე უდიდესი ზემოქმედება აქვთ და დღეს ეს გავლენა კიდევ უფრო მეტად გაზრდილია. შესაბამისად, გაიზრდება განსხვავება შვილების მხარდამჭერი ოჯახების მოსწავლეებს და იმ მოსწავლეებს შორის, რომელთა მშობლები არ ან ვერ ერთვებიან შვილების სწავლებაში.“ – ამბობს შალვა ტაბატაძე, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

 

დისტანციურად სწავლის პირობებში მოსწავლის მშობელს ერთდროულად რამდენიმე როლი ეკისრება. მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, შვილის მატერიალურ-ტექნიკური ბაზით უზრუნველყოფა და კუთვნილი ტექნიკის გამართულობაა. ეს ყოველივე კი დაბალი ეკონომიკური შეძლების ოჯახებისთვისაც გამოწვევაა და მათთვისაც, ვისაც თითოეულ ბავშვზე პერსონალური კომპიუტერი და შეუზღუდავი ინტერნეტი აქვს.

„ონლაინ სწავლება დღეს ყველა ოჯახისთვის აქტუალურია. მე ოთხი შვილი მყავს. ჯერ-ჯერობით ვახერხებ, რომ ბავშვები ჩაერთონ გაკვეთილებში და არ ჩამორჩნენ პროგრამას, მაგრამ ვიცი ოჯახები, ვისთვისაც ინტერნეტი ფუფუნებაა. მათთვის დიდი ხარჯია ინტერნეტის ყოველთვიური ღირებულება. ზოგიერთ მათგანს არც საჭირო ტექნიკა აქვს, ზოგიერთი ბავშვი ტელეფონით ესწრება გაკვეთილებს. დღეს მშობლებისთვის პრიორიტეტი შვილების საკვებით უზრუნველყოფა და პირველადი მოხმარების საგნების შეძენაა. ზოგჯერ არჩევანი ასე დგას, ინტერნეტი თუ საკვები?! კარგი იქნებოდა მშობლებს ამ პრობლემის გადაჭრაში სახელმწიფო დახმარებოდა.“ – ამბობს 4 შვილის მშობელი, ნათია მანჯგალაძე.

„ონლაინ სწავლებამ თავიდან მასწავლებლებიც დაძაბა და მეც, როგორც მშობელს, მოთმინება დამაკარგვინა.  ერთდროულად რამდენიმე ბავშვს ჰქონდა გაკვეთილი და ტექნიკური პრობლემებიც ერთდროულად იჩენდა ხოლმე თავს. მაგალითად, პროგრამა teams-ში მოსწავლე ვერ ხედავდა ყველა საგანს და ვერ ესწრებოდა ყველა გაკვეთილს. მასწავლებელი ვერ ახერხებდა პრობლემის მოგვარებას და მიიჩნევდა, რომ მშობელს თავად უნდა გაერკვია პრობლემის მიზეზები. ხშირად ხდება, როცა მასწავლებელს არ ესმის მოსწავლის ხმა და პირიქით. გაკვეთილის მსვლელობისას მოსწავლეები ერთმანეთს “აგდებენ” პროგრამიდან. მოსწავლე მიკროფონს თიშავს, როცა არ უნდა პასუხის გაცემა. შემდეგ ხელი ჩავიქნიე ონლაინ გაკვეთილებზე და თავად დავიწყე ჩემი შვილების მასწავლებლობა. დღეისათვის ონლაინ სწავლების მდგომარეობა გამოსწორდა იმ მხრივ, რომ, ტექნიკური ხარვეზების მიუხედავად, გაკვეთილები მეტ-ნაკლებად ტარდება. თუმცა, ზოგიერთი მასწავლებელი ჯერ კიდევ ვერ ახერხებს ჩართვას. თუ გავითვალისწინებთ, რამდენად მოულოდნელად მოგვიწია ონლაინ სწავლებაზე გადასვლა, დღეს არსებული მდგომარეობა მაინც დამაკმაყოფილებლად მიმაჩნია. დასაფასებელია მასწავლებლების მონდომება. კარგი იქნებოდა მათ ტექნიკურ დახმარებას თუ გაუწევდნენ“ – ამბობს 5 შვილის დედა, მაკა საკანდელიძე.

სახლებიდან სახლებში ჩატარებულ გაკვეთილებს მოსწავლეების მილიონზე მეტი მშობელი ადევნებს თვალს. სირთულეების მიუხედავად მშობლები ამბობენ, რომ ასეთი გამჭვირვალე განათლების სისტემა არასოდეს ყოფილა. ბავშვსა და პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებული მასწავლებლის შრომა ერთიორად გამოჩნდა და დაფასდა.

„ჩემი შვილების სკოლა მარტის დასაწყისიდან სრულად გადაეწყო ონლაინ სწავლებაზე. გაოცებას ვერ ვმალავდი, პირველივე დღეებიდან იმდენად მომზადებულები იყვნენ პედაგოგები. გაკვეთილები ცხრილის მიხედვით ტარდება. ამ დრომდე ყოველი გაკვეთილი დაგეგმილია, ნაფიქრი, აქვს მიზანი და ახლავს საშინაო დავალება.“ – ამბობს თეა ბულია, სამი შვილის დედა.

მოსწავლეთა მშობლების შეფასებით, ბოლო დროს მიმდინარე პროცესებმა მშობელთა ჩართულობა გაზარდა, რის გამოცდილებაც საქართველოში არც თუ ბევრ მშობელს ჰქონდა.

მშობლები ახლო წარსულს იხსენებენ, როცა უმეტეს სკოლებში დღის წესრიგს შიდა სასკოლო საზოგადოება ადგენდა და მშობელს უკვე დამტკიცებული წესების შესრულება უწევდა. მაგალითად, შინაგანაწესით მკაცრად იყო გაწერილი სკოლის შენობაში მშობლების შეშვების დრო. თუ აქამდე მშობელს ტრადიციულ გაკვეთილზე დასასწრებად პედაგოგის და სკოლის დირექციის თანხმობა სჭირდებოდა, ახლა ეს ადამიანები თავად სთხოვენ მოსწავლის მშობელს, გვერდით მიუჯდეს ბავშვს და თვალი ადევნოს საგაკვეთილო პროცესის გამართულობას.

ამ შინაარსის თხოვნას, როგორც წესი, რამდენიმე საფუძველი აქვს:

  • დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს არ აქვთ კომპიუტერის დამოუკიდებლად მოხმარების უნარ-ჩვევები.
  • დაგროვდა ონლაინ გაკვეთილების ჩაშლის წარმატებული მცდელობების პრაქტიკა.
  • გაკვეთილის დროს პედაგოგები მშობლებისგან სახლში სიჩუმის დაცვის უზრუნველყოფას ითხოვენ.

მშობლები ამბობენ, რომ ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო, ზოგჯერ მოსწავლის გვერდით ჯდომა შეუძლებელი და გაუმართლებელია.

„მე სამი შვილი მყავს. უფროსი მე-5 კლასშია, საშუალო – მე 3 კლასში. უმცროსი ბაღის ასაკშია. უფროსებს ყოველდღიურად დღეში 3 ან 4 გაკვეთილი აქვთ. რაც იმას ნიშნავს, რომ ორივეს ცალ-ცალკე კომპიუტერი და სამუშაო სივრცე სჭირდება. ამ პერიოდში ჩემი ამოცანაა, ტექნიკა მუდმივად მწყობრში მქონდეს და დავიცვა სიჩუმე, რაც არც ისე ადვილი საქმეა, რადგან როგორც გითხარით, ჩვენი უმცროსი შვილი ბაღის ასაკის ბიჭუნაა და მოგეხსენებათ, ამ ასაკის ბავშვებს უჭირთ, დაემორჩილონ მკაცრად განსაზღვრულ წესებს. ერთ-ერთი გოგონას კლასის დამრიგებელი მშობლებისგან ითხოვს, დავსხდეთ ბავშვების გვერდით და უზრუნველვყოთ, რომ გაკვეთილი არ ჩაიშალოს. ერთმანეთს ხმა არ გაუთიშონ ან ჯგუფიდან არ „გააგდონ“. ძალიან ბევრი ვიფიქრე, როგორ უნდა მომეხერხებინა, თან სიჩუმე დავიცვა, პატარა შვილი „დავაკავო“ და თან გაკვეთილის მიმდინარეობას დავესწრო. არც შემიძლია და ამავე დროს, ჩემი აზრით, არ არის სწორი, მშობელი გვერდით ეჯდეს ბავშვს და იჭრებოდეს მის პირად სივრცეში, მიმაჩნია, რომ ოთახშიც კი არ უნდა შევიდე, როცა გაკვეთილი აქვს. ამან ცოტა გაურკვევლობა გამოიწვია. თუმცა, პროცესებისთვის ხელი არ შეუშლია. რეალურად, ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყობა მოხდა და ვთვლი, რომ თავი გავართვით. თუმცა რის ხარჯზე ვპასუხობთ ამ გამოწვევას, ეს ალბათ კვლევის საგანია.“ – ამბობს თეა ბულია, სამი შვილის დედა.

სად არის გამოსავალი, როცა ორივეს – მასწავლებელს და მშობელს, თავისი სიმართლე და მყარი არგუმენტები აქვთ? ამ შეკითხვით განათლების სპეციალისტს მივმართეთ.

„შესაძლებელია დაბალ კლასებში მასწავლებელმა სთხოვოს (და არა მოსთხოვოს) მშობელს ზედამხედველობა. ასეთი თანამშრომლობა უნდა იყოს ნებაყოფლობითი. ბევრ ქვეყანაში, სკოლები ადგენენ ე.წ. ნეტიკეტს – ინტერნეტ-სწავლებისას ქცევის წესებს, რა არის დასაშვები და რა – არა. ამ ინფორმაციის მიწოდება საგანგებოდ ხდება მოსწავლეებისთვის. იქვე განსაზღვრულია ის ნაბიჯებიც, რასაც სკოლა მიმართავს, თუ მოწაფე ნეტიკეტს დაარღვევს, გამომდინარე დარღვევის ხარისხიდან და სიხშირიდან. მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი ნაბიჯია მოსწავლის გაკვეთილზე არ დაშვება ერთი ან რამდენიმე დღით. აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს მშობლებს. თუმცა, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ონლაინ სწავლება ბავშვებში გადაღლილობას იწვევს და მასწავლებლებს მეტი მოთმინება მართებთ.“- ასე პასუხობს ჩვენს შეკითხვას ჰონგ კონგის უნივერსიტეტის განათლების ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი ნუცა კობახიძე.

დისტანციური სწავლის ფორმატი განსაკუთრებით მოუხერხებელი აღმოჩნდა დასაქმებული მშობლებისთვის, რომლებიც სახლიდან გაუსვლელად ასრულებენ სამსახურეობრივ მოვალეობებს. თვითიზოლაციის პირობებში მშობლები ერთდროულად რამდენიმე საპასუხისმგებლო როლს ითავსებენ, მათ შორის, ბავშვზე ზრუნვის, ბავშვის განათლების, საოჯახო საქმეზე პასუხისმგებელი პირის და თანამშრომლის, რაც ერთ სივრცეში გამოკეტილი ადამიანებისთვის არც თუ ადვილად დასაძლევი ამოცანაა.

„ჩემი ოჯახი სამწევრიანია. აქედან ერთი, 6 წლის ბავშვია, რომელიც წინასასკოლო მომზადების პროგრამას გადის.  როდესაც preschool-მა ონლაინ სწავლება შემოგვთავაზა, დიდი სიხარულით დავთანხმდით, რადგან იზოლაციის გამო, ონლაინ ჩართვები ბავშვის სოციალიზაციის შესაძლებლობადაც მივიჩნიეთ. ჩემი შვილის ჯგუფიდან, ბავშვების მხოლოდ ნახევარი ესწრება ონლაინ გაკვეთილებს, რაც იმას ნიშნავს, რომ თუნდაც კერძო სკოლაში, ონლაინ სწავლება ყველასთვის ხელმისაწვდომი არ არის. ონლაინ ჩართვები სკოლამდელ ასაკში, უდიდეს ძალისხმევას მოითხოვს პედაგოგებისგან. თანდათან იმატა ისეთმა დავალებებმა, რომელსაც ბავშვი დამოუკიდებლად ვერ შეასრულებს. ალბათ, ეს მიიჩნიეს მშობლის ჩართულობის გაზრდის გზად. თავად ბავშვიც ბევრად მომთხოვნი გახდა ჩვენ მიმართ, უნდოდა ერთად შეგვესრულებინა დავალება, რადგან სხვა ბავშვების ბებია, დედა ან მამა ასე აკეთებდა. რამდენიმე დავალება საერთოდ გვიან ვნახეთ, რადგან ონლაინ პროგრამაში შეტყობინებების მუდმივად წაკითხვის დრო არ გვაქვს. პედაგოგთან საუბრით ვეცადე, ამეხსნა, რომ არ ვარ უყურადღებო მშობელი. რაღაც ეტაპზე მივხვდი, რომ მე არ მეხებოდა ის ბლოგები და სტატიები, სადაც მოგვითხრობენ, როგორ გავართოთ ბავშვები იზოლაციაში, როგორ ვიზრუნოთ თვითგანვითარებაზე და გავიაროთ ონლაინ ტრენინგები. გარკვეული დროის მერე, მხოლოდ გადარჩენის გეგმა დაგვრჩა: ყოველთვის ხელმისაწვდომი ვიყოთ სამსახურისთვის და ბავშვი დროულად მიუჯდეს მაგიდას გაკვეთილისთვის.“- ამბობს ანა წურწუმია, დასაქმებული მშობელი.

იმის გათვალისწინებით, რომ არც დისტანციური სწავლების სამართლებრივი ბაზა არსებობს და არც მოსწავლე-მასწავლებლის ქცევის თუ მშობელთა ჩართულობის ეტიკეტი, გაურკვევლობები გარდაუვალია. ამის მიუხედავად, განათლების სპეციალისტი მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ და სკოლამ უნდა იფიქროს არა სამართლებრივი ბაზის მოწესრიგებასა და იძულების მექანიზმების ამოქმედებაზე, არამედ სკოლების, მშობლების და მასწავლებლების მხარდაჭერის პროგრამებზე.

„მთელი მსოფლიო აღიარებს, რომ გვაქვს განსაკუთრებული მდგომარეობა და მოსწავლეების კიდევ უფრო დიდი ნაწილი აღმოჩნდა ხარისხიანი განათლების მიღმა. გაიზარდა უთანასწორობა. შესაბამისად, ვფიქრობ, უკვე დღეს, მთელი ყურადღება და აქცენტი უნდა გადავიდეს პრობლემის მოგვარებაზე, თუ როგორ უზრუნველყოფს სახელმწიფო ძალიან მალე ამ უთანასწორობის აღმოფხვრას; რა მექანიზმებს შეიმუშავებს სამომავლოდ ზოგადად არსებული უთანასწორობის გამოსასწორებლად; როგორ გამოიყენებს მიღებულ გამოცდილებას განსხვავებული პოლიტიკის საწარმოებლად; როგორ უზრუნველყოფს ამ პროცესში ფუნქცია-მოვალეობების დელეგირებას და ა. შ. ვფიქრობ, აქცენტი და მსჯელობა ამ მიმართულებით უნდა წარიმართოს და ნაკლებად, სამართლებრივი მექანიზმების შექმნაზე მოსწავლეთა დასწრების იძულებისთვის. აქ უფრო სკოლების, მშობლების და მასწავლებლების მხარდაჭერის მექანიზმებზე უნდა ვიმუშაოთ, რათა თუნდაც ისეთი პროექტები, როგორიცაა ტელესკოლა, თუ მაიკროსოფთ თიმსის მეშვეობით ონლაინ სწავლება, მოსწავლემდე მივიტანოთ და არ დარჩეს მხოლოდ სამინისტროს, თუ ცალკეული დირექტორებისა, თუ მასწავლებლების თავმოსაწონ წამოწყებად“ – აცხადებს შალვა ტაბატაძე.

დაზუსტებით არავინ იცის, რამდენ ხანს არ ექნება ალტერნატივა კომპიუტერულ თუ ტელეგაკვეთილებს. ამ მდგომარეობაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, დაიხვეწოს სკოლებისა და მშობლების კომუნიკაციის ხარისხი. პირველ რიგში, მშობელმა იცოდეს, რას ელის სკოლა მისგან? ამ კითხვაზე მასწავლებლის თუ სკოლის ადმინისტრაციის მიერ გარკვევით გაცემული პასუხის გარეშე მშობლებს გაუჭირდებათ, გახდნენ სკოლის კარგი პარტნიორები, დაეხმარონ შვილს წარმატების მიღწევაში და შეუმსუბუქონ შრომა მასწავლებელს.

„სკოლა მშობლისგან ელის, პირველ რიგში, ემოციურ მხარდაჭერას, როგორც მოსწავლის, ისე მასწავლებლის მიმართ. ძალიან მნიშვნელოვანია, მშობელმა გაიაზროს, რომ ეს არ არის „ჩვეულებრივი“ სასწავლო პროცესი. ეს ის სივრცეა, სადაც შეიძლება მოულოდნელად ტექნიკური პრობლემა წარმოიშვას ან ყველა გაკვეთილში ჩართვა ვერ მოახერხოს მოსწავლემ, რადგან მისი და-ძმების გაკვეთილები ემთხვევა, ან ვიწროდ ცხოვრობენ და შესაძლებელია ხმაურმა შეუშალოს ხელი. შესაძლებელია, საერთოდაც არ მიუწვდებოდეთ ხელი ინტერნეტსა და კომპიუტერზე. ამიტომ, ემოციური მხარდაჭერა უმთავრესია. ამის შემდეგ მნიშვნელოვანია ტექნიკური თვალსაზრისით ყველა რესურსის მობილიზება. ასეთ შემთხვევაში სკოლა და მშობელი თანამშრომლობენ, რა გზით შეიძლება მოსწავლის სასწავლო პროცესში ჩართვა. სკოლა, შესაძლებლობების ფარგლებში, დახმარების ხელს  გაუწვდის.“ – ამბობს ჩვენთან საუბარში საჩხერის მე-2 სკოლის დირექტორი, ლიკა გომართელი.

მშობლებისა და სკოლის დისკომუნიკაციის პრობლემა დისტანციურ ფორმატზე გადასვლამ ნაწილობრივ მოაგვარა.  Covid 19-ის ეპოქამ დაგვანახა, რომ მშობლისა და სკოლის ხარისხიანი თანამშრომლობისთვის არც სკოლაში მისვლაა აუცილებელი პირობა და არც ქვეყანაში ყოფნა.

„დღევანდელმა დღემ სკოლებს მისცა შესაძლებლობა, გადახედონ მშობლებთან კომუნიკაციის ფორმებს, გამოიყენონ მრავალმხრივი მეთოდები. ხშირად საუბრობდნენ,  რომ საქართველოს საჯარო სკოლებში მოსწავლეთა მშობლების ჩართულობა დაბალი იმიტომ იყო, რომ მშობელთა დიდი ნაწილი სამუშაოდ საზღვარგარეთ იმყოფებოდა. მართალია,  სკოლას შეეძლო, საზღვარგარეთ მყოფ მშობლებთან კომუნიკაციის ეფექტიანი მექანიზმები გამოეყენებინა, თუმცა ამას თითქმის არავინ აკეთებდა. დღევანდელმა დღემ გვაჩვენა, რომ სრულიად შესაძლებელია ინტერნეტკომუნიკაცია და შესაძლოა, დიდი მნიშვნელობა  არც ჰქონდეს მშობელთა ადგილმდებარეობას. ეს ნათელი მაგალითია, რომ კომუნიკაციის ნებისმიერი ფორმა უნდა გამოიყენოს სკოლამ, რაც მშობლებთან ურთიერთობას გააადვილებს. უფრო მეტიც, მშობლებს უნდა მისცეს შესაძლებლობა, თვითონ შესთავაზონ მათთვის ხელსაყრელი კომუნიკაციის ფორმები და  მშობელთა შემოთავაზებების საფუძველზე განსაზღვრონ კომუნიკაციის სტრატეგია“ – ამბობს შალვა ტაბატაძე ჩვენთან საუბარში.

განათლების სპეციალისტების აზრით, დისტანციურ რეჟიმში მშობლებსა და სკოლას შორის წარმატებული თანამშრომლობის აუცილებელი პირობა სწორი კომუნიკაციაა. რეგულარული კავშირის შემთხვევაში, სკოლა შეძლებს მოლოდინების სწორად განსაზღვრას, უკუკავშირის მიღებას. მშობლები უკეთესი ხარისხით შეძლებენ, დაეხმარონ შვილებს.

„ამგვარი კავშირის გარეშე, ხშირად წარმოიქმნება გაუგებრობები, ვერ ხერხდება სწავლებაში არსებული ხარვეზების დროული გამოსწორება, რაც საბოლოოდ განათლების ხარისხს აუარესებს.“ – აცხადებს ნუცა კობახიძე.

სპეციალისტების რეკომენდაციები მოსწავლეთა მშობლებისთვის და სკოლის თანამშრომლებისთვის:

 

  • ბავშვის ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინება – მშობლები და მასწავლებლები ხშირად ამბობენ, რომ ბავშვებზე მეტად მათ უჭირთ იზოლაციაში ყოფნა; თუმცა, იქვე ჩამოთვლიან არაერთ შემთხვევას, როგორ გაუარესდა შვილების/მოსწავლეების ხასიათი და განწყობა. ამიტომ მიეცით ბავშვებს საშუალება, გამოხატონ ემოციები. თუ დაიღლებიან, მიეცით უფლება, დაისვენონ. ასეთი მიდგომის შემთხვევაში, გაკვეთილების თუ საშინაო დავალების მომზადების დროს, ბავშვებს აღარ დასჭირდებათ ტყუილის და ხრიკების მოფიქრება. ზრდასრულები კი ზედამხედველის ნაცვლად ბავშვის მეგობრად იგრძნობთ თავს.

 

  • ერთმანეთის მოლოდინების განსაზღვრა – სასურველია, მშობლებმა და სკოლის თანამშრომლებმა ერთმანეთს გაუზიარონ მოლოდინები. კერძოდ, დისტანციურად სწავლების პერიოდში რას ელიან ერთმანეთისგან. ეს სკოლას და მშობლებს ადეკვატური მოლოდინების შექმნაში დაეხმარება.

 

  • კომუნიკაციის სხვადასხვა არხების გამოყენება – ჰკითხეთ ერთმანეთს, ურთიერთობის რომელი საშუალება უფრო მოსახერხებელია თქვენთვის. ეს დაგეხმარებათ, თავიდან აირიდოთ დისკომუნიკაცია და ტექნიკური ხარვეზები. წერილობითი კომუნიკაცია სჯობს, სატელეფონო თუ ვიდეო ზარი, ცალსახა პასუხი არ არსებობს. ეს ორ ან მეტ სუბიექტს შორის შეთახმების საგანია.

 

  • რეგულარული ურთიერთობის დროზე და Online თანამშრომლობის წესებზე შეთანხმება – სასურველია, მშობელი და პედაგოგი წინასწარ შეთანხმდნენ მათთვის სასურველ თავისუფალ დროზე, როცა ორივე მხარეს სცალია აზრთა გაცვლა-გამოცვლისთვის. ეს დაგეხმარებათ, ჩამოაყალიბოთ რეგულარული კომუნიკაციის წესრიგი, ე. წ. რუტინა. თანამშრომლობის წესებზე შეთანხმება კი გულისხმობს, ისეთ მნიშნელოვან დეტალებს, როგორიც არის ქცევის წესების ჩამოყალიბება, პერსონალური მონაცემების დაცვა, online ჩატარებული კრების დღის წესრიგის განსაზღვრა და სხვა.

 

  • მშობელთა ჩართულობა ერთმანეთის შვილებისთვის – მშობლებს მრავალფეროვანი რესურსი აქვთ, რასაც იშვიათად ახმარენ შვილის თანაკლასელებს. მოსწავლეებს მოსწონთ მათთვის აქტუალურ თემებზე მშობლებთან არაფორმალური საუბრები. შესთავაზეთ სკოლას იდეები და online ჩართვის ფორმატში განახორციელეთ არაფორმალური განათლების აქტივობები. მაგალითად, ისწავლეთ და ასწავლეთ შვილს და მის თანაკლასელებს ონლაინ უსაფრთხოების წესები. ესაუბრეთ პროფესიულ არჩევანზე, ემოციებზე და/ან სხვა მნიშვნელოვან თემებზე.

 

  • სკოლისა და მშობლების თანამშრომლობის მნიშვნელობა – ზოგჯერ მშობელს ან სკოლის თანამშრომელს არ ესმის მშობელთა ჩართულობის მნიშვნელობა. ერთ-ერთი ბარიერი ის არის, რომ ეს თანამშრომლობა დამატებით დროს მოითხოვს. არაერთი კვლევით დასტურდება, რომ მშობელთა ჩართულობა მთელ სასკოლო საზოგადოებაზე დადებითად აისახება. ამიტომ, დაარწმუნეთ ერთმანეთი, რომ საერთო მიზნის მისაღწევად თქვენთან თანამშრომლობა სასარგებლო და მნიშვნელოვანია. (მაგალითად, შესთავაზეთ მასწავლებელს საგაკვეთილო პროგრამის Power Point-ში აწყობა ან მასთან ერთად მოიფიქრეთ შემოქმედებითი  საშინაო დავალება მიმდინარე საგაკვეთილო საკითხთან დაკავშირებით და ა. შ.  ცხადია, იგივე ან მსგავსი ინიციატივების გამოჩენა მშობლებთან მიმართებაში პედაგოგებსაც შეუძლიათ.)

 

  • ერთმანეთზე ზრუნვა – ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ერთი მხარე სრულ მზაობას გამოთქვამს ან ზედმიწევნით კარგად ასრულებს თავის მოვალეობებს. როგორც წესი,  გაღიზიანებას იწვევს, თუ მეორე მხარე დისტანციური სწავლის პროცესში არ/ვერ ერთვება. ნუ მიიღებთ პირად შეურაცხყოფად, თუ იგრძობთ, რომ თქვენი ზარებით და წერილებით ვინმეს თავი მოაბეზრეთ. გახსოვდეთ, რომ მთელი ეს პროცესი დროებითია და მსოფლიო პანდემიის პირობებში ხორციელდება. შესაძლოა იმ ადამიანებს – მოსწავლეებს, მშობლებს თუ პედაგოგებს, ახლა სხვა ტიპის დახმარება და თანადგომა უფრო სჭირდებათ, ვიდრე თქვენ სთავაზობთ. ამიტომ, დაზოგეთ ერთმანეთი და მოემზადეთ ახალი სასწავლო წლის ჩვეულ რეჟიმში გასაგრძელებლად.

სტატია მომზადებულია ახალი საგანმანათლებლო პროექტის “iსკოლა”-ს  ფარგლებში.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...