სამშაბათი, ივლისი 1, 2025
1 ივლისი, სამშაბათი, 2025

სანამ გარეთ პანდემია მძვინვარებს… Rorochan_1999

0

რაც პანდემია დაგვატყდა თავს, მერვე სართულზე გამოვიკეტეთ: მე და ბავშვები. დღეები რუტინად იქცა, ხედი გაიყინა, ნაცრისფერი კორპუსები მიშენებული აივნებითა და ჭრელა-ჭრულა, გასაშრობად გამოკიდებული, ქარისგან მოფრიალე კაბებითა და ზეწრებით ღამღამობით ინთებიან და სიმშვიდე მოაქვთ. ჰაერს აივანზე ვსუნთქავთ, რიგრიგობით გავდივართ: მე, ჩემი შვილები, მეუღლე და კატა. ყველა რომ ერთად გავიდეთ, არც ადგილი გვეყოფა და არც ჰაერი.

ჰოდა ასე გამოკიდებული ცასა და მიწას შორის ვეწაფებით განათლებასა და სამსახურებს, რა თქმა უნდა, დისტანციურად, აბა სხვანაირად როგორ. დისტანციური, ზუმი, თიმსი, ჩართვა, გამორთვა, მითინგი – რაღაცნაირი ბასრი სიტყვები შემოიჭრნენ ჩვენს ცხოვრებაში და თბილად მოკალათდნენ ყოველდღიურ ლექსიკაში. ეს სიტყვებიც კორონას ვირუსს ჰგვანან,  აგრესიული არიან, არჩევანს არ გვიტოვებენ, ჩვენთან ცხოვრებას იწყებენ, ისე, რომ მოპატიჟებას არ უცდიან.

შიში და შფოთვა ჩვეულებრივი, ყოველდღიური გრძნობები გახდა ჩემს ცხოვრებაში. საკუთარ თავზე მეტად, ახლობელ ადამიანებზე მედარდება, ისინი იყვნენ მშვიდად.

არჩევნის თავისუფლება, მგონია, რომ წარსულს ჩაჰბარდა, ისე გვიწევს ტექნოლოგიების გამოყენება, არც კი ვფიქრობთ, გვინდა თუ არა, გვაქვს თუ არა გაჯეტების განწყობა, ონლაინჩართვისთვის მზაობა. ასე მგონია, რომ სერიალ „შავი სარკის“ ახალი სეზონის რომელიღაცა სერიის მონაწილე ვართ, სრულიად განსხვავებულ რეალობაში ვცხოვრობთ. ჩემს სამსახურეობრივ შეხვედრაზე დაბნეული მსმენელები ახალ შეხვედრას იწყებენ და ვერ მპოულობენ, ან რომელიმე გზააბნეული მსმენელი შემოეხეტება და იტყვის, უკაცრავად მე სხვა შეხვედრას დავეძებდიო. ჰოდა ასე დავიკარგეთ ინტერნეტის ქსელის მოლურჯო მოიისფერო ნათებაში, ვირუსისგან შეშინებულმა, ოცდამეერთე საუკუნის კაცობრიობამ ტკბილი სახლები თავშესაფრებად ვაქციეთ, სპირტებით, ნიღბებით აღვიჭურვეთ, ჩავიკეტეთ, განვმარტოვდით და ჩვენი ვნებების, სურვილების, საჭიროებების დასაკმაყოფილებლად ვირტუალურ სამყაროს მივაწყდით, ის დაგვრჩა ერთადერთ ნუგეშად, სადაც კოვიდი ვერ გავრცელდება.

ჩავიკეტეთ და ჩავკეტეთ ბავშვებიც, თინეიჯერებიც, ჩვილებიც. ასეა საჭირო, პირველ რიგში მათი უსაფრთხოებისთვის. განსაკუთრებით თინეიჯერებს გაუჭირდათ, ლამაზ-ლამაზი, ფერად-ფერადი ტანსაცმელი მიავიწყდათ, ჩანთები მიყარეს, მოკალათდნენ სავარძლებში და ისინიც შვებისთვის ინტერნეტს მიაწყდნენ, ინტერნეტს, რომელიც ისედაც ჭარბად იყო მათ ცხოვრებაში.

კორონამ მოიტანა, რომ აღმოჩენები გავაკეთე – თინეიჯერები, იმაზე მეტს იღებენ ინტერნეტისგან და გაჯეტებისგან, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია. ფაქტობრივად, ის მათ ხელში ისეთივე ინსტრუმენტი და იარაღია, როგორიც ოდესღაც პირველი წიგნი იყო ადამიანის ხელში. ეს თაობა ძალიან განსხვავდება ჩვენი თაობისგან,  უზარმაზარ ინფორმაციაზე მოუწვდებათ ხელი – გვინდა, არგვინდა. ეს კი ცვლის ადამიანს, შესაძლოა უფრო სკეპტიკური და პრაქტიკული გახადოს, შესაძლოა უფრო ფრთხილიცა და ცოტათი მშიშარაც.

ინტერნეტი შესაძლოა მათ ხელში საშიშ იარაღად იქცეს და საკუთარ თავს გამოუსწორებელი ზიანი მიაყენონ. მაგრამ თუ ამ დროს დამნაშავის ძიებას დავიწყებთ, აუცილებლად მშობელთან მივალთ.

იმიტომ, რომ თუკი მოზარდი გულნატკენი და ნაწყენია, გაბრაზებულია სამყაროზე, ის აუცილებლად ინტერნეტის ქსელებში დაიწყებს ნუგეშის ძიებას, ბრაზს მაინც გამოხატავს სხვა თუ არაფერი და ეს ბრაზი შესაძლოა სტიქიად იქცეს. სტიქიებმა კი როგორი მოვარდნები იციან და რა შედეგები მოჰყვებათ ხოლმე – გვეცოდინება.

ჩემი შვილი, თეკლა მიჰყვება ერთ პატარა გოგონაზე როროჩანზე. როროჩანი იაპონელი, 14 წლის თინეიჯერი  ყოფილა, სოციალურ ქსელში სახელით – Rorochan_1999.

მოზარდებში ძალიან პოპულარული როროჩანი შემოქმედი იყო, შესანიშნავად უკრავდა პიანინოზე. თუმცა… და აქ იწყება მისი ისტორიის გასაოცარი და იდუმალი ნაწილი: ის სულ წერდა მშობლების სიმკაცრეზე, მათ მიერ ფიზიკურ ძალადობაზე, მარტოობაზე, სევდაზე, სიკვდილზე.

ტელეფონით იღებდა ვიდეოებს, თუ როგორ დაჰქროდა მაღალი სახლების სახურავებზე, მაღალი სისწრაფით მოძრავი მანქანებიან ტრასებზე. ამ ყველაფერს კი სოციალურ ქსელში აზიარებდა და მისი ეს სწრაფვა – საკუთარი თავის განადგურებისა, სხვა მოზარდებში მოწონებასა და აღფრთოვანებას იწვევდა.

როროჩანის ცხოვრების ბნელ მხარეზე ბევრს საუბრობდნენ. არავის უნახავს ის როგორ გამოიყურებოდა – მხოლოდ მისი ავატარი იციან, საყვარელი ანიმეს გმირი პერსონაჟი, არ იცოდნენ მისი ნამდვილი სახელი და გვარი.

როროჩანმა საბოლოოდ გადაწყვიტა თავი მოეკლა. პირდაპირი ჩართვა მაღალი კორპუსის სახურავიდან, გოგონას ტელეფონით. ვარდება როროჩანი და მისი განადგურების ვირტუალური დამსწრეები სხვა მოზარდები არიან.

აი, ასე გოგონა განადგურდა. უნდოდა, ლეგენდად ქცეულიყოო. მასზე სიმღერა დაწერეს და კლიპიც გადაიღეს. ბევრი ისაუბრეს, თეორიებიც შექმნეს.

მოზარდები როროჩანზე ბევრს ფიქრობენ, გულში მოსწონთ კიდეც.

მე ეს მაღელვებს, ძალიან მაღელვებს.

თეკლა მიხსნის, რომ ფანები ჰყავს. რომ ყველაფერში დამნაშავე მისი მშობლები არიან, სულ ცოტა ყურადღება, სულ ცოტა სიყვარული – იქნებ ასე არ მომხდარიყო.

მე მის ფანებზეც ვფიქრობ და მათზეც, რომლებმაც ეს მძიმე ამბავი საკუთარი თვალით იხილეს. როგორ დააზიანებდა ეს მათ ფსიქიკას, როგორ შეუცვლიდა  ხედვას, ცხოვრებასაც, შესაძლოა.

ერთი კითხვა არ მასვენებს, რატომ არ აღმოჩნდა როროჩანის გვერდით არავინ, ვინც მას შეაჩერებდა, ვისაც ამ სევდიან სტატუსებზე რეაგირება ექნებოდა და ეტყოდა, კარგი რაა შეწყვიტე, ან ფსიქოლოგს შეახვედრებდა, ან მშობლებს დაელაპარაკებოდა ან, ან….

სოციალურ ქსელებში მასწავლებლებისა და მოსწავლეების მეგობრობაზეც უნდა ვთქვა. ამ მხრივ ორი აზრია: რატომ უნდა იმეგობრონ, ან არ იმეგობრონ. ფიქრობენ, რომ ერთმანეთის პირადი სივრცე არ უნდა დაარღვიონ, რომ მასწავლებლის მიერ გაზიარებულმა ინფორმაციამ ან ნებისმიერმა რამ შესაძლოა მისი ავტორიტეტი შეარყიოს ან მკვეთრად გამოხატულმა პოლიტიკურმა სიმპათიებმა ნდობა დაუკარგოს, ან რელიგიურმა განცხადებებმა გამოიწვიოს გაუგებრობა და ასე შემდეგ.

თუმცა როროჩანს რომ მეგობრებში მასწავლებელი ჰყოლოდა, ის აუცილებლად შეამჩნევდა გოგონას  განწყობებს და იქნებ დახმარებოდა.

ეს, რა თქმა უნდა, ილუზია და ოცნებაა.

მაგრამ, მაინც – ჩემს მოსწავლეებს ყოველთვის მე ვიმატებ, რადგან, იქნებ ოდესმე დავჭირდე.

ჰოდა, ახლა, როცა ჩვენი თინეიჯერი შვილები კიდევ უფრო ჩაყურყმელავდნენ ინტერნეტის ქსელის უძირო ჭაში, სადაც ბნელი კუნჭულებიდან სხვადასხვა ცდუნება და საფრთხე იმზირება, რაც შეიძლება ბევრი, მომაბეზრებლადაც ბევრი ესაუბრეთ მათ, გაეხსენით რომ გაგეხსნან ისინი, რომ თავად გაუჩნდეთ სურვილი მოგიყვნენ რას უყურებენ და კითხულობენ, რას გრძნობენ და განიცდიან, ვინ ჰყავთ მეგობრები და ვის აღმერთებენ. თუკი ისინი გეტყვიან რომ არ სცალიათ, არ აქვთ სათქმელი, კარსაც თუ მოგიკეტავენ, არ დანებდეთ, იყავით მომაბეზრებელი, მაგრამ მშვიდი, მეგობრული და ხანდახან სასაცილოც. რომ ერთხელაც თქვან: კარგი ჰო, გეტყვი და დაიწყონ.

ასე დაიწყო თეკლამაც როროჩანზე მოყოლა. მართალი გითხრათ შევშინდი, შევშფოთდი, მაგრამ ამიხსნა და დამამშვიდა, მისთვის სუიციდი მიუღებელია. ეს გოგონა მასზე შექმნილი სიმღერის წყალობით აღმოუჩენია  და გულთან მიუტანია მთელი ეს ისტორია.

მოკლედ, სანამ გარეთ პანდემია მძვინვარებს, ჩვენ სახლში, ჩვენი შვილების ყველაზე ახლო მეგობრებად უნდა ვიქცეთ, სხვა გზა არ არის.

 

 

 

როგორი არ უნდა იყოს ლიტერატურის მასწავლებელი

0

(ჯონ აპდაიკის მოთხრობის მიხედვით)

 

დისტანციურმა სწავლებამ და ტელესკოლის პროექტმა უამრავი საფიქრალიც გაგვიჩინა, ფერადი ამბებითაც გაამდიდრა ჩვენი საგანმანათლებლო სივრცე, ბევრი უკმაყოფილება და პრეტენზიაც გაჩნდა, როგორც ხდება ხოლმე ყოველი ცოცხალი და მასშტაბური პროექტის ფარგლებში და მაინც… ტელესკოლა არის და დარჩება ჩვენი განათლების აქტუალურ და სასარგებლო პროდუქტად.

ტელესკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის ჯგუფს ჰყავს არაჩვეულებრივი ლექტორი  გია მურღულია, რომელიც, გარდა საინტერესო ლექციებისა, მრავალფეროვან რესურსებსაც გვიზიარებს ხოლმე. მის პროექტებს შორის უაღრესად აქტუალურია „მცირე პროზის“ სერიით მომზადებული მსოფლიო მწერლობის რჩეული მოთხრობების კრებული, თანდართული ავტორთა ბიოგრაფიებითა და გონებამახვილური გზამკვლევებით. თითქმის ყოველდღე ბატონი გია ტელესკოლის ჯგუფში დებს ხოლმე მოთხრობებს. ქართულის მასწავლებლებს ვურჩევ, ეს რესურსი აქტიურად გამოიყენონ, რადგან რამდენჯერაც მოვსინჯე ჩემს მოსწავლეებთან ამ მოთხრობების განხილვა, ყოველთვის ინტერესმა მოლოდინს გადააჭარბა. ბატონ გიას საგანგებოდ აქვს შერჩეული ტექსტები, რომლებიც ფიქრის, თანაგანცდის, ძიების, ტექსტებზე დაკვირვებისა და ლიტერატურული კვლევების მაპროვოცირებელია.

ამჯერად ყურადღებას შევაჩერებთ ამ სერიის ერთ ნაწარმოებზე – XX-XXI საუკუნეების ამერიკული ლიტერატურის კლასიკოსის, ჯონ აპდაიკის მოთხრობაზე „ხვალ, ხვალ და კიდევ ხვალ“.

მოთხრობის ფაბულა ასეთია:  პროფესორი მარკ პროსერი ამერიკული კოლეჯის მეთერთმეტე კლასის ლიტერატურის მასწავლებელია. მიუხედავად იმისა, რომ უკვე მესამე წელია აწავლის, მოზარდებისა მაინც ვერაფერი გაუგია, აშფოთებს მათი უმართავი ქცევა და უმწეოა მათ წინაშე. „რა ეგენი და რა მგრძნობიარე ცხოველები. ჰაერის პატარა ცვალებადობა და უკვე კარგი ბარომეტრივით არიან მომართულები“, – ფიქრობს ის. მაგალითად, ბრუტ იანგსა და ბარი სნაიდერს ლიტერატურის გაკვეთილი და პროფესორი პროსერი სულაც არ ანაღვლებთ. ხმაურით შედიან კალსში. ბრუტი სკოლის ყოჩია, ხოლო პატარა ბარის მასთან სიახლოვე და საიდუმლოს გაზიარება ეამაყება. შექსპირის პიესისთვის სულაც არ სცხელა. მასწავლებელი ამჩნევს, რომ საუკეთესო მოსწავლის, ჯეფრი ლანგერის პერანგი ვიღაცას დაუთრევია. ჯეფრი მუდამ მასწავლებლის კეთილგანწყობის მოპოვებას ცდილობს მლიქვნელურად. მასწავლებელს ყურადღება გაფაციცებული აქვს გლორია ანგსტორმისკენ და ფიქრობს, ნეტა ის დღესაც უსახელო მოვარდისფრო-ქარვისფერი სვიტერით გამოჩნდება? უცნაურია, მაგრამ მასწავლებლის მეხსიერებას არ შორდება გოგონას „ნატიფი, სალუქი მკლავები, რომლებიც მისთვის ისეთივე ვნების აღმძვრელი იყო, როგორც სიყვარულით მთვრალი ნებიერი ქალის სხეული“. აი, გამოჩნდა კიდეც საოცნებო სვიტერი, მაგრამ გოგონას მთელი ყურადღება წითური პიტერ ფორსტერისკენაა, რომელიც თავგამოდებით ცდილობს მის გაცინებას და გამოსდის კიდეც, რაც მასწავლებელს ამ ბიჭის წინააღმდეგ განაწყობს. მწერალი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მარკს თავად თმა წაბლისფერი ჰქონდა და წითური კაცები ყოველთვის სძულდა. მასწავლებელმა ბიჭზე იმით იძია შური, რომ შექსპირის „მაკბეტიდან“ პირველი კითხვა პიტერს დაუსვა: ,,იქნებ აგეხსნათ ამ სიტყვების ზუსტი მნიშვნელობა – ხვალე ხვალს მოსდევს და წვრილ ნაბიჯით დღე დღის უკან მიიზლაზნება!” პიტერი გონებამახვილი ბიჭი იყო, თუმცა მასწავლებელმა გააბიაბრუა მისი მსჯელობები.

პროსერის პრობლემას ავტორი ასე გადმოსცემს: „რამდენჯერ მიუხარებიათ მისთვის კოლეგებს – ბავშვები მასხრად გიგდებენ და შენი გულმავიწყობით მარჯვედ სარგებლობენო“. ნაცვლად იმისა, რომ მასწავლებელს „მაკბეტიდან“ მოსწავლეთათვის გაუგებარი საკითხები აეხსნა და დისკუსია გაემართა, დაიწყო ზოგადი მსჯელობები შექსპირის მთელი შემოქმედების გარშემო და მის სხვა ნაწარმოებს მიადგა. ,,შექსპირის ბოლო პიესა მეტად უჩვეულოა. ჩვენ მას ,,ქარიშხლის” სახელწოდებით ვიცნობთ. შემდეგი სემინარი 10 მაისსა გვაქვს. იქნებ ზოგი დაინტერესდეს და წაიკითხოს. პიესა დიდი არაა”, – გამოაცხადა უგულოდ მასწავლებელმა. მან არ იცოდა, რა უნდა ეკეთებინა დარჩენილ დროში. ამ დროს ერთი გოგონა პომადას ისმევდა, კლასი განცხრომაში იყო, ბარი სნაიდერი დაფასთან მაიმუნობდა, პოლონელ სიჯეკს, ღამის ცვლაში ნამუშევარსა და გამოუძინებელს,  ბოლო მერხზე ეძინა. უფუნქციოდ დარჩენილი მასწავლებელი ისევ წითურს მიუბრუნდა, რომელიც გულწრფელად გამოუტყდა, რომ მონოლოგი ვერ გაიგო და მისი ახსნა სთხოვა. მარკმა კი მიუგო, რომ პასუხი თავადაც არ ჰქონდა და ახსნას პიტერისგან მოელოდა. კლასში მასწავლებლის უვიცობით გამოწვეული დამცინავი კმაყოფილება გაკრთა. უადგილო იყო მასწავლებლის სიტყვები: „პოეზია არითმეტიკა არ არის. აქ ვერცერთ ზუსტ პასუხს ვერ ნახავთ. არ მინდა საკუთარი აზრები თავს მოგახვიოთ. ამისათვის როდი ვარ აქ!“

  • ,,მაშ, რისთვისა ხარ აქ?” – თითქოს ჰაერში თავისთავად ისმოდა ეს კითხვა.

მასწავლებელმა იეღოვას მოწმე ტერეზას მიმართა კითხვით. გოგონამ უპასუხა, რომ მაკბეტის მონოლოგი ღრუბლების ჩრდილს აგონებდა. მლიქვნელმა ჯეფრი ლანგერმა ტერეზას დასცინა. მასწავლებელს რეაქცია არ ჰქონია. ის მიუბრუნდა გლორია ანგსტორმს, რომლისთვისაც არადამაჯერებელია შექსპირის გმირი. გოგონას უკვირს, როგორ შეეძლო ომის ქარცეცხლში გახვეულ დაქვრივებულ დედოფალს არტისტული მონოლოგების წარმოთქმა, რაზეც პროსერს პასუხი ისევ და ისევ არ აქვს. მოცემულ ეპიზოდში ნათლად ჩანს მასწავლებლის კომპლექსები და მისი გროტესკული მდგომარეობა: „მარკს თითქოს ბზიკმა უკბინაო, ისე შეხტა. რა საშინელი სიცხადით ხედავდნენ ახლა მას მოსწავლეები, რა სასაცილო იყო მათ თვალში – ცარციანი ხელები, მასიურსათვალიანი ოფოფა, ,,ლიტერატურით” გასიებული თავისი თავი ნათლად დაუდგა თვალწინ… მიხვდა, ბავშვებმა დიდსულოვნად შეიბრალეს. ო, რა აუტანელი იყო მათი სიკეთე, რა შიშისმომგვრელი – მათი თავშეკავება, რწმენა. მაინც როგორ მოითმინეს და კლასიდან სიცილით არ მიაბრძანეს!“

უფუნქციოდ დარჩენილმა მასწავლებელმა საზეპირო გამოჰკითხა ბერნარდ ემილსონს, რომელსაც ცუდი მეტყველება ჰქონდა, მაგრამ პროსერი მაინც ფრიადებს უწერდა, რაც ბავშვების თვალში მის ობიექტურობას ეჭვქვეშ აყენებდა.

უცებ მასწავლებელმა შენიშნა, რომ გლორია ანგსტორმი პიტერ ფორსტერს წერილს აწვდიდა, გოგონას ნაზი მაჯა დაუჭირა და წერილი წაართვა. ,,მე მგონი, ცდები. ბატონი პროსერი შესანიშნავი კაცია და საინტერესო რაღაცებსაც გვასწავლის. პოეზია ხომ ნეტარებაა მისთვის. იცი, მიყვარს, გეუბნები, მართლა მიყვარს, კი, ასეა”, – წერდა გლორია. მარკმა წერილი ჯიბეში ჩაიდო და გოგონას გაკვეთილების შემდეგ დარჩენა სთხოვა. პროსერმა გლორია სისულელეში დაადანაშაულა, ხოლო მასწავლებლისადმი მის სიყვარულთან დაკავშირებით წარმოთქვა სრულიად უადგილო ტირადა სიტყვა „სიყვარულის“ გაუფასურებაზე. ის გლორიას გამოუტყდა, რომ მის ასაკში ჯეფრი ლანგერს ჰგავდა, რაც დაუჯერებელი იყო გოგონასთვის. გლორია ტიროდა.

გოგონას წასვლის შემდეგ პროსერმა ფიზკულტურის მასწავლებელ დეივ სტრანქისგან შეიტყო, რომ გლორია მერკ მერჩინსონზე იყო შეყვარებული. ამ ამბავმა პროსერი გააღიაზიანა, დეივს უთხრა, რომ ქალაქში ცოლი ელოდებოდა და თავიდან მოიშორა. დარწმუნებული იყო, რომ გლორია ანგსტორმს მასზე გულწრფელად ეტირებოდა.

მართალია, მოთხრობის ფაბულის გადმოცემა გაგვიგრძელდა, მაგრამ შევეცადეთ საგანგებოდ გამოგვეკვეთა დეტალები, სადაც მასწავლებლის „არამასწავლებლური“ ქცევები ნათლად იკითხება.

  1. მარკ პროსერი ვერ ახერხებს კლასში თანამშრომლობასა და კეთილგანწყობაზე დაფუძნებული გარემოს უზრუნველყოფას. მას არ ესმის თავისი მოსწავლეებისა, სრულიად გაუცხოებულია.
  2. მასწავლებელს აკლია ტოლერანტობა და ჰუმანიზმი. მას აღიზიანებს განსხვავებული ადამიანები. თავად წაბლისფერთმიანია და წითურები სძულს, რაც ნებისმიერი პროფესიის ადამიანისგან მიუღებელია, ხოლო მასწავლებლის მსგავსი დამოკიდებულება კატეგორიულად დაუშვებელია. ავტორი ხაზს უსვამს, რომ განსხვავებული რელიგიური მრწამსის მოსწავლის მიმართ კლასში შეუფარავი ბულინგის ფაქტი გამოვლინდა და მას ამაზე რეაქციაც არ აქვს.
  3. დანაშაულებრივია მასწავლებლის სექსუალური ლტოლვა მოსწავლისადმი, რასაც გლორიასადმი პროსერის დამოკიდებულება ნათლად ამჟღავნებს. პედოფილია უმძიმესი დანაშაულია.
  4. გარდა ღირებულებების დევალვაციისა, მასწავლებელს პედაგოგიური კომპეტენციის პრობლემაც აქვს – გაკვეთილის არაორგანიზებულობა და დაუგეგმაობა მოსწავლეების თვალში მის კომპრომეტაციას იწვევს, ხოლო როცა მოსწავლეთა ნდობა იკარგება, მასწავლებელი სრულიად ამოვარდნილია სწავლა-სწავლების პოზიტიური კონტექსტიდან.
  5. ვფიქრობ, ერთ-ერთი მთავარი თვისება მასწავლებლისა უნდა იყოს გაკვეთილის დინამიკურად წარმართვისა და ლიდერობის უნარი, რისგანაც მარკ პროსერი დაცლილია.
  6. საგნობრივი კომპეტენციის ფლობა უცილობლად ითვალისწინებს მასალის ნათლად ახსნისა და გადაცემის კომპლექსურ უნარებს. სასწავლო მასალის გადამუშავება და მიწოდება მასწავლებელმა უნდა შეძლოს მაქსიმალურად ეფექტურად, მოახერხოს ცოდნის რეფლექსირება, ინდუქცია და დედუქცია, რათა სასწავლი თემა მრავალმხრივ დაანახოს მოსწავლეებს, თუმცა ჩვენი გმირის შემთხვევაში ვხედავთ, რომ ზოგადი, უსაგნო მსჯელობები და მასალის აუხსნელად მიცემა მასაც და კლასსაც ცუდ მდგომარეობაში აყენებს.
  7. შესაძლოა, ის კარგი ლიტერატორია და საკმარისზე მეტ ცოდნას ფლობს, არ აკლია განათლება, თუმცა, ამის მიუხედავად, ამჟღავნებს უვიცობას, რადგან მოსწავლეთა არცერთ კითხვაზე პასუხი არ აქვს, კითხვას კითხვითვე უბრუნებს ბავშვებს და შემოიფარგლება მორალისტური შეგონებებით ლიტერატურის ბუნებაზე.
  8. ასევე აბსურდულია მოსწავლეთა ცოდნის შემოწმება საზეპიროების მოთხოვნით, ანალიტიკური უნარების ფაქტობრივი ცოდნით ჩანაცვლება, რაც არაფრისმომცემია მოსწავლეთა განვითარებისთვის, ამასთანავე, უინტერესოა მოსასმენად, განსაკუთრებით – მხატვრული ლიტერტურის სწავლების პროცესში.
  9. პროსერის მორიგი „აქილევსის ქუსლია“ შეფასება, რადგან არაადეკვატური და არაობიექტური შეფასების თუნდაც ერთი მაგალითი სერიოზულად აზიანებს მასწავლებლის რეპუტაციას, მისადმი მოსწავლეთა ნდობა იკარგება. ის ვერც გამოსადეგ განმავითარებელ შეფასებას სთავაზობს მოსწავლეებს და მისი დაწერილი ქულაც კითხვის ნიშნებს ბადებს.

ჯონ აპდაიკი უაღრესად საინტერესო და მარად თანამედროვე მწერალია. ის ღრმად წვდება პერსონაჟის ფსიქოპორტრეტს, დამაჯერებლად ახერხებს პროტაგონისტის უღრმესი სულიერი ძვრების დემონსტრირებას მკითხველის წინაშე. მისთვის დამახასიათებელია რეალობის შეულამაზებლად წარმოჩენა, ადამიანური ვნებების კრიტიკული აღქმა, შეფარული ირონია ადამიანის ცოდვილი ბუნების წარმოჩენისას. ის არ ცდილობს, რომ შექნას მითი თანამედროვე ადამიანის ანგელოსურ ბუნებაზე და მკითხველი მოატყუოს სინამდვილის რომანტიზებით. მისი გმირებისთვის უცხო არ არის დაცემა, ტკივილი, სინანული, სულიერი მსხვრევა, რასაც მკითხველი უაღრესად შთამბეჭდავ და დამაფიქრებელ მორალურ განსჯებთან მიჰყავს. მწერალი იდეალურს კი არ აჩვენებს, არამედ იმას, რაც არც ისე ჰარმონიულია და სწორედ ამით გვასწავლის სწორ ღირებულებებს. ეს მოთხრობა ნიმუშია იმისა, თუ როგორი არ უნდა იყოს ლიტერატურის მასწავლებელი. მარკ პროსერი დაუვიწყარი სახე-სიმბოლოა.

ჩემს მაღალკლასელ მოსწავლეებს კი ვურჩევ, რომ წაიკითხონ ჯონ აპდაიკის ავტობიოგრაფიული ტეტრალოგია „ბაჭია, გაიქეცი“, რომელიც მოიცავს ადამიანური ყოფის ყველა წახნაგსა და მიმართულებას, უბრალოდ ცხოვრების გზის ზოგადადამიანური მოდელის საუკეთესო ლიტერატურული ილუსტრაციაა.

რას ამბობენ კვლევები სკოლებში ინფიცირების შესახებ

0

ჯერ კიდევ ამ წლის ზაფხულში ბრიტანული ორგანიზაცია Save the Children-ის ექსპერტებმა მოუწოდეს მთავრობებსა და კრედიტორებს, პასუხი გაეცათ გლობალური განათლების გამოწვევებისთვის და სასწრაფოდ ჩაედოთ სოლიდური ინვესტიციები სკოლების მუშაობაში მათი იძულებითი დახურვის შემდეგ. ორგანიზაციამ მოუწოდა კრედიტორებს, უზრუნველეყოთ დაბალშემოსავლიანი ქვეყნები დავალიანებების გადახდის შეჩერების შესაძლებლობითაც.

თუმცა, მთავრობებისა და ჰუმანიტარული ორგანიზაციების მცდელობების მიუხედავად, 500 მილიონამდე სკოლის მოსწავლეს დისტანციურ სწავლებაზეც კი არ ჰქონია წვდომა.

სკოლების დახურვა ბევრ სადავო საკითხს უკავშირდება. მაგალითად, რამდენიმე კვლევამ ეჭვქვეშ დააყენა ის, რომ სკოლების დახურვა ხელს უშლის კორონავირუსის გავრცელებას. ამ კვლევებმა აჩვენეს, რომ სკოლის გარემოში ინფექციის გადაცემის პირდაპირი მტკიცებულება არ არსებობს. ბრიტანულმა გამოცემამ, Financial Times-მა დაწერა, რომ პანდემიის დროს დახურული სკოლების გახსნა არ გააჩენს ინფექციის ახალ კერებს,  რასაც გერმანიასა და ნორვეგიაში ჩატარებული კვლევებიც ადასტურებს.

„სკოლებმა ჩვეულ რეჟიმში, რაც შეიძლება დიდხანს უნდა იმუშაონ“, – აცხადებდა  გერმანიის საოჯახო საქმეთა მინისტრი, ფრანცისკა გიფაი. ის მიესალმებოდა ერთ-ერთი კვლევის შედეგებს, სადაც გამოიკვეთა, რომ „ბავშვები არ წარმოადგენენ ინფექციის წყაროს“.

კვლევაში გამოყენებულ იქნა ბონის შრომის ეკონომიკის ინსტიტუტის (ILE) ანგარიში, რომელიც ამტკიცებს, რომ ქვეყანაში ახალი შემთხვევების რიცხვი არ გაზრდილა მას მერე, რაც ზაფხულის არდადეგების შემდეგ სკოლები გაიხსნა.

გერმანელმა მეცნიერებმა ასევე დაასკვნეს, რომ ახალი ინფექციების დადასტურებული შემთხვევების რიცხვი თანდათან შემცირდა იმ რეგიონებში, რომლებმაც სკოლები გახსნეს, მაგრამ ეს არ მოხდა იქ, სადაც ეს ნაბიჯი არ გადადგმულა.

კვლევამ აჩვენა, რომ ჩრდილოეთ რეინ-ვესტფალიაში, შლეზვიგ-ჰოლშტაინსა და ბავარიაში სკოლების გახსნის შემდეგ, მხოლოდ 0,04% მოსწავლე დაინფიცირდა. ბერლინში ეს მაჩვენებელი ოდნავ მეტი იყო – 0,07%. ILE-ის ანალიტიკოსებმა გერმანიის სკოლებში ინფიცირების დაბალი მაჩვენებლის მიზეზად ჰიგიენის მკაცრი ზომები დაასახელეს – ნიღბების ტარება, მცირე ფიქსირებულ ჯგუფებში სწავლა, სწრაფი ტესტირება და იმ კლასების კარანტინზე დროულად გადაყვანა, რომლებშიც მოსწავლეს ან მასწავლებელს ვირუსი აღმოაჩნდებოდა.

მართალია, გერმანიაში ინფიცირებულთა რაოდენობა მზარდია, მაგრამ გერმანიის 16 ნაწილში განათლების სამინისტროების კვლევამ (ის გერმანიის მედია ჯგუფმა RND-მა ჩაატარა) აჩვენა, რომ არ არსებობს მტკიცებულება იმის შესახებ, რომ სკოლები ინფექციის წყაროდ იქცნენ.

დიდ ბრიტანეთში, ედინბურგის უნივერსიტეტის მეცნიერებმა, რომლებმაც მსოფლიოს სკოლებში COVID-19 ეპიდემიის შემთხვევები შეისწავლეს, დაასკვნეს, რომ სკოლებში ინფექციის მაჩვენებლები ზოგადად დაბალია და სკოლის მოსწავლეები უფრო იშვიათად ავადდებიან, ვიდრე მასწავლებლები.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ევროპული ცენტრის მიმოხილვებიდანაც ირკვევა, რომ ბავშვთა უმეტესობას არ აღენიშნება კორონავირუსის სიმპტომები და სკოლებში ვირუსის გადაცემის საკმაოდ მწირი მტკიცებულებები არსებობს.

ლონდონის ჰიგიენისა და ტროპიკული მედიცინის სკოლის ასისტენტმა, გვენ ნაითმა, რომელიც მთელ მსოფლიოში ეპიდემიის მონაცემთა ბაზას ადგენს, განაცხადა, რომ დღემდე საგანმანათლებლო დაწესებულებებშიინფექცია შედარებით მცირე რაოდენობითაა გამოვლენილი. „ჩვენთვის საკმაოდ რთულია გადაცემის პირდაპირი მტკიცებულების მოძებნა სკოლის პირობებში“, – თქვა მან.

უფრო ადრე, ამავე დასკვნამდე, რომ ბავშვები ვირუსს დიდად არ ავრცელებენ,  საფრანგეთის პასტერის ინსტიტუტის მეცნიერები მივიდნენ. მათ ასევე აღმოაჩინეს, რომ ყველაზე ხშირად ბავშვებს კორონავირუსი ედებათ არა სკოლაში, არამედ სახლში, საკუთარი მშობლებისგან.

ფრანგ მკვლევართა განცხადებით, COVID-19-ით ინფიცირებულ მოსწავლეებს, სავარაუდოდ, არ შეუძლიათ ვირუსის გავრცელება. ისინიც ამტკიცებენ, რომ უმეტესად  კორონავირუსით ბავშვები არა სკოლაში, არამედ სახლში ავადდებიან.

COVID-19-ით ინფიცირებულ მოსწავლეებს, როგორც ჩანს, არ შეუძლიათ ვირუსის გადაცემა თანატოლებსა თუ მოზრდილებში, ნათქვამია საფრანგეთის პასტერის ინსტიტუტის ანგარიშში. ინსტიტუტი ატარებდა გამოკვლევებს საფრანგეთის ქალაქ კრეპი-ენ-ვალუაში კორონავირუსის გავრცელებაში ბავშვების როლის შესახებ, სადაც კოვიდაფეთქება თებერვალსა და მარტში იყო. ეპიდემიოლოგიურ კვლევაში მონაწილეობდა 1340 ადამიანი. კვლევის მონაწილეთა 10%-ზე მეტი (139 ადამიანი) ინფიცირებული იყო.

კვლევაში მონაწილეობას ექვსი სკოლის 510 მოსწავლე (58 მათგანს COVID-19 ჰქონდა) იღებდა. სამი სხვადასხვა სკოლიდან სამი მოსწავლე სკოლების დახურვამდე დაინფიცირდა.  ამასთან, კვლევაში ნათქვამია, რომ არცერთ ამ შემთხვევაში ვირუსი სხვა მოსწავლეებს ან მასწავლებლებს არ გადასდებია. მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ყველაზე ხშირად ბავშვები კორონავირუსით სახლში დაინფიცირდნენ: შემთხვევათა 60%-ზე მეტ დაავადებულ ბავშვს ინფიცირებული მშობელი ჰყავდა.

მკვლევრებმა აღნიშნეს, რომ ინფიცირებული ბავშვების 41%-ს დაავადების სიმპტომები არ აღენიშნებოდა.

„საერთო ჯამში, ეს შედეგები შეესაბამება სხვა ქვეყნების მკვლევართა მონაცემებს, რომლებმაც დაადგინეს, რომ 6-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვები უფრო სახლში ინფიცირდებიან, ვიდრე სკოლაში“, – ამბობს ეპიდემიოლოგი არნო ფონტანეტე, მოხსენების ერთ-ერთი ავტორი. ამავე დროს, მან ხაზი გაუსვა, რომ მხოლოდ სამი შემთხვევიდან დასკვნის გაკეთება არასაკმარისია და პასტერის ინსტიტუტის შედეგები სხვა კვლევებს უნდა შედარდეს.

ამავდროულად, პასტერის ინსტიტუტის მონაცემები ემთხვევა სხვა გამოკვლევის შედეგებს, რომ ბავშვები, როგორც ჩანს, სხვებისთვის ნაკლებად გადამდები არიან და დაავადების ნაკლები სიმპტომები აქვთ, წერს Bloomberg.

უამრავი სხვადასხვა კვლევის მიუხედავად, კორონავირუსის კრიზისის ფონზე, რიგი ქვეყნების განათლების ბიუჯეტი მაინც მცირდება, სიღარიბის დონე კი იზრდება, ასკვნის ბრიტანული ორგანიზაცია Save the Children.

ორგანიზაციის ექსპერტთა გათვლით, პანდემიის შემდეგ, სულ მცირე 9,7 მილიონი ბავშვი სკოლას აღარ დაუბრუნდება. მსოფლიოს 12 ქვეყანაში (დასავლეთი და ცენტრალური აფრიკა, აგრეთვე იემენი და ავღანეთი) არსებობს „ძალიან მაღალი რისკი“, რომ მოსწავლეები სამუდამოდ დატოვებენ სკოლას. სხვა 28 ქვეყანაში კი ასეთი რისკი „საშუალო ან მაღალია“ (განსაკუთრებით დაზარალდებიან გოგონები, რადგან როდესაც საგანმანათლებლო დაწესებულებები დახურულია, რიგ ქვეყნებში სწორედ მათ  ემუქრებათ გენდერული ძალადობა, ადრეული ქორწინება და ნაადრევი ორსულობა).

 

გამოყენებული ლიტერატურა

https://www.who.int/docs/default-source/coronaviruse/risk-comms-updates/update39-covid-and-schools.pdf?sfvrsn=320db233_2

https://www.savethechildren.org/

სწავლა-სწავლება და პანდემია

0

კოვიდ-19-ის პანდემია მართლაც რომ უდიდესი გამოწვევაა მთელი მსოფლიოსთვის. ეს, უპირველესად, ჯანმრთელობის კრიზისია, რომელიც ცხოვრების სხვა სფეროებსაც შეეხო. მრავალმა ქვეყანამ გადაწყვიტა, დაეკეტა სკოლები, უნივერსიტეტები, კოლეჯები და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებები. სწავლა-სწავლების პროცესი გაურკვეველი ვადით ონლაინ რეჟიმზე გადავიდა. მრავალი საკვალიფიკაციო აქტივობა გაუქმდა, შეიცვალა შეფასების ფორმები და სტრატეგიები – იმგვარად, რომ ინდიკატორები ონლაინ სწავლებისთვის მოგვერგო.

მსურს, გაგიზიაროთ რვა ძირითადი სტრატეგია, რომლებსაც როგორც სკოლის, ისე კოლეჯისა და უნივერსიტეტის მასწავლებლები გამოიყენებთ ონლაინ სწავლების დროს.

 

  1. გაზარდეთ მოსწავლეების/სტუდენტების ჩართულობის ხარისხი.
  2. დაისახეთ რეალური მიზნები.
  3. შეეცადეთ, შექმნათ კრეატიული სასწავლო გარემო.
  4. შეეცადეთ, დაამყაროთ ჯანსაღი და პოზიტიური ურთიერთობა სტუდენტებთან/მოსწავლეებთან.
  5. გამოიყენეთ მრავალფეროვანი სტრატეგიები სწავლებისთვის.
  6. შექმენით ონლაინ ოთახები ინდივიდუალური და ჯგუფური აქტივობებისთვის.
  7. მიეცით მცირე და კონკრეტული დავალებები.
  8. მხარი დაუჭირეთ სხვადასხვა სახის მინიშნებების გამოყენებას, უპასუხეთ სტუდენტების/მოსწავლეების საჭიროებებს, მიეცით მათ უკუკავშირი.

 

როდესაც ონლაინ სწავლა-სწავლების პროცესში აქტიურად ხართ ჩართული, მნიშვნელოვანია შემდეგი ფაქტორების გათვალისწინება:

. იყავით აქ და ამჟამად.

. იყავით პიროვნებაზე ორიენტირებული.

. წინასწარ მოამზადეთ დამხმარე საშუალებები (მატერიალური მასალა).

. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და გამოიჩინეთ მოთმინება.

. ეცადეთ, გამოამჟღავნოთ ენთუზიაზმი და გამოხატოთ პოზიტიური ემოციები როგორც ვერბალურ, ისე არავერბალურ დონეზე.

. ეცადეთ, აკონტროლოთ ხმის ტემბრი, ისაუბრეთ გარკვევით და ლაკონურად.

 

აქტივობის განხორციელებისას უნდა გვახსოვდეს შემდეგი საფეხურები:

 

მოსწავლეებთან საუბრის დროს მნიშვნელოვანია:

. იყოთ მშვიდი და გაწონასწორებული.

. ხელი შეუწყოთ უსაფრთხო და ჯანსაღი ურთიერთობების დამყარებას მოზარდებს შორის.

. იყოთ მზრუნველი.

. გახსოვდეთ, რომ შეუძლებელია, პედაგოგს ჰქონდეს პასუხი მოსწავლეების ყველა კითხვაზე.

. გჯეროდეთ საკუთარი შესაძლებლობების, შთააგონეთ საკუთარ თავს, რომ უნარი შეგწევთ, ასწავლოთ.

. ეცადეთ, შექმნათ უსაფრთხო ყოველდღიური სასწავლო რუტინა.

 

მშობლებს უნდა ახსოვდეთ, რომ:

. მათი შვილები არ არიან სასკოლო სივრცეში და არც თავად არიან განათლებით პედაგოგები, ამიტომ სასურველია, დაისახონ რეალური მოლოდინები და ხელი შეუწყონ ბავშვების პროსოციალური ქცევის წახალისებას.

. არ მოითხოვონ შეუძლებელი, არ მოსთხოვონ შვილებს, იყონ იდეალურები და უნაკლოები. გააკეთონ მაქსიმუმი საკუთარი და ბავშვის შფოთვის შესამცირებლად.

. დაგეგმონ ფიზიკური აქტივობები სახლის გარეთ, შედარებით იზოლირებულ ადგილას ბავშვთან ერთად.

. ჰქონდეთ ჯანსაღი კომუნიკაცია მასწავლებლებთან, ეცადონ, შეჯერდნენ საერთო იდეებზე.

. თქვენ და თქვენს მეგობრებს შეგიძლიათ ბევრი რამ ასწავლოთ მოზარდებს სასკოლო გარემოს მიღმა – ამას „ცხოვრების სკოლას“ ეძახიან. წაახალისეთ ბავშვის ონლაინკომუნიკაცია უფროს მეგობრებთან, შეუქმენით საამისო პირობები.

. მაქსიმალურად შეუწყვეთ ხელი ონლაინ კომუნიკაციის შემდეგ ბავშვის ბუნებრივ გარემოში დასვენების პროცესს.

 

სასურველია, ოჯახზე ცენტრირებული სწავლების მეთოდი მოიცავდეს მრავალფეროვან დამატებით აქტივობებს: ფიზიკურს, მუსიკასა და ხელოვნებასთან დაკავშირებულს, მაგალითად, თეატრალურ დადგმებს, ცეკვას, ლოგიკურ-შემეცნებით აქტივობებს, სარელაქსაციო ონლაინვარჯიშებს.

 

 

მშობლებმა უნდა გავაკეთოთ შესაძლებლის მაქსიმუმი, მაგრამ არ უნდა ველოდეთ, რომ ყველაფერი იდეალურად გამოგვივა.

ამასთან, უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ არ ვართ მასწავლებლები და ჩვენი მიზანი არ არის სასკოლო აქტივობების განხორციელება კონკრეტული საგანმანათლებლო ინდიკატორების მიხედვით, თუმცა ჩვენ ვართ ის ადამიანები, რომლებიც ყველაზე უკეთესად ვიცნობთ ჩვენს შვილებს და მათ რეალურ შესაძლებლობებს.

ჟურნალ “მასწავლებლის” ახალი ნომერი გამოიცა!

0

ეს ჟურნალ „მასწავლებლის“ 2020 წლის ბოლო ნომერია. რთული, სახიფათო და მაინც საინტერესო წლის.

შემეძლო, მესაუბრა იმაზე, რომ ამ სასწავლო წელს ყველა მასწავლებელი გმირია და მომეთხრო ამ გმირობის რამდენიმე თვალსაჩინო ისტორია.

მესაუბრა COVID-19-ით გარდაცვლილ მასწავლებლებზე.

ასეც დავიწყე ამ წერილის წერა. ვწერდი იმაზე, რომ…

ვწერდი და ვშლიდი.

ბოლოს გადავწყვიტე, დამეტოვებინა რამდენიმე წინადადება, რომელთა მიღმა, სიტყვების დერეფნებში, ისედაც ბევრი ამბავი წაიკითხება.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი ლადო აფხაზავა ყვავილებს ახარებს და ყიდის, რომ მოსწავლეებს ინტერნეტის საფასური გადაუხადოს.

წლის საუკეთესო სკოლის დირექტორი ლიკა გომართელი მიღებულ ჯილდოს მოსწავლეებისთვის ინტერნეტის ჩასართავად ხარჯავს.

საუკეთესო მასწავლებელმა მაია ტყემალაძემ ჯილდოდ მიღებული თანხით მოსწავლეებს პლანშეტები უყიდა.

ჩვენს ქვეყანას კიდევ ბევრი ასეთი მასწავლებელი ჰყავს. მათ შესახებ წერენ სოციალურ ქსელებში, მასწავლებელთა დახურულ ჯგუფებში…

თითოეული ასეთი საქციელი, ცხადია, აღგვაფრთოვანებს.

მე სხვა რამ მინდა ვთქვა:

ეროვნული ჯილდოს მფლობელი პედაგოგი ყვავილებს არ უნდა ყიდიდეს მოსწავლეებისთვის ინტერნეტის ჩასართავად.

არც საუკეთესო სკოლის დირექტორი და საუკეთესო მასწავლებელი უნდა ხარჯავდნენ ასე მიღებულ ჯილდოს.

რას ვისურვებდი საახალწლოდ? განათლება ყველა მოსწავლისთვის თანაბრად ხელმისაწვდომი იყოს, ყველა მასწავლებელს ჰქონდეს შესაფერისი სამუშაო გარემო და, რაც მთავარია, რაც შეიძლება მალე დავუბრუნდეთ ჩვეულ ცხოვრებას.

მთავარი რედაქტორი – ნატო ინგოროყვა

რედაქტორები: მანანა ბოჭორიშვილი, ნანა მაჭავარიანი, ირმა ტაველიძე, ქეთევან  ნიკოლეშვილი

დიზაინერი ბესიკ დანელია

მხატვარ-ილუსტრატორი – მამუკა ტყეშელაშვილი

ნომრის ავტორები: 

თამთა კობახიძე, მაია ფირჩხაძე, ქეთევან ოსიაშვილი, მაია ჯალიაშვილი, გიორგი ჭაუჭიძე,  ლევან ალფაიძე, მარიამ გოდუაძე, თამთა დოლიძე, თინათინ ზარდიაშვილი, ირმა კახურაშვილი, ქეთევან კობალაძე, ნესტან რატიანი, მალინა საჯაია,  ნასტასია არაბული, გურამ მეგრელიშვილი, ცირა ბარბაქაძე, შორენა ტყეშელაშვილი, ინა იმედაშვილი.

 

ჟურნალის წაკითხვა და ჩამოწერა შესაძლებელია ბმულიდან

ჟურნალი#6

სამაგიდო თამაშები მეტყველების გაკვეთილებისა და თერაპიისთვის

0

მეტყველება უმნიშვნელოვანესი სოციალური უნარია, მეტყველების განვითარების ხელშეწყობა, თერაპია, ხარვეზების დადგენა და პრობლემების სწორი იდენტიფიცირება კი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ არატიპური განვითარებისა და დამატებითი საგანმანათლებლო საჭიროების, არამედ ტიპური განვითარების მოსწავლეებისთვისაც.

დღეს, როდესაც მოსწავლეებს -ონლაინსკოლის, ხოლო სხვადასხვა ცენტრის ბენეფიციარებს ონლაითერაპიის რეჟმში უწევთ სწავლა და განვითარება, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ხდება ნებისმიერი ტიპის დამატებითი რესურსი, რომელთა მომზადებაც თავად ჩვენ, მშობლებს შეგვიძლია.

მოგიყვებით რამდენიმე სამაგიდო თამაშისა და აქტივობის შესახებ, რომლებსაც შინაური თერაპიისას ვიყენებთ. მთავარია, წესები მოიგონოთ, ხოლო სათამაშო მასალად ნებისმიერი რამის გამოყენება შეიძლება.

  1. საბავშვო ბანქო – ეს თამაში ძალიან მოეწონა ჩემს შვილს და რამდენჯერმე თავად ითხოვა გამეორება. ყველაფერია აქ: ფიზიკური აქტივობა, „გულახდილობანა“ და პრობლემებზე საუბარი, ჩახუტება და ენერგიის დახარჯვა. მოკლედ, წესები თავად შეგიძლიათ მოიგონოთ, მაგრამ მერე არ უნდა ცვალოთ. ჩვენთან ასე იყო: გული – ჩახუტება, ჯვარი – კითხვის დასმა, ყვავი – გაიხსენო, რა გეწყინა ან რატომ გაბრაზდი, აგური – ცეკვა. ეს მარტივი ვერსიაა. შეგიძლიათ. თითოეულ სისტემას თავისი მნიშვნელობა მისცეთ. მაგალითად, ათიანები იყოს ასკინკილით ხტუნვა, მეფე – სურვილის ასრულება და ა.შ.
  2. ჭადრაკი – ნამდვილად ჩვენი თამაშია. ბევრს უყვარს, ბევრი სწავლობს, მაგრამ ჩვენ სხვანაირი წესებით ვერთობით: ჯერ ერთი, მოძრაობების, ჰორიზონტის მხარეების, მიმართულებების, ანტონიმების და სულაც ზმნისწინიანი ფორმების სწავლა შეიძლება საჭადრაკო დაფაზე ფიგურის მოძრაობით, მერე – პატარა ისტორიებისა და დიალოგების: რას ეტყვის მეფე დედოფალს, ბაზიერი – პაიკს და ა.შ. მცირე ზღაპრების მოგონებაც შეგიძლიათ და როლური თამაშების მოფიქრებაც.
  3. ალბათ ყველას გაქვთ შინ სხვადასხვა სათამაშოს დეტალები, რომლებსაც ვეღარც იყენებთ და გადაყრაც გენანებათ. ასე გროვდება სათამაშოების ყუთში ფაზლისა და ლეგოს ნაწილები, ლოტოს რამდენიმე კოჭი თუ დაფა, პაწია მანქანები, სათამაშო კუპიურები თუ ხურდა, მძივის ნაწილები, მაგნიტები, ბარათები და ა.შ. რაკი გადაყრა დამენანა, გადავწყვიტე, სამაგიდო თამაშად მექცია. პირველი, რაც შეგიძლიათ გააკეთოთ, თითოეული დეტალის წყვილის პოვნა და ლოტოს მომზადებაა. ფირფიტებზე ერთ ცალს დააკრავთ, ბარათებზე – მეორეს და მერე ითამაშებთ. გარდა ამისა, შეგიძლიათ, აიღოთ ორი პაწია ტომარა (ან შეკეროთ -დამატებითი აქტივობა იქნება), ორივეში ჩაყაროთ თანაბარი რაოდენობისა და ტიპის სათამაშოები და მერე ითამაშოთ. თქვენ ერთ ტომარას აიღებთ, ბავშვი – მეორეს და ეცდებით, თვალდახუჭულებმა მოძებნოთ ტომარაში ისეთივე ნივთი, როგორსაც მეორე მოთამაშე ამოიღებს ტომრიდან. დიდი სამაგიდო თამაშის აწყობაც კარგი იქნება. ამბის მოგონება თავად შეგიძლიათ. რაიმე მარტივი, სათავგადასავლო სიუჟეტი უნდა იყოს. თაბახის დიდ ფურცელზე ან სულაც ზეწარზე საღებავებით დახატეთ ქვეყნები, რომლებიც მოთამაშემ უნდა გაიაროს, ლაბირინთები, თავგადასავლები… მიანიჭეთ სათამაშოების დეტალებს ფუნქცია: ზოგი საზღვარზე გადასასვლელი „ღალა“ იყოს, ზოგი – საწვავი თუ საკვები, ზოგი – ძვირფასი ქვა ან მინერალი და შეეჯიბრეთ ბავშვს, რომელი უფრო მალე მოაგროვებთ მეტ დეტალს და გადალახავთ დაბრკოლებებს. აუცილებელია, თამაშის დროს ილაპარაკოთ იმ მოვლენებზე, რაც ხდება.
  4. ამბების კამათელი. ხის კუბები ყველა ბავშვის სათამაშოების ყუთში მოიძებნება. ზოგს ანბანი აწერია, ზოგსაც ცხოველები ახატია. ფუნქციურად მათ უკვე აღარ ვიყენებთ – გაიზარდა ჩვენი შვილი; ზოგიერთი კუბი დაიკარგა – ვეღარც სახლს ავაშენებთ, ვეღარც პირამიდას. ჰოდა, დავაქციოთ ეს კუბები სასწავლო რესურსად:

. ავიღოთ სამი კუბი.

. გამოვჭრათ პატარა კვადრატები, რომლებსაც დავახატავთ სხვადასხვა გეოგრაფიულ წერტილს, ჩვენი ამბის ლიტერატურულ სივრცეს – მთას, მინდორს, ზღვას, ცას, სახლს, სასახლეს…

. მეორე კუბი ჩვენი პერსონაჟებისა იქნება. დახატეთ სხვადასხვა სქესისა და განწყობის პერსონაჟები და მიაკარით კუბის თითოეულ გვერდს.

. მესამე კუბი ემოციებისაა. დახატეთ სხვადასხვა ემოცია და ასევე დააკარით კუბის გვერდებს.

თამაშის წესი კი ასეთია, გააგორებთ სამივე კუბს და როგორი კომბინაციაც დაეწყობა, ისეთ ამბავს მოყვებით თანმიმდევრობით: ჯერ – თქვენ, მერე – ბავშვი. გვექნება ლიტერატურული სივრცე, პერსონაჟი და განწყობა, რომელთა მიხედვითაც ამბავს ავკინძავთ.

ფრანგული ენის გაკვეთილი დისტანციური სწავლებისთვის

0

La langue française est une femme. Et cette femme est si belle, si fière, si modeste, si hardie, touchante, voluptueuse, chaste, noble, familière, folle, sage, qu’on l’aime de toute son âme, et qu’on n’est jamais tenté de lui être infidèle“.

Anatole France

„ფრანგული ენა ქალია, და ეს ქალი იმდენად ლამაზია, იმდენად ამაყი, იმდენად უბრალო, იმდენად თამამი, გულში ჩამწვდომი, მგზნებარე, უმანკო, კეთილშობილი, ახლობელი, თავქარიანი და ბრძენი, რომ მთელი არსებით გიყვარდება და არასდროს გაივლებ გულში მის ღალატს“.

ანატოლ ფრანსი

 

ნოემბრის დასასრულს მეორედ აღინიშნა ფრანგული ენის მასწავლებელთა საერთაშორისო დღე, რომელიც მიზნად ისახავს ფრანგული ენის მასწავლებლების პროფესიული განვითარების ხელშეწყობას მთელ მსოფლიოში. ამ დღეს ფრანგულენოვან ქვეყნებში იმართება ღონისძიებები, რომელთა მიზანი ფრანგული ენის მასწავლებლის პროფესიის წარმოჩენა, პედაგოგიური გამოცდილების ურთიერთგაზიარება, მასწავლებელთა შორის კავშირისა და სოლიდარობის დამყარებაა.

უცხოური ენა როგორც ეროვნული სასწავლო გეგმის განუყოფელი ნაწილი სასკოლო განათლების მთავარ სახელმწიფო მიზანს ემსახურება. განუვითაროს მოსწავლეს განსხვავებული კულტურული კონტექსტებისა და ტექსტების გაგების უნარი – უცხოური ენის სწავლების ერთ-ერთი პრიორიტეტული მიზანია.

ფრანგული ენის მასწავლებელთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მინდა, მეც გავუზიარო კოლეგებს ჩემი პედაგოგიური გამოცდილება. წარმოგიდგენთ გეგმას გაკვეთილისა, რომელიც რთული გრამატიკული დროის – Passé composé-ს (რთული ნამყო წყვეტილი) სწავლებას ეხება.

რთული ნამყო წყვეტილის სწავლა-სწავლება მოსწავლისთვისაც და მასწავლებლისთვისაც ნამდვილი თავსატეხია, მაგრამ ეს სწორედ ის გრამატიკული დროა, რომელიც ადამიანის ცხოვრების ეტაპებისა და მოვლენების, ლამაზი ამბების მოსათხრობად გამოიყენება.

ფრანგული კულტურული მემკვიდრეობა ლიტერატურული შედევრების ოქროს საბადოა. საკლასო სივრცეში შეიძლება მისი ფართოდ გამოყენება როგორც წერით, ისე ზეპირ კომპეტენციებზე სამუშაოდ, გრამატიკული საკითხების ცოდნის განსამტკიცებლად თუ წარმოთქმის ტექნიკის გასაუმჯობესებლად. პოეზიის შედევრი, ჟაკ პრევერის „დილის საუზმე“, ლინგვისტური რესურსია, რომლის წყალობითაც ფრანგული ლიტერატურის წიაღში ვამოგზაურებთ მოსწავლეებს, პედაგოგიური თავალსაზრისით კი რთული ნამყო წყვეტილის სწავლებისთვის გამოვიყენებთ.

 

გაკვეთილის თემა: რთული ნამყო წყვეტილი დრო – Passé composé

ჟაკ პრევერის ლექსი „დილის საუზმე“ („Dejeuner du matin“)

კლასი: IXბ, საბაზო საფეხური

ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი :

II უცხ. საბ. 1. მოსმენამდე/ წაკითხვამდე ტექსტის ტიპის განსაზღვრა მისი სტრუქტურული და სიტუაციური მახასიათებლების ამოცნობის გზით;

II უცხ. საბ. 2. ნასწავლი ენობრივ-გრამატიკული საშუალებებისა და მოსმენის/კითხვის სტრატეგიების გამოყენებით ტექსტის შინაარსის ეტაპობრივად კონსტრუირება;

II უცხ. საბ. 3. ტექსტის შინაარსის დაკავშირება საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებასთან, მის მიმართ საკუთარი დამოკიდებულების განსაზღვრა

ტექსტის ტიპი: შემოქმედებითი

კულტურული არტეფაქტები: პოეზიის ნიმუში

გაკვეთილის მიზანი: მოსწავლე შეძლებს ნანახი ვიდეოს აღწერას, მოსმენილი ტექსტის გაგებას, გააზრებას, ლექსის შინაარსის დაკავშირებას საკუთარ ცოდნასთან, შესწავლილი გრამატიკული დროის ამოცნობას, გააზრებას კონკრეტულ მაგალითში და თემის შესაბამის ახალ ლექსიკურ ერთეულებთან დაკავშირებას (დედუქციური სტრატეგია გრამატიკის შესასწავლად)

წინარე ცოდნა (Remue-méninges): მოსწავლეს შესწავლილი აქვს რთული წარსული დრო – ნამყო წყვეტილი და იცის ზმნების უღლება მოცემულ დროში.

სასურველია, ყოველი ახალი თემატური ერთეულის სწავლება იწყებოდეს შინაარსიანი ტექსტების შეთავაზებით. სწორედ ამ ტექსტების კონტექსტში უნდა გაეცნოს მოსწავლე იმ ახალ ენობრივ მასალას (ლექსიკურ ერთეულებს, გრამატიკულ ფორმებსა თუ მექანიზმებს), რომლებსაც მომდევნო ეტაპზე ცალკეული სავარჯიშოების საშუალებით აითვისებს იმ მიზნით, რომ შემდგომ ზეპირ თუ წერით მეტყველებაში გამოიყენოს.

 

მეტაკოგნიციის გასაუმჯობესებლად მოსწავლეებს ვთავაზობ შემდეგი ტიპის აქტივობას:

სტრატეგიების მოდელირება: მასწავლებელი მოსწავლეებთან ერთად ასრულებს დავალებას და ამ დროს „ხმამაღლა ფიქრობს“ იმაზე, თუ როგორ შეასრულოს ეს დავალება (II უცხო ენის სტანდარტი).

აქტივობა N1: გაკვეთილის მიზნისა და შესასრულებელი დავალებების პირობის გაცნობა

კარგად გავეცნოთ პირობას და დავაკვირდეთ, რას მოითხოვს იგი; აქვს თუ არა პირობას თანხმლები მასალა, მაგ., აუდიოვიზუალური საშუალებები, სურათები, ვიდეოკაფსულა თუ ვიდეოკლიპი და ა.შ.

სანამ ლექსს წავიკითხავთ და გავეცნობით, ხომ არ ჯობია, ჯერ ვიდეოკლიპს გავეცნოთ ვიზუალურად, უხმოდ და ვნახოთ, რა ინფორმაციის შემცველია?

წინმსწრები მეტაკოგნიტიური პაუზა, ანუ დავალების შესრულებამდე დაფიქრება და მსჯელობა გადასადგმელ ნაბიჯებზე:

მას შემდეგ, რაც მოსწავლეები დავალების პირობას გაეცნობიან, ვასრულებინებ მეტაკოგნიტიური ხასიათის ამგვარ აქტივობას: მათ უნდა განსაზღვრონ გზა, რომლითაც დავალებას შეასრულებენ, სახელდობრ, დეტალურად აღწერონ დავალების შესრულების ეტაპები (რის შემდეგ რას გააკეთებენ და სხვ.), ასევე – სტრატეგიები, რომლებსაც გამოიყენებენ თითოეულ ეტაპზე.

ვუყურებთ ვიდეოს, ვინიშნავთ:

* ვინ ჩანს ვიდეოში?

* რა საგნებს ვხედავთ ?

* რა მოქმედებებს ასრულებენ პერსონაჟები?

* როგორ მოვიქცე, რომ შევძლო ტექსტის გაგება?

შეთავაზებული აქტივობების შემდეგ მოსწავლეები ისაუბრებენ იმაზე, რა გაუჭირდათ და რა გაუადვილდათ დავალებაზე მუშაობისას. აქტივობების შესრულების შემდეგ კი აღწერის შედეგად გააცნობიერებენ, რომ მიზნის მისაღწევად არსებობს სხვადასხვა ხერხი, რომლებზეც დავალებების შესრულებისას უნდა დაფიქრდნენ.

ვიდეოს ნახვის შემდეგ მოსწავლეები იყენებენ მასწავლებლის მიერ მომზადებულ რესურსს, რომლის მეშვეობითაც მასწავლებელი ამოწმებს, ვიზუალურად როგორ აღიქვეს მოსწავლეებმა შეთავაზებული ვიდეო.

ონლაინსავარჯიშოს პირობა: ეკრანზე გამოჩენილი სამი სავარაუდო პასუხიდან მოსწავლე ირჩევს სწორს, რითაც მოწმდება, როგორ აღიქვა მან ვიზუალურად ვიდეო.

ბმული:

აქტივობა N2: ვიდეოს მოსმენა – ლექსის წაკითხვა.

მიზანი: მოსმენილის გააზრება

გაცნობითი მოსმენა: პირველი მოსმენისას ნაცნობ სიტყვებსა და შესიტყვებებზე, არავერბალურ ელემენტებზე (ინტონაცია, მიმიკა- ჟესტიკულაცია, ხმის ტემბრი და სხვ.) დაყრდნობით ყურადღების გამახვილება ზოგად შინაარსზე

აქტივობის აღწერა: მასწავლებელი მოსწავლეებს ეკრანზე აჩვენებს ლექსის არეულ სტროფებს. ვიდეოს (Video + audio + text) მოსმენის შემდეგ მოსწავლეს ეძლევა დრო, რათა დაალაგოს არეული ტექსტი სწორი თანმიმდევრობით. მოსწავლეები უყურებენ ვიდეოს და უსმენენ ლექსს, აკეთებენ ჩანიშვნებს, ამოიცნობენ უცხო სიტყვებს კონტექსტის მიხედვით და ალაგებენ ტექსტს სწორი თანმიმდევრობით (მოსმენის სტრატეგიები).

 

აქტივობა N3: ტექსტის შინაარსსა და ახალ ლექსიკურ ერთეულებზე მუშაობა

მიზანი: ტექსტის გაგება, ლექსიკის გამდიდრება

file:///C:/Users/GTICOM/OneDrive/Desktop/%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%95%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98/,,le%20deujeuner%20du%20matin”%20avec%20les%20images%20ilustr%C3%A9s(I.Vachakidze)-converted.pdf

 

აქტივობის აღწერა: გაზიარებულ ეკრანზე მასწავლებელი აჩვენებს ტექსტს, რომელზეც ახალი ლექსიკური ერთეულების შესაბამისი ილუსტრაციებია. მოსწავლეები კითხულობენ და ასწორებენ საკუთარ ნამუშევრებს, აანალიზებენ, რა გააკეთეს სწორად და რა შეცდომები დაუშვეს ტექსტის აწყობისას. ყველაფერთან ერთად, ამ აქტივობით მოსწავლე ილუსტრაციების საშუალებით იღებს უცხო ლექსიკური ერთეულების განმარტებას.

 

აქტივობა N4: ტექსტზე მუშაობა

აქტივობის მიზანი: ლექსიკური ერთეულებისა და ნამყო წყვეტილში მოცემული ზმნების იდენტიფიცირება

აქტივობის აღწერა: ლექსის აწყობის შემდეგ მოსწავლეებს ვორდის ფაილით ეგზავნებათ ჟაკ პრევერის ლექსი და ევალებათ ტექსტში მუშაობა: საკვები პროდუქტები უნდა მონიშნონ მუქი შრიფტით, საგნები და ტანსაცმელი – დახრილი შრიფტით, ხოლო რთულ ნამყო წყვეტილში მოცემული ზმნები – წითელი ფერით (თუ მოსწავლე ვერ ახერხებს ვორდის ფაილში მუშაობას, მივცეთ დრო, რომ გადაიწეროს ლექსი და ფერადი ფანქრებით გამოყოს ტექსტში ლექსიკური ერთეულები და გრამატიკული ფორმები).

ეს ის აქტივობაა, რომელსაც მოსწავლეები ინტერესით და ხალისით დაეწაფებიან, მოძებნიან ნაცნობ ლექსიკურ ერთეულებს და ამოიცნობენ ზმნებს ნამყო წყვეტილ დროში. მოსწავლეთა ყურადღების კონცენტრაცია ასეთი გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე სიტყვებსა და გრამატიკულ ფორმებზე ნამდვილად სასარგებლო იქნება.

 

აქტივობა N5: ონლაინ ქვიზის შევსება

მიზანი: რთული წარსული დროის მნიშვნელოვანი ფორმის, ნამყო მიმღეობის, განმტკიცება და ორთოგრაფიული ხატის დამახსოვრება

https://fr.islcollective.com/video-lessons/le-dejeuner-du-matin-de-jacques-prevert

 

აქტივობის აღწერა: მოსწავლე უყურებს ვიდეოს, ისმენს ტექსტს და იმავდროულად წერს ეკრანზე გამოტანილ ქვიზში მოცემული ზმნის წარსული დროის სწორ ფორმას. ამ აქტივობის უპირატესობა ის არის, რომ ნამყო მიმღეობას მოსწავლე ხანგრძლივ მეხსიერებაში ინახავს. მოსწავლეები ხალისით ებმებიან აქტივობაში და მყისიერად იღებენ უკუკავშირს.

 

აქტივობა N6: ჟაკ პრევერის ლექს „დილის საუზმის“ პრეზენტაცია მენტალურ რუკაზე, Ms Teams-ის აპლიკაციაში Mindomo-ში

აქტივობის მიზანი: გაკვეთილზე განხილული მასალის გაერთიანება მენტალური რუკის გამოყენებით

მენტალური რუკა პოლივალენტური ინსტრუმენტია, რომლის მიზანია უცხო ენის გაკვეთილზე კონკრეტული თემის ირგვლივ იდეების ორგანიზება, დაკავშირება და მემორიზაცია. მენტალური რუკის გამოყენება ეფექტურად შეიძლება ნებისმიერი თემის, განსაკუთრებით კი გრამატიკული მასალის შესწავლისას. ეს სწორედ ის ინსტრუმენტია, რომელიც ხელს უწყობს შესწავლილი თემის ხანგრძლივ მეხსიერებაში აღბეჭდვას.

Ms Teams-ის აპლიკაციაში Mindomo-ში მოცემული თემის შესახებ შექმნილი მენტალური რუკები:

https://teams.microsoft.com/_#/apps/327e83d3-5ab9-490c-a5a0-70600f6e84ac/sections/45997b6a-9999-4b93-84af-6704fe158dbf

 

https://www.mindomo.com/mindmap/eec6888c611b4aa9930e5548750cb95d

 

დისტანციური სწავლების მოთხოვნებიდან გამომდინარე, სასურველია, მასწავლებელმა აღწერილ აქტივობებს ორი გაკვეთილი დაუთმოს. მოსწავლეთა მიერ დეტალების აღქმა და დამახსოვრება მნიშვნელოვანწილადაა დამოკიდებული იმაზე, რა მეთოდით წარმოვუდგენთ მათ ამ დეტალებს – ვერბალურად, ვიზუალურად თუ გათამაშების ფორმით (Activité ludique). სწავლების ვერბალური მეთოდი მოსწავლეებისთვის დეტალური, ვერბალური საუბრის ან კითხვის საშუალებით გაცნობას გულისხმობს. ვერბალური სწავლება ეფექტურია იმ თვალსაზრისით, რომ მოსწავლეებს დეტალები სწავლებიდან მოკლე ან შედარებით დიდი ხნის შემდეგაც ახსენდებათ, თუმცა მას ვიზუალურ სწავლებაზე ნაკლებეფექტურად მიიჩნევენ. ვიზუალური სწავლება მოიცავს არალინგვისტური წარმოდგენის მეთოდებს. არალინგვისტური მეთოდებია: გრაფიკული წარმოდგენა, სურათები, პიქტოგრამები, მენტალური სახეების შექმნა ან კინესთეტიკურ აქტივობაში ჩართვა. მიმაჩნია, რომ მოცემულ გაკვეთილზე გამოყენებული სტრატეგიები და შესაბამისი აქტივობები აუცილებლად მიგვიყვანს დასახულ მიზანთან. ერთი კონკრეტული ლექსის დეტალები სხვადასხვა კონტექსტსა და აქტივობაში იქნა წარმოდგენილი, მოსწავლე მას ვიზუალურად აღიქვამს, მოისმენს, გაიაზრებს, პრაქტიკული სავარჯიშოებით განამტკიცებს ლექსიკური ერთეულებისა და შესწავლილი გრამატიკული დროის ცოდნას. მიმაჩნია, რომ განვლილი ეტაპები და მოცემული სტრატეგიების გამოყენება სწავლის ეფექტურობას უზრუნველყოფს. ამ ტიპის აქტივობების შესრულება მოსწავლეს სარგებლობას მოუტანს და იმავდროულად აქტივობათა მნიშვნელობასაც დაანახებს, რაც მძლავრი ფაქტორია მოტივაციის ასამაღლებლად.

დასასრულ, გთავაზობთ შესწავლილ თემაზე მოსწავლეთა მიერ შექმნილ რამდენიმე ნამუშევარს:

ჟაკ პრევერის ლექს „დილის საუზმის“ ქართული თარგმანი:

https://urakparaki.com/?m=4&ID=97211

 

რთული ნამყო წყვეტილის სწავლებისას ეფექტური ონლაინრესურსების ბმულები:

https://bescherelle.com/jeux/jeux_college/ex_basket.php?ex=8&fbclid=IwAR3BG1bp1EW-Uqr2k1xCN3shyykP8XDpfbtrgNQcjySW3SsYZmrtmkMD-Po

https://nathaliefle.com/accord-passe-compose-diagramme/

https://www.espacefrancais.com/les-verbes-auxiliaires-etre-et-avoir/

https://mozambique.bonjourdumonde.com/le-passe-compose-avec-etre.html

https://sophfle.wordpress.com/2013/02/25/le-passe-compose-les-auxiliaires/

https://www.francaisfacile.com/exercices/exercice-francais-2/exercice-francais-50308.php

https://www.lepointdufle.net/ressources_fle/page-passe_compose.htm

https://www.lepointdufle.net/ressources_fle/etre-avoir-choix-pc.htm

„ადაპტირებული გაკვეთილის“ გეგმა, როცა კლასში სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეა

0

ქვემოთ წარმოდგენილი საგაკვეთილო გეგმა დამხმარე რესურსი იქნება ყველა იმ საგნის მასწავლებლისთვის, რომლებსაც ჯერ კიდევ სჭირდებათ მხარდაჭერა, რადგან კლასში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე ჰყავთ, მისთვის აქტივობების შერჩევა კი ცოტა ეძნელებათ. გეგმა ცოცხალი საგაკვეთილო პროცესისთვისაა მორგებული და მოიცავს რამდენიმე ისეთ აქტივობას, რომლებიც ბავშვების ხალისს, ინტერესსა და სწავლაში მოტივაციის ზრდას ერთდროულად იწვევს.

კლასი: 1-ელი                                                                          

 საგნობრივი პროგრამა —- ინგლისური ენა

გაკვეთილის თემა:    THE FARM IN THE CLASSROOM ‘ფერმა კლასში
სახელმძღვანელო:    NEW BUIlDING BLOCKS (Student book) ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
მოსწავლეთა რაოდენობა: 26
მათ შორის სსსმ მოსწავლეთა რაოდენობა: 1
გაკვეთილის ხანგრძლივობა 30 წ
სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი / ინდიკატორები კლასისთვის

I უცხ. დაწყ. (1). 1. მოსწავლეს შეუძლია სტანდარტით განსაზღვრული სიტყვების/ორ მარტივსიტყვიანი ფრაზების მოსმენა/ყურება და გაგება.

ü  იგებს მასწავლებლის მითითებებს

ü  ამოიცნობს პერსონაჟებს ილუსტრირებულ ტექსტში

I უცხ. დაწყ. (I). 3  ნაცნობ თემატიკაზე მარტივ ინტერაქციაში მონაწილეობა, ნაცნობი თემატიკის გარშემო საუბარი.

I უცხ. დაწყ. (I). 4. ზეპირი მეტყველების აქტივობების შესრულებისას სტრატეგიების გააზრებულად გამოყენება.

უცხ.დაწყ.(I).5 სიტყვების, წინადადებების გაშიფრვა; სხვადასხვა ტიპის მცირე ზომის ტექსტების გაშიფვრა და გაგება.

 

სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი / ინდიკატორები სსსმ მოსწავლისთვის

I უცხ. დაწყ. (1). 1. (მოდიფიცირებული)

მოსწავლე ისმენს სიტყვებს (ცხოველთა სახელწოდებებს), უცქერის შესაბამის სურათებს და აკავშირებს მოსმენილს ნანახთან/ სიტყვას – სურათთან.

I უცხ. დაწყ. (1). 2. (მოდიფიცირებული)

მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი სიტყვის გამეორება.

ü  სიტყვას იმეორებს ხუთი მოსმენის შემდეგ

Iუცხ.დაწყ.(I).3   (მოდიფიცირებული)

მასწავლებლის წახალისებით მონაწილეობს მარტივ ინტერაქციაში

ü  დასმულ მარტივ შეკითხვას სცემს მარტივ პასუხებს: „კი“ ან „არა“ .

 

გაკვეთილის მიზანი/მიზნები მთელი კლასისთვის

§  მოსწავლე გაეცნობა შინაური ცხოველებისა და ფრინველების სახელწოდებებს.

§  მოსწავლე მოსმენით განარჩევს ცხოველთა სახელწოდებებს ფრინველთა სახელწოდებებისგან.

§  მოსწავლე განასხვავებს ცხოველებს და ფრინველებს სიდიდის მიხედვით სიტყვებით: big, small ‘დიდი’, ‘პატარა’.

§  მოსწავლე სხეულის ენის მიმანიშნებლებით მიგვითითებს ცხოველებისა და ფრინველების ძირითად განმასხვავებებზე – ფრთებზე.

გაკვეთილის მიზანი/ მიზნები სსსმ მოსწავლისთვის

§  მოსწავლე ისმენს მასწავლებლის მიერ თქმულ ცხოველთა სახელწოდებებს არტიკლების თანხლებით.

§  მოსწავლე სპეციალური მასწავლებლის/მეწყვილის დახმარებით ბარათზე უთითებს დასახელებულ/მოსმენილ სიტყვას.

§  მოსწავლე სხეულის ენით რეაგირებს ცხოველთა სიდიდეებზე (დიდი, პატარა).

§  მოსწავლე სხეულის ენით რეაგირებს ფრინველების სმენით/აკუსტიკურ ხატებზე.

 

 

ცოდნის წინაპირობა კლასისთვის

·         მოსწავლეს შეუძლია მშობლიურ ენაზე დაასახელოს შინაური ცხოველები და ფრინველები.

·         მოსწავლეს ინგლისურ ენაზე დასწავლილი ფრაზების კონტექსტის შესაბამისად, გამოიყენოს: Yes, No (‘დიახ’, ‘არა’ ) / True, False / Hallo, See you (მისალმება დამშვიდობების) ფრაზები.

·         მოსწავლეს შეუძლია ბგერითი და კინესთეტიკური იმიტირება.

 

 

ცოდნის წინაპირობა სსსმ მოსწავლისთვის

·         მოსწავლეს შეუძლია მშობლიურ ენაზე დასახელებული შინაური ცხოველებისა და ფრინველების სათანადო სურათებთან დაკავშირება.

·         მოსწავლეს შეუძლია Yes, No (‘დიახ’, ‘არა’ ) სიტყვებით რეაგირება მოსმენილ ან დანახულ ცხოველებზე: A DOG; A CAT (‘ძაღლი’, ‘კატა’) /ფრინველებზე A HAN, A DUCK (‘ქათამი’, ‘იხვი’).

·         მოსწავლეს შეუძლია რამდენიმე ცხოველის – A DOG; A CAT (‘ძაღლი’, ‘კატა’) – ბგერითი იმიტირება.

 

 

 

 

 

I ფაზა გამოწვევა

 

აქტივობა მთელი კლასისთვის

აქტივობის და მეთოდის აღწერა, საკლასო მენეჯმენტი.

დრო რესურსი აქტივობა სსსმ მოსწავლისთვის

აქტივობის და მეთოდის აღწერა, საკლასო მენეჯმენტი.

დრო რესურსი
1.       მისალმება, გაკვეთილის მიზნის და შეფასების კრიტერიუმების გაცნობა.

აქტივობის მიზანი:

მოსწავლეთა მოლოდინის გააქტიურება.

აქტივობის აღწერა: მასწავლებელი ესალმება მოსწავლეებს და ამოიკითხავს სიას. შეახსენებს მოსწავლეებს ქცევის წესებს, გააცნობს გაკვეთილის მიზანს.

მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, ამოალაგონ ნივთები და მოემზადონ გაკვეთილისთვის.

მასწავლებელს ყუთში დამალული აქვს რაღაც ნივთი, ბავშვებმა უნდა გამოიცნონ, რა ძევს. მასწავლებელი ბავშვებს აძლევს მინიშნებებს და როდესაც გამოიცნობენ, რომ ყუთში პატარა ძაღლია, შემდეგ ამბობს: დღეს გავეცნობით შინაურ ფრინველებს და ცხოველებს. და საშინაო დავალების შემოწმების შემდეგ გავითამაშებთ შინაური ცხოველების და ფრინველების ფერმას კლასში.

2წთ წიგნი, რვეული, ფანქარი, ყუთი, სათამაშო ძაღლი 1.აქტივობის აღწერა: მასწავლებელი მიდის სსსმ მოსწავლესთან და სთხოვს ამოალაგოს საჭირო ნივთები: წიგნი, რვეული, კალამი, ფანქარი, სახაზავი, საშლელი.

მასწავლებელი მიდის სსსმ მოსწავლესთან, რომელსაც აქვს ქცევითი სირთულეები, ჰკიდებს ხელს და სთხოვს, დღეს იყოს მისი ასისტენტი. სსსმ მოსწავლე მერხიდან დგება, მასწავლებელს ჰკიდებს ხელს და დაფისკენ მიჰყვება. მასწავლებელი სთხოვს მას, დაუჭიროს ყუთი მანამ, ვიდრე ბავშვები არ გამოიცნობენ, თუ რა ძევს მასში.

2-3 წთ. წიგნი, რვეული, ფანქარი, ყუთი, სათამაშო ძაღლი.
2. საშინაო დავალების შემოწმება.

აქტივობის მიზანი: მოსწავლეთა წინარე ცოდნის გააქტიურება. მეთოდი — გამოკითხვა. აქტივობის აღწერა: მოსწავლეებიდან ერთ-ერთი განიხილავს რიგით პირველ დავალებას. ბავშვები პასუხებს ადარებენ საკუთარ დავალებასთან.

 

2 წთ. საშინაო დავალების რვეულები, წიგნი. 2. განიხილება სსსმ მოსწავლის დავალება.

 

2 წთ. საშინაო დავალების რვეული.
3. „ბავშვები, ბურთი და ბარათები“

აქტივობის მიზანი: კლასის მოტივირება, ინტერესის აღძვრა. შინაური ცხოველებისა და ფრინველების სახელწოდებების გაცნობა.

აქტივობის აღწერა: მასწავლებელი იჭერს ხელში მსუბუქ ბურთს, კლასს აძლევს ინსტრუქციას: ბურთი ვისთანაც ახლო დაეცემა, მასთან მივა და დაფაზე ბარათების გაკვრაში დაეხმარება. ბარათებზე დატანილია ცხოველთა სურათები, შესაბამისი ინგლისურენოვანი წარწერებით.

მასწავლებელი ზურგით შებრუნდება კლასისკენ, და ისვრის ბურთს. მოსწავლეები ინსტრუქციისამებრ, მიდიან მასწავლებლის მაგიდასთან, ირჩევენ თითო ბარათს, ბრუნდებიან სახით კლასისკენ, რომელსაც აჩვენებენ ბარათს, მასწავლებელთან ერთად იმეორებენ ბარათზე დატანილი ცხოველის/ფრინველის ინგლისურ სახელწოდებას და ამის შემდეგ აკრავენ მაგნიტით დაფაზე.

 

 

 

 

4 წთ

 

 

 

 

ბურთი, ფერადი ილუსტრირებული ბარათები წარწერებითურთ, დაფა, მაგნიტები

 

 

 

 

3.სსსმ მოსწავლე აკვირდება თანაკლასელების საქმიანობას და ისიც გამოდის დაფასთან, მასწავლებლის მოხმობისას. თანაკლასელების დახმარებით იღებს ბარათს, ცდილობს სიტყვის გამეორებას და აკრავს დაფაზე.

 

 

 

 

 

 

5 წთ.

 

 

 

 

ბურთი, ფერადი ილუსტრირებული ბარათები წარწერებითურთ, დაფა, მაგნიტები.

 

II ფაზა – მიმდინარეობა

4. ჩანაწერის მოსმენა

 აქტივობის მიზნები:

1.მოსწავლე მოსმენით განარჩევს ცხოველთა სახელწოდებებს ფრინველთა სახელწოდებებისგან.

2.მოსწავლე განასხვავებს ცხოველებს და ფრინველებს სიდიდის მიხედვით

აქტივობის აღწერა:

მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, განეწყონ მოსასმენად. რთავს ჩანაწერს, რომელშიც ისმის ცხოველის/ფრინველის ხმა და შემდეგ შესაბამისი არსებითი სახელი არტიკლთან ერთად.

მასწავლებელი დგება დაფასთან, სიტყვის გაგონებისთანავე ჯერ უთითებს დასურათებულ ბარათზე, შემდეგ ცხოველის შესახებ ბავშვებს აძლევს სხეულის ენით მინიშნებას: დიდია თუ პატარა. თუ დიდია, ხელებს წრიულად მაღლა სწევს, თუ პატარა, – იხრება და მიწასთან ახლოს ხელებით ჰაერში ხაზავს წრეს.

 

4წთ.

 

მაგნიტოფონი,

ფერადი ილუსტრირებული ბარათები წარწერებითურთ,

ხმის გამაძლიერებელი,

დაფა, ცარცი.

 

 

 

4. სსსმ მოსწავლე სპეციალური მასწავლებლის/მეწყვილის დახმარებით ცდილობს, მოუსმინოს მასწავლებელს და ხელი დაადოს წიგნში ამა თუ იმ ცხოველის ან ფრინველის სურათს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

3წთ.

 

ფერადი ილუსტრირებული ბარათები წარწერებითურთ, დაფა, მაგნიტები, წიგნი.

5. მოსმენა და კითხვა

აქტივობის მიზანი:

მოსმენილი ინფორმაციის დაკავშირება წიგნში დაწერილ სიტყვა-ფრაზებთან/ტექსტთან.

მოსწავლე წაიკითხავს წიგნში დაწერილ სიტყვებს.

მოსწავლე სხეულის ენის მიმანიშნებლებით მიგვითითებს ცხოველებისა და ფრინველების ძირითად განმასხვავებელზე – ფრთებზე.

აქტივობის აღწერა:

მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, კიდევ ერთხელ განეწყონ მოსასმენად და, ამავდროულად ამოიცნონ და ამოიკითხონ მოსმენილი სიტყვა წიგნში, რომელიც გაშლილი უდევს დაფაზე. რთავს ჩანაწერს, რომელშიც ისმის ცხოველის/ფრინველის ხმა და შემდეგ შესაბამისი არსებითი სახელი არტიკლთან ერთად.

მასწავლებელი დგება დაფასთან, სიტყვის გაგონებისთანავე ჯერ უთითებს წიგნში არსებულ ცხოველზე/ფრინველზე და შესაბამის წარწერაზე, შემდეგ ცხოველის შესახებ ბავშვებს აძლევს სხეულის ენით მინიშნებას: დაფრინავს თუ არა. თუ დაფრინავს, ხელებს შლის და აკეთებს ფრენის იმიტაციას.

ყველა ცხოველს/ფრინველს უსმენენ და კითხულობენ 1-ჯერ.

 

 

4წთ

 

 

ფერადი ილუსტრირებული ბარათები წარწერებითურთ, დაფა, მაგნიტები, წიგნი.

 

5.

 

 

სსსმ მოსწავლე სპეციალური მასწავლებლის ინიციატივით დგება დაფასთან და უსმენს და ბაძავს მასწავლებელს, თან სპეციალური მასწავლებლის დახმარებით ხელს ადებს დაფაზე გადაშლილ წიგნში ამა თუ იმ ცხოველის ან ფრინველის სურათს. თან სპეციალურ და საგნის მასწავლებელთან ერთად აკეთებს ფრთების იმიტაციას.

 

 

 

 

5 წთ

 

 

 

5. ფერადი ილუსტრირებული ბარათები წარწერებითურთ, დაფა, მაგნიტები, წიგნი.

 

6. ორკესტრული კითხვა იმიტირებით

აქტივობის მიზანი:

1. მოსმენილი ინფორმაციის დაკავშირება წიგნში დაწერილ სიტყვა-ფრაზებთან/ტექსტთან.

2. კითხვითი და კინესთეტიკური უნარების განვითარება.

აქტივობის აღწერა:

მასწავლებელი სთხოვს კლასს, აქტიურად გაიმეორონ მოსმენილი სიტყვა, ჯერ წიგნში მიადევნონ თვალი და წაიკითხონ.

ამის შემდეგ გააკეთონ ფრთების იმიტაცია.

მოსწავლეები, ინსტრუქციისამებრ, ამოიცნპბენ და ამოიკითხავენ მოსმენილ სიტყვას წიგნში.

მასწავლებელი დადის რიგებში და სიტყვის გაგონებისთანავე ჯერ ცალკეულ მოსწავლეებს უთითებს წიგნში არსებულ ცხოველზე/ფრინველზე და შესაბამის წარწერაზე, შემდეგ ცხოველის შესახებ ბავშვებს აძლევს სხეულის ენით მინიშნებას: დაფრინავს თუ არა. თუ დაფრინავს, ხელებს შლიან და აკეთებენ ფრენის იმიტაციას.

მეორე ჯერზე კითხულობენ ორკესტრულად.

4 წთ მაგნიტოფონი,

ხმის გამაძლიერებელი,

დაფა, წიგნი.

 

6.

ორკესტრულ კითხვა-იმიტირებაში ჩართულია სსსმ მოსწავლე, რომელიც სპეციალური მასწავლებლის გვერდით ზის, უსმენს და ბაძავს მასწავლებელს, სპეციალური მასწავლებლის დახმარებით ხელს ადებს გადაშლილ წიგნში ამა თუ იმ ცხოველის ან ფრინველის სურათს და კითხულობს შეძლებისდაგვარად კლასთან ერთად.

 

 

მაგნიტოფონი,

ხმის გამაძლიერებელი,

დაფა, წიგნი.

 

III ფაზა – შეჯამება

 

აქტივობები კლასისთვის და სსსმ მოსწავლისთვის ერთად დრო რესურსები
7. Guess, who am I? ’გამოიცანი, ვინ ვარ’

აქტივობის მიზანი კლასისთვის და სსსმ მოსწავლისთვის ერთად:

დამოუკიდებლად აზროვნების პრობლემის გადაჭრის გზების მოძიებისა და შერჩევის უნარის განვითარება.

აქტივობის აღწერა:

მასწავლებელი და სპეციალური მასწავლებელი მოსწავლეებს ურიგებენ ფერად სტიკერებს და სთხოვენ, მათზე სწრაფად დაწერონ თავიანთი სახელების ინიციალები, მაგალითად, ასე: M, რაკი ჩემი სახელი მარიამია. (1წთ)

მასწავლებელი შებრუნდება კლასისაგან ზურგით, მოსწავლეების მიმართულებით ისვრის ქაღალდის თვითმფრინავს და ვისთანაც ის გაჩერდება, იმ მოსწავლესთან აკეთებს რომელიმე ცხოველის იმიტაციას. თან ეუბნება: Guess, who am I? მოსწავლე ასახელებს მასწავლებლის მიერ იმიტირებულ ცხოველს. მასწავლებელი სთხოვს კლასს, წიგნში მოძებნონ და ერთად წაიკითხონ აღნიშნული სიტყვა არტიკლითურთ.

აღნიშნულ აქტივობას მასწავლებელი ახორციელებს 5 მოსწავლესთან და ადგილზევე აძლევს უკუკავშირს.

4 წთ ფერადი სტიკერები, კალამი, წიგნი, ცისარტყელა, ქაღალდის თვითმფრინავი
8. ფერებით თვითშეფასება

აქტივობის მიზანი:

თვითშეფასების უნარების განვითარება

აქტივობის აღწერა:

მასწავლებელი გამოძახებულ ხუთ მოსწავლეს სთხოვს, თავიანთი ინიციალებიანი ბარათები მიაკრან ცისარტყელას იმ ზოლს, რომელიც, მათი ფიქრით, ყველაზე მეტად შეეფერება/გამოხატავს მათ წაკითხულს.

ცისარტყელაზე თავიანთ ინიციალებიან ბარათებს ტოვებენ სხვა ბავშვებიც.

(ბავშვებს ცისარტყელა გამოკრული აქვთ კლასში და იციან, რომ მის თითოეულ ფერს თითო ემოცია შეეფერება).

ბავშვები ცისარტყელაზე აკრავენ სტიკერებს ინიციალებით.

მასწავლებელი მოსწავლეებს აქაც აძლევს უკუკავშირს.

1 წთ.  
9. გასვლის „ბარათები“:

აქტივობის მიზანი:

საკომუნიკაციო უნარების განვითარება

ლექსიკური მარაგის განმტკიცება

აქტივობის მიზანი: მასწავლებელი და სპეციალური მასწავლებელი კლასს სთხოვენ, დაიყონ 2 ნაწილად.

ინსტრუქცია კლასისადმი შემდეგია:

„ჩვენ დავდგებით კარის სხვადასხვა მხარეს, წყვილი/ორი თქვენგანი მოდიხართ ჩვენთან. დგებით ერთმანეთის პირისპირ და ერთი თქვენგანი აკეთებს ცხოველის იმიტაციას, მეორე თქვენგანი ამბობს იმ სიტყვას, რომლის იმიტაციაც მოისმინა, მაგ.: 1. – QUACK-QUACK

                                                 2. – A DUCK

მაგალითს გაჩვენებთ ჩვენ და გთხოვთ, მოგვბაძოთ: – QUACK-QUACK“

                                                 “ – A DUCK “.

თქვენ მიიღებთ იმ ცხოველის ბარათზე დაწერილ სახელწოდებას, რომლებიც გამოიცანით და თქვით.

ეს თქვენი გასვლის „ბარათებია“ .

ყოველი წყვილის გამოსვლისთანავე ბავშვებს ეძლევათ უკუკავშირი, ასევე წინდაწინ დაჭრილი ბარათები ცხოველთა/ფრინველთა სახელწოდებებით.

ბარათები გაშლილია მერხზე, რომელიც იქვე, კართან დგას.

 

 

5 წთ თაბახის ფურცელზე ამობეჭდილი და რამდენიმედ დაჭრილი ბარათები ცხოველთა / ფრინველთა სახელწოდებებით“.
 

შეფასება: განმავითარებელი/მყისიერი უკუკავშირით, თვითშეფასების ბარათები

 

 

 

წერითი მეტყველების გაუმჯობესება დისტანციური სწავლების პირობებში

0

როგორ დავეხმაროთ მოსწავლეებს წერითი მეტყველების დახვეწაში?

ეს კითხვა აქტუალურია, განსაკუთრებით – დისტანციური სწავლების პირობებში.

ზოგიერთ მოსწავლეს ჰყოფნის ის საშინაო თუ საკლასო წერითი სავარჯიშოები, რომლებსაც ჩვეულებრივ ვაწვდით. ასრულებენ, კითხულობენ ჩვენს მითითებებს, არედაქტირებენ საკუთარ ნაწერებს ამ მითითებების მიხედვით და ნელ-ნელა ხვეწენ წერით უნარებს.

ზოგიერთი მოსწავლისთვის კი ეს არ არის საკმარისი. მათ დამატებითი ვარჯიში სჭირდებათ – უფრო ინტენსიური, ინდივიდუალურად შერჩეული, მათი ინტერესების გათვალისწინებით შედგენილი.

თხზულება, ესე, საშინაო წერითი ნაშრომი, მოკლე შინაარსი, პარაფრაზი, ხედვის სხვადასხვა კუთხის წარმოჩენა, პერსონაჟის დახასიათება, თავისუფალი თემა, კომენტირებული კითხვა, კითხვებზე პასუხი – კარგი იქნება, თუ ამ და სხვა „საპროგრამო“ წერითი სავარჯიშოების მიღმა წერის მასტიმულირებელ შემოქმედებით, საინტერესო სავარჯიშოებსაც შევასრულებინებთ.

ქვემოთ რამდენიმე ასეთ სავარჯიშოს შემოგთავაზებთ, რომლებიც ონლაინ-დისტანციური სწავლა-სწავლების პირობებში გამოგადგებათ.

ამბავი ფოტოკადრის მიხედვით

ამ ბმულზე გადასვლისას მოხვდებით ვებსაიტზე, სადაც შემოქმედებითი წერის სავარჯიშოების ნამდვილი საბადოა. საიტი ინგლისურენოვანია, მაგრამ ეს განყოფილება „შემთხვევითი ფოტოკადრის“ გვერდია. აქ თავმოყრილია ფოტოები, სურათხატები, ვიზუალური მასალა. ქვემოთ, ილუსტრაციაში, მონიშნულია ადგილი, რომელსაც უნდა დააწკაპოთ სურათის მისაღებად:

მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ ფოტოები ნებისმიერი ასაკობრივი ჯგუფისთვისაა შესაფერისი და ამ მხრივ არავითარი შეზღუდვა არ არის.

 

სავარჯიშოს ინსტრუქცია:

პირველი ვარიანტი

  1. დააწკაპეთ ფანჯარაზე;
  2. დააკვირდით მოცემულ სურათს.
  3. დაწერეთ ყველაფერი, რაც გონებაში გაგიელვებთ. გამოიყენეთ თავისუფალი წერის ტექნიკა
  4. განუსაზღვრეთ საკუთარ თავს დროის ლიმიტი („შესვენების გარეშე დავწერ 10/15/20 წუთის განმავლობაში“)

 

მეორე ვარიანტი

  1. ყურადღებით დააკვირდით შემთხვევით შერჩეულ სურათს.
  2. აღწერეთ დეტალურად: რას ხედავთ ფოტოზე? აბზაცებად მოაწესრიგეთ სხვადასხვა კატეგორიის საგნები – მათი ფორმები, ფერები, „ხმები“, რომლებიც „ისმის“; რა, სად და როგორ არის განლაგებული?

 

„გვაქვს უთვალავი ფერითა“

 

ეს სავარჯიშო დაკვირვებისა და მიღებული ინფორმაციის მოწესრიგებისთვისაა სასარგებლო. ვითარების გათვალისწინებით, აირჩიეთ სასურველი ვარიანტი:

სავარჯიშოს ინსტრუქცია

პირველი ვარიანტი

  1. შეარჩიეთ ფერი. 15 წუთით გაისეირნეთ გარეთ (უსაფრთხოების წესების დაცვით). გონებაში მონიშნეთ ყველა ის საგანი, რომელიც თქვენ მიერ შერჩეული ფერისაა. შეგიძლიათ, გააკეთოთ ჩანაწერებიც. შინ დაბრუნებისთანავე დაწერეთ იმის შესახებ, რაც მონიშნეთ. დაყავით ნაწერი აბზაცებად. დაურთეთ შესავალი და დასკვნითი წინადადებები.

 

მეორე ვარიანტი

  1. შეარჩიეთ ფორმა (ოთხკუთხედი, წრე, სამკუთხედი…)
  2. მიმოიხედეთ ოთახში, რომელშიც იმყოფებით. მონიშნეთ ყველა ნივთი, რომელიც ამ ფორმისაა.
  3. აღწერეთ ნივთები. აღწერითი ხასიათის ტექსტს დაურთეთ შესავალი და დასკვნითი ნაწილი. აუცილებლად დაყავით ნაწერი აბზაცებად.

 

ლექსიკონები – საბადო შემოქმედებითი წერისთვის

ამ ბმულზე თავმოყრილია სხვადასხვა ლექსიკონი: განმარტებითი, დარგობრივი, პარონიმების, იდიომების, ორთოგრაფიული…

დაავალეთ მოსწავლეებს, აირჩიონ ერთ-ერთი განმარტებითი ლექსიკონის განყოფილებაში არსებული ლექსიკონებიდან.

შერჩეული ონლაინ ლექსიკონიდან აირჩიონ 5 შემთხვევითი სიტყვა. ამოიწერონ.

მოიფიქრონ ამბავი, რომელშიც ამ სიტყვებს გამოიყენებენ.

ამბავი გადმოცემული უნდა იყოს თანმიმდევრულად, საინტერესოდ. კარგი იქნება, თუ შეარჩევენ ისეთ სიტყვებს, რომლებიც აქამდე არ იცოდნენ ან არ ჰქონდათ აქტიურ ლექსიკურ მარაგში.

განსაკუთრებით საინტერესო შეიძლება აღმოჩნდეს იდიომების ლექსიკონზე მუშაობა (ნახავთ ისრით მონიშნულ განყოფილებაში).

ბმულზე გადასვლისას გაიხსნება ფანჯარა, რომელშიც ერთი ასოს ჩაწერის შემთხვევაში იმ ასოზე დაწყებული იდიომები გახდება ხელმისაწვდომი.

მოსწავლეებმა უნდა აირჩიონ სხვადასხვა ფრაზეოლოგიზმი და შექმნან ამბავი მათი გამოყენებით (იხ. ილუსტრაცია)

 

 

 

ზიკოს წყალი

0

ერთადერთი კაცი, ვინც ბოლო წლების ბაბუაჩემის ცხოვრებაში მახსენდება, მისი მეგობარი ბონძი ქირია იყო. არა, მეგობარი და პატივისმცემელი ბევრი ჰყავდა ბაბუას, მაგრამ იმ ერთადერთ შემთხვევაში რაღაც საოცარი ერთგულებისა და თანაგრძნობის მაგალითი ვნახე.

ერთგულების ახსნა რაციონალური საზომით იოლი არაა. დაჯერება გიჭირს, მით უფრო თუ ადამიანი ძალზე შინაურთა წრეს არ მიეკუთვნება. ამიტომ ბატონი ბონძის ყოველდღიურ – ჰო, ასე იყო – სტუმრობას ბაბუაჩემთან თავიდან სხვა, უფრო არამეგობრული, მისიონერული ახსნა მოვუძებნეთ: ბაბუაჩემის მეგობარი „იეჰოვას მოწმეთა“ საზოგადოების აქტიური წევრი გახლდათ სამეგრელოში, კონგრესები მის გარეშე არ იმართებოდა, და ასე გვეგონა, აქაც თავისი მოძღვრების საქადაგებლად იყო მოსული; რამდენჯერმე დაიწყო კიდეც, ჯერ შორიდან მოუარა, ჩემი ინტერესი რომ შენიშნა, საკითხავები მომიტანა, მაგრამ მეოთხე და მეხუთე მოსვლაზე იყო, უხეშად რომ გააწყვეტინა ბაბუაჩემმა, – არ გვინდა მაგაზე ლაპარაკი და თუ პატივს მცემ, შენი ღმერთი აქ მეტჯერ აღარ ახსენოო.

ბონძი შეკრთა, წამოდგა, გამიღიმა, თვალი ჩამიკრა და უსიტყვოდ დაეშვა კიბეზე. დარწმუნებული ვიყავი, რომ მეტად აღარ შემოაღებდა ჩვენს ჭიშკარს, ჭიშკრიდან კიბემდე ვიწრო ბილიკს არ გამოივლიდა, ნაცრისფერი ცხვირსახოცით სახეს არ შეიმშრალებდა ნამგზავრი, აივანზე მჯდომ ბაბუაჩემს არ მიესალმებოდა და პირველ სიტყვად არ იტყოდა:

– ოოხ, ახლა მისწრება იქნება ჩემთვის ზიკოს წყალი!

მეც მაშინვე დავწვდებოდი ხელადას, ჭასთან მივირბენდი, ხმაურით ჩავუშვებდი ვედროს სიღრმეში, სუფთა წყლით გავავსებდი ხელადას და ასვლისთანავე ორ მოზრდილ ჭიქაში ჩამოვასხამდი ფრთხილად, აუჩქარებლად.

…ზაფხულის სიცხეში ისე ხურდება და ქვავდება ჩვენი ჭიშკრის ბოძები და სახელურები, ძლიერი ხელი უნდა, რომ შემოაღო.

– ბონძია მოსული, წამალს დავლევ და გამოვალ, – გამომძახა ბაბუაჩემმა, – შეხვდი და მიაქციე ყურადღება.

ჭიშკარი ერთად გამოვაღეთ ცამეტი წლის ბიჭმა და სამოცდაათს მიტანებულმა ბერიკაცმა. მხარზე ხელი მომითათუნა და სანამ კიბეს აუყვებოდა, ჭისკენ მანიშნა, – სქან ჭირმა, ზიკო, მომისწარი შენი წყალი, სული მომათქმევინეო.

– ბონძ ბიძი, მეგონა არ მოხვიდოდით… – ვუთხარი ჩურჩულით და სავსე ჭიქა მაგიდაზე დავდგი.

– ღმერთი რომ არ იყო, უღმერთობას რომ ქადაგებდა ყველა, ე იმ დროიდან ვიცნობთ მე და ბაბუაშენი ერთმანეთს, – ჭიქა ნახევრამდე ჩაცალა, ღრმად ამოისუნთქა და კეთილი თვალებით გამომხედა, – რა და რა არ გვინახავს, გამოგვივლია და გადაგვხდენია, იმდენ რამეს შევსწრებივართ: საქმე, სუფრები, ქალები… ჩხუბშიც ვყოფილვართ და დროსტარებაშიც… წიგნების ცენტრალური მაღაზია მებარა მე რაიონში, ყველა წიგნი ჯერ ჩემთან მოდიოდა და მერე ვანაწილებდი… ბაბუაშენი სკოლაში იყო, დირექტორი, უერთმანეთოდ ჩვენ არ ვიყავით, ვიცოდით ერთმანეთის ფასი, ერთმანეთის გაგება გვქონდა. გამოცდი მაგას შენც, ერთ-ორ სიტყვაში რომ გესმის ძმაკაცის, ბევრი მიეთ-მოეთი არ გჭირდება. ადამიანების ცნობასაც სწავლობ და რახან ერთად სწავლობთ, ბოლომდე გიჭირს გარჩევა, ამ ნასწავლში შენი თავისგან უფრო მეტია თუ შენი ძმაკაცისგან… და იმასაც უჭირს… ვინ უფრო მეტი მიეცით ერთმანეთს, – ეს კი არა, ზიკო, – შენ რომ შენ ხარ, შეიძლება იმის წილი უფრო მეტი იყოს ამ ამბავში… ხომ გესმის? ძნელია, მარა მოვა დრო და გაიგებ… ჰოდა, იმას გეუბნებოდი, – ცხვირსახოცით ამოიმშრალა ოფლისგან თუ ცრემლისგან დაცვარული თვალის ფართო უპეები, – ჩემი ღმერთისთვის არ მოვდივარ მე აქ, ჩემი ადამიანისთვის მოვდივარ…

ჭიქა აიღო, ბოლომდე ჩაცალა და აივნიდან თვალებმოჭუტვით გახედა გზაზე გამოფენილ ბავშვებს.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...