ხუთშაბათი, აპრილი 23, 2026
23 აპრილი, ხუთშაბათი, 2026

განსხვავებული მოსაზრებები ჩინეთის განათლების შესახებ

0

ორეგონის უნივერსიტეტის პროფესორი ჩჟაო იუნი ჩინეთში დაიბადა და გაიზარდა. მან  ეროვნული განათლების ყველა მახასიათებელი შეისწავლა და დასავლურს შეადარა, შემდეგ კი მოულოდნელი დასკვნები გამოიტანა: მთავარი ბოროტება, იუნის აზრით, არის ავტორიტარიზმი, რომელმაც დიდი ხანია მოიცვა მთელი საგანმანათლებლო სისტემა. „დღევანდელ ჩინეთში განათლების სულისკვეთებას იმპერიული გამოცდების ორიათასწლოვანი ისტორია ასაზრდოებს”, – წერს ის თავის წიგნში „ვის ეშინია დიდი ბოროტი დრაკონის? რატომ აქვს ჩინეთს მსოფლიოში საუკეთესო (და ყველაზე ცუდი) განათლების სისტემა“. მისი თქმით, ჩინური განათლება ტესტირებებში საუკეთესოა, მაგრამ მოკლევადიანი შედეგების მქონე. ამის მიღწევაც შესაძლებელია მექანიკური დამახსოვრების გზით და შეუპოვარი გარჯით, თუმცა ის ვერ აყალიბებს გამორჩეულ და შემოქმედებით მოქალაქეებს, ხელს ვერ უწყობს ნოვატორული ნიჭიერების განვითარებას.

არადა, ჩინური განათლების სისტემას ბევრი მიმდევარი ჰყავს, ბევრი რეფორმა, რომელიც თუნდაც ამერიკულ სკოლებში ხორციელდებოდა, სწორედ ჩინური სისტემის იმიტაციაა. თუმცა, ამჟამად სულ უფრო ხშირად ჩნდება კითხვა – ღირს თუ არა ამ მიმართულებით სვლა?

ჩჟაო იონგი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში ჩინეთში პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა, გვთავაზობს გარკვეულწილად დასაფიქრებელ და ცოტა პარადოქსულ შეხედულებას ჩინეთის სასკოლო სისტემის შესახებ – როგორ გახდა ის მსოფლიოში „საუკეთესო და ყველაზე ცუდი“ სისტემა. ის განმარტავს, როგორ ახერხებს ჩინეთი მსოფლიო დონის მოსწავლეების მომზადებას მრავალ საგანში და რატომ სძულს ჩინელ მასწავლებლებს, მშობლებსა და პოლიტიკურ ლიდერებს მათივე განათლების სისტემა; რატომ ცდილობენ ისინი თავიანთი შვილების გამწესებას არა ჩინურ, არამედ დასავლურ სკოლებში. წიგნში უამრავი საინტერესო ისტორია და ფაქტია მოყვანილი, დეტალური და დამაფიქრებელი ექსკურსი ჩინურ განათლებაში. ავტორი გვიამბობს, რატომ არასოდეს არ ადანაშაულებენ საკუთარ წარუმატებლობაში ჩინელი მოსწავლეები თავიანთ  მასწავლებლებს.

კეცზიუს სისტემა: როგორ აღვზარდოთ მორჩილი მოქალაქე

ჩინელები ძალიან შრომისმოყვარენი არიან, მაგრამ ჩჟაო იონგი თვლის, რომ ხარისხი უნდა იყოს არა უბრალოდ სასიამოვნო მახასიათებელი, არამედ სასიცოცხლო აუცილებლობაც, თუნდაც სწავლაში. ოცი საუკუნის წინ ერთადერთი გზა, რომლითაც ჩინელი რაიმე წარმატებას აღწევდა, იმპერიული გამოცდა იყო. ჩინელ მოსწავლეს და შემდგომში უკვე ზრდასრულსაც ცოდნა ამ გზით უნდა მიეღო – უნდა დაემახსოვრებინა გარკვეული ფორმულირება და პასუხების სტრუქტურა. ფორმას გამოკიდებულ ჩინელ მოსწავლეებს არ ჰქონდათ შესაძლებლობა კონცენტრირებულიყვნენ შინაარსზე, ისინი მხოლოდ მეხსიერების იმედად იყვნენ. ამის გამო ჩამორჩა ჩინეთი, რომელიც ასე ამაყობდა თავისი დისციპლინით, სხვა საგანმანათლებლო საკითხებს: „…ბუნებრივი მოვლენების შესწავლა მხოლოდ სპორადულ დაკვირვებებზე უნდა ყოფილიყო დაფუძნებული და ამიტომ ჩინეთი ვერ დაეწია თანამედროვე მეცნიერების ახლანდელ დონეს, რომელიც მათემატიკასა და კონტროლირებად ექსპერიმენტებზეა აგებული“.

კეცზიუს სისტემა, რომელიც სრულ მორჩილებას ითხოვდა, ადამიანებს აკარგვინებდა შემოქმედებითობას. ჩინეთი სავსე იყო მორჩილი „სახელმწიფო მოღვაწეებით“, რომლებმაც, ფაქტობრივად, არაფერი იცოდნენ, გარდა იმისა, როგორ ჩაებარებინათ წარმატებით გამოცდები მთავრობის გულის მოსაგებად. მეტიც, ჩჟაო იუნი მიიჩნევს, რომ სწორედ კეცზიუ გახდა არაპირდაპირი მიზეზი იმისა, რომ ჩინეთში ვერ მოხდა ინდუსტრიული რევოლუცია.

საშიშია თუ არა ამერიკა ჩინური განათლებისთვის

1872 წელს იუნ ვინმა, პირველმა ჩინელმა, რომელმაც განათლება დასავლეთში მიიღო, ჩინელი თინეიჯერით სავსე რამდენიმე გემი შეერთებულ შტატებში გააგზავნა. ჩინეთის საგანმანათლებლო მისიის პროგრამის თანახმად, ასზე მეტ ჩინელ ახალგაზრდას ამერიკაში უნდა ესწავლა. იუნ ვინმა ასეთი ხრიკი მოიფიქრა: მოზარდების ამერიკაში გაგზავნით, მას იმედი ჰქონდა, რომ ისინი შეძლებდნენ დასავლური ტექნოლოგიების ათვისებას, ჩინეთში დაბრუნებასა და მსოფლიოში ქვეყნის პოზიციის გაძლიერებას, განსაკუთრებით ომის დროს.

მაგრამ ყველაფერი მოულოდნელად წარიმართა: მოზარდები „ამერიკულმა“ სპორტმა – ბეისბოლმა, ფეხბურთმა და ჰოკეიმ გაიტაცა, ჩინელმა ბიჭებმა ამერიკელი გოგოები გაიცნეს და ზოგმა „კონფუციანური“ კიკინაც კი მოიჭრა. მათ საბოლოოდ დაკარგეს ეროვნული იდენტობა და ამან სასტიკად გააბრაზა ჩინელი ჩინოვნიკები. ამერიკულმა განათლებამ ჩინელი სტუდენტები დამოუკიდებელ და თავისუფლად მოაზროვნე ადამიანებად აქცია, რაც მაშინდელი ჩინეთისთვის მიუღებელი იყო. 1881 წელს ისინი შინ დააბრუნეს.

ძალიან ბევრი სამეცნიერო სტატია

მე-20 საუკუნის ბოლოსკენ ჩინეთმა საბოლოოდ აღიარა მეცნიერება და ინოვაცია, როგორც „წარმოების მამოძრავებელი ძალა“. ჩინეთის ინოვატორთა ქვეყნად გადაქცევის მიზნით 2005 წელს მთავრობამ დაისახა მიზანი, გამხდარიყო ხუთი ქვეყნიდან ერთ-ერთი წამყვანი რეგისტრირებული პატენტებისა და ციტირებული სტატიების რაოდენობით. იმ მომენტიდან მოყოლებული ჩინეთმა მთელი თავისი ენერგია ამ კონკრეტულ რბოლას მიუძღვნა და უკვე 2012 წელს მართლაც დაიკავა მესამე ადგილი რეგისტრირებული პატენტების რაოდენობით. ასევე შთამბეჭდავი იყო სამეცნიერო სტატიების რაოდენობა: 2012 წლისთვის მათი რიცხვი 116 ათასამდე გაიზარდა, როცა 1998 წელს 20 ათასი  იყო.

მსოფლიო ოფიციალური აღიარების მიუხედავად, იუნ ჩჟაოს არ სჯერა ამ სტატისტიკის. პატენტების, პუბლიკაციებისა და მეცნიერების დოქტორების ფეთქებადი ზრდა იხსნება ჩინეთის რბოლით, „ყველაზე ჭკვიანი ქვეყნის“ ტიტულის მოსაპოვებლად. მკვლევრის აზრით, უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს ახლაც ეშინიათ, არ მიიღონ სასურველი პოზიცია, რადგანაც მაშინ მათთვის სამეცნიერო პუბლიკაციების გამოქვეყნება ერთ-ერთი აუცილებელი მოთხოვნა იქნება. ამას კი ისინი ვერ მოახერხებენ. ამიტომაა ჩინეთი ცნობილი ბევრი პლაგიატით.

რატომ არ ჰყავს ჩინეთს ნობელის პრემიის ლაურეატი?

„მილიარდ ადამიანს შორის, ვინც 1949 წლიდან განათლება კონტინენტურ ჩინეთში მიიღო, არცერთი ნობელის პრემიის ლაურეატი არ ყოფილა“, – წერს პეკინის უნივერსიტეტის პროფესორი და ავტორი წიგნისა „ჩინური განათლების პათოლოგია“ ჩჟენ ეფუ. ამავდროულად, საერთაშორისო PISA საგანმანათლებლო ტესტირებამ ჩინეთი მათემატიკის, კითხვისა და მეცნიერების ცოდნის მსოფლიო ლიდერად დაასახელა.

ჩჟაო იუნი განსხვავებულად ფიქრობს: ტესტის შედეგები მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ ჩინელი სტუდენტები ბრწყინვალედ არიან მომზადებული გამოცდის კონკრეტული ფორმისთვის – ტესტებისთვის. კითხვებზე სწორი პასუხების გაცემის უნარი მათ რობოტებად აქცევს და იდეალურია სამთავრობო სისტემაში დასაქმებისთვის. მაგრამ, ამავე დროს, განადგურებულია აზროვნების ორიგინალობა და არაკონფორმიზმი, რომელიც სძულს ჩინეთის მთავრობას, რომელიც ასე აუცილებელია დიდი სამეცნიერო აღმოჩენებისა და ნოვატორული პროექტების შესამუშავებლად.

ჩინეთში 2000-ზე მეტი უნივერსიტეტია. ზოგიერთი ჩინური კომპანია არც კი ცდილობს, დამალოს ის ფაქტი, რომ ის მხოლოდ გარკვეული საგანმანათლებლო დაწესებულების კურსდამთავრებულებს ქირაობს. გარდა ამისა, არსებობს კლასებისა და მოსწავლეების რანჟირების სისტემა. მოსწავლეები, სხვათა შორის, ყოველთვიურად აბარებენ ტესტებს.

ჩჟაო იუნი მიიჩნევს, რომ რეგულარული ტესტირება ჩინეთში უსამართლო და მიკერძოებულია. თუ ჩინელმა მოსწავლემ ტესტებში შედარებით ცუდი შედეგი აჩვენა, ის  ძალიან დიდ სტრესს განიცდის. სტრესთან გამკლავების ერთ-ერთი პოპულარული პრაქტიკა ჩინეთში საზამთროების გატეხვა ან ბუშტების დახეთქვაც კია. ასევე, გამოცდების დღეს ბევრი ტაქსისტი, რომლებსაც ტესტების ჩასაბარებლად მიჰყავს მოსწავლე, მანქანაზე სპეციალურ ნიშანს ამაგრებს და გზაზე გარკვეული პრივილეგიებით სარგებლობს, რომ მოსწავლემ ან აბიტურიენტმა გამოცდაზე არ დააგვიანოს და დამატებითი სტრესი არ მიიღოს.

ჩინეთის განათლების ნაკლი

„მსოფლიოს საუკეთესო განათლების სისტემის“ მითების მსხვრევის მცდელობისას, ჩჟაო იუნმა დაასკვნა, რომ ჩინური განათლება ემყარება სამ ძირითად სვეტს: შიშს, ტყუილსა და უწყვეტ დაზეპირებას. მას შემდეგი არგუმენტები მოჰყავს:

  • სისტემა არ ითვალისწინებს ინდივიდუალურ მიდგომას: მოსწავლეები ემზადებიან ტესტების წარმატებით ჩაბარებისათვის და ამიტომ შემოქმედებითი შესაძლებლობების განვითარებისათვის დრო აღარ რჩებათ.
  • ისეთი გამოცდები, როგორიცაა PISA, აფასებს მხოლოდ მოსწავლეთა შემეცნებით უნარებს. მაგრამ ცხოვრებისეული წარმატება ასევე დამოკიდებულია კომუნიკაციისა და სხვა სოციალური უნარების ფლობაზე.
  • ტესტებისთვის მზადება მოსწავლეებს ასწავლის, როგორ უნდა გამოიცნონ სწორი პასუხები და ჩამოაყალიბონ ისე, რომ გამომცდელი კმაყოფილი დარჩეს. ამგვარი მიდგომა არ ტოვებს ადგილს შემოქმედებისთვის.

თავის წიგნში ავტორი დეტალურად აღწერს ჩინეთის ერთ-ერთ საუკეთესო სკოლას – „ტესტებისთვის მოსამზადებელ ქარხანას” – მაოტანჩანის საშუალო სკოლას, სადაც სწავლის ღირებულება წელიწადში 6000 დოლარამდეა.

მაოტანცანის სკოლის მოსწავლეთა აკადემიური დატვირთვა სამჯერ მეტია, ვიდრე ჩვეულებრივ სკოლაში. ტერიტორიაზე აკრძალულია გასართობი დაწესებულებების მშენებლობა, ვინაიდან სკოლის მოსწავლეებმა სწავლიდან ყურადღება არაფერზე არ უნდა გადაიტანონ. სკოლაში ყველგან დამონტაჟებულია ვიდეოკამერები და მასწავლებლებს უფლება აქვთ, მოსწავლეების შესამოწმებლად ნებისმიერ დროს შევიდნენ როგორც საკლასო, ასევე მათ საცხოვრებელ ოთახებში. ერთ-ერთმა მოსწავლემ ინტერვიუში მაოტანჩანის სკოლას „ჯოჯოხეთი სამოთხისკენ მიმავალ გზაზე“ უწოდა.

მოამზადა ირმა კახურაშვილმა

 

წყარო:  https://supchina.com/2019/08/14/education-in-china-how-the-gaokao-exam-shapes-chinese-students-lives-and-futures/

Shanghai-China

როგორ შევაყვაროთ ბავშვს კითხვა

0

კითხვისას ადამიანი სამყაროსა და საკუთარ თავს ეცნობა. კითხვის პროცესი, წაკითხულის გააზრება და შედეგად მიღებული ცოდნის ცხოვრებაში გამოყენება ადამიანს ხდის წიგნიერს, უვითარებს ფანტაზიისა და წარმოსახვის უნარს.

წიგნიერება მნიშვნელოვანი კომპეტენციაა და გულისხმობს უწყვეტ სწავლას, რაც შესაძლებლობას აძლევს ადამიანს, მიაღწიოს მიზნებს, გაიღრმაოს ცოდნა და სრულფასოვანი მონაწილეობა მიიღოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში. (UNESCO, 2014; პაპავა და ჭანტურია, 2012, გვ. 5).

ჩვენი, მასწავლებლების, მიზანს კი წარმოადგენს წიგნიერი, კრიტიკულად მოაზროვნე, შემოქმედებითად განვითარებული ადამიანის აღზრდა მიზნის მისაღწევი აუცილებელი პირობაა, შევაყვაროთ ბავშვს კითხვა. ამის შემდეგ კი დაიწყება მისი, როგორც მოქალაქის წიგნიერ, თავისუფალ, მოაზროვნე ადამიანად ჩამოყალიბების პროცესი.

მსურს, გაგიზიაროთ ჩემს კლასში განხორციელებული მრავალფეროვანი აქტივობები, რომელთა დახმარებით მოსწავლეებისთვის კითხვის პროცესი სახალისო, საინტერესო და შემოქმედებით პროცესად იქცა.

კლასში შესვლის პირველივე დღეებიდან დავიწყე ფიქრი, როგორ შემეყვარებინა ბავშვებისთვის კითხვა. წამოვიწყე პროექტი „წიგნი ჩვენი მეგობარია“. ეს პროცესი უფრო სახალისო, საინტერესო და შემოქმედებითი რომ გამეხადა, ჩავრთე მშობლებიც. კლასში მოწვეული სტუმრები ქართულ ხალხურ ზღაპრებს უკითხავდნენ ბავშვებს, თან სხვადასხვა აქტივობას სთავაზობდნენ:

  • წაკითხულის ნახატით გადმოცემას;
  • მთავარი პერსონაჟის ნახატის შექმნას;
  • ზღაპრის გაგრძელების მოფიქრებას.

წიგნის დღე განსაკუთრებული იყო, რადგან ბავშვები სტუმრის მისაღებად, ხოლო მშობლები მასწავლებლობისთვის ემზადებოდნენ.

„წიგნი ჩემი მეგობარია“ პროექტის ფარგლებში ბავშვებს გავაცანი kargiskola.ge-ის მიერ შემოთავაზებული სასწავლო პლატფორმა ,,მოდი ვწეროთ“. https://kargiskola.ge/მოდი ვწეროთ.

ამ პლატფორმის გამოყენებით მოსწავლეებს განუვითარდათ კომპიუტერთან, როგორც სასწავლო რესურსთან ურთიერთობის უნარი, ფანტაზიისა და შემოქმედებითობის უნარ-ჩვევები.

კლასში აღვნიშნეთ „წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე“. მოწვეული გვყავდა საბავშვო მწერალი – ირმა მალაციძე. ამ დღისთვის ბავშვებმა ჩემთან ერთად წაიკითხეს ირმა მალაციძის „სატკბილეთის ქვეყანა“. შექმნეს დიორამები და მოემზადნენ სტუმართან შესახვედრად. შეხვედრა საინტერესო გამოვიდა.

ასევე აღვნიშნეთ ჰანს ქრისტიან ანდერსენის დაბადებისა და საბავშვო წიგნის დღე. მოსწავლეებმა წაიკითხეს ანდერსენის ზღაპრები და წაკითხულის მიხედვით შექმნეს ილუსტრაციები.

 

მონაწილეობა მივიღეთ ეროვნული სასახლის ბიბლიოთეკის მიერ გამოცხადებულ ნახატების კონკურსში, რომელიც მიეძღვნა ჰანს ქრისტიან ანდერსენის დაბადებისა და საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღეს. ჩვენი კლასიდან ერთ-ერთი მოსწავლის ნამუშევარი გახდა რჩეული და გადაეცა შესანიშნავი პრიზები, რამაც გაზარდა ბავშვების მოტივაცია. https://www.facebook.com/376004489230468/posts/1889794581184777/.

კლასში დაწესებული გვაქვს წასაკითხი წიგნის შერჩევის რიტუალიც. მოსწავლეებს ვთავაზობ საინტერესო წიგნების ჩამონათვალს. შემდეგ ისინიც გადახედავენ თავიანთ ბიბლიოთეკას, იწყებენ იმ წიგნის სამყაროში მოგზაურობას, რომლითაც დაინტერესდებიან. ჯადოსნურ სამყაროში მოგზაურობის შემდეგ კლასში ვაკეთებთ წაკითხული წიგნების პრეზენტაციას. მოსწავლეები ერთმანეთს აცნობენ პერსონაჟებს, წიგნის გმირებს; ერთმანეთს უზიარებენ – რა მოეწონათ, რას შეცვლიდნენ. ქმნიან ხელნაკეთ წიგნებს.

ხელნაკეთი წიგნების დამზადების მიზნით, შეგიძლიათ ნახოთ და მოუსმინოთ პედაგოგ გიორგი ჭაუჭიძის რჩევას, რატომ და როგორ დავამზადოთ წიგნუკები. https://www.facebook.com/publika.ge/videos/203493728432292 ბავშვები ძერწავენ წაკითხული წიგნების პერსონაჟებს, ქმნიან ხელნაკეთ თოჯინებსა და კომიქს-დიორამებს.

წიგნიერების უნარის ასამაღლებლად, წაკითხულის გაგება-გასააზრებლად ჩემს მოსწავლეებს ასევე შევურჩიე სავარჯიშოების კრებული. „ვისწავლოთ სახლში კითხვა“ დახუნძლულია ქართველი და უცხოელი საბავშვო მწერლების ნაწარმოებებით (ნაწყვეტებით), ასევე წაკითხულის გაგება-გასააზრებლად საჭირო მრავალფეროვანი და საინტერესო სავარჯიშოებით. გამდიდრებულია ვიზუალური სქემებით.

აქ მოცემული სავარჯიშოები პატარა მკითხველებს ეხმარება წაკითხული ტექსტის შინაარსის აღქმაში, მასში მოცემული ინფორმაციის დახარისხებასა და ორგანიზებაში, ტექსტის ძირითადი კომპონენტების გამორჩევასა და მათ შორის კავშირის დამყარებაში, ლექსიკის გამდიდრებაში.

მოსწავლეებში წიგნიერების უნარის განსავითარებლად კარგი იქნება მასწავლებელმა მათ გააცნოს ყველა ის მნიშვნელოვანი თარიღები, რომელიც წიგნის კითხვის პოპულარიზაციასა და კითხვის სიყვარულის გაღვივებას უწყობს ხელს. ასეთი დღეები კი მრავლად გვაქვს:

  • წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე, 5 თებერვალი.

,,წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე“ მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა. ღონისძიების მიზანია კითხვის პოპულარიზაცია;

  • საბავშვო წიგნის დღე, 2 აპრილი.

2 აპრილი ჰანს ქრისტიან ანდერსენის დაბადების დღეა. ეს დღე მსოფლიოში საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღედ არის მიჩნეული. აღინიშნება სხვადასხვა ქვეყანაში, ახალი საბავშვო წიგნების პრეზენტაციით;

  • წიგნიერების მსოფლიო დღე, 8 სექტემბერი.

იუნესკოს ინიციატივით, 1967 წლიდან აღინიშნება. შეხსენებაა იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია წიგნის კითხვა საზოგადოების განვითარებისთვის.

მოაწყვეთ შეხვედრა საბავშვო მწერლებთან.

ბევრი არაჩვეულებრივი საბავშვო მწერალი გვყავს. შეარჩიეთ ლიტერატურა მათი შემოქმედებიდან. წაიკითხეთ მოსწავლეებთან ერთად. წაკითხული წიგნების პრეზენტაციისას მოიწვიეთ ავტორი. მსგავსი აქტივობებით ბავშვები გაეცნობიან ქართველ საბავშვო მწერლებსა და გემოვნებიან ლიტერატურას.

იწყება ახალი სასწავლო წელი. ჩვენ, რა თქმა უნდა, ისევ გავაგრძელებთ წიგნების ჯადოსნურ სამყაროში მოგზაურობას. რადგან სწავლა ონლაინ იწყება, ვფიქრობ, მოსწავლეებს შევთავაზებ მულტიმედიურ რესურსებს. ვნახავთ და განვიხილავთ მხატვრული ნაწარმოებების მიხედვით შექმნილ ფილმებს:

აკაკი წერეთელი „ჩემი თავგადასავალი“ –

  1. ასტრიდ ლინდგრენი „პეპი  გრძელწინდა“ –

  1. არჩილ სულაკაური „სალამურას თავგადასავალი“

 

  1. მარკ ტვენი „ტომ სოიერი“ –
  2. ალან მილნი „ვინი პუჰი“ვინი პუჰი;
  3. პამელა ტრავერსი „მერი პოპინსი“ – მერი პოპინსი ;
  4. როალდ დალი „ჩარლი და შოკოლადის ქარხანა“ https://www.adjaranet.com/movies/969/Charlie-and-the-Chocolate-Factory

ციფრულ მასალასთან ურთიერთობა 21-ე საუკუნის მოსწავლეს კიდევ უფრო გაუღვივებს კითხვის ინტერესს, გახდის მას მედიაწიგნიერს, ასწავლის მთავარი და არამთავარი ინფორმაციის ამოკრებას, დახარისხებას.

წიგნიერება და მედიაწიგნიერება, თანამედროვე სამყაროში ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული თემებია. ორივე შემთხვევაში ადამიანი უნდა იყოს კრიტიკულად მოაზროვნე, უნდა შეძლოს არა მხოლოდ ნაბეჭდი მასალის გაგება-გააზრება, არამედ მულტიმედიური ტექსტების აღქმა და შექმნაც. აქედან გამომდინარე, ნაბეჭდ ტექსტებთან ერთად, მნიშვნელოვანია მულტიმედიური ტექსტებით სწავლაც.

მსურს გაგაცნოთ წიგნიერი, ლიტერატურული მრჩეველი – www.bibliotech.ge,

ეს არის ვირტუალური ბიბლიოთეკა, რომლის მიზანია, პატარა მკითხველს შეურჩიოს ისეთი წიგნი, რომელიც მასში ინტერესს აღძრავს. „ბოტი“ სახელად ბიბლიოტექი ითვალისწინებს მკითხველის სურვილებსა და გემოვნებას. მკითხველს ურჩევს ასაკისა და ინტერესის შესაბამის მხატვრულ ლიტერატურას. ვირტუალური ბიბლიოთეკის წევრი ძალიან მარტივად შეიძლება გახდეს მოსწავლე ან ნებისმიერი დაინტერესებული ადამიანი.

https://bibliotech.ge/ka იხილეთ მოცემულ ლინკზე.

ვირტუალური ბიბლიოთეკის გამოყენება სახალისო, საინტერესო და მოტივაციის აღმძვრელია ბავშვებისთვის. დღეს ინტერნეტსივრცე ყველა მოზარდისთვის ხელმისაწვდომია. ვფიქრობ, ამ ხელმისაწვდომობას ნაყოფიერად გამოიყენებენ „ბიბლიოტექის“ საშუალებით.

საკლასო სივრცეში წიგნიერების უნარის განვითარება, მრავალფეროვანი აქტივობებით არის შესაძლებელი. შეგიძლიათ ამ მიზნით გაეცნოთ ჩემ მიერ Mastsavlebeli.Ge-ზე გამოქვეყნებულ სტატიას „წიგნიერების უნარის განვითარება დაწყებით საფეხურზე“ „წიგნიერების უნარის განვითარება დაწყებით საფეხურზე“.

კითხვა შთაგვაგონებსო, ეს მართლაც ასეა, მაგრამ მანამდე საჭიროა, პატარა მკითხველში გავაღვივოთ წიგნის სიყვარული.

განვითარების ბიოეკოლოგიური მოდელი

0

ოჯახი საზოგადოების სოციალიზაციის განმსაზღვრელი მთავარი ინსტიტუციაა. ბავშვის განვითარებაში ოჯახის ფუნქციებიდან უმთავრესი სოციალიზაციაა.   ამასთანავე ის არის ბავშვის პირველი და ყველაზე გრძელვადიანი განვითარების კონტექსტი.

მიჯაჭვულობა, რომელიც ბავშვებს უყალიბდებათ მშობლებისა და და-ძმის მიმართ, ჩვეულებრივ, მთელი ცხოვრება გრძელდება. მასზე დაყრდნობით იყალიბებს ბავშვი   ურთიერთობის მოდელებს და შემდგომში იყენებს სკოლასა თუ უბანში.  მაგრამ იმისათვის, რომ ბავშვის განვითარება შევისწავლოთ და გავიგოთ, საკმარისი არაა ფოკუსირება მხოლოდ ოჯახზე და ბავშვის  განვითარების ამა თუ იმ კანონზომიერებაზე.  ბავშვის განვითარების სრულფასოვანი შესწავლისთვის მნიშვნელოვანია  განვიხილოთ  ბავშვის განვითარებაზე მოქმედი ფაქტორების ერთობლიობა ანუ ბავშვის განვითარების ბიოეკოლოგიური მოდელი.  ანუ ოჯახში ურთიერთქმედების სტილი და ოჯახზე უფრო ფართო კულტურის გავლენა.  ური ბრონფენბრენერი (1917 – 2005), ამერიკელი განვითარების სპეციალისტი  იყო, რომელმაც  პირველმა დაამკვიდრა განვითარების ეკოლოგიის გაგება.

არცთუ ისე შორეულ წარსულში ბავშვის განვითარების შესახებ სახელმძღვანელოებში და მშობლებისათვის სარეკომენდაციო წიგნებში ხაზგასმული იყო მშობლის როლი ბავშვის განვითარებაში, ისე თითქოს ბავშვი „თიხა“  იყო. გავრცელებული იყო რწმენა, რომ მშობლების ამოცანას წარმოადგენდა ბავშვის სოციალიზაცია, იმგვარი ქცევის ფორმირება, რომელიც შესაბამისობაში იქნებოდა საზოგადოების მოლოდინებთან და წესებთან. თანამედროვეობაში ერთგვარი „თიხისაგან გამოძერწვის“ მოსაზრება ჩაანაცვლა ბრონფენბრენერის მიდგომამ.  ის ამბობს, რომ ყოველი ბავშვი  იზრდება რთულ და კომპლექსურ სოციალურ გარემოში, გარკვეულ მახასიათებელთა ნაკრებით: ძმები, დები, ერთი ან ორი მშობელი, ბაბუები, ბებიები, ძიძები, ოჯახის ცხოველები, სკოლის მასწავლებლები, მეგობრები და ა.შ.  ეს ერთობლიობა, თავის მხრივ,  წარმოადგენს უფრო ფართო სოციალური სისტემის ნაწილს: მშობლებს შესაძლებელია ჰქონდეთ სამუშაო, რომელიც მათ მოსწონთ ან არ მოსწონთ, მათ შესაძლებელია ჰქონდეთ ან არ ჰქონდეთ ახლობლების მხარდაჭერა, ისინი შესაძლებელია ცხოვრობდნენ სრულიად უსაფრთხო ან მაღალი რისკის მატარებელ გარემოში, მშობლებს შესაძლებელია ქონდეთ კარგი ან ცუდი ურთიერთობა მასწავლებლებთან და ა.შ.

ბრონფენბრენერის მოსაზრებით ჩვენ არა მხოლოდ უნდა ვითვალისწინებდეთ ამ უფრო ფართო  გარემოს მახასიათებლებს, არამედ უნდა ვაცნობიერებდეთ ამ რთული  სისტემის  ყველა ეს კომპონენტი როგორ ურთიერთქმედებს ერთმანეთთან და როგორ ზეგავლენას ახდენს ეს ურთიერთქმედება  ბავშვზე.  ამას გარდა ბრონფენბრენერი გვთავაზობს იმის ახსნას, თუ ეს ყველა გარემომახასიათებელი როგორ შეესატყვისება  ბავშვის ბიოლოგიურ მახასიათებლებს და თავის მხრივ, ეს ბიოლოგიური მახასიათებლები რა ზეგავლენას ახდენს იმავე გარემოფაქტორებზე. სწორედ ამ მიზეზით  ბრონფენბრენერის მოდელს ეწოდება ბიოეკოლოგიური  მოდელი.

ბრონფენბრენერი სოციოკულტურულ გარემოს ოთხ კონცენტრირებულ სისტემას გამოყოფს: მიკროსისტემას, მეზოსისტემას, ეგზოსისტემას და მაკროსისტემას. ყოველი მომდევნო წრე სოციალურ ინტერაქციათა შედარებით ფართო დონეს წარმოადგენს, რომელშიც ბავშვი განვითარების პარალელურად თანდათანობით ერთვება.

ბრონფენბრენერის მიდგომაში, ბიოეკოლოგიური სისტემა, რომელშიც ბავშვი ვითარდება წარმოდგენილია, როგორც ერთმანეთში ბუდისებრად ჩასმული სტრუქტურათა სერია.  ამ მიდგომის ვიზუალური მოდელი წარმოადგენს სხვადასხვა ზომის კონცენტრული წრეების ერთობლიობას.

 

ცენტრალური წრე შედგება ელემენტებისაგან, რომელსაც ბრონფენბრენერი მიკროსისტემებს არქმევს. ეს მიკროსისტემები – ოჯახი, საბავშვო ბაღი, სკოლა – წარმოადგენს ბავშვისათვის უშუალო გამოცდილების წყაროს. ბრონფენბრენერის აზრით, გარემოს ამ დონეზე ბავშვის განვითარების გასაგებად არ უნდა დავივიწყოთ, რომ ნებისმიერი ურთიერთკავშირი ორმხრივია. ეს ნიშნავს იმას, რომ როგორც უფროსები   მოქმედებენ ბავშვის ქცევაზე, ასევე ბავშვების ბიოლოგიური თავისებურებანი, პიროვნული მახასიათებლები და უნარ-ჩვევები ახდენს ზეგავლენას უფროსების ქცევაზე. მშობლები ავლენენ განსხვავებული ტემპერამენტის ბავშვებზე რეაგირების  სხვადასხვა ტენდენციას. მაგალითად,  კონტაქტური ბავშვი, რომელიც ხშირად იღიმის, უფრო ხშირად იღებს ღიმილს საპასუხოდაც და მშობლებთან მეტი პოზიტიური კონტაქტი აქვს უბრალოდ იმიტომ, რომ თავისი პოზიტიური ტემპერამენტით ასტიმულირებს მშობლების ქცევას. ხოლო თავშეუკავებელი და ყურადღებაგაფანტული ბავშვი – შეუწყნარებლობისა და დასჯის სამიზნე შეიძლება გახდეს.

ეკოლოგიური სისტემების თეორიაში  მომდევნო დონე მეზოსისტემაა,  რომელიც მიკროსისტემებს შორის კავშირს გამოხატავს.  ბრონფენბრენერი ამტკიცებს, რომ ბავშვის განვითარება ოპტიმალურია,  როცა მიკროსისტემებს შორის არსებობს ძლიერი და მხარდამჭერი კავშირები.  მაგალითად, ბავშვის აკადემიური წარმატება მხოლოდ კლასში საქმიანობაზე არ არის დამოკიდებული. მას ხელს უწყობს მშობლის მონაწილეობა სკოლის ცხოვრებაში და ბავშვის მიერ საშინაო დავალებების შესრულება სახლში. ზუსტად ასევე, მშობელი-შვილის ურთიერთქმედება ოჯახში, საბავშვო ბაღში ძიძა-ბავშვის ურთიერთობაზე ახდენს ზეგავლენას და პირიქით. ნებისმიერი ურთიერთობა ოჯახსა და საბავშვო ბაღს შორის, თანამშრომლური ვიზიტებისა თუ ინფორმაციის ურთიერთგაცვლის ფორმით, განვითარების ხელშემწყობია. ამავდროულად, თუკი მიკროსისტემებს შორის არ არის მხარდამჭერი  კავშირები, შესაძლოა ბავშვის განვითარებაზე ეს უარყოფითად აისახოს.  მაგალითისათვის, როდესაც თანატოლები აკნინებენ სწავლებას, ამით ძირს უთხრიან მოზარდის სასწავლო ქცევას, მიუხედავად მშობლების  მცდელობისა წაახალისონ აკადემიური მიღწევები.

შემდეგი დონე ბრონფენბრენერის მოდელში  ექზოსისტემაა.  ეს დონე მოიცავს სისტემური ელემენტების მთელ ერთობლიობას, რომლებიც ბავშვზე უშუალოდ არ ზემოქმედებს, მაგრამ ზეგავლენას ახდენენ მიკროსისტემათაგან  რომელიმეზე, მეტწილად ოჯახზე. ეს ელემენტებია – მშობლების სამსახური, მშობლების სამეგობრო, სანათესავო, თემი, სოციალური უზრუნველყოფის სამსახური, რელიგიური ინსტიტუტები და ა.შ. ბავშვთა ემოციური ურთიერთობები სახლში შესაძლებელია მნიშვნელოვნად იყოს დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად კმაყოფილები არიან მშობლები თავისი სამსახურით.  ასევე მაგალითისათვის, მოქნილი სამუშაო გრაფიკი, დეკრეტული და ბავშვის ავადმყოფობის დროს ხელფასიანი შვებულება მშობელს ბავშვის აღზრდაში ეხმარება და განვითარებას ირიბი გზით უწყობს ხელს. მშობლების სოციალური კავშირები – ოჯახის ახლობლები, რომლებიც რჩევით და ფინანსურადაც კი ეხმარებიან ოჯახს, ექზოსისტემის არაფორმალური ნაწილია. გამოკვლევები ცხადყოფს ექზოსისტემაში აქტივობების მოშლის უარყოფით ზეგავლენას განვითარებაზე. მწირი ინდივიდუალური  ან თემური კავშირების გამო სოციალურად იზოლირებული ან უმუშევრობით დათრგუნული ოჯახები მრავალრიცხოვანი კონფლიქტებითა და შვილთან არასახარბიელო ურთიერთობით ხასიათდება.

ბრონფენბრენერის მოდელის გარეთა შრე მაკროსისტემაა,  ესაა ყოვლისმომცველი  კონტექსტი, რომელიც მოიცავს მიკროსისტემებს, მეზოსისტემას და ექზოსისტემას და განსაზღვრავს, თუ  როგორ უნდა ექცეოდნენ ბავშვებს, რას უნდა ასწავლიდნენ მათ და  ასევე მიზნებს, რომლისკენაც უნდა ისწრაფოდნენ ისინი. მაკროსისტემის ელემენტებია – კულტურული ფასეულობები, კანონები, ტრადიციები და ა.შ. ის თუ რამდენად პრიორიტეტულია მაკროსისტემაში ბავშვის მოთხოვნილებები, განაპირობებს იმას, თუ გარემოს შიდა დონეებზე როგორია მათი ხელშეწყობის ხარისხი. მაგალითად, საბავშვო ბაღებისადმი მაღალი სტანდარტებისა და დასაქმებული მშობლებისათვის სახელფასო შეღავათების მქონე ქვეყნებში ბავშვები უშუალო გარემოში ხელსაყრელ გამოცდილებას იძენენ.    ასევე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბავშვებზე ძალადობის შემთხვევები გაცილებით დაბალია იმ კულტურებში, რომლებიც არ ახალისებენ ბავშვის ფიზიკურ დასჯას და პიროვნებათშორისი კონფლიქტების მოგვარების არაძალადობრივი ხერხების პროპაგანდას ახორციელებენ.

რადგან გარემო ბავშვზე ერთფეროვნად მოქმედი სტატიკური ძალა როდია და რადგან ის მუდმივად ცვალებადია,  ბრონფენბრენერის ბიოეკოლოგიურ მოდელს აქვს ასევე დროითი განზომილებაც და ის ამ განზომილებას ქრონოსისტემას  უწოდებს.   ყოველი ცვლილება თვითონ ბავშვში და ნებისმიერ ეკოლოგიურ კონტექსტში ზეგავლენას ახდენს განვითარების მიმართულებაზე.  ცხოვრების ისეთი მნიშვნელოვანი მოვლენები, როგორიც დის ან ძმის დაბადება, სკოლაში წასვლა ან მშობლების გაყრაა, ბავშვსა და გარემოს შორის არსებულ ურთიერთობას ცვლის და განვითარებაზე მოქმედ ახალ პირობებს უყრის საფუძველს. ამასთან ერთად, გარემოს მოქმედების პერიოდი მისი გავლენის შედეგებს ცვლის. მაგალითისთვის, და-ძმის დაბადებას სრულიად განსხვავებული გავლენა აქვს სახლს მიჯაჭვულ ახლად ფეხადგმულსა და ოჯახს გარეთ მრავალი სახის ურთიერთობებისა და საქმიანობების მქონე სკოლის ასაკის ბავშვზე.

ბრონფენბრენერის ბიოეკოლოგიური მოდელი გვეხმარება იმის გააზრებაში, თუ როგორ იქსოვება გარემოფაქტორთაგან დიდი ბადე და ეს ბადე ერთი კონკრეტული ბავშვის შემთხვევაში როგორ ქმნის განვითარების კონტექსტს. ამავდროულად ეს მოდელი დიდ შესაძლებლობებს აჩენს განვითარებაში ეფექტიან ჩარევათა განსახორციელებლად სხვადასხვა დონეზე.

 

 

 

 

 

როგორ დავიწყოთ დისტანციური გაკვეთილები ხალისით

0

დღეს უკვე ყველას სმენია იმ დანაკარგებზე, რომლებიც ბავშვებში პანდემიამ და დისტანციურმა სწავლებამ გამოიწვია, განსაკუთრებით, დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებში, რომლებიც ეტაპობრივად შეიცნობენ გარემოს. მათთვის სასკოლო გარემოში ადაპტირება საკმაოდ დიდ შრომას უკავშირდება.

ეს პროცესი კიდევ უფრო გაართულა დისტანციურმა სწავლებამ და ახლა ჩვენ, მასწავლებლებს, გვევალება, ერთი მხრივ, ვიზრუნოთ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული „დაწყებითი საფეხურის მისიის“ – სასკოლო გარემოსა და სწავლის მიმართ დადებითი დამოკიდებულების ჩამოყალიბებაზე, მეორე მხრივ კი, დავანახოთ ბავშვებს დისტანციურად სწავლის პროცესი სახალისო მხრიდან.

როგორ შეიძლება დავიწყოთ  დისტანციური გაკვეთილი მაშინ, როდესაც დანამდვილებით ვიცით, რომ ყველა ჩვენს მოსწავლეს   სკოლაში გატარება უფრო გაახალისებდა?

ამ პრობლემის გადასაჭრელად სტატიაში გაგაცნობთ ორ აქტივობას. ჩემს მოსწავლეებს ორივე აქტივობა ძალიან მოეწონათ. ბევრი იკისკისეს და იხალისეს. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ამ იდეების სხვა მასწავლებლებისთვის გაზიარება.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ დისტანციური გაკვეთილის დაგეგმვა პირველ კლასში უფრო რთულია, როდესაც ბავშვები ჯერ არ იცნობენ ერთმანეთს, მასწავლებელს და დაძაბული სხედან  ეკრანთან.

პირველი დადებითი შთაბეჭდილების მოსახდენად და ასევე მშობელთა ჩართულობის ხელშესაწყობად მასწავლებელს შეუძლია სწავლის დაწყებამდე დაუკავშირდეს მშობლებს და ბავშვს. გაეცნოს, გაესაუბროს და შესთავაზოს საყვარელი ანიმაციური პერსონაჟის ფორმაში გამოწყობა და ფოტოს გადაღება. მასწავლებელმა აუცილებლად უნდა მოიპოვოს მოსწავლის თანხმობა, რათა მისი ფოტო ახალ მეგობრებს წარუდგინოს. მშობლებს, სთხოვოს, ჩუმად ჩაწერონ რამდენიმეწამიანი ვიდეო, სადაც სასწავლო წლის დაწყებას მიულოცავენ შვილს და მის თანაკლასელებს.

ფოტოსა და ვიდეოს მიღების შემდეგ მასწავლებელი აწყობს პრეზენტაციას. პრეზენტაციის გასაკეთებლად მე ხშირად ვიყენებ ვებგვერდს https://slidesmania.com. მიღებული რესურსების ასაწყობად გამოვიყენე, ე.წ. მუზეუმის იდეა, რომლის გახსნისთვისაც წითელი, ვირტუალური ლენტიც გავჭერით:

მომდევნო სლაიდზე ერთ მხარეს თავიდანვე ჩანდა მოსწავლის ფოტო, ხოლო მეორე მხარეს – ანიმაციური პერსონაჟის, რომელიც იყო დაფარული. ამ სურათებს წარადგენდა ჩემი გარეგნობის მსგავსად აწყობილი ე.წ. Bitmoji. ბავშვები ჩაცმულობის მიხედვით ცდილობდნენ, გამოეცნოთ პერსონაჟი. მერე კი ვამოწმებდით ვარაუდის სისწორეს. ამის შემდგომ სიურპრიზად ბავშვის მშობლების მხიარული მილოცვის ვიდეო ირთვებოდა. ბოლო სლაიდზე იყო ჩემი პერსონაჟის ფოტო და სახალისო ფილტრების გამოყენებით გადაღებული ვიდეო, რომელშიც მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყებას ვულოცავდი.

ასეთი ტიპის ინტერაქტიული გაკვეთილის საშუალებით ბავშვები ამოიცნობენ საყვარელ პერსონაჟებს, ხალისით ჩაერთვებიან სასწავლო პროცესში, იპოვიან ბევრ საერთოს თანაკლასელებთან და დარწმუნდებიან, რომ მშობლებიც მუდმივად მათთან ერთად გაიზიარებენ სიხარულსა და წარმატებას.

უფრო მარტივადაა საქმე, როდესაც თქვენი მოსწავლეები უკვე იცნობენ ერთმანეთს. ასეთ შემთხვევაში, პირველი დღის გასახალისებლად და კრეატიული/შემოქმედებითი აზროვნების განვითარების ხელშესაწყობად შესაძლებელია წინასწარ შევუთანხმდეთ ბავშვებს და დავავალოთ, მოუძებნონ ჩვეულებრივ ნივთებს უჩვეულო დანიშნულებები, გადაიღონ ფოტო და გამოგვიგზავნონ. საილუსტრაციოდ მე გავუგზავნე ასეთი პრეზენტაცია:


მივიღე ძალიან სახალისო ფოტოები, რომლებზეც ზოგიერთ ჩემს მოსწავლეს ფეხზე ეცვა ხელთათმანები, ხელზე კიდევ – ფეხსაცმელები; ერთი თუ მტვერსასრუტს მიკროფონის ნაცვლად იყენებდა, მეორე ცოცხზე გიტარასავით უკრავდა. ბავშვებმა ბევრი იხალისეს ერთმანეთის გამოგონებებზე, რომლებიც მათთვის სათანადოდ მოწყობილ გალერეაში დაათვალიერეს:


ვფიქრობ, ასეთი პოზიტიური გაკვეთილი ყველა მოსწავლეს გაახალისებს და დაეხმარება დაძაბულობის მოხსნაში.  იმისათვის, რომ რომელიმეს თავი უხერხულად არ ეგრძნო, „გალერეა“ ჩემი ფოტოთი გავხსენი – თავზე მედო თეფში და ჭიქა, ხოლო ყურებზე დამაგრებული მქონდა დანა და ჩანგალი.

 

 

 

მოსწავლის ხმა

0

 

მინდოდა, ამ ინტერვიუსთვის, აი, ასე მარტივად დამერქმია: „მოსწავლის ხმა“, – როგორც მინიშნება გულწრფელ, ობიექტურ, უფროსებისგან გულდასმით ყურდასაგდებ სათქმელზე.

ეკატერინა ტერატურიანი ჩემი მოსწავლეა, მე-11 კლასშია და ყოველთვის აქვს საკუთარი, კარგად ნაფიქრი, აწონილ-დაწონილი შეხედულება ამა თუ იმ საკითხზე. საოცარი პასუხისმგებლობით ეკიდება თითოეულ სიტყვას.

როცა კითხვები გავუგზავნე, თან მივწერე: ეცადე, ისაუბრო საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, მაგრამ გაითვალისწინე შენი თანატოლების გამოცდილებაც, რასაც ხედავ გარშემო, რაც გესმის.

 

– თუ გსმენია, წაგიკითხავს, გინახავს, როგორია მოსწავლეების ცხოვრება სხვა ქვეყნებში? თუ კი, რით განსხვავდება შენი მოსწავლეობრივი რუტინა მათი ყოველდღიურობისგან?

– ძალიან მიყვარს სხვა ქვეყნების მოსწავლეების შესახებ მეტის გაგება, ჩემი ყოველდღიურობის მათთან შედარება. აქ რამდენიმე მაგალითს მოვიყვან, რომლებმაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე.

იაპონიაში მოსწავლეები სკოლაში შესვლისას ქუჩის ფეხსაცმელს თავიანთ კარადებში ტოვებენ, შენობაში კი მოხერხებული ფლოსტებით დაიარებიან. გაკვეთილების შემდეგ დიდიან-პატარიანად, თავად ალაგებენ და ასუფთავებენ საკლასო ოთახებს და მთელ შენობას. რაც მთავარია, ამას მათ არავინ ავალდებულებს, უბრალოდ, იციან, თუკი თავად არ დაალაგებენ საკუთარ სივრცეს, მათ მაგიერ ამას არავინ არ გააკეთებს, რადგან სკოლაში არ ჰყავთ დამლაგებლები. ასე იაპონელი ბავშვები მცირე ასაკიდანვე ეჩვევიან გარემოზე ზრუნვას, თვითმომსახურებასა და პასუხისმგებლობას. ნამდვილად ხომ მხოლოდ ის გარემო გიყვარს, რომელზეც თავად ზრუნავ, რომელსაც თავად ალამაზებ, აუმჯობესებ და მხოლოდ ასეთი სასურველი და საყვარელი სივრცე შეიძლება გახდეს შენი მეორე სახლი. ჩემს სკოლაში კი, სამწუხაროდ, ისეთი მოსწავლეებიც მინახავს, საკუთარი მერხის გასწორებაზეც პროტესტის გრძნობა რომ უჩნდებათ. ჩემთვის სკოლა არასოდეს ყოფილა მეორე სახლი.

ესტონეთში უფროსკლასელთა გიმნაზიაში ზარი არ ირეკება – მოსწავლეები თავად წყვეტენ, რამდენ ხანს გაგრძელდეს გაკვეთილი; საგნების უმრავლესობას თავად ირჩევენ (არაერთხელ მიოცნებია ამაზე!), რადგან უმეტესობას სკოლაშივე აქვს გადაწყვეტილი, მომავალში რა საქმეს გაჰყვება.

ევროპის ქვეყნების სკოლების უმეტესობაში გამოცდების შედეგები კლასში არ ცხადდება, რადგან ეს პირად ინფორმაციად ითვლება. დიდი მნიშვნელობა ენიჭება მოსწავლეებისთვის ჯანსაღი თვითშეფასების უნარის ჩანერგვას.

მომწონს ასეთი მიდგომაც – ზოგ სკოლაში მოსწავლეებს არ აძლევენ საშინაო დავალებებს, უფრო სწორად, ისინი მათ გაკვეთილების შემდეგ სკოლაშივე, სპეციალურად განკუთვნილ სივრცეში, ერთად ასრულებენ. საჭიროების შემთხვევაში ერთმანეთსაც ეხმარებიან ახალი საკითხის უკეთ გაგებასა და განმტკიცებაში. ძალიან მინდა, ჩემს სკოლაშიც არსებობდეს მსგავსი სივრცე, რომელიც ყველა საჭირო ხელსაწყოთი და სამუშაო მასალით იქნება აღჭურვილი და სადაც თავისუფლად შევძლებთ ჯგუფური თუ პერსონალური დავალებების შესრულებას. იმიტომ, რომ არსებობს ათასი ფაქტორი, რომლებმაც შეიძლება შინ დავალების შესრულებაში ხელი შეუშალოს მოსწავლეს. მაგალითად, საკუთარი სამუშაო სივრცის უქონლობა, საჭირო მასალის სიმცირე, სტრესული გარემო ან თუნდაც რემონტი მეზობლებთან.

– შენი აზრით, არის თუ არა აუცილებლად შესაცვლელი რამე სწავლა-სწავლების პროცესში?

– ჩემი აზრით, სასწავლო პროცესში აუცილებლად უნდა შეიცვალოს ნიშნების მიმართ დამოკიდებულება. არ მესმის იმ მოსწავლეების, მასწავლებლების და მშობლების, რომლებსაც სწავლის ურთულესი და მრავალშრიანი პროცესი ბანალურ ნიშნის მიღებამდე დაჰყავთ. ჩემი თანატოლების არცთუ მცირე ნაწილი მხოლოდ იმისთვის სწავლობს, რომ ცუდი ნიშანი არ მიიღოს ან უკვე მიღებული ცუდი ნიშანი გამოასწოროს. ეს გარე მოტივაციაა და ამიტომ მასზე დაფუძნებულ სწავლას არავითარი შედეგი არ აქვს. ხშირად მოსწავლეებს ნიშნებისადმი ამ არაჯანსაღ დამოკიდებულებას თავიანთი ქმედებებით უფროსები უნერგავენ. რამდენჯერ გამიგონია მასწავლებლებისგან ასეთი მუქარა: „იცოდე, ორიანს დაგიწერ!“ ისეთ მშობლებსაც ვიცნობ, შვილებს ცუდი ნიშნების გამო რომ სჯიან ან სასწავლო წლის დასასრულისთვის ნიშნის გამოსწორების შემთხვევაში საჩუქარს ჰპირდებიან.

ნიშნები კლასში იარლიყის მიკერებისა და ე. წ. კლანებად დაყოფის საბაბად გადაიქცევა ხოლმე – ყველა კლასში არიან „ათოსნებიც“ (ამ სიტყვას, რა უცნაურიც უნდა იყოს, ჩემი თანატოლები დამამცირებელი მნიშვნელობითაც იყენებენ), „შვიდოსან-რვაოსნებიც“ და „გამოუსწორებელი ოროსნებიც“, რომლებმაც ისე შეიფერეს თავიანთი სტატუსი, რომ აღარც კი ცდილობენ რამის შეცვლას. უნდა გავიაზროთ, რომ შეფასება, ნიშანი მხოლოდ დამხმარე ინსტრუმენტია სწავლის პროცესში, ის არ უნდა გადაიქცეს მიზნად ან მანიპულაციის საშუალებად, გადაულახავ ზღუდედ არ უნდა აღიმართოს მოსწავლესა და სწავლას შორის. ჩემი აზრით, შეუძლებელია, ადამიანის ცოდნა, შესაძლებლობები, უნარ-ჩვევები და პიროვნული თვისებები ნიშნით შეაფასო, არ აქვს მნიშვნელობა, ხუთქულიან სისტემაზეა საუბარი, ათქულიანზე თუ ასქულიანზე.

– შენ ბევრს კითხულობ და ნამდვილად ხარ გოგონა, რომელსაც ძლიერ უყვარს ლიტერატურა. გამუდმებით გვესმის, რომ ძნელია, კითხვა შეაყვარო ბავშვს (მეც ვეთანხმები). შენ როგორ და რატომ შეგიყვარდა კითხვა?

– ვერ ვიტყვი, რომ ძალიან ბევრს ვკითხულობ, ლიტერატურა კი ნამდვილად მიყვარს.

ეს, რა თქმა უნდა, ერთბაშად არ მომხდარა. ჩემს ოჯახში იყო და არის კითხვის ტრადიცია და იმ ფაქტმა, რომ კითხვის მოყვარულ ადამიანთა წრეში ვიზრდებოდი, უთუოდ მოახდინა გარკვეული გავლენა ჩემზე. აღფრთოვანებული ვუსმენდი ჩემს ძმას, რომელიც ყოველთვის დიდი შთაგონებითა და გატაცებით მიყვებოდა თავის საყვარელ წიგნებზე, მშურდა კიდეც მისი და მიკვირდა, როგორ ახერხებდა ამოდენა (!) ნაწარმოებების კითხვას, მაგრამ, რა უცნაურიც უნდა იყოს, 9 თუ 10 წლის ასაკამდე დამოუკიდებლად კითხვის სურვილი საერთოდ არ გამჩენია. რაღაცებს, რა თქმა უნდა, ვკითხულობდი მასწავლებლებისა თუ ახლობლების დავალებით, მაგრამ ამას სიყვარული არ ერქვა.

ერთხელ „პატარა უფლისწული“ ჩამივარდა ხელში, უფრო სწორად, მას ყოველდღე ვხედავდი წიგნების თაროზე და ერთ საღამოს მისი წაკითხვის სურვილიც გამიჩნდა. სავარაუდოდ, ნაწარმოების მცირე მოცულობამ და ილუსტრაციებმა მომხიბლა. წიგნის პირისპირ მდუმარებაში დარჩენისას საკუთარ თავთანაც მარტო დავრჩი. მახსოვს, დასასრულს ცხარე ცრემლებით ვტიროდი და ასე მეგონა, მთელი სამყაროს ტკივილს განვიცდიდი. ახლა ანტუან დე სენტ ეგზიუპერი ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი ავტორია, ხოლო ღამის მოწმენდილ ცას რომ ვუყურებ, ყველა ვარსკვლავი იცინის ჩემთვის.

მაგრამ ამ საოცარმა აღმოჩენამაც ვერ გამხადა აქტიური მკითხველი. მეშვიდე კლასში რომ გადავედი, ახალმა დამრიგებელმა, რომელიც წიგნის სიყვარულით გულანთებული უსაყვარლესი ადამიანია, მოსწავლეებს შემოგვთავაზა, ერთად წაგვეკითხა რეი ბრედბერის „451 გრადუსი ფარენჰეიტით“ და ეს უფრო კლასგარეშე საკითხავი იყო, ვიდრე საშინაო დავალება. საკუთარი წიგნიც გვათხოვა. ორი კვირის შემდეგ შთაბეჭდილებები გავუზიარეთ ერთმანეთს. ეს სრულიად ახალი გამოცდილება იყო ჩემთვის, რომელმაც, ვფიქრობ, ძალიან დამაახლოვა წიგნების სამყაროსთან. ზაფხულის არდადეგებზე „ბაბუაწვერას ღვინოც“ დავაგემოვნე. მისი წყალობით სამუდამოდ შემიყვარდა ბრედბერი და კითხვაც უფრო აქტიურად დავიწყე.

მერე გაგიცანით თქვენ, მასწ J, გავხდი „მკითხველთა და კრიტიკოსთა კლუბის“ წევრი და მისი დახმარებით – საჯარო ბიბლიოთეკის ხშირი სტუმარი. ჩემი როგორც მკითხველის ისტორია მხოლოდ ახლა იწყება.

რატომ შემიყვარდა კითხვა, ძნელი სათქმელია. იქნებ იმიტომ, რომ წიგნის სიყვარული მარტოობის სიყვარულსაც გულისხმობს, იმიტომ, რომ მეგობარი აღმოვაჩინე მასში, ან იმიტომ, რომ წიგნის სიყვარულს ძვირფასი ადამიანების სიყვარულთან ვაკავშირებ. შეიძლება კი რამის გამო სიყვარული?! „კითხვის საფუძველი ხომ ისეთივე უცნაურია, როგორიც არსებობის“ (და ეს მე კი არა, დანიელ პენაკმა თქვა).

– შენი აზრით, რამდენად სწორად ისწავლება ქართული თუ უცხოური ლიტერატურა სკოლაში? (გაითვალისწინე შენი თანატოლების გამოცდილებაც, რომლებსაც სხვადასხვა მასწავლებელი ასწავლის)

– წინა კითხვაზე ჩემი პასუხიდან გამოდის, თითქოს სკოლის პროგრამაში შეტანილ ნაწარმოებებს არავითარი წვლილი არ მიუძღვით ჩემს მკითხველურ განვითარებაში. ეს მთლად ასეც არ არის. მახსოვს, მეოთხე თუ მეხუთე კლასში ძლიერ განვიცდიდი შვლის ნუკრის ამბავს, მერე კი საკუთარი ნებით ზეპირად ვისწავლე ვაჟას „საახალწლო ფიქრები“. დიდი აღმოჩენა იყო ჩემთვის ნიკო ლორთქიფანიძის „საშობაო მინიატურები“, ნოდარ დუმბაძეც კი სკოლაში ნასწავლი „მე, ბებია, ილიკო და ილარიონითა“ და „კორიდით“ შემიყვარდა. ჰაგიოგრაფიითა და ძველი ქართულით სავსე რთულმა მეათე კლასმაც, ვფიქრობ, ბევრი შემმატა როგორც მკითხველს. მაგრამ მაინც ვერ ვხვდები, რა საჭირო იყო ისეთი უმნიშვნელოვანესი და ურთულესი ტექსტების, როგორებიცაა „შუშანიკის წამება“, „აბოს წამება“, „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“, „სიბრძნე სიცრუისა“ და „ვეფხისტყაოსნი“, ერთ კლასში შესწავლა, იმის გათვალისწინებით, რომ „დავითიანზე“, ონლაინსწავლების გამო, დრო არ გვეყო. და ეს კითხვა, ვიცი, მარტო მე არ გამჩენია. ქრონოლოგია, ჩემი სუბიექტური აზრით, აქ მეორეხარისხოვანია – ნაწარმოების სწავლისას მთავარი ხომ მისი არსის წვდომაა, თანამედროვეობასთან პარალელების გავლება, გააზრება იმისა, თუ რატომ არის საუკუნეების წინ დაწერილი ნაწარმოები დღესაც ფასეული და აქტუალური და არა იმის დამახსოვრება, რა რის მერე დაიწერა. ვფიქრობ, თავისუფლად შეიძლებოდა ზემოხსენებული ნაწარმოებების სხვადასხვა კლასში გადანაწილება, თანამედროვე, მაგრამ იმავე თემაზე შექმნილ ნაწარმოებებთან ერთად სწავლება.

ყველა მასწავლებელს ლიტერატურის სწავლების საკუთარი მეთოდი აქვს და არც ერთი არ არის ცალმხრივად ცუდი ან კარგი, მაგრამ ვიცნობ მასწავლებლებს, რომლებისთვისაც ჟურნალის მიხედვით დაფასთან გამოძახება („დაჯექი, ორიანი!“) და ყოველ გაკვეთილზე ერთნაირი, მოსაწყენი დავალებების მიცემა ჩვეულებრივი რამ არის და რომლებიც დარწმუნებულნი არიან, რომ ჩვენ, მოსწავლეები, „ყველაზე უწიგნური თაობა“ ვართ. ასეთ პედაგოგს კლასი, როგორც წესი, ვერ ეგუება და თავად მასწავლებელიც ნეგატიურად განეწყობა კლასის მიმართ. ჩემი მეგობარი, რომელიც ძალიან მონდომებული მოსწავლეა, წლებია მსგავს სიტუაციაში სწავლობს. მისი მაღალი აკადემიური მოსწრება მხოლოდ პასუხისმგებლობის გრძნობითა და შინაგანი მოტივაციითაა განპირობებული, რადგან თავადაც არაერთხელ უთქვამს, რომ ტექსტების დაზუთხვა და ერთფეროვანი თემების წერა ძალიან მოსაბეზრებელია.

შენი აზრით, როგორ უნდა ისწავლებოდეს ლიტერატურა, რომ სწავლაზე გულაცრუებული მოსწავლისთვისაც საინტერესო გახდეს?

– სადღაც წავიკითხე ასეთი ფრაზა: – სკოლა შეუმდგარ ფილოლოგებს კი არ უნდა უშვებდეს საზოგადოებაში, არამედ მკითხველებს, წიგნის მოყვარულ ადამიანებს. შემდეგი სიტყვები კი დანიელ პენაკს ეკუთვნის: „სკოლის ფუნქცია თითქოს მხოლოდ კითხვის ტექნიკის შესწავლაა, მხოლოდ ტექსტის გარჩევაში დახელოვნება და რაც მთავარია, კითხვისგან მინიჭებული სიამოვნების აკრძალვით წიგნისკენ მიმავალი ყველა გზის ერთხელ და სამუდამოდ ჩაკეტვა“. მეც არაერთხელ მიფიქრია ამაზე – მასწავლებლები მხატვრული ანალიზების, თემებისა და ესეების წერას ავალებენ ბავშვებს, რომლებიც წიგნთან დამეგობრებულები არ არიან. ამ დავალებების წყალობით კითხვა მათთვის მოსაწყსნ ვალდებულებად, ტანჯვად იქცევა.

როგორ შევაყვაროთ ბავშვს წიგნი? თავდაპირველად, ჩემი აზრით, მას კითხვის სიამოვნება უნდა ვაგრძნობინოთ. კითხვა თავგადასავლის სახით უნდა შემოიჭრას მოსწავლის ცხოვრებაში. ჯერ უნდა იყოს კითხვა-გართობა, კითხვა-დასვენება, კითხვა-სიამოვნება, მერე მოვა კითხვა-სიყვარულიც. როდესაც წიგნის სიყვარულით გულანთებულ ადამიანებს ვხედავ, მეც მიჩნდება წიგნებისადმი ინტერესი.

აი, რას წერს დანიელ პენაკი თავის წიგნში „რომანივით საკითხავი“:

„მთავარი და უცვლელი პირობა წიგნთან შესარიგებლად: არაფერი მოითხოვოთ კითხვის სანაცვლოდ. სრულიად არაფერი. არ ააშენოთ მასა და წიგნს შორის წინასიტყვაობის კედელი, არ დასვათ არანაირი შეკითხვა, არ მისცეთ დავალებები, არ დაუწყოთ ახსნა-განმარტებები, შეეშვით ლიტერატურულ ფასეულობებსა და ლექსიკის თავისებურებებზე ლაპარაკს. არ არის საჭირო არც ტექსტის ანალიზი და არც ბიოგრაფიული ცნობები… საერთოდ, დაივიწყეთ „წაკითხულის შესახებ“ საუბარი.

კითხვა საჩუქარი უნდა იყოს“.

„მათ წიგნებთან რომ შეარიგებთ, ისინი უკვე თავიანთი ნებით გაივლიან გზას წიგნიდან ავტორისკენ, ავტორიდან ეპოქისკენ, წაკითხული ამბიდან მის მრავლისმთქმელ სიმბოლიკამდე“.

რა თქმა უნდა, ეს მეთოდი ყველა მოსწავლისთვის არ გამოდგება. მე, საერთოდ, მგონია, რომ თითოეულ ადამიანს წიგნამდე მისასვლელი საკუთარი გზა აქვს, შეცდომებითა და წინააღმდეგობებით სავსე. იქნებიან ისეთებიც, წიგნის კითხვაზე, უფროსების ყველა მცდელობის მიუხედავად, უარს რომ იტყვიან. ეს უკვე მათი არჩევანი იქნება. ისევ და ისევ დანიელ პენაკისა არ იყოს, „შეიძლება, ადამიანმა წიგნი უარყოს; მთავარია, არ ეგონოს, რომ იგი წიგნმა უარყო“.

– შენი აზრით, რამდენად მნიშვნელოვანია არაფორმალური განათლება ბავშვისთვის, რას აძლევს მას?

– არაფორმალურ სწავლებას დიდი ადგილი უკავია ჩემს ცხოვრებაში. ბოლო ხუთი-ექვსი წლის განმავლობაში ვყოფილვარ არაერთი სპორტული თუ ხელოვნებასთან დაკავშირებული წრის წევრი (რისთვისაც დიდი მადლობა ჩემს მშობლებს, რომლებიც ყოველთვის პატივს სცემდნენ ჩემს ინტერესებს და ახირებებს). ამჟამად ვარ თქვენ მიერ, მაია მასწ (ვითომ თავად არ იცით😊)), დაარსებული საოცარი საზოგადოების, „მკითხველთა და კრიტიკოსთა კლუბის“ წევრი. აქ თანატოლებთან ერთად ვკითხულობ წიგნებს, ვუყურებ ფილმებს, ვმსჯელობთ, ვაკრიტიკებთ და ბევრ საინტერესო საქმეს ვაკეთებთ.

ჩემს ორი წლის წინანდელ დღიურში ასეთ ჩანაწერს წავაწყდი: „კლუბი მაძლევს ყველაფერ იმას, რასაც ვერ მაძლევს სკოლა. ესაა დიდი თავისუფალი სივრცე ფიქრისა და განვითარებისთვის, საინტერესო, განსხვავებული და ხელოვნების სიყვარულით გაერთიანებული ადამიანების გაცნობის შესაძლებლობა, საკუთარი აზრის გაზიარების უფლება იმ გარანტიით, რომ მოგისმენენ და საკუთარ გამოცდილებასაც გაგიზიარებენ. კლუბი არის ადგილი, სადაც მე ვარ ის, ვინც მე ვარ. ყოველ პარასკევს მოუთმენლად ველი, იმიტომ, რომ ვიცი, არც ერთი ჩვენი შეხვედრა არ ჰგავს მეორეს. სკოლასთან შედარებით აქ დროც ძალიან სწრაფად გარბის, რადგან სულ საყვარელი და საინტერესო საქმით ვართ დაკავებულნი“.

ვფიქრობ, ეს ემოციური ჩანაწერი საკმაოდ ზუსტად ასახავს, რა მნიშვნელოვანი როლი აკისრია არაფორმალურ განათლებას მოსწავლის ცხოვრებაში. დავამატებ იმას, რომ მსგავსი სწავლება ბავშვს ისეთი საჭირო უნარების შეძენა-განმტკიცებაში უწყობს ხელს, როგორებიცაა ჯგუფში მუშაობა, დებატებში მონაწილეობა, შემოქმედებითობა და სხვა. ჩემი აზრით, სკოლა უფრო არაფორმალური უნდა გახდეს.

ხშირად გიგრძნია მასწავლებლებისგან თანამშრომლობითი დამოკიდებულება? შენი აზრით, საჭიროა თუ არა ასეთი ურთიერთობა მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის?

– ვერ ვიტყვი, რომ ხშირად და ალბათ ამის გამო თავად ვცდილობ, დავიკავო გარკვეული დისტანცია მასწავლებლებთან, თუმცა ვფიქრობ, რომ ასეთი დამოკიდებულება საჭიროა. გული სიხარულით მევსება, როცა ვგრძნობ, რომ მასწავლებელი მექცევა როგორც თანასწორ, ჩამოყალიბებულ პიროვნებას და არა როგორც უბრალოდ მოსწავლეს.

როგორ ფიქრობ, რა აადვილებს მასწავლებლისა და მოსწავლის ურთიერთობას?

– მასწავლებლისა და მოსწავლის ურთიერთობას, ჩემი აზრით, გულახდილობა და ურთიერთპატივისცემა აადვილებს. მხარეებს უნდა ჰქონდეთ ერთმანეთის გაგების სურვილი. ბავშვები მცირე სიყალბესაც ამჩნევენ და ძალიან არ უყვართ, როცა უფროსები მათ თავიანთი გამოცდილების სიმაღლიდან უყურებენ. მასწავლებელი, ჩემი აზრით, ზოგად ცოდნასთან ერთად თავის ცოდნასაც უნდა ჩუქნიდეს მოსწავლეებს, ანუ იმას, რასაც თავად მიაკვლია და რაც თავად განიცადა ცხოვრებაში.

 

ხშირად მგონია, რომ მე მასწავლებელი კი არა, მგზავრი ვარ, დროებით რომელიღაც კლასში შეჩერებული (იმ შეგრძნებით, დაღლილი მოგზაური პატარა დაბის მყუდრო სადგურს რომ წააწყდება და ჩამოისვენებს მატარებლის მოლოდინში), ჩემი მოვალეობა მოსწავლეების ყურადღებით მოსმენა და მერე, მათივე სურვილით, დახმარებაა. მინდოდა, თქვენამდეც მომეტანა ერთის პირით თქმული, დარწმუნებული ვარ, ბევრის სათქმელი. სტილიც დაცულია, ფორმაც, ღმერთი, რჯული – არაფერი მიკარნახია. არც გამოცდილი ინტერვიუერი ვარ, არც ილიაობას ვეპოტინები, მაგრამ „ჩემი ცდა მარტო იმაშია, რომ იმის აზრისათვის იმისივე ფერი შემერჩინა და იმის სიტყვისათვის – იმისივე კილო. თუ ეს შევასრულე, ჩემი განზრახვაც შემისრულებია“.

სად არის მეგობრის სახლი?

0

კლასში მხოლოდ ბიჭები სხედან – წამიერად დანაღვლიანებული სახეებით, სხვაგან გაქცეული ფიქრებით. ეს გაკვეთილი, დღის ეს ნაწილი როგორღაც უნდა გაიყვანონ, სანამ ისევ ცხოვრების მდინარეში ჩადგებიან, სიცივეს ნაჩვევი ტერფებით. შრომობენ, უფროსების დავალებებს – ხშირად შეუფერებლად მძიმესაც – უსიტყვოდ ასრულებენ. მერე ზურგი სტკივათ, მერე გაფანტული ყურადღების მოკრება უჭირთ.

მასწავლებელი მკაცრი და სამართლიანი უნდა იყოს, რომ თავგზააბნეულები იქით მიახედოს, სადაც მზის შუქი, ოქროსფრად მბრწყინავი მტვერია.

აბას ქიაროსთამის ფილმი – „სად არის მეგობრის სახლი?“ (1987) ბავშვებზე, ბავშვობაზე გადაღებული ფილმებიდან ერთ-ერთი საუკეთესოა. ირანელი რეჟისორის უბრალო ამბავი, პოეტური სახეებით მოთხრობილი, სიზმრის თხელ ფარდაში გახვეული, მძაფრად ზემოქმედებს დიდსა თუ პატარაზე, ძებნით დაღლილსა თუ გზის დასაწყისში წუთით შეჩერებულზე.

და ვინ იქნება, ვისაც არასდროს უძებნია?

სკოლიდან დაბრუნებული რვა წლის აჰმედი აღმოაჩენს, რომ კლასელის, მოჰამად რეზას რვეული შინ გამოჰყოლია. არადა, მასწავლებელმა მკაცრად გააფრთხილა მოჰამად რეზა, თუ დავალებას რვეულში ისევ არ ჩაწერ, გაგრიცხავთო. რა უნდა ქნას? როგორ უნდა იხსნას მეგობარი?

ირანი იქნება თუ სხვა ქვეყანა, რვა წლის ბიჭს ყურადღებით არავინ მოუსმენს. თვალთმაქცობას დაიწყებენ – ვითომ უსმენენ, ვითომ გასაჭირის გულთან მიტანაც შეუძლიათ, მაგრამ საბოლოოდ მაინც რაღაც საწყენად ჩვეულებრივს ეტყვიან: წადი, გაკვეთილები ისწავლე და მერე ითამაშე; ხვალ ხომ ნახავ შენს მეგობარს – რვეულიც მაშინ დაუბრუნე…

არა, არა, ახლავე უნდა დაუსხლტეს გულგრილი უფროსების ხელებს. როგორი გრძელიც უნდა აღმოჩნდეს მეზობელ სოფლამდე, მოჰამად რეზას სახლამდე გასავლელი გზა, გარდაუვალი განსაცდელისგან უნდა იხსნას, რვეული უნდა დაუბრუნოს. ყველა ფიქრი ამ ამოცანის გარშემო იყრის თავს. მოახერხებს? მოასწრებს?

თითქოს ესაა მთელი ფილმიც – სირბილი, შეკითხვები, კარდაკარ ძებნა, ნაბიჯის შენელება, ნაბიჯის აჩქარება, სიჯიუტე.

დიდი სიჯიუტე.

როგორ იქცევიან ადამიანები, როცა გამუდმებით უარს იღებენ? ადრე თუ გვიან ჩანაფიქრის აღსრულების შეუძლებლობას ეგუებიან – რაღაცაში ბედისწერას დაადანაშაულებენ, რაღაცას სხვა თვალით შეხედავენ – იქნებ დიდად გულდასაწყვეტიც არაფერიაო. ერთგვარი კმაყოფილება იმ აზრსაც ახლავს, რომ მცდელობისას თავი არ დაზოგე, შესაძლებლის ზღვარსაც კი გასცდი…

მაგრამ აჰმედი ბავშვია და წამითაც არ შეუძლია დაშვება, რომ მეგობრის სახლს ვერ მიაგნებს, ვერ გადაარჩენს, დასახმარებლად გაწვდილი ხელი ჰაერში გაშეშებული დარჩება. უფრო მნიშვნელოვანი არაფერია მის ცხოვრებაში – მხოლოდ ამ უცხო სახლებს შორის ხეტიალი, თოკზე გაფენილი სარეცხის თვალიერება, სოფლის ხმებისთვის ყურის მიდგება – იქნებ რაღაც გამოსადეგიც გაიგონოს?

მერე რა, რომ კიდევ ერთმა უცნობმა გააქნია თავი, არა, მოჰამად რეზა აქ არ ცხოვრობსო.

ასეთ მეგობრობას ვერსად ისწავლი. სკოლა თუ მასწავლებელი, მშობელი თუ ნათესავი ამისთვის არ არიან. თვითონ უნდა მიაგნო მთავარ წესს, წესებს, რომლებიც ბნელ ღამეშიც იბრწყინებენ, სწორ გამოსავალს დაგანახებენ.

მაინც როგორ დამთავრდება ამ გულამოვარდნილი ბიჭის ამბავი-მეთქი? – საკუთარ თავს ვეკითხებოდი, ბედნიერი დასასრულის ირანულ ვერსიად კი ხან რა წარმომიდგებოდა და ხან – რა. იმასაც ვფიქრობდი, იშვიათი სილამაზით გამორჩეული ფილმი ისეთი მარცხით როგორ უნდა დამთავრდეს, მხოლოდ უღონოდ ჩამოშვებული ხელები, ტკივილიანი თვალები დაგამახსოვრდეს-მეთქი.

დასასრულზე არაფერს ვიტყვი.

ღამე და ქარი, ავი ძაღლი და ბოროტად მოცახცახე ჩრდილი ნურც თქვენ შეგაშინებთ!

რჩევები დამწყებ მასწავლებლებს

0

სკოლაში თავის დამკვიდრება, მასთან შეგუება და საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენა არც ისე ადვილია. ეს ეხება როგორც მასწავლებლებს, ისე მოსწავლეებსაც, თუმცა ამ სტატიაში ყურადღებას მასწავლებლებზე გავამახვილებ. მასწავლებლებზე, რომლებმაც ეს-ესაა შეაღეს სკოლის კარი.

დამწყები მასწავლებლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია გამოცდილების გაზიარება. თეორიული ცოდნა არ კმარა, ამიტომ საჭიროა, ვინმემ მას მენტორობა გაუწიოს.

არის რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, რომლებიც აუცილებლად გასათვალისწინებელია. ბევრ რამეს პრაქტიკაში უფრო უკეთ ვსწავლობთ, თუმცა შეგვიძლია საკვანძო საკითხებზე ყურადღების გამახვილება.

ამ სტატიაზე მუშაობისას ჩემს სოციალურ ჯგუფში დავდე კითხვარი, სადაც კოლეგებს მოვუწოდე, გაეზიარებინათ ჩემთვის მოსაზრებები ქვემოთ მოცემული საკითხის შესახებ. შევსებულ კითხვარზე დაყრდნობით გთავაზობთ რამდენიმე რჩევას:

 

თვისებები, რომლებიც აუცილებლად უნდა ჰქონდეს დამწყებ (და არამხოლოდ) მასწავლებელს:

თუ მასწავლებლობა გადაწყვიტეთ, ძალიან უნდა გიყვარდეთ თქვენი საქმე და ბავშვები. უნდა იყოთ თბილი, მომთმენი და ყურადღებიანი. გამუდმებით უნდა ეძიებდეთ სიახლეებს. თქვენი გაკვეთილები უნდა იყოს ერთმანეთისგან განსხვავებული და კრეატიული. მნიშვნელოვანია სამართლიანობაც!

 

ის, რაც უნდა გაითვალისწინოთ მშობლებთან ურთიერთობის დროს:

თავდაპირველად გააცანით საკუთარი თავი, მერე კი წლის – სამოქმედო გეგმა, სწავლების მიდგომები და სტრატეგიები. მათაც მოუსმინეთ, ითანამშრომლეთ მათთან. აგრძნობინეთ, რომ ზრუნავთ მათ შვილებზე, და უფრთხილდებით მათ, რომ თქვენ და მშობლებს საერთო მიზანი გაქვთ. იქონიეთ საქმიანი კომუნიკაცია. დაინტერესდით მათი შეხედულებებით, უკუკავშირით. გქონდეთ მათდამი მეგობრული დამოკიდებულება, მაგრამ დაიცავით დისტანცია.

 

ის, რაც უნდა გაითვალისწინოთ კოლეგებთან ურთიერთობის დროს:

იყავით ღია თანამშრომლობისთვის. თუ დახმარება დაგჭირდათ, მიმართეთ კოლეგას. მოაწყვეთ შეხვედრა, სადაც კოლეგებს საშუალებას მისცემთ, საკუთარი გამოცდილება გაგიზიარონ, თქვენ კი შეგიძლიათ, საკუთარი იდეები და გეგმები გააცნოთ. დაესწარით კოლეგების გაკვეთილებს, ჩაინიშნეთ თქვენთვის საინტერესო აქტივობები. მათაც სთხოვეთ, შეგიფასონ გაკვეთილი. მიიღეთ და საჭიროებისამებრ გაითვალისწინეთ მათი რჩევები. იყავით კომუნიკაბელური და აზრის გამოთქმის არ მოგერიდოთ.

 

ის, რაც მასწავლებელს არ უნდა დაავიწყდეს:

მოსწავლეებთან იყავით სამართლიანი. არ მიაყენოთ მათ შეურაცხყოფა. არ დაამციროთ კლასის წინაშე. ყოველთვის გახსოვდეთ მოსწავლეთა შესაძლებლობები და ინტერესები. ინდივიდუალურად მიუდექით მათ. თუ რამეს დაჰპირდებით, აუცილებლად შეასრულეთ. იყავით ყოველთვის მოწესრიგებული. განუწყვეტლივ იზრუნეთ თვითგანვითარებაზე. უპასუხოდ არ დატოვოთ არცერთი კითხვა. გჯეროდეთ თქვენი მოსწავლეების!

 

რა არ ეპატიება მასწავლებელს:

მასწავლებელიც ადამიანია. შეუცდომელი ადამიანი კი არ არსებობს, თუმცა არის მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც განსაკუთრებულად უნდა გაითვალისწინოს მასწავლებელმა:

. არ მოატყუოთ მოსწავლეები. ნუ ისაუბრებთ მათთან სარკასტულად. გულგრილობა, საკუთარი პროფესიისადმი ზერელე დამოკიდებულება, მოსწავლის ფსიქოლოგიური/ფიზიკური დასჯა ის არის, რისი უფლებაც მასწავლებელმა თავს არ უნდა მისცეს.

რჩევები, რომლებსაც კოლეგები გვთავაზობენ:

. უსმინეთ ბავშვებს, მოიპოვეთ მათი ნდობა და სიყვარული – ეს უმთავრესია. შეაფასეთ და გამოკვეთეთ თითოეული მოსწავლის ძლიერი და სუსტი მხარეები, მათი ინტერესები და მიდრეკილებები და ამაზე დაყრდნობით დაგეგმეთ სასწავლო პროცესი.

. დააკვირდით ბავშვებს, მოუსმინეთ მათ – ისინი ყველაფერს გასწავლიან. გახსოვდეთ: მათთვის ბევრს ნიშნავს, როდესაც მათ სიტყვას პატივს სცემენ. იყავით გულწრფელი ბავშვებთან – ისინი ტყუილს ვერ იტანენ“.

. აუცილებელია გულწრფელობა, მაგრამ არ არის საჭირო ზედმეტი პათეტიკა. ნუ იქნებით ხელოვნური!

. შეიქმენით განწყობა, რომ ბავშვი ყველა კარგია. ეცადეთ დაინახოთ მათში დადებითი და დიდი სიფრთხილით დაეხმარეთ, გადალახონ უარყოფითი. ასწავლეთ კეთებით, რათა დარწმუნდნენ, რომ ყველაფერი შეუძლიათ. ხარისხიანი გაკვეთილი თქვენი იარაღია! აგრძნობინეთ ბავშვს, რომ ენდობით, თუმცა არ დაივიწყოთ, რომ პროფესია მათ კონტროლსაც გავალდებულებთ. არასდროს იყვიროთ! ესაუბრეთ თბილად. ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ბავშვებსაც აქვთ ოჯახური პრობლემები და ხშირად უჭირთ ემოციებთან გამკლავება. დაეხმარეთ, რომ დარწმუნდნენ საკუთარ ძალებში და მიეცეთ მოტივაცია. დააფასეთ ბავშვის უნარები და შეეცადეთ, წინ წამოსწიოთ ისინი. მიეცით ბავშვს საშუალება, იყოს გულწრფელი და ჰქონდეს თქვენგან დახმარების იმედი. ბავშვებს უყვართ მასწავლებელი, რომელიც ყოველთვის მზადაა დაეხმაროს და უმეგობროს მათ! ასეთი მასწავლებლის საგანს ისინი იყვარებენ. დაბოლოს, თუ თქვენს შორის ხიდი ჩატყდა, მიზეზი საკუთარ თავში ეძებეთ.

. ყოველთვის წარმოიდგინეთ თავი ბავშვის ადგილას.

. საქმით მიეცით ზნეობის, მეგობრობის, სიყვარულის, პატივისცემის, სამართლიანობის ღირსეული მაგალითი და არა სიტყვით, რადგან ბავშვები ჩვენს ქმედებებს იმეორებენ და არა დარიგებას!

. არასოდეს გაარჩიოთ მოსწავლეები ერთმანეთისგან.

. იყავით ყველასთან თბილი და მოსთხოვეთ ყველას მათი შესაძლებლობებისამებრ.

. არ შეშინდეთ, ისწავლეთ და ასწავლეთ. ემეგობრეთ ბავშვებს.

ვფიქრობ, ეს რჩევები ბევრ ახალბედა მასწავლებელს დაეხმარება სწავლების პირველ ეტაპზე, რომელიც ახლა რთული ეჩვენება. გახსოვდეთ: თუ მასწავლებლის პროფესიას აირჩევთ, სკოლაში შეაბიჯებთ, აღმოჩნდებით ჯადოსნურ სამყაროში ჯადოსნურ გმირებთან ერთად. არ მისცეთ თავს უფლება, ეს ჯადოსნობა დამთავრდეს!

 

საიდან და როგორ ჩნდებიან  თავში აზრები?

0

ხშირად გითქვამთ: თავში აზრი მომივიდა; იდეა გამიჩნდა; აზრმა გამიელვა… გიფიქრიათ, საიდან მოგვდის თავში აზრები და სად არიან მანამდე, ვიდრე ისინი ჩვენს თავში გაჩნდებიან?

ბევრი აზრი, რომელიც „იბადება“, ფიქრის შედეგია, მაგრამ ისეთი იდეები/აზრებიც ხომ არსებობს, რომლებზეც არასდროს გვიფიქრია და უეცრად გაგვიელვებს გონებაში. ზოგ შემთხვევაში, აზრი ისე აგეკვიატება, თავიდან ვერ იშორებ. ესეც რა საინტერესო მეტაფორაა… რას ნიშნავს, რომ აზრს თავიდან ვერ იშორებ?“, ანუ ის შენზე ძლიერია? ძალადობს შენზე…? რა ხდება ამ დროს? როგორ ახერხებენ არამატერიალური აზრები ჩვენს დაპყრობას? რა ძალა აქვთ ასეთი?

ვიგოდტსკის მეტაფორას გაგახსენებთ აზრებსა და სიტყვებზე: აზრი ჰგავს ღრუბელს, ხოლო წვიმა – სიტყვებსო. დაახლოებით ასე:

ამ მეტაფორის მიხედვით, აზრი სანამ სიტყვებად იქცევა, სადღაც ღრუბლის ფორმით არსებობს. ახლა წარმოიდგინეთ, რომ განსხვავებული აზრები განსხვავებულ ღრუბლებს ქმნიან და ეს ღრუბლები სადღაც დაცურავენ… მერე ჩვენ რაღაც ძალით ვიზიდავთ ამ ღრუბლებს (ერთს ან რამდენიმეს) და სიტყვების საშუალებით ვიწყებთ ჩამოტვირთვას/გამოთქმას.

ეს მეტაფორული პროცესი გასაგებია, მაგრამ ახლა შეიძლება გაჩნდეს ასეთი კითხვა: როგორ ჩნდებიან აზრის ღრუბლები? იქნებ ისე, როგორც ნამდვილი ღრუბლები? ნამდვილი ღრუბელი როგორ ჩნდება? წყალი ორთქლდება და ზემოთ ადის, გზაში კი ცივდება და ყინულის კრისტალებად გადაიქცევა. კრისტალების ერთობლიობა ქმნის ღრუბელს. ორთქლი ჰაერთან უფრო ფუმფულა ღრუბელს ქმნის… სხვადასხვა სიმაღლეზე სხვადასხვა ტიპის ღრუბელია.

გავაგრძელოთ მეტაფორული ახსნა: აზრის ღრუბლიდან მოდის წვიმა/სიტყვები, შემდეგ სიტყვები/წვიმა ისევ ორთქლდება და ზემოთ ადის, ისევ ღრუბლად იქცევა… აორთქლებული (გამოთქმული) სიტყვები წარმოქმნიან ნოოსფეროში აზრის ღრუბლებს, ადამიანის თავში გაჩენილი აზრები კი ისევ სიტყვად იქცევა და ასე უსასრულოდ.

მაგრამ იმისათვის, რომ გაწვიმდეს, გარკვეული მეტეოროლოგიური პირობებია საჭირო. აზრის ღრუბლები რომ მოვიზიდოთ და გამოვთქვათ, აქაც რაღაც სხვა მაგნეტიზმი მოქმედებს.

მოდი, განვიხილოთ თეორია, რომლის მიხედვითაც, სამყარო არის ენერგია და ინფორმაცია. ყველა სიტყვას აქვს თავისი ენერგია და სიხშირე. მსგავსი სიხშირის სიტყვები ერთი აზრის ღრუბლად ყალიბდება ნოოსფეროში. და როგორ აზრებს ვიზიდავთ ჩვენ? ჩვენ ვიზიდავთ „ჩვენი სიხშირის“ აზრებს! თუ ჩვენი სიხშირეები ცვალებადი და არეულია, აზრებსაც მსგავსად მივიზიდავთ. გამოდის, რომ ჩვენ გარკვეულ ანტენას ვემსგავსებით, რომელიც იჭერს სიხშირეებს.

ანუ ეს პროცესი არის სინქრონული. თუ არსებობს სინქრონიზაცია აზრებსა და სიტყვებს შორის, ნოოსფეროსა და მატერიას შორის, მაშინ არსებობს სინქორნიზაცია ჩვენს შინაგან სამყაროსა/შინაგან ნოოსფეროსა და მატერიალური სამყაროს მოვლენებს შორის. ეს მოვლენა შეამჩნია და შეისწავლა კარლ გუსტავ იუნგმა. ამის გამო მას ხშირად ჯადოქრად მოიხსენიებდნენ. ამბობდნენ, რომ ამ თეორიას უფრო მეტი აქვს საერთო ჯადოქრობასთან, ვიდრე მეცნიერებასთანო. მაგრამ თანამედროვე კვანტური ფიზიკის მიღწევებმა მეცნიერება თავისი განვითარების ახალ საფეხურზე აიყვანა. იუნგის სინქრონიზაცია ეს არის იმგვარი დამთხვევები მენტალურ და ფიზიკურ სამყაროს შორის, როცა არ არსებობს ლოგიკური, მიზეზ-შედეგობრივი კავშირი. თავად იუნგი ამას ასე ხსნის (წიგნში „სინქრონულობა“):

„1949 წლის პირველ აპრილს, დილით ჩემს ბლოკნოტში გავაკეთე ჩანაწერი, რომელიც შეიცავდა ნახევრადადამიან-ნახევრადთევზის ხატ-სახეს. საუზმედ თევზი მომართვეს. საუბარში ვიღაცამ ახსენა ჩვეულება, ვიღაცისგან „სააპრილო თევზის“ გაკეთებისა. დღისით ჩემმა ერთ-ერთმა ყოფილმა პაციენტმა, რომელიც რამდენიმე თვეა არ მინახავს, რამდენიმე შთამბეჭდავი ნახატი მაჩვენა თევზების გამოსახულებით. საღამოს მაჩვენეს გობელენის ნაწილი ზღვის ურჩხულითა და თევზებით. მომდევნო დილით ყოფილ პაციენტს შევხვდი, რომელიც ჩემთან მიღებაზე ათი წლის წინ იყო. ამ ღამით მას თევზი დაესიზმრა. რამდენიმე თვის შემდეგ, როცა ეს შემთხვევა ჩემს ერთ-ერთი ნაშრომში შევიყვანე და სწორედ იმ დროს მოვრჩი მის აღწერას, სახლიდან ტბასთან გავედი, იმ ადგილას, სადაც უკვე რამდენჯერმე ვიყავი იმავე დილის განმავლობაში. ამჯერად ტალღისაზომზე (на волномере) ოცდაათი სანტიმეტრის ზომის თევზი აღმოვაჩინე. რადგან ახლომახლო არავინ იყო, ვერ წარმომედგინა, როგორ შეიძლებოდა ეს თევზი იქ მომხვდარიყო“ (იუნგი – „სინქრონულობის შესახებ“).

თუ ჩვენი ცხოვრების მოვლენებს იუნგის თვალით დავაკვირდებით, აღმოვაჩენთ, რომ ჩვენი ყოველდღიურობაც სავსეა მსგავსი „ჯადოქრობებით“. ეს ნიშნავს, რომ თუ მე მოცული ვარ რაიმეს სიღმისეული განხილვით და მთლიანად შთანთქმული ვარ მასში ემოციურად და დიდი ენერგიით, მაშინ მე ვხდები იმდენად ძლიერი მაგნიტი, გნებავთ, ანტენა, რომ მე ვიზიდავ ამ თემაზე სამყაროში ყველას და ყველაფერს.

აზრების მიზიდვა სინქრონულობის პრინციპს ეფუძნება.

მწერლების შემოქმედებას თუ დააკვირდებით, აღმოაჩენთ, რომ მათი შინაგანი სამყარო, შინაგანი მდგომარეობა გარესამყაროსთან, ბუნებასთან სინქრონიზაციაშია. ერთხელ ტერენტი გრანელის კითხვისას ეს მოვლენა თვალში მომხვდა, რომელიც აღვწერე სტატიაში: „შინ“ და „გარეთ“ პოეტურ მეტყველებაში. [1]

ტერენტი გრანელის პოეზია გახდა გასაღები ერთი ძალიან საინტერესო მოვლენისა, რომელიც ყოველგვარი ლირიკისათვის არის დამახასიათებელი. რას გულისხმობს პოეტი, როცა ის ბუნების მოვლენებს აღწერს? რომელი და როგორი განცდები მეტაფორიზდება ქარში, წვიმაში, თოვლში…? პოეტი პარალელურად/სინქრონულად აღწერს ლექსში „შინა“ (ანუ რა ხდება პოეტის სულში) და „გარე“ (რა ხდება ბუნებაში) მოვლენებს და ამით თითქოს პირველყოფილ სახელდებას ახორციელებს და სულს აერთებს ხორცთან (ანუ სიტყვასთან). საბოლოოდ ხომ სიტყვა სულის მოძრაობის გამომხატველია, მით უმეტეს, პოეტური სიტყვა.

„დღეთა სიმძიმე ჩემს სულს აჩნია
და ვხედავ ფოთლებს, ქარში დაფენილს“.

დღეებით დამძიმებული პოეტი ქარში დაფენილ ფოთლებთან იგივდება. ასეა უმრავლესად ტერენტის შემოქმედებაში, შინაგანი სულიერი განცდა ბუნებაში იხსნება და საინტერესო ის არის, რომ „შინა“ და „გარე“ მონაცვლეობით მიჰყვება სტრიქონებს.

„დამაგვიანდა, მორჩა, არ მოვალ,
ჩანს გულის ლანდი და რაღაც მეტი.
ჰა, შემოდგომის ყრუ საღამოა,
დაღამდა ნელა, წვიმს განუწყვეტლივ…“.

მსგავსი აზრების დაგროვება ნოოსფეროში ღრუბელს წარმოქმნის. მაგალითად, თუ ადამიანთა ჯგუფი ერთნაირად ფიქრობს, ერთნაირი ღირებულებები აქვს, მაშინ ისინი ქმნიან ერთობას ფიზიკურ სამყაროში, ხოლო ამ ენერგიის ჩაწერა ხდება კიდევ მეტაფიზიკურ სამყაროშიც. მსგავსი აზრის ღრუბლებს ეგრეგორებს უწოდებენ.

„აზრი, ისევე, როგორც სხვა იმპულსები, ელექტრო-ქიმიურ ურთიერთქმედებათა შედეგია. როდესაც იკვეთებიან აზრები მსგავსი იდეითა და ხარისხით, ისინი ქმნიან აზრთა ერთობლიობას (ეგრეგორს). მოკლედ რომ ვთქვათ, ეგრეგორი არის ენერგოინფორმაციული სუბსტანცია, რომელიც იქმნება საერთო იდეის ან მიმართულების მქონე ადამიანების გადაკვეთის დროს“[2].

რაც მთავარია, ეგრეგორი არის ადამიანის ფსიქო-ემოციური ენერგიის ბანკი, რომელიც თავისი კანონებით მოქმედებს.

და როდესაც ზოგჯერ, „თავს დაგვეცემა“ რაღაც აზრი და ვერ ვიშორებთ, ეს ნიშნავს, რომ ღრუბელი გადაგვეფარა, რომელსაც აქვს თავისი ძალა და მოქმედების სტრატეგია. ამ პრინციპით იმართებიან მასებიც. მაგრამ ეს განხილვის სხვა თემაა.

ამ სტატიაში კი მინდოდა მხოლოდ ერთი მეტაფორა ამეხსნა: საიდან და როგორ მოგვდის თავში აზრები?

ვიცი, რომ ეს საკმარისი არ არის და გაგრძელება იქნება!

 

[1] ცირა ბარბაქაძე, პოეზიის სემიოტიკა, თბ. 2009

[2] https://geoastro.ge/271–.html

   მეზღაპრე

0

ბაბუაჩემი მთელი თავისი ცხოვრება მიწას ამუშავებდა, მაგრამ არავინ იცის ჩემზე უკეთ, რომ მისი სახით მკითხველმა  ფენტეზის ჟანრის უნიკალური ავტორი დაკარგა. ასეთ შემთხვევაში, მის მიერ სამურზაყანოს ძირძველი მიწის თხილის ხეებითა და სიმინდის ყანებით დაფარულ ეზოებში შეთხზულ ზღაპრებს მარტო მე კი არა, ბევრი ჩვენგანი დავიმოწმებდით. არადა, პირადად მე ამ ჯადოქრობის მოწმე მართლა ბევრჯერ გავმხდარვარ. ყანაში ან თხილნარში ვიდექით და ბავშვურ სპეკულაციას ვეწეოდი: ჩემ მიერ შეთავაზებული შრომის საფასურად ბაბუაჩემისგან ვითხოვდი თითო ზღაპარს. ამ ზღაპრებში ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ არათუ მე, ბაბუაჩემსაც კი არ ჰქონდა ბუნდოვანი წარმოდგენა, თუ როგორ შეიძლებოდა განვითარებულიყო ამბავი. დასაწყისისთვის ერთადერთი შტამპი არსებობდა: ზღაპრის მთავარი პერსონაჟის ვინაობა იყო გარკვეული: ეს მე ვიყავი. დანარჩენი კი გზადაგზა მოდიოდა – გულმოდგინედ შეკოწიწებული ამბავი, პერსონაჟების მონაცვლეობა და ჯადოსნური ფათერაკის თანდაყოლილი მოლოდინი. ეს უკიდეგანო ფანტაზიისა და შემოქმედებითი ინსტინქტის უნიკალური ნაზავი იყო.

მას შემდეგ წლებია გასული და ალღოც უფრო გამიმკვეთრდა იმის მისახვედრად, რომ ეს უნარი ცხოვრების გამოცდილებამ განუვითარა. 3 წლისას მამა გარდაეცვალა, 4 წლისა დედამ მიატოვა. მისი ბავშვური გონება მდგომარეობის შესამსუბუქებლად გამოსავლის პოვნას შეეცადა და ასე გაუჩნდა ესკაპიზმისკენ მიდრეკილება. რეალობას ნაწილობრივ ზურგი აქცია და მისმა გონებამ გამონაგონში ვარჯიში დაიწყო. ომის შემდეგ სახლი გადაუწვეს. ყველაფერი, რასაც წლების განმავლობაში აშენებდა, თავზე ჩამოენგრა, მაგრამ უკვე იცოდა, როგორ გამკლავებოდა ამგვარ სიძნელეებს – ყანაში უნდა მდგარიყო და შვილიშვილისთვის ზღაპრები შეეთხზა.

ბაბუაჩემთან ურთიერთობა ჩემი ბავშვობის ყველაზე მნიშვნელოვანი და საყვარელი თავგადასავალი იყო.

ბოლო თვეებია ვგრძნობ, რომ ძალიან მჭირდება მისი დახმარება. ამ შეგრძნებამ მას შემდეგ შემომიტია, რაც ჩემი ცოლის მუცლიდან მსუბუქი ბიძგები ვიგრძენი. ჩემში მიმდინარე ცვლილებებსაც ყურადღება მაშინ მივაქციე, როცა რამდენჯერმე საკუთარი თავი საკმაოდ უხერხულ მდგომარეობაში გამოვიჭირე მარტო მოღიმარმა. მერე კი იმაზე ავღელდი, თუ როგორი სულელური სანახავი ვიქნებოდი გვერდიდან, ვინმეს შემთხვევით რომ ამ მდგომარეობაში დავენახე – როცა „აჭარანეთზე“ შევედი და მივხვდი, რომ არცერთი ჟანრისკენ გული არ მიმიწევდა, გარდა ანიმეებისა, ამიტომ მათი სია გადავახარისხე, რომ საღამოსთვის კარგი სეანსი დამეგეგმა; როცა გულგრილად ავუარე გვერდი კლასიკოსი ავტორების წიგნებს და თაროზე შემოდებულ ,,ჰარი პოტერს და ცეცხლოვან თასს“ გადავწვდი, მერე ტოლკინის რომანებს; როცა ცვლილებები მუსიკალურ ფლეილისთსაც შეეხო – You Tube-ზე Holly Dolly-ის მუსიკალური კლიპი ამ ხნის განმავლობაში იმდენჯერ მაქვს ნანახი, რომ შემიძლია ზეპირად გითხრათ, რომელ წამს რომელი რიტმული მოძრაობით აჰყვება სამი ცხვარი ვარდისფერში გამოპრანჭული ვოკალისტი ძროხის სიმღერას; როცა ერთ დღეს ლამის თვითონ მოვკალათდი მერხთან და მოსწავლეს ვთხოვე ჩემთვის გაკვეთილი ჩაეტარებინა; ერთი სიტყვით, როცა მივხვდი, რომ ზრდასრულ ადამიანად ყოფნის ინტერესი საერთოდ დამეკარგა და დავასკვენი, რომ აზრი აღარ ჰქონდა ჩემს დიდად ყოფნას.

ვერ ვიტყვი, რომ ამან თამუნას კარგი სამსახური გაუწია, ალბათ უფრო პირიქით, რადგან მართვის მოწმობის გამოცდაზე გასვლა გავაჭიანურე და ღამის სამ საათზე, თავად მოუწია მანქანით თავის თავს მომსახურებოდა, იმ სამშობიარომდე მივსულიყავით, რომელიც ჩვენი ბინიდან 15 კილომეტრში მდებარეობს. თუმცა ამით თავის თავს კიდევ ერთხელ სიამოვნებით დაუმტკიცა, რომ ბევრი რამ შეუძლია. მე კი ეს არ მჭირდებოდა, ისედაც ვიცოდი.

ძირითადად დრო სამშობიაროს ეზოში დავყავი. აქვე ვნახე, როგორ გადაიბარა დღის მორიგეობა მზემ, რომელმაც მალე უაღრესად მნიშვნელოვანი სამსახური გამიწია და მეგზურად საკუთარი ჩრდილი მომივლინა. მომდევნო გრძელი საათების განმავლობაში დრო-სივრცითი აშლილობა დამეწყო და თუ რამე მიდასტურებდა ჩემს იქ და იმ წამს ყოფნას, ეს ის ჩრდილი იყო, რომელიც ბორტგამცილებელივით მიმიძღოდა საკუთარი ფიქრების ლაბირინთში. 12-საათიანი ლოდინის შემდეგ მესენჯერში შეტყობინება მომივიდა. ფოტო იყო. ბავშვის.

იმის გარდა, ვერაფერი მოვიფიქრე, რომ ისევ ჩემი ჩრდილი მეძებნა. არსად ჩანდა. ზემოთ ავიხედე. მზე თავის ზენიტში იყო. ჩემ წინ მდებარე შენობის მეშვიდე სართულზე კი ბავშვი იწვა, ალბათ ტიროდა და მე ივლისის ალმურში ვიდექი ასე, ჩრდილდაკარგული. წარმოდგენა არ მქონდა საით წავსულიყავი. შირში გამგზავრება მჭირდებოდა, დიდებულ განდალფთან სტუმრობა, ან ბრძენი დამბლდორის რჩევის მოსმენა. კაპიტანი ჯეკ ბეღურას სურვილების კომპასი და ალადინის ხალიჩა. პირდაპირ Holly Dolly-ის კლიპში პორტირება და უსასრულო წარმოსახვა, რომ მეპოვა შესაფერისი ფორმა მადლობის გამოსახატად იმისთვის, რომ ჩემს ცხოვრებაში პაწაწინა ვარკვლავგოგო გაჩნდა.

და ისევ მოლეკულურმა გენეტიკამ მიშველა, სამურზაყანოს თხილის ნაკვეთებითა და სიმინდის ყანებით დაფარულ მიწაზე ფიქრმა, სადაც ზუსტად ვიცი, როგორ აუჩქარებლად შემობრუნდებოდა ბაბუაჩემი ჩემკენ და მშვიდად მეტყოდა: „ზღაპარი უნდა მოუყვე“.

ჰო, ამიტომ ოდესმე ზღაპრის შეთხზვას შევეცდები. იქნებ მისი იმ წინაპრის წამოწყებული ამბავი დავასრულო ოდესმე, ვის სახელსაც ცნობილ მეზღაპრეთა სიაში ვერასდროს იპოვის. მანამდე კი, ვიდრე ჩემს ვარკვლავგოგოს ისე მშვიდად სძინავს თავის ლოგინში, როგორც მხოლოდ ზღაპრის გმირებს შეუძლიათ, პირობას დავდებ, რომ როცა დრო მოვა, კითხვას ვასწავლი, მერე კი მთელ ჩემს ძალისხმევას მივმართავ ამ ზღაპრის შესათხზავად.

ბაბუაჩემის უკვდავი წარმოსახვა მფარავდეს!

 

ნაცნობ-უცნობი ჭოლა ლომთათიძე

0

თხრობის პოეტურობით, ლირიზმით, რიტმულობით, მუსიკალურობით, ლანდური ფერადოვნებით, მოზაიკურობით ჭოლა ლომთათიძის პროზა მოდერნისტული ესთეტიკის კონტექსტში ექცევა. მან თავისი შემოქმედებით შექმნა ერთი მძლავრი შენაკადი იმ ძიებებისა, რომლებიც ქართველი მოდერნისტთა – ცისფერყანწელების, ნიკო ლორთქიფანიძის, გრიგოლ რობაქიძის, კონსტანტინე გამსახურდიას, დემნა შენგელაიას, ლეო ქიაჩელის შემოქმედებაში უფრო დაიხვეწა და კონცეპტუალური მხატვრული სისტემის სახით ჩამოყალიბდა.

ჭოლა ლომთათიძე სპირიდონ მცირიშვილის ნიღბით გამოჩნდა პირველად.   ეგნატე ნინოშვილის „ჩვენი დროის რაინდის“ მთავარი პერსონაჟის „ძმებად“ შეიძლება გავიაზროთ მისი გმირები, დემოკრატი ინტელიგენტები,  რომლებიც თავს სწირავენ ძმობის, ერთობისა და თავისუფლების იდეებს.  ეს „შეწირვა“ მტანჯველი  და რთული პროცესია, რადგან, უპირველესად,  საკუთარ თავზე გამარჯვებას, სასიცოცხლო ინსტინქტების გადალახვას გულისხმობს. მწერალი  თანაბარი სიძლიერით ხატავს სიკვდილის წინაშე გამამაცებულსა თუ  დალაჩრებულებს.  მის პირველსავე მოთხრობებში გამოიკვეთა ცხოვრების ორი გზა, ადამიანობის ორი მოდელი, რომლებიც, თეიმურაზ მაღლაფერიძის აზრით, ვარიაციულად განმეორდა  მის შემოქმედებაში.

ერთ მოთხრობაში მწერალი თავისუფლებას „დაჭკვიანებასთან“ აპირისპირებს. იგი კონფორმისტს, მატერიალურ ღირებულებებს დამორჩილებულ ადამიანს უწოდებს „დაჭკვიანებულს“, ე.ი. გარემოებასთან შერიგებულს, დამარცხებულს. მისი აზრით, კაცობრიობის მთელი ისტორია ბრძოლაა „დაჭკვიანებასთან“ და დიდებული ადამიანები (ბრუნო, გალილეი, ვოლტერი, შილერი, ჰიუგო, დიკენსი და სხვანი) ყოველთვის იბრძოდნენ მის წინააღმდეგ. სიტყვა „დაჭკვიანებაზე“ მწერალს თვალწინ წარმოუდგებოდა უსულო ადამიანი, ცოცხალი მიცვალებული, მგლური თვალებითა და კბილებით, ადამიანი, რომელსაც თავისუფლებასთან ყოველგვარი კავშირი ჰქონდა გაწყვეტილი. მწერალი ფიქრობდა, რომ კუჭი შეიძლება იყოს ცარიელი, მაგრამ გული – არასოდეს. ადამიანმა გული ყოველთვის უნდა ასაზრდოოს სიკეთით, სიბრალულით, სასოებით, სიყვარულით, ერთგულებით: იგი „ვეებერთელა ქურა უნდა იყოს, სადაც ცეცხლი მუდმივ უნდა გიზგიზებდეს“ („მატლი“).

„ძლიერ ნიჭიერი მწერალი იყო ჭოლა ლომთათიძე“, – უთქვამს თბილისში ჩამოსულ მაქსიმ გორკის ბანკეტზე. – ჭოლა? – იკითხეს დამსწრეებმა?“, – ვკითხულობთ გალაკტიონის უბის წიგნაკში. ეს ჩანაწერი კარგად მეტყველებს, რომ სამწერლო საზოგადოება  სათანადოდ არ იცნობდა ჭოლა ლომთათიძეს. „ოღონდ კრიტიკამ რამე თქვას ჩემზე და თუნდაც გამლანძღოს“, – ეს მწერალს შეუმჩნევლობის გულგრილობამ ათქმევინა. არადა, როგორ შეიძლებოდა ლიტერატურის კრიტიკოსს ვერ ეგრძნო მისი  პროზის თავისთავადობა, გამორჩეულობა, განსხვავებულობა, პროზისა, რომელმაც, როგორც თეიმურაზ მაღლაფერიძე აღნიშნავს: „მანამდე სრულიად უცნობი გზასავალი გაუხსნა ქართულ პროზას“. მისი ერთი მოთხრობის  გმირი სარკეში იცქირება და ფიქრობს: „ყველაზე უფრო ჩემი თვალების გამომეტყველებამ გამაოცა. ეს სიობლე, რომელიც ჩემს თვალებში მოჩანს, ეს სევდა, ეს სევდა!“ („უსათაურო“). ასეთი უძირო სევდა გამოსჭვივის ჭოლა ლომთათიძის შემოქმედებაში. 1901 წლიდან (როდესაც 23 წლის იყო) იბეჭდება მისი მოთხრობები, მაგრამ არარეგულარულად და ნაწყვეტ-ნაწყვეტ. ერთხელ „ცნობის ფურცელში“ მიუტანია ნაწერებით სავსე დიდი რვეული, ორი კვირა უტარებიათ რედაქციაში, მერე უთქვამთ, კარგია, მაგრამ საიდანღაც გაქვს ნათარგმნიო, ქურდობა დამაბრალესო, – უთქვამს მეგობრისთვის. თუმცა აღშფოთებულსა და შეურაცხყოფილ ჭოლას რედაქციამ რვეული უკან აღარ დაუბრუნა. მალე მისი მოთხრობა „დავით“ დაიბეჭდა „მოამბეში“, „ცხოვრების გულიდან“ კი „ცნობის ფურცელში“. საგულისხმოა, რომ სწორედ ამავე პერიოდში გამოდის  სამწერლო ასპარეზზე მიხეილ ჯავახიშვილი, რომელიც ამ დროს ადამაშვილის გვარს ატარებს. 1903 წელს პირველად დაიბეჭდა მისი მოთხრობა „ჩანჩურა“ „ცნობის ფურცელში“. ჭოლა ლომთათიძე და მიხეილ ადამაშვილი განსხვავებული ხელწერით გამოირჩეოდნენ, მაგრამ მათი მოთხრობების გმირები ჰგავდნენ ერთმანეთს – ისინი ცხოვრებისაგან გათელილი, პატარა ადამიანები იყვნენ. პოლიტიკურად აქტიურმა ჭოლა ლომთათიძემ სიცოცხლის დიდი ნაწილი პეტერბურგის, მოსკოვის, სევასტოპოლის, ხარკოვის, თბილისის, ახალციხისა თუ ბათუმის ციხეებში გაატარა, მაგრამ წერას ციხეშიც  არ წყვეტდა და შესანიშნავი მოთხრობები შექმნა. ქართული ლიტერატურის ისტორიაში მას თავისი ადგილი მიუჩინა დრომ და მისი შემოქმედება დღესაც იქცევს ყურადღებას.

ჭოლა ლომთათიძის (1878-1915) ნაწარმოებების ორტომეული პირველად 1925 წელს დაიბეჭდა და სათანადო გამოხმაურებაც მოჰყვა. შემდეგ კი მის მიმართ ლიტერატურული კრიტიკა უფრო მეტ ყურადღებას იჩენდა. ტიციან ტაბიძეს იგი უახლეს ქართულ ლიტერატურაში ყველაზე საინტერესო ფიგურად მიაჩნდა და აოცებდა მისი პროზით მოგვრილი „ჟრუანტელი“.

ჭოლა ლომთათიძის პროზა ქართული მოდერნიზმის კონტექსტში უნდა გავიაზროთ. მისი მხატვრული შემოქმედებისთვის დამახასიათებელია: 1. ქალაქის (ურბანული გარემოს), როგორც პერსონაჟთა პიროვნული განვითარების მთავარი სივრცის ანალიზი; 2. თხრობის ექსპერიმენტულობა: ტრადიციული კომპოზიციისა და სიუჟეტური  ხაზის უარყოფა; 3. ქვეცნობიერში ჩაღრმავება – ჯოისისეული არაცნობიერის   ნაკადი; 4. თხრობაში შემოჭრილი ფიქრის ლირიკული მდინარება – პოეტური პროზა.

ჭოლა ლომთათიძის შემოქმედებაში ქალაქთან, როგორც ერთგვარ ჩაკეტილ სივრცესთან, „ქალაქ უდაბნოსთან“ (ჟან ბოდრიარი),  რომელიც ზღუდავს პიროვნების სულიერ განვითარებას, იმავდროულად, ხელს უწყობს გონებისა და ინტელექტის წინსვლას, ასოცირდება სატუსაღო, მისი ბნელი საკნების ფონზე იხატება ადამიანის გულის ჭიდილი ვნებებთან, დროსთან, საზოგადოებასთან. „ქალაქი #-იც ზღვის პირას არის გაშენებული, როგორც ჩემი საპყრობილე; იქაც ისე ვგრძნობდი თავს, როგორც სატუსაღოში და ამიტომ სწორედ ის მაგონდება ეხლა მე…“.  („საპყრობილეში“). მისი პროზის გმირი თანამედროვე ტექნიკური ცივილიზაციის შვილია, გაუცხოებული ადამიანებსა და სამყაროსთან.

ქალაქი სიმბოლოა უზნეობისა, პირუტყვული ვნებების გაშიშვლებისა. ამ ტოპოსში უფრო მეტად წარმოჩნდება ადამიანის დაუცველობა, არაფრობა,  მარტოობა, გაუცხოება. საგულისხმოა, რომ პატიმრობას მწერალი მრავალმნიშვნელოვნად გაიაზრებს: 1. როგორც კონკრეტულ საპყრობილეს – რომელშიც იტანჯება მემარცხენე პოლიტიკური იდეების ერთგული, არსებული რეჟიმის მოწინააღმდეგე; 2. ცხოვრებას, როგორც ტყვეობას; 3. სხეულს, როგორც სულის სატუსაღოს. ამგვარად, მისი მოთხრობების კონტექსტში ბუნებრივად შემოიჭრება ფილოსოფიურ-რელიგიური ასპექტები.

მოძრაობის, პროტესტის, ბრძოლის პათოსით ჭოლა ლომთათიძის გმირები მეცხრამეტე საუკუნის სამოციანელებს ემსგავსებიან. თავისუფალი ადამიანი თავისუფალ სახელმწიფოში – ეს იყო მწერლის იდეალი, რომელიც შეიძლება მხოლოდ ბრძოლით მოპოვებულიყო. პიროვნული თავისუფლების თემას უკავშირდებოდა ეროვნული თვითმყოფადობა და მორალურ-ზნეობრივი ღირებულებები. ეს  მთავარი თემებია მის შემოქმედებაში, განსაკუთრებით კი მის საუკეთესო მოთხრობებში: „თეთრი ღამე“, „ძე კაცისა“, „საპყრობილეში“, „ჩემი დღიური“, „უბის წიგნაკიდან“, „სახრჩობელას წინაშე“. მწერალს ადამიანი აინტერესებს ექსტრემალურ ვითარებაში, თუ რა არჩევანს გააკეთებს, რას დათმობს, რას უერთგულებს. ასე რომ, მწერალი ადამიანის ფსიქიკის ღრმა შრეებს გვიხატავს, ნიუანსობრივად წარმოაჩენს, რა წარმოშობს ვნებათა ქარიშხალს ადამიანის სულსა, გულსა და გონებაში. მისი გმირები ხშირად იხატებიან სიკვდილის პირისპირ დარჩენილნი, ეს მწერალს საშუალებას აძლევს მცირე დროში, მოთხრობის შეზღუდულ სივრცეში, ვერტიკალური ჩაღრმავებით, წარმოაჩინოს გმირის წარსული. თუმცა დრო მის მოთხრობებში არ არის მთლიანი, დატეხილია და ის წამიერად ერთდება გმირის სულში, რათა ისევ დაიშალოს და სხვადასხვა მიმართულებით გაიტოტოს. თხრობაც ასე მიჰყვება არა აზრის, არამედ გრძნობის მდინარებას. მისი მოთხრობების სტრუქტურა, შეიძლება ითქვას, ჯვარსახოვანია, როგორც რეზო სირაძე იტყოდა. ჯვრის ჰორიზონტალზე „განლაგებულია“ გმირის მატერიალურ ცხოვრებაში მომხდარი მოვლენები, აქ დრო ჩვეულებრივ მიედინება წარსულიდან აწმყოსა და მომავლისაკენ, ჯვრის ვერტიკალი გმირის სულიერ ცხოვრებას წარმოაჩენს. ეს ვერტიკალი ჭოლა ლომთათიძის მოთხრობებში ხშირად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჰორიზონტალი. მთავარი გმირები თითქმის ყოველთვის ტანჯული ადამიანები არიან, როგორ პოლ ვალერი იტყოდა, „თავიანთ ფიქრების ჯვარზე გაკრულნი“. ეს ადამიანები, ერთი მხრივ, იტანჯებიან კონკრეტულ დრო-სივრცეში არსებული ვითარების გამო (იგულისხმება პიროვნული, სოციალური თუ ეროვნული პრობლემები),  იმავდროულად, ზოგადსაკაცობრიო სატკივრის გამო (დროში არსებობის ტკივილი, ადამიანის სურვილთა და შესაძლებლობათა დაპირისპირება, სიკვდილის გარდუვალობა, გაუცხოება და სხვა ეგზისტენციალური თემები).

მის პროზაში წარმოსახვა და რეალობა, მატერიალური და ირაციონალური, ყოფითი და სიზმარეული, როგორც პოეზიაში, ისე გადაედინება ერთმანეთში, ხშირად ზღვრის გავლება ჭირს.

ჭოლა ლომთათიძის პროზა მოწმობს, რომ მას უყვარს და ეცოდება ადამიანი, რომლის გულშიც თანაბარი სისავსითა და ინტენსივობით ხარობს სიყვარულიცა და სიძულვილიც, რწმენაცა და ურწმუნოებაც, სიკეთეცა და ბოროტებაც. მისი მოთხრობების გმირები უმთავრესად ცხოვრებისგან დატანჯულნი არიან, რომელთაც ღრმად გაუაზრებიათ არსებობის სიმწარე და მიმხვდარან, ხსნა მხოლოდ სიყვარულშია: „ამ სტრიქონებს მე ვწერ იმათთვის, ვისაც მე ვუყვარვარ… მოხვდებათ თუ არა იმათ ხელში ეს ფურცლები? ვუყვარვარ თუ არა ვისმე მე? ან ეს სტრიქონები… უბრალო წერილებია გამწარებული ადამიანისა, რომელიც ვერ მოთავსებულა სატუსაღოს ოთხ კედელში, რომელიც ვერ შესჩვევია ტყვეობას, რომელიც მთელი არსებით ილტვის იმათკენ, ვისაც ის უყვარს…“ („თეთრი ღამე“).

ლირიკული ნაკადების სიჭარბეს კარგად იტევს დღიურის ფორმა, რომელსაც ხშირად იყენებს მწერალი. მისი გმირები, საკუთარ თავთან განმარტოებულნი, გაუცხოებულნი სამშობლოსა თუ მთელ სამყაროსთან, საკუთარ თავში ჩაკეტილნი, ქაღალდის ფურცლებს ემეგობრებიან და მას მიანდობენ თავიანთ გულისტკივილს. რევოლუციონერი ჯეირან ვარდოსანიძე („სახრჩობელას წინაშე“) პირველ პირში გადმოგვცემს, რას განიცდის სიკვდილზე ფიქრისას. ღრმა ფსიქოლოგიური ნიუანსებით არის წარმოჩენილი როგორ ენაცვლება მის გულში ერთმანეთს შიში და სიმამაცე. მოთხრობაში ერთი დღეა დილიდან საღამომდე წარმოჩენილი. თხრობა დაყოფილია საათების მიხედვით. გაღვიძებული გმირი თითქოს სულიერადაც იღვიძებს და მთელი დღის განმავლობაში ზღვის ტალღებივით იქოჩრება მის გონებაში ათასგვარი ფიქრი, წარსულის სურათები ფრაგმენტულად შემოიჭრება მის წარმოსახვაში. მწერალს ეს იმისთვის სჭირდება, რომ გმირის მგრძნობიარე ბუნება უფრო თვალნათლივ შეიგრძნოს მკითხველმა.

მიუხედავად იმისა, რომ მის ნაწარმოებებში ცხოვრების ლექი და ტალახი ჭარბად ჩანს, მაინც გამოსჭვივის სინათლის წყურვილი და იმედი. ადამიანები, მართალია, ხშირად კარგავენ წონასწორობას, სასოწარკვეთილება ეუფლებათ და ხსნის გზას ვეღარ ხედავენ, მაგრამ მაინც ცდილობენ ჭაობიდან ამოსვლას. დანია საპყრობილეაო – ამბობდა ჰამლეტი და გულისხმობდა პიროვნების ტყვეობას საზოგადოებისა, დროისა თუ გარემოებათა „საპყრობილეში“. ამგვარ ტყვეობას ხშირად განიცდიან ჭოლა ლომთათიძის პერსონაჟები. ჰამლეტივით ყოფნა-არყოფნის საკითხებზე ფიქრობენ ლომთათიძის პროზის მთავარი გმირებიც, მათაც აწუხებთ პიროვნული თავისუფლების პრობლემა: „განა ეს ქვეყნიერებაც იგივე საპყრობილე არ არის და ადამიანები იგივე მცველები არ არიან ამ ვეებერთელა საპყრობილის, რომ სიმართლესა და ჭეშმარიტებას ფეხი არ დაადგმევინონ ზედ?“ („სიცრუე“). ეს არის ფილოსოფიური დაფიქრება ცხოვრების არსზე. ადამიანი შეიძლება ციხიდან გათავისუფლდეს, მაგრამ როგორ უნდა დააღწიოს თავი, საზოგადოდ, ქვეყნიერებას, წარმავალს, მატერიალურს, ხორციელს, როგორც საპყრობილეს? ამგვარ საკითხებს მწერალი ფილოსოფიურ ჭრილში ხატავს და ჩნდება ასოციაცია პლატონისეული გამოქვაბულისაც – ადამიანები მხოლოდ გარედან შემოსულ  ჩრდილებს ხედავენ და არ შეუძლიათ  რეალობის აღქმა, ისინი „ტყვეები“ არიან.

თავისუფლების პრობლემა, როგორც აღვნიშნეთ, ამ მოთხრობების ხერხემალია.  თუ ქვეყნიერებაზე ძალადობა, სიცრუე, გაუტანლობა, სიძულვილი მეფობს, ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანი არ არის თავისუფალი. „ღვთის ხატად და მსგავსებად შექმნილ კაცს“ მხოლოდ რწმენა და სიყვარული ათავისუფლებს. „სცანით ჭეშმარიტება და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ თქვენ“ – წერია იოანეს სახარებაში. ჭოლა ლომთათიძის გმირები, უპირველესად, სწორედ ამგვარ თავისუფლებას მიესწრაფვიან, როცა ადამიანი ნამდვილად ხდება თავის გამგებელი, როდესაც მას შეუძლია დაიმორჩილოს თავისი გულისთქმები, ვნებანი, ხორციელი ლტოლვები. ამგვარი თავისუფლების მოპოვება ძნელია და მწერალი სწორედ ამ ბრძოლას ხატავს – ადამიანის გრძნობისას და გონებისას. ამ თვალსაზრისით, მისი გმირები დოსტოევსკის პერსონაჟებს ემსგავსებიან – თვითგამანადგურებელი ეჭვითა  და თვითგვემის წყურვილით შეპყრობილნი.  „სატანა ღმერთს ებრძვის, ბრძოლის ასპარეზი კი ადამიანთა გულებია“ („ძმები კარამაზოვები“). სწორედ ამგვარი ასპარეზი იხატება ამ მოთხრობებში.

ჭოლა ლომთათიძის გმირები (ჯეირან ვარდოსანიძე, მიხა მცირიშვილი, ბიქტორ აგიაშვილი…), მკითხველის წინაშე სრულიად აშიშვლებენ თავიანთ სულს, რათა ჩასწვდნენ ფესვებს, საიდანაც იბადება ბილწი ვნება, უზნეობა, სიძულვილი: „ადამიანის გულში, ისე, როგორც ბუნებაში, ათასნაირი სტიქიონური ძალები იფარავენ თავს, რომელთაც საკმაოა უცებ წამოყონ თავი – და ერთ წუთში თავდაყირა აყენებენ ყველაფერს, ნაცარტუტად აქცევენ იმას, რაც ისეთი ძლიერი და შეურყეველი გვეგონა„ („ძე კაცისა“). ეს „ჩახედვა“ სულში პიროვნებისთვის ხშირად მტკივნეულია, რადგან აღმოაჩენს, რომ შინაგანად დარღვეულია. ადამიანში ხშირად ერთმანეთს ეწინააღმდეგებიან სხვადასხვა „მე“. მწერალი ხატავს, როგორ არ ემორჩილება გმირს თავისი რომელიმე შინაგანი „მე“, რომელიც ცოდვასაც ჩაადენინებს. მაგრამ შინაგან სამყაროში ეს „ჩახედვა“ აუცილებელია სულიერი ზრდისთვის, რათა ნებისყოფით, შიშის დაძლევით ადამიანმა შეძლოს თვალის გასწორება სიძნელეებისათვის და თუ დაეცემა ამ ბრძოლაში, ღირსება მაინც შეინარჩუნოს. „მეების“ ჭიდილის ხატვით ჭოლა ლომთათიძე ეხმიანება  ფროიდის ძიებებს. მის შემოქმედებაში ლიბიდოს თემა მნიშვნელოვანია. მწერალი ცდილობს ზედმიწევნით დახატოს ამ სხვადასხვა „მეთა“ ბუნება და ძირისძირამდე ჩასწვდეს ადამიანის სულს: „გიორგის გულში ზის კიდევ ადამიანი, ნამდვილი გიორგი, რომელიც დიდი ცნობისმოყვარეობით დასეირნობს მის გულში და სწავლობს ყველაფერს, ათვალიერებს, სინჯავს, იმახსოვრებს. ბიჭო, და ეს რამდენი კაცი ვარ მე?“ („ძე კაცისა“). მწერალი დამაჯერებლად აღწერს სიკვდილის პირისპირ მდგარ ადამიანებს, მათ შინაგან ბრძოლას, ხატოვნად წარმოაჩენს სიკვდილის შემაძრწუნებლად გულგრილ სახეს: „და მოდის სიკვდილი, შავი, ახმახი ბებერი, რომელიც წარსულსაც დასცინის და მომავალსაც, რომელიც ყველაფერს ნთქავს და ინელებს, დედის ცრემლებსა და ჯალათის ხორცს, შეყვარებულის ალერსსა და ჯაშუშის თვალებს“ („სახრჩობელას წინაშე“). მწერლის აზრით, დროც თავისი არსით სიკვდილს ენათესავება: „მიდის დრო, მიდის დრო, მიდის დრო! ის ყლაპავს სიყვარულსა და სიძულვილს, სიხარულსა და მწუხარებას, გულგრილი და გულქვა, ის ერთნაირად უცქერის ავსა და კარგს, დინჯად, გულდამშვიდებით კაფავს ყველაფერს და მიდის წინ, მიდის შეუჩერებლად უხმო, უსიტყვო და უკვალო, ყრუ და მუნჯი, უგრძნობი და შეუბრალებელი“ („სახრჩობელას წინაშე“).

მის მოთხრობებში ხსნის სხვადასხვა გზის ძიებაა წარმოჩენილი.  მისი გმირები, ხშირად დაცემულნი და უსასონი, მაინც იკრებენ ძალებს. მწერალი ხატავს უკიდურესი სასოწარკვეთილების, სიკვდილის პირისპირ დგომისას, როგორ იღვიძებს ადამიანში რწმენის წყურვილი: „უთვალავმა ვარსკვლავებმა გამიღიმეს, ციმციმით მანიშნეს – მელოცა. აურაცხელი თვალებით მიცქერდა ზეცა და მაიმედებდა. მიცქერდა ზეციდან ანგელოზთა გუნდი, ჩვენ რომ ვარსკვლავებს ვეძახით“ („სახრჩობელას წინაშე“). ფარისევლური რწმენა იხატება მოთხრობაში „დავითი“. დირექტორი მოსწავლეებს ქრისტეზე ელაპარაკება, ამ დროს კი მისი უსულგულობისა და სისასტიკის გამო გაყინული დარაჯი ასვენია იმავე სკოლის ეზოში. ხსნის გზას ჭოლა ლომთათიძის გმირები სიყვარულშიც ხედავენ. მწერალი მხატვრულად წარმოაჩენს მის უხილავ შრეებს, ცდილობს, შეაღწიოს არაცნობიერში და ზედაპირზე ამოწეროს ცალკეულ ლტოლვათა მიზეზები. ეროსი და თანატოსი მის პროზაშიც განუყოფელია. მწერალი ეხმიანება ორ დიდ მოაზროვნესა და მწერალს: ნიცშესა და დოსტოევსკის. მათსავით წარმოაჩენს, როგორ ებრძვიან ადამიანის არსებაში ერთმანეთს მიწიერი და ღვთაებრივი გრძნობები. მწერალი ცდილობდა მკითხველისთვის შთამბეჭდავად დაენახვებინა ნამდვილი სიყვარულის არსი. მისი აზრით, ჭკუა უგულოდ არაფრის მაქნისი იყო: „ვინ უნდა წააქეზოს გონება, თუ არა გულმა, ვინ მისცეს სისხლი მკლავებს გონების გადაწყვეტილების სისრულეში მოსაყვანად? …უგულო ცხოვრება – ეს მანქანად გადაქცევაა“ („შეყვარებული“). იგი ხატავს, რას განიცდის შეყვარებული, რა ანიჭებს ბედნიერებას, როგორ იცვლება სასიკეთოდ ტანჯული ცხოვრება მისთვის, ვის გულშიც სიყვარულის სხივები შეაღწევს, როგორ ენთება ცეცხლი, რომელსაც სხვების გათბობაც შეუძლია. სიყვარულით სავსე ადამიანი მეტი ძალითა და ენერგიით მიისწრაფვის გამარჯვებისკენ, ნაკლებად ეშინია დაბრკოლებებისა და ხიფათებისა, მეტი რწმენა აქვს გამარჯვებისა, მეტი თანაგრძნობისა და სიბრალულის უნარი აქვს, მეტად შეიგრძნობს სიცოცხლის სილამაზეს. ერთ მოთხრობაში პერსონაჟი აღწერს ქალის სიმღერას და ნეტარებას განიცდის, თითქოს რაღაც საიდუმლოს კარი გაეღო და ზეციურ ქმნილებებს დაუწყო ჭვრეტა, მაშინ იფიქრა: „სიმართლის დასაცავად თოფითა და ჯარისკაცებით კი არ უნდა მივდიოდეთ, არამედ ქალის სიმღერითა და ჩონგურით-მეთქი“ („შეყვარებული“). მწერალს სჯეროდა ხელოვნების ძალმოსილებისა და სწორედ იგი მიაჩნდა საყოველთაო მშვიდობისა და ჰარმონიის დამკვიდრების მთავარ „იარაღად“.

ადამიანის ბუნება და ხასიათი ხომ განსაკუთრებულ ვითარებებში უკეთესად წარმოჩნდება. სწორედ ასეთ მძაფრ სიტუაციებში ხატავს მწერალი გმირის განცდებს. რას ფიქრობს და განიცდის იგი დამცირებისა და შეურაცხყოფის, ღალატის დროს („საპყრობილეში“; „თეთრი ღამე“, „უბის წიგნაკიდან“), როგორ მძლავრობს თვითგადარჩენის ინსტინქტი და რას აფიქრებინებს, თუ ჩაადენინებს ადამიანს გადარჩენის სურვილი („სახრჩობელის წინაშე“). მწერლისთვის მთავარი იყო, ადამიანი სხეულზე მეტად სულს გაფრთხილებოდა.  მისთვის პოეზიაც სულიერი ხსნის ერთ-ერთი გზაა, ამიტომაც მთავარი გმირები, მისი ალტერ ეგოები, ხშირად იმოწმებენ ლექსებს. ჭოლა ლომთათიძეს უყვარდა სიცოცხლე და გამუდმებით ცდილობდა მშვენიერების დანახვასა და აღწერას. მასაც სწამდა ბარათაშვილივით, რომ „არს ენა რამ საიდუმლო უასაკოთ და უსულთ შორის / და უცხოველეს სხვათა ენათა არს მნიშვნელობა მათის საუბრის“.  ამიტომაც ხატავს სინათლითა და ჰაერით გაჟღენთილ პეიზაჟებს. „საპყრობილის“ ერთი გმირი ოცნებობს: „წავალ უღრან ტყეში, წავალ შორს, მოვნახავ დაბურულ ალაგს, სადაც მხოლოდ ზეცა მოჩანს, გამოვარჩევ უზარმაზარ ხეს და იმის ძირში მოვღობავ ქოხს და იქ დავბინავდები… ათასი წელი რომ გავძლო, ერთხელაც არ ამოვიღებ ხმას… ხოლო როცა ვარსკვლავებით მოჭედილ ცას დავინახავ, ვარსკვლავებს გავუღიმებ… და დავუგდებ ყურს ტყის დუმილს…“. მისი აზრით, საშინელებაა, როცა „არ შეგიძლია იხილო სავსებით დიდებული გუმბათი იმ ტაძრისა, რომელზედაც ჩვენ ვცხოვრობთ და ვიტანჯებით, დიდი დანაკლისია, როცა არ შეგიძლია იხილო ვარსკვლავებით მოჭედილი ზეცა“ („უსათაურო“).

მწერალი არ ერიდებოდა, კრიტიკულად წარმოეჩინა ქართველთა პირფერობა, მლიქვნელობა, მომაკვდინებელი თვითკმაყოფილება და მოჩვენებითი ღვთისმოსაობა. მოთხრობაში „ცხოვრების გულიდან“ იგი ტკივილიანი ირონიით აღნიშნავს: „აბა, როგორ შეიძლება, რომ გამაძღარმა ქართველმა ბედის უკმაყოფილება იგრძნოსო“ ან კიდევ: „ქართული პატრიოტიზმი ხომ ღვინიან ჭიქაშიაო“. ყურადღებას იქცევს ისიც, რომ იგი ხშირად პერსონაჟთა გვარ-სახელებს მხატვრულ ფუნქციას ანიჭებს (მაგალითად, პერსონაჟი, რომელიც  არად აგდებს ერის ბედ-იღბალსა თუ მორალურ ღირებულებებს, ივანე გულგრილაძეა). ამ შემთხვევაში, იგი აგრძელებს ხალხოსან მწერალთა ტრადიციას, განსაკუთრებით, ეგნატე ნინოშვილისას, რომლის ერთი პერსონაჟის სახელი ფსევდონიმადაც ჰქონდა აღებული (სპირიდონ მცირიშვილი „ჩვენი დროის რაინდი“). მწერალი კმაყოფილებას კაცობრიობის წელკავად, კეთილშობილი გულების მოსისხლე მტრად, „სატანის შვილად, შავ ძალთა მიერ ამქვეყნად ღვთის მცნების – სიყვარულის – შესამუსრავად წარმოგზავნილად“ მიიჩნევდა.  ამ თვალსაზრისით, ილია ჭავჭავაძეს ეხმიანებოდა, რომელიც კმაყოფილებას ცხოვრების შემაფერხებლად მიიჩნევდა („კაცია-ადამიანი?!“).  იგიც ილიასავით მომხრე იყო არა ლამაზი, არამედ საქმიანი სიტყვებისა, რომელთაც მოჰყვებოდა „მსხვერპლი“. ეს კი გულისხმობდა მუდმივ სულიერსა თუ ფიზიკურ ღვაწლს დაცემულის ფეხზე წამოსაყენებლად, უნუგეშოს დასაიმედებლად, თავისუფლების მოსაპოვებლად.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...